The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ფატმანისგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

ფატმანისგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა




1 ფატმანისგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

▲ზევით დაბრუნება


1130
ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა
არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,
და დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.

1131
ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,
მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა,
მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.
1132
ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა,
მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა;
დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ-ა,
დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.

1133
დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით;
ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსეთ და ავივსენით;
ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით,
კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.

1134
ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა,
გავიტანე ხათუნები, - მათი ჭმევა ჩემგან ხამსა;
მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა,
და ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.

1135
იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი,
მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი,
მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემ თანა ხლებულნი,
კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

1136
ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდ, დურად;
სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად,
რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად,
მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1137
უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქციე პირი გზასა,
ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა,
შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა,
მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მე-მცა რასა!

1138
მაშორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი;
ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი;
იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი,
გამოიღეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.

1139
გამოზიდნეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა,
მიიხედნეს, მოიხედნეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინ-ა,
ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა;
მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.

1140
მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა,
აჰხადეს, ქალი გარდმოხდა უცხოთა რათმე ტანითა,
თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა,
მზესა სიტურფედ ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

1141
რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა,
ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა, ზესა;
დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა,
უკმოვიხაშ კარი, ჩემგან მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

1142
მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი,
ვუჩვენე: „ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი?
ჩაეპარენით, ჩაედით წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი,
მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მნდომელნი.

1143
თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დახოცენით,
მოყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით!“
ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით,
დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1144
მე სარკმელთა გარდავადეგ. რა შევიგენ, არ მოჰყიდეს,
მევუზახენ: „დახოცენით!“ დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს;
იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს;
ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.

1145
რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა!
ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა!
ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინ-მცა ვით ქმნა ნახაზობა!
მე თუ დამწვავს, აჰა მზად ვარ, აღარ უნდა ამას მზობა!“

1146
ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი;
ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი;
ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი,
ღვარმან, ზედათ მოდენილმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1147
მოიტირეს.ყმამან უთხრა: „ნუღარ გასწყვედ, გაასრულე“.
ფატმან იტყვის: „მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე,
გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე,
ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

1148
ვჰკადრე: „მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა?
იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?“
მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესეზომთა,
ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისგან მონაწთომთა.

1149
რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა,
გულ-ამოხვინჩვით ატირდა მით რათმე ხმითა წყნარითა;
ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა;
მისი მწვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

1150
მითხრა: „შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა,
რას აქმნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა!
ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა;
თუ რაცა მკითხო, ძალი-მცა გიგმია არსთა მხედისა!“

1151
ვთქვი: „უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა;
მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა;
ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა.
რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?“

1152
ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი;
სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი,
ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ-სუბუქი;
ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.

1153
მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით,
მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით;
არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით,
ერთი ზანგი ვამსახურე; მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1154
ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა,
დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა!
შევეხვეწი: „დადუმდიო“, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა.
აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!

1155
შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები,
შიგან სისხლისა მორევსა ეყრდნის გიშრისა შუბები,
მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები,
შუა ძოწსა და აყიყსა ჭვირს მარგალიტი ტყუბები.

1156
ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან,
თუმცა მეკითხა: „ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან?“
მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან,
მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

1157
არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა,
მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა,
მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა,
ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1158
სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა;
ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა,
მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა:
სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე - ნაჭედისა.

1159
მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი.
ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი;
ვთქვი: „თუ ვუთხრობ, ვიცი, დარბაზს გაამჟღავნებს ისი ფლიდი“.
ესე მეყო საგონებლად, შევიდი თუ გამოვიდი.

1160
ვთქვი: „თუ არ ვუთხრა, რა ვუყო ჩემგან რა მოეგვარების?
არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების;
ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, ვეღარა მომეფარების;
ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!

1161
მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა!
მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა!
არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა,
სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა.

1162
მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე,
მერმე ვუთხარ: „გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე,
არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე“.
ფიცი ფიცა საშინელი: „თავიცაო კლდესა ვიცე!

1163
რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა,
არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა“.
მერმე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა:
„მოდი, მომყევ აქა სადმე, მე, გიჩვენებ მზისა ფერსა“.

1164
ადგა, ამყვა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი.
უსენ გაჰკვირდა, გა-ცა-კრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი;
თქვა: „რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი?!
თუ ხორციელი არის-მცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!“

1165
ვთქვი, თუ: „არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა,
რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა;
მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა,
ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა“.

1166
მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა;
ვჰკადრეთ, თუ: „მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა,
გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა?
რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?“

1167
რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა:
ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა;
გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რე-შენდა,
მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!

1168
ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა:
ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა.
კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა,
„არა ვიციო, მიმიშვით!“ - ეს ოდენ გვითხრა ენითა.

1169
დავსხედით და მას თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ,
რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ!
ძლივ ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ,
ჩეენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1170
უსენ იტყვის: „ბევრ-ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს;
ესე ღაწვნი მზისად ხმანან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს!
უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს,
მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!“

1171
მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით;
შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით;
ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით,
გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

1172
რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდეს ღამე-დღენი,
უსენ მითხრა: „არ მინახავს ძოღანდლითგან მეფე ჩვენი.
მივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი“.
მოვახსენე: „დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!“

1173
უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები.
დავჰვედრე: „დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები;
ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები“.
კვლა შემომფიცა: „არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!“

1174
უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი,
უსენ არიფი მეფისა, მეფეა მისი მნდომელი,
წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი.
აწ ჰნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი მწთომელი.

1175
რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი,
კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი.
დაავიწედა იგი ფიცი, რა მუსაფი, რა მაქანი!
მართლად თქმულა: „არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი“.

1176
უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა:
„დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა,
მარგალიტსა დიდროანსა, უმსგავსოსა ჰპოვებ ლალსა?
ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა“.

1177
თაყვანის-სცა უსენ, ჰკადრა: „ჰე მაღალო ხელმწიფეო,
ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენელო არსთა, მზეო!
რაცა სხვა მაქვს, ვისი არის ოქრო, თუნდა საჭურჭლეო?
დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.

1178
ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა;
სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა;
მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ჰნახოთ მსგავსი მზისა,
მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა“.

1179
რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა,
უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა.
მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა,
უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.

1180
მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია.
შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია,
თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია,
მოვიდეს; დია გავჰკვირდი, ვთქვი: „რამე საქმე ზესია“.

1181
მისალამეს, „ფატმან! - მითხრეს - ბრძანებაა ღმრთისა სწორთა:
დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა,
აწ მოგვგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა“.
ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

1182
მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე: „რა ქალი გინდა, რომელი?“
მათ მითხრეს: „უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი“.
არა მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი,
ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

1183
შევე, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად,
ვჰკადრე: „მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ, რულად!
ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად,
შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად“.

1184
მან მითხრა: „დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია!
ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.
კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!
სხვა-და-სხვა ჭირი ჩემ ზედა არ ახალია, ძველია“.

1185
თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი,
ადგა ასრე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი,
ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი.
მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1186
შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა,
თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა,
თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა,
მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა.

1187
ვარქვი: „ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესეგვარი“.
მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი, მზისა დარი.
ცნა მეფემან, მოეგება; ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი;
იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

1188
ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები,
ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ-სიწყნარები;
იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები,
გაკრთომით უთხრა: „ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?“

1189
ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად;
მეფემან ბრძანა: „გამხადა ნახული მე უნახველად,
ღმრთისაგან კიდე ვინ-მც იყო კაცი ამისად მსახველად!
ჰმართებს ამისთა მიჯნურთა, ხელნი თუ რბოდენ, გლახ, ველად!“

1190
გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა:
„მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისით გვარითა?“
მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა;
თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.

1191
არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა,
სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა;
ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა,
მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასა-მცა ვინ იაზრებდა!

1192
მეფე ბრძანებს: „რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების?
ამა ორთა კიდეგანი აზრი არა არ იქმნების:
ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების,
მისგან კიდე არვისად სცალს, არცაღა ვის ეუბნების.

1193
ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედას-ზედი;
ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,
სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.

1194
ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული,
მე დავა ხედრო ესე მზე, და-, მისთვის დამზადებული;
მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული,
მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული“.

1195
ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა,
უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა;
მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა,
მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1196
მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა,
მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა,
დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა,
მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1197
მეფემან ბრძანა: „მოკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა!“
დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა;
ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა,
მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1198
უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომად მცველად კარისად;
ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად;
უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად.
სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

1199
გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი,
ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: „რა ბედი მიც ჩემი მკლველი!
სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი,
რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!“

1200
კვლაცა იტყვის: „ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა,
ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა!
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!“

1201
ხადუმნი უხმნა, უბრძანა: „ისმინეთ“, მოდით ცნობასა!
მოღორებულ ხართ, დამცთარ ხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა,
დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ჰლამის სძლობასა,
ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.

1202
არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია;
მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო-ტანია!
სხვასა რად მნუკევთ საქმესა? ჩემნი საქმენი სხვანია!
თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.

1203
უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა,
თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა;
ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა,
მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დაიწყებთ ნანასა“.

1204
შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი,
მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი;
მისცა, უთხრა: „გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი,
მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი“.

1205
მონათა მიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა,
დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა,
გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა.
ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

1206
ვა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა:
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დააბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1207
რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი,
ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი,
სხვანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი.
დარჩა მთვარე გავსებული, გველისაგან ჩაუნთქმელი.

1208
მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა.
ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა.
გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა!
შინა ყოლა არ შემომყვა: „რად მაწვეო?“, შემანანა.

1209
მიბრძანა: „თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა,
მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა!
ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლავ გამგზავნე ცხენითა,
სადამდის სცნობდეს ხელმწიფე, კაცთა მომწევდეს რბენითა“.

1210
შევე ფიცხლავ საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი,
შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მოკვნესი;
ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი.
წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი.

1211
დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი,
მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი;
მე მკითხეს, ვარქვი: „თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი,
მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!“

1212
მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი,
მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი.
დაჰხედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი:
„მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.

1213
მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი;
აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი:
მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.
კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

1214
მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.
ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი;
ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი,
ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!

1215
ესე ამბავი მას თანა ვთქვი დიაცურად, ხელურად:
ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად.
გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად,
აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვისსენ მე რულად!

1216
დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა.
ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა;
მოსრულიყო, მოსლვა ეთქვა; შენცა მოხვე, შემეშინა,
ამად გკადრე: „ნუ მოხვალო“, მოგაგებე მონა წინა.

1217
აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით;
შეიყარენით ორნივე, ჩემზედა დაიჯარენით;
ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით,
იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

1218
თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა,
შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა;
მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა,
შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!

1219
მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს! - მადლსა გკადრებდე მე რასა-
რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა!
აწ ამას იქით ვჰნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა,
აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰაი, ჩავიჭერ ქვე რასა!“

1220
ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია:
მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგანც უფრო მტერია;
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

1221
იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს,
რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს“.
კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთათ ცრემლი სდენოდეს:
„წახდესო შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!“

2 ფატმანისგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


გიგაშვილი მარიამ
0x01 graphic

აფციაური დალი
0x01 graphic

აფციაური მერაბ
0x01 graphic

სონღულაშვილი ნიკოლოზ
0x01 graphic

ზუმბაძე ნანა
0x01 graphic

ციტრიცკი ნიკოლოზ
0x01 graphic

პატაშური გუგა
0x01 graphic

ჯაფარიძე ინგა
0x01 graphic

გიორგაძე გვანცა
0x01 graphic

მალაშანიძე ხათუნა
0x01 graphic

მალაქშანიძე გულო
0x01 graphic

კიკნაველიძე რაისა
0x01 graphic

გედევანიშვილი მარინა
0x01 graphic

მამიაშვილი მედეა
0x01 graphic

გიგაშვილი გიორგი
0x01 graphic

პიტავა მაკა
0x01 graphic

გურგენიძე სოფიო
0x01 graphic

ზუმბაძე ინგა
0x01 graphic

სახვაძე ზურაბ
0x01 graphic

მარგიშვილი დათო
0x01 graphic

აფციაური გიორგი
0x01 graphic

ხარხელი დოდ
0x01 graphic

ქვლივიძე მარიამ
0x01 graphic

ბატონისაშვილი ლია
0x01 graphic

ნონიკაშვილი მარინე
0x01 graphic

კამკამიძე გელა
0x01 graphic

შაიშმელაშვილი მანანა
0x01 graphic

ოქროპირიძე ბექარ
0x01 graphic

გელენიძე მაკა
0x01 graphic

ბერიკაშვილი ლ.
0x01 graphic

ჩახვაშვილი კახა
0x01 graphic

ჭეიშვილი მარიტა
0x01 graphic

ჯიმშიტაშვილი დავით
0x01 graphic

მიქელთაძე ტარიელ
0x01 graphic

შავთვალიშვილი მაკა
0x01 graphic

ჩეჩელაშვილი ნათელა
0x01 graphic

რაზმაძე ეკა
0x01 graphic

დემურიშვილი ელისაბედ
0x01 graphic

ზარდალიშვილი ნინო
0x01 graphic

ჩიჩუა ნინო
0x01 graphic

ჯვებენავა გიორგი
0x01 graphic

ჩეჩელაშვილი მარგალიტა
0x01 graphic

მიქელთაძე ნიკოლოზ
0x01 graphic

ომანაძე ნანო
0x01 graphic

კუხალაშვილი ფატი
0x01 graphic

ომანაძე როზა-მაკრინე
0x01 graphic

ჯანგველაძე ირინე
0x01 graphic

მიქაძე მარიამ
0x01 graphic

გიორგაძე ფირუზ
0x01 graphic

ბერეკაშვილი ნანუკა
0x01 graphic

შავდათუაშვილი გეგა
0x01 graphic

კოპაძე ხათუნა
0x01 graphic

ცუცქირიძე ზურა
0x01 graphic

სოფრომაძე სოფო
0x01 graphic

მესხი მარინა
0x01 graphic

მენთეშაშვილი ანა
0x01 graphic

მახარაშვილი გივი
0x01 graphic

მჭედლიშვილი ანი
0x01 graphic

მჭედლიშვილი მარიამ
0x01 graphic

აფაქიძე ლიზი
0x01 graphic

გეგეშიძე მარიამ
0x01 graphic

ქობელაშვილი მარიამ
0x01 graphic

კიკნაველიძე სოფო
0x01 graphic

რუსია რუსუდან
0x01 graphic

კიკნაველიძე ნუცა
0x01 graphic

ლომიძე გიორგი
0x01 graphic

აფციაური ნიკოლოზ
0x01 graphic

თავდგირიძე თაკო
0x01 graphic

გიგაური თაკო
0x01 graphic

გიგაური ნიკა
0x01 graphic

გიგაური ქეთი
0x01 graphic

ელიზბარაშვილი მარიამ
0x01 graphic

მამიაშვილი ლიკა
0x01 graphic

ჟვანია მარიამ
0x01 graphic

ჟვანია თამარ
0x01 graphic

კიკნაველიძე ხათუნა
0x01 graphic

ჟვანია გიორგი
0x01 graphic

ოშხერელი ჟ.
0x01 graphic

ღამბაშიძე დალი
0x01 graphic

ალიბეგაშვილი გიორგი
0x01 graphic

ალიბეგაშვილი ლუკა
0x01 graphic

კატუკია რევაზ
0x01 graphic

არაბიძე ნინო
0x01 graphic

მარგიშვილი გიორგი
0x01 graphic

ხიდეშელი ირმა
0x01 graphic

მარგიშვილი ანა
0x01 graphic

ბუტიკაშვილი ხატია
0x01 graphic

ლორია გიორგი
0x01 graphic

კუპატაძე ლაურა
0x01 graphic

კატუკია ელგუჯა
0x01 graphic

ნიკოლეიშვილი დეა
0x01 graphic

ნიკოლეიშვილი დოდო
0x01 graphic