The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


აკაკი წერეთელი (მოგონებანი ქართველ მწერლებზე)

თაყაიშვილი ექვთიმე

მოგონებანი ქართველ მწერლებზე

 

აკაკი წერეთელი    

აკაკის შორიდან ვხედავდი ხშირად ქუთაისში, როდესაც პროგიმნაზიასა და გიმნაზიაში ვსწავლობდი, მაგრამ პირადად მხოლოდ მაშინ გავიცანი, როდესაც გიმნაზიის მეშვიდე კლასში გადავედი. იმ დროს ვცხოვრობდი პოლკოვნიკ ალექსანდრე მუსხელიშვილთან, რომელსაც ცოლად ჰყავდა ნიკო ღოღობერიძის და ანეტა, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ერთობ ჭკვიანი და კარგი ადამიანი. მე ვიყავი რეპეტიტორი ალექსანდრეს ძმისწულისა, რომელიც გიმნაზიის მეოთხე კლასში სწავლობდა, და აგრეთვე ანეტას ძმისწულის, სიმონ ღოღობერიძის ქალის ნინოსი, რომელიც შემდეგ ვაჩნაძეზე იყო გათხოვილი და რომელიც ეხლაც კეთილად სუფევს. იგი მაშინ ქალების სასწავლებელში ქუთაისში სწავლობდა.

აკაკი ზოგჯერ ანეტასთან დადიოდა და იქ ვხვდებოდი მას. შემდეგ მას ქუთაისის თეატრში მოღვაწეობის დროს ხშირად ვხედავდი სცენაზე. იგი რეჟისორი იყო თეატრის კერძო დასისა და გასტროლებში მონაწილეობას იღებდა, სცენაზე თავის ლექსებს კითხულობდა. მაშინ თბილისიდანაც ხშირად მოდიოდნენ აკაკისთან ქართველი არტისტები – ვასო აბაშიძე და ვლადიმერ მესხიშვილი, რომელნიც ჩვენთვის დიდად საყვარელნი იყვნენ, მათ წარმოდგენებს დიდის ხალისით ესწრებოდა ქუთაისის საზოგადოება. მეტადრე ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ვასო აბაშიძის სახუმარო კუპლეტები, რომლითაც ის გადაჰკრავდა ზოგიერთ ჩვენს მოღვაწეებს.

აკაკის ზოგჯერ ვხედავდი ქუთაისის ინტელიგენტთა საღამოებზე, რომლებიც კერძო ოჯახებში იმართებოდა, უფრო ხშირად ეფემია კლდიაშვილის ოჯახში (ჩვენი არქიტექტორის, სიმონ კლდიაშვილის დედა იყო). იქ ვისმენდით ხოლმე აკაკის ჩვეულებრივ ხუმრობას, ზოგჯერ ჩვენის თხოვნით თავის ლექსებს გვიკითხავდა.

როდესაც უნივერსიტეტი გავათავე და თბილისში ჩამოვედი, მაშინ კი ხშირად ვხვდებოდი აკაკის კერძო ოჯახებში და ნამეტნავად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმში, რომელიც იმხანად ერთ მოზრდილ ოთახს წარმოადგენდა, წიგნების მაღაზიის უკან საადგილმამულო ბანკის ქარვასლაში, სასახლის ქუჩაზე. აქ იკრიბებოდნენ ქართული ინტელიგენტები და ამ კრებაზე აკაკი ხშირად მოდიოდა და თავისი მოთხრობებითა და ამბებით გვართობდა.

როგორც ქუთაისში, ისე აქაც აკაკი ცოლ-შვილით არა ყოფილა, არც მუდმივი ბინა ჰქონდა: ხან ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, ხან მეორეში. სამსახური თავის დღეში არა ჰქონია, მაშასადამე, მისთვის არც ჯამაგირი არსებობდა. ცოტა შემოსავალს იღებდა თავისი მამულიდან და ყოველთვის უფულოდ იყო. მაგრამ როგორც დამსახურებული და უებრო პოეტი, ის ყოველთვის საყვარელი კაცი იყო და შეძლებისამებრ ყველა ეხმარებოდა. ხშირად მას სასტუმროს მეპატრონენი, ნამეტნავად იმერლები და გურულები, არც ბინაში, არც საჭმელ-სასმელში ფულს არა თხოვდნენ, თვის ბოლოს მხოლოდ ანგარიშს წარუდგენდნენ თავიანთი ხელმოწერით, რომ ფული მიღებულიაო.

აკაკი კერძო ოჯახებშიც ცხოვრობდა, ნამეტნავად პირველ ხანებში ნიკო დიასამიძისას (თბილისში), სადაც მას მასპინძლის ცოლი და შვილები დიდის სიყვარულით თავს დასტრიალებდნენ. ხშირად იყო აგრეთვე დეკანოზ დავით ღამბაშიძის ოჯახში, ყვირილაში, სადაც დავით ღამბაშიძე სასულიერო გაზეთ „მწყემსს“ სცემდა.

ერთ ადგილს დიდხანს გაჩერება არ უყვარდა: ხან თბილისში იყო, ხან ქუთაისში. ქუთაისში მას ბინა ნიკო ნიკოლაძის დებთან – კატოსთან და ანიკოსთან ჰქონდა. ესენი ცნობილი ინტელიგენტი ქალები იყვნენ, ქუთაისში მასწავლებლობდნენ და ისე ირჩენდნენ თავს. დებს თავიანთი ძმა ნიკო ნიკოლაძე ისე უყვარდათ, რომ ერთ სამდურავს ძმის შესახებ ვერ ათქმევინებდით. კატო (1854– 1931) და ანიჩკა (1846–1931) თამამი ლიბერალური მიმართულების ქალები იყვნენ, უქმროები. აკაკი იქ როგორც თავის ოჯახში, ისე სცნობდა თავს. ნამეტნავად საინტერესო იყო მათი შინაური დამოკიდებულება. აკაკიმ პოეტურად შეთხზული ბაასი იცოდა. კატო მაშინვე სიცილით შენიშნავდა: „ტყუილი, ტყუილი“-ო, მაგრამ აკაკი ამაში არც თავის შეურაცხყოფას ხედავდა და არც ეჩხუბებოდა, სუყველაფერი სიცილით თავდებოდა.

საზოგადოდ აკაკი სააპეკო კაცი იყო: ვინმე პატრონი უნდა ჰყოლოდა, ვინაიდან ცოლ-შვილთან იმ დროს არა ცხოვრობდა. გაგონილი მქონდა, რომ მისი ცოლი, ბაზილევსკის ასული, მდიდარი ყოფილა, როდესაც აკაკის შეურთავს. ამბობდნენ, ქონება რომ დახარჯვიათ, აკაკიც გასცილებიაო, მაგრამ მის ცოლს კვლავ ორჯერ დიდი ქონება მიუღია გარდაცვალებული ნათესავებისაგან. აკაკი ისევ ცოლთან წასულა მოსკოვში და, როცა ეს ქონებაც შეუჭამიათ, აკაკი ისევ საქართველოში დაბრუნებულაო.

ნატალია ბაზილევსკაია მე უკვე მოხუცებულობაში ვნახე, როდესაც აკაკი ავად იყო, და ეტყობოდა, რომ ახალგაზრდობაში სანდომიანი ქალი უნდა ყოფილიყო. შვილი ლამაზი ყავდა.

როდესაც აკაკი ავად გახდა, თბილისში მისი ცოლი ჩამოვიდა და დაადგა თავზე, თავისებურად უნდოდა კარგად მოევლო. ავადმყოფ აკაკის სხვა ქალებიც უვლიდნენ (მაგ., ტასო მაჩაბელი და სხვები). ერთხელ მივედით აკაკის სანახავად, ნუგეში ვეცით:

– „არაფერი საშიში ავადმყოფობა არ გაქვს, მალე მორჩები“-მეთქი. მან მითხრა: „რა მომარჩენს, ეს თუ არ მომაცილეთო“, და მიუთითა ცოლზე. ეს აკაკის ჩვეულებრივი ოხუნჯობა იყო; ისე, რაც შეეძლო, პატივსა ცემდა ცოლს.

აკაკის შვილი ალექსი ერთობ სიმპატიური ადამიანი იყო, ზრდილი, კაცთმოყვარე, ლამაზი და კეთილი გულის პატრონი; მამა ძალიან უყვარდა და თუმცა ქართული ნაკლებად იცოდა, მაგრამ მამის თხზულებათა შინაარსი ზედმიწევნით ჰქონდა შეთვისებული. მან ოპერის მოყვარულთა დასი შეადგინა და ერთხელ გასტროლებისათვის ჩამოვიდა საქართველოში. აკაკი შვილს დიდად ეხმარებოდა, მაგრამ მოგება ვერ ნახეს და ვალებში ჩაცვივდნენ. თანდათანობით ეს საოპერო დასი ალექსიმ შემდეგ გააუმჯობესა, პარიზში ჩავიდა თავისი დასით და დიდი წარმატებით მიყავდა საქმე. კარგი შემოსავალი ჰქონდა და დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა ამ დასმა ფრანგებზე. მერე ფრანგებმა არენდით აიღეს ეს დასი და მისი მონაწილენი, გარდა საფრანგეთის ქალაქებისა, ბრიუსელში და ბელგიის სხვა ქალაქებშიც მართავდნენ საღამო-კონცერტებს, რომელთაც აუარებელი ხალხი ესწრებოდა. დასს მართალია შემოსავალი დიდი ჰქონდა, მაგრამ ალექსი იმდენად პირდაპირ იდეალური და უანგარო კაცი იყო, რომ შემოსავლის ანგარიშში თითონ არც კი ერეოდა, – რასაც დასი მისცემდა, იმით კმაყოფილდებოდა. დასის წევრები ალექსის აღმერთებდნენ და ოდნავი უსიამოვნებაც კი არა ჰქონიათ მასთან. დედამისი ნატალია იმ დროს დასნეულებული იყო, ორ წელიწადს ლოგინში იწვა, შვილი თავს დასტრიალებდა და არაფერს არ აკლებდა, მაგრამ ბოლოს მაინც სნეულებას გადაჰყვა. დედის სიკვდილის გამო გამოუთქმელ მწუხარებაში ჩავარდა ალექსი. ერთი თუ ორი წლის შემდეგ თითონ ალექსიც გახდა ავად და იქ, პარიზშივე მიიცვალა. დიდძალი საოპერო დეკორაციები, ტანისამოსი და ბიბლიოთეკა დარჩა, რაც მილიონნახევრად იყო შეფასებული. ეს ყველაფერი ქართულ საზოგადოებას დაუტოვა ანდერძით, მაგრამ ოპერის დასის წევრებმა საჩივარი აღძრეს, რომ ჩვენ გვეკუთვნის მთელი საოპერო ქონებაო, და ეს ქონებაც მათ დარჩათ.

აკაკი ჩემი დიდი პატივისმცემელი იყო და ეს საქმითაც დაამტკიცა. მე ცოტა არ იყოს, სირცხვილეული დავრჩი. ერთხელ შემოვიდა იგი ჩემთან სახლში (მაშინ წყნეთის ქუჩის დასაწყისში ვცხოვრობდი, ხოლო აკაკი ჩემს პირდაპირ ყოფილ ოლღას ქუჩაზე) და მითხრა:

– „ყველაფერზე გული ამივარდა, არცერთი ჩვენი დაწესებულება არ მაკმაყოფილებს შენი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მეტი და ჩემი ქონება თქვენ უნდა დაგიტოვოთ ანდერძითო“.

მე გავიცინე და ღიმილით ვუთხარი: „აკაკი! შენი ჭირიმე, ჩვენი დაღუპვა თუ არ გინდა, მაგას ნუ იქმ-მეთქი“.

– „რატომაო?“ – მკითხა.
– „იმიტომ რომ, მეშინია, შენს ვალებში არ გაგვიყიდონ ის ხელნაწერები და სხვა ნივთები, რომელნიც თქვენ უნდა დაგვიტოვოთ ანდერძით“. მან მიპასუხა: „ვინ გითხრა ეს? ვალი ერთი კაპეიკიც კი არ მაქვს, ან ვალი საიდან მექნება, როდესაც ფულს არავინ მასესხებს? ქე ნახავ მაშინ, როდესაც ჩემს მემკვიდრეობას მიიღებთ და მოსარჩლე არავინ გამოგიჩნდებათო“.

ამით გავათავეთ ლაპარაკი და სხვაზე გადავედით. სხვა დროს მას ამ საკითხზე ლაპარაკი აღარა ჰქონია. წარმოიდგინეთ: წასულა აკაკი ქუთაისში და ამავე კვირაში ნოტარიალური წესით დაუმტკიცებია ანდერძი, რომ მთელ თავის მამულს და მთელ თავის ნაწარმოებებს, გამოცემულს თუ გამოუცემელს, უტოვებს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას.

ეს მე მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც აკაკი გარდაიცვალა. ძლიერ გამიკვირდა, რად მოიქცა იგი ასე, რადგანაც 100 დესეტინა მიწა, დიდი ეზო და სახლი საჩხერეში, რომელშიც აკაკი ცხოვრობდა, მამაპაპეული იყო და კანონით მასში წილი უნდა ჰქონოდა მის დასაც, რომელიც მაშინ ლოგინად იყო ჩავარდნილი. მეორე მხრით, ეს ამბავი საკვირველი იყო იმ მხრივაც, რომ აკაკის შვილსა და ცოლს არავითარი პრეტენზია არ გამოუცხადებიათ ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი პატივი ვეცით აკაკის ოჯახობას, სანამ ის თბილისში იყო. არამდიდრული, მაგრამ სამყოფი სარჩო გავუჩინეთ.

ანდერძის თანახმად აკაკის სახლი, მამული, ეზო და მისი ხელთნაწერები მალე ჩავიბარეთ, მის სახლში გავხსენით მუზეუმი და მისივე ყოფილ მოურავს კოტე აბდუშელიშვილს ჩავაბარეთ. ის ენერგიული კაცი იყო და დიდად ხელს გვიწყობდა; რასაკვირველია, თავის ანგარიშსაც არ ივიწყებდა.

თბილისში აკაკის მოურაობას ასრულებდა სოსიკო მერკვილაძე, ბუკინისტი, დიდი ფართი-ფურთის კაცი. აკაკი მასთან ხშირად დადიოდა. სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას აკაკისაგან ნოტარიუსის წესით შეუძენია უფლება აკაკის რამოდენიმე საუკეთესო თხზულების გამოცემისა. ჩვენ რომ ეს გავიკვირვეთ, მან გვითხრა: „ამ თხზულებებს მე მხოლოდ ერთხელ გამოვცემ და მერე ყველა თქვენს უფლებაში გადმოვაო“.

როგორც აკაკის წინადადებას ანდერძის შესახებ შევხვდი სიცილით, აგრეთვე სიცილით შევხვდი მეორე მის წინადადებასაც. ერთხელ აკაკი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „რამდენადაც ვიცნობ ხალხურ პოეზიას, უნდა გამოგიტყდე, რომ ჩვენისთანა ხალხური პოეზია სხვა ხალხს, იშვიათად თუ აქვს. ამიტომ შენ დიდი სამსახური მიგიძღვის, რომ ასე ბევრი მასალა გამოაქვეყნე თქვენს საისტორიო და საეთნოგრაფიო ორგანოში – „ძველ საქართველოში“, მაგრამ ხალხში გაბნეული მასალა აუარებელია, ამოუწურავი და მათი შეგროვება-გამოცემა გაასკეცებულ მუშაობას თხოულობს. მინდა ამ საქმეში დაგეხმაროთ. მოწმობა მომეცით, რომ მე თქვენი საზოგადოება მაგზავნის კახეთში სახალხო პოეზიის შესაკრებად“.

მე, როგორც მოგახსენეთ, სიცილით შევხვდი ამ წინადადებას: „თუ ღმერთი გწამს, აკაკი, მაგას მე ნუ დამავალებ, თორემ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდები. შენ მთელი საქართველო გიცნობს და მის უგვირგვინო მეფეს გეძახიან, ექვთიმე თაყაიშვილმა უნდა მოგცეს შუამდგომლობის მოწმობა და გაგიკეთოს რეკომენდაცია? მე ხომ სასაცილოდ ამიგდებენ და იტყვიან: ეს როგორ გაკადნიერებულა და ჩვენ გვასწავლის, ვინ არის აკაკი და როგორი პატივით უნდა მივიღოთ-მეთქი?“

– „აი, ასე იცი შენ, – მითხრა მან, – შენ რა გენაღვლება, მე ასეთი მოწმობა გამომადგება. ჩემს ხალხს არაფერი არ სჯერა, აკაკიმ ლექსის წერის მეტი არაფერი იცისო, შენ სერიოზული კაცი ხარ და მე შენს მოწმობას გამოვიყენებო“.

მე ვუთხარი: „დიდის სიამოვნებით, მაგრამ სიცილს მაინც დამაყრიან. საამისოდ დიდი ფული ჩვენ არა გვაქვს, მხოლოდ 100 მანეთს მოგართმევთ, თუ გეყოფათ ეს წასასვლელად, მიიღეთ და წაბრძანდით“.

– „თავსაყარად მეყოფა, მეტი არ მინდაო“.

დავწერე ჩვეულებრივი მოწმობა და მივეცი 100 მანეთი. ამას გარდა მივწერე ჩემს მეგობრებს თელავში, განსაკუთრებით ვასილ კახიძეს, რაფიელ ერისთავის სიძეს, რომ ჩვენმა დიდმა მგოსანმა განიზრახა ფოლკლორული მასალების შეგროვება და გთხოვთ დიდის პატივით შეხვდეთ, წაიყვან-წამოიყვანოთ სხვადასხვა სოფლებში და კმაყოფილი დააბრუნოთ უკანო.

მართლაც კახელები დიდის ამბით შეხვდნენ აკაკის და შესაფერი პატივი არ დაუკლიათ მისთვის. დაბრუნების შემდეგ აკაკის ჩვენთვის არაფერი არ მოუტანია და არც ჩვენ გვიკითხავს რამე ამ საქმის შესახებ.

ყველამ იცის, რომ აკაკის ილიასავით უყვარდა კარტის თამაში. ხშირად ღამესაც ათენებდა. მანამ ჯიბეს არ ამოიცალიერებდა, თამაშობას არ მიატოვებდა. თუ ილია უმეტეს შემთხვევაში კარტში ფულს იგებდა, აკაკი თითქმის ყოველთვის აგებდა. მე ვეკითხებოდი კარტის მოთამაშეებს: „რა მიზეზია, რომ ილია იგებს, აკაკი სულ აგებს?“ ისინი მეუბნებოდნენ: „შეუძლებელია აკაკიმ მოიგოს, რადგან მან „ფასი“ არ იცის. ქაღალდი მოუვა თუ არა, მისთვის სულერთია, მაინც თამაშობსო. მის პარტნიორებს „ბურდუჩნი“ კლუბში დავა ჰქონდათ ერთმანეთში, აკაკის რომ დაინახავდნენ: დღეს მე ვეთამაშები და არა შენ. შენ გეყო, რაც წინათ მოუგე, ეხლა მოგება მე უნდა მხვდესო“. ასე წინდაწინ იცოდნენ, რომ აკაკისთან თამაში მათთვის ყოველთვის მოსაგები იყო.

აკაკი, როგორც მოვიხსენიე, სააპეკო კაცი იყო. ერთხელ მას ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკმა პენსია დაუნიშნა და თანხა წერა-კითხვის საზოგადოებას გადასცა, რომ თვიურ-თვიურად ეძლიათ განსაზღვრული რაოდენობით. ამან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა საზოგადოება და მისი ხაზინადარი. აკაკი თხულობდა ბევრ ფულს, ისინი არ აძლევდნენ განსაზღვრული თანხის მეტს. იყო ერთი მითქმა-მოთქმა. აკაკი ამბობდა: „მე არაფერს არ მაძლევენ, ჩემს მაგიერ სხვები აწერენ ხელს და მათ მიაქვთო“. ამას, რასაკვირველია, არავინ არ იჯერებდა, ვინაიდან დავით კარიჭაშვილი, რომელიც მაშინ განაგებდა წერა-კითხვის საზოგადოების საქმეებს, უაღრესად პატიოსანი კაცი იყო, და თუ ვინმე ეტყოდა დავითს, რომ აკაკი ამბობს, არაფერს მაძლევენო, ისიც მთქმელს ხელწერილებს უჩვენებდა და აკაკის კი საყვედურს სრულიადაც არ ეუბნებოდა. მაგრამ როდესაც გიორგი ყაზბეგი გახდა საზოგადოების თავმჯდომარე, იმან შეურაცხყოფად მიიღო ასეთი მითქმა-მოთქმა და წერა-კითხვის საზოგადოებამ უარი სთქვა აკაკისათვის გასანაწილებელი ფულის მიღებაზე. შემდეგ ბანკმა სხვა დაუნიშნა აპეკუნად, მაგრამ იმანაც უარი თქვა. ბოლოს იაკობ გოგებაშვილს სთხოვეს, რომ მას მიეღო თავის თავზე ამ ფულების გამოზოგვა აკაკისათვის. გოგებაშვილი დიდ უარზე იყო, მაგრამ მერე სთქვა: „ვინმემ ხომ უნდა იკისროს ეს არასასიამოვნო საქმე? ისე აკაკი ვერაფერს ვერ მიიღებს. მე დავთანხმდები, თუ ექვთიმე თაყაიშვილიც შემომიერთდებაო“. მე ვუთხარი იაკობს: –„როგორც შენ, ისე მე დიდ პატივს ვცემ აკაკის, მაგრამ ესეც ხომ იცი, აკაკი არავის არ დაინდობს და ჩვენც კარიჭაშვილის ამბავი მოგველის-მეთქი“. – „რა ვქნათ, უნდა გადავიტანოთო“, – მითხრა და ორივე დავთანხმდით. ერთხანს ვუძღვებოდით ამ საქმეს. ჩვენ მაინც და მაინც არ შევუწუხებივართ აკაკის, ისე კი პირსუკან რას ამბობდა, არ ვიცი.

როგორც რაფიელ ერისთავის იუბილე დიდი ზეიმით გადაიხადა ქართველმა საზოგადოებამ, ისე კიდევ უფრო მეტის ზეიმით, თანაგრძნობითა და სიყვარულით გადავიხადეთ აკაკის იუბილე თბილისში 1908 წელს. მაგრამ მისი იუბილე თბილისით არ დამთავრებულა. შედგა ჯგუფი, რომელმაც აკაკი დაატარა საქართველოს ყველა კუთხეში: ქართლში, კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში. ყველა კუთხე დიდის ზეიმითა და თანაგრძნობით შეხვდა პოეტს და აგრძნობინა თავისი სიყვარული და პატივისცემა. სხვათა შორის, აკაკი ესტუმრა ილიას სოფელ ყვარელს. აქ იური ჭავჭავაძემ (გენერალ ნიკო ჭავჭავაძის ძმისწულმა) ისეთი საზეიმო შეხვედრა მოუწყო აკაკის, რომ ხარჯების დასაფარავად, როგორც გადმოგვცეს, მას მოუხდა ათიოდე დესეტინა მამულის გაყიდვა.

აკაკის ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული არ დაკლებია. ინტელიგენცია დიდად აფასებდა მის პოეტურ მემკვიდრეობას. სასტუმროებისა და რესტორნების პატრონები მას სთავაზობდნენ კარგ ბინას, მოწყობილობასა და საჭმელ-სასმელს, ფულს არა სთხოვდნენ. ნიკო დიასამიძის, ვანო მაჩაბლისა და სხვათა ოჯახების კარებები ყოველთვის ღია იყო. ზაფხულში საჩხერეში მიდიოდა ხშირად და იქ თავის სახლში სხვიტორში ცხოვრობდა; აქ დიდ ყურადღებას აქცევდნენ თავისი მოგვარეები, მეტადრე ელისაბედ და ბეჟან წერეთლები.

იუბილეს შემდეგ აკაკი თანდათან დასუსტდა, დაავადმყოფდა და 1915 წლის იანვარში გარდაიცვალა თავის სოფელ სხვიტორში. უკვდავი პოეტი დიდი ამბით ჩამოასვენეს თბილისში და დაკრძალეს ქართველ მწერალთა პანთეონში, სადაც განისვენებენ დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე.