The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ხეიბარი ბაბილონის კედელთან


ხეიბარი ბაბილონის კედელთან


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: მეგრელიშვილი გურამ
თარიღი: 2020



მ|მეგრელიშვილი გურამ

1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ძლევამოსილი დარიოს დიდი წელიწადი და შვიდი თვე იდგა ბაბილონის კედლებთან. ქალაქელები უთენია გადმოდგებოდნენ ხოლმე გალავანზე და გამოსძახებდნენ მტრის ჯარს „რას დამდგარხართ აქ ჯორებივით? უმალ ჯორი იმშობიარებს, ვიდრე თქვენ ამ ქალაქში ფეხს შემოდგამთ, წაეთრიეთ სახლებში, ცოლებთან!“

დარიოსი, ეს გენიალური სტრატეგი და ალბათ ავადმყოფურად სკრუპულოზური მმართველი, ჯავრით მაჯებს იკბენდა, მაგრამ ვის ანახებდა თავის დარდსა და დამცირებისგან გამოწვეულ წუხილს? იჯდა ქალაქისგან ოდნავ მოშორებით ბორცვზე აღმართულ კარავში და საკუთარ თავზე ბრაზობდა, როგორ გამოეპარა, რომ სატრაპთაგან ყველაზე მორჩილებმა, თვითმარქვია ნაბუქოდონოსორს აყოლილებმა, აჯანყება გაუბედეს და მერე როგორ გაუბედეს? 2 წელი ემზადებოდნენ დღისთვის, როცა ყველაზე ძლევამოსილ მეომარს თავსლაფს დაასხამდნენ და ბოგანოც კი გაუბედავდა ქალაქის კედლიდან გადმოძახებას: „უმალ ჯორი იმშობიარებს, დარიოს, ვიდრე...“

მაღაზიაში რომ დიდი რიგები დადგა და ხალხმა ერთმანეთს ეჭვის თვალით დაუწყო ცქერა, მაშინ მივხვდი, არ იყო საქმე კარგად. მე იმ თაობისა ვარ, ასეთი რამეები გამოვლილი რომ აქვს. პურის რიგში ღამე გამითენებია და სახლში უპუროდ წამოვსულვარ, რადგან ვიღაცები ყოველთვის გამოჩნდებოდნენ, უკანა კარებიდან რომ გაზიდავდნენ ხოლმე კარდონის ყუთებში ჩალაგებულ, ღმერთმა უწყის, რა ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარ პურებს. მე ასეთები დები მახსოვს, ორნი იყვნენ. ისინი რომ მაღაზიასთან გააჩერებდნენ მანქანას, ვიცოდი, ხმელა ლობიოს ჭამა უპუროდ მომიწევდა. მაღალი ქალები იყვნენ, ასე 50-53 წლისები, ერთს ქერად ჰქონდა შეღებილი თმა, მეორეს მოწითალოდ.

ხალხი გაგულისდებოდა ხოლმე მაგათ დანახვაზე, მაგრამ ყურადღებასაც არავის მიაქცევდნენ, გამგე გააღებდა კარებს, შევიდოდნენ და პურის დაცლილ მანქანაში უკან ალაგებდნენ მრგვალ ყუთებს. გამგე კი დაიძახებდა: „სხვა მაღაზიისაა ესა, იქაც ხალხია, იქაც ელოდებიან პურსო“. რომელიმე გამწარებული მიაძახებდა ამ ორ დას, ეგრე უშვილოები ამოწყდით ორივენი, პურის მომწოდებელი არ გეღირსოთ არც ერთსო.

ყურს არ შეიბერტყავდნენ და მიდიოდნენ.

დიდი რიგები დადგა კორონა ვირუსის გამო გამოწვეული პანდემიის გამოცხადებისთანავე. ხალხში სადღაც დალექილმა შიმშილის მოლოდინმა გაიღვიძა და მოიმარაგეს, მაგრამ რა მოიმარაგეს, დამფრთხალი თვალებით მომზირალი ხალხი მაღაზიების რიგში ჩადგა და დახლების დაცარიელებას შეუდგა, ემანდ შიმშილმა სული არ ამოგვხადოს და თუ გადარჩენა იქნება, ჩვენ მაგივრად სხვა არ გადარჩესო.

დარიოს დიდს, ამ დაგეგმვისა და განხორციელების დიდოსტატს, ჯაშუშების ქსელის უბადლო დამნერგავს და განხეთქილების საუკეთესოდ ჩამომგდებს მაინც გამოეპარა. გამოეპარა, როგორ დაგეგმეს ბაბილონელებმა აჯანყება და როგორ მოიმარაგეს ხუთი წლის სამყოფი საკვების მარაგი.

კაცმა არ იცის, ვინ იყო ის ნაბუქოდონოსორ მესამე, მაგრამ დიდი გაქექილი ვინმე უნდა ყოფილიყო - დარიოსის გაქანების კაცი. ისე დაუგეგმავს აჯანყება, როგორც სიკვდილზე მიმავალ კაცს ეკადრება: ბაბილონელ მეომრებს მხოლოდ დედისა და ერთი საყვარელი ქალის ქალაქში დატოვების უფლება მისცეს, დანარჩენები კი, ზედმეტი პირები და მუქთამჭამელები, ქალაქიდან გაყარეს, გაყარეს და საკუთარ ბედს დაელოდნენ, სანამ ჯორი ჯერ არ დამაკდებოდა და მერე არ იმშობიარებდა.

სამი თვეც არ გასულა, რაც სახლებში გამოგვკეტეს მთელი მსოფლიო, ასე აჯობებს თქვენი უსაფრთხოებისთვისო, ასე უნდა იყოთ იქამდე, სანამ ვირუსს არ დავამარცხებთ, ეს კი კაცმა არ იცის, როდემდე გაგრძელდებაო. ბაბილონიდან გადმომდგარი მეციხოვნეებივით ისმოდა ტელევიზორში: „სანამ ჯორი იმშობიარებს, მანამ მოგიწევთ ასე შიშში და კანკალში უხილავი მტრის ლოდინი და იქნებ ზოგიერთი თქვენგანი გადარჩეს კიდევაცო.“

ყველაზე მეტად რამაც შემაშინა, შიში იყო იმ ახლობელი ადამიანების თვალებში, აფთიაქის ან მაღაზიის კართან, ქუჩაში ან ლიფტში რომ გადავაწყდებოდი ხოლმე. ადამიანი ადამიანს გაუუცხოვდა და ადამიანს ადამიანის თანაარსებობის შეეშინდა, ეს კი ყველა ვირუსსა და ინფექციაზე საშიში სანახავი აღმოჩნდა ჩემთვის.

საკუთარ თავებში ჩავიკეტეთ და მოსალოდნელ, ხელშესახებ სიკვდილზე ფიქრმა ბევრი რამ დაგვანახა.

ადამიანი ისეა მოწყობილი, ვერასოდეს წარმოიდგენს, რომ თვითმფრინავი, რომლის ბილეთის აღებისასაც ძალიან გაუმართლა და იაფად იშოვა, მაინცდამაინც ის თვოიმფრინავი აღმოჩნდება, რომელიც უნდა ჩამოვარდეს; არც იმაზე ფიქრობს, რესტორანში სოკოს რომ უკვეთავს, შეიძლება მომწამვლელი აღმოჩნდეს მისთვის; აპენდიციტის „მარტივი“ ოპერაციიდან დანამდვილებით ცოცხლად გამოსვლისა სჯერა და სამშობიაროში ცოლის პალატასთან მდგომს, არც კი უნდა აზრად გაივლოს, რომ ქალი ნახევრად სიკვდილს ჰყავს გულში ჩაკრული. ალბათ ასეც უნდა იყოს, ეს ჩვენი თავდაცვის მექანიზმია და ჩვენი ფსიქიკა სხვაგვარად, უბრალოდ, გადაიწვებოდა, რაღაც ამბებს მექანიკურად რომ არ ასრულებდეს, მაგრამ COVID 19-ის, ამ ვერაგი ვირუსის, გამოჩენამ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა, ახლა უკვე ყველას, ვისაც წამოახველებდა, თავი ქარონის ნავზე წარმოედგინა და, რაც უარესია, მის გვერდში მყოფსაც ამ ნავში მჯდომობა ეგონა საკუთარი ხვედრი.

ბაბილონელებს კი რაც არ წარმოედგინათ, ის აუხდათ: ყველაზე სახელგანთქმული სპარსი მეომრის, ზოპირუსის, ჯორმა იმშობიარა. ზოპირუსმა არც ყურს და მერე თვალსაც არ დაუჯერა, როცა მონამ მოახსენა, თქვენს თავლაში ჯორი დაორსულდაო. ათჯერ მაინც ნახა ცხოველი და როცა დარწმუნდა, ყველას ხმის გაკმენდა უბრძანა, ხოლო როცა ჯორმა ნამდვილად იმშობიარა, თავი გადაიპარსა, ცხვირი და ყურები მოიჭრა, თავი გაიშოლტა და ასე დამახინჯებული წარდგა საყვარელი მეფის, დარიოს დიდის წინაშე.

ვირუსმა მსოფლიო ჩაკეტა. ვინ წარმოიდგენდა, თუ ისეთივე მარტივი იქნებოდა დედამიწის ოთხივ კუთხის ჩაკეტვა, როგორც მაცივრის კარების ჩაკეტვაა. ან იმას, ხალხი რომ დაუჯერებდა თავის საყვარელ ან არცთუ ისე საყვარელ ხელისუფლებას და საკუთარ ბუნაგში ნებაყოფლობით შეიმალებოდა? სირიაში ალეპოს ბაზარი დაბომბვის დროსაც კი არ შეჩერებულა, პანდემიის დროს კი შეშინებულმა მოქალაქეებმა ვაჭრობაზე უარი განაცხადეს და ნახევრად დანგრეული ქალაქის სარდაფებში ვირთხებივით ჩაიმალნენ.

დარიოსმა თავში ხელი შემოიკრა საყვარელი მეგობრის დანახვისას, ჭკუიდან შეიშალეო, დაუყვირა ერთგულ კაცს, სპარსთა შორის ყველაზე გამორჩეულის სახელი რომ ჰქონდა.

ზოპირუსმა ჯორის ამბავი დამალა და მეფეს აუწყა, ჩვენი გამარჯვებისთვის მხოლოდ ეს გზა დამისახავს, აჰურა მაზდა შეეწევა შენს გამარჯვებას და ამ გზაზე, ჩემი ცხვირი და ყური რა მოსატანიაო.

ოჰ, შე სულელო ადამიანო, საკუთარი თავის დამახინჯება რომ ომებს იგებდეს, ფრაორტი ევფრატის სანაპიროზე ყველა სახელმწიფოს დაიმორჩილებდა, ჩვენი 20 სატრაპიდან კი ყველაზე სუსტი სომხეთიც კი წარბის თმაზე ადვილად მოგვიშორებდა თავიდანო! - შეუძახია დარიოს დიდს, მაგრამ როგორც მთხრობელთა შორის ყველაზე დიდი მთხრობელი ჰეროდოტე ყვება, ზოპირუსი შეუვალი ყოფილა და თავისი მზაკვრული გეგმა მოუყოლია სპარსეთის დიდი მეფისთვის.

უეცარ შიშს ერთი უცნაური თვისება აქვს, თავზე მეხივით დაგეცემა და მერე ეგუები. ყველაზე ცუდი ამბავიც კი არაფრად გეჩვენება, როცა ინსტინქტური მოქმედებებიდან გააზრებულ მოქმედებაზე გადადიხარ. პირველმა ეფექტმა მას შემდეგ გაიარა, რაც ფსიქოლოგიური სტრესის პიკზე მყოფმა ადამიანებმა სიკვდილის რეალურად მოახლოების აზრთან შეგუება დავიწყეთ. პერ ლაგერკვისტის მოთხრობის „სიკვდილის ანგელოზის“ პერსონაჟი უპიროვნებო ხალხის თქმისა არ იყოს, ჩვენც, ზაფრაგადავლილებმა და რაღაცნაირად დაბეჩავებულებმა ამ გაურკვევლობით, შეგუებით თუ სულერთობით ამოვთქვით: „ისედაც ვიცი, რომ მოვკვდებით. რა მერე?“ და ეს ამოოხვრა თუ ამოსუნთქვა შვებასავით იყო. ვინ ოხერი ვირუსი, ისეთები უნახავს ადამიანს, ისეთებს გადარჩენილა კაცობრიობა, ადამიანი ხომ თავისი ბუნებით ქვაზე მტკიცე და წყალზე შეუკავებელია. სიცოცხლის სურვილს რა მოერევა, რომელი შიში და რომელი სიკვდილი? რა არ ვნახეთ, რა არ გამოვიარეთ და ეს კოლექტიური არაცნობიერი...

შეშინებული ხეიბარი მიადგა ბაბილონის კარს. ვერც იცნეს. როცა იცნეს სამხედრო საბჭოს წინაშე წარადგინეს ლტოლვილი.

ზოპირუსი კანკალებდა. ლაპარაკი უჭირდა და რამდენიმე დღე აზრი ვერ გამოიტანეს მისი მონაყოლიდან.

თუკი ყველაზე სახელოვანი სპარსი ასე დასაჯეს, ასე დაუნდობლად, განა ჩვენ რას გვიზამს დარიოსი, ეკითხებოდნენ ქალაქელები ერთმანეთს და თანაგრძნობით უყურებდნენ თლისას მიტოვებული ჯოხივით გაჩორკნილ ადამიანს.

მცირე რაზმი მანდეთ და მე განახებთ როგორ უნდა დარიოსის ატირება, იდაყვებს იკბენდა ზოპირუსი. განა ეჭვით არ იყვნენ ბაბილონელები, მაგრამ მაინც ენდნენ, აკვირდებოდნენ, მცირედზე გამოსცადეს.

ათასი სპარსი სამ საათში სარეველასავით მოცელეს ბაბილონელებმა. ათასივეს ხანჯლის მეტი არა ებადათ რა, მაგრამ ვინ იცოდა, რომ ეს გეგმის ნაწილი იყო. ათასი „უკვდავი“ იმ დიდი გეგმის ნაწილი უნდა ყოფილიყო, ზოპირუსმა რომ გაანდო დარიოს დიდს, ბოლოს რომ ძმებივით გადაეხვივნენ, იმ დღეს.

ათასი სპარსი ათი დღე ყრლოდებოდა ბაბილონის კართან, მერე კი ორი ათასი სპარსი მოვიდა. ისინიც ზოპირუსის რაზმმა დახოცა ისე, მანგუსტი რომ კლავს სასოწარკვეთილ გველის წიწილებს.

კაცმა არ იცის, როგორ შეარჩიეს ეს „საზარბაზნე ხორცი“, ჰეროდოტე ასეთ წვრილმანზე აღარ ცდება, მხოლოდ იმას ყვება, რომ კიდევ ათი დღის შემდეგ ოთხი ათასი სპარსი მიადგა ბაბილონს.

ამ დროისთვის ზოპირუსს დიდი სახელი ჰქონდა გავარდნილი. სპარსთა შორისაც საუკეთესო მხედართმთავარი, ახლა ჩვენი, სიმართლის მხარეს იბრძვის და იმიტომაც იმარჯვებსო.

ბაბილონის კედლებზე ახლა ქალებიც ადიოდნენ და მღეროდნენ „სანამ ჯორი არ იმშობიარებს, მანამდე იდგები მანდ, დარიოს, ო, დარიოს, დარიოს!“

ჯორის გაჩენილი ჩოჩორი კი რამდენიმე თვისა იყო და საიდუმლოდ იზრდებოდა ზოპირუსის თავლაში, კარგ თივას ჭამდა და არც არანაირად ადარდებდა გველის ხვრელში ჩაპარული მისი ბატონის ბედი.

ოცდაათი დღის შემდეგ დარიოსი მთელი თავისი ჯარით მიადგა ბაბილონის კედლებს. მეომრების ჩრდილი ქვიშაზე მეტი იყო, მათ ხვატში წამოსულ ოფლში კი თევზები მრავლდებოდნენ.

ასეთი რისხვით დარიოსი არცერთ ბრძოლაში არ წასულა. ბაბილონის ქალაქის ყველაზე დაუცველი კარების გასაღები კი სახელოვანი დამცველის, ზოპირუსის, ჯიბეში იდო.

მალე ამ ავად სახენებელი ვირუსის წამალს გამოიგონებენ. წლები გავა და ყველაფერი დაგვავიწყდება. ადამიანის ბუნება ასეთია - უნდა დაივიწყოს, რომ გადარჩეს და სვლა გააგრძელოს, უნდა დაივიწყოს, მაგრამ კი არ ამოშანთოს, საჭირო დროს ამოიტივტივოს გონებასა და გულში, რომ ერთხელაც აუცილებლად დადგება დრო, როცა კაცობრიობას ერთადერთი ვაქცინა, მოძმისთვის თავის განწირვის სურვილი გადაარჩენს.