The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მთხოვნელი მსაჯულისადმი

ერისთავი რაფიელ

მთხოვნელი მსაჯულისადმი

მოველ, ბატონო, ღმრთისა მსაჯულო,
გენაცვალების შენ ჩემი თავი,
მხურვალედა გთხოვ, ცრემლითა გვედრი,
გულს მომაშორე მე ცეცხლი მწვავი,
გთხოვ, დამიბრუნო მე ჩემი შვილი,
დედა ვარ მისი, განა მომკლავი?
სხვა რად ჰპატრონობს ჩემსა ნაშობსა,
რისთვისა სტანჯავს მანდ მდგომი სვავი?
შვილი ჩემია, უარს ხომ ვერ ვყოფ,
გთხოვ, მომაშორო ეს ცეცხლის ალი,
მე ბევრს ვერ შევძლებ, სუსტი ბუნების
დედა ცოდვილი, ბედკრული ქალი.
ეს კაცი მებრძვის, შვილი წამართვა,
ვისი უპყრია, მიბრძანე ძალი?
შენ რად არ მომცემ ღმრთის ნაჩუქრებსა,
რად არ მიბრძანებ, თუ გწამს უფალი?

ამ დროს მიჰხედა შვილსა დედამა,
თვალს უშვრებოდა, უქნევდა ხელსა,
ჩემთან მოდიო, მას ანიშნებდა,
ცრემლს კი ვერ ჰღვრიდა გულის შემწველსა.
შვილსა, შემკრთალსა ბატონისაგან,
ვერა ვხედავდი დედისკენ მსვლელსა,
რომ მისულიყო, გადაეკოცნა,
დედაშვილურად ჰხვევოდა მკერდსა!