The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მაშინ დავსტკბები

* * * (მაშინ დავსტკბები)

მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,
როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,
და ქალწულების კრთომით, მორცხვობით
მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე;
მე დაგყურებდე ტრფიალებითა,
შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;
მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა
მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.
ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულისცემასა,
ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე,
და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა
შენის სიწმინდით ვიგერიებდე...

[1858 წელი, 15 დეკემბრის შემდეგ
პეტერბურგი.]
  ხელნაწერი: M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 3 (B); U: ავტოგრაფი - კრებ. № 108, გვ. 4 (C) და გვ. 171 (D); K: ავტოგრაფი, № 1038 (E)   *. E ავტოგრაფში ლექსი ჩართულია კირილე ლორთქიფანიძისადმი მიწერილ ილიას ბარათში (იხ. კომენტარი ლექსისა «ვიხილე სატრფო»..., - წინამდებარე ტომი, გვ. 340).
ნაბეჭდი: გაზ. «ივერია», 1878, № 26, გვ. 6 (F); თხზულებანი ილია ჭავჭავაძია, I, ტფილისი, 1892, გვ. 183 (A); ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათუმი, 1904, გვ. 127 (G); საყოველთაო კალენდარი 1905 წლისა, შედგენილი კ. თავართქილაძის მიერ, ტფილისი, 1904, გვ.143 (H).

სათაური:

ს...ს BCE; მაშინ დავსტკბები H.

თარიღი:

1878 (სარჩევში - 1859) A; 1858 წელსა, 15-სა დეკემბერს, ს. პეტერბურღი BC; 1858 წ., პეტერბურღი E; - D.

ხელმოწერა:

ილია ჭავჭავაძე E; ილ. ჭავჭავაძე (სარჩევში) G. 

1 დავსტკბები] დავჰსტკბები EF. 3 მორცხვობით] მორცხობით E. 6 შენ ჩემს გულზედა] შენ ჩემს მკერდზედა D; და შენ ჩემს მკერდზედ E. 8 კოცნაც] კოცნა DE. მე-3 სტროფი («ვიშ მაგ»...) E-ში ასე იკითხება:

მე ძლიერსა შენს გულისცემასა,

მე ყურს ვუგდებდე ნატვრით და თრთოლით,

მაშინ... მაშინ კი მე ვირწმენ კაცსა,

მაშინ აღვივსებ გულს წმინდის ლოცვით.

9 ვიშ, მაგ შენს ნარნარს] ნებიერს შენსა D. 10 ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე] ნატვრით და თრთოლით მე ყურს უგდებდე D; ეწერა: «მე ყურს უგდებდე ნატვრით და თრთოლით». გადახაზულია. 11 « და ცოდვილთ...» D-ში ჯერ ეწერა: « მაშინ... მაშინ კი მე ვირწმენ ცასა», გადახაზულია. 12 «შენის სიწმინდით...» D-ში ჯერ ეწერე: « მაშინ აღვივსებ გულს წმინდა ლოცვით» გადახაზულია.

A-სგან საგრძნობლად განსხვავდება BC ავტოგრაფების ტექსტები. მოვიტანთ პირველი ავტოგრაფის ტექსტს (B) მთლიანად:

მაშინ დავსტკბები სრულ სამოთხითა,
როს სულ შენს ცისფერს შავყურებდე თვალს,
ვცხოვრობდე ხოლოთ მის გამოთქმითა,
ჩემს გულზედ ვგრძნობდე მოხრილს შენს ნაზ თავს,
ვსთნქავდე შენ სუნთქვას მთელისა გრძნობით,
მაშინ, ოხ, მაშინ კი დავლოცავ ცას,
მაშინ აღვივსებ გულს წმინდის ლოცვით!

ამ ტექსტისაგან C-ში განსხვავებულად იკითხება მხოლოდ მე-4 სტრიქონი: «ჩემ გულზედ ვგრძნობდე შენს მშვენიერს თავს».

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში, ძირითად ტექსტებს შორის, დაიბეჭდა როგორც ლექსის პირველი ვარიანტი - C ავტოგრაფისყოველივე ზემოთქმულის გა მიხედვით და ავტოგრაფისეული სათაურით» «ს...ს» (წინამდებარე ტომში იხ. გვ. 297), - ასევე მეორეც: «მაშინ დავსტკბები»... (1892 წლის გამოცემების მიხედვით). ლექსის პირველი ვარიანტის თარიღად ამ გამოცემაში (სარჩევში) მითითებულია 1858 წლის 27 დეკემბერი, მეორე ვარიანტის თარიღად - 1859 წელი (თვის და რიცხვის აღუნიშვნელად). ლექსის ორივე ვარიანტია დაბეჭდილი 1925-1951 წწ. გამოცემებში:

პირველი ვარიანტი, C ავტოგრაფის მიხედვით, - ვარიანტების განყოფილებაში, ავტოგრაფისეული სათაურითა და თარიღით, მეორე ვარიანტი (1892 წ. გამოცემის მიხედვით) - ძირითად ტექსტებს შორის, 1858 წ. თარიღით. როგორც ეს ილიას თხზულებათა 1925-1951 წწ. გამოცემების სარედაქციო შენიშვნებშიც არის აღნიშნული, ლექსის საბოლოო ვარიანტის (A) შექმნის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი: D და E ავტოგრაფებიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1892 წლის გამოცემის ტექსტს (A), პირველი დათარიღებული არ არის, ხოლო მეორეში მხოლოდ დაწერის ადგილი და წელია აღნიშნული («1858 წ., პეტერბურღი»), თვის და რიცხვისმითითების გარეშე, თუმცა ცხადია, რომ ეს ვარიანტი შექმნილია არა უადრეს 1858 წლის 15 დეკემბრისა: ლექსის პირველი ვარიანტი (BC) რომლისგანაც D და E ვარიანტები რედაქციულად განსხვავდება, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ავტოგრაფებში ასეა დათარიღებული: «1858 წელსა, 15-სა დეკემბერს, ს. პეტერბურღი».

ყოველივე ზემოთქმულის გამო, ლექსს მიახლოებით ვათარიღებთ: [1858 წელი, 15 დეკემბრის შემდეგ, პეტერბურგი].

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემისთვის დართულ შენიშვნებში (გვ. V) ლექსის პირველი ვარიანტის სათაურის («ს...ს») შესახებ ნათქვამია: «ვერ გამოვარკვიეთ, ვის ეკუთვნის ეს ინიციალებიო», ხოლო 1925- 1951 წლების გამოცემებში აღნიშნულ სათაურთან დაკავშირებით არავითარი განმარტება არ არის მოცემული. სავარაუდოა, რომ ეს ლექსიც იმავე პიროვნებისადმია მიძღვნილი, ვისაც ეძღვნება ილიას ლექსები «ს... ჩ...სას» (იხ. გვ. 101) და «ჩ...სას...» (იხ. გვ. 102), რომელთა ადრესატის თაობაზე უკანასკნელ ხანებამდე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. 1914 წლის გამოცემის სარედაქციო შენიშვნების თანახმად, ეს ლექსები «რამდენდაც ირკვევა, დაწერილია სოფიო ჩაიკოვსკისაზედ - ცნობილი რუს კომპოზიტორის ჩაიკოვსკის დის შესახებ» (გვ. VIII), მაგრამ ეს ცნობა, რომელმაც ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში ფართოგავრცელება პოვა, გარკვეულ დაზუსტებას მოითხოვს.

როგორც ჩანს, სწორედ ამ ლის ფაქტი, რომ - როგორც ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფი გრ.ყიფშიძე წერდა, - სტუდენტობის წლებში «პოეტის გული მოინადირა და გაიტაცა გენერალ ჩაიკოვსკის ასულმა, უნობილი რუს-კომპოზიტორის დამ» (ილიას თხზულებათა 1914 წ. გამოცემა, გვ.XVIII), ემყარებოდა ილიას სიყრმისა და სტუდენტობის მეგობრის კოხტა აბხაზის მოგონებას, რომელიც 1914 წლის გამოცემის მესვეურთა თხოვნით დაიწერა და სავსებით სანდო წყაროს წარმოადგენს ილიას ბიოგრაფიისათვის. «პეტერბურგში ილია მეტად აღტაცებული იყო გენერალ ჩაიკოვსკის ქალით (ცნობილი რუსი კომპოზიტორის და), - ვკითხულობთ კოხტა აბხაზის დასახელებულ მოგონებაში, - ამ ოჯახში ხშირად დავიარებოდით და კარგადაც გვიღებდნენ და გვექცეოდნენ» («ლიტერატურული მემკვიდრეობა», წიგნი J, ტფილისი, 1935 წ., გვ. 565). ამდენად, უთუაოდ სავარაუდოა, რომ ილიას ზემოაღნიშნული «ორი საუცხოვო სალირიკო ლექსი», რომელთაგან ერთს სათაურად აქვს «ს. ჩ[აიკოვსკი]სას», ხოლო მეორეს « ჩ[აიკოვსკი]სას», «ნაყოფია ამ ტრფობა-გატაცებისა» (1914 წ. გამოცემა, გვ. XVIII).

როგორც ჩანს, სწორედ ამ ლექსების ადრესატი უნდა იგულისხმებოდეს ილიას 1859 წლის 18 თებერვლის წერილშიც, რომელიც მან პეტერბურგიდან თავის უფროს დას - ნინოს გამოუგზავნა კარდანახში; «...ერთი რამა მაქვს შენთვის სათხოვარი და თუ გიყვარდე, თუ ჩემი მცირედი სიყვარული გაქვს, ამისრულე. ერთმა ქალმა ქალური ვერცხლისა ქამარი მთხოვა ხანჯლითა და დავპირდი. შენი ჭირიმე, ნინუცი, ნუ გამამტყუნებ იმ ქალთან, მერე უნდა იცოდე, რა ქალია! იმათ ოჯახში როგორც შვილი ისე ვარ მიღებული, ასეთი დედ-მამა ჰყავს, რომ თავი შემაყვარეს» (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. X, 1961, გვ. 9).

მაგრამ აღსანიშნავია, რომ არც ილიას ციტირებულ წერილში, არც კოხტა აბხაზის მოგონებაში და არც გრ. ყიფშიძის მიერ დაწერილ ილიას ბიოგრაფიაში არ ფიგურირებს ილიას სტუდენტობის დროინდელი ამ «ტრფობა-გატაცების» (და, შესაბამისად, - ილიას მითითებული ლექსების ადრესატის) სახელი. ეს სახელი - სოფიო , - როგორც უკვე ითქვა, ილიას თხზულებათა 1914 წლის გამოცემის შენიშვნებში იქნა მოხსენიებული, შემდეგ კი ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაშიც ფართოდ გავრცელდა შეხუდულება, რომ ილიას ზემოდასახელებული ლექსები («ს..ჩ....სას» და «ჩ....სას») «დაწერილია სოფიო ჩაიკოვსკისაზე, რომელიც ილიას უყვარდა სტუდენტობის წლებში» და რომელიც «არის დაი ცნობილი რუსი კომპოზიტორის ჩაიკოვსკისა» (იხ. 1925- 1951 წწ. გამოცემების სარედაქციო შენიშვნები).

უკვე 1937 წელს გამოითქვა დაეჭვება აღნიშნული შეხედულების თაობაზე: «უნივერსიტეტში ყოფნის პირველ წელსვე,- წერდა ი. ბალახაშვილი, - ილია გაიეცნო და დაუახლოვდა გენარალ ჩაიკოვსკის ასულ სოფიოს. ილიას ბიოგრაფები ერთხმად აღიარებდნენ, თითქოს ეს სოფიო იყო და ცნობილ კომპოზიტორის პ.ი. ჩაიკოვსკისა. კომპოზიტორის ბიოგრაფიასთან გაცნობისას გამოირკვა, რომ ილიას სატრფო არ არის მისი და: იხ.კომპოზიტორის ძმის მ. ჩაიკვოსკის სამტომიანი გამოკვლევა «Жизнь Петра Ильича Чайковского» (ი. ბალახაშვილი , ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა, თბ., 1937, გვ. 62); ხოლო 1978 წელს შ. ალხაზიშვილმა წამოაყენა მოსაზრება, რომ «ილია ჭავჭავაძის სამი სატრფიალო ლექსის ადრესატი სოფიო ჩაიკოვსკაია კომპოზიტორ ჩაიკოვსკის ბიძაშვილია და არა ღვიძლი და» («ილია ჭავჭავაძის სამი ლექსის ადრესატის დაზუსტებისათვის», - «სახალხო განათლება», 1978, 8. XII, № 88).

მართლაც, დიდი რუსი კომპოზიტორის პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკის დათაგან უფროსს ზინაიდა ერქვა (1929-1978 წწ.), უმცროსს - ალექსანდრა (1842- 1891 წწ.), ხოლო სოფიო (1833-1888 წწ.) რქმევია პ.ი. ჩაიკოვსკის ბიძაშვილს - ერთ-ერთ ქალიშვილს გენერალ პეტრე პეტრეს ძე ჩაიკოვსკისა (1788-1871 წწ.), რომელიც კომპოზიტორის მამის, გენერალ ილია პეტრეს ძე ჩაიკოვსკის (1795- 1880 წწ.) უფროსი ძმა იყო. ამრიგად შ. ალხაზიშვილის მოსაზრება ილიას ზემოაღნიშნული ლექსების ადრესატის ვინაობის თაობაზე დამარწუმუნებელი ჩანდა.

მაგრამ უკანასკნელ ხანებში აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებაც გამოითქვა. კერძოდ, ჯ. მუჯირის მხატვრულ ნარკვევში - «შროშანების ფიანდაზი», ჭაბუკი ილიას სატრფოდ პ.ი. ჩაიკოვსკის უმცროსი და - ალექსანდრაა გამოყვანილი (თუმცა, საამისოდ, რაიმე არგუმენტები არ არის მოხმობილი (იხ. მუჯირი, შროშანების ფიანდაზი, გაზ. «თბილისი», 1982 წ., 10 IX), ხოლო გ. შარაძემ ყურადღება მიაქცია იმ ფრიად საგულისხმო ფაქტს, როგორც ეს არაერთგზისაა აღნიშნული პ.ი. ჩაიკოვსკის ძმის, მ.ი. ჩაიკოვსკის ზემოთ მითითებულ ნაშრომში («ცხოვრება პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკისა», ტ. I - III, მოსკოვი-ლაიფციგი, 1903 წ.), «ალექსანდრა ჩაიკოვსკაიას ყმაწვიქალობაში საშას, საშენკას, სანიას, სანიუშას ეძახდნენ», და გამოთქვა ვარაუდი, რომ «თუ სანდოა კოხტა აფხაზის ცნობა (დაეჭვებისათვის კი არავითარი საფუძველი არ არსებობს) გენერალ ჩაიკოვსკის ასულისა და გენიალური რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის დაზე პეტერბურგში სტუდენტობისას ილია ჭავჭავაძის გამიჯნურების შესახებ, მაშინ უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს ყოფილა ალექსანდრა, იგივე საშა, ჩაიკოვსკაია (და არა სოფიო ჩაიკოვსკაია), რაც ემთხვევა კიდეც ილიას ლექსის სათაურში მოცემულ ინიციალებს: «ს[აშა] ჩ[აიკოვსკი]სას» (გ. შარაძე, ილია ჭავჭავაძე და ჩაიკოვსები, გაზ. თბილისი, 1886, 17. XII, № 289). ეს ვარაუდი, ვფიქრობთ, ადეკვატურად გამოხატავს რეალურ ვითარებას.

გარდა ილია ჭავჭავაძის ზემოდასახელებული ლექსებისა, ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, ს. ჩაიკოვსკაიასადმია მიძღვნილი, აგრეთვე, ილიას ლექსი «ჩემო მკვლელო» (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. X, სარედაქციო შენიშვნები, გვ. 472). მართალია, პირდაპირი ცნობა ასეთი შეხედულების სასარგებლოდ არ მოიპოვება, მაგრამ, ჩანს, ეს მართლაც ასე უნდა იყოს. ოღონდ ამ შემთხვევაშიც მითითებული ლექსის ობიექტად უნდა მივიჩნიოთ არა სოფიო პეტრეს ასული ჩაიკოვსკაია, არამედ ალექსანდრა ილიას ასული ჩაიკოვსკაია.