The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ვახტანგმა წყალი ისურვა

მაჭავარიანი მუხრან

ვახტანგმა წყალი ისურვა

..თქვენ, მკვიდრნო ქართლისანო,
მოიხსენენით კეთილნი ჩემნი...
და სახლსა ჩვენსა ნუ შეურაცხჰყოფთ...

ვახტანგის ანდერძი


მოგეხსენებათ, რა ძნელია პოემის წერა;
არა ერთი და ორი გახდა ამ საქმის წერა.
ეს, არცთუ ისე იოლი საქმე, -
როგორ დავიწყო,
სით მივუდგე,
მირჩიეთ -
რა ვქნა!

დავიწყო ისე, როგორც სხვები იწყებენ ხოლმე, -
რატომღაც გული არ მაძლევს ნებას.
არადა, უშნოდ რომ მოვედვა ღობეს და ყორეს -
ეს შეიძლება?! -
რა თქმა უნდა -
არ შეიძლება!

რაც არის - არის -
გავარდეს ჯანი.
თუ გინდა, ლაფი დამასხან თავზე -
ესე პოემა იწყება ასე:

ვახტანგმა გადინადირა ქედი მაღალი - ტყიანი;
ვერ მოჰკლა ფური,
ვერც ხარი;
- ვაზირნი რას იტყვიანო!
ხელმოცარულმან მეფემან შორით შენიშნა ჭალა.
ჩამოხტნენ.
ბრძანა - დაჯდომა.
ცხენთ დაუყარეს ჩალა.
აღმოხდა მწუხრის ვარსკვლავი -
მკვდარი გზის მაჩანჩალა.
ულაყთა -
ლაგამწაყრილთა -
შეახრამუნეს ჩალა.

ვახტანგმა წყალი ისურვა,
გაიქცნენ: -
მოვიტანთო!
ვაზირს ეწადა რამ ეთქვა -
იჩქითად,
სწორედ ამ დროს,
მოიჭრა წყალზე წასული -
გადასდიოდა ხვითქი.
- რა დაგემართა,
თქვი ჩქარა!
თქვა: -
მადროვეთო,
ვიტყვი!..

- ვითარცა მოგეხსენებათ, წარვედ მოტანად წყალისად;
ვეძებე,
მივდექ-მოვდექი, -
წყარო ვერ ვპოვე ღარისა.

შევხედე:
ღელე დიოდა, -
თვალნი გამიხდნენ ფართონი.
ვიფიქრე: -
ღელეს წავიღებ, -
რას მიმიხვდება პატრონი!

გავბრიყვდი,
ვიგულმავიწყე
ყოვლისმხედველი უფალი.
მყისვე ყრანტეში ჩავხოხდი -
გავწირე კაბა-ჯუბანი.
ღელეს მივადექ...
და როცა
ჩქერალს შევუდგი ტაგანი, -
წყალი გაცხელდა,
ადუღდა...
შევკრთი, -
დამეცა თავზარი.

მუხლზე დავეცი -
ავტირდი,
ვახშირე პირჯვრის წერანი;
არ შემეწია
არც ღმერთი,
არც მზე,
არც წერამწერალი.

დამსაჯეთ!
ჩემზედ ახია
გზანი უღაღნი ჯანაბის.
ახია ჩემზე გაშავდეს
ჩემი სახლი და ჯალაბი.

აბრძანდა მეფე.
მუნთქვესვე
ფეხზე წამოხტა ყველაყა;
წყალი - ადუღდა რომელიც -
უნდოდა ყველას ენახა.

მივიდნენ -
შეცბნენ...
მარტოდენ
მეფე გალაღდა ნამეტურ;
წყლის ღვთაებრივი ნიშატი -
იგრძნო,
შენიშნა რამეთუ.

ხმას არ იღებდა ხელმწიფე.
ვაზირთა შეჰქმნეს ყაყანი;
ზოგმა ცას ეჭვით გახედა,
ზოგმა გასინჯა ტაგანი...

მეფემ აღაღო ბაგენი
და შეწყდა მყის ლაპარაკი.
წარმოსთქვა: -
იყავნ ქალაქი!
და... აღმოცენდა ქალაქი.

* * * * * * *

სიტყვა მეფის, საქმე შენი -
შოშიტა და შიოშ...
- რაღა გვინდა აწი წყნეთში,
ანდა მცხეთაშიო!..

მცხეთით,
წყნეთით,
თუხარისით;
ჩორთით,
ოთხით,
თოხარიკით -
უხალისოდ,
თუ ხალისით
მოაშურა ხალხმა თბილისს...

ქვამ ქვა იგრძნო.
ძელმა - ძელი.
ჩაიყარა საძირკველი.
დაიბადა თბილისელი.
სტუმარს დახვდა მასპინძელი.
და...
მზე როდესაც მოადგა
აღმოსავლეთით თბილისს, -
მცხეთას დაეცა თბილისის
ვეებერთელა ჩრდილი.