The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე

თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე

Его стихов пленительная сладость
Пройдет веков завистливую даль.
                                               პუშკინი.


მისი ლექსი შვებით, ლხენით
ხან მეჯლისში შეჰფრინდება,
გულს ჩაეკვრის, ჰლაღობხ, ჰხარობს,
გამღერებს და ამღერდება;

ხან ღონდება ნაზ ქალსავით
უიმედო სიყვარულით,
ხან იფეთქებს ჭაბუკსავით
და განდევნის სევდას გულით;

ხან ბუჩქებში მიმალული
ჰზის მარტო, ვით იადონი,
შეჰყეფს ვარდსა გულსაკვდავად
ტრფობის ისრით განაწონი;

ხან ჰრბის ველად, მარტო ჰგალობს
უდაბნოში, ვითა მწირი,
შეჰკვნესს შავ ბედს ქვეყნისასა,
ქვეყნისათვის ანატირი;

ხან დაჰყურებს ნაღვლიანად,
დაფიქრებით გოგჩის ტბასა
და ემდურის მწვავის მოთქმით
დაუნდობელ დროთ ბრუნვასა.

16 ივლისს, 1860.
პავლოვსკი.

 

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფები - კრებ. № 108, გვ 116 (B) და გვ. 171 (C), № 109 (D).

ნაბეჭდი:

ჟურნ. «ცისკარი», 1861, № 4 გვ. 517 (E), თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 85. (A), სიტყვების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 575.

სათაური:

ალექსანდრე ჭავჭავაძე BCD.

თარიღი:

1860 A; 16 ივლისს, 1860 წ., პავლოვსკი B; 15 ივლისს, 1860 წ., პავლოვსკი E; - CD.

ხელნაწერი:

*** D ილია ჭავჭავაძე E.

პირველი ნაბეჭდი (E) მისდევს B ავტოგრაფს, რომელიც ლექსის პირველ ვარიანტს წარმოადგენს. იგი ოთხი სტროფისაგან შედგება. 1892 წლის გამოცემას (A) და «სიტყვიერების თეორიაში» კი ტექსტი CD ავტოგრაფების მიხედვითაა დაბეჭდილი. ეს ლექბსის მეორე ვარიანტიაა, რომელიც ამავე დროს ავტორის ბოლო ნებას გამოხატავს (შედგება ხუთი სტროფისაგან).

BE ვარიანტი საგრძნობ სხვაობას იძლევა მეორე ვარიანტთან შედარებისას, ამიტომ ვბეჭდავთ ქვემოთ მთლიანად:

შიმისი ლექსი სუბუქ ფრთითა
ხან მეჯლისში შეჰფრინდება,
გულს ჩაგეკვრის, გაილაღებს,
მხიარულად ამღერდება.

ხან ღონდება ნაზ ქალსავით
უიმედო სიყვარულით.
ხან იფეთქებს ჭაბუკსავით
და განდევნის სევდას გულით.

ხან რბის ველად, მაღალ კლდეზედ
ზის მარტო, ვით იადონი,
ისმის მღერა ბუნებური,
ვით ბუნება მოსაწონი.

ხან დაჰყურებს ღრუბლიანი
დაფიქრებით გოგჩის ტბასა
და ემდურის ყარიბ მღერით
დაუნდობელ დროთ ბრუნვასა.

E-ში განსხვავებულია სამი ფორმა: 3 ჩაეკვრის; 9 ჰრბის; 14 გოქჩის.

E ტექსტს, B-სგან განსხვავებით, იმის ნიშნად, რომ ერთი სტროფი აკლია, მრავალწერტილი უზის.

C მეორე ვარიანტია. იგი უთარიღოა, მაგრამ მოთავსებულია ავტოგრაფ[1]კრებულის ბოლო ნაწილში (გვ. 117), სადაც 1872 წელს დაწერილი ლექსებია, ე.ი. C ტექსტი გვაინდელია. ამას ადასტურებს აგრეთვე ავტორის კალიგრაფიაში მომხდარი ცვლილებანი. C ტექსტი უფრო მოგრძო ასეობით არის ნაწერი, როგორც კრებულის ბოლო ნაწილში მოთავსებული სხვა ლექსები (კრებულის დასაწყისში კი ასოები უფრო მომრგვალებულია). მოგრძო ასოებით წერა ილიამ გვიანდელ პერიოდში დაიყო.

D ავტოგრაფი თითქმის C-ს გამეორებას წარმოადგენს. იგი შავი მელნითაა ნასწორები, ზედ აჩნია სტამბის საღებავის ლაქები და ფანქრით აწერია ანაწყობი შრიფტის დასახელებანი.

CD ავტოგრაფები, როგორც აღვნიშნეთ, საფუძვლად დაედო ავტორის ბოლო ნების გამომხატველ ტექსტს (A-ს). CD ავტოგრაფების შედარება A-სთან ასეთ ნაირწაკითხვას იძლევა:

98: 2 შეჰფრინდება] მოფრინდება CD. 3 ჩაეკვრის] ჩაგეკვრის C; ჰლაღობს, ჰხარობს] ლაღობს, ხარობს CD. 4 C-ში, ნაცვლად სიტყვისა «გამღერებს», ჯერ ეწერა «მხიარულად», გადახაზულია. 11 C-ში, ნაცვლად სიტყვისა «შეჰყეფს», ჯერ ეწერა «შეჰკვნესს», გადახაზულია; ვარდსა] სატრფოს D (ჯერ ეწერა «თვისავ», გადახაზულია).

99. 1 D-ში ნაცვლად სიტყვისა «მარტო» ჯერ ეწერა «ჰკვნესს და», გადახაზულია. 8 დაუნდობელ] დაუდგრომელს C (ჯერ ეწერა «დაუნდობელ», გადახაზულია). შემდეგ D-ში და ნაბეჭდებში ილიას კვლავ «დაუნდობელ» აღუდგენია.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 წლის გმოცემაში (ტ.I, გვ. 42) ავტორის ბოლო ნება (A) დაცულია, გარდა ერთი შემთხვევისა: მე-3 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა «ჩაეკვრის», დაბეჭდილია «ჩაგეკვრის», რომელიც შემდგომ უცვლელად განმეორდა ყველა გამოცემაში. 1937 წლიდან კი ტექსტში ამასთან ერთად ასეთი ცვლილებები შეინიშნება:

ვარიანტებიდან შეტანილ იქნა «მოჰფრინდება», ნაცვლად სიტყვისა «შეჰფრინდება» (ალბათ, შესაბამისად სიტყვისა «ჩაგეკვრის»).

ამრიგად, ნაცვლად ილიას ბოლო ნების გამომხატველი სტრიქონებისა:

 

«ხან მეჯლისში შეჰფრინდება,

გულს ჩაეკვრის, ჰლაღობს, ჰხარობს»,

მივიღეთ:

 

«ხან მეჯლისში მოჰფრინდება,

გულს ჩაგეკვრის, ჰლაღობს, ჰხარობს».

III სტროფის მე-3 სტრიქონში D-დან შემოტანილია «სატრფოს» («შეჰყეფს სტროფს გულსაკლავად») «შეჰყეფს სატრფოს»-თან შედარებით უფრო სწორია ავტორის ბოლო ნება: «შეჰყეფს ვარდსა». IV სტროფის 1-ლ სტრიქონში «მარტო» შეცვლილია სიტყვით «მარტოდ». ბოლო სტროფის მე-4 სტრიქონში C-დან შემოტანილია «დაუდგრომელ» ნაცვლად სიტყვისა «დაუნდობელ» (ამის შესახებ იხ. ზემოთ, ვარიანტები). საერთოდ, ამ ლექსის მიმართ ავტორის ბოლო ნება იმდენად გამოკვეთილია, რომ მისი ნებისმიერი შეცვლა დაუშვებლად მიგვაჩნია.

ჩვენ ავტორის ბოლო ნებად A ტექსტს ვთვლით და წინამდებარე გამოცემაში ეს უკანასკნელი დავბეჭდეთ. ასეთი სახით ლექსი 1914 წლის გამოცემაში გამოქვეყნდა (გვ. 61.

აღსანიშნავია მწერალი ქალის ბარბარე ჯორჯაძის წერილი «თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ» (დაიბეჭდა 1861 წ., ჟურნ. «ცისკარის» მაისის თვის №5), რომელშიც ავტორი, სხვა საკითხებთან ერთად, ამ ლექსის პირველ პუბლიკაციასაც ეხება. იგი წერს:

«მისი ლექსი სუბუქ ფრთითა
ხან მეჯლისში და სხვ...

სწორეთ მოგახსენოთ. არ ვიცი, რის თქმა ნდომია. სიტყუა ესე «სუბუქ» ქართული არ გახლავსთ - ამის მზგავსი სიტყუა გვაქუს, მართალია, მაგრამ ის სიტყუა «სუბუქ» კი არ გახლავსთ და «სუბუქი» კი. რომ ეთქო, «სუბუქი ფრთითა», თუმცა «ფრთითა» შეცთომაა, რადგანაც «ფრთით» მხოლოობით რიცხჳა და არა რომელიმე არსება არ არის, რომ ერთის მხოლობითის ფრთით დაფრინამდეს, მაგრამ არა ჩუჱნ შეუტყეთ, საბუქის ფრთით, ანუ სუბუქის ფრთებით რომ დაეწერა, მარცუალი მეტი მოუვიდოდა და ლექსად აღარ გამოუვიდოდა.

ხან დაჰყურებს ღრუბლიანი
დაფიქრებით გოგჩის ტბასა...

ვის გაგიგონიათ... ითქუას ღრუბლიანი დაჰყურებს. მოღრუბლული დაჰყურებს შეიძლება... ღრუბლიანი დაჰყურებს კი პირუჱლი გაგონებაა!» (გვ. 57-58).

ჩანს, ილიამ ყურად იღო ეს შენიშვნები და ლექსის მეორედ გამოქვეყნებისას (1892 წ.) ტექსტში მითითებული ადგილები შეცვალა (ისე, როგორც წინამდებარე ტომშია).

ლექსს ვათარღებთ B ავტოგრაფის მიხედვით.

ასეა დათარიღებული ეს ლექსი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 წლის გამოცემაშიც («16 ივლისი, 1860 წ. პავლოვსკი»), როგორც პირველი ვარიანტი ლექსისა (E), ასევე მეორე რედაქციაც (A) ხოლო 1951 წლის გამოცემაში ასეთი დათარიღება მხოლოდ ლექსის პირველ ვარიანტს აქვს, ბოლო რედაქციას კი (ძირითად ტექსტს) თარიღად უზის: «1860 წ.» 1914 წლის გამოცემაში ლექსის ძირითადი ტექსტიც და ვარიანტიც 1860 წლის 16 ივლისითაა დათარიღებული. მითითებულია ლექსის დაწერის ადგილიც. - პავლოვსკი (იხ. სარჩევი, გვ. II, V).

ლექსის ეპიგრაფად გამოყენებული სტრიქონები აღებულია დიდი რუსი პოეტის ა.ს. პუშკინის (1799-1837 წწ.) ლექსიდან «К портрету Жукоского».

გოგჩის ტბა : იგივე სევანის ტბა (სომხეთის სსრ).

გოგჩის ტბა ილიას ნახსენები აქვს ალ. ჭავჭავაძის ცნობილ ლექსთან («გოგჩა») დაკავშირებით.