The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ღრუბლიდან მომავალი მზის მოლოდინში


ღრუბლიდან მომავალი მზის მოლოდინში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: თათარაიძე ეთერ
თარიღი: 2020



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ეთერ თათარაიძე:
ჩვენ გატეხვა ჯერ არ თქმულ... მაინც გავბევრდებით...

ჰო, როდის ვნახე პირველად აკლდამა და ბალღობაში. ერთ ზაფხულს ჩემს მშობლებს თუშეთში ჩვენს სოფელ დანოში კი არა, ძროხის ფერმაში მუშაობის გამო, მოუწიათ სოფელ დართლოსა და სოფელ ჩიღოს შორის, დართლოს საბოსლოებში, კაკანიას, ყოფნა. ჩვენც, რაღა თქმა უნდა, სხვაგან სად ვიქნებოდით, ბალღები თან გავყევით მშობლებს.

დართლოს რომ გავცდით და ჩიღოსკენ დავადექით საცხენე ბილიკს, რაღაცნაირ „პატარა სახლებს“ მოვკარი თვალი, უფრო სწორად, იმ „სახლებთან“ მოტრიალე რამდენიმე ადამიანს, კაცებს, ტიკით ყანწში არაყს ასხამდნენ და ერთმანეთს აწვდიდნენ, შეგვაჩერეს ძახილითა და კეთილი მიპატიჟებით, უფრო მამასა და ჩვენს თანამგზავრ კაცებს მომართეს: „ჲამ ხალხისად შენდობა არ უნ სთქვაავ?“ შევჩერდით. ერთ-ერთმა ყანწიანმა კაცმა დაიწყო: „ჟამით დახარჯულ, გამეტებულ, ჲამ აკლდამებში მწოლთ ძვალ-მალს შეუნდოსავ“, და ხელი გაიშვირა. „აგე, შარშ გარევ ფეჴზე იდგ ჲეგ აკლდამა, ჲახლ ბინადართ ძვალ-მალ სიამდე გამოშლილ, მისახედი ჲაქაობაჲ,“ - ჩაიდუდუნა.

ბავშვებმა იმ ჩამონგრეული აკლდამისკენ გავწიეთ. მე პირადად პირველად ვნახე ყველა ასაკის ადამიანის ჩონჩხები, ერთმანეთში აზელილი... კინაღამ იქვე დავეცი... მანამდე აკლდამაზე და შიგ მყოფთა ისტორიებზე არაფერი გამეგო...

შემოდგომის პირ, უკანობისას დაბრუნებულებს, ის ზაფრი გამახსენდა და იმ მხარეს თავშებრუნებულმა თვალი ავარიდე...

მერე გავიკითხავ სხვა ასეთ სამარხებს, უკვე გაზრდილი. ჴევგაღმ დანოელების სამკვდრო აკლდამაც მოვძებნე ჩემს ლექსებში. ანატორსაც რამდენჯერმე ჩავსტირებ და ჯარიახის ხეობით ინგუშეთზე, არხოტში - გაბრიელ ჯაბუშანურის არქივზე სამუშაოდ მიმდინარი „ქისტების ფერად ატლასებიან“ აკლდამებთანაც კარგა ხანს შევჩერდები და ჩავიკვნესებ...

ფერად-ფერად ატლასებს,
თხელაʾ-თხელაʾ ფალანგებს,
წვივმაღალაʾ ფეჴებსა-დ
თითზე რჩენილ სადაფებს.
გლიმდუʾძვრელად დანაწვენთ,
ბალღებ გულში ჩანაწვენთ
მზის სუდარა ხფიავ...

რა მძიმეი ქისტეთის აკლდამებზე ფიქრ.

მერე კი, უკვე „ჭკვა-გონში“ ჩავარდნილი, უკვე ფოლკლორისტი - ზეპირსიტყვიერების სპეციალისტი და თანაც დისერტაციაზე „დემონოლოგიური თქმულებები“ იქვე ჯვარ-ხატების თვალუწვდენელ და უსასრულო მასალებზე მუშაობისას გავარკვევ, ვინ იყვნენ „ჟამნი“ და პირველ ასეთ მასალას თუშეთში ჩავიწერ. შავ-წითელ და თეთრთბიან ისრებიან ამავე ფერის ჯორებზე ამხედრებული ციდა-მტკაველა კაცებზე, რომლებიც დართლოს წინ აზიდული ერთი მაღალი მწვერვალიდან დაბლა-დაბლა მოჩმაჩუნებენ...

ახალგაზრდა მხედარი შენიშნავს ამ ძნელად შესამჩნევს „მოგზაურებსა“ და შეეკითხება „ვინაობასა და მგზავრობის“ მიმართულებას. ისინი პასუხობენ, რომ ჟამნი არიან და დართლოს მოსახლეობის ამოსაწყვეტად, „გასათავებლად“ მიდიან... ასეთი „ცოცვა-კოკვით“ თქვენ დართლომდე როდის ჩახვალთო, - ეკითხება მხედარი და ისინი მშვიდად პასუხობენ: „სამ წელში ხო ჩავალთო“ და ზუსტად სამ წელში დართლო „გათავდებ“, „დილევ“-ამოწყდება, ეს თქმულებაა ჟამიანობისა დართლოს აკლდამებთან დაკავშირებული...

თქვენ ასევე მეკითხებით ხმით ნატირლ;ებზე. ეს დიდი თემაა და პირდაპირ უკავშირდება მთის ქალის ხასიათს, მის სიმტკიცეს, გამძლეობას, მოთმინებას. ეს ამბები, მართლაც რომ, განა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვისაა მოსაყოლი, თუმცა გამუდმებულად ყურში ჩამესმის გურული მოხუცი ქალბატონის პასუხი რეპლიკაზე - სულ ახალგაზრდას ქმარი ომიდან აღარ დაგიბრუნდა, შენ კი მას სიკვდილამდე უერთგულეო... ქალის პასუხი ასეთი იყო: „კაცები ვარგოდენ, ნენა“...

მთისა და ბარის ლოგიკით ასეა, „კაცები უნდა ვარგოდენ“, გვერდზე რომ სანიმუშო ქალები ედგნენ და ასეთი იყო ოდესღაც მთა-ბარიანად საქართველო... ღმერთმა დამიფაროს, დღევანდელ კაცებს ვიღებდე მიზანში, დღეს თუშებს საამაყოდ და ტკივილად ანწუხელიძე გვეყოფა... ან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გმირებს, დღევანდელ გმირებს, როგორ უნდა შევკადროთ დავიწყება... თუ სული უდგას ჩვენს ქვეყანას, დიდი როლი კაცებისაა, მაგრამ, დღევანდელი გაგებით, მაინც ქალმა აიღო ქვეყნისა და ოჯახის გადარჩენის სიმძიმე.

ძველად მთებში როგორ იყოო, რა ხდებოდა, ქალს რა დამსახურება ჰქონდა ამ მხრივო. ტოლფარდოვანი, თანაბარი როლი მამაკაცისა... პირველი მაინც დიდი მოთმინება და ერთგულება ოჯახისა. ოჯახი ხომ მიკრო-სამშობლოა...

მთა გამოირჩეოდა: „გულ-ენა დატეული“ უბოროტო ქალებით, „კეთილ-მოფიქრალი ქალებით“, „ჭკვა-გონიანი ქალებით“, „მომთმენი ქალებით“, ერთგული ქალებით“, სიკვდილის ვერ გატეხილი ქალებით“ და კიდევ ვინ ჩამოთვლის მათ დანარჩენ დაუთვლელსა და მთავარ თვისებებს...

„ქალის მანდილს“, საქართველოს მთიანეთში ყველაზე მოსარიდებელსა და სათაყვანოს, ბევრი მარცხი უგემებია სიკვდილისათვის, ერთ მაგალითს ძმათაშუღლისას გავიხსენებ: „ბუდე ხევსურეთი“ „მიღმახევს“ რომ ვერაფრით ვერ „ტეხს“ და მათთან სისხლის საღვრელად უღელტეხილს რომ აღწევს. ღამე „ჭკვიანი ქალები“ მოილაპარაკებენ და კაცების გაუგებრად აღწევენ უღელტეხილზე, ყველაზე ვიწრო გადასასვლელ-გადმოსასვლელ ბილიკს აარჩევენ და თავიანთ „ხელოქროთი“ ნაქარგ „მანდილ-სათაურათ“ მოიხდიან. ამ მანდილებით გზას გადაუკეტავენ... ვერც ერთი მხრიდან ასული კაცები ამ მანდილებს „ვერ დასწონიან“ და გაქვავდებიან...

დამალული მანდილოსნები გამოჩნდებიან, მადლობას შესწირავენ ორივე მხრის გაოგნებულ კაცებს, რომ პატივი სცეს ქალების „მანდილს და დროებით მტრად მოკიდებულ ძმებს“ ღრმა და საბოლოო ძმებად აქცევენ... კომენტარი აქ სრულიად ზედმეტია!

როგორი მომთმენები იყვნენ მთის ქალები? - შატილს ციხე-სახლში მომხდარი ერთი ამბავიც საკმარისია. - ურიცხვ მტერ გარშემორტყმულ შატილს ციხე-სახლებიდან, ქვითკირებიდან იგერიებენ შატილიონი კაცები. ცოლები ტყვია-წამალს აწვდიან. ერთ ასეთ ქვითკირში ცოლ-ქმარი და აკვნის ბავშვი არიან... გახურებულ ბრძოლაში გარედან შემოსროლილი ტყვია აკვანში პატარას კლავს. მამას გარეთ მტერი ჰყავს მიზანში ამოღებული. ვერ გაიგებს, შინ რა მოხდა, ცოლი უხმოდ ამ ბავშვის აკვანს ნაჭერს მიაფენს და თავად თოფის წამლის „აწყვას“ გააგრძელებს... როცა ყველაფერი მიჩუმდება, კაცი მოიკითხავს შვილს: „რაად არ იღებს ამდენ ხანს ხმასო“? და ცოლი პასუხობს, რომ მათი შვილი ამიერიდან ხმას ვეღარასოდეს ამოიღებს, გაოგნებული ქვადნაქცევ ცოლს საყვედურობს, რატომ არ მითხარი აქამდეო. ქალის პასუხი: გონი აგერეოდა და მტერს სამაგიეროს ვეღარ მიუზღავდიო, მაშინ შატილი აოხრებას გადარჩა...

მოდით, ვიამბოთ მოულოდნელად ლეკების დაცემისა თუშეთში სთველჴმელზე, სოფელ ქუმელაურთაში შინ სოფელში ერთი კაციც რო არ ჭაჭანებს; მოხუცი თუშის ქალი, მდუღარე „კოწოლმყრელ“-შხეფებამომდინარე ქოთანს რომ ხელში დაიჭერს და სოფლის თავიდან-ბოლომდე „გაღიმებული“ ლეკის ლაშქარს შუა ჩაუვლის... გაკვირვებული ლეკები, გულგახეთქილები, ამათ ქალებს ხელში ქოთანი უდუღს და ან თვითონ როგორები არიან და ან რა კაცები ეყოლებათო და მთელი ლაშქარი უკანმოუხედავად დატოვებს თუშეთს...

ფარსმის ციხეში შეკეტილი ქალ-ზალ-ბალღებიდან - კახოს თინა რო ქონგურიდან უკვე დაძალილ თუშ კაცებს, ფარსმანელებს, ხედავს და მტერი მოდის, საარყე ქვაბში ჩაყრილი თოფის წამლით რო ციხე ააფეთქონ. სანამ მოახლოვდებიან ციხესთან ბუზივით ქვაბს დახვეული მტრის კაცები, თავის მანდილს თინა ერბოში ამოავლებს, ცეცხლს მოუკიდებს და საარყე ქვაბში თოფის წამლით ლამის სავსეს დაუმიზნებს. ესვრის და მტრის ძვალ-მალს აფეთქებული საარყე ქვაბი მი-მოშლის, ციხე გადარჩება, თინა ციხიდან გამოვარდება და ხმალდახმალ მტერს შეებმება, მაგრამ, მაგრამ და მაგრამ... თინას იქ კლავენ... ამასობაში მაშველი მოდის... ციხეში შესული დედროვანი და ბალღები გადარჩებიან...

თუნდაც მტრის მიერ ტყვედ წაყვანილი ულამაზესი ასული, რომელსაც თავად ლეკების ნაიბი მოისურვებს ცოლად. ტირილით მიჰყავს ციცაბო გზებზე... ქალი „რჯულის გატეხვას“ სიკვდილს ამჯობინებს და ასეთ „ფანდს“ მოიგონებს: ნაიბს სთხოვს, „ხელი მაგრად ჩაკიდოს“ ქარაფზე გადასვლისას, უშენოდ ვერ გადმოვალ ამ საშიშ ქარაფზეო. - რაღაცას იეჭვიანებს ლეკის ნაიბი, აქამდე არათუ ხელს აკიდებინებდა, თუშის ქალი სიახლოვესაც არ იკარებდა... იმდენად მომხიბლავი იყო „ტყვე ქალი“, უბედნიერესმა ნაიბმა მაგრად ჩაბღუჯა უთხელესი ფალანგები ქალისა, ნელ-ნელა დაიწყეს საშიში გზის გადალახვა. არავითარი წინააღმდეგობა ტყვისა, მაგრამ როგორც კი ყველაზე თვალჩაუწვდომ ადგილს მიაღწიეს, ვეფხვად ნაქცევმა ტყვე ქალმა მთელი ძალით გადაქაჩა ნაიბი უფსკრულისკენ და გადაიყოლა... დანარჩენები კი ჩასვლა კი არა, იქ ჩახედვამაც შეზარა და გზა ცახცახით გააგრძელეს...

მთის სოფლებში დარჩენილი ძმების, ქმრების, სწორფრების ძვლების სამშობლოში თავის მიწაზე დასამარხად ღამე შეპარული და კალთაში გამოხვეული ძვალ-მალის ჩხერით შინ დაბრუნებული მთის ქალები.

ასეთი ქალებისგან დაზრდილი „გმირი ბალღები“. თუშეთში, სოფელ დიკლოს რო აიკლებენ ლეკები, ერთ-ერთ „გამაგრებულ“ ბოსელში ერთადერთი გასათხოვარი გოგო აღმოჩნდება სოფლელ ბავშვებთან... მისი ძმისშვილი ბიჭიც ამ ბავშვებშია... გადის დღეები, შეყოლილი მარაგი ილევა, აღარც საჭმელი და აღარც წვეთი წყალი, ჟივილი უდგას ბალღებს, წყალს უფრო ითხოვენ... გარეთ სისხლად დაწრეტილი სოფელი დგას. ამათ ვეღარავინ შველის. ახალგაზრდა თუშის ქალი გადაწყვეტს, მე გავიპარები გამთენიისას, მტერს მაგ დროს ღრმად ეძინება და მწყურვალ ბალღებს წყალს შემოვუტან, გინდაც მომკლანო... გარეთ გადის უკან სავსე წყლიანი რკინის თუნგი შემოაქვს და დაიკივლებს: სისხლით დათხვეფილი, უსულოდ დაყრილი ბალღები აღარაფერს ითხოვენ. სადღაც უკანა კედლიდან ყრუ კვნესა მოესმა. საჩქაროდ გადადის ხმისკენ, დიდი ვეშაპივით ველური ლეკის თვალდაჭყეტილ გვამს გადააბიჯებს და მკვნესარე ძმისშვილს ჩაეხვევა: „მოგიკვდეს მამიდაივ!..“ ნისლმოხვეულ თვალებს გაახელს 12-13 წლის ბიჭი, ნადირი ლეკისკენ თავს უღონოდ გადააბრუნებს: „მამიდ, ჲეგ დიდო მე მოვკალ, სახელ არ დამიკარგოთავ!“ და სამუდამოდ დატოვებს სამზეოს... ამის დედ-მამა, სხვა დიკლოელებთან ერთად, კიდევ არ იყვნენ მიწას მიბარებულები...

აი, ასეთ ბალღებს ზრდიდნენ მთის ქალები. სამშობლოს დაცვა და სიყვარული ფასდაუდებელი იყო მათთვის...

მტრიანობას - სიკვდილი მოსდევდა, - სიკვდილს ტირილი და გლოვა.

„სიკვდილსა გლოვა უხდება,
მკვდარ ძმას ტირილი დისაო“...

მაგრამ მთა რის მთა იყო, „სიკვდილს გაეტეხა“. „დაუსრულებელი გლოვის“ დრო სად იყო?

არ გასტყდათ, არხოტიანნო,
გატეხით რა იქნებისა,
ვისაც მაგვიკვლენ, დავმარხათ,
სხვა იქავ გაიზრდებისა...“

ამას ერთ-ერთი „მენაპირე“ - მესაზღვრე ხევსური ამოსთქვამს...

რაც შეეხება თუშურ ხმით ნატირლებს, ეს ნატირლები ჩემთვის ძალიან გულის-გულში გამოტარებული ბუნებრივი სამყოფლოა, რომელშიც გავიზარდე. გეტყვით, რომ ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი დიპლომი, სწორედ, თუშურ ხმით ნატირალზე დავიცავი. უმთავრესად ჩემივე შეკრებილ, მანამდე გამოუქვეყნებელ მასალებზე დაყრდნობით. ეს იყო 1984 წელს - (ეს დიპლომი ცნობილი ფოლკლორისტის, პროფესორ ფიქრია ზანდუკელის, ოპონენტის, მკვეთრად დადებითი რეცენზიით დღესაც ჩემს შინა არქივში დევს).

თუშური „ჴმით ნატირალი“ იმპროვიზაციულია. ასრულებს ერთი ადამიანი და ფრაზის დამთავრების შემდეგ - მიცვალებულის სამძიმარზე მოსული ქალები ქვითინით ბანს ეუბნებიან...

ჩემ ბავშვობაში რამდენ ასეთ „გულისგამხეთქ სპექტაკლსა“ ვარ დანასწრები...

წმინდად თუშურ დიალექტზე რაც ამოითქმებოდა და უძლიერეს პოეტურ ხატებს ქმნიდა, ეს გახლავთ თუშური ხმით ნატირალი; თუშის ქალს ეკრძალებოდა ქმრის დატირება, უფრო სწორად, სირცხვილად ეთვლებოდა, ასევე იყო შვილის ტირილი, არავის არ უნდა შეეტყო ჭირისუფლისთვის, სიკვდილმა რომ აჯობა.

ჩიღოელ გოგოებს, ძმების ცოლებს, ზამთარში შეშის მოსატანად დაძველებულ-დახევსებული ბოსლიდან შეშის გამოსატანად შესულებს, ბოსელი თავზე დაენგრევათ. შიგ დაიტანს და დახოცავს. ერთს პაწაწა დარჩება აკვანში და ერთი ცოტათი ფეხზე მავალი, მეორე რამდენიმე კვირის პატარძალია. „ამ ქალების დედებს „შეცვლით“ ეტირ შვილებ, სირცხვილ იყვ თავის შვილის ჭარბობაი-დ ტირილ“... დასაფლავების დღეს თავთავის შვილებს დეჭარბა-დ ორთავ თავის ქალებ ეტირ:

ნანოს დედა: (ორ შვილა რომელსაც დარშჩომიყვ...)
„დედა მოგიკვდესავ, ჩემ ნანოვ, დედაივ,
ნანოვ, დილის ნამოვ, კაცთ შუწყენელაოვ,
წყალო გუბისაოვ, მდუმარედ მომდინაროვ.“

ტასოს დედა: „იქავ ჩავიდნეთავ, ტასო ქვეობანავ,
აქ არცარა წილ გიძავ, არც რა ნჭირგალივ,
იქ გირჩიავისავ მამის ოჴერშიავ,
ჩემ ტასო კარგაო, ქორის თვალიანოვ.“

„სიკვდილის გატეხილი“ დედები ჯერ მოიბოდიშებენ მოტირალთან და მერე მიმართავენ

„შვილო, სანატრელოვ, სკამზე საჯდომადავ
შვილო, სანატრელოვ, სანათესაოდავ,
შვილო, სანატრელოვ, დასაკვეხნელადავ.“

ერთ „უთქმელ დედას“ თავისი და ჩასციებია, შვილი გეკარგება, ხმა ამოიღე, გული გაგისკდება დუმილში, მოეფერე შენ ვაჟკაცსაო:

შვილმკვდარს დაუწყია:

„ჩემ შვილებთავ მოფერაება ვერა იციანავ, -
ობლობა-სიღატაკეში დაზარდიალებიავ,
ამათ მოფერებაედ არას მეცალისავ,
რო არ ვეფერაებივ, არას გუკვირდებავ,
ჩემ ვაჟკაცსავ მუკვდესავ დედაივ.“

სიკვდილთან პოეტურ-ფილოსოფიური პაექრობის ძალიან უხვ მასალას შეხვდებით თუშურ ნატირლებში. აქ ერთ-ერთს მოვიხმობ...

უკანასკნელ და ერთად-ერთს გვარის მემკვიდრეს დასტირიან, რომელსაც ახალშერთული ცოლი ფეხმძიმედ დარჩა.

მოტირალი იმედიანად აცილებს მიცვალებულს:
„შენ ვერ გიტირებავ მე დალეობითავ (ე.ი. ამოწყვეტილობით),
მზეს1 ველოდებითავ ღურებლით2 მომოალსავ.

* * *

ანდა: „ძმა დავაქორწილეთავ, ხალხნო, ძმაივ,
პატარზლად დუსვითავ შავ მიწის კედელივ“...

დატირება-დამარხვის მერე ერთ წლამდე დაიდგმება ფლასი (მიცვალებულის ლოგინი, თეთრეული, სამოსი, ჭურჭელი). ორმოცამდე ყოველ შაბათს ფლასი - გაიშლება და მოსამძიმრე ახლობლობა ისევ ხმით დაიტირებს გარდაცვლილს. მცირე სუფრა დაიგება სანთელ-საკმევლითა... წლამდე ვინც ვერ მიუსამძიმრა ოჯახს, ისინი უფრო მიცვალებულთა დღეებს დაამთხვევენ და ისევ „ფლასთან“ მოიყრიან თავს... წლისთავზე კი ფლასი სახლიდან ეზოში გადმოინაცვლებს და აქ მოისმენთ „გლოვის მგოსანთა“ გულისგამგლეჯ ნატირლებს. ფლასი, რომელიც ტახტზეა „გაშლილი“, გარეშემო მოტირალი ჭირისუფლებითა და „ჭირის მომტკივნეებითაა“ გარშემორტყმული. მოტირალს მოტირალი ცვლის. გამორჩეულად მდიდარია ამ დღის რიტუალები. ამ დღეს თუშები „ხარჯს“ ეძახიან. იმართება დოღი, „თოთქროობენ“ მოტირალთა გარშემო დოღის ცხენები.

ხარჯი დოღით სოფელ დიკლოში მამაჩემის დასაც, მარეხ (მარიხო) თათარაიძესაც გადაუხადეს ბელადიძეებმა, როგორც განსაკუთრებით საპატივცემულო რძალს. მე მაშინ პირველად ვნახე (იმ წელს პირველი კლასი დავამთავრე) დოღი... ფლასის გარშემო შემომსხდარი „გლოვის მგოსნები“. პატარები მამიდაჩემის სახლის აივანზე აგვიშვეს, ცხენებს რომ არ ჩავეჭყვიპეთ. პატარა ფეხები აივნიდან დაბლა ჩამოვუშვით და ვაქანავებთ. ქალებმა ამოგვხედეს და ჩუმად გაგვაფრთხილეს: „ფეჴებს ნუ „ადალავებთ“, გაჩერდით, არ ჴამ!“ „დალაობა“ თუშური - ზარია, აი, სწორედ წლისთავზე, დოღის მხედრებისაგან სათქმელი ზარი, ფეხების რიტმული ქანაობა - „არ ჴამ“ - ტაბუირებულია, არ შეიძლება, კიდევ უფრო ავის მომასწავებელიაო და გავისუსეთ, გავქვავდით... ხმით მოტირლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ჩემ მარეხ მამიდას კაი ქალობას დასტიროდნენ. აქებდნენ-ადიდებდნენ, მთელი სოფლის ქალების ფასად მოიხსენიებდნენ. ამასობაში „დალაობაც“ დაიწყო... ჴმით ტირილში შენარევი ზარისაგან სისხლი გამეყინა, ჟრუანტელმა დამიარა... მამიდას ფლასზე ერთმანეთზე სამი ქათქათა ბალიშია თავის მხარეს დალაგებული, იმ ბალიშებთან მამიდას საფერხედ ნაკურთხი თეთრი სულის ცხენი დააყენეს. დაიწყო და დაიწყო! ქალების მოთქმას კაცების ზარი ეღვრება და იმ სამ ბალიშზე მაქვს თვალი მიშტერებული. მეტირება... ბოლომდე ვერ ვხვდები, სადა ვარ, რა ხდება. ქალ-კაცი გლოვობს მამიდაჩემს და ამ განცდაში მყოფმა დავინახე, როგორ დაეცა წყლის დიდი წვეთი. ცას ავხედე: მზე ღუღუნებდა. ისევ ბალიშს დავაცქერდი და ვხედავ, ის სველი ადგილი, უკვე წრედ ქმნილი, სიგანეში ფართოვდება და ბალიშის ნაპირებისკენ მიიწევს... დიიდ წრე რომ გახდა, წყლის წვეთებს თვალი ავაყოლე, დავინახე, მამიდაჩემის „სულის ცხენი“ ტიროდა...

ვბერდები და ეს სურათი თვალ-გულიდან ვერ გავიყვანე, ასახსნელი რაღაა, როგორი გლოვა იცის მთამ...

გადამეტებული გლოვა ხანდახან სირცხვილად ითვლებოდა. ყველაფერს თავისი წესი აქვს. ამიტომაც გადაიქცეოდნენ ჩვენი დედები და ბერდედები „ქვა-კინად“... ხუთი ძმა მოუკვდა დედაჩემს, ხუთივე ახალგაზრდა უცოლ-შვილო. მე მეხუთის სიკვდილი მახსოვს სიზმარივით... სიკვდილშემოჩვეულ ჩემ დედის დედას მარიამს გაგიჟებული ქალიშვილებისთვის (ოთხნი იყვნენ: დედაჩემი და 3 დეიდა) შეუტევია: „დაჩუმდით, რა დღეში ხართ, რა ქვეყანას ეცდებით, გყვანდესთა-დ დაგეჴოცნეთ, ვისაც არ ხყვანან, არცა ეჴოცებიანავ“. თვითონ ერთი წლის განმავლობაში მუხლებზე დაჩოქილმა ბოლო ვაჟის „ფლასთან“ ათენა ღამეები, მუხლი დაეჟეჟა, სიმსივნე განუვითარდა და... წავიდა...

ჩემ დედა-დეიდებსაც სიკვდილმა ასწავლა ჴმით მოთქმა-ტირილი... როცა დიპლომად თუშური ხმით ტირილი ავირჩიე და თუშებში ოჯახ-ოჯახ დავიწყე მასალის შეკრება, გაწირიძეების ერთ-ერთმა რძალმა მითხრა, სხვაგან რა გაქვს სასწავლებელი, დედაშენი სატირალში რომ შედის, უკვე სამძიმარზე ნამყოფი და გამოსული ხალხი დედაშენის „ხმით ტირილის“ მოსასმენად უკან ბრუნდებაო.

დედა ამბობდა, რომ არაფერი ახსოვდა, ვინ როგორ დაიტირა, გულმტკივანი რომ ტირიხარ, როგორ შეიძლება დაგამახსოვრდესო...

ასე იკარგებოდა და დაიკარგა დაუთვლელი შედევრი... ქართული სამგლოვიარო პოეზია განსახილველად ასეთ სახელდახელოდ არ და ვერ ჩაეტევა.

აქ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთია:

- „სიკვდილო, თვალითამც აგაჩინაო,
კლდეში ჯიჴვადამც შაგაყენაო,
მემრ მენადირენ შაგიყარნაო,
შენ თავიმც ანადირებივაო...“

- „სიკვდილო, თუკი ადვილი ხარ,
ერთხელ შენ თავად არ მაჰკვდი“...

- „სიკვდილო, ნურც შენ მოგწონ თავი,
სირცხვილზე მეტი არც შენა ხარ...“

- „სიკვდილო ცეცხლიმცა მოგიკიდა,
როგორც მე ცეცხლი მომიკიდე...“

- „მენამცა მაქცია სიკვდილადა,
სიკვდილი ადამიანადა.
გავათავებდი სუყველგნითა,
თავად ცოცხალსავ გავავლევდი...“

- „მიყვარხარ სასაფლაოთ გორო,
მიყვარხარ, განა მართლა გშურობ:
აქ არი ჩემი მამისახლი,
აქ წვანან ჩემი მამა ძმანი.“

„- მაჰკვდია, ბეჩავო იერემო, დასდევა სიღარიბის ჯოხი,
მიწანიმც დაილოცებიან, შიშველნი მოგიმალნეს ჴორცნი.“

„- ღმერთმა უშველოს საწუთროსა, რა ლამაზ ექიმ მოგიყვანა,
ღმერთმა უშველოს სიკვდილსაცა, შენი კვნესა აღარ გამაგონა...“

ხოლო ეს ჩემია:

„რამდენიც გინდ ემუქარ, სიკვდილ წარბს არ იხრის,
რამდენიც გინდ ელიქნედ, თუნდ მადლობებ უჴად,
სიკვდილი მაინც სიკვდილი, ვერავისგან განატეხ,
ჴელს მოგხვევს უკითხავად, ჩაგმერქნავს ნაძვ-მუხად...
სიკვდილს ჴელ არ შეექცევის, თვარ
ჯავრს ამოვიყრი-დ...“

რაზე და როდის შეიქმნა ვაჟა-ფშაველას შედევრი „იას უთხარით ტურფასა“. კეკე, საყვარელი მეუღლე უკვე დამარხული დახვდება ჩარგალში მობრუნებულ ვაჟას. ჯავრმა არ მაჯობოსო, დარდმა არ გამტეხოსო, არ შემატყოს სულში მოტრიალე ქარიშხალიო და... „ჩამაჰჴადაო“ მამამა თურმე კედელზე ნაკიდები თავის ფანდური და დაამღერა:

„იას უთხარი ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოწყენით, ლამაზო,
თავი რო აგიღიაო,

შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო:
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.

იმ ლექსით დედას დაელაპარაკაო, - ამბობდა გულქან რაზიკაშვილი... ეს „არავინ შემატყოს“ ფიქრი იმაზე, თავისთვის რომ უნდა ეტარებინა გულის-გულში, სხვა რომ არ დაეღონა, მთელმა მთიანეთის ქალ-კაცმა იცოდა... „ბეჩავად“ არავის დაენახება მთის ადამიანი... არავის ათქმევინებს, სიკვდილმა გაანადგურა და აჯობაო... სიკვდილს საყვედურს ხან „გან მემღერებას“ მდგომარეობიდან წაუმღერებს:

„ვერ გამაძღარხარ, სიკვდილო,
ჰოი რამდენი ხანიაო,
ხალხის გლოვნით და ტირილით
გული ვერ მოგიფხანიაო...“

„გოდების შემსხმელნი“ ჴმით ტირილის დროს, სიკვდილის გასაგონად და დასამუნათებლად მიცვალებულს ეუბნებიან:

„წვიმათოდენი ცრემლი გინდა,
ფოთოლთოდენი მოტირალიო...“

მაგრამ სიკვდილი რის სიკვდილია, ვინმეს გული მოულბოს და ვინმე შეიბრალოს... სიკვდილმა არც მეფე იცის და არც ბოგანო, ამის დასტურად დავით აღმაშენებლის ეპიტაფიის ბოლო ორ სტრიქონს მოვიხმობ:

... „თევზნი ამერთა წყალთაგან, იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს.“

ასევე, თავის ნაღვაწს ჩამოთვლის მეფე თამარი და ამაოების ნიშნად დასძენს:

... „ღადე-ღუდე ტყე ვიარე, ქედზე საყდარი ავიგე,
ამდენი საქმის მოქმედმა ცხრა ადლი ტილო წავიღე...“

სიკვდილის დამარცხება - მიცვალებულის ხსოვნითა და მადლიერებითაა შესაძლებელი.

თუშურ დიალექტზე მკითხეთ. ეს ძალიან ძველი დიალექტია, მე-9 საუკუნის ხანმეტიანი დიალექტი... დღესაც რომ ცოცხლობს სამეტყველო ლექსიკაში. ეს „შენახულობა და სიცოცხლე“ - ლექსიკისა ნამდვილი ბედნიერებაა არა მხოლოდ რომელიმე კუთხისთვის, არა ზოგადად ენისთვის, იმ ქვეყნის სალიტერატურო ენისთვის, სადაც ასეთი „შენახულობაა“. ეს ძალიან ადრე იყო, მაშინ როცა დავწერე პატარა საგაზეთო წერილი „დედა მდინარეში ჩამავალი ნაკადულები“. დედა მდინარეში, რა თქმა უნდა, ქართული სალიტერატურო ენა იგულისხმება და ნაკადულებში - დიალექტები და კილო-კავები...

თუშური დიალექტი, თამამად შემიძლია ვთქვა, თუშმა ქალებმა გადაარჩინეს. დიახ ქალებმა!.. „გარემხრობად“ მყოფი თუში კაცები უმეტესად, თუში მეცხვარეები უფრო კოინეზე მეტყველებენ და დღესაც თუშ ქალასავით დაძოწილი თუშური დიალექტით არ მეტყველებენ. მათი მეტყველება თუშურ დიალექტში შენარევი ლიტერატურული ლექსიკაა... ძალიან „თუშურად“ მეტყველ კაცს (ეს იშვიათია) ქალები როცა უსმენენ, ჩუმად ეცინებათ და როცა მარტო რჩებიან, იცინიან და ახასიათებენ, როგორც ქალურად მოლაპარაკეს. ასეთი ღრმა თუშურით მოლაპარაკე კაცზე ამბობენ: „- ვაიმე რა ქალაჩუნა საობარ იცის“. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ძალიან-ძალიან ცოტა ასეთ თუშ კაცს შევხვედრივარ.

სამაგიეროდ, ქალებმა შექმნეს და შეინახეს უმდიდრესი თუშური დიალექტი, თავისი ასევე გულისხმამისაქცევი კილო-კავებით... ჩემი სუბიექტური აზრია: ეხლანდელი ე.წ. „გამოფიტული ლიტერატურული ქართული“მ სწორედაც რომ, გამოფიტვისკენ გადახრილი დიალექტების შედეგია... არადა, „მწყობრი, მდიდარი ლიტერატურული“ ენით მეტყველი ადამიანი ისეთ იშვიათობად იქცა (თუნდაც ეკრანზე), რომ ისინი, ვინც ქართულ სიტყვასთან „ვმეშრომეობთ“, მათი მეტყველებით ვტკბებით. უცებ ეს „ბედნიერება“ მთავრდება და „გამოფიტულ-გამოშიგნული“ ქართულით ვკვდებით.

უჰ, რამდენი რამის თქმა მოვასწარი ამოუსუნთქავად!...

როგორც თუშურ დიალექტს უპატრონეს თუშმა ქალებმა, ასეთივე გამძლეობით იტვირთეს „მომთაბარეობა“... მთელი წელი ცხვარში ველზე მყოფი კაცის ცოლები „კაცებიც იყვნენ და ქალებიც“ თავისი ოჯახებისთვის. მეჯავრება გამოთქმა „ვაჟკაცური ქალი“, მაგრამ კაცებიც იყვნენო, რომ ვამბობ ჩვენს ბერდედებზე და დედებზე, სხვა გზა არ ჰქონდათ, ამ უნაზეს, უთბილეს, უტკბილეს არსებებს. ყველა საკაცო საქმისთვისაც თავად უნდა მიეხედათ. ამას უხმოდ, უსიტყვოდ, დაუყვედრებლად აკეთებდნენ. იქანცებოდნენ: შეშის დაპობა, ბოსტანი, ბაღჩა, ვენახი და სხვა. კახეთში, ალვანებში, სადაც მათ წელიწადის ნაწილის გავლა უწევდათ, უთქმელ-უწუწუნოდ ასრულებდნენ, მერე მიუბრუნდებოდნენ ხელსაქმეს. 17 სახისას მარტო ტილოს და შესამოსელ ქსოვილს ქსოვდნენ შინ დართულ-დაძახილი მატყლის ბაწრებით. ამ ყველაფრის მომთმენებს არც სიკვდილის გამოჩენა აშინებდათ, არცა ქვრივ-ობლობა. კიდევ რამდენი მაგალითის მოხმობა შეიძლება...

მოულოდნელად მოუკვდება მრავალშვილიან აყოს ქალს ახალგაზრდა ქმარი... დაიტირებენ, დამარხავენ. ხალხს ცრემლს არ დაანახებს, მოსამძიმრეებს ლამის ღიმფენილ ხვდება და აი, გაიცლება სახლი ჭირისუფლისაგან და ის რჩება შვიდ შვილთან პირისპირ. საზამთრო მარაგია მოსახვავებელი, ყანები სამკლადაა დამძიმებულ-დამწიფებული... ორ-სამ დღეს ღონეგამოცლილი, მივარდნილი წევს, სიცოცხლე აღარ სწადია, თავის უკვე დანატრებულ ქმართან უნდა წასვლა... ცოტათი უფროსი შვილები უხმოდ შემოდიან დედასთან, შიშით მისჩერებიან ძონძადნაქცევ დედას, უმცროსები რიგრიგობით ახსენებენ რომ შიათ...

აი, ამას კი გაძლება-გადატანა და გზის მიცემა უნდა. პაწაწა თიხის დოქში არაყს ჩაასხამს, პაწია, ლამის ერთყლუპიან ყანწს გაიყოლებს და მოსამკალ ყანებს ასეთი წესით გამოერევა:

დავლიე ყანის თავში ერთი ყანწი არაყი და ყანას დავემუქრეო, - ყვებოდა. „- ყანავ მოგიკლავ პატრონსავ!“.. ერთ სვრელ გავიტნევ, მარტო ჩემ მშერა ბალღებ მიდგენანავ თვალწინავ, დოქსთან გამოვიტანევ სვრელივ, კიდევ ჩავისხავ ერთ ყურპ არაყიოდ, კიდენ დავემუქრევ ყანასავ: „სიკვდილ ვერ მაჯობებსავ, შვილებს ვერ მომიმშევსავ, ყანავ, მოგიკლავ მომგონსავ!“ ჲაქთა მუქარა-მუქრობითავ, ხალხის შეუტყობლადავ ყანებ გავმკეოდ, სახლი ხვავით ავამსვევ. კაც სიკვდილს არ უნდ შეპუოსავ“... ასეთი გაუტეხლობის რამდენი ამბავია თუშეთსა და, საერთოდ, მთელ ბარსა თუ მთიანეთში.

მეკითხებით, რა ხდება დღეს ზეპირსიტყვიერებაში. არიან მთქმელები, ავტორ-მთქმელები, მოკაფიავეები - სანამ საქართველო და სამყარო იარსებებს, ეს ყველაფერიც იარსებებს, დროსთან შენივთებული, ჩვენ რომ ეხლა ეს რა დონისაც გვაქვს, მაინცდამაინც ფასეულად ვერ მივიჩნევთ, შეცდომაა... ამ ეპოქას ცოტა გვიან დაედება ფასი, რასაც ჩვენ ძვირფას მასალად მივიჩნევთ, თავის დროზე მათ შემქმნელ-შემკრებთაც ის ასე ეგონათ...

დიახაც, დღესაც არიან ძალიან ღონიერი ხალხური მელექსეები, მოკაფიავე-მოშაირენი, მთხრობელები, ხევისბერები - საკვირველ-საკულტო ტექსტების მცოდნე-შემქმნელნი, ჴმითმოტირალნი... ლეგენდა ანდრეზის მცოდნენი, ღმერთო, ნუ დაულევ სიბრძნეს საქართველოს. უფრო სწორად, თავისი სულიერი კულტურით, თავისი ქვეყნის სიბრძნის მაგალითებით მოინტერესეთ...

ამდენი საუბარი სიკვდილ-სიცოცხლეზე ამძიმებს ადამიანს. განა სალაღო არა გვქონია... საქართველო სილაღესა და ბედნიერებას ელოდება... წუთისოფელი ძალიან-ძალიან დაუნდო და თვალთმაქცია. მაგრამ ჩვენ ხომ ყოველთვის მზეს ველოდებით, ღრუბლიდან მომავალს. ჩვენი გაბევრება ჩვენ გამძლეობაზეა...

გავიძლოთ, უფალი ვახსენოთ ... გავბევრდებით, გადავრჩებით:

არაფერი, დაგვხარჯოს,
მაინც გავბევრდებით,
ტირილ-გლოვა-განგაშით
ჩვენ არ გავბეზრდებით.

გან მემღერებავ, ვიტყვით,
მაინც ავმღერდებით,
გულის ვარამს ვიქარვივ,
ნაავდრნ ავმზევდებით.

ცხვათ რაʾ უქნავ,
ჩვენ რაʾს ვიქთ,
გულმკვდარნ ავჟღერდებით,
ჩვენ გატეხვა ჯერ არ თქმულ...

_____________

1. შთამომავალი

2. მგლოვიარე ორსული ცოლი

ეთერ თათარაიძე