![]() |
ცხელი შოკოლადი №23 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბაბუაძე თამარ, ტურაშვილი დათო, კორძაია-სამადაშვილი ანა, გვახარია გიორგი, სუხიშვილი თამარ, ლომაძე ნინო, კიკალეიშვილი სალომე, ძანძავა ნინო, სადღობელაშვილი ქეთი, კოტეტიშვილი ტატო, მორჩილაძე აკა, ბაქრაძე ლაშა |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი ნინო სლეპჩენკო რედაქტორ-სტილისტი გაგა ლომიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე თამარ სუხიშვილი, სანდრო კაკულია ლაშა ბაქრაძე, ნინო ლომაძე ქეთი სადღობელაშვილი, ნინო ძანძავა ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე ნიკო ტარიელაშვილი, თეა დავითი, ტატო კოტეტიშვილი ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი, მამუკა ტყეშელაშვილი დიზაინი დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე თორნიკე ლორთქიფანიძე მარკეტინგი ქეთა ბუაჩიძე რეკლამა ნატა ფედოსეევა, გვანცა გუშარაშვილი, ნესტან ავალიანი დისტრიბუცია რატი ლორთქიფანიძე გამომცემელი M-PUBLISHING „ცხელი შოკოლადი“ „კინო-ცხელი შოკოლადი“ „ოზონი“ „დიალოგი“ შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. |
![]() |
1 რედაქტორის წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
ეჰ, რომ იცოდეთ როგორ მშურს ჩვენი ავტორების?!
ისინი ხომ საავტორო სვეტების წერისას მხოლოდ საკუთარ გუნება-განწყობაზე ფიქრობენ და ჩემს ცენზურასაც არად დაგიდევენ. თუმცა, მათი სვეტების გასწორებაზე მეც კარგა ხანია ჩავიქნიე ხელი. დაე, იყვნენ სენტიმენტალურები, ფამილარულები, გულწრფელები, თბილები და ტკბილები, არაპოლიტ-კორექტულები, სკეპტიკურები და თვითკრიტიკულები. ეს ყველაფერი ძალიან კარგია!
და რადგან მეც ადამიანი ვარ, მეც მინდა ამ საახალწლოდ ემოციებს ავყვე და გითხრათ, რომ მიხარია, რომ „ცხელი შოკოლადი“ უკვე 2 წლისაა! რომ ვგრძნობთ, ამ 2 წლის განმავლობაში როგორ გავიზარდეთ, შევიცვალეთ, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული და თამამები გავხდით. მიხარია, რომ ვიცით, რომ ბევრი სხვა საინტერესო ცვლილებაც წინ გვაქვს და რომ ამ ცვლილებების არ გვეშინია. პირიქით! მიხარია, რომ „ცხელ შოკოლადს“ დაბადების დღიდან თან სდევს ყოველთვიური ეკზისტენციალური კრიზისი - მუდმივად საკუთარი თავის ძიება და ანალიზი, როგორები უნდა ვიყოთ, ვისთვის და რატომ უნდა ვიყოთ, რა გვაქვს ახალი სათქმელი? გვახარებს ქება, მაგრამ ქებაზე მეტად გვადგება კრიტიკა. თქვენთან აქტიური კომუნიკაციაც ჰაერივით ამიტომ გვჭირდება.
ვამაყობ ჩვენი ძველი და ახალი ავტორებით: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ სუხიშვილი, სალომე კიკალეიშვილი, თამარ ბაბუაძე, ნინო ლომაძე, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, კახა თოლორდავა, აკა მორჩილაძე, ქეთი სადღობელაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, სანდრო კაკულია, ნინო ძანძავა, ლაშა ბაქრაძე - ეს ადამიანები „ცხელი შოკოლადის“ ისეთივე ორგანული ნაწილი არიან, როგორც ჩვენი ჟურუნალის ისტორიებისა თუ სხვა რუბრიკების გმირები.
ვამაყობთ ჩვენი ვეტერანი და „დებიუტანტი“ ფოტოგრაფებით. „ცხელი შოკოლადის“ ყველაზე ძვირფასი ფოტოარქივი ჟურნალის გმირებისა და ქალაქების ყველაზე „შინაარსიანი“ პორტრეტებია. ამისთვის კი მხოლოდ კარგი ფოტოაპარატი, კარგი ტექნიკური აღჭურვილობა, კარგი ფირი, კარგი სტუდია თუ ფოტოგმირების საინტერესო ჩაცმულობა არ არის საკმარისი.
აი, ასეთ აღტკინებულ ხასიათზე გახლავართ მას შემდეგ, რაც ახალი წლის დადგომის გარდაუვალობას გავუსწორე თვალი და „ცხელი შოკოლადის“ 23-ე ნომერზე მუშაობა დავამთავრეთ.
მაშ ასე: „ცხელი შოკოლაიდის“ საიუბილეო-საახალწლო ნომერი წარმოგიდგენთ: მოგზაურობას საახალწლოდ ყველაზე მხიარულ ქალაქ ედინბურგში; დათო ტურაშვილის საახალწლო პიესას „შავი კეტები“, წლის შემაჯამებელ სპეც-პროექტს „წლის ადამიანები“, რომელზეც იმდენი ვიკამათეთ, იმდენი ვგეგმეთ, იმდენი ვიღეთ, რომ ჩვენ ვეღარ ვხვდებით, რა გამოვიდა. თავად განსაჯეთ!
მათთვის, ვისაც საახალწლოდ „თბილი და ტკბილი“ განწყობილებები გჭირდებათ, წაიკითხეთ ნინო ბურდულისა და ანდრო ჭიაურელის სასიყვარულო ისტორია. თუ სხვა მაგარი ქალების ისტორიები გაინტერესებთ, იხილეთ ლილი იოსელიანი და იკო თაბაგარი. „მაგარი კაცების“ კატეგორია ამ ნომერში ბობ დილანმა დაიკავა (აქ დამატებით ზედსართავებს არ მოვიშველიებ, რადგან თავად ბობ დილანს მისი მისამართით ნათქვამი ეპითეტები - „მეამბოხე, უკომპრომისო, ახალი მუსიკალური მიმდინარეობის მამა“ - სძულს!).
თუ ნამეტნავად ჩატკბით და ახალ წელზე ფიქრი არ გაღელვებთ, აუცილებლად წაიკითხეთ დისკუსია თემაზე „გემოვნებაზე დაობენ“, ან ნინო ძანძავას ესსე „რეპრესირებული სექსუალობა“. ნამეტნავად შოვინისტო მამაკაცებო, ნერვებს გაუფრთხილდით, ეს რუბრიკა თქვენთვის არ არის!
ამ ნომერს თან ერთვის თქვენი საჩუქარიც - „ყვავილების ფლირტი“ - ნახეთ უკვე? აღმოჩდა, რომ მხოლოდ ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ახსოვთ ფლირტის კარტით თამაშის წესები. არადა, ძალიან სახალისო თამაშია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი მეგობრების გარემოცვაში ახალი ადამიანებიც ჩნდებიან.
„დებიუტანტი“ ფოტოგრაფების ფოტოებსაც ნახავდით ალბათ. თუ არადა, აუცილებლად გადაფურცლეთ „დებიუტის“ ბროშურა - წლევანდელი ფოტოკონკურსანტებით ჩვენ ძალიან ვამაყობთ.
მოკლედ ასე, მგონი ყველაფერი გითხარით. მე ხომ საიდუმლოებებს ვერასოდეს ვინახავ!
მომავალ შეხვედრამდე, 2007 წლის 25 ინავარს!
![]() |
2 ჩვენი ავტორები |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ბაბუაძე
როცა ცარიელ ფურცელს შევხედე, სვეტის დასაწყისისთვის ასეთი ფრაზა მოვიფიქრე: „ცხელ შოკოლადში“ მისი დაბადებიდან ვწერ და მასთან ერთად ვიზრდები-მეთქი. მაგრამ შემდეგ სწორედ ამ უკანასკნელმა ზმნამ დამაეჭვა: ვიზრდები, რო? ცხადია, გაზრდაში საფეთქელთან გაჩენილ ჭაღარას არ ვგულისხმობ - ასეთებზე ჯერ არ ვფიქრობ, მით უმეტეს საახალწლოდ! გაზრდაში ნამდვილ გაზრდას ვგულისხმობ - შემოქმედებითს; როცა აშკარად გრძნობ - ერთი საფეხურით ზევიდან გადმოხედე სამყაროს, ტვინის ერთი უჯრედით მეტი მაინც ამუშავდა შენს თავში და გრძნობის ერთი მეოთხედით მეტის გადმოცემა მაინც შეძელი ნაღდად. არადა, როგორც უკვე მოგახსენეთ, დაეჭვებული ვარ - ვიზრდები, რო? ეს ეჭვი ძირეულად განსხვავდება მოზარდი გოგოს ეჭვისგან - სარკესთან რომ დგას და ფეხის წვერებზე იწევა - არა, ცოტა კი გავზრდილვარ, მაგრამ აი, ამ სიმაღლე რომ ვიყო, უფრო მეტ ბიჭს მოვეწონებოდიო!..
ჩემს სიმაღლეზე უკვე წლებია, აღარ მოვთქვამ. აი, შემოქმედებით ზრდაზე ფიქრებით კი ხანდახან მაინც ვღლი ხოლმე საკუთარ თავს, განსაკუთრებით აი, ასეთ წუთებში, როცა რაღაც ეტაპების შეჯამება მიხდება. მაგრამ მე ხომ ჰაერის გოგო ვარ - ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული - და, როგორც სხვა დროსაც წარმატებით გამომდის ხოლმე, ახლაც, ასეთ წუთებშიც, ძალიან მალე მოვახერხე ეჭვებისგან თავდახსნა. სასწრაფოდ გავიხსენე შარშანდელი დეკემბერი, როცა ნიუ იორკის სულ სხვა დროით მაჯააჩქარებულმა რამდენიმე დღეში ვაქციე სიტყვებად ჩემი ბობოქარი ემოციები და უმალ კარგ ხასიათზე დავდექი. მივხვდი, ჩემი ყველაზე დიდი ადრენალინის წყარო, რამდენიმე პირადი საიდუმლოს გარდა, მოგზაურობაა. ამიტომ წლევანდელი საახალწლო ნომრისთვისაც ისეთი რესპონდენტი ავირჩიე, რომ შარშანდელივით კვლავაც გზაზე მომხდარი თავგადასავლები გამომივიდა, ოღონდ, ამჯერად ბუნების წიაღში გადახდენილი. ია თაბაგარმა ისეთი ამბები გაიხსენა, მე პირადად სულაც გადამავიწყა, წლევანდელი დეკემბერი თბილისში რომ გავატარე.
...უკვე გითხარით ხო, ჰაერის გოგო ვარ-მეთქი? ჰოდა, ახლა ზამთრის კარგმა ჰაერმა ისე წამიღო და იმდენი ოცნება და გეგმა მომაფიქრა, ალბათ, დღე-ღამეში 48 საათი დამჭირდება, თითოეული მათგანი რომ განვახორციელო. ცხადია, მათ შორის, ესენიც შედის: სტრესების დავიწყების ნიჭი; „ცხელი შოკოლადის“ თანხლებით ზრდა და ძალიან ბევრი მოგზაურობა. თქვენც ინატრეთ რამე, იქნება და ახდეს.
დათო ტურაშვილი
ძალიან მომეწონა ამ ჟურნალში ერთი კარგი სიახლე - უკვე ბეჭდავენ მკითხველების წერილებსაც და მათ შორის ერთმა ძალიან გამახარა, რადგან ეხებოდა ჩემს პუბლიკაციას და რაც მთავარია, იყო კრიტიკული. წერილის ავტორი სრულიად სამართლიანად მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ მკითხველები ძალიან შევაწუხე რუსეთის შესახებ ჩემი ემოციური აზრებით და ამიტომაც, უპირველესად მადლობა მინდა ვუთხრა ამ კრიტიკის ავტორს და აქვე დავდო პირობა, რომ რუსების ხსენება ჩემს პუბლიკაციებში აღარ იქნება, მიუხედავად იმისა რომ სულაც არ ვთვლი ემოციურობას უარყოფით მოვლენად. ამავე წერილის ავტორის დამსახურებაა ისიც, რომ პირველად (ამ ჟურნალში თანამშრომლობის მანძილზე), ვბეჭდავ პიესას და თანაც საახალწლოსა და თანაც სახალისოს, რადგან როგორც ამ ჟურნალის მკითხველებისაგან ვიცი, ისინი ყველაზე მეტად „ცხელ შოკოლადს“ სწორედ დასვენების მიზნით ეტანებიან. მართალია პირადად ჩემთვის ამ პიესის თემა და პრობლემა, სულაც არ არის სახალისო, მაგრამ მთავარია მკითხველმა ისიამოვნოს და ჩემს დარდებს კი ისევ ძველებურად გავუძლებ და თვითონვე გადავაგორებ.
ამ პიესის იდეა კი ძალიან უბრალოდ გაჩნდა - შარშან ესპანელებმა მადრიდელი პუტანკების შესახებ ფილმი გადაიღეს, რომელსაც „პრინცესები“ ჰქვია და სპეციალურად ამ ფილმისათვის, მანუ ჩაომ სიმღერაც დაწერა. ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ეს სიმღერა ესპანელი პუტანკების ჰიმნად იქცა, თუმცა მანამდე საოცარი სანახაობა ვნახე - ამ ფილმის პრემიერას მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კინოთეატრში ასობით მადრიდელი პუტანკა დაესწრო და მიუხედავად მათი მხიარული სახეებისა, მაინც მივხვდი, რომ ეს იყო ყველაზე სევდიანი მაყურებელი, ვინც ოდესმე კინოში მინახავს და შემხვედრია. (სხვათა შორის, ასობით პუტანკა ასე ჯგუფურად, რამდენიმე წლის წინ რეზიკო თაბუკაშვილთან ერთად ვნახე მოსკოვშიც, გამთენიისას, აეროპორტისაკენ მიმავალ გზაზე არჩევნების დღეს, როცა ბორის ელცინი მეორედ გახდა რუსეთის პრეზიდენტი. ჩვენ მივდიოდით ხორვატიაში და პუტანკები კი საარჩევნო უბნებისკენ მიიჩქაროდნენ ასე კოლექტიურად და ასე დემონსტრაციულად. ძალიან მაგარი სანახაობა კი იყო, მაგრამ რადგან შევთანხმდით რომ რუსეთზე აღარაფერს ვიტყვით, იმასაც აღარ გავიხსენებ (მათი პასუხების მიხედვით) რა მიარბენინებდა ამ მშვენიერ ხალხს არშემდგარი დემოკრატიის დასაცავად.
ის ფილმი კი, რომელშიც მთავარ როლს კანდელა პენია ასრულებს, ამ პიესაზე წვალების მთავარი მიზეზი გახდა, თუმცა წვალება მაინცადამაინც არ მინდოდა (ისედაც არ მაკლია) და ვიფიქრე თბილისში რომ დავბრუნდები, „პოსეიდონში“ მივალ, ქართველ პუტანკებს გავიცნობ, დაველაპარაკები და შრომას შევიმსუბუქებ-მეთქი, მაგრამ პოსეიდონი დანგრეული დამხვდა. ერთადერთი, რითიც თავი დავიმშვიდე, მართლაც ძალიან სასიამოვნო სიახლე იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ პუტანკები ნანგრევებში არ ჩაუყოლებიათ. ამიტომაც, იძულებული გავხდი ქართველი პუტანკების ცხოვრება და მათი პრობლემები მაინც წვალებით შემესწავლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ბევრნი არიან; აღმოჩნდა რომ ქართველი ქალიც ადამიანია და ისიც შეიძლება გაბოზდეს მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი კდემამოსილებისა; აღმოჩნდა რომ ისინიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათაც სურთ, რომ ეს ქვეყანა იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე არის და ჩვენ კი იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე ვართ...
ანა კორძაია-სამადაშვილი
ვეუბნებოდი, ვეუბნებოდი ლევან ხერხეულიძეს, დროზე გადამიღე სურათი-მეთქი. არ გადამიღო და აჰა! ეს დათო მესხის ნახელავია და როგორც ხედავთ, კვლავ წელამდე დალალები მაყრია. არადა, როგორი ნონკონფორმისტული ვარცხნილობა მქონდა, აფსუს! ჩემს დანახვაზე ფრიც ლენცი ნამდვილად ტანჯვით მოიკლავდა თავს - და ღირსიც იქნებოდა.
საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად, - ძალიან მეჯავრებიან ფსიქოლოგები! - ქალები თმას მაშინ იჭრიან, როცა მკბენარი უჩნდებათ ან ცუდ გუნებაზე არიან. შესაბამისად, ვისაც არ დაეზარა, ყველამ თავზარდაცემულ-შეწუხებული სახე მიიღო - ტყუილი, ტყუილი! და მკითხა: რა მოგივიდა?
არაფერი, ძვირფასებო, უბრალოდ, თმა შევიჭერი. მეტსაც მოგახსენებთ - თავს ჩინებულად ვგრძნობ და დიდი ენთუზიაზმით ველი, როდის ჩაივლის ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებული დაუსრულებელი დღესასწაულები.
ჩემთვის ეს დღეები ბევრი ვერაფერი სიხარულია. მე არ ვჭამ ინდაურს, გოზინაყი არ მიყვარს და ვერც იმას ვხვდები, რად უნდა მიხაროდეს ჩემი მშვენიერი ცხოვრების კიდევ ერთი წლის დასრულება - მარადისობაში სულ არ მიმეჩქარება.
მაგრამ ჰა, ვინაიდან ნახევრად სავსე ჭიქა ნამდვილად სჯობს ნახევრად ცარიელს, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მრავალს დაესწარით „ცხელ შოკოლადთან“ და ჩემთან ერთად.
ხოლო ნიშნად იმისა, რომ ჩვენთან ერთად ყოფნა ნამდვილად ღირს, ამ ნომერში ძალიან კარგ ამბებს მოგიყვებით და ძალიან ლამაზ ფოტოებს გაჩვენებთ, და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ სიხარულისთვის სულაც არაა საჭირო, კალენდარზე დღესასწაული იყოს აღბეჭდილი.
მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად.
გიორგი გვახარია
იცით რატომაა კარგი „ცრემლიანი სათვალის“ წერა? წარსულში მოგზაურობ და გგონია, რომ ისევ ისეთი ხარ, როგორც ასი წლის წინ. თავს იტყუებ და მარად ახალგაზრდას თამაშობ. არა და დრო გადის - „ახალი ახალი წელია“. შარშან გადავწყვიტე სხვანაირად შევხვედროდი ახალ წელს - პარიზში, ლიბანელების კამპანიაში ავღმოჩნდი. მშვიდობა ვუსურვე და საწყალი ხალხი დავთარსე კიდეც - 2006 წელს ლიბანში ომი დაიწყო.
ომი მეც დამებედა - ომი რადიოში, ტელევიზიებში, ომი ახლობელ ადამიანებთან. წყენა, ეჭვიანობა, საქმის გარჩევა, ქარაგმებით „კბენა“... ძაღლის წელიწადს ადამიანები დაგეშილ ნაგაზებს ემსგავსებიან. ცოფი გადამდები ხდება... მაგრამ ასეთი კორიდა - სიყვარულის კორიდაა. ადამიანისგან მაშინ გწყინს, როცა იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს შენს ცხოვრებაში, როცა არა ხარ მის მიმართ გულგრილი, როცა ვერა და ვერ ელევი. ისე, როგორც ბერგმანის „შემოდგომის სონატაში“! დაცოფეს ერთმანეთი დედამ და შვილმა, ათასი საზიზღობა თქვეს. მერე დედა წავიდა... და მხოლოდ ფინალში, როცა კორიდამ ჩაიარა, როცა ორივე მარტო დარჩა - მოინანიეს, გული დასწყდათ, მიხვდნენ, რომ მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
ომი ლიბანში. ისრაელის ქალაქების დაბომბვა და რუსეთ-საქართველოს „ცივი“, მაგრამ უკვე ძალიან მოსაბეზრებელი ომი. „ჩემი ომები“... „ანა კარენინასი“ არ იყოს, ყველა ომი რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. ომს დაღლა და თავის ტკივილი მოჰყვება ხოლმე. ორგანიზმი იფიტება. ამასობაში ახალი წელი მოდის და ნაომარი ხალხი მშვიდობას უსურვებს ერთმანეთს.
უცხო ხალხთან ერთად ახალ წელს აღარასდროს შევხვდები. არავის მეკვლე არ ვიქნები!
ყველამ მაპატიეთ, ვისაც გაწყენინეთ. მშვიდობას გისურვებთ!
თამარ სუხიშვილი
არ ვიცი, კიდევ გახსოვთ თუ არა ჩემი კადნიერი დაპირება - ბევრი სხვაც მაქვს მოსაყოლი-მეთქი? თუმცა მე ჩემს პირობას მაინც შევასრულებ (სიტყვის ქალი გახლავართ!). ოღონდ ამჯერად ინგლისურ ჩაისთან მოსაყოლი ამბების ნაცვლად, შოტლანდიურ ვისკისთან მისაყოლებელ ამბებს შემოგთავაზებთ, და შევეცდები, ხალისიანი და საახალწლო განწყობა შეგიქმნათ.
2007 წელი დგება, მე კი ისევ შარშანდელ ძველ წელში ჩავრჩი (და მგონი კიდევაც დიდხანს ჩავრჩები). რატომღაც ისევ შარშანდელ ახალ წელს ვიხსენებ, შოტლანდიის მთებს და ედინბურგის ქუჩებს... ვიღაცისთვის შეიძლება ამაში განსაკუთრებული არაფერი იყოს (დიდი ამბავი, ერთხელ გაყო გარეთ ცხვირი და არ მოგვაბეზრა თავი ამაზე წერითო?), მაგრამ მე კი კარგა ხანს ისეთივე გატაცებით გავიხსენებ ჩემს საახალწლო მოგზაურობა-2006-ს, როგორც ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი მოუბეზრებლად იმეორებდა ხოლმე ჩვენთვის უკვე კარგად მობეზრებული მეორე მსოფლიო ომის მისთვის ლამის უკვე მითოსად ქცეულ ამბებს.
2006 წლის ახალ წელთან ჩემი ფსიქოლოგიური მიბმის მიზეზსაც ახლავე აგიხსნით. ჩემს მეხსიერებაში 2006 წლის 1 იანვარს ედინბურგი სილაღისა და თავისუფლების ქალაქად ჩაიხატა. ზამთრის ჩვეული სუსხი, ქუჩებში გამოფენილი ამაყი და ახლის, კარგის მოლოდინის სიხარულით ატაცებული შოტლანდიელები - მხიარულები, კეთილად განწყობილები, იმედიანები, თავიანთი თავისა და სხვათა ბედნიერების მოსურნენი. ეს სიხარულის დღესასწაული უცებ არ შეიქმნებოდა. ამას თავისუფლებისაკენ მიმსწრაფი ხალხის ნება ქმნიდა და უკვე ტრადიციად იქცა.
გრანდიოზულ ფეიერვერკზე უფრო მთავარი ეს საყოველთაო სიხარულისა და ბედნიერების განცდაა. მინდა, თქვენც ისეთი ახალი წლები გისურვოთ, ედინბურგში რომ დგება.
სიხარული დაგეკვებოთ!
ჰოდა, ედინბურგში ვარ და...
ნინო ლომაძე
ბოლო ხანს ჩემი და შოკოლადის თანაცხოვრება სრულ ჰარმონიაშია თუ, ცხადია, არ ჩავთვლით იმ დღეებს, როცა გათბობა არ გვქონდა და ფიზიკის ერთი რომანტიკული კანონის თანახმად ერთმანეთს მხოლოდ გაცემული ენერგიის წყალობით ვათბობდით. ამის მიუხედავად, იქ მისვლა მაინც მიხარია... რომ შესვლისთანავე ხერხეს ჩემი ასტროლოგიური ნიშნის უახლოეს მომავალზე ვკითხო და სალომეს დანახვაზე „A Far L'amore comincia tu“ გამახსენდეს, მერე ანას საოცარი ამბები ვისმინო და ჩვენი ფოტოგრაფების ხუმრობებზე მთელი გულით ვიცინო. აი, ასეთია ერთი დღე შოკოლადში, თან ეხლა ახალი წელი მოდის და რამდენიც არ უნდა ამტკიცონ რედაქციაში ახალი წლის და თოვლის ბაბუის ჩვენ დიდი ხანია აღარ გვჯერაო, განწყობა მაინც სულ უფრო თბილი და ხალისიანი ხდება.
ახალი წლის და ამასთანავე საიუბილეო ნომერზე კი აბა რა გითხრათ, თავად ნახავთ და შეაფასებთ. ერთს გთხოვთ, რომ უფრო მეტი მოგვწეროთ. ერთხელ მაინც რომ შემოგაჭყიტათ რედაქციაში, ახალი ფოსტის მოსვლას როგორი სიხარულით ვამცნობთ ერთმანეთს, ნამდვილად არ დაგვზარდებოდით.
ისე, ალბათ ამ წელსაც ასე იქნება; დაივლიან პატარა ბავშვებს ხელოვნური თეთრი წვერით და წითელი ქუდით, ხანდახან ხურჯინით აღჭურვილი ცოტა სევდიანი თოვლის ბაბუები. პატარებიც, შესაბამისად ხან გაბრიყვდებიან და სიხარულით მიიღებენ მისგან საჩუქრებს. თუმცა იქნებიან, ალბათ, მოზრდილი ბავშვებიც, ვინც წითელ ბაბუს მხოლოდ მშობლების ხათრით გაუღიმებენ და საჩუქარზე მადლობას მაინც დედებს და მამებს გადაუხდიან.
მე უკვე დიდი გოგო ვარ, მაგრამ თოვლის ბაბუას მაინც დაველოდები. იმას, შოკოლადში რომ მოვა და მომავალი წლისათვის ახალ იდეებს, საინტერესო შეხვედრებს და გემრიელად მოსათხრობ ამბებს მოგვიტანს საჩუქრად... თქვენთვის.
სალომე კიკალეიშვილი
მინდა... მე მინდა, რომ... მმმ, კარგი იქნებოდა, თუ... ვისურვებდი, რომ... - ხომ ხედავთ?! ვერანაირად ვერ ვიწყებ! ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც ეს საშობა-საახალწლო სვეტს შეეფერება! თავში ხომ წლის ადამიანების ტელეფონების გარდა, არც აღარაფერი მიტრიალებს! არადა, თავდაპირველად სვეტის დაწერის როგორი „სვეტური“ არტ-ჩანაფიქრი მქონდა... ახლა კი ბანალურ ნოტებზე გადმოვედი და ყოფით ამბებში ვლივლივებ. აღარც იუმორი შემომრჩა და აღარც სიტყვათა სისხარტე. მოკლედ, სულ წავედი ხელიდან...
რედკოლეგიის (როგორ მეზიზღება ეს სიტყვა) ცხოვრებიდან მხიარული ეპიზოდები; სალომეს გასული წლის თავგადასავლებისთვის ერთი ამოსუნქვით, თვალის შევლება; ანა კორძაია-სამადაშვილის სახლში, ციცქნა მაგიდის გარშემო დატრიალებული ამბები; კუს ტბის მერე გამართული after party-ები; ორშაბათობით, დათო მესხის ქრონიკულში გადაზრდილი გაფრენები, როდესაც გამოურთავად ღიღინებს „ჯეო-სტარის“ რეპერტუარს; სანდრო კაკულიას - „მკიდია“; ბაბუაძის ცურვის სწავლის უშედეგო ცდები შავ ზღვაში; ხერხეს „რას ამბობენ ვარსკვლავები“ და ჩემი ფოტოს კაცის და პატარა ანას გამუდმებით ერთმანეთთან გაბუტული სახეები - ეს არის იმის ნაწილი, რაც ჩემი ტვინის ახლადდახურულ ფოლდერში - „2006“ შევიდა; word-ის ფაილებით, ფოტო იმიჯებით და ფონად დადებული მუსიკალური ნოტებით.
ოოჰ, რა რთული და სევდიანი ყოფილა საახალწლო წლის შემაჯამებელი სვეტის წერა...
P.S. ოფიციალური განცხადება: ფოლდერი ნომერი „2007“ ამ დღეებში იწყებს ფუნქციონირებას.
ნინო ძანძავა
- ნეტავ თვალები მეწვოდეს ბნელ ოთახში ფილმების ყურებისგან!
- რა საშინელებაა ეს გადასვლის პროცესი!
- კახა, მეორეჯერ ჩავწერთ ამ დისკზე?
- იცით, მაგ დისკებს ნუ ენდობით.
- მიხეილ ჭიაურელის „ხაბარდას“ სცენარი ტრეტიაკოვს დაუწერია.
- გადასარევად ხართ იქ მოწყობილი. დიღომში უკეთესად იყავით თუ პლეხანოვი სჯობს? იქ ინტერნეტი მაინც გვქოდა.
- ერთი ქაღალდი მინდა ჭიკარტების გასახვევად, ქეთიმ მასწავლა გახვევის კარგი მეთოდი.
- როგორი იყო გუშინდელი გამოფენა?
- როგორც ამბავი კარგი იყო, მაგრამ თვითონ გამოფენა არ ვარგოდა!
- მაგარი გამხდარია გაბაშვილი.
- მინისტრი გაბაშვილი? სად ნახეთ?
- პლაკატები დაახვიე უკვე? ჰო, ახლა ბაინდერებია ჩასალაგებელი.
- შევდივართ My Computer-ში, მერე CD Drive-ში.
- გადავირიე, რამდენი ყუთია, კარებს ვერ ვაღებ!
- საოცარ ისტორიებს მივაგენით ლამარასთან არქივში. ნინო მოგიყვება მერე.
- მოწყენილი ხარ?
- არა, სვეტი მაქვს დასაწერი ჟურნალისთვის.
- გავიყვლიფე დღეს, კრედიტები გავისტუმრე...
- და ჩემთან ბერლინიდან წერილი არ მოსულა?
- ცუცა, ჩემთვისაც დაბრონე ჯამბაზები?
- კი, სულ ოთხი.
- უი, იმ დღეს რამდენი ვიცინე დათო ტურაშვილს ქართული რომ შეუსწორეს ჭიჭიკომ და ბიჭიკომ...
- გიორგი, ცოცხალი ხარ? იმედია, კიდევ დიდ ხანს იქნები!
- ქართული ფილმების დატაბეიზი გავაკეთოთ?
- თათბირი გვაქვს ჩასატარებელი, მაქვს ამის მოთხოვნის უფლება?
- მე წინააღმდეგობის კომიტეტს ვაყალიბებ! სამაგალითო ჟურნალისტები ასეთ გარემოში მუშაობენ. მე არ ვარ სამაგალითო ჟურნალისტი!
![]() |
3 შოკოლადი გირჩევთ |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
„ლიტერატურული კაფე“, ახლა უკვე გუდაურში
„ფორთოხლით უფრო გემრიალია, ეს გააკეთე“ ან „ჰო, კოსტავას ლიტ. კაფეში ვარ, გამოდი და ყავას დაგალევინებ, ხომ გინდა ყავა?“ - ამგვარი პარალელური ფრაზების მოსასმენად მზად უნდა იყოთ მაშინ, როდესაც რამაზ გემიაშვილს ტელეფონით ესაუბრებით. ნამცხვრები და შოკოლადი ხომ მისი ცხოვრების უცვლელი თანამგზავრია! მას შემდეგ, რაც თბილისის სხვადასხვა უბანს „გემრიელად“ მოედო ლიტ.კაფეები და გემიაშვილის უგემრიელესი, ცნობილი „ლიტერატურულის ნამცხვრები“, ეს ყველაფერი თბილისის მასშტაბებს გაცდა და საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დაიდო ბინა. პირადად მე, წელს მთელი აგვისტო გონიოს ლიტ.კაფეში გავატარე, გემრიელი ნამცხვრების და წიგნების გარემოცვაში. პარალელურად, ბათუმში ის ადგილიც მოვინახულე, სადაც ახალი ლიტ.კაფე უნდა გახსნილიყო და დანამდვილებით ვიცი, რომ ამ თვის ბოლოს, ბათუმელებსაც ექნებათ დროის გემრიელად და ნაყოფიერად გატარების საშუალება. მაგრამ ახლა ხომ ზამთარია და სპორტის და ჯანმრთელი ცხოვრების მოყვარული ხალხი სათხილამურო კურორტებზე მიდის! გუდაურში, რა თქმა უნდა! ჰოდა, არ გაგიკვირდეთ, თუ სათხილამურო „კანატკასთან“, დეკემბრის ბოლოს ჩასულებს, ლიტ.კაფე დაგხვდებათ - თქვენთვის ნაცნობი მენიუთი, თქვენი საყვარელი წიგნებით და ამ კურორტისთვის შესაფერისი ინტერიერით. კედლებზე დახატული ირმებით (აი ისეთი, ჯემპრებს რომ ეხატა) და დიდი სარკეთი. ჰო, ისე, ეს ახალი ატრიბუტი ლიტ.კაფესთვის სიახლეა და იცით რატომ კიდია? - „იმიტომ, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ნამზეურით დატკბეს“-ო, განაცხადა რამაზ გემიაშვილმა.
ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე გუდაურის „ლიტ.კაფეში“!
პროექტი „29“
სულ რაღაც სამიოდე დღის წინ, „ქორთიარდ მერიოტში“, სტუდია „სანოს“ და მსახიობ გოგი ხარაბაძის ახალი პროექტის, „29“-ის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი „29“ კომპაქტ დისკების მთელი კრებულია, რომელზე მუშაობაც 9 თვის მანძილზე მიმდინარეობდა და რომელიც, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის ოჯახში დაიდებს ბინას. კრებულში 29 დისკია შესული: „აკაკი წერეთელი - პოეზია“, „აკაკი წერეთელი“, თორნიკე ერისთავი“, „ილია ჭავჭავაძე“, „გალაკტიონ ტაბიძე“, „ვაჟა ფშაველა“, პოემა „ვეფხისტყაოსანი“, „სახარება იოანესი“, „სახარება მათესი“, „სახარება ლუკასი“ და „სახარება მარკოზისა“, „ზღაპარი ბავშვებისთვის“ და გოგი ხარაბაძის „რჩეული 63 ლექსი“. რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გოგი ხარაბაძე კითხულობს. კატალოგი გაყიდვაში რამდენიმე დღეში გამოდის და მისი ყიდვა შეგეძლებათ როგორც ცალობით, ისე კატალოგის სახით.
„ალფა-დოგ“-ი
კინოთეატრი „ამირანი“
იანვარი
რა უნდა ჰქნა მაშინ, როდესაც ლოს ანჯელესის ყველაზე ელიტურ უბანში ცხოვრობ, ხარ მოზარდი ბევრი, ბევრი თავისუფალი დროით და ფულით ჯიბეებგამოტენილი? ჰო, რა თქმა უნდა, უნდა გაერთო, როგორც შეგიძლია. უბრალოდ, ამ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი! და მოხდება კიდეც, კალიფორნიის მხურვალე მზის ქვეშ! თქვენ კი, ამ „ყველაფრის“ ნახვა „ამირანში“ შეგიძლიათ ნიკ კასავეტესის ფილმში „ალფადოგ“-ი, რომლის სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა აგებული. ნარკომოვაჭრე, ანუ ჩვენს ენაზე - „ბარიგა“, ოღონდ მსხვილი „ბარიგა“, ვინმე შონ მაიკლსი, იგივე ჯესი ჯეიმს ჰოლივუდი, ამერიკის საგამომძიებლო ორგანოს პირველი და ყველაზე ახალგაზრდა დამნაშავე იყო. სწორედ ამ დამნაშავის და მისი ბანდის სამდღიანი ვოიაჟის და დამნაშავეობის შესახებ გვიამბობს კასავეტესი, სადაც ცნობილ დამნაშავეებს ჯასტინ ტიმბერლეიკი, ემილ ჰირში და ბრიუს უილისი თამაშობენ. ნუ, ბრიუსის ანუ ჰოლივუდელი „მაგარი ბიჭის“ გარეშე, როგორ შეიძლება ამერიკულ კინოში ვინმემ თოფიდან ისროლოს?! ჰო, ფილმში სადღაც შერონ სთოუნიც დარბის, თურმე.
P.S. ბრიუსი ისე გაგიჟებულა ამ პოპ-ბიჭის შესრულების მანერით, რომ ფილმში „კერკეტი კაკალი 4“ თავისი შვილის როლზე მიუწვევია. ესეც შენ, ერთი ნაბიჯი სცენიდანეკრანამდე.
![]() |
4 კულტ-მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
ამერიკული პოეზიის საღამო
16 დეკემბერი. 17:00, „კოპალა“. ფორაქიშვილების დარბაზი.
ამ დღეს გამართულ საღამოს სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა ამერიკის კულტურის და პრესის ატაშეს როინა კროს-ნაჯაფს ქართულ ენაზე ლექსი წაუკითხა ისე, რომ არც ავტორის ვინაობა და არც ლექსის შინაარსი უთქვამს; და მისთვისაც სრულიად მოულოდნელად, ქალბატონმა როინამ უცხო ენაზე წარმოთქმული სიტყვების მიღმა, რობერტ ფროსტის ლექსი ამოიცნო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა იმ საღამოს მოწყობა, რომელიც ფორაქიშვილების დარბაზში, 16 დეკემბერს გაიმართა. აქ ამერიკელი პოეტების: ედგარ ალან პოს, ჰენრი ლონგფელოუს, ემილი დიკინსონის, რობერტ ფროსტის, ედვინ რობინსონის, თ.ს. ელიოტის, რობერტ ნათანის და პ. კოლუმის ლექსებს ქალბატონი როინა ორიგინალის ენაზე კითხულობდა, ხოლო მის ქართულ თარგმანს - პოეტი და მთარგმნელი კოტე ყუბანეიშვილი. მან, გიტარის თანხლებით, პ.კოლუმის „An old woman of the roads“-ის სასიმღერო ვარიანტი შემოგვთავაზა.
როდესაც ერთ საათს პოს, დიკინსონის, ფროსტის თუ ელიოტის საოცარ სამყაროში გაატარებ და მშვენივრად შესრულებულ ქართულ თარგმანებს მოუსმენ, მიხვდები, რა ცოტა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის!
„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია თბილისი“
6 დეკემბერი. 17:00
ორგანიზაცია „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია თბილისი“ 1996 წელს შეიქმნა. მისი მიზანი საქართველოში მყოფ უცხოელ ქალბატონთა უცხო გარემოში სოციალური ადაპტაცია და ქართველ ქალბატონებთან დაახლოება იყო. მას მერე მრავალი წელი გავიდა და მისმა ორგანიზატორებმა, ასოციაციის პრეზიდენტებმა სარა უილიამსონმა, თერი მაკლეინმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ სოციალურად დაუცველი, ზრუნვასმოკლებული ბავშვებისთვის თუ სიმსივნით დაავადებულთა დასახმარებლად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გამართეს. ასოციაცია ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, საშობაო და საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვას აწყობს, საიდანაც შემოსული თანხა მოსახლეობის ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას ხმარდება. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია თბილისი“-ს დახმარებით, სამკერვალო სახელოსნო „მკურნალი“-სთვის ახალი დანადგარები შეიძინეს, რომელზე მუშაობასაც ქუჩის ბავშვები სწავლობდნენ. მათ შორის ერთ-ერთი უკვე „კარიტასში“ ასწავლის. „ჰოსტისის“-თვის (ეს არის ონკოლოგიური კლინიკის განყოფილება) ამ ორგანიზაციის დახმარებით, ოთახები გარემონტდა და რაიონებიდან ჩამოსულთათვის სასტუმრო ოთახები გაკეთდა.
და აი დღეს, როდესაც მის წევრებს ონიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ვესტუმრე, ისინი მომავალი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვისთვის ემზადებოდნენ, რომელშიც პირველად, ამერიკის საელჩოს გარდა, 11 საელჩო იღებდა მონაწილეობას. გამოფენა-გაყიდვა სასტუმრო „მეტეხში“, 9 დეკემბერს გაიმართა, სადაც ოჯახიდან გამოტანილი ნივთების და მეორადი მოხმარების სამოსის გარდა, ხელნაკეთი ნივთებიც გამოიტანეს. ამასთანავე, წელს კაფეც ფუნქციონირებდა, სადაც ნაციონალური საკვების და საკონდიტრო ნაწარმის შეძენა შეგეძლოთ. და ალბათ სწორედ ახლა, როცა ამ პატარა მასალას კითხულობთ, მისი წევრები ონიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში სხედან და მომავალი საქველმოქმედო ღონისძიებისთვის ემზადებიან.
ნინო ქათამაძე თბილისშია
1 დეკემბერი, Night Offi ce
1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, „Night Offi ce“-ში ნინო ქათამაძის და ჯგუფ Insight-ის სოლო კონცერტი გაიმართა, სადაც კამერული ორკესტრის მცირედი შემადგენლობაც იღებდა მონაწილეობას.
ეს საღამო სამხრეთ კავკასიის 2-დღიანი ფესტივალის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდისა და კომპანია „არტ ფორუმის“ ორგანიზებით ჩატარდა. ორწლიანი პაუზის შემდეგ, ნინო ქათამაძემ, ჯგუფთან ერთად, თბილისში კონცერტი გამართა, რომლის მესიჯიც იყო - „შეასრულე პირობა - შეაჩერე შიდსი“.
დღეს ნინო უკვე მოსკოვშია და რუსეთის და უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ორკესტრის თანხლებით მართავს კონცერტებს.
შინ, „შინთან“ ერთად
4 დეკემბერი. 20:00. რუსთაველის თეატრი.
„დღევანდელი პრეზენტაცია - ეს არის ახალი მუსიკის ძიება ფოლკლორისა და ჯაზის ტრადიციული ფორმების მიღმა; ძიება და მასში ნაპოვნი ახალი მიმართულება - ახალი მუსიკალური სტილი, რომელსაც იბერო-კავკასიური ვუწოდეთ“.
1998 წელს, გერმანიაში ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა „შინ“, კიდევ ერთი კონცერტი გამართა თბილისში. უფრო სწორად, ეს იყო ახალი პროექტის, „ეგარი“-ს პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც ხალხური, ისე თანამედროვე ინსტრუმენტები და სადაც ქართულ პოლიფონიურ სიმღერას და ფოლკლორულ ცეკვას ჯაზური იპროვიზაცია და ფლამენკოს ელემენტები სინთეზურად ენაცვლებოდა. დასავლურ-აღმოსავლური კულტურის კიდევ ერთი მშვენიერი დიალოგი ზაზა მიმინოშვილმა, ზურა გაგნიძემ და მამუკა ღაღანიძემ, მოწვეული მუსიკოსების თანხლებით შემოგვთავაზეს. მათ შორის იყო სპეციალური სტუმარი ხორხე პარდო (ფლეიტა, საქსოფონი. პაკო დე ლუსიას და ჩიკ კორეას Touchstone-ის ბენდის წევრი).
P.S. აი ასე, ზოგჯერ თუ მოგეცემა ხოლმე საშუალება გაგახსენდეს ის, რასაც ძველი ბერძნები „კათარზისს“ უწოდებდნენ.
ნიუ-ს ახალი მნიშვნელობა
15 დეკემბერი. 18:00. საჯარო ბიბლიოთეკა
მოკლედ, აუცილებლად მოდით, დღეს ნახავთ იმას, რაც აქამდე არასდროს გინახავთო, - დაახლოებით ასეთი შინაარსის ბუკლეტი მოიტანეს რედაქციაში. საქმე კი, ფოტოცენტრის და ახალგაზრდა ფოტოგრაფის, მინდია მიდელაშვილის გამოფენა „ნიუს“ ეხებოდა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით, framelight-ით იყო შესრულებული, ანუ სპეციალურ ქაღალდზე დაბეჭდილი და ლაითბოქსზე გაკრული ფოტოები იყო წარმოდგენილი. გამოფენა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან, როგორც მითხრეს, დაღამებას ელოდებოდნენ, რათა ლაითბოქსით განათებული ფოტოები უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო.
გამოფენაზე, რომელიც ახალგაზრდა ფოტოგრაფმა გახსნა, ასეთი რამ გვითხრა: „ძალიან გთხოვთ, ამ ფოტოებს არ შეხედოთ, როგორც შიშველი ქალის სხეულს, არამედ მასში პლასტიკა და დინამიკა დაინახოთ“-ო. ანუ, თურმე ჯემალ შანშიაშვილის ტორსები ანდა პიკო ნიჟარაძის „ნიუ“, მაპატიეთ და, ცარიელი ტრაკი და ძუძუ ყოფილა. და აი, სწორედ ახლა აგვიხილეს თვალი, რომ ეს ასე არ არის და რომ მასში დინამიკა და პლასტიკა უნდა დავინახოთ თურმე. მეტი რაღა გითხრათ? იყო ერთი-ორი ლამაზი ფოტო, რომელსაც ეს ახალი ტექნოლოგია უფრო ლამაზს ხდიდა, თორემ ისე...
გახსენების საღამო და წიგნის პრეზენტაცია
17 ნოემბერი. 15:00.
ლიტერატურული კაფე „ქარავანი“
„ფალავანთფალავანი“ - ასე ეწოდება წიგნს, რომლის პრეზენტაცია ლიტ.კაფე „ქარავანში“, ნოემბრის ერთ სუსხიან დღეს გაიმართა. წიგნი სახელოვანი ქართველი მოჭიდავის, გივი კარტოზიას ცხოვრების და სპორტში მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს.
წიგნში ერთადაა თავმოყრილი „ფალავანთფალავანზე“ გამოქვეყნებული ძველი პუბლიკაციები; ნუგზარ შატაიძის წინათქმა; სპორტსმენების, მეგობრების, თანაგუნდელების და ახლობლების მოგონებები; ჭაბუა ამირეჯიბის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, ბიძინა კვერნაძის, გურამ ლორთქიფანიძის და გიგა ლორთქიფანიძის წერილები; ელგუჯა ბერიშვილის წერილი „სპორტული გზა“. პროექტის ავტორი ქალბატონი მანანა კარტოზიაა.
ახალი „ქარვასლა“ ნაძალადევში
7 დეკემბერი. 19:00, „ქორთიარდ მერიოტი“
„ქორთიარდ მერიოტში“, კომპანიამ „არსი“ და კორპორაციამ „ჩემი სახლი“, საზოგადოებრივი ცენტრის „ქარვასლა“ პრეზენტაცია გამართა. „ქარვასლა“ - ეს არის 18000 კვადრატული მეტრის ფართობის ახალი სავაჭრო ცენტრი ნაძალადევის რაიონში, რომლის მშენებლობა 2008 წელს დასრულდება. ეს იქნება რამდენიმე სართულიანი სავაჭრო ცენტრი, სადაც სართულების მიხედვით განლაგდება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო პროდუქციის და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ბანკის ფილიალები და ტანსაცმლის მაღაზიები, კინოდარბაზი, რესტორნები და კაფეები. მოკლედ ყველაფერი, რაც თქვენი სიამოვნებისთვისაა საჭირო!
კიდევ ერთი ფესტივალის შესახებ
6-8 დეკემბერი, კინოთეატრი „რუსთაველი“
დეკემბრის დასაწყისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ VIP და შავ-თეთრ დარბაზში, წელს პირველად ჩატარდა დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, სადაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ნატალია გიორგაძის (საქართველო) და ტაბიტა ვან დენ ბერგის (ჰოლანდია) სპონტანურად წამოსული იდეა, კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდა. ფესტივალზე წარმოდგენილი 74 საკონკურსო თუ არასაკონკურსო ფილმი რამდენიმე თემის გარშემო ერთიანდებოდა. ესენია: ადამიანი ბუნების წინააღმდეგ, კულტურა და გლობალიზაცია და ჩემი დროის გმირი. წარმოდგენილი ფილმების დიდი ნაწილის ავტორები ახალგაზრდა ქართველი დოკუმენტალისტები იყვნენ, თუმცა დოკუმენტალისტ ვლადიმირ ვოზნესენსკის თავმჯდომარეობით, ჟიურიმ მთავარი პრიზი სომეხ დოკუმენტალისტ ევგენია შეკოიანს გადასცა, ფილმისთვის „რას უმღერიან ქვები“.
ჩუბჩიკას გამოფენა
12 დეკემბერი. 18:00. TBS ბანკის სათავო ოფისი
12 დეკემბერს, TBS ბანკის სათავო ოფისში თენგიზ მირზაშვილის (ჩუბჩიკას) ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოტივზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს: სისადავით და უბრალოებით გამორჩეული ლანდშაფტები, პორტრეტები, ავტორის მიერ გაფორმებული წიგნების ყდები და ფიროსმანის თემაზე შექმნილი ნამუშევრები. - „ფიროსმანი ერთ-ერთი უდიდესი მხატვარია, რომელიც საქართველოს ოდესმე ყოლია. ერთი შეხედვით, მისი ტილოები მინიმალისტური და ლაკონურია, თუმცა თავისი არსით, საოცარად ძლიერი და მრავლისმთქმელია. და მე, ფიროსმანის თემებით შთაგონებულს, უამრავი ტილო მაქვს იგივე მოტივებზე შექმნილი“ - აღნიშნა ერთხელ თენგიზ მირზაშვილმა.
თენგიზ მირზაშვილის შემოქმედების დასახასიათებლად, ფიროსმანზე გამოთქმულ მისივე სიტყვებს გამოვიყენებდი და - „ერთი შეხედვით მინიმალისტური და ლაკონური ნამუშევრებია, მაგრამ საოცრად ძლიერი და მრავლისმთქმელი“. მათი თვალიერება, ხომ ერთი დიდი სიამოვნებაა!
მოდის ახალი ქუჩა თბილისში
19 დეკემბერი. 19:00. საქართველოს ბანკის სათავო ოფისი
თუ ხშირად ფურცლავთ მოდის ჟურნალებს, თუ გისეირნიათ პარიზის, ბერლინის, მადრიდის და ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, მაშინ კომპანია „BALLY“ თქვენთვის ძალიან ნაცნობი სახელი და ბრენდია. ხოლო თუ ეს ასე არ არის, მაშინ მოკლედ გეტყვით, რომ კომპანია „BALLY“ მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე წონიანი შვეიცარიული ბრენდია, რომელიც მის კლიენტებს ქალის და მამაკაცის მაღალხარისხიან ფეხსაცმელებს და აქსესუარებს სთავაზობს. 19 დეკემბერს, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში სწორედ ამ ბრენდის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოში მისი ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია „GEORGIAN TRADE CORPORATION“. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპანიას საკმაოდ სერიოზული გეგმები აქვს საქართველოს ბაზარზე ცნობილი ევროპული კომპანიების შემოყვანასთან დაკავშირებით და სულ მალე, „BALLY“-ს გვერდზე „TRUSSARDI“-ის და „CACHAREL“-ის მაღაზიებიც გაიხსნება. ეს ყველაფერი კი გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს. ჰოდა, სწორედ ამიტომაც, ეს ვიწრო ქუჩა სულ მალე მოდის ახალი ქუჩა იქნება თბილისში.
პოეზიის საღამოები „ქარავანში“
ლიტერატურული კაფე „ქარავანი“
12 დეკემბერი. 18:00
სიმართლე რომ ითქვას, ეს თვე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ლიტერატურული კაფე „ქარავანისთვის“, სადაც რამდენიმე პოეზიის საღამო გაიმართა: 7 დეკემბერს პოეტის, მთარგმნელის და კრიტიკოსის, დავით წერედიანის საღამო, ხოლო 12 და 20 დეკემბერს მისული სტუმრები პოეტ ლია სტურუას და ზაზა შათირიშვილს უსმენდნენ. „დიდი ხანია, რაც საღამო არ მქონია. ხშირად თვითონ ვამბობდი უარს, ამჯერად კი ქალბატონმა ლელამ (ლელა შუბითიძე, ლიტერატურული კაფე „ქარავანის“ მენეჯერი. ავტ.) დამითანხმა და „ცხელი შოკოლადის“ თაოსნობით გამართულ ამ საღამოზე, ჩემს საღამოზე, რამდენიმე ძველ და ახალ ლექსს წაგიკითხავთ“ - ასე დაიწყო პოეტმა ლია სტურუამ თავისი შემოქმედებითი საღამო, სადაც ფურცელზე ჩამოწერილი, წინასწარ მომზადებული ახალი და ძველი ლექსები, დამოუკიდებელი სიტყვები და ფრაზები ერთ დიდ მთლიანობას ქმნიდნენ და დარბაზში გამეფებულ სრულ სიჩუმეს არღვევდნენ.
ჩრდილქვეშ მყოფი თაობის კატალოგი
17 დეკემბერი. 17:00. გალერეა „კოპალა“
გალერეა „კოპალაში“ თეონა ჯაყელის და ქეთევან კვირიკაძის კატალოგის „ახალი თაობა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში“ პრეზენტაცია გაიმართა. კატალოგი, რომელიც ქართულ სახვით ხელოვნებაში მოღვაწე 1990-2000-იანი წლების თაობის შემოქმედებაზე მოგვითხრობს, ავტორთა სამწლიანი მუშაობის შედეგია. აქ ერთადაა თავმოყრილი ყველა ის ხელოვანი, რომელთაც მოღვაწეობა ამ პერიოდში სხვადასხვა დარგში დაიწყეს: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, მინანქარი, გობელენი, ბატიკა, კომპიუტერული გრაფიკა, დიზაინი, კედლის მხატვრობა, კერამიკა, კონცეპტუალური ხელოვნება და ფოტოგრაფია. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი კი ის იყო, რომ ამ პერიოდის მოღვაწე ხელოვანების შესახებ არანაირი ლიტერატურული მასალა არ არსებობს. თეონა ჯაყელი: „ეს თაობა ძლიერ განსხვავდება წინა თაობებისგან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მცირეოდენი დაბნეულობების მიუხედავად, ეს არის ძალზე თავისუფალი თაობა, რომელთა შემოქმედებაც, გარკვეულწილად, ჩრდილში იყო მოქცეული. ამას კი ჩვენი საზოგადოების ჯერ კიდევ ჩაკეტილი მენტალობა განაპირობებს.“
![]() |
5 აქცენტი |
▲ზევით დაბრუნება |
ძველი ტფილისის სახეები
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
„ქალაქმა შეიძლება კატასტროფებს და შუა საუკუნეების სისასტიკეს გაუძლოს, შეიძლება მრავალი მტრის ლაშქარი მოაქციოს თავის ნანგრევებში, შეიძლება იმის მოწმე გახდეს, რომ მისი სახლების ყოველი ქვა იცვლება, მაგრამ იმისთვის, რომ იმავე ქალაქად დარჩეს, ყოველთვის დროულად უნდა დაიბრუნოს ხოლმე თავისი სული.“
იტალო კალვინო
იცით, ძველ თბილისში არა მხოლოდ კაცები იყვნენ ყარაჩოხლები. ქალიც ყოფილა ყარაჩოხელი - ქამრიანი სონა.
ქამრიანი სონას გვარი ცნობილი არაა, ზოგადად მასზე მცირე რამ ვიცით. იოსებ გრიშაშვილის მონაცემებით, ქამრიან სონას თბილისში დიდი სახელი და ყველაზე კარგი არღანი ჰქონდა. ვიღაც შურიანს მისთვის ინსტრუმენტი მოუპარავს და მტკვარში გადაუგდია. ამით სასოწარკვეთილ სონას თბილისი დაუტოვებია და ფოთში დუქანი გაუხსნია.
მე თუ მკითხავთ, უსაშინლესი ამბავია - საწყალი სონა!
ეს ამბავი კალენდარში ამოვიკითხე, „ძველი ტფილისის სახეები“, მარტის გვერდზე, რომელსაც „ტფილისელი ქალები“ ჰქვია და რომელზეც ორი ქალბატონია გამოსახული.
ერთი ქალის ვინაობა დაუდგენელია. ძალიან ლამაზი ქალი კია, და ვინ იცის, ეგებ ვინმემ ამოიცნოთ კიდეც ამ ქალბატონში საკუთარი ბებიის ბებია... მეორე ქალი კი სწორედ ქამრიანი სონა გახლავთ, მართლაც ქამრიანი. აი, მესმის ქამარი!
სონას ცალი ხელით კაბის კალთა უჭირავს, მეორით კი - მარცხენით, ცაცია ყოფილა - ღვინით სავსე ჭიქა. ერთგვარი ქართლის დედაა, თან თმა მკერდამდე სცემს. ნეტა, ასეთ ქალს არღანი როგორ უნდა მოპარო? ფოტოსურათის ავტორი ლეგენდარული მიშჩენკო გახლავთ, ჭორად მსმენია, მერე პარიზში გაიქცა, იქ მიშონის სახელით ფოტოსალონი გახსნა და დღეს მისი ნამუშევრები აუქციონებზე იყიდებაო.
აი, ასეთი ქალი შემომეყარა კალენდარში, რომელიც თბილისზე მზრუნველთა საზოგადოებამ, „ტფილისის ჰამქარმა“ გამოსცა და რომლისთვისაც ქართულ-ინგლისური ტექსტები მისმა უსტაბაშმა, ალექსანდრე ელისაშვილმა დაწერა. და ეს მხოლოდ მარტის თვეა! სხვა გვერდებზეც ისეთ ხალხს შეხვდებით, ისეთ პორტრეტებს ნახავთ!
ფოტოების ნაწილი საერთოდ პირველად ქვეყნდება, მაგალითად, იეთიმ დაბღიშვილისა. არ მითხრათ, არ ვიცით, იეთიმ დაბღიშვილი ვინ იყოო! იეთიმ დაბღიშვილი, თბილისელ აშუღთა უკანასკნელი წარმომადგენელი - როგორ არ იცით, ეს ისაა, პოლონეთში თორმეტწლიანი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ რომ დაწერა: „გამარჯობა, ჩემო ტფილის ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედი“. ახლა ხომ იცანით? დიახ, სწორედ იეთიმ გურჯისას მოგახსენებთ.
ამ კალენდარში კვლავ შეხვდებით ან გაიცნობთ გამორჩეულ ქალაქის თავებს, უმდიდრეს ტფილისელებს, მუსიკოსებს, ფალავნებს, ყარაჩოხლებს, დიდმოხელეებს, კინტოებს, აშუღ-პოეტებს და თავზეხელაღებულებსაც კი. მართლა - 2007 წლის ივნისში ჩემს კედელს თავზეხელაღებულები დაამშვენებენ: იოსებ ლალიაშვილი, ავაზაკი ტატო - უ, რა კაცი ყოფილა!...
ყველაფერს არ გიამბობთ, თავადაც მიხვდებოდით, რომ 2007 წელს თვეში ერთხელ მაინც მოგიწევთ იმის გახსენება, რომ თბილისი არაჩვეულებრივი ქალაქი იყო. ახლა როგორია - ეს სხვა ამბავია, მე ძველი თბილისისას მოგახსენებთ.
P.S. გადაიკითხეთ „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“.
P.S. ათასწლოვანი ჰამქარი ტფილისში ერთი კონკრეტული დარგის, ხელობის ადამიანებს აერთიანებდა. ჰამქრის წევრები საკუთარ ხელობას, ჰამქრისა და საკუთარ ღირსებას თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ. ჩვენ, ახალ ჰამქრელებს არა რამე კონკრეტული ხელობა, არამედ ტფილისი გვაერთიანებს. ჩვენი მიზანი ამ ქალაქისთვის გარჯაა, ამ ქალაქის გაფრთხილება. გვინდა ჯერ ჩვენ და შემდეგ ალბათ ყველამ გავითავისოთ, რომ ქალაქზე ზრუნვა მხოლოდ მერიის საზრუნავი არაა, ეს პირველ რიგში ჩვენი, რიგითი მოქალაქეების საქმეა - თამამი და დაუზარელი მოქალაქეების. „ტფილისის ჰამქრის“ წევრობა ვისაც სურს, ერთადერთი პირობა უნდა დააკმაყოფილოს - თბილისი უნდა უყვარდეს! მისი გუშინდელი ახსოვდეს, დღევანდელი სტკიოდეს. ხანდახან არ უნდა დაიზაროთ და დაგენანოთ ქალაქისათვის ცოტა დროის და ენერგიის დახარჯვა. ესაა და ეს.
პატივისცემით - უსტაბაში ალექსანდრე ელისაშვილი.
სერვანტესი ბავშვურად
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ილუსტრაცია: ლევან ხარანაული
გახსნი ამაზონ.ქომ-ის ვებ საიტს და მოძებნი ყველაფერს, რაც იწყება ფრაზით: „დონ კიხოტე“. თუ ნერვები გეყოფა და ბოლომდე ჩაუყვები ვრცელ სიას, შეიძლება ავტორის გრაფაში ამგვარ უცნაურობასაც წააწყდე: „დონ კიხოტე“. ავტორი: მიგელ დე სერვანტესი, ჯაჯ პერი (დიახ, სასვენი ნიშანი მძიმეს შემდეგ სულაც არ მოგჩვენებიათ კიდევ ერთი, დამატებითი, სრულიად უცხო სახელი და გვარი - ჯაჯ პერი). და რა, გამოდის, რომ ეს ვინმე პერი სერვანტესის თანაავტორია?
მშვიდად, მშვიდად. გთხოვთ, ამ უცხო კაცის დაუოკებელი ამბიციების გამო, ზღვარგადასულ მრისხანებას არ მიეცეთ. რადგან პერი დიდი მწერლის არც ერთადერთი თანაავტორია და, სინამდვილეში, არც მისი ამბიციებია არაკეთილშობილური. ბატონმა პერიმ „დონ კიხოტეს“ თანაავტორობა ბავშვების გამო „შეითავსა“. მან გულდასმითა და დიდი პასუხისმგებლობით წაიკითხ-შეისწავლა სრული ტექსტი და შემდეგ ვრცელი რომანისგან მცირე ზომის საბავშვო ვერსია გადათარგმნ-გადაწერა. იგივე გააკეთა ამერიკელმა საბავშვო მწერალმა ბარბარა ნიკოლმა და დიდი მწერლის დაბადებიდან 400 წლის იუბილის აღსანიშნავად, ვრცელი „დონ კიხოტესგან“ საბავშვო ვერსია დაწერა, სამიზნე მკითხველად 10 წლის მოზარდები აირჩია და შემდეგ ეს ილუსტრირებული გამოცემა „რენდომ ჰაუზმა“ დასტამბა და გაავრცელა. ასე მოექცა დიდების საკითხავი „დონ კიხოტე“ ამაზონ.ქომის საბავშვო ლიტერატურის კატეგორიაში.
28 დეკემბრიდან სერვანტესი საბავშვო ლიტერატურის ქართულ კატეგორიაშიც მოექცევა. ამაზე, აბსოლუტურად სუბიექტური მიზეზებით, დათო ტურაშვილმა იზრუნა: „ერთ დღესაც, ძილისწინ ბავშვებისთვის საკითხავი ზღაპრები გამომელია. მივხვდი, ბავშვებისთვის უკვე ყველაფერი მომიყოლია, რაც ოდესმე ვიცოდი. მაშინ მომინდა, პირველად ბავშვებისთვის დამეწერა რამე, მაგრამ ვერ მოვახერხე. რადგან ბავშვებისთვის წერა ყველაზე რთულია, მათ ვერაფრით მოატყუებ და იმიტომ“. ამგვარი განწყობის ფონზე, ბასკეთში მცხოვრები თამარ გამილაღდიშვილის წინადადება - „დონ კიხოტე“ თარგმნე, ამას მთელ მსოფლიოში აკეთებენ, ბავშვებს კლასიკის კითხვა რომ შეაყვარონო - ისე რეალური ჩანდა, რომ დათო ტურაშვილმა მაშინვე ფიქრი დაიწყო.
ყველაზე რთული სწორედ ეს პერიოდი იყო - ფიქრი იმაზე, თუ როგორ „გაებავშვურებინა“ სერვანტესის ენა. ფიქრის პერიოდში დათო არა მხოლოდ სერვანტესის სრულ ტექსტს ჩაუჯდა ხანგრძლივად, არამედ სხვადასხვაენოვან ადაპტაციებსაც გადახედა, მათ შორის, ინგლისურს, რუსულს და ყველაზე ბევრს - ესპანურს და დაასკვნა, რომ ქართული ადაპტაცია პირდაპირ ორიგინალი ტექსტისგან უნდა გაეკეთებინა. „მინდოდა, ჩემი დამოკიდებულება ჩამედო. რამდენიც არ უნდა ვთარგმნო, მე ხომ „დონ კიხოტეს“ უბრალო მკითხველად ვრჩები იმიტომ, რომ რამდენი მკითხველიც არის, იმდენი „დონ კიხოტე“ არსებობს. ბავშვებისთვის კი მინდოდა, ზუსტი ენა მომეძებნა. ბოლოს მივხვდი, ყველაზე კარგი გამოსავალი იყო სიმარტივე“.
გასაღების მოძებნის შემდეგ, „დონ კიხოტე“ ტურაშვილმა იმ ენით თარგმნა, როგორც ძილისწინ, ბავშვებს საინტერესო ამბავს მოუყვებოდა. “მაგრამ ტექსტში რაღაც სირთულეები მაინც დავტოვე. შეიძლება გაუგებარი სიტყვა შეხვდეს სადმე ბავშვს, ანდა სიუჟეტი. ეს სპეციალურად გავაკეთე. მერე ბავშვი მშობელთან რომ მივიდეს, ჰკითხოს, მათ შორის კონტაქტი შედგეს და მშობელმაც სერვანტესი გაიხსენოს. დიდები ხომ კლასიკურ ლიტერატურას აღარ კითხულობენ. ეს ყველგან ასეა, თუ ჩვენთან უფროსები არ კითხულობენ „ვეფხისტყაოსანს“, ესპანეთში არ კითხულობენ „დონ კიხოტეს“. საბავშვო ვერსია კი მშობლებსაც ახსენებს კლასიკას და გამოდის, რომ ეს მარტო ბავშვების წიგნი არ არის“.
რამდენიმეთვიანი თარგმნის შედეგად, დათო ტურაშვილს 70-გვერდიანი „დონ კიხოტე“ გამოუვიდა - ძილისწინ საკითხავი, მარტივად გასაგები, მაგრამ მაინც „დონ კიხოტე“. გამომცემლობა „ლიტერას“ მიერ დასტამბულ წიგნს ლევან ხარანაულის ნახატებიც ხომ ძალიან მოუხდა.
წიგნი პრეზენტაციამდე, 28 დეკემბრამდეც გაიყიდება. 28 დეკემბერს, 17 საათზე კი, საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში მოწყობილ პრეზენტაციაზე ბავშვებს თვით დონ კიხოტე დახვდება და გაართობს...
მე კი უკვე აშკარად ვხედავ სასიამოვნო საახალწლო საჩუქარს - ნაძვისხის ქვეშ ლამაზად შეფუთულ, ქართულ, ნახატებიან სერვანტესს...
მოკითხვა საქართველოდან
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
თავისთავად, თითქოს პროზაული ამბავია: საფოსტო მარკა არის საფოსტო გზავნილთა გადასახადის აღმნიშვნელი ნიშანი (საძაგელი ტავტოლოგიაა, მაგრამ რა ვქნა?!), რომელსაც საფოსტო უწყებები უშვებს. საფოსტო მარკაზე აღბეჭდილი კომპოზიციები საწარმოო გრაფიკის ნიმუშებია, ზედ, მეტწილად, გამოსახულია სახელმწიფოს სახელწოდება, მარკის ნომინალური ღირებულება და მსგავსები. ასე, მე მარკა მაქვს ნანახი - არ გენახოთ: ერთ მილიონ მანეთად ღირებული. ზედ ცელიანი სიკვდილი დგას და ქვეშ წარწერა აქვს, მოწოდება, უშველეთო მოშიმშილე უკრაინას...
ცოტა უფრო რომანტიკული ის ამბავია, რომ მარკებს უამრავი ადამიანი აგროვებს. ეს უცნაური ადამიანები, ფილატელისტები, ამას იმით ხსნიან, რომ საფოსტო მარკები ერთგვარი დოკუმენტებია, რომლებიც ისტორიული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. ეს ამბები არამარტო საფოსტო მარკების სიუჟეტებში ისახება, არამედ სხვადასხვა წარწერებსა და შტამპებშიც - ზედ ათასი რამ აისახება, სახელმწიფო მიკუთვნებულობის თუ მმართველობის ფორმის, ნომინალური ღირებულების თუ ვალუტის ცვლილებები.
კიდევ: ყველა მარკის რეგისტრაცია ხდება სპეციალურ კატალოგებში, როგორებიცაა Scott's - გამოიცემა 1867 წლიდან შეერთებულ შტატებში, Stanley Gibbons - 1893-დან, დიდ ბრიტანეთში, Yvert - 1900-დან, საფრანგეთში, Zurnstein - 1909-დან, შვეიცარიაში, Michel - 1910 წლიდან, გერმანიაში.
მაინც პროზაა. მაგრამ ახლა სხვა რამეს მოგიყვებით, იმას, რაც ირაკლი მახარაძისგან ვიცი. ის კინორეჟისორია, ჩვენ კი - ჩემი მეგობრები და მე - ზურგსუკან საქართველოს მთავარ ვესტერნოლოგად და გურული მხედრების დირექტორად მოვიხსენიებთ ხოლმე. ჰოდა, ირაკლი მახარაძემ გვიამბო, რომ:
1883 წელს უილიამ ფრედერიქ ქოუდიმ საფუძველი ჩაუყარა შოუს, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში მოგზაურობდა. ის ორმოცდაათი მილიონი ადამიანი, რომელიც ამ შოუს დაესწრო, ქოუდის იმავე სახელით იცნობდა, რა სახელითაც ჩვენ ვიცნობთ - კი, ვიცნობთ, ვინ არ იცნობს ბაფალო ბილს!
მაგრამ ის როდი იცოდა ყველამ, რომ მისი შოუს მთავარ წარმოდგენად ქართველი ცხენოსნების გამოსვლა ითვლებოდა. ყველამ როდი იცოდა, რომ ამერიკული ცირკებისა და შოუების არენებზე ოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში გურული მხედრები გამოდიოდნენ, რომ მათ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარეს, საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა მოახდინეს კოვბოებზე.
ამ შესანიშნავი კაცების შესახებ ირაკლი მახარაძემ უამრავი ცნობა შეაგროვა, მრავალი ფოტოსურათი მოიპოვა, წიგნი დაწერა და ფილმიც გადაიღო. ამბობს, ჩემს გურულებს ერთ ძეგლსაც დავუდგამ და მორჩაო. მაგრამ სანამ საქმე ძეგლამდე მისულა - აი, საფოსტო მარკა, რომლის არსებობასაც ირაკლი მახარაძეს და „ქართულ მარკას“, კერძოდ, ბატონ გია გუგუშვილს ვუმადლით.
შესაძლოა, ყველას არ უნახავს ირაკლი მახარაძის ფილმი, ყველას არ წაუკითხავს მისი კვლევები და თუნდაც „ცხელი შოკოლადის“ მეთოთხმეტე ნომერი. სამაგიეროდ, მომავალი წლიდან ყველა ნახავს საფოსტო მარკას, რომელზეც ჩვენი, გურული მხედრები არიან გამოსახული. წარმოიდგინეთ: დაწერთ წერილს და ზედ დააკრავთ მარკას, და სადაც არ უნდა მოხვდეს თქვენი მარკიანი წერილი, ყველგან იკითხავენ: ბაფალო ბილი ვიცით, მაგრამ ეს კაცები ვინ არიან? და ყველა გაიგებს, რომ ისინი არიან გურული მხედრები, რომლებმაც როდეოში ცხენზე ჯირითი შემოიტანეს, რომლებიც სასწაულებრივ ტრიუკებს წარმოადგენდნენ ინდიელთა პონებზე, და საერთოდ, პატრიოტული წიაღსვლები რომ იქით იყოს, ძალიან მაგარი ბიჭები იყვნენ.
![]() |
6 პრუსტის კითხვარი |
▲ზევით დაბრუნება |
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ზურაბ კიკნაძე
ფილოლოგი
როგორი წარმოგიდგენიათ მიწიერი სამოთხე?
ვერ წარმომიდგენია.
თქვენი საყვარელი გმირი მხატვრული ლიტერატურიდან?
როდიონ რასკოლნიკოვი.
თქვენი საყვარელი ისტორიული გმირი?
დიმიტრი თავდადებული.
ვინ არის თქვენთვის გმირი რეალურ ცხოვრებაში?
ვისაც შეუძლია დაძლიოს საკუთარი თავი.
თვისება, რომელიც ადამიანში ყველაზე მეტად მოგწონთ?
უანგარობა.
თქვენი საყვარელი ჭეშმარიტება?
დათესილი თესლი არ აღორძინდება, თუ არ მოკვდა (პავლე მოციქული).
ჭეშმარიტება, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გაზვიადებულია?
ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს გაზვიადებული.
თქვენი საყვარელი საქმიანობა?
კითხვა და ხსოვნაში ხეტიალი.
არჩევანის საშუალება რომ გქონოდათ, ვინ იქნებოდით?
მათემატიკოსი.
თქვენთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება?
საიდუმლოს შენახვა.
რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში?
ერთგულებას.
თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი?
უნებლიე სიფიცხე.
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი უბედურება დედამიწაზე?
სოციალური უსამართლობა.
რომელ ქალაქში იცხოვრებდით?
რომში.
თქვენი საყვარელი ფერი?
მეწამული.
თქვენი საყვარელი ყვავილი?
ყაყაჩო.
თქვენი საყვარელი ჩიტი?
ბეღურა.
ისტორიული გმირი, რომლის მიმართაც ყველაზე ანტიპათიურად ხართ განწყობილი?
ლავრენტი ბერია.
რა ბუნებრივი ნიჭით გსურთ რომ იყოთ დაჯილდოვებული?
მუსიკალური.
როგორ სიკვდილს ისურვებდით?
ისეთს, თუ შეძლებდა სიკვდილისგან ეხსნა ადამიანი.
თქვენი დევიზი?
სოკრატე მეგობარია, მაგრამ მასზე დიდი მეგობარი ჭეშმარიტებაა.
რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
უცხოეთში - დაკარგვის, საქართველოში - ქუჩაზე გადასვლის.
საკუთარ თავს ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ პიროვნებას ამსგავსებთ?
ვერ ვპასუხობ.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება?
მოულოდნელობის მოლოდინი.
რა შემთხვევაში ცრუობთ?
როცა არ მსურს, გული გავუტეხო ადამიანს უსარგებლო სიმართლის თქმით.
ყველაზე ხშირად, ყოველდღიურ საუბარში რომელ ფრაზებს იყენებთ?
ვერ ვამჩნევ.
რას ნანობთ ყველაზე მეტად?
ვნანობ, რომ ვერ ვიყავი ისეთი მეგობარი, როგორიც შემეძლო ვყოფილიყავი.
განვლილი ცხოვრებიდან ერთი დეტალის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
არ წავიდოდი სტუმრად ამა და ამ პიროვნებასთან, სამარცხვინო შედეგის თავიდან ასაცილებლად.
რას მიიჩნევთ თქვენს პირად მონაპოვრად?
რამდენიმე ადამიანის სიყვარულს.
რაზე ოცნებობთ?
ჩანაფიქრის ოპტიმალურ განხორციელებაზე.
![]() |
7 დისკუსია |
▲ზევით დაბრუნება |
გემოვნებაზე დაობენ...
ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
De gustibus non (est) disputandum გემოვნების თაობაზე არ დაობენ - ძველი ლათინების ეს გასტრონომიული თეზა საუკუნეებს გამოივლის და ჩვენს თანამედროვეობაში საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ერთგვარ კომფორტულ თავშესაფრად (შენ არ მოგწონს, ხალხს მოსწონს, გემოვნებაზე არ დაობენ) იქცევა. გემოვნების საკითხზე დავა შესაძლოა სარისკოა, მაგრამ აუცილებელიცაა, რადგან ჩვენს საუკუნეში, როგორც იტყვიან, პოსტ-პოსტმოდერნულ საუკუნეში, გემოვნება ერთგვარ ესთეტიკურ კატეგორიად (მაღალი და მდარე გემოვნება), სტილად, დახვეწილობის სინონიმად და შეფასების კრიტერიუმადაც კი იქცა. როგორ იცვლებოდა გემოვნება საუკუნეების ცვალებადობასთან ერთად, რომელ კატეგორიას ეკუთვნის ეს ცნება - ღირებულების თუ შეხედულების, რა ითვლება გემოვნებიანი ნაწარმოების შეფასების კრიტერიუმად, როგორ გემოვნებას ამკვიდრებს ჩვენი საუკუნე და როგორ გემოვნებას გვახვევს თავს დღევანდელი გარემო. სწორედ გემოვნებაზე დაობენ ჩვენი დისკუსიის მონაწილეები: კულტუროლოგი ლიკა ანთელავა, ლიტერატორი მალხაზ ხარბედია, ხელოვნებათმცოდნე ანი კლდიაშვილი და მუსიკალური ექსპერტი კახა თოლორდავა.
ქეთი - პრეისტორიისთვის, კულტუროლოგს ვკითხოთ, როგორ კონტექსტში განიხილავდნენ გემოვნების ცნებას და რა ცვლილებას განიცდიდა ის სხვადასხვა ფორმაციისა და ხელოვნების ჟანრების ჩამოყალიბების პროცესში?
ლიკა - ფრაზა „გემოვნებაზე არ დაობენ“ ძველ რომში გაჩნდა და ეხებოდა გემოვნებას, საჭმელთან დაკავშირებით. მაშინ არავინ საუბრობდა მაღალ და დაბალ გემოვნებაზე, არავინ დაობდა იმაზე, პირის გემო კარგი გაქვს თუ ცუდი. არც არაფერი იყო სადავო. XVIII საუკუნეში ტერმინი გემოვნება ჩნდება გაცილებით ფართო კონტექსტში და გულისხმობს ესთეტიკურ კატეგორიას, რომელსაც მაღალი წრის სალონები სოციალური ფენის მიხედვით არჩევდნენ. ისინი თავს მოდისა და მაღალი გემოვნების კანონმდებლებად მიიჩნევდნენ, დანარჩენ ფენებს კი მასის გემოვნებას მიაწერდნენ. XIX საუკუნეში მკაფიოდ იკვეთება ესთეტიკურობა და ხელოვნების ნაწარმოებთა შეფასებისას უკვე ჩნდება კარგი და ცუდი, მაღალი და დაბალი გემოვნება. როგორც ხედავთ, პირველად ეს ფრაზა გაჩნდა როგორც გასტრონომიული, შემდეგ იყო ესთეტიკური, დღეს ტერმინი გემოვნება აღარ გულისხმობს მხოლოდ ესთეტიკურს. ვიღაცამ შეიძლება გითხრათ, რომ უყვარს რომელიმე დიქტატორი, სტალინი ან პინოჩეტი, ანუ დღეს გემოვნება არჩევანთან გაიგივდა. თითქოს ძალიან სწრაფად იცვლება სამყარო, მაგრამ, როგორც ორტეგა ი გასეტი იტყოდა, მაინც „მასათა ამბოხის საუკუნეში ვცხოვრობთ“. ამიტომ მასკულტურის გემოვნებაზე საუბარი ცოტა გაგვიჭირდება.
ქეთი - არც არის აუცილებელი მხოლოდ ამაზე ვისაუბროთ. ანის მინდა ვკითხო. მხატვრებისგან ხშირად გამიგია, რომ სურათი იმის მიხედვით კი არ ფასდება, მოგწონს თუ არა, არამედ უნდა გამოიკვეთოს კონცეფცია, რა ინტენსივობითაა ესა თუ ის ფერი, როგორ მუშაობს ჩრდილი, შუქი, ხაზი და ა.შ. ყველა სფეროს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული სპეციფიკური დამოკიდებულება ამა თუ იმ ნამუშევრის მიმართ. რა ითვლება დღეს ხელოვნების ნაწარმოების შეფასების კრიტერიუმად?
ანი - რადგან წარსულის გააზრების გარეშე თანამედროვეობას ვერ შევაფასებთ, მინდა რამდენიმე საკითხი გამოვყო. კაცობრიობის ისტორიას თვალი რომ გადავავლოთ, თუნდაც რენესანსის ეპოქაში, ხელოვნება კულტის საძირკველზე დგას. ამიტომაც კრიტერიუმებს თავად კულტი იმუშავებს. როდესაც ხელოვნება კულტისგან გამოთავისუფლებას იწყებს და უკვე პიროვნებაზე, კონკრეტულ ადამიანზეა აქცენტირებული, რთული ხდება კრიტერიუმებზე საუბარი. დღევანდელობის პრობლემაა, სად ვეძებოთ კრიტერიუმები, შევაფასოთ ძველით თუ ახალი მოვიგონოთ. ლიკა ამბობდა, სხვადასხვა ტიპის გემოვნება გაჩნდაო. სხვადასხვა ჟანრის გაჩენაც ამასთან იყო დაკავშირებული; თუნდაც პეიზაჟის, რომელიც XVIII საუკუნემდე არ არსებობდა. ესეც სოციალური მოვლენა იყო. ადამიანის გათავისუფლებამ და კულტისგან ხელოვნების გამოცალკევებამ კრიტერიუმების მორღვევა გამოიწვია. ადამიანი სამ სფეროში მოღვაწეობს: ერთია სოციალურ-ეკონომიკური, მეორე - პოლიტიკური და მესამე - რელიგია და ხელოვნება. საინტერესოა „ძმობა, ერთობა, თავისუფლების“ ლოზუნგი, რომელიც კომუნისტური გაგებისგან განსხვავებით, სულ სხვა მნიშვნელობას ატარებდა. ძმობა უნდა განხორციელებულიყო სოციალურ სფეროში (თანასწორობის პრინციპი), ერთობის სფეროა პოლიტიკა და სამართალი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე და მესამე - თავისუფლების პრინციპი რელიგიურ აღმსარებლობასა და ხელოვნებაში ხორციელდება. როდესაც ხელოვნება და რელიგია დაკავშირებული იყო კულტთან, თვითონ რელიგია აწესებდა კანონებს და ასეთი ხელოვნება კანონიკური იყო. XVIII საუკუნეში, როცა საუბარი იყო მაღალ ხელოვნებაზე, ჟანრებსაც კი განასხვავებდნენ. მაღალი ჟანრი იყო მითოლოგიურ-რელიგიური სიუჟეტები, დაბალი ჟანრი - ნატურმორტი და პეიზაჟი, მაგრამ როცა სეზანმა ნატურმორტი ისე დახატა, რომ რელიგიური იმპულსები საგრძნობი გახდა, იქ უკვე შეფასების ძველმა კრიტერიუმებმა აღარ იმუშავა. დღევანდელი ინდივიდუალიზმის ეპოქაში როგორც შემფასებელი, ასევე შემქმნელი გახდა ძლიერად გამოკვეთილი კონკრეტული ინდივიდუალობა, რამაც კრიტერიუმებზე საუბარი გაართულა. თუმცა, ეს კრიტერიუმები არსებობს. როგორ დავინახავთ ნაწარმოებს, რამდენად მნიშვნელოვნად აღვიქვამთ - ეს უკვე ჩემი, როგორც პროფესიონალის, ან თუნდაც ჩვეულებრივი ადამიანის გადასაწყვეტია; ადამიანისა, რომელსაც ამა თუ იმ ნამუშევრის ნახვისას „დაბურძგლავს“.
მალხაზ ხარბედია, ლიკა ანთელავა, ქეთი სადღობელაშვილი კახა თოლორდავა, ანი კლდიაშვილი
ქეთი - ე.ი. შემქმნელსა და შემფასებელს შორის არსებული კავშირის სახელი არ ვიცით, მარტო „დაბურძგვლა“ ქმნის ამ ერთიანობას?
ანი - როცა დიალოგი შედგება, არა აქვს მნიშვნელობა, რას დავარქმევთ. ადამიანი სიკვდილში და ხელოვნების აღქმაში არის მარტო, დანარჩენში ყველგან ერთად ვართ, მით უმეტეს დღეს.
ქეთი - ვთქვათ, მასის წარმომადგენელი ვარ და არ მესმის ეს მაღალი ხელოვნება, თქვენ გინდათ ამიყვანოთ მაღალგემოვნებიან ნიშნულამდე. როგორ განხორციელდება ეს პროცესი? რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მეც ვიგრძნო ეს ყველაფერი?
კახა - პირველ რიგში გეტყვი, რომ არავის არსად არ აყავხარ. თუ შეგიძლია, ან თავად ადიხარ, ან - ვერა. შეიძლება უცებ ახვიდე, შემთხვევით. ავიღოთ ჯაზი. საიდან არის წამოსული - პლანტაციებიდან, რიტმიდან, საუბრიდან. პირველი რეაქციები ჯაზზე - რას უკრავენ? დამტვრეული რიტმებია, ღრიალებენ, ვინ არიან, რა უნდათ? აშკარად მასა ფიგურირებს აქ. დროთა განმავლობაში, მუსიკა, რომელიც მასამ წამოიწყო, აღიქვა და დაიბურძგლა (იმიტომ, რომ სხეულის ენა იყო, ველური და რაღაც პირვანდელი), აბსოლუტურად ნორმალურად განვითარდა და მაღალ ხელოვნებად იქცა. ჯაზი აღმოჩნდა ღრუბელი, რომელმაც ყველაფერი შეისრუტა, დაწყებული ელექტრონული მუსიკით, დამთავრებული სრულიად არამუსიკალური სფეროებით. ჯაზი, ისევე როგორც გემოვნება, პრინციპში, არსებითი სახელი კი არა, ზმნა უნდა იყოს, იმიტომ, რომ სულ განვითარებაა, მოძრაობაა, დინამიზმია. აქედან გამომდინარე, რთული განსასაზღვრია, საიდან იწყება გემოვნება და როდის აღწევს სიმაღლეს; ან ის ისტერიები გავიხსენოთ, 60-იანი წლების დასაწყისში რომ ხდებოდა „ბითლზის“ კონცერტებზე. ესეც არ იყო, ხო, მაღალი მუსიკა? სად სტრავინსკი და სად „ბითლზი“, სად „როლინგ სთოუნზი“ და სად ბარტოკი ან შონბერგი. საკმაოდ რთულია ამ მომენტების გათვალისწინება. ერთ რამეში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: შვილს ზრდი არა საუბრით, არამედ მაგალითით. ზუსტად ასევე, შენი პროდუქტით ზრდი სხვებს და არ ითვლი, ვინ ან რამდენი არიან ისინი. მე, მაგალითად, მუსიკის მოსმენა ბრეზენტგადაფარებულ მანქანაში დავიწყე, როდესაც ვცდილობდი „ამერიკის ხმა“ დამეჭირა, იმიტომ, რომ მომწონდა უილის ქანოვერის ხმა. მუსიკამ, რომელიც ამ ხმას შემოჰყა, აშკარად შემცვალა. კარგი ხელოვნება ცვლის ადამიანს - ის აღარ ხარ, რაც იყავი.
მალხაზი - აქ რომ მოვდიოდი, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიჟღერებდა იმპრესიონისტული ფრაზა დაბურძგვლის შესახებ, რაც საკითხის განხილვის თვალსაზრისით, ჩიხში შესვლას ნიშნავს ხოლმე. გემოვნების საკითხმაც ბევრი ვინმე შეიყვანა ჩიხში. ლიტერატურის თეორია ვერასდროს თანხმდება კლასიკის პრობლემაზე, რადგან გემოვნების საკითხი არა მარტო ლიტერატურაში, არამედ სხვა სფეროებში, თითქოს ერთი ცნებაა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის უზარმაზარი მარაო კომპლექსური ცნებებისა. მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ ისეთი მყარი კრიტერიუმი, როგორიც, ვთქვათ, ქრისტიანულ სამყაროში არსებობდა, დღეს აღარ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს კრიტერიუმთა სიმრავლე, პრინციპში თანამედროვე აზროვნებაც ეგ არის. უკვე ლიტერატურის თეორიის დაბადებიდანვე განისაზღვრა რაღაც ჯგუფები - ახალი კრიტიკა, დეკონსტრუქტივიზმი, სტრუქტურალიზმი და ა.შ. ამათ ყველას თავისი ავტორთა წრე ჰყავდათ, რომლებზეც ისინი თავიანთ იდეებს აფუძნებდნენ და პირიქით... კანტიდან მოყოლებული, გემოვნების საკითხი სუბიექტურობის საკითხად განიხილება. როცა ვსაუბრობთ კლასიკაზე, გემოვნებაზე, ღირებულებაზე, ობიექტურობაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ეს სამი ცნება, პრინციპში, ერთმანეთს ფარავს. იყო მცდელობები, ეს ყველაფერი ისტორიულ ჩარჩოში მოექციათ, ანუ ერთმანეთისთვის შეედარებინათ პირველი მკითხველები და გაეგოთ, წლების განმავლობაში როგორ ვითარდებოდა ამა თუ იმ ნაწარმოების აღქმა და წაკითხვა. XIX საუკუნეში და უფრო ადრეც, ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როცა მწერალი სათანადოდ ვერ ფასდებოდა. თითქმის ყველა დიდ მწერალს ჰქონდა ეს პრობლემა. ჯონ დონი თომას ელიოტმა აღმოაჩინა XX საუკუნის დასაწყისში. ის ადამიანები და კრიტიკოსები, ვინც XIX საუკუნის საფრანგეთში გემოვნებას განსაზღვრავდნენ, აბსოლუტურად არაფრად აგდებდნენ ბოდლერს, ზოლას, სტენდალს. ეს იმდენად გავრცელებული მოვლენა იყო, რომ ჩამოყალიბდა გარკვეული კომპლექსი - როდესაც პირველი მკითხველი კარგად აღიქვამდა ნაწარმოებს, ცუდ ტონად ითვლებოდა. ეგრევე ჩნდებოდა ეჭვი, რომ რაღაცაშია საქმე.
ლიკა - ამასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი აზრი - იმის გამო, რომ კრიტიკოსებმა თავის დროზე ვერ გაიგეს და არ მიიღეს იმპრესიონიზმი, იმ კრიტიკოსებივით რომ არ გაბითურებულიყვნენ, მთელი შემდეგი საუკუნე ისე წარიმართა, რომ ყველაფერ ახალს ესთეტიკურად მიიჩნევდნენ. ამიტომ ვლაპარაკობდით კრიტერიუმების მოშლაზე. არანაირი კრიტერიუმი არ არის. თუ ახალია, ე.ი. კარგია! დღეს დასავლეთში უამრავმა კრიტიკოსმა გაითქვა სახელი იმით, რომ დაწერა და სახელი დაარქვა იმას, რასაც ადრე ვერ არქმევდნენ. როდესაც ვიღაცამ პირველმა თქვა, რომ ჯოისი გადასაგდები კი არა, ძალიან საინტერესოა, მან ზუსტად მოძებნა ის არსენალი, რომელმაც ამის თქმის საშუალება მისცა.
ქეთი - ვინც ჯოისზე თქვა, რომ ის საინტერესოა, ხომ ახსნა, რატომაა საინტერესო. სხვანაირად ჯოისს ვერ გაიგებდა დანარჩენი საზოგადოება. მარტო ემოციის დონეზე ხომ არ ხდება შეფასება? ინტელექტი ხომ არის საჭირო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს დახვეწილი გემოვნება? რატომ არსებობს დღეს კრიტიკა და ხელოვნებათმცოდნეობა, თუკი მათ არ აქვთ მკვეთრად განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები და ვერ ამიხსნიან, რა არის გემოვნებიანი და რა - არა?
ლიკა - თანამედროვეობა არის სხვა კულტურული რეალობა, რომელსაც წარსულში ანალოგი არ აქვს. 30 წლის წინანდელი სამყარო აბსოლუტურად არ ჰგავს დღევანდელს. პოსტმოდერნისტული სამყარო მკაფიოდ განსხვავდება ყველა დანარჩენი კულტურული ეპოქებისგან. თქვენ გაინტერესებთ, რა არის შეფასების კრიტერიუმი? მუსიკისმცოდნეობის და ლიტერატურათმცოდნეობის მსგავსად, ხელოვნებათმცოდნეობის კრიტერიუმიც მუდმივად ემყარება მხატვრულ დონეს. რადგან გვაქვს ამბიცია, რომ ვართ მეცნიერება, მაშასადამე გვაქვს ინსტრუმენტები, რომელსაც შეფასების დროს ვემყარებით. როდესაც სამგანზომილებიანი სამყაროს აღქმასთან დაკავშირებით ვლაპარაკობთ სიბრტყეზე, ვამბობთ, რომ ის შეიძლება იყოს მაღალმხატვრული ან დაბალმხატვრული, თუმცა აქ ჩნდება ძალიან სიფრიფანა პლასტი. ერთი ფრანგი ხელოვნებათმცოდნე წერდა ბურდელზე და ამბობდა, ეს არისო „Из области Бога.“ რას ნიშნავს ეს? გამოსახვის საშუალებათა მიხედვით, შედევრში და იმაში, ვინც გაიმეორა შედევრი, შესაძლოა ერთი და იგივე კომპონენტები იდოს, მაგრამ არის რაღაც, რაც ანალიზს აღარ ემორჩილება. ის, რაც შედევრს თავის ღირებულებას ანიჭებს, ანალიზს მიღმაა. ის პლასტიც ამას გულისხმობს.
ანი - დიფერენცირება აქაც შეიძლება. ნებისმიერი ნაწარმოების მხატვრულ ანალიზს გარკვეულ დასკვნამდე მივყავართ, მაგრამ ვიღაცისთვის, ისევე როგორც იმპრესიონისტებისთვის, ფასეულია შთაბეჭდილება, ვიღაცისთვის კი - დიდი საკაცობრიო იდეა. თუ საკაცობრიო იდეებს მივიღებთ კრიტერიუმად, გამოდის, რომ იმპრესიონიზმი გადასაგდები ყოფილა, რადგან იქ არ არის ეს იდეები. „მე“ შემოტრიალდა შიგნით და ადამიანი ამბობს, რომ მისი შთაბეჭდილებაა ღირებული.
მალხაზი - ყველა ეპოქას თავისი შეფასების კრიტერიუმი აქვს. XIX საუკუნეში მთელ მსოფლიოში მთავარი კრიტერიუმი გახდა ეროვნული შეგნების ჩამოყალიბება, XX საუკუნეში შეიქმნა სკოლები, რომლებიც ლიტერატურის მთავარ კრიტერიუმად სხვადასხვა რამეს მიიჩნევდნენ. თანამედროვე კრიტიკა სრულ უკიდურესობამდე მივიდა. კულტურული ანთროპოლოგიის სფერო რომ ავიღოთ, 70-იანი წლებიდან ძალიან დავიწროვდა საკვლევი სფეროები. ახლა უკვე იწერება სარკის ისტორია, გასაღების ისტორია, სურნელის ისტორია. წამყვანი აღმოჩნდა ძალიან უცნაური იდეოლოგიური საკითხები, სექსუალური, ეთნიკური უმცირესობის და გენდერული პრობლემები.
ქეთი - გინდა თქვა, რომ იდეა დაიკარგა?
ლიკა - იდეა კი არ დაიკარგა, საზრისი შეიცვალა. აქედან გამომდინარე, შეიცვალა კულტურის ყველა სფერო, რომელიც ამ საზრისზე იდგა.
ქეთი - მგონი, ჩვენი „გემოვნება“ სხვა მხარეს გაგვექცა. იქნებ კონკრეტიკა შემოვიტანოთ.
კახა - თანამედროვე მუსიკა, 50-იან წლებიდან მოყოლებული, იყიდება იმასთან ერთად, რასაც ცხოვრების სტილი ჰქვია. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. არცერთი მწერალი არ იყიდება მხოლოდ იმის გამო, რომ გრძელი თმა აქვს ან მოდურად აცვია. მუსიკა, ცხოვრების სტილთან ერთად, გამარტივებული სახით შემოდის ჩვენთან და ნამდვილი მუსიკის ანტიპოდად იქცევა. მექანიკური მიბაძვა კი ყოველთვის იწვევს გემოვნების გაუფასურებას.
ქეთი - ანუ ბაზრის კონიუნქტურას ემორჩილება?
კახა - კონიუნქტურა ცუდი სიტყვაა. იზრდება მასები და მათთან ერთად იცვლება რაკურსი, მიდგომის მეთოდები - როგორ მიაწოდო და გაყიდო ესა თუ ის პროდუქტი. ჩვენ ვწუწუნებთ იმაზე, რომ მასას ცუდი გემოვნება აქვს. არადა, ეს აბსოლუტურად ნორმალურად, კარგად ორგანიზებულ ოფისებში, ჩინოვნიკების მიერ დაგეგმილი გაყიდვის განსხვავებული ტექნიკაა. მათ იციან, რომ რეპს ვერ გაყიდი ისე, როგორც პოპს, „პაპსას“ ვერ გაყიდი ისე, როგორც ჯაზს. აკადემიური მუსიკის სფეროში არავინ საუბრობს ცუდ გემოვნებაზე, რადგან იქ სხვა კრიტერიუმები მუშაობს. იმ ხალხს კი, ვინც დღეს აკადემიურ მუსიკას და ჯაზს უსმენს, არანაირი გავლენა არ აქვთ მასაზე.
ლიკა - ამიტომაც, კლასიკური მუსიკა სამუზეუმო ხდება.
ქეთი - ნორმალურ ქვეყნებს სპეციალიზებული ტელეარხები აქვთ იმისთვის, რომ კლასიკა სამუზეუმო ექსპონატად არ იქცეს. ისინი აუდიტორიას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე სთავაზობენ მაღალ ხელოვნებას.
კახა - ჩვენ ზევიდან არ უნდა ვუყუროთ მათ, ვინც აკადემიურ მუსიკას არ უსმენს ან კლასიკას არ კითხულობს. ადამიანების ის ჯგუფი, ვინც ამ საქმითაა დაკავებული, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ტელევიზიასა თუ რადიოში ღირებული პროდუქტი შეაგდოს და ვიღაცას მაინც წამოიკიდებს. შეუჩვეველი ადამიანის ფსიქიკისათვის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურის აკუმულირებაც დამანგრეველი იქნება, კარგი ნელ-ნელა უნდა შეუშხაპუნო. ამ შემთხვევაში უკვე შესაძლებელია გემოვნებაზე ზეგავლენის მოხდენა.
მალხაზი - მასკულტურაში არის ასეთი შეშხაპუნების მაგალითები, თუნდაც უოლტ დისნეი გავიხსენოთ, რომელიც თავის საბავშვო ანიმაციურ ფილმებში ბევრ უცნაურ კოდს (მათ შორის ეროტიულს) აპარებდა.
ქეთი - ლიკამ თქვა, რომ პოლიტიკა ჩაენაცვლა კულტურას, რამაც ღირებულებათა ცვლა გამოიწვია, ჩემი აზრით, პოლიტიკაც და მედიაც დღეს ერთი მიზნით მოქმედებენ - როგორ მართონ მასები.
ლიკა - როდესაც ადამიანი საკუთარი თავის ზრდითაა დაინტერესებული, ის პიროვნებადქცევისკენ მიდის. როდესაც ცდილობ სიღრმეში წვდომას, მაშინ იბადება გემოვნებაც. შევხვედრივარ ნამდვილ გლეხს, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა მიწასთან და თანდაყოლილი გემოვნებით იყო დაჯილდოებული, იმიტომ, რომ მას ჰქონდა კავშირი ნამდვილ და არა ყალბ, მოგონილ სამყაროსთან. ამაზე იგება ხელოვნებაც - ტყუილ და მართალ სამყაროზე. ნამდვილი მუსიკა, ისევე როგორც ლიტერატურა და მხატვრობა, იბადება მაშინ, როდესაც მიღწეულია სიღრმე. ეკზიუპერის ადამიანური ურთიერთობებიც მართალ და სიღრმისეულ სამყაროში იბადება. კარგი გემოვნება არის ის, რაც ნამდვილთან, ბუნებრივთან, ნაღდთან არის დაკავშირებული და მთლიანად ემყარება მსოფლმხედველობას, შინაგან დამოკიდებულებას, ჩაღრმავებას.
კახა - ერთი რამ მაინტერესებს. ადამიანი, რომელიც უსმენს ბრიტნი სპირსს, რით არის იმ ადამიანზე უარესი, რომელიც უსმენდა ვაგნერს, მერე მიდიოდა და გაზს უშვებდა საკონცენტრაციო ბანაკებში. ე.წ. დახვეწილ „ესესელებზე“ არანაირად არ აისახა მაღალი ხელოვნება მაშინ, როცა ისინი იდეოლოგიას ემსახურებოდნენ.
ქეთი - როგორც ჩანს, ყველა ადამიანში არ არის მოცარტი. რაც შეეხება უარესობაუკეთესობის საკითხს, ამ დისკუსიით არავის არაფერს ვასწავლით და მით უმეტეს, არ ვამცირებთ - რატომ უსმენს ერთს და არა მეორეს, ეს მისი უფლებაა. ისევ კონკრეტიკისკენ წავიდეთ და ვთქვათ, რამდენად გემოვნებიანია დღევანდელი ქართული ლიტერატურა.
მალხაზი - არსებობს ტექსტი და არსებობს მკითხველი. ამბობენ, რომ არსებობს მესამე გზაც, ე.წ. ტექსტი-პარტიტურა, რომელსაც ყველა თავისებურად კითხულობს, ამ ტექსტებს თავიანთი ინტერპრეტატორები ჰყავთ. გემოვნების საკითხი დამოკიდებულია ასეთი ტექსტი-პარტიტურების სიმრავლეზე. რაც უფრო მეტია, ერთი მხრივ, მოძრავი, მოქნილი და მეორე მხრივ, მონოლითური ტექსტი, მით უფრო მეტი საფუძველია ვილაპარაკოთ გემოვნებიან ლიტერატურაზე. თანამედროვე ქართული ლიტერატურა ასეთი ტექსტებით ვერ დაიკვეხნის.
ქეთი - იქნებ განვავრცოთ თემა, რომელიც კახამ წამოჭრა: როგორ ხდება ხელოვნება ბაზარზე ორიენტირებული. ბაზარს, თავის მხრივ, აქვს კანონები, რომელიც თავის გემოვნებას აყალიბებს.
მალხაზი - აკა მორჩილაძე ბაზრის შეკვეთას ასრულებს; საზოგადოების მოთხოვნა დავარქვათ, თუ გნებავთ. ასევეა ლაშა ბუღაძეც. ამ შემთხვევაში შეფასებითი არ არის ჩემი ნათქვამი და არც გემოვნებას უკავშირდება. დიდხანს მეგონა, რომ საქართველოში დოკუმენტური პროზა ამოხეთქავდა და ყველანაირ ჯებირებს გადმოარღვევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, ქართველები მართლა ვერასოდეს ვერაფერს ვაფასებთ, ვერ ვიაზრებთ იმას, რაც ჩვენს თავს ხდება. კი, შეიქმნა საინტერესო რომანები, გამოჩნდნენ საინტერესო ავტორებიც, მაგრამ ისინი სოციუმზე არ მუშაობენ. ჩვენ გვყავს ცოცხალი კლასიკოსებიც, მაგრამ ისინი 60-იანელები არიან და არა ჩვენი დროის. ბრიტნი სპირსზე რომ თქვა კახამ, იმას დავუბრუნდები. მუსიკა და მხატვრობა ისეთი რამეა, შეიძლება თავი დაიძვრინო, თქვა, რომ ნახე ან მოისმინე... ლიტერატურა სხვაა, წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხო. ცუდ ლიტერატურასაც აქვს თავისი პლიუსი. თუკი ბრიტნი სპირსის მოსმენა ჩვენთვის გამაღიზიანებელია, თითქმის არ მაღიზიანებს ადამიანი, რომელმაც არ იცის ვინაა სულხან-საბა, მაგრამ კითხულობს მდარე ლიტერატურას. მთავარია, რომ კითხულობს. გავა დრო და იქნებ უკეთესი ავტორებიც „შემოეკითხოს“.
ანი - გაღიზიანების მომენტი არ არის სწორი. ნუ შევაფასებთ, კარგია ეს თუ ცუდი, რადგან არჩევანის უფლება აქვს ყველას, მაგრამ ვთქვათ, რომ მედიამ საზოგადოებას არჩევანი აღარ დაუტოვა, ალტერნატივა არ არის, წარმოდგენილია მხოლოდ მასკულტურა და არა მთელი სპექტრი. საზოგადოება იძულებულია უყუროს და უსმინოს იმას, რასაც მედია სთავაზობს. ცხადია, „მეცოსნაირი“ არხი ჩვენთვის ფუფუნებაა, მაგრამ ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ნება, განსაზღვროს კულტურის პოლიტიკა და ალტერნატივა დაუშვას.
ქეთი - ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც ქვეცნობიერად მოქმედებს ჩვენზე. თანამედროვე არქიტექტურაზე რას იტყვით?
ანი - ბაზრის მუსიკა გესმის ბაზარში, სადაც საათზე მეტხანს ვერ გაჩერდები, ასევე დროებითი შეხება გაქვს წიგნთან და ნახატთან, მაგრამ არქიტექტურა მუდმივად მოქმედებს ჩვენზე ისე, რომ ვერც ვგრძნობთ. პართენონში არის დარღვეული ფორმები, რომელიც მთლიანობაში მწყობრ სტრუქტურას იძლევა, ჩვენ ამას გონებით ვერ ვხვდებით, მაგრამ თვალით ბუნებრივად აღვიქვამთ და ჰარმონია იბადება სულში. ახლა ეს გადმოიტანეთ თანამედროვეობაში და წარმოიდგინეთ, რა დღეში ვართ, რადგან ეს უსახური არქიტექტურა, რომელმაც უკანასკნელი წლების მანძილზე, პრაქტიკულად, მთელი ჩვენი გარემო წალეკა, მუდმივად მოქმედებს ჩვენზე.
ლიკა - წიგნიც კი არ ვიცი, სადაც მსგავსი შენობები ხატია. მგონი ლათინოამერიკულ სერიალებში აქვთ ნანახი. აბა საიდან გადმოიღეს დღევანდელი ქართული არქიტექტურა?!
ანი - აქ მართლა შემიძლია კატეგორიულად ვთქვა, რომ დღევანდელი არქიტექტურა არაფერში არ ჯდება - არც ესთეტიკურში, არც იდეურში. ეს არის ძალადობა საზოგადოებაზე.
ქეთი - გამოდის, რომ ელექტრონული მედია და არქიტექტურა არის ორი მოძალადე სფერო, რომელიც ამკვიდრებს და თავს გვახვევს თავის გემოვნებას.
ლიკა - კულტუროლოგიაში ასეთი შეფასებაა: თუკი წინა ეპოქებში აქცენტი იყო კულტურის შემქმნელ ადამიანზე, პოსტმოდერნულ ეპოქაში აქცენტი გადმოვიდა კულტურის პროდუქტ ადამიანზე. დღეს ადამიანი თავად გახდა კულტურის შემოქმედიც და პროდუქტიც. ჩვენ ყველანი ეპოქის პროდუქტები ვართ და ამავე დროს, თავად ვბადებთ მომავალ ეპოქას.
ქეთი - ცოტა ხნის წინ ითქვა, რომ ადამიანი თავისუფალია არჩევანში. გამოდის, რომ გემოვნების საკითხი არჩევანის თავისუფლებასთან მიდის, მაგრამ თავისუფლება რომ პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს?
ლიკა - კულტურას ქმნიან პიროვნებები და სარგებლობს მასა. დღევანდელი მასკულტურა არის სუროგატი. პლანეტარული მასშტაბით, ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში, როცა დამთავრდა ერთი კულტურული 500-წლიანი ეპოქა და რა დაიწყო, ამის კვალიფიკაცია მეცნიერებას ჯერ არ აქვს. ე.ი საქმე გვაქვს ქაოსთან, როცა კულტურის 100%25-ით ჩამოშლა ხდება და არ ჩანს ის კონცეპტი, რაზეც დავდგებით. დღეს რეალური სიტუაცია ასეთია - პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება, უგემოვნობა, არჩევანის უქონლობა - სად ვეძებოთ გამოსავალი ამ ჩაკეტილი წრიდან? პასუხი ერთია - ისევ შენს საკუთარ სიღრმეში, შინაგან სამყაროში. აღზრდა შესაძლებელია თვითჩაღრმავებით. როცა გარეთ არ გყავს არცერთი იდეალი, უნდა იზრდებოდე ძველი, კლასიკური იდეალების და ავტორიტეტების გადასინჯვით, პოსტმოდერნიზმი ამას გთავაზობს. როცა თავისუფლება არ არის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული, ხდება გაველურება. დასავლეთს ეს უკვე დაემართა თავისუფალი სექსის პროპაგანდით. თქვენ გინდათ ვთქვათ, აღმზრდელი არსებობს თუ არა? უნდა არსებობდეს. თქვენი მცდელობა, ვიდავოთ გემოვნებაზე, უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს უაღრესად საჭირო დავაა.
კახა - საბოლოო ჯამში, იმ დასკვნამდე მივედით, რომ არსებობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავზე ან იღებს პასუხისმგებლობას, ან - არა. მაგალითად, თანამედროვე მუსიკამ 60-იანი წლების პოპ-მუსიკის მეშვეობით, ხალხის ფართო მასებში გაშალა ინტერესი აღმოსავლური რელიგიებისადმი, აღმოსავლური მუსიკისადმი, ტრანსცენდენტული მედიტაციისადმი. ეს იყო ხარისხობრივად სხვა ნაბიჯი. შემდეგაც იყო ასეთი აფეთქებები, რომლებსაც შედარებით მცირე მასშტაბი და პერიოდული სახე ჰქონდა. ასეთი აფეთქებები საქართველოში, როგორც ვხვდები, არ მოხდება, რადგან საქართველო ღრუბლის მდგომარეობაშია, რომელიც მხოლოდ იწოვს და რეალობის შეფასება-გადაფასებას ვერ ახერხებს. რაც მთავარია, ვერ ახერხებს არტიკულირებას. გარკვეული გზაა გასავლელი. ჩვენ ვლაპარაკობდით საზოგადოების გემოვნებაზე და ითქვა, რომ გამცემს არა აქვს ის გემოვნება, რომელიც მიმღების გემოვნებაზე იქონიებს გავლენას. არადა, გამცემზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. გემოვნებამ ხარისხობრივად რომ აიწიოს, ყველაზე დიდი დატვირთვა მაინც გამცემს აქვს - ადამიანებს, ვინც იმ ღირებულებათა აკუმულირებას ახდენს, რაც ჩვენს გარშემო, ჰაერშიც კი ტრიალებს. მოდით, ასე ვთქვათ: ვისაც ანტენები აქვს გახსნილი, ის იჭერს და გადასცემს. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ზეგავლენაზე ლაპარაკი. თუმცა, გააჩნია იმასაც, რა მიმართულებით წავა და საითკენ იმოძრავებს დარჩენილი სამყარო, იმიტომ, რომ სამყაროების ურთიერთმიმართება ძალიან დიდია.
ანი - მართალია, საბოლოოდ ვერ გადავწყვიტეთ გემოვნების საკითხი, მაგრამ ერთი არსებითი მაინც გამოიკვეთა: ყველაფერი მიდის კონკრეტულ პიროვნებებთან. ის აღმქმელიც კონკრეტული უნდა იყოს და ისიც, ვინც გასცემს. დიდაქტიკისგან ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ, სანამ არ იქნება ის პასუხისმგებლობა, რაზეც ვსაუბრობდით, მანამდე იქნება ქაოტური სიტუაცია. მე მინდა, მე მომწონს - აღარ არის განმსაზღვრელი, სხვა კრიტერიუმებია საჭირო. მეც ვფიქრობ, რომ ამის გააზრებას დრო სჭირდება.
კახა - ისე, ყველამ რომ ჯოისი იკითხოს, ვის ვეკამათოთ მერე?
ქეთი - მერე ჯოისზე ვიკამათოთ.
მალხაზი - ჩვენს ქართულ სიზარმაცეზეც ბევრია დამოკიდებული. ვამბობთ, რომ ყველაფერი მორღვეულია. არადა, რამე რომ მოირღვეს, ჯერ აგებული უნდა იყოს. რომელ მორღვევაზეა საუბარი, როცა თვალსაზრისები არ არსებობს საქართველოში, კრიტიკული აზრი არ გაისმის, ანალიტიკური შეფასება არ ხდება - ვინ აყალიბებს გემოვნებას, ვის ვენდოთ და ვის - არა. არ არსებობს კულტურული მედია, არ არსებობს ლიტერატურული ჟურნალისტიკა. ყველაფერი ლიტერატურულ კაფეებში სიარულით და სიტუაციების აღწერით შემოიფარგლება, მიწოდების კულტურაც კი არ არსებობს. ასეთი ქვეყანაა ჩვენთან.
ქეთი - სადაც უმეტესობა იმისკენ კი არ მიისწრაფის, რომ განსხვავებული იყოს, იმას ცდილობს, როგორ დაემსგავსოს სხვებს, გაპაპსავებულ „ცნობად სახეებს“.
მალხაზის შეფასების მერე, მართლა ისე ხომ არ გამოვიდა, რომ ამ ქვეყანაში გემოვნებაზე დავასაც არ აქვს აზრი.
ლიკა - თანამედროვეობაზე უმბერტო ეკო ამბობს: „კომუნიკაციის, რეპრეზენტაციის კრიზისი სახეზეა, რადგან სიტყვებმა დაკარგეს მნიშვნელობაო“. კონფუცის კი თავის დროზე ნათქვამი აქვს: „როდესაც სიტყვები კარგავენ მნიშვნელობას, უნდა გადახვიდე აქტიურ ქმედებაზე“. აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი დისკუსია ქმედებაზე გადასვლის მცდელობა იყო. გამოიკვეთა საერთო აზრიც იმის შესახებ, რომ გემოვნების საკითხი დაკავშირებულია ძალიან ბევრ რთულ საკითხთან, დაკავშირებულია იმ კულტურულ რეალობასთან, რომელშიც ვცხოვრობთ. დღევანდელი ქაოსი არის ისტორიული დროის გამოწვევა, რომელსაც საქართველო აუცილებლად გადალახავს. ჩვენ ვართ გზაში. ადამიანი არ იბადება პიროვნებად, ის პიროვნებად ყალიბდება. პოროვნებადქცევის გზა კი უსასრულოა და მის გარდაცვალებასთან ერთად თავდება. დიდი ადამიანების შემთხვევაში, მათი ქმნილება იწყებს თავის გზას და გვიყალიბებს გემოვნებას.
P. S. რა გვიქნა ამ გემოვნებამ, ვისი სული აღარ შეგვაწუხებინა, სად აღარ გვატარა. არ სჯობდა, დაგვეჯერებინა ძვირფასი ლათინებისთვის, ვისი რა საქმე იქნებოდა, შენი გემოს რეცეპტორები მჭადს უფრო სათუთად შეიგრძნობს თუ პურს, აჯიკა მოგწონს თუ ტყემლის საწებელი. თქვენც ასე ფიქრობთ, ხომ?
დ ა ვ ი ღ უ პ ე !
დისკუსია გაიმართა ლიტერატურულ კაფე „ქარავანში“.
![]() |
8 პრომოუშენი |
▲ზევით დაბრუნება |
კოშკების მხარეში
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
დოქტორ ქრისტოფერ ბარუთი, ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების კურატორი.
ვილიამ ოსგუდ ფილდი და სხვები, სხვები, სხვები
კავკასიის მრისხანე უმთავრესი ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიყრუებულ მთის კალთებში, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით დაფარულ და გარშემორტყმულ ენგურისა და ცენის წყლის სათავეებში, უძველესი დროიდან ცხოვრობენ იაფეტური მოდგმის, ქართველი ხალხის მესამე შტოს ხალხი, რომლებსაც სვანები ჰქვიათ, ხოლო მათ სამკვიდრებელ ქვეყანას - სვანეთი. თვით სახელი სვანეთის „სავანე“ (შესახიზნი) თავისთავად ახასიათებს ამ ქვეყანას...
ეგნატე გაბლიანი
ადგილმდებარეობის წყალობით, სვანეთი მოწყვეტილია მთელ ქვეყნიერებას, განსაკუთრებით იმ შვიდი-რვა თვის განმავლობაში, როცა სვანეთში მიმავალი საცალფეხო გზები თოვლისგან შეკრულია. ამ ხნის განმავლობაში მიმოსვლა მთების მწვერვალებზე მხოლოდ თხილამურების საშუალებით შეიძლება, მაგრამ ყოველწლიურად მრავალი სვანი ხდება ამ მოგზაურობის მსხვერპლი.
საშოვარზე მიმავალი სვანები აღსარებას ამბობდნენ ხოლმე - არავინ იცოდა, ეღირსებოდათ თუ არა შინ დაბრუნება. ქალები მათ ლამის ცოცხლად ტიროდნენ. გზა საშინელი იყო, ბუნება - სასტიკი, ცხოვრება - დაუნდობელი...
ეს არის ამბავი იმისა, თუ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ქართული პრესის ინტერნეტ არქივის დირექტორი, ფილოსოფიის დოქტორი ირაკლი იაკობაშვილი და ერთი საოცარი კაცი, უილიამ ოსგუდ ფილდი.
უფრო სწორად, ეს არის ამბის პრომოუშენი, რადგან მისი სრულად გადმოცემისა და მთელი ვიზუალური მასალის მკითხველისთვის მისაწოდებლად „ცხელი შოკოლადის“ ფურცლები არ კმარა. მაგრამ იმედია, ირაკლი იაკობაშვილი, მისი მეუღლე, ირინე ნიკოლეიშვილი, და მათი მეგობრები, ელენე მამულაიშვილი და არჩილ მენაღარიშვილი, წამოწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და მომავალ წელს ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე წაიკითხავთ, რომ ამა და ამ დღეს შედგება კატალოგის პრეზენტაცია, გამოფენის გახსნა, კინოპრემიერა და სხვა. და მერე მთელი ეს საგანძური იქ გადაინაცვლებს, საიდანაც მისი „მოგზაურობა“ დაიწყო - სვანეთში, და იქ მრავალ ადამიანს გაუხარდება თავის წინაპართან შეხვედრა, ისევე, როგორც ჩვენს სანდრო და ელენე ნავერიანებს გაუხარდათ - აი, როგორი კაცი ყოფილა მათი დიდი ბაბუა, ლეგენდარული სილვესტრ ნავერიანი, მესტიიდან ზუგდიდში ფეხით რომ ჩადიოდა ხოლმე პროკლამაციების გასავრცელებლად...
ეს ამბავი დაიწყო გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, როცა ირაკლი იაკობაშვილს ერთმა კარგმა კაცმა ერთი კარგი წიგნი აჩუქა, „ხუროთმოძღვრება ხუროთმოძღვართა გარეშე“. სხვა მრავალ საინტერესო ფოტოს თან ერთად იქ დაბეჭდილი იყო უშგულის ორი ხედიც, ავტორი - უილიამ ოსგუდ ფილდი, გადაღების თარიღი - 1929 წელი. უშგული ვიცით, წელიც გასაგებია, ფილდი კი...
მისი ვინაობის დასადგენად ირაკლი იაკობაშვილმა წერილი მისწერა ჟურნალ National Geographic-ის რედაქტორს. მან უპასუხა:, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ამერიკის გეოგრაფიულ საზოგადოების მისამართს გამოგიზავნით, ეგებ მათ იცოდნენ რამეო. მათ იცოდნენ, და აღმოჩნდა, რომ თავად ბატონი ფილდიც ცოცხალია, და ირაკლი მას უშუალოდ შეეხმიანა. უილიამ ოსგუდ ფილდი მყინვარების მკვლევარი ყოფილა, თან ძალიან სერიოზული, ისეთი, ოთხმოცს გადაცილებულიც კი რომ ხელმძღვანელობდა ალიასკაზე ექსპედიციებს.
თურმე ბატონი ფილდი 1929-1933 წლებში კავკასიაში მოგზაურობდა; თურმე თვლიდა, რომ ამქვეყნად ყველაზე მშვენიერი, ყველაზე საინტერესო და წარმტაცი ადგილი ზემო სვანეთია და, შესაბამისად, მრავალ სხვა არაჩვეულებრივ ფოტოსურათთან ერთად 1929 წლის სვანეთის სურათებიც ჰქონია, მეტსაც მოგახსენებთ: არამარტო ფოტოსურათები, არამედ კინოფილმებიც კი!
კალას წმინდა კვირიკესა და ივლიტას მონასტერში ინახება ბიზანტიური, ძვირფასი ქვებით შემკობილი მე-12 საუკუნის ხელობის ტიხრული მინანქრის ხატი, „შალიანის ხატად“ ცნობილი. ამ ხატს წელიწადში სამჯერ ბანენ. მის ნაბან წყალს ინახავენ სურაში, ხატის ნაბან წყალს ჩამოატარებდნენ ხოლმე მთელს სვანეთში ქურდობის აღმოჩენისთვის - შალიანის რიდით და შიშით ფიცის გატეხას ვერავინ ბედავდა თურმე იმ დროს.
შუაში მდგომი, ჩოხიანი კაცი მურზაყან დადეშქელიანი გახლავთ. მარჯვენა მხარეს, საყდრის წინ მდგომ მამაკაცებს საგანგებოდ გადაღებისთვის აცვიათ ფუთა დადეშქელიანისეული ტანსაცმელი.
სვანეთში ყოფნის ჟამს ის ჯერ სულ ახალგაზრდა, ლამაზი კაცი იყო და როგორც ჩანს, უშრეტი ენერგიის პატრონი ბრძანდებოდა: მისი დღიურების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ყველა და ყველაფერი აინტერესებდა (განსაკუთრებით კი ერთი სვანი ქალი, ნინა, ოღონდ ვინაა ეს ნინა, ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ და იქნებ არცაა საჭირო - შევუნახოთ საიდუმლო). ფილდი ქართულ ანბანსაც სწავლობდა, ადგილობრივ ზნე-ჩვეულებებსაც, რაც კი რამ სვანეთის შესახებ კვლევა მოიპოვა, ყველა გადაიკითხა და სრული ბიბლიოგრაფია ჩამოწერა. ფილდი იწერდა ყოველი ჩავლილი დღის ამბავს, ძალიან ხატოვნად და, რა დასამალია, სასაცილოდ - ძალიან ბევრ სვანურ ქეიფს დასწრებია საბრალო და სულ ჩივის, დილით თავი მტკიოდაო. მოგზაური, ჩანს, თავადაც ძალიან სასიამოვნო კაცი იყო, რადგან მისთვის ყველა სახლის კარი ღია იყო, ყველგან სიხარულით ხვდებოდნენ, ათას საინტერესო ამბავსაც უყვებოდნენ, და ფილდი ყველაფერს გულმოდგინედ იღებდა ფოტო და კინო კამერით, ყველაფერს იწერდა...
ამჟამად ეს საგანძური ვისკონსინის შტატში, ქალაქ მილუოკის უნივერსიტეტში, ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების ბიბლიოთეკასა და არქივში, გოლდა მეიერის სახელობის ბიბლიოთეკაში, ექვს დიდი ზომის ყუთშია დაცული. იქ ირაკლი იაკობაშვილმა და მისმა მეუღლემ, ხელოვნებადმცოდნე ირინე ნიკოლეიშვილმა, რომლებმაც მხოლოდ წელს შეძლეს შეერთებულ შტატებში ჩასვლა და ოთხმოციან წლებში დაწყებული კვლევის გაგრძელება, ხუთი თვის განმავლობაში იმუშავეს არქივში და მათ მიერ არქივში ფილდის ციფრულ ფორმატში გადაყვანილ ხელნაწერ და ფოტო არქივს თამამად შეიძლება მეოცე საუკუნის ოციანი წლების სვანეთის მატიანე ვუწოდოთ. სამწუხარო ისაა, რომ მკვლევარმა არქივის მფლობელს ვერ ჩაუსწრო - უილიამ ოსგუდ ფილდი 90-იან წლებში ასაკოვანი - 94 წლისა გარდაიცვალა, იმის მტკიცე რწმენით, რომ ის უცნაური ქართველი, ირაკლი, ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩააკითხავდა „თავის წილ“ სვანეთს...
„ეს არის გერმან მემანიშვილი, ჯერ მღვდელი, მერე, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გაბატონების შემდეგ კი სოფლის მასწავლებელი და მჭედელი; ინტელექტუალი კაცი, ესაა მურზაყან დადეშქელიანი, ფილდის მფარველი სვანეთში“ - ჰყვება ირაკლი იმას, რაც უილიამ ოსგუდ ფილდის ჩანაწერებში ამოიკითხა. ფოტოსურათზე გამოსახულ ჩოხოსან მამაკაცს პაპიროსი უჭირავს, ამაყადაა დაყრდნობილი აივნის მოაჯირს. შთამბეჭდავი გარეგნობა კი ჰქონია თავად დადეშქელიანს... “პირველ მსოფლიო ომის ოფიცერი, შემდგომში ქაქუცას შეფიცულთა რაზმშიც ყოფილა. ფილდი წერს, რომ დადეშქელიანმა მთელი თვის განმავლობაში მეგზურობა გაუწია ამერიკელ სტუმარს, თუმცა უსასტიკესი დიზინტერია ტანჯავდაო. მაგრამ იმასაც წერს, რომ თავადი არაფერს იმჩნევდა - აი, ფაქტიც სახეზეა. „ეს არის... ეს ყოფილა...“ - ირაკლის გაუთავებლად შეუძლია მოყოლა, და ეკრანზე გაუთავებლად იცვლება გამოსახულებები. იქ ხევსურეთიცაა, კოლხეთის ჭაობებიც და დაღესტანიც, მაგრამ მეტწილად მაინც სვანეთია.
აი, როგორი კაცი ყოფილა ლეგენდარული სილვესტრ ნავერიანი, მესტიიდან ზუგდიდში ფეხით რომ ჩადიოდა ხოლმე პროკლამაციების გასავრცელებლად... მარცხნივ, ზევით განლაგებულ ფოტოსურათებზე გერმანე მემანიშვილი და მისი ოჯახი არიან გამოსახული.
. . .
სვანეთი გადასერილია ენგურითა და ცენის წყლით და იმ მდინარეებით, რომლებიც ამ ორ მთავარ წყალს ერთვის. მას გარშემო ყოველი მხრიდან არტყია მაღალი ციცაბო მთები, რომელთა მწვერვალებს მუდმივი თოვლი და მყინვარები ამკობენ, ხოლო მათ ძირებში მრავალნაირი ყვავილოვანი საბალახო მთებია გაშლილი, მათ მისდევს დაბურული გაუვალი ტყეები. ამ ტყეთა შორის ალაგ-ალაგ აგებული და გაშენებულია მაღალი ორსართულიანი ციხე-კოშკებიანი სახლები - ესაა სვანეთის სოფლები.
. . .
სვანური გადმოცემა ამბობს, რომ დადეშქელიანების წინაპარს, დაღესტნელს, თავისი სახლიკაცი მოუკლავს და მთებში იმალებოდა. ზამთარში ვეღარ გაძლო და აირჩია რომელიმე უცხო ქვეყანაში გადახვეწილიყო. თოვლში დათვის კვალს მიაგნო, რომელსაც გაჰყვა და ამ კვალმა ის სვანეთამდე მიიყვანა. ეცერში ის ესტუმრა მღვდელ კახიანს. უცხო სტუმრის დანახვით გაოცებული მასპინძელი შეეკითხა მას: „ვინ ხარო?“ სტუმარმა უპასუხა თურმე: „დაგდაშდან გელან“, რაც ნიშნავს „მოვედი ამ მთებიდან“. მღვდელმა გადაწყვიტა, რომ ეს სტუმრის გვარი იყო - დადეშქელიანი.
. . .
ჰყვებიან, რომ უშბაზე პირველები სვანები ავიდნენ და თან უამრავი შეშა აიტანეს. და ღამით მთელმა სვანეთმა დაინახა, როგორ აალდა უშბას ორი მწვერვალი - ნიშანი იმისა, რომ ბოროტს კეთილმა სძლია - „უშბა“ ხომ „კუდიანების სავანეს“ ნიშნავს.
იმასაც ჰყვებიან, რომ თავად დადეშქელიანს ინგლისელ მთამსვლელთა ჯგუფი წვევია ეცერს. ინგლისის სამეფო ოჯახის წევრი, დიდგვაროვანი ქალიც ყოფილა მოგზაურთა ჯგუფში. დადეშქელიანის სახლში გაჩერებულან, რა თქმა უნდა. დილას, დადეშქელიანების სახლის აივანზე, ევროპულად გაშლილ ჩაის სუფრასთან მჯდარ იმ დიდგვაროვან ქალს, გაგიკვირდებათ და უშბა მოსწონებია. ჰოდა, მეორედაც რომ თქვა, „რა მშვენიერია ეს მთაო“, თავადმა უთხრა: „ეს მთა ჩემს მიწაზე დგას, ჩემი საკუთრებაა და ამიერიდან თქვენი იქნება - მიჩუქებიაო“. მისი იყო და აჩუქა, ქაღალდიც დაუწერა, მე, თავადი დადეშქელიანი, ამ ლამაზ ქალს უშბას ვჩუქნიო. ქალს, ამბობენ, ენაც კი დაება, როდესაც ამ საჩუქრის ამბავი უთარგმნეს. მერე კი უთქვამს, ბევრი კარგი საჩუქარი მიმიღია, მაგრამ ასეთი თვალისმომჭრელი რამ, თანაც ასეთი მეფური გულუხვობით - არასდროსო!!! ვერც გაიგებდა, სხვა არავინ თვლიდა, რომ უშბა მისია, შესაბამისად, ვერც ვერავინ ვერავის ვეღარ აჩუქებდა.
მარცხნივ: კოშკი, რომელიც, თქმულების თანახმად, ენგურში დევის მიერ ჩაგდებულ ქვაზეა აშენებული. თოვლში მდგომ მამაკაცთაგან კი ერთ-ერთი თავად ვილიამ ოსგუდ ფილსია.
. . .
დადეშქელიანებმა მოინდომეს თავისუფალ სვანეთზე გაბატონება, მაგრამ თავისუფლებას შეჩვეულ სვანებს ქედი ვერ მოახრევინეს... ხალხს უნდოდა, რომ ფუთა დადეშქელიანის მოკვლა ერთ ვინმეს არ დაბრალებოდა და ამიტომ მოაგროვეს თურმე თითო მარცვალი თოფის წამალი. ყველამ თავიანთ თოფების ტყვიას ჩამოათალა და მისგან გააკეთა ფუთას მოსაკლავად ერთი ტყვია. ამ ტყვიაწამლით გატენილი თოფი შეიტანეს უშგულის ღვთისმშობლის ეკლესიის გალავანში და ტუჩი იქით უქნეს, საიდანაც ელოდნენ ფუთას მოსვლას. თოფის გასროლაშიც რომ ყველას მიეღო მონაწილეობა, თოფს ჩახმახზე გამოაბეს გრძელი ბაწარი... ეკლესიის გალავნიდან გავარდა თოფი, რომლის ტყვიამ ფუთა გამოასალმა წუთისოფელს.
უშგულის ღვთისმშობელს ეწყინა ეს ამბავიო, ამბობს ერთი გადმოცემა, და დასაჯა უშგულელები იმით, რომ სამი წლის განმავლობაში არცერთი ძროხა არ დამაკებულა და არცერთი წვეთი რძე არ გამოუწველიაო...
მურზაყან დადეშქელიანი დაწვრილებით მოუყვა ამ ამბავს ცნობისმოყვარე სტუმარს, ფუთა დადეშქელიანიდან მის ოჯახობამდე გენეოლოგიური „ხეც“ დაუხატა, სტუმარმა კი ინგლისურად თარგმნა და ლამაზი ხელითაც ჩაიხატა თავის რვეულში ...
ის, რისი პირველად გამოქვეყნების პატივიც გვხვდა წილად, მხოლოდ პაწაწინა ნაწილია ირაკლი იაკობაშვილის და მის მეუღლის მიერ ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების ბიბლიოთეკასა და არქივში მოპოვებული მასალისა. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებთ, რომ ცალი თვალით მაინც ჩაგახედეთ მათ მიერ შესწავლილ იმ უზარმაზარ ყუთშები და იმ სამყაროში, რომელიც ერთმა კარგმა კაცმა, უილიამ ოსგუდ ფილდმა კავკასიაში აღმოაჩინა. ფოტომასალაცა და ფილმებიც უკვე თბილისშია და მნახველს ელის.
![]() |
9 წერილი შოტლანდიიდან |
▲ზევით დაბრუნება |
საახალწლო მოგზაურობა ედვინის ქალაქში
ავტორი: თამარ სუხიშვილი
ფოტო: პირადი არქივი
ვიკინგები ახალი წლის ღამეს
ყველაფერი „ვეფხისტყაოსნით“ დაიწყო. ჰო, ეგრეა. ისე გამოვიდა, რომ ედინბურგში სწორედ „ვეფხისტყაოსნის“ წყალობით („რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა...“) მოვხვდი. ახლავე აგიხსნით. დიდ ბრიტანეთში ჩემი „მოძრაობა“ საკონფერენციო განრიგს მისდევდა. სულ „გავლა-გავლა“ რომ არ გამომსვლოდა, „ჯერ სწავლა - მერე გავლას“ პრინციპი ავირჩიე და მინდა გითხრათ, რომ ძალიანაც გაამართლა. თუმცა, რაღა დაგიმალოთ და გული პირველისკენ უფრო მიმიწევდა. ასე ჩავები დიდ საკონფერენციო ფერხულში და სააპლიკაციო ფორმების შევსების, სამოგზაურო გრანტების მოპოვების, საკუთარი შეუვსებელი ავტობიოგრაფიისა და ჯერ დაუწერელი სტატიების რეზიუმეების თხზვის ტექნიკაც შესანიშნავად ავითვისე. არა, მაინც რა ნიჭიერები ვართ არა, ეს... (სამ წერტილში ვისაც ვგულისხმობ, ხომ გასაგებია).
„ვეფხისტყაოსანი“? - „ვეფხისტყაოსანი“ ჩემი პირველი საკონფერენციო თემა იყო: „ქალთა უფლებები XI-XII საუკუნეების საქართველოში და „ვეფხისტყაოსანი“. ვიფიქრე, რომ აუჩემებიათ ეს ბრიტები და კელტები, ცოტა რამეს ჩვენზეც გავაგებინებ-მეთქი. ჰოდა, ავდექი და საორგანიზაციო კომიტეტს პატარა რეზიუმე გავუგზავნე, ისე როგორც წესი ითხოვდა. იქიდან გულწრფელი და ინგლისური ზრდილობით გაჯერებული პასუხი მოვიდა - ჩვენ აზრზე არა ვართ, ეგ რა არიო, მაგრამ ძალიან საინტერესო რამე კი ჩანსო (არა, ბიჭო?!) და ძალიან დაგვავალებთ, თუ მონაწილეობას მიიღებთო. მეც აღარ გავიპრანჭე.
მოკლედ გეტყვით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ღელვითაც უკვე ნაკლებად ვღელავდი, იმიტომ რომ წინა დღით რეპეტიცია გავიარეთ. ჩვენმა „რეჟისორმა“, პროფესორმა ჰარდიმ ორატორული ხელოვნების საიდუმლო გაგვანდო. ის გვიხსნიდა, თუ როგორ უნდა დაიჭირო თავი მოხსენების კითხვის დროს, როგორ უნდა დაიყენო მზერა... გაგიკვირდებათ და, თანამედროვე სოციოლოგიური გამოკვლევებით, აუდიტორია თურმე ყველაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევს მოხსენების შინაარსს. ამ გამოკითხვის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, გადამირევია მთელი აუდიტორია. ბევრი კითხვა გაჩნდა. უკვირდათ, ასეთი პოემა თუ არსებობდა, რატომ აქამდე არაფერი ვიცოდითო. კონფერენციის მერე ვიღაც სტუდენტი მოვიდა და მადლობა გადამიხადა: „ვეფხისტყაოსანი” დიდი ხნის წინ წავიკითხე და ბევრი რამ აღარ მახსოვდაო. რასაკვირველია, გული ძალიან ამიჩუყდა. ერთმანეთს გამოვეცნაურეთ და, ვაი, ... გიორგი მქვიაო. მაინცდამაინც რუსი არ აღმოჩნდა?! მერე ერთმა ავსტრალიელმა პროფესორმა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანი მთხოვა. ჩვენი აქტივისტი ჯასტინიც დაინტერესდა: ნეტა, ამისთანა რა ჯადო ჰქონდა ამ ფატმანს, აგერ უკვე ორი თვეა სწავლა დაიწყო და ერთი ბოიფრენდი ვერ მიშოვიაო. ერთი მეც უნდა წავიკითხოო. სწორედ ამ კონფერენციაზე გავიცანი ენდრიუც, რომელიც იმ დროს შოტლანდიის ახალგაზრდული კონფერენციის საქმეებში იყო ჩაფლული და იქვე შემომთავაზა მორიგ კონფერენციაში მონაწილეობაც და სამგზავრო გრანტიც. მეც რა მენაღვლებოდა, მაშინვე შევადგინე ჩემი ინდივიდუალური „ბიზნესგეგმა“: მოთელვა (ედინბურგის დათვალიერება), კონფერენცია, პატარა გასვლა შოტლანდიის მთებში და... ფესტივალი „ჰოგმანეი“.
მშვენიერი განრიგი გამომივიდა. ამის გულისთვის ნამდვილად ღირს ბიბლიოთეკებში ღამისთევა. თქვენთან დასამალი რა მაქვს, მაგრამ კონფერენციაზე მეტად ის მიხარია, რომ ახალ წელს, არც მეტი - არც ნაკლები, შოტლანდიის დედაქალაქში შევხვდები, სადაც, როგორც ამბობენ, ევროპაში ყველაზე მხიარული ახალი წელი დგება.
მატარებელში, რომელიც ლონდონიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიდის, ტევა აღარაა. სულ მგონია, რომ ახლა უცებ ვიღაც ნაცნობ ფრაზას დაიძახებს: „ჩამოიღე, ქალო, ფეხი, თავზე რომ მადგამ!“
სოფელი შოტლანდიური ლოხის პირას
მატარებელში ყაყანი მატულობს, უშფოთველი ბრიტანელებიც კი შფოთავენ. ბირმინგემი - დერბი - შეფილდი - ლიდსი... ჩასვლით არავინ ჩადის, ამომსვლელები კი - იცოცხლეთ!
ამ მატარებელს ასე ნელა ალბათ არასოდეს უვლია. ძალიან ვაგვიანებთ. გზაზე კიდევ რაღაც შეფერხებებია. აქა-იქ აღშფოთებას გამოხატავენ შოტლანდიური როხროხით. დროდადრო ვიღაც ბრიტანული აქცენტითაც წამოიკნავლებს. რაც უფრო ჩრდილოეთისკენ მივიწევთ, ეს კნავილი სულ უფრო და უფრო სუსტდება. თანამედროვე პოეტის ერთი ლექსი ამეკვიატება, რომელიც რელსების ხმაურის რიტმშია დაწერილი: Sassenachs, Sassenachs here we come, Sassenachs, Sassenachs rum-tum-tum... Sassenachs - ამ სახელით შოტლანდიელები ინგლისელებს არცთუ პატივისცემით მოიხსენიებენ. მატარებელში კვერცხის სენდვიჩების საძაგელი სუნი დგება. ო, როგორ მძულს ეს საზიზღარი კვერცხის სენდვიჩები! ჩემს გვერდით სკამზე ვერონიკას სძინავს ტანჯული სახით. თავზე ორი ძალიან თბილი ქუდი ახურავს. ვერონიკა ეკვადორელია. ეს ვერონიკა რაღას ავიკიდე, სიცივისაგან არ ჩამაკვდეს ხელში ამ ედინბურგში... მატარებელში ცივა და კვერცხის ჩაგუბებული სუნი დგას. ამდენს მეც ვეღარ ვუძლებ და მუჯლუგუნებით მივიკვლევ გზას ბარისკენ. ამ დროს ცხელი ყავა პირდაპირ მისწრებაა - შაქრიანი, უშაქრო, კარგი, ცუდი, ვიღა დაეძებს. ალბათ ამიტომაც „ახალტურებენ“ ყავას ყველა მატარებელში.
„ხუთ წუთში ედინბურგში ვიქნებით,“ - გვაფრთხილებს გამცილებელი. ედვინი ერქვა VII საუკუნეში ნორთუმბრიის მეფეს. მისი სახელი დაურქმევიათ ამ ქალაქისათვის - Edwin's Burg. „რა ზღაპრული ქალაქი ყოფილა,“ - ამბობს ვერონიკა. მე თავს ვუქნევ. მართლაც ასეა. ედინბურგი ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება. თუმცა ის კი ვერ გამიგია, რატომ ეძახიან მას „ჩრდილოეთ ათენს“.
უცნაური მიზიდულობის ძალა აქვს ამ ქალაქს. სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთის ჩამოსული ვარ და უკვე ვგიჟდები ედინბურგზე. თუმცა მიხარია, რომ ედინბურგში არ ვსწავლობ. ბიბლიოთეკაში ან ლექციაზე რა გამაჩერებდა, სწავლა აზრადაც არ მომივიდოდა; ალბათ სულ გართობაზე ვიფიქრებდი, რადგან თვალის სანახავი აქ არ დაილევა. არ ვიცი, როგორ „შველიან“ ამ ქალაქში თავს სტუდენტები, ყველაფერი გართობისკენ გექაჩება: სახელგანთქმული „ფრინჯი“ და ხელოვნების სხვა (ტრადიციული თუ ალტერნატიული) ფესტივალები, ჯაზი, როკი, ქალაქში მოძრავი გამოფენები, მოხატული ძროხები, მთები, ტბები, ლეგენდები, ღამეულ მოჩვენებათა შოუები, ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი საახალწლო ზეიმი და მერე ისევ ეს ყველაფერი თავიდან...
ერთი ასეთი სიმღერა იყო, ბაიათის მელოდიაზე აწყობილი: „პასტაიანნა შაბათიაო“; ჰოდა, აქაც ეგრეა საქმე, განსაკუთრებით, ახალი წლის დღეებში.
მე და ვერონიკა პრინსეს სტრიტზე მოვსეირნობთ და აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ. პრინსეს სტრიტი ყველაზე გრძელი ქუჩაა მთელ ევროპაში. ქვედა მხარეს ქუჩას ასეთივე გრძელი და ლამაზი ბაღი დაუყვება. გადაღმა ხიდია. სწორედ ეს ხიდი ქმნის პირველ მატყუარა შთაბეჭდილებას. გგონია, რომ ქალაქი მდინარეზეა გაშენებული, სინამდვილეში კი ხიდის ქვეშ რკინიგზის სადგურია. პრინსეს სტრიტს კლდეზე აღმართული მეფის ყოფილი სასახლის ანსამბლი გადმოჰყურებს. ამ არქიტექტურულ ანსამბლში უძველესი ნაგებობა XI-XII საუკუნეებში აუგიათ, კაპელა სენტ-მარგარიტი...
წინასაახალწლო დღეებში პრინსეს სტრიტი მგონი ყველაზე ხალხმრავალი ქუჩაცაა. აქ ხომ ახალი წლის შესახვედრად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. „ჰოგმანეის“ ქუჩის წვეულება (ეს ქუჩა სწორედ პრინსეს სტრიტი გახლავთ) მართლაც რომ განსაკუთრებული მოვლენაა. აქ მინიმუმ 100 ათასი კაცი იყრის თავს. ყოველწლიურად იზრდება სცენებისა და მონაწილე ხელოვანთა რიცხვი. ტრადიციული ნომრების გარდა, ყოველ წელს არის კიდევ რაღაც ახალი - ის, რაც წინა წელს არ ყოფილა და მხიარულებაც სულ უფრო და უფრო მატულობს. ქუჩის წვეულებას შოტლანდიის სამეფო ბანკი აფინანსებს. ამიტომაც მას ზოგჯერ სამეფო ბანკის ქუჩის წვეულებასაც ეძახიან. ჰო, რახან ბანკზე ჩამოვარდა სიტყვა: შოტლანდიურ ქაღალდის სტერლინგს ინგლისური სტერლინგისგან განსხვავებული დიზაინი აქვს, შოტლანდიის სამეფო დინასტიის წარმომადგენელთა პორტრეტებით. ამ ფულს ინგლისში ცოტა არ იყოს ეჭვის თვალით უყურებენ. ამიტომ ნურც ის გაგიკვირდებათ, მაღაზიის გამყიდველმა უცებ ბანკში რომ დარეკოს და ფულის ნამდვილობა გადაამოწმოს. თემას გადავუხვიე...
ედინბურგის მოჩვენებები
მე და ვერონიკა კიდევ დიდხანს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს. დახვეწილი და რაფინირებული ოქსფორდული გარემოს შემდეგ თავდაპირველად აქაურობა ცოტათი გვეუცხოება. დიდად არც ინგლისური ზრდილობა ჭრის. ამას ჩამოსვლისთანავე ვხვდებით, როცა სულის მოსათქმელად პირველსავე ბარში შევდივართ და ვერონიკა თვალების ფახულითა და თავაზიანობის ეტიკეტის სრული დაცვით ეკითხება ბარმენს: „გამარჯობა, სერ. რა შესანიშნავი ატმოსფეროა ამ ბარში. ხომ ვერ მეტყვით, გეთაყვა“... ბარმენს კი უკვე ზურგი შეუქცევია ვერონიკასთვის და ჭიქაში ყინულს აჩხრიალებს. ჰოდა, ვერონიკაც იძულებულია, ხმა დაიბოხოს, თითი დახლისკენ გაიშვიროს და თამამი, ცოტა მბრძანებლური ტონით მოითხოვოს: „ჯიგარო, ერთი ეს ვისკი მაიტა!“ აი, ასე სულ სხვაა...
ედინბურგში ჩვენს ჩამოსვლას აღვნიშნავთ და ერთმანეთს ვემშვიდობებით. შევთანხმდით, რომ ახალ წელს შევხვდებით. მანამდე კი ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს. მე კონფერენციისთვის უნდა მოვემზადო; ვერონიკა მეგობრებს მოინახულებს, მათ შორის იმ ფრედსაც, ამას წინათ ლონდონში რომ გაიცნო. ფრედი ედინბურგის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიას სწავლობს, თუმცა მე თუ მკითხავთ, პოლიტოლოგიაზე უფრო მეტად სხვა საქმითაა გატაცებული. თან ამ საქმეს აქაური კლიმატიც როგორ უწყობს ხელს... გარეგნობაც ასეთი აქვს. ძალიან სიმპათიური ყმაწვილი კია, მაგრამ ალბანელ ნარკოდილერს უფრო ჰგავს, ვიდრე პედანტ და მოწესრიგებულ პოლიტოლოგ-პოლიტიკოსს.
...კონფერენციისთვის მომზადებას მერეც მოვასწრებ, ჯობია საშინელებათა გამოფენა დავათვალიერო. რაღა დაგიმალოთ და ცოტათი გულისკანკალით მივუყვები კიბეებს და მიწისქვეშ ჩავდივარ; ამ მიწისქვეშეთიდან ისეთი კვნესისა და არაადამიანური გმინვის ხმა ამოდის, რომ ფეხები უკან მრჩება, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდები. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ყველაზე ძნელი ამ კიბეებზე ჩასვლა ყოფილა. „ვამპირებს ხელით არ შეეხოთ, - გვაფრთხილებს ბილეთების გამყიდველი გოგონა, და თვითონაც ვამპირივით იცინის, - თორემ შედეგზე პასუხს არ ვაგებთ“. ნეტა ვიცოდე, რომელი ჭკუათმყოფელი დააპირებს ვამპირების დაჭერას?.. საშინელებათა ექსპოზიცია ოსტატურადაა გაკეთებული - ცვილის ფიგურები, სინათლისა და აკუსტიკური ეფექტი, ზღაპრულ-ისტორიული თემატიკა... ეს ყველაფერი დამთვალიერებელზე კარგად მუშაობს და თუ მაინცადამაინც მყარი ფსიქიკა არ გაქვთ, დიდად არ გირჩევთ იქ მისვლას. აი, ვამპირების ცოცხალი შოუ კი დიდი სულელური წარმოდგენაა. ჩაბნელებულ დერეფანში მიიკვლევ გზას და ხან ერთი ხელმოცარული მსახიობი გამოგიხტება სახეზე წათხუპნული სისხლებით, ხან - მეორე. მოკლედ, სანამ იქიდან გამოვიდოდი, ძალიან მომაბეზრეს თავი. განსაკუთრებით ერთი მსუქანი „ვამპირი“ აქტიურობდა. „ყველას შეგჭამთ, ყველას სისხლს დავლევო,“ - ბღაოდა და გიჟივით დახტოდა. აი, იმას კი ყველა გაურბოდა. დიდად საშიში არც ის იყო, უბრალოდ, პაროდონტოზი სჭირდა იმ საწყალს...
ქალაქში ცნობილი ვისკის ბარი
ძროხების გამოფენა პრინსეს სტრიტზე
თავს ვუშველე. პირველსავე შემხვედრს ტურისტული სააგენტო „სკოტლანდ თრეველის“, თუ რაღაც ამდაგვარის, გზას ვეკითხები. ბედი არ გინდა? სწორედ ამ სააგენტოს ექსკურსიამძღოლი არ გამოდგა?! ბენი ჩემი პირველი ედინბურგელი ნაცნობია - ხანშიშესული, მხიარული კაცი. თუ მაინცდამაინც იმას არ ეტყვით, რომ ინგლისელებზე გიჟდებით და იქვე ვითომ სხვათაშორის უოლესის ლეგენდასაც გაიხსენებთ, ჩათვალეთ, რომ მისი მამაცი გული მოიგეთ. ბენი მეუბნება, რომ მის სააგენტოს ორი მარშრუტი აქვს - ერთი გლაზგოა, მეორე - მთიანი მხარე, ლოხ ნეი და ლოხ ლომონი. ბენი მთაში დადის. მეც მთები და ტბები რატომღაც უფრო მიზიდავს და ბენის ჯგუფში ვეწერები.
ტურისტულ ჯგუფში ბევრნი არ ვართ: გაუგებარი წარმოშობის ოჯახი, მთელი გზა მხოლოდ ერთმანეთში ლაპარაკობენ და ისიც ძალიან დაბალ ხმაზე; პატარა და მრგვალი ამერიკელი ქალბატონი, ეგზოტიკურ ადგილებში რომ მოგზაურობს, იქ ყოვლად უვარგის ფოტოებს იღებს და მერე იმ ფოტოებს საკუთარ სალონში გვარიან ფასში ყიდის; კისკისა ავსტრალიელი გოგონები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათი წინაპრები შოტლანდიიდან წამოსულან და პარიზელი წყვილი, რომლებიც მთელი გზა გაუთავებლად ასლოკინებენ (რიგრიგობით) და ამაზე ისე კვდებიან სიცილით, თითქოს უფრო სასაცილო არაფერი ენახოთ. ფრანგი ტურისტები იფიცებიან, რომ ინგლისში ბაღები და ორანჟერეები ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე საფრანგეთში. შოტლანდიაში, - იქვე უკეთებს კორექტირებას ბენი, კმაყოფილებით იბღინძება და კიდევ უფრო დიდი შემართებით გვიყვება მშობლიური მხარის საამაყო ისტორიას: უძველეს დროში შოტლანდიის ტერიტორიაზე პიქტები სახლობდნენ, ძვ. წ. პირველ ასწლეულში აქ კელტებმა იწყეს დასახლება. ახ. წ. V-VI საუკუნეებში ირლანდიიდან შოტლანდიაში სკოტები გადმოსახლდნენ, სახელწოდება Scotland-იც აქედან მოდის - სკოტების ქვეყანა.
ნელ-ნელა ზემოთ ავდივართ - პატარა, ვიწრო ხეობებიდან დიდ, გაშლილ სივრცეში ვხვდებით. რომ არ ვიცოდეთ, რომ კარგა მაღალზე ვართ, ისევ ბარში გვეგონება თავი... აქ მამაცი გულია დამარხული... ეს უზარმაზარი ტბები მართლაც სასწაულია, ტბის პირას პატარ-პატარა სოფლებია. ზოგიერთი ქოხი ისევ იმ გვაროვნული წყობიდან შემორჩენილ ქვის ქოხებს ჰგავს, განსაკუთრებით - ზამთრის მდუმარებაში. გაზაფხულზე ისევ გამოცოცხლება იწყება. ფერად ყვავილნარში ჩაფლულ ქოხებზე უზარმაზარი წარწერები ჩნდება: „ვაქირავებ ბინას“. შოტლანდიის მთებში დასვენება ძვირიანი ფუფუნებაა.
ედინბურგი ზამთარ-ზაფხულ ყოველთვის მხიარულია. ერთადერთი, ამინდში არ უმართლებს ქალაქს. თითქმის მთელი წლის განმავლობაში გადაუღებლად წვიმს. „აქ ასე იცის, გამოიდარებს, გაწვიმდება, გამოიდარებს, გაწვიმდება. ამ დროს ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტი ვისკია, - მიხსნის ჩვენი კონფერენციის ორგანიზატორი ენდრიუ, - გადმოიღებ ვისკის, დაასხამ, დალევ, დაასხამ, დალევ და... მერე კალამიც უფრო ადვილად გემორჩილება...“
ვისკის გარეშე საახალწლო მხიარულებას რა ფასი აქვს! ეს სასმელი მარტო საახალწლო რიტუალის განუყოფელი ნაწილი კი არა, გაციებისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაცაა. ცოტა თუ არ მომაგრდი, მთელი ღამე ქუჩაში რა გაგაძლებინებს!
ისე კი გაგვიმართლა. არც წვიმა მოსულა და არც თოვლი. და, აი, ახალი წლის საღამოც დგება! შებინდდება თუ არა, ცენტრალურ ქუჩას - ჩვენს პრინსეს სტრიტს გადაკეტავენ. ყველა კუთხეში პოლიციელები დგანან. ქალაქის დაცვა განსაკუთრებით გაძლიერებულია. პრინსეს სტრიტი ახალი წლის წინა ღამეს გამორჩეულად ლამაზია; გაბრჭყვიალებული ეშმაკის ბორბლიდან მთელი ედინბურგი ხელისგულივით მოჩანს. ქუჩაში ჩამწკრივებული ვაგონებიდან ცხელ საჭმელს, ლუდს, ბუშტებს და ყველაზე პოპულარულ საახალწლო სუვენირებს - ედინბურგის ჰოგმანეის ქუდებს ყიდიან. მერე ვიღაცა იწყებს „Hogmanay“-ს სიმღერას და მთელი ქუჩა გუგუნებს.
ამასობაში სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ „Hogmanay“-ს შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ეძახიან.
„ჰოგმანეის“ სტუმრებს მთის წვერზე გადმომდგარი ედინბურგის ციხე-სიმაგრეც მასპინძლობს. რამდენიმე წლის წინ, აქ პოპულარული შოტლანდიური ჯგუფის - TEXAS-ის კონცერტი გაიმართა. ამჯერად TEXAS-ი პრინსეს სტრიტის ბაღში სცენაზე სხვა ჯგუფებთან ერთად გამოდის. ამ კონცერტზე უმეტესობა სწორედ TEXAS-ის ხათრითაა მოსული. გამოგიტყდებით და მისი დიდი მოყვარული არ ვარ, ამიტომ გული ისევ პრინსეს სტრიტისკენ მიმიწევს. და იქ სიურპრიზიც მხვდება: ერთ-ერთ სცენაზე Panjabi MC არ დახტის და თავის hune hune hoi mutare-ს არ მღერის?!
კინაღამ ჩირაღდნების პროცესია გამომრჩა. არადა, ამ სანახაობამ მგონი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს პროცესია ყოველ 29 დეკემბერს, საღამოს შვიდის ნახევარზე იმართება. ათასობით ადამიანს ანთებული ჩირაღდანი უჭირავს და ძველი ქალაქიდან კელტონ ჰილისკენ მარშით მიემართება. ჟღერს შოტლანდიური მუსიკა და დოლის ენერგიული ბაგა-ბუგი. ზემოდან თუ გადმოიხედავთ, ქალაქი ცეცხლში გამოხვეულს ჰგავს. ჩირაღდნების პროცესია საქველმოქმედო ღონისძიებაა, პროცესიაში მონაწილეობა უფასოა, მხოლოდ ჩირაღდნები უნდა შეიძინოთ; ეს ფული კი გაჭირვებული ბავშვებისთვის გროვდება.
თავის დროზე ვიკინგებმა ბარკასი კელტონ ჰილზე აათრიეს და იქ ცეცხლი წაუკიდეს. ამ ცეცხლში ახლა ძველი წელი იწვის და ახალს უთმობს გზას. კიდევ რაღაც ლეგენდა უნდა მომეყოლა, მაგრამ სულ ერთმანეთში ამერია სატუსაღოში გამოკეტილი საყვარლების, მოჭრილი თავებისა და ავი სულების ამბები და ჯობია გავჩუმდე.
პროცესიას ვწყდები და ჯორჯ სტრიტისკენ ავდივარ ზევით. ჯორჯ სტრიტზე არაჩვეულებრივი სანახაობაა - Night Afore Fiesta (ღამე ფიესტას წინ) - შოტლანდიისა და სხვა ქვეყნების გართობის ტრადიციების ნაზავი; თვალს მოგტაცებთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დასების თეატრალური თუ ქორეოგრაფიული წარმოდგენები და აკრობატების შოუები. შოტლანდიის მიწა კატალონიურ კარნავალსაც მასპინძლობს. მთელი ღამე დაუზარელად მუშაობენ ვიზაჟისტები და დიზაინერები და მსურველებს (ასეთები კი ბევრნი არიან) საკარნავალო თმის ვარცხნილობასა და მაკიაჟს უკეთებენ.
და კიდევ, ქალაქში დინოზავრები დადიან. ცოტა კი მეშინია, ეს უზარმაზარი რკინის კონსტრუქცია, საზარელ ხმებს რომ გამოსცემს, თავზე არ ჩამომემხოს...
ჯორჯ სტრიტზე ვერონიკას ვხვდები. თავის სტიქიაშია. მოცეკვავეებთან ერთად ცეკვავს სამბას. ფრედის ამბავს მიყვება. პაემანი დაუნიშნავს, ცენტრში რომ ქალის ქანდაკებაა, იქ მოდიო. ვერონიკამაც რა იცოდა, ვიღაც ქალის ქანდაკების ძებნა დაუწყია. მერე? - “ოთხი წელია ედინბურგში სწავლობს, ეგ დებილი. იცი, ვისი ქანდაკება დგას ქალაქის ცენტრში? - ვისი და უოლტერ სკოტის. უბრალოდ მანტია აქვს წამოსხმული.”
ახალ წელს ზუსტად პრინსეს სტრიტის ცენტრში ვხვდებით, სკოტის ძეგლის პირდაპირ. ქუჩაში ხალხი უფრო და უფრო მატულობს. 12 საათზე დიდი ფეიერვერკი იწყება. ფეიერვერკებს ქალაქის შვიდი წერტილიდან უშვებენ. მთელი ქალაქი ბრდღვიალებს. თავზე თითქოს ვარსკვლავები გეყრება. ყველა ერთმანეთს ეხვევა და კოცნის, იცნობს - არ იცნობს, მნიშვნელობა არა აქვს. ტრადიციაა ასეთი - კოცნაზე უარს ვერავინ გეტყვის. მერე ყველა ერთხმად მღერის შოტლანდიურ საახალწლო სიმღერას რობერტ ბერნსის ლექსზე - Auld Lang Syne. ბოლოს, სიმღერა და მტლაშა-მტლუში რომ დამთავრდება, ზოგი ბარს შეაფარებს თავს და იწყება ისევ ნაცნობი: დაასხიდალიე, ზოგიც მთელი ღამე დაეხეტება ქუჩებში და დილამდე ისმის ნამთვრალევი ხმები: HAPPY NEW YEARRR!!!
ახალ წელს გილოცავთ!
![]() |
10 ესსე |
▲ზევით დაბრუნება |
რეპრესირებული სექსუალობა
ავტორი: ნინო ძანძავა
რამდენიმე თვის წინ, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოში“ მეგობრის სანახავად მისულმა, მის სამუშაო მაგიდაზე საქაღალდის სახით შეკრულ ნაბეჭდ და შიგადაშიგ ხელნაწერ ფურცლებს მოვკარი თვალი. თაბახის გვერდები საგულდაგულოდ იყო შეკოწიწებული, ვიღაცას არ დაზარებია და დაკარგული ტექსტი ხელით აღუდგენია. მაგრამ მთავარი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია არა დოკუმენტის ვიზუალური მდგომარეობა, არამედ სათაური იყო: „The Vagina Monologues“, Eve Ensler (2000).
როდესაც ჩემმა მეგობარმა რამდენიმე აბზაცი წამიკითხა, შევცბი, არა იმიტომ, რომ კითხვისას ხშირად ფიგურირებდა ქალის გენიტალიის სახელი, შემაცბუნა იმ მოულოდნელმა გულწრფელობამ, რითაც მთხრობელი ქალბატონები ამ თემაზე საუბრობდნენ.
„საკუთარ ვაგინაზე ფიქრი გვაღელვებს, უფრო სწორად, ის გვაღელვებს, რომ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ. არადა, ვაგინა არსებობს, მასზე უნდა ვიფიქროთ; არსებობისთვის მას სხვა ვაგინების კონტექსტი სჭირდება, ვაგინის ერთგვარი კულტურა. ეს თემა ისეთ წყვდიადში და საიდუმლოების ბურუსშია გახვეული, რომ ბერმუდის სამკუთხედს მაგონებს. თუნდაც უსასრულოდ ელოდო, ხმას არავინ მოგაწვდენს.“
ეპიზოდური პიესა „ვაგინა მონოლოგები“. ავტორი, ენსლერი, ამ პიესისთვის ობის პრიზით დაჯილდოვდა. პიესა თარგმნილია ოცდაოთხ ენაზე და ინსცენირებულია ოცზე მეტ ქვეყანაში.
ეპიზოდური პიესა „ვაგინა მონოლოგები“ ყოველ წელს ახალი ტექსტებით ივსება. ავტორი, ივ ენსლერი, ამ პიესისთვის ობის პრიზით (ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული თეატრალური პრიზი აშშ-ში) დაჯილდოვდა. თარგმნილია ოცდაოთხ ენაზე და ინსცენირებულია ოცზე მეტ ქვეყანაში (მათ შორისაა ბულგარეთი, თურქეთი, კოლუმბია, ეკვადორი, ინდონეზია, სლოვაკია, ხორვატია, სერბეთი, კორეა, ისრაელი, პაკისტანი, იაპონია). პიესა ძალიან პოპულარულია როგორც შუაგული ევროპის ქვეყნებში, ასევე ტერცო მონდოში. თუმცა, საქართველოში, თვალების ჯიბეში შენახვის ქვეყანაში (აკა მორჩილაძე), ის ჯერ არავის უთარგმნია, ინსცენირებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმდეტია.
„ვაგინა მონოლოგები“ ძალიან საინტერესო და ეფექტური ტექსტია არა მხოლოდ მთხრობელ ქალთა ღიაობის, არამედ იმ გამბედაობის გამოც, რითაც პიესის ავტორი მწვავე თემატიკას უდგება. ეს გამბედაობა უთუოდ გაახსენებს მკითხველს ამერიკელი და ევროპელი მწერალი ქალების შემოქმედებით გამოცდილებას, გაახსენებს შეზღუდვებში შექმნილ გენიალურ ნაწარმოებებს, ერთი შეხედვით უნიადაგო სივრცეში დაბადებულ ტექსტებს, რომლებსაც ქსენოფობურ და პატრიარქალურ გარემოში ქალები ხელისცეცებით ქმნიდნენ.
ენსლერმა მონოლოგების პირველი სამუშაო ვერსია 1996 წელს შექმნა, 200 ქალთან აღებული ინტერვიუს მიხედვით. საუბრის თემა სექსს, ურთიერთობებსა და ქალების მიმართ ძალადობას უკავშირდებოდა. როგორც წერენ, თავდაპირველად, ინტერვიუებს მეგობრული საუბრების ფორმა ჰქონდა. შემდეგ წრე თანდათანობით იმით გაფართოვდა, რომ მთხრობელი ქალები საკუთარი ეპიზოდური პიესა „ვაგინა მონოლოგები“. ავტორი, ივ ენსლერი, ამ პიესისთვის ობის პრიზით დაჯილდოვდა. პიესა თარგმნილია ოცდაოთხ ენაზე და ინსცენირებულია ოცზე მეტ ქვეყანაში. ესსე ისტორიების გარდა, სხვა ქალების ისტორიებზეც ალაპარაკდნენ.
ენსლერი ამბობს, რომ ვაგინების თემამ იმიტომ შეიპყრო, რომ ის ძალადობრივ საზოგადოებაში გაიზარდა: „ქალების დაქვემდებარებულობა ღრმად არის დაკავშირებული მათ სექსუალობასთან“, შეიძლება ითქვას, რეპრესირებულ სექსუალობასთან. „ვაგინა მონოლოგები“ არ ითვლება ისეთ რევოლუციურ ისტორიულ ფაქტად, როგორიც ადამიანის მრავალფეროვანი სექსუალობის შესახებ ექიმ ალფრედ ქინსის მიერ ჩატარებული კვლევები და ამ კვლევების შედეგებია, მაგრამ თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ამავე თემის გადახედვამ ახალ ეპოქასა და ახალ კონტექსტში, კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი აქტუალობა.
ახალგაზრდა, ასაკოვანი, გათხოვილი და გაუთხოვარი ქალები, ლესბოსელები, პროფესორები, მსახიობები, სექსოლოგები, აფრო-ამერიკელი, აზიელი, ისრაელელი თეთრკანიანი და შავკანიანი ქალები სექსუალობასთან, გენიტალიებთან დაკავშირებული შეგრძნებებისა და ტრავმების შესახებ მოგვითხრობენ. თავიდან მათ ეძნელებოდათ და ეჩოთირებოდათ მოყოლა, მორცხვობდნენ კიდეც, მაგრამ შემდეგ მათი შეჩერება შეუძლებელი ხდებოდა. „ქორწინება კომპრომისზე წასვლაა“, „სექსუალური აქტის დროს, შუქი უნდა ჩააქრო“, „ქვემოთ სარდაფია - საშიში, წებოვანი და ნოტიო - იქ ნურასოდეს ჩახვალთ, მერწმუნეთ, ავად გახდებით, გული აგერევათ“... ეს ის სტერეოტიპებია, რომელთა ტყვეობაშიც ქალების მოქცევას ცდილობდნენ, ან რომლებითაც ეს ქალები თვითონ ხელმძღვანელობდნენ.
ხანდახან ტრავმირებული ქალები სახელითაც არ მოიხსენიებენ ვაგინას, აგრესიითა და ზიზღით ეკიდებიან მას, რადგან ეს ის არის, რაც მათ არცხვენს, უხერხულ მდგომარეობაში აგდებს.
ერთ-ერთ ესსეში ივ ენსლერი გვეუბნება: „მე მწამს საგნების სახელდების ძალა და საიდუმლო. ენას ჩვენი ჩარჩოების ტრანსფორმირების, ქცევის ნასწავლი მოდელების გადახედვის და ფიქრების ახლებურად წარმართვის შესაძლებლობა აქვს. მჯერა იმის სახელდების, რაც ჩვენს წინაშეა, რადგანაც ხშირად უხილავი სწორედ ის არის. იფიქრეთ სიტყვაზე „ვაგინა“. მჯერა, რომ ყოველი წარმოდგენისას, 128-ჯერ ამ სიტყვის გამეორებით, ჩემი სირცხვილის დასახელებით, ჩემი საიდუმლოებების გამჟღავნებით, ჩემი მისწრაფების გამოვლენით მოხდა ის, რომ საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს დავუბრუნდი. საკმაოდ ხშირად და საკმაოდ ხმამაღლა მისი თქმით ისეთ ადგილებში, სადაც ეს მოსალოდნელი არ იყო, ამის გაჟღერებას ერთდროულად პოლიტიკური და მისტიკური ხასიათი ჰქონდა და მან ქალების მიმართ ძალადობის დასრულების მსოფლიო მოძრაობას მისცა დასაბამი.“
საკუთარ გენიტალიასთან გაუცხოებისას, მისი სხეულის ნაწილად აღქმაც არ ხდება. ლოგიკურია, როცა ეს ომგამოვლილ ბოსნიელ ქალებს ემართებათ (იუგოსლავიის ომის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში, 500 000 ქალი გააუპატიურეს). საინტერესოა, რატომ გვაქვს იგივე სურათი ადამიანებთან, რომლებსაც არც ომის საშინელებები გამოუვლიათ და არც რაიმე ექსტრემალურ პირობებში მოუწიათ ცხოვრება? ანუ რითი შეგვიძლია ავხსნათ პრობლემის წარმოშობა სოციალურად და პოლიტიკურად მოწესრიგებულ გარემოში? ძალადობის რა მექანიზმები მოქმედებენ ასეთ დროს?
პიესაში ნახსენები და ჩამოთვლილია დაახლოებით 37 მოფერებითი სახელი, რითაც ამერიკის სხვადასხვა შტატში ვაგინას მოიხსენიებენ. ჩვენში როგორც კაცის, ასევე ქალის გენიტალიის ჟარგონული სახელწოდება სალანძღავ სიტყვად გამოიყენება. ამ შემთხვევაშიც, ენაში ის შეფასებითი მნიშვნელობებია კოდირებული, რომელსაც ადამიანები მას გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ანიჭებენ. ეს, თავისთავად, ხაზს უსვამს არამარტო სიტყვასთან, არამედ, ზოგადად, სექსუალობასთან საზოგადოების მიმართებასაც. საქართველოში, როცა ამ სიტყვას ხმამაღლა ამბობენ, ილანძღებიან ხოლმე; როცა ჩურჩულებენ, ეს ნიშნავს, რომ რაღაცის ერიდებათ. ნიშანდობლივია, რომ ძირითადად მამაკაცები ყვირიან, ხოლო ქალები ჩურჩულებენ. ამიტომ მოჩურჩულე ქალბატონებზე ანუ მათზე, ვისთვისაც ვაგინაზე საუბარი არადელიკატურობასთან ასოცირდება და ვისშიც მისი ნომინალური არსებობაც უხერხულობის, დისკომფორტის განცდას იწვევს, ეს პიესა თერაპიულად ზემოქმედებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ენსლერი ამბობს: ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში სპექტაკლით მოგზაურობისას, მისი ნახვის შემდეგ, ასობით ქალი მელოდებოდა საკუთარი ისტორიის მოსაყოლად. სპექტაკლი ხელახლა აღძრავდა მათ მოგონებებს, ტკივილსა და ვნებებს. ქალები ხელახლა პოულობდნენ იმ სამყაროს, რომელთან მისასვლელიც დიდი ხნის წინ დალუქეს.
სანამ ვინმე პიესის ინსცენირებულ ვერსიას თბილისში იხილავდეს, ქალების თვითშეფასების, საკუთარ სექსუალობაზე მათი წარმოდგენის შეცვლაში, მორალური შეზღუდვებისგან გათავისუფლებაში „ვაგინა მონოლოგების“ ქართული ვარიანტის წაკითხვა ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა.
ახალგაზრდა, ასაკოვანი, გათხოვილი და გაუთხოვარი, თეთრი და შავკანიანი ქალები სექსუალობასთან, გენიტალიებთან დაკავშირებული შეგრძნებებისა და ტრავმების შესახებ მოგვითხრობენ.
ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე ლიტერატურულ მთარგმნელს, დათო გაბუნიას, რომელიც დიდი ხანია ოცნებობს, „ვაგინა მონოლოგები“ ქართულად თარგმნოს. „ამ პიესამ თავიდანვე მომხიბლა თავისი გაბედულებით, აქტუალობით. სიმართლე გითხრათ, წაკითხვამდე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ გარწმუნებთ, წაკითხვისთანავე შემეცვალა აზრი და დღემდე უძლიერეს შთაბეჭდილებად მახსოვს.
პიესის ქართულად თარგმნას ბევრი სიძნელე უკავშირდება. პირველ რიგში, იგულისხმება ენობრივი სიძნელეები - ძნელია მოძებნო ისეთი მრავალფეროვანი ლექსიკა, რომელიც შესაბამის ინგლისურ ეკვივალენტებს სრულად გადმოსცემს. ჩვენს ენობრივ გარემოში ავტომატურად ხდება სექსუალობის აღმნიშვნელი ყველა სიტყვის პერიფერიაში განდევნა, ყველაფერს შეურაცხმყოფელი ელფერი აქვს, რაც ძალიან კარგად ასახავს რეალობას: სექსზე ცივილიზებულად არ ვლაპარაკობთ და ეს თემა მთლიანად მამაკაცური გინების მონოპოლიად გადაქცეულა.
შესაბამისად, ძნელია თარგმნო ქართულ ენაზე ტექსტი, რომელიც ქალის გენიტალიებზე ასე ღიად და მოურიდებლად ლაპარაკობს და თან პიესის მთავარი სათქმელი - ქალის „აკრძალული“ სექსუალობის გათავისუფლება - არ დაკარგო, შაყირად არ გადააქციო, რაც ჩვეულებრივ ხდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თუმცა, ქართულ ზეპირსიტყვიერებაში ესსე უხვად არის ეროტიკულ-სექსუალური მოტივები, შესაბამისი ტერმინოლოგიით. ამ მხრივ ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ გამოცემული „მოუკრეფავნი“ ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
ქართული სკაბრეზული პოეზიის პირველი კრებულის წინასიტყვაობაში ვახუშტი კოტეტიშვილი წერს: „თუ გადავხედავთ წარმართობის ხანის არქეოლოგიურ მასალას, ფალოსისა თუ ვაგინის უტრირებულ გამოსახულებებს, ჩვენს თვალწინ გადაიშლება უმრავალფეროვნესი გამა მაგიური ეროტიკისა, რაც შეუძლებელია უკვალოდ გამქრალიყო საზოგადოებაში. ქრისტიანული ზნეობრიობის საყოველთაო გამარჯვების შემდგომ წარმართული ეროტიკა კარგავს რელიგიურსა თუ მაგიურ დატვირთვას და არსებობას განაგრძობს სახეცვლილი, მსუბუქი იუმორის სახით“.
ქალო, შენ გახარებასა,
რა გაქვ მა ფეხთშუაშია?
ამ ჩემსა ჩამოკიდულსა
სჯობავა მარიფათშია?
ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავას აზრით, დღეს ჩვენს კულტურაში მართლაც არსებობს აკრძალული და ტაბუირებული თემები: „საქართველოში იმდენად ბევრი პრობლემატიკაა დაგროვილი - სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, წმინდა მატერიალური პრობლემები, რომ სექსუალობაზე ფიქრი და ამ თემის აქცენტირება ფუფუნებად არის ქცეული. თუმცა, პარადოქსულია ის, რომ სექსუალობა თავისთავად არის ბიოლოგიური ფუნდამენტი, რომელზეც ნებისმიერი ცოცხალი არსება დგას და მიუხედავად ამისა, ხდება მისი იგნორირება. არანაკლებ მნიშვნელოვანი თვითანალიზის პროცესია, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს დაფიქრდეს იმაზე, რითაც მისი გონებაა მოცული, რაც მის სხეულს სჭირდება და რაც შინაგანი კომფორტის მოსაპოვებლადაა აუცილებელი.
ქალის სოციალური როლიდან გამომდინარე, რომელიც ისტორიულად ყალიბდებოდა, ჩვენი ფსიქიკიდან სექსუალობისა და ეროტიკის - ამ მდიდარი და საინტერესო სფეროს - აბსოლუტური მიჩქმალვა, ერთგვარი ატროფიაც კი ხდებოდა. მთელი პატრიარქალური კულტურა ინსტინქტთა დამორჩილებას, ფანტაზიებისა და ემოციების მოკვეთას ეფუძნება. ამიტომ, სანამ საზოგადოებაში მამაკაცის კულტი იარსებებს, ქალის როლი ფსიქოლოგიურად დაკნინებული იქნება. ის, რომ ქალი არის პარლამენტის თავმჯდომარე, არსობრივად არაფერს ცვლის“.
ფეხებს შორის რაღაც მაქვს, თუმცა არ ვიცი - რა. არ ვიცი, სად არის ის. არ ვეხები. არც ახლა. არც აღარასოდეს. არც იმ დღიდან მოყოლებული.
პიესაში საკმაოდ ვრცელი ადგილი ეთმობა პირველი მენსტრუალური გამოცდილებების აღწერას. ბევრისთვის ეს უკავშირდებოდა საოცარი შიშის განცდას - „დარწმუნებული ვიყავი, რომ სისხლისგან ვიცლებოდი და ნელნელა ვკვდებოდი“; რადგან ისინი მოულოდნელად ეჯახებოდნენ აუხსნელ ფენომენს, რომელთან შეხებაც ზოგიერთს დანაშაულის გრძნობასაც კი უვითარებდა. რუსუდან მირცხულავა ამბობს, რომ „ძალიან გამაღიზიანებელია ქალის ასაკის აგდებით მოხსენიება, აგრეთვე მისი ფიზიოლოგიის (კლიმაქსი, ალები, მენსტრუალური ციკლი) ირონიზება. ქალი მშვენიერია მთელი თავისი ფიზიოლოგიით, ასაკობრივი ცვლილებებით“. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც თავად ქალები აუგად იხსენიებენ თავიანთ ფიზიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც მათში შიშს იწვევენ. თავის დროზე, ფრანგებმა მენსტრუალურ ციკლს ძალიან პოეტური განმარტება მოუძებნეს - საშვილოსნოს ტირილი.
მოზარდობის ასაკში, საკუთარი სხეულის არაადექვატური აღქმა და მოგვიანებით, საკუთარი სექსუალობის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ტრავმები ხშირად არცოდნის შედეგია. „ვაგინა მონოლოგებში“ არის ერთი ეპიზოდი, სადაც 72 წლის ქალბატონი ფიგურირებს. მას არასოდეს განეცადა ორგაზმი და არასოდეს ენახა საკუთარი გენიტალია. ტრავმა, რომელმაც მას სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება დააკარგვინა, სწორედ მის არაინფორმირებულობას უკავშირდებოდა.
ასეთი მაგალითები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის სწორი ინფორმაციის დროულად მიწოდება. ამ პრობლემის არსებობას თავისთავად მივყავართ კითხვამდე, თუ რატომ არ ისწავლება სკოლებში სექსოლოგია - მეცნიერება, რომელიც სქესობრივ ურთიერთობებს ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ფიზიოლოგიურ ასპექტებში განიხილავს. თუმცა, ამასაც მოეძებნება პასუხი, თუკი გავიხსენებთ, რა უშფოთველად ახერხებდნენ მასწავლებლები სკოლაში იმ თავის გამოტოვებას, სადაც საუბარი ადამიანთა განაყოფიერებაზე იყო. მოზარდების მხრიდან საკითხის დამახინჯებულად აღქმის ალბათობა ყოველთვის დიდია, რადგან დიდია არაზუსტი ინფორმაციის მიღების შანსი.
პიესაში აღწერილია ვაგინისადმი მიძღვნილი ვორქშოფიც, რომლის მონაწილეებსაც საკუთარი გენიტალიის დახატვა სთხოვეს. ამ დავალებამ ქალბატონები უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგანაც ბევრ მათგანს ნანახიც არ ჰქონდა ის, რაც უნდა დაეხატა. კვირები, თვეები და ზოგჯერ წლებიც გადის ისე, რომ არ ვუყურებთ მას - ამბობდნენ ქალები. ამის მიზეზად ისინი დროის დეფიციტს ასახელებდნენ, მაგრამ რეალურად, აღმოჩნდა, რომ უმეტესობას ამის კეთება, უბრალოდ, არასდროს მოსვლია აზრად. არც ამ ქალებს და არც მათ მეუღლეებს, შეყვარებულებს და სექსუალურ პარტნიორებს არასდროს მიუციათ ერთმანეთისთვის ეს უფლება. მონოლოგებში წარმოდგენილი სხვა ფაქტებიც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად დაბალი შეიძლება იყოს ადამიანების მიერ სხეულის არახილული მხარეების შეფასება და რამდენად მნიშვნელოვნად ცვლის ასეთი მიმართების ხელახლა გააზრება არამხოლოდ მათი სექსუალური ცხოვრების, არამედ, ზოგადად, ცხოვრების წესს.
შეიძლება მსგავსი აღმოჩენები თვითკრიტიკულ ფონზე მიმდინარეობდეს და გარშემო მყოფთა მხრიდან რეპრესიული განწყობაც თან ახლდეს, მაგრამ თვითანალიზი და ურთიერთობების ანალიზი ის ერთადერთი გზაა, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავში საყრდენის პოვნას შეძლებს.
აკი ერთ-ერთ ინტერვიუში ივ ენსლერიც ამბობს:
„საგნების სახელდება, ტაბუების ნგრევისა და უარყოფის მეშვეობით, ყველაზე საშიში, შემაშფოთებელი და კრიტიკული სამუშაოა. ეს უნდა მოხდეს პოლიტიკური კლიმატის და ძალადობის, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვედრის საშიშროებისა და განდევნის მიუხედავად; მიუხედავად იმისა, რომ არ ეყვარებით“.
„სექსუალობა თავისთავად არის ბიოლოგიური ფუნდამენტი, რომელზეც ნებისმიერი ცოცხალი არსება დგას“.
![]() |
11 ცხოვრების წესი |
▲ზევით დაბრუნება |
როცა მინდა, როგორც მინდა, სადაც მინდა, რასაც მინდა
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი
„ფორმატი“ საძაგელი ცნებაა. სულ რაღაც ჩარჩოში ხარ მოქცეული. ამ რუბრიკის ფორმატი რომ არა, გიამბობდით, როგორ აღმოვაჩინე 1995 წელს შორეულ გერმანიაში „ფაუსტი“ და კახა ბაკურაძე - მას კი არ ვახსოვარ, მაგრამ ეგ არაფერი. გიამბობდით, როგორი წარმოდგენები გამართა „მოძრაობის თეატრმა“ თეატრალურ სარდაფში თუ სამეფო უბნის თეატრში. გიამბობდით... მოკლედ, რას არ გიამბობდით, მაგრამ ვაგლახ! ფორმატი უნდა დავიცვა. ამიტომ იმით შემოვიფარგლები, თუ როგორ გავატარე კახა ბაკურაძესთან ერთად ერთი კარგი დღე.
კახა ბაკურაძე წარსულით არ ცხოვრობს. თავად განსაჯეთ: მისი თეატრი მოძრაობის თეატრია და სულ უკან-უკან რომ იყურებოდეს, აბა, სად მოხვდებოდა?
თუმცა მკითხველს მაინც მოვახსენებ იმას, რასაც ჩემი გმირი თავადაც ხალისით ჰყვება: ის დაიბადა სცენაზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. - ცხრა თვის ორსული დედა ტანგოს ცეკვავდა და კახაც გაჩნდა. მას ზრდიდა უამრავი მსახიობი - მამის სამეგობროში პირველი ვაჟიშვილი იყო და ახლა, მრავალი წლის შემდეგ, კახას შეუძლია დანამდვილებით თქვას, რომ ოცდახუთი მსახიობის ენერგია სულ თან დაჰყვება და მასში ხან ერთის თვისებები წამოჰყოფს თავს და ხან - მეორისა. მას კარგად ახსოვს, როგორ თამაშობდნენ მსახიობები სარეპეტიციო დარბაზში რაგბის - ბურთი ჩვენი გმირი, კახა ბაკურაძე ბრძანდებოდა, იმხანად ძალიან პატარა. ჯერ კი დანდობით ესროდნენ ერთმანეთს, მოკლე მანძილებზე, მაგრამ მერე, როცა აღმოაჩინეს, რომ ძალიან მოქნილ „ბურთთან“ ჰქონდათ საქმე, დისტანცია გაიზარდა და კახაც ყოჩაღად ჩაეჭიდებოდა ხოლმე მას, ვისაც მის თავს აწოდებდნენ.
იმ დროიდან მოყოლებული, კახა ბაკურაძემ მთელი ცხოვრება სცენაზე გაატარა და დედამიწას თეატრებთან ერთად ორჯერ შემოუარა. ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო, ახლა კი კახას ყველაზე კარგი ხანა აქვს: თავის „მოძრაობის თეატრთან“ ერთად უკვე შეუძლია ითამაშოს როცა უნდა, როგორც უნდა და სადაც უნდა. სცენა ყველგანაა, კახა და მისი მსახიობები თამამად ითამაშებენ კედელზე, გამოქვაბულის ჭერზე - ესეც გაუკეთებიათ. მაგრამ ეს ისე, ცალკეული სურათებია. მთავარი მაინც ისაა, რომ „მოძრაობის თეატრისთვის“ სცენა მთელი სამყაროა და არავის უწევს მისი ძებნა და ბილეთის ასაღებად რიგში დგომა: კახა ბაკურაძე და მისი თეატრი თქვენთან თავად მოვლენ, თან ძალიან საინტერესოდ, ვთქვათ, ოჩოფეხებზე შემომდგარი.
. . .
ამ შვიდი ავადსახსენებელი ოჩოფეხის გამო ამოვყავი თავი ელიავას ბაზრობაზე, სადაც ძალიან ციოდა და ალაგ-ალაგ, სრულიად ულოგიკოდ, გაუსაძლისი ქარი უბერავდა. ელიავაზე გავყევი კახა ბაკურაძეს, გიორგი ბაბალაშვილს, რომლის თანამდებობასაც, მისი თქმით, ჰქვია ჯარისკაცი, და კიდევ ერთ ყმაწვილს, რომელიც საჭესთან იჯდა, არავინ გამაცნო, და შემდეგ, ჩემი გულის გასახეთქად, აღმოჩნდა, რომ კახას შვილია, სოსო - რამხელა ჰყოლია!
მე: ოთხი წლისამ გააჩინე?
კახა: არა, ორსული გავჩნდი.
მანქანა იყო მრავალჭირნახული, თუმცა ერთი შეხედვით მშვენიერი. სოსომ თქვა, მამაჩემი მანქანებს სწორედ ამ პრინციპით არჩევს: კარგი მაგნიტოფონი თუ აქვს და თუ შეიხედება, მოსწონსო. ერთია, საბრალო მანქანას დიდძალი ბარგის ტარება უწევს ხოლმე და ზოგჯერ მუცელს უხახუნებს მიწას. მერე ბაბალას და სოსოს მოჰყავთ კაცებთან, რომლებსაც შესანიშნავი სახელები ჰქვიათ, მაგალითად, ხადავიკი, და ისიც კვლავ გონს მოდის.
ამჯერად ალუმინის მილებისა და დიურალუმინის ფურცლისთვის - ნახეთ, როგორ გავერკვიე! - რკინის კაცებთან მივედით, რომლებიც მსახიობებს უკვე შესანიშნავად იცნობენ და მათი საოცარი მოთხოვნები აღარ უკვირთ ხოლმე. არადა, პირველად, ცოტა არ იყოს, ცერად უყურებდნენ - რა ოჩოფეხები... ახლა უკვე დიდი ურთიერთგაგება და სიყვარულია: Art metal-თან - მე მოვკვდე, ასე ეწერა - ჩამომდგარმა კახამ ხელის ტელეფონით დაურეკა „თავის“ რკინის კაცს, კმაყოფილმა მოგვახსენა, რასაც ისმენდა: - а нам все равно... და განაცხადა, ოც წუთში მოვაო.
ის კაცები, ჩანს, მართლა რკინისები არიან - რა აძლებინებთ?! მე ცოტა ხანში ისე გავიყინე, რომ ბაზრობის სასადილო სამოთხის კარად მეჩვენა. იქ კაცებმა მშვენიერი, მგონი ქაღალდის სოსისები შეუკვეთეს და მეც დავლიე რაღაცა, რაც ერთი შეხედვით ძალიან ჰგავდა ყავას. დავსხედით და კახამ თეატრის შესახებ ლაპარაკი დაიწყო.
ცოდვა გამხელილი ჯობია: ცალკეული დადგმების გარდა, მე დრამატული თეატრი არ მიყვარს. თუ რამე სოციალურ-პოლიტიკური დატვირთვისა უნდა იყოს, ამისთვის თეატრი ნამდვილად აღარაა საჭირო. მე მგონი, ის დრო გავიდა, როცა სცენიდან მსახიობი დასძახებდა, მოსამართლეები მექრთამეები არიანო, და მერე მაყურებელი ეშმაკურ-კმაყოფილი სახით იქნევდა თავს: „გაიგე, რა თქვა?“ თუ მაინცდამაინც ვინმეს უვარგისობით გინდათ გულის მოფხანა, თეატრში რა გინდათ, ჩართეთ ტელევიზორი, იქ პირდაპირ ღრიალებენ: „მოსამართლე დონღულიკაშვილი მექრთამე და ფურთხია!“ ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ მიყვირიან სცენიდან გაბრაზებული ქალები და კაცები, - განსაკუთრებით ქალები! ნათელი დასტური იმისა, რომ ქართველი ქალი ბუნებით ავია და ისტერიული. რა აუცილებელია, გმირებმა სრულიად უადგილო ადგილას დავლური დაუარონ, საერთოდ, რატომ მძაბავენ, რა უნდათ ჩემგან?
კახამ ამიხსნა, რომ ეს არის „გამჭოლი მოქმედება“: ვიღაცა ვიღაცას რაღაცას ეტყვის ან უზამს, ის დაფიქრდება, გაიაზრებს, რაც დაემართა და... ყვირილს დაიწყებს. არ მინდა. გამჭოლი მოქმედება არ მომწონს.
კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი სულაც არ ისახავს მიზნად ჩემს გაუბედურებას. მსახიობები ცეკვავენ, და ეს ყველაზე კარგია. თუ კარგად ცეკვავენ, მეც ავცეკვდები, და როცა ცეკვა დამთავრდება, ან გული დამწყდება, რატომ მორჩაო, ან კვლავ ცეკვას განვაგრძობ. კახამ ასე განმარტა: თუ თეატრი არ გახარებს, არ გამხიარულებს, სიყვარულს არ გაძლევს და არ გასვენებს, გამოდის, რომ ის ნერვებს გიშლის, გამძიმებს, გაბრაზებს და გღლის - გინდა ასეთი თეატრი? არა, არ მინდა.
მე მინდა, რომ ჩემი ქალაქის ქუჩებში ლამაზი, ფერადი, მხიარული კაცები და ქალები დადიოდნენ, კარგ მუსიკას უკრავდნენ და ხალისიან წარმოდგენებს მართავდნენ. მერე თავიანთი ლამაზი შაპიტოთი - ექნებათ, აბა, არ ექნებათ? - მთელი საქართველო მოიარონ და ყველა პატარა სოფელშიც გაისმას დოლის ბაგუნი: კახა ბაკურაძის თეატრი ჩამოვიდა! ამ მსახიობებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, არამარტო გმირების განსხიერება, ოჩოფეხებით ცეკვა და ცეცხლით ჟონგლიორობა, არამედ - მთავარი! - სიხარულის მოტანა. ვაშა, ვაშა, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი ჩამოვიდა!
მანამდე კი სასადილოში ვსხედვართ და კახა ყვება, რა დაგვემართება, თითო არაყი „ჯოკერი“ რომ დავლიოთ: დავცოფდებით და დიდ პოგრომს მოვაწყობთ ელიავას ბაზრობაზე. ისე, რა, ესეც ხომ შოუ იქნებოდა...
. . .
დიაგნოზი: ტოპოგრაფიული იდიოტიზმი. ვერაფრით ვერ მივხვდი, რომ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დიდუბის მეტროა, თავი რაღაც გაუგებარ ფილმში მეგონა.
ეს არის უზარმაზარი დარბაზი, სადაც უამრავი რკინაა, ყინავს და საშინელი ბრაგაბრუგია. კახამ უშველებელ მანქანასთან მიმიყვანა და ძალიან თვალსაჩინოდ წარმომიდგინა გილიოტინა: დადებ თავს და - „ბრახ!“ დაიძახა მანქანამ და რკინის ნაჭრები გადმოყარა. სასიამოვნო იყო-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი.
აქ კახა ოჩოფეხებს ამზადებინებს. სწორედ ამ ქარხნის გვერდით შეუძენიათ წინადღით - გორგოლაჭებიან ფეხსაცმელს რა ჰქვია? მოკლედ, როლიკები. ვაჭრობა ასე წარიმართა: კახამ თქვა, რომ თუ ფასს დაუკლებდნენ, სამ წყვილს იყიდდა და თან ფოკუსს აჩვენებდა. გამყიდველი დათანხმდა. კახამ, ფოკუს-მოკუსო, და ცხვირსახოცი გააქრო. გამყიდველმა, ფოკუსის გაკეთება მასწავლე და ერთ წყვილს გაჩუქებო, და ასე შეიძინა „მოძრაობის თეატრმა“ ოთხი წყვილი, ბოდიში მომითხოვია და როლიკები.
სანამ რაღაცა იჩარხებოდა და გილიოტინა გრუხუნებდა, კახა ბაკურაძემ მითხრა, გულდასაწყვეტია, საქართველოში მსახიობებს თავიანთი საქმის მიმართ დამოკიდებულება ასე მკვეთრად რომ შეეცვალათო. აღარც ჯირითი იციან, აღარც ფარიკაობა, - გახსოვთ, ძველ ფილმებში რას არ სჩადიოდნენ! კახა თვლის, რომ მსახიობი, რომელიც რომელიმე როლს, რომელიმე სახეს ცხვირს უბზუებს, მსახიობი არაა. თავად ამბობს, რომ ახლა მსახიობისთვის ყველაზე კარგი ასაკი აქვს და შეუძლია, ყველა და ყველაფერი ითამაშოს, მაგალითად, ქალი. დავეჭვდი: კარგი კაცია, მაგრამ ვითომ, ლამაზი ქალი იქნებოდა? კახამ მითხრა, რომ ძალიან ჰგავს დედამისს, დედამისი კი ლამაზი ქალია, ასე რომ...
. . .
ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ცხოვრობს თეატრი. აქ დილით ვარჯიში იწყება, საკმაოდ მძიმე და სერიოზული. სიტყვა „თავდაუზოგავად“ კახას დასს საუკეთესოდ ესადაგება. სწავლობენ ყველაფერს, რაც აკრობატებმა, ჟონგლიორებმა, მიმებმა, მეკლდეურებმა და მძლეოსნებმაც კი უნდა იცოდნენ, და სწავლობენ სამსახიობო ხელოვნებას, თავიანთი საქმის მიმართ სწორ დამოკიდებულებას. „არ მინდა“ და „არ შემიძლია“ აქ არ ჭრის: ყველას ყველაფერი უნდა და შეუძლია.
ყველაზე „ხანშიშესული“ მსახიობი ოცდაორი წლისაა. კახას თქმით, მისი პრობლემა ისაა, რომ მსახიობები ხშირად იცვლებიან - ხელმოკლეობის გამო, „მოძრაობის თეატრს“ ხომ დამფინანსებელი არა ჰყავს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ სხვა თეატრში გადასული მსახიობი კვლავ კახასთან ბრუნდება, ხოლო თუ სხვაგანაც წარმატება აქვს, კახას ძალიან უხარია: „ეს ნიშნავს, რომ ჩემს საცხობში გამომცხვარი ნამცხვარი სხვაგანაც გემრიელია“.
ოთახში, სადაც ღუმელი გიზგიზებს, კოსტუმები კიდია და კედლებზე უამრავი ნიღაბია მიმაგრებული, მოწევა არ შეიძლება, „ჰიგიენის ამბავია, თორემ გაგვიჩნდება მერე ჯიბლიბოები...“ კოსტიუმების ნაწილი თავად კახამ შეკერა - ოდესღაც ითვლებოდა, რომ არქიტექტორი უნდა გამხდარიყო და ხაზვაც ეხერხება და ხატვაც, კერვა კი ბებიისგან ისწავლა, „დავუპადიეზდე და ახლა ხელით ავერლოკის გაკეთებაც შემიძლია“. რამდენიმე სამოსი მოდელიორებმა აჩუქეს, ორმა კარგმა გოგომ ულამაზესი ქუდი შეუკერა და ახლა კახას ერთი დიდი, ბრჭყვიალა გულსაბნევი უნდა, რომ ქუდზე დაამაგროს და მთლად ნაპოლეონივით იქნება.
კახას ფული იმისთვის უნდა, რომ ახალი კოსტუმები შეიძინოს და საუკეთესო ხმის აპარატურა ჰქონდეს, თორემ რა - ის, რისთვისაც მავანნი იბრძვიან, უფასოდაც აქვს. მანამდე კი სხვაგვარად გავა ფონს - აი, ამ ძველ ჩეხურ გიტარას გაწმენდს, გახეხავს, მერე გოჩა თოფურია მოხატავს და მშვენიერი გიტარა გამოვა. აფსუს, „ციკლოვკის“ მერე როგორი წმინდა ნახერხი ჰქონდა და სად წავიდა ის ნახერხი...
ბაბალამ სადღაც ისეთ ადგილს მიაგნო, სადაც ლობიანები და მართლა ყველიანი ხაჭაპური იყიდება, და ახლა დაბალ კარადაზე მეფური სუფრა აქვს გაშლილი. საღამოს რეპეტიციის დაწყებამდე როლიკებიანი მსახიობები ამ სუფრას ჩაუვლიან, ჩამოუვლიან და მიირთმევენ. იქვე ვიღაცა ახალ ოჩოფეხებზე დადგომას ცდილობს. კახამ ამიხსნა, რომ ოჩოფეხებზე სიარულის სწავლისას ჯერ წაქცევა უნდა ისწავლო, და საერთოდ, მსახიობი, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მოქნილი უნდა იყოს, „ისე კი არა, კარადას რომ წამოედებიან ხოლმე და მერე ისეთი ამბავი ტყდება, გეგონება, მანქანა დაეჯახაო...“ მოქნილი ყველა თვალსაზრისით, რადგან მსახიობი თავად უნდა მოერგოს ყველას და ყველაფერს - ყველანაირ მაყურებელს და ყველანაირ გარემოს. მან მაშინაც უნდა ითამაშოს, როცა გარშემო სამყარო ინგრევა.
არაფერიც არ დაინგრევა. ყველაფერი კარგად იქნება. ჯერ - ჩუმად! რეპეტიცია იწყება! საახალწლოდ ქუჩაში ხშირად შეგვხვდება კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრი“. მერე კი, როცა დათბება და კახას აუცილებლად ექნება ახალი შაპიტო, ისინი გზას გაუყვებიან და საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში ჩაბერავენ სტვირებს, ყველა ქუჩაში ჩაივლიან ოჩოფეხებზე შემდგარი მსახიობები და დოლის ბაგუნი და საკარნავალო მსვლელობა ყველას ამცნობს: ვაშა, ვაშა, კახა ბაკურაძის თეატრი ჩამოვიდა!
P.S. კახა ბაკურაძესთან ერთად გატარებული დღისთვის ავტორები მადლობას მოახსენებენ გიორგი ბაბალაშვილს.
![]() |
12 ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.1 ია თაბაგარი ქალი OFF როუდ |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: დავით მესხი, გოგიტა ბუხაიძე, ია თაბაგარის პირადი ფოტოარქივი
ასე დაიწყო
სანამ უზარმაზარი ჯიპი ადგილიდან დაიძრება, გგონია, რომ ამ მანქანის საჭესთან ეს სუსტი ქალი არ უნდა იჯდეს. თან ქუსლიანი ფეხსაცმლით! მაგრამ ნუ ჩქარობ, მანქანას დაქოქავს, სიჩქარეში ჩააგდებს და შენც ორი წუთის წინ გონებაში გავლებულ ფიქრს - „ამხელა ჯართს გოლფ 3 არ ერჩია?“ - თვითონვე უარყოფ. ია თაბაგარი ჯიპის გოგოა - რაც შეიძლება დიდის და რაც შეიძლება ოფროუდის. იმიტომ, რომ ია თაბაგარი ტურისტული კომპანია „კავკაზუს თრეველის“ დირექტორია. კავკასიაში თრეველი კი - ამ მხარის კარგად ცნობილი უსწორმასწორო რელიეფის გამო - გოლფითა და ფაეტონით არ შეიძლება.
აღმა-დაღმა
ამ ტიპის რესპონდენტი მეორედ მყავს. პირველად მთამსვლელ გოგოს გადავეყარე, რომელიც გუშინ ამადაბლამიდან იყო ჩამოსული, დღეს ოფისში საბუღალტრო აღრიცხვებს აწარმოებდა და ხვალ ჰიმალაის დასაპყრობად ემზადებოდა. მაგრამ ის გოგო პატარა იყო, ამიტომ უკვე განხორციელებულ გეგმებზე გაცილებით ბევრი განსახორციელებელი გეგმა, ჩანაფიქრი და ცხოვრებისეული მოსაზრება გააჩნდა.
ჩემი მეორე რესპონდენტი კი - ასევე ორ რეალობაში მცხოვრები - კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა; იმიტომ, რომ თავისი კაბინეტის მაგიდაზე, ლეპტოპის მარცხნივ, უამრავი გამოცდილება, შთაბეჭდილება, თავგადასავალი და ამ გამოცდილებებზე, შთაბეჭდილებებსა და თავგადასავლებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული შეხედულებები, არჩევანი და მზა ცხოვრებისეული აქსიომები დამიხვავა. რაც უფრო ბევრს ვლაპარაკობდით, მით უფრო ხშირად ტივტივებოდა თავში ერთი გაცვეთილი ამერიკული ბიზნეს-ფრაზა „success-story“, ანუ როგორ მოახერხა იამ ამდენი?!
მაგრამ ამ ფრაზას არ ავყოლივარ. მე უფრო იას ავყევი, რომელიც, როგორც გახსოვთ, ორიოდე წუთის წინ, ოფროუდ ჯიპის საჭესთან მოკალათდა და თავისი მანქანის მთავარი სიკეთის გამოყენებას შეუდგა - გატკეპნილი გზატკეცილიდან გადაუხვია და ჩემთან ერთად, ყველა იმ მიუვალი ადგილის თავიდან მონახულება გადაწყვიტა, რომელთაც ბავშვობიდან იცნობს.
წინ დიდი გზა გვიდევს. ამ ჩვენი დედამიწის რელიეფი ხომ საკმარისად უსწორმასწოროა და ჩვენც, ალბათ, დღეს ბევრს ვიმოგზაურებთ სულ აღმა-დაღმა, აღმა-დაღმა და არა გაცვეთილი „success-story“-ს ხაზით.
ამსტერდამი, 2005
საჭესთან მოყოლილი ამბები, როცა ჰორიზონტზე გზის გარდა არაფერი ჩანს
ია ცდილობს, ყველა კითხვას ლოგიკური პასუხი მოუძებნოს. ასე იყო მაშინაც, როცა პასუხი უნდა ეპოვა კითხვაზე - „რა პროფესია ავირჩიო?“ მსჯელობა მაშინ ასე დაიწყო: რა მიყვარს ძალიან, მოგზაურობის გარდა? რა და ახალი ადამიანების გაცნობა, მათზე დაკვირვება, კონტაქტი. რა პროფესია ჰგავს ყველაზე მეტად ადამიანების ცოდნის სიყვარულს? ეთნოგრაფია. ეთნოს - ხალხი. გრაფია - აღწერა. ასე დაიწყო იამ ადამიანების გაცნობა უკვე პროფესიონალურად. განსაკუთრებით მოსწონდა ის, რომ საკუთარისგან განსხვავებული ცხოვრების წესით უხდებოდა ცხოვრება. რაც უფრო ახალი და უცხო იყო ყოფა და გარემო, მით უფრო იზრდებოდა ადამიანების გაცნობის სურვილი. სტუდენტი იაც კიდევ უფრო მეტი ემოციით უსმენდა შებინდებისას, სოფლის ორღობეში, სკამზე ჩამომსხდარ თუშ ქალებს. „თუ გაგეხსნენ და დაგიმეგობრდნენ, საოცარ ამბებს მოგიყვებიან. ისეთ, ქალურ ამბებს, ბევრს რომ კომპლექსი აწუხებს და ხმამაღლა ვერ ჰყვება. მთის ქალები კი ფიქრობენ, რომ ეს ცხოვრებაა და ჩვეულებრივად ჰყებიან ქმრებზე, ინტიმზე და სიყვარულზე. გაგიკვირდება, ისეთი გახსნილები ხდებიან.“
. . .
ორღობეში ჩამომსხდარი მთიელი ქალები იამ პირველად ბავშვობაში ნახა. ეს ის დრო იყო, როცა პროფესიით ექიმი მამა თავის ოჯახს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმდენს ამოგზაურებდა, რომ მეგობრებმა მას ხუმრობით „დიდი მოგზაური“ დაარქვეს. თაბაგარებს არ ჰქონდათ აგარაკი და სუფთა ჰაერის უხვად ყლაპვის მიზნით, ბავშვები ხან სვანეთში მიჰყავდათ, ხან - ხევსურეთში. ხშირად ეს ვოიაჟები მთელი ზაფხულის არდადეგებზე იწელებოდა. და, რა გასაკვირი იყო, რომ უკან, თბილისში დაბრუნებულ იას თემა „როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები“ ყველაზე ვრცელი და თავგადასავლებით სავსე გამოსდიოდა.
„მამა დაჯდებოდა, გაშლიდა საქართველოს რუკას და დედასთან და ჩვენთან ერთად ადგენდა იმ ერთი ზაფხულის მარშრუტს. ორისამი კვირა სადმე მთაში უნდა წავსულიყავით, შემდეგ - ზღვაზე. ყველას ჩვენ-ჩვენი ზურგჩანთა გვქონდა. ჩემი ბარგი აუცილებლად თვითონ უნდა ჩამელაგებინა. თავიდან ჩემს ლურჯ ზურგჩანთაში იმდენ წიგნს ვდებდი, ტანსაცმლისთვის ადგილი აღარ მრჩებოდა. თანდათან, ზაფხულიდან ზაფხულამდე ვისწავლე, რა უნდა წაიღო თან და რომ წიგნებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ფოტოაპარატი და ფირები.
რამდენჯერმე მარტო ჩვენ ოთხნი წავედით სამოგზაუროდ, შემდეგ ჩვენს ოჯახს მამის მეგობრები და მათი ოჯახებიც შეუერთდნენ და უკვე დიდ ჯგუფებად დავდიოდით. თუ სადმე სოფელში მოვხვდებოდით, ოჯახებში ვჩერდებოდით და იქედან ვაწყობდით გასვლებს - ახლო-მახლო მიდამოების დასალაშაქრად; დაუსახლებელ ადგილებში კი პირდაპირ კარვებს ვშლიდით“.
იამ მაშინ, ბავშობაში მოიარა თითქმის ყველა ის ადგილი, რომელთაც წლების შემდეგ, ჯერ სტუდენტობისას, შემდეგ კი „კავკაზუს თრეველში“ გიდად მუშაობისას, თავიდან დაუბრუნდა. 8-9 წლიდან უკვე ზეპირად იცოდა, რომელია რაჭაში ყველაზე ლამაზი სოფელი; როგორი ბავშვები ცხოვრობენ ხევში; რაზე ჭორაობენ თუში ქალები; რა ლეგენდებს უყვებიან ძილის წინ სვანი დედები შვილებს...
„11 წლის ვიყავი, როცა პირველად ჩავედი შატილში. შემდეგ დიდხანს არ მქონდა იქაურობა ნანახი და ერთ დღესაც, წლების შემდეგ, „კავკაზუს თრეველიდან“ ტურისტული ჯგუფის შატილში წაყვანა მთხოვეს. თავიდანვე ვიცოდი, რომ ბავშვობის მოგონებები დამეხმარებოდა, არც ჩემს ტურისტებს დავკარგავდი სადმე და არც თვითონ ამებნეოდა გზა. მაგრამ იმას, რაც შატილში დამემართა, ნამდვილად არ ველოდი. თურმე, ამდენწლიანი ინტერვალის მიუხედავად, აბსოლუტურად ერთი-ერთზე მახსოვდა თითოეული კუნჭული, ბილიკი, ხეობებში გასასვლელ-გამოსასვლელი, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვობაში მოსმენილ ისტორიებზე... მაშინ დავრწმუნდი, რომ ბავშვობაში მიღებულ შთაბეჭდილებას დრო ვერ ერევა და ეს მაშინ, როცა ახლა შეიძლება გუშინწინ ნანახ ადგილს ვერ მივაგნო“.
თელ-ავივი, 2006
იერუსალიმი, აღდგომის ტაძარი, 2006
საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა, ლონდონი, 2006
. . .
„ბიჭოო, დაანებე მაგ ბავშვებს თავი, დროზე მოდი, ცხვრებია მოსარეკი“ - ეს ფრაზა ყველაზე მტკივნეული მოსასმენი იყო. თუ სოფელში ჩერდებოდნენ და არა კარავში, იქაურ ბავშვებს მალე დაუმეგობრდებოდნენ ხოლმე. თითქოს, ყველანი ერთნაირები იყვნენ, მაგრამ სოფლელ ბავშვებს რეალობაში ზემოთ ხსენებული ფრაზა აბრუნებდა. „მახსოვს, როგორ მეცოდებოდნენ. მათ არასდროს ვუყურებდი ზევიდან, როგორც ქალაქელი ბავშვი. პირიქით, მაინტერესებდა როგორ ცხოვრობდნენ და ეს ფრაზა კი ორივეს გვაფხიზლებდა - მეც და მათაც. მეც 12 წლის ვიყავი, ჩემი მეგობარი გოგოც 12-ის და გახურებულ თამაშში დედა დაუძახებდა ხოლმე, წამოდი, ძროხებია მოსაწველიო. მაშინ ვხვდებოდი, რომ ჩვენს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ქალაქში გაზრდილი ბავშვი უფრო ზარმაცია. თუ არ დაანახე და აგრძნობინე, სოფელში როგორ ცხოვრობენ, სულ ასეთი დარჩება და ეგონება, რომ სოფელს და ბუნებას ყოველთვის შორიდან უნდა უყუროს...
განსაკუთრებით მიყვარდა საღამო. შებინდებისას სოფელში ცხოვრება დუღდა. რაღაც სხვა ტემპი იგრძნობოდა, სოფლისთვის დამახასიათებელი ტემპი, იდუმალებით და კვამლით მოცული...
. . .
შემდეგ, ეთნოგრაფობის წლებში, ეს არაქალაქური ტემპი კიდევ უფრო ახლოს და სხვანაირად იგრძნო. რადგან ბებია სვანი ჰყავდა და სვანეთი განსაკუთრებით უყვარს, ეთნოგრაფიული კვლევაც სვანეთზე გააკეთა. ამიტომ იქ რამდენიმე წლის განმავლობაში, ზედიზედ ყოველი ზაფხულის გატარება უწევდა. და რადგან ბავშვობიდან შეეჩვია უსწორმასწორო რელიეფზე სიარულს, არც სვანეთში მარტო წასვლის ეშინოდა. იპოვიდა იქ ვინმე ხანდაზმულ მთხრობელს და მათგან იწერდა სვანურ რიტუალებსა და გადმოცემებს.
„ყველაზე საინტერესო, რაც იმ წლებში მინახავს, სულების თაყვანისცემის რიტუალი იყო. ეს კვირეული იანვარში ეწყობა. სხვა შემთხვევებში სტუმართმოყვარე სვანები ამ დროს კარჩაკეტილები ხდებიან. ეს იმდენად ოჯახური დღესასწაულია, რომ არ სურთ სხვები ჩარიონ. მზადება რამდენიმე დღეს გრძელდება. ლაგდება სახლი, კეთდება გემრიელი კერძები, შემდეგ ერთ არჩეულ დღეს, სახლის უფროსი სასაფლაოზე მიდის და გარდაცვლილი ნათესავების სულებს გამოიხმობს. ითვლება, რომ უკან სულებთან ერთად ბრუნდება. სასაფლაოდან დაბრუნებულებს სახლის კარი ღია ხვდება. სულებისთვის ცალკე სუფრა იშლება, ოჯახის ცოცხალი წევრებისთვის - ცალკე. სჯერათ, რომ მიცვალებულები სახლში ერთ კვირას რჩე ბიან. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სვანებთან ცხოვრებას და მათზე დაკვირვებას აბსოლუტურად მისტიკურ სამყაროში გადაყავხარ. სულებს თავს ევლებიან, უმღერიან, ზღაპრებს უამბობენ, საუკეთესო კერძებით უმასპინძლდებიან, ხშირად კედლებზე ნახატებსაც უხატავენ. თითქოს ჩვეულებრივად საქმიანობენ, მაგრამ რომ მახსენდებოდა, რისთვისაც აკეთებენ ამ ყველაფერს, ხანდახან მეგონა, ზღაპარში ვიყავი. ამ ერთი კვირის განმავლობაში, შინ ყველაფერი ჰარმონიული უნდა იყოს, პირველ რიგში კი - ოჯახის წევრების განწყობა. იკრძალება საყვედურის ტონით ლაპარაკიც კი...
რიტუალის ზოგიერთი დეტალი ღიმილსაც კი იწვევდა: თუ რომელიმე გარდაცვლილი ხეიბარი იყო, იგულისხმებოდა, რომ კოჭლობით უფრო გვიან მოვიდოდა, ვიდრე სხვები და ამიტომ სახლის კარს ღიას უფრო დიდხანს ტოვებდნენ...
ერთი კვირის შემდეგ, ისევ იგივე მეორდებოდა. შებინდებისას, ოჯახის უფროსი სულებს გარეთ გაიხმობდა და მათ ისევ სასაფლაოზე აბრუნებდა. რომ გეკითხათ, თუ რატომ იქცეოდნენ ასე, გიპასუხებდნენ, რომ სანაცვლოდ, გარდაცვლილი ახლობლების სულები საიქიოდან დაიფარავენ. და ესეც რომ არა, თვითონ რომ გარდაიცვლებიან, მერე თავიანთი შვილები დააფასებენ მათ სულებს.
ეს ის რიტუალი იყო, როცა სვანები ზუსტად ხსნიდნენ მის შინაარსს და დანიშნულებას, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ვერაფრით მეუბნებოდნენ, რატომ იცავენ ამა თუ იმ ტრადიციას. მაგალითად, სვანეთში დღემდე შემორჩენილია თაგვის კულტი. ახალ სახლში გადასვლისას, თუ თაგვი ნახეს, არ მოკლავენ. პირიქით, წრუწუნებს კედლების ჭუჭრუტანებში პურის ნამცეცებსაც დაუყრიან. როცა ჰკითხავ, რატომ აკეთებენ ამას, არ იციან. გიპასუხებენ, ბებიაჩემიც ასე აკეთებდა და იმიტომო.
დმანისის გათხრები, 2005
ვაშლოვანის ნაკრძალი, 2006
იორდანია, პეტრა, 2003
. . .
ამ ისტორიების მოსმენა საინტერესოა, მაგრამ როცა ყოველთვის მზად ხარ, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადო და თან მუდმივად, საქმე უკვე სერიოზულადაა. მაშინ, უბრალოდ, მეუღლეც შენნაირი უნდა გყავდეს და მეგობრებიც; რომ არასდროს დაგელიოს სალაპარაკო თემა და თან ზუსტად იცოდე, რომ რასაც იტყვი, ბოლომდე გაგიგებენ - იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მათაც უყვართ. ეთნოგრაფმა იამაც ჯერ არქიტექტორების, მხატვრების მოგზაურთა წრე შემოიკრიბა და შემდეგ ქმარიც თავისნაირი იპოვა. ფოტოგრაფ გოგიტა ბუხაიძესთან ერთად, ახლაც ბევრს დადის; ხოლო იმ წლებში, როცა გოგიტა დავით გარეჯის ძეგლების რესტავრაციაზე მუშაობდა, ია თავისი ორი შვილით - ლევანითა და ელენეთი, გარეჯში ორ-ორ კვირას ცხოვრობდა, თანაც წელიწადის სხვადასხვა დროს - ცივ ზამთარშიც და ცხელ ზაფხულშიც. დავით გარეჯში კი ერთიც ძალიან ცივი იცის და მეორეც - ძალიან ცხელი.
„ცუდი პირობები იყო. მახსოვს სულ მეწუწუნებოდნენ, ბევრი წყალი არ დახარჯო, ბევრი შეშა არ დაწვა. მაგრამ ახლა ეს დისკომფორტი საერთოდ აღარ მახსოვს და მხოლოდ კარგი დეტალები მახსენდება. დავით გარეჯი ხომ საოცარი ადგილია, მოწყვეტილი ხარ ყველაფერს, გაიხედავ აივნიდან და არაფერი ჩანს, სტეპის ლანდშაფტის გარდა. ძალიან მშვიდად ვცხოვრობდით. უამრავი წიგნი მქონდა წაღებული და ბევრს ვკითხულობდი. ახალ-ახალი ექსპედიციების ჩამოსვლას ველოდებოდი. განსაკუთრებით მიყვარდა ზოოლოგების ჩამოსვლა. მთელ დღეს გარეთ ატარებდნენ. საღამოობით კი ყველანი ერთად ვვახშმობდით და ქვეწარმავლებზე ათასგვარ ამბებს ჰყვებოდნენ, რომელი ქვის ქვეშ რა იპოვეს, რამდენი ზოლი ჰქონდა... ხშირად დაჭერილი ხვლიკებიც მოჰყავდათ და იყო დიდი განხილვები.
ამიტომ ჩემი შვილებიც თავიდანვე შეეჩვივნენ ბუნებას. ახლაც ხშირად დავდივართ ხოლმე ერთად. თუ რამე ახალი მარშრუტი არ დავგეგმეთ, ბირთვისში მაინც მივდივართ“.
„ყველაფერი ნანახი მაქვს. ყველგან ნამყოფი ვარ“ - საქართველოს შესახებ იას ეს ნამდვილად შეუძლია თქვას. მაგრამ როგორც ეთნოგრაფი, სტაჟიანი მოყვარული მოგზაური და ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი, ია მაინც სულ ცდილობს, ახალი აღმოჩენები გააკეთოს. „ზაფხულში, მე და გოგიტა ვაშლოვანის ნაკრძალში ვიყავით. ნახევრად უდაბნოს ტიპის ადგილია და ისეთი უცნაური, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ვერცერთ სხვა ლანდშაფტს ვერ შევადარებ. ადრე იქაურობა ძნელად მისაღწევ ტერიტორიად ითვლებოდა, მაგრამ ახლა ღიაა, უბრალოდ არ არის პოპულარული ადგილი და ბევრმა არ იცის, რა სიამოვნებას უშვებს ხელიდან, იქაურობას რომ არ ნახულობს”.
ერაყის საზღვარი, 2003
. . .
ახალი მარშრუტების ძიება ახალ თავგადასავალს ნიშნავს. ახალ მარშრუტებს კი „კავკაზუს თრეველში“ ხშირად ეძებენ, ტურისტებს ტრადიციულ და ძველ სანახაობებთან ერთად, ახალიც რომ შესთავაზონ. ახლა ია, ძირითადად, თბილისში, ოფისში მუშაობს და საორგანიზაციო საქმეებს აგვარებს, მაგრამ როცა ახალი ღირსშესანიშნაობის აღმოჩენაზე მიდგება საქმე, შანსს ხელიდან არასდროს უშვებს. ამ უცხო გზებზე სიარულისას კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ზეკარის უღელტეხილზე ნახევრად გადასულს, შეიძლება გზად თოვლი დაგხვდეს და უკან მოგაბრუნოს, სვანეთში ასვლისას, ნახევარი გზის გავლის შემდეგ, მიხვდე, რომ წინ ვეღარ წახვალ და უკან მობრუნდე.
მსგავს ექსტრემალურ სიტუაციებში ია არ იბნევა. ყოველთვის მობილიზებულია, აქტიურობს და მხოლოდ განსაცდელის გავლის შემდეგ განიცდის ხოლმე მომხდარს. შოკისმაგვარი ფიქრი - „თურმე, სად გადავრჩი!!“ - უკვე გადარჩენის შემდეგ მოდის. მანამდე კი მხოლოდ ადრენალინით ქვეცნობიერი ტკბობაა.
ასე იყო მაშინაც, როცა დავით გარეჯის უდაბნოში, აბსოლუტურად უკაცრიელ გზაზე მანქანა გაუფუჭდა, ტელეფონი კი არ იჭერდა. თან მხოლოდ მეგობრის ორი მცირეწლოვანი გოგონა და მეგობრის დედა ახლდა - სულ მოსავლელი ქალები. ია კი მგზავრებს ამშვიდებდა და, რაც მთავარია, იცოდა, რომ დღის რაღაც მონაკვეთში ვინმე აუცილებლად გამოივლიდა და შუაგზაზე გაჩერებულებს დაეხმარებოდა. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, ასეც მოხდა.
კიდევ უფრო უარესი იყო გომბორის უღელტეხილზე მომხდარი შემთხვევა. იქ ია, თანამშრომელთან ერთად, ერთი ტურისტული ჯგუფის გამო მოხვდა. უცხოელები გაჯიუტდნენ და ამბობდნენ, რომ უღელტეხილზე გადასვლა სურდათ. „კავკაზუსში“ გამოძიება დაიწყეს - იყო თუ არა გახსნილი გზა. ნაწილი ამტკიცებდა, რომ გომბორზე გადასვლა შეიძლებოდა, ნაწილი ამტკიცებდა, რომ - არა. სანამ უცხოელებს გაუშვებდნენ, იამ თქვა - „ჩვენ წავიდეთ და ვნახოთ“. ასეც მოიქცნენ. „მთის ერთ ტალახიან ფერდზე მანქანა ამოტრიალდა. მთლიანად გადაწვა გვერდით. საშინლად ციოდა. ტელეფონი კი იმ მონაკეთში არ იჭერდა. ძლივს დავრეკეთ თელავში, საიდანაც დასახმარებლად სატვირთო მანქანა გამოგვიგზავნეს. მაგრამ მძღოლმა რომ დაგვინახა, ისე შეეშინდა, ჩვენი მანქანის მარტო ამოყვანაზე უარი განაცხადა. უახლოესი სოფელი თეთრიწყლები - ხევსურების დასახლება - 15 კმ.-ში იყო. მძღოლმა მითხრა, შენც გაიყინე, წამო, წავიდეთ და დასახმარებლად ხევსურები ამოვიყვანოთო. სოფელში რომ შევედით, კაცის ჭაჭანება არ იყო. ვიღაცას შემთხვევით გადავაწყდით და გვითხრა, ერთი ხევსური გარდაიცვალა და ყველანი ქელეხში წავიდნენო. რა ექნა, ჩემი მძღოლი ხევსურებს ქელეხის სუფრაზე შეუვარდა, საბარგულზე რამდენიმე კაცი დაისვა და შემდეგ ჩვენი მანქანა წუმპედან ერთად, ხელით ამოიტანეს...
ექსტრიმი რისი ექსტრიმია, თუ ერთი გაფიქრება არ იფიქრე, რომ ეგაა - ბოლო მოვიდა. დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო მაშინაც, როცა ია თავის მეგობრებთან ერთად, ხრამის ხეობაში გაიჭედა. „უფრო სწორად, მდინარე ხრამში გავიჭედეთ. მანქანამ ჩაძირვა დაიწყო. წყალი კაპოტზე გადადიოდა. ჩვენ გადმოვედით და სახურავზე დავსხედით. იქ ველოდებოდით დახმარებას. თითქოს არ მეშინოდა, მაგრამ უცებ ერთი მეგობრის მონაყოლი გამახსენდა - ჩემი მეგობარიო - ერთხელ მითხრა - მდინარეზე მანქანით გაიჭედა. როცა წყალმა აწევა დაიწყო, სახურავზე აძვრა, მაგრამ მანქანა ამოყირავდა და საკუთარი მანქანის ქვეშ მოექცაო... ეს გამახსენდა თუ არა, სახურავიდან ჩამოვედით - და სასწრაფოდ ნაპირზე გავედით. მერე სვანები ეჯაჯგურნენ მანქანას და ვერაფერი უყვეს, შემდეგ ჩვენს მიერ გამოძახებული დახმარებაც მოვიდა და მანქანაც ხრამიდან ამოათრიეს. ეს ყველაფერი რამდენიმე საათს გრძელდებოდა და როცა ხიფათი დამთავრდა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე მთელი ასი პროცენტით, რომ, შეიძლებოდა ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო.“
ბირთვისის კანიონი, 2005
. . .
მსგავსი ისტორიების სიმრავლის მიუხედავად, იას ის დრო მაინც ენატრება, როცა მხოლოდ გიდი იყო. ენატრება და როცა დრო აქვს, ტურისტები მარშრუტებზე კვლავაც მიჰყავს. ბოლოს, სექტემბერში იაპონელებს გაჰყვა სვანეთში. ისინი საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ და სვანეთში სვანური ეპიზოდი გადაიღეს. როცა საყვარელ ადგილებს უცხოელებს აჩვენებს, მაშინ საკუთარ თავს ხანდახან ამჩნევს ხოლმე, რომ იმ ადგილს თვითონაც ახლებურად, უცხოელივით აღიქვამს. თუმცა, ყველაზე სახალისო იასთვის მაინც უცხოელების რეაქციაზე დაკვირვებაა.
„საქართველოს დაბალ ინფრასტრუქტურას ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები ანიჭებენ. რამდენი ხეობაა, მდინარეა - აღფრთოვანებულები იძახიან და თვალს ხუჭავენ დანგრეულ გზებზე.
ალბათ, ყველაზე ცნობისმოყვარეები იაპონელები არიან. შეუძლიათ მასპინძლის სახლში უნებართვოდ დაიარონ ყველა ოთახი და ყველა კარადის უჯრა გამოაღონ. ბოლოს სვანები გააგიჟეს. გაოცებული მასპინძლები ღიმილით უყურებდნენ, როგორ სწავლობდნენ იაპონელები მათ ცხოვრებას და ნივთებს გამადიდებელი შუშით. რაში აინტერესებთო - ღიმილით უკვირდათ. და კიდევ კარგი, მხოლოდ ღიმილით!
კიდევ ერთი რამ შევნიშნე: გერმანელი და ჰოლანდიელი ტურისტები დიდი განათლებით გამოირჩევიან. სანამ ჩამოვლენ, საქართველოს შესახებ იმდენს კითხულობენ, რომ მერე ზუსტად იციან, რისი ნახვა აინტერესებთ.
კიდევ არის ტურისტების ერთი თვისება, რომელიც ნაციონალობას სცდება. არსებობს ქალაქელი ტურისტი და ტურისტი, რომელსაც სოფლად, ან თუნდაც ფერმაში უცხოვრია. ეს უკანასკნელი, როცა სოფელში მიგყავს, გარემოს ჩვეულებრივად აღიქვამს. პირველი ტიპის ტურისტი კი ადამიანებს ზედაც არ უყურებს, ფოტოაპარატითა და კამერით ღორებს, ქათმებს და ძროხებს დასდევს, ადგილობრივები კი ვერაფრით ხვდებიან, რატომ იწვევს უცხოელებში ამხელა აღტაცებას შინაური ცხოველები.“
. . .
თვითონ ია უფრო მოგზაურია, ვიდრე სტანდარტული ტიპის ტურისტი. და რადგან ბავშვობიდან მოგზაურობს, თანაც ყველანაირი საშუალებით - ფეხით, ცხენით, მანქანით, უცხო ქვეყანაში მოხვედრისას, ზუსტად შენიშნავს ხოლმე იმ ქვეყნის დამახასიათებელ დეტალებს. იაპონიაში მაღალი ტექნოლოგიები და უძველესი ტრადიციები ერთ რეალობაში ჰარმონიულად რომ თანაცხოვრობენ, მაშინ იგრძნო, როცა ცათამბჯენის კარში შესვლისას, იაპონელმა მამაკაცმა არ გაატარა. „შემთხვევით შევასწარი. ჩავთვალე, რომ უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია. მექანიკურად გავასწარი და გაოგნდა. ეს ჩემთვისაც შოკი იყო. კიდევ უფრო გამიკვირდა, როცა შევნიშნე, რომ თავისუფალ სკამზე ყოველთვის მამაკაცი ჯდება, ქალი კი ფეხზე დგას. ტოკიოში რომ ჩავედი, მაშინ მივხვდი, რატომ უჭირთ იაპონელებს საქართველოს ცხოვრების პირობებთან შეგუება. იქ ყველაფერს ინსტრუქცია მოჰყვება, ყველაფერს წარწერა აქვს, საპირფარეშოდან დაწყებული - ავტოფარეხით დამთავრებული. ალბათ რამდენი ხანია, ჩვეულებრივი ლითონის გასაღები არ სჭერიათ ხელში, სულ პლასტიკური ბარათები, ბარათები...
ჭაჭუნას ნაკრძალი, 2006
. . .
როცა წარმატებული საქმიანი ქალი გქვია, გყავს მეუღლე და ორი შვილი, და ძალიან გიყვარს მოგზაურობა, მაშინ სულ სხვა ხიბლი ახლავს ხოლმე თან იმგვარ უცხოურ ვოიაჟებს, როგორიც იამ სამი წლის წინ მოიწყო. თბილისში დატოვა შვილები, ქმარი, შეკრიბა მეგობარი გოგოები და მათთან ერთად ბეირუთი და ამანი მოიარა.
„მართლა დაუვიწყარი მოგზაურობა იყო. მხოლოდ ჩვენ, მეგობარი გოგოები ვიყავით. იორდანიაში მცხოვრები ერთი ჩვენი მეგობარიც დაგვხვდა და ქვეყნიდან ქვეყანაში, სოფლიდან სოფელში დიდი ჯიპით გადავდიოდით. სუფთა გოგოების მოგზაურობა იყო და ამიტომ სხვანაირად მხიარული. ყველანაირ სისულელეზე ვიცინოდით და ჩვენი გამბედაობის გამო, ადგილობრივ მამაკაცებს ვაოცებდით - როგორ, თქვენთან საქართველოში ისეთი ემანსიპირებული ქალები ცხოვრობენ, რომ ასე, მარტოებს გიშვებენ მანქანით? - გვეკითხებოდნენ საზღვარზე. საქართველო კი ყველამ იცოდა, პეტრაში - გამოქვაბულებში მცხოვრებმა ბედუინებმაც კი. ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარი იყო და ბედუინების ელემენტებზე მომუშავე რადიოშიც თურმე წამდაუწუმ გადასცემდნენ ცნობებს საქართველოს შესახებ“.
სანამ გაემგზავრებოდნენ, ყველა აფრთხილებდა, რომ იქეთ წასვლა სახიფათოა, მაგრამ იასთვის ექსტრემალური სიტუაციები მოგზაურობის ერთგვარი ხიბლიცაა. როცა ხუთი გოგო, დიდი ჯიპით, მკვდარ ზღვაზე სერპანტინის გზით ეშვებოდა, იაც და დანარჩენებიც ცუდად გახდნენ. მაგრამ არ შეშინებულან. ცოტა ხანში მიხვდნენ, რომ გულისრევის, თავის ტკივილის და ენერგიის გამოცლის მიზეზი მანქანის სიჩქარე იყო. „რაც უფრო მეტად ეშვები მკდარი ზღვისკენ, მით უფრო მეტად არ შეიძლება სწრაფად სიარული იმიტომ, რომ წნევა ეცემა და ორგანიზმი ამხელა ცვლილებას ვერ უძლებს. კიდევ კარგი, დროულად მივხვდით, სიჩქარეს მოვუკლეთ და მკვდარ ზღვამდე ნორმალურად ჩავაღწიეთ.“
. . .
გაცილებით უფრო ექსტრემალური იყო იას ფრენა ორლანდოდან თბილისამდე. ფლორიდაში სემინარზე ჩასული ია თბილისში ჩიკაგოს გავლით ბრუნდებოდა. ჩიკაგოში ჩასულს საშინელი ქარიშხალი დახვდა და ფრენა გადაიდო. იასნაირ დღეში ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. „აეროპორტში სრული საგიჟეთი ტრიალებდა, მთელი ქალაქის სასტუმროები გადაჭედილი იყო, ადგილი ვერსად ვერ ვიშოვეთ. ამიტომ აეროპორტში მეძინა. რეისები ერთმანეთის მიყოლებით იდებოდა. მეორე დღეს, დიდი წვალებით, ლონდონის რეისზე ვიშოვეთ ბილეთი, ლონდონიდან მიუნხენში გადაგვაფრინეს და როცა მიუნხენიდან, ბოლოს და ბოლოს, თბილისში ჩამოვაღწიე, მაშინღა მივხვდი, რამხელა სტრესი გამივლია. ტრაპზე რომ ჩამოვდიოდი, ჩემთვის გავიფიქრე, ამ ჩვენს აეროპორტში რა კარგი ჰაერი უბერავს-მეთქი. თბილისის ჰაერიც კი მესიამოვნა“.
. . .
„რა კარგი ჰაერი უბერავს“ - ამ ემოციის ბოლომდე განცდა მხოლოდ იასნაირ off -road ქალებს შეუძლიათ. დღეს ჩვენი მგზავრობა დამთავრდა. მანქანა გაჩერდა და რედაქციასთან ჩამომსვა. მაგრამ მოგზაურობის შემდეგ უკან დაბრუნების სიამოვნება იას კვლავაც წინ აქვს. მისი ჯიპი ხომ სწორ გზაზე ვერ დადის - ქვა-ღორღი, აღმართი, წუმპე და ხიფათი ურჩევნია.
![]() |
12.2 სიკეთე მარტო დაწანწალებს დედამიწაზე |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
1921 წელი იწურება. საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ილუზია უკვე გამქრალია - თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. საქართველოდან ემიგრირებულთა ნაკადი არ წყდება - ზოგი ევროპაში გარბის, ზოგიც თურქეთში.
ჟორდანიას მთავრობის მინისტრი ალექსანდრე ჯაფარიძე მეუღლესთან, ოლღა იოსელიანთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, ბათუმიდან საფრანგეთისკენ მიმავალ გემზე ადის. მათთან ერთად, ოლღას ძმა, კონსტანტინე იოსელიანი და მისი ფეხმძიმე ცოლი, საშა ჟღენტიც მიემგზავრებიან. ის დროა, ზღვისპირა ქალაქებსა და სოფლებში მალარიის ეპიდემია რომ მძვინვარებს. გემის გასვლამდე, ფეხმძიმე ქალი შეუძლოდ ხდება, სასწრაფოდ მოჰყავთ ცნობილი ბათუმელი ექიმი ქვარიანი, რომელიც ქალს ციებას დაუდგენს. ბავშვის გადარჩენას ისედაც არავინ ფიქრობს, მთავარია, დედა გადაარჩინონ. კონსტანტინე ცოლთან ერთად გემიდან ჩამოდის, დას და სიძეს ამშვიდებს - თუ გადავრჩით, აუცილებლად ჩამოვალთო - და თბილისში ბრუნდება.
იბადება პირველი შვილი, შვიდთვიანი გოგონა - ლილი კონსტანტინეს ასული იოსელიანი. ბედისწერა მას სასტიკი დროის საქართველოში, განსაცდელით სავსე ცხოვრებას არგუნებს და იქვე მოთმინებითა და ამტანობით, სისუფთავითა და გულისხმიერებით, სიყვარულითა და სიკეთით... მოკლედ, დიდი პიროვნული და შემოქმედებითი ნიჭით აჯილდოებს.
მოდით, მთელისა და ნაწილის ურთიერთმიმართების პრინციპით (წვეთში ზღვა იგრძნობა), ისტორია ეპიზოდებით მოვყვეთ, რადგან თითოეული ეპიზოდი თავისთავადაა ისტორია, ეპიზოდების ერთობლიობა კი ერთ დიდ ისტორიას ქმნის.
„მძიმე“ პროფესიის, რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერი კოწია იოსელიანი მელომანი გახლდათ. თავადაც მშვენიერი ლირიული ტენორი ჰქონია. ვანო სარაჯიშვილისა და დათიკო ანდღულაძის მეგობარი, ოპერის თეატრში აღამებდა და კარგად იცოდა არა მარტო საოპერო რეპერტუარი, არამედ თეატრის შიდა ინტრიგებიც. ამიტომაც აღშფოთდა, როცა ქალიშვილმა გამოუცხადა, რეჟისორობა მინდაო. მაშინ თბილისში სარეჟისორო ფაკულტეტი არ არსებობდა, სამსახიობო სტუდიები იყო მხოლოდ. რეჟისურის შესასწავლად მოსკოვში უნდა წასულიყავი. ბევრი უმტკიცა მამამ შვილს, ეგ კაცური პროფესიაა, დიდ ფიზიკურ დატვირთვასა და გამძლეობას მოითხოვს, ათასნაირი ინტრიგის ატანა მოგიწევსო და ერთი პირობა, თითქოს გადააფიქრებინა კიდეც.
ლილიმ უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენების (გერმანული) ფაკულტეტზე ჩააბარა, პიერ კობახიძის დრამწრეში ჩაეწერა, ერთიორჯერ ბიჭის როლიც ითამაშა და მისი რეჟისორობის სურვილს აღარ შეუწუხებია ოჯახი. თურმე სად ხარ?!
„მეოთხე კურსზე ჩემი გვარი ჟურნალიდან ამოვარდნილა და სტიპენდიას ვეღარ ვიღებდი. იმდენად მორიდებული ვიყავი და ისე მრცხვენოდა ფულზე ლაპარაკი, ვერც კი ვიკითხე, რატომ არ მაძლევდნენ სტიპენდიას. ჩემმა მეგობარმა ყველაფერი გაარკვია და 8 თვის სტიპენდია ერთიანად მომცეს. ისე მინდოდა რეჟისორობა, სხვა აღარაფერზე ვფიქრობდი. ოჯახს წერილი დავუტოვე, არ გეწყინოთ, მოსკოვში მივდივარ და არც იღელვოთ, ფული მაქვს-მეთქი. 1941 წელია, ომი ახალი დაწყებულია, მტერი მოსკოვსაა მიმდგარი. მატარებლით წავედი. ვერ აგიწერთ იმ საშინელებას, რაშიც მოვხვდი - სიბინძურეში, ლტოლვილებისა და ჯარისკაცების გარემოცვაში, დასაჯდომს თუ მონახავდი მატარებელში, ე.ი. გაგიმართლა. ჩავაღწიე მოსკოვში და ნაცნობის ნაცნობთან მივედი, რომელმაც დასაბინავებლად ერთ მარტოხელა ქალთან გამიშვა.“
ლუნაჩარსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტის ხელმძღვანელი ცნობილი საბჭოთა რეჟისორი ლობანოვი გახლდათ. საგამოცდო კომისიაში შედიოდნენ ლეონიდოვი, მოსკვინი, იაკუბოვსკაია და სხვები. საგამოცდო დარბაზში პატარა ტანის, ნაწნავებიანი გოგონა შევიდა. მოსკვინმა ლეონიდოვს წასჩურჩულა: „у нас что - детский сад?“ - შეშინებული ლილი კიდევ უფრო დაიბნა. ორი ეტიუდი უნდა შეესრულებინა - სამსახიობო და სარეჟისორო. ჯერ პუშკინის „Бесы“ წაიკითხა, შემდეგ კი ასეთი დავალება მიიღო - აბარებთ გამოცდას სარეჟისორო ფაკულტეტზე, შედეგის გასაგებად მისულმა შეიტყვეთ, რომ მიღებული არ ხართ, როგორ მოიქცეოდით? ლილი მორიდებულად მიმართავს ლეონიდოვს - „Хочу узнать отметку по Специальности“ - სახელოვანი არტისტი შეგნებულად აჭიანურებს პროცესს და აკვირდება აბიტურიენტს, რომლის სახეზე მღელვარება, შიში, უხერხულობა და მძიმე წინათგრძნობა ერთმანეთს ცვლის. „В принятых такой фамилии нет“ - როგორც იქნა, ამოღერღავს ლეონიდოვი. ლილი ჯერ წითლდება, მერე ფითრდება და შერცხვენილი, ჩქარი ნაბიჯებით მიდის კარისკენ. მოსკვინი აჩერებს და ეკითხება: „А если мы на самом деле не примем вас - не заплачете?“ „Нет“ - გულახდილად პასუხობს ლილი, „Это будет сильнее слез“. სარეჟისორო ეტიუდსაც ასეთივე ბუნებრიობით გადმოსცემს და... ინსტიტუტში ირიცხება. სახლში სიხარულით სავსე წერილს აგზავნის: “მოვეწყვე და კარგად ვარ, თქვენი შეწუხება არ მინდოდა. გთხოვთ, არ იჯავროთ.” ომია და წერილი დაგვიანებით მიდის იოსელიანების ოჯახში, რომელსაც უბედურება და პრობლემები ისედაც არ აკლია. უმცროსი ძმა 6 წლის ასაკში გარდაიცვლება, უფროსს კი, ჯაბა იოსელიანს 15 წლის ასაკში აპატიმრებენ. სამ თვეში მამა მოსკოვში ჩადის და ლილი ტირილ-ტირილით ისე მოჰყავს საქართველოში, ინსტიტუტიდან საბუთების წამოღებასაც ვერ ასწრებს.
თბილისში უკვე გახსნილია თეატრალური ინსტიტუტიც და სარეჟისორო ფაკულტეტიც, სადაც ლილი თავიდან აბარებს გამოცდებს, გიორგი ტოვსტონოგოვის კლასში სწავლობს და პირველი პროფესიონალი რეჟისორი ქალი ხდება.
ლილი შვიდწლედის დამთავრების შემდეგ
დედ-მამა: კონსტანტინე იოსელიანი და ალექსანდრა (საშა) ჟღენტი
ლილი ბებიასთან ერთად
„ადრეც ამბობდნენ, რომ რეჟისურა კაცური პროფესიაა, რადგან ნიჭისა და გონიერების გარდა, საჭიროა დიდი ფიზიკური დატვირთვა. თითქოს იმ კომპონენტების გააზრებას, რომელსაც შეიცავს სპექტაკლი (მხატვრობა, დეკორაცია, კოსტიუმები, მუსიკა, მსახიობები), ორგანიზატორობას და კატორღულ შრომას ქალი ვერ შეძლებს. იქნებ კაცებს უფრო მეტი გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდეთ, რაშიც ეჭვი მეპარება, მაგრამ ქალი რომ ტკივილებს უძლებს, იმას კაცი ვერ აიტანს. ასეთ სკეპტიციზმში ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ რეჟისურა სწორედაც ქალის საქმეა, ცხოვრებისეული სიმართლის სათუთი შეგრძნება სცენაზე, მტკიცე ნებისყოფა და უკომპრომისობა ქალისთვის უფროა დამახასიათებელი.“
თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანის მიერ დადგმული საკურსო და სადიპლომო სპექტაკლები უცებ იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. შემდეგ ერთმანეთს ენაცვლება მოზარდ მაყურებელთა, მარჯანიშვილის, რუსთავის, გორისა და რუსთაველის თეატრები. ყველა თეატრი თავის წილ ინტრიგასა და, შესაბამისად, იმედგაცრუებას უტოვებს დამდგმელ რეჟისორს, ვითომ ტოტალიტარული დროის სისასტიკე და საკუთარი ტკივილები არ ეყოფოდეს. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ და „ირინეს ბედნიერება“, წულეისკირის „აღმაშენებლის ქვა“ რუსთაველის თეატრში გასინჯვაზე მოიხსნა. სატელევიზიო თეატრში ტოლსტოის „ოჯახური ბედნიერების“ II სერია ვერ დაფინანსდა. თეატრალურ სარდაფში შექსპირის „ჰამლეტის“ მხოლოდ გენერალური რეპეტიცია შედგა. და რამდენი ასეთი.
„ყველაფერს ხომ ვერ იტყვი. მარჯანიშვილში დავდგი „პიგმალიონი“, რომელშიც მთავარ როლებს სერგო ზაქარიაძე და მედეა ჯაფარიძე ასრულებდნენ. როცა სერგო რუსთაველის თეატრში გადავიდა, მიშა თუმანიშვილმა მეც მიმიწვია ჯგუფთან ერთად. მაშინ ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი და სხვა მსახიობები წამომყვნენ. როცა რუსთაველის თეატრის ერთი ჯგუფი მიშას და სერგოს დაუპირისპირდა და ჩემს მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება ვიგრძენი, თვითონ წამოვედი თეატრიდან.“
ავტობიოგრაფიულ წიგნს წერდა, თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა. ერთ დღეს შუქი გამოირთო და სანთელზე განაგრძო მუშაობა. მეზობელ კორპუსში შუქს მოჰკრა თვალი და მეორე სანთლით მეზობელთან გავიდა ამბის გასაგებად. ჯაბას გამო ისედაც ერჩოდნენ და იფიქრა, ალბათ მარტო ჩემთან გათიშეს სინათლეო. როცა შემობრუნდა, ოთახი ცეცხლში იყო გახვეული, სანთელი წაქცეულა. 600-გვერდიანი წიგნის მასალიდან ფერფლიღა დარჩა. აი, იქ კი ნამდვილად ამბობდა ყველაფერს.
„ლილი იოსელიანი ის რეჟისორია, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინია, მას ვერ გამოაპარებ ვერცერთ ნიუანსს, მის წინაშე არ შეიძლება მოიტყუო და ითამაშო განცდის გარეშე. ალბათ ამიტომაა, რომ ლილის სპექტაკლებში თამაში დიდ სიხარულთან ერთად, შიშსაც მგვრის.“
სერგო ზაქარიაძე
„ამბობენ, რომ მასთან მუშაობა რთულია, რომ ის ძალიან მომთხოვნი და პრინციპულია. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ვინც უძლებს მის მკაცრ სკოლას, მას დიდი ხნის „უჟანგავობა“ აქვს გარანტირებული ხელოვნებაში.“
მიშა თუმანიშვილი
„თვალს რომ გადავავლებ მისი და ბატონი მიშას გაზრდილთა რიცხვს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული თეატრი მათ მოწაფეებზე დგას.“
თემურ ჩხეიძე
„ლილი იოსელიანი უსათნოესი ადამიანია, მაგრამ სასტიკი და დაუნდობელი ხდება, როცა საქმე პროფესიას ეხება. მასთან მუშაობა ერთდროულად საოცრად საინტერესოც არის და მტკივნეულიც. როდესაც იმ წლებზე ვფიქრობ, ის საღამოები მაგონდება, როცა ჩემს პედაგოგს ინსტიტუტიდან სახლამდე ვაცილებდი. მიყვებოდა თეატრზე, კინოზე, პოლიტიკაზე, თავისი ოჯახის სატკივარზე და ეს საუბრები ისეთ რეჟისორულ ანალიზს ეფუძნებოდა, რომ ჩემთვის უძვირფასეს გაკვეთილებად რჩება.“
რობერტ სტურუა
ლილი იოსელიანის სწავლების სისტემასა და პედაგოგიურ ნიჭზე ლეგენდებს ჰყვებიან. ჩემი მეგობარი თამაშობდა მის სპექტაკლში, ჰაუპტმანის „მშვიდობის დღესასწაულში“. იმ დროს ფეხმძიმედ იყო და მითხრა, იმდენი მარბენინა კიბეებზე - „არ მჯერა, არ მჯერა“- ს ძახილით, კინაღამ მუცელი მომეშალაო. დამწყებ მსახიობებსა და რეჟისორებს ასე აფრთხილებდა: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არჩეული პროფესია შეგაძულოთ. ვინც გაუძლებს ამ წვალებას და ბოლომდე ერთგული დარჩება, ის იქნება ჭეშმარიტი პროფესიონალიო.
„ქართველი კაცი ბუნებით არტისტია. მისი მიზანი უცხოსთვის, ვიღაცისთვის თავის მოწონებაა. ეტყობა ისტორიულად, ცხოვრებისა და გარემოების გამო უხდებოდა ასე მოქცევა. ქართველის უსაზღვრო სიკეთეც მისი არტისტულობიდან მოდის. ქართულ თეატრში, ლადო მესხიშვილიდან მოყოლებული, ძალიან არტისტული ადამიანები იყვნენ. ჩემი სწავლების მეთოდიკა ამ არტისტიზმის გაძლიერება კი არა, მისი ჩაქრობაა, თამაში კი არა, ბუნებრიობა. როცა თამაშობ, შენი შინაგანი ბუნება იცვლება. მე კი შენი თვითმყოფადობა მაინტერესებს და არა ნიღაბი. ჩემი ამოსავალიც შენგან მომდინარე სინამდვილეა და არა სიყალბე. არა თამაში, არამედ პიროვნულ-ინდივიდუალური არსებობა, რადგან თამაში ყოველთვის შეიცავს სიყალბეს.
ვცდილობდი ისეთი მსახიობები ამეყვანა, რომელთაც ბუნებრივი მონაცემები ჰქონდათ. თუმცა სხვაგვარადაც ხდებოდა. პირველ კურსზე ერთი ლამაზი და ინტელიგენტი ბიჭი მოვიდა, ძალიან უნდოდა არტისტობა. არადა, თამაშობდა, არ ჰქონდა უშუალობის ნიჭი - ამას დიდხანს ვებრძოდი. ერთხელ მივეცი ეტიუდი - ზიხარ შენთვის, თითქოს გციოდა და უცებ დაგცხა, გაიხადე, მაგრამ ისევ გცხელა... ნელ-ნელა ვურთულებ, ხანძარია ქვევით მეზობელთან და ქვევიდან გცხელა, რას იზამ-მეთქი. თვითონაც ვერაფერი იგრძნო და ვერც მე მაგრძნობინა.
მახსოვს, ერთხელ ნემიროვიჩ-დანჩენკომ მომცა ეტიუდი, ვითომ ხანძარი გაჩნდა ჩაკეტილ ოთახში. ისე განვიცადე, ძლივს ჩამომხსნეს საქანელის რგოლებიდან. ჭერზე ავდიოდი. ის ბიჭი კი, ჩემი რჩევით, თეატრალურიდან წავიდა, შესანიშნავი ექიმი გახდა და მადლობაც გადამიხადა.
- სპექტაკლი არ არის წიგნი, რომელსაც მაშინ გადმოიღებ თაროდან, როცა მოგენატრება; არ არის მუსიკალური ნაწარმოები, რომლის ჩანაწერსაც (თუ კონცერტზე ვერა) სახლში მოუსმენ; ნახატი, რომელსაც მაშინ შეხედავ, როცა მოგინდება. სპექტაკლი არის მირაჟი, რომელიც კონკრეტულ დროში იბადება და ქრება. სადაა თქვენი სპექტაკლები, რომელთაც მთელი ცხოვრება შესწირეთ...
- არსად. ალბათ ვიღაცის, ერთეულების მახსოვრობაშია ამბად შემონახული. ბევრს კამათობდნენ თეატრის, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თეატრის სიკვდილზე. ახლანდელი სპექტაკლები მხოლოდ ართობს მაყურებელს. როცა თეატრი ვერ აკმაყოფილებს აწმყოსა და მომავლის პერსპექტივაში ადამიანის რაობის შესახებ გაჩენილ ინტერესს, არ უჩვენებს თავისი დროის ტკივილებსა და პრობლემებს, ის თეატრი აღარ არის. ბერიკებიც კი თავისი დროის სულს და საზოგადოებრივ დამოკიდებულებას გადმოსცემდნენ. თეატრის დანიშნულება შექსპირიდან მოყოლებული დღემდე იგივეა: იყოს თავისი დროის სარკე, სადაც ადამიანი საკუთარ თავს დაინახავს, თეატრი უნდა ემსახურებოდეს არა გართობას და უმიზნო ირონიას, არა გრძნობების იმიტაციას, არამედ ფიქრსა და ნამდვილ გრძნობას“.
პირადი ცხოვრება თეატრის პარალელურად მიდიოდა. საზოგადოების ჩასაფრებული დამოკიდებულება ლილი იოსელიანის მიმართ შესაძლოა მისი ძმის, ჯაბა იოსელიანის ფაქტორმაც განაპირობა. ის უკმაყოფილო მსახიობები, რომელთაც როლზე არ დააკავებდა, ლეგენდებს თხზავდნენ მათ ოჯახზე. მსახიობების საგრიმიოროებიდან ხშირად მოუსმენია ამბავი, როგორ გაიტანა მისმა ძმამ ბანკი ლენინგრადში, მერე თვითმფრინავი გაიტაცა და ახლა ლონდონში გაძარცვა სამეფო ბანკი, როგორ დაუწერეს დისერტაცია და პიესები ჯაბა იოსელიანს ჯერ დამ და მერე რეზო თაბუკაშვილმა. მან ყველაზე კარგად იცოდა ძმის ბუნება და ხასიათი; ისიც, რომ გარშემო ატეხილ ამბებთან არაფერი ჰქონდა საერთო და ამიტომაც, მთელი ცხოვრება ცდილობდა ძმის გადარჩენას. ხან ციმბირში ჩადიოდა მის სანახავად, ხან ლენინგრადში. საკუთარ თავზე არასდროს უფიქრია. მაგრამ ერთხელაც, მოსკოვიდან გადმოვიდა ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა კაცი და სამსახიობო ფაკულტეტზე ლილის დის ჯგუფში მოხვდა. (დამ თეატრალური ინსტიტუტი ვეღარ დაამთავრა, სრულიად ახალგაზრდა, ტუბერკულოზით გარდაიცვალა). ლილი უკვე საკურსო სპექტაკლებს დგამდა, ერთხელაც ტოვსტონოგოვმა ურჩია, ახალი სტუდენტი დააკავე სპექტაკლშიო.
„მოლიერის „ეჭვით ავადმყოფს“ ვდგამდი. უკვე დაკავებული მყავდა მსახიობები, მაგრამ ტოვსტონოგოვს უარი ვეღარ ვუთხარი და ახალბედა მსახიობს ჩეხოვის „დათვი“ შევთავაზე. დაინტერესდა და დავიწყეთ მუშაობა. კარგი შესახედაობის გამო, გოგონები გიჟდებოდნენ მასზე. მუშაობის პროცესში ისე მოხდა, რომ ჯაბა დაიჭირეს. ის თანამიგრძნობდა და სახლშიც ხშირად მოდიოდა ჩვენთან. ვუჩვენეთ „დათვი“. მთელი ინსტიტუტი ალაპარაკდა მის ნიჭიერებაზე. ტოვსტონოგოვმაც ათამაშა თავის სპექტაკლებში, მერე რუსთაველის თეატრში მიიღეს. ჩვენ დავახლოვდით. მალე ჩემი და გარდაიცვალა, მერე მამაც. მას ყურადღება არ დაუკლია, დედას ანუგეშებდა. გარეგნობით მეც მომწონდა, მაგრამ ჩვენს შორის სულიერ თანხვედრას ვერ მივაღწიე. მექალთანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ერთ დღეს წინადადება გამიკეთა. იმ დროს მოზარდ მაყურებელთა თეატრში სადიპლომო სპექტაკლს ვაკეთებ და გვიანობამდე მაქვს რეპეტიცია - ომია, თერთმეტი საათიდან ქუჩაში პატრული მორიგეობს. წინა დღეს შინ გვიან მივედი და დედამ მითხრა, დიდხანს გელოდაო. მეორე დღეს მითხრა, საღამოს მოგაკითხავო (თვითონ უკვე რუსთაველის თეატრში როლზე მუშაობდა). გვიანი ღამეა, გამოვედი და ვხედავ, არ არის. ვიფიქრე, ეტყობა, სხვა მხრიდან წამოვიდა და გზაში შემხვდება-მეთქი. მაშინ პლეხანოვზე ვცხოვრობდი, ვორონცოვის ხიდზე გადმოვედი და მსახიობების სახლთან მისული ვხედავ, ერთ მსახიობ ქალთან დგას და ერთმანეთს კოცნიან. ძალიან ცუდად გავხდი, უცებ მოვბრუნდი და რომ არ დავენახე, ხიდის მეორე მხრიდან, საბჭოს ქუჩით დავბრუნდი სახლში. დილა-საღამოს ჩვენთან იყო და ვიცოდი, რომ მომაკითხავდა. დედას ვუთხარი, თუ მოვიდეს, უთხარი, შეუძლოდ ვარ და არ შემოვიდეს-მეთქი. მაინც შემოვიდა. თავზე ხელები გადავიფარე - ოღონდ ახლა არაფერი მითხრა და სხვა დროს ვილაპარაკოთ-მეთქი. ყველაფერს მიხვდა. და ასე დამთავრდა ეს ამბავი. ეტყობა, ჩემი გამოყენება უნდოდა. ამის შემდეგ აღარაფერი მინდოდა, ისე ვიყავი დაკავებული ჩემი უბედურებებით.
- შვილი?
- როცა ამაზე სერიოზულად დავფიქრდი, უკვე გვიან იყო.“
გვიან შეძლო განსაცდელით სავსე ცხოვრება ისე მიეღო, როგორც ღვთისგან დაშვებული კანონზომიერება. მანამდე კი: “სწორედ ჩემს თავს დატეხილმა უამრავმა განსაცდელმა მაფიქრებინა, ალბათ ღმერთი არ არის, თორემ ამდენ უბედურებას როგორ გამომიგზავნიდა-მეთქი. სასოწარკვეთილი ვფიქრობდი ასე. მამა, ძმა, და გარდაცვლილი, ჯაბა დაჭერილი. ჩემს პროფესიაში შური და უმადურობა. გაცნობიერება გვიან მოხდა, თორემ ბავშვობაში ჩემს მორწმუნე ბებიასაც ვუყურებდი, დილა-საღამოს რომ ლოცულობდა და კათოლიკურ ეკლესიაში ორღანის მოსასმენადაც დავდიოდი ჩუმად.
აქ ერთი ამბავიც გამახსენდა, მაშინ 18 წლის ვიქნებოდი. მეგობართან ერთად სიონთან გავიარე. შევიდეთ-მეთქი - ვთხოვე. გწამსო - მეკითხება მეგობარი. რომ გითხრა, მწამს, მთლად არა, მაგრამ არც ისეა, რომ არ მწამდეს-მეთქი. შევედით. ტაძარი ცარიელია, ნახევრად ჩაბნელებული. ვიღაც ყმაწვილი მუხლებზეა დაჩოქილი და გამალებული ლოცულობს, არავის აქცევს ყურადღებას. გაკვირვებული ვუყურებ და ვხედავ - ჩემი ძმაა. რომ არ დავენახე, სასწრაფოდ დავტოვეთ იქაურობა. გავიდა რამდენიმე დღე და ჯაბას ვეკითხები - ჩემო ძმაო, რა ჩაიდინე ისეთი, ეკლესიაში გამწარებული რომ ლოცულობდი-მეთქი. ვაი, შენ რა იციო? დაგინახე და შენ რა, გწამსმეთქი? კიო, დამიქნია თავი. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. 14 წლის იყო, ერთ წელიწადში დაიჭირეს კიდეც.
როცა ზვიად გამსახურდიამ ჯაბა დააპატიმრა, მან 40 დღე იშიმშილა, სიკვდილის პირას იყო და ხმაც კი გავრცელდა, აღარ არის ცოცხალიო. ვის არ მივმართე, სად აღარ მივედი, არავინ შემიშვა მასთან. სასოწარკვეთილმა პატრიარქთან მისვლა გადავწყვიტე. ჯაბა არავის უჯერებდა და ვიფიქრე, იქნებ მისი რიდით მაინც შეწყვიტოს შიმშილობა-მეთქი. დავუჩოქე, ვემთხვიე და ვთხოვე უწმინდესს: ორმოცი დღეა მშიერია, იმდენი ცოდვები ეწერება ჩემს ძმას და კიდევ ერთს, თვითმკვლელის ცოდვას ნუღარ დაუმატებს, თხოვეთ, თქვენ დაგიჯერებთ-თქო. არაფერი მითხრა. ეს სიჩუმე ასე მივიღე - ალბათ ვერც უარი მითხრა და ვერც თანხმობა. წამოვედი სახლში. მეორე დღეს უწმინდესი მირეკავს და მეუბნება: ვნახე ჯაბა და რაც საჭირო იყო, ყველაფერი გავაკეთეთ. შიმშილობის მერე რაც სჭირდებოდა, მის მღვდლებს მიუტანიათ და გადარჩა ჩემი ძმა. ამის შემდეგ უფრო გაღრმავდა ჩემი რწმენა.“
ლილი იოსელიანის მოწაფეები თუ მეგობრები მის ყველაზე გამოკვეთილ თვისებად, მოთმინებასა და გამძლეობასთან ერთად, უკომპრომისობას ასახელებენ. არ გინდა იმ დროში (ამ დროშიც) უკომპრომისობის შენარჩუნება?!
„რომ შევინარჩუნე, ამისთვის საფასურს ვიხდიდი. უკომპრომისობისთვის მსჯიდნენ, არა ციხით, არამედ უღირსი დამოკიდებულებით ჩემი საქმისა და ადამიანური ურთიერთობისადმი. ისევე, როგორც ჩემს ძმას, მეც ბევრი წყენა, ორპირობა, ღალატი და ტკივილი მინახავს.
- ცხოვრება სასტიკი, დრო სასტიკი - დრამატურგიულად რომელ ჟანრში თავსდება თქვენი ცხოვრება?
- არც მელოდრამაა, არც ტრაგედია, რაღაც სხვა ჟანრია, გაუთავებელი ტკივილით. განსაცდელს რომ მოგაწერს ღმერთი, უნდა გადაიტანო, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ადამიანის ბედი არის მისი ხასიათი. ჩემი ხასიათი როგორიცაა, ისე ვიცხოვრე. ძალიან მორცხვი და მორიდებული ვარ. ვერავის ვერასოდეს ვერაფერს ვთხოვდი, ვერ დავავალებდი, მშიერიც რომ ვყოფილიყავი და იყო ასეთი დღეებიც. ჩემი ტკივილები არავისთვის მიგრძნობინებია, სულ ვიღიმოდი და უკვირდათ ხოლმე - შენ არაფერი გეტყობა უბედურებისო. ეტყობა, მშობლებიდან და წინაპრებიდან მოდის ეს თავმდაბლობა და მორიდება. ჩემი ბედი, ჩემი ძმის ბედი, მშობლებისა და ბებია-ბაბუის ბედიც ერთნაირია. იქნებ წინა თაობების ცოდვებს ვისყიდდით ამ ჩვენი ბედისწერით?
- ერთხელ თქვით, სიკეთე მარტო დაწანწალებს დედამიწაზეო, რატომ იფიქრეთ ასე?
- ამ აზრამდე ჩემი ცხოვრების გამოცდილებამ მიმიყვანა. წესიერი ადამიანი ყოველთვის უცხო იყო ამ საზოგადოებისთვის. სიკეთე არაა მატერიალური, ის სუფთა სულიერი მდგომარეობაა, თვისებაა, რომელიც სამაგიეროს არ ითხოვს. სიკეთეს რცხვენია თავის გამჟღავნება. სიკეთეს იმიტომ აკეთებ, რომ სხვა გაახარო, სხვას მოუტანო ბედნიერება. მარტოა, აბა, რა არის? ვინც კი მოვიდა რეჟისურაში, ყველას გავუკეთე სიკეთე, რომელიც ცუდად მომიბრუნდა. როდესაც საკითხი დგებოდა, ვინ-ვინ, ჩემი მოწაფეები სხვებს ირჩევდნენ, ეგონათ, ვერაფერს ვხვდებოდი, რადგან რეაქცია არ მქონდა. არასოდეს დამიცავს ჩემი სპექტაკლები, რომლებიც ყოველთვის ექსტრემალურ ვითარებაში მზადდებოდა, რომ ჩავარდნილიყო და მეც ხელი ჩამექნია. ეჰ, ასეთები რომ მოვყვე, იცით, რამდენია? აღარ მინდა გახსენება, იმიტომ, რომ დღემდე მიყვარს ყველა. სიკეთე კი ნამდვილად მარტოა, სრულიად მარტო, შეუმჩნეველი და... ასეც უნდა იყოს!
იოსელიანების საგვარეულო ფოტოარქივიდან
პელაგია სისორდია
პისტი ნოდია
დემოკრატიული იდეების ქადაგებისთვის, ბაბუაჩემი ანტონი სამჯერ იყო დაპატიმრებული. ბოლოს ციმბირიდან მომაკვდავი ჩამოასვენეს. მისი გარდაცვალების შემდეგ, ბებიამ - პელაგია სისორდიამ ჭამა აღიკვეთა და შიმშილით მოიკლა თავი. იმდენად უყვარდა ბაბუა, რომ ვერ გადაიტანა მისი სიკვდილი. მამაჩემი ბაბუდამ, პისტი ნოდიამ გაზარდა.
დედას ბიძა, ალექსანდრე ჟღენტი გენერალი გახლდათ. მასთან ერთად ფოტოზე პოლონელი ცოლი და შვილები არიან გამოსახულნი.
მამას დეიდაშვილი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ვლადიმერ ჩოჩია უაღრესად საინტერესო ადამიანი იყო. ჰყავდა ფრანგი ცოლი, შვილები არ დარჩენიათ.
ნოე ჟორდანიას მთავრობის მინისტრი ალექსანდრე (საშა) ჯაფარიძე.
თამარ იოსელიანი
თამარ იოსელიანი მამას ბიძაშვილი იყო. ქუთაისში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. შემთხვევით გაიცნო ოლდენბურგის პრინცმა და ქმარს მოსტაცა. თამარი კარგად იცნობდა მერი შერვაშიძეს, რომელიც რუსეთის იმპერატრიცას ფრეილინა გახლდათ, სწორედ რომანოვების კარზე შეხვდა მერი ოლდენბურგსა და თამარს და იმპერატრიცას დის ფოტოსურათი უსახსოვრა. ამას წინათ, „კულტურაზე“ ვნახე რომანოვებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სადაც ეს ფოტოც აჩვენეს.
ეს ფოტო მამას, ვანო სარაჯიშვილთან (შუაში, თეთრი ქუდით) ერთად, ბორჯომში გადაუღია. ერთხელ ვანოს მატარებელზე დაგვიანებია. მამამ, რომელიც რკინიგზის ინჟინერი იყო, თურმე 20 წუთით გაუჩერა მატარებელი და მთლიანად დაარღვია გრაფიკი. ამისთვის შეეძლოთ კოწია დაეპატიმრებინათო - იცინოდა ხოლმე ვანო. ვანო და მამა ხშირად სტუმრობდნენ „ქართულ კლუბს“, სადაც აკაკი წერეთელი ბანქოს სათამაშოდ დადიოდა და ხშირად აგებდა კიდეც. ერთხელ მამას ძვირფასი საგვარეულო ბეჭედი აკაკის ვალში ისე დაუტოვებია, რომ აკაკის არაფერი შეეტყო ამის შესახებ.
უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ლიტერატურას ცნობილი პედაგოგი გიორგი ნადირაძე მასწავლიდა. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. როცა ბატონი გიორგი გარდაიცვალა, მისმა მეუღლემ მაჩუქა ეს ფოტოსურათი, რომელზეც ვაჟა ფშაველა, შიო მღვიმელი და ერთაწმინდელი არიან გამოსახულნი.
1952 წელს, მარჯანიშვილის თეატრში, სპექტაკლებს შორის პაუზისას გალაკტიონის საღამო გავაკეთე. გალაკტიონმა ჩემი გაცნობა მოინდომა, მაგრამ შემრცხვა და კულისებში დავიმალე. ერთხელაც, გვიან გამოვედი რეპეტიციიდან, ვხედავ გალაკტიონი მოდის ბარბაცით. უცებ ჩემი სახელი მომესმა. გაოცებული შევდექი. რატომ გაგიკვირდაო - მიცინის, შენ ჩემი ლექსების საღამო არ გააკეთეო? არ გამიშვა და დიდხანს მელაპარაკა ჩემს სპექტაკლებზე. საიდან იცით, სპექტაკლებზე ხომ არ დადიხართმეთქი? მართალია საზოგადოებაში არ ვჩნდები, მაგრამ ამხანაგების ჯგუფი მყავს, ვისთან ერთადაც ვსვამ და მათგან ვიგებ ყველაფერსო. იქვე დაამატა, ათასგზის ნიჭიერი, გენიოსიც რომ იყო, ადამიანებს არაფერი შურთ, მდგომარეობის და ქონების გარდა. ჩემი არა, უფრო გოგლასი და ირაკლი აბაშიძის შურთ, იმიტომ, რომ მდგომარეობაც აქვთ და ქონებაც. ჩემი სახით კი, საქართველოს პოეტი გადავურჩინე, თორემ დამიჭერდნენო. მოგვიანებით, სპექტაკლში გამოვიყენე გალაკტიონის ლექსი, რომელზეც სანდრო მირიანაშვილმა სიმღერა დაწერა. სწორედ მაშინ მაჩუქა სანდრომ ეს ფოტოსურათი.
ეს ფოტო ლენინგრადში გადავიღეთ. ჯაბა ციხიდან გაიქცა და ჩვენი ახლობლის, შოთა ქარუხნიშვილის პასპორტით იმალებოდა. სწორედ მაშინ ჩააბარა ლენინგრადის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტს რომ ამთავრებდა, მაშინ დაიჭირეს.
ამ ფოტოზე მე, რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე ვართ. მე და მედიკო სკოლიდან ვმეგობრობდით. სწორედ მედიკომ იხსნა ჩემი ძმა, როდესაც მას სიკვდილი მიუსაჯეს.
![]() |
12.3 გზაზე ორი კაცი მიდიოდა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, საოჯახო ფოტოარქივი
„ჭეშმარიტი ღირებულება ერთადერთია - კავშირი ადამიანისა ადამიანთან“.
ანტუან დე სენტ ეკზიუპერი
კინოს სახლი. 1988 წელი
წყნეთი, 1986 წლის ზაფხული
თეატრალური ინსტიტუტის შენობასთან უამრავი ხალხი ირეოდა. მისაღები გამოცდების ზაფხულის ცხელი დღეები იყო. ნინო ბურდული აბიტურიენტთა და გულშემატკივართა დიდ არმიას შეუმჩნევლად შეერია. არავის მიუქცევია ყურადღება ერთი პატარა გოგოსთვის, კუშტი მზერით და მამაკაცური სიარულის მანერით, როგორ ჯიქურ გაემართა კიბეებისკენ. გამოცდაზე ძმასთან ერთად მივიდა. მშობლებს იმთავითვე არ უნდოდათ, მათი შვილი მსახიობი რომ გამოსულიყო.
თავისი შეუპოვარი ხასიათით, დამაჯერებელი საუბრის მანერითა და ჩვიდმეტი წლის გოგოსთვის გასაოცარი ლოგიკურად მსჯელობის უნარით, ყურადღება უმალ მიიპყრო, ინსტიტუტში ჩაირიცხა და ახალ გარემოში თავიც ძალიან ადვილად დაიმკვიდრა.
იმხანად სარეჟისორი ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციები კინოსტუდიის ერთ-ერთ შენობაში უტარდებოდათ. ფილოსოფიის, ეთიკის, ლიტერატურისა და კინოს ისტორიის ლექციებზე კი თეატრალურ ინსტიტუტში უწევდათ სიარული. ხანდახან ისე, უბრალოდაც შეისეირნებდნენ ხოლმე, ახალგაზრდა მსახიობებზე თვალის შესავლებად. სწორედ ერთი ასეთი გასეირნებისას გაიცნეს ერთმანეთი ანდრო ჭიაურელმა და ნინომ. ანდრო საკურსო ფილმს იღებდა და მთავარი როლისთვის გოგოს დაეძებდა. სინჯებზე მხოლოდ ერთი სტუდენტი, პირველკურსელი ნინო ბურდული მიიწვია და როლზეც მაშინვე დაამტკიცა.
ანდრო: „ინსტიტუტში ნინოზე ბევრს ლაპარაკობდნენ, ძალიან ნიჭიერი გოგოა, ნახეთ რა მაგარი იქნებაო! მაგრამ მე ის სულ სხვა ნიშნით ავირჩიე. მომეწონა და იმიტომ.“
მართალია, ნინოს მსახიობის ხელოვნების სრულად დაუფლება ჯერ ვერ მოესწრო, მაგრამ ლილი იოსელიანთან რამდენიმეთვიანი „მეცადინეობის“ შედეგად, თეატრის მსახიობის ძირეული პრინციპები უკვე გვარიანად გაეთავისებინა. ამიტომაც იყო, ანდროს გამუდმებით რომ ეკამათებოდა და უმტკიცებდა, კინომსახიობებს მხოლოდ ერთ ხაზზე სიარულისკენ კი არ უნდა ჰქონდეთ გონება მექანიკურად მომართული, არამედ გადაღების დროს თავიანთი პერსონაჟების ბოლომდე გახსნა უნდა შეძლონ და მათი განცდები, ემოციები თავად განიცადონო. ანდროც სარეჟისორო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი გახლდათ და მანაც კარგად იცოდა კინემატოგრაფის არსებითი კანონები. კინოკადრი მსახიობის ვარიაციულ გადაწყვეტაზე კი არა, ერთ კონკრეტულ, გეომეტრიულ ხაზზე იწყობა. ისიც ახალგაზრდა, ენერგიულ ნინოს დინჯად და მოთმინებით უხსნიდა, რომ კინოში ეს ყველაფერი სხვაგვარადაა. გადასაღები მოედანი და სცენა, მართალია, ორივე ცხოვრების წარმოსახვის, წარმოჩენის არენაა, მაგრამ ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა და ორივეს თავთავიანთი წესები აქვსო. ნინო მაინც თავისას ამტკიცებდა.
ანდრო: „ძალიან ჯიუტია. აი, ასე იცის, ყველა თავის მოსაზრებას ერთანირად არგუმენტირებულად და ლოგიკურად გისაბუთებს. ამ დროს არ არის მართალი. ამიტომ, მასთან კამათი თითქმის შეუძლებელია.“
ნინო: „რა ვქნა, ასეთი ვარ. მგონი ეს კარგიცაა, რაღაცაზე ასე რომ ვფიქრობ, ვცდილობ დავასაბუთო კიდეც.“
მოკლედ, საკურსო ფილმი გადაიღეს და მათი პირველი „თანამშრომლობა“ ასე, მარტივად დასრულდა. ორივე თავის გზას დაადგა.
მას მერე რვა წელი გავიდა.
მეორედ, ისევ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ.
ტიტო კალატოზიშვილის ფილმში „სკაპენის ოინები“ ნინო ერთერთ მთავარ როლს ასრულებდა. გადაღებებზე, ზაფხულში მთელი გადამღები ჯგუფი იალტაში გაემგზავრა: ტიტო და მიშა კალატოზიშვილები, არჩილ გომიაშვილი, ნინო ბურდული, ნინელი ჭანკვეტაძე, ლევან აბაშიძე, იმედა კახიანი, გურამ ლორთქიფანიძე და სხვები. ფილმის პირველი სერიის გადაღების დასასრულს, ნინო რამდენიმე მსახიობთან ერთად, ცოტა ხნით თბილისში დაბრუნდა, სადაც მოულოდნელად ტიტო კალატოზიშვილის გარდაცვალების ამბავი შეიტყვეს. მალევე გადაწყდა, რომ ფილმის მეორე სერიას ტიტოს შვილი, მიშა კალატოზიშვილი გადაიღებდა.
ისევ იალტა. მიშა კალატოზიშვილმა ანდრო ჭიაურელს სთხოვა დახმარება და მეორე რეჟისორად თან წაიყვანა. აი, იქ უკვე მეორედ, ისევ კინოში შეხვდნენ, მაგრამ ამჯერად აღარ „დაკარგულან“.
ნინო: „არც მახსოვს, ეს ყველაფერი როგორ დაიწყო. ალბათ ისე, როგორც საერთოდ იწყება ხოლმე. შენ გახსოვს ანდრო?“
ანდრო: „მახსოვს, იმ ატრაქციონზე დავდიოდით, „პულპო“ რომ ერქვა. ამერიკულ მთებს გავდა, ოღონდ ეს ყველა მიმართულებით ტრიალებდა. რეტდასხმულები გადმოვდიოდით იქიდან. გიჟდებოდა ნინო, ისე მოსწონდა. მისი ხათრით, თითქმის ყოველდღე პულპოზე ვისხედით.“
ნინო: „მე ის მახსოვს, კატერით რომ გავისეირნეთ. მე და შენ რომ ვიყავით. კატერით გაპობილ, აქაფებულ ზღვას ვუყურებდით, იყო მზე და თითქოს საგანგებოდ ჩვენი ლანდშაფტის გასაფორმებლად, თოლიების დიდი გუნდი, სულ ახლოს, ჩვენს თავებთან ფრენდნენ. კარგი იყო.“
იალტის მერე, თბილისში, მეგობრებთან უკვე ხშირად იკრიბებოდნენ. აქ ურთიერთობა ახალ ფაზაში გადადის, უფრო სერიოზულში, ვიდრე უბრალოდ მეგობრობაა.
ნინო: „ერთხელ ანდროსთან ვიყავით. ანდრომ ვინჩენცო ბელინის ერთი ცნობილი ოპერა, „პურიტანები“ ჩართო. საკმაოდ დიდი ოპერაა. ერთმანეთის გვერდით დავსხედით და მთელი ამ ხნის განმავლობაში, არცერთს სიტყვა არ დაგვიძრავს. ახლა მგონია, ეს მარტო ჩვენ ორს შეგვეძლო. ასე მდუმარედ ვმსხდარიყავით, მუსიკისთვის მთელი ჩვენი არსებით გვესმინა და ყველაფერი ერთად განგვეცადა.
დღეს, როდესაც მეკითხებიან, ანდრომ სიყვარული როგორ აგიხსნაო, სულ ბელინი მახსენდება. ჩვენი ურთიერთობის გარკვევა, ჩემთვის, სწორედ იმ მომენტში დაფიქსირდა.“
წყნეთი, 1987 წელი
ნინო და ანდრო პატარა სანდროსთან ერთად, 1987 წელი
ანდრომ ნინო თავის ფილმში „სიკეთის ტელეფონი“ მთავარ როლზე დაამტკიცა. გადაღებამდე ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე და ფილმზე მსჯელობდნენ. ნინომ თავისი გმირისთვის სახასიათო გრიმი მოიგონა. ზედა ქუთუთოებზე მეორე თვალები უნდა დაეხატათ, რომ გმირის ირეალური ბუნებისთვის ხაზი გაესვათ. ანდროს მოსწონს ნინოს იდეები.
ანდრო: „მასთან ერთად მუშაობა საინტერესოა. როცა აზრს ეკითხები, არასდროს გპასუხობს „არ ვიცი“. ყოველთვის იცის, რატომ ფიქრობს ასე და არა სხვაგვარად.“
მალე ქორწინდებიან. ფილმის გადაღებებზე ნინო უკვე ფეხმძიმედაა. აქ მათი ოჯახური თანაცხოვრების პირველი ხანა იწყება.
ნინო: „რვაწლიანი „განშორება“ აბსოლუტურად ლოგიკური იყო. რომანი მაშინვე რომ დაწყებულიყო, აუცილებლად მალე დასრულდებოდა. მაშინ ოჯახის შექმნისთვის მზად არცერთი არ ვიყავით. ეს რვა წელი ჩვენი პიროვნებების, ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ორივეს გვქონდა რომანები, იყო მსუბუქი ფლირტიც, დავქროდით და ვერთობოდით. აი, რვა წლის მერე, ოჯახის შექმნა სრულად გაცნობიერებული და გააზრებული მქონდა. შეყვარებული მანამდეც ვყოფილვარ, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ეს ურთიერთობა მაინცდამაინც პასპორტში ბეჭდით დასრულდებოდა. ამაზე არც მერე მიფიქრია, მაგრამ ანდროსთან ვხვდებოდი, რომ უკვე ოჯახი, შვილი მინდოდა. ჩემთვის ოჯახი სწორედ ესაა. ოჯახს ბავშვი ქმნის, ორი ადამიანის ურთიერთობას მესამე ამყარებს და ეს ყოველგვარი ქორწინების მოწმობაზე თუ ნებისმიერ სხვა რიტუალზე უფრო ძლიერი კავშირია.“
ძალიან მალე, ქვეყანაში სახელმწიფოებრივი კატაკლიზმების ხანა დაიწყო. მეოცე საუკუნის მიწურულს, ჭიაურელი-ბურდულების ოჯახშიც დაისადგურა მომავლის აუტანელმა შიშმა და უიმედობამ.
ანდრო: „ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ეს მძიმე სოციალური ფონი ჩვენს პირად ურთიერთობას არ შეხებია. მაშინ ყველაზე მაგრად ვიყავით ერთმანეთს ჩაჭიდებულები. ამაში გამოვიბრძმედეთ. ერთიანობამ გადაგვატანინა ის საშინელი პერიოდი.“
ნინო და ანდრო არ აღმოჩნდნენ იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებმაც ყველანაირ სიტუაციას ადვილად აუღეს ალღო. მათ სამუშაოდ ადამიანური ურთიერთობები და კომფორტული გარემო სჭირდებოდათ.
ნინო: „სულ ვფიქრობ, რა დამემართებოდა, ანდრო გვერდზე რომ არ მყოლოდა. ამ დროს, შორს, თავის სახლში, საკუთარ პრობლემებში ჩაძირული მეგობარი ვერაფერს გიშველის. შენ ეს ადამიანი იქვე, გვერდზე გჭირდება, ეს აუტანელი სიმძიმე შენთან რომ გაიყოს, შენთან ერთად რომ განიცადოს.“
ანდრო: „რეალურად კი ერთმანეთს ვერაფრით ვშველოდით. ერთად ყოფნით კარგად არცერთი არ გავმხდარვართ, მაგრამ ხშირად მითქვამს კიდეც, მაშინ ერთმანეთი რაღაცნაირად დავიჭირეთ-მეთქი. არ ვიცი, ამას შეიძლება, უბრალოდ, პატივისცემა ჰქვია. ხომ გესმის, რომ ის მეორე ადამიანიც ცუდად არის, რატომ უნდა დაუმატო მას შენი ტვირთი? პირიქით, ხომ უნდა გაათავისუფლო? მგონი ასეა.“
სანდრო წლინახევრის იყო, ნინო თეატრიდან ორი თვით გასტროლზე რომ წავიდა. მაშინ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში ორი საგასტროლო სპექტაკლი ჰქონდათ, „დონ ჟუანი“ და „ბაკულას ღორები“. ამ სპექტაკლებით ლამის მთელი მსოფლიო მოიარეს. იყვენენ ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, კუბაში, ვენესუელაში, არგენტინაში, ეკვადორში, ევროპის მრავალ ქვეყანაში, ამერიკაში.
თეტრალური სარდაფი, „ვარსკვლავები“, 1999 წელი
„ჩვენი პატარა ქალაქი“, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, 1983 წელი
წყნეთი, 1987 წელი
ნინო: „მაშინ ძალიან ბევრი ვიმოგზაურეთ. სულ მენანებოდა, ამ სილამაზეს მარტო რომ ვნახულობდი. ამ დროს ანდრო სახლში იყო და სანდროს უვლიდა. ძალიან მენატრებოდნენ.“
ნონოსთვის მოგზაურობა დამთრგუნველი რუტინული ყოფისგან თავის დაღწევის და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გამორკვევის საუკეთესო საშუალებაა. თანაცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, წყვილებისთვის მოგზაურობა აუცილებელიც არის. ამ დროს, ყურადღება მხოლოდ ერთმანეთზე კონცენტრირდება და, შესაბამისად, აქცენტებიც სწორად ნაწილდება. ეს ბევრ ქართულ ოჯახს დღესაც აკლია.
პირადი ურთიერთობის პარალელურად, ანდროს და ნინოს ერთობლივი შემოქმედებითი ცხოვრება მიდის, აქვთ ერთობლივი პროექტები. ორივე ერთ სფეროში ქმნის. „სიკეთის ტელეფონი“ პირველი ასეთი პროექტი იყო. მას მალე პირველ არხზე მხატვრულდოკუმენტური სერიული ფილმები „ჩვენი დრო“ და „აღმოსავლეთი-დასავლეთი“ მოჰყვა.
საბჭოთა კავშირის დრო იყო. ტელევიზიას ჰქონდა ფული და ცუდი პროექტები. ანდრო ცდილობდა, ამ ძალიან მშრალ და უინტერესო დოკუმენტური ფილმებისთვის მხატვრული ელფერი მიეცა და „თამაშის“ ელემეტები შემოეტანა.
ანდრო: „შედევრები, ცხადია, არ შეგვიქმნია, მაგრამ რაღაც გამოგვივიდა, არა უშავდა.“
მერე იყო საერთო სპექტაკლი. სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრში მონოსპექტაკლი რომ დადგეს. ბავშვს რომ დააძინებდნენ, ნინო მაგიდას მიუჯდებოდა და ლამპის შუქზე, გერლინდ რაინჰაგენის პიესის, „კლოუნესას“ თარგმნას შეუდგებოდა. ანდროც იქვე იჯდა და თავისთვის ფიქრობდა, სპექტაკლისთვის წარმოსახვაში სცენებს ათამაშებდა.
ნინო: „ეს ის დრო იყო, როდესაც ორივეს გვჭირდებოდა, რომ ჩვენი თავიდან რაღაც ძალით ამოგვექაჩა. ასეთ დროს ძალიან ადვილია ხელი ჩაიქნიო და, უბრალოდ, ცხოვრების მდორე დინებას გაჰყვე. გადარჩენისთვის, სულიერი სიმშვიდის და ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისთვის აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა იყო საჭირო. ასეც მოიქცნენ და „კლოუნესას“ მიხედვით „კაპრიჩიო“ დადგეს.“
1993 წელი იყო. ნინო მეორე შვილზე, ნიკოლოზე იყო ფეხმძიმედ. საშინელი სუსხიანი ზამთარი იდგა. აფხაზეთი დავკარგეთ. პურის ქარხნებთან ერთი კილო ცომის საყიდლად სიცივისგან გაფითრებული, ლოყებმოყინული ხალხი ოთხ, შვიდ, ან თორმეტსაათიან რიგში დგას. გააჩნია, იმ დღეს როგორ გაგიღიმებს ბედი. ქუჩებში ჯერ კიდევ გაბმულად ისმის სროლის ხმა.
სახლიდან ყველანაირ საქმეზე ერთად გადიოდნენ - მაღაზიაში, სამსახურში, მეგობართან. ანდროს პურის საყიდლადაც თან მიჰყვებოდა ხოლმე, ასე ერჩივნა.
ნინო: „უფრო მშვიდად ვიყავი, ანდრო გვერდზე რომ მყავდა. გახსოვთ, დიდი მიწისძვრა რომ იყო? მაშინ სანდრო ჩვენს გვერდით სადარბაზოში დადიოდა ბაღში. ახლაც მახსოვს ის პანიკური შიში. თავქუდმოგლეჯილები გავრბოდით, რომ არ დაგვეგვიანა. სანდრო ასე, გულზე ავიხუტეთ და სამივე ერთმანეთზე ჩაჭიდებულები დავბრუნდით უკან. მაშინ ეს ერთიანობის განცდა ძალიან ძლიერი იყო.“
ქუჩაშიც ერთად დადიოდნენ. სანდრო შუაში მოდიოდა, ორივესთვის ხელები ჩაეკიდა და რიგ-რიგობით ხელებზე კოცნიდა, ხან ნინოს, ხან - ანდროს. უყვარდა ასე სიარული.
„ყავა და ლუდის“ გადაღებაზე, 2003 წელი
ანდრო: „ახლა აღარ გვკოცნის.“
ნინო: „შენ არა, მაგრამ მე ხანდახან დამდებს ხოლმე პატივს.“
ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში სანდრო ფილოსოფიისა და სოციოლოგიური მეცნიერების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ჩვენი სტუმრობის დროს, ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში, პოლონეთს სტუმრობდა. ნინო ამბობს, სანდრო ძალიან აქტიური, კომუნიკაბელური და უაღრესად ინტერესიანი ადამიანია, ხასიათით მე მგავსო. ისე, რომ შეხედავ, მამას გაჭრილი ვაშლივით გავს, ოღონდ ჯერ არც ჭაღარა შერევია და წვერსაც არ ატარებს.
სულ ახლახანს, ნინომ რეჟისორის პროფესიაშიც მოსინჯა თავი და კინომსახიობთა თეატრში ჩეხოვის და აკუნინის ერთი და იმავე სახელწოდების მქონე პიესების, „თოლიას“ მიხედვით სპექტაკლი „ვთამაშობთ თოლიას“ დადგა. მზადების პერიოდი ასეთი იყო: დილით ადრე, უმცროს ნიკოლოსთან ერთად, საუზმე და მერე თეატრი, გვიან ღამემდე რეპეტიციები, ათასი გადათამაშებული სცენა. სახლში ღამით ბრუნდებოდა, როცა ნიკოლოს უკვე ღრმად ეძინა. აი, ვის ენატრება სულ დედა.
2 დეკემბრის პრემიერის მერე, სკოლიდან დაბრუნებულს კარს ნინო რომ უღებს, უხარია. მაგრად ეხუტება და დიდხანს, დიდხანს კოცნის.
ბავშვების მერე, ოჯახში დამოკიდებულებები თავისთავად შეიცვალა. მთელი ყურადღება შვილებზე კონცენტრირდა. გაჩნდა საერთო საზრუნავი და ერთი მიზანი - შვილების ბედნიერი მომავალი.
ნინო: „უფრო გავძლიერდით. საერთოდ ასეა - ადამიანები გაცილებით კეთილშობილები, მიმტევებლები ხდებიან, როდესაც ზრუნვის ობიექტები თვითონ არ არიან. შვილების სახით, ჩვენ ორი მეგობარი შემოგვემატა. სანდრო და ნიკოლო ნამდვილად არიან ჩვენი მეგობრებიც. ჩვენს ცხოვრებაში შვილები ცენტრალური ფიგურები გახდნენ. ამას მეც და ანდროც ერთნაირად ვაცნობიერებთ და პასუხისმგებლობასაც თანაბრად ვინაწილებთ. არა, ანდრო?“
ანდრო: „ჰო, მგონი ყველგან ასეა.
(თუმცა, ყველგან როგორაა, ეს ღმერთმა უწყის.)“
თუ ცხოვრების წესს ყოველდღიურობასთან გავაიგივებთ და ერთი ჩვეულებრივი დღის ჭრილში განვიხილავთ, მაშინ გეტყვით, რომ მათ ასეთ ცხოვრების წესი არ აქვთ. დღე კი ყველანაირი შეიძლება იყოს - სახლში, რუტინულ საქმეში თავჩარგული, კომპიუტერის ეკრანთან გატარებული საათები, წიგნები, ბავშვები, კინო; ან ოცდაოთხი საათი გარეთ - თეატრი და გადასაღები მოედანი, არქივი და მასალის მოსაძიებლად გამართული უსასრულო შეხვედრები.
ხასიათით, გნებავთ ცხოვრების წესით, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.
ნინო: „ანდრო მშვიდი ადამიანია, არ არის საზოგადოებრივად აქტიური. უფრო მჭვრეტელის, ფილოსოფოსის ტიპის კაცია. მე კი პირიქით, ძალიან აქტიური ვარ. დიდხანს ერთ ადგილას ვერასდროს ვჩერდები. სულ მოძრაობაში ვარ.“
ანდრო: „ნინოსთან ურთიერთობა არ არის ადვილი. ძალიან ჯიუტი და რთული ადამიანია - ამ სიტყვის კარგი გაგებით. ერთი მხრივ საინტერესოა, როდესაც ყველაფერზე თავისი გამოკვეთილი აზრი და პოზიცია აქვს. ეს ნიშნავს, რომ აზროვნებს და უკვე კარგია. მუშაობის დროს, ეს საჭიროცაა. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ეს შემოქმედებას არ ეხება და ყოფაში გადადის, შენთან კონფლიქტში მოდის და ხანდახან გაღიზიანებას იწვევს. ნინო არაქართულ ყოფას, მაგალითად, გერმანული ტიპის ცხოვრებას ადვილად შეეგუებოდა. არანორმალურად მოწესრიგებულია, მე ასეთი მოწესრიგებული არ ვარ. ისევ ყოფას ვუბრუნდებით, მთავარი კი საერთო გზა, ერთი მიზნისკენ სწრაფვაა.“
ნინო: „ყოფაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არაპირველხარისხოვანი. ამას ხანდახან ვივიწყებთ ხოლმე და ეს ცუდია.“
ერთხელ, კლუბ „სარდაფში“ სტუმრობისას, ერთი საინტერესო იდეა გაუჩნდათ - კლუბის სივრცე ცოცხალი, თეატრალური დადგმებისთვის გამოეყენებინათ. დადგმებს პირობითად ასე ერქვა - „სიყვარულის ამბავი შექსპირიდან“. მთავარი როლის შემსრულებლები ნინო ბურდული და კაბუ, რეჟისორი და ოპერატორი ანდრო ჭიაურელი გახლდათ.
რამდენიმე სალონური ტიპის საღამო გაიმართა, მაყურებელიც წყალობდათ. მაგრამ მალე კლუბი ჯერ კაფედ, მერე კაზინოდ გადაკეთდა, საბოლოოდ კი გაიყიდა. მოკლედ, დადგმებიც შეწყდა. მერე ანდრომ აკაკი ბაქრაძის პიესის მიხედვით დოკუმენტურმხატვრული ფილმი „საუბარი ნინო ჭავჭავაძესთან“ გადაიღო. ფილმში ორი პერსონაჟი ქალია და ორივეს როლს ნინო ასრულებს. ნინოც და ანდროც ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც რეჟისორები ფილმებში საკუთარ ცოლებს და შვილებს მხოლოდ იმ ნიშნით იღებენ, რომ ისინი მათი ოჯახის წევრები არიან. საქმეში ერთმანეთს მხოლოდ პროფესიული ნიშნით აფასებენ და თანამშრომლობაც, შესაბამისად, წმინდა პროფესიულიაო, ამბობენ.
ნინო: „მუშაობის დროს, ანდრო მხოლოდ ჩემი რეჟისორია. მე რეჟისორისგან სწორი მითითება მჭირდება, რეჟისორს კი უნდა, რომ ის მითითება ზუსტად, ან ვარიაციულად შევასრულო. ხშირად ვკამათობთ, საკმაოდ ცხარედაც, მაგრამ საბოლოოდ საერთო აზრამდე მაინც მივდივართ. ასე არ არის, ანდრო? ხომ წესიერად ვიქცევი ხოლმე?“
ანდრო: „კი, ნამდვილად ასეა. ნინო ძალიან მაგარი პროფესიონალია.“
ბოლო ერთობლივი პროექტი მეცხრე არხზე ჰქონდათ. ნინოს თოქ-შოუს ტიპის გადაცემა, სახელად „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ მიჰყავდა, ანდრო რეჟისორი იყო. სანამ მეცხრე არხი დაიხურებოდა, რამდენიმე გადაცემის ეთერში გაშვება მოასწრეს. მას მერე ერთად აღარ უმუშავიათ. ასეა, იდეები გაცილებით მეტია, ვიდრე რეალიზებული პროექტები.
თანაცხოვრების ამ ოცმა წელმა ბევრი რამ ჩაიტია. შესაბამისად, გასახსენებელიც ბევრი დაგროვდა. თუმცა, ყველაზე პირადულს საიდუმლოდ ინახავენ და ვინ იცის, იქნებ შვილიშვილებს განვლილ ცხოვრებაზე ლამაზად შეფერილი, ზღაპრულად თბილი და მართალი ამბები მოუყვნენ.
ურთიერთობას წარსულით აფასებენ, ცოტა ფილოსოფიურადაც უდგებიან. ამაზე ბევრს ფიქრობენ და იმიტომ.
ნინო: „ადამიანებს რატომღაც აშინებთ ფაქტი, რომ წყვილებს შორის დამოკიდებულება დროში იცვლება. სინამდვილეში, ეს სრულიად კანონზომიერად ხდება. ურთიერთობა იცვლება ისე, როგორც თავად ეს ადამიანები იცვლებიან. ნამდვილი ინფანტილიზმია - ოცი წლის მერე იცხოვრო ილუზიით, თითქოს შენს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა.“
მათი ურთიერთობა არასდროს ყოფილა მხოლოდ ემოციაზე დამყარებული. მთლიანად გააზრებული და გაანალიზებული ჰქონდათ, რა და რატომ უნდოდათ ასე და არა სხვაგვარად. „შეყვარებულობა“ პირველი ძალიან ხანმოკლე პერიოდი იყო. ის პირველი, ფერადი ემოცია მალე ჩაქრა და დროთა განმავლობაში, ამ განცდას სხვადასხვა შრე დაემატა. სიყვარული, ერთად ყოფნის სურვილი უფრო ძლიერი გახდა, როცა მას პიროვნული პატივისცემა - როგორც მამის, პარტნიორის პატივისცემა დაერთო თან.
ნინო: „ყოფილა პერიოდები, როდესაც ჩვენი ურთიერთობა სულ არ ყოფილა შეყვარებული ადამიანების „თანაცხოვრების ბედნიერი ხანა“. იყო კონფლიქტიც, გაღიზიანებაც და შერიგებაც. იდეალური შტილიც იყო და იყო შტორმიც. ასეთი გაღიზიანება მხოლოდ ყოფითი კონფლიქტით იყო გამოწვეული და ურთიერთობის დანგრევის მიზეზი არასდროს გამხდარა. არასდროს გვქონია სკანდალები და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთმანეთს არ დავლაპარაკებოდით.“
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, კონფლიქტის დროს ერთად სხდებიან და მსჯელობენ. არ არის აუცილებელი, ერთმანეთს ყველაფერში დაეთანხმონ. პრინციპი მარტივია: უბრალოდ, ყველაფერი უნდა ითქვას.
არადა, ჩვენს რეალობაში ეს ხშირად მხოლოდ ემოციურ დონეზე ხდება და დიდ აფეთქებას გავს. პრობლემა კი ინტელექტუალური ხასიათისაა და შესაბამის გადაწყვეტას მოითხოვს.
ნინო: „ჩვენი კონფლიქტი ბავშვებისთვისაც არასდროს დაგვიმალავს. ეს ყველას საერთო პრობლემა გამხდარა. ისინიც ხომ ოჯახის ისეთივე სრულუფლებიანი წევრები არიან, როგორც ჩვენ და ყველა ერთად, ერთი მთლიანობა ვართ. როდესაც პრობლემა გვაქვს, ყველამ უნდა იცოდეს. მგონია, რომ ასე უფრო სწორი და სამართლიანია.
დღეს რომ ვფიქრობ, ასე მგონია, რომ ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობთ. გვყავს კარგი შვილები. ორივეს საინტერესო პროფესია გვაქვს.“
როდესაც ანდროს და სანდროს ერთად ვუყურებ (ერთმანეთს საოცრად გვანან), რაღაცნაირად ვხვდები, ვგრძნობ იმ უზენაეს ჭეშმარიტებას, რის გამოც კითხვები მიჩნდება - რისთვის ვართ აქ, რა არის ჩვენი მისია? კი ვერ ვხვდები, მაგრამ რაღაცნაირად ვიჭერ, რა შეიძლება იყოს ეს ცხოვრების უწყვეტობაში და ერთიანობაში, სადაც სიკვდილი არა დასასრული, არამედ ჯაჭვის ერთი რგოლია და „ყოფნა-არყოფნაც“ ერთი პროცესის ორი შემადგენელი ნაწილია. არ ვიცი, ალბათ ამის გაგებაა ბედნიერება. თუმცა, ბედნიერება ცოტა სევდიანია, არა?
![]() |
12.4 ბობ დილანი ქრონიკები |
▲ზევით დაბრუნება |
ამ ადამიანის გაჩერება შეუძლებელია. ამას ბევრი ცდილობდა, მათ შორის თვითონაც. სხვებმა ეს ვერ მოახერხეს. დღეს უკვე შეძლებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად გაანადგურებენ მას. თვითონ კი, როდესაც გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს, უკვე ორმოცდაათს მიტანებული, ლოკარნოში ტურნეს დროს მიხვდა, რომ ჯერ კიდევ არაფერი გაუკეთებია, ყველაფერი თავიდან დაიწყო. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ის ე.წ. „დაუსრულებელ ტურნეში“ წავიდა, რომელიც დღემდე გრძელდება. ამ ტურნეს ფარგლებში, რამდენჯერმე მოიარა ყველა კონტინენტი. „ლაივის“ დროს, ის ზოგჯერ საოცრებებს სჩადის, ზოგჯერ კი დარბაზში რამდენიმე ასეული ადამიანი რჩება, ისიც იმის გამო, რომ ის ბობ დილანია. ის ნებისმიერ პრეზიდენტზე, მონარქზე, კოსმონავტზე თუ „სელებრითიზე“ უფრო ცნობილია. მის სიმღერებზე იზრდებოდნენ თაობები; მის შემოქმედებაზე იწერებოდა და იწერება დისერტაციები და სქელტანიანი სამეცნიერო ნაშრომები, რომ არაფერი ვთქვათ ბიოგრაფიებზე. მისი სიმღერები ნამღერი აქვს ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილ მუსიკოსს, მას უსმენდნენ თეთრ სახლში და ვატიკანში. ის წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე და ეჭვი მაქვს, რომ ამ პრემიას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიიღებს... და რაც მთავარია, ის დღესაც ისეთივე რელევანტურია, როგორც მეოცე საუკუნის სამოციან და სამოცდაათიან წლებში. „Listen, God, look closely after him. He's more fragile than most people“ (შეისმინე, ღმერთო, მიხედე მას, ის დანარჩენებზე უფრო ადვილად მსხვრევადია) მღეროდა მასზე ჯოან ბაეზი და როგორც ჩანს, ეს თხოვნა შეისმინეს. თავისი კარიერის მანძილზე, მან გაბედა ყველაფერი, რისი გაბედვაც ადამიანს და მუსიკოსს შეუძლია, იმის ჩათვლით, რომ თბილისში სტუმრად ყოფნისას, ფეხზე არ წამოდგა, როდესაც მის სადღეგრძელოს სვამდნენ, თუმცა ეს ცალკე ისტორიაა. წელს მან ახალი ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით Modern Times. 2004 წელს კი, როგორც იქნა, გამოაქვეყნა თავისი პირველი ავტობიოგრაფიული წიგნი Chronicles (Simon&Schuster). ის, ვინც მას იცნობს, ამტკიცებს, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც წიგნში აღწერა; ის ამბობს, რომ მისი ცხოვრების შესახებ არაფერი გაეგებათ. დანარჩენი თვითონ განსაჯეთ. წინამდებარე ნაწყვეტი Chronicles-იდან მოიცავს 1968-1970 წლებს, როდესაც დილანის პოპულარობამ მწვერვალს მიაღწია და ის და მისი ოჯახის წევრები ლამის პირად კატასტროფამდე მიიყვანა.
კახა თოლორდავა
...1968 წელს, „ბითლზი“ ინდოეთში იყო. ამერიკა მასობრივი არეულობის საბურველში გაეხვია. სტუდენტები ქუჩებში ამტვრევდნენ მანქანებს, ამსხვრევდნენ ფანჯრებს. დაუსრულებელ ომს ვიეტნამში ღრმა დეპრესიაში შეყავდა ქვეყანა. ცეცხლმოდებულ ქალაქებში ძალადობა სუფევდა. ჩაფხუტიანი პროფკავშირელები ბეისბოლის ჯოხებით ცემდნენ ახალგაზრდებს. ლიტერატურული პერსონაჟი, ვინმე დონ ხუანი (კარლოს კასტანედას წიგნების მთავარი გმირი - კ.თ), საიდუმლოებით მოცული შამანი მექსიკიდან, ახალ მოდურ სიგიჟედ იქცა. ის მაჩეტესავით აქნევდა ახალი რეალობისთვის გაღვიძებულ სასიცოცხლო ენერგიას. წიგნები მის შესახებ მაღაზიების თაროებიდან თვალისდახამხამებაში ქრებოდა. ექსპერიმენტები LSD-ზე მასიურ ფენომენად იქცა; ითვლებოდა, რომ ჰალუცინოგენები სამყაროს სწორი აღქმის საშუალებას აძლევდნენ ადამიანებს. ყველაფერი ეს ცვლიდა საზოგადოებას და აჩქარებდა მოვლენებს. სტუდენტები ცდილობდნენ თავიანთი კონტროლის ქვეშ მოექციათ ეროვნული უნივერსიტეტები; აქტივისტები, რომლებიც ვიეტნამში ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. მაოისტები, მარქსისტები, კასტროიანელები და მემარცხენე ახალგაზრდობა, რომელიც ჩე გევარას წიგნებით ხელმძღვანელობდნენ, ეკონომიკის შერყევას ცდილობდნენ. ჯექ ქერუაქი აქტუალური აღარ იყო და პრესა ცდილობდა, ისედაც არეულ-დარეული სიტუაცია საყოველთაო ისტერიად ექცია. საკმარისი იყო ახალი ამბებისთვის მოგესმინათ, რომ გეფიქრათ, ამბოხის ქარცეცხლი მთელ ქვეყანას მოედოო; ისე ჩანდა, თითქოს ყოველდღე, ამერიკის სხვადასხვა ქალაქში ახალ-ახალი არეულობა იწყებოდა. ყველაფერს მოსალოდნელი საფრთხის და ცვლილების იერი დაკრავდა. ამერიკული ჯუნგლები სუფთავდებოდა და თუ ადრე ყველაფერი ტრადიციულ შავ-თეთრად აღიქმებოდა, მოვლენები ახლა უკვე ნათელი ფერებით ფერადდებოდა.
მე მოტოციკლეტის ავარიაში მოვყევი, სერიოზულად დავშავდი, მაგრამ გამოვმჯობინდი. მართალი რომ ვთქვა, ვირთხების ამ დოღიდან მინდოდა გამოსვლა. ბავშვების ყოლამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, დამაცილა ყველას და ყველაფერს, რაც გარშემო ხდებოდა. ოჯახის გარდა, სერიოზულად არაფერი მაინტერესებდა და ამიტომაც, ყველაფერს სხვანაირად ვხედავდი. თვით ყველაზე საშინელ ახალ ამბებსაც კი, ისეთს, როგორიცაა ძმები კენედების, ლუთერ კინგის და მალქოლმ X-ის მკვლელობები, აღვიქვამდი არა როგორც ლიდერების მკვლელობებს, არამედ როგორც მამების სიკვდილს, ვისი ოჯახებიც დაზარალდნენ. ამერიკაში, თავისუფლების და დამოუკიდებლობის ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილი, ყოველთვის ვაფასებდი თანასწორობის და თავისუფლების იდეალებს და ღირებულებებს. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ამ იდეალებზე გამეზარდა ჩემი შვილებიც.
რამდენიმე წლის წინ, Newport-ის ფოლკ-ფესტივალზე რონი გილბერტმა ჯგუფ The Weavers-იდან იქ შეკრებილ მსმენელს ასე წარმადგინა: „აი ისიც, აჰა, აიღეთ, თქვენ მას იცნობთ, ის თქვენია“. მაშინ ამ წარდგენაში ავისმომასწავებელი ნიშნები გამომეპარა. არავის მოსვლია თავში ელვისის ასე წარდგენა. „აჰა, აიღეთ, ის თქვენია!“. რა სიგიჟეა ამის თქმა! რამდენადაც ჩემთვის იყო ცნობილი, არავის ვეკუთვნოდი არც მაშინ და არც ახლა. მყავდა ცოლი და შვილები, რომლებიც ამ ქვეყანაზე ყველაზე უფრო მიყვარდა. ვცდილობდი მიმეხედა და საფრთხისგან დამეცვა ისინი, მაგრამ ყვითელი პრესა ჯიუტად აგრძელებდა ჩემს, როგორც თაობის მესაყვირის, უფრო მეტიც - თაობის სინდისის წარდგენას. სასაცილო იყო. ერთადერთი, იმას ვაკეთებდი, რომ გულახდილ სიმღერებს ვმღეროდი, ახალი რეალობებით დამუხტულს. ძალიან ცოტა მქონდა საერთო და კიდევ უფრო ცოტა ვიცოდი იმ თაობაზე, რომლის მესაყვირეც თითქოსდა მე ვიყავი. სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ჩამოვედი ჩემი მშობლიური ქალაქიდან და არავის მოსაზრებებს არ გამოვთქვამდი. ჩემი ბედი ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ ჩემსავე გასავლელ გზაზე იდო და არავითარი საერთო არ ქონდა ვინმეს მოსაზრებების გახმოვანებასთან. ყოფილიყავი მართალი საკუთარ თავთან - აი, რა იყო მნიშვნელოვანი. მე უფრო კოვბოი ვიყავი, ვიდრე ვირთხების მესტვირე.
ადამიანებს გონიათ, რომ პოპულარობა და სიმდიდრე ძალაუფლების საწინდარია და რომ მას სიდიადე, ღირსება და ბედნიერება მოაქვს. შესაძლებელია ასეცაა, მაგრამ ზოგჯერ სხვანაირადაც ხდება. ქალაქ ვუდსთოქში გამომწყვდეული, დაუცველი აღმოვჩნდი, თან მხრებზე ოჯახური ტვირთიც მაწვა. გაზეთებში რომ ჩაგეხედათ, ყველაფერი ვიყავი, მეოჯახე კაცის გარდა... როგორც ჩანს, მსოფლიოს ყოველთვის ესაჭიროება განტევების ვაცი, ვიღაც, ვინც რომის იმპერიის წინააღმდეგ გაილაშქრებს. ამერიკა კი არ იყო რომის იმპერია და ამიტომაც, მოხალისეს როლი ვინმე სხვას უნდა ეკისრა. არასდროს ვყოფილვარ იმაზე მეტი, ვიდრე ვიყავი, - აცრემლებული თვალებით, ნაცრისფერ ბინდბუნდს ჩაშტერებული ფოლკ-მუსიკოსი, რომელიც ნათელ ბურუსში მოფარფატე სიმღერებს წერდა. ახლა კი ეს ყველაფერი თითქოს თვალწინ ამიფეთქდა და ჩემს წინააღმდეგ შემოტრიალდა. სასწაულმოქმედი მოძღვარი არ ვყოფილვარ. ამ სიტუაციაში ნებისმიერი შეიშლებოდა ჭკუიდან.
სულ რამდენიმე წლით ადრე, ვუდსთოქმა კარგი სტუმართმოყვარეობა გაგვიწია. ეს პატარა ქალაქი იქ გადაბარგებამდე დიდი ხნით ადრე აღმოვაჩინე. ერთხელ, ღამით, კონცერტის შემდეგ, სირაკუზიდან მანქანით რომ ვბრუნდებოდი, ჩემს მენეჯერს მოვუყევი ამ ქალაქის შესახებ. გზად ეს ქალაქი უნდა გაგვევლო. მან მითხრა, რომ ეძებდა შესაფერ ადგილს, სადაც სააგარაკო სახლს იყიდდა. ქალაქში რომ შევედით, ერთ სახლს მოკრა თვალი, რომელიც მოეწონა და იქვე, იმავე დღეს იყიდა. მე ოდნავ მოგვიანებით შევიძინე სახლი ვუდსთოქში და დაუპატიჟებელმა სტუმრებმა, დღის ნებისმიერ დროს, სწორედ ამ სახლში დაიწყეს კარის შემომტვრევა. მთელი ეს სიგიჟე თითქმის ჩვენი იქ გადასვლისთანვე დაიწყო და ბოლომდე არ მოგვცა ამოსუნთქვის საშუალება. ადრე ეს სახლი ჩუმი და მყუდრო თავშესაფარი იყო ჩვენთვის, მაგრამ ახლა უკვე აღარ. რუკები, სადაც ჩვენი სახლის ადგილმდებარეობა იყო დატანილი, როგორც ჩანს, ქვეყნის ორმოცდაათივე შტატში დააგზავნეს ყველა ჯურის ნარკომანის და მაწანწალას გულის გასახარად. უსაქმური მიმომხილველები კალიფორნიიდანაც კი ჩამოდიოდნენ. კრიმინალები დღე-ღამის ნებისმიერ დროს ცდილობდნენ სახლში შემოჭრას. დასაწყისში ეს ადამიანები, ძირითადად, საკმაოდ უვნებლები, უსახლკარო მოხეტიალეები იყვნენ, მაგრამ მერე მათ ყოველგვარ პასუხისმგებლობის შეგრძნებას მოკლებული რადიკალები მოყვნენ, რომლებიც ვუდსთოქში პროტესტის პრინცის სანახავად ჩამოდიოდნენ, - ქიმერასავით ქალები, საფრთხობელები და „ფართინგის“ მოყვარული უქნარები. ჩემმა მეგობარმა, ფოლკმომღერალმა ფითერ ლაფარჟმა, „ქოლთის“ ორი პისტოლეტი მაჩუქა, მე კი ჩემი საკუთარი „ვინჩესთერი“ მქონდა, მაგრამ იმაზე ფიქრიც კი მაშინებდა, თუ რა შეიძლება მოყოლოდა მათ გამოყენებას. ვუდსთოქის პოლიციის უფროსმა (ქალაქს სულ სამი პოლიციელი ემსახურებოდა) მითხრა, რომ ვინმეს შემთხვევითი დაზარალების შემთხვევაში, თუნდაც გამაფრთხილებელი გასროლის შედეგად, პასუხისმგებლობა მე დამეკისრებოდა. მეტიც, მანიაკებს, რომლებიც ჩვენი სახლის სახურავზე ფეხების ბრახუნით დარბოდნენ, შეეძლოთ სასამართლოში ეჩივლათ ჩემთვის, თუ რომელიმე მათგანი სახურავიდან ჩამოვარდებოდა. ყველაფერ ამას მდგომარეობიდან შეეძლო გამოეყვანა ადამიანი. მინდოდა ცეცხლს მიმეცა ეს ხალხი. ეს მოძალადეები, ჯაშუშები, მანიაკები და დემაგოგები ჩემს ოჯახურ სიმყუდროვეს ამღვრევდნენ და სრულიად მაგიჟებდა ის ფაქტი, რომ ყველაფერ ამასთან ერთად, არ უნდა გამებრაზებინა ისინი, იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ ჩემთვის ეჩივლათ... ყველაფერი ისე არ ხდებოდა, როგორც უნდა ყოფილიყო; სამყარო აბსურდული იყო და ის ჩემს კუთხეში მომწყვდევას ლამობდა. ასეთ სიტუაციაში, უახლოეს და უსაყვარლეს ადამიანებსაც კი არ შეეძლოთ დახმარება.
ერთხელ, ზაფხულში, ამ გაგანია სიგიჟის პერიოდში, რობი რობერთსონთან ერთად, რომელიც მოგვიანებით The Band-ის გიტარისტი გახდა, სადღაც მანქანით მივდიოდი. ამ დროისთვის უკვე ვგრძნობდი, რომ თავისუფლად შემეძლო მზის სისტემის ნებისმიერ სხვა კუთხეში მეცხოვრა. მან მითხრა: “როგორ ფიქრობ, საითკენ მიგყავს ეს ყველაფერი“?
ვუთხარი: „რა ყველაფერი?“
„მთელი ეს მუსიკალური მიმდინარეობა.“ მთელი ეს მუსიკალური მიმდინარეობა! ფანჯრის შუშა ოდნავ იყო ჩამოწეული. მე ის ბოლომდე ჩამოვწიე, ქარს სახე მივუშვირე და დაველოდე, სანამ მისი სიტყვები ჩაკვდებოდა - ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობოდა. დედამიწის არცერთი კუთხე საკმარისად შორი არ იყო მათგან თავის დასაღწევად. არ ვიცი, რაზე ოცნებობდნენ დანარჩენები, მაგრამ მე ცხრიდან ხუთამდე სამუშაო ადგილზე, გამწვანებულ რაიონში თეთრი ღობით გარშემოვლებულ სახლზე და უკანა ეზოში ვარდებზე ვოცნებობდი. ეს მართლაც რომ კარგი იქნებოდა და ეს ჩემი სანუკვარი ოცნება იყო. გარკვეული დროის შემდეგ, ხვდები, რომ პრივატულობა ისაა, რისი გაყიდვაც შეგიძლია, მაგრამ რასაც უკან ვეღარ იყიდი. ვუდსთოქი კოშმარად, ქაოსის ადგილად იქცა. მოვიდა დრო, რომ გუდა-ნაბადი აგვეყარა იქედან და თბილი ადგილი სხვაგან გვეძებნა. ასეც მოვიქეცით და იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან მოვახერხებდი ჩემზე არსებული წარმოდგენის დამსხვრევას, ჩვენ ნიუ იორკში გადავსახლდით. იქაც იგივე ხდებოდა, თუ უარესი არა. დემონსტრანტებმა გაიგეს ჩვენი ადგილსამყოფელის შესახებ და ჩვენი სახლის წინ სიმღერით და ყვირილით მარშირება დაიწყეს, - ისინი ჩემგან მოითხოვდნენ, მათთან გავსულიყავი და გაურკვეველი მიმართულებით მსვლელობას სათავეში ჩავდგომოდი. ისინი მოითხოვდნენ, რომ როგორც თაობის სინდისს, პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ამეღო. ერთხელ, პოლიტიკურმა აქტივისტებმა ალყაში მოაქციეს სახლი და მთელი დღის განმავლობაში ყვიროდნენ და ღრიალებდნენ. მეზობლებს ვეჯავრებოდით. მათთვის საკარნავალო ექსპონატი ვიყავი. ყოველთვის, როცა მხედავდნენ, დაჟინებით მათვალიერებდნენ ხოლმე, თითქოს ლილიპუტი ან ჯუნგლების უზარმაზარი ვირთხა ვყოფილიყავი. თავს ვიკატუნებდი, თითქოს ფეხებზე მეკიდა ყველაფერი.
შემდეგ დასავლეთში გადასვლა ვცადეთ, - ვნახეთ კიდეც რამდენიმე ადგილი, მაგრამ რეპორტიორები თითქოს ყნოსვაყნოსვით მოყვებოდნენ ჩვენს ნაკვალევს იმ იმედით, რომ ან რაღაც საიდუმლოს შეიტყობდნენ ჩემზე ან მე თვითონ გამოვუტყდებოდი მათ საშინელ ცოდვაში. ჩვენი მისამართი, როგორც წესი, ადგილობრივ პრესაში ქვეყნდებოდა და ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა. დავუშვათ და მიმეცა მათთვის სახლში შემოსვლის უფლება, რას ნახავდნენ ისინი იქ? სათამაშოების გროვას, მისაწოლ თუ დასაქოქ სათამაშოებს, საბავშვო ჭოჭინებს და სკამებს, უზარმაზარ მუყაოს ყუთებს, სათამაშო ბარაბნებს, კონსტრუქტორებს და საბავშვო თავსატეხებს... თუმცა მე არავის სახლში შემოშვებას არ ვაპირებდი. რაც შეეხება წესრიგს სახლში, ჩვენ ბევრი წესი არ გვქონდა. თუ ბავშვებს სამზარეულოში კალათბურთის თამაში უნდოდათ, ისინი თამაშობდნენ კალათბურთს სამზარეულოში. თუ მათ ტაფებით და ქვაბებით უნდოდათ გართობა, ჩვენ იატაკზევე ვუყრიდით მათ ტაფებს და ქვაბებს. ჩემი სახლი ისეთივე ქაოტური იყო შიგნით, როგორც გარეთ.
ჯოან ბაეზმა საკმაოდ პოპულარული საპროტესტო სიმღერა დაწერა ჩემზე. ამ სიმღერით ის თითქოსდა მიწვევდა, გარეთ გავსულიყავი და მასებს ჩავდგომოდი სათავეში, მათი ინტერესების დამცველი გავმხდარიყავი, სათავეში ჩავდგომოდი ჯვაროსნულ ლაშქრობას. ეს სიმღერა წვევამდელთათვის განკუთვნილ ჯარში გასაწვევ განცხადებასავით მომმართავდა რადიოდან. პრესა თავს არ მანებებდა. იშვიათად იძულებული ვხდებოდი, მართლაც გავსულიყავი გარეთ და ინტერვიუ მიმეცა მათთვის; ესეც იმიტომ, რომ კარი არ შემოენგრიათ. წესისამებრ, შეკითხვები ასე იწყებოდა: „შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება?“ „რა თქმა უნდა. და რა ხდება?“ ისინი შეკითხვებს მაყრიდნენ, მე კი მათ წამდაუწუმ ვუმეორებდი, რომ რაიმეს ან ვინმეს მესაყვირე კი არა, უბრალოდ, მუსიკოსი ვიყავი. ამ დროს, ისინი ისე დაჟინებით მიყურებდნენ თვალებში, თითქოს ჩემს გამოხედვაში ალკოჰოლის ან ამფეტამინების კვალს ეძებდნენ. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რაზე ფიქრობდნენ ისინი. მოგვიანებით ქვეყნდებოდა სტატია შემდეგი სათაურით: „თაობის მესაყვირე უარს ამბობს იმაზე, რომ ის თაობის მესაყვირეა“. ყოველივე ამის გამო, თავს იმ ხორცივით ვგრძნობდი, რომელიც ძაღლებს გადაუგდეს საჯიჯგნად. New York Times-მა ჩემი სიმღერების აბსოლუტურად მცდარი ინტერპრეტაცია თავის ფურცლებზე დაბეჭდა. Esquire-მა თავისი ჟურნალის ყდაზე ოთხსახოვანი მონსტრი მოათავსა, რომელიც ჩემი, ჯონ ქენედის, მალქოლმ X-ის და ფიდელ კასტროს ჰიბრიდი იყო. ნეტავი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? ასე მეგონა, თითქოს სამყაროს კიდეზე, უფსკრულის პირას ვიდექი. არც კი ვიცი, შეეძლო თუ არა ვინმეს რაიმე აზრიანი დასკვნის გამოტანა ან რჩევის მოცემა. ჩემმა მეუღლემ, ცოლად რომ მომყვებოდა, არც კი იცოდა, რაში ყოფდა თავს; ისევე, როგორც მე. და აი, ახლა ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
თანახმა ვარ, ჩემი სიმღერის ტექსტებმა ისე შეარხიეს მსმენალთა ნერვები, როგორც ეს ადრე არავის გაუკეთებია, მაგრამ თუ ჩემს სიმღერებში მხოლოდ ტექსტი იყო მნიშვნელოვანი, მაშინ რატომ იწერდა დიდი გიტარისტი დუეინ ედი ჩემი სიმღერების ინსტრუმენტული ვერსიებით შემდგარ ალბომს? მუსიკოსებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ ჩემი სიმღერები იმაზე მეტი იყო, ვიდრე სიტყვები, მაგრამ უმრავლესობა მუსიკოსი არაა. მე სხვა ტალღაზე უნდა გადამეწყო ჩემი ცნობიერება და მომხდარის გარეშე ძალებისთვის გადაბრალება შემეწყვიტა. თავიდან უნდა მესწავლა რაღაც-რაღაცეები და ზედმეტი ბარგისგან გავთავისუფლებულიყავი. უბრალოდ, განმარტოებისთვის და სიტუაციის აწონ-დაწონისთვის საკმარისი დრო არ მქონდა. რაც არ უნდა ყოფილიყო ეს კონტრკულტურა, ის უკვე ყელში მქონდა ამოსული. ჩემი სიმღერების ცალმხრივად და დამახინჯებულად ინტერპრეტაციის მცდელობებმა დამღალა; ისინი პოლემიკის საგნად აქცევდნენ მათ. დამღალა იმან, რომ წამდაუწუმ ამბოხის დიდ მეუფედ, პროტესტის ქურუმად, განხეთქილების ხელმწიფედ, დაუმორჩილებლობის ჰერცოგად, მაწანწალების ლიდერად, აპოსტაზის კაიზერად, ანარქიის არქიმანდრიტად, გავლენიან ტიპად მასახელებდნენ. რა ჯანდაბას ნიშნავს ეს ყველაფერი? საშინელი ტიტულებია, რა მხრიდანაც არ უნდა შეხედო. ყველა ეს სიტყვა გარიყულის სინონიმია.
მოკლედ, გამიჭირდა ისე, როგორც ეს მერლ ჰაგარდის სიმღერაშია: „მე ძიებაში ვარ, შარაგზა ჩემი სახლია.“ არ ვიცი, მოუწია თუ არა ჰაგარდს საკუთარი ოჯახის გაყვანა ამ შარაგზაზე, მაგრამ მე ნამდვილად ასე შემემთხვა. ეს კი სულ სხვა რამაა. ჩვენს უკან მიწა იწვოდა. პრესა არ ჩქარობდა თავისი აზრის ჩეცვლას და მეც უკვე აღარ მქონდა უმოქმედობის უფლება; ხარი რქებით უნდა დამეთრია და ჩემი ყბადაღებული იმიჯი და ჩემს შესახებ დანარჩენების აზრი შემეცვალა. ასეთი შემთხვევისთვის გაწერილი წესები არ არსებობს. ეს ჩემთვის ახალი ხილი იყო და ჩემი ტვინი ამგვარად არ იყო მომართული. გარე სამყაროში ყალბი სიგნალები უნდა დამეგზავნა, უნდა დამემუხრუჭებინა ავარიის პირას მდგარი მატარებელი, ჩემს პერსონაზე განსხვავებული წარმოდგენა უნდა შემექმნა.
თავიდან მხოლოდ უმნიშვნელო, ადგილობრივი მასშტაბის „მოძრაობები“, ტაქტიკური სვლები გამომდიოდა; მოულოდნელი გამოხდომები, როდესაც თავზე ვისკით სავსე ბოთლს ვიპირქვავებდი და მაღაზიაში შევდიოდი; ვიცოდი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ, მხოლოდ ამ ჩემს საქციელზე ილაპარაკებდნენ. იმედი მქონდა, რომ ჩემი ეს გამოხდომა გაზეთებში მოხვდებოდა. ამით ამოსუნთქვის საშუალებას მივცემდი ჩემს ოჯახს. დანარჩენ სამყაროს შეეძლო ჯანდაბამდე გზა ქონოდა. ჩემი საზოგადოებრივი სახე დამაბნეველი და მოსაწყენი უნდა გამხდარიყო. არადა, ძნელია ასე ცხოვრება. ამას მთელი შენი ძალისხმევა ჭირდება. ამ დროს, პირველი, რასაც უნდა შეელიო, შენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი - საკუთარი თავის ნებისმიერი ფორმით არტისტულად გამოხატვის შესაძლებლობაა. ცხოვრების გვერდით, ხელოვნება უმნიშვნელოა და შენ არჩევანი არა გაქვს. აღარც კი მიჩნდებოდა ამის სურვილი. კრეატიულობა გამოცდილების, დაკვირვების და ფანტაზიის შედეგია და თუ მას რომელიმე ეს ელემენტი აკლდება, ის, უბრალოდ, არ მუშაობს. იმ დროს ჩემთვის შეუძლებელი იყო დავკვირვებოდი რამეს ისე, რომ თვითონ არ ვქცეულიყავი დაკვირვების ობიექტად. საკმარისი იყო მაღაზიაში გავსულიყავი, რომ ვინმე აუცილებლად შემამჩნევდა და იმავე წამს ტელეფონის საძებნელად გაიქცეოდა. ვუდსთოქში ცხოვრებისას, ეზოში რომ ვიყავი ხოლმე, ჩემს სახლს მანქანა მოადგებოდა, ვიღაც კაცი გადმოვიდოდა და ჩემი მიმართულებით გაიშვერდა ხელს, შემდეგ კი წავიდოდა, მერე კი მას ტურისტების ჯგუფი მოყვებოდა... ზოგჯერ რესტორანში ყოფნისას (ჩემი სახელი საყოველთაოდ ცნობილი იყო, მაგრამ არა ჩემი სახე), რომელიმე იქ მყოფი მცნობდა, მოლარესთან მიდიოდა, თითს ჩემსკენ იშვერდა და ჩურჩულით ამბობდა: „ეს ისაა, აი, იქ.“ მოლარე სხვას ეტყოდა და ინფორმაცია მაგიდიდან მაგიდაზე ინაცვლებდა. ამის შემდეგ კი, გეგონებოდათ რესტორანს მეხი დაეცაო. ყველა სახე ჩემსკენ ბრუნდებოდა. ადამიანები, რომლებიც საჭმელს შეექცეოდნენ, ლუკმას უკან აფურთხებდნენ, ერთმანეთს უყურებდნენ და ამბობდნენ: „ეს მართლა ისაა?“ „დაიცა, შენ ამბობ, რომ აი, ის ტიპი, რომელიც ბავშვებთან ერთად ზის, მართლა ისაა?“ ყოველივე ამის ატანა ისეთივე ძნელი იყო ჩემთვის, როგორც მთების გადადგმა. ჩემი სახლი ყორნებით იყო გარშემორტყმული, რომლებიც განუწყვეტლივ ყრანტალებდნენ უბედურებისმომტან წინასწარმეტყველებებს. ვფიქრობდი იმაზე, თუ რა სახის ალქიმიას შეეძლო ისეთი სუნამოს შექმნა, რომელიც ადამიანზე წარმოდგენის შეცვლას, მის მიმართ ნელ-თბილი, აპათიური ინდიფერენტულობის დამკვიდრებას შეძლებდა. ცოტაოდენი ასეთი სუნამო მჭირდებოდა. არასდროს მქონია სურვილი, რომ ასეთი მძიმე შედეგებით სავსე გზაზე მევლო. ეს არ მომწონდა. მე არ ვიყავი არცერთი თაობის თამადა და საჭირო იყო ამ მოსაზრების ძირფესვიანად ამოძირკვა. უნდა მომეპოვებინა თავისუფლება ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის. უქმად ჯდომის დრო არ მქონდა და მე არ მომწონდა ის, რასაც სახეში მაყრიდნენ. ნაგვით სავსე კერძი ცოტაოდენი კარაქით და სოკოთი უნდა გაზავებულიყო და ამის გასაკეთებლად დიდი ძალისხმევა დამჭირდებოდა. არადა, ოდესმე ხომ უნდა დამეწყო?!
იერუსალიმში წავედი და მივაღწიე იმას, რომ დასავლეთის კედელთან გადამიღეს სურათი, ტრადიციული ებრაული ქუდით თავზე. ეს ფოტო თვალისდახამხამებაში გავრცელდა მთელს მსოფლიოში და ყველა გავლენიანმა ტაბლოიდმა მაშინვე სიონისტად მომნათლა. ყველაფერი ეს ოდნავ დამეხმარა. უკან დაბრუნებისთანავე, სწრაფად ჩავწერე ალბომი ქანთრის სტილში და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ის საკმაოდ მოთოკილად ჟღერდა. ხმაც სხვანაირად ჩავწერე. მუსიკალურმა პრესამ არ იცოდა, თუ როგორ მიდგომოდა ამ ალბომს. ხალხს კისრები დაეძაბათ. ჩემივე ხმისჩამწერი კომპანიის დახმარებით, ჭორი დავყარე, თითქოს მუსიკას თავს ვანებებდი და როდ აილენდის დიზაინის სკოლაში ვიწყებდი მოღვაწეობას. ამ ჭორმა სულ მალე ტაბლოიდების ყურამდე მიაღწია. „ერთ თვესაც კი ვერ გაძლებს,“ - ამბობდნენ ზოგიერთები. ჟურნალისტები გაზეთის ფურცლებიდან სვამდნენ კითხვებს: „რა დაემართა იმ დილანს, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით?“ ყველა მათგანს ჯანდაბამდის გზა ქონიათ! გაზეთებში იბეჭდებოდა ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ ვცდილობდი საკუთარი თავის პოვნას, როგორ ვატარებდი დროს მარადიულის ძებნაში, როგორ ვიტანჯებოდი შინაგანი ტანჯვით. აი, ეს ყველაფერი კი უკვე მომწონდა. ჩავწერე ორდისკიანი ალბომი, სადაც ჩავყარე ყველაფერი, რაც დასავლეთის კედელთან დგომისას თავში მომივიდა და რაც მეტ-ნაკლებად ადექვატურად მეჩვენა. შემდეგ კი იმ მასალისგან, რომელიც ამ ალბომში ვერ მოხვდა, კიდევ ერთი ალბომი ჩავწერე. ვუდსთოქის ფესტივალი გამოვტოვე - უბრალოდ, არ წავედი იქ. გამოვტოვე ალთამონთის ფესტივალიც. მერე კი კიდევ ერთი ალბომი ჩავწერე, რომელიც მთლიანად ჩეხოვის მოთხრობებზე იყო აგებული. კრიტიკოსებს კი ეგონათ, რომ ის ავტობიოგრაფიული იყო. ამ სვლებსაც არა უშავდა რა. ვითამაშე ფილმში, სადაც კოვბოური ტანსაცმელი მეცვა და ცხენს დავაჭენებდი. ეს ადვილი იყო. ვფიქრობ, რომ მიამიტურად ვიქცეოდი...
ერთხელ მსახიობმა თონი ქერთისმა მითხრა, რომ პოპულარობა პროფესიაა და რომ ის მთელი მეცნიერებაა. თონის გარდა, ამაზე კარგს ვერავინ ვერაფერს მეტყოდა. ჩემი ძველი იმიჯი ნელ-ნელა გაიფანტა და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ მე მე აღარ ვიყავი, მძიმე სარქველის ქვეშ მოქცეული. დროის გასვლასთან ერთად, ჩემი მისამართით ნასროლი განსხვავებული ანაქრონიზმებიც მომაყარეს, შეიძლება უფრო მნიშვნელოვნიც კი, ვიდრე ადრე: ლეგენდა, ხატი, გამოცანა (ჩემი ფავორიტი მაინც ეს იყო: ევროპულ ტანსაცმელში გამოწყობილი ბუდა) და სხვა მსგავსი რამ, მაგრამ ყველაფერ ამას უკვე არა უშავდა. ეს უვნებელი და მშვიდობიანი სიტყვები იყო, გაცვეთილი და ადვილად გადასახარში. წინასწარმეტყველი, მესია, მხსნელი - აი, რა იყო ძნელი სათრევი ტვირთი. გაზეთებში იბეჭდებოდა ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ ვცდილობდი საკუთარი თავის პოვნას, როგორ ვატარებდი დროს მარადიულის ძებნაში, როგორ ვიტანჯებოდი შინაგანი ტანჯვით. აი, ეს ყველაფერი კი უკვე მომწონდა.
ინგლისურიდან თარგმნა კახა თოლორდავამ
![]() |
13 სპეც-პროექტი |
▲ზევით დაბრუნება |
წლის ადამიანები
ავტორები: სალომე კიკალეიშვილი, ნინო ლომაძე
ფოტო: თეა დავითი
პროდიუსერი: სალომე კიკალეიშვილი
ვიზაჟი: ანუკა მურვანიძე, სტუდია „გრიმ-მასკა“
ბასა ჯანიკაშვილი
წლის მენეჯერი
რადიო „უცნობი“ ქართულ რადიოსივცრეში 2 წელია არსებობს, მაგრამ 2006 წელი რადიოს მსმენელთათვის სიახლეებით იყო დატვირთული. მუსიკალურ-გასართობ პროგრამებთან ერთად, გაჩნდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებიც.
ჩამონათვალი ასეთია: „ამოუცნობი ზარები“, „სიმღერის ისტორია“, „ბიზნეს-ამბები“, „ქალის სურნელი“, „დიალოგები“ ეკა ხოფერიასთან ერთად, საინფორმაციო გამოშვება „ხუთი წუთით ადრე“ და რადიო „უცნობის“ და ტელე-„იმედის“ ერთობლივი გადაცემა „ჭიჭიკოს და ბიჭიკოს შოუ“. ამ პროექტებზე რადიო „უცნობის“ მთელი გუნდი ერთად მუშაობს. შესაბამისად, იდეების ავტორებიც ყველანი ერთად არიან. ეს კი, კარგი მენეჯმენტის და მთავარი მენეჯერის, რადიო „უცნობის“ „ტვინის“, ბასა ჯანიკაშვილის დამსახურებაა.
რუსთავი 2
წლის პროტესტი
ისინი კარგად ნაცნობი ტელესახეები არიან: ნანა ლეჟავა, თამარ ღვინიანიძე, ნათია ლაზაშვილი და თამარ რუხაძე - ჟურნალისტები, ვინც სხვებთან ერთად, წლების განმავლობაში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სახესა და რეპუტაციას ქმნიდა.
პოლიტიკური ქარტეხილების ეპიცენტრში ყოფნა, საზოგადოების გაკიცხვა თუ გულითადი მადლობები, ყველაზე მტკივნეულ თემებზე თამამად საუბარი, გაბედული გადაწყვეტილებები, თავდაუზოგავი შრომა და ხშირად 24-საათიანი სამუშაო დღე - ასეთი იყო მათი ცხოვრების წესი.
არხის მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ, მათ „რუსთავი 2“ პროტესტის ნიშნად დატოვეს და დღეს საყვარელ საქმიანობაზე მხოლოდ წარსულში საუბრობენ.
ავთო ცქვიტინიძე
წლის დიზაინერი
2006 წელი, დიზაინერი ავთო ცქვიტინიძისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და წარმატებული წელიწადი აღმოჩნდა. წელს, დიზაინერმა კიდევ ერთი ახალი ხაზი „Avtandil Jeans“ შექმნა და 2007 წლის სეზონური კოლექციების ჩვენება ისეთ მნიშვნელოვან მოდის კვირეულებზე გამართა, როგორიცაა: ათენის, მოსკოვის და კიევის მოდის კვირეულები; ავთო ცქვიტინიძე, ასევე, წლის VIP ბრენდის და ფონდ „ქართული ხარისხის” წოდების მფლობელი გახდა.
ისთერნ პრომოუშენი
წლის პრომოუტერები
„ისთერნ პრომოუშენი“ (კახა კანდელაკი, მიხეილ გიორგაძე, გიორგი კერესელიძე, დათო მენაბდე, ალექსანდრე ბითაძე) საქართველოში ოფიციალურად 1998 წლიდან მოღვაწეობს. ქულიოს, „ბონი ემ“-ის, ჯეიმს ბრაუნის, ჯო ზავინულის, რეი ჩარლზის, ტანია მარიას, კენი გარეტის, ჯორჯ დიუკის, ელ ჯეროს, დენის როლინსის, ჯორჯ ბენსონის, მაიკლ ფრენქსის, კრის ბოტის, ბობი მაქფერინისა და კიდევ მრავალი სხვა ცნობილი მუსიკოსის ცოცხალი შესრულება ქართველმა მელომანებმა სწორედ „ისთერნ პრომოუშენის“ საშუალებით მოისმინეს.
2000 წლიდან მოყოლებული, მათი თაოსნობით თბილისში ყოველწლიურად იმართება ჯაზის ფესტივალი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ჯაზის მუსიკოსები ქართველ მსმენელთათვის ცოცხალ კონცერტებს მართავენ. 2006 წელს კი ჯაზ-ფესტივალის სტუმრები acid jazz-ჯგუფი Jamiroquai, და ახალი ჯაზური მიმდინარეობის, modern creative - ის წარმომადგენელი, ჰერბი ჰენკოკი გახლდათ. შემოდგომაზე თბილისს ლეგენდარული გარი ბართონი და ჩიკ ქორეაც სტუმრობდნენ. ჯაზის ეს საღამოები ჯაზის მოყვარულთათვის, და არა მხოლოდ მათთვის, ნამდვილი ზეიმი იყო.
დათო ლომიძე
წლის პროპაგანდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფანკლუბი, რომელსაც დიდი ხანი ელოდა გულშემატკივარი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით და ჯგუფ „ულტრასტეპკომის“ დახმარებით, 2006 წელს დაარსდა. „ულტრასტეპკომში“ რამდენიმე ჯგუფი ერთიანდება: „ულტრა“ (მიხო ქოჩაკიძე) „სტეპრეკორდსი“ (აჩიკო გულედანი, ვახო ბაბუნაშვილი) და „კომუნა“ (სერგი გვარჯალაძე), რომლებიც ფან-კლუბის პიარ-კამპანიაზე ზრუნავდნენ. სწორედ მათი მონაწილეობით შეიქმნა პრომო-კლიპები ფეხბურთელებზე, დოკუმენტური ფილმი „ერთი გუნდი“ (რეჟისორი სერგი გვარჯალაძე) და ჰიმნი (ავტორები: აჩიკო გულედანი, ვახო ბაბუნაშვილი) „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“. ჰიტად ქცეულ სიმღერას, ჯგუფ შტრინგ-ის ვოკალისტი, დათო ლომიძე ასრულებს. ჰიმნმა რადიკალურად შეცვალა ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა განწყობა და ჩვენს გუნდს ბევრი ახალი ფანიც შესძინა.
სოფო ხალვაში
წლის პოპ-აღმოჩენა
ტელეკომპანია „იმედის“ ახალგაზრდა მომღერალთა კონკურსის, „ნუცას სკოლის“ 10 მონაწილეს შორის, სოფო ხალვაში ერთ-ერთი იყო, ვისი შესრულებული სიმღერებიც იურმალას „ახალი ტალღა 2006“ მონაწილეთა შესარჩევად მოსკოვში გაიგზავნა. ორეტაპიანი შესარჩევი ტური სოფომ წარმატებით გაიარა და 130 კონკურსანტიდან, „ახალი ტალღა 2006“-ის 16 მონაწილეს შორის მოხვდა.
მსმენელთა წინაშე, პირველად რევაზ ლაღიძის „თბილისო“-თი წარსდგა. მერე იყო ჩჰაინ ღეაცტიონ (ბარი, რობინ და მორის გიბების სიმღერა, დაიანა როსის შესრულებით) და თემურ რცხილაძის „საოცრებათა სამყარო“. იურმალას ახალგაზრდა პოპ-მომღერალთა საერთაშორისო კონკურსზე სოსო პავლიაშვილისა და თემურ თათარაშვილის წარმატების შემდეგ, სოფო პირველი იყო, ვინც საქართველოში ტიტულით, მესამე საპატიო ადგილით დაბრუნდა.
ვარსკვლავები
წლის მსახიობი ვარსკვლავები
2006 წელს, რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრების წინ რამაზ ჩხიკვაძის, მედეა ჩახავას, გურამ საღარაძის და ოთარ მეღვინეთუხუცესის ვარსკვლავები გაიხსნა; მათ გარეშე, ჩვენს მეხსიერებაში არ იარსებებდა დაუვიწყარი კინო და სცენური სახეები:
რამაზ ჩხიკვაძის გენიალური მოსამართლე აზდაკი თუ მეფე ლირი...
მედეა ჩახავას ლიდა პლახა („ადამიანებო, იყავით ფრთხილად!“) თუ მელანო „ბაში-აჩუკიდან“... გურამ საღარაძის სცენური სახეები - მილან სტიბორი („როცა ასეთი სიყვარულია“); გუბერნატორი ყაზბეგი, მღვდელი ანდა ეფრეიტორი „კავკასიური ცარცის წრიდან“...
ოთარ მეღვინეთუხუცესის სცენური სახე - სირანო დე ბერჟერაკი, თუ კინოროლები: გიორგი მეხუთე, დათა თუთაშხია, ელიოზი „ნატვრის ხიდან“...
ნინო ანანიაშვილი
წლის არტ-მენეჯერი
მას შემდეგ, რაც ნინო ანანიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს ჩაუდგა სათავეში, თეატრის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა: საბალეტო რეპერტუარი მრავალფეროვანი გახდა; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული არაერთი ნიჭიერი ქორეოგრაფი თუ სოლისტი დაუბრუნდა ქართულ ბალეტს.
ნინო ანანიაშვილისა და თეატრის დასისათვის, 2006 წელი განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. გასტროლებზე ჩამოვიდნენ მსოფლიოში ცნობილი დიდი თეატრების მსახიობები; ოპერისა და ბალეტის სცენაზე განხორციელდა ჯორჯ ბალანჩინის 6 საბალეტო დადგმა; თბილისს ეწვია მსოფლიოში აღიარებული მოდის ისტორიკოსი და სცენოგრაფი ვლადიმერ ვასილიევი, რომელმაც ქოვენთ გარდენის თეატრიდან მოწვეულ მარგარეტ ბარბიერისთან ერთად, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ფრედერიკ ეშტონის ბალეტი „ორი მტრედი“ დადგა; დანიის სამეფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ფრენკ ანდერსონის თაოსნობით დაიდგა ავგუსტ ბურნონვილის „კონსერვატორია“.
თეატრი ამჟამად კიდევ ერთი პრემიერისთვის, ვახტანგ ჭაბუკიანის „ლაურენსია“- სთვის ემზადება.
ლევან ლაღიძე
წლის მხატვარი
2006 წელს ლევან ლაღიძემ ყველაზე მასშტაბური და გახმაურებული ფერწერული ტილოების გამოფენა მოაწყო. გალერეა TMS-ში გამოფენილ ნამუშევრებს უჩვეულოდ ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა.
ლევან ლაღიძე იმ თანამედროვე მხატვართგანია, ვინც თავისი სტილით, ხედვით, არატრაფარეტული ფერებითა და სახასიათო განწყობის მატარებელი კომპოზიციებით ყველასგან განსხვავებულია.
ზვიად ციკოლია
წლის წარმატება
„ვილა დ' ესტე“ მანქანის მოდელების ყველაზე პრესტიჟული გამოფენაა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში მანქანის უკლებლივ ყველა მწარმოებელი და კოლექციონერი მოუთმენლად ელის. 2006 წელს სხვადასხვა ცნობილი ბრენდის მოდელების გვერდით, BUGATTI-ს 21- ე საუკუნის ტრადიციულ ელემენტებზე აგებული მილიონნახევრიანი მოდელი, ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას დიზაინით იწონებდა თავს.
კონკურსში 130 დიზაინერი მონაწილეობდა. კონკურსის გამარჯვებულად კი BUGATTI-ს ახალი მოდელის დამკვეთმა სწორედ ზვიად ციკოლია დაასახელა.
ზვიად ციკოლია სამრეწველო დიზაინში მოღვაწეობს. მისი დიზაინითაა შექმნილი ქართული ავიაკომპანიების თვითმფრინავების სალონები, პეჟოს ორი მოდელი - პეჟო 1007-ის ექსტერიერი, და პეჟო 307-ის ინტერიერი, მაჯის საათი, გაზის გამათბობელი და სხვა.
ტელე-პროექტი
წლის ყველაზე მასშტაბური ტელე-კინო პროექტი
ფოტო გადაღებულია სტუდიაში - „Opera design“
დამდგმელი რეჟისორი: ლევან თუთბერიძე, რეჟისორი: მარინა კულუმბეგაშვილი, ოპერატორი: გოგა დევდარიანი, მიმართულების პროდიუსერი: ზურა კიწმარიშვილი, სცენარის ავტორი: აკა მორჩილაძე, კომპოზიტორი: ნუკრი აბაშიძე. მთავარ როლებში: დათო იაშვილი, ძიმა ტატიშვილი, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ლიფონავა, თამუნა გაბრიელაშვილი, დათო ნეფარიძე, მარია ივანოვა, ანა ნიკოლაშვილი, პაატა გულაშვილი, აპოლონ კუბლაშვილი, ეკა ნიჟარაძე და უამრავი სტატისტი - ასეთია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის და რეჟისორ ლევან თუთბერიძის გადამღები ჯგუფის ძირითადი შემადგენლობა, რომელიც თვრამეტსერიანი ფილმის შექმნაში იღებდა მონაწილეობას.
მრავალსერიანი ფილმის გადაღება საქართველოსა და თურქეთში მთელი ზაფხულის მანძილზე მიმდინარეობდა, რომელიც ტელეკომპანიამ სპეციალურად ამერიკიდან ჩამოტანილი იმ უახლესი ტექნოლოგიით და ფორმატით გადაიღო, რომელიც სნგ-ს ქვეყნებში, ჯერ არავის გამოუყენებია. წლის ყველაზე მასშტაბურ ტელე-კინო პროექტს ჯერ საბოლოო სახელი არ აქვს. ის სავარაუდოდ გაზაფხულზე, „ახმედ კაია“-ს ან „ქაღალდის ტყვიის“ სახელით გავა ეთერში.
ძიუდო
წლის ჩემპიონები
ნესტორ ხერგიანი, ვახტანგ ხოსიტაშვილი, ზაზა კედელაშვილი, დავით ქევხიშვილი, გიორგი ბაინდურაშვილი, ირაკლი ცირეკიძე, გრიგოლ მამრიკიშვილი, გიორგი ყიზილაშვილი, ლაშა გუჯეჯიშვილი, გიორგი ხანჯალაშვილი - ის ქართველი ძიუდოისტები არიან, ვინც 2006 წელს ძიუდოს მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე გაიმარჯვეს და საქართველოში ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. მათი მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი გახლავთ.
ძიუდოს ფედერაცია 1962 წლიდან არსებობს, მაგრამ ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონები სწორედ წელს გახდნენ.
აკა მორჩილაძე
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
წლის ყველაზე მასშტაბური ავტორი
აკა მორჩილაძე ჩვენი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი მწერალია. მკითხველი მას მისი რომანებით - „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, „გაქრები მადათოვზე“, „აგვისტოს პასეანსი“, „უდაბნოს გლახები“, „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“, „მისტერ დიქსის ყუთი“ და კიდევ მრავალი სხვა წიგნით იცნობს.
ამიტომაც არ იყო გასაკვირი, როცა შვეიცარულ-გერმანული გამომცემლობის, Pendo-ს წარმომადგენელმა, საქართველოში სტუმრობისას არჩევანი, სწორედ აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსაზე“ შეაჩერა. გერმანულ ენაზე წიგნი ნათია მიქელაძემ თარგმნა.
„სანტა ესპერანსა“ გერმანიაში 2006 წლის დეკემბერში გამოიცა. გამომცემელთა ცნობით, ის უკვე დიდი წარმატებით იყიდება.
![]() |
14 ფოტო-პროექტი |
▲ზევით დაბრუნება |
ნეპალი
ავტორი: ტატო კოტეტიშვილი
ნეპალში მოვხვდი მონასტერში, სადაც 600 ლამა ცხოვრობს. დავინახე პატარა ლამა, რომელიც ისეთი საყვარელი იყო, რომ მის ლოყაზე მოჩქმეტა მომინდა. მაგრამ 70 წლის ლამებს რომ დაუწყო ლოყებზე და ცხვირზე ჩქმეტა, რაზეც ისინი იცინოდნენ, მივხვდი, რომ არ ღირდა. როგორც აღმოჩნდა, ის მონასტრის მთავრის, რიმპუჩეის მემკვიდრე, ანუ მეორე ლამა გახლდათ. მის გვერდით მყოფი ლამები კი მისი აღმზრდელები იყვნენ.
ამ არაჩვეულებრივ ადგილებში იმდენად უჩვეულო განწყობით და ამ განწყობით ისეთი გაბრუებული დავდიოდი, რომ ზოგიერთ დეტალს მერე ფოტოებზე ვამჩნევდი. მაგალითად, 2500 მეტრის სიმაღლეზე, ამ ლურჯ სახლთან მდგომ პატარა გაკვირვებულ გოგოს ჰალსტუხი რომ ეკეთა, მერე შევამჩნიე.
ეს არის ქვეყანა, სადაც არ არსებობს ღარიბი და მდიდარი. ისე, ალბათ არსებობს, მაგრამ მე ვერ დავინახე. ამიტომ ხალხს არ აწუხებს გაჭირვება, ისე როგორც ჩვენთან და მთლიანად შეგუებულები არიან ცხოვრებას. სადაც უნდათ, იქ იძინებენ და იღვიძებენ.
ყველაზე მეტად, რაც ნეპალიდან დამამახსოვრდა, ალბათ მთებია. საქართველოში თუ კავკასიონი მხოლოდ ჩრდილოეთიდან მოჩანს და მას ძალიან ბევრმა ქართველმა მიუძღვნა ლექსი თუ ნახატი, ნეპალში ეს ემოცია საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან გხვდება, იმიტომ, რომ ნეპალში მთები ყველგან არის. თან იქ მსოფლიოში ყველაზე დიდი მთებია!
![]() |
15 თავისუფლების დღიურები |
▲ზევით დაბრუნება |
სანდრა ელისაბედ რულოვსი
დღიურები
ფოტო: ირაკლი გედენიძე
3 დეკემბერი, კვირა
გავიღვიძე მატარებელში... აჭარაში მივდივართ და პატარა ნიკოლოზისთვის ეს არის საუკეთესო და კომფორტული ტრანსპორტი. ასევე ჩვენთვისაც, რადგან მატარებელში შეგიძლია ისეირნო, იმუშაო, იკითხო, მშვიდად ჭამო, ადამიანებთან ისაუბრო და ა.შ. „ჩვენ“ ვართ მე, ძიძა, დაცვის სამი წევრი, ჩემი პრესის ასისტენტი მაკა, ჰუმანიტარული ფონდის ასისტენტი ზეინაბი და ეკა, ჩემი მდივანი იმ საბჭოში, რომელიც ახორციელებს პროექტებს შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ.
ჯერ ექვსი საათიც არ არის და უკვე ჩამოვდივართ მატარებლიდან. პატარამ გაიღვიძა. შემდეგი სამი საათი ვაგრძელებთ ძილს ბობოყვათის სასტუმროში...
ნიკუშას ვაჭმევ ძუძუს, ვსაუბრობ, ვსაუზმობ, ცოტა ხანი პიანინოზეც ვუკრავ და უკვე დროა წასვლის. წირვაზე მივდივარ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოღვაწეობა დაიწყო.
თორმეტის ნახევარზე მივდივართ ბათუმის რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც ორმოცდაათამდე უნარშეზღუდული ბავშვი დადის. აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად ვესაუბრები ბავშვებს და მათ მშობლებს. გადავცემთ საჩუქრებს. ჯინსის ქურთუკში ჩაცმული ერთი ბიჭი, გელა, მეხუტება და გახარებული სახით მეკითხება, თუ როგორ ვარ...
ფრენბურთის ფინალური მატჩი „პირველი ლედის თასზე“ წელს ბათუმში პირველად ტარდება და უკვე სამი წელია, ასეთ შეხვედრას ვესწრები... მატჩი ორ საათს გაგრძელდა და დასავლეთ საქართველოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
გვაგვიანდება შიდსის ღონისძიებაზე, კინოთეატრში, და ვნერვიულობ, რადგან თასი უნდა გადავცე, ინტერვიუ მივცე, უამრავი ადამიანი კი - უცხოელების ჩათვლით - ორი საათიდან გველოდება... ამ ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებიან, ასევე ის ხალხი, ვისაც შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი... ინტერვიუს დროს ყურადღებას გავამახვილებ ნარკომანიასა და ნარკოტიკების მოხმარებაზე, რადგან ეს სენი უდიდეს ზიანს აყენებს საქართველოს განვითარებას... ორმოცდაათი ათასი ნარკომანი და, სავარაუდოდ, ოთხასი ათასი მომხმარებელი დიდ საფრთხეს უქმნის თავის ჯანმრთელობას. მათ მუშაობის უნარი არ გააჩნიათ და თან ის ფაქტი, რომ დღეში ოცდაათი ლარი სჭირდებათ, იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში მათი საქმიანობა კრიმინალური ხდება... ნარკომანია ჯანდაცვის სექტორისთვისაც დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. მინდა, რომ სკოლებში უფროსკლასელებს შევხვდე და ასეთ თემებზე ვესაუბრო... მგონი, ეს აუცილებელია და ამისთვის დროს გამოვნახავ.
ღონისძიების შემდეგ ბათუმის შადრევნების ტბასთან ჩემს მეუღლესთან ერთად ვისადილებ, შემდეგ ორ ოჯახს ვეწვევი, რომელთანაც ზაფხულში დავდიოდი ხოლმე. ერთ-ერთი მათგანი, სადაც მამა და სამი შვილი ცხოვრობს, ძალიან გაჭირვებულია; მეორე ოჯახმა კი ჩემი ხელშეწყობით ტყუპი ბიჭები იშვილა. ერთ-ერთის ნათლია მე ვარ...
შვიდ საათზე, შიდსის დღესთან დაკავშირებით, ბანკეტია დაგეგმილი, შემდეგ კი ახალგაზრდებისთვის დისკოთეკა გაიმართება. არ ვიცი, მეც უნდა ვიცეკვო თუ არა, ვნახოთ... სამწუხაროდ, ხშირად ჩემი საქციელი ჩემს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, რასაც ჩემგან ელიან...
ბანკეტის შემდეგ Save The Children-ის მიერ მოწყობილ დისკოთეკაზე ვიყავით, სადაც ცოტათი ცეკვაც გავბედე...
4 დეკემბერი, ორშაბათი
დღეს მთიან აჭარაში მივემგზავრებით. ხულოს სამი სოფელი უნდა მოვინახულოთ, ჩავუტანოთ სახელმძღვანელოები, ფეხსაცმელები, ბურთები, გლობუსები, რუკები და ვიტამინები.
ხულოში გამგზავრებამდე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივედი და კოლექტივს არსებულ პრობლემებზე ვესაუბრე. გზად ერთი ქალბატონი შემოგვიერთდა, რომელიც გასულ ზაფხულს პატარა გიორგი შანთაძეს პატრონობდა ხულოს ერთ-ერთი სოფლიდან. ეს ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში ჯერ კიდევ ბავშვთა სახლიდან გადმოვიყვანე და შემდეგ დიდხანს იმყოფებოდა ამ ქალბატონის მეთვალყურეობის ქვეშ... ასევე შემოგვიერთდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ლექსო ჩიკვაიძე. შუახევში გავჩერდით, რადგან აჭარის ტელევიზიას საახალწლო მილოცვის ჩაწერა უნდოდა. შესაბამისი ტექსტი ჩემმა ასისტენტმა და მე რუსულად და ქართულად დავამუშავეთ, საბოლოოდ კი, მგონი, წარმატებულად ჩავწერეთ.
ხულოს რაიონული ცენტრის შემდეგ ვესტუმრეთ სოფელ დიაკონიძეების სკოლას, სადაც მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები უკვე გველოდნენ. გადავეცით საჩუქრები და მოვისმინე თხოვნები კოლექტივის წევრებისგან. შევედით თითოეულ კლასში და ვესაუბრეთ ბავშვებს ხან გაკვეთილის თაობაზე, ხან ენებზე, სოფელზე, ოჯახებზე. გადავიღეთ ბევრი სურათი და გზა ყვავილებით, ხილითა და თხილით ხელდამშვენებულებმა გავაგრძელეთ...
საჩუქრები სოფელ ბოძაურშიც დავარიგეთ და თან ძალიან ვისიამოვნეთ, რადგან ბავშვებმა ჩვენი სტუმრობა ლექსებითა და სიმღერებით გაახალისეს. რამდენიმე ბავშვი თბილისში, საახალწლო ნაძვის ხეზე დავპატიჟე, რადგან არც ერთი მათგანი თბილისში ჯერ ნამყოფი არ არის.
შევამჩნიე, რომ ბევრ ბავშვს ღია ფერის თვალები და ქერა თმა ჰქონდა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ერთ გოგონაზე კი ზუსტად ჩემი ფერის თმა რომ დავინახე, მივედი და ჩვენი თმები ერთმანეთს შევადარე, რამაც გამგებლის ყურადღება მიიპყრო და შემდეგ ეს ფაქტი ჩემს სადღეგრძელოშიც ახსენა...
შანთაძეების ოჯახში პატარა გიორგი აკვანში იწვა, ყურის ანთება თუ სეფსისი ჰქონდა, მაგრამ წონაში ცოტათი მომატებული იყო, კიდევ უფრო დამსგავსებოდა თავის მამას - მერაბს...
იმ ოჯახში მთელი ნათესაობა და ნაცნობობა შეკრებილიყო და ხელში ყველას განცხადება ეჭირა. გამონაკლისის გარეშე, ყველა სამედიცინო კუთხით დახმარებას ითხოვდა, ზოგს ოპერაცია სჭირდებოდა, ზოგს - რეაბილიტაცია ან საზღვარგარეთ მკურნალობა. ძალიან ძნელია ამის მოსმენა, როდესაც იცი, რომ ყველას ვერ დაეხმარები, თან სამედიცინო პოლისი აქვთ, მაგრამ ჯერ ვერ გამოიყენებენ ან ნაკლებად იციან, თუ რა უფლებებით სარგებლობენ.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე უკეთესი ამ მხარეში მრავალპროფილიანი მობილური ჯგუფების გამოგზავნა იქნებოდა, თვეში ერთხელ მაინც; ასევე, ხულოში კარგი საავადმყოფოს აშენება შესაბამისი აღჭურვილობითა და კადრებით.
დიდი რიყეთის სკოლაში ვეღარ მოვხვდი, რადგან გზა მოყინული იყო, საჩუქრები ხულოს განათლების განყოფილებაში დავტოვე. გარანტია მოგვცეს, რომ ყველაფერს გადასცემდნენ. მე ამის მჯერა, რადგან ამ ფაქტს თავად მინისტრი დაესწრო... უკანა გზაზე გავიცანი უსაყვარლესი ცოლ-ქმარი, თამარა და თენგიზი, ექვსი შვილის მშობლები, პირველი შვილიშვილის მოლოდინში... ჭაჭით, პურითა და ყველით გაგვიმასპინძლდნენ. საუბრის დროს თენგიზს ვკითხე, რომელი აღმსარებლობის იყო, მან კი მიპასუხა, რომ ხან ეკლესიაში, ხან კი მეჩეთში დადიოდა, ასევე მითხრა, რომ რწმენა ხულოში ძალიან მკაცრი არ არის...
დაღლილები, შუახევის მთიან-აჭარული სამზარეულოს შემდეგ, (ვგიჟდები კაისეფაზე, სინორსა და ბორანზე!) ბათუმში ღამის ათ საათზე შევედით. არაფრის გაკეთების თავი აღარ მქონდა (და არა მხოლოდ მე) - არც იმეილების შემოწმების, არც განცხადებების კითხვის და არც არაფრის... ჩემს ასისტენტს ვუთხარი, რომ დილას ცხრა საათზე ვიწყებდით მუშაობას, თერთმეტ საათზე კი ზუგდიდში უნდა წავსულიყავით. ნიკუშას ძუძუ ვაჭამე, შხაპი მივიღე და დავიძინე...
5 დეკემბერი, სამშაბათი
მკვდარივით მეძინა, ნიკუშას შვიდ საათზე ვაჭამე და ისევ დავიძინე; როდესაც გავიღვიძე, მეუღლის საათზე დავინახე, რომ უკვე ათი საათი და ორმოცდაათი წუთია. ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!.. ერთი ლუკმა პური, ჩაი - და უკვე ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე ვართ. გოგოები იქიდან წავლენ თბილისში, მე კი, ზუგდიდის ღონისძიებების შემდეგ, მეუღლესთან და ნიკუშასთან ერთად კიდევ ერთი დღით დავრჩები, ოღონდ ხვალ ორ საათზე თბილისში უნდა ვიყო, რადგან გაეროს პრეზენტაციას უნდა დავესწრო და ხუთ საათზე წავიდე სტუდენტებთან, რომლებსაც ფრანგულს ვასწავლი...
გზაში მე, მაკა, ზეინაბი და ეკა ვსაუბრობთ და ორი საათის შემდეგ შევდივართ ზუგდიდში, სადაც ტუბერკულოზის ცენტრში გველოდებიან. თბილისიდან ჩამოვიდა ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორი, დოქტორი არჩილ სალაყაია.
ზუგდიდის ტუბერკულოზის ცენტრის სამსართულიან შენობაში მოთავსებული არიან „კლასიკური პაციენტები“, ტუბერკულოზით დაავადებული ოცამდე ადამიანი, რომლებსაც მკურნალობის ორ-სამთვიანი ინტენსიური კურსი ესაჭიროებათ. პირველ სართულზე განთავსებულია ლაბორატორია და ამბულატორია, სადაც პაციენტები ინტენსიური მკურნალობის (გადამდები პერიოდის) შემდეგ რეგულარულად მიდიან წამლების მისაღებად, მეორე სართულზე კი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია MSF-ის ოფისია, რომელმაც ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მკურნალობა დაიწყო. ზუგდიდის რაიონში ორმოცდაათამდე პაციენტია რეგისტრირებული.
ჰიგიენას უმკაცრესად იცავენ: ნიღბები, შლიუზების კარები, ვენტილაცია და ა.შ. დირექტორთან საუბრის დროს აღმოჩნდა, რომ გაეროს მისია საავადმყოფოს მესამე სართულის რემონტს დაპირებია (სამოცი ათასი ევროს ღირებულებით), რისი განხორციელებაც გაურკვეველი მიზეზით გაჭიანურებულა. გადავწყვიტე, მივსულიყავი UNOMIG-ის ადგილობრივ წარმომადგენლობაში, რამაც საკმაოდ დააბნია მისი ხელმძღვანელობა სოხუმში... აქ მეგობრულად მიგვიღეს და თავადაც კმაყოფილები იყვნენ ჩვენი ვიზიტით. მისიის ხელმძღვანელი მხიარული კორეელი იყო, თან ახლდა ორმოცი სამოქალაქო და სამოცამდე სამხედრო პირი, ოღონდ შეუიარაღებელი... გვითხრა, რომ აპრილში რუსეთის შეიარაღებული სამშვიდობო ძალების (სამიათასკაციანი კონტინგენტის) მანდატი ამოიწურებოდა, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ვადას არ გაუგრძელებდა. „ჩვენ აქ საკმაოდ გვიან ვდგებით“ - თქვა მან და დილის შვიდის ნახევარზე ადგომას გულისხმობდა! მე ჩემს მასპინძელ ოჯახში კორეული სამზარეულო შევიტანეო, მოგვახსენა. გამიკვირდა, რომ ყველა (გერმანელი, ჩეხი, პოლონელი, პაკისტანელი, ინდონეზიელი) ზუგდიდის სხვადასხვა ოჯახში ექვსი თვიდან ოთხ წლამდე ცხოვრობდა და ამისთვის თანხას იხდიდნენ. ვისაუბრეთ ტუბერკულოზის ცენტრის რემონტზე, რაც მალე უნდა დაიწყოს. სტიმული რომ მიმეცა, დავპირდი, რომ ორი თვის შემდეგ გახსნაზე სიამოვნებით ჩამოვიდოდი. ბოლოს, გაეროს დროშის ქვეშ სურათები გადავიღეთ და იქაურობა დავტოვეთ...
დადიანების სასახლის ტერიტორიაზე ვისეირნეთ, ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიაში შევედით და ტუბერკულოზის ცენტრისთვის წმინდა გიორგის ხატი, სანთლები და ლოცვანი ვიყიდე, რადგან იქ არსად იყო სალოცავი კუთხე. ხატი აკურთხეს... პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ზაზა გოროზია ყველგან დაუზარელად დაგვყვებოდა. პროკურატურის ახალი შენობაც დავათვალიერე და ბათუმში დავბრუნდით. გზიდან დავურეკე ფოთის პორტის დირექტორს ლაშა ახალაძეს, რომ ფოთში სადმე ერთად გვესადილა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე ფოთში და ის კი თბილისში იმყოფებოდა... ცოტა ხნის წინ ფოთის ერთი სკოლა ჰოლანდიურ სკოლას დაუძმობილდა და მათ შორის თანამშრომლობა დაიწყო, რაც ძალიან მახარებს. მე და ლაშა, აგრეთვე, ვცდილობთ, რომ ინვალიდ ბავშვებს ეტლები შევუძინოთ. ამისთვისაც ჰოლანდიაში დავამყარეთ კონტაქტები. ჩემს მშობლიურ ქალაქ ტერნეუზენსა და ფოთის პორტს 2004 წლიდან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება აქვთ დადებული.
ქობულეთში ერთ საბავშვო ბაღში გავჩერდი, სადაც მამა კირიონს ოცდაათამდე ბავშვი ჰყავს ყოველდღე, და სხვადასხვა ზომის ხუთი ველოსიპედი ვაჩუქე ჩემი ფონდის, SOCO-ს სახელით. ის ზაფხულობით ბანაკებს აწყობს ხოლმე და მეუფე დიმიტრისთან ერთად დიდი სურვილი აქვს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები ამ ბანაკებში დაპატიჟოს, რათა ქართული სიმღერა, პოეზია ასწავლოს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ექსკურსიები მოაწყოს და ა.შ. მან მთხოვა ოცდაათადგილიანი ავტობუსი და ქალაქ ქობულეთიდან ტერიტორიის განათება, საბავშვო ბაღისთვის - სათამაშოები, ჩამოსასრიალებლები, კარუსელები და ა.შ. არ ვიცი, რისი საშუალება მექნება მომავალში, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან კარგი და კეთილშობილური ინიციატივაა.
საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მდებარე პატარა ხის ეკლესიაშიც შევედი და სანთლები დავანთე. ბობოყვათის სასტუმროში მარტო დავბრუნდი. ასისტენტები თბილისში წავიდნენ (მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ისინი ტუბერკულოზის საავადმყოფოს დირექტორთან ყოფილან სახლში დაპატიჟებულნი მეგრულ ღომზე, ელარჯზე, საცივზე და კარგ დროსაც ატარებდნენ, მაშინ, როდესაც ჩვენ ცარიელი კუჭებით დავუბრუნდით სანაპიროს...). მეუღლე, ნიკუშა და ძიძაც ვერტმფრენით წასულიყვნენ თბილისში (პატარა ბავშვისთვის ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე სწრაფი და კომფორტული გზაა), ჩვენ კი ღამის მატარებლით ვაპირებდით წასვლას. ღამის კვება ამის გამო ამოვარდებოდა, მაგრამ ხვალ დილას ორივე უფრო დიდი მონატრებით განვაგრძობდით ძუძუთი კვებას. ეს მაინც ყველაზე კარგია ბავშვის განვითარებისთვის და იმუნიტეტისთვის და მიხარია, რომ უკვე მეთორმეტე თვეა, რაც დღეში მინიმუმ ორჯერ ვაჭმევ. ბავშვი სხვა სახის საკვებსაც იღებს, მაგალითად, გატარებულ ბოსტნეულს, ხილს, ქათამს, ხბოს ხორცს, მაწონს, წიწიბურას, ბრინჯს და ყველს.
6 დეკემბერი, ოთხშაბათი
ისევ მატარებელში ვართ. ის ქობულეთის განახლებული სადგურიდან ზუსტად თორმეტ საათზე დაიძრა და თბილისში დილას, რვის ნახევარზე იქნება. კარგია, ედუჩას სკოლაში თვითონ მივიყვან.
მატარებელში ცოტა სამუშაო მაქვს, მინდა ხვალინდელი ლექციის მომზადება, კომპიუტერში წერილების დაწერა და მონაცემთა ბაზაში ახალი კონტაქტების შეყვანა. შოკოლადი, ორცხობილა, წყალი და ჩაი მაქვს, მაგრამ მატარებელში ასევე ძალიან კარგად მძინავს და ამიტომ, მგონი, დიდხანს აღარ ვიფხიზლებ...
დილას რვა საათზე ჩამოვედით თბილისში და, როგორც იქნა, ედუჩა ცხრა საათზე სკოლაში მივიყვანე. შემდეგ ცოტა ჩემს თავსაც მივხედე: დალაქთან წავედი, კიდევ რამდენიმე საათი დავიძინე... დღის ბოლოს პანაშვიდზეც მივედი...
„ქორთიარდ მერიოტში“ დავესწარი გაეროს და USAID-ის მიერ ორგანიზებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგების პრეზენტაციას. 2005 წელს კონტრაცეპტივების მოხმარება 7%25-ით გაიზარდა, ამაღლდა ქალების ინფორმირებულობის დონე და შემცირდა აბორტების რაოდენობა. მინდა ეს დავიჯერო, მაგრამ ვიცი, რომ რევოლუცია არის მოსახდენი, იმდენი რამის შეცვლაა საჭირო ამ დარგში; მაგრამ იმედით ცოცხლობს ადამიანი და, რასაკვირველია, იმედს არ ვკარგავ...
ხუთიდან შვიდ საათამდე სტუდენტები მყავს კავკასიის ბიზნესსკოლაში, მათ ფრანგულს ვასწავლი...
ამერიკელ სტუმრებთან, გაეროსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ვვახშმობთ და ცხრა საათზე შევდივარ სახლში.
ედუჩა თავის მეგობართან ერთად არის, ეს ჩვენი მეზობელი ბიჭია და, ამავე დროს, ჩემი ნათლულია.
გავიგე, რომ დღეს საპატრიარქოში ათ საათზე ლოცვა იქნება და ნიკუშასთან ერთად წასასვლელად ვემზადები.
უწმინდესთან ვსაუბრობთ ლოცვამდე და ლოცვის შემდეგაც და ჩაძინებულ ნიკუშასთან ერთად დაახლოებით თორმეტის ნახევარზე შინ ვბრუნდები... ღამის ორ საათამდე მაინც არ ვიძინებ, მეგობრებს ვწერ, ტელეფონით ვესაუბრები. რა კარგია, რომ საქართველოში გვიანობამდე შეგიძლია რეკვა! ჰოლანდიაში საღამოს ცხრა საათის შემდეგ ტელეფონის ზარი ხალხს აშინებს, რადგან ფიქრობენ, რაღაც ცუდი მოხდაო...
ხვალინდელი შეხვედრებისთვის ვბეჭდავ მასალას და ვგეგმავ. ასეთი ჩვევა მაქვს: წინა ღამით ჩამოვწერო სია, რა უნდა გაკეთდეს შემდეგი დღის განმავლობაში, ვის უნდა დავურეკო, მივწერო, ვის ვხვდები და რისი გარკვევა მინდა. ეს ძალიან სასარგებლოა და მეხმარება პრიორიტეტების განსაზღვრაში.
7 დეკემბერი, ხუთშაბათი
დილის ოთხ საათზე ნიკუშას ვასმევ ჩაის, შვიდის ნახევარზე კი ძუძუს ვაძლევ. შემდეგ ერთად ვიძინებთ ტახტზე (ისე თავის საწოლშია ხოლმე, საკუთარ ოთახში).
ედუჩას ვაღვიძებ ცხრის ოც წუთზე და ძლივს ვასწრებთ ცხრა საათისთვის სკოლაში მისვლას. საუბარი მაქვს „თბილისი მერიოტში“ ანსამბლ „რუსთავის“ წევრებთან, შემდეგ კი თურქებთან, რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან. როგორც შარშან, წელსაც ვაწყობთ გამოფენა-გაყიდვას, შემოსული თანხა კი ბავშვების დამწვრობის ცენტრს მოხმარდება. ეს ჩემი სამიზნე ჯგუფია, რადგან დამწვრობები ხშირად სოციალურად დაუცველ ოჯახებში ხდება, სივიწროვის, გაზის ბალონის ან ცუდი ელექტროგაყვანილობის გამო, შუა ოთახში მდგარი ადუღებული წყალი ხშირად ბავშვების დამწვრობის მიზეზი ხდება...
შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში მელოდებიან. ამერიკელებმა პერინატალურ ცენტრს დიდი ავტობუსი აჩუქეს, რომელიც აღჭურვილია საიმისოდ, რომ ქალებს დიაგნოსტიკა ჩაუტაროს რეგიონებში. შთამბეჭდავია, რომ ეს ერთ-ორ თვეში დედოფლისწყაროშიც იწყებს მუშაობას და შევთანხმდით, რომ გახსნას დავესწრები.
პირველ საათზე მელოდებიან დამწვრობის ცენტრში, სადაც „დანიური სახლის“ საჩუქრებს გადავცემ: ათ საწოლს მატრასითა და ლეიბებით, ორ კარადას და ნაძვის ხეებს...
უზომოდ გახარებულები არიან! ჩემი კოლეგა ფონდ SOCO-დან იქ რჩება, რათა ბავშვთა განყოფილებაში ნახოს, თუ ვის ესაჭიროება ყველაზე მეტად დახმარება, წამლები და საოპერაციო თანხა. ჩვენ უკვე წლების მანძილზე ვეხმარებით მათ ასე.
მეჩქარება სკოლაში, რომ ედუჩა გამოვიყვანო. მას სახლში მივიყვან, შემდეგ კი წყალბურთზე უნდა წავიდეს. მე სტუმრები მეყოლება - მუსიკოსები, ვისთან ერთადაც ვაწყობთ საშობაო სიურპრიზს რამდენიმე ახალი სიმღერის სახით. მათთან ერთად ვსადილობ. კომპიუტერში წერილებს ვპასუხობ, ვრეკავ, ვგეგმავ და ვწერ ათ პასუხს შემოსულ განცხადებებზე...
ხვალ დილიდან სამსაათიანი ფრანგული ლექცია უნდა მოვამზადო. ალბათ, ერთ საათს დავიძინებ.
ამ კვირაში ვერ ვიცლი ექთნების კურსებზე დასასწრებად, ცუდი გოგო ვარ...
8 დეკემბერი, პარასკევი
პირველის ნახევარზე დავიძინე და ღამის ორ საათზე ნიკუშას ძუძუ ვაჭამე. მეუღლე ლაპარაკის ხასიათზე იყო. შუაღამე კი იყო, მაგრამ სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე და ჩემს პროექტებზე, იდეებზე ვესაუბრები, ძირითადად იმაზე, რაც ვნახე რეგიონებში და რა შთაბეჭდილებებით ჩამოვედი - ამ შემთხვევაში მთიანი აჭარიდან.
დილას რვის ნახევარზე ძიძამ ნიკუშა შემომიყვანა (როცა ვთხოვ, რჩება ხოლმე, მაგრამ ეს ძირითადად არ ხდება).
სკოლაში სანამ წავიდოდა, ედუჩამ შემახსენა, რომ პირველ საათზე გეოგრაფიის ღია გაკვეთილი და შემდეგ მშობელთა კრება იყო დაგეგმილი. ვიქნები-მეთქი, ვუთხარი...
მეოთხე კურსის სტუდენტთა ნახევარი არ გამოცხადდა... მათ სხვადასხვა ფირმაში სტაჟირება დაიწყეს. კარგია, რომ ზოგიერთს 1000 ან 2000 დოლარი აქვს ხელფასი.
თორმეტ საათზე მანქანიდან ხუთ ადამიანს ვურეკავ. ასე ვაკეთებ ხოლმე. ერთი მხრივ ცუდია, რომ თავად არ ვზივარ საჭესთან, რადგან მე ის მძღოლი არ ვარ, რომელიც, რაიმე რომ მოხდეს, ტროტუარებზე სიარულს შეძლებდა; მაგრამ, მეორე მხრივ, კარგია, რადგან მეტი დრო მრჩება საქმიანობისთვის.
როდესაც ჰოლანდიაში ჩემს მშობლებთან სტუმრად ვარ, მამაჩემი მსვამს ხოლმე საჭესთან და ბავშვივით მიხარია.
ედუჩას სკოლაში ღია გაკვეთილზე ბავშვებმა სამხრეთ ამერიკაზე ისაუბრეს. ედუჩა მართლა ძალიან მაღალია, მეტრი და 66 სანტიმეტრი. თანაკლასელებთან ერთად რომ დგას, ეს კიდევ უფრო შესამჩნევია. კრებაზე ვისაუბრეთ ექსკურსიაზე და საშობაო სპექტაკლის თარიღზე. ედუჩა უნდა იყოს მეფე ობერონი „ზაფხულის ღამის სიზმარში“.
სახლში ჩვენი დიასახლისი ავად არის, ამიტომ „მაკდონალდსში“ ვსადილობთ. „ივ როშეს“ მაღაზიაში ვყიდულობ შხაპისთვის სასიამოვნო დასაბან საშუალებებს ჟოლოს, ვანილისა და ატმის სურნელით, რათა ქალებს შობა-ახალ წელს ვაჩუქო. ზუსტად ჯერ არ ვიცი, ვის რომელი მივცე, მაგრამ ამ მაღაზიასთან რომ გავიარე, ვიფიქრე, რომ ეს კარგი საჩუქარი იქნებოდა. ამიტომ გავჩერდი და ვიყიდე.
ვგიჟდები საჩუქრების გაკეთებაზე, ძალიან მსიამოვნებს სხვა ადამიანების გახარება და ყოველთვის ვცდილობ, ორიგინალური და ზედგამოჭრილი საჩუქარი იყოს. ხშირად ტანსაცმელსაც ვყიდულობ, რაც არ უნდა რთული შესარჩევი იყოს ზომის ან გემოვნების მხრივ.
მერე წავედი მეგობარ სოსოსთან. იგი უსინათლოა და პირველად წავიყვანე მის მეზობლად მდებარე ერთ მაღაზიაში. ცოტა დაიბნა...
ხუთ საათზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონფერენციის დახურვაზე დავპირდი წასვლას, ექვს საათზე კი დავიძრებით ბორჯომის ხეობისკენ, იქ ვიქნებით მთელი ოჯახი. ასპინძაში სოფელ ივერიაში მომიწევს წასვლა, რათა ერთი გაჭირვებული და მგლოვიარე ოჯახი მოვინახულო: მამა და ოთხი მცირეწლოვანი შვილი. ოცდაშვიდი წლის ქალმა სახლში იმშობიარა და უმცროსი ქალიშვილის - სანდრას დაბადების დროს ინფექცია შეეჭრა, სეფსისი დაემართა და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. როგორი ტრაგედიაა!.. ასეთი რამ დღევანდელ საქართველოში ხომ აღარ უნდა ხდებოდეს!
ნიკუშა და ძიძა ბორჯომში ამ დილით წავიდნენ, საღამოს კი ჩვენც იქ ვიქნებით. მომენატრა ბორჯომ-ლიკანი, სადაც ორსულობის ბოლო თვე და ნიკუშას სიცოცხლის პირველი ორმოცი დღე გავატარე.
ბორჯომის მფარველი წმინდა ნიკოლოზია და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მეორმოცე დღეზე მირქმის ცერემონია ჩავატარეთ თოვლსა და ყინვაში...
ფოტო: ანდრეი ავერკიევი
9 დეკემბერი, შაბათი
დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. საფლავზე ვერ მივდივარ და, როგორც ყოველთვის, ნინოს აუცილებლად დავურეკავ…
ბორჯომის სამშობიაროში მივდივართ „და დანიური სახლის“ ავეჯით. იანვარში იქ უნდა მივიყვანო ჰოლანდიელები, რომლებიც ძალიან დაინტერესებულები არიან, რომ ამ გაღარიბებულ სამშობიაროს დაეხმარონ.
საღამოს ლოცვაზე დასწრებას ვაპირებ კიმოთესუბნის ეკლესიაში. რამდენი ულამაზესი პატარა ტაძარია აქ, თამარ მეფის მიწაზე!..
ორშაბათ დილას, ცხრა საათზე, თბილისში უნდა ვიყო. ედუჩას სკოლაში მივიყვან, ათ საათზე კი ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ჰემატოლოგიურ განყოფილებაში მივდივარ, სადაც ამჟამად ლეიკემიით დაავადებული ოცდასამი ბავშვი მკურნალობს. მათ ფინეთიდან ჩამოსულმა სანტა კლაუსმა საჩუქრები უნდა გადასცეს. ასეთ ბავშვებს მედიკამენტებით ყოველთვის ვეხმარები და ამიტომ ღონისძიებაში მონაწილეობას მეც ვიღებ... კომპანია „ბორჯომმაც“ გამოთქვა სურვილი, რომ ბავშვებს დაეხმაროს, რადგან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დღეში თითო ლიტრი „ბორჯომი“ სჭირდებათ. ის ფაქტი, რომ საქართველოში ქველმოქმედება ინერგება, ძალიან მახარებს…
რედაქციისგან:
(სანდრა ელიზაბეტ რულოვსის „რადიო თავისუფლების“ ეთერით გადაცემული „დღიურები“ იბეჭდება შემოკლებით)
![]() |
16 ცრემლიანი სათვალე |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი გვახარია
ნაწილი მეთხუთმეტე
„ვითომ აქ ვარ“
1987
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
ნაცნობი გრძნობაა ყველასთვის, ვისაც მოწევისთვის თავი დაუნებებია - სულ რაღაც გინდა, რომ გქონდეს... პირში!
არა, მოწევა, რა თქმა უნდა, არ არის ფილტვების ონანიზმი, როგორც არამწეველები გვიმტკიცებენ ხოლმე. მოწევა - ურთიერთობის საშუალებაა, გარკვეული იარაღია კონტაქტის დასამყარებლად. თუკი ურთიერთობა გიჭირს, თუკი არ იცი, რა უთხრა მოსაუბრეს, რაღაცნაირად ხომ უნდა „გააღო პირი“? ჰოდა, იძულებული ხარ, რომ მოწიო. მით უმეტეს, რომ ძალიან გინდა მყუდროდ და უსაფრთხოდ იგრძნო თავი - ნუ, დაახლოებით ისე, როგორც ძუძუს წოვდი, ღრმა ბავშვობაში და გეგონა, რომ სწორედ „ძუძუ“ იყო ის, რასაც „დედას“ ეძახიან... მერე ძუძუ საწოვარათი შეგიცვალეს და ახლა უკვე „სოსკა“ გადაიქცა „დედად“.
ის ხალხი, ვისაც სიგარეტის გადაგდების პრაქტიკა აქვს, მზესუმზირის კნატუნს გვირჩევს, რათა პირი და „მრუდე მარჯვენა“ (ან მარცხენა) მუდმივად გვქონდეს დაკავებული.
ამაზე არც იფიქროთ! ეს მტრის რჩევაა - სტომატოლოგების შემოგდებული აზრია, რათა ისე დაიავადოთ ღრძილები, რომ მერე მთელი ცხოვრება კბილის ექიმთან მოგიწიოთ რიგში დგომა და ათასი საზიზღრობის გამოვლება.
87-ში სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მოწევას თავი დავანებე. გოგრის მარილიანმა მზესუმზირამ ისეთ დღეში ჩააგდო ჩემი ღრძილები, რომ ყოველ გაზაფხულზე, როცა პირში ყველაფერი ყანყალს იწყებს, დალოცვილი ლუდვიგ მეორე მახსენდება - ბავარიის მეფე ლუდვიგი - სილამაზის მეხოტბე, „მთვარის რჩეული“, რომელსაც ისე მალე დასცვივდა ყველა კბილი, ისე დამახინჯდა, რომ ყველა სტომატოლოგისთვის თითით საჩვენებელი გახდა - თუკი დროზე ადრე არ მიხედავ კბილებს, „ლუდვიგი“ დაგემართებაო.
არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რატომ დასცვივდა კბილები?
სინამდვილეს გაექცა, ზღაპრულ სასახლეში გამოიკეტა, რათა დაცულად ეგრძნო თავი.
მაგრამ მაშინაც ხომ გაურბიხარ სინამდვილეს, როცა მოწევაზე ამბობ უარს? სახლში არ უშვებ მწეველებს, გეშინია, არ შეგაცდინონ. საერთოდ, ყველაფრის გეშინია. მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, სამყარო ახალი „სუნებით“ მოგევლინება. ყნოსვა გიმძაფრდება. ისეთი გრძნობა გაქვს, რომ ხელახლა დაიბადე და თავიდან უნდა დაიწყო ყველაფერი - უსუნო სამყაროს და მარტო გაუყვე მის გზებს - გამცილებლის, მეგზურის, ძუძუსა და „სოსკის“ გარეშე.
სამი წლის წინ, სრულიად ამოვძირკვე ჩემი ცხოვრებიდან სიგარეტი „კოსმოსი“, რომელსაც მანეთად ვშოულობდი დოლიძის ქუჩის ერთ გასტრონომში და ინდური ხსნადი ყავა (საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე რომ გაქრა ჩვენში). ჩემი სახლის კარი დაიკეტა ყველა მწეველისთვის, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავდა, რომ სტუმრიანობის ხანა გვახარიას სახლში 1984 წელს დასრულდა!
ძვირფასო მწეველებო, ნუ შეგეშინდებათ, თუკი სერიოზულად დაგეგმეთ სიგარეტის გადაგდება! ბოლოს და ბოლოს, მზესუმზირის ნაცვლად, შეგიძლიათ რძე მიირთვათ, ყლუპყლუპად სვათ მთელი დღის განმავლობაში. გარწმუნებთ, ეფექტი გასაოცარი იქნება! მაგრამ არც ესაა მთავარი; თუკი მწეველებთან კონტაქტს გაწყვეტთ, გირჩევთ აუცილებლად გამოიყენოთ ეს იძულებითი მარტოობა, გააკეთოთ რამე, რასაც მხოლოდ სიმარტოვე აკეთებინებს ადამიანს.
მაგალითად, დისერტაცია დაწეროთ.
ჩემსავით.
მით უმეტეს, რომ დღეს თქვენს დისერტაციას რუსები, ე.წ. „ვაკის“ ჩინოვნიკები აღარ ასწორებენ... აღარაა საშიში ერთი მძიმის გამო 3 წლის ნაშრომი წყალში ჩაგივარდეთ.
ჰო, კიდევ არც დისერტაციის მოსკოველი ხელმძღავანელები გყავთ... თუნდაც ჩემი ევგენი ვასილევიჩ გრომოვივით, კაკლის მურაბას რომ მთხოვდა ხოლმე მოსკოვში ჩასვლისას. მურაბის ქილას სადღაც, კარადაში დებდა და დისერტაციის კითხვას იწყებდა. მორიგი თავის დასრულების შემდეგ, არ არსებობდა არ ეთქვა - „Ты случайно не еврей?“
ასაკში იყო უკვე პროფესორი გრომოვი და ავიწყდებოდა რაღაცეები. იმასაც ვეღარ ხვდებოდა, რომ დისერტაციას თემაზე „ეროვნული პლასტიკური ხელოვნების ტრადიციები ქართულ კინოში“ ებრაელობასთან არაფერი ჰქონდა საერთო.
მაგრამ ეჭვიანი იყო. არ მოსწონდა ჩემი დაინტერესება ეიზენშტეინით. ერთსა და იმავეს ამბობდა: „Эйзенштейн - еврей, и к тому же педераст!“ დიდად არც ჩემი დისერტაციით იყო აღფრთოვანებული. მთელი კვირა დამჭირდა, მაგალითად, ამეხსნა, რას ნიშნავს გახსნილი ფასადის ცნება ქართულ არქიტექტურაში, რატომ იღვწოდა ასეთი დაჟინებით დავით კაკაბაძე სურათის სიბრტყის გაღრმავებისა და „ცოცხალ სივრცედ“ გადაქცევისთვის და რა აქვს ამას საერთო კინოხელოვნებასთან?
ასეთ პროფესორებს სიტყვა „ღიაობა“ ვინმე ალან დალასის დოქტრინას აგონებს. სივრცე მათთვის აუცილებლად დაცული და შემოსაზღვრული უნდა იყოს... წინააღმდეგ შემთხვევაში, საშიშროება დაემუქრება იმას, რასაც ეს ხალხი „მეობას“ ეძახის.
ეტყობა, სწორედ ასეთი პროფესორების გულის გასახეთქად გადაკვეთა 19 წლის გერმანელმა, მატიას რუსტმა საბჭოთა კავშირის საზღვარი 1987 წლის 28 მაისს (საბჭოთა მესაზღვრის დღეს) და თავისი პატარა თვითმფრინავი პირდაპირ წითელ მოედანზე, „ვასილი ბლაჟენის“ ტაძართან დასვა. წითელ მოედანზე მოსეირნე ხალხს, ცხადია, თავში არ მოუვიდოდა, რომ ამ ჟესტით ჰამბურგელმა ბიჭმა საბჭოთა იმპერიის ძლევამოსილების იდეას დასცინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღფრთოვანებული პუბლიკა რუსტს ავტოგრაფებს ართმევდა. ყველა ძალიან დაიბნა, როცა მიწაზე დაშვებიდან 10 წუთის შემდეგ, მატიასი დააპატიმრეს და ერთ თვეში „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის“ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ყოჩაღი ბიჭი იყო ეს რუსტი. „პერესტროიკას“ დიდი საქმე გაუკეთა. სწორედ ამ ინციდენტის მერე დახსნა გორბაჩოვმა თავდაცვის მინისტრი და გენერლები, რომლებიც ყველანაირად უპირისპირდებოდნენ აქამდე. შეიძლება ითქვას, რომ რუსტი საბჭოთა კავშირის დანგრევის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იყო. მით უფრო სასაცილოა, რომ 2001 წელს იგი ჰამბურგის მაღაზიაში... ჯემპრის ქურდობისთვის დააპატიმრეს.
რუსტის საქციელს ჩემმა პროფესორმა „ჟიდო-მასონების მორიგი ხრიკი“ უწოდა. დიდხანს იმსჯელა ქართველი და რუსი ხალხის საერთო მტერზე და მოაყოლა, თბილისში, შენს დაცვაზე როცა ჩამოვალ, გორში წამიყვანე, სტალინის სახლ-მუზეუმის ნახვა მინდაო.
ეს იყო ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა. დაცვა ორი კვირის შემდეგ, ე.ი. ივნისის ბოლოს დანიშნეს. გრომოვისთვის აღარ დამირეკავს და არც დაცვაზე დამიპატიჟებია.
და არა მარტო იმიტომ, რომ გორში წასვლა დამეზარა. უბრალოდ, მაგ მარაზმატიკის გამო (ახლახანს მომკვდარა საწყალი), სიგარეტის მოწევა დავიწყე!
სრულიად დარწმუნებულმა, რომ დისერტაციის ორივე ხელმძღვანელი, ერთი თბილისში და მეორე - მოსკოვში, „რუსულენოვანი“ მყავს და ხელმძღვანელები თავად იტვირთებენ რედაქტორის ფუნქციას, ამაყად მივიტანე „ვაკისთვის“ გამზადებული ტექსტი ოპონენტებთან. ხელოვნებათმცოდნე ირინა ძუცევა - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თბილისელი ქალი, რომელიც ცხოვრებაში მინახავს - გაოგნებული იყო, ამდენი შეცდომა ტექსტში ჯერ არ მინახავსო. ახლა ყველაფერი მბეჭდავზე იყო დამოკიდებული - თუკი დისერტაციის ტექსტში შეცდომები ერთ დღეში არ გასწორდა, მთელი სამი წლის წვალება წყალში ჩაიყრებოდა.
ძალიან მიქეს ერთი მბეჭდავი ქალი, ენგელსის ქუჩაზე. სწრაფად ბეჭდავს და თანაც, რუსულენოვანიაო. მართლაც იყოჩაღა და ერთ ღამეში დაბეჭდა. თითქოს ყველაფერი მოგვარდა. გამოვედი დილის 7 საათზე მისი სახლიდან. ფოსტაში წასვლის წინ, კიდევ ერთხელ გადავხედე ტექსტს და ვაიმე! ისევ შეცდომები - არასწორად დაცული დისტანციები, გამოტოვებული სასვენი ნიშნები... სწორედ ის, რასაც გულისყურით აკვირდებოდნენ „ვაკის“ ჩინოვნიკები!
ინსტინქტურად შევვარდი გასტრონომში, ვიყიდე ოცდაათკაპიკიანი სიგარეტი „მტკვარი“ და გავაბოლე.
ერთ საათში შეშინებულმა მბეჭდავმა შეცდომები გამოასწორა და მეც ამაყად მოვისროლე „მტკვრის“ კოლოფი. ლამის ღამის პერანგში ვაბეჭდინე საწყალს. ერთსა და იმავეს ვუმეორებდი, „თქვენს გამო, ქალბატონო, სიგარეტის მოწევა დავიწყე!“. მართალია დისერტაცია დროზე გავაგზავნე, „ვაკიდანაც“ დადებითი პასუხი მივიღე და დაცვამაც კარგად ჩაიარა, მოწევის დაწყებას დღემდე სამ ადამიანს ვაბრალებ - პროფესორ გრომოვს, ენგელსის ქუჩის მბეჭდავს და ჟანა მოროს.
თუ მოწევისთვის ახლადდანებებული გაქვთ თავი, მოერიდეთ ფილმების ნახვას ჟანა მოროს მონაწილეობით! ასეთ მდგომარეობაში საშიშია იმის ხილვა, თუ როგორ ეწევა ეს ქალი, როგორ უჭირავს სიგარეტი და როგორ დაფარფატებს კვამლში, რომელსაც თითქოს მუსიკის მიხედვით უშვებს თავისი ულამაზესი პირიდან.
ჟანა მორო ფილმში „ლიფტი ეშაფოტზე“! მაილს დევისის თემით Generique...
87 წლის ზაფხული იწყებოდა. ყველაფერი წარმატებით დასრულდა - დისერტაციაც, გრომოვიც. ამ ავანტიურისტმა გერმანელმა ბიჭმაც დაგვაიმედა. მოსკოვის ტელევიზიამ ხომ საერთოდ ყველა გაგვაგიჟა. ახალ სატელევიზიო შოუს „До и после полуночи“ ხალხი მთელი კვირა ელოდებოდა.
ასეთ დროს რატომ უნდა მოწიო ვითომ სიგარეტი?
არ უნდა მოწიო, თუკი მაინცდამაინც მაშინ, როცა ისევ იწყება საკუთარ თავთან ბრძოლის მომქანცველი პროცესი, მზესუმზირითა და სტუმრებისთვის გამოკეტილი კარით, შემთხვევით არ მოხვდი კინოთეატრში, სადაც „ლიფტს“ უჩვენებენ.
არადა, 80-იან წლებში „ლიფტი“ და ფილმები ყველაზე ლამაზიმწეველების, ჟანა მოროსა და ანი ჟირარდოს მონაწილეობით, კვირაში ერთხელ გადიოდა „პროფკავშირების სასახლის“ მცირე დარბაზში, რომელიც ქართველმა კინოკლუბელებმა, ლადო ტოგონიძემ და ოთარ ჭედიამ დაიქირავეს.
კინოკლუბელები - უცნაური ხალხია. ზეპირად იციან, რომელმა რეჟისორმა როდის რა გადაიღო. ვინ იყო ფილმის ხმის რეჟისორი და როგორ ამინდში მოუხდა ავტორს ამა თუ იმ სცენის გადაღება.
მაგრამ ლადო და ირაკლი - განსაკუთრებული კინოკლუბელები არიან... და არა მარტო იმიტომ, რომ თავის დროზე, როცა ეს თითქმის შეუძლებელი იყო, ტარკოვსკი თბილისში ჩამოიყვანეს და „ოფიცერთა სახლში“ დიდი რეტროსპექტივა გაუმართეს. მთავარი ეს არაა - ლადოს და ოთარს შეუძლიათ „უდისციპლინობით“ გამორჩეული ქართველი მაყურებელი კინოდარბაზში „გაასუსონ“, შეუძლიათ შავი დღე აყარონ კინომექანიკოსს, რომელიც უდიერად მოეპყრობა ფირს, ან ხმას ნორმაზე არ დააყენებს.
თუკი „ლიფტში“ ხმის ეფექტი ბოლომდე არაა დაცული, თუკი ბოლომდე ვერ შეიგრძენით 1957 წელს, სულ რაღაც 5 საათში ჩაწერილი მაილს დევისის მუსიკა (დევისი უყურებდა ჟანა მოროს „სვლას“ ელისეს მინდვრებზე და იქვე იგონებდა Generique-ს), მაშინ კიდევ არის შანსი, რომ ამ პატარა ქალმა მართლაც არ დაგაბოლოთ და მისი მიბაძვის სურვილი არ გაგიჩნდეთ. მაგრამ „ეშაფოტის“ კარგი პროექციის დროს, თქვენს სურვილს წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ. შეიძლება არც დისციპლინის მოყვარული კინოკლუბელების შეგეშინდეთ და იქვე გააბოლოთ, კინოთეატრში... ჩემსავით აღმოჩნდებით ყველაზე ლამაზი მწეველის მომხიბვლელობის მსხვერპლი - ისევ დაიწყებთ მოწევას.
არ ვიცი, რამდენ ასეთ თაყვანისმცემელს მოუწამლა ფილტვები ჟანა მორომ საფრანგეთში. იქ ნაკლებია შანსი, ისე დაგითხარონ ნერვები, რომ სიგარეტის კვამლში, პატარა ქალის ლივლივმა ტვინი გადაგიტრიალოს. მაგრამ აქ, ჩვენთან, 1987 წელს, როცა ხალხმა თავისუფლად დაიწყო ლაპარაკი, რამაც ჰაერის საშინელი დაბინძურება გამოიწვია, დიდი იყო შანსი გეფიქრა - რა მნიშვნელობა აქვს რა მომკლავს - სიძულვილით გაჟღენთილი ჰაერი, თუ მანეთად ნაყიდი სიგარეტი „კოსმოსი“, კარგი ინდური ხსნადი ყავის „თანხლებით“?
გურამ პეტრიაშვილი პირველად 1982 წელს ვნახე ტელევიზორში, „ჯაყოს ხიზნების“ ისტორიულ გარჩევაზე. ისეთი ქოქოლა აყარა ”ზნეობის” დამცველ ქართველ მასწავლებლებს, რომლებიც თემურ ჩხეიძის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვდნენ, რომ მას მერე მისი მშვენიერი ზღაპრების თაყვანისმცემლად ვიქეცი. ის ქართველები რატომ არ გაღიზიანებთ, პეპელას რომ დასდევენ ჩვენს მოკლემეტრაჟიან ფილმებშიო? ასეთი რამ იკითხა გაბრაზებულმა... ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართულ-საბჭოთა ტელევიზიაში ეჭვი გამოითქვა ეროვნულ კინოში „შერეკილებზე“ მოდის დამკვიდრებაზე. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს ბატონი გურამ პეტრიაშვილისგან, მწერალმა და კინორეჟისორმა გაიმეორა რუსი კინოკრიტიკოსის, იური ბოგომოლოვის აზრი, გამოთქმული 1978 წელს, ჟურნალში „Искусство кино“... ბოგომოლოვი წერდა, ინფანტილური გმირების იდეალიზაციით, ქართულმა კინომ რეალობის გრძნობა დაკარგაო...
რომ იცოდეთ, რა ამბავი ატყდა ქვეყანაში. საქმეში მაშინ პირადად ედუარდ შევარდნაძე ჩაერია - ცეკაში გამოიძახა კინემატოგრაფისტთა ბრიგადა, რომელიც, თავის მხრივ, კონიაკითა და წითელი ღვინით შეიარაღებული, სასწრაფოდ გაფრინდა მოსკოვში მოსკოველი კრიტიკოსის დასახმარებლად.
ქართველები ამტკიცებდნენ, რომ ეროვნული კინო უარს არ ამბობს საბჭოთა რეალობის გამოხატვაზე... არადა, ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ ქართული კინოს ღირსება სწორედ საბჭოთა რეალობიდან გამიჯვნა იყო - იგავებით, ზღაპრებით, შერეკილებით, პეპლებზე მონადირე „ბებერი ბავშვებით“... ეს ფილმები, ცხადია, მოსწონდათ მოსკოვშიც - იმხანად განსაკუთრებით დამკვიდრდა მოდა ზრდაშეჩერებულ ქართველზე, რომელიც გულიანად აცინებდა რუს მაყურებელს, ახარებდა, რადგან ასეთი „მიმინოების“ მოთვინიერება ბევრად უფრო ადვილი იყო... ბოგომოლოვი აფრთხილებდა ქართველებს, რეალობას ვერ გაექცევით, ისტორია რომანტიკოსებისა და იდეალისტების მიმართ ულმობელიაო.
არ დაუჯერეს, გაბრაზდნენ, კონიაკები ჩაიტანეს მოსკოვში. არადა, ბოგომოლოვის წინასწარმეტყველება სულ რამდენიმე წელიწადში გამართლდება.
ჰოდა, ამ ჩვენმა ბატონმა გურამ პეტრიაშვილმა პირველმა ამოიღო ხმა იმის წინააღმდეგ, რასაც ჩვენი საზოგადოება ქართული კინოს მონაპოვრად მიიჩნევდა.
როგორ არ უნდა შემყვარებოდა ახლა ეს კარგი კაცი?
მას მერე, მისი წერილების აქტიური მკითხველი გავხდი.
1987 წელს, უკვე დისერტაციადაცულმა, გადავშალე გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ და დიდი ინტერესით დავიწყე ბატონი გურამის სტატიის - მისი რეცენზიის კითხვა, სერგო ფარაჯანოვის ფილმზე „ლეგენდა სურამის ციხეზე“.
კაკლის მურაბა და გრომოვი! მაშინვე ჩემი პროფესორი გამახსენდა. ისევ შეთქმულების თეორია, ისევ ეროვნული კულტურის „გასომხების“ საშიშროება... მწერალთა კავშირის გაზეთის მიერ დამკვიდრებული რიტორიკა, რომელიც ჯერ რობერტ სტურუას მიერ დადგმული ოპერის, „შუშანიკის წამების“ რაღაც უკიდეგანო ლანძღვაში გამოიხატა, ახლა კი ფარაჯანოვის „დივერსიის“ მხილებაში.
არ მინდა გრომოვი საქართველოში! - ვიფიქრე ჩემთვის და კინოკავშირის პლენუმზე მაშინდელი პრესის განხილვა ვითხოვე. „გავიხსენოთ, მაგალითად, გურამ პეტრიაშვილის პროფაშისტური სტატია ფარაჯანოვზე...“ - მოვუწოდე ქართველ კინემატოგრაფისტებს.
მოხსენების დასრულების შემდეგ, შესვენება გამოცხადდა. დერეფანში პირდაპირ პეტრიაშვილს შევეფეთე: „შენ ფაშისტი მიწოდე... შე დამპალო...“ (არ შეუგინებია)...
და სრულიად მოულოდნელად მხეთქა. ისე ძლიერ, რომ თავბრუ დამეხვა და მგონი ცოტა ხნით გონებაც დავკარგე.
თავისი თქვა და წავიდა.
პლენუმზე ელდარ შენგელაიამ კავშირის წევრებს ეს ამბავი მოუყვა და ბატონი გურამის კინოკავშირიდან გარიცხვა მოითხოვა. სახლში რომ დავბრუნდი, მამაჩემმა ყველაფერი იცოდა - პეტრიაშვილის მისამართს ეძებდა, მოვკვდები და ბოდიშს მაინც მოვახდევინებო.
მაგრამ ბოდიშის მოხდა კინაღამ მე მომიხდა.
საქართველოს მწერალთა კავშირმა, რომლის გაზეთი (პროფესორი გრომოვივით და იმ წელს რუსეთში ჩამოყალიბებული ძალიან ძლიერი ორგანიზაცია „პამიატივით“) თითქმის ყოველ ნომერში ამტკიცებდა, ჯერ შენი უნდა გიყვარდეს და მერე სხვისიო, უფრო აქტიური აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი კინოკავშირი. იმხანად ამ ხალხთან კამათს აზრი არ ჰქონდა. მათ ვერ შეაგნებინებდი, რომ „შენის“ სიყვარული გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე უცხოსი. იმხანად უკვე პოპულარული გახდა აზრი, რომ წმინდა ნინო კაბადუკიელი - ქართველთ განმანათლებელი, თავადაც ქართველთა ტომს ეკუთვნოდა. ერთ წელიწადში ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ დაიბეჭდება იოსებ ზეთეიშვილის წერილი „აბოს გმირობა და იოანე საბანისძის ღვაწლი“, რომელშიც ავტორი გვთხოვს, ნუ დავემსგავსებით რუსებს, რომელთა მემატიანე კმაყოფილი წერს, პირველი რუსი წმინდანი, მოციქულთა სწორი ოლღა, „თვით ჩვენგან, რუსთა ტომიდან აღადგინა ღმერთმა“... იოსებ ზეთეიშვილი იხსენებს არსენ მეოთხის ტექსტს „გალობაი წმიდისა მოციქულისა ნინოსი“, რომელშიც საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი აღწერს ქართველებს წმინდა ნინოს მოსვლის წინ. ესენი არიან ქედფიცხელი ბარბაროსები, უცნობელნი (უმეცარნი) და მძიმენი (უმოძრაონი), სამარეში მყოფი დაყროლებული მკვდრები... წმინდა ნინო კი, რომლისთვისაც ქართული არის „ენა, რომელიც არ იცოდა“ - გულით ბრძენი და ღვთის მხილველი... მას მოჰყვებიან იდეალური უცხოელები - სპარსელები რაჟდენ და ევსტათი, სომეხი შუშანიკ, სირიელები იოანე და დავითი და მრავალი სხვა... მას მოჰყვება „ვეფხისტყაოსანი“...
იოსებ ზეთეიშვილს დღეს სხვა სახელი აქვს - მამა იოსები. იგი ლიტვაში, მართლმადიდებელი ტაძრის მოძღვარია. ჩემთვის - იდეალური ქრისტიანი, თუ გნებავთ იდეალური ქართველი, რომელიც ყოველთვის მენატრება, როცა პროფაშისტურ გამოთქმებს იმ ხალხისგან ვისმენ, ვისაც „ჭეშმარიტი მართლმადიდებლის“ პრეტენზია აქვს.
სიძულვილის ინსტინქტი ყოველთვის უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე განსჯა და ფიქრი.
მწერალთა კავშირმა „გაზეთის შეურაცხყოფისთვის“ სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. აბობოქრდა საქართველოს ცეკას კულტურის განყოფილებაც - „რას ჰქვია სიტყვა ფაშიზმიო...“
და აბა, როგორ არ უნდა მოწიო ამ დროს სიგარეტი? მით უმეტეს, რომ კინოს სახლში მომხდარმა ამ ინციდენტმა, მგონი, ყველა ჩემს კოლეგას დააწყებინა მოწევა.
„ჩვენების“ სიყვარული ადვილია. ამიტომ ყოველთვის ვერიდები სიყვარული ავუხსნა ჩემს კოლეგებს - კინომცოდნეებს. არადა, როგორ მინდა! ძალიან ცოტაა ასეთი უანგარო პროფესია. ხალხი, რომელსაც შეუძლია მძიმე „იაუფები“ (ყუთები, რომელშიც კინოფირი ინახება) ათრიოს, მთელ სამყაროს აცნობოს რომელიმე რეჟისორის გამარჯვება და მერე, თუკი ამავე ავტორის სხვა ფილმი ან მისი სტატია აუგად მოიხსენია, აიტანოს მისგან ყველანაირი შეურაცხყოფა, სახეში შეფურთხება და გარტყმაც კი.
მაშინვე შეიკრიბა კინოკრიტიკის სექცია. მოვიდა ყველა ჩემი კოლეგა, მათ შორის ერთი ქალი, რომელთანაც რამდენიმე წლის წინ ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე და რომელიც დღესაც არ მესალმება.
სწორედ ეს ქალი გახდა ჩემი ყველაზე აქტიური დამცველი. სწორედ მან შეადგინა წერილი, რომელშიც ღიად ამტკიცებდა, დიახაც, ეს წერილი პროფაშისტურ იდეებს მოიცავსო. „კინოკრიტიკოსების დასკვნა“ ცეკაში გაიგზავნა. როგორ არ უნდა მოწიო სიგარეტი, როცა იმ ადამიანისგანაც კი გრძნობ მხარდაჭერას, რომელსაც აქამდე „შენიანად“ არ თვლიდი.
მწერლებმა ჩივილზე უარი თქვეს.
ცხადია, ეს იყო პატარა ტაიმ-აუტი, რომელიც მოგვიანებით ახალ, უფრო მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზრდება. თანაც, ამ ხალხს მაშინ გვახარიასთვის არ ეცალა. ჯერ სხვა, მართლაც რომ ჭკვიანი ხალხისთვის უნდა გაეტეხათ სახელი. რობერტ სტურუასა და სერგო ფარაჯანოვს მალე მერაბ მამარდაშვილს მიაყოლებენ. ფილარმონიაში, „სახალხო ფრონტელთა“ ყრილობაზე, სადაც მამარდაშვილი არ ისურვებს ილაპარაკოს ის, რასაც უმრავლესობა ქადაგებს - იტყვის, ჭეშმარიტება უფრო მაღალი ცნებაა, ვიდრე პატრიოტიზმიო... მას დარბაზიდან გააძევებენ - ხმაურით, სტვენით, გინებით.
იგი გავა და თავის საყვარელ ჩიბუხს გააბოლებს.
მერე ბატონი გურამ პეტრიაშვილი, ისევ და ისევ მწერალთა კავშირის გაზეთში, ქართული ენის ცოდნას დაუწუნებს და „აი იას“ სწავლებას დაუწყებს.
„თქვენ ხომ შეგიძლიათ საზღვარგარეთ წახვიდეთ, აქ რა გაჩერებთ?“ - ვკითხე ერთხელ ჩემს საკუთარ სახლში (რომელიც ყველა „საზღვარგარეთს“ მირჩევნია)... ტატა თვალჭრელიძემ მოიყვანა „კარგი ფილმების“ სანახავად. ბევრი არჩია და ბოლოს მკითხა, არ მინდა ასეთი კინო, კარგი ვესტერნი მირჩევნიაო...
„მე რატომ უნდა წავიდე ვითომ? ეგენი წავიდნენ, თუ კარგია!“ - ეს თქვა და იმის ახსნა დამიწყო, რომ არც იქაა სუფთა ჰაერი, სადაც მე „ვუშვებდი“. ჯონ ფორდის რომელიღაც ვესტერნის ყურებაში, რატომღაც ფრანგი მომღერალი დალიდა გაიხსენა. მისგან გავიგე პირველად, რომ დალიდასთვის თვითმკვლელობის საბაბი თავისი საყვარელი მსახურების, ჯუჯების - პეტროსა და ლუჩიას დაღუპვა გახდა. რაღაც უცნაური დაავადებით, 87 წლის 30 აპრილს ერთი ჯუჯა გარდაიცვალა, 1 მაისს კი - მეორე.
3 მაისს დალიდამ თავი მოიწამლა.
ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ვესტერნი და დალიდა მერაბ მამარდაშვილისგან, რომლის ლექციებზე, უნივერსიტეტში იმხანად მთელი თბილისი თუ არა, „თბილისის ნაღები“ მაინც დადიოდა.
ჩემთვის იგი ასეთი დარჩება - ჩიბუხით ხელში, ჯონ ფორდის ცხენების ფონზე. არა მარსელ პრუსტზე, არამედ დალიდაზე მოლაპარაკე „ქართველი სოკრატე“.
სახლში მაქვს დალიდას ფირფიტა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ გამოუშვეს. გაარემიქსეს მისი სიმღერები, ახლადჩაწერილ მუსიკას მისი ხმა დაადეს და ალბომს „ვითომ აქ ვარ“ დაარქვეს.
სასაცილო მუსიკაა. მაგრამ ამ ფირფიტას დავდებ თუ არა, მაშინვე სიგარეტის მოწევა მინდება ხოლმე.
![]() |
17 პირადი ენციკლოპედია |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: აკა მორჩილაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი
შეშლილი დათვი
- ლონდონში, სენტ პანკრასის მიდამოში არის ასეთი რესტორანი სარდაფით.
სარდაფი ბარია: სიგარეტებიდან რატომღაც მხოლოდ „ლაკი სტრაიკი“ იყიდება, რომელსაც თვითონ ქალაქში ძნელად თუ გადააწყდები სადმე. ლონდონი ეგეთია, ბევრ ამბავსაც ვერ გაუგებ.
ვთქვათ, ბალიშის ყიდვა მოგინდა, შენ გგონია იოლი საქმეა? მიხვალ და ეუბნები, ბალიში მინდა-თქო. მოგცემენ ბალიშს და მიხვდები, რომ არ გინდა ის ბალიში, ცხოვრებაში არ გიძინია ეგეთ ბალიშზე. ეს არა-თქო, სხვანაირი-თქო. აააა, კონტინენტური ბალიში გნებავთო, გკითხავენ შეფარული გაკვირვებით და გადმოგიღებენ შენთვის ნაცნობ ბალიშს. ინგლისური ბალიში ხომ სხვანაირია, ვიწრო, თხელი და გრძელი. თვითონ ის უყვართ. თავისია, კუნძულია და ყველაფერი თავისი აქვთ. არც გასაკვირია.
ხო, „შეშლილ დათვს“ მივუბრუნდეთ.
რესტორანი გახლავს დათვის ტყავებითა და ნაირგვარი ძველებური სანადირო რამეებით გაწყობილი, სარდაფს კი მგონი ფსკერი არა აქვს. რაღაცით ჩვენს ძველებურ ღვინის სარდაფებს ჰგავს. აგურის თაღები, სიგრილე და ასე შემდეგ. ოღონდაც მთავარი ამ ბარში ტუალეტი გახლავს. და პირველად მიყვანის ეფექტიც ამაში მდგომარეობს: გამასხრების ამბავია და მოულოდნელობებისა.
ანუ, ღირსშესანიშნაობა საპირფარეშოა. პირველად რომ წაგვიყვანა იქ ერთმა ძმობილმა, ხელებს იფშვნეტდა, ახო, აბაზანაში მიმყავხართო. ნახავთ, რაც მოგელითო. ჯერ თითო არ დაგველია და შემოგვიჩნდა, გინდა თუ არა, საპირფარეშოში წადითო. არ მინდოდა და რა ძალაა? კვდებოდა სიცილით. ამნაირი მოქცევა კი, ცხადია, ინტრიგაში გაგხლართავს.
მოკლედ, რომ არ გავაგრძელო, საპირფარშოს არსი პირველად მისულის გაბითურებაა.
ორი ჩვეულებრივი ყავისფერი კარია ყავისფერსავე კედელზე და დიდად არც ეტყობა, რომ კარია. ქალის რომელია და კაცის რომელი - არ აწერია. ახლა, ქალის თუ ყოველთვის მარცხნივაა, ეგებ ამ შემთხვევაში მარჯვნივაც იყოს, რას გაიგებ. არც სახელური აქვს, არც რამე და მიაწვები, შედიხარ და აღმოაჩენ, რომ ქალებისაში შესულხარ. ასე რომ, თავიდან ჯობია შეიხედო, იმიტომ, რომ თუ შეხვედი, გზას ძნელად გამოაგნებ. საკუთარი თავის მეტს ვერაფერს და ვერავის დაინახავ, თუ, რა თქმა უნდა, ქალი არ შემოგეფეთა. ოღონდაც ისიც ხელის ცეცებით ეძიებს კარსა.
რატომ და იმიტომ, რომ შიგნით სულ სარკეებია. ყველაფერი სარკეა. კარის უკანა მხარეც კი და ღრიჭოც არ ეტყობა. ხარ ამ სარკეებში და ხელით აწვები კედლებს. კაი, შეგეშალა და გამოხვედი, შეხვედი კაცებისაში. იქაც სულ სარკეებია, საკუთარ თავს ვერსად დაემალები, ჭერში აიხედავ და იქაც სარკეა, თან ამ სარკეებზე წყალი მოედინება, როგორც ერთ დროს მელიქიშვილზე, ხილ-ბოსტანის მაღაზიის ვიტრინაზე.
ხელის დაბანაც არ არის იოლი - ონკანი არ ჩანს, გძელი ნიჟარაა და ტიხარს ქვემოდან მოედინება წყალი. უცებ შეწყდება ხოლმე, ყოვლად ვერაგულად და დგახარ ხელებგაშვერილი და ელოდები. ერთი საქმე კიდევ ესაა, რომ ამ ხელების ბანაში, შეიძლება ვიღაც ქალის ხელებს წაატანო ხელი, იმიტომ, რომ ონკანი ზიარია, ტიხარი იმგვარია, რომ იქედანაც მოუდგები.
აი, ასეთი რამეა. სხვები კიდევ, გამოცდილები, გარეთ დგანან და როცა გაარწევ ამ ადგილიდან, გეკითხებიან, ჰა, როგორია? ადრე თუ გვიან გამოაღწევ, მიაგნებ კარს. თან ესეც იანგარიშე, რომ კარის მიგნება იმიტომაც ჭირს, რომ ბარის საპირფარეშოში უფრო შემთვრალი ხალხი დაიარება, ვიდრე ფერნანდო მაგელანი, რომელიც სად აღარ იკვლევდა გზას და ბოლოს მაინც მოკლეს.
მეორე ჯერზე ალაბათ იოლია. იმ ბარს თავისი მუდმივი მოყვარულები ჰყავს და იმათთვის არაფერია. უბრალოდ, როცა ამხანაგების მსუბუქად გათამაშება უნდათ, იქით წაიყვანენ ხოლმე.
ქუთაისის ქუჩები
- არსებობს ასეთი საოცარი წიგნი, როემლშიც სრული სიზუსტითაა აღწერილი ქუთაისის ქუჩათა მდებარეობა და სახელები. ეს წიგნი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შეიტყო, რა ხდებოდა ქალაქში მეოცე საუკუნეში.
მოვკვდები, ორიოდე ნაწყვეტი რომ არ გადმოვიწერო:
„გიორგი ერისთავის ქუჩა: მდებარეობს მდ. რიონის მარჯვენა მხარეს, ლ.ასათიანისა და კოსმონავტების ქუჩებს შორის, შედის ძელქვიანის მუნიციპალიტეტში, წარმოქმნილია მე-19 საუკუნის შუახანებში, ამ დროისათვის იგი შედიოდა იურჩენკოვის ქუჩის შემადგენლობაში, შემდეგ ბაგრატის ქუჩის, ხოლო 1922 წლიდან კი პროფესორ მარის ქუჩის ნაწილს შეადგენდა. 1953 წელს ქუჩას აღნიშნული მონაკვეთი ცალკე გამოეყო და მიენიჭა ქართველი დრამატურგისა და პოეტის, თეატრალისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი დავითის ძე ერისთავის (1813-1864) სახელი. გააჩნია 1-ლი, მე-2 შესახვევი, მე-2 ჩიხი.“ ანდა ეს:
„აკაკი ვასაძის ქუჩა - მდებარეობს მდ. რიონის მარცხენა მხარეს, შედის საფიჩხიის მუნიციპალიტეტში, იწყება გელათის ქუჩიდან და მთავრდება გაპონოვის ქუჩასთან (ყოფილი შაუმიანის ქ. მე-2 შესახვევთან). გვიანი ფეოდალური ხანის ქუთაისის სინამდვილეში ქუჩის ტერიტორია შედიოდა ქალაქის საგარეუბნო სოფლის, მწვანეყვავილას, ე.წ. ქვარიანების უბნის შემადგენლობაში და ქვარიანების საკუთრებას წარმოადგენდა.
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქუჩის ტერიტორია ამ ქვარიანთაგან ერთ-ერთის, ანდრეი ქვარიანის, ხოლო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მისი შთამომავლების საკუთრებას წარმოადგენდა. (მათი ერთ-ერთი შთამომავალი იყო ჩვენი საუკუნის განთქმული ფალავანი, კოლია ქვარიანი). ქუჩად წარმოქმნა დაიწყო მე-19 საუკუნის შუახანებიდან, როდესაც ქვარიანის გარდა, აქ სხვა მოსახლეებიც გაჩნდნენ. მართალია, იგი მოწამეთას ქუჩის შესახვევად იყო მიჩნეული, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ქვარიანების შესახვევსაც უწოდებდნენ (ასევე იწოდებოდა ხანდახან ჯაფარიძის ქუჩის 1-ლი შესახვევიც). 1926 წლიდან ეს შესახვევი თაბუკაშვილის ქუჩის 1-ლი შესახვევია, შემდეგ ჯერ თბილისის, შემდეგ გელათისა და დავით აღმაშენებლის ქუჩის (ყოფილი გელათის) 1-ლი შესახვევი.
1980 წელს შესახვევი ქუჩად გამოცხადდა და მიენიჭა გამოჩენილი ქართველი მსახიობისა და რეჟისორის, სსრ კავშირის სახალხო არტისტის, აკაკი ალექსის ძე ვასაძის (1899-1978) სახელი, რომელიც ამ ქუჩაზე მდებარე, ნომერ 23 სახლშია დაბადებული.“
გამაგიჟა ავტორების მიერ თავიანთი ქალაქის ცოდნამ, მაგრამ ამაზე არანაკლებ გამაგიჟა იმან, თუ რა ხდება ერთ, თუნდაც პატარა ქალაქში.
მგონი ქუჩები ტანსაცმელს ჰგავს: ქალაქი იცვლის ხოლმე, თუმცა, ზოგჯერ ისე გამოდის, რომ ძველი ტანსაცმელი ახალს სჯობია. ეგებ ტანსაცმელი უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ქუჩის სახელი. ამიტომ, არ გვინდა ტანსაცმელი, ჰალსტუხი იყოს. ქუჩების სახელები
ჰალსტუხები ყოფილა.
ჰიტლერის დაბადება
- მახსოვს ჰიტლერის წიგნის „მაინ კამპფის“ პირველი წინადადება: თითქოს სიმბოლურია, რომ ბრაუნაუში დავიბადე, ინის პირად, ორი გერმანული სახელმწიფოს საზღვარზე“, ანუ ავსტრიისა და გერმანიისაო.
იმ წიგნიდან კიდევ ებრაელებზე მახსოვს რაღაცეები, მეტი არაფერი. მგონი ეს კარნახობდა, რუდოლფ ჰესი კი წერდა და სტილს უკეთებდა, როცა ორივენი ციხეში ისხდნენ.
საინტერესოა, როგორ დაიბადა ჰიტლერი. მის ოჯახზე კი წამიკითხვს რაღაცეები, მაგრამ იქ არ წერია, როგორ დაიბადა და სადა. მეტი კიდევ არ წამიკითხავს.
არის ინგლისელი მწერლის, როალდ დალის (წარმოშობით ნორვეგიელია მგონი) სასაცილო მოთხრობა, რომელსაც „კატასტროფის წინაისტორია“ ჰქვია. იქ არის აღწერილი ჰიტლერის დაბადება. ბოლოს, დედამისი კლარა ამბობს, ნეტავ გადარჩესო, იმიტომ, რომ სუსტი ბავშვი ჩანს. ღმერთსაც შესთხოვს. მამა ლოთი და საზიზღარია. ნეტა მართლა ასე ლაპარაკობდნენ, როცა ადოლფი იბადებოდა?
პიტერ აკროიდს აქვს „დინ ლინო და ლეიჰაუსელ გოლემში“ აღწერილი ჩარლი ჩაპლინის ფეხმძიმე დედა. აუჰ, რა გამახსენდა: ჩაპლინის „ჩემი ბიოგრაფია“, რომლის ბავშვობის ნაწილიც ძაან მაგარი წიგნია.
ხედავ როგორ გადაება? ჩაპლინი და ჰიტლერი. გასაკვირიც არ არი. ალბათ, „დიდმა დიქტატორმა“ გადააბა, ან ეგებ ფეხმძიმე დედებმა?
ბარბუტანი
- ასე ერქვა პატარა კაფეს ქალაქ სენ-ნაზერში. ამ კაფეში ბარე მთელ კვირას დაგვატარებდა კოტე ჯანდიერს და მე იქაური პოეტი კრისტიან ბუტემი, სრულიად დაუვიწყარი და გასაგიჟებელი ადამიანი. ბარბუტანის პატრონს ერქვა დედე, ჰქონდა დიდი, აპრეხილი ულვაში და ხუჭუჭა ჭაღარა თმა, იყო კაი ბეხლეწი კაცი და ძალიან მაგონებდა ალექსანდრ დიუმას. დედე ტერორისტებს გვეძახდა, ალბათ წვეროსნობის და მუქი სამოსის გამო. ერთხელ კოტეს ლიმონათიც კი გაუკეთა. იყო ერთი კალვადოსების და სიდრების სინჯვა, ხოლო ბუტემი იშვიათი უნარის მსმელი გახლდათ.
საკუთრივ სენ-ნაზერი გვარიანი ოდენობის ხალხის სანავსადგურო ქალაქი იყო. იქ შენდებოდა „მერი2“, ახლა რომ ყველაზე დიდი გემია მსოფლიოში. კოტემ სურათიც გადაუღო. მეორე მსოფლიო ომის დროს სულ დაენგრიათ, სამი სახლიღა გადარჩენილიყო, ზღვაში კი ამერიკელი ჯარისკაცის ქანდაკება იდგა. მგონი პირველი მსოფლიო ომის დროის სამოსში.
კაი წვიმა იცოდა იმ სენ-ნაზერში. ატლანტიკური ლუარა, ბრეტონი. ეს „ბარბუტანი“ კი ლამის ყველაზე მოდური ადგილი იყო ქალაქში, უფრო ბინძურ ამბავში. ერთი ჭაღარა კაცი მახსოვს იქა, მზით სულ გარუჯული. ამბობდნენ, აი, ახლახანს დაბრუნდა მარტინიკის კუნძულიდან, ნახე როგორი ზაგარი აქო, მარტო კუნძულის მზემ იცის ასეთიო.
![]() |
18 პიესა |
▲ზევით დაბრუნება |
საახალწლო პიესა
შავი კეტები
დათო ტურაშვილი
ილუსტრაცია: მამუკა ტყეშელაშვილი
(ორმოქმედებიანი სევდა თეთრი იუმორის თანხლებით)
მოქმედი პირები (და არა მხოლოდ პირები):
დედა გოია - საროსკიპოს დიასახლისი და მფლობელი
მზია - საროსკიპოს სტაჟიანი თანამშრომელი
ზეზვა - პროფესორი (საროსკიპოს შემთხვევითი კლიენტი)
მედიკო - საროსკიპოს თანამშრომელი (ორი შვილის დედა)
ლოლა - საროსკიპოს თანამშრომელი (თანამშრომლებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ქალი, მაგრამ ყოველთვის მაღალ ქუსლებზე, კლიენტების მომსახურების დროსაც კი)
ბატონი გურამი - საროსკიპოს მუდმივი კლიენტი ქალი ჯანმრთელობა - გურამის მეუღლე
პოლიციელი - მუქთა კლიენტი
დეპუტატი - საროსკიპოს ხშირი სტუმარი
მაჩო - დაღლილი ახალგაზრდა კაცი
ბიჭი - შეყვარებული კლიენტი
ბოდღო ყვალთავა - (უნებლიე კლიენტი) და მისი ორი კაცი
ამ საახალწლო პიესის მოქმედება ხდება თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში. ბინა წარმოადგენს არალეგალურ საროსკიპოს, რომელიც სამოთახიანია, მაგრამ მაყურებელი ხედავს მხოლოდ წინა ორ ოთახს, რომლებსაც ერთმანეთისგან ყრუ კედელი ჰყოფთ და ორივე ოთახს აქვს ცალ-ცალკე შემოსასვლელი მესამე, დიდი ოთახიდან. უკანა, მისაღებ ოთახს (რომელსაც მაყურებელი ვერ ხედავს), აქვს მოსაცდელის ფუნქცია, ხოლო კლიენტების მომსახურება ხდება სწორედ წინა ორ ოთახში და ზოგჯერ ერთდროულადაც კი, ერთმანეთის პარალელურად. ორივე ოთახს აქვს თითო ფანჯარა, საიდანაც ზოგჯერ მანქანებისა და ქუჩის ხმაური აღწევს. საახალწლო პიესა კი იწყება ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე საროსკიპოს ერთ-ერთ წინა ოთახში, სადაც შუქი ჩამქრალია და სიბნელეში მხოლოდ გახშირებული სუნთქვის ხმა ისმის. ამ ხმას პერიოდულად ერთვის კვნესა, რომელიც მორიგეობით აღმოხდება ხოლმე ქალსაც და კაცსაც სექსუალური აქტის დროს ეს ხმები ნელნელა მატულობს და სწორედ იმ წამს, როცა ეს ურთიერთობა კულმინაციას აღწევს, კონტრაპუნქტში ქალი და კაცი, ერთდროულად, საბოლოოდ ამოიკვნესებენ და სინათლეც აინთება.
სინათლის ანთებისთანავე, ორივენი სასწრაფოდ, აჩქარებით გადაიფარებენ ზეწრებს შიშველ სხეულებზე და გაოგნებული სახეებით შეხედავენ დედა გოიას, რომელმაც დაუკაკუნებლად შემოაღო კარი მათ ოთახში და სინათლეც თვითონვე აანთო.
დედა გოია - სწრაფად ჩაიცვით, პოლიცია მოდის!
(პოლიციის ხსენებაზე კაცი ისეთი სახითა და სისწრაფით ჩაიცვამს, რომ ქალებს გულწრფელად გაუკვირდებათ და უადგილოდ გაეღიმებათ).
მზია - ჩანთა დაგრჩათ (წამოიყვირებს მზია და პროფესორის ჩანთით ხელში, უკვე ოთახიდან გასულ კლიენტს აჩქარებით გაეკიდება).
დედა გოია - ბავშვებივით არიან (იტყვის უფრო თავისთვის და გვერდით ოთახის გამყოფ კედელზე გამეტებით დააკაკუნებს. იმ ოთახში საროსკიპოს სხვა თანამშრომელს, მუდამ მხიარულ ლოლას სძინავს, რომელიც კაკუნის ხმაზე გაიღვიძებს და გაიზმორება. კაკუნი ისევ განმეორდება და ლოლაც წამოდგება, ნაუცბათევად, ერთობ შილიფად შეიმოსება და იმ ოთახში შევა, სადაც ამ საროსკიპოს მფლობელი დედა გოია ისევ კედელთან დგას და აკაკუნებს. მხოლოდ ლოლას დანახვისას დაუშვებს ხელს, კედლის საათს შეხედავს და გაბრაზებული მიმართავს მას):
დედა გოია - ორ საათამდე გძინავს!
ლოლა - მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, სტუდენტებს სტიპენდიები აუღიათ და დილამდე არ ამომასუნთქეს...
დედა გოია - (აწყვეტინებს) წუთი-წუთზე პოლიცია მოვა
ლოლა - (გულწრფელად გაბრაზებული) გუშინ ხომ იყვნენ?!
დედა გოია - დღეს მოადგილე მოდის, უკვე დარეკეს
ლოლა - ესე იგი ტყუილად გამაღვიძე, ძალოვანებს მზია და მედიკო მოწონთ, ჩემნაირებს უფრო სტუდენტი-ახალგაზრდობა ეტანება...
დედა გოია - (ისევ აწყვეტინებს მზიას) მედიკო სოფელშია წასული
ლოლა - მზია ხომ აქ არის
დედა გოია - ორივე მოადგილე რომ მოვიდეს?
(ლოლა ისევ დააპირებს შეპასუხებას, მაგრამ ღია კარში აქოშინებული მზია გამოჩნდება)
მზია - ლექციაზე მაგვიანდებაო და ისე გარბოდა, ძლივს დავეწიე
ლოლა - (მზიას, გაკვირვებული) დღესაც იყვნენ სტუდენტები?
მზია - (ამაყად) სტუდენტი კი არა, უნივერსიტეტის პროფესორია
ლოლა - მეც არ გამიკვირდა? სტუდენტებმა მთელი სტიპენდია გუშინ აქ დატოვეს და მერე გზის ფულსაც მე მთხოვდნენ...
დედა გოია - (ორივეს) გზის ფულიც აღარ გექნებათ, პოლიციის მოსვლამდე აქაურობას თუ არ დავალაგებთ
მზია - (დედა გოიას) დედა გოია რატომ შეგარქვეს?
დედა გოია - ახლა ამის დროა?
ლოლა - (დედა გოიას, უკვე ცოცხით ხელში) სულ გვპირდები და მაინც არ გვეუბნები.
დედა გოია - ვითომ არ იცი
ლოლა - მზიამ ხომ არ იცის
(დედა გოია ძალიან მკაცრ გამომეტყველებას მიიღებს და კედელზე ჩამოკიდებულ შიშველი ქალის სურათს ამოატრიალებს, რომლის უკანა მხარესაც რომელიღაც ციხესიმაგრეა გამოსახული. ლოლას გაეღიმება და რაღაცის თქმასაც დააპირებს, მაგრამ შემოსასვლელიდან ზარის ხმა ისმის და საროსკიპოს დიასახლისი ხელებგაშლილი მიდის კლიენტის შესაგებებლად)
დედა გოია - (იმერულად, ხმამაღლა) მობრძანდით, მობრძანდიით
(ფართოდ გაღებული კარის ზღურბლს შინაურულად გადმოაბიჯებს უნიფორმიანი პოლიციელი და მასპინძლებს ომახიანად მიესალმება).
მზია - (იმავე ინტონაციით) მობრძანდიით!..
პოლიციელი - (სერიოზული და საქმიანი გამომეტყველებით) აბა როგორ მიდის საქმეები, რამე გაუგებრობები ხომ არ ყოფილა?
დედა გოია - ისეთი არაფერი...
პოლიციელი - მაინც?
დედა გოია - ამასწინათ სტუდენტები იყვნენ და ცოტა ფული დააკლდათ...
პოლიციელი - მერე?
მზია - არაფერი ისეთი, ცოტა ნასვამებიც იყვნენ
პოლიციელი - რაღაც ძალიან მოუმატეს სტუდენტებმა თქვენთან სიარულს
დედა გოია - სტუდენტებს სტიპენდიები მოუმატეს და უკეთეს ადგილას სად წავლენ
პოლიციელი - ყველას მოუმატეს?
ლოლა - მარტო ხუთოსნებს და სწორიც არის, ვინც კარგად სწავლობს, იმან უნდა ისიამოვნოს
დედა გოია - პენსიებს რატომ არ ზრდიან?
პოლიციელი - პენსიონერებზეც იზრუნებენ, ხუთოსნები ხომ უკვე დააფასეს
მზია - ოროსნებმა რა ქნან?
დედა გოია - (ღიმილითა და მარჯვენა მუშტის ვერტიკალური მოძრაობით) უნდა ისწავლონ
პოლიციელი - ზოგს უჭირს სწავლა
ლოლა - (პოლიციელს) ალბათ თქვენც გიჭირდათ
(საროსკიპოს მფლობელი თვალებს დაუბრიალებს ლოლას და პოლიციელს განსაკუთრებული მლიქვნელობით მიმართავს)
დედა გოია - ხომ არ გირჩევნიათ რომ ჯერ ისიამოვნოთ (ხელით ქალებზე ანიშნებს) და მერე ვისაუბროთ და ჩაიც მიირთვით, დღეს მედიკო აპირებს სოფლიდან დაბრუნებას, იმედია მოგისწრებთ და მურაბასაც ჩამოიტანს, დედამისი ისეთ მურაბებს აკეთებს...
პოლიციელი - (აწყვეტინებს) დღეს ამისთვის არ მცალია, სერიოზულ საქმეზე ვარ მოსული, დავალებაა ზეიდან, აინტერესებთ რა ხალხი დადის აქ ყველაზე ხშირად, როდის გყავთ ყველაზე მეტი კლიენტი და ეგეთი რაღაცეები
ლოლა - (პოლიციელს, გახარებული) სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებთ? მეც სოციოლოგიის შესწავლა მინდოდა
(უკვე გაბრაზებული პოლიციელი დედა გოიას გადახედავს ისეთი გამომეტყველებით რომ მისთვის გასაგები იყოს რისი თქმაც სურს პოლიციელ ჩინოვნიკს)
დედა გოია - მე გიხდით ბოდიშს, ასე უშნოდ და უადგილოდ ხუმრობა მაინც ვერ მოვაშლევინე ამას
ლოლა - (გულწრფელად) არ ვხუმრობ, მართლა მინდოდა რომ სოციოლოგი გავმხდარიყავი, ძალიან საინტერესოა, თანაც ჩვენთან ადრე სოციოლოგია არც არსებობდა...
დედა გოია - (პოლიციელს) ნუ მიაქცევთ ყურადღებას (ლოლას თვალებს დაუბრიალებს) და გვკითხეთ, რაც გაინტერესებთ
მზია - ნუ დაგვზოგავთ
პოლიციელი - (ჩაახველებს) ესე იგი ჩვენ გვაინტერესებს რა ხალხი დადის ძირითადად, როდის მოდიან უფრო ხშირად...
დედა გოია - (აწყვეტინებს მონდომებული) ძირითადად მოდიან ღამე, სუფრების მერე, რომ დათვრებიან ხოლმე და ხალისობა მოუნდებათ და ქალებთან ბღლარძუნი
პოლიციელი - არა, ჩვენ გვაინტერესებს სეზონების მიხედვით რა ხდება, ზაფხულში უფრო ხშირად დადიან ესე იგი შვებულებების დროს თუ სამუშაო საათებში, თუ როდის
ლოლა - ზამთარში. ყველაზე მეტი კლიენტი ზამთარში გვყავს ხოლმე, იმიტომ რომ ზამთარში ცივა და კაცებს კი სიცივის ეშინიათ
პოლიციელი - (უნებურად) რატომ კაცებს?
ლოლა - იმიტომ რომ კაცები სუსტები არიან და ზამთარს და სიცივეს ჩვენთან ემალებიან.
(პოლიციელს გაახსენდება რომ ლოლას აზრი ყველაზე ნაკლებად უნდა აინტერესებდეს და დემონსტრაციულად გადახედავს დედა გოიას პასუხის მოლოდინში)
დედა გოია - (თითქოს დაფიქრდება და გაიხსენებს) ისე მართლა ზამთარში უფრო მეტი კლიენტი გვყავს, ვიდრე სხვა დროს
ლოლა - მეც ეს ვთქვი და ამიტომაც ზამთარი ჩვენთან უფრო გრძელია, ვიდრე სხვაგან...
პოლიციელი - (ახლა მზიას მიუბრუნდება) რა ხალხი დადის ყველაზე მეტად?
მზია - იცით რა, ყველანაირი ხალხი დადის: სტუდენტები უკვე გითხარით, დეპუტატები, ბიზნესმენები...
პოლიციელი - პოლიტიკოსებიც ხშირად დადიან?
მზია - ზოგჯერ ისინიც მოდიან
(პოლიციელი ჭერს ახედავს, დანარჩენებიც ჭერს ახედავენ, ოღონდ შეშინებული სახეებით, რადგან მიხვდებიან პოლიციელის ჩანაფიქრს. მხოლოდ ლოლას გაეცინება)
პოლიციელი - მთავრობა მოდის ხოლმე თუ ოპოზიცია?
მზია - (დედა გოიას გადახედავს) ისინიც და ისინიც
ლოლა - (თითით ჭერზე ანიშნებს) კამერები უნდა დაგვიყენოთ?
(პოლიციელი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით შეეცდება არ მიაქციოს ყურადღება ლოლას, კედლის საათს შეხედავს და აშკარად უკმაყოფილო სახით დედა გოიას მიმართავს)
პოლიციელი - უფროსი მელოდება, უნდა წავიდე, ამ დღეებში ისევ გამოგივლით და მანადმე იქნებ ჩამოწეროთ რაც ჩვენ გვაინტერესებს და კლიენტების სახელი და გვარი თუ იცით, ჩაიწერეთ და დღეებიც აღნიშნეთ...
(პოლიციელი გასასვლელისკენ დაიძრება და ყველანი მლიქვნელური ღიმილით გააცილებენ. მხოლოდ ლოლა დარჩება წინა ოთახში და კიდევ ერთხელ ახედავს გაბზარულ ჭერს)...
ლოლა - ამათ ჩვენ მგონი მართლა ბოზები ვგონივართ
დედა გოია - (ლოლას, გაბრაზებული და ხელებგაშლილი) რა სოციოლოგია აგიტყდება ხოლმე?!
(ლოლა (რასაკვირველია) დააპირებს შეპასუხებას, მაგრამ ვერ მოასწრებს, რადგან ოთახში მედიკო შემოვა ორი დიდი, სასვე ჩანთით და ხმამაღლა მიმართავს კოლეგებს)
მედიკო - ყველაფერი ჩამოვიტანე ახალი წლისთვის
მზია - გოჭიც?
მედიკო - გოჭი არა, მაგრამ ბოლოკი ბევრი წამოვიღე
დედა გოია - რა დროს გოჭია, ახალი წლის წინა დღეს ვიყიდით და შევაწვევინებთ
ლოლა - (მედიკოს) ბავშვები როგორ არიან?
მედიკო - (ბედნიერი სახით) ჩემი დანახვა ისე უხარიათ ხოლმე რომ მთელი დღე არ მშორდებიან. თან პატარას უკვე კითხვა უსწავლია და სულ წიგნით ხელში დამსდევდა. დედაჩემი მეუბნება თვითონ ისწავლაო და ისეთი საყვარელია, ისეთი საყვარელი რომ წამოსვლა აღარ მინდოდა
(უცებ ცრემლები წამოუვა)
ლოლა - ორივენი აქ ჩამოიყვანე ოცდათერთმეტში და ახალ წელს ჩვენთან ერთად შეხვდებიან
მედიკო - (სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდება, მაგრამ მაშინვე გაახსენდება რეალობა და დედა გოიას გადახედავს) მართლა შეიძლება?
ლოლა - (ყველას დაასწრებს პასუხს) რა თქმა უნდა შეიძლება, ახალი წელია და ახალ წელს ყველაფერი შეიძლება
(გახარებული მედიკო დედა გოიას აკოცებს და კარისკენ გაიქცევა, რადგან ზარის ხმა ისმის, რაც იმის მაუწყებელია რომ კლიენტი მოვიდა.
სინათლე ქრება და ინთება ერთ-ერთ ოთახში, სადაც მხოლოდ ორნი სხედან საწოლის მოპირდაპირე კიდეებზე: მედიკო და ბატონი გურამი - საროსკიპოს მუდმივი კლიენტი. მედიკო ნელ-ნელა იმოსება, ბატონი გურამი კი დაღლილი და ოფლიანი, სინანულით დაჰყურებს საკუთარ ღიპს და გულზეხელმოკიდებული, აჩქარებით სუნთქავს)
მედიკო - აი ჩვენ ხომ გვეძახიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს და რომ დაუკვირდე, რა გამოდის?
ბატონი გურამი - (ძლივს გასაგონად) რა გამოდის?
მედიკო - გამოდის რომ პატიოსანი ქალები არიან მძიმე ყოფაქცევის, ასე არ არის?
გურამი - (აშკარად არ უსმენს) რა?
მედიკო - რა და მძიმე ყოფაქცევის და მძიმე ხასიათის ქალს, არ ჯობია მსუბუქი ყოფაქცევის და მსუბუქი ხასიათის მხიარული ქალი?
გურამი - (მარცხენა ხელის მაჯაზე ცერა თითით ეძებს პულსს და გაუგებრად პასუხობს ხელებგაშლილ მედიკოს) ჩაბუჯუმდ...
მედიკო - აი, ამაშია საქმე, რომ საქართვე ლოს გარდა ჩვენს შრომას ყველგან აფასებენ და ჩვენი პროფესიის ქალებს უცხოეთში ხელისგულზე ატარებენ
ბატონი გურამი - (ისევ გულზე მოიკიდებს ხელს და ახლა უკვე აშკარა ბუტბუტზე გადავა) ბუდიდუდბ...
მედიკო - (ქალი მაინც ვერ ამჩნევს რომ ბატონი გურამი აშკარად ცუდად არის და მედიკოც თავის მონოლოგს ენერგიულად აგრძელებს) უნდა წავსულიყავი, ჩემი ბრალია, მარტო ჩვენი სოფლიდან რამდენი წავიდა თურქეთში, მე რა ვერ წავიდოდი? ახლაც შემიძლია წასვლა. რომ მოვინდომო, რა ვერ წავალ?
ბატონი გურამი - (გულზე მიდებული ხელი ჩამოუცურდება უკვე სულ გათეთრებულს და სიტყვებსაც ვეღარ ამბობს, მხოლოდ ასოებს თუ ბგერებს) ბმდგხ...
მედიკო - არა, თურქეთში არ წავალ, არ მინდა, საბერძნეთი მირჩევნია, წავიყვან ჩემს შვილებს და გავთხოვდები, მამაჩემის ოქროს სასმისსაც თან წავიღებ და თუ გამიჭირდა, ბოლო-ბოლო გავყიდი..
(მედიკო მონოლოგს მოულოდნელად შეწყვეტს, რადგან აღმოაჩენს რომ მისი ღიპიანი კლიენტი ლოგინზეა გაშხლართული და მგონი არც სუნთქავს. მედიკო სასწრაფოდ გააღებს კარს და ყველას ერთად საშველად უხმობს. დედა გოია მაშინვე, პირველი შემოვარდება ოთახში და გულწასულ კლიენტს შეშინებული დახედავს)
დედა გოია - გული წაუვიდა? რამდენჯერ უნდა გასწავლოთ რომ კლიენტთან ნელნელა უნდა გაიხადოთ, რამდენჯერ უნდა აგიხსნათ რომ არ უნდა იჩქაროთ
მედიკო - (აწყვეტინებს) ძალიან ნელა გავიხადე და თვითონაც გამაფრთხილა ძალიან ნაჭამი ვარო, მაგრამ რომ მოვრჩით, მერე გახდა ცუდად, დასაწყისში კი არა. რას ვიფიქრებდი თუ აწყენდა, პირველად ხომ არ არის ჩვენთან და თან ნაჭამზეც რამდენჯერ მოსულა აქ და არაფერი...
მზია - დავრეკო სასწრაფოში?
(დედა გოია ისეთი სახით გადახედავს მზიას, რომ ეს უკანასკნელი ცივად, შეპასუხების გარეშე დადებს ტელეფონის ყურმილს და სხვებს მიეხმარება ამ მართლაც ძალიან მძიმე კლიენტის ტრანსპორტირებაში. ჯერ იატაკზე გადმოაგორებენ ბატონ გურამს ყველანი ერთად და მერე უკანა ოთახში გაახოხიალებენ მას ოხვრითა და კრუსუნით. მაყურებელს მხოლოდ შემოსასვლელი კარის გაღების ხმა ესმის, მაგრამ მოქმედებას ვერ ხედავს და ამიტომაც დანამდვილებით არ იცის რა ბედი ეწია ბატონ გურამს. თუმცა ხმებისა და რეპლიკების მიხედვით მაყურებელს (საფუძვლიანი) ეჭვი უჩნდება რომ გულწასული კლიენტი უბრალოდ კიბეზე დააგორეს)... საწოლზე ორნი სხედან, ერთმანეთთან ძალიან ახლოს და ორივენი სიგარეტს ეწევიან. ლოლა ზურგით ეყრდნობა კედელს, ბიჭი კი ოდნავ წელში მოხრილი ზის და ლოლასაგან განსხვავებით, აშკარად ღელავს.
ბიჭი - პირველად რომ ვიყავი აქ, მაშინვე მინდოდა რაღაც მეკითხა შენთვის, მაგრამ მომერიდა
ლოლა - ახლაც გერიდება?
ბიჭი - ახლაც მერიდება, მაგრამ მაინც გკითხავ
ლოლა - მკითხე
ბიჭი - არ გეწყინება?
ლოლა - არც მეტკინება
ბიჭი - (ღიმილით) დარწმუნებული ხარ?
ლოლა - დიდი ხანია
ბიჭი - მაინც?
ლოლა - აქ რომ აღმოვჩნდი, იმ დღიდან
ბიჭი - ეგ დღე როდის იყო?
ლოლა - როდის იყო თუ რატომ იყო?
ბიჭი - რატომ იყო
ლოლა - ეს გაინტერესებდა?
ბიჭი - ესეც მაინტერესებს, მაგრამ ვიცი რომ არასოდეს მეტყვი
ლოლა - შეიძლება ოდესმე მართლა გითხრა და ყველაფერიც მოგიყვე
ბიჭი - როდის, აქედან რომ გაიქცევი, მერე?
ლოლა - აქედან ვერ გავიქცევი
ბიჭი - რატომ?
ლოლა - კეტები არა მაქვს
ბიჭი - რა კეტები?
ლოლა - შავი კეტები, ოღონდ ძირებიც შავი უნდა ჰქონდეს, მოდაშია
ბიჭი - ადრე თეთრი კეტები იყო მოდაში
ლოლა - როდის?
ბიჭი - ადრე, ბავშვობაში
ლოლა - საქართველოში ყველაფერი ეგრეა: ან თეთრი ან შავი, უკიდურესობების ქვეყანა ვართ, შუალედი არ არსებობს
ბიჭი - (გაკვირვებული) შენ რაზე სწავლობდი?
ლოლა - ნუ გეშინია, ფილოსოფიას არ ვსწავლობდი, უბრალოდ დაკვირვება მიყვარს და ზოგჯერ ანალიზი, თანაც სამსახური მაქვს ასეთი, ყურადღებით ყოფნა აუცილებელია
ბიჭი - ამ სამსახურში ეს მაღალი ქუსლებიც აუცილებელია?
ლოლა - (ღიმილით დახედავს თავის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს) ეს ჩემი პროტესტია
ბიჭი - ამიტომაც ყოველთვის გაცვია?
ლოლა - ალმოდოვარის ჯინაზე
ბიჭი - იცი რატომ უყვარდებათ ქართველ კაცებს პუტანკები ასე ადვილად?
(კარზე კაკუნისა და დედა გოიას ხმა ისმის)
დედა გოია - მალე მორჩებით?
ლოლა - რა ხდება?
დედა გოია - ხალხია მოსული
ლოლა - ვინ არიან?
დედა გოია - ბოდღო ყვალთავაა და მისი ორი კაცი
ლოლა - მზიასთან შეუშვი
დედა გოია - მზიას კენჭის გავლა აქვს და პოლიკლინიკაში ჩავიდა ნემსის გასაკეთებლად
ლოლა - მედიკო?
დედა გოია - მედიკო საბერძნეთის საელჩოშია წასული საბუთების შესატანად
ლოლა - დაელოდონ, რომელიღაც ხომ დაბრუნდება, პოლიკლინიკა აქვე არ არის? ხუთი წუთი უნდა ნემსის გაკეთებას
დედა გოია - კლიენტებს რა ვუყოთ?
ლოლა - მეც კლიენტი მყავს
(დედა გოია ლოლას თავს დაანებებს და მოსაცდელიდან ისმის თუ როგორ სთავაზობს სტუმრებს ჩაის და ყავას)
ბიჭი - (ზურგით მიეყრდნობა კედელს და ლოლას თვალებში შეხედავს) არ მინდა რომ შენთვის მხოლოდ კლიენტი ვიყო
ლოლა - (ამ თემაზე საუბარს აშკარად თავს არიდებს) მედიკომ უკვე მესამედ შეიტანა საბუთები, მაგრამ კონსული მაინც არ აძლევს საბერძნეთის ვიზას
ბიჭი - გიკვირს?
ლოლა - რა თქმა უნდა მიკვირს, იაზონი და ბერძენი არგონავტები აქ რომ მოგვადგნენ, საქართველოს ვიზები მათთვის არავის მოუთხოვია
(ბიჭს აღარ გაეღიმება, ლოლას თავისკენ შემოაბრუნებს და ტუჩებში აკოცებს. მერე ადგება და კარისკენ წავა)
ბიჭი - მე არ მინდა რომ შენი კლიენტი ვიყო
(ბიჭი კარს ხმაურით გაიხურავს და ლოლას ოთახში სინათლე ქრება და მაშინვე ინთება გვერდით ოთახში, სადაც მზია შეშინებული უყურებს უცნაურ კლიენტებს: ჩოხებში გამოწყობილი ბოდღო ყვალთავა და მისი ორი კაცი (ყაბალახებით თავწაკრულები), ყურადღებით აკვირდებიან კედელზე გაკრულ პლაკატს შიშველი ქალის გამოსახულებით. ბოდღო ყვალთავა ფანჯარასთან მივა, ეზოში გადაიხედავს და მერე თავისიანებისკენ შებრუნდება)
ბოდღო ყვალთავა - თქვენ ქვემოთ ჩადით და ცხენებს მიხედეთ, უკვე მოშიებულებიც იქნებიან და რამე დაუყარეთ და აჭამეთ (ბოდღო ყვალთავას სიტყვებს ბრძანების კილოც დაჰკრავს, მაგრამ ამ ფრაზის გამეორება კიდევ ერთხელ მოუწევს ბატონ ბოდღოს რადგან მისი თანმხლები პირები თვალს ვერ აშორებენ შიშველი ქალის პლაკატს. როცა ისინი ოთახს დატოვებენ, ბოდღო ყვალთავა ნაბადს სკამის ზურგზე გადაკიდებს, ხანჯალსა და იარაღს შეისწორებს და იმავე სკამზე ჩამოჯდება. მერე ჩაახველებს და შეშინებულ და გაკვირვებულ მზიას ომახიანად და პათეტიურად მიმართავს)
ბოდღო ყვალთავა - ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ და ამიტომაც ძალადობის ყოველგვარი ფორმა, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ მშვიდობიანად ვიზრუნოთ გზააბნეულ ადამიანებზე და მათ ჭეშმარიტებისაკენ მოვუწოდოთ. ჩვენი ორგანიზაცია აღიარებს ვენის, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებს და ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი უმთავრესი საზრუნავია, მაგრამ როცა ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ამორალური ადამიანები, ჩვენ არა გვაქვს დუმილის უფლება. მეტიც: ჩვენ მოვალენი ვართ ისინი გადავარჩინოთ და ზნეობისა და მორალის გაკვეთილები ჩავუტაროთ...
მზია - (გულწრფელად) საშინაო დავალებებიც გვექნება?
ბატონი ბოდღო - (ცოტა დაბნეული) მგონი თქვენ კარგად ვერ გამიგეთ
მზია - შევეცდებით რომ ყველაფერი გაგიგოთ, აქ ზოგჯერ ისეთ უცნაურ რაღაცეებს გვთხოვენ ხოლმე, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ უკმაყოფილო არავინ გავუშვათ. ამასწინათ მაგალითად ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კლიენტი გვყავდა, ძალიან ნორმალური, მაგრამ უცებ ისეთი რამე მომთხოვა, თქვენ ჯვარი გწერიათ და...
ბოდღო ყვალთავა - (აწყვეტინებს) თქვენ არა მარტო თქვენს თავს ღუპავთ, არამედ ახალგაზრდობასაც უბიძგებთ გარყვნილებისაკენ, თქვენ სხვებსაც ითრევთ ამ ჭაობში
მზია - (გაკვირვებული) სად?
ბოდღო ყვალთავა - ამ ჭაობში, აქ
მზია - რას ამბობთ, აქ ადგილი არ არის, სულ ორი ოთახი გვაქვს და სამნი ვმუშაობთ, ყველას უარს ვეუბნებით სამსახურზე, სადღაც მრცხვენია კიდეც რომ მე სამუშაო მაქვს და ირგვლივ ამდენი უმუშევარია, თანაც ისეთი კარგი გოგოები გვეხვეწებიან, მაგრამ რა ვქნათ, ჩემს ადგილს ნამდვილად ვერავის დავუთმობ, ოჯახი როგორღა უნდა ვარჩინო
ბოდღო - ოჯახიც გყავთ?
მზია - (ძალიან გაკვირვებული) ოჯახი რომ არ მყავდეს სარჩენი, აბა აქ რა გამაჩერებდა
ბოდღო - მე მეგონა რომ თქვენ მიწიერ ვნებებს აჰყევით და უბრალოდ გსიამოვნებდათ ასეთი ცხოვრება...
მზია - (აწყვეტინებს და ყვირის) რა უნდა მსიამოვნებდეს, ქმარი რომ მთელი დღე სვამს და მერე მთელი ღამე არწყევს? ათი წელი რომ არ მუშაობდა და დედაჩემს პენსიას პარავდა? მამაჩემი რომ უფასო სასადილოში დადიოდა და ჭამის დროს ტიროდა ნაცნობს რომ ხედავდა?
(მზიას თვალები ცრემლებით აევსება)
ბოდღო ყვალთავა - ამას არ ვგულისხმობდი, ბოდიშს გიხდით, მე სულ სხვა რაღაცის თქმა მინდოდა, ხომ შეგეძლოთ სხვაგან გემუშავათ, რაღაც სხვა სამსახური მოგეძებნათ... (მზიას აღარ ესმის ბოდღო ყვალთავას სიტყვები რადგან უკვე ხმამაღლა ქვითინებს და ბატონი ბოდღო წამოდგება, გულწრფელად შეწუხებული სახით მიუახლოვდება მზიას და მეგობრულად მოხვევს ორივე ხელს)
მზია - (ქვითინით) როგორ შეიძლება ეს იყოს სასიამოვნო?! ზოგს ფეხზე ისეთი სუნი აქვს, დედა გოია ძალით ბანს ხოლმე
ბოდღო - (გულში ჩაიკრავს მზიას) როგორ გიხდებათ ცრემლები... რა ლამაზი ყოფილხართ... რა ბედნიერები არიან თქვენი კლიენტები
მზია - რას აკეთებთ?..
ბოდღო - (ბოდღო ყვალთავა ცალ მუხლზე დგას და მკერდზე კოცნის მზიას) მეც ადამიანი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის, ყველაფრისთვის მზად ვარ...
(სინათლე ქრება და ინთება გვერდით ოთახში, სადაც მედიკო სკამზე ზის და ფურცლებსა და საბუთებს გაბრაზებული დაჰყურებს)
მედიკო - ჩათლახები!..
(კარს ახალგაზრდა კლიენტი შემოაღებს, რომელიც აშკარად ტკბილად არის ანუ კაიფშია)
კლიენტი - გამარჯობა დაიკო
(მედიკოს თვალებში გაკვირვება და ორი კითხვის ნიშანი გამოესახება)
კლიენტი - უბანში მაჩოს მეძახიან, ანტიგენდერული ბალანსის პონტში კი არა, პროსტა მაჩაიძე ვარ გვარად და ხო აზრზე ხარ. შენც მაჩო დამიძახე ჩემი დაიკო
(მედიკო ისევ თავის საბუთებს დახედავს, სკამზე გაბრაზებით დაახეთქებს და გახდას დაიწყებს)
მაჩო - რამე პრობლემაა ჩემი დაიკო?
მედიკო - (გულგრილად) საბერძნეთის ვიზა არ მომცეს
მაჩო - იმ პონტში კი არ გეუბნები, მარა ნაღდი შემიძლია დახმარება, უფრო სწორად მამაჩემს შეუძლია, ბიზანტიოლოგია და მაგათ ყველას იცნობს, მაგათი ელჩი ვაბშე ჩვენთან სახშიცაა ნამყოფი, ხო აზზე ხარ...
მედიკო - არადა ყველა საბუთი წესრიგში მაქვს
მაჩო - მითუმეტეს, ჩემი დაიკო
მედიკო - (გახარებული) ფული აი აქ დადეთ (ხელით ანიშნებს)
მაჩო - (უკანა ჯიბიდან საფულეს ამოიღებს და ფულს გადათვლის) ცოტა მაკლია, მარა ხო აზზე ხარ, დღეს უნდა ამეღო კიდევ სხვა მაყუთი და ცოტა იგვიანებს და მეთქი შევივლი და ამას ცოტა პატივს ვცემ-მეთქი (ხელით შარვლის იმ ნაწილზე ანიშნებს, რომელსაც გულისხმობს)
მედიკო - იცით რა, საერთოდ ჩვენთან ფასდაკლებები არ ხდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხარჯები გვაქვს, ბინის ქირა თავისთავად, მერე გადასახადები, დენი, გაზი და თანაც დეპუტატებს და პოლიციას უფასო ვემსახურებით, ჩაგეძინათ?
მაჩო - არა, დაიკო, რა ჩამეძინა, პატარა სიესტა გავაკეთე. მაიცა დეპუტატებს რატო არ ახდევინებთ, ფულის მეტი რა აქვთ
მედიკო - ჩვენი დეპუტატები დაგვპირდნენ რომ ლეგალიზაციაში დაგვეხმარებიან
მაჩო - რა პონტში?
მედიკო - ოფიციალური სტატუსი გვექნება
მაჩო - ოფიციალური ბოზები იქნებით?
მედიკო - ჩვენ ბოზები არა ვართ
მაჩო - ესე იგი მთავრობის ხალხი ხშირად დადის აქ?
მედიკო - ხშირად არა, არჩევნების წინ უფრო ვახსენდებით ხოლმე
მაჩო - რატო ტო, მაგათ მაშინ უფრო უნდებათ ხოლმე?
მედიკო - ხმები სჭირდებათ და იმიტომ, ხომ იციან რომ ბევრნი ვართ და მხარდაჭერას გვთხოვენ ხოლმე
მაჩო - მეც დამიჭირეთ მხარი და სეილი გამიკეთეთ
მედიკო - თქვენთვის გამონაკლისს გავაკეთებთ, მამათქვენის ხათრით რა თქმა უნდა
მაჩო - იმენა გამკეთებელია, პროსტა შუქი უნდა ჩავაქროთ, თორე მაგრა არ მევასება კაშკაშა სექსი...
(მედიკო სინათლეს ჩააქრობს და სიბნელეში მათი დიალოგი (სექსის პარალელურად) მანამ გრძელდება, სანამ მედიკო შიშისა და გაოგნებისაგან, არ შეჰკივლებს)
მედიკო - (მაინც არ სჯერა) რა სუნია?
მაჩო - აზზე არა ვარ
მედიკო - (სინათლეს აანთებს, საბანს გადაწევს და თვალები შოკისაგან გაუფართოვდება) ეს რა არის?
მაჩო - აზზე არა ვარ
მედიკო - ჩაისვარეთ?
მაჩო - მე მეუბნები ჩემი დაიკო?
მედიკო - გაგიჟდება დედა გოია, გუშინ გამოგვიცვალეს თეთრეული, კუჭი აშლილი გქონდათ? თან აშლილსაც არ ჰგავს
მაჩო - (სიგარეტს მოუკიდებს და გაკვირვებული დახედავს დასვრილ ზეწარს) ფერფლი ხომ არ ჩამყვა საჭმელში?
მედიკო - რა ჭამეთ?
მაჩო - დილით სუში ვჭამეთ ბიჭებმა
მედიკო - გაგიჟდება დედა გოია
მაჩო - საიდან გაიგებს
მედიკო - (ხელით ანიშნებს ფაქტზე) ამას რა ვუყო?
მაჩო - ფანჯრიდან ვერ გადააგდებ?
მედიკო - რას ამბობთ, მეზობლები მაშინვე პატრულს გამოიძახებენ, ისედაც სულ გვიჩივიან
მაჩო - პატრულთან მე გავაიასნებ, მამაჩემი იურისტია და ხო აზზე ხარ...
მედიკო - (აგრძელებს) არა, ჩუმად უნდა გავიტანოთ აქედან
მაჩო - აქედან რომ ეს ამბავი გავიდეს, ჩემი დედას შევეცი თუ აქ ვიღაცა არ დაიჭრას!..
მედიკო - აბა აქ დავტოვოთ? მთელ სახლს ააყროლებს
(მაჩო იარაღს ამოიღებს აშკარად მხოლოდ საჩვენებლად და შესაშინებლად, მაგრამ მედიკო მაშინვე, წარმოუდგენელი სისწრაფით ამოაძვრენს ხელჩანთიდან პატარა გაზის ბალონს და მაჩოს თვალებში შეასხავს).
მედიკო - (გაკვირვებული დახედავს ბალონს) მგონი მართლა მუშაობს
მაჩო - (ჩაიკეცება) ბოიშვილი ვიყო...
(სინათლე ქრება და მეზობელ ოთახში ინთება, სადაც ლოლა და შეყვარებული ბიჭი ჩუმად სხედან და ეწევიან).
ბიჭი - (ხელს გადახვევს ლოლას და სიჩუმეს დაარღვევს) იმ ქალს მგონი არ ესიამოვნა ჩემი მოსვლა
ლოლა - დედა გოიას?
ბიჭი - ისე აღარ მხვდება, როგორც ძველ კლიენტს, ადრე დედასავით მეგებებოდა
ლოლა - ჩვენც დედასავით გვექცევა და ამიტომაც ყველანი დედას ეძახიან
ბიჭი - გოია რა შუაშია?
ლოლა - გოია სამხატვრო აკადემიაში დაარქვეს
ბიჭი - აკადემიაში სწავლობდა?
ლოლა - ნატურშიცა იყო, იქაც დედასავით მზრუნველი. გოია კი ქოქოსამ დაარქვა, დათო გაგოშიძემ, ჩვენი კურსელი იყო, ასეთ ქალებს გოია ხატავდაო
ბიჭი - მგონი მართლა ჰგავს გოიას ქალებს, ცუდად რომ იყო ეგეთ ქალებს ხატავდა
ლოლა - დედა გოია ამბობს ფულს იმისთვის ვაგროვებ რომ ესპანეთში წავიდე და ჩემი თვალით ვნახო გოიას ქალებიო
ბიჭი - (ღიმილით) ყველა ბოროტება სიკეთის სახელით კეთდება, მაგრამ ასეთი კეთილშობილური მიზნით ბარდელის გახსნა, მაინც ძალიან ორიგინალურია
ლოლა - (მასაც გაეღიმება) თვითონაც ძალიან ორიგინალურია, ერთხელ ისიც თქვა რომ ქალის გაბოზება მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემაა და კაცის გაბოზება კი მთელი ქვეყნისო
ბიჭი - (ისევ ღიმილით) ადამიანს ყველაფრის გამართლება შეუძლია
ლოლა - თუ არ მოგწონს, შეგიძლია აქ არ მოხვიდე
ბიჭი - როდემდე?
ლოლა - სანამ აქაურობას დედა გოია მღვდელს არ აკურთხევინებს
ბიჭი - შავი იუმორი?
ლოლა - არ გეხუმრები, ადრე მართლა ამბობდა ხოლმე ახლობელი მღვდელი მყავს და უარს არ მეტყვისო
ბიჭი - მერე?
ლოლა - (ღიმილით) უარი უთხრეს და ძალიან გაბრაზდა, ისე მართლა კეთილი და კარგი ქალია
ბიჭი - შენ რაზე სწავლობდი აკადემიაში?
ლოლა - კერამიკაზე
ბიჭი - თიხა ბავშვობიდან გიყვარდა?
ლოლა - ბაბუა მიყვარდა ძალიან, შროშელი იყო და იმან მთხოვა კერამიკაზე ჩაბარება. შროშა სოფელია იმერეთში...
ბიჭი - მეც ძალიან მიყვარდა პაპაჩემი, ქართლში ბაბუას პაპა ჰქვია, უფლისციხელი იყო, მეც ძალიან მიყვარდა, მაგრამ არც თვითონ არის ცოცხალი და აღარც ის სახლი არსებობს, სადაც ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს ვატარებდი ხოლმე...
ლოლა - ესე იგი აქედან რომ გავიქცე, უფლისციხეში შენთან ვერ დავიმალები?
ბიჭი - რატომ ვერ დაიმალები, უფლისციხეში გამოქვაბულების მეტი რა არის
ლოლა - მაგრამ უფლისციხემდე კეტების გარეშე ხომ ვერ ჩავაღწევ?
ბიჭი - (თვალებში ჩახედავს ლოლას და სერიოზულად, ძალიან სერიოზულად ჰკითხავს მას) მართლა გინდა რომ კეტები მოგიტანო?
ლოლა - ოღონდ კეტები შავი უნდა იყოს
ბიჭი - შავი კეტები, ქლიბი და სავარცხელი?
ლოლა - ისევ შავი იუმორი?
ბიჭი - შავ კეტებს რომ მოგიტან და გაიქცევი, თუ გამოგეკიდებიან, ჯერ სავარცხელს გადააგდებ და მერე ქლიბს, ოღონდ არ უნდა აგერიოს: ჯერ სავარცხელი, მერე ქლიბი
ლოლა - ქლიბი ჰქვია თუ სალესავი?
ბიჭი - რაც ჰქვია
ლოლა - შენ რა გქვია? რატომ არ მეუბნები
ბიჭი - რა აზრი აქვს, შენთვის მაინც უსახელო კლიენტი ვარ, როგორც ნებისმიერი სხვა, ვინც აქ მოდის და მიდის
ლოლა - შენც მალე გაგივლის და წახვალ
ბიჭი - უშენოდ არ წავალ
(ბიჭი ადგება და გასასვლელისკენ დაიძრება, კარს გააღებს და ისე წავა, რომ არც კი დაემშვიდობება ავანსცენაზე დარჩენილ ლოლას. ოთახში სინათლე ქრება და მეზობელ ოთახში ინთება, სადაც მზია დაბნეულ კლიენტს უღიმის)
კლიენტი - (გაუბედავად) რა გქვიათ?
მზია - მზია. თქვენ?
კლიენტი - ზეზვა
მზია - იმ დღეს სახელიც ვერ გკითხეთ
ზეზვა - დიახ, ვღელავდი და მეც არ მიკითხავს თქვენი სახელი. იმ დღეს პირველად ვიყავი აქ, შემთხვევით აღმოვჩნდი თქვენთან, მაგრამ მომეჩვენა რომ ჩვენ ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს, საუკუნეებისა და ათასწლეულების წინ (პროფესორი კლიენტი სიგარეტს მოუკიდებს)
მზია - იმ დღესაც ბევრს ეწეოდით
ზეზვა - დღესაც შემთხვევით აღმოვჩნდი თქვენთან, აქეთ საქმე მქონდა, ასე ვთქვათ შემოვიარე...
მზია - საერთოდ ბევრს ეწევით?
პროფესორი - საერთოდ ბევრს არ ვეწევი, მაგრამ როცა ვფიქრობ, მაშინ ყოველთვის ვეწევი
მზია - ესე იგი ბევრს ფიქრობთ
პროფესორი - დიახ, საკმაოდ ხშირად მიწევს ფიქრი და ასე ვთქვათ აზროვნება, მე ხომ უნივერსიტეტში ვმუშაობ
მზია - დიახ მახსოვს, თქვენ ხომ პროფესორი ხართ, პირველად რომ იყავით ჩვენთან, მაშინ მითხარით რომ ლექციებს კითხულობთ უნივერსიტეტში
პროფესორი - მე გითხარით?
მზია - დიახ
პროფესორი - როდის?
მზია - იმ დღეს, თქვენ რომ აქ იყავით, სანამ იმას დავიწყებდით...
პროფესორი - (უხერხულობისგან ჩაახველებს) დიახ, მაგრამ დღეს სულ სხვა მიზნით შემოვიარე, ასე ვთქვათ სულ სხვა საქმეზე ვარ მოსული და არც კი ვიცი როგორ დავიწყო...
მზია - ცოლი ხომ გყავთ?
პროფესორი - არა...დიახ მყავს, ცოლიც და შვილებიც
მზია - შეგიძლიათ ისე დაიწყოთ როგორც თქვენს მეუღლესთან იწყებთ ხოლმე
პროფესორი - იცით რა, ამას ჩემს მეუღლესთან საერთოდ არ ვიწყებ ხოლმე, უფრო სწორად, მე კი ვიწყებ ხოლმე, მაგრამ ჩემი ცოლი ყოველთვის წინააღმდეგია და ამიტომაც ეს არასოდეს გვქონია...
მზია - (გაკვირვებული) აბა შვილები საიდან გყავთ?
პროფესორი - არა, თქვენ მე ვერ გამიგეთ, უფრო სწორად სხვანაირად გამიგეთ, მე სწორედ იმას ვგულისხმობ, რის გამოც აქ მოვხვდი სრულიად შემთხვევით...
მზია - დიახ, მეორედ
პროფესორი - დიახ, მაგრამ პირველად ვერ გითხარით ჩემი აქ მოსვლის ნამდვილი მიზეზი
მზია - არ მოგეწონათ?
პროფესორი - არა, რას ბრძანებთ, პირიქით, ყველაფერი კარგი იყო და თქვენ შესანიშნავი ადამიანი ბრძანდებით, უფრო სწორად შესანიშნავი პროფესიონალი ხართ და სწორედ ამან გამაბედინა კიდეც აქ მოსვლა, უკვე მეორედ...
მზია - მითხარით, ნუ მოგერიდებათ, პირდაპირ მითხარით
პროფესორი - დიახ, იმის თქმა მინდოდა, უფრო სწორად იმის თქმა მინდა, რომ ჩემი მეუღლე საკმაოდ ტრადიციული ქართული ოჯახიდანაა და ათწლეულების მანძილზე, შესაძლებელია ასწლეულების მანძილზეც კი, მკაცრად ჩამოყალიბებული და ცნობიერებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, კონსერვატორული აზროვნება და მენტალური შეზღუდვები, მას აიძულებენ უარი თქვას ორალურ სექსზე, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ოჯახის სიმტკიცეს, მიუხედავად ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი თანაცხოვრებისა...
მზია - (აწყვეტინებს) ბოდიშით, მაგრამ კარგად ვერ გავიგე
პროფესორი - დიახ, ასეც ვფიქრობდი რომ თქვენთვის ზემოთქმული გაუგებარი და ცოტა დაუჯერებელიც იქნებოდა, მაგრამ ეს რეალობაა და ამ რეალობამ მაიძულა თქვენთან მოვსულიყავი
მზია - (ხმაში სიბრაზე ეტყობა) და რას მთხოვთ, რასაც თქვენი ცოლი არ გიკეთებთ, მე გაგიკეთოთ? რასაც თქვენი ცოლი არ კადრულობს, მე ვიკადრო? მე თქვენ მართლა ბოზი ხომ არ გგონივართ? რადგან აქ ვმუშაობ, გგონიათ რომ ნამუსი აღარ მაქვს და ტრადიციებს ვუღალატებ? თანაც მარხვის დროს? ხორცს საერთოდ არ გავკარებივარ, რაც მარხვა დაიწყო...
პროფესორი - ამ მარხვაში თევზი ხსნილია
მზია - (ცრემლნარევი ხმით აგრძელებს თავის მონოლოგს) აქ მეც შემთხვევით მოვხვდი, წლების მანძილზე ცირკში ვმუშაობდი, იცით რა სარისკო ნომრებს ვასრულებდი? იცით რა სიმაღლიდან ვხტებოდი ბატუტზე და თანაც ზოგჯერ დაზღვევის გარეშე?
პროფესორი - (გულწრფელად შეწუხებული) მერე? აქ როგორ აღმოჩნდით?
მზია - მერე ქვეყანა აირია და ცირკში კაპიკებს გვიხდიდნენ, დედა გოია ჩვენი მეზობელი იყო და შევეცოდე, ჯერ სხვა სამსახურის მოძებნა მირჩია და რომ ვერაფერი ვნახე, თვითონვე შემომთავაზა აქ მოსვლა - რაღაც კაპიკებად რაღა ბატუტს უნდა ახტებოდეო და აქ მომიყვანა პროფესორი - თავიდან ალბათ გაგიჭირდათ კიდეც
მზია - გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ოჯახი ჩემი სარჩენი იყო და თანაც მაშინ ქმარმაც მიმატოვა
პროფესორი - მაშინვე მიგატოვათ, როგორც კი აქ მუშაობა დაიწყეთ?
მზია - არა, მანადმე წავიდა ამერიკაში, აიჩემა იქ სამსახურს ადვილად ვიშოვი, შამპუნის რეკლამებისთვის ქერტლიანი ხალხი სჭირდებათო და ჩემს ქმარს კი ყოველთვის იმდენი ქერტლი ჰქონდა, ტახტზე რომ იწვა ხოლმე, მერე მტვერსასრუტიც აღარ მშველოდა, არადა სულ ტახტზე იწვა, იქვე ეწყო ბოთლები და მერე იქვე არწყევდა ხოლმე, რასაც სვამდა...
(მზია გაჩუმდება და ცხვირსახოცით ცრემლებს შეიმშრალებს)
პროფესორი - მერე?
მზია - მერე წავიდა ამერიკაში, რომ არ წასულიყო, ნამდვილად მოკვდებოდა აქ და გზის ფულიც მე მოვაგროვე, ყველაფერი გავყიდე, რაც გვქონდა
(მზიას ისევ ცრემლებით აევსება თვალები და ისევ ცხვირსახოცს მოიმარჯვებს)
პროფესორი - (გულწრფელად მონდომებული რომ თანადგომა გამოხატოს მზიას მიმართ) მერე?
მზია - მერე წავიდა, მაგრამ ამერიკაში ჩასვლისთანავე, მოულოდნელი რამ მოხდა
(მზია თავშეუკავებლად ასლუკუნდება) პროფესორი - დიახ, გისმენთ, განაგრძეთ
მზია - ამერიკაში ჩავიდა თუ არა, ქერტლი საერთოდ გაუქრა
პროფესორი - (ძალიან შეწუხებული სახით) უცხო კლიმატის ბრალია. მერე?
მზია - რაღა მერე, ვინღა გადაიღებდა შამპუნების რეკლამებში ქერტლის გარეშე და უმუშევარი დარჩა და უკანაც ვერ ბრუნდება, მე კი ისე მენატრება რომ ფულს შევაგროვებ თუ არა, მაშინვე წავალ. იცით როგორ მიყვარდა? იცით როგორ მენატრება? ახლაც ჩამესმის ხოლმე ძილში ცირკის ორკესტრის ხმა, იცით როგორი აკრობატი ვიყავი? იცით როგორ სარისკო ნომრებს ვასრულებდი? იცით რამდენ ხანს მიკრავდა ტაშს აღფრთოვანებული პუბლიკა?
პროფესორი - მაპატიეთ, ყველაფერი მაპატიეთ...
(პროფესორი ხელზე კოცნის მზიას და მასთან ერთად ხმამაღლა ტირის)
შესვენება, ბუფეტი და სიგარეტი.
(გაგრძელება იქნება და რა თქმა უნდა იქნება დასასრულიც)...
![]() |
19 ფილმები, წიგნები |
▲ზევით დაბრუნება |
ფილმები
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
როკი ბალბოა
კინოთეატრი: „რუსთაველი“
რეჟისორი: სილვესტერ სტალონე
„შვარცენეგერი ჯობია თუ სტალონე?“, „ჯეკი ჩანი თუ ბრიუს ლი?“, „ვან დამი თუ ლუნდგრენი?“ - ოდესღაც დიდი მონდომებით ვერთვებოდი ხოლმე ამ მნიშვნელოვან გარჩევებში და ჩემს ფავორიტს, არც მეტი და არც ნაკლები, კბილებით ვიცავდი. მადლობა ღმერთს, გაზრდასთან ერთად, ცოტა ჭკუაც მომემატა და დღეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებს მსგავსი საკითხები. თუმცა, მაინც უნდა აღვნიშნო, რომ კიბორგკაცი, რომელიც „I will be back“-ის მერე კალიფორნიის გუბერნატორი, ანუ ძალიან სერიოზული კაცი გახდა, ეს მეორე - სტალონე, ისევ წარსულ დიდებაში ჩარჩენილა და 2006 წელს გადაიღო ფილმი, სადაც რეჟისორიცაა, სცენარისტიც, პროდიუსერიც და მთავარი როლის შემსრულებელიც. „როკი ბალბოა“ ხომ „როკის“ ახალი სერიაა, სადაც 16-წლიანი პაუზის შემდეგ ნახავთ მობერებულ როკის, რომელიც ძალიან ბანალური მიზეზით - უსაქმურობის გამო უბრუნდება რინგს. ალბათ ისევ იქნება მუშტი-კრივის დროს შენელებული კადრები, სისხლის გასხმები და მსგავსი „მაგრობები“.
ღამე მუზეუმში
კინოთეატრი: „რუსთაველი“
რეჟისორი: შონ ლევი
ერთხელ, ზამთრის სუსხიან დღეს, ვინმე ლარის, რომლის როლს ბენ სტილერი ასრულებს, სამსახურიდან 666-ჯერ გაათავისუფლებენ. მისი რეზიუმე იმდენად მწირია, რომ იგი სრული ბედნიერებით დათანხმდება ახალ სამუშაო ადგილს - მუზეუმის ღამის დარაჯობას. მაგრამ რა იცოდა მისტერ ლარიმ, რა უბედურებები ხდება ყოველ ღამით ჩაბნელებულ მუზეუმში, სადაც ყველა ტირანოზავრის ჩონჩხი, ყველა ცვილის ფიგურა, ყველა მუმია და მუზეუმის წვრილ-წვრილი ბინადარი იღვიძებს და ღამის ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას. სად? - მუზეუმში. ვისთან ერთად? - საწყალ, შეშინებულ ბენ სტილერთან ერთად. რატომ ხდება ასე? ამას კინოთეატრში გაიგებთ.
ფეხბედნიერი
კინოთეატრი: „ამირანი“
რეჟისორი: ჯორჯ მილერი
ანტარქტიკა. ძალიან ცივა. თუმცა, ამ მხარეში შესანიშნავად გრძნობენ თავს დიდი და პატარა პინგვინები. შავები არიან, თეთრი გულებით და სასაცილო სიარულის მანერით, მაგრამ... მაგრამ ერთი საოცარი თვისებით: მღერიან! ოღონდ სულ მღერიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა გათხოვება-ცოლის მოყვანის დრო მოდის და სწორედ ამის წყალობით, კარგად აღებული ნოტებით შოულობენ გულის სწორს. მაგრამ მარტო ეს სასაცილო ამბავი ხომ მოსაწყენი იქნებოდა?! ამიტომაც, ამ ანიმაციაში ერთი სენსაცია და პინგვინთა ცხოვრებაში ერთი უპრეცედენტო ამბავი მოხდება. მას შემდეგ, რაც ნორმა ჯინს და მემფისს საყვარელი პინგვინუშკა წამოეზრდებათ, ანუ მისი სიმღერის დრო დადგება - ჰოი, საოცრებავ! - აღმოჩნდება, რომ მათი პირმშო სრული დეგენერატია სიმღერის ამბავში. სამაგიეროდ, უნდა ნახოთ რას ცეკვავს „ჩიჩოტკას“... მთელი პრობლემა კი ისაა, რომ სიმღერაში ამ უნიჭო პინგვინს პინგვინი გლორია შეუყვარდება და... და რომ ვერ მღერის?
P.S. ხედავთ, ზოგჯერ რა სინოფსისების წერა მიხდება?
ფილმები - რეცენზია
რატომ არ მომეწონა მათი თვითმფრინავი
ავტორი: ლაშა ბაქრაძე
ოთხი ბიჭი რომ გამოჩნდება, მათ მაყურებლის გული უკვე მოგებული აქვთ. ეს ჩვენი ვერა-ვაკელი ბიჭები არიან, ჩვენ მათი წარსულიც ვიცით და მომავალიც. ფილმი აქაც შეიძლება დამთავრებულიყო და ჩვენ იმდენივე გვეცოდინებოდა, იგივე ემოციას გამოიწვევდა, როგორიც გავრცობილი, თითქმის სრულ მეტრაჟამდე დაგრძელებული ფილმი. სულერთია, ეს ბიჭები ომში გაიპარებიან თუ კაიფში დაეცემიან, ისინი ჩვენი ვნების ობიექტები არიან - ჩვენი ძმები, ძმაბიჭები, სახლიბიჭები და შეყვარებულები. სადაც არ უნდა წავიდნენ, რამდენიც არ უნდა წაიკითხონ, რამდენი ხეც არ უნდა დარგონ, რამდენიც არ უნდა ილოცონ, რამდენი სანთელიც არ უნდა დაანთონ, მაინც ისეთებად დარჩებიან, როგორებიც ჩვენ გვიყვარს - მათი ნაცნობი სიცარიელით აღვსილი თვალები მათსავე გოგჩოებს ყოველთვის მოჰგვრის სასიამოვნო ჟრუანტელს. რეჟისორებმა ეს კარგად იციან, თანაც ვფიქრობ, რომ „გმირთა“ სხვა კატეგორიას ისინი არ იცნობენ. ეს ჩვენ რეჟისორთა წრეა და მთელი სითბოც აქაა ჩაქსოვილი. ფილმებსაც ამ წრისთვის იღებენ. ამიტომაც, ვიღებთ კინოში სულ ამ ეგრეთ ნაწოდებ „დაკარგულ თაობას“, რომელმაც ამასობაში წარჩინებული დიდმოხელეებიც მოგვცა და თვალსაჩინო ბიზნესკაცებიც, რომლებიც მაინც უკა, -კოებად დარჩნენ. ეს როლის მოთამაშეთა მდგომარეობასაც აადვილებს, რადგან ისინი არც არაფერს თამაშობენ, მხოლოდ თავიანთ თავს განასახიერებენ (ამიტომაც, მათ ეკრანზე სახელსაც კი არ უცვლიან). ახალგაზრადა თბილისელთა უმრავლესობა ქართული ფილმის სანახავად რომ მიდის, ეკრანზე ახლობლებლების სანახავად და მათით კიდევ ერთხელ აღსაფრთოვანებლად მიდის.
ბიჭები, იგივე შპანა, იგივე ბანდა, იგივე გრუპა (ჩვენ ერთი გუნდი ვართ) დროებით სხვადასხვა გზას ეწევიან: ორი ომს, ერთი უცხოეთს, ერთიც მონასტერს შეაფარებს თავს. (მახარობელი ლუკას სეხნიას სხვა რა გზა უნდა აერჩია, მისი ბედი ეტყობა გარკვეულია და იმდენად არასაინტერსო, რომ აღარც უნდა გავიხსენოთ. მონასტერში წავიდა, ცოტა კი გაგვიკვირდა, მაგრამ მერე რა.) თითქოს ალტერნატივა ჩნდება, მაგრამ რეალობა მტკივნეულია - მარჯვნივ წახვალ ყ.. დარჩები, მარცხნივ წახვალ მაინც ყ.. დარჩები, პირდაპირაც იგივე ბედი გელის - ალბათ ამიტომაც ბრუნდება მთავარი „გმირი“ ევროპიდან უკან და ორი ძმაბიჭის კვალს დაადგება. ყ..ობა გუნდში ჯობია.
ამსტერდამში შეყვარებულის გამო მიდის, თითქოს. მაგრამ, ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს, რაც უნდა გზასა ეშურებოდეს, როგორ იქნება კოფი-შოპში არ განისვენოს? არჩევანი ყველაზე ტურისტულ „ბულდოგის“ კოფი-შოპსა და ასეთივე პოპ-რემბრანდტის სახლ-მუზეუმს შორის (რომელშიც, სხვათა შორის არცერთი რემბრანდტის ნახატი არაა) ფილმში მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ არ დაგვავიწყდეს - ვერა-ვაკელი ყოველთვის ხელოვან-ინტელექტუალია ან სულ ცოტა კულტურული. მაშ, ამ სიშორეზე დაფ-დაფებს კაცი ტყუილად ხომ არ წაათრევდა?
ჯერ კოფიშოპის უგემური, არაფრისმთქმელი ნახატები და მერე ჩაყრილი ამსტერდამის კლიშე-ტურისტული ხედები, ისე როგორც მანამდე პარიზისა და მათ შორის მობილური ტელეფონის წამყვანი ტექნოლოგიებით გადაღებული ხვრელი ალბათ ჩვენი „გმირის“ ახალი ქალაქებით მცირე დოზით, რასაკვირველია ზომიერად დაინტერესებაზე უნდა მეტყველებდეს. საერთოდ, ამ ინდიფერენტულ ქართული კინოს გმირთან ემოციური კავშირი მიჭირს - ამიტომ ვერ განვიცადე, კოფი-შოპში რომ მიახარჯა „ფულები“, მერე წუპაკმა უცხოელებმა გამათხოვრებულს ფული რომ არ ჩაუყარეს ქუდში და ჩრდილოეთის ცივ ქალაქში რომ შესცივდა უსახლკაროდ დარჩენილს. რადგან, ჩვენი დროის გმირის სულიერ ტანჯვას ვერ ვხედავთ, გმირისავე კადრს მიღმა მონათხრობი უნდა წაგვეხმაროს მის სულიერ სამყაროში ჩასაჭყეტად.
ამ უზომოდ გაწელილ კადრებს მოსდევს ასევე უზომოდ გაწელილი სცენები ახალი ქართული ემიგრაციის ზნეობრივი გათახსირების აღსაწერად, მოსაწყენი, ისევე როგორც ცხოვრებაში, დიალოგებით. იშვიათი არაბუნებრიობით გამოირჩევა ემიგრანტი ქალის ნათელი სახე და განსაკუთრებით სცენა ტუალეტში, სადაც ის „ჩვენ გმირს“ ეძლევა, რაღასაკვირველია უშედეგოდ. საერთოდ „ჩვენ გმირს“ კაცური გაგების ამბავში არაფერი ეშლება!
ამდენ ხიფათს გადარჩენილს, სიყვარული აიძულებს მოიპაროს მანქანა, ციხეში მოხვდება, საიდანაც კაიოჯახიშვილობის გამო საქართველოს საელჩო დაიხსნის და ბოლოს, როგორღაც მოგზაურობის მიზანსაც მიაღწევს.
ის, რომ „მისი გოგონა“ ქალწულებრივად აკოცებს ვიღაც ჩაფხუტიან რაინდს, საკმარისია იმისთვის, რომ „ჩვენი გმირი“ კიბისქვეშ დაიმალოს და მოხელთებულ დროს „აითესოს“. ვერა-ვაკულ გაგებაში, „ჩვენი გმირი“ ერთიათად ახლობელი და საყვარელი (ასე წერენ - ფორუმ.გე-ზე) ხდება.
გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ „გმირს“ თვითმფრინავზეც აგვიანდება.
გოგო -ანო, კი კიბეზე დატოვებული ყომარის კამათლებიდან ისრუტავს სათაყვანებლი -უნას სურნელს, ტირის და ტირის და აი, თითქოს ზეცაც ატირებულა (მას პირდაპირ ჭერიდან ეცემა ცრემლები). მერე გადაიკისკისებს და მაყურებელიც ამოისუნთქავს - ყველაფერი კარგად იქნება, ანუ ისე, როგორც ყოველთვის. ქართული ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე.
თუ ვინმემ არ იცის რა იყო აფხაზეთის ომი, ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, რომ ეს მხიარულ პატრიოტთა ბანაკი იყო. ერთხელ ტელევიზიით ნაჩვენები კადრები, სწორედ მათი დოკუმენტურობის გამო, განსაკუთრებულად ყალბ შთაბეჭდილებას ტოვებს.
თავიდან-ბოლომდე ყალბია ხმა ფილმში. ეს საერთოდ ქართული კინოს პრობლემაა. ქუჩურ-ყოველდღიურობა ენისა ამ სიყალბეს ვერ დამალავს.
მუსიკა კარგიაო, ამბობენ, განსაკუთრებით ირაკლი ჩარკვიანის, მაგრამ ხშირად მეჩვენებოდა, რომ მუსიკა თავისას აწვება, რეჟისორ-ოპერატორი კი თავისას მიერეკებიან (მანქანის მოპარვის სცენა, თუნდაც). ახლა ირაკლის მუსიკას თუ გამოცვლიან - ნახავთ, რომ ფილმს არც ბევრი დააკლდება და არც მიემატება.
გიო მგელაძის არასიყალბის რომ არ მჯეროდეს და მისი მომავალი ფილმების იმედი რომ არ მქონდეს, რა აზრი ექნებოდა იმაზე საუბარს, რაც სულ არ მომეწონა. ამიტომ, გადავწყვიტე პირველ რიგში მისთვის და სხვა, მეტ ან ნაკლებად ახალგაზრდა რეჟისორებისთვის გულახდილად გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილება.
ისიც კარგად ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად გულახდილობა სძულთ.
წიგნები - რეცენზია
„ამ კაცმა წლის ყველაზე გიჟური წიგნი დაწერა“
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
სათაური წმინდა წყლის პლაგიატია: ასე ერქვა სტატიას, რომელიც 2006 წლის 3 დეკემბერს „BILD am SONNTAG“-მა გამოაქვეყნა. ლამის მთელი გვერდი „სანტა-ესპერანსას“ და მის ავტორს ეთმობა, და თუკი გავითვალისწინებთ, რომ „BILD“-ს მთელი გერმანულენოვანი სივრცე კითხულობს, განურჩევლად იმისა, მოსწონთ თუ არა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ: აკა მორჩილაძემ მოიგო და მასთან ერთად ჩვენც გავიმარჯვეთ.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სანტა ესპერანსაზე!
თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მწერლის ლიტერატურული ფეიერვერკი შავ ზღვაში, წარმოსახვით სანტა ესპერანსას კუნძულებზე გაგვიტაცებს. უამარავი ფრაგმენტისგან - სასიყვარულო ამბებისგან, ომში გადამხდარი თავგადასავლებისგან, მითებისა და თქმულებებისგან, ძველისძველი ქრონიკებისგან და ასევე იმეილებისა და საგაზეთო სტატიებისგან იქმნება მრავალფეროვანი კოსმოსი, რომელშიც თამამად შეიძლება გადაადგილება. 36 ფერადი რვეულის წაკითხვა უთვალავი კომბინაციით შეიძლება, რომლებიც სხვადასხვაგვარად გვატარებს კუნძულების სამყაროში და ამავდროულად ოსტატურ ერთიანობას ქმნის“. - ასე აღწერს გამომცემლობა Pendo წიგნს, რომლითაც ამაყობს - და სავსებით სამართლიანადაც. თავად ავტორს კი უთქვამს: „ბევრად უფრო დემოკრატიული არაა, როცა ყველა ადამიანს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, როგორ უნდა წიგნის წაკითხვა?!“
გერმანული პრესისგან განსხვავებით, აკა მორჩილაძის, ანუ გიო ახვლედიანის შესახებ აღარაფერს გიამბობთ, თავადაც მოგეხსენებათ. არც იმას მოგითხრობთ, თუ რას წერს ჩვენზე თუნდაც Sueddeutsche Zeitung სტატიაში „ეს იყო საქართველოში: ფანტაზიის არქიპელაგის ტრაგიკული, გიჟური, მრავალფერი ქრონიკა“ - ისედაც ვიცით, რა ქვეყნის შვილები ვართ. მე გიამბობთ იმ ქალბატონის შესახებ, რომლის წყალობითაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულმა წიგნმა ევროპელი მკითხველის გულიც მოიგო.
ეს გახლავთ ქალბატონი ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის კულტურულ პროგრამათა კოორდინატორი და „სანტა-ესპერანსას“ მთარგმნელი. ვთხოვე, „სანტა-ესპერანსას“ გერმანული თავგადასავლისა და თავის შესახებ ეამბო. ამ ბოლო თემასთან დაკავშირებით ცოტა იწუწუნა, მაგრამ მუქარამ, რომ ტყუილებს დავწერდი, გაჭრა. მაშ ასე, გვიამბობს ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი:
„წიგნი გამოსცა შვეიცარულ-გერმანულმა გამომცემლობა Pendo-მ. მისი წარმომადგენელი 2005 წლის ზაფხულში იყო ჩვენთან ჩამოსული და სათარგმნელად ავტორებს არჩევდა. მრავალი ადამიანის რეკომენდაციით არჩევანი, ძალიან დამსახურებულად, შეჩერდა აკა მორჩილაძეზე, როგორც ყველაზე პოპულარულ ქართველ თანამედროვე მწერალზე, და სწორედ „სანტა-ესპერანსაზე“, ალბათ უფრო მეტად ორიგინალური ფორმის გამოც. თავდაპირველად აპირებდნენ ამ წიგნის სამ ნაწილად გაყოფას და სამი მთარგმნელისთვის მიცემას. საცდელი თარგმანის შემდეგ კი მკითხეს, ამას მხოლოდ ჩემს თავზე თუ ავიღებდი, და ერთი წელი დრო მომცეს.
წიგნი დეკემბრის დასაწყისში გამოიცა, და როგორც აკას შეატყობინეს, ის გამომცემლობისთვისაც მოულოდნელად კარგად იყიდება. მეტი რა გვინდა!“
რაც შეეხება თარგმანს: ყველაზე რთული ამ რომანში თავმოყრილი სხვადასხვა დიალექტების, ჟარგონისა თუ ფსევდონუსხურის გადაგერმანულება იყო, ანუ ენობრივად ისე გადატანა, რომ ეს განსხვავებები გერმანულენოვან მკითხველსაც აღექვა. ნათია მიქელაძემ ეს შეძლო - ვულოცავთ ნათია მიქელაძეს!
ეს ქალბატონი გახლავთ გერმანისტი, დამთავრებული აქვს ლაიფციგის უნივერსიტეტი. ოჯახში ჰყავს ხუთი მამაკაცი, მეუღლე და ვაჟები. „თარგმნა ბავშვობიდან მიყვარს,“ ამბობს ნათია, „ალბათ დიდი ბაბუა გერონტი ქიქოძისა და ბებიაჩემი თინათინ ქიქოძისგან გადმომეცა გენეტიკურად, ორი ენის ცოდნა კი აკვნიდანვე ჩამაყოლეს. გერმანისტიკაზე შეგნებულად იმიტომ ჩავაბარე, რომ ოდესმე ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი. ესაა და ეს“.
პლაგიატითვე დავასრულებ: ესაა და ეს.
წიგნები - რეცენზია
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
აკაკი ბაქრაძე
ილია ჭავჭავაძე
„...წიწამურის გზაზე, იქ, სადაც ილია ჭავჭავაძე მოკლეს, მაშინ ქვის ჯვარი იდგა. დაჭრილი ირმის კვალს იმ ჯვართან მიუყვანია მონადირენი. სისხლიანი კვალი იქიდან ისევ უკან, მონასტრისკენ ბრუნდებოდა. მონადირენიც უკან გაჰყოლიან კვალს. ნახევარი გზაც არ ჰქონიათ გავლილი, რომ დაჭრილი თეთრი ხარირემი დაუნახავთ. სამჯერ ასულა ასე ირემი მონასტერში და უკან ჯვართან დაბრუნებულა. გაშმაგებული პირუტყვი რქებით ლეწავდა და ანგრევდა ყველაფერს, რაც წინ ეღობებოდა და გზას ისე მიიკვლევდა. ბოლოს სისხლით დაცლილი და დაქანცული ჯვრის წინ დამხობილა, რქები მიწაში ჩაურჭვია და ისე დაულევია სული.“
ეს ამბავი დაბეჭდილია 1909 წლის 2 თებერვლის მე-5 ნომერ „ივერიაში“. ეს ამბავი ყველა ქართველმა იცის. ამ ამბით ასრულებს აკაკი ბაქრაძე ილია ჭავჭავაძის ცხოვრების ამბის თხრობას.
აკაკი ბაქრაძის წიგნით „ილია ჭავჭავაძე“ (პირველად ის 1984 წელს „ნაკადულმა“ გამოაქვეყნა, სათაურით „ილია ჭავჭავაძე - წიწამური“) ლაშა ბაქრაძემ და გამომცემლობა „პეგასმა“ ახალი და უაღრესად მნიშვნელოვანი „ილუსტრირებული ბიოგრაფიების“ გამოცემა დაიწყეს. წიგნების ამ სერიაში შევა მონოგრაფიები, რომლებიც ქართულენოვან მკითხველს ახალი კუთხით გააცნობს მათ, ვინც თავიანთი ცხოვრებით თუ შემოქმედებით დიდი როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის თუ მსოფლიო ისტორიაში.
ჩანაფიქრის თანახმად, „ილუსტრირებული ბიოგრაფიები“ ყურადღებას გაამახვილებს არამარტო კაცობრიობის კეთილისმყოფელებზე, არამედ დიდ ტირანებსა და დამპყრობლებზეც. წიგნის პრეზენტაციის დროს ლაშა ბაქრაძემ ბრძანა---თქვა, რომ გამომცემლები შეეცდებიან, შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი ნამუშევრები გამოაქვეყნონ, პოლიტიკურ თუ ეროვნულ „სარჩულს“ მოკლებული. ცხადია, „ილუსტრირებული ბიოგრაფიების“ ავტორები მხოლოდ ქართველები არ იქნებიან, დიდი ადგილი დაეთმობა თარგმანებსაც. მთავარი იქნება ძირითადი პრინციპი: საინტერესო პიროვნება, საინტერესო ავტორი, საინტერესო ილუსტრაციები.
ის, რომ „ილუსტრირებული ბიოგრაფიების“ პირველი ტომი ილია ჭავჭავაძეს ეძღვნება, შემთხვევითი როდია: მომავალი, 2007 წელი, საქართველოში ილიას წელი იქნება, მისი, როგორც ყოველთვის, ორმაგი იუბილე - მოგეხსენებათ, ილია 1837 წელს დაიბადა და 1907-ში იყო მოკლული. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ წლისთვის ვინმემ მაინც წინასწარ დაიჭირა თადარიგი - მთელი საქართველო „ილიას გზა, ილიას გზა“-ს ძახილშია, და რას ნიშნავს ეს ამბავი, კაცმადაბადებულმა არ იცის.
როგორც უწინაც მოგახსენეთ, აკაკი ბაქრაძის „ილია ჭავჭავაძე“ პირველად 1984 წელს გამოქვეყნდა და, იმ დროის წესისამებრ, მასაც საკმაოდ რთული ბედი ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ყველანაირ, ხშირად უბადრუკ ნამუშევარსაც ძირითადად იმით უკეთებენ რეკლამას, საბჭოთა კავშირში დაწუნებული ან აკრძალული იყოო (ხშირად სავსებით სამართლიანადაც), ამ ამბის თხრობით თავს აღარ შეგაწყენთ. გაგახსენებთ მხოლოდ, რომ პირველი, 1984 წლის გამოცემის ანოტაციაში ვკითხულობთ: „მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ცხოვრებაში არ დასმულა საქვეყნო და სახალხო პრობლემა, რომლის გადაწყვეტა-მოგვარებაში ილია ჭავჭავაძეს მონაწილეობა არ მიეღოს. რა თქმა უნდა, ეს პატარა წიგნი ყველაფერს ვერ გააცნობს მკითხველს, მაგრამ ძირითად საკითხებს გვერდს არ უვლის და, რამდენადაც მის ავტორს შეეძლო, დოკუმენტური სიზუსტით ყვება ილიას თავგადასავალს“. პირველი გამოცემისგან განსხვავებით, „პეგასისეული“ „ილია ჭავჭავაძე“ უხვად ილუსტრირებულია, რაც მას დამატებით ხიბლს სძენს. აქ შეხვდებით მათ, ვის შესახებაც ბევრი რამ გსმენიათ, ნახვით კი არ გინახავთ, არადა, ილია ხომ 1907 წელს მოკლეს, ფოტოგრაფია უკვე საუკეთესოდ იყო განვითარებული.
დავიწყოთ გარეკანით. მისთვის გამოყენებულია ილია ჭავჭავაძის სტუდენტობის დროინდელი ფოტო - ახალგაზრდა, ლამაზი კაცი, რატომ უნდა გვეგონოს, რომ კლასიკოსი აუცილებლად მოხუცია და მკვდარი?! ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა წიგნში დაბეჭდილმა დიმიტრი ყიფიანის 100 წლის იუბილეს გამო გამოცემულმა ღია ბარათმა. ის, რომ ის მშვენიერი გარეგნობისა იყო, პაწაწინა ფოტოზე ჩანს, დანარჩენი კი სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ ჩემი თანამემამულეები მხოლოდ ახლა არ გაგიჟებულან: მოგეხსენებათ, დიმიტრი ყიფიანი საშინლად მოკლეს და აჰა, ღია ბარათზე მისი საშინლად დასახიჩრებული ცხედარი არაა აღბეჭდილი?!
ბევრ რამეს ჰფენს ნათელს მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოც - ყვარელი, სახლი, რომელშიც ილია დაიბადა. მისი შემხედვარე უმალ მიხვდებით, რომ წიგნის ავტორი, ბატონი აკაკი ბაქრაძე, არაფერს ამეტებდა, როცა გრიგოლ ჭავჭავაძის შესახებ წერდა: „ცოლის ნაადრევმა სიკვდილმა, სიღარიბემ, მევალეებთან ჩხუბმა და დავამ მოტეხა იგი...“ ჩხუბობდა და დავობდა კიდეც!
საარქივო ფოტოსურათები, რომელთა დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. უაღრესად საინტერესო ფოტოსურათებია, მათი დახმარებით მკითხველი სულ სხვა თვალით შესცქერის ილიას ეპოქას და ბევრი რამე უფრო გასაგები ხდება. ერთი რამაა მხოლოდ გაუგებარი: ყველაფერ ამის მერე როგორღა იქუხა ხუთჯერ არაგვის ხეობამ, როცა ილია ეტლში წამოდგა და დაიძახა: „რას ჩადიხართ, ილია ვარ!“
P.S. გამომცემელთა სადიდებლად უნდა ითქვას, რომ წიგნს, როგორც წესი და რიგია, დართული აქვს გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა, მითითებულია ილუსტრაციების წყაროები, ქრონოლოგია და პირთა საძიებელი. და კიდევ: ლაშა ბაქრაძემ წიგნი თავად მოგვაწოდა, მავანთაგან განსხვავებით, რომელთაც მიაჩნიათ, რომ „ცხელი შოკოლადის“ ჟურნალისტმა თავად უნდა ქექოს წიგნის მაღაზიების თაროები და მერე, თუ ღმერთი გაუწყრა და რამეს ვერ შეწვდა, მას უწიგნური და უყურადღებო უნდა ეწოდოს.