The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წასლვა ავთანდილისგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა

წასლვა ავთანდილისგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა




1 წასლვა ავთანდილისგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა

▲ზევით დაბრუნება


1034
ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა.
არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა;
იტყვის: „მოგშორდი, სიცრუე, ვა, საწუთროსა კრულისა!
შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა“.

1035
რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირთა სამს ალებისა?
რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა?
არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა,
შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა“.

1036
ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა,
წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა,
დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა,
ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა.

1037
სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი,
ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი.
ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი.
მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, შეჭირვებულნი.

1038
მუნ ქარავანი ურიცხვი მოსდგმოდა ზღვისა კიდესა.
შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა.
ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა,
ჰკითხა, თუ: „ვინ ხართ, ვაჭარნო?“ - მათ საუბარი ჰკიდესა.

1039
უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.
მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი.
ჰკადრეს: „ხმელთა სინათლეო, შენ ამოხვე ჩვენი მლხენი,
ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი“.

1040
გარდახდა. ჰკადრეს: „ჩვენ ვართო მობაღდადელნი ვაჭარნი,
მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი,
ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი,
საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.

1041
ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე,
ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე;
ვჰკითხეთ, თუ: „ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მდებარე?“
გვითხრა: „თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!“

1042
თქვა: „ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა,
ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა,
მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელით, სახნისის წვერითა;
ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!“

1043
ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა,
დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა;
შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა,
ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა“.

1044
ყმამან უთხრა: „ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების!
რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების;
მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების,
ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების“.

1045
მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა,
თქვეს: „ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა,
აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა“.
შევიდეს, ჩასხდეს ხვამალდსა, გაჰმართეს ზღვისა კიდითა.

1046
სიამოვნესა დარითა იარეს, არ სიძნელითა
მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა.
გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა,
მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

1047
კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა;
შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა;
ყმამან უთხრა: „ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა,
ანუ დავჰხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.

1039
„უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი;
განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;
ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ყმანი,
ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1049
თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი!
მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი“.

1050
ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა.
მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა;
ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა,
ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.

1051
კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა,
აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა;
ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა,
კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა.

1052
ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავ-დაულეწელი;
შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი;
ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი;
არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.

1053
მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა;
ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა;
ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;
დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

1054
გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა.
ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: „ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!“
არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა.
მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.

1055
კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,
ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.

1056
მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა,
ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა.
უსამ ნახა მხიარული, - გაეხარნეს, არ იახნა,
ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

1057
ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა ენდა!
ვერმცა მათ თქვეს, ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა;
ქარავანმან იზრიალა, თქვეს: „უფალო, მადლი შენდა!
მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა“.

1058
მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა;
ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა:
- მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა:
„შენგან დავჰრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა“.

1059
ყმამან უთხრა: „მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა,
ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქმნადსა,
იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;
ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1060
ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნია სისხლი თქვენი.
მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი?
აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი;
ნავი სრულად საქონლითა მომიღია, ვითა ძღვენი“.

1061
ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს,
ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს.
მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,
ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ჰვნებოდეს.

1062
იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს,
მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს!
მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს;
დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.

1063
ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა:
„შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენცა გვაქვს ამის ზრდილობა;
რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა,
რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქმნია აქა ყრილობა“.

1064
ყმამან შესთვალა: „ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია,
ღმერთსა შეესმა, ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია,
მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია!
რა გინდა მომცეთ, რას ვაქმნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!

1065
მე თუმცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი,
ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი;
რას ვაქმნევ თქვენსა? რად მინდა? ოდენ ვარ თქვენი მხლებელი;
სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1066
აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი,
რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი,
ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არ-საკრძალავი:
საქმე რამე მიც თქვენ შიგან თავისა დასამალავი.

1067
ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა,
თქვით: „თავადია ჩვენი“-თქო, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა.
მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა;
თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!“

1068
ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია;
მოვიდეს და თაყვანის-სცეს, ჰკადრეს: „ჩვენი იმედია,
რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია,
მას ვჰმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია“.

1069
მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან,
მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან;
შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან,
მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.

2 წასლვა ავთანდილისგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


სოფრომაძე სოფო
0x01 graphic

დოკაძე მარინე
0x01 graphic

ციციშვილი ლ.
0x01 graphic

სიფრია ნიც
0x01 graphic

მესხიშვილი დარეჯანი
0x01 graphic

გელენავა მზია
0x01 graphic

გოცირიძე ლელა
0x01 graphic

კაჭარავა ნინო
0x01 graphic

კერესელიძე ქეთევან
0x01 graphic

ბაილაშვილი სოფო
0x01 graphic

ბაილაშვილი დავით
0x01 graphic

ივანიშვილი დავით
0x01 graphic

ხუნდაძე მარიამ
0x01 graphic

თაბორიძე ნინო
0x01 graphic

სტეფანოვა-ხელაშვილი მანანა
0x01 graphic

ხუციშვილი ქ.
0x01 graphic

ციტრიცკი თინათინი
0x01 graphic

ალანია ქეთევან
0x01 graphic

ჩაკვეტაძე თეა
0x01 graphic

კერესელიძე ნიკოლოზ
0x01 graphic

გვიჩია გვანცა
0x01 graphic

ცოფურშვილი გიგა
0x01 graphic

კერესელიძე თათია
0x01 graphic

სულამანიძე მაგული
0x01 graphic

როინიშვილი იამზე
0x01 graphic

ბებურიშვილი ანასტასია
0x01 graphic

ლომიძე ცისანა
0x01 graphic

ლომიძე ლუარა
0x01 graphic

გელაშვილი გიგი
0x01 graphic

ბახტაძე ნანა
0x01 graphic

აბულაძე ნელი
0x01 graphic

აბულაძე ლია
0x01 graphic

ცუცქირიძე ლევან
0x01 graphic

ნოზაძე მარიამ
0x01 graphic

წიქარიშვილი მაიკო
0x01 graphic

ცხვედიანი გიორგი
0x01 graphic