The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა

პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა




1 პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა

▲ზევით დაბრუნება


875
მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი,
ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;
ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე-უკუყრილი;
თქვა: „უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი“.

876
რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,
აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა;
ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,
ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

877
რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა:
ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,
საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,
მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

878
ერთ-კერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ-მოცხებული,
კვლა სხვაგნით - ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვე-დანარცხებული;
მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული.
მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.

879
თვალთა ახმადცა ზარ-ედვა სრულად მიჰხდოდა ცნობასა,
მიახლებოდა სიკვდილსა, მოჰშორვებოდა თმობასა.
ყმა სახელ-დებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა,
ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!

880
ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა,
ახლოს უზის და უზახის მართ სახელ-დებით სახელსა;
ეტყვის: „ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?“
მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.

881
ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.
ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტად-რე მოაცნობილა.
მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.
ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა!

882
უთხრა: „ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,
გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;
აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.
მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე“.

883
ყმამან უთხრა: „რას შიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა?
ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?
ვის უქმნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა?
რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

884
თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

885
ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ,
მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ?
ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ,
თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?

886
ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?
ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

887
ვარდსა ჰკითხეს: „ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?“
მან თქვა: „ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად:
ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად“.

888
რათგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო,
მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?
უბოროტო ვის ასმია რაცა საქმე საეშმაკო?
რად ემდურვი საწუთროსა? რა უქმნია უარაკო?!

889
ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,
ნუ მიჰყოლიხარ თავისსა თათბირსა, გაგონებასა,
რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა,
ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, რად მეჭვ რასაცა თნებასა!“

890
მან უთხრა: „ძმაო, რა გითხრა, ძრვაცა არ ძალ-მიც ენისა,
ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა;
რა ადვილად გიჩს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა!
აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

891
„ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ, არ, ენით:
აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით,
მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ, კვლა რამე გავიხარენით,
მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!

892
„საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს!
მისკენ მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს,
მივეგებვი, მომეგებოს, ატირდეს და ამატიროს.
ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!

893
„მართ გარდაწყვედით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:
სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;
არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?
დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევჰრთვივარ სულთა სირასა.

894
„რასთვის რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად ამისად,
სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად;
აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად,
მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი, სად.

895
„ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქმს ბრძნობასა?
ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა;
ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა;
მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა“.

896
კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა,
ეტყვის: „რა მოჰკვდე, გერგების სიტყვითა რა ოხერითა?
ნუ იქმ, არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა!“
ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა ვერა-ვერითა.

897
მერმე უთხრა: „აჰა, რათგან არ მომისმენ არას, არა,
აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა;
თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა!
ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ!“ - ცრემლი ამდუღარა.

898
„სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა,
მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა;
ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა,
შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?

899
„ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი,
ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი,
ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი;
მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი!“

900
ეხვეწებოდა: „შეჯეო“, აჯას ხვეწნითა არვებდა,
იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა,
ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა;
დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

901
ცხადად უთხრა: „შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა“.
მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა;
მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა,
ხანი წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

902
შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა,
მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა,
მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა;
მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.

903
რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან,
გაანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან,
ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხვრა-ახმან;
ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.

904
შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ-მალული:
„ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული:
ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული,
რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული“.

905
მან უთხრა: „სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა!
ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა,
მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა;
არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა“.

906
ავთანდილ უთხრა: „ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა;
აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა:
სჯობს ასმათისა არ-ლევა მაგა სამხრის არ-ლევასა,
ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

907
„სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი,
უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი;
აღარად გინდა ასმათი, - ნახე მართალი ბრჭობილი!
პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი.

908
თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა,
თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა,
მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა,
გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!“

909
მან უბრძანა: „რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის-მეტად:
საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად;
მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად,
რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად“.

910
დაჰმორჩილდა, გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი.
ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:
კბილნი - ვითა მარგალიტნი, ბაგე - ვარდი ნაპობარი.
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

911
ამას ეტყვის: „შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,
მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;
არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

912
„არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე, რა გერგების?
არ თურ იცი, უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების?
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.
ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების“.

913
მოახსენა: „ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს,
გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს,
მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს!
შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?

914
ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,
მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების;
რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,
თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების !“

2 პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


ბორაშვილი ანა
0x01 graphic

ზამბახიძე ეკა
0x01 graphic

ცინცაძე ნანა
0x01 graphic

მჟავანაძე ქ.
0x01 graphic

გრძელიძე ირინე
0x01 graphic

სირაძე ლიკა
0x01 graphic

ურთმელიძე ნანა
0x01 graphic

ზაქარეიშვილი ანანო
0x01 graphic

ზაქარეიშვილი თეონა
0x01 graphic

ჩიტიაშვილი ნინო
0x01 graphic

ჯულუხძე ზაზა
0x01 graphic

ჯავახიშვილი ნინო
0x01 graphic

დარახველიძე თინათინ
0x01 graphic

კილაძე მარინე
0x01 graphic

ორმოცაძე ვახტანგ
0x01 graphic

ბაჯაძე ლია
0x01 graphic

რემაშვილი ლევან
0x01 graphic

კიკაძე ია
0x01 graphic

ცერცვაძე ვანო
0x01 graphic

მშვიდობაძე ნინიკო
0x01 graphic

ქერქაძე ანა
0x01 graphic

ჯანელიძე გიორგი
0x01 graphic

ქოჩიაშვილი ნიკოლოზ

0x01 graphic

შალამბერიძე თეონა
0x01 graphic

კოხოძე ლაშა
0x01 graphic

ქარაბაკი ელენე
0x01 graphic

ჩიმაკაძე ნინო
0x01 graphic

კასრაძე რუიზან
0x01 graphic

პაქსაშვილი გიული
0x01 graphic

კუპრავა დალი
0x01 graphic

მაქაცარია ია
0x01 graphic

რობაქიძე მარი
0x01 graphic

ბოჭორშვილი-დაშნიანი იზო
0x01 graphic

დიღმელაშვილი ლალი
0x01 graphic

სადღობელაშვილი ნინო
0x01 graphic

კვანტალიანი შარლოტა
0x01 graphic

კარიჭაშვილი ლია
0x01 graphic

ნიკვრაძე ოთარ
0x01 graphic

თიბილაშვილი ლალი
0x01 graphic

ბოჭორაძე მარიამ
0x01 graphic