The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ხუთი წუთი აფრენამდე /იზოლაციის ქრონიკა/


ხუთი წუთი აფრენამდე /იზოლაციის ქრონიკა/


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სადღობელაშვილი ნინო
თარიღი: 2020



ს|სადღობელაშვილი ნინო

1 * * *

▲ზევით დაბრუნება


„ცხოვრების ეტლის სადარებელი, საცაა გავა მატარებელი“
გალაკტიონ ტაბიძე

„დღეს იესო რომ ისევ მიწაზე დაბრუნდეს, თავდაცვის მიზნით მისი საჩქაროდ ისევ ჯვარზე გაკვრა მოგვიწევდა, როგორმე რომ გაგვემართლებინა და შეგვენარჩუნებინა ის ცივილიზაცია, რომელიც ასეთი ტანჯვით შევქმენით და შევაკოწიწეთ; რომლის სახელითაც უძლური გააფთრებით, წყევლა-კრულვით ვიბრძვით აგერ უკვე ორი ათასი წელიწადია, რათა ისევ და ისევ ხელახლა გამოვძერწოთ და სრულვყოთ ჩვენივე, ადამიანური სახე“ - ეს ფრაგმენტი უილიამ ფოლკნერის „ველური პალმებიდანაა“.

ისეთი დღეები გამოვიარეთ, რომ მგონი მართლა დაბრუნდა იესო მიწაზე, ყოველ შემთხვევაში, ქრისტიანულ სამყაროში კვლავ გაჩნდა ესქატოლოგიური აზრი/შიში მეორედ მოსვლის შესახებ და ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს დიდი განახლების, სამუდამო ცვლილებების მოლოდინად იქცა.

იესო მართლა დაბრუნდა დედამიწაზე, როგორც გუშინ და გუშინწინ, როგორც ყოველთვის ბრუნდება ხოლმე, თუნდაც ერთი კაცისთვის, ერთი ცხვრისთვის ან ყვავილისთვის, თუკი ის ერთი მას მოუხმობს და მას ინატრებს. დაბრუნდა და თავის ფეხით შემოიარა დაცარიელებული ქალაქები, გაუკაცრიელებული ქვეყნები, ყველა კლინიკის კარს მიადგა, ყველა სახელდახელოდ შექმნილ საველე ჰოსპიტალს; თვითონ ეჯდა თავთით სიკვდილთან მებრძოლ სულებს, ჭირისუფლებს ამხნევებდა, უადამიანოდ დარჩენილ ტაძრებში სანთლებს ანთებდა და შინ დარჩენილებთან ერთად სარკმლის წინ ლოცულობდა. ყველგან იყო, როგორც იმედი, შვება - სიკეთის სურვილში იყო, საკუთარ თავთან განმარტოებაში, სინანულის ცრემლში და სიყვარულში იყო მიწაზე დაბრუნებული ქრისტე და ბევრმა, ძალიან ბევრმა ის ცოცხლად იხილა - ზუსტად ამ სიკეთის და სიყვარულის მაგალითებში, ზუსტად ამ თავგანწირულ საქციელებში, გულიდან გამოხეთქილ ნაღდ სიტყვებში, როგორებიც, რახანია, დავივიწყეთ ადამიანებმა...

დაბრუნდა, რათა დედამიწის გამჭვირვალე ჰაერში იმედის სილუეტი შეგვემჩნია - მისი ჯვარცმული კონტურები, აღდგომის ცეცხლით სამყაროს გულზე ამომწვარი კონტურები და გვეფიქრა იმაზე, რომ მართლა დიდებულია სიცოცხლე, რომელსაც სიკვდილზე გამარჯვების ძალა შესწევს, რომ დიდებულია სიცოცხლის შინაარსი და დაუშვებელია, უაზროდ, უმიზნოდ და უსიყვარულოდ ვფლანგავდეთ მას, ვაქარწყლებდეთ.

იმ უცნაურმა, არაბუნებრივმა მდგომარეობამ, რაშიც ყველანი აღმოვჩნდით - პანდემიის წესრიგმა - ადამიანების წინაშე დროის საიდუმლო გააცხადა. ჩვენ ის (დრო) ახლა ბევრი გვაქვს, უფრო სწორად, ზუსტად იმდენი, რამდენიც სიცოცხლის შინააარსის მოსაძებნად და შესაცნობადაა საჭირო. და, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს, ზოგადად, გვიყვარს საიდუმლოებები, მაინც არ ვიცი, დარწმუნებით ვერ ვიტყვი, „გვიშველის“ თუ არა რამეს დროის საიდუმლოს სიკეთეები. ვიპოვით კი სიცოცხლის საზრისს? დავეწაფებით მას და გავუხსნით ბოლომდე გულს? რა შეიცვლება ადამიანში მას შემდეგ, რაც ეს იზოლაცია დასრულდება და ისევ გავა „თავისუფლებაში“, რას წაიღებს ამ გაკვეთილიდან, რა ემახსოვრება?

წინასწარი პასუხები არ არსებობს. ისინი არავინ იცის, მათ შორის არც იმ დიდმა სულებმა, ვინც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში, თავისი წილი „კარანტინი“ გამოიარა. მათ საკუთარი პიროვნული მაგალითი დატოვეს, საოცარი ადამიანური ძალისხმევის, გამძლეობის და სულიერი სიმაღლის მაგალითი. თუმცა, სამყარო ისევ კეთილის და ბოროტის ბრძოლის მითში დარჩა, სიკეთის საბოლოო გამარჯვების მოლოდინის იგავში.

როცა ვფიქრობ იზოლაციაში მყოფ მწერლებზე, ცხადია, პირველ რიგში ამ იზოლაციის ყველაზე „ბუნებრივი“ ფორმა - ციხე და მისი პატიმრები მახსენდება. გულაგების და სატუსაღოების მსხვერპლი მწერლები, მათი ქარცეცხლიანი თავგადასავლები, მათ შემოქმედებაში აღბეჭდილი „იზოლაციის გამოცდილება“, როგორც სულიერი სიმხნევის გადამდები მაგალითები.

„ჩემი ნურაფრის გედარდებათ. ისე ვარ, როგორც სტამბოლის კაჟი. ჩემი თვითშემეცნების ზღვა ჯერ თუ არ გადამიცურავს, შუაგულს მაინც ხომ მივაღწიე. შუაგულში კი ზღვა ამღვრეული ვის უნახავს!“ - ეს სიტყვები მერაბ კოსტავას ეკუთვნის, გადასახლებიდან გამოგზავნილი წერილის ფრაგმენტია. მუდმივი თვითშემეცნების პროცესში მყოფი ადამიანისთვის ყოველი ახალი განსაცდელი ახალი გამოწვევაა, უფრო დიდი გამოცდილებაა, რაც საბოლოო შედეგისთვის ამზადებს პიროვნულ სულს. კოსტავას ეს სიტყვებიც ამის დასტურია, ისევე, როგორც პატიმარ მწერალთა მიერ დატოვებული ციხის ქრონიკები თუ იმ გამოცდილებათა ანაბეჭდები.

ვის არ წაუკითხავს ანა ფრანკის დღიური, ვის არ უტირია 13 წლის ებრაელი გოგოს მშვენიერი და ღონიერი სულის გამოძახილზე - მის მიერ დატოვებული ტყვეობის დღიურის საოცარ, გამჭვირვალე შუქზე, სადაც ომის სისასტიკეს ერთი ბავშვის სულიერი სილამაზე ამარცხებს?! ამ ჩვენს კარანტინულ დღეებში, უამრავჯერ მომაგონდა ანა, თავისი ფაქიზი და ძლიერი ხასიათით, თვითშემეცნების წყურვილით, დაუღალავი შინაგანი შრომით - ყოვლად აუტანელ პირობებშიც კი ბოლომდე შეისრუტოს სიცოცხლის ყველა გამოვლინება, განვითარდეს, გაიზარდოს. ბუნებრივია, ანა ფრანკის იზოლაციასთან ჩვენი მდგომარეობა ახლოსაც ვერ მივა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პანდემიას ხმამაღლა დავარქვით მესამე მსოფლიო ომი. ანა ქვემეხების ზრიალში, ტყვიების ზუზუნში ორი წელი ცხოვრობდა, ფიქრობდა და უყვარდა. ჩვენ, მართალია, სტრესის და დაძაბულობის თანხლებით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს „ფეხი-ფეხზე გადადებით“ მაინც შეგვიძლია თვითშემეცნების ტალღებს მივეცეთ, ხედვა გავიფართოვოთ, რაღაც სასარგებლო ჩავიდინოთ, თუნდაც ასე - შინ გამოკეტილებმა.

მახსენდება ემილი დიკინსონიც - ეს ერთი ყველაზე ნაღვლიან პოეტთაგანი, ვისი ქალური ცხოვრებაც ერთდროულად იყო მისი ჯილდოც და სასჯელიც. მე-19 საუკუნის ამერიკა, ვიქტორიანული წესებით და განათლებით. არც ომია და არც თავდასხმები, ეს იზოლაცია ემილის არჩევანია, მისი ექსცენტრული და ინტროვერტული ბუნებისთვის ერთადერთი გამოსავალია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი შეძლებულად ითვლებოდა და თავად ემილისაც ურიგო ბედი არ უნდა რგებოდა - კარგი ქმარი, მშვიდი ოჯახი, შვილები - პოეტმა ამ გზაზე უარი თქვა და სხვაგან გადაუხვია - საკუთარი ოთახისკენ, საკუთარი მწირი სივრცისკენ, სადაც ელოდა პოეზია და ტკივილები. ამ ოთახში გამოკეტილმა შექმნა თავისი მშვენიერი, მტკივნეული და სიყვარულით დაჭრილი შემოქმედება. მე ვიმალები იმ თეთრ ყვავილში, მკერდს რომ გიმშვენებს კრძალვით დილამდე...“ - დაწერს დიკინსონი და გადაისვრის ჩვენს ფიქრებს უთვალავი მიმართულებით, იმ თეთრ ყვავილთა და იმ მკერდის საპოვნელად, ვისაც თავად გულისხმობს...

ხანდახან იზოლაცია საკუთარი თავის დამალვაცაა, გარესამყაროსგან გა-უცხო-ება, უცნობად ქცევა, რათა მოემზადო დიდი ფრენისთვის და ნახტომისთვის, რათა საკუთარი მიწურის იატაკიდან ზეცის ფსკერამდე უდანაკარგოდ აიჭრა, სხვა ამსოფლიური ზადის შეურევლად, აიჭრა ზეცაში, როგორც თავდაპირველ სამშობლოში და თუნდაც იქიდან გადმოხტომა დაგჭირდეს, მაინც ვეღარაფერი შეგაშინებს, რადგან უკვე იცი, როგორია მანძილი ზეციდან და ზეცამდე. ასეთია გალაკტიონი. მისი გოლიათური სხეულიც კი მისთვის ერთგვარი კარანტინული სივრცეა, სადაც მისივე იდუმალი სულია გამოკეტილი. აუტანელია მისი ყოფა - სახლში, კედლებში, რომელთაც „ყურები აქვთ“ და მუდმივად გითვალთვალებენ, აუტანელია, თუმცა მაინც საბედისწეროდ სასურველი, ზუსტად ისეთი - „ვით უბინაოს ყოფნა - ბინაში“.

ეს ყველაზე იდუმალი იზოლაციაა, სულიერი კარანტინი, სადაც კანდელივით ჩაუქრობლად ბჟუტავს მოლოდინი და ზეცის ხსოვნა. ეს იზოლაციაა, საიდანაც „მატარებელი ხუთ წუთში გავა.“ მარადისობის საპირწონეა ეს ხუთი წუთიც - სასრული, თუმცა ყოვლისმომცველი.

ჩვენი „ხუთი წუთიც“ გავა და სამყარო კვლავ დაბრუნდება თავის სივრცეებში - ქუჩებში, თვითმფრინავებში, ატომურ სადგურებში, ცხოვრება კვლავ დაიბრუნებს სილაღეს და თავისუფლებას, ახმაურდება და ამოძრავდება,

თუმცა ვინ გააყოლებს თვალს დედამიწაზე ჩამოსულ ქრისტეს, ვინ გააცილებს ისევ ზეცის ბილიკებისკენ, ვინ დაიმახსოვრებს მის ნაფეხურებს, რათა მომავალ მეორედ მოსვლამდე ამ ცოდნით იცხოვროს და გაძლოს?!

ამ უცნაურმა დღეებმა/თვეებმა უფრო კარგად გამოაჩინა - ადამიანს არ შეუძლია, მარტოდმარტომ სრულყოს და გამოძერწოს თავისი ადამიანური სახე. საკუთარ თავთან პირისპირ აღმოჩენილებმა, საკუთარ სივრცეებში გამოკეტილებმა პირველ რიგში იმ ვიღაცის წყურვილი ვიგრძენით, ვინც ჩვენს სახეებს სამყაროში აღბეჭდავს. მისი ნათელის გარეშე გამქრალი ჩრდილები ვართ, ულმობელი სტატისტიკა ვართ პანდემიის შკალაზე - წითელი, შავი, ლურჯი ხაზები, აღმავალი და დაღმავალი მრუდები, რომლებიც „დიდ“ და „პატარა“ ქვეყნებს ჭადრაკის ფიგურებივით გადაალაგებს, თამაში კი ისევ გაგრძელდება...

ეს ჩვენი „ხუთი წუთია“, თითოეულის პირადი ხუთი წუთ - დრო საკუთარი სახლის იატაკიდან უსასრულო ლაჟვარდებში ასაჭრელად, და თუ მართლა გვინდა, ვიხილოთ სამყაროს გაზაფხული, ეს ხუთი წუთი ისე ვიცხოვროთ, როგორც მარადისობა.

არც ისე რთულია. ზურგს დიდი სულების მაგალითები გვიმაგრებენ. ტკბილია აფრენის წამი და შედეგიც - ზეცა: სიყვარული, თავისუფლება, სილამაზე.