The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ფოტოები და წიგნები


ფოტოები და წიგნები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჩანადირი გოგა
თარიღი: 2020



ჩ|ჩანადირი გოგა

1 რა ჯობს ადამიანისთვის?

▲ზევით დაბრუნება


მთელი ცხოვრება წიგნებს ტრანსპორტში ვკითხულობდი, უფრო მატარებელში. სულ მგონია, რომ მგზავრობისას დრო მეკარგება და რაღაცით უნდა შევავსო.

და ეს რაღაც არც მუსიკაა, არც ფიქრი, არც ძილი. ეს კითხვაა.

პატარაობიდანვე მოკლე გზებზე ჟურნალ-გაზეთებს ვკითხულობდი, გრძელზე - წიგნებს. მახსოვს, ბავშვობაში მეტროსადგურში საგანგებოდ ჩავდიოდი, მატარებელში ვჯდებოდი და წიგნის კითხვას ვიწყებდი. სადგურის ბოლოს მეორე მხარეს გადმოვდიოდი და გზასა და კითხვას ვაგრძელებდი. მას შემდეგ სულ მეკითხებოდნენ, თვალები არ გტკივაო, და მე დღესაც სიამაყით ვამბობ, რომ არასდროს მტკენია.

და აი, ასეთი „მოძრავი კითხვის“ მოყვარულს თავზე კორონაუძრაობა დამატყდა. აღმოსავლურ ფილმებს მივეძალე, მაგრამ ესეც რომ მომბეზრდა და გავჩერდი, მივხვდი, რომ კარანტინს ნაყოფიერად არ ვიყენებდი. სწორედ მაშინ მომინდა დროის კითხვით შევსება და წიგნის თაროების შეთვალიერება დავიწყე.

ძნელად თუ წამაკითხებთ ადრე წაკითხულ წიგნებს, მაგრამ ნაცნობყდიანი ნაწარმოები ზოგჯერ საღერღელს გიშლის. ალბათ, იმიტომ, რომ ახალი რამ ამოიკითხო ან ხელახლა განიცადო ის, რითაც მოიხიბლე.

ჩემთვის კარგი წიგნი კარგი ფოტოსავითაა. როგორც კი საყვარელ კადრს დავხედავ ხოლმე, მაშინვე იმ გადაღებული ადგილისკენ გაქცევა მინდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, ფოტოს კიდევ რაღაც დავაკელი და ხელახალი გადაღებით უნდა შევავსო, ანდაც ისევ იმ სიყვარულით შევხედო იქაურობას, რომ განცდები არ ჩამიქრეს.

საერთოდ, მწერალი და ფოტოგრაფი ერთმანეთს ჰგვანან. ისინი გონებაში სიუჟეტზე ფიქრობენ, მერე კადრებად აწყობენ, გმირებს ადგილებს უჩენენ და შეფუთვას იწყებენ. ყოველ შემთხვევაში, მე, როგორც განათლებით კინოსცენარისტი და საქმიანობით ფოტოჟურნალისტი, ასე ვუყურებ ნაწერებსაც და ფოტოებსაც.

მწერლისა და ფოტოგრაფის ქმნილებები კომპოზიციაა. აი, სწორედ ის, რომელიც განცდებში გრჩება ან არ გრჩება, გიყვარდება ან არა, გაბრუნებს მასთან ან გავიწყებს.

ჩემს თაროზე დევს დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“. იცით, რამდენი საფიქრალი გამიჩინა ამ წიგნმა თავის დროზე და კიდევ რამდენი კითხვა დამიტოვა? როგორ გინდა, ასეთ დროს მშვიდად შეხედო თაროდან მოცქირალ ამ მელნისფერ წიგნს?

და კვლავ დაიწყო იმაზე ფიქრი, რა უფრო ძნელია ამ წიგნის გმირისთვის - იყოს გენიოსი და ხედავდეს, რა ნაგავი ტივტივებს ზედაპირზე, თუ დარჩეს იმ გონებრივი პრობლემებით, რის გამოც ცუდს ვერაფერში ხედავდა, თავს ბედნიერად გრძნობდა და ყველა ადამიანი კეთილისმსურველად მიაჩნდა?

გმირ ჩარლი გორდონს ფსიქიკური განვითარება დარღვეული აქვს. მუშაობს. ზუსტად ისიც არ იცის, ხელფასი რამდენი აქვს, მაგრამ ბედნიერია, ყველა მისი მეგობარია მაშინაც კი, თუკი ვიღაც გაუბრაზდება. ის ბრაზს ბრაზად არ აღიქვამს.

ერთ დღესაც სამეცნიერო ცდების შედეგად გენიოსი ხდება და მის თვალში თვით დიდი მეცნიერებიც კი პატარავდებიან. მაშინ ჩარლი იმასაც მიხვდება, რომ თურმე ყველა ადამიანი მისი მეგობარი სულაც არ არის, თურმე, ყველა ადამიანი არც პატიოსანია, არც კეთილი და საკუთარ თავთან ბრძოლას იწყებს. შენ კი ამ დროს ფიქრობ, რა ჯობდა ჩარლისთვის: სამყარო მუდამ ვარდისფრად დაენახა თუ ნაცრისფერებს შეჯახებოდა?

ფოტოგრაფიაში ვარდისფერიც საჭიროა და ნაცრისფერიც. ფოტოგრაფი გაცილებით მარტივად ანაწილებს ფერებს კადრებში. აი, ცხოვრებაში ეს ასე ადვილად არ გამოდის, რადგან ფერებს სხვა, უკვე ცხოვრების კამერა ანაწილებს.

კითხვა კარგია, სულ უნდა იკითხო იმისთვის, რომ მარადიული კითხვების პასუხებთან მიგიყვნოს.

აი, ერთი მარადიული კითხვა - რა ჯობს ადამიანისთვის?