The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა




1 ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა

▲ზევით დაბრუნება


523
მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.
ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად,
წიგნი მომართვა, ეწერა: „ვინ სჩან ალვისა ტანისად,
ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად“.

524
შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა ზომით!
ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით;
ვნახე: „ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით,
დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

525
იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა.
ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა.
ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა,
ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

526
ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა,
შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა.
შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა,
გულსა შუქნი შემომადგნა, მაგრა გული არ დამიდნა.

527
იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი;
ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი,
მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი,
ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

528
ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;
ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;
მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

529
მიბრძანა: „მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,
გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?!
მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი-, ცისა!“
ვჰკადრე: „რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?“

530
ვთქვი: „პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა:
რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?“
კვლაცა მითხრა: „რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა?
დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა.

531
შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!
შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება,
შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება,
ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!

532
გახსოვს, ოდეს „ჰაის“ ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს,
მკურნალნი და დასტაქარნი წამალთა-ყე მოგიტანდეს?
მამაცისა სიცრუეთა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს!
რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

533
ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,
ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა!
ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა,
აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!

534
ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!
თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!
სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!“
ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქვნა, აჰ-ყო.

535
თქვა: „რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად,
კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად.
აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად?
ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?

536
შევჰხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე,
ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე,
ვჰკადრე, თუ: „მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე,
რათგან არ მომკლავ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.

537
რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია,
ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!
თუ მაღირსებ გაკითხვასა, ავი არა არ მიქმნია“.
მან მიბრძანა: „რაცა იცი, თქვიო!“, თავი დამიქნია.

538
კვლაცა ვჰკადრე: „მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს,
ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!
ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს,
მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!

539
მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა.
მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.
დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;
თავსა ვუთხარ: „მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულმაგრობა“.

540
მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა!
არ იტყვის, თუ: „ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?
ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არვის არა!
ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?

541
ვთქვი: „ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო“;
თავსა ვუთხარ: „ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!“
მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო,
ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რადმე არ წამგვარო?!“

542
სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;
იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;
ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.
მიბრძანა, თუ: „ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!

543
არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,
უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა;
იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!
მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა“.

544
მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული,
ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული;
ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული;
მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.

545
მიბრძანა, თუ: „გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს,
რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;
თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,
შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!

546
კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,
მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,
ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“.

547
მე ვჰკადრე: „ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა!
რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა,
ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარას, არ, სახმარობა!“

548
მიბრძანა, თუ: „ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:
რა მოვიდეს სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

549
ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,
მოპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,
მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა ვითა, ვირთაო,
დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?

550
იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა,
ჰკადრე, თუ: „სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა,
ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,
არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!“

551
ჩემი ყოლა ნურა გინდა - სიყვარული, ნუცა ნდომა,
ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა;
ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,
ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა“.

552
ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა,
ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა;
მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა,
მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შეჭიდება, შემოხვევა.

553
ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი.
ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.
ჭირი ბევრჯელ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი,
მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი“.

2 ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


სააკაშვილი ნინო
0x01 graphic

მულაძე თ.
0x01 graphic

კომლაძე ნ.
0x01 graphic

ხანთაძე ანტონი
0x01 graphic

სულაბერიძე გურამ
0x01 graphic

ნეფარიძე ბერდია
0x01 graphic

ბერსენაძე მაკა
0x01 graphic

გოგოძე ზ.
0x01 graphic

გოგძე ელგუჯა
0x01 graphic

შენგელაია ზ.
0x01 graphic

რუსიშვილი ცეზარ
0x01 graphic

ყოჩიაშვილი ირაკლი
0x01 graphic

ყოჩიაშვილი ანი
0x01 graphic

ყოჩიაშვილი ვასილი
0x01 graphic

თევდორაშვილი ვახტანგ
0x01 graphic

პაპუაშვილი ხათუნა
0x01 graphic

ჭიღლაძე დ.
0x01 graphic

გულეიშვილი მანონი
0x01 graphic

იაკობიძე ე.
0x01 graphic

ამაშუკელი შოთა
0x01 graphic

სილაგაძე ნანა
0x01 graphic

ხუციშვილი ხვიჩა
0x01 graphic

სილაგაძე რატი
0x01 graphic

წურწუმია კახაბერ
0x01 graphic

შუბითიძე ილია
0x01 graphic

რაზმაძე მზია
0x01 graphic

ფირანიშვილი ნინო
0x01 graphic

ხუნაშვილი პაატა
0x01 graphic

ახვლედიანი რუსუდანი
0x01 graphic

გელაშვილი ზაზა
0x01 graphic

გაგნიძე თიკო
0x01 graphic