The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შინაური მიმოხილვა (1883, სექტემბერი)
შინაური მიმოხილვა (1883, სექტემბერი)

ჭავჭავაძე ილია

შინაური მიმოხილვა (1883, სექტემბერი)

ბატონყმობის გადავარდნამდე. – ჩვენი ცხოვრება მე-40 და 50 წლ. განმავლობაში. – სიბნელე და უარარაობა მაშინ. – მარტო სიცოცხლე გვინდოდაო. – გრ. ორბელიანი და ნ. ბარათაშვილი. – ნაკლი ძველ მიდამოთა შორის. – ჩვენი დროისანი ძველს ეკუთვნოდენ. – ის ძველნი აღარავის ახსოვდათ. – „წარივლტვნენ დრონი“. – აი რას ამბობენ. – გაჭირება მაინც თავს დაგვტრიალებს. – „იმედოვნებას უწოდებთ ფარად“. – კაი ნიშნები. – ქართულ ენას ვიცავთ, მაგრამ მაინც ვერ დაგვიცავს. – უბრალო ხალხი და განათლებული საზოგადოება. – სასიამოვნო ამბავი გულგატეხილთათვის. – როზგების შემოღება სასწავლებლებში. – ვაი რა დავკარგეთ. – რასა ვხარჯავთ ქართულის წერა-კითხვის გავრცელებისათვის. ანგარიში წერა-კითხვის საზოგადოებისა. – შემოწირულობა ივ. მესხიევისა. – სამეურნეო სკოლა წინამძღვარიანთ კარში. – სიტყვა ი. წინამძღვრიშვილისა და ი. ჭავჭავაძისა.

ამ ოცი-ოცდაათი წლის წინათ, ბატონყმობის გადავარდნამდე, ისეთი მყუდროება სუფევდა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მისი შერყევა ოდნავ მაინც შესაძლებელი ყოფილიყო. როგორც ბურუსიანი, ღრუბლიანი თბილი და მშვიდი დღე, ისე იხედებოდა მაშინდელი ჩვენი ცხოვრებაც. არც წვიმა სადმე, არც ქარიშხალი, ელვას ხომ ათასში ერთხელ რომ ვღირსებოდით, დიდი ღვთის წყალობა იქნებოდა, ხელს აღვაპყრობდით ცისკენ და ღაღადებით ქებასა და მადლობას ვეუბნებოდით უფალს ელვისა და ქუხილის გაჩენისათვის ერთი წამით მაინც.

დიახ, ასეთი გახლავთ ის წარსული დრო, დრო მე-40 და 50 წელთა, დრო მიძინებისა და ჩვენი გონებრივისა და | ეროვნულის მიმძინარეობისა, მოქანცულობისა. მწერლობაც ამგვარის მიმძინარებულის ხასიათისა გახლდათ მაშინ. იგი ზედმიწევნილის სინამდვილით გვიხატავს მაშინდებურს ჩვენ არარაობას, ჩვენს სიღატაკეს აზრისას თუ ცხოვრებისას, ჩვენს მოღალულობას ცხადის საბუთებით მოწმობს დღესაც მაშინდელი ჩვენი მწერლობა და ლიტერატურა. მაშინდელის ჩვენის მოღალულობის, ჩვენის დავარდნის, ჩვენის განიადაგების ცხადი, უტყუარი სახსოვარია ეგ ჩვენი გონების ნაღვაწი, მტკიცედ და მედგრად სდგას მაშინდელი ძველი მწერლობა, რომლის ბურუსიან, მიძინებულს გარემო ჰაერს ხანდისხან და იშვიათად დაარღვევდა ხოლმე ნ. ბარათაშვილის წარსულ დროთა მოგონებით დაწყლულებული პოეზია და გრ. ორბელიანის ღრმად ეროვნული პოეტური კალამი.

მაგრამ ეს ორი კაცი და კიდევ ორიოდე სხვანი მე-40 და 50 წელთ არ ეკუთვნოდენ. ესენი იყვნენ სხვა დროს აღზრდილნი, სხვა ანდერძის გავლენის ქვეშ, სხვაგან რბოდა მათი გონება, სხვა მიმოგონება სწყლავდა მათ გულს. ესენი იყვნენ ცოტანი და მათი აზრი და გრძნობის გაელვება მხოლოდ ოდნავ არღევდა იმ დროს გარემო წყვდიადს, მხოლოდ ოდნავ აფხიზლებდა დაძინებულს ქართველთ გონებას.

ამგვარი გაჭირვებული დრო დადგება ხოლმე ერისათვის ხანგრძლივი და დიდი ხნის მღელვარე ცხოვრების შემდეგ. იშვიათად მიჩვენებთ ერს, რომ როდისმე მაინც ესევ, ამგვარადვე არ გასჭირებოდეს, როგორც ჩვენ ქვეყანას და ერს უჭირდა ორმოციან და ორმოცდაათიან წლების განმავლობის დროს. მეისტორიე მიშლესი არ იყოს, რომელიც საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ მდგომარეობაზე ლაპარაკობს, მაშინ რომ ქართველისთვის გეკითხათ, რას ფიქრობთ, რა გსურთო, სიცოცხლეზედ ვფიქრობთ, სიცოცხლე გვინდაო, გიპასუხებდნენ. – მაგის გარდა კიდევაო? – კიდევ სიცოცხლე გვინდაო, გეტყოდენ. რას ეძახით სიცოცხლეს, როგორ თუ სიცოცხლეო. ისეო, გეტყოდნენ, რომ გავლა-გამოვლა შეგვეძლოს, სუნთქვაო, ცით და მთვარით დატკბობა, მზის ცქერაო და ჩვენის ჭიის გახარებაო. გვინდა, ვგრძნობდეთ, რომ თავი ისევ მხრებზე გვაბიაო, რომ ჩვენის თავისთვის გვეთქვა, ფიქრი არა გაქვს, ისევ ცოცხალი ხარ, ჯერ არ მომკვდარხარო.

ერთის სიტყვით, ხალხს და ერს მხოლოდ ხორციელის ცხოვრების ნატვრა ჰქონდა, მხოლოდ იმაზედ ჰფიქრობდა, რომ უნდა გავფრთხილდე, თორემ, სულს ხომ აღარა ვჩივი, ხორცითაც არ დავიღუპოვო.

აბა, ამგვარს დროს სად და ვის მოჰკითხავდი აზრსა, გონებას, თავგანწირულებას ერისათვის, საქვეყნო საქმისათვის. აკი არცარა ფერი შეინიშნებოდა ამგვარი. ქვეყანა მხოლოდ ლუარსაბ თათქარიძეებით აივსო, რუსეთუმეებმა დაამშვენეს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება და საზოგადოებრივი სამსახურის ასპარეზი.

აღარავის არ ახსოვდა მაშინ, რომ ამ ქვეყანას ჰყოლია ხალხისთვის და მამულისთვის მხნე მუშაკნი, მხნე მებრძოლნი, ნიჭით და ქველობით სავსენი. აღარავის ახსოვდა მაშინ, რომ ეგ საზოგადოებრივი ასპარეზი იყო დიდ სამსხვერპლოდ გადაქცეული და ამ სამსხვერპლოზედ იკვლოდნენ და იწირვიდნენ ძენი მამულისანი, რომ ეს უკანასკნელნი მათსავით ძვირად არ აფასებდენ თავიანთ თავს, თვითონ ხორცსა და ამ ხორცის მხოლოდ ხორციელს არსებობას, უსულოდ, უგულოდ, ქვეყნისათვის თავგამოუდებლად, მისთვის თავშეუწუხებლად.

დიახ, ორმოციანი და ორმოცდაათიანი წლების წინაპარნი საქმის ხალხი იყო, სამუშაო ბევრი ჰქონდათ, ბოზბაშისთვის და ჩიხირთმისთვის აგრე რიგად არ ზრუნავდენ: არც დრო ჰქონდათ, არც შეჩვეულნი იყვნენ ამგვარებზე ზრუნვას. მტერი მუდამ კარზე, მმართველობა, წესისა და წყობილობის დაცვა, უშიშროების დამყარება, ქვეყნის წინ გაძღოლა, მტერსა და მოყვარესთან პირნათლად გამოსვლა და გაძღოლა, ბატონისა და ქვეყნის სამსახური – ყოველივე ეს თვითეულად და საზოგადოდ შეადგენდა მაშინდელის ქართველის საზრუნავს საგანს, მისის გონების და აზრის სავარჯიშოს.

ყოველივე ეს აღიხოცა, ყოველივე ეს გაქრა და ქართველი ორმოციანისა და ორმოცდაათიანის წლებში დარჩა უსაგნოდ ვარჯიშობას მოკლებული მარტო, სულით ობოლი, სასოებამიხდილი. ამათ დროს, ამ გმირების დროს.

... სადღა იყო ყაბახი?

სად იყო საჯირითო, სავარჯიშო ცხენისა...

მათთვის ყოველივე ეს დრონი შეიქმნენ სიზმრად, ყოველივე ესე

... დრონი, ვაი, რა დრონი ნაქებნი მტკბარად,

წარივლტნენ, განჰქრნენ სიზმარებრ ჩქარად.

ვაი, რომ მათ ვეღარ სთქვეს თავის თავზე ის, რაც პოეტმა სთქვა:

არ ვსდევ ჟამთა ცვლას,

მე იგივე ვარ მარად და მარად!

ეხლა ის დრო აღარ არის. ჟამმა ჩვენმაც მოაღწია. ეხლა სულ სხვაგვარი ლაპარაკი ისმის, უფრო საიმედო, უფრო გამამხნევებელი არამც თუ მარტო დასავლეთ ევროპაში, არამედ რუსეთშიაც კი. აი, რას ამბობს ერთი რუსის მწერალი, რომლის კეთილსაიმედო სახელს ეჭვქვეშ მხოლოდ კატკოვი აყენებს.

„საზოგადოთ, – ამბობს იგი, – ინკორპორაცია ქვეყნისა, რომელსაც ჰქონია თავის ისტორიული ეროვნობა, ყოველთვის დიდ სიძნელეს წარმოადგენს და ხშირად უფრო მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე სარგებლობა“.

„ისტორიულ ერთა მოსპობა შეუძლებელია, დიდი უბედურობისა და დამცირების შემდეგაც კი, იგინი კვლავ აღდგებიან ხოლმე და გულში ღრმად იმარხავენ შეურიგებელს სიმძულვარეს დამჩაგვრელთა და დამპყრობთა მიმართს“.

ეხლანდელ დროში ხომ, როცა ასე საყოველთაოდ განმტკიცებულია და აღგზნებული ეროვნული გრძნობა და თავისუფლების სურვილი, ესეგვარი საქმე უფრო ძნელ საქმეს წარმოადგენს. მოსპობა რომელიმე ერის დამოუკიდებლობისა და თვისებისა და შერცხვა მისი სხვა ერთა შინა – ეგ იმას ჰნიშნავს რომ ძალად და განზრახ აიღოს მან თავისთავზე ხელი, დაივიწყოს თავისი უწინდელი ცხოვრება, თავისი მოგონებანი, თავისი დაცემული დიდება, თავისი ინტერესები, თავისი ზნე, ენა და სუყველა ეს მტრის გასახარელად, მტრის სასარგებლოდ. ეს საქმეც აღემატება კაცთა შემძლეობას. თუ შეუძლებელია გაერთიანება ერთა, რაღა აზრი უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოთა გაერთიანებას, ჩვენ აღარას ვიტყვით სხვა რუსეთის მსწავლულთა და მეცნიერთა აზრსა და შეხედულობაზე ამ საგნისავე შესახებ. აღარ დავასახელებთ ა. გრადოვსკის, ამ მჭევრმეტყველ მოსარჩლეს ეროვნულის პრინციპისას, პიპინს და სხვათა მრავალთა რუსეთის პუბლიცისტებს, და ლიბერალურ გაზეთებს, როგორც მაგ. ... დღეს თუმცა ჩვენი გაჭირვებული მდგომარეობა ჯერ კიდევ არ გათავებულა და არც მალე გათავდება. იქნებ დიდი განსაცდელიც მოგველის მომავალში, მაგრამ მაინც ჩვენი დრო ბევრად უკეთესი დროა ზემოდ მოხსენებულ დროსთან შედარებით. დღეს ცხადად და უტყუარად შესამჩნეველია ნიშნები ერის გამოფხიზლებისა, ძველის საუკეთესო ნაანდერძევის აღდგენისა. ზემოხსენებულთ წელთ წინად მათ შემდეგმა დრომ, იმ ჭირისა არ იყოს, რომელიც ზოგჯერ მარგებელია ხოლმე, მოიტანა თან სხვა ნიავი, გასწმინდა ცოტა თუ ბევრად ქვეყნის დამაბნელებელი ბურუსი, გადაჰყარა ღრუბლები და ჩვენი ეროვნული ცნობიერება გამოაფხიზლა. დიახ, დღეს ბევრსაც ერთიანად გვწამს ჩვენც ჩვენი ქვეყნის მომავალი და

და ... გლახ ბედისაგან ესრედ დასჯილნი,

იმედოვნებას ვუწოდებთ ფარად.

მართლაც მოიგონეთ გრ. ორბელიანის დიდის ყოფით და ამბით დასაფლავება და ის თანაგრძნობა საზოგადოებისა, რომლითაც განიმსჭვალა იგი, თითქო ერთი კაციაო. და მერე იკითხეთ, რამ გამოიწვია ის საერთო წუხილი, თუ არ მან, რომ იგი იყო თავის დაჩაგრულის მამულის ძრიელ სიტყვით მოტრფიალე, ეროვნული იდეის პოეტურად გამომხატველი, დროთა სიზმარებრ გამქრალთა ჭირისუფალი, საქართველოს დიდების კვლავ დაბრუნებისთვის ზეშთაგონებული.

ნუთუ ეს იმას არ ამტკიცებს, რომ საზოგადოება უპირველეს ყოვლისა იდეას სცემდა პატივსა, როცა ისეთი დიდის ყოფით აცილებდა უკანასკნელს სადგურსა თავის გულის პასუხის ძლიერად გამომხატველს პოეტს, რომ აზრს მამულისშვილობისას ჰრთავდა გვირგვინით, როდესაც ყვავილებში ჩააწვინა ამ აზრის მტვირთველი და მატარებელი კაცი დიახ ძნელთა და საშიშ გარემოებათა შორის, დაწყობილი მე-30 წლიდამ ვიდრე ჩვენ დრომდე?

ეს უეჭველია. უეჭველი შეიქმნება უფრო მაშინ, როცა მოვიგონებთ ჩვენის თავგანწირულის, პატიოსანის მოღვაწის ს. მესხის გარდაცვალების ამბავს... ეს მხნე მუშაკი იყო დაუცხრომელი, მუდამ საზოგადო საქმის მოყვარული, ჩუმი მოღვაწე. და აი, ამ ჩუმის მოღვაწის სიკვდილის გამო თითქმის მთელს საზოგადოებას, თითქო გული მოსწყდაო, ერთი საერთო კვნესა და წუხილი აღმოხდა გულიდამ.

ნუთუ ესეც იმას არ ამტკიცებს, რომ შეგვრცხვა ბოლოს ჩვენც ჩვენის უარარაობისა, მოვიდა დრო და ჩვენც გვინდა კუთვნილი და ღირსეული პატივი ვცეთ ჩვენთვის მშრომელთა.

მართლა, ამ სამოც-ოთხმოც წელს ისე არ გაუვლია, რომ ჩვენს ცხოვრებას ცოტათი მაინც სხვა ფერი არ დასდებოდეს, მაგრამ მაინც ჩვენი მდგომარეობა გაჭირვებულ მდგომარეობად უნდა ჩაითვალოს. რამდენსაც უფრო მეტად ვგრძნობთ უკეთესად ცხოვრების მოწყობის სურვილს და ხელმოკლეობას ამ სურვილის განხორციელებისათვის, იმდენად უფრო მეტად ვიტანჯებით, მეტად გაჭირვებულად გვეჩვენება ჩვენი არსებობა.

რასაკვირველია უმადურობა იქნება და არც სიმართლეს შეადგენს უარყოფა იმ სარგებლობისა, რომელიც მოგვიტანა ჩვენ ბატონყმობის გადავარდნამ, თუმცა ახალის მაგრამ მაინც ფრთაშეკვეცილის სამართლის წესების შემოღებამ, თვითმმართველობის ნამცეცებმა და სხ. და სხვ. რაც უნდა გულღრძო და ჯუღელი კაცი იყოს, მაინც ვერ იტყვის, რომ ამ სამოც-ოთხმოცი წლის ცხოვრების შედეგი არ იყოს ქართველთ ერის გაერთიანება, ერთობის გრძნობის გაღვიძება საქართველოს სხვადასხვა პროვინციის მცხოვრებთა შორის. თუმცა ეს ყველა ასეა, მაგრამ მაინც ჩვენი მდგომარეობა ამით ბევრად არ შემსუბუქებულა. ოცი წელიწადი გადის, რაც ქართველის ენის უფლებას იცავს ჩვენი უღონო აზრი და გონება. იცავს ძლიერად და თავგანწირულად და აქნობამდე. არამც თუ სასამართლო უწყებაში რამ საერთო საზოგადოებრივი საქმეები, არამედ თვით პირველდაწყებით სკოლაში და ასე გასინჯეთ სასულიერო უწყებაშიაც კი ვერ დამკვიდრებულა რიგიანად.

ეს გარემოება მიგვაჩნია ჩვენ მიზეზად, რომ ასე შეფერხებით მიდის ჩვენი ხალხის განათლება და პირველდაწყებითს სკოლის საქმე. ამ გარემოების ბრალია, რომ ჩვენ ვეღარა მოგვიხერხებია რა, რომ წერა-კითხვას მაინც ვავრცელებდეთ ხალხში, რომელიც თანდათან ამავე მიზეზით უფრო და უფრო გვშორდება ჩვენ, განათლებულს საზოგადოებას, აღარ ეყურება რა ჩვენი და არც რამ იმედი აქვს ჩვენგან. ან კი როგორ უნდა დაგვიახლოვდეს ჩვენი უმეცრებით გარემოცული ხალხი, უბრალო გლეხობა – ეს უმრავლესობა ქართველობისა, ეს სული და გული ჩვენის ეროვნულის იმედებისა. განა ჩვენ ვეცადეთ, რომ ერთი სახალხო სკოლა მაინც დაგვეარსებინა თუნდ ისე ჩვენგან პატივცემულის გრ. ორბელიანის სახსოვრად, რომლის შემწეობით შესძლებიყო ხალხსაც დაეფასებინა ჩვენთვის ასე ძვირფასი პოეტი, რომ მასაც ჩვენთან ეგლოვნა მძიმე დანაკლისი? ჩვენი ჭირი და გლოვა ჩვენ ჭირად და გლოვადვე დარჩა, ხალხი კი, უმრავლესობა კი ვერ მიაგნობდა ჩვენს წუხილს. რომელიმე საშვილისშვილო ქართული ენის და მეტყველების მოყვარულთათვის, ქართველთ წარმატების მსურველთათვის ფრიად სასიამოვნო უნდა იყოს უწმ. სინოდის განკარგულება, რომელიც ამ წლიდამ უკვე აღსრულებაში შედის. მე მოგახსენებთ ქართულის მეტყველების გაკვეთილების დაარსებაზე სასულიერო სემინარიაში, სადაც იზრდებიან სამღვდელოების შვილები. კვირაში 7 განაკვეთია ამ საგნისათვის დანიშნული, ქართული მეტყველების პროგრამა უკვე შედგენილია სემინარიის მმართველობისაგან მინდობილობით ერთის სემინარიის მასწავლებლისაგან. ჩვენ გადავათვალიერეთ მხოლოდ ოდნავ ეს პროგრამა და ამიტომ ეხლა დაწვრილებით აქ ვერას ვიტყვით. მას შევატყობინებთ ჩვენს მკითხველებს მხოლოდ შემდეგს წიგნში. ეხლა კი ვიტყვით მხოლოდ, რომ დიდი ბეჯითობა და ენერგიაა საჭირო მისთვის, ვინც ამ საგნის რიგიანად შემუშავებას და დადგენას იტვირთებს. ამით ჩვენ გამოვაცლით ფარ-ხმალს იმათ, ვისაც არ ეპიტნავებათ ბუნებითად ამგვარის წესების შემოღება. მე ვლაპარაკობ იმ უსაფუძვლოდ და იმ ტყუილ-უბრალოდ გავრცელებულს ხმაზე, ვითომ არც ქართულ ენაზე სწავლება შეიძლება რისამე, არც წიგნებია ამისათვის და არც არის რამე, რაც ღირდეს შესასწავლებლად, ავარჯიშებდეს კაცის გონებას და სხვ. და სხ. ამგვარი ცრუმორწმუნება და უსაფუძვლო ხმები.

ამგვარადვე სასიამოვნოა უკვე აღსრულებაში მოყვანილი ამ წელსვე მომხდარი განკარგულება უწმ.სინოდისა, რომ შემოღებულ იქმნას ქართული ენის სწავლება სავალდებულოდ სასულიერო სასწავლებლებში რომ საგანიც სავალდებულო იყოს და მისი მასწავლებელიც შტატის ადგილის მქონე. ამ გარემოების გამო სასულიერო სასწავლებლებში მოისპო ბერძნულის ენის სწავლება და შემცირდა ლათინურისა. ეს უკანასკნელი უწინდებურად პირველი კლასიდგან აღარ იწყობა და იმედი ვიქონიოთ, ნორჩ გონებას პატარა პირველი კლასელებისას შეღავათი მიეცემა.

ამ სახით ერთს უწყებაში მაინც მიენიჭა ქართულს ენას უფლება, ე.ი. სასულიერო უწყებაში. თუმცა სრული უფლება არ მინიჭებია ჯერ კიდევ, მაინც ესეც კაი ღვთის წყალობაა, ამდენის ლოდინის შემდეგ, მერე ჩვენთვის, ასე გულგატეხილთათვის ლოდინით და იმედითა.

ათასში ერთხელ უნდა მოვესწრათ სასიამოვნო ამბავის გაგონებას და ათი ათასში ერთხელ ამ ამბავის ცხოვრებაში განხორციელებას და მაშინვე გამოტყვრება რამ საიდანმე და მოგვიშხამავს ის-ის იყო გატაცებულს გონებას, ფრთაშესხმულს ფანტაზიას, როგორც ცივი წყალი ისე მოგვიხდება ხოლმე ამ დროს რამ უსიამოვნო ამბავი, აგვიჯიქრავს ხოლმე ტანს და წყალში ამოვლებულს ქათმებს დაგვამსგავსებს ხოლმე.

ამას წინად ჭორად გამოვიდა ხმა, რომ უმაღლესი მმართველობა აპირობს როზგის შემოღებას სასწავლებელში. ყური არავინ უგდო ამ ხმას, სიცრუედ და ჭორად მიიღო ყველამ, ვისაც კი ესმის, რა ძნელია ამგვარი წესის აღდგენა სასკოლო ცხოვრებაში თითქმის ოცდახუთი წლის უარყოფობის შემდეგ. 1874 წლის წესებით როზგები მმართველობამ განდევნა სკოლიდამ, როგორც ძრიელ უვარგისი ზომა დისციპლინის დამყარებისათვის მოსწავლეთა შორის. ამ ზომის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა და ყველამ იცის, რა წითელი კოჭიც არის.

„დღე ხორციელად დასჯის აღებისა, მწუხარებით ამბობს ერთი რუსული ჟურნალი: იქნება შავ-უკუღმა დღე ჩვენის სასწავლებლების ისტორიაში, ვიტყვით მეტს, ჩვენის საზოგადოების ისტორიაშიაც“.

ძლივ-ძლიობით მივეჩვიეთ სწავლას, შევიყვარეთ სულით და გულით, ვხარჯავდით ფულს, შეძლებას, ღონეს, დავივიწყეთ სრულიად ის დრო, როდესაც პირიქით გვაძლევდნენ ფულს, ოღონდ მოდით, ისწავლეთო, ვამბობდით აი, ახლა ეშველა საქართველოსაო. სწავლა და განათლება მოიფინებაო, მდიდარი ქვეყანა სწავლულთ ხელში ნატრის თვალად გადიქცევაო, ცხოვრება ადუღდებაო და დახეთ ბედს. მაგრამ ეჰ, ეს ბედი ჩვენ მუდამ თან გვდევდა. კარგი რამ გჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველიაო. რას მოვიფიქრებდი, ვინ მოიფიქრებდა. თავს-პირს ვამტვრევდით ერთმანეთს, არა ჩემი შვილი მიიღეთ, არა ჩემიო, ვაკანსიები აღარ იყო და აგერ დღესაც აღარ არის და ახლა კი, ვინ იცის რა იქნება.

სწავლა კი რომ შევიყვარეთ, ეგ უეჭველია. აი ვაკანსიების საბუთები.

ვაკანსიები წელს თბილისის სასწავლებლებში იყო შემდეგი: კადეტის კორპუსში (ესეც კი დავკარგეთ ბედოვლათობით) იყო 75-მდე, მსურველნი კი 120. საოსტატო ინსტიტუტში 25. მსურველნი 75. მიღებულთ რიცხვში ქართველი მხოლოდ ოთხია. მეორე გიმნაზიაში მიიღეს წელს – 40. მსურველი კი იყო 150. სათავადაზნაურო სკოლაში 30, მსურველი კი ასზე მეტი. ქუთაისში სააზნაურო სკოლაში იყო თურმე 60 ყმაწვილისა და მსურველნი კი 200 მეტი. გიმნაზიაში და პროგიმნაზიაში მეოთხედიც არ მიუღიათ წარმოდგენილის ბავშვებისა, სამოქალაქო სამკლასიან სასწავლებლებში, რომელიც შარშან გაუხსნიათ, თხოვნა შესულა სამასზე მეტი, მიუღიათ მხოლოდ ორმოცი. მერე ორკლასიან საქალაქო სასწავლებელში თხოვნა შესულა 100, მიუღიათ 75...

ამ ამბავს დაუმატოთ დიდი ფასი სასწავლებლისა და მერე იკითხეთ. უმჯობესი არ იქნება, რომ ბარემ გვითხრან: სწავლა ნუ გინდათ, რას მიჰქარავთ, რას მიედ-მოედებით – რა თქვენი საქმეაო.

ამგვარ პირობათა შორის ჩვენვე უნდა ვეცადოთ ჩვენი საქმე ცოტად თუ ბევრად იოლად წავიყვანოთ, მაგრამ რას იზამ, რომ ეს პირობანი ყოველ ხალისს გვიკარგავს, სასოებას გვიკვეთავს! ამგვარ მოვლენათა შემაცქერალი, კაცია თუ საზოგადოება ძალაუნებურად გულხელდაკრეფილი დაიარება ცხვირჩამოშვებული და მწარედ დაძმარებული. ის კი არა თუ ენერგია, მხოლოდ მხნეობა და ხალისით ერთბაში მოქმედება იქნება დაგვიხსნიდა ამგვარის გაჭირვებიდამ ცოტად თუ ბევრად. თორემ რასა ჰგავს, ბატონო. ამ წიგნის ბოლოს, დამატებაში, ჩვენ დავბეჭდეთ წლიური ანგარიში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედება 15 მაისიდამ 1882, 15 მაისამდე 1883 წ. და ღმერთო, რა გვარის გულგრილობის მოწამეა ეს ანგარიში. ამ ანგარიშის თავში ჰკითხულობთ თქვენ ბათუმის სკოლაზე, რომელიც კარგად და საუკეთესოდ სწარმოებს, წინარეხის სკოლაზედ, რომელიც აგრეთვე აგერა მეორე წელიწადია, რაც დაარსებულა. ჰკითხულობთ აგრეთვე რომ „საზოგადოებას“ შემწეობა აღმოუჩენია ქუთაისის სახალხო სკოლებისათვის წიგნებით და სასწავლო ნივთებით, რომელთ ღირებულება 1,000 მანეთისააო. აგრეთვე ჰკითხულობთ რომ „საზოგადოებას“ განუმატებია თავის ხელნაწერის ბიბლიოთეკისთვის, რომელიც ამ დღეებში გაამდიდრა ბ-ნმა ივანე მესხიევმა მდიდარის და უხვის შეწირულებით. მან შესწირა ამ ”საზოგადოების ბიბლიოთეკას 55 ხელნაწერი წიგნი, რომელთა რიცხვში ძვირფასი და საარხეოლოგო და საისტორიო განძი ურევია. მაგრამ ჩახვალთ თუ არა ყველა ამ ამბის ბოლოში, იგივე წყეული უსიამოვნო რამ ამბავი, თითქო ცივი წყლის შადრევანი დაგვიშვეს თავზეო, ისე გამოტყვრება ხოლმე. წარმოიდგინეთ, რომ „საზოგადოებას“ ჰყოლია 300 წევრამდე დამფუძნებელნი და ნამდვილნი და დღესაც არ შეუტანიათ თავიანთი ხვედრი საწევრო ფული, დღესაც მათვე ვალად არის დარჩენილი 4953 მან. 1879, 1881 და 1882 წწ.

თუ ასეა „საზოგადოების“ საქმე, მაშ კერძო პირებს რა ღა ძალა უნდა მოეთხოვებოდეთ ამ მხრივ. კერძო პირებს როგორღა უნდა ვესაყვედუროთ, რომ იმათ ციდამ ვარსკვლავები არ ჩამოაქვთ.

ამ მხრივ, სწორედ ჩვენის საზოგადოების უხალისობის დროს, ერთმა კერძო პირმა ხანგრძლივის მეცადინეობის შემდეგ თავის საკუთარი ხარჯით და საფასით ჩასდგა საძირკველი ფრიად სასარგებლო დაწესებულებისა. ჩვენ ვამბობთ ბ. ი. წინამძღვარიშვილზე და მისგან დაარსებულს სამეურნეო სკოლაზედ ს. წინამძღვარიანთ კარში.

დიდად დასაფასებელია პატივცემულის ი. წინამძღვარიშვილის ღვაწლი, სწორედ დიდათ გასაკვირველია მისი მხნეობა და გაბედულობა, უნდა მკითხველმა დაწვრილებით იცოდეს ამ მეცადინეობის ისტორია, უნდა იცოდეს რა ჯაფა და შრომა იყო საჭირო, როგორც მისთვის, ისე იმ კერძო პირთათვისაც, რომელნიც ეხმარებოდნენ, რომ ამ სკოლის საქმე თავს მოსულიყო, რომ ღირსეულად დააფასოს საზოგადოებრივი მნიშვნელობა ამ მოვლენისა. ჩვენ ძალიან იშვიათად და სრულიადაც არ გვახსოვს, რომ საზოგადო საქმისათვის ასე შეძლებისა და ჯაფის დაუზოგველად კერძო კაცს თავი გამოემეტებინოს. ჩვენში საზოგადო საქმისთვის თავგამოდებას, ქონების დაუშურველობას ბევრნი ისევ სხვა თვალით უცქერის. ჩვენ ჯერ არ შევხვედრივართ ჩვენ ცხოვრებაში არამც თუ შემძლებელ მფარველს სახალხო განათლებისას, სკოლისას, მეცნიერებისას, არამედ ლიტერატურის და მწერლობისასაც კი.

რაც შეეხება თვით სამეურნეო სკოლის სარგებლობას ჩვენ გვარის ქვეყნის ხალხისათვის, ეს უეჭველია და აქ ჩვენ ჩვენთავად ბევრს არას ვიტყვით. დეე, თვით იმან სთქვას აქ სიტყვა, ვინც ეს საქმე დაჰბადა, ხორცშესხმულჰყო – ამ დაწესებულების კურთხევის დროს. დეე, ეს სარგებლობა განმარტოს იმან, ვინც დაესწრო სკოლის კურთხევის შემდეგ გამართულს სადილზე.

აი სიტყვა თვით მთავრის მზრუნველის და სკოლის დამაარსებელისა:

მოწყალენო ხელმწიფენო!

„ბევრს თქვენგანს გააკვირვებს ჩემი მოქმედება, რომ დღეს მე სამეურნეო სკოლას ვხსნი. მართლა რომ ეს საქმე სამძიმო საქმეა, მაგრამ ეს საქმე გამაბედვინა ერთის მხრივ იმან, რომ ყოველის მამულისშვილის ვალია შეძლებისამებრ შეეწიოს ღარიბსა და უმეცარს ხალხსა და მეორეს მხრივ – აუცილებელმა საჭიროებამ აქაურ ხალხში სასარგებლო და პრაქტიკულ ცოდნის გავრცელებისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ გზაზედ ბევრი გაჭირვება მოგველის, მაგრამ ამ გაჭირვების დაძლევა შეუძლიან საქმისათვის სიყვარულს, გულის დადებას და ენერგიას. როგორც სახალხო სკოლის ისტორია ამტკიცებს, ამ ბრძოლისათვის ერთი ან რამდენიმე პირის ძალა საკმარისი არ არის, – საჭიროა ხელის შეწყობა და თანაგრძნობა თითონ საზოგადოებისა. მაშ ყველანი, ვინც კი ერთგულად ეკიდება სახალხო განათლების საქმეს, ამოუდგეთ გვერდით მეცნიერების დროშას, გაუღოთ სასწავლებლის კარი ყოველს ერსა და სარწმუნოებას, წავიდეთ წინ და მოვფინოთ ბნელს ხალხში ნათელი ჭეშმარიტებისა.

„მოგმართავთ რა თქვენ, ჩემს ამხანაგებს, და ახლად გახსნილის სკოლის მოძღვრებს, უნდა გითხრათ, რომ თქვენ, როგორც მეცნიერების წარმომადგენელთ, შეგხვდათ სასიამოვნო, მაგრამ ძნელი დანიშნულება. თქვენ პირველთ უნდა გააბნიოთ საგურამოს ხეობაში თესლი განათლებისა, უნდა ებრძოლოთ ხალხის ცრუმორწმუნეობას, უნდა აღუძრათ თანაგრძნობა სახალხო განათლებისადმი და ცხადად აჩვენოთ ის სარგებლობა, რაც გამოცდილებას და მეცნიერებას ადამიანისათვის მოუტანია. თქვენზეა დამოკიდებული სკოლის მოწაფეთა ბედი და თვითონ სკოლის მომავალი. ჩვენი სკოლა სამაგალითო იქნება მთელის კავკასიისათვის და თქვენ თქვენი სული უნდა ჩაუდგათ მას... მივანებოთ თავი თავმოყვარეობას და ჩუმად, აუჩქარებლად, ყველანი ვემსახუროთ სულიერს და ნივთიერს ინტერესებს იმ ხალხისას, რომელიც ყოველთვის ჩვენის ზრუნვის საგანი იქნება. მაშინ სკოლის მტერნი მეგობრებად გარდაიქცევიან და ჭეშმარიტებაც აღდგება.

„დასასრულ, მოვალედა ვრაცხ ჩემს თავს გამოუცხადო ღრმა მადლობა დ.ს-ძეს სტაროსელსკის ამ სკოლისადმი თანაგრძნობისათვის და აგრეთვე იმ პირთა, რომელნიც ამ სკოლისათვის ზრუნავდენ. იმედი ვიქონიოთ, რომ დიმიტრი სვიმონის-ძე მიიღებს ამ სკოლას თავის მფარველობის ქვეშ.

„ეს ჩვენი პირველი ნაბიჯი იყოს ნიშნად სკოლის ბედნიერის მომავლისა!“.

აი თვით ის სიტყვაც, ი. ჭავჭავაძის გლეხობისადმი მიმართული,

„ერთი ორიოდე სიტყვა მეც მინდა გითხრათ და ყური რომ მათხოვოთ, მადლობელი ვიქნები.

„ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა, დედა-მიწას გული გადაუხსნა, შიგ აუარებელი, ულეველი სიმდიდრე ჩაუდვა და ადამიანს უანდერძა: იშრომე, გაისარჯეო და ეგ სიმდიდრე დედამიწის გულიდამ ამოიღე და შენს სადღეგრძელოდ მოიხმარეო.

„თქვენში და თქვენგან ხშირად გამიგონია, რომ ქრისტეღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში დაიბერტყაო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყანაზედ უფრო მდიდარია, უფრო სავსეა. არც ჩვენ თითონა ვართ უხეირონი, ღმერთი-რჯული. მკლავძარღვად კარგები ვართ, ჯანი და ძალ-ღონეც მოგვდევს, არც ხალისი გვაკლია. ეს ყველაფერი გვაქვს. ეს მდიდარი პატარძალსავით ქვეყანა, ეს ჯანიანი, მკლავძლიერი ხალხი, გამრჯელი და ოფლის მღვრელი – მაშ რაღადა ვართ ღარიბნიო? – მკითხავთ თქვენ.

„იმიტომ რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე ჰძევს, სად განძია. არ ვიცით, საიდამ რა მოვიღოთ. რა ხერხით და ოსტატობთი ამოვიღოთ, რომ ჯაფაც ადვილი იყოს და ნაჯაფევიც ბლომად. აკი ვამბობ, ყველაფერი გვაქვს, მარტო ერთი რამ გვაკლია, სახელდობრ, ისა, რაც, თქვენისავე სიტყვით თვითონ ღონესაცა ჰსჯობია, რაც ძლიერ მკლავს ხერხიანად ამოქმედებს, რაც კაცის თვალს დედამიწის გულში ჩაახედებს, რაც კაცს წინ მიუძღვება ხოლმე და უტყუარად ეუბნება: აი აქ ეს სიმდიდრეა, ღვთისაგან შენთვის მიბარებულიო, ამას ამ ხერხით, ამ ოსტატობით უფრო ადვილად, უფრო ბლომად ამოიღებო.

„მაგისთანა ღვთისნიერს წინამძღოლს ცოდნა ჰქვიან. უამისოდ დედამიწა თავის უხვს და უხარბელს გულს არ გადაგვიხსნის, ისე უხვად არ მოგვაბარებს, რამოდენადაც ჩვენთვის მიბარებული აქვს. სხვა ქვეყანაში, საცა ცოდნა აქვს ხალხსა, ოთხის დღის მიწა ისე უჭირველად აცხოვრებს, მთელს ოჯახს, როგორც ჩვენში ოცისა და ორმოცი დღის პატრონი ვერა ჰსცხოვრებს. რადა? განა იმითი, რომ ისინი მკლავ-ძარღვით ჩვენ გვჯობიან!? არა. იმათ ცოდნა აქვთ, ხერხი იციან. „ხერხი სჯობია ღონესა“ – თქვენგანვე თქმულა და მართალიც არის.

„ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თვითონ, თავისთავად სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ წინ გადუდგება. ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც მეტადა ჰსჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.

„ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია. „კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდესო“, თქვენგანვე მაქვს გაგონილი და დასწავლული. მართალიც არის: კაცი სხვის მარგეც უნდა იყოს და თავისთავისაც. კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გაქვს და თავისთვისაც შემოაქვს.

„ეგ თქვენ თითონაც კარგად იცით. თქვენ თითონ ყოველდღე ჰხედავთ, რომ ეგ ეგრეა. ალოში გუთნის დედას მეტს არგუნებთ ხოლმე, ვიდრე მეხრესა. რადა? იმიტომ რომ გუთნის დედა მცოდნეა და მეორე კი არა. ურმის მკეთებელი უფრო მეტადა ჰღირს მოჯამაგირედ რომ დგება, ვიდრე უბრალო მუშა-კაცი, თუნდაც ერთიორად იმაზე მეტი იყოს მკლავითაც და ჯანითაც. რადა? კიდევ იმიტომ რომ ურმის ხელოსანი მცოდნე კაცია და უბრალო მუშა კი – არა.

„ამიტომ ვამბობ, რომ ცოდნა თვითონ, თავისთავადაც სიმდიდრეა მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულს სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმითი არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოვლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს.

„სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნდაც ცოტად ბჟუტავდეს შორს სადმე ბნელში, ქურდს, მპარავს, მტერს აფრთხობს, იქ სანთელია, ჰსჩანს ჰღვიძავთო და დაგვიანებულს მოყვარეს კი ახარებს კიდევ იმით, რომ იქ ღვიძილია, მღვიძარები დამხვდებიანო.

სანთელს მარტო იმაში არა ჰგავს, რომ სანთელი, როცა იქნება, ჩაიწვის და გაჰქრება ხოლმე, ერთხელ ანთებული ცოდნა კი თავის დღეში არა: მამიდამ შვილზედ გადადის, შვილიდამ შვილის-შვილზედ, უფრო გადიდებული, უფრო გაძლიერებული.

„ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკკლესია, როგორც თვითონ ღმერთი ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსაც და ბუზმენტებით მორთულს თავადსაცა, ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმონდომილი და მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდისა.

„ახლა სად არის ეგ კარი? როგორ შევიძინოთ ის სანატრელი განძი, რომელსაც ცოდნა ჰქვიან და რომელიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას ეგრე უჭირს? გამოვიდა ჩვენში ერთი გულმტკივნეული კაცი და გვითხრა: გზას მე გაჩვენებთო, თქვენ ოღონდ ხალისი გამოიჩინეთო. ის კაცი მარტო თავისის თაოსნობით, დაუღალავის მცდელობით, თავგამოდებით, მხნეობით შეუდგა ამ ძნელს საქმეს და თავის სასახელოდ და ჩვენდა საბედნიეროდ აქ, ამ სოფელში, აკვანი დადგა ცოდნის გასაზრდელად და ძუძუსათვის ძიძები მოიწვია. ის კაცი ილია წინამძღვარიშვილია, ის აკვანი აი ის პატარა შენობაა, რომელიც ასე ლამაზად უხდება ამ პატარა სოფელს, ძიძები კიდევ მისგან მოწვეულნი ოსტატები არიან.

„აი, სად და ვისის ხელით აინთება აქ ის სასიხარულო სანთელი, რომლის სინათლეც მტერს დააფრთხობს და მოყვარეს გაახარებს და რომელსაც ცოდნა ჰქვიან. აი, ამ პატარა სახლიდამ გამოვა ის დიდი ღონე, ის დიდი ხერხი, ის ყოველთვის და ყოველგან გამარჯვებული ფარ-ხმალი ადამიანისა, რომელსაც ცოდნა ჰქვიან. მაგას გამოიტანენ თქვენი შვილები და მოჰფენენ ქვეყანასა ჩვენდა სადღეგრძელოდ, ჩვენდა საბედნიეროდ.

„ცოდნა ბევრნაირია. ხოლო აქედამ ჩვენი შვილები, თქვენი შვილები გამოიტანენ იმისთანა ცოდნას, რომელიც დედამიწის გულში ჩაგვახედებს, მიგვაგნებინებს სად რა სიმდიდრე უძევს და რა რიგის ხერხით, რა რიგის ოსტატობით შეიძლება იმ სიმდიდრეს ხელი დავაწვდინოთ, ამოვიღოთ და მოვიხმაროთ ქვეყნისა და ჩვენის თავის სადღეგრძელოდ.

„მაშ გაუმარჯოს, ხალხო, ამ სკოლას, ამ ცოდნის აკვანსა! გაუმარჯოს ილია წინამძღვარიშვილს, ამ აკვანის დამდგმელსა! გაუმარჯოს ამ სკოლის ოსტატებსაც, რომელნიც ამ აკვანს გაარწევენ დასაძინებლად კი არა, გასაზრდელად, გასაღვიძებლად! გაუმარჯოს იმ პატარა კაცსაც, თავადს ბებუთაშვილს, რომელმაც დაუზოგველად, უსასყიდლოდ, მარტო ერთის საქმის სიყვარულის გამო, თავისი დრო და ცოდნა ამ სკოლის აშენებას მოახმარა! ღმერთმა თქვენც გამარჯვება მოგცეთ ყველგან და ყოველთვის! ღმერთმა შეგასწროთ იმ დროს, რომ აქედამ, ამ სკოლიდამ გამოსულს შვილს შეჰხაროდეთ და იმის ცოდნით ფეხზე წამოყენებულმა ოჯახმა, გამოკეთებულმა მამულმა თქვენის თვალით დაგანახოთ, რომ მართლა „ხერხი სჯობნებია ღონესა“, მაშინ იქნება ჩვენმა თვალმავე ისიც გვიმოწმოს, რაც გულში მამაპაპათაგან მარტო ანდერძად ჩაგვრჩენია: „ის ურჩევნია მამულსაო, რომ შვილი სჯობდეს მამასაო“.

„თქვენ იცით ხოლმე, როცა სიმღერას გაათავებთ, იტყვით: თქვენი გამარჯვებისა იყოსო. მეც გავათავე, რაც სათქმელი მქონდა და თქვენებურად, ჩვენებურად გეუბნებით: „თქვენი გამარჯვებისა იყოს!“.

 

შინაური მიმოხილვა (ამას წინათ, ბატონყმობის გადავარდნამდე)

ხელნაწერი: 1. ავტოგრაფი ილია ჭავჭავაძის სიტყვისა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმული; U, 173/84.

2. U, 168, გვ. 437.

3. საცენზურო კომიტეტის არქივში დაცული „ივერიის“ ანაბეჭდი, რომელიც თავის დროზე აკრძალა ცენზურამ და რომელიც ამ ტომში ძირითად ტექსტად იბეჭდება (საარქივო ფონდი №548, საქმე №17 აღწ. I).

ნაბეჭდი: 1-ლი „ივერია“, 1883, 6, 9, გვ. 96-112.

თარიღი: ავტოგრაფი დათარიღებულია – 4 ენკენისთვე, 1883 წელი.

ამ „შინაურ მიმოხილვას“ გრძელი და საინტერესო ისტორია აქვს გამოვლილი და დღესაც მკვლევართა თუ ქართული მწერლობით დაინტერესებულ პირთა ცხოველი ყურადღების საგანს შეადგენს.

თავდაპირველად, როგორც „შინაური მიმოხილვის“ ავტორის სქოლიო „ივერიაში“ მიგვითითებს, ეს წერილი განზრახული ყოფილა აგვისტოს ნომრისთვის (1883 წ.), მაგრამ ცენზურას იგი აუკრძალავს, რის გამოც ი.ჭავჭავაძეს წერილის ტექსტი შეუცვლია და ისე დაუბეჭდავს იგი „ივერიის“ მომდევნო, სექტემბრის თვის ნომერში.

პავლე ინგოროყვას ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვების“ ტომში (ტ.V, გვ. 274-292) დაუბეჭდავს საცენზურო კომიტეტის არ ქივში დაცული ტექსტი და თან ასეთი შენიშვნა დაურთავს: „ეს შინაური მიმოხილვა“, რომელიც ავტორს დაუმზადებია „ივერიის“ 1883 წლის აგვისტოს ნომრისათვის, ცენზურამ აკრძალა. ამის გამო ავტორი იძულებული გამხდარა, გადამუშავებინა წერილი და ამოეგდო ტექსტიდან მთელი რიგი ადგილებისა. ეს შემოკლებული და დამახინჯებული ტექსტი მიმოხილვისა დაიბეჭდა 1883 წლის სექტემბრის ნომერში.“

„საქართველოს ცენტრალურ სამეცნიერო არქივში, – განაგრძობს პ.ინგოროყვა, – საცენზურო კომიტეტის საქმეებში აღმოჩნდა თითონ პირველი დედანი ამ წერილისა, რომელიც ცენზურამ აკრძალა. ჩვენს გამოცემაში ტექსტი ამ პირველი დედნის თანახმად დავბეჭდეთ.

რათა მკითხველმა წარმოდგენა იქონიოს იმდროინდელ საცენზურო პირობებზე, ყველ ის ადგილები, რომელიც ცენზურას ამოუღია ამ წერილიდან, დაბეჭდილი გვაქვს კურსივით და მოთავსებულია სწორ რკალებს შორის. რედ.“

ამ ტომის მომზადების პროცესში რამდენიმეჯერ შეიცვალა აზრი (მომმზადებლისაც და რეცენზენტებისაც) იმის შესახებ, თუ რომელი ტექსტი წასულიყო ტომის ძირითად ტექსტად – ის, რომელიც თავდაპირველად მოამზადა ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ აგვისტოს ნომრისათვის, თუ ის, რომელიც დაიბეჭდა „ივერიის“ სექტემბრის ნომერში.

საქმე ისაა, რომ სექტემბრის ნომერში დაბეჭდილი „შინაური მიმოხილვა“, რომელსაც ილია „ახალ, შეცვლილ“ ტექსტად მიიჩნევს, სულაც არ წარმოადგენს ცენზორის მიერ „ამოგდებული“ ადგილების შედეგად მექანიკურად შეკავშირებულ, ფრაგმენტულ ტექსტს, არამედ იგი ილიას ხელახლა გადაუმუშავებია და, როგორც თვითონ აღნიშნავს, „შეცვლით“ დაუბეჭდავს. რაღა თქმა უნდა, ახალ რედაქციას დაკარგული აქვს ის სიმძაფრე, რის გამოც აიკრძალა იგი ცენზურის მიერ, მაგრამ არსებითი სათქმელი ილიას მაინც სავსებით ლოგიკურად და ოსტატური შეფარვით აქვს გადმოცემული. ამიტომ ამ ტექსტის სავსებით უგულველბეყოფაც არ იქნებოდა სწორი. მეორე მხრივ, რაღა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ მკითხველმა ეს „შინაური მიმოხილვა“ სწორედ იმ სახით გაიცნოს, როგორც ავტორს თავდაპირველად ჰქონდა განზრახული. მით უმეტეს, რომ:

1. ჟურნალ „ივერიის“ სექტემბრის ნომერში დაბეჭდილ ახალ (ილიას სიტყვით რომ ვთქვათ, „შეცვლილ“) რედაქციას არ ახლავს ქვესათაურში საკითხების ჩამოთვლა, რაც ასე ნიშანდობლივია ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვებისათვის“.

2. განსხვავება ამ ორ რედაქციას შორის ტექსტის თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია. ჟურნალში დაბეჭდილ ტექსტს გარკვეულად დაკარგული აქვს ის სიმძაფრე, რის გამოც აიკრძალა იგი ცენზურის მიერ.

ამან განსაზღვრა „შინაური მიმოხილვის“ ორივე ტექსტის მოთავსება ტომში. ძირითად ტექსტად ავირჩიეთ ცენზურის მიერ აკრძალული ტექსტი, რომელიც წარმოადგენს „ივერიის“ სტამბურ ანაწყობს, ცენზორის მიერ ლურჯი და წითელი ფანქრით გახაზული „მიუღებელი“ ადგილებით. პ.ინგოროყვას მიერ დაბეჭდილ ტექსტს ცენზორის ტექსტთან შედარებით მცირე უზუსტობები ახლავს თან, რაც აქ თავიდანაა აცილებული.

ხოლო იმის გამო, რომ ილიას „შეცვლით“ დაბეჭდილი ტექსტი თავისთავად იმსახურებს მკვლევარი-მეცნიერის თუ მკითხველის ყურადღებას როგორც შემოქმედებითი პროცესის თვალსაზრისით, ისე იმ ფაქტის გათვალისწინებისათვის, თუ როგორ და რის გამო იდევნებოდა ნათელი აზრი ცენზურის „მსახვრალი“ ხელით, გადავწყვიტეთ ეს ტექსტი სამეცნიერო აპარატში დაგვებეჭდა სათანადო ადგილას; ქართული ცხოვრებისათვის ნიშანდობლივი ეპოქის საჭირობოროტო საკითხებით დატვირთული ეს „შინაური მიმოხილვა“ იმსახურებს ამ განსაკუთრებულ ყურადღებას.

ეს მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რომ ამ „შინაური მიმოხილვის“ ატრიბუციის გარშემო გარკვეული განსხვავებული აზრი გამოჩნდა ქართულ კრიტიკაში. 1981 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჟურნალ „სკოლა და ცხოვრებაში“ დაიბეჭდა ზ.შერეზადიშვილის წერილი „იაკობ გოგებაშვილის „შინაური მიმოხილვები“, რომელშიც მკვლევარი სხვა საკითხებთან ერთად მსჯელობს ი.ჭავჭავაძის 1883 წ. სექტემბრის „შინაურ მიმოხილვაზე“, რომელიც „ივერიის“ №9-ში დაიბეჭდა და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს მიმოხილვა ი.გოგებაშვილს ეკუთვნის. თავისი თვალსაზრისის დასამტკიცებლად ზ.შერეზადაშვილი გამოთქვამს რამდენიმე, ჩემის აზრით, სრულიად უსაფუძვლო ვარაუდს, რომელსაც იქვე „უდაო ჭეშმარიტებად“ აცხადებს. ამ წერილის ანალიზი აქ შორს წაგვიყვანდა, ვიტყვით მხოლოდ, რომ ზ.შერეზადიშვილის მტკიცება ერთობ სუბიექტურია და არც ერთი მოშველიებული საბუთი, რაღა თქმა უნდა, ამ განსხვავებული აზრის დასამტკიცებლად არ გამოდგება. ამ „შინაური მიმოხილვის“ ილიასეულობა უეჭველი ფაქტია, რაშიც ამ ორი ტექსტის გაცნობა და ანალიზი უფრო უკეთ დაგვარწმუნებს. • ამ წერილთან დაკავშირებით დაისმის კიდევ ერთი საკითხი – დათარიღება. პ.ინგოროყვა ამ „შინაურ მიმოხილვას“ აგვისტოთი ათარიღებს, რაც არაა ზუსტი. ამ წერილის ბოლოს ლაპარაკია წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე, რომელიც ოფიციალურად 1883 წლის 6 სექტემბერს შედგა. ხოლო თვით ილია ჭავჭავაძის სიტყვა, რომლითაც მთავრდება ეს „შინაური მიმოხილვა“, დაიწერა 4 სექტემბერს – ამ სიტყვის ავტოგრაფი, დათარიღებული 4 ენკენისთვით, დაცულია ილია ჭავჭავაძის არქივში, ხელნაწერთა ინსტიტუტში (№173/84). საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საცენზურო კომიტეტში „შინაური მიმოხილვის“ პირველი რედაქციაც კი განუხილავთ 17 სექტემბერს. ამიტომ თარიღს ვუთითებთ: [1883 წ. აგვისტო-სექტემბერი.

ქვემოთ ვბეჭდავთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ ტექსტს.

შინაური მიმოხილვა1

ამას წინად, ბატონყმობის გადავარდნამდე, ისეთი მყუდროება სუფევდა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მისი შერყევა ოდნავ მაინც შესაძლებელი ყოფილიყო. როგორც ბურუსიანი, ღრუბლიანი, თბილი და მშვიდი დღე, ისე იხედებოდა მაშინდელი ჩვენი ცხოვრება.

ასეთი გახლდათ ის წარსული დრო, დრო მე-40 და 50 წელთა, დრო მიძინებისა, მშვიდობიანობისა და ჩვენი გონებისა და მწერლობის მიბინარებისა. მაშინდელი მწერლობა ზედმიწევნილის სინამდვილით გვიხატავს მაშინდებურს ჩვენს სიღატაკეს აზრისას თუ ცხოვრებისას; მაშინდელის ჩვენის მოღალულობის, ჩვენის უღონოების უტყუარი სახსოვარია ეგ ჩვენი გონების ნაღვაწი, მტკიცედ და მედგრად სდგას მაშინდელი ძველი მწერლობა, რომლის ბურუსიან, მიძინებულს გარემო ჰაერს ხანდისხან და იშვიათად დაარღვევდა ხოლმე ნ.ბარათაშვილის პოეზია და გრ.ორბელიანის ღრმად პოეტური კალამი.

მაგრამ ეს ორი კაცი და კიდევ ორიოდე სხვანი იმ დროს არ ეკუთვნოდნენ. ესენი იყვნენ სხვა დროს აღზრდილნი, და ისე ცოტანიც, რომ მათი აზრისა და გრძნობის გაელვება მხოლოდ ოდნავ არღვევდა იმ დროს გარემო მყუდროებას, მხოლოდ ოდნავ აფხიზლებდა დაძინებულს ქართველთ გონებას.

ამგვარი გაჭირვებული დრო დადგება ხოლმე ერისათვის ხანგრძლივი და დიდიხნის მღელვარე ცხოვრების შემდეგ. იშვიათად მიჩვენებთ ერს, რომ როდისმე მაინც ესევ, ამ გვარადვე არ გასჭირებოდეს, როგორც ჩვენ ქვეყანას და ერს უჭირდა. იმ დროს, როდესაც სპარსეთისაგან აოხრებული შედიოდა რუსეთის მფლობელობაში, რომ ვისმესთვის გეკითხათ, რას ფიქრობთ, რა გსურთ, მშვიდობიან სიცოცხლეზედ ვფიქრობთ, სიცოცხლე გვინდაო, გიპასუხებდნენ. გვინდაო, გეტყოდნენ, რომ მტერი არ გვაწუხებდეს, მშვიდობიანად ვიყოთ, ვსცოცხლობდეთ, მზესა და მთვარეს შევხაროდეთო.

ერთის სიტყვით ხალხს და ეს მხოლოდ ხორციელის ცხოვრების ნატვრა ჰქონდა, მხოლოდ იმაზედ ჰფიქრობდა, რომ სულ ასე მშვიდად ეცხოვრა და არავითარი მწუხარება არსაით არ მისდგომოდა.

აბა ამგვარ დროს სად და ვის მოჰკითხავდი აზრსა, გონებას, თავგანწირულებას საქვეყნო საქმისათვის. აკი არც არა შეინიშნებოდა რა ამგვარი. ქვეყანა მხოლოდ ლუარსაბ თათქარიძეებით აივსო, რუსეთუმეებმა დაამშვენეს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება და საზოგადოებრივის სამსახურის ასპარეზი.

აღარავის არ ახსოვდა მაშინ, რომ ამ ქვეყანას ჰყოლია მხნე მუშაკნი, მხნე მებრძოლნი, ნიჭით და ქველობით სავსენი.

დიახ, მაშინ, იმ ძველ დროს, ჩვენი წინაპარნი საქმის ხალხი იყო, სამუშაო ბევრი ჰქონდათ, ბოზბაშისთვის და ჩიხირთმისთვის აგრერიგათ არა ზრუნავდნენ: არც დრო ჰქონდათ, არც შეჩვეულნი იყვნენ ამგვარ ზრუნვას.

ყოველივე ეს აღიხოცა, ყოველივე ეს გაჰქრა და რეფორმის წინა დროის ქართველი ძველებსაც უკან ჩამორჩა და ახალს დროსაც ვერ შეუთვისდა. ამათ დროს

... სადღა იყო ყაბახი?

სად იყო საჯირითო, სავარჯიშო ცხენისა...

მათთვის ყოველივე ესე დრონი შეიქმნენ სიზმრად და განჰქრენ, ოცნებასავით...

ეხლა ის დრო აღარ არის. ეხლა სულ სხვაგვარი ლაპარაკი ისმის, უფრო საიმედო, უფრო გამამხნევებელი არამც თუ მარტო რუსეთში, არამედ ჩვენშიაც...

დღეს ჩვენი დრო ბევრად უკეთესი დროა ზემოთ მოხსენებულ დროსთან შედარებით. დღეს ცხადად და უტყუარად შესამჩნევია ნიშნები ჩვენის გამოფხიზლებისა. რეფორმისწინა დრომ, იმ ჭირისა არ იყოს, რომელიც ზოგჯერ მარგებელია ხოლმე, მოიტანა თან სხვა ნიავი, გასწმინდა ცოტად თუ ბევრად ადრინდელი ბურუსი, გადაჰყარა ღრუბლები და ჩვენი ცნობიერება გამოაფხიზლა...

მართლაც, მოიგონეთ გრ.ორბელიანის დიდის ყოფით და ამბით დასაფლავება და ის თანაგრძნობა საზოგადოებისა, რომლითაც განიმსჭვალა იგი, თითქო ერთი კაციაო, და მერე იკითხეთ, რამ გამოიწვია ის საერთო წუხილი, თუ არ მან, რომ იგი იყო თავის მამულის ძრიელ სიტყვით მოტრფიალე, ეროვნული იდეის პოეტურად გამომხატველი, დროთა, სიზმარებ გამქრალთა ჭირისუფალი, საქართველოს იმედით ზეშთაგონებული.

ნუთუ ეს იმას არ ამტკიცებს, რომ საზოგადოება უპირველეს ყოვლისა იდეას სცემდა პატივსა, როცა ისეთი დიდის ყოფით აცი: ლებდა უკანასკნელს სადგურამდე თავის გულის პასუხის ძლიერად გამომხატველს პოეტს, რომ აზრს მამულის სიყვარულისას ჰრთავდა გვირგვინით, როდესაც ყვავილებში ჩააწვინა ამ აზრის მტვირთველი და მატარებელი კაცი, დაწყობილი მე-30 წლიდამ ვიდრე ჩვენ დრომდე?

ეს უეჭველია. უეჭველი შეიქნება უფრო მაშინ, როცა მოვიგონებთ ჩვენის თავგანწირულის, პატიოსანის მოღვაწის ს.მესხის გარდაცვალების ამბავს... ეს მხნე მუშაკი იყო დაუცხრომელი, მუდამ საზოგადო საქმის მოყვარული, ჩუმი მოღვაწე. და აი ამ ჩუმის მოღვაწის სიკვდილის გამო თითქმის მთელს საზოგადოებას თითქო გული მოსწყდაო.

ნუთუ ესეც იმას არ ამტკიცებს, რომ შეგვრცხვა ბოლოს ჩვენც, მოვიდა დრო და ჩვენც გვინდა კუთვნილი და ღირსეული პატივი ვცეთ ჩვენთვის მშრომელთა.

მართლა, ამ სამოც-ოთხმოც წელს ისე არ გაუვლია, რომ ჩვენ ცხოვრებას ცოტათი მაინც სხვა უკეთესი ფერი არ დასდებოდეს, მაგრამ მაინც რამდენსაც უფრო მეტად ვგრძნობთ უკეთესად ცხოვრების მოწყობის სურვილს და ხელმოკლეობას ამ სურვილის განხორციელებისათვის, იმდენად უფრო მეტად ვწუხვართ.

უმადურობა იქნება და არც სიმართლეს შეადგენს უარყოფა იმ სარგებლობისა, რომელიც მოგვიტანა ჩვენ ბატონყმობის გადავარდნამ, ახალის სამართლის წესების შემოღებამ, თვითმართველობის დაარსებამ და სხ. და სხვ. რაც უნდა გულღრძო და ჯუღელი კაცი იყოს, მაინც ვერ იტყვის, რომ ამ სამოც-ოთხმოცი წლის განმავლობაში დადგენილის მართვისა და წეს-წყობილების შედეგი არ იყოს ქართველი ერის გაერთიანება. თუმცა ეს ყველა ასეა, მაგრამ მაინც ჩვენი მწერლობის მდგომარეობა ამით ბევრად არ შემსუბუქებულა. ოცი წელიწადი გადის, რაც ქართულის ენის წარმატებას იცავს ჩვენი უღონო აზრი და გონება, იცავს ძლიერად და თავგანწირულად და აქნობამდე, არამც თუ სასამართლო უწყებაში.

ეს გარემოება მიგვაჩნია ჩვენ მიზეზად, რომ ასე შეფერხებით მიდის ჩვენის პირველდაწყებითის სწავლის საქმე. ამ გარემოების ბრალია, რომ ჩვენ ვეღარა მოგვიხერხებია რა, რომ წერა-კითხვას მაინც ვავრცელებდეთ ხალხში. განა ჩვენ ვეცადეთ, რომ ერთი სახალხო სკოლა მაინც დაგვეარსებინა თუნდ ისე ჩვენგან პატივცემულის გრ.ორბელიანის სახსოვრად, რომლის შემწეობით შესძლებიყო ხალხსაც დაეფასებინა ჩვენთვის ასე ძვირფასი პოეტი, რომ მასაც ჩვენთან ეგლოვნა მძიმე დასაკლისი? ჩვენი ჭირი და გლოვა კი ვერ მიაგნობდა ჩვენს წუხილს. ქართული ენის და მეტყველების მოყვარულთათვის და მის წარმატების მსურველთათვის ფრიად სასიამოვნო უნდა იყოს უწმ.სინოდის განკარგულება, რომელიც ამ წლიდამ უკვე აღსრულებაში შედის. მე მოგახსენებთ ქართული მეტყველების გაკვეთილების დაარსებაზე სასულიერო სემინარიაში, სადაც იზრდებიან სამღვდელოების შვილები. კვირაში 7 გასაკვეთია ამ საგნისათვის დანიშნული, ქართული მეტყველების პროგრამმა უკვე შედგენილია სემინარიის მმართველობის მინდობილობით ერთის სემინარიის მასწავლებლისაგან. ჩვენ გადავათვალიერეთ მხოლოდ ოდნავ ეს პროგრამმა და ამიტომ ეხლა დაწვრილებით აქ ვერას ვიტყვით. მას შევატყობინებთ ჩვენს მკითხველებს მხოლოდ შემდეგს წიგნში. ეხლა კი ვიტყვით მხოლოდ, რომ დიდი ბეჯითობა და ენერგიაა საჭირო მისთვის, ვინც ამ საგნის რიგიანად შემუშავებას და დადგენას იტვირთებს. ამით ჩვენ გამოვაცლით ფარ-ხმალს იმათ, ვისაც არ ეპიტნავებათ ბუნებითად ამგვარის წესების შემოღება. მე ვლაპარაკობ იმ უსაფუძვლოდ და იმ ტყუილუბრალოდ გავრცელებულს ხმაზე, ვითომ არც ქართულ ენაზე სწავლება შეიძლება რისამე, არც წიგნებია ამისათვის და არც არის რამე, რაც ღირდეს შესასწავლებლად, ავარჯიშებდეს კაცის გონებას და სხ. და სხ. ამგვარი ცრუმორწმუნება და უსაფუძვლო ხმები.

ამგვარადვე სასიამოვნოა უკვე აღსრულებაში მოყვანილი ამ წელსვე მომხდარი განკარგულება უწმ.სინოდისა, რომ შემოღებულ იქმნას ქართული ენის სწავლება სავალდებულოდ სასულიერო სასწავლებლებში, რომ საგანიც სავალდებულო იყოს და მისი მასწავლებელიც შტატის ადგილის მექონე. ამ გარემოების გამო სასულიერო სასწავლებლებში მოისპო ბერძნული ენის სწავლება და შემცირდა ლათინურისა. ეს უკანასკნელი უწინდებურად პირველი კლასიდამ აღარ იწყობა და იმედი ვიქონიოთ, ნორჩ გონებას პატარა პირველკლასელებისას შეღავათი მიეცემა.

ამ სახით ერთ უწყებაში მაინც მიენიჭა ქართულს ენას უფლება, ე.ი. სასულიერო უწყებაში, ესეც კაი ღვთის წყალობაა ამდენის ლოდინის შემდეგ, მერე ჩვენთვის, ასე გულგატეხილთათვის ლოდინით და იმედითა.

ათასში ერთხელ უნდა მოვესწრათ სასიამოვნო ამბავის გაგონებას და ათიათასში ერთხელ ამ ამბავის ცხოვრებაში განხორციელებას და მაშინვე გამოტყვრება რამ საიდანმე და მოგვიშხამავს ის-ის იყო გატაცებულს გონებას, ფრთაშესხმულს ფანტაზიას. როგორც ცივი წყალი ისე მოგვხვდება ხოლმე ამ დროს რამე უსიამოვნო ამბავი, აგვიჭინჭრავს ტანს და წყალში ამოვლებულს ქათმებს დაგვამსგავსებს ხოლმე.

აი რასა სწერს ქუთათურის ცხოვრების მემატიანე „დროების“ №204:

„ბატონყმობის მოსპობამ, ადამიანის პიროვნების აღდგინებამ, კანონის წინაშე გათანასწორებამ და იმ ჰუმანიურმა აზრებმა, რომელი ქვე ნიც ამის გამო ცხოვრებაში დატრიალდნენ, ღრმა ცვლილება მოახდინეს ზნესა და ჩვეულებაში; საზოგადოებრივს ზნეობას, კაცთა დამოკიდებულობას ოჯახში და საზოგადოებაში, საზოგადოებრივს კულტურას სულ სხვა მიმართულება მისცეს... ახლა როზგის შემოღება დიდი გმირობა არის, მაგრამ, – განაგრძობს ქუთაისელი ქრონიკიორი ოხუნჯურის, კილოთი, – ამიტომაც მომწონს, რომ გმირობას ვხედავ ამაშიო!., წინეთ რომ გაგვაწვენდნენ, გვანუგეშებდნენ: არაფერი გიშავთ, ეშმაკებს გამოგირეკავთო!.. მაგრამ განა ახლა უფრო ბევრი ეშმაკები არ არიან?! ოღონდაც რომ არიან და კიდეც მათ გასარეკად შემოუღიათ როზგი!...

„ამ როზგზედ თუ ვლაპარაკობთ, იმიტომ კი არა, რომ ლაპარაკის საღერღელი ამშლოდეს, არამედ იმიტომ, რომ ხმა არის გავრცელებული, ვითომ ბროწეულის წკებლები მოქმედებაში მოეყვანოთ ზოგიერთ ადგილას“...

ძლივძლივობით მივეჩვიეთ სწავლას, შევიყვარეთ სულით და გულით, ვხარჯავდით ფულს, შეძლებას, ღონეს, დავივიწყეთ სრულიად ის დრო, როდესაც პირიქით გვაძლევდნენ ფულს, ოღონდ მოდით, ისწავლეთო. ვამბობდით, აი ახლა ეშველა საქართველოსაო, სწავლა და განათლება მოიფინებაო, მდიდარი ქვეყანა სწავლულთ ხელში ნატრის თვალად გადიქცევაო, ცხოვრება ადუღდებაო, – და დახეთ ბედს! მაგრამ ეჰ, ეს ბედი ჩვენ მუდამ თან გვდევდა. კარგი რამვინ მოიფიქრებდა. თავ-პირს ვამტვრევდით ერთმანეთს, არა ჩემი შვილი მიიღეთ, არა ჩემიო, ვაკანსიები აღარ იყო და აგერ დღესაც აღარ არის და ახლა კი ისეთი ხმები ისმის, რომ ვინ იცის, რა იქნება.

სწავლა კი რომ შევიყვარეთ, ეგ უეჭველია. აი საბუთები:

ვაკანსიები წელს თბილისის სასწავლებლებში იყო შემდეგი: კადეტის კორპუსში (ესეც კი დავკარგეთ ბედოვლათობით) იყო 25-მდე, მსურველნი კი – 120. საოსტატო ინსტიტუტში – 25. მსურველნი – 75. მიღებულთ რიცხვში ქართველი მხოლოდ ოთხია. მეორე გიმნაზიაში მიიღეს წელს – 40, მსურველი კი იყო 150. სათავადაზნაურო სკოლაში – 30, მსურველი კი – ასზე მეტი. ქუთაისში სააზნაურო სკოლაში იყო ადგილი თურმე 60 ყმაწვილისა და მსურველი კი – 200 მეტი. გიმნაზიაში და პროგიმნაზიაში მეოთხედიც არ მიუღიათ წარმოდგენილი ბავშვებისა, სამოქალაქო სამკლასიან სასწავლებლებში, რომელიც შარშან გაუხსნიათ, თხოვნა შესულა სამასზე მეტი, მიუღიათ მხოლოდ ორმოცი. მეორე ორკლასიან საქალაქო სასწავლებელში თხოვნა შესულა 100, მიუღიათ 75...

ამგვარ პირობათა შორის ჩვენვე უნდა ვეცადოთ ჩვენი საქმე ცოტად თუ ბევრად იოლად წავიყვანოთ, მაგრამ რას იზამ, რომ ეს პირობანი ყოველ ხალისს გვიკარგავს, სასოებას გვიკვეთავს! ამგვარ მოვლენათა შემაცქერალი, კაცია თუ საზოგადოება, ძალაუნებურად გულხელდაკრეფილი დაიარება, ცხვირჩამოშვებული და მწარედ დაძმარებული, ის კი არა თუ ენერგია, მხოლოდ მხნეობა და ხალისით ერთბამი მოქმედება, იქნება, დაგვიხსნიდა ამგვარის გაჭირვებიდამ ცოტად თუ ბევრად, თორემ რასა ჰგავს, ბატონო, „ივერიის“. წინა წიგნის ბოლოს, დამატებაში, ჩვენ დავბეჭდეთ წლიური ანგარიში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების მოქმედების 15 მაისიდამ 1882 – 15 მაისამდე 1883 წ. და ღმერთო, რაგვარის გულგრილობის მოწამეა ეს ანგარიში! ამ ანგარიშის თავში ჰკითხულობთ თქვენ ბათუმის სკოლაზე, რომელიც კარგად და საუკეთესოდ სწარმოობს, წინარეხის სკოლაზედ, რომელიც აგერა მეორე წელიწადია, რაც დაარსებულა. ჰკითხულობთ აგრეთვე, რომ „საზოგადოებასა შემწეობა აღმოუჩენია ქუთაისის სახალხო სკოლებისათვის წიგნებით და სასწავლო ნივთებით, რომელთ ღირებულება 1,000 მანეთისააო. აგრეთვე ჰკითხულობთ, რომ „საზოგადოებას“ განუმატებია თავი ხელნაწერის ბიბლიოთეკისთვის, რომელიც ამ დღეებში გაამდიდრა ბ-ნმა ივანე მესხიევმა მდიდარის და უხვის შეწირულებით. მან შესწირა ამ საზოგადოების ბიბლიოთეკას 55 ხელნაწერი წიგნი, რომელთა რიცხვში ძვირფასი საარხეოლოგო და საისტორიო განძი ურევია. მაგრამ ჩახვალთ თუ არა ყველა ამ ამბის ბოლოში, იგივე წყეული უსიამოვნო რამ ამბავი, თითქო ცივი წყლის შადრევანი დაგიშვეს თავზეო, ისე გამოტყვრება ხოლმე. წარმოიდგინეთ, რომ „საზოგადოებას“ ჰყოლია 300 წევრამდე დამფუძნებელნი და ნამდვილნი და დღესაც არ შეუტანიათ თავიანთი ხვედრი საწევრო ფული, დღესაც მათზე ვალად არის დარჩენილი 4953 მან. 1879, 1880, 1881 და 1882 წწ.

თუ ასეა „საზოგადოების“ საქმე, მაშ კერძო პირებს რაღა ძალა უნდა მოეთხოვებოდეთ ამ მხრით. კერძო პირებს როგორღა უნდა ვესაყვედუროთ, რომ იმათ ციდამ ვარსკვლავები ვერ ჩამოაქვთ.

ამ მხრივ, სწორედ ჩვენის საზოგადოების უხალისობის დროს, ერთმა კერძო პირმა ხანგრძლივის მეცადინეობის შემდეგ თავის საკუთარის ხარჯით და საფასით ჩასდგა საძირკველი ფრიად სასარგებლო დაწესებულებისა. ჩვენ ვამბობთ ბ.ი. წინამძღვარიშვილზე და მისგან დაარსებულს სამეურნეო სკოლაზედ ს.წინამძღვარიანთ კარში.

დიდად დასაფასებელია პატივცემულის ი.წინამძღვარიშვილის ღვაწლი, სწორედ დიდათ გასაკვირველია მისი მხნეობა და გაბედულობა. უნდა მკითხველმა დაწვრილებით იცოდეს ამ მეცადინეობის ისტორია, უნდა იცოდეს, რა ჯაფა და შრომა იყო საჭირო, როგორც მისთვის, ისე იმ კერძო პირთათვისაც, რომელნიც ეხმარებოდენ, რომ ამ სკოლის საქმე თავს მოსულიყო, რომ ღირსეულად დააფასოს საზოგადოებრივი მნიშვნელობა ამ მოვლენისა. ჩვენ ძალიან იშვიათად და სრულიადაც არ გვახსოვს, რომ საზოგადო საქმისათვის ასე შეძლებისა და ჯაფის დაუზოგველად კერძო კაცს თავი გამოემეტებინოს. ჩვენში საზოგადო საქმისთვის თავგამოდებას, ქონების დაუშურველობას ბევრი ისევ სხვა თვალით უცქერის, ჩვენ ჯერ არ შევხვედრივართ ჩვენ ცხოვრებაში არამც თუ შემძლებელ მფარველს სახალხო განათლებისას, სკოლისას, მეცნიერებისას, არამედ ლიტერატურის და მწერლობისასაც კი.

რაც შეეხება თვით სამეურნეო სკოლის სარგებლობას ჩვენგვარის ქვეყნის ხალხისათვის, ეს უეჭველია და აქ ჩვენ ჩვენთავად ბევრს არას ვიტყვით. დეე, თვით იმან სთქვას აქ სიტყვა, ვინც ეს საქმე დაჰბადა, ხორცშესხმულჰყო, დეე, ეს სარგებლობა განმარტოს იმან, ვინც დაესწრო სკოლის კურთხევის დროს.

აი, სიტყვა თვით მთავარის მზრუნველის და სკოლის დამაარსებლისა:

მოწყალეო ხელმწიფენო!

„ბევრს თქვენგანს გააკვირვებს ჩემი მოქმედება, რომ დღეს მე სამეურნეო სკოლას ვხსნი, მართლა რომ ეს საქმე სამძიმო საქმეა, მაგრამ ეს საქმე მე გამაბედვინა ერთის მხრივ იმან, რომ ყოველის მამულისშვილის ვალია შეძლებისამებრ შეეწიოს ღარიბსა და უმეცარს ხალხსა და მეორეს მხრივ – აუცილებელმა დასაჭიროებამ აქაურ ხალხში სასარგებლო და პრაქტიკულ ცოდნის გავრცელებისამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გზაზედ ბევრი გაჭირვება მოგველის, მაგრამ ამ გაჭირვების დაძლევა შეუძლიან საქმისათვის სიყვარულს, გულის დადებას და ენერგიას, როგორც სახალხო სკოლის ისტორია ამტკიცებს. ამ ბრძოლისათვის ერთი ან რამდენიმე პირის ძალა საკმარისი არ არის, – საჭიროა ხელის შეწყობა და თანაგრძნობა თვითონ საზოგადოებისა. მაშ ყველანი, ვინც კი ერთგულად ეკიდება სახალხო განათლების საქმეს, ამოუდგეთ გვერდით მეცნიერების დროშას, გაუღოთ სასწავლებლის კარი ყოველს ერსა და სარწმუნოებას, წავიდეთ წინ და მოვფინოთ ბნელს ხალხში ნათელი ჭეშმარიტებისა.

„მოგმართავთ რა თქვენ, ჩემს ამხანაგებს, და ახლად გახსნილის სკოლის პირველ მოძღვრებს, უნდა გითხრათ, რომ თქვენ, როგორც მეცნიერების წარმომადგენელი, შეგხვდათ სასიამოვნო, მაგრამ ძნელი დანიშნულება. თქვენ პირველთ უნდა გააბნიოთ საგურამოს ხეობაში თესლი განათლებისა, უნდა ებრძოლოთ ხალხის ცრუმორწმუნოებას, უნდა აღუძრათ თანაგრძნობა სახალხო განათლებისადმი და ცხადად აჩვენოთ ის სარგებლობა, რაც გამოცდილებას და მეცნიერებას ადამიანისათვის მოუტანია. თქვენზეა დამოკიდებული სკოლის მოწაფეთა ბედი და თვითონ სკოლის მომავალი. ჩვენი სკოლა სამაგალითო იქმნება მთელი კავკასიისათვის და თქვენ თქვენი სული უნდა ჩაუდგათ მას... მივანებოთ თავი თავმოყვარეობას და ჩუმად, აუჩქარებლად, ყველანი ვემსახუროთ სულიერს და ნივთიერს ინტერესებს იმ ხალხისას, რომელიც ყოველთვის ჩვენის ზრუნვის საგანი იქნება. მაშინ სკოლის მტერნი მეგობრებად გარდაიქცევიან და ჭეშმარიტებაც აღდგება.

„დასასრულ, მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს გამოვუცხადო ღრმა მადლობა დ.ს-ძეს სტაროსელსკის ამ სკოლისადმი თანაგრძნობისათვის და აგრეთვე იმ პირთა, რომელნიც ამ სკოლისათვის სზრუნავდენ. იმედი ვიქონიოთ, რომ დიმიტრი სვიმონის-ძე მიიღებს ამ სკოლას თავის მფარველობის ქვეშ.

„ეს ჩვენი პირველი ნაბიჯი იყოს ნიშნად სკოლის ბედნიერის მომავლისა!“

აი თვით ის სიტყვაც ი.ჭავჭავაძისა, გლეხობისადმი მიმართული.

„ერთი ორიოდე სიტყვა მეც მინდა გითხრათ და ყური რომ მათსოვოთ, მადლობელი ვიქნები.

„ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა, დედამიწას გული გადაუხსნა, შიგ აუარებელი, ულეველი სიმდიდრე ჩაუდვა და ადამიანს უანდერძა: იშრომე, გაისარჯეო და ეგ სიმდიდრე დედამიწის გულიდამ ამოიღე და შენს სადღეგრძელოდ მოიხმარეო.

„თქვენში და თქვენგან ხშირად გამიგონია, რომ ქრისტე-ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში დაიბღერტაო. ამას ამიტომ ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრს სხვა ქვეყანაზედ უფრო მდიდარია, უფრო სავსეა. არც ჩვენ თითონა ვართ უხეირონი, ღმერთი-რჯული, მკლავ-ძარღვად კარგები ვართ, ჯანი და ძალ-ღონეც მოგვდევს, არც ხალისი გვაკლია. ეს ყველაფერი გვაქვს. ეს მდიდარი, პატარძალსავით მორთული ქვეყანა, ეს ჯანიანი, მკლავძლიერი ხალხი, გამრჯელი და ოფლის მღვრელი – მაშ, რაღადა ვართ ღარიბნიო? – მკითხავთ თქვენ. –

„იმიტომ, რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე ჰსძევს, სად რა განძია. არ ვიცით, საიდამ რა ამოვიღოთ, რა ხერხით და ოსტატობით ამოვიღოთ, რომ ჯაფაც ადვილი იყოს და ნაჯაფებიც ბლომად. აკი ვამბობ, ყველაფერი გვაქვს, მარტო ერთი რამ გვაკლია, სახელდობრ, ისა, რაც, თქვენისავე სიტყვით თვითონ ღონესაცა ჰსჯობია, რაც ძლიერ მკლავს ხერხიანად ამოქმედებს, რაც კაცის თვალს დედამიწის გულში ჩაახედებს, რაც კაცს წინ მიუძღვება ხოლმე და უტყუარად ეუბნება: აი, აქ ეს სიმდიდრეა, ღვთისაგან შენთვის მიბარებულიო, ამას ამ ხერხით, ამ ოსტატობით უფრო ადვილად, უფრო ბლომად ამოიღებო.

„მაგისთანა ღვთისნიერს წინამძღოლს ცოდნა ჰქვიან. უამისოდ დედამიწა თავის უხვს და უხარებელს გულს არ გადაგვიხსნის უხვად არ მოგვაბარებს, რამოდენადაც ჩვენთვის მიბარებული აქვს. სხვა ქვეყანაში, საცა ცოდნა აქვს ხალხსა, ოთხის დღის მიწა ისე უჭირველად აცხოვრებს მთელს ოჯახს, როგორც ჩვენში ოცისა და ორმოცის დღის პატრონი ვერა ჰსცხოვრებს. რადა? განა იმითი, რომ ისინი მკლავ-ძარღვით ჩვენ გვჯობიან!? არა. იმათ ცოდნა აქვთ, ხერხი იციან. „ხერხი სჯობია ღონესაო“, თქვენგანვე თქმულა და მართალიც არის.

„ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თვითონ, თავისთავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხაროდ და უბარგოდ, ვერცავინ მოჰპარავს, ვერცავინ წინ გადუდგება. ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტადა ჰსჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.

„ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზდია. „კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდესო“, თქვენგანვე მაქვს გაგონილი და დასწავლული. მართალიც არის: კაცი სხვის მარგეც უნდა იყოს და თავისთავისაც. კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა

ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს.

„ეგ თქვენ თითონაც კარგად იცით. თქვენ თითონ ყოველდღე ჰხედავთ, რომ ეგ ეგრეა. ალოში გუთნისდედას მეტს არგუნებთ ხოლმე, ვიდრე მეხრესა. რადა? იმიტომ რომ გუთნისდედა – მცოდნეა და მეხრე კი არა, ურმის მკეთებელი უფრო მეტადა ჰღირს, მოჯამაგირედ რომ დგება, ვიდრე უბრალო მუშა კაცი, თუნდაც ერთიორად იმაზე მეტი იყოს მკლავითაც და ჯანითაც. რადა? კიდევ იმიტომ, რომ ურმის ხელოსანი მცოდნე კაცია და უბრალო მუშა კი არა.

„ამიტომ ვამბობ, რომ ცოდნა თვითონ, თავისთავადაც სიმდიდრეა-მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს ამით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოველე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა.

„სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნდაც ცოტად ბჟუტავდეს შორს სადმე ბნელაში, ქურდს, მპარავს, მტერს აფრთხობს, – იქ სინათლეა, ჰსჩანს ჰღვიძავთო, – და დაგვიანებულს მოყვარეს კი ახარებს კიდევ იმით, რომ იქ ღვიძილია, მღვიძარები დამხვდებიანო.

„სანთელს მარტო იმაში არა ჰგავს, რომ სანთელი, როცა იქნება, ჩაიწვის და გაჰქრება ხოლმე; ერთხელ ანთებული ცოდნა კი – თავის დღეში არა: მამიდამ შვილზედ გადადის, შვილიდამ შვილისშვილზედ, უფრო გადიდებული, უფრო გაძლიერებული.

„ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თვითონ ღმერთი, ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსაც და ბუზმენტებით მორთულს თავადსაცა, ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმონდომილი და მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდისა.

„ახლა სად არის ეგ კარი? როგორ შევიძინოთ ის სანატრელი განძი, რომელსაც ცოდნა ჰქვიან და რომელიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას ეგრე უჭირს? გამოვიდა ჩვენში ერთი გულმტკივნეული კაცი და გვითხრა: გზას მე გაჩვენებთო, თქვენ ოღონდ ხალისი გამოიჩინეთო. ის კაცი მარტო თავისის თაოსნობით, დაუღალავის მცდელობით, თავგამოდებით, მხნეობით შეუდგა ამ ძნელს საქმეს და თავის სასახელოდ და ჩვენდა საბედნიეროდ აქ, ამ სოფელში, აკვანი დადგა ცოდნის გასაზრდელად და ძუძუსათვის ძიძები მოიწვია. ის კაცი ილია წინამძღვრიშვილია, ის აკვანი აი ის პატარა შენობაა, რომელიც ასე ლამაზად უხდება ამ პატარა სოფელს, ძიძები კიდევ მისგან მოწვეულნი ოსტატები არიან.

„აი, სად და ვისის ხელით აინთება აქ ის სასიხარულო სანთელი, რომლის სინათლეც მტერს დააფრთხობს და მოყვარეს გაახარებს და რომელსაც ცოდნა ჰქვიან. აი, ამ პატარა სახლიდამ გამოვა ის დიდი ღონე, ის დიდი ხერხი, ის ყოველთვის და ყოველგან გამარჯვებული ფარ-ხმალი ადამიანისა, რომელსაც ცოდნა ჰქვიან. მაგას გამოიტანენ თქვენი შვილები და მოჰფენენ ქვეყანასა ჩვენდა სადღეგრძელოდ, ჩვენდა საბედნიეროდ.

„ცოდნა ბევრნაირია, ხოლო აქედამ ჩვენი შვილები, თქვენი შვილები გამოიტანენ იმისთანა ცოდნას, რომელიც დედამიწის გულში ჩაგვახედებს, მიგვაგნებინებს, სად რა სიმდიდრე სძევს და რარიგის ხერხით, რარიგის ოსტატობით შეიძლება იმ სიმდიდრეს ხელი დავაწვდინოთ, ამოვიღოთ და მოვიხმაროთ ქვეყნისა და ჩვენის თავის სადღეგრძელოდ.

„მაშ, გაუმარჯოს, ხალხო, ამ სკოლას, ამ ცოდნის აკვანსა! გაუმარჯოს ილია წინამძღვრიშვილს, ამ აკვნის დამდგმელსა! გაუმარჯოს ამ სკოლის ოსტატებსაც, რომელნიც ამ აკვანს გაარწევენ, დასაძინებლად კი არა, გასაზრდელად, გასაღვიძებლად! გაუმარჯოს იმ პატარა კაცსაც, თავადს ბებუთაშვილს, რომელმაც დაუზოგველად, უსასყიდლოდ, მარტო ერთის საქმის სიყვარულისა გამო, თავისი დრო და ცოდნა ამ სკოლის აშენებას მოახმარა! ღმერთმა თქვენც გამარჯვება მოგცეთ ყველგან და ყოველთვის! ღმერთმა შეგასწროთ იმ დროს, რომ აქედამ, ამ სკოლიდამ გამოსულს შვილს შეჰხაროდეთ და იმის ცოდნით ფეხზე წამოყენებულმა ოჯახმა, გამოკეთებულმა მამულმა თქვენის თვალით დაგანახოთ, რომ მართლა „ხერხი სჯობნებია ღონესა“. მაშინ იქნება ჩვენმა თვალმავე ისიც გვიმოწმოს, რაც გულში მამა-პაპათაგან მარტო ანდერძად ჩაგვრჩენია: „ის ურჩევნია მამულსაო, რომ შვილი სჯობდეს მამასაო“.

„თქვენ იცით ხოლმე, როცა სიმღერას გაათავებთ, იტყვით: თქვენი გამარჯვებისა იყოსო. მეც გავათავე, რაც სათქმელი მქონდა და თქვენებურად, ჩვენებურად გეუბნებით: „თქვენი გამარჯვებისა იყოს!“

[1883, სექტემბერი]

____________________

1. ეს „შინაური მიმოხილვა“ წინა ნომრისთვის იყო დამზადებული, მაგრამ მხოლოდ ეხლა იბეჭდება შეცვლით.