ნესტანისაგან ტარიელის ხმობა |
1 ნესტანისაგან ტარიელის ხმობა |
▲ზევით დაბრუნება |
397
დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,
ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;
წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;
კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა საქმე დაფარული.
398
„მონააო ასმათისი“, საწოლს ვუთხარ შემოყვანა.
მოეწერა: „გიბრძანებსო“, ვისი მესვა გულსა დანა.
ლხინმან ბნელი გამინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,
წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!
399
ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი;
ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი,
მითხრა: „ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,
მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი“.
400
ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,
სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა;
შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა,
მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.
401
დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,
ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა;
ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:
„აწ წადიო, ვერას გითხრობს“, მე კვლა მიმცა ალმან მურსა.
402
ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე,
ვთქვი: „საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე,
მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?“
გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!“
403
ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი;
მითხრა: „ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი,
სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი;
სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი“.
404
მე ვუთხარ: „დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;
ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა,
ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა;
თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა“.
405
შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;
საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა,
ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა.
2 ნესტანისაგან ტარიელის ხმობა (ხელნაწერი) |
▲ზევით დაბრუნება |
ხიდირბეგიშვილი მ.
ქორიძე რუსუდან
სოლოღაშვილი არჩილ
ნატროშვილი მანანა
სამხთუაშვილი შალვა
მაჭავარიანი დათო
მარგიანი აკაკი
ეგაძე ი.
გოგლიძე ირინა