The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №42


ცხელი შოკოლადი №42


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ბექიშვილი ნინო, ნავერიანი სანდრო, ტურაშვილი დათო, მალენი მარკ, გაფრინდაშვილი ლელა, ბაბუნაშვილი ვახო, ჯაში სალომე, კიკალეიშვილი სალომე, სუხიშვილი თამარ, საყევარიშვილი რევაზ, ქიქოძე არჩილ, ლომაძე ნინო, ჯაფიაშვილი ნინო, ხოფერია ეკა, რემნიკი დევიდ, ლობჟანიძე გიორგი
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ოქტომბერი, 2008, მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი თეონა ბექიშვილი კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, თამარ სუხიშვილი, სალომე ჯაში, მარკ მალენი, ლელა გაფრინდაშვილი, ვახო ბაბუნაშვილი, ნინო ლომაძე, დათო ტურაშვილი, გიორგი მაისურაძე, არჩილ ქიქოძე, კახა თოლორდავა, ეკა ხოფერია, რეზო საყევარიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ნინო ბექიშვილი, დათო გაბუნია, სანდრო ნავერიანი, მარიკა ქოჩიაშვილი, თამარ ჯიშკარიანი ფოტო თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე ილუსტრაცია მაია სუმბაძე დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე სარეკლამო და გაყიდვების სამსახურის უფროსი ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: advertise@shokoladi.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე სარეკლამო და გაყიდვების სამსახურის უფროსი ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: advertise@shokoladi.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“, „თიბისი და თიბისელები“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © “M Publishing” საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. ფოტო: თომას დვორჟაკი



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კახა თოლორდავა მეუბნებოდა, ყველა ჩემი ნაცნობი ჟურნალისტი თუ ფოტოგრაფი თბილისშია, ეგენი ხომ სისხლის სუნზე მოდიანო. რამდენიმე დღის წინ მეც მოვხვდი უცხოელ ჟურნალისტებთან. ისე გულიანად ქირქილებდნენ, დავრწმუნდი, რომ სხვისი ომი სხვისი ომია. ისევე, როგორც ჩემი ლიბანელი მეგობრის, რუდი ჯაფარის ომი არ იყო ჩემი. თუმცა, პირველმა, სწორედ მან დამირეკა და მკითხა, ახლა მაინც ხომ გესმის არაბების და მტრის ზიზღისო. ომგამოვლილ ადამიანებს ალბათ უკეთ ესმით ერთმანეთის, მაგრამ მე ვერაფერი გავიგე ჩემი თანამოქალაქეების, რომლებიც 12 აგვისტოს გამარჯვებას ზეიმობდნენ. თუმცა ამ გაუცხოებამ საბოლოოდ გამომაფხიზლა და მივხვდი, რომ ჩვენ ძალიან უცნაური თვითგანადგურების (ვისთვის თვითგადარჩენის) ინსტინქტი გვაქვს - იმის ნაცვლად, რომ ვიაზროვნოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ, მუდმივად ვნიღბავთ მას, ჰიპნოზსა და ექსტაზში ვიგდებთ თავს, ტკივილმა რომ არ შეგვაწუხოს. ტკივილის გარეშე კი ვერ ხვდები რა გაწუხებს, ან გაწუხებს თუ არა რამე საერთოდ. ამიტომ, თავსაც ვერ შველი.

მაშინ, როცა ჩემი ცნობიერება მარტივ მამრავლებად დაიშალა, ჩემი „ომგამოვლილი“ თანამოქალაქეები მღეროდნენ და „სარკო, სარკო“-ს ძახილში ვარჯიშობდნენ. ძალიან მინდოდა ხუთი პრეზიდენტის მოსმენა, მაგრამ სირცხვილისაგან არ ვიცოდი სად დავმალულიყავი. სასოწარკვეთილმა მეგობარმა მითხრა, უნდა ჩამოგვართვან ქვეყნის სტატუსი, ფანდურები უნდა დაგვირიგონ და დაგვარქვან „ფოლკლორული ანსამბლი საქართველო“, ამის მეტი მაინც არაფერი ვიცით და ვერაფერს ვსწავლობთო. მეორე დღეს კი, ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა მომახალა, თქვენ სრულიად ავადმყოფი ერი ხართ, ეს რა მოაწყვეთ, რას ზეიმობდით, როცა ნახევარი ქვეყანა დაბომბილია და გარდაცვლილები ჯერ კიდევ ქუჩაში ყრიანო. მერე დიდხანს მიხსნიდა რას ნიშნავს „სოლიდარობის მანიფესტაცია“ და როგორ შეიძლებოდა ჩვენი ერთსულოვნების გამოხატვა ტაშ-ფანდურის და კარნავალების გარეშე.

ასეა ხოლმე, ჩვენს სათქმელს ყოველთვის „სხვა“ ამბობს. ჩვენს თავს გადამხდარი ომებითაც სხვები სწავლობენ. „მსოფლიო საქართველოს შემდეგ“ - ეს იყო ჟურნალ „ნიუსვიქის“ 1 სექტემბრის ნომრის „ჰედლაინი“. ჩვენ კი გვჭირდება „საქართველო საქართველოს შემდეგ.“ იქნებ, სწორედ ჩვენი წარმოსახვითი საქართველოსგან უნდა გავთავისუფლდეთ, რომ ნამდვილი საქართველო და თავისუფლება მოვიპოვოთ? იქნებ, უნდა დავივიწყოთ ყველაფერი - საზღვრები, ტერიტორიები, ბელადები, ნაციონალისტური და მესიანისტური ამბიციები და გავხდეთ ადამიანები, რომლებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფალი ცნობიერება და თავისუფლებისაკენ სწრაფვაა. იქნებ, ვაღიაროთ საკუთარი მარცხი და დანაკარგი იმისათვის, რომ ახალი ურთიერთობების შენება დავიწყოთ იმათთან, ვინც მიგვაჩნია, რომ ჩვენია.

იქამდე კი, ჩვენ ჩვენს ომს მივხედოთ, ომს თავისუფლების მოსაპოვებლად, ომს, რომელიც მართლა მოსაგებია და რომელშიც ყველაზე ერთგული მოკავშირეებიც ვერ დაგვეხმარებიან.

„ცხელი შოკოლადის“ ეს საგანგებო გამოშვება აგვისტოს მოვლენებს ეძღვნება. ვეცადეთ გვეფიქრა, კითხვები დაგვესვა და მათზე პასუხები მიგვეღო. ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს კითხვები უამრავჯერ შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა პასუხები. ჩვენ წავაგეთ მშვიდობა. ჩვენ რომანსებს ვუმღეროდით მშობლიურ, ორთავიან რუსეთს და გვეგონა, რომ ევროპას ჩეჩნეთზე თუ არა, საქართველოზე მაინც აუჩუყდებოდა გული; ჩავთვალეთ, რომ ამერიკა საქართველოს გამო თამაშის წესებს შეცვლიდა და ვარსკვლავთა ომს წამოიწყებდა რუსეთის ჭკუის სასწავლებლად. გავიგეთ, რომ დღევანდელ მსოფლიოს პრაგმატული პოლიტიკა მართავს და არა მაღალფარდოვანი იდეალები. ყველაფერი გავიგეთ იმის გარდა, რომ თუ ტოტალიტარულ ან თეოკრატიულ სახელმწიფოს არ ვაშენებთ, ჩვენც ის თამაში უნდა ვითამაშოთ, რასაც დანარჩენი მსოფლიო დემოკრატიას ეძახის. ამისათვის კი, თავდაცვის ინსტინქტი გვაქვს გასაძლიერებელი, ტვინის რეცხვის, პროპაგანდის და რეალობის ილუზორული ინტერპრეტაციების წინააღმდეგ.

კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს ფიქრი და წერა ჩვენი რეალობის გმირებზე, ანტიგმირებზე და მომავალზე. მაგრამ ამასობაში შვეიცარიაში გრანდიოზული ექპერიმენტი დაიწყო (და დროებით შეჩერდა) - მეცნიერები „ბიგ ბანგ“- ის გამეორებას ცდილობენ იმისათვის, რომ გაიგონ, როგორ დაიბადა ეს სამყარო. იქნებ მალე გავთავისუფლდეთ პატარა ერის კომპლექსებისაგან და ჩვენც დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რაზეც დანარჩენი სამყარო ფიქრობს.

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნინო ბექიშვილი

ჩემი ერთი კარგი მეგობარი სულ ამბობდა, წიგნები სწორედ მაშინ მოდიან ჩემთან, როცა ყველაზე მეტად მჭირდებაო. ხან ვეთანხმებოდი, ხანაც მეღიმებოდა - წიგნები მოდიან... ომის შემდეგ ერთი წიგნი ჩამივარდა ხელთ - „ზალიკოს საქართველო“ - მოგონებების კრებული ზაალ ქიქოძეზე. უცნაურია, ეს წიგნი აქამდე არ მქონდა ნანახი და სწორედ ახლა, ომგადატანილმა, გაოგნებულმა და შოკში მყოფმა წავიკითხე. ჩვენი ჟურნალი წერდა ქიქოძეებზე, ზაალის ვაჟის, არჩილ ქიქოძის სტატიას ამ ნომერშიც წაიკითხავთ, მე კი ორიოდ სიტყვით გეტყვით, რატომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი სწორედ ახლა ამ წიგნთან შეხვედრა. აქ ის პატარა წერილი ვიპოვე, რომელიც 90-იან წლებში, სრული ნაციონალისტური ისტერიის ფონზე, განსაკუთრებით დამამახსოვრდა და ომის დღეებში ამომიტივტივდა. როცა წავიკითხე, მაშინვე ვთქვი, აი, თურმე, ვინ ყოფილა ის უცნაური, წვერიანი ალპინისტი, უნივერსიტეტში რომ ვხედავ-მეთქი. ამ წიგნმა კიდევ ბევრი რამ მითხრა ზაალ ქიქოძეზე. ისეთიც, რაც ლეგენდად გამეგონა (როგორ ეხმარებოდა ჭუბერის გზაზე დევნილებს), ისეთიც, რაც არ ვიცოდი (როგორ დადიოდა ცხინვალში, როგორ მეგობრობდა ოსებთან, როგორ ჩაუტანა პირველი კომპიუტერები ცხინვალელ ბავშვებს, როგორ ჩაუყვანა საკუთარი ფერმის ორი ძროხა ოსების ერთ ოჯახს და სხვ.). მხოლოდ რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ ამ პატარა წერილიდან, რომელსაც ჰქვია „რა ვერ გაიგო აკაკი ბაქრაძემ და ბევრმა სხვამ“ და 1995 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „არგუმენტში“: „ეთნიკური კონფლიქტი, ძალზე იშვიათად იწყება ქვევიდან, მოსახლეობის „დაბალი“ ფენების დონეზე. მათ ამისთვის არა სცალიათ, რადგან დაკავებულნი არიან უმაღლესი საქმიანობით - შრომით, ნამდვილი შრომით“... „იმაში კი, რაც დაგვემართა, ყველას გვაქვს ბრალი და არაფრის გადაბრალება ერთმანეთზე არ შეიძლება. როგორც არ უნდა მოეწყოს საქართველო, ოსები დარჩებიან თანამოძმეებად, თანამოქალაქეებად, რადგან, უბრალოდ, არც იქ მცხოვრებ ოსებს და არც ქართველებს დედამიწაზე სხვა სამშობლო არა გვაქვს“... „როდესაც ეთნიკური კონფლიქტი გაღრმავდება, მთელი კაცობრიობა, თავისი ყველაზე „პროგრესული“ ნაწილის ჩათვლით, უძლურია მის მოგვარებაში. უბრალო ხალხი იჟუჟება, იტანჯება, ქვეყანა ოხრდება, ერთეულები კი მდიდრდებიან...“ მწარეა დღეს ამ სიტყვების წაკითხვა და იმის კიდევ ერთხელ გააზრება, რაც ჩვენს თავს მოხდა, რაც გადავიტანეთ, რაც დავკარგეთ... ამას წინათ მარადიულ სიუჟეტებს ვიხსენებდი, იმათ, ყველამ რომ ვიცით და სულ რომ მეორდება, მარტო წიგნებში კი არა, ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც. ათი მართალი კაცი მოითხოვა ღმერთმა სოდომი რომ არ დაენგრია. ნუთუ, ჩვენში არ აღმოჩნდა ათი მართალი? ათი ზალიკო ქიქოძე? ეს კითხვა, ალბათ, სულ გამაწვალებს...

0x01 graphic

სანდრო ნავერიანი

როცა ჩემი ახლობლები თვალებში მიყურებდნენ და ეგონათ, რომ რაღაც იმედს დაინახავდნენ, რომ მე მათ დავამშვიდებდი და ვეტყოდი - ყველაფერი კარგად იქნება - აი, ამის თქმა რომ ვეღარ შევძელი, მაშინ გამიჭირდა ყველაზე მეტად. ავდექი და აივანზე სიგარეტის მოსაწევად გავედი, ქუჩიდან კი სევდიანად შემომესმა When I fi nd myself in times of trouble, mother Mary comes to me, speaking words of wisdom, let it be დაე, აღსრულდეს - დაცინვაა და მეტი არაფერი...

როცა ბორჯომის ტყეები იწვოდა, სულ იმის იმედი მქონდა, ღვისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და, აბა, ერთ სერიოზულ წვიმას როგორ არ გამოგვიგზავნიან ზევიდან-მეთქი, თანაც მარიამობის დადგომას წუთები აკლდა. წვიმა არა, მაგრამ ისლამური თურქეთიდან ვერტმფრენები გამოგვიგზავნეს. ესეც საქმეა. მაგრამ მე მაინტერესებს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, ასეთ გასაჭირში, ერთი ძლიერი წვიმა რატომ არ გვაღირსეს? ამის პასუხად მაზა მერი ჩამჩიჩინებდა - let it be.

როცა ბორჯომის ტყეები იწვოდა, მე და ჩემნაირები ტელევიზორებთან ვისხედით და ყოველ გადამწვარ კვადრატულ მეტრზე კრემლს ვწყევლიდით, შემდეგ კი დავამატებდით - „ოჰ, ღმერთო, ნეტაი, იქ მოწვიმოს და მეტი არაფერი არ მინდა“ ან „ნეტა, ამერიკელებმა თავისი ტექნიკა გამოგვიგზავნონ, ორ საათში ჩავაქრობდით ცეცხლს“. აი, ასე, ვისხედით და ვოცნებობდით, გაკეთებით კი არაფერს ვაკეთებდით.

სანამ ასე, ღვთისმშობლის და ამერიკელების იმედად ვიქნები, ყოველთვის იქნება რუსიც, ან ვინმე სხვა, რომელიც ტერიტორიაში ან ისტორიაში შემეცილება, მე კი ისევ იმედი მექნება, რომ დამეხმარებიან ამერიკელები და ღვთისმშობელი, რომელიც ჯიუტად მიმეორებს - let it be.

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

იმ საშინელ დღეებში მილან კუნდერა გამახსენდა, რომელმაც ერთხელ იოსიფ ბროდსკის უთხრა - თქვენ რომ წიგნები გამოგვიგზავნეთ, სინამდვილე- ში ბომბები ყოფილაო და მერე ეს კამათი გამოქვეყნდა კიდეც. კამათი რასაკვირველია, ბროდსკის შეპასუხებამ გამოიწვია და როგორც ხდება ხოლმე, რუსებმა ჩეხებს კულტურის გავრცელება დაამადლეს. კულტურაში რუსმა პოეტმაც, უპირველესად, რუსული ლიტერატურა იგულისხმა, მაგრამ რუსები იმ მართლაც მშვენიერი წიგნების სანაცვლოდ, აგერ უკვე მერამდენე საუკუნეა, მორჩილებას გვთხოვენ. ჩვენ კი მორჩილება არ შეგვიძლია - არც ჩვენ და არც ჩეხებს, არც ლიტველებსა თუ პოლონელებს და იმას, რასაც იოსიფ ბროდსკიც ვერ მიხვდა, როგორ უნდა მიხვდეს რუსეთის არმიის რომელიმე ჯარისკაცი.

თუმცა სინამდვილეში ნებისმიერი რუსი გენერალიც იგივეს ფიქრობს, რასაც ბროდსკი, ლერმონტოვი ან გრიბოედოვი და ჩვენც იმდენივე საუკუნეა იმ ტყუილის გვჯერა, რომელიც ჩვენ თვითონ მოვიგონეთ. შევარდნაძემ ერთხელ ხმამაღლაც კი თქვა ეს ტყუილი - ორი რუსეთი არსებობს: ერთი კეთილი და მეორე - კეთილმოტყნული და მოდით, ჩვენ მხოლოდ კეთილ რუსეთთან ვიმეგობროთო.

სინამდვილეში რუსეთი ერთია, ერთადერთია და არც იცვლება და ახლაც ზუსტად შვიდი ადამიანი იდგა პროტესტის ნიშნად წითელ მოედანზე, როგორც მაშინ, 1968 წელს, როცა რუსებმა პრაღა აიღეს. ისინი, ვინც საქართველოს დაბომბვას აპროტესტებდნენ, ისევე დააპატიმრეს განსხვავებული აზრის გამო, როგორც ისინი, ვინც ორმოცი წლის წინ ჩეხეთის დაპყრობა გააპროტესტა. ორასმილიონიან რუსეთში მხოლოდ შვიდ ადამიანს სურს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება და რა გასაკვირია, რომ რუსეთის არმიის ჯარისკაცები დღემდე იმით არსებობენ, რასაც დაპყრობით ომებში მოიხვეჭენ და მოიპოვებენ.. ამიტომაც, როცა ასეთი მტერი გყავს, ჭკუაც გაცილებით მეტი უნდა გქონდეს თუ ომის მოგება გინდა რუსეთის წინააღმდეგ და არა მხოლოდ ბრძოლის, თორემ ბრძოლებში მაგრები ადრეც ვიყავით და ომის მოგება კი ყოველთვის გვიჭირდა.

ბრძოლისაგან განსხვავებით, ომის მოგება იმიტომაც არის ძნელი, რომ ემოციების გარდა მას გონებაც სჭირდება და მოთმინებაც, ეკონომიკაც და სოფლის მეურნეობაც, განათლებაც და განვითარებული დემოკრატიაც. ყველაფერს დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ხელისუფლების უმრავლესობას დემოკრატია სისუსტე ჰგონია და არა სიძლიერე და უბედურება კი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც იგივე აზრისაა. აფხაზებთან და ოსებთანაც ძალისმიერი საშუალებების გარდა, სხვა ყოველგვარი ურთიერთობა იმიტომ გამოვრიცხეთ, რომ დემოკრატიის შეგვეშინდა. დღემდე ისიც არ გვჯერა, რომ უიარაღო ქართველი გაცილებით ძლიერია, ვიდრე შეიარაღებული და ახლაც, ოცდამეერთე საუკუნეშიც წარმოდგენები საკუთარ ქვეყანაზე, საბჭოთა პერიოდის კინოფილმებით გვაქვს შექმნილი და რეალობის შეგრძნება არ გაგვაჩნია. სწორედ იმ საბჭოურმა იზოლაციამ განაპირობა კიდეც ჩვენი არაადეკვატურობა, რადგან სამოცდაათი წლის მანძილზე, ჩვენ მხოლოდ დაახლოებით გვქონდა წარმოდგენა იმის შესახებ, რაც დანარჩენ სამყაროში ხდებოდა. რასაკვირველია, ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენზე უარესი ამბებიც ხდება, თუმცა ჩვენ სწორედ იმ სამყაროსთან გვსურს ინტეგრაცია, რომელიც უკეთესია, მაგრამ მათი ცხოვრების წესისა და პრინციპების გათავისებას, მაინც არ ვჩქარობთ. ჩვენი გაორებაც პირდაპირ კავშირშია ტყუილსა და შიშთან და რაც მალე გავაკეთებთ ნამდვილ არჩევანს, უფრო მალე დავაღწევთ თავს რუსულ სივრცეს, რომელიც ჯერ კიდევ გვთვლის თავის ნაწილად, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვგავართ მათ საბჭოური ინერციას გამო. კიდევ კარგი, საკმაოდ მეტიჩარა ხალხი ვართ და გული და ტვინი მაინც ევროპისკენ მიგვიწევს და არა რუსეთისკენ, რადგან ინტუიციით მაინც ვგრძნობთ, რომ რუსეთისაგან არაფერი გამოვა, რადგან რუსებს მართლა ურჩევნიათ ტოტალურ ძღნერში იცხოვრონ, ოღონდ რუსეთის იმპერიამ იარსებობს.

მათთვის მთავარი იმპერიაა და არც იზოლაციის ეშინიათ, არც ევროკავშირის სანქციების, რადგან ამერიკელებმა უარესი საშინელება ჩაიდინეს სულ რამდენიმე წლის წინ და თუ ისევ ცივი ომი დაიწყება, რუსეთში ეს ყველას გაახარებს იმ შვიდი ადამიანის გარდა.

შვიდი მოქალაქის გამო კი, ამხელა სახელმწიფოს არავინ შეცვლის და კიდევ მინიმუმ სამასი წელი რუსეთი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც იყო და არის. ამიტომაც, თუ ნამდვილად გვსურს რომ მოვიგოთ, არამარტო მოწინააღმდეგის რაობა უნდა ვიცოდეთ, არამედ საკუთარი შესაძლებლობებიც და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არა ვართ ავღანელები, დღისით რომ ვიბრძოლოთ და საღამოობით შარდენის ქუჩაზე ვისხდეთ, ასე მარტივად ომის მოგება, ნამდვილად შეუძლებელია. ავღანეთში თავისი სახლიც კი არავის ჰქონდა (ალბათ ნაჯიბულას გარდა), როცა რუსებს ებრძოდნენ და როცა რუსები მათ ბომბავდნენ, მართლა ვერაფერს აკლებდნენ ავღანეთის ეკონომიკას, რადგან ავღანელები უკვედაბომბილი გამოქვაბულიდან ახლა სხვა, ჯერდაუბომბავ გამოქვაბულში გადადიოდნენ და ათი წელი ასე ებრძოდნენ რუსეთის საბჭოთა იმპერიას. ჩვენ კი მხოლოდ სამი დღე გვბომბავდნენ და მეოთხე დღეს ერთმა ჩემმა ახლობელმა მითხრა, სომხეთში უნდა წავიდე ოჯახთან ერთადო. ხუმრობა მეგონა და მეც ვეხუმრე - ერევანში სიცოცხლეს, იგოეთთან სიკვდილი ჯობია -მეთქი და მერე გამახსენდა, რომ ყველა ხუმრობაში შეიძლება იყოს სიმართლის მარცვალი და მართლა ერევანში წავიდნენ, ის ჩემი ახლობლებიც და სხვებიც.

მართალია, ჩვენ არსად წავსულვართ, მაგრამ რა უფლება მაქვს ისინი გავამტყუნო, ვისაც დაბომბვის შეეშინდა, როცა დაბომბვის დაწყებისთანავე, მეც საშინელება დამემართა.

ახლა კი მრცხვენია, მაგრამ მაშინ კი მართლა გავიფიქრე, რომ ბავშვები ეზოში ჩამეყვანა, ჩამეტანა რუსული წიგნები და ჩემი შვილების თანდასწრებით, დემონსტრაციულად დამეწვა ისინი.

კიდევ კარგი, რომ სულ ბოლო წამს (ალბათ მხოლოდ წამით) გონება ისე გამინათდა და გადავიფიქრე, თორემ ვერასოდეს ვეღარ ავუხსნიდი ჩემს შვილებს იმას, რისი ახსნაც სხვებისთვის ისედაც მიჭირს.

თუმცა მაინც მჯერა, რომ ის ფული, რაც ამ ბოლო წლებში ჩვენს შეიარაღებას მოხმარდა, წიგნებსა და განათლებაში რომ დაგვეხარჯა, არა თუ აფხაზეთსა და ჩრდილო ქართლს, ალბათ მანამდე დაკარგულ ტერიტორიებსაც დავიბრუნებდით.

ხომ დაუჯერებელია, და მე მაინც ასე მჯერა და თანაც პაციფისტი არა ვარ.

სამწუხაროდ.

3 ომი გულწრფელობისთვის

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

0x01 graphic

ავტორი: მარკ მალენი
თარგმნა რუსიკო ამირეჯიბმა

საქართველოს დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებული შეხედულება აქვს ამ ომზე. განსხვავებული შეხედულება, და არა უთანხმოება. საქართველოში ომზე საუბარი სამართლიანობის გარშემო ტრიალებს. საქართველოს გარეთ პრაქტიკულად ყველა (რუსეთის და მისი სატელიტების გარდა) დარწმუნებულია, რომ კრემლის ბოლოდროინდელ ქმედებებს გამართლება არა აქვს. ის, რაც 7 აგვისტოს წინ უძღვოდა, ბევრად მეტი იყო ვიდრე პროვოკაცია. ფაქტობრივად, ეს იყო საქართველოზე თავდასხმა, რომელსაც საქართველომ, თავდაცვის მიზნით, მხოლოდ მაშინ უპასუხა, როცა დიალოგის გამართვაზე უარი მიიღო. როდისღა არის ჯარის გამოყენება გამართლებული და სამართლიანი თუ არა ასეთ ვითარებაში?! მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ახლა მარტოა, როცა ჯერ კიდევ ძალის გამოყენების სამართლიანობას ამტკიცებს. ამაზე მსჯელობა უკვე დამთავრდა საერთაშორისო არენაზე. ახლა მსოფლიო სხვა კუთხიდან უყურებს განვითარებულ მოვლენებს.

მსოფლიო ახლა იმაზე მსჯელობს თუ რამდენად ჭკვიანური იყო სამხრეთ ოსეთზე იერიშის მიტანა. ძნელია ამ საკითხზე საუბარი, როცა საქართველო ჯერ კიდევ ოკუპირებულია, მაგრამ განსჯის დროულად დაწყებას თავისი პლუსები აქვს.

რა მიზნები ამოძრავებს კონფლიქტის მხარეებს?

ქართველების უმრავლესობა მომხდარში რუსეთის როლზეა ფოკუსირებული. რატომ სჩადის ამას რუსეთი? რა უნდა? მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის პუტინის პიროვნული ანტიპათია სააკაშვილისადმი; კრემლის სურვილი, რომ სამეზობლოს თავისი ძალა დაანახოს და ამავდროულად ხაზი გაუსვას აშშ-სა და ევროპის სისუსტეს; სურვილი ენერგომატარებლების ტრანზიტზე მონოპოლიის შენარჩუნებისა; აშშ-სა და ნატოს დამცირების სურვილი და, ალბათ, ბევრი სხვაც.

რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს, დარწმუნებული ვარ, რომ მათი მიზანია ეს საკითხი რაც შეიძლება დიდხანს არ მოგვარდეს. რუსეთს უკვე ჩვევად ექცა მოუგვარებელი პრობლემებით ჟონგლიორობა. ვითომდა მათი მოგვარების მიზნით, ეს პრობლემები იმ ქვეყნებთან ვაჭრობის საგანი ხდება, რომლებიც მართლა არიან დაინტერესებული გამოსავლის პოვნით. რუსეთის საზღვრები მკაცრად დადგენილი რომ იყოს, მაშინ კრემლს ხელიდან გამოეცლება მეზობლებთან ურთიერთობის „ბერკეტი“. სხვათა შორის, ასეთი მიდგომა დიამეტრალურად განსხვავდება ჩინეთის პოლიტიკისაგან, რომელიც აგერ უკვე თხუთმეტი წელია თანდათანობით, რაც შეიძლება ჩუმად და ბეჯითად, აგვარებს საზღვრებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

რა უნდა საქართველოს? ქართველების უმრავლესობას უბრალოდ სურს, რომ ეს ორი რეგიონი კანონიერად გახდეს საქართველოს ნაწილი, ანუ სურს მათი „დაბრუნება“. „დაბრუნება“ შეიძლება ბევრ სხვადასხვა რამეს გულისხმობდეს. ვინაიდან ეს რეგიონები დე ფაქტო დამოუკიდებლები არიან, საქართველომ რაიმე უნდა დათმოს მათ „დასაბრუნებლად“. ყველაზე ფართო ავტონომიის შეთავაზებაც კი, განსაკუთრებით ახლა, სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. როცა საქართველოს მიზანი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „დაბრუნებაა“, ისინი კიდევ უფრო მეტად ილტვიან დამოუკიდებლობისკენ.

იქნებ სწორედ ეს „დაბრუნების“ სურვილია, რაც ყველაზე მეტად აფერხებს მის ასრულებას. იქნებ ჯობდეს, საქართველომ ისეთ გამოსავალზე იფიქროს, რომელშიც „დაბრუნება“ არ ფიგურირებს. რა თქმა უნდა, ყველაფერზე უნდა გაიმართოს მსჯელობა, პირველ რიგში კი ლტოლვილების დაბრუნებაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე, საკუთრების უფლებებზე, რუსეთის სამხედრო ოკუპაციაზე და სხვ.

ამ რეგიონების საკითხის მოგვარების სამი გზა არსებობს. პირველი უკავშირდება რაიმენაირ გარიგებას დიდ სახელმწიფოთა შორის. როგორც დიდ იმპერიებს შორის განლაგებული პატარა ქვეყანა, საქართველო ყოველთვის განიხილავდა ამ გზას. თბილისის ქუჩებში ახლაც გაიგონებთ ამაზე საუბარს, მაგრამ სინამდვილეში ასეთი გარიგებები საკმაოდ იშვიათია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კრემლის მიზანია უბრალოდ არ დაუშვას საკითხის მოგვარება, ეს გზა ნაკლებად სავარაუდოა.

მეორე გახლავთ საკითხის რაიმე სახის სამხედრო გზით მოგვარება. არა მგონია, რუსეთმა ოდესმე დაუშვას ომიდან საქართველოს გამარჯვებული გამოსვლა. პუტინის მიერ შექმნილი რეჟიმი ომზეა დამოკიდებული და ხელიდან არ გაუშვებს არმიის გამოყენების შანსს. რუსეთს არ აღელვებს არც ადამიანური და არც ფინანსური დანაკარგები, ვინაიდან მედიასაც აკონტროლებს და ენერგორესურსებისგან შემოსული ფულიც ბევრი აქვს. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მას დიდად არც საერთაშორისო იმიჯი აღელვებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველომ რაიმე მოიგოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვით.

მესამე, და ჩემი აზრით, ერთადერთი წარმატებული გზა შეიძლება იყოს საკითხის მშვიდობიანი მოგვარება. ამ გზის ერთადერთი ნაკლი ის გახლავთ, რომ დიდ დროს მოითხოვს, ძალიან დიდს, არადა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეტყობა, რომ გრძელვადიანი გეგმები დიდად არ ეპიტნავება.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს გზა გულისხმობს აფხაზთა, ოსთა და საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მომავალში შეთანხმებას სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამის შესაძლებლობას არათუ ამ საპრეზიდენტო ვადაში ვერ ვხედავ, არამედ ვერც უახლოესი ათი წლის განმავლობაში. ქართველებს ეჩქარებათ, ვინაიდან დარწმუნებული არიან, რომ დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომ ამ საკითხის მოგვარება გადაუდებელ ამოცანად ესახებათ. ამით კიდევ უფრო შორდებიან აფხაზებსა და ოსებს. მხოლოდ გრძელვადიანი პოლიტიკით შეიძლება მათი მოზიდვა. ეს ის შემთხვევაა, როცა აჩქარება უფრო საშიშია, ვიდრე მოთმინება.

გრძელვადიანი მშვიდობიანი პოლიტიკის გზას რამდენიმე უპირატესობა აქვს.: 1) დიდ სახელმწიფოთა შორის გარიგების გზისაგან განსხვავებით, მან მართლა შეიძლება იმუშაოს; 2) მისი წარმატების შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ მან პერმანენტული ხასიათი მიიღოს; 3) ის ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ნაცია-სახელმწიფოს სხვა მისწრაფებებს. დაუშვებელია ამ პოლიტიკის სხვა გზებთან აღრევა, მაგალითად, იმის თქმა, რომ მშვიდობა გვსურს, მაგრამ თუ მშვიდობიანი გზით ვერ მოვაღწიეთ სასურველ შედეგს, მაშინ გაგანადგურებთ.

ეს გზა მნიშვნელოვანი დასაწყისი იქნება საქართველოსთვის. ამჟამად საქართველოს ხალხიც და ხელისუფლებაც ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ ააწყოს ურთიერთობები რუსეთთან, ევროპასთან, ნატოსთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან და ა.შ. თუ საქართველო ამ ახალ გზას აირჩევს, მაშინ მან პრობლემებს აფხაზების და ოსების თვალით უნდა შეხედოს და ყურადღება არ მიაქციოს უფრო დიდ მოთამაშეებს. როცა ამ დიდ მოთამაშეებს უგულებელყოფს, ალბათ, მათი როლიც შესუსტდება. რუსეთი იბრძოლებს იმისთვის, რომ პირდაპირი დიალოგი არ გაიმართოს, მაგრამ ბევრს ვერაფერს გახდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ წუთში ისევ ისეთი ერთიანია, როგორც ვარდების რევოლუციის დროს, რიტორიკა და მეტაფორა ზოგჯერ ზედმეტად ნაციონალისტურად და აგრესიულად ჟღერს აფხაზების და ოსების თვალში. თუკი ამ გრძელვადიან მშვიდობიან პოლიტიკას ირჩევს, საქართველომ მათი გრძნობები და ემოციებიც უნდა გაითვალისწინოს და მათ გააზრებულად მიუდგეს.

თუ საქართველო პირველ ან მეორე გზას აირჩევს, მაშინ მოსახლეობას არაფერი ევალება, შეუძლია იჯდეს და ელოდოს. თუ არჩევანი მესამე გზაა, მისი განხორციელება, ხელისუფლებასთან ერთად, მთელი მოსახლეობის საქმეც ხდება.

ნებისმიერ ომში, ცეცხლისშეწყვეტის შემდეგ დგება საკითხი: რომელი მხარე იქნება უფრო გულახდილი იმის შესახებ, რაც მოხდა. ქართველთა უმრავლესობა 1990-იანი წლების დასაწყისის ომებში მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებდა და არ უფიქრდებოდა იმას, თვით ქართველებმა და საქართველომ რა როლი ითამაშეს მათ გაჩაღებაში. ეს არც სხვა მხარეებს გაუკეთებია, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენ მხოლოდ ჩვენი საქციელის სამართლიანად შეფასება შეგვიძლია, ეს კი იოლი არ არის.

საქართველოს შეუძლია ამ ბოლო ომის მოგება გულახდილი და საჯარო მსჯელობით იმაზე, თუ რა მოხდა. მსოფლიო უახლოესი თვეების მანძილზე დააკვირდება ამ პროცესს, რათა დაინახოს, რამდენად უჭერს მხარს და მონაწილეობს ამ განსჯაში საქართველოს მთავრობა. ამ დისკუსიაში მონაწილეობით და გულახდილობით მთავრობას შეუძლია თავისი სიძლიერე დაამტკიცოს. გულახდილი საუბარი ბოლოდროინდელ მოვლენებზე მტკივნეული იქნება. ის კონცენტრირებული უნდა იყოს არა სხვების დანაშაულის გამოვლენაზე, არამედ საკუთარ როლზე. საქართველოს დასაკარგი არაფერი არა აქვს, მოსაპოვებელი კი ძალიან ბევრი.

4 „ფანდარასტ“-ული ომი და წაგებული მშვიდობა

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

0x01 graphic

ავტორი: ლელა გაფრინდაშვილი
ფოტო: თომას დვორჟაკი

ვუძღვნი ზალიკო ქიქოძის ხსოვნას

ერთი ფილოსოფოსი მახვილსიტყვაობდა: რა უცნაური არსებაა ეს ადამიანი - განგებამ ფიქრის უფლება უბოძა და ის მაინც სიტყვის უფლებისთვის იკლავს თავსო.

არადა, რომ არა აზრის გ/ამო/თქმის და სხვებისთვის გაზიარების ეს უცნაური მიზანსწრაფვა, ალბათ ამ წერილის დაწერის სურვილი არ გამიჩნდებოდა. არც ჩემ მიერ განცდილი „ომი-მშვიდობის“ გაპაექრების ისტორიას მოგიყვებოდით და თქვენი თანაგანცდის იმედიც არ მექნებოდა.

წერის სურვილი ომის პროცესში მიმდინარე საზოგადოებრივმა მითქმა-მოთქმამაც გამიძლიერა: ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლება რუსეთს შეეკრა, ხოლო მეორენი - ეს ყველაფერი დასავლეთის ხელდასმით მოხდაო. ამ ვარაუდებში, ძნელი არ არის, აზროვნების საბჭოური დაღის ამოცნობა: ყველაფრის მიზეზი გარეთ არის, სხვაგან და სხვებში, პოლიტიკური პროცესები კულისებში, საზოგადოებისგან ფარულად იგეგმება, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ და, მით უმეტეს, ვერ შევცვლით ისტორიის მდინარებას.

ამას თან დაერთო ეთნოცენტრიზმით გამოწვეული ფსიქოზი იმის თაობაზე, რომ დასავლეთი კარგად ვერ ირჯება. ანუ, ხმალ-ხანჯალაბჯარ-მუზარადი ვერ აისხა და ვერ ეკვეთა ღვთისმშობლის წილხვედრი ხალხის მტერსა და დუშმანს! ჩვენ ხომ მთელი ეს პერიოდი სწორედ „სამართლიან ომს“ ველოდებოდით?!

ვინც დღემდე ასე ფიქრობს, მისთვის ახია რაც მოხდა და რაც მოხდება. მაგრამ ოდესმე ხომ უნდა მივხვდეთ, რომ შეუძლებელია ყველა ჩვენი უბედურების მიზეზი ყოველთვის ჩვენგან შორს, ჩვენთვის მიუწვდომლის წიაღში იყოს. ხომ შეიძლება უახლესი ისტორიის გაკვეთილებით მაინც ვისწავლოთ, რომ - ეს ჩვენ ვართ ჩვენი დღევანდელობის მიზეზი? ჩვენ წავაგეთ მშვიდობა, რადგან ომის სამზადისს მივუყრუეთ და ვერ ვხვდებოდით, რომ მეგობრები მშვიდობისკენ მოგვიწოდებდნენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ რეგიონში თავიანთი ინტერესები აქვთ, არამედ იმიტომაც, რომ ეს კონფრონტაცია საქართველოს ავნებდა და დააზარალებდა.

არ დაიჯეროთ, რომ ევროპას რუსეთი ჩვენმა ხელისუფლებამ გააცნო! გაიხსენეთ მეორე მსოფლიო ომი, კავკასიური ომები, ჩეჩნეთის ტრაგედია, ბესლანი, ნორდ-ოსტი და ჩაწვდით ამ შეხედულების აბსურდულობას!

დაინახეთ, რომ ჩვენს დიდ მეზობელთან ომს ვერასოდეს მოიგებ, მშვიდობას კი - დიდი ხნით და უცილობლად წააგებ.

მშვიდი და მშვიდობიანი

აფხაზებს და ოსებს პირველად 2000 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის International Alert-ის მიერ ორგანიზებულ სემინარზე შევხვდი. მათთან დალაპარაკება ცოტა მაშინებდა, რადგან ომთან ემოციურად არაფერი მაკავშირებს. ბევრი მძიმე შეფასება და კრიტიკული აზრი მოვისმინე, მაგრამ ასევე დავინახე, რომ ამ აგრესიული ამოთქმის გარეშე შეუძლებელია გადატანილი ტრაგედიისგან დისტანცირება (დაცლა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა). ადამიანებს უნდათ, გაგაგებინონ თავიანთი განცდები, დაგროვილი და ვერგამოთქმული ნაფიქრალი, რათა შენი თანაგანცდა გამოიწვიონ. მხოლოდ მომხდარის შეფასების შემდეგ შეიძლება დაიწყოს გადაფასების, ანუ მომავლის შენების პროცესი.

ასეც მოხდა. წარსულის გადააზრებამ თანამშრომლობის სურვილი დაბადა. ჩვენს ერთობაში ყველა კავკასიური ეთნოსის წარმომადგენელი ქალი მონაწილეობდა, ამიტომაც მას კავკასიელ ქალთა ლიგა / Caucasus Women's League დავარქვით.

2003 წლის სექტემბერში ლიგელები (ანა ჩოჩიევა, აზა ხაჩიროვა, აიშატ მაგომედოვა, ნათელა აკაბა, ირინა გრიგორიანი, ვალენტინა ჩერევატენკო) ცხინვალში შევიკრიბეთ. ანამ გამორჩეულად სტუმართმოყვარე მასპინძელი შეგვირჩია, ამიტომ დაძაბულობა და შიში არავის გვიგრძვნია.

ყველა შეხვედრა ომის წლებში გადატანილი უბედურების გახსენებით იწყებოდა და ქართულ-ოსური ურთიერთობების საუკეთესო მაგალითებით მთავრდებოდა.

არასოდეს დამავიწყდება დევნილთა საერთო საცხოვრებელს შეკედლებული ქალი, რომელიც დერეფანში შემოგვეგება და თავისი შემზარავი ისტორიის თხრობა დაიწყო: როგორ ატარა დაჭრილი ქალიშვილი ტყე-ტყე და როგორ დალია სული საბრალომ. თვალებგაფართოებული ვუსმენდი და ცრემლები თავისთავად მდიოდა. თავზარდაცემული ვიყავი და ამ სიგიჟის ზღვარზე მდგომი ქალის საცოდაობით ვიწოდი.

პოლიტიკოსებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უფრო კარსმომდგარი საპარლამენტო არჩევნები აინტერესებდათ და ამიტომ, კომუნიკაციას პოლიტკორექტულობისა და დიპლომატიის სუნი ასდიოდა - აზრებიც და ემოციებიც თითქოს აფთიაქის სასწორზე იდო და წონასწორობას არ კარგავდა.

ერთ-ერთი დისკუსიის ბოლოს, ჩემი მზერა კედელზე გაკრულმა მთამსვლელების ფოტომ მიიპყრო. იქვე მდგომმა ახალგაზრდამ ჩათვალა, რომ ალპინიზმის ფანი ვარ და გამომელაპარაკა:

- ძალიან მიყვარს ეს საქმე, სვანეთში, ხევსურეთში, რაჭაში ყველგან ნამყოფი ვარ.

- მე კი, ვერაფრით გაგაკვირვებთ მაგ სფეროში. უბრალოდ, ეს კაცი ზალიკოს მივამსგავსე და ამიტომ დავაკვირდი.

ეს ვთქვი და ყმაწვილს თვალები საახალწლო გირლანდებივით აენთო. ვიფიქრე, ახლა ხელში ამიყვანს და დამაბზრიალებს-მეთქი.

- ქიქოძეს იცნობ? ჩემი მეგობარია. აი, ვინ მიყვარს ძმასავით. აი, ვინ არის მშვიდი და მშვიდობიანი. აუცილებლად მომიკითხე, არ დაგავიწყდეს!

რომ არა ჩვენი მასპინძლის მანქანის გამოჩენა, ამ ბიჭს თავს ვეღარ დავაღწევდი. გარშემო ყველამ იფიქრა, რომ დიდი ხნის უნახავმა ნათესავებმა ერთმანეთი ვიპოვეთ.

ცხინვალიდან მე და ყარაბახელი ირინა გრიგორიანი ერთად დავბრუნდით. თბილისში, როცა ვემშვიდობებოდი, მითხრა:

- ერთი გამაგებინა, რა კონფლიქტი გაქვთ თქვენ და ოსებს? ერთმანეთთან ისე მიდი-მოდიხართ, არავის ეკითხებით. ჩემს ქალაქში რომ აზერბაიჯანელი ჩამოვიდეს, დაცვით უნდა იაროს. შენ კი, ისე დასეირნობდი, რომ პასპორტიც არავის უკითხავს. იმ დიდ ბაზრობაზეც ყველა ერთად ვაჭრობს.

მაშინ ვერც ვიფიქრებდით, რომ ეს ვითარება მალე კარდინალურად შეიცვალებოდა: ერგნეთი დაიკეტა და 2004 წლის ზაფხულში კინაღამ ომი დაიწყო. თანაც ყველა, ვინც ხმის ამოღება გაბედა, ლამის ეშაფოტზე აიყვანეს.

პარლამენტარმა ივლიანე ხაინდრავამ ხელისუფლება კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიული გეგმის უქონლობაში და ფარულ, საომარ „თამაშებში“ დაადანაშაულა:

„...დღისით სამშვიდობო მოლაპარაკებები, ღამით - ომი. შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს საქართველოს ცალკე დღისა და ცალკე ღამის მთავრობები ჰყავს. უფრო სწორად, ჰყავს ღია, ფორმალური და ოფიციალური მთავრობა, რომელიც რატომღაც შეზღუდულია თავის მოქმედებაში და მის პარალელურად - ჩრდილოვანი, არაფორმალური, არაოფიციალური ჯგუფი, რომელიც არალეგალური - კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიღმა არსებული ბერკეტებით მართავს პროცესებს. თანაც მართავს ცუდად, სამაგიეროდ - ყოველგვარი პასუხისმგებლობის, უფრო სწორად - პასუხისგების გარეშე...

„გიორგი არველაძეს, ხელისუფლების მეხოტბესა და დამქაშს, ივლიანე ხაინდრავას მიერ დასმულმა კითხვებმა, რატომღაც ბაბურინისა და ჟირინოვსკის ანტიქართული პათოსი გაახსენა. გაღიზიანების მიზეზი ნათელი იყო: პასუხისგებას ვინ შეჰბედავდა სიტყვაძვირ და „ბრძენ“ ირაკლი ოქრუაშვილს, ცეცხლით და მახვილით რომ დაერია მტყუანსა და მართალს? პასუხისმგებლობაც პოსტრევოლუციურ საქართველოში აღარავის ახსოვდა. თუმცა, ხელისუფლებაში ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები, ვინც ომის დაწყებას არასოდეს დაუშვებდა.

ამ სამხედრონარევ „ჰუმანიტარულ შტურმს“ კინაღამ ანას მეუღლე, ალან პარასტაევი, შეეწირა. იგი 30 დეკემბერს ცხინვალელმა სამართალდამცავებმა სასტიკად ცემეს, რადგან ქართული სოფლებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის ცხინვალში დაკავების მიზეზით დაინტერესდა. მე და მარინა ფაღავამ იგი საავადმყოფოში მოვინახულეთ. შუა საუბარში ვიყავით, როცა ოთახში ზალიკომ შემოანათა.

გაოცებული ვუყურებდი ალანის რეაქციას: ისე წამოხტა, თითქოს არაფერი სტკიოდა და სტუმარს გადაეხვია. ამ სანახაობით ნასიამოვნებს, გონება გამინათდა და ის ოსი ბიჭი გამახსენდა, გულწრფელი სიხარულით სავსე თვალებით. რაც მთავარია, - მივხვდი, რომ ასეთი სიყვარული რომ დაიმსახურო, ზალიკოსავით მშვიდი და მშვიდობიანი უნდა იყო. ბევრ ოსს და ქართველს ახსოვს, - რა დღე აყარეს მას პირველი მოწვევის ნაცებმა 1991 წელს, როცა ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების უგუნურებაზე ალაპარაკდა.

სირცხვილი და სინდისი

მალე ვითარება აფხაზეთშიც დაიძაბა. ქართულმა მძიმე ტექნიკამ თავი ენგურის ხიდთანაც მოიყარა. აქვე, 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციაც ჩატარდა: 200-მდე ბავშვი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, სათამაშო ავტომატებით შეიარაღებული, მწობრად მარშირებდა.

ახალი კონფრონტაციის მოლოდინით შეშფოთებულმა აფხაზმა ქალებმა რამდენიმე ქართველს (ნაირა გელაშვილი, ანა წვინარია - აბრამიშვილი, მარინა ელბაქიძე, იულია ხარაშვილი, მარინა ფაღავა, ლელა გაფრინდაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ალა გამახარია, თინათინ ხიდაშელი, გია ანჩაბაძე, ნოდარ სარჯველაძე, პაატა ზაქარეიშვილი) წერილი მოგვწერეს, სადაც ქართველ ლიდერთა სამშვიდობო განცხადებებისა და მათი ქმედების ურთიერთგამომრიცხაობაზე საუბრობდნენ და ასევე აფხაზური საზოგადოების მოლოდინზე, რომ მშვიდობის დროშის ქვეშ გაერთიანებულ პოლიტიკოსთა შორის რომელიმეს ეყოფოდა გამბედაობა და 1992-1993 წლების მოვლენებს შეაფასებდა. “

გვინდა დაგარწმუნოთ, რომ სააკაშვილს და მის ნათესავებს აფხაზეთში არავინ ელოდება. და მით უმეტეს, მათ იქ ვარდებით არავინ დახვდება. აი, უკვე 10 წელზე მეტია, რაც აფხაზი ხალხი სულ სხვა რამეს ელის: როდის გამოჩნდება საქართველოში ლიდერი, რომელსაც ეყოფა პოლიტიკური ნება და ვაჟკაცობა იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს, შეაფასოს, რაც 1992-1993 წლებში აფხაზი ხალხის წინააღმდეგ განხორციელდა? ჩვენი ღრმა რწმენით, ეს, პირველ ყოვლისა, სჭირდება თავად საქართველოს, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეზობელ ხალხებთან ახალი ურთიერთობების მშენებლობა, რომლებიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებზე.

ძვირფასო კოლეგებო, იმედი გვაქვს, რომ თქვენ იზიარებთ ჩვენს შეშფოთებას. დარწმუნებულები ვართ, რომ საჭიროა ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ ახალი ქართული ლიდერების პოპულისტურმა განცხადებებმა და უპასუხისმგებლო საქციელმა არ ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ, გავატაროთ რიგი ერთობლივი ზომებისა:

1. გამოვაცხადოთ დროებითი მორატორიუმი ყოველგვარ ცალმხრივ ქმედებაზე - არასანქცირებული ვიზიტები ორივე მხრიდან, აგრეთვე მასობრივი მიტინგები, მსვლელობები და მანიფესტაციები (მათ შორის, სამშვიდობო ლოზუნგებით გამართული) უშუალოდ უსაფრთხოების ზონასთან. უნდა ვიცოდეთ, რომ უსაფრთხოების ზონასთან ყოველგვარ დესტაბილიზაციას შეუძლია გამოიწვიოს პროვოკაცია და ძალადობის ესკალაცია.

უმოკლეს დროში შედგეს ტელეხიდი სოხუმი-თბილისი, რომ საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელონ შექმნილი ვითარების გარშემო და მონახონ დაძაბულობის განმუხტვის გზები.

ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ბოლო წლების მიღწევა - ერთმანეთისადმი პატივისცემა და ურთიერთგაგების დასაწყისი, რაც დაგვეხმარებოდა მშვიდობიანი მომავლის აშენებაში“.

ჩვენ, ამ წერილის პასუხად, გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტის, რესპუბლიკური პარტიის წევრის (ფსევდონიმით „მეგობარი“), 1931 წელს დაბეჭდილი ანალიტიკური სტატია მოვიძიეთ და გაზეთ „24 საათში“ გამოვაქვეყნეთ. ავტორი ქართველების მიერ აფხაზთა მიმართ დაშვებულ 3 შეცდომაზე საუბრობს: 1. აფხაზების ქართველებად გამოცხადება და ამით მათი ეროვნული ღირსების შელახვა; 2. მენშევიკური მთავრობის მიერ ამ ხალხის მიმართ უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და 3. გენერალ ჯუღელის გვარდიის აფხაზეთში შესვლა და იქ გაჩაღებული ძარცვა-გლეჯა და ძალადობა.

„მეგობარი“ ამაოდ ნატრობდა, რომ ეს შეცდომები ქართველებს აღარასოდეს დაეშვათ. 90-იანი წლების დასაწყისში ისტორია განმეორდა და თანაც უფრო მძიმე და დამანგრეველი შედეგებით.

ამ დღეებში, როცა აფხაზეთიდან გამოგზავნილ წერილს ვკითხულობდი, უკანა მხარეს რაღაც მინაწერი აღმოვაჩინე. „სირცხვილი და სინდისი“ - ასე დამირქმევია გამოხმაურებისთვის, რომელიც ვერ დავასრულე და აფხაზებთან გაგზავნაც სამომავლოდ გადავდე.

დიახ, 2004 წლის მოვლენების შემდეგ დუმილის გამო თუ ვინმემ შემარცხვინა, თავის გასამართლებელი ათასი მიზეზი შემიძლია მოვიფიქრო. ბოლოს და ბოლოს ვიტყვი, რომ მე მაინც ვერაფერს შევცვლიდი და ვერავის დავარწმუნებდი-მეთქი.

მაგრამ რას ვუზამ სინდისს, რომელიც საკუთარი შეცდომების აღიარებას გაიძულებს. მხოლოდ მისი წყალობით შემიძლია ვთქვა, რომ მშვიდობის წაგებისთვის პასუხისმგებლობა მეც მეკისრება.

სიყვარულითუჟიმაობა

2005 წლიდან პატრიოტული პროპაგანდა და მილიტარისტული სულისკვეთება ძალას იკრებდა. კლიპი კლიპზე მზადდებოდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ როგორც კი იმღერებ, - ტერიტორიასაც უმალ დაიბრუნებ.

ქართული საზოგადოების ნაწილი გვარიანად კი ქირქილებდა ამ ვირტუალურ, სასიმღერო „ომობანაზე“, მაგრამ მისი შინაარსი საკადრისად არავის გაუკრიტიკებია. მაგალითად: არავის დაუსვამს კითხვა ზუმბასთვის იმის თაობაზე, თუ რატომ შეცვალა მან გალაკტიონის ტექსტი და ფრაზას „ზღვა, რომელიც შორია“, რატომ ამჯობინა „ზღვა, რომელიც ჩვენია“? ასევე არავინ დაინტერესებულა, - სად გაამგზავრა ამ ბიჭმა ეს თავისი ნაცნობ-მეგობრები და დევნილები მაშინ, როცა ენგურის ხიდზე რუსები დგანან?

მილიტარისტული ჰიმნოგრაფიის მწვერვალი, „ფსოუს წყალი“, უკვე ააშკარავებს საომარ მზადებას, შეჰხარის ბრძოლისა და თავგანწირვის რომანტიკას.

ფსოუს წყალი, აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, ქართული სახელმწიფოებრიობის და ერთიანობის საკრალურ სიმბოლოდ იქცა. გახსოვთ, ალბათ, რა დიდი გზნებით დაეწაფა მას გიორგი ყარყარაშვილი. ალბათ, ამიტომ ემუდარება მომღერალი ქართველ მებრძოლებს მამულის საზღვარზე მოჩუხჩუხე, უკვდავმყოფელ სითხესთან ზიარებას.

სიმღერის ვიზუალური ნაწილიდან კიდევ შეიძლება რაღაცის გაგება, მაგრამ ტექსტი სავსეა ნაძალადევი სიტყვათშეთანხმებებით და ხელოვნური, გულისამრევი მაღალფარდოვანებით.

წარსულიც და აწმყოც, ომით გამოწვეული სისხლი, ცრემლი და ძაძები თურმე დროის ბრალია, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა და არა - ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას. მოკლედ, ჩვენ მხოლოდ ფსოუს წყალს დავლევთ და მაშინვე შავი ზღვის სანაპიროზე აღმოვჩნდებით. თანაც უკვდავება და შვილების მადლიერება გარანტირებული გვაქვს.

ლექს-სენის სიმღერამ „კოკოითი ფანდარასტ“ ბევრი გააღიზიანა, მაგრამ არა ტექსტის შინაარსის, არამედ - ოსურენოვანი ცნების „ფანდარასტ-ის“ გამოყენების გამო, რომელმაც შეურაცხმყოფელი გამოთქმები და რეპლიკები გამოიწვია. ბოლოს კი, ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავებმა, „ჭკუითა და წინდახედულებით გამორჩეულმა“ მასხარებმა, ამ სიმღერის სამარცხვინო ინტერპრეტაცია გააკეთეს და მთელი თვეები გაჰკიოდნენ: „კოკოითის თურმე კაცი არ ჰქვია, კაცი კი არა, თურმე ფანდარასტია.“ ამ უმეცრებასაც, სერიოზული საზოგადოებრივი გამოძახილი არ მოჰყოლია, რადგან, გულის სიღრმეში, ჩვენც ვეთანხმებოდით ამ შეურაცხყოფას.

უკვე აღარაფერი მიკვირს. ამიტომ, ივლისის ბოლოსკენ წამოწყებული ერთ-ერთი ქართველი ინტელექტუალის ომის აპოლოგიაც არ შემიცხადებია. მსჯელობის გასაშლელად, მან ამერიკული, 60-იანი წლების კონტრკულტურული მოძრაობისა და ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგეთა სლოგანი გამოიყენა: “Make Love, Not War!”. ფრაზის პირველი ნაწილის ქართული თარგმანისას ცნება „ჟიმაობა“ გამოიყენა და არა - „სიყვარული“.

ხვდებით ალბათ, რომ ამ ინტელექტუალს ინგლისური ენის ცოდნას როდი ვუწუნებ. მე მხოლოდ მისი ლინგვისტური არჩევანი მაღიზიანებს: როცა ამ უნიკალურ გამონათქვამში სიყვარულს, ანუ მშვიდობას ვერ ამოიკითხავ, მაშინ ომი, ანუ სიძულვილი, გარდაუვალია.

5 ომი, რომელიც უნდა მოვიგოთ

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

0x01 graphic

ავტორი: ვახო ბაბუნაშვილი

2008 წლის 24 ივლისი

კარგი ზაფხულია, ვერაფერს იტყვი, რომ არა რაღაც საშიშროების მუდმივი, ყრუ, ცივი და, ამავე დროს, კარგად ნაცნობი მოლოდინი, რომელიც ნელ-ნელა შემომეპარა და თავს არ მანებებს. ეს წელი უახლესი ისტორიის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი წელია საქართველო-რუსეთის პოლიტიკურ ურთიერთობებში. გვბომბავენ, თვითმფრინავებს გვიგდებენ (მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით უპილოტოს), ბლოკადას გვიცხადებენ, ხალხს გვიძევებენ, გვამცირებენ, ომით გვემუქრებიან და ეს მუქარა დღითი დღე სულ უფრო რეალური მეჩვენება. ჩემთვის ეს ომია და, როგორც არ უნდა შეალამაზო სხვადასხვა განსაზღვრებებით (ცივი ომი, ეკონომიკური ომი, იდეოლოგიური ომი, საინფორმაციო ომი, ხუთდღიანი ომი და ასე შემდეგ), ნებისმიერ ომს თავისი შედეგები აქვს და ეს შედეგები ყოველთვის დამანგრეველია.

მე - პაციფისტი

„თუ მე ჩემს თავს არ ვიცავ, მაშინ ვინ დამიცავს მე?
თუ მე მხოლოდ ჩემს თავს ვიცავ, მაშინ ვინ ვარ მე?
თუ ახლა არა, მაშინ როდის?“

თალმუდიდან

პაციფისტი - მშვიდობისმოყვარე.

უცხო სიტყვათა ლექსიკონი

მშვიდობისმოყვარე მგონი ვარ. ბავშვობიდან ვცდილობ კონფლიქტები მშვიდობიანად მოვაგვარო, ვერ ვიტან ჩაგვრას და მჩაგვრელებს, არ მიყვარს იარაღი და მძულს ომი. ვუსმენ ლენონს და ვკითხულობ ფრომს. პაციფისტი ვარ, აბა, რა ჯანდაბა ვარ.

რამდენიმე წლის წინ ქართველი პაციფისტების შეკრებაზე მივედი.

საზოგადოებისთვის ერთმა ძალიან კარგად ნაცნობმა „პაციფისტმა“, ჩემმა ძველმა მეგობარმა მთხოვა, მივსულიყავი და ლენონის რომელიმე სიმღერა მემღერა. არ მახსოვს, Imagine Tu All You Need Is Love შევარჩიეთ.

შინაგანი ხმა მეუბნებოდა, არ წახვიდეო. ვგრძნობდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. მაინც მივედი (ქართველებს ხომ პრინციპული უარის თქმა ძალიან გვიჭირს, მით უმეტეს „ახლობლისთვის“). ეს იყო 60-70-იანი წლების ამერიკული ანტისაომარი მოძრაობის გაუაზრებელი, ზედაპირული ასლი. ისმოდა დაუსაბუთებელი და ამ მდგომარეობაში ჩემთვის სრულიად მიუღებელი მოწოდებები ნეიტრალიტეტისა და ყოველგვარ საომარ მოქმედებაზე უარის თქმის შესახებ. იმ საღამოს არ მიმღერია.

სამწუხაროდ, დღემდე ასე გრძელდება.

ამერიკული პაციფისტური მოძრაობა ძალიან ძლიერი, იმ საზოგადოების ძალიან რეალური პრობლემებით გამოწვეული საზოგადოებრივი მოძრაობა იყო. ამერიკა ომს აწარმოებდა სხვა ქვეყანაში, სხვა კონტინენტზე, ამერიკიდან ათასობით კილომეტრში. ამ ომში ათიათასობით ახალგაზრდა ამერიკელი დაიღუპა. რისთვის? სადღაც, გაუგებარ ქვეყანაში ამერიკის რაღაც გაუგებარი, ეფემერული ინტერესების დასაცავად? ამას წინა საუკუნის 70-იანი წლების ამერიკული საზოგადოება, რა თქმა უნდა, ვერ აიტანდა.

რა ხდება დღეს?

დღეს ჩვენ გვებრძვიან, ჩვენ გვართმევენ ტერიტორიებს, ჩვენს ხალხს აძევებენ და ხოცავენ, ჩვენ გამოგვიცხადეს ომი და ჩვენ ვიცავთ თავს. როდესაც თავს იცავ, უნდა შეეცადო, რომ შენი ქვეყანა გაძლიერდეს, და ამას ყველანაირად უნდა შეუწყო ხელი, თუ არ გინდა, დაიჩაგრო, დამარცხდე და განადგურდე.

პაციფისტი ვარ, აბა, რა ჯანდაბა ვარ! მაგრამ ვიცი, რომ თუ არ მოვითხოვე კარგად გაწვრთნილი, ძლიერი, კარგად დაფინანსებული ჯარი, მშვიდობას ვერ შევინარჩუნებ. მშვიდობისმოყვარე რომ ვარ, ამიტომ მინდა მაღალი ზნეობის, პატრიოტულად აღზრდილი, ნატოში გაწევრიანებული ქვეყნის ძლიერი ჯარი, თავდაცვის სამინისტრო და ასე შემდეგ.

პაციფისტი ვარ, აბა რა ჯანდაბა ვარ! სიბრაზისგან გული ლამის გამისკდეს, როდესაც ერაყის ომის დოკუმენტურ კადრებს ვუყურებ, სადაც კბილებამდე შეიარაღებული ამერიკელი ჯარისკაცები მშვიდობიან ერაყულ ოჯახს სადილობისას სახლში უვარდებიან, სადაც აღმოსავლური წესებით ღირსებააყრილი მამა მცირეწლოვან ბავშებს ეფარება და „ვარსკვლავური ომების“ ეკრანიდან ჩამოსულ ჯარისკაცებს წინ ეღობება.

პაციფისტი ვარ, აბა, რა ჯანდაბა ვარ, მაგრამ საშინლად არ მინდა ზაფხულის ერთ მშვენიერ, მშვიდ დღეს, მეც იმ ერაყელი კაცის მსგავსად აღმოვჩნდე გაუთლელი, უკულტურო, მთვრალი რუსის ჯარისკაცის წინ. განა ეს შეუძლებელია? განა თუნდაც ბოლო ერთი საუკუნის საკუთარმა გამოცდილებამ საკმარისად არ გვასწავლა? ბალტიისპირეთმა თუ ისწავლა, ჩვენ რაღა ჯანდაბა დაგვემართა??!!!

არმია

ბოლო ოთხი ზაფხულია, რაც კიკეთში, სადაც ჩემი 41-ვე ზაფხული მაქვს გატარებული, ახალი ხმოვანი ფონი გაჩნდა. მთელი დღე სხვადასხვა კალიბრის ავტომატური იარაღის ინტენსიური სროლა ისმის. კოჯრის ბატალიონი ვარჯიშობს. ამ ხმამ თავიდან ძალიან გამაღიზიანა და პაციფისტური შეხედულებებიც გამიძლიერა. რამდენიმე დღეში, როდესაც ემოციამ გაიარა და გავაცნობიერე, რომ ეს ის არმია ვარჯიშობს, რომელსაც ევალება სწორედ ამ კიკეთის, თუ სხვა, ჩვენთვის სანუკვარი ადგილის და ხალხის დაცვა, გაღიზიანება პატივისცემით შემეცვალა. იმასაც მივხვდი, რომ მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც ამ ჯარის წვრთნებში ფულს იხდის (ჩვენი გადასახადების ნაწილი ხომ ამაში მიდის). ბოლოს კი იქამდე მივედი, რომ ეს არმია საკუთარ არმიად მივიჩნიე.

ვახ, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! მიდით, ივარჯიშეთ!!!

მშვიდობიან დროს ჯარმა აბა რა უნდა აკეთოს? უნდა ივარჯიშოს, ომისთვის მოემზადოს. ჩვენ ეს კარგა ხანია დავივიწყეთ. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ქართულმა არმიამ „რუსული წითელი ჭირისგან“ ბაქოს განთავისუფლებაზე უარი თქვა და ამით მთელი კავკასიის განვითარება, სულ ცოტა, ერთი საუკუნით შეაფერხა, საქართველოს ჯარი, ანუ გარეშე ძალებისგან საზოგადოების, ქვეყნისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დამცავი სტრუქტურა არ ჰყოლია. დაცვა გვჭირდება სიმშვიდისთვის, სიმშვიდე გვჭირდება განვითარებისთვის, განვითარება გვჭირდება მსოფლიო თანამეგობრობაში ჩვენი ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ამიტომ მიხარია ამ ჯარის არსებობა. ისიც მიხარია, რომ მსოფლიოს უმეტესი ტერორისტული და ყაჩაღური ორგანიზაციების მიერ მიღებული „კალაშნიკოვის“ მაგივრად ქართულ არმიას, როგორც იქნა, ამერიკული წარმოების იარაღი უჭირავს. ისიც მიხარია, რომ ჩვენს ჯარს „კედების“ და „ბოტასების“ მაგივრად გამართული, ერთნაირი ფორმა აცვია, კარგად იკვებება და ქართული სახელმწიფოს დროშას მწყობრში ამაყად მიყვება.

ამიტომაც მევსება გული სიძულვილით, როდესაც თავდაცვის დაბღვერილი მინისტრი ბაქიბუქობს და ამ დროს მილიონებს აკეთებს ამ ჯარის და ჩვენს ხარჯზე, როდესაც გამოუცდელ, შუბლზე იარაღმიბჯენილ, შეშინებულ პოლიციელებს იძულებითი დაჩოქების გამო საჯაროდ ქვეყნის მოღალატეებს და ლაჩრებს უწოდებს და დაახლოებით წელიწადნახევარში თვითონ იჩოქებს და სიტყვას ტეხს, შემდეგ კი სხვა ქვეყანაში გარბის და იქიდან ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას ოპოზიციის საპროტესტო მიტინგების დაშლის სანაცვლოდ. მაშინაც ვბრაზდები, როდესაც რეზერვისტების კარგად „გაპიარებულ“ პროგრამას ნაჩქარევად, გაუთვლელად ასრულებენ და გულანთებულ ადამიანს პირველსავე საღამოს შინ უშვებენ: „71-იანები და ზევით აღარ გვჭირდებაო...“ თურმე ნუ იტყვი და, ორგანიზაციულად ვერ განსაზღვრეს, რა რაოდენობის ხალხის მიღება შეუძლიათ...

შეცდომების გარეშე საქმე არ კეთდებაო? კი, გეთანხმებით, მაგრამ ზოგი შეცდომა იმდენად მარტივი გასათვლელია, რომ მეტი არ შეიძლება. მე სწორედ იმის მეშინია, რომ ამდენი სულელური შეცდომით ნიჰილიზმს ნერგავენ ჩვენს (პირველ რიგში ჩემს) ახალგაზრდა სახელმწიფოებრივ თვითშეგნებაში.

ДЕНЬ ПОБЕДЫ...

(წარმოიდგინეთ ვიეტნამური აბსურდი: წინა საუკუნის 70-იანი წლების ვიეტნამი. სადღაც სველ ჯუნგლებში ამერიკული ავიაციის პაციფისტი ვარ, აბა, რა ჯანდაბა ვარ! მაგრამ ვიცი, რომ თუ არ მოვითხოვე კარგად გაწვრთნილი, ძლიერი, კარგად დაფინანსებული ჯარი, მშვიდობას ვერ შევინარჩუნებ. მშვიდობისმოყვარე რომ ვარ, ამიტომ მინდა მაღალი ზნეობის, პატრიოტულად აღზრდილი, ნატოში გაწევრიანებული ქვეყნის ძლიერი ჯარი და თავდაცვის სამინისტრო. ინტენსიური შეტევის შემდეგ ჭრილობამოშუშებული „ვიეტკონგელები“ ერთ-ერთი თანამებრძოლის შვილის დაბადებას აღნიშნავენ. თავისებური ლხინი აქვთ, ვიეტნამური ტრადიციის მიხედვით. მღერიან, ცეკვავენ და უცებ, წარმოიდგინეთ, ყველა ერთად იწყებს „იანკი დუდლს“ ან რომელიმე ამერიკულ სიმღერას! წარმოიდგინეთ? ხომ სასაცილოა?

ასეთი სულისკვეთების ვიეტნამმა მოიგო ის ომი? ეჭვი მეპარება.)

მართლაც მშვენიერი ზაფხულია...

კაცმა რომ თქვას, არაფერი განსაკუთრებული. ისეთივე ზაფხულია, როგორც წინა 41 ზაფხული. ეს ალბათ უფრო ჩემი ემოციური მდგომარეობაა ასეთი. ერთი შვილი თოთხმეტი წლისაა, მეორე სამის ხდება. ორივე ძალიან საინტერესო ასაკია. პირველი ყმაწვილკაცობაში გადადის, მეორე პიროვნებად ჩამოყალიბების განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. კიკეთში ვზივარ და ინტერნეტით მთელ მსოფლიოს ვუკავშირდები, დენი არ ქრება, მადლობა ღმერთს, ყველა ჯანმრთელადაა, მუსიკალური იდეებიც მაქვს და სხვა საინტერესო აზრებიც მებადება თავში...

მართლაც მშვენიერი ზაფხულია...

ისევ კიკეთი. 2008 წლის 25 ივლისი.

აქ, ჩვენთან, კიკეთის შემოსასვლელთან ახალი რესტორანი გახსნეს, „მასპინძელო“.

მთელი გაზაფხული - ზაფხული მის მშენებლობას გზიდან ვაკვირდებოდი. თავიდან - არაფერი საინტერესო. მერე ბევრი ხის მასალა გამოჩნდა - ეს უკვე საინტერესოა!!! ცოტა ხანში პატარა ფაცხებიც გამოიკვეთა, ლამაზი კრამიტის სახურავებით, საინტერესო ღია სამზარეულოთი. ბოლოს ჰამაკებიც (!) დაკიდეს.

ეს კი მართლა საინტერესო იყო!!! ადგილიც ჭკვიანურად შეარჩიეს (თბილისიდან მანგლისამდე სულ რაღაც 3-4 რესტორანია, ისინიც ან საშინლად ძვირია, ან საშინლად უგემური). შესაბამისად, „მასპინძელომ“ პოპულარობაც მალევე მოიპოვა და იქ მოხვედრისთვის ადგილების წინასწარი დაჯავშნა გახდა საჭირო. სწორედ ასეთი თადარიგის დაჭერის შემდეგ ჩვენმა მეგობარმა ამ საღამოს რამდენიმე ადამიანი დაგვპატიჟა „მასპინძელოში“.

კულინარიული შეფასებისთვის ამ ადგილს არ გამოვიყენებ, ამაზე სხვაგან ვისაუბროთ.

მე მინდა ქართული აბსურდის შესახებ მოგიყვეთ. ზემოთ მოყვანილი ვიეტნამური აბსურდისგან განსხვავებით, ეს დოკუმენტურია, ამიტომაც არ მეცინება და ამიტომაც მწყდება გული.

მთელი ორი საათი, რაც „მასპინძელოში“ გავჩერდით, მთლიანად შავებში ჩაცმული, სრულიად უემოციო მომღერლები დაბალი ხარისხის ფონოგრამის თანხლებით მდაბიური მუსიკით გვიბურღავდნენ ტვინს და ამას მრავალკილოვატიანი აპარატურით ცდილობდნენ. რა ვქნა, არ მიყვარს ღრიალში სადილი და დასვენება, მაგრამ ამ ქვეყნის შვილი ვარ და ძლიერი იმუნიტეტი მაქვს ასეთ რამეებზე გამომუშავებული.

და უცებ - ДЕНЬ ПОБЕДЫ !!!

ამის წინაშე კი ჩემი იმუნიტეტი სრულიად უძლური აღმოჩნდა. რა ვქნა და, ვერ აღვიქვამ ამ სიმღერას ჩვენი, საქართველოს გამარჯვების სიმღერად, ისევე, როგორც ვერ აღვიქვამ საქართველოს მიღწევად საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ჰესებისა და ქარხნების მშენებლობას. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საზარელ ფაშიზმთან ბრძოლას შეეწირა, მაგრამ არც მილიონობით უდანაშაულო ბავშვის, ქალის, მოხუცის თუ უბრალოდ თავისი ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანის დავიწყება შემიძლია, რომლებიც საზარელ საბჭოთა რეჟიმს შეეწირნენ.

არ არის ეს ჩემი ქვეყნის გამარჯვების სიმბოლო! და არც უბრალოდ ლამაზი სიმღერაა, ეს, პირველ რიგში, იდეოლოგიური ნაწარმოებია, მაღალი დონის იდეოლოგიური ნაწარმოები. ეს არის ჰიმნი ფაშიზმზე გამარჯვებული საბჭოთა კავშირისა, იმ ქვეყნისა, რომელიც სისასტიკით და არაადამიანური იდეოლოგიით ფაშისტურ გერმანიას თავადაც არაფრით ჩამოუვარდებოდა.

ჰოდა, ამიტომაც ვერ მოვითმინე და მივედი იქ მყოფ ერთ-ერთ ნაცნობ მუსიკოსთან.

რა საინტერესო რეპერტუარი გქონიათ - ეტყობა, იმდენად ირონიული ინტონაცია მქონდა, რომ ისიც მაშინვე მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი. ჩემკენ გადმოიხარა და ხმადაბლა მითხრა:

რა ვქნა, უშიშროება ქეიფობს და შეგვიკვეთესო (!!!)

საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების სამსახური, დეპარტამენტი თუ სამინისტრო, რა ჯანდაბაც არ უნდა ერქვას, 2008 წელს, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი და უმაღლესი მხედართმთავარი თითქმის ყოველდღე მასმედიის საშუალებით გვამცნობს, რომ საქართველო რუსეთთან თითქმის საომარ მდგომარეობაშია, როდესაც მტერმაც და მოყვარემაც კარგად იცის, რომ აფხაზეთის და ოსეთის კონფლიქტებში რუსეთთან დავმარცხდით და არა ჩვენს მოძმე ხალხთან, ზუსტად მაშინ საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების სამსახურის, დეპარტამენტის თუ სამინისტროს, რა ჯანდაბაც არ უნდა ერქვას, შუახნის თუ ახალგაზრდა თანამშრომლები ოჯახებთან ერთად რაღაცა День победы-ს ზეიმობენ!

არ ვიცი, იქნებ საქართველო-რუსეთის კონფლიქტში საქართველოს მომავალ День победы-ს ზეიმობდნენ, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ვიეტნამელები ომის დროს ამერიკულ სიმღერებს არ მღეროდნენ.

მაინც მშვენიერი ზაფხულია!

С Днём победы, товарищи!

P.S. 2008 წლის 7 აგვისტო, ხუთშაბათი, დილის 2:10.

6 პრესა 6-25

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

0x01 graphic

ავტორი: სანდრო ნავერიანი

ემოციების დრო აღარ არის. ემოციების დრო უკვე მეორე დღეს აღარ იყო. მეტიც, იმ ღამეს, როცა საინფორმაციო გამოშვებებმა საგანგებო რეჟიმში დაიწყეს მუშაობა და დილისთვის სამხრეთ ოსეთი თითქმის უკვე „ჩვენი“ იყო, მე კი ქართული ჯარით ისე ვამაყობდი, როგორც არასდროს არაფრით მიამაყია, აი, უკვე მაშინ აღარ იყო ემოციების დრო. იმ ღამეს, ყველა ჩვენთაგანს ცივი წყალი უნდა გადაევლო და ეფიქრა, რა შედეგები მოყვებოდა ამას და როგორ უნდა მოვქცეულიყავით ჩვენ, სამხედრო თუ სამოქალაქო პირი, ჩინოვნიკი თუ პროლეტარი. მაგრამ ჩვენ ემოციებით ვცხოვრობთ, ცრემლით, ქართული მიწის სიყვარულით, წარსულის დიდებით და იმპულსური აწმყოთი. როცა ყველა ჩვენთაგანს უნდა დაგვევიწყებინა ემოციები, მაშინ მოვაწყვეთ მშვიდობიანი მანიფესტაცია რუსთაველზე, ვიმღერეთ უვარგისი სიმღერები, წავიკითხეთ ლექსები, პრეზიდენტის დანახვაზე მის სახელს ვსკანდირებდით, წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ დაღუპულ ჯარისკაცებს, ისევ ვიმღერეთ, გიგა ბოკერიას ყველაფერი ვაპატიეთ და მისი რეაბილიტაცია მოვახდინეთ და, კიდევ კარგი, ევროპულმა პრაგმატულობამ და თავმდაბლობამ ნიკოლა სარკოზისთან ერთად არ ჩაიძინა და საფრანგეთის პრეზიდენტი მანიფესტაციაზე შეკრებილ ხალხთან არ გამოვიდა, თორემ მზად ვიყავით, მის დანახვაზე ყველას ერთად გვეყვირა - „სარკოზ, სარკოზ“ (ქართულ ტელეარხებზე საფრანგეთის პრეზიდენტის გვარი დღესაც ასე ისმის). ასე მხოლოდ ფანატიკოსები იქცევიან და ჩვენც სწორედ ფანატიკოსები ვართ, ფანატიკოსი მომიტინგეები, მანიფესტანტები. მანიფესტაცია და მიტინგი კი, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ემოციების შედეგია.

სწორედ ემოციების შედეგი იყო ის, რომ 6-25 აგვისტოს პრესა სავსე იყო ემოციურად დაუცლელი ჟურნალისტების სტატიებით, ამბებით, თუ რა გამოიარა ადგილობრივმა მოსახლეობამ, როგორ ეტირებათ, როცა დევნილებს ხედავენ, და ათასი ეგეთი, მართლაც ძალიან სამწუხარო ამბით.

სწორედ ემოციების ბრალი იყო, რომ 6-25 აგვისტოს პრესაში, თუ ერთ-ორ გამონაკლისს არ ჩავთვლით, არ ყოფილა არცერთი ანალიტიკური წერილი, მომხდარის გაანალიზება, მიზეზების ძებნა - რატომ? როგორ? სად დავუშვით შეცდომა? დავუშვით კი საერთოდ შეცდომა? ჩაგვითრიეს ომში თუ ჩვენ დავიწყეთ ომი? არსებობს გამოსავალი? რა უნდა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? ერთი სიტყვით, კითხვების ნუსხის წარმოდგენით, უბრალოდ, თავს მოგაწყენთ, დარწმუნებული ვარ, ანალოგიური კითხვები გაქვთ თქვენც, რომლებზე პასუხებიც ვერ მიიღეთ. ყოველ შემთხვევაში, არ მგონია, ქართულ პრესას თქვენთვის ამ კითხვებზე პასუხები გაეცა. გამონაკლისებს რაც შეეხება, ეს ძირითადად უცხოური პრესიდან ნათარგმნი სტატიები იყო.

გასაგებია, რომ ბჟეზინსკი მაგარი მოაზროვნე და ანალიტიკოსია - ამიტომაც არის პრეზიდენტების მრჩეველი, ცნობილია, რომ სოკორიც საღად აზროვნებს და მისი სტატიები და პროგნოზებიც ყოველთვის ანგარიშგასაწევია. პაველ ფელგენგაუერი, მართლა ძალიან საინტერესო ანალიტიკოსია, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ის რუსული გაზეთის მიმომხილველია და საომარი მოქმედებების დაწყებაში კრემლს ადანაშაულებს, არ შეიძლება დღეგამოშვებით რომელიმე ქართული გაზეთი მასთან ინტერვიუს ბეჭდავდეს, ან მის სტატიებს თარგმნიდეს. ეს იმის ბრალია, რომ ქართულმა პრესამ დღემდე ვერ გამოიმუშავა ანალიზის უნარი. უკანასკნელი წლების მოვლენები, უხეშად რომ ვთქვა, პრესისთვის „ოცნებაა“, მაგრამ ყოველ ჯერზე ქართული პრესა უმწიფარი ბავშვივით ისტერიკაში ვარდება და ვერ ახერხებს საზოგადოებას საფუძვლიანი ინფორმაცია ან ანალიზი შესთავაზოს. არადა, ერთი შეხედვით, უფრო იოლი არ უნდა იყოს ქართულ კონფლიქტზე, ქართულ ჯარზე, ქართულ გამოცდილებაზე მსჯელობა ქართველი პუბლიცისტისთვის, ვიდრე უცხოელისთვის, რომელიც ერთხელაც კი არ ყოფილა საქართველოში? როდემდე უნდა გვანიჭებდეს უდიდეს კმაყოფილებას და სიამოვნებას ის ფაქტი, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს „ნიუ იორკ თაიმსი“, „გარდიანი“ ან „დოიჩე ცაიტუნგი“ აკეთებს და ჩვენ მაგივრად ცდილობს ჩვენი პრობლემის გააზრებას? ჩვენ კი, შემდეგ უფრო დიდი კმაყოფილებით ვთარგმნით მათ სტატიებს და პირველ გვერდზე ისე წამოვჭიმავთ, თითქოს ჩვენი დაღვრილი ოფლის შედეგი იყოს.

დასავლური პრესა, რასაც ქართული პრესა შემდეგ ქართველებს გვაწვდის, ისეთივე ლიბერალურ ფასეულობებზე და პათოსზეა აგებული, როგორზეც მთელი დასავლური სამყარო, ჩვენთვის კი მათი ენა ძნელად გასაგებია. ამიტომაც, როდესაც ფელგენგაუერის ან სოკორის სტატიებს ვკითხულებთ, საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ ამ ხალხს მათი არ ესმის, ეს განცდა კი გამომდინარეობს იქიდან, რომ საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია დასავლური ფასეულობები. და როდესაც ერთ გაზეთში ვკითხულობთ ასეთ, „დასავლურ“ სტატიას, მის გვერდით კი გაუაზრებელი, ქართული „გენისა“ და „სულისკვეთების“ ემოციური ნაყოფია წარმოჩენილი, ვიბნევით და ვერ ვხედავთ რეალური სურათის შინაარსს. ასეთი დაბნეულობა საზოგადოებაში იწვევს კრიზისს და მას უჭირს დასკვნების გაკეთება. რა თქმა უნდა, საზოგადოების კრიზისი მხოლოდ პრესის კრიზისის ბრალი არ არის, მაგრამ დიდწილად სწორედ ამით არის განპირობებული.

ამ კრიზისმა კი კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართული პრესა აბსოლუტურად პოლარიზებულია, ერთ პოლუსს ცალსახად ყვითელი, საპირფარეშოში მოსახმარი, მასობრივ ცნობიერებაზე გათვლილი მაკულატურა იკავებს, მეორეს - აშკარად თუ შეფარულად სამთავრობო ტენდენციების გამტარებელი გამოცემები.

მაგალითად, მართალია „24 საათი“ ლიბერალური ღირებულებების მქონე გაზეთის იმიჯს იჩემებს და ზოგ შემთხვევაში ამართლებს კიდეც ამ სტატუსს, მაგრამ ამ გაზეთის ტონი ხშირად სამთავრობო პროპაგანდისტული რუპორისას უფრო ჰგავს, ვიდრე ლიბერალური და თავისუფალი ღირებულებების მატარებელი გაზეთისას.

თუმცა, მიუხედავად „24 საათის“ ტენდენციურობისა, ის მაინც ახერხებდა შედარებით ანალიტიკური შინაარსის გამოცემა ყოფილიყო, მაგრამ ამას დასავლური პრესის თარგმნის ხარჯზე აკეთებდა. რაც შეეხება მის ტენდენციურობას, ეს აშკარა იყო გაზეთში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსიდან გამომდინარე.

25 აგვისტოს ნომერში მაია ქვარცხავას სტატიაში - „ძალა ერთობაშია“ - ავტორი კატეგორიულად ითხოვდა ყველანი ჩვენი პრეზიდენტის გარშემო გავერთიანებულიყავით და დაუმარცხებლობის გარანტიებს გვაძლევდა. ასევე ძალიან გაღიზიანებული იყო იმით, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი და ოპოზიციურად განწყობილი სუბიექტი თავის უკმაყოფილებას საზოგადოდ გამოხატავდა. ის კიცხავდა მათ იმის გამო, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში საერთოდ ხმას იღებენ და რაღაც ისეთ აბსურდებზე ლაპარაკობენ, როგორიც, მაგალითად „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ნატოშ-ი გაწევრიანებაზე გაცვლაა...“ მაია ქვარცხავა ასევე წერს, რომ „სააკაშვილის ზიზღით აბსოლუტურად დაბრმავებული უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ მიხვდე ნოემბრის ოპოზიციის სრულ დემორალიზებასა და პოლიტიკურ კრახს. რით ვერ გავიგეთ, რომ ვინც ასე ძლიერ არ უნდა რუსეთს, სწორედ ის ლიდერი სჭირდება დღეს საქართველოს, სწორედ მის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ერი და ბერი და მაშინ ვეღარავინ მოგვერევა დედამიწის ზურგზე“. არადა, მისი სტატიის ავტორის გრაფის ქვეშ წერია „ჟურნალისტი, პედაგოგი, ლეჰაის უნივერსიტეტი...“ სიმართლე ვთქვა, მე არც სააკაშვილი მეზიზღება და არც ვინმე ოპოზიციონერი და საერთოდაც, ზიზღისთვის ჩემი გრძნობები არ მემეტება. უბრალოდ, მგონი არ არის სწორი, როდესაც ჟურნალისტი და პედაგოგი ითხოვს, რომ ყველანი გაჩუმდნენ, იმიტომ, რომ ახლა ამის დრო არ არის. თუმცა, ესეც არ არის ჩემი და თქვენი განსასჯელი, მთავარია, რომ როდესაც გაზეთი ასეთი პათოსის წერილებს ბეჭდავს, ეს უკვე მისი პოზიციაა.

„24 საათის“ ცალ მხარეს დგომის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ისიც, რომ კრიტიკულ პერიოდში ორჯერ დაიბეჭდა პარლამენტარ დავით დარჩიაშვილის ორი სხვადასხვა სტატია. 11 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა მისი პირველი სტატია სათაურით „ჩვენი საქმე სამართლიანია - ჩვენ გავიმარჯვებთ“. მე არ მახსოვს როგორი სტატიები იბეჭდებოდა „კომუნისტში“, მაგრამ, ალბათ, ისეთივე პათოსით იწერებოდა, როგორითაც ბატონი დავითი წერდა 11 აგვისტოს „24 საათში“. სტატიაში ავტორი გვთხოვდა, რომ ყველანი ვიყოთ ერთსულოვანნი, საზოგადოება და სახელმწიფო სტრუქტურები, რომ რუსები გვინგრევენ ინფრასტრუქტურას, ინსტიტუტებს, რომ რუსები არიან უსაზღვროდ ბრიყვები და არაპატიოსნები... არ შეიძლება ასეთი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საკუთარი იმიჯი „ლიბერალურად“ შეაფასო და ტენდენციურობას როცა შეგახსენებენ, ჩაგეცინოს. ასეთი სტატია ლიბერალური ღირებულებების მატარებელ გაზეთში არ უნდა გამოქვეყნებულიყო, არა იმის გამო, რომ ის ერთ, ან მეორე მხარეს წარმოადგენს, არა, უბრალოდ, იმიტომ, რომ ეს არის მოწოდება, პროპაგანდა, რაც ლიბერალური და ობიექტური პრესის ჩარჩოებში არ ჯდება. ეს უფრო ჰგავდა მცდელობას, რომ საზოგადოებას დაეჯერებინა, თუ ისინი დგანან ხელისუფლების მხარეს, ესე იგი ისინი აგრესორების წინააღმდეგ იბრძვიან. სწორედ ეს იყო შეურაცხმყოფელი. და შეურაცხყოფაც რომ დავივიწყოთ, სტატია უბრალოდ არაფერი არ იყო, ეს არ იყო არც პატრიოტული პათოსის მატარებელი წერილი და მით უფრო - ანალიტიკური. ის არაფერი იყო, გარდა პროპაგანდისა, რაც ახალი არ არის ქართული პრესისთვის: ზუსტად ასეთივე კონსოლიდაციის თხოვნა ისმოდა რეგიონული - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის - კონფლიქტების დასაწყისში. მაშინაც ვამბობდით, რომ ახლა კრიტიკის დრო არ არის, რადგან უფრო ძლიერი და ბარბაროსი მტერი გვყავს მოსაგერიებელი, რომ მთავარი ახლა გარეშე მტრის დამარცხებაა და არა შიდა საქმეები, ნაკლოვანებებზე ჩაფიქრება და ანალიტიკური აზროვნება. ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ ვხვდებით, რომ შიგნითაც ბევრი მტერი გვყავს დასამარცხებელი და ის, პირველ რიგში, ყველა ჩვენთაგანმა თავის ცნობიერებასა და აზროვნების სტილში უნდა ეძებოს. მაშინაც და დღესაც გაჩუმებას სახელმწიფოებრივად აზროვნება ერქვა, ხმის ამოღებას - ღალატი. ქართულ პრესას არ აქვს უნარი დაიცვას ზომიერება - ოპოზიციურად განწყობილი გამოცემები ვერ ახერხებენ ჯანსაღი კრიტიკის გატარებას - აწყობენ ისტერიკას და რაც ყველაზე სამწუხაროა, ვერ ხედავენ კონსტრუქციული კრიტიკის სიჯანსაღეს და ძალას.

არადა, სწორედ კონსტრუქციულ, ჯანსაღ და ძლიერ პრესას საზოგადოებრივი აზრის შექმნასა და მის კონსოლიდაციაში დიდი და რაც მთავარია, დადებითი როლი უნდა ეთამაშა. დადებითში, რა თქმა უნდა, იგულისხმება კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული - სწორი - პასუხები, ჯანსაღი ანალიზი და ობიექტურობა, რომლებიც სანდო წყაროებზე დაყრდნობით იქნებოდა გაცემული. ეს საზოგადოებას საშუალებას მისცემდა, გამოეტანა დასკვნები და გაუგებრობა, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შიშთან ერთად ანადგურებდა საზოგადოების ნერვებს, აღარ იქნებოდა. მაგრამ ამის სანაცვლოდ, პრესამ საზოგადოებას ემოციური და პროპაგანდისტული, ჭორებით სავსე საკითხავი შესთავაზა და დღითი დღე მისი დრამატულობა სულ უფრო მაღალ ხარისხში აჰყავდა. გაზეთების პირველი გვერდები რამდენიმე დღის განმავლობაში ვიზუალურად არ იცვლებოდა - სისხლი, ცხედრები, დანგრეული სახლები, გადამწვარი ტყეები...

ტელევიზიას, საინფორმაციო პროგრამებს აქვს საშუალება დინამიკაში გაჩვენოს ის, რაც აფეთქდა, დაიწვა თუ განადგურდა, მაგრამ მას არ აქვს ანალიზის გაკეთების ისეთი მოქნილი საშუალება, როგორიც პრესას. ეს არის პრესას და ტელევიზიას შორის განმასხვავებელი თვისება, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვიყენებთ, იმ მიზეზის გამო, რომ არ გვაქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი და ამიტომაც, ქართული პრესა ჰგავს ქართული ტელევიზიის გაწელილ და დამახინჯებულ ვარიანტს.

როდესაც რომელიმე საინფორმაციოს „ნიუსში“ დაჭრილ ქალბატონს ვხედავ და ჟურნალისტი ამბობს, რომ მის სახლს ბომბი დაეცა, ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელია და აღარ არის საჭირო აფეთქების დეტალების დრამატიზება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მითხრან, რატომ დაეცა ბომბი იმ ქალბატონის სახლს და საერთოდ რატომ ჩამოვარდა ბომბი. იმის წერა, რომ რუსეთი აგრესორია, კრემლი კი - აგონიაში და ამიტომაც ყრის ბომბებს, ბოდიში მომითხოვია და, პლებეური ანალიზია და ცუდი გამოსავალი - რამენაირად დაფარო საკუთარი უუნარობა ან სიზარმაცე.

უუნარობაზე გამახსენდა, „ალიას“ დამატება აქვს - „კვირის ქრონიკა“. ანუ ის ანალიტიკურ საკითხავს უნდა წარმოადგენდეს - ბოლოს და ბოლოს პრეტენზია თუ არა, სათაური მაინც აქვს ეგეთი - „კვირის ქრონიკა“ - შემაჯამებელი, ასე ვთქვათ. ჰოდა, ეს „კვირის ქრონიკა“ არ დამხვდა ძაძებში?!

ამ გაზეთის დანახვაზე წარმოვიდგინე, გაზეთის რედაქტორები, რომლებსაც ძალიან ეძინებათ, იმიტომ, რომ გვიანი ღამეა, მაგრამ თავზე ადგანან დასაკაბადონებლად გამზადებულ მასალებს და მას შემდეგ, რაც „ქონთენთზე“ იფიქრეს, ახლა დიზაინი აქვთ მოსაფიქრებელი, გასათვალისწინებელი კი ბევრი რამ არის: ჩვენ ვგლოვობთ, ომის რეჟიმში ვართ, ბევრი დევნილი გვყავს, შეშინებულები ვართ, სტრესში და ეტც. და დიდი ფიქრის და შემოქმედებითი აზროვნების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაზეთი ძაძებში უნდა შემოსონ. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გაზეთის პირველი გვერდი მთლიანად გააშავეს და თეთრი ჩარჩოები ჩასვეს, ჩარჩოებში კი სხვადასხვა რიცხვები და „გვერდის“ აბრევიატუარები - „4გვ.“, ან „23გვ.“. შუაში გამოყვანილი ასოებით, სქლად ეწერა „ომის ქრონიკა“ და ოდნავ ქვევით, უფრო წვრილად - „დაწერეთ, კაცო, სინამდვილე დაწერეთ“. და დაიწყო „სინამდვილე“ და „ანალიტიკა“.

ვიზუალურმა ეფექტმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, რამხელაც - შიგთავსმა. მათ უგემოვნობაზე და მწირ გონებრივ შესაძლებლობებზე ფიქრს დიდხანს არ შევუწუხებივარ - ისედაც, ყველაფერს ძალიან სწრაფად მოეფინა ნათელი მაშინ, როდესაც გაზეთი გადავშალე. კი ვთქვი, დაიწყო „სიმართლე“ და „ანალიტიკა“-მეთქი.

დაიწყო იმით, რომ ჟურნალისტს ძალიან გაუკვირდა, რატომ მიგვატოვა აშშ-მ, ანუ სამხედრო დახმარება რატომ არ აღმოგვიჩინა. ეს უკვე მრავლისმეტყველია - როდესაც დღევანდელ რეალობაში გჯერა, რომ ვინმე ჩვენ დასახმარებლად სამხედრო მოქმედებებში ჩაერთვება, უბრალოდ, უინტერესოა. მომდევნო გვერდზე კი „კვირის ქრონიკის“ ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ცდილობს, ხელისუფლების, ანუ ნაც-მოძრაობის წევრების დისკრედიტირებას და არკვევს სად იმყოფებიან ისინი იმ წუთისთვის, არის თუ არა მათი რომელიმე ნათესავი ან ახლობელი ომში და კონკრეტულად სად - წინა ხაზზე თუ ზურგს ამაგრებენ. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს - აშკარაა, ჟურნალისტი გაღიზიანებულია იმით, რომ მისი რესპონდენტები არ ომობენ. ეს არის მეორე ტენდენცია - მეორე პოლუსის ერთ-ერთი ნაწილი, „ალიას“ ნიშა.

ახლა იმ გაზეთებს დავუბრუნდეთ, მაკულატურაა-მეთქი, რომ მოგახსენებდით. „ალიაც“ მათ რიცხვს მიეკუთვნება. ეს გაზეთები ცდილობენ გაატარონ ოპოზიციური განწყობა, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ ხდება რომელიმე კონკრეტული ოპოზიციონერის პროპაგანდისთვის. თითქოს რა უნდა ოპოზიციონერობას? ის, რაც ყველაზე ადვილია - მთავრობის მხილება, რომელსაც სამხილებელი მართლა ბევრი აქვს და კრიტიკა და ყვირილი მის შეცდომებზე, რომელიც ასევე ბევრი აქვს. მაგრამ ეს გაზეთები მაინც ვერ ასრულებენ თვითდასახულ მისიას. რა არის მათი უბედურება? არაკვალიფიციურობა! მათი უბედურება არაკვილიფიციურობა და არაპროფესიონალიზმია! გაზეთი, რომელიც გატაცებით მიყვება, როგორ „დააჩმორეს“ ლადო ვარძელაშვილი გორში შეკრებილმა ჟურნალისტებმა, როგორ „დაკრუგა“ თვითმფრინავმა ხელახალი დაბომბვისთვის და როგორ „დაზადნა“ რუსულმა მხარემ, რამდენი „ტრუპი“ მოიტანა ომმა და ა.შ. რა ვქნა, სულ რომ ისეთი სიმართლე იყოს, ქვას ხეთქავდეს, ამ გაზეთს ვერც ერთ სიტყვას ვერ დავუჯერებ.

ჟარგონული კასკადის პარალელურად იბეჭდება მასალები იმის შესახებ, თუ როგორ გვატყუებენ ოფიციალური პირები გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ - 150 კი არა, 1500 ადამიანია გარდაცვლილი; რომ 21 კი არა, ორი გამანადგურებელი ჩამოვაგდეთ; რომ მეოთხე ბატალიონი განადგურებულია და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული სიმართლე ყოფილიყო ის, რაც ამ მაკულატურაში იწერებოდა, მაგრამ ყოველი ახალი ნომერი წინა გამოცემის გამომრიცხავი იყო და თავისთავად დგები ფაქტის წინაშე, რომ ისინი ტყუიან. ეს ისეთივე ჭორის დონეზე გაგებული ამბებია, როგორიც იმ ღამეს იყო, როცა ხმა გავარდა, იგორ გიორგაძე ტანკზე ზის და რუსულ ჯარს თბილისისკენ მოუძღვებაო.

ისე, სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში ქართულ პრესაში ჭორების კითხვა უფრო ნაყოფიერი იყო, ვიდრე ჟურნალისტიკაში ჭიპმოჭრილი „მოაზროვნე ანალიტიკოსების“ კეკლუცური, ვითომ ფართო მსოფლმხედველური და ამბიციური სვეტებისა, სადაც აქცენტი იმაზე იყო გაკეთებული, თუ რა უნახავთ ამ წლების განმავლობაში და რა გამოუვლიათ - ცხრა აპრილიდან დაწყებული დღემდე; თუ რამდენ მეგობარ კოლეგას მიმართეს უცხოეთში, რომ ხმა აღიმაღლონ და ცივილიზებულ სამყაროს გააგებინონ, თუ რა ჭირი შემოგვესია რუსული ჯარის სახით. თითქოს, ქართულ პრესას იმხელა ძალა აქვს, მსოფლიო ტრიბუნად გამოყენება შეიძლებოდეს - იმის მაგივრად, მეგობარ კოლეგებთან წერილები დაეგზავნა და გაზეთის ფურცლები უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობით შეევსო, ქალბატონი ელისო ჩაფიძე წერდა და გვიყვებოდა თუ რამდენ უცხოელ ჟურნალისტს ელაპარაკა ამ პერიოდში და თურმე როგორი შეშფოთებულები ყოფილან ყველანი. ჩემზე შეშფოთებული არცერთი უცხოელი არ ყოფილა და კიდევ იმ ჯარისკაცებზე მეტად, რომლებიც ჟურნალისტების დანახვაზე ირონიული ღიმილით კითხულობდნენ, რა, ისევ შეშფოთებულები არიანო?

„მთელი კვირის“ („რეზონანსის“ დამატება) 11 აგვისტოს ნომერში ელისო ჩაფიძე აქვეყნებს სტატიას „ომის სიმართლე“ რუბრიკის ქვეშ „მორიგე რედაქტორის ჩანაწერები“. არ ვიცი, საიდან მოდის საკითხისადმი ისეთი მიდგომა, როგორიც არის „ხომ ყველამ ვიცოდით, რომ საომარ მოქმედებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუკი ამერიკასა და რუსეთთან რაიმე გარიგება, მოლაპარაკება შედგებოდა.“ და კიდევ ეს: „მთავარია ასევე ის, რომ იმ ადამიანების სისხლს, რომლებიც დავკარგეთ, გამართლება ჰქონდეს და კიდევ ერთხელ არ გავხდეთ დამარცხებული ქვეყნის შვილები.“ ეს არის კიდევ ერთი ტენდენცია - ქართული პრესა მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში თესდა აზრს, რომ იქ, ცხინვალის რეგიონში, „ბიჭები ჩაახოცინეს“, „ქართველი ვაჟკაცების სისხლი რუსს ტყუილუბრალოდ შეანთხიეს...“ არ ვიცი, იმაზე ამაზრზენი რა უნდა იყოს, როცა გაზეთს კითხულობ და შენს გარდაცვლილ შვილზე ამბობენ, რომ ის და მისი თანამებრძოლები ჩაახოცინეს, ან მათი სისხლი ტყუილუბრალოდ დაიღვარა.

არ ვიცი, წაიკითხა თუ არა ნოდარ ლადარიამ ელისო ჩაფიძის სტატია „ომის სიმართლე“, ან კითხულობდა თუ არა ამ პათოსით დაწერილ სხვა სტატიებს, მაგრამ ფაქტია, რომ პასუხი პრესიდანვე გასცა: „ვერ წარმომედგინა, რომ ქართველების ერთი ნაწილი ასეთ მორალურ უმწიფობას გამოიჩენდა, არ მეგონა, რომ ამდენ თავში არ გაიჭაჭანებდა იმის შეგნება, რომ სამშობლოსათვის სიკვდილი შეიძლება ადამიანის თავისუფალი არჩევანიც იყოს.“ და მიუხედავად წაგებული ომისა, რომელიც მართლა წავაგეთ, არ შეიძლება იმის თქმა, რომ იქ დაღუპული ჯარისკაცები უაზროდ მოკვდნენ და მით უფრო არ შეიძლება ისეთი შეფასებების გაკეთება, როგორიცაა „ბიჭები ჩაახოცინეს“.

თუმცა, იქ, სადაც წერდნენ, რომ „ბიჭები ჩაახოცინეს“, ასევე ატარებდნენ სამხედრო რიტორიკას. ეს მილიტარისტული ტენდენცია პრესაში მასიურ ხასიათს ატარებდა და ყოვლად გაუაზრებლად ავტორები აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, ჯარს და საზოგადოებასაც კი. საზოგადოებასთან და კონკრეტულად, ადგილობრივ მოსახლეობასთან ის შენიშვნა ჰქონდათ, რომ ვერ ნახეს ვერცერთი შემთხვევა, როდესაც მოსახლეობა შეეწინააღმდეგა რუსის ჯარს და ერთი ტანკი მაინც გაუნადგურა. სამხედროებთან ნაკლებად ჰქონდათ პრეტენზიები, აი, ხელისუფლებას კი ვერ პატიობდნენ იმ სამ საათს, როცა სააკაშვილმა მორატორიუმი გამოაცხადა. პრესის მდაბიო წარმომადგენლების აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა. წარმოგიდგენიათ, იმ პერიოდში ყველაზე მშვიდობიან და უსისხლო სამსაათიან მონაკვეთს ყველაზე დიდ შეცდომას უწოდებდნენ. ამის პარალელურად კი ავითარებდნენ აზრს, რომ ომს მაშინ აქვს აზრი, თუ ის „მოლაპარაკებული და შეთანხმებულია“. უბრალოდ, სულელი ადამიანის ლოგიკას ჰგავს - დაგეგმილ-შეთანხმებული სიკვდილი აზრიანი სიკვდილია, მოულოდნელი კი - არა.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ყოვლისმმომცველი, ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდის პრესის სრული ანალიზი, ეს უფრო მონახაზია იმ პრობლემების, რომელიც ქართულ პრესაში არსებობდა ომის პერიოდში და მანამდეც.

პრობლემები არის და აუცილებლად იქნება. ყოველთვის გამოჩნდება ასეთი უაზრო შინაარსის მქონე ჟურნალ-გაზეთები, იქნება კარგი და ცუდი პრესა, მთავარია, გამუდმებით უვარგისი პრესის კითხვა არ გვიხდებოდეს.

7 ქალაქი ომში

▲ზევით დაბრუნება


რეპორტაჟი

ავტორი: სალომე ჯაში

0x01 graphic

ერთი სიტყვა „ომი“ უსასრულო ასოციაციებს იწვევს. მაშინ ვფიქრობდი, რომ რაც მოხდა, ამ ერთ სიტყვაში არ ეტეოდა. დღევანდელ დღემდე უკვე ასჯერ გავიხსენე რაც მოხდა და რაღაცნაირად ჩვეულებრივი გახდა. შევეჩვიე, რომ ამ მდგომარეობაში ვცხოვრობ. მივხვდი, რომ საწყისი წერტილი უკვე შეცვლილია.

გზაზე გავედით. რეპორტაჟის მოსამზადებლად მივდიოდით ბრიტანული ტელეკომპანიისთვის. რადიოს ვუსმენთ ახალი ამბების მოლოდინში. სიმღერა იყო, ქართული, მისამღერით „იბრძოლე, იბრძოლე“ და შეძახილით რაღაც „ჰუ-ჰუ“-ს მსგავსი, რიტმული. ჩემმა ინგლისელმა კოლეგამ, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში უმუშავია, თქვა, რომ ჰეზბოლას გასამხნევებელი სიმღერებიც იდენტური მელოდიისაა. ამ დროს სადაც კი ჩართულ ტელევიზორს ვნახავ, ყველგან საბრძოლო სულისკვეთების, „პატრიოტული“ ფილმები გადის. ასეთი ფილმები პატრიოტულ განწყობას უმაღლებენ მშვიდობიან მოსახლეობას და ამ მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი ამ დროს ბაღებში იმალება, მათ კლავენ, წვავენ, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით.

გზაზე ყველაფერი შესამჩნევად მოძრავი იყო. მოძრავი ვიყავით ჩვენც. მოძრაობდა მინდვრები. მოძრაობდა საპირიპისპირო მხარეს მომავალი მანქანები და მოძრაობდა მსუბუქი სამხედრო მანქანა „ტოიოტა პიკაპი“, რომელზეც სადღაც თხუთმეტი ჯარისკაცი იყო შექუჩული და შუაში ერთს კონდახზე ჰქონდა თავი ჩამოდებული და ეძინა. თბილისიდან გორში ჩვეულებრივად, მაგრამ გორიდან თბილისისკენ მთელი გზა მანქანების ერთი დიდი კოლონა იყო. ალაგ-ალაგ სამხედროები და სამხედრო მანქანები იდგნენ. ეს გზა, რომელიც თითქმის ზეპირად ვიცი, იმდენად სხვანაირი იყო, რომ მეც სხვანაირი გავხდი. ეს ქაოსი გზაზე 12 აგვისტომდე გაგრძელდა. 12 აგვისტოს კი მოკვდა.

სამშაბათი, 12 აგვისტო. გორისკენ მიმავალი გზა ცარიელია. გზადაგზა ცხვირით თბილისისკენ შემობრუნებული მიტოვებული სამხედრო მანქანები, ტანკები… სადღაც ყანა იწვის. საიდანღაც დიდი კვამლი ამოდის. გორთან აფეთქებული ტანკი გდია. შიგნით პირადობის მოწმობები ვიპოვეთ. გვერდით - დამწვარი მანქანა, სადაც მგზავრები ცოცხლად დაიწვნენ. შემდეგ ერთი ბიჭი გავიცანი სოფელ კნოლევიდან, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ იწვოდა ეს ტანკი და მანქანა მგზავრებიანად. იქვე გაშავებულ მანქანასთან დაჭყლეტილი პომიდვრები ყრია. გორის შესასვლელთან შუა გზაზე გდია მკვდარი ძაღლი.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში ერთი ექიმი ზის ქალი, მწვანე ხალათით. ფეხი აქვს ფეხზე გადადებული და მარცხენა ხელით სიგარეტს ეწევა. ეწევა ძალიან ენერგიულად… თითი დამიქნია, მოდიო. მივედი. მარჯვენა ხელი გაიშვირა ფიჭვის ტოტების გროვაზე:

0x01 graphic

აქ ჩვენი ექიმი მოკლეს გუშინ ღამე.

ფიჭვის ტოტების ქვეშ სისხლის გუბე იდგა.

ეს სცენა პირველი ასოციაციაა, რომელიც სიტყვა „ომზე“ მახსენდება. როგორც მომიყვნენ, ორშაბათ ღამით ამ ექიმს ვერტმფრენიდან ესროლეს. შემდეგ დილით გორის ქალაქის საავადმყოფოში 31 დაჭრილი მიიყვანეს. მათგან უმრავლესობას სტალინის ძეგლთან, ცენტრში ესროლეს ვერტმფრენიდან. ექიმებმა მითხრეს, იმ ღამეს კიდევ ერთი კაცი მოკვდა, 84 წლის.

გორში ორი საავადმყოფოა: სამხედრო ჰოსპიტალი და ქალაქის საავადმყოფო. სამხედრო ჰოსპიტალი ახალი გარემონტებულია. კარგად არის აღჭურვილი. ყველაფერია, რაც საჭიროა. სუფთაა. მორგიც ისეთია, ამერიკულ კინოებში რომ არის. გორის ქალაქის საავადმყოფო კი, როგორ აღვწერო… ერთი ჭუჭყიანი სარდაფია. ჯერ კიდევ ომამდე თამაშობდნენ ვიღაცეები ომობანას. ომობანას თამაში პატარა ბიჭების ამბავია, ეზოში რომ შტაბებს აშენებენ. მოკლედ, ეს ჭუჭყიანი სარდაფი ერთადერთი საშველი იყო დაჭრილებისთვის, მას შემდეგ, რაც სამხედრო ჰოსპიტლის ევაკუაცია მოხდა და ქალაქი მხარის გამგებელმაც დატოვა. დაჭრილები და დახოცილები კი, ამ დროიდან ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც მშვიდობიან მოსახლეობას ვეძახით.

სწორედ იმ დილით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე გამოვიდა ტელევიზიით. ეს იმ ღამის მერე, პანიკა რომ ატყდა, ტანკები თბილისისკენ მოდიანო. ამ დროს ტანკები ჯერ გორშიც არ იყვნენ. ეკა ზღულაძემ პრესკონფერენციაზე დაახლოებით ასე თქვა: „მთელი ღამე არ შეუწყვეტია მუშაობა სახელმწიფო აპარატებს, ესე იგი, სახელმწიფო შედგა“. და მაშინ, როდესაც მანქანები თეთრი დროშებით გადიოდნენ გორს და თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსი გორთან ახლოს ჩაცხრილეს, თბილისში კონცერტს მართავდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები, მღეროდა ლელა წურწუმია და საქართველოს გადმოფენილი დროშებით მანქანები გაბმული სიგნალით დაქროდნენ ქალაქში. საშინელებაა, მაგრამ იმ წუთას იმ თბილისელების მიმართ ზიზღის გრძნობა გამიჩნდა. მომეჩვენა, რომ აზრზე არ იყვნენ რა ხდებოდა მათგან სულ რაღაც 70 კილომეტრის მოშორებით. ეს კონტრასტი თბილისში ნაციონალისტურ განწყობასა და გორში ანარქიასა და დათრგუნულ სახეებს შორის უზარმაზარი იყო. და, რაც ყველაზე რთულია, ყველა ეს ადამიანი, იქაც და აქაც, ჩემს ენაზე ლაპარაკობდა. ჩემს ენაზე მიყვებოდნენ როგორ დანაწევრდა სხეულები აფეთქებისას, როგორ დაენგრა ერთ კაცს სახლი და როგორ უნდოდა, რომ თვითონაც მომკვდარიყო. ამ დროს სულ ერთი იყო სად გადავყრიდი ნაგავს, თუნდაც ყვავილების ქოთანში და სალათს თუ კოვზით შევჭამდი. პირველად მიხარია, რომ ცუდი მეხსიერება მაქვს.

თბილისში პარლამენტის წინ დევნილები სხედან და თავშესაფარს ითხოვენ (თუმცა ტელევიზორში არ მოხვედრილან), ხოლო პიპინი და დროშები არ წყდება (ეს ყველამ ვნახეთ ტელევიზორში). გორში კი პატრულის ორი მანქანა დადის. ისინი ქალაქში და მის გარშემო პატრულირებენ და წინა ღამის დაჭრილებს და დახოცილებს აგროვებენ. ქალაქის საავადმყოფოში მივდივართ, რომელიც სარდაფს ჰგავს. ეს ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც მუშაობს. ამ ექიმების ცვლა თურმე დამთავრდა, მაგრამ შემდეგი ცვლა აღარ მოსულა. რამდენიმე დღეა გადაბმულად მუშაობენ. და უცებ „ოპელ ვექტრა“ ძალიან დიდი სიჩქარით შემოდის ეზოში. წინა საქარე მინა დაცხრილული აქვს. ორნი სხედან. მძღოლი ყვირილით გადმოდის. დაჭრილია. მისი თანამგზავრი უფრო მძიმედ არის დაჭრილი. გადმოჰყავთ ექიმებს მანქანიდან და საკაცეზე რომ უნდა დააწვინონ, გონებას კარგავს. მძღოლი გაუთავებლად ყვირის. ყვირის, რომ კარალეთიდან მოდიოდნენ (კარალეთი გორიდან ცხინვალისკენ მიმავალ გზაზეა, 5 კილომეტრში გორიდან), წინ სამოქალაქო სამარშრუტო ტაქსი გადაუდგა, კარები გააღეს და იქიდან ესროლეს. არ იცის, ვინ იყვნენ. არ ახსოვს სამხედრო ფორმა ეცვათ თუ არა. ცოტა ხანში დაჭრილი მოხუცი ქალი მოჰყავთ. და მერე პატრულმა ბავშვები მოიყვანა. ორი პატარა ბავშვი. ერთი ბიჭია. ერთი წლისაც არ არის. თავი აქვს გახეთქილი. მეორე ოთხი წლის არის, ხმამაღლა ტირის და ხელიდან სათამაშო ცხვარს არ უშვებს. შემდეგ მათი დედა მოჰყავთ. დაჭრილია. 5 ტყვია აქვს მოხვედრილი. სხეულის მარჯვენა მხარე მთლიანად აქვს დაცხრილული. მათ საავადმყოფოსთან ძალიან ახლოს ესროლეს. როგორც დედამ მერე მოყვა, ზღვიდან მოდიოდნენ. საჭესთან მისი გერმანელი ქმარი იჯდა. გორის შესასვლელთან გზა აებნათ და როგორც კი შეცდომით გადაუხვიეს, ერთად შეჯგუფებული 20-მდე ადამიანი დაინახეს. ერთს ავტომატი ეჭირა და სროლა დაიწყო. „…ეს ცუდ ამერიკულ კინოს ჰგავდა…“ ბავშვებს გადაეფარა (ტირის) და პატარა სოფო სწრაფად რომ არ გადაესვა მარცხენა მხარეს და არ გადაფარებოდა, აუცილებლად მოხვდებოდა ბავშვს ტყვია. ამ სროლაში „ქალი დავინახე, ბავშვი ეჭირა ხელში. პირველი რეაქცია მქონდა, რომ ეს ქალი უნდა ჩავისვათ, უნდა წავიყვანოთ. მაგრამ ის ქალი ისე ნელა მოძრაობდა, რომ დარწმუნებული ვარ, იმათთან ერთად იყო…“ (უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ დაზარალებული ჰენინგ ტაპეს ბლოგზე www.caucasus-pictures.blogspot.com)

ვხვდებით, რომ გორშიც უკვე გაუგებარი შეიარაღებული ადამიანები გამოჩნდნენ. მე მათ სახელს არ ვარქმევ. შეტყობინება შეტყობინებაზე მოდის. გორის ანძა აღებულია. მოკლულია სარელეო ხაზზე პასუხისმგებელი თანამშრომელი. დანარჩენი სამი დაჭრილია. ესე იგი, თუ ანძა აღებულია, გორში გათიშავენ ტელევიზიას, მობილურ ტელეფონებს და ყველა სხვა კომუნიკაციას.

ამ დროს მხოლოდ მოყოლით ვიცით რა ხდებოდა სოფლებში. მე ერთი სოფელი ვნახე მოგვიანებით. გორთან ახლოს სოფელი თორტიზა. რაღაც პარანოია იყო, რადგან ბაღებში ღრმად შესვლის მეშინოდა. მეშინოდა, რომ შეიძლება დანაღმული ყოფილიყო. ვიცოდი, რომ არ იქნებოდა, რადგან რუსებს ხმელეთზე იქ არ გაუვლიათ, მაგრამ მაინც, რა იცი რა ხდებას პრინციპით. მე ვერასოდეს განვიცდი იმას, რაც იქაურებმა განიცადეს. ჩემი სიფრთხილე, რომ ვაიმე, იქ შემთხვევით ნაღმი არ იყოს, არაფერია იმ შიშთან შედარებით, რაზეც მერე მომიყვნენ. ერთი კაცი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. მოხუცი იყო, გარუჯული დიდი სახით. თორტიზაც დაბომბეს და ნასხლეტი მის მეუღლეს მოხვდა ზუსტად საკუჭნაოსთან. გაყავისფრებული სისხლი ორი კვირის შემდეგაც იქ იყო იმ ვიწრო გასასვლელში. ამ კაცმა და მეზობელმა ქალი ტახტის გადასაფარებელში გაახვიეს და ეზოში დამარხეს. მერე, რომ ვემშვიდობებოდი, ვიდექი და ვუყურებდი ამ კაცს და უცებ ამოიოხრა - ვინ თქვა?… არც შვილები, არც შვილიშვილები, არავინ, არავინ არ ყოფილა ცოლზე უფრო ძვირფასი. თუ ცოლი აღარ გყავს, მორჩა ცხოვრება თურმე...

0x01 graphic

იმ დილას თორტიზაში კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა.

ბავშვობაში საშინელი პატრიოტი ვიყავი. ჩემი ბავშვობა 80-იანი წლების ბოლო და 90-იანი წლების დასაწყისია. ვწერდი ლექსებს სამშობლოს სიყვარულზე და, რაც არ უნდა უხეშად ჟღერდეს, მძულდა რუსები. მერე დავსვი კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყანა თუ მე, საზოგადოება თუ ინდივიდი, სახელმწიფო თუ ადამიანი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა იყო, რომელმაც ნაციონალისტური განწყობიდან გამომიყვანა და ადამიანები დამანახა ცალ-ცალკე და არა კოლექტიურად. ამ კითხვაზე პასუხი დღესაც იგივე მაქვს, რა თქმა უნდა, ზოგიერთი მოდიფიკაციით, რაც დროს ბუნებრივად მოაქვს. ჩემი აჟიტირება ბავშვობაში, ვთვლი, რომ ზედმეტი იყო. მით უმეტეს, ზიზღი სხვა ეროვნების მიმართ, სხვა ეთნოსის მიმართ ნამდვილად არასწორი იყო. მე მეშინია, რომ ის, რასაც მე ვგრძნობდი წლების წინ, ქართველებში ჩვეულებრივი ამბავი იყო ამ ომამდეც. მით უმეტეს ახლა...

ომზე კიდევ ერთი ასოციაცია ლადო ვარძელაშვილია. ლადო ვარძელაშვილი პრეზიდენტის რწმუნებულია შიდა ქართლში. გორში სახელმწიფო მისთვის სახლს ქართველ მსროლელთა დივიზიის ქუჩაზე ქირაობს. პრეზიდენტის ნდობა „პატრიოტების“ შექმნით მოიპოვა. „პატრიოტთა ბანაკები“ მისი იდეა იყო და ეს იდეა, რამდენადაც ვიცი, მაშინ გაუჩნდა, როდესაც სამხრეთ ოსეთში არეულობა დაიწყო, ადრე, ჯერ კიდევ ოქრუაშვილის მინისტრობისას. მისი კაბინეტი ახლა სტალინის ძეგლის უკან არის, მთავარ მოედანზე. სანამ ომი დაიწყებოდა, ზუსტად ერთი კვირით ადრე მე და ეს რწმუნებული ერთ მანქანაში აღმოვჩნდით გორში.

საჭესთან იჯდა. გორის ბაზარს ჩავუარეთ.

ამათ აქედან გავყრი და აქ დიდ პარკს გავაშენებ. - მერე მეორე მხარეს, ციხის ძირას სახლებისკენ გაიშვირა ხელი - ამათ აქედან გავასახლებ. შარდენზე უკეთესი ქუჩებია.

შემდეგ იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ რა გახდა, ამ მუშებმა რით ვერ ისწავლეს წესრიგი, ნაგავში რომ მუშაობენ. გზაზე ორ პატარა შენობას ჩავუარეთ. თქვა, რომ, აი, ეს შენობები მცირე მეწარმეებს ააშენებინა და მერე თქვა:

მაგრამ ერთის ფასადი რაღაც არ მომწონს და ეხლა უნდა გადავაკეთებინოო.

ლაპარაკობდა მხოლოდ პირველ პირში და ისიც თქვა ორჯერ, რომ სტალინი ამათ, გორელებს, მოსაგონარი უნდა გაუხადოს.

ომის დროს ერთი-ორჯერ ჩავუარე ამ შენობებს. შენობების იქით ცაცხელი შოკოლადი 39 რეპორტაჟი რიელი მიწა იყო. თვითონ თქვა, რომ ეს მიწა 40 დოლარად გაყიდა (1 კვ.მ.), თუმცა რეალური ფასი 10 დოლარი იყო. ეს მიწებიც ვნახე ომის დროს. არც ისე შორს იყო სატანკო ნაწილის ბაზის გვერდით აფეთქებულ კორპუსებთან, სადაც 20-მდე ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი ბომბის ქვეშ ახალგაზრდა კაცი და მისი ფეხმძიმე ცოლი მოყვნენ. მათი მანქანა თვის ბოლომდე იქ იდგა, უფრო სწორად, მათი მანქანის მიწასთან გასწორებული ნაწილები.

0x01 graphic

ლადო ვარძელაშვილზე კიდევ ის მახსენდება, რომ კვირას, 10 აგვისტოს, სამხედრო ჰოსპიტალში გადასაღებად შეგვიყვანა. მითხრა, დაჭრილები უკვე გავიყვანეთ და მორგში შეგიყვანთო. მერე გადმოიხარა და ხმადაბლა მითხრა, ამათ გადაეცი, თუ ბევრი გვამი იქნება ერთად, არ გადაიღონო. იმ დღეს, კვირას, განსაკუთრებით ბევრი „კატაფალკა“ ვნახე. საავადმყოფოში ერთი მეორეზე მოდიოდა. და ქალაქშიც მარტო „კატაფალკები“ მოძრაობდა. ასევე ძალიან ბევრი მღვდელი, სამხედროები ჩუმი ნერვიული სახეებით და ძალიან ბევრი სახეწაშლილი ექიმი. ერთი ექიმი მოვიდა, ახალგაზრდა ბიჭი. - ვერაფერს ვერ გეტყვი, - მეუბნება, - მაგრამ ერთს გეტყვი, რომ მხოლოდ ერთ საათში 300 კაცი შემოიყვანეს, მხოლოდ ერთ საათში!

ექიმებთან სამხედრო პოლიციელი იდგა. თქვა, რომ მისი მოვალეობა იყო ბრძოლის დროს ჯარი დაევლო და იარაღი ჩამოერთმია მათთვის, ვინც გარეკა.

იქვე ქალი და კაცი იდგნენ, ცოლ-ქმარი ალბათ. ეს ქალი გაუჩერებლად მოთქვამდა. ეს ვარძელაშვილი რომ დაინახა, მივარდა და ეხვეწება: მითხარი სად არის. სად არის, მითხარი. სამი დღეა, ბიჭო, სამი დღე. სად არის, სად არის?!…

საავადმყოფოში იმ დღეს რაღაც დიდი სიჩუმე იყო. ყველა დაჭრილი ევაკუირებულია. დაცარიელებულ სამხედრო ჰოსპიტალში მიმღები განყოფილების უფროსმა, რომელსაც ჩაწითლებული თვალები ჰქონდა, მხოლოდ ერთი დღის სტატისტიკა მითხრა - 10 აგვისტოს დილიდან შუადღის 2 საათამდე 106 გვამი დაფიქსირდა. ერთი ექიმი ამბობს, რომ ეს იყო ჯოჯოხეთი, რომელიც თაობებს ეყოფა.

კიდევ ერთი, რაც ომზე მახსენდება: ქართული ჯარი ფორმალურად ჯერ კიდევ არ იხევდა უკან, ანუ „პოზიციებს ინაცვლებდნენ“ და ერედვისკენ წავედით. მითხრეს, რომ რუსი სამშვიდობოების ბლოკ-საგუშაგოს არ უნდა გავცდე. ვიცი, რომ ჩვენამდე ერედვისკენ ჩემი კოლეგა წავიდა სხვა გადამღებ ჯგუფთან ერთად. გადაღების პირველი დღეა და სულ ხაზზე ვართ. მივწერე, მაქეთ მოვდივართ-მეთქი. პასუხი მომდის: „არა, გვბომბავენ“. იმ დღეებში საშინლად მაინტერესებდა როგორი სახე მქონდა. მაგრამ მესიჯის წაკითხვისას - განსაკუთრებით. არ ირეკება. გავჩერდით, რომ ჯავშანჟილეტები ჩაგვეცვა და გზა გაგვეგრძელებინა. ამ დროს ერთი ქართველი სამხედრო დაგვადგა თავზე და ზუსტად ვიცი რას გულისხმობდა იქ საავადმყოფოში სამხედრო პოლიციელი. ძალიან მშვიდად და ამ დროს ძალიან მკაცრად მოგვთხოვა, რომ თბილისში დავბრუნებულიყავით. მანქანა მოვატრიალეთ, ხელში კამერა მეჭირა და ამ ინგლისელი ჟურნალისტის ე.წ. სტენდაფს ვწერდი. როგორი აბსურდია. მერე გავიგე, რომ ბიბისი-ს გადამღებ ჯგუფს, რომელსაც ჩემი მეგობარი ახლდა, თვითმფრინავიდან ბომბი სულ რაღაც ორმოცდაათ მეტრში ჩამოუგდეს, რუსი სამშვიდობოების ბლოკ-საგუშაგოსთან ძალიან ახლოს. ეს ალბათ ჩვეულებრივი ამბავია ომში და დარწმუნებული ვარ, რასაც ვწერ და რასაც იმ დღეებში ვლაპარაკობდი, საშინლად პათეტიკურად და შეიძლება სულელურად ჟღერს. მაგრამ სულაც არ ვაპირებდი ჩემს ქვეყანაში ასეთ ქაოსში მოხვედრას. ერთი კვირით ადრე სხვაგან ვცხოვრობდით. საღამოს გავიგე, რომ ჩვენი კიდევ ერთი მეგობარი გადაურჩა ბომბებს თბილავიამშენის ტერიტორიაზე.

ამასობაში, გორის ცენტრში, იგივე სტალინის ძეგლის ქვეშ, სადაც მხარის რწმუნებულს შევხვდით, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბიჭების ბირჟა იდგა. ერთს ჯინსების ზევით ამერიკული სამხედრო ფორმის მსგავსი ქურთუკი ეცვა, კიდევ ერთს კი - ჩვეულებრივი ფორმა და არმანის დიდი შავი სათვალე. მეორე დღეს, 11 აგვისტოს, იგივე ადგილას ერთი ჟურნალისტი შემხვდა, სამხედრო ექსპერტი, რომელმაც სინანულით აღნიშნა, რომ დღეს სიწყნარეა, მოსაწყენიც კი... ეს „მოსაწყენი სიწყნარე“ იმ ღამემდე გაგრძელდა და მეორე დილას ქუჩის გადაღმა აფეთქების შედეგად სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტი. ამ დღეს რუსული ტანკები ჯერ არ იყვნენ ქალაქში შესული და ლადო ვარძელაშვილი უკვე თბილისში იყო.

მერე პატრიოტული შემართების ფილმებს და გაუგებარ ახალ ამბებს ქვეშ მორბენალი სტრიქონი დაემატა: რაღაც კომპანია „აცხადებს ფსიქოლოგიურ აბსოლუტურ კონსულტაციებს“ და იქვეა მითითებული ტელეფონის ნომერი. სიტყვა „აბსოლუტური“ ამ განცხადებაში სხვა ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზე უპირატესობას აძლევს. აბსოლუტური განკურნება ამ შიშისგან, ძილში შფოთვებისგან და იმის გაცნობიერებისგან, რაც მოხდა, რომ მერე კიდევ ერთხელ დავუშვათ შეცდომა, კიდევ ერთხელ იყოს ომი, კიდევ ერთხელ, კიდევ უფრო დიდი „პატრიოტები“ გავხდეთ, კიდევ ერთხელ კიდევ უფრო მეტად ვერ ავიტანოთ ოსები და აფხაზები და განსაკუთრებით რუსები.

სიჩუმე იყო. აფეთქებულ კორპუსებს შორის სიცარიელე. ჩამონგრეული მიშენების ქვეშ მანქანაში ალაგებდნენ ლეიბებს, ტანსაცმელს... იმ ადგილს ყველა ტოვებდა. გორში მაღაზიები დაკეტილი იყო, თუმცა - სავსე. დაკეტილ მაღაზიასთან ცენტრში ქალაქში დარჩენილი ხალხის რიგი იდგა. რიგში - ჩემოდნებით დედა-შვილი, რომელსაც გეზი თურქეთისკენ ჰქონდა აღებული.

იმ კორპუსებთან კიდევ ერთხელ მაშინ მივედი, როდესაც იქ დევნილებმა დაიწყეს დაბრუნება. სხვადასხვა ბინიდან ყვირილის და ტირილის ხმა გამოდიოდა. დანგრეულ და დამწვარ ბინებში მეზობლები მეზობლების დაღუპვის ამბავს იგებდნენ.

უბედურების მეორე ადგილი გორში კომბინატის დასახლებაა. აქ დაბომბვისას მოკვდა ბებია თავის შვილიშვილთან და სტუმართან ერთად. ორი კვირის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი გორის კიდევ ერთხელ მოსანახულებლად მიდიოდა, ცენტრალურ ქუჩებს დამტვრეული შუშებისგან ასუფთავებდნენ, ქალაქი რომ გარეგნულად თავის სახეს დაბრუნებოდა. ამ დროს, იმ კომბინატის დასახლებაში ჩამონგრეულ პატარა კორპუსთან ეზოში იყო დამარხული დაღუპული ადამიანების ამოუცნობი სხეულის ნაწილები და ზემოდან „ჟეშტი“ ჰქონდა გადაფარებული. მეზობლები სუნს უჩიოდნენ.

დღეს გორში სიმშვიდეა და სტაბილურობა. ხალხიც ბევრია. მის მისადგომებს კარვების ქალაქი ამშვენებს. აფეთქებული ბინები იწმინდება და სწრაფი ტემპებით შენდება „სენდვიჩები“. ხო, „სენდვიჩები“, ეს თანამედროვე „ხრუშჩოვკებია“, არა სოციალისტური, არამედ დემოკრატიული. ამერიკულია, ამერიკული. ახლა კი გორი კონტრასტების ქალაქი იქნება - „სენდვიჩები“ და ჩვენი იარლიყი სტალინი, რომლის ავტორიტარიზმის ამბიციები ორივე ქვეყნის მემკვიდრეობად რჩება.

8 უპატრონო ქალაქი

▲ზევით დაბრუნება


რეპორტაჟი

0x01 graphic

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ცხელი წერტილიდან სიუჟეტს უჩვენებდნენ. ქალი, საკუთარი სახლის ნანგრევებთან იდგა და ამბობდა - „აქამდე სულ მეგონა, რომ ომი არის ის, რაც ხდება სხვაგან, რაც მე არასდროს შემეხება. ვფიქრობდი, რომ ომი მხოლოდ ტელევიზორში არსებობს. მაშინ, როდესაც ლამის ჩაცმულს მეძინა, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ჰაერში ვიყურებოდი, ვცდილობდი ამომეცნო, სამხედროა, სამგზავრო თუ საერთოდ ჰუმანიტარული; ჩემს უცხოელ მეგობრებს ყოველდღე ვუგზავნიდი ომის ამსახველ ფოტოებს, სხვადასხვა საიტების მისამართებს და პეტიციაზე ხელმოსაწერ დოკუმენტებს; მთელ დღეებს ცხინვალზე, რეზერვისტებზე, სააკაშვილზე, დევნილებზე საუბარში ვატარებდი და ტელევიზორში, დაბომბილ ქალაქებს ვუყურებდი - მეგონა, მართლა მეგონა, რომ მე, უკვე ვიცოდი, რა არის ომი.

გორი

რამდენიმე დღისთვის საჭირო ნივთები პატარა ჩანთაში ჩავყარე და გორში წასასვლელად მოვემზადე. წინასწარ გაგვაფრთხილეს - „თავის გამოჩენას ნუ შეეცდებით! სადაც გეტყვიან რომ არ შეიძლება გადასვლა, იქ ნუ წახვალთო.“ არც ვაპირებდით. ზედმეტი სიმამაცით ნამდვილად არ გამოვირჩევი. ვიცოდი, რომ გორი უკვე განაღმული იყო და სიარულისას, წკაპს არ გავიგებდით. ჰოდა ვიფიქრე - წავალ, ვნახავ გორს, შევხვდები დევნილებს და უკან წამოვალ-მეთქი. წასასვლელად ისე ვემზადებოდი, რომ სამხედრო ფერებში გაფორმებული ახალი ბლოკნოტიც კი ვიყიდე! ახლა ვხვდები,ზუსტად ისე მომივიდა, როგორც გუროს, 21 წლის რეზერვისტს - „გორამდე, მთელი გზა ვმხიარულობდით ბიჭები. პატრონი არ გვყავდა. გზაში ვაჩერებდით ავტობუსს, საჭმელს და სასმელს ვყიდულობდით. ვერთობოდით, იცი, რატომ? იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გვქონდა სად მივდიოდით!“

გორში შესული, უარესი სურათის დანახვას ველოდი. ქალაქის შესასვლელში, იმ რამდენიმე დამწვარი ბინის და კორპუსის გარდა, რომელსაც დღედაღამ უჩვენებდა ტელევიზია, რამდენიმედღიანი დაბომბვისა, გორს თითქმის აღარაფერი ეტყობოდა. ყველა დაზიანებული სახლი კეთდება, ფერად-ფერადად იღებება, რემონტდება; ქალაქში ხალხი ჩვეულ რეჟიმში მოძრაობს; 650 ათას ლარიანი შადრევნიდან წყალი ძველებურად, ზანტად იფრქვევა; მანქანები წინ და უკან დაქრიან და სტალინის ძეგლი ისევ ისე, სარივით ჩარჭობილი დგას ცენტრალურ მოედანზე. უბრალოდ, თუ კარგად დააკვირდები, ძეგლის გვერდზე, საშუალო სიდიდის ღრმულს, კასეტური ბომბის ჩამოვარდნის ადგილს დაინახავ. მის გარშემო ასფალტი ისე არის დაზიანებული, რომ თუ კარგ ხასიათზე ხარ, ეს უცნაური ღრმული, მანათობელ მზედაც შეიძლება მოგეჩვენოს.

თეატრთან, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, გოგა აფციაურს, შევხვდით. გოგა გორელია და ომის პერიოდში, ყოველდღიურად აშუქებდა ქალაქში განვითარებულ მოვლენებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ პირველი, რაც ვკითხეთ - შევძლებდით თუ არა კარალეთში შეპარვას. ვიცოდით, რომ კარალეთის შესასვლელში ჩაფხუტიანი რუსები იდგნენ და სოფლებში არავის უშვებდნენ. ამ ბოლო დროს, მოსახლეობის შეშვება დაუწყიათ, ეგაა და ეგ. - „არ შეგიშვებენ, მით უმეტეს ჟურნალისტებს. გუშინ ეუთოს დამკვირვებლები გამოაბრუნეს. ვერ შეხვალთ. გამორიცხულია. თუმცა... სხვა სოფლებიდან არის გადასვლის საშუალება, გზა, უბრალოდ, დანაღმულია. მაგრამ, თუ მაინც გინდათ...“ აქ მე და ფოტოგრაფმა ერთმანეთს გადავხედეთ და კარალეთის თემაზე საუბარი სასწრაფოდ შევწყვიტეთ.

- „შპრეხენ ზი დოიჩ?“ - გამოგვძახა წელში მოკეცილმა მოხუცმა ქალმა, როდესაც №2 ბაგა-ბაღს ფოტოაპარატით მივუახლოვდით. -„არა, ქართველები არიან, ჟურნალისტები“, - გასძახა გოგამ. ისევე, როგორც გორის ყველა ბაღის შენობაში, აქაც დევნილები არიან. ამ ორსართულიან სახლში 109 ოჯახი ცხოვრობს. ეზოში შევედით, იქ შეკრებილ ხალხს მივუახლოვდით და ერთი კითხვის დასმა მოვახერხე, რომ უცბად, ძალიან დავიბენი; ალბათ იმიტომ, რომ არასდროს მიმუშავია მსგავს სიტუაციაში. ყველა, ვინც ეზოში იყო, დიდიან-პატარიანად, გარშემო შემოგვეხვია და ერთდროულად დაიწყო თავისი გასაჭირის მოყოლა. ზოგი ზემო ნიქოზიდან იყო, ზოგი ერედვიდან, ზოგმა მთელი ოჯახით მოახერხა გორში ჩამოსვლა, ზოგს მოხუცი დედა, ქმარი და კიდევ ვიღაც დარჩა სოფლებში. ზოგი სახლში დარჩენილ ჭურჭელზე მიყვებოდა, ზოგი კი - ეზოებში, ბლების ქვეშ, ცელოფნებში გახვეულ და ჩამარხულ მეზობლებზე. უკვე ერთმანეთში მერეოდა ხალხის ხმა.... ცოტა ხანს კიდევ გავჩერდით. კარვების ქალაქში ვაპირებდით წასვლას და - არ დაგვაღამდეს-თქო, გავხედე ლევანს, ჩემს ფოტოგრაფს. უკვე ეზოდან გამოვდიოდით, მამაკაცის ხმა მომესმა, იქვე იდგა, ხალხში. -„რა, თქვენს სახლებზე რომ ლაპარაკობთ, რომ ამბობთ არა უშავს, აქ კარგად ვართო, რატომ იმასაც არ ამბობთ, რა დღეში ვართ? რომ ვიპარავთ ჯამებს, ვიპარავთ ჭურჭელს... რატომ არ ამბობთ? რატომ?“. პასუხი არავის გაუცია, უბრალოდ, ერთ-ერთმა ქალმა რაღაც შეუღრინა და შენობაში შეიყვანა.

კარვების ქალაქი

კარვების ქალაქი, ადრე გასართობი პარკი იყო. როგორც შესასვლელში გამოკრულ დაფაზე წერია - გასართობ-კულტურული ცენტრი. ახლა კი, 230 ლურჯი, თეთრი და ყავისფერი ბრეზენტის კარვით გაშლილი ქალაქია.

0x01 graphic

0x01 graphic

მარტო კარვების ქალაქში, 2000-ზე მეტი დევნილია, თუმცა მათი რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ზოგ კარავში ერთი ოჯახია, ზოგში რამდენიმე... ზოგს გარედან, ცარცით აწერია „დაკავებულია“, ზოგს - გული ახატია და შიგნით სახელებიც არის ჩაწერილი... შესასვლელში, დიდი ხის ძირში კარვის ქალაქის მცხოვრებლებისთვის მოტანილი ტანსაცმელი ყრია. ვიღაც ტანსაცმლის ამ გროვაში იქექება, ვიღაც - სკამზეა ჩამომჯდარი, ვიღაც - საჭმლის ასაღებად წითელი ჯვრის დიდ კარავთან რიგშია... საიდანღაც ტელევიზორის ხმა გამოდის, სადღაც ჩახუტებული გოგო-ბიჭიც დგას... პარკის შუაგულში დიდი შადრევანია, რომელშიც დაბინდებამდე ერთობიან ბავშვები. მართალია, წყალი მუხლამდეც არ სწვდებათ, თან შიგ თუკი რაიმე შეიძლება ეყაროს და ტივტივებდეს, ყველაფერს იპოვის ადამიანი, მაგრამ მაინც, ზოგი ცურავს, ზოგი ყვინთავს, ზოგი წყალში დარბის.

- გენაცვალე, 3 დღეა რაც ჩამოვედი და კიდევ არ მაქვს „ლეჟანკა“, იქნება დღეს მაინც იყოს? - მოულოდნელად მკითხა მოხუცმა ქალმა. თან მიაყოლა, თუ როგორ ხუფავდა შუშის ქილებში პომიდორს და ბომბების ჩამოვარდნისას, როგორ დაყარა ყველაფერი, გამოიქცა. მერე როგორ მიბრუნდა უკან, სახლში, მაგრამ მალევე ისევე გამოიქცა. -„დავინახე თუ არა, ასე, ჯგროდ გამოქცეული ხალხი გვერდზე სოფლიდან, მეც გამოვვარდი, შვილო. ჩემი ქმარი კი დარჩა. ამ კარავში ჩემი სოფლელები, შინდისელები ვიპოვე და მათთან გავჩერდი. არა, შვილო, კვება კარგია, ყველაფერი კარგია, მაგრამ... ისე, რაო, აბა? რას ამბობენ, როდის გაჰყავთ ჯარებიო?“,- მკითხა და მომაჩერდა. ვერაფერი ვუპასუხე. ცოტა ხანს კიდევ მიყურა, მერე შეტრიალდა და „ლეჟანკის“ ძებნა გააგრძელა.

0x01 graphic

თითქმის ყველა დევნილი, რამდენჯერმე გამოიქცა სოფლებიდან. პირველად მაშინ, როცა დაბომბვები დაიწყო; მერე უკვე მოროდიორების და ნაღმებზე აფეთქებული მეზობლების დანახვისას. თითოეული მათგანი მზად არის საათობით გესაუბროს და მეათასეჯერ მაინც მოყვეს, რომელი მეზობლის დამარხვა მოასწრეს ხის ქვეშ და რომლის - ვერა; ვინ რაში გაახვიეს: ცელოფანში თუ პლედში; ვინ, როდის და რაზე აფეთქდა, თან როგორ! თან აყოლებენ, ჩემი გვარი არ დაწერო, ვიცი, ჩემი სახლი კიდევ დგას, ისიც არ გადამიწვანო. გიყვებიან, რომ ბოსტნეულის თესლის შესაძენად კრედიტები აქვთ აღებული, ბანკები კი გადახდას სთხოვენ; ახლა კი აღარც ბოსტნეულია და აღარც არაფერი. - „აგერ, მეზობელი მაინც შევიდა ბოსტანში, პომიდვრის მოსარწყავად და ნაღმზე აფეთქდა“ - მითხრა ლიამ, პირველი კარვიდან.

60 წლის კეხველი კაცი ვნახე. თავის კარავში, „ლეჟანკის“ კუთხეზე იყო ჩამომჯდარი. არ ლაპარაკობდა. სანამ შევიდოდი, წინასწარ გამაფრთხილეს, ბევრს არ ლაპარაკობს, მხოლოდ დღეს ამოიღო ხმაო. ბოლო გამოსულა სოფლიდან. 2 კვირის მანძილზე ჯერ სარდაფში, მერე კი ვენახში იმალებოდა მოხუც დედასთან ერთად. დედამისი ძალით რუსის ჯარს გამოუყვანია, რადგან ქალი არ მოყვებოდა, შვილი დასამარხი რომ გამიხდეს, მიწა ხომ უნდა დავაყაროო. -„დედა რომ მიჰყავდათ, მე არ წავყევი, მარტო დავრჩი, სახლს მივხედავმეთქი, ვფიქრობდი. მაინც გადამიწვეს. თან ახლოს დამაყენეს, რომ კარგად დაენახვებინათ. ამის მერე, იქ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა, გზაზე გამოვედი. თუ წითელი ჯვარი მოვა, ხომ მოვა და წამიყვანს, თუ არადა, ვინმემ მაინც მომკლასო,” - მითხრა და სანამ თავის შეკავება ჯერ კიდევ შეეძლო, კარვიდან გამოვედი. დედამისიც იქვე იჯდა. შვილს უყურებდა და დიდი პაუზებით ლაპარაკობდა.

პირველად ვიბნეოდი, როცა ადამიანები მსხვერპლზე, მოროდიორებზე, შიშისგან დამუნჯებულ ბავშვებზე მიყვებოდნენ და უცებ, „პატარძალივით მორთულ“ სახლებზე და ძვირფას ავეჯზე აგრძელებდნენ საუბარს... გავარკვიე, რომ მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. - „ერთი ქალი თვითონ ითხოვდა დახმარებას - მითხრეს თბილისში, ერთ-ერთ ცენტრში, - ამბობდა, მიშველეთ, ბავშვს სულ ვცემ, ვერ ვჩერდებიო.“

კარალეთი

კამერა კარგად დავმალეთ, ჟურნალისტის აკრედიტაციები მოვიხსენით, მაგრამ მაინც ღრმად ჩავიკუჭეთ ჯიბეებში. რა ვიცოდით, რა სიტუაციაში ავღმოჩნდებოდით, იქნებ პირიქით, დაგვეხმარებოდა კიდეც?! სოფლის „მარშუტკაში“ ჩავსხედით, რადგან ასე უფრო გვქონდა კარალეთში შეპარვის საშუალება. მხნედ ვიყავი, უბრალოდ, მანქანა დაიძრა თუ არა, ყურებში საკუთარი გულისცემის ხმა გავიგე. საგუშაგოზე არავის გავუჩერებივართ. არადა, როგორც წესი, ყველას აჩერებენ, მანქანებში იხედებიან.... თუ რაღაც არ მოეწონათ ჩამოგსვამენ, თორემ ისე, ხალხს სოფლებში, საკუთარი სახლ-კარის მოსანახულებლად ყოველ დღე უშვებენ. ესენიც ადიან და საღამოს ისევ კარვებში ბრუნდებიან. საგუშაგოს გვერდზე რამდენიმე სამხედრო კარავია გაშლილი. გარშემო კი ზუსტად ისეთი ეკლიანი მავთულებია გაჭიმული, ფილმებში, ციხეების თავზე რომ მინახავს. მართალია, გორის ზემოთ, ცხინვალამდე განლაგებულ სოფლებსა თუ უკვე ნასოფლარებში მოროდიორები აღარ არიან, მაგრამ იქ ღამით დარჩენა, მაინც არ არის უსაფრთხო. ცხინვალს ზემოთ, დიდი და პატარა ლიახვის სოფლებზე აღარც ვლაპარაკობ. ამბობენ, იქ ზოგი სოფელი, საერთოდ აღარ არსებობსო.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

კარალეთში ეკლესიასთან ჩამოვედით. სახლები დგას. მხოლოდ აქა-იქ თუ დაინახავ მთლიანად გადაბუგულ, უკვე ცარიელ კედლებს. სიჩუმეა. ერთი ქალი ვნახე, ქეთინო. გაქცეული იყო, როდესაც მეზობლებმა დაურეკეს, შენი სახლი იწვისო. ოსებმა ჯერ გაძარცვეს, მერე ცეცხლი მოუკიდეს. მეზობლებმა ვერაფრის გამოტანა ვერ მოასწრეს, ყველაფერი შიგნით დარჩა, ზეიმისთვის შეკერილი ბავშვის ლამაზი კაბებიც. ერთადერთი, სამზარეულო გადარჩა, კედელზე მიმდნარი სარეცხი მანქანით და შავად გამურული კედლებით. ჰოდა, იმ პატარა ოთახში ცხოვრობს, ქმართან ერთად. კრამიტზე, დამწვარ ჭურჭელზე და შუშის ნატეხებზე ნელ-ნელა გამოვიარეთ და გადარჩენილ სამზარეულოში დავსხედით. სულ ერთსა და იმავეს მიმეორებდა: რა უნდა ქნას, სად უნდა იცხოვროს, რა უნდა აჭამოს შვილიშვილს, ვინ აუშენებს გადამწვარ სახლს, ვინ დაუბრუნებს ამბობენ, ხმა არ ამოიღოთ, მიშაზე ცუდი არ თქვათო! მაგრამ იქ რომ ტაშფანდური გაიმართა და აქ, რუსის ტანკები დადიოდნენ, ოსები ხალხს სახლებში უვარდებოდნენ, აი, მაშინ უნდა ჩამოვარდნილიყო მის თავზე ერთი ბომბი! საგანგებო მდგომარეობა რომ გამოაცხადეს, მთელი სოფლები სავსე იყო. 46 ცხელი შოკოლადი იმ ერთადერთ ძროხას, რომელიც სახლთან ერთად დახვდა დამწვარი, რითი გაისტუმროს კრედიტი... მიყვებოდა, თუ როგორ მოდის მასთან ყოველ დღე, ტირილ-ტირილით ოსი თანამშრომელი ქალი და ჰპირდება, დედაჩემი ერთ თბილ ლოგინს გაგიკეთებს და იმასაც ამოგიტანო. - „ჯობდა, რაც იმათი იყო, ისევ იმათ ჰქონოდათ, ახლა რა? მთელი ხეობა არ დავკარგეთ?! რა მოვიგეთ! აქ არც არავინ ამოდის და არც არავინ გვეხმარება, გაიძახიან, რუსები არ გვიშვებენო! მათ დანახვაზე უკვე მაკანკალებს! ოსები და ჩეჩნები ყველა სოფელში დადიოდნენ და კითხულობდნენ, აბა, ვის ოჯახში არიან სამხედროებიო. ჩემი შვილი გამომძიებელია, ჰოდა, მოვიდნენ და ყველაფერი გადამიწვეს. მითითებებს ალბათ ისევ სოფლელები თუ აძლევდნენ, აბა, სხვა ვინ?“. ბოლოს მითხრა, მეზიზღება ეს სოფელი, სულ გადავწვავდი აქ რაც დარჩა და სადმე წავიდოდიო.

0x01 graphic

კარალეთში, არც ერთ სახლს არ მოხვედრია ბომბი, ყველა ოსების, კაზაკების და ჩეჩნების გადამწვარია. სამხედროთა ოჯახებს და ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს კითხულობდნენ, სად არიან, სულ მოხუცები რატომ ხართო. ეს მაშინ, თორემ დღეს სოფლებში აღარც მოროდიორებია და არც რუსის ჯარი აწუხებს მოსახლეობას. გამოკეტილები არიან, უფულოდ და საჭმლის გარეშე. ზამთრისთვის მომზადებული სანოვაგე აღარ არის, წაიღეს. ვენახებში სიარულს ერიდებიან, რომ უცბად, რაიმეს არ დაადგან ფეხი. ზოგს თან ჰყავს ბავშვი, ზოგს - გახიზნული, სადმე ნათესავთან. არავის უთქვამს, დატოვეთ სოფლები, წამოდითო. ქართულმა ჯარმა რომ ჩაირბინა, ბომბების ცვენა აღარ შეწყდადა და რუსის ჯარს ოსები რომ მოყვნენ, მარტო მაშინ მიხვდნენ, უნდა გამოქცეულიყვნენ.

ბევრი თბილისში ჩამოვიდა, სკოლებში მოხვდნენ და ფიცრებზე დაიძინეს. 4 დღეში ისევ უკან დაბრუნდნენ.

- „წამოდი, გურამას სახლი ვაჩვენოთ. ხანდახან ჩამოდის ხოლმე ის საწყალი, დახედავს დამწვარ სახლს და მიდის. დაიცა, ჯერ მე გავალ გზაზე, აპარატი დამალეთ. არ არიან, წამოდით.“ გზადაგზა ერთმანეთს ეძახდნენ ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, გამოდითო. ცოტა ხანში, ხალხმრავალ დელეგაციას დავემსგავსეთ. აი, ისეთს, სოფლის ოღრო-ჩოღრო გზებზე რომ დადიან, განადგურებულ შენობებს ათვალიერებენ და შეწუხებული მოსახლეობის მოსმენისას თავს აქეთ-იქით აქანავებენ. რამდენიმე ეზოს ჭიშკარზე, ზედ დაკიდული თეთრი ნაჭერი დავინახე. ზოგი იმხელა იყო, მთელი ზეწარი გამოუფენიათ-თქო, - გავიფიქრე. მოკლედ ამიხსნეს, - „გვეშინია და რა ვქნათ? თეთრი ნაჭერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, რუსებს ვეკუთვნით“. ვიღაც რუსს მაიორს ისიც კი უთქვამს კარალეთელებისათვის, სტალინის ქალაქი რომ ხართ, მარტო მაგიტომ უნდა გიხაროდეთ, რომ სულ არ გადაგბუგეთო.

ვიღაცის ეზოში ვართ. ასე მითხრეს, ეს ჰამლეტას სახლი იყოო. - „სად არის ჩვენი მთავრობა! რატომ არ გვეხმარება! ერთი არყის ჭიქა მარილი, შაქარი, 4 ბრიკეტი ბრინჯი და 5 კგ შაქარი დაგვირიგეს, ეს იყო და ეს, - ხმაურით შემოვარდა ვიღაცა, - თბილისში ვინც არის, იმათ დახმარება არ უნდათ! აქ მოგვხედონ, აქ! ვინც თავის თავზე გადაიტანა ყველაფერი. მშივრები ვართ. ფულით მაინც დაგვეხმარონ, რომ გორში ჩავიდეთ და რამე ვიყიდოთ. თუ არ მოგვხედავს, რათ გვინდა სააკაშვილი?!

- ამბობენ, ხმა არ ამოიღოთ, მიშაზე ცუდი არ თქვათო! მაგრამ იქ რომ ტაშფანდური გაიმართა და აქ, რუსის ტანკები დადიოდნენ, ოსები ხალხს სახლებში უვარდებოდნენ, აი, მაშინ უნდა ჩამოვარდნილიყო მის თავზე ერთი ბომბი! საგანგებო მდგომარეობა რომ გამოაცხადეს, მთელი სოფლები სავსე იყო. ავტობუსები მაინც შემოეყვანათ, 20 კმ ფეხით ვარბენინეთ ბავშვები. ახლაც ისეთი შეშინებულები არიან, თვითმფრინავის ხმას რომ გაიგებენ, გიჟებივით იწყებენ წინ და უკან სირბილს. ვაიმე, ბაბო, თვითმფრინავი მოდის და სად დავიმალოთო.“ ვიღაცამ ისიც კი მოგვაძახა, აბა, იმასაც თუ დაწერთ, ერთი კარალეთელი ჯარისკაცი დაკარგულია, არ ვიცით, ცოცხალია თუ მკვდარი. მთავრობამ კი, მის ცოლ-შვილს ჯარისკაცის ხელფასი არ მისცა, არ ვიცით სად არის და ფულს ვერ მოგცემთო.

60-70 წლის ქალი მომიახლოვდა და ჩუმად, ძალიან ჩუმად, თითქმის ყურში ჩამჩურჩულა - „გარეთ გამოგვიყვანეს ოსებმა. ქართველებმა ხალხი მოგვიკლეს და თქვენ ნახეთ რას გიზამთო. დაგვაყენეს, იარაღი მოგვიშვირეს. ვეხვეწებოდით, შვილებო, ჩვენ რა დავაშავეთ, ოსებიც გვიყვარს, რუსებიც, მეგობრები ვართ, თქვენ გენაცვალეთ-თქო, რაღა აღარ ვუთხარით, სულ ტკბილად ველაპარაკებოდით. თავი გაგვანებეს და გურამას სახლს მიადგნენ. ის საწყალი კი სიმინდებში შევარდა, თან იგინებოდა, რაც გინდათ ის უქენით სახლს, მე ხომ მაინც ვეღარ დავინახავო.“

ბევრი ვიარეთ. პერიოდულად გზას ვუყურებდით, რომ სამხედროების გამოჩენისას, მზეზე ალაპლაპებული ფოტოაპარატის და ხმის ჩამწერის ჩანთაში ჩაყრა მოგვესწრო. გვეშინოდა, რაც მოვასწარით და გადავიღეთ, ისიც არ წაერთმია ვინმეს. გზამდე გამოგვაცილეს. - „ნათი, წადი, ნახე, რაიმე ხილი მწიფე თუ არის, ხალხს გავატანოთ“. დიდრონი ყურძნები გამოგვიტანეს. ავტობუსში ჩაგვსვეს. არასდროს მეგონა, რომ გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ვერ გამოვნახავდი. რაღაც სისულელეები ვიბოდიალე, მშვიდობაზე, ერთობაზე...

მეორე დღეს, კარალეთის მავთულებიან საგუშაგოზე პოლონელი ჟურნალისტები დააკავეს. მესამე დღეს - 27 წლის პატრულის თანამშრომელი მოკლეს.

0x01 graphic

მეუფე ანდრია

კარალეთის შემდეგ, პირდაპირ მასთან მივედი. დაღლილი იყო. ცოტა ხანს ვისაუბრეთ: გორზე, სოფლებში ჩარჩენილ მოსახლეობაზე, ომზე... მეუფემ მეორედ ნახა ომი. პირველად მაშინ, როდესაც სოხუმი დატოვა და უღელტეხილი, ათასობით ადამიანთან ერთად, ფეხით გამოიარა. თავის თავზე არაფერი მოუყოლია. ანდა რა უნდა ეთქვა? თვითონ ხომ არ მომიყვებოდა იმას, თუ როგორ პატრონობდა უპატრონოდ დარჩენილ ქალაქს, ხალხს, რეზერვისტებს. ოკუპაციისას, როდესაც ქალაქი პრაქტიკულად პარალიზებული იყო, მარტო მის რეზიდენციაში ცხვებოდა პური, მოსახლეობისთვის მზადდებოდა საჭმელი, ბომბების წუილის ქვეშ, წირვას უტარებდა ეკლესიაში მისულ მრევლს და ჰოსპიტალში, დაჭრილი ხალხის საზიარებლად დადიოდა.რაც მთავარია, მეუფეზე ამბობენ, მან გადაარჩინა გორიო. ქალაქში, რუსეთის ჯარების შემოსვლის შემდეგ, რუს გენერლებს მეუფე ანდრია შეხვდა, მოსახლეობის ხელშეუხებლობის პირობა ჩამოართვა და უსაფრთხოების გარანტად რუსის ოფიცრის თანხლება მოსთხოვა, ნიქოზამდე რომ გაჰყოლოდა - სოფლებში ჩარჩენილი ხალხისთვის დახმარება უნდა აეტანა და მეუფე ესაია მოენახულებინა. მეუფის დახმარებით გარდაცვლილი ჯარისკაცების სოფლებიდან გამოყვანა დაიწყო. პირველ დღეს, შინდისიდან 6 გვამი გამოიტანეს, მეორე დღეს - უკვე 23... თვითონაც სულ იქ იყო. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ შეხვდა ოკუპირებულ ქალაქში რუს გენერლებს სასულიერო პირი და არა მხარის გუბერნატორი, მეუფემ ცოტა დაბნეულად მიპასუხა. არ მითხრა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო - იმ დროს, გუბერნატორს ქალაქი უკვე დატოვებული ჰქონდა.

0x01 graphic

სამხედრო ჰოსპიტალი

- „ხელთათმანი აიღე, ნუ, რა ვიცი, რამდენიმე წყვილი, და ამოთხარე“, - ჩაილაპარაკა ტელეფონში გორის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა. დაღუპულთა რაოდენობაზე, ციფრებზე არავინ საუბრობს, ამბობენ, საიდუმლო არ არის, მაგრამ... 100 კაციც უკვე ბევრიაო.

მის კაბინეტში, მაგიდაზე, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ დევს. ჟურნალს გადავხედე. სტატიები, ისტორიები, ინტერვიუები - ყველაფერი აგვისტოს მოვლენებზე. სათაურები დამამახსოვრდა: „მობილური, ჯარისკაცის პირველი მტერი“, „რუსებმა კასეტურის გარდა ვაკუუმური ბომბებით შემოგვიტია“... წავიკითხე, რომ აფეთქების შედეგად, მსხვერპლის სხეულში რჩება წვრილი ნამსხვრევები, რომელმაც შეიძლება არ მოკლას, მაგრამ მთელი ცხოვრება აწამოს ადამიანი. ამიტომ, ექიმები, აფეთქებულთა გადასარჩენად, იძულებულები არიან კიდურების ამპუტაცია გაუკეთონ. ჟურნალის უკანა გვერდზე კი საშინელი, გამაღიზიანებელი კოლაჟია: ფონზე ქართლის დედა ჩანს, წინ პატარა ბიჭი - თავზე ბენდენით, სამხედრო ჟილეტით და სახეზე შავად დახაზული ხაზებით. ქვეშ წარწერა „კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები, მგლისანი“. გავიფიქრე - სანამ ალგეთს ლეკვების დაზრდაზე ფიქრს არ შევწყვეტთ, მანამდე სულ ამ დღეში ვიქნებით, სულ.

- „გინდათ ფილმი გაჩვენოთ? ჩვენმა ბუღალტერმა გადაიღო. მარტო 4 დღის მანძილზე, 1200-ზე მეტი ადამიანი შემოიყვანეს. გაჩვენებთ, რა ხდებოდა ჰოსპიტალში“. სრულ საგიჟეთში, ხედავ საკაცეებს, ძირს, ერთად დაყრილ ცოცხლებს და მკვდრებს. საწოლების არ ქონის გამო, ექიმებს პირდაპირ იატაკზე უწევდათ პირველადი დახმარების აღმოჩენა. ერთმანეთის მიყოლებით შემოჰყავთ, დაჭრილი თუ გარდაცვლილი ადამიანების უსასრულო ნაკადი. თითო შემოყვანაზე, სულ ცოტა 50 კაცი მაინც. ძირითადად, ნაღმზე აფეთქებული ქალები, კაცები, ბავშვები, ჯარისკაცები... ამპუტირებული სხეულის კიდურები, გადახსნილი ჭრილობები, ოპერაციები... ექიმებს 24-ი საათი უწევდათ მუშაობა, რამდენიმეს შუა მუშაობისას წასვლია გული. 12-ში, ევაკუაციის დღეს, ჰოსპიტალის ეზოში ექიმი მოკვდა, გოგა აბრამიშვილი. თითმის ყველა ევაკუირებული იყო შენობიდან, მაგრამ გოგა დაბრუნებულა, იქნებ ვინმეს ჩემი დახმარება დასჭირდესო. ზუსტად იმ ღამით კი, ჰოსპიტალში გასაძარცვად შემოპარულან. ქართველები იყვნენო - მითხრა მთავარმა ექიმმა.

დოკუმენტურ მასალას, თითქმის ბოლომდე ვუყურეთ. ხმა არ ამომიღია, გამეხებული ვიჯექი. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა ფილმი, რომ ოთახიდან გამოვსულიყავი. მარტო ოთახიდან კი არა, არ ვიცი... ჰოსპიტალიდან, ქალაქიდან, ქვეყნიდან... მიმღებში ერთად ჩამომსხდარი ექიმები დავინახე. 5-6 ქალი იქნებოდა. ჩუმად ისხდენენ. მაგიდაზე ხმის ჩამწერი დავდე და რაღაც ვკითხე. უცებ, ერთი შემომიტრიალდა და გაბრაზებულმა მკითხა:

- „6-ის მერე, საომარი მდგომარეობა იყო გამოცხადებული. ნუთუ არც ერთ ჟურნალისტს არ მოუნდა აქ მოსულიყო?! შემოსულიყო ან გარეთ მდგარიყო და გადაეღო ეს სასაკლაო. თქვენც ბრძანებებს ელოდებით? სად იყავით, ახლა რომ დადიხართ? ყველას დავავიწყდით, არავინ არ მოსულა ამ ამბების მერე, არც პრეზიდენტი, არც ჯანდაცვის მინისტრი. ევაკუაციაც არ გამოუცხადებიათ, ისე გვმბომბავდნენ რუსები; ჩვენ ხომ აფხაზეთიც გამოვიარეთ, მაგრამ ასეთი არაფერი გვინახავს.... ერთადერთი, რითაც ვიგრძენით, რომ ვიღაცას ვახსოვდით, ვიღაცა გვერდში გვედგა - სამღვდელოება იყო. მამაოები შემოდიოდნენ, გვაჭმევდნენ, გვივლიდნენ. ჩვენს პერსონალს და დაჭრილებს ლამის ყოველ დღე აზიარებდნენ. მერე გოგოებს შეეშინდათ, რამე ხომ არ ხდება, აღსარების გარეშე რატომ გვაზიარებთო.

22-ში განაღმეს ეს შენობა. ზემოთ ნაღმი იპოვეს. არ აფეთქებულა, ამდენი ხანი თავზე გვედო.“

ხალხის „დახარისხებაზე“ დაიწყეს ლაპარაკი. როგორ ტოვებდნენ აგონიაში მყოფ ადამიანებს და ცოცხლებს ეძებდნენ - ამათ მაინც არაფერი ეშველებათო. - „ზოგჯერ, ნარკოზის გაკეთებასაც ვერ ვასწრებდით და პირდაპირ ვაჭრიდით ხალხს კიდურებს, გინდა გაჩვენო?“ - მომიტრიალდა ერთი ექთანი და სახეზე ამაფარა ტელეფონში შენახული ფოტო.

ზოგი სპეცნაზელების ვაჟკაცობაზე მიყვებოდა, ჭრილობას შეხვევას და გამაყუჩებლის გაკეთებას რომ სთხოვდნენ, უკან უნდა დავბრუნდეთო. ზოგი - რეზერვიტებს იხსენებდა, სერიოზული არაფერი სჭირდათ და მაინც მეხვეწებოდნენ, ხელი და ფეხი არ მოგვაჭრა, ჯერ 19 წლისები ვართო. შეშინებულები იყვნენ.

ოკუპაციის დღეებში, რუსების, ჩეჩნების და კაზაკების მოყვანაც დაუწყიათ. მათგან ვინც შემოდიოდა, თითქმის ყველა ტანკიდან ყოფილა გადმოვარდნილი. თვითონვე ამბობდნენ, ტანკიდან გადმოვარდა და მიხედეთო.

- მშვიდობა? რა მშვიდობა იქნება, ნახევარი საქართველო წაიღეს - თქვა ბოლოს ერთერთმა.

მერე გავიგე, იმ ქალს, გაბრაზებულმა რომ დამიწყო ლაპარაკი, 21 წლის სიძე ჩააკვდა ხელში. ერთ-ერთ ბომბს შეეწირა. გარეთ მდგარან ბიჭები, სახლის ეზოში.

უნივერსიტეტის დაცხრილულ შენობასთან გავიარეთ. გზად, კარვებთან, ბოლოჯერ შევჩერდით და სახლში მივედით, თბილისში წამოსავლელად მოვემზადეთ. ლაპარაკის თავიც არ მქონდა. კარალეთი, დამწვარი სახლები, დევნილები, ჰოსპიტალი, ვიდეოზე ნანახი - ერთი და იმავე კადრებს ალბათ მეასეჯერ ვატრიალებდი თავში. სამზარეულოში ტელევიზორი იყო ჩართული. მიშა დავინახე. იასამნისფერი პერანგი და თეთრი შარვალი ეცვა; მზით გაჩახჩახებულ ადგილას იდგა და მიკროფონი ფრენკ სინატრასავით ეჭირა ხელში. უკან, ფონზე, ამფითეატრის მაყურებელივით ჩამომსხდარი კახელები ისხდნენ. პირდაპირი ჩართვა იყო, მგონი თელავიდან. გაბადრული ჰყვებოდა, რაღაც ახალი პროგრამის, ვიღაც ახალი რწმუნებულის შესახებ; როგორ დაასაქმებენ გლეხებს, რა კარგი იქნება სოფლად ცხოვრება... ვითომ და, არც არაფერი მომხდარა.

რაც მთვარია, ყველაფერი კეთდება, ფერადფერადად იღებება, რემონტდება.

9 ომი ტყეში

▲ზევით დაბრუნება


რეპორტაჟი

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი, თემურ სუხიტაშვილი

ცხელი ომის ქრონოლოგია

7 აგვისტოს შემდეგ ფოთის საზღვაო სამხედრო ძალების ბაზა და სანაპირო დაცვა დაბომბეს. შედეგად ზღვაში 50 ტონა ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა (თითქოს ფოთის, სუფსის, ბათუმის და ყულევის ნავთობტერმინალების დღიური დანაკარგი არ გვეყოფოდა თავში საცემად). წინასწარი მონაცემებით ზარალმა 3 მლნ ლარს გადააჭარბდა. 7 აგვისტოდან მოყოლებული თითქმის სექტემბრის შუა რიცხვებამდე რუსი აგრესორები მიზანმიმართულად ანადგურებდნენ კოლხეთის ეროვნული პარკის უნიკალურ ფლორას და ფაუნას. როგორც ჩანს, ჩაძირული ქართული სამხედრო კატარღების მერე, რუსებმა იმ დელფინების, ე.წ. საბავშვო ბაღების ტერიტორიების განადგურებაც გადაწყვიტეს, რომლებსაც აფხაზეთის აკვატორიაში შემოსული რუსული სამხედრო გემების აფე- თქება შეუძლიათ. დაინაღმა ტერიტორიები ხმელეთზეც. რუსულმა აგრესიამ საფრთხე კოლხეთის ამავე ტერიტორიაზე სეზონურ, გადამფრენ ფრინველებსაც შეუქმნა.

12 აგვისტო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ რუსებმა ყულევის ტერმინალის (ტერმინალის აქციონერი აზერბაიჯანული კომპანია „სოკარია“) თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვება ურჩიეს. მიზეზად ტერმინალის მიმდებარე ტყის დაბომბვა დაასახელეს, სადაც აგრესორებს გადამალული ქართული შენაერთები მოელანდათ.

15 აგვისტოს, რუსულმა ვერტმფრენებმა გადაიფრინეს. ის იყო, სოფელ წაღვერის შეშინებულმა მოსახლეობამ გაიფიქრა, დაგვბომბესო, რომ შეამჩნიეს ვერტმფრენიდან გამოსროლილი წითელი ფერის განათებული კვამლი. გავიდა კიდევ ხანი და ადგილზე, სადაც კვამლი ჩაეშვა, ხანძარი გაჩნდა. ერთი, ორი, სამი... ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარმა იფეთქა... ცეცხლი დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიიდან ბორჯომის მიმართულებით გუჯარეთის წყლის მარჯვენა სანაპიროზე გავრცელდა და ტყით დაფარული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. ამავე დღეს, მთვრალმა რუსმა სამხედროებმა გორის შესასვლელში წიწვნარს ცეცხლი წაუკიდეს. განადგურებულია ქარსაცავი სისტემა.

16 აგვისტო საომარი მოქმედება, რთული რელიეფი და კიდევ ათასი სხვა გარემოება ცეცხლის ჩაქრობას უკიდურესად ართულებდა. ერთადერთი ხსნა მაშველი ვერტმფრენები იყვნენ, მაგრამ რუსები თურქულ და უკრაინულ ვერტმფრენებს საქართველოს სივრცეში შემოფრენის ნებას არ აძლევენ.

17 აგვისტო. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკში გაჩენილმა ხანძარმა ტყის მასივი 200 ჰექტარზე გაანადგურა. მაშველები ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას, ჩართულია ყველა ოფიციალური სამსახური, მოხალისეები. მიუხედავად ამისა, ჩნდება ახალ-ახალი კერები. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ჭურვები შესაძლოა უფრო გვიან ამოქმედდეს, ვიდრე ამას ელიან... ვრცელდება ინფორმაცია, რომ ატენის ხეობაშიც რამდენიმე ხანძრის კერაა დაფიქსირებული. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. საერთაშორისო ორგანიზაციებს შექმნილი მდგომარეობის შესახებ გარემოსდამცველი არასამთავრობოებიც მიმართავენ.

18 აგვისტო. BP-ს ფეხოსანმა პატრულმა, ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევთან შენიშნა საფრენი აპარატი, საიდანაც აალებადი ჭურვები ჩამოყარეს. გაჩნდა ხანძრის ახალი კერა. შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს შეტყობინება, რომ იწვის ბორჯომისა და ხარაგაულის გამყოფი ლომის მთა... ინფორმაციას ეროვნული პარკის თანამშრომლები დიდხანს აზუსტებდნენ, თუმცა ადგილზე მიახლოება გზის მიუვალობის გამო ვერ მოახერხეს... იწვის წაღვერის ტყეც... თურქული ვერტმფრენი, რომელსაც რუსებმა სამაშველო საქმიანობის „პატივი დასდეს“, ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებს.

19 აგვისტო. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით PAN Park Foundation-მა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და რუსეთის გარემოს დაცვის მინისტრს ოფიციალური წერილიც გაუგზავნა, რომელშიც ადამიანსა და გარემოზე ზიანის მიყენების საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტა მოსთხოვა. ქართულ მხარეს კი ზიანის აღდგენაში დახმარებას შეპირდა. ამასობაში, ხანძრის ახალი კერები ახალ რეგიონში ჩნდება. ატენის ხეობაში სოფელ ბიისის მაცხოვრებლები ხედავდნენ, როგორ ჩამოყარეს მანათობელი ჭურვები რუსულმა ვერტმფრენებმა და ყვებიან როგორ აალდა წიწვი ატენის ხეობაში. ხანძარი ამჯერადაც მიუდგომელ ალაგს გაჩნდა. მაშველებს კერებთან მიახლოება გაუჭირდათ.

20 აგვისტო. ეროვნულ პარკში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა მსოფლიო ბანკმა. საქართველოს დიდი ხნის საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გარემოსა და ტყის რესურსების მართვის გაუმჯობესებას უჭერს მხარს, იმედოვნებს, რომ ცეცხლის ლოკალიზება მალე მოხდება. პირველ ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი WWF, რომელმაც თხოვნით მიმართა ყველა ორგანიზაციას დაეხმარონ მაშველებს საქართველოში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში.

21 აგვისტო. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება მოხერხდა, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ერთ დღეში შესაძლებელია ცეცხლის სრული ლიკვიდაცია. ამ დროისთვის დამწვარია 250 ჰექტარი ფართობი. 50 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა ატენის ხეობაში.

22 აგვისტო. ატენის ხეობა კვლავ იწვის. ცეცხლს ადგილობრივი მეხანძრეები და გორის რეგიონული სატყეო სამმართველოს თანამშრომლები ებრძვიან. ოფიციოზის განცხადებით, დღეიდან ხანძრის ჩაქრობაში უკრაინული სახანძრო ტექნიკაც ჩაებმება.

23 აგვისტო. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ნაკრძალის 500 ჰექტარია განადგურებული. ხანძარს 8 დღეა ებრძვიან.

25 აგვისტო. საქართველოს გარემოს დაცვის კომისია რუსი კოლეგების შავი ზღვის დაბინძურების კომისიისგან გარიცხვას მოითხოვს. ამჯერად რუსებმა ზღვაში კატარღები ჩაძირეს და შედეგად ნავთობი ჩაიღვარა. ეს შავი ზღვის დაცვის კონვენციის მიმართ, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ქართველების მიერ გაგზავნილი მეორე მიმართვაა. პირველად ჩვენმა გარემოს დამცველებმა, სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის აფხაზეთის სანაპიროებიდან დიდი რაოდენობით გატანილი ინერტული მასალების გამო გამოთქვეს წუხილი. აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა აფხაზეთის სანაპირო ზოლი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენოს.

29 აგვისტო. გორი-სკრას სარკინიგზო გადასარბენზე აფეთქდა ნავთობით დატვირთული 3 ვაგონი. შედეგად 750 ტონამდე ნავთობი დაიღვარა. სოფელი სენაკი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დადგა.

1 სექტემბერი. გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ფოთის პორტში წყლის სინჯების შემოწმება დაიწყეს. ეკოციდის ზონაში ამ დღეს პირველად გაწვიმდა.

2 სექტემბერი. გარემოს დაცვის სამინისტრო გამოთქვამს შიშს, რომ მოისპო ნიადაგის რეგენერაციისთვის აუცილებელი მიკროორგანიზმები და ბაქტერიები, შედეგად დაირღვა ბიოგეოცენოზი. შეიცვალა ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიურ-ბიოლოგიური თვისებები, რაც თხიერი ზედაპირული ჩამონადენის გაძლიერებას და ნიადაგის გადარეცხვა-დახრამვას გამოიწვევს.

5 სექტემბერი. ხანძრის შედეგად ბუნებაზე მიყენებული ზიანის შემსწავლელმა კომისიამ, რომელშიც 40 ადამიანი (ზოოლოგი, მეტყევე, ბოტანიკოსი, ბიოქიმიკოსი და ა.შ.) შევიდა, ბორჯომის ხეობა დაათვალიერა. ხეობაში ჯერ კიდევ შეიმჩნევა ცეცხლის კერები. კვლავ არის ცეცხლის კერები ატენის ხეობაშიც. პირველად დასკვნებს გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით კომისია ერთ თვეში შეიმუშავებს.

8 სექტემბერი. დაბინძურებული ტერიტორიის გასუფთავება დაიწყეს სოფელ სკრასთანაც. ქართველებთან ერთად, შექმნილ ვითარებას ადგილზე უცხოელი ექსპერტებიც სწავლობენ. „ბიპის“ კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტები ქართველ გარემოს დამცველებს გაწმენდით სამუშაოებში დახმარებას დაპირდნენ.

8 სექტემბერი. რუსული აგრესიის შედეგად გაჩენილი ხანძარი 25 დღიანი ბატალიების შემდეგ, როგორც იქნა, ჩაქრა. ცეცხლის კერები ლიკვიდირებულია ატენის ხეობაშიც.

მოგზაურობა ატენის ხეობაში

დიდხანს ვფიქრობდი, საქართველოს რომელ რეგიონში გავყოლოდი „რუსულ კვალს“, წაღვერში, ეროვნულ პარკში, სკრაში თუ ფოთში. ბოლოს ატენის ხეობა გადავწყვიტე, სადაც საერთო ჯამში 100 ჰექტარი წიწვოვანი ტყე დაიწვა და სადაც, ადგილობრივების თქმით, რუსულმა ვერტმფრენებმა 12 აგვისტოს, წაღვერის ტყეების აალებამდე 3 დღით ადრე გაინავარდეს და ატენის ხეობის მიმდებარე მთებზე დიდი ტომრები ჩამოყარეს. ტომრები არ აფეთქებულა, მაგრამ 13 აგვისტოს, იმ ადგილებში, სადაც სავარაუდოდ ტომრები დაეცა, ჯერ თეთრი ფერის კვამლი, შემდეგ კი ცეცხლის ენებიც გამოჩნდაო.

გორისკენ მიმავალ გზას დილით ადრე დავადექი. ომის შემდეგ, აქ პირველად მიწევს გავლა და ვცდილობ გზის ორივე მხარეს, ყოველ გოჯს დავაკვირდე... იგოეთამდე თითქოს, ყველაფერი ძველებურადაა, მხოლოდ ახლადდაგებულ გზაზე მიმავალი ჩვენი მანქანა რაღაც გაურკვეველ ხმებს გამოსცემს, თითქოს ბზუის. როინი, ჩვენი მძღოლი, ცდილობს აგვიხსნას, რომ ასეთ ხმას ასფალტი მაშინ გამოსცემს, თუ იქ ტანკებს აქვთ გავლილი. გადის კიდევ რამდენიმე წუთი და სოფელ შავშვების ტრაფარეტებს შორის ოთხ თუ ხუთ რიგად მდგარი გადამწვარი ნაძვის კოლონა გულს გიკლავს და უფრო საშინელი სურათის სანახავად გამზადებს... გადამწვარია გორის გადასახვევისკენ მიმავალი მარცხენა ფერდი. ის კი არა და, თუ ქარმა დაუბერა, მანქანაში დამწვრის სუნიც შემოაქვს... შენ უკვე ნაომარ ქალაქში ხარ, სადაც სულ რაღაც დღეების წინ დაბომბილი და დანგრეული კვარტლიდან მხოლოდ ერთი თუ მიგანიშნებს, რომ ის დაბომბეს, სახლების დიდი ნაწილის ფასადები კი უკვე საზეიმო ფერებშია შეღებილი... სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რადგან გორისკენ მიმავალს, 90-იან წლებში გადამწვარი სამეგრელო მედგა თვალწინ, რომელიც, ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩება ქართველების სამარცხვინო ლაქად.

გორის ცენტრში, სადაც ამაყად დგას იოსებ ბესარიონოვიჩი, ჯერ კიდევ უამრავი სახანძრო და წითელი ჯვრის მანქანაა მობილიზებული. სწორედ ამ მანქანების გვერდით, გორელები სათუთად უფრთხილდებიან კასეტური ბომბის ნაკვალევს, რომელიც, როგორც ჩანს, თუ არ ამოავსეს, კომპლექსში სტალინის ძეგლთან საერთო-რუსულ ექსპოზიციას შეკრავს. გორის ცენტრშივე შევხვდი ატენის ხეობაში წლების წინ დამეგობრებულ გორელებს და ჩვენს ახალ მეგზურებს, ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებს. „ესენი ჩვენები ყოფილან“, აღფრთოვანება ვერ დამალეს მეგზურებმა და გადამწვარი ტყისკენ, სადღაც დაკიდულ გზაზე მიმავალებს გამოგვიტყდნენ: „ამ დღეებში იმდენი ჟურნალისტი ვნახეთ და, სიმართლე გითხრათ, მათი გაცილებ-გამოცილებით დავიღალეთო. თანაც კაცი რომ „ჩემი დედას“ იტყვის, და ჯიბეში ხელჩადებული ფერფლზე აივლ-ჩამოივლის, იმას რა ბუნებაზე უნდა შესტკიოდეს გული, მისი საქციელი ხომ დადგმული სპექტაკლიაო... “

ასეა თუ ისე, ჩვენ მეგზურებმა ბაკურმა და ანზორმა შინაურებად მიგვიღეს. „ოპელი“ სტალინს დავუტოვეთ სადარაჯოდ და ორხიდიანი „კოლხოზნიკით“ ატენის ხეობის გზას დავადექით. ხეობაში, ტრადიციულად, ზამთარში დავდივარ, სადაც გადათეთრებულ სოფელ ბიისთან ჩანჩქერი იყინება და თავგადასავლის თითქმის ყველა მოყვარული იყრის ხოლმე თავს. ახლა, აქ ჯერ ყველაფერი მწვანეა. გარემოს მხოლოდ ალაგ-ალაგ შეპარვია სიწითლე. აქ ჯერ ადრეულ შემოდგომაზეც კი ზედმეტია ლაპარაკი.

ის იყო სოფელ ატენს გავცდით, რომ ანზორი ალაპარაკდა: „სიონში ვიყავი, ომი რომ დაიწყო. 12 რიცხვში მოვახერხე დაბრუნება და ხეობისკენ გამოვეშურე. აქ ჩემები იყვნენ. ამ გზაზე, ხეობაში ადგილს ვერ ნახავდი თავისუფალს, სულ კარვები იყო გაშლილი და გორელები თავს აფარებდნენ. ამ სოფელზე რომ გამოვიარე, ხალხი შემომხვდა და მითხრა, როგორ დაინახეს რუსული ვერტმფრენები, რომლებმაც დიდი „პარკები“ ჩამოყარეს. მერე იქ ცეცხლი გაჩნდა... როგორც ჩანს, ტომრებში რაღაც ფხვნილი იყო, შესაძლოა თეთრი ფოსფორი, რომელიც მხცუნვარე მზეზე ღვივდებოდა. სამხედროებს ეძებდნენ. ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ჯარმა ტყეებს შეაფარა თავი და სადაც მოახერხეს, ყველგან ეს ტომრები ჩამოაგდეს. ზოგან ცეცხლმოკიდებული ჭურვებიც არ დაინანეს...“

ამასობაში „კოლხოზნიკმა“ ბიისისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია და დაგუბებული მდინარის ფონზე გავიდა. მდინარეს ტანა ჰქვია. ეს სწორედ ის მდინარეა, რომლიდანაც ვერტმფრენი დაახლოებით 2,5 ტონიან წყლის რეზერვუარს ავსებდა და ატენის ხეობის მთებზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა. მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ უფრო ხელს გვიშლიდა, ვიდრე გვეხმარებოდაო, სევდანარევი ღიმილით გვითხრეს მეგზურებმა და მერე დაამატეს, „ხეობის იმ ნაწილში, სადაც ხანძარი გაჩნდა, წიწვოვანი ტყეა. ხეებს ფესვები მიწისზემოთ აქვს და ზედ დაახლოებით 10-20 სანტიმეტრზე ნეშომპალა აყრია. რუსული ვერტმფრენების ჩამოყრილი ტომრები, როგორც ჩანს, გასკდა, შიგთავსი კი ამ ნეშომპალაში გაღვივდა და ამიტომ ცეცხლი ძირითადად მიწას ეკიდა...“ ქართული სამაშველო ვერტმფრენიდან დასხმული წყალი ხეებს მხოლოდ კენწეროებში ასველებდა და დაბურული ტყის ძირში, ფესვებამდე და მიწამდე არ აღწევდა...

ჩვენ სულ უფრო ზევით მივიწევთ, ადგილებში, როცა „კოლხოზნიკი“ თითქმის 80 გრადუსიანი დახრილობის, ნაშალმოყრილ კლდეზე ადის, ვამჩნევ, რომ ჩემი თბილისელი მეგზურები ცოტა ჩაფიქრებულები არიან, ღირდა აქ წამოსვლა თუ არაო... თუმცა თავს ვიხალისებთ და გასართობ ისტორიებს ვყვებით. გზადაგზა ნასოფლარებს ვხვდებით, მეგზურები გვიხსნიან, რომ აქ, 90-იან წლებამდე ოსები ცხოვრობდნენ... ალაგ-ალაგ დაჟანგებული ელექტროჯიხურებიც გვხვდება, აქ დენიც ჰქონიათ, გავიფიქრე და გული დამწყდა, რომ სადღაც, ვიღაცას დღეს ისევე ენატრება ამ ადგილში დაბრუნება, როგორც მთელს საქართველოში მიმოფანტული კარვების ქალაქებში მყოფ, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მაცხოვრებლებს... ატენის ხეობის ნასახლარებში დღეს მთიბავები აფარებენ თავს, რომლებიც იჯარით აღებულ ფერდებს თიბავენ და ამით თავს ირჩენენ.

ნასოფლარს ისევ ტყე ცვლის. რაც ზევით ადიხარ, შემოდგომა უფრო იგრძნობა. ზოგან ატალახებული გუბეების გადალახვა გვიწევს. ორთვიანი გვალვის შემდეგ, აქ პირველად ორი დღის წინ გაწვიმდა. დაახლოებით სამი კვირის მანძილზე ჯერ ადგილობრივი მცხოვრებლები (გორის რაიონი მაქვს მხედველობაში) და შემდეგ მაშველებიც, მდინარე ტანადან თითქმის საათნახევრიანი სავალის აღმართს დღეში რამდენჯერმე ადიოდნენ და მხრჩოლავ კვამლში, ზურგზე ცეცხლმქრობმოკიდებულები ტყის ჩაქრობას ცდილობდნენ. სადაც წყალი ვერაფერს ხდებოდა, იქ მაშველები კუსტარულად ღარს თხრიდნენ და ცეცხლის ხალიჩას ბოლოებს „უკვეცავდნენ“. ზოგან, დასახლებულ ადგილებთან ახლოს ასეთი ღარების განმა კილომეტრსაც კი მიაღწია. ზოგან ცეცხლისგან დასაცავად მოიჭრა ტყის ნაწილიც და ცეცხლის შესაკავებლად დამცავი ღობე გაკეთდა.

ამ ტყეში დათვიც არის, მგელიც, ტურაც, მელაც, შველიც, კურდღელიც... მაგრამ ამ ცეცხლში, ვერტმფრენების გუგუნში, კვამლში, ხალხის ყაყანში, ალბათ, ისე შეეშინდათ, რომ შემალულები არიან სადღაც და კარგა ხანი ვერც გამოვლენო, გვიყვებიან მეგზურები და ახლა იმ ოსი ეროვნების მწყემსებზე მიგვითითებენ, რომლებიც ატენის ხეობაში თვეობით ამორეკილ საქონელს მწყემსავენ და რუსულ ვერტმფრენების ქმედებას შეშინებულები შესცქეროდნენ.

მწყემსებისგან სულ რაღაც 100 მეტრში უკვე დამწვარი ტყის პირველი კერაა. ჩვენ ზღვის დონიდან 1250 - 1300 მეტრზე ვართ. თუ ტყეს აუყვები, ბორჯომის ხეობაში გადახვალ, მოპირდაპირე მხარეს კი თრიალეთის ქედი ჩანს და იმის იქით წალკა. მანქანიდან გადმოსულებს საზარელი სურათი გვხვდება. დამწვარი მიწა, ნახევრად რუხი, ნახევრად ყვითელი და ნახევრად მწვანედ გაფერადებული ახლადამოყრილი ნაძვები... იქამდე, სადაც თვალი გაწვდა, ყველაფერი გადამწვარია. ქართული ხალისიანი ტყე, რუსული ხალხური ზღაპრის საშინელ გარემოს წააგავდა, სადაც „ზმეი გარინიჩის“ სასეირნო ბილიკს თუ შეუყვებოდი, „ბაბა-იაგას“ ქოხამდეც აუცილებლად მიხვიდოდი. დამწვარი მიწა, მიწიდან თითქმის ერთიდან მეტრნახევრამდე დამწვარი ხის ძირები. შემდეგ, ალაგ-ალაგ სიმწვანე, რომელიც იმედს გაძლევს, რომ გადარჩა, მაგრამ თუ დააკვირდები შეამჩნევ, რომ ამ სიმწვანეში უკვე სიყვითლეა შეპარული. მარადმწვანე მცენარეში ეს ხმობის პირველი ნიშანია. ალაგ-ალაგ ხეებს ცეცხლი ელვის სისწრაფით მოედებოდა, უცბად სპეციფიკური ხმის თანხლებით აბრიალდებოდა და კენწეროში ქრებოდა... მიწა კი იწვოდა. გარშემო ისეთი კვამლი იდგა, რომ ნიღბის გარეშე სუნთქვა გაგიჭირდებოდაო. დღეს, სუნთქვა კი შეიძლება, მაგრამ თუ რაიონში საათზე მეტხანს დაყოფ, აუცილებლად კოცონის სუნით გაიჟღინთები.

დაღმართს ჩავუყევი. მაშველების მიერ გათხრილი ღარის გაყოლებაზე უკრაინული წარმომავლობის უხმარი რესპირატორები და მინერალური წყლის ცარიელი ბოთლებია მიმოყრილი. შევეცადე შემეგროვებინა, მაგრამ მივხვდი, რომ მარტო ვერ მოვერეოდი და დროც ცოტა იყო. ეს მისია გადავდე, თან იმედი მაქვს, რომ გარემოს მოყვარულ თანამოაზრეებსაც ვიპოვი, თუგინდ ეს გადამწვარი ტყე იყოს. ახლა მას უფრო მეტი მოვლა და დაცვა სჭირდება. აღმართს მივუყვები. მზის სხივები, ერთ დროს დაბურული ტყის ყველაზე ბნელ კუნჭულებშიც კი უპრობლემოდ აღწევენ. გადანახშირებულ ალაგს სიმწვანე შევნიშნე და მივუახლოვდი. დავიხარე და დავაკვირდი. თან, სულ იმას ვფიქრობდი, რომ ეს „ლიაგუშკა“ (როგორც ამიხსნეს, კასეტური ბომბის ნაწილია, რომელსაც რუსები ავღანეთის ომის დროს და შემდეგ წარმატებით და მიზანდასახულად იყენებდნენ. ჩვენთან მისი ნაირსახეობა პატარა მოცულობის ე.წ. „ლენტიანი“ ნაღმები დატოვეს. თუმცა მეტყევეები მამშვიდებენ, რომ ამ ტყეს განაღმვა არ ჭირდება. აი სხვაგან, სადაც ხანძრები იყო, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი საჩუქრებიც დატოვესო) არ არის, რომლის შესახებაც ბევრმა გამაფრთხილა... ეს ნაწვიმარზე ახლადამოსული ბალახი იყო. იმედი მომეცა, ტყე გადარჩება.

„რამდენიმე დღის წინ აქ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ. ვუთხარით, რომ ახლა ამ ადგილებს გაწმენდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა. თორემ ტყის ქვევით კლდეებია, გარშემო სოფლები. თუ დროზე არ მოხდა ტყის რეაბილიტაცია, მაშინ ღვარცოფი მოვარდება და სოფლის მოსახლეებს დააზარალებს. ეს ტყე იჭერს ხოლმე წყალს, თორემ, ყოფილა უწყინარ ტანას მოსახლეობის ბოსლებიდან დამხრჩვალი საქონელიც კი ჩამოუტანია... შეგვპირდნენ გავაანალიზებთ და შესაბამის სახსრებს გამოვყოფთო“, გვიხსნიან მეგზურები.

სიჩუმეში ქარმა ხერხის ხმა მოიტანა. ცოტა არ იყოს გაოცებულმა მეტყევეებს გავხედე და თბილისში ყურმოკრული ერთი ამბავიც მოვუყევი, ვითომ ადგილობრივები სპეციალურად უკიდებენ ტყეს ცეცხლს, რომ მერე სარგებელი ნახონო. მეტყევემ, ცოტა არ იყოს ნაწყენმა, გადმომხედა და ალბათ გაიფიქრა „ჩვენიანი“ რომ არ იყოს, აუცილებლად აქ დავტოვებდიო. მერე ხელი ბორცვს იქით გაიშვირა და კატეგორიულად მითხრა: „აი იქით, წყაროა. სანამ მეხანძრეები ამოვიდოდნენ, ადგილობრივი ტყის მცველები და მოსახლეები ჯაჭვში ვიდექით და ცეცხლის ჩასაქრობად წყალი ისე ამოგვქონდაო. აქ, თითოეული ხე დათვლილი და შვილივით მოვლილია. ბუნებრივია, ტყეს ჭრიან. მოსახლეობა ამ ტყით ცხოვრობს, მაგრამ ის დანომრილია და უნებართვოდ ტოტსაც ვერავინ მოტეხავსო“.

უკან ვეშვებით. მეტყევეები შენობის ნანგრევებზე მიმანიშნებენ. ეს, წმინდა გიორგის სახელზე აშენებული კაცების სალოცავია. თუ ვინმეს ცოლი ვერ მოყავდა, აქ ამოჰყავდათ და საკლავს წირავდნენ. მერე მის ქორწილში ქეიფობდნენო, ყვებიან მეგზურები.

„კალხოზნიკის“ კაცები სალოცავში შედიან, მე გარემოს ვათვალიერებ. „როინი ბესიაშვილი, 1989 წ.“, ვკითხულობ ერთ-ერთი ხის მერქანზე საშვილიშვილოდ ამოტვიფრულ, უკვე ისტორიულ წარწერას. ერთ-ერთი მეგზური მიხსნის, რომ ბესიაშვილები მისი მეზობლები იყვნენ ატენში... ძნელია, სულ რაღაც ერთი თვის წინ დატრიალებული საომარი მოქმედებების შემდეგ, ქართულოსურ მეგობრობაზე წერო, მაგრამ ატენის ხეობაში ყვებიან, აგვისტოს ომის დროს, კარალეთში მყოფი ქართული ოჯახი როგორ გადაარჩინა ოსმა რძალმა და კარგად ახსოვთ წმ. გიორგის სალოცავში როგორ ლოცულობდნენ ქართველები და ოსები ერთად. ახლა, იმაზე ვფიქრობ, რა უფრო მალე მოშუშდება და აღდგება, დამწვარი ტყე თუ დანგრეული ურთიერთობა.

საერთო ფონი

თითქმის მთელი საქართველოდან მობილიზებულმა სახანძრო მანქანებმა ბორჯომის ტყეები, ხანძრის გაჩენიდან მხოლოდ 25 დღის შემდეგ დატოვეს. ხეობებში ადგილობრივი მეხანძრეები დარჩნენ და იმედია, მთელი აგვისტოს განმავლობაში მუხლმოუხრელი შრომის შემდეგ, შემოდგომის გრილ საღამოებს ცეცხლთან ბრძოლის ნაცვლად, კოცონთან დომინოს თამაშში გაატარებენ...

რუსული აგრესიის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა, რომელიც საქართველოში მთელი თვე გრძელდებოდა, 1000 ჰექტრამდე ტყის მასივი დააზიანა. მეცნიერების ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, არა მხოლოდ მინერალური, არამედ ჩვეულებრივი სასმელი წყაროს წყლის რაოდენობაც შემცირდეს. შეიქმნება ეროზიული პროცესების, მეწყრების, ღვარცოფებისა და წყალდიდობების საშიშროება... ეს გადამწვარი ტყეების რეგიონში...

გორის სარკინიგზო გადასარბენზე, სკრაში დანაღმული ტერიტორია აფეთქდა. აფეთქებამ ნავთობპროდუქტებით დატვირთული სამი ვაგონიც დააზიანა. შედეგად, 750 ტონა ნავთობი დაიღვარა. ახლა, დაბინძურებული ტერიტორიიდან ნავთობს ტუმბავენ... ჯერ რეზერვუარებში აგროვებენ, შემდეგ ზედაპირიდან მოხსნიან. მხოლოდ ამას შემდეგ დაიწყებენ რუსული აგრესიის მორიგი ეკოლოგური პრობლემის შესწავლას ნიადაგისა და წყლის სპეციალისტები. პირველადი დათვალიერებით კი ჯერ ერთი იციან - უნდა მოხდეს გრუნტის აღება და დაახლოებით ორი ათას კვადრატულ მეტრზე ნიადაგის გადანერგვა.

პირველადი ინფორმაციით, კატარღების აფეთქებისა და ჩაძირვის შედეგად ფოთის აკვატორიაში 80 ტონამდე ნავთობი ჩაიღვარა. გარემოს დაცვის სამინისტროში ოდნავ ამოისუნთქეს, როცა შავი ლაქა აჭარის სანაპიროსკენ არ წავიდა. ესე იგი, იქ ტურიზმის განვითარება აგრესიას გადაურჩა. თუმცა მთავარი ისაა, რომ ლაქა ნაკრძალის მხარეს არ გავრცელდა. სამწუხაროდ, პერიმეტრს რუსები აკონტროლებენ და ჩვენებს ჯერ მხოლოდ მკითხაობა შეუძლიათ. საერთაშორისო კონვენციებით და შეთანხმებებით დაცული გადამფრენი ფრინველები, დელფინები, კოლხური ზუთხი ჯერ კიდევ დიდი ეკოლოგიური საფრთხის ქვეშ დგას.

რუსული აგრესიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ვებ-გვერდ ოდნოკლასნიკი.რუ-ს მეშვეობით რუსი გლაციოლოგი დამიკავშირდა. ჯერ მყინვარწვერის ფოტოები შემიფასა და მერე, რომ გაიგო რა პროფესიის ვიყავი, მთებში და ბუნებაში ხეტიალი მიყვარდა და თანაც, უმცროსი ბოდროვის შესახებაც მქონდა გაგონილი, სექტემბერში გლაცეოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე დამპატიჟა, რომელიც, წესით, ამ დღეებში ჩრდილოეთ კავკასიაში უნდა მიმდინარეობდეს.

კონფერენციის ერთ-ერთი თემა, რამდენიმე წლის წინ კარმადონის ხეობაში დატრიალებული ეკოლოგიური კატასტროფაა. თემა, მართლაც შესასწავლი და დასაფიქრებელი, მით უმეტეს, რომ კარმადონის ხეობის მოსაზღვრე ხეობები და იქიდან ჩვენი მყინვარწვერისკენ ამავალი თრუსოს, გერგეტისა და დევდორაკის მყინვარები უკვე ჩვენი ტერიტორიაა. ფაქტია, რომ რუსებსაც და ქართველებსაც ეკოლოგიური საფრთხე ერთნაირად გვემუქრება... თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.

SOS - საქართველო შველას ითხოვს

ხუთი შეკითხვა და ხუთი კონკრეტული პასუხი, სწორედ ამ ფორმით გადავწყვიტე, ირაკლი მაჭარაშვილი კიდევ ერთხელ შემეწუხებინა.

რა მოცულობისაა საბოლოოდ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მოყენებული ზარალი?

ჯერჯერობით ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. არ გვაქვს რუკები, სადაც დატანილი იქნება თუნდაც დამწვარი ტყის კორომები. რუკების გარეშე ძნელია გაიგო, მაგალითად, იქონია თუ არა ხანძარმა ზემოქმედება ცხოველთა სამიგრაციო გზაზე, ან რომელი სახეობის საბინადრო გარემოზე მოახდინა გავლენა ტყის ხანძარმა. არ ვიცით, რა სიმძლავრის აფეთქებები იყო ფოთის პორტში. აქედან გამომდინარე, რა მანძილზე და რა მიმართულებით გავრცელდა ბგერითი დაბინძურება, რომელმაც გარკვეულ პირობებში შეიძლება ძლიერი ზემოქმედება იქონიოს ზღვის ძუძუმწოვრებსა და თევზებზე. ამას ყველაფერს ინტენსიური მუშაობა უნდა.

არის თუ არა მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფა?

ეკოლოგიური კატასტროფა - ამ ტერმინის გამოყენება, ალბათ, მაშინ იქნება უფრო ზუსტი, როცა გვეცოდინება რუსეთის აგრესიის შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალის მასშტაბები. ეს ზარალი კი მრავალი ეპიზოდისგან შედგება - ხანძარი ბორჯომის ხეობაში, ატენის ხეობაში, ნავთობის დაღვრა და წვა სკრაში, ფოთის აკვატორიის დაბინძურება ნავთობით და ა.შ. რა ხდება ლიახვის ხეობაში არ ვიცით, არადა, იქ არის შესანიშნავი ლიახვის ნაკრძალი. თუმცა, რაც გააკეთეს რუსებმა, ეს არის ბუნების მიმართ ჩადენილი ბარბაროსული აქტი, რომლითაც არაერთი საერთაშორისო კონვენცია დაირღვა და ამაზე ძალიან დასაბუთებულად და კვალიფიციურად უნდა ითქვას. ძალზედ ძნელია ემოციისგან თავი შეიკავო, როდესაც ათას ჰექტარ გადამწვარ ტყეს უყურებ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ დასკვნები ცივი გონებით გავაკეთოთ.

როგორ ვამტკიცებთ, რომ ეს ყველაფერი რუსებმა ჩაიდინეს? რამდენად გათვლილი იყო მათი ქმედება?

ბევრი მტკიცება არ უნდა იმას, რომ ფოთში კატარღები, ასევე სკრაში მატარებლის შემადგენლობა რუსებმა ააფეთქეს. რაც შეეხება ხანძარს, ამასთან დაკავშირებით არსებობს მოწმეების ჩვენებები, სხვა მასალებს გამოძიება იკვლევს. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ხანძრის გაჩენის შემდეგ რუსი სამხედროები ცეცხლის ჩასაქრობად არ უშვებდნენ არც ჩვენს მეხანძრეებს და არც თურქულ და უკრაინულ სახანძრო ავიაციას. ეს იგივეა, დაჭრილის მისაშველებლად მიმავალი ექიმი რომ არ გაუშვა და ავადმყოფი სასიკვდილოდ გაწირო. ესეც უპატიებელი დანაშაულია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მიაყენა ჭრილობა.

რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ეკოტერორის შედეგების აღმოსაფხვრელად?

ამ სამხედრო აგრესიის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია. შეიძლება ნიადაგი და ზღვა გაწმინდო ნავთობისგან, მაგრამ ნავთობის ლაქით დასვრით წყალმცურავი ფრინველები დაიღუპებიან. ტყის ლანდშაფტები ათასწლეულობის მანძილზე „სხვანაირი“, არაბუნებრივი იქნება. იქ, სადაც ახლა დამწვარი ტყეებია, ტრასიდანაც მოჩანდა მოყვითალო ფერის დახრამული, ოდესღაც დამეწყრილი ფერდობი. ეს, ოდესღაც მომხდარი ბუნებრივი მოვლენის, შეიძლება ხანძრის შედეგიც იყოს. შესაძლოა, წლების მერე ამ ხანძარმაც გაამრავლოს ასეთი ხრამები. ეს გავლენას იქონიებს სახეობების არეალზე. ამას ვერანაირი ხელოვნური ღონისძიებით ვერ აღუდგები წინ.

ვინ დაეხმარება საქართველოს?

საკუთარ თავს პირველ რიგში თავადვე უნდა ვუშველით. ღმერთმა თქვა, ხელი გაანძრიე და გეშველებაო. მთავარია, სწორად მოითხოვო რაც გჭირდება და ამ მოთხოვნის სწორი ადრესატი შეარჩიო, ქვეყნის და ჩვენი ბუნების მოვლის სურვილი უნდა გვქონდეს. ამ ხანძრების განვითარებას, წინა წლებში ტყეების უმოწყალო ჩეხვამაც შეუწყო ხელი. როდესაც ხელუხლებელი ტყეების მოჭრის ლიცენზიების გაყიდვაზე იღებენ გადაწყვეტილებას, მაშინაც უნდა გვახსოვდეს, რომ გაეროს მარტო ჟენევის კონვენცია კი არ აქვს მიღებული და სხვა კონვენციების, მაგალითად, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ორჰუსის კონვენციების დარღვევაც „არ არის კარგი“.

P.S. ახლა, რაც შეეხება ტყეებს, ბოლო წლებია საქართველოს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ტყეების უსისტემო და გაუაზრებელ ექსპლუატაციას ებრძვიან. შარშან, 40-ზე მეტმა არასამთავრობო და სამეცნიერო ორგანიზაციამ ღია წერილით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს, რათა როგორმე წინ აღდგომოდნენ ტყეების ფართომასშტაბიან ექსპლუატაციას. მეცნიერებმა და გარემოსდამცველებმა საქართველოს ტყეების გადასარჩენად დეკლარაციაც მიიღეს (2007 წლის 25 მაისს, „მწვანე ალტერნატივას“ მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო სემინარზე). დეკლარაციაში აღინიშნა, რომ თუ შენარჩუნდა საქართველოს ტყიანი ეკოსისტემების მერქნული რესურსების გამოყენების არსებული ტემპი, მიუხედავად იმისა, კანონიერი ჭრები იქნება ეს, თუ უკანონო, 10-15 წელიწადში მთლიანად მოისპობა საქართველოს ტყეები

ამ დღეებში CENN-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც 7 ოქტომბერს დანიშნულ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების აუქციონს აპროტესტებს და არსებულ პირობებში საქართველოს ხე-ტყის რესურსების ფართომასშტაბიანი ათვისების მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს. თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია კი „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელს განიხილავს, სადაც გარემოსდამცველები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან 2007 წლის მაისში, ხე-ტყის დამზადებაზე სამი ხანგრძლივვადიანი ლიცენზიის შესახებ ბრძანებების გაუქმებას მოითხოვენ...

10 ზურგი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი, ფოტო: თამარ სუხიშვილი

არმია, თუ მას არა აქვს მტკიცე ზურგი.., განწირულია დასამარცხებლად
(პარტ. ისტ.)
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, . IV, 1955 .

„შემოვიდნენ რუსები, ატყდა დავიდარაბა...“ უცებ გადავწყვიტე, ზურგში გაურკვეველ ყოფნას გერმანელ ჟურნალისტებს (უფრო სწორად, ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს) თარჯიმნად გავყოლოდი ფოთში. კახეთში გახიზვნასა და წითელი ხიდით გაქცევას მგონი ეს ჯობდა. ცენტრალური გზა რუსების მიერაა გადაკეტილი. მივდივართ შემოვლითი გზით.

0x01 graphic

- რომელი გოდა ხარ?

- მეკითხება მძღოლი, ისე რომ თავსაც კი არ აბრუნებს ჩემკენ.

- სულ არ გეტყობა, - მამშვიდებს. გულში ცოტას ვბრაზობ.

- ჰო, ვიცი.

ასეთ მოკლე პასუხს არ ელოდა. ალბათ ეგონა, მადლობას გადავუხდიდი კომპლიმენტისთვის. გაჩუმდა. აღარ იცის, რა მკითხოს. არა უშავს. საკითხავი და გასაკითხავი ისედაც იმდენია...

„გორსა და მის მიდამოებში ვითარება არსებითად არ შეცვლილა. ქალაქის შემოგარენს კვლავ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ... რუსეთის ჯარი აკონტროლებს სენაკის ბაზასაც. რუს სამხედროებს პოზიციები უკავიათ ზუგდიდში და სოფელ თეკლათთან... გუშინ რუსი ჯარისკაცები ოთხი „ბეტეერით“ ფოთის პორტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მის პერიმეტრზე კონტროლი დააწესეს... მათ დაატყვევეს პორტში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სენაკის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს...“ მერე რაღაც შრიალია. სიხშირეები ირევა და კარგად აღარ მესმის, რას აცხადებენ რადიოში...

დღეს 20 აგვისტოა. თბილისს უკვე გავცდით. ჩვენი შავი ჯიპი საშინლად დანგრეულ გზაზე მიჯაყჯაყებს.

- თუ იცი, სულ ასეთი გზაა?

- მეკითხება კრისტოფი.

- ამ გზაზე მეც პირველად ვარ. მაგრამ მგონი უკეთესობის იმედი არ უნდა გვქონდეს. ასე ამბობენ და, - მივხვდი, რომ ვერაფერი დამშვიდება გამომივიდა და უხერხულობისგან მხრები ავიჩეჩე.

- არა უშავს, გავუძლებთ, - გაეცინა კრისტოფს.

- აბა რა, გადავიტანთ, - მხარი ავუბი მეც. კრისტოფი ჟურნალისტია. ფოტოგრაფს ჰელმუტი ჰქვია, მძღოლის გვერდით ზის და თვლემს.

მძღოლი ამუხრუჭებს და მანქანა მთელი ძალით ჩაარტყამს თხრილში. მაგრად დავინჯღერით.

- რა საშინელი გზაა, - შეუკურთხებს ვანო. ჰელმუტი გაფხიზლდება და მოჭუტული თვალებით იყურება ფანჯარაში.

- სხვათა შორის, არაა ცუდი ტიპი. ჩვეულებრივ ხალისიანი ბიჭია, კარგი მოსაუბრე. უბრალოდ, გუშინ ცოტა ზედმეტი მოუვიდა დალევა, - კრისტოფი თვალით ჰელმუტისკენ მანიშნებს.

- აბა, კიდევ კარგად ყოფილა, - ვეუბნები.

- ჰო, მართალი ხარ, - იცინის კრისტოფი. ჰელმუტი უკვე თვლემს და ჩვენი აღარ ეყურება.

ვანო ცალი ხელით საჭეს მართავს, ცალი ხელით მობილური უჭირავს. ოდნავ ხრინწიანი ხმითა და დაძაბული ტონით ელაპარაკება ვიღაცას:

- ბიჭო, ახლა ფოთში მივდივართ წალკის გზით. თუ იცი, სულ ასეთი დანგრეულია ეს გზა? აი, ეს გერმანელი ჟურნალისტები მიმყავს, რა. ვეუბნები საშიშია-მეთქი და - არაო, მაინც უნდა წავიდეთო რა, ამათ რა ენაღვლებათ და ამ მანქანას რამე რომ მოუვიდეს, ხო გესმის, არა?

- გზაზე საპატრულო პოლიცია დგას. ვანო მანქანას აჩერებს და რწევა-რწევით გადმოდის დაყენებული პოზით. ვითომ არაფერიო, მაგრამ ცოტა დამფრთხალი უნდა იყოს.

- გამარჯობათ. საშიში ხომ არ არის ამ გზაზე სიარული? ამბობენ, გატაცებებიაო, ყაჩაღობებიო. უცხოელები მიმყავს რა, ჟურნალისტები,

- ნაწყვეტ-ნაწყვეტად მესმის ვანოს ხმა.

- რა უნდა, რატომ გავჩერდით?

- მეკითხება კრისტოფი. - გზას ეკითხება, - ვპასუხობ, ხომ არ ვეტყვი, თავის შიშებს ამოწმებს-მეთქი.

გზას ვაგრძელებთ. ოციოდე მეტრში ისევ საპატრულო პოსტია. ისევ შეანელა სვლა, ისევ მესმის იგივე ტექსტი. ცოტა ხანში კიდევ ახალი გაჩერება და კრისტოფის გაღიზიანებული ტონი: ჯანდაბა, ახლა რაღა უნდა? მერე მოდის ვანო და ანგარიშს გვაბარებს:

- მითხრეს საშიში არ არიო, ახლა ყველა ამ გზით დადისო. ყოველი შემთხვევისთვის პატრული ჩააყენეს ყველგან, გზას აკონტროლებენო.

მაინც რაღაც აწუხებს და არაბუნებრივად დაძაბულია. ისევ გაჩერება. კრისტოფი იჯაგრება.

- ფეხებზე მკიდია, ფეხებზე მკიდია საშიში არის თუ არა, - უკვე იღრინება ჟურნალისტი. სიმშვიდით გამორჩეულ ფოტოგრაფსაც კი შეეტყო ბრაზი.

- რა თქვა? - დაძაბული ტონით მეკითხება ვანო.

ცხელი შოკოლადი 57 წერილი ფოთიდან

- არაფერი, ნუღარ გააჩერებს და პირდაპირ წავიდესო...

- იცი რა, ეს ჩვენი მძღოლი რაღაც დაუცველად გრძნობს თავს. მაგრამ ცოტა უნდა მივაწვეთ. ასე ყოველი ფეხის ნაბიჯზე თუ გააჩერა, ფოთამდე ვეღარასოდეს ჩავაღწევთ, - ამბობს კრისტოფი.

- უთხარი რა, რომ ამ გზაზე ბევრი ყაჩაღობა იყო, წართმევებია და საშიშია. რო დააყაჩაღონ და კამერა წაართვან? - უთხარი, გადაუთარგმნე, - წუწუნებს და მოსალოდნელი საფრთხით ცდილობს დააშინოს ჟურნალისტები.

- კარგი რა, რა ყაჩაღობები. ყველა ამ გზაზე არ დადის? საიდან მოიტანე? - მაინტერესებს, რას იტყვის.

- ძმაკაცი სულ ამ გზაზე დადის და იმან მითხრა. პირველ დღეებში სულ წართმევები ყოფილა, - აღელვებული ტონი აქვს და საჭეზე თითებს ათამაშებს.

- მე მაგის მსგავსი არაფერი გამიგია, - თავს ვაქნევ, - განა თვითონ არ იციან, რომ საშიშია? ომია ბოლოსდაბოლოს.

ტყუილად მაბოლებ, ვანო, - ვფიქრობ ჩემთვის, - რაც გინდა, ის თქვი, შენი სისულელეების თარგმნას არ ვაპირებ, ამათ რომ უყურებ, მშვენივრად იციან თავიანთი საქმე, ცხელ წერტილებში მუშაობის მეტი რა უკეთებიათ, აი, შენი საქმე რა არის, ამას კი ვერ ვხვდები...

თბილისიდან რომ დავიძარით, კრისტოფი რაღაც საინტერესო მწვავესიუჟეტიან ამბავს მიამბობდა ავღანეთში ჟურნალისტური მივლინების შესახებ. ვეღარ ვიხსენებ, რა ამბავი იყო. ოდესმე ალბათ გამახსენდება. მზის სათვალეს ვიკეთებ და ვანოს აღარ ვუსმენ. ის კი აგრძელებს:

- ამათ რა ენაღვლებათ. ჩვენ რომ რამე მოგვივიდეს, ესენი კი არ აგებენ პასუხს. ამ მანქანას რომ რამე დაემართოს, ჩემი კი არაა, ნათხოვარი მაქვს, - აქეთ ადებს ვალს გერმანელებს, თითქოს იმათი ომი იყოს და არა ჩვენი.

- რა უნდა? რას გეუბნება? - საუბარში ერთვება კრისტოფი.

- არაფერს. მართალი ხარ. ცოტა შეშინებულია, - დავუდასტურე.

- ვხედავ, - სიტყვას მაწყვეტინებს, - და მაგრად მეშლება ნერვები. თუ ასე ეშინოდა, ნუ წამოვიდოდა. მშვენივრად იცოდა, სადაც მოდიოდა. ჩვენ მაგას კარგად ვუხდით და მაგის ჭკუაზე სიარულს არ ვაპირებთ. თავისი სისულელეებით ძალიან ბევრ დროს გვაკარგვინებს. ჩვენ საქმე გვაქვს.

მგზავრობის გეგმა თბილისში მოვიფიქრეთ: ჯერ ბორჯომში წავალთ, სადაც ტყეები იწვის. მერე იქიდან ფოთში გადავალთ, სადაც რუსების სამხედრო პოსტებია განლაგებული. ფოთის პორტში ვნახავთ ჩაძირულ გემებს, მათ შორის - „აიეტს“, გერმანელების ნაჩუქარ ლამაზ თეთრ გემს, კოლხეთის მითიური მეფის სახელი რომ ჰქვია. მერე ჟურნალისტი თავისი გაზეთისთვის სტატიას დაწერს, რომელსაც „ფოთის ჩაძირულ სიამაყეს“ დაარქმევს. მერე ომში დაღუპული ერთი გემის ამბავს გერმანელი მკითხველები წაიკითხავენ და ყველას ძალიან აუჩუყდება გული...

ანაღვლებს ეს ვითომ ვანოს? ისევ ტელეფონზე ქაქანებს.

ვერ ვიტან საჭესთან რომ ტელეფონზე ლაპარაკობენ. არც კრისტოფს უნდა უხაროდეს დიდად.

- ბიჭო, აი, წალკას გამოვცდით. ნამდვილად იცი, რომ საშიში არაა ამ გზაზე? ხო იცი, ნათხოვარი მანქანით ვარ, რა. ამას რომ რამე დაემართოს ხომ იცი, არა?

კრისტოფი გამომხედავს და უიმედოდ აქნევს თავს. მეც თავის ქნევითვე ვპასუხობ. ისევ ორმოში ჩავარტყით.

- ნელა იარე, - ხმას უწევს კრისტოფი.

- რა ცუდად დაყავს, - წყენით ამბობს ჰელმუტი, მაგრამ წყენა მალევე გადაუვლის,

- შეხედეთ, რა ლამაზი ლანდშაფტია! ფოტოაპარატის ფოკუსს ასწორებს: არა, მე აუცილებლად უნდა ჩამოვიდე აქ. რა საოცარი ქვეყანა გაქვთ?!

მანქანა გაგვიჩერდა. წყალი ადუღდა. ზეთი გასდის. მგონი შავადაა საქმე. არადა, გზად სულ აღმართებია. კაცმა არ იცის, მივაღწევთ თუ არა ბაკურიანამდე. ჰელმუტმა დრო იხელთა, მანქანიდან გადმოხტა, ველად გაიჭრა და ფოტოაპარატს აჩხაკუნებს.

- რამით ხომ არ დაგეხმაროთ? - გზაზე ვიღაცა მანქანას გვიჩერებს.

რით დაგვეხმარება? გაუმართავი მანქანით წამოსულა ეს ვანო ამხელა გზაზე.

- ამ კაცს ხომ არ ვთხოვოთ, გაგვიყვანოს? - მეკითხება კრისტოფი.

- არ ვიცი, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ეს დავტოვოთ? - კითხვას ვუბრუნებ. -

არ ვიცი, - ოხრავს კრისტოფი. რაღაც გვეშველა. ისევ მივჯაყჯაყებთ. ხმას არავინ იღებს. კრისტოფი გაღიზიანებულია. მეორე დღისთვის რედაქციაში სტატიას ელოდებიან. უკვე შუადღეა და ჯერ დანიშნულების ადგილამდეც ვერ მიგვიღწევია. ბორჯომში შებინდებისას ჩავალთ, ვეღარც ფოტოებს გადავიღებთ და იმ წყვდიადში თუ გადავეყრებით კიდევ ვინმეს ინტერვიუს ჩამოსართმევად, ეგეც საკითხავია. ანაღვლე ეს ახლა ვანოს! ან სად იშოვა ეს ჯართი? გზაში წამოსცდა, დილას სანამ გამოვიდოდით, პროფილაქტიკაში მყავდა მანქანაო. ერთი კი ვუთხარი ხუმრობით ჩემს უცხოელ თანამგზავრებს, წინდახედული გერმანელებისგან გამკვირვებია, ასეთი იაღლიში როგორ დაგემართათ- მეთქი. რაღას იტყოდნენ? ეეჰო, - მიპასუხეს და თან სულ ბოდიშები მიხადეს, ასე რომ გაგაწამეთ გზაშიო.

ასე მგონია, მთელი ცხოვრება ამ მორყეულ ჯიპში ვზივარ და ვჯანჯღარებ. უკვე ლანდშაფტის სილამაზეც ვეღარ გვშველის. ალაგ- ალაგ ჰელმუტის აღტაცების შეძახილები ისმის. მაინც ხელოვანია...

- ვაშააა, ბაკურიანში შევდივართ, სულ მალე ვიქნებით ბორჯომში, - ვაცხადებ ხმამაღლა. მაგრამ ჩვენს წამიერ სიხარულს მძღოლის გამიზნულად კატეგორიული ხმა ახშობს:

- ბაკურიანში უნდა გავჩერდეთ. მანქანა გავაკეთოთ და ზეთი ვიყიდოთ, - აკონკრეტებს ვანო სამოქმედო პროგრამას, - ხელოსანი სჭირდება, თორემ ამან რომ დაასტუკოს, ბორჯომში ვეღარ ჩავალთ.

თბილისიდან გვირეკავენ: რა ქენით, ბორჯომში ჩახვედითო? ძალიანაა გადამწვარი მანდაურობაო? - სხაპასხუპით მომაყარეს კითხვები. ბორჯომში კი არა, პროფილაქტიკაში ვართ. მანქანა გაგვიფუჭდა და საერთოდ... - სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრი...

- რაა? ჯანდაბა, - ხაზი წყდება. - ნეტა წვიმა მაინც მოვიდოდეს, ეგება და წვიმამ ჩააქროს ეს ხანძარი.

- აბა? რა გვეშველება. ეს ხეებიც ისეთი გამომხმარია, რომ ცეცხლი ძალიან მალე ეკიდება. მგონი ამაღამ კი უნდა იწვიმოს, - ქალები ლაპარაკობენ ორღობეში, თან ცისკენ იყურებიან და ღრუბლებს აკვირდებიან.

- ძალიან გვეშინოდა, შვილო, ცეცხლი აქაც არ გადმოსულიყო. ჩვენთვის ეს ტყეა ყველაფერი, მეტი არაფერი გვაქვს...

მერე ერთ-ერთის სახლში ყავას ვსვამთ ძალიან ტკბილი ლეღვის მურაბით. მასპინძელი, რუსი ქალი, თავის ამბებს გვიყვება, დიდი და მრავალეროვანი ოჯახი აქვს, გვიყვება, როგორ გაიცნო მეუღლე, როგორ გათხოვდა და გადმოსახლდა ამ სოფელში, სადაც, მისი ოჯახისა არ იყოს, ბევრი სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს და სადაც ომი არავის არ უნდა.

მგონი რაღაც ეშველა მანქანას, მაგრამ ზეთია დასამატებელი. ვანო ზეთის ფულს ითხოვს. გზაში წვიმა იწყება. ჰელმუტი მორჩილად ხსნის საფულეს. რაც ჩვენ ზეთი ვასხით ამ ოხერ მანქანაში, ერთ ჯავშანტრანსპორტიორს კი ეყოფოდა. შუქი ქრება. ტელეფონის ხაზებიც უკვე დიდი ხანია გაითიშა. კონტაქტიც არავისთან გვაქვს. კრისტოფს ვამხნევებ, რომ რესპონდენტებსაც ვნახავთ, ყველაფერს მოვასწრებთ, თუმცა მაინცდამაინც მეც აღარ მჯერა ჩემი სიტყვების. ბინდდება.

პირდაპირ სახანძრო მანქანების ალყაში მოვექეცით. ამასობაში წაღვერში მოვსულვართ. წამომყვები, მეხანძრეებს მაინც რომ დაველაპარაკოთ? - მეკითხება კრისტოფი. სახეზე აწერია, რომ ერთადერთ იმედად ეს მეხანძრეებიღა დარჩენია. იქ, სიბნელეში, რაღაც შენობის მეორე სართულზე ცნობადი სახეები დავლანდე. მოიცა, - ვაჩერებ კრისტოფს, მგონი გვეშველა. გარემოს დაცვის მინისტრი და გუბერნატორი უნდა იყვნენ. რა? ამ სიბნელეში რა დაინახე? - კრისტოფს თითქოს აღარაფრის აღარ სჯერა. კიბეზე ავდივართ და პირველივე შემხვედრს ვუხსნი: ცნობილი გერმანული გაზეთიდან არიან ჟურნალისტები, გარემოს დაცვის მინისტრის ნახვა უნდათ, სად შეიძლება?.. ბნელ ოთახში მიგვიძღვებიან. ვიღაცა სანთლის მოსატანად გადის. ინტერვიუ იწყება.

ღამეს ბაკურიანში ვათევთ, პატარა კერძო სასტუმროში. სასტუმროს მეპატრონე ფულს არ გვახდევინებს, თქვენ ხომ ჩვენს საქმეს აკეთებთო, - ეუბნება გერმანელ სტუმრებს და სუფრას გვიშლის. გუბერნატორიც ჩვენთან ერთადაა. თამადობს და ჩვენს საჭირისუფლოდ მოვლენილი უცხოელების პატივსაცემად სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობს. ვანო იონესკოს ერთი პერსონაჟივით კმაყოფილებისგან „ენას ატკაცუნებს“ (რატომღაც ეს ფრაზაა პიესის ქართულ თარგმანში). უკვე თვალწინ მიდგას ის სცენა, თბილისში ჩასული ძმაკაცებს რომ მოუყვება, გუბერნატორთან ერთად ერთ სუფრაზე გაჩალიჩების ამბავს. ერთი წუთით, - სუფრიდან დგება ვანო, გუბერნატორთან მიდის, ძმაკაცურად გადახვევს ხელს და ჰელმუტს ფოტოაპარატს შეაჩეჩებს: ერთი გადამიღე რა, თუ ძმა ხარ.

ეჰ, ვანო, ვანო!..

ტყეები ისევ იწვის ბორჯომში. გუბერნატორი წვიმის სადღეგრძელოს სვამს. მეტს ვეღარ დავლევ, საწერი მაქვს, - უკვე მერამდენედ იმეორებს კრისტოფი და მაინც წევს ჭიქას. ფანჯარაში წვიმის ხმაური მატულობს.

წაღვერიდან ქვემოთ ვეშვებით. მარცხენა მხარეს მოსახვევიდან კარგად მოჩანს ბორჯომის გადამწვარი ტყეები. ტყეს ნისლივით გადაჰფარებია კვამლი, ახლაც ბოლავს იქაურობა. თავიდან ხანძარი რომ გაჩნდა, სოფლის მოსახლეობის ევაკუირებაც კი მოვახდინეთ, გვეგონა ხანძარი მოსახლეობასაც გადასწვდებოდა და სიფრთხილე გამოვიჩინეთ. მაგრამ დროზე მივასწარით, ცეცხლი მოსახლეობამდე არ მისულა, - კრისტოფი ინტერვიუს იწერს. ეროვნულ პარკში მივდივართ. იქაც ინტერვიუ გვაქვს.

- რუსეთის ავიაციამ ბორჯომის ხეობაში ბომბები რომ ჩამოყარა, თავზარდაცემული ტურისტები მაშინვე დაიფანტნენ. მარტო ერთი გოგონა დარჩა, ამ გაგანია ომის დროს დაიჟინა, გინდა თუ არა, ზემოთ ბილიკზე უნდა გავიდე, იქაურობა დავათვალიეროო. ვეხვეწებით, სად უნდა წახვიდე, ვერ ხედავ, ომია-თქო. რა გვიპასუხა, იცით? - კარგით რაო, იცით, მე სად ვცხოვრობო? ზედ ღაზას სექტორის გვერდით და რას მიყვებით ახლა, ეგ ბომბები შემაშინებს, ამხელა გზაზე ჩამოვსულვარ თქვენი ტყის სანახავადო. ჰელმუტი ნახანძრალების ფოტოებს იღებს. ზემოთ, ზორეთში, ისევ იწვის ტყეები. წვიმამ მაინც ვერ უშველა. იქამდე ვერ ავალთ. ძალიან შორსაა. ორი საათია მანქანით, კიდევ ორი თუ სამი ფეხით... ჩვენ კი ფოთისკენ გვეჩქარება. ჩაძირული „აიეტი“ გველოდება ფოთში.

ვანოს ლაპარაკს მოვკარი ყური: ახლა ფოთი კი არა, ერთი სული მაქვს ლანჩხუთში როდის ჩავალ. ჩემი შეყვარებულია იქ და ორი კვირაა არ მინახავს. აი, ფოთი ახლა როგორ არ მაინტერესებს, იცი? - ვიღაცა გამოუჭერია. აი, თურმე რატომ დაიჩემა, ლანჩხუთის გზით წავიდეთო.

გზაზე სმს-ი მომდის: საინფორმაციოში გამოაცხადეს ახლახან, ფოთი ჩაიკეტა, არავის უშვებენო. კრისტოფს გადავუჩურჩულე. არ მინდა, ვანომ გაიგოს. ინგლისური არ იცის, მაგრამ ფოთი, საინფორმაციო, შეიძლება რაღაცას მიხვდეს.

- დარეკეთ ფოთში? საშიში ხომ არ არის? - გვეკითხება ვანო. ეტყობა გულმა უგრძნო რაღაც.

- ლანჩხუთში რომ გავჩერდებით, იქიდან დავრეკავთ. საშიში რა უნდა იყოს?

ვანო ცქმუტავს. ლანჩხუთში გოგო ელოდება. ისევ ტელეფონისკენ წაიღებს ხელს: ბიჭო, ახლა ლანჩხუთში შევედი, ჩემი შეყვარებული უნდა ვნახო, აზრზე ხარ, ორი კვირაა არ მინახავს და სულ ათი წუთი მაქვს, აზრზე ხარ, ჩემი... ხო იცი, ამ გერმანელების ამბავი. ეჩქარებათ, ფოთში აქვთ რაღაც საქმე. აუ, რა ფოთი, ტო, აზრზე ხარ, თიკუნა არ მინახავს ორი კვირაა. თან იმ ფოთში, ბიჭო, რო გაგვაჩერონ, ტო, აზრზე ხარ, წართმევებიაო და მთელი ამბავი, ტო...

პორტის სანაპირო დაცვიდან გვირეკავენ. დღეს დილით კიდევ შემოვიდნენ რუსის ჯარისკაცები პორტის ტერიტორიაზე, პორტში ვერ შემოგიშვებთ, თუ რამე შეიცვლება, გაგაგებინებთო. მერე ხაზი გაწყდა. წესიერად ვერაფერი გავიგეთ.

ვანოსთვის უსვრია „ავრორას“. ვანოსთვის და თიკუნასთვის. კაცმა არ იცის, რამდენ ხანს მოგვიწევს ლანჩხუთში ლოდინი.

- აქვე ბაღში ვიქნებით და წასვლას რომ გადაწყვეტთ, დამიძახეთ, - მიბარებს ვანო. ვანო და თიკუნა ხელჩაკიდებული მიდიან ბაღისკენ.

ჩვენ პატარა კაფეში დავბანაკდით. ცხელა. ცივ წყალს ვსვამთ და ტელეფონებს ვუჩხიკინებთ. სულ ტყუილად ვეწვალებით. როგორც ჩანს, ფოთში კომუნიკაცია მოიშალა.

- ნუ ღელავ, - ვეუბნები კრისტოფს, - გუშინდელი ხომ გახსოვს? დამიჯერე, დღესაც ასე იქნება, ცოტა ხანს დაველოდოთ, თუ არ დაგვირეკეს, მაინც ჩავიდეთ, ჩვენი თვალით მაინც ვნახავთ, რუსების პოსტებზე რა ხდება.

როგორც ჩანს, გაჭრა ჩემმა ნათქვამმა.

- მართალი ხარ, - გამოტყდა, - გუშინ უკვე არაფრის იმედი აღარ მქონდა...

კაფეში ორი პატარა მსუქანი ბიჭი შემოიყვანა მამამ ლიმონათის დასალევად.

- ერთი ამას შეხედე, - გვეუბნება უცებ კრისტოფი.

- ვის?

- აი, იქით, პირდაპირ, ხედავთ? - კრისტოფი ხელს იშვერს წინ და

ბაღის სიღრმეში ვანო მოჩანს, მაგრამ მონატრებულ გოგოს კი არ ელაპარაკება, მის წინ დგას და თავის სტიქიაშია. ისევ მობილურზე ლაპარაკობს.

- ვერაფერი გამიგია. ნახევარი საათი რომ მქონდეს ჩემი გოგოს სანახავად, ტელეფონზე ლაპარაკის ნაცვლად სხვა საქმით დავკავდებოდი. ჰა, შენ რას იტყვი, ჰელმუტ?

ჰელმუტს ჩუმად ეღიმება.

- კი მაგრამ, - გაკვირვებას ვერ ვმალავ, - ჩვენ რომ ვერსად ვერ ვრეკავთ, ამ ბიჭის ტელეფონი როგორ მუშაობს?

ფოთში უპრობლემოდ შევდივართ, მაგრამ პორტის სამხედრო ნაწილში არ გვიშვებენ, იმ ნავსადგურში, სადაც გემები დაძირეს. ჩვენ სამოქალაქო ნაწილის თანამშრომლები ვართ, იქ ვერ გამოგყვებით, და ვერც თქვენ გაგიშვებთ, უსაფრთხოების გარანტია არ გვაქვს... ტერიტორია ჯერ გაწმენდილი არ არის, დღეს დილასაც შემოვიდნენ რუსები, შეიძლება ნაღმიც იყოს სადმე.., - გვიხსნიან პორტის თანამშრომლები. ვანო დაიძაბა. უთხარით, რომ ძალიან საშიშია, რომ დანაღმულია მთელი ტერიტორია, რომ რუსები გადმოდიან და ძარცვავენ.., - გააქტიურდა. ძალიან აღელვებულია, ნერვიულობისგან სუნთქვა ეკვრის. ჩემკენ მოტრიალდა: გადაუთარგმნე, ჩქარა! ეგენი გიჟები ხომ არ არიან, სად მიდიან, ვერ ხედავენ, რას ეუბნებიან? მე არსად არ წამოვალ, ეგენი სადაც უნდათ, იქ წავიდნენ.

- გზას თუ გვეტყვიან, ჩვენ თვითონ წავალთ ფეხით, - მეუბნება კრისტოფი, - ამას უთხარი, სადაც უნდა, იქ დარჩეს და დაგველოდოს. იცი, უკვე თავი მომაბეზრა.

როგორც იქნა, პორტის სამხედრო ნაწილში შესვლის ნებართვა ავიღეთ. გამყოლიც გვყავს, პორტის რამდენიმე თანამშრომელი. რუსებმა გემები რომ ააფეთქეს, მაშინ ეს ბიჭებიც იქ ყოფილან. „ფანჯარაში ვიყურებოდი. დავინახე, გემზე ალი რომ ავარდა. ვიდექი ფანჯარასთან და ვტიროდი ამხელა კაცი. უმწეო ვიყავი. რა უნდა გამეკეთებინა?“ - გვიყვება „მისტერ ფოთი“, სანაპირო დაცვიდან. ასე ჩვენმა სტუმრებმა შეარქვეს. ჰელმუტი ფოკუსს ასწორებს. ნავსადგურში ვდგავარ და ვითვლი ჩაძირულ გემებს. არასდროს მინახავს ასეთი დადუმებული პორტი. თოლიებიც კი არსად ჩანან. მარტო მზე ანათებს და დროდადრო ფოტოაპარატის ჩხაკუნი ისმის. საბრალო „აიეტი“...

- იცით, რატომ იყო ეს გემი ხის? - გვეკითხება კრისტოფი.

- არა. რატომ? - ვუბრუნებ კითხვას.

- წყალქვეშა ნაღმების მაძიებელი გემი იყო და იმიტომ, - ამაყად გვპასუხობს და მერე რაღაცეებს ჰყვება გემებზე, ჯარში საზღვაო ნაწილში უმსახურია და ბევრი რამე იცის... ფოთის პორტის ბრიტანელი დირექტორის კაბინეტიდან გამოვდივართ. იქაც ინტერვიუ გვქონდა.

- მაგიდას დააკვირდი? - მეკითხება უცებ ჰელმუტი, - ყველაფერი სიმეტრიულად რომ ჰქონდა დაწყობილი. და რუკა? წინ რომ ედო მაგიდაზე? ოდნავ გვერდზე თუ გადასრიალდებოდა, მაშინვე სიმეტრიულად ასწორებდა იმასაც...

- ტიპიური ბრიტანელი იყო, არა?

- ჰო.

ვჩქარობთ.

- სასტუმროში უნდა მივიდეთ დროზე. მასალა უნდა დავწერო და რედაქციაში გადავაგზავნო. რაო ვანომ, სად დაგელოდებითო? - მეკითხება კრისტოფი.

- უჰ, ისევ ვანო... ეს რა გამახსენა, მეც არა ვთქვი, რა თავისუფლად ვგრძნობ-მე-თქი თავს.

- ერთი კარგი სასტუმრო ვიცი ქობულეთში, თხუთმეტი წუთის სავალზე, - საზეიმოდ გვაცნობა ვანომ.

ქობულეთი ბევრად უფრო შორსაა, მაგრამ ვანოს სინდისზე იყოს. ნეტა რა ჩაიფიქრა?

- ეტყობა, მაინც უხერხულად გრძნობს თავს, ხვდება, რომ ბევრი მიქარა და უნდა, რომ ამ ყველაფრის მერე რაღაც სასიამოვნო სიურპრიზი გაგვიკეთოს - მყუდრო, ლამაზი სასტუმრო მოგვიძებნოს ზღვის პირას, ალბათ ასეა, - კრისტოფი მანქანაში ნოუთბუქს გადაშლის და მუშაობას იწყებს.

- ეეჰ, არ დაიჯერო, კრისტოფ, ეგ ამბავი, - გავივლე გულში, მაგრამ ჩუმად ვარ, ხმამაღლა ხომ ვერ ვიტყვი. ნავსადგურიდან რომ გამოვედით, ისიც კი არ უკითხავს, სად იყავით ან რა ნახეთო. არადა, ხომ ზუსტად ვიცი, თბილისში რომ ჩავა, რაებს მოყვება, ეე, ბიჭო, სად ვიყავი იცი, ტო, პორტში შევედით, სამხედრო ნაწილში, აუ, რა იყო, ჩემი, იცი? იქიდან ბომბი ჩამოაგდეს, აქეთ გემი ააფეთქეს, მე რო არ ვყოფილიყავი, ეს უცხოელები, ხო აზრზე ხარ?

ვანო ისევ ტელეფონზე ლაპარაკობს. მკვეთრად დაამუხრუჭა.

კრისტოფს კლავიშზე თითი უცურდება. უხ, შენი, - გამოსცრის კბილებში.

- ვანო, ნელა იარე, - ვეუბნები.

- იცი რა, იქ იმხელა იამა იყო, აბა, რა 130 ცხელი შოკოლადი მექნა, შეეშალა და შეეშალოს...

- ეს არის თხუთმეტი წუთი? უკვე ორმოცდახუთი წუთია მოვდივართ, - კრისტოფის მოთმინება ამოიწურა.

- მივედით, უკვე თითქმის მივედით, - ვანო გაზს უმატებს.

- ომში რომ მოვდიოდი, ვიცოდი და ვიცოდი, რომ სახიფათო იქნებოდა, მაგრამ ის კი არ მინდა, რომ ავარიაში მოვკვდე! - კრისტოფი უკვე ცოფებს ყრის.

- არ მინდა ის ქობულეთია თუ რაღაც ჯანდაბა, პირველივე სასტუმროსთან გააჩერე, ვერ ხედავ გზაზე რამდენი სასტუმროა, - ყვირის კრისტოფი.

- ვანო, გააჩერეო, არ გესმის? - ახლა უკვე მეც ჩავერთე. მაინც არ აჩერებს და უცებ სხაპასხუპით: აქ რომ გავჩერდეთ, მანქანას ვერ გავაკეთებთ. პროფილაქტიკაში უნდა მივიყვანო. პროფილაქტიკა კი ქობულეთშია. ამიტომ წამოვედით აქეთ.

- მანქანა? რა, კიდევ გასაკეთებელია?

ქობულეთში შევდივართ. ვანო ისევ ძმაკაცს ელაპარაკება ტელეფონზე: ბიჭო, ქობულეთში შევედით, ისეთი კაი ამინდია, ახლა ზღვაზე რომ გავალ და ვიბანავებ და მერე ისე მაგრა გამოვიძინებ... ერთი ეს ხალხი მივიყვანო რა სასტუმროში და ერთი სული მაქვს, ზღვაში როდის ჩავალ.

ჰე-ჰე, ჯერ არ იცის, რას ვუმზადებთ. ფოთში ველაპარაკე ერთ ჩემს ნაცნობს, საღამოს გველოდება, დაგვპირდა, კაპიტნის მოძებნაშიც დაგეხმარებითო. ესენი მასალას რომ გადააგზავნიან რედაქციაში, ისევ ფოთში დავბრუნდებით.

- რა, კიდევ ფოთში მივდივართ? - მესმის ვანოს ხმის ნერვიული კანკალი ზურგს უკან, პირსახოცი მოუგდია ზურგზე და საბანაოდ გამზადებულა, - მართლა მივდივართ ფოთში? უკვე ღამდება. ღამე უნდა ვიაროთ? რისკის ფაქტორები არ არის?

- არა, - მოკლედ მოვუჭერი, თავდაცვის მინისტრის თავდაჯერებულობით. რისკის ფაქტორიო, ეეე...

- ვანოს ღამით სიარული ეშინია, - ვიწყებ ახსნას...

- როგორც ყოველთვის, - მაწყვეტინებს სიტყვას კრისტოფი, მაგრამ, - ვაგრძელებ, - მე უკვე ვუთხარი, რომ უნდა წავიდეთ. ხომ ასეა?

- იცი, რა ვერ გამიგია? - მეკითხება გზადაგზა კრისტოფი. ამ კაცს ყველაფრის როგორ ეშინია. ან თუ ასე ეშინოდა, რას მოდიოდა, რომ მოდიოდა?

- ეჰ, - ვფიქრობ ჩემთვის, - მე კი ვიცი, მაგრამ... ხმამაღლა კი ვეუბნები: ნუ მიაქცევ ყურადღებას.

ფოთის მუნიციპალიტეტში მივდივართ შეხვედრაზე. მანქანა გავაჩერეთ და არ გადმოვიდა ვანოც კაი კაცივით? ისე განაგლდა, რომ ინტერვიუზეც კი ჩამოგვიჯდა. ზის გამოჭიმული, ამოუცვამს რაღაც ნიფხავი, გადათხლაშულა სავარძელში და აბოლებს. კაბინეტში ფოთის პორტის დაბომბვისა და გემების აფეთქების ამბავს ჰყვებიან. დროდადრო ვანო მრავალმნიშვნელოვნად გადააქნევს თავს და კბილებში გამოსცრის: უჰ, რა გვიყვეს ამ რუსებმა, მაგათი...

რუსებს ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებიათ ფოთში აყვანილი მძევლები.

თბილისში გნახავ, ძმაო, - ვანო ძმაკაცურად ემშვიდობება ერთ-ერთ თანამდებობის პირს. ძმაოო.., - ეს რა გავიგე. უკვე ცხადად მესმის, როგორ მოუყვება მერე თავის ძმაკაცებს, ბიჭო, ვინ გავიცანი, იცი? იქ თუ რამე დაგვჭირდა... ხო აზრზე ხართ, არა?..

მეორე დილას უთენია პოსტებისკენ ავიღეთ გეზი. უკვე შეთქმულებივით ვიქცევით. ვანოს ჰგონია, ისევ ინტერვიუ გვაქვს, გული ალბათ სიხარულითაც კი უფანცქალებს, ეგება და რა კაცი გაიცნოს. გვიანღა მიხვდა, რომ ფოთის გარეუბანში შევიტყუეთ.

- ერთი პოსტი აქვეა, ნაბადას ტერიტორიაზე. ამ შესახვევში რომ შეხვალთ, დაინახავთ. სანგრები გათხარეს და იქ დგანან,

- ერთი ხნიერი კაცი გზას მიგვასწავლის. ვანო ნერვიულად ცმუკავს.

შორიდან უკვე გამოჩნდა სანგარი და სანგართან დაშვებული სამხედრო ვერტმფრენი. მანქანას მოშორებით ვაჩერებთ. გადავდივართ. პოსტზე ერთი ჯარისკაცი დგას. იქნებ დაგველაპარაკოს. იქვე, შორიახლოს ბუჩქებში ბალახისფერ ჩაფხუტებს ვხედავ. სანგრიდან გვითვალთვალებენ.

მანქანიდან ფეხი ჩამოვდგი და რას ვხედავ, არ გადმოსულა ეს ჩვენი ვანოც და არ მიალაჯებს რწევა-რწევით პოსტისკენ? სტოპ, სტოპ, - აიმღვრა უცებ კრისტოფი, - აბა, დაბრუნდი ახლა მანქანაში და იქ დაგველოდე, არ გადმოხვიდე, - მოულოდნელად ჯარისკაცის ტონით გასცა ბრძანება. კიდევ კარგი, გააბუნძულა უკან ეს ჩვენი ვანო. მერე, საღამოს, ყველაფერმა რომ მშვიდობით ჩაიარა, კრისტოფმა გამიმხილა: ეს ბედოვლათი ვანო ბრექით და აგდებული ღიმილით რომ დააწვა იმ ჯარისკაცისკენ, ძალიან შემეშინდა, პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიოდაო...

ჯარისკაცს დაველაპარაკეთ. ახალს რას გვეტყოდა, მშვიდობისდამცველები ვართ და აქ უნდა ვიდგეთო. რამდენ ხანს უნდა იდგეთო, - ჰკითხა კრისტოფმა. იმან კიდევ: ჰმ-ო, მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა და თავი გადააქნია, მიგვანიშნა: საუბარი დამთავრებულიაო. ერთი ჩაფხუტიანი განსაკუთრებით ცნობისმოყვარე ჩანდა იმ სანგარში. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩვენთვის თვალი არ მოუშორებია. არ იყო დიდად სასიამოვნო. დავიძარით. ამასობაში ვერტმფრენიც აფრინდა და მეორე პოსტისკენ აიღო გეზი.

- წავედით მეორე პოსტისკენ, მე-7 კილომეტრზეა, პატარა ფოთში, ხიდთან. ვანო, იკითხე რა, როგორ მივიდეთ იქამდე.

- რა, იქაც უნდათ წასვლა? გიჟები არიან ესენი, ტო? უთხარი, იქ თუ უნდათ წასვლა, მე არ წამოვალ. შანსი არაა, მანდ არ წამოვალ, - ისე ანერვიულდა, სუნთქვა შეეკრა.

თარგმნით თავს აღარ ვიწუხებ. კრისტოფი და ჰელმუტი ისედაც მიხვდნენ ყველაფერს. ვანომ ჯერ კიდევ არ იცის, რომ სენაკის ბაზაზე გავლასაც ვაპირებთ, თორემ ალბათ ხიდის გადაღმაც აღარ დაგველოდებოდა.

- ხომ არ ჯობია ხიდზე ფეხით გადავიდეთ? მანქანა რაღად გვინდა, - ვეუბნები. ამას ვუთხრათ, ხიდის მეორე მხარეს დაგველოდოს.

- მანქანა არაფერში არ გვჭირდება, გააჩერე და დაგველოდე, - ბრძანებას გასცემს კრისტოფი. ვანომ ამოისუნთქა, ალბათ გულში ისიც გაიფიქრა, კისერიც გიტეხიათო.

ფეხით გადავდივართ ხიდზე. გზის პირას რუსი ჯარისკაცები სანგრებს თხრიან. გამწარებულები მუშაობენ. კარგა ბლომადაც გაუთხრიათ. რაღაც არ ეტყობათ, რომ სადმე წასვლას აპირებდნენ. სანგრის გასწვრივ ტანკები დგას ბლომად. ჯარისკაცებიც ბევრი არიან. ჰელმუტი ბუჩქებს ეფარება და შორიდან იღებს ფოტოებს, ახლოს არ უშვებენ.

- რას იტყვი, ვცადოთ, დაველაპარაკოთ? - ყოყმანით მეკითხება კრისტოფი. არ ჰგვანან მაინცდამაინც მშვიდობისმოყვარეებს.

- მოდი, მაინც ვცადოთ.

ჯარისკაცებს ვუახლოვდებით.

- დილა მშვიდობის, ჟურნალისტები არიან გერმანიიდან, რამდენიმე კითხვა აქვთ, არის ვინმე, რომ დაველაპარაკოთ? - ვეკითხები ხმამაღლა.

- გოუ აუტ, - გვიყვირის ჯარისკაცი, - გოუ აუტ, ხელითაც აგვიქშევს ბრაზით, დაახვიეთო.

- პირველ პოსტზე ასეთი უხეშები არ ყოფილან, - ამბობს კრისტოფი. უკან ვბრუნდებით ხიდზე. გვერდით ტანკებმა და სამხედრო მანქანებმა ჩაგვიარეს. ჯარისკაცები აქეთ-იქით დასეირნობენ.

თხუთმეტ წუთში ჩაძირული „აიეტის“ კაპიტანს უნდა შევხვდეთ. ინტერვიუს ჩავწერთ და ფოთსაც დავემშვიდობებით.

- იცი, არ მჯეროდა, კაპიტანს თუ მივაგნებდით, - გამოტყდა კრისტოფი.

კაპიტანს ფოთის ცენტრში ვხვდებით. პატარა ღია კაფეში ვსხედვართ. სიჩუმეა. ჩვენც ხმადაბლა ვსაუბრობთ. საუბარი დიდხანს გრძელდება. კაპიტანი ახალგაზრდა კაცია. ამ გემზე რომ მოვიდა, სულ მთლად ახალგაზრდა იყო. მანამდე რომელიღაც უკრაინულ გემზე მსახურობდა, მერე, „აიეტი“ ფოთის პორტში რომ შემოვიდა, მის გემბანზე ავიდა და დარჩა. ათი წელი გაატარა „აიეტთან“ ერთად. ბევრი აქვს მოსაყოლი, ქარიშხლიანი თუ მზიანი მოგზაურობების ამბები...

- ახლა, „აიეტი“ რომ ჩაიძირა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უსახლკაროდ დავრჩი. „აიეტი“ ჩემი მშობლიური სახლივით იყო, - სევდიანად ამბობს კაპიტანი. ჯიბიდან რაღაცას იღებს, ქაღალდში სათუთად გამოხვეულს და მაგიდაზე აწყობს: ესღა დამრჩა გემის ფოტოებიდან.

ხუთიოდე ფოტოა, სამოყვარულო ფოტოაპარატით გადაღებული, უკვე ცოტა გადაცრეცილი.

- რა კარგი კაცია არა, ეს კაპიტანი?

- ჰო, მაგარი.

- თან რა ახალგაზრდა ყოფილა?!

კაპიტანს კიდევ ერთხელ შევხვდებით. მანქანა ისევ გაგვიფუჭდა და ტრასაზე გავჩერდით. რამე ხომ არ გჭირდებათ? - გამვლელი მანქანიდან დინჯად გადმოდის და რას ვხედავთ, ეს ჩვენი კაპიტანი არაა?

- ახლა რაღა ჯანდაბა მოუვიდა ამ მანქანას?

- აი, ეს ზეთი რაშიც ისხმება, ის რაღაც...

- ეგ არ მაინტერესებს. ქობულეთში რომ გყავდა პროფილაქტიკაში, არ გააკეთე?

- არა, ის კიდევ სხვა რაღაცა ჰქონდა გაფუჭებული და ის გამიკეთეს...

თბილისში ვბრუნდებით. თბილისიდან ამბავი მოგვდის, გორის გზა გაიხსნაო, მაგრამ ხაშურთან მაინც გაგვაჩერეს. პოლიციამ გვითხრა: ვერ გაგატარებთ, შეიძლება გზა დანაღმული იყოსო. ვანოს ერთი სული აქვს, ბაკურიანისკენ აიღოს გეზი. გამოტყდა, ასე არ მირჩევნია, ერთი დღით გვიან ჩავალთ თბილისში და მეტსაც გადამიხდიანო. ამჯერად არ გაუმართლა. გამოცარიელებულ ტრასაზე მოვდივართ. მარტო ორი მანქანა ჩანს, ჩვენი და კიდევ ერთი, ისიც უცხოელი ჟურნალისტების. ჩვენ გვაწყობს. იმათ რუსული აკრედიტაცია აქვთ და თუ საჭირო გახდება, ავეტორღიალებით. პოსტზე გვაჩერებენ, ცოტა ვიძაბებით. რუსი ჯარისკაცები რაღაც მხიარულად არიან, ეტყობა ნაყლაპი აქვთ. გაიარეთ, ოღონდ ნოუ ფოტოო, - გვეუბნება პოსტის უფროსი, თან გვიცინის და ლოყები უღაჟღაჟებს. ნოუ, ნოუო, - ვეუბნებით ჩვენც. ჩვენი მანქანა ტრასაზე მიქრის. მთელი ტრასა კვამლშია გახვეული, აქეთ ტანკები დგას, იქით მინდვრები იწვის, მინდვრებს იქით ყანებს უკიდია ცეცხლი. რუსები გადიან და უკან გადამწვარ საქართველოს ტოვებენ... ჰელმუტი და კრისტოფი ერთდროულად უკიდებენ სიგარეტს. უხმოდ მივდივართ. წინ ისევ პოსტია.

- ცოტა შეანელე, ძალიან ჩქარა მიდიხარ, - ვეუბნებით მძღოლს. და უცებ იქიდან ვანოს ხმა: რისი გეშინიათ, ახლა უკვე აღარაა საშიში, დედაჩემს ველაპარაკე, ტელევიზორში უთქვამთ, გადიან რუსებიო... ვანოს დამიხედეთ? ყურებს არ ვუჯერებ.

„გორში ვართ. თავი საშინელებათა ფილმში მგონია, მკვდარ ქალაქში. მარტო რუსეთის დიდი ბელადი სტალინი დგას ისევ ისე, წარბშეუხრელად,“ - ვუმესიჯებ თბილისში ჩემიანებს.

მერე ვიღაც გამვლელს საბავშვო ბაღის ეზოში ჩამოვარდნილი ჭურვის სანახავად მივყავართ.

- დღეს ღამე დავლევ, აი, ისე, ქართულად, - ამბობს უცებ კრისტოფი. ჰელმუტიც კვერს უკრავს. სტალინს ულვაშებში ეღიმება.

- ჩავალ თუ არა, სტატიებს გამოგიგზავნი, - მპირდება კრისტოფი და მორიდებით აგრძელებს:

- ერთი თხოვნა მაქვს, შეგიძლია, კიდევ ცოტა ხანს ჩვენი თარჯიმანი იყო? მძღოლთან რაღაც გვაქვს გასარკვევი.

უკვე თბილისში ვართ, სასტუმროში.

- კი, რა თქმა უნდა, - თავს ვუქნევ. დიდად არ მომწონს ეს ამბავი. მძღოლი აჭრილი ჩანს.

- სამი დღის ანაზღაურება უნდა გადავუხადოთ. დღეში 150-ზე ვიყავით შეთანხმებულები, თუ გზა სახიფათო იქნებოდა, 200-ზე, - მიხსნიან გერმანელები, - პირველ დღეს მართლაც სახიფათო იყო. ამაზე არავინ დავობს, მაგრამ, თუ შეიძლება ჰკითხე, ბოლო ორი დღის განმავლობაში გზაზე სახიფათო ხომ არაფერი ყოფილა?

ვუთარგმნი. იმას კიდევ სახეზე ფერი გადასდის, ეტყობა ლანჩხუთის ბაღში თიკუნასთან გასამრჯელოს ფასი დღეში 200 შეათანხმა და კაპიკს არ დაუკლებს. რას იზამ, ოჯახი ხრამია...

- როგორ არა, რა, ის ორი დღე არ იყო სახიფათო? ამას ვკითხე და კიო, მითხრა იყოო, - ფოტოგრაფისკენ იშვერს ხელს. ნერვიულობს და მხრები უცახცახებს.

- ეს ხომ პირველ დღეს გითხარი, - პასუხობს ფოტოგრაფი, - აღარ გახსოვს? ეს პირველ დღეს იყო.

- როგორ? შენ არ მითხარი? პირველ დღეს კი არა, მერე მითხარი.

ესენი მშვიდად არიან, მძღოლი კი შეტევაზე გადადის: რა ფოთში რა, საშიში არ იყო? პორტში ხო ამბობდნენ, შეიძლება ნაღმები იყოსო, მერე პოსტებზეც რომ მივედით?

სად წავიდე, აღარ ვიცი. კიდევ კარგი, ჩემს თარგმანს აღარავინ უსმენს, ვანო საქმის გარჩევას იწყებს, დამტვრეული და გაუგებარი ინგლისურ-ქართულით.

- იცი, ძალიან გთხოვ, სწორად მინდა, რომ გამიგო, ფულზე კი არ არის საქმე, გადავუხდი, ფული არ მაინტერესებს, მაგრამ ასე ნამდვილად არ შევთანხმებულვართ, თანაც მინდა გაიგოს, რომ არ ვართ მისით კმაყოფილი. გზაში სულ პრობლემებს გვიქმნიდა, ყველაზე დიდი საფრთხე მაგისი გაუმართავი მანქანით მგზავრობა იყო. სხვა თუ არაფერი, არ მინდა, რომ იდიოტები ვეგონოთ, - მიხსნის კრისტოფი, მაგრამ ვინ გისმენს. ვანო იქიდან აგზნებული: ჰა, რაო, რას ამბობს, მითხარი, გადამითარგმნე, მე იმიტომ დავთანხმდი, რომ 200 მითხრეს, 150-ზე არ დავთანხმდებოდი, ისიც უთხარი, რომ რა, ის კი არ მინდა, რომ მტრები ვიყოთ. ახლაც რა, რომ ჩამოვედით, ხო დავეხმარე, სიკეთე გავუკეთე, ამ სასტუმროში მოვიყვანე, ფასდაკლებით მისცეს ნომერი...

დაამადლა კიდეც.

- მომბეზრდა ეს ყველაფერი, გადავუხდი. რაც არის, არის, - მოკლედ მოჭრა კრისტოფმა. ვანოს ახლა უკვე სიამოვნებისაგან უკაწკაწებს ქვედა ყბა.

სულო ცოდვილო და, იქნებ იმდენად არც ეშინოდა და აბუქებდა, რაკი პირობაც ეგეთი ყოფილა: მეტი ხიფათი, მეტი გასამრჯელო... ეგეც ბიზნესი!.. ძალიან მრცხვენია. ეტყობა სახეზე მაწერია.

- ბოდიში, რომ ამ სულელურ სიტუაციაში ჩაგაყენეთ, - მებოდიშება კრისტოფი.

- ალბათ როგორ დაგტანჯეთ ამ დანჯღრეული მანქანით მგზავრობით, არა? - მებოდიშება ჰელმუტიც.

სასტუმროს ფოიეში საინფორმაციო გამოშვება იწყება. ისევ იწვის ბორჯომის ტყეები, ისევ უკიდია ცეცხლი ნათესებს და ისევ დგას ჯარი ჩვენს პატარა ქვეყანაში; იქ, სადაც ფერწერული სილამაზის პეიზაჟებია, - ასე დაწერს მერე გერმანელი ჟურნალისტი თავის სტატიაში.

ვანო ფულს ითვლის, კმაყოფილი ღიმილი დაჰკრავს სახეზე და თვალები ნეტარებისაგან ებრიცება. ვგრძნობ, რომ გული მერევა. ახლა მივალ ვანოსთან და ვეტყვი, უფრო სწორად ვკითხავ, მშვიდი, აუღელვებელი ტონით: ვანო, შენ დედა გყავს? იმედია, ამ ფულით მანქანას მაინც გააკეთებ, - ჰელმუტს გამქირდავად ეღიმება. აი, ახლა კი ნამდვილად მივალ და... მაინც ვერ ვუთხარი.

11 ომი პროლოგით და ეპილოგით

▲ზევით დაბრუნება


ანალიზი

0x01 graphic

ავტორი: რეზო საყევარიშვილი
ფოტო: თომას დვორჟაკი

რევოლუციიდან ომამდე

2004 წელი. პრეზიდენტი სააკაშვილი თავის პირველ, ვლადიმერ პუტინი კი, თავის მეორე საპრეზიდენტო ვადის ათვლას იწყებს. ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ მიმართული საგანგებო ჟესტი - სააკაშვილი პირველი ვიზიტით ჩადის მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან. იმდროინდელი ქართული მმართველი პოლიტიკური კლასი, მედია და საზოგადოება ისევე აღტკინებულია, როგორც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მრავალრიცხოვანი შეხვედრების უმრავლესობის შემდეგ (ასე იყო შევარდნაძის დროსაც, თუმცა, მის დროს რუსეთმა უკვე 2001 წელს, პუტინის აღზევებიდან მოკლე პერიოდში, სავიზო რეჟიმი „გვისახსოვრა“).

პუტინმა გამოთქვა საქართველოსთან ურთიერთობის განვითარების სურვილი. პირველი, რაც ითხოვა, იყო ის, რომ საქართველო დახმარებოდა საზღვრის გამაგრებაში და ჩრდილო კავკასიაში ჩასატარებელი ოპერაციის ჩატარებაში. საქართველო მას მაშინ ძალიან დაეხმარა. და ეს იმის მიუხედავად, რომ ანტიჩეჩნური ალიანსი არც მაშინ ყოფილა და არც ამჟამად არის დასავლეთში განსაკუთრებით მოწონების საგანი.

შემდეგ იყო აჭარის მოვლენები. იმის მიუხედავად, რომ რუსეთს დიდად არაფრად ეპიტნავებოდა „აჭარის ლომის“ მოცილება, მას ამ კამპანიაში ხელი აქტიურად არ შეუშლია - აბაშიძემ საქართველო დატოვა.

ამ ამბებიდან 4 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი იტყვის: „მეორე დღეს, ბათუმიდან დავურეკე პუტინს. ჩავთვალე საჭიროდ, მეთქვა მადლობა, რომ ხელი არ შეგვიშალეს და გაგებით შეხვდნენ ამ სიტუაციას. კარგად მახსოვს ეს ზარი, მან შემაწყვეტინა და ძალიან უხეშად მითხრა, აჭარაში ჩვენ არ ჩავერიეთ, მაგრამ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არანაირი საჩუქარი აღარ გექნებათო“.

სწორედ ამის მერე წამოვიდა პროვოკაციების სერია ცხინვალში. რუსებმა პირდაპირ დაიწყეს ცხინვალის კონტროლი, და არა სეპარატისტების მეშვეობით. გაყარეს მთავრობის რამდენიმე წევრი, ჩაანაცვლეს თავისი გენერლებით, გააძლიერეს სამხედრო მზადყოფნა და აგრესიული რიტორიკა.

თუმცა, იმავე 2004 წლის განმავლობაში შედარებით მაინც ნაკლები იყო წნეხი საქართველოზე. მაგრამ 2004 წლის შემოდგომაზე მოხდა უკრაინაში რევოლუცია და რუსეთის დღევანდელმა მთავრობამ დაინახა რეალური საფრთხე. მსგავსი სცენარების გამეორება მის გავლენას საკმაოდ აფერხებდა და პოსტსაბჭოთა სივრცეს აკარგვინებდა.

ამიტომ, უკვე 2005 წლის იანვარში, ისინი აქტიურად ჩაერივნენ აფხაზეთის მოვლენებში. სწორედ 2005-ში მოხდა პირველი ტერაქტი, ეს იყო გორში პოლიციის შენობის აფეთქება. ამის გამო, დაკავებული იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ვინმე ბოიკო. სრულიად გაუგებარი „გულმოწყალებით“, საქართველოს ხელისუფლებამ ბოიკო გადასცა რუსებს და მათ, რა თქმა უნდა, ის მეორე დღესვე გაუშვეს. ბოიკოს გაშვების შემდეგ, მათი აგენტები უფრო გააქტიურდნენ. თუმცა, ესეც, როგორც შემდეგ გამოჩნდა, მხოლოდ შესავალი ნაწილი იყო. უფრო მძიმე წნეხის ამუშავება უკვე 2006 წლიდან დაიწყო.

ეკონომიკური ომი-1

2006 წლის იანვარში განხორციელდა პირველი სერიოზული დარტყმა საქართველოზე ენერგომომარაგების კუთხით. იანვარში, ყველაზე ცივ დღეებში მოხდა სამ ადგილზე ელექტროგადამცემებისა და გაზის სისტემების აფეთქება. ეს მაშინ ტერორისტებს დაბრალდათ. თუმცა, გაირკვა, რომ გამოყენებული იყო სპეციალური პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც, იმავე რუსი ექსპერტების განმარტებით, მხოლოდ ე.წ. ГРУ-ს სპეცდანიშნულების რაზმი მოიხმარდა. ეს იყო დესტაბილიზაციის პირველი ეტაპი, რომელიც, პრინციპში, ჩაიფუშა.

2006 წელს ძალიან გააქტიურდნენ რუსეთის სპეცსამსახურები, დაიწყეს გიორგაძის მომხრეების დაფინანსება, ვითომ არასამთავრობოების შექმნა, ფულის ჩადება სხვადასხვა საშუალებებში. ყველას კარგად გვახსოვს 2006 წლის შემოდგომა, როცა ქართულმა მხარემ დააკავა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 4 თანამშრომელი. ამას მოჰყვა დიდი რუსული ისტერია და სრულფასოვანი ეკონომიკური ემბარგო, თუმცა, მანამდეც უკვე მოქმედებდა ემბარგო ღვინოსა და აგრარულ პროდუქტებზე. ერთი სიტყვით, რუსული მცოცავი აგრესია-ოკუპაცია არც 2008 წლის აგვისტოში დაწყებულა და არც მაინცდამაინც საომარ მოქმედებებში გამოიხატებოდა.

რუსეთის მხრიდან აგრესია მთელი პოსტსაბჭოთა ისტორიის მანძილზე წუთითაც არ განელებულა. და თუ პრეზიდენტ ელცინის დროს ის საქართველოსთან მიმართებაში უფრო სამხედრო-პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, პუტინ-მედვედევის დროს სამხედრო ასპექტმა პირველობა ნელ-ნელა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებს დაუთმო. თუმცა, მაშინ, როდესაც არც ამან გაჭრა, მიზნის მისაღწევად კვლავაც ნაცადი - ტანკებითა და ავიაგამანადგურებლებით „დარწმუნების“ გზა აირჩია.

საომარ მზადყოფნაში

როცა 2006-2008 წლების ემბარგომაც სათანადოდ არ გაჭრა, სამხედრო ინტერვენცია დარჩა, პრაქტიკულად, ერთადერთი, რაც ეგულებოდა რუსეთს საქართველოს მყისიერად მოსადრეკად. სავარაუდოა, რომ სწორედ ბლოკადის არაეფექტურობის გამოვლენის მერე დაიწყო რუსეთის ხელისუფლებამ აქტიური ფიქრი სამხედრო ინტერვენციაზე.

ამის რამდენიმე დამადასტურებელი საბუთი არსებობს. რუსეთმა დატოვა ჩვეულებრივი იარაღის შეზღუდვის ხელშეკრულება, რომელიც ამცირებდა ამიერკავკასიაში ჯავშანტექნიკის რაოდენობას. ამის შესახებ მან შარშან დაიწყო ლაპარაკი და ამავე წელს გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან. საქართველოში შემოვიდა 3 ათასამდე ერთეული ჯავშანტექნიკა. არც ერთი ხელშეკრულებით, რუსეთს წლევანდლამდე ამის უფლება არ ჰქონდა. საქართველოს ჰქონდა 200 ტანკი, იმიტომ, რომ ხელშეკრულებით მეტის ქონა არ შეეძლო, რუსეთმა კი მოიხსნა ეს ვალდებულება და იმდენი ჯავშანტექნიკა აქვს, რამდენსაც მოისურვებს.

ის, რომ მას 2007 წელს ჩეჩნეთში 3 ათასი ტანკი არ სჭირდებოდა, დღესავით ნათელი იყო. ხდებოდა ჯავშანტექნიკის კონცენტრაცია საქართველოს საზღვრებთან. შარშან პუტინი დაღესტანში ხსნიდა სამთო ბრიგადას და იკითხა, გზა სად მიდისო? მას უთხრეს, რომ ეს არის გზა საქართველოსკენ. პასუხი გასაგები იყო: „სასწრაფოდ უნდა შევაკეთოთ, გვექნება კიდევ ერთი გზა საქართველოში შესასვლელად“. საინტერესო იყო, ვის უკეთებდა პუტინის ადმინისტრაცია სამხედრო გზას საქართველოში მაშინ, როდესაც ლარსის გამშვები პუნქტი უკვე ერთი წლის ჩაკეტილი იყო და რუსეთი არა თუ გზებს ხსნიდა, საქართველოსკენ მომავალ ყველა კუნჭულს ქოლავდა? საგულისხმოა, რომ ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გავიდა. ანუ, ეს ნიშნავს, რომ მოსკოვს სურდა, ყველას მოესმინა, რომ ის ამ თემებზე ფიქრობდა.

თვალსაჩინო იყო, როგორ ხდებოდა ინტერვენციის მომზადება წლების განმავლობაში.

ჯერ დაიწყეს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა. არადა, ყველასთვის ცხადია, რომ დაცარიელებულ ოჩამჩირეში და გალში რკინიგზის აღდგენა უაზრობაა, ვინაიდან იქ რკინიგზას სამოქალაქო ფუნქცია არ აქვს.

ასეც მოხდა: ამ გზით რუსებმა შემოიყვანეს სადესანტო რაზმები ტყვარჩელში და დაკავებულნი იყვნენ გარემოს დაზვერვით კოდორზე შეტევისთვის. რატომ ტყვარჩელში? ახსნა მარტივია - ტყვარჩელიდან იკეტება კოდორის გზა. მიდიოდა დანაღმვითი სამუშაოები და აშკარა მომზადება ზემო აფხაზეთზე შეტევისთვის.

ივლისში პრეზიდენტმა მედვედევმა დაიწყო შესაბამისი პირობების წამოყენება და მოითხოვა კოდორიდან ქართული ადმინისტრაციის გასვლა, რაც, პრაქტიკულად, ნიშნავდა ზემო აფხაზეთის უბრძოლველად ჩაბარებას. დენთის სუნი, შესაბამისად, უკიდურესად გამძაფრდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ დროს არენაზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ. მათ შორის იყო გერმანიის ვიცე-კანცლერი შტაინმაიერი თავისი გეგმით, ივლისის ბოლოს უნდა ყოფილიყო შეხვედრა გერმანიაში, მაგრამ რუსებმა და აფხაზებმა ეს შეხვედრა ჩაშალეს და თქვეს, რომ აგვისტოს ბოლოს აწყობდათ მისი გამართვა.

0x01 graphic

ომი

პარალელურად, უკვე მაისში, წამყვანი რუსი სამხედრო ექსპერტები ამბობდნენ, ომი იქნება ივლისში ან აგვისტოშიო. აგვისტოს დასაწყისში რუსებმა დაამთავრეს რკინიგზის აღდგენა გალში და ოჩამჩირეში და ივლისში უკვე დაიწყო თავდასხმები. აფხაზეთში ჩამოაგდეს ქართული უპილოტო თვითმფრინავი. ჯერ უარყვეს, თქვეს, ქართველებს მოეჩვენათო, მერე დაადასტურეს. მაგრამ მაშინ, როცა ივლისში აქ შემოვიდნენ თვითმფრინავები და თქვეს, რომ ჩვენ შემოვედით, ჩვენ ვიყავითო, ისინი აშკარად უკვე ცდიდნენ დასავლეთის რეაქციას.

ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აფხაზეთსა და ოსეთში (ალაგირთან) იყო ძალების დიდი კონცენტრაცია. რუსებმა ჩაატარეს მანევრები და განაცხადეს, რომ ეს არის მშვიდობის იძულების ოპერაცია საქართველოში. ამასაც მსოფლიოს გასაგონად ამბობდნენ და რეაქცია აქაც ნულოვანი იყო.

ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ჩრდილო კავკასიაში დაიწყეს ქართველების დევნა. რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს და თქვეს, რომ ისინი არიან ქართველი ჯაშუშები. შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს საქართველოსთან კავშირში მყოფი ყველა ადამიანი. ეს უკვე აშკარად წააგავდა შეიარაღებული მოქმედებისთვის მზადებას. გამკაცრდა სასაზღვრო კონტროლი აფხაზეთის მონაკვეთზე. იმდენად დაიძაბა ვითარება მიმდებარე რეგიონებში, რომ სოჭში საკურორტო სეზონი ჩავარდა. ადგილზეც შეიმჩნეოდა აშკარა დაძაბულობა.

საქართველოს ხელისუფლება მოელოდა თავდასხმას აფხაზეთის მონაკვეთზე, მაგრამ არა ცხინვალში. ცხინვალში ქართული პოზიციები არ იყო ურიგო. ქურთა-თამარაშენი შენდებოდა, გზა გაკეთდა, ბევრმა დაიწყო ცხინვალიდან თბილისში სიარული. თბილისში ოსური სკოლა გაიხსნა. ერთი სიტყვით, ცხინვალის მხარეს არანაირი სამხედრო ხაზი არ არსებობდა, მთელი ძალები გადასროლილი იყო აფხაზეთის მიმართულებით.

ცხინვალში ომის დაწყებამდე, 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე, ჩრდილო კავკასიაში დაიწყო კაზაკების და მფრინავების გაწვევა, სწორედ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. ერთ-ერთ მფრინავს, რომელიც ქართველმა სამხედროებმა ჩამოაგდეს, რამდენიმე წელი არ უფრენია. ის მოსკოვიდან გაიწვიეს. პენსიონერები გაიწვიეს რეზერვიდან და ეს მოხდა ზუსტად ერთი კვირით ადრე კონფლიქტის დაწყებამდე. ქართულმა არმიამ ცხინვალთან მისწია მხოლოდ ერთი ბრიგადა, ძირითადი ძალები იყო კვლავ სენაკში და არ გამოწვეულა ჯარი ერაყიდან, რადგან ადრეც, როცა იყო ასეთი შემთხვევები, ახლომდებარე ბრიგადები მოდიოდა მზადყოფნაში.

მთელი რუსული გაზეთები ომის წინა დღეებში სავსე იყო ცხინვალზე სტატიებით. ცხინვალიდან დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია. თავიდან ქართულ მხარეს ეგონა, რომ ეს პიარის ნაწილს შეადგენდა. კარგად რომ გადამოწმდა, აღმოჩნდა, რომ ყველა სამოქალაქო პირი გაჰყავდათ. ასეთი რამ მათ მანამდე არასოდეს გაუკეთებიათ. ამას დაემატა ის საყოველთაო მობილიზაცია, რაც ზემოთ ვახსენეთ.

6 აგვისტოს, ღამით, რუსი მესაზღვრეები გადმოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მოხსნეს ოსი „აპალჩენცები“ და განაცხადეს, რომ ამიერიდან რუსეთი გააკონტროლებს როკის გვირაბის ორივე მხარეს. ჯავაში მთელი ზაფხული შენდებოდა სამხედრო ბაზა, 1200 ევროს უხდიდნენ თითო მუშას, რაც წარმოუდგენელი თანხაა იმ ადგილის ღარიბი მოსახლეობისთვის. ასეთივე ბაზები ააშენეს აფხაზეთშიც და ჩაიტანეს უამრავი რაოდენობის საწვავი. ეს საწვავი აშკარად ბევრ და მძიმე ტექნიკაზე იყო გათვლილი, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთვის მზადება გამალებული ტემპით, ყველა მიმართულებით მიდიოდა.

ივლისის ბოლოს იყო ინფორმაცია, რომ 200 ტანკი დაიტვირთა სოჭში, მას ეწერა „აბხაზია“. რუსებს უნდოდათ ამ ტანკებით ენგურის გამაგრება, რომ საქართველო მეტად აღარ შესულიყო ამ მიმართულებიდან კოდორის გასამაგრებლად. გარდა ამისა, გეგმაში იყო დესანტის გადასხმა კოდორში და მისი გაწმენდა ქართული პოლიციისგან. მოგვიანებით სწორედ ეს სცენარი განხორციელდა.

7 აგვისტოს მდგომარეობა უკვე უკიდურესად მწვავე იყო. ქართულ სოფლებს უშენდნენ არა მარტო ოსური სოფლებიდან, არამედ ე.წ. სამშვიდობო პუნქტებიდანაც. ღამით რუსები უკვე გაზრდილი შემადგენლობით გადმოვიდნენ როკის გვირაბიდან. საქართველოს ცხინვალის რეგიონში, და მის მიმდებარედ, არ ჰყავდა შეყვანილი ომის საწარმოებლად აუცილებელი მძიმე ტექნიკა. შეყვანა ომის დაწყების შემდეგ უკვე შეუძლებელი გახდა, რადგან რუსები სამხედრო ინფრასტრუქტურას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბომბავდნენ.

ამ დროს ჯავა-როკის მთელი გზა უკვე გაძეძგილი იყო რუსული სამხედრო ტექნიკითა და ჯარისკაცებით. თავისთავად, ტანკების გადაადგილების მარტივი ქრონომეტრაჟიც ცხადყოფს, რომ შეუძლებელია 120 კმ-ის გავლა 2-3 საათში. ანუ, ეს ნიშნავს, რომ რუსები უკვე იქ იყვნენ და მხოლოდ გორის მიმართულებით გადმოადგილება დასჭირდათ.

ქართული არმიის მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ, რის გამოც ომი მყისიერად ვერ დასრულდა, ვლადიკავკაზში ჩასულმა პუტინმა ჩრდილოეთ კავკასიაში მობილიზებული მთელი სამხედრო ძალები დაძრა საქართველოსკენ. 58-ე არმიას უკვე ფსკოვის დივიზია და კიდევ რამდენიმე სხვა სამხედრო დაჯგუფება დაახმარეს. პარალელურად, შავი ზღვის ფლოტის უმეტესი ნაწილი შევიდა ოჩამჩირეში. სხვათა შორის, ოჩამჩირის პორტის გაწმენდაც 9 თვის წინ დაიწყო და მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ესეც სწორედ საქართველოზე თავდასხმისთვის კეთდებოდა.

ერთი სიტყვით, ეს იყო მრავალი თვის წინ დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია.

ქართულ შეიარაღებულ ძალებს ნამდვილად არც აქვს და, ალბათ, არც მომავალში ექნება რესურსი, რომ დამოუკიდებლად შეაჩეროს ამხელა ძალა.

ასეთ სიტუაციაში ომის გაგრძელება ნიშნავდა არა მარტო ჯარის, არამედ გორის, კასპის, ხაშურისა და სხვა მიმდებარე ადგილების მთლიანად განადგურებას, და არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილის მწყობრიდან გამოყვანას და მის სრულ პარალიზებას და მოსპობას.

რატომ მაინც და მაინც აგვისტო? ამ თვალსაზრისით დრო ზუსტად იყო შერჩეული. დეკემბერში იგეგმება ნატოს სამიტი, ნოემბერში ამერიკაში იცვლება საპრეზიდენტო ადმინისტრაცია. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ოქტომბრის ბოლოდან ცხინვალში ბრძოლა შეიძლება ძალიან გაჭირდეს, კოდორში ბრძოლა კი შეუძლებელია, ვინაიდან, უკვე აგვისტოს მეორე ნახევრიდან, ან სექტემბრიდან, ხეობა იკეტება.

ასე რომ, აგვისტო იდეალურია ასეთი შეტევის განსახორციელებლად. თან, ყველა სიკეთესთან ერთად, ამ გარემოებებს ოლიმპიადაც დაემატა, რომელსაც დიდი ალბათობით შეეძლო გადაეფარა რუსული აგრესია მისი სწრაფი დასრულების შემთხვევაში.

საქართველომ გაუწია წინააღმდეგობა ყველაზე უფრო დაუნდობელ და თავზეხელაღებულ სამხედრო ძალას. ეს ბოლოს გააკეთა ფინეთმა 1939 წელს. საქართველოში რუსებმა, სხვა და სხვა ინფორმაციით, შემოიყვანეს 40-დან 50 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და დაქირავებული პირი. აქედან 9 ათასი აფხაზეთში და მას ჩეჩნეთის ორივე სამხედრო კამპანიის ლიდერი, სისასტიკით განთქმული გენერალი ვლადიმირ შამანოვი უსარდლეს. ცხინვალს და მის შემოგარენს კი თავად რუსეთის მიერვე ფედერალური ცირკულარით ძებნილი ჩეჩნური ბატალიონის - „აღმოსავლეთის“ მეთაური სულიმ იამადაევი „წმენდდა“. სწორედ მისმა დაჯგუფებამ დაცხრილა ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსის რეზიდენცია. შედეგად, „დამსახურების“ გამო იამადაევს ძებნილობაც მოეხსნა და არმიიდანაც პატივით გააცილეს.

ომის წინა პერიოდში, და 5-დღიანი ომის განმავლობაში, რუსეთიდან საქართველოში, პრაქტიკულად, იმდენივე ძალა შემოვიდა, რამდენიც შევიდა ავღანეთში ომის დაწყების დროს. შემოვიდა ათეულ ათასობით სამხედრო და დაქირავებული პირი და 3 ათასი ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა. ასე რომ, როდესაც მიდის მტკიცება, ომი სწორედ ქართულმა მხარემ დაიწყოო, ეს გარემოებაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

რა არის რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მოტივაცია? საქართველოს დასჯა პოლიტიკური ორიენტაციის გამო? ქვეყნის ეკონომიკის განადგურებამდე მიყვანა? ხელისუფლების გადაგდება და მისი თავისთვის სასურველი ფიგურებით დაკომპლექტება? იქნებ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე კონტროლის მოპოვება? თუ მუდმივმოქმედი კრიზისის კერის გაღვივება და ამაზე ხელის პერმანენტულად მოთბობა?

სავარაუდოა, რომ ყველაფერი ერთად. ფაქტია, რომ საქართველოს დღეს შექმნილი მძიმე კრიზისის გადასალახად დასჭირდება, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, რამდენიმე თვე, უფრო რეალისტურით კი - რამდენიმე წელიწადი.

ეს არის რუსული აგრესიის ფასი საქართველოსთვის. ფასი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი კიდევ დიდხანს გადაიხდის, ვინაიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს ეკონომიკას საფრთხე დაემუქრა, არა მხოლოდ უშუა ლომილოდ სამხედრო აგრესიიდან, არამედ ყველა იმ შედეგის მხრივაც, რომელიც რუსულ აგრესიას მყისიერად ან შედარებით მოგვიანებით მოჰყვა.

დაკარგული სახე

ომის დაწყებისთანავე ორივე წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings-მა და Standard & Poor's-მა საქართველოს სარეიტინგო ქულები ჩამოაკლო. საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის ზრდის შეფერხება იწინასწარმეტყველა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Global Insight, რომელიც დასავლურ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის წარმოების რისკებთან დაკავშირებით უწევს კონსულტაციას, უსაფრთხოების რისკების რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი 3,75-დან 4-მდე გაზარდა (მაქსიმალური 5 ქულის პირობებში), ბიზნესის წარმოების რისკიანობის დონე კი - 3-დან 3,5-მდე. ანუ, საქართველოში ბიზნესის წარმოება ამ ცვლილებების შემდეგ უკიდურესად სარისკოდ შეფასდა.

0x01 graphic

საბოლოოდ, ზარალის ზუსტი აღწერა ამ ეტაპზე წამოუდგენელია იმ გარემოების გამო, რომ არ არის აღდგენილი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია იმ ტერიტორიებზე, უშუარომელიც სრულად კონტროლდებოდა 7 აგვისტომდე. შესაბამისად, სადღეისოდ, კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე არსებულ ზარალზე მხოლოდ წარმოსახვითი და მიახლოებული მონაცემები არსებობს.

რაც შეეხება უკვე დადგენილ და გამოვლენილ ზარალს, ამ მხრივ, საქართველოს ეკონომიკის, პრაქტიკულად, ყველა სეგმენტმა როგორც საომარი მოქმედებების წარმოების დროს, ასევე მის შემდგომ ერთთვიან პერიოდში, სერიოზული დარტყმა მიიღო და სოლიდური ზარალი განიცადა.

მარტივი მამრავლები

მას შემდეგ, რაც Fitch Ratings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა, ქვეყნის წამყვან კომერციულ ბანკებსაც („საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „პროკრედიტბანკი“, „ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია“) რეიტინგი ერთი საფეხურით დაეწიათ. ანუ, მათთვის საერთაშორისო ბაზრებიდან მოსაზიდი რესურსი გაძვირდა და სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

ომის შემდეგ ყველა სერვისი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, განვადებებიც, იპოთეკაც, ავტოდაკრედიტებაც და უამრავი სხვაც, კლიენტისთვის უფრო გართულებულია. აგვისტომდელ მდგომარეობასთან დაბრუნებას რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება.

„საქართველოს ბანკიდან“ კლიენტებმა 165 მილიონის დეპოზიტი გაზიდეს, „თიბი-სი ბანკიდან“ - 100 მილიონი, სულ მთელი სექტორიდან - 300 მილიონი დოლარი. ამის მერე ვინმე დასვამს კიდევ კითხვას, რატომ აღარ აქვთ ბანკებს ფული?

არ აქვთ და ვეღარც გასცემენ. მაგალითად, იმავე სამშენებლო კომპანიებს, ომის დროს არც ერთი ბინა აღარ გაუყიდიათ. დღეს თითოოროლას თუ გაასაღებენ, ესეც დიდი მიღწევაა. „აქსისმა“ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 2 მილიონ დოლარზე მეტით იზარალა, „არსმა“ „დროებით თანამშრომლების ოპტიმიზაცია მოახდინა“, ექს-პრემიერმა ნოღაიდელმა ფეხი გამოყო და სამშენებლო სექტორში 70 ათასი კაცის უმუშევრობა გვახარა. მშენებლების პრობლემებზე დომინოს პრინციპით „მიწყობა“ კი, ბევრმა სხვა ბიზნესმაც რეალურ საფრთხედ იწინასწარმეტყველა.

საფრთხე დაინახეს უცხოელებმაც: გერმანული „ჰაიდელბერგ ცემენტის“ კუთვნილი კასპის ცემენტის ქარხანა ავიადაბომბვის მსხვერპლი გახდა, თურქული „ეფესის“ კუთვნილი „ლომისის“ ახალგორის ლუდსახარში ქარხანა სულაც „დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, არაბული „რაკ ინვესტმენტის“ მფლობელობაში გადასული ფოთის პორტიდან რუსები ძლივს, ლამის შელოცვით, გაყარეს (ზარალი - 5 მილიონი ლარი), ჩეხური „ენერგო პროს“ დენის ხაზებზე კი ოკუპანტები მწყობრად ჩაებნენ და დღესაც მონდომებით იპარავენ მის ენერგიას (ზარალი - 6 მილიონი ლარი) და ა.შ და ა.შ.

ქართული პროვინციის ხერხემალს - სოფლის მეურნეობის სექტორს რუსული აგრესია, როგორც ომის დროს, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც მნიშვნელოვნად აზარალებს. იმ ტერიტორიებს, სადაც, მაგალითად, ვაშლის ბაღებია განლაგებული, ჯერ კიდევ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ და ქართული მხარე შესაბამისად იმის დადგენასაც კი ვერ ახერხებს, წელს ვაშლის რა რაოდენობის მოსავალი გვექნება. არც დასავლეთ საქართველოს გადამრჩენელი თხილი მოსჩვენებიათ რუსებს ურიგო სასუსნავად. დამწვარი ვენახების და პურის ყანების ფასი კი, ალბათ, ძალიან ძნელი გამოსათვლელი იქნება.

საქართველოს რკინიგზას პირდაპირი ხარჯები უხვად დაუგროვდა და ხელიდან გაშვებული მოგებაც. რკინიგზას მოუწევს სოფელ სკრასთან მომხდარი აფეთქების დროს განადგურებული შემადგენლობის ღირებულების ანაზღაურებაც. დიდი ფინანსური დანაკარგი განიცადა ქართულმა ავიაკომპანიებმა, რომლებიც რუსების მიერ დახურული ცის პირობებში სერიოზულად დაზარალდნენ. რაც შეეხება საზღვაო-საბორნე გადასასვლელს, ის საერთოდ პარალიზებული იყო.

დიდია დანაკარგები, რომელიც საავტომობილო გადაზიდვების სეგმენტს მიადგა. ქვეყნის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვისა და დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების ერთმანეთისგან მოწყვეტის გამო. სატვირთო ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის სავსებით პარალიზებული აღმოჩნდა. შიდა გადაზიდვების გარდა, მნიშვნელოვნად შეიცვალა სატრანზიტო გადაზიდვების კონფიგურაციაც, ვინაიდან საერთაშორისო გადამზიდავებმა ტვირთების გადატანა ან შეაჩერეს, ან საქართველოს გვერდის ავლით დაიწყეს ტრანსპორტირების დერეფნების ძიება.

რაც შეეხება საზღვაო გადაზიდვებს, ფოთის პორტის ბლოკირების გამო, ეს პროცესიც ან შეჩერებული იყო (მაგალითად, საბორნე გადაზიდვები), ან - ძალიან შეფერხებული. იგივე ითქმის ბათუმისა და ყულევის ნავსადგურებზე, რომელთა მუშაობაც მისაწოდებელი ნავთობპროდუქტების ოდენობის შემცირების გამო ძალიან შემცირდა.

ბოლო წლების საქართველოს ჰიტი - ტურიზმიც - აგვისტოში განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა. ამ სფეროს წარმომადგენლები ახლა მომავალს განსაკუთრებული ოპტიმიზმით აღარ უყურებენ, რადგან უცხოელი ტურისტების მოზიდვა სულ უფრო რთული იქნება.

საომარი მოქმედებების დაწყების წინ საქართველოში დაახლოებით 34 ათასამდე ტურისტი იმყოფებოდა. ტურისტების უმრავლესობამ ქვეყანა საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დატოვა.

სეზონის ჩავარდნისგან მიყენებული ზარალი ამჟამად ითვლება. თუმცა ტურისტული საბიუჯეტო ზარალი 6 მილიონ ლარზე მეტი არ იქნება, მაგრამ ძალიან მაღალია შინამეურნეობების დანაკარგი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათ უმეტესობას ტურისტული გაზრდილი ნაკადის იმედად საბანკო სესხი ჰქონდა აღებული.

საომარი მოქმედებების დროს ფოთის პორტის ბლოკირებისა და საავტომობილო მაგისტრალების გადაკეტვის, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანების და საავიაციო მიმოსვლის შემცირების, ასევე საბანკო და სხვა სექტორებში ამუშავებული დროებითი შეზღუდვების გამო, ქვეყანაში ტვირთების მოძრაობა და სავაჭრო ოპერაციების მოცულობაც მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების კლების ტენდენცია გამოიკვეთა. ამ პერიოდში ბევრ იმპორტიორს ექმნებოდა პრობლემა საქართველოს საზღვრიდან თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების მიმართულებით ტვირთების გადაადგილებაში.

მეტიც: მთელი რიგი საიმპორტო ტვირთები, რომელსაც იმპორტის სტრუქტურაში სოლიდური წილი უკავია, ქვეყანაში საერთოდ ვერ შემოდიოდა და უმეტესწილად დღესაც ვერ შემოდის. უპირველესად, ეს ითქმის, საიმპორტო სიაში წილით მეორე ადგილზე მყოფ, მსუბუქ ავტომობილებზე, რომელთა შემოტანას საჭირო დროში და ოდენობით ვერ ახერხებენ ვერც საავტომობილო კომპანიების ოფიციალური დილერები და ვერც ინდივიდუალური იმპორტიორები.

უკეთეს დღეში არც ექსპორტიორები იყვნენ, ვინაიდან მათი წარმოებული პროდუქციის გატანაც ყველანაირად შეფერხდა. ექსპორტის ძირითადი საზღვაო არხი, რომელიც ფოთის პორტზე გადის, პარალიზებული იყო, ტვირთების სხვა არხებისკენ გადამისამართება კი - ნაკლებად შესაძლებელი უსაფრთხოების მოსაზრებების, ასევე დროისა და ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გამო.

ნაომარზე

ცხადია, ტენდენციები, რაც ეკონომიკის თითოეულ სეგმენტზე ომის შემდგომ პერიოდში გამოიკვეთება, ჯერ ბოლომდე არ ჩანს. მით უფრო, დღეს, როდესაც რუსული სამხედრო ძალები კვლავაც საქართველოს ტერიტორიაზე არიან და შეძლებისდაგვარად აფერხებენ მისი ეკონომიკის ფუნქციონირებას.

ყოველივე ზემოთქმულის შედეგად, ფაქტი უკვე ის არის, რომ წლეულს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9,3%25-დან უკვე 5-6%25-მდე დაეცა. თუ შარშან საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, წელს მთავრობა ინვესტიციების მოცულობის შემცირებას, საუკეთესო შემთხვევაში, 1,7 მილიარდ დოლარამდე ვარაუდობს. ეს კი საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც ჰაერივით საჭიროებს უცხოურ ინვესტიციებს, უმძლავრესი დარტყმაა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ 1,7 მილიარდი უცხოური ინვესტიციის პროგნოზიც საეჭვოა და საინვესტიციო დანაკარგების მოცულობა კიდევ უფრო მეტი შეიძლება იყოს.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 1-დან 2 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. საქართველოს ეკონომიკის აღდგენას და კალაპოტში ჩადგომას, სენატორ რიჩარდ ლუგარის ოფისის შეფასებით, 3-დან 4 მილიარდამდე დოლარი დასჭირდება. ამასთან, თუ დახმარება არ იქნება დროული, საქართველოს მშპ-ს, 10%25-იანი ზრდის ნაცვლად, ამავე მოცულობის დაცემა ემუქრება.

ასე რომ, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ეს კი, საბოლოოდ, საქართველოს თითოეული მოქალაქის პერსონალურ ტვირთად ნაწილდება. ეს ტვირთი, სავარაუდოდ, ამ ზამთარს ყველაზე მეტად დამძიმდება: ცალკე რუსული გაზის გაზრდილი (სავარაუდოდ) ფასი შემატებს წონას, ცალკე - ათეულ ათასობით დევნილი, ცალკე - გაზრდილი უმუშევრობა და ცალკე - მომატებული შიდაპოლიტიკური დუღილი. ამ გავარვარებული სიბრტყის გასაგრილებლად ძირითადი მკურნალი რეცეპტურა პატარა დოზით ჩვენში, მაგრამ უპირატესად, მაინც ქვეყნის გარეთ მზადდება - კერძოდ, ასეულობით მილიონი დოლარი და დეკემბრის ნატოს სამიტი. თუმცა, გააგრილებს კი?

12 ომი და თეთრი კურდღელი

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: არჩილ ქიქოძე
ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ომის ამბავი მე აწუნთის უღელტეხილზე შევიტყვე. ომამდე გიდი ვიყავი და უცხოელები დამყავდა მთაში. იმ დღეს ჩემთან ერთად ფრანგების ჯგუფი იყო, კიდევ იყო მეორე გიდი, თაკო, და ჩვენი თუში მეგობარი - იურა ბუქვაიძე. იურამ უღელტეხილზე ერთი ადგილი იცოდა, სადაც „მაგთი“ იჭერდა, დარეკა და ომიაო, თქვა, - ესე მითხრეს, ჩვენებმა ცხინვალი აიღესო - და მერე გათიშულა ტელეფონი. ვეღარ დარეკა. იმ დღეს მთაში ვათიეთ და მეორე დღეს ჩავედით ხევსურეთის სოფლებში. აქაც არავინ არაფერი იცოდა, იცოდნენ, რომ იყო ომი და მორჩა... ჩვენმა ავტობუსმა დაიგვიანა და მხოლოდ გვიან საღამოს მოგვაკითხა მუცოში. მძღოლმა წესიერად ვერაფერი გვითხრა, მხოლოდ თითქოს - როკი აიღეს ჩვენებმაო. ეგ იყო და ეგ. ვიყავით დაზაფრულები, ქართველებიც და ფრანგებიც. მერე ვიღაც თბილისელმა ბიჭმა და გოგომ გამოიარეს, აქვე გვაქვს ბანაკიო, იქ ომია და მე კიდევ აქ ვარო, - ეს ბიჭი იძახდა, - თანაც რეზერვისტი ვარ და დეზერტირად არ ჩამთვალონო, ჩავალ ანატორში საზღვართან და რუსებს მაინც შევაგინებ იქიდანო. რაღაც აბსურდული სიტუაცია იყო. ზედ რუსეთის საზღვართან ვიდექით და აქ საოცარი სიმშვიდე იყო, სადღაც კიდევ ომი იყო გაჩაღებული, რომლის არც მასშტაბები ვიცოდით და არც ამბები. საღამოთი ფრანგებმა მითხრეს, შენთვის საჩუქარი გვაქვსო, და დიდი ამბით ათი წლის ფრანგული შავი ღვინის ბოთლი გადმომცეს: ძვირფასი ღვინოა, ესო, ერთი-ორი წელი შეინახე და კიდევ უკეთესი იქნებაო. დაველოდე, როდის დაიძინებდნენ და მერე დავლიე, სულ მშვიდობის სადღეგრძელოს ვამბობდი. იურა, რომელიც წვეთს არ სვამს, მარტო მიჭახუნებდა. მერე დასაძინებლად წავიდა, მე კი გარეთ ვიწექი იმ სიმშვიდეში, ვარსკვლავებს შევცქეროდი და ომზე ვფიქრობდი, მაგრამ მაინც ვერ მქონდა გაცნობიერებული ყველაფერი. დილით იურა დაგვემშვიდობა, თავის „სომბრერო“ დაიხურა და თუშეთისკენ უქნა ცხენებს პირი, ოღონდ მანამდე თქვა: ვინ იცის, იქნებ მეც მეძებენ - დესანტი ვარო. მაშინ უფრო ვიგრძენი ომი, რადგან იურა წარმოვიდგინე იქ. მერე მთელი გზა ვიხსენებდი ჩემს მეგობრებს, რომლებიც რეზერვში იყვნენ ნამყოფი, განსაკუთრებით გიგა მახსენდებოდა, ყველა ომში ნამყოფი და რეზერვში ნებაყოფლობით პირველი წამსვლელი. რამდენიმე საათს მოვუნდით ბარისახომდე ჩასვლას და იქ დაიჭირა თუ არა ტელეფონმა, მესიჯებმა დაიწყო მოსვლა, რამდენიმე კაცისგან მომივიდა პატრიარქის ლოცვა, ჩემი და იტყობინებოდა: აქ ომია და ბავშვებიანად კახეთში გავიხიზნეთო. თაკომ თავისიანებს დაურეკა და ტირილი დაიწყო, ბევრი მისი მეგობარიც იქ აღმოჩნდა წასული. მე ტურ ოპერატორს და დავურეკე და ტელეფონში მიყვირა: სასწრაფოდ ჩამოდით, ეგ ჯგუფი სადახლოში უნდა გავხიზნოთო. ომი იყო, ერთი სიტყვით...

0x01 graphic

მერე გიგას დავურეკე, ვისზეც ყველაზე მეტად ვნერვიულობდი, და თბილისში ვარო, - მითხრა, - შტაბში მივედი და შენი ბატალიონი დაიშალაო, მოხალისედ ჩავეწერე და არ მივყავართო. ომში ვერ მიდიოდა და გამწარებული ყველას აგინებდა - რუსებსაც და მთავრობასაც... ვერც წავიდა. სამაგიეროდ, ბევრი ისეთი კაცი დამხვდა წასული, რომ იქ არაფერი ესაქმებოდათ - უსაშველო ლოთებიდან დაწყებულები ნუდისტ-პაციფისტებით დამთავრებულები. საბოლოოდ ყველა ჩემი ნაცნობი გადარჩა და ზოგი ადრე და ზოგიც გვიან დაბრუნდა სახლში. თუმცა, ჩემმა დამ ყველას გამოტირება მოასწრო...

კახეთში ერთი ძმაკაცი მყავს და ისიც იქ იყო. საკუთარი ხელით ჩავსვი მარშრუტკაშიო, - მამამისი მოთქვამდა, - ვუთხარი, შვილო, სამშობლოს უჭირს, ერეკლე მეფე და ეგეთებიო. სად გავუშვიო, სასაკლაოზე გავუშვიო. ძლივს გადარჩაო. მაგას ტელეფონით მეუბნებოდა. ორიოდე კვირის მერე კი, როცა კა ხეთში ჩემი ცოლ-შვილის მოსანახულებლად ჩავედი, მდინარის პირას დავსხედით სამივე - ჩემი მეგობარი, მამამისი და მე. თან ღვინოც წავიღეთ და ცოტა მისაყოლებელიც. ჩემი ძმაკაცი, რომელიც მართლა მოტეხილი მეჩვენა, თავის თავგადასავალს მიყვებოდა, პირველად ნანახ სიკვდილზე მიამბობდა და სხვათა შორის მომიყვა მათ თანასოფლელ „მარშრუტკის“ მძღოლზე, რომელმაც თავისი სოფლის რეზერვისტები გასაჭირში არ მიატოვა, სათითაოდ მოკრიბა დაბომბვის შემდეგ გორი-ცხინვალის გზაზე გაფანტულები და სამშვიდობოს გაიყვანა. უკვე შემთვრალი მამა კი სიყვარულით უცქერდა შვილს და: ნუ გეშინია, ლევან, შენი ბოღმა მაგათ ქალებზე მაქვს თავის დროზე ამოყრილიო, - ეუბნებოდა. ეს უკვე აღარ იყო სერიოზული, მაგრამ მე ყურში ცუდად მაინც არ მომხვედრია. ერთი, რომ ის კაცი ძალიან მიყვარს და მეორეც, უკვე ძალზედ ბევრი და ძალზედ არასერიოზული სიტყვები მქონდა მოსმენილი გაცილებით სერიოზული ხალხის პირიდან. თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით...

იმ დღეს, მთიდან თბილისში რომ ჩამოვედით, რესპუბლიკის მოედანზე (მგონი, ახლა ვარდების მოედანი ჰქვია) მიტინგი იყო. ხალხი მანქანებით და დროშებით დარბოდა და ფრანგმა ჟურნალისტმა მითხრა: რაო, ფეხბურთის მატჩი ხომ არ მოგიგიათო? ეს ფრანგი იმ ტურისტული ჯგუფის წევრი იყო, რომელსაც მთაში ვახლდი. ჯგუფი სომხეთში გახიზნა საელჩომ, ის კი დარჩა, რადგან ჟურნალისტია და ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. დავასახლე ჩემთან და დაიწყო ჩვენი უცნაური ყოფა, რომელიც ათ დღეს გაგრძელდა. ფრანგი ხვდებოდა კუშნერს, სარკოზის, სააკაშვილს, ჩვენი მთავრობის სხვა წევრებს და საღამოობით ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. ამ ჩვენი საუბრების შინაარსის გამხელის არავითარი მორალური უფლება არ მაქვს, მაგრამ ერთ რამეს კი მოვყვები. იმ დღეებში, როდესაც ქალაქში პანიკა სუფევდა და თბილისის შტურმზე იყო ლაპარაკი, მე ჩემი არგუმენტი მქონდა, ყველას ვეუბნებოდი, რომ სახლში მყავს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, რომ რუსები თბილისში არ შემოვლენ და რომ ამას ამბობს დაჟინებით, კუშნერზე და კიდევ ვიღაც-ვიღაცეებზე დაყრდნობით, თუმცა, ფრანგი მსგავსს არაფერს ამბობდა. ჩემთან მოდიოდნენ მეგობრები და მოჰქონდათ სასმელი, მეკითხებოდნენ ფრანგის აზრს - უმეტესობას ოჯახები ჰყავდა დასავლეთში ჩარჩენილი. მერე დამშვიდებულები და ნასვამები სახლებში მიდიოდნენ. ფრანგი კი ძალიან გვიან ბრუნდებოდა და როცა ვეუბნებოდი, რაშიც იყო საქმე, საიდან გაჩნდა ამდენი ცარიელი ვისკის ბოთლი, ეცინებოდა. ეს ამბავი თვითონაც ძალიან მოსწონდა. დილაობით კი პირის ვარჯიშს აკეთებდა და მერე ფრანგული რადიოს ეთერში გადიოდა მოკლე რეპორტაჟით.

სინამდვილეში კი ძალიან ცუდად იყო საქმე და მე ყველაფერი ცუდისთვის ვიყავი მზად. მახსოვს, რომ, მგონი, რუსთაველზე მოვკარი თვალი „დიორის“ მაღაზიას და მომეჩვენა (შეიძლება, არც მომეჩვენა), რომ ეს კეთილდღეობა სულ მთლად ბუტაფორიული და წარმავალი იყო და ყველაფერი ძალიან მალე გაქრებოდა. სინამდვილეში ჩვენი ქალაქი სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც ზოგი განრისხებული, ზოგი შეშინებული და ზოგიც დაბნეული იყო. მაგრამ მე ჩემი საკუთარი ფრანგი მყავდა სახლში და ეს მშველოდა, უფლებას მაძლევდა სხვებისთვის ჭკუა დამერიგებინა და დამემშვიდებინა. ეს ყველაფერი თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ იყო...

ოც აგვისტოს კი გაფრინდა ჩემი ფრანგი და ჩვენი ერთობაც დაირღვა. ოცდაერთში ფონტენბლოდან დამირეკა და ჩემს ხუთი წლის ქალიშვილთან ერთად მის თეთრ კურდღელს ვასეირნებთ პარკშიო, - მითხრა. შემიძლია დავიფიცო, რომ არ გავბრაზებულვარ, არც მწყენია, პირიქით - გამიხარდა, ვიღაც რომ იყო მშვიდად ამ გაგიჟებულ სამყაროში, მაგრამ ფონტენბლოელი თეთრი კურდღელი, როგორც ევროპული კეთილდღეობის და სიმშვიდის ხატება, სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში. მაინც რა დამამახსოვრდა იმ დღეებიდან ყველაზე ცხადად?! რა თქმა უნდა, თერთმეტში დიდგორობაზე ჩატარებული მიტინგი, რომელმაც იმ მოვლენას დაუდო საფუძველი, ერის გამთლიანებად რომ მონათლეს, ოღონდ ეს გამთლიანება ისეთი მყიფე და ეფემერული მგონია, როგორც ექსტრემალურ სიტუაციაში წარმოშობილი სიყვარული. 12-ში ამ მიტინგზე სამსახურიდან წაყვანილი ადამიანები 14-ში მიმტკიცებდნენ: ჩვენში პატრიოტმა გაიღვიძაო. მერე ამ გამთლიანებამ კიდევ 1 სექტემბერის ცოცხალი ჯაჭვი შობა და ორში ჩემი ძმაკაცები, რომლებიც ძალიან მიყვარს, უკვე ერთობის სადღეგრძელოს სვამდნენ ფეხზე ადგომით.

მაინც რა მოხდა დიდგორობას? ამ დღეს სააკაშვილმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ დაამტკიცა, რომ ჩინებულ ფორმაში არიან და კვლავინდებურად კარგად ფლობენ მიტინგის ტექნოლოგიებს. მათ მოახერხეს და კატასტროფა გამარჯვებად აქციეს, წარუმატებლობა - წარმატებად. ჩვენი ლიდერების და გაუთავებელი აპლოდისმენტების შემყურეს აზრად მომივიდა, რომ თუკი წაგებულ ომს ასეთი ზეიმი მოჰყვა, რა იქნებოდა, რომ მოგვეგო? ალბათ, არაფერი შეიცვლებოდა, მხოლოდ შეიძლება ამ დიდგორობა დღეს უცხოური ლაზერებით გაკეთებული შარავანდედები გადმოსულიყო ზოგ-ზოგიერთის ნათელ თავებზე. მიტინგს მოჰყვა ტაში, იყო სიმღერა და ცეკვა, მანქანებით, დროშებით და სიგნალებით ქალაქში სირბილი, მაგრამ ამის გამო მე არავის დაძრახვას არ ვაპირებ, მით უმეტეს, რომ მორალისტი არასოდეს ვყოფილვარ. ბოლო-ბოლო 1928 წელს გადაღებულ შესანიშნავ ქართულ ფილმ „ელისოშიც“ ხომ ცეკვავენ სასოწარკვეთილი ადამიანები. სინამდვილეში ჩვენ დავმარცხდით და იმ დღეს რუსთაველზე იყო განრისხებული, შეშინებული და დაბნეული ათიათასობით ადამიანი, რომლებიც კარზე მომხდარი განსაცდელის წინაშე ერთად ყოფნის სურვილით იყო შეპყრობილი. ესეც ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია. ალბათ მიტინგიც საჭიროა ეგეთ დროს და ცოცხალი ჯაჭვიც. ერთმა მეგობარმა მითხრა, მე იმიტომ მივედი, რომ იმ ჩამოსული პრეზიდენტებისთვის მადლიერება გამომეხატა, მერე სიტუაციამ გამაღიზიანა და წამოვედი, თუმცა არ უნდა წამოვსულიყავიო.

ვფიქრობ, სიმართლე ის არის, რომ დღეს არანაირი ერთობა საქართველოში არ არსებობს. პირიქით, საზოგადოება ორ ნაწილადაა გახლეჩილი, ოღონდ ეს ორი მხარე ჯერ ღია დაპირისპირებაში არ შედის, მაგრამ უკვე ინგრევა სამეგობროები, ადამიანები ერთმანეთს თვალს არიდებენ და თანამოაზრეებს ეძებენ სალაპარაკოდ თუ საურთიერთობოდ. ნაპრალი მთავრობის მოყვარულთა და მის მოძულეთა შორის სულ უფრო ღრმავდება. მატულობს გაღიზიანება. საზოგადოების დიდი ნაწილი მიტინგზე ნაპოვნი ერთობით ტკბება და საკუთარი თავით ამაყობს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს თვალში საქართველომ, მგონი, მართლა ბევრი მოიგო, მას მერე, რაც ომიდან პაციფისტური წინააღმდეგობის გზაზე გადავიდა და ვინ იცის, უფრო მეტი მოეგო, თავის დროზე გაუთავებელ მილიტარიზაციაზე და საომარ რიტორიკაზე რომ ეთქვა უარი...

ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლებას კარტ-ბლანში უჭირავს ხელში. ჯერ არ გასულა ქვეყნიდან საოკუპაციო ჯარი და როდის გავა - ღმერთმა უწყის, მაგრამ რა მოხდება, როდესაც რუსეთის ჯარი საწყის პოზიციებს დაუბრუნდება? როდესაც ქვეყნის დაპირებულ აღდგენაზე მიდგება საქმე? როდესაც ომის მძიმე შედეგებს ვიგრძნობთ უკლებლივ ყველა? როდესაც დაისმევა უამრავი შეკითხვა? ვშიშობ, ხელისუფლება ისევ მიტინგის და ეფემერული ერთობის გზაზე არ დარჩეს, რადგან ასეთი ერთობა, სადაც მოღალატე და აგენტია ყველა, ვინც მასში არ მონაწილეობს, შორეულ პერსპექტივაში ძალიან წამგებიანი და თვითონ ხელისუფლებისთვის კატასტროფის მომტანი მგონია, იმიტომ, რომ ძალიან მეცნობა ეს ყველაფერი და ვშიშობ, ერთ მშვენიერ დღეს მიტინგმა კონტრ მიტინგი არ შვას და ისევ სამოქალაქო დაპირისპირების ადგილად არ იქცეს ჩვენი მრავლისმნახველი რუსთაველის გამზირი.

აქვე ვიტყვი, რომ მეც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი ადამიანური სისუსტეებით და ჩემიც, ისევე, როგორც ყველას სურვილია რაღაცის ნაწილი, რაღაცის მონაწილე ვიყო. მიტინგის ნაწილად ყოფნა კი ყველაზე იოლია, ამიტომაც ყველაზე დიდი ცდუნებაა, ხოლო ამ ცდუნებაში ხალხის ხელახლა, შეგნებულად შეყვანა არასწორი და ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი მგონია.

ლტოლვილები

- იყო მკვლელობები, იყო გაუპატიურებები, მაგრამ ყველაფერმა კიდევ უფრო იოლად ჩაიარა, ვიდრე თანამედროვეობის სხვა ომებში, გინდა აფრიკაში, გინდა ერაყში და გინდა ბალკანებზე. ჰო, ეს ერთ-ერთი ნაკლებ მსხვერპლიანი ომია, - მეუბნება ჟღალი გერმანელი და თან თბილისის ქუჩებში თავის ნივას მართავს. მისი ცივი, პრაგმატული ტონი მე არ მაღიზიანებს და ამიტომ არაფერს ვპასუხობ. ამ კაცისთვის მე არაფერი მეთქმის მადლობის გარდა, რადგან პირველივე დღიდან გერმანელი, რომელსაც, რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მიშა ჰქვია და რომლის გვარიც კი არ ვიცი, ჩვენს ქართლელ ლტოლვილებს ეხმარება თბილისში მცხოვრებ სხვა უცხოელებთან ერთად. ყოველდღე იღებს სურათებს, წერს ანგარიშებს, თუ რაში დახარჯა ფული, ამ ყველაფერს ელექტრონული ფოსტით გერმანიაში და სხვა ქვეყნებში აგზავნის და კიდევ შოულობს ფულს ისევ ჩვენი ლტოლვილებისთვის.

ამჯერად, მიშა ლეიბების საყიდლად მიდის ისანში, მისთვის უკვე კარგად ნაცნობ ადგილას და ვაჭრობითაც კარგად ვაჭრობს. ლტოლვილებისთვის არისო - ეუბნება და ანამუსებს გამყიდვლებსაც და იმ სატვირთო მანქანის მძღოლსაც, რომლითაც ლეიბები სოფელ დიღმისკენ მიაქვს მექანიზაციის ინსტიტუტში და ფსიქიატრიულ კლინიკაში განთავსებული ქართლელი დევნილებისთვის.

მიშას კარგად იცნობენ ნავთლუღის ბაზარშიც, სადაც დღეგამოშვებით ბოსტნეულით იტვირთება მისი და მისი მეგობრების მანქანა, ანდაც - ვიღაცისაგან ნათხოვები პიკაპი. მიშას გერმანული პედანტობით აქვს საქმე აწყობილი, აკეთებს იმას, რაც პრინციპში მისი საქმე არ არის, რასაც ჩვენი შემდგარი სახელმწიფოს მთავრობა უნდა აკეთებდეს, მაგრამ ვერ ან არ აკეთებს საკმარისად ეფექტურად. ხანდახან მას მე და ლუკა ბაქრაძეც ვეხმარებით (ლუკა საგანგებოდ ლტოლვილთა დასახმარებლად ჩამოვიდა გერმანიიდან და გული გამიხარა) და მიშა ისე გვიხდის ხოლმე მადლობას, რომ ძალიან მერიდება.

რატომ ვყვები ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ მე მიშაზე და მისთანა უცხოელებზე ბევრი ვიფიქრე. ვიფიქრე იმ უცხოელ მეგობრებზე და სულაც უცხო ადამიანებზე, რომლებმაც ლუკას, მიშას, ჩემი ოჯახის წევრების პირად ანგარიშებზე გადმორიცხეს ფული, რომელიც მათთვის უცხო ხალხის დაპურებას ან გათბობას მოხმარდა. რომელიც, რა თქმა უნდა, მათ დასაპურებლად და გასათბობად, მათი პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ იყო და ვერც იქნებოდა. ეს ხომ ყველას ესმოდა, მაგრამ გააკეთეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი საქართველოს მეგობრები არიან? მე კი მგონია, რომ ისინი უბრალოდ კეთილი ნების ადამიანები არიან და თავიანთ წილ პასუხისმგებლობას გრძნობენ მსოფლიოში მომხდარი ამბების მიმართ. დარწმუნებული ვარ, გერმანელი მიშა ასევე მოიქცეოდა სხვა რომელიმე ქვეყანაში რომ შესწრებოდა იმავეს.

ჩვენ კი ასეთ პასუხისგებლობას არ ვგრძნობთ (პირველ მრავლობითში იმიტომ ვლაპარაკობ, რომ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვბრაზობ) არც მსოფლიოს და არც საკუთარი ქვეყნის წინაშე. ჩვენთან თითქმის არავის სტკენია არათუ ერაყში დახოცილი ათიათასობით მშვიდობიანი მოსახლე, არამედ მთლად ყურის ძირში მომხდარი ჩეჩენი ხალხის გენოციდი, ხოლო როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ რამდენიმე ჩეჩენი მეომარი ჩუმად გადასცა რუსეთს, არავის აგვიტეხია ხმაური. ალბათ იმიტომ, რომ რუსეთის იმპერიალისტური სახე ჯერ კარგად არ გვქონდა დანახული. იმისთვის, რომ ეს სახე დაგვენახა, თურმე ჩვენი მოქალაქეების დაღუპვა და ჩვენთვის ნაცნობ გეოგრაფიულ წერტილებამდე - გორამდე და იგოეთამდე - მტრის მოსვლა იყო საჭირო.

მაშინ კი ისევ დასავლეთს მივმართეთ დასახმარებლად და დასავლელმა პოლიტიკოსებმა მართლა გააჩერეს რუსეთი, მართლა აგვარიდეს კიდევ უფრო დიდი უბედურება, სარკოზიმ ბევრი იფრინა აქეთ-იქით, ბერლუსკონიმ პუტინს ურეკა, მაკკეინმა თქვა, დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართო, შავ ზღვაში კი ამერიკული ფლაგმანი შემოვიდა და ჩვენც გავიხარეთ, რომ რუსეთის ნამდვილი სახე გამოჩნდა თურმე. ოღონდ მე რატომღაც არ მჯერა, რომ მას მერე, რაც რუსეთის ხელისუფლებამ „ნორდ-ოსტის“ ამბების დროს შვიდასამდე საკუთარი მოქალაქე გაზით გაგუდა, პუტინის სახეს კიდევ რამე ნიღბის ჩამოგლეჯა სჭირდებოდა... ასეც რომ იყოს, გაღებული მსხვერპლის და დაღვრილი სისხლის გასამართლებლად ეს არგუმენტი ცოტა სამარცხვინოდ მეჩვენება.

მაგრამ, მოდი, ისევ მიშას და ლტოლვილებს დავუბრუნდები... ჟღალ გერმანელს მათი ნათქვამიდან მხოლოდ გულითადად ნათქვამი მადლობა და კიდევ რამდენიმე სიტყვა ესმის, მე კი მესმის რაღაც-რაღაცეები და რაღაცრაღაცეებს შევსწრებივარ ამ დღეების მანძილზე, ამაზე მინდა ცოტა მოვყვე...

მე შევესწარი იმას, თუ როგორ დაურეკა ოსმა მეზობელმა ერთ-ერთ დევნილს და უთხრა: შენი დედ-მამა დახოცილები ყრიან ეზოში, მე მარტოკა ვერ ვმარხავ და სხვა ოსებს კი მოხმარება ეშინიათო; მე ვნახე კაცი, რომელიც საკუთარ სოფელში იყო შეპარული, რომ სახლიდან რაღაც-რაღაცეები და პირველ რიგში, ფოტო-ალბომი წამოეღო, მაგრამ ვერ შეძლო და ბეწვზე გადარჩა, თუმცა ამას სრულიად აუღელვებლად ყვებოდა, მე შევესწარი იმას, როგორ გააგდო ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დასახლებული ლტოლვილების ლიდერმა ქალმა - ყოჩაღმა იზამ საკრებულოდან მოვლენილი ქალბატონი: როგორ გამომწვევად გაცვია, ჩვენ კაცებს კიდევ ეგ უნდათო?! მე გავიცანი თოთხმეტი-თხუთმეტი წლის ლაშა, რომელიც ვარიანში თურმე კრივზე დადიოდა და, არ ვიცი, ომმა დააკაცა და ასეთი გახადა, თუ ყოველთვის ეგეთი მაგარი და ყოჩაღი იყო, ეს ბიჭი იმიტომ დამამახსოვრდა, რომ მაგრად უხაროდა ჩვენი მისვლა, პროდუქტზე მეტად ყურადღება უხაროდა, დიდი კაცივით ამბობდა: ეს რა დაგვემართა, კაცო?! ორსართულიანი სახლი ოხრად დამრჩაო, - და მერე აუცილებლად მკითხავდა, - რას ფიქრობ, შევალთ ნატოში? მე კიდევ არაფერს ვპასუხობდი. ვუსმინე ქალებს, რომლებიც სოფელში ბაგაში დაბმულ საქონელს და დაბინავებულ მოსავალს მისტიროდნენ. მე ვნახე დევნილების ჯგუფი, რომლებიც ნაძალადევში ქიმიურ კომბინატში ათასგვარ შხამებში ცხოვრობდა. არ მინახავს, რადგან მხნეობა არ მეყო, მაგრამ გავიგე სამი წლის ბავშვის შესახებ, რომელიც დღისით დამუნჯებული იყო, ხოლო მთელ ღამეებს კივილში ატარებდა, ვნახე ორგზის დევნილი ქალი, ჯერ აფხაზეთიდან და მერე ქართლიდან, რომელსაც გულის მანკიანი სამი თვის ჩვილი ეჭირა ხელში, ვნახე პროდუქტისთვის ჩხუბიც და ვნახე დიღმის სკოლის ყოჩაღი დირექტორიც, რომელსაც პროდუქტის განაწილების საქმე ხუთიანზე ჰქონდა აწყობილი და მის სკოლაში დევნილთა შესახლების ათი დღის თავზე, უკვე რამდენიმე ბავშვის ნათლია გამხდარიყო... რატომ ვყვები ამ ყველაფერს, და ალბათ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ სტატისტიკის და ტელევიზიით მოწოდებული ახალი ამბების უკან რეალური ადამიანები დგანან, რომელთაც ლტოლვილობის მძიმე ბედი ერგოთ, რომელთაც ღირსეული ყურადღება ესაჭიროებათ, რომლებიც არ უნდა მივივიწყოთ „მაპის“ და ნატოს წევრობის ახალი პერსპექტივებით აჟიტირებულებმა. მათ ბედს კი ვერავინ შეამსუბუქებს მთავრობის გარდა, რადგან ყველა რესურსი ამოწურისტორია 70 ცხელი შოკოლადი ვადია, მათ შორის ბიზნესმენებისა, რომლებმაც მართლა ბევრი გაიღეს, მეზობლებისა, ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებმაც ბევრს გაუმართეს ხელი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა, თუნდაც „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოსი“, რომლის თანამშრომლებმაც ჩემ თვალწინ ძალიან ეფექტურად იმუშავეს რამდენიმე კვირის მანძილზე და თუნდაც მიშას მსგავსი კეთილი ნების ადამიანებისა. ხოლო დევნილთა უმეტესობა დღეს საშინელ პირობებში აგრძელებს ცხოვრებას, მათთვის გაწეული დახმარება საკმარისი არ არის და ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს.

0x01 graphic

შოუ გრძელდება

„ცხელი შოკოლადის“ წინადადებას სტატიის დაწერის შესახებ თავიდან დიდი ენთუზიაზმით შევხვდი, მერე გადამიარა და სულაც ავიღე ხელი. მაშინ ერთმა მეგობარმა მირჩია, დამეწერა იმაზე, რამაც ყველაზე მეტად გამაღიზიანა ან გამაბრაზა. ეს რაღაც ბოლოსთვის შემოვინახე და ამ რაღაცას რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2-ის“ ეთერით გასული გადაცემა „პროფილი“ ჰქვია. წამყვანი გოგონას სახელი და გვარი არ მახსოვს, თუმცა მას და მის გულშიჩამწვდომ ხმას „იმედის“ საკვირაო გადაცემიდან ვიცნობ.

გადაცემა „პროფილში“ ისევ გვაჩვენეს უბედური გორელი ქალი, რომელიც 20 კილო ჯართის ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს და რომელიც პრეზიდენტის ბრძანებით მას მერე გაათავისუფლეს, რაც გორის დაბომბვას მისი სამი შვილიდან ერთ-ერთი შეეწირა. როდესაც ამ ოჯახის შესახებ სიუჟეტი პირველად ვნახე, მეგონა, რომ „რუსთავი 2-ის“ რომელიღაც ჟურნალისტმა გმირობა ჩაიდინა და ისეთი რამ გამოამზეურა, რაც არ უნდა გვენახა. „უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობა მისი მოციქული!“ („მამლუქი“ და სხვა საომარ იშტაზე მოსაყვანი ფილმები იმდენჯერ გვაჩვენა „რუსთავი 2-მა“ ცეცხლის შეწყვეტამდეც და მას მერეც, რომ ზეპირად ვისწავლე). ოცი კილო ჯართი და სანახევროდ მოხდილი სასჯელი! ნეტავ, სულ რამდენი ჰქონდა მისჯილი სამი შვილის დედას ამ უმძიმესი კრიმინალისთვის? ამაზე ჟურნალისტები დუმან და ნელ-ნელა ვიგებთ, რომ ეს სამთავრობო პიარის ნაწილია, რომ, აი, როგორი გულმოწყალე ხელისუფლება გვყავს. ოღონდ, არ ვიცი, ამას რა ჰქვია, შუა საუკუნეების ფეოდალის წყალობა თუ „რიგითი რაიანის გადარჩენის“ ცუდი რიმეიკი. ეგ კიდევ არაფერი...

გადაცემა „პროფილის“ პირდაპირ ეთერში წამყვანი გოგონა უბედურ დედას აუწყებს, რომ მისი მეორე შვილი, რომელიც დაკარგული ეგონა, ნაპოვნია და აქ არის, ამ სტუდიაში, შემოჰყავთ ბავშვი, ტირის. წამყვანი გოგონა ამშვიდებს, ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნებაო, - ეუბნება. ოღონდ, ეგეთი კეთილი ხმის პატრონს, როგორ გაუძლო გულმა და მანამდე როგორ არ შეახვედრა დედა-შვილი, არ ვიცი და მაგაზე ფიქრიც არ მინდა. მერე TBC -ბანკის წარმომადგენელი შემოიყვანეს და ის გაუბედურებულ, ჭერდაკარგულ ოჯახს, ახალი ბინის აშენებას დაჰპირდა. TBC-ბანკი გაახაროს ღმერთმა, მათ მართლა არაფერს ვერჩი, მით უმეტეს, ბანკის წარმომადგენელიც ნორმალური კაცი ჩანდა და საკმაოდ დაზაფრულად გამოიყურებოდა.

ეგეც არაფერი... გადაცემის ბოლო ბლოკში წამყვანს სტუდიაში რომეო და ჯულიეტა შემოჰყავს, ოსი ყმაწვილი და ქართველი გოგონა. ოღონდ ამათი ამბავი „ჰეფი ენდით“ დასრულდა - მტრობის, შუღლის და ომის მიუხედავად, მაინც იქორწინეს. არ მახსოვს, ამათაც აჩუქეს ან დაჰპირდნენ რამეს თუ არა, შეიძლება, ბოლომდე აღარ მიყურებია და გადავრთე, მაგრამ წამყვან გოგონას კი ერთი რამ მინდა გავახსენო, რომ ქართველებსა და ოსებს შორის ყველაზე მეტი შერეული ქორწინება იყო, ვიდრე ქართველებსა და რომელიმე სხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, თუნდაც ის, რომ ოსები, სხვა ეროვნებებთან შედარებით, ყველაზე მეტად იყვნენ ინტეგრირებული, ყველაზე კარგად ფლობდნენ ქართულს, ყველაზე ახლოს იყვნენ ჩვენთან კულტურულად, მაგრამ როდესაც უცაბედად დაინგრა საბჭოთა იმპერია და უთვალავმა დაბნეულმა ადამიანმა ჩვენთანაც და მათთანაც თავშესაფარი უმწიფარ ნაციონალიზმში და უზარმაზარ მიტინგებში ნახა, მაშინ იმ ათასობით რომეომ და ჯულიეტამაც ვერ უშველეს საქმეს. ვერც ეს წყვილი, რომელსაც გულით ვუსურვებ ბედნიერებას, უშველის რამეს. მით უმეტეს, რომ ის რამდენიმედღიანი ომი, რომლის საშინელ შედეგებსაც ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობთ და რომელზეც ალბათ კიდევ ბევრი ითქმება და დაიწერება, უკვე ნამდვილად აღარ იყო ჩვეულებრივი ეთნოკონფლიქტი, თუმცა კვლავ კატასტროფულად საზიანო იყო როგორც ქართველების ასევე ოსებისთვის.

ოცწლიანი მთლიანობა

მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც ოცი წლის წინ - 1988 წლის პირველ სექტემბერს სტუდენტი გახდა. ჩვენი ორდინარული სტუდენტობა მხოლოდ სამი კვირა გაგრძელდა: 21 სექტემბერს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში პირველი დიდი მიტინგი ჩატარდა და აქედან მოყოლებული, ჩემი სტუდენტობის ხუთივე წელი პერმანენტული მიტინგების პირობებში მიმდინარეობდა, ისე, რომ სტუდენტობა ჩემ მეხსიერებაში მიტინგებთან და მანიფესტაციებთანაა გაიგივებული. თუკი ჩემი თაობის რაიმე ნიშნით კლასიფიკაციას შევეცდები, შემიძლია ვთქვა, რომ მიტინგების თაობას მივეკუთვნები. ჩვენ მიტინგებზე დავიბადეთ და გავფორმდით როგორც თაობა, როგორც „პოლიტიკური ცხოველების“ გარკვეული ჯიში თუ სახეობა, რომლის არტიკულაციის, საკუთარი აზრისა თუ პოლიტიკური ნებისა და ვნებების გამოხატვის ფორმა მიტინგია. მალე ამ „ავადმყოფობის“ სიმპტომები მთელ საქართველოს მოედო და თვითგამორკვევის პროცესში მყოფი ხალხის ეროვნული იდენტობის მთავარ ნიშნად იქცა. ქართველი ერის ფორმირება და მისი ცნობიერების ჩამოყალიბება მიტინგებზე დაიწყო. აქ წარმოიშვა და დამკვიდრდა თანამედროვე ქართული პოლიტიკური რიტორიკა და მეტაფორიკა, ეროვნული ცნობიერების მთელი სიმბოლური სამყარო მტრის და მოყვასის, მოღალატისა და ეროვნული გმირის ხატებით და ამ ხატების შექმნის კრიტერიუმებით. შეიძლება ითქვას, რომ „წარმოსახვითი ერთობა“, რომელსაც თანამედროვე ქართველი ერი ეწოდება, მიტინგზე გაფორმდა და დაკანონდა.

ახლა, დღევანდელი პერსპექტივიდან და პოლიტიკური რეალობიდან რომ ვუყურებ, ის დღე - 1988 წლის 21 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი ყოფილა: ამ დღეს საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც ტოტალური მიტინგის ხანა შეიძლება ეწოდოს და რომელშიც საქართველო კვლავაც იმყოფება და, ამდენად, ამ ეპოქას ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს. მიმდინარე წლის 12 აგვისტოს და 1 სექტემბრის გრანდიოზული მიტინგების ყურებისას უკანასკნელი ოცწლეულის მონოლითური მთლიანობა ვიგრძენი: ისეთი განცდა მქონდა, რომ თითქოს საქართველოში დრო გაჩერდა და დღესაც 1988 წლის სექტემბერია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მიტინგების თაობა დღეს ტრიბუნაზეა და აქედან დირიჟორობს საქართველოს 20 წლის წინ დაწყებულ და ვეღარდამთავრებულ მიტინგს - ამ დღესასწაულს, რომელიც მუდამ ჩვენთანაა მიტინგების ხანის საქართველოში.

მიტინგური აზროვნების სტრუქტურა

მიტინგური აზროვნება ორი ძირითადი აფექტით - „-ჯოს!“ და „ძირს!“ შეძახილებით გამოიხატება. ამ შეძახილებს ერთგვარი ლიტურგიული ფუნქცია აქვს, რომელთა მეშვეობითაც მთელი მიტინგური სააზროვნო მოდელის შეჯამება და მისი მრწამსად გარდაქმნა ხორციელდება. სააზროვნო მოდელი კი ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო წერტილზე დგას: პირველი, ანუ „-ჯოს“ აფექტით გამოთქმული, მომიტინგეთა ერთობისა და კოლექტიური იდენტურობის მთავარი ფაქტორია, რომლის გამარჯვების სურვილიც შეკრებილ საზოგადოებას აერთიანებს და რაზმავს იმის წინააღმდეგ, რაც ამ ერთობისათვის უცხო და მტრულია და რომლისგანაც საფრთხე მომდინარეობს. მარტივად რომ ვთქვათ, პირველი „ჩვენიანია“, მეორე კი უცხო და მტრული, რომელიც „ჩვენის“, „კეთილის“, „მართლის“ წინსვლას და კეთილდღეობას აფერხებს და ხელს უშლის. ამიტომაც იმისათვის, რომ, მაგალითად, „საქართველოს გაუმარ-ჯოს!“, საჭიროა მტერი - „ძირს!“, მისი დამარცხება. ამასთანავე საჭიროა მტრის სახელდება, მისი სიმბოლური გავიზუალურება. „კრემლი“ მტრის ასეთი განხილვადების სიმბოლოა. ეს მთავარი ნეგატიური სიმბოლო კიდევ უფრო მეტ გამითოლოგიურობას საჭიროებს, რომელიც ბოროტების უნივერსალურ სიმბოლოებს გადაებმება. ასეთი ბმულებია, მაგალითად, „კრემლის ტოტალიტარული ურჩხული“, ან გველეშაპი, რომელსაც ერთი მოჭრილი თავის ადგილას ორი ახალი თავი ამოსდის. ამ ტიპის ხატების შემოტანა მომიტინგეთა რწმენას აძლიერებს, რომ ჭეშმარიტება მათ მხარესაა და მთელ რიგ ხატოვან ასოციაციებს იწვევს, როგორიცაა წმინდა გიორგის მიერ ურჩხულის განადგურება, რომელიც „ძირს!“ შეძახილით მიტინგზე სიმბოლურად ხორციელდება და ამგვარად მომიტინგეები დიდი მისტერიის თანამონაწილენი ხდებიან. ამ რიტუალურ ქმედებას კი ყოველთვის ურყევი და უეჭველი რწმენა ამაგრებს, რომ „ჩვენთან არს ღმერთი!“, რაც საკუთარი სიმართლის, ჭეშმარიტების ერთადერთი „საბუთია“.

1991 წელს ერთ მიტინგზე, რომელიც ამჯერად უკვე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყო მიმართული, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა თავისი სიტყვა „ჩვენთან არს ღმერთით“ დაასრულა, შემდეგ შეყოვნდა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ თავისი ბოლო ნათქვამის ლოგიკური არგუმენტიც მოიტანა: „აბა, ღმერთი ზვიად გამსახურდიასთან ხომ არ იქნება?!“ ეს გამონათქვამი, ჩემი აზრით, მიტინგური ლოგიკის ყველაზე ცხადი მაგალითია, რომელსაც საკმაოდ პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს: ღმერთი, რომელიც ჩვენ მხარესაა, არა მხოლოდ ჩვენს სიმართლეს განასახიერებს, არამედ ის იმათ დამარცხებაშიც გვეხმარება, რომლებიც ჩვენს მხარეს არ არიან. „ღმერთმა გაანადგუროს ჩვენი მტრები!“ - ხშირად შეულოცავდა ხოლმე ამ ფრაზით ზვიად გამსახურდია, რასაც მომიტინგეთა ეიფორიული ოვაციები მოჰყვებოდა. ღმერთის თანამონაწილეობა სიკეთის, ანუ „ჩვენი“ გამარჯვების კიდევ ერთი გარანტია.

ლიდერის თუ პრეზიდენტის გამოჩენა და მისი სიტყვა მიტინგური ლიტურგიის კულმინაციაა, რომელსაც ხალხი მოუთმენლად ელის საბოლოო ჭეშმარიტების გამოსაცხადებლად, რაც მიტინგური აზროვნების ერთ აუცილებელ ასპექტს გვიჩვენებს: საჭიროა არსებობდეს ვინმე, უმაღლესი ავტორიტეტის მქონე ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას თავისი სიტყვით ლეგიტიმურს გახდის.

ეს მარტივი სააზროვნო სტრუქტურა ბოლო 20 წელია ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებას განსაზღვრავს და მთელი რიგი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების წარმმართველია. თავად ამ ტიპის აზროვნება წარმოშობს პერმანენტული ზეიმისა თუ მასკარადის მდგომარეობას, რომელში მყოფი საზოგადოება უძლურიც კია, დაინახოს ის რეალობა, რომელიც ამ დღესასწაულის გარეთაა. იგი სულ უფრო ღრმად ეფლობა მიტინგზე შექმნილ ირეალურ, გამოგონილ სამყაროში და სულ უფრო ადვილად სამართავი და მანიპულირებადი ხდება. თუ ვიძახი „-ჯოს“, ვაფრიალებ დროშას, მკერდზემუშტმიბჯენილი ვმღერი საქართველოს ჰიმნს, ეს უკვე იმის თვითკმარ ილუზიას მანიჭებს, რომ თანამონაწილე და თანაავტორი ვარ რაღაც დიდი საქმის, რომელიც მიტინგის ვირტუალურ სამყაროში ხორციელდება.

ჩვენ

სხვადასხვა ეპოქაში ადამიანთა კოლექტიური იდენტობა და ერთობა განსხვავებულ ფორმებს ეფუძნება. ყველაზე არქაული და მარტივი ფორმა სისხლით ნათესაობაა, რომელიც საერთო წინაპრების ნიშნით რამდენიმე საგვარეულოს ერთ ტომად აერთიანებს. ანტიკურ სამყაროში მოქალაქეობის პრინციპი ჩნდება, შუა საუკუნეებში მონარქისადმი ლოიალურობა; საფრანგეთის რევოლუციას კი სამშობლოს და მისი „შვილებისგან“ შემდგარი ნაციის, ანუ ერის ცნებები შემოაქვს, რაც ნაციონალური სახელმწიფოებისა და ნაციონალიზმის გაჩენის საფუძველი ხდება. ნაციონალიზმი „სისხლისა და მიწის“ ერთობის პრინციპს ეფუძნება, ანუ სამშობლო - ესაა ერთი მონათესავე ხალხის ტერიტორია, მისი საკუთრება. ეს უფლება მას მემკვიდრეობითა აქვს საკუთარი წინაპრებისგან მიღებული. ამდენად, სამშობლო ისტორიული სამშობლოცაა, რომელზეც შეიძლება ამჟამად სხვა წარმომავლობის, არამონათესავე ხალხი ცხოვრობდეს, მაგრამ საკუთარი თავის ისტორიულ მთლიანობაში განცდა ნაციონალისტს სამშობლოსაც „ისტორიულ საზღვრებში“ წარმოადგენინებს.

თუმცა კი ასეთი ისტორიზმი სულაც არ გულისხმობს ისტორიის ცოდნას ან გაგებას. ნაციონალიზმის აუცილებელი პირობაა გარკვეული ეროვნული მითოლოგიის შეთხზვა, წარსულის მაგიურ ფიგურებად გაცოცხლება, რომლის მიზანიც ხალხში ეროვნული სიამაყის და ამ ნიშნით საკუთარი გამოჩეულობისა თუ განსაკუთრებულობის გრძნობის გაჩენაა. ასეთი გრძნობა კი ადვილად გადაიზრდება სხვების მიმართ საკუთარი აღმატებულობის მტკიცებაში. ამგვარმა დინამიკამ კაცობრიობა I და II მსოფლიო ომებამდე მიიყვანა და დასავლეთის სახელმწიფოებს უარი ათქმევინა ეთნოცენტრულ პრინციპზე დამყარებულ ნაციონალიზმზე, რამაც შესაძლებელი გახადა ის, რომ, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემიგრანტის შვილი იყოს და უნგრულ გვარს ატარებდეს, მაგრამ არცერთ ფრანგს არ ეეჭვებოდეს მისი ფრანგობა.

ქართველი ერის ახალ ნაციად ჩამოყალიბება XIX საუკუნეში დაიწყო, საბჭოთა პერიოდში თეორიულად გაფორმდა და მიტინგების ეპოქაში კი ასპარეზზე გამოვიდა. მისი ეროვნული იდენტობა XIX საუკუნის ნაციონალიზმისა და ერის სტალინური განსაზღვრების („ერი - ესაა ისტორიულად ჩამოყალიბებული ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და ფსიქოლოგიური წყობის მყარი ერთობა“) ნაზავზე აღმოცენდა, რომლის მიტინგურ აზროვნებაში გადატანამ ერთგვარი ვირტუალური რეალობა შექმნა, სადაც პოლიტიკური აზროვნების წარმმართველი მითოლოგიური და ლიტერატურული პერსონაჟები აღმოჩნდნენ. მომავალი საქართველოს პროექტი, რომელიც 20 წლის წინ თბილისის მიტინგებზე გამოჩნდა, იყო საბჭოთა პერიოდის ქართული ლიტერატურისა და ჰუმანიტარული კულტურის მიერ შეთხზული ე.წ. კონტრაპრეზენტული მითი, გამითოლოგიურებული წარსულით შექმნილი იდეალური საქართველო, უძველესი კულტურის, წმინდა გიორგივით ურჩხულებთან მებრძოლი, ღვთისმშობლის წილხვედრი, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული, მუდამ მართალი და სიკეთისათვის მებრძოლი. გასული საუკუნის 80-იან წლებში ეს ყველაფერი განზოგადდა და გაფორმდა ქართულ მესიანიზმად, რომელსაც ეროვნულმა მოძრაობამ პოლიტიკური დოქტრინის სახე მისცა და მიტინგებით შეუდგა მის განხორციელებას.

პირველ რიგში, საჭირო იყო ეროვნული იდენტურობის კრიტერიუმების დადგენა. ეროვნულმა მოძრაობამ ეთნოცენტრიზმი აირჩია (ალტერნატიული მოდელების არ ცოდნის და ვერ მოფიქრების გამო), რომელშიც ეროვნულობა არა სახელმწიფოებრივ ხარისხში, არამედ სისხლით მონათესავეთა ეთნიკურ ერთობად გაიაზრება. ამიტომ, ქართველი საქართველოს ყველა მკვიდრი კი არა, არამედ მხოლოდ ეთნიკურად ქართველია, რაც უკვე საქართველოს მოსახლეობის 30%25-ზე უარის თქმას, მათგან გამიჯვნას, მათ უცხოებად, საეჭვო და მტრულ ელემენტებად გამოცხადებას ნიშნავდა. გარეშე მტრის, რუსეთის გვერდით უკვე შიდა მტრის - საქართველოში მცხოვრები არაქართველის ხატიც იძენს აქტუალურ მნიშვნელობას. ამით ქართულმა საზოგადოებამ თავად შეამზადა ეთნიკური კონფლიქტების ის სცენარი, რომელშიც საქართველო სრულიად ლოგიკურად აღმოჩნდა.

მტრის სამი ხატი და ჩვენიანთა ერთობა

პერმანენტული მიტინგების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია საქართველოს შიდა თუ გარე მტრების მხილება და დაგმობა იყო. მიტინგებს თან ახლდა მთელი სერია პუბლიკაციებისა, რომლებშიც ქართველი ესეი ცხელი შოკოლადი 73 მწერლები, ისტორიკოსები თუ ფილოლოგები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საქართველოს წინააღმდეგ ახალ-ახალი შეთქმულებების მხილებაში, დაწყებული იქიდან, რომ რომელიღაც ჰოლივუდურ ბოევიკში ერთ-ერთი კრიმინალის გვარი რუსთაველია, რაც ქართველი ერის შეურაცხყოფად უნდა გავიგოთ, და დამთავრებული პანისლამური შეთქმულებებით ქართველი ერის წინააღმდეგ. მალე საქართველოს მტრების სიაში აღმოჩნდა: „ქემალისტური თურქეთი“, „თურქი მესხები“, „აფსუა სეპარატისტები“, „ოსი ექსტრემისტები“, მასონები, იეზუიტები და ა.შ. თუკი ვეცდებით საქართველოს მტერთა კლასიფიკაციას, რომელიც მიტინგების ეპოქის საქართველოში გაჩნდა, სამი ძირითადი ხატის გამოყოფა შეიძლებოდა, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ერთ მთლიანობას ქმნის, ანუ სამივე ერთი დიდი და საერთო მტრის ჰიპოსტაზია.

ყველაზე დიდი მტრის ხატი მიტინგების ეპოქის საქართველოში არის კრემლი, აბსოლუტური ბოროტების სიმბოლო, გველეშაპი, რომელსაც წმინდა გიორგი-საქართველო ეჭიდება. ეს გაიგივება საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიტინგურ რიტორიკაში სიკეთისა და ბოროტების ესქატოლოგიური ბრძოლის კონტექსტშია წარმოდგენილი (საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავიხსენოთ გამსახურდიას ლექსი „წმინდა გიორგის“ ციკლიდან „კოსმიური წირვა“: „შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია, /იხსენი სამკვიდრო შენი გეორგია!“). მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მას მთლიანად საქართველოს ანტიიმპერიულ აფექტად გარდასახავს: წმინდა გიორგი-საქართველო ებრძვის და ამარცხებს იმპერატორ დიოკლეტიანეს. ამის შედეგი კი ისაა, რომ ქართველი პოლიტიკოსი საკუთარ თავს ურჩხულთან მებრძოლად წარმოიდგენს და მიტინგური ქმედებით მას ამარცხებს. როგორც გამსახურდია ირწმუნებოდა, რომ საბჭოთა კავშირი მისმა მიტინგებმა დაანგრია, ასევე სააკაშვილის მიტინგური ლოგიკით, „მტრის ჯინაზე“ ომი მოვიგეთ, „მთელმა მსოფლიომ გაგვიცნო“ და ეს გამარჯვება იმპერიული რუსეთის განადგურების საწინდარი იქნება, რაც აუცილებლად საქართველოს გაბრწყინებამდე მიგვიყვანს. „საქართველოს გაბრწყინების“ - ამ ყოველგვარი აზრისგან დაცლილი მაგიური გამონათქვამის - აღსრულების პირობა მის მთავარ მტერზე - რუსეთის იმპერიაზე გამარჯვებაა. საქართველო არის იმპერიულ ურჩხულთან მებრძოლი წმინდა გიორგი, რაც მისი ეროვნული თვითმყოფადობის არქეტიპად და იდეაფიქსად იქცა. აქედან გამომდინარე, იგი პერმანენტულ საგანგებო თუ საომარ მდგომარეობაში იმყოფება და იძულებულია, თავი დაიცვას შიდა თუ გარეშე მტრებისაგან. საგანგებო მდგომარეობის ცნობიერება კი ხელისუფლების ადეკვატურ ფორმებს წარმოშობს, სადაც პრიორიტეტული სამშობლოს ხსნა, საქართველოს გაბრწყინებაა და არა ისეთი მეორეხარისხოვანი პრობლემები, როგორებიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სოციალური სამართლიანობა, რომელთა დროც ახლა არ არის, რადგანაც ეს „ახლა“, მთელი აწმყო, საგანგებო მდგომარეობასთანაა გაიგივებული. გარდა ამისა, ხელისუფლება იძულებულიც კია მმართველობა მტრების ძებნის პარანოიაზე ააგოს, რათა პერმანენტული საომარი ვითარების ლოგიკიდან არ ამოვარდეს, რაც უკვე ეროვნული იდენტობის მთავარი სიმბოლოს - იმპერიულ ურჩხულთან ბრძოლის სიუჟეტშია ჩადებული. ამით კი მტრის გამოაშკარავება უნდა მოხდეს, რომელიც არა მხოლოდ შორეულ კრემლშია, არამედ საქართველო უპყრია თავისი „მეხუთე კოლონებისა“ და „აგენტების“ მეშვეობით. ამდენად, მათთან ბრძოლა კრემლთან ბრძოლას ნიშნავს.

მიტინგების ეპოქის გარიჟრაჟზევე ამოძრავებული ქართული საზოგადოება საკუთარ თვითგამორკვევას მტრების ძებნით და აღმოჩენით იწყებს. პირველი საეჭვო სუბიექტი საქართველოში მცხოვრები არაქართველები ხდებიან, რომლებმაც ქართული არ იციან და იმპერიულ ენაზე - რუსულად ემეტყველებიან საქართველოს ერთადერთ ავტოქთონ და ამდენად ლეგიტიმურ მოსახლეობას - ეთნიკურად ქართველებს. უკვე 1988 წელს საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფის განგაში ატყდა: „არაქართველები ქართველებზე სწრაფად მრავლდებიან და მათ ქართველებზე მეტი პრივილეგიები აქვთ!“, „არ მივცეთ ოსებს ორ შვილზე მეტის გაჩენის უფლება!“, „საქართველო ქართველებისათვის!“, „სტუმრებს (საქართველოში მცხოვრებ არაქართველებს - გ.მ.) არ დაავიწყდეთ, რომ საქართველოში სტუმრად არიან!“. ასეთი ეთნოცენტრისტული ისტერიით იქმნება მეორე მტრის ხატი: ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც კრემლის მეხუთე კოლონად ცხადდება. ის ფაქტი, რომ აფხაზები და ოსები სახალხო ფრონტებს - „აიდგილარას“ და „ადამონ ნიხასს“ აარსებენ და საკუთარ ეროვნულ იდენტურობასა და სიამაყეზე ფიქრს იწყებენ, ქართველი ნაციონალისტებისათვის საქართველოს წინააღმდეგ ომის გაჩაღებას ნიშნავს. აფხაზებისა და ოსების მოთხოვნების არალეგიტიმურობის საბუთად ქართული საზოგადოება ისტორიულ არგუმენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ „გვიანჩამოსახლებულ“ და „გადამთიელ“ აფხაზებსა და ოსებს საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი თვითგამორკვევის უფლება არა აქვთ. ამით ქართული საზოგადოება თავად თხზავს ეთნიკური კონფლიქტების სცენარს, რომელიც მერე მუდამ კრემლის შემოგდებული პროვოკაცია ჰგონია. როდესაც 1989 წლის შემოდგომაზე რამდენიმე ათასი ქართველი ნაციონალისტი ზვიად გამსახურდიასა და ნოდარ ნათაძის ხელმძღვანელობით ცხინვალს მიადგა „მშვიდობიანი მიტინგის“ ჩასატარებლად და „ოსი ექსტრემისტების“ დასაგმობად, ხოლო ცხინვალის მოსახლეობამ ისინი ქალაქში არ შეუშვა, ეს ქართული საზოგადოებისათვის ოსების მხრიდან საქართველოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ამის ლოგიკური გაგრძელება იყო გამსახურდიას ხელისუფლების პირველი პოლიტიკური ნაბიჯი: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება და მის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების შეყვანა.

ასევე მიტინგებით და მიტინგური აზროვნებით გაღვივდა ქართულაფხაზური კონფლიქტი. დღეს შეიძლება ბევრს უკვე აღარც კი ახსოვდეს, რომ 1989 წლის აპრილის მიტინგები, რომელიც 9 აპრილის დარბევით დასრულდა, თავდაპირველად „აფსუა სეპარატისტების“ წინააღმდეგ იყო მიმართული. მიტინგური აზროვნების ლოგიკამ საშუალება არ მისცა ქართულ საზოგადოებას საერთო ენა გამოენახა აფხაზებთან და ოსებთან, რამდენადაც ამ ლოგიკით ისინი უკვე გამიჯნული და გაუცხოებული იყვნენ ეთნიკურად ქართველებისაგან და არა როგორც საკუთარი ინტერესებისა და პრობლემების მქონე თუნდაც ეთნიკურ სუბიექტებად, არამედ კრემლის მეხუთე კოლონად და საქართველოს მტრებად აღიქმებოდნენ. ტენდენცია, რომლის უშუალო ავტორიც ზვიად გამსახურდია იყო, აფხაზეთს, ისევე, როგორც ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს, ეთნიკურად ქართულ ტერიტორიებად განიხილავდა, რომელზედაც სტუმრად აფხაზები და ოსებიც იმყოფებიან და „თუ მათ საკუთარი სახელმწიფოების შექმნა სურთ, საამისოდ ტერიტორია ჩრდილო კავკასიაში უნდა მოძებნონ“.

მიტინგური აზროვნება არა მხოლოდ ეთნიკურად არაქართველს აუცხოებს საქართველოსგან, არამედ ქართველსაც, რომელსაც განსხვავებული, კრიტიკული, არამიტინგური აზრი და პოზიცია შეიძლება აღმოაჩნდეს. მიტინგური აზროვნება ვერ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ვინმე, თანაც ეთნიკურად ქართველი, არ იზიარებდეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, ან მისთვის მიუღებელი იყოს ის, რაც უმეტესობას უეჭველ ჭეშმარიტებად მიაჩნია. ასეთი პიროვნება ვერ იქნება „ქართველი“: ის ან შემოპარული უცხოა ან მტრის (კრემლის, სუკის, ქემალისტური თურქეთის) აგენტი, რამდენადაც „ქართველობა“ უკვე იდეოლოგიური პოზიციაცაა, რომელზედაც მიტინგურ აზროვნებას მონოპოლია აქვს დამყარებული. ასე ჩნდება მტრის მესამე ხატი - აგენტი. ეს ცნება განსხვავებული აზრის გამორიცხვას ნიშნავს. აგენტი ჩვენიანთა ერთსულოვან ერთობაში შემოგზავნილია და სხვის, მტრის აზრებს იმეორებს, მის დავალებებს ასრულებს. ასეთი ლოგიკა კი პერმანენტულ საგანგებო მდგომარეობას, მუდმივი განგაშის კოლექტიურ პარანოიას წარმოშობს, რაც უკვე შიდა თუ გარე კონფლიქტებისა და შეიარაღებული დაპირისპირებების წინაპირობაა.

მიტინგიდან მიტინგამდე

ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მიტინგებით მოვიდა და მიტინგებიდან ამოზრდილი სამოქალაქო ომით დაემხო. მან სახელმწიფოს მიტინგებით მართვის უნიკალური პრეცედენტი შექმნა, რომლის შედეგიც პოლიტიკური რეალიზმის სრული დაკარგვა, ეთნიკური კონფლიქტები და აგრესიული ნაციონალიზმი იყო.

მმართველობის ეს ფორმა ერთგვარ კრიზისში მოექცა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, როდესაც მიტინგები ძველმა საბჭოურმა იუბილეებმა და პარტიულმა ყრილობებმა შეცვალა. მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ორი ღირშესანიშნავი მიტინგი ჩატარდა: პირველს (1993 წლის 14 სექტემბერს) საკუთარი ნებით გადამდგარი შევარდნაძის თანამდებობაზე დაბრუნება მოჰყვა, მეორეს კი 2003 წლის ნოემბერში მისი თანამდებობიდან იძულებით გადაყენება. შევარდნაძემ, როგორც პრემიტინგული ხანის პოლიტიკოსმა, უარი თქვა მმართველობის მიტინგურ სტილზე, რომელიც მისთვის სრულიად ბუნებრივად უცხო იყო, მაგრამ მიტინგური აზროვნების რესაკრალიზაცია სცადა, რაც სახელმწიფოში ეკლესიის როლის გაზრდით და ამგვარად იდეოლოგიური ვაკუუმის შევსებით გამოიხატა. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გასახელმწიფოებრიობა, რომელმაც იდეოლოგიური სამსახურის ფუნქცია შეიძინა და ფაქტიურად სეკულარულ დაწესებულებად იქცა. ნაციონალისტური მითოლოგიის თხზვა, მისგან მომავალი საქართველოს პროექტის შექმნა, სწორედ ეკლესიის პრეროგატივა გახდა, რომელმაც XXI საუკუნეში საქართველო შუა საუკუნეების ცნობიერებაში გადაიყვანა.

მიტინგური აზროვნების რენესანსი, მისი ხელახალი დაბადება საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკავშირდება, რომელიც ხელისუფლების სათავეში მიტინგებით მოვიდა. თავად „ვარდების რევოლუციის“, როგორც ამ ხელისუფლების შესაქმის აქტის რანგში აყვანა და საერთო ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება და საკუთარი მიტინგების საკულტო ობიექტად („ვარდების რევოლუციის“ მოედანი) ქცევა, მიტინგური აზროვნების ახალ ტრიუმფს მოასწავებდა. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური იყო ზვიად გამსახურდიას რეაბილიტაცია და გმირისა და მოწამის შარავანდედით მისი შემოსვა. თუკი გამსახურდიას მიტინგურობა საკმაოდ პრიმიტიულ ფორმებს (კარვები, „მდედრიონი“, რუსეთისათვის „ეკონომიკური ბლოკადის“ მოწყობა სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვით) არ გაცდენია, სააკაშვილმა მთელი შემოქმედებითი ენერგია სრულიად წარმატებულად მიტინგური ინსცენირების და ახალი ქართული ეროვნული მითოლოგიის შექმნას და მის სრულიად ახალ, „მოდერნიზირებულ“ რანგში აყვანას მოანდომა. მიტინგი „ჰაი-ტექ“ სანახაობად გადაიქცა, რომლის ინსცენირებისათვის გამსახურდიას და შევარდნაძეს არც ფანტაზია და ენთუზიაზმი და არც ფინანსური საშუალებები არ ეყოფოდათ. წმინდა გიორგი, პრომეთე, „მზია და ზეზვა“, პატრიოტთა ბანაკები, „ქართველების უძველესი ევროპელობა“ - ახალი მიტინგური იდეოლოგიის ძირითადი პოსტულატებია. ამასთანავე, სააკაშვილმა მიტინგებზე სრული მონოპოლია გამოაცხადა. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს ერთ გრანდიოზულ მიტინგთან აიგივებს, მას რევოლუციად რაცხავს და შემდგომ რევკომულ მთავრობას აყალიბებს, რაღა თქმა უნდა, ვერ შეეგუება სხვის მიტინგს, რაც მისთვის მიტინგებზე საავტორო უფლების წართმევას და კონტრრევოლუციას ნიშნავს. აქედან გამომდინარე სრულიად ლოგიკურია 2007 წლის 7 ნოემბრის ოპოზიციური მიტინგის დარბევა.

სააკაშვილის ხელისუფლება გამსახურდიასგან განსხვავებით ეთნოცენტრიზმს ემიჯნება, მაგრამ ანტიიმპერიული აფექტის ერთგული რჩება და კიდევ უფრო მეტად აიგივებს თავს საკუთარი ეროვნული იდენტობის არქეტიპულ სიმბოლო - მეომარ წმინდანთან, რომელიც იმპერატორს მახვილით ამარცხებს. ასეთი თვითიდენტიფიკაციის პოლიტიკური გამოვლინებაა სააკაშვილის სამხედრო-პატრიოტული იდეოლოგია, რომელიც ყველა საშუალებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ორ საარჩევნო პერიოდში გულისხმობს, რაც უკვე სამხედრო კონფრონტაციას რუსეთთან გარდაუვალს ხდიდა. რეალობის გრძნობის დაკარგვისა და არაადეკვატურობის ხარისხმა კი თავის ზენიტს 2008 წლის 12 აგვისტოს და 1 სექტემბრის მიტინგებზე მიაღწია, როდესაც დაბომბილი და ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველო დიდგორობას და მტერზე გამარჯვებას ზეიმობდა. 1 სექტემბერს წარმოთქმული სააკაშვილის სიტყვა კი ერთგვარი ნაზავი იყო XIX საუკუნის ნაციონალიზმისა და შუა საუკუნეების მესიანიზმის. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში „რუსული იმპერიალიზმი დასამარდება“ და „მთელი მსოფლიოს თავისუფლების ბედი აქ წყდება, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის წინამძღოლობით“, ხოლო ჩვენ ვართ „ოქროს საწმისის, არგონავტების ქვეყანა, უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა“, რომელსაც ვერავინ დაამარცხებს. როდესაც სააკაშვილის ამ სიტყვებს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის ოვაციები და „მიშა“, „მიშა“-ს და „-ჯოს!“ შეძახილები მოჰყვა, მხოლოდ ერთადერთი დასკვნის გამოტანაღა შეიძლებოდა - საქართველო საკუთარ შეთხზულ მითოსურ სამყაროში იმდენად ღრმადაა ინტეგრირებული, რომ მისთვის სხვა რეალობა წარმოუდგენელიცაა და მთელი ქვეყანა ამ ზღაპრის სიუჟეტის ლოგიკას ემორჩილება, ამ დღესასწაულს, რომელიც უკვე 20 წელია ჩვენთანაა და რომელსაც დასასრული არ უჩანს.

13 10 კითხვა

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

ავტორები: ნინო ბექიშვილი, ნინო ლომაძე, ნინო ჯაფიაშვილი, შორენა შავერდაშვილი

ომი - თუ ეს არის პასუხი, მაშინ კითხვა სულელურადაა დასმული. ჩვენ ვეცადეთ დაგვესვა არასულელური კითხვები და მიგვეღო პასუხები ამ კითხვებზე. ყველა კითხვას სხვადასხვა ადრესატი ჰყავს, მათ შორის ალან პარასტაევი და ლიანა კვარჩელია, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. მათი მოსაზრებები, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ისინი, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ამ პროექტში ბევრი სხვა მტკივნეული და უერთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისია, მაგრამ მხოლოდ მათი მოსმენის შემდეგ შეიძლება რეალობის ადეკვატური ინტერპრეტაცია. მაშ ასე, 10 კითხვა, 10 პასუხი.

ომი ჩვენი არჩევანი არ იყო

კითხვა I

ჰქონდა თუ არა გათვლილი ჩვენს ხელისუფლებას ყველა შესაძლო სცენარი? წარმოედგინა თუ არა, რომ რუსეთის აგრესია ასეთ მასშტაბებს მიიღებდა?

0x01 graphic

გიგა ბოკერია
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავიწყებ იმით, რომ კითხვა არასწორადაა დასმული. ჩვენ არ გაგვითვლია რუსეთის რეაქცია, იმიტომ, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი სცენარი, ეს ჩვენ გვქონდა რეაქცია მათ თავდასხმაზე. რუსული რეგულარული არმია საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის 20 საათით უფრო ადრე შემოიჭრა, ვიდრე ქართული შეიარაღებული ნაწილები აქტიურ საომარ მოქმედებებში ჩაერთვებოდნენ. მეტსაც ვიტყოდი, საქართველოს ამის გარეშეც სრული უფლება ჰქონდა, საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, იმ თავდასხმების ფონზე, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფ სოფლებზე (არასწორია „ქართული სოფლები“ რადგან ამ სოფლებში მხოლოდ ეთნიკური ქართველები არ ცხოვრობდნენ), გამოეყენებინა სამხედრო ძალა და შეეკავებინა ეს თავდასხმები. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება წარუმატებლად ცდილობდა როგორც სეპარატისტული დე ფაქტო ხელისუფლების, ისე რუსი დიპლომატების თუ ე.წ. სამშვიდობოების ხელმძღვანელობის, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მეშვეობით ამ აგრესიის შეჩერებას. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საერთოდ არ გამოდიოდა კონტაქტზე, ხოლო სამშვიდობოების ხელმძღვანელები, კულახმეტოვი და პოპოვი, გვიცხადებდნენ, რომ მათ აღარა აქვთ კონტროლი სეპარატისტების ხელმძღვანელობაზე, ვერ უკავშირდებიან კოკოითს და ა. შ. რუსები იმავეს ეუბნებოდნენ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს - ჩვენ უკვე აღარაფერი შეგვიძლიაო. თავდასხმები გრძელდებოდა და 7 აგვისტოს, დილით, უკვე პირველი სამოქალაქო მსხვერპლი იყო. ყველაზე უფრო მძიმე თავდასხმა ავნევზე მოხდა, სადაც ქართველი სამშვიდობოები დაიღუპნენ. ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს და ვიცით, ვინ დგას ამის უკან.

ამ ფონზე ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდა სრული უფლება, გაეკეთებინა ყველაფერი, რაც შეეძლო, რათა საკუთარი მოქალაქეები და ის ტერიტორია დაეცვა, რომელიც იმ მომენტში მისი კონტროლის ქვეშ იყო. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი და საკვანძო მომენტი, ამ ყველაფერთან ერთად, ის უტყუარი მონაცემები გახლდათ, რომ რუსული რეგულარული არმია როკის გვირაბით, უკვე შემოჭრილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით და შემოსვლას კვლავ განაგრძობდა. შემდეგი დიდი ნაწილები შვიდიდან რვაში ღამით შემოვიდნენ. ჩვენი მხრიდან ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, არათუ გაგრძელდა სროლები, არამედ, თამარაშენზე და კეხვზე ყველაზე მასირებული შეტევების განხორციელება დაიწყო. ასეთ დროს ქართულ ხელისუფლებას რაღაც უნდა ეღონა, რომ საკუთარი ტერიტორია და მოსახლეობა დაეცვა.

კითხვაზე, ამ ვითარებაში რა არჩევანი ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, ნებისმიერ დემოკრატიულ ხელისუფლებას, პასუხი მე არ მაქვს, თუ ვინმემ იცის, საინტერესო მოსასმენი იქნებოდა. უნდა გვახსოვდეს მთელი კონტექსტი, და გავიხსენოთ ისიც, წლების განვალობაში როგორ ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო ფორმატის ინტერნაციონალიზაციას. ეს ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რადგან ვთვლიდით, რომ რეალური სამშვიდობო პროცესის წარმართვა იმ პირობებში, როდესაც ძალა, რომელიც უსაფრთხოებას აკონტროლებს, არ არის ამაში დაინტერესებული, შეუძლებელია. ამაში ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმაც დაგვარწმუნა. უფრო მეტიც, უკანასკნელ პერიოდში ორივე მცდელობა - ჯერ ევროკავშირის, შემდეგ კი ეუთოს პრეზიდენტის, ბატონი სტუბის ინიციატივა შეხვედრის თაობაზე სეპარატისტების მიერ დაიბლოკა. მანამდე რუსებმა, ასევე აფხაზი სეპარატისტების ხელით, ჩაშალეს შეხვედრა შტაინმაიერის გეგმასთან დაკავშირებით. აგვისტოში პრეზიდენტმა მედვედევმა სააკაშვილ-მედვედევის შეხვედრა ჩაშალა. დამატებითი მილიტარიზაციით, რომელიც მანამდეც მიმდინარეობდა, განსაკუთრებით ჯავის რაიონში, რუსები დასავლეთის რეაქციას ცდიდნენ. აუცილებლად უნდა აიღინიშნოს ცნობილი გადმოფრენა, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა რუსებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვიეს, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად აღიარა - ჩვენ ვიყავითო. როცა ამას არ მოჰყვა ადეკვატური რეაქცია დასავლეთიდან, რუსეთმა თავისუფლად დაიწყო მოქმედება. ასე რომ, რუსეთის ინტერვენცია ნამდვილად არ ყოფილა რეაქცია ჩვენს ქმედებებზე, პირიქით, ეს იყო პასუხი რუსეთის აგრესიაზე.

თუ დავაზუსტებთ ამ კითხვას, ველოდით თუ არა, რომ რუსეთის აგრესია ასეთ მასშტაბებს მიიღებდა, გეტყვით, რომ ასეთი რამ ნამდვილად ძნელი წამოსადგენი იყო. ასეთ პოლიტიკაზე წასვლის განჭვრეტა არა მხოლოდ დაზვერვის, არამედ, პოლიტიკური ანალიზის საქმეა, და ამაში ყველა ჩვენი მოკავშირე შეცდა. სამწუხაროდ, ეს არ ცვლიდა ჩვენი არჩევანის შეზღუდულობას იმ კრიტიკულ ვითარებაში.

რაც შეეხება საერთაშორისო რეაქციას, ვთვლი, ამან ცოტა დააგვიანა, მაგრამ ეს „ცოტა“ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში საკმაოდ ბევრს ნიშნავდა. ჩვენმა საუკეთესო მეგობრებმა, მათ მოკავშირეობაში ეჭვი არავის ეპარება, საფრთხეები სათანადოდ ვერ შეააფასეს. უკვე სრული ლუსტრაცია მოხდა იმისა, რა ტიპის და რა ინტენსივობის საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე რუსული პოლიტიკა მთელი მსოფლიოსათვის და, განსაკუთრებით, მისი უშუალო მეზობლებისათვის. ის, რომ ლუსტრაცია სწორედ ახლა მოხდა, არ ნიშნავს, რომ მანამდე არ იყვნენ ექსპერტები, პოლიტიკოსები ან, თუნდაც, ქვეყნების ლიდერები, ვინც ამას არ ხედავდა. თუმცა, შეფასების საერთო კრიტიკული მასა დღეს ამ მიმართულებით რადიკალურად შეიცვალა. ერთი შეცდომა ნამდვილად იყო ამის ვერდანახვა იქამდე, სანამ ეს არ მოხდა.

ჩვენი „მეგობრული კრიტიკა“ მდგომარეობს იმაში, რომ, რა თქმა უნდა, იყო პროვოკაციები და თავდასხმები, მაგრამ მაინც სჯობდა, სამხედრო ძალისათვის არ მიგვემართა. ახალი დამატებითი მტკიცებულებების ფონზე, ჩვენს მეგობრებს კიდევ უფრო ურთულდებათ პასუხი კითხვაზე - რა არჩევანი ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას? ადვილია იმის თქმა, რომ ეს ნაბიჯი არ იყო „ბრძნული“, მაგრამ საღი პასუხი კითხვაზე, რა ნაბიჯი უნდა ყოფილიყო გადაგდგმული საქართველოს ხელისუფლების მიერ, მე არ მომისმენია.

კითხვა II

ჩვენი არჩევანი არ ყოფილა მშვიდობა

0x01 graphic

პაატა ზაქარეიშვილი
რესპუბლიკური პარტია

მოკლედ შევეხოთ შევარდნაძის პერიოდს, რადგან სწორედ შევარდნაძემ დაგვიტოვა მემკვიდრეობად ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტები. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ შევაფასოთ, თამამად შეიძლება ითქვას, 1992 წელს ცხინვალის რეგიონში შეწყვეტილი საომარი მოქმედება, რომელიც 2003 წლისთვის დაგომისის ხელშეკრულებით დასრულდა, დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა. ეთნოტერიტორიული კონფლიქტები (და ასეთია მთიანი ყარაბახის კონფლიქტი - სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, კოსოვოს კონფლიქტი - სერბებსა და ალბანელებს შორის, ჩრდილოეთ კვიპროსის კონფლიქტი - ბერძნებსა და თურქებს შორის, აფხაზეთის კონფლიქტი) ძნელად გვარდება. ამ ტიპის შერიგება ხალხთა შორის დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში სხვაგან არსად მომხდარა. ამ ათი წლის განმავლობაში ქართველები და ოსები ყოფით დონეზე შერიგდნენ - იყო ვაჭრობა, სოფლებს შორის მიმოსვლა, განახლდა შერეული ქორწინებები, აღდგა გზები, გაიხსნა ბაზრობები. არსებულ ურთიერთობებს და დინამიკას აკლდა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი ოსების ქართველების მიმართ ბუნებრივი ლტოლვის გამო მოხდა. ოსები ქართულს ქართველებივით კარგად ფლობდნენ, რუსულს კი ისევე, როგორც ჩვენ. ბევრ მათგანს ქართული გვარიც კი აქვს. ჩემი აზრით, სწორედ ამ კულტურულმა ფენომენმა განაპირობა ის, რომ ოსებმა გვაპატიეს ბევრი რამ. უნდა ვაღიაროთ, ჩვენ არ მოვიქეცით კარგად 1990-1992 წლებში. ისინი ითხოვდნენ და ელოდნენ, რომ ვაღიარებდით შეცდომებს, თუმცა, რაც დრო გადიოდა, ამის იმედიც უქრებოდათ..

2004 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილმა იოლად გადააგდო აბაშიძის ხელისუფლება, მანამდე კი შევარდნაძე - ჩათვალა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტიც იოლი მოსაგვარებელი იყო. აბაშიძის და შევარდნაძის უკან ხალხი არ იდგა, კოკოითის უკან კი ოსები დადგნენ, რომლებსაც კოკოითი არ მოსწონდათ, მაგრამ კარგად ახსოვდათ, რაც ქართველებმა 90-იან წლებში ჩაიდინეს. ამიტომ, 2004 წლის ზაფხულში, სააკაშვილისა და ოქრუაშვილის მიერ არასწორად დაგეგმილ ჰუმანიტარულ შტურმს სისხლისღვრა მოჰყვა. მაშინ, ზურაბ ჟვანიას ფაქტორის გათვალისწინებით, ქართულ ხელისუფლებას ეყო ჭკუა, რომ საომარი მოქმედებები გაეჩერებინა და გადასულიყო შეთავაზებებზე. მთელი 2005 წელი შეთავაზებების წელი იყო, დაწყებული სააკაშვილის სტრასბურგში ევროპის საბჭოს სხდომაზე გამოსვლით და დამთავრებული ცნობილი ლუბლიანის დოკუმენტით. დადებითი დინამიკის კულმინაცია მოდის 2005 წლის 12 დეკემბერზე, როდესაც კოკოითმა წერილი გამოუგზავნა სააკაშვილს, სადაც ჩვენი წინადადებები იყო გადამღერებული. მაშინ პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი გაკვირვებული ამბობდა, ეს ხომ ჩვენი წინადადებებიაო. მან ისიც თქვა - ამ წინადადებებზე თანახმა ვართ და მზად ვართ კოკოითის დეფაქტო ხელისუფლებასთან ვითანამშრომლოთო. ამ პროცესის პარალელურად გამოდის მერაბიშვილი დიდი „ზეწრით“, სადაც კოკოითის კრიმინალური კავშირების სქემები იყო წარმოდგენილი და ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორი კრიმინალია კოკოითი და როგორ არ შეიძლება მასთან საქმის დაჭერა. ეს აშკარად სამშვიდობო პროცესების საწინააღმდეგოდ გაკეთდა. იმ დროისათვის, ქართულ ხელისუფლებაში იყო სხვადასხვა ბანაკები.

ასეთივე სურათი იყო აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებაშიც. ამ მიმართულებით მუშაობდა ირაკლი ალასანია, რომელმაც სერიოზულ წარმატებებს მიაღწია აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებში, და, ამავე დროს, იყო მეორე ფრთა, რომელმაც კოდორის მოვლენები მოაწყო. იმის თქმა, რომ ოსები არაფერზე არ თანხმდებოდნენ, შეთხზული ზღაპარია, პირიქით, თავად მოდიოდნენ შემოთავაზებებით. 2005 წლის დეკემბერში, სწორედ მაშინ, როცა კოკოითმა ზემოთ ნახსენები წერილი გამოგვიგზავნა, სააკაშვილმა თქვა, რომ აპირებს შეხვდეს ბაღაფშს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ, რომლის ძირითადი ტექსტი ქართულმა მხარემ მოამზადა. ამას მოჰყვა შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელმაც კოკოითის წინადადებები განიხილა. ეს ხდება 2005 წლის ბოლომდე, და უცებ, 2006 წლის დასა წყისში, ქართული ხელისუფლება აცხადებს, რომ არა აქვს არანაირი სურვილი ილაპარაკოს აფხაზებთან და ოსებთან. ამ დროს შეიცვალა ხელისუფლების პოლიტიკა. რაღაც მოხდა. ჩემი აზრით, მოხდა ის, რომ ხელისუფლება გაიმყარა მერაბიშვილმა. 2006 წლის დასაწყისში კიდევ მიდიოდა რაღაც მოლაპარაკებები, შემდეგ იყო კოდორის მოვლენები. ცხინვალის მიმართულებით შეიქმნა სანაკოევის პროექტი. ამ პროექტისთვის სიმძაფრე რომ შეეძინათ, სანაკოევი დასვეს არა თბილისში, ან, თუნდაც, გორში, ანდა შიდა ქართლის რომელიმე არათვალშისაცემ ქართულ სოფელში, არამედ პირდაპირ ცხინვალისა და ჯავის გზაზე - სოფელ ქურთაში. ამით გადაიკეტა პირდაპირი გზა, რომლითაც 1992 წლიდან მოყოლებული სარგებლობდნენ ქართველები და ოსები. ასე საერთოდ ქრება ყოველგვარი ურთიერთობები. ამ დროისათვის აზრი ეკარგება შერეული საკონტროლო კომისიების სხდომების გამართვასაც. მას შემდეგ, რაც გოგა ხაინდრავა შეიცვალა მერაბ ანთაძით, ეს შეხვედრები პრაქტიკულად შეწყდა. ჩვენ, საკუთარი სურვილით, გამოვედით იმ წინადადებების ფორმატიდან, რომელიც თვითონვე შევქმენით.

2004 წლის ზაფხულის ესკალაციის დროს მოხდა ქართველებისთვის სამარცხვინო ფაქტი, როცა ოსებმა დააჩოქეს ახალგაზრდა ქართველი პოლიციელები. ამ სპექტაკლში სულ რამდენიმე ოსი მონაწილეობდა და 2008 წლის 3 ივლისს ამ ოსთაგან უკანასკნელი - ბიბილოვი, სოფელ დმენისის პოლიციის უფროსი, ნაღმზე აფეთქდა საკუთარ ეზოში. დანარჩენები მანამდე მოკლეს, თანაც, ყველა ტერაქტის საშუალებით. 2004 წლამდე, 1992 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს ეკავა ყველა სტრატეგიული სიმაღლე ცხინვალის გარშემო, მათ შორის, სარაბუკის მთაც. 2004 წლის ზაფხულის წარუმატებელი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ეს სიმაღლეები ჩამოგვერთვა და მას არც ოსები და არც ქართველები აღარ აკონტროლებდნენ. ბიბილოვის სიკვდილიდან ორ საათში, წვერიახოს შემოვლით გზაზე, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებდა და მხოლოდ ქართულ სოფლებზე გადიოდა, ნაღმზე ფეთქდება სანაკოევის მანქანა. ამ აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა. ქართულმა მხარემ მაშინვე განაცხადა - ეს ოსებმა გააკეთესო. თუმცა, ტერაქტის ადგილას არ მიუშვეს არც სამშვიდობოები და არც ეუთოს წარმომადგენლები. იქვე ითქვა ისიც, რომ სწორედ სარაბუკის მხრიდან გადმოვიდნენ ოსები და ამიტომ, ეს მთა ქართველებმა უნდა გავაკონტროლოთო. 3 ივლისის შემდეგ დაიწყო ბრძოლები სარაბუკის მთის დასაკავებლად. ხან ქართველები იკავებდნენ, ხან ოსები. ივლისში ძირითადად ქართველები ფლობდნენ სარაბუკის სტრატეგიულ სიმაღლეს. 1 აგვისტოს ჩვენი პოლიციელების მიმართ ხორციელდება ტერაქტი, სადაც ასევე არავინ იღუპება. ისევ არ მიუშვეს ტერაქტის ადგილას ეუთო და სამშვიდობოები. ასეთ დროს არ შეიძლება, არ გაგახსენდეს ის, თუ რა მოხდა 21 მაისს ცხინვალიდან შორს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში. მაშინ აფეთქდა ორი ავტობუსი, რაც დაბრალდა აფხაზებს, თუმცა შემდეგ დამტკიცდა, რომ ეს აფეთქებები ქართული მხარის მიერ ყოფილა მოწყობილი. ძნელია, ამ ფაქტის შემდეგ ქართულ მხარეს სიტყვაზე ენდო. როდესაც სააკაშვილი გამოვიდა 7 აგვისტოს საღამოს, მან მხოლოდ 3 ივლისისა და 1 აგვისტოს ტერაქტები ახსენა. გარდა ამ ორი ტერაქტისა, მას არ გახსენებია სხვა არაფერი, მაგალითად, ბრძოლები სარაბუკის მთის დასაკავებლად. ამან კიდევ უფრო გაამყარა ჩემი თვალსაზრისი, რომ შეიძლება ეს ტერაქტები ჩვენივე მოწყობილი იყოს, მით უმეტეს, რომ ამ ტერაქტების დროს არავინ დაღუპულა, მხოლოდ დაიჭრნენ, ისევე, როგორც ხურჩის ინსცენირების დროს დაიჭრა ერთი გალელი ქალბატონი. შეიძლება, ქართველებს სურდათ გაეთამაშებინათ სცენა, რომ ოსებმა შური იძიეს ბიბილოვის მკვლელობისათვის. ქართულ მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება და ახლა გადაჭრით რაიმეს მტკიცება ძნელია.

ამ წერტილიდან იწყება სწორედ 7 აგვისტოს კატასტროფა. ქართულ მხარეს სურდა მოტყუებით დაეკავებინა 2004 წელს დაკარგული სიმაღლეები, მათ შორის, სარაბუკის მთა. როდესაც იმარჯვებ, პრობლემა არ არის, როგორც ამბობენ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ. სარაბუკის მთის გარშემო ბრძოლების დროს რუსებმა დაიწყეს მოსახლეობის პიარკამპანიით გაყვანა ცხინვალიდან და ოსური სოფლებიდან, საკითხავია, ჩვენ რატომ არ დავიწყეთ ქართული მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია? რუსებმა კარგად „გვაჭამეს“, როგორც ჩანს, ვიღაცა დააჯერეს, რომ იოლად ჩააბარებდნენ ცხინვალს. ამ ფონზე, 7 აგვისტოს, გამოდის სააკაშვილი ქართული ტელევიზიით და ლაპარაკობს ცეცხლის შეწყვეტაზე. იმ დღებში იაკობაშვილი შეხვდა რუსი სამშვიდობოების სარდალს. რუსებმა თითქოს დაიწყეს ქართულ მხარესთან თანამშრომლობა. 5-6 აგვისტოს ჩვენ და რუსები ერთნაირად ვკიცხავდით ოსებს, რუსები თითქოს გვაგულიანებდნენ. ეს აისბერგის ზედა ნაწილი იყო. არ გამოვრიცხავ, რომ ქართველები დარწმუნებულები იყვნენ, ცხინვალს აიღებდნენ. შექმნეს რაღაც მითი და შემდეგ თავადვე ირწმუნეს ეს მითი. რაზე საუბრობდენენ კულახმეტოვი და იაკობაშვილი შეხვედრებზე, ძნელი სათქმელია, მაგრამ საკაშვილი 7 აგვისტოს საღამოს, ჩემი აზრით, გულწრფელად ლაპარაკობდა ცეცხლის შეწყვეტაზე. დაახლოებით ღამის 10 საათზე ქართული სოფლების მასირებული დაბომბვა დაიწყო. ვფიქრობ, რომ ოსებმა მოინდომეს იმ გზის გათავისუფლება, რომელიც სააკაშვილმა სანაკოევის პროექტით ჩაუკეტა, რის გამოც მათ შემოვლითი გზით უხდებოდათ მოძრაობა. სააკაშვილმა სანაკოევის სახით ხაფანგი დაუგო ოსებს, შემდეგ კი თვითონ გაება ამ ხაფანგში. 7 აგვისტოს ღამით, სააკაშვილი დადგა დილემის წინაშე, - დილით გაიღვიძებდა საქართველო და ქართული სოფლები დაკარგული აღმოჩნდებოდა. და რა უნდა ექნა? გასცა ბრძნება დაეწყოთ საომარი მოქმედებები.

დილის 9 საათზე „რუსთავი 2“ გადმოსცემს, რომ აღებულია 12 ოსური სოფელი და ნახევარი ცხინვალი, ერთ ღამეში ასეთი საბრძოლო წარმატება წარმოუდგენელია. როგორც თავის დროზე შეგვიტყუეს აფხაზეთში, ისევე შეგვიტყუეს ცხინვალში. ვინც სააკაშვილს უთხრა, ცხინვალი ავიღოთო, ის ნამდვილად მიბმულია რუსეთზე. ის ლეგენდა, რომ როკის გვირაბიდან უკვე რუსული არმია შემოდიოდა, შემდეგ შეითხზა და ამას თუნდაც ისიც ამტკიცებს, რომ 7 აგვისტოს, საღამოს 10 საათზე, „რუსთავი 2-ზე“ გამოდის მეთიუ ბრაიზა, რომელმაც უკვე ყველაფერი იცის. ის ამბობს, რომ ოსურმა მხარემ გაუხსნა ცეცხლი ქართველებს, და არაფერს ამბობს როკის გვირაბზე. რომ ყოფილიყო, არ იტყოდა? იქვე სანაკოევის ჩართვა ხდება. არც სანაკოევს უხსენებია რუსი სამხედროებით სავსე როკის გვირაბი. არც გენერალმა ყურაშვილმა არ თქვა არაფერი როკის გვირაბზე, ისე გამოაცხადა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისთვის სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. რუსების შემოსვლა როკის გვირაბიდან ხდებოდა მთელი ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში. რუსები შემოდიოდნენ როგორც 7-ში, ისე 6-ში, და უფრო ადრეც. მე პრესით ამის შესახებ უკვე 31 ივლისს განვაცხადე, რომ ცხინვალში რუსები არიან. ჩვენ ვერაგულად შეგვიტყუეს ცხინვალში. რეალურად, ცხინვალში შესვლამდე არსებობდა ამ ომის თავიდან აცილების შანსი, რომელიც ჩვენ არ გამოვიყენეთ.

კითხვა III

0x01 graphic

გიორგი მარგველაშვილი
ფილოსოფოსი

გეოპოლიტიკური ილუზიები

შეიძლებოდა თუ არა, რომ საქართველოს რუსეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები ჰქონოდა და კონფლიქტიც სამხედრო კონფრონტაციაში არ გადაზრდილიყო?

ქართულ-რუსული ურთიერთობების განხილვა აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, რომ ორივე ქვეყანა გარდამავალ, პოსტსაბჭოთა პერიოდშია და ორივე თავის ახალ როლს ეძებს. რუსეთი, ისევე, როგორც საქართველო, ამ გარდამავალ პერიოდში სტრესიდან უნდა გათავისუფლებულიყო და მერე, როგორც თავისი მოსახლეობისათვის, ისე მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინა, რას წარმოადგენს და რად უნდა, რომ იქცეს მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. ახალი როლის ძიება პუტინის გაძლიერებასთან ერთად ხდება. პუტინმა ქვეყანა ეკონომიკურად წელში გამართა, ადმინისტრაციული სისტემა დაალაგა, თავისი კონტროლირებადი მასმედიით და კონტროლირებადი პოლიტიკით. სამწუხაროდ, ჩვენთვის, მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის და თავად რუსეთისთვის, რუსეთმა გადაწყვიტა, რომ უახლოესი მეზობლების, დსთ-ს ქვეყნების მარეგულირებელი, მაკონტროლებელი ძალა უნდა იყოს არა ისე, როგორც ეს თავის დროზე ჩუბაისს წარმოედგინა, ეკონომიკური რეგულირების უფრო თანამედროვე ხერხებით. დღევანდელ რუსეთს იარაღით, თვითმფრინავებით და ტანკებით ძალის დემონსტრირება სურს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ესაა რუსეთის პირველი „წარმატება“ მეტ-ნაკლებად ფეხზე დადგომის შემდეგ. თუ ეს „წარმატება“ ძალიან ძვირად არ დაუსვა დასავლეთმა, ეს იქნება ის ახალი როლი, რომელშიც რუსეთი შევა.

მედვედევის არჩევნების შემდეგ, რუსეთმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ მისი დამოკიდებულება იმ პრობლემების მიმართ, რაც საქართველოში ჰქონდა, აგრესიული იქნებოდა და იგი სწორედ სამხედრო ძალას დაეყრდნობოდა. ეს გამოჩნდა იმის შემდეგ, რაც რუსებმა ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა დაიწყეს, გამართეს სამხედრო წვრთნები ამ რეგიონების ახლოს, გაზარდეს იქ სამხედრო კონტინგენტი, დაარღვიეს ჩვენი საჰაერო სივრცე. როცა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის ამ ქმედებებზე განგაშის ზარები არ გაისმა, ნათელი გახდა, რომ რუსეთი თანმიმდევრულად განახორციელებდა საკუთარ გეგმას. ამავე დროს, ჩვენც ვეძებთ ახალ როლს, ჩვენი ახალი როლი, ერთი მხრივ, პროდასავლური იყო და მეორე მხრივ - აგრესიული და არაკონსტრუქციული რუსეთთან. ჩემი აზრით, რუსეთის მიმართ აგრესიას იმიტომ ვიჩენდით, რომ უფრო მომხიბვლელი ვყოფილიყავით დასავლეთისთვის. ჩვენ რუსეთს იმიტომ ვკრავდით ხელს, რომ დასავლეთთან უფრო ახლოს მივსულიყავით და არა იმიტომ, რომ რუსეთისთვის რამე გვევნო. გვინდოდა დასავლეთისთვის გვეჩვენებინა, - თქვენკენ მომავალი ვაკეთებთ ამას და თქვენც, კიდევ უფრო გაააქტიურეთ თქვენი პოლიტიკა ჩვენს მიმართო. ეს დიპლომატიური თამაში ძვირად დაგვიჯდა. ბოლო ექვს თვეს რომ გადავხედოთ, ჩანს, რომ საქმე კარგად არ მიდიოდა. ჩანს, რომ რუსეთი უფრო აგრესიული ხდებოდა და არც ჩვენ ვპასუხობთ თავის დახრით. ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ გვირჩევენ არაფერს, გარდა იმისა, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციას. ეს კი ძალიან ძნელია, როცა რუსეთის სამხედრო ძალები, სპეცსამსახურები, რუსეთის გავლენა დასავლელ პოლიტიკოსებზე და დასავლურ მედიაზე, ერთი პატარა ქვეყნის საწინააღმდეგოდაა მიმართული. რა მეთოდებით უნდა გავმკლავებოდით ამხელა ძალას, ძნელი წარმოსადგენია. ის მესიჯი, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციას, იმ ფონზე, როდესაც მაპს არ მაძლევ, დასავლეთისგან ნამდვილად ხელის კვრაა. რუსული სახლმწიფო ჩვენს მიმართ აგრესიულია, ცდილობს დაგვიპყროს, ჩვენ კი ვცდილობთ, რუსეთისგან დასავლეთისაკენ წავიდეთ და დასავლეთის იმედი გვაქვს.

ეს პროექტი, სამწუხაროდ, ჩავარდა, იმიტომ, რომ დასავლეთმა თქვა, რუსეთის ოკუპაცია არის გადამეტებული პასუხი - ეს ჩვენი ყველაზე სერიოზული მხარდამჭერის, ბუშის სიტყვებია. წარმოიდგინეთ, რა ვითარებაშია ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც რუსეთი აჩვენებს, რომ მცირერიცხოვანი მეგობრების, ოსების და აფხაზების დაცვა შეუძლია, ამერიკას კი არ შეუძლია დაიცვას მეგობარი - პატარა საქართველო. ამ დროს, ბუშის რეაქცია, როცა მან პირველ კომენტარში თქვა, რომ ესაა გადამეტებული პასუხი, ძალიან უცნაურია. ეს ნიშნავს იმას, რომ პასუხი საზოგადოდ მისაღებია, მაგრამ პრობლემა - გადამეტებაა. და როგორ შეიძლება მისაღები იყოს ეს პასუხი, როცა ერთ ქვეყანას მეორე, სუვერენულ სახელმწიფოში სამხედრო ძალა შეჰყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსების ცხინვალში შესვლა მისაღები იყო, მაგრამ ცხინვალის გარეთ რომ გადახვედით, გორი და ფოთი რომ დაბომბეთ, ესაა გადამეტებულიო? ძალიან უცნაურია, როცა აღიარებ რუსეთის უფლებას, სამხედრო პასუხი გასცეს საქართველოს, რომელიც რუსეთს არ დასხმია თავს. საქართველო თავის ტერიტორიაზე, მართალია, სამხედრო ძალით, მაგრამ საკუთარ მოსახლეობას იცავდა. და ის რიტორიკაც, რომელიც ძალიან გავრცელებულია ევროპაში, „ვინ დაიწყო ომი“, თავისთავად ხელოვნურია. როდის დაიწყო ომი, როცა პოზიციებიდან ერთმანეთს ესვრიან, როცა თამარაშენს და ქურთას უშენენ თუ, როდესაც ცხინვალის დაბომბვა იწყება? როდის შეიძლება თქვა, რომ ომი ამ ეტაპიდან დაიწყო?

აქ წააგო ყველა მხარემ, რუსეთმა, რომელმაც თავისი ახალი როლი დაინახა, როგორც სამხედრო „დერჟავამ“, რაც, სავარაუდოდ, დამღუპველი ილუზიაა; დასავლეთმა, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი რეგიონალური მოკავშირე. ბუნებრივია, ყველაზე სერიოზულად და ტრაგიკულად წავაგეთ ჩვენც - საქართველოს საგარეო პოლიტიკურმა კურსმა აჩვენა, რომ ჩვენი სწრაფვა, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებშიც გვქონდა, დამყარებულია არარეალურ გათვლებზე და არ არის ასე უპირობოდ, სწრაფად და კითხვის ნიშნების დასმის გარეშე მხარდაჭერილი დასავლეთის რეალური საგარეო პოლიტიკით. ძნელი სათქმელია, უფრო რბილი საგარეო პოლიტიკის შემთხვევაში ავიცილებდით თუ არა ამ კონფლიქტს თავიდან. ეს ნაბიჯი რუსეთს ნამდვილად დაგეგმილი ჰქონდა.

კითხვა IV

0x01 graphic

ნინო ბურჯანაძე
დემოკრატიული განვითარების ფონდი

დემოკრატიული რევოლუციიდან სუსტ დემოკრატიამდე

საქართველოში, ბოლო წლებში და, განსაკუთრებით, უკანასკნელი არჩევნების შემდეგ, უცხოელი და ქართველი ექსპერტები იმ ინსტიტუტების კრიზისზე საუბრობენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს - გულისხმობთ პარლამეტს, სასამართლოს, თავისუფალ მედიას. თქვენი აზრით, რამდენადაა ეს კრიზისი დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანა ომში ჩაება? როგორ ხედავთ გამოსავალს?

არის თუ არა სრულყოფილი დემოკრატია ქვეყანაში? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ის, რომ ჩვენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს გვადარებენ და იმ სახელმწიფოებთან შედარებით წარმატებულ დემოკრატიად ვითვლებით, ნამდვილად არ მიმაჩნია საკმარისად. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი პრობლემების სათავე, და ისიც, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხდა, გარკვეულწილად, დემოკრატიული ინსტიტუტების და სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტის ბრალია. ხშირად არ კეთდებოდა სერიოზული ანალიზი და არ იქმნებოდა კონცეფციები, როგორ უნდა განვითარებულიყო ქვეყანა. ძალიან თვალნათელი იყო ხელისუფლებაში ბალანსის დარღვევა, როდესაც არ გვქონდა ძლიერი პარლამენტი და პარლამენტს რეალურად არ შეეძლო კონტროლი განეხორციელებინა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. არარსებული პოლიტიკური ნების და მხარდაჭერის გამო, მე ვერ შევძელი პარლამენტის გაძლიერება ისე, რომ ამ ინსტიტუტს ქვეყანაში სერიოზული ადგილი ჰქონოდა; შეცვლილიყო მმართველობის ის სტილი, რომელიც 2003 წლიდან გვქონდა. მე არ მიკვირდა, როცა ეს სტილი 2003- 2004 წლებში გვქონდა, რადგან რევოლუციებს, თუნდაც ძალიან დემოკრატიულ რევოლუციებს, და რევოლუციურ მოვლენებს ყოველთვის ახასიათებს მმართველობის რევოლუციური სტილი, მაგრამ ყოველთვის დგება ქვეყანაში პერიოდი, როდესაც რევოლუციური მმართველობის სტილი უნდა შეიცვალოს ევოლუციურით. სწორედ ეს იყო, რაზეც ვსაუბრობდი არჩევნებამდე და ეს უნდა შეცვლილიყო.

დღეს საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. ამას ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს - მოსამართლეთა რეალური დამოუკიდებლობა. ამ პრობლემას საკანონმდებლო ცვლილებები ვერ გადაწყვეტს, თუ არ იქნება პოლიტიკური ნება და ერთხელ და სამუდამოდ არ გადაწყდება, რომ სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი.

ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ მედიას, ამისთვის ჩვენ არაერთხელ გვიბრძოლია. მედიის კერძო მეპატრონეები იღებენ გადაწყვეტილებას პოლიტიკური დებატების ან ახალი ამბების გამოშვებების შეწყვეტის ან შეკვეცის შესახებ. საზოგადოებას აქვს იმის უფლება, მიიღოს მეტი ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და დემოკრატიული მმართველისთვის ნათელია, რომ ყველაზე მწვავე ვითარებაში მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი მედიის მეშვეობით არის შესაძლებელი მტკივნეულ კითხვებზე პასუხების გაცემა და გამოსავლის პოვნა, მოსახლეობის დარწმუნება კონკრეტული ვითარების სისწორეში. არგუმენტები, რომ ბეჭდურ მედიაში განსხვავებული მოსაზრებები იწერება, არ არის საკმარისი. ყველამ კარგად იცის, რომ ბეჭდური მედიის ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის გაცილებით შეზღუდულია. არ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ამან განაპირობა ის, რომ ქვეყანა ომში ჩაება და პროვოკაციის თავიდან აცილება ვერ შევძელით, მით უმეტეს, ვიცოდით, რომ ეს პროვოკაცია მზადდებოდა. მაგრამ ნაწილობრივ ასეა. არასაკმარისმა ანალიზმა და ალტერნატივამ, გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმის არასწორი ფორმით არსებობამ, განაპირობა კიდეც ის რეაგირება, რომელიც, ალბათ, შესაძლებელი იყო თავიდან აგვეცილებინა. თუმცა, სიტყვას - „ალბათ“ - მაინც ვტოვებ, სანამ არ იქნება გამოქვეყნებული ობიექტური მასალები.

იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, აუცილებელია, მისი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები პროგნოზირებადი იყოს, რაციონალური და არა ემოციური, და მყარ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული. ლიდერების როლი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შემაკავებელი მექანიზმია, რაც ლიდერსაც აძლევს სწორ მიმართულებას იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია. თუ ქვეყანაში შეიქმნება მყარი, სერიოზული, ერთმანეთის დამაბალანსებელი ინსტიტუტები და გადაწყვეტილებების მიღების სწორი მექანიზმი, ეს იქნება გამოსავალი, რომელიც ხვალინდელ პრობლემებს მოაგვარებს. ეს არაა მარტივი, ამ პრობლემების მოგვარებას, რომლის წინაშეც ომის შემდეგ დავდექით, სამწუხაროდ, ბევრი დრო დასჭირდება, მაგრამ გაათმაგებული ენერგიით უნდა ვიმუშაოთ, რათა როგორმე დემოკრატიული პროცესი დავაჩქაროთ და ქვეყანამ სერიოზული ნაბიჯები გადადგას წინ.

კითხვა V

ოქროს შუალედის ძიებაში

ვისაუბროთ იმ შედეგებზე, რომლებიც დღეს ომის შემდეგ რეალურად გვაქვს. და,თქვენი აზრით, რა არის აქედან შეუქცევადი?

0x01 graphic

დავით უსუფაშვილი
რესპუბლიკური პარტია

ჩვენი ცხოვრება უკან რომ დავატრიალოთ, ძნელად წარმომიდგენია, ვარდების რევოლუციის შემდეგ, რა უნდა მომხდარიყო ქვეყანაში 2008 წლისთვის ამაზე უარესი. თითქმის ყველაფერს, რის მიღწევასაც ქვეყანა ამ წლებში ცდილობდა, დიდი კითხვის ნიშანი დაესვა. ვგულისხმობ, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისევე პოლიტიკურს, უსაფრთხოებას, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ერის მყარად ფეხზე დადგომის პროცესს - ყველაფერს. 90-იანი წლების დასაწყისში ძალიან ბევრი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა გადაიხლართა ერთმანეთში - იყო სიამაყე და სიხარული დამოუკიდებლობის მოპოვების გამო, იყო ეროვნული ტრაგედია სამოქალაქო ომის გამო, იყო ეროვნული უბედურება - აფხაზეთის ომში დამარცხების სინდრომი, იყო ეკონომიკური სიდუხჭირე. 2003 წლის შემდეგ, ამ ყველაფრიდან თავის დაღწევის პერსპექტივა გაჩნდა. დღეს კი, რუსეთ-საქართველოს ომმა ყველა ოჯახში შეაბიჯა, ამ ომის შედეგებს ხვალ და ზეგ თითოეული ქართველი კიდევ უფრო მწვავედ იგრძნობს - ემოციურადაც, მატერიალურად, უსაფრთხოების და ყველა სხვა დონეზეც. ამიტომ, სხვანაირად ვერ შევაფასებ ამ მოვლენას, თუ არა ეროვნული მნიშვნელობის ტრაგედიად, რომლის ანალოგები ბევრია ისტორიაში, მაგრამ გვინდოდა, რომ აღარ მომხდარიყო. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შეიცვალა ქვეყნის გეოპოლიტიკური დატვირთვა - ხელისუფლებასთან, რომელმაც კრიტიკულ და მნიშვნელოვან საკითხში ასეთი დაუფიქრებლობა გამოავლინა, ურთიერთობას ცოტა თუ მოინდომებს. იმან, რომ დღეს ამერიკა და ევროპა ძალიან მკაცრად კიცხავენ რუსეთის ქმედებებს, არ უნდა გაგვიჩინოს განცდა, რომ ისინი აღფრთოვანებული არიან საქართველოთი და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით განაგრძობენ ჩვენთან ურთიერთობასა და თანამშრომლობას. ხელისუფლება ცდილობს, ასე წარმოაჩინოს, მაგრამ სინამდვილე, სამწუხაროდ, სრულიად სხვაგვარია. ყველაზე უფრო საიმედო და თანმიმდევრულ პარტნიორებშიც კი გაჩნდა ეჭვი, როგორ ენდონ ქვეყანას, რომელიც ასეთ ხელისუფლებას ითმენს, როგორც უსაფრთხოების რაიმე საერთაშორისო სისტემაში გაერთიანების თვალსაზრისით, ისე, ინვესტიციების დაბანდებაში, ენერგეტიკულ საკითხებში, ნავთობ და გაზსადენებით. მაგალითად, ნატოში გაწევრიანება რამდენიმე ტესტის დადებითად ჩაბარებას გულისხმობს და ნატოს წევრ არც ერთ ქვეყანას არ სურს რაიმე ახალ ხათაბალაში გაებას იმ ქვეყნის გამო, რომელიც არაპროგნოზირებადია, რომელსაც ვერ დაეყრდნობი. ფიქრობენ, რომ ამათთან დისტანციური ურთიერთობა სჯობს. ვფიქრობ, ამ ომის შედეგები ქვეყანაში ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის, პროცესები უკვე დაწყებულია და ახლა როგორმე აუცილებელია მათი შეჩერება.

ამისთვის ჩვენი შიდაპოლიტიკური სისტემა არაადეკვატურია: საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი, რომელიც ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილი, სადაც პოლიტიკური განხილვების და დებატების შედეგად ჩამოყალიბდება პოლიტიკური კურსი. დღეს არ არსებობს ადგილი, სადაც შესაძლებელია ხალხის სახელით, ხალხის წარმომადგენლების მიერ, სხვადასხვა პოზიციებზე მდგომის, მაგრამ საერთო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების მიერ, მდგომარეობის შეფასება, მოვლენების გააზრება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დღეისთვის უმთავრეს ამოცანად საკუთარი თავის გადარჩენას ისახავს და ამას უქვემდებარებს ყველაფერს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უმძიმეს ვითარებაში კიდევ არაერთი შეცდომა იქნება დაშვებული, რადგან ამოცანა არასწორადაა დასმული.

ამ ვითარებიდან გამოსავლის დასაწყისი იქნებოდა შიდაპოლიტიკური პროცესების სწორად დაგეგმვა, და ამ გეგმის ირგვლივ კონსოლიდაცია და არა ურაპატრიოტულ თემებზე, კონცერტებზე, ქუჩაში კონსოლიდაცია. რესპუბლიკური პარტიის აზრით, ამ გეგმის კულმინაცია უნდა იყოს საგაზაფხულოდ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რათა, თავისუფალი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ხალხს ჰქონდეს განცდა, რომ მას მართავს ის ხელისუფლება, რომელიც მართლა ხალხს წარმოადგენს და მართლა ხალხის მიერაა არჩეული. და ამ მყარ ნიადაგზე მდგომმა ადამიანებმა პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა გადადგან ნაბიჯები. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა შიდაპოლიტიკური პროცესების სწორად წარმართვას აქვს. დღეს ერთნაირად დამღუპველია სულსწრაფობაც და სულგრძელობაც. სულსწრაფობა იქნება ის, რომ უცებ დაისვას ხელისუფლების შეცვლის საკითხი. მიუტევებელი სულგრძელობა იქნება ის, რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ თვითონ გააფუჭა და ახლა გამოასწოროს ვითარებაო. ეს შუალედი ყოველთვის გამოსავალია და კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის ძნელი მისაღწევია. ჩვენ რადიკალიზაციის მწარე გამოცდილება გვაქვს. თვალი და გული შავისა და თეთრისკენ მიგვიწევს.

ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანაა მედია სივრცის გახსნა. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ პროცესების სწორი მიმართულებით წაყვანა. რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ხელისუფლება, ან რომელიმე მინისტრი, უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვას ამ ხალხმა. არის მძიმე თემები - სარკოზის 6-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც გვეუბნებიან. რუსეთმა კარგად დაგეგმა ეს ოპერაცია, გორში, ფოთში, სამეგრელოში შემოსვლა და ადმინისტრაციული საზღვრების გადალახვა აქცია მთავარ პრობლემად. დღეს მთელი მსოფლიო შეჰყურებს, როდის გავა და რა მოხდება, და ეს გასვლა აღიქმება, როგორც რუსეთის მხრიდან კომპრომისი, დასავლეთის მხრიდან კი - გამარჯვება. მაგრამ რა ხდება ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა და როგორ მოეწყობა იქ ცხოვრება, მათ შორის, რუსეთის სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით - ეს საკითხები იჩქმალება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პერსპექტივაც არ მოვისპოთ, რეალობა ძალიან მძიმეა. სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებები გვაქვს სახეზე. კითხვა იმის შესახებ, ვინ დაიწყო კონფლიქტი - არარეველანტური და არაადეკვატურია. ერთი მხრივ, ეს რუსეთმა დაიწყო 20 წლის წინ, მაგრამ ის, რომ დროის რაღაც მომენტში საქართველოს პოლიტიკურმა და სამხედრო ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალების ამოქმედება გადაწყვიტა ცხინვალის რეგიონში, დანაშაულებრივი აქტია ქვეყნის წინაშე. ასეთ ქმედებას კარგი შედეგი არავითარ შემთხვევაში არ მოჰყვებოდა. შეიძლება რუსეთს ცხინვალში დიდი წინააღმდეგობა არ გაეწია, მაგრამ აფხაზეთში შესულიყო. ამ აქტით ხელისუფლება ასეთი გზით მიდიოდა, ან ორივე ტერიტორიას აბარებდა რუსეთს, ან ერთ-ერთს. თანაც, ქვეყნის, როგორც ცივილური პარტნიორის იმიჯს დაემუქრა საფრთხე. ქვეყნის მართვის სადავეები ისეთი ადამიანების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც ბავშვებივით თამაშობენ ომობანას, ფაქტია, რომ ვერ ჩამოყალიბდა ინსტიტუტები. ამ ხალხს ჰაერივით სჭირდებოდა რაიმე ტიპის წარმატება, რათა გადაეფარათ ბევრი რამ, მათ შორის, ფინანსური და სხვა სახის პრობლემები. მაინც მგონია, რომ სააკაშვილი ვიღაცამ თუ ვიღაცეებმა ძალიან მწარედ მოატყუეს და ცუდად ითამაშეს მის სუსტ მხარეებზე.

კითხვა VI

საბრძოლო მოქმედებებში?

0x01 graphic

შალვა თადუმაძე
სამხედრო ექსპერტი

ომს, უპირველესად, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდება, ჩვენ ეს ტექნიკური საშუალებები არ გვქონია. ერთი მილიარდი ლარით, რაც ჩვენი სამხედრო ბიუჯეტია, ან, თუნდაც, მთლიანი შიდა პროდუქტით, რომელიც 12 მილიარდი ლარია, რუსეთთან, რომელიც 68-ათასიანი არმიით შემოდის, ომში წარმატება აბსურდია და, შესაბამისად, სახელმწიფო განწირულია წაგებისათვის. მაგრამ ამ პირობებში საქართველოს ნამდვილად შესწევდა ძალა არ დაეკარგა იმაზე მეტი ტერიტორია, ვიდრე დაკარგული ჰქონდა. სამწუხაროდ, თანამედროვე ომი არ არის ხელჩართული ბრძოლა. ორიენტირებულია იმაზე, რომ მოიშალოს მმართველობა, მოისპოს სამხედრო ინფრასტრუქტურა, რათა ჯარმა ვეღარ იომოს.

ეს ოპერაცია რომ არ ყოფილა მთლად კარგად დაგეგმილი, ამის ნიშნები არსებობს და აქ პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იმ ვერტიკალს, რომელიც ვალდებულია ეროვნულ უსაფრთხობაზე იზრუნოს. პრეზიდენტმა „ლიბერასიონთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთს არ თვლიდა რუსეთისთვის მნიშვნელოვნად და ყოველთვის მოელოდა, რომ პროვოკაცია იქნებოდა აფხაზეთიდან და არა ოსეთიდან. შესაბამისად, მთელი ყურადღება მიმართული იყო აფხაზეთისკენ. როგორც მერე აღმოჩნდა, ეს შეცდომა გახლდათ. ეს განცხადება მყარი საფუძველია იმისთვის, რომ დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი თავდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამდებობის პირისა, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ, რომ უმაღლეს მთავარსარდალს სცოდნოდა, საიდან მოდიოდა რეალური საფრთხეები. ოპერაცია დაგეგმილი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენად პროფესიონალურად იყო დაგეგმილი, გამოჩნდა.

საჰაერო სივრცე იყო მოწინააღმდეგის, და იქნებოდა კიდეც მოწინააღმდეგის, იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს გვქონია საჰაეროთუ არა რომ საქართველოს თავდაცვა. რუსეთი თუ ოდესმე ჩათვლიდა, რომ თბილისი აეღო, ნამდვილად არ გაუჭირდებოდა, თუნდაც იმ ღამეს, როდესაც რუსული საფრენი აპარატები დაფრინავდნენ თბილისის თავზე. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყოველივე ამის შემდეგ, როცა საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულია ხალხი, ლტოლვილადაა ქცეული მთელი რეგიონი, დანგრეული და განადგურებულია ინფრასტრუქტურა, საჰაერო ძალების სარდალს პოლკოვნიკ ნაირაშვილს გენერლის წოდებას ანიჭებენ და აწინაურებენ.

ისევ დგება არაკვალიფიციურობის პრობლემა. ხომ ვიცით ვინაა მტერი, გვეუბნებიან კიდეც, რომ მტერი რუსეთია, და ამ დროს ვყიდულობთ მტერთან შეუსაბამო შეიარაღებას. ახლა გვეუბნებიან, როგორ შეიძლებოდა გვქონოდა ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც რუსეთს გაუძლებდაო. თუ მტერი რუსეთია, მაშინ ჩვენი თავდაცვა უნდა ყოფილიყო ორიენტირებული იმაზე, რომ თავი რუსეთისგან დაგვეცვა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. უმაღლესი მთავარსარდალია პრეზიდენტი. მისი მთავარსარდლობა გამოიხატება იმაში, რომ ის ამბობს ერთ სიტყვას „იმოქმედეთ!“ მან საომარი მოქმედება გამოაცხადა, პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი და სახელმწიფოში ომის სამართლებრივი რეჟიმი დადგა. დანარჩენი ყველაფერი სამხედრო მმართველობის პასუხისმგებლობაა, კერძოდ, გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ გოგავასი. მაგალი-თად, რატომ არ იყო გამართული კავშირგაბმულობა და ლოჯისტიკა (მეომრები ყვებიან, რომ კავშირი მობილური ტელეფონით მყარდებოდა, ცხინვალში ჯავშანტექნიკა იმის გამო დავტოვეთ, რომ საწვავი არ ჰქონდათ). რატომ მოხდა ჩვენი არმიის უკან დახევა ისე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა იმ ტერიტორიაზე მტრის პირისპირ დარჩა.

ასევე, საბრძოლო მოქმედებების დროს, როდესაც წარმატება მოწინააღმდეგის მხარესაა, უმაღლესი მთავარსარდალი, სახელმწიფოს პრეზიდენტი ბრძოლის ველზე არ უნდა იმყოფებოდეს - მასზეა ქვეყანა დამოკიდებული. ამიტომ, როდესაც სულ მცირედი საფრთხე არსებობდა, იქ წასვლა არ უნდა გაერისკათ. მეთაური ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუნდაც იმისთვის, რომ ქვედანაყოფი გადარჩეს. ჩვეულებრივი ბრძოლების დროსაც კი, სამხედრო ქვედანაყოფის მეთაური არასდროსაა წინა ხაზზე, ზედმეტი და გაუაზრებელი პიარ-ვაჟკაცობები არაა მომგებიანი არავისთვის, არც სახელმწიფოსთვის, არც მებრძოლებისთვის.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება მისი ფული და რა შედეგი მიიღო. არ შეიძლება ომი წააგო და სარდლობის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს. 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრო ერთი დიდი კარით ჩაიკეტა და დღემდე ასე გრძელდება. მთავრობა ვალდებულია ტელევიზიით გამოვიდეს და მოსახლეობას ანგარიში ჩააბაროს.

კითხვა VII

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი ურთიერთობები რუსეთთან და საქართველოსთან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ? თქვენი აზრით, რა როლი ითამაშა ქართულ-ოსურმა საზოგადოებებმა კონფლიქტში?

0x01 graphic

ასლან პარასტაევი
ბიზნესის განვითარების კავკასიისქსელის
კოორდინატორი სამხრეთ ოსეთში

ველოდებოდი, რომ დამოუკიდებლობას მოვიპოვებდით მშვიდობიანი გზით და არავითარ შემთხვევაში ომით. საქართველოს პირველს რომ ვეღიარებინეთ, სისხლისღვრას თავიდან ავიცილებდით. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

აგვისტოს მოვლენებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ქართულ მხარეს, ხელისუფლებას და საზოგადოებას ერთნაირად ეკისრება. 2004 წლის შემდეგ, საქართველოს სამხრეთ ოსეთისთვის, დიმიტრი სანაკოევის პროექტის გარდა, არაფერი შეუთავაზებია (დახურეს ერგნეთის ბაზარი, მალევე კი ოქრუაშვილმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო). სანაკოევი ჩანასახშივე მკვდარი პროექტი იყო. მოსახლეობა მას არ უჭერდა მხარს, მეტიც, ის საშინლად არაპოპულარული იყო. სანაკოევი ვერ შედგა, როგორც პოლი ტიკოსი და ბოლომდე დარჩა მარიონეტად. არა იმიტომ, რომ მას საქართველო აფინანსებდა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში გაქცევამდე მას არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური პოზიცია და ხედვა, რომელსაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა გაიზიარებდა. ზუსტად ერთი წლის წინ, საფრანგეთში, ევროკომისიის ეგიდით გამართულ სამთავრობო შეხვედრაზე, სალომე ზურაბიშვილმა სანაკოევი სამხრეთ ოსეთში ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩინა, როგორც საქართველოს მთავრობის ერთადერთი საყრდენი. გამოდის, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის დასარეგულირებლად ასეთი მყიფე საფუძველი შეარჩია. სამწუხაროდ, ამავე საფუძველზე იყო აგებული ევროკომისიისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაც, რაც, ჩემი აზრით, აგვისტოს მოვლენების ერთ-ერთი მიზეზია.

ახლა სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი კვლავაც ღიად რჩება. 1994 წელს ოფიციალურად მოღალატედ გამომაცხადეს, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ვაცხადებდი უარს. ეს არის მთავრობასთან ჩემი დაპირისპირების მიზეზი დღესაც. სამხრეთ ოსეთის მთავრობა მიხვდა, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად პირველ რიგში დამოუკიდებლობის მოპოვებაა საჭირო. ცოტა ხნის წინაც გამოგვიცხადეს, ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში შესვლააო. ხალხმა მთავრობის იდეა აიტაცა. მერე, უცბად, ჩვენმა პრეზიდენტმა აზრი რადიკალურად შეიცვალა და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. მოსახლეობამ არჩევანი ისევ მოუწონა. მთავარი პრობლემაც ესაა - მთავრობის გადაწყვეტილებები შეიძლება ასე სპონტანურად შეიცვალოს, ხალხის დამოკიდებულება კი რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიმართ ზუსტად იგივე რჩება.

დღეს, სამხრეთ ოსეთში ოპოზიცია ფაქტობრივად არ არსებობს, არ არსებობს ასევე სამოქალაქო საზოგადოება. ედუარდ კოკოითის პოლიტიკას ღიად არავინ აკრიტიკებს. ამ მხრივ, ჩვენთან ძალიან მძიმე სიტუაციაა. დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების დონე ნულზეა, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. ლიბერალური ღირებულებები, გამოხატვის თავისუფლება, პლურარისტული პოლიტიკური სპექტრი და, ზოგადად, დემოკრატიული ინსტიტუტები ქართულ საზოგადოებაში 15 წლის განმავლობაში ვითარდებოდა. ჩვენთან კი, მხოლოდ ფორმალურად არსებობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გაურკვეველ ენაზე საუბრობდნენ, გაუგებარ კონფერენციებზე დადიოდნენ და ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო შორდებოდნენ საზოგადოებას. არასამთავრობო სექტორი ერთგვარ კასტად ჩამოყალიბდა, რომელიც ვერაფერს ცვლის, ვერაფერს წყვეტს და ვერც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მონაწილეობს.

ამ ხანმოკლე ომმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ 15 წლის მანძილზე ლიბერალურ ღირებულებებზე „გაზრდილმა“ ქართულმა საზოგადოებამ, და ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ არა პოლიტიკურმა ელიტამ და მთავრობამ, არამედ საზოგადოებამ, ჯერ კიდევ ვერ მოიცილა ფაშისტური იდეები. ქართველი ხალხი მხარს უჭერს მთავრობას, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ძალადობის გზით უნდოდა. მე ურთიერთობა მაქვს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელთან, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან და ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად განიცდიან ამ ტრაგედიას, მაგრამ ეს ხალხი, სამწუხაროდ, ვერაფერს ცვლის. როდესაც თბილისის ერთ ცენტრალურ ქუჩას ზვიად გამსახურდიას სახელს არქმევ, არა მგონია, შენი წარსულისთვის თვალის გასასწორებლად იყო მზად. მით უმეტეს, ქართულ საზოგადოებას, ოსებისგან განსხვავებით, თავისუფლად შეუძლია, გამოვიდეს და თავისი უკმაყოფილება გამოხატოს. მსგავსი ახლაც არაფერი მომხდარა.

დღეს, არანაირი პერსპექტივა იმისა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ, არ არსებობს. სამხრეთ ოსეთში მოსახლეობა დაბნეულია და ახლო წარსულის გააზრებას ცდილობს. ახლა მხოლოდ ველოდებით ცნობებს იმის შესახებ, თუ ვინ გვაღიარებს შემდეგი. გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთს დსთ-ს დანარჩენი ქვეყნებიც შეუერთდებოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით მათგან არაფერი ისმის. არავინ იცის, როგორ სახელმწიფოში მოგვიწევს ცხოვრება, როგორი იქნება ჩვენი მომავალი, ვიცი ერთი - სხვანაირი იქნება.

კითხვა VIII

თავისუფლების უფლება

როგორ აპირებთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენებას? რატომ არის აფხაზეთისთვის რუსეთი საქართველოზე სასურველი მოკავშირე?

ლიანა კვარჩელია
ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის
დირექტორის მოადგილე აფხაზეთში

დამოუკიდებელი, აღიარებული აფხაზეთი - ჩვენი ახდენილი ოცნებაა. 2008 წლის 26 აგვისტოს, დამოუკიდებლობა სოხუმის ქუჩებში ვიზეიმეთ. ახალგაზრდები ცეკვავდნენ, მღეროდნენ, დროშებით დაქროდნენ, უფროსები კი ვტიროდით. ჩვენთვის ეს ერთდროულად დიდი სიხარული და დიდი ტკივილი იყო. გვახსენდებოდა ის მძიმე პერიოდი, რომელშიც ამდენი წელი ვცხოვრობდით და ვიხსენებდით მათაც, ვინც ამ დღეს, საუბედუროდ, ვერ მოესწრო.

გზა თავისუფლებისკენ გრძელი და რთული იყო. გადავიტანეთ საშინელი ომი, რომელშიც რაღაც აბსტრაქტულ „ტერიტორიულ მთლიანობას“ კი არა, საკუთარ ოჯახებსა და სახლებს ვიცავდით. გამოვიარეთ ხანგრძლივი ბლოკადა, მძიმე საერთაშორისო წნეხი და იზოლაცია. მსოფლიო აფხაზეთის საერთაშორისო საზოგადოებისგან მოკვეთას და გარიყვას ცდილობდა, ჩვენ კი უარი თავისუფლებაზე მაინც არ გვითქვამს.

დღემდე მიკვირს, თავისუფლების მოყვარულმა ქართველმა ხალხმა რატომ ვერ გაიზიარა ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ. ასე ბევრ ტკივილს ავიცილებდით. თავისუფლება, ხომ რომელიმე ერთი ერის ექსკლუზიური უფლება არ არის. იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება ოდესმე მიხვდება, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც საქართველო ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებს.

საქართველო ყოველთვის მტკივნეულად განიცდიდა ჩვენს კავშირს რუსეთთან. მაგრამ თავად გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარებულიყო. თავის დროზე, სწორედ საქართველოს მთავრობამ დაგვიწესა სანქციები, ჩვენთვის ყველა კარი ჩაიკეტა რუსეთის გარდა. აფხაზეთის საზღვრებს გარეთ გასვლა რომ შეგვძლებოდა, დროებითი პასპორტები მოვითხოვეთ, მაგრამ საქართველოსგან უარი მივიღეთ. სამაგიეროდ, რუსეთის მოქალაქეები გავხდით. დღესაც კი, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებში წერილს წერილზე აგზავნის, აფხაზეთის მთავრობას კრიმინალებად მოიხსენიებს და ითხოვს, რომ დასავლეთმა ორივე კონფლიქტურ რეგიონში ეკონომიკური რეაბილიტაციის ყველა პროექტი შეაჩეროს. გამოდის, რომ საქართველო თავად არის დაინტერესებული იმაში, რომ აფხაზეთში ეკონომიკის რეაბილიტაცია და ახალი ინვესტიციების დაბანდება მხოლოდ რუსეთმა შეძლოს, დასავლეთის გავლენა კი მაქსიმალურად შეიზღუდოს.

მაშინ, როდესაც მუდმივად იყო ომის განახლების საშიშროება, ვიყავით ბლოკადაში და გარე სამყაროსთან კავშირი ფაქტობრივად არ არსებობდა, ერთადერთი ფანჯარა მსოფლიოში რუსეთი იყო. აფხაზეთის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიც სწორედ რუსეთია და ჩვენ ვაფასებთ ამას. რუსეთი ყოველთვის ჩვენი სტატუს კვოს შენარჩუნებას ცდილობდა. სხვა სახელმწიფოებს კი, სიტუაციის შეცვლა მხოლოდ საქართველოს სასარგებლოდ უნდოდათ, რაც ჩვენთვის სახიფათო იყო. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია რატომ ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტში არ შეიძლებოდა შუამავალი, ნეიტრალური მხარე ყოფილიყო. ამერიკის შეერთებული შტატები ნეიტრალურია? თუ ევროპული სახელმწიფოებია ნეიტრალური? მათთვის კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იდენტური მცნებებია. ნეიტრალური მხარე ამ კონფლიქტში არ არსებობს! ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკა უკვე შეიცვალა. ასე რომ არ მომხდარიყო, აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გაცილებით გვიანდელი პერსპექტივა იქნებოდა. ისიც კარგად გვესმის, რომ ორი სახელმწიფოს აღიარებით არაფერი მთავრდება და ეს გრძელი გზის მხოლოდ დასაწყისია.

რა თქმა უნდა, დიდი ქვეყნის მეზობლობა ყოველთვის გულისხმობს მის უზარმაზარ გავლენას (აფხაზეთში რუსული ენა უფრო აქტიურად გამოიყენება, ვიდრე აფხაზური). ჩვენ აფხაზი ერის გადარჩენის ერთადერთ გარანტიას მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვხედავთ. თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ თანამედროვე სამყაროში არა მხოლოდ პატარა, არამედ დიდი ქვეყნების დამოუკიდებლობაც შედარებითია.

დღეს ახალი გამოწვევების ხანაში გადავედით. აფხაზეთში ალბათ, გაჩნდება უცხოური ინვესტიციები, განვითარდება ეკონომიკა და, შესაბამისად, ცხოვრების დონეც გაუმჯობესდება. ჩვენი მიზანია შევქმნათ დამოუკიდებელი თანამედროვე სახელმწიფო, სადაც მოქალაქეების უფლებები დაცული იქნება. სამწუხაროა, რომ აფხაზეთში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, ჩვენ გარდა, დღესაც არავის აღელვებს.

დღევანდელ შედეგზე საქართველოს სამივე პრეზიდენტი - გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი - თანაბრადაა პასუხისმგებელი. მათი პოლიტიკა ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდა. სამივეს მმართველობის დროს ჩვენდამი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელი იყო. ასევე დიდი იმედგაცრუება გვაქვს მთლიანად ქართული საზოგადოების მიმართ, არავის გამოუთქვამს პროტესტი 1992 წელს, შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დროს, არც მოგვიანებით - სანქციების დაწესების წინააღმდეგ. გამოდის, რომ არავის აღელვებდა არც დაღვრილი სისხლი და არც სანქციებით ჩვენი დახრჩობა. მთელი ამ დროის განმავლობაში მუქარისა და შეურაცხყოფის მეტი არაფერი გაგვიგია. ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდა აქტივისტმა „ბოდიშის“ კამპანია წამოიწყო. ეს გაბედული ხალხია, რომელთაც პირადად მე დიდ პატივს ვცემ. თუმცა ამ კამპანიას ჩვენთან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია, არა მხოლოდ ინფორმაციის ცუდად გავრცელების გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოსგან პირველ რიგში თავისუფლების უფლების მოპოვებას ვითხოვდით. ბოდიშით და ერთიან საქართველოში საცხოვრებლად გულითადი მიპატიჟებით, დღეს უკვე ვეღარავის მოხიბლავენ.

კითხვა IX

ომიდან კარნავალამდე

0x01 graphic

იაგო კაჭკაჭიშვილი
სოციოლოგი, თსუ

თვლიდა თუ არა ჩვენი საზოგადოება, რომ კონფლიქტების მოსაგვარებლად ომი გარდაუვალი იყო? რამდენად ეფექტურად იმუშავა ხელისუფლების მილიტარისტულმა კამპანიამ საზოგადოების განწყობაზე?

აგვისტოს ომი, ერთი შეხედვით, ყველასთვის (მათ შორის, ჩემთვისაც) მოულოდნელი იყო. მაგრამ, თუ კარგად გავაანალიზებთ, მოულოდნელი აღმოჩნდა ომის კონკრეტულად ამ დროს დაწყება და იმის გაცნობიერება, რომ ომის რიტორიკა ომის რეალობად ასე „ადვილად“ შეიძლება გადაიქცეს. ფაქტია, რომ ჩვენ ომის რიტორიკის „ველში“ ვცხოვრობდით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ხელისუფლების და მისი მხარდამჭერი „არასამთავრობო“ ელიტის მიერ დამკვიდრებული „ძლიერი სახელმწიფოს“ იდეოლოგიის. მუდმივად იყო აქცენტირება იმაზე, რომ ქართული არმია ისე ძლიერია, როგორც არასდროს და შეუძლია ნებისმიერ აგრესორს გაუმკლავდეს. ომის „ენა“ (თუ გნებავთ, საომარი დისკურსი) ხელისუფლების ლინგვისტურ თამაშებში არცთუ მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა.

ერთი სამწუხარო რეალობაც: პაციფიზმი, როგორც გარკვეული იდეოლოგია, ქართულ სინამდვილეში ნამდვილად აღიქმებოდა როგორც მარგინალური და არანორმალური მოვლენა, როგორც უსუსურობის (არ მინდა ვთქვა, მოღალატეობის) გამოხატულება. ბევრს მიაჩნდა (და დღესაც მიაჩნია), რომ პაციფიზმი ფუყე მორალიზმია, რომელსაც სუსტი საზოგადოება ამ სისუსტის შესანიღბად იყენებს. გაიხსენეთ პომპეზური სამხედრო აღლუმები, სატელევიზიო არხებზე ისტერიულად დატრიალებული სამხედრო (ომის) ატრიბუტიკით „სავსე“ კლიპები. ერთხელ ვთქვი და ვიმეორებ: ჩვენ დენთის სუნით გაჟღენთილ რეალობაში ვსუნთქავდით და „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“-ის მსგავსი იდეებით ვიკვებებოდით.

ერთია ომის რიტორიკა, მაგრამ მეორეა საზოგადოების განწყობა იმასთან დაკავშირებით, უნდა იქცეს თუ არა ომი პრობლემების (პირველ რიგში, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის) გადაჭრის ძირითად ინსტრუმენტად. ბოლო წლების ყველა გამოკვლევა, რომელიც ჩაგვიტარებია თბილისში თუ საქართველოს მასშტაბით, აშკარად აფიქსირებდა საზოგადოების უმრავლესობის ნეგატიურ დამოკიდებულებას აფხაზეთის და ოსეთის შეიარაღებული გზით დაბრუნებასთან დაკავშირებით. რა იყო ეს - პაციფიზმის გამოხატულება, თუ, უბრალოდ, იმ მტკივნეული 90-იანი წლების გამოცდილების გათვალისწინება, როდესაც ეს ტერიტორიები ომის გზით ვერ დავიბრუნეთ და დავმარცხდით სწორედ რუსულ, იმ დროისთვის „შენიღბულ“, სამხედრო ძალასთან? რთული კითხვაა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ფორმირებებს ბოლომდე დაცლოდათ ცხინვალის რეგიონში საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება და იქ, გამარჯვების ნიშნად, ქართულ დროშებს ეფრიალა. დარწმუნებული ვარ, პურმარილით გაძეძგილი სუფრები პირდაპირ თბილისის (და სრულიად საქართველოს) ქუჩებში გაიშლებოდა და „საქართველოს გაუმარ-ჯოს“ აგრესიულ ყვირილში ძალზე ცოტას თუ გაგვიჩნდებოდა კითხვა და წუხილიც - ხომ არ შეეწირა ჩვენს გამარჯვებას მშვიდობიანი მოსახლეობა? მოკლედ, ისევ და ისევ იმის თქმა მსურს, რომ ომის რიტორიკამ საქართველოში, სულ ცოტა, იმ თვალსაზრისით მაინც იმუშავა, რომ შეიარაღებული დაპირისპირების გზა პრობლემების გადაწყვეტის ლეგიტიმურ ფორმად ჩამოყალიბდა. თუმცა, არ იქნება სამართლიანი, თუ ამ ტიპის ლეგიტიმაციის დამკვიდრებას მხოლოდ ახლანდელ ხელისუფლებას დავაბრალებთ. გავიხსენოთ 1991-92 წლების სამოქალაქო ომი: ძალიან კარგად მახსოვს, რომ თითქმის არავის (მათ შორის, არც მე) გაჩენია პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველები ძალაუფლებას ერთმანეთში იარაღის გამოყენებით ცვლიდნენ. შეიცვალა მას შემდეგ რამე? არა მგონია. „ვარდების რევოლუციის“ დროს პარლამენტში შეჭრილი რევოლუციონერების ჟინი და აგრესიული მოქმედება საწინააღმდეგო მაგალითად ნამდვილად ვერ გამოდგება.

ომში დავმარცხდით. როგორია ამაზე ჩვენი რეაქცია? რა თქმა უნდა, კარნავალური. კარნავალი ომის ლატენტური, უიარაღო ფორმით გაგრძელებაა. რასაც იარაღით ვერ მივაღწიეთ, ვერბალურად, როკვით, ომში მტრის დამარცხების თეატრალური გათამაშებით უნდა მოვიპოვოთ. ქართველთა (ისევე, როგორც ბევრი სხვა მცირერიცხოვანი ხალხის) ხასიათის თვისებაა ჭირს ბოლომდე არ ჩახედოს თვალებში, გვერდი აუქციოს და უკეთესი მომავლის ოპტიმისტურ საბურველში გაახვიოს, - ისიც, რომ მტერს არ ეჩვენოს წაქცეული და წამხდარი. გაიხსენეთ შესანიშნავი ხალხური სიმღერა: „მტერო, დამჩაგრე, არ ვსტირი, ტირილი დიაცთ წესია; ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია“. გავიხსენოთ, თუნდაც ყეენობის წინამოდერნული რიტუალი. ყველაფერ ამასთან ბევრი საერთო ჰქონდა პირველი სექტემბრის „ცოცხალ ჯაჭვს“: „ხორუმის“ ცეკვა, ყიჟინა, მტრის ხელოვნური ხატების დაწვა... თუმცა, ბოლოს და ბოლოს, არაადეკვატურობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი? მომწიფებულ საზოგადოებას (ისევე, როგორც პიროვნებას), სულ მცირე, ორი რამ უნდა ახასიათებდეს: კრიტიკული ცნობიერება და პასუხისმგებლობა. გვეტყობოდა პირველ სექტემბერს რამე, რომ კრიტიკულად ვაფასებდით მომხდარს? ერთი კითხვა თუ მაინც დაისვა „ჯაჭვის“ რომელიმე რგოლში, რომ, შესაძლოა, ჩვენც შევცდით? ერის „ერთიანობის“ ისტერიული დემონსტრირება ხომ მაშინვე ჩლუნგდება, როცა საერთო მტრის (ამჯერად, რუსეთის) ხატიდან მზერას ერთმანეთზე გადავანაცვლებთ? რატომ გვინდა, რომ ამ მყიფე ერთიანობას უფრო მეტი დატვირთვა მივცეთ და მეტიც - დავაკანონოთ კიდეც როგორც „ერის ერთიანობის დღე“? ამ საყოველთაო და არაადეკვატურ აღტყინებას ხელისუფლებამაც აუბა მხარი და კიდევ უფრო მისტერიული ხასიათი შესძინა - ერთიანობის „ფერხულში“ ჩააბა ისტორიული პერსონაჟები. მითურობასთან შეზავებული კარნავალი ხომ საუკეთესო საშუალებაა იმის დასავიწყებლად, რომ პრობლემები გამრავლდა, გართულდა და მათი გადაჭრა რუტინულ, გააზრებულ შრომას მოითხოვს.

სამწუხაროდ, დიდია ქართული მედიის „დამსახურება“ ამ ისტერიული ნაციონალიზმის და უპასუხისმგებლობის დამკვიდრებაში. ტელევიზიებმა თავის თავზე აიღო კვაზი- თერაპიული ფუნქცია დამარცხების სინდრომის გასანეიტრალებლად, რომელიც სინამდვილეში საზოგადოების ზომბირებას და მითების ტყვეობაში მოქცევას ემსახურება. მაგალითად, „რუსთავი 2“ ვერაფრით ვერ ელევა რეალობაზე „უფრო მეტის“ წარმოჩენის ცდუნებას, როდესაც ეს არაადეკვატურობა ძირითადად ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. არც ერთი თავმოყვარე და პროფესიონალი ჟურნალისტი არ იკადრებს იმას, რომ, არათავმოყვარე პოლიტიკურ ელიტასთან ხმაშეწყობით, ასეთი განცხადებები გააკეთოს: „დღეს ევროპის ბედი საქართველოში წყდება“, „რუსეთისთვის საბოლოო განაჩენის გამოსატანად სარკოზი 8 სექტემბერს მოსკოვს ესტუმრება“, „ევროპა გამოფხიზლდა“ და სხვა უამრავი. ანდა, გაიხსენეთ თენგიზ გოგოტიშვილის საშინლად პროვინციული, „გულის მოსაფხანი“ რეპორტაჟები; ანტირუსული ქსენოფობიით გაჟღენთილი კლიპი. აი, ასეთ გემოვნებას ამკვიდრებს დღეს ქართული მედიის „ფლაგმანი“. და, რაც მთავარია, მის ამ თავაშვებულობას, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ აწონასწორებს საქართველოს ტელესივრცის ვერც ერთი სხვა ფაქტორი.

მიჯაჭვული ამირანი

რა არის ჩვენთვის პატრიოტიზმი? არსებობს თუ არაერის გამთლიანებისსხვა მექანიზმი? რა შედეგები მოაქვს ერისკონსოლიდირებასპატრიოტული და ნაციონალისტური სულისკვეთების გარშემო?

0x01 graphic

ზურაბ კიკნაძე
მთარგმნელი, მწერალი

თავდაცვითმა, მოგერიებითმა ბრძოლებმა, რაც ქართველობის მთელს ისტორიას გასდევს, თავისებურად დადაღა მისი კოლექტიური მენტალიტეტი. ძნელია იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რა თვისება ჩამოუყალიბა ამ გამოცდილებამ ქართველობას, მაგრამ შესამჩნევია, რომ იგი დღემდე იგერიებს მტერს, როგორც რეალურს, ისე მოგონილს, მის ხატსა თუ ჩრდილს. სხვადასხვა დროს ან ერთდროულად იჩენს თავს - სუკი, კრემლი, „თურქი მესხები“, სოროსი, „იეღოვას მოწმე“, მასონობა, მსოფლიო ბანკი, გლობალიზაცია, კოსმოპოლიტიზმი და სხვა და სხვა. ჩვენ მუდმივად იმის შიშში ვართ, რომ ქართული ეროვნების წინააღმდეგ სადღაც შეთქმულება მზადდება. საქართველო მტრების მუდმივი სამიზნეა, უდანაშაულო მსხვერპლია. წარსულში იგი უსამართლოდ იყო ჩაგრული და დღესაც ჩაგრულია... წარსულის გმირი დღეს დატყვევებულია, ბორკილებშია... საქართველოს ისტორიის ამგვარი ხედვა XIX საუკუნეში დაკრისტალდა და ამ დროიდან შემოაღწია ქართველთა ისტორიულ ცნობიერებაში. რუსეთის იმპერიაში ქართველობა ნამდვილად იმსახურებდა ჩაგრულის, გაწამებულის, მოწამის მეტაფორას. ამიტომაც, რაც უნდა გადაჭარბებული ყოფილიყო მისი მდგომარეობის ამსახველად მიჯაჭვული გმირის მითოსის მოშველიება, მას რეალური საფუძველი უეჭველად ჰქონდა. XIX საუკუნეში ქართველმა პოეტმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, ქართველი ხალხის ბედი მიჯაჭვულ ამირანს შეადარა, მეტიც, გააიგივა. ლექსი 1884 წელს გამოქვეყნდა და ამიერიდან, ქართული ნაციონალური იდეოლოგია მხოლოდ ასეთ ამირანს იცნობს და აღიარებს. ქართველობამ სიამაყით აიტაცა ამირანის სახე, როგორც თავისი მარადიული პატრიოტიზმის სიმბოლო.

რაკი ეთნიური შეგნება თავის ერთიანობას ამყარებს სისხლის ერთობაზე, ამის გამო ის წარსულისკენ არის ორიენტირებული (მამის აქტი წარსულშია განხორციელებული). თუ ამგვარად გაგებულ ეთნოსს სურს გახდეს ერი, რომლის ძირითადი განსაზღვრულობა სოციალ-პოლიტიკურ ენაზე სახელმწიფოა, უნდა უარყოს სისხლის ნათესაობა, როგორც ერთობის საფუძველი, და ასევე შეცვალოს ორიენტაცია. არა გამუდმებული ფიქრი იმაზე, თუ როგორი იყო ჩვენი წარსული, რანი ვიყავით გუშინ და გუშინწინ და ასე შემდეგ მესამე ათასწლეულამდე, არამედ იმაზე, თუ რა გვინდა ვიყოთ, ან რად ყოფნა შეგვიძლია, როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი. სახელმწიფო შენდება არა წარსულისთვის, წარსული დიდების აღსადგენად, არამედ მომავლისთვის.

ეთნოსი ბუნებრივი მოცემულობაა, ის ხალხის სპონტანური მდგომარეობაა, რომელიც, როგორც ყოველი მასალა, მოითხოვს გარდაქმნას, ახალ რეალობად შექმნას, თვისობრივად სხვა საფეხურზე აყვანას. ამ მასალაში სისხლისმიერი წარმოშობა გადაილახება და ერთობა სხვა საფუძველზე შენდება. ამ ერთობას ყველა სხვა ნიშნებზე მეტად (ენა, რელიგია, ერთად ყოფითი ცხოვრება და სხვა და სხვა), შესაძლოა, ქმნიდეს ისტორიული გამოცდილება, საერთო ისტორიული ბედი, საერთო განსაცდელი, რომელიც საიმედო საფუძველი ხდება სამომავლო ერთიანობისთვის. ჩვენ ვერ შევძელით საქართველოს მკვიდრი არაქართველი ხალხები შემოგვეყვანა ჩვენს საერთო ისტორიულ ბედში. ეს ჩვენი ისტორიული და საბედისწერო, შესაძლოა, გამოუსწორებელი მარცხია. ის, რაც შენდებოდა საუკუნეების მანძილზე, რამდენიმე წლის მუშტების მკერდზე ბრაგუნმა დაამხო. რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ ეროვნული მოძრაობა ეთნიური ნიშნით მიმდინარეობდა, სადაც სხვა ეთნოსისთვის ადგილი არ დარჩა. ჩვენმა პატრიოტიზმმა, უფრო „სისხლის ყივილმა“, სხვებში შიში და სიძულვილი დათესა. თაობები გაიზრდებიან, უკვე იზრდებიან ჩვენს სიძულვილში. მათ არ სურთ, არა თუ საერთო მომავალი ჩვენთან ერთად, არამედ მზად არიან გუშინდელი საერთო წარსულიც დაივიწყონ. ჩვენ თვალწინ იწერება წარმოსახვითი ისტორია, რომელსაც ნამდვილზე უფრო ძლიერი თუ არა, არანაკლები ზემოქმედების ძალა აქვს.

ნაციონალიზმზე თუ პატრიოტიზმზე ფიქრისას გვახსენდება მერაბ მამარდაშვილის ფრაზა სამშობლოზე და ჭეშმარიტებაზე, რომელიც წარმოითქვა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ თავყრილობაზე და დღემდე მოსვენებას არ აძლევს „პატრიოტებს“. ეს სიტყვები პიროვნების მეტაფიზიკური სიღრმიდან იქნა წარმოთქმული, ისინი მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეეძლო წარმოეთქვა. დარბაზის რეაქციამ, სადაც ისინი ითქვა, დაადასტურა, რომ იქ არ სუფევდა თავისუფლების სული. იქნებ მაშინ, ეროვნული მოძრაობის ხანმოკლე პერიოდში, სხვა სიტყვები უფრო „აუცილებელი“ და გასაგები იყო კოლექტიური ცნობიერებისთვის და კიდეც გაისმოდა მუშტების მოღერების ფონზე. იმ სიტყვა-ლოზუნგების სიცრუე მალე გამოაშკარავდა უდიდეს ზიანთან ერთად. დღეს, ამ დღეებში, ვიმკით მაშინ დათესილი სიცრუის მოსავალს. არა და არ გვსურს გამოვუტყდეთ თავს, რომ უკანასკნელად აღორძინებული ეროვნული მოძრაობა ჩვენს ისტორიაში იყო ერთი დიდი მარცხი და ჩავარდნა.

დარბაზში წარმოთქმული სიტყვები, რომლებმაც რისხვის ტალღა გამოიწვია, ფილოსოფოსმა „ზარია ვოსტოკას“ კორესპონდენტთან ინტერვიუში გაიმეორა (1989 წლის 25 ივნისს):

„მას შემდეგ, რაც არსებობს სახარებისეული ათვლის წერტილი, მას შემდეგ, რაც არსებობს მსოფლიო ისტორია, არსებობს ერთი მარტივი კანონზომიერება: რეალური კულტურა და ადამიანის სულიერება არ შეიძლება შემოიზღუდოს იმ ეთნიკური მასალით, რომელშიც ისინი ხორციელდება. ნებისმიერი სოციალური და ნაციონალური ერთობა, რა დიდიც არ უნდა იყოს იგი, იყოს თუნდაც ერთადერთი, მაინც ცალკეულ ნაწილად დარჩებოდა და მოკლებული იქნებოდა უნივერსალობას. პიროვნული საწყისები, რომლებიც სწორედ უნივერსალურს არის მოჭიდებული, წარმოადგენენ ნაციონალობის ნორმალური არსებობისა და სრულფასოვანი, ცოცხალი ფუნქციონირების პირობებს... ვერავითარი ეროვნული ხასიათი ვერ შეინარჩუნებს თავს თავის საუკეთესო თვისებებში, ვერ იარსებებს პიროვნული საწყისების გარეშე საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ კულტურაში. თუ ეროვნებაში (ერში, ნაციაში) განადგურდა პიროვნული საწყისები, რომლებიც ზეეროვნულია და წარმოადგენენ ადამიანის, როგორც ასეთის, ისტორიულ საწყისებს ეთნიურობისგან დამოუკიდებლად, მაშინ ეროვნების საუკეთესო თვისებები გაქრება. ეს საწყისები კი ყოველი სულიერების საფუძველია, რადგან მისი არსი ის არის, რომ სამშობლოზე მაღლა ყოველთვის დგას ჭეშმარიტება (ეს ხომ ქრისტიანული მცნებაა). მხოლოდ პიროვნებას შეუძლია ეძებოს იგი და უკიდურესი პირდაპირობით გამოხატოს. მე ჭეშმარიტებას ვაყენებ სამშობლოზე მაღლა და მე მებადება კითხვა: ბევრ ქართველს შეუძლია ჭეშმარიტების დაყენება თავისი სამშობლოს მოჩვენებით ინტერესებზე მაღლა? თუ არ შეუძლიათ, ცუდი ქრისტიანები ყოფილან“.

მამარდაშვილი პირველი არ ყოფილა ქართველთა შორის, ვინც უკიდურესი პირდაპირობით გამოხატა ბევრი „პატრიოტისთვის“ შოკისმომგვრელი დებულება. ჩვენ დავიმოწმებთ იმ ადამიანის სიტყვებს, რომლის პატრიოტობაში ეჭვი არავის ეპარება. გასული საუკუნის დასაწყისში გრიგოლ რობაქიძე წერდა არჩილ ჯორჯაძეს:

„თავის მოტყუებას ძვირად დაგვიჯენს ისტორიული ჭეშმარიტება, - აი, რით უნდა ვხელმძღვანელობდეთ. და თუ ჭეშმარიტება აუტანელია თავისი სიმკაცრით, დაე, მოვკვდეთ, რადგან არ ვყოფილვართ ღირსი ჭეშმარიტებისა და, მაშასადამე, არც არსებობისა... რა საჭიროა არსებობა, თუკი რაიმე „აზრს“ არ ვახორციელებთ. მამულიშვილობის გადაწყვეტა „ფიზიოლოგიურის ემოციით“ ყოვლად შეუძლებელია“.

14 რუსული „ოდობრიამსი“

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: ეკა ხოფერია

მთელი ეს რუსული, ვითომცდა კარგი რუსული, „ღამის კურიერიდანდაწყებული დაღია ეთერითდამთავრებული, ჟურნალისტურ საქმიანობაში რომ მადგებოდა, ერთი ადამიანის დამსახურებაა. ეს დედაჩემია, ნანა ძიძიგური, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მეშვიდე თუ მერვე კლასში გადავდიოდი, როდესაც ბულგაკოვისთეთრი გვარდიამომცა და წაკითხვა მირჩია. იმ ზაფხულს, გაგრაში, „თეთრ გვარდიასსხვა რომანები თუ ნოველები მოჰყვა და მათი გმირები სანატორიუმებში დასასვენებლად ჩამოსული რუსებისგან ძალიან განსხვავდებოდნენ: უფრო გემოვნებით ეცვათ, უფრო ზრდილობიანად იქცეოდნენ და საინტერესო თემებზეც საუბრობდნენ. აი ასე, ნანა ძიძიგურის წყალობით, აღმოვაჩინე ჩემთვისმეორე რუსეთი“. მის შესახებ დაწერა აგვისტოს ომის შემდეგ გადავწყვიტე და იდეა ისევ დედაჩემმა მომაწოდა, უფრო სწორად, მისმა ერთმა ფრაზამ: «ТЫ ЗНАЕШЬ, Я БОЛЬШЕ НЕ БУДУ ПРЕПОДАВАТЬ РУССКИЙ ЯЗЫК, НЕ ХОЧУ. И ВООБЩЕ, КОМУ ОН НУЖЕН, ЭТОТ РУССКИЙ»- თქვა მან და თემა იქვე მყოფმა ჩემმა 9 წლის შვილმა აიტაცა და კონკრეტული მიმართულებით გააღრმავა. ანანოს მაცივარში ძველი ლიმონათი ეგულებოდა. გეგმა მარტივად დასახა: - რუსები თბილისში რომ შემოვლენ, გავუღებ კარებს და ვეტყვი: «ЗДРАВСТВУЙТЕ, ВЫ НАВЕРНОЕ «ЗАСОХЛИ»? ЛИМОНАД НЕ ХОТИТЕ? ОЧЕНЬ ВКУСНЫЙ ЛИМОНАД!», გამოვაღებ მაცივარს და ამ ლიმონათს დავალევინებ. ძალიან ცუდად გახდებიან“. არც დედაჩემს და არც ანანოს იდეები არ გავუპროტესტე, უფრო მეტიც, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, არასდროს რუსულად არაფერს წავიკითხავ და არაფერს მოვისმენ-მეთქი. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ემოცია თანდათან ფიქრსა და ანალიზში გადავიდა. 9 აპრილის მოვლენები გამახსენდა, მაშინაც აღშფოთებულები ვიყავით, თუმცა იმ განსხვავებით, რომცუდი რუსებისპარალელურად ტელევიზორშისხვა რუსებსაცვხედავდით. იური როსტმა და ანატოლი სობჩაკმა იმ დღეებში ქართველებს მეორე რუსეთის არსებობის ილუზია შეუნარჩუნეს.

დღეს ცნობილი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი იური როსტი ოპოზიციურ «НОВАЯ ГАЗЕТА»-ში სტატიას აქვეყნებს, სათაურითტრიბუნალშიდა აგვისტოს მოვლენების სრულ პასუხისმგებლობას ოთხ მხარეს აკისრებს: ქართულს, რუსულს, ოსურსა და აფხაზურს. როსტის პათოსს და განწყობას ბევრი მისი კოლეგა იზიარებს, რუსეთ-საქართველოს ომს და ამ ქვეყნების მთავრობათა ქმედებებს რუსულიინტელიგენციისნაწილმა მარტივი შეფასება მოუძებნა: „ორივე დამნაშავეა!“ ასეთი ხედვა კრემლს თავიდან, თითქოს, არ აღიზიანებდა, თუმცა დღეს ის ლიბერალებისგან ამ პოზიციის გადახედვას მოითხოვს. გაცილებით სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც კონფლიქტში მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. რუსეთში ამ ხალხს რადიკალებს უწოდებენ და პირველი დარტყმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ მათ მიიღეს.

ეხოსრადიკალები

ვითარება ცნობილი ოპოზიციური რადიოსადგურის ირგვლივ აგვისტოს თვეში განსაკუთრებით დაიძაბა. «Эхо Москвы» რუსეთში ლამის ერთადერთი მედია საშუალება იყო, სადაც ქართული მხარის პოზიცია შუქდებოდა. მეტიც, რადიოსადგურის საინფორმაციო გამოშვებებში უშუალოდ საქართველოს უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადიოდა, „ეხოს“ პირდაპირ ეთერში ქართველ პოლიტიკოსებსაც იწვევდნენ. ფიქრობენ, რომ სწორედ არხის ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა გახდა „ეხოს“ წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის საფუძველი. ერთ-ერთი ინფორმაციით, ვენედიქტოვმა, რადიოს მთავარმა რედაქტორმა, კრემლიდან მკაცრი და კატეგორიული გაფრთხილება მიიღო. ერთმა ძაააალიან მაღალჩინოსანმა ვენედიქტოვს „ეხოს“ რადიკალების გაჩერება მოსთხოვა. ოფიციალური განცხადებები ამ საკითხზე, ცხადია, არ კეთდება, მაგრამ უკვე გავრცელდა ხმები რადიოსადგურიდან ცნობილი „რადიკალების“ იულია ლატინინასა და ვიქტორ შენდეროვიჩის გაშვების შესახებ. ფორმალურად, ამ ჟურნალისტების გადაცემები ერთი წლით დაიხურა. ეს გადაწყვეტილება „ეხოს“ გუნდმა ერთსულოვნად მიიღო (მათ შორის, თავად შენდეროვიჩმა და ლატინინამ). რადიოსადგურში იმედოვნებენ, რომ ამ მცირე დათმობებით კრემლი დაკმაყოფილდება და მათგან ახალ კომპრომისებს აღარ მოითხოვს. დღეს ჟურნალისტებისთვის მთავარი „ეხოს“ შენარჩუნებაა. გაშვებულ თუ დროებით გადაცემადახურულ ავტორებს ეს კარგად ესმით და საკუთარი პროტესტით რადიოსადგურისთვის პრობლემების შექმნას ერიდებიან. ერთგვარი თვითცენზურა ჩაურთეს საკუთარ თავს და ისინიც კი, ვინც ეთერში მუშაობენ, თითოეული წინადადების წარმოთქმისას ფრთხილობენ. საქართველო, ჩეჩნეთი, ინგუშეთის შესაძლო დამოუკიდებლობის თემა ის ნაღმებია რუსულ მედიაში, რომელსაც დღეს ნებისმიერი ჟურნალისტის კარიერა (და არამარტო კარიერა!) შეიძლება შეეწიროს. ასე მოხდა შენდეროვიჩისა და ლატინინას მაგალითზე. ეს უკანასკნელი ხშირად ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, კარგად იცნობს ხელისუფლების პირველ პირებს, ბევრთან მეგობრობს კიდეც და მისი პროქართული, ან გნებავთ, პროსააკაშვილისეული პოზიცია, არავისთვის სიახლე არ არის. მის ბოლო გადაცემებს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მმართველების (კონკრეტულად კი კოკოითის ) შესახებ რუსეთის ხელისუფლების განსაკუთრებული აღშფოთება გამოუწვევია.

იანვრამდე ეთერიდან მოხსნილია რადიკალი ოპოზიციონერი ვალერია ნოვოდვორსკაია. „დემოკრატიული კავშირის“ დამფუძნებელმა პუტინი ჩეჩენი ტერორისტების შემქმნელად დაასახელა, „თქვენ შექმენით ბასაევი“, განაცხადა ნოვოდვორსკაიამ და ეთერის ბოლოს შეიტყო, რომ იანვრამდე „ეხო“ მისთვის დახურულია.

- რატომ იანვრამდე? - ვეკითხები ნოვოდვორსკაიას.

- არ ვიცი, ალბათ, ფიქრობენ, რომ ამ ოთხ თვეში ყველაფერი დაწყნარდება და საქართველოს თემაც არ იქნება აქტუალური. პუტინმა მოითხოვა ჩემი მოხსნა ეთერიდან იმისათვის, რომ საქართველოს თემის ხსენებაც არ იყოს, მინიმუმ ახალ წლამდე. - ამბობს ნოვოდვორსკაია.

ამგვარად, ლიბერალების რადიკალური და, ნოვოდვორსკაიას შემთხვევაში, მარგინალური წრეებისთვის რუსეთის დამოუკიდებელი მედია დროებით დაიხურა. თუმცა, საეჭვოა, რომ კრემლი მხოლოდ ამ სანქციებით დაკმაყოფილდეს. ახლახან გავრცელდა რუსი ექსტრემისტების მიმართვა, რომლებიც ხელისუფლებას „ეხოს“ დახურვას და ამ რადიოსადგურში მომუშავე ჟურნალისტების გასამართლებას მოსთხოვენ. ამდენად, საფრთხის ქვეშ, შესაძლოა, არარადიკალი ლიბერალებიც აღმოჩნდნენ.

არარადიკალი ლიბერალები

საქართველოს თემისა და ზოგადად რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის შეფასებების კუთხით არაერთგვაროვანია ე.წ. არარადიკალური ლიბერალური საზოგადოება. აგვისტოს ომის კონტექსტში, მას ორ კატეგორიად დავყოფდი. პირველი - ადამიანები, ვინც მხოლოდ სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და მეორე, ისინი, ვინც ცხინვალის მოვლენებზე სრულ და ობიექტურ ინფორმაციას მოითხოვენ. მე ორივე პოზიციის მქონე ჟურნალისტებს ვესაუბრე. ორივე „ეხოს“ თანამშრომელია: სვეტლანა სოროკინა და მატვეი განაპოლსკი. სვეტლანას პოზიცია კატეგორიულია. კონფლიქტის დაწყებაში ის სააკაშვილს ადანაშაულებს.

სვეტლანა სოროკინა: - ვფიქრობ, რომ ბატონი სააკაშვილი ძალიან ეცადა შეექმნა ისეთი სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი აღარ არის. ამ კონკრეტულ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ის, რომ სააკაშვილმა დაიწყო ეს პროცესი, ეს მისი უპატიებელი შეცდომაა ქართველი ხალხის წინაშე.

.. - რითი გაამართლებდით რუსი სამხედროების შემოსვლას ზუგდიდში, ფოთში... პირდაპირ ოკუპაციას. რატომ არ აპროტესტებდით თბილისის დაბომბვას?

- მოიცადეთ და რა, ეს თბილისის დაბომბვა იყო?

- ნამდვილად იყო!

- ნუ აზვიადებთ. არავის დაუბომბავს თბილისი. არ დაუბომბავს. რატომ საუბრობთ ასე!

- თუ თქვენ რუსთაველის გამზირს გულისხმობთ, მართალია, ის არ დაუბომბავთ. მაგრამ კოჯორი, ვაზიანის აეროდრომი ნამდვილად დაიბომბა. ამას გარდა ფოთი...

- არა, არა. ერთი წუთით, რა შუაშია ფოთი.

- თქვენ თქვით, როცა ბომბავდნენ თბილისსო, ხოდა, არ დაუბომბავთ თბილისი.

- სვეტლანა, აგარაკი გვაქვს შინდისში (თბილისის შინდისში), ღამით საკუთარი თვალით ვუყურებდი როგორ გადმოიფრინა თვითმფრინავმა და როგორ დაბომბა კოჯორი. ნუ ვიკამათებთ. რა თქმა უნდა, სოროკინა ამბობს, რომ სულაც არ გაუხარდა ის, რაც მოხდა. მისი აზრით, ადეკვატური იყო ევროსამიტის გადაწყვეტილება, რომელმაც, მართალია, არ გაამართლა რუსეთი, მაგრამ არც მკაცრი სანქციები დაუწესა. სვეტლანას განწყობას არ იზიარებს მატვეი განაპოლსკი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ევროსამიტის გადაწყვეტილება რუსეთსა და მის საზოგადოებას ნამდვილად არ უნდა ამშვიდებდეს. ცნობილი რუსი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ევროპამ მოქმედების საკუთარი, განსაკუთრებული გზა აირჩია.

მატვეი განაპოლსკი: „არანაირი ხისტი განცხადებები და მკაცრი სანქციები არ ყოფილა. და, ერთი შეხედვით, შეიძლება დაეთანხმო დიმიტრი როგოზინის ფრაზას, რომ „მთამ შვა თაგვი“, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

ჩემთვის, როგორც რუსეთის მოქალაქისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელი რამ მოხდა: დასავლეთი მიხვდა, რომ რუსეთი მზად არის ითამაშოს თავისი წესებით და შემდეგ ეს წესები ყველასათვის სავალდებულოდ გამოაცხადოს. რუსეთი მიიჩნევს, რომ მოვიდა დრო, როდესაც ის განსაზღვრავს წესებს. ვფიქრობ, დასავლეთი ამას მიხვდა და დასავლეთი ამან შეაშფოთა. და ის მოჩვენებითი სირბილე, რომლითაც ევროპელები რუსეთს მოექცნენ, ამ უკანასკნელს არ უნდა აწყნარებდეს. ევროპა მიხვდა, რომ რუსეთი არაპროგნოზირებადი ქვეყანაა, რომ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია მოხდეს 21-ე საუკუნეში, 2008 წელს. ხაზს ვუსვამ - ევროპა მიხვდა ამას, თორემ შეერთებულ შტატებს არც არასდროს უფიქრია სხვაგვარად“.

საინტერესო პოლიტიკური ანალიზის გარდა, მატვეისგან ჩემს მთავარ კითხვაზე მინდა პასუხის მიღება. რუსული ინტელიგენცია, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში მოსკოვის ქუჩებში საქართველოს მხარდასაჭერი აქციით გამოვიდა, («Эхо Москвы»-ს მიერ ორგანიზებული აქცია «Я Грузин»), ამ დღეებში დუმდა. საქართველოს ხელისუფლებას რუსი ლიბერალები მაშინაც აკრიტიკებდნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, გაეპროტესტებინათ ქართველების დამამცირებელი და ანტიჰუმანური დეპორტაცია და დევნა. აგვისტოს დღეებში რუსული ინტელიგენცია სხვაგვარად მოიქცა, რატომ? განაპოლსკი ამბობს, რომ ამ ინერტულობისთვის ის რუსულ ინტელიგენციას ვერ გააკრიტიკებს. ის განმარტავს, რომ ამ ადამიანებს სრული და ობიექტური ინფორმაცია სჭირდებათ.

მატვეი განაპოლსკი: „იმ ხალხს საქართველოში, რომელსაც დღეს რუსი ლიბერალების დუმილის მიზეზი აინტერესებს, ვეტყოდი, რომ მრავალათასიანი საპროტესტო ჯაჭვის პარალელურად (რომელსაც მე მართლა გულწრფელად მივესალმები), სწორედ თქვენ უნდა გახდეთ კატალიზატორი, შესაძლოა, არასასურველი გამოძიებისა იმის შესახებ, თუ რა მოხდა ცხინვალში. მესმის, რომ ეს ჩემი შეკითხვები შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები (თუნდაც ფორმალურად მშვიდობისმყოფელები) ვიღაცამ ნამდვილად პირდაპირი დამიზნებით დაცხრილა და ცხინვალს ნამდვილად ვიღაცა უშენდა ბომბდამშენებს. აი, სწორედ ეს, რეალური დაზარალებულები, ვიმეორებ, რეალური დაზარალებულები, ხელს უშლიან რუსულ ინტელიგენციას გამოვიდეს ქუჩაში და და გააპროტესტოს ამ ომში რუსეთის მთავრობის პოლიტიკა.“

რატომღაც მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ობიექტური ინფორმაციის პირობებშიც კი, რუსული ინტელიგენცია ქუჩაში მაინც ვერ გამოვიდოდა. ამ კონკრეტული ომის ფონზე, როდესაც მსოფლიომ უეცრად აღმოაჩინა, რომ რუსეთი ოკუპანტი და დამნაშავეა, კრემლს საკუთარი ხალხის ასპროცენტიანი მხარდაჭერა დასჭირდა (ოფიციალური მონაცემებით, დღეს რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას ამ ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტი უჭერს მხარს). და თუკი პარალელს საქართველოსთან გავავლებთ, იმასაც შევნიშნავთ, რომ კონკრეტულ და ობიექტურ კითხვებს ხელისუფლების მისამართით, რუსული საზოგადოებისაგან განსხვავებით, საქართველოში უფრო მეტად და უფრო თამამად სვამენ. ამ კითხვებს სვამს ოპოზიცია (ან მისი ნაწილი), მედია (ან მისი ნაწილი), არასამთავრობო სექტორი (ან მისი ნაწილი), ან ბოლოს და ბოლოს გამყიდველი მაღაზიაში, პურს რომ გყიდით. გესმით? საზოგადოებაა აქ სხვაგვარი. ერთიანობის ჯაჭვში ბევრი ოპოზიციონერი ან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი შემხვდა და ამ აქციაში მონაწილეობას მათთვის ზემოხსენებული კითხვების დასმისთვის ხელი არ შეუშლია. და ისევ რუსულ საზოგადოებასა და მის ლიბერალურ ნაწილს რომ მივუბრუნდეთ, გეტყვით, რომ სწორედ აგვისტოს მოვლენები იყო იმ დიდი ილუზიის დასასრული, რომელსაც მეორე რუსეთი ერქვა და რაზეც თავად მატვეი განაპოლსკი სულ ორიოდე თვის წინ თბილისში თავად საუბრობდა.

განაპოლსკები: გადასვლა რომში

ამ ზაფხულს, ომამდე, თბილისში მატვეი განაპოლსკიმ და მისმა მეუღლემ თამუნა შენგელიამ ჯვარი დაიწერეს. სწორედ იმ დღეებში გავიგე, რომ მატვეი და თამუნა მოსკოვიდან საცხოვრებლად რომში აპირებდნენ გადასვლას. რომი კარგია, ევროპაში თუ მოვხვდები, მათ უფრო ხშირად მოვინახულებ, თუმცა, გადასვლის მოტივაცია ჩემთვის მაინც ოდნავ გაუგებარი იყო. ვფიქრობდი ბევრს და ბოლოს, ვკითხე: კრემლის ცენზურის მიუხედავად, იქ, მოსკოვში, თავისუფალი ნების ადამიანებს მაინც გაქვთ სამოღვაწეო ასპარეზი: RTVI, საინტერესო და დამოუკიდებელი ინტერნეტ-გამოცემები, ბეჭდური მედიის ნაწილი და «Эхо Москвы». მატვეიმ ძალიან მოკლედ მიპასუხა, აზრი არა აქვს, რამდენიც არ უნდა ისაუბრო, საბოლოო ჯამში ხვდები, რომ შენს მოსაზრებებს საზოგადოების ერთი პროცენტიც არ იზიარებსო. ამ ერთი პროცენტის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ანუ განაპოლსკი-შენგელიების ოჯახი უკვე რომშია. გამგზავრებამდე თამუნა შენგელიას წერილი მივწერე.

მოსკოვში დიდი ხანია ცხოვრობს, რუსეთის მედიაშიც მუშაობდა. ვფიქრობ, მთავარს, თუ რა ხდება დღეს რუსეთის ლიბერალურ წრეებში, სწორედ მისგან გავიგებ.

..: ევროსამიტი შედგა და აქაური საზოგადოება ცოტათი იმედგაცრუებულია. უფრო მკაცრ სანქციებს ველოდით რუსეთის მიმართ. ამისდა მიუხედავად, ფაქტია, რომ ეს ქვეყანა თვითიზოლაციისკენ მიდის. როგორ ფიქრობ, ვინმე თუ წუხს ამის თაობაზე რუსეთში?

თამუნა შენგელია: რუსულ საზოგადოებას თვითიზოლაცია არ ემუქრება, რადგანაც, ჩემი აზრით, ის არასოდეს გამოსულა ამ იზოლაციიდან. ის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეთა უმცირესი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი გახდა დასვენება სენ ტროპეში და „შოპინგი“ მილანში, არ მაძლევს საბაბს ვიფიქრო, რომ ეს საზოგადოება დასავლური სამყაროს ნაწილია, კულტურული და მენტალური თვალსაზრისით. ბევრჯერ გვისაუბრია რუსულ ხასიათზე, ხშირად მითქვამს, რომ რუსეთის ხელისუფლება სრულიად ადეკვატურია რუსული საზოგადოებისა. ახლახან გამოქვეყნდა ცნობილი რუსი მწერლის, ბორის სტრუგაცკის, ინტერვიუ, საიდანაც ერთ ციტატას მოვიშველიებ, მას ჩემზე მეტი ავტორიტეტი აქვს და იქნებ დაუჯერო: „მასმედია არ ქმნის მსოფლმხედველობას, ის ამყარებს და აძლიერებს უკვე ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობას.

ჩვენი მსოფლმხედველობა კი (ვგულისხმობ მასობრივ მსოფლმხედველობას) რჩება ტოტალიტარული.

„ჩვენი უნდა ეშინოდეთ“, „ჩვენ საუკეთესონი ვართ“, „ბატონი ყოველთვის მართალია, ის-არწივია“. „ჩვენ მათ ერთი დარტყმით მოვერევით“, „მოიცა ერთი და, რა უნდააათ?!“ აი, სწორედ ასეთ პრიმიტიულ წარმოდგენებს ჩვენი ოფიციალური პროპაგანდა ისე ეფინება, როგორც კარაქი რუსულ „ბლინებს“ - მარტივად და ნაზად“ და შენი 70 პროცენტიანი „ოდობრიამსიც“ გარანტირებული გაქვს. იმისათვის, რომ სიცრუე სიმართლისაგან განასხვავო, სრულიად სხვაგვარი მენტალიტეტი უნდა გქონდეს. უნდა ეძებდე ინფორმაციას, პოულობდე და აანალიზებდე მას!“

დღევანდელი რუსული პროპაგანდა სრულად ეხმიანება საზოგადოებრივ აზრს. რაც შეეხება „ელიტას“, რომანტიკული 90-იანი წლების შემდეგ, 2000-დან მოყოლებული, ის თანდათან დაეშვა მიწაზე და დღეს მისი უმეტესი ნაწილი იმაზე ზრუნავს, ისიც არ დაკარგოს, რაც ბოლო 15 წლის მანძილზე მოიპოვა: ლობსტერებიდან ისევ შპროტზე გადასვლა არცთუ ისე სასიამოვნოა. ეს ის ხალხია, რომელიც ბანკეტების ბოლოს სუფრაზე მორჩენილ საკვებს პარკებში აწყობდა და სახლში მიჰქონდა. რა მორალი, რის მორალი? НТВ, ნორდ-ოსტი, კურსკი, ბესლანი, ჩეჩნეთი, ხოდორკოვსკი და რა ვიცი, კიდევ რამდენი უბედურება საკუთარ ქვეყანაში, და არავის ისე ხმამაღლა არ გაუპროტესტებია, რომ საკუთარი კეთილდღეობა რისკის ქვეშ დაეყენებინა და ჩვენ რატომ ველოდებით მათგან გმირულ მხარდაჭერას?! ( მით უმეტეს მაშინ, როცა ბევრი ჩვენი თანამემამულე თავის პირად გამორჩენას ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს.)

რაღა თქმა უნდა, არიან მაღალი ღირებულებებისა და იდეების მატარებელი ადამიანები, მაგრამ მათ გული აქვთ აცრუებული და თვლიან, რომ ისინი სრულიად უძლურნი არიან ცინიზმისა და დაუნდობლობის წინაშე. ცინიზმმა და დაუნდობლობამ მთელი მსოფლიო მოიცვა, მაგრამ ამ ცივ, მოჟამულ ქვეყანაში, სადაც მუდამ მზის ამაო მოლოდინში ხარ, ეს განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა.

ეკა: ბევრი გვისაუბრია თქვენს გადასვლაზე რომში, რატომღაც ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტური თვალსაზრისით, თქვენ მოსკოვში კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგეძლოთ.

თამუნა შენგელია: წასვლის იდეა 4-5 წლის წინ გაჩნდა. უკვე მაშინ ვგრძნობდით, საით მიდიოდა ეს ქვეყანა, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ილუზია, რომ საკუთარი მოღვაწეობით ადამიანს შეუძლია რაღაც გავლენა მოახდინოს მოვლენათა განვითარებაზე. შარშან საბოლოოდ მივხვდი, რომ ცხოვრების აქაური წესი ჩემთვის მიუღებელი და ხშირად ამორალურიც არის. შენს კითხვას მივუბრუნდები და გეტყვი, რომ საინტერესო მოღვაწეობა შესაძლებელია ყველგან, თუკი თავად ადამიანია საინტერესო, მაგრამ რამდენად შედეგიანია ეს მოღვაწეობა, გაქვს თუ არა იმის შეგრძნება, რომ შენი შრომით მხოლოდ თავს კი არ ირთობ, არამედ რეალური სარგებელი მოგაქვს ადამიანებისთვის, ან თუნდაც ერთი ადამიანისთვის. ეს არის მთავარი კითხვა! მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ მასმედიაზე - და მეც და მატვეიც სწორედ ამ პროფესიის ვართ.

იყო დრო, როცა «Ekho Moskvi» დიდ გავლენას ახდენდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე (გაიხსენე თუნდაც 91 წლის პუტჩი). ბოლო 8 წლის მანძილზე თანდათან მოისპო ყველაფერი. ფაქტებს ვერ დაგისახელებ, მაგრამ დაწყებულია ამ რადიოსადგურის დასასრული. რა ფორმით გაანადგურებენ „ეხოს“, არ ვიცი, ამის მოწმეები ჩვენ ერთად გავხდებით. ნამდვილ ვერსიას, გპირდები, დაწვრილებით მოგაწვდი. პროცესი დაწყებულია!”

თამუნას ამ ოდნავ სევდიანი და აშკარად პესიმისტური წერილის შემდეგ, მგონი, მსჯელობა თავისუფალი რუსული საზოგადოების მომავლის შესახებ კიდევ უფრო რთულია. ეთერიდან ჩამოშორებული ნოვოდვორსკაია სტრუგაცკის ტერმინს იშველიებს და ხუმრობით ამბობს, რომ რუსეთში რეალურად მხოლოდ „მარგინალები“ (ანუ მისნაირები) და „ოდობრიამცები“ დარჩებიან (Те, кто все одобряют, все то, что идет от Путина, как раньше «Совки»). სიტუაციას, ნოვოდვორსკაიას აზრით, მხოლოდ რუსეთის მიმართ დასავლეთის მკაცრი პოლიტიკა თუ გამოასწორებს. ევროსამიტის გადაწყვეტილებებით ის ძალიან უკმაყოფილოა.

ვალერია ნოვოდვორსკაია: - ვიზები უნდა გაეუქმებინათ რუსეთის ხელისუფლებისათვის და არა მარტო მათთვის, არამედ მთელი მოსახლეობისთვის. ხომ უჭერს მხარს კრემლის პოლიტიკას მოსახლეობის 70 პროცენტი, ჰოდა იჯდეს სახლში ეს 70- პროცენტიანი „ოდობრიამსი!“ (ტუდა ემუ ი დოროგა!), მარტო დისიდენტებისათვის უნდა მიეცათ ვიზები, მათთვის, ვინც საქართველოს მხარეს ვართ.

.. - ეს მოვლენები როგორმე აისახება რუსეთზე?

. . - არანაირად. თუკი რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ შეინარჩუნა საბანკო ანგარიშები საზღვარგარეთ, მას უკვე ყველაფერი „ფეხებზე კიდია“. პუტინი (და არა კრემლი ან მედვედევი, არამედ პუტინი!) დიდი რვიანიდან კი არა, გაეროდან უნდა გარიცხონ. ისევე, როგორც სტალინი გარიცხეს „ერთა ლიგიდან“ 1939 წელს ფინეთში შეჭრისთვის. როგორ გგონიათ, წავა დღევანდელი გაერო ამაზე? რა თქმა უნდა.არა.

.. - საინტერესოა, რომ პრინციპში პუტინ-მედვედევს რუსული საზოგადოების ლიცხელი შოკოლადი 133 ბერალური ნაწილიც ამართლებს. ბევრი არ ფიქრობს, რომ ეს არის პოლიტიკა იზოლაციისკენ. საზოგადოება არ არის თვითკრიტიკული და არ მიიჩნევს თავს მსოფლიოსგან იზოლირებულად.

- ეს მენტალობის ამბავია, იმპერიული აზროვნების. ბევრს გაუხარდა ბოლო მოვლენები: „რუსეთი, როგორც იქნა, წამოდგა ფეხზე და საკუთარი ძალა აჩვენა“, ამბობენ ისინი. ვინ არის ეს საზოგადოება? არარაობა, რომელიც ვერ ეგუება საბჭოთა კავშირის დაშლას, არ უნახავს არასდროს არაფერი და არც აინტერესებს ეს „თქვენი დასავლეთი და დასავლური ღირებულებები“. ასევე არიან აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც უმრავლესობას ეტმასნებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე სარგებელი მიიღონ მთავრობისგან. არ ვიცი, გაიგეთ თუ არა იმ სრულიად სამარცხვინო წერილის შესახებ, რომელიც ჩვენმა ე.წ. კულტურის მოღვაწეებმა დაწერეს. ისინი მსოფლიო საზოგადოებას მიმართავენ, გვიხსენით და დაგვიფარეთ შეერთებული შტატებისა და სააკაშვილისგან, რუსეთი დემოკრატიის ბურჯიაო და ასე შემდეგ. ბევრი აწერს ხელს, იმიტომ კი არა, რომ გაგიჟდა და ჭკუიდან შეიშალა, არა, უბრალოდ, სარგებელი აქვთ ამისგან. სახელოვნებო ელიტა ყოველთვის იყიდებოდა, პრაქტიკულად არავინ არ მიდიოდა დინების საწინააღმდეგოდ. ვიღაცეები გამოფენებს ყიდულობდნენ, სხვები (მათ შორის, ძალიან ცნობილებიც) ფილმის გადაღების უფლებას, ყიდულობდნენ მორჩილებისა და ლოიალობის სანაცვლოდ კომპარტიისგან, დღეს პუტინისგან ყიდულობენ. საბჭოთა კავშირი არ მომკვდარა, ის ცოცხლობს მის მატარებლებში, „სოვოკებში“ ან გნებავთ „ოდობრიამცებში“. ისინი ვერ ეგუებიან საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და სხვების დამოუკიდებლობას. კარგად მახსოვს, 15 წლის წინ ზღაპრებს რომ ყვებოდნენ, ბალტიისპირეთი ჩვენს გარეშე შიმშილით დაიხოცებაო!“

სულ ახლახან ნოვდვორსკაიას „დემოკრატიულმა კავშირმა“ ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს არ წავიდნენ აფხაზეთში დასასვენებლად და არ მიიღონ მონაწილეობა იმ საერთაშორისო სკანდალში, რასაც რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ჰქვია. ბევრი არა, მაგრამ რუსი დამსვენებლები აფხაზეთში მაინც ჩადიან. ესეც თვითიზოლაციის რაღაც განსაკუთრებული გამოვლინებაა. ირგვლივ ტანკები და ავტომატებია, მაგრამ ისინი მაინც ჩადიან. მათი სამშობლო რომ იყოს და გული შეტკიოდეთ, კიდევ სხვა საკითხია. მაინტერესებს, რატომ ჩადიან, იმიტომ, რომ იაფია? ისე, როგორ წარმოგიდგენიათ, რიგითი ევროპელი საომარი მოქმედებების ფონზე, Breakaway region-ში დასასვენებლად ბავშვებთან ერთად რომ ჩადის. ამ უცნაურობას ნოვოდვორსკაია განმარტავს:

„ისინი წვანან ზღვის პირას და არაფრის ეშინიათ, თუ რამე, ჩვენი არმია მოვა და დაგვიცავსო. ირგვლივ ლამისაა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და ესენი მზეზე ირუჯებიან. აი, როგორც დადიოდნენ ადრე აფხაზეთში რუსები და ქართველები მათ მწვადებს უწვავდნენ, ღვინოს მიართმევდნენ, ბინებს აქირავებდნენ (და თუ ვინმე ბობოლა იყო, საერთოდაც უფასოდ უთმობდნენ), იმავე როლში ხედავენ ახლა რუსები აფხაზებსა და ქართველებს. ანუ ისინი იქ თავს კვლავ პატრონებად გრძნობენ, გესმით? ისინი თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ამ როლში გხედავენ სიცოცხლის ბოლომდე. ის, რომ საქართველოს სხვა ბედი შეიძლება ჰქონდეს, არავის წარმოუდგენია. მათ მართლა არ ესმით სად მთავრდება რუსეთი და სად იწყება რაღაც სხვა.“

15 ექო სიბელეში

▲ზევით დაბრუნება


წერილი მოსკოვიდან

„ეხო მასკვირადიო-სიხშირეებზე თავისუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის

ავტორი: დევიდ რემნიკი
22 სექტემბერი, 2008
თარგმანი: თამარ ბაბუაძე

საბჭოურ მიწაზე კრემლის ხმა ყველგან ისმოდა. მის ყოვლისმომცველ რეალობას რადიო ავრცელებდა და ის გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე ორუელის დისტოპია. ლენინი და ტროცკი რევოლუციას ძირითადად ბეჭდური საშუალებებით აჩაღებდნენ - წერდნენ მოწოდებებით სავსე პუბლიკაციებს „ისკრასა“ და „პრავდაში“, სანქტ-პეტერბურგის ქუჩებში ავრცელებდნენ ბობოქარი ემოციებით სავსე პროკლამაციებს, რომლებიც შემდეგ ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯონ რიდმა გადაბეჭდა თავის წიგნში ოქტომბრის რევოლუციის შესახებ - „ათი დღე, რომელმაც მსოფლიო შეაზანზარა“.

რევოლუციონერი ლიდერებისგან განსხვავებით სტალინის რეჟიმის დროს ინკულტურაციისა და აზრის გავრცელების მთავარი ინსტრუმენტი სამაუწყებლო ტექნოლოგია გახდა. სახელად მას „რადიო-ტოჩკა“ დაერქვა, სიტყვა-სიტყვით რომ ვთარგმნოთ, „რადიო-წერტილი“. ეს იყო პრიმიტიული მიმღები, რომელსაც არავითარი ღილაკი არ ჰქონდა და შესაბამისად, არც ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობას იძლეოდა. ეს იაფფასიანი, ხის ჩარჩოში ჩასმული მიმღები ბინებსა და დერეფნებში იყო დამონტაჟებული. მისი ხმა ისმოდა ქარხნებსა და რკინიგზის სადგურებში, ავტობუსის პარკებსა და სამხედრო ბარაკებში; რადიოს უსმენდნენ საავადმყოფოებსა და მოხუცთა თავშესაფრებშიც. მას აჭედებდნენ საკოლმეურნეო მინდვრებში აღმართულ ბოძებზე და უსმენდნენ ყველა პლაჟზე ბალტიის სანაპიროებიდან ოხოტის ზღვამდე.

რადიო მაუწყებლობას დილის 6 საათზე იწყებდა. ჯერ ეთერში საბჭოთა კავშირის ჰიმნს უშვებდნენ, შემდეგ კი იწყებოდა „გოვორიტ მასკვა...“

თუ რომელიმე „კომუნალკაში“ ვინმე რადიოს გამორთავდა, მას მაშინვე საეჭვო პერსონის იარლიყს მიაკრავდნენ, მის ქმედებას გამოწვევად ჩათვლიდნენ და დაასკვნიდნენ, რომ ეს ტიპი პოტენციური „ხალხის მტერი“ იყო. რადიო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბრძანებებს ავრცელებდა, აცხადებდა ხუთწლედის გეგმის დეტალებს, ახმოვანებდა საბჭოთა არმიის ბოლოდროინდელ გამარჯვებებსა და კაპიტალისტური დასავლეთის ღალატის ფაქტებს. ახალი ამბების გარდა, „რადიო-ტოჩკა“ ხან კლასიკური მუსიკის კონცერტებს გადასცემდა, ხანაც მსახიობი კლასიკური რუსული ლიტერატურის ნიმუშებს კითხულობდა. ეთერი ხშირად ეთმობოდა კოლმეურნეებისა და ჯარისკაცების დედების ე.წ. „რადიო-შეხვედრებსაც“. საბჭოთა ხალხს იშვიათად ეძლეოდა საშუალება პირდაპირ მოესმინა სტალინის ხმა, მისი ბორძიკითა და ტლანქი ქართული აქცენტით წარმოთქმული სიტყვები, მაგრამ რადიოს საშუალებით თითოეული საბჭოთა მოქალაქე ითავისებდა მის განცხადებებს, კულტურისა და მსოფლიოს მისეულ ხედვას და დაპატრონების საფრთხის შემცველ ფარულ სურვილს. დღევანდელი გადასახედიდან ოდნავ რთულია, წარმოიდგინო, თუ რაოდენ ყოვლისმომცველი და ყველგან შეღწევადი იყო სტალინისეული ინსტრუმენტი და რაოდენ პერვერსიული წარმოსახვა იყო საჭირო ამ ყველაფრის მისაღებად. მიუხედავად ამისა, „რადიო-ტოჩკა“ ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებდა, ისევე ხელშესახებად და გამართულად, როგორც წყალგაყვანილობის სისტემა და ელექტროენერგია, თუმცა კი ორივეზე ორჯერ უფრო სანდო იყო. „რადიო-ტოჩკა“ პროპაგანდის ისეთი წარმატებული იარაღი გახლდათ, რომ როცა 1942 წელს ჰიტლერი ოკუპირებულ უკრაინაში ჩავიდა, აღფრთოვანება ვერ დამალა სტალინის მეთოდოლოგიის მიმართ და დაიწუწუნა, რომ გერმანელი ხალხი ჯერაც „ბი ბი სი“-ს პროგრამებს იღებდა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ (1953 წელი), ხრუშჩოვის ლიბერალიზაციაზე მიმართული პოლიტიკის დაწყებით, საბჭოთა რადიომაც ფრთები გაშალა და გაჩნდა „რადიო მაიაკი“ და „რადიო იუნოსტი“. „მაიაკისა“ და „იუნოსტის“ პროგრამებს „რადიო-ტოჩკაზე“ ნაკლებად მკაცრი ტონი ჰქონდა და შესაბამისად, საეთერო ბადესაც უფრო ხშირად ავსებდა პოპულარული მუსიკა. მიუხედავად ამისა, კრემლის ხაზის გამტარებელი იდეოლოგია მაინც სახეზე იყო. შემდეგი 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა მმართველები გულმოდგინედ ცდილობდნენ „ბი-ბი-სი“-ს, „დოიჩე ველეს“, „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი მაუწყებლობის დახშობას. მეტიც, იმ პერიოდში რადიო-სიხშირეების დახშობის პრაქტიკა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის წარმოებულ დაუსრულებელ ბრძოლას ჰგავდა. ბრძოლა განსაკუთრებით 60-70-იან წლებში გააქტიურდა, როცა ინტელექტუალებმა პირველი ანტისაბჭოური ქმედება ჩაიდინეს - ნორმალური რადიომიმღები შეიძინეს - ეს იყო ან საბჭოურ ლატვიაში დამზადებული „სპიდოლა“ ან უკეთეს შემთხვევაში გერმანიაში გამოშვებული „გრუნდიგი“ - და „შორეული ხმების“ მოსმენა დაიწყეს. რას არ აკეთებდნენ ადამიანები, გარესამყაროს შესახებ მცირედი აუდიო-ვერსია მაინც რომ მოესმინათ. სიგნალის უკეთ მისაღებად აყირავებდნენ რადიომიმღებებს, ანტენას ფანჯრებში ჩრიდნენ და კიდევ უკეთესი - რადიოს მოსასმენად დიდი ქალაქების გარშემო გაშენებულ აგარაკებზე მიდიოდნენ - იქ რადიოსიგნალების ჩახშობა უფრო ჭირდა. თუ საბჭოთა მსმენელს გაუმართლებდა, შეიძლებოდა, „დოიჩე ველეზე“ ახალი ამბებისთვის მიესწრო, ანდა „ბი-ბი-სი“-ზე „ბითლზის“ სიმღერას გადაწყდომოდა, „ამერიკის ხმაზე“ კი, - უილის კონოვერის ცნობილ ჯაზ-გადაცემას.

0x01 graphic

„ხანდახან ვატიკანის რადიოსაც კი ვუსმენდით, რომელიც მშვენივრად გვაგებინებდა, თუ რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში. ეს იმდენად მოგვწონდა, რომ არავინ დაეძებდა, გამოშვებას დიქტორი ასე რომ ამთავრებდა: „ღმერთმა დაგლოცოთ“, - იხსენებს ისტორიკოსი სერგეი ივანოვი.

როცა 1968 წელს საბჭოთა არმია ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა, საბჭოთა დამსვენებლები ახალ ამბებს მიმდინარე მოვლენების შესახებ ბალტიის ზღვის პლაჟებზე უსმენდნენ. იმ დროს სერგეი ივანოვის მეუღლე, პოლიტიკური ანალიტიკოსი მაშა ლიპმანი ლიტვაში იყო და ახლა იხსენებს: „იმ ზაფხულს პლაჟის მთელ გაყოლებაზე, ყველგან ანტენა იყო ამოჩრილი. ჩვენს წრეებში კი, თუ იტყოდი, რომ ეს და ეს ამბავი რადიოთი მოისმინე, უკვე გასაგები იყო, რომ რუსულენოვან „ამერიკის ხმის“, „ბი ბი სი“-ს ანდა „დოიჩე ველეს“ გამოშვებებს გულისხმობდი“. ამავე წრეში ტრიალებდა ერთი პოპულარული ფრაზა: „იესტ ობიჩაი ნა რუსი - ნოჩიუ სლიშატ ბიბისი“. 1963 წელს ცეკას პრეზიდიუმის შეხვედრაზე ხრუშჩოვმა ითხოვა: „მოდით... მოვაგვაროთ ეს საკითხი. იქნებ გამოვუშვათ ისეთი რადიომიმღები, რომელიც მხოლოდ ჩვენს სადგურებს დაიჭერს“. თუმცა, როგორც ლონდონის კოლეჯის საბჭოური მედიის სპეციალისტი კრისტინ როთეი აცხადებს, ხრუშჩოვის ამბიცია ვერ დაკმაყოფილდა.

1985 წელს მიხეილ გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლით და მისი „გლასნოსტის“ პოლიტიკის გატარებით უცხოური რადიოების ჩახშობის ტენდენცია დასრულდა. თავისუფალ გარემოში ყველამ გაშალა ფრთები - გაზეთებმა, სალიტერატურო ჟურნალებმა, თეატრმა, ტელევიზიამ და კინომ. „რადიო თავისუფლებას“ უფლება მისცეს მოსკოვში საკუთარი ბიურო გაეხსნა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ უერთდებოდა დანარჩენ მსოფლიოს.

0x01 graphic

1990 წელს საბჭოთა რადიოდან გამოდევნილმა რამდენიმე ჟურნალისტმა გადაწყვიტა რუსეთის დედაქალაქში ახალი სადგური გაეხსნა. ეს იქნებოდა რადიო, რომელიც ობიექტურად გააშუქებდა ახალ ამბებს, მოაწყობდა დისკუსიებს და თოქ-შოუებს, პირდაპირ ეთერში დაუშვებდა მსმენელების ზარებსაც კი, ანუ ხალხს მისცემდა საშუალებას პირდაპირ ეთქვა სათქმელი. გაკეთდებოდა რადიოფორმატი, რაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უკვე ბანალობად ითვლება. დამფუძნებლებმა სადგურს „ეხო მასკვი“ უწოდეს და სტუდია ერთ პატარა ჩახუთულ ოთახში მოაწყვეს, წითელ მოედანთან ძალიან ახლოს. „ეხომ“ მაუწყებლობა 1990 წლის 22 სექტემბერს დაიწყო. ეთერში პირველად ახალი ამბების ვრცელი გადაცემა გავიდა. წამყვანმა მსმენელს ახალგაზრდა მოსკოველ რეფორმისტთან, სერგეი სტანკევიჩთან, ინტერვიუც შესთავაზა, პროგრამა კი „ბითლზის“ სიმღერით All My Loving დაასრულა.

მაშინ, კრემლის მიერ ინიცირებული გათავისუფლებული პრესის პირობებში, „ეხო მასკვი“ ამ მასშტაბური მოვლენის - მეტნაკლებად თავისუფალი პრესის - ერთი ნაწილი იყო. ახლა კი, 18 წლის თავზე, პუტინის ავტორიტარული ეკოსისტემის წიაღში იგივე რადიო გადაშენების პირას მყოფი სახეობის უკანასკნელი ნიმუშია. „ეხო მასკვი“ ჰგავს დრონტს, ჯერაც რომ დაახათქუნებს გიგანტურ ფრთებს დედამიწაზე.

დაარსების დღიდან, „ეხო მასკვის“ სტუდიის ხშირი სტუმარი გახლდით. ეს ვიზიტები სტატიებზე მუშაობის თვალსაზრისით იყო ძალიან კომფორტული: თუ რადიოში ცოტაზე მეტ ხანს შერჩებოდი, ათასი ჯურის საინტერესო ადამიანს წააწყდებოდი. თუ ქალაქში რამე მნიშვნელოვანი ხდება - ან რამე სკანდალია, ან არჩევნები, ან გაფიცვები, ანდა ომი კავკასიაში - სიტუაციების წამყვანი მოთამაშეები, ჭკვიან-ჭკვიანი კომენტატორები და აქტივისტები გამუდმებით ტრიალებენ ნოვი არბატის 11 ნომრის მე-14 სართულზე. ნიუ იორკიდანაც, როცა კი მინდა, რომ რუსეთში მიმდინარე მოვლენებს არ ჩამოვრჩე, „ეხოს“ ვებ-საიტს ვამოწმებ, echo.msk.ru ან ცოცხალ ეთერს ვუსმენ, ანდა დისკუსიებისა და ინტერვიუების ჩანაწერებს ვეცნობი.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, გვიან ღამით, „ეხო მასკვის“ ეთერში სერგეი პარხომენკოს გადაცემას ვუსმენდი. პარხომენკო, ელცინის ეპოქის გამოცემების ყოფილი რედაქტორია და იმ ღამით „ეხო მასკვის“ სტუდიაში სამხედრო დაზვერვის ყოფილ ოფიცერს ვლადიმირ კვაჩკოვს ესაუბრებოდა. კვაჩკოვს სამიოდე წლის წინ აბრალებდნენ ანატოლი ჩუბაისის მკვლელობის დაგეგმვას, რომელსაც რუსების უმრავლესობა ვერ იტანს იმ დიდი როლის გამო, რაც მან მიწისა და ბიზნესის სწრაფი პრივატიზაციის პროცესში ითამაშა ელცინის პრეზიდენტობის დროს. სასამართლო პროცესზე კვაჩკოვს ჩუბაისის აფეთქების გეგმის შედგენა დააბრალეს. ბრალმდებლის მტკიცებით, კვაჩკოვმა დაგეგმა გზის პირას ბომბის დამონტაჟება, რომელიც მაშინ აფეთქებოდა, როცა ჩუბაისის „ბმვ“ გვერდზე ჩაივლიდა. მანქანა დაჯავშნული იყო - რუსი მილიარდერები თავიანთ ფულს როგორც მოესურვებათ ისე და თან ჭკვიანურად ხარჯავენ - და ჩუბაისიც გადარჩა. კვაჩკოვმა ბრალდება უარყო, თუმცა, არ დაუმალავს, თუ როგორ ეზიზღებოდა ჩუბაისი. მისი აზრით, ჩუბაისი წარმოადგენს „საზღვარგარეთულ დამპყრობელ ძალას“, რომლის მიზანიცაა რუსეთი შიგნიდან გატეხოს. კვაჩკოვი, რომელიც მაშინ გაამართლეს, ახლა „ეხო მასკვის“ ეთერში პარხომენკოს ეუბნებოდა, რომ „ადამიანის მოკვლის უფლება არ გაქვს, მაგრამ, აუცილებელია, ჩამოიშორო მტერი“.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ომს, რომელიც ცივი ომის განახლების საშიშროებას შეიცავდა, „ეხო მასკვი“ დაღვინებული, დაბალანსებული რეპორტაჟებით აშუქებდა. რადიო-პროგრამაში „საკუთარი თვალით“ გამუდმებით ერთვებოდნენ ომის ხაზზე მყოფი ჟურნალისტები და მსმენელს ახალ ამბებს აწვდიდნენ. იმართებოდა დისკუსიებიც, რომელთაც სტუმრების ფართო სპექტრი ჰყავდა - „ეხო მასკვის“ სტუდიაში ხან ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო აფრიალებდა ექსტრემისტულნაციონალისტურ ბანერს, ხანაც კრემლის უმოწყალო კრიტიკოსი ანდრეი ილარიონოვი გამოდიოდა, რომელიც პუტინის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მისი ეკონომიკური მრჩეველი იყო. ომის ასეთი გაშუქება პუტინს სულაც არ ახალისებდა. 29 აგვისტოს ქვეყნის წამყვანი მედია საშუალებების 35 აღმასრულებელი პირი მან თავისთან, სოჭის სააგარაკო რეზიდენციაში იხმო. ბოლო რვა წლის განმავლობაში მსგავს შეხვედრებს პუტინი რეგულარულად მართავდა - ზოგჯერ თავისი პოლიტიკური შეხედულებების გასახმოვანებლად, ზოგჯერ მედიამფლობელების გადასაბირებლად, მაგრამ ყოველთვის უცვლელი მიზნით - შეეხსენებინა მედიისთვის, თუ ვინ უკვეთავს მუსიკას. 29 აგვისტოს შეხვედრამ ცხადყო, რომ პუტინის ეს ტრადიცია არც ქვეყნის ახალი მმართველის დიმიტრი მედვედევის არჩევის შემდეგ შეცვლილა.

და აი, იქ, სოჭში, პუტინმა თავისი ყურადღება და გაყინული მზერა „ეხო მასკვის“ მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიკტოვს მიაპყრო. პუტინმა ის საქართველოს მოვლენების გაშუქების გამო გააკრიტიკა. დარბაზში მყოფი პუტინის ერთგული მედიამფლობელები ჩუმად ხარობდნენ იმის დანახვაზე, თუ როგორ უჯავრდებოდა პრემიერ-მინისტრი რადიოს რედაქტორს. გაჩნდა წინათგრძნობა და არა პირველად, რომ პუტინი რადიოსადგურის დახურვას აპირებდა. მოგვიანებით, კორიდორში გამოსულმა ვენედიკტოვმა პუტინთან პირისპირ საუბრისას ბრალდება გააპროტესტა და პრემიერს უთხრა, რომ მას „უსამართლოდ“ მოექცნენ. პუტინმა კი ფურცლების დასტა აუფრიალა და უთხრა: „აი, ამაზე უნდა გასცე პასუხები ალექსეი ალექსეევიჩ!“ ვენედიკტოვი დაფრთხა, მაგრამ თან იმასაც მიხვდა, „ეხო მასკვის“ დახურვა მართლა რომ ჰქონოდა განზრახული, პუტინი სოჭში, ამხელა დელეგაციასთან ერთად, არ დაპატიჟებდა. დახურვას ცერემონიები არ სჭირდებოდა. საკმარისი იყო ერთადერთი სატელეფონო ზარი.

ვენედიკტოვმა მიამბო: - „შემდეგ უკვე, პუტინი და მე ერთი-ერთზე შევხვდით ერთმანეთს. უფრო მომლბალი ჩანდა, თუმცა, სათქმელი მაინც მტკიცედ მითხრა. მან დაგვანახა, რომ შეუძლია, თითოეულ ჩვენგანს ისე მოექცეს, როგორც თვითონ უნდა და როცა თვითონ უნდა“.

მოსკოვში დაბრუნებულმა ვენედიკტოვმა ჟურნალისტები გააფრთხილა, რომ რეპორტაჟები „მეტი სიფრთხილით“ ეკეთებინათ, გადაემოწმებინათ ფაქტები და მოეძიებინათ საკმარისი შეხედულებები მთავრობის წევრებისგან. თუმცა, სამსახურიდან არავინ დაუთხოვიათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთავარმა რედაქტორმა თავიდან აიცილა უარესი შედეგი. „ჯერჯერობით“, - მითხრა ვენედიკტოვმა, - „მხოლოდ ჯერჯერობით“.

„ეხოს“ დამფუძნებლები, სერგეი ბუნტმანის, სერგეი კორზუნის და იური ფედუტინოვის ჩათვლით, რადიოს სპეციალისტები იყვნენ. ახალგაზრდობის წლები მათ სხვადასხვა საბჭოთა რადიოში გაატარეს, როცა მიეცათ საზღვარგარეთ წასვლის შანსი, ეს შანსი გამოიყენეს და ისწავლეს, თუ როგორ კეთდება იგივე საქმე დასავლეთში. გლასნოსტის პოლიტიკამ მათ გზები გაუხსნა. ახალგაზრდობაში ბუნტმანი მოსკოვის 875-ე საშუალო სკოლაში თეატრის პროგრამას უძღვებოდა, სადაც ვენედიკტოვთან ერთად მუშაობა უწევდა. ვენედიქტოვი ისტორიას ასწავლიდა და საოცრად განათლებული და გაწონასწორებული კაცი ჩანდა. იმ პერიოდში, ჟურნალისტებს ჯერაც მოძველებული იდეოლოგიური კომპლექსები ტანჯავდათ, ბუნტმანმა კი ვენედიკტოვში მეკავშირე დაინახა - პოლიტიკისადმი ღრმა ინტერესითა და ხალასი ცნობისმოყვარეობით მოვლენების მიმართ. და მიუხედავად იმისა, რომ ვენედიკტოვს ოდნავადაც კი არ ჰქონია შეხება ჟურნალისტიკასთან, ბუნტმანმა ის თავის რადიოში რეპორტიორად აიყვანა. მალე ვენედიკტოვი რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი და წამყვანი საზოგადო ფიგურა გახდა.

ვენედიკტოვი რუსული ინტელიგენციის სტანდარტული ტიპაჟია - სქელშუშიანი სათვალით, მოღუშული, ყოვლისმცოდნე გამომეტყველებით და ცირკის მასხარასავით ჩახუჭუჭებული თმით. ინტერვიუერის რანგში ის მაიკ უოლასივით აგრესიული და შემტევია, მაგრამ თან მასზე გაცილებით გონიერი და ინტელექტუალური. ანალიტიკოსის ამპლუაში კი - ხისტი, თვითდაჯერებული და კმაყოფილი იმით, რომ მისი პროგნოზები ან უკვე გამართლდა, ანდა მალე გამართლდება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ვენედიკტოვი კრემლის შეტევების მოგერიებისა და საკუთარი რეპორტიორების დაცვის ნამდვილი ექსპერტია. „ეხოს“ სტუდიების კედლები დახუნძლულია სტუმრად მოწვეული ღირსშესანიშნავი ადამიანების ფოტოებით. ვენედიკტოვს არც ერთი მათგანის განსაკუთრებული რიდი არ აქვს. რესპონდენტთან საუბარს ის ხშირად იწყებს ხოლმე შემტევი ფრაზით: „როგორ შეიძლება, რომ...?“ როცა ერთხელ ბილ კლინტონმა ინტერვიუს ჩაწერისას ძალიან გაუტია, ვენედიკტოვმა მაგიდის ქვეშ წაკრა ფეხი, გონს მოდიო.

„ეხო მასკვის“ მთავარი რედაქტორი კარიერის დასაწყისშიც ძალიან გაბედული იყო, თან თავიდანვე დაამტკიცა, რომ არ თამაშობდა. 1991 წლის აგვისტოში, კგბ-ს მიერ ინიცირებული პუტჩის დროს, ის ტანკებით გარშემორტყმული პარლამენტის შენობაში დარჩა ბორის ელცინთან და მის მხარდამჭერებთან ერთად. 1993 წელს, როცა ელცინმა „ყავისფერ-წითელი კოალიციის“ მიერ ოკუპირებული პარლამენტის შენობის დასაცავად ტანკები იხმო, ვენედიკტოვი რუსეთის თეთრ სახლში კვლავ დაბრუნდა.

ამ ამბოხის დროს, მას მობილური ტელეფონი ელცინის ამბოხებულმა ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ რუცკოიმ სთხოვა და ჟურნალისტის ტელეფონით რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტებს დაურეკა, კრემლი დაბომბეთო. „ეხო მასკვიმ“ კი რუცკოის ზარი ეთერში გაუშვა. ამ ამბიდან ძალიან მალე „ყავისფერ-წითელი კოალიცია“ კუთხეში მიიმწყვდიეს, რუცკოი კი დააპატიმრეს. ორი თვის შემდეგ სხვა ჟურნალისტებთან ერთად ელცინთან შესახვედრად ვენედიკტოვიც მიიწვიეს. როგორც წესი, რეპორტიორებს პრეზიდენტის მაგიდასთან სიის მიხედვით სვამდნენ, თუმცა იმ შეხვედრაზე სხვანაირად მოხდა, ვენედიკტოვი უცებ მიხვდა, რომ ის ზუსტად ელცინის პირდაპირ დასვეს და თურმე არცთუ ტყუილუბრალოდ - პრეზიდენტი „ეხოს“ ქმედებების გამო გაცეცხლებული იყო. ელცინმა, ამ უზარმაზარმა კაცმა, პორტის მუშასავით განიერი მკერდითა და პარტიული ბელადისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტით, ოთახში დიდი ნაბიჯებით შემოალაჯა და პირდაპირ ვენედიკტოვს შეუღრინა: „ეხო მასკვი“, გრცხვენოდეთ თქვენი საქციელის!.. „ამხანაგებო, გამოიყვანეთ თვითმფრინავები, კრემლია დასაბომბი“, - ვინ თქვა ეს?“

ვენედიკტოვი მიხვდა, ელცინს ცოცხალი თუ გადაურჩებოდა, ესე იგი, უბრალოდ, ძალიან გაუმართლა.

„ბორის ნიკოლაევიჩ“, - მიუგო მან ელცინს, - „მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. „ეხომ“ გამგზავნა დავალებაზე. არაფერში ვარ დამნაშავე. მითხრეს, გააკეთეო და მეც გავაკეთე“.

ელცინმა ცოტა ხანს ჩუმად უყურა ჟურნალისტს, შემდეგ კი უთხრა: „ნუ, მაშინ, კარგი. ეს შენი საქმეა. შენს საქმეს კი კარგად ასრულებ. წადი, იმუშავე“.

ასე ამოიწურა ინციდენტი. რამდენიმე მნიშვნელოვანი მარცხისა და იმ თვისებების გამო, რომლებიც ელცინმა კომუნისტური პარტიის აპარატში გატარებულ წლებში გამოიმუშავა, პრესას ის იშვიათად მტრობდა. მისი პრეზიდენტობის წლებში, რომელიც მთელ 90-იანებს გასდევდა ხაზად, რუსეთის ისტორიაში პირველად და უპრეცედენტოდ გათავისუფლდა პრესა და დამოუკიდებელთან ერთად, სახელმწიფო ტელევიზიამაც კი გაშალა ფრთები. მართალია, 1991 წლის კომუნისტური პუტჩის კვალდაკვალ ელცინმა დახურა კომუნისტური გაზეთები, რომლებიც პუტჩს უჭერდნენ მხარს, მაგრამ როცა ჟურნალისტებმა და ლიბერალური ინტელიგენციის წარმომადგენლებმა საპროტესტო წერილები გაუგზავნეს, მოლბა და „პრავდა“ და „სოვეცკაია როსია“ კვლავ აღადგინა. 1996 წელს, ელცინის მეორე საარჩევნო კამპანიის დროს, რომელსაც ის კომუნისტი კანდიდატის გენადი ზიუგანოვის წინააღმდეგ აწარმოებდა, პრესამ ელცინს მადლობა ერთგულებით გადაუხადა და საპრეზიდენტო არჩევნები მის სასარგებლოდ გააშუქა. შედეგმაც არ დააყოვნა, თუ მანამდე ელცინს საზოგადოებრივ რეიტინგში უღიმღამო მაჩვენებელი ჰქონდა, მეკავშირე პრესის დახმარებით, რეპუტაცია დაიბრუნა და ზიუგანოვის დამარცხებაც შეძლო.

ელცინის პენსიაში გასვლის შემდეგ, ახალი ათასწლეულისა და ახალი წლის ღამეს ძალაუფლება ხელში პუტინმა აიღო და მედიას მალევე დაუპირისპირდა. ის ფინანსური და ლეგალური ბერკეტების გამოყენებით ან უბრალოდ ყიდულობდა მედია საშუალებებს, ანდა პირდაპირ ხურავდა გაზეთებსა და ტელესადგურებს, რომელთა სარედაქციო პოლიტიკაც უარყოფითად ეჩვენებოდა ანდა ხვდებოდა, რომ მათ მფლობელებთან ვერ ითანამშრომლებდა. დღეს, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში რუსულ პრესას 169 ქვეყანას შორის 144-ე ადგილზე აყენებს - ჩამონათვალში რუსეთს ავღანეთი და იემენი მოსდევენ, ორიოდე საფეხურით ზევით კი, საუდის არაბეთი და ზიმბაბვე დგანან.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ეტყოდა პუტინი კრიტიკოსებს, რომლებიც რუსეთის მთავრობას მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ, პუტინმა ასეთი პასუხი გასცა: „პასუხი მარტივია. რუსეთში სიტყვის თავისუფლება არასდროს გვქონია, ასე რომ, მართალი გითხრათ, კარგად არც მესმის, რა არის აქ შესაზღუდი. ჩემი გაგებით, თავისუფლება არის ადამიანის შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი აზრი, მაგრამ უნდა არსებობდეს გარკვეული ჩარჩოებიც, როგორც ამას კანონი გვავალდებულებს“.

რუსეთის კონსტიტუციის 29-ე მუხლი კი საპირისპიროს ამტკიცებს. ის სიტყვის თავისუფლების „გარანტიებს გვპირდება“. მიუხედავად ამისა, პუტინი რუსულ მედიას თვალის დაუხამხამებლად აჩოქებს. დამოუკიდებელი ტელესადგური „ენტივი“, რომელიც ჩეჩნეთის ომს აგრესიულად აშუქებდა, მფლობელებს ჩამოერთვა და განეიტრალდა. პირველი არხი კი - რუსეთის უდიდესი ტელეარხი - კრემლის პოლიტიკური კურსის მორჩილი ფილიალი გახდა.

პუტინი სათვალავში მხოლოდ ტელევიზიას აგდებს. ტელეარხების ხელმძღვანელ პირებს საინფორმაციო ბადის შესადგენად კრემლში ყოველკვირეულად იბარებენ. ტელევიზიების მფლობელებს რეგულარულად აწვდიან იმ პოლიტიკური ოპონენტებით დაკომპლექტებულ სიას, რომელთაც ეთერი არ უნდა დაეთმოთ. ცნობილი წამყვანების, ტელეარხების მენეჯერების, ვარსკვლავი რეპორტიორების ერთგულება გაუგონარი ოდენობის ხელფასებით იზომება. ცოცხალი ტელედისკუსიები და ინტერვიუები, დიდი ხანია, აღარ არსებობს. მართალია, ცოცხლობს რამდენიმე გაზეთი და ვებ-საიტი, რომლებიც „ეხოს“ დონეზე ინარჩუნებენ თავისუფლებას, მაგრამ მათი პუბლიკა ისეთი მცირეა, რომ პუტინი ამ მედია საშუალებების მარგინალიზებით კმაყოფილდება და მათ სიცოცხლეს უნარჩუნებს.

„ოფიციალური ტელეპროპაგანდა მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია - მისი წყალობით, საზოგადოების სალაპარაკო თემა მხოლოდ ის სისულელეა, რასაც ტელევიზიები უჩვენებენ“, - მითხრა „ეხო მასკვის“ კომენტატორმა და ცნობილი გაზეთის მესვეტემ იულია ლატინინამ, - „მაგალითად, თუ რუსული თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიაზე ბომბას ჩამოაგდებს, რეპორტაჟში ჟურნალისტი განიხილავს ბომბის ჩამოვარდნისგან გაჩენილი ორმოს ზომას და ისაუბრებს იმაზეც, გათხარეს თუ არა ეს ორმო თვითონ ქართველებმა. და უცებ ხვდები, რომ გელაპარაკებიან ორმოებზე და არა იმაზე, თუ რა მიზანი აქვს ბომბის ჩამოგდებას; ხომ არ ცდილობს რუსეთი მსგავსი ქმედებით საქართველოს და დანარჩენი „მტრების“ დაშინებას. ტელევიზიები იგონებენ კიდეც ამბებს ისეთ სავარაუდო მტრებზე, როგორებიცაა: უკრაინა, ლატვია, ესტონეთი. ყველა ჩვენი მტერია. მაშინ ვინ არის კარგი ბიჭი? ანდორა? ირანი? ეს ყველაფერი სწორი პოლიტიკური ინფორმაციის და ფიქრის გამრუდებაა“.

2001 წელს, პუტინმა ვენედიკტოვი კრემლის ბიბლიოთეკაში მიიწვია. „ეხო მასკვის“ რედაქტორთან საუბრისას პუტინმა ვრცლად მიმოიხილა განსხვავება მტერსა და მოღალატეს შორის: „პუტინისთვის ამ ორ ცნებას შორის უზარმაზარი განსხვავება არსებობს“, - მითხრა ვენედიკტოვმა, - მან თქვა: „მტერი სახეზე გყავს, მათ პირდაპირ ეომები, შემდეგ ცეცხლს წყვეტ და ყველაფერი ნათელი ხდება. მოღალატე კი უნდა გაანადგურო, მოსპო“, - ასეთია პუტინის სამყაროსეული ხედვა. შემდეგ კი მითხრა: „იცი, ალექსეი, შენ მოღალატე არ ხარ. შენ მტერი ხარ“.

შეიძლება, ცოტა გულუბრყვილოდ და სულელურად მომივიდა, მაგრამ მაინც დავინტერესდი, ამ ფრაზის წარმოთქმისას იღიმებოდა თუ არა პუტინი. „პუტინი არასდროს იღიმება“, - მიპასუხა ვენედიკტოვმა, - „მან უბრალოდ განმიმარტა, თუ რა განზომილებაში ვარსებობ მისთვის. იცის, რომ ზურგში მახვილს არ ჩავცემ და არც თამაშს დავიწყებ მასთან, იცის, რომ, უბრალოდ, გავაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. ამიტომ ვუთხარი, „თუ გსურთ „ეხოს“ დახურვა, დახურეთ. ჩემს საქმეზე კი უარს თვითონვე ვერ ვიტყვი“.

ვენედიკტოვი პუტინის მიზნებსა და მასთან აუდიენციას ილუზიებით არ შეხვედრია. პრინციპში, პრეზიდენტმა მას უთხრა იგივე, რაც გაცილებით ადრე მეფე ნიკოლოზ პირველმა განუცხადა პუშკინს: „დღეიდან თქვენი ცენზორი მე ვიქნები“.

„პუტინი იმიტომ შემხვდა, რომ, როგორც კგბ-ს სპეციალისტები ამბობენ, გადავებირებინე, თავის გუნდში გადავეყვანე, ამიტომ ამხანაგური ტონით მელაპარაკა. მისგან გარკვეული ხარისხით ნდობა იგრძნობოდა. მას „ეხოს“ რეპუტაციის გამოყენება სურდა“, - ამბობს ვენედიკტოვი. მართლაც, პუტინს რადიოს არსებობა ერთი კონკრეტული მიზნით სჭირდებოდა - ის უნდა ყოფილიყო რუსეთის თავისუფალი პრესის დასტური. მაგრამ ვენედიკტოვმა ისიც იცოდა, რომ პუტინს შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს შეცვლოდა აზრი და რადიო დაეხურა. „პუტინი საბჭოთა კგბ-ს წრეებიდან მოდის და ელცინისგან აბსოლუტურად განსხვავებულად აფასებს პრესას. ეს ჩემთვის პრეზიდენტთან პირველივე შეხვედრისთანავე გახდა ნათელი“, - იხსენებს იგი, - „გამოვედი და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემმა მეგობარმა პუტინს მისცა ხმა და სჯეროდათ, რომ ის თანამედროვე ცხელი შოკოლადი 135 რეფორმატორი იყო, მაინც ვუთხარი, ჩვენ სინამდვილეში უკან მივდივართ. არავინ დამიჯერა. მითხრეს, ვიწროდ მოაზროვნე პესიმისტი ხარ და პროგნოზების გაკეთების ალღოსაც ვეღარ ავლენო. ახლა, უკვე თვითონაც ასე ფიქრობენ“.

„ეხო მასკვის“ პარადოქსულ არსებობას დასასრული არ უჩანს. 2001 წლიდან მოყოლებული, „ეხოს“ მფლობელი „გაზპრომია“ - უზარმაზარი ენერგო კონგლომერატი, კრემლის ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების საყრდენი. ვენედიკტოვიც შესაბამისად კრემლს „ჩვენი რადიოს მთავარ მეწილეს“ ეძახის. მიუხედავად ამისა, „ეხოს“ რეპორტაჟები ყოველთვის სამართლიანი და აგრესიულია, რასაც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები - სასამართლოები, პარლამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელევიზია და რუსული მართლმადიდებლური ეკლესია - სახელმწიფო სხეულის ნაწილი გახდა და ვლადიმირ პუტინის პირდაპირი კონტროლის ქვეშ მოექცა.

„ეხო“ ვერც კი უახლოვდება „რადიოტოჩკას“ მასშტაბებსა და აუდიტორიაზე მოპოვებულ გავლენას. რუს მსმენელს რადიოები დღეს ნაირ-ნაირი ჟანრის მუსიკას, გართობას და ახალ ამბებს (ფსევდო ამბებს) სთავაზობენ, რომ აღარაფერი ვთქვათ, ახალი მედიისგან წამოსულ კონკურენციაზე. თუმცა, „ეხოს“ მსმენელთა კონტინგენტი თანამედროვე სტანდარტებითაა სოლიდური: ყოველდღიურად მილიონი მსმენელი მოსკოვში, ორნახევარი მილიონი მსმენელი ქვეყნის მასშტაბით და მათი უმრავლესობა - შუა ხნისა და უმაღლესი განათლებით.

„ჩვენ უფრო გავლენიანი რადიო ვართ, ვიდრე მასობრივ მსმენელზე მიმართული“, - ამბობს ვენედიკტოვი, - „მასობრივ მსმენელზე რომ გახვიდე, მასას რომ ასიამოვნო, მაშინ, ალბათ, უფრო მეტ ყურადღებას უნდა აქცევდე პარის ჰილტონის ცხოვრებას. მაგრამ ჩვენ რომ ასე მოვიქცეთ, მაშინ ის კონტინგენტი აღარ მოგვისმენდა, ვინც დღეს გვისმენს. მაშინ მთლიანად დავკარგავდით მათ“.

აუდიტორიის ზომის მიუხედავად, რადიო-სადგური თავს არ იტყუებს იმაზე ფიქრით, რომ დიდ გავლენას ახდენს რუსულ საზოგადოებაზე, რომელიც, თავის მხრივ, ზედმიწევნით აპოლიტიკური და პუტინის ერთგულია. მეტიც, რუსული საზოგადოება უფრო მეტად უჭერს პუტინს მხარს, ვიდრე ოდესმე ელცინს ან გორბაჩოვს ემხრობოდა. პუტინის ეპოქის ამ ფენომენს მაშა ლიპმანი „პროცესებში ჩართულობაზე უარის თქმის პაქტს“ უწოდებს, რომელიც მთელმა რუსმა ერმა ერთხმად გააფორმა: საზოგადოება თანახმაა, არ ჩაერიოს პოლიტიკაში იმ სამომხმარებლო სარგებლის სანაცვლოდ, რაც რუსული ენერგეტიკის აღზევებას მოაქვს. „იმას არ ვამტკიცებ, რომ დასავლური საზოგადოება მაშინვე ერთხმად აპროტესტებს ჩინოვნიკების ძალის ბოროტად გამოყენების ფაქტებს და მაშინვე ქმედებაზე გადადის ხოლმე, მაგრამ მსგავსი ფაქტები იქ თემად იქცევა, პოლიტიკურ თემად. ჩვენთან კი, ტაბლოიდ „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ დაბეჭდილი სკანდალური მასალაც კი ვერ იწვევს საზოგადოებაში საჯარო დებატებს, საზოგადოებრივ სინდისს ასეთი რამ საერთოდ არ ატოკებს. ხალხს არ სჯერა, რომ რამის შეცვლა შეუძლია და ამიტომ, ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. მათ არ უნდათ მონაწილეობა და პროცესებში ჩართვა. ეს ფაქტორი კი პუტინის ძალაუფლების საყრდენი ღერძი ხდება“.

ერთხელ, ნაშუადღევს, მაიაკოვსკის თეატრის ბარში კირილ როგოვს შევხვდი, რუსეთის საუკეთესო ყოველდღიური გაზეთის „კომერსანტის“ ყოფილ რედაქტორსა და პოლიტიკური ვებ-საიტის პოლიტ.რუ-ს დამფუძნებელს. როგოვმა ჟურნალისტიკას თავი დაანება და ახლა მოსკოვში, ერთ-ერთ კვლევით ცენტრში მუშაობს, დრო და დრო კი, მაინც აქვეყნებს ანალიტიკურ სვეტებს პრესაში და „ეხოს“ მიმართაც პატივისცემას ინარჩუნებს. „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, „ეხომ“ მოახერხა, საუკეთესო ახალი ამბების სამსახური ჰქონოდა. მაგრამ შესაძლებელია არათავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი მედიასაშუალება არსებობდეს? ვიტყოდი, რომ არა. თავისუფალ ქვეყანაში ასე ხდება: გაზეთი აქვეყნებს მასალას, მასალა გავლენას ახდენს ტელევიზიაზე, აღწევს საზოგადოებამდე, და შემდეგ მისი საშუალებით ყალიბდება ახალი სტრატეგიული კურსი. არათავისუფალ ქვეყანაში „ეხო მასკვი“ არსებობს სრულ იზოლაციაში, ზუსტად ისე, როგორც ინდიელების რეზერვაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის გადასცემს ახალ ამბავს, აწყობს დისკუსიას, ისმენს ამ ყველაფერს მსმენელი, მაგრამ შემდეგ პროცესი აღარ ვითარდება, ამ წერტილზე ჩერდება“.

„ეხო მასკვის“ ერთ-ერთი ვარსკვლავი ჟურნალისტი ევგენია ალბაცია, პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი. ამერიკაში სწავლის დროს ის ყურადღებით უსმენდა ნაციონალურ საზოგადოებრივ რადიოს იმ იმედით, რომ უკანდაბრუნებული, ამერიკული რადიოს სტილის გადმოღებას შეძლებდა. თუმცა, ევგენია გაცილებით უფრო მოქოქილია, ვიდრე ნებისმიერი ჟურნალისტი ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოდან. ის სამართლიანად შენიშნავს, რომ საზოგადოებაში „უცნაური, პირში მთქმელი, ცოტა შეშლილი ადამიანის“ რეპუტაციით სარგებლობს, „რომელსაც სჯერა დემოკრატიის“. ერთხელ, ვენედიკტოვმა ალბაცს ამბავი მიუტანა, რომ კრემლის რამდენიმე ჩინოვნიკი მის მიმართ შინაგან სიძულვილს განიცდიდა. ერთხელ, კგბ-ს მიერ დევნილი ყოფილი დისიდენტი, რომელიც შემდეგ პუტინის კამპანიის მრჩეველი გახდა, მისი სტუდიიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, რადგან ევგენიამ მას ამცნო: „კრემლს ჩეკისტები ეპატრონებიან და ახლა თქვენ ამ ეპოლეტებიანი ხალხის მხარდამჭერი გამოდიხართ“.

„გაგიჟდა კაცი!“ - იხსენებს დღეს ევგენია ალბაცი.

ალბაცს „ეხო მასკვიზე“ კვირა საღამოს თოქ-შოუ მიჰყავს და, ამავე დროს, „ნიუ თაიმსის“ - ყოველკვირეული ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილეა. ეს ჟურნალი შესანიშნავ საგამოძიებო რეპორტაჟებს ბეჭდავს ხოლმე. ალბაცმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრეჟნევის ეპოქაში დაამთავრა. ერთხელ, სტუდენტი ალბაცი კგბ-ს აგენტმა დაიბარა და გააფრთხილა, რომ უნივერსიტეტიდან გარიცხავდნენ, თუ კვლავაც გააგრძელებდა აკრძალული ლიტერატურის და იატაკქვეშა გამოცემების მოძიებას. პერესტროიკის წლებში ევგენიამ სახელი კგბ-ს შესახებ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებებით გაითქვა. 1992 წელს კი გამოაქვეყნა წიგნი „სახელმწიფო სახელმწიფოს შიგნით“, რომელშიც განხილული იყო კგბ-ს მნიშვნელობა და ადგილი პოსტ-საბჭოთა რუსეთში.

ალბაცს ნაციონალურ სასტუმროში ფინჯან ყავაზე შევხვდი. შუა საუბარში, უცებ სიტყვა გამაწყვეტინა და რამდენიმე წუთით გვერდით მაგიდასთან გადაინაცვლა.

„ვინ იყო?“ - ვკითხე, როცა უკან მობრუნდა.

„ალეკსეი კონდაუროვი“, - მიპასუხა, - „კგბ-ს ყოფილი გენერალი. ჩემს შოუში მივიწვიე ერთხელ. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე“.

თავისი კოლეგების მსგავსად, ალბაცმაც იცის, რომ რუსი ოფიციალური პირები, დაზვერვის უწყებაში დღემდე მომუშავე ჩინიანი გენერლების ჩათვლით, „ეხოს“ აქტიურად უსმენენ. „ეხო“ მათთვის რეალობის ერთგვარი დეტექტორია.

„ის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთში, რეალურ ცხოვრებას მოწყვეტილია“, - თქვა მან, - „მათ აქვთ ფული და ქვეყნის რეალობისგან შორს ცხოვრობენ. ამით ბიუროკრატები სარგებლობენ და როცა 136 ცხელი შოკოლადი აწყობთ, მათ კონკრეტულ ინფორმაციას უმალავენ. ინფორმაცია ბიუროკრატის კეთილდღეობის საწინდარია - ის მას ეყრდნობა ფულისა და თვითგადარჩენისთვის და ამიტომაც, ბიუროკრატი აზვიადებს შესაძლო საფრთხეებს, როცა კი მას ეს აწყობს. მაგალითად, დაზვერვის სამსახურის ბიუროკრატებს მეტი დაფინანსების მისაზიდად აწყობთ, კარგად გამოკვებონ გადაწყვეტილების მიმღებთა შიშები, ამიტომაც, ისინი აზვიადებენ „ნარინჯისფერი რევოლუციის“ საფრთხეს, რომელიც თითქოსდა რუსეთისკენ მოემართება. აზვიადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საფრთხე საერთოდ არ არსებობს“.

შემდეგ ალბაცმა თვალი მოავლო კაფეს, ხმას დაუწია და განაგრძო: „ბიუროკრატები ცრუობენ, ამიტომაც გადაწყვეტილების მიმღებები უსმენენ „ეხოს“. ამ სისტემაში ყველაფერი ხდება და ჩვენც მასში მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ! კრემლში „ეხოს“ ერთგული მსმენელები არიან“.

ვენედიკტოვის ფრთხილი სტრატეგიის წყალობით, არხის წამყვანებს თავისებური ყნოსვა გამოუმუშავდათ და ზუსტად ხვდებიან ხოლმე, რისი თქმა შეიძლება ეთერში და რისი - არა. მაგალითად, „შეგიძლია პუტინს და მედვედევს სულელი ეძახო, რისი გაკეთებაც, თავის მხრივ, აბსოლუტურად შეუძლებელი იყო საბჭოთა პერიოდში, მაგრამ თუ მათ ჯიბეებში ჩახედვას მოინდომებ, უსიამოვნებას გადაეყრები“, - ამიხსნა ალბაცმა, - „არ შეიძლება გამოაცხადო, რომ ამან და ამან იქს ტრილიონი დოლარი გადარიცხა ამა და ამ ოფშორულ ანგარიშზე. ეს ადამიანები წმინდა წყლის კონფორმისტები არიან, პირწავარდნილი პრაგმატისტები, მათ იდეოლოგია არ ადარდებთ, მხოლოდ ძალაუფლებასა და ფინანსურ აქტივებზე ფიქრობენ“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირადი მოსაზრებები და შეხედულებები „ეხოზე“ თავისუფალი და დასაშვებია, მაგრამ რაც შეეხება საგამოძიებო ჟურნალისტიკის მრავალფეროვნებას, აქ საქმე არცთუ ისე კარგადაა. ჩვენი საუბრის დროს, ვენედიკტოვი მიმტკიცებდა, თუმცა კი, საკმაოდ არადამაჯერებლად, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა ჟურნალისტისგან დოკუმენტების გამოქვეყნებას მოითხოვს, „და, აბა, დოკუმენტები რადიოეთერში როგორ უნდა გამოაქვეყნო?“ არადა, გამოქვეყნება „ეხოს“ ვებ-საიტზეც შეიძლება, მაგრამ რადიოს კომენტატორი იულია ლატინინა გამომიტყდა, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკის კეთება მათთან თითქმის შეუძლებელია და ამის მიზეზი პოსტ-საბჭოთა რუსეთის ერთი დამახასიათებელი ნიშანია: „ჩვენ არ გვაქვს დიქტატურა - არ უნდა გავაზვიადოთ და ჩვენი სისტემა საბჭოთა კავშირის ეპოქას არ უნდა შევადაროთ - მაგრამ გვაქვს ავტორიტარული რეჟიმი, რომლის პირობებშიც სრულყოფილ და ეფექტურ ჟურნალისტურ გამოძიებას ვერ ჩაატარებ ისე, როგორც ამას დემოკრატიულ წყობაში შეძლებდი“. დღევანდელ რუსეთში კორუფცია ფართო მასშტაბით მხოლოდ ეკონომიკური სტრატეგიის ნაწილია. ზუსტად ესაა და სხვა არაფერი. ასე რომ, ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, ჭკვიანური ჰიპოთეზებია. მაგალითად, „იუკოსის“ საქმე გაიხსენეთ“, - მითხრა ლატინინამ. ის მიხეილ ხადარკოვსკის კუთვნილ ენერგო კონგლომერატს გულისხმობდა. ხადარკოვსკი კომპანიას 2003 წლამდე, ანუ დაპატიმრებამდე ედგა სათავეში. მისი დაპატიმრების ბრძანება კი, სავარაუდოდ, პუტინმა გასცა, რის შემდეგაც ბიზნესმენს აშკარად ფიქტიური სასამართლო პროცესი მოუწყვეს, ბრალეულობა დაუმტკიცეს და სასჯელის მოსახდელად ციმბირში გაამწესეს. „როცა „იუკოსი“ მფლობელის გარეშე დარჩა, ის მოულოდნელად პუტინის ძველ მეგობარს, კომპანია „გუნვორის“ ხელმძღვანელს გენადი ტიმჩენკოს გადაეცა“. „გუნვორიც“ ენერგიით ვაჭრობს და შვეიცარიაშია რეგისტრირებული. წელს სახელმწიფოსთვის გაწეულ ექსპორტში ამ კომპანიამ 70 მილიონის მოგება ნახა. ასე რომ, გამოდის, ზუსტად ვერასდროს გათვლი, რამდენია პირადად პუტინის წილი ამ საქმიდან, მაგრამ შეგიძლია წამოაყენო გონივრული ჰიპოთეზა. მაგალითად, შეგიძლია ივარაუდო, რომ პუტინი ან, უბრალოდ, ძალიან დიდ სულგრძელობას იჩენს მეგობრის მიმართ, ანდა საქმიდან თავის სარგებელსაც ელის. და მე არა მგონია, პუტინი ასეთი სულგრძელი იყოს!“

საბჭოთა ეპოქის მიწურულს, ქვეყანაში ძალიან ცოტა დისიდენტი იყო: ადამიანები, რომლებიც წირავდნენ ყველაფერს - სამსახურებს, თავისუფლებას, მოქალაქეობას და სიცოცხლესაც კი - ცოტანი იყვნენ იმიტომ, რომ საფრთხე იყო დიდი. ალბათ, ვერც ვენედიკტოვს ვუწოდებთ პოსტ-საბჭოთა დისიდენტს, ის უფრო პროფესიონალია, ღია კვლევა-ძიებისა და დისკუსიისთვის თავგადადებული ჟურნალისტი. მიხეილ ლეონტიევმა, რომელიც ბოლო პერიოდამდე „ეხოს“ ეთერში პრო-კრემლისტურ, ნაციონალისტურ შოუს უძღვებოდა, „მოსქოუ თაიმსს“ განუცხადა, რომ, მართალია, არ მოსწონდა „ეხო მასკვის“ ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკა, მაგრამ ვენედიკტოვის ღიაობა მაინც აღაფრთოვანებდა. ლეონტიევის აზრით, „ეხო მასკვის“ არსებობა იყო იმის დასტური, რომ პუტინის მოსაზრებები პრესის შესახებ არცთუ ისე თანმიმდევრული გახლდათ. „ეხო მასკვი“ იმის დასტურია, რომ ავტორიტეტული პირები ვეგეტარიანელები არიან“, - განაცხადა ლეონტიევმა.

მიუხედავად ამისა, „ეხოელი“ ლიბერალები თავს კომფორტულად მაინც ვერ გრძნობენ. მშვიდად საქმეს რომ ვერ გააკეთებენ, ამაში ვენედიკტოვი პუტინმა პირადად დაარწმუნა. სახელმწიფო ტელევიზიამ კი ვენედიკტოვი, იულია ლატინინა და მატვეი განაპოლსკი - „ეხოს“ სამი წამყვანი სახე - მთავრობის ძირგამომთხრელი ორგანიზაციის „მეხუთე კოლონის“ წევრებად მონათლა.

„როცა კრემლელებს, ანდა დაზვერვის აგენტებს ვხვდები, ყოველთვის ერთ და იმავეს მიმეორებენ: „ყოჩაღ, გაბედულებისთვის. ჩვენ მუდამ ვუსმენთ „ეხო მასკვის“, - მითხრა ლატინინამ და იქვე განაგრძო: „ვენედიკტოვმა კარგად იცის, როგორ ელაპარაკოს ხალხს კრემლში და მათ მოთხოვნებსა და უკმაყოფილებებს გულუბრყვილო გამომეტყველება როგორ შეაგებოს. ვენედიკტოვს ჩემთვის იმედები მაშინაც კი არ გაუცრუებია, როცა სხვადასხვა აზრს ვიცავდით. ყოველთვის შემიძლია ვთქვა, რაც მინდა, ის კი უყოყმანოდ დამიცავს“.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „ეხო მასკვის“ მთავარი რედაქტორის პირდაპირობა და გულწრფელობა ისეთივე ნდობას აღძრავს ჟურნალისტებში, როგორც მისი პოლიტიკური უნარ-ჩვევები, ვენედიკტოვი ბოლომდე მაინც ვერ ახერხებს თავისი ხალხის დაცვას. ბოლო რვა წლის განმავლობაში რუსეთში ოცი ჟურნალისტი მოკლეს, რომელთა საქმე გამოძიებული არ არის. როცა ორი წლის წინ „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს, ვენედიკტოვთან კაბინეტში სამი ჟურნალისტი შევიდა და განუცხადა, რომ ჟურნალისტურ კარიერას თავს ანებებდნენ. წლის დასაწყისში ვენედიკტოვი ნიუ იორკში ჩამოვიდა Overseas Press Club-ის ჯილდო რომ მიეღო. როცა ჯილდოს შესახებ ცოლს უამბო, მან მახვილგონივრულად შენიშნა: „ჯერ ჯილდოს იღებ, შემდეგ ტყვიას“.

ჯერჯერობით „ეხო მასკვი“ არ დახურულა. რადიო კვლავაც ეთერშია და ის კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსმენელისთვის, რეჟიმისთვის კი - კვლავაც გამოსადეგი. თუმცა, ვენედიკტოვი მაინც ამბობს: „რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, როგორი ჭკვიანებიც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გაქრობა ნებისმიერ წუთს, თვალის დაუხამხამებლად შეუძლიათ“.

16 მსოფლიო საქართველოს შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


დასავლეთი

თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო მალხაზ ხარბედიამ
ფოტო: თომას დვორჟაკი

0x01 graphic

პროექტის პარტნიორია ფარმაცევტული კომპანიაჯი-პი-სი

აგვისტოს პირველი რიცხვებიდან მოყოლებული, დასავლური პრესა თვალს არ აშორებდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მთელი ამ დროის მანძილზე აუარება სტატია, ისტორიული ნარკვევი, შენიშვნა, მიმართვა თუ ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში. პირველ დღეებში ნამდვილი მეხთატეხა ატყდა, პრესა აბობოქრდა და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, რამდენიმე გაზეთში რუსული პოლიტიკის ქომაგებმაც გამოყვეს თავი (მაგ. „გარდიანის“ ფურცლებზე). ყველაზე მეტი სულელური აზრი სწორედ პირველ დღეებში გამოითქვა, თუმცა მალე ასეთი ცეცხლოვანება სხვაგვარი ტონალობით შეიცვალა და მძიმე არტილერიის მიერ მოსრულ მედია-ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკაც შემოვიდა, შედარებით გაწონასწორებული მოფილოსოფოსო პოლიტოლოგებითა და მოჟურნალისტო მწერლებით. თუკი თავიდან ყველაფერი კონკრეტული ფაქტის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გარშემო ტრიალებდა და ავტორები ძირითადად მშრალი აღწერით, ან პირიქით, მხურვალე მოწოდებებით შემოიფარგლებოდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი გლობალური პოლიტიკის ჩარჩოებში გადავიდა, დალაგებული აზრებიც გამოჩნდა და ყველაზე ეჭვიანებმაც კი გაბედეს აზრის გამოთქმა.

მე მგონი, არავის გაკვირვებია, რომ პირველები საქმეში ორი სკანდალურად ცნობილი „მას-მედია-ფილოსოფოსი“, ბერნარ-ანრი ლევი და ანდრე გლუკსმანი ჩაერთნენ. ადამიანებმა, რომელთაც, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ენასაც უწუნებდნენ, სადაც მაღალი სტილი საშინელ ნეოლოგიზმებს ერწყმოდა და შედეგად ენობრივი მონსტრები იქმნებოდა, უეცრად, წარმოუდგენლად მარტივი „მოწოდება“ დაბეჭდეს, ჯერ „კორიერე დელა სერაში“, მეორე დღეს კი იგივე წერილი სხვა სათაურით „ლიბერასიონშიც“ გამოქვეყნდა, რითაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს ინტელექტუალები მოახედეს ჩვენი ქვეყნისკენ.

მათ ცეცხლოვან ქომაგობას მეორე დღესვე უპასუხეს პრორუსულად განწყობილმა იტალიელმა და ფრანგმა მიმომხილველებმა, ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ 27 აგვისტოს ბერნარ-ანრი ლევიმაც კი (ვისაც ნოამ ჩომსკის მწარე კრიტიკამაც კი ვერ „ჩაუქრო ალები“), შეიძლება ითქვას, ხელი ჩაიქნია, ოღონდ იგი ოპონენტებს არ დანებებია, მან უბრალოდ დატოვა სცენა გაოგნებულმა იმით, რომ მთელი ევროპა ხელს აწერდა „მედვედევის გეგმაზე“, სადაც „ერთი სიტყვაც არ იყო ნათქვამი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე“. „როგორც ჩანს, სამყარო ყირაზე დადგა. ნუთუ ეს მართლა ხდება?“ წერდა იმ დღეებში ფილოსოფოსი.

გამოჩნდნენ სხვა ოდიოზური ფიგურებიც და რუსეთის აგრესიაზე აზრის გამოთქმა ნორმატივების ჩაბარებას დაემსგავსა. თანაც ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ფუკუიამას კბენდა, რომელმაც ასე მცდარად იწინასწარმეტყველა „ისტორიის დასასრული“ და ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება. ფარიდ ზაკარიამ ორი ახალი ცნება შემოიტანა, „პოსტამერიკული ხანა“ და „დანარჩენი სამყაროს ზეაღსვლა“, ბევრი ეკოლოგიის პრობლემებზეც ალაპარაკდა, რაც თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანი თემაა და კარგია, რომ ჩვენთან განვითარებული მოვლენების შემდეგ ამ კუთხით უკვე სერიოზული გადაწყვეტილებებიც მიიღეს ევროპაში, თუმცა გორდონ ბრაუნის განცხადებაში საკმაოდ ბუნდოვნად ჩანს ამ საკითხის გადაწყვეტა, რომ არაფერი ვთქვათ ა. სოლჟენიცინის სახელით აბსოლუტურად არამართებულ მანიპულირებაზე, რითაც, პრემიერ-მინისტრთან ერთად, თითქმის ყოველი მეორე ავტორი ირთობდა თავს. ბევრს აღარ გავაგრძელებ, მოკლედ გეტყვით, რომ აქ მთელი ამ დროის მანძილზე ამოთქმული ყველაზე მხურვალე და ჭკვიანური აზრებია თავმოყრილი, სადაც ილუზიებს სიმართლე ენაცვლება ხოლმე და პირიქით, რეალობის ადგილს ოცნება იკავებს. ამ ავტორებისთვის მარტო ხმამაღალი სახელების გამო არ მოგვიყრია თავი, არამედ უფრო იმისთვის, რათა კარგად დაგვენახა დასავლური აზრის მსვლელობა ერთი თვის განმავლობაში. ამ წერილებში ქართველი მკითხველი მწარე სიმართლესაც იპოვის და გულის მოსაფხანსაც.

დავიცვათ თბილისი

ანდრე გლუკსმანი, ბერნარ-ანრი ლევი

0x01 graphic

ნუ დაუჯერებთ იმას, თითქოს საუბარი ლოკალურ კონფლიქტზე იყოს: შესაძლოა, ჩვენ ევროპის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენის პირისპირ ვდგავართ, შესაძლოა, ასეთი რამ ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ არც მომხდარა. მოსკოვიდან გვესმის ძახილი: „გენოციდი!“ - ბრალს დებს პუტინი, რომელსაც ეს სიტყვა აუშვიცის 60 წლისთავზეც კი არ უხსენებია. „მიუნჰენი“ - ღაღადებს ნაზი მედვედევი.

ამგვარად, მედვედევს სურს ჩაგვინერგოს აზრი იმის შესახებ, რომ 4,5 მილიონიანი საქართველო მესამე რაიხის რეინკარნაციაა. არ გვინდა ორი ლიდერის გონებრივ შესაძლებლობებში შევიტანოთ ეჭვი, მაგრამ გვგონია, რომ თავიანთი გადამეტებული აღშფოთებით რუსი მმართველები გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის სურვილს ამჟღავნებენ. კრემლის პოლიტოლოგები კვლავ დაუბრუნდნენ ტოტალიტარული პროპაგანდის კლასიკურ ხერხებს: რაც მეტია ტყუილი, მით უფრო ზუსტია დარტყმები.

ვინ დაიწყო სროლა პირველმა? ეს საკითხი უკვე არააქტუალურია. ქართველები უკან იხევენ სამხრეთ ოსეთიდან, დატოვეს ტერიტორიები, რომელსაც საერთაშორისო სამართალი - და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს - მათ იურისდიქციაში მოიაზრებს. ქართველები მიმდებარე სოფლებიდანაც გამოვიდნენ. ნუთუ მათ საკუთარი დედაქალაქიც უნდა დათმონ? სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის არმიის ჩარევა საკუთარი საზღვრების მიღმა მიმდინარე კონფლიქტში, ინტერვენცია გაეროს წევრი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უკვე რამდენიმე ათწლეულია არ მომხდარა პლანეტის ამ კუთხეში (უფრო ზუსტად, ავღანეთში შეჭრის შემდეგ).

1989 წელს გორბაჩოვმა უარი თქვა საბჭოთა ტანკების გაგზავნაზე პოლონეთის „სოლიდარობის“ წინააღმდეგ. 5 წლის შემდეგ ელცინმა თავი შეიკავა იუგოსლავიაში, მილოშევიჩის მხარდასაჭერად ჯარების შეყვანისგან. თავად პუტინმაც ვერ გარისკა ჯარები გამოეყენებინა ჯერ „ვარდების რევოლუციის“ (საქართველო - 2003), შემდეგ კი „ნარინჯისფერი რევოლუციის“ (უკრაინა - 2004) ჩასახშობად. დღეს კი, ყველაფერი მოირღვა და ჩვენ თვალწინ ახალი სამყარო ყალიბდება, ახალი წესებით.

რას ელოდებიან ევროკავშირი და აშშ და რატომ არ შეაჩერებენ თავიანთ მეგობარ ქვეყანაში სხვა ქვეყნის შეჭრას? თუ პროდასავლური ორიენტაციის, დემოკრატიული გზით არჩეულმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა აუცილებლად ჩამოგდებით, გადასახლებით, მარიონეტის ჩანაცვლებით ან ჩამოხრჩობით უნდა დაასრულოს ცხოვრება?! ნუთუ ისეთივე წესრიგი დამყარდება თბილისში, როგორც 1956 წლის ბუდაპეშტში ან 1968 წლის პრაღაში? ყველა ამ კითხვას ერთი პასუხი უნდა გაეცეს. უნდა გადავარჩინოთ დემოკრატია, რომელსაც სიკვდილი ემუქრება. იმიტომ, რომ ეს ამბავი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ უკრაინასაც, აზერბაიჯანსაც, ცენტრალურ აზიას, აღმოსავლეთ ევროპასა და თავად ევროპასაც. თუკი ტანკებსა და ბომბდამშენებს საქართველოს დანგრევის უფლებას მივცემთ, ამით მთელი რეგიონის ქვეყნებს, რომლებიც დიდი რუსეთის მეზობლად იმყოფებიან, მივანიშნებთ, რომ ჩვენ მათ არასდროს არ დავიცავთ და რომ ჩვენი დაპირებები მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯია, კეთილი სურვილები - უაზრობაა და ისინი ჩვენგან არაფერს უნდა ელოდნენ.

დრო ცოტა რჩება. ამიტომ, მოდით, მკვეთრად განვაცხადოთ თუ ვინაა აგრესორი - ვლადიმირ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის რუსეთი, ამ სახელგანთქმული უცნობი „ლიბერალისა“, რომელსაც თითქოს წინამორბედის ნაციონალიზმი უნდა გაეწონასწორებინა. უნდა მოვუღოთ ბოლო თავის დაძვრენისა და თვალის ახვევის რეჟიმს: ტერორისტებად გასაღებული 200 ათასი მოკლული ჩეჩნეთში; ჩრდილოეთ კავკასიის ბედი - „შიდა საკითხი“; ანა პოლიტკოვსკაია, მოკლული ჟურნალისტი; ალექსანდრე ლიტვინენკო - მარსიანელი... ამას დავუმატოთ, რომ პუტინის ავტოკრატია, რომელიც შავბნელი ტერაქტების შედეგად იშვა, რის შედეგადაც სისხლით მოირწყა 1999 წელს მთელი მოსკოვი, არაა საიმედო პარტნიორი და, მით უმეტეს, მეგობრული სახელმწიფო.

რა უფლებითაა ეს აგრესიული და უპირო ქვეყანა, რუსეთი, „დიდი რვიანის“ წევრი? რა ესაქმება მას ევროსაბჭოში? ინსტიტუციონალურ ორგანოში, რომელიც ჩვენი კონტინენტის ღირებულებების დასაცავად იშვა? რატომ უნდა ჩაიდოს დიდი ინვესტიციები - განსაკუთრებით ეს გერმანიას ეხება - ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალ გაზსადენში, რომელმაც, მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ, გვერდი უნდა აუაროს უკრაინასა და პოლონეთს? თუკი კრემლი კვლავ ჯიუტად გააგრძელებს თავის აგრესიას კავკასიაში, ხომ არ იქცევა ეს მიზეზად, რათა ევროპამ გადახედოს დიდ მეზობელთან თავისი ურთიერთობების მთელ სისტემას? რუსეთი ისევეა დაინტერესებული თავისი ნავთობის გაყიდვაში, როგორც ჩვენ ყიდვაში. ხანდახან შესაძლებელი ხდება შანტაჟისტის დაშანტაჟებაც. თუკი ევროპას გამბედაობა ეყოფა და საკუთარ ძალებში დარწმუნდება, რათა მიიღოს ეს გამოწვევა, იგი თავის სიძლიერესაც გვიჩვენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოკვდება.

ამ სტატიის ორივე ავტორი 2008 წლის 29 მარტის წერილში საჯაროდ ვთხოვდით ანგელა მერკელსა და ნიკოლა სარკოზის ხელი არ შეეშალათ საქართველოსა და უკრაინის „ნატოსთან“ დაახლოების საქმეში. მათი სწორი გადაწყვეტილება დაიცავდა ამ ქვეყნების ტერიტორიებს, გაზს ისევ მივიღებდით, ხოლო „ომის ლოგიკა“, რომელიც ასე აშინებს ჩვენს ნორპუებს, აღარ იმუშავებდა. პირიქით, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი უარი დამღუპველი სიგნალი იქნება ნაციონალ-კაპიტალისტური რუსეთის ახალი მეფეებისთვის. იგი აჩვენებს მათ, რომ ევროპა სუსტი და არასაიმედოა, რომ საქართველო და უკრაინა ადვილი დასაპყრობი ქვეყნებია და რომ ჩვენ მზად ვართ ისინი რუსეთს კვლავ აღორძინებული იმპერიალისტური ამბიციების სამსხვერპლოზე მივუტანოთ.

ყოყმანი ამ ქვეყნების ევროპული ცივილიზაციის სივრცეში ინტეგრაციის საკითხზე მთელი რეგიონისთვის დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება. სხვა სიტყვებით, ვლადიმირ პუტინისთვის დათმობა ნიშნავს, რომ მზად ვართ ჩვენი იდეალები მას შევწიროთ მსხვერპლად. თუკი უკან დავიხევთ და არანაირ ნაბიჯს არ გადავდგამთ, ამით ვერაფერს მივაღწევთ, გარდა იმისა, რომ მოსკოვის, ანუ ყველაზე შხამიანი ნაციონალიზმის, გაძლიერებას შევუწყობთ ხელს. ერთი სიტყვით, ჩვენ უარესზე ვფიქრობდით და ბოლომდე არც გვსურდა ამის დაჯერება. თუმცა უარესი უკვე მოხდა. მოსკოვი რომ არ გაღიზიანებულიყო, საფრანგეთმა და გერმანიამ ვეტო დაადო უკრაინისა და საქართველოს „ნატოში“ შესვლის პერსპექტივას. პუტინმა კარგად გაიგო ეს გზავნილი და მადლობის ნიშნად შეტევაზე გადავიდა.

დადგა დრო მეთოდები შევცვალოთ. ევროპელები - თავიანთი შინაგანი გათიშულობით დაუძლურებულნი - მოწმენი გახდნენ სარაევოს ალყისა. თავიანთი სიბრმავის გამო ისინი უმოქმედოდ აკვირდებოდნენ გროზნოს ტრაგედიას. გვაიძულებს თუ არა შიში ამჯერადაც პასიურად და დაბნეულებმა ვუყუროთ დემოკრატიის კაპიტულაციას თბილისში? კრემლის გენშტაბს არასდროს სჯეროდა „ევროკავშირის“ არსებობისა. მან ბრწყინვალედ იცის, რომ ბრიუსელიდან წარმოთქმული ლამაზი სიტყვების მიღმა ნაციონალურ სუვერენიტეტებს შორის საუკუნოვანი ქიშპობა დგას, რომლებიც ადვილად მანიპულირებადნი არიან და ერთმანეთის პარალიზებას ახდენენ.

ქართული ტესტი არსებობის ან არარსებობის საბუთია: ევროპა, რომელიც რკინის ფარდის, გუშინდელი და დღევანდელი ფაშიზმის, თავისივე კოლონიალური ომების წინააღმდეგ აღიმართა, ევროპა, რომელიც ზეიმობდა ბერლინის კედლის დაცემას და მიესალმებოდა ხავერდოვან რევოლუციას, დღეს კომის ზღვარზე იმყოფება. 1045- 2008: ნუთუ ჩვენს ერთიან ხანმოკლე ისტორიას დღეს კავკასიაში განვითარებული ტერორის ოლიმპიური თამაშები დაუსვამს ბეჭედს?

Time 14.08

ქედს ნუ მოვიხრით რუსების წინაშე

ზბიგნევ ბჟეზინსკი

0x01 graphic

წესით, „ცივი ომის“ დასასრულით ახალი ერა უნდა დაწყებულიყო, როცა დიდი სახელმწიფოები ვეღარ მოახერხებდნენ მეზობელი სახელმწიფოებისთვის იმის კარნახს, თუ როგორ მოიწყონ ცხოვრება. სწორედ ამიტომაა, რუსეთის თავდასხმა საქართველოზე ტრაგიკული მოვლენა, რომელსაც სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. დღეს მთელი მსოფლიო რუსეთს შეჰყურებს: გააგრძელებს თუ არა იგი თავისი იმპერიული მიზნების მიღწევას იძულებისა და ძალადობის მეთოდებით, თუ რუსეთი მზადაა იმუშაოს საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემის ფარგლებში, სადაც თანამშრომლობასა და კონსენსუსს სცემენ პატივს?

მოსკოვის უხეში მცდელობა, თავის ნებას დაუქვემდებაროს უმცირესი, მაგრამ დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო, სტალინურ პერიოდს გვახსენებს. საქართველოზე თავდასხმა თითქმის იგივეა, რაც საბჭოთა კავშირმა გაუკეთა ფინეთს 1939 წელს: ორივე შემთხვევაში მოსკოვმა ძალა გამოიყენა - უხეშად, უპასუხისმგებლოდ და ყველას დაუკითხავად - და ეს ერთადერთი რამის გამო მოხდა: მთლიანად დაემორჩილებინა სუსტი დემოკრატიული მეზობელი. დღეს ერთი საკითხი რჩება: შეძლებს თუ არა მსოფლიო საზოგადოება კრემლს აჩვენოს, რომ იმპერიალისტური მიზნებისთვის ძალის დაუფარავად გამოყენება დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და ეს მცდელობები მას შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

ეს კონფლიქტი წლების მანძილზე ღვივდებოდა. რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებდა საქართველოს დანაწევრებას. სეპარატისტებს რუსეთი სამგან უჭერდა მხარს: აფხაზეთში, აჭარაში და, რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთში. იგი გვერდში ედგა და დღესაც უდგას მეამბოხე მთავრობებს ამ ტერიტორიებზე. რუსეთმა შეაიარაღა მათი არმია და სეპარატისტები რუსეთის მოქალაქეობითაც გაანებივრა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლების სათავეში დემოკრატიული პროდასავლური მთავრობა მოვიდა, ეს პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდა. ანტიპათია საქართველოსა და მისი პრეზიდენტის, ამერიკაში განათლებამიღებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს ნამდვილ სიგიჟეში გადაეზარდა, იგი შეპყრობილია საქართველოთი.

ამის საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოებამ აშკარად ცოტა გააკეთა. უკანასკნელი კვირების მანძილზე, ცეცხლის შეწყვეტის მყიფე ზოლზე, საქართველოს ტერიტორია რომაა გადასერილი, მოხდა რიგი ინციდენტებისა, რომელმაც ძალადობის ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ მიგვიყვანა საქართველოს წარუმატებელ მცდელობამდე სამხრეთ ოსეთის „მთავრობის“ მოსაშორებლად. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაუგეგმავი და ბრიყვული ნაბიჯი, მაგრამ რუსეთის სამხედრო პასუხი გვაფიქრებინებს, რომ რუსეთი სულმოუთქმელად ელოდა ასეთ აქტს და მისით სარგებლობას აპირებდა, რათა შემდგომში ძალა გამოეყენებინა. სამხრეთ ოსეთში მომენტალურად შევარდნენ რუსული ჯარის უზარმაზარი კონტინგენტები და მთელს საქართველოს მოედნენ: გორი ტანკებით გაივსო, იმავე გორისა და თბილისის თავზე ბომბები ჩამოყარეს.

რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ არაა ერთჯერადი აგრესია. ფაქტი ფაქტად რჩება: პუტინსა და მის ქვეშევრდომებს კრემლში არ სურთ მიიღონ პოსტსაბჭოთა სამყაროს რეალიები. პუტინი სრულიად გულახდილი იყო, როცა ამბობდა, საბჭოთა კავშირის დაშლა „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“-ო. პუტინის რეჟიმის თვალსაზრისით, დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყნები არა მხოლოდ ისტორიული ანომალიაა, არამედ რეალურ პოლიტიკურ საშიშროებასაც შეიცავს.

შემდეგ „ცხელ წერტილად“, სავსებით შესაძლებელია უკრაინა იქცეს. რუსეთის ხელმძღვანელობა უკვე ღიად აცხადებს, პატივი სცენ მას და არა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის ლიდერებმა ასევე არაერთხელ აღნიშნეს, რომ ყირიმი - უკრაინის ნაწილი - ოდესმე კვლავ გახდება რუსეთი. მისმა მოლდოვას მიმართ გატარებულმა ასეთივე პოლიტიკამ უკვე მიიყვანა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ფაქტობრივ დანაწევრებამდე. უფრო მეტიც, მოსკოვი აგრძელებს თავისი მეზობლების, ყაზახეთისა და უზბეკეთის ეკონომიკურ იზოლირებას ცენტრალურ აზიაში. ხოლო რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებს, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს, ისინიც არაერთხელ გახდნენ რუსეთის მხრიდან მუქარის, ასევე ეკონომიკური სანქციებისა და დამანგრეველი კიბერნეტიკული ომის მსხვერპლნი.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებლობა. რუსეთი კვლავ ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს რაღაც ზენაციონალური წარმონაქმნი, რომელსაც კრემლი მართავს და მოიცავს ყოფილი საბჭოთა ტერიტორიის უდიდეს ნაწილს. ამგვარი დამოკიდებულება, გარკვეული აზრით, ასახავს ნაციონალისტურ განწყობილებებს, რომლითაც გაჟღენთილია რუსული პოლიტიკური ელიტა. ვლადიმირ პუტინმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად კი პრემიერ-მინისტრმა, კარგად აუღო ალღო ამ ტალღას, ახდენს მის პოლიტიკურ ექსპლუატაციას და ავრცელებს მას რუსეთის შიგნით. საუბარი დაიწყეს კუბაზე რუსეთის ჯარების შეყვანის შესახებაც, რითაც თითქოს ისინი შურს იძიებდნენ აშშ-ზე, რომელმაც პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

დასავლეთისთვის, განსაკუთრებით კი აშშ-სთვის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მორალური და გეოსტრატეგიული გამოწვევაა. მისი მორალური ასპექტი ცხადზე ცხადია: პატარა ქვეყნისთვის, რომელმაც სულ ახლახან მიიღო დამოუკიდებლობა ლამის ორსაუკუნოვანი რუსული ბატონობის შემდეგ, საერთაშორისო მხარდაჭერა მხოლოდ თანაგრძნობის ფორმით არაა საკმარისი. ხოლო რაც შეეხება გეოსტრატეგიულ საკითხებს, დამოუკიდებელი საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვანი რგოლია მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის შენარჩუნებისთვის. დღეს მილსადენი, სადაც ნავთობი კასპიის ზღვიდან საქართველოს გავლით თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთში გაედინება, დასავლეთისთვის ცენტრალური აზიის ენერგორესურსებს ხდის ხელმისაწვდომს. თუკი დასავლეთისთვის ეს მისადგომი გაქრება, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას იგი მნიშვნელოვანწილად დაკარგავს.

დასავლეთმა ზუსტი და მტკიცე პასუხი უნდა გასცეს რუსეთის აგრესიას. „მტკიცე“ არ ნიშნავს „ძალას“. ახალი „ცივი ომის“ დაწყებასაც არა აქვს აზრი. თუმცა დასავლეთმა, და პირველ რიგში აშშ-მ, უნდა გააგრძელოს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია რუსეთის საქციელის დასაგმობად. პრეზიდენტობის კანდიდატებმა - ბარაკ ობამამ (რომელსაც მე ვგულშემატკივრობ) და ჯონ მაკკეინმა - მხარი უნდა დაუჭირონ პრეზიდენტ ბუშის ძალისხმევას რუსეთის მოქმედებებთან დაპირისპირების საქმეში. ამ საკითხზე აუცილებელია ერთიანი პოზიცია, რომელიც ორივე პარტიისთვის ხელსაყრელი იქნებოდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი კანდიდატის მომხრემ უკვე დაიწყო თავისი ოპონენტების საქართველოს კრიზისის შესახებ გამონათქვამთა კრიტიკა. ასე არ შეიძლება, ეს კრიზისი ძალზე მნიშვნელოვანია.

იმაზე საუბარი, თუ რა კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს დასავლეთმა, ჯერ ნაადრევია, თუმცა აუცილებელია ისე მოვიქცეთ, რომ რუსეთმა შეიგნოს: იგი საერთაშორისო ოსტრაკიზმის საშიშროების წინაშე დგას. განსაკუთრებით მტკივნეული იქნება ეს რუსეთის ახალი ბიზნეს-ელიტისთვის, რომელიც ძნელად უძლებს გლობალური ფინანსური სისტემის მხრიდან ზეწოლას. გავლენიან რუს ოლიგარქებს დასავლეთის ბანკებში ანგარიშებზე ასეულობით მილიარდი დოლარი უდევთ და „ცივი ომის“ დაწყების შემთხვევაში ბევრს კარგავენ, რადგან, ამგვარი დაპირისპირების შედეგად, დასავლეთმა შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე გაყინოს ეს ანგარიშები.

რაღაც მომენტში დასავლეთმა ოლიმპიური საკითხიც უნდა გაიხსენოს. თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ადეკვატურად არ გადაწყდება (მაგალითად, ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში მართლა საერთაშორისო ძალების შეყვანას რუსების ნაცვლად), აშშ-მ უნდა განიხილოს 2014 წლის ოლიმპიადაში არმონაწილეობის ვარიანტიც. ეს ოლიმპიადა რუსეთის ქალაქ სოჭში გაიმართება და იგი ძალიან ახლოსაა საქართველოს დარღვეულ საზღვართან. მით უმეტეს, პრეცედენტი უკვე გვაქვს: სწორედ კარტერის მთავრობაში ვმუშაობდი, როცა ოლიმპიური ჩირაღდანი ჩვენს სიმბოლურ იარაღად იქცა. მაშინ საბჭოთა კავშირის ავღანეთში შესვლის საპასუხოდ, ჩვენ უარი ვთქვით მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. საბჭოთა კავშირი აპირებდა პროპაგანდისტული შოუ მოეწყო - დაახლოებით ისეთი, როგორიც ჰიტლერმა მოაწყო 1936 წელს ბერლინში, მაგრამ ამერიკის ბოიკოტმა ლეონიდ ბრეჟნევსა და მის კომუნისტურ სისტემას ძლიერი დარტყმა მიაყენა და მოსკოვს არ მისცა საშუალება მსოფლიო ტრიუმფით დამტკბარიყვნენ.

საქართველოს კრიზისი გამოცდაა რუსეთისთვის. თუკი პუტინი თავისას გაიტანს, დაიმორჩილებს საქართველოს და ჩამოაგდებს არჩეულ პრეზიდენტს (ამისკენ, როგორც ვიცით, ღიად მოუწოდებდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), მაშინ უკრაინამდე და სხვა დამოუკიდებელ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებამდე ორი ნაბიჯი დარჩება და მათი დამორჩილება დროის საკითხი იქნება მხოლოდ. დასავლეთმა თავისი პასუხი უნდა გასცეს ამ ყველაფერს - აკურატული, მაგრამ მორალურად და სტრატეგიულად ზუსტი პასუხი. დასავლეთის მიზანია დემოკრატიული რუსეთი, გლობალური სისტემის კონსტრუქციული მონაწილე, სისტემის, რომელიც სუვერენიტეტის, კანონისა და დემოკრატიის პატივისცემას ემყარება. თუმცა ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი სამყარო გააგებინებს მოსკოვს, რომ რაც არ უნდა ეცადოს, ჩვენს პოსტიმპერიულ დროში ვერანაირი მხურვალე ნაციონალიზმი რუსეთს ახალ იმპერიას ვერ აუშენებს.

New Yorker 22.08 დასავლეთი

ზღვრული ვითარება

დევიდ რემნიკი

0x01 graphic

1993 წელს, სექტემბრის ერთ მზიან დღეს, მანამ, სანამ მისი 20 წლიანი დევნილობა დასრულდებოდა, ლიხტენშტაინის დედაქალაქ ვადუზეში ალექსანდრე სოლჟენიცინი სიტყვით გამოვიდა, რაც იშვიათად ხდებოდა ხოლმე. იგი საკმაოდ ენერგიულად გამოიყურებოდა, თუმცა მისი ეპიკური ღვაწლი, როგორც საბჭოთა რეჟიმის მემატიანესი, ფაქტობრივად დასრულებული იყო. ნაწარმოებებში „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“, „კიბოს კორპუსი“, „წრე პირველი“, განსაკუთრებით კი „არქიპელაგი გულაგი“ მან არა მხოლოდ ფარდა ახადა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოწყობილი რეპრესიებისა და ნგრევის საიდუმლოს, არამედ კომუნისტური იდეოლოგიისა და მოსკოვის იმპერიის ნგრევა იწინასწარმეტყველა.

თუმცა, ვადუზეში გამოსვლისას, ურყევმა კონსერვატორმა, სოლჟენიცინმა არ მიიჩნია საჭიროდ შეერთებოდა იმ ეიფორიას, რომელსაც მაშინ დასავლეთი მოეცვა. მას ღრმად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ იდეოლოგიის, ძალადობისა და იმპერიული პოლიტიკის საზღაური ჯერ კიდევ სრულად არ იყო გადახდილი. თუკი ამერიკელი ტრიუმფალისტები ჯერ კიდევ იმეორებდნენ გაცვეთილ კლიშეებს ცივ ომში რეიგანის გამარჯვების შესახებ, მწერალს ის აღელვებდა, რომ ძველი, მონანიებას გადარჩენილი ელიტა, ყოფილი პარტიული ბოსები და სუკის თანამშრომლები ასე ადვილად გადაიქცნენ „დემოკრატებად“ და „ბიზნესმენებად“: „ცოტა ხნის წინ გულუბრყვილო ზღაპარი გვიამბეს „ისტორიის დასასრულის“ შესახებ, უსაზღვრო ტრიუმფზე საყოველთაო დემოკრატიული კეთილდღეობისა; ჩვენ გვაუწყეს, რომ მსოფლიო საბოლოოდ ჩამოყალიბდა. მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავთ და ვგრძნობთ: მოდის აბსოლუტურად განსხვავებული, ახალი, და შესაძლოა, სასტიკი ძალა. არა, სიმშვიდე არ დაისადგურებს ჩვენს პლანეტაზე და მას ასე ადვილად ვერ მოვიპოვებთ“.

3 აგვისტოს სოლჟენიცინი გარდაიცვალა; იგი დონის მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს, ტურგენევის გვერდით. ვლადიმირ პუტინი, სუკ-ის ყოფილი ოპერატიული მუშაკი, ამჟამად კი რუსეთის ფაქტიური პრეზიდენტი, საერთოდ არ მოერიდა გროტესკულობას (არადა, მისი პირიდან გაჟღერებული ეს სიტყვები სწორედ გროტესკულად ჟღერდა) და პატივი მიაგო მწერლის ერთგულებას „თავისუფლების, სამართლიანობისა და ჰუმანიზმის იდეალებისადმი“. იმავე კვირას, პეკინში, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ჩასული, პუტინი სხვა სახელმწიფოთა მეთაურებთან ერთად განიხილავდა სრულიად არასპორტულ საკითხს: თავის ბრძანებას ტანკებისა და მოტომსროლელთა შეყვანის შესახებ სამხრეთ ოსეთის კავკასიურ რეგიონში. მისმა არმიამ საქართველოს ტერიტორიასაც შეუტია, განსაკუთრებით დაზარალდა გორი, იოსებ ჯუღაშვილის მშობლიური ქალაქი, რომელიც უფრო სტალინის სახელითაა ცნობილი და რომელმაც თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა არამდგრადი კავკასიური მოზაიკის მორიგ ცვლილებაში.

„გულუბრყვილო ზღაპრის“ ნაწილი გახლდათ ის იმედი, რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი დაშლა ახალ ისტორიულ პრეცედენტს შექმნიდა. ქედმაღლობითა და ამბიციებით დაბრმავებული იმპერიები იშვიათად იხედებიან ფეხქვეშ, რათა გააცნობიერონ, რა სირთულეებს აწყდებიან ახალ ტერიტორიებთან და მოსახლეობასთან ერთად; კიდევ უფრო ნაკლებად აღელვებთ მათ საშინელი ნაიარევები და „შენელებული მოქმედების ნაღმები“, რომელთაც ისინი სცენიდან წასვლის შემდეგ ტოვებენ. ამის აუარება მაგალითი არსებობს: ოტომანთა იმპერიის დასასრულმა სომხების ჟლეტამდე და ახლო აღმოსავლეთის არანორმალურ საზღვრებამდე მიგვიყვანა, ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობაა ომები ირლანდიაში, პალესტინაში, ნიგერიაში და ინდოეთის სუბკონტინენტზე, საფრანგეთისა - გარდაუვალი ძალადობა უზარმაზარ ტერიტორიაზე, ალჟირიდან - ინდოჩინეთამდე.

სსრკ-ს დემონტაჟი არ მომხდარა „ქირურგიული სიზუსტით“, მასში ჩადებული საფრთხეები სულ მცირე ხანს იყო ცხრაკლიტულში გამოკეტილი. 1991 წლის დეკემბერს, პოლონეთის საზღვართან მდებარე სანადირო აღკვეთილში გამართული ლოთობის შემდეგ, არყით გამობრუჟულმა რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, ასევე ბელარუსისა და უკრაინის ლიდერებმა „დაშალეს“ ქვეყანა, რომელიც თავის დროზე ბოლშევიკებმა, უფრო ადრე კი მათმა წინამორბედებმა, რუსმა მეფეებმა შექმნეს და ერთი ხელმოწერით უმუშევრად დატოვეს მიხაილ გორბაჩოვი. „კარგად მახსოვს თავისუფლებისა და სიმსუბუქის ის უეცარი შეგრძნება, რომელმაც მაშინ მომიცვა“ - ასე იხსენებდა ელცინი ამ მოვლენას. თუმცა, მისი მემკვიდრე პუტინი, დაზვერვის ოფიცერი, რომელიც იმ წლებში გდრ-ში მუშაობდა, აღშფოთებას ვერ მალავდა „პერესტროიკის“ გამო და მომხდარს სულ სხვანაირად აღიქვამდა. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, საიდუმლო საბუთების დაწვისას, იგი თავს მიუსაფრად გრძნობდა და ხვდებოდა, რომ პარტიამ და იმპერიამ, რომლის დაცვასაც მას ასწავლიდნენ, იგი მიატოვა; მოგვიანებით მან სსრკ-ს დაშლას „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა“.

გათავისუფლებული ხალხების მიერ ნებაყოფლობითი და ეფექტური თანამეგობრობის შექმნის ლამაზი პერსპექტივისგან მხოლოდ სევდიანი მოგონებები დარჩა. ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გარდა (განსაკუთრებით ესტონეთის) ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, თუკი სადმე ვითარდებოდა დემოკრატია, მხოლოდ ნელი ტემპებით და არათანაბრად. ცენტრალური აზიის ქვეყნებში - ე.წ. „სტანებში“ - მოდელების მთელს სპექტრს ვხედავთ ჩრდილოკორეული „პიროვნების კულტიდან“ დაწყებული (თურქმენეთში), ნავთობის ავტოკრატიით დამთავრებული (ყაზახეთში), რომელსაც „მონარქი“ მართავს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. ბელარუსის სათავეში დგას წვრილფეხა დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელსაც ერთ გერმანულ გაზეთთან ასეთი რამ წამოცდა: „ყველაფერი როდია ცუდი, რაც ყბადაღებულ ჰიტლერთან არის დაკავშირებული“. აზერბაიჯანში პატრიარქმა ჰეიდარ ალიევმა, რომელმაც თავის დროზე კგბ-ს გენერლის წოდებასაც მიაღწია, ტახტი თავის შვილს, ილჰამს გადაულოცა. და ა.შ. თვითმპყრობელობის, დანაშაულისა და ნაციონალიზმის დონემ პოსტსაბჭოთა სივრცეში ისეთ ეპიკურ და დამანგრეველ მასშტაბებს მიაღწია, რომ ისტორიკოსმა სტივენ კოტკინმა ყოფილი სსრკ-ს ყველაზე ჩამორჩენილ რესპუბლიკებს „ნაგავსტანები“ (ქვეყნების დაბოლოებების ანალოგიით) უწოდა.

1994 წლამდე მოსკოვს ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე ძალადობის მასშტაბური აქტებისთვის არ მიუმართავს, მაგრამ როცა ეს მოხდა, არენად, რა საკვირველია, კავკასია იქცა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ეთნიკური ვნებებისა და კონფლიქტების სახდელ ქვაბად იქცა. ჩეჩნეთის დედაქალაქის მიწასთან გასწორებით, ელცინმა ლინდონ ჯონსონის ტრაგიკული გზა გაიმეორა - პოლიტიკოსისა, ვისი თავდაპირველი დემოკრატიული მისწრაფებებიც ჯიუტმა სიმტკიცემ გადაფარა, რომლითაც იგი უაზრო და უიმედო ომს აწარმოებდა. ვლადიმირ პუტინი, ელცინისგან განსხვავებით, არც ცდილობს დემოკრატად გვაჩვენოს თავი. მას ერთი მიზანი აქვს - რუსეთის გავლენისა და პოზიციების აღდგენა. და ახლა, როცა სამყარო სამართლიანად კიცხავს მის დაუნდობელ შეჭრას საქართველოში, კარგი იქნება, სამყაროს მისი თვალითაც შევხედოთ.

ცალკე აღებული, დასავლეთის მოქმედებები სსრკ-ს დაშლის შემდეგ - ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების „ნატოში“ გაწევრიანებით დაწყებული, კოსოვოს დამოუკიდებლობით დამთავრებული - სტრატეგიული და ზნეობრივი თვალსაზრისით გამართლებული ჩანს. მაგრამ მთლიანობაში ამ ნაბიჯებს შეუძლებელი იყო რუსების ეროვნული სიამაყე არ შეელახა, განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ 90-იან წლებში მათ ქვეყანაში ვითარება უპრეცედენტოდ გაუარესდა. რიგით რუსებსაც კი ძალიან არ სიამოვნებთ დასავლეთის და, განსაკუთრებით, აშშ-ს მიერ წაკითხული ლექციების სმენა სუვერენიტეტისა და „ზნეობრივი დიპლომატიის“ შესახებ, ქვეყნისგან, ვისი „ნამსახურობის ნუსხაც“ ჯერ კიდევ ერაყამდე მოიცავდა მრავლად უცხოურ ინტერვენციებს (როგორც ღიას, ასევე „ფარულ ოპერაციებს“), ანუ ე.წ. „სხვა ხერხებით განხორციელებულ პოლიტიკას“. ახლა კი, მას შემდეგ, რაც გახმაურდა ბუშის ადმინისტრაციის მოქმედებები ერაყის ომის წინ და ის ფაქტი, რომ იგი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მიმართავდა წამებას, უცხოელი ლიდერები, პუტინზე რომ არაფერი ვთქვათ, არანაირ რეაგირებას არ მოახდენენ ვაშინგტონის მორალურ ქადაგებებზე. ამაშია ამერიკისა და მთელი მსოფლიოს ტრაგედია.

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მას შემდეგ, რაც 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დაბომბვის ბრძანება გასცა, პუტინისთვის ასე სასურველი casus belli შექმნა. თუმცა, პუტინის ომს, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო ოსეთის სილამაზესთან, „სათავადოსი“, რომელსაც რუსული სპეცრაზმები და მაფიოზური ბანდები მართავენ. ესაა „საჩვენებელი ომი“, პუტინი ძალის გამოყენებისადმი თავისი მზადყოფნის დემონსტრირებას ახდენს, პირდაპირ აცხადებს, რომ „ნატოში“ შესვლა საქართველოსა და უკრაინას ძვირი დაუჯდება, რომ აშშ ფარისეველი სახელმწიფოა, რომელმაც ვერ განსაზღვრა თავისი რესურსები, სხვა პრობლემებში ჩაეფლო და თავის დროზე საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის მიცემულ პირობას, ტერიტორიების დაცვის შესახებ, არ ასრულებს.

ბევრმა ნეოკონსერვატიული ყაიდის კომენტატორმა, ჯონ მაკკეინთან ერთად, ნაჩქარევად შეაფასეს ეს კონფლიქტი და ჩვეულ ანალოგიებს მიმართეს ნაცისტებთან, 1956 წლის ბუდაპეშტთან და 1968 წლის პრაღასთან, თუმცა ამგვარმა ანალოგიებმა შეიძლება აჩქარებული პოლიტიკური ნაბიჯები გადაგვადგმევინოს. როგორც ცნობილი ბრიტანელი თეოლოგი, ეპისკოპოსი ჯოზეფ ბატლერი ამბობდა: „ყველა საგანი ცალკე უნდა განვიხილოთ და არ შეიძლება იგი სხვა რამეში ავურიოთ“. „კომიქსური“ რიტორიკა მხოლოდ იმ საშიშროებას დააბრუნებს, რომელზეც, როგორც ჩანს, ზოგიერთი კონსერვატორი მხოლოდ ოცნებობს. საუბარია „სხვაზე“, მტრის ხატზე, სამყაროს დაყოფაზე პრინციპით „ჩემიანი/სხვა“ და „ცივი ომის“ სხვა სტერეოტიპებზე.

მხოლოდ ქვის გულიან ადამიანს არ შეძრავდა სანახაობა თბილისში გამართულ მიტინგზე, როცა სააკაშვილთან მხარდამხარ დადგნენ უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა ლიდერები. მაგრამ პუტინი სტალინი ან ჰიტლერი არ არის და არც ბრეჟნევია. იგი ისაა, ვინცაა, და ეს, ვაი რომ, საკმარისზე მეტია. 2008 წლის არჩევნების განმავლობაში მან დემოკრატიული პროცედურები ფარსად აქცია და არსებითად ანტიკონსტიტუციური მესამე ვადა გაინაღდა. პრესა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება და საქმიანი ელიტა პუტინს ჯიბეში ჰყავს - ოპოზიცია კი ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს. მაგრამ პუტინს ასევე ესმის, რომ რუსეთი ვერ შეძლებს იმპერიისა და გულაგის აღდგენას. მას დასავლეთი სჭირდება ბაზრისთვის. საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი გაკვეთილი ასე ჟღერს: იზოლაციას სიღატაკემდე მივყავართ. ამიტომაც პუტინი უფრო ეშმაკურ თამაშს თამაშობს: იგი მართავს ერთპიროვნულად და, იმავდროულად, სოლჟენიცინის ქვრივს სტუმრობს. პუტინის დასაძლევად პოლიტიკური ოსტატობის გარკვეული დონეა საჭირო, რომელიც ბევრად აღემატება - როგორც უკვე დავრწმუნდით - ჩვენი ახლანდელი ხელისუფლების შესაძლებლობებს.

The Times 26.08 დასავლეთი

ახალი ახალი მსოფლიო წყობა

სარედაქციო წერილი

0x01 graphic

ჯორჯ ორუელის აზრით, ყველაზე სერიოზული სპორტი სროლის გარეშე ომია. მაშინ გამოდის, რომ პეკინის ოლიმპიადა მსოფლიო ომი იყო, რომელიც, ამერიკელების აზრით, ამერიკელებმა მოიგეს (რომელთაც მედლების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავეს), თუმცა, მთელი დანარჩენი სამყაროს აზრით, ამ ომში ჩინელებმა გაიმარჯვეს (რომელთაც ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვეს).

ოლიმპიადა, უკვე კარგა ხანია, დიდი სახელმწიფოების მშვიდობიანი შეჯიბრის არენად იქცა, რომელიც ჩვენი სამყაროს სიმდიდრისა და ძალების დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადანაცვლებას ასახავს. „ჩიტის ბუდიდან“ შორს (პეკინის ნაციონალური სტადიონი იგულისხმება) იდეათა კიდევ უფრო შემაშფოთებელი შეჯიბრი მიმდინარეობს. ამ საუკუნეში ტერორიზმმა და გლობალურმა დათბობამ უკვე გააკეთა განაცხადი როგორც ორმა ეგზისტენციალურმა საშიშროებამ მთელი სამყაროს ადამიანებისთვის. 11 სექტემბრის ტერაქტების ნიჰილიზმისა და კლიმატის ცვლილებების აპოკალიფსური გაფრთხილებების გარდა, თავმოყვარე ავტოკრატიებმა - ჩინეთმა, რუსეთმა და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა - დასავლური სტილის დემოკრატიული ლიბერალიზმის არამხოლოდ ლეგიტიმურობის, არამედ სასურველობის გამოწვევაც დაიწყეს.

ამავე ოლიმპიურ კვირებში რუსეთი აწარმოებდა და მოიგო ნამდვილი ომი საქართველოსთან, რომლის გაგრძელებადაც იქცა გუშინდელი მუქარა, რომელიც „ნატოს“ ძალებს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გავლით უკრძალავდა ავღანეთში შესვლას. აბუ-დაბის საინვესტიციო მმართველობა, რომელმაც უკვე იხსნა ამერიკული საბანკო გიგანტი ჩიტი-გროუპ, ზედმეტი ხმაურის გარეშე დგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს კორპორაცია Daimler-ის აქციების საკვანძო პაკეტის შესაძენად. ბარაკ ობამამ კი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა: საუბარია ჯო ბაიდენზე, რომელმაც თავის დროზე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე დაგვამახსოვრა თავი.

პარადოქსი აქ შესაძლოა მხოლოდ იმაში მდგომარეობდეს, რომ ბაიდენის გამოცდილება საგარეო პოლიტიკის სფეროში აბსოლუტურად არააქტუალური გახდება. ახალ ავტოკრატებთან საქმის დასაჭერად, ამერიკის ახალ პრეზიდენტს პოლიტიკურ ფილოსოფიაში გარკვევა მოუწევს. მათი დაცინვა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე გლობალური ჯიჰადისა და მათ უფრო მეტი ალბათობით შეუძლიათ ლიბერალური დემოკრატიის დასავლური მოდელი შეარყიონ, რომელიც დასავლეთ სამყაროს კეთილდღეობის საფუძველს წარმოადგენს 1945 წლიდან.

მთავარი ავტოკრატები - ხუ ძინტაო და ვლადიმირ პუტინი - აყვავებას განიცდიან, იმიტომ, რომ შეძლეს შეეთავაზებინათ თავიანთი მოქალაქეებისთვის პირადი კეთილდღეობა პოლიტიკური მორჩილების საფასურად. თანაც ისინი არაფრად აგდებენ დასავლურ პროგნოზებს, რომლებიც დემოკრატიისადმი მასების მისწრაფებას ეხება.

დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანისთვის ყველაფერი ამის შედეგი საგულდაგულოდ კულტივირებული ნაციონალიზმია, ისეთი, როგორსაც ჩვენ პეკინში ვხედავთ. გაცილებით უფრო შემაშფოთებელია ავტოკრატიათა გაძლიერება დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისთვის. იგი არღვევს კონსენსუსის აუარება მცდელობას გაეროსა და სხვა ინსტიტუტების მხრიდან, იმ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრის ერთადერთი იმედი და გზა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობაში მდგომარეობს. მთელი მსოფლიოდან მიღებულ ახალ ამბებში, ზიმბაბვედან - ღაზამდე და საქართველოდან - დარფურამდე, მსხვერპლის შესახებ მიღებული ინფორმაციები დომინირებს.

1991 წლის იანვარში აშშ- პრეზიდენტმა ბუშმა (მამამ) ოვალური კაბინეტიდან განუცხადა ამერიკელებს, რომ საბჭოთა კომუნიზმის ნგრევა იძლეოდა შესაძლებლობასშევქმნათ ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის სამყაროს ახალი წყობა; მსოფლიო, სადაც ქვეყნების საქციელს განსაზღვრავს კანონის უზენაესობა და და არა ჯუნგლების კანონი“. მომდევნო წელს ფრენსის ფუკუიამამ ისტორიის დასასრულის შესახებ განაცხადა, რომელიცცივ ომშიდემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრების გამარჯვებამ გამოიწვია.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომლის შესახებაც ასეთი ენთუზიაზმით საუბრობდა მამა-ბუში, ფუკუიამა კი, როგორც აღმოჩნდა, მწარედ ცდებოდა. ისტორია დაბრუნდა, და თანაც როგორ! დაიწყო ისტორიის ახალი თავი, რომელშიც დასავლელი დემოკრატები (რომელიც უფრო ფართო გაგებით სამხრეთ ამერიკისა და შორეული აღმოსავლეთის დიდ ნაწილსაც მოიცავს) იძულებულები არიან კვლავ დაიცვან თავისუფლების ფუძემდებლური იდეები.

დასავლელ მომხმარებელს ზედმეტად კარგად ესმის ახალი სამყაროს პირობებში თავიანთი დანახარჯის როლი. ენერგომატარებლებზე მოთხოვნილების წარმოუდგენელმა ზრდამ ნავთობზე ფასის ზრდაც გამოიწვია ბარელზე 16 დოლარიდან (2001 წელს) დღევანდელ 115 დოლარამდე. პროგნოზების მიხედვით, მინიმუმ 5 წლის მანძილზე ფასები ბარელზე 120-140 დილარის ფარგლებში დარჩება. ეს გამოიწვევს ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების სუვერენული საინვესტიციო ფონდების ზრდას 3 ტრილიონი დოლარიდან 15 ტრილიონამდე 2015 წლისთვის. ამათგან უმთავრესი ქვეყანა კი რუსეთია და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები.

როგორც ჩანს, ზრდის ტემპი ჩინეთსა და ინდოეთში შენარჩუნდება. ინფლაცია, რომელიც ძირითადად სურსათზე და ენერგომატარებლებზე ადგილობრივი მოთხოვნილებითაა გამოწვეული, შეანელებს ორნიშნა ციფრებით გამოხატულ ზრდას, რომლის წყალობითაც მილიონობით ადამიანი უკვე აღარ ცხოვრობს სიღატაკეში. მაგრამ მათი ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომელიც, ჩინეთის შემთხვევაში, გაცვლით კურსებზე კონტროლის ხარჯზე მყარდება, აგრძელებს მათივე საზოგადოების ტრანსფორმირებას. ერთ-ერთი პროგნოზის თანახმად, 2020 წლისთვის ჩინეთის საშუალო კლასი შვიდჯერ გაიზრდება და უზრუნველყოფილ ადამიანთა ამ 700 მილიონიან არმიას მანქანები, ბენზინი და საშენი მასალები დასჭირდება.

2020 წლისთვის ინდოეთის საშუალო კლასის რიცხვი 500 მილიონს გადააჭარბებს, მათ შორის ზრდასრულებს ხმის უფლებაც ექნებათ. დემოკრატიისა და ზრდის წარმატებული შერწყმა სუბკონტინენტზე ადასტურებს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ კეთილდღეობის ზრდას ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის საჭიროებასთან მივყავართ. მაგრამ დღეს ეს არგუმენტი სუსტი ჩანს, როგორც არასდროს.

არაბეთის გაერთიანებული ემირატები, რომელიც თანამედროვე, ახალი სიმდიდრის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს, დივერსიფიკაციაში ახდენს ინვესტირებას, ნებისმიერი კაპიტალისტის ჯინაზე. დუბაი - ზღაპრული ქალაქია, მისი ყველაზე მაღალი შენობა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დასრულდება, მაგრამ იგი უკვე არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა. დუბაის არაფრით ჩამოუვარდება აბუ-დაბიც, რომელმაც 200 მილიარდი დოლარი მარტო ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და საკონფერენციო დარბაზებში ჩადო. მალე სპარსეთის ყურის ქვეყნებში წლიური ჯამური შემოსავალი ჩინეთისას გადააჭარბებს, ხოლო დასავლური ტრანსნაციონალური კომპანიები, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ახლო აღმოსავლეთის ბაზრის წილისთვის იბრძვიან. თუმცა, ემირატების, როგორც გლობალური ინვესტორის, განზრახვა გაუმჭვირვალე რჩება, ხოლო დემოკრატიისკენ მათი სწრაფვა - მინიმალური.

რუსეთში კი პუტინმა ისარგებლა ნავთობიდან ამოღებული ფულით, რომელიც აგერ უკვე 7 წლის მანძილზე უწყვეტ ნაკადად შეედინება მის ქვეყანაში, გადაიხადა საბჭოთა პერიოდში უცხო ქვეყნებისგან აღებული ვალები და 480 მილიარდ დოლარიანი სავალუტო მარაგი შექმნა. ეს ფული მას თავისუფლად მისცემს საშუალებას დააფინანსოს ახალი რუსეთის ყველაზე პრესტიჟული პროექტი, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა. მაგრამ მისი „მართვადი დემოკრატია“ მხოლოდ პაროდიაა ნამდვილზე, დაპირებული კანონის უზენაესობა კი არ არსებობს.

ოლიმპიადა ჩინეთს 40 მილიარდი დაუჯდა, მაგრამ ეს 1%25-ზე ნაკლებია იმ თანხისა, რომელსაც პეკინი თავის ინფრასტრუქტურაში აბანდებს. ოლიმპიური ბიუჯეტი არაფერია იმ 500 მილიარდ დოლართან შედარებითაც, რომელიც ჩინეთმა აშშ-ს ფასიან ქაღალდებში ჩადო. ტიანანმენის მოედანზე განვითარებული მოვლენებიდან 19 წლის შემდეგ ბევრს ვაშინგტონში იმედი ჰქონდა, რომ ჩინეთში ახალი დემოკრატიული ტალღის წინაპირობებს ქმნიდნენ, რომელიც ყველაფერს აღგვიდა თავისი გზიდან. ამის ნაცვლად, ჩინეთის ერთპარტიული კაპიტალისტური საოცრება მათივე ფინანსური სისტემის საყრდენად იქცა.

ავტოკრატები რომ ყოველთვის ასეთი დიდსულოვნები იყვნენ! ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა პოსტის დაკავებისთანავე დაიწყო პეკინის, ახლა კი მოსკოვის დარწმუნება, რომ დასავლურ „წესებზე დამყარებულ სისტემაში“ შესვლა მათთვის მომგებიანი იქნებოდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. წარუმატებლობის ერთ-ერთი პირველი დამადასტურებელი იყო ჩინეთის უარი სუდანისა და ზიმბაბვეს ლიდერების, ალ-ბაშირისა და მუგაბეს მხარდაჭერის შეწყვეტაზე. რუსეთის უარი, პატივი სცეს საქართველოს საერთაშორისო საზღვრებს და შეასრულოს ცოტა ხნის წინ ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ამ ორივე შემთხვევაში მილიბენდის ხვეწნა-მუდარაზე პასუხი წესების იგნორირება იყო. არსებითად, იმ წესების, რომელსაც 1940- იან წლებში ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილი გლობალური ინსტიტუტები განასახიერებენ - და ეს იგნორირება ვიწრო ნაციონალური ინტერესების გამო ხდებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მედიდური ტონით საუბრობდა „იდეებისთვის ნამდვილად კონკურენტული გარემოს“ შექმნაზე საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ შედეგი ისევ ისეთი გვაქვს: „გაეროს“ უშიშროების საბჭო პარალიზებულია, სადაც გასული თვის მანძილზე საქართველოსთან და ზიმბაბვესთან დაკავშირებული საერთაშორისო ინიციატივები რუსეთისა და ჩინეთის ვეტოს გამო ჩაიშალა.

ავტოკრატიების თავდაჯერებულობა კარგს არაფერს უქადის ახალგაზრდა დემოკრატიებს, რომლებიც ამ ავტოკრატიათა გავლენის სფეროებში იმყოფებიან (საქართველოდან და უკრაინიდან დაწყებული, ინდონეზიით დამთავრებული). იგივე შეიძლება ითქვას კარგა ხნის წინანდელ სამშვიდობო ინიციატივებზე ქაშმირსა და ახლო აღმოსავლეთში, ან მორიგ საერთაშორისო კრიზისზე, რომელიც ასევე კონსენსუსით შეიძლება გადაწყდეს, მნიშვნელობა არა აქვს არქტიკაში მშვიდობის შენარჩუნების საკითხი იქნება ეს, ანტარქტიდის ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნება, თუ კოსმოსი ბირთვული იარაღის გარეშე.

თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები და ევროპელი ლიდერები უიმედობამ არ უნდა მოიცვას. ლიბერალური დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრების ნაზავი მართვის ყველაზე ჰუმანურ, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მყარ სისტემად რჩება, რომელიც კი ადამიანს მოუგონია. სწორედ მას უნდა უმადლოდნენ თავიანთ ძალას ჩინეთი, რუსეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ მათ მმართველ ელიტას ლეგიტიმურობის ფუნდამენტური არარსებობა ახასიათებს, რაც კიდევ უფრო ასუსტებს მათ პოზიციებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიანი, ახალი ავტოკრატიები წესებზე დამყარებულ სისტემებში ჩავრთოთ, მაგრამ ეს სისტემები მოდერნიზაციას საჭიროებს, რომელიც მხოლოდ დასავლური სახელმწიფოების საქმე არაა.

ჩინეთი, რუსეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები იაფი წარმოებისა და ძვირიანი ნავთობის ხარჯზე გამდიდრდნენ. ისინი იმით გათამამდნენ, რომ კარგად დაინახეს სოციალური დისფუნქცია, ეკონომიკური არასტაბილურობა და დასავლეთის საგარეო პოლიტიკური ქედმაღლობა. არსებობს საფრთხე, რომ ისტორიის მარში გლობალური დემოკრატიისა და „მსოფლიო თანამეგობრობის“ მიმართულებით, რომელიც ერთიანი ძალისხმევით იბრძვის საერთო საშიშროების წინააღმდეგ, დასრულდება. იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბარაკ ობამა თუ ჯონ მაკკეინი, დასავლელი ლიდერების შემდეგი თაობა ახალი ახალი მსოფლიო წყობის პირისპირ დადგება.

The Wall Street Journal The Observer 27.08. დასავლეთი

თავხედი რუსეთი და სუსტი ევროპა ბერნარ-ანრი ლევი

ახალი რუსეთი ყრუა საერთაშორისო საზოგადოების პროტესტების, გაკიცხვებისა და გაფრთხილებების მიმართ. „ცივ ომს“ თავისი „ქცევის კოდექსი“ ჰქონდა, თავისი წესები. მაშინ ყველა „ნიშანი“ თანმიმდევრულად, ფრთხილად იშიფრებოდა. მოქმედებდა ნახევრადსაომარი, ნახევრადსამშვიდობო ჰერმენევტიკა: მაშინ ჩვენ ძალზე ზუსტ რეაგირებას ვახდენდით, როგორც ფილოსოფოსმა მიშელ სერმა თქვა, მტრის „სასიგნალო კოცონებსა და საყვირის ხმაზე”. დღევანდელ, განახლებულ „ცივ ომში” სიგნალები აღარ არსებობს, ისევე, როგორც კოდექსები. ჩვენს ყველა „გზავნილზე” რუსეთი ერთი და იგივე უზრდელი ჟესტით გვპასუხობს და ჩვენ ვიცით, რომ ეს არანაირ შედეგს არ მოიტანს. გავიხსენოთ, სწორედ იმ მომენტში, როცა კონდოლიზა რაისი თბილისში იყო, პუტინმა ცინიზმითა და აპლომბით, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ წარმოუდგენელი იყო, თავის ჯარებს უბრძანა კასპამდე მისულიყვნენ, რომელსაც 30 კილომეტრი აშორებს თბილისამდე.

ევროპული - მოცემულ შემთხვევაში კი ფრანგული - დიპლომატია სისუსტეს ავლენს. დიადი დემოკრატიული ქვეყნისგან ჩვენ ერთადერთ რამეს ველით (ყველანაირი „ნიუანსის“ გარეშე) - აგრესორის გაკიცხვასა და დასჯას. სინამდვილეში კი ზუსტად პირიქით მოხდა. დაისაჯა თავდასხმის მსხვერპლი. დათმობა აიძულეს არა ძლიერს, არამედ სუსტს. მეორდება 15 წლის წინანდელი ისტორია დეიტონში, როცა ბოსნიის ლიდერს ალია იზეტბეგოვიჩს აიძულეს კანკალით მოეწერა ხელი თავისი ქვეყნის დაშლის ხელშეკრულებაზე. ახლა კი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აიძულეს დათანხმებოდა დოკუმენტს, რომელსაც რუსები „მედვედევის გეგმას“ უწოდებენ. მასში ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე.

უფრო მეტიც, იგი შეიცავს ცნობილ „პუნქტებს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ“, რომელიც რუსეთის არმიას აძლევს უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე დარჩეს. როგორც ჩანს, სამყარო ყირაზე დადგა. ნუთუ ეს მართლა ხდება?

ჩვენ უფრო ღრმად უნდა გავაანალიზოთ სიბრმავის ძირები, რომელიც, თუკი ყურადღებით არ ვიქნებით, დასავლეთის იმ ცნობილ „გაუბედაობას“ დააგვირგვინებს, რომელსაც თავის დროზე ალექსანდრ სოლჟენიცინი გმობდა, სიფრთხილეს, რომელიც გვეგონა წარსულს ჩაბარდა. თუკი ღირსება არა, საღი აზრი მაინც მოითხოვს, რომ თბილისს დავეხმაროთ და ამით ევროპა გადავარჩინოთ.

The Observer 27.08 31.08

რას დავუპირისპირებთ რუსეთის დაუფარავ აგრესიას

გორდონ ბრაუნი

აზრი, რომელიც მინდა რუსეთის ყურამდე მივიდეს, მარტივია: თუკი მას სურს, რომ რუსეთს მიესალმებოდნენ ისეთი ორგანიზაციების „მთავარ მაგიდასთან“, როგორიცაა „დიდი რვიანი“, „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია“ და „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია“, მან უნდა აღიაროს, რომ უფლებები ვალდებულებებსაც გულისხმობს.

თუკი სასწრაფო ზომებს არ მივიღებთ, ჩვენ, „სომნამბულულ ძილში ჩაძირულებს“ ყველაზე არასტაბილურ და არასაიმედო პარტნიორზე ენერგეტიკული დამოკიდებულების საფრთხე გვემუქრება. სწორედ ამიტომაც, ჩვენ, ბრიტანელები, კანონმდებლობით ვამყარებთ ჩვენს ვალდებულებას 2050 წლისთვის 60%25-ით შევამციროთ ნახშირბადის ორჟანგის გამოყოფა ატმოსფეროში, ვაპირებთ შევცვალოთ დაძველებული ატომური ელექტროსადგურები ახლებით და ვიზრუნებთ ელექტროენერგიის მისაღებად საწვავის უფრო ეკოლოგიური სახეობების გამოყენებაზე, გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ ტრანსპორტის მთელი სფეროს გარდაქმნას. ამ მხრივ ევროპამაც აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები. ხვალინდელმა სამიტმა უნდა დააჩქაროს საერთოევროპული ენერგეტიკული პროგრამის ჩამოყალიბება. ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავამყაროთ ურთიერთობა ნავთობისა და გაზის მომპოვებელ სხვა ქვეყნებთან. ჩვენი რეაქცია უნდა ითვალისწინებდეს ძალისხმევის გაორმაგებასაც გაზისა და ელექტროენერგიის ერთიანი ბაზრის შექმნის საქმეში, რაც ენერგომომარაგების სფეროში კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნის საშუალებას მოგვცემს.

მე ასევე დავარწმუნებ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს, რომ გაზარდონ პროექტის დაფინანსება, რომელიც საშუალებას გვაძლევს ენერგომატარებლები კასპიის ზღვის რაიონიდან მივიღოთ. იგი შეასუსტებს ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთზე. მე მოვუწოდებ ევროპელ პარტნიორებს არ მოაწერონ ხელი სეპარატულ ხელშეკრულებებს რუსეთთან ენერგეტიკულ სფეროში, არამედ გამოიყენონ ჩვენი კოლექტიური შესაძლებლობები მოლაპარაკებისთვის. ამას გარდა, ეკოლოგიური პრობლემის სიმწვავის გამო, ამ წლის ბოლოს უნდა შევიმუშაოთ ღონისძიებათა ამბიციური „პაკეტი“ ენერგეტიკისა და კლიმატის შეცვლის სფეროში 2020 წლამდე პერიოდში.

ამიტომაც, მსოფლიო წესრიგის შეცვლა არ უნდა მოხდეს გასული საუკუნის შუა წლებში შექმნილი ინსტიტუციების ხელმძღვანელობით. ახლა უკვე ვიცით, რომ საერთაშორისო ნორმების ეფექტური სისტემის შესაქმნელად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ჩვენ უნდა განვამტკიცოთ მსოფლიო მართვის სისტემა იმ ამოცანების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ურთიერთდამოკიდებულ სამყაროს წინაშე დგას. საერთაშორისო არქიტექტურა ახალი პრობლემების გადასაწყვეტად უნდა გარდავქმნათ: კლიმატური ცვლილებების, ენერგეტიკული უსაფრთხოების, სიღარიბის, მიგრაციების პრობლემების გადასაწყვეტად. და ამ პროცესში უნდა დავიცვათ როგორც ჩვენი სასიცოცხლო ინტერესები, ისევე ფუძემდებლური ღირებულებები.

დასავლეთი Newsweek 31.08

ფარიდ ზაკარია

ეს არ არისისტორიის დაბრუნება

რუსეთის საქართველოზე თავდასხმას ბევრი ვაშინგტონში გადამწყვეტ მომენტად მიიჩნევს საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით. ექსპერტები გაჰყვირიან: სამყაროს ზესახელმწიფოთა ახალი კონფლიქტები ელის. გლობალიზაცია და ინტეგრაცია „სატყუარა“ აღმოჩნდა. რუსეთი ახალ „დიდ თამაშს“ დაუნდობლად და ბრწყინვალედ მართავს, ჩვენ კი, აშშ და ევროპა - დამარცხებას დამარცხებაზე განვიცდით. თუმცა, მოვლენების განვითარება დაგვანახებს, რომ „ცხელ გულზე დაწერილი“ ანალიზის ასეთი მცდელობების უმრავლესობა სენსაციების ძიებითაა ნაკარნახევი, ცრუ წანამძღვრებიდან ამოდის და არასწორ დასკვნებამდე მივყავართ.

0x01 graphic

რა თქმა უნდა, ახლანდელი სიტუაცია მსოფლიო არენაზე „ახალი დიადი სახელმწიფოების“ გამოსვლით ხასიათდება, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი (მე ამ ფენომენს „დანარჩენი სამყაროს ზეაღსვლა“ ვუწოდე). მაგრამ ეს არაა გლობალიზაციის საპირწონე, არამედ მისი შედეგი. ეკონომიკური ზრდა გავლენის ახალ ცენტრებს შობს. ეს კი, თავის მხრივ, ეროვნული სიამაყის გაძლიერებას, თავდაჯერებულობას და შეუპოვრობას უწყობს ხელს. თუმცა, არსებობს საპირისპირო მიმართულების სერიოზული ძალები, - დიახ, დიახ, გლობალიზაციისა და ინტეგრაციის ძალები - რომელიც, თავისი მოქმედებებით, ანელებს ნაციონალიზმსა და ცალმხრივ მოქმედებებს?

საქართველოზე თავდასხმა ისტორიაში შევა, არა როგორც რუსული ძლევამოსილების ახალი ერა, არამედ, როგორც სერიოზული სტრატეგიული შეცდომა. ნახეთ, რა მოხდა. რუსეთმა ძალიან დააშინა მეზობელი ქვეყნები და ამით უბიძგა მათ დასავლეთში ეძიათ თავშესაფარი. პოლონეთი ორი წლის მანძილზე წელავდა პასუხს ამერიკელთა წინადადებაზე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე კონტინენტური მასშტაბის რაკეტსაწინააღმდეგო „ფარის“ განთავსებას გულისხმობდა (ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ამ იდეას მოსახლეობის მხოლოდ 15-25%25 უჭერდა მხარს). საქართველოზე რუსეთის თავდასხმიდან სულ რამდენიმე დღეში ვარშავამ თანხმობა განაცხადა რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების განთავსებაზე. უკრაინაში წლების მანძილზე არსებობდა განხეთქილება დასავლეთთან დაახლოების საკითხთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ, უკრაინელთა 60%25 რუსეთთან გარკვეული ფედერაციის შექმნის ვარიანტს ამჯობინებდა. ხოლო ახლა კიევი ყოყმანის გარეშე თხოვს ნატოს ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყებას.

უბედურება ის კი არაა, რომ რუსეთი ინტეგრირდა საერთაშორისო სისტემაში და მან ვერ მოახერხა მისი შეკავება, არამედ ის, რომ არსებითად ეს ქვეყანა არაინტეგრირებული რჩება, ამიტომაც მიაჩნია, რომ კანონის დარღვევით არაფერს კარგავს. გარკვეულწილად რუსეთის ამგვარი იზოლაცია დასავლეთის საგარეო პოლიტიკური კურსითაა გამოწვეული, - უეჭველი, სწორედ ასე მიიჩნევენ თავად რუსეთში - მაგრამ მთავარი მიზეზი ნავთობში მდგომარეობს. ნავთობზე და სხვა სანედლეულო რესურსზე ფასების ზრდასთან ერთად, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, რუსეთში კორუფცია, დიქტატორული ტენდენციები და აგრესია იზრდებოდა. გარდა ამისა, ნავთობით მოპოვებული სიმდიდრე ყოველთვის აძლიერებს - მნიშვნელობა არა აქვს, ვენესუელაში იქნება ეს, ირანში თუ რუსეთში - საერთაშორისო ნორმებისგან, ბაზრებისგან და წესებისგან დამოუკიდებლობის ხარისხს.

რუსეთის საქციელის ცივილიზებულ სამყაროს ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ყველაზე ეფექტური საშუალება იქნებოდა ნავთობის ფასების მკვეთრი გაიაფება, რის შედეგადაც ქვეყნის წინაშე დადგებოდა არჩევანი: ინტეგრაცია ან სტაგნაცია. სანამ ეს მომხდარა, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველო და დახმარება გავუწიოთ პოლონეთისა და უკრაინისნაირ ქვეყნებს. ამავე დროს, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ თანამშრომლობის რეჟიმი რუსებთან, რათა შევძლოთ ურთიერთქმედება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც მოსკოვსაც აწუხებს და ჩვენც - მაგალითად, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხი - და იმავდროულად, ავამაღლოთ ჩვენი გავლენისუნარიანობა. რუსეთის შემდგომი იზოლაცია მხოლოდ დაასუსტებდა მათ ქცევაზე ზემოქმედების ყველა ჩვენს ხელში არსებულ ბერკეტს.

მხოლოდ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა რუსეთი რომ უკვე გაგვერიცხა „დიდი რვიანიდან“ და გაგვეწყვიტა ყველანაირი კავშირი - როგორც კარგა ხანია გვთავაზობს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ჯონ მაკკეინი და მრავალი სხვა ნეოკონსერვატორი. მაშინ საქართველოზე თავდასხმის შემდეგ ჩვენ მოქმედების მხოლოდ ორი ვარიანტი დაგვრჩებოდა - „შერიგების პოლიტიკა“ ან ომი.

The Washington Post 09.09

და მაინც, მათი შესაძლებლობები უსაზღვრო არაა

ფრენსის ფუკუიამა

მოდით, ნუ ვიჩქარებთ. სამყარო, როგორც Newsweek-ის მიმომხილველმა ფარიდ ზაკარიამ თქვა, რა თქმა უნდა „პოსტამერიკული“ ხდება. თუმცა „ძალოვანი თამაშების“ მოყვარულები თავისას აგრძელებენ, რეალური კონკურენტი დემოკრატიისა და კაპიტალიზმისთვის კვლავინდებურად არ არსებობს. ზედაპირული ისტორიული ანალოგიები სხვა ეპოქებთან, ორ მთავარ ხარვეზს შეიცავს: ისინი ემყარება გამარტივებულ წარმოდგენებს საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომელიც წარსულის ამ კონკრეტულ პერიოდებში ვითარდებოდა და ირიბად მივყავართ დასკვნამდე, რომ „ავტორიტარული სახელმწიფო“ წარმოადგენს მკვეთრად განსაზღვრული რეჟიმის ტიპს - აგრესიულს საგარეო პოლიტიკით, რეპრესიულს შიდა პოლიტიკით და იგი აუცილებლად საშიშროებას უქმნის სამყაროს არსებულ წყობას. სინამდვილეში კი დღევანდელ ავტორიტარულ რეჟიმებს დიდი არაფერი აქვთ საერთო, გარდა დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობისა. ცოტა მათგანს თუ აქვს „კუნთები“, მიზიდულობის ძალა და იდეოლოგია საიმისოდ, რათა მართლაც რაღაც შედეგებს მიაღწიოს საერთაშორისო პოლიტიკის ფარგლებში და თანაც, არც ერთი არ ოცნებობს გლობალიზებული ეკონომიკური წყობის დამხობაზე.

დღევანდელი ავტორიტარული რეჟიმები ასევე ძალიან სუსტები არიან იდეებისა და იდეოლოგიის სფეროში. ნაცისტური გერმანია, სსრკ და მაოისტური ჩინეთი განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენდნენ, რადგან ეს რეჟიმები ძლიერ იდეოლოგიებზე შენდებოდა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პოულობდა მომხრეებს. სწორედ ამიტომაც, საბჭოთა იარაღი და სამხედრო მრჩევლები უეცრად ისეთ ქვეყნებში აღმოჩნდებოდნენ, როგორიც ნიკარაგუა ან ანგოლაა. მაგრამ ამ ტიპის „იდეური ტირანები“ მსოფლიო არენაზე დღეს აღარ ჩანან. მიუხედავად ავტორიტარული მოდელის გარკვეული წარმატებებისა ბოლო წლებში, ლიბერალური დემოკრატია ყველაზე ძლიერ, ყველაზე მომხიბლავ იდეად რჩება დედამიწის ზურგზე. თვითმპყრობელ მმართველთა უმრავლესობა, მათ შორის, პუტინიც და ჩავესიც, კვლავ საჭიროდ მიიჩნევენ გარეგნულად დაიცვან დემოკრატიული პროცედურები - მიუხედავად იმისა, რომ იგი შინაარსისგანაც შეიძლება დაცალონ. ჩინეთის ლიდერმა ხუ ძინტაომაც კი საჭიროდ ჩათვალა დემოკრატიაზე ესაუბრა პეკინის ოლიმპიადის მომზადების პერიოდში. მუშარაფი კი საკმარისად „დემოკრატიული“ აღმოჩნდა იმისთვის, რათა იმპიჩმენტის მუქარით თავისი გადაყენების უფლება მიეცა.

დღეს იდეების სფეროში დემოკრატიას მხოლოდ ერთი რეალური კონკურენტი ჰყავს - რადიკალური ისლამიზმი. დღესდღეობით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახელმწიფო ირანია, რომელსაც ექსტრემისტულად განწყობილი შიიტი კლერიკალები მართავენ.

„დიდი იდეების“ უქონლობის გამო რუსეთი და ჩინეთი ნაციონალიზმის იდეებით აღიჭურვნენ, რომელმაც განსხვავებული სახე მიიღო თითოეულ ამ ქვეყანაში. რუსეთში, სამწუხაროდ, ნაციონა ლური იდენტობის ის ვარიანტი დამკვიდრდა, რომელიც ვერაფრით უთავსდება იმ ქვეყნების დამოუკიდებლობას, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება: ვშიშობ, საქართველო უკანასკნელი არ იქნება იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელიც მოსკოვის შელახული თავმოყვარეობის მსხვერპლად იქცევა. თუმცა, დღევანდელი რუსეთი ჯერ კიდევ ძალზე განსხვავდება ყოფილ სსრკ-სგან. პუტინს „თანამედროვე მეფეს“ უწოდებენ და ეს უფრო ზუსტი განსაზღვრებაა, ვიდრე მცდარი ანალოგიები სტალინთან და ჰიტლერთან. მეფის რუსეთი მძლავრი სახელმწიფო იყო ზომიერი ამბიციებით; მე-18 - მე-19 საუკუნეებში, იგი, მართალია, ანგრევდა თავის საზღვრებთან ახლოს არსებულ სუსტ სახელმწიფოებს და საკუთარ ხალხს სამოქალაქო უფლებებსაც ართმევდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მთლიანად ინტეგრირებული იყო საერთაშორისო ურთიერთობების ევროპულ სისტემაში. ჩემი აზრით, სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება პოსტპუტინური რუსეთი.

დღევანდელი ვითარება სამყაროში გარკვეული თვალსაზრისით უფრო უსაფრთხო გახდა, რაღაც გაგებით კი იგი შედარებით მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ადრე. უსაფრთხო იმიტომ, რომ დიადი სახელმწიფოების ეგოისტური ინტერესები ძირითადად დამოკიდებულია საერთო კეთილდღეობაზე მსოფლიო ეკონომიკაში, რის გამოც ისინი შედარებით ხელფეხშეკრულნი არიან. საფრთხე კი იმასთანაა დაკავშირებული, რომ ავტორიტარულ კაპიტალისტურ რეჟიმებს საშუალება აქვთ გაცილებით მეტი სიმდიდრე მოიპოვონ, და შესაბამისად, მეტი ძალაუფლებაც, ვიდრე მათმა კომუნისტმა წინამორბედებმა მოახერხეს. და იმ შემთხვევაში, თუკი ეკონომიკური ლოგიკა ვერ გაანელებს პოლიტიკურ ვნებებს (არადა, წარსულში ასეთი რამ ხშირად მომხდარა), დაზარალდება ყველა - სწორედ დღევანდელი სისტემის შემადგენელთა ურთიერთდამოკიდებულობის გამო.

მე-20 საუკუნეში ტოტალიტარული დიქტატორული რეჟიმების აღმოცენებამ გვიბიძგა მკვეთრად განგვემიჯნა ერთმანეთისგან დემოკრატიული და ავტორიტარული სახელმწიფოები და ეს გამიჯვნა ჩვენთან ჩვევად იქცა. მაგრამ დემოკრატიული წყობის ერთობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიული ქვეყნების ინტერესთა ავტომატურ ერთობას (საკმარისია გავიხსენოთ აშშ-სა და ევროპის თვალსაზრისთა დაპირისპირება ერაყის საკითხთან დაკავშირებით). იგივე შეიძლება ითქვას ავტორიტარული რეჟიმების შესახებაც. ანალოგიურად, ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის არსებობა ჯერ კიდევ არ განაპირობებს მისი მოქმედებების ხასიათს საერთაშორისო არენაზე. თუკი ჩვენ არ გვსურს აღმოვჩნდეთ წარმოსახვითი წარსულის ტყვეობაში, აუცილებელია, უფრო ნიუანსირებული და კონცეპტუალური მიდგომა იმის გასაგებად, თუ რა ხდება არადემოკრატიულ ქვეყნებში. და არ ღირს ძალზე პესიმისტურად შევაფასოთ ჩვენი საკუთარი იდეების ძალა, „პოსტამერიკული სამყაროს“ პირობებშიც კი.

chomsky.info 09.09

ოსეთი- რუსეთი-საქართველო

ნოამ ჩომსკი

0x01 graphic

ფილიპინებზე შეჭრილი ამერიკული არმიის ველური დაუნდობლობით შეძრწუნებული მარკ ტვენი უიმედობამ მოიცვა. იგი შეძრა მაღალფარდოვანმა რიტორიკამ (ხალხთა განთავისუფლებისა და სხვა კეთილშობილური მიზნების შესახებ), რომელიც, როგორც წესი, თან სდევს ხოლმე სახელმწიფოს დანაშაულებრივ ქმედებებს, და ტვენმა ხელები ჩამოუშვა. მისმა უძლიერესმა იარაღმა, სატირამ, ძალა დაკარგა. ამგვარი უიმედობის უშუალო მიზეზი ცნობილი გენერალი ფანსტონი გახდა, რომელზეც ტვენი წერდა: „ფანსტონზე დაწერილი ვერანაირი სატირა სრულყოფილი ვერ იქნება, რადგან სრულყოფილების ეს მწვერვალი უკვე თავად ფანსტონს უკავია, იგი ცოცხალი სატირაა“.

ეს სიტყვები ხშირად მახსენდება ხოლმე, მახსენდებოდა 2008 წლის აგვისტოშიც, რუსეთ-საქართველო-ოსეთის ომის განმავლობაში. ჯორჯ ბუში, კონდოლიზა რაისი და სხვა მაღალჩინოსნები საზეიმოდ აცხადებენ „გაეროს“ პრინციპების სიწმინდეზე და იმუქრებიან, რომ რუსეთი, შესაძლოა, საერთაშორისო ინსტიტუტებიდანაც გამოდევნონ, „საქართველოში ჩადენილი იმ საქციელისთვის“, რომელიც შეუთავსებელია გაეროს ამ პრინციპებთან. ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა განუხრელად უნდა იყოს დაცული, ამბობენ ისინი. რა თქმა უნდა, „ყველა ქვეყნის“ ცნება არ მოიცავს ქვეყნებს, რომლებზე თავდასხმაც თავად აშშ-ს მოესურვება: ერაყს, სერბიას, შესაძლოა ირანს და მრავალ სხვა ქვეყანას, რომელთა სია ყველასთვის ცნობილია.

განზე არც „ახალგაზრდა პარტნიორი“ დამდგარა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა რუსეთი „მე-19 საუკუნის დიპლომატიური მეთოდების გამოყენებაში“ დაადანაშაულა, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა „უბრალოდ ვერ ჯდება 21-ე საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობებში“, დასძინა მან და ამით ფაქტობრივად გაიმეორა ჩვენი უფროსობის სიტყვები იმის თაობაზე, რომ „მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრა... მიუღებელია 21-ე საუკუნეში“.

სწორედ ამიტომაც, კანადასა და მექსიკას არ უნდა შეეშინდეს, რომ ამერიკა მათი ტერიტორიების ანექსიას მოახდენს, იმიტომ, რომ ბოლო დროს იგი მხოლოდ იმ ქვეყნებს იპყრობს, რომლებიც მისი საზღვრებიდან ძალიან შორსაა. ერთი სიტყვით, მათ ნამდვილად არ ელით ლიბანის ბედი.

ამერიკის აზრით, ომის შემდგომ მსოფლიოში მათ „უპირობო ძალაუფლების მოპოვება“ უნდა დაისახონ მიზნად, რათა აღკვეთონ „სუვერენიტეტის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა“ იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც მის გლობალურ ხედვას აღუდგება წინ. ამის უზრუნველსაყოფად „უპირველესი მოთხოვნაა სრული გადაიარაღების პროგრამის სწრაფი შესრულება“, რაც მთავარ ელემენტს წარმოადგენს „აშშ-ს ერთიან პოლიტიკაში სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობის მისაღწევად“. მომდევნო წლებში, ომის დროს შემუშავებული ეს გეგმები სხვადასხვანაირად განხორციელდა.

ამ მიზნებს ღრმად აქვს ფესვები გადგმული მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებში. შესაბამისად, დასახულია მკვეთრი ცვლილებები თეთრი სახლის საქმიანობაში და ამ ცვლილებების განხორციელებას ხელს შეუწყობს „სამშვიდობო დივიდენდები“ (ომის შემდეგ გამოთავისუფლებული თანხები) და მსოფლიო სცენიდან მთავარი მეტოქის, ან სხვა მარგინალური შეუსაბამობების გაქრობა.

მიმდინარე მოვლენების საფუძველში ორი ძირითადი ფაქტორი ძევს. პირველი - აზერბაიჯანიდან დასავლეთისკენ მიმავალ ნავთობსა და გაზსადენებზე კონტროლს უკავშირდება. სწორედ საქართველო აირჩია ბილ კლინტონმა ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისთვის, რათა რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით მომხდარიყო დასავლეთის ნავთობით მომარაგება. ამავე მიზანს ემსახურებოდა ქვეყნის მასშტაბური მილიტარიზაციაც. ამიტომაც, როგორც ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ხაზი გაუსვა, საქართველოს „განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა“ აქვს ამერიკისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო საეჭვო ჩანს „აშკარა მუქარისა“ და „ხალხთა განთავისუფლების“ საბაბი, რაც უფრო რთული მოსაგერიებელი ხდება ერაყელების მოთხოვნა საოკუპაციო ჯარების გაყვანის თაობაზე, მით უფრო გულახდილად საუბრობენ ანალიტიკოსები აშშ-ს რეალურ მოტივებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ასე მაგალითად, Washington Post-ის სარედაქციო სტატიის ავტორები საყვედურობენ ბარაკ ობამას, რომ იგი ავღანეთს „მთავარ ფრონტად მიიჩნევს“ აშშ-სთვის და ახსენებს მას, რომ ერაყი „ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენს, მისი ნავთობის მარაგი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, ავღანეთის სტრატეგიული მნიშვნელობა კი, ერაყთან შედარებით, მეორეხარისხოვანია“ (ეს, არსებითად, ამერიკის ერაყში შეჭრის რეალური მიზეზების დაგვიანებული აღიარებაა).

მეორე საკითხია ნატოს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, რომელიც ჯორჯ კენანმა 1997 წელს დაახასიათა როგორც: „ყველაზე საბედისწერო შეცდომა მთელს ცივი ომის შემდგომ ხანაში, რომელმაც, შესაძლოა ნაციონალისტური, ანტიდასავლური და მილიტარისტური ტენდენციები გააღვივოს რუსეთში. საპირისპირო ეფექტი მოახდინოს რუსული დემოკრატიის განვითარებაზე და ცივი ომის ატმოსფერო დააბრუნოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებში“.

კავკასიაში მიმდინარე კრიზისისას ვაშინგტონმა გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსეთმა შესაძლოა განაახლოს სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობა კუბასთან, იმ დონეზე, რომელიც არცთუ ისე შორსაა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობისგან, რაც მშვიდობისთვის საფრთხის შესაქმნელად გადადგმული ნაბიჯი იქნება.

დღეს ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ რუსეთის „სასტიკი“ აქცია საქართველოს წინააღმდეგ ახალ „ცივ ომს“ გამოიწვევს. აშშ-ს საზღვაო ძალების შესვლამ შავ ზღვაში (რუსეთის ანალოგიურ მოქმედებებს მექსიკის ყურეში ვაშინგტონი ალბათ არ მოითმენდა) და კონფრონტაციის სხვა ნიშნებმა, შეუძლებელია, არ შეგვაშფოთოს. უკრაინის ნატოსთან მიერთების მცდელობებიც - ეს საკითხი ახლა განიხილება - უკიდურესად სახიფათოა. ხოლო ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ბოლო ვიზიტები კი, თბილისსა და კიევში, შეუძლებელია, სხვაგვარად შეაფასო, თუ არა, როგორც პროვოკაცია.

ამის მიუხედავად, ახალი „ცივი ომის“ დაწყება ნაკლებ სავარაუდოა. იმისთვის, რათა გავიგოთ, თუ რა გველოდება მომავალში, ზოგადად „ცივი ომის“ ხასიათს უნდა მოვფინოთ ნათელი. თუკი ბრჭყალებს გარეთ დავტოვებთ ემოციურ რიტორიკას, პრაქტიკულად „ცივი ომი“ აღმოჩნდება უსიტყვო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ომის ყოველ მონაწილეს ძალადობისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის უფლება ჰქონდა მხოლოდ თავის „სამფლობელოში“: სსრკ-სთვის ეს იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მსოფლიო ზესახელმწიფოს- თვის - პლანეტის უდიდესი ნაწილი. კაცობრიობას არ დაუმსახურებია ამ სიტუაციის განმეორება (რომელიც მეორე ასეთ „ომს“ ვეღარ გაუძლებს). გონიერი ალტერნატივაა გორბაჩოვის კონცეფცია, რომელზეც უარი თქვა კლინტონმა და ბუშმა საერთოდაც ჩაშალა მისი განხორციელება. ამ ტიპის სასარგებლო რეკომენდაციები ბეირუთის გაზეთ Daily Star-ის ფურცლებზე ჩამოაყალიბა ისრაელის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისტორიკოსმა შლომო ბენ-ამიმ: „რუსეთი უნდა ისწრაფვოდეს აშშ-სთან ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა დაამყაროს, აშშ-მ კი უნდა გაიგოს, რომ რუსეთმა, როცა მას იგნორირებას უკეთებენ და მისდამი სიძულვილს ამჟღავნებენ, სერიოზულად შეიძლება აურიოს საქმე მსოფლიო არენაზე. რუსეთს, რომელსაც არაფრად აგდებდნენ და ამცირებდნენ „ცივი ომის“ დასრულებიდან მოყოლებული, აუცილებლად სჭირდება ინტეგრაცია ახალ საერთაშორისო სისტემაში (და არა კონფრონტაციის ანტიდასავლური სტრატეგია), რომელიც პატივს სცემს მის, როგორც აღორძინებული დიდი სახელმწიფოს ინტერესებს.

17 ორჭოსანთან ავუხვიეთ?...

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: გიორგი ლობჟანიძე

0x01 graphic

თეირანიდან ჩემი მეგობარი მეხმიანება და ბოდიშის კილოთი მატყობინებს: „აქ ძალიან ცუდი პრესა გაქვთ. ემჩნევა, რუსეთი მაგრად მუშაობს თქვენ წინააღმდეგ. რამდენიმე სტატიას გამოგიგზავნი და თვითონვე მიხვდები, რასაც ვგულისხმობ!“

სტატიებს რომ ვკითხულობ, თავზარი მეცემა. ირანელი ანალიტიკოსების ნააზრევი, ჩვეულებისამებრ, დიდი სიღრმით არ გამოირჩევა, მაგრამ პოზიცია სრულიად ნათელია: ირანული პრესა ძალიან კორექტულად, მაგრამ მაინც ჩვენ გვადანაშაულებს იმ ამბებში, რაც ჩვენთან აგვისტოს დასაწყისში დატრიალდა.

მართალია, ქართულ საზოგადოებასა და პირველ რიგში ოფიციოზს თავი ისე უჭირავს, თითქოს საინტერესო სულაც არ არის, რასაც აგვისტოს მოვლენებზე აღმოსავლეთში იტყვიან და ამ შემთხვევაში მხოლოდ დასავლეთის, კერძოდ კი, ამერიკული მედიის აზრია გადამწყვეტი, მაგრამ მერწმუნეთ, სულერთი სულაც არ იქნება, რა პოზიციას დაიკავებს აღმოსავლური სამყარო და უპირველესად ჩვენი მეზობელი ირანი ქართულ-რუსულ კონფლიქტთან მიმართებით.

ამიტომაც აქტიურობდა რუსეთი და პრაქტიკულად შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ მუსლიმურ აღმოსავლეთში პროცესები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, მიკერძოებულად გაეშუქებინა. ამ საქმეში ჩართული იყო დიდი იდეოლოგიური მანქანა, რომელიც არამხოლოდ ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურებს, არამედ მეცნიერ აღმოსავლეთმცოდნეებსაც თავისი მიზნებისათვის შესანიშნავად იყენებდა.

თბილისში სანამ ჯერ კიდევ იმას არკვევდნენ, რუსები ჩვენს დედაქალაქზე შეტევას აპირებდნენ თუ არა, და სანამ ძალოვანი სამინისტროს წარმოსიფრმადგენლები დედაქალაქის მცხოვრებლებს გვანუგეშებდნენ: ნუ გეშინიათ, იგოეთიდან დაძრულმა სატანკო კოლონამ თბილისისაკენ კი არ აიღო გეზი, ორჭოსანთან აუხვიაო, ამასობაში რუსი პოლიტოლოგები და ორიენტალისტები ნაყოფიერად მუშაობდნენ და აღმოსავლეთის ქვეყნებს იმ აქცენტებით გადასცემდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რომელ ქვეყანაში რა აქცენტის წარმოჩენაც უფრო გამოადგებოდათ.

ირანელებს ეუბნებოდნენ, როგორ ჩაგრავენ ქართველები მათ „თანამოძმე“ ოსებს, არაბულ სახელმწიფოებში საქართველო-ისრაელის სიახლოვესა და ქართველი მინისტრების ებრაულ წარმომავლობაზე მიუთითებდნენ. საერთოდ კი მთელ აღმოსავლეთში ყველა ამ დემაგოგიურმა სარჩულმა შესანიშნავად იმუშავა.

თუმცა ვინც ოდნავ მაინც იცნობს ირანის შიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სამზარეულოს, კარგად იცის, რა ფრთხილად მოქმედებს იგი მეზობელ სახლმწიფოებთან ურთიერთობისას.

ყველა კონკრეტულ საკითხზე ჯერ ანალიტიკოსები მუშაობენ და მათი ნააზრევის ის ნაწილი, რომელსაც ოფიციალური კონიუნქტურა მალულად იზიარებს, პრესაში იბეჭდება.

ამიტომაც, ვერაფერში შეედავებოდი, მაგრამ ირანული პრესის ჩვენთვის საინტერსო თემატიკაზე თვალის გადავლება კარგად გვიჩვენებდა, რა პოზიცია აერჩია ისლამური რესპუბლიკის მთავრობას უკანასკნელ ქართულრუსულ კონფლიქტთან მიმართებით.

ოდნავ მოგვიანებით, ეს პოზიცია უკვე ოფიციალურად განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

შანხაის ქვეყნების მეთაურთა სამიტის შემდგომ მაჰმუდ აჰმადინეჟადმა აღნიშნა, რომ „დასავლეთის ზოგიერთი ძალა, პოლიტიკურ პროცესთა და მთავრობათა წაქეზებისა და მათი ამა თუ იმ სამხედრო ბლოკთან შეერთების მოწოდების საშუალებით, დარტყმას აყენებს რეგიონში არსებულ ინტეგრაციას და მეზობლებს შორის წინააღმდეგობასა და შუღლს აღვივებს, რათა ამით შექმნას ნიადაგი საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო გავლენის სფეროთა გაფართოებისათვის.

მოკლედ, „ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა“ არ იყოს, კონკრეტულად არცერთი ქვეყანა და პრეზიდენტის გვარი არაა დასახელებული, მაგრამ უამისოდაც ყველაფერი დღესავით ნათელია.

მსოფლიო მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პოლიტიკურმა მიმომხილველებმა აჰმადინეჟადის აღნიშნული განცხადება ირანის მთავრობის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერად შეაფასეს.

როგორც კი ეს შეფასებები გაისმა, მეორე დღესვე გამოვიდა ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩეჰრ მოთთაქი და აღნიშნა, რომ „ირანის ისლამური რესპუბლიკა ომის წინააღმდეგია და დარწმუნებულია, რომ რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა მოლაპარაკებათა გზით სავსებით შეიძლება.“

ამ განცხადებიდან გარეგნულად ისე ჩანს, რომ ირანი ქართულ-რუსული კონფლიქტის შეფასებისას არცერთ მხარეს არ ამართლებს და ზოგადად, ომს ეწინააღმდეგება, თუმცა თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აჰმადინეჟადმა სხვა, უფრო ადრინდელი განცხადებით, ომის წამოწყებაში საქართველოს პრეზიდენტი დაადანაშაულა, ნათელი გახდება, ვის არიგებენ ჭკუას მოცემულ შემთხვევაში.

ბოლო პროცესებზე თვალყურის მიდევნებამ, ჩემთვის ერთი საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა. საგარეო პოლიტიკაში ზოგიერთი ქვეყნის პრეზიდენტისა და იმავე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიციები გარეგნულად ერთმანეთს არ ემთხვევა. პრეზიდენტი ამბობს ერთს, საგარეო საქმეთა მინისტრი მეორეს და ასე აბალანსებენ ოფიციალურ აზრს, რომელიც მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარისას, სხვადასხვაგვარად შეიძლება გადმოიცეს.

ერთი რამ ცხადია: ირანი ფრთხილობს ყველა შემთხვევაში და ეს სიფრ თხილე ორი ფაქტორით აიხსნება. ერთი, რასაკვირველია, ამერიკა და მისი გეგმებია, ხოლო მეორე - რუსეთი, რომელთან ურთიერთობის არცთუ ისე პოზიტიური ისტორიული გამოცდილება დღევანდელი ისლამური რესპუბლიკის მთავრობას პროცესებში აქტიურ ჩაურევლობას აიძულებს.

ხოლო იმას, რასაც გარემოებათა გამო, ოფიციოზი ხმამაღლა ვერ გამოთქვამს, ანალიტიკოსები ამბობენ.

ამდენად, საინტერესოა, რას გვეუბნებიან ანალიტიკოსები.

აღმოსავლური პრესის ქართულ-რუსული კონფლიქტისადმი მიძღვნილი მასალები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქართულად თითქმის არ ითარგმნებოდა, ყოველ შემთხვევაში იმ საიტებზე, რაც საგანგებოდ ამ მიზნით შეიქმნა, ვთქვათ, იმავე ირანელი ან არაბი ავტორების ნაწერები არსად შემხვედრია.

ამ სიცარიელის ამოვსებას ემსახურება დღევანდელი პუბლიკაცია, სადაც სამი ირანელი პოლიტოლოგის სტატიას წარმოგიდგენთ.

ვფიქრობ, ამ სტატიებიდან ბევრი რამის დადგენა შეიძლება. ასე მაინც დავადგინოთ სიმართლე, თორემ წაყრუების პოლიტიკა, რაც აღმოსავლეთის მიმართ ჩვენმა მთავრობამ აირჩია და რაც არავითარ ხეირს არ დაგვაყრის, იქამდე მივიდა, რომ სულ ცოტა ხნის წინათ თითქმის არ გაშუქებულა ქართულ მედიაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის - მანუჩეჰრ მოთთაქის ოფიციალური ვიზიტი. სამთავრობო ტელევიზიები მხოლოდ ფაქტის კონსტატაციით შემოიფარგლნენ და ოფიციალურ შეხვედრებზე დასმული საკითხები გაკვრითაც კი არ უხსენებიათ. ერთადერთი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე გვამცნობდა გაბრწყინებული სახით: ირანი ჩვენ გვიჭერს მხარს ყველაფერში უპირობოდო.

რამდენად უპირობოა ირანის მხარდაჭერა, ამ სტატიებიდანაც შესანიშნავად ჩანს.

ტანკებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ საქათველოს მთავრობას ნაღდად ჰგონია, რომ ჩვენ ყველამ ორჭოსანთან ავუხვიეთ.

მერე რა მოხდა, მშვენიერი სოფელია ეს ორჭოსანი და რაც მთავარია თბილისთან ძალიან, ძალიან ახლოსაა...

არც ისე შორია ირანიდან გურჯისტანამდეც...

ქავე აფრასიაბი

ირანი და საქართველოს კრიზისი

0x01 graphic

საქართველო ირანის მეზობელი ქვეყანაა. ერთი მხრივ გეოგრაფიულმა სიახლოვემ, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა და გეოსტრატეგიულმა საკითხებმა განაპირობა ის, რომ ოფიციალურ თეირანს საქართველო-რუსეთის ამჟამინდელი დაპირისპირებისათვის თვალი დიდი ინტერესით მიედევნებინა. ირანი ამერიკისა და ისრაელის მხრიდან სამხედრო საფრთხის ქვეშაა. ორივე ამ ქვეყანას ახლა საქრთველო-რუსეთის ომის გამო საკუთარი თავი ნაკლებ შეზღუდულად მიაჩნია.

ირანის მთავრობას რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით დღემდე არ განუცხადებია თავისი ოფიციალური პოზიცია. ირანელთა მხრიდან ამ მიმართებით გადადგმული ერთადერთი ნაბიჯი ირანის საგარეო საქმეთა მინისიტრის მანუჩეჰრ მოთთაქის სატელეფონო საუბარი იყო რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან, რომლის დროსაც მოთთაქიმ განაცხადა, რომ „ირანის სურვილია რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს დაპირისპირება, რათა რეგიონში მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგუროს.“ დაახლოებით ასევე მოიქცნენ თეირანის გაზეთები და კრიზისის ღრმა ანალიზისა თუ ამ საკითხზე თავიანთი თვალსაზრისის გამოქვეყნებისაგან თავი შეიკავეს. ოფიციალურმა პრესამ ახალი ამბებიც კი ისე მიაწოდა საზოგადოებას, რომ რუსეთის მთავრობის გაღიზიანება არ გამოეწვია.

ირანის ოფიციალური დუმილის უკან მნიშვნელოვანი ფაქტორების მთელი წყება იმალება. ეს კომპლექსი მოიცავს ირანის მთავრობის ერთსულოვნებას მოსკოვის მთავრობასთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებისათვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში. ასევე, ირანის მგრძნობიარობას მოსკოვის შეშფოთებებისადმი ამ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების გამო. პირველ ფაქტორთან დაკავშირებით, თეირანიცა და მოსკოვიც, საქართველოს უკანასკნელ კრიზისს თბილისის მთავრობის დასავლეთის თავხედური მოკავშირეობის ჩრდილქვეშ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების უდიდეს მარცხად აღიქვამენ. მეორე ფაქტორი კი, ამერიკის გეგმების ფონზე, კიდევ უფრო მკვეთრდება აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული საფარის დამონტაჟებასთან დაკავშირებით.

კავკასიის კრიზისმა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას სერიოზული ზიანი მოუტანა. ამ ომმა გაეროს უშიშროების საბჭოც დააბნია და სათავე დაუდო ორი სამხედრო ზესახელმწიფოს შორის ცივი ომის შესახებ საუბრის ხელახალ წამოწყებას. ამ კრიზისმა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება დროებით მოწყვიტა ირანის ბირთვულ პროგრამას, რამაც შესაძლოა ირანის წინააღმდეგ მიმართული ექვსი ქვეყნის დიპლომატიის მარცხი გამოიწვიოს. ეს ექვსი ქვეყანაა: ამერიკა, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და გერმანია, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ ირანის მიერ ურანის გამდიდრების თაობაზე.

რა თქმა უნდა, ბევრი საკითხი დამოკიდებულია საქართველოში მიმდინარე დაპირისპირების ხანგრძლივობასა და მასშტაბებზე და, რა თქმა უნდა, ისიცაა მოსალოდნელი, რომ მოსკოვმა, რომელიც მსოფლიოში შელახული ავტორიტეტის აღდგენას შეეცდება, სხვა ფრონტებზე ძალისხმევა გააორმაგოს, რათა ეს დაკარგული ავტორიტეტი როგორმე აღიდგინოს. თორემ დღეს რუსეთის გამოკვეთილი ხატი მსოფლიოში არის ძლიერი ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ზეწოლას პატარა მეზობელ სახელმწიფოებზე და არღვევს ამ სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას. ამას გარდა, რუსები გრძნობენ იმ საფრთხესაც, რომ შესაძლოა, ამერიკამ ისინი დიდი რვიანიდანაც გააძევოს.

ირანისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის გარემოება, რომ საქართველოს კრიზისი მხოლოდ სამხრეთ კავკასიით არ შემოიფარგლება და მთელ რეგიონზე, კერძოდ, შუა აზიისა და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. ეს გავლენა ერთნაირად შეიძლება, როგორც დადებითი, ასევე უაყოფითი იყოს. ერთი მხრივ, რეგიონში გაიზრდება რუსეთის მილიტარიზაცია, მეორე მხრივ კი, ირანს შეუძლია რუსეთთან კავშირურთიერთობები განამტკიცოს. ამით გაიზრდება ირანის შანსები შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებით. ამ ჯგუფში კი მთავარი ძალაუფლება ხელთ რუსებსა და ჩინელებს უპყრიათ.

ამის მიუხედავად, ამ ვითარებით გამოწვეული ირანის დიდხნიანი ზარალი შესაძლოა, უფრო მეტი იყოს მის მცირევადიან სარგებელზე. თეირანს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მკაცრად არ გაუკრიტიკებია და ალბათ, ეს არის ამ მთავრობის თვალსაჩინო შეცდომა. ირან-საქართველოს ერთმანეთთან მჭიდრო ისტორიული ურთიერთობა აკავშირებს. საქართველო 400 წლის განმავლობაში ირანის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, ვიდრე ცარისტული რუსეთი ყაჯართა დინასტიას მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში სამარცხვინოდ დაამარცხებდა. ხსენებული ომი 1813 წლის გოლესთანისა და 1828 წლის თურქმანჩაის ზავებით გათავდა. ამ ზავთა შესაბამისად ირანის ტერიტორიის დაახლოებით ერთი მესამედი რუსეთის ხელში გადავიდა. საქართველოცა და სომხეთიც რუსეთისათვის გადაცემულ ამ ტერიტორიებს ეკუთვნოდა.

ირანი იმ დროიდან მოკიდებული მუდმივი შეშფოთებით ცდილობდა რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები დროულად ამოეცნო. ამ ბოლო ხანს, სულ რაღაც შვიდი წლის წინათ, კასპიის ზღვის გადანაწილების მიზნით ჩატარდა სხდომა, რომელმაც სრული კრახი განიცადა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კასპიის ზღვაზე დიდი სამხედრო საზღვაო მანევრები ჩაატარა, რათა ირანისათვის მკაცრი, შესაბამისი პასუხი გაეცა.

ხოლო თუ დღეს უკვე რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი სამხრეთ კავკასიაში „თავის პატარა ბრწყინვალე ომიდან“ გამარჯვებული გამოვიდა, რუსეთის აღმოსავლეთის მეზობლები რუსეთის ძლევამოსილების გაფართოების სხვა მაგალითებსაც უნდა დაელოდნენ. ეს პერსპექტივა ირანსაც მოიცავს და აღელვებს. ამიტომაც მათი პოლიტიკა, ვინც საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს იღებს თეირანში, პარადოქსული და ურთიერთგამომრიცხავი ხასიათისა იქნება.

ერთი მხრივ, რაც არ უნდა თბილი და მეგობრული იყოს ირანრუსეთის დღევანდელი ურთიერთობები, დიდი მეზობლის ძლევამოსილება და მისი ყოველდღიური გაფართოება სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, ირანის ეროვნული უსაფრთხოების გათვლებზე გარკვეულ ზეგავლენას იქონიებს. ამან შესაძლოა იმ ადამიანთა პოზიცია განამტკიცოს, რომლებიც თეირანში ბირთვული თავდაცვის სტრატეგიის მომხრეებად გვევლინებიან.

მეორე მხრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: მსოფლიოს შეუძლია დაივიწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა!“ ეჭვგარეშეა, რომ თეირანისათვის მისაღები სულაც არაა საქართველოსთან დაკავშირებით გამოთქმული ასეთი თვალსაზრისი, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა ბოლო ხანს ირანმა მსოფლიოს თანამშრომლობის წინადადებათა პაკეტი შესთავაზა.

რუსეთის ძალთა დემონსტრაცია ძალიან ჰგავს ამერიკის უკანონო მოქმედებებს 11 სექტემბრის შემდგომ, რაც ავღანეთისა და ერაყის ოკუპაციით დასრულდა. მიუხედავად რუსეთის სამართლიანი ჩივილისა ამერიკისა და ნატოს ზრახვათა და მოქმედებათა თაობაზე, ირანს არ შეუძლია ამერიკის საქციელი - ერთი, ხოლო რუსეთის მოქმედება მეორე კრიტერიუმით შეაფასოს.

თეირანმა საგარეო პოლიტიკის წარმოებისას სიმტკიცე და თანმიმდევრულობა უნდა გამოიჩინოს, თუნდაც ამან ირანის საერთაშორისო ავტორიტეტსა და მის დღევანდელ პოზიციებს რეგიონში ზიანი მიაყენოს და რამდენადაც უკმაყოფილო არ უნდა დარჩეს კრემლი მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით ირანის მთავრობის მტკიცე და გაბედული პოზიციით.

იმ დროს, როცა მოჰამად ხათამის პრეზიდენტობისას ირანს სურდა ჩეჩნეთის კრიზისში შუამავლის როლი შეესრულებინა, ახლა განსაკუთრებით თვალშისაცემია ამ ქვეყნის მსგავსი ინიციატივის აშკარა არარსებობა საქართველოს კრიზისთან მიმართებით. სამწუხაროდ, ვითარება ამგვარია, თორემ ირანს, როგორც მესამე ქვეყანას, შეეძლო, შუამავლის მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა.

საერთაშორისო კონფლიქტებში შუამავლობა მოლაპარაკებათა ოსტატურად წარმართვის ცოდნასა და დაპირისპირებულ მხარეთა დიალოგის განმუხტვის უნარს მოითხოვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ირანს შეეძლო ესარგებლა თავისი მიუმხრობლობითა და კონფლიქტის მხარეებთან საკუთარი მეზობლობით და ამდენად, შუამავლისათვის დაკისრებული მისიისათვის თავი წარმატებით გაერთმია. ირანი ამ საქმეში დადგებოდა სხვა ისეთი გავლენიანი ძალების გვერდით, როგორსაც გაერო და ევროპის თანამშრომლობისა და უშიშროების საბჭო წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ უწინ ირანი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოსთან ტაჯიკეთის სამოქალაქო ომისა და აზერბაიჯან-სომხეთს შორის მთიანი ყარაბახის გამო წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარებაზეც მუშაობდა.

მაგრამ ირანმა იმის მაგივრად, რომ აქტიური როლი ეთამაშა, დუმილის პოლიტიკა აირჩია და ვითარების პასიურ დამკვირვებლად მოგვევლინა. ეს, რა თქმა უნდა ირანის, როგორც რეგიონის ანგარიშგასაწევი ძალის, ავტორიტეტს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს. ამ ვითარებიდან გამოსავალი კი კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულებაა ირანის საგარეო პოლიტიკის პრინციპებისა და კრიტერიუმების სრული დაცვითა და გათვალისწინებით.

რუსეთის მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების დარღვევაა და ამით საფრთხე ექმნება რუსეთის სხვა მეზობლების, მათ შორის, ირანის უსაფრთხოებასა და მთლიანობას. ამ ნახევარი საუკუნის წინათ ირანიც ხომ იდგა დაშლის რეალური საფრთხის წინაშე, როცა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, რუსეთის წითელი არმია ირანის ჩრდილოეთიდან გასვლას აღარ აპირებდა.

ნათელია, რომ დუჰას რიგის მსოფლიო საავაჭრო მოლაპარაკებათა ჩაშლა და სამხრეთ კავკასიის კრიზისი საერთაშორისო კანონმდებლობის მოძველებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული აწეწილობის ნიშანია. ეს მსოფლიოსათვის უკან გადადგმული ნაბიჯია. გამორიცხული არაა, მსოფლიო ცივი ომის პერიოდის მსგავსად დღესაც ორ ბანაკად გაიყოს. რუსეთი ამ ვითარებას ალბათ თავისი მონროს დოქტრინის მეშვეობით ამართლებს, განსაკუთრებით იმას, რომ ასეთი ორბანაკიანობა, ამგვარი დოქტრირაც ნები და ამოწურული კლიშეები, როგორც ჩანს, დღეს უკვე ძალიან მოძველებულია.

მაგრამ ის, რომ ცივი ომი დასრულდა და ჩვენ ამ ომის შემდგომ ხანაში გადავედით, ჯერჯერობით ვარაუდის დონეზეა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, გადადებენ თუ არა გვერდით მსოფლიოს ძლევამოსილი სახელმწიფოები თავიანთ შინაგან, დაფარულ მისწრაფებებს უხეში ძალის გამოსაყენებლად საკუთარი გავლენისა და ჰეგემონიის გასაფართოებლად. ძველი წეს-ჩვეულებები ძნელად თუ ავიწყდებათ და ამიტომაც დასრულდა ამერიკის შეჭრა ნატოს ხელმძღვანელობით რუსეთის სამფლობელოში, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის გამბიტით*. ეს კიდევ ერთხელ გვაფხიზლებს და გვაფიქრებინებს, რომ ცივი ომის დასრულება ჯერ მხოლოდ თეორიაა. ეს მხოლოდ წარმოსახვაა, რომელზედაც ყველა ოცნებობს.

* გამბიტი - საჭადრაკო ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ვითარებას, როცა მოთამაშე სწირავს ერთი-ორ შედარებით უმნიშვნელო საჭადრაკო ფიგურას, რათა ამით საერთო პოზიციები განიმტკიცოს. (ავტორის შენიშვნა)

სპარსულიდან თარგმნა

გიორგი ლობჟანიძემ

ქავე აფრასიაბი წარსულში თეირანის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ამჟამად ასწავლის კემბრიჯის უნივერსიტეტში. იგი იყო გაეროს ცივილიზაციათა დიალოგის პროგრამის მრჩეველი და არასამთავრობო ორგანიზაციის რელიგიათა შორის მსოფლიო მშვიდობა დამაარსებელი. მისი სტატიები სისტემატურად ქვეყნდება აზია ტაიმსისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქრონიკის ფურცლებზე. ავტორია წიგნებისა: აიათოლა ხომეინის შემდეგ: ირანის საგარეო პოლიტიკის ახალი ვექტორები,ისლამი და ეთნოლოგია, ირანის ბირთვული პროგრამა. წინამდებარე სტატია აზია ტაიმსის ამა წლის 26 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა.

მირ მეჰრდად მირ სანჯარი

სამხრეთ ოსეთი და კავკასია: შესაფერისი კალაპოტი ირანის რეგიონული ჰეგემონიისათვის

0x01 graphic

საქართველოს პოზიცია კავკასიაში

საქართველო ერთ-ერთია იმ სამი კავკასიური რესპუბლიკიდან, რომელიც ისტორიის მანძილზე უხსოვარი დროიდან ირანის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი, იბერიის სახელწოდებით, ისტორიულად მუდმივად ირანის შემადგენლობაში იყო, ხოლო დასავლეთი, რომელიც ეგრისად იწოდებოდა, მუდამ მაშინდელი დიდი მსოფლიო ძალების ანუ ირანისა და ბიზანტიის იმპერიის განუწყვეტელი ქიშპის საგანს წარმოადგენდა. ეს რეგიონი ისტორიის შემდეგ ეტაპებზეც არაერთხელ გამხდარა უცხო ძალთა თარეშის ასპარეზი, მაგალითად, ოსმალური თურქეთისა და რუსეთისა, ვიდრე 1812 წელს გოლესთანის სამარცხვინო ზავით, ირანელი ერისა და კავკასიის ხალხების კავშირი საუკუნეების განმავლობაში გაწყდებოდა.

ცარისტული რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამდე მთელი კავკასიის ირანული ტერიტორია „სპარსელთა მიწებად“ იწოდებოდა; ვიდრე 1917 წელს ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ საბჭოეთის მმართველი კომუნისტური რეჟიმი გადაწყვეტილებას მიიღებდა საბჭოეთის სხვადასხვა რეგიონის გეოგრაფიული საზღვრები მონათესავე ხალხთა ერთმანეთისაგან გათიშვის პოლიტიკური პრინციპით გადაენაწილებინა. ამ საფუძველზე სხვადასხვა რეგიონში და განსაკუთრებით, შუა აზიასა და კავკასიაში ჩამოყალიბდა რამდენიმე კონფლიქტური ტერიტორიული ერთეული, რომელიც საბჭოთა რეჟიმის პოლიტიკურ უპირატესობას ისახავდა მიზნად. მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ სამარყანდისა და ბუხარის - ტაჯიკებით დასახლებული და სპარსულენოვანი - რეგიონების მიერთება უზბეკეთის რესპუბლიკასთან.

კავკასიაშიც ანალოგიურმა პოლიტიკამ შემდგომ პერიოდში მრავალი ხალხის ეთნოკონფლიქტების გაღვივებას შეუწყო ხელი. მაგალითად, ერთი მხრივ, ყარაბაღზე, მეორე მხრივ კი ნახჭევანის რეგიონზე შეგვიძლია მივუთითოთ, რომელიც სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარეობს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საერთო საზღვარი არ გააჩნია და ოფიციალური აღიარება არანისა და შირვანის რესპუბლიკის საზღვრებში მოიპოვა.

ოსეთსა და კავკასიის ალანიაში მოსახლე ხალხებიც, რომლებიც ისტორიულად ირანული წარმომავლობისანი არიან, დღემდე სპარსულ თან ძალიან ახლო მდგომ ოსურ ენაზე საუბრობენ და თავს მუდამ ირანული ცივილიზაციის მემკვიდრეებად მიიჩნევენ, საბჭოთა წყობილებისას, ორ ნაწილად დაყვეს. ერთი ნაწილი, ჩრდილო ოსეთის სახელით, რუსეთის ფედერაციის, ხოლო მეორე ნაწილი, ანუ სამხრეთ ოსეთი, საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში მოაქციეს.

პოლიტიკური ცვლილებებისა და საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის დაქცევის შემდგომ, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, რეგიონის ნაციონალური პრინციპით ადრინდელი გადანაწილება მიძინებული ეთნოკონფლიქტების გაღვივების მიზეზად იქცა და მთელი კავკასიის რეგიონი, ერთი მხრივ, ყარაბაღის თაობაზე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის, მეორე მხრივ კი, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და აჭარის ეროვნულ გამათავისუფლებელი ბრძოლის ქარცეცხლში გაეხვია.

საქართველოს ურთიერთობა ისრაელთან და დასავლეთთან

მთავრობა, რომელიც დღეს საქართველოს მართავს, სათავეში დასავლეთისა და განსაკუთრებით ამერიკის, სრული მხარდაჭერით მოვიდა. იმდენად, რომ თავიდანვე დასავლეთსა და ისრაელთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ამ მთავრობის ყველა სამოქმედო პროგრამის მაგისტრალურ ხაზად გამოცხადდა. მსოფლიო პრესაში არაერთხელ ასახულა საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის მთავრობის ისრაელთან მჭიდრო ურთიერთობისა და ორმხრივი მსხვილი გარიგებების ფაქტები, რომელთაგან ქვემოთ რამდენიმეზე შეგვიძლია შევაჩეროთ თქვენი ყურადღება.

სააკაშვილის მთავრობის არაერთ წევრს, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ ებრაულად, მჭიდრო კავშირურთიერთობა აქვთ ისრაელთან. მაგალითად, დავით კეზერაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და სააკაშვილის მთავრობის მეორე პირს, რომელიც 1993 წლიდან ისრაელში ბებიასთან ცხოვრობდა, იქ განათლების მიღების შემდგომ კი საქართველოში დაბრუნდა და დღევანდელი მთავრობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მეორე ქართველი მინისტრი - თემურ ია`ყუბაშვილიც (ავტორი საგანგებოდ ებრაული ფორმით წერს გვარში ასახულ ებრაული წარმომავლობის სახელ იაკობს - გ. ლ.), ვიდრე მინისტრის პოსტამდე მიაღწევდა, ისრაელის რეჟიმში ცხოვრობდა. ამ რეჟიმმა საქართველოში განახორციელა მსხვილი კაპიტალდაბანდებები, რომელთაგან აღნიშვნის ღირსია ისრაელის ნავთობკომპანია ლაბიდოვის სამმილიონიანი ინვესტიცია საქართველოს ნავთობით მდიდარ რეგიონთა გასავითარებლად. გარდა ამისა, სიონისტმა მილიარდერმა იალ ლუპერმა 78 მილიონი დოლარი დააბანდა საქართველოს დედაქალაქის თბილისის განვითარებისათვის, ხოლო ამ რეჟიმის მეორე ბიზნესმენმა ეფრემ გურმა, როგორც ქართველმა ებრაელმა, თბილისში 1000 საცხოვრებელი ერთეულის შენება წამოიწყო და ისრაელიდან საინვესტიციო კომპანიის „შალგარის 50-მილიონიანი ინვესტიცია საქართველოში ჩაიტანა.

მეორე მხრივ, თბილისის მთავრობის თანადგომამ ისრაელისა და ამერიკის ანტიირანული პროგრამებისადმი რეგიონში, ერაყში 1000 ჯარისკაცის გაგზავნით ამერიკისათვის ერაყის დაპყრობაში დახმაების აღმოსაჩენად სრულიად განსხვავებული ელფერი შეიძინა იმდენად, რომ საქართველო ამერიკისა და ინგლისის შემდგომ ერაყის დამპყრობთა რიგში მესამე სახელმწიფოდ მოგვევლინა.

საქართველოს მხრიდან კავკასიაში ნატოს გაფართოებისათვის ანთებული მწვანე შუქი არის ამერიკის განსაკუთრებული ყურადღების მიზეზი საქართველოს შესაძლებლობათა საკუთარი ეროვნული ინტერესებისათვის გამოსაყენებლად. ამიტომაცაა, რომ 150 ამერიკელი სამხედრო, ქართული ჯარის გაწვრთნისა და შეიარაღების მიზნით, დღესაც ამ ქვეყანაში იმყოფება.

აღნიშნულმა ურთიერთნდობამ განაპირობა კასპიის ზღვის ნავთობის დასავლეთში ტრანსპორტირების მიზნით აგებული ნავთობსადენის ე. წ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საქართველოს ტერიტორიაზე გატარება, რათა ამით ირანისა და რუსეთის ინტერესების საპირწონედ დასავლეთის ინტერესები ყოფილიყო დაცული და დაბალანსებული.

დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიაში არსებული ვითარება, რომ მუდმივ გავლენას იქონიებს რეგიონის სხვა ქვეყნების - რუსეთისა და ირანის ეროვნულ ინტერესებზე, რადგანაც ისეთი ქვეყნების როგორიცაა საქართველო და აზერბაიჯანი (იგივე ისტორიული არანი და შირვანი) მომეტებული სიახლოვე დასავლეთთან გააძლიერებს რეგიონში უცხო ძალთა ფეხის მოკიდებას. დასავლეთის მიერ საქართველოს და აზერბაიჯანის წაქეზება ნატოს წევრობისაკენ და რეგიონში ანტისარაკეტო საფარის დამონტაჟება რამდენადაც რუსეთისათვის არის საშიშროება, იმდენადვე სერიოზული საფრთხეა ირანისთვის. ამ მიმართებით აღნიშნულ ორ ქვეყანაში სამხედრო ბაზების შექმნა და ბაქოჯეიჰანის ნავთობსადენის აშენებაც იყო პოლიტიკა, რომელიც ირანისა და რუსეთის რაც შეიძლება მეტი იზოლაციისათვის განახორციელეს. ამ ვითარებაში მიუხედავად დასავლეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რეგიონში დამონტაჟების პროცესის შენელებისა, რაც რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთში სამხედრო ძალის გამოყენებამ გამოიწვია, ირანის მხრიდან აქტიური რეგიონული ძალის ჰეგემონიური გამოყენება შესაბამისი საშუალება იქნება საიმისოდ, რომ ჩვენს ირანელ თანამოძმეებს რეგიონში მორალური და მატერიალური დახმარება გავუწიოთ. ის, რომ საქართველოში სამხრეთ, ასევე ჩრდილო ოსეთსა თუ ალანიაში მცხოვრებ ოსებსა და აზერბაიჯანში თალიშარის რეგიონში მცხოვრებ თალიშებს ირანული ძირები აქვთ და ისინი ამ ირანული ძირებით, კულტურითა და სპარსული ენით ამაყობენ, არის შესაბამისი კალაპოტი, რომელსაც აქამდე ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდა. ამდენად, უპრიანი იქნება ირანის მიერ ამ ხალხებსა და ერაყელ ქურთებსაც კი, როგორც ირანული წარმომავლობის ხალხს, ყოველმხრივი კულტურული და ნივთიერი დახმარება გაეწიოს. რადგანაც ამ ხალხის ძლიერების შენარჩუნება ირანის რეგიონული ჰეგემონიის განმტკიცებისა და რუსეთთან ძალის გათანაბრების გარდა შეიძლება ირანის ეროვნული ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღმოსაფხვრელად საჭირო დროსა და შესაფერის მომენტში შესანიშნავ საშუალებად გამოგვადგეს.

სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ

ალი რეზა ნური

სააკაშვილის შეცდომა: დასავლეთის დახმარების იმედი

0x01 graphic

შეცდომის გამო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება

სააკაშვილმა ორშაბათს, 10 აგვისტოს, „უოლსტრიტ ჯურნალში“ დაბეჭდილ სტატიაში სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების გამო მთლიანად რუსეთის მხარე დაადანაშაულა. მან სტატიის უმთავრესი ნაწილი დაუთმო პასუხს შეკითხვაზე: „რა იყო ამ ომის მიზანი“, აღნიშნული საკითხი ქართველი ხალხის შეკითხვად წარმოგვიდგინა და განაცხადა, რომ „ეს ომი საქართველოს არ აურჩევია და არც დაუწყია. ეს იყო ომი, რომელიც კრემლის მთავრობის მიერ დაიგეგმა.“ საქართველოს პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთი დიდი ხანია ყველანაირად ცდილობდა საქართველოს პროვოცირებას ომში ჩასაბმელად, განსაკუთრებით აფხაზეთის რესპუბლიკასთან, თუმცა შესაბამის მომენტში, როცა საჭირო სამხედრო პირობები შექმნა, ასანთი სამხრეთ ოსეთის კრიზისის „დენთის კასრთან“ გაკრა.

ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც სააკაშვილი აღნიშნულ სტატიაში მიუთითებს და რამდენადმე ააშკარავებს თბილისის მთავრობის დასავლეთთან ცალხმრივ ურთიერთობებზე დაყრდნობით გამოწვეულ უმთავრეს შეცდომას, არის „პირადად თავისი და მისი ხალხის დასავლურ ორიენტაციაზე“ ხელახალი აპელირება. სააკაშვილის განცხადებით, ქართველმა ხალხმა აშკარად გამოხატა საკუთარი სწრაფვა ევროპისაკენ და თავის მომავალს სწორედ ევროპას უკავშირებს. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ სააკაშვილი თბილისში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ მაშინ გამოკითხულთა სამი მეოთხედი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას დაეთანხმა.

პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთში ომის წამოწყებას იმითაც ამართლებს, რომ „თავისუფლება და დამოუკიდებლობა უსასყიდლოდ არ მიიღწევა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ის საფასურია, რაც საქართველომ საკუთარი ჭეშმარიტი თავისუფლებისათვის გადაიხადა.“

იგი ევროპის მხარდაჭერის მოპოვებას სხვა არგუმენტაციითაც შეეცადა და თქვა, რომ საქართველოს დამარცხება ამ უკანასკნელ მოვლენებში მთელი ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე ევროპის, ევროპული პოზიციების დამარცხებად შეიძლება შეფასდეს და სა მხრეთ ოსეთის გამო საქართველოს მთავრობის დაპირისპირება რუსეთის მთავრობასთან მთელი ევროპის დაპირისპირებაა.“

შეჯამება

ბოლო დროს სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების თაობაზე ევროპელი ექსპერტების მოსაზრებათა თვალის მიდევნება მიგვანიშნებს იმ რეალობაზე, რომ ამ ექსპერტების თითქმის ერთსულოვანი შეხედულებით, მოსკოვთან შედარებით საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობის გაუთვალისწინებლობის პირობებში, სააკაშვილის მხრიდან ომის წამოწყება უდიდესი შეცდომა იყო. განსაკუთრებით, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი წარმოდგენილია ევროპის უშიშროების საბჭოში და შეუძლია ვეტო დაადოს ყველა გადაწყვეტილებას, რასაც თავისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, მათ შორის უკანასკნელ კონფლიქტთან დაკავშირებითაც. სწორედ აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს ევროპის უშიშროების საბჭოს უუნარობა, რომელმაც რამდენიმე სხდომის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში დაპირისპირების დასასრულებლად საჭირო მინიმალური ზომების მიღებაც კი ვერაფრით მოახერხა. სააკაშვილი, რომელმაც ეს ომი არა საქართველოს რეალურ შესაძლებლობათა გათვალისწინებით, არამედ დასავლეთის დახმარების იმედად წამოიწყო, საბოლოოდ, როცა ვერც ქმედითი შეწევნა მიიღო და რუსეთის უეჭველი სამხედრო-პოლიტიკური უპირატესობაც დაინახა, იძულებული გახდა, საკუთარი შეცდომა ეღიარებინა და სი-ენ-ენისათვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა თბილისის მთავრობის მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოსაწერად.

მაგრამ ჩანს, ცეცხლის შეწყვეტა სულაც არ არის დაპირისპირებათა დასასრული, არამედ, როგორც მედვედევმა აღნიშნა, „ამ ომის გამჩაღებელი უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს“ და თბილისი მოსკოვის სადამსჯელო ღონისძიებებისათვის უნდა მოემზადოს.

სპარსულიდან თარგმნა
გიორგი ლობჟანიძემ