The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მე მიყვარს დილა

ნადირაძე კოლაუ

მე მიყვარს დილა

მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში
შემოვა მზე და მერცხლის გალობა,
როცა მახარებს სიცოცხლის გრძნობა
და თვით სიკვდილის გარდუვალობა.

მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში
შემოვა მზე და მერცხლის გალობა.

„მე მიყვარს დილა, როცა მარჯანი
გადაეფრქვევა მეტეხის კარებს,
ნარიყალაზე კრწანისი გმირნი
თითქოს ასწევენ სისხლიან ფარებს

„მე მიყვარს დილა, როცა მარჯანი
გადაეფრქვევა მეტეხის კარებს.

მე მიყვარს დილა, როდესაც
სიონს მტრედების გუნდი დააფრინდება,
როდესაც მტკვარი გახდება ლურჯი
და როგორც ცრემლი დაიწმინდება...

მე მიყვარს დილა, როდესაც
სიონს მტრედების გუნდი დააფრინდება

და კიდევ მეტად მე მიყვარს მიწა
რომელსაც ჰქვია მიწა ქართული
მიყვარს ქართველი დინჯი ვაჟკაცი
ქედმოუხრელი და გამართული
და კიდევ მეტად მე მიყვარს მიწა
რომელსაც ჰქვია მიწა ქართული

და კიდევ მეტად მე მიყვარს მისი
დაუძლეველი უკვდავი სული
მისი გმირული დიადი აწმყო
მისი დიდება, მისი წარსული

ასე ძლიერ და საბედისწეროდ
რად შემიყვარდი მშობელო მხარევ?!
რისთვის ცამიდგი პოეტის გული
და შენი ზეცით რად გამახარე?!

ასე ძლიერ და საბედისწეროდ
რად შემიყვარდი მშობელო მხარევ?!

განა ოდესმე შენთვის სულისთქმა?!
ანდა სიცოცხლე დამშურებია?!
განა ოდესმე ბედს ვუჩივოდი?!
განა ოდესმე დაგმდურებივარ?!

განა ოდესმე შენთვის სულისთქმა?!
ანდა სიცოცხლე დამშურებია?!

განა არ ვიცი რომ მოვა ჟამი
და ვერ ვიხილავ შენს მთებს და ჭალებს
მინდვრის ყვავილსი ან ხის ფოთოლში
ოდესმე მაინც გავახელ თვალებს

განა არ ვიცი რომ მოვა ჟამი
და ვერ ვიხილავ შენს მთებს და ჭალებს

ქვეყანავ ჩემო, ყველაზე ტკბილად
შენ მომასვენებ და დამაძინებ
თვით შენი მიწა, იქნება თბილი
მე ის არასდროს, არ დამაძინებს

ქვეყანავ ჩემო, ყველაზე ტკბილად
შენ მომასვენებ და დამაძინებ

მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში
შემოვა მზე და მერცხლის გალობა,
როცა მახარებს სიცოცხლის გრძნობა
და თვით სიკვდილის გარდუვალობა.

მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში
შემოვა მზე და მერცხლის გალობა,.