გიორგი ნიკოლოზის-ძე ლეონიძის ავტობიოგრაფია დავიბადე 1899 წელს, 27 დეკემბერს (ძვ. სტ.) სოფელ პატარძეულში (გარე კახეთი, ივრის ხეობა).
მამა ჩემი _ ნიკოლოზ ლეონიძე სახალხო მასწავლებელი იყო. სულ ახალგაზრდა, 39 წლის გარდაიცვალა, 1900 წელს.
1918 წელს დავასრულე თბილისის სასულიერო სემენარია, რის შემდეგ შევედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლექსების წერა დავიწყე 1911 წლიდან. პირველი ჩემი ლექსი “მცხეთა” დაიბეჭდა იმავე წელს. აქტიურად ჩავები ლიტერატურულ მუშაობაში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დაწყებიდან. მე პირველმა დავაარსე ქართველ წითელ არმიელთა გაზეთი, აგრეთვე ჟურნალები “გრდემლი” და “დროშა”.
1931 წელს აქტიური მონაწილე ვიყავი საქართველოში ლიტერატურული მუზეუმის დაარსებაში, რომლის დირექტორი ვიყავი 1953 წლამდე.
1936 წელს არჩეული ვიყავი საბჭოების მე-8 საგანგებო ყრილობის დელეგატად, ამ ყრილობაზე გამოვედი ლექსით, რომელიც მიმართული იყო ამხანაგ სტალინისადმი.
დაწერილი მაქვს რამდენიმე წიგნი ლექსებისა, პოემების და ისტორიული ნარკვევებისა. ამათში აღსანიშნავია ლექსები სტალინზე: “სამშობლოსათვის, სტალინისათვის”, “ქთართლის ბაღი”, “სტალინი”, წიგნი 1-ლი, “ყრმობა” _ ამ წიგნის დაწერის გამო დაჯილდოვებული ვიქენი სტალინური პრემიით 1944 წ. 1950 წელს სტალინური პრემია მივიღე სცენარ “ჯურღაის ფარის” დაწერისათვის. მესამე პრემია მივიღე 1951 წელს პოემებისთვის _ “ბერშოულა” და “ფორთოხალა”.
ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობის მიერ გაგზავნილი ვიყავი გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, უნგრეთში და პოლონეთში.
ვარ მშვიდობის მომხრეთა კომიტეტის წევრი.
ვარ კპ-ს წევრი და საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობისა, პრეზიდიუმის, სამდივნოს წევრი და აგრეთვე ერთ-ერთი მდივანი.
ჩემი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებული ვარ ლენინის ორი ორდენით, ვარ სამგზის ლაურეატი, მიღებული მაქვს “წითელი დროშის ორდენი” და მედლები: “კავკასიის დაცვისათვის” და
“მამაცური შრომისათვის”.
გ. ლეონიძის ნაწარმოებთა სია
1. ლექსები, 1938 წ. 2. “სტალინის ბავშვობა და ყრმობა”, 1929 წ. 3. “შახნავაზიანი”, 1935 წ. 4. “იოსებ თბილელი და მისი დიდმოურავიანი მე-18 საუკუნეში”, 1936 წ. 5. “ივანე მაჩაბელი”, მონოგრაფია. 6. გიორგი ლეონიძის ლექსები,
1942 წ. 7. “სტალინის სამშობლო”, 1942 წ. 8. “ლექსები”, 1944 წ. 9. “ქართველი
მეომრები”, 1944 წ. 10. “ქართლის ბედი”. 11. პოემა “სტალინ”, თარგმნილია რუსულ,
ოსურ, უკრაინულ, აზერბეიჯანულ, ბელორუსულ და უზბეკურ ენებზე. 12. “სამგორი”, პოემა,
1946 წ. 13. “ბელადის ყრმობა”. 14. “ლექსები”, კრებული, 1950 წ. 15. “სტალინი”, წიგნი I. 16. “ქართლის ბაღი”, 1947 წ. 17. “ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია”, 1949 წ. 18. ლექსები და პოემები, 1947 წ.
19.
ცალკეული ლექსები. 20. ლექსების ციკლი “ლიტერატურა და ხელოვნება”, 1951 წ.
სწორია: ნ. კლ., 1956 წ.
ვადასტურებ სამდივნოს გამგე: ნ. თოფჩიშვილი
მცირედი მოსაგონარი
(ავტობიოგრაფიული მასალები და მოგონებანი)
დავიბადე 1899 წელს, 27 დეკემბერს, (ახ. სტ.) სოფელ პატარძეულში (გარედ კახეთი). პატარძეული მთელ ივრის ხეობაში ერთ მრავალრიცხოვან და მაგარ სოფლად ითვლება.
მამაჩემმა ნიკოლოზ სვიმონის ძე ლეონიძემ* დაასრულა გორის საოსტატო სემინარია 1886 წელს. მისი სკოლის ამხანაგები იყვნენ: ვაჟა-ფშაველა, ბაჩანა, ვანო ავალიშვილი, ლადო აღნიაშვილი, ალ. გარსევანიშვილი და სხ. მათთან ერთად იგი იყო აქტიური წევრი გორის ხალხოსნური წრისა. ალბად, ამავე წრის ზეგავლენით, გახდა ახლობელი თანამშრომელი გაზეთ “ივერიისა”,
“ცისკრისა”, როცა იგი სამეურნეო გაზეთად გადაკეთდა, ჟურნალ “თეატრის” და სხ. “ივერიაში” ხშირად შეხვდებით მისს ვრცელ ისტორიულ-არქეოლოგიურ წერილებს და კორესპონდენციებს შიდა ქართლიდან, მთიულეთიდან, გარე-კახეთიდან. როგორც ივანე კერესელიძის მისდამი წერილებიდან ირკვევა, მას “ცისკრისთვის” გადუთარგმნია სტრუვეს კაპიტალური ნაშრომი მევენახეობასა და მეღვინეობაზე. მამაჩემს კალამი უცდია აგრეთვე მხატვრულს მწერლობაში. დღემდე ჩემს არქივში შემონახულია მისი მოთხრობა “პეპელა”, რომელსაც აწერია რედაქტორის რეზოლუცია-დასკვნა: “არ დაიბეჭდება”. ნიკო ლეონიძე გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა, 39 წლისა (დაბ. 1861 წ.), ბრმა ნაწლავის ანთებით. დარჩა ხუთი შვილი: სამი ვაჟი და ორი ქალი. ვაჟებიდან ყველაზე უმცროსი მე ვარ.
მე ძალიან ადრე გამეღვიძა მწერლობის სიყვარული. 4 წლისამ უკვე ვიცოდი ანბანი და ხუთი წლისა უკვე ვკითხულობდი გაზეთებს. ასე, ოჯახში მე მაკითხებდნენ იაპონიის ომის ამბებს გაზეთ “ცნობის ფურცელში”.
ზემო ბავშვურ გათვითცნობიერებას ალბად ხელს უწყობდა მამაჩემის მიერ დატოვებული ბიბლიოთეკაც და სრულიად ბავშვი გატაცებით ვკითხულობდი ყაზბეგს, ილიას და ქართულ ისტორიულ წიგნებს.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ქართული მწერლობის სიყვარული ახასიათებდა არა მარტო მამაჩემს და დედას, რომელიც ძალიან იყო დაინტერესებული ქართული მწერლობითა და ისტორიით, არა მარტო ჩემს მამიდებს და დეიდებს, რომელნიც კორესპონდენციებსაც კი ათავსებდნენ მაშინდელ გაზეთებში (დეიდა ჩემის _ მაიკო მათიკაშვილის დღიურებით ისარგებლა შიო არაგვისპირელმა რომელიღაც თავის ნაწარმოების შექმნისას, როგორც ამბობს ჩვენი ოჯახური გადმოცემა). თვით ჩემს ბიძებს დედის მხრიდან ფეხი უდგიათ მწერლობაში. ასე: ბიძაჩემი ზაქარია გულისაშვილი (მწერლობაში “შაქრო”) არის ერთ-ერთი ნიჭიერი წარმომადგენელი ჩვენი ხალხოსნური მწერლობისა (იხ. მ. ზანდუკელის წიგნი), სოფრომ მგალობლიშვილთან და ნიკო ლომოურთან ერთად (ამ ჟამად, 1947 წ.) მზადდება გამოსაცემად მისი მოთხრობების და ნარკვევების ტომი.
დედაჩემის ღვიძლი ძმა - ალექსი გულისაშვილი, ძველი სემინარიელი, იყო ახლო თანამშრომელი გაზეთ “დროებისა” (იხ. მისი ისტორიულ-არქეოლოგიური წერილები: “ბოჭორმა და მისი ნაშთები”, “ნინოწმინდის ტაძარი”, “იალბუზზედ ასვლა” და სხ.). მეორე ბიძა იერემია გულისაშვილი _ ცნობილი დრამატურგია (ავტორი ცნობილი პიესებისა: “დრონი მეფობენ”, “ცხოვრება ბრძოლაა” (დაბეჭდილია ცალკე წიგნად).
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ობოლი, ჩარიცხულ ვიქმენ თბილისის სასულიერო სასწავლებლის პანსიონერთა რიცხვში, 1907 წელს. კარგად მახსოვს, როცა მე სახლში დამაბინავეს, დედაჩემი გაეშურა სიონის ტაძარში, სადაც ესვენა ილია ჭავჭავაძე. პანაშვიდიდან დაბრუნებული დედაჩემი გვიამბობდა, ილიას გახვრეტილ შუბლზე, ნატყვიარზე, მუხის ფოთოლი აფენიაო. ეს სიტყვები ძალიან კარგად მახსოვს.
აუტანელი და შემზარავი იყო თბილისის სასულიერო სასწავლებლის რეჟიმი. ყოველდღე ლოცვა, წირვა, ქართული ენის აკრძალვა, ყოველგვარი თავისუფლების შეზღუდვა სულს გვიხუთავდა.
ერთხელ, დაახლოებით 1911 წელს, მორიგე ზედამხედველმა გამიჩხრიკა გარდერობი და ორი ქართული წიგნისათვის ორი სილა მითავაზა.
ასეთი დევნა მშობლიური ენისა ჩვენს გულში სასტიკ პროტესტს აღვიძებდა და გვრაზმავდა მჩაგვრელთა წინააღმდეგ. ჩვენ გაორკეცებულის ენერგიით დავეწაფეთ მშობლიური მწერლობის შესწავლას.
1912 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, როცა მესამე კლასში ვიყავი, შევადგინე ლიტერატურული წრე. წრეში ვაწარმოებდით ქართველ მწერალთა შესწავლას. მუშაობამ გაგვიტაცა და ბოლოს შეუდექით ხელნაწერ ჟურნალის გამოშვებას “ფანდური”-ს სახელწოდებით. ვრედაქტორობდი მე. რადგან პანსიონში სასტიკად გვქონდა აღკრძალული ქართულ საერო წიგნების კითხვა, ცხადია, ჟურნალის გამოშვებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა და არალეგალურად უნდა გვემუშავნა. ჟურნალში უმთავრესად ვმუშაობდით: მე,
ვანო ჩოხელი (დღეს დამსახურებული ექიმი), გიორგი ღვთისავრიშვილი (გარდაიცვალა სიჭაბუკობაშივე), კოტე ჭრელაშვილი, ბარნაბიშვილი და სხ.
ერთ დღეს გავიგე, რომ ვაჟა-ფშაველა თბილისში ჩამოვიდა. ეს ამბავი პანსიონში მოიტანა კოტე ჭრელაშვილმა, რომელიც გარედან დადიოდა და “ნახლებნიკად” სცხოვრობდა მწერალ “მელანია”-ს ოჯახში, როგორც ნათესავი. ვაჟაც ამ ოჯახს სტუმრებოდა, როგორც ახლობელი და მეგობარი (მელანიას ცოლის და ჰყავდა ცოლად ვაჟას უმცროს ძმას სანდრო რაზიკაშვილს).
კოტემ მოგვიყვა ვაჟას სტუმრობა და მისი ზოგიერთი ნალაპარაკევი, მელანიას ოჯახში, გადმოგვცა (ლაპარაკი თურმე ეხებოდა მაშინდელ ახალგაზრდა მწერლებს _ სანდრო შანშიაშვილს და იოსებ გრიშაშვილს).
ის იყო, ჟურნალის მორიგ ნომერს ვამზადებდი. პირველ გვერდზე “ქრონიკაში” მკითხველს ვაუწყებდი ვაჟას ჩამოსვლას, ხოლო მეორე გვერდზე მოვათავსე საკუთარი ლექსი “მთის არწივს _ ვაჟა-ფშაველას” და კოტე ჭრელაშვილის ხელით ვაჟას გაუგზავნე, თუ თითონ კოტეს წაეღო, კარგად აღარ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ის ბედნიერი ნოემბრის დილა, როცა კოტემ პირველ გაკვეთილზე დამიბრუნა ჩვენი ჟურნალი შიგ ვაჟა-ფშაველას საკუთარი ხელით ჩაწერილი ლექსით (ჩემი ლექსის მეორე ცარიელ გვერდზე პასუხად). აი, ეს ლექსიც:
`სიჭაბუკის დროს პირველად, გასაგებია, თუ რა დიდ სიხარულს გამოიწვევდა ჩემში დიდი მგოსნის ლექსი, ჩემი ლექსის პასუხად დაწერილი (ეს ლექსი 1915 წელს დაიბეჭდა ჟურნალ “განათლებაში”).
აქვე უნდა ავღნიშნო ერთი ფაქტი,
რომელიც მაშინ მე არ ვიცოდი. საქმე იმაშია, რომ მამაჩემი _ ნიკო ლეონიძე
ვაჟა-ფშაველასთან ერთად სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. მამა რომ ხსენებულ
სასწავლებელში სწავლობდა, ეს ვიცოდი, მაგრამ მისი დაახლოვებული მეგობრობა ვაჟასთან
გავიგე მხოლოდ 1922 წელს, როცა შიო მღვიმელმა და სოფრონ მგალობლიშვილმა დაბეჭდეს თავისი მოგონებები ვაჟა-ფშაველაზედ და იქ მოიხსენიეს მამაჩემი, როგორც ვაჟას განუყრელი მეგობარი. მათი მონაწილეობა გორის ხალხოსნურ წრეში, კრივში, თევზაობაში და სხვა.
ამ რიგად, არც ვაჟა-ფშაველამ იცოდა, რომ მე მისი ახლო მეგობრის შვილი ვიყავ და არც მე ვიცოდი, რომ ვაჟა მამას მეგობარი იყო.
* * *
ლექსების წერა დავიწყე 1909 წელს. თუმცა ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის სიკვდილზე, 1907 წელს მაქვს დაწერილი “ლექსისებური” რაღაც, რომელიც ახლაც შემრჩენია ჩემს არქივში.
ოფიციალურად პირველი ჩემი ლიტერატურული გამოსვლა ეკუთვნის 1910 წელს, როცა ჟურნალ “ჯეჯილში” დაიბეჭდა ჩემი თარგმანი “მხვნელ-მთესველის მეგობრები”. 1911 წელს, ივ. როსტომაშვილის ორ-კაპეიკიან გაზეთ “სინათლეში” დაიბეჭდა ჩემი ლექსები: “მცხეთას” და “ხმალს”.
სხვათა შორის, ერთი პატარა ამბავი:
ივანე როსტომაშვილს გაუჭირდა გაზეთის გამოცემა და გაზეთით სთხოვდა თავის თანამშრომლებს, რათა ფულით დახმარებოდნენ და დაბეჭდვაში, სტრიქონზე ერთი კაპეიკი გადაეხადნათ.
იუმორისტული ჟურნალი “ეშმაკის მათრახი” როსტომაშვილის წინადადებას სასტიკი დაცინვით გამოეხმაურა. მან დაბეჭდა კარიკატურა, რომელშიც გამოსახულია პატარა ბავშვი, რომელსაც ლექსი მოუტანია რედაქტორისთვის. ბავშვი ეუბნება, მართალია, ლექსში ათი სტრიქონია, მაგრამ მე ცხრა კაპეიკი მოგიტანეო. “ეშმაკის მათრახის” ამ კარიკატურას მოჰყვა სასტიკი წერილი ივ. როსტომაშვილისა, სახელწოდებით “ფშუტურებო” (“ფშუტურა” ნიშნავს ფიტულს, “ჩუჩელო”-ს). წერილში აღშფოთებული რედაქტორი თავს აწონებს თვით “მცირე” თანამშრომლებსაც და კონკრეტულად მასახელებს მე დიდის ქებით და მომავალის ქადებით. ეს იყო 1911 წელს.
ამ წელს მე დავბეჭდე კიდევ რამდენიმე ლექსი საკუთარი გვარით და “გ. ივრისხეველის” ფსევდონიმით. და აგრეთვე მოთხრობა “მკვდრის პასუხი”, თარგმნილი რუსულიდან. ამავე ხანებში მე ვსთარგმნე საბავშო წიგნი “აკობზარი” (ლეგენდარული ცხენის სახელია) ყირგიზების ცხოვრებიდან.
ლიტერატურული გონორარი მაშინ თითქმის არ არსებობდა ჩვენში და მე, როგორც ბავშვს, მით უმეტეს, ოცნებაც კი არ შემეძლო, მაგრამ 1913 წელს, ერთ მზიან დილას, როცა მე შეველი “ნაკადულის” რედაქციაში მორიგი ახალი ნომრის მისაღებად, რომელშიც ჩემი ლექსი “შემოდგომა” იყო დაბეჭდილი, “ნაკადულის” რედაქტორმა _ ნინო ნაკაშიძემ შემაჩერა, არ წახვიდეთ, ჰონორარი გაქვთ მისაღებიო და იქვე გადმომითვალა ვერცხლის ფულად რვა მანეთი და ათი შაური. მე გავშრი ასეთი უჩვეულო ყურადღებით, მაგრამ ნინომ პირდაპირ ძალით ჩამომაჩეჩა ხელში ხსენებული თანხა.
გამოველ რედაქციიდან თუ არა, მე პირდაპირ წიგნის მაღაზიებს ვეცი და ჩემი სასურველი წიგნები ვიყიდე, რომელთა შეძენას საკუთარი ფულით, წინადღეს ვერც კი წარმოვიდგენდი.
ასეთი იყო ჩემი პირველი გონორარი. შემდეგში კი ასეთი გონორარი
აღარ ამიღია, რადგან “ნაკადულში” აღარ ვწერდი. პირველი ნამდვილი გონორარი, რასაკვირველია, მე ავიღე მხოლოდ გასაბჭოების შემდეგ.
* * *
ბავშობიდან მე ძალიან ვეტანებოდი ქართულ ისტორიულ წიგნებს. პირველი ასეთი წიგნი იყო იაკობ გოგებაშვილის “თავდადებულნი ქარ-
თველნი”, რომელმაც პირდაპირ წარუხოცელი შთაბეჭდილება დასტოვა ჩემზე. ეს იყო 1906 წელს. წიგნი მივიღე საჩუქრად შობის ხეზე, რომელიც სოფ. ახალ-სოფლის (მარტყოფთანაა) სკოლამ გამართა.
ასეთივე დიდი შთაბეჭდილება დასტოვა ჩემზე აკაკი წერეთლის “სოლომონ დიდმა”, სიკო კანდელაკის მიერ ნაამბობი (აკაკის ჟურნალ “კრებულში”). 1907 წელს უკვე წაკითხული მქონდა საქართველოს ისტორია მოსე ჯანაშვილისა და “ქართლის ცხოვრება” ზ. ჭიჭინაძის მიერ გამოცემული. შემდეგ დავეწაფე აგრეთვე რუსულ ხელმისაწდომ წიგნებს საქართველოს ისტორიის შესახებ. მალე ისე გავიწაფე, რომ თვით დავიწყე ისტორიულ-არქეოლოგიურ კომპილიაციების წერა და ბეჭდვა.
ასე, 1912 წელს, გაზეთ “სახალხო გაზეთში” დაიბეჭდა ჩემი: “სამების მონასტერი გარედ-კახეთში”, “მიქელ მოდრეკილი”, “ს. ნინოწმინდა და მისი ტაძარი”, “ამბროსი ნეკრესელი”, “ივერიის ათონის მონასტერი” (ორს ფელეტონად), 1913 წ. გაზეთ “თემში” დავბეჭდე “უჯარმა და მისი ნაშთები”, და სხ.
იმავე ხანებში მე შეუდექი ენერგიულად ძველი ხელნაწერი წიგნებისა და სიგელების შეგროვებას, რომელთაც ვსწირავდი წერა-კითხვის საზოგადოებას და საქ. საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმებს. მრავალ ჩემს შეწირულებათა შორის აღსანიშნავია: “წმ. ევსტატის ცხოვრება”, “ფუტკარი”,
“ვახტანგიანი”, “კატიღორია” ანტონ კათალიკოზისა, “ამბროსი ნკრესელის ქადაგებანი” და სხ. სიგელებიდან _ გედევანიშვილების სიგელები 15-18 საუკუნეებისა, ცნობილი “არვანბეგის” სიგელი მეცამეტე საუკუნისა, ციციშვილების საგვარეულო კოლექცია და მრ. სხვა...
* * *
აქ მე მინდა ვახსენო ჩემი ერთი დიდი მოამაგის სახელი. ეს არის ზაქარია ჭიჭინაძე. ეს დაუცხრომელი მოხუცი დიდათ გვაქეზებდა მწერლობით დაინტერესებულ მოწაფეებს.
ყოველ კვირა დილით მივდიოდით მასთან წიგნების სასყიდლად (თუმანოვის ქუჩაზე) და ორ-სამ აბაზში გვატანდა 20_25-მდე წიგნს. ზოგ წიგნში ფასს სრულიადაც არ იღებდა. მის ბინაზევე ვეცნობოდით ზოგ ჩვენს მოღვაწეებსაც, რომელნიც მამაშვილური კურთხევით გვისტუმრებდნენ.
ასეთივე ჩვენი მფარველი იყო მეორე მხცოვანი ბიბლიოფილი ივანე როსტომაშვილი, რომელმაც სათითაოდ დაგვირიგა მის მიერ გამოცემული ბატონიშვილი ვახუშტის გეოგრაფია და თან დაგვმოძღვრა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის საჭიროა მისი ცოდნაო.
ასეთივე დიდი ამაგი ჰქონდა
ჩემზე მოსე ჯანაშვილს, რომელიც თავისს პატარა მეგობარს მეძახდა, რომელსაც არა
ერთხელ უჩუქებია ჩემთვის საკუთარი წიგნები წარწერით, აგრეთვე ანტონ ნატროშვილს (ავტორი “Мцхет и его собор Свэти-цховели”), ჩემს ნათლიას და ჩემს მასწავლებელს.
დასასრულ, არ შემიძლიან, დიდი სიყვარულით არ მოვიგონო ჩემი ორი მასწავლებელი, შიო ისაკის ძე შიუკაშვილი და ცნობილი მწერალი ვასილ ბარნოვი, რომელთა ყურადღებით ასე ვარ დავალებული.
შიო შიუკაშვილი ქართულ ენას გვასწავლიდა სასულიერო სასწავლებელში. იმ საშინელ ატმოსფეროში, რომელიც მაშინ სასულიერო სასწავლებელში სუფევდა, შიო შიუკაშვილი ჩვენთვის, მოწაფეებისთვის ერთადერთი შუქურა იყო. იგი დაუცხრომელად გვიღვიძებდა გულში სამშობლოს სიყვარულს, გვაძლევდა წიგნებს, გვასწავლიდა ზედმიწევნით ენას და ისტორიას, გვახალისებდა, გვაქეზებდა, გვაძლევდა გადასაწერად ძველ ქართულ ხელნაწერებს, რათა ძველ-ქართულის კითხვაში თვალი გაგვეტეხა და გადაწერაში სასყიდელსაც გვაძლევდა. ყოველივე ამას აკეთებდა თითქმის არალეგალურად, რადგან ასეთი მოღვაწეობისათვის იგი ათვალისწინებული ჰყავდა სასწავლებლის მთავრობას, რომელსაც შავრაზმელი რუსობა შეადგენდა.
სამშობლოს სიყვარულში გვაქეზებდნენ აგრეთვე ჩვენი გალობის მასწავლებლები
- ნიკო სულხანიშვილი და შემდეგ ია კარგარეთელი, რომელნიც ძალიან ხშირად, გალობის გაკვეთილის მაგიერ გვმოძღვრავდნენ, როგორც ანთებული პატრიოტები.
დასასრულ, ჩემთვის დიდ ბედნიერებას შეადგენდა ის გარემოება, რომ სასულიერო სასწავლებლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში შესვლისას (1913 წ.) მე მოვხვდი ვასილ ბარნოვის მოწაფეთა რიცხვში. ჩვენი მეგობრობა მალე გაიბა. მე მისი უსაყვარლესი მოწაფე და მესაიდუმლე გავხდი. არ მახსოვს, მას რაიმე მოთხრობა ან რომანი დაეწეროს, რომ ჩემს ხელში არ გაევლოს. ბოლოს მან ოფიციალურად მიძღვნა თავისი რომანი “ხაზართა სასძლო”, რომლის პოსტპრიქტუმში გამჟღავნებულია დიდი სიყვარული ჩემდამი, რასაც, რასაკვირველია, მე არც ერთს შემთხვევაში არ ვიმსახურებ.
ვასილ ბარნოვმა და ზემორე ჩამოთვლილ მასწავლებლებმა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს და მათ ნათელ, ჭაღარა სახეებს ვერასოდეს ვერ დავივიწყებ.
სასულიერო სემინარიიდან და სასულიერო სასწავლებლიდან მე გამომყვა კარგი ქართულის ცოდნა, სასულიერო მწერლობის ცოდნა და აგრეთვე ლათინური ენის და რუსული ისტორიისა, რასაც გატაცებით ვსწავლობდი. სხვა რამ ამ სასწავლებლებს ჩემთვის არა მოუციათ რა.
* * *
არ შემიძლიან, სიყვარულით არ გავიხსენო ჩემი ბავშვობის ერთი აღმზრდელთაგანი, ცნობილი “ჯეჯილის” რედაქტორი ანასტასია თუმანიშვილწერეთლისა, რომელსაც მე წარვუდექი ჩემი ლექსებითა და მოთხრობებით 1910 წლის შემოდგომაზე. მან დიდი ალერსით მიმიღო და ალბად მან მომცა საბაბი, რომ თითქმის ყოველდღე მევლო მასთან. სულ მალე, 1910 წ. “ჯეჯილის” ნოემბრის ნომერში, მე ვნახე დაბეჭდილი ჩემი გვარი და სახელი და სიხარულით ცას ვეწეოდი. 1911 წელს, როგორც ზემოთ მოვიხსენიე, გაზეთ “სინათლეში”
დაიბეჭდა ჩემი პირველი ლექსები, მას შემდეგ მე ძალიან ხშირად ვიბეჭდებოდი ლუარსაბ ბოცვაძის ჟურნალ “განათლება”-ში, ჟურნალ “თეატრი და ცხოვრებაში”, გაზეთ “სახალხო გაზეთის” (შემდეგ “სახალხო ფურცლის”), “საქართველოს” დამატებებში და სხ. რასაკვირველია, უმრავლესობა ამ ლექსებისა _ ბავშვური ვარჯიშობაა და არც ერთს ჩემს კრებულში არ
შემიტანია.*
1916 წელს მე ჩემი საკუთარი ფულით გამოვეცი მხატვრული კრებული “საფირონი”, რომელშიც მონაწილეობდნენ: სანდრო შანშიაშვილი, კოტე მაყაშვილი, შიო მღვიმელი, ნიკო ლორთქიფანიძე, განდეგილი, გერონტი ქიქოძე და სხვები. აქვე დავბეჭდე ალექსანდრე ყაზბეგის უცნობი მოთხრობის
“ბედკრულაძის ოჯახი”-ს ნაწყვეტი.
ჯერ კიდევ სასულიერო სასწავლებელში ვსწავლობდი, როცა ვიცოდი, რომ სემინარიაში პოეტების წრე არსებობდა. ჩემი უფროსი ძმის მეოხებით მე მალე გავიცანი სემინარიელი პოეტები: აკაკი სვანი (მარგიანი), ვასო გორგაძე, ქელბაქიანი და სხ. რომელნიც თავისს საკუთარ ლექსებს მიგზავნიდნენ სასწავლებლის პანსიონში. განსაკუთრებით დამიახლოვდა ვასო გორგაძე, რომელიც ყოველ კვირას მინახულებდა ხოლმე პანსიონში თავისი ახალახალი ლექსებით.
1913 წელს მე შეველი სასულიერო სემინარიაში. სწორედ ორი წლით ადრე სემინარიიდან დაეთხოვნათ გალაკტიონ ტაბიძე, ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტს “დემონს” (ქუჩუ ქავთარაძე), ვერ აეტანა სემინარიის რეჟიმი და თავი მოეკლა. გორგაძე უკვე ათავებდა სემინარიას, ხოლო ი. მოსაშვილს უკვე მოესწრო ხარკოვის უნივერსიტეტში შესვლა.
მიუხედავად სემინარიის ლიტერატურული ძალების ასეთი დაქსაქსულობისა, ახლად მისულებმა ჩამოვაყალიბეთ ახალი ლიტერატურული წრე და მხნეთ შეუდექით მუშაობას. ჩვენ დავაარსეთ არალეგალური ხელნაწერი ჟურნალი
“ფუტკარი”, რომლის რედაქტორადაც მე ვითვლებოდი. სარედაქციო ოთახი გვქონდა დღ. ნიკოლაძის ქუჩაზე, ამხანაგის ბინაზე. ჟურნალი რამდენიმე ეგზემპლარად გამოდიოდა. გადაწერასაც ჩვენ თითონ ვკისრულობდით.
სათავადაზნაურო გიმნაზიის მოწაფეებიდან მხარს გვიჭერდნენ: ნიკო კეცხოველი, დათა აგლაძე, გრიშა მეგრელიშვილი. უკანასკნელი, როგორც მეტად ნიჭიერი პოეტი, მწერლობაში გამოდიოდა “მთის ნიავი”-ს ფსევდონიმით. 1919 წელს, იგი მოჰკლეს ოსმალოს ასკერებმა აწყურის ფრონტზე, როგორც მხნე მებრძოლი სამშობლოსათვის.
1913 წლის ნოემბერში ახლად
დაარსებულმა ჩვენმა ლიტერატურულმა წრემ მონაწილეობა მიიღო სემინარიის ყოველწლიურ
“ლიტერატურულ აქტში”, რომელსაც დაესწრნენ: კავკასიის ნამესტნიკის მეუღლე, სასახლის
დიდკაცობა და საქართველოს ექსარხოსი. “აქტზე” მე წავიკითხე ლექსი “შემოდგომა”. რეცენზია ამ ლიტერატურული საღამოს შესახებ დაიბეჭდა მაშინდელს გაზეთებში (ვრცლად გაზეთს “თემში”).
* * *
1917 წლის რევოლუციამ სკოლის მერხზე მოგვისწრო. რამდენიმე თვის შემდეგ შესდგა მოწაფეთა კომიტეტი, რომლის წევრადაც მეც ვითვლებოდი. კომიტეტის მიერ არჩეულმა დელეგაციამ (რომელშიც მეც შევდიოდი) ულტიმატუმით მიჰმართა ჩვენს მჩაგვრელ შავრაზმელ მასწავლებლებს, რათა ორს დღეში დაეტოვებინათ სემინარია, რაც უყოყმანოდ შეასრულეს. მალე რექტორად დაგვინიშნეს კორნელი კეკელიძე, რომელიც ამავე დროს ღვთისმეტყველებას და ეკლესიის ისტორიას გვასწავლიდა.
1918 წლის იანვარში გავათავეთ
სემინარიის კურსი და შემდეგ წელს შეველი ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, საიდანაც ორი წლის შემდეგ გამოველი მემარცხენე მწერლობით
გატაცებული. რადგან მენშევიკური მთავრობა მწერლობას არავითარ დახმარებას არ უწევდა,
მაშინ თვით მწერალთა ჯგუფებმა მიჰყვეს ხელი გამოცემის საქმეს. ასე იბეჭდებოდა
ჟურნალები: “ხომალდი”, “ცისარტყელა”, გაზეთი “ბარიკადი” და სხ..
ქართული მწერლობის გაჭირვებას ბოლო მოეღო მხოლოდ საქართველოს გასაბჭოებისას.
1921 წლის თებერვლის ბოლო
რიცხვებში მე წარუდექი განათლების სამინისტროსთან არსებულ “გლავპოლიტპროსვეტს”,
სადაც მუშაობდნენ: გიორგი ხაჭაპურიძე და სანდრო ეული და გამოვსთქვი ჩემი სურვილი
მუშაობის შესახებ. 1-ელ მარტიდან მე უკვე შეუდექი მუშაობას “გლავპოლიტპროსვეტის”
“ლიტო”-ში (ლიტერატურული განყოფილება). სამი-ოთხი თვის განმავლობაში სანდრო ეულთან
ერთად (მე მის ერთ-ერთ თანაშემწედ ვითვლებოდი) მე 50-ამდე ქართული წიგნი გამოვეცი.
პოლიტგანათლებაში ჩვენ დავაარსეთ აგრეთვე იუმორისტული ჟურნალი “ყუმბარა”, წითელ
არმიელთა გაზეთი “წითელ-არმიელი”. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი მუშაკთაგანი სამხედრო
კორესპონდენტებთან და მონაწილე სამხკორთა კონფერენციისა. პოლიტგანათლებაში
გამოცემულ წიგნებიდან აღსანიშნავია სხვათა შორის “რევოლუციის პოეტები”, ჩემი რედაქციით გამოსული.
1922 წელს, 1-ელ ივნისიდან მე შეუდექი საკუთარი გაზეთის, ყოველკვირეული ლიტერატურული გაზ. “ბახტრიონის” გამოცემას. ეს იყო პირველი ქართული პერიოდული ლიტერატურული გაზეთი, რომელიც წლის ბოლომდე რეგულიარულად გამოდიოდა.
ამ გაზეთის დამსახურებად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ მან პირველმა გასწია პროპაგანდა გენიალური სახალხო მხატვრის
- ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ; პირველმა დაადგინა მისი ბიოგრაფია, მისი სადაურობა (ქიზიყი, მირზაანი). ყოველივე ეს იყო აღნიშნული “ბახტრიონის” სპეციალურ ნომერში, რომელიც მიეძღვნა ფიროსმანს.
ფიროსმანის ნომრის გარდა გამოვეცით სპეციალური ნომრები ვაჟაფშაველასა, ილია ჭავჭავაძისა, იაკობ ნიკოლაძისა, არტურ ლაისტისა და
სხ. იმ დროისათვის, როცა მბრძანებლობდა “მემარცხენე” გემოვნება, ასეთ პროპაგანდის ინიციატივას დიდი დაბრკოლებები ეღობებოდა.
* * *
მე ბედნიერი ვარ მით, რომ მომიხდა ხილვა დიდი ქართველი პოეტების,
– აკაკი წერეთელის და ვაჟა-ფშაველასი.
კვირადღის საღამო იყო. დღევანდელი შოთა რუსთაველის ძეგლის სიახლოვეს, ჩემი ყურადღება მიიპყრო უეცარ სანახაობამ. მთელი ქუჩა განცვიფრებული უყურებდა მომავალ ეტლს, რომელშიც იჯდა ვინმე ჭაღარა, თითქოს ღმერთ-კაცი. შევხედე და მაშინვე ვიცანი აკაკი წერეთელი, ჩვენი ღვთაებრივი აკაკი!.. სწორედ ერთი კვირის შემდეგ მომეცა ბედნიერება, მომესმინა თვით აკაკის ხმა.
“ზუბალოვის სახალხო სახლში” (დღევანდელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში) შესდგა სალიტერატურო დილა. პირველად გამოვიდა აკაკი. ეს იყო 1913 წლის ზაფხულს (ვგონებ, მაისში). მთელი დარბაზი ფეხზე იდგა. აკაკიმ დაიწყო კითხვა ლექსის “მთაწმინდა”, რატომღაც შეჩერდა ერთ ალაგას, დაავიწყდა. აუდიტორიამ დავიწყებული ლექსის ხანა უკარნახა. აკაკიმ განაგრძო. შემდეგ კიდევ დაავიწყდა. ხალხმა კიდევ უკარნახა. აკაკი აღელდა.. ეს იყო მომენტი ცოცხალი კავშირისა პოეტსა და ხალხს შორის, გულის აღმძვრელი, ამაჩუყებელი...
ოვაცია გრძელდებოდა ათს წუთს... ფეხზე ამდგარი ხალხი არ სცხრებოდა...
შემდეგ, თავის ღარიბულ ჩოხაში გამოვიდა ვაჟა-ფშაველა. ჯერ წაიკითხა “არწივი ვნახე დაჭრილი”, შემდეგ “ბახტრიონი”-ს შესავალი.
“მოგესალმებით ქედებო, მომაქვს სალამი გვიანი”...
არავითარი ჟესტი. როგორ არ ჰგავდა მისი ლექსების დღევანდელ მკითხველებს. არც “ფშაური” მოქცევა ენისა, არც ხმის ყალბი აწევა. თითქოს საუბრობსო. კითხულობდა თითქოს ოდნავ დარცხვენილი, ოდნავ ხამი სცენისა. საზოგადოებამ გულთბილად მიიღო მხოლოდ... არავითარი ოვაციები ხალხს ვაჟასთან არ გაუმართნია. ეტყობოდა, რომ ხალხი ჯერ კიდევ არ იცნობდა ვაჟას, როგორც ბუმბერაზ პოეტს... და ეს იყო 1913 წელს, ვაჟას სიკვდილამდე ორი წლის წინედ... შემდეგ გამოვიდნენ: ია ეკალაძე, ნარკანი (ნიკოლოზ კურდღელაშვილი), სანდრო შანშიაშვილი, ი. გრიშაშვილი. შანშიაშვილი პირველად ვნახე ამ დილას, და მახსოვს, როგორ ავყევი მას ვერის ხიდზე, როგორც მისი პოეზიის დიდი მათაყვანებელი.
აკაკისა და ვაჟა-ფშაველას გარდა, მე შევესწარი გასული საუკუნის დიდსა და პატარა ხალხს. მე მისაუბრნია ნიკო ნიკოლაძესთან, ახლო ვიცნობდი კრიტიკოსს _ ხომლელს, შიო მღვიმელს, გიგო ყიფშიძეს (“ივერიის” მდივანს და ცნობილ მთარგმნელს), სოფრონ მგალობლიშვილს, ბაჩანას, შიო დავითაშვილს, ილია აგლაძეს, შაქრო ბილანიშვილს, არტემ ახნაზაროვს, შიო არაგვისპირელს და მრავალთა სხვათ. ზოგი მათგანის წერილები ჩემდამი, დღემდის შენახული მაქვს, როგორც ძვირფასი სახსოვარი.
რაკი “ძველ ხალხთან” ნაცნობობაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მე უნდა გავიხსენო აგრეთვე სომხური მწერლობის კლასიკოსი _ ოვანეს თუმანიანი, რომელიც გულწრფელი მოყვარული იყო ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის. მან ერთხელ, საგანგებო სადილი გაგვიმართა ქართველ პოეტებს, სადაც წაიკითხა თავისი ახალი ლექსი “ქართველ პოეტებს”.
“სომეხ-ქართველთა ომის” დღეებში, ის აცრემლებული ტიროდა და მოგვიწოდებდა კავკასიის ხალხთა სოლიდარობისაკენ. ხსენებულ ომის დღეებში მან გამოაქვეყნა მოწოდება ორივე ერისადმი. ცნობილია, რომ მან თავისს შვილებს აუკრძალა მონაწილეობა მიეღოთ ქართველ-სომეხთა ომში, რომელიც დაშნაკებმა და მენშევიკებმა მოახვიეს თავზე ქართველსა და სომხის ხალხებს. აქვე არ მინდა დავივიწყო ჩემი მეგობრობა და ნაცნობობა რუსულ პოეზიის ორს ბრწყინვალე წარმომადგენელთან. მე ვლაპარაკობ ვლადიმერ მაიაკოვსკიზე და სერგეი ესენინზე. სერგეი ესენინი იყო ქარიშხლიანი ადამიანი, მუდამ ზარხოში, მუდამ “ყალყზე აწეული”, სკანდალების და დუელის მოყვარული. ვლადიმერ მაიაკოვსკი პირიქით _ წყნარი, დინჯი, დარბაისელი, საქმიანი კაცის შთაბეჭდილებას სტოვებდა. ის ყოველდღე შემოქმედებითს მუშაობაში იყო და ამბობდენ მუდამ: “ის რა დღეა, რომ 8_10 სტრიქონი არ გამოვიმუშავოო”. ერთხელ, მე შევხვდი “სასახლის” ქუჩაზე. რაღაცას ბუტბუტებდა გზად მომავალი. გამოირკვა, თურმე ლექსს სწერდა...
ამხანაგებმა ერთხელ, სადილი გაუმართეთ ორთაჭალაში, ცნობილ ჩოფურაშვილის დუქანში. შემთხვევით გვერდით უჯექი. მოულოდნელად მომმართა სუფთა ქართულად:
– თქვენი ენა ძალიან აჭრელებულია რუსიციზმებით, ეს არ ვარგა!
მე გამიკვირდა, რომ ქართულად დაილაპარაკა და გაოცებულმა შევძახე:
– ვლადიმერ, განა ქართული იცით, საიდან?
– როგორ არა, _ მომიგო ბოხი ხმით იმერულ აქცენტზე, _ მე ქუთაისში გავიზარდე. ათ წლამდის იქ გავატარე ჩემი ბავშვობა და იცით, ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე რომელმა პოეტმა მოახდინა? _ იროდიონ ევდოშვილმა!.. მაშინ, 1905 წელში, ქუთაისში დიდი და პატარა ვმღეროდით მისს ლექსს:
“მეგობრებო წინ, წინ გასწით, ნუ შედრკება თქვენი გული!”
სამწუხაროდ, მეტი აღარ მახსოვს. მაშინ კი, ევდოშვილის ეს ლექსი თავიდან ბოლომდის ზეპირად ვიცოდი. ამ ლექსმა, რომელიც მაშინ ნამდვილი
“ქართული მარსელიეზა” იყო, წარუხოცელი შთაბეჭდილება დასტოვა ჩემზე!
– მიამბობდა ვლადიმერ მაიაკოვსკი, რასაკვირველია, რუსულად.
– ახლა კი თქვენი ენა აჭრელებულია რუსიციზმებით. აბა, რა არის ასეთი ნათქვამი: “სლესარს კალესო წაუღე გასაკრასკავად”. აქ მხოლოდ ერთი სიტყვაა ქართული “წაუღე”, დანარჩენი კი _ რუსული!
ვახშამზე ძალიან წყნარად იჯდა. არც სადღეგრძელო უთქვამს და არც არაფრით არ გამოჰხმაურებია ქართულ ნადიმს. დილის 7 საათზე მე და მაიაკოვსკი ორნი ვბრუნდებოდით ორთაჭალიდან ტრამვაით. ტრამვაიში მას ცოტახნით ჩაეძინა. შემდეგ მივიყვანე თავისს ბინაზე, სასტუმრო “ორიანტში”.
ესენინი პირიქით, მეტად ლირიკული ადამიანი იყო პირად ცხოვრებაში. ბუნებით მეტად ნაზი, მასთან მეტად ლაღი და რაც გასაკვირია, მეტად “ეშმაკი”, რუსები რომ იტყვიან, “Лукавый”. უყვარდა პოეტური ტყუილები და
არავისი ისე არ ეშინოდა, როგორც თავისი ნაცოლარის, ცნობილის აისედორე დუნკანის, რაც ჩემთვის არა ერთხელ გაუმჟღავნებია.
ერთხელ, მე და მას ერთად გვეძინა დღევანდელს მწერალთა კავშირის შენობაში. გათენებისას გამოიღვიძა და ტირილი დაიწყო.
– სერგეი, სერიოჟა, რა დაგემართა? _ ვეკითხები მე.
– წუხელის სიზმარი ვნახე, ჩემი ორივე და ქუჩა-ქუჩა მოწყალებას თხოულობდნენ! დღესვე უნდა რამენაირად ფული ვიშოვნო და დებს გავუგზავნო! შუადღისას მე და სერგეი ვიყავით “ზარია ვასტოკა”-ს გამომცემლობაში.
მან ხელშეკრულება დასდო გამომცემლობასთან და ხელშეკრულების მიხედვით მიღებული ავანსი იმავე დღეს მთლიანად გაუგზავნა მოსკოვში თავისს დებს.
ერთხელ, და ისიც კაფე “ქიმერიონში” (რუსთაველის თეატრის ქვეშ), მე და სერგეი ესენინს დიდი ჩხუბი მოგვივიდა, რადგან ძალზე მთვრალი ვერაფრით ვერ დავაწყნარე და იქ მჯდომ მანდილოსნებს შეურაცყოფას აყენებდა. საქმეში ჩაერია მილიცია. ესენინი დაატუსაღეს და მეორე თუ მესამე დღეს, თბილისის რუსულ გაზეთში “Тифлисская Правда”-ში დაიბეჭდა წერილი პოეტების თავგასულობის შესახებ.
მაგრამ მე და ესენინი მალე შევრიგდით. მალე რუსეთში წავიდა და მეგობრებთან მოწერილს წერილებში პირველ მოკითხვას მე მითვლიდა.
ჩვენი ჩხუბის შემდეგ მან დასწერა ლექსი “Поэтам Грузии”:
“Ссорилися сомнища племен, .....
Поэт поэту есть кунак”... და სხ.
“გარდასულ ხალხიდან”, არ შემიძლიან, არ მოვიგონო ჩემი ახლო მეგობრობა ბელორუსიის სახალხო პოეტთან _ იანკა კუპალასთან და ცნობილ რუს ბელეტრისტ, “ცუსიმას” ავტორ ნოვიკოვ-პრიბოისთან.
ორივე ჩემთან იყვნენ სტუმრად 1937 წელს, რუსთაველის იუბილეს დღეებში. შემდეგ ერთად წაველით წყალტუბოში. ორივენი აღტაცებულნი იყვნენ საქართველოთი. იანკა კუპალამ არა ერთი ლექსი დასწერა საქართველოზე. ერთი ლექსი მისივე თხოვნით (“გენაცვალე”) მე ვთარგმნე ქართულად. იგი აღტაცებული იყო საქართველოში პოეტების მიღებით და ხშირად შეგვნატროდა. ერთხელ, გულისტკივილით წარმოსთქვა: “ბელორუსიაში “მწერალი” ზოგს
“Писарь”-ი ჰგონიათო და მე ხშირად მიწვნევია ეს ტკივილიო”. და ამას ამბობდა არა დამწყები, არამედ პოპულარული, სახალხო პოეტი..
უკანასკნელად იგი ვნახე მოსკოვში 1941 წელს. ორივემ ერთად მივიღეთ სტალინური სახელობის პრემია და შემთხვევით, ორივე ერთად გავეშურეთ ბანკში პრემიის თანხის მისაღებად. როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ ფულის აღებაზე, მთელმა ბანკმა ფეხზე ადგომით ოვაცია გაგვიმართა.
დათქმული გვქონდა, რომ ორივეს ერთად უნდა გვესადილნა იმ დღეს, მაგრამ როცა ბანკიდან გამოველით, იანკამ გვერდით ქუჩისკენ გასწია და მას მერე აღარ მინახავს... ომის წლებში, იგი კიბიდან გადმოვარდა და დაიმსხვრა მოსკოვის დიდ სასტუმრო “Москва”-ში.
ნოვიკოვ-პრიბოი, ეს დაუდგრომელი მეზღვაური და ენთუზიასტი, უკანასკნელად ვნახე მოსკოვში 1942 წელს პლენუმზე. პლენუმის შემდეგ ერთად ვისადილეთ მწერალ პეტროვთან ერთად (რომელიც სულ მალე დაიღუპა თვითმფრინავის კატასტროფის დროს). დაღონებული იყო, დაძმარებული... სიბერე ძალზე ეტყობოდა...
– ჰხედავ, რას გვიბედავს მტერი? მაგრამ ბოლო ჩვენია! რუსის ხალხმა იცის მაგარი პასუხი! სანამ სტალინი გვყავს, არაფრისა არ გვეშინიან! _ ამბობდა დაიმედებული და მუშტს არტყავდა მაგიდაზე.
ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა..
მე ახლაც სახსოვრად მაქვს შენახული საკუთარი დიდი წარწერით ჩემდამი მოძღვნილი მისი წიგნი “Цусима”.
სხვათა შორის, ერთი დეტალი: როცა პლენუმი მიმდინარეობდა, ყურადღებას იქცევდა შემდეგი სურათი: მწერალთა კლუბი მოსკოვში მტერს დაებომბა და პრეზიდიუმს ახდილ ჭერიდან თავისუფლად დასდიოდა თოვლი. მაგრამ ასეთი აგზნებული, გულ-გამაგრებული, იმედიანი ხალხი არ მინახავს, როგორც ამ პლენუმის მონაწილენი... ეს ის დრო იყო, როცა მტერი ჯერ კიდევ მოჟაისკში იდგა, მოსკოვთან სულ ახლოს.
* * *
1943 წელს მე მივიღე მონაწილეობა საქართველოს დელეგაციაში, რომელიც წარგზავნილი იყო ფრონტზე ანაპის ქართულ დივიზიაში. კვირა დილით, როცა ჩამწკრივდა ჯარის ნაწილები, მე გამოველი მისასალმებლად ლექსით. არასოდეს არ მიგრძვნია ასეთი მღელვარება როცა ლექსი დავიწყე:
“სალამი საქართველოსი,
როს ვახილებდი თვალებსა
და ვუცქეროდი მტირალი
სამშობლოს განაწვალებსა,
ვეძებდი აქეთ-იქითა
ქვეყნის დამხმარე ძალებსა,
არავინ უჩნდა დარაჯად
ამ ჩვენს დაჩაგრულ მხარესა;
ვტიროდი უფრო ძალიან,
ცრემლებს ვაფრქვევდი მწარესა,
...დღეს, ვხედავ, გამრავლებიან
მშობელ ქვეყანას შვილები,
მტერს არ მისცემენ სათელად
თავის სამშობლოს გმირები,
მირჩება წყლული გულისა,
ვყუჩდები ანატირები...
Зато не ссорились поэты.