The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
იმერული ნანინა

იმერული ნანინა

ვუძღვნი საბატონო ყმების ახალშობილ შვილებ

გაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინ!

აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო?

დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო...

დაიძინე ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

დედა ეტყვის: გენაცვალოს შენი მშობელიო,

ძუძუებში ჩაგივლია პაწაწა ხელიო!

შენს ვაჟკაცობას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო,

მამიშენის ბედის არ ხარ, შენ სხვა ბედს ელიო:

შენი ვარსკვლავი სხვა არის! - ბედმა გიცინაო!

იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

ღმერთ შენი ბედნიერება წინეთ უსახავსო,

შენც მის ნაცვლად ემსახურე, ნურას იზამ ავსო,

დედას თმას ნუ მაწეწინებ, ნუ ჩამაცმევ შავსო!

სხვებ რა გიჭირს: ხომ შეიტყვე, ბატონი არ გყავსო!

რისთვის შეკრთი? მართალია!... რამ შეგაშინაო?

იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

გაიზრდები, გენაცვალე, თავისუფალიო;

ბატონი ვერ შეგაწუხებს, ვერც გაგტეხს ვალიო;

შენს მტერსა და მოშურნესა დაუდგეს თვალიო;

ჭირისა და ავ თვალისგან გიხსნის უფალიო!

ხომ გიამა, გენაცვალე! მან გაგაცინაო?

იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

დიდი-კაცის შვლს სკოლაში გვერდთ უჯდებიო;

აბა შენ იცი, ბიჭოჯან, როგორ ეცდებიო;

ძველ ბატონის შვილს სწავლაში ნუ ჩამორჩებიო,

გლეხსა ნიჭი არა აქვსო, არ აფიქრებიო!..

შენი დაჩაგრული ძმები შენ უნდა იხსნაო,

იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

ჩინოვნიკებიც არიან ჩვენი გამწვალეო:

ჩვეს საქმეზე როცა მივალთ, გვეტყვიან: “ხვალეო”,

და, ჩვენ როცა დაგვსაქმებენ, მაშინ კი - “მალეო!”

ამას შენ ვეღარ გეტყვიან, შენ გენაცვალეო,

რომ ვეღარ დაგიბრიყვებენ, თუ რომ თავი სცნაო!

იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

პაწაწინა იადონო და ვარდის კონაო,

დღეს ხომ კარგად გაიგონე ჩემი ნანინაო?

და, თუ კარგად გაიგონე, ხომ მოგეწონაო?

მაშ ნუ გძინავს! გაიღვიძე! იცან ქვეყანაო!

შენც შეიტყვე ამა სოფლის ცრუ გამოცანაო!

იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

1864 .