The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


“ვეფხისტყაოსნის” გმირები შინ და გარეთ

ღაღანიძე მერაბ

“ვეფხისტყაოსნის” გმირები შინ და გარეთ

“ვეფხისტყაოსნის” უმთავრესი გმირები თავიანთ ნამდვილ არსს, პიროვნულ დასრულებულობას, სისავსეს სახლს გარეთ, უცხოობაში გამოავლენენ.

პოემის ახალგაზრდა გმირთაგან ერთადერთია თინათინი, რომელიც არ ტოვებს თავის სამკვიდროს და, ვითარცა სიბრძნის ხორცშესხმა, საკუთარ სახლში ბატონობს და განაგებს.

ასევე, ერთადერთია თინათინი, რომლის სტატუსის შეცვლასაც პოემის დასაწყისიდანვე ვჭვრეტთ, – პოემა მისი აღსაყდრებით იწყება, – დანარჩენი გმირები კი – ავთანდილიც, ტარიელიც, ნესტანიც – სტატუსის შეცვლას მხოლოდ მარტოობის, ტანჯვის, სახლ-კარის მიტოვებისა და ხელახლა მოპოვების შედეგად აღწევენ. ყოველი მათგანი გამოდის თავისი მყარი და მდგრადი მდგომარეობიდან, ჩვეული და მშობლიური გარემოდან და სამყაროსა და საკუთარი თავის პირისპირ რჩება, მარტოობაში აღმოჩნდება.

სამკვიდროდან მოშორებასა და მარტოობას (ერთსაც და მეორესაც რუსთველის ენაზე “ღარიბობა” ეწოდება) ავთანდილი გარდაუვალ აუცილებლობად იღებს. ამიტომაც ეუბნება იგი შერმადინს მტკიცე უარს შემოთავაზებულ თანამგზავრობაზე და “ზესთ მწყობრთა წყობის” საუკეთესო მცოდნე ასე დაჯერებულად აცხადებს: “მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი”. უცხოდ გაჭრილი ტარიელი დაუნდობელია და სასტიკი ყველა იმის მიმართ, ვინც მისი მარტოდმყოფობის შებღალვას ცდილობს. შეჭირვებაში მყოფი ნესტანიც ფხიზლად იცავს და უფრთხილდება თავის მარტოობას, თავს იზღუდავს ყოველი გარეშესაგან – უსენისაგან, მელიქ-სურხავისაგან, ქაჯებისაგან. იმდენად ძლიერია მისი თვითჩაკეტვის პათოსი, რომ “დედის მჯობ დედასაც” – ფატმანსაც არაფერს გაუმხელს თავის შესახებ.

გმირის ველად გაჭრა, სახლ-კარს მოცილება გავრცელებული მოტივია მითოსსა და ფოლკლორში, აღმოსავლურსა თუ დასავლურ სარაინდო და სამიჯნურო ნაწარმოებებში.

თავიანთ სახლსა და სამკვიდროს მიატოვებენ რუსთველის წინამორბედი ჰაგიოგრაფიის თითქმის ყველა გმირი – შუშანიკი და ევსტათი, კოლაელი ყრმები და აბო, გრიგოლ ხანძთელი და ილარიონ ქართველი, ასურელი და ათონელი მამები. ყოველდღიურობის, შეჩვეულობის, ინერტულობის დაძლევა უპირობო მოთხოვნაა სულიერი წინსვლისა და განვითარებისათვის.

ავთანდილის მიჯნურობა, მეგობრობა, ვაჟკაცობა, პრაქტიკული სიბრძნე – ყველაფერი ეს სრულად სახლს გარეთ გაცხადდება; საკუთარ თავთან ბრძოლაშიც, საკუთარ გულისთქმათა დამარცხებაშიც იგი გარეთ გამოიწრთობა (“მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიმართის დანასა... ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა, გულსა უთხრის, თუ: „დათმეო“, ამად არ დია ბნდებოდა”). მისი ყველა ის თვისება, რომელიც მეტ-ნაკლებად გამჟღავნებული იყო არაბეთში, მეფის კარზე, სრულყოფილებასა და დასრულებულობას გარეთ, სახლიდან მოშორებით აღწევს.

მიჯნური ველად უნდა გაიჭრას – ეს აუცილებლობა კარგად იცის ავთანდილმა. ნამდვილი მიჯნურობა გარეთ გასვლით, მარტოობაში უნდა დამტკიცდეს და განმტკიცდეს: “თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად”, “გაჭრა ხელია მიჯნურთა”, “რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად”. ამასთანავე, არაბი სპასპეტის ტყე-ველად ხეტიალი მიზანმიმართული და გასაზრისიანებულია – იგი თავისი სატრფოსა და პატრონის დავალებას ასრულებს: პირველად, მოძებნოს უცხო მოყმე, შემდეგ კი, დაეხმაროს მას გადაკარგული მიჯნურის საპოვნელად.

სპასპეტის შესახებ მკითხველმა იცის, რომ მას “თინათინის შვენება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა”, მაგრამ ნამდვილ მიჯნურად იგი მაშინ წარმოჩნდება, როცა უსიტყვოდ შეასრულებს სატრფოს დავალებას, როცა უსაზღვროდ იტანჯება უმისოდ, როცა ფატმანთან წოლისასაც კი “ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული მხეცქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა”.

მკითხველმა ისიც იცის, რომ როსტევანის აღზრდილი ყოჩაღი ჭაბუკია, რომელიც ტოლს არ უდებს აღმზრდელს და ნადირობისას აჯობებს კიდეც მას, მაგრამ მისი ნამდვილი ვაჟკაცური ბუნება, უშიშრობა გამოვლინდება ქაჯეთის ციხის აღებისას და კიდევ უფრო მეტად – მეკობრეებთან შეტაკებისას, როცა დამფრთხალ ვაჭრებს იგი მფარველობას აღმოუჩენს (“უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებმენ ხმელთა სპანი... ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი”, – გააცხადებს იგი თავისი შეუდრეკელობის საფუძველს).

ავთანდილის დაუძლეველი სიბრძნე აშუქებს არაბეთში – მეფეებთან თუ შერმადინთან საუბრებისას, ანდერძის წერისას თუ ლოცვისას, მაგრამ სპასპეტი სიბრძნის ხორცშესხმისაკენაც მიისწრაფვის (“არა ვიქ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!”) და განა რა არის, თუ არა პრაქტიკული სიბრძნე და გონიერება, ყოველი მისი ნაბიჯი მრავალწლიანი ღარიბობისას – შეხვედრა ასმათთან და დაშინების უშედეგო მცდელობის შემდეგ ქალის ემოციური დამორჩილება და დაყოლიება; შებრძოლება ტარიელის უსაზომო სასოწარკვეთილებასთან, როცა ძმადნაფიცის კაეშნის დასაძლევად “სევდისა მუფარახი” განსხვავებულ ტაქტიკურ სვლებს გამოიყენებს და, საბოლოოდ, გამარჯვებას მოიპოვებს; საუბარი ფატმანთან, როცა “მოსადგურე და მგზავრთა მოყვარე” ქალს გადაწყვეტილებას მიაღებინებს, ერთად დაეხმარონ დაშორიშორებულ მიჯნურებს. ამგვარადვე, წინდახედულების, პრაქტიკული ჭკუის გამოვლინებაა მისი გადაცმები – რეალიზებული და შედეგიანი, როცა ის ვაჭრის სამოსით შევა გულანშაროში და იქ, ვაჭართა შორის ვაჭრად ქცეული, უმნიშვნელოვანეს ამბებს შეიტყობს; და მეორეგზის, ოღონდ არარეალიზებული სურვილი, ქაჯეთის ციხეში ვაჭრად გადაცმული შეპარულიყო და ციხე შიგნიდან გაეტეხა (ეს აზრი, ისევე როგორც ფრიდონის რჩევა, უარყოფილ იქნა, რადგან ამ შემთხვევისას სატრფოს გამოსახსნელად შეჯავშნული ტარიელი დაკნინებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა).

აღსანიშნავია, რომ თავისი მიწიერი ქმედებისას, პრაქტიკული საქმიანობისას ავთანდილი არ კარგავს კავშირს უმაღლეს რეალობასთან და ყოველი გამარჯვებისას კოსმოსურ კანონზომიერებასა და ზეციურ ძალთა თანადგომას გრძნობს.

მკითხველისათვის აშკარაა სპასპეტის თავდაპირველი მოწიწება და ერთგულება როსტევანის მიმართ, შემდგომში კი იგი თითქოს კადნიერებას ამჟღავნებს, ჯერ უჩუმრად გაპარვით, მეორედ კი აშკარა დაუმორჩილებლობით – მეფის სურვილის უგულებელყოფით, რასაც ნაკლებად ანელებს საბოდიშო-გასამართლებელი ანდერძი. იგი მიატოვებს სამეფოსა და მეფეს, მაგრამ ამით იდუმალ აღასრულებს აღმზრდელის წადილს, რაკი მეფის იმ კაეშნის გაფანტვას ცდილობს, რომელიც არაბთა მბრძანებელს ვეფხისტყაოსან მოყმესთან შეხვედრამ ჩაუსახა. უცხო მოყმის გზად გადაყრა ტახტის მპყრობლისათვის ბედისწერასთან პირისპირ შეხვედრის ტოლფასი იყო, იგი ამაში ზეციური გადაწყვეტილების ანარეკლს ხედავდა და სწორედ ამიტომ იმეორებდა ასეთი დაჟინებით: “ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება“”, “უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული”, – ამდენად უცნობის პოვნის, მისი ვინაობის გაგების წყურვილი ოდენ ლიტონი ცნობისმოყვარეობით არ იყო განპირობებული. ქალიშვილის რჩევით, მეფე ბრძანებს, მოძებნონ ის ჭაბუკი, რომლის ნახვამაც მას ეგზომ დაუწყლულა გული, მაგრამ როდესაც სანუგეშოს ვერაფერს გაუგებენ, იგი თავს დაიმშვიდებს: “ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო, ჩემად მტერად წარმოსული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო, გამიშვია შეჭირვება...” მართალია, მან “ესა თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა”, მაგრამ მოხუცი მეფის ბოლომდე ვერმიყვანილ სურვილს მისი ქალიშვილი და აღზრდილი ძირისძირ ჩაჰყვებიან. თუ სინამდვილის გაგების წადილი მოხუც როსტევანს მალე ჩაუქრება, საძიებლის წვდომის ვნება თინათინში აგრძელებს ფეთქვას და იგი თავის მეტრფეს ავალებს:

გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,

ყრმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?

მას უკანათ გონებამან მისმან ასრე დამამხოცა,

შენ გენუკევ მონახვასა, კიდით კიდე მოლახო ცა.

ავთანდილის მოხუც აღმზრდელს მანამდეც მივიწყებული ჰქონდა უცნობი ჭაბუკი, აღზრდილის მიერ მოპოვებულმა უწყებამ კი სავსებით დაამშვიდა და დააკმაყოფილა იგი, მაგრამ ინიციატივას, საკუთარი და მეგობრის ბედის ჩაწვდომისა და წარმართვის ინიციატივას უკვე პოემის ახალგაზრდა გმირები ისაკუთრებენ.

იყო თუ არა საზრისის მატარებელი ვეფხისტყაოსან რაინდთან შეხვედრა? როსტევანისეული ამ კითხვის პასუხს სახლ-სამკვიდროდან გაჭრილი ავთანდილი ეძებს. ამიტომ, სიღრმისეულად, სპასპეტის არაბეთიდან გადაკარგვა არა იმდენად ურჩობა და კადნიერებაა, რამდენადაც ხელმწიფის სევდის წამლის ძიება, თუნდაც თავად მას ნაკლებად ახსოვდეს “მიზეზი ლხინთა ლევისა”.

ამასთანავე, მკითხველს საფუძვლიანად უჩნდება აზრი, რომ, როსტევანის სამეფოს მოშორებული და შორს წასული, ამირსპასალარის ძე როსტევანსაც მოჰშორებია და შორს წასულა. იგი აღმზრდელს ჯაბნის არა მარტო ნადირობაში, არამედ ფიქრისა და საქმის ბოლომდე მიყვანაში, სიბრძნეში, პლატონისა და მოციქულთა მოძღვრების ღრმა ცოდნასა და მათი სიტყვის საქმედ ქცევაში. ამიტომაც აძლევს იგი საკუთარ თავს უფლებას, მეფის უნებურად, საკუთარი პასუხისმგებლობით, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და თვითონ გააკეთოს არჩევანი, თუმცა აქ მისთვის ბიძგისა და დასტურის მიმცემია შვილების თაობის სხვა წარმომადგენელი – მზეს აღმატებული თინათინი, რომელიც მეტ თეორიულ და პრაქტიკულ შორსმჭვრეტელობას ავლენს, ვიდრე მამამისი. იგი ჯერ სამყაროს რაობისა და ბოროტების უარსობის შესახებ ესაუბრება კაეშნით მოცულ მამა-პატრონს, შემდგომ კი მას საქმიან რჩევას შესთავაზებს, შიკრიკები გააგზავნოს ქვეყნის სხვადასხვა კიდეს. როგორც უკვე ითქვა, არაბთა მეფის ასული საკუთარ სახლშივე აშუქებს ზნეობრივი და გონებრივი სინათლით.

ესეცაა მიზეზი, რომ მოღარიბე ავთანდილს განუწყვეტლივ სახლისაკენ მიუწევს გული, მას ხომ შინ “ღმრთისა სწორნი” ეგულება, თან იგი, ველად გაჭრილი, უმეტესად ვერც იმის გვერდითაა, ვინც მისთვის გამხდარა “ძმა უმტკიცესი ძმობისა”. მას არა მარტო მამულის, – სინათლისა და სითბოს მიზეზის მიტოვებაც მოუხდა:

თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთარს გაგვამცივნებს,
მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამას რად არ ივნებს?

ავთანდილი იტანჯება სამკვიდროს გარეთ ყოფნით, მაგრამ სურვილზე მაღლა მოვალეობა დაუყენებია, რადგან მას, თავდადებული სიყვარულის მოციქულს, სატრფოსა და მეგობრის წადილის ასრულება დაუსახავს მიზნად.

ტარიელმა, ძმადნაფიცისაგან განსხვავებით, არ იცის სატრფოს ადგილ-სამყოფელი, შინ კი ნამდვილად არ ეგულება და გარეთ მყოფს იმედი უბჟუტავს, ვინძლო სადმე სატრფოს კვალს გადაეყაროს, – ამდენად, ინდოელი მოყმისათვის აუცილებლობით და არა არჩევანითაა განპირობებული სამკვიდროდან გადაკარგვა.

ინდოელი ამირბარიც, არაბი სპასპეტის მსგავსად, ძებნად გასულა გარეთ. მას ნესტანის საპოვნელად მიუტოვებია სახლ-კარი, მაგრამ ნელ-ნელა მისი ღარიბობა კარგავს კონკრეტულ შინაარსს და უბრალოდ აღარც შინ დასაბრუნებელი და არც გარეთ ყოფნისათვის შინაარსის მიცემის ძალა აღმოაჩნდება. თუ ავთანდილისათვის შეჩვეული გარემოს მიტოვება შინაურული ინერციის დაძლევის წარმატებული მცდელობაა, ტარიელის ტყეში, ნადირთა შორის ყოფნა სწორედ ინერციის დაუძლეველობაზე მეტყველებს.

უკვე ინდოეთშივე ჩანს, რომ ტარიელს ნებელობის უნარი დაქვეითებული აქვს და გადაწყვეტილებათა მიღება ეძნელება. მას უჭირს ინიციატივის საკუთარ ხელში აღება, სატრფოს ნება-სურვილს ასრულებს და მეფე-დედოფლის იმ ჩანაფიქრის წინაშეც კი სრულ უძლურებას გამოამჟღავნებს, რომელიც დამღუპველია მისთვისაც და მისი გულისსწორისთვისაც. იგი მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, როცა ნესტანი მკაცრად დატუქსავს და ასწავლის არა მარტო იმას, როგორ მოიქცეს, არამედ იმასაც, თუ რა პასუხი უნდა გასცეს ინდოთა მეფეს ხვარაზმშას ძის მოკვლის შემდეგ.

შინიდან გასვლის შემდეგ იგი თითქოს ინერციით ეძებს სატრფოს, მაგრამ მალე ძებნის სურვილი თუ იმედი ჩაუქრება და, მიუხედავად იმისა, რომ ნესტანის პოვნის დიდი ალბათობაა ზღვის წყლებში (ზღვაზე იხილავენ მას ფრიდონიცა და ფატმანიც), ამირბარი მაინც ნაპირზე გამოვა და თავის ამ საქციელს გრძნობიერი განცდით ახსნის: “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინაო”, – ეტყვის იგი შემდგომ ავთანდილს.

ცოტა ხნის შემდეგ მას ფრიდონი სთავაზობს დახმარებას, მაგრამ როცა მულღაზანზარელი შიკრიკების პირველი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდება, ტარიელი დაიჩივლებს: “მაშა მე მისსა ამბავსა... აღარას მოველიო” და ნესტანთან ამქვეყნად შეხვედრის ყოველგვარ იმედს გადაიწურავს (ის, რომ ტარიელის მოსაზრება გონივრული არ იყო, ავთანდილის მოქმედებათა გეგმითაც დადასტურდა: არაბი სპასპეტი სწორედ ფრიდონის მითითებულ კვალს გაჰყვა და თავისი ძიება გამარჯვებით დააგვირგვინა).

ტყედ გაჭრილ მიჯნურს მხოლოდ ასმათი მოაპოვებინებს ისეთ ძმადნაფიცს, რომელთანაც “სიახლესა და საუბარს” იგი ასე ნატრობდა (“ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაჰბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!”). შემდგომში იგი საერთოდ კარგავს სიცოცხლის სურვილს და საკუთარი ინიციატივითა და ძალისხმევით ვეღარაფერს აკეთებს, გზად გადაყრილი ცხოველებისა და უცნობების დაჭრა-დახოცვის მეტს. რომ არა ავთანდილის დიდი და მრავალმხრივი მცდელობა, უიმედო მიჯნური ლომ-ვეფხთან შებმის შემდეგ ცხოვრებისაკენ აღარც გამოიხედავდა. იგი საკუთარი მომავლის წარმართვას, საკუთარ ბედისწერასთან შერკინებას ახლა უკვე მთლიანად ახალშეძენილ მეგობარს გადააბარებს და ამიტომაც დინჯად მოისმენს და დაეთანხმება სპასპეტის დასკვნას: “შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!” აღსანიშნავია, რომ ამ დროს მისთვის, ავთანდილისაგან განსხვავებით, დიდად აღარ განირჩევა შინ და გარეთ ყოფნა: “ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა”.

პოემის დასასრულისათვის, ნესტანის ადგილ-სამყოფლის პოვნის შემდეგ, ტარიელი თავს დაიხსნის ბურუსიდან, ვაჟკაცი რაინდი ისევ წამოიმართება და ქაჯეთის ციხის ბედს სწორედ მისი გეგმა და მისი შემართება გადაწყვეტს.

ამრიგად, ინდოელი ჭაბუკის სუსტი ნებელობა სახლ-სამკვიდროს გარეთ თავის უკიდურეს ზღვრამდე მიდის, მაგრამ ამ უფსკრულიდან ამოსვლისას (ძმადნაფიცის შემწეობით) იგი გონებისა და გონებით წარმართული ძალის პატრონად გვევლინება. შინ დაბრუნებული ინდოთ მეფე კი ისე სამართლიანად განაგებს თავის ქვეყანას, რომ “ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს”, ისეთ იდეალურ, ღმრთაებრივ წესრიგს დაამყარებს, რომ “შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს”.

ამ დროს მის გვერდითაა ტყვეობიდან დახსნილი ნესტან-დარეჯანი, რომელმაც სახლს გარეთ ტანჯვისა და ამაღლების დიდი გზა განვლო.

მეფის ჟინიანი და თავდაჯერებული ასული მხოლოდ შინიდან შორს ყოფნისას გაამჟღავნებს მანამდე გამოუვლენელ თვისებებს – ლმობიერებას, მამისა და სატრფოს თავგანწირვამდე მისულ სიყვარულს, სოფლის გაუტანლობის პირისპირ შეურყეველი დგომის უნარს; სწორედ არა შინ, – ზღვათა და ქაჯთა სამეფოში ახერხებს იგი სამყაროს ძირის ჭვრეტას.

თავის მამულში ნესტანი, თინათინისაგან განსხვავებით, არასად ჩანს – არც საუბრებში, არც წერილებში – ქვეყნიერების რაობაზე, სოფლის გაუტანლობასა და ბოროტების არსებაზე ჩაფიქრებულ ადამიანად. იგი სატრფოს ხან ხატაელთა დალაშქვრას ავალებს, ხან რიდისა და სამხრის გაცვლას შესთავაზებს, ხან დაარიგებს, როგორ მოიშოროს თავიდან მეტოქე და როგორ აიძულოს ფარსადანი, თავისი ხელით დააქორწინოს მიჯნურები. თუ ინდოეთში მეფის ასულის ინტერესები და პრობლემები ყოველდღიურობის ყოფითს ჩარჩოებში თავსდება, სახლს გარეთ იგი ზოგადობის ჩაწვდომას ცდილობს, გულდაგულ უტრიალებს კითხვას, თუ “სოფელი რათა საქმეთა მქმნელია”. იგი მიმხვდარა, რომ სოფელი კრულია, რომელსაც “ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ, მით მათგან საწუნელია”. ამსოფლიურზე მეტად მის მზერას მარადიული სასუფეველი იტაცებს, სადაც – მზის საუფლოში – მას სატრფოსთან შეხვედრა ეიმედება.

ინდოეთში ნესტანი ბრწყინვალედ შემოსილი ხვდება ხოლმე თავის მიჯნურს, – ხან მწვანე და ხან ნარინჯისფერ სამოსში, – მას თვალს მოსტაცებს ტარიელის ხატაური რიდე და ამირბარს მის დათმობას სთხოვს, მაგრამ სატრფოსა და სამშობლოს მოშორებული, იგი უარს ამბობს ყოველივე მიწიერზე:

არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა,

მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა,

მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა,

ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა,

– იხსენებს ფატმანი.

შინ უკიდურესად მომთხოვნი ნესტანი გულანშაროში სრულ გულგრილობასა და მორჩილებას ამჟღავნებს. როდესაც მისი აუღელვებლობით გაოცებული მელიქ-სურხავი იტყვის: “ან ვისიმე მიჯნურია”, “ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედიო”, ორივე ვარაუდი სწორია – იგი თავის ქვეყანაში ჭკვიან, მაგრამ არა იმდენად შორსმჭვრეტელ ქალად ჩანს, გარეთ კი უკვე სიბრძნის იმგვარ სიმაღლემდე ასულ პიროვნებად გვევლინება, რომელსაც “არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედაზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი”.

ინდოეთში მის განრისხებას საზღვარი არა აქვს, როცა გაიგებს, რომ ხვარაზმშას ძეზე დაქორწინებას უპირებენ და დაუყოვნებლივ გადაწყვეტს, მოაკვლევინოს არასასურველი სასიძო, ზღვათა სამეფოში კი იგი მორჩილად მიდის ხელმწიფის კარზე, სადაც იგი – სასძლოდ გამზადებული – საზრიანობითა და მოხერხებით დაიხსნის თავს.

სამშობლოში მყოფი მეფის ასული ადვილად ავალებს მიჯნურს სახიფათო საქმეებს, ქაჯეთის ციხიდან კი დაჟინებით თხოვს მას, სატრფოს გამოხსნაზე არაფერი იფიქროს, რათა თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს.

თუ გრძნობადი და ზეგრძნობადი სამყაროს ავთანდილისეული წვდომის ყველაზე მაღალი გამოვლინება – მისი ანდერძი არაბეთიდან გაპარვის წინ – შინიდან გასვლის პირველ ნაბიჯზეა დაწერილი, დატყვევებული ნესტანის წერილი მიჯნურისადმი – მისი სულიერი ზეაღსვლის ჭეშმარიტი ნიშანსვეტი – იწერება შინიდან შორს, ქაჯეთის ციხეში, როცა “ქალი, მსგავსი მზეთა ორთა”, ყოველმხრივ უკიდურესად დაშორებულა საკუთარ ციხე-კოშკს.

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, რომელშიც აშკარად არეკლილა, რომ მისი დამწერი სიბრძნეს ჰზიარებია, შინაგანი წონასწორობა მოუპოვებია და მძვინვარე ვეფხის ხატისაგან განთავისუფლებულა, ტარიელი თამამად გაიხდის ვეფხის ტყავს, რომელიც ინდოელ ამირბარს სატრფოს მოსაგონებლად ემოსა და ქაჯთა მძლეველი აბჯრით აღიკაზმება.

ამიტომაც, “ვეფხისტყაოსანი” მოგვითხრობს ვეფხის ტყავის ჩაცმისა და გახდის შესახებ, ინტელექტის მიერ ინსტინქტების დაძლევისა და მყისიერი გრძნობების მოთოკვის შესახებ. გარეთ გასულ ტარიელს, რომელსაც ვეფხის ტყავი შეუმოსავს, ინსტინქტური ძალები იმორჩილებენ, ნესტანი კი, რომელიც შინ პირგამეხებულ ვეფხად წარმოუდგა მნახველს, გარეთ ყოველგვარ ინსტიქტურსა და იმპულსურს დაძლევს. როცა ამის შემდეგ ტარიელიც იპოვის ძალას, ყური მიუგდოს გონიერ საწყისს და გამარჯვებული გამოვიდეს ყველაზე ძნელი – საკუთარ თავთან ბრძოლიდან, მიჯნურები კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, რაც, რუსთველის ხედვით, კოსმოსის აღდგენის ტოლფასია: “ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა”.

“ვეფხისტყაოსნის” გმირები ტოვებენ სახლ-კარს, გადიან გარეთ და იმის შემდეგ, როცა შეიცნობენ და მოიპოვებენ საკუთარ თავს, შინ ბრუნდებიან.

1993

გვიანდელი მინაწერი

დიდი წიგნები დიდ საიდუმლოს შეიცავს, რომელთა საბოლოო და ერთმნიშვნელოვანი ამოხსნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ყოველი თაობა (ან თუნდაც პიროვნება) კლასიკურ ტექსტთან თავის საგანგებო დიალოგს მართავს, – საკუთარ კითხვებს უსვამს მას და აუცილებლად შესაბამის პასუხებს იღებს. “ვეფხისტყაოსანი” ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის მთავარი და საფუძველმდები წიგნია, რომლის ამოხსნის, ჩაწვდომის, საბოლოო გაგების პერსპექტივები ამოუწურავ მომავალში უჩინარდება.

“ვეფხისტყაოსნის” გმირთა შინ და გარეთ ყოფნის შესახებ ცხრა წლის წინანდელი ჩანაწერების მკითხველისათვის დღეს უცვლელად შეთავაზება, შესაძლოა, არცთუ საკმარისად მოტივირებულ სითამამედ იქნეს აღქმული, მაგრამ ამ სტრიქონებს არამარტო ისტორიული ღირებულება აღმოაჩნდა, რომელშიც მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის ქართული რუსთველოლოგიის (და საზოგადოების) კითხვათა სიმწვავე აირეკლა, – ნაპოვნმა პასუხებმა, ავტორისათვისაც მოულოდნელად, თაობის (ან თუნდაც პიროვნული) მომავლის წინასწარი ხედვის უნარი გამოავლინა, იმ მომავლისა, რომელიც ცხრა წლის შემდეგაც მომავლად რჩება და თავის ჩრდილს სცემს და აჩნევს ოცდამეერთე საუკუნის პირველ წლებსაც.

სავალდებულო მოკრძალების გარეშეც აშკარაა, რომ ზემორე ჩანაწერთა ავტორის წვლილი და დამსახურება აქ მინიმალურია: დიდი წიგნები, რა თქმა უნდა, არა მარტო ტრადიციასთან უშუალო შეხების ხელგაშლილ საშუალებას იძლევა, – მათში ხომ ყოველთვის იდუმალი წინასწარმეტყველების უწყებაცაა შეფარული.

2002