The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

2020: თანამგზავრები


2020: თანამგზავრები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ფირალიშვილი ზაზა
თარიღი: 2020



ფ|ფირალიშვილი ზაზა

1 * * *

▲ზევით დაბრუნება


კაცი მუდმივად დიალოგში ხარ ოდესღაც წაკითხულ თუ ბიბლიოთეკაში წაკითხვის იმედად შემონახულ წიგნებთან და მათ ავტორებთან. ტექსტები ხომ ჩემი, როგორც მკითხველის თუ აღმქმელის მიერ დადასტურების აქტში არსებობენ. დადასტურების გარდუვალობაა სწორედ, რაც მკითხველსაც და ავტორსაც ერთ აქტში აქცევს და ასე იქსოვება გაგების ის კოორდინატთა სისტემა, რომელშიც ვართ. ზოგადად კი ასეთი ურთიერთდადასტურების რეჟიმში ვარ ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც შევხვედრივარ და მნიშვნელობა არა აქვს, ეს მავანი გონიერი იყო თუ არა, წიგნიერი იყო თუ არა. ასე იქმნება გაგების ის ჰორიზონტი, რომელშიც ვართ. ამ აზრით, ჩვენ ერთმანეთის მეგზურები ვართ.

პანდემია, ომი, წყალდიდობა, მიწისძვრა და ა.შ. - ის მოვლენებია, როდესაც ჩვენს თანაობასა და თანხმიერებაში ბზარი ჩნდება და ხელახლა გვიწევს ერთმანეთის ძებნა, ხელახლა გვიწევს, დავადგინოთ ის სიცხადეები, რომლებიც რაღაც ლოგიკას, გაგების რაღაც ათვლის წერტილებს დაუქვემდებარებენ იმას, რაც ხდება. მოდის ის, რაც სხვა დროს ძნელად თუ აღწევს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი საზრისების ჰერმეტულობაში, მოდის ჯიუტად, გარდუვალად და ულმობლად ანგრევს ჩვენი თვითკმაყოფილებითა და იმედებით ნაგებ სისტემებს. სიკვდილის ინტუიცია ზედაპირზე ამოდის არა კვდომისა და სადღაც სხვაგან გადასახლების მოლოდინის აზრით, არამედ თუნდაც წამიერი გააზრებით, რომ მთელი შენი სასიცოცხლო სივრცე თურმე ბზარებითაა დაფარული.

ძალიან დიდი ხნის წინ ითქვა, რომ ადამიანი სიკვდილთან მიმართებაში ადასტურებს, რომ ადამიანია. ჩვენ მიერ გაღებულ ძალისხმევათა უდიდესი წილიც იმაზე მოდის, რასაც ფილიპ არიესი სიკვდილის მოთვინიერებას უწოდებს. ადამიანი სიკვდილის მომათვინიერებელი არსებაა. და როგორც არ უნდა დაიჯეროს მან, რომ ეს მისი მუდმივი თანამყოფი უკვე „მოათვინიერა”, რაღაც „მოუთვინიერებელი“ და გარდუვალი მნიშვნელობის მქონე სრულიად მოულოდნელი ხვრელებიდან შემოაღწევს ხოლმე. ეს რაღაც, შავი ხვრელის მსგავსად, შთანთქმით ემუქრება ყველაფერს: ჩემს გაბერილეგოს, დიად სოციალურ იდეებს, იმას, რასაც აქამდე რელიგიურ გრძნობას თუ სიცხადეებს ვუწოდებდი და ა.შ. შენთან თანაობას იწყებს ის, რაც არც კეთილია და არც ბოროტი, არც სამართლიანია და არც უსამართლო, აპოკალიფსის ოთხი მხედარივით ზღვრულად ულმობელი და აბსოლუტურად გარდუვალია.

ძრწოლის ამ გამოცდილების შემდეგ უკვე შეუძლებელია ადრინდელ ფიქრებთან და განწყობებთან დაბრუნება. შეიძლება დავუბრუნდეთ კიდეც, მაგრამ ეს აღარ იქნება „ის“ ფიქრები და განწყობები. ასეთი ჩუმი, დროში რუტინულად გაჭიმული მოლოდინი აღვიძებს არა რაღაც ახალ ცოდნას, არამედ, გავიმეორებ: იმ რაღაც უპირობოდ მნიშვნელოვანის წინათგრძნობას, რომელსაც ჩვენი მეხსიერება სადღაც მიუწვდომ კუნჭულებში მალავდა. ახლა კი მის კარიბჭესთან აღმოვჩნდით.

გამოცდილებას, რომელსაც დღეს ვიძენთ, ჩვენში სიკეთის გაღვიძებაც შეუძლია და ბოროტებისაც - მშვიდი, სხვებზე მზრუნველი სიკეთისაც და სასოწარკვეთილი გაავებისაც. კიდევ ერთხელ დადგა სიკვდილის „მოთვინიერების“ ჟამი, რათა ახლა უკვე ახალ სიცხადეთა საძირკველზე ავაგოთ ჩვენი თანაარსებობა, ჩვენი საკომუნიკაციო ველი; იმის ილუზია მაინც უნდა შევიქმნათ, რომ ყველაფერი ეს ახლა მაინც რაღაც უზენაესად მნიშვნელოვანსა და გარდუვალზე დავაფუძნეთ.

არ ვიცი, რა არის ის, რაც გველის, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგვრჩება და სახელსაც ვერ დავარქმევთ მას. სრულიად ასევე დაგვრჩა 90-იანი წლების, 2008 წლის ომის და სხვათა გამოცდილებები. თითქოს მეტაფიზიკური ბზარის კარიბჭესთან გვამყოფეს და ის შფოთი განგვაცდევინეს, რომლის შემდეგაც ხელახლა იწყება ადამიანი, რომელიც კვლავ და კვლავ ეძიებს საზრისებს. ამიტომაცაა, რომ ყოველ ადამიანს და ყოველ თაობას თავისი გამოცდილებები აქვს მოსაპოვებელი.

ბზარი დარჩება და არა როგორც ჩვენს სამყაროში შემოჭრილი რაღაც სიახლე, არამედ იმიტომ, რომ ის, თურმე, იმთავითვე ყოფილა. მისი არსებობა, უბრალოდ, გაგვახსენეს. ის, რაც, თურმე, მუდმივად დაგვდევდა - მეტაფიზიკური ბზარის შიში, სადღაც რომ გვქონდა განდევნილი და მხოლოდ სიზმარში ან უსაგნო შფოთის ჟამს რომ შეგვაწუხებდა. სწორედ ეს გაელვებაა, რაც არყევს სამყაროს იმ აღწერას, რომელშიც ვიმყოფებოდით და ამ ბზარებიდან შემოდის ის, რისი შემოშვებაც არ გვინდოდა. მსურს თუ არა, გულის კუნჭულში მაინც უნდა ვაღიარო, რომ აქამდე თურმე, ნებით თუ უნებლიედ, დიდ სიცრუეში და დიდი სიცრუით მიცხოვრია. ან შევძლებ ამ აზრთან შეგუებას, ან სასოწარკვეთილი შევეცდები, ძველი (სციენტისტური, იდეოლოგიური თუ რელიგიური) სიცხადეებით მოვათვინიერო ის, რასაც შევხვდი - ძველებური მეტაფიზიკური ზმანებებით, ძველებური მუცლითმეზღაპრეობით დავიმორჩილო და კვლავ მზამზარეულ საზრისებში დავივანო.

მე და ჩემმა მეგზურებმაც - წიგნებმა, ავტორებმა თუ, უბრალოდ, ცხოვრების განმავლობაში გზად შემოყრილმა ადამიანებმა ამიერიდან ამ ახლად აღქმული ბზარის მხედველობაში ქონებით უნდა ვიარსებოთ. თუკი რაიმე მადლი აქვს მოვლენებს, პირველ რიგში, ესაა ის, რომ მე და ჩემს მეგზურებს შანსი მოგვეცა, იდეოლოგიური, სციენტისტური თუ რელიგიური წარმოდგენებით ნარკოტიკული თრობის მიღმა თავსდამტყდარი თავისუფლება გამოვცადოთ - მთელი იმ ტკივილით, ძრწოლით და გაურკვევლობით, რაც მას თან ახლავს. თუნდაც ვერ შევძლოთ ეს, ბზარი, რომელიც წამიერად დავინახეთ, უკვე თავისით გააკეთებს თავის საქმეს.

თუ დავივიწყებთ მას, სამყაროსაგან პასუხად კვლავ ულმობელ შურისძიებას მივიღებთ. დღეს ესაა ჩვენი დიდი შანსი, რადგან ადამიანი მაშინ ადასტურებს თავის ადამიანობას, როდესაც გაგების ღია ჰორიზონშია თავისნაირებთან ერთად და არა მაშინ, როდესაც მათთან ერთად კომფორტულად მორგებულ სიცხადეთა მებიუსის სიბრტყეზე მოძრაობს.

პანდემია, მიწისძვრა, წყალდიდობა, ომი და სხვანი ის შემთხვევებია, როდესაც ხელთ ბზარის კარიბჭისკენ პირით შებრუნების გარდუვალობას ვეფეთებით. ესაა უდიდესი საფრთხეც და უდიდესი შანსიც. ალბათ, არაფერია ისეთი საშიში და საფრთხის მომცველი, როგორც - გაგების ახალ ჰორიზონტში გადანაცვლება.

თანაც, გვსურს თუ არა, უნდა გადავინაცვლოთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გადავყრივარ, იმ წიგნებთან და ავტორებთან ერთად, ჩემთვის მეგზურობა რომ გაუწევიათ, იმ ნივთებთან ერთად, მუდმივად რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის გამოთქმას რომ ლამობენ. უნდა გადავინაცვლოთ იქ, სადაც იმთავითვე ვყოფილვართ, ოღონდ, არ ვიცოდით, ან არ გვინდოდა, გვცოდნოდა ეს.