The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება

ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება




1 ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება

▲ზევით დაბრუნება


1603
ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია;
აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია.
ტარიელ ბრძანა: „მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია?
და ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!

1604
იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი;
ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფეთანი“.
ავთანდილ ჰკადრა: „რად უნდან თქმანი სიტყვათა მძლეთანი?
მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიჰხვდეს ფერხითა ცვეთანი“.

1605
დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს,
ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს,
ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს,
იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.

1606
წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს;
ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს,
მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს,
აიზიდნეს; „ვისნი ხართო?“ - ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს.

1607
მათ მოხსენეს: „ტურფაო, ჩვენ - ცუდად დაღორებულნი,
რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი“.
უბრძანა: „წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი,
აცნობეთ თქვენსა პატრონსა: „მოვლენ გულითა ქებულნი“.

1608
უთხარით: „ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია,
იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია:
ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენნივე დარაჯანია,
შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია!

1609
დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო!
ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო?
აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო,
ხრმალი ჩემი მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.

1610
აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან;
შემები, რაზმი დააწყევ, პირველვე გამიცხადიან;
პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან?!
მე ჩაბალახად გახმარებ, რაცა გიმუზარადიან“.

1611
დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს.
რამაზს ჰკადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს:
„მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს,
ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!“

1612
ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია,
დროშა არაბთა მეფისა მას თანა შენატყუბია;
არაბთა იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია;
ფრიდონ - მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია.

1613
ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს ხუთასნი ცხენოსანანი;
შეტევებასა ჰლამოდეს ყმანი არაბთა თანანი;
ტარიელ ეტყვის: „ნუ იქმთო“, მისცა სიტყვისა ნანანი;
მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდეს დანანი.

1614
ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა:
„ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, ვინცა აგრე დაგარჩინა!“
ტარიელ დგას დაყმუნვებით, რამაზ წინა მოეფინა.
ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა!

1615
ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა,
მოახსენა: „ შემიბრალე, მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა!
ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა-!
გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა.

1616
დაიკარგენით, წახვედით თქვენ, წელნი მეათენია,
გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია;
ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია,
ადრე გამიტყდა სოფელი, მართ ვითა კაბათენია.

1617
ვიაჯი, მომკალ მე ხოლმე, ყველაი ჩემი ბრალია;
მერმე ხუთასი ვაზირი მყავს აქათ წაუვალია,
თავები დასჭერ, ადინე სისხლი, მართ ვითა ღვარია,
სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია“.

1618
კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მისთანაც არსა.
ვით ნინეველნი, ისხემდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა,
ამით დაეხსნეს რისხვასა, ზეცით მოსრულსა ნაცარსა.
და წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუნაცარსა.

1619
ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია:
„აღარ დაგხოცო“, უბრძანა, - ძლეული შიშმან თუ ლია, -
წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია;
„ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია“.

1620
თაყვანის-სცეს და დალოცეს, ყოვლთა ხმა ერთად იერეს,
ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს,
თავები დახსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამით მიერეს.
ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.

1621
მათ ლომთა ნახვად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია;
რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია;
მოვიდეს, ნახეს: რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია;
ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.

1622
ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა:
„არ დაგხოცსო, შეგიწყალნა“, - ყველაკაი დალოცვიდა;
ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა:
„მოვიდაო იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა“.

1623
მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან;
შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, იალამიან.
ვერ გამოენდვნეს ინდონი, თქვეს, თუ: „ღალატსა ლამიან“, -
და არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.

1624
ტარიელ მიდგა, უყივლა: „მე მოველ, მეფე თქვენიო,
თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო,
ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო,
გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო“.

1625
მაშინ იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია,
სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის-ბანია;
ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: „მოგვშორდეს სალმობანია,
აქამდის რისხვა-მაღალმან აწ მოგვცნა წყალობანია“.

1626
კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია;
ერთობ ფლასითა მოსილნი უმზერდეს მუნ მჭვრეტენია;
ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია,
და ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.

1627
ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, გაზრდილი აგრე ხელია;
რომე სდის ცრემლი თვალთაგან, ცეცხლთაგან უფრო ცხელია;
თავსა იცემდეს, იზახდეს, ტირს მეტად გულ-ფიცხელია.
გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია.

1628
დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა;
ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა,
ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა,
მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდი გაცინებით მოღიმართა.

1629
დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად,
უბრძანებდა: „რად ვინ სტირთო, - ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად, -
ღმერთმან რისხვა მოქცია წყალობისა გამოსახვად,
გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად“.

1630
ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან;
იტყვის, თუ: „ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან;
დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან,
თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან“.

1631
ქალმან დედასა შესტირნა: „ჰაი მე, რა ვქმნა, დედაო!
წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო,
მამამან ტახტი დაცალა, აღარსადა ზის ზედაო!“
დედამან ცრემლნი მოსწურნა: „ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო“.

1632
გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები,
ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები,
ნესტანჯარს ეტყვის: „რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით ხელები?
ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ ერთხელები“.

1633
რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად,
დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად;
იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად.
აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.

1634
ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება;
ტარიელ თქვა: „დედოფალო, გჭირს ამათი არ-მეცნება,
ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება,
ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება“.

1635
ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მათსა;
ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა:
„ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა,
ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა“.

1636
უბრძანა: „გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო,
დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო;
ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო,
იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო“.

2 ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


ხვედელიძე ბესო
0x01 graphic

გოგიშვილი მარიამ
0x01 graphic

ფხაკაძე თამარი
0x01 graphic

კობახიძე მაია
0x01 graphic

კორძაია-სამადაშვილი ანა
0x01 graphic

ქარუმიძე ზურაბ
0x01 graphic

იაშვილი ჯუნა
0x01 graphic

ცუცქირიძე ლელა
0x01 graphic

ფირცხალავა ელისაბედ
0x01 graphic

გოგინაშვილი ნინო
0x01 graphic

მალაციძე ირმა
0x01 graphic

ჩხეტიანი მზია
0x01 graphic

მურღულია გია
0x01 graphic

ბერძენიშვილი ლევან
0x01 graphic

ფოცხვერია გვანცა
0x01 graphic

ბაღათურია ნანა
0x01 graphic

ჯანდიერი ლია
0x01 graphic

ჯანდიერი ნუნუ
0x01 graphic

აფშილავა მარიამ
0x01 graphic

დავითაშვილი ჯული
0x01 graphic

რამაზაშვილი ანა
0x01 graphic

უერთაშვილი გიორგი
0x01 graphic

მაისურაძე მარიამ
0x01 graphic

მაისურაძე რუსუდან
0x01 graphic

ივანიძე-მაისურაძე მზია
0x01 graphic

კარანაძე ნათია
0x01 graphic

ლაბარტყავა ნინო
0x01 graphic

მეფარიშვილი ლიზა
0x01 graphic

რამაზაშვილი მარიამ
0x01 graphic

სულაძე ნუცა
0x01 graphic

ჩხაიძე ვაჩე
0x01 graphic

ალანჩივაძე ა.
0x01 graphic

სტურუა ნ.
0x01 graphic

სტურუა რუსუდან
0x01 graphic