The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ახალი სიმღერა

ახალი სიმღერა

პატარა ბიჭი ვიყავი,

პატარა ბიჭუკელაო;

დაურჩი დედა, კარგი ხარ!

შემომნატროდა ყველაო.

პატარა გოგო მიყვარდა,

პატარა გოგუცანაო;

ცაში ვარსკვლავი არ ბრწყინავს

ლამაზი იმსთანაო.

თავი მოგვწონდა ორივეს,

გულს კარი ჰქონდა ღიაო;

შიგ ჭიკჭიკობდ ბულბული,

ვარდი ჰყვაოდა, იაო.

გვეგონა, დაბლა ქვეყანა

მაღლა ცით დათაფლულაო,

შიგ სიყვარული ნათესი

ჩვენს კარზე ამოსულაო!

თავზე დავიდგით გვირგვინი,

მივდექით საყდრის კარსაო;

მამასახლისმა დაგვჩხავლა:

- “მღვდელო, რად სწერდი ჯვარსაო!

ნეფეს სალდათად იწვევენ,

უნდა მოხადონ ვალიო;

სამ წლამდის ქვრივად დარჩება

ხემწიფის პატარძალიო”.

ავტირდი პატარა ბიჭი,

პატარა ბიჭუკელაო;

ვაი შენს დედას, საბრალოვ!

შემომტიროდა ყველაო.

პატარა გოგოც ატირდა,

პატარა გოგუცანაო,

მაგრამ ჩემ დაბრუნებამდე

სხვა ნახა ჩემისთანაო.

1889 .