The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მითხარ, როგორაა მემლექეთი!

ხალვაში ფრიდონ

მითხარ, როგორაა მემლექეთი!

მითხარ, როგორაა მემლექეთი, ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე, გული დაკოდილი  გავამთელო.

 

დაკოდილი - აქ: დაჭრილი

     

მითხარ, როგორაა მემლექეთი, მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი,
ახლად დავიბადე, თბილისიდან ხმა რომ დავიჭირე რადიოთი.

კაი მექართულე ვეღარა ვარ, მაგრამ სული მიდუღს იმოდენა,
რომ შიგ სიტყვა მარად მშობლიური, როგორც გაზაფხული, იტოტება.

   
     

მითხარ, როგორაა მემლექეთი, მცხეთა, ქობულეთი, კახაბერი,  
იგი ნიადაგ  თუ არ ვახსენე, მაშინ ერთი წუთიც დამაბერებს.

 

კახაბერი - სოფლის სახელწოდებაა აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში
ნიადაგ - მუდამ, ყოველთვის

     

ლუკმა არ მაკლია, მართალია, მაგრამ სამშობლოთი ღარიბი ვარ,
აი, ამნაირად, უსიცოცხლოდ, მთელმა სიცოცხლემაც გაირბინა.

   
     

მითხარ, როგორაა მემლექეთი, აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები,
ზმითს, ეგეოსის ნაპირებზეც ვაგეთ საქართველოს სახლკარები.

 

იზმირი - ქალაქი თურქეთში
ეგეოსის ნაპირები - იგულისხმება ეგეოსის ზღვის სანაპირო, რომელიც თურქეთშია

     

მითხარ, როგორაა მემლექეთი, ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე, გული დაკოდილი გავამთელო.