The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გლახის ნაამბობი, მოთხრობა ილ. ჭავჭავაძისა

ნიკოლაძე ნიკო

«გლახის ნაამბობი», მოთხრობა ილ. ჭავჭავაძისა

 1873 წელი

«გლახის ნაამბობი» 1859 წელსაა დაწერილი, პეტერბურგში. ილ. ჭავჭავაძის თხზულებებში ეს მოთხრობა იმ ნაწერებს ეკუთვნის, რომელთაც ამ მწერლის პირველი პერიოდის და პირველი მანერის ბეჭედი ასვიათ. ის ბევრით განისხვევება «კაცია ადამიანისაგან», «გლეხების განთავისუფლების სცენებიდგან» და საზოგადოთ იმ თხზულებებიდგან, რომელნიც ჭავჭავაძის დავაჟკაცებულ გონებას და ნიჭს ჩვენი მწერლობისთვის უკვლევია. «გლახის ნაამბობში» ჩვენს წინ ახალგაზდა, გამოუცდელი, გზა გამოურჩეველი მწერალი დგას, რომელზედაც ჯერ კიდევ უცხოეთის მწერლობას გავლენა აქვს, რომელსაც მიბაძვა თავიდამ ვერ აუცილებია და რომელიც სხვისი კილოთი, სხვისი ენით ლაპარაკობს. შემდეგ ჩვენ სხვა თხზულებებში ეგევე მწერალი გავიცანით, თავის საკუთარ გზაზე დამდგარი, სხვის გავლენისა და მიბაძვისაგან განთავისუფლებული, ბეჯითათ მოლაპარაკე თავისი საკუთარი ენითა და თავისი საკუთარი გრძნობის გამომთქმელი. და ეს «გლახის ნაამბობი» ჩვენთვის მით უფრო შესანიშნავია, რომ ამ ჩინებული მწერლის პირველ ნაბიჯებს გვიჩვენებს, მის უწინდელ გზას გაგვაცნობს, მის პირველ ენის ამოდგმას გვასწრებს. ჩვენი მწერლობის ისტორიისათვის ამით დიდი მნიშვნელობა ეძლევა ამ მცირე მოთხრობას, უფრო მეტი ვინემც იმას მისი საკუთარი ღირსება და მისი ნამდვილი ფასი მისცემდა...

იმ დროს მწერლობაში თითქმის მარტო რომანების და ფელეტონების ბეჭდვა შეიძლებოდა, და ამ თხზულებებშიაც მარტო სიყვარულზე და ქალისა და კაცის გულზე ლაპარაკის ნება ჰქონდა მწერალს, <>-მაც ბატონყმობის საქმე სიყვარულის ასპარეზზე გადაიტანა. მის რომანებში და სხვა თხზულებებში ნიადაგ ის ერთი და იგივე ამბავი იყო აწერილი, რომ გლეხს გლეხის ქალი შეუყვარდა, მაგრამ ბატონის ძალამ, გავლენამ და ძალადობამ იმისი ბედნიერება მოსპო და ორი კეთილი გული, ჩვილი გრძნობიერება და სული დასტანჯა, დააობლა. მაშინდელი რუსული საზოგადოებისათვის იმდროს ეს დიახაც საჭირო და სასარგებლო მწერლობა იყო. მკითხველი ძალაუნებურათ იმ შეხედულებას ეჩვეოდა, რომ გლეხსაც კაცის გული აბადია, რომ იმასაც ამ გულში კაცის გრძნობა, სურვილი და იმედი უღვივისო, რომ გლეხიც ღვთის გაჩენილი ქმნილებააო და ღმერთს ის ქვეყანაზე სატანჯველათ და სხვის მრჩენელათ კი არა, თავის თავის სანუგეშოთ გაუჩენიაო. ამით მკითხველ საზოგადოებას, რომელსაც უიმისოთაც ბატონ-ყმობა უსამართლო საქმეთ მიაჩნდა და მისი მოსპობა გამოუკვლეველ ნატვრათ ჰქონდა, ნამდვილი თანაგრძნობა და შებრალება ებედებოდა გლეხკაცობისა...

კრიტიკა როდი ეხებოდა და როდი ანიშვნინებდა მკითხველებს იმათ სუსტს მხარეებს, როდი ჰკიცხავდა იმათ ხელოვნური მხრის ნაკლულევანებას, როდი ამბობდა ნამდვილი ხელოვნური მწერლობა უფრო ბეჯითი გზით უნდა დაიარებოდესო. კრიტიკას რომ იმ დროს ეს შენიშვნები გამოეთქვა, იმას რომ იმათი ხელოვნური სისუსტე გამოეაშკარავებია, ამით საშინელი ვნება მიეცემოდა საზოგადო საქმეს – გლეხ-კაცობის გათავისუფლებას, – და სული ჩაედგმოდა, ძალა მოეცემოდა იმ უხეირო მწერლობას და იმ საზიზღარ მიმართულებას, რომელიც ამ საზოგადო საქმეს ჩუმათ ეწინააღმდეგებოდა ან სწყევლიდა. და პირველი ხმა რომელიც რუსულმა კრიტიკამ ამ თხზულებების წინააღმდეგ ამოიღო, მათი სისუსტის შესანიშნავათ, მარტო გლეხების გათავისუფლების შემდეგ, 1861 წლის ნოემბერში, მოისმა: თვითონ <>-მა გამოთქვა სხვა უფრო ხელოვნური თხზულებების საჭიროება თავისი უფროსი თანამშრომლის სტატიით <> ამ მწერლების (გრიგოროვიჩის, პოტეხინის, პისემსკის, ტურგენევის, მარკოვოვჩოკის და სხვ.) ნაკლულევანება იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი გლეხკაცობას ხატავდენ ისე, თითქო წინ ნამდვილი გლეხი კი არა, მათი საკუთარი თავი ყოლოდეთ, გლეხ-კაცურ ფარაჯაში ჩაცმული. ისინი გლეხის მდგომარეობას არც კი იცნობდენ. იმათ გლეხები შორიდამ დაენახათ, და თავიანთ კაბინეთში, პეტერბურგს, მოეაზრებიათ, რომ რადგანც გლეხი ჩვენისთანა ადამიანია, იმასაც ჩვენნაირი გული უნდა ჰქონდესო, ისიც ჩვენსავით უნდა გრძნობდესო.

ამის გამო გლეხის პირით იმათ თხზულებებში ხშირათ ისეთი სიტყვები და აზრები გამოითქმოდა, რომელთაც გლეხი კაცი არ იცნობს და არ ხმარობს. მკითხველის წინ, ნამდვილი, ცოცხალი გლეხის მაგიერათ, მის შეუფერავ გრძნობის ადგილზე, იდგა ნასწავლი კაცი, გლეხურ სამოსელში, რომელიც თავის ნამდვილ ენას, თავის საყოველდღეო დარდს და აზრს კი არა, გაზეპირებულ, წიგნიდამ ამოკითხულ, ბაირონის და შილლერის ფრაზებს ამბობდა და გამოთქვამდა. კაცი გრძნობდა, რომ ეს ფრაზები ეს ვითომ-გრძნობა, ეს დარდი ღრმათ და ჭეშმარიტათ გულს გამჯდარი რომ ჰქონდეს ამ გლეხს, უფრო გასაგები, უფრო ბუნებითი და გულიდამ პირდაპირ ამოსული სიტყვებით გამოთქვამდა ის თავის სათქმელსო. მკითხველს ის შთაბეჭდილება როდი რჩებოდა, რომელსაც მოუგონელი გრძნობის შეუფერავი გამოთქმა სტოვებს, ის შთაბეჭდილება, რომელიც ჟრუანტელს უვლის კაცს ტანში და რომელიც თითქმის სანიადაგოთ რჩება მის ტვინში და მეხსიერებაში. ამ შთაბეჭდილების მაგიერ ის ხედავდა შეფერილ, გალამაზებულ, ნასწავლ და ზეპირ-მოლაპარაკე გლეხს, რომელიც ისეთნაირათ ლაპარაკობდა და იქცეოდა, როგორც ილაპარაკებს ან მოიქცევა გერმანელი სენტიმენტალური მწერლობით გამოზდილი კაცი, და როგორც თავის დღეში ვერ ილაპარაკებდა ვერც ერთი მაშინდელი გლეხი ან გლეხის ქალი. ამ თხზულებებში გამოყვანილი გლეხ-კაცობა ყოველთვის გულკეთილი, მეტის მეტათ პატიოსანი, მტკიცეთ გამრჯელი, ერთი სიტყვით, ყოველ ღირსებით და უმანკოებით ავსილი იყო. მკითხველს თითქმის ის აზრი რჩებოდა თავში, რომ ანგელოზები ჩამოსულან ციდამ და გლეხის ტულუფი, გლეხის სარაფანი ჩაუცვიათო... მკითხველი ამის გამო, მართალია, სიმპატიას გრძნობდა გლეხკაცისადმი, მაგრამ ის იყვარებდა ნამდვილ გლეხ-კაცობას, ცოცხალ გლეხს კი არა, იდეალური გლეხის, «პეიზაჟების» სურათს და წარმოდგენას. და როცა შემდეგში ცხოვრება იმას ხალხთან აახლოვებდა, როცა ის ხალხის ნამდვილ მდგომარეობას და ხასიათს გაიცნობდა, როცა მის წინ «პეიზანების» და იდეალურ გლეხის მაგიერ ნამდვილი გლეხ-კაცი დადგებოდა, მისი ნაკლულევანებით, მისი უგუნურებით და ცხოვრებით გაფუჭებული ან გათელილი ხასიათით, ის ვეღარ ცნობდა თავის «საყვარელი გლეხკაცის» სურათს. ის ჰფიქრობდა ეს წამხდარი, უსინდისო, ბინძური და უგრძნობელი ქმნილებაა და არა გლეხ-კაციო, ის იზიზღებდა იმას, ხანდისხან შებრალებას ივიწყებდა და როდიღა ზოგავდა...

უეჭველია, რომ ეს ძლიერ დიდი ნაკლულევანება იყო იმ მწერლობისა, რომლის ხასიათს ჩვენ ვსწერთ, მაგრამ, ვიმეორებთ, რომ მაშინდელ დროში, 1861 წლამდი, ამ ნაკლულევანებაზე შეჩერება, მათი ძაგება ან გამოაშკარავება კრიტიკის მხრით ნამდვილი შეცდომა იქნებოდა, ამიტომ რომ კრიტიკა ნიადაგ პუბლიცისტიკურ დანიშნულებას უნდა ასრულებდეს და თითონ მწერლობის სარგებლობის და საქმის მაღლა მთელი ხალხისა და საზოგადოების საჭიროებას და სარგებლობას უნდა სთვლიდეს... ეხლა ისიც გავიხსენოთ, საქმის უკეთესად გაგებისთვის, თუ რას მოითხოვდა ნამდვილი ხელოვნური მწერლობა ხალხის მდგომარეობის გამოსახვის დროს, რას მოითხოვდა რუსული კრიტიკა მწერლობისაგან, და რა ვერ მისცა იმას მაშინდელი მწერლობის სუსტმა და გამოუცდელმა მწერლებმა. ეს ჩვენ იმ მხრითაც გამოგვადგება, რომ როგორც წინეთ აწერილი ნაკლულევანების კვალი ჭავჭავაძის «გლახის ნაამბობს» ამჩნევია, ისე ამ ახალ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს მისი შემდეგი თხზულებები, და განსაკუთრებით «კაცია-ადამიანი». ხელოვნური მწერლობის დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ დაუხატოს მკითხველ საზოგადოებას ხალხის, საზოგადოების და კერძო პირის ნამდვილი მდგომარეობა, ხასიათი, საჭიროება, დაუხატოს ისე, რომ მკითხველი ამ მდგომარეობის, ხასიათის და საჭიროებების ნამდვილ გარემოებებს და თვისებებს ხედავდეს, კარგსა და ავს მხარეს სცნობდეს და თან იმ მიზეზების გაგებაც ჰქონდეს... ქვეყანაზე არსადაა არც ნამდვილათ და მთლათ ერთიანათ ავი კაცი, ბოროტებით თავიდამ ფეხებამდი აღვსილი, არც ანგელოზის მსგავსი გმირი, საზოგადოთ ყოველ სულდგმულს ბევრი კეთილი თვისება და მხარე აქვს ხასიათში, ბევრი ცუდი და მოსასპობელი. ამის გამო მწერლობის მხრით შეცთომაა იმრიგათ უხატავდეს მკითხველს ადამიანის საზოგადოებას, რომ აი ეს პირები გიყვარდეს, და ესენი კი გძაგდესო, ამათ გზა დაუცალე და სხვებს კი ხელფეხი შეუკოჭეო. ამნაირი მწერლობა პროკურატურას ჩამოგავს, და ამ ორ დანიშნულებას შუა დიდი განსხვავება უნდა იყოს. მწერლობა იმას უნდა იკვლევდეს, თუ რომელი თვისება როგორ მდგომარეობიდამ სწარმოებს, რომელ მდგომარეობას რა წამალი მოუხდება, რით და როგორ დაკმაყოფილდება კერძო პირების მოთხოვნილება და საჭიროება... გონიერმა მკითხველმა მწერლობიდამ იმის ცოდნა უნდა გამოიტანოს, თუ როგორია ნამდვილი ცხოვრება, რა თვისება აქვს თანამედროვე ხალხს და საზოგადოებას, რა საჭიროება ადგია, რას ეძებს და თხოულობს ეხლანდელი კაცობრიობა, და რა გზით, რა საშუალებით, რა იარაღით შეიძლება როგორც ამ საზოგადო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ისე თვითეული ხეირიანი კაცის სარგებლიანი მოქმედება თანამედროვე საზოგადოებაში, თანამედროე გარემოებებში... მწერლობა იმისთანა მკითხველებს კი არ უნდა ამზადებდეს, რომელთაც გაზეპირებული აქვთ ვითომ-ზნეობითი კატეხიზმოს ლიბერალური მუხლები, და რომელნიც ამ მუხლებით ზმანავენ ყველაფერს, რაც კი ცხოვრებაში მათ შეხვდებათ. ამისთანა მკითხველი სანდო და გამოსადეგი იშვიათათ გამოვა. მწერლობას მიზნათ იმისთანა მკითხველების დამზადება უნდა ჰქონდეს, რომელთაც საზოგადო მიზანი კარგათ იცოდენ და თანამედროვე მდგომარეობა გაცნობილი ჰქონდეთ. თუ მკითხველს ხეირიანი ტვინი და გრძნობა აქვს, ამ ცოდნით ის ყოველ გარემოებაში გზას და კვალს გაიგნებს, კარგს და სასარგებლოს ავისა და სავნებლისგან გაარჩევს... აი, ამისთანა მკითხველისთვის უნდა ამზადებდეს მასალას თანამედროვე და გონიერი მწერლობა, და ეს მასალის დამზადება, როგორც წინეთ ვთქვით, განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადო მიზნის, უკეთესი იდიალის გამოსახვას გვერდით მიჰყვებოდეს ეხლანდელი ხალხის, საზოგადოების და ადამიანის ნამდვილი ხასიათის, მდგომარეობის და საჭიროების გამოხატვა.

ამისთვის საჭიროა ზოგიერთი წოდების ან «გრუპების» შეფერვა და ცამდე აყვანა კიარა (ეს მარტო ხანდისხან, ბრძოლის დროსაა გამოსადეგი) მათი პირუთვნელი ავისა და კარგის გამოთქმა, მათი ნაკლულევანების გაცნობა, მათი სისუსტის დანახვა, ერთი სიტყვით მათი ნამდვილი ხასიათის ცოდნა. ჩვენს საგანს რომ დაუბრუნდეთ და ისევ გლეხკაცობაზე ლაპარაკი განვაგრძოთ, გვეთქმება, რომ რუსულ მწერლობას გლეხის ტანისამოსში მწერლის სენტიმენტალური და შეფერილი გული კი არ უნდა გამოეხატა, იმას გლეხი მისი დღითიდღიური საჭიროებით, მისი სიცოცხლისაგან გათელილი ხასიათოთ, მისი გარემოებისაგან გაბინძურებული მდგომარეობით, მისი დამდაბლებული და უღონო, უპატიურო ცხოვრებით უნდა გამოეყვანა. მწერლობას მკითხველისთვის უნდა ეჩვენებია, რომ ცუდ წესს, ძალადობას, სიღარიბეს, უმეცრობას, განათლებული წოდებისგან მიტოვებას ეს ღვთისგან გაჩენილი, ჩვენი მსგავსი და ტოლი ადამიანი დაუმდაბლებია, გაუბინძურებია, გაუსულელებია, თითქმის პირუტყვათ გაუხდია, და მასში დღეს ღვთის სახე და მსგავსება კი არა, ადამიანის სურათიც აღარ მოჩანსო. მწერლობას... და მთავრობას აუცილებლათ სჭირიათ ამ დამდაბლებულ და დაბრმავებულ გლეხკაცობას ყურადღება მიაქციონ, დაეხმარონ, უკეთესი მომავალი და ბედი მოუმზადონ, ამიტომ რომ შეუძლებელი და გაჭირვებული საქმეა მაღალი საზოგადოებისთვის და მთავრობისთვის იმისთანა ხალხში გაძლება და ცხოვრება, რომელიც მისთანა უბედურ და დამდაბლებულ მდგომარეობაში იმყოფება. ამნაირი საქმის გამოხატვა მწერლობის მხრით ხელოვნური მწერლობის მოთხოვნილებასაც დააკმაყოფილებდა და თან საზოგადოებრივ საჭიროებასაც სიკეთეს უზამდა, საზოგადო მიზანს სარგებლობას მოუტანდა, რუსეთის პოლიტიკურ გახსნას დაეხმარებოდა და გააადვილებდა... ეს მაგალითი კრიტიკის და მკითხველის ყურადღების ღირსია: ის გვიჩვენებს იმ კანონის სიმართლეს და სინამდვილეს, რომ ხელოვნური მწერლობა და პატიოსანი, გონიერი, გავლენიანი და გამოსადეგი პუბლიცისტიკა თითქმის ერთი და იგივე საქმეა. აქედამ არავინ ის დასკვნა არ უნდა გამოიყვანოს, ვითომ მწერლობას, ჩვენის აზრით, ნიადაგ და მარტო დღითი-დღიური ცხოვრების ფოტოგრაფიული გამოხატვა უნდა ჰქონდეს სახეში... მწერლობაში შეუფერავათ და სწორეთ უნდა გამოიხატებოდეს თანამედროვე ცხოვრება. მაგრამ, მეორე მხრით, მწერლობაში დიდი მნიშვნელობა და გავლენა სხვა საჭიროებასაც აქვს, და მწერლობა ამ საჭიროებასაც უნდა აკმაყოფილებდეს. მწერლობა მარტო მასალებს და იდეალს კი არ უნდა იკვლევდეს... მწერლობაში დიდი გავლენა აქვს მწვავე და სასტიკ სჯას, დაცინვას, ირონიას, მწერლის გრძნობის გამოთქმას, ლირიზმს, ერთი სიტყვით, თვითონ მწერლის შთაბეჭდილების პირდაპირათ გადაცემას მკითხველისთვის. ხელოვნურ მწერლობაში ამ მხარესაც დიდი ადგილი უკავია, და უმჯობეს მწერლებს ეს იარაღი თითქმის ისე ხშირათ უხმარიათ, როგორც ცხოვრების შეუფერავი და გონიერი გამოხატვა. ეს მეორე იარაღი უფრო საჭირო და გამოსადეგია მაშინ, როცა საზოგადოებრივი ცხოვრება ცოტაოდნათ მაინც მოძრაობს, როცა საზოგადოებაში აშკარათ ან მალულათ ბრძოლა სდუღს, როცა მწერლობა პირდაპირ ამ ბრძოლაში უნდა ერევოდეს და თავის აზრს, შთაბეჭდილებას და გრძნობას საზოგადოებას უნდა აგებინებდეს. აი, ამ დროებაში, ამნაირ გარემოებებში საჭირო და გამოსადეგია სატირა, იუმორული თხზულებები, პამფლეტი, საჭიროა ერთი სიტყვით ფელეტონური ლიტერატურა, რომელიც, როგორც ზემოთა გვაქვს ნათქვამი, ნამდვილი ხელოვნური მწერლობის ნაწილს შეადგენს.

ამაებზე ჩვენ ლაპარაკი იმიტომ ჩამოვაგდეთ, რომ ილია ჭავჭავაძის თხზულებებში ჩვენ ვხედავთ მოთვლილი მოთხოვნილებების რიგიან გაგებას და დაკმაყოფილებას. მისი «კაციაადამიანი» საკმაოთ გვიჩვენებს, რომ «გლახის ნაამბობის» ცდას შემდეგ იმას მალე გაუგია იმ მიმართულების სისუსტე, რომელზედაც ჩვენ ამ სტატიის დასაწყისში ვლაპარაკობდით, და მალე გაუცვნია ნამდვილათ ხელოვნური მწერლობის კილო და პირობები. «კაცია-ადამიანში» გამორჩეული საგანი სწორეთ ისეა აწერილი, როგორც ნამდვილ ცხოვრებაში არსებობს, და დაფასებულია პირდაპირი სჯით კი არა, სურათების ოსტატური შეზავებით და ერთმანეთზე გადაბმით. «გლეხების გათავისუფლების სცენები», ერთი მხრით, ამნაირივე ხელოვნური მწერლობის მოთხოვნილებას აკმაყოფილებენ, და ჩინებულათ აკმაყოფილებენ, და მეორე მხრით, თანამედროე ცხოვრების საჭიროებას, საზოგადო საქმეს და საყოველთაო კითხვას პასუხს აძლევენ, სჯიან, ეგრეთვე ოსტატურათ და სურათების ძალით. ჭავჭავაძის ლექსები და «მგზავრის წერილები», ხომ, ჩინებულათ იმ დანიშნულებას ეთანხმებიან, რომელიც მწერლობის წუთიერ, საჭირო და გავლენიან ნაწილს შეადგენს. მისი ლექსების გრძნობა და მისი სარკაზმის ძლიერება ამათში მეტის-მეტათ სანუგეშო გავლენას წარმოგვიდგენენ. მაგრამ ამაებზე ჩვენ სხვა დროს გვექნება მოლაპარაკების დრო და შემთხვევა. ეხლა კი ჩვენ «გლახის ნაამბობს» დაუბრუნდეთ და ორიოდე სიტყვით მასზე სჯა დავაბოლოვოთ.

ეს თხზულება, როგორც წინეთ ვსთქვით, 1859 წელსაა დაწერილი პეტერბურგს. იმას იმ მწერლობის გავლენა ატყვია, რომლის წარმომადგენელი იყვნენ რუსეთში: გრიგოროვიჩი, მარკო-ვოვჩოკი და სხვ. მაგრამ, რადგანაც მიმბაძველი ბრმა მიბაძვას არ სჯერდებოდა, რადგანაც მისი ხელოვნური გრძნობა მაშინაც ხედავდა ამგვარი მწერლობის ზოგიერთ სუსტ მხარეებს, იმის «გლახის ნაამბობში» ეს სისუსტეები მეტის მეტათ შემსუბუქებული არიან. მაგალითად, წეღან რომ ვამბობდით რუსულ რომანებში გლეხი ჩვილ სენტიმენტალურ, მწერლობის ენაზე ლაპარაკობდათქო, ილ. ჭავჭავაძეს უგვრძნია ეს ნაკლულევანება, და მის «გლახის» ნასწავლს ენას, მის გრძნობიერ და პოეტურ სურათებს და ფიქრებს მკითხველს იმით ავიწყებინებს, რომ ამ გლახას სიყრმიდანვე ერთ კეთილმოქმედ ღვდელს შეყრის, რომელიც იმას წერა-კითხვას ასწავლის, გრძნობისა და პატიოსნების ძალას აგრძნობინებს და გზას უჩვენებს, და «ვეფხის-ტყაოსანს» აკითხებს, აყვარებს და აგებინებს. «ვეფხის-ტყაოსანზე» აღზრდილს და სიყმაწვილეში ზნეობითი დარიგებებით გამოკვებულ კაცში, რასაკვირველია, «ნასწავლი» ლაპარაკი და შეფერილი ან ნამდვილი გრძნობიერება ადვილი წარმოსადგენი და გასაგებია.

ამავე აღზრდით აიხსნება ის გრძნობის სინარნარე და სიფხიზლე, ის პატიოსნური ამაყობა და ზნეობითი სისუფთავე, ის გადაჭარბებული რელიგიური გრძნობიერება და გულის სიჩვილე, რომელიც «გლახის ნაამბობში» ისე აშკარათ ეწინააღმდეგება ნამდვილი ცხოვრების სურათებს, მაგრამ, ვერც ეს ხერხი, ვერც ცალკე ადგილების მშვენიერი სურათები, ენა, შედარებები, იგავები, ანდაზები და მარჯვეთ, მოკლეთ გამოთქმული დაკვირვებები ვერ მალავენ იმ საზოგადო ნაკლულევანებას ამ თხზულებებისას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მისი დედა-საგანი იშვიათია, განვითარებული შემთხვევა და ხასიათია. მკითხველს ნიადაგ ის აზრი აქვს თავში, რომ მართალია, ამგვარი შემთხვევა ხშირათ მომხდარა ხოლმე ჩვენშიც, ბატონყმობის დროსა, მაგრამ იმ შემთხვევებს ამნაირი გარემოებები თითქმის არასოდეს არ დაჰყოლიათო, ეს ამბავი «შეკეთებული», შეფერილი, განგებ გასუფთავებული და გალამაზებულიაო, ის ნამდვილ ცხოვრებას არ ეთანხმებაო და სხვ. და სხვ. მაგრამ თუ ჩვენ ამ საზოგადო ნაკლულევანების დავიწყება მოვახერხეთ და კეისარს კეისრის მივეცით, მაშინდელი დროის საჭიროება და გონების მოძრაობა გავიხსენეთ, და სისუსტის უკუმიგდებით დანარჩენ მხარეებს თვალი გადავავლეთ, ბევრ ნიჭიერს და გრძნობით სავსე ფურცლებს წარმოგვიდგენს ჩვენ ეს «გლახის ნაამბობი». ღვთის სიტყვებში მისი ერთობ- გადაჭარბებული სიწმინდე და გულკეთილობა რომ დავივიწყოთ, ბევრ ხელოვნების მარგალიტს შევეყრებით ხოლმე. მაგალითად, თუნდ იმ ადგილს მოვიყვანთ, სადაც ღვდელი პეტრეს სწავლისა და ცოდნის სარგებლობას და საჭიროებას უხსნის, გასაგები, უბრალო და გონიერი ენით, ჩინებული მაგალითებით და შედარებებით. ეს სწორეთ «საქრესტომატიო» ადგილია. ყველა იმ ადგილების ამოწერა ან მოხსენება რომ მოვინდომოთ, საიდამაც გამოსჭვერს «კაცია-ადამიანის» შემდეგი ავტორის ნიჭი და ძალა, ნახევარი მოთხრობა თუ არა, მესამედი მაინც უნდა ამოვწეროთ ან ჩამოვთვალოთ, და «გლახის ნაამბობი» მკითხველს ახლად-წაკითხული აქვს, მისი ხსოვნა და შთაბეჭდილება იმას ისე არ დაუკარგია, რომ ეხლა ჩვენი გახსენება და ჩამოთვლა სჭიროდეს. მაგრამ ორიოდ-სამ მაგალითს მაინც მოვიყვანთ, რომ მკითხველმა იცოდეს, რა ნაირი ადგილები გვაქვს მხედველობაში, როცა «გლახის ნაამბობის» კერძოობით ღირსებებზე ვლაპარაკობთ.

«ადამიანს, – ამბობს გლახა იმ ადგილს, საცა ის ათავებს იმ სურათის აწერას, თუ თავის შეყვარებულს პირველათ «ჰო» როგორ ჩამოართვა, – ხანგრძლივ რომ შეხვდეს ამ წუთის სოფელში იმისთანა დრო, ეს წუთის სოფელი სამოთხე იქნებოდა. მაგრამ წუთის სოფელი იმიტომა ჰრქმევია, რომ ყველაფერი წუთობითა ჰცოდნია, უბედურების მეტი».

ან აი ეს: «სიცოცხლე ჩვენი, ჩემო ძმაო (არიგებს გლახას ღვდელი), არც დედისაა, არც მამისაა, ქვეყნისა არის. ჯერ ქვეყანა, მერე დედა და მამა. მზე რომ ამოდის ვარსკვლავები მაშინ არა ჰჩანან...»

ან კიდევ სურათი: «გაოცებული ვუყურებდი ღვდელს, სახე გამოეცვალა, თვალი გაუნათლდა, გული შეეძრა, აუტოკდა, თითქო მკერდში არ ეტევაო. ვატყობდი, რაღაც უნდა ეთქვა კიდევ ჩემთვის მაგრამ აღარ მითხრა რა და სიარულში გაიქარწყლა გულის წადილი».

ან ეს შედარებამ რომელიც ღვდელს უხმარია, როცა გაბრიელს მისთვის უკითხავს «ვეფხისტყაოსანი» საღვთო რამ არის თუ არაო?

«ყველაფერი სამღვთოა, რაც კაცის გულს გაუთბია, თითონ დამწვარა, ზღაპრისა არ იყოს, სანთელსავით და სხვისთვის კი გაუნათლებია. კაცი ის არის, ჩემო ძმაო, რომელიც თავის გონების ნამუშევარს, გულის სიკეთეს, ხიდათ გასდებს, რომ თუ არა თითონ სხვამ მაინც მშვიდობით გაიაროს. იმ ხიდს ზედ ამჩნევია ყოველთვის ღვთის მადლი». ერთის სიტყვით, ძალათ თუ არ შევიკავეთ თავი, ამისთანა ჩინებული თვლების ამოწერა ას ასობით მოგვინდება.

* * *

ილ.ჭავჭავაძის თხზულებებს შუა მეორეც იპოება ისეთი, რომელსაც ამ «გლახის ნაამბობთან» ბევრი საერთო თვისება და მზგავსება აქვს. ჩვენ ვამბობთ პოემაზე «რამდენიმე სურათი ჩვენი ხალხის ცხოვრებიდამ», რომლის ზოგიერთი ნაწყვეტი «საქართველოს მოამბეში» და «ჩონგურში» იყო დაბეჭდილი, და რომელიც სრულად «კრებულში» მალე დაიბეჭდება. ამ ორ თხზულებას თითქმის ერთი და იგივე აზრი და გარემოებები აქვს, ისე რომ ერთი მეორეზე გამოჭერილი ჰგონია კაცს. მაგრამ «რამდენიმე სურათში» ნაკლები სენტიმენტალობაა და მოქმედი პირების ხასიათის გამოხატვას შიგ უფრო მეტი ძალა და სიმტკიცე აქვს, ვინემ «გლახის ნაამბობის» ამავე მხარეებს. როცა ეს პოემა «კრებულში» დაიბეჭდება, მკითხველი იმას სრულად გაიცნობს, და, იმედი გვაქვს, დაგვეთანხმება, რომ ამ პოემაშიც როგორც «გლახის ნაამბობში» ჩვენი ნიჭიერი პოეტი, ჯერ კიდევ ფრთა-გაუშლელი და თავისი ნიჭისა და გზის თითქმის პირველათ მშინჯველი, გამოდის მაინც შესანიშნავ მწერლათ და გრძნობით სავსე პოეტათ, რომელსაც პატიოსანი თანაგრძნობა უღვივის გულში ყველასადმი, რაც ჩვენ უხეირო ცხოვრებას დაუჩაგრავს ან ობლათ დაუტოვებია, და მაღალი ლტოლვილება აქვს ყველაფრისადმი, რაც კაცის გულს აკეთილშობილებს, რაც საზოგადოებას ამაღლებს, რაც ხალხს აბედნიერებს და მამულს სარგებლობას აძლევს ან უსიკეთეს მომავალს უმზადებს. ყველა ამ გრძნობებს ის ისეთი ჩინებული, გასაგები, დასამახსოვრებელი ენით გამოთქვემს ამ ახალგაზრდულ თხზულებებშიაც, რომ მისი ნათქვამი მკითხველ საზოგადოების გრძნობამდის გზას გაიკვალავს და თავის ბეჭედს დასტოვებს, ესე იგი პოეტის გრძნობა გავრცელდება, სარგებლობას მოიტანს, საზოგადოებას და ხალხს, ცალკე პირს და მამულს სამსახურს გაუწევს, ასარგებლებს, არიგებს და აამაღლებს. და ნეტავი იმ მწერალს, რომლის შრომას ამნაირი ხასიათი აქვს: იმას ბევრი წვრილმანი ნაკლულევანება შეენდობა, თუნდ იმისთანაც, რომელიც «გლახის ნაამბობის» საზოგადო ხასიათს და ხელოვნების სისუსტეს შეადგენს.

* * *

ჩვენ გავაცანით მკითხველს ჩვენი შეხედულობა ილ. ჭავჭავაძის ყმაწვილურ ცდებზე. მის ნამდვილ და გავლენიან შრომას კი, მის «კაცია-ადამიანს», «სცენებს» და სხვ. ჩვენ როდისმე სხვა დროს დაუბრუნდებით, მათი დაწვრილებით გასაშინჯველათ. მარტო მაშინ მკითხველს ნაჩვენები და გამოხატული ექნება ჭავჭავაძის ნამდვილი ღირსება და მნიშვნელობა, მისი ძალა და ხასიათი და მისი ნაწარმოების გავლენა ჩვენი მწერლობის ახლანდელ მდგომარეობაზე და მომავალ ბედზე. ეხლანდელი ჩვენი საუბარი კი მასზე მარტო მეორე, უწინდელ, ახალგაზრდა ჭავჭავაძეს შეეხება, რომელსაც «კაცია-ადამიანი» რომ არ დაეწერა, «გლახის ნაამბობი» ჩინებულ თხზულებათ ჩაეთვლებოდა, მაგრამ რომლის თავი ჩვენს მკითხველ საზოგადოებას «კაცია ადამიანის» დამწერმა დაავიწყა. ამ საგანზე ჩვენ აქვე უნდა მოგვესპო ლაპარაკი, მაგრამ არ შეგვიძლია ამ უწინდელ ილ. ჭავჭავაძეს მოვცილდეთ უიმისოთ, რომ ერთი შენიშვნა კიდევ არ გამოვთქვათ. როგორიც განსხვავებაა მის «გლახის ნაამბობს» და «კაციაადამიანს» შუა, სწორეთ იმნაირათ განისხვევება მისი პირველ დაწყებითი ლექსები ეხლანდელებიდგან. უწინდელ მის ლექსებში სხვა მწერლობების კილო, ენა, მანერა და აქა-იქ გრძნობა და აზრი მოჩანდა. იმათში ჭავჭავაძის პიროვნული თვისება, მისი საკუთარი ორგინალობა და სხვა ჩვენ მწერლებზე უპირატესობა, აზრის ძალის მეტი, თითქმის არა იყო რა, ეხლანდელ მის ლექსებში კი, საზოგადოთ, სულ სხვა თვისებებს ვხედავთ ხოლმე. იმათში სჩანს ჩვენი ხალხის ენა, ხელოვნური სიტყვის თლილობა, სურათის უბრალოება და ძალა, და თან ნამდვილი გრძნობის შეუფერავი და მაინც ლაზათიანი გამოთქმა, ეტყობა, რომ ილ. ჭავჭავაძეს ჩვენი ხალხის პოეზიისთვის ყური უთხოვებია, მის ხასიათს გაცნობია, მისი სულით აღვსილა, ჩვენი ხალხის ენა, მოაზრების კილო, აზრისა და გრძნობის გამოხატულება კარგა საფუძვლიანათ დაუნახავს და შეუსწავლია. ეს მეტის მეტათ საქები და სასარგებლო საქმეა, ერთი მით, რომ ხელოვნურ მწერლობას ამით იარაღი უკეთესდება და უძლიერდება და მეორე მით, რომ მისი გავლენა და მნიშვნელობა ძლიერდება. ჩვენ მწერლობას ნამდვილი მწერლობის ძალა და ხასიათი მარტო მაშინ მიეცემა, როცა ჩვენ გავიცნობთ ხალხის გონებას და მოაზრებას, როცა ჩვენ იმის ლაპარაკს და ენას გავეჩვევით და იმნაირ წერაში გავიწაფებით, რომელსაც პირდაპირ ხალხის გრძნობამდი და გონებამდი მიწევა შეეძლოს. მარტო ამით მოვიპოვებთ ჩვენ ხალხის გულს, მარტო ამით შეუძენთ მწერლობას ძალას და გავლენას, და მარტო ამით შევაძლებინებთ იმას ხალხის სასარგებლოთ გამოსადეგ სამსახურს და გავლენიან შრომას.

 

დაიბეჭდა ჟურნალ «კრებულში», 1873 ., №5-6, . სკანდელის ხელმოწერით.)გაზ. „ივერია“, 1888 წ., No149, გვ. 1-2.