The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

„სიყვარული საჭიროა, ის სიკვდილსა მიგვაახლებს“


„სიყვარული საჭიროა, ის სიკვდილსა მიგვაახლებს“


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: იაკობიშვილი-ფირალიშვილი ლელა
თარიღი: 2020



ი|იაკობიშვილი-ფირალიშვილი ლელა

1 * * *

▲ზევით დაბრუნება


დიდი სირთულეები დიდ შინაგან მეტამორფოზას იწვევს. ეს, თითქოს ერთი შეხედვით, უთვალავ ადგილას ამოკითხული ბანალობა ყოველ ჯერზე ხელახლა, დრამატულად, ხშირად ტრაგიკულადაც მიგვაახლოვებს ხოლმე ყოფიერების საიდუმლოსთან. დიდი სირთულისას, ბედისწერის ულმობელი დარტყმისას, თითქმის უუცხოვდები გარემოს და საკუთარი თავის წაკითხვას ცდილობ. თითქოს ის აურზაური, რომელიც შენ გარშემოა, მომენტალურად კარგავს ხმაურის ძალასაც და სიჭრელესაც და საკუთარი სულის ძახილს უბრუნდები, რომელმაც იქ მოგისწრო, სადაც არ ელოდი. მუდმივად გაურბოდი, ფიქრადაც არ უშვებდი, ერიდებოდი საკუთარ თავთან, საკუთარი არსებობის საიდუმლოსთან შეხვედრას... იქამდე კი ყველაფერი სოციალურად უნდა დადასტურებულიყო, ექსტენსიურად. ფსევდომოროზებში ცდილობდი საკუთარი თავის დანახვასაც და წაკითხვასაც. სოციალური დეტერმინანტა გაიძულებდა, მზერა მხოლოდ გარეთ მიგეპყრო და შენი როლით მორგებოდი სოციალურ ლანდშაფტს. სწორედ გარედან, სოციალურიდან მიღებულმა დარტყმამ შეგვაჩერა, მონადად გვაქცია და საკუთარ თავს მიყურადებული ჩვენს თითქმის ატროფირებულ ნებასა და რწმენას გადაგვყარა. გადაგვყარა რწმენის უმნიშვნელოვანეს სიცხადეს, რომ ნამდვილად ვარ, ნამდვილად და მხოლოდ იმიტომ ვარ ნამდვლად, რომ მაქვს ნება, რომ ვიყო, მაქვს ნება და ვარ. ჩემი ჯადოსნური არსებობის, ან ჩემი არსებობის ჯადოსნობის მთავარი აქტიორი ვარ დიად ღვთაებრივ კომედიაში. მხოლოდ ეს ორი - ჩემი არსებობის რწმენა და არსებობის ნება არის ჩემი არსებობა. სხვა არც არაფერი.

ახლა ჩვენ არარას წინაშე ხელახლა ვდგავართ. „სოციალური დისტანცირება“ ჩვენი არსების რეალური რეჟიმი გახდა. არა ფიზიკური, არამედ, სწორედ, სოციალური... ჩემი სოციალური, ერთ-ერთი იმ უმნიშვნელოვანესი პარამეტრთაგანი იყო, რომელშიც ვახორციელებდი თავს. რომელშიც ვცხოვრობდი, ერთი მხრივ, როგორც სეკულარული (პროფანული) სოციალიზებული „მონადა“ (მერე რა, რომ პარადოქსია!) და, მეორე მხრივ, როგორც ღვთაებრივი, რელიგიური მრევლის (მთელი დედამიწის ეკლესიისა და ასევე „ჩვენი“ ეკლესიის) წევრი. ამ ორ არსებობაში მონაწილეობით „მტერთანაც“ კი „ხელჩაკიდებული“ დავდიოდი და ერთიანი არსებობის მონაწილე ვიყავი. ეს ორივე რეჟიმი პრაქტიკულად მოშლილია, პრაქტიკულად გაუცხოვებული ვარ სოციალურ სივრცესთანაც და „ჩემს“ რელიგიურ მრევლთანაც.

ჩვენ უცხოს გადავეყარეთ. სანამ „უცხო“ უცხოა და არ გახდება „სხვა“, იქამდე სიკვდილის ფანტომის, არსებულიარარსებულის, არარას წინაშე გიწევს ძრწოლა. კასტანედასი არ იყოს, მარცხენა ხელის ერთ გაწვდენაზე, ჩვენი ჩრდილივით დაგვდევს სიკვდილი. დიახ, მუდმივად დაგვდევს, როგორც უცხო, ოღონდ მის ტოტალურ არსებობას მხოლოდ მაშინ ვუსწორებთ თვალს, როცა მთელი დედამიწის ეკლესიისათვის, დიდი დედამიწის მთელი მრევლისათვის, მთელი ადამიანური ყოფიერებისათვის ერთდროულად თვალსაჩინოვდება და ერთბაშად, მყისიერად მრავლდება მისი ცელი.

ვინ არის უცხო, რა უნდა... საიდან მოდის, საიდან ჩნდება... რისთვის მოდის... უნდა რამე ჩვენგან თუ არა... თუ არაფერი უნდა, მაშინ ჩემთან რა უნდა...

რა ბზარს აჩენს ისეთს, შემდეგ მხოლოდ ამ ბზარის უფსკრულში რომ გინდა ჩახედვა, მხოლოდ შიშის ზარის ხმას რომ აცოცხლებს..

უცხო სიკვდილია. უცხო ის არის, რომელსაც ჩვენი სიცოცხლიდან არაფერი სცხია. უცხო არ არის სხვა. სხვა ნაცნობია, ჩვენიანია, შესაძლოა მტერიც, მაგრამ „ჩვენიანი“, ნაცნობი მტერი. სხვა არ არის გაუგებარი, სხვა ჩემივე სიცოცხლის, ჩემივე დრო-სივრცის, ჩემივე არსებისა და არსებობის სხვა ბინადარია. მისი სახელდებაც შემიძლია. მას სახელსაც ვარქმევ ჩემით და ჩემთვის.

უცხო „უცხო არსის“ საბინადროს „მკვიდრია“, დიახ მკვიდრი. ჩვენ მასთან სიკვდილი გვიდევს ზღვრად. სიკვდილი, რომელიც არ არის სიცოცხლე. უცხოსთან გაკარება გვიტოვებს გაყინულ სისხლს, გვამს, არარასადმი მიმართულ, შიშით გაქვავებულ მზერას. ის ფანტომივით ჩნდება და მერე აღარ არის, მასთან ერთად არ არის ის, ვისაც ის გაეკარება და მერე რჩება ერთი დიდი ჯადოქრობა - „იყო და არა იყო რა“ .

ალბათ, ცოტა უცნაურია, რომ დღეს ჩვენი, საქართველოს კულტურა აღმოჩნდა შედარებით რეზისტეტნტული იმ საშიშროების მიმართ, რომელმაც დედამიწა სრულად მოიცვა. კულტურის რა სიმყარეებმა, რა ბაზისურმა საზრისებმა განსაზღვრაეს. ვინ არის უცხო ჩემს კულტურაში, მომიხელთებია კი ოდესმე ის?! ვინ არის უცხო „ვეფხისტყაოსანში“...

გაგახსენებთ, როგორი ჰარმონიული სივრცეა არაბეთის სახელმწიფო იქამდე, სანამ მის სივრცეში უცხო შემოიჭრება, უცხო, რომელიც ტირის, რომელიც დუმს, რომელიც სრულიად უგრძნობია მთელი გარეგანი სამყაროს მიმართ. როდის გადაეყრება უცხო მოყმე როსტევანსა და მის ამალას? როდის და - ლაღობისას, ლხინისას, როცა თითქოს როსტევანის მეფობის ციკლი მადლიანად დასრულდა, როდესაც სამყაროს სრული ჰარმონიით შეგრძნებით გადასცემს მეფე ძალაუფლების კვერთხს ქალს, თავის ასულს. მეფე როსტევანი თორმეტი სათნოებითაა ძალმოსილი:

„მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.“ - აი, ასეთია ძალაუფლების მფლობელი, რომლის სამეფოც ისევ იმ სანდო ხელშია, იმის ხელშია, ვინც „იცის მეფობა“.

აი, ასეთ ვითარებაში, თითქოს სისავსით გაჯერებულ სივრცეში, სწორედ რომ, ლაღობისას, უდარდელობისას შემოიჭრება უცხო და არაბეთის სამეფოში უცნაური შფოთი შეაქვს. ირაციონალური ბედისწერით დაატარებს მას მარგალიტასხმული შავი ცხენი. და მისი სამოსიც მზისა და წყვდიადის მონაცვლეობის რიტმით მეტყველებს:

„მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა,
ვეფხის ტყვისა ქუდივე, იყო სარქმელი თავსა“.

თავად კი გულმდუღარეა. არავისა და არაფრის მიმართ არ აქვს ინტენცია. „სხვაგან ჰქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან“. („გონება არს სიტყვიერი, მხედველობითი, საცნაურისა და უკვდავისა სულისა“, - სულხან-საბა ორბელიანი) უცხო უხმოა, უკონტაქტო, ბგერის საზღვარს იქით... აი, სხვები არ არ არიან გულგრილნი მის მიმართ (და ეს თემა მთელ „ვეფხისტყაოსანში“ თვალნათლივ იკითხება). ვერც როსტევანი რჩება გულგრილი. მონაც, რომელსაც პირველად აგზავნის როსტევანი, „დიდხანს უჭვრეტს გაკვირვებით“ და მეფესაც მოახსენებს: „შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა“... შემდეგ კი სისხლი და სიკდილი დაუტოვა მეფის ლაშქარს, „ყოვლნი მკვდართა დაასახნა“ და „რა ცნა, მეფე მოვიდაო“, „მასვე წამსა დაიკარგა“, „ეძებნეს და ვერ ჰპოვებდეს, კვალსა მისგან წანარბენსა“. „კვალი ძებნეს და უკვირდათ ვერ-პოვნა ნაკვალევისა“. სწორედ, ეს გახდა მიზეზი მეფე როსტევანის გაურკვევლობისა. იგი „ახალ“, უცნობ, არა-საცნაურ არსებას გადაჰყარა ბედისწერამ. უცხო გამოცხადებას ჰგავდა, მისი „სადაურობაც“ უცხო „გზავნილი“ იყო: „ჰგავდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა“ და „ვითა ეშმა დაიკარგა“.

დაანგრია მეფე ამ ჩვენებამ. დიახ, თორმეტი სათნოებით, „სახითა მის მიერითა“ არსებობით სავსე მეფეს სრული არსებით იპყრობს გაურკვევლობა. ეს „გამოცხადება“ ლამის საბედისწერო ხდება როსტევანისთვის. იგი უცხო მოყმესავით უუცხოვდება საკუთარ სივრცეს, საკუთარ გარემოს, თავის თავში იკეტება: „ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს, სადამდისა დღენი მესხნენ, ვეღარავინ გამახარნეს“ - ასეთია მეფის, „მეფეთა ზედა მფლობელის“, განწყობა. (თანამედროვე მედიცინა ადამიანის ამ მდგომარეობას დეპრესიის ცნებით აღწერს).

გასაოცარი და საკვირველია ის, რომ მეფე როსტევანისთვის გაწეული სამსახურის შემდეგ, როცა „კაცნი წავიდეს, იარეს, მართ ერთი წელიწადია“ და უპასუხოდ დაბრუნდნენ, უცხო ხდება თვით თინათინის, „ვისგან მზე საწუნარია“, შფოთის საფუძველი. როსტევანის „განკურნებამ“ ხილვისაგან თინათინი დააავადა. უცხოს „ვირუსი“ გადამდები ამოჩნდა. ახალმა მეფემ საკუთარ მიჯნურს, ავთანდილს უხმო.

ერთი შეხედვით, თითქოს სრულიად მოკლებულია ლოგიკას ის, რომ, მას შემდეგ, რაც როსტევანმა უცხო მოყმეზე დარდი გადაიყარა და „სიხარულით თამაშობა ადიადა“, თინათინი იწყებს „უცხოს“ მოძებნას სრულიად „არარაციონალური“ გადაწყვეტილებით: ერთი მხრივ, მისი სახელმწიფოს სპასპეტისგან, ყველაზე მაღალი სამხედრო პირისაგან, როგორც ხელქვეითისგან, მოითხოვს უცხო მოყმის მოძებნას, რითაც სახელმწიფოს ძლიერებას აყენებს ეჭვქვეშ სამი წლის განმავლობაში და, მეორე მხრივ, სატრფოს, მიჯნურს უშვებს სამეფოდან. ორივე შემთხვევას მის, უკვე მეფისა და სატრფოს, სამსახურად მიიჩნევს. ვფიქრობ, პოემისათვის თინათინისა და ავთანდილის შეხვედრა ის საკვანძო ადგილია, რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ მთელი ტექსტი გაჰყავს „ამბის“ ჩვეული თხრობის სივრციდან.

ეს, ალბათ, ვერ იქნებოდა მამაკაცი-მეფის გადაწყვეტილება, ვერც სახელმწიფოს სარდლის გარეშე დატოვებას „გაიმეტებდა“ რაციოს ღერძს მორგებული მამაკაცი მეფე და ვერც თავის მიჯნურს. სწორედ აქ შემოდის უცხო ყოფაში, ქალური მეუფების სიბრძნეს მოუცავს ქალი-მეფე. რაღაც მეტს ხედავს ავთანდილის გამგზავრებაში, ვიდრე არაბეთის უსაფრთხოება და სახელმწიფოს სტაბილობაა და მისი, როგორც ქალის, გარანტიაა, სატრფოსთან ერთად ყოფნის სიამოვნებაა. ორივეს თმობს ქალი მეფე, ორივეს თმობს შეუცნობლის შესაცნობად. მისთვის მხოლოდ ეს გახლავთ „გარანტია“ არაბული სამყაროს „გან-ვითარებ-ისა“, მისი და მისი მიჯნურის სიყვარულის გამო-ცდ-ისა. ისეთივე ვნებითაა შებყრობილი უცხოსთან „გადაყრისა“, როგორც ცოტა ხნის წინ მისი მამა - მეფე როსტევანი იყო.

მოგეხსენებათ, მეორე ასეთივე საკვანძო ადგილი პოემაში ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრაა. ერთი მხრივ, ყველაზე პროზაული და, მეორე მხრივ, ყველაზე დრამატული. ერთადერთი გასაღები, „პაროლი“ - სიტყვა „სიყვარული“ აღმოჩნდება.

მხოლოდ სიყვარულს გადაყრილი გაუდგა ავთანდილი, მართლაც, სახიფათო გზას. მისთვის უცხოს ძებნა თინათინის, როგორც მეფის და როგორც მიჯნურის, სამსახურია. ის არ გახლავთ თინათინივით უცხოს ნახვის ვნებით შებყრობილი. ნათელი სულითა და გონიერებით სავსე ავთანდილი ჯერ არ დაავადებულა უცხოთი, ჭეშმარიტად არ გადაჰყრია უცხოს, ჯერ არ შეუძრავს მისი სული ისეთივე დრამატულობით სავსე შფოთვას, როგორც მეფე როსტევანი და მეფე თინათინი. აი, შე-ხვედრ-ა ტარიელთან კი თურმე უქადდა ამას:

„ამან დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა,
დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა,
იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერცა მინა მინდა,
შენ გეახლო სიკვდილამდე, ამის მეტი არა მინდა“.

აი, უცხოსთან გადაყრილი ავთანდილის აღსარება. აი, მეტამორფოზა, რომელიც სრულიად უცვლის ღირებულებებს, რომელიც ავიწყებს სატრფოს, ვის გამოც ამდენი ტანჯვა-ვაება გადაიტანა, ავიწყებს სამსახურს მეფისა და სამშობლოსადმი (ის უდიდესი ქვეყნის სპასპეტია) და მხოლოდ „შენ გეახლოო“, - ათქმევინებს.

სიტყვამ „სიყვარული“ საიდუმლო გასაღების ფუნქცია შეასრულა. ტარიელი „ალაპარაკდა“ და გახადა მოყვასი, „მოყვარე მოყვრისათვის“, „სხვა“, რომლისთვისაც სულის ძახილია მოყვრისათვის „თავი ჭირსა არ დამრიდად“.

კიდევ არაერთ „შე-ხვედრ-აზე არის შესაძლებელი საუბარი „ვეფხისტყასანში“. მაგრამ ეს, ყველაზე დრამატული, ტარიელისა და ავთანდილის შეხვედრა, ახალ ამბავს იწყებს, ახალ თავ-გადასავალს, რომელიც სხვა საუბრის თემაა.

აი, ამ სიცხადეში დაბადებული „საიდუმლო“ მიუყვება პოემას. აი ეს სიცხადეებია, რაც ქართულმა კულტურამ გადახარშა და ღირებულებით საზრისებად მოიაზრა. ეს გახლავთ ის ნათელი, რომლის სხივი მოუყვება ქართველთა თავგადასავალს, რომელმაც შოთას კვალობაზე დიდი ხანია იცის, რომ „სიყვარული საჭიროა, ის სიკვდილსა მიგვაახლებს“ , რომ სიკვდილის ყველაზე თავზარდამცემი უცხოს - არარას გზას მხოლოდ სიყვარულის უმძაფრესი ველი ქმნის.