The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად

თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად




1 თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად

▲ზევით დაბრუნება


124
ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,
მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი“.

125
ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,
ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;
უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.
ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

126
ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,
მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა;
იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა,
მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

127
გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,
ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,
ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,
მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი.

128
დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა,
ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.
მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა.
პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

129

ქალმან უბრძანა: „ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;
მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა,
მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,
რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?“

130
ყმამან ჰკადრა: „საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?
მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების;
აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,
თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების“.

131
ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად,
იტყვის: „თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,
მიკვირს, მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად,
მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

132
გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,
ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?
მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხო-ცა,
შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.

133
აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,
მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,
ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,
შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

134
ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად,
მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;
წა და იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.

135
„შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,
რომე დამსხნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე.
გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,
მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

136
სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი;
ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბნარი;
ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი;
და კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.

137
„ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,
სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი“. მაქვს

138
მოახსენა ყმამან: „მზეო, ვინ გიშერი აწამწამე,
სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?
მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,
ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავე, წა-, მე!“

139
კვლაცა ჰკადრა: „აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,
მით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა;
მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა.
ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად ა“

140
„თავი ჩემი სამსახურად შენად რადმცა შევიწყალე!
არასათვის არ დავდგები, უსაცილოდ წავალ ხვალე;
გული ფერი ლაჟვარდისა გავაწითლე, გავალალე,
სიცოცხლისა უკეთესი რამც მიბოძე, რამც ვივალე?!“

141
კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი,
გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი.
გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი;
თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.

142
ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს,
ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;
ყმა ეტყვის, თუ: „შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა, სად აგეს!
ცეცხლთა, შენგან მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს“.

143
ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა,
უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა,
ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,
გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.

144
თქვა: „მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე,
ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესად-რე.
მაშინ რაღა ვქმნა ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე!
ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე“.

145
საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების,
ვითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების;
რა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების,
შეკრთის, დიდნი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების.

146
მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,
ცრემლსა ვითა მარგალიტსა სწვიმს ვარდისა დასანაზოდ.
რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,
ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

147
დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია,
შესთვალა: „გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია:
ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,
აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან, რაცა გარემონია.

148
მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,
თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,
მორჩილ-ქმნილთა გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,
ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო“.

149
მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,
ებრძანა: „ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა,
აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა.
წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!“

150
ყმა შევიდა, თაყვანის-სცა, მადლი რამე მოახსენა:
„ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა?!
აწ ნუთუმცა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა,
პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!“

151
მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი.
სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!
ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;
როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.

152
გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი.
ოც დღე იარა, ღამეცა დღეს ზედა წაჰრთო მრავალი.
იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი,
არ მისცილდების თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.

153
რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა.
მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.
იგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა.
მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

154
ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,
გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა.
ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,
გამზრდელი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

155
ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული,
თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული,
მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული,
აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

156
უბრძანა: „აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,
ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან, გაგივლენიან,
მაგრა არ იცი აქამდის, რანიცა ცრემლნი მდენიან!
მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

157
მოვუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა,
ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,
ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,
აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.

158
მიბრძანა: „მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა,
მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,
ქმარი არ მინდა უშენო, მომხვდეს ხისაცა რგულისა!“
მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

159
„პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად,
ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად,
მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად,
ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.

160
ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,
ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:
ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,
ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

161
ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;
დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი,
წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,
აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

162
ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,
აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,
მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,
არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

163
მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,
აცნობე ჩემი სიკვდილი, - იყავ მართ ვითა მთრვალია, -
მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.
გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

164
მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე,
ნუ, თუ ადრე დამივიწყო, მახსენებდი ზედა-ზედ-რე!
მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,
ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე“.

165
რა შერმადინ მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,
თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოღვარა,
მოახსენა: „უშენომან გულმან რამცა გაიხარა!
ვიცი, რომე არ დასდგები, მაგრა გიშლი ამად არა.

166
„ჩემად ნაცვლად დაგაგდებო“, - ესე სიტყვა ვით მიბრძანე?
რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე?
შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!
სჯობს ორნივე დავიკარგნეთ, წამოგყვები, წამიტანე!“

167
ყმამან უთხრა: „მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:
რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად.
მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.
კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

168
ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა,
უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ ქმნას კარგა?
სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა!
კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

169
ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;
აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;
წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი“.

2 თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


სულაკაური ზურაბ
0x01 graphic

ოთარაშვილი ქეთი
0x01 graphic

ჩქოფოია მარიამ
0x01 graphic

მაცაბერიძე მაია
0x01 graphic

ბარამიძე თინათინ
0x01 graphic

ბარამიძე მედეა
0x01 graphic

ბარამიძე მედეა (7 წლის)
0x01 graphic

ნამგალაური მანანა
0x01 graphic

მახარაძე დალი
0x01 graphic

სულთანიშვილი ხათუნა
0x01 graphic

ტრაპაიძე მარიამ (ციალა)
0x01 graphic

ჟვანია ბექა
0x01 graphic

გიგაური ნაირა
0x01 graphic

ხელაია ნინო
0x01 graphic

სახვაძე ეკა
0x01 graphic

ასათიანი ანნა
0x01 graphic

მიქელაძე ნანა
0x01 graphic

ყვავილაშვილი მანანა
0x01 graphic

მუსაევა ზაირა
0x01 graphic

დუმბაძე ქეთევან
0x01 graphic

დუმბაძე მანანა
0x01 graphic

ბულისკერია მანონ
0x01 graphic

მახარაძე თამარ
0x01 graphic

ქურხული ალექსანდრე
0x01 graphic

ქურციკიძე თამარ
0x01 graphic

გოთუა ხათუნა
0x01 graphic

ქვათაძე ჟანა
0x01 graphic

ჩხეიძე ი.
0x01 graphic

ჩიღვინაძე გივი
0x01 graphic

პავლიაშვილი ნინო
0x01 graphic

ტიტარიანი ანი
0x01 graphic

ქობულაძე ირმა
0x01 graphic

0x01 graphic

თხინვალელი თინიკო
0x01 graphic

ცარიტოვა ფატი
0x01 graphic

ბერიძე ირმა
0x01 graphic

არჩუაშვილი ირმა (ინა)
0x01 graphic

ხოსიშვილი ლელა
0x01 graphic

ჯვარშეიშვილი გ.
0x01 graphic

ჩიგოგიძე ეკა
0x01 graphic

ყიფშიძე ნარგიზი
0x01 graphic

გელოვანი ლელა
0x01 graphic

იმნაძე ეთერ
0x01 graphic

შემოქმედელი დავით
0x01 graphic

მარინაშვილი ლ.
0x01 graphic

კუპრაშვილი მაია
0x01 graphic