The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა




1 ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

▲ზევით დაბრუნება


823
აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმას არ წავჰყვე წამავალსა.
არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა;
რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა,
ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

824
რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული,
როსტან უთხრა: „არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული.
მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული,
აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული.

825
თუღა გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე?
მართლად უთქვამს მეცნიერთა: „წყენააო ჭირთა ბადე“;
ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე,
აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე“.

826
კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი,
რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი:
„შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი!
კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!“

827
რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი,
მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი.
მან თქვა: „მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი,
ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი“.

828
რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის;
კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის;
როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის;
თქვა: „უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის“.

829
თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი,
უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: „მიდი,
მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!“
რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

830
კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ მხიარულად;
მეფემან ჰკითხა: „წასრულა მზე დაუდგომლად, მთვარულად?“
მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო და რულად
„მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!“

831
რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი;
მოსთქვამს, იტყვის: „ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!
პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი,
სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?

832
„თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები,
მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები!
გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, მისთვის ენები?
შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

833
„ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა?
ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა,
ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა,
აწ უშენოდ რა, გლახ, ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

834
„ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები:
შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები,
ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები,
მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?“

835
ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა,
დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა,
იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა;
თქვეს: „ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!“

836
რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა,
უთხრა: „ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა!
რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა,
სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?“

837
ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად.
მეფემან ბრძანა: „იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?“
მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად,
ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

838
მოახსენა: „საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი;
დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი;
იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი.
მე თუ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!“

839
რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი;
მერმე ბრძანა: „მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,
ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი,
შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!“

2 ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


სუმბაძე ციალა
0x01 graphic

გურგენიძე თინათინ
0x01 graphic

ბობოხიძე დალი
0x01 graphic

დობორჯგინიძე მანონი
0x01 graphic

კვანტალიანი ნანა
0x01 graphic

ზაქარეიშვილი დარეჯან
0x01 graphic

ხუციშვილი ნინო
0x01 graphic

კოხრეიძე სალომე
0x01 graphic

აბესაძე ნანა
0x01 graphic

დადიანი მაგდა
0x01 graphic

ლებანიძე ქეთი
0x01 graphic

კიკნაძე მ.
0x01 graphic

გაბრიაძე ქეთევან
0x01 graphic

ძამუკაშვილი ლიკა
0x01 graphic

ხუციშვილი ნინო
0x01 graphic

ჭიკაძე თამარ
0x01 graphic

ონიანი იამზე
0x01 graphic