The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


საქართველოს ძველი ისტორიისა და მწერლობის განძი

 

ჭავჭავაძე ილია

საქართველოს ძველი ისტორიისა და მწერლობის განძი

ტფილისი, 23 ივლისი

ვინ არ იცის, რომ ჩვენს მონასტრებსა და ძველის-ძველს ეკკლესიებში მრავალი საისტორიო განძი მოინახება, რომ გული გულობდეს. ჩვენი ისტორია, ჯერ კიდევ კრიტიკის ცეცხლში არგატარებული და არგადახალისებული, ბევრს საბუთს და მოწმობას მოიპოვებდა, მრავლის ბნელის ადგილების შუქმოსაფენად, რომ ცნობილი და გამოქვეყნებული იყოს ყოველი იგი ნაშთი ჩვენის განვლილის ცხოვრებისა, რომელიც დღეს კიდევ ზედ აჩნევია ჩვენთა მამა-პაპათა ხელთნაქმართა და ჭკუით ნამოქმედართა. ეხლა ყოველივე ეს თვალთაგან მიფარებულია და დამარხულია მონასტერთა და ეკკლესიების კედელთა შორის და ანუ მონასტრისა და ეკკლესიების სალაროში. სხვა რომ არა ვსთქვათ რა, ყოველ ეჭვგარეთ უნდა იყოს, რომ მონასტერთა და ეკკლესიების სალაროში მრავალი წიგნი კიდევ მოიპოვება. ჯერ მარტო დავით-გარეჯის მონასტერში ასზე მეტი წიგნია აღმოჩენილი და მათ შორის ზოგი იმისთანა თავისი სიძველით. რომ ფასდაუდებელია. რამდენი სხვა ამისთანა მონასტერია ჩვენს ქვეყანაში და რამდენი წიგნი უნდა აღმოჩნდეს ამ მონასტრებში, ვინ მოსთვლის.

კარგი იქნებოდა და დიდს ღვაწლს გაუწევდნენ ჩვენს ძველ ლიტერატურის ისტორიას ცალკე და ცხოვრებისას საერთოდ, რომ ამ ძვირფასის განძის სიები, კატალოგები შესდგეს, თვითვეულად აღნუსხულ იქმნას, რა წიგნია, ვისგან არის შედგენილი, რა დროს ეკუთვნის, რა ზედწარწერანი აქვს და მებრვე სხვა. რასაკვირველია, ეს შეუძლიანთ ღირსეულად შეასრულონ მარტო მათ, ვისაც ხელი მიუწვდებათ, ვინც ახლო უდგანან ამისთანა განძსა. ჩვენნი ბერ-მონაზონები და სამღვდელონი, რომელთაც აბარიათ სალარონი მონასტრებისა და ეკკლესიებისა, დიდს ვალს დასდებენ ჩვენს ქვეყანასა, რომ ამ საჭიროებას ყურადღება მიაქციონ, და რაც მათდამი მინდობილს სალაროში წიგნებია, იმის სია ანუ კატალოგი შეადგინონ, როგორც ვთქვით, და რომელსამე გაზეთში დაჰბეჭდონ გამოსაქვეყნებლად. გვერწმუნონ, რომ ეს დიდი და სასახელო საქმეა, დიდს და სასახელო სამსახურს გაუწევენ ამით ჩვენს ქვეყანას და თვით მეცნიერებასაც: ამ სიების შემადგენელთა სახელი ყოველთვის მადლობით მოიხსენიება შთამომავალობის მიერ.

არანაკლებ საქებნი და სადიდებელნი იქმნებიან ერისკაცნიც, რომელნიც არ დაიზარებენ და გამოაქვეყნებენ, სად და ვისთან ეგულებათ ქართული ხელნაწერი წიგნები, გუჯრები, სიგლები, და თუ ხელი მიუწვდებათ ყოველ ამის სიას შეადგენენ და გადასცემენ რომელსამე გაზეთს დასაბეჭდად. ვიმეორებთ, ეს ამისთანა შრომა სრული არ იქნება, თუ გულმოდგინებით გამოძიებული არ იქნება და სიაში მოხსენებული თვითოეული წიგნი, გუჯარი და სიგელი იმ მხრით, თუ რა წიგნია, რა გუჯარი, რა სიგელი, ვისგან არის დაწერილი, შედგენილი, თუკი სხვა მოცემული, რა დროს ეკუთვნის, რა ზედწარწერანი აქვს და არის რამ შესანიშნავი მის გარეგნობაში თუ არა.

ნუვინ იფიქრებს, რომ ეს ამისთანა შრომა დიდის მადლობის ღირსი არ იყოს და დიდად საქებურიც მისთვის, ვინც თავის სასახელოდ ამას იკისრებს და გულმოდგინებით შეასრულებს. დაგვიჯერეთ, ეგ დიდი საქმეა და დიდი სამსახურია ჩვენის ქვეყნის წინაშე.

ჩვენი გაზეთი ყოველთვის მზად იქნება დაბეჭდოს ყოველივე, რასაც ამ საგანზედ ვინმე მოაწვდის რასმე.

 

საქართველოს ძველი ისტორიისა და მწერლობის განძი

ხელნაწერი: ასლი, U №1052 გვ.438.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ, 24/VII №159, გვ.1.

ეს ხელმოუწერელი მოწინავე წერილი ავტორისდროინდელი პუბლიკაციის შემდეგ პირველად გამოქვეყნდა პ. ინგოროყვას რედაქციით 1955 წ. ტ.IV,გვ.213.

წერილი დასათაურებულია გამომცემლების მიერ.