The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

კატები და ანგელოზები, ანუ სიცოცხლის მომკელები


კატები და ანგელოზები, ანუ სიცოცხლის მომკელები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გოგოლაძე მაია
თარიღი: 2020



გ|გოგოლაძე მაია

1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ვასიკომ წიგნის წერა იმ დღეს დაიწყო, როცა ქალაქიდან კატები გაქრნენ. გაზაფხული იწყებოდა და ქარი ერთმანეთის მიყოლებით ერეკებოდა მარტის გამლღვარ დღეებს. ვასიკოს ისე აღარ ეზარებოდა დილით გაღვიძება და კატებისთვის წინა დღით მეზობლებისგან აგროვებული საჭმლის გატანა. მეზობლებს ასე ეუბნებოდა: კატები ანგელოზებივით არიან. მთელი ღამე ქალაქში დაფრინავენ, გათენებისას კი შიათ. მომეცით რამე... მეზობლები საჭმლის ნარჩენებს გაწვდილ პარკში უყრიდნენ.

იმ დილით, ქუჩაში გასულმა, ვერ დაინახა ვერც ერთი ჭრელი ზურგი, ვერც ერთი აპრეხილი ზოლიანი კუდი და ვარდისფრად გაღებული პატარა ხახა... არავის დაუკნავლია, არავინ აკვრია ფეხზე.

- კატები, კატები, - ჩაესმა ვასიკოს ანგელოზის ხმა. ანგელოზი თავზარდაცემული იყო. ღრუბელში გახვეული დასრიალებდა ზემო ვაკის კორპუსებს შორის. არსად ისხდნენ კატები, არც სახურავებზე, არც ეზოებთან, არც ბუნკერის თავზე... ვასიკო სირბილით ჩაუყვა ქუჩას ვაკის პარკამდე. ნაბიჯები აეხლართა, ტილოს ჩანთა ხელიდან გაუვარდა და გუშინდელი ნაგროვები ძეხვის ნაჭრები და თევზის ჩონჩხები წინა საღამოს ნაჩქარევად დაგვილ ტროტუარზე მიმოეფანტა. მაუდის პალტოზე ღილები შეიხსნა, დაიხარა და შეგროვება დაიწყო.

განგაში, განგაში! - ჩუმად ამბობდა ვასიკო. - სად არიან კატები?

სიგიჟე წიგნებიდან იწყება... არა, სიგიჟე დიდი წიგნებიდან იწყება. დარაბებს მიღმა მიჩუმებული ქალაქი ახლა სიკვდილს ემალება და ყველასთვის ცხადია, რომელია დიდი წიგნი. ის სიკვდილზეა. ყველა დიდი წიგნი სიკვდილზეა... და სიკვდილის შემდეგ გათენებულ დილაზე... თუმცა, ამ ქალაქში არასდროს სცემდნენ პატივს დილას. აქ თერთმეტი საათი ადრინი დილაა, თორმეტი - ჯერ კიდევ დილა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო, სანამ ქალაქს ბოროტი ქადოქარი მალამბრუნი სიკვდილით მოაჯადოებდა. და მაინც, აქ ახლაც ნელა და შეუმჩვევლად თენდება. რა წყალობაა ეს რბილი შუქი, ზანტად რომ მოედება დაძინებულ ფანჯრებს... რა წყალობაა შუქი, რომელიც თვალს არ გჭრის, არ გაშინებს და არ გკლავს... შუქი, რომელიც მიგანიშნებს, რომ ეს ის დილა არ არის, სიკვდილის შემდეგ რომ დგება.

ძველებურად აღარ იწყება დღე. დილაობით ჯიპები აღარ გამოცურდებიან ქუჩებს მოდებული მტვრის ნისლში. აღარ იხსნებიან აქა-იქ მაღაზიების დახშული შესასვლელები. აღარც მერსი აღებს თავისი მაღაზიას. ეჰ, ვინღა იყიდის მერსის ქურქებს სიკვდილის მოლოდინში...

აქამდე უხმაუროდ ქროდა ქარი, ზურგსუკან იყო იანვარი, ზამთარი დაზარებით ისუსხებოდა. ზოგჯერ თავგაბეზრებული სისხლისფრად ახარხარდებოდა და ანთებულ მზეს გადმოაგორებდა პირიდან. მზე ხტუნვა-ხტუნვით ეშვებოდა თავდაღმართებზე: სისხლისფერი, წითელი, ალისფერი, შემდეგ ოქროსფერი და ბოლოს სულ მთლად ყვითელი ეშვებოდა თოლიებით აჭყივლებულ მდინარეში, გზადაგზა ოქროსფერ მტვერში ახვევდა ქალაქს.

ადამიანები კი - ქუჩაში მოსიარულე მილიონი ადამიანი: ჩანთააკიდებული დიასახლისები, გართობასა და სიამოვნებას ჩასაფრებული გოგო-ბიჭები, საკუთარი მნიშვნელოვნების სადარაჯოზე დატანჯული მამაკაცები, ოცნებებსა და გრძნობებს ჩაფრენილი, მხიარული და გულდამძიმებული ახალგაზრდა ქალები, დამფრთხალი, თავგასული, მიუსაფარი და საწყალი ბავშვები, კმაყოფილი, გაბოროტებული, თავზეხელაღებული, იმედგაცრუებული და ხელებდაკაპიწებული ადამიანები - თავის მილიონ გულში მილიონ სამოთხეს აშენებდნენ, თითო გულში - თითო სამოთხეს, საკუთარ, სიცოცხლეს მორგებულ სამოთხეს, რომელსაც ახლა შიშით დაჰკანკალებდნენ, რომელიც ახლა ოთახში შემოფრენილი დამფრთხალი ჩიტივით აწყდებოდა ოთხ კედელს და ფანჯრიდან გაფრენას ლამობდა.

დაცარიელებულ ქუჩებში ზამთარი დროდადრო ბრუნდებოდა, ხან ერთი კვირით რჩებოდა, ხან სამი დღით. ვასიკო ისევ თავზე უშანკაჩამოფხატული გვიდა ვაკის ქუჩებს, აბუზული კატები ბუნკერის უკან იმალებოდნენ, დედაბერი თავშალში გახვეულიყო და ეჭვით გასცქეროდა ქუჩის ორივე მხარეს დამამშვიდებლად აფრიალებულ სარეცხს. დედაბერი არ ენდობოდა სიმშვიდეს ამ ქალაქში და ბრაზობდა, რადგან ქალაქი ცაში აფრენილ ბუშტს ჰგავდა, რომელიც მიწით იყო გატენილი და გაუგებარი იყო, რა ძალით დაფარფატებდა ჰაერში სიმძიმით ამოვსებული სიფრიფანა გარსი, რომლისთვისაც ერთი ჩხვლეტაც საკმარისი იყო, რომ გამსკდარიყო, მიწის ნაფლეთებად გაბნეულიყო და მისგან ძაფზე გამობმული დაჩუტული გარსიღა დარჩენილიყო.

დედაბერმა ქუჩა გადაჭრა, ვასიკომ ცოცხი სადარბაზოს კარს ააყუდა. კატამ დაიკნავლა და დედაბერს გამოეგება. ვასიკო დედაბერზე სულ რამდენიმე წლით არის უფროსი, მაგრამ ვასიკო ისევ ვასიკოა, დედაბერი კი უკვე დედაბერია. ვასიკო შეშლილია. ის ვაკის ქუჩებს გვის ან წიგნებს კითხულობს. ბავშვობიდან ამ უბანში ცხოვრობს, მაგრამ არავინ იცის, როდის შეიშალა... ისევე, როგორც არავინ იცის, როგორ იქცა ერთ მშვენიერ საღამოს დედაბერი დედაბრად... ვასიკო ქუჩებს ყოველთვის გვიდა - როცა ამისთვის ჯამაგირს უხდიდნენ, შემდეგაც გვიდა, როცა ხან უხდიდნენ და ხან არა მწირ ხელფასს, რადგან ქვეყანა ინგრეოდა და ქუჩის დასაგველად არავის ეცალა. ახლაც გვის, როცა არაფერს უხდიან, რადგან ეს არის მისი საქმე. თვეში ორ-სამჯერ ზედა ქუჩებსაც დაუვლის გრძელი ცოცხით, თან ნაცნობებს მოიკითხავს, დედაბერს შესძახებს, ევას აივანს ახედავს. დედაბერს ზოგჯერ წიგნი ჩამოაქვს მისთვის, რომელსაც ვასიკო არასდროს უბრუნებს უკან. ზოგჯერ ევა გადმოსძახებს აივნიდან, ხელს დაუქნევს, კატების ამბავს მოიკითხავს.

დედაბერი დარწმუნებული არ არის, რომ ვასიკო სწორედ იმას კითხულოს, რაც ამ წიგნებში წერია და თავისთვის ცდილობს, ამოიცნოს, რად იქცევიან ვასიკოს არეულ თავში სიტყვები, სტრიქონები და გვერდები…დიდი მკითხველია ვასიკო - ფიქრობს დედაბერი, - ცხოვრობს წიგნებით და მხოლოდ იმის სჯერა, რასაც მათში თავად ამოიკითხავს... Sola scriptura, Sola fide... არა, Sola fide, Sola scriptura… რწმენით და წიგნებით, აი ასე...

როცა ზამთარი მეორედ დაბრუნდა და მრგვალ ბაღს აქეთა ვაკეში ყველა კაფე დაიკეტა, ყველა მაღაზიის კარი დაიხშო და ყველა დარაბა დაიხურა, ვასიკო ანგელოზებით დაინტერესდა, სწორედ მაშინ აიხირა კატებთან ერთად ანგელოზები და დედაბერს სთხოვა, ისეთი წიგნი მომიტანე, შიგ ანგელოზებზე რომ ეწეროსო.

დედაბერი ჩაფიქრდა:

- არ გინდა ანგელოზები, ვასიკო... სხვა წიგნს ჩამოგიტან. იცი, რა... „დონ კიხოტი“ წაიკითხე, მწუხარე სახის რაინდზე წაიკითხე... შენსავით მწუხარეა, ბოროტების შესამუსრად დაეხეტება და სიკვდილის არ ეშინია... არ ეშინია... დიდი წიგნია „დონ კიხოტი“, ვასიკო, წაიკითხე...

ვასიკო არ უსმენდა და აქა-იქ ჭაღარა წვერით დაფარულ გრძელ სახეზე თაფლისფერი თვალები მოუსვენრად დაურბოდნენ.

როცა ქალაქში მოძრაობა მიწყდა - ჯერ ავტობუსების რახრახი, შემდეგ ავტომობილების ჩუმი სისინი, შემდეგ კი ნაბიჯების ხმაც იშვიათი გახდა - ვასიკომ თქვა, რომ აბაშიძის 53-ში, ძველ ხუთსართულიან სახლზე რამდენიმე წლის წინ დაშენებულ მანსარდაში ანგელოზი დასახლდა და მას ათანასე ჰქვია. მას შემდეგ, რაც ათანასე სხვენში დასახლდა, ვასიკო გაირინდა, ზემო ქუჩაზე ფეხი აღარ დაუდგამს, დილაადრიან გადიოდა ცოცხით ქუჩაში, აქა-იქ გადაგვიდა ტროტუარებს, შემდეგ კი კიბესთან ხის მერხზე ჩამოჯდებოდა, უბიდან წიგნს ამოიღებდა და გადაშლიდა. დროდადრო თითს ენაზე ისველებდა, ფურცლავდა და ათანასეს მანსარდისკენ იხედებოდა. გარშემო ვერავის ამჩნევდა. დედაბერს მოეჩვენა, რომ ერთი-ორჯერ მასაც აარიდა თვალი.

იმ დღეს ქუჩაზე ევამ ჩაირბინა. ფალიაშვილზე ჩამავალ კიბესთან ვასიკო დაინახა გაუპარსავ სახეზე აცეტებული თვალებით და თავზე ჩამოფხატული ძველი ბეწვის უშანკით. ევას ეჩქარებოდა - თუმცა ქალაქში უკვე არავის აღარსად ეჩქარებოდა - სწრაფად ჩაურბინა და მიაძახა, რას კითხულობო.

- ზეცასა და ანგელოზებზე ვკითხულობ, მერე გათხოვებ, - თავაუღებლად ჩაილაპარაკა ვასიკომ, თავაუღებლად დაუქნია ხელი და კითხვა განაგრძო, - გათხოვებ, გათხოვებ! - დაამატა და ევას ზურგს გახედა.

ევა გაჩერდა და მოიხედა. ვასიკომ ყდამორყეული და ნახევრად დაშლილი წიგნი დახურა და ყდით ევასკენ გაიშვირა.

- „ზეცაზე, სულთა საუფლოსა და ჯოჯოხეთზე“, ემანუელ სვედენბორგი, - წაიკითხა ევამ და გაეღიმა, - სად იშოვე?

- მზიამ ძველი კარადა გამოდგა გარეთ... იქ ავიღე, მისი ქმრის წიგნებიდან... ახალი წლის წინ მოკვდა მზიას ქმარი...

- მზიას ქმარი მოუკვდა? - ევამ დოინჯი შემოირტყა და თავი გადააქნია. - რატომ არ მითხარი?

- გითხარი... ხუთი დღე კვდებოდა-მეთქი...გითხარი, - ვასიკომ თავი ჩაღუნა და კითხვა განაგრძო.

ემანუელ სვედენბორგი, რომელსაც კანტი ეკამათებოდა, რომელმაც მზის სისტემის ადგილი ჩვენს გალაქტიკაში გერშელზე ადრე აღმოაჩინა, ივარაუდა, რომ ენერგია იქცევა მატერიად, ხოლო ნივთიერება, ანუ იგივე მატერია, უსასრულოდ დაყოფადი ნაწილაკებისგან შედგება, რომელიც ნიუტონს, დეკარტს და ბეკონს თავად ეკამათებოდა, ერთხელ სასადილოდ ტავერნაში შევიდა. მაშინ ევროპაში დაეხეეტებოდა და თავის „ზმანებათა ჟურნალს“ წერდა. ეს ამბავი კი ლონდონში მოხდა. ყოველთვის ამ ტავერნაში სადილობდა, კარგად იცნობდნენ და ცალკე კაბინეტში უშლიდნენ სუფრას. იმ დღეს ძალიან შიოდა და ჩვეულებრივზე მეტი კერძი შეუკვეთა. შუა სადილობაში იყო, როცა დაინახა, რომ ოთახი ნისლით ივსება, იატაკზე კი გველები და მუცელზე მხოხავი უწმინდური არსებანი ფუთფუთებდნენ. ნისლი წყვდიადად იქცა, შემდეგ გაიფანტა და უწმინდური არსებებიც თან გაიყოლა. სვედენბორგმა კუთხეში კაცი დაინახა. კაცი იჯდა და ნათელს აფრქვევდა. მან სვედენბორგს მოსთხოვა, რომ ამდენი არ ეჭამა. შემდეგ სვედენბორგი დაბრმავდა და, როცა ისევ აეხილა თვალი, აღარც კაცი იყო და აღარც გველები. ეს ანგელოზთან მისი პირველი შეხვედრა იყო.

შემდეგი შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი იყო და ის მალევე, 1744 წლის აპრილში მოხდა. ამჯერად ღამით თვით ღმერთი გამოეცხადა, წითელ მოსასხამ მოხვეული, და უთხრა: „ მე ღმერთი ვარ, შემოქმედი და მხსნელი. აგირჩიე, რომ ადამიანებს წმინდა წერილის შინაგანი და სულიერი საწყისი აუხსნა. მე გიკარნახებ, შენ დაწერ“. ამის შემდეგ განეხვნა კარლოს მეთორმეტის კარის ინჟინერს, შვედეთის სამეფოს ლორდთა პალატის წევრს, ცნობილ მეცნიერსა და ნიჭიერ გამომგომებელს მისი შინაგანი კაცის გული და დაიწყო ახალი ცხოვრება, რომელშიც ზეცაში მოგზაურობა, სულებთან და ანგელოზებთან საუბარი და ყოფიერების საიდუმლოს ჭვრეტა ჩვეულებრი რამ იყო. ამის შემდეგ დაიწყო ტიტანური შრომა, ძველი აღთქმის კომენტირება, ტრაქტატები ღვთის საუფლოს საიდუმლოებებზე, განკითხვის დღეზე, ზეცაზე, სულებსა და ანგელოზებზე. ყველამ დაივიწყა მისი ცხოვრების პირველი ნაწილი, როცა ის პატივსაცემი მეცნიერი იყო, დაივიწყეს მისი ნაშრომები მექანიკაში, მათემატიკაში, გეოლოგიასა და ქიმიაში. ახლა ის ყველასთვის მისტიკოსი ან შეშლილი იყო. 1769 წელს შვედეთის ლუთერანულმა ეკლესიამ მისი შერაცხდობის საკითხი დააყენა. სვედენბორგმა მოითხოვა, მისი სწავლება სამეფოს სამ უნივერსიტეტში განეხილათ და დასკვნა ისე გაეკეთებინათ. სწავლულებმა იმსჯელეს, მაგრამ ვერავითარი დასკვნა ვერ გააკეთეს - ვერც მის სასარგებლოდ, ვერც მის წინააღმდეგ. ვერავინ დაასკვნა, შეშლილი იყო თუ არა სვედენბორგი, მართლა ესაუბრებოდა თუ არა სულებსა და ანგელოზს, მართლა დაესწრო თუ არა ღვთის სამსჯავროს 1757 წელს და ბოდვაა თუ ჭეშმარიტება მისი კომენტარები, რომლებიც მან აპოკალიფსის XVIII თავს დაურთო და ასე დაასათაურა: „განკითხვის დღესა და ბაბილონის დაცემაზე“.

ზეცაში, სადაც სვედენბოდგი დროდადრო სტუმრობდა, არ არსებობს წარმოდგენა სივრცეზე. სიგრძე იზომება სიკეთით, სიგანე - ჭეშმარიტებით, სიმაღლე კი სხვაობით ამ ორი მდგომარეობის ხარისხთა შორის. ზეცა სიგრძეში აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ არის გადაჭიმული. აქ სიკეთესა და სიყვარულში მცხოვრები სულები სახლობენ. სიგანეში ზეცა შუადღიდან ჩრდილოეთით განივრცობა და აქ ჭეშმარიტებით განმსჭვალულ სულთა ქალაქია. სიმაღლე კი ნიშნავს ერთსაც და მეორესაც, სიკეთეს და ჭეშმარიტებას მათ ხარისხობრივ შეფარდებაში... და კიდევ დრო... ანგელოზებისთვის არც დრო არსებობს, მათთვის არ გადის წლები და დღეები... მხოლოდ სიყვარული და ჭეშმარიტება იცვლის სახეს... მათი დრო ასე მიედინება...

ოჰ, რა კარგია, რომ შეშლილი ადამიანები არსებობენ,- ფიქრობდა დედაბერი, - ტყუილად არ წაიკითხა დონ კიხოტი ვასიკომ... როცა ვინმე თავის სიგიჟეში ჯიუტობს, დედამიწა უფრო მსუბუქია... როცა შეშლილი ბებერი კიხანა სასაცილო და დამარცხებულია, დედამიწა უფრო მსუბუქია... როცა დასცინიან, მისი ტანჯვა პოეზიაა... და როცა შეშლილის ნიღაბს ირგებს იმისთვის, რომ არ იყოს მომაკვდინებლად სერიოზული და მდაბიურად მიწას მიჯაჭვული, იმარჯვებს და ბედისწერას ამარცხებს.

იმ დილით ვასიკო დაიკარგა. საღამომდე არავის დაუნახავს. საღამოს კი კატების საჭმელზე რომ არავის მიაკითხა, მეზობლები შეშფოთდნენ, მზიამ მთელი ზემო ვაკე მოირბინა, ევას შესძახა, უბნის ბიჭები შეყარა... დედაბერს უთხრა, ვასიკოს სარდაფში ჩავიდეთ, იქნებ ვინმე ნათესავის ტელეფონი ეწეროს სადმეო. ქალაქიდან ვერსად გავიდოდა... კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მთავრობამ... გზები გადაკეტილია. დედაბერმა წარმოიდგინა ქალაქში აბორიალებული ვასიკო და უცებ შეშფოთდა, რადგან არ ენდობოდა ამ ქალაქს, გულგრილს და მზაკვრულად მიმზიდველს, ქარაფშუტობით დაცულს, სიბერის ჯადოქრულ ძალას ამოფარებულს, კეკლუცს, მტვრიანსა და უკარებას, მუდამ მზისკენ მომზირალს, მუდამ სასწაულის მომლოდინეს, თავქარიანს და უტიფრად ამტანს, მთების რუხ ფერდობებს მიმსკდარი უტეხი თვალით, ურცხვი გამძლეობით, ყველას სახლს, შემოპარულთა თავშესაფარს, გალიას ყველასთვის, მუდამ ღია კარით...ამ ქალაქში არავინ მიადგება ეშმაკის კარს შესასრულებელი სამუშაოს გლობალურობით შეშინებული, რათა ესესხოს ძალა ყოფიერების ახალი სფეროების გამოსაკვლევად. აქ ეშმაკს სხვა რამისთვის უთმობენ სულს ადამიანის სახიანი მაქციები... თუმცა, აქ მასთან ხელშეკრულებასაც ნახევრად სერიოზულად დებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ეშმაკს მოატყუებენ და მისთვის მიყიდულ სულს მოჰპარავენ. არავითარი მსხვერპლი, არავითარი ფაუსტი, არავითარი პოეზია და სიდიადე... ჰედონიზმში გაცვეთილ და მოხმარებას გადაგებულ ამ ქალაქში დაცული მხოლოდ ის არის, ვინც თავად ჰგავს მას...ვასიკო კი მას არ ჰგავს...დედაბერმა ამოიოხრა... უცებ ისიც კი გაიფიქრა, იქნებ ათანასემ იცოდესო, სად წაეხეტა... გაეღიმა და გადაწყვიტა, ერთხელ იმ მანსარდაში ასულიყო, სადაც, ვასიკოს თქმით, ათანასე დასახლდა...

ვასიკო სამი დღის შემდეგ დაბრუნდა. არავის უკითხავს, სად იყო ეს სამი დღე, სად იხეტიალა და რა მოინადირა ქალაქის დაცარიელებულ ქუჩებში. უთხრეს, რომ კატები არ დაბრუნებულან, ევა კი კარანტინში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, იქიდან კოსმონავტებივით ჩაცმული სამი კაცი გადმოვიდა, ევა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

იმ საღამოს ვასიკო ქუჩაში აღარ მჯდარა, თავის სადრაფში ჩაიკეტა და წიგნის ფინალური სცენის გეგმა დაწერა.

ათანასე ეშვება სახლის სახურავზე.

- ათანასე, ათანასე, - ჩამოსძახიან ზემოდან და ხელს უქნევენ. ათანასე ცას ახედავს და თვითონაც დაუქნევს ხელს.

კატა სახურავის ძგიდეზე გაივლის, ათანასეს მიუახლოვება და დაიკნავლებს. ათანასე კრამიტზე ჩამოჯდება.

ზემო ქუჩაზე დედაბერი აღებს ფანჯარას და გარეთ იყურება.

ვასიკო ცოცხით მოდის ბერძენიშვილის ქუჩის კუთხიდან.

ევა სახლიდან გამოდის. დედაბერი უყურებს და ფიქრობს: ეს გოგო ისე ეხვევა ღრუბლიან დილაში, როგორც საკუთარ საბანში... სიცოცხლეს მოიმკის...