The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


„საქართველოს მოამბეზედ“

ჭავჭავაძე ილია

„საქართველოს მოამბეზედ“

ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველისფერისა. წესი, ჩვეულობა, აზრი, გრძნობა, ენა, რომელიც მაგათი გამომეტყველია, ყოველიფერი იცვლება მის ძლიერ გავლენისაგან. რაც გუშინ კაცს ჰგონებია დაურღვეველ ჭეშმარიტებად, რისთვისაც უცია პატივი, როგორც მიუცილებელ საჭიროებისათვის, ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ის დღეს გაუთლელ შეცდომად მიგვაჩნია, ასე რომ კიდეც გვიკვირს, ადრინდელს კაცს როგორა ჰსწამდა ამისთანა ცხადი სისულელე დაურღვეველ ჭეშმარიტებად, როგორ არა ჰქონია იმოდენა გონიერება და მხედველობა, რომ გაერჩივა თეთრი და შავი, შავისათვის შავი დაერქმია, თეთრისათვის – თეთრი. ეს ასე მოხდება ხოლმე განა იმისაგან, რომ ჩვენ ადრინდელებზედ ჭკვიანები ვართ, „სხვა სხვის ომში ბრძენიაო“, ამბობს რუსთაველი. ჩვენ რომ ამ თავმოწონებულის გონიერებითაც ვყოფილიყავით და იმ ადრინდელის კაცის ვითარება და გარემოება გარს შემოგვრტყმოდა, არა მგონია, ავსცდენოდით საზოგადო ცდომილებას, რომელსაც დღეს ეგრე თავმოწონებით დავჰსცინით. დიდი გენიოსი უნდოდა და იმისი მახვილის ჭკვის თამამი გამჭვრეტელობა, რომ მსჯელობით დროებაზედ მაღლა ავმართულვიყავით, საზოგადო ცხოვრების წრის გარედ გამდგარვიყავით და გარემოების თვალთდამაბნელებელ ხაოსშია შეუმცდარად, წმინდა აზრით დაგვენახა საგანი ისე, როგორიც არის და უნდა იყოს. რუსთაველმა ძალიან ადრე ჰსთქვა, რომ მარტო ბრძენი საწუთროს ეურჩებაო, სხვანი კი იმისი მონები არიან. იმ დროების გარემოების მოწყობილობა, აზრი, გამსჯელობა, – ერთობ ცხოვრების მდინარეობა ჩვენისთანა ჩვეულებრივ კაცსა ჩააყენებდა საზოგადო რუსხმულში და წაიღებდა თან, რაც უნდა ძლიერ ცდილიყო თავის შემაგრებასა. ცხოვრების ტალღა მეტად ძლიერია და ჩვეულებრივი კაცი მეტად სუსტი, რომ თან არ წაიყოლიოს იმ ტალღამ. მარტო გენიოსის მკერდი თუ გააპობს და შემუსრავს მას, თორემ სხვისთვის ძნელია. შორმხედველობა, დროებაზედ უფლობა მარტო გენიოსის საქმეა. ის თავისს თამამს სვლაში შემოიბღერტავს ხოლმე დროების მტვერსა, რომელიც ჩვენისთანა კაცსა უფარავს საგნის მნიშვნელობასა, გულუშიშრად მიდის წინ, როგორც ბელადი წინ მიუძღვის ხალხსა და უნათებს თავის ჭკუის სხივებით გზასა. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ამითი ვამბობდეთ, ვითომც გენიოსი ციდამ იყოს ჩამოსული. ისიც ისეთივე ნაყოფია თავის დროებისა, როგორც სხვანი, მხოლოდ ეგ ნაყოფი სრულია, დამწიფებულია. ის თავის ძლიერ მხრებით ამოიტანს, ამოზიდავს ხოლმე მას, რაც თითონ ცხოვრებაშია, ე.ი. ცხოვრების შიგმდებარებასა; მასში არის მთელი აწმყო თავის დროებისა და თესლიც მომავლისა. არც ერთი გენიოსი ჩვენ ახალს არას გვეტყვის, ის მხოლოდ გვიხსნის მას, რაც თვითონ ცხოვრებას ამოურიყავს თავის მდინარეობაში, რაც თავის დაუდგრომელ დუღილშია მოუგდია ზედაპირზედა, – ამიტომაც ხანდისხან ამას უფრო იქნება დაეტყოს თავისი დროების ნიშანი ყველაფრისა: ცუდისა თუ კარგისა, ვიდრე მას, ვინც დაიბადება ხოლმე მარტო იმისათვის, რომ უხეიროდ მოკვდეს.

ცხოვრება, როგორც ყოველი მოზარდი, იზდება, ჰყვავის, მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება – იმისათვის კი არა, რომ მოკვდეს და საუკუნოდ დაიმარხოს, არამედ იმისათვის, რომ თავისაგან მოყვანილის ნაყოფისავე თესლზედ ამოიყვანოს სხვა ახალი, ნედლი ცხოვრება, რომელიც ისევ ისე უნდა წავიდეს ცხოვრების გზაზედ, როგორც პირველი, თუ უკვდავება უნდა. ცხოვრებასაც აქვს თავისი შემოდგომა და გაზაფხული, როგორათაც ბუნებასა. მაცხოვნებელია პირველი ქროლვა გაზაფხულის პირველის დილისა, მაშინ ცა და ქვეყანა ერთიერთმანეთს შეჰხარიან; უფრო მაცხოვნებელია პირველი ქროლა ახალის ცხოვრებისა – ეგ ახლად დაბადებულის ყრმისა, რომელსაც ძველი ცხოვრება ისე უნდა შეჰხაროდეს, როგორც ძუძუმძლეველი დედა შეჰხარის ახალგაღვიძებულს ბაშვსა. გული სხვარიგად ჰსცემს, როცა დედამიწაზედ ზამთრის შემდეგ მზე ამოხეთქავს მწვანე ბალახსა და უფრო სხვარიგათა ჰსცემს მაშინ, როცა ცხოვრებაზედ ამოვა, თავს ამოჰყოფს ბრწყინვალე ყვავილი ახალის აზრისა... მით უფრო მშვენიერია ეგ ყვავილი, რომ ჭკნება თუ ცხოვრობს, მაინც ისე არ გაძუნწდება, რომ სხვა არ აღმოშობოს, იმ სხვამ კიდევ სხვა და ეგრეთ არ შეადგინოს ისტორიული ყვავილთა გრეხილი, რომელშიაც მომდევარი წინადმსვლელზედ ყოველთვის უფრო სრულია, უკეთესი და მშვენიერი, თუ რომ ცხოვრების ვითარების და გარემოების გავლენა ადრე და მალე არ დაუხლართავს გზასა და ზრდას არ დაუშლის. მაგრამ ესეც კია სანუგეშო, რომ როგორი დარიც უნდა დაუდგეს მაგ ყვავილსა, თუკი ძირი ღონიერი აქვს, რაც უნდა ფეხი დააჭირო და სრესო, მაინც გაარღვევს დღესა თუ ხვალ დედამიწასა, ამოხეთქავს და გამოვა სინათლეზედ უფრო დაშვენებული და ძლიერი. ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, – აზრისა კი თავის დღეში არა; მის აღმოშობის დრო შეიძლება შეაყენონ, მაგრამ სრულიად განადგურება კი ძნელად. ამ აზრის უკვდაებაში არის მთელი იმედი კაცობრიობის უკვდაებისა, იმიტომ, რომ გრეხილი აზრისა გაუწყვეტელია: ერთს ზედ მოსდევს მეორე, უფრო ახალი, ჯანმრთელი და ღონიერი, – ამასთანაც დაუქცეველი, მარად მყოფი სალაროცა აქვს – მეცნიერება და ხელოვნება (Наука и искусство), სადაც ისინი ინახებიან. მაგ ცხოველს იმედს, რომელიც განგებას მოუვლინებია კაცობრიობისათვის, რომ ზედ დაერთოს ადამიანის გაუთავებელი ნდომა უკეთესობისა – შედგება ის ძალა, ის იდუმალი ხმა, რომელიც ყოველთვის ეძახის ადამიანს: წინ წადეგ! წინ წადეგ!.. ნეტავი იმ ხალხს, რომელსაც არ დაუკარგავს ეგ იმედი განახლებისა და არ გაჰქრობია უკეთესობის ნდომა!.. ის ხალხი, ის ცხოვრება, რომელიც არ იზრდება, რომელსაც არა აქვს თავისი გაზაფხული და ნაყოფიერი შემოდგომა; რომელიცა ბერდება კი, მაგრამ იმ სიბერის ნაყოფზედ ისევ არ ამოვა განახლებული, განათლებული სიახლის მშვენიერ გვირგვინითა – ის ხალხი, ის ცხოვრება მიჩანჩალებს სამარისაკენ, ბოლოს მივა და აღიგვება, როგორც მტვერი დედამიწის ზურგიდამ.

რა აახლებს, რა ჰსცვლის და – თუ ცხოვრება ჯანმრთელია – რას მიჰყავს წინ? ცოდნასა, მეცნიერებასა, რომელნიც თვითვე ცხოვრების ნაყოფნი არიან. „ხე ცხოვრებისა – ამბობს ერთი ჩვენის დროების ფილოსოფოსი – და ხე ცნობადისა ერთს ძირზედ ამოდიან; მხოლოდ იმათი აღყვავება სხვადასხვა დროს მოდის. როცა ცხოვრების ხეზედ ყვავილი ჭკნება, მაშინ ცნობადის ხეზედ მწიფდება ნაყოფი, და ამ ნაყოფის თესლი აღმოშობავს ხოლმე ცხოვრების ხეზედ ახალ ყვავილებსა“.

ამ მოსწრობილს და, ჩვენის ფიქრით, ძლიერ მართალს შედარებაში მშვენივრად არის გამოთქმული დამოკიდებულება ცხოვრებისა ცნობიერებაზედ და მეცნიერებაზედ. ჩვენ ვეცდებით უფრო გავაადვილოთ ამ დამოკიდებულების გაგება.

თუ ცხოვრება, როგორცა ვჰსთქვით, ჯანმრთელია, თუ მასში არის უკეთესობის ნდომა და განახლების ცხოველი იმედი, ეგ თვით დავრდომილის აღმადგინებელი იმედი – მისნი ძალანი, მისნი ძარღვნი მარად დაუძინარნი არიან. იგინი დაუღალავად, დაუყოვნებლივ მოქმედობენ, მოძრაობენ, წარმოებენ, როგორც ყოველიფერი, რასაც კი სიცოცხლე აქვს მინიჭებული. თუ გარედამ აბრკოლებენ, უშლიან იმათ მოძრაობასა, მაშინ ისინი მაინც კიდევ თავისას არ მოიშლიან, მიწაში დაიფლებიან და იმ მიწის სიბნელეშიაც მოქმედობენ იმ დრომდე, ვიდრე დარი არ დაუდგებათ, რომ გარეთ მზის სინათლეზედ გამოვიდნენ და უფრო ფართოდ გაშალონ მოძრაობის ფრთები. ყოველს მათს მოძრაობას, ყოველს მათს მოქმედებას თავისი ნაყოფი ამოჰყავს ცხოვრების ხეზედა და ყოველს ამ ნაყოფს აქვს თავისი აზრი და მნიშვნელობა, იმიტომ, რომ იმათი ძირი ცხოვრებაშია გამოკვანძილი, – ცხოვრება კი ძნელად თუ რასმეს ჰქმნის უაზროდ. დღედადღე ეგ ნაყოფი ემატება, დღედადღე სხვადასხვა ყვავილებით იმოსება ხე ცხოვრებისა. ეგ ნაყოფი, ეგ ყვავილები ერთად შეკრეფილი შეადგენს ცხოვრების ვითარებასა, მოსავალსა. ხალხი, უფრო მეტი მაინც, ვერ გამოიკვლევს მაგ ვითარების აზრსა, მნიშვნელობასა, ხშირად კი ბუნდად მიხვდება, ჰგრძნობს, მაგრამ ხშირადაც მოხდება ხოლმე, რომ ხალხი რასაც ჰგრძნობს, იმას ვერა ჰსცნობს და ვერ არჩევს სხვათა შორის.

მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც დღემუდამ ზედ დაჰსტრიალებენ ცხოვრებასა, რომ ყოველი ცვლილება მისი ცნობიერად გადმოიღონ, რომ ყოველი ყვავილი მისი მოჰკრიფონ, შეიტყონ, რისთვის არიან იგინი და რანი არიან, – მეცნიერება და ხელოვნება სხვადასხვა გზით იკისრებენ ახალის ვითარების ახსნასა, ცნობაში მოყვანასა. ამათი უკეთესი მიმდევარი, ხალხის დაწინაურებული თავობა, მაშინვე მიხვდება, რომ დრო იცვლება, ჰგრძნობს, რომ ეცა სული ახალის გაზაფხულისა, განახლებისა, ჰგრძნობს, რომ ძველი ცხოვრება აივსო, დამწიფდა, რაც დათესილი იყო, იმის ნაყოფი მოიტანა და ეხლა ამ ნაყოფიდამ უნდა გამოიკრიფოს ახალი თესლი ახალის ცხოვრების გამოსაკვანძავად, რათა მადლობით გაისტუმროს ძველი და სიხარულით მიეგებოს და გზა გაუხსნას ახალსა. მართალია, ეს დაწინაურებული თავობა ხშირად თავგადადებით ცდილობს აღასრულოს დროების მოთხოვნილება, შეაგროვოს მოსავალი, მეცნიერების და ხელოვნების შემწეობით მოიყვანოს ცნობაში თვითვეული მარცვალი, ყოველს მათგანს დაუნიშნოს შესაფერი ადგილი, რათა თავის დროზედ, შვილებისათვის მაინც ყოველმა მარცვალმა მოიტანოს ნაყოფი და იმ ნაყოფმა ახალი თესლი ახალის ცხოვრებისათვის, – მართალია, ხშირად თავგანწირულად ჯაფასა ჰსწევენ, ებრძვიან ძველსა ახლის სიყვარულისაგან და შეჰხარიან ფაქტსა, რომელსაც აზრი უნდა გამაატანინონ, მაგრამ უფრო ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ვერ ჰსძლევენ მოსავლის სიმრავლესა: ხშირად თვით მეცნიერებაც და ხელოვნებაც უღონონი არიან ერთობ ცხოვრების მოსავლის ცნობაში მოყვანისათვის. თუმცა ზოგიერთს ახსნიან, ზოგიერთს გაგვაგებინებენ, მაგრამ უფრო ბევრს ვერ დაჰსდებენ ღირებულს ფასსა, ვერ დაუნიშვნენ შესახვედრს და შესაფერს ადგილსა. მაშინ ეგ თავგამოდებულნი მოჭირნახულენი რჩებიან, როგორც მუშაკნი, რომელთაც ზოგიერთი მასალა მოუმზადებიათ ახალის შენობისათვის, მაგრამ გამგებელი არა ჰყავთ; არ არის ძლიერი ხელი, რომ დაჰსძრას პირველი ქვა ძველის შენობისა, და გაამაგროს პირველივე ქვა ახალის საძირკველშია. საძირკველის ამოყვანაა ძნელი, თორემ სხვას ისინიც გააკეთებენ. საძირკველის ამომყვანელიც არ დაიგვიანებს ხოლმე მოსვლას. მაშინ გამოჩნდება გენიოსი.

ჩვენ არ გვინდა ამითი ვჰსთქვათ, ვითომც სწორედ იმ წამს იბადებოდეს გენიოსი. ის იქნება აქამდინაც იყო, და უთუოდაც უნდა ყოფილიყო, რომ ცხოვრებას თავის ძუძუთი გამოეზარდა, თავისთან გამოეცადა, მოემზადებინა თავის ვითარებისვე აღსახსნელად. თუ აქამდინ არ გამოჩნდა იგი, იმიტომ, რომ იმის ძლიერის სულის შესაფერი საქმე არსად იყო; გამოჩნდა თუ არა საქმე, იმანაც გაშალა თავისი ძლიერი ფრთა და როგორც მზე გამობრწყინდა ცხოვრების გასანათებლად. ეს გოლიათი გონიერებისა თავის ძლიერის მკლავით გადასწვდება მთელს ცხოვრების ნამუშავარსა; შემოაგროვებს ერთად, რაც ცხოვრებას გამოუჩენია; თავის გამჭრიახ თვალით თავიდამ ბოლომდინ განსჭვრიტავს, გაანათლებს იმ შემოგროვილსა, და ყოველს ცხოვრების კითხვას მიჰსცემს შესაფერს პასუხს, ყოველს ფაქტსა - ჭეშმარიტ მნიშვნელობას, ყოველს მიმართულებას – კუთვნილს გზასა და ღონისძიებასა, – ერთის სიტყვით, ახსნის, ცნობაში მოიყვანს მას, რაც ჩვენ შორისვე იყო და არ გვესმოდა. მაშინ იგი გამოანგრევს ძველის საძირკველსა და, ახალის საძირკველში რაკი ქვას დაამკვიდრებს, მიანებებს საქმეს უმცროსთა მუშაკთა.

მეცნიერება და ხელოვნება – ეგ საკვირველნი სალარონი კაცის გონიერებისა – არიან კანონიერნი მემკვიდრენი გენიოსისა. იგინი თავის უკეთეს წარმომადგენლების ხელით გენიოსისაგან ნაჩვენებ საძირკველზედ განაგრძელებენ ხოლმე მუშაობასა, გენიოსის ახალს აზრზედა, ახსნაზედა დაამყარებენ ხოლმე შემდგომსა გამოკვლევასა და ცნობიერების წინ წაწევასა. მაგ წარმომადგენელთაგან ცხოვრებისაგან დაბადებულნი ფაქტები, გენიოსის ჭკვისაგან ახსნილნი და ცნობაში მოყვანილნი, მეცნიერებისაგან მიღებულნი, როგორც კანონნი და ხელთმძღვანებელი მომავალისათვის, გადადიან დანარჩენ ხალხშიაცა. რამოდენადაც ეგ ახალი ცნობაები, აზრები ადვილად გასაგებნი არიან ხალხისათვის, იმოდენად ადვილად განსდევნიან უწინდელებსა, რომ ცხოვრებაში იმათი ადგილი თითონ დაიჭირონ და იწარმოვონ შემდგომში. ეგრე, ცხოვრებისავე მოღებულსა, ცხოვრებავე მიიღებს ხოლმე; ეგრე, ცხოვრებისაგან აღმოსულნი, მეცნიერების სიცხოვლით ნაყოფად მოწეულნი, ისევ ცხოვრებასვე დაუბრუნდება ხოლმე წარმატებისათვის. რასაკვირველია, მინამ ეს ასე მოხდება და ხალხი – თუ არ სრულიად, უფრო მომეტებული მაინც – მიიღებს განახლებასა, დიდი დრო გადის. ცხოვრება ამ ახალ აზრებით განახლებული, ისევ იზდება, ჰყვავის, მოამწიფებს სხვა ახალ სათესლე ნაყოფსა და მერე ისევ ჭკნება, როგორც ზემოთა ვსთქვით. ის არ მოუცდის ხოლმე ხალხსა – „აცა, ჯერ რაც მოვამზადეო ამას წინად და რაც მეცნიერებამ და ხელოვნებამ გენიოსის შემწეობით ცნობაში მოიყვანა და კანონად დასდვა, ჯერ ისინი ხალხმა მიიღოსო და დაისაკუთროსო“. არა, ცხოვრება ამას არ მოუცდის ხოლმე, ეგ დაუყოვნებლივ გაჰსწევს თავის წარმატების და განვითარების გზაზედ, ასე რომ მინამ ხალხი მიიღებს დიდიდამ პატარამდე მის უწინდელ ჭირნახულსა, იგი ხელახლად მოასწრობს ხოლმე ახალ მოსავლის მოყვანასა, სხვა ახალ ფაქტების და საჭიროების შემუშავებას და შემოჯგუფებას. კიდევ მოვა დრო განახლებისა, კიდევ ამრიგად მეცნიერება და ხელოვნება ახსნის ცხოვრების მოთხოვნილებასა, ცნობაში მოიყვანს „ახალსა“ და ამათ შემწეობით გადადის ეს „ახალი“ ისევ ცხოვრებაში და ჰსცვლის ცხოვრებასა. აი, როგორც შევიძელით, ვაჩვენეთ, რომ ცხოვრება ძირია, ხელოვნება და მეცნიერება მასზედ ამოსული შტოები არიან. როგორც მიწიდგან ამოხეთქილი შტოები ისხამენ ნაყოფსა და როცა სათესლედ მოჰსწევენ, ისევ მიწას გადმოჰსცემენ, რომ ახალი ძირი გაიკეთონო და იმ ძირმა სხვა ახალი შტოები ამოხეთქოს, აგრეთვე ცხოვრებაზედ ამოსულნი შტოები – მეცნიერება და ხელოვნება – ისხმენ ზედ ცხოვრების ნაყოფსა და როცა მოჰსწევენ სათესლოთ, ისევ ცხოვრებასვე გადმოჰსცემენ ახალის ცხოვრების გამოსაკვანძავად. ამისთანა დამოკიდებულობა აქვს ცნობიერებას ცხოვრებაზედ და ცხოვრებასა თავის რიგზედ – ცნობიერებაზედ. მართალიც არის: რაც ცნობაშია მოყვანილი, რაც დამტკიცებულია, მხოლოდ ის გადადის ხალხში, მხოლოდ ის მიიღება ხალხისაგან. და რაც მიიღება, მხოლოდ იგი ჰსცვლი ხალხის მდგომარეობასა, ცხოვრებასა. ცნობაში მოყვანილი და დამტკიცებული, როგორცა ვჰსთქვით, მეცნიერებაა და ხელოვნება – ეს ორნივ ერთ და იგივეს მსახურებენ: აზრის მოძრაობას; ერთ და იგივეს გამოჰსთქვამენ: ხალხის აზრსა, და თუ რაშიმე განირჩევიან, მხოლოდ იმაში, რომ სხვადასხვა გზით და სხვადასხვანაირად მოქმედობენ და გამოჰსთქვამენ, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მეცნიერება და ხელოვნება – ეგ უდიდესნი სალარონი, სადაც კაცობრიობის გენია აწყობს ხოლმე გონიერების საუნჯესა, – არ არიან ყველასთვის მისაწდომნი. მაგ სალაროში შედიან ხოლმე მხოლოდ აღმორჩეულნი პირნი, რომელნიც ყველგან ცოტანი არიან, მხოლოდ მაგათა აქვსთ იმათი კარის გასაღები, მხოლოდ იგინი სარგებლობენ, დაისაკუთრებენ იმათ საუნჯესა მაშინ, როდესაც იმათი განმანათლებელი სხივები ყველასათვის საჭირონი არიან, როგორც არსებითი პური. რომელ ხალხშიაც ეგ არის, იქ მომეტებული ნაწილი სიბნელეში დადის: უნდა, საჭიროა, რომ იხელთოს მეცნიერების და ხელოვნების ნაყოფნი, მაგრამ ვერ მიჰსწდომია, განა იმის გამო, რომ უღირსნი და უღონონი არიან, არამედ ათასი სხვადასხვანაირ მიზეზებისა გამო, რომელთაც აქ ჩვენ არ მოვიხსენიებთ.

მართალია, ყოველ ცოტაოდენ განათლებულ ხალხში არის ღონისძიება, საშუალობა, რომ მეცნიერების ნაყოფი გადიტანოს ხალხშია; მართალია, არიან სკოლები, სხვადასხვა სასწავლებლები, რომელნიცა ავრცელებენ ხალხშია, მის გამო ცხოვრებაშიაც, სასარგებლო და გამოსაყენ სწავლასა და ცოდნასა, და იმით შველიან ხალხსა. მაგრამ იმათამდინ ისე ცოტას მიუწვდება ფეხი, რომ დანარჩენ ხალხის რიცხვთან რომ შევადაროთ ის ცოტა – წვეთი იქნება ზღვაში. ბევრნი რჩებიან სასწავლებლების გარედ, ბევრს მათგანს უნდა, სურვილი აქვს გაიგოს რამე, შეივსონ სწავლა, გაიხსნან გონება, მაგრამ ზოგი შეუძლებლობისა გამო, ზოგი სიშორისა გამო, ზოგი მოუცლელობისა გამო, ზოგი კიდევ სხვადასხვა დაბრკოლებისაგან მაგ მიუცილებელ ღონისძიებასაც მოკლებულნი არიან. საჭიროა სკოლების გარდა ისეთი ღონისძიებაც, ისეთი საშუალობაც, რომელმაც იმისთანა თვისება უნდა იქონიოს, რომ ყველგან მიჰსწვდეს, გამოფინოს საქვეყნოდ კაცის ჭკვის ძვირფასნი მარგალიტები საყოველთავო მოსახმარებლად, რომ მრავალთათვის მისაწდომი გახადოს ის, რაც დასაკუთრებული აქვს ცოტასა. ის საშუალობა, ის ღონისძიება უნდა ცდილობდეს, თუ არ სრულიად ხალხთან, მომეტებულ ნაწილთან მაინც დაიჭიროს საქმე, შექმნას შუამავლად მეცნიერებისა ერთის მხრით, და ხალხისა და ცხოვრებისა, მეორეს მხრით. მაგ ძნელ საქმეს ასრულებს ყველგან ლიტერატურა.

ბოლოს დროს, თითქმის ჩვენ საუკუნის პირველ ნახევრის დასასრულში, შეატყეს, რომ თვით ეს ლიტერატურაც ისე სწრაფად არ ავრცელებს მეცნიერებასა ხალხშია, შეამცნივეს, რომ ლიტერატურა თუმცა დღედადღე მდიდრდება, ივსება ახალის ნაყოფითა, ახალის იდეაებითა და აზრებითა, მაგრამ ცხოვრებაში ისე ადვილად არ გადადიან იგინი, როგორც საჭიროა. უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ თვით ლიტერატურის ენა დაუშორდა ხალხის ენასა, ხალხს ისე ადვილად არ შეეძლო გაგება მისი, რასაც კითხულობდა – და ჩვენ ზემოთა ვჰსთქვით, რომ თუ ხალხი ვერ გაიგებს, არც ცხოვრებაში შეიტანს. რა წამსაც მიხვდნენ, რომ ლიტერატურა თუმცა უფრო ვრცლად მოქმედობს ბეჭდვის შემწეობითა, მაგრამ მაინც კიდევ ხალხს იმისი გაგება ეძნელება, მაშინვე გამოჩნდა საჭიროება იმგვარ ლიტერატურისა, რომელიც როგორც ენით, ისე აზრის გამოთქმით უფრო ადვილად უნდა ასრულებდეს ზემოთქმულს შუამავლობასა მეცნიერების და ცხოვრების შორის. მაგგვარ ლიტერატურას ჰქვიან: „პოპულიარული ლიტერატურა“, ხან კიდევ ადვილი ლიტერატურა, იმიტომ რომ იგი დანიშნულია მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო, რამოდენათაც შეიძლება, გააადვილოს მეცნიერების და ხელოვნების ნაყოფის მოკრეფა ყველასათვის; მათგან დამუშავებულნი ძნელი მისახვედრი ცნობაები საყოველთავო გასაგებად გაამარტივოს, გააადვილოს და ამით განავრცელოს საჭირო სწავლა და ცნობაები ხალხშია. ამგვარ ლიტერატურას ეკუთვნის ჟურნალიცა, ნამეტნავად ის ჟურნალი, რომელსაც ეძახიან: „საზოგადო ჟურნალი“ («Общественный журнал»). აი, რარიგ სამსახურისათვის ვნიშნავთ ჩვენს „საქართველოს მოამბესაცა“.

რომ ჟურნალი საჭიროა, ამას თქმა აღარ უნდა. ჟურნალი, როგორც სხვა, ისე ჩვენიცა, არ არის ერთი კაცი სურვილის ნაყოფი: მოუვიდა ჟინი წერისა და გამოჰსცა. არა, მაგისთანა ჟურნალი თავს დიდხანს არ დაიჭერს. ჩვენ ვჰსთქვით, რომ ყოველი საჭიროება ცხოვრებიდგან წარმოდგება. თუ ცხოვრებას არ უნდა, ვერაფერს ვერ მიამყნობთ ისე, რომ იმ ნამყნობმა იხეიროს და ნაყოფი მოიტანოს. მარტო ის საქმეა მკვიდრი და მტკიცე, რომლის ფესვიც შიგ ცხოვრებაშია გამოკვანძილი; უამისოდ ვერა საქმე ვერ გაჰსძლებს, ვერ მოიტანს ნაყოფსა, როგორც თესლი უდედამიწოდ. როცა ცხოვრებას უმოქმედნია და იმ მოქმედებით მოუყვანია როგორიმე მოსავალი, რომლის გაგება და გარჩევა უძნელდება ხალხს და რჩება ის მოსავალი მოუხმარებლად; როცა ხალხში ისმის სურვილი, ძლიერი ნდომა იმ ნაჭირნახულევის გაგებისა, ცნობაში მოყვანისა; როცა ხალხს უნდა და ვერ მიჰსწდომია მეცნიერების ნაყოფსა, მაშინ ხალხის საშველად სხვათა შორის გამოვა ჟურნალიცა. რასაკვირველია, რამოდენადაც ცხოვრება – ეგ დედა ყოველ საქმისა – ძლიერია და ღონიერი, იმოდენად მოსავალი და ნაჭირნახულევი დიდია და უხვი.

რამოდენადაც მოსავალი მრავალია, ასე რომ ერთი ჟურნალის თვალი ვერ გადაჰსწვდება, ერთი ჟურნალის ღონე ვერ შეჰსძლებს იმის ზიდვასა, იმოდენადაც მომეტებული ჟურნალები გამოდიან ხალხში. ეს ჟურნალები სხვადასხვა მხრით მოექცევიან იმ ცხოვრების მოსავალსა, სხვადასხვა მხრით სინჯავენ, სხვადასხვა მხრით ცნობაში მოჰყავთ, – და ამ სხვადასხვაობითაც ურთიერთშორის განირჩევიან. ამის გამო ჟურნალების სიმრავლე არამც თუ უნდა იყოს საწყენი, არამედ სასიხარულო იმისათვის, ვისაც უანგაროდ უყვარს თავისი ხალხი და იმისი ბედნიერება. ჟურნალების სიმრავლე ცხადად აჩვენებს, რომ ხალხს არ ჰსძინავს, ფიქრობს, ჰსჯის; რომ ხალხში ტრიალებს, მოძრაობს სხვადასხვანაირი აზრი, რომლის გამომეტყველადაც არიან სხვადასხვა ჟურნალები.

ჯერ ჩვენი საწყალი „მოამბე“ არც კი დაბადებულიყო, რომ ზოგიერთ პირმა მტრობაც შეჰსწამა. ჩვენ რა გვეთქმის ამაზედ ამის მეტი, რომ ვინც ლაფში თავიდან ფეხამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს. „მოამბის“ უფროსი ძმა „ცისკარიც“, რომელსაც ყველაზედ უფრო უნდა გახარებოდა, რომ მოძმე ებადება, მშველელი უჩნდება, „ცისკარიც“ კი წინადვე აშინებდა ჩვენ „მოამბეს“, რომ მკითხველებს ვერ იშოვისო. ჩვენ, რასაკვირველია, ამ წინდაუხედავ და უგემურ წინასწარმეტყველობას ყურსაც არ ვათხოვებდით, რომ მხდალ „ცისკარსა“ რამდენჯერმე არ გამოეთქვა საქვეყნოდ თავისი დაფარული შიში და სამარცხვინო აზრი.

დაე რაც უნდა თქვას შიშისაგან ზარდაცემულ და გონებაგამოცლილი „ცისკარმა“, ჩვენ კი ამას ვეტყვით, რომ ამ შემთხვევაში იგი ჰგავს იმ ანგარების მოყვარე ძმასა, რომელსაცა ძმის დაბადება იმიტომა ჰსწყინს და გულს უხეთქს, რომ შიშობს, ვაი თუ საცხოვრებელი შუაზედ გამიყოსო. ტყუილად შიშობს „ცისკარი“. ჩვენ ფიქრადაც არა გვაქვს არავის საცხოვრებელის შუა გაყოფა და არც არავის მტრობა. ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა; მისი გაუმჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია. ღმერთმა გვიხსნას იმ სულელურ თამამობისაგან, რომელიცა ფიქრობს გადაასხვაფეროს ცხოვრება თავისებურად. ჩვენ ისე არ გავბრიყვდებით, რომ ჩვენ საკუთარ წესზედ მოვინდომოთ ცხოვრების გატარება. თვითონ ცხოვრება აღმოშობავს ხოლმე თავისათვის წესსა, განსაზღვრავს ხოლმე თავის რჯულსა და კანონსა, – მხოლოდ ამ კანონსა გაგება უნდა, გამოფენა საქვეყნოდ და შეძლებისამებრ გზის გახსნა, რომ მისი წარმოება არაფერმა არ შეაყენოს. ამიტომაც ჩვენის „მოამბის“ უმთავრესი საგანი აწინდელი ცხოვრება იქნება თავის სრულის წარმოებითა, სრულის ვითარებითა. რამოდენად შეიძლებს ჩვენი ჟურნალი ამის აღსრულებას – მაგას დრო და ჩვენი შეძლება გამოაჩენს: საქმეა ყოველისფრის გამომცდელი. ჩვენ წინადვე ვერას ვიტყვით ამის მეტსა, რომ აწინდელის ცხოვრების წრეში ჩადგომა გვინდა, მისგან ყრუდ ჩაძახილის ამოძახნა, მისის ვითარების ცნობაში მოყვანა, მოძრაობისათვის გზის გახსნა. ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ჟურნალი უნდა იყოს უთუოდ დღევანდელ ცხოვრების წრეში მოჯადოებულსავით გაჩერებული, – არა, ყოველ გონიერ ჟურნალის თვალი ხშირად არის მიმართული მომავლისაკენა. „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა“, ამბობს ერთი ფილოსოფოსი. აი, აწინდელ ცხოვრებას რა მნიშვნელობა ექნება ჩვენის ჟურნალისათვის. აწინდელი ცხოვრების ვითარება არა მარტო სადღეისო მომავალია, რომელიც დღესვე უნდა დაიხარჯოს, არამედ მასში მომავლისათვისაც თესლი ურევია, როგორც წარსულში ერივა აწმყოსათვის. თუ ჩვენი ჟურნალი დაჰყურებს დღევანდელ ცხოვრების მოქმედებას, უფრო მაგ თესლისათვის დაჰყურებს, რომ ეგ გამოჰკრიფოს ხვალისათვისა. რაც შორსა ჰსცემს ჟურნალის თვალი, მით უფრო კარგია, ჩვენის ფიქრით, ჟურნალი და დღეგრძელი.

ამ სახით, თუ ჟურნალს უნდა კეთილსვინდისიანად აღასრულოს თავისი ძნელი საქმე, უნდა თვალგაფაციცებით თან აჰყვეს აწინდელ ცხოვრებასა, რათა ყოველ აღმოშობილ ფაქტსა თვალი და გონება ადევნოს; ყოველ აზრის საკეთილო მოძრაობას გზა მიჰსცეს, ყოველიფერი შენიშნოს და ყოველსფერს პასუხი გაჰსცეს, ერთის სიტყვით, უშველოს ცხოვრების წინ ფეხის გადადგმასა გასამჯობინებლად, გასაკეთებლად. ამ ძნელ საქმეში ჟურნალმა უნდა წაიმძღვაროს წინ მეცნიერების სინათლე და ხელოვნების კალამი. ჩვენ ზემოთა ვჰსთქვით, რომ ამ ორ ძლიერ მომქმედთა ღონისძიებათა მოჰყავთ ყოველიფერი ცნობაში და, რაც ცნობაშია მოყვანილი, მხოლოდ ისა ჰსცვლის ცხოვრებასა და აკეთებს. მეცნიერებას და ხელოვნებას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ცხოვრების გასამჯობინებელ ღონისძიებათა. დაე ზოგიერთმა მწიგნობარმა მეცნიერების სახელითა გაიწყალოს თვალი და გონება იმის გამოძიებაში, რომ ამა და ამ ეგვიპტის პირამიდზედ ეს იეროგლიფი ისე არ უნდა იყოსო, ან წარტოლვილ ჭეშმარიტების ძებნაში ავარჯიშოს თავისი გონება; ან ზოგიერთმა უნაყოფო პოეტმა ხელოვნების სახელითა უკუარიდოს პირი თავის ხალხის ცხოვრებასა, მეშვიდე ცას შეაჩეროს გაბეცებული თვალები და ბულბულსავით უაზრო შტვენა დაიწყოს და აღარ გაათავოს. ჩვენ იმათთან საერთო გზა არა გვაქვს. ისინი მარცხნივ მიდიან გატკეპნილ გზაზედ და ჩვენ კი მარჯვნივ გავწევთ. ჩვენ მეცნიერებას და ხელოვნებას მოვჰსთხოვთ არსებითსა პურსა ცხოვრებაში გამომცხვარსა და მშიერთათვის მოსახმარესა და გამოსადეგსა. მეცნიერებამ უნდა გვიშველოს თავის გამოცნობილ ჭეშმარიტებაებით ცხოვრების ახსნა და გაგება; მან უნდა მოგვცეს პირდაპირი პასუხი ყოველ საჭირო კითხვაზედა. რაც კი პირდაპირ მოედგმება ცხოვრების ვითარებასა, რაც კი გადმოიღება ცხოვრებისათვის – ის იქნება უფრო საჭირო ჩვენის ჟურნალისათვის. სხვა რაღაც წარტოლვილ ცნობაებში გაბმა და ტრიალი ჩვენთვის სრულიად უფასო იქნება და გამოუსადეგი. ეგ იმან ინდომოს, ვინც სიტკბოებას ხედავს უქმის ჭკვის ვარჯიშობაში და ფრენაში. ხელოვნებასაც იმას მოვჰსთხოვთ, რომ სარკესავით ცხოვრება გარდმოიცეს, რათა ჩვენი თავი მის მომხიბლავის კალმით ცხოვლად იყოს წარმომდგარი ჩვენ წინა, რათა სიცუდეც და სიკეთეც ჩვენი დავინახოთ. დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს „ღრუბლების ცურვასა“, „გაფაღარათებულ ვარსკვლავების ცაში ბოლთის ცემასა“, მთვარის ხვეწნასა, რომ ჩემ საყვარელს უთხარიო: ცხრა მთას იქით ერთი უბედური პოეტია, რომელსაც შენგამო „ოხვრის კვამლი“ თვალებსა ჰსწვავს და ცრემლს ადენსო; დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს უგემურ ღმეჭასა და თვალების სრესასა, ეგება ცრემლი მამივიდესო; დროა ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგმდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის. იქ, ცხოვრების ძირში, ის იპოვის ბევრ მარგალიტსა და უფრო ბევრს ლექსა და ლაფსა; არც ერთის გამოხატვა არ უნდა აშინებდეს ხელოვნებასა და არც მეორისა, არც ერთის გამოთქმა და არც მეორისა არ უნდა აშინებდეს ჟურნალსა. როდი უნდა იწყინოს ქართველმა, როცა ჩვენი „მოამბე“ სხვათა შორის ხელოვნების შემწეობით დაუნდობელად გამოჰფენს ჩვენის ცხოვრების ჭუჭყსაცა. ქართველის უსიყვარულობაში ნუ ჩამოგვართმევენ, როცა ჩვენი ჟურნალი მკაფიოდ საქვეყნოდ გამოჰსთქვამს მას, რაც ქართველში ცუდია და საზიზღარი. საქართველოში თუ სადმე ორსა და სამს უყვარს ქართველი, ჩვენ იმათში უკანასკნელი არა ვართ. ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენ ქართველში გვიყვარს მხოლოდ მისი სიკეთე, სიცუდე კი ყველგან საზიზღარია, ქართველი იქნება მისი მექონი თუ ანგლიელი, სულ ერთია ჩვენთვის, ორივ წყალში გადასაყარნი იქნებიან. ბევრნი არიან ჩვენში იმისთანანი, რომელნიც ცდილობენ ჩვენის ცხოვრების სიბოროტის დამალვასა, ეგ იმათ მოსდით ქართველების უმეცარ სიყვარულისა გამო, ის კი არ იციან, რომ დიდი ხანია არის ჩვენში გლეხური ანდაზა: მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო. ისინი, უმეცარნი მოყვარენი ჩვენნი, ზედ დაასმენ ხოლმე შეჩვენების და განგდების ბეჭედსა მას, ვინც კი ვეღარ მოითმენს ცხოვრების საძაგელ გუბეში დგომასა, ამოჰყოფს თავს, რომ სხვას მაინც უთხრას, ამ გუბეში არ ჩაიგდო თავიო, თორემ დალპებიო მის წარმწყმენდელ ოხშივარის ზედმოქმედებისაგან. ჩვენ საბედნიეროდ არიან ჩვენში იმისთანა პირნიც, რომელთაც ჩვენზედ უკეთ იციან, რომ ვინც შენიშნავს მართლად სხვის ნაკლულოვანებას, შეიძლება მასვე უნდოდეს გასწორება და სიკეთე მისი. რაც უფრო მკაფიოდ და დაუნდობელად არის გამოთქმული ბოროტება და ნაკლულევანობა ცხოვრებისა, ზოგჯერ მით უფრო ჰსჩანს გამომთქმელის გულის სიმხურვალე, მოუთმენელი, ცხარი წადილი გასწორებისა. ვისაც ძალიან ჰსძულს ბოროტება, მას ძალიან ეყვარება კეთილი – ეს აშკარაა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ეს ლექსი:

ჩემზედ ამბობენ: „ის ქართვლისას სიცუდეს ამბობს,

ჩვენ ჭუჭყს არ მალავს – ეს ხომ ცხადი სიძულვილია!“

ბრიყვნი ამბობენ; კარგი გული კი მაშინვე ჰგრძნობს

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია.

ოღონდ ხელოვნება კი გადაჰსცდეს თავის საკუთარ კანონებსა და მეცნიერება – ჭეშმარიტებასა, და დაე, არც ერთი და არც მეორე ნუ მოერიდება იმის გამოაშკარავებას, განკიცხვას, რაც ჩვენში საკიცხავია და ცუდი. დაე ორივემ იარონ ცხოვრების მდინარეში, მონახონ მარგალიტები და თუ იმათ ამოკრეფაში ლაფი და ლექი თან ამოჰყვება, რა ვუყოთ? ლაფი ჩამოვირეცხოთ, ჭუჭყი მოვიშოროთ, რომ მხოლოდ მარგალიტები დაგვრჩეს ჩვენის ცხოვრების სასახელოდ.

მოგვიტევოს მკითხველმა, რომ მეცნიერება და ხელოვნება – ეგ უდიდესი საგანნი – ისე, გაკვრით მოვიხსენიეთ ამ სტატიაში. ჩვენი სურვილი ის იყო, რომ გვეჩვენებინა არა მარტო სრული არსებითი ვითარება, რომელზედაც ჩვენს „მოამბეს“ კიდევაც ბევრჯერ შეხვდება შემდეგშიაც ლაპარაკი, არამედ მარტო მათი დანიშნულება, ე.ი. რომ იგინი, ჩვენის ფიქრით, არიან მხოლოდ ღონისძიებანი, რომელნიც გვიშველიან ცხოვრების სიბნელიდამ სინათლეში გამოყვანასა. ცხოვრება, მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც ყოველ ჟურნალსა შიგმდებარედ არიან, იმოდენად მოვიხსენიეთ, რამოდენადაც საჭირონი იყვნენ იმისათვის, რომ მკითხველთათვის გვეჩვენებინა მხოლოდ ის გზა, რომელზედაც გაივლის ჩვენი „მოამბე“. კიდევ გიხდით ბოდიშსა, თუ ეს სტატია მეტაფორებით სავსე ეჩვენოს მკითხველსა. ჩვენი ცდა მარტო ის იყო, რომ ჩვენი აზრი გაგვეგონებინა მკითხველთათვის, იმიტომაც ყოველი ღონისძიება მოვიხმარეთ, რომ ეგ აგვესრულებინა. თუ ამ სტატიამ მაგოდენი შეჰსძლოს, ჩვენ კმაყოფილნი ვიქნებით.

მეტი არ იქნება მოკლედ განვიმეოროთ ის, რაცა ვსთქვით ამ სტატიაში. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა მკითხველთათვის, რომ ცხოვრება თვითრჯულია, იგი არ გამოიჭრება ხოლმე კაცისაგან მოგონილ რიკრიკაზედ; რომ თუმცა იგი ბერდება, მაგრამ იმ სიბერის გამოცდილებით ისევ თავისთავად ახლდება და ჰყვავის; რომ მეცნიერება და ხელოვნება არ არიან მოგონილნი კაცის ჭკვის და გამოხატულობის არც ვარჯიშობისაგან და არც ვარჯიშობისათვის; რომ იგინი იბადებიან ცხოვრებისაგან და არსებობენ ცხოვრებისათვის; რომ იგინი წინ მიდიან ცხოვრების ვითარებისა გამო და მერე თავის რიგზედ თვითვე წინ მიჰყავთ ცხოვრება; რომ რაც მაგათგან არის მოყვანილი ცნობაში და დამტკიცებულია, ის გადადის ხალხში და იგი ჰსცვლის ხალხის მდგომარეობასა და ცხოვრებასა; მაგ დამტკიცებულ აზრების და ცნობაების გადასვლის გაადვილება ჩვენის „მოამბის“ საქმეა. რამოდენადაც ცნობიერად და ვრცლად მოეკიდება „მოამბე“ თავის ძნელ საქმეს, რამოდენადაც მიაგნობს და შეატყობს ცხოვრების მაჯისცემასა და შენიშნავს იმ მაჯის მცირედსა ცვლილებასა, რამოდენადაც ნათლად განარჩევს ცხოვრებისაგან მოგუბებულ მასალასა და თვითვეულ მის შემადგენელს ნივთსა საყოველთავოდ განაბრწყინებს მეცნიერების შუქით და ხელოვნების წარმოდგენითა, იმოდენად იგი პატივცემული იქნება საზოგადოებაში და ნაყოფიერი ცხოვრებისათვის. გზა დანიშნული აქვს და არჩეული ჩვენს „მოამბესა“. ვნახოთ, როგორ გაივლის! ღმერთმა კი მშვიდობის და სიკეთის მგზავრობა მიჰსცეს, ღმერთმა მოაპოვებინოს მრავალი თანამშრომელი, რომ ჩვენის ქვეყნის და ხალხის სიყვარულის სახელითა ძმურად ურთიერთს მხარი მიჰსცენ და არ დაივიწყონ, რომ ხალხი – დაბალი თუ მაღალი – ყველა მოყვასია ჩვენი, შეძლებისამებრ ყველამ უნდა ვუშველოთ... თუ ხალხი მართლა მოყვასია, რუსთაველი გვასწავლის, მოყვასს როგორც უნდა მოექცეს კაცი:

„ხამს მოყვასი მოყვასისთვის სიცოცხლისა არ დამრიდად,

გული მიჰსცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“.

[1862 წ. – 1863 წ., 12 იანვარი] 

 

„საქართველოს მოამბეზედ“

ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 48-63.

ნაბეჭდი: ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863 წ., № 1, გვ. 111-126. (ცენზურის ნებართვა: 1863 წ., 12 I).

ხელმოწერა: .....

სტატიის პირველი მონახაზები ჩანს ილიას დაუმთავრებელი ავტოგრაფის ნაწყვეტში, რომელიც შემოუნახავს მწერლის არქივს, სათაურით – „მასალები „ცისკრის“ წარმოების გასარჩევად („ცისკარი“ 1857-1862 წლამდინა)“, რომელიც წინამდებარე ტომის დაუმთავრებელ თხზულებათა განყოფილებაში იბეჭდება. მართალია „საქართველოს მოამბეზედ“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა (ხელმოწერის ნაცვლად – ასტრონიმით), მაგრამ თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ეს წერილი, რომელშიც ჟურნალის (და საზოგადოდ ახალთაობის) ეროვნული და ფილოსოფიურ-ესთეტიკური მრწამსი იყო ჩამოყალიბებული, „საქართველოს მოამბის“ დამაარსებელსა და რედაქტორს – ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა.

ხელნაწერი (U № 1052) ჟურნალ „საქართველოს მოამბიდან“ არის გადაწერილი. მითითებულ ხელნაწერში ილიას წერილს პირველი გვერდის ქვედა არშიაზე აქვს ლურჯი ფანქრით განსხვავებული ხელით რუსული მინაწერი: «От публиц, с народном журнале».

ილია ჭავჭავაძეს თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეტანილ იქნა 1927 წელს, – ნაწერების სრული კრებულის IV ტომში. აღნიშნულ გამოცემაში „საქართველოს მოამბეზედ“ 1862-1863 წლებით არის დათარიღებული, ხოლო ილიას თხზულებათა ათტომეულში (ტ. III, 1957 წ.) – 1862 წლით. ეჭვგარეშეა, რომ 1863 წლისათვის წერილი ილიას ძირითადად უკვე მომზადებული ექნებოდა, მაგრამ ვითვალისწინებთ რა ცენზურის ნებართვის თარიღს (1863 წ. 12 1), წერილს ფართო თარიღს ვაძლევთ.

პირველნაბეჭდთან შედარებით ტექსტში მხოლოდ ორი შესწორებაა შეტანილი:

121. 29 მოსდევს] მოზდევს. 129. 11 გამომეტყველადაც] გამომეტყველათაც.

130. 17 „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“, ამბობს ერთი ფილოსოფოსი...“ – „ერთ ფილოსოფოსში“ – იგულისხმება გამოჩენილი გერმანელი მოაზროვნე გოტფილდ ვილგელმ ლაიბნიცი (1646-1716). – დაწვრილებით იხ. წინამდებარე გამოცემის I ტომი, გვ. 343.

133. 4

ჩემზედ ამბობენ: „ის ქართვლისას სიცუდეს ამბობს...
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია“.

ციტატა მოყვანილია ილია ჭავჭავაძის უსათაურო ლექსიდან – * **

[„ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში“], რომელიც დაწერილია 1861 წელს (დაიბეჭდა 1863 წელს, ჟურნ. „ცისკრის“ №1-ში).

134. 30

„ხამს მოყვასი მოყვასისთვის სიცოცხლისა არ დამრიდად,
გული მიჰსცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად...“

ციტატა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ილიას მიერ ვარიანტული სხვაობით არის წარმოდგენილი. „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემებში ეს ადგილი ამგვარად იკითხება:

„ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად...“

ილიამ მიერ გამოყენებული ფორმა არ დასტურდება „ვეფხისტყაოსნის“ არც ერთ გამოცემასა და ხელნაწერში.