The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
იდეა

იდეა

რწმენით იარ, იარ, იარ!

მტკიცე გქონდეს ბიჯი!

ყოველ ნიჭზე ძლიერია

ქვეყნის დაცვის ნიჭი!

ასე იყო და ასეა

ბრძოლა ჩვენი მიწის,

რწმენა ბევრად ძვირფასია:

მან გატანა იცის.

ურყეველი რწმენის მტერი

გზას ვერა-რით აგნებს,

როს სხვადასხვა გზით უცქერის

ათასნაირ საგნებს.

საგანიც ფერს მისთვის ხშირად

იცვლის იმის გვარად -

როგორ ხედავ, რანაირად,

რომელ მხრიდან და რად.

განა ვისმე ვიყავ მონა,

როცა მდევდა ზრახვა

და მრავალი დღეთა კონა

ძლიერ ღელვას გაჰყვა?!

არა მონა! , პირიქით,

თავისუფალ ამბით

ოქროსა ვჭრი, როგორც ვჭრიდი,

საკუთარი შტამპით.

მაგრამ, გრძნობათ სიმაისევ,

ფიქრო ნათელ ფრენის,

თუ მონა ხარ, მონა ისევ -

საკუთარი რწმენის.

რწმენით იარ, იარ, იარ!

მტკიცე გქონდეს ბიჯი!

ყოველ ნიჭზე ძლიერია

ქვეყნის დაცვის ნიჭი!

ერთხელ, ღამით, ცეცხლის ალზე

მივდიოდით ტოლნი.

მივდიოდით და, ჰა, თვალწინ

აღიმართა სმოლნი!

სმოლნი, სმოლნი! აქ - იმ დროის

მახვილი და ბრძმედი -

ქუხდა რწმენით მსოფლიოის

ერთი მეექვსედი.

ის, ტიტანი, ვინ სთქვა სახლად,

მრავალ ღამენათევს

სწევს იდეა მაღლა-მაღლა,

ზრუნვა ტვირთად ადევს...

და როდესაც თვალს აცეცებს

ლულა ტყვიამფრქვევის,

გუშაგის ხმას: - თქვენ ვის ეძებთ?

ვუპასუხე: - ლენინს!

1922