The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მისლვა ავთანდილისგან ფრიდონისასა

მისლვა ავთანდილისგან ფრიდონისასა




1 მისლვა ავთანდილისგან ფრიდონისასა

▲ზევით დაბრუნება


978
ყმა მტირალი სამოც-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა;
შორით ნახნა მენავენი, მოდიოდეს შიგან ზღვასა;
მოიცადა, ჰკითხა: „ვინ ხართ, თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა,
ეს სამეფო ვისი არის, ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა?“

979
მათ მოახსენეს: „ტურფაო სახით და ანაგებითა,
გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა;
აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრე ფრიდონის ზღვებითა;
ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

980
ნურადინ-ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა,
მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლა მომხლტომი ცხენისა;
ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნად მშვენისა,
იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა“.

981
ყმამან უთხრა: „ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე;
მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე,
რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?“
მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.

982
მოახსენეს: „ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი,
მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ხრმალი;
აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი;
ვა, რად დაგვწვენ, უცხოს უცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი?“

983
ყმამან უთხრა: „მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი,
ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი!
თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი!
ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი“.

984
იგი წავიდეს; დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა,
ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული - რკინასა;
მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა,
ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

985
ვინცა გზას ნახნის უცხონი, ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან,
მოვიდოდიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან,
ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან,
გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

986
მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დაჰლევს გზასა გრძელსა;
მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა,
ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა,
ისრიან და იზახიან, მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა.

987
კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა,
უბრძანა: „ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?“
მან უთხრა: „ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა,
იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა“.

988
მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა,
გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა!
მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა,
ნახოს, მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა.

989
მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა;
ყმამან ცხენით შეუტივა, გაამაყდა, არ შეშინდა,
შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა,
გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.

990
იგი რა ნახეს, მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს,
ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს,
იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს,
ვერცა ჰკადრებდეს: „ვინ ხარო“, ვერცა რას ეუბნებოდეს.

991
მინდორსა შუა გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა;
ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა;
მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა.
ფრიდონს უკვირდა: „რა ქმნესო“, მისთა სპათათვის წყრებოდა.

992
ფრიდონ მონა გამოგზავნა: „წა, ნახენო ისი სპანი,
რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?“
მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი,
დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

993
ავთანდილ ცნა, თუ: „ისია მოამბვედ ჩემად რებული.
უთხრა: „წა, ჰკადრე პატრონსა ეს ჩემი დავედრებული:
ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული,
ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული“.

994
მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბვისა მისისად,
უთხრა: „მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად;
ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად;
„ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად“.

995
რა „ტარიელ“ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა,
თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა,
მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა;
შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

996
ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა;
რა შეხედნა, ესე თქვა, თუ: „თუ არ მზეო, ისი ვინ-ა?“
მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა;
ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქვევინა.

997
მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდონ;
თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ;
რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათ თანა გააფლიდონ,
მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ანუ ყიდონ.

998
ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით ვინ ეგებიან!
მაგრა მას ახლავს ქებანი, მართ მეტი არ მიჰხვდებიან;
მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან,
დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

999
ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა.
დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა;
ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმენ ჯრასა,
თქვეს: „ასეთი ხორციელი შეუქმნია რაგვარ რასა?“

1000
ყმა ფრიდონს ეტყვის: „ისწრაფი, ვიცი, ამბისა თხრობასა,
გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, - ვინათგან ჰლამი ცნობასა,
ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა,
იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

1001
მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით,
დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით,
ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით,
საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

1002
დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა;
მინდორს ვნახეთ, ტარიელი, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა,
გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვივეთ და არ მოვიდა,
ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

1003
მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა;
მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა,
ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწა და ზოგთა სული ჰხდებოდა;
მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

1004
მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა,
თვით შესხდეს და შეუტივეს ამაყთა და არას მკრძალთა.
რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა,
ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

1005
ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა.
მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა.
მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბვისა არ-დასტურობა,
გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

1006
იგი ვძებნე წელსა სამსა არ ვიამე არცა ძილი.
მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი;
ვპოვე ვარდი მოყვითანე, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი,
შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

1007
ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გაჰმესისხლებია;
მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია;
მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ-, არ ახლებია,
ვა ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.

1008
ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი;
ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი,
მიართვამს და აგრე არჩენს იგი ერთგან ვერ-დამდგომი,
მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

1009
მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა,
მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა.
რა ჭირნი დათმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა,
ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

1010
ვითა მთვარე დაუდგომლად იარების, არ დადგების;
მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდაჰხდების;
არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების.
ვა მე, მისსა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!

1011
მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა;
შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა;
მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა;
შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

1012
დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა.
დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა;
გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა,
აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.

1013
შენი მან მითხრა ამბავი მისგან ძმობისა შენისა,
აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ, საქებელი ენისა;
გამომირჩივე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა,
მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა“.

1014
აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა;
ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა,
გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა,
მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა.

1015
ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა,
ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა.
ფრიდონ ტირს, მოსთქვამს ხმა-მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა:
„უხანობა და სიცრუვე, ვა, საწუთროსა ფლიდისა!“

1016
ფრიდონ მოსთქვამს: „რა შეგასხათ, ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო!
ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამხმელო,
მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო,
ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!

1017
რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია;
თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია;
შენ უჩემობა ლხინად გიჩს, მე დია მიმჭირვებია,
ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!“

1018
ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა;
სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა.
ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერ-ფერითა,
მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

1019
ქალაქს შევიდეს, მუნ დაჰხვდა სრა მოკაზმული სრულითა,
სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა;
მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა!
შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასულითა.

1020
შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი:
იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი;
თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვითა ვინ თქვას ქება მათი!
ბროლ-ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

1021
დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა,
უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა,
მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა,
მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.

1022
მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა.
გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა,
შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა,
შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.

1023
ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა,
ფრიდონს თანა ნადირობას გავიდის და თამაშობდა,
სწორად ჰხოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყრობდა,
მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

1024
ყმა ფრიდონს ეტყვის: „გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები:
მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები,
მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები,
გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.

1025
მართალ-ა, შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა,
დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა;
დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა;
სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა“.

1026
ფრიდონ უთხრა: „დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის;
ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის:
წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის,
მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

1027
ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი;
თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი,
აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი.
არ წაიტან, გაირჯები ღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი“.

1028
მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა,
სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა,
სამოცი ლიტრა წითელი აწონით, არ-ნაკლულითა,
ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

1029
ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა;
წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მას თანავე გამოვიდა.
აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა,

მოსთქვამს: „თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა“.

1030
ზარი მის ყმისა წასლვისა გახდა, მიეცნეს წუხილსა.
მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა;
ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა ჰაერთა ქუხილსა,
იტყოდეს: „მზესა მოვჰშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!“

1031
ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა,
მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა,
მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:

1032
„აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა,
კბილ-თეთრი, ბაგე-ბალახში, სახედავითა შავითა;
ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა,
შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინვალე ჩნდა ვითა“.

1033
მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი,
აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი,
გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი,
ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკლველი ტანი.

2 მისლვა ავთანდილისგან ფრიდონისასა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


ჩუბინიძე ანი
0x01 graphic

კვაჭანტირაძე ფერიდე
0x01 graphic

ომანაძე ნატალი
0x01 graphic

ერგემლიძე ნონა
0x01 graphic

ტყავაძე ნიკოლოზ
0x01 graphic

ჟორჟოლიანი ანა
0x01 graphic

ღუტიშვილი-ხეცურიანი მარინა
0x01 graphic

ვარადა ნატა
0x01 graphic

ცაგარელი ლია
0x01 graphic

ნიკურაძე ლელა
0x01 graphic

გედენიძე დოდო
0x01 graphic

ეჯიბიშვილი ზაზა
0x01 graphic

ფილაური მზია
0x01 graphic

გოგობერიშვილი მარინა
0x01 graphic

ჭიჭინაძე ნატო
0x01 graphic

კანდელაკი ნატო
0x01 graphic

კანდელაკი-ახალაია ჯანიკო
0x01 graphic

კოჩაძე მიხეილ
0x01 graphic

არველაძე ნათია
0x01 graphic

მეტრეველი თამარ
0x01 graphic

ხოშტარია ნათია
0x01 graphic

მაღლაფერიძე ქ.
0x01 graphic

ალხაზიშვილი გივი
0x01 graphic

წიკლაური ლია
0x01 graphic

ტალახაძე ეკატერინე
0x01 graphic

შომახია მზია
0x01 graphic

ჯოჯიშვილი ქეთევან
0x01 graphic

ცერცვაძე ნიკოლოზ
0x01 graphic

გავაშელი ნათელა
0x01 graphic

აბესაძე მარიამ
0x01 graphic

ოლაშვილი ნანა
0x01 graphic

გორდელაძე მარიკა
0x01 graphic

კვანტალიანი შორენა
0x01 graphic

ლომიძე შოთა
0x01 graphic

ბეია ნაირა
0x01 graphic

გიჭაშვილი თორნიკე
0x01 graphic

კოჭლაშვილი გიორგი
0x01 graphic

სახოკია სოფიო
0x01 graphic

დოლმაზაშვილი ნინო
0x01 graphic

ამირანაშვილი ანა
0x01 graphic

ელიზბარაშვილი ნინო
0x01 graphic

კლდიაშვილი ლილე
0x01 graphic

კობახიძე ნია
0x01 graphic

არაქელოვა თეონა
0x01 graphic

ლილუაშვილი ბესიკ
0x01 graphic

იაკობიშვილი ფიქრია
0x01 graphic

ცუცქირიძე ანი
0x01 graphic

შუკაკიძე თეა
0x01 graphic

შავდათუაშვილი დავითი
0x01 graphic

ცუცქირიძე ნათია
0x01 graphic

გზირიშვილი ნაზი
0x01 graphic

ტაბატაძე გულნაზი
0x01 graphic

ასანიძე ელენე
0x01 graphic

ქურდაძე ელენე
0x01 graphic

ლოლაძე თეა
0x01 graphic

მანჯავიძე ბადრი
0x01 graphic