The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება
წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება (40 ქულა)

კაჭარავა ელზა

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება (40 ქულა)

წყარო: კაჭარავა, ელზა ქართული ენა და ლიტერატურა : [ტექსტს რედაქტირება, არგუმენტირებული ესე, წაკითხულის გააზრება და მხატვრული ტექსტის ანალიზი] / ელზა კაჭარავა ; [რედ.: დ. კვანჭიანი, თ. ცხადაია]. - თბ. : მერიდიანი, 2017. - 182 გვ.


ა) წაკითხულის გასააზრებლად ყურადღებით გაეცანით ტექსტს. კითხვებზე პასუხის გაცემა მაშინ დაიწყეთ, როდესაც ტექსტის შინაარსი მთლიანად გასაგები იქნება. მოცემული ოთხ-ოთხი პასუხიდან აარჩიეთ ერთ-ერთი.
ბ) 
მხატვრული ტექსტის გასაანალიზებლად წერითი დავალების სამ მითითებას ისე უნდა უპასუხოთ, რომ თხზულება აზრობრივად მთლიანი გამოვიდეს. ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი ნათლად, დეტალურად და დასაბუთებულად. ნაშრომში უნდა ჩანდეს არგუმენტირებისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი. მსჯელობა უნდა იყოს ლოგიკურად გამართული და აბზაცებით დანაწევრებული, უნდა გაითვალისწინოთ სალიტერატურო ენის ნორმები.


წაიკითხეთ ფრაგმენტი აკა მორჩილაძის რომანიდან „ვენერას სიზმარი“!

ნუგზარ ერისთავი პატიოსანი კაცი იყო. ამიტომ, როცა იმპერია აყირავდა და მისმა პატარა და ოქრო ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ის ისეთივე ცარიელ-ტარიელი და ღატაკი დარჩა, როგორც ასიათასობით სხვა პატიოსანი კაცი, ვისაც ოქროდ და დოლარებად არ უქცევია თავისი ნაგროვები ქონება. ფულის ინფლაციამ მისი საბანკო ანგარიშები სასაცილო რიცხვებად აქცია. ნუგზარ ერისთავს ამის გამო იმდენი არ უდარდია, რამდენიც კაცმა უნდა იდარდოს, მარიკა გათხოვილი იყო და ერთადერთ დარდად პატარა შვილიშვილის გამოზრდა უჩანდა. თამუნის უთხრა, ბავშვი, თორემ ჩვენ რაღაო. სიძეს კაი გინეკოლოგი ეთქმოდა, თუმცა თანდათან ანებებდა თავს გინეკოლოგიას და გული ბიზნესისაკენ უწევდა, ქალაქელი ბიჭი იყო, ოჯახიშვილი. ასეთებმა დააარსეს შპს „გონდოლა“ და ისიც იქ იყო.

მაგრამ ამ დროს ერთი ხმაურით ატყდა საზოგადოებრივი ცხოვრება ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ და ამას სამოქალაქო ომიც მოჰყვა. ნუგზარი მაშინ ტელეფონთან არც მიდიოდა, რადგან განუწყვეტლივ რეკავდნენ მოქიშპე ბანაკებიდან, მოდი, მხარში ამოგვიდექიო, შენ თუ დუმხარ, მაშ – ვინო. ერთხელ მოადგნენ განთქმული მწერლები და ერთი შეძახილიანი ლაპარაკის შემდეგ მაინც ჩაისვეს მანქანაში და წაიყვანეს მთავრობის საწინააღმდეგო შეკრებულობაზე, სადაც არა, არა და, მაინც თქვა: არაფერი ღირს სიმშვიდედ, ასე ქვეყნის მართვა არ შეიძლებაო. სამიოდ დღეში ომი დაიწყო და პრეზიდენტი ჩამოაგდეს. ის ქალაქიც კარგად დაიმახსოვრა ნუგზარმა და ისიც, რომ მაშინ, იმ შეხვედრაზე წარმოთქმული სიტყვები ახლა გამარჯვებულებმა ტელევიზორში აჩვენეს. ამიტომაც მიაწყევლა ქალმა სოლოლაკის ერთ-ერთ ქუჩაზე, შე უნამუსო, შენ რაღა დაგიშავა, ენას რომ აჭარტალებო. ამიტომაც რეკავდნენ სახლში ვიღაცები, გადაგდებული მთავრობის მომხრენი, და თამუნის ლანძღავდნენ, არ მოველოდითო.

ამასობაში დროებითმა მთავრობამ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა და ნაცნობ-მეგობრები კვლავ შემოუჩნდნენ, უნდა წაგიყვანოთ ერთი კანდიდატის საარჩევნო შეხვედრაზე, ძალიან გთხოვაო. წავიდა, იმიტომ, რომ ვერ მიხვდა, რატომ არ უნდა წასულიყო.
კანდიდატი ტრიბუნასთან მივიდა და თქვა:

„მოგესალმებით, ბატონებო, ჩემს საყვარელ ხალხს! ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ ჟამს ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ. ვხედავ ბატონ ნუგზარ ერისთავს, ჩვენს დიდ მწერალს, ჩვენს, არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმა, ცოცხალ კლასიკოსს, ჩვენი ქვეყნის სინდისის ერთ-ერთ ცოცხალ მაგალითს. ვხედავ, მას, სხვებს და სხვებს და მეიმედება თქვენი.

ჩვენ, ყველანი, დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს. აი, მე და ბატონი ნუგზარი. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ არც კი ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ოცდათხუთმეტი წელიწადია, ახლო ურთიერთობა გვაქვს. მახსოვს, სრულიად ახალგაზრდამ, მისთვის უცნობმა, დავურეკე მისი რომანით აღფრთოვანებულმა. იმ საუბარმა ლამის მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა... ვინ ვიყავი მაშინ მე? ერთი რიგითი მოხელე... და ა.შ. და ა.შ.“
ცხადია, ეს კაცი პრეზიდენტი გახდა.

მერე ყოველდღე მოდიოდნენ სახელმწიფო მედიის ჟურნალისტები და ნუგზარიც ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა.

ერთხელ კი თქვა: – მე მონა ვყოფილვარ. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა მონა, მონად დარჩება, ასე თქვა უიტმენმა.

მაგრამ ეს ამოჭრეს.

მერე კვლავ იყო სამოქალაქო ომი, რომელშიც მოჯანყეები დამარცხდნენ, მერე იყო შიდა გადატრიალება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიაც ნუგზარი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. თანამდებობებზე უარს აცხადებდა და არც არავის სჭირდებოდა მისი თანამდებობა.

ქვეყანა კი იყო ისეთი ღატაკი, რომ ნუგზარს მანქანიდან გადმოსვლისა რცხვენოდა. არსად დადიოდა, რაღაც უაზრო შეკრებების გარდა, სადაც ისევ ამბობდნენ, ჩვენიანი და სხვისიანიო, ნუგზარს გვერდზე გახედვა აღარ უნდოდა, აღარც იყურებოდა, ეშინოდა და რცხვენოდა. ნუგზარ ერისთავი ძალიან პატიოსანი კაცი იყო, იშვიათად შეგხვდებოდნენ ეგეთები. ამასობაში კი სიძის საქმე წავიდა კარგად: შეუმჩნეველი წვრილი ბიზნესმენიდან იგი, სახელად ნიკოლოზი, ანუ ნიკა, ჯერ პარტიულ, მერე კი სახელმწიფო თანამდებობაზე აღმოჩნდა. შპს „გონდოლა“ კი გაიზარდა და დიდ კონცერნად იქმნა. ნუგზარს არაფერი უჩალიჩია, თავისთავად გამოდიოდა. ცხადია, თავიდან მის გამო დაძრეს, მერე კი თავადაც აუღო ალღო და საჭირო და ძლიერი შეიქნა, ჯერ ორმოცისაც არ იყო და მეტად მნიშვნელოვანი პერსონაც ბრძანდებოდა მთავრობაში.

მთელს ამ ისტორიებსა და ათ წელიწადში ნუგზარს სასარგებლოდ დაურჩა მხოლოდ ორი ინფარქტი, რომელთა წყალობითაც შეეძლო, ბევრ რამეზე უარი ეთქვა, ანუ, პრეზიდენტთან არ წასულიყო ცუდად ყოფნის მომიზეზებით, ანდა პრემიერმინისტრს არ ხლებოდა ამალად რომელიმე შორეულ საგრაფოში. სამი წლის განმავლობაში მან მოახერხა და ავადმყოფის სახელი დაიგდო. ეს ერთადერთი გზა იყო, რომ მოშორებოდა საძულველ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, რომელმაც მას ჩამოართვა ნამდვილი ცხოვრება და ვიღაცის დანამატად აქცია.

ა) წაკითხულის გააზრება (15 ქულა)

უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
1. როგორ გესმით სიტყვები: „იმპერია აყირავდა“?
ა) იმპერია დამარცხდა.
ბ) იმპერია შეზანზარდა.
გ) იმპერია გარდაიქმნა.
დ) იმპერია დაიშალა.

2. საქართველოს ისტორიის რომელ პერიოდს ასახავს ეს ტექსტი?
ა) მე-20 საუკუნის 90-იან წლებს.
ბ) მე-19 საუკუნის 20-იან წლებს.
გ) მე-20 საუკუნის 30-იან წლებს.
დ) მე-20 საუკუნის 70-იან წლებს.

3. რისი თქმა სურდა პერსონაჟს სიტყვებით: „ვინც ერთხელ მაინც ყოფილა მონა, მონად დარჩება“?
ა) თუ ადამიანი არ იბრძოლებს თავისუფლებისათვის, მონად დარჩება.
ბ) თუ ადამიანს მონური ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდება, მისგან ვერ გათავისუფლდება.
გ) თუ ადამიანს თავისუფლება არ დაუკარგავს, მის ფასს ვერ გაიგებს.
დ) თუ ადამიანი თავისუფლებას დაკარგავს, ბრძოლა ერთადერთი გამოსავალია.

4. რის გამო რცხვენოდა ნუგზარს?
ა) საკუთარი ცოდვების გამო.
ბ) ხელისუფლების უზნეობის გამო.
გ) ქვეყანის სიღატაკის გამო.
დ) საზოგადოების დეგრადირების გამო.

5. რაზე მიგვანიშნებს ავტორი სიტყვებით: „ნუგზარ ერისთავი ძალიან პატიოსანი კაცი იყო, იშვიათად შეგხვდებოდნენ ეგეთები“?
ა) პერსონაჟის ზნეობრივ პრინციპებზე.
ბ) საზოგადოების ზნეობრივ დაცემაზე.
გ) პერსონაჟის გამორჩეულობაზე.
დ) საზოგადოებისა და გმირის გაუცხოებაზე.

6. ქართული ყოფისთვის დამახასიათებელ რა მოვლენაზე მიგვანიშნებს სიტყვები: „ცხადია, თავიდან მის გამო დაძრეს“?
ა) პროტექციონიზმზე.
ბ) პროვინციალიზმზე.
გ) პატრიოტიზმზე.
დ) პროგრესულობაზე.

7. რაში დაეხმარა ნუგზარ ერისთავს ავადმყოფობა?
ა) რომ დაბრუნებოდა შემოქმედებით საქმიანობას.
ბ) საკუთარი თავისადმი რწმენის დაბრუნებაში.
გ) საკუთარ ოჯახში დაბრუნებაში.
დ) რომ მოშორებოდა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებას.

8. რატომ სურდა ნუგზარ ერისთავს მოშორებოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვ­რებას?
ა) შემოქმედებითი საქმიანობისთვის ვერ იცლიდა.
ბ) სულიერ და ფიზიკურ უძლურებას გრძნობდა.
გ) ღირსებააყრილად გრძნობდა თავს.
დ) თავისი პირადი საქმეებისთვის ვერ იცლიდა.

9. რაზე მიგვანიშნებს ავტორი სიტყვებით: „...არ ხლებოდა ამალად რომელიმე შორეულ საგრაფოში“?
ა) პერსონაჟს არ სურს არსებული ხელისუფლების სამსახურში ყოფნა.
ბ) პერსონაჟს მხოლოდ პირად ინტერესებზე ზრუნვა სურს.
გ) პერსონაჟს არ აინტერესებს პოლიტიკური საქმიანობა.
დ) პერსონაჟს არ სურს თავის ბუნებრივ გარემოს მოშორდეს.

10. როგორ ახასიათებს პერსონაჟს ხაზგასმული სიტყვები?
ა) როგორც საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანს.
ბ) როგორც თავდაჭერილ ადამიანს.
გ) როგორც გულისხმიერ ადამიანს.
დ) როგორც სუსტი ნებისყოფის ადამიანს.

11. ავტორის რა დამოკიდებულება ჩანს სიტყვებში: „ქალაქელი ბიჭი იყო, ოჯახიშვილი“?
ა)
 პატივისცემის გამომხატველი.
ბ) ირონიის შემცველი.
გ) თანაგრძნობის გამომხატველი.
დ) სარკაზმის შემცველი.

12. რატომ დარჩა ცარიელ-ტარიელი ნუგზარ ერისთავი იმპერიის დანგრევის შემდეგ?
ა) რადგანაც უნიათო კაცი იყო.
ბ) რადგანაც მფლანგველი კაცი იყო.
გ) რადგანაც შემოქმედი კაცი იყო.
დ) რადგანაც პატიოსანი კაცი იყო.

13. რომელი სიტყვები გამოხატავს თაობის სულიერ დეგრადირებას, დათრგუნულობას?
ა) „ჩვენ, ყველანი, დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს“.
ბ) „ასე ქვეყნის მართვა არ შეიძლება“.
გ) „მე მონა ვყოფილვარ“.
დ) „ამას სამოქალაქო ომიც მოჰყვა“.

14. რაზე მიგვანიშნებს ავტორი, როცა საგრაფოს უწოდებს საქართველოს რეგიონს?
ა) ქვეყნის ტრადიციულობაზე.
ბ) ქვეყნის არადემოკრატიულობაზე.
გ) ქვეყნის დანაწევრებაზე.
დ) ქვეყნის პროგრესულობაზე.

15. რატომაა პერსონაჟისთვის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება საძულველი?
ა) რადგან არსებული რეჟიმის სამსახურშია და არა ხალხის.
ბ) რადგან შემოქმედებით ცხოვრებას ჩამოაშორა.
გ) რადგან საკუთარ ოჯახს ჩამოაშორა.
დ) რადგან სულიერ უძლურებას გრძნობს.

ბ) წერითი დავალება (25 ქულა)

გააანალიზეთ რომანის მოცემული მონაკვეთი შემდეგი მითითებების მიხედვით:
იმსჯელეთ ნუგზარ ერისთავის მხატვრული სახის შესახებ;
იმსჯელეთ მოცემულ ტექსტში ასახული ეპოქის შესახებ;
იმსჯელეთ, რა არის ამ ტექსტის მთავარი სათქმელი და რა საშუალებებითაა მიღწეული მხატვრული ეფექტი.
თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!

   

პასუხები:

1) დ. 2) ა. 3) ბ. 4) გ. 5) ბ. 6) ა. 7) დ. 8) ა. 9) ა. 10)დ. 11) ბ. 12) დ. 13) გ. 14)ბ. 15)ა.