The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ისმინეთ, მსმენნო

სმეთ, მსმნნ

ისმინეთ, მსმენნო, ჭირთა მთმენნო, მომიპყართ ყურნი,

რა გვარნი ჭირნი, ცეცხლნი ხშირნი, მწველნი ალმურნი,

ვნახენით როსა, ამა დროსა ზედა-ზედ რთულნი!..

ყეულ არს ის დრო, როს სამკვიდრო დავკარგეთ კრულნი!

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი...

უწყით ყოველთა მახლობელთა მამულნი მათნი;

ურიცხვნი ტყენი, ბალახ ბევრნი, მრავლ ათასათნი,

მუნა მყოფელნი, ყოვლ-მშფოთველნი, სიტყვა ლაქათნი,

ცხოვრება ცუდნი, გულით მრუდნი, პირ-ბნელნი სათნი,

აქვსთ ყოვლთვის ხელად სჯულად ძველად საფრხე, საცთურნი...

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი.

ქაჯთ ყოფა-ქცევა, ჭამა, სმევა აქვსთ არეულად,

დიდნი, მცირენი, გინა ერნი ხელ-ჰყოფენ მგლურად;

ბატონ-ყმობანი, განრჩევანი არა აქვსთ სრულად;

მოყვარეთ ტკბილთა, ხან-დაზმილთა გულთა ჰსწყლენ მტრულად,

კაცთა მკილავნი, ლიზღნი, ავნი, ეშმაკთ სადგურნი, -

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან აწ გვაგო შურნი!..

ვინც ჰხვდა მათ მახეს, ჭირთა სახეს, არა აქვს შვება,

მათზედ კეთილი, ვითა შლილი დაიცარება;

ერთგულთა ჯილდო, გულთ საბინდო მიხვდება ხვება,

ეს აქვსთ იკეთე მათ უკეთე და ნაცვალ-გება...

მუხთლად გვაწვიეს, დაგვახვივეს თავს ბნელნი ბურნი, -

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან აწ გვაგო შურნი.

ნახეთ მოყვასნო, ბრძენთა დასნო, ესე წესია!

შემდგომ საცთურნი მას პირველსა უძვირესია,

სხვათ დიდ-ბოროტსა მცირე მათი უმეტესია...

დაკარგეს ყოვლი ჭირნახული გულთ-უმხნესია,

ჰქმნეს სავანენი საუკუნოდ ვით უდაბურნი, -

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი!