The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
არსენა მარაბდელი

არსენა მარაბდელი

ნაწილი პირველი

თავი პირველი

მეწინავე დროშა

ოძელაშვილი არსენა

ღმერთმა კურთხევით ახსენა.

მ ე ს ტ ვ ი რ უ ლ ი.

— ფუჰ, შეგარცხვინოს ღმერთმა! — ბრაზით წამოიძახა ზაალ ბარათაშვილმა და ზურგი შეაქცია ნარგიზების ფორს, სადაც ორბელიანების და ბასილა მაიორის ფალავანმა გიორგი კუჭატნელმა მარაბდის ბატონს ის-იყო მესამე მოჭიდავე გაუჭიმა თვალწინ.

ზაალის რისხვა ვერავინ გაიგო, რადგან, როცა მისი მეჯინიბე ოსი მეშთა ბესტავაშვილი წაიქცა, უმალვე ათასმა კაცმა იხუვლა და საჭიდაო ასპარეზზე გმინვა-კიჟინით შეჰკრა პირი.

როგორ, ვიღაც კუჭატნელმა მარაბდელები უნდა შეარცხვინოს?! ვიღაც მოთრეულმა მილიციელმა მუხათელი, ფარცხისელი და ბირთვისელი ბიჭები უნდა დაიბრიყვოს?! ნეტა “ნამდვილი ქართველი” მაინც ყოფილიყო კუჭატნელი: ეს ვიღაც სეფისკვერაძე იმერეთიდან გადმოსულა, სოფელ კუჭატანში დასახლებულა და ლეკებს ეომება. ეხლა კი ზაალის შესარცხვენად ამოუყვანიათ საბარათიანოში და მის ფალავნებს საქვეყნოდ უტეხავენ სახელს?! მაშ ამ ორბელიანებმა — პირყვითელა გრიგოლმა, მისმა ძმამ ზაქარიამ, მათმა ბიძამ ყაფლანმა, ზაალის სიძემ ალექსანდრემ, ჩიტირეკია ელიზბარ მაღალაშვილმა და ზაალისავე სტუმარმა ვასილ მაიორმა ასე ურცხვად უნდა მოსჭრან თავი მარაბდის ბატონს, დიდი საამის ჩამონავალ ბარათაშვილს?

არა, ასეთ აუგს ვერც ზაალის ყმები მოითმენენ. ეყოთ ამდენი სირცხვილი, ეყოთ სამი თავმომწონე ვაჟკაცის გალახვა!

და ნარგიზების დიდი ფორი ტყესავით აღმართული კომბლებით გაიჭედა, ხოლო მარტის თბილი ჰაერი მარაბდელთა რისხვამ შეაზანზარა:

— მიდი! დაჰკა!

რადგან კუჭატნელი-სეფისკვერაძე ორბელიანების ფალავანი იყო, ხოლო სამივე წაქცეული ყმა ზაალ ბარათაშვილს ეკუთვნოდა, ამიტომ ბარათაანთ ყმებმა ორბელიანების ყმებზე მიიწიეს და უმალვე ნირი შეაცვლეინეს.

— ღმერთმა თქვენც შეგარცხვინოსთ და თქვენი ფალავანიცა! — ერთხელ კიდევ მიუბრუნდა გულფიცხი ბატონი აღელვებულ ზღვას და ძვირფასი კვერთხისა და შავ-ლურჯი ყურთმაჯის მოქნევით ყველას პირსახეში რისხვა და კრულვა მიახალა.

ზაალი, გიორგი მეფის ნასუფრაჯალია, ნამდივანბეგარი, ბატონი ალგეთის, თრიალეთის, გაღმა-გამოღმა ბორჩალოსი და ერთგული დარაჯი სახელოვანი “მოწინავე დროშის”, რომელიც, როგორც სადროშო, რუსებმა გააუქმეს, ხოლო თვითონ დროშა, როგორც ალამი, ეხლაც ზაალს ეკუთვნის და იგი ნარგიზების ფორზე, აგერ იქ, კარვის თავზე ფრიალებს. ეს კიდევ არაფერი: ცოცხალი ზაალი შვილისშვილია განსვენებული დიდი ზაალის — პატარა პოეტის და ძალიან დიდი ბატონის - ერეკლე მეფის ეშიკაღასის, მორდალის, მდივანბეგის, მსაჯულის, ქორიასაულბაშისა და საქართველოს უმაღლესი მთავრობის წევრისა. ასეთი კაცის ბადიში - პატარა ზაალი - ამოდენა ხალხს, შინაურსა და უცხოს, უბრალოდ ვერ დაენახვებოდა, ამიტომ ის თავის საყმოს წინაშე დღესაც ისევე გამოეწყო, როგორც მაშინ იყო გამოწყობილი, როცა მთავარმართებლებს ეახლებოდა ხოლმე: კნორინგს, ციციანოვს (თუ ციციშვილს, დღესაც არ იციან), გუდოვიჩს, ტორმასოვს, პაულუჩის, რტიშჩევს, სასტიკ პროკონსულს ერმოლოვს (“არჯალი მხეცი, სატანა, მუჟიკი, ანტიქრისტე!”) და ბოლოს გრაფ პასკევიჩს - “ერმალას” ახლანდელ თანაშემწეს, “ჩემს მეგობარს”, რომელსაც დღეს თუ ხვალ უეჭველად მთავარსარდლად დანიშნავენ, ხოლო ერმოლოვს პანღურს ამოჰკრავენ და საიდანაც მოსულა, ისევ იქით გააბრუნებენ.

მარაბდის ბატონს ინგლისური მაუდის შავი კაბა და ლურჯი აბრეშუმის გულისპირი ეცვა, თავზე მაღალი და ჩატეხილი ყალმუხის ბოხოხი ეხურა, ფეხებზე - ჭვინტიანი თალათინის ჩექმები ჩაეცვა, ხოლო წელზე ოქრო-ძვლით მოჭედილი ხმალ-ხანჯალი ჩამოეკიდნა, რომელიც ათასი წლის ტვირთით და ხავსით იყო დაჭორფლილი.

მეფეთა და მთავარმართებელთა ჯილდოებიც და საჩუქრებიც ზედ ჰქონდა ასხმული. მაუდი თავადმა ვასილჩიკოვმა მოუტანა პეტერბურგიდან, ლალის ბეჭედი ერეკლე მეფის ნაჩუქარი იყო, ხოლო ოქროთი და ძვლით შეჭედილი კვერთხი, რომელიც ახლა არქიელსავით დაჰქონდა, უდღეურმა იმპერატორმა პავლემ დესპანის კოვალენსკის ხელით გამოუგზავნა.

არც ერთი მთავარმართებელი არ ყოფილა, რომ ბარათაანთ სამივე თაობის მკერდზე, ვითარცა კანკელზე, ჯვარი ან ვარსკვლავი არ ჩამოეკიდნა. ყველამ ღირსეული საჩუქარი მიიღო, რადგან სამთავ მკერდის ქვეშ ახალი ტახტისა და ახალი სამშობლოსადმი მართალი გული ჰფეთქავდა. მართალია, ნაჩუქართა უმეტესი ნაწილი გასვენებულ დიდ ზაალს ეკუთვნოდა, მაგრამ - რა ბედენაა! - რადგან ყოველივე დიდისა პატარას დარჩა, ამიტომ შვილის-შვილზე სხვისი დიდი ბეჭედიც, კვერთხიც და ყველა ჯვარ-მედალიც უპრიანი იქნებოდა.

ნაწყენმა ბატონმა ერთხელ კიდევ შეანჯღრია გაბრაზებული კვერთხი, მერმე ისევ ფორს მიუბრუნდა, პირახდილ კარვის-წინ შესდგა და თავის კნეინებს შესჩივლა:

- ფიეე! ამისთანა ამბავი გაგონილა მეთქი? დალახვროს ღმერთმა! სტუმარი მოვიდეს, ვიღაც ოხერ-ტიელი მოათრიოს და ყველა დარჩეული ბიჭები გამილახოს?! ვოტ იშო! გაგიგიათ მეთქი ამისთანა ამბავი?!

ზაალის გასათხოვარ ქალიშვილს დაროს უფრო სტუმარ ორბელიანებისა და მაიორის წყენა აფიქრებდა, ვიდრე მარაბდელი და ბირთვისელი ფალავნების შერცხვენა, ამიტომ მან სტუმრებისკენ გაიშვირა ხელი და მამას უთხრა:

- მამა, სტუმრებს მიეშველე, თორემ აწყეინებენ რამეს და შევრცხვებით.

ზაალმა მას ყური არ ათხოვა და ამღვრეული თვალები ახლად წაქცეულს ოს მეჯინიბეს მიაბჯინა, რომელიც მოურავმა ბატონს ჯავრის ამოსაყრელად მიჰგვარა. ბატონი ყმას ჯაგარა-ულვაშში მისწვდა, თავი შეუნჯღრია და ბოღმით ჰკითხა:

- წაგაქციეს, ბიჭო? წაგაქციეს მეთქი?

მეშთამ ძლივს წაილუღლუღა დაღრეჯილი პირით:

- წაგაქციეს, სენი წირი მე. წაგაქციეს და მე რა გიყო?

ირგვლივ ხარხარი ატყდა, რომელმაც კნეინების თავდაჭერილი სიცილი დაჩრდილა. ზაალსაც პირი აეგრიხა ღიმილისგან, მაგრამ მაშინვე ჩამოირეცხა და ისევ რისხვა აისახა, ვინაიდან ყმებთან გაცინება სამარცხვინოდ მიაჩნდა.

- ვინ წააქციეს, შე ძაღლის ლეკვო? - შეუტია მეჯინიბეს.

ოსმა შეცდომა “შეისწორა”.

- მე წაგაქციეს, სენი წირი მე, მენა.

- დამეკარგე აქედან, შე წუწკო, შენა!

და როცა მეჯინიბე “დაიკარგა”, ზაალმა ისევ წეღანდელივით შეჰღაღადა:

- გაგიგიათ მეთქი ამისთანა ამბავი?! ელიზბარი, “კურკა მელექსე”, ყაფლანი, ალექსანდრე და მაიორი ჩემთან სტუმრად მოვიდნენ, ვიღაც ოხერი იმერელი მოიყვანონ და თავს ლაფი დამასხან?! ფიეე! ვოტ იშო!

- მამა, ის ხალხი სტუმრებს მოაშორე, თორემ შეგვარცხვენენ მეთქი. - მოაგონა მამამთილს კნეინა ტასომაც და თვალი მელიტონ ბარათაშვილის მეუღლეზე კნეინა ეფემიაზე უყო. რომელიც იქ მყოფს თავადებს ნათესავად ერგებოდა, ხოლო “კურკა მელექსესი” ღვიძლი დაჲ იყო და ზაალის გაფიცხებაზე ოდნავ იღიმებოდა.

ზაალმა ენაზე იკბინა. ჭაღარა და თხელი ულვაშები ჭროღა თვალებისკენ აიგრიხა და სამივე კნეინა დაამშვიდა. ნუ შეშინდებიან კნეინები: ზაალის სტუმრებს და მათს ფალავნებს ხელსაც ვერ ახლებენ. ჭიდაობის წესრიგისა და სტუმრების დაცვა ზაალის შვილს დავითს აქვს დავალებული. მას ორმოციოდე აზნაური, იასაული, ზედამდეგი, ქევხა, მოურავი, ქეთხუდა, ჩაფარი და ნაცვალი ჰყავს მიჩენილი. აგერ ყველანი ისე ამუშავებენ ხმლებს, კომბლებს, კეტებსა და მათრახებს, თითქო მტრის ბანაკში შეჭრილიყვნენ. მკაფიოდ ისმის შხუილი, ჟაპუნი, გინება და კივილი. თათრები და იასაულები ცხენებს დააქროლებენ და გულმოსულ გლეხებს დამფრთხალ ფარასავით მიერეკებიან. დავით ბარათაშვილის, ელიზბარ მაღალაშვილისა და ოციოდე აზნაურის ხმლები გაზაფხულის მზეზე ელვასავით ლაპლაპებს. ირგვლივ ხუთმეტიოდე სოფელი დაბანაკებულა და ყოველ სოფელს საკუთარი ალამი აუფრიალებია.

აყაყანებული გლეხები სწრაფად გაიფანტნენ და ფორს კვლავ რკალივით შემოერტყნენ. ყველამ ისევ თავიანთი ალმების გარშემო მოიყარეს თავი, ფორზე კი ჩაფრები, გზირები და მოურავები დარჩნენ, რომელნიც უაზროდ დარდობდნენ და უკვე მიყუჩებულ ყმებს კომბალ-იარაღით ემუქრებოდნენ.

დაცალიერებულ ფორზე წითელი არშიებით და კუწუბოებით შემოვლებული დიდი კარავი გამოჩნდა, რომელიც ვეება უთავო ბატს ჰგავდა, და იმ ბატის ქვეშ სამი კნეინა და მათი მოახლენი ჭუჭულებივით შეკუნჭულიყვნენ, ხოლო მათს თავზე საქართველოს მოწინავე დროშა ფრიალებდა, რომელიც იმ დღეს მარაბდის ბატონს ვიღაც სეფისკვერაძე-კუჭატნელმა დაუნდობლივ შეულახა.

იქვე მდგომმა ზაალმა იქით გაიხედა, სადაც ოთხი ცხენოსანი ჯამბაკურ-ორბელიანი იდგა - კოდელი ყაფლანი, “კურკა მელექსე” გრიგოლი, მისი ძმა ზაქარია და ზაალის სიძე ბორჩალოს მარშალი ალექსანდრე. ყაფლანი ოციოდე წლისა იქნება. ტანადია, მკვრივი, მხიარული და პირსავსე. მისი ბიძაშვილი გრიგოლი მელექსეც ჭაბუკია, მაგრამ ძალიან დაბალი, მჩატე და ამპარტავანი. ზაქარიაც გრიგოლსა ჰგავს, ოღონდ უფრო მოზრდილია, ალექსანდრე კი უკვე ვაჟკაცობაში შედის, წვერი გაუშვია, საქართველოს მარშლობას უმიზნებს და ისიც მედიდურობს.

ოთხივ ორბელიანი ნაომარია. ხვალ დილითაც საომრად მიდიან და ამიტომ სააფიცრო მუნდირები აცვიათ. მაგრამ თავდაპირველი ის არის, რომ ოთხივენი ერეკლე მეფის შვილის-შვილები არიან და ამიტომ ურთიერთსაც და თავიანთ თავსაც კერპსავით ეთაყვანებიან, თავიანთი სისხლი სალოცავ ხატად მიაჩნიათ. მუდამ ბაგრატოვანთა ზღუდეში დგანან და მისი გადაბიჯების უფლებას იშვიათად თუ ვინმეს მისცემენ.

ყაფლანი იღიმება და კოდელ მოურავებს განკარგულებას აძლევს, გრიგოლი კი ისევ უკმეხად დასცქერის ხალხით გაჭედილ ფორს, როგორც მისი დიდი პაპა ერეკლე-მეფე ტოტლებენის შერცხვენის შემდეგ დაჰყურებდა ასპინძას.

არა, ზაალი ათას ბრძოლაში ნაწრთობი დროშის შეგინებას და მოღალატის ლიპარიტ ორბელიანის მემკვიდრეთა გამარჯვებას ვერ მოინელებს! მადლობა უფალსა, რომ ზაალის წინაპრები დროზედ ჩამოეცალნენ მეფისა და ქვეყნის ორგულ ლიპარიტის ტოტს და ისევ ძველი გვარი შეინარჩუნეს.

ქარაფშუტა ელიზბარიც მათი მომხრეა, რადგან დედის მხრივ ისიც ორბელიანია. გუშინ წინდაუხედავად წამოროშა, ორბელიანთა გვარი საქართველოს დედა-ბოძია, ბარათაანთ კი ბევრი არაფერი გაუკეთებიათო, და დიდი სარდლის დავით ყაფლანიშვილის სულიც კი შეაწუხა.

მართალია, დავითი დიდი სარდალი იყო, მაგრამ არც ზაალის წინაპრები არიან ნაკლები. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ სადაც დავითმა მეფისა და მამულის ერთგულება გამოიჩინა, იქ მას დიდი ზაალიც გვერდით ედგა. როცა ქსნის ერისთავმა გიორგიმ ტახტს უღალატა, ზაალმა ერეკლეს სამი ათასი მებრძოლი მიაშველა და ქსნის ხეობაში ცეცხლი და რკინა შეიტანა.

ისიც მართალია: მიქელა არღუთაშვილმა დურნუკთან და ყალაჩასთან დავითიც და ზაალიც ერთად დაამარცხა და ორივეს სამფლობელო აიკლო, მაგრამ ოციოდე წლის ზაალმაც ერთი-ორად გადაუხადა: 1790 წელს ის დავით ბატონიშვილს ყარსისკენ გაჰყვა და ბრძოლის ბედი ალგეთელების მკლავით გადასჭრა. ძალიან გაძნელდა მაშინ ყარსის კარის შენგრევა, მაგრამ მაინც შეანგრიეს და უთვალავი დავლა წამოიღეს. რვა წლის შემდეგ დავითმა ერთხელ კიდევ მოითარეშა ყარსის მიდამოები, ციხე ყიზილ კაჩკაჩი აიღო, იქაურობა მიანგრია და კვლავ დიდის ალაფით დაბრუნდა. პატარა ზაალიც იქვე იბრძოდა და ისევ თავი ისახელა.

მაშინ ჩამოართვა ზაალმა არღუთაშვილს ახტალის და ახპატის დიდი მამული და სამეფოს განუზომელი სამსახური გაუწია: ხოჯორნის გზით და დებედას ხეობით ლორს შეესია და სამ დღეში ახტალის, შამლუღისა და ალავერდის სპილენძისა და ვერცხლის მადნები ხელთ იგდო. მერმე სანაინიც და უზუნლარიც ადვილად აიღო და ზურგში მოექცა მტერს, რომელმაც ამის გამო დმანისის ხეობა დასტოვა და ლორის განთქმულ ციხეშიც კი ვეღარ გამაგრდა.

მაშინ პატარა ზაალიც იქ იყო, ის ზაალი, რომელიც დღეს სიბერეში ასე უწყალოდ შეარცხვინეს.

წუნკალმა აღა-მაჰმადმა, სანამ ქალაქს მოადგებოდა, მარაბდა დასწვა, ქოტისი დაანგრია და ზაალის ავლადიდება მიწასთან გაასწორა, დავით-სარდლის მამული კი თითქმის უვნებლად შეინახა.

ერეკლე ან დავით-სარდალი რომ ომარ ხანს, ჰაჯი ჩალაბს, აზატხანს ან ვინმეს დაეტაკებოდნენ ხოლმე, დიდი ზაალიც იქვე სადმე ტრიალებდა და თავგამოდებით იბრძოდა. ეხლაც აგონდება პატარა ზაალს: ერთხელ დიდი ზაალი და დიდი დავით ორბელიანი წაგებულ-მოგებულ ბრძოლებს ანგარიშობდნენ. თითომ თურმე ასზე მეტი ბრძოლა მოიხადა. ამ ბრძოლების დათვლაში სარდლები ერთმანეთს შეეკამათნენ. დავითმა დურნუკის ბრძოლის წაგება ზაალს დააბრალა, მაშავერის ბრძოლის მოგება კი თვითონ დაიჩემა და მას შემდეგ სარდლებს ერთმანეთისთვის ხმაც აღარ გაუციათ.

ახირებული კაცი იყო დავითი - შურიანი, ქედმაღალი და მრისხანე. როგორ გააჯოხინა საქვეყნოდ ყორღანაშვილი! ახიც იყო! ყველაფერი გაუდიოდა ცხონებულ სარდალს, რადგან მეფის სიძე იყო და ლაშქარიც ხელთ ეჭირა.

“ღმერთმა ორივენი აცხონოს. - იტყოდა ხოლმე ზაალი. - ორივე დიდი სარდალი იყო, მაგრამ ორივეს დიდი ხუშტური სჭირდა”.

მაშინ ეს დროშა, ნათრევ-ნაბრძოლი უძველესი დროშა, ეხლაც რომ ამაყად ფრიალებს კარვის წვერზე, დავითს თავის სასახლეში ჰქონდა დაყუდებული, შემდეგ კი ბარათაანთ ოჯახში გადმოვიდა.

ზაალს აღა-მაჰმადის მიერ მარაბდის აკლება ისე არ სწყენია, როგორც ახლა მარაბდელების წაქცევა ეწყინა. არა, ის რა საკადრისი იყო, რაც ელიზბარმა იკადრა: ბარათაანთ იმდენი არაფერი არ გაუკეთებიათო! სწორედ ეს სიტყვები წამოროშა გუშინ აგერ იმ ჩიტირეკია ელიზბარმა.

გუშინდელ კამათში ზაალის სიძე ალექსანდრე ორბელიანი არ ჩარეულა, მაგრამ მშვიდმა და თავაზიანმა კნეინა ეფემიამაც ელიზბარს დაუკრა კვერი. იმასაც ორბელიანის სისხლმა უყივლა. თავის ქმარს მელიტონ ბარათაშვილსაც კი არ მოერიდა. გრიგოლი კი კადნიერად იღიმებოდა. ისევ მელიტონს უშველოს ღმერთმა. ზაალს აღარ დააცადა და თოფის წამალივით იფეთქა. კინაღამ იარაღზე იკრეს ხელი. ნასწავლი კაცია მელიტონი, ისე დააყარა პასუხი, რომ მისი სიტყვა დამბაჩასავით სჭექდა. მან სხაპასხუპით წაუკითხა ყველას “ქართლის ცხოვრება”, მატიანე სეხნია ჩხეიძისა, ომან ხერხეულიძისა და მრავალი ცნობილ-უცნობისა.

მარტო გრიგოლმა მიუგო პასუხი: ენაზე პაპუნა ორბელიანის მატიანე დაიხვია და აღარ მოეშვა. ან რა მეტი ჩარა იყო? მელიამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო. მაგრამ მელიტონ ბარათაშვილმა ამასაც ხმა გააკმედინა. გრიგოლს ეწყინა. კნეინა ეფემიაც გატვრინდა.

“მალადეც მელიტონ, მალადეც! ტყუილად კი არ მოგცეს რუსებმა თარჯიმანობა და სისხლის ჯვარი”. - გაიფიქრა ზაალმა და - ესეც ბედია, მაშ რა არის! რაღა ეხლა მოუნდა იმ უსინდისო არსენას ცხვარში წასვლა? - ხმამაღლა შესჩივლა თავის მოურავს ამირხანაშვილს.

- ალბათ მოასწრებს ჩამოსვლას, დიდო ბატონო. - დაამშვიდა მოურავმა და პატარა ბიჭს მიუბრუნდა: - შენ ჰეი, პატარავ, აბა ერთი ჭანდარზე აცოცდი და ქვეით გაიხედე, არსენა ხომ არ მოდის.

- მაგან რა იცის ჭანდარზე ასვლისა! მე ავალ, მე! - წამოიძახა მიწიდან ამომძვრალმა მელიტონის შვილმა ნიკომ და გლეხის ბიჭს ხუთიოდე ნახტომით წინ მოექცა.

- მეც მოვდივარ, მეცა! - მიაძახა მისმა ტოლმა და ბიძამ ილიკომ, გრიგოლის და ეფემიას ძმამ, და თვითონაც გაიქცა.

- უი დამიდგა თვალები! - წამოიძახა კნეინა ეფემიამ. - შვილო ტატე, დაბრუნდი! კნიაზ ზაალ, გეთაყვა, დაადევნე ვინმე, თორემ ჩამოვარდება და დამღუპავს.

ერთი გლეხი ძუნძულით გაჰყვა პატარა ბიჭებს, მაგრამ ორი მოკლე თეთრი ჩოხა უკვე ფრიალით მოეფარა კოდელების ბანაკს.

ზაალს ეფემიასთვის არა სცალიან. დიდი ბატონი ოძელაშვილს ელოდება, რადგან მარტო არსენასღა შეუძლიან აღადგინოს მისი შებღალული სახელი.

ელიზბარ მაღალაშვილმა კუჭატნელის ჩამოსვლა ბოლნისში გაიგო და მარაბდაში ვითომ ყველიერის გასატარებლად ამოვიდა. ჩუმი ხმა გავარდა. გულში ზაალის ასულის დაროს დანიშვნა უდევსო, ნამდვილად კი, ზაალის ფიქრით, მას ლაზღანდარობის მეტი არა შეეძლო რა და ამიტომ ქალის მიცემას არ აპირებდა.

მთელმა ქვეყანამ იცის ელიზბარის სენი: სადაც დოღია, დღეობა, ჯირითი ან ჭიდაობა, ისიც იქ უნდა დაერჭოს. დღეს რომ ახტალობა ყოფილიყო, ხვალ ალავერდობა, ზეგ ბოლნისობა და მაზეგ გელათობა, ელიზბარი არც ერთს არ დააკლდებოდა და ყველგან იფეთქებდა, ითამაშებდა, იჩხუბებდა, ვინმეს დასჭრიდა, ან მას დასჭრიდნენ და თვითონ ისიც და ქვეყანაც ერთი თვით მოისვენებდნენ.

“ჩიტირეკია” აქაც ასევე მოიქცა. მარაბდაში რომ ამოვიდა, ზაალის შვილი დავითიც აიდევნა, ბერიკებს გაუძღვა და სამ დღეში შვიდი სოფელი მოიარა. თვითონ ელიზბარიც გატაცებით ბერიკაობდა: ხან ტახის თავს წამოიცვამდა თავზე, ხან ანაფორას მოიხვევდა და საცეცხლურს იქნევდა, ხან სტვირს უკრავდა, ზოგჯერ მეფობდა, კიდევაც დედოფლობდა და ქალური წრიპინით გლეხებს სიცილით ხოცავდა. ეხლა კი ორბელიანებს მიუდგა და რაც ალგეთზე თავმომწონე ბიჭი იპოვებოდა, ყველა გიორგი კუჭატნელს გაალახვინა.

ყეინობაც ელიზბარმა მოაწყო: ვიღაც ჩანჩურა გლეხს ნიკაპზე წითელი ძუა მიაკრა, თავპირი ინით შეუღება, თავზე ირანული გვირგვინი ჩამოაფხატა, ზაალის მამაპაპეული ირანული ხალათი ჩააცვა, პირში ორადლიანი ჩიბუხი მისცა, ხელში ბატის ფრთა ჩასჩარა, ჯიბეში სიმინდი ჩაუყარა, აქლემზე უკუღმა შესვა და სოფლის დასავლელად წაიყვანა. ყეენს გვერდით ნაზირ-ვეზირები მისდევდნენ და ისინიც მასხრულად იყვნენ ჩაცმულნი და ინით, კირით და ნახშირით იყვნენ მოთხუპნული.

ყეენს ჭვარტლის მელნით სავსე ჯამი ეჭირა. როცა ვინმეს მიადგებოდნენ, ყეენი იმ სამელნეში ბატის ფრთას ჩასჩრიდა, ქაღალდის ნაგლეჯზე ფირმანს დაჯღაბნიდა და გლეხს მიუგზავნიდა. გლეხიც შენაწერ სანოვაგეს გამოიტანდა და ყეენისგან “ერთ ოქროს” - სიმინდის ერთ მარცვალს მიიღებდა.

მთელი სოფელი ხარხარით, ჟრიამულით და ყიჟინით ჩამოიარეს და ბოლოს ზაალის სასახლესაც მიადგნენ. ყეენმა დიდ ბატონს ელიზბარის მიერ დაწერილი ფირმანი აუგზავნა - ათი ჩაფი ღვინო, ხუთი ხელადა არაყი, ხუთი ჩანახი ლობიო, ორი ჩანახი ბრინჯი, სამი მსუქანი ცხვარი, ერთი ლიტრა მარილი და ორმოცი შოთი შეაწერა. ზაალმა არ იბევრა. მოურავს შესაფერი ბრძანება მისცა და შენაწერს ერთი ბებერი ძროხაც დააყოლა.

შემდეგ ის ყეენი დაითრიეს და ალგეთის წყალში გადააგდეს. საწყალი ძლივს გამოვიდა, მაგრამ გაცივდა და ლოგინად ჩაწვა. გუშინდელი შენაგროვი ეხლა მარაბდაში იხარშება. მართალია, დიდი მარხვა დადგა, მაგრამ წინაპართა წესია: ორშაბათი ნამცეცობის დღეა და ანგელოზები მარხვის გატეხვას ცოდვების სიიდან ამოშლიანო.

ჭიდაობა რომ გათავდება, არიფანა დაიწყება და მთელი სოფელი იქეიფებს. რა თქმა უნდა, თამადად ისევ ელიზბარი დადგება.

აგერ ახლაც ხალხში ტრიალებს. მეტისმეტად გაუყადრა თავი გლეხობას, თავის ყმებს ლაგამი მიუშვა და ლაზღანდარობას შეაჩვია. ეს სენი მარაბდასაც მოედო. ზაალის ყმებმაც თავი აიგლიჯეს და მათს ხმასაც სიმტკიცე დაეტყო. ზაალს ესეც გაახსენდა და უარესად გამწარდა.

- არა, იმ ოხერ არსენას რაღა ეხლა მოუნდა მეთქი ცხვარში ხეტიალი? - კვლავ ადუღდა დიდი ბატონი.

- მაგ ბიჭს არსენა თუ მოერევა, ბატონო, თორემ მაგის მძლევი სხვა არავინ არ არის. - დაბეჯითებით უთხრა მოურავმა.

- ჰაი, ჰაი, რომ არავინ არ არის. - კვერს უკრავს გზირიც. - არსენას კი ერთ ლუკმადაც ძლივს ეყოფა.

- ვითომ მართლა წააქცევს? - იმედს ეძებს ზაალი.

- რა სათქმელია, დიდო ბატონო! - აღარ აცლიან ერთმანეთს გზირები და მოურავები. - ოძელაშვილის მძლევი ქალაქშიც არ მოიძებნება.

ყმები ზაალს ამაზე მეტის თქმას ვეღარ უბედავენ, რადგან ბატონს არსენა ათვალისწუნებული ჰყავს, მაგრამ უცხო სოფლელებთან თავს ვეღარ იმაგრებენ და იჭიმებიან:

- ამბობენ, არსენას მარტო გიორგი მჭედელი დაეტოლებოდაო.

- ამას წინათ აღზევანიდან მომავალი ურემი ტალახში ჩაფლულა. მარილით ყოფილა დადებული. ყევარი ხარი მიაშველეს და მაინც ვერაფერს გახდნენ. არსენამ თურმე პირჯვარი დაიწერა და ის ურემი ბუმბულივით აიგდო ბეჭებზე, აი რა ბიჭია ოძელაშვილი!

- ამ ერთი კვირის წინათ მარნეულში ერთი მოზვერი გაგიჟდა. ხუთი კაცი გააფუჭა. ისე დაფრთხა სოფელი, რომ გარეთ გამოსვლაც კი ვერავინ გაჰბედა. ი მოზვერს არსენა დაეწია. ერთმანეთს ეცნენ. არსენამ მოასწრო და ხელები რქებში ჩასჭიდა. ჩასჭიდა და დაითრია, დაითრია და ისე მოსწია, რომ კისრის ძვლები მოუმტვრია და ძარღვები დაუწყვიტა. მოზვერი წაიქცა და იქვე გათავდა.

- რა ბიჭია, ვენაცვალე იმის გამჩენსა!

- მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახეო. ისეთი კაცია ჩვენი ღვთისავარი და ცოლიც ისეთი შეხვდა ი მელანია, რომ სხვანაირ შვილს არ გაუჩენდა.

- მაგაზეა ნათქვამი: დედაც მაგას ჰყოლია და ძუძუც მაგას უწოვებიაო.

- რომ იტყვიან, რკინას ღეჭავს, რკინასა!

- მერე რა გული აქვს! ბალღია, ბალღი! ტყუილ-უბრალოდ ჭიასაც არ დაადგამს ფეხს.

- მერე რა მართალი კაცია! ისე სჭრის სამართალს, როგორც სამართებელი.

ეს ქება-დიდება მარაბდის ბატონსაც ესმის და ყმებს მრისხანე თვალებით ხვრეტავს.

კარგი, კმარა! ზაალმაც იცის ეს ამბავი. ათასჯერ გაუგონია და თვალითაც უნახავს. იცნობს მარაბდის ბატონი არსენას. აკი არც იშორებდა გვერდიდან, მაგრამ ბოლოს მაინც მოიშორა, იმიტომ მოიშორა, რომ გულზვიადი გამოდგა, გათამამდა, მეტისმეტად გათამამდა! გარდა ამისა ის მარინეც, აგერ ის მოახლე, კარავიდან რომ იხედება...

და ზაალმა კარვის კარებში ქალის თავს მოჰკრა თვალი. არსენა რომ ახსენეს, კნეინა ტასოს მოახლემ მარინე ჯორჯიაშვილმა ყურები სცქვიტა და ცისფერი თვალები ორი ანთებული სანთელივით გამოანათა. გამოანათა და ისე მიუგდო არსენაზე ჩამოვარდნილ საუბარს აფართხალებული გული, თითქოს ზაალისგან სამკვდრო-სასიცოცხლო განაჩენს მოელოდაო. და განაჩენის მაგიერ ოთხი ბატონის და ერთი რუსი მაიორის თვალებს რომ წააწყდა, მაშინვე კალთა ჩამოუშვა და ისევ მიიმალა.

მელიტონი, ელიზბარი, ზაალის ქვიშხელი ნათესავი სუმბათაშვილი და დავითიც იმ კარავთან მისულიყვნენ და მოახლეს უნახავ ჯადოსანსავით შესცქეროდნენ.

1827 წლის გაზაფხულია. რუსეთსა და ირანს ცხარე ომი აქვთ. მაიორი ვასილ არლოვი ბორჩალო-თრიალეთის პოლიტიკურ მეთვალყურედ იყო დანიშნული. ჭარ-ბელაქნის საზღვრიდან ქართველ მილიციელთა ერთი გუნდი მოეხსნათ და გიორგი კუჭატნელის მეთაურობით არლოვისთვის მიეცათ. გრიგოლს, ყაფლანსა და ელიზბარსაც ერთ დროს ლეკების საზღვარზე ელაშქრათ, განჯაშიც ეთარეშათ, კახეთიც მოევლოთ, განთქმული მოჭიდავე კუჭატნელი იქაურ დღეობაში ენახათ და დღეს მაიორ არლოვთან ერთად მის დაჩემებასა და ბარათაანთ შერცხვენას ლამობდნენ.

არც მაიორ არლოვს დაეგვიანა. ისიც კარავთან მოგორებულიყო, ხის სალდათივით გაჩაჩხულიყო, დოინჯი შემოეყარნა, წყლისფერი პაწაწინა თვალები საახალწლო ბასილასავით დაეჭყიტნა და თითონაც ზიზილ-პიპილებით აჭრელებულ ბასილას ჰგავდა: თავპირი გაბერილ გოგრას მიუგავდა და იმ აყირო თავზე წითელი თმა და წვერ-ულვაში გაცვეთილი ჭილობივით ეყარა, ხოლო თხილის-ოდენა აბზეკილი და წითელ-ლურჯი ცხვირი ისე ობლად გამოიყურებოდა გაპენტილ წვერ-ულვაშიდან, თითქო ჩალაში მაჟალო-ვაშლი ჩაეგდოთო.

მაიორს არსენამ წითელი ბასილა დაარქვა, რადგან მართლა წითელი იყო. “კარტუზის” ძაღარაც წითელი ჰქონდა და მის დაბალ კისერს მაღალი საყელოც ყაყაჩოს-ფერ ავშარასავით ერტყა. და ეს სახელი დიდ მოხელეს ადვილად მიეკერა და შერჩა.

კნეინებმაც კარვისკენ მიიხედეს და, თუმცა მარინე ვეღარ დაინახეს, მამაკაცთა გულის-ზრახვას მაინც მიუხვდნენ და გაიფიქრეს:

“ესეც... ისიც... ბასილაც. ნეტა ისეთი რა აქვს ამ გოგოს, რომ კაცები ბუზებივით ეხვევიან? აღარც ჩვენ გვერიდებიან, აღარც გვარიშვილობას დასდევენ და ქართული ზრდილობაც კი მიივიწყეს”.

ბატონებმა კარავს თვალი მოსწყვიტეს და ისევ ჭიდაობაზე ახმაურდნენ.

- ვეჟო, ის ჩემი ცოდვით სავსე არსენა აღარ გამოჩნდა? - მეათეჯერ იკითხა ზაალმა.

სანამ დიდები დიდებზე ზრუნავდნენ, არსენას უმცროსმა ძმამ თვრამეტი წლის ერეკლემ სამი კოდელი მოჭიდავე დაითრია და მიწაზე შოთებივით გააკრა. მარაბდელებმა ოდნავ მოიფხანეს ჭმუნვა და იქაურ ორბელიანებს, ახლათ წაქცეულთა ბატონებს, ოდნავ გული მოუკლეს.

- ჯიშია, ჯიში! არსენას ძმაც არსენას ემგვანება, მაშა!

- ამასაც მელანოს ძუძუ აქვს ნაწოვი, შეერგოს!

- გაიზარდე, შვილო, გაიზარდე და არსენასავით ასახელე შენი ბატონი. - გაამხნევა ერეკლე ზაალმა და ყური მოუსრისა.

მერმე რა გაიგეს, რომ გიორგი კუჭატნელს თან ოცი წლის ძმისწული ზალიკა სეფისკვერაძე ჰყავდა, ძალით გამოათრიეს და მაგდანას ბიჭს ზურაბს მიუგდეს. ზალიკა თავის ბიძასავით ღონიერი და მოუხეშავი იყო, სამაგივროდ ჭიდაობა არ იცოდა და ამიტომ ზურას კისერზე ტომარასავით წამოვიდა და მარაბდელებმა ერთხელ კიდევ გაიხარეს. მაგრამ ეს გამარჯვება არავინ ჩააგდო სათვალავში, რადგან ალგეთელებს გიორგი კუჭატნელის ზურგი უნდოდათ, კუჭატნელისა!

უცებ მოლოდინით აფორიაქებულ თავადებში ეფემიას ქუდმოგლეჯილი შვილი ნიკო შემოვარდა და სამჯერ დაიძახა:

- მოდის! მოდის! მოდის!

ამ ერთმა სიტყვამ გულმილეულ ფორს ელვასავით დაუარა:

- არსენა მოდის! მოდის! მოდის!

და სამიოდე ათასი სული ერთი კაცივით მიტრიალდა ქვეით. ასიოდე ბალღმა და ჭაბუკმა მხიარული ჟივილით მოჰკურცხლა იქით, სადაც ლურჯა ბედაური სწრაფი ჩორთით მოაქანებდა დამარცხებულთა უკანასკნელ იმედს, მარაბდელ ფალავანს, ზაალ ბარათაშვილის ყმას არსენა ოძელაშვილს.

გახარებულმა ჭაბუკებმა აქშინებული ცხენი შუაში მოიქციეს, სირბილით გამოჰყვნენ და თანაც აფრთოვანებით იძახოდნენ:

- არსენას გაუმარჯოს!.. ბიჭო არსენ, სადა ხარ, სად დაიკარგე?.. ჰარიქა გვიშველე, თორემ გაგვლახეს, თავს ლაფი დაგვასხეს!

თავმოშვებული ცხენი მხედარს ისე მოურიდებლად მოჰყავდა კარვისკენ, თითქოს მის გარღვევას და ბატონების გატანას აპირებდაო. ბატონ-ქალბატონები უკვე შეფუსფუსდნენ და მხედარს გზა გაუჭრეს. მხოლოდ ზაალი იდგა უნძრევლად და ნიავივით მომავალ ოძელაშვილს შეშფოთებული ღიმილით შესცქეროდა. და უცებ იმანაც შეიკრა შუბლი, რადგან არსენამ აქაფებული ბედაური თითქმის ზედ მიაგდო. მაშინ ნამდივანბეგარმა კვერთხი ასწია და ერთადერთი მრისხანე სიტყვა ესროლა:

- არსენ!

იმავე წამს არსენამ ბოძივით დაარჭო ცხენი და გადმოხტა, ისე გადმოხტა, რომ ვერავინ ვერ შეამჩნია, ცხენი უფრო ადრე შეჩერდა, თუ მისი მხედარი გაჩნდა მიწაზე.

ასვეტილი არსენა უკვე ფეხდაფეხ მიდიოდა ზაალისკენ - ტანგაშლით, ლაღად და თამამად მიაბიჯებდა. სავსე კისერი ოდნავ მოიდრიკა და საერთო სალამში ისევ ძველებური თავადური კილო ჩააქსოვა:

- ბატონებს ვახლავარ. - და გაჭიმული შედგა.

ზაალმა ბოღმა ჩაიბრუნა. ისევ ის არსენა! ისევ თავხედი, თამამი, მოურიდებელი და მოუდრეკელი! ცხენი მხოლოდ ათ ნაბიჯზე შეაჩერა და ისე მიადგა ბატონს, როგორც თავის თანასწორს. ზაალს ეხლაც ტოლსავით შესცქერის, წამწამსაც არ ახამხამებს და კიდევაც იღიმება.

ხალხი რკალივით შემოერტყა კარავს.

- რას მიბრძანებ, დიდო ბატონო? - ეკითხება ბატონს მარაბდელი გლეხი.

- აქამდე სად იყავი?

- ცხვარს ვუვლიდი, შენი ჭირი მე. დოლი დაიწყო და თავი ვეღარ დავანებე.

- კინაღამ დაიგვიანე.

- არ დავიგვიანებდი შენი კვნესა მე. ცხენი კარგი მყავს და დროსაც კარგად ვატყობ.

- იცი რისთვის დაგიბარე?

- საჭიდაოდ დამიბარებდი.

მერმე, ვის უნდა ეჭიდაოს არსენა?

- გიორგი კუჭატნელს? - თითქო გაოცდა არსენა და გული ეთანაღრა.

- რა იყო, ბიჭო, ხომ არ შეგეშინდა? - ჰკითხა ზაალმა.

არსენას შეეშინდა?

- შიში რა ბრძანებაა, ბატონო! - გაოცდა ბიჭი არსენა.

- არსენა და შიში? - ჩაიცინა ზაალის შვილმა დავითმა.

სხვებსაც ღიმილმა გადაჰკრა.

- შიში და არსენა ერთმანეთს არ იცნობენ. - ჩაურთო მელიტონმაც.

- არა, ბატონო, შიში რა სათქმელია, ოღონდ...

- ოღონდ რა? - შეეშინდა თვითონ ზაალს.

საიმისო არაფერი. დიდი ხანია არსენას კუჭატნელის ქება ესმის. ამბობენ, ძალიან დაუნდობელიაო. ამიტომ ერიდება არსენა. დღეს კი აღარ მოერიდება, რაკი გიორგიმ აქ მოსვლა იკადრა და სამი ალგეთელი მოჭიდავე გააფუჭა, მეოთხეც არსენა იყოს.

- როგორ თუ მეოთხე! რას ამბობ, ბიჭო! შენც რომ შემარცხვინო, ან გაგაციმბირებ, ან სალდათში გიკრავ თავს. - გააფრთხილა ზაალმა.

- ნუ შეშინდი, დიდო ბატონო. სიტყვამ მოიტანა და მოგახსენე, თორემ...

თორემ ვაჟკაცს ქადილი არ შეჰშვენის. მაინც... ვინ იცის...

- თქვენც მოგეხსენებათ, ბატონო, რომ მჯობნის მჯობი არ დაილევაო.

- ვიცი. მაგრამ თუ ის იმერელი წააქციე, რაც გინდა მთხოვე. - ჰპირდება ზაალი.

- მართლა, ბატონო? - და პირგაშუქებულმა არსენამ დავითსაც გადაჰხედა.

- ზაალის სიტყვა ბეჭედია. - დაიბეჭდა ზაალმა.

- შენი ხმალი და ჩემი კისერი. - დაუდასტურა შვილმაც.

- მაშ კარგი. - ჩაიღიმა არსენამ და გაბრწყინებული თვალები ზაალის ბოხოხს გადაავლო და კარვისკენ გაიხედა. გაიხედა და მოღიმარი კნეინების უკან ერთ წყვილ თვალს წააწყდა - დიდრონს, ლილასავით მუქსა და კუმისის ტბასავით მობიბინეს.

დავითმა არსენას თვალებს თავის თვალები გააყოლა და მარინე დაინახა, რომელიც ელდანაკრავივით მიეფარა კარვის კალთას.

- მაშ შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ, დანარჩენი კი ჩემზე იყოს. - უთხრა ოძელაშვილს ზაალმა და გაბრუნდა.

ცხენს კბილებს გაუშინჯავენ, მოჭიდავეს კი მკერდსაო, და ბასილა მაიორმაც არსენა გაზომ-ასწონა, მკლავები გაუშინჯა, განიერი მკერდი აუბაგუნა და ხორცის ნაცვლად რკინას რომ წააწყდა, კნეინებს მიუბრუნდა და გაოცდა:

- Ндаа.. товось!.. Я вам доложу!

- აბა, არსენ, გაიხადე.

კეთილი და პატიოსანი. გაიხდის. მაშ გიორგიმაც გაიხადოს. ჰეი, ერეკლევ, ჩამოართვი არსენას ხალთაში გახვეული სიათა თოფი, ხმალიც, დამბაჩაც და ხანჯალიც.

- შენ რა ჰქენი, ერეკლე? - ჰკითხა უმცროს ძმას უფროსმა.

- სამი წავაქციე. - ისე მორცხვად უპასუხა ერეკლემ, თითქო ბოდიშს იხდიდა, რომ სამზე მეტი ვერ წაექცია.

- შეგერგოს. ჩემი გაფუჭებისა ხომ არ გეშინიან, ბიჭო?

არა, არ ეშინიან, მაგრამ არსენა მაინც ფრთხილად უნდა იყოს. ის ოხერი კუჭატნელი ტყვიასავით მოდის და ლელო ღონით გააქვს ხოლმე.

- ვიცი ვინც არის, მინახავს.

იცის არსენამ. გიორგი სეფისკვერაძე ძალიან კარგი მოჭიდავეა, მაგრამ მეტისმეტად შურიანი, დაუნდობელი, ანჩხლი, ავი ადამიანია. არსენას ეს კაცი თრიალეთზედაც და დღეობაშიაც უნახავს. ბოლნისში, თელეთში, სვეტიცხოველობას და ალავერდობასაც შეჰხვედრია. წაქცევას ვერ ინელებს.

მცხეთაში ერთმა დუშელმა უცაბედად წააქცია. გიორგი მას თრიალეთზე დაუხვდა, მეცხვარე თათრები მიუსია და აცემინა.

ბოდბეში ერთი თუში ჩაიგდო. იმ თუშს კუჭატნელისთვის სადღაც ერთი მკვახე სიტყვა ეთქვა. სეფისკვერაძემ თავის მილიციელები მიუსია და საწყალი თუში კინაღამ მოაკვლეინა თავის მხლებელს ლეკს გამზათს, რომელიც მას ეხლაც თან ახლავს. არსენას ნათლიმამამ ფარსადანმა ძლივს გადაარჩინა.

მარტყოფში ერთმა საგურამოელმა კინაღამ აჯობა. კუჭატნელმა მანამდე ვერ მოისვენა, სანამ მეორეჯერ არ დაეტაკა. ხერხით რომ ვერაფერი გაიტანა, მისი მკლავი ისე ვერაგულად მოიგდო და მოსწია, რომ შუაზე გაუტეხა. კუჭატნელს ყველა მოპირდაპირე მოსისხლედ მიაჩნდა, რომელსაც ადრე თუ გვიან ფათერაკს შეამთხვევდა. ამიტომ ერიდებოდა ოძელაშვილი ამ მოჭიდავეს, მაგრამ მაინც ვერ ასცდა. ბედმა ნარგიზების ფორზე შეახვედრა და დაე შესრულდეს ნება მისი!

სანამ არსენა ტანთ იხდიდა, ერეკლემ უთხრა:

- მოვიდა თუ არა ის ოხერი, მაშინვე მარინეს დაადგა თვალი. ამბობენ, ზაალს დიდ ფულს შეაძლევსო.

ჰაი დედასა! ის გოგო არსენას გიორგი კუჭატნელმა უნდა წაართვას? მაშ არსენა ბიჭი აღარ ყოფილა! ღმერთმა დავით-ბატონი, ელიზბარი და ბასილა მოაშოროს მას, თორემ კუჭატნელს თვითონაც მოიშორებს.

- ტატე, შენც აქა ხარ? გამარჯვება, პატარა ბატონო!

- ღმერთმა ხელი მოგიმართოს, არსენ. იცი რას გეტყვი? შენ რომ მოდიოდი, ყველაზე ადრე მე დაგინახე ჭანდრის კენწეროდან.

- მართლა? ბიჭი ხარ, ბიჭი, გენაცვალოს არსენაი!

- იცოდე, თუ წაგაქციეს, ჩვენი მეგობრობაც გათავდება.

- აგრე იყოს, ჩემო ჩიორავ. დღეს შენს ბედზე ვჭიდაობ. დამლოცე, გენაცვალოს არსენაი.

და პაწაწა მეგობარი მხარზე აიტაცა და კარავს მიეფარა, სადაც მას საჭიდაო ჩოხა და მეგობრები უცდიდნენ.

- გენაცვათ, ვითომ რატომ არ არის ეს ბიჭი კეთილშობილი? - იკითხა კნეინა ტასომ.

- არც თვალი აკლია, არც ქცევა და არც სიტყვა-პასუხი. - დაუმატა კნეინა ეფემიამ.

- მაგის ვაჟკაცობა ათას თავადსა და აზნაურსაც შეჰშურდება. - ჩაურთო ზაალის უფროსმა ქალიშვილმა ალექსანდრე ორბელიანის მეუღლემ კატომ.

- დიაღ, აგრეა, მაგრამ თავი ძლივს გაგვიყადრა. ისეთი სალამი მოგვცა, თითქო ერმოლოვი ბრძანდებოდეს. ვერ უყურებთ, ხმალსაც რომ ატარებს?

- ვინ მისცა გლეხს მაგის ნება?

- არა, გენაცვა, - სთქვა ისევ კნეინა ტასომ, - არსენა უზრდელი კაცი არ არის, მაგრამ გლეხს მაგისთანა ზრდილობა მაინც არ შეჰშვენის. თამამია, თავს არ იხრის და ლაპარაკში ბატონს სულ თვალებში შესცქერის. ხმალი კი ბავშვობიდანვე შერჩა. ჩემი დავითის ძუძუმტეა და ერთად იზრდებოდნენ. ზაალმა დავითის თხოვნით მისცა ნება, რომ ხმალი ეტარებინა და მას აქეთ აღარ მოუხსნია.

- ნიძლევი, კნიაზ დავით. - მიაძახა ელიზბარმა პატარა მარაბდელ ბატონს და ხელი გაუშვირა. - შენი კანჭა-მწევარი და ჩემი თაფლა ყარაბაღი.

- მოდის, კნიაზო. - მიიღო ნიძლევი დავითმა.

და ხელი ხელს დაჰკრეს.

ნიძლევში ბასილაც ჩაერია. მას არსენას მკლავ-მკერდმა დიდი შიში მისცა, მაგრამ მაინც კუჭატნელს მიემხრო და ოქროს საათი მოიხსნა. დავითმა ეს ნიძლევიც მიიღო და ზურმუხტის დიდ ბეჭედს ჩამოვიდა.

გზირებმა, მოურავებმა და აზნაურებმა იმდენად გასწიეს ფორი, რომ ცხენი გაჭენდებოდა. სხვებზე მეტად ელიზბარი სცდილობდა, რადგან მის ფალავანს კუჭატნელს გამოსაქცევი მანძილი სჭირდებოდა.

ზურნამ ლეკური დაუკრა. ყველა გაჩუმდა და იმ კუთხეს მიაშტერდა, სადაც არსენა ეგულებოდათ.

უცებ ფორზე არსენას მკერდი - განიერი, თეთრი და ამოზნექილი ბალიში გამოვარდა. გამოვარდა და ძელივით დაერჭო.

გულამოჭრილი საჭიდაო ჩოხა უკან ქამარში ჰქონდა აკრეფილი.

რუმბის რბილი ქალამნები ფეხებზე ეცვა.

მუხლებამდე აკრული შავი ტულაღები ისედაც სქელ წვივებს უფრო მეტად უსქელებდა.

გამოვარდა ოძელაშვილი და ლაღი ჩაჩნური ჩამოუარა, თანაც პირიდან ღიმილს არ იშორებდა და იქით იხედებოდა, საცა კუჭატნელი ეგულებოდა.

მარაბდელმა სამჯერ შემოუარა წრეს და შედგა. დოინჯი შემოიყარა და მაძღარი ორბის თვალები სამი ათას კაცს მოავლო.

ხშირ ხუჭუჭ თმაში მუქი ოქრო ულივლივებდა. სახეზე და მკერდზე ბრწყინვალე მზის შუქი აწვა და იგი ოდნავ წინ-წამოწეულ კვინიხით დაჩრდილულ თვალებს, გრძელი წამწამით მოვლებულს, დიდრონსა და თითქმის შავ თვალებს, უფრო მეტად ამუქებდა, ნელი ცეცხლით აკამკამებდა. და ეს ცეცხლი ისეთი მტკიცე, უდრეკელი და იდუმალი იყო, ვითარცა ორი ამოწვდილი მახვილი.

სუფთა ყბები და განიერი ნიკაპი ისე ჰქონდა გაპარსული, თითქოს წვერი სულაც არ ჰქონოდეს. ხოლო მუქი თაფლისფერი და აბრეშუმის ფუნჯებივით ზეაყრილი ულვაშები იმდენად ხშირი ჰქონდა, რომ ოცდახუთი წლის არსენას ოცდაათი წლის იერს აძლევდა.

სამი ათასი წყვილი თვალი საამური ღიმილით მიებჯინა ოძელაშვილს.

- ხელი გაუხმეს, ვინც ასეთი ვაჟკაცი წააქციოს... რა ბიჭია!.. ენაცვალოს ქვეყნის ქალები! - გაისმა აქა-იქ ნელი ჩურჩული.

მერმე ვიღაცამ დაიძახა:

- ტოლი მიეცით, ტოლი!

და ათასმა კაცმაც ჩაიგუგუნა:

- ტოლი! ტოლი! ჩქარა, თორემ გაცივდა! განელდა!

წესი მოითხოვდა, რომ კუჭატნელიც გამოსულიყო საცეკვაოდ, მაგრამ ელიზბარმა იშარა: რადგან ჩემი მოჭიდავე დაიღალა, არსენა კი მოსვენებით იყო, დაღლილობაში გაუთანასწორდეს და მარტო არსენამ იცეკვოსო. და კუჭატნელის ნაცვლად თვითონ ელიზბარი გამოვარდა.

მაღალაშვილი ხმელი კაცი იყო და ლეკურში ტოლი არა ჰყავდა. ზურნამ ისე მოუხშირა განგებ, რომ კატასაც კი აურევდა ფეხს, მაგრამ არც სადახლოელი ბატონი აირია და არც ჩაუქი არსენა დაუვარდა.

ელიზბარი ქარბუქივით დაჰქრის. მარაბდელი გრიგალივით დასდევს. თავადი სიპ იატაკზეა გაზრდილი და მის ლეკურს, თავადურ გარდაქმნილს, ქალურ-ბალეტური იერი მოსდევს. ის მხოლოდ ფეხს ათამაშებს, ზედა ტანი კი ისე გაფშეკილი დააქვს, რომ თავიდან ბოთლიც კი არ ჩამოუვარდება.

არსენა კი ტყე-მინდორზე და ლურჯას ზურგზეა გაზრდილი, იატაკზე სიარულიც კი არ ეხერხება. მას უფრო ჩაჩნური მოსწონს და ყველაფერს ათამაშებს, - ფეხებს, თეძოებს, მხრებსაც, თავსაც, თვალებსაც და ულვაშებსაც.

ელიზბარი სწორი ნიავივით მოჰქროდა, არსენა კი ქარიშხალივით ჰგლეჯავდა და ყველა გაოცებულ-დამუნჯებული იყო იმის გამო, რომ ამოდენა ბრგე ვაჟკაცი ვეება ტანის ყოველ ასოს ესოდენი სიმარდით ატოკებდა და ზურნის გიჟურ რითმს ერთი ტაქტითაც კი არ ჩამორჩა.

- კმარა, თორემ დაიღლები. - მიაძახეს არსენას მისმა მომხრეებმა და ისიც შედგა.

შედგა და კუჭატნელისკენ გაიხედა.

ზურნამ ეხლა საჭიდაო ააჭყვიტინა. დოლმა სისხლის ამფორიაქებელი ბაგუნი ატეხა. ფორი გაინაბა და საბრძოლველი ნიშატით გაიჟღინთა.

მარაბდელ ბიჭს ერთი წარბი მუდამ აწეული აქვს და ზოგჯერ მძლავრად უტოკავს. ეს კი იმის ნიშანია, რომ ოძელაშვილი თავის მედგარ ბუნებას და შეუპოვრობას ამჟღავნებს. ეს წარბი ეხლაც ისე უხტის, თითქოს ისიც ლეკურს უვლიდეს. არსენა მოზიდული შვილდივით დგას და გასროლის ნიშანს ელოდება. და ეს ნიშანიც მალე გამოჩნდა.

უცებ მეორე მხრიდან ბუმბერაზი კუჭატნელი მოსხლტა და გამეხებული წამოვიდა.

კუპრივით შავი ლეკი გამზათ ედინიც გამოჰყვა და შორიახლო შედგა.

წამოვიდა გავეშებული კუჭატნელი. იმოდენა დევის სიმკვირცხლემ ყველა გააოცა. არსენაზე ოდნავ დაბალია, სამაგივროდ უფრო სრული, ჩატყვიებული და უკისროა. მისი ქორული წამოსვლა, რიხიანი შემოტევა, ფახი და ბუქი მოპირდაპირეს აფრთხობდა, სულიერად ადუნებდა და სჯაბნიდა.

შურდულივით მოდის კუჭატნელი, ოდნავ წელში წაღუნულა, ამღვრეული თვალები გაგიჟებულ ბუღას თვალებს მიუგავს და ზურგის უკან გაშლილ მკლავებს არწივის ფრთებსავით მოაქანებს.

“ვერა, კუჭატნელო, - გაიფიქრა არსენა-ბიჭმა, - ვერ შემაშინებ. ვიცი შენი ხერხი. მაგით ნირს ვერ ამირევ”.

და არსენა ისე დინჯად მიდის მომქროლის დასახვედრად, თითქო იმ მანძილს არხეინად ჰზომავდეს. ღიმილით მიდის, ამაყად მიაქვს ქოჩორა თავი და ორბივით ჩამუქებულ თვალებს ისარივით უყრის კუჭატნელს მღვრიე თვალებში.

“ხუთი ნახტომიღა დარჩა კუჭატნელს. - ითვლის არსენა. - ოთხი... სამი... ორი... ერთიც და - ღმერთო მიშველე!”

მაშინვე მიუბრუნა ზურგი და ცალ მუხლზე წაიჩოქა. იმავე წამს კუჭატნელის ფეხებმა არსენას ზურგზე გადაიელვა, ხოლო მარაბდელი ბიჭი უკვე დოინჯშემოყრილი იდგა და მიწაზე შეფართხალებულ ფალავანს ღიმილით დასცქეროდა.

ყირამალა გადავარდნილი კუჭატნელი ხელადვე წამოვარდა.

ხალხის ჟრიამული და ყიჟინი მახლობელ სოფლებს მიაწყდა.

ნირ-წამხდარი, დაბორიალებული, ბრაზით და შიშით აცახცახებული მოჭიდავე თვალებს წყალწაღებულივით აცეცებდა, უკან-უკან იხევდა და გონებას იკრებდა, მაგრამ არსენამ აღარ დააცალა, ორიოდე ნახტომით წამოიწია, ორივე ხელით მარჯვენა მკლავში მისწვდა, დაითრია, წაუჩოქა, ზურგი აჰკრა, კისრულით წამოიღო, ფეხები მარგილივით ააშვერინა და სამ ნაბიჯზე გუდასავით გადააგდო. თვითონ კი ისევ წამოიჭრა, მოქიშპე თვითონვე წამოაყენა, ტომარასავით დაჰბერტყა, მარჯვენა მკლავით იღლიაში შეუვარდა. მოგვერდი ჰკრა და ყირამალა წამოიღო.

კუჭატნელმა ორივე ფეხი გაასავსავა, ცალ მუხლზე დაეცა, მაგრამ არ წაიქცა.

ყიჟინამ ისევ შეარყია ჰაერი.

“მოდის! დავჯაბნე! მუხლებში ძაბუნი ჩავუღვარე!” - გულში დაიძახა არსენამ და ზეზე წამომდგარს კუჭატნელს მხარზე მარცხენა ხელი დაჰკრა, მარცხენა ფეხი ლაჯებში გაუყარა. უკან გადასწია და გადაზნიქა. შემდეგ წელში გადახრილი მოჭიდავე ისევ თვითონვე გაასწორა და აათამაშა. მერმე თავი კუჭატნელის მხარს მიაბჯინა და ჩასჩურჩულა:

- გიორგი, ჩემს ხელში ხარ. არ შეგარცხვენ, ოღონდ გზიდან ჩამომშორდი.

- რაო?.. რომელ გზიდან?

- შენც გეცოდინება, მაინც გეტყვი: იმ ქალზე ხელი აიღე.

- მიჰქარავ! - მიაძახა კუჭატნელმა და ერთბაშად ორივე მკლავით იღლიებში შეუძვრა.

ამას კი არ მოელოდა ოძელაშვილი. მან მძლავრად დაიბერტყა ტანი და გამოუსხლტა, მაგრამ კუჭატნელი მაშინვე ზურგში მოექცა, ისევ ორივე ხელით ჩაჰბღუჯა, ასწია და ფეხები ჰაერში აათამაშებინა. მერმე დაიქნია, მუხლებში მოსტეხა, დააწვა და ბუმბერაზი ტანით თითქმის სულ დაჰფარა.

ათასმა გულმა მწარედ დაიგმინა:

- ჰარიქა, არსენ, ჰარიქა!

- ვაი სირცხვილო!

- დავიღუპენით! დავიღუპენით!

ხოლო სხვა ათასმა ორბელიანთა საყმომ სიხარულით დაიგუგუნა:

- წააქცია! წააქცია!

გამოცდილი და გაშმაგებული ელიზბარი ხედავდა, რომ არსენა ჯერ წაქცეული არ იყო, ამიტომ ელვასავით იქნევდა შიშველ ხმალს და გასაშველებლად მოწოლილ ხალხს ძლივს იგერიებდა. ზაალის გზირ-მოურავებიც მშიერი მგლებივით მიიწევდნენ მოჭიდავეებისკენ. მელიტონ ბარათაშვილი ანჩხლობდა. მისი სერთუკის კალთები ვეება შავი ფრთებივით დაჰქროდა, ხოლო მჭექარი ხმა ხალხის გრგვინვასაც კი ჰფარავდა:

- გააშველეთ! გააშველეთ!

და მის ყვირილს ათასი ხმა იმეორებდა:

- წესი არ არის! გააშველეთ! გააშველეთ!

- დავიღუპენით! დავიღუპენით! - იმატა მარაბდელთა ზარმა.

ზოგმა მოწინავემ უცებ დავითს მოჰკრა თვალი და იმედი მიეცათ, რადგან ზაალის შვილი ნაცადობით ელიზბარს არ დაუვარდებოდა. პატარა ბატონი და მისი ყმები გააფთრებით იქნევდნენ იარაღს, კომბლებს, მათრახებს და ჰკიოდნენ:

- განი! განი!

მაშ არსენა ჯერ არ წაქცეულა? მაშ რაღაც ამბავი უნდა მოხდეს. იქნება მარაბდელი რაღაც ფანდს ამზადებს? იქნებ ბედი შეატრიალოს და საბარათიანოს აუგი ჩამორეცხოს? ხალხის ტალღამ უმალ უკან დაიწია და ფორის შუაგულს დააშტერდა. სადაც კუჭატნელი არსენას დათვივით ჰბუბნიდა, ანჯღრევდა, ჰგლეჯდა.

უცებ კუჭატნელის კისერს ქვეიდან ორი ხელი ვეება მუხრუჭივით შემოეხვია. ორივე მოჭიდავე ერთი წუთით გაინაბა. მერმე კუჭატნელის ზურგმა და გავამ ისე აიწია, თითქო იმის ქვეშ მიწა ამობურცულიყო და გოლიათი ჰაერში აეტანა. შემდეგ ბუმბერაზის ფეხებიც მოსწყდა მიწას და ჰაერში ათამაშდა. ორად მოხრილი წვივმაგარი არსენა ორთავ ფეხზე წამოდგა, ზურგი აიბერტყა, ცოცხალი ტვირთი გუდასავით აიკიდა და კარვისკენ გააქცია. გაოცებული მაიორი, ელიზბარი, მელიტონი და ყველა მოწესენი უკან დაედევნენ.

- ბატონო, მიბრძანე, თავი საით უყო ამ ავყიას? - შესძახა არსენამ ზაალს, რომელიც კნეინების გვერდით იდგა, თხელ ულვაშებს აწვალებდა და ამაყად იღიმებოდა.

ირგვლივ ჟრიამულმა და ყიჟინამ იხეთქა:

- ქალაქისკენ! - ყვიროდნენ ზოგიერთები.

- იმერეთისკენ! - იძახოდნენ მეორენი.

- მარაბდისკენ! - ბღაოდნენ მესამენი.

ზაალმა ორი თითი კნეინების ფეხებისკენ გაიშვირა. არსენა მობრუნდა. მის ზურგზე კუჭატნელი დაჭერილი ლოქოსავით აფართხალდა. მერმე ფეხებით რკალი მოხაზა ჰაერში, მოჭრილი ნამორივით გაიშოტა, გრუზა თავი კნეინების ფეხებთან დაანარცხა, და თანაც ფრიად უზრდელი ბოყინი ამოუშვა.

- მომირთმევია! - ისე მიაძახა კნეინებს მაშინვე წამომხტარმა არსენამ ოდნავ თავდახრით, თითქო გიდელით ნობათი მიართვაო, და როცა კარვის კარებში მარინეს ლურჯ სანთლებს წააწყდა, აინთო და გულში დაუმატა: “შენთვის მომირთმევია, ჩემო ყველავ, შენთვის”.

ირგვლივ გუგუნი ჰბობოქრობს, ხალხი ზღვის ტალღასავით მოიწევს.

კუჭატნელი ვაივაგლახით წამოდგა. თავჩაღუნული იდგა და არსენას მგელივით უბღვეროდა. მარაბდელმა კი მარინეს ძლივს მოსწყვიტა თვალები და ხელგაშლილი მიადგა კუჭატნელს:

- შევრიგდეთ, გიორგი, ხელი მოიტა. - და გადასახვევად მიიწია.

- აკოცეთ ერთმანეთს, აკოცეთ! - მიაძახეს აქეთ - იქიდან. - წესი არ შეგვილახოთ, წესი!

მაგრამ არსენას გაშვერილი მკლავები ჰაერშივე შერჩა. მისმა მოშუღარმა განზე გაიწია და მარაბდელს თვალებით და პირით შეასხა:

- დამეკარგე, შე ცინგლიანო, შენა!

ერთი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. ყველამ არსენას გადაჰხედა და იგრძნო, რომ მას არა მიეცხორა. ხოლო წუნკლად ნასროლი ისარი ისევ მსროლელს დაუბრუნდა.

ზაალის ფალავანმა ჯერ შუბლი შეიკრა, ტუჩები შეიკეცა. წარბი მძლავრად აახამხამა და ორბის თვალებში იმოდენა რისხვა და ელვა დაიგროვა, რომ ყველას მისი დაქუხებისა შეეშინდა, და ისე მიიწ-მოიწიეს თითქო მხეცებს საბრძოლველი ალაგი დაუთმესო.

პირქუშმა და თვალებ-გადმოკარკლულმა კუჭატნელმა ფეხი მოინაცვლა და დასახვედრად მოემზადა. ლეკმა გამზათმა ხანჯალზე გაიკრა ხელი და მაიორს გადაჰხედა. მაგრამ მარაბდელმა ერთბაშად გამოიდარა: პირსახე გაიშალა, თვალებში ისევ ციაგი ჩაისხა, კეთილად გაიღიმა, მარჯვენა ულვაში აიგრიხა და დინჯად წარმოსთქვა:

- ავსა კაცსა ავი სიტყვა... სადმე წინ დაუხვდება. - და ერთი წამის შემდეგ ნაქანდაკევი თავი აუქნია და რკინის ნაჭერივით მიუგდო. - ვაგლახ შენს ვაჟკაცობას, კუჭატნელო! მერე იყოს, გიორგი, მერე! ან განანებ, ან ვინანებ.

ელიზბარმა არსენას თავის შევერცხლილი დამბაჩა ჩაუდო ხელში და უთხრა:

- მართალია ჩემი ყარაბაღი წამაგებინე, მაგრამ ვაჟკაცს ვაჟკაცური საჩუქარი ერგება. აიღე და მოიხმარე.

მელიტონმა მეორე ხელში ერთი ოქრო ჩასჩარა და -

- ღმერთმა გაგახაროს, - დაუმატა, - როგორც დღეს გაგვახარე. ფეხბედნიერი ყოფილხარ. აიღე, ნუ ინაზები, ამპარტავანი ნუ ხარ. აიღე და ჩემი ტატეს სადღეგრძელო დალიე. ქალაქში რომ ჩამოხვალ, უეჭველად მნახე.

- აგაშენა ღმერთმა, არსენ, ოქროს საათი და ყარაბაღი მომაგებინე. - მიესალმა დავითიც და კისერზე აბრეშუმის ჭრელი ხელსახოცი მოახვია. - ჯერჯერობით ეს იკმარე, დანარჩენი კი მერმე იყოს. დაპირებულ სათხოვარსაც შეგისრულებ, მაგრამ იცოდე...

მიიხედ-მოიხედა და აღარ დაასრულა. არსენა მიუხვდა: მაგრამ მარინეს თავი არა მთხოვოო.

ბედნიერი ბაყაყივით გაბღენძილი ზაალი არსენას აღარც კი ამჩნევდა, ბებერი ვაცივით დააბოტებდა, ორივე ულვაშს იგრეხდა და თითქო მოსალოცავ ძღვენს ელოდებოდა.

კნეინები ჟუჟუნა თვალებით უღიმოდნენ ოძელაშვილს და მილოცვის ნიშნად ლამაზ თავებს უქნევდნენ.

- ბიჭო არსენ ტანთ ჩაიცვი, თორემ გაცივდები. - უთხრა გულკეთილმა ეფემიამ და თავის შვილს მიაძახა: - ტატე, რას შვრები! სად მისცოცავ, შვილო!

ალანძულმა არსენამ წინ დაიხედა და მელიტონის “სადღეგრძელოს” - პატარა ტატეს დასწვდა, რომელიც ფეხზე ეკონწიალებოდა და ისე მიჰფორთხავდა მის ბარძაყზე, თითქო წეღანდელ ჭანდარზე ადიოდა.

- ოჰ, ჩიორავ, შენა ხარ? - და არსენამ პატარა ნიკო მაღლა აიტაცა, მხარზე დაისვა და შეებაასა:

- რა ბედი გქონია, გენაცვალოს არსენაი! წეღან შენს ბედზედ ვიჭიდავე და დღესაც შენს ბედზე ვიქეიფებ. მერე კი... მერე რასაც მოვთხოვ ბატონებს, ისიც შენი ბედისა იყოს.

- ძია არსენ, რა უნდა მოსთხოვო ბატონებს?

- დღესვე გაიგებ, გენაცვალოს ჩემი თავი.

- როსტომივით გარეული ტახი ხომ არ უნდა მოჰკლა? მაშ მეც წამიყვანე.

- არა, გენაცვა, ტახი ეს-არის ეხლა მოვკალი.

- მაშ თუ ამირანივით ყამარის მოსატაცებლად მიდიხარ, მეც შენი ძმა უსუპი ვიქნები. მესამე ძმას ბადრსაც ვიპოვით. ბიძაჩემი ილიკოც გამოდგება. ისე ვჟლიტოთ დევები, რომ მათი სისხლი მარაბდას სწვდებოდეს.

- აგრე, გენაცვა, აგრე იყოს. - მერმე მარინეს გადაჰხედა და ხმამაღლა დაუმატა: - ყამარი მალე უნდა მოვიტაცოთ, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, თორემ სხვები მოგვტაცებენ და ხახამშრალს დაგვტოვებენ.

- არსენ, იცი რა გავიგე?

- რა გაიგე, გენაცვალოს არსენაი?

- ბიძაჩემმა გრიგოლმა სთქვა, ფალაურ ენაზე არსენა მამალს ნიშნავსო. მართლა ნამდვილი მამალი ყოფილხარ. ქალაქში რომ ჩამოხვალ, იქაურ მამლებს უნდა გაჩხუბო.

არსენამ გულიანად გადიხარხარა.

ამ დროს კარავიდან ღიმილი და თვალების პრიალი გამოჰკრთა და მაშინვე მიჰქრა.

- მაშ მივდივართ, ჰაჩუუუ! - წამოიძახა ტატემ და არსენას ბაჯაღლო თმებში თითები ჩაუყარა და ფეხები განიერ მკერდზე აუბაგუნა. მერმე ხმამაღლა წაიტიტინა:

ცოტა კაცია არსენა, ცოტა სმა-ჭამა ეყოფა.

სადილად ბუღა კამეჩი, ვახშმად არც სამი ეყოფა.

ბადრი ქალსა ჰგავს ლამაზსა, საქმარედ გამზადებულსა.

თითი მკერდზე მიიდო და განაგრძო:

უსუპი - ბროლის ციხესა, თავ-ბოლო გამაგრებულსა.

ამირან - შავსა ღრუბელსა, საავდროდ დამზადაბულსა.

- ჩვენ ყამარის მოსაყვანად მივდივართ, ყამარისა! ჰაჩუ, ცხენო, ჰაჩუ-უ-უ!

არსენა გაჭენდა და კარავს შემოურბინა. მარაბდელი მოჭიდავე ამ დროს მართლა მოძრავ კოშკს ჰგავდა, რომელსაც პაწაწა მხედარი უსუპი წამოსჯდომოდა და ცოცხალ კოშკს ხელების ქნევით, ფეხების ბაგუნით და მხიარული სიცილით მიერეკებოდა.

შუადღე მოვიდა. ყველანი თავიანთ დროშა-ალმებს შემოეხვივნენ და დაიძრნენ. კუმისელები, თელეთელები და ტაბახმელელნი ქალაქისკენ წამოვიდნენ, ხეობელებმა კი ზევით გასწიეს და ისე მიდიოდნენ, თითქოს ნალაშქრევი ყოფილიყვნენ: მწკრივად დალაგდნენ, ბაირაღებს გაჰყვნენ და რიხიანად გაჰკიოდნენ მგზავრულს.

მარაბდელები, ქოტისელები, ფარცხელები და ახლო-მახლოელნი ზაალის კარავს შემოეხვივნენ და “მოწინავე დროშის” წინ-გაძღოლას უცდიდნენ. თავადები, აზნაურები, ჩაფრები და კუჭატნელის მილიციელები უკვე ცხენებზე ისხდნენ და უხუცეს ზაალს ელოდებოდნენ, რომელსაც ის-იყო რახსი ტაიჭი მიართვეს. დამარცხებული ორბელიანებიც და მათი აზნაურებიც დღეს ზაალის სტუმრები იყვნენ და მარაბდაში აპირებდნენ წასვლას.

უცებ ბასილა მაიორმა თავის დონური თაფლა კარვის წინ შეაყენა და დროშას შეჰხედა. იგი უკვე ჩამოეხსნა ცალთვალა მედროშეს, არსენას მამას ღვთისავარს, და ზაალის ნიშანსღა ელოდებოდა.

- ეს რა ამბავია? - გაოცებით იკითხა მაიორმა.

- ეგ ჩვენი დროშა გახლავთ. - აუხსნა დავით ბარათაშვილმა. - ჩვენი მოწინავე დროშა არის.

- რაო? - შესძახა მაიორმა. - რაო? მე უბრალო ბაირაღი მეგონა, ნამდვილად კი მართლა დროშა ყოფილა.

- დიაღ, აგრეა. საქართველო ხუთ სადროშოდ იყო დაყოფილი და საბარათიანო, ანუ ქართლი, მოწინავე სადროშოდ ითვლებოდა.

არლოვმა მიიხედ-მოიხედა და ფიცხელი ბრძანება გასცა:

- ახლავე ჩამოხსენით და აქ მომეცით.

ფორზე ავი სიჩუმე ჩამოწვა. არავინ არ დაიძრა. ზოგი გაფითრდა და ზოგიც იმ ალამივით გაწითლდა.

მაიორმა ცხენი დასძრა და დროშას ხელი მიატანა. ცალთვალა ღვთისავარმა დროშა უკან გადასწია, მეორე ხელი კი ბასილას ცხენს ჩასჭიდა აღვირში და ბატონებს გადაჰხედა. მედროშეს კორძიანი ხელი და ჭაღარით მოსილი ულვაშები ოდნავ უთრთოდა. გრიგოლ ორბელიანს ზაფრანას ფერი ედო. დავით ბარათაშვილს თავი ჩაექინდრა, მარშალი ალექსანდრე გაშეშებული იდგა. კნეინები განაბულიყვნენ, დროშის მოლარეს ზაალს კი პირი დაეღო და ხმა დაეკარგა.

არსენა მაიორს საწადელს მიუხვდა. პირისახეზე მწვავე ალმურმა აჰკრა და თავში აუვარდა.

ეს რა მიჰქარა ბასილა მაიორმა? ჰსურს დროშა ჩამოართვას? ვის, ბარათაშვილებს და ორბელიანებს? კეთილი, მაგრამ ეს ალამი მარტო მათი ხომ არ არის! არა, მარტო მათი აღარ არის.

არსენას პაპამ მახარა ოძელაშვილმა, ეხლაც რომ ცოცხალია და ამას წინათ ას-პირველში რომ გადადგა, ეს ალამი დიდ ზაალთან ერთად ორმოცდაათ წელიწადს ატარა. ასიოდეჯერ ამოავლო ბრძოლის ცეცხლში, ოციოდე ჭრილობა მიიღო და შემწვარ-შეფლეთილი ალამი თავის პირმშო ღვთისავარს გადასცა, აგერ იმას, არსენას მამას, რომელმაც მაიორის აღვირს გაუშვა ხელი და ადლიან ხანჯალზე დაიდო. დაიდო და საღი თვალი ბასილას ჩაურჭო თვალებში, ხოლო მოთხრილით ისევ ბატონებს ეკითხებოდა: მიბრძანეთ, როგორ მოვიქცეო.

ბატონები კი გაჩუმებულან, დარცხვენილან, დადუმებულან.

“რა ღმერთი გაუწყრათ ამ წყეულებს! - გაიფიქრა არსენამ.

- რამ დააჭიავა, რამ მოადუნა, ვინ გამოჰფიტა და ვინ დააძაბუნა?! თუ დაბერდნენ და გადაშენდნენ, დროა განზე გადგნენ და გზა დაგვითმონ”.

აგრეა, განზე უნდა გადგნენ და გზა ოძელაშვილებს დაუთმონ, - გზა მეტად გრძელი, მათ მიერ ხანგრძლივ ნაცადი და უკვე ბოლომდე დალეული.

არსენამ უცებ დეზი ჰკრა ლურჯას, დროშაზე მიაგდო, თავის მამას ალამი ასტაცა და ბასილას თვალი თვალში გაუყარა. მერმე თავის ძუძუმტეს დავით ბარათაშვილს მიუბრუნდა და -

- ბატონო, - ჰკითხა, - გამაგებინე, ამ კაცს რა უნდა?

- ეგ დროშა უნდა. - დარცხვენით მიუგო დავითმა.

- მაშ წაიღოს. - დაბალი ხმით ჩაიხრიალა არსენამ და არლოვს ალამისკენ აუქნია თავი: მობრძანდი და წაიღეო.

“მაშ წაიღოს!” - ეს სიტყვები და კილო ბასილას მუცლამდე ჩასწვდა. ჯერ გაფითრდა, მერმე გაწითლდა, შუბლზე კუშტი აისახა, მრუდედ გაიღიმა, კუჭატნელსა და მილიციელებს გადაჰხედა და ის იყო უნდა დაეძახნა, “დააპატიმრეთ”, მაგრამ უმალვე გაახსენდა, რომ არსენას რამდენიმე ათასი მაღმერთებელი გლეხი ეხვია გარშემო. გაახსენდა, ბოღმით გაივსო, არსენას ქადილით ჩაუქნია თავი და ცხენი გაატრიალა. “მერმე იყოს. - გაიფიქრა არლოვმა. - ვერსად ვერ დამიმალავენ. საჭირო არ არის ამოდენა ხალხში შფოთი ავტეხო”.

- აგრე, - ჩაიჩურჩულა არსენამ.

- ამ ბიჭმა კიდევ ერთ სირცხვილს გადაგვარჩინა. - ჩაულაპარაკა ზაალმა მელიტონს, ხოლო გრიგოლმა თავისიანებს ჩაუღიმა და დაბალი ხმით გადმოაგდო:

- შაბაშ არსენ!

ჩუმმა ბრძოლამ მიყუჩებულ გლეხობასაც ჩაურბინა. ერთ წუთს ამ უსისხლო ომს ათასი თვალი უმზერდა და დასასრულის მოლოდინით ათასი გული ჰფეთქავდა. და როცა იგი გათავდა, თავაწეულ გლეხთა რიგებში დაბალმა ჟღარუნმა ჩაირბინა:

- აგრე!

- გენაცვალე მარჯვენაში!

- ბიჭია მეთქი, ბიჭი!

- გაგვიძეხი და გვატარე!

თავად-აზნაურები ზაალს გაჰყვნენ. კნეინების ეტლი დაწინაურდა. არსენამ ისევ ღვთისავარს გადასცა დროშა და უხმო ლაშქარს უხმო ნიშანი მისცა: მკლავი ალმის ირგვლივ შემოხაზა ჰაერში, აქ მოგროვდითო, და ერთი წუთის შემდეგ საუკუნოებით შეჩვეულს მოწინავე დროშას ზღვა ხალხი შემოეხვია.

არსენამ ლურჯა მოატრიალა და სალაშქრო შემოსძახა:

- ისევაც დაიზრდებიააან...

ოძელაშვილის ლურჯა ნაბიჯით მიდიოდა. უკანიდან ათასთავიანი დევი და მიწის გულიდან ამონახეთქი ხრინწიანი და მრისხანე სალაშქრო გუგუნი მოსდევდა:

ისევაც დაიზრდებიან

ალგეთს ლეკვები მგლისანი.

ისე არ ამოწყდებიან,

ჯავრი შესჭამონ მტრისანი.

მარაბდელები გზაში ხუთ რუსულ ფურგონს წააწყდნენ. ბასილა მაიორი მოწინავეს გამოელაპარაკა. ფურგონებში ალიაქოთი ასტყდა. მუჟიკები, დედაკაცები და ბავშვები თეთრი ჩარდახებიდან ჩამოცვივდნენ და ბასილას შემოეხვივნენ. მერმე ჩიფჩიფი და ბუტბუტი ასტეხეს, თან ნიადაგ ერთ სიტყვას გაიძახოდნენ:

- ბარინ! ბარინ!

და ფართედ იწერდნენ პირჯვარს, მაიორს მუხლის-მოყრით სცემდნენ თაყვანს და ხელფეხს უკოცნიდნენ.

მაიორი ზაალს მიუბრუნდა და რუსულად დაელაპარაკა, თანაც იმ რუსებზე უთითებდა. მერმე ზაალზე უჩვენა და რუსებს რაღაცა უთხრა. რუსებმა ისევ იხუვლეს, ეხლა ზაალს შემოეხვივნენ და ისევ პირჯვრის-წერა, მუხლმოდრეკა და კალთების და ხელ-კოცნა ასტეხეს.

- ბატონო, ეს რა ამბავია, შენი ჭირი მე? - ჰკითხა არსენამ ძუძუმტე დავითს.

- ჰმ, - ჩაიცინა დავითმა. - შარშან მამა-ჩემმა ბასილას მწევარი აჩუქა, ეხლა კი ბასილამ სამაგიეროდ ერთი კომლი ყმა უფეშქაშა.

- დანარჩენი? - ჰკითხა არსენამ.

- დანარჩენი? - და დავითმა ეშმაკურად ჩაიღიმა. - დანარჩენით ბასილა ლამაზი ქალების ყიდვას აპირებს. თურმე ეს საცოდავები ოთხი თვეა გზაში არიან.

- ურჯულო საქმეა, შენი კვნესა-მე, მაგრამ ეს საცოდავები საქრისტიანოში მაინც ჩამოვიდნენ. რუსები აქაც არიან და ჩვენც ხომ ხალხნი ვართ. ზოგი ჩვენებური კი ქრისტიან ყმას სათათრეთში ჰყიდის ხოლმე.

- გრძელი ენა გაქვს, არსენ, გირჩევ დაიმოკლო. - შეუბღვირა დავითმა და ცხენი განზე გააყენა.

- შენ ჰეი, მოურავო, - დაიძახა ზაალმა, - ეს რუსები დღეიდან ჩემი ყმები არიან. სოფელში დააბინავე და ხვალ მომაგონე. იქნება მანგლისში ავრეკოთ.

“ოთხი თვეა გზაში არიანო. - ჰფიქრობდა არსენა. - დღეში ხუთ ფარსაგს მაინც გაივლიდნენ. აქედან კავკავამდე ექვს დღეს მოუნდებოდნენ. მაშ რამოდენა ქვეყანა ყოფილა რუსეთი!” და ის მანძილი რომ ვერ გაზომა, ლურჯა დასძრა და რუსეთის მანძილი თავიდან ამოიგდო.

კნეინების ეტლი მტვერში გახვეულიყო. გლეხები და რუსები ჩამორჩნენ. ახალგაზრდები აფიცხებულ ცხენებს თავს ძლივს უმაგრებდნენ.

არსენა უკან მისდევს ბატონებს. თითქმის ყველანი სხვადასხვა ჯიშის ცხენებზე სხედან.

ბასილა-მაიორის დონური თაფლა დინჯად ცეკვავს.

ელიზბარის წაგებული ყარაბაღული ფაშატი ლაგამს ჰგლეჯავს.

დავითის შავი ქურთი ლაღად ნავარდობს და პრანჭია ქალივით იგრიხება.

არსენას ფორაჯიანი ულაყი, ქართული ლურჯა, რიხიანად ჭიხვინებს და მეზობელ ცხენებს დაბალ სალამს აძლევს, თითქო დოღში იწვევსო. თან ტოტებით მიწას ბდღვნის და თანაც ელიზბარის ფაშატს ეტანება. მას ხმელი თავი აქვს, ქვემო ყბა მოკლე, კანჭები თხელი და მაღალი, ხოლო ბეჭის ძვლები სქელი და ძალოვანი. წვრილი კისერი მამალსავით მაღლა უჭირავს, დიდრონ თვალებში ალი უპრიალებს და ისე გამოიყურება, თითქო ეს-არის ასი ულაყისთვის გაესწროს და ფაშატი დაეპყროს.

უცებ ელიზბარმა ყაბარდოს ქუსლი ჰკრა და ჩორთით გააქანა. მერმე ყირამალა ჩამოეკიდა, მიწიდან კენჭი აიღო, მოტრიალდა, დავითს ესროლა და მიაძახა:

- დავით, მომყე!

დავითიც მიტრიალდა და -

- არსენ, არ დაგვივარდე!

და სამივემ ჯირითით გასწია. სამივენი რიგ-რიგად ხტებოდნენ გაქანებულ ცხენებიდან და ისევ უნაგირზე ავარდებოდნენ, ხან ყირამალა დგებოდნენ უნაგირზე, ხან ფეხზე ისვეტებოდნენ და ხანაც ბორბალივით ტრიალებდნენ.

არსენამაც იცის თავადური ჯირითი. ბავშვობიდანვე შეეჩვია და ცხენზე ჯდომა უფრო ეხერხება, ვიდრე ლოგინში წოლა.

ბასილა ძლივს იმაგრებს დონურს. ჯირითისა არაფერი არ იცის, ამიტომ სხვებს ბოლოში მისდევს და თანაც ბატონების თავგაყადრება და მათი ყმის თავგასულობა უკვირს. სანამ ისინი გაქანებულ ჩორთით მიდიან, ოთხივე ორბელიანიც რიგში მისდევს. შორიახლოს გიორგი კუჭატნელის რაზმი მორბის.

უცებ ელიზბარის ცხენი მოსხლტა და ისარივით წავიდა. დავითმა დაჰკივლა და შავი კვიცი მტვერში გაახვია. ბასილამ დეზი ჰკრა თაფლას და ნალებს ნაპერწკალი გააყრევინა.

ორბელიანები დოღში არ გაერივნენ, რადგან მეფის ჩამონავლები იყვნენ და არც არსენას და არც მაიორს თავი არ გაუყადრეს. მათ თავიანთ ცხენებს სადავე მოსწიეს და ნაბიჯით წამოვიდნენ.

წინ ეტლი მოსჩანს.

“დიდი ბატონი გამიჯავრდება” - ჰფიქრობს არსენა და ცხენს თავს უჭერს.

ლურჯამ ორჯერ-სამჯერ დაიბერტყა თავი. მერმე მძლავრი მკერდი აიწია, წინა ტოტები ჰაერში გაასავსავა და კამარა შეჰკრა. მხედარმა მძლავრად დასჭიმა მძიმე ლაგამი. ცხენი მიწაში ჩაერჭო, თავი მუხლებში ჩაიგდო და გაინაბა.

- არსენ, მოუშვი! - მიაძახა დავითმა.

ლურჯამ თითქო გაიგო. უცებ თავი აიქნია, ატორტმანდა და გადახტა. მიშვებული ლაგამი რომ იგრძნო, შურდულივით გავარდა, მწევარივით გაიწაფა და კორიანტელის ვეება კუდი გაიყოლია.

გრიგოლ ორბელიანის ორი მწევარი, - მაღალი, კნაჭა და გრძელფეხა მწევარი, - ორი თეთრი ლარივით გაიწაფა და დაწინაურდა.

მიჰქრის ოთხი ცხენოსანი. სამი ქართველი მოკუზულა და ცხენის ზურგს დაჰკვრია. ბასილა კუნძივით ასვეტილა. მისი თაფლა ელიზბარის ყარაბაღს გაუსწორდა.

არსენას ლურჯა ჯერ ასიოდე ალაბით ჩამორჩა. მერმე მანძილი მოსწია და მალე დალია.

ოთხმა ცხენმა კნეინების ეტლს ქვიშა, მიწა და ნიავი მიაყარა.

კნეინები იღიმებიან, ხოლო დაწინაურებული მელიტონი ჰკივის:

- ნელა, თქვე გიჟებო, ნელა!

მარინეს თვალებმა ელვასავით გაირბინა.

არსენა ლურჯას ისევ თავს უმაგრებს. ძუძუმტე-ბატონის წყენა არ უნდა, მაგრამ სხვებს არ დაუთმობს. დონურმა თაფლამ იმძლავრა და წინ გავარდა.

- ვერ მოგართვი, ბასილავ! - ბუტბუტებს არსენა და ჭყივის: - ჰეი, ლურჯავ, მიდი! გასწი!

ლურჯა ოციოდე ნახტომით ამოუყენა ბასილას და მიაძახა:

- მალადეც, ბასილავ, მალადეცა! მოდი, მომყე!

და ორ წამში თაფლა-დონური ოციოდე ალაბით ჩამოიგდო. შემდეგ მოიხედა და გაჭინთულ მაიორს მიაძახა:

- აკი გითხარი, არსენა ბიჭია მეთქი, ბიჭი! მალადეც არსენ, მალადეცა!

გზაზე ურმები მიჰგორავს. ხარებს ახალგაზრდა მორჩილი მიუძღვის, გვერდით კი აყლაყუდა შავი ბერი მიალაჯებს.

- განი! - მიაძახა არსენამ და სადავე მარცხნივ მოსწია.

ბერმა მოიხედა, მოსხლტა და გზიდან გადავარდა. არსენამ ის ბერი იცნო, მაგრამ მისთვის აღარ ეცალა.

უცებ ბუჩქის ძირიდან ორი მელია გამოხტა. არსენას გზა გადაუჭრეს და მხარმარცხნივ დაეშვნენ.

ოთხივე მხედარმა დაჰკივლა და ცხენები მარცხნივ შეაბრუნა. მწევრებიც მოსხლტნენ და გაიწაფნენ. ორი მელია ორი ისარივით მიჰქრის. ცხენები კვალდაკვალ მისდევენ. მერმე კი თანდათან უკან რჩებიან. ჯერ ერთმა დამბაჩამ დაიჭექა, მერმე მეორემ და შემდეგ მესამემაც დაიქუხა.

არსენამაც იძრო, ერთს განაპირებულს დაუმიზნა და ესროლა.

მელია ყირამალა გადატრიალდა და აფართხალდა.

- ბიჭი ვარ მეთქი, ბიჭი! - ჩაიცინა ოძელაშვილმა და აღვარებული ცხენი მეორეზე მიუშვა.

პირველს მწევრები მიესივნენ და ჩაბღუჯეს. მეორე მელიამ განიერი ნაარხევი გასროლილი რკალივით გადასერა და ცხენებიც თქარა-თქურით გადაჰყვნენ.

დაფეთებულ მელიას ფეხი აერია, რადგან ღობესა და ჯაგებს წააწყდა, მერმე ის ღობე გადასჭრა და იმავე წამს იმ ღობეზე ოთხი ცხენის ნალებმაც გაიელვა. მელია თხელ ბუჩქნარში შეერია. ცხენებმაც ლაწა-ლუწი ასტეხეს და ჯაგნარში გზააბნეულ ნადირს გზა უყელეს.

- ჰარიქა, არსენ, თორემ ტყეში შეგვასწრო! - ესმის დაწინაურებულ არსენას უკანიდან დავითის ხმა და თაფლას ქშენა.

- მიდი, ლურჯავ! მიჰყე, გენაცვალე! ჰერი, ჰაიდა!

ქართული ცხენი ლარივით იჭიმება და გაწაფებულის კისრით და ორთქლში გახვეულის ცხვირით ხარბად სვამს მანძილს. რკინით დაჭედილ ტოტებს ჩაქუჩებივით ურტყამს ხრიოკ ნიადაგს და ქვას კაკალსავით აქეთ-იქით ისვრის. გაბერილ ნესტოებიდან ოხშივარს ჰყრის, ხორხი მტვრად ადის ჰაერში. მელიამ ხელახლა შეიცვალა გეზი. არსენამ ისევ გზა მოუჭრა. მანძილი თანდათან ილევა. აჰა, ხუთიოდე ადლიღა დარჩა. ეხლა კი ოთხზე მეტი აღარ იქნება. ლურჯას გავასთან უკვე ბასილას ცხენის თავიც მოსჩანს.

- მიდი, ლურჯავ! მიდი, გენაცვალოს არსენა, თორემ ბასილა დაგვეწია!

აჰა, ერთი ადლიც მოსჭრა. კუდგაფშეკილი მელია მავთულივით იჭიმება.

- ჰარიქა, არსენ, ჭალაში არ შეგასწროს! - ისმის დავითის კივილი.

- მიდი, გენაცვალე, მიდი! - ჩასჩურჩულებს ლურჯას არსენა და თანაც თვალი ბასილას თაფლასკენ უჭირავს, რომელიც მეორე მხრიდან წამოეწია მელიას.

აჰა, წვრილმან ტყეს მიადგნენ. ერთი ადლიც დაილია და ლურჯამ ლამის წინა ფეხი მელიის კუდს გაჰკრას. უცბად თაფლა ლურჯას გაუსწორდა და მელია ორი ცხენის შუა მოექცა.

არსენამ უნაგირის კეხს მარჯვენა ხელი ჩასჭიდა, მთელის ტანით ცხენის წინა ფეხებისკენ ჩაექანა და გაწაფულ მელიას მარცხენა ხელით დასწვდა. და იმავე წუთს მელიის წრიპინი და ბასილას ბოყინიც მოისმა.

შეუჩვეველი თაფლა არსენას დახრაზე დაფრთხა და განზე გახტა. ბასილამ თავი ვეღარ შეიმაგრა და არსენას თვალწინ გაიშოტა.

- ბიჭი ვარ მეთქი, ბიჭი! - ჩაიცინა არსენამ და ლურჯა მიაბრუნა. ცხენიდან ჩამოხტა, წრიპინა მელიას კისერი მოუგრიხა და ბასილას დასძახა:

- ჰა, რუსო ვერა დგები?... რა დაგემართა, შე კაი კაცო? მაჩვენე, სადა გტკივა. - იღლიებში შეუჯდა, ძლივს წამოაყენა და: - შენი რომ არაფერი არ მესმის? რა სთქვი, ბოლნა? სად ბოლნა? ხელი გეტკინა? ფეხიც დაიშავე? აქაც გტკივა? ვაიმე. იქნება ფეხიც მოიტეხე და ხელიცა, შე უბედურო შენა?

დავითი და ელიზბარი თქარა-თქურით მოცვივდნენ.

ბასილა ჰკვნესის და იღმიჭება.

დავითმა გამოჰკითხა და არსენას უბრძანა:

- ჩქარა მუხათში აირბინე, ეს ცხენიც წაიყვანე, ზედ დოსტაქარი ზაქრო ბაჯიაშვილი შესვი და მარაბდაში ჩამოიყვანე. ჩვენებსაც შეატყობინე. უთხარი, საჩქაროთ ტარანტასი ან ურემი გამოგზავნეთთქო.

- აგრე, ბატონო. მალე დავბრუნდები.

ლურჯას მოაჯდა, თაფლაც სადავით დაიჭირა და მუხათისკენ მოჰქუსლა.

თავი მეორე

მარაბდელის სადარდელი

ლამაზი ქალის პატრონს

უნდა ჰქონდეს თვალი მჭრელი.

ხ ა ლ ხ უ რ ი

დათუნა ბარნაველი დინჯი ჭაბუკია. გუშინ ყეენობას არ აჰყვა. ჭიდაობა ძალიან უყვარს, მაგრამ არც ნარგიზებში წავიდა. ამას წინათ შალვა ბარათაშვილს ვეფხის ტყაოსანი სთხოვა გადასაწერად. დღეღამეს ასწორებს და სქელ-მოლურჯო რუსულ ქაღალდს ბატის ფრთით ავსებს ზედიზედ.

დათუნა მწიგნობარია, რიტორი, კალიგრაფი, ღვთისმეტყველი, მისი წინაპრები ბარათაანთ კარის-მოძღვრებად ითვლებოდნენ. დათუნას პაპა აბრამი დღესაც ზაალის კარზეა მიბმული, ხოლო მამა სეხნია-მღვდელი ათი წელიწადია ალექსანდრე ბატონიშვილთან არის გადახვეწილი, როცა მამა გაექცა, თოთხმეტი წლის დათუნა თელავის სემინარიაში სწავლობდა და დავით რექტორის საყვარელ მოწაფედ ითვლებოდა.

მეფის რუს მოხელეებს ცხენი რომ გაექცათ, უნაგირს მისწვდნენ: გაქცეული სეხნიას მამა სამოცდაათი წლის აბრამი საპატიმროში დაამწყვდიეს, ლტოლვილის ცოლი და ქვრივი ქალიშვილი მაგდანაც დააპატიმრეს, ოჯახი მიუნგრიეს, საქონელი გაიტაცეს და თელავიდან დაბრუნებულ დათუნას ცალიერი კედლებიღა დაუხვედრეს.

ზაალ ბარათაშვილი ხშირად იკვეხიდა:

- ვეჟო, დიდი ზაალის სულსა ვფიცავ, შინ რომ ვყოფილიყავი, მაგას არ მაკადრებდნენ. მაგრამ...

მაგრამ იმ ზამთარსაც ტფილისში ქეიფობდა და ამიტომ აკადრეს.

ერთი წლის შემდეგ ზაალს აბრამი და მაგდანა აპატიეს და გამოუშვეს.

აკლებული აბრამი ოჯახის აღდგენას შეუდგა. რძალი საპატიმროში მოუკვდა. დაობლებული დათუნა იოანე ნათლის-მცემლის უდაბნოში მიაბარა და თვითონ კი მაგდანას ანაბარა დარჩა.

ხანი გავიდა. დათუნა ვინმე ფილადელფოს ბერის ხელში დამწიფდა და ჩოხის კურთხევას აპირებდა. მაგრამ მისი ახალგაზრდა მოძღვარი ფილადელფოსი ნიჟნი ნოვგოროდში გადასახლებულმა ანტონ კათალიკოსმა გაიწვია და დათუნამაც ნირი შეიცვალა: მორჩილის სამოსელი გაიხადა, მარაბდაში დაბრუნდა, გამარტოვდა და მუდამ რაღაცას თუ ვიღაცას ელოდებოდა.

- შვილო, - ეუბნება ჩიფჩიფით მეასეჯერ პაპა აბრამი, რომელიც ოთახში დაბორიალებს ლანდივით, - შვილო, ან ცოლი შეირთე, ან სხვა რაიმე ხელობას შეუდექი და შენი ბედნიერება მაჩვენე, თორემ მე ცალი ფეხი სამარეში მიდგას და შენ კი მგონი უდედაკაცოდ აპირებ დაბერდე.

დათუნამ პაპას ხმა არ გასცა. შავ ულვაშებში ჩაიღიმა და ღია კარისკენ გაიხედა (ძველი კაცია აბრამი. ოცდა ოთხი წლის უცოლო ჭაბუკი მობერებულად ეჩვენება). გაიხედა და თავის დის მაგდანას ღიმილს წააწყდა.

ქვრივს მატყლის საჩეჩელზე ფთილა შერჩენოდა და ძმას გამოსცქეროდა. ერთმანეთს უმალვე მიუხვდნენ სათქმელს, ურთიერთს თვალებით რაღაც აგრძნობინეს და ისევ თავიანთ საქმეს დაუბრუნდნენ. აბრამ მღვდელი კი ისევ ქოშებს დააბაკუნებდა, გიშრის კრიალოსანს აწკარუნებდა და კვლავ საიმქვეყნო მგზავრობაზე ბუზღუნებდა.

მაგდანა თავის ძმაზე რვა წლით იყო უფროსი, მაგრამ ხნოვანება სულაც არ ეტყობოდა. ჩვიდმეტი წლის წინათ მაგდანა სუმბათაანთ დიაკვანმა ხოსიტა გურგენიძემ ითხოვა და ქვიშხეთში წაიყვანა. ერთი წლის შემდეგ ვაჟი ზურა ეყოლათ - სწორედ ის ჭაბუკი, რომელმაც დღეს ნარგიზებში ერეკლესთან ერთად ოდნავ შეანელა მარაბდელთა შერცხვენა.

ტაშისკარი იმ ხანებში ხაფანგებით იყო სავსე. ერთ დღეს ხოსიტა ახალდაბისკენ წავიდა და გაჰქრა. მაგდანამ დიდხანს აძებნინა ქმარი, მაგრამ კვალსაც ვერ მიაგნო. ეჭვი ჰქონდა და მალე გაუმართლდა: ჭალელ აბაშიძეებს შეეკრათ, ქვიშხეთის გზით ლომთა-პირის ქედზე აეყვანათ და გოგიას ციხეში სხვა ტყვეებთან ერთად ოსმალებისთვის მიეყიდნათ.

ხოსიტას ადრევაც ეშინოდა ბორჯომის თავზე წამოყუდებულის ძველი ციხისა, რომელიც მრავალ ათასისთვის გადაქცეულიყო საბედისწერო დუქნად, და მუდამ ერიდებოდა “აბაშიძეების გზას”, მაგრამ მონობის უღელს მაინც ვერ ასცდა და მუსლიმანურ ზღვაში დაიკარგა.

მაგდანამ დიდხანს უცადა ქმარს, კარგა ხანს იგლოვა და, ხმა რომ ვეღარ მიაწვდინა და ვერც მისგან მიიღო პასუხი, ზურა წამოიყვანა და მარაბდას დაუბრუნდა. ახალგაზრდას, ლამაზსა და პატიოსან ქვრივს მრავალი მთხოვნელი გაუჩნდა, მაგრამ ფიცი ჰქონდა დადებული და არ გასტეხა. ახლა შვილი თითქმის დაუმწიფდა, ოჯახი ხელახლა წამოაყენა და ამჟამად პაპა აბრამივით ნატრულობდა, რათა ღირსეული რძალი ეშოვნა და ძმის ბედნიერებას მოსწრებოდა.

ღია კარებში გაზაფხულის სითბო ღვარივით შემოდიოდა. დირეზე და აგურის იატაკზე მზის ფართე სვეტი იწვა და საჩეჩელთან სამფეხაზე მჯდომი მაგდანაც კაშკაშა სხივებში იყო გახვეული.

- მოიფიქრე, შვილო, ერთხელ კიდევ მოიფიქრე. - სთქვა პაპა აბრამმა და ჯოხის ბაკუნით და თავის კანკურით გაჩანჩალდა.

მაგდანამ გარეთ გაიხედა და ეზოს გადაღმა სწრაფად მიმავალი მაღალი ქალი დაინახა. იცნო, ჩაფიქრდა და მატყლი ხელში გაეყინა. მაგდანა ძმას შემოსცქეროდა. მზის სინათლეზე კბილები თეთრად უკრიალებდა. დიდრონი თვალები ალერსით უკამკამებდა. ორი სქელი კულული ღვედებივით ჩამოჰშლოდა. ქვრივი ისეთი ღიმილით უმზერდა ძმას, თითქოს მის ზედმეტ სახელს ნამდვილს ადარებდაო. რა ზედ გამოჭრილია დათუნაზე არსენას მიერ დარქმეული “ჩემთვის სულ ერთია”. ამისათვის მართლა სულ ერთია: ჭიდაობაც და ყეენობაც, მოსავალიც და ავდარიც, ფლავიც და ზედადგარიც. მხოლოდ ერთი სულიერი არ უნდა ყოფილიყო მისთვის სულ ერთი.

ქვრივი ისევ საჩეჩელზე დაიხარა და ჩუმის ხმით გადმოაგდო:

- გეთაყვა, დათუნი, ოძელაანთან ვერ გადახვალ?

- რისთვის? - ისევე ჩუმად ჰკითხა ძმამ.

- გუშინ არსენამ გიკითხა.

- არსენა გუშინწინ იაღლუჯაზე წავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა.

- ჰო, მართლა, - უფრო დაუმდაბლა მაგდანამ ხმასაც, თავსაც და დუმილის შემდეგ დაუმატა: - მაინც გადაირბინე და მელანოს ოთხიოდე კვერცხი ესესხე.

დათუნას ჯერ გაუკვირდა: მაგდანას ორასი კვერცხი მაინც ექნებოდა შენახული და დღე-დღეზე ურია-მექათმეს ელოდებოდა. გარდა ამისა ოძელაშვილის სახლი მოშორებით იდგა და არასოდეს მასთან სასესხებლად არ გადასულან. უკანასკნელ დროს დათუნა და არსენა ძალიან დამეგობრდნენ, მაგრამ... კვერცხის სესხება? უცნაურია, გაუგებარია!

შემდეგ თითქოს გაუგო და კინაღამ გადაჰკოცნა. რიტორს მაგდანა გაგიჟებით უყვარდა, რადგან ის დედობასაც უწევდა მას, დობასაც, გადიობასაც და საუკეთესო მეგობრობასაც, მაგრამ მაინც თავი შეიმაგრა და გული ახალი სითბოთი და სიყვარულით აევსო იმის გამო, რომ მაგდანამ ერთი სიტყვითაც არ ახსენა ნამდვილი მიზეზი, არც “იმ ქალის” სახელი წარმოსთქვა, არც აგრძნობინა და ასეთი გულუბრყვილო საბაბი მოუგონა.

მაგრამ ნეტა საიდან იცის მაგდანამ, რომ “ის ქალი” ეხლა შინ იქნება? ვითომ გამოუშვებდა კნეინა ხორეშანი? “პირფარეში და ყმა-მოსამსახურე ზაალის ეზოდან ასე ადვილად ვერ გამოვა, ამიტომ - გაიფიქრა დათუნამ და შეყოყმანდა. - ალბათ იცის, დაინახავდა.” - გადასწყვიტა ბოლოს და არსენას ნაჩუქარი კრაველი დაიხურა.

მაგდანა კი იღიმებოდა იმის გამო, რომ მისმა ეშმაკობამ გასჭრა და თვალი საყვარელ ძმას გააყოლა, რომელიც ოძელაანთ სახლისკენ ნაადრევი სიდინჯით მიაბიჯებდა.

არსენას ეზოში დათუნას ყურშა მოეგება: მხიარული ყეფით გამოექანა, ზედ შეებობღა, ხელები მოულოკა და ხტუნვა-წმუტუნით გაუძღვა შინისკენ. დათუნა მიდიოდა და ვინმე სულიერს ეძებდა, მაგრამ არსად არავინ არ მოსჩანდა. საბძლისა და გომურის შუა, ბოსტნის კუთხეში, ერთი წამით არსენას დედა მელანო და პაპა მახარა გამოჩნდნენ. მახარა დინჯად ჰბარავდა, მელანო კი ჩაკუნტულიყო და მიწას სჩიჩქნიდა.

“მგონი ბედი მწყალობს”. - გაიფიქრა კვერცხების მაძიებელმა და დერეფანში შეალაჯა. შემდეგ ფეხაკრეფით მიიპარა, კარებში შეიხედა და ოქროს ჩანჩქერს წააწყდა. მის წინაშე ზურგშექცეული და ნაძვის კენწეროსავით მოქნილი ფიქრია იდგა. გაშლილი ტევრი თმა მუხლებზე სცემდა და მზეზე ოქროსავით ბზინავდა. თაროზე ლითონის მიჭვრიტინა ედგა და შიგ იყურებოდა. თმის ერთი ღვედი წინ მოეგდო და ივარცხნიდა.

სარკეს რომ ჩრდილმა დაჰკრა, ქალმა უცბად მოიხედა, ნელი ხმით წამოიძახა “ვაიმე” და რამდენიმე ნახტომით დედაბოძს ამოეფარა.

დარცხვენილმა დათუნამ უკან დაიხია და წაილუღლუღა:

- მე ვარ, ფიქრო, ნუ შეგეშინდა.

ბოძის უკან დაბალი სიცილი და ნაძალადევი წყრომა მოისმა:

- მე ვარ, ახა-ხა! მეც ვიცი, რომ შენა ხარ, ნუ შეგეშინდებაო. ვისი უნდა შემეშინდეს, შენი? სულ ერთიასი?

- აბა რა ვიცი. - გონს მოვიდა სტუმარი. - ისე ვთქვი.

- ისე ვთქვი. - გამოაჯავრა უჩინარმა. - შენი შეშინებულიც ალბათ შენისთანა იქნება, ახა-ხა!

- მაშ ჩემი არ გეშინიან? - წყენით წამოიძახა არსენას მეგობარმა და დირეს გადაალაჯა.

იმავე წამს ფიქრიაც გამოვიდა საფარიდან და წინ აეშოტა. ოქროს ნაკადულები თივის ბულულივით აეკრიფნა და თავი შავი თავშალით მოებურნა. სიმაღლით თითქმის არსენას ტოლი იქნებოდა და სახითაც მას ჰგავდა. ისეთივე გაშლილი და მაღალი მკერდი, მოთეთრო კანი, თხელი და მაღალი ცხვირი და დიდრონი თვალები ჰქონდა, სადაც ზაფხულის ცხელი ღამე ციალებდა და გაბედული, თითქმის თავხედური ხასიათი გამოჰკრთოდა.

- მაშ არ გეშინიან? - უფრო დაბალი ხმით ჰკითხა დათუნამ და ხელი ქალის მკლავს მიატანა.

ფიქრიამ განზე გაიწია. სტუმარს ხელი მოჭრილივით ჩამოუვარდა. ისევ ის გაუბედაობა, ისევ წინანდელი უნდილობა და ისევ იგივე “სულერთია!” რამდენჯერ გადასწყვიტა მან ფიქრიასთვის ხელი წაევლო და სათქმელი გაემჟღავნებინა, მაგრამ ეს თვალები, აი ეხლაც რომ სუსხით და კიდევ რაღაც იდუმალი გრძნობებით მიიბნიდა, დათუნას ყოველთვის უსიტყვო დაშტერებით ადუნებდა და ნებისყოფას აცლიდა.

- რად მოხვედი? ვინ გინდა? - ვაჟურ-დაბალი ხმით ჰკითხა ფიქრიამ.

- არსენა მინდა. - დაუმდაბლა ხმას დათუნამაც.

ქალმა მსხვილი თეთრი კბილებით გაუღიმა და -

- ჯერ არ დაბრუნებულა. - უპასუხა.

- ღვთისავარი?

- მამაც ნარგიზებში წავიდა. რატომ შენც არ წახვედი? უწინ ძაან გიყვარდა ჭიდაობა და ახლა რაღა დაგემართა? ალბათ შენთვის ჭიდაობაც სულ ერთია, არა? მაშ არ მეტყვი რა გინდა და რა დაგემართა?

ის დაემართა, რომ ჰსურდა დრო ეხელთა, ფიქრია ენახა და შეგუბებული გრძნობა დაეცალნა. რამდენი ხანია აპირებდა, მაგრამ ვერ გაებედნა. ეხლა კი გათავდა ყოყმანი. ეხლა ყველაფერს გადმოულაგებს.

და გადმოულაგა:

- ეხლა ის დამემართა, რომ დღეს... უქეიფოდ გავხდი. და ამაზე მეტი ვერა უთხრა - რა. ფიქრიამ უნდობლად ჰკითხა:

- ვეფხის ტყაოსანი სულ გადასწერე?

- ჯერ არა.

- ვისთვის გინდა?

დათუნამ ძლივს გაუბედა:

- შენთვინ... მამა ზეციერს გეფიცები, რომ შენთვინ მინდა.

- მართლა? - და ფიქრიას უზომოდ გაუხარდა.

- შენმა მზემ მართალს გეუბნები. მზითევში გაგატან. - და ოხვრით დაუმატა: - ნეტა იმას, ვისაც შენ ერგები!

ფიქრია აილანძა. თვალი მოარიდა და სიტყვა სხვაგან გადაიტანა.

- რატომ ბატონის სახლში აღარ დადიხარ?

- იმიტომ, რომ ბასილა მაიორი არა მწყალობს. ალექსანდრე ბატონიშვილის კაცი ვგონივარ და დღე-ნიადაგ თვალყურს მადევნებს.

ბასილას გახსენებაზე ფიქრია მოიღუშა და ჩაფიქრდა. მერმე სთქვა:

- დიდი ქალბატონი რომ არ მწყალობდეს, ის წუწკი აქამდე თავისას გაიტანდა.

დათუნამაც იცოდა, რომ ბასილა მაიორი მარაბდაში მოსვლის დღიდანვე ზაალის ორ მოახლეს აედევნა - მარინეს და ფიქრიას, მაგრამ ორივე რკინის კედელივით დაუხვდა. მაშინ მაიორმა არც აცივა, არც აცხელა და მათი თავი ზაალს მოსთხოვა. დიდმა ბატონმა ჯერ ვერ გაიგო:

“როგორ უნდა იმსახუროთ, ვეჟო? ქალებმა რუსული არ იციან, თქვენ კი ერთი ქართული სიტყვაც არ გესმით”.

მაიორმა ეშმაკური ღიმილით უპასუხა:

“მუნჯებიც რომ ყოფილიყვნენ, მაინც ვიმსახურებდი. არა უშავსრა, ან ეგენი ისწავლიან რუსულს, ან მე - ქართულს”.

მარაბდის ბატონმა ვითომ ეხლაც ვერ გაიგო და მეორე მხრიდან მოუარა:

“ვის უნდა ემსახუროს ორი მოახლე, ვეჟო? თქვენ ხომ ცოლ-შვილი არა გყავთ”.

“ახა-ხა! - გადაიხარხარა არლოვმა. - მე, ჩემო კნიაზ, მე უნდა ვიმსახურო. ცოლ-შვილი კი მხოლოდ ხელს შემიშლიდა”.

მაშინ ზაალმაც ჩაიცინა და უთხრა:

“ფიქრია კნეინა ხორეშანის ფარეშია, მარინე კი ტასოსი. იმათ სთხოვეთ, იქნება დაგითმონ. - და თავისთვის გაიფიქრა: - ვეჟო, ეს სადაური წესია! თითქო დარო უნდა ითხოვოსო, ეს კი ორ მოახლეს მთხოვს და ჰარამხანას იჩენს”.

შემდეგ ეს ამბავი თავის დედას ხორეშანს უამბო და ასე დაასრულა.

“ვეჟო, ასეთი ამბავი გაგონილა! რუსებმა თათრები მოგვაშორეს. მაიორმა კი თვითონაც თათრული წესი მოინდომა”.

და დიდ ბატონს დაავიწყდა, რომ “თათრული წესი” თვითონაც მრავალჯერ ჰქონდა გამოყენებული.

“მაიორმა უნდა გამიბედოს მაგის თქმა?” - ჰკითხა კუშტაკრულმა დედამ.

“აბა რა ვიცი”. - აიჩეჩა მხრები ზაალმა.

“თვითონ ვერ გამიბედავს, შენ კი აკი მითხარი და ძალიანაც მიჰქარე. - დატუქსა შვილი თითქმის ოთხმოცი წლის დედამ და დაუმატა: - გადაეცი შენს წუნკალ სტუმარს, რომ მეორედ აღარ გამაგონოს, თორემ ერმოლოვთან ვუჩივლებ”.

ერმოლოვის გაგონებაზე მაიორიც დაფრთხა, ზაალიც და მისი შვილი დავითიც, რომელიც ამ საქმეზე თავის მეგობარს ბასილას თურმე რაღაცას შეჰპირებოდა.

ასე გადასცემდნენ ერთმანეთს ამ ამბავს ზაალის მოახლენი, შინაყმები და მარაბდელებიც. ეხლა ამ ბნელი ხიფათის გახსენებაზე დათუნასაც ეცვალა ფერი.

- დიდი ქალბატონი რომ არ გყოლოდა, ვითომ ბატონები გაგიმეტებდნენ? - ჰკითხა მან ფიქრიას აჟრჟოლებული ხმით.

ფიქრიამ მხრები აიყარა, ხშირი წარბები შეიხლართა და -

- სწორედ შენ მოგერიდებოდნენ. ან რა ბედენაა, რომელი მგელი შემჭამს, რუხი თუ შავი. სიცოცხლე ჩაგვიმწარეს. მე და მარინეს ყველანი კბილ-ალესილი დაგვდევენ, მოსვენებას აღარ გვაძლევენ.

- რა უნდათ შენგან მაგ უღმერთოებს? - სასოწარკვეთილ ხმაზე წამოიძახა დათუნამ.

ფიქრიას კისკისი ეზოში გაიჭრა.

- შე დოყლაპიავ, შენა, განა არ იცი რა ენდომებათ ბატონებს ჩემისთანა ქალისგან?

დათუნა დაიბნა. მერმე თვითონაც გადიხარხარა და ერთხელ კიდევ მიეტანა ფიქრიას მკლავს, რომელიც ისევ განზე გაუსხლტა.

- ღობე-ყორეს ნუ ედები! რა გინდა ჩემგან, რას მეტანები? - ჰკითხა მან და ცერა ღიმილით გადმოჰხედა.

- შე კუდრაჭავ, განა არ იცი ჩემისთანა ვაჟს რა ენდომება შენისთანა ქალისგან? - შეუბრუნა სიტყვა დათუნამ და ორივემ ისე გადიკისკისეს, რომ მათი ხმების ჟღარუნი მელანოსაც კი ჩასწვდა ბოსტანში.

ფიქრიამ სიცილი თითქო დანით ჩამოითალა: უცებ დადუმდა, ჩაფიქრდა და უთხრა:

- ბასილას რომ გამატანონ ან ივანიჩას რომ მიმათხოვონ...

და გაჩუმდა, თითქო დათუნას ეკითხებოდა, მაშინ შენ როგორ მოიქცევიო.

დათუნა შეკრთა, დაიბნა და წაილუღლუღა:

- მე... შენმა მზემ ყელს გამოვიჭრი ან თავს ჩამოვიხრჩობ.

ფიქრიამ გაიღიმა და -

- მერმე მე რა? - უბრალოდ იკითხა.

- შენა? შენ არაფერი აღარ გეშველება, მაგრამ ამაზე მეტი რაღა შემიძლიან? ვის ვეომო, ზაალს თუ რუსის ჯარს?

ფიქრია დაღონდა. გმირს ეძებდა და ტომარას წააწყდა. კარგა ხანს სდუმდა, შემდეგ ბულულა თავი ისე შეანჯღრია, თითქო შავი ფიქრები გაიფანტაო, და რაღაც აზრს გაუღიმა.

დათუნამ ხელახლა იხელთა დრო და მაჯაში მისწვდა. ფიქრიამ მძლავრი დაქნევით გამოსტაცა ხელი. დათუნა კვლავ მიეტანა, დაედევნა. ქალი გაუსხლტა, დერეფანში გაუხტა და იქიდან მოუბრუნდა:

- კარგი გეყოფა. - უთხრა უკვე გამართული ხმით. - უნდა წავიდე, ქალბატონი მელოდება. თუ საქმე გაქვს, მითხარი.

- მაქვს, მაშა! მაგდანამ, ოთხი კვერცხი მასესხეო.

- კვერცხი? - და ფიქრიამ ეჭვით გადაჰხედა. - ხუმრობ თუ...

- რა დროს ხუმრობაა! მაგისთვინ მოვედი.

- მაგისთვინ მოხვედი? - უნდობლად გაიღიმა ფიქრიამ, მერმე დირეს გადმოაბიჯა და კუთხისკენ წავიდა, თანაც დაცინვით ამბობდა: - ოთხი კვერცხიო... მე კი მეგონა... თურმე ამისთვინ მოსულა.. ახა-ხა! ნასწავლი კაცი კვერცხებს სესხულობს, მაგდანა კი კალათობით ჰყიდის ხოლმე. აჰა, შეჰხეთქე. - და ორივე ხელი კვერცხებით აუვსო, თანაც მიაყოლა: - მეტი არაფერი არ გინდა?

- მეტი? როგორ არა... კიდევ ისა... ის მინდა. - ბუტბუტებდა დარცხვენილი დათუნა და ხან კვერცხებს დასცქეროდა, ხან ფიქრიას შეჰყურებდა.

- სთქვი და გაათავე, რას იცოხნები ბებერი კამეჩივით! - მოუთმენლად შეუტია ფიქრიამ.

- კიდევ ის მინდა, რომა...

და უცებ ლაჩარივით აენთო, რომელიც ოდესმე რაღაცას გაჰბედავს და ხიფათს თვალდახუჭული დაეტაკება ხოლმე: კვერცხები იქვე ტახტზე დააგორა და ქალს მოჭიდავესავით დაეძგერა.

შეშინებული ფიქრია შეებრძოლა: ხელიდან უსხლტებოდა, ხელებს ჰკრავდა, გაურბოდა და ბუტბუტებდა:

- რა ვქნა, რა დაგემართა!... რა ღმერთი გიწყრება!... მომშორდი, თავი დამანებე, თორემ...

ახლა კი ვეღარ გასჭრა “თორემმა”.

დათუნა უსურვაზივით მოეხვია კისერზე, მკერდზე მიიზიდა და ტუჩებზე დაეკონა.

ფიქრია რამდენჯერმე კიდევ შეფართხალდა, მაგრამ ძალიან მალე მოლბა და მოიშალა. მოდუნებული მკლავები ვაჟს მხრებზე დაულაგა, მღელვარე მკერდით აფორიაქებულ გულზე მიეკრო, თვითონაც აფორიაქდა, დანისლული თვალები დახუჭა და გატვრინდა.

შემდეგ, როცა სული შეუგუბდათ, დათუნა ისე გაუსხლტა ქალს, თითქო ტყვეობას გაურბოდაო, და სამიოდე ნახტომით გავარდა ეზოში. მიდიოდა, თითქმის მირბოდა და უკან მოხედვაც კი ეკრძალებოდა. ყურშა საალერსო ღრენით ეხლართებოდა ფეხებში, ჰკბენდა და სტუმრის დუმილი უკვირდა. ბოლოს კუდაფშეკილი შედგა, თვალი გააყოლა და ისე გამობრუნდა თითქოს ეთქვას: “არ გინდა და ნუ გინდა, ჩემთვისაც სულ ერთია და უშენოდაც გავძლებო”.

ფერწასული, მთრთოლვარე და მიბნედილი ფიქრია კი ზარდაცემულივით იდგა, განივრად გახილულ თვალებს ახლად გაღვიძებული ბავშვივით ახამხამებდა და მაღალ შუბლს ხელის გულებით იზელავდა. შემდეგ თითქო თვალთ დაუბნელდა, წაბარბაცდა და ტახტზე ჩამოჯდა. ჯერ სწორედ იჯდა, მერმე ჩამოშლილი თმის კონა გადაიყარა უკან, მაღალი მკერდი გადაიზნიქა, ზაფრანით მოსილი თავიც უკან გადაიგდო, ხელებზე დაებჯინა და პირველი ვნებით ავსებული თვალები მუხის ჭერს მიაპყრო და გახევდა. მხოლოდ აჯანყებული მკერდიღა ამჟღავნებდა, რომ ტახტზე მარმარილოს ქანდაკება კი არ იდო, არამედ ქალი იჯდა - ცოცხალი, მფეთქავი და უჩვეულო მეხით შერყეული. იჯდა და ამაოდ ლამობდა ყალხზე შემდგარი ბუნება შეენელებინა და გაფანტული ფიქრები მოეკრიფნა. და როცა კარგა ხნის შემდეგ მელანო შემოვიდა, ფიქრიამ ვერც დედის ფეხის ხმა გაიგო და ვერც შემოსული დაინახა.

- რა დაგემართა, ქალო? - გაოცებით ჰკითხა დედამ, რომელსაც თავის ფიქრია ესოდენ კდემამოსილი და მოდუნებული არასოდეს არ ენახა.

ახალგაზრდა ქალი ზეზე წამოვარდა, თვალები მოიფშვნიტა და დაფაცურდა, თანაც თმას ისწორებდა და ლუღლუღებდა:

- არაფერი... ისე... მეჩქარება... ქალბატონი მელოდება.

- დათუნას რა უნდოდა? - უცებ ჰკითხა მელანომ და თვალი თვალში გაუყარა.

ფიქრია მიტრიალდა და -

- არ ვიცი. - წაიბუტბუტა, - კვერცხის სასესხებლად მოვიდა.

- კვერცხისა? - გაოცდა მელანო და ისევ თვალი აადევნა.

ფიქრიამ კვლავ მიჩქმალა ამღვრეული თვალები და უპასუხა:

- ჰო... კვერცხი უნდოდა.. მივეცი... ოთხი კვერცხი მივეცი.

- მერე, რატომ არ წაიღო? აქ რად დაჰყარა?

ფიქრიამ მიიხედა, ტახტზე გაფანტული კვერცხები ახლაღა დაინახა, მხრები აიყარა და ბრაზით მიუგო:

- აბა რა ვიცი! - და სწრაფად გავიდა, თან დედის დაჯერებული ღიმილი გაიყოლა, რომელიც ამას გამოსახავდა: მესმის, ცხადიაო.

ალეწილი დათუნა რომ შინ დაბრუნდა, მაგდანამ თავი ასწია, ჯერ თვალი აადევნა და მერე ჰკითხა:

- დათუნი კვერცხები არ მოიტანე?

დათუნა მოტრიალდა, გაოცდა, შემდეგ გაახსენდა, რომ დამ კვერცხებისთვის გაგზავნა, და დარცხვენით წაილუღლუღა:

- ჰო, მართლა... დამავიწყდა... არა, კი არ დამავიწყდა... არ მომცა... არა ჰქონდა.

სთქვა და თავის თავზე გაბრაზდა. ჩოხის კალთები აიკეცა, მოტრიალდა, სწრაფად გამოვიდა და იმანაც მაგდანას დაჯერებული ღიმილი წამოიღო, სადაც თითქოს ეწერა: მესმის, ცხადიაო.

* * *

ზაალის ეზოს და სასახლეს ბოლი, ნატუსალი და ოხშივარი ასდის. ხაბაზები გუშინვე შეუდგნენ პურის ცხობას და თორნე უკვე მეშვიდეჯერ გაახურეს.

უფროსი ხაბაზი კარპიჩა - კოჭლი ნასალდათარი რუსი, ხეიბრობის გამო განთავისუფლებული, სამი წლის წინათ ზაალთან შემოხიზნული - მუდამ დამკლავებულია, უქუდოა და ფეხშიშველი. გამუდმებით ხან ჩიბუხს აბოლებს, ხან მზეუჭვრიტეს აწკაპუნებს, თან ფუსფუსებს და ბედნიერია იმის გამო, რომ ძლივს დამხმარე დედაკაცები მისცეს და ერთი დღით მაინც შეასვენეს.

- აბა, კალებო, - ეუბნება იქაურ ხნიერ დედაკაცებს, - მოზილეთ... ჩააკარით... გაახურეთ... ცკალი აადუღეთ.

სახელოვანი მზარეული სევასტი ლაცაბიძე - შორაპნელი გლეხი, იმერეთის აჯანყების მონაწილე, წერეთლის ნაყმევი და მარაბდას შეფარებული - ორთქლსა და ბოლში გახვეულ ჭურჭელს სარდალივით დასდგომია და ათიოდე თანაშემწეს, სოფლელ ბიჭებსა და ქალებს, დინჯად განაგებს და დრო-გამოშვებით ბრძანებლობს:

- იმ ქვაბს შეუკეთე... ამას ცეცხლი შეუნელე... შენ ბრინჯი გამირეცხე... შენ კვერცხი გათქვიფე.

და ათიოდე ზედადგარზე შემდგარს სპილენძის ვეება და მცირე ქვაბებსა და ტაფებში უხვად იხარშება და იხრაკება ბოზბაში და ჩიხირთმა, ფლავი და ტაბაკა, წვნიანი და უწვნო.

ეზოს ბოლოში უზარმაზარი ჭანდრის ქვეშ სამპირი სუფრა იშლება. ფიცრებსა და მაგიდებზე (რუსული წესით) - ალგეთელ თავად-აზნაურთათვის, მიწაზე გაშლილ ფარდაგებსა და ქეჩებზე (ქართული ადათით) - ზაალის ყმებისათვის, ხოლო უფრო მოშორებით ისევ ქეჩა-ფარდაგებზე - გლეხი-ქალებისთვის, რომელნიც რუსულ ჩვეულებას ჯერაც ვერ შერიგებიან და მამაკაცებთან ერთად ერთ სუფრაზე ვერ დამსხდარან.

ჭანდრის ძირში სადაფით მოხარატებულ ძვირფას სითაკანში ზაალის ოთხმოცი წლის დედა ხორეშანი ჩაბრძანებულა და გამხდარს მოთეთრო თითებში ქარვის წვრილ კრიალოსანს ატრიალებს. ტანზე შავი ხავერდის ქათიბი აცვია, სიასამურის ბეწვით შემოვლებული (ეს ბეწვეული ოცდა-რვა წლის რუსის ელჩის კოვალენსკის მეუღლემ მიართვა), შუბლზე მუქლურჯი თავსაკრავი ადგას, რომელზედაც პაწაწა მსხლის მსგავსი მარგალიტი კიაფობს (მზითევში მონაყოლი), გათეთრებულ თავზე ხორასნის ფარჩის მანდილი აქვს მოხვეული, გულისპირზე ნამეგობრალის დარეჯან დედოფლის ნაჩუქარი თხილის-ოდენა ფირუზი ჩაურჭვია (შემდეგში დარეჯანი და ხორეშანი ერთმანეთს დაშორდნენ, რადგან დიდი ზაალი და მისი შვილი რუსებს მიუდგნენ), ხოლო თითები ისეთი ძვირფასი თვლებით აქვს მოოჭვილი (ზოგი მზითევში მოჰყვა, ზოგი კიდევ განსვენებულ ქმრის ნაჩუქარია), რომ ის ბეჭდები ორ მარაბდასაც ადვილად იყიდიდა.

კნეინა ხორეშანი წარსული საუკუნის ლანდივით ზის და მიფერფლილ თვალებს უნდილად ადევნებს ყველა ყმას, ფარეშს, მოახლეს და განაპირებულს ხნიერ გლეხებს, რომელნიც მოშორებით ჯგუფ-ჯგუფად ჩაკუნტულან, ჩამსხდარან, მიწოლილან და ისე გამოსცქერიან ქვაბებსა და სუფრას და ისე ჰყნოსავენ იშვიათი საჭმლის სურნელით გაჟღენთილ ჰაერს, როგორც ბებერი სვავები, რომელნიც დავარდნილი ნადირის სიკვდილს ელოდებიან.

კნეინა ხორეშანს თავზე ორი გოგო ადგას. დიდი ქალბატონი დროგამოშვებით თვალით მოიხმობს ერთ-ერთ გოგოს და დაბალი ხმით უბრძანებს რამეს. ფეხშიშველი ქალი მოსხლტება და ბრძანების გადასაცემად გარბის, ზაალის დედა კი ისევე ხევდება და ახალ ბრძანებას იგონებს.

დურნუკელი მოურავი ფირუზა ამირხანიშვილი ხან მარანში ამოჰყოფს თავს და ჭაშნიკს შინჯავს, ხან ხაბაზ კარპიჩას მიუვარდება და შოთებს უწუნებს, ზოგჯერ სალახებს მიადგება და ცხვრის გატყავებას ასწავლის, ხოლო შორაპნელ სევასტის შორიახლოს უვლის და ვერაფერს ვერ უბედავს, რადგან გრძელწვერა იმერელს ყბებში ტახის ეშვები ულაგია და განიერ ყანყრატოში ლომის ბუხუნი აქვს შენახული.

მეღვინეს ლაშქარა გოჩაშვილს ჭანდრის ქვეშ უკვე ჭურჭლის ჯარი შეუქუჩებია. ჩაფები, ხელადები, ბოყვები და ტიკები, დოქები და ლიტრები, კულები და ჯიხვები, თასები და ჯამები, ვერცხლი და თიხა, ბროლი და ხე - ყველაფერი დაურაზმია და ბატონის ნიშანსღა ელოდება რათა ეს ლაშქარი აუშვას, სტუმრებს მიუსიოს, ასვას, დაჭყიპოს, დააძინოს და გააგიჟოს, ხელფეხი და ენა გაუხსნას, ამღეროს, აცეკვოს, აცინოს და ათნაირი სისულელე ჩაადენინოს. მას ათიოდე გამოცდილი მერიქიფე მოუმარაგებია და ეხლავე იცის, რომ დიდი ბატონი და მისი მასწავლებელი, ღვინის ნამდვილი ოსტატი ზაალი, თვითონაც გიორგი მეფის კარზე ფრიად გამოცდილი და ნაქები სუფრაჯი, კმაყოფილების ნიშნად ხვალ დილით მას ყურს აუწევს, სილას გაჰკრავს და ერთ წყვილ საქალამნეს აჩუქებს.

მარაბდის ბრძოლის დროინდელი ჭანდარი, მას შემდეგ ბევრჯერ დამწვარ-განახლებული სასახლე, უზარმაზარი ეზოც და მთელი სოფელიც მზის სხივების ნაკადებით, ცისფერი ბოლით, თბილი ორთქლით და ღიზიანი სურნელით არის გაჟღენთილი და ნარგიზებიდან ხალხის დაბრუნებასღა ელოდება. მათს მოსვლას ნამცეცობა უნდა მოჰყვეს, ნამდვილად კი ისეთი მაძღარი სმა-ჭამა უნდა დატრიალდეს, რომ დამჭლევებულ გლეხობას დიდი მარხვის მანძილზედაც ეყოფა.

- ააშენა ღმერთმა რუს-ხელმწიფეი! - ამბობს ერთ ჯგუფში შუახნის გლეხი. - ე რა კარგი წესი შემოუღია. ყველა თავადაზნაურმა რომ თავის დაბადების დღეს ასე გვაქეიფოს, საწყალი გლეხობა აშენდებოდა. შენ რას იტყვი, მამუკავ?

გლეხებში ჩუმი სიცილი გაისმა, ხოლო მამუკამ უპასუხა:

- ერთი არზა უნდა გავუგზავნოთ ხელმწიფესა და ვთხოვოთ, რომ ეს წესი დააკანონოს და თავადებისთვინ, აზნაურებისთვინ, მღვდელებისთვინ და დიდ-დიდი მოხელეებისთვინ დღეობის მოხდა სავალდებულო გახადოს.

- ერთ წელიწადში აგერ იმ ცხვარივით დავსუქდებოდით. - ამბობს მესამე და ხელით აჩვენებს ხარიხაზე ჩამოკიდებულს ახლად გატყავებულ მსუქან ცხვარზე.

და ყველას უხარიან იმის გამო, რომ ზაალმა რუს ხელმწიფეს დაუჯერა და წელიწადში ერთხელ, თავის შვილის დავითის დაბადების დღეს, გლეხებს მაძღარ ქეიფს უმართავს. ოღონდ სასინანულო ის არის, რომ წლეულ ნამცეცობა და დავითის დაბადება ერთ დღეს მოხვდა და რომ დიდ ბატონს ერთის მაგიერ სამას-სამოცდახუთი შვილი არა ჰყავდა.

ის კი აღარ ახსოვდათ, რადგან დიდი ხნის შეჩვეულები იყვნენ, რომ ეს გამოსაღებიც - პურიც და საკლავიც, ღვინოც და ერბოც, ბრინჯიც და ფრინველიც - თვითონვე ჩააბარეს გზირებსა და იასაულებს, ჩაფრებსა და მოურავებს, და დღეს თხის პატრონს მხოლოდ თხის კუდიღა უნდა რგებოდა.

გაფითრებული ფიქრია დიდ ქალბატონს ეახლა და პირფარეშს აქეთ-იქიდან მაშინვე ათიოდე წყვილი თვალი მიებჯინა. კნეინა ხორეშანმა ფიქრიას აჰხედა და ჰკითხა:

- ფერი რად წაგსვლია, გოგო?

ფიქრიას ხელმეორედ ეცვალა ფერი. ყელსა და პირსახეზე ალმა აჰკრა და ალანძა.

- არ ვიცი, ქალბატონო. - უპასუხა და თავი ჩაღუნა.

კნეინამ ერთხელ კიდევ აჰხედა, ცვლილება შეამჩნია და დუმილის შემდეგ ჰკითხა:

- ფიქრიავ, რუსი ბასილა შენს თავსა სთხოვს დიდ ბატონს. რას იტყვი? გაჰყვები?

ფიქრიას უმალვე ჩამოერეცხა ალის-ფერი, წეღანდელზე მეტად გაფითრდა და ტანში ჟრუანტელმა ჩაურბინა.

- რა დაგიშავე, ქალბატონო? - ჩაიჩურჩულა ათრთოლებული ხმით და ცალი ხელით სითაკანის ზურგს დაებჯინა. - რად გადაგიჭრია ჩემი სიკვდილი?

კნეინა სდუმდა. უფერულ თვალებში სიამის ნაპერწკლები უკრთოდა. შემდეგ ჩურჩულით უთხრა:

- შენი ბედი ბევრს აზნაურის ქალსაც შეჰშურდება. ასი მთხოვნელი მყავს. ერთი ვინმე აგირჩიე. - და დუმილის შემდეგ დაასრულა: - ივანიჩა არ მოგწონს?

ფიქრიამ თვალებზე ხელი აიფარა და ამოიკვნესა.

- რა იყო, გოგო, რას უწუნებ? რომელი დიდებული შენა ბრძანდები, რომ ხელმწიფის მოხელეს უკადრისობ? - წყრომით შეუტია ხორეშანმა.

ფიქრია ზარდაცემული იყო. ბასილას გადამწერი - “პისარი” ივანიჩა? უშნო, აყლაყუდა, ბილწი, ლოთი, დუჟიანი და წირპლიანი, რომელსაც აქლემი დაარქვეს, რადგან მართლა აქლემის თავი, მისებრ გაბერილი მუცელი და უზომოდ გრძელი ხელ-ფეხი ჰქონდა. ამ აქლემს უნდა გაჰყვეს ფიქრია?

- შენ კი გენაცვალე, ქალბატონო, ნუ გამწირავ და ისევ სიკვდილი მირჩევნიან.

- კარგი, გეყოფა. ამაყენე, - შეაწყვეტინა ქალბატონმა. - თუ მაგასაც დამიწუნებ, აღარ დაგეკითხებიან და შენს თავს ბასილას აჩუქებენ. დღეს იფიქრე და ხვალ მითხარი.

და წამოდგა. ფიქრია მკლავში ეცა და თავდახრილი გაჰყვა. კნეინას ნიკრისის ქარი სჭირდა და მშველელი ესაჭიროებოდა. გაჰყვა, თუმცა ქალბატონზე უარესად თვითონ ფიქრია ტორტმანებდა. მისდევდა და ჰფიქრობდა: “მიწყალობა, მაგრამ ბატონის ამგვარ წყალობას ისევ ღვთის რისხვა სჯობიან”.

მარაბდას ცხელი ოხშივარი ასდის და ლაშქრობას გადაჩვეული მარაბდელებიც ისე მოდიან ნარგიზებიდან, თითქო მართლა სალაშქროდ ყოფილიყვნენ და, გამარჯვებულნი, რიხით და ზეიმით ბრუნდებოდნენ, თანაც მაყრულს, მგზავრულსა და სალაშქროს მოაქუხებდნენ.

ნარგიზებიდან მომავალნი ზედიზედ შემოვიდნენ მარაბდაში. ზაალის ეზოში ჯერ დანჯღრეული ეტლი შემოჟღარუნდა. გლეხები წამოიშალნენ, შინაყმები დაფაცურდნენ. ეტლს ზაალი და მისი ცხენოსანი ამალა მოჰყვა. რაზმს ჭიშკარშივე მოსხლტა ორი მხედარი - ყაფლანი და ელიზბარი - და უმალვე ეტლთან გაჩნდა. ორივენი თვალის დახამხამებაზე ჩამოხტნენ ცხენებიდან, ეტლს მისცვივდნენ და კნეინები ახალი წესით ჩამოაბრძანეს: მოწიწებით ჩამოიყვანეს, მკლავები შესთავაზეს და ზემო აივანზე აიყვანეს.

სასახლის წინ უცებ ათიოდე ყმა და მეჯინიბე გაჩნდა - თითქო მიწიდან ამოძვრნენო. მხედრებს უზანგები დაუჭირეს, აღვირები ჩამოართვეს, ცხენებს მოსართავები მოუშვეს და სატარებლად წაიყვანეს.

წაქცეულმა მოჭიდავემ მეშთა ბესტავაშვილმა დიდ ბატონს ნარგიზებში მიართვა ცხენი და ეხლა მარაბდაში დაუხვდა. ოსი სირბილით წამოვიდა, ჯაგებში იხტუნავა, ბატონს გზა უყელა და ოფლში გაწურული, პირგამშრალი, ქაქანით ეცა ზაალის უზანგს. ზაალს არაფერი არ გამოეპარა, არც ოდესმე ეპარებოდა. ყმის ერთგულება მენიშნა, ლმობიერების ნიშნად შუბლზე კვერთხი დაუკაკუნა და უთხრა:

- არსენას უმადლოდე, წუპაკო, თორემ აი ამ ჭანდარზე დაგკიდებდი.

გოგო-ბიჭები ტაშტებით, ფეშტამლებით და სურებით დადიოდნენ და სტუმარ-მასპინძლებს ხელებს აბანინებდნენ. ოციოდე წუთის შემდეგ ყველანი თავის-თავად დალაგდნენ: კნეინები და თავადები ზემო აივანზე დასხდნენ და საუბარი გააბეს. აიღებდა თუ არა პასკევიჩი მაგარ ციხეებს აბასაბადს და ერევანს, რომელმაც გუდოვიჩს და ციციანოვსაც კი მოატეხინა კბილები.

- ერეკლემ ორი ათასი კაცით აიღო ერევანი და რუსებს კი ოცი ათასითაც ვერ აუღიათ. - იხუმრა ალექსანდრე ორბელიანმა.

- იმიტომ აიღო, ვეჟო, - ჩაიღიმა ზაალმა, - რომ ყველა ორბელიანი და ბარათაშვილი თან ახლდა, ახლა კი სანამ ეს ოთხი ორბელიანი არ მიეშველება, - და ოთხსავე ორბელიანზე მიუთითა, - მანამდე პასკევიჩი ერევანს ძვრასაც ვერ უზამს.

და სიცილის შემდეგ საუბარი ისევ “ჩემს მეგობარ” პასკევიჩზე გადავიდა, რომელიც უეჭველად გაანიავებდა სპარსეთს და მალე ოსმალეთსაც მიაყოლებდა. ამ აზრს თუ სურვილს ბეჯითად ავრცელებდა ზაალი. მას არავინ ედავებოდა.

ალგეთელი აზნაურები - საგინაანი, ჩაჩიკაანი, ბუჭყიაშვილები, ჯორაშვილები, თულაშვილები, და სხვებიც - ჭანდრის ქვეშ შექუჩულიყვნენ და ისევ ჭიდაობაზე დავობდნენ.

გლეხები სულ განაპირებულიყვნენ და თავლა-ბეღლის კედლებს აჰკროდნენ. ნარგიზებიდან წამოსული გლეხთა ტალღა მარაბდაში ორ ნაწილად გაიყო: ხეობელები ალგეთს აჰყვნენ და თავიანთი გზით წავიდნენ, ხოლო მოწინავე დროშის ირგვლივ თავმოყრილი მარაბდელები მგზავრულით შემოვიდნენ ზაალის ეზოში და აივნის წინ შესდგნენ.

მედროშე ღვთისავარმა დროშა დაუშვა და თვითონაც იმავე დროშასავით დაერჭო. სტუმარ-მასპინძლები აივანზე გადმოეყუდნენ. ზაალმა თითი ასწია და გადმოსძახა:

- ღვთისავარ, შენ და შენმა ბიჭმა არსენამ დღესაც მასახელეთ და ხომ იცით, ვეჟო, რომ ბატონზე ყმის სამსახური არ დაიკარგება. ეგ დროშა ამოიტა და თავის ალაგას დაასვენე. ჰო და ამაზე მეტი რა გინდათ, ვეჟო!

ყველას ღიმილმა გადაჰკრა, რადგან ზაალმა აკვიატებული “ამაზე მეტი რა გინდა” ისევ უალაგოდ იხმარა.

ღვთისავარმა დროშა დარბაზში შეიტანა და მაღალ განჯინაში შეაყუდა, სადაც ბარათაანთ საგვარეულო ხატები და განძეულობა ინახებოდა. ზაალმა რკინით შეჭედილი მუხის კარი დაჰკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო, ღვთისავარს ჭაღარა ულვაში აუგრიხა, გამოისტუმრა და ისევ აივანზე ჩამოჯდა.

პატარა ბიჭმა გარსიამ მას ორ-ადლიანი ჩიბუხი აუტანა, ტარი პირში ჩაუდო და მაშით ნაკვერცხალი დაადო. ბატონმა სამიოდე ნაფაზი დაჰკრა და დაიძახა:

- ვეჟო, ასეთი ამბავი გაგონილა? ჩვენმა არსენამ კიდევაც მასახელა და კიდევაც დაგვჭრა თავები.

ყველა მიუხვდა, აქეთ-იქიდან მაინც ჰკითხეს:

- როგორ?.. რით?.. რატომ?

- რატომ და იმიტომ, - ხელგაშლით აუხსნა ზაალმა, - იმიტომ, რომ ბასილა მოიგერია და დროშა გადაგვირჩინა.

ერთი წუთით უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. შემდეგ ღიპიანმა და თვალ-გადმოყრილმა სუმბათაშვილმა მხრების აყრით და ცივი ღიმილით იკითხა:

- თავმოჭრილს რა ოხრად უნდა დროშა, კნიაზებო?

გრიგოლ ორბელიანი პირქუშად იყო. ვერცხლით შეჭედილ მათრახს სალაშქრო ჩექმებზე იტყაპუნებდა და ნიადაგ სდუმდა. ეხლა კი ზაალს აჰხედა და ჰკითხა:

- ბიძა-ჩემო, გამიგონია ეგ დროშა უწინ ორბელიანებს ჰქონდათო.

- მეც გამიგონია, ვეჟო, - ჩამოართვა ზაალმა, - მაგრამ დიდმა დავით სარდალმა სიკვდილის წინ თურმე პაპაჩემს დიდ ზაალს გადასცა და უთხრა: ჩემს მერმე ყველაზე ღირსეული შენა ბრძანდები და გქონდესო.

- აგრე ამბობენ, - ჩაერია ალექსანდრე ორბელიანიც, - მაგრამ ისიც გამიგონია, ვითომ ეგ დროშა ბარათაანთ კრწანისის ბრძოლაში არ ჩაეტანოსთ.

ამის თქმას დამბაჩის გასროლა სჯობდა. ორბელიანებმა ზაალი კრწანისით დაახჩეს. სადაც კი შეხვდებოდნენ ერთმანეთს, ყველგან კრწანისის ბრძოლას სჩრიდნენ პირში.

- რა გაგიხდათ ეგ კრწანისი, ვეჟო! - მწარედ წამოიძახა ზაალმა. - დავიგვიანეთ და იმიტომ არ ვიყავით. ურჯულო რომ მოდიოდა, ბარათაანი ბირთვისის ციხეში ჩავიკეტენით და მეფის ბრძანებას ველოდებოდით, მაგრამ იმ ცხონებულმა ერეკლემ დროზე ვერ მოგვცა ხმა და უნებურად გაგვანაპირა, თქვენ კი დაგიჩემებიათ კრწანისი და კრწანისიო! ვეჟო, აღარ გაჩუმდებით?

- სამაგივროდ დიდმა ზაალმა ნიახურაში ასახელა ბარათაანი. - ჩაურთო მელიტონმა და ისე წამოიწია, თითქო კრივს აპირებდაო.

- ნიახურაში არც ორბელიანებს შეურცხვენიათ ჩვენი გვარი. - ჩაერია გრიგოლის ძმა ზაქარიაც.

- ფიეე! ასეთი ამბავი გაგონილა? - წამოიძახა ზაალმა, ისიც წამოდგა და ის-იყო ორბელიან-ბარათაანთ გაუთავებელი დავა უნდა განახლებულიყო, რომ ამ დროს უმფროსი ორბელიანი ალექსანდრეც წამოდგა და ზაალის წინაშე კისერი მოიხარა:

- ბიძა-ჩემო, - უთხრა მან ღიმილით, - ორბელიანები თქვენი სტუმრები გახლავან და თქვენს წინაშე ქედს იხრიან. ხვალ დილით, ომში მივდივართ და შუღლის მაგივრად იქნება სჯობდეს გზა დაგვილოცოთ.

ყაფლანი და ზაქარიაც მიუახლოვდნენ მრისხანე ბატონს და გაეჭიმნენ:

- დიაღ, ძია, ომში მივდივართ და თქვენი გვარიც უნდა ვასახელოთ. - ღიმილით უთხრა ზაქარიამ.

- ვინ არ იცის, ძია ზაალ, რომ ორბელიანები და ბარათაანი ერთი გვარისანი არიან. მაშ დაგვლოცეთ, ომში მივდივართ.

ელიზბარი მოშორებით რაღაც სასაცილოს უამბობდა კნეინა დაროს, მერმე უცებ მოსხლტა, ჭაბუკებს წინ ჩაუდგა, ზაალის მკერდზე მიაბჯინა თავი, მის წითელ ჯვარს ემთხვია და წამოიძახა:

- ძია, მეც დამილოცეთ გზა, რადგან მეც მუდამ ქალებსა და ღვინოს ვეომები.

საერთო სიცილმა ყველას შეუცვალა გუნება. ზაალის სახეზე წყრომისა და ღიმილის ხაზები აიკლაკნა. მერმე თვითონაც გაიცინა, სასიძო ელიზბარს ქოჩორი მოუთელა და მოუალერსა:

- შე მასხარავ, ღვინოზე არაფერს არ გეტყვი, ქალებზე კი ხელი აიღე, თორემ ოდესმე მაგ ნეკნებს ჩაგიმტვრევენ და შენს საცოლოს აღარაფერი არ დარჩება. თქვენ კი - მიუბრუნდა ჭაბუკებს - სუფრა რომ გათავდება, გზას მაშინ დაგილოცავთ, ეხლა კი ამას მოგახსენებთ: ყველა იმედოვნებს, რომ თქვენ ყიზილბაშებს ერთხელ კიდევ ანანებთ კრწანისს და ერთხელ კიდევ ასახელებთ თქვენს თავსაც, რუსეთსაც და საქართველოსაც.

- ამინ! აგრე იყოს, აგრე! - დაუდასტურეს სხვებმაც და ეზოსკენ გადაიხედეს, სადაც ეჟვნების წკარუნი გაისმა.

ეტლიდან დავითი გადმოხტა და ფერწასული მაიორი გადმოიყვანა, რომელიც მიწაზე იყო ნათრევი, მუნდირი დაგლეჯილი ჰქონდა და სახე ტკივილისგან ეღმიჭებოდა. არსენა და დოსტაქარი ბაჯიაშვილი ცხენ-და-ცხენ მოჰყვნენ. ზურამ და ერეკლემ ცხენები ჩამოართვეს. ბასილამ დავითის დახმარება იუკადრისა და კოჭლობით ავიდა თავის ოთახში. დავითი და ბაჯიაშვილიც შეჰყვნენ, არსენა კი გარშემოხვეულ ბიჭებს ეუბნებოდა:

- გიჟი ყოფილა ეგ ოხერი. დამბაჩას მიმიზნებდა, ჯობნა როგორ გამიბედეო. ჩვენი ბატონის სტუმარი რომ არ ყოფილიყო, იმ დამბაჩას იმ კურკა ცხვირზე მივამტვრევდი.

მარაბდელებმა არსენას გამარჯვება მიულოცეს და ქება შეასხეს. ოძელაშვილმა კუჭატნელის წაქცევა გამარჯვებად მიიჩნია, დოღი კი აინუნშიც არ ჩაითვალა, რადგან დღევანდელმა გამარჯვებამ შარშანდელს ჩალის-ოდენაც ვერა მიუმატარა.

დოღის პირველობა - ქართული დერბი - ყოველ წელს დიღმის მინდორზე სწყდებოდა. სადოღე მანძილი ქალაქში იწყებოდა და მცხეთაში თავდებოდა, და ამ დოღში ასი ცხენი მაინც გადიოდა.

შარშან არსენამაც გაჰბედა და ლურჯა ჩასწერა. ურჩიეს, ძალიან მძიმე ხარ და მჩატე ვინმე შესვიო. მარაბდელმა არ დაუჯერა, რადგან ლურჯა არავის არ შეისვამდა, და თვითონვე მოაჯდა. მოაჯდა და წაიყვანა.

ათიოდე ცხენი გზაში დავარდა, ოციოდემ წინ გაუსწრო, მაგრამ ოძელაშვილი ლურჯას ჯერ ძალას არ ატანდა. მუხათგვერდას რომ მიატანეს, მაშინღა აკადრა ნელი მათრახი და შევარდენივით გააქროლა.

წინ წასულთაგან ხუთი ცხენი კიდევ დაეცა. გაღმა მცხეთაში, გზის ნაპირას, მაღალ ბოძზე ვეება მოოქროვილი თასი მზესავით კრიალებდა და ცხენოსნებს თვალსა სჭრიდა, სულს უგუბებდა და ნერვებს სიმებსავით უჭიმავდა. ის თასი გამარჯვებულის ჯილდო და დიდება იყო და ამიტომ ყველანი ისე მიჰქროდნენ მისკენ, როგორც მთის წყალი ხევისკენ. არსენამ ცხრამეტი ცხენოსანი ჩამოიგდო და მეოცეს მიეწია. მიეწია და ჭაბუკი თავადი ამილახორი იცნო. თასი უკვე ასიოდე ადლის მანძილზე კრიალებდა.

- ჩამომეცალე და ათ ოქროს გაჩუქებ, - მიაძახა ამილახორმა.

- ვაჟკაცობას ათასადაც არ გავყიდი. - მიუგო მარაბდელმა და დაჰკივლა: - ლურჯავ, მიდი, გენაცვალოს არსენაი!

- ოცი იყოს! ორმოცი!.. სამოცი... გაგიწყრეს ჩემი გამჩენი! - სასოწარკვეთით მიაძახა თავადმა და იმავე წამს მზიურ თასს ორი ხელი მიეტანა - ამილახორისა და არსენასი.

ოძელაშვილის ხელი უფრო გრძელი აღმოჩნდა. თასი ჰაერში აიტაცა და ლურჯა ძლივსღა შეაჩერა, და როცა შეაჩერა და მოიხედა, ამილახორი ბალახში დაინახა: პირქვე ეგდო და ბალღივით ტიროდა.

მხოლოდ მერმეღა გაიგო არსენამ, რომ ჭაბუკს მზეთუნახავი მანანა ორბელიანი ატირებდა. თურმე პირობა ჰქონდა, თუ თასს მოიტან, ერთ კოცნას გაჩუქებო. თასი ვერ მიუტანა და კოცნის დაკარგვის გამო ის ბალახები ბრაზიანი ცრემლით დანამა.

ამ ამბავის გახსენებაზე მხიარულად გაიცინეს. კარპიჩამ არსენას კოჭლობით გაუარა, მხარზე ხელი დაჰკრა და დაუდასტურა:

- ბიჩი ხარ მეთკი, ბიჩი!

არსენამ მზარეულ ლაცაბიძეს მოჰკრა თვალი, რომელმაც ქამრამდე დასულს შავ წვერში ჩაიღიმა, თავი გააქნია და დადუმების ნიშნად ტუჩებზე ხელი აიფარა.

არსენა მიუახლოვდა და -

- რა ამბავია, სევასტი? - ჰკითხა დაბალი ხმით.

- აფერი, შე კაცო, მარა ჯობია გაჩუმდე, თვარა...

- შენ შენი მითხარი, ხომ არ გიცნეს?

- ვინა, სუმბათაშვილმა? მგონი ვერ მიცნო. მას აქეთ რვა წელიწადი გევიდა. დამაშტერდა, მარა მაინც ვერ მიცნო.

- კიდევაც რომ გიცნონ, ყავლი გასული გაქვს, ზაალის ყმად ითვლები და წერეთელი ვეღარ დაგაბრუნებს.

- შე კაცო, მე წერეთლისა კი არ მეშინია, იმერეთის აჯანყებას გამიხსენებენ და გამაციმბირებენ. კათალიკოსები და ბატონიშვილები არ დაინდეს და მე დამინდობენ?

- არავინ არ დაგაბეზღოს.

- არც დაბეზღებისა მეშინია. შენს მეტმა არავინ არ იცის.

- მაშ არხეინად იყავი. - ანუგეშა არსენამ.

- მე შენი თავისა უფრო მეშინია. ბატონები ხომ დიდი ხანია გემტერებიან და აწი ეს რუსი ბასილაც გედიკიდე. თურმე შენს ამბავს კითხულობს, ალექსანდრე ბატონიშვილის კაცი ჰგონიხარ.

არსენამ გაიცინა:

- ვიცი, მითხრეს.

- მარინესაც რაცხა ცუდი თვალი დაადგა.

მარინეს გახსენებაზე არსენა აიბურძნა და ძლივსღა იპოვა ხმა:

- ახალი ხომ არაფერი არ მოხდა?

- არაფერი, მარა ფრთხილად იყავი.

- შენც იფრთხილე, - მიუგო არსენამ და მოშორდა.

რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, გვერდით ზაალის მეჩიბუხე გარსია ამოუდგა და ისე აჰყვა, თითქო თავის გზით მიდენილიყო, და ისე ჩასჩურჩულა არსენას, რომ ზედაც არ შეუხედია:

- ქალბატონი ბარნაველთან ჰგზავნის მარინეს.

- გაიზარდე, გენაცვალოს არსენაი. - ჩაიბუტბუტა არსენამ და მარცხნივ გაუხვია, და ეზოს რომ გასცდა, თითქმის გაიქცა.

- დედილო, სამი ბიჭი წავაქციე. - მიაძახა მაგდანას ზურამ და ქუდი ტახტზე დაანარცხა.

პაპა აბრამი ტახტზე გარინდებულიყო და მისი მესამე თაობა ეხლა მას მივარდა: - სამი ბიჭი წავაქციე, პაპილო, სამი!

- სამი სახარება შეგეწიოს, შვილო. - ჩაუცმაცუნა დიდმა პაპამ და მაჯაში ხელი წაავლო: - მაგრამ სამი ბიჭის წაქცევას გირჩევნიან მიპასუხო: გეკითხები, რომელნი არიან შვიდნი საიდუმლონი?

ზურა აიმრიზა და სხაპუნით ჩაუთვალა:

- ნათლისღება, მირონის ცხება, საღმთო ლიტურღია, ზეთის კურთხევა, ქორწინება, მღვდელობა და სინანული.

- ყოჩაღ, ერთიც მითხარი: მთავარანგელოსობა რასა ნიშნავს?

- უფროსობას ანგელოსთა ზედა, - დაუბრუნა მასწავლებელს შეგირდმა, - გინა პირველობას, გინა მთავრობას.

- ვის მიეწერება ეგე?

- მიხაილს და გაბრიელს, საღმთოთა წერილთა შინა ძველისა და ახლისა ჰსჯულისათა.

- კვალად არიან ვინმე სახულსა ქვეშ დაწესებულნი ანგელოსნი? - ჩააცივდა აბრამი.

- პაპილო, მშიან. - შეეხვეწა ზურა. - მეყოფა.

- მიპასუხე და წადი.

- მაშ კარგი. არიან რაფაელ, იოელ და ურიელ, შემდეგნი ამათნი გამოცხადებულნივე საღმთოსა წერილსა შინა.

- ეხლა წადი, შვილო. საღამოზე ეთიკას, დიალექტიკას და კატეღორიას გკითხავ. დათუნას უთხარი შეგამზადოს.

- ნათლიდედას ვახლავარ! - შემოალაჯა ამ დროს არსენამ. - გვაკურთხე, მამაო აბრამ!

- გაგიმარჯოს, არსენ. - მიუგო მაგდანამ და ფეხზე წამოუდგა. მოხუცმა კი ძლივს წაილუღლუღა:

- გაკურთხოს უფალმა, შვილო ჩემო.

- დიდი ბატონი გიბარებს, მამაო. - განაგრძო არსენამ. - ახლავე მობრძანდეს და სუფრა გვიკურთხოსო.

- ვიცი, შვილო, ვიცი. მივდივარ.

მღვდელმა იცოდა, რომ ზაალი და ხორეშანი უკურთხებელ სუფრაზე არ დასხდებოდნენ. ყოველ დღეს სასახლეში სადილობდა ხოლმე და ეხლაც მზად იყო წასულიყო. მღვდელი აბრამი უკვე გადიოდა, ზურა კი აქ იყო და იქნებ აქვე დარჩენილიყო.

- ზურა, - მიუბრუნდა მას ოძელაშვილი, - ერეკლე გეძებს.

- ეს-არის ახლა ვნახე. - მიუგო ჭაბუკმა.

- ეს-არის ახლა მითხრა, ზურა გამომიგზავნეო. წადი, ერთად ისამხრეთ ჩვენსას, თორემ მაგდანას დღეს მგონი არაფერი არ მოუხარშია.

და ზურას დედას თვალი ჩაუკრა. მაგდანა მიუხვდა და -

- ჰო, შვილო, წადი. - დაუდასტურა, - თორემ სანამ დაგიმზადებდე რამეს, შენ შენი დაგემართება.

ზურა სიხარულით გაიქცა. მაგდანამ არსენას გაუღიმა და მოკლედ ჰკითხა:

- ისევ?

- ისევ, გეთაყვა, ისევ. მარინეს ნახვა თვეში ერთხელ მერგება ხოლმე და ცოდო ვიქნები, რომ არ შამერგოს. ერთხელ კიდევ მაჩვენე, აგრემც შეგეწიოს მაგდანას ხატი. შენ გეცოდინება რა ძნელი რამ ყოფილა ეს ტიელი.

- არა, არსენ, მე არაფერიც არ ვიცი და არც გამომიცდია. - თითქო წყენით მიუგო მაგდანამ.

არსენამ ენა მოიკვნიტა და განაგრძო, თან მოუთმენლად დაალაჯებდა აგურის იატაკზე:

- ერთხელ ხომ დამდე მადლი და ბარემ მარილიც მოაყარე. შენ ჩემი ხვაშიადის მოზიარე ხარ და მარინე ერთხელ კიდევ მაჩვენე. მინდა გულის დარდი ვუთხრა. დღეს კი ჩემგან აი ეს საჩუქარი მიირთვი. - და წეღან დავითის მიერ ნაჩუქარი აბრეშუმის ჭრელი ხელსახოცი მიართვა. მერმე მელიტონის მიერ ნაჩუქარი ოქრო ჩაუდო ხელში და უთხრა:

- ნათლიდედ, გენაცვალოს არსენაი, ურიები რომ მოვლენ, იყიდე რამე და ჩემს მაგიერ ჩემი გულის დარდს მიართვი. ჩემმა მზემ მადლობას გადაგიხდი.

ამ დროს ოთახში “გულის დარდმა” შემოიხედა - თითქო ბინდმა შემოანათაო. მარინე შეკრთა, დირეზე შედგა და იქაურობას თვალი მოავლო.

- შემოდი, გოგო, შემოდი, - გაამხნევა მაგდანამ და ხელის წავლებით შემოიყვანა.

- მამა აბრამს იბარებენ. - მღელვარე ხმით ჩაილაპარაკა მარინემ.

- ეს-არის ახლა წავიდა. - მიუგო მაგდანამ.

- დათუნასაც...

- ეხლავე მოვა.

- თქვენც წამობრძანდითო.

- მე არა მცალიან. დაჯექი, გოგო, დაისვენე.

- ქალბატონმა, ის წამალი ხომ არ დამიმზადეო?

- მალე მოვიტან. აქ მომიცადე. - და კარი გაიხურა.

არსენა კი დედაბოძს მიჰყუდებოდა და სდუმდა. ათი ათასი სიტყვა ჰქონდა შერჩეული, მაგრამ ერთის გარდა ყველა დაეფანტა:

- გოგო... გოგონი... ჩემი გოგონა... - ლუღლუღებდა ამ პატარა ქალის მიერ დამფრთხალი ვაჟკაცი, რომელიც დღეს გოლიათმა კუჭატნელმაც კი ვერ შეაშინა.

მარინემ დასიცხული თვალებით და ალმოდებული ტუჩებით გაუღიმა და ამ ღიმილმა ოძელაშვილი ისევ არსენად გადააქცია: ქალს მიუხტა, მკლავები მოჰხვია და მიიზიდა.

ბარათაანთ მოახლემ ორი მოლურჯო მნათობი შეანათა და თითის წვერებზე ადგა, თითქო საკოცნელად აიწიაო.

ქალ-ვაჟმა ერთმანეთს შეხედეს და ორივეს მოეჩვენათ, თითქო ურთერთის სულსა და სხეულში ჩაქსოვილიყვნენ, და ერთმანეთს დილა-ბინდივით ჩაეხვივნენ.

- გოგონი... ჩემო გოგონავ... ჩემო ყველავ. - ბურტყუნებდა არსენა და ცხარედ ჰკოცნიდა საბედოს. შემდეგ ტახტზე ჩამოჯდა, მარინე გვერდით მოისვა და გადასჭრა:

- აბა, ხვევნა გავათავოთ და საქმეს შევუდგეთ.

- შევუდგეთ. - თავი ჩაუქნია მარინემ და ხელები მუხლებზე ჩაიხლართა.

- ფიქრი ხომ არ გამოიცვალე, გოგონი?

- რად უნდა გამომეცვალა?

- აბა რა ვიცი. ამ ქვეყნად ათასი რამე იცვლება და იმიტომ გკითხე. წინანდებურად გინდივარ?

მარინემ დაღლილი ობლის ღიმილით გაუღიმა და ჩაიჩურჩულა:

- თუ შენც ისევ გინდივარ...

- დღეს ბატონმა ჩემზე გული გამოიცვალა. დამპირდა, რაც გინდა მთხოვე და შეგისრულებო.

მარინემ შუბლი ჩაიკეცა და თავი დაჰღუნა.

- რად დამიღონდი, გოგონავ? - ჰკითხა მარაბდელმა.

ქალმა ამოიოხრა, თავი გააქნია და ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა:

- არ მასვენებენ.

- ვინა, პატარა ბატონი და ბასილა?

- პატარა ბატონიც, ბასილაც და ყველა ოხერ-ტიელიც. ეხლა კუჭატნელიც გადამეკიდა, მაგრამ ამას არა უშავს-რა. გუშინ ლაპარაკს მოვკარი ყური. პატარა ბატონი ჩემს ქალბატონს ეუბნებოდა, ბასილას რუსეთიდან რამდენიმე კომლი ყმა დაუბარებიაო.

არსენას გზაზედ შენახვედრი რუსები და დავითის ნართაული სიტყვები გაახსენდა: “ბასილამ ამ ყმებით ლამაზი ქალები უნდა იყიდოსო”, და ხრინწით ჰკითხა:

- მერე, რისთვინ დაუბარებიაო?

მარინემ უფრო მეტად დაუწია თავსაც, ხმასაც და მიუგო:

- უნდა გაგვცვალონ.

მარაბდელი ბიჭი ცეცხლმოდებულივით წამოიჭრა და უნებურად ხანჯალზე გაიკრა ხელი.

- რაო, რა სთქვი? - და პასუხი რომ არ მიიღო, ხრიალით გაიმეორა: - რა სთქვი მეთქი? უნდა გაგცვალონ?

- აგრე სთქვეს. - ჩაიკვნესა მოახლემ და ცრემლი მოიწმინდა.

- შენ და ის რუსები?

- მე და... ის რუსები და...

- და კიდევ ვინ? სთქვი და გაათავე.

- მე და... ფიქრიაც.

- რაო? ფიქრიაც? ვაგლახ შენ, არსენა ოძელაშვილო! - ამოიკვნესა და ისევ ტახტზე ჩამოჯდა, კედელს დააშტერდა, გახევდა და ძვლის ძეგლს დაემგვანა.

დიდხანს იყუჩეს. მერმე არსენამ დინჯი ხმით იკითხა:

- კიდევ რა სთქვეს?

- ბასილა თურმე ამბობს, ან ორივე გამიცვალეთ, ან ერთერთიო, მეორე კი ივანიჩას მიათხოვეთო. თვითონ კი პატარა ქალბატონსაც დასდევს.

- დაროს?... ელიზბარი რაღას ამბობს?

- აბა რა ვიცი.

- მაშ ივანიჩას უნდა მიათხოვონ ფიქრია? იმ აქლემს? - ჩაიცინა არსენამ.

- ჰო, აქლემს.

- მაგრე რიგად გამოელიათ პირის წყალი? მერე, მერე?

- პატარა ბატონი მე არ მიმეტებს.

- რა თქმა უნდა! ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო. ფიქრია კი გაიმეტეს?

- ფიქრიაზე სთქვეს, ხუთ კომლად დავაფასოთო.

- ხუთასიც არ ეყოფათ, მერე?

- ჩემმა ქალბატონმა არც მე დამინდო. სთქვა, მაგისთანას ათასს ვიშოვიო.

- მამა უცხონდა! ვინძლო ერთიც კიდევ იშოვოს. ვაჰ შე საბრალო ჩემო თავო!

- დავითი ამბობდა, სჯობია ივანიჩას ფიქრია მივათხოვოთო!

- დედას ვუტირებ, დედასა! - და ხელახლა წამოიჭრა. - აქაურობას დავანგრევ და იმასაც სულ ასო - ასოდ ავჭრი!

- ვის? - ჰკითხა მარინემ.

- ყველას, ყველას. - და უნებურად ხან ხმალზე ისვამდა ხელს, ხან ხანჯალს აწვალებდა, ხან კიდევ წელზე დამბაჩას ისინჯავდა, თანაც სდუღდა და ბუხუნებდა: - ყველას მეთქი, ყველას! ჯერ იმას, ვინც გვყიდის და მერე იმასაც, ვინც გვყიდულობს! ქათმები ვართ, ცხვრები თუ მარილი? ვითომ სული არ გვიდგია? ქრისტიანები არა ვართ? მართლა სხვანაირი სისხლი გვაქვს? შენ რითა გჯობია შენი სნეული ქალბატონი? ან მე რაში დავუვარდები ტუტუც ელიზბარს, ან შენს ბატონს დავითს? მაშ ჩვენ მირონი არა გვცხებია! მაშ ჩვენი ტანჯვა აღარ თავდება!

- აღარ თავდება. - მოულოდნელი ხმა მოისმა ოთახში.

არსენა შედგა და გაოცვბით შეჰხედა მაგდანას, რომელსაც კარი შემოეღო და იქვე კედელს მიჰყუდებოდა.

- არც გათავდება, სანამ ჩვენვე არ დავათავებთ. - დაბალი და ვაჟკაცური ხმით დაუმატა ქვრივმა და დადუმდა.

- მაგ სიტყვაში გენაცვალე, ნათლიდედ! შენ რომ ვაჟი ყოფილიყავი და შენისთანა ათასი ან ათი-ათასი მყოლოდა, ბატონყმობას სამ თვეში დავანგრევდი, დავლეწავდი, ნიავს გავატანდი.

- ჩემი მამაკაცი ხოსიტაც აგრე ჰფიქრობდა; მაგრამ... - ისე მიუგო ქვრივმა, თითქო ჭერს შესჩივლაო და ვეღარ დაასრულა, რადგან ხმა აუჩქროლდა.

არსენასაც გაეგონა ხოსიტა გურგენიძის მოტაცება და ეხლაც რომ გაახსენეს, ჰაერში მუშტი შეანჯღრია და წამოიძახა:

- ნეტა სადმე შემახვედრა შენი დამღუპველი, ნათლიდედ!

- იყუჩე, ბიჭო. - გააწყვეტინა მაგდანამ. - მოსარჩლე არავინ არა მყავს. მამა გამექცა, პაპა თითონაც მოსავლელია, დათუნა კი ბედოვლათია, თორემ ჩემი დამღუპველი ეხლაც აქ არის.

- აქა? მარაბდაში? - გაოცდა არსენა.

- ჰო, მარაბდაშია, აბაშიძის მონაწილეა.

- სთქვი, ვინ არის?

- რა საჭიროა! გვიანღაა თითზე კბენანი.

- მაინც? მითხარი, გამაგებინე.

- საჭირო არ არის მეთქი.

არსენა ჩაფიქრდა, მერმე შუბლზე იკრა ხელი და წამოიძახა:

- ზაალის ნათესავი ქვიშხელი სუმბათაშვილი იქნება.

მაგდანა სდუმდა.

- თქმა არ უნდა, სუმბათაშვილია. - განიმეორა არსენამ. - ხოსიტა აზატი იყო და მაგას ჰყავდა დიაკვნად. ხეობელია, ვიცი, მივხვდი, გავიგე.

- აგრეა. - დაუდასტურა მაგდანამ და კედელს მოსწყდა. - მაგრამ კრინტიც არსად არ დასძრა. რა საჭიროა. რაც იყო, იყო. მორჩა და გათავდა. ჩემი საქმე წასულია, თქვენ კი ახალგაზრდები ხართ და ისევ თქვენს თავს უშველეთ.

და ისევ დერეფანში გავიდა.

- მარინე, - მიუბრუნდა არსენა თავის საბედოს, - მაშ წამომყვები?

- სად?

- სადაც წაგიყვან.

მარინე ორივე ხელით ჩამოეკიდა მკლავზე და თავი დაუქნია:

- წამოგყვები. - მტკიცედ უპასუხა.

- ყველგან?

- ყველგან.

- რომ გაგიჭირდეს?

- შენთან და შენთვის ჭირსაც არ შევუშინდები.

- მაშ მზადა ხარ?

- გინდ ეხლავე წავიდეთ.

არსენამ პატარა ქალი კინაღამ დააღრჩო რკინის მკლავებით.

მერმე უთხრა:

- მაშ წადი და ნიადაგ მზად იყავი. აბა მარჯვედ, ყოჩაღად!

თავშალმობურული მარინე ხშირი ნაბიჯით გაიქცა. მცირე ხნის შემდეგ მაგდანამ იქაურობა დაზვერა და არსენას ანიშნა. ოძელაშვილიც გავიდა და ბრაზნარევი ნაბიჯით გასწია შინისკენ.

არსენას პაპა მახარა დერეფანში ზის სამფეხაზე და წარსულ საუკუნეში იხედება. ღვთისავარი ხვალისთვის გუთანს ამზადებს, ხოლო მელანო არსენასთვის საჩოხესა ჰქსოვს და თანაც ლობიოს ხარშავს.

არსენა ორ ცეცხლზე იწვის: სიხარულზე, რადგან მარინე ნახა, და ვარამზე, რადგან საბედოსაც და დასაც უყიდიან. მაგრამ დარდსაც და სიხარულსაც დუმილი უფრო ეხერხება, ვიდრე ცრემლი და სიცილი, და გულდაფლეთილი არსენაც სდუმს და ენას იკვნეტავს, რათა არ შესძახოს თავის დედ-მამას და პაპას:

“ეი, ოძელაანო, თქვენს შვილს ფიქრიას და ჩემს საბედოს მარინეს გაყიდვას უპირებენ, თქვენ კი არხეინად შრომობთ. ხელი დაავლეთ ნაჯახებს, ორთითებს, წალდებს, ცელებსა და მარგილებს!”

ცხადია, ოძელაშვილებს ხიფათისა ჯერ არაფერი ეცოდინებათ. ახლავე უთხრას არსენამ? ააშფოთოს, აატიროს? სამივენი ზაალთან გაიქცევიან, მუხლებზე მოეხვევიან და ჩექმებს დაუკოცნიან, მაგრამ მათს ცრემლს მარტო მიწა მიიღებს და მათს ღაღადსაც მხოლოდ მიწა გაიგებს, ზაალი კი ისეთივე უჯიგრო და გულქვა დარჩება, როგორც აქამდის იყო.

ვის უნდა გაუყიდოს შვილი და რძალი მარაბდის ბატონმა? აგერ იმ მახარას, ასი წლის მხცოვანს, ვინც სწორედ ნახევარ საუკუნეს ეზიდებოდა მოწინავე დროშას. ტანზე ალაგი აღარ შერჩა დაუჭრელი, დაუბეგველი, დაუსერავი. მარტო თავპირზე შვიდი ნამახვილევი ამჩნევია. მახარამ აგერ იმ კამეჩური მკერდით და კისრით დაიცვა ბარათაანთ სამი თაობა: ახპატის გზაზე ხანჯლით აკუწული დიდი ზაალი, უნდილი და მეფის რუსეთის მოხელეების მიერ მოსყიდული მისი მამა დავითიც და ეხლანდელი ზაალიც - ანჩხლი, უმადური, კერპი, ვიღაც ბასილა მაიორის მორჩილი მონა და ყმებისა კი ასპიტი ბატონი.

ათჯერ დასერა მახარამ სომხეთი და ახალციხე, ჯავახეთი და ჭარ-ბელაქანი, არეზი და მტკვრის შესართავი, შექი და შამშადილი, განჯა და ყარაბაღი. პირისპირ უნახავს მას “მხეცი ცოფოვანი” - ავღანელი აზატხანი და ერევნელი ბამან-ხანი, ორგული ჰაჯი ჩალაბი და განჯის ბეგლარბეგ შავერდი-ხანი, ლეკთა ბელადი კოხტა, კაკი-ენისელის ბატონი ომარ ხანი და ბელადი უთვალავი: ფანა ჯავანშირელი, ქაზუმ ყარადაღელი, ზუბეიდულა ავარელი, შავერდი განჯელი, ანზორ ხუნზახელი და კიდევ ასი თუ ათასი გმირი და ავაზაკი - ლეკი, ყიზილბაში, თათარი, სპარსელი, ავღანი, ქურთი და ოსმალო.

ვინ მოსთვლის, რა არ გადაჰხდენია, ვის არ დასტაკებია, რამდენი დამარცხება და გამარჯვება არ უნახავს ამ უკბილო ლომს, რომელსაც ეხლა, სამარეში ჩამდგარს, ლეკვებს უყიდიან და თვითონ იმასაც ხალისით გაჰყიდიდნენ, ერთი მანეთიც რომ ვინმეს შეეძლია! აბა როგორ უთხრას არსენამ ამ ცოცხალ მყინვარს:

“პაპა-ჩემო, ალგეთი აქვეა. სჯობია წახვიდე და თავი დაიხრჩო, რადგან იმავე ალგეთის-ოდენა სისხლმა და ოფლმა სულ ფუჭად ჩაგიარა”.

ამ მდუღარე საქმეს არსენა ვერც ღვთისავარს ეტყვის და ვერც მელანოს. ვერა, ჯერ-ჯერობით ვერ ეტყვის. წეღან ნაადრევად აფორიაქდა. ჯერ თვითონაც სამშვიდობო გზას დაადგება, ყველაფერს იღონებს და თუ არაფერი გამოვიდა, მერმეღა აიგლეჯავს აღვირს და - “მაშინ მიფრთხილდით, ბატონებო! “

სათივის ქვეშ ლურჯა დაინახა და იქით წავიდა. მიწიდან ყურშა ამოხტა და გაგიჟდა: ჰყეფს, ხტის, ებობღება, ჰკბენს და ლოკავს, მაგრამ რადგან არსენას უგუნებობას ატყობს, მისი სიხარულიც თანდათან კლებულობს და თვალებში რაღაც დარდი და სევდა უსახლდება.

ლურჯაც მხიარულად ჭიხვინებს, თოკს სჭიმავს, მოიწევს. თავს უკრავს და წინა ტორებით ჰბუღრაობს, მაგრამ უცებ ხევდება და გაოცებული ეკითხება პატრონს: “რა დაგემართა? თუ გიჭირს რამე, მითხარი და მეც აქა ვარო”.

არსენა ბაგაზე ჩამოჯდა და რადგან ცხენსა და ძაღლს არ მიუალერსა, მისმა მეგობრებმა თვითონვე დასუნეს პატრონი. თავები მუხლებზე დაუდეს და ცხენურ-ძაღლური თვალები დარდით სავსე თვალებში ჩაუყარეს.

ოძელაშვილმა ერთი მკლავი ლურჯას მოჰხვია, მეორე კი ყურშას შემოაჭდო და მდუღარე ჩურჩულით შესჩივლა:

- ეჰ, მეგობრებო, რომ იცოდეთ რა ამბავი ხდება ამ ქვეყანაზე! რა ბედენაა, რომ ჩვენ, გლეხებს, სიტყვის თქმა შეგვიძლიან. სამაგივროდ თქვენზე უფრო უბედურებიც ვართ. შენ, ძაღლს, ლეკვებს ან ძუკნას წაგართმევენ ხოლმე, მერე რაო! მესამე დღეს აღარც კი გახსოვს გყავდა ვინმე თუ არა. შენ კი, ჩემო ლურჯავ, კვიცს გაგიზრდიან და გაგიყიდიან. ქოფაკი ორიოდე დღეს მაინც იდარდებს. შენმა ჯიშმა არც დარდი იცის, არც ბოღმა, არც ჩვენისთანა სიყვარული. ამ ქვეყნად დედ-მამის გარდა ორი ვინმე მიყვარს - ფიქრია და მარინე, და ორთავ გაყიდვას უპირებენ. აბა ეხლა მითხარით, დამარიგეთ, რა ვუყო და რა გზას დავადგე? დავხოცო? დავანგრიო? დავლეწო? ჯერ შენა სთქვი, ყურშავ, რა ვუყო მეთქი ბატონებს? აბა მანიშნე... გამაგებინე.

ყურშამ დაიწკმუტუნა და ხელი აულოკა.

- ვითამ რა გინდა მითხრა? ჰო თუ არა? - ჩასჩურჩულა არსენამ.

ძაღლმა ერთხელ კიდევ ამოუშვა წკმუტუნი და მეორე ხელიც მოულოკა.

- გავიგე, გენაცვალოს ზაალიც და ბასილაც. მიგიხვდი. ამ ქვეყნად თურმე ყველაფერი ძალით კეთდება და მეც მაგ გზას დავადგები. ჩემი ნაღვლიანობა ნუ გიკვირს. დროებამ მოიტანა და გავყუჩდი, თორემ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისე დაიქუხებს არსენაი, რომ მგონი ქალაქშიც კი გაიგონონ. იქნება შევცოდო რამე, იქნება შემომაკვდეს ვინმე, მაგრამ, ღმერთია მოწმე, ჩემი ბრალი ნუ იქნება თუ... შენ რაღას მეტყვი, ლურჯავ?

ცხენმა ჯერ სამჯერ მისცა სალამი, თითქო აზრი მოიწონაო, მერმე ლოყაზე ყბა გაუხახუნა და დაბალი ხმით დაიფრუტუნა.

- შენი სათქმელიც გავიგე, ლურჯავ. მიმიხვდი და მიგიხვდი. მაშ ეს თათბირი ჯერ ჩვენში დარჩეს. წავალ და ზაალის გულის ნადებსაც გავიგებ. ვინ იცის, იქნება დღეს მაინც მორჯულდეს. იქნება ღმერთს შეჰხედოს და კაცური პასუხი მომცეს. მაგრამ თუ დღესაც ღმერთი გაუწყრა და დაიძახა, “ვეჟო, ამაზე მეტი რა გინდაო”, მაშინ თვითონვე ზღოს თავისი სულიც და ჩემი ცოდოც. მაშინ დამჭირდება თქვენი თავი და ვიცი არ მიღალატებთ. მართალს ვამბობ თუ არა, ყურშავ?

ძაღლმა მუხლებზე დაუწყო ტორები და წითელი ენა შუბლზე გაჰკრა.

- მაშ შენი იმედიც მექნება, ლურჯავ.

ცხენმა ისე გაჰკრა თავი, რომ ყბა ატკინა, და მხიარულად დაიჭიხვინა.

- მაშ დღეს ზედმეტ ულუფას მოგართმევთ, მეგობრებო. შენ ერთ ლიტრა ქერს, შენ კი გემრიელ სალაფავს. მაშ კარგად იყავით და დანაპირევი არ დაივიწყოთ.

დედ-მამას გაეხუმრა, გააცინა, გაიცინა, ყურშას და ლურჯას აჭამა და ნამცეცობზე წამოვიდა.

გზაში მოშურნე კუჭატნელს შეჰხვდა და მიაძახა:

- გამარჯვება, გიორგი!

- გაგიმარჯოს! - ჩაიბურტყუნა დამარცხებულმა.

- მარჯვედ იყავი, ნუ მემდურები, მომივიდა და გაჯობე, თორემ მე შენი მჯობი არა ვარ.

- მეც ვიცი, რომ არა ხარ.

უცებ მიწურიდან კუჭატნელის მხლებელი გამზათი ამოძვრა, ბოროტი ღმეჭით მივარდა არსენას და მის პირსახესთან ხელის ქნევას და ენის ტარტალს მოჰყვა:

- შენ ჩემი გივარგის მტერი და მეც შენი მტერი... მე შენ ამ ხანჯალზე მწვადი გაგაკეთო.

- ეგ ხელი იქით წაიღე, წუპაკო! - და არსენამ ოდნავ გაჰკრა მკლავში და მერე კუჭატნელს მიუბრუნდა: - გიორგი, ეს ძაღლი დააბი, თორემ ზოგჯერ ძაღლის ნაცვლად პასუხი პატრონს მოეთხოვების.

ასე გააფრთხილა ლეკის ბატონი და თავის გზით წამოვიდა.

ხუთიოდე ნაბიჯი გამოდგა და უკან მიიხედა. ლეკს ხელში დამბაჩა ეჭირა და მას უმიზნებდა. არსენა შედგა და დააშტერდა. არც გაინძრა და არც იარაღზე გაივლო ხელი. შუბლი შეკრული ჰქონდა. თვალებში კი მტკიცე რწმენა და ბრძანება ეწერა: “ვერ გაჰბედავ, ხელი დაუშვი! “

კუჭატნელი ზურგ-შექცეული იდგა და ლეკს ვერ ჰხედავდა. ლეკმა დამბაჩა დაუშვა.

- ზურგში? - გაიღიმა არსენამ. - აგრე ხარ შეჩვეული?

- ზურგში, ზურგში მოგყლავ. - მიაძახა გამზათმა. - ვალაჰ, აგრე იქნების!

- შენ რომ იარაღის ხმარება იცოდე, იქ მოიხმარებდი. - და არსენამ დაღისტნისკენ გაიშვირა ხელი. - შენი ქვეყანა სისხლით იცლება, შენ კი აქაურ ბატონებს და რუსის ხელმწიფეს ემსახურები. გხედავ ვინცა ხარ, ფუჰ შენს კაცობას!

და დინჯად გამოალაჯა, თანაც კუჭატნელის ბღვერა და ლეკის ღრენა წამოიღო.

“ავად დამცადა ამ წუნკალმა - გაიფიქრა. - დღეს ორივეს შევარჩინე მუქარა, კუჭატნელსაც და ამ წუწკსაც, დღევანდელი დღე გამარჯვებით გამითენდა და დამარცხებით არ დამიღამდეს”.

თავი მესამე

ცალთვალა დევი

ვაჟკაცსა გული რკინისა,

აბჯარი უნდა ხისაო.

ხ ა ლ ხ უ რ ი

მარაბდის ბოლოზე ახალგაზრდა მორჩილს ურემი მოჰყავს. შორიახლოს ბერი მოუძღვის - მეტად მაღალი, გამხდარი, ძვალ-მაგარი და ოდნავ წელში მოხრილი. შავი თხელი წვერი და მოუსვენარი თვალები იმის სახის სიმკაცრეს ძლივს ანელებენ. გაცვეთილი ფეხსაცმელი და კოჭებამდე დაშვებული გახუნებული ანაფორა მტვრით აქვს შეფერფლილი და ეტყობა, რომ მგზავრს მოზრდილი მანძილი უნდა ჰქონდეს გავლილი.

ბერმა სოფლის ბოლოს ეკლესიასთან სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, მერმე ხნიერ დედაკაცს მოჰკრა თვალი და მიაძახა:

- კურთხევა შენდა, დაო ჩემო. მითხარი, შინ არის თუ არა მამა ჩვენი აბრამ ბარნაველი?

პასუხი მიიღო და სოფელში შეალაჯა, თანაც მსხვილი კეტი მოიმარჯვა, რადგან იცოდა, რომ ძაღლები ბერის ანაფორას, ბარტყულასა და გრძელ თმებს ძალიან ემტერებოდნენ. მიწურ სახლებს მოუარა, ზოგ სახლს ბანზე გადაუარა, შემდეგ ერთ ალაგას შედგა და გაიღიმა, რადგან დათუნა ბარნაველი იცნო, რომელიც ვიღაც მოსხლეტილ გლეხს მოსდევდა.

ახალგაზრდა რიტორი ჯერაც არ გამოფხიზლებულიყო. ფიქრიას რომ გამოექცა, ჯერ ალგეთზე ჩავიდა და გაღმა ქოტისში აპირებდა გასვლას, მაგრამ მოდიდებულ წყალს წააწყდა და გამობრუნდა. შემდეგ უნებურად გაჩნდა პატარა ეკლესიასთან და ხერხეულიძეთა ცხრა ძმის ერთ-ერთ საფლავზე ჩამოჯდა.

ჩამოჯდა და დიდხანს თბებოდა გაზაფხულის მზეზე, სევდიანად გასცქეროდა მარაბდის მიდამოებს და უნდილად ჰფიქრობდა ფიქრიას ბედზე, თავის დაკარგულ მამაზე, ბუნდოვან მომავალზე და ახლად ატეხილ ომზე, რომელსაც მისთვის და საქართველოსთვისაც რაღაც დიდი ცვლილება უნდა მოეტანა.

აბას მირზა ერმოლოვს უებრად დაამარცხებს და საქართველოს გაანთავისუფლებს - ეგონა ბარნაველს, - ალექსანდრე ბატონიშვილი ტახტზე ავა და ყველაფერს შესცვლის. საქართველოდან ყველაზე ადრე რუსაპეტა ზაალ ბარათაშვილი გაიქცევა და ფიქრია დათუნას დარჩება.

“რა თქმა უნდა, ალექსანდრე ისევ ბორჩალოზე წამოვა, - ჰფიქრობს დათუნა, - ან დმანის-ბოლნისის გზით დაეშვება, ან კიდევ აგერ იმ ლელვარის ქედს გადმოლახავს და შულავერს მოადგება. ბატონიშვილი ამ მხარეს ვერ ასცდება, რადგან ბორჩალო უწინ მისი სახასო იყო და აქ ათასობით იშოვის ერთგულ მოლაშქრეს. ეჭვი არ არის, რომ სომხების გარდა უმალვე ყველა მიუდგება მას. ბატონიშვილმა ეს ქვეყანა შარშანაც მოითარეშა. სპარსეთის ცხენოსანთა ტალღა ალგეთსაც კი მოაწყდა და კინაღამ ქალაქიც წალეკა. მაშინ ქართველები გაინაბნენ, თათრები სიხარულით ცას მიეწივნენ, სომხებს კი შიშის ზარი დაეცათ. მაგრამ ხელიც არავის არ ახლეს, რადგან ალექსანდრეს მეუღლე ერევნელი სომეხია და, გარდა ამისა, მათ შორის მრავალი ჩუმი მიმდევარიცა ჰყავს. სპარსელებმა მხოლოდ ახლად გადმოსახლებული რატევნელი გერმანელები ამოჟლიტეს, რადგან ისინი ბრძოლაში ჩაერივნენ და რუსების მხარე დაიჭირეს”.

რაღაც ექვსიოდე თვის წინათ დათუნაც და ყველა “ნამდვილი ქართველიც” სიხარულით ფეხზე აღარ იდგა. აბას მირზას ძლევამოსილი დროშა არეზისა და ერევნის მთების გადმოღმა შემოიჭრა. რუსებს გზები მოუჭრეს და განჯა-ყარაბაღში უთვალავი ამოხოცეს. ყველა გაქცეული და განდევნილი ხანები - ალექსანდრეს მოკავშირენი - უკანვე დაბრუნდნენ: გმირის ჯევადის შვილი უგურლუ ხანი განჯაში შემოიჭრა, სელიმის ძე ჰუსეინ ხანი - ნუხაში, შეიხალი ხანის შვილი - ყუბაში, მირზა ჰასან ხანი - ტალიშში, ჰუსეინ კული შირვანში შევარდა და ბაქოს მიადგა: დაუდეგარი ლეკთა ბელადი სურხაი ყაზიყუმუხელი დაღისტნისკენ მიიწევდა, ხოლო ერეკლე მეფის ძე ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელსაც მუსლიმანებმა ისკანდერ ხანი დაარქვეს, ისევ კახეთს უმიზნებდა. მაგრამ შემდეგში რაღაც გაუგონარი რამ მოხდა: ცამეტ ენკენისთვეს (დათუნამ ეს დღე ძალიან კარგად დაიხსომა) პასკევიჩი და აბას მირზა ერთმანეთს განჯაში დაეტაკნენ. დაეტაკნენ და (გაუგონარია, მაშ რა ჯანდაბაა!) რვა ათასმა რუსმა ორმოცი ათასი სპარსელი ისე დაიფრინა, “ვითარცა ლომმა კატანი”.

მართლა საკვირველ ყოფილან საქმენი შენნი, უფალო!

მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა. ვერა, ერევანს ვერ აიღებენ. მეფის რუსის ჯარსა ერეკლეს ტოლი არა ჰყავთ: მან ერევანი ორი ათასი კაცით აიღო, ესენი კი ასი-ათასითაც ვერ მოერევიან.

ახლა თურმე სპარსეთის მემკვიდრე აბას მირზა თავრიზში ასიათას მეომარს ამზადებს და დღეს ან ხვალ, ნიაღვარივით წამოვა და...

და ბარნაველმა ნელი დუდუნით დაიწყო ახალი პანაშვიდური სიმღერა, რომელიც ის-იყო ახლად შემოდიოდა და საიდუმლოდ ითქმებოდა:

სკვითმა წაგვართვა სამშობლო-ო-ო...

მაშ ასე: ალექსანდრე ეხლაც ბორჩალოზე წამოვა. დათუნა მარაბდელებს წამოშლის, მცირე გუნდს შეჰკრავს და უმალვე მიაშველებს. და თუ ბარნაველმა არსენაც დაითანხმა, მაშინ ალგეთის მთელი ხეობაც გამოვა. სარდლად უეჭველად შალვა ბარათაშვილი იქნება. დათუნას მამა, ათი წლის უნახავი სეხნია, თავის შვილს უშველის და ალექსანდრე ბატონიშვილს ორიოდე სიტყვას მოახსენებს.

“დათუნა, მითხარი, რა გინდა?” - ჰკითხავს მეფედ ნაკურთხი ალექსანდრე.

სეხნიას შვილს ათასი სათხოვარი აქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამაზე მეტი არაფერი არ უნდა: ფიქრიას შეირთავს, სამხედრო საქმეს შეისწავლის, დარიალაში დასახლდება და იმ კარს ისე დაჰკეტავს, რომ არწივიც ვეღარ გადმოფრინდეს. ან მეფის მდივნად დადგება ან მსაჯულობას იკისრებს, ან კიდევ... ერთი სიტყვით, ათასნაირად შეუძლიან ემსახუროს საქართველოს. მაგრამ დათუნამ თავდაპირველად აზატობა უნდა მოიპოვოს. საერთოდ ბატონ-ყმობაც უნდა მოსპოს, თვითონ ალექსანდრემ უნდა მოსპოს, თორემ რუსის მომხრე თავადაზნაურები პირს შეჰკრავენ, ქვეყანას გაჰყიდიან (როგორც მრავალჯერ გაუყიდიათ) და მაშინ...

მაშინ საქართველო სამუდამოდ დაიღუპება.

და დათუნას თავში უწესრიგოდ ირეოდა საქართველოს ბედი და საკუთარი მომავალი, აქ მყოფი რუსეთი და მომწევი სპარსეთი, საბედოს გაყიდვის ხიფათი და მამულის ხვალინდელი დიდება. ხოლო ტუჩებზე ეხლაც ფიქრიას წეღანდელი კოცნა ენთო და ტანშიც მის მიერ ანადუღი სისხლი უჩქეფდა.

დიდიხანია დათუნას თავის სულიერი ნათესავი და მფარველი შალვა ბარათაშვილი არ ენახა. ეჭვებს ის გაუფანტავს, აფორიაქებულ აზრებს ის დაულაგებს, გაამხნევებს და ახალ ძალას და რწმენას ჩაუსხამს, რომელიც აფორიაქებულ ბარნაველს ახლაც მუდამივით მოუდუნდა და დაუჭიავდა.

თავჩაღუნვით მომავალ რიტორს წეღან უკნიდან არსენას რკინის ხელი მისწვდა, შეანჯღრია და მიაძახა:

- ჰა, დათუნი, ისევ ფიქრებში ხარ წასული? მოიშორე ეგ ტიელი, თორემ კაცი კაცს აღარ ჰგევხარ.

- ძმაო არსენ...

და ბარნაველმა მეტი ვეღარაფერი ვერ უთხრა. არსენამ მეგობარს ღიმილით ჩაჰხედა თვალებში და -

- გამაგებინე, - ჰკითხა რბილი ხმით, - რას დაბორიალებ უგზო-უკვლოდ, რა დაგემართა.

- არაფერი... ფიქრია ხომ არ გინახავს?

არსენა მიუხვდა. არა, ფიქრია არ უნახავს, სამაგივროდ მარინესგან გაიგო ყველაფერი. მაგრამ შუა სოფელი საამისო ალაგად ვერ გამოდგება, ამიტომ უპასუხა:

- ჯერ არ მინახავს, მაგრამ მეც ვიცი. შენ არხეინად იყავი, გამაგრდი და, თუ საჭირო იყოს, მომეშველე... ფიქრიას მაინც მიეშველე.

და ისე შეარყია ხელახლა, რომ ბარნაველს ფეხები გაეხლართა, როცა გასწორდა, დათუნამ მაღალი ბერი დაინახა, რომელიც ბედნიერი ღიმილით მოალაჯებდა მისკენ.

- ძმაო დათუნი! - მიაძახა ბერმა შორიდანვე და გრძელი ხელები ვეებერთელა შავი ფრინველივით გაშალა.

- ძმაო ფილადელფოს!

ორივენი თითქმის გაიქცნენ ერთმანეთისკენ და მამაშვილივით ჩაეხვივნენ. მერმე ბერი განზე გადგა და მიაძახა:

- მშვიდობა შენდა, დათუნა ბარნაველო!

- და სულისაცა შენისათანა, მამაო ჩემო! - მიუგო ნაშეგირდალმა.

და ერთხელ კიდევ გადაეხვივნენ. არსენაც მივიდა, ბერს ხელი გაუწოდა და ჰკითხა:

- ფილადო, ვეღარ მიცანი?

ბერს უცებ გაახსენდა:

- არსენა ხარ, არსენა ოძელაშვილი. გამარჯვება, ძმაო არსენ! - და იმასაც გადაეხვია.

სამი წლის წინათ ზაალის ბრძანებით ოძელაშვილი საკალმასოდ მოარულ ბერს გაჰყვა და თრიალეთი და ბორჩალო მოატარა. მერმე კალმასობით მოგროვილი ღვინო, ხორბალი და ყოველგვარი ნუზალი ხუთი ურმით ჩაუტანა გარეჯის უდაბნოში და სამაგივროდ ბერებისგან უთვალავი ლოცვა-კურთხევა წამოიღო. მაშინ გაიცნო ბერმა მარაბდელი არსენა და ახლა უმალვე იცნო მისი ახოვანი ტანი, ნათელი სახე და ფოლადნარევი ხმა.

იქვე, შალვა ბარათაშვილის აივანზე, ალექსანდრე და გრიგოლ ორბელიანები და თვითონ მასპინძელი გადმომდგარიყვნენ და ღიმილით დასცქეროდნენ ორ მეგობარს და ბერს, რომელნიც ასე გულიანად შეხვდნენ ერთმანეთს.

შემდეგ ბერმა ამ აივნისკენ აიხედა, სამივე თავადს ყურებამდე გაუღიმა, ხელები გაასავსავა და მათკენ გაალაჯა, თანაც შორიდანვე წელში იღუნებოდა და ეუბნებოდა:

- მშვიდობა და კურთხევა პატიოსან თავადებს... კნიაზ გრიგოლს, შალვას და ალექსანდრეს... ჩემო მოწყალენო ხელმწიფენო... უფალნო მარაბდისა, კოდისა და ყოველთა ამა მიდამოთა.

- მობრძანდით, ძმაო ფილადელფოს, - გადმოსძახა შალვამ და დაუმატა: - დათუნავ, არსენ, თქვენც მეწვიეთ. მცირე საქმე მაქვს და მოვილაპარაკოთ.

არსენა ისედაც შალვასთან მიდიოდა. ჰსურდა მისგან რჩევა-დახმარება მიეღო, და დათუნას და ბერს გამოჰყვა.

შალვა ბარათაშვილს მარაბდაში მარტო სახლ-კარი ედგა, მამული კი ზევით ალგეთის ხეობაში ჰქონდა.

რუსების შემოსვლის შემდეგ მისი მამა დუცალი ბირთვისის ციხეში შეიხიზნა და ახლანდელ ზაალის პაპას - რუსეთუმე ზაალ მორდალს - მტრობა დაუწყო. მაშინ საქართველო “დიდად იყო აღრეული”. მეფედ ზოგს დავით მემკვიდრე უნდოდა, ზოგი ბატონიშვილს იულონს მოითხოვდა. ერთნი დედოფალ დარეჯანს უდგებოდნენ, მეორენი კი იქამდე გაკადნიერდნენ, რომ ახალი მეფის ან “ფრანციცული” პრეზიდენტის არჩევასაც კი გაიძახოდნენ.

ამის გამო წარჩინებულთა ერთმა ჯგუფმა პროკლამაცია დასწერა და მთელ ქვეყანას მოსდო.

“ბატონნო საქართველოს თავადნო და აზნაურნო! - სწერდნენ. - ამჟამად ზოგიერთნი სხვანი და დუცალ ბარათაშვილიც შეგიყრიათ და რესპუბლიკის თავად დაგიყენებიათ... ეს თქვენი კეთილშობილებისათვის დიდად აუგია და სათაკილოა. თუმცაღა ჩვენ ქართველთა მეფე გვყოლია, მაგრამ ოდესმე საბერძნეთის ყმანი ვყოფილვართ და ოდესმე სპარსეთისა. და ახლა მეფე თეიმურაზმან, მეფე ერეკლემ და მეფე გიორგიმ რუსეთის ხელმწიფეს მისცა”.

და განდგომილებს ურჩევენ რესპუბლიკაზე ხელი აეღოთ და რუსის ხელმწიფეს დამორჩილებოდნენ.

ამ მიმართვას ხელს აწერდნენ მეფის ძე იოანე, ეშიკაღას-ბაში მაყაშვილი, მეითარი თარხნიშვილი, თელავის სემინარიის რექტორი დავითი, მორდალი დიდი ზაალ ბარათაშვილი და კიდევ რამდენიმე დიდკაცი და წარჩინებული.

დუცალი გოსტაშაბის ჩამონავალი იყო და კიდევ ამიტომ ებრძოდა რუსის ჯარის მიერ წელგამაგრებულ საამის ჩამონავალს ზაალს, და თავის ორი შვილის ტატოს და შალვას თანხლებით თრიალეთ-ლორში ყაჩაღივით დაძრწოდა.

ბოლოს დიდი ზაალი 1810 წელს საზღვარზე საკუთარ მამულში ახპატის გზაზე აჰკუწეს.

მთელ საქართველოში ხმა დაირხა, ვითომ ახპატის სისხლიან საქმეში დუცალის ხელიც გამოჩენილიყო, ვითომ დამარცხებული დუცალი და მისი შვილი იმ დღეებში ახპატის მახლობლად ენახოთ. ისინი ჯერ ახტალის მონასტერში ასულიყვნენ, ვერცხლის მაღაროები დაეთვალიერებინათ, რომელიც მარტო ზაალმა დაიჩემა, იქ ვიღაც სომხები და ბერძნები მოეკითხათ, შემდეგ ალავერდში გადმოსულიყვნენ, სპილენძის მიტოვებული მადნებიც დაევლოთ, აქაც ვიღაცეებთან რაღაც ჩურჩული გაემართათ და...

და მესამე დღეს იქვე მახლობლად ბერდუჯის წყლის გაღმა ახპატში ზაალის სისხლი დაქცეულიყო.

სასტიკი იყო ძიებაც და სასჯელიც: მკვლელებს გლეხებში ეძებდნენ და ახპატი დასწვეს, ახტალა აიკლეს, აირუმი დაარბიეს და კინაღამ მელიქიშვილების სადახლოც მიაყოლეს. მაგრამ ვერც მკვლელი აღმოაჩინეს და ვერც დუცალი დაიჭირეს. სამაგივროდ გავარდნილი თავადი სიკვდილმა დაიჭირა: იმავე წელს დუცალი სამშვილდეს ციხეში გარდაიცვალა, მისი უფროსი ვაჟი ტატო კი ოსმალეთში გაიხიზნა.

რაკი მამები წავიდნენ და ქართლის ბედიც გადაწყდა, შვილებიც მალე შერიგდნენ და დაცხრნენ. უმცროსი შალვა ალგეთის ტყეებიდან ბარში ჩამოვარდა და პატარა ზაალის გვერდით დასახლდა.

მთავარმართებელმა ტორმასოვმა შალვას ერთგულების საბუთი მოსთხოვა და კიდევაც მიიღო: დუცალის შვილი ტორმასოვის ჯარს ახალციხეში გაჰყვა, იქ ოსმალებისა და საკუთარი სისხლი დაღვარა და მას შემდეგ ისე იქცეოდა, თითქო საქართველოში მეფის რუსეთის მთავრობა აღარ ყოფილიყო: აღარც ის იცნობდა მთავრობას და აღარც მთავრობა აწუხებდა მას.

შემდეგ ცოლი შეირთო, ოთხი ქალი გაიჩინა და რასაც ზემოდან გლეხები ჩამოუტანდნენ, მადლობით იღებდა და მცირედითაც კმაყოფილდებოდა.

შალვამ თავიდანვე ადვილად მიაგნო უდარდელი ცხოვრების ხერხს. ქალაქში ცხოვრება, რუსების მეგობრობა, რაუტები, ზეიმები და შვილების ახალნაირად აღზრდა უამრავ ფულს მოითხოვდა, მან კი სამივეზე ხელი აიღო და ღარიბ აზნაურს დაემგვანა. სამაგივროდ მშვიდი ცხოვრება იპოვა და ყველანი მოიმადლიერა. მაგრამ ამავე დროს არც ამ ქვეყანას გაეთიშა საბოლოოდ. დროგამოშვებით ცხენზე შეჯდებოდა, სამიოდე საათში ქალაქში ჩავიდოდა, ზოგთან სტუმრად მივიდოდა და იქიდანაც სტუმრად მოჰყავდა.

უკანასკნელ დროს დუცალის შვილს ერთი სენი დასჩემდა: მეგობრებთან კარის ჩაკეტვას, განაპირებას და ჩურჩულს მიეჩვია.

- რა გემართება, კაცო? - ხშირად ეკითხებოდა მეუღლე მაიკო. - რა ჩუმი საქმე გაიჩინე?

- საჩუმარი არაფერია. შენ არხეინად იყავი. - ამშვიდებდა ქმარი და ერთ ნაჩუმარ საქმეს ახალ-ახალს უმატებდა.

ნამეტნავ მას შემდეგ მოუხშირა ქალაქში სიარულს და ჩურჩულს, რაც სიმონ მაჩაბელი, ფილადელფოს ბერი, ლემონ სავარსამიძე, ანდრო ლეონიძე, ალექსანდრე ორბელიანი, მოლა ზამანი და მიხეილ, ესტატე და ქაიხოსრო ჯავახიშვილები დაიმეგობრა. ისინიც ხშირად დადიოდნენ ალგეთის ხეობაში და მარაბდაში. მაგრამ ბერი კარგა ხანია დაეკარგა და ახლა რომ უცებ მარაბდაში დაინახა, გახარებული შალვა კიბის თავზე გამოეგება, ხელი-ხელს გაუყარა და აივანზე გაიყვანა.

ბერმა, დათუნამ და არსენამ ქართულ-სპარსულად მორთული დარბაზი გაიარეს და განიერ აივანზე გავიდნენ, რომელიც ქვეით ჭალა-მდინარეს და ზევით - ალგეთის ამავალს ხეობას დასცქეროდა. მასპინძელმა სამივენი მერხზე მიიპატიჟა.

ორბელიანებმა მარტო ბერს ჩამოართვეს ხელი, ისიც მედიდურად, დათუნას და არსენას კი მხოლოდ წყალობის თვალით გაუღიმეს და სიტყვიერი სალამი მისცეს. ფილადელფოსი ხუთიოდეჯერ მოიხარა, სამთავ თავადს მრავალი ქათინაური, მოკითხვა და კურთხევა მიუძღვნა და მოკრძალებით ჩამოჯდა.

ბარნაველი შორიახლოს აიტუზა. არსენა კედელს მიეყუდა და ჩვეულებრივ ფეხი-ფეხზე გადიდო. ხანჯალი ლაჯებში ჩაიგდო, ორივე ხელი შავი ძვლის ტარზე დაიწყო და სმენად გადაიქცა.

თუ მოსაუბრე გამოცდილი და ჭკვიანი ვინმე იყო, ოძელაშვილი ყველაფრით მიუგდებდა ხოლმე ყურს - ფართე და სუფთა თვალებით, დაჭიმული და სწორი შუბლით, თხელი და ოდნავ კეხიანი ცხვირით, მაღლა-აყრილ კოკორა ულვაშებით და მსხვილი თეთრი კბილებით, რომელიც მხოლოდ მაშინ გაიელვებდა ხოლმე ორი მძივივით, როცა მას მოსაუბრის ნათქვამი მოეწონებოდა.

ასე უგდებდა ყურს მარაბდელი ყველას, ვისგანაც რაიმე სულიერ გამორჩენას ელოდებოდა: დათუნას მამას სეხნია ბარნაველს, როცა ის არსენას ანბანს ასწავლიდა. პაპა მახარას, რომელიც ძველ ამბებს მოუთხრობდა. სიყრმის მეგობარს დათუნას, რომელმაც ვეფხის ტყაოსანი, საგმირო ამბები და წიგნის კითხვა შეაყვარა. თავის მამას ღვთისავარს, რომელმაც მას ვარსკვლავთა ბრუნვა, დარის გამოცნობა, ნადირთა ცხოვრება და საქონლის მოვლა-მკურნალობა ასწავლა, და აგრეთვე ზაალს, დავითს, ყველა ბატონებსა და სტუმრებსაც, რომელნიც მარაბდაში, ქალაქში, მრავლად მოდიოდნენ ბარათაშვილებთან.

არსენას თვალწინ ბავშვობიდანვე ათასმა ნასწავლმა კაცმა გაიარა და მისმა ყურებმა უთვალავი რამ მოისმინა, ხოლო გონებამ ყველაფერი უნაკლო ცხრილივით გაცხრილა, ნაკმაზი გადაჰყარა და სუფთა ხორბალი შეინახა.

- რა ამბავია ქვეყანაზე, ბერო? - ჰკითხა შალვამ.

- მშვიდობა ცათა შინა და ურვა ქვეყანასა ზედა. - მიუგო ანაფორამ და ყურამდე გაიღიმა.

არსენამ ბერის პასუხზე ფეხი მოინაცვლა, თვალებსა და კბილებზე კრიალმა გადაჰკრა. თავადები რომ არ ყოფილიყვნენ, არსენა ფილადელფოს ბერს, რომელსაც ფილადო დაარქვა, ხელში ეცემოდა და მიაძახებდა:

“ჰოი შენ კი გენაცვალე მაგ სიტყვაში, ფილადო! “

ეს სიტყვები გულში კიდევაც წამოიძახა, ხოლო ბერის ნათქვამი - “მშვიდობა ცათა შინა და ურვა ქვეყანასა ზედა” - სადღაც კუნჭულში ჩაიჭედა.

- როგორ იმგზავრეთ რუსეთში, მამაო? - ჰკითხა გრიგოლმა და ხალიჩით დაგებულ ტახტზე ჩამოჯდა. თეთრი მწევრები ორივე მხრიდან მიუდგნენ და თავები ბარძაყებზე დაუწყეს.

- ისე დავიტანჯე და იმდენი თავგადასავალი გადამხდა, რომ სჯობდა ჯოჯოხეთში მემგზავრა, ვიდრე იქ წავსულიყავი. - მიუგო ბერმა და “მდაბიო ქართულით” ალაპარაკდა.

იმის საუბარში აღარ ისმოდა “გარნა” და “გვამსა შინა თვისსა”, “მოლოდებასა შინა” და “იდიანი მაღალნი”, არც “ოდეს იხილნა მიწასა ზედა” და არც “მისცა მუნ ავთრათი”, აღარც რიტორიკა, დიალექტიკა ანუ დოღმატიკიდან ამოკრეფილი “შტილი მაღალი”, რომელსაც უდაბნოელი ბერი მხოლოდ მიწერმოწერაში და ქადაგების დროს ხმარობდა ხოლმე.

არსენას მკლავ-ტუჩებით შეფიცხებული და საშინელი ხიფათით აშფოთებული მარინე სწრაფი ნაბიჯით ბრუნდებოდა შინისკენ. მომავალმა გაქცევამ თუ მოტაცებამ ქალი უარესად ააფორიაქა. წეღან მაგდანამ შეუშალა ხელი, თორემ დაწვრილებით გამოჰკითხადა არსენას: როდის, როგორ და საით წაიყვანდა მას ოძელაშვილი. ეხლაც ამაზევე ფიქრობდა და ვერ მიხვედრილიყო. ოძელაშვილს ყველგან ჰყავდა დოსტი და ძმადნაფიცი: ქიზიყში - ნათლიმამა ფარსადან მირზაშვილი, თიანეთში - სანდრო ცისკარაშვილი, გაღმა ბორჩალოში - ანდრია ბურნაძე და ათიოდე თათარი, იმერეთში - ზესტაფონელი ღამბაშიძე, ხეობაში - რაზმაძე, გიგიტაშვილები და სხვაგანაც ასი თუ ათასი მეგობარი და მოყვარე ეგულებოდა.

სულ ერთია, სადაც უნდა წაიყვანოს მარინე არსენამ, ოღონდ კი ხვალვე ან ზეგვე წაიყვანოს, თორემ დაიგვიანებს და ვეღარც ვაი უშველის და ვეღარც ჭექა-ქუხილი. წეღან მარინემ ნარგიზებთან მომავალი რუსები რომ დაინახა, გაიფიქრა: ეს ხალხი მაიორმა ალბათ გასაცვლელად დაიბარაო.

“მე უძალო ქალი ვარ, - ჰფიქრობდა მარინე, - და ქვეყნის გზაკვალისა არაფერიც არ გამეგება, ამიტომ დიდ არსენას პატარა ხურჯინივით ავეკიდები და მივენდობი. მეშაბათესავით იაროს და თოფრასავით მატაროს, რა კარგი იქნება! “

ჩუმათ ჩაიცინა და ანაზდად თითქმის მკლავებში ჩაუვარდა კუჭატნელს.

- ვის უცინი, მარინე? - ღიმილით ჰკითხა გიორგი კუჭატნელმა, რომელიც ხელგაშლილი გადაეღობა გზაზე.

ქალი შეკრთა და განზე გაიწია, მაგრამ გიორგიმ ისევ გზა მოუჭრა:

- ნუ ჩქარობ, ნუ გეშინიან, არაფერს არ გავნებ.

კუჭატნელს ღვინის სუნი ასდიოდა.

- გზა მომეცი. - ხმა ამოიღო მარინემ.

- მოგცემ, მარა მითხარი, - და ხმა დაუმდაბლა, - მითხარი, რა გირჩევნიან, ჩემი ცოლობა თუ მაიორის ხასობა?

მარინე გაფითრდა და ერთ ხანს ხმა ვეღარ იპოვა. შემდეგ კი წყრომით მიახალა:

- ღმერთმა შენც შეგარცხვინოს და შენი მაიორიც!

- ქალო, ნუ ფიცხობ. მეტი გზა აღარა გაქვს. არსენა შენს თავს ვერ ეღირსება.

- შენ არავინ არ გეკითხება. გზა მომეცი მეთქი. - და ისევ გვერდი აუხვია.

- მარინე, ყური მიგდე. - და კუჭატნელის ხმაში მუდარა მოისმა. - შენი თავი ვთხოვე შენს ქალბატონს, მარა პასუხი ვერ მომცა. ახლა მინდა შენ მოგელაპარაკო საღამოზე. ალაგი მიჩვენე სადმე... ნუ გეშინია, არაფერს არ დაგიშავებ.

და მარინეს პაწაწა ხელი ჩაუბღუჯა.

ქალმა გაიწია, მაგრამ ხელი იტკინა. ისევ გაიწია და ბრაზით მიაძახა:

- შე უნამუსოვ, პოლიციაში ამაზე მეტი ვეღარაფერი ისწავლე?

- მარინე, ყური მიგდე მეთქი...

- ყაჩაღივით შუა გზაზე მიხვდები და... ხელი მეთქი!

გიორგის შერცხვა, შუბლი შეიკრა, სიტყვას ძებნა დაუწყო, მაგრამ ვეღარ მოასწრო: უცებ მაჯაში სხვისი ხელი დასწვდა და მარწუხივით მოუჭირა. ვიღაც უცნობი კაცი მიწიდან ამომძვრალიყო და კუჭატნელს დინჯი ღიმილით შეჰყურებდა.

- როსტომ, მიშველე. - მიაძახა მარინემ და ხელი გაინთავისუფლა.

- ვინ ხარ შენ? - რისხვით ჰკითხა გიორგიმ, თან ორი ნაბიჯით დაიწია უკან და უცნობი თავით-ფეხამდე გაზომა.

მის წინაშე გრუზა კაცი იდგა - შუა ტანისა, ახალგაზრდა, მკვრივი, მუხასავით მაგარი და კუჭატნელივით განიერი. მან ეს-არის ახლა სახანჯლოდ გაიხადა საქმე, მაგრამ მაინც ისე მშვიდად უღიმოდა მოშუღარს, რომ გარეშეს ეგონებოდა, ამ კაცს გულითადი საუბარი აქვს კუჭატნელთანო.

- ვინ ხარ მეთქი შენ? - ერთხელ კიდევ შეუტია სეფისკვერაძემ.

- მენა? - გულუბრყვილოდ იკითხა უცნობმა და არც ხმას აუწია. - მე ვინა ვარ? როსტომ ჯორჯიაშვილს მეძახიან. ჯერ არ გაგიგია ჩემი სახელი?

- მე შენ გეტყვი ერმოლოვის გვარისა ბრძანდები, რომ გამეგონოს. - გაიცინა კუჭატნელმა.

როსტომმაც გაიცინა და დაუხვედრა:

- თუ ჯერ არ გაგიგია, მაშ ეხლა გაიგე და დაიხსომე. სხვაფრივ კი ერმოლოვიც ფეხებზე მკიდია და ბატონიც. იცი რას გეტყვი? მე დიდი გვარისა არა ვარ. ერთი ბოგველი ბიჭი გახლავარ აი ამ ქალის ძმა ვარ, მაგრამ ჩემ დას არავის არ დავაბრიყვებინებ. ხომ გაიგე რაც გითხარი? - მოსაუბრეს ისევ თვალებში უღიმოდა: - გაიგე მეთქი რაც გითხარი?

- მე არც ვაპირებდი მარინეს დაბრიყვებას. - დაუწია ხმას კუჭატნელმაც.

- ჰო და მაგას რაღა სჯობია! - მოუწონა ჯორჯიაშვილმა. - მაინც გირჩევ ქალს შარა გზაზე ნუ დაუხვდები, თორემ ყველა ჩემსავით კი არ მოგითმენს.

- შენ სხვები მოაშორე მარინეს, - ურჩია გიორგიმ, - თვარა მე არაფერსაც არ ვავნებ.

- აკი ვამბობდი კუჭატნელი ავი კაცი არ არის მეთქი. - კეთილი ღიმილით მოუბრუნდა დას როსტომი და მერმე ისევ კუჭატნელს უთხრა: - კაი დარიგება მომეცი. ეხლა სხვებზე ვიფიქრებ. ოღონდ შენ გადექი განზე და ნურავის ნუ მიეშველები. გაიგე რაც გითხარი? მაშ გამარჯვებით იყავი.

მარინე გვერდით ამოიყენა, გაალაჯა და ჰკითხა:

- გოგო, არ იცი არსენა სად იქნება?

- არ ვიცი.

როსტომი შედგა.

- გაიქეცი და თუ სადმე შეგხვდეს, უთხარი, როსტომი ქალაქიდან ამოვიდა, ცუდი ამბავი მოიტანა და გეძებსთქო. მეც აქ სადმე მოვძებნი.

- ისევ ცუდი ამბავი? - ამოიკვნესა ზაალის მოახლემ. - ერთი ხეირიანი მაინც გაერიოს. დღე არ გავა, რომ ავი არაფერი არ გავიგოთ.

- ღმერთს ავი ამბავი და გლეხკაცი ერთმანეთისთვის გაუჩენია. წადი, არსენა მოსძებნე მეთქი. - მიუგო ძმამ და მარინე გაატრიალა.

მარინე თითქმის მირბოდა, როსტომი კი მუხის კუნძივით იდგა შუა გზაზე და მიწას ჩასცქეროდა. ერთ ხანს შავ ულვაშს აწვალებდა, შემდეგ გაბრუნდა და ჩარდახისკენ გაეშურა. იქ სოფლის დალაქს საბას ხელსაწყო გამოეტანა და მარაბდელებს წვერს ჰპარსავდა.

ხუთი წუთის შემდეგ მარინე მოახლეთა ოთახში შევარდა და ფიქრიას მოეხვია.

- ფიქრიავ, ან ღმერთი თუ გვიშველის ან არსენა, თორემ მეტი მხსნელი აღარა გვყავს.

ფიქრიამ ნიკაპი აუწია, თვალებში ჩაჰხედა და ჩუმი ხმით ჰკითხა:

- კიდევ გაიგე რამე?

- ბასილას ყმები მოუვიდა. გაგვცვლიან. - შიშით შესჩივლა მარინემ.

კარგა ხანს იდგნენ მდუმარენი და მოღუშულები. ორივეს ერთმანეთის გულისცემაც კი ესმოდათ. შემდეგ ფიქრიამ თავი დაარხია და სთქვა:

- არხეინად იყავი. არსენა გვიშველის.

მარინე თითის წვერებზე შედგა და ფიქრიას ყურებს რომ ვერ მისწვდა, მის ყელს ჩასჩურჩულა:

- არსენა, მე ხვალ ან ზეგ მომიტაცებს, მაგრამ შენ რაღას აპირებ?

- მე? მეც დათუნა მომიტაცებს, ან მე თვითონვე მოვიტაცებ მას.

და ორივე ქალმა ისე გადიკისკისა, რომ მათი სიცილი მესამე ოთახშიც კი შეიჭრა, სადაც მაიორი იწვა და ტკივილისგან იღმიჭებოდა.

* * *

მუხათიდან მოყვანილმა დოსტაქარმა ზაქრო ბაჯიაშვილმა მაიორს მკლავი გაუშინჯა და ოდნავ მოსწია. ბასილა ისე აბღავდა, რომ მისი ხმა ალგეთის ნაპირებზედაც კი გაიგეს. შემდეგ დამბაჩა იძრო და ფერწასულ ექიმს დაუმიზნა:

- მოგკლავ! გესვრი, შენი... - და ხუთსართულიანი რუსული საცხონებელი მიაყოლა.

ზაქრო აივანზე გავარდა და პატარა ბატონს დავითს მიახალა:

- გიჟია ეს ოხერი?! მადლობის მაგიერია?

დოსტაქარს ყოველმხრივ მოეხვივნენ და მიაყარეს:

- რა მოხდა? რა იყო?

- გიჟია მეთქი! დამბაჩას მიმიზნებს.

- ვეჟო, ასეთი ამბავი გაგონილა! - გაიკვირვა ზაალმა და ბაჯიაშვილს უთხრა: - ვეჟო, სანამ არ უშველი, აქედან ვერ წახვალ. ნუ კი ეხუმრები, - და თითი მაღლა ასწია, - რუს-ხელმწიფის კაცია, ძალიან დიდი კაცია!

იმ ოთახში ელიზბარმაც შეიხედა, მაგრამ ისიც ყუმბარასავით გამოვარდა.

- მართლა გაგიჟებულა! დასაბმელია!

- ჭკუაზე როდის იყო, რომ ეხლა გაგიჟებულიყო? - იხუმრა ყაფლან ორბელიანმა.

ზაალმა, დავითმა და მათმა ნათესავმა სუმბათაშვილმა ჭაბუკს დაუბღვირეს და სიცილი აულაგმეს.

- ბატონო, - მიუბრუნდა ბაჯიაშვილი დავითს, - უბრძანეთ, ერთი ტიკჭორა მომიტანონ.

- რად გინდა ტიკჭორა, ბიჭო? - ჰკითხეს დოსტაქარს აქეთ-იქიდან.

- მომიტანონ და ნახავთ...

მეჩიბუხე გარსიამ მაშინვე ამოიტანა ცალიერი ტიკჭორა და ბაჯიაშვილს გადასცა. ზაქრომ ფრთხილად შეაღო კარი, ტიკჭორა ბასილას მიუგდო და დავითს მიუბრუნდა:

- ბატონო, უთხარი ეს ტიკჭორა იღლიაში შეიდოს.

ყველანი კარებთან და ფანჯარასთან შექუჩდნენ და ერთმანეთს თარჯიმანობას ეცილებოდნენ. ბასილა ჯერ იბღვირებოდა, რადგან არაფერი არ ესმოდა, მერმე ტიკჭორას დასწვდა და კვნესით ამოიდო იღლიაში.

- ეხლა უთხარით ამ ტიკჭორაში ნელ - ნელა ჩაჰბეროს.

- ჩაჰბერეთ! ჩაჰბერეთ! Дуй! Дуй! - მიაძახეს თავადებმა.

ბასილა გაიბადრა, ტიკჭორის ტუჩი პირში ჩაიდო, ლოყები გამოიბუშტა, ჩაჰბერა, გაასივა და თვითონაც მყვარივით გასივდა.

- აგრე, აგრე! - სიცილით ეძახოდნენ. - კიდევ, კიდევ! - დუი, დუი!

ტიკჭორა თანდათან ივსებოდა ჰაერით, მაიორივით იბერებოდა და ამოვარდნილ მკლავს ზევით ეწეოდა. უცებ სამხრე ძვალმა დაიჩახუნა და ფოსოში ჩავარდა.

იქ მყოფთა ხარხარმა ოთახი გაავსო, ბასილამ კი დაღმეჯით ჩაიხითხითა და ტახტზე გაგორდა.

- ასეთი ჯადოსანი გაგონილა? - სიცილით წამოიძახა ზაალმა. - მეტი რაღა გინდათ, ვეჟო! - და შექების ნიშნად დოსტაქარს ყური აუწია.

სხვებმაც ვითომ ბაჯიაშვილის ოსტატობაზე გაიცინეს, ნამდვილად კი ზაალმა გაამხიარულა, რომელმაც ბავშვობიდანვე “მეტი რა გინდა” აიკვიატა და ზედმეტ სახელადაც მიეკერა.

თავადები და კნეინები ისევ ზემო აივანზე გალაგდნენ. ფიქრია და მარინე თავიანთ ოთახში შეცვივდნენ. ბაჯიაშვილმა კი მაიორს კისერზე აბრეშუმის ნაჭერი შეაბა და ნაღრძობი ხელი ზედ ჩამოუკიდა. შემდეგ ისიც ქვევით ჩავიდა და აზნაურებს შეუერთდა. ბასილა კი გულაღმა იწვა და ფიქრობდა, ვინ გაეციმბირებინა, ვინ ჩამოეხრჩო და ვინ დაეჯილდოვებინა.

ზაალის გარდა დასაჯილდოვებელი ჯერ ვერავინ ვერ გაიხსენა, დასასჯელი კი იმდენი ჰყავდა, რომ სათვალავიც აერია. თავდაპირველად შალვა ბარათაშვილი, დათუნა ბარნაველი და შფოთის დასათესავად ამოსული ბერი უნდა ჩამოეხრჩო, რადგან ისინი ალექსანდრე ბატონიშვილთან რაღაც ძაფებით იყვნენ გადახლართული.

შემდეგ ცალთვალა ღვთისავარს მიაყოლებს, რომელმაც მას საქვეყნოდ აჭამა სირცხვილი. მერმე არსენას, ჯორჯიაშვილს, კარპიჩას და ათიოდე სხვა გლეხსაც ჩამოჰკიდებს, რადგან ისინი მთავრობას ეურჩებიან, სამხედრო ბეგარაზე არ გადიან და არლოვს ორ ლამაზ ქალსაც ეცილებიან.

მართლა, კინაღამ დაავიწყდა: ელიზბარსაც გააციმბირებს, რადგან ესეც წინ გადაეღობა: ზაალის ქალს დაროს თვალი დაადგა და გამუდმებით თავს ევლება.

ვერა, მეფისა და მაიორის მტრებო, ორგულნო და მოღალატენო, ვერაფერსაც ვერ გაიტანთ. თქვენ ჯერ არ იცნობთ მაიორ არლოვს და არც გირჩევთ გაიცნოთ. თორემ იმ თაგვებივით ინანებთ, რომელთაც კატის გაცნობა მოისურვეს.

უზარმაზარ ჭანდრის ორ ტოტზე თითქმის მუდამ ჭოჭინა იყო გაბმული. ბარათაანთ თარი, ლექსი და სიმღერა ყველგან განთქმულია. მათ ამ საქმეშიც მხოლოდ ორბელიანები ედავებიან, მაგრამ უზენაესი მსაჯულები - აზნაურები და ყარაჩოხელები - ბარათაანთ მხარეზე არიან და პირველობას სხვას არავის არ ანებებენ.

ზაალის შვილი დავითი, დრაგუნთა მუნდირში ჩაჭედილი, ღრმად იყო დაჯერებული და სხვებსაც არწმუნებდა, რომ მწოლარე ზეზემდგომზე უფრო კარგად მღერისო, და ამიტომ, თუ ხელსაყრელი დარი იდგა, ჭოჭინაში წვებოდა და იქ ღიღინებდა, ან ტახტზე გაგორდებოდა, ზურგს ბალიშ-მუთაქებს მიაყუდებდა და თავის ხელოვნებას ხალხს ამგვარად აჩვენებდა.

ახლაც აზნაურებისა და კნეინების თხოვნა შეეწყნარებინა, დაწნულ ჭოჭინაში ჩაწოლილიყო, სადაფით შეჭედილ თარს აჟღარუნებდა და უნდილად ღიღინებდა. ახალგაზრდა თავადს წვრილი, მაღალი, რახათ-ლუხუმივით ტკბილი ხმა ჰქონდა და მისი ჰანგებიც და ლექსებიც ასეთივე რბილი, ტკბილი, ქოჩორა და უნდილი იყო:

მისი კილო სევდით იპრანჭებოდა, ქალაბიჭურად ქვითინებდა და ნაძალადევად ჰკვნესოდა, ხოლო ლექსი მთვარის, ვარდისა და ბულბულის შუა გახლართულიყო და კაკანათში გაბმული ჩიტივით ფართხალებდა. ყოველგვარი “მუხამბაზი”, “ჯანყუში” და “ბაიათი”, “შიქასტა” და “მუსტაზადი”, “გაფი” და სპარსულ-ოსმალური ყაიდები მილეული სულის უღონო ამონაბერს და გალახული ბალღის სლუკუნს ჰგავდა, რომელსაც მოთქმისა და ტიტინის მეტი აღარაფერი შეეძლო.

ახალ აღნაგო სულოდა,

ედემში ამოსულოდა.

ჩემს ეტლზე დანერგულოდა,

სიცოცხლეს შენგან მოველი.

უკვდავება ხარ ცხოველი.

დავითი თვალების ბლეტით მღეროდა და იმის ხმასა და თარის კვნესა-ჩიფჩიფს სტუმრების ოხვრა მოსდევდა, ხოლო დროგამოშვებით აქეთ-იქიდან ჩუმი გადმონაგდებიც ისმოდა:

- ბულბულია მეთქი, ბულბული! - გაიძახოდა ელიზბარი.

- შენ მერმე ნახე, როცა ერთ ხელადას დასცლის... ბულბულსაც გააფასებს. - ამბობდა სუმბათაშვილი.

- ნამდვილი ჯადოსანია, ნამდვილი.

- თილისმა აქვს მეთქი, თილისმა.

ზაალი კი ვაცივით დააბოტებდა აივანზე და წარამარად იძახოდა:

- მეტი რა გინდა, ვეჟო!

მამაკაცებს თვალები და ცხვირი მიწაში ჩაებჯინათ, ხოლო აივანზე გადმოფენილ კნეინებს თავი ხელისგულზე გაეყრდნოთ და სასიყვარულო ლანდებით სავსე თვალები სიქსტინის მადონასავით აღეპყროთ ლაჟვარდ ცაში. მიბნედილი დავითი კი ისევ ქადაგივით ჰბოდავდა:

ორი კვირისა მთვარეო,

ნათელ ბრწყინვალე არეო,

ანგელოსთ მიწყივ დარეო.

სიცოცხლეს შენგან მოველი,

უკვდავება ხარ ცხოველი.

- ჯან-ჯაან! - მაღალი შეძახილით ამხნევებს დავითს ელიზბარი.

- ჰაი დაიწვას შენი დამწველი, დაიწვას! - ხშირად ისმის ჩუმი კვნესა აზნაურთა შორისაც.

დროგამოშვებით მომღერალი სულს ითქვამს, ქება-დიდებით ილოკავს გულს და ისევ ვარდს დასტირის, იადონს დაჰკვნესის და ქადაგივით ჰყეფავს მთვარეს, ეზო კი დუნდება და უძალო ჭმუნვით საბალღო ფაფასავით ლბება.

სიყვარულო, ძალსა შენსა

ვინ არს, რომე არ მონებდეს?

შენგან მეფე მონას ეყმოს,

შენგან ბრძენი ხელად რებდეს,

და ბულბულსა რად ეზრახვის,

რომ შენ გამო ვარდს შეჰყეფდეს!

თავადების სუფრაზე სამ ხმაზე აღარ მღერიან: სამხმოვანი სიმღერა გლეხურია, მდაბიური, ქართული, ხოლო ერთხმოვანი სპარსულ-ოსმალური გაფი და მუხამბაზი, შიქასტა და მუსტაზადი, ბაიათი და ყველა “ყაიდა” დიდებულთა სამღერალია, რადგან იგი მათი გადაგვარებული სულის გამონაჟონია.

ლექსი და სიმღერა ჯერ კიდევ სპარსულია, სამაგივროდ ჭამა-სმის ჟამი უკვე რუსულია. თავადების სადილი იგვიანებს, გლეხის კუჭი კი დიდი ხანია ჰკივის. დღეს მათ სამხარი არ უჭამიათ და სადილობამდის ოდნავ მაინც უნდა დანაყრდნენ.

მზარეულმა ლაცაბიძემ და მეღვინე ლაშქარა გოჩაშვილმა ეს კივილი შეისმინეს და თავკაცებს მცირე საუზმე გაუმართეს.

ლაშქარას მიწური ზაალის სასახლის გვერდზე დგას. ზურამ და ერეკლემ “აღსაჰკალებს” ამ მიწურში მოუყარეს თავი. სევასტიმ ზურას ხელით ერთი ხონჩა პური და ხორცით სავსე პატარა ქვაბი შემოაპარა, ლაშქარამ კი ერეკლეს ორი საღვინე გამოატანა.

თავკაცების კრებულს თავიც უნდა გამოებას, ხოლო ალგეთის ხეობაში ასე თავად “ცალთვალა დევი” ღვთისავარ ოძელაშვილი ითვლება. ვინც საერთო რამეს დაივიწყებს, ღვთისავარს უნდა მიადგეს. ყველა საქვეყნო საქმეს ის ნათლავს, ისა ზრდის, მისდევს და მიუძღვება.

შუაკაციც ის არის და წინამძღოლიც, მომრიგებელიც და მსაჯულიც, გლეხის მოსარჩლეც და ჭირისუფალიც. მრჩეველიც და გზირიც, და მისი კამეჩური კისერი და მართლა დევური ბეჭები ყველაფერს ერთგულად ეზიდებიან.

მთელი თრიალეთი, კახეთი და არაგვიც კი მღეროდა არსენას მამაზე:

ცალი თვალი აქვს ღვთისავარს,

ორით ნეტა რას იქმოდა?!

ეშმაკსა ხარკი მიჰქონდა.

დევი დამფრთხალი მირბოდა.

ღვთისავარმა ცალი თვალი ივრის ბრძოლაში “დასთესა”, ხოლო მეორეს სად გამოსთხრიან, ჯერ არავინ არ იცის, მაგრამ ის კი იციან, რომ საქვეყნო საქმე ოდესმე ამ თვალსაც მოსთხოვს და ისიც დამპალ პანტასავით მიუგდებს მას.

ხორცი უკვე გაცივდა, მაგრამ თავკაცები ღვთისავარის მოლოდინში არიან და ჯერ ტაბლას არ მისხდომიან. ბოლოს ხანდაზმული ცალთვალაც მოვიდა, ბოდიში მოიხადა, მცირე სუფრა აკურთხა, სამფეხაზე ჩამოჯდა და მახობელას შოთი გადასტეხა. მერმე სთქვა:

- ხვალ კანონის დღეა და პირველი გუთანი უნდა გავიტანოთ. ყველანი მზათა ხართ?

- მზათა ვართ, მზათა, - უპასუხეს ყოველ მხრივ.

ღვთისავარმაც იმიტომ დაიგვიანა, რომ გუთანს მართავდა და ეჩო უკანასკნელად უნდა მოესვა.

- მზათა ვართ, - დაუდასტურა ნასყიდამაც. - მაგრამ რას მოერევა სამი გუთანი!

- ჰაი-ჰაი, რომ ვერ მოერევა. - ჩაურთეს აქეთ-იქიდან.

- უწინ მარაბდას ცხრა გუთნეული ჰყავდა, ეხლა კი სამიც ძლივს მოვაგროვეთ.

- საქონელი გაგვიწყვიტეს...

- გასწყვიტოს ღმერთმა ასეთი ბატონიც და ასეთი ხელმწიფეცა!

- მათი გამწყვეტი ჯერ არ მინახავს. - სთქვა ცალთვალამ. - წყევლა დიაცებს დავანებოთ, ჩვენ კი ამ დალოცვილის გემო ვნახოთ. დაასხი, ერეკლევ!

- დაგვისხი, ზურავ, თორემ ყელში გოლვა ჩაგვიდგა.

ცოცხლები ადღეგრძელეს, მკვდრებიც გაიხსენეს და ნელ-ნელა შეხურდნენ. ზურა და ერეკლე თავთ ადგნენ და ღვინოს უსხამდნენ.

მასპინძელი ლაშქარა მცირე ხნით შემოვიდა, მაზარის კალთიდან ერთი საღვინეც გამოიღო, სტუმრები სავსე ჯამით ადღეგრძელა და ისევ გაიქცა.

შემდეგ სევასტის წვერმა დააბნელა კარები. ლაცაბიძემ ხუთი მწვადი შემოიტანა, სუფრაზე ჩაუთალა, იგივე ჯამი დასცალა, ორიოდე სიტყვა ძლივს გაიმეტა, კუპრივით შავს წვერ-ულვაშში თეთრი ეშვები გააკრიალა და უმალვე გავიდა.

გლეხებმა თითო ჯამი კიდევ მოიყუდეს და სწორედ იმ დროს, როცა ჭანდრის ქვეშ “ბულბულ-ვარდი ბადრი მთვარე” ჩიფჩიფებდა, მიწურიდან ღვთისავარის ქუხილი ამოვარდა:

შენ ბიჭო გუდარე-ეხელო-ო!

და ეს შენაძახი უმალვე ოციოდე გლეხმა მოიტაცა და მძლავრი გუგუნით გაჰყვა ბელადს, რომელმაც ფოლად-ვერცხლის ზარივით ჩამოასხა:

შენ ბიჭო გუდარეხელო!

შენი ხმა ჩამოდიოდა.

შენი ნახოცი ლეკები

ალგეთში ჩამოდიოდა.

სუფრა ორ გუნდად გაიყო და თითო გუნდში ორი მოსალმუნე გამოეყო. ერთი რომ შაირს ასრულებდა, მეორე მას ბურთსავით იტაცებდა.

სოფლის ჭონმა პაპუნა ილაჯაშვილმა ღვთისავარის ვაჟკაცურს ფიცხლავ მიუყენა გუთნურ-მიწური:

შენი ჭირიმე გუთანო,

გათლილო წმინდა ხისაო.

შენ აჭმევ პურსა გლეხკაცსა,

დამმარხველი ხარ მკვდრისაო.

სუფრის ბოლოდან ფეიქარმა ნასყიდამ სწორედ დროზე გამოსტაცა:

ღვთისავარ, ბირთვისს გაზრდილო,

ხმალს როდის მოგიშივდება?

ომში შეხვალ და გამოხვალ,

გული არ შეგიშინდება.

და მეორე გუნდს მიუგდო:

- ჰეი, ბერუავ, შენი ჯერია!

ნაბდის მთელავმა ბერუამაც მაშინვე ჩამოართვა:

მუცელი აზნაურისა

ადლი და ნახევარია,

საწყალი გლეხი კაცისა

არც მისი ნახევარია-ა-ა.

და სუფრის თავს გადასძახა:

- ღვთისავარ, მიშველე!

ღვთისავარს რა გახსენება სჭირდება!

თქვენი რიგია, ბიჭებო,

ხელის დადება ხმალზედა,

ყორნები ლეშით ძღებიან

მამების ნაომარზედა-ა-ა.

და ხაფი ხმით გადააგდო:

- პაპუნავ, ნუ დაგძინებია!

ღმერთო ნუ მოშლი გლეხისთვინ

ლხინსა და გახარებასა,

ქალების გათხოვებასა,

ვაჟების გამრავლებასა,

ბატონის სახლში - კუბოსა,

ცრემლსა და მწუხარებასა.

და მოქიშპეს მიაძახა:

- ნასყიდავ, პირიდან ფაფა გამოიღე!

ნასყიდამ უკბილო პირიდან უმალვე გამოიღო “ფაფა”:

შავ ლუდსა წითელ ღვინოსა

განა ერთფერად სმა უნდა?!

ენაზე მომდგარ სიტყვასა

განა სუყველას თქმა უნდა?!

ბერუამ ხარის მადლი გაიხსენა და გუნდრუკი შეუკმია:

ორშაბათობით გაშენდა

ციხე-ქალაქი მთაზედა.

ადამიანის ცოდვები

ვერავინ იდო თავზედა.

ადგა ხარი, მოახსენა:

“მე დამაწერეთ ქედზედა”.

აინთო წყვილი სანთელი,

მიიკრა ორთავ რქაზედა.

ვინც კვირა-უქმეს შემაბას,

რისხვა მიადგეს კარზედა.

ღვთისავარმა ბრუტიანი თვალი გაუსწორა ბედს და გაიწვია.

ბედო, დამჩაგრე, არ ვტირი -

ტირილი დიაცთ წესია.

ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,

მაგრამ არ დამიკვნესია.

მაცალე ერთი გავმართო

ჩახმახი, ცეცხლის კვესია,

სულ ერთად მოგამკევინო

რაც გლეხზე დაგითესია.

და როცა ერთხელ კიდევ მოვიდა მისი რიგი, ახალი ნაკადი ჩაურია:

ღმერთო, წვიმა მოიყვანე,

დარი დარზე მიაბიო,

აზნაური ამოწყვიტე,

მკვდარი მკვდარზე მოაბიო,

გლეხი კაცი მოამრავლე,

სახლი სახლზე მიადგიო,

მეფე მეფეს გადაჰკიდე,

თავადს ფეხი დაადგიო...

და ეხლაღა შეამჩნია, რომ მოძახილი გაჩუმებულიყო და დვრინსაც გუგუნი შეენელებინა.

ცალთვალას ბრუტიანი თვალი კარებისკენ ჰქონდა და ახალმოსული გიგოლა ვერ დაინახა, და როცა თავი მოიბრუნა და გაჩუმდა, მიწურში მართლა მიწური დუმილი ჩამოწვა, ხოლო ზაალის ნაბიჭვარს, უგვარო გიგოლას მოეჩვენა, თითქო ღვთისავარს მისთვის თვალის მაგიერ ხანჯლის წვერი მიებჯინოს.

- შენ ჰეი, ნაბიჭვარო, აქ მო! - დაიბარა ბოლოს ცალთვალამ შემოპარული მოენე.

გიგოლა სხვა ვისმეს “ნაბიჭვარისთვის” ქვას ესროდა ან კეტს დაარტყამდა, ცალთვალას კი ქლესურად გაუღიმა, წირპლიანი თვალები მოარიდა და გაუბედავად მიუახლოვდა.

- რას აცაცუნებ მაგ თვალებს ხაფანგში გაბმული თაგვივითა, შე ბატონის თესლო, შენა! - შეუტია ცალთვალამ. - ახლო მოდი მეთქი!

გიგოლამ ორჯერ კიდევ წაიფორხილა.

- ახლა მითხარი, არსენა სად არის? - ჰკითხა ღვთისავარმა.

- მე რა ვიცი! - ვითომ იწყინა ნაბიჭვარმა და ყავისფერი კბილები გამოაჩინა.

- ძალიან კარგად იცი. სხვამ რომ არ იცოდეს, შენ მაინც გეცოდინება. სთქვი მეთქი!

გიგოლა შეყოყმანდა. მერმე გატყდა და წაილუღლუღა:

- წეღან ბარნაველთან შევიდა. იქ მაგდანას მეტი არავინ არ იყო. მერე კი... - უცებ დაიხარა და ღვთისავარს ყურში ჩასჩურჩულა: - მერე მარინეც მოვიდა.

არსენას მამამ თავი კედლისკენ მიიბრუნა, რადგან ცხვირში გიგოლას პირის სიმყრალე ეცა, და ცივად მოუჭრა:

- მე მაგას არ გეკითხები, ახლა სად არის მეთქი?

- შალვა-ბატონთან. - დარცხვენით წაილუღლუღა ბასილას ჯაშუშმა. - დათუნაც იქ არის, გრიგოლ ორბელიანიც, ალექსანდრეც და კიდევ ვიღაც ბერი მოვიდა. მგონი ფილადელფოსი ჰქვიან. შარშანაც იყო მარაბდაში. საკალმასოდ მოსულა.

- აკი გითხარი იცი მეთქი. ეხლა ყური მიგდე...

- ხელი... - უცებ ამოიკნავლა ნაბიჭვარმა. - ხელი გამიშვი, მტკივა...

ცალთვალამ ეხლაღა შეამჩნია, რომ მის მარჯვენა ხელს გიგოლას მაჯა ჩაებღუჯა და მის დამსხვრევას ლამობდა. შენიშნა და თვითონვე გაუკვირდა, რომ ამ გომბეშოს მიეკარა. გაუკვირდა და ისე გადაისვა მუხლზე ხელი, თითქო იგი წაებილწოს და გაიწმინდაო.

მიწურში ისევ დუმილი იდგა.

- ყური მიგდე მეთქი, გიგოლი. - ისეთ კილოზე უთხრა ღვთისავარმა, რომ კედლებმაც კი სცქვიტეს ყურები, და ცალი თვალი შანთივით ჩაუყარა თვალებსა და გულში. - იცოდე, რაც წეღან გაიგე, ვითომც არ გაგიგონია, და რაც არ გაგიგია, ეხლავე გაიგებ და დღესვე “იქ” აიტან. გაიგე რა გითხარი?

- გავიგე. - ძლივს ამოისუნთქა გიგოლამ და აღარ იცოდა ამ კაცის თვალი როგორ ამოეღო თავის გულიდან.

- აგრე, - დაუკრა კვერი ღვთისავარმა და სუფრას მიუბრუნდა: - ძმებო, დავლიეთ თუ არა წეღან ხელმწიფის სადღეგრძელო?

- ჰაი ჰაი, დავლიეთ! - დაუბეჭდეს გლეხებმა.

- დავლიეთ თუ არა რუსის სალდათის გამარჯვებისა?

- მაშ, მაშა, დავლიეთ!

- დავლიეთ თუ არა ზაალისა და ყველა ბატონების სადღეგრძელოცა?

- დავლიეთ, დავლიეთ!

- მაშ გიგოლი, - მიუბრუნდა ღვთისავარი ნაბიჭვარს, - წეღანდელი დაივიწყე, ეხლანდელი დაიხსომე და დღესვე მოახსენე, რომ ჩვენ მეფისა და ბატონების სადღეგრძელო დავლიეთ. გაიგე მეთქი?

- გავიგე. არხეინად იყავით. ეხლავე მოვახსენებ.

და ჯაშუშმა პატიოსანი სიტყვის ნიშნად ულვაშზე ხელი დაიდო და წასასვლელად გაბრუნდა.

- დაიცა. - შეაჩერა ცალთვალამ. - ჯერ დაგვლოცე. - და სავსე ჯამი მიაწოდა.

გიგოლამ გრძლად და სხაპუნით დალოცა, ჯამი დასცალა, ღვთისავარს დაუბრუნა და გარეთ გავარდა.

ღვთისავარმა ცალი თვალი გააყოლა, მერმე ხელში ნაჭერ ჯამს ჩააშტერდა. მცირე ხანს იყუჩა, შემდეგ ის ჯამი მოიქნია და ყუმბარასავით სთხლიშა კედელს, თანაც დააყოლა:

- ფუჰ, შენს დამლევს ნაბიჭვარსაც და მის შემქმნელ ბატონსაც! არა, ულვაშზედაც რომ დაიფიცა! წუწკი ღორი სხვებსაც გასვრისო: ამოდენა ხალხში თავი მომჭრა და ტყუილი მათქმევინა. - და კარებისკენ გაალაჯა. გლეხებმა ნუგეში სცეს და ასე დაარიგეს:

- სანთელი დაანთე, ღვთისავარ, სანთელი.

- ეგ ხელი აკურთხებინე, თორე დაგიდუნდება.

- აიაზმით მოიბანე, თორე ძალა დაელევა.

მისმა თვალმა მიწურიდან გამოანათა და მარინეს ძმას როსტომ ჯორჯიაშვილს წააწყდა.

- გამარჯვება, ღვთისავარ!

- გაგიმარჯოს როსტომ! როგორა გყავს საქონელი და დედ-მამა?

- კარგად. შენი საქონელი და ჯალაბობა რაღასა იქს?

- კარგად არიან. გაიზარდე.

და ორივენი არსენას საძებნელად წავიდნენ.

- საიდან მოდიხარ, ბიჭო? - ჰკითხა ღვთისავარმა.

- ქალაქიდან.

- რა ამბავი მოგაქვს?

- ძალიან ცუდი.

ღვთისავარი შედგა:

- ცუდი? ვერ გამაოცებ, რადგან გლეხს უფრო კარგი ამბავისა უნდა ეშინოდეს, თორემ ცუდს ამბავს მამა-პაპითვეა შეჩვეული. მაინც ახალს რას გვიპირებენ?

- ზეკუციას. - ჩუმად მიუგო ჯორჯიაშვილმა.

ღვთისავარი ელდანაცემივით შეკრთა. რადგან ეს შხამი ოდესღაც უკვე ნაწვნევი ჰქონდა.

- ვინ გითხრა, ბიჭო? - ჰკითხა და ხმაში კანკალი დაეტყო.

- ლონგინოზ საგინაშვილმა. ჯარი დღეს წამოვიდა. მე ტაბახმელაზე გადმოვიარე და მოვუსწარი. ჯერ მარაბდაში ამოვლენ და აქაურობას დააშინებენ. თუ მთელი ხეობა გატყდა, უკანვე გაბრუნდებიან, თუ არა და ალგეთის ხეობასაც შეესევიან.

- რამდენი სალდათი მოდის?

- ასი ქვეითი და ასიც ცხენოსანი.

- ორმოცი მილიციელიც შულავრიდან უნდა მოვიდეს, ოცი მილიციელიც აქ არის, მაშ ოთხმოც კომლს ორას-სამოცი მჭამელი დააწვება. სოფელს სამ დღეში გააჩანაგებენ. ეგ ამბავი ჯერ ხომ არავისთვის არ გითქომს?

- ჯერ არ მითქომს.

ცალთვალა განიერ ნიკაპს ხელის გულით ისრესავდა და რაღაცის გადაწყვეტას ლამობდა. კარგა ხანს ყოყმანობდა. მერმე უცებ გაარხია ჯაგარა თავი და გადასჭრა:

- ჯერ ნურც ეტყვი. მომყე. არსენას გაჩვენებ. - და ფართე ნაბიჯით გაალაჯა.

- ძია ღვთისავარ, - უთხრა როსტომმა, - სანამ დრო გაქვს, საქონელი გადამალე.

- იყუჩე, ბალღო. რომ კიდევაც მოვასწრო, ქვეყანას რაღა პირით შევხედო? ესეც რომ არ იყოს, დამალვა ვერას გვიშველის. იმოდენა ჯარი რომ დაგვაწვება და მოგვთხოვს, მოიტაო, ქვესკნელშიც კი, ვიპოვით, ცოლ-შვილსაც კი გავყიდით და მივუტანთ. შენ ჯერ ჯეელი ხარ და არ იცი. ნურავის ნუ ეტყვი მეთქი. დღეს ნამცეცობაა. ხალხი მშიერია და ნუ ჩაამწარებ. აგერ ქავთარაც მოდის. შულავრიდან ჩაფრების წამოსვლის ამბავი მაგან მოიტანა. თქვენ გაიარ-გამოიარეთ და ზაალის კარზე დამიხვდით. არსენასაც იქ მოვიყვან.

როსტომს მოშორდა და ჩაიბუტბუტა:

- ღმერთო, გვიშველე!

* * *

ფილადელფოს ბერი წლეულ ოცდაათისა შესრულდა. ჭაბუკობაში გელათის მონასტერში იყო მორჩილად, მაგრამ ვინ გაუძლებდა ეგზარხოს ფეოფილაქტეს (ჯოჯოხეთის მოციქული და ანტიქრისტე). ქართული ეკლესია მოსპო, მღვდელმთავრები აცემინა, რუსეთში გადაასახლებინა, მონასტრები და ეკლესიები დაძარცვა და ქართული წირვა სიონის ტაძარშიც კი აკრძალა. როგორ შეეძლო მაშინ ფილადელფოსს არ აჯანყებულიყო!

ეს ბერი ღრმად იყო დაჯერებული, რომ იესო ქრისტემ მხოლოდ ორი ენა იცოდა - ქართული და ებრაული. მაგრამ, რადგან ებრაელებმა არ შეიწყნარეს ქრისტე, ამიტომ ებრაული დაივიწყა და ეხლა მხოლოდ ქართულს ლაპარაკობსო, - და ამავე დროს გააფთრებით ამტკიცებდა, რომ მეორედ მოსვლის დროს მამა-ღმერთიც ცოდვილთა და მართალთა განსჯასაც ქართულად მოახდენსო. ბერს თავისთავი ცოცხალთა შორის პირველ ქართველად მიაჩნდა და ამიტომ ჯვარი მარცხენა ხელში გადაიდო, მარჯვენაში კი მახვილი ჩაიდო და ქუთაისში წამოვიდა

“რუსი ღენერლები იმერეთშიც ასპიტი ყაჩაღებივით შემოიჭრნენ. - ხშირად იტყოდა ხოლმე შემდეგ ფილადელფოსი. - ჰხოცეს, ანგრიეს, სწვეს, სძარცვეს და სამშობლოს ერთგულები ათასობით გააციმბირეს”.

ამიტომ ლოცვის ნაცვლად იმ ხანებში გელათსა და სხვაგანაც წყევლა-კრულვა ისმოდა და წირვის მაგიერ ურვა და ვალალი იდგა. ბერები ხატების ნაცვლად იარაღს სჭედავდნენ და სეფისკვერის მაგიერ თოფის წამალს ამზადებდნენ. სასოების და მორჩილების მსახურნი გამძვინებით სთესავდნენ აჯანყებას და სხვებთან ერთად მეფის რუსეთის მთავრობას მალე ისეთი მძულვარება და შფოთი მოუმკეს, რომ ეხლაც კი, თითქმის ათი წლის შემდეგ, ქვეყანა შურისძიებისა და უსაზღვრო ზიზღის ბურანში იყო გახვეული.

არა, გელათელ მორჩილს ფილადელფოს კიკნაველიძეს არ შეეძლო მაშინ ქუთაისში არ ჩამოპარულიყო და ჯანყი არ ებნია. ახლაც ახსოვს, რა ზღვა ხალხი მოგროვდა ერთ დღეს რიონის ნაპირზე. იმ ხანებში ფილადელფოსი ქადაგად იყო დავარდნილი, ხოლო იმ დღეს იქაურობას ნავთსავით წაუკიდა ცეცხლი და ისედაც ფიცხი იმერლობა თოფის წამალივით ააფეთქა. დაუღალავი ბერი ანაფორის ფრიალით გამწარებული არწივივით დაჰქროდა, რომელსაც მართვები მოსტაცეს, ხოლო მისი მძლავრი ხმა დილით-დილამდე სჭექდა: “დააგროვეთ სატევარი, ლეკური, ფიშტო! ღმერთი ჩვენთან არს და საქმე ჩვენი ქრისტეს მიერ არის ნაკურთხი”.

და მალე რიონ-ყვირილას ნაპირებზე სიკვდილმა უხვი სამკალი იშოვა.

მეფის რუსეთის მოხელეები დაფრთხნენ და უკვე ბარგი ჩაილაგეს, მაგრამ ერთმა ჭრილობისაგან მომაკვდავმა ტყვემ შეფიცულთა მოთავენი გასცა და აჯანყების კვანძები გაამხილა. პოლიციელებმა მოასწრეს, დაიჭირეს, ათი მეთაური საჯაროდ ჩამოახრჩეს და მრავალი ათასი დაალპეს და გააციმბირეს.

სისხლიანი მოსასვლელი მოვიდა და ისევ წავიდა. სამაგიეროდ მრავლად დარჩა ქვრივ-ობოლი, ცრემლის გუბე, ცეცხლი, ბოლი, გასრესილი ოჯახი, მათხოვარი და გიჟი, პანაშვიდი და ქადაგად დავარდნილი, გარდახვეწილი და ყაჩაღად გავარდნილი.

“დავმარცხდით, - ხშირად ამბობდა ფილადო, - მარა უსისხლოდ ვის მოუპოვებია თავისუფლება! თუ ერთხელ მაინც არ მოგივიდა მარცხი, გამარჯვებას რავა ისწავლი”!

და იმ დღიდან დაუღალავად სწავლობდა გამარჯვებას, თანაც მტკიცე რწმენას უნერგავდა ყველას, რომ ოდესმე (მალე, ძალიან მალე!) საქართველო ნიკოლოზ მეფის ჩექმას გაუსხლტებოდა.

ბერმა რომ დეკემბრის აჯანყების ამბავი გაიგო, სიარულის მაგიერ სირბილი დაიწყო და ჩურჩულად გადაიქცა, თანაც ჯურღმულებში ძრომას მოუხშირა, მაგრამ მისი იმედი ჩალასავით ჩაიწვა და ბერი ისევ ხან სპარსეთის იმედით ცხოვრობდა, ხან ოსმალეთს შეჰყურებდა, ზოგჯერ ინგლისის მოსვლას ელოდებოდა და ზოგჯერ საფრანგეთსაც ებღაუჭებოდა, და ყველას ეფიცებოდა, თითქო მათ საგანგებო ხალხი ჰყოლოდეთ საქართველოს განთავისუფლებისათვის მიჩენილი: საფრანგეთს - ვინმე ლეტელიე, ინგლისს კი ვინმე სემინო, რომელნიც ამისთვის თურმე ახალ ლაშქარს აგროვებდნენ და ახალ შეთქმულებას ამზადებდნენ.

იმერეთის დამარცხების შემდეგ მორჩილი კიკნაველიძე ამერეთში გადმოიპარა და აზნაურ კიკნაძედ გადაიქცა. მას შემდეგ ბევრი რამე მოხდა. მას ჯერ მფარველი არ ჰყავდა. დიდხანს დაძრწოდა უპატრონოდ და ბოლოს სოფელ ხირსაში, კახეთში, დიაკვნობა იშოვა. შემდეგ გალობის ცოდნამ და კრინის ხმამ უშველა: მგალობელთა გუნდი შეადგინა და თავის ხელოვნება ალავერდობას ანტონ კათალიკოზს უჩვენა.

ფილადელფოსი მაღალი კაცი იყო, სამაგივროდ დაბლა თავისდაკვრა და სამად მოხრა ემარჯვებოდა. ღიმილი ჯადოსნური ჰქონდა, სიტყვა-პასუხი - ტკბილი და საკმევლით გაჟღენთილი, სიარული - შემპარავი, ხოლო ჭკუა-გონება - დაბინდული, მირონცხებული, მკითხაური და ამავე დროს შთაგონებული, მოქნილი და ჩათხრობილი.

კათალიკოზმა მალე დაიახლოვა. შემდეგ ჩოხა უკურთხა და დიდ წარმატებაში შეჰყავდა, მაგრამ ბერს ბედმა უმტყუნა. ანტონი რუსეთში დაიბარეს და ნიჟნი ნოვგოროდში მთავარ ეპისკოპოზად გაამწესეს.

ანტონმა უკიკნაძოდ ითმინა, ვეღარ მოითმინა და ფილადელფოსი დაიბარა. ბერმა ერთი თვე იარა, ძლივს ჩავიდა, იქ ვიღაც ციციანოვის კრიმანჭულებს წააწყდა, დააბეზღა, მერმე თვითონვე შეეშინდა, გამობრუნდა და მოსკოვში ივანე ხელაშვილი მოსძებნა.

ბერი ხელაშვილი ფრიად ნასწავლი კაცი იყო. სასულიერო აკადემია დაესრულებინა და გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილებს კარის მოძღვრად ახლდა. როცა ნაპოლეონი მოსკოვს მიუახლოვდა, იქაურმა ქართველობამ სულ ადვილად დააჯერა თავის თავი, ვითომ დიდ ბონაპარტეს თათრების მიერ მოტაცებული ქართველი ქალი ჰყოლოდეს დედად, რომელსაც შვილისთვის აღთქმა ჩამოერთმიოს, რომ ის უეჭველად გაანთავისუფლებდა დედის სამშობლოს. და მეორე ურყევი საბუთიც ჰქონდათ: ტყუილად კი არ აირჩია ნაპოლეონმა თავის ერთგულ მხლებლად ქართველი როსტომი, რუსტემად გადანათლული. გარდა ამისა მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ ნაპოლეონს ჰსურდა მოსკოვის შემდეგ ინდოეთში გაელაშქრა და საქართველოზე გამოევლო.

დაიჯერეს გარდახვეწილებმა და აფორიაქდნენ. ამის გამო რუსებმა გადასახლებულნი აჰყარეს და პეტერბურღში გადაიყვანეს, შემდეგ კი, როცა სიზმარი გაიბნა, ზოგიერთები ისევ მოსკოვში დააბრუნეს.

ხელაშვილი დროებით იყო ჩამოსული მოსკოვს და ფილადელფოსს შეჰხვდა. ახალგაზრდა ბერი მოიწონა, აიკიდა და პეტერბურღში წაიყვანა, თანაც დიდი პატივი დასდო და ნდობაც მიუძღვნა: ყველა გადასახლებულ ბაგრატიონებს გააცნო, შეაბრალა, შესაწირავი მოაცემინა, უხვი პოლიტიკური ნაჩურჩულევი აჰკიდა და საქართველოში გამოისტუმრა.

ფილადელფოსი სამშობლოში შარშან იანვარში ძლივს ჩამოჩანჩალდა. მათხოვრობა ჩვეულებად ჰქონდა და გზაშიც არ იშლიდა, იქაც და აქაც ყველას ცხარე ცრემლით სწერდა წერილებს და ეხლა შუამთის მონასტრის სრულს აღდგენას ლამობდა.

ჯერ კახელ თავადებს შეესია და ნამეტნავ შუამთის ბატონებს ქვაბულაშვილებს მიაწვა, მაგრამ 1812 წლის აჯანყებით გატეხილი კახეთი ჯერაც ვერ წამომდგარიყო, ამიტომ ფილადელფოსმა შორი გზა და ორი კურდღელი აირჩია: ქიზიყი ჩამოიარა, გარე-კახეთიც მოაფათურა და ახლა საბარათიანოში გამოვიდა. ბერი გზადაგზა კალმასობდა, ესე იგი მათხოვრობდა, მონასტრისათვის შესაწირავს აგროვებდა და თანაც ჩუმჩუმად ქადაგებდა. მას ყველაზე მეტი იმედი თრიალეთ-ბორჩალოსი ჰქონდა, რადგან აქაური მემამულენი ძალიან ღონივრად იყვნენ და, გარდა ამისა, ომის გამო ამ გზებზე უამრავი ჯარი და ხალხი დადიოდა, რომელიც უთვალავ ფულს ხარჯავდა, ამიტომ ამ კუთხეში მოსამკალიც მეტი უნდა ყოფილიყო.

- გვიამბეთ, მამაო, როგორი ქვეყანაა რუსეთი? - ჰკითხა ბოლოს შალვა ბარათაშვილმა.

- ქვეყანა? - და ბერმა გრძელი ხელი ჩაიქნია. - არც თავი აქვს და არც ბოლო.

- ხალხი რანაირია? - ჰკითხა ალექსანდრე ორბელიანმა.

- ხალხი? ხალხი გასალოსებულია, ყველანი, ღვთის კაცები არიან. არაყი და როზგი უყვართ.

- როზგიც უყვართ? - თავისთვის ჩაიჩურჩულა არსენამ და ფეხი მოინაცვლა.

- ძალიან უყვართ. - ღრმა რწმენით მიუგო ბერმა.

ყველამ გაიღიმა, გრიგოლ ორბელიანმა კი ხმამაღლა გაიცინა, ჩექმის ყელზე მათრახი დაიკრა და სთქვა:

- შარშანწინ დეკაბრისტებიც ალბათ იმისთვის აჯანყდნენ, რომ ხალხისთვის უფრო მეტად შეეყვარებინათ როზგი, არა მამაო?

არსენამ თავი ჩაიქნია და ხელახლა მოინაცვლა ფეხი, ბერმა კი თვალები გააცეცა, ალბათ ნათქვამი ვერ გაიგო და ისე გაიღიმა, თითქო გრიგოლი ახლაღა დაინახაო, და გახარებულმა მიჰმართა:

- ბატონიშვილებმა მიბრძანეს, ყველა ჩვენს ნათესავსა და ერთგულს მოკითხვა მოახსენეთო.

არსენამ ორბელიანებს გადაჰხედა, რომელნიც ერეკლე მეფის შვილისშვილები იყვნენ, და შეამჩნია, რომ ალექსანდრე ორბელიანს შიშის იერმა გადაჰკრა, რადგან ბერმა სიტყვა “ერთგული” მდაბიო არსენას და ბარნაველსაც გააგონა.

- მამაო, - ოდნავ ცივად უპასუხა გრიგოლმა. - ერთ წელიწადზე მეტია რაც ჩამობრძანებულხართ და ახლაღა გაგახსენდით?

ბერი წამოვარდა, წელში მოიღუნა და მოიბოდიშა:

- შემინდეთ, თავადო, შემინდეთ კადნიერება ჩემი. მრავალჯერ მოგიკითხეთ, მაგრამ მუდამ ომში ბრძანდებოდით: ხან სიმონიჩთან, ხან მადათოვთან, ხან განჯაში და ხანაც შამქორში. შეგცოდეთ და შემინდეთ.

- ვინ და ვინ ინახულე იქ, მამაო? - ჰკითხა ალექსანდრემ და თვალი უყო არსენაზე და დათუნაზე.

- ყველანი, ბატონო ჩემო, ყველანი.

- მაინც?

- ბატონიშვილები: ოქროპირი, ბაგრატი, თამარი, ფარნაოზი, თეიმურაზი, მიხეილი, დიმიტრი და მრავალი სხვანიც ყოვლად ღირსეულნი და მარად ჩვენთან მყოფნი.

- კიდევ რა დაგაბარეს, მამაო? - ჰკითხა შალვამ.

ფილადელფოსი შეიშმუშნა, ყველას რიგრიგად აავლო თვალი. ხელები მოიფშვნიტა, ერთხანს იყუჩა და შემდეგ იდუმალი ხმით დაიწყო:

- მარად ჩვენთან არიან - გულითაც და სულითაც... საოცარ არს რწმენა მათი. ძნელ არს მოლოდინი, მაგრამ არა არს-რა რაიმე ამა ქვეყნისა ზედა რომელ დასასრული არ ჰქონდეს. ოღონდ აქტი გონიერი გვიქადაგებს: ჯერ არს რათა მეგობარმან მეგობრისათვის სული თვისი დასდვას, რათა ყოველთვის მზა იყოს მეორედ მოსვლისათვის ცოდვილთა განსჯისა და წამებულთა აღდგომისათვის.

ბერმა ორიოდე გასაგები სიტყვა ჩაურთო და ისევ ქარაგმულ ქართულზე გადაუხვია.

“ალბათ მე მიმალავს” - გაიფიქრა არსენამ და აღარ იცოდა წასულიყო თუ დარჩენილიყო. მარაბდელი მუდამ ერიდებოდა ისეთ ხალხში ყოფნას, ვინც მის თავს თაკილობდა და ახლაც იმიტომ იდგა იმ აივანზე, რომ შალვას და მას ერთმანეთთან მცირე რამ საქმე ჰქონდათ.

“რას მერიდება ეს ბერი! - გაწყრა ბოლოს ოძელაშვილი. - შარშანწინ რომ აქაურობა დავატარე, არაფერი არ დაუმალია, ახლა კი რაღაც ირიბულს ჩმახავს, თვითონაც წვალობს და ამ ხალხსაც აწვალებს”.

ფილადელფოსი მართლა წვალობდა, სხვებსაც აწვალებდა და ხშირად იმეორებდა:

- მერმე მოგახსენებთ... ცალკე მოგახსენებთ. - და უცებ გადმოაგდო: - ამბობენ ალექსანდრე ბატონიშვილი ამ მიდამოში უნდა იყოსო. - და შავი ხელი განივრად შემოხაზა ჰაერში.

არსენამ გაიღიმა და გაიფიქრა: “ახლა კი ცხადია რაც გაწვალებს, ფილადო”.

ეს ამბავი თუ ჭორი ყველას ადრევე ჰქონდა გაგებული.

ბარნაველმა ყურები სცქვიტა, ორბელიანებმა კი ისე ჩაჰღუნეს თავი, თითქო მისი ადგილ-სამყოფელიც კი იცოდნენო.

აივანზე სახამუშო სიჩუმე ჩამოვარდა.

- ვინ მოგახსენათ, მამაო? - ჰკითხა ალექსანდრე ორბელიანმა.

ბერი აირია:

- ისე ვთქვი... ასე ამბობენ... ალბათ ჭორი იქნება, მაგრამ... თათრები ამბობენ... ხალხს სულს უმღვრევენ და...

და გაჩუმდა.

- იმასაც ამბობენ, - ჩაურთო უცებ არსენამ, - რომ მალე ძალიან ბევრი ხალხი უნდა დაიჭირონ და გააციმბირონო.

ამ სიტყვებმა ჩუმი ფორიაქი გამოიწვია.

- ვინ გითხრა?.. ვისგან გაიგე? - ჰკითხეს აქეთ-იქიდან.

არსენა ვერ ეტყოდა, რომ ეს ჩუმი ამბავი ზაალის მეჩიბუხე გარსიამ, ფიქრიამ და მარინემ შეატყობინეს, ამიტომ ყოყმანის შემდეგ უპასუხა:

- მეც თათრებისგან გავიგე.

- თათრებმა ყველაფერი იციან. - სთქვა ბარათაშვილმა.

ფილადოს ყურები დაცქვეტილი ეჭირა, თვალებიც დაჭყეტილი და პირიც დაღებული ჰქონდა.

- კიდევ რას ამბობენ შენი დოსტები, არსენ? - ჰკითხა გრიგოლმა.

- კიდევ იმას ამბობენ, აბას მირზა მალე ქალაქს მოადგება და ხონთქარიც მოეშველებაო.

- მერე? მერე? - მოუთმენლად წამოიძახა ბერმა.

- მერე არაფერი. - მოსჭრა ოძელაშვილმა და დადუმდა, თავისთვის კი გაიფიქრა: “რაკი შენ მიმალავ, მეც დაგიმალავო”.

აივანზე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ჰგრძნობდა, რომ ამ კრებულში აშკარად ვერ იტყოდა სათქმელს და ერთნაირი აზრიც რომ პქონოდათ, ვერ გამოსთქვამდნენ, რადგან მათს შორის რაღაც იდუმალი კედლები იყო აღმართული. გაუქმებული ტახტის ნათესავებს, რომელნიც რუსის დროშის ქვეშ იბრძოდნენ; ხელაღებულს ნაგლეხარ ბერს, რომელიც გადასახლებულ ბატონიშვილთან აბამდა ძაფებს და “აქტსა გონიერსა” ჰქადაგებდა: უსაქმო რიტორს ბარნაველს, ნახევრად ყმას და ნახევრად თავისუფალს, ორ წყალ-შუა გახირულსა და მუდამ მდუმარეს; თითქმის გაკოტრებულს და ბუნდოვან შორეულიდან შველის მომლოდინე თავადს; და მარჯვე ბიჭს, მაგრამ მაინც გლეხს, ყმას, სათვალავში ჩაუგდებელ არსენას, რომელსაც არაფერი არა ჰქონდა-რა საკუთარი: არც თავის თავი, არც ცოლი და არც შვილი, არც მიწა და საქონელი, არც აზრი და ნება, რადგან “მისი ყველა ბატონის არის” - ამ ხუთეულს დუღაბად ვერაფერი ვერ ეპოვა ურთიერთისათვის, გულის სარკმელი ვერ გაეხსნათ და სწორედ იმ დროს, როცა მათი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, სათქმელის მეასედიც კი ვერ ეთქვათ და ერთმანეთს მოსისხლესავით ემალებოდნენ.

არსენამ ამ კედლის სიცივე იგრძნო და უცებ სურვილმა ჩაურბინა - იმ უჩინარ კედელს მისწოლოდა, გაენგრია, ბატონებს მისდგომოდა და თავის სულის ნაგუბარი მოეხსენებინა. შეტოკდა კიდევაც, მაგრამ უმალვე აღვირი ამოიდო, ღრმად ამოიხვნეშა, რამდენჯერმე მოინაცვლა ფეხი და კედელს ისევ კედელივით მიეყრდნო.

ბერმა უცებ გაიღიმა და ახალ კალაპოტში გადახტა:

- ივანე ხელაშვილის ამბავი მეცინება, ჩიოდა, ივანე ბატონიშვილს რაღაც წიგნი დაუწერია და მე, ხელაშვილი, საკალმასოდ წაუყვანივარო. თურმე ისეთ ალაგებში დაუტარებივარ, რომ ის ალაგები სიზმარშიც კი არ მინახავს, და ისეთი რამ უთქმევინებია ჩემი სახელით, რომ არც ოდესმე მითქვამს და არც მცოდნიაო. ფრიად გაოცებულია პატიოსანი მოხუცი.

- მეც წავიკითხე ეგ წიგნი, - მიუგო გრიგოლ ორბელიანმა, - და დასაძრახისი ვერა ვპოვერა.

- კარგა ხანია მეც წავიკითხე. - მიუგო ბერმა. - დავით რექტორმა მირჩია და წიგნიც მათხოვა. მართალი უნდა მოგახსენოთ, მეც ძალიან მეწყინება, რომ ეხლა ან ოდესმე ვინმე მწიგნობარმა მეც მარაბდაში მომიყვანოს, მაკალმასოს და მალაპარაკოს.

- ხომ მართლა ბრძანდებით მარაბდაში? - ჰკითხა ორბელიანმა. - ხომ კიდევაც კალმასობთ და ლაპარაკობთ?

- კი ბატონო, მარა...

- მაშ საწყენიც არაფერი არ ყოფილა.

და საუბარი მწიგნობრობაზე გადაიტანეს.

ბერმა კი ხელახლა გადაუხვია და ზოგიერთები ფრთხილი ქარაგმებით გაჰკილა.

“დღეს ვერაფერს ვერ გავარიგებ. - გაიფიქრა არსენამ და ჩუმად გამობრუნდა, თანაც გულში ამბობდა: - აქედან რუსი გვაწვება, იქიდან ყეენი და საცაა ხონთქარიც შემოგვიტევს. ბატონი კი ისევ ბატონობს, საქონელსავით გვყიდის, ლამის სულიც კი ამოგვართვას და თანაც სცდილობს სახიფათო მორევში ჩაგვითრიოს. არა შვილოსან, თქვენ თქვენი გზით იარეთ, ჩვენ კი ჯერ ჩვენს თავს ვუშველით და დანარჩენებზე მერე ვიფიქრებთ. გინდათ მარინე გამიყიდოთ? არა შვილოსან, რაც არ იქნების, არ იქნების. არ შეგერგებათ. თქვენ თქვენთვინა და ჩვენ ჩვენთვინა, მორჩა და გათავდა! და თუ ჭკუაზე არ მოხვალთ, თქვენც ფრანგისტანელი თავადების დღე დაგადგებათ”.

ქალაქში მრავლად ცხოვრობდნენ ევროპელები, რუსები და კათოლიკე მისიონერები. მათ თავთავიანთ ქვეყნიდან წერილებიც მოსდიოდათ, წიგნებიც, ჟურნალ-გაზეთებიც. ამ მუნჯ შიკრიკებს უხვად შემოჰქონდათ იქაური ამბები, რომელიც ისე ჟონავდა საზოგადოებაში, ვით წყალი ნიადაგში. აქაური თავადაზნაურები და ვაჭრებიც ათასობით მიდიოდნენ რუსეთში და იმათაც მოჰქონდათ საქვეყნო ამბები. ზაალი ზამთრობით ქალაქში ცხოვრობდა. მისი სახლი მუდამ სტუმრებით იყო სავსე. მათი საუბარი ნიადაგ ამ ამბების ირგვლივ ტრიალებდა. საფრანგეთის რევოლუცია, ნაპოლეონის გაბატონება, მისი ლაშქრობა რუსეთში, რუსის შემოსევა კავკასიაში - ეს იყო ღერძი მათის აზროვნებისა და საზრუნავისა.

ერთ ხანს არსენა ზაალის შინაყმა იყო, მის კარზე ტრიალებდა და აქ გაგონილ-ნაუბარს ხარბად ისრუტავდა. აქ გაიგო მან და თავისებურად მოხარშა საფრანგეთის “შფოთიც”, “ნაპალავანის” განდიდებაც და მარცხიც, რუსეთის შემოსევაც და საქართველოს სამეფოს დანგრევაც, “იქ სადღაც” ბატონყმობის მოსპობაც და აქაურთა ჩამორჩენაც. გარდა ამისა, დათუნა განათლებული ვაჟი იყო და მათი მეგობრობაც უმთავრესად ამ ნიადაგზე აშენდა.

გრიგოლ ორბელიანი გულდასმით ათვალიერებდა არსენას. ადრევაც კარგად იცნობდა, რადგან მისი მეზობელი იყო და მუდამ გატაცებით უყვარდა ჯიშიანი ძაღლი, გაწვრთნილი მიმინო, ბედაური ცხენი და რჩეული მოჭიდავე, რომელსაც თავის კარის ფალავნად იჩემებდა ხოლმე. დღეს კი საბოლოოდ დაადგა თვალი ოძელაშვილს და გადასჭრა თავის ამალა ამ ბიჭითაც დაემშვენებინა.

თავადი ტახტიდან წამოდგა, ოძელაშვილს მიადგა და ჩუმი ხმით ჰკითხა:

- ბიჭო არსენ, ბატონის გამოცვლა არ გინდა?

- ვისზე უნდა გავცვალო ბატონი? - ჰკითსა არსენამ.

- ჩემზე.

არსენამ გულიანად გაიღიმა და უპასუხა:

- ძალიან კეთილი ბატონი ბრძანდები, შენი კვნესა მე. შენზე ქების მეტი არა გამიგიარა, მაგრამ ზაალი არ იყაბულებს.

- რატომ, ბიჭო?

- აბა რა ვიცი, შენი კვნესა მე. ერთი უბრალო ტლუ ბიჭი ვარ, მაგრამ ზაალი თავიდან არ მიშორებს. ამას წინათ ელიზბარ ბატონმაც სთხოვა ჩემი თავი, მაგრამ ზაალმა არ დაანება, შვიდ კაცად დამაფასა.

- შვიდ კაცად? - გაოცდა ორბელიანი. - რას ამბობ, ბიჭო! შვიდ კაცად თუნდაც ლორის მელიქს ვიყიდი. მაინც უზურში მიყოლიე და, რაც გითხარი, კარგად შეინახე. ეხლა ერევანში მივდივარ და როცა დავბრუნდები, ზაალს მოველაპარაკები.

- აგრე იყოს, შენი კვნესა მე, ოღონდ... - და არსენამ აღარ დაასრულა.

- ოღონდ რა? - ჰკითხა პოეტმა.

- ოღონდ ისა, შენი ჭირი მე, რომა... ოჯახს ნუ დამინგრევ და ნათესავებს ნუ დაგვიფანტავ, თუ წაგვიყვან, მთელი ოჯახი წაიყვანე.

- აგრე იყოს. მაგ პირობას შეგისრულებ. - უპასუხა ორბელიანმა და გაბრუნდა.

არსენაც გამობრუნდა და ქვევით ჩამოვიდა.

- შვილო, - გამოაფხიზლა თავჩაღუნვით მომავალი არსენა ღვთისავარმა და მკლავში ხელი წაავლო. - შვილო, ზაალთან უნდა წავიდეთ.

- ზაალთან რა გვინდა, მამა?

- იმ ქალების საქმე უნდა გავათავოთ.

- ვინ ქალებისა?

- ფიქრიასი და მარინესი.

არსენას ალმა გაჰკრა. იყუჩა და ჩუმად ჰკითხა:

- მარინეს საქმე მე რას მეკითხება?

- იყუჩე, ბალღო, მე რა დამემალება!

“ამ ცალთვალას მართლა არაფერი არ დაემალება. ჩემი ხვაშიადი სცოდნია”. - გაიფიქრა არსენამ და უთხრა:

- რაღა დღეს უნდა გავათავოთ?

- ბატონი კარგ გუნებაზეა. დღეს ნარგიზებში დაგვპირდა, რაც გინდა მთხოვეო. თუ მოვტეხეთ და დავითანხმეთ, ახლავე იაღლუჯაში დაბრუნდები. საჭირო ხარ, ნათლიმამამ დაგიბარა.

ღვთისავარს რაღაც მოუსვენრობა ეტყობა. თითქო შემკრთალიც არის, ამიტომ არსენას არა სჯერა, რომ სარქალს დაებარებინოს.

ვერც მარინეს და ფიქრიას საქმის აჩქარებას მიხვედრილა. ბატონთან მისვლას ხვალ აპირებდა. ახლა ზაალს არ ეცლება. სტუმრები ჰყავს და შესაძლებელია კიდევაც გაუწყრეს.

მამამ თითქო ნაფიქრი გაუგო და მოუჭრა:

- ბატონის სტუმრებისა ნუ გეფიქრება. სტუმრებმა იქნება კიდევაც გვიშველონ. აჩქარდი, თორემ სუფრაზე დასხდებიან და გვიანღა იქნება.

და შვილი თითქმის ძალით გაიტაცა.

ახლა გაბმულაში ელიზბარ მაღალაშვილი უმღერის დაროს, რომელიც აივანზე გადმოყუდებულა და ხვადის კვნესას თვალმიბნედილი უგდებს ყურს.

კოკობსა ვარდსა ნარგიზმან

აპკურა ცრემლი, ანამა.

სჯობს, რომ არ გვყანდეს მიჯნური

ან მოჰკლას ამისთანამან.

- ჯან ჯაან! - წეღანდელის სამაგივროს უხდის დავითი და ჰკივის: - დაიწვას შენი დამწველი, დაიწვას!

მელიტონ ბარათაშვილს და სუმბათაშვილს ზურგზე ხელები დაუწყვიათ, მოშორებით დადიან და საუბრობენ:

- შვიდი წელიწადი ვაჯერებდი და ძლივს დავაჯერე, ძლივს ავაღებინე ხელი. - ცხარობს მუდამივით მთავარმართებელის კანცელარიის მოხელე მელიტონი.

რუსეთის მეფის დაჯერება მართლა ადვილი საქმე არ იყო. რვა წლის წინათ ხმა გავარდა, ზოგმა თავად-აზნაურმა ყალბი სიგელი წარმოადგინაო.

- წარმოადგენდა, მაშ რა იქნებოდა! - გაიძახის მელიტონი. - ჩემს ეხლანდელ გვარს სათავე სამასი წლის წინ დაუდო ქავთარ ჩიქობაძის შვილმა ბარათამ, ნამდვილად კი ლიპარიტ ორბელიანზედაც ადრე ვარსებობდით. ეხლა კი ჩაგვციებიან, დაამტკიცეთ, რომ თავადები ხართო. განა სასაცილო არ არის?

- სასაცილოა. - დაუდასტურა ქვიშხეთის მფლობელმა.

- საბარათიანო ასჯერ მაინც აუკლიათ და ცეცხლში სიგელები კი არა, ცოცხალი ხალხიც კი იწოდა და ქაღალდის ნაგლეჯები როგორღა გადარჩებოდა! აქაო და რამდენიმე ყალბი საბუთი არ შემოგვაპარონო, დროებით ყველა თავად-აზნაურს უფლება წავართვათო. შვიდი წელიწადი გლეხებთან ვიყავით გათანაბრებული. განა უსამართლობა არ არის?

- უსამართლობაა. - გულგრილად ამბობს სუმბათაშვილიც.

- ათი-ათას თავად-აზნაურს აღარც ჩინი ეძლეოდა, არც პრივილეღია. შვილს ვეღარც სამსახურში მიაბარებდი და ვერც სკოლაში. ხალხი შვიდ წელიწადს აწვალეს და ბოლოს ათიათას საბუთში მხოლოდ თოთხმეტი ყალბი საბუთი აღმოაჩინეს. განა სასაცილო არ არის.

- სასაცილოა.

- კიდევ კარგი, რომ ჩვენ, ბარათოვებმა, ჩვენი თავადობა ადრევე დავამტკიცეთ.

მელიტონმა ის კი აღარ დაუმატა, რომ ზაალ ბარათაშვილიც კი იძულებული იყო ვიღაცასთვის თეიმურაზ მეფის ყალბი სიგელი შეეთინთხლებინა და მოწინავე დროშის თავადობა სწორედ ამრიგად დაემტკიცებინა.

- შვიდ წელიწადს ვაჯერებდი და ძლივს დავაჯერე. - დაასრულა მადლობის მოლოდინით მელიტონმა.

მაგრამ სუმბათაშვილმა მადლობა დაივიწყა და ხარბი თვალები შალვა ბარათაშვილის ცოლზე კნეინა მაიკოზე გადაიტანა, რომელსაც აივნის მოაჯირზე სავსე მკერდი გადმოედო და ელიზბარს უცინოდა.

გარსია-ბიჭი, მელიტონის ვაჟი ტატე და გრიგოლის ძმა ილიკო კედლის ძირში ცოდვილობდნენ. ზაალი საქანელა სკამზე გაშლართულიყო, იქაურობას კვამლით ავსებდა და ომში მიმავალ ყაფლანს და ზაქარიას რჩევა-დარიგებით ჰბერავდა.

მოურავი ამირხანაშვილი ისევ ეზოში დარბოდა, განგებ ჰყვიროდა და ყველას ხელს უშლიდა, მაგრამ მზარეულს ლაცაბიძეს მაინც შორს უვლიდა, რადგან იმის ვეება წვერ-ულვაშში ჩაყრილ ეშვებისა ეშინოდა. შემოხიზნული სევასტი ეხლაც არხეინად დგას შუა ეზოში. მისი ვინაობა ვერც სუმბათაშვილმა გაიხსენა და ვერც მაიორმა მოიგონა.

როცა იმერეთის აჯანყება დასრულდა, სევასტიმ თავის ძმა სოფელ ქვიშხეთში წამოიყვანა და ზაალის ნათესავს ალექსანდრე სუმბათაშვილს შეეხიზნა, რომელიც დღეს მარაბდაში ამოსულიყო ანაზდად, ქვიშხეთის ბატონს იქვე თელეთშიც ჰქონდა დედულ-მამული. მარაბდაში ადრევაც იყო ნავალი და ლაცაბიძე ადრევაც ენახა, მაგრამ ლტოლვილი ნაყმევი ვეღარ ეცნო.

სევასტისთვის საწერეთლოს საზღვარზე დარჩენა მეტად სახიფათო იყო, ამიტომ თავის ძმა იქ დასტოვა, რადგან მას ხიფათი არ მოელოდა, და თვითონ კი არსენას მამას გამოჰყვა, რომელიც ქვიშხეთში თავის ნათესავ გიგიტაშვილებთან იყო ამოსული.

გრძელწვერა იმერელი მაიორსაც ერიდებოდა, რადგან ოდესღაც, როცა მაიორი ყვირილის წყალს წითლად ჰღებავდა, ლაცაბიძე ერთი დღით იმის ტყვედ გადაიქცა, მაგრამ იმავე ღამეს წაუვიდა და სასიხლოდ დამკლავებული არლოვი კინაღამ ბოღმით გახეთქა.

ახლა კი, შვიდი წლის შემდეგ, ორივენი პირისპირ რომ შეხვდნენ ერთმანეთს, მაიორი გაოცებული შედგა. სევასტი აირია და გაიფიქრა: “ვიღუპები”.

მაიორი კი დოინჯ-შემოყრილი იდგა და ჰბუტბუტებდა:

- Ну и борода! Ты брат настоящий Фет Али Шах.

და როცა სევასტის მკერდზე ჩაშლილს შავ მანდილს მისწვდა და სიამით მისწი-მოსწია და ზაალმა კი იქ-მყოფი მაიორის სიტყვები გადაუთარგმნა, ლაცაბიძე დამშვიდდა და ისევ ფერზე მოვიდა. სხვებმა კი წამოიძახეს:

- მართლა, ნამდვილი ბაბა ხანია.

- ვეჟო, აქამდე როგორ არავის არ გაახსენდა!

- ზედ გამოჭრილია!

და იმ დღიდან ლაცაბიძეს ბაბახანი დაარქვეს, რადგან გლეხებმაც კი იცოდნენ, რომ სპარსეთის შახის წვერულვაში მთელ “დუნიაზე” იყო განთქმული.

რუსი კარპიჩა ვერ ისვენებს. ეზოს ცალი ფეხით ჰბარავს, მზეუჭვრიტეს აწკაპუნებს და სადაც სამ გლეხს დაინახავს, უმალვე შუაში დაერჭობა და დარ-ავდარზედაც კი საიდუმლო იერით და ფიცხად ესაუბრება.

გიგოლა გველაძუასავით დაძვრება, მაგრამ სადაც კი მივა, იქ უმალვე მკვდარი სიჩუმე და ზიზღი ჩამოწვება ხოლმე.

აბრამ ბარნაველი ადრე მოსულა და განაპირებულა: კუნძზე სთვლემს და ალბათ ერეკლეს დროში ან ერევნის სახანოში გადასახლებულა, სადაც ამ ჟამად ალექსანდრე ბატონიშვილთან ერთად თავის შვილი სეხნიაც ეგულება.

- ვეჟო, ასე დაგვიანება გაგონილა! - წამოიძახა ზაალმა და წამოდგა. - თუ მოდიან, მოვიდნენ და გაათავონ.

- ვის ელოდებით, ძია? - ჰკითხა ყაფლანმა.

ბატონმა უკმაყოფილოდ შეიკრა შუბლი და წაიბუზღუნა:

- ვისა და მერე ნახავ.

აივანზე გარსია ამოვარდა, რომელსაც ჩიბუხის მირთმევისა და ჩამორთმევის დრო წამობით ჰქონდა ნაანგარიშევი. ბატონი კიბეზე დაეშვა და ბიჭიც გამოჰყვა. ზაალი მარტო არასოდეს არ დადის და დასასაქმებლად ან ყმის დასაძახებლად მუდამ ვინმე უნდა ახლდეს.

ჯერ მეღვინე ლაშქარა მიეგება. ზაალმა მისი ჭურჭლის ჯარი შეათვალიერა და შესძახა:

- ამაზე მეტი რა გინდა, ვეჟო!

ეზომ გაიღიმა, ზოგან ხითხითმაც ჩაირბინა, ზაალმა კი მეღვინეს ჰკითხა:

- თავი ღვინო სად შეინახე, ლაშქარ?

- ალგეთზე, შენი კვნესა მე. წყაროში ჩავდგი.

მოურავი მოვარდა და ბატონს თვალების ცეცებით აედევნა. ზაალმა თვალით გაზომა თავადებისა და გლეხების სუფრების შუა დარჩენილი მანძილი და ეცოტავა.

ოდესღაც ამგვარ ნადიმზე ეს მანძილი ერთ გოჯსაც არ უდრიდა. ასეთი იყო ძველი ადათიც და ცხონებული დიდი ზაალი ამ წესს მაშინაც კი უცვლელად იცავდა, როცა ყმა და ბატონი ერთმანეთს შესაჭმელადაც არ ზოგავდა. მაგრამ მას შემდეგ ათასი რამე შეიცვალა და სუფრათა შორის მანძილმაც თანდათან იმატა.

ახლაც აგონდება მარაბდის ბატონს: ოცი წლის წინათ თავად - აზნაურობამ ახლად დანიშნულ მთავარმართებელს ტორმასოვს სასახლის ბაღში დიდი ნადიმი გაუმართა. იქაურობა სუფრებით იყო აჭრელებული. ღენერალი სასახლიდან ბაღში გამოვიდა და სტუმარ-მასპინძლები დაათვალიერა, ერთი სუფრის იერი გაუკვირდა და მარშალს ორბელიანს ჰკითხა:

- ესენი ვიღა არიან, კნიაზო?

- გლეხები გახლავან, თქვენო მაღალაღმატებულებავ, ახლო-მახლო სოფლების თავი-კაცები არიან.

მთავარმართებელი უარესად განცვიფრდა:

- მერე, აქ რა უნდათ? - იკითხა.

- ასეთია ქართული ადათი. - იმართლა თავი ორბელიანმა.

- დროა სულელური ადათები მოსპოთ, - სთქვა მან და ისევ სასახლეში შებრუნდა.

გლეხები აჰყარეს და დისციპლინის მონა ღენერალი მხოლოდ ამის შემდეგღა გამობრუნდა. გამობრუნდა და სუფრას რომ მიუჯდა, ქართველ თავადიშვილებს სახელმწიფოებრივი აზროვნების პირველი გაკვეთილი მისცა:

- დიდებულნო და წარჩინებულნო! - მოახსენა, - თქვენი სამეფო უფრო პატრიარქატს ჰგავდა, ვიდრე სახელმწიფოს. თქვენი ერეკლე განთქმული ბელადი და სახელოვანი მეომარი ყოფილა, მაგრამ მეფობისა და სახელმწიფოსი არა გაეგებოდა-რა. ნამდვილი მეფე და სახელმწიფო მოღვაწე ან სულ არ გავა ხალხში, ან იშვიათად დაენახვება. თქვენი მეფეები კი თურმე გლეხებს თვითონვე აძლევდნენ სამართალს, შვილებსაც უნათლავდნენ და ზოგჯერ მათთან სტუმრადაც კი მიდიოდნენ. თქვენ ევროპულ ცივილიზაციას ეპოტინებით, მაგრამ ის სულაც არ ჰგავს სასადილო დარბაზს, სადაც გლეხისთვისაც და თავადისთვისაც ერთი სუფრაა გაშლილი. აბა რა საკადრისია თავადისა და გლეხის დაძმობილება და ლაზღანდარობა! ბატონებო, გთხოვთ დაიხსომოთ, რომ რამდენადაც უფრო მეტია მანძილი დიდებულთა და მდაბიოთა შორის, იმდენადვე უფრო ძლიერია სახელმწიფოც და კულტურაც, ხოლო სადაც ეს მანძილი მოკლეა, იქ არც სახელმწიფოა და არც ცივილიზაცია, არამედ ანარქიაა და შინაურობა. ბატონებო, გირჩევთ ჩემი ნათქვამი დაიხსომოთ და შეასრულოთ.

იქ ნამყოფმა ზაალმაც დაიხსომა და შეასრულა, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ნახევრად შეასრულა, მეორე ნახევარი კი ისევ ძველ ადათს დაუტოვა.

“ალბათ მაიორიც ტორმასოვივით მოიქცევა”. - ეშინიან ზაალს და თანაც აზნაურებისა სცხვენიან, რომელნიც სოფელს ვერ გასცილებიან და დისციპლინას ჯერ ვერ შესთვისებიან.

- ეს სუფრა ხუთ ალაბზე დასწიეთ. - უჩვენა ზაალმა მოურავს გლეხთა სუფრაზე და საჯინიბოსკენ წამოვიდა.

ღვთისავარმა შორიდანვე აუღო გეზი და სწორედ იქ დაუხვდა. გვერდით არსენა ედგა, რომელსაც ამ საჯინიბოში მრავალი წელიწადი გაეტარებინა. მამას ქუდი ხელში ეჭირა, შვილი კი გაუხედნავი კვიცივით თავხედობდა და ქუდს არ იხდიდა.

- რა გინდა, ღვთისავარ? - შორიდანვე ჰკითხა ბატონმა.

- ბატონის სიცოცხლე და ოჯახის გახარება, შენი ჭირი მე.

- მაინც? სთქვი, თორემ არა მცალიან.

- ამ ბიჭს გოგო უნდა მისცე, შენი კვნესა მე. - მოკლედ მოუჭრა მედროშემ და არსენას თითი დაატაკა.

- ვინ გოგო, ვეჟო?

- მარინე, შენი კვნესა მე.

ზაალმა პირი ააცმაცუნა, თითი ასწია და წამოიძახა:

- ვეჟო, ასეთი ამბავი გაგონილა!

არსენას საქმე იღუპება. რაღა ეხლა მოუნდა ამ ტიელ მაიორს ზაალის ნახვა! ხელი ხელაბანდზე ჩამოუკიდია და ოდნავი კოჭლობით მოაბიჯებს. აი კიდეც მოვიდა და ზაალს გვერდით ამოუდგა.

ბატონს მისი მოსვლა თითქო გაუხარდა, მიუბრუნდა და რაღაც უთხრა რუსულად.

ბასილამ მაჟალო ცხვირი აიბზიკა და ისე გადმოჰხედა არსენას, თითქო გახლეჩას უპირებდაო, ვინა ჰგდია ეს ტეტია, რომ ყველგან წინ ეღობება?! ჩამოვიდა თუ არა მაიორი მარაბდაში, ეს რეგვენი უმალვე კედელივით გადაეღობა. აქაური ბელადია. გლეხებს აშფოთებს, ხელმწიფეს ეურჩება, ბატონსაც უბღვერის. არლოვს დღეს ფალავანი წაუქცია. არც დროშა დაანება. ბოლოს ისე გაკადნიერდა და დოღშიც კი გაჰყვა. ეს კიდევ არაფერი: გაუსწრო და ცხენიდანაც გადმოაგდო. ეხლა კი მეტის-მეტად თავს გასულა: ქალსაც შეეცილა და საცაა აქ მოსვლასაც აუკრძალავს.

“ის გოგო უნდა წამართვას?!” - ბრაზს იგუბებს ზაალიც და საბერველივით ჰხვნეშის.

“იმ ქალს ეს მუჟიკი მეცილება?!” - ბოღმით ივსება ბასილაც და ჯიგარივით წითლდება. მერმე ზაალს ეუბნება:

- ერთი მაგ მოხუცს ჰკითხე, წეღან თავადებზე რასა მღეროდა?

- რასა მღეროდი თავადებზე, ღვთისავარ? - შეუტია ზაალმა.

“გიგოლას ნახელავია”. - გაიფიქრა ღვთისავარმა, თანაც ცალი თვალით გაიღიმა და არა უპასუხარა.

- რასა მღეროდი მეთქი, ღვთისავარ?! - დაიჭექა ზაალმა და მთელი ეზო აბურძგნა.

ყველამ იქით მიიხედა და იგრძნო, რომ ჰაერი მეხით იტენებოდა.

ელიზბარმა მაღალ კილოზე მოსხიპა სიმღერა და ჭოჭინიდან წამოვარდა, რადგან მისი საყვარელი სეირი იწყებოდა. სუმბათაშვილმა და მელიტონმაც შესწყვიტეს ბაასი და საჯინიბოსკენ წამოვიდნენ.

სევასტი ლაცაბიძემ ქაფქირი დააგდო და ეშვები ჩამოუშვა.

მღვდელი ბარნაველი შეკრთა და გამოფხიზლდა.

სასახლის ერთი სარკმელი გაიღო და ორი მოახლის თავი გამოჩნდა.

ჩორთით მიმავალი კარპიჩა ცალ ქუსლზე მოტრიალდა და ძაღლივით აიმრიზა, რომელსაც სახრე მოუღერეს.

გიგოლა მაშინვე მაიორთან დაერჭო, დუჟი ჩამოუშვა და წირპლიანი თვალები აახამხამა.

ლეკი გამზათი მიწიდან ამოძვრა, ისიც მაიორს ამოუდგა და ოდნავ ამოსწია ხანჯალი.

დავითიც დაიძრა და წამოვიდა.

- ხმას ამოიღებ თუ არა, ქოფაკო?! - დასჭყივლა ზაალმა და თავის თანამებრძოლ ცალთვალას ულვაშში მიეტანა.

არსენას ხელი თავისთავად მისწვდა ზაალის მაჯას, მამისა და ბატონის შუა ჩადგა და -

- ბატონო, მე მაპატიე - უთხრა - მე ვმღეროდი: “აზნაური ამოწყვიტე, მკვდარი მკვდარზე მიაბიო”.

ზაალი დაიბნა. როგორ გაბედა ამ რეგვენმა ამ სიტყვების განმეორება?! თვალებში ჩააშტერდა და ჩუმი ხმით ჰკითხა:

- შენა მღეროდი?

- დიაღ, ბატონო, მე ვმღეროდი. მამა-ჩემს კი ნურაფერს ნუ აკადრებ, შენი კვნესა მე. გამიგონია, ღვთისავარს შენი სიცოცხლე გადაურჩენიაო.

ზაალი ჯერ გონს ვერ მოსულიყო და ბურტყუნებდა:

- სიცოცხლე?.. რა სიცოცხლე?..

არსენამ დრო იხელთა და სანამ ბატონი ერთხელ კიდევ იფეთქებდა, ზედიზედ მიაყარა:

- შენი ერთგული ყმები ვართ, შენი ჭირი მე. ნუ გაგვიმეტებ. ხათრი შეგვინახე. კიდევ გამოგადგებით. წეღანაც გასახელე და მუდამაც მიმსახურე. ნარგიზებში დამპირდი, რაც გინდოდეს მომთხოვეო. მარინეს თავსა გთხოვ და ოციოდე თუმანსაც მოგართმევ. - და ზაალის გაოცება რომ შენიშნა, დაუმატა: - ოცდახუთსაც მოგიხერხებ, შენი კვნესა მე.

- ოცდახუთ თუმანს? - უფრო გაოცდა ბატონი და ხმაში სილბო დაეტყო: - შენ გადამიხდი ოცდახუთ თუმანს? ვეჟო, მაგოდენა ფული ვინ მოგცა?

- ნათესავები მყავს, შენი კვნესა მე. დამპირდნენ, გასესხებთო, თორე მარტო მე რას გავხდებოდი.

დავითმა და ზაალმა ერთმანეთს გადაჰხედეს. იმ ჟამად ოცდახუთი თუმანი ბატონისთვის სწორედ მისწრება იყო.

- ქაღალდის ფულს, თუ ვერცხლს? - შეეკითხა დავითი.

- ვერცხლს სად ვიშოვი, შენი კვნესა მე. ან მაგოდენა ფული ვინ მომცა.

მართლა სად იშოვიდა არსენა ამოდენა ვერცხლს, რომელიც ქაღალდის ფულზე სამჯერ უფრო ძვირად ფასობდა.

- რას ამბობს? - ჰკითხა დავითს მაიორმა. - და როცა გადაუთარგმნეს, მტკიცედ მოუჭრა მამა-შვილს: - ჩვენ საქმე გათავებული გვაქვს. თავადიშვილი ვერც ას თუმნისთვის გასტეხავს სიტყვას და თუ ძალიან გჭირდებათ ფული...

მამა-შვილმა უმალვე გაიგო მაიორის დაპირება, არსენამ კი უდროოდ განიმეორა:

- დღეს ნარგიზებში დამპირდი, შენი კვნესა მე...

და მაშინვე სინანულმა ჩაურბინა გულში, რადგან ზაალის ხასიათი იცოდა, მაგრამ სიტყვას ვეღარ დაიბრუნებდა. იცოდა, რომ მარაბდელ ბატონს ვალისა და დაპირების გახსენება ბრაზის ჟრჟოლას ჰგვრიდა ხოლმე:

- მიჰქარავ, შე წუპაკო, შენა! - ერთხელ კიდევ დაიქუხა ბატონმა და ნელცოფას ფერი დაედო. - მიჰქარავ მეთქი! გა, გამეცალე, გაეთრიე, თორემ დიდი ზაალის სული ნუ წამიწყდება...

მთელი სოფლის სტუმრებისა და მარინეს თვალი არსენაზე იყო მიბჯენილი, რომელიც ჯერ გაფითრდა, მერმე გაწითლდა და ხელახლა გაფითრდა.

- ბატონო, - ამოიხრიალა და მისი ხმა ვეღარც სხვამ იცნო და თვითონაც ეუცხოვა. - ბატონო, შენი კვნესა მე, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ... რომ ცხონებულმა პაპა თქვენმა ოძელაშვილებს... აზატობა გვიწყალობა, გაგვათარხანა და...

- და აღარ დაასრულა... ისევ გვიანღა იყო გაფრენილი სიტყვის დაბრუნება: არსენამ ბატონს მეორეჯერაც მტკივნეულ ადგილზე დააბიჯა:

მართლაც მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ დიდმა ზაალმა მახარა და ღვთისავარ ოძელაშვილები, რომელთაც ნიახურას მინდორზე პატარა ზაალი სიკვდილს გადაარჩინეს, სამუდამოდ გაანთავისუფლა და სიგელიც უბოძა. შემდეგ ლეკებმა კიდევ მოითარეშეს მარაბდა და სიგელიც მაშინ დაიკარგა. დიდი ზაალი რომ “ცხონდა”, პატარა დიდ უარზე შედგა და ამ სიგელის გახსენებაზე მუდამ ყალხზე იწევდა.

ეხლაც აცახცახდა, პირი ააცმაცუნა, თურაშაულის ფერი დაიდო, გარსიას ჩიბუხი გამოსტაცა, ზე აღმართა და...

და ისევ ნელა დაუშვა. ისე დაუშვა, თითქო ხელი მოსდუნებოდა.

თავი მეოთხე

სისხლიანი ნადიმი

რაც რამ გვებადა, ეგზეკუციებით და ხიშტებით მიგქონდათ, შიმშილით გვხოცავდით და ნუგეშად გვეუბნებოდით, ბალახი სძოვეთო. არა, ქორფა ბავშვმა ბალახი როგორ უნდა სძოვოს, სად გაგონილა!

აჯანყებულ კახელთა საჩივარი.

ზაალმა ჩიბუხი დაუშვა, რადგან სწორედ ამ დროს კოდის გზაზე სალდათური ბარაბანის რაკრაკი გაისმა და მას ზურნის ჭყვიტინი და ქართული დოლის ბაგუნი მოჰყვა.

ყველამ ყური სცქვიტა. ბატონმა იყუჩა და ისევ მამა-შვილს შეუტია:

- ვეჟო, აღარ გამეცლებით? ცხონებული პაპა-ჩემის ზაალის სულს ვფიცავ, რომ ორთავ აქვე გაგაწვენთ და რამდენიც სიგრძე გაქვთ, იმდენ სიგანეს მოგცემთ. გაეთრიეთ მეთქი, თქვე მურდლებო თქვენა!

არსენას ვიღაც მისწვდა მკლავში და მიატრიალა:

- წამო, - ბრძანების კილოზე უთხრა როსტომ ჯორჯიაშვილმა და ბრაზით ანათრთოლი მარაბდელი ზაალს თითქმის ძალით მოაშორა.

- წამო, წავიდეთ. - ჩასჩურჩულა ცალთვალასაც ქავთარმა და ისიც მკლავით გაატრიალა.

ბარაბანის კაკანმა ეზო შუაზე გახლიჩა. ისედაც ყალხზე ამდგარი გლეხები ისე დაფითრდნენ და აიშალნენ, თითქო მომავალი მედოლენი თავიანთ ჯოხებს მათს გულზე აბაგუნებდნენო.

- ზეკუცია მოდის! - დაიძახა როსტომმა და ამ მრისხანე სიტყვამ გლეხებს ცეცხლის ელდასავით ჩაურბინა.

- ზეკუცია! ზეკუცია! - სწრაფად გადადიოდა პირით-პირში.

წარჩინებულთა შორის ახალი სტუმრების მოსვლამ სიხარული გამოიწვია. მარტო მაიორმა, ზაალმა და დავითმა იცოდნენ ადრევე, რომ ამ სტუმრებს მარაბდაში ცრემლი და ვაება მოჰქონდათ.

ზაალის რჩევით მაიორმა მისწერა ქალაქში, რომ ბინის მნე და ფურაჟირები წინდაწინვე არ გამოეგზავნათ, თორემ გლეხები მიჰხვდებოდნენ და გაიხიზნებოდნენ, რადგან თავად ბარათოვის ყმები ერთხელ უკვე დაიფანტნენ და დიდმა ზაალმა რუსის მთავრობის წყალობითაც ძლივს მოაგროვა.

როცა სიტყვამ “ზეკუციამ” ჭანდრის ქვეშაც გაირბინა და აივანზედაც ავარდა, სტუმრებიც და კნეინებიც დაიბნენ და აღარ იცოდნენ კარზე მომდგარ ძალას როგორ დაჰხვედროდნენ.

ზურნის ჭყვიტინი და დოლ-ბარაბნების ბაგუნი ნელ-ნელა ახლოვდება და გლეხთა შორის ფორიაქიც მატულობს.

გოგო-ბიჭებმა მომავალი ჯარისკენ სიხარულით მოჰკურცხლეს და უმალვე დაუცალეს ეზო. ზაალი, მაიორი და სტუმრები ჭანდრის ქვეშ შექუჩდნენ და შესახვედრად შეემზადნენ.

მოურავი და რამოდენიმე ფარეში მაიორის ბრძანებით გლეხებს დაერივნენ, შორს კუთხეში მიაგროვეს და მომავალ ჯარს დიდი ალაგი შეუმზადეს.

მარტო სევასტიღა დარჩენილა თავის ტაფა-ქვაბებთან.

მისი თვალებიც შავი ნაკვერცხალივით ელავს და ღრძილამდე გამოჩენილი ეშვები ფაიფურის სოლებივით უკრიალებს.

კარპიჩას ფეხმა ეზოში ბარვას მოუხშირა. ამირხანაშვილმა ისიც გლეხთა ჯგუფში შეაგდო, მაგრამ უცხვირო ხაბაზმა ვერც იქ მოისვენა: ქერა თხუნელასავით დაძვრება, ყველას რაღაცას ჩასჩურჩულებს, ირგვლივ შფოთს აბნევს და თვითონაც ივსება.

ბარაბანების კაკანი და ზურნის წივილი შეწყდა და მათ ნაცვლად სალდათური სიმღერა გაისმა.

Солдатушки, браво ребятушки,

Где же ваши жены?

Наши жены - ружья заряжены,

Вот и на-а-аши же-ены!

არსენამ მიიხედა. უკნიდან და გვერდით რამდენიმე თავისიანი ამოსდგომოდა - ღვთისავარი, ერეკლე, ზურა, ლაშქარა, ქავთარი და როსტომი. ყველას აქ მოეყარა თავი და ეს ჯგუფი ვეება მუშტივით შეკუმშულიყო.

კარპიჩაც ერთი წუთით დაწყნარებულიყო, უძრავად იდგა არსენასთან და მზეუჭვრიტესაც კი აღარ აკნაწუნებდა.

ყველანი ქვის ძეგლებივით იდგნენ და ჭიშკარს გაჰყურებდნენ. იქიდან საცაა ხიშტების ტყე უნდა შემოსულიყო და თან ყრუ ძალადობა, მძიმე ქუსლი და ბრმა თავხედობა უნდა შემოეტანა.

და ოძელაშვილმა ეხლაღა შეამჩნია, რომ მას ორასიოდე წყვილი თვალი მისჩერებოდა და ლაცაბიძეც შორიდან თვალებით უბურღავდა სულს. მარაბდელმა ყველას შხამნარევი ღიმილით გაუღიმა, სადაც უძირო სიძულვილი ერია, და ასეთივე ღიმილმა უმალვე სხვებსაც ჩაურბინა. მერმე ღრმად ამოიხვნეშა, მამას გადაჰხედა და ჩუმი ხმით ჰკითხა:

- რატომ ამაჩქარე, მამა?

- აი ამიტომ, შვილო. - და ხელი იქით გაიშვირა, საიდანაც ხიშტებიანი ზღარბი უნდა შემოსულიყო.

- იალღუჯაშიც ამისთვის მგზავნიდი?

- ამისთვის გგზავნიდი. - უპასუხა მედროშემ და იგრძნო, თუმცა წეღანაც იცოდა, რომ უკვე წყალწაღებული იყო და ჩალასღა ეჭიდებოდა: არსენა მარაბდიდან არსად არ წავიდოდა, და წასული რომ ყოფილიყო, უმალვე აქვე დაერჭობოდა.

Солдатушки, браво ребятушки,

Где же ваши тетки?

Наши тетки - полбутылки водки,

Вот и на-а-ши те-е-тки!

უკანასკნელი შეძახილი უკვე ჭიშკართან მოისმა. ეზოში ცხენოსანი აფიცერი გამოჩნდა და -

“და რუსები შემოვიდნენ დალაბანდის ბრახუნითა”.

სიმღერა შესწყდა. ცხენოსანს ასიოდე რუსი სალდათი მოჰყვა. როტას ზურნის ჭყვიტინით ორმოცამდე ქართველი მილიციელი მოსდევდა. შემდეგ დრაგუნთა ნახევარი ესკადრონიც გამოჩნდა. რუსებს მოკლე ქურქები და მძიმე ჩექმები ეცვათ და ტყავის ქუდები ეხურათ, ქართველებს კი - მოკლე ჩოხები და თუშური ქუდები, ხოლო დრაგუნებს - ჟოლისფერი ქუდები და გრძელი ფარაჯები.

სალხინოდ მომზადებული ეზო ხიშტებით, თოფებით, ხმლებითა და ხანჯლებით გაივსო და სამხედრო ბანაკად გადაიქცა.

ჯარი მწკრივად დალაგდა. რადგან მაიორი არლოვი როტას კაპიტანზე უფროსი იყო და კიდევაც მასპინძლობდა, ამიტომ გაჭიმული წარსდგა წინ და რიხიანად შესძახა:

- Здорово ребята!

- Здравия желаем ваше... родие! - გრიალით უპასუხეს სალდათებმა.

როტის კაპიტანმა და მაიორმა რაღაც წაიჩურჩულეს. შემდეგ ახალმოსულმა შესძახა:

- Слезай с коней!

დრაგუნები ერთბაშათ ჩამოხტნენ.

- Ружья в козлы!

სამ-სამი თოფი ერთმანეთს მიაყუდეს და კვლავ გაშეშდნენ.

- Вольно! - გაისმა ბოლოს სანატრელი სიტყვა და მწყობრიც მაშინვე დაიშალა, ხოლო ეზო ცხვირთა-ხოცვით და ხველა-ჩურჩულით გაივსო.

დავითი თვითონაც დრაგუნთა აფიცერი და მასპინძელი იყო და ამიტომ მეგობარ აფიცრებს აღტაცებით დაუხვდა. ყველას ცალ-ცალკე ჯერ სამხედრო სალამს აძლევდა, შემდეგ მძლავრად ართმევდა ხელს, ბედნიერად უღიმოდა და დეზებს აჟღარუნებდა.

დავითი და მაიორი აფიცრებს ჭანდრისკენ გამოუძღვნენ და წარჩინებულთა გაცნობას შეუდგნენ.

ზაალი ყველაზე წინა დგას, პირნათლად იღიმება და სალამის დროს ოდნავ იხრის კისერს.

გრიგოლ ორბელიანი განზე გამდგარა და მედიდური განურჩევლობით ელოდება: ვისაც ჰსურს, ნება აქვს მივიდეს და გაიცნოს. მართალია, თვითონ გუშინ გრენადერთა პოლკის პორტუპეი-იუნკერი იყო და დღესაც მხოლოდ პრაპორშჩიკია, მაგრამ სამაგიეროდ არტილერისტია, ყველაზე მეტად ნასწავლია და... და უმთავრესი კი ის არის, რომ ის გრიგოლ ორბელიანია და ესეც ხომ საკმარისია!

ყაფლანიც, ზაქარიაც და ალექსანდრეც გვერდით უდგანან და ესენიც ორბელიანობენ.

სალდათები დაღვრემილ გლეხებს მორცხვი ღიმილით შეჰყურებდნენ და ასეთსავე გაღიმებას ან ორიოდე სიტყვას ელოდებოდნენ, რადგან ურთიერთის მახლობელი ნათესავები იყვნენ, მაგრამ ერთმა მეორეს სიტყვაც ვერ შეუბედა, რადგან იმავე დროს ძალიან შორეულებიც აღმოჩნდნენ.

მარტო კარპიჩა მოსხლტა და ტამბოველთა შორის ძვრენა-ჩურჩულს შეუდგა. გიგოლაც დაიძრა და ხაბაზს ლანდივით აედევნა, მაგრამ რუსი უცებ მიუტრიალდა და შეუტია:

- რას დამდევ დზაგლივით, შენი დედა და მამა!

და ხუთსართულიანი მიაჭედა.

გიგოლა შემდუღრებულივით გამოტრიალდა, კარპიჩამ კი მალე მოსძებნა სულიერ-მიწიერი ნათესავები და იდუმალი ხლართების გაბმას შეუდგა.

მილიციელთა ერთი ჯგუფი გლეხობას მიუახლოვდა, მაგრამ ხუთიოდე ნაბიჯის მანძილზე შედგა და ვეღარაფერი ვერ შეუბედა. ყველანი ახოვან არსენას შეჰყურებდნენ და პირველ სიტყვას მისგან მოელოდნენ.

ოძელაშვილმა ძლივს გაიხსნა პირი და ერთ შავგვრემან ჭაბუკს ჰკითხა, რომელიც სხვებზე უფრო ახლოს იდგა და მას თვალს არ აშორებდა:

- ძმობილო, მარაბდის ასაკლებად მოხვედით?

- აბა რა ვიცი? - ღიმილით უპასუხა ჭაბუკმა და დაუმატა: - შენ არსენა არა ხარ? - და პასუხი რომ ვერ მიიღო, მორცხვად დაურთო: - შარშან ალავერდობას ყველა ბიჭები წაგვიქციე, ჩემი ძმაც, აგერ ისა...

და გვერდით მდგომ ბრგე მილიციელზე მიუთითა, რომელმაც არსენას მეგობრულად გაუღიმა და ხელი გამოუწოდა.

არსენამ შუბლი არ გაიხსნა და უნდილად ჩამოართვა ხელი.

იცნობს მარაბდელი სულხან ყოჩაშვილს? როგორ არა, ძალიან კარგად იცნობს. რუისპირელი სულხანი გამოჩენილი მოჭიდავეა, მოჯირითე, მოთამაშე, მსმელი და ნამდვილი ვაჟკაცი. მართალია, შარშან ალავერდობას არსენამ ყველაფერში აჯობა, მაგრამ შემდეგ იქვე თავის სუფრაზე მიიწვია, დაათრო, დაუძმობილდა და მეორე დღეს თვითონაც ეწვია რუის პირში და იქ ძმასავით შეუდუღდა. მაგრამ რა მოხდა მას აქეთ და რამ ჩააცმეინა სულხანს ეს ტანისამოსი?

- გაჭირვებამ. - მორცხვად უპასუხა სულხანმა.

- ყველა გაჭირვებულია, - განზე სთქვა არსენამ, - მაგრამ...

მაგრამ აღარ დაასრულა, რადგან სათქმელი უკვე ნათქვამი იყო.

სულხანმა იგრძნო, რომ მილიციელის საბეჭურებმა ალავერდის მირონი ჩამორეცხა და მათი ძმა-ბიჭობა დამარხა. იგრძნო, ბოღმით აღივსო და გატრიალდა.

- ჩვენს ასაკლებად მოხვედით მეთქი? - ჰკითხა არსენამ მის უმცროს ძმას როსტიას.

როსტია დაღონებული იყო და ისე უპასუხა, თითქო კაცი შემოჰკვდომოდეს:

- აბა რა უყოთ, ძმაო, სამსახურში ვართ და... რა ჩვენი ბრალია!

არსენა უმალვე მოლბა. “მართლა და რა ამათი ბრალია? - გაიფიქრა. - ბრალიანები აგერ იმ ჭანდრის ქვეშ გათიშულან, ესენი კი ისევ ჩვენისთანა ბეჩავები არიან”, ხმამაღლა კი უპასუხა:

- იქნება ეხლა თქვენ ოჯახსაც სხვა სალდათები იკლებენ.

- შეიძლება. - უპასუხა როსტიამ.

- ვაი ჩვენი ბრალი! - ჩუმად ამოიოხრა ჯორჯიაშვილმა და ეს ოხვრა რამდენიმე ალაგას განმეორდა.

- ერთი ამათ შეჰხედეთ, - წაილაპარაკა ჯორჯიაშვილმა, - რა წყვილია!

და ყველამ მარცხნივ გაიხედა, სადაც გიგოლა და მაიორის გადამწერი “არსენას სიძე” ივანიჩა ხელგადახვეულები საუბრობდნენ.

ივანიჩა არლოვის დავალებით ქალაქში წასულიყო და ეხლა ჯარს მოჰყვა. ზოგი ობობას ეძახოდა, არსენამ კი აქლემი დაარქვა. ეს აქლემი “წყეულ კავკასიაში” მხოლოდ იმიტომ გადმოსულიყო, რომ აქ საერთოდ იქაურზე მეტ ჯამაგირს აძლევდნენ და, გარდა ამისა, ამ უშნო სატენელამ იქ, ქედის გადაღმა, უვარგისობის გამო ვერსად ვერ მოიკიდა ფეხი.

აქლემი კოდაში გალეშილიყო და ფეხები ეხლართებოდა, შორიდან კნეინებს ეპრანჭებოდა და მართლა აქლემივით უღიმოდა.

- მორიელი და ობობა. - სთქვა ზურამ და იკითხა: - ნეტა რომელი უფრო შხამიანია?

- შავი გველი და ჩრელი გველი ორთავ გველია და დროა ორივეს თავი გაუჩეჩკოთ. - წამოიძახა კარპიჩამ.

არსენამ ისეთი საყვედურით გადაჰხედა კარპიჩას, თითქო ეკითხებოდა, განა მაგაზე უნდა გაისვარო ხელიო, და უცებ გამობრუნდა. იქვე დოსტაქარს ბაჯიაშვილს შეეფეთა და ჰკითხა:

- რას იტყვი, ზაქრო?

- ამას ვიტყვი: წასვლას ვაპირებდი და უნდა დავრჩე. როგორც ვატყობ, აქ ბევრი საქმე გამიჩნდება.

- მეც აგრე მგონია. მუხათში ადი და რაც მალამო და არტაშანი გქონდეს, სულ წამოიღე. - ურჩია არსენამ და იმასაც გაშორდა.

* * *

- ვეჟო, მოდი და ჩვენს ხელმწიფეზე ნუ ილოცებ. - მიჰმართა ზაალმა თავისიანებს და კაპიტან ლომოვზე მიუთითა: - ეს კაცი ნამდვილი ბუნტოვჩიკია. დეკემბრელი თუ რაღაც ჯანდაბა იყო, სადაც სამართალია, უნდა ჩამოეხჩოთ, ხელმწიფემ კი დანაშაულიც აპატივა და ეხლა წარჩინებაც კი მისცა. მეტი რა გინდა, ვეჟო! ასეთი ამბავი გაგონილა სადმე?

და მორიდებულ ლომოვს მკლავში ხელი გაუყარა და განზე გაიყვანა.

გარსია ახალ მოსულ აფიცრებს ფეხებში ებლანდებოდა და ჩექმის მტვერს უწმენდავდა.

ფარეშებმა ტაშტით და ალთაფით ჩამოიარეს და სტუმრებს ხელი დააბანინეს.

წეღან კნეინები თავიანთ ოთახებში შეცვივდნენ, თმები და ფერუმარილი შეისწორეს და ისევ აივანზე გამოლაგდნენ და მტრედებივით დალაგდნენ.

უკვე სადილი იწყებოდა და ზაალმა მანდილოსნები ჩამოიპატიჟა.

ყველას კნეინა ხორეშანი ჩამოუძღვა. მედიდურად, დინჯად ჩამობრძანდა და წამოშლილ სტუმრებს ხუთიოდე ნაბიჯის მანძილზე გაუჩერდა.

დანარჩენი კნეინებიც რიგრიგად მიჰყვნენ - მაიკო, ეფემია, დარო, კატო და ტასო - ერთი მეორეზე უფრო დარბაისელი, ლამაზი და თავაზიანი.

კნეინებს ქართული კაბები. ეცვათ, ჩიხტი-კოპი ედგათ და გრძელი ნაწნავები ეკიდათ. ყველაზე ახალგაზრდა დარო და ტასო რუსულად იყვნენ გაზრდილი და ახალნაირად ეცვათ: ორივენი თავდაუხურავი იყვნენ და კრინოლინის განიერი “ხაბარდა” ეცვათ. ხოლო ტევრი თმა კისერზე ჰქონდათ აკრეფილი და მხრებსა და მკერდზე ფერადი აბრეშუმის ნაქსოვი ჰქონდათ შემოვლებული. კნეინებს მოახლეთა ამალა გამოჰყვა.

ელიზბარის და სუმბათაშვილის გამოცდილი თვალები კნეინებს ასცდა და ორ მოახლეს - ფიქრიასა და მარინეს - მიებჯინა. თავადებმა ერთმანეთს გადაჰხედეს და გაუღიმეს.

- ამათ რომ კარგად ჩააცვა და მოუარო... - ჩასჩურჩულა ელიზბარმა სუმბათოვს.

- ყველას აჯობებენ. - დაამთავრა ქვიშხეთის ბატონმა.

სანამ სტუმრები კნეინებს ხელებს უკოცნიდნენ, ეზოს ბოლოში თავადი შალვა და ფილადელფოსი გამოჩნდნენ.

ბერი შორიდანვე იღიმებოდა, იღუნებოდა და ქარაგმულ რიტორიკულ სიტყვებს ამზადებდა. კიკნაძე თუ კიკნაველიძე დიდკაცობაში იყო ნავალი და მათთვის შესაფერი ყოფა-ქცევა და სიტყვა-პასუხიც მოეპოებოდა.

ესოდენ წარჩინებულთა გაცნობა კიდევაც გაეხარდა, რადგან ეგონა, რომ ოდნავ “აქტსა გონიერსა მიმოაბნევდა”, მაგრამ მაიორისა და სუმბათაშვილის აქ-ყოფნა ეწყინა, ხოლო ჯარის ამოსვლამ სულ დააფრთხო და გზა-კვალი აუბნია. მაინც იმ იმედით მოდიოდა, რომ მცირე რამეს დასთესავდა და მრავალ მოსამკალს მოიმკიდა.

ბერი ისე შედგა შუა ეზოში, თითქო კედელს წააწყდაო და -

- სევასტი! - წამოიძახა.

მზარეული შეკრთა. ერთ წამს დაიბნა, მერმე ბერს ხელი ჩაუბღუჯა და ჩუმად ჩაულაპარაკა:

- გაჩერდი, ხმა არ ამეიღო, თვარა...

- იმალები თუ...

- აწი ზაალის ყმა ვარ. წერეთელი ვეღარ დამაბრუნებს, მარა მაიორის სამართალი მაინც აქ არის და ხომ იცი...

ბერმა, რა თქმა უნდა, იცოდა.

- მაშ კარგი. მერმე მოვილაპარაკოთ. - მიუგო მან და თავად შალვას დაეწია.

ზაალის დედა ყალანქრის სუფრის თავზე დაბრძანდა. კნეინები გვერდზე მოუსხდნენ. დანარჩენებიც დალაგდნენ: ჯერ ხნიერი თავადები დასხდნენ, მათ შორის მაიორი და მორცხვი ლომოვი ჩასხდნენ, შემდეგ ახალგაზრდა ორბელიანები, მერმე უდავო აზნაურები და ახალმოსული აფიცრები და ბოლოს - მღვდელი ბარნაველი, ახალმოსული ბერი და აზნაურობის მაძიებელნი.

მამა აბრამი წამოდგა, “მამაო ჩვენო” წაიბურტყუნა, სუფრა აკურთხა და დაჯდა. სხვებიც წამოიშალნენ, პირჯვარი გადაიწერეს, ისევ დასხდნენ და მურასა-ლავაშები და გამტკიცული შოთები გადასტეხეს.

გლეხების ისედაც გრძელი სუფრა ჯარის მოსვლის შემდეგ უფრო მეტად გაიჭიმა და ორპირად გაიშალა.

ზაალი წეღან ოდნავ აიშალა, მაგრამ მერმე მოურავს დაუძახა და უთხრა:

- ვეჟო, ამოდენა ხალხის მოსვლას ვინ მოელოდა! ჩემი ბრალი ნუ იქნება თუ ყველას არ ეყო კერძი. ჯერ ჯარი დააპურე და დანარჩენები მერმე დასხი. ღმერთს ყველაფერი მოუცია ჩემთვის. იმყოფინეთ და... მეტი რა გინდათ, ვეჟო!

ცალმხრივ იმ სუფრას მშიერი სალდათები მოსდგომოდნენ, მეორე მხრივ კი მასპინძელი გლეხები ჩამწკრივებულიყვნენ, რომელთაც გუშინ საარიფანო გამოიღეს და ეს ძმური სადილი მოამზადეს.

უცებ სალდათებმა ქუდები მოიშვლიპეს და ერთხმად დაიწყეს:

- Отче на-аш, иже еси на небеса-аа-х ...და მამაო ჩვენო რომ დაასრულეს იმ სუფრას შემოურბინეს, გადაალაჯეს და მგლებივით მიესივნენ. გლეხებმა ერთმანეთს გადაჰხედეს. დედაკაცები თავიანთ სუფრას გაექცნენ და ისიც ჩექმებმა დაიუფლეს.

- ფუჰ! - გადააფურთხა კარპიჩამ. მერმე ჭანდრისკენ გაიხედა და დაუმატა: - პუგაჩოვი გინდათ მეთკი! გმერთმაც დაგცკევლოთ და ეშმაკმაც! - და უმალვე სახაბაზოში შევარდა.

ლაცაბიძე ავი ღიმილით იღიმებოდა და აღარ იცოდა, ქვაბში ჩაეყო ვეება ჩამჩა თუ ცეცხლში ჩაეჩარნა.

მოურავმა სალდათებს სუფრის ბოლოზე ხუთი ალაგი მოსტაცა და თეთრწვერა გლეხთა ჯგუფს მიჰმართა:

- აღსაჰკალებო, დასხედით. იქნება დარჩეს რამე და სხვებიც მერე დანაყრდებიან.

თეთრწვერიანებმა ღვთისავარს გადაჰხედეს. მოურავმაც იცოდა, რომ თავდაპირველად მედროშე უნდა დაეპატიჟებინა, რომელიც ადათით ჯერ უფრო ხნიერებს დასხამდა, მაგრამ მისი მოპატიჟება არ ინდომა, რადგან ღვთისავარი ზაალის მიერ იყო შემწყრალი და მოურავი ამის გამო ბატონის რისხვას ვერ გადაურჩებოდა.

არსენას მამამ ეს სურათი ვერც კი შენიშნა. მისი ცალი თვალი ჭანდრის ქვეშ იყო მიბჯენილი, ფიქრით სხვაგან იყო გადაკარგული და განიერი მკერდი ბოღმით და შიშით ჰქონდა გატენილი, ისეთი უცნაური შიშით, რომელიც დღემდე ჯერაც არ ეგრძნო - არც ნიახურის ველზე, არც ბირთვისის ციხეში და არც ორმოციოდე ბრძოლა-შეტაკებაში, რომელიც მას ლეკებთან, ოსმალებთან, სპარსელებთან და თათრებთან მოეხადნა.

ან იქნება დაბერდა ცალთვალა დევი? იქნება დაჯაბანდა, მოტყდა და ბუხრის ტყირპად გადაიქცა? მაგრამ როდის, სად, რის გამო? განა ერთი თვის წინათ არ იყო, რომ ხუთი ბიჭით ათ ყაჩაღს მიუვარდა და ხელჩართულ ბრძოლაში ოთხი მათგანი მოჰკლა და დაჰკოდა? გასულ შემოდგომას არ იყო, რომ ასურეთის გზაზე მარტო მან აჰკუწა დათვი? ამას წინათ არ იყო, რომ ქალაქიდან მომავალმა ორი დამხდური შეჰკრა და მდივანბეგს მიჰგვარა?

რამდენჯერ გასხლტომია ღვთისავარი სიკვდილს. რამდენჯერ მოუდრეკია იგი ხანჯალივით მჭრელი და პრიალა თვალით და ჯერ ასეთი უცნაური რამე არ განუცდია - არასოდეს, არსად, არვისთან, ახლა კი...

ახლა კი თვითონაც არ იცის რა ემართება, ან რატომ ემართება. მუხლში თითქო ჟრჟოლა უვლის, განიერი ნიკაპიც უთრთის და გულიც ავი წინაგრძნობით ევსება.

- ღვთისავარ, დავსხდეთ. - ესმის მედროშეს საბა დალაქის ხმა და ფხიზლდება.

- დავსხდეთ? აქა? არა, არ მინდა. - დაბნევით ბუტბუტებს არსენას მამა და აქეთ-იქით იხედება.

აი ყველანი აქ არიან - საბა დალაქიც, ჭონი პაპუნაც, ფეიქარი ნასყიდაც, ხარაზი ბერუაც და სხვებიც.

ოდესღაც ესენიც ღვთისავართან ერთად ომობდნენ - ვაჟკაცურად და შეუპოვრად იბრძოდნენ. არც ეხლა ჩამორჩებიან ახალგაზრდებს, მაგრამ შიში მათს თვალებშიც ჩასახლებულა, ერთ საათში ესენიც მოუდრეკია და თითქოს უფრო მეტადაც გაუთეთრებია.

ღვთისავარმა უკან მოიხედა და ის ერთი თვალი ქავთარს, როსტომს, ერეკლეს, ზურას და მრავალ ჭაბუკსა და შუახნის მარაბდელს გადაავლო.

- არსენა სად არის? - იკითხა უცებ შემკრთალი ხმით მამამ და შიში მოემატა.

აქეთ-იქით მიიხედა, მაგრამ არსენა აღარსად იყო.

უცებ ზემოდან საეკლესიო ზარის ხმა მოისმა - მოკვეთილი, საგანგაშო, გააფთრებული.

და მაშინვე ყველა გლეხი მიხვდა სად იყო ოძელაშვილი. მიხვდა და იმ ზარივით შინაგანი გუგუნით გაიტენა და აფორიაქდა.

პირველივე ჩამოკვრაზე ყველა ისე შეტოკდა, თითქო მიწა შეძრულიყოს. მთელმა ეზომ ყურები სცქვიტა, ლაპარაკი მოისხიპა და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქო ყველა და ყოველივე ქვად გადაქცეულიყო. ჭამის ხრამუნიც კი შესწყდა და ოთხასიოდე წყვილ თვალში შიში და ფათერაკის მოლოდინი ჩაწვა.

ღვთისავარის ცალი თვალი ერთი-ორად გადიდდა და გაიყინა.

ზურა და ერეკლე უმალვე მოსხლტნენ და ჭიშკარში გავარდნენ.

სევასტი ლაცაბიძეს ჩამჩა ქვაბში ჩაუვარდა.

კარპიჩას წითური თავი სათონეს კარებში გამოძვრა და გაიყინა.

გიგოლა ნაბიჭვარმა ფეხი ვეღარ დასძრა, ძარღვებში ყინულის ჟრჟოლა იგრძნო. ნიკაპზე დუჟი ჩამოუშვა და წირპლიანი თვალები მიმქრალი ჭრაქებივით ააბჟუტა.

ყველაზე მეტად კნეინები შეშინდნენ - გარდა ხორეშანისა, რომელმაც ბოლოს საერთო დუმილი გაჰკვეთა:

- ზაალ, მარაბდაში სისხლი დაიღვრება.

ეს სამი სიტყვა სიჩუმეში პანაშვიდივით ჩამოწვა, ხოლო ხორეშანმა ოთხმოცი წლის ცივი თვალები მაიორზე გადაიტანა და დიდხანს აღარ მოაშორა. შემდეგ ისევ ზაალზე გადმოიტანა და ჩამჭკნარ ტუჩებზე ისეთი ღიმილი აისახა, რომელიც უფრო ზიზღს ჰგავდა, ვიდრე დედის სალამს, და გაიმეორა:

- სისხლი დაიღვრება მეთქი.

- დაიღვრება და დაიღვაროს, რა ჩემი ბრალია! - წაიბურტყუნა ზაალმა. - ამაზე მეტი რაღა გინდა, ვეჟო!

სისხლის გახსენებაზე ყველამ კნეინას შეჰხედა, თავის თვალები მის თვალებს გააყოლა და მაიორს დააცქერდა, რადგან სისხლი მუდამ ამ კაცს დასდევდა და მისივე ხელიდან გამოდიოდა.

ზარის ხმაზე მაიორი ჯერ ძლიერ შეკრთა, გაფითრდა და ისე გასცქეროდა კაპიტან ლომოვს, თითქო მისგან გამხნევებას მოელოდაო. მერმე უცებ გაიბადრა და თითით მოხმობილ ფელდფებელს ჩასჩურჩულა:

- ჭამას მოუჩქარონ. - ხოლო აფიცრებს ღიმილით უთხრა: - თვითონვე შეგროვდებიან, უკეთესიც იქნება.

მშიერი და ბოღმით სავსე გლეხები ფეხაკრეფით გავიდნენ, ეკლესიისკენ გაუტიეს და ბატონის ეზოში ცივი სიჩუმე და მღრღნელი შიში დასტოვეს.

ზარი ისევ რეკავდა - ხან კაპასად, ხან შიშით, ზოგჯერ გააფთრებით და ზოგჯერ კი უფრო დუნედ, საერთოდ კი მუქარით, ბოღმით და ძრწოლით გუგუნებდა.

მისი სამუქარო კილო ყველამ იგრძნო, მაგრამ მარტო ბებერი ბარნაველის გამოცდილმა ყურმა გაიგო, რომ ზარს რიგრიგად რამდენიმე ხელი რეკავდა.

* * *

უკანასკნელ დროს არსენას უცნაური და იდუმალი ტალღა აწვებოდა.

საქვეყნო საქმეს სოფელი ღვთისავარს აჰკიდებდა ხოლმე, მაგრამ ერთი ხანია რაც მათ შორის სიტკბომ იკლო და სიმწვავე გახშირდა, და სოფელიც ჯერ გაიბზარა, მერმე გასკდა, ორად გაიყო და ცალთვალა დევი მუდამ გაღმა რჩებოდა, ბოკვერი არსენა კი გამოღმა იდგა და საკუთარ გზას ეძებდა.

ეს გზა თითქო ნაპოვნიც იყო: მამას მამა-პაპები მისდევდნენ. შვილის გარშემო კი შვილები გროვდებოდნენ. ხნიერთა ბანაკი დღითი-დღე დნებოდა, რადგან იგი მიმავალი იყო. ჭაბუკებისა კი მრავლდებოდა, რადგან ისინი მომავლები იყვნენ.

არსენა ოძელაშვილმა არ იცოდა, როდის, ვინ და როგორ დაიწყო ჭაბუკების დაგროვება, და ძალიან გაოცდა როცა თავის-თავი ამ ბანაკის შუაგულში აღმოაჩინა, გაოცდა იმიტომ, რომ არც შუაგულობას ეძებდა და არც მეთაურობას დასდევდა.

როცა სოფელში რღვევა დაიწყებოდა, ან არსენა რაიმე საქვეყნოს იტყოდა, ან კიდევ ვაჟკაცობას გამოიჩენდა, მარაბდელი ჭაბუკებიც და მრავალი შუახნის გლეხიც უმალვე გარშემოევლებოდნენ და ერთხმად აყვირდებოდნენ:

- არსენა მართალს ამბობს! სწორედ სჭრის, სწორედ!

ან კიდევ:

- ყოჩაღ, არსენ! ბარაქალა შენს ბიჭობას!

ან უფრო მეტიც:

- ჩვენი ხარ, ჩვენი! გაგვიძეხ და წაგვიყვანე!

როცა ხალხი ბელადს ეძებს, იგი თუნდაც ხის ფუღუროდან გამოვარდება ხოლმე, და არსენაც ასე გამოვარდა. მან თვითონაც არ იცოდა ნათლად, საით უნდა გასძღოლოდა წაყვანას მოწყურებულ ჭაბუკებს, მაგრამ იმ იდუმალ ტალღის ძალას მაინც მწვავედ ჰგრძნობდა და გაძღოლის საბაბსღა ელოდებოდა.

დაიძახებდა თუ არა ასიოდე ყანყრატო, “მართალი ხარ, მართალიო”, არსენასაც მაშინვე მოაწვებოდა ის უცნაური ტალღა და უხილავი ვიღაც თუ რაღაც გულში ჩაჰკივლებდა: “მოვალე ხარ, მოვალე!” და როცა მას ასიოდე ბრწყინვალე თვალი მიებჯინებოდა, იგივე ვიღაც ტვინში უკაკუნებდა: “ბიჭო არსენ, ქვეყნის ვალი გმართებს და მოიხადე”.

როცა მას ათასთა მალული გულისხმა მოესმოდა, მაშინვე გულისბჭე გაეხსნებოდა და ვიღაც ისევ დაჟინებით ჩასძახოდა: “არსენ, ეს საქმეც შენ გეკისრება და უნდა გააკეთო”.

და უკანასკნელ დროს ამ ტალღამ - “მოვალე ხარ”, “გეკისრება”, “გმართებს და მოიხადე”-მ ოძელაშვილი პირთამდე გაავსო. ცალთვალას შვილი ზაალის ეზოდან ეხლაც ამავე მწვავე ბუღმა მოიტაცა. ის თავაწეული მოდიოდა, თითქოს მორბოდა, რისხვისგან აზღარბებელ ულვაშებს იგრეხდა და გულის ჯავრი საბერველსავით ამოჰქონდა.

ზურნამ და ბარაბანმა მთელი მარაბდა გარეთ გამოიყვანა. ყოველ სახლს, ყოველ კარსა და სარკმელს რამდენიმე წყვილი თვალი გამოება და ეს დაჭყეტილი, უმწეო და შიშნარევი თვალები ყველას შუბლზე ჰქონდა აყრილი. იგი სწრაფად მომავალ არსენასაც მოსდევდა და უსიტყვოდ ეკითხებოდა: “ვიღუპებით? გვიშველი? გადაგვარჩენ”?

არსენამაც იცოდა, რომ მარაბდა ხვალ თუ ზეგ ერთხელ კიდევ დაიღუპებოდა, როგორც უწინაც დაღუპულიყო. იმასაც ჰგრძნობდა, რომ თვითონაც და მისი მეგობრებიც ხმას ამოიღებდნენ და ხელსაც გაიქნევდნენ. და, თუმცა ახლა მხოლოდ ამაზეღა ჰფიქრობდა, მაინც შველისა და გადარჩენის ჯერ არაფერი იცოდა.

- საით მიდიხარ, არსენ? - მოესმა უცებ მაგდანას ხმა და, შედგა.

გულხელდაკრეფილი ქვრივი თავის კარებზე იყო მიყუდებული და ვით მართვებზე დამჯდარი დედალი არწივივით იცქირებოდა.

არსენას არასდროს არ ენახა უქმად მჯდომი მაგდანა, ისიც საქვეყნოდ გამოფენილი, და პასუხის გაცემის მაგიერ თვითონვე ჰკითხა:

- დათუნა სად არის, მაგდან?

ქვრივმა ოდნავი ათვალწუნებით გაიღიმა:

- აბა რა ვიცი, ან ვინ იცის. მგონი ალგეთზე წავიდა. ისევ თავის ფიქრებს თუ დასდევს.

წეღან სოფელს ჩუმმა ბრძანებამ ჩაურბინა:

“იარაღი დამალეთ!... ყველაფერი დამალეთ! “ და ყოველ სახლში ფუსფუსი ატყდა. დაძონძილი და გაფხეკილი გლეხები, ნამეტან კი დედაკაცები, ყველაფერს მიწაში ჰფლავდნენ: ვერცხლის ნამცეცებს და სპილენძის ჭურჭელს, ათიოდე საუკუნის ვარგის-უვარგის იარღსა და თხელ ბეჭდებს, უბრალო მძივებსა და ყველაფერს, რაც კი შერჩენოდათ და რაც ხელში მოხვდებოდათ.

ხნიერ ხალხს ის დრო გაახსენდა. როცა სოფელში მეხივით გავარდებოდა ხოლმე: “ლეკი მოდის, თავს უშველეთ! “

მთელი სოფელი მაშინვე ურემ-საქონლით აიყრებოდა, ალგეთს აჰყვებოდა და თავის მაგარ ციხე-კოშკებს შეეფარებოდა. ახლა კი ყველა გზა სალდათების მიერ იყო შეკრული. ისინი სოფელშიც დადიოდნენ, ყველაფერს სთვლიდნენ და სწერდნენ - რომელ ოჯახს რამდენი “სტუმარი” უნდა შეენახა.

- საით მიდიხარ მეთქი, არსენ? - ერთხელ კიდევ ჰკითხა მაგდანამ და შენიშნა, რომ არსენას მარჯვენა წარბი უხტოდა.

- ახლავე გაიგებ. - უპასუხა არსენამ და ისევ გაალაჯა. მაგრამ უმალვე მოტრიალდა და მაგდანას უთხრა: - ნათლიდედ, ერთი მადლი დამდე, შენ კი გენაცვალოს არსენა. მელანოს შეატყობინე რომ ლურჯა წყალზე ჩაიყვანოს და იქვე ჭალაში მიაბას, თორემ ვინ იცი როგორ დამჭირდეს.

- კარგი, ვეტყვი, - მიუგო ქვრივმა, - მაგრამ დაიცა, აქ მოიტა ეგ იარაღი.

- რათა? - გაუკვირდა ოძელაშვილს.

- აქ მოიტა მეთქი. - უბრძანა მაგდანამ. - მე დაგიმალავ. მღვდლის ოჯახია და იქნება დაინდონ.

- დაიცა, მაგდან...

- მოიტა მეთქი.

იარაღი თითქმის ძალით აართვა და შინ შეიტანა. არსენა კი მარაბდის ბოლოსკენ გამოეშურა, სადაც ნათალი შავი ქვის უგუმბათო ეკლესია იდგა და ეზოში ცხრა ძმა ხერხეულიძე იწვა. ოძელაშვილმა ორიოდე საფლავზე გადაალაჯა, კედელზე ჩამოკიდებულ ზარს მისწვდა და ჩამოჰკრა. ზარი ისე მტკივნეულად აგმინდა, თითქოს ყელსა სჭრიდნენ და ჰკიოდა - “მიშველეთ! მომკლესო!”.

ზარის პირველივე დაძახებაზე ხერხეულიძეთა ერთ-ერთი ქვიდან დათუნა ბარნაველი წამოიჭრა. წეღან რომ შალვას სახლიდან გამოვიდა, მას აქეთ ამ ქვაზე გულაღმა იწვა და ისევ წარსულ ლანდებს და მომავალ აჩრდილებს ეჭიდებოდა.

დათუნამ მარაბდაში წეღან შემოსული ჯარი თვითონაც დაინახა და მაშინვე მიჰხვდა, რომ მაგდანას ხელით წამოყენებული ოჯახი ხვალ ან ზეგ ხელახლა უნდა დანგრეულიყო, და ღვთისა თუ ეშმაკის განგებას თითქმის უკვე შეურიგდა.

არსენამ ათიოდეჯერ ჩამოჰკრა ზარს და მოიხედა:

- რას დარჭობილხარ ბოძივითა დათუნი! - მიაძახა მეგობარს. - აქ მო, შენც დარეკე და წილი დაიდე -

და ხელში ზარის საბელი ჩასჩარა.

ზარმა ბღავილი შესწყვიტა და ბარნაველის ხელში უნდილად, - დაიკნავლა სამჯერ - “სულ ერთია”. დათუნა დონდლოდ რეკავდა და ჩუმი ღიმილით იღიმებოდა, არსენა კი დოინჯშემოყრილი იდგა და მარაბდელების მოსვლას მჭრელი თვალებით ელოდებოდა.

და სოფელიც ჯერ გაუბედავად წამოვიდა, შემდეგ კი ნიაღვარივით მოვარდა.

პირველად შავი ქვრივი მაგდანა მოიჭრა. ძმას ალმოდებული ალქაჯივით ეცა, საბელი გამოსტაცა და სევდით მომჩივანი ზარი წეღანდელივით დააგუგუნა. შემდეგ სხვებიც მოცვივდნენ.

- შენც დაჰკა! დარეკე! - შორიდანვე უძახოდა ოძელაშვილი ყველას და ისიც თავდაპირველად ზარისკენ მირბოდა.

მაგდანას შვილმა გამოსტაცა საბელი, ზურა ერეკლემ შესცვალა და იმავე დროს არსენას ძმადნაფიცი ჯორჯიაშვილი ორი წლის ზაქივით ამოიჭრა:

- მეც დამარეკინეთ, მეცა!

- შენც ჩვენი ხარ, შენცა!

და ბოგველი სტუმარი ერეკლეს სცვლის და ისე აგრიალებს ზარს, რომ მისი კივილი ზემო ენაგეთშიც კი გაისმის.

მეშთა მეჯინიბეც მოვარდნილა, ყანყრატოს იწევს და არსენა ეაჯება:

- შენი წირი მე, არსენ, მეც მოგეცი ეგ ზარი, მეცა.

- დაჰკა, მეშთავ, დარეკე! - ეუბნება ოძელაშვილი. - რა ნებართვა გინდა! შენც ჩვენებური ხარ და გერგების.

- თკვენი ჩირი მე, მარაბდელებო, თკვენი! - შორიდანვე ჰკივის სირბილით მომავალი კოჭლი კარპიჩა და სუსტი ზარი მის ხელშიც გიჟდება და ათი-ათას ნაკუწად იკუწება.

ჭაბუკებს ვაჟკაცები მოჰყვნენ, ვაჟკაცებს შუახნისანი და შემდეგ ბებრებიც მოჩანჩალდნენ.

ხელიხელ ჩაკიდებულმა მარინემ და ფიქრიამაც მოირბინეს და ეკლესიას მოეფარნენ, სადაც დედაკაცები მამაკაცებზე უფრო მეტად შფოთავდნენ.

დათუნამ ფიქრიას დანისლული თვალები გააყოლა და ჩუმის ოხვრით ამოიხვნეშა.

არსენამ მარინეს ოდნავ გაჰკრა თვალის ღველფი და ულვაშებში ჩაიღიმა.

ბოლოს ახალგაზრდა ქალებიც გამოჩნდნენ. დედები ჯერ არ უშვებდნენ, მაგრამ როცა შვილები ხელიდან გაუსხლტათ, თვითონაც დაიძვრნენ და ქალებიც წამოიყვანეს. უწინდელივით შინ ვერ დასტოვებდნენ, რადგან სალდათებისა ეშინოდათ. თანაც უკან იხედებოდნენ, ჯარსა და ბატონებს ქოქოლას აყრიდნენ და ათ სართულიან წყევლას უგზავნიდნენ.

ზართან უკვე რიგი დგას და ეს ზარი შეფიცულთა ჯამსა ჰგავს, ძმადნაფიცები კი რძისა და ვერცხლის ნაცვლად სპილენძის ჟღარუნს სვამენ და ზარის მომპალ საბელს ეჭიდებიან.

მაგდანა ქალებს მიუვარდა და შეუტია:

- თქვენ რა ბოლნისი გაგიწყრათ! რა წითელი კოჭები ბრძანდებით! გამოდით და თქვენც დარეკეთ!

- დედი, დაჰკა! - შესძახა მელანოს არსენამ.

- აქა ვარ, შვილო! - და მის ხელში ზარი გულსაკლავად წუწუნებს.

- ფიქრიავ, შენი მადლიც მოგვიმატე. - ჰპატიჟობს არსენა.

- მეც აქა ვარ, ძმაო.

და მისი ხელით ნაკრავი ზარი არსენას ნაკრავივით გრიალებს.

- მარინე, შენი ჯერია.

და როცა არსენას ალეწილი საბედო საბელს მისწვდა, მარაბდელმა ჩუმი ხმით დაუმატა:

- შენ კი გენაცვალე მაგ თვალებში, შენა! დაჰკა!

მარინეს მიერ უძალოდ ჩამონაკრავი ზარი ქათამივით ჰკაკანებს. არსენა ჰშველის და ახლა ზარი ისევ გუგუნებს და ზარის ჟღარუნში მარინეს არსენას ჩურჩული ელანდება:

“გოგო, გოგონი!... გოგო, გოგონი! “

აგერ ასი წლის მახარა ოძელაშვილიც მოფარფატებს და მის გვერდით ათიოდე მისივე მსგავსი თეთრი ლანდიც მობარბაცებს.

აჰა ღვთისავარი ღა ქავთარიც ისე მოდიან, თითქო მორბიანო. მედროშე განივრად მოალაჯებს და ცალი თვალი შორიდანვე შვილზე აქვს მობჯენილი.

- ღვთისავარი მოდის. - იძახიან ჭაბუკები იმ ოდნავის იმედით, რომ ცალთვალა დევი გარღვეულ ბანაკს დღეს მაინც გაამთელებს და მაიორ-ბატონის მიერ მოღერებულ ხანჯალს სოფლის კისერს ააცდენს.

- ღვთისავარი მოდის. - ამავე იმედით ამბობენ დინჯად უფროსებიც.

შუბლშეკრული ცალთვალა პირდაპირ ზარს მიადგა და ისვ ჩამოჰკრა სამჯერ, რომ ყველას გაუკვირდა, რატომ საბელი არ გაწყდა, ან ზარი არ დაიმსხვრა.

- ჩვენია, ჩვენი! - იგრიალეს ჭაბუკებმა. - ღვთისავარს გაუმარჯოს!

ღვთისავარმა იყუჩა სანამ ქავთარაც დარეკავდა, შემდეგ არსენას მიუბრუნდა და გაქვავებული ხმით ჰკითხა:

- გაგიჟდი?!

ირგვლივ ხერხეულიძეთა საფლავების სიჩუმე ჩამოწვა.

- გაგიჟდი მეთქი? - უფრო დაუმდაბლა ღვთისავარმა და, პასუხი რომ ვერ მიიღო, მარაბდელებს მიუბრუნდა: - რომელმა ხატმა გაგაგიჟათ. ბოლნისმა თუ თელეთმა?

ყველა სდუმდა.

- ხატმა კი არა, - ამოიღო ხმა არსენამ, - აგერ იმათ გაგვაგიჟეს. - და ხელი ზაალის სასახლისკენ გაიშვირა.

სანამ ზარი ბებრუცანების ხელში ჩიფჩიფებდა, ღვთისავარი სდუმდა და ხერხეულიძეთა ერთ საფლავის ქვას დასცქეროდა, სადაც გულხელდაკრეფილი კაცი, იარაღი და გუთანი იყო ამოჭრილი, შემდეგ კი იმავე ქვაზე შედგა, ხალხს თვალი მოავლო და დაბალი ხმით დაიწყო:

- მარაბდელებო, ყური მიგდეთ და გაიგონეთ. ორასი წლის წინათ - ასე ანგარიშობს ჩვენი მღვდელი - აგერ იმ მინდვრებზე ჩვენი ბედი გადაწყდა. - და ღვთისავარმა ხელით შემოხაზა მარაბდის ველი. - ჩვენი სარდალი გიორგი მოურავი აგერ იმ მთებზე დაბანაკებულა, - და ხელი კოჯრის ქედისკენ წამოიღო, - დაბანაკებულა და აქ ჩამოსვლა არა სდომებია. ზაფხული ყოფილა და თურმე იქაური სიცხისა ეშინოდა. წყეული შაჰაბასის ჯარი კი ცხელ ბარში მდგარა და ჩვენი ჯარის ჩამოსვლას ნატრულობდა. ინატრა და კიდევაც შეუსრულდა: ქართველებმა ვეღარ მოითმინეს, დიდ-მოურავს არ დაუჯერეს, ბარში ჩამოვიდნენ და უწყალოდ დამარცხდნენ, ისე დამარცხდნენ, რომა რაც მას აქეთ მოგვივიდა, სულ იმ ომის წყალობით მოგვივიდა. აი ახლაც რომ ზეკუცია გვეწვია, ამის სათავე იქ მარხია. ამას იმისთვინ გეუბნებით, მარაბდელებო, რომ ფიცხი ხალხი ვართ და მოთმინება არა გვყოფნის. უწინ მარაბდაში თურმე ცხრაასი კომლი ცხოვრობდა, ეხლა კი მეათედიც აღარ დარჩა, სულ მტერს შეელია. ფიცხები ვართ მეთქი. თითი რომ დაგვიქნიონ, თოფის წამალივით ვიფეთქებთ, ზედ შევასკდებით და მერმე ფათერაკს დავაბრალებთ.

კარპიჩამ ვეღარ მოითმინა და მიახალა:

- კაცო თითს კი არ გვიქნევენ, კელსა გვჭრიან, კელსა!

- სიტყვამ მოიტანა და გითხარით, თორემ მეც ვიცი რომ ყელს გამოგვჭრიან. - განაგრძო მედროშემ. - ვინ იცის, იქნება თქვენზე ადრე მე გამომჭრან. მაგრამ მას აქეთ რაც გლეხი გაჩენილა, მუდამ ყელსა სჭრიდნენ და დღემდისაც ვერ გამოსჭრეს.

- აგრეა! მართალია! - დაბეჭდა რამდენიმე გლეხმა.

- მარაბდელებო, ასეთი სეტყვა ბევრჯელ გვინახავს და მოგვინელებია, ახლა კი რაღაც ეშმაკი შეგვიჯდა და გვადუნებს. ჩვენც ბალღებივით ავყოლივართ და ლამის დედიან-ბუდიანად გადავცვივდეთ ალგეთში. განა იმისთანა რა მოხდა, რომ ასე აპილპილდით და მზათა ხართ ამოდენა ჯარს თავი შეაკლათ? მუდამ ბატონის სამსახურში ვყოფილვართ და ხელმწიფის ვალიც პირნათლად მოგვიხდია, მართალია ზოგჯერ გაგვჭირვებია და შფოთიც ჩამოგვიგდია, მაგრამ წაგებაში ჩვენვე დავრჩენილვართ. ნათქომია, ამყოლს აჰყე და დამყოლს დაჰყეო.

უცებ სიტყვა შესწყვიტა და გაიფიქრა: “ის შავწვერა იმერელი დამღუპავს”.

იმერელ ლაცაბიძეს ბატონის ქვაბ-ქაფქირისთვის დაეღწია თავი, შავი მოზვერივით მოალაჯებდა, და ეშვ-დამალული, ზარისკენ მოეშურებოდა. იგი სამჯერ დააზუზუნა და კარპიჩას და არსენას შეუერთდა, ღვთისავარმა კი განაგრძო:

- მარაბდელებო! სამღთო წერილში ნათქომია, მიეცი კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსაო, და ისიც მოგეხსენებათ, რომ ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობსო. ეხლა რუს ხელმწიფეს ომი აქვს და ბეგარას თხოულობს.

- კაცო, ურემი აგარავის არ შერჩა და ბეგარაზე როგორ ცავიდეთ! - დაიძახა კარპიჩამ, რომელსაც არც ურემი გააჩნია, არც კატა და არც პერანგი.

- საქონელიც სულ გაგიწყდა, სულა, - მიაყოლა მეშთამ, რომელსაც კარპიჩაზე ნაკლები ებადა.

- ხვალ რვა გუთანი უნდა შევაბათ, ხარ-კამეჩი კი სამისთვისაც არა გვყოფნის. - ეშვით ჩაილაპარაკა სევასტიმ, ისიც ზაალის შინაყმა იყო და მას არც ხარს სთხოვდა ვინმე და არც გუთანს.

- აგრეა, მართალია. - დაუდასტურეს სევასტის ხნიერებმაც, ცალთვალამ კი გაიფიქრა: “აკი ვამბობ, ეს იმერელი დაგვღუპავს მეთქი. თვითონ ზაალის ხიზანია, ერთი ციდა მიწაც არა აქვს, ერთი ლეკვიც არა ჰყავს და”... და ხმამაღლა განაგრძო:

- ხემწიფის ბეგარას ვერავინ გაექცევა. მშივრებიც რომ დავრჩეთ, მაინც უნდა მოვიხადოთ, ამიტომ სჯობია სამგლე გოჭივით ნუ ავტყდებით, თორემა...

- ბატონო, ზაალზე მოგვახსენე რამე, ზაალზე. - ისევ გააწყვეტინა სევასტიმ და ნიჩბის-ოდენა შავი წვერი ათივე თითით ჩაიფოცხა.

- ზაალზედაც მოგახსენებთ. - მიუგო ღვთისავარმა და მუხლებში სიცივე იგრძნო. - ყმები ვართ და ბატონის ვალიც გვადევს მეთქი.

- რამდენი? - აღარ აცლის კარპიჩა.

- ძალიან ბევრი. - ამბობს მედროშე და ჰგრძნობს, რომ ეს ფონი სწორედ აქ დაახრჩობს. - ძალიან ბევრი. მაგრამ ბატონი მოწყალეა, ზოგს მიიღებს და ზოგსაც დაგვაცლის.

- ბატონო, გაგვაგებინეთ, ზაალს ხომ ჰკითხეთ? - ჩაილაპარაკა ლაცაბიძემ. - რა პასუხი მოგახსენათ? - და ბაბა-ხანის წვერი ისევე ორივე ხელით ჩაივარცხნა.

ცალთვალას კი მოეჩვენა, თითქო ბნელ ორმოში ვარდებოდა, რადგან ზაალის პასუხი ყველამ ზეპირად იცოდა: “ვეჟო, პაპიჩემის ზაალის სულს გეფიცებით, თუნდ ერთი მარცვალიც რომ დამაკლოთ, მაინც ფეხს არ მოვიცვლი”.

და ისიც ყველამ იცოდა, რომ ბატონი იმ ფეხს მოიტეხავდა და არ კი მოიცვლიდა.

ასეთი პასუხის შემდეგ ამას წინათ თავი კაცები შეგროვდნენ, იანგარიშეს და გამოიყვანეს: ყმებს რომ სამ წელიწადს ერთი ლუკმაც არ ჩაედოთ პირში და ცოლ-შვილიანადაც გაყიდულიყვნენ, ბარათოვის ვალიდან მაინც ვერ ამოვიდოდნენ.

ღვთისავარი გაჩუმებული იდგა და პასუხს ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა და გაბზარული ხმით შესძახა:

- მარაბდელებო, არ გაგიჟდეთ, ჭკუა არ წააგოთ, თორემ ამ სოფლის ხსენებაც კი აღარ დარჩება, თავს სინანული სჯობია ბოლო ჟამს დანანებასა. ისეთ დღეს დაგვაყრიან, რომ საფლავშიც კი არ დაგვავიწყდეს. მიეცით კეისრისა კეისარს მეთქი, უთქომს ჩვენს მაცხოვარსა და “ვეფხის ტყაოსანშიც” სწერია: წესი არის მამათაგან მოჭირვება ჭირთა თმენა. არვის ძალუძს ხორციელსა განგებისა გარდავლენა. ჩვენც ასე მოვიქცეთ და სოფელი გადავარჩინოთ, თორემ ლაყბობის დრო აღარ არის. ამ საქმის მოვლაც თავ კაცებს მივანდოთ, ჩვენ კი ისევ ჩვენ ქოხებს მივხედოთ. თქმულა: სიწყნარე გმობილი სჯობია სიჩქარე ქებულსაო. უნდა მოვითმინოთ მეთქი, თორემ - თუ კაცი ჭირსა ვერ დასთმობს, ლხინი რა დასათმობია! კარგი იქნებოდა, რომ ეს დღე არ გაგვთენებოდა, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, როცა ჯოხი არა გაქვს, ძაღლს ლუკმა მიუგდეო.

- ლუკმა თუ ხალხის ტყავი? - ისევ ჩაურთო ლაცაბიძემ.

- მარაბდელებო, - უკვე უიმედოდ გაიძახის ცალთვალა და ჰგრძნობს, რომ ანდაზებიც ვეღარ უშველის, მაგრამ მაინც ამ ფანდს ეჭიდება: - მარაბდელებო, საკოცნელ ლოყას საფურთხებლად ნუ გავიხდით. სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან, და ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო.

- კაი, შე კაცო, - აღარ ისვენებს სევასტი, - ჯერ ჭირიან ძაღლად გაქცევენ და მერე გინდ ჩაყევი, გინდ ნუ ჩაყვები.

- მარაბდელებო! - სასოწარკვეთით შესძახა უკვე მოტეხილმა ღვთისავარმა. - მარაბდელებო, ხიზანს, ბოგანოსა და შინაყმას რა ენაღვლება! უხაროა და უსახლო, ჩვენ კი გაგვანიავებენ და საქმეს საბოგანოდ გაგვიხდიან. სხვა რომ არ იყოს რა, იარაღი არა გვაქვს და კეტებით ხომ ვერ შევებმებით, ახლა მამალს უთქომს, მე კი ვიყივლე და თუნდ გათენდეს თუნდ არაო. მეც ჩემი სათქმელი ვთქვი და გავათავე, ახლა კი იმან ილაპარაკოს ვინც აქ დაგვიძახა.

ქვიდან ჩამოვიდა და თავის არსენას შიშით და მუდარით სავსე თვალი მიაბჯინა.

არსენას მამა შეებრალა, მაგრამ სოფლის მომავალი უფრო ებრალებოდა და იმავე ქვაზე შეხტა, თანაც თუშური ქუდი კეფაზე მოიგდო და ხშირი ქოჩორი გადმოუშვა.

ხალხმა მიიწ-მოიწია და ხელახლა დალაგდა. ახალგაზრდობა მარაბდელ ბიჭს გარს მოეხვია, ხნიერები კი ღვთისავარისკენ დადგნენ.

- ხალხნო და ჯამაათნო! - დაიწყო არსენამ. - მამაჩემს ცალთვალა დევი ჰქვიან. ვაჟკაცობაში თრიალეთზე და ხრამის გაღმაც ვერავინ ვერ შაედავება.

- აგრეა! მართალია! - გაამხნევა სევასტიმ.

- მართალია! - შესძახა კარპიჩამაც.

- მაგრამ ჭკუა სხვანაირად უჭრის და სოფელს ქედის მოდრეკას ურჩევს. თვითონ მუდამ ჩვენი მედროშე იყო, ომში დაბერდა და ჩვენ კი ლამის ბატკნებად გვაქციოს. კეისრისა კეისარს მიეცითო. მართალია, წესი არის მამათაგან ჭირთა თმენა, მაგრამ ი დალოცვილ რუსთაველს ესეც უთქომს: - ბოლოს შეჰყარნეს მიწამან ერთად მოყმე და მხცოვანი, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი.

- აგრეა! მართალია! ვენაცვალეთ მაგის მთქმელსა. - წამოვიდა აქეთ - იქიდან.

- ოქრო სიტყვა უთქომს, ოქრო!

- მე კი მამა-ჩემისგან ასე გამიგია: ჩვენს წინაპრებს რომ შაჰ-აბასების წინაშე კისერი მოეხარნათ, ამ ცხრა ძმასაც და ათას ამისთანას სიცოცხლე რომ არ გაეწირნათ, აღარც საქართველო იქნებოდა და აღარც ჩვენ გავჩნდებოდით, ან გავჩნდებოდით, მაგრამ თათრები ვიქნებოდითო. ასე გვასწავლიდა თუ არა ღვთისავარი?

- მართალია, მართალი! - თითქმის ერთხმად უპასუხა ხალხმა.

- მე ისიც გამიგია, რომ ხერხეულიძეები ჩვენისთანა ტეტია გლეხები ყოფილან, რომ ამათი დედა მარაბდელი ყოფილა და როცა ცხრა შვილი ომში გაუგზავნია, თურმე ასე დაუბარებია: წყეულიმც იყოს ის შვილი, ვისაც ისარი მკერდის მაგივრად ზურგში მოხვდესო. და ცხრასვე ძმას ჭრილობა შიგ გულში მიუღია.

და მოლაპარაკემ მკერდში მიიხალა მუშტი.

- ჰაი დედასა!... ვაჟკაცებიც ისინი ყოფილან!... რა დედა ჰყოლიათ!

- იმ ცხრა ძმამ პირნათლად მოიხადა ვალი. - განაგრძო ცალთვალას შვილმა. - მტერს მტრულად დაუხვდნენ და თავი შეაკლეს. ახლაც ის დრო მოვიდა. მტერი კარზე მოგვადგა და პასუხს თხოულობს მარაბდელებო! - აუწია ოძელაშვილმა, - ერთხელ სჯობია სიკვდილი ნიადაგ შეღონებასა, და ესეც უთქომთ: ბედის მორჩილი მონობაში მოკვდებაო.

- გაგიჟდა? - წამოიძახა ღვთისავარმა.

- გაჩუმდი, ღვთისავარ! - მიაძახა ნასყიდამ და ანუგეშა: - გიჟი მოზვერი კაი ხარი დადგებაო.

არსენამ კი უპასუხა:

- მამა-ჩემო, ასწიე ღონესა ჰქვიან, დასწიე კი უღონობასა, და ვაჟკაციც ქუდსა სიცივისთვის კი არ ატარებს, არამედ ნამუსისთვისაო. ეს ქვეყანაც ასე ყოფილა მოწყობილი: ვინც იბრძვის, სიცოცხლის ღირსიც ყოფილა, ვინც არა და - კაცადაც არ ჩაითვლება. ამბობენ, ბატონ-ყმობა მუდამ ყოფილაო. აი დათუნაც აქ არის. ნასწავლი კაცია და იცის. ვისაც არა სჯერა, ჰკითხოს და გაიგებს. უწინ ბატონ-ყმობა თურმე სულაც არ ყოფილა. მერე რაო რომ კიდევაც ყოფილიყო! ჭირიც მუდამ ყოფილა, მაგრამ ვინ გიჟი დაუწვება და შეეჩვევა! აგრეა თუ არა, მარაბდელებო?

გაიცინეს და შესძახეს:

- აგრეა!.. მართალია!.. ჰაი, ჰაი, რომ აგრეა!

- ხალხნო და ჯამაათნო! - კიდევ აუწია ოძელაშვილმა. - ახლა მეფე და ბატონი ერთად მოგვადგა. წეღან ვიღაცამ ამოიძახა: ვირი რომ ბატონად დაგიდგეს, “ჰაცე” არ შეჰკადროო. ეს ანდაზა მონის ნათქვამი იქნება, მე კი “ჰაცესაც” შევკადრებ და იმდენსაც მივცხებ, რომ სამიც ვეღარ დაითვალოს.

სიცილი რომ შესწყდა, ღვთისავარმა მიაწოდა:

- მიჰყე, მიჰყე სიმართლესა, გამოგილევს სინათლესა.

- აგრეა, მართალია. - უპასუხა შვილმა. - სიმართლის ძებნაში ან მე დამელევა სინათლე, ან უსამართლობას მოსტყდება კისერი. თუ ადამიანი სიმართლის ძებნაში მოკვდება, იმას მაინც იტყვიან: ნუ გეშინიან სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა. სიბერე როსტომსაც კი მოჰრევია და მამა-ჩემს რომ მოჰრეოდა, აბა რა საკვირველია! მაგრამ მე მაგის გაზრდილი ვარ და რაც კარგი სიტყვა მოგახსენეთ, სულ მაგისგან გამიგია. სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო. სიმართლის ნერგი იხარებს, დარგო თუნდა სიპსა ქვაზედაო. ტირილითა და გლოვითა მტერნი არ შეშინდებისო, უსვინდისოს თუ არცხვენ, ბაძვით მორცხვიც გაურცხვდებისო. ახლა კი მამა-ჩემს სიბერის ჟამსა საფრთხილო ანდაზები მოუგროვებია და ჭკუას გვასწავლის. ამბობენ, ღვთისავარი ძალიან ჭკვიანი კაციაო, მაგრამ ისიც უთქომთ: ვერც ჭკუამ მოსჭამა სოფელი, ვერც ხმალმა ამოღებულმაო. ხემა სთქვა: მე ცული ვერას დამაკლებს, შიგ რომ ჩემი გვარისა არ ეჩაროსო, და მაიორ-ივანიჩებიც ვერას დაგვაკლებდნენ, შიგ რომ ზაალ-დავითები და პაპა-ჩვენები არ ეჩარნენ. მამაჩემი გვაშინებს, მოგვერევიანო, მე კი ვიტყვი: ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი, გასწვდება. ჰო და ერთი პირი და გამბედაობა რომ გვქონოდა, მაიორებს კუდით ქვას ვასროლინებდით და ზაალებსაც მივაყოლებდით.

- შვილი ჩემია, ჭკუა კი თავისი ჰქონია. - წაიბურტყუნა ღვთისავარმა.

- ჰაი, ჰაი, რომ ჩემი მქონია! - მიუგო შვილმა. - კვიცი გვარზე ხტისო, მაგრამ ერთი რაღაც საკუთარი გამოერევაო. მოგახსენებთ, მეფე და ბატონი ერთად მოგვადგა მეთქი. მერე რა ნებავს რუს ხელმწიფესა? თათარს ვეომები და ურემი და პური უნდა მომცეთო. მუდამაც გვიძლევია. ხუთ წელიწადში მე თვითონ ცხრამეტჯერ წავიყვანე ურემი და ორჯელღა დავაბრუნე. დანარჩენი იქვე დამეხოცა და იქ დამემტვრა.

- აგრეა! მართალია! - ატყდა ხმაურობა.

- ტყეში ურმის მასალაც კი გამოვლიეთ.

- მარტო მე გამიტყდა ორმოცი ურემი. - ყვირის ხნიერი ბერუა.

- ურემს თქვენი ჭირი წაუღია. - განაგრძო არსენამ. - გზაში თორმეტი ხარი და რვა კამეჩი დამივარდა და ტყავიც კი ვეღარ ამოვიტანე.

- საქონელი დაგველია! აღარა გვყავს! ჩვენვე ხომ არ შევებმევით! - გაიძახიან ჭაბუკები და ხნიერებიც.

- ბავშვებს რძე აღარა აქვთ - წამოიძახა მაგდანამაც. - დედებს შიმშილით თვალწინ ეხოცებათ.

- ძუძუები დაგვიშრა, ძუძუები!

- მთავრობა და ბატონები კი გვეუბნებიან, - დასცინა ერთმა დედამ, - ბავშვებმა ბალახი ძოვონო.

- ქა, სად გაგონილა, რომ ქორფამ ბალახი მოძოვოს! - გულწრფელად გაიკვირვა მეორემ.

- კომლზე ზოგჯერ ორი-სამი კაცი გაჰყავთ, - განაგრძო არსენამ, - მუდამ ბეგარაზე არიან. მათი მიწა მოუხნავ-მოუმკალი რჩება და ცოლ-შვილიც მშიერი ეხოცებათ.

- ჩვენ ოთხი ძმა ვართ, - იძახის საბა დალაქი, - და ორი ეხლაც ბეგარაზეა. ექვსი თვეა ერთმანეთი არ გვინახავს. მე და ჩემი უმცროსი ძმა ათი დღეა რაც დავბრუნდით და ხვალ-ზეგ ისევ უნდა გაგვრეკონ?

- არ წავალთ! გვეყო! აღარ გვინდა!

- ჩვენც მაგ დღეში ვართ, ჩვენცა!

- ოჯახი დაგვენგრა!.. დავიღუპენით!.. - აღარ აცლიან ერთმანეთს მარაბდელები.

- ომი უწინაც გვქონია, - იძახის ქავთარაც, მაგრამ ასე უღვთოდ გამარჯვებულ თათარსაც არ ავუკლივართ.

- მარაბდის ნახევარი ბეგარაზეა გაყვანილი, - გაიძახის ნასყიდა, - და ახლა მეორე ნახევარსაც თხოულობენ?

- არ წავალთ! არ გვინდა! აღარ წავალთ! - გუგუნებს მთელი მარაბდაც, გარდა ღვთისავარისა, რომელიც მიწას დასცქერის და იმავე მიწასავით გაჩუმებულა.

- ხალხნო და ჯამაათნო! - ადვილად ჰფარავს არსენა ხალხის ღრიალს, - ურემს რომ ნამეტანს დაუდებენ, ისიც კი ჭრიალს დაიწყებსო.

- მერე ქე გადატყდება და ავ მეურმეს ქვეშ მოიყოლებსო. - აგრძელებს სევასტი.

- მოიკოლებს და კისერზე გადაუვლის. - ამთავრებს კარპიჩა.

- რუსი თათარს ეომება, - აგრძელებს ოძელაშვილი, - ქათამს კი უთქომს: ცხვარი დაკლეს და მე წამაკლეს, ღორი დაკლეს და მე წამაკლეს, ძროხა დაკლეს და ისევ მე წამაკლესო. ჰო და ქათმის ჩივილიც სწორედ გლეხზეა ნათქომი. ყვავი კაჭკაჭს სტაცებდა, კაჭკაჭი კრუხსაო, საწყალი წიწილა კი ყველას მაგიერ ზღავდაო. მაგრამ ალგეთურ წიწილას ვეფხის კბილები აქვს და თუ გამწარდა და გამოაჩინა...

- აგრეა! დიაღაც რომ გამოვაჩენთ! - შეაწყვეტინეს ჭაბუკებმა.

- რუს ხელმწიფეს თათრის სისხლი მოჰშივა, - ამბობს არსენა, - მოჰშივა და ჩვენ უნდა გვაზღვევინოს. ბატონს ქალაქში ტლინკაობა მოუნდება და ისიც ჩვენ მოგვადგება. უთვალავ ჩინოვნიკს მოჰშივა და ისევ გლეხმა უნდა გააძღოს. გლეხის ავლადიდებას კი, ნათქომია, კურდღელიც კი აიკიდებსო. მარაბდელებო, სამი წელიწადია მოსავალი არა გვქონია, მაგრამ ბატონიც ახლა მოგვადგა და ხელმწიფეცა. დაე ჩვენი ორმოები გაშინჯონ, ბეღლებში ჩაიხედონ და რაც იპოვონ, ყველაფერი წაიღონ, ოღონდ ჩვენ კი თავი დაგვანებონ. როცა ბალახი ამოვა, ხალხი ცხვარივით უნდა გავიდეს მინდორზე, ამათ კი ჯარი ჩაგვისახლეს, ამასაც აჰა, მეც და ჩვენც ჩვენი მოგვეცითო.

- პუგაჩოვი უნდათ მეთკი, პუგაჩოვი! - შეჰკივლა კარპიჩამ.

- მეფის რუსი მოხელეები ახირებულან, ჯარისთვინ ხორბალი ექვს აბაზად უნდა გვაძლიოთო, - ჩაურთო ჭონმა პაპუნამაც, - ჩვენ კი თვითონვე ვყიდულობთ ხუთ მანეთად და მთავრობას ექვს აბაზად ვაძლევთ.

- ყაჩაღები ყოფილხართ, შენი წირი მე, ყაჩაღები! - წამოიძახა ოსმა მეშთამაც, და ხალხის მხიარული ხარხარი ეკლესიას მიასკდა.

- ხალხო, გაიცინეთ, - შესძახა არსენამ, - გაიცინეთ, მაგრამ ესეც იცოდეთ: სიცილს ისეთი ტირილი მოჰყვება, რომ ჩვენი ცრემლით ალგეთის ხევიც კი გაივსება. ჩინოვნიკები წონაში გვატყუებენ. მოტანილ ურმებს თითო კვირას აცდეინებენ, ქრთამსაც გვართმევენ და თანაც დაგვცინიან. აკრეფილ ხარჯს თვითონვე იპარავენ და ხელმეორედ და მესამეჯერაც გვახდეინებენ, მამა-ჩემი კი გამომდგარა და გვეუბნება, კიდევ მოითმინეთო.

- აგარ შეგვიზლიან, არა! - გაჰკივის ხაბაზი კარპიჩა.

- არ გინდა, არა! - იძახის მეშთაც.

- ახლა ბატონის ღალა და კულუხი გაშინჯეთ. - მიერეკება ოძელაშვილი. - ჩვენ ნამდვილი საქონელი ვართ და ზაალის ძაღლის ბედიც კი გვენატრება. ჩვენი სიცოცხლე ღვთის წყრომაა და სიკვდილიც ღვთის რისხვაა. ჩვენი საფლავის ალაგში ერთი ხარი უნდა გადავიხადოთ და ბატონიც ქელეხით უნდა გავაძღოთ.

- ოღონდ თვითონ გასწყდნენ და ქელეხი ჩვენს კისერზე იყოს. - ჩაიბურტყუნა მეველემ.

- ეს კიდევ არაფერია. - ჩქარობს ოძელაშვილი. - თუ ბატონის ნება არ არის, ვერც ცოლს მოიყვან და ვერც გაათხოვებ.

დათუნა გაწითლდა, ქალებმა კი მარინეს და ფიქრიას გადაჰხედეს.

- ყმა რომ ცამდე მართალი იყოს, ბატონს ვერ უჩივლებს, ნება არა აქვს. ღმერთი ხმას არ იღებს, მეფესთან კი ჯერ ერთი გლეხიც არ მისულა.

- პუგაჩოვი მიდიოდა, - წამოიძახა კარპიჩამ, - მაგრამ ვერც ის მივიდა.

- დრო მოვა და მივალთ, მივწვდებით. - ისე ჩაილაპარაკა სევასტიმ, რომ მის მიერ მიწვდენილს ხეირი არ დაეყრებოდა.

- მარტო ჰაერიღა ვერ დაჰბეგრეს, თორემ სხვა ყველაფერი დაბეგრილია - და ოძელაშვილი თითებზე ითვლის: - პურიც და ღვინოც, ქათამიც და მაჟალოც, ერბოც და კუნელიც, რძეც და თევზიც, მარილიც და კვერცხიც. ხელში ლუკმა ვერ აგვიღია, რომ ათი ხელი არ მოგვწვდეს, - მეფისა და ბატონისა, ბერისა და მოურავისა, ნაცვლისა და გზირისა, ჩაფრისა და ტარტაროზისა. აბა ვის ახსოვს, კიდევ რამდენი ჭირი გვაწვება: ღალა და კულუხიო, გასამყრელო და ძღვენიო, საქვრივო და საჩექმეო, საქორწილო და სამარხიო, პირისთავიო, სანადიროო, ჯანდაბა და დოზანაო.

და არსენას ნაცვლად ჯანდაბა-დოზანას სიას სხვები ამთავრებენ:

- საღორე დაგავიწყდა!

- საფუტკრეც მიუმატე!

- ნახირის თავიც ჩასთვალე!

- ახლა დახვნა, გალეწვა და მოზიდვაო.

- სააღდგომო და საახალწლო?

- სამაყრო და სავაჭრო?

- ჭირი და შავი ქვა!

- ნაცარი ცხელი და პირში გველი!

- საახალწლოდ შაშხი, ხმელი ხილი, ჩურჩხელა და გოზინაყი მიართვი!

- სააღდგომოდ ინდაური, გოჭი და კვერცხები მიუტა!

- ფერიცვალებას, მარიამობას და ყველა უქმე დღესაც მიუძღვენი, მიულოცე, ჩაახეთქე!

- აღარ გვინდა! აღარა გვაქვს! აღარ მივცემთ!

- მარაბდელებო, - კიდევ აუწია ოძელაშვილმა. - უწინ როზგი მაინც არ ყოფილა, ახლა კი ვაჟკაცს ქუდი მოჰხადეს, საქვეყნოდ სცემენ, სამუდამოდ ასალდათებენ და ციმბირში ალპობენ. დედაკაცსაც კი აღარ ინდობენ, საქვეყნოდ ატიტვლებენ და როზგს ურტყამენ.

ხალხი შეძრწუნდა, შეჩოჩქოლდა, არსენამ კი დაიძახა:

- სირცხვილი ჩვენ და ჩვენს ვაჟკაცობას!

- სირცხვილი! - ისე შესძახეს მარაბდელებმა, რომ მათი ნაკივლი ზაალის სუფრასაც კი მისწვდა, არსენამ კი ახალი ცეცხლი წაიკიდა და წაუკიდა:

- ჩვენ თავს ერთმანეთს მიმინოსავით აჩუქებენ, ნივთსავით მზითევში ატანენ, ცსენსავით გვყიდიან, გვაგირავებენ, ძაღლებში გვცვლიან და ამ ძაღლებზედაც უარესად გვინახავენ.

- ვაი ჩვენ. უბედურებს!

- ვაი ჩვენი ბრალი!

- ესეც არ იკმარეს. - ისვრის არსენა კლდე-სიტყვებს. - მოვიდნენ და კისერზე დაგვასხდნენ, შიგ ჩაგვისახლდნენ. ბალღებს შიმშილით დაგვიხოცავენ, დედაკაცებს ლეჩაქს ახდიან და ჩვენც გაგვჯოხავენ. მაშ რაღა ოხრად მინდა ეს ძაღლუმადური სიცოცხლე და ტიელი ქუდი! - და თუშური ქუდი მიწაზე დაანარცხა. - რა ჯანდაბად მინდა ეს ულვაშიც! - და თაფლისფერი ულვაშიც აიწია. - რა სატიალოდ მინდა ეს ოხერი მარჯვენაც და ეს უბედური თავიც - და თავში ხელი აიკრა, - თუ კაცად აღარ ვივარგებ და ტოლ-ამხანაგს თვალში თვალს ვერ გავუსწორებ!

კარპიჩა იმავე ქვაზე შედგა და შესძახა:

- დაჰკა! დალეცე!

- იარაღი აღარა გვაქვს, იარაღი! - დაიძახა ვიღაცამ და სსვებმაც გაიხსენეს: - სულ წაგვართვეს! იარაღი მოგვეცით, იარაღი!

არსენა მიხვდა, რომ უიარაღო ხალხი მართლა ვერას გახდებოდა.

- მარაბდელებო, - დაჰფარა ხაბაზის კივილი არსენამ. - მამაჩემი მართალს ამბობს, ამოდენა ჯარს უთოფოდ ვერას დავაკლებთო, ეს ხომ ასეა, მაგრამ დღესდღეობით სხვა ღონეც მოგვეპოვება: ქვეყანა დიდია და უღრანი ტყეც ბევრია. გაიპარენით, დაიფანტენით, დაიკარგენით!

- წავიდეთ! გავიფანტნეთ! გავიპარნეთ! - იხუვლა დიდ-პატარამ და ისე აირია, თითქოს უკვე აყრილიყვნენ და უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ.

- მოდიან! - დაიძახა ამ დროს ვიღაცამ.

- მოდიან! - შესძახეს სხვებმაც და თვალები ააცეცეს.

დრაგუნები და კუჭატნელის რაზმი ორ მწკრივად გაყოფილიყვნენ და ცხენებს ჭენებით მოაქანებდნენ. ხალხი აირია, შეჩოჩქოლდა, აყაყანდა.

- შესდექით! - დასჭყივლა არსენამ. - ფეხიც არ დასძრათ!

ფეხის დაძვრა გვიანღა იყო. ორი ლარივით წამოსულმა ცხენოსნებმა ეკლესიას ორივე მხრიდან მოუარეს, მერმე რკალი შეჰკრეს და ცხენები შეაყენეს. იმავე დროს სოფლიდან ქვეითი ჯარიც გამოვარდა, სირბილით წამოვიდა და ხუთ წუთში მეორე რკალიც შეიკრა.

- არ გატყდეთ!.. ყოჩაღად!... მედგრად! - დარბის მომწყვდეულთა შორის არსენას, კარპიჩას, როსტომისა და სევასტის ბრძანება და ყველაფერი უმალვე იყინება: ჰაერიც, ჯარიც, ცხენიცა და ხალხიც.

- სოფლიდან კიდევ ერთი ჯგუფი გამოდის. ცხენები ნაბიჯით მოჰყავთ. წინ მაიორის თაფლა იგრიხება. უკან ზაალი, მელიტონი, დავითი, სუმბათაშვილი, ელიზბარი, მხლებლები და აზნაურები მოსდევენ.

- ჩვენ იქ რაღა გვინდა? - იკითხეს წეღან კნეინებმა და სტუმრებმა, როცა არლოვმა ყველანი ეკლესიაზე მიიპატიჟა.

- დაწყნარდით, თქვენო ბრწყინვალებავ. - დაამშვიდა მაიორმა. - ოდნავ დავაფრთხობ, მეტს არაფერს არ შევკადრებ. - ლომოვს კი ჩასჩურჩულა: - ამათაც დაინახონ ჯარის ძალა. მაგათაც არგებს და ჩვენც გამოგვადგება.

დანარჩენი სტუმრები - ორბელიანები, კნეინები, ბერი, შალვა და აზნაურები - ფეხით წამოსულიყვნენ.

მაიორმა თაფლას დეზი ჰკრა და ჩორთით წამოიყვანა. სხვებიც მოჰყვნენ და ეკლესიას მოადგნენ.

არლოვმა ხალხი შეათვალიერა და გაიღიმა: “დიდებულია, საუცხოვოა! ყველანი ერთად მოგროვილან: ეს ცალთვალა მგელიც და მისი ლეკვიც, მეჯინიბეც და ჩუმი მზარეულიც, ყბედი კოჭლი რუსიც და მღვდლის შვილიც. იმ ორმა მოახლემ კი თავის გმირებს უყუროს და დასტკბეს.

და როცა ფეხით წამოსულები შორიახლოს შედგნენ, მაიორმა ნიშანი გასცა და ცხენი საფლავის ქვებთან მიაყენა. სალდათებმა და მილიციელებმა ხიშტები მოიმარჯვეს, ცხენოსნებმა ხმლები იშიშვლეს, ერთად დაიძრნენ და რკალი შეჰკუმშეს.

ხალხი ეკლესიის კედელს მიასკდა, ზოგმა კი ფეხიც არ მოიცვალა. ღვთისავარი, არსენა, ერეკლე, ზურა, მეშთა და სევასტი, ლაშქარა და კარპიჩა, ქავთარა და როსტომი სადაც იდგნენ, იქვე დარჩნენ და ხიშტებისა და ხმლების მესერს გადაეღობნენ.

ფიქრიამ დათუნა გამოათრია, არსენას მოუყენა გვერდით და თვითონაც იქვე დაერჭო.

მაგდანაც გამოვარდა და ქავთარას და სევასტის შუა ჩადგა.

დავითმა ცხენი არსენაზე მიაგდო და -

- არსენ გზა მომეცი! - უბრძანა.

ოძელაშვილმა აჰხედა და ბოღმით ჰკითხა:

- რა გინდათ ჩვენგან, პატარა ბატონო?

- შენც იცი, რაც გვინდა. გზა მეთქი! - და მათრახი აღმართა.

არსენამ თვალი თვალში გაუყარა და გააფრთხილა:

- დავით, თავი დამანებე, თორემ დედა-ჩემის ძუძუ გიწოვია და...

- შენი დედაც და იმის ძუძუც!

და მათრახი ბეჭებზე გადაუჭირა.

მარაბდელი ოდნავ შეირხა, მაგრამ არც დაიძრა, არც ხმა დასძრა და არც თვალი მოაშორა ძუძუმტეს, რომელმაც დედის რძე შეუბილწა.

არსენას პირველად დაჰკრეს და მშობლის სახელიც პირველად შეუგინეს. მათრახის ნაკრავი მწვავე იყო, მაგრამ სხვა რაღაც ათჯერ უფრო ემწვავა, და ამ რაღაცამ, უძალო ბოღმამ, მის თვალებშიც გამოჟონა.

დავითმა ერთხელ კიდევ აღმართა მათრახი, ერთხელ კიდევ გადმოაგდო “შენი”, მაგრამ ოძელაშვილის თვალებს თუ სხვა რაღაცას ვეღარ გაუძლო, მკლავი დადუნებულივით დაუშვა და ყარაბაღული ცხენი, რომელიც დღეს არსენამ მოაგებინა, მაიორისკენ გააბრუნა.

მაიორმა დავითის ერთგულება დაინახა და ახალგაზრდა ბარათაშვილს ამაზე მეტიც არა უნდა-რა.

არლოვი უკვე ბრძანებლობდა.

ოციოდე სალდათი და მილიციელი კუჭატნელის, გამზათ ლეკის, მოურავის, გიგოლასი და ივანიჩას თაოსნობით ხალხში შეერია, ათიოდე თავი კაცი გამოარჩია და წინ წამოაყენა, სადაც არსენა და ჭაბუკები იდგნენ. შემდეგ ეს ჯგუფიც ორად გაჰყვეს, გააცალკევეს და ორივეს ხიშტების ხშირი მესერი შემოარტყეს.

არსენა მეორე ჯგუფში მოექცა, რომელიც ათიოდე ნაბიჯით გააყენეს განზე.

- იმ ჯგუფს ხვალისთვის შევინახავ. - უთხრა რუსულად მაიორმა დავითს. - თუ არ შეგვისრულეს, ხვალვე საჯაროდ გავჯოხავ და თუ შეგვისრულეს, მაინც გავჯოხავ. - და ორივემ გაიღიმა.

ცხრა ძმის ცხრა საფლავზე ცხრა კაცი მოიმწყვდიეს. უკანა რიგიდან სალდათების ერთი გუნდიც გამოვიდა და ცხრა კაცს ეძგერა.

- გაიხადეთ! ჩაიხადეთ! - და ტანისამოსის გლეჯა დაუწყეს.

ხალხს წეღან არაფერი არ ესმოდა, ეხლა კი ყველა მიხვდა და ჰაერში მამაკაცების ყვირილი და დედაკაცების მზარავი ჟივილ-წივილი ავარდა.

შემდეგ ეს ჟივილი წელამდე გაშიშვლებულთა და ხერხეულიძის ქვებზე დაყრილთა გმინვამ და ბღავილმა შთანთქა.

ბალღებმა წივილით მოჰკურცხლეს, თითქო ქაჯები დაერივნენო.

საძოვარზე გასულ საქონელს თითქო მგელი მოეჩვენაო: ჯერ ყურები ცქვიტეს, მერმე კუდები გაფშიკეს და ბღავილით დაეშვნენ ალგეთის ჭალებისკენ.

ძაღლებმა ყეფა და ყმუილი ასტეხეს.

- მხეცებო! პირუტყვებო! - დაიძახა კნეინა მაიკომ და თავის ქმარს შალვას მივარდა. - წამიყვანე აქედან!

- გრიგოლ! მელიტონ! - მივარდა თავის ქმარსა და ძმას ეფემიაც. - აქ სად მოგვიყვანეს!

მელიტონმა გაშეშებული ნიკო მოატრიალა და უბრძანა:

- ჩქარა წადი, ჩქარა! - თვითონ - კი მაიორს ამოუდგა გვერდით, ვინაიდან რუსის მოხელე იყო და თავის იქ-ყოფნა სავალდებულოდ მიაჩნდა.

ბერის ანაფორა უკვე სოფელში მიჰქრის და ზაალის ზოგი სტუმრები ძრწოლით და კრულვით იფანტებიან.

ჰაერში მრავალი სახრე ზუზუნებს.

კარპიჩა ლეკვივით წკმუტუნებს.

დათუნა ხრიალებს.

ლაცაბიძე ჰგმინავს.

არსენა ჯერ ხიშტების ღობეს აწყდებოდა და მეგობრებს ეაჯებოდა, რომლებიც მას ტომრებივით ჩამოეკიდნენ და არ უშვებდნენ.

- ძმებო, გამიშვით! ძმებო, მიმიშვით!

და რადგან კედელი ვერ გაარღვია, რადგან მამასა და მეგობრებს ვერ მიეშველა, პირქვე დაემხო მიწაზე და ბალღივით ატირდა, თან ფესვიანად ჰგლეჯდა ხმელ ბალახს, სიმწრით იხოკავდა პირსახეს და დაჭრილი მოზვერივით ჰბღუოდა:

- ვაი მეე!.. ვაი მეე!.. ვაი ჩემი ბრალი!

ლაშქარა ბალღივით ჰკვნესის.

მეშთა ჯერ კიდევ ჰკივის.

ბერუა, პაპუნა და ნასყიდა უკვე დადუმებულან.

და მხოლოდ ცალთვალას ვერ ამოაღებინეს კრინტი. რათა არ შერცხვენილიყო და არ დაეყვირა, პირში მოკლე სახრე ჩაედო და ნახევარი უკვე დაეღრღნა.

იქვე გვერდით მას ერეკლე უწევს და მამა დროგამოშვებით უძახის შვილს:

- შვილო, თავი არ მომჭრა!.. არ დაიყვირო!

წკეპლის ცხრა კონა კი ცხრა საფლავზე ისევ ბზუის, ხერხეულიძეთა ქვებს წითლად ჰღებავს და ცხრა კაცის სისხლი იმავე შავს მიწას უბრუნდება საიდანაც წამოსულა.

მაგდანა ეკლესიის კედელს გაჰკვრია და ისედაც შავი ქვრივი იმ კედელივით გაშავებულა.

ქვრივის გვერდით იმავე კედელს სისხლგამშრალი ფიქრია და მელანო მიჰყუდებიან და მთრთოლვარე ტუჩები და ცრემლით სავსე თვალები ისე აღუპყრიათ ზევით, თითქო შიშველი მამას, ქმრისა და ადამიანთა მხეცური ნახელავისა სცხვენოდესთ.

მარინე სუსტი ქალია: მელანოს ფეხებთან ჩამჯდარა, ყურებში თითები დაუცვია და ციებიანივით ცახცახებს.

მარტო მაიორი მოსჩანს ფერუცვლელი.

შალვას, ბერს და კოდელ ორბელიანებს იქ-ყოფნისა შერცხვათ და მაშინვე გაიფანტნენ, ხოლო ზაალს, მელიტონს, დავითსა და სუმბათაშვილს არაფერისა არ შერცხვათ და ბოლომდე დარჩნენ.

ორბელიანები და კნეინები რომ გაიქცნენ, მაიორმა გაიცინა და მელიტონს ხმამაღლა შენიშნა:

- ზოგ მამაკაცს რუსული მუნდირის მაგივრად კაბა რომ ჩაეცვა, ძალიან მოუხდებოდა, - და ზიზღით დაასრულა: - სირცხვილია!

ლომოვმაც იგრძნო სირცხვილი და ამიტომ მიიბრუნა გაფითრებული სახე. მას წეღანაც გაეხარდა იმის გამო, რომ მარაბდაში სისხლიან საქმეთა დიდი ოსტატი მაიორი არლოვი დაუხვდა და ეს უჟმური საქმე თავიდან ააცილა.

ბღავილ-კივილი შენელდა. სახრე აღარ ზუზუნებს.

საქმნელი დაასრულეს, უკვე მიდიან და ხუთმეტი მძევალი, ხუთმეტი სახვალიო ზვარაკიც თან მიჰყავთ.

ცხრა საფლავიდან რვა უგონო კაცი ასწიეს, მეცხრემ კი, ცალთვალამ, თვითონვე წამოიწია, ისევ დაეცა, შეფართხალდა. მაგრამ მაინც წამოდგა და მაღალი ხმით დაიხრიალა:

- ხალხო, ახია ჩემზე, ახი!

და გაროზგილთა დევმა წაიფორხილა და ჭაღარა შუბლი ისევ შავ მიწაში ჩაჰყო.

თავი მეხუთე

გატეხილი გალია

ხმალს არ უშლის სიმოკლე,

ფეხი წინ წადგი, მისწვდება.

ხ ა ლ ხ უ რ ი.

მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული

უნდა ჰყავდეს.

ქ ა რ თ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა.

მხლებლებს ორბელიანთა ცხენები შეუკაზმავთ და ჭანდრის ქვეშ ელოდებიან. მელიტონ ბარათაშვილის ტარანტასიც შებმულია. აფორიაქებული სტუმრები აივანზე გაფენილან და მასპინძლის დაბრუნებასღა უცდიან. კოდელ ბატონებს და ეფემიას უნდოდათ გამოუთხოვებლივ წასულიყვნენ, მაგრამ მელიტონმა დაუშალა.

- რა ამბავია, ვეჟო? - ეზოშივე გაოცდა ცხენით შემოსული ზაალი, როცა შეკაზმული ცხენები და ეტლი დაინახა, და უზანგთან მივარდნილ გარსიას მიახალა: - მატრაკვეცავ, მეშთა სადღა ჯანდაბას დაიკარგა?

მატრაკვეცამ თვალები აახამხამა და ვერ გაუბედა მოეხსენებინა, რომ გაჯოხილი მეშთა უგონოდ ეგდო “ჯანდაბაში”. უცებ თვითონ ზაალსაც გაახსენდა, შუბლშეკრული ჩამოხტა, აღვირი ერთ აზნაურს მიუგდო, კიბეზე აალაჯა ხვნეშით და ერთხელ კიდევ გაოცდა:

- ვეჟო, რა ამბავია მეთქი?

სტუმრები დარცხვენილი იყვნენ და პასუხი არ მისცეს. მხოლოდ მელიტონმა აკადრა:

- წასვლის დროა, ძია-ჩემო. ქალაქამდე დიდი გზა გვაქვს. ტატე დილას რვა საათზე სკოლაში უნდა იყოს და მეც სამსახურში უნდა გამოვცხადდე.

- თქვენ სადღა მიეჩქარებით? - მიუბრუნდა ზაალი ორბელიანებს.

გრიგოლი ალგეთს გადასცქეროდა და არც კი მოტრიალდა. ყველას მაგიერ ალექსანდრემ უპასუხა:

- ხვალ რიჟრაჟზე ერევნის გზას უნდა გავუდგეთ და შინაც ბევრი საქმე დაგვრჩა.

და გამოსამშვიდობებლად მიიწია, მაგრამ ზაალი ელიზბარს მიუბრუნდა:

- ჩიტირეკიავ, შენ რაღა ღმერთი გიწყრება?

“ჩიტირეკიამ” მორცხვად გაიღიმა. დღეს და გუშინაც რამდენჯერმე განაცხადა, სამიოდე დღე კიდევ დავრჩებიო, ახლა კი მოახსენა:

- ეს ყმაწვილები - და ორბელიანებზე მიუთითა - ხვალინდელ ღამეს სადახლოში გაათენებენ და იქ უნდა დავუხვდე. მასპინძელი ვარ და...

ზაალი აილანძა. ცხადია ყველანი ჭირიანსავით გაურბიან. ალბათ ელიზბარმაც იცრუა. ორბელიანები შულავრის გზით მიდიან და სადახლოში რა უნდათ?...

- ვეჟო! - წამოიძახა გაბზარული ხმით - განა ისეთი რა მოხდა, რომ ყველანი მაგრე რიგად ამრეზილხართ? - და პასუხი რომ არ მიიღო, დაუმატა:

- ან იქნება დეკემბრელთა თუ ჯანდაბელთა სენი თქვენც გადმოგედოთ? - და ისევ დუმილი რომ მოისმინა, ბრაზით განიმეორა მაიორის ნათქვამი: - თქვე დალოცვილებო, ქალებმა რომ როზგის ნახვას ვერ გაუძლონ, აბა რა საკვირველია, მაგრამ თქვენ რაღა დაგემართათ! რუსის აფიცრები ხართ, მუნდირი ჩაგიცვამთ, მეტი რა გინდათ! ულვაშიც დაგიმშვენებიათ და წკეპლის დანახვაზე კი ლამის გულს შემოგეყაროსთ?! თქვენ უნდა დამიმარცხოთ აბას მირზა? თქვენ უნდა დამიჭიროთ ალექსანდრე ბატონიშვილი? თქვენ უნდა აიღოთ ერევნის ციხე?

გრიგოლ ორბელიანი მობრუნდა და -

- ბიძა-ჩემო, - მოახსენა ოდნავ ღელვით, - აბას მირზასაც ქუდმოშვლეპილს დავიფრენთ, ერევანსაც მივანგრევთ და ერეკლეთაფას სერზე თქვენს სადღეგრძელოსაც გიახლებით, სწორედ იქ, სადაც ჩემი პაპა ერეკლე და თქვენი პაპა ზაალიც ერთ დროს ჩვენს სადღეგრძელოს მიირთმევდნენ. ჩვენ დეკემბრელები არ გახლავართ, მაგრამ ვფიქრობ და ვერ გამიგია, რად ინებეთ დღევანდელი როზგისა და ამ ხმლის შედარება?

და ხელი მამა-პაპურ ხმალზე დაიკრა.

- ვეჟო! - წამოიძახა ზაალმა, და მაშინვე გაჩუმდა, რადგან თავის დედის მრისხანე თვალებს წააწყდა.

კნეინა ხორეშანი ოთახიდან გამოვიდა და ერთი წამით შედგა. უკან ფიქრია მოსდევდა და შეკრული ბოხჩა მოჰქონდა, ამავე დროს კიბეზე მაიორი ამოდიოდა. უკან ამალა მოსდევდა. არლოვი გაბადრული იყო და ისე მოალაჯებდა, თითქო ბოროდინოს ველზე ნაპოლეონი დაეფრინოს, და “გამოქცეულ ლაჩართა” დასატუქსავი სიტყვებიც ენაზე ეკერა. მაგრამ ხორეშანის თვალებს რომ შეეფეთა, ერთს წამს შედგა, მერმე ლოქო-თვალები ღიმილით მოკუჟა, თავი დაღუნა და ოთახში შეაბიჯა. წარბ-შეკრული, ალანძული ლომოვიც თან შეჰყვა და აყლაყუდა ივანიჩაც დაედევნა, რომელიც იმ წამს მართლა დაშინებულ წითელ აქლემს ჰგავდა.

ხორეშანმა რუსებს თვალი გააყოლა, მერმე გატრიალდა და ნელი ნაბიჯით დაეშვა კიბეზე.

დავითიც რიხიანად და დეზების ჟღარუნით ამოვიდა და გრიგოლს ნაძალადევი სილაღით ჰკითხა:

- ხომ არ მოიწყინე გრიგოლ?

- რა ბრძანებაა! მოწყენა კი არა, ასეთი სეირის სანახავად თუნდ მოსკოვშიც წავიდოდი, თქვენ კი აქვე გვაჩვენეთ. მეტი რაღა გვინდა! - უკბინა ორბელიანმა და ზურგი შეაქცია.

დავითმა შუბლი შეიკეცა და ენა მოიკვნიტა.

დავითს სუმბათაშვილი მოჰყვა. გრიგოლის პასუხმა და ამრეზილმა დუმილმა ორივეს ნაძალადევი ფახი ჩამორეცხა. დავითმა მაღალყელიან დრაგუნულ ჩექმაზე მათრახი აიტყაპუნა, სუმბათაშვილი კი ულვაშის გრეხით გადგა განზე და ჭანდრის ტოტებს ჩააშტერდა.

ეზოში ხიშტებით მორკალული გუნდი შემოდის. წინ არსენა მოუძღვის და ისე მოალაჯებს, თითქო იძახოდეს: “განი, გზა მოგვეცით! “

მის გვერდით პაპა მახარა შინდის კეტს მოაბაკუნებს.

არსენას ფეხდაფეხ როსტომ ჯორჯიაშვილი, ქავთარ ჯანიშვილი, საბა დალაქი, მეველე მერაბი, რამდენიმე “აღსაჰკალი” და ხუთიოდე უცხო-სოფლელი მოსდევდა, რომელიც იმ დღეს შემთხვევით მარაბდაში აღმოჩნდა.

სალდათებს მეორე მწკრივი მოსდევს. ზაალის გაროზგილი შინაყმები - კარპიჩა, სევასტი, ლაშქარა და მეშთა საკაცეებით და ნაბდებით მოაქვთ.

ზაალის პაპას ოდესღაც ასიოდე ცხენი ჰყავდა და ვეება თავლა აეშენებინა. პატიმრები ამ საჯინიბოში შეიყვანეს და გაჯოხილებიც იქ შეიტანეს. ხორეშანი და ფიქრიაც შეჰყვნენ, მალამო, წყალი და არტაშანები შეიტანეს და მაიორ-ზაალის ნახელავის დამუშავებას შეუდგნენ, აზნაურები კი განზე შეჯგუფულიყვნენ და ისე ჩურჩულებდნენ, თითქო შეთქმულებას აწყობენო.

სტუმარ-მასპინძლები აივნიდან გადმოსცქეროდნენ. კრინტიც არავინ ამოიღო. მარტო ზაალი დააბაკუნებდა ფიცხად და მარცხენა ულვაშს იგრეხავდა. მისმა დედამ თითქო განგებ შეარცხვინა საქვეყნოდ. მარაბდაში ფეხსაც არავინ არ გაიკაწრავდა, რომ უფასო მკურნალის ხორეშანის ხელში არ ჩავარდნილიყო.

“საქართველო ბაჯიაშვილებისაა, მარაბდა კი ჩემია”. - იტყოდა ხოლმე დედაბერი კნეინა და თავის სამფლობელოში ბაჯიაშვილობდა.

ზაალი შედგა, მოტრიალდა და დედის სათნოებას ასე ამოაფარა თავის სისხლიანი ხელები:

- ვეჟო! - წამოიძახა, - დარეჯან დედოფლის ნამეგობრალი დედა-ჩემი ხორეშანი ახლა ჩვენს ყმებს ჭუჭყიან იარებს ჰბანს და უხვევს, ამაზე მეტი თავმდაბლობა გაგონილა!

მაგრამ არც ახლა მიიღო პასუხი და ისევ აბაკუნდა.

წეღან ფილადელფოს ბერმა ყური რომ არლოვის გვარს მოჰკრა, უგემურად შეიქნა, რადგან იმერეთის აჯანყებიდან დღევანდლამდე ყოველი სიავე ამ სახელთან ჰქონდა დაკავშირებული.

გარდა ამისა თავის შორეულის გახსენებისაც ეშინოდა, და ამიტომ ჯერ გაპარვა მოისურვა, მაგრამ მერმე მოიფიქრა: ზაალს ცალკე ვნახავ, გულს მოვულოკავ და საკალმასოდ უწინდელივით კაცს გამოვაყოლებინებო.

თავადი შალვა გამწარებული იყო და არ მოსდევდა, მაგრამ ბერმა დააჯერა ნაკალმასარს “ჩვენ საქმეს” მოვახმარებო და წინ გამოიძღოლა.

ზაალმა რომ ესენიც თავის აივანზე დაინახა, გაუკვირდა, რადგან ასეთ დროს მათს მოსვლას არ მოელოდა, და შეფიცხდა, რადგან ამათაც საპანაშვიდო იერი ეკერათ პირსახეზე. შედგა, ხელები გაშალა, პატარა ღიპი გადმოაგდო და წამოიძახა:

- ვეჟო, საიმისო რა მოხდა მეთქი, რომ ყველა გაბუტულა?

ყმების გაროზგვის მეტი საიმისო არაფერიც არ მომხდარიყო, მაგრამ დიდ ბატონს რაღაც კაეშანი მოაწვა და წამლად თავის ნახელავის გამართლებას ეძებდა, ეძებდა, მაგრამ ნათესავებმა არც გამართლება აღირსეს და ვერც გამტყუნება აკადრეს. მაშინ ზაალმა თავის მართლება თვითონვე ითავა:

- ღმერთი, რჯული, მე ამ საქმეში უბრალო ვარ. - და პირჯვარი გადაიწერა. - არც კი ვიცოდი მაიორი რას აპირებდა. მითხრა, ცოტაოდენს დავაშინებო, მერმე კი... მერმე ცოტა მეტიც მოუვიდა. მე არც ჯარის მოყვანა მითხოვნია. მეტი რა გინდათ, ვეჟო! - და მის შეძახილში ბზარი და მუდარა გაისმა.

ყველამ იცოდა, რომ ზაალს დღევანდელ საქმეში ხელი იღლიამდე ჰქონდა ჩაფლული. წეღან ბასილამ გაჯოხვის შემდეგ სოფელს სამხედრო ბეგარა და ყველა საბატონო გადასახადები მოსთხოვა. ზაალმა სადილიც დააგვიანა და მოუთმენლად წამოიძახა: “ვეჟო, თუ მოდიან, მოვიდნენო”, - და დასძინა, აფიცრებს ველოდებიო.

სტუმრებს აფორიაქებული მასპინძელი შეებრალათ და უნდოდათ მისთვის უმანკოების ფირმანი მიეცათ, ოღონდ კი სისხლიან მარაბდიდან მალე დაეღწიათ თავი. მელიტონიც ზაალის მოზიარე იყო, მაგრამ შუბლიც არ შეიკრა და ფირმანის გაცემა ყველას დაასწრო:

- ბიძა-ჩვენო, - მოახსენა ზაალს საზეიმო იერით, - თქვენი გამტყუნება არავის არ უფიქრია. მთელმა დუნიამ იცის, რომ ზაალ ბატონს ფრიად სათნო ხასიათი, ფრიად ჩვილი გული და ფრიად აღმატებული სული აქვს. თქვენზე ავი სიტყვა ჯერ არავისგან არ თქმულა. ყველა ყმებს, აზნაურებსა და მეზობლებსაც მოსიყვარულე მამად ერგებით. კეთილშობილნო, მართალს ვამბობ თუ არა? - უცებ ჰკითხა მომავალმა მარშალმა დანარჩენებს.

- მართალია... სწორეა... აგრეა. - ცალი ყბით დაუდასტურა ყველამ გარდა გრიგოლისა, რომელიც კვლავ ალგეთს გადასცქეროდა.

ფილადელფოსმა იგრძნო, რომ მისი დრო მოვიდა. საჭირო იყო ჭორების გაბნევა, რომელიც მისი სახელის ირგვლივ ტრიალებდა, საჭირო იყო ზაალის გულის მოგებაც და მაიორის გულის მოლბილებაც, “თორემ - გაიფიქრა - ნარიყალაში ან ისევ ნიჟნი ნოვღოროდში გამგზავნიან”, და ზაალს წინ აესვეტა. აესვეტა და ნაჩვევი რიტორული მჭევრობით მიართვა.

- დიდო ბატონო, სულო განათლებულო, ღვთის მიერ მადლით ცხებულო და შუქფენილო კნიაზო ზაალ! წლისა სამისა წინა მე ღირსქმნილი ვიყავი მიღებად უუპატივცემულესისა ნებართვისა თქვენისა, რათა მოვლენილ ვყოფილიყავ ყოველთა უაზნოთა და აზნაურთა თქვენდამი შეკრებულებათა შესაწირავთა მათდა დიდებულისა შუამთისა ტაძრისა აღსადგენად. და ახლაც წამომიდგებიან ჩემნი მაშინდელნი იდიანი თქვენსა ზედა, რამეთუ პირველ ღირს მქნა მე უფალმან უღირსი მონა თვისი ხილვად დიდებულისა თქვენისა გვამისა. შემდგომ ამისა ყოველსა კიდესა ქვეყნისასა და შორეულსა მოსკოვსა და ნიჟნი ნოვღოროდსა შინაც მესმოდეს აღმატებულნი ქებანი თქვენზედა. - აქ ფილადელფოსმა აუწია: - ღმერთი სიყვარული არს და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მისთანა ჰგიეს და იგი ღვთისა თანა მისთვის პირველად სათანადო არს, რათა ყოვლისა სულითა და ყოვლისა გულითა გვრწამდეს, რომელ ქართველთა შორის პირველი გვამი ზაალ ბარათოვი არს. - და ისევ ერთი საფეხურით აუწია, - ყოველმან უწყის საქმენი შენნი და წინაპართა შენთანი წარსულსა ისტორიასა შინა. ენითა არ ითქმის და კალმითა არ აღიწერების. უღირსი და უძლურ არს ენა ჩემი, რათა ვაუწყო ყოველთა სულიერთა სათნოებანი თქვენნი ულეველნი, სიყვარული მტკიცე და პატივისცემა რელიღიისა და უმწიკვლო ერთგულება სრულიად რუსეთისა იმპერატორისა ჩვენისა ხელმწიფის ნიკოლაოზისა და ყოველთა მისთა ნათესავთა წინაშე, რომელთა სჯულნი არიან უწმინდესნი კვალნი ნეტარებისადმი კაცობრიობისა. სათანადო იყო წეღან სუფრასა ზედა ჩემ მიერ შესმა სადღეგრძელოსი უდიდებულესობათა მათთა, მისისა პატიოსანისა და სამაგალითო მოხელისა მაიორისა არლოვისა და თქვენისა ბრწყინვალებისა, გარნა ვინაითგან ჟამმა არ მომცა დაყოვნებანი, აწ კადნიერ ვყოფ თავსა ჩემსა რათა მოგახსენოთ ყოველთა ჩვენთა მხრივ მადლობა სამარადო და რწმენა მტკიცე წარმოვთქვათ, რამეთუ ულეველ იქნების სათნოება თქვენი ყოველსა დავრდომილზედა, ხოლო უბიწოსა და სხივფენილსა სასახლესა ამასა შინა მოგზაურსა წყალობითა თქვენიცა მიეცემის შვებანი, მადლნი და მოსასვენებელნი ყოველნი. კურთხეულ იყოს სახელი თქვენი, დიდო ბატონო, ყველასა ქვეყანასა ზედა და მადლიერთა გულთა ჩვენთა შინ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! - და ლოტბარივით დაუქნია ხელი დანარჩენებს.

- ამინ! - ღიმილით გაიმეორა ყველამ.

- ვეჟო, ამაზე მეტი რა გინდათ, - შვებით წამოიძახა გულმოლოკილმა ბატონმა და ბერს გადაეხვია, თანაც დაუმატა: - ყოველივეს ახლავე მოვახსენებ არლოვს.

ბერსაც ამაზე მეტი არა უნდოდა-რა. თითქმის მორკალდა, ყველას უმდაბლესი სალამი მისცა და, გაბადრული, კედელს შავი ძეგლივით მიეყუდა.

- ბიძა-ჩვენო, ახლა კი დროა გზას გავუდგეთ. - სთქვა მელიტონმა.

- გზა მშვიდობისა, შვილებო. - ეხლა კი მისცა თანხმობა გულაჩუყებულმა ბატონმა და რიგრიგად გადაეხვია. ომში მიმავალ ორბელიანებს რომ ჩაეხუტა, ცრემლი ვეღარ შეიმაგრა და ასე დაარიგა:

- ყოჩაღად და მხნედ იყავით, შვილებო. ხელმწიფე იმპერატორი გვისახელეთ... ჯვარ-მენდლები ჩამოიტანეთ, ერეკლე-თაფაზე მართლა ჩვენი სადღეგრძელო გადაჰკარით და ვინძლო მეფის მოღალატე ალექსანდრეც მომგვაროთ. მაგრამ... ფრთხილად იყავით, ურჯულო თათარს უბრალოდ არ შეაკლათ თავი... ის მურდალი თქვენი სიკვდილის ღირსი არ არის.

კნეინებიც გამოგოგდნენ და ხვევნა-კოცნას დასასრული აღარ უჩანდა. ნამეტნავ ქალები აჩუყდნენ. ზაალმა მაიორი და ლომოვიც გამოიყვანა და მიმავლებს უსიტყვოდ შეარიგა არლოვი.

- ტატე! ტატე! - ეძახდნენ ამ დროს ნიკო ბარათაშვილს მისი დედა ეფემია და სხვებიც.

ტატე, ილიკო და გარსია საჯინიბოს ჭერში იპოვეს. წეღან ბალღებსაც უნდოდათ კნეინა ხორეშანს საჯინიბოში შეჰყოლოდნენ, მაგრამ სალდათმა არ შეუშვა. იმ შენობას ასავალი არა ჰქონდა და მოზრდილებს ვერ გაეგოთ როგორ ასულიყვნენ ზევით ბალღები.

ტატე ნამტირალი იყო და ახლაც გაკაპასდა:

- არ მინდა... სანამ არსენას არ გამოუშვებთ, არ წავალ!... არ მინდა!..

ზაალმა და მაიორმა პატიოსანი სიტყვა მისცეს, რომ მის ძმობილს მზის ჩასვლამდე გამოუშვებდნენ და ოდნავ დააწყნარეს.

ხორეშანი საჯინიბოდან გამოვიდა. ახლა მას სხვაგან მიჰქონდა თავის მალამო, მოკითხვა და გამწყრალი შუბლი. ომში მიმავალნი კნეინას შემოეხვივნენ და აატირეს. ძალიან ბევრი ენახა მას ომში წასული, ჯანსაღად დაბრუნებული კი მეტად მცირე. ცრემლმორეულმა კნეინამ ორბელიანებს ჯვარი გადასახა, მოკლე ლოცვა დასჩურჩულა, ყველას შუბლზე აკოცა. დანარჩენებსაც მოუალერსა და ჯოხის ბაკუნით გაემართა სოფლისკენ. მისმა შვილმა და მაიორმა მას ნაწყენი თვალი გააყოლეს, მაგრამ ვერ დაუშალეს, სიტყვაც ვერ შეუბედეს. სანამ ხორეშანი ეზოს გასცილდებოდა, ყველას თვალი მასზე ჰქონდა მიბჯენილი და ყველა სდუმდა, მერმე კი ისევ ალაპარაკდნენ.

ელიზბარ მაღალაშვილმა დარო ცალიერ ოთახში იხელთა და რამდენჯერმე აკოცა, თანაც ბუტბუტებდა:

- ომში მივდივარ... მშვიდობით! არ დამივიწყო.... ჩემი ხარ, ფიცი გაქვს მოცემული და არ გასტეხო. დავბრუნდები და ვიქორწინოთ. აბა შენ იცი.

დაროც ეხვეოდა და ლოყებს ცრემლით უსველებდა. აქამდე ბეღურასავით ტიტინებდა, ახლა კი პირველი მამაკაცის ტუჩებმა ისე ააღელვა, რომ სიტყვა ვეღარ ეპოვნა.

- არ დამივიწყო. - ერთხელ კიდევ ჩასჩურჩულა ელიზბარმა და გარეთ გამოვარდა, დარო კი შეფერხდა, რადგან ჰსურდა ცრემლი შეეშრო და ჩამოშლილი თმაც გაესწორებინა.

ეფემია, მელიტონი, ილიკო და ტატე ტარანტასზე დასხდნენ, ორბელიანები და ელიზბარი კი ცხენებს მოახტნენ და შორიახლოს გაჰყვნენ. შემდეგ ეზო-გალავანს მიეფარნენ და მალე ეჟვნების ხმაც შესწყდა.

ერთ წამს ეზოში მკვდარი სიჩუმე ჩამოწვა. ზაალი მოტრიალდა და ბერის თვალებს შეჰხედა, სადაც წყალობის მოლოდინი ეწერა. უცებ ბატონმა უცნაური მოდუნება იგრძნო. იქვე მოურავი იდგა.

- ფირუზ, - ბრძანების ნაცვლად თხოვნის კილოზე მიმართა ბატონმა, - ამ ბერს ხვალვე ქალაქში სამი თაღარი ხორბალი, ოცი ჩანახი ლობიო, ათი ჩაფი ღვინო და ის მრეში ძროხა გაუგზავნე.

ბერი ორივე ხელით ეცა ბატონის უნდილ ხელს და ხოტბის შესხმას მოჰყვა, მაგრამ ზაალი ყურს აღარ უგდებდა.

- ბატონო, - სთხოვეს აზნაურებმა, - ნება გვიბოძეთ ჩვენც გეახლოთ.

- წადით, შვილებო, - კიდევ უფრო დაუმდაბლა ხმას ზაალმა, - თქვენც წადით და თქვენს ყმებს ჩემი სათხოვარი გადაეცით: ამ ჯარს ნუ აუხირდებიან, თორემ... - უნდოდა ეთქვა: თორემ მარაბდელების დღე დაგადგებათო, მაგრამ სიტყვა შეაბრუნა: - თორემ ძალიან მეწყინება. ხელმწიფესაც თავის ბეგარა მისცენ და მეც ჩემი მომართვან... მომიკითხეთ თქვენიანები... მშვიდობით იყავით...

აზნაურებმა ცხენები ეზოდან სადავით გაიყვანეს და იქ შესხდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ ზაალმა იქაურობას თვალი მოავლო. შალვა ადრევე წასულა, სამაგივროდ აქვე არიან დავითი, მაიორი, სუმბათაშვილი, ლომოვი და ხუთიოდე ახალმოსული აფიცერი. შინაყმებიც აქვე ტრიალებენ. აქვე ორასზე მეტი სალდათი აზღარბებულა. ყველაფერი რიგზეა. ყველგან წესი და უშიშროება სუფევს. მაგრამ ვეება ეზო და მარაბდაც თითქო მაინც დაცარიელებულიყო და დიდი ბატონი მარტოდ-მარტო დარჩენილიყო - უმწეო, უპატრონო, ყველასგან მოძულებული, დაწყევლილი და დევნილი.

და მრისხანე ბატონს გული შეეკუმშა, შიში ჩაუსახლდა, მუხლები აუკანკალდა.

- მამა, ავად ხომ არ გახდი? - ჰკითხა დავითმა და იღლიაში შეუჯდა.

- ჰო, შვილო, უქეიფოდ გავხდი... წამიყვანე.

და შიშმორეულმა შვილმა ფეხარეული მამა რის ვაინაჩრობით აიყვანა აივანზე.

* * *

კნეინა ხორეშანი თავის მედროშესკენ მიეშურებოდა. ქუჩა სალდათებით იყო გაჭედილი, რომელნიც მარაბდის ქალბატონს გზას არ აძლევდნენ და მის მოახლე ფიქრიაზე უშვერ ოხუნჯობას როშავდნენ. რაზმის კვარტირმეისტერი გიგოლას მიერ შედგენილ სიაში იხედებოდა და დროგამოშვებით ფელდფებელს განკარგულებას აძლევდა:

- აქ ხუთი კაცი ჩააყენეთ ... აქ ოთხი... აქ ექვსი.

სალდათებიც მშიერი მგლებივით შედიოდნენ შიშით თვალდაჭყეტილ სახლებში. აქა-იქ ბავშვების ღნავილი ისმოდა. იქვე სადმე გლეხები დაშინებული უცხოელებივით იდგნენ და ჩუმი ბოღმით ცახცახებდნენ. დედაკაცები ბნელ კუთხეებში მიკუნჭულიყვნენ და თვითონაც არ იცოდნენ როდემდის დაიმალებოდნენ და როგორ გადაარჩენენ თავიანთ ლეჩაქს, ქალიშვილებს, საკვებს, საქონელსა და წვრილმანს.

ერთ სახლში სალდათები ჯერჯერობით დერეფანში დალაგებულიყვნენ, ფარდაგი გამოეტანათ, ჩექმები დაეხადნათ, “პორტიანკები” გაეფინათ და თვალებით სჭამდნენ დიასახლისს, რომელიც გასაშრობად გაფენილ ხორბალს ჰკრეფავდა.

მეორეგან ბოჩოლა დაეჭირათ და ხარბად შინჯავდნენ თითებით, ალბათ დასაკლავად ამზადებდნენ.

მესამეგან ხნიერი გლეხი მოემწყვდიათ და სიცილით თხოულობდნენ:

- გვინო დავაი, კაცო, პანიმაეშ?

სხვაგან უკვე მიეგნოთ ჭურისთვის, სარქველი მოეხადნათ და ტოლჩით სვამდნენ, თანაც იფურთხებოდნენ და პატრონს დედ-მამის საფლავს უთხრიდნენ.

- დაიჭი, არ გაუშვა! Держи, не пущай! - მოისმა სალდათების ხარხარი მარცხნივ და ღობეს ნასყიდას გასათხოვარი მართა გადმოევლო.

- ქალბატონო, მიშველეთ - შესძახა მან, და კნეინა ხორეშანს ეცა.

ხორეშანი შედგა და მდევარიც თვალის ელვით შეაყენა. სალდათებმა უმალვე ჩაყლაპეს სიცილი.

- გიგოლი, - მიმართა კნეინამ თავის “შვილის-შვილს”, რომელსაც სხვა დროს ხმის გაცემასაც არ აკადრებდა, - გიგოლი, მგონი რუსული იცი და მაგ ვაჟბატონს ჰკითხე, ეს ჯარი სპარსეთშია თუ საქართველოში?

აფიცერმა თარგმანი მოისმინა, გაიღიმა და გიგოლას პირითვე უპასუხა:

- ჩვენთვის სპარსეთიც და საქართველოც სულ ერთია.

- ოღონდაც! - უმალვე დაეთანხმა ხორეშანი. - მაინც გაახსენე, რომ ჩვენ და რუსები ერთად ვეომებით სპარსელებს. თუმცა, ნუ ეტყვი, სულ ერთია ვერ გაიგებს. - და კნეინამ გზა განაგრძო. მართაც გაჰყვა. მას კიდევ რამდენიმე ქალი აედევნა და ყველამ კნეინას კალთას შეაფარა თავი.

ოთხ კაცს ნაბადზე პირქვე გაწოლილი დათუნა მოაქვს. მაგდანა შავი ალქაჯივით მოალაჯებს. ხშირი თმა ჩამოსწეწია და თვალები ნაკვერცხლებივით ეწვის. შინ შეიტანეს და ტახტზე დააწვინეს, ხორეშანიც შეჰყვა და მაგდანას მოკლედ მოუჭრა:

- წყალი გამითბე.

ზედადგარზე წყალი იდგა, წეღან ფლავის მოსახარშავად შეედგა. მაგდანამ ბადიაში გადმოასხა და ძმას გვერდით მიუდგა. დათუნამ უნდილად გაახილა თვალები, მორცხვად გაუღიმა ფიქრიას და შალვარი შეისწორა. ფიქრიამ თვალები დაჰხარა, ბოღჩა გახსნა და დაიმკლავა.

- ქალბატონო, ნუ სწუხდებით... საჭირო არ არის. - ამოიკვნესა და ფიქრიას მუდარით შეხედა.

- ფიქრიავ, ცოტა ხანს დერეფანში მოგვიცადე. - უთხრა მაგდანამ, რადგან ძმას მორცხვობა შეატყო.

არსენას დაჲ გარეთ გამოვარდა და დერეფანში ჩამოჯდა. მცირე ხნის შემდეგ მაგდანას ეზოს სალდათების გუნდი მოადგა.

- აქ შვიდი კაცი ჩააყენე. - უთხრა აფიცერმა ფელდფებელს! - მღვდელია, მსუქნად იქნება, გაუძლებს.

სალდათებმა რომ ფიქრია დაინახეს, ღრეჭა მორთეს და თვალები ააცეცეს.

- ამ სახლში მე ჩავდგები... მეც... მეც მინდა.

ხორეშანი გამოვიდა. მაგდანაც გამოჰყვა, მაგრამ სალდათები რომ დაინახა, ფერი ეცვალა და კარშივე შედგა. ხორეშანი შიშის მიზეზს მიუხვდა. მოუბრუნდა და ჩუმი ხმით უთხრა:

- ნუ ენდობი. ღამღამობით ჩემთან გადმოდი ხოლმე.

ამ დროს ზურამ დერეფანში პაპა აბრამი შემოიყვანა.

- ქალბატონო რა დროს შევესწარით! - შესძახა თითქმის თავის ტოლს კნეინას კარის მოძღვარმა.

- დაგავიწყდა, მამაო აბრამ, - უპასუხა ხორეშანმა, - რომ უარესიც გვინახავს.

და უნდოდა წამოსულიყო, მაგრამ ზურას გადაჰხედა და შესდგა. ჭაბუკს ორივე ხელი ისე მოეჭიდა ხანჯლისთვის და ღველფიანი თვალებით ისე სჭამდა სალდათებს, თითქოს ის არის მახვილი უნდა ეშიშვლა და დასტაკებოდაო.

- აქ მო. - დაუქნია თითი ხორეშანმა და, როცა ჭაბუკი წინ აეშოტა, ყური მოუწია და რბილი ხმით უთხრა: - ცუდი ფერი გადევს. ფათერაკს არ წაეკიდო. რა გაცახცახებს, ბიჭო?

- ბიძა შემირცხვინეს... ერეკლეც... ახლა აქაც ჩაგვისახლდნენ... თავი ცოცხალი რაღად მინდა, ქალბატონო! - მჟრჟოლავი ხმით ამოიძახა მაგდანას ერთამ.

- ნუ მიჰქარავ! - შეუტია კნეინამ. - რა ქვეყნის მხსნელი შენა ჰგდიხარ, რომ აგრე ამრეზილხარ?! კრინტიც არ დასძრა. თითიც არ გააქნიო, თორემ... - და მაგდანას მიუბრუნდა: - ამაღამ რომ წამოხვალ, ეს ტუტუციც თან წამოიყვანე.

და ასაკლებად შემზადებულ სოფელში წავიდა.

* * *

გრილი მზე ალგეთის ხევზე გადაგორდა, დურნუკის სერზე დაჯდა, მცირე ხანს შეყოყმანდა და უცებ ჩაგორდა. მანგლის-ბირთვისის მხრიდან ცივი სიო წამოვიდა, ხოლო ჭალებიდან თხელი ბინდი ამოცოცდა და თან შემზარავი შიში ამოიტანა.

შორს, ხრამის წყლის გაღმა, ბორჩალოს და ლორის საზღვარზე, ლელვარის თოვლიანი მწვერვალი იწოდა. გამოღმა, მარაბდის ზემოთ, თრიალეთის თეთრი ქედი ჰბზინავდა. ღოუბანის თავზე, კოჯრის მხარეს, აზეულას ციხე ცამდე აწეულიყო და მზის უკანასკნელ სხივებში ოქროს ვეება ბოძივით ლივლივებდა.

მარაბდელთა ნახირი შემკრთალი ბღავილით შემოვიდა სოფელში. მენახირენი გაოცებას იყვნენ: ნახირი ფორხილით მოდიოდა, წამდაუწუმ დგებოდა, ჰაერს ჰყნოსავდა და ისე იწევდა უკანვე, თითქო წინ, მარაბდაში, მგლების ხროვა ჩასაფრებულიყო.

ნახირს გუმანმა არ უმუხთლა. მას ეკლესიის ქვემოთ, მაგდანას სახლთან, რამდენიმე სალდათი, ინტენდანტი და ნაბუშარი გიგოლა გადაეღობა. ნაბიჭვარმა ნახირს თვალი მოავლო და სალდათებს მიუთითა:

- აგერ ის ჭრელი ძროხა გამოდგება... აი ის დეკეულიც... აგერ ის მოზვერიც... დღეს და ხვალ გვეყოფა?

- გვეყოფა. - დაეთანხმა ინტენდანტი.

სალდათებმა სამი საკლავი მოიმწყვდიეს, დანარჩენი კი ბღავილით გაიფანტა.

მაგდანა დერეფანში იდგა და თავის ერთადერთ “თარაქამას” უცდიდა, რომელიც თავაწეული მოაბიჯებდა შინისკენ. უცებ ვიღაც უცხომ კისერზე ქამანდი მოსდო მას და ქვეით დაითრია.

ქვრივი კარებს ეცა, გამოიხურა, რაზა მაგრა დაიჭირა და გაშეშდა, თანაც ეშინოდა სიმწარისაგან არ დაეკივლა, ან შინიდან ზურა არ გამოსულიყო და მინათრევი ძროხა და გიგოლას დუჟიანი ღიმილი არ დაენახა, თორემ...

თორემ ერთად-ერთი ვაჟი ჰყავდა და ისიც იცოდა, რომ დღეს ან ხვალ ამ უბადრუკ ნაბუშარს, “ჯიშიანი ჯორისა და დედალი ვირის ჩამონავალს”, ერთი ვინმე მიახრჩობდა: - ან ერეკლე, ან კარპიჩა, ან სევასტი ან ზურა. და როცა საკლავი ღობეს მიაფარეს, რაზაც მაშინვე დაუშვა და კარებსაც მოშორდა. მცირე ხნის შემდეგ ზურაც გამოვიდა. - გამოვიდა და -

- ჩვენი ძროხა? - იკითხა.

მაგდანა სდუმდა.

- დედი, ძროხა არ მოვიდა?

მაგდანამ ვეღარ გაუძლო:

- არა, შვილო... - და კვნესით დაუმატა: - არც მოვა.

- რატომ არ მოვა? - გაიკვირვა შვილმა.

- იმიტომ რომ... ამათ ჭამა უნდათ. - და სალდათებზე მიუთითა, რომელთაც ის იყო იარაღის წმენდა დაასრულეს და შინ შევიდნენ.

მაგდანაც შეჰყვა, ზურა კი გზაზე გავარდა და ქვეით დაეშვა. უნდოდა ხანჯალიც წაეღო, მაგრამ წეღან დედამ ყველაფერი გადამალა - შვილისაც, მამისეულიც, არსენასიც და ქმრისეულიც - ხანჯლებიც, დამბაჩებიც და თოფებიც.

მაგდანა სალდათების მოსვლისთვის დაემზადა, მაგრამ ის კი არ მოიფიქრა, რომ “ყოველივე გლეხისა და ეკზეკუტანტებისა იყო”. ოთახში შესული სალდათები მაშინვე დაეპატრონენ ქვრივის სკივრს, ლოგინს, ტახტებს, ჭურჭელსა და კაბა-კუბასაც.

- პორტიანკებისთვის გამოგვადგება. - განაცხადა ერთმა და კაბა ჰაერში ააფრიალა. მერმე სიცილით დაუმატა: - შენც გამოგვადგები, ბაბა... მათუშკა. - და მაგდანას მიეტანა.

დედაკაცი ცეცხლმოდებულივით გავარდა მეორე ოთახში, სადაც დათუნა იწვა და მღვდელი აბრამი სთვლემდა. გავარდა და უსიტყვოდ დაეშვა ტახტზე. ბოღმა ყელში ჰქონდა გახირული და თვალებზე ცრემლი აწვებოდა. ქვრივი არასოდეს არ ყოფილიყო ესოდენ უმწეო და უძალო. პაპა - თითქმის დავარდნილი, მამა - გარდახვეწილი, ქმარი - მოტაცებული, ძმა - ლოგინად ჩავარდნილი და შვილიც... თუმცა არა, არასოდეს! ყველას გაიმეტებს მაგდანა, ყველას გადაჰკიდებს ხიფათს და შვილს კი ვერ დასთმობს, ფათერაკს ვერ მიაკარებს!

მამა აბრამმა ჩაახველა, გოგირდის წუმწუმით აანთო ქონის სანთელი, ბურანში წასულ დათუნას დაანათა, ოხვრის ნაცვლად ღრმად ამოიხრიალა, იქვე ჩამოჯდა და თვითონაც ბურანში შევიდა, ხოლო მაგდანა ვერც კი დაინახა.

მეორე ოთახში სალდათები ოხუნჯობდნენ, განჯინაში ჭურჭელს აჩხაკუნებდნენ და ჭრელი თუნუქებით შეჭედილ სკივრს აწვალებდნენ. ქვრივს ესმოდა, რომ იქაურობას აქოთებდნენ და სძარცვავდნენ, მაგრამ იმდენად იყო დაქანცული ნაჭარბი განცდებით, რომ ხალისი აღარ ეყო რაიმე ღონე ეღონა და საკუთარი მონაგარი გადაერჩინა. კედელს მიეყუდა და მოღლილი თავი ავ ნისლს მისცა. ერთი წამით ზურა გაახსენდა და შეირხა, მაგრამ გაიფიქრა: “ალბათ ერეკლესთან გადავიდაო”, და კვლავ მოდუნდა.

ზურა კი ზაალის ეზოში შეიჭრა, სადაც სალახი სალდათები მის ძროხას მისდგომოდნენ და გატყავებას უპირებდნენ. სხვებიც იქვე ტრიალებდნენ, ლაზღანდარობდნენ, თამბაქოს აბოლებდნენ და “კაშას” ელოდებოდნენ, რომელიც თვლებზე შემდგარს ვეება ქვაბში იხარშებოდა.

ჭაბუკი ჯერ შედგა, რადგან არ იცოდა ვისზე ამოეყარა მოწოლილი ბოღმა, მერმე მომავალ გიგოლას მოჰკრა თვალი, გზა გადაუღობა და ისე მძლავრად გაჰკრა სილა, რომ დარეტიანებული ნაბუშარი ბღავილით განერთხო მიწაზე.

და იმავე წამს აივნიდან ზაალის ხმაც მოისმა:

- დაიჭით! დერჟი ემუ, დერჟი!

ზურა არც აპირებდა გაქცევას. გიგოლას თავით ედგა და მის ადგომას ელოდებოდა, რათა ერთხელ კიდევ გაერტყა, ან ყელში სცემოდა და ჭირიანივით მიეხჩო, ხოლო წაქცეულის ცემას არ კადრულობდა, რადგან წესი არ იყო და სახელს გაიტეხავდა.

- ვეჟო, ასეთი ამბავი გაგონილა!? - ჰყვიროდა ზაალი და კიბეზე მოგორავდა. - ბატონს ყმა მოუვარდეს და ერთგული კაცი გაულახოს?! დერჟი მეთქი ემუ!

ბატონის ყვირილით წაქეზებული “ერთგული კაცი” ზეზე წამოდგა და ხელები გაასავსავა, მაგრამ, ერთხელ კიდევ ხელნაკრავმა, კვლავ დაიბღავლა და ისევ ერთგულად გაიშხლართა.

- დერჟი, გავარიშ ტებე! - მიუბრუნდა ზაალი სალდათებს, რომელნიც მოჩხუბართ გარშემოხვეოდნენ და სანახაობის დასასრულს ელოდებოდნენ. - დერჟი ი ნა კანუშნა პლაჟი, ჩქარა! - უკვე უბრძანა ზაალმა.

მოურავებიც მოცვივდნენ, ზურა წინ გაიგდეს და საჯინიბოში შეაგდეს.

გიგოლა ნაგვიანევად იმუქრებოდა და იბილწებოდა, ხოლო ზაალი კიდევ კარგა ხანს იხერხებოდა:

- ვეჟო, ამაზე მეტი რა გინდათ! არსენა ყმებს ამხედრებს ჩვენზედა, ეს ცინგლიანი კი ეზოში მომივარდა და ერთგული ბიჭი გამილახა! ბუნტია მეთქი, მაშ რა ჯანდაბაა!

მოურავებიც თავს უკანკურებდნენ და უდასტურებდნენ:

- ბუნტია, შენი კვნესა მე, ბუნტი.

კნეინა ხორეშანი რომ საჯინიბოდან გავიდა, პირქვე მწოლარე კარპიჩამ თავი ასწია და დაიძახა:

- აბა, ბიჩებო, აქ მოგროვდით!

მეჯინიბეთა “ოთახი” დაბალი დარაბებით იყო მოვლებული და გაჯოხილები ქეჩით დაგებულ ფიცრებზე ეყარნენ, ხოლო ზოგი პატიმარი აქა-იქ აყუდებულიყო და ზოგიც ბნელ საჯინიბოში დაბორიალობდა. ბოძზე ძეწკვით ჩამოკიდებული ქონის ჭრაქი დარაბებით მოღობილ ალაგს ოდნავ ანათებდა და მთელ საჯინიბოს აყროლებდა და მურავდა.

არსენა ანთებული ბუხრის თავზე იყო დაბჯენილი და იქვე მარჯვნივ და მარცხნივ მწოლარე კარპიჩას, სევასტის, მეშთას და ლაშქარას მჭმუნვარედ დასცქეროდა.

მან ეს არის ახლა გაშინჯა და ფიქრიასთან ერთად გაჰბანა მეგობართა წყლულები, გაბერილი კოპები, შედედებული სისხლი და დაფლეთილი, ჩაშავებულ-ჩალურჯებული ხორცი, რომელსაც თითქო ალმური ასდიოდა, და გულში უხაროდა, რომ არც ერთს გაჯოხილს გმინვა არ ამოეშვა და მხოლოდ ჩუმი კვნესა და კბილების კრაჭუნიღა ისმოდა.

გაჯოხილ მეგობრებს დასცქეროდა ოძელაშვილი და უცნაურად იღიმებოდა. იღიმებოდა და ამ ოდნავ ღიმილში მრავალი რამ ჩაექსოვნა - თავის დანაშაულიც და ღრმა სიბრალულიც, უძირო ზიზღიც და მრისხანე მუქარაც. ახლა ცხადლივ ხედავდა წეღანდელ სურათებს - საჯარო გაშიშვლებას, საქვეყნო შერცხვენას, დამსკდარ ხორცს, სისხლსაც და კოპებსაც, და ეჩვენებოდა, თითქო თვითონ არსენაც გაეჯოხათ, თითქო ისიც აშკარად შეერცხვინათ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აი ამ ვაჟკაცებს ზურგები, გავები და ბარძაყები დაუფლითეს, ოძელაშვილს კი “ეს ოხერი” გული დაუფხრიწეს, ცეცხლზე შეუწვეს და ისევ საგულეში ჩაუდეს.

ეეჰ, ნეტა არსენაც ამათთან ერთად გაეწვინათ და მისთვისაც დაეკრათ! ხორცი ეტკინებოდა, მაგრამ ჯანდაბას ხორციც და მისი კვნესაც! ხორცი ისევ ხორცია და მეტი არაფერი, გული კი... გულიც ხორცია და კიდევ “რაღაც ტიელი”, და სწორედ ეს ტიელია, რომ დაბალ ჭერს ასე უხმოდ შეჰბღავის და შეჰღრიალებს.

მწოლარეთა ფეხებთან პაპა მახარა, ქავთარა, მეველე, დალაქი, მერაბი და აღსაჰკალები ჩამსხდარან. როსტომი ბოძს მიჰყუდებია და ჯეჯილ-წვერს იწიწკნის, თანაც უცნაურად იღიმება. კედლებსა და ფიცრებზე მათი ჩრდილები თრთის, რადგან ჭრაქის ენა და ბუხრიდან მონადენი ალიც ცახცახებს, ხან ძაღლის ენასავით ლაქლაქებს და ხანაც ვერხვის ფოთოლივით კანკალებს.

- ბიჩებო, ნუ დაღონებულხართ! - დაიწყო ხელახლა კარპიჩამ. - როზგი თკვენთვის არის ახალი ხილი, თორემ მე მეშვიდეჯერ დამკრეს. შპიცრუტენი გინახავთ? არ გინახავთ? მაშ მე გეთკვით: ერთ როტა სალდატს ორპირად დააკენებენ. კველას რკინის თითო ზუმბას მისცემენ. ვინც გასაროზგია, გაატიტვლებენ და შუაში შეუგდებენ. ბოლოში უნდა გავარდეს. კველამ ის ზუმბა მაგრა უნდა დაჰკრას, და ვინც ნელა დაჰკრავს, იმასაც გააშიშვლებენ და შუაში შეაგდებენ, გაიგეთ?

- კარპიჩავ, ეგ რუტენი, თუ რაღაც ჯანდაბა, შენც მოგხვედრია? - პკითხა მეველემ.

- სამჯერ მომხვდა. ტანი ეხლაც დასერილი მაქვს. მაგრამ დრო მოვა და იმ გენერალ-აფიცრებს მე თითონვე გავაშიშვლებ, ჩემისთანა გაროზგილებს მოვუგდებ და კველას გახურებულ ზუმბებს დავურიგებ. უკურეთ მაშინ სეირსა, ახა-ხა! ოხო-ხო!

და თითქო ამ სურათის სანახავად წამოიწია, მაგრამ ტკივილებისგან დაიღმიჯა, დაიკვნესა და ისევ პირქვე დაეცა, თანაც ბოღმით იხრჩობოდა:

- დედას გიტირებთ მაშინა, დედასა! პუგაჩოვიც კი მოგენატრებათ, მაგრამ გვიანგა იქნება, გვიანა!

საჯინიბოში სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ ცხენების ხრამუნი და ფრუტუნიღა ისმოდა.

ბოლოს არსენას ხმაც გაისმა. თავი ჩაიქნია და თავისთვის ჩაიჩურჩულა:

- ჩემი ბრალია. მე აგაფორიაქეთ და მზღვევარიც მე ვიქნები.

ყველამ არსენას შეჰხედა და გაჯოხილებმაც წამოიხედეს.

- რა შენი ბრალია! - ჰკითხა როსტომმა. - ის უღმერთონი რომ მოგვესივნენ, ჯერ არც კი იცოდნენ, სამტროდ შევიკრიბენით თუ სამშვიდობოდ.

- არც გავძალიანებულვართ, არც ხმა ამოგვიღია, - დაუმატა ქავთარმა.

- არც კი გკითხეს, ჩვენ რა გინდოდათ. - ჩაურთო მეშთამ, - მაშინვე მოგესივნენ და გირტყეს და გირტყეს.

საჯინიბოში ჩუმმა სიცილმა ჩაირბინა და უმალვე შესწყდა. პირქვე მწოლარე სევასტიმ ფიცრებს ჩაულაპარაკა:

- პურ-მარილიც რომ მიგვეტანა, მაინც ქე გვირტყამდნენ. ის მაინც შეგვრჩება, რომ პაწია ვიყვირეთ და გული ვიჯერეთ. აწი დრო მოტრიალდება და იგინი იყვირებენ. არსენ, შენ აფერი ბრალი არა გაქვს და ტყუილა ნუ ლაპარაკობ.

- მართალია, აგრეა. - დაუდასტურეს აქეთ-იქიდან.

არსენას გულს მოეშვა. იყუჩა და მერმე ხაბაზს ჰკითხა:

- კარპიჩავ ერთი მითხარი, რა უფრო გეტკინა, ჯოხი თუ გაშიშვლება?

ხაბაზს ეს კითხვა ეუცხოვა:

- რა თკმა უნდა, ჯოხი. ხვალ შენც გაგაცვენენ და მაშინ ნახავ.

არსენა შეკრთა და უარესად გაფითრდა. ბუხრის თავიდან მკლავები ჩამოიღო, ოდნავ წინ წამოიწია, ბინდ-ბუნდში თვალები ჭრაქებივით გაანათა და ჩაიხრიალა:

- ხვალ... მეც გამაწვენენ? თუ ხვალამდე დავაცდევინე, მირჩევნია ორმოცის ნაცვლად ასი დამკრან, თუნდაც ორასი, ოღონდ ნუ გამაშიშვლებენ, თორემ... - და გაჩუმდა.

- შე კაი კაცო, გაშიშვლებამ მაგრე როგორ შეგაშინა? - გაოცდა კარპიჩა.

- შემაშინა, რუსო, ძალიან შემაშინა. ვაჟკაცისთვის გაშიშვლებას თავის მოჭრა სჯობია. სირცხვილია, ჩემო კოჭლო. სირცხვილი კი ჯოხზე უფრო მწვავეა. გაიგე?

- დიაღაც რომ უფრო მწვავეა. აგრეა. მართალია. - დაუბეჭდეს აქეთ - იქიდან და სხვანაირ ზნეობაზე აღზრდილი კარპიჩა გაოცებული დასტოვეს.

არსენა ისევ ბუხარს მიეყუდა, იყუჩა და -

- პაპა-ჩემო, გვითხარი რამე. - უთხრა მახარას.

- რა გითხრათ, შვილო? - წაიჩიფჩიფა ასწლოვანმა, რომელიც ორივე ხელით დაბჯენილიყო ჯოხზე და თეთრი თავიც ზედ დაედო.

- გვითხარი, ასეთი ამბები შენს დროსაც ყოფილა?

- ყოფილა, შვილო, ბევრი რამ უარესიც ყოფილა, მაგრამ როზგი და კაცის გატიტვლება არ გამიგია.

- მერე, რამ მოიტანა ეს როზგი?

- დროებამ, შვილო, დროებამ მოიტანა.

- მერე, პაპა-ჩემო, ჩვენ რაღა ვქნათ? - არ ისვენებდა არსენა.

- ამყოლს აჰყე და დამყოლს დაჰყეო. - ურჩია ასწლოვანმა...

- მაშ ყველაფერი მოვითმინოთ? - ჰკითხა შვილის-შვილმა. - ჩავიხადოთ და გავუწვეთ?

- თუ კი ჩვენ ვითმენდით, თქვენ რაღა წითელი კოჭები ხართ? ურჯულოები კალოზე გვლეწავდნენ, ათასობით მტკვარში გვყრიდნენ, გვასაჭურისებდნენ, სათათრეთში გვყიდდნენ და ჩვენს ორსულ ქალებს მუცლებს უღადრავდნენ, თქვენ კი მეტისმეტად განებივრდით და ხუშტურები შეგეყარათ.

- ესეც ღვთისავარის კვალზე დადის. - სთქვა როსტომმა.

- პაპა-ჩემო, ბრძოლაში რომ დროშას მიაფრიალებდი, შენს მომდევნო ჯარსაც აგეთ ჭკუას ასწავლიდი? - ღიმილით ჰკითხა არსენამ.

პაპას თითქო უჩხვლიტესო: წამოდგა, გასწორდა, სიმაღლით არსენას ასცდა და მოუჭრა:

- ჩემს დროშას სხვანაირი ხალხი მოსდევდა. ჩვენ საკინკლაოდ არ გვეცალა. ყმა და ბატონი თქვენსავით ერთმანეთს არა სჭამდა. იარაღს ხელიდან არ ვუშვებდით და ტანგაუხდელად გვეძინა. ათი კარი გვქონდა ჩასაკეტი და ერთს რომ ვეცემოდით, ამ დროს ცხრას გვიმტვრევდნენ. ყმამ თავისი იცოდა და ბატონმა კიდევ ბატონისა. ოძელაანთ მარტო წყლის ზიდვა და ცოტაოდენი ღალა ევალებოდათ. ერთი გოგოც ასდიოდა. ბატონსაც ათასი საქვეყნო საქმე ეკისრებოდა. ეხლა კი ბატონს საქმე გამოელია, ქალაქში ცხოვრებას შეეჩვია, აზეულას კოშკივით დაგვაწვა და მარტო იმასღა გაიძახის, მოიტა და მოიტაო.

- კაცო, ჩვენ მაგას ვჩივით. - წამოიწია კარპიჩამ. - უნდა დზირს გადმოვაგდოთ ეგ ოხერი კოშკი, უნდა დავანგრიოთ მეთკი.

მახარას თითი გაშვერილი შერჩა. უკბილო პირი კარგა ხანს აცმაცუნა, ყველას თვალი მოავლო და გაოცებით ჩაიჩიფჩიფა:

- თქვენ უნდა გადმოაგდოთ?

- ჰო, პაპილო, ჩვენ უნდა გადმოვაგდოთ. - მაშინვე უპასუხა არსენამ.

- ჩვენ, აი, ჩვენა. - აიბაგუნა მკერდზე მუშტი კარპიჩამ.

- თქვენა? - უნდობლად და ოდნავი დაცინვით იკითხა ბებერმა მუხამ.

- ჰო, ჩვენ, ჩვენა მეთქი! - შესძახა წამოწეულმა კარპიჩამ.

- ჩვენა, მაშა - შეჰყვირა მეშთამაც.

- არ გვენდობი თუ? - გაუღიმა სევასტიმ.

მახარამ გაშლილი ხელი კვინიხზე მიიდო, გაჯოხილებს დააშტერდა და გაოცებით ჰკითხა:

- ვითომ თქვენ კიდევ გამოდგებით? იმდენი ძალა კი შეგწევთ?

- მე? - გამწარდა კარპიჩა და პერანგის ამარა ჩამოცოცდა მიწაზე. - მე? მე აგარ გამოვდგები? - წელში გასწორდა, გამხდარი და ძარღვებისგან შეკრული მკლავი ვიღაცას მოუღერა ჰაერში და კბილების კრაჭუნით ამოიხრიალა: - პაპა-ჩვენო, ურჯულოს სისხლი მე შენზე მეტი დამიგვრია და ათ იმოდენას კიდევ დავგვრი, მაგრამ სხვისას... იმათ სისხლს... დგეს რომ ჩემი სისხლი დაგვარეს...

და წაბარბაცდა.

არსენამ მკლავები მიაშველა, ბალღივით აიყვანა და ისევ პირქვე დააწვინა, თანაც არიგებდა:

- დაწექი რუსო, სიფიცხე გაწყენს. იწექი და იყუჩე.

- დავღვრით! - ყვიროდნენ ამავე დროს ნიდაყვებზე აზიდული გაჯოხილები. - გადავუხდით! არ შევარჩენთ!

გაოცებული პაპა ხან ერთს დასცქეროდა, ხან მეორეს და ბუტბუტებდა:

- ბიჭოს, თქვენ თურმე არა ხუმრობთ... მართლა ვაჟკაცები ყოფილხართ...

- ვართ, რატომ არა ვართ!

- რა დროს ხუმრობაა, პაპილო?

მახარა ისევ ტახტზე ჩამოჯდა, ქისა და ჩიბუხი ამოიღო და არსენას აჰხედა. მარაბდელი მიუხვდა და მაშას დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. მისი პაპა კი უცნაურად იღიმებოდა, სდუმდა და თითქო სხვა რაღაცას ელოდებოდა. არსენამ ხელით აიტაცა ნაკვერცხალი, მახარა კი კვლავ იღიმებოდა და ქისის ძირში ნელი-ნელ აფათურებდა თითებს.

მარაბდელი ნაკვერცხალს ჯერ ხელის გულზე ატრიალებდა, მერმე ორ თითში გააჩერა, კრიჭა შეიკრა და გახევდა. პაპა არა ჩქარობდა, თითქოს არაფერს არ ამჩნევდა, ნამდვილად კი ყველაფერს ხედავდა და ულვაშებში იღიმებოდა. ყველანი გაჩუმებულიყვნენ და არსენას მისჩერებოდნენ. ისინიც მიხვდნენ, რომ პაპა მახარა თავის შვილიშვილს სასტიკი და ულმობელი ფანდით სცდიდა. მათ ეგონათ, უკვე ერთი საათი გავიდა და ცეცხლი არსენას ძვლამდე დავიდოდაო. მწუხარებამ სული შეუგუბა მათ, მაგრამ ჯერ მაინც ითმენდნენ და გამოცდის დასასრულს ელოდებოდნენ. მახარაც ვადის მოწევას ელოდებოდა. არსენას კი თითებზე შიშინი ასდიოდა. როცა ჰაერში დამწვარი ხორცის სუნი დატრიალდა, პაპამ ამაყი ღიმილით აჰხედა თავის ჩამონავალს და ჩიბუხი გაუწოდა.

მარაბდელმა ნაკვერჩხალი დაუდო, დინჯად შეუსწორა და ისევ ბუხარს მიეყუდა.

- მაშ ღმერთმა ხელი მოგიმართოსთ, - ახლა კი დალოცა პაპამ და დაუმატა: - კიდევაც მოგიმართავსთ თუ სიმართლისათვის იბრძოლებთ, და თუ სიმრუდისთვის, ყველას ხელები დაგიხმეთ, ამინ!

- ამინ! - დაუდასტურეს აქეთ-იქედან.

ამ დროს არსენას მახვილ ყურს რაღაც ფხაჭუნი მოესმა. მან დარაბებს გადაალაჯა და სიბნელეში შეერია. წეღან რომ გარსია და ტატე ელაპარაკებოდნენ, იმ ალაგას ჭერში ჭუჭრუტანა აღმოაჩინა. ახლაც იქით გასწია და ზევით რაღაც თეთრ ნაჭერს მოჰკრა თვალი.

- აქა ვარ. - ასძახა მარაბდელმა.

- დაიჭი, - ჩამოსძახა გარსიამ და არსენას ხელებში წნორის გრძელი წკეპლა ჩაუვარდა.

ნეტა ვინ გამოუგზავნიდა ოძელაშვილს ამ წკეპლას? ან რა ოხრად უნდა პატიმარს წნორი? უკვირდა და ვერ გაეგო, თუმცა მაინც იმედნეულად იყო, რომ ამ წკეპლას მისთვის რაღაც უნდა მოეტანა.

ჭრაქის შუქზე გაიტანა და ქაღალდის ნაფლეთი იპოვა, რომელიც წკეპლის გახლეჩილ ბოლოში იყო ჩაჭედილი. გაშალა და მაშინვე ფიქრიას ბატიფეხური იცნო. სწერდა: “მზათ იყავით. კარებს გაგიღებთ”.

დაფხრიწა და გადაჰყარა. მეგობრები ხელებში შესცქეროდნენ და ამბავს ელოდებოდნენ. ლაცაბიძეც თვალებით სჭამდა არსენას და თითქოს ეუბნებოდა: “ნუ გვაწვალებ, სთქვი და გაათავე”.

არსენამ ოთხსავე გაჯოხილს ისე გადაჰხედა, თითქო ერთ მათგანს ირჩევდაო, და სევასტი ლაცაბიძე აირჩია: გვერდით მოუჯდა, ზედ დაეყუდა და ჩუმი ხმით უთხრა:

- სევასტი, ჩემი დარჩენა არ შეიძლების.

- ვიცი, - დაუდასტურა იმერელმა, - არ შეიძლება.

- უნდა წავიდე, თორემ მეც გამჯოხავენ... საქვეყნოდ თავს მომჭრიან და... მათი სისხლიც დაიღვრება. უნდა წავიდე, მაგრამ ერთი რამე ფიქრი მერევა: ვაი თუ ამ ურჯულოებმა თქვენზე ამოიყარონ ჯავრი და კიდევ დაგიშავონ რამე.

- შენ მაგიზა ნუ იდარდებ. წადი. - მტკიცედ მიუგო სევასტიმ.

კარპიჩამ ყური მოჰკრა, გადმოიხარა და -

- ცადით კაცო, ცადით! - ურჩია.

- ციხეში რომ ჩაგყარონ? - იკითხა არსენამ.

- ა, მაგი არ იქნება. - მიუგო სევასტიმ.

- ჩვენ თავს ზაალი არ დაანებებს. - იანგარიშა რუსმა. - ხელს არ მისცემს. ისედაც უსამართლოდ გაგვროზგეს. შინაკმები ვართ და არაპერი არ დაგვიშავებია.

- აფერი არ დოუშავებია! - ჩაიცინა სევასტიმ. - ქვეყანა ამოაგდო და აფერი არ დამიშავებიაო.

- მაშ საყვედურს ხომ არ მეტყვით? - იკითხა ოძელაშვილმა.

- არა, შე კაცო, არა.

- კაცო, ცადი მეთკი, ცადი!

გარედან კარის რაზამ დაიჩახუნა. საჯინიბოში სუფთა ჰაერის ნაკადი შემოიჭრა, ჭრაქი ააშფოთა და მაშინვე შესწყდა. კარი ისევ გაიხურეს და გადარაზეს. სიბნელიდან ახალმოსულის ლანდი გამოცურდა შუქზე.

- ზურავ, შენა ხარ, ბიჭო - მიეგება არსენა. - რა ამბავია?..

- რა ამბავია?.. გარეთ რა ხდება? - ისე მიაყარეს აქეთ-იქიდანაც, თითქო ჭაბუკი მეორე ქვეყნიდან მოსულიყო, რომელიც პატიმრებს ათი წლის წინათ დაეტოვვბინათ.

- არაფერი. - მიუგო ზურამ და მოკლედ უამბო, ვის მოუხადეს ქვევრი, ვის დაუკლეს საქონელი, ვისა სცემეს და ვინ გაძარცვეს.

- რაღა არაფერი, ბიჭო, სოფელი აუკლიათ! - წამოიძახა საბა-დალაქმა.

- შენ რაღად დაგიჭირეს? - ჰკითხა არსენამ.

- არაფრისთვინ. გიგოლას ორიოდე გავკარი და ამისთვინ.

- მაშ წეხან მაგიტომ ბგაოდა? - იკითხა კარპიჩამ.

- უნდილ დათუნას არა ჰგავს. მაგდანას ბიჭია, მაგდანასი, - გაამხნევა არსენამ და მკლავი მოჰხვია. - მართლა, დათუნა როგორ არის?

- გონს მოვიდა, მაგრამ გული ცუდად უცემს.

- მამა-ჩემი? ერეკლე?

- კარგად არიან.

- ჩვენი მტრები იყვნენ აგრე კარგად.

და უცებ მოსხიპეს საუბარი, რადგან შორიდან ქალის კივილი, ბავშვის წივილი და მთვრალი სალდათების ხარხარი მოისმა.

- სოფელი აიკლეს. - სთქვა ერთმა და ისევ მიყუჩდა.

არვინ არ უპასუხა.

Три деревни, два села,

Восемь девок, один я.

Разгова-а-ривают -

ისმოდა გუგუნი და სტვენა მეორე ალაგიდან, ხოლო მესამე კუთხეში “გარმოშკა” იფხრიწებოდა და ვიღაც მოცეკვავე გაიძახოდა:

- Валяй! Жарь! გეი! გეი! გეი! გეი!

პატიმრები თავჩაქინდრული ისხდნენ, არსენა კი აშოტილი იდგა, ორივე ცერა თითი სარტყელში ჰქონდა ჩარჭობილი, ნათალი თავი სოფლისკენ მიეგრიხნა, შუბლზე ნაოჭები მოეგროვებინა, ერთი წარბი მოზიდული შვილდივით აეგრიხნა, თხელ ნესტოებს თავის ლურჯასავით აცახცახებდა და სოფლის გმინვას ისე უგდებდა ყურს, თითქოს ის ვაება და ვალალი მარტო იმის ოჯახიდან მოდენილიყო. მის პირსახეზე ჭრაქის შუქი თრთოდა და მარაბდელის შინაგან თრთოლვას ამჟღავნებდა.

მოუსვენრად და ბოღმით სტოკავდა არსენა ოძელაშვილი. მას მეტი გზა აღარა ჰქონდა: უნდა წასულიყო, გავარდნილიყო, მაგრამ ის მრავალ გლეხს ითრევდა სამკვდრო ბრძოლაში გლეხურ სიმართლისთვის, სიცოცხლისა და შრომის უფლებისთვის - აი რაზე ჰფიქრობდა იმ წამს არსენა მარაბდელი.

ვახშმობა მოახლოვდა და ზაალმაც ბუზღუნს უმატა:

- ვეჟო, - ეხლაღა გაუკვირდა მარაბდის ბატონს, - იმ ლაცაბიძემ რაღა დააშავა, რომ ისიც გაროზგეს?

- ვინ ლაცაბიძემ? - ჰკითხა ქვიშხეთის ბატონმა სუმბათაშვილმა.

- ჩემმა მზარეულმა. - უპასუხა ზაალმა.

სუმბათაშვილი ჩაფიქრდა, მერმე ჰკითხა:

- სადაურია ეგ ლაცაბიძე?

- იმერელია. მერმე რა იყო? - და ზაალი ოდნავ დაეჭვიანდა.

- ვინ მოგცა იმერელი ყმა?

- ვინ და... შემომეხიზნა... თორმეტი წლის წინათ შემომეხიზნა. - იტყუა ბარათაშვილმა, რადგან იცოდა, რომ შეხიზნულ ყმას ვერავინ ვეღარ წაართმევდა თუ ბატონი მას შვიდ წელიწადზე მეტს შეინახავდა.

- მეცა მყავს ერთი ლაცაბიძე. - სთქვა ქვიშხეთის ბატონმა. - ორი ძმა გამოიქცა იმერეთიდან, მაგრამ ერთი სადღაც დაიკარგა.

- როდის მოხდა ეგ ამბავი, ვეჟო?

- შვიდი წელიწადია.

- ჩემი ლაცაბიძე კი ხუთი წლით ადრე გამოიქცა. მითხარი, იმერეთში ლაცაბიძე ორას კომლზე მეტიაო. - და ეზოში გადაიძახა. - ბიჭო გარსი სად დაიკარგე, შე ცინგლიანო, შენა?

გარსია ჯერ არ დაბრუნებულიყო. ოდნავ რომ შებინდდა, ფიქრიამ ბეღლის უკან გაიყვანა, სადაც მოფარებით ლურჯა ჰყავდა დაბმული, და ჯერ ტკბილეული და სპილენძის ღილი აჩუქა და მერმე ჰკითხა:

- გარსი. არსენა ძაან გიყვარს?

- ძაან.

- არსენასაც ძაან უყვარხარ. როცა გამოვა, სამ ღილს და ერთ საპერანგესაც გაჩუქებს, ოღონდ ერთი პატარა საქმე უნდა შეუსრულო. ჩვენი ცხენი ალგეთზე ჩაიყვანე, წყალი დაალევინე და ზაალის საყარაულოში დააბი, გაიგე?

- მაგაზე ადვილი რაღა იქნება! - წამოიძახა გარსიამ და გასაქცევად მოემზადა.

- დაიცა, იცოდე, არავინ არ უნდა დაგინახოს. გარდა ამისა, საყარაულოს კარი გადმორაზე, თორემ ლურჯას მგლები შესჭამენ. მერე ჩვენსას აირბინე, უნაგირი გამოართვი და ისიც იქ ჩაიტანე. დაიცა, ჯერ არ გამითავებია. აი ეს ბარათიც როგორმე არსენას მიაწოდე. მოახერხებ?

- ეგეც ადვილია. აქ მოიტა. - და მცირე ხნის შემდეგ არსენას ცხენი ნაქურდალივით გააპარა.

ნახევარი საათის შემდეგ ფიქრიამ სასადილო დარბაზი გაანათა - თორმეტსანთლიანი ჭაღი და ორი ხუთსანთლიანი შანდალი აანთო, ბაზმასაც მოუკიდა და გავიდა. შემდეგ ცეცხლის ფარეშმა მუხის შეშა შემოიტანა, ორივე ბუხარი ააპრიალა და ისიც გავიდა. მერმე სხვა ფარეშები შემოვიდნენ, განჯინებიდან ქაშანურისა და ფაიფურის ჭურჭელი გამოალაგეს და სუფრის გაშლას შეუდგნენ.

ზაალი შემოვიდა, იქაურობას თვალი მოავლო და ფარეშებს შესჩივლა:

- ვეჟო, აღარც მზარეული მყავს, აღარც ხაბაზი, აღარც მეჯინიბე და აღარც მეღვინე. ყველანი ერთი თვით მაინც წამიხდინეს.

- ჩვენც მოვერევით, ბატონო, ნუ იდარდებთ. - დაამშვიდა ერთმა ფარეშმა.

- აბა ვნახოთ რა მხნედ იქნებით. - მიუგდო იმედი ზაალმა. და უცებ გარსია დაინახა კარებში. - სად დაეთრევი, შე ცინგლიანო, შენა?! - და გახურებული ჩიბუხი ღია პირით დაჰკრა თავში და ღველფი თმაზე დაუფრქვია.

- ვაი მე! - აღმოხდა ჩუმი კვნესა მეჩიბუხეს და ათივე თითი თმებში იტაცა. - ვაი მე, დედა! - და ისე დაიხარა, თითქო ყირამალა დადგომას ლამობდაო.

ზაალმა კი ორივე ხელი ღიპზე იტაცა და რახრახი ამოუშვა:

- ახ-ხა! ვეჟო, ერთი ამ მასხარას უყურეთ! ოხო-ხო! ვეჟო, ამაზე მეტი სანახაობა გინდათ? იხი-ხი! ვეჟო, ასეთი ამბავი გაგონილა?

ფარეშებს არ ეცინებოდათ, მაგრამ ბატონს აჰყვნენ და მიყუჩებული სასახლე ნაძალადევი ხითხითით გააღვიძეს.

გარსია დარბაზიდან გამოვარდა, ფიქრიასთან შევარდა და ბატონის ხუმრობა ტირილით უამბო. ფიქრიამ თავი გაუშინჯა და ცეცხლით ამოჭმულ ალაგზე მალამო წაუსვა, თანაც ბურტყუნებდა:

- ვინც ცეცხლით ხუმრობს, ცეცხლშივე ჩავარდება. ჩვენი წვალება ზეცაში იწერება და ერთ დროს მწვალებელს ყველაფერი მოეკითხება. შენ კი, ჩემო გარსია, ობოლი ხარ და, ამიტომ გჩაგრავენ. მაგრამ ობოლის მჩაგვრელს “იქ” სამუდამო კუპრი და გახურებული მარწუხები არ ასცდება, თვითონ ობლები კი ქრისტეს კალთის ქვეშ იცხოვრებენ. მაშ გაჩუმდი და ნუღარ სტირი.

გარსიამ ნამტირალევი თვალები შეანათა და ჰკითხა:

- როდისღა მოვა ეგ დრო, როდის?

- მალე, გენაცვალოს ფიქრია, მალე. - ანუგეშა არსენას დამ და უბეში ხმელი ხილი, ნუღა და ყანდის შაქარი ჩაუყარა, რომელიც კნეინებისთვის განჯინაში ჰქონდა შენახული. მერმე ჰკითხა:

- წერილი მიაწოდე?

- წერილიც მივაწოდე, ლურჯაც ჩავიყვანე და უნაგირიც ჩავიტანე.

- ყოჩაღ, გარსი, პაპა-ჩემის ხნისა გაიზარდე, სამადლობელო ჩემზე და არსენაზე იყოს. ეხლა კი გაიქეცი და მღვდელს დაუძახე: მობრძანდით, სუფრა აკურთხეთთქო.

- მღვდელი საცაა თვითონაც მოვა. - მიუგო გარსიამ.

- ვიცი, მაგრამ დღეს ადრე ვახშმობენთქო. - და ნამდვილი მიზეზიც გამოაჩინა: გარსიას ჭრელ ხელსახოცში შეკრული ტკბილეული და მცირე ნუზლი გადასცა და დაუმატა: - ესეც მაგდანას გადაეცი (დათუნას სახელი აღარ ახსენა) და უთხარი: დიდმა ქალბატონმა დაგიბარა, ამაღამ ჩვენსა უნდა დაიძინო და მალე მობრძანდითქო. დაიცა, არსენას იარაღი მაგდანას აქვს შენახული. გამოართვი, შეახვიე, ბილიკებით მოუარე და ისიც საყარაულოში ჩაიტანე. აბა გაძვერ-გამოძვერი და მშვიდობით დაბრუნდი.

გარსია გაძვრა-გამოძვრა და მღვდელი აბრამი მოიყვანა, თვითონ კი ალგეთის ხევში ჩაცურდა და იარაღიც ჩაათრია.

ჯერ ადრე იყო და მღვდელი დიდ ხანს იჯდა ბუხრის წინ და თბებოდა. შემდეგ ზაალიც შემოცურდა, სტუმრებს თავის-კანკურით და “პაჟალუსტას” განმეორებით შემოუძღვა.

სამთავ კნეინამ თავი აიტკივა და არ გამოვიდა. ზაალი სადაფით მოხარატებულ სითაკანში ჩაბრძანდა, მარჯვნივ მაიორი მოისვა და მარცხნივ ლომოვი, რომელიც პასკევიჩის შორეული ნათესავი გამოდგა. ათიოდე აფიცერი, დავითი და სუმბათაშვილიც დალაგდნენ.

დიდი ბატონი ნაწყენი იყო. შალვა ბარათაშვილმა და ბერმა ვახშმად მოსვლა არ იკადრეს. წეღან ზაალმა ბერის სადღეგრძელო უამბო მაიორს და გული მოულბო, მათ კი ასე უმადურად გადაუხადეს: არ ეახლნენ, არ გაართეს, ამალასავით არ დაამშვენეს და გულის ფორიაქი არ შეუნელეს.

მღვდელმა ზაალის დარიგება შეასრულა: “მამაო ჩვენო” ჩიქორთულ რუსულით წაიბურტყუნა და სკამზე ჩაიკეცა.

წეღან ლომოვმა ქალაქიდან ახალი ამბავი მოიტანა: ერმოლოვის გადაყენება და პასკევიჩის დანიშვნა ყოვლად აუცილებელიაო. კაპიტანს პეტერბურგში წარჩინებული ნათესავ-მეგობრები ჰყავდა და მათ მიერ მოწერილმა ამბავმა ყველანი დააჯერა.

ზაალს გაუხარდა: მისი “მეგობარი - მოი პასკევიჩი” - მეფის ძალას ჰპოულობდა, ხოლო მისი “მტერი ანტიქრისტე ერმოლოვი პატრონს ჩაბარდა”. მაგრამ არავინ არ იცოდა რად უწყრებოდა მარაბდის ბატონი თავისივე ჭკუის მთავარსარდალს. ერთ დროს პირზე მუდამ მისი ქება-დიდება ეკერა და სადღაც გაგონილს პუშკინის შენაძახსაც კი იმეორებდა ხოლმე: “ტრეპეჩი კავკაზ, ერმოლოვ იდიოტ! “

ზაალი და მისი მეგობრები სანამდე გალობდნენ ამ ჰანგს, მანამ იმედი ჰქონდათ, რომ მრისხანე და თავნება სარდალი მათს სალამურს დაუკრავდა და ახალ-ახალ “პენციებს” მიუძღვნიდა. მაგრამ ერმოლოვს საკუთარი მოუდრეკელი სალამური აღმოაჩნდა და სახაზინო სკივრიც ცხრაკლიტულით ჰქონდა ჩაკეტილი. მას შემდეგ ყველა მეფის რუსეთის მომხრე “უმადურ” ერმოლოვს გაებუტა და ახალ იმედს, იმის შტაბის მოთავეს პასკევიჩს მოეჭიდა.

- ვეჟო, - წამოიძახა უცებ ზაალმა, - ვეჟო, ალბათ გაუგეს ერმალას, რომ ის დეკემბრელების დახმარებით ახალ სამეფოს დაარსებას აპირებდა სადღაც აქეთ. - და ხელით შემოხაზა ჰაერი. შემოხაზა და ენაზე იკბინა, რადგან ენამორღვეულ მასპინძელს ყველანი გაოცებით და შიშით დააშტერდნენ. ზაალმა ჩაიცინა, თავის ნათქვამს თვითონვე უწოდა ჭორი და წამოიძახა:

- Радуйся Кавказ, Ермолов ушол!

და საუბარი პასკევიჩის, აბას-მირზასა და ერევნის გარშემო გადაიტანა. ეჭვიც კი აღარ ჰქონდათ, რომ ახლა კი მოდიოდა ერევნის აღსასრულის დღე. საუბრის დროს მადა მატულობდა და ოცნება არეზს, ხუდავერდის ფონს, მარაღას, ქოისტანსა და თავრიზსაც კი ეპოტინებოდა.

- ნეტა მალე გათავდეს ეს უკადრისი საქმე. - ჩაილაპარაკა ლომოვმა. - რა ჯარის საქმეა აქ მშვიდობიანი ხალხის დარბევა!

მაიორმა ჩალურ წვერში ჩაიბღვირა, რადგან “უკადრისი საქმე” ეჩოთირა, მაგრამ არაფერი არა სთქვა, გულში კი თვითონაც ნატრულობდა, რომ ალგეთიდან ურემი გაეყვანა და ბარათაშვილისათვის ღალების აკრეფა მალე დასრულებულიყო და თვითონაც მაიორიც ერევნის სახანოში გადასულიყო. “ეს დიდი წარჩინება იქნება. - ჰფიქრობდა. - გარდა ამისა ახალი ქვეყანაა, მდიდარია და... “ და ლომოვი გაამხნევა:

- მარაბდის მაგალითი ხვალვე ნაყოფს მოიტანს. იმდენ ურემს მოგვიყვანენ, რომ ვერც კი დავთვლით. - და ზაალს მიუბრუნდა: - თქვენ კი ბეღლები და ქისა დაიმზადეთ, კნიაზო. მეც ერთ პატარა საქმეს გავათავებ და შულავერში გადავალ.

და აღარ განმარტა, რომ ასიოდე თათრისა და ქართველის დაპატიმრებას პატარა საქმედ სთვლიდა, ზაალს კი შიში მოემატა: ეს მუქთი შეიარაღებული გუშაგები ზეგ-მაზეგ წავლენ და მარაბდის ბატონს თავის ყმებს - გალახულ-გაფცქვნილ გლეხებს - პირისპირ დაუტოვებენ. რა მოხდება მაშინ? რას ეტყვიან ალგეთელები და რა პასუხს მისცემს ბარათაშვილი? ან იქნებ ხმაც არ გასცენ და პარდაპირ “სახანჯლო საქმეზე” გადავიდნენ?

შინა-ყმები აქამდისაც ამრეზილები იყვნენ. მაგრამ ბატონს ვერას უბედავდნენ, ახლა კი იმ კოჭლი რუსისა და გრძელწვერა იმერელის მეთაურობით, ვინ იცის რა არ აკადრონ. სოფელი ჩუმად ჰბუზღუნებდა, არსენა ოდნავ თამამობდა, ახლა კი “ის ბიჭი” და მისი ცალთვალა მამაც გლეხებს აამხედრებენ და ზაალს გაანიავებენ. მერმე ვიღა უშველის ბარათაშვილს? ფირუზა მოურავი და მისი ხელქვეითები? ან ის “უდღეური ჯორცხენა” გიგოლა და რამდენიმე იასაული, ნაცვალი და ჩაფარი, რომელნიც მუდამ კოდის გზაზე ჰყრიან და მარაბდაში ცალი თვალითაც ძლივს შემოიხედავენ ხოლმე? არა, ამ ძალას მარაბდის ბატონი ვერ ენდობა, გახურებულ თოფის-წამალზე ვერ დაიძინებს.

ნეტა მაიორმა სამიოდე აფიცერი და ასიოდე სალდათი მაინც დაუტოვოს. ეს დრაგუნები ყაჩაღები არიან და ორმოციოდეც რომ დარჩებოდეს, ზაალს ძილი აღარ დაუფრთხება. თუ ორმოცს არ გაიმეტებენ, ოცი მაინც აჩუქონ, ორიოდე თვით მაინც მოახმარონ. თვითონ ბატონი შეინახავს და საჩუქარსაც მოუმატებს.

“ვეჟო! ისე როგორ წამახდენენ, - აჯერებს თავის თავს ბარათაშვილი, - რომ ათიოდე ქართველი მილიციელი მაინც არ დამიტოვონ!” ეჰ, ნეტა მაიორს ამოდენა ხალხი არ გაეჯოხა, ან ისეთ დროს გაეროზგა, როცა ზაალი მარაბდაში არ იყო, ან ბატონს დღეს ხმა მაინც ამოეღო და ეს რუსი და იმერელი მათთვის პირში არ მიეცა, ან ღალის აკრეფა არ ეთხოვნა! ზაალი ქვას თავს ახლიდა და თვითონვე აჰკრეფდა! ხვალ მაიორი დანარჩენებსაც გასჯოხავს - არსენას, მახარას, როსტომს და თავკაცებს. ზაალი თვითონაც მოითხოვს, რომ თავხედ ზურას ასიოდე ცხელ-ცხელი მისცხონ, მაგრამ სხვები - არა, სხვების გაფუჭება არ შეიძლება. მაიორი გაროზგავს და წავა, ზაალი კი აქ დარჩება, ამიტომ ხვალ დილით ბარათაშვილმა არლოვს ცალი ყბით მათი პატიება უნდა სთხოვოს. თუ იპატივა, გამოვა და ყმებს განუცხადებს:

“ვეჟო! თქვენი თავი ჩემმა სტუმარმა მე მაჩუქა. ეს ერთი მიპატივებია და მეტი აღარ მიჰქაროთ”.

და თუ მაიორმა არ შეიწყნარა, ბატონი მაინც გამოაცხადებს:

“ვეჟო, ბევრი ვთხოვე მაიორს, მაგრამ არა გამოვიდარა. ეხლა თქვენ იცით და ამან”.

და პილატესავით დაიბანს ხელს და განზე გადგება.

მაშ ასე: ხვალ დილით ზაალი ორ რამეს მოსთხოვს მაიორს: გიორგი კუჭატნელის მეთაურობით ათიოდე მილიციელი დაუტოვოს და არსენა არ გაუჯოხოს. სამაგივროდ ბატონი მას ფიქრიას და მარინეს თავს დაუთმობს, ორ მწევარსაც დაუმატებს და “ჩემ მეგობარ” პასკევიჩთანაც ყოველგვარ დახმარებას შეჰპირდება.

რადგან ბარათაშვილს ეს საქმე გათავებულად ეჩვენა, ამიტომ ბროლის კულა ასწია და კოჭლი რუსულით “მოი ხაროში” მაიორის სადღეგრძელო დალია.

ხრამულს ჩურჩიანი ხოხობი დააყოლეს და ფრინველის მწვადები მოაყოლეს.

თავჩაღუნული ზაალი დიდხანს სჭამდა ხლაპუნით და სდუმდა. მერმე თავი ასწია, ჭრელი ხელსახოცით მოიწმინდა პირი, ულვაში აიგრიხა და ისე შეხედა მთვლემარე მღვდელს, თითქო ეხლაღა შენიშნაო, და ცივი ხმით გამოაფხიზლა:

- მამაო აბრამ, გამოიღვიძეთ და მოისმინეთ. თქვენი წიტიანი ბალღი, ზურა ჰქვიან თუ ჯანდაბა, ძაან ავად გაგიზრდიათ. ქართული წესია, ერთი შეგირდს მისცხე და ხუთი გამზრდელსაო. - და გაჩუმდა.

- რა დააშავა, ბატონო? - დანჯღრეული ხმით იკითხა აბრამმა.

- ის დააშავა, რომ ეზოში შემომივარდა და გიგოლას გაარტყა. ახლა გომურში ზის. ხვალ გამოვიყვანთ და რაც დღევანდელებს დავაკელით, იმას შევუსრულებთ. ოღონდ ვნანობ, რომ ძაან ხნიერი ბრძანდებით, თორემ თქვენც წილი გერგებოდათ.

მერმე მღვდელს შეჰხედა და ოდნავ შეეშინდა. აბრამს სანთლის ფერი ედო, გულზე ხელი მიედო და პირს ძლივსღა აღებდა. მღვდელმა წამოიწია, ნაძალადევად გაიღიმა, სალამის ნიშნად თავი ჩაჰქინდრა, ძილი ნებისა უსურვა და ლასლასით გამოჩანჩალდა.

ოდნავ ღია კარებში ფიქრიამ შემოიხედა და მაშინვე გაბრუნდა. პატარა ოთახში მარინე ელოდებოდა და იქ შევიდა. არსენას საბედო ფერწასული იყო და თვალებში შიში ჰქონდა ჩასახლებული. ფიქრიამ გადაჰხედა, კრთომა შეამჩნია, მოეხვია და ოდნავ შეანჯღრია, თანაც ჩასჩურჩულა:

- აბა, დრო მოვიდა. წავიდეთ, თორემ ყარაულს გამოსცვლიან და დავიღუპებით. ჰა, რას მოდუნდი მოხარშული ლოქოსავით! რისა გეშინიან! გამაგრდი, გასწორდი! - ერთხელ კიდევ შეჰბერტყა.

მარინემ გაიღიმა, ძალა მოიკრიფა და უპასუხა:

- მე... მე მზათა ვარ... მე სულაც არ მეშინიან... წავიდეთ.

ოთახს თვალი მოავლო და ფეხაკრეფით გასულ ფიქრიას თვითონაც ფეხაკრეფით გაჰყვა.

* * *

კახელ როსტიას, მილიციელს, არსენას დოსტის უმცროს ძმას, ბავშვობიდანვე სჯერა კუდიანი, ქაჯი, სირინოზი, ეშმაკიც და ყოველგვარი მავნე სულიც. მან ისიც კი იცის, რომ ალი ნამდვილი მზეთუნახავია, რომ ოქროს თმა მუხლამდე სწვდება და ვაჟკაცს ადვილად ჰხიბლავს და იტყუებს.

მაგრამ მას ჯერ არც ალი უნახავს, არც ქაჯი, და არც სირინოზი. ახლა კი მთვარის შუქზე ცხადლივ დაინახა: ოქროსთმიანმა ალმა სულ ახლოს გაუარა, გაუღიმა და საჯინიბოს კუთხეს მიეფარა. როსტიას გული აუტოკდა. უკვე ოცდაორისა შესრულდა და ჯერ ქალის ტუჩების სიცხე არ უგრძვნია. თოფი მოიმარჯვა, ჩაახველა და საჯინიბოს კარს გასცდა, რომელსაც კუჭატნელმა სადარაჯოდ მიუყენა, თანაც უკან მოიხედა და გაიფიქრა: “ამ ტიელი კარისთვის გარედან კლიტე მაინც დაედოთ. მარტო რაზა რას უშველის! “

კუთხემდე მივიდა და გაიხედა. ალი თუ ქალი მეორე მხარეს კედელს მიჰყუდებოდა და ცას ათვალიერებდა.

- რომელი ხარ მანდა? - სუსხიანად ჰკითხა როსტიამ.

- შენ რა გეკითხება? - მოდუნებული ხმით უპასუხა ქალმა და მთვარეს არც კი მოაშორა თვალი.

- როგორ თუ არ მეკითხება? - იწყინა მილიციელმა. - სთქვი, ვინა ხარ მეთქი, თორე... - და ჩახმახი შეაყენა.

- აქ მოდი და გეტყვი. - მოესმა პასუხად.

როსტიამ სამი ნაბიჯი გადადგა და გააფრთხილა:

- სთქვი მეთქი.

- გეტყვი. ჯერ ეს მითხარი, შენ როსტია არა ხარ? - ჰკითხა ქალმა. მილიციელი გაოცდა:

- შენ საიდან მიცნობ?

- ალავერდობას გნახეთ შენცა და შენი ძმა სულხანიც.

როსტიას გაახსენდა, ალმა ყველაფერი იცისო, და მთრთოლვარე ხმით ჰკითხა:

- შენ თვითონ ვინა ხარ მეთქი?

- მე? მე... მართას მეძახიან...

- რას აკეთებდი ალავერდობას?

ქალმა ჩაიცინა და -

- განა არ იცი დღეობაში რას აკეთებენ? შენ გეძებდი და კიდევაც გიპოვე.

- რა ეშმაკი ხარ! - უთხრა როსტიამ და თანაც დაუჯერა, რადგან დაჯერება სწყუროდა. მერმე გაუბედავად მიუახლოვდა, გულდასმით შეათვალიერა და ჰკითხა:

- აქ რას აკეთებ ახლა?

ფიქრია ჯერ შეყოყმანდა და გამოუტყდა:

- შენს სანახავად მოვედი.

- ეჰ! - უნდობლად შესძახა როსტიამ და ხელი მკლავში წაატანა. - მართალს ამბობ?

გაგონილი ჰქონდა, ალს ცივი ხორცი აქვს და ამითი იცნობენო, ქალის სითბომ კი ჭაბუკს ელვასავით ჩაურბინა და შეაჟრჟოლა.

- მართალს ვამბობ, მაშა! - მიუგო ქალმა.

- მას აქეთ როგორ დაგახსოვდი? - ჰკითხა როსტიამ შემთბარი ხმით.

ქალმა მკლავი არ მოაშორა და უპასუხა:

- იმიტომ დამახსოვდი, რომ... გულში ჩამივარდი და დამახსოვდი.

- მაშ... - დაიწყო როსტიამ, მაგრამ ვეღარ დაასრულა. თოფი კედელზე მიაყუდა და ქალს ორივე ხელით მოეხვია. მოეხვია და მხურვალე ტუჩებით მიეტანა. მაგრამ ქალმა გაუცინა, გაუსხლტა - და - რა სულწასული ყოფილხარ! - უსაყვედურა.

როსტიას შერცხვა და შორიდან დაუწყო საუბარი.

შემდეგ სასიყვარულო კეკემალულობას შეუდგნენ. როსტია მიიწევდა, ემუდარებოდა, ემუქრებოდა, სწყევლიდა, ქალი კი ხელიდან უსხლტებოდა, თანაც იზიდავდა და ჰპირდებოდა, მაგრამ აცდევინებდა ხელებსა და ტუჩებს უშვერდა, მაგრამ მაინც ატყუებდა და ისევ ალოდინებდა.

- დასწყევლოს უფალმა, ალი ყოფილხარ! - იძახოდა ჭაბუკი.

- მაშ ვინ გეგონე? - იცინოდა ქალი. - ეხლაღა მიხვდი?

და რათა როსტია არ შეშინებულიყო და არ გაქცეულიყო, თვითონაც ეხვეოდა, თითებით ქოჩორს უვარცხნიდა და ისევ აყოვნებდა.

და იქამდე ალოდინა სანამ თოფმა არ დაიჭექა. და როცა დაიჭექა, ფიქრია ლანდივით გასხლტა, შინ შევარდა და თავი მოიმძინარა.

* * *

საჯინიბოში დრაგუნები და ზაალის ყმები შემოვიდნენ, ცხენები ალგეთზე ჩაიყვანეს, წყალი დაალევინეს, დააბრუნეს, ქერი მისცეს და გავიდნენ.

არსენამ კუჭატნელს მოჰკრა თვალი. მან გუშაგი გამოსცვალა, როსტია დააყენა და წავიდა. მას შემდეგ კარგა ჩამობნელდა და დიდი ხანი გავიდა. სოფელში კიდევ კარგა ხანს ისმოდა “გარმოშკას” ჭყვიტინი, “გეი გეის” შეძახილი, სტვენა და სალდათური -

Девки в лес, я за ними,

Девки сядут, я меж ними

Разгова-а-аривают.

ხოლო მეორე მხარეს მეორე გუნდი დუდუნებდა სევდიანად:

Ой между гор Ахалцих стоит...

ბოლოს სიმღერაც შესწყდა და საჯინიბოში მწვავე მოლოდინი ჩამოწვა.

არსენამ თოკი მოიტანა და წვრილ ბაწრებად დააშლევინა. შემდეგ ქეჩა აიღო და თექვსმეტ ნაჭრად დასჭრა. მერმე ჭრაქი ჩამოიღო, ქავთარა, როსტომი და ზურა გაიყოლა და ცხენებში შეერია. ოთხი ნასუქალი ცხენი აირჩია - დავითის შავი კვიცი, მაიორის თაფლა, ზაალის ფაშატი და მისივე ჯინიბი - და თითო ცხენს თითო მეგობარი მიუჩინა. გლეხებმა ცხენებს ფეხებზე ქეჩის ნაჭრები შემოახვიეს და წინდებივით შეუკრეს. მერმე ოთხივე შეჰკაზმეს, თავიანთ ალაგას დასტოვეს და დაბრუნდნენ. არსენამ მოსართავები გაუშინჯა, ზოგს მოუფონა, კარებთან აიტუზა და სმენა გაიმახვილა.

ზურა ჩაფიქრებული იდგა. შემდეგ არსენასთან მივიდა და გაუბედავად შეეხვეწა:

- ძია, მეც წამიყვანე.

არსენამ ქოჩორი მოუჩეჩა, მიიზიდა და უთხრა:

- ბიჭო ზურა. არა გრცხვენიან? ჩვენ იმიტომ მივდივართ, რომ ხვალ უნდა გაგვჯოხონ და იქნება ციხეშიც დაგვალპონ, შენ კი ჯერ არ გამშრალხარ, ჯერ ბარტყი ხარ და აქ უნდა დარჩე, დედას, პაპას და დათუნას უნდა უპატრონო.

- დათუნას რა პატრონობა უნდა? - ჰკითხა ჭაბუკმა.

- როგორ არ უნდა! ლოგინად ჩავარდა და იქნება ერთ თვეზე ადრე ვერც კი წამოდგეს. ჭკვიანი ბიჭი ხარ და დამიჯერე.

ზურა უხმოდ გატრიალდა. არსენამ გუშაგის ფეხის ხმას მოჰკრა ყური. მერმე მისი ხმაც მოესმა: “რომელი ხარ მანდა?” და რაღაც საპასუხო ჩურჩულიც გაისმა.

ერთი წუთის შემდეგ რაზამ ოდნავ გაიჩახუნა, კარი აჭრაჭუნდა და მარაბდელს მკლავებში მარინე ჩაუვარდა. ერთი მიიხუტა, მაგრამ უმალვე გაუშვა და მეგობრებს დაადგა თავზე.

- აბა, ძმებო, - დასჩურჩულა, - მშვიდობით!.. მალე გნახავთ... მხნედ იყავით, არ შემიშინდეთ.

ოთხსავე გაჯოხილს ჩაეხვია და ისე მოჰბღუჯა ხელები, რომ ძვლებმა ტკაცუნი დაუწყეს.

სევასტიმ ისედაც შავი სახე სულ მოიღრუბლა და ზედ მაზარა წაიხურა. კარპიჩამ ჩუმი სლუკუნი ამოუშვა და ალუღლუღდა:

- ჩვენ ვიგა გვიპატრონებს?.. ვიგა იქნება ჩვენი წინამზგოლი?..

- რუსო, იყუჩე! - შეუტია არსენამ და ერთხელ კიდევ მოეხვია. - მალე გნახავთ მეთქი და იცოდეთ, შორიდან ისე შევაფიცხებ თქვენს ბატონს, რომ სულ ქადებს გაჭმევდესთ და “მობრძანდი-მიირთვით” გელაპარაკებოდესთ.

პაპა მახარა ეხლაღა მიჰხვდა და შიშით ამოიხრიალა:

- შვილო, მართლა მიდიხარ?

- მივდივარ, პაპილო.

- სადა, შვილო?

- სადაც სამართალია.

- სამართალი არსადაც არ არის, შვილო. - ცრემლნარევ ხმაზე შესძახა ბებერმა.

- არ არის და მე გავაჩენ.

- შვილო, ყური მიგდე...

- მაშ რად გამომცადე? ეს ხელი რად დამაწვეინე! - მშვიდობით პაპილო!

იმასაც მოეხვია, დაჰკოცნა, ჭრაქი ჩააქრო, ცხენი აუშვა და ფეხაკრეფით გაიყვანა, ხოლო მეორე ცხენის სადავე მარინეს მიაჩეჩა და ისიც გაიყოლია. როსტომი და ქავთარიც მიჰყვნენ.

ქეჩის ნაჭრები ორ-სამ პირად იყო დაკეცილი და ფაჩუნიც კი არ ისმოდა.

ზურა ცხენსა და ცხენს შუა ჩადგა და გარეთ რომ გავიდა, განზე გასხლტა, ფიცრულ ღობეს ლანდივით გადაევლო და შინისკენ გაუტია.

როსტომმა კარი გადარაზა და თავის ცხენით ბოლოში მოექცა.

ჭიშკარში გავლა სახიფათო იყო, ამიტომ ცხენები სასახლეს შემოატარეს, რომელიც უკვე ჩაბნელებულიყო, და ჩატეხილი ღობით შალვა ბარათაშვილის ღია ეზოში გავიდნენ.

არსენამ ქვეით გაიხედა და ხევის პირზე, საცა დიდი გზა უცებ ეშვებოდა ალგეთისკენ, რაღაც ჩრდილს მოჰკრა თვალი. გამოტრიალდა და როსტომს ჩასჩურჩულა:

- იმ გზაზე დარაჯი სდგას. იქით არ წახვიდეთ, აგერ იმ ბილიკით ჩადით გაბაანთ სათიბში. იქიდან გაღმა გახვალთ და ქოტისის წისქვილთან მომიცდით.

- შენა? - ჰკითხა მარინემ და მკლავზე ჩამოეკიდა.

- მე ლურჯას წამოვიყვან.

- ლურჯა და შენი იარაღი საყარაულოშია. - უცებ მაღალი ხმით დაილაპარაკა მარინემ.

- სუ! - მიახალა როსტომმა და პირზე ხელი დაადო, ხოლო გაოცებულმა არსენამ ჰკითხა:

- იქ ვინ ჩაიყვანა, გოგო?

მარინე თითის წვერებზე შედგა, არსენა კი დაიხარა და ძლივს გაიგო:

ფიქრიამ გაატანა გარსიას.

- ქალია, ქალი! - მაღალი ჩურჩულით დაიძახა მარაბდელმა, ვენაცვალე თვალებშია.

- მაგდანამ კი გარსიას შენი იარაღიც ჩაატანინა. - დაუმატა მარინემ.

- ვენაცვალე მაგდანასაც!

და უცებ გულმა დაუკვნესა. “ფიქრიამ ყველა გაანთავისუფლა. თვითონ კი აქ დარჩა. გაუგებენ და... “

არსენას გულს ხმა რომ ჰქონოდა, მთელ სოფელს გააღვიძებდა. ოძელაშვილი მიხვედრილი იყო, მაგრამ ნამდვილად ჯერ არა იცოდა რა, და მარინეს ჩაუნიავა:

კარი როგორ გაგვიღე? როსტია რა იქნა?

- როსტია ფიქრიამ გაიტყუა.

- მაშ გასწით და მეც ახლავე დაგეწევით. - სთქვა და ზევით გაუხვია.

დიდ დაღმართზე ცხენები შეიკუმშნენ, უკან ფეხებზე ჩაიკეცნენ და გორაკის ჩრდილში შთაინთქნენ. არსენა კი გამობრუნდა და ორღობეს განიერი ნაბიჯით გამოჰყვა.

ყოველ სახლში რამდენიმე სალდათია ჩაბინავებული და აქა-იქ გზებზედაც დარაჯებია დაყენებული, მაგრამ არსენას შიში სხვა რამემ დასძლია: თუ ფიქრიას გაუგეს, ავი დღე მოელის, და თუ არ გაუგეს, მაინც შავი დღე მოელის. ზაალი არსენას ჯავრს მის ნათესავებზე ამოიყრის და ფიქრიას აქლემს ან არჯალ მაიორს მიუგდებს, ამიტომ არსენამ დას უნდა უშველოს: თუ ვინიცობაა შინ დაუხვდა, ხელს დაავლებს და წამოიყვანს. გარდა ამისა ქურდულად ვერ გაიპარება. დედ-მამას ერთხელ მაინც გადაეხვევა, ანუგეშებს და მერმე გადაიკარგება.

ყურშა ყეფით გამოექანა, მაგრამ მაშინვე დადუმდა და წკმუტუნით გაეხლართა ფეხებში.

არსენა დერეფანში შედგა და გაიფიქრა: “ყურშას ყეფაზე მიხვდებიან და გამოვლენ”. ერთი წუთის შემდეგ მართლა გამოვიდა მელანო და შვილს კისერზე მოეხვია.

- ფიქრია შინ არის? - მაშინვე ჰკითხა არსენამ.

- ბატონთან იქნება. ათი სალდათი ჩაგვისახლეს. - შესჩივლა დედამ.

- ათი სახარება გაუწყრეს ზაალს და მაიორსაც. ერეკლე და მამა როგორ არიან?

- აბა როგორ იქნებიან? სიცხე აქვთ და შფოთავენ.

- დედი, იცი რას გეტყვი? კარი ფიქრიამ გამიღო და ამიტომ იქნება ხვალ დილით დაიჭირონ.

- ვაიმე! - ამოიკვნესა მელანომ.

- სუ, კრინტი! გათენდება თუ არა, დაიბარე და მაშინვე გააპარე. ზურას, ბაჯიაშვილს ან სხვა ვინმეს გააყოლე. მუხათში ან ღოუბანში აიყვანონ და იქიდან ფარცხისს, ბირთვისს ან ბოგვში გადმოიყვანონ, იქ კი მე თვითონვე მოვძებნი და ვუშველი.

შემდეგ ვეება ქართულ დარბაზში შეიპარა. დედაბოძზე ჭრაქი ძლივს ჰბჟუტავდა. ოთხივ კედელს თითო ბუხარი ჰქონდა და შიგ ნავლწაყრილი ცეცხლი ღვიოდა. ბუხრების წინ სალდათები ხვრინავდნენ. არსენა განიერსა და გრძელ ტახტთან მიიპარა და ღვთისავარის ცალ თვალს შეეფეთა. გვერდით მიუჯდა, მოეხვია და ჩასჩურჩულა:

- მამავ, ჩემი ბრალია და ნუ დამემდურები.

- ღმერთმა მშვიდობა მოგცეს შვილო. - ჩურჩულითვე უპასუხა ცალთვალამ. - ოღონდ შენ მყავდე კარგად, თორე მე არა მიშავსრა. მალე ავდგები და ისევ ის ღვთისავარი ვიქნები.

- მე მივდივარ, მამა-ჩემო...

- გზა დამილოცნია, შვილო. იქაც სიმართლით ივლიდე, ღარიბსა და ბეჩავს გამოესარჩლებოდე. ამ ასპიტებს ხელში არ ჩაუვარდებოდე... ტყუილ-უბრალოდ არავის არ გააფუჭებდე და სახელს არ გაიტეხავდე... დრო-და-დრო ახლო სადმე ჩამოივლიდე, მოგვიკითხავდე... უშენობა ძალიან გაგვიძნელდება, მაგრამ... ეჰ, რაც არის, არის! შესრულდეს ნება ღვთისა... წადი, შვილო, წადი, თავს უშველე.

ხმა აუჟრჟოლდა და მიყუჩდა. არსენა ერთხელ კიდევ ჩაეხვია, ტუჩებზე მლაშე რამ იგრძნო და ძალიან გაუკვირდა, რომ ღვთისავარსაც ცრემლი აღმოაჩნდა. თვითონაც გული აუჩუყდა და გაიფიქრა:

“ეჰ, ავი რამ ყოფილა ე ტიელი სიბერე”.

მერე ძმას ჩაეხუტა და უთხრა:

- ერეკლე, ისევ შენი იმედით ვიქნები. აბა, მშვიდობით და მარჯვედ იყავით... მტერი არ გამიხაროთ და მოყმე არ დამიღონოთ.

და როცა გამოდიოდა, თვალები ნაცნობ სახეს მოჰკრა. ბუხართან ერთმა ვინმემ წამოიწია და გარეთ გამოჰყვა. არსენამ მიიხედა და მთვარის შუქზე კახელი დოსტი სულხანი იცნო.

“ჩემი დოსტია, მაგრამ ახლა სამსახურშია და, ვინ იცის, იქნება გული გამოუცვალეს” - გაიფიქრა და შედგა. შედგა და სულხანის ხელში დამბაჩა დაინახა.

“ისე მივახრჩობ, რომ დაძახებაც ვერ მოასწროსო” - გადასწყვიტა მარაბდელმა და ზედ მიადგა.

- ძმაო არსენ, გეტყობა გამოპარულხარ და გაქცევას აპირებ. - ჩუმად დაიწყო როსტიას ძმამ.

- მერე, შენ რა? - მკვახედ მიახალა ოძელაშვილმა.

- ისა რომ... მშვიდობით იარე და აი ესეც წაიღე... გამოგადგება. - და დამბაჩა გაუწოდა.

არსენა გაიბადრა.

“როგორ გამიავდა გული! ყველგან სიმუხთლე მელანდება”. - გაიფიქრა და სულხანს მოეხვია, თანაც გულმა ჩქმეტა დაუწყო, ვინაიდან გაახსენდა, რომ შესაძლებელი იყო სულხანის ძმა როსტია არსენას მეოხებით სასტიკად დასჯილიყო.

- ჩემი იმედი გქონდეს, ძმაო სულხან.

- მეც გაგიტან, ძმაო არსენ, - მიუგო კახელმა. - ოღონდ გული მეთანაღრება, რომ ახლავე ვერ მოგდევ. აბა, გზა მშვიდობისა!

ურთიერთს გადაეხვივნენ და დაშორდნენ. სულხანი ისევ შინ შევიდა, არსენამ კი მკერდიდან დედა ძლივს მოიგლიჯა და ისე წამოვიდა ბანებზე და ორღობეებში, რომ მისი სიარული სხვათა სირბილს უდრიდა.

* * *

მაგდანამ რომ პაპა აბრამი ზაალთან გაისტუმრა, გარსია გომში შეიყვანა, წალოს ჯურღმულიდან არსენას იარაღი გამოიღო, შავ მანდილში შეუხვია და დაარიგა:

- აბა, გარსი, ისე უნდა წახვიდე, რომ ძე ღვთისამ არ დაგინახოს.

- არხეინად იყავი, ძალო.

- დაიცა. აქედან ოძელაანთ ჩაურბინე. ჩემი ზურა იქ იქნება და გამოგზავნე.

ბალღი შეყოყმანდა.

- რა იყო, ბიჭო, რას მერიდები?

- ისა რომა... ზურა იქ არ არის.

- მაშ სად არის?

- ზურა იქ არის... არსენასთან... ისიც დაიჭირეს.

- დაიჭირეს? - და სიბნელეში ოდნავ შეტორტმანდა. - რად, როდის?

- იმად, რომ ნაბუშარ გიგოლას სცემა.

- გიგოლას?

და უცაბედი ელდა დედის სიამაყემ შეანელა: მისმა შვილმა მაიორისა და ბატონის “თვალ-ყურს” ნაბუშარ გიგოლას შეჰკადრა, ჩვიდმეტი წლის ჭაბუკმა მოზრდილი კაცი გალახა.

- მაგრა სცემა? - იკითხა ქვრივმა გულის მოსაოხებლად.

- ორჯელ გაარტყა და ორჯერვე წააქცია. - სიამით მიუგო ბალღმა და დაუმატა: - ისე სთხლიშა, რომ მეც კი მეტკინა.

- აქ მოიცა. ახლავე გამოვალ.

ქვრივი ოთახში შევიდა, თითო წყვილი ჭრელი წინდა და შავი პაიჭები გამოიტანა, გარსიას უბეში ჩაუწყო და უთხრა:

- მშვიდობაში ატარებდე. ეს ერთი და სხვა ათასი. აბა, ყოჩაღად იარე.

ზაალის მეჩიბუხე თითქო მიწაში ჩავარდა, მაგდანა კი შინ შებრუნდა და დათუნას მოუჯდა, რომელიც სიცხისგან უკვე უგონოდ იყო და შფოთავდა.

ქვრივს კაეშანი მოაწვა. დიდი ხანია ჭირს შეეჩვია, მაგრამ მასაქეთ რაც ქმარი დაეკარგა, ერთბაშად ესოდენი სიავე არ განეცადა. წეღანვე ჰგრძნობდა, რომ დათუნას გაჯოხვა და სალდათების ჩასახლება ახალი და დიდი ჭირის დასაწყისი იყო, მხოლოდ დასწყისი, მაგრამ არ ეგონა რომ ეს უჟმური დღესვე გაგრძელდებოდა. ახლა კი ზურაც დაუპატიმრეს, იქნება ისიც გააწვინონ საქვეყნოდ და...

და შავი ქვრივი დაფეთებულივით წამოიჭრა, წამოიჭრა და ისე მოავლო იქაურობას შემკრთალი თვალები, თითქო მშველელს ეძებდაო. მაგრამ ირგვლივ სიჩუმე იდგა და დამხმარე არსით არ ეგულებოდა. მეორე ოთახიდან სალდათების ჩურჩული ისმოდა, თითქო შეთქმულება ხდებოდაო.

დათუნა პირქვე ეგდო და ხშირად სუნთქავდა. კუთხეში სანთლის შუქი ფართხალებდა. მაგდანა დიდხანს იდგა გახევებული, მერმე ისევ ტახტზე ჩამოჯდა და თავი მწვავე ფიქრებს მისცა.

უცებ უკანა კარმა დაიჭრიალა. მაგდანა შეკრთა და -

- პაპილო, შენა ხარ? - წამოიძახა.

მღვდლის მაგიერ მოღიმარე სალდათმა შემოაბიჯა, ქვრივს პირისპირ დაუდგა და რაღაც უთხრა. მაგრამ ვერ გაიგო და ჰკითხა:

- არ მესმის... რა გინდა?

სალდათმა მაჯაში ხელი სტაცა და გასწია, თანაც იმეორებდა:

- იდი კნამ, იდი.

კარებში კიდევ ორი სალდათი იღიმებოდა, ქვრივი მიუხვდა, ხელი გამოსტაცა და კუთხეში გასხლტა, ის ორი სალდათიც შემოვიდა. ერთმანეთს გადაჰხედეს და სამნივე ქვრივს შემოეხვივნენ. მესამეს ხიშტიანი თოფი ეჭირა, უცებ ხიშტი ყელში მიაბჯინა ქვრივს და ჩაუსისინა:

- მოლჩი, სტერვა!

მაგდანამ ხიშტს ხელი აჰკრა, განზე გაუხტა და შეჰკივლა:

- მიშველეთ!

მაგრამ მაშინვე თავში რაღაც მოჰხვდა. თვალთ დაუბნელდა, გონი დაჰკარგა და ტახტზე გადავარდა.

სალდათები კი რიგში ჩადგნენ.

. . . . . . . . . . . . . . .

კარმა ხელახლა დაიჭრიალა. არავინ არ მიიხედა, ყოველივე დანარჩენი ერთ წუთში გათავდა. კარებიდან ვიღაცამ ისკუპა, ტახტზე მიყუდებული თოფი აიტაცა და იმავე წამს სანთელიც ჩაქრა. ჩაქრა, მაგრამ ოთახი ერთი წამით ხელახლა განათდა: ცეცხლის ელვამ სიბნელე გაარღვია და თოფის ქუხილმა სახლი შეაზანზარა. სანთლისა და ელვის მაგიერ მთვარის შუქი შემოიჭრა და ამ შუქზე ხიშტი ალაპლაპდა. ოთახში ვიღაც ლანდი ვეფხვივით დახტოდა და სწრაფი ხელით სთესავდა სიკვდილს. გმინვა, ხრიალი, მოკლე შეძახილი და ჩახუნიღა ისმოდა. შემდეგ ის ლანდი ისევე სწრაფად გავარდა, როგორც შემოიჭრა, ხოლო ოთახში სისხლის გუბე, შებილწული ქვრივი და სამი გვამი დასტოვა.

* * *

არსენამ რომ თოფის გრიალი გაიგო, გეზი შეიცვალა და ნაბიჯს მოუხშირა, უცებ ორღობის ბოლოში აჩრდილი შეეფეთა. ოძელაშვილმა დამბაჩა მოიმარჯვა და -

- რომელი ხარ? - დაბალი ხმით მიაძახა.

- ძია არსენ, - მოისმა მდუღარე ხმა, - მე ვარ, ზურა ვარ. - და ჭაბუკი არსენას მოეჭიდა მკლავზე.

- რა დაგემართა, ბიჭო? აქ საიდან გაჩნდი? ეგ რუსული თოფი სად გიშოვნია?

- იქ ვიშოვე... შინ. - წაილუღლუღა მაგდანას ბიჭმა და ხიშტიანი თოფი გადასაგდებად მოიქნია. არსენა ხელში მისწვდა და არ დაანება.

- დაიცა, ნუ გაგიჟდი. სთქვი, რა დაგემართა მეთქი?

ზურა სირცხვილისაგან ხმას ვეღარ იღებდა. ბოლოს წაილუღლუღა:

- სალდათი... სამი სალდათი შემომაკვდა... მივასწარი... ვაი მე, დედავ! - და არსენას მკერდზე აქვითინდა.

ოძელაშვილი უმალვე მიუხვდა და ისიც გაიგო რომ ეს ცრემლი და ცახცახი შიშისა კი არ იყო, არამედ სირცხვილისა. იქვე სალდათების ყაყანი და სირბილი ასტყდა. ხიფათი ახლოვდებოდა, მარაბდელმა ამიტომ ჭაბუკს აღარ აცალა და შეუტია:

- სუ, იყუჩე! მომყე!

ზურას მკლავში ხელი სტაცა და თითქმის მოიტაცა. სოფელი სიგანეზე გადირბინეს, თავქვე დაეშვნენ და საყარაულოსთან მიირბინეს. ლურჯამ შორიდანვე იცნო პატრონის ნაბიჯები და დაბმული ჭიხვინით მიეგება.

არსენამ კარი გამოაღო, ცხენი გამოიყვანა, იქვე კუთხეში გარსიას მიერ მოტანილი იარაღიც იპოვა, ზედ აისხა, უნაგირზე აისვეტა, ზურაც შემოისვა, ცხენი ადიდებულ ალგეთში შეაგდო და ხუთიოდე წუთის შემდეგ მეგობრები ზაალის წისქვილთან იპოვა.

- ამ ქალს რაღაც ღმერთი უწყრება. - უთხრა ოძელაშვილს მარინეს ძმამ როსტომმა. - ცხენზე მარტო ვეღარა ჯდება. თავბრუ ესხმის და არ ჩამოვარდეს.

- აბა მოიყვა. - უპასუხა გახარებულმა არსენამ და ზურას მოუბრუნდა: - შენ იმ ცხენზე შეჯექი. როსტომ, ის ფაშატი სადავით წამოიყვა. ეგეც გამოგვადგება.

მერმე მობრუნდა და გაღმა გაიხედა. მაღლა, ხევის ნაპირას, გორის თავზე, ზაალის სახლი ციხე-კოშკივით აღმართულიყო და ორთავ სართულში შუქი მოსჩანდა. არსენამ ორივე ხელი ლოყებზე მიიდო და საბრძოლველი საყვირივით დაიქუხა:

- ბა-რა-თა-შვილო-ო-ო!

ერთ სარკმელში მკრთალი ლანდი გადმოეყუდა. არსენამ რომ დაინახა, ისეთივე ხმით გასჭექა:

- ახლა კი მიფრთხილდიი, ბარათაშვილოო! დედას გიტირებ, დედასააა!

მერმე მარინეს დასწვდა, ბოხჩასავით აიტაცა, მუხლებზე დაისვა და ჩასჩურჩულა:

- გოგონი, მაგრა მომეხვიე. არ შეგეშინდეს. - და მეგობრებს შესძახა:

- აბა მომყეთ! ლურჯავ, მოდი!

მთვარის შუქზე ხუთი ცხენი გიშრის მძივებივით გაიჭიმა და ღამის დუმილი ოცი ფეხის თქარუნმა შეარხია.

ზაალ ბარათაშვილს არსენას მუქარა დამბაჩის გრიალივით მოესმა. თავზე ყალმუხის წოწოლა ქუდი ეხურა, პერანგზე ქურქი ესხა და შიშველი ფეხები სპარსულ ქოშებში ედგა. არსენას ხმა რომ მოესმა, გარეთ გამოვარდა და მაიორს შეეფეთა:

- მაიორ, დერჟი ნემუ! დერჟი არსენუ! - მიახალა და თითი ალგეთისკენ გაიშვირა. - ონ ტამ... იქ არის, იქა!

მაიორმა ადგომაც დაასწრო და საქმეც გააკეთა: ცხენების გარეკვაც შეიტყო, როსტიაც შეჰკრა და ფიქრიაც დააპატიმრა.

ზაალს რომ შეჰხედა, უდიერად გაუცინა და მიუგო:

- მინდორში ქარს ვინ გიჟი დაედევნება? ან ვისა ჰყავს ისეთი ცხენი, რომ ჩვენს ცხენებს დაეწიოს? სჯობია, კნიაზ, დაიძინოთ და არსენას სიზმარში დაედევნოთ. უეჭველად დაიჭერთ. ღამე მშვიდობისა.

ზაალმა ცოტა ხანს იყუჩა, მერმე ხელები გაშალა და უიმედოდ დაიძახა:

- ვეჟო, ასეთი ამბავი გაგონილა?! არსენა გამექცეს, სხვებიც გააბრიყვოს, მოახლეც მომტაცოს, ცხენებიც გამირეკოს და კიდევაც დამემუქროს? ბუნტია მა რა ჯანდაბაა!

- ბუნტია, შენი ჭირი მე, ბუნტი, - მიუგო შეშინებულმა მოურამა და კეფა მოიფხანა.

ნაწილი მეორე

თავი მეექვსე

არსენას ბუნა

მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს

ღმერთი როგორ წაახდენსა!

არსენას ლექსი.

ალგეთის ზეგანზე ხელუხლებელ უღრან ტყეში შავი ლეჩაქი თანდათან თხელდება. ღამის ბინდი ფეხაკრეფით მიიპარება და მკრთალ რიჟრაჟს გაზაფხულის გრილი სიო, ხავსის ნესტი, ხევხუვის ტენი და ათასნაირი ბალახ-ყვავილების მათრობელა სურნელი მოაქვს, რომელსაც თან ერთვის მძიმე სუნი სოკოსი და თრიმლისა, მურყანის და გვირილასი, მთის შროშანის და დუცისა.

სადღაც ქვეით ცის კიდურზე მტრედის-ფერი ზოლი ნელ-ნელა გაგანიერდა, გაწითლდა და ბოლოს მუქი ნისლიდან ჯიგრისფერი ბურთი ამოლივლივდა. ეს მზე ორბელიან-ბარათაანთ ეკუთვნისთ, რადგან იგი მათს მამულში ამოდის და მათსავე მამულში ჩადის.

წეღან ტყეში ჩამუნიც არ ისმოდა, შემდეგ კი აქა-იქ თითქოს ხელის ფათური, ფრთხილი წრიპინი, ნელი ფრატუნი და უცნაური ფუსფუსი გაისმა. მერმე მას თანდათან სასიხარულო ჟივილ-ხივილი, ტაშის მსგავსი ცემა, ონავარ ფრინველთა ყრიყინი, წვრილფეხა ნადირთა წკმუტუნი და უცნობ სულიერთა ფხაჭუნი და წივილი დაერთო, და როცა ჩამუქებულს ტყეში უცებ მზის ათასი თინათინიც შემონაკადულდა და შუქის ნიაღვრებად შემოიჭრა, ფრინველთა, მწერთა, ბოვრთა და მხეცთა გუნდები ერთ სულიერად გადიქცნენ, რომელიც ნიავთან ერთად სხივებში გიჟური სიხარულით ბანაობდა, დაძვრებოდა, დაჰქროდა, ნებივრობდა და ერთ მთლიან საგალობელს მღეროდა.

უცებ ამ საგალობელს ცხენების ფრუტუნი და ჭიხვინიც შეუერთდა და ზედ ძაღლის ყეფაც დაერთო. ყურშა მხიარული წკმუტუნით გამოხტა ნამიან მდელოზე და ვეება პეპელას დაედევნა. იქვე ბუჩქის ძირში კურდღელი და ბაჭია თბებოდნენ და მზეზე პირს იბანდნენ. ძაღლის ყეფაზე ჯერ ყური სცქვიტეს, მერმე ისკუპეს, ძაღლს ცხვირწინ გაუსხლტნენ და ხტუნვით შეუდგნენ მწვანე აღმართს. დაფეთებული ყურშა გაწაფებული მისდევს, მაგრამ თვითონაც ესმის, რომ ნაგაზი კურდღელს ვერ დაეწევა და, შერცხვენილი, მალე უკანვე ბრუნდება. შემდეგ ანაზდად ამოფრენილს ორ ფრინველს მისდევს - ბოლოშავასა და ბოლოცეცხლას, რომელნიც კაკან-სიცილით უსხლტებიან ტორებიდან და იქვე დეკაზე სხდებიან. ყურშა ერთ ხანს უნდილად ჰყეფავს ქვეიდან და შემდეგ ლამობს ჯავრი ციყვზე იყაროს, რომელიც კარგა ხანია აწვალებს მას, მაგრამ კურდღლის ნათესავი უჩამუნოდ არბის ბებერ წიფელზე და იქიდან მაიმუნივით ეღმიჭება.

ცაში არწივი ლივლივებს, მერმე ქვასავით ეცემა მიწაზე და აწივებული ცხოველი კლანჭებით ააქვს პიტალო კლდეზე, სადაც მას მშიერი მართვები ელოდებიან. გაოცებული ყურშა ერთ ხანს თვალს ადევნებს ფრინველს, მერმე კი, შერცხვენილი და თავჩაღუნული, ისევ იმ მუხნარის ბურვილში შედის, საიდანაც წეღან გამოვარდა.

იქიდან ბოლის ლურჯი ნაკადები ამოდის. უშველებელ ფესვების ხლართებში აქა-იქ ნაბდიანი ხალხი ჰყრია, თვითონაც შავ ფესვებს ჰგვანან და იმავე ფესვებივით სძინავთ. წუხელის გვიან დაბრუნდნენ. როცა ბნელ ღამეში ამ უზარმაზარ კორდს უახლოვდებოდნენ, მამალმა სადღაც შორს მეორეჯერ იყივლა.

შეფიცულები გუშინწინ სათარეშოდ გავიდნენ. ქვეშეთის გზა მოინადირეს, მდიდარ ჩარჩებს წაართვეს, ღარიბ გლეხებს მისცეს, თეთრ წყაროს და სამშვილდეს ჩამოუქროლეს და დავლად მხოლოდ აუცილებლივ საჭირო თოფის წამალი, იარაღი, საცვალი, თამბაქო, ქსოვილი და ამგვარი წვრილმანი ამოიტანეს. არსენაც იქ იყო, მაგრამ აღარ წამოჰყვა. ბანაკი და რაზმი ლაცაბიძეს ჩააბარა და თვითონ კი მარნეულის გზით წამოვიდა მარაბდისაკენ, იმიტომ წამოვიდა, რომ თავისი ბუნაგიდან გამოგდებული ნადირი ნიადაგ იმავე ბუნაგს დასტრიალებს ხოლმე.

ფრთხილი ლაშქარა აფრთხილებდა, დიდ გზაზე ნუ გავალთ, რადგან იგი ჯარით არის სავსე და მტერს მოვიზიდავთო, და იმავე მიზეზით არც მარაბდაში ურჩია ჩასვლა. მაგრამ არსენამ არ დაუჯერა და გუშინდელი თარეშით მტრის ბანაკი წამოშალა: - ჯარიც და მილიციაც, ქალაქიც და მაზრაც, თავადიც და მიკიტანიც, რომელიც ნიადაგ კუდში მისდევს ლაშქარს, როგორც მგელი ცხვრის ფარას.

გავარდნილები თავიანთი წინაპრებივით ცხოვრობენ, რომელნიც ტყე-ღრეში იხიზნებოდნენ, როცა ბარს მტერი დაიპყრობდა, ან ჟამი დაერეოდა. მათი დღე რიჟრაჟზე იწყება. ყველაზე ადრე ბელადი დგება და ყველაზე გვიან იძინებს. მორიგესაც არსენა აყენებს, გუშაგებსაც ისა სცვლის და როცა უკანვე ბრუნდება, მარინე უკვე ზეზე უხვდება.

ლაცაბიძე ცეცხლთან ტრიალებს, მეშთა ნასუქალ ცხენებს უვლის. ზურა ყველას ეხმარება და საბა დალაქი მჭრელ სამართებელს მართავს, რომელიც იმ დროს ქართულ ფოლადეულთან ერთად სახელგავარდნილი იყო ყველგან, მაგრამ შემდეგში, მრავალ სხვა ქართულთან ერთად, ისიც სადღაც გადავარდა.

ქოხები შორი-შორს არის გამართული. თუ ერთს ხიფათი დაატყდა, მეორე თავის დროზე მიეშველება. მაგრამ კარგ დარში “საწყალ ქალის” მარინეს გარდა მიწურში არავის სძინავს, რადგან ბუჩქნარი და მუხის ფესვები ჭერ-კედელზე უფრო საიმედოა.

იქვე არსენას მკლავის სისქო წყალი გადმოდის. რაზმელები წვერის გაპარსვის შემდეგ რიგრიგად იბანენ პირს და იმავე წყალს დილის ყავასავით მიირთმევენ, რომელიც იმდენად ცივია, რომ ერთ მიყუდებაზე ერთ მუჭასაც ძლივს სცლიან. ზედ ყველსა და პურს დაატანებენ, ჩობან-ყაურმას ამოიღებენ, გუშინდელ მწვადსაც დააყოლებენ, ბანაკს მიალაგებენ, ცხენებს მოუვლიან და საქმის ძებნას შეუდგებიან.

მაგრამ ტყეში საქმის პოვნა არც იმდენად ადვილია.

არსენა მრისხანე და მტკიცე ბელადი გამოდგა. გუშაგი ერთი წუთითაც ვერ ჩასთვლემს, ბანაკს ერთი გოჯითაც ვერავინ ვერ გასცდება და უკანასკნელ დროს ნებადაურთველად სუნთქვაც კი ძნელდება, რადგან ბელადი ისე ფრთხილობს, როგორც შევარდენი თავის ბუდესთან.

რაზმი “საქმეს” მოითხოვს, საქმე კი არსენას ხელებს, სახელს, თვალებს, ტვინსა და ყურს თხოულობს, ნამეტნავ კი სახელს, რომელსაც მარაბდელი ბიჭი თვალის ჩინსავით უფრთხილდება.

ზაალმა და მაიორებმა ეს ლუტი ძმები საბოლოოდ გააბოროტეს, რადგან ნადირივით გაჰყარეს ტყეში და ყველაფერი წაართვეს - ოჯახიც და მოკეთეც, შრომაც და სიყვარულიც, უფლებაც და სიხარულიც. არსენამ ეს კარგად იცის და ამიტომ არ გაწყრება, მაგრამ არც მოიწონებს, თუ ტყის კაცი ხანგამოშვებით ადამიანურს რამეს მოინდომებს. - ზედმეტს მიითვისებს, ქალსაც გაიხსენებს, ღვინოსაც მოისურვებს, სადმე სოფელში შეფერხდება და დავალებასაც შეაფერხებს. არა სჯავრობს ბელადი, მაგრამ ისეთ კილოზე იტყვის ორიოდე სიტყვას და ისე შეიკრავს წარბებს, რომ რაზმელს ისევ მისი ჭექა-ქუხილი და ლანძღვა-თრევა ურჩევნიან.

ამ სამ თვეში უცნაური ამბავი მოხდა. არსენა ქვეით მარაბდაში ლაცაბიძეზე უფრო ლაღი და ჩქარი მოსჩანდა, აქ კი თითქოს ერთმანეთი შესცვალესო: თანაშემწე ლაცაბიძე ფიცხობს, ყოველ დღე ახალ “საქმეს” მოითხოვს, მუდამ შარა გზაზე უჭირავს თვალი და თავადებზე და ჩაფარ-ბოქაულებზე თავგამწევი ცხენივით მიიწევს. ბელადი კი მძიმე ლაგამივით ამოედო ამგვარ საქმესაც და ლაცაბიძესაც. ერთ თარეშზე მთელ დღეს ჰფიქრობს, სამ დღეს ზომავს და ერთ კვირას უვლის გარშემო. სამაგივროდ უკვე გაზომილ-გადაჭრილ საქმეს ფოცხვერივით ასკდება და კამეჩივით აწვება.

არსენა ფრთხილობს, რადგან კარგად იცის, რომ ვინც პასუხს არ აგებს, ის ქურციკივით დახტის, ხოლო ვინც ვალს ჰკისრულობს, ის ზურგზე რკინის კედელს იკიდებს.

როცა ქვეით სადმე საქმე რამ გამოჩნდება და მზღვევართა საბუნაგეც დაიცლება, ბანაკში სადარაჯოდ დარჩენილს სამიოდე რაზმელს თავიანთი თავი კატორღაში ჰგონია. სამაგივროდ როცა თარეშის-შემდეგ იგი ხელახლა ივსება, რაზმს გამოულეველი მასალა ეძლევა: ისინი დაწვრილებით უამბობენ ერთმანეთს თუ ვინ როგორ ესროლა, ვინ როგორ დაჰკივლა, შეაშინა, მოიტაცა, შეუტიეს და შეუტია, გააქცია და გამოიქცა.

თარეშის შემდეგ რაზმი ისვენებს. ბელადები თათბირობენ.

ოძელაშვილი ამბობს, ტყუილა ჯდომას ტყუილი საქმე სჯობიაო. უსაქმო კაცი მალე მოდუნდება, დალაჩრდება, გამძორდებაო, და ამიტომ ნამდვილ საქმესაც იგონებს და გასართობსაც.

- ბიჭებო, თქვენ ენაგეთში ჩახვალთ და ქავთარაშვილს თივას მოუთიბავთ. დავრდომილია და ულპება - ეტყვის ხოლმე ერთ ჯგუფს. - შენ კი ფარცხისელ ქვრივს ბაბალეს შეშას ჩაუტან, მადლია... თქვენც პაპა სეხნიას მკაში მიეშველებით, თორე ავად არის და ცოდოა.

და რაზმელებიც გუნდ-გუნდად ჩადიან ქვეით - ხნავენ, მკიან, სთიბავენ და ქვრივ-ობოლს ათას წვრილმანში ეხმარებიან.

დიდი ხანია თრიალეთი გაუკაცურდა. ალგეთისა და მის ტოტების სათავეებში ორი დღის სავალზე ბოლიც კი აღარ მოსჩანს (მხოლოდ მთის წვერვალებზე დაცოცავს მეცხვარე, ისიც მხოლოდ გაზაფხულობით), ამიტომ ხმაურობა ბანაკსა და მიდამოში სულ უხიფათოა. და ბანაკიც ხშირად ხმაურობს: ხეს სჭრიან და ურმის თვლებსა და ხელნებს, ფიწლებსა და არნადებს, კევრებსა და ყველაფერს აკეთებენ, რაც კი გლეხის უბრალო მეურნეობას სჭირდება, აკეთებენ და საწყალ გლეხებს ურიგებენ, შეძლებულს კი პურსა და სანოვაგეში უცვლიან და არასოდეს შევაჭრების ნებას არ აძლევენ.

ზოგჯერ ცხრა მუხის ძირში დუდუკი ბუტბუტებს ან სტვირი და სალამური სლუკუნებს. დოლიც ბათქა-ბუთქით ბუხუნებს და მქუხარე ტაშიც ფეხდაფეხ მისდევს. რაზმელები დავლურსა და ლეკურს უვლიან, ერთმანეთს ეჯიბრებიან და საწყალ მარინეს ცეკვით სიქას აცლიან. ზოგჯერ კი თავს მოიგიჟიანებენ, ქალის ნაცვლად წრეში თვითონვე გავლენ და უფრო ხშირად კი კოჭლ კარპიჩას შეაგდებენ, რომელიც ქალივით იპრანჭება და უღრანი ტყეც გავარდნილთა სიცილ-ხარხარით ივსება.

მთის მყუდროებას ზოგჯერ ზურნის საჭიდაოც გაჰკვეთავს ხოლმე. ჭიდაობას არსენა მეთაურობს, მკერდ-მაღალი ტალიკი ბიჭები არსენობენ და მათ მიერ ნახმარი ფანდებით თვითონ ბელადსაც კი აოცებენ.

როცა აქა-იქ ბანაკისთვის ჭურჭელს, იარაღს და წვრილმანს აგროვებდნენ, არსენამ დათუნასგან წიგნებიც დაიბარა, რომელსაც ახლა მარინე ინახავს და ისე უფრთხილდება, როგორც არსენა თვითონ მარინეს და თოფის წამალს. წიგნის კითხვასაც თავის დრო აქვს. ძმები მუხის ძირში მოგროვდებიან, მარინეს შუაში ჩაისვამენ და სმენად გადაიქცევიან.

არსენას ცოლი მკაფიოდ და გრძნობით კითხულობს - ზოგჯერ კი ზეპირად უამბობს - როსტომის, ამირანის, ყარამანის, ვეფხის ტყაოსნისა და ციკლოპური დევების გმირულ თავგადასავალს. სულგანაბულ ძმებს ხანჯლებზე უწყვიათ ხელები და ვაჟკაცურ ამბებს აღფრთოვანებული კიჟინით ეგებებიან:

- აგრე, გენაცვალე მაჯაში!.. უუჰ, შენი ჭირი მე, შენი!.. მიდი... დაჰკა! ასჩეხე!.. აჰკაფე!

და წაკითხვის შემდეგ ლაცაბიძე როსტომობს, როსტომი ტარიელობს, ზურა ამირანობს, კარპიჩა კი ყველას დასცინის და მეოცეჯერ უამბობს პუგაჩოვის ამბავს, რომელიც უკვე ზეპირად იციან და იგი ისე იფუჩქნება და სივდება, რომ იმ ტყეშიც კი ვეღარ ეტევა.

მაგრამ მარინეს სამიჯნურო “ვისრამიანიც” აქვს, რომელიც მსმენელთა შორის ოხვრა-კვნესას იწვევს, და სიბრძნე-სიცრუისა და მელიას წიგნებიც მოეპოვება, რომლის კითხვასაც ისეთი სიცილ-ხარხარი მოჰყვება ხოლმე, რომ გაოცებული ყურშაც კი ფეთდება, ყეფით და წკმუტუნით დარბის და ამ ხალხის გაგიჟების მიზეზს ტყესა და ბუჩქებში დაეძებს.

როცა ყველა წიგნები და ზეპირი ამბებიც მოისმინეს, მარინეს შეეხვეწნენ:

- დაო მარინე, მეორეჯერაც წაგვიკითხე,.. გვიამბე.

და ერთხელაც რომ დაასრულა, ისევ დაუყვირეს:

- კიდევ წაიკითხე, კიდევა!

და ერთხელაც რომ დაასრულა, ისევ დაუყვირეს:

- თავიდან დაიწყე, თავიდანა!

მარინეც იწყებს და აღარ ახსოვს, მეხუთეჯერ კითხულობს თუ მეშვიდეჯერ.

ზოგჯერ მკითხველი ოდნავ შეფერხდება, მაგრამ ვინმე მსმენელი მაშინვე მიეშველება და ზეპირად აგრძელებს:

ხელში ნაჭერი მათრახი ჰქონდა უმსხოსი მკლავისა.

ნახეს და ნახვა მოუნდათ უცხოსა სანახავისა.

წიგნის კითხვას შაირობა და სალმუნობა მოსდევს და ვაჟკაცობის ქებას დასასრული აღარა აქვს. ზურაბს და ზოგ ჭაბუკს ყბებიც, ჯიბეებიც და უბეებიც შაირით აქვთ გამოტენილი, ექსპრომტით სალმუნობა კი მხოლოდ არსენას, მარინეს და “ლაყე-ბიჭს” ეხერხებათ. მარინეს მეტად მწვავე ენა ჰქონდა და მოსალმუნეს მაშინვე სჯაბნიდა და აწითლებდა. უკანასკნელი შეტაკება მოკლე და საბოლოო გამოდგა. ერთხელ ლაყე-ბიჭმა მოულოდნელად მიახალა:

წუხელისა სიზმარშია ბაბილოს ქვეშა მეძინა.

ქვეშ მეგო კარგი ორხუა, ზედ ღერებული მეხურა.

გვერდ მეწვა ქერა გოგონა მკლავი-მკლავ გადამეხვია.

წითელ ქურანზე ვიჯექი, ლურჯა მარქაფად მეჭირა.

ნახტომი ჯიხვი მომეკლა, ტახტაზე ჩამომეკიდა.

სთქვა და გაჩუმდა. ყველამ მარინეს გადაჰხედეს, რომელსაც ეს ლექსი უნდა გაეგრძელებინა. ტყის პოეტი ცოტა ხანს სდუმდა, შემდეგ სახეზე ცუღლუტი ღიმილი აისახა და მოუჭრა:

ნუ სტყუი, ბიჭო, ნუ სტყუი. საღორის კარსა გეძინა.

ქვეშ გეგო ჩალა-ჩულანი, ზედ ნაბდის ფიჩვი გეხურა.

გვერდ გეწვა ძაღლი ყურშაი, მკლავი ზედ გადაგეხვია.

წითელ ტურაზე იჯექი, მელა მარქაფად გეჭირა,

ნახტომი კუი მოგეკლა, კისერზე ჩამოგეკიდა.

ლაყე-ბიჭი ისე გაიქცა თითქო ქურდობაზე დაიჭირესო, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მარინეს ნესტარს ერთხელ კიდევ წააწყდა. მას ქისა დაჰკარგოდა, მთელი ბანაკი გადააბრუნა და ვერ იპოვა. თანაც ჰფიცულობდა, შიგ დიდი მარგალიტი იდოო. მერმე სუფრაზე გადასწვდა ტყის დას:

ვაჰ შენ, ჩემო ქისავ, ფერად ნარინჯისა!

შიგ ნადებო მარგალიტო, ფასო ხმელეთისა!

ქისა მარინეს ეპოვა. ლაყე-ბიჭს გადაუგდო და მიაყოლა:

ბიჭო, შენი ქისა ბუშტი არის თხისა.

შიგ ნადები მარგალიტი კვნიხი მარილისა.

ქისა მართლა ბუშტი გამოდგა, შიგ კი მარგალიტის ნაცვლად მარილის ნატეხი აღმოჩნდა. მასხარად აგდებულმა ლაყე-ბიჭმა სადილი ვეღარ დაასრულა და სალმუნობაც სამუდამოდ დაივიწყა.

დროგამოშვებით გაღმა სადმე ან მთის წვერზე თოფი დაიჭექებს, ზოგჯერ კი ზედიზედ სამჯერაც გავარდება ხოლმე.

პირველ ხანებში თოფის ხმაზე ან ყალბ განგაშზე მთელი ბანაკი მაშინვე აიშლებოდა და სამიოდე წუთში ყველა რაზმელი, თავითფეხამდე იარაღში ჩაჭედილი, თავ-თავის ალაგას ჩაჯდებოდა ხოლმე - ზოგი ჯაგში, ზოგი მუხის ტოტზე, ზოგი კლდის ნაპრალში და ზოგიც ჯებირ-საფარში, რომელიც უხვად ჰქონდათ წინდაწინვე დათხრილი. გუშაგი გუშაგობდა და მზვერავიც მზვერავობდა, მტერი კი არსად არა სჩანდა, მხოლოდ მერმე ირკვეოდა, რომ არსენა ნაღარას განგებ აკვრეინებდა, რათა რაზმის მზადყოფნა გამოეცადნა, თოფებს კი როსტომი და მისი გუნდი სცლიდა, რომელიც გაღმა ტყეში ან მაღლა მთაზე ნადირობდა. შემდეგ მათს თოფის ხმას თანდათან შეეჩვივნენ და ათიც რომ გავარდნილიყო ერთად, მონადირეთა ნასროლს სხვის ნასროლისგან მაშინვე არჩევდნენ.

მარინეს ძმა დაუღალავი მონადირე იყო და რაზმს მარტო ის ჰკვებავდა ხორცით. ხელცარიელი მხოლოდ მაშინ ბრუნდებოდა, როცა ბანაკი რამდენიმე დღით იყო მომარაგებული. მაშინ ჯორჯიაშვილი სადმე სოფელში დაეხეტებოდა, სადაც არსენას ათასობით ჰყავდა დამხმარე და მზვერავი, მორჩილი და ისეთი ერთგული, რომ ყველა მათგანი მარაბდელისთვის თუნდ ღმერთსაც შეეჭიდებოდა. იქიდან ჯორჯიაშვილს ახალი ამბებით გამოტენილი ყბები და სულის საფუვარით სავსე გული მოჰქონდა, რომელიც მოარულივით ედებოდა ბანაკს და ცეცხლივით მწვავე იმედით და ხანჯალივით მჭრელი რწმენით ჰკვებავდა.

მონადირეებს უფრო ხშირად შველი, ტახი, ჯიხვი და არჩვი მოჰქონდათ. დათვს ერიდებოდნენ, ტურა-მგელზე კი ტყვიას არ იმეტებდნენ.

როცა მონადირეებს ბედი არა სწყალობდათ და ბანაკშიც მარაგი გამოილეოდა, არსენა ზევით საბალახოზე ავიდოდა და მეცხვარეებს ეწვეოდა, რომელნიც თრიალეთის ზეგანზე ზაფხულობით ასობით იკრიბებოდნენ. მარაბდელის გამოჩენის ამბავი იქაურობას დეპეშასავით ედებოდა და მწყემსები ყოველი ბინიდან გამორბოდნენ და თანაც “ჩვენი არსენასთვის” საკლავს მოერეკებოდნენ. ეს მკაცრი და მიამიტი ხალხი, ტყავსა და იარაღში ჩამჯდარი, მამლის ყივილამდე ისმენდა არსენას ბასრ სიტყვას, ბავშვივით ოხრავდა და ეკითხებოდა:

- როდისღა დაგვიძახებ, ძმაო, როდის?

მეცხვარეები საქართველოს ყველა კუთხეში იფანტებოდნენ და თან ლეგენდა დაჰქონდათ ვინმე არსენაზე, რომელიც საცაა გლეხებს დაუძახებდა და თავისუფლებას, მიწას და სამართალს დაურიგებდა.

როსტომი აიმედებდა მათ და ბანაკში ათიოდე ჭედილა მოჰყავდა.

არსენას ნათლიმამა და მოზიარე ფარსადან ბოდბისხეველი თაფარავანის ტბასთან დაბინავებულიყო და ოძელაანთ სამასი ცხვარიც იქ მიერეკა.

ერთხელ როსტომმა დრო იხელთა, ოსმალეთის საზღვარს გასცდა და ფარსადანს ანგარიში მოსთხოვა. ბოდბისხეველმა კინაღამ ტირილი ამოუშვა და უთხრა, ოძელაანთ ცხვარი ზოგი მგელმა შეჭამა, ზოგი ყაჩაღებმა მოიტაცეს და დანარჩენიც ჭირმა დახოცა და კლდეზე გადაცვივდაო.

- თავი დაანებე. - უთხრა არსენამ ამის გამო როსტომს, - მამა-ჩემმა და ფარსადანმა იციან და როგორც უნდათ ისე გასწორდებიან.

ტყის ძმებს ხშირად აკლდებათ წვნიანიც და ნადირიც, ცხვარიც და ფრინველიც, და არსენას საბუნაგოში დიდი მარხვა იწყება: მაშინ ძმები ზედიზედ რამდენიმე დღეს სჭამენ ხმელ თევზს, ბოღლამოს, სისირს, ღვინოში ამოვლებულ პურს ბოღლიწოს, სირსვალს, შინდის შეჭამანდს, ღოლოს, ლობიოს, ქუმელს, და თან ლაცაბიძეს უღრენენ.

მზარეული თვითონაც იღრინება და ჰბურტყუნებს:

- თქვენი დედა ხომ არა ვარ, ბოშო, რომ კიდევაც გიშოვოთ, კიდევაც მოგიხარშოთ და კიდევაც პირში ჩაგიყაროთ. მიშოვეთ რამე და დაგიმზადებთ.

და რაზმელებიც შოულობდნენ - ნადირობით, ქურდობით, ტაციობით, ხარკით, ძღვენით და შემოწირულებით.

არსენას თავის რაზმის უსაქმურობისა და დაზანტებისა ეშინიან, მან იცის, რომ უქმი და ზანტი კაცი ან გაჯიბგირდება (თუ ლაჩარია), ან გაყაჩაღდება (თუ მარჯვეა) და ამიტომ ის მუდამ ცდილობს ყველას საქმე გაუჩინოს.

ყოველ დილით, ბანაკი რომ დალაგდება, მედოლე და მებუკე მწვანე ფორზე გავლენ და დოლს ბარაბანსავით ააბრახუნებენ და თან ბუკს დააყვირებენ. აკვართული ძმები სამიოდე წუთში ლარივით ჩამწკრივდებიან ფორზე. არსენაც გამოდის და კარპიჩას შემწეობით პატარა რაზმს სულ წესზე სწვრთნის:

- ერთი, ორი! ერთი, ორი! მარჯვნივ! ერთი, ორი! მარცხნივ!

და თანაც მათთან ერთად დაალაჯებს, ოფლს იწურავს, იცინის და თავს იმართლებს:

- ვინ იცის სად გამოგვადგების!

ცოტას რომ შეისვენებენ, ცხენებს გამოიყვანენ და ჯირითობენ: ზედ რკალივით გადადიან, ნავარდით მიჰყავთ და თითონაც ფეხდაფეხ მისდევენ. გაჭენებულ ცხენებს უნაგირს ჰხსნიან და ისევ ჰკაზმავენ, ჰღლიან და იღლებიან, ისვენებენ და ახალ ვარჯიშობას იწყებენ: ხანჯლის შვილებს ამოიღებენ, ათიოდე ნაბიჯზე ესვრიან ხეს და შიგ არჭობენ.

თოფის წამალი და ტყვია ძნელი გასამეტებელია, მაგრამ რადგან ზოგი ახალმოსული კარგ მსროლელად ვერ ჩაითვლება, ამიტომ ქავთარი და მცირე გუნდი ხშირად რჩებიან მოლზე და ვარჯიშობენ - ნიშანში ესვრიან, მერმე კი ისევ ბანაკს უბრუნდებიან და ქალამნებს ჰქსოვენ, ჭურჭელს ჰხეხავენ, იარაღს ჰფერავენ. საცვალს რეცხავენ და მზარეულს, ხაბაზს, ჭონსა და მეჯინიბეს ეხმარებიან.

ყველაზე მეტი საქმე მარინემ გაიჩინა. როცა რაზმელები სავარჯიშოდ გავლენ, მარინეც ბანაკს გასცდება და სამკურნალო მრავალძარღვას, მარგალიტას, თვალურას, რძიანას და ათნაირ ბალახს აგროვებს. მერმე ახმობს, ხარშავს, ნაყავს, ერთმანეთში ურევს და მალამოებს ამზადებს.

ქალ-ექიმბაშს უკვე დაჭრილიც ჰყავს და ავადმყოფიც. მან მკურნალობა კნეინა ხორეშანისგან ისწავლა და თავის საქმეს თავგამეტებული ერთგულებით ასრულებს.

როცა არსენამ პირველად გაუშალა ნაბადი მუხის ძირში, როცა ზედ პირველად გააგორა მარინე და თვითონაც მიუგორდა, მარინეს ეგონა, ამ მწვავე სიტკბოებას დასასრული აღარ ექნებაო. მაგრამ ტყის კანონმა მალე მიახვედრა, რომ გახიზნულთა ბუნაგში დედაკაცს, ისიც ერთად-ერთს, გაცილებით უფრო მეტი საქმე უნდა ჰქონოდა, ვიდრე კნეინა ტასოს მოახლეს ჰქონდა.

რამდენიმე დღის შემდეგ არსენას ცოლმა თავის გამწყრალი დედის სახლიდან ხურჯინით ამოატანინა მატყლი და ძაფი, ხორბალი და საჩეჩელი, ხელწალი და საპენტელი, სართავი დაზგა და საკერებელი, ნემსები და ქარგა, და იმ დღიდან მის ხელსაქმეს, მალამოების ზელას და არტაშანების დამზადებას ბოლო აღარ უჩანდა.

რაზმელები თავს ევლებოდნენ და მუდამ ხელებში შესცქეროდნენ, რათა ყოველი მძიმე საქმე ჩამოერთმიათ მისთვის და მხოლოდ ქალური დაეტოვებინათ, თანაც ასე ეღრიჯებოდნენ ხოლმე:

- დაო მარინე, პერანგი დამეხა.

- პაიჭი დამერღვა.

- ღილი მომწყდა.

და ტყის დაც უკერებდა, უქსოვდა, უქარგავდა, დობას უწევდა და ეუბნებოდა:

- ძმებო, თუ გაქვთ რამე შესაკერი ან დასაკერებელი, მოიტათ.

ძმებსაც მიაქვთ, გარშემო უსხდებიან და ზოგჯერ საათობით ესაუბრებიან. უამბობენ საკუთარ ვარამს, თავგადასავალს, ზღაპრებს და თანაც ხარბად სვამენ მის ცისფერ თვალებს, სადაც მუდამ და-ძმური სიყვარული და სუფთა ნდობა ლივლივებს.

ბელადის ცოლი ძმებსაც და-ძმურად უყვართ და ამ სიყვარულში ისეთი რამე ურევია, რაიც ტკბილად სტანჯავს გავარდნილებს, აფორიაქებს და ძილს უფრთხობს, მაგრამ ყველას მაინც სუფთა სინდისი აქვს, რადგან იმ რაღაცაში ერთი ბიწიერი ბეწვიც კი არ ურევია. უყვართ და ამ ხვაშიადს არა თუ ერთმანეთს, საკუთარ თავსაც კი არ უზიარებენ, რადგან მეგობრის ცოლი საკუთარ დედაზე უფრო უბიწოა და ურგები. და რადგან უყვართ, ამიტომ კიდეც ზრუნავენ მისთვის. ვინმე მათგანი ისე როგორ დაბრუნდება ბანაკში, რომ მოვი ან შეიდიში, ხილი და ტკბილეული, იაფი სამკაული და საამური რამ არ მოუტანონ. ამიტომ “ჩვენი დის” ქოხში მუდამ მოიპოება: ხილი და ალვახაზი, ყანდის შაქარი და გოზინაყი, ფალუსტაკი და ქადა, ფელამუში და ყოველგვარი ტკბილეული, რომელსაც თვითონაც ციყვივით ახრამუნებს და ძმებსაც ურიგებს ხოლმე.

არსენამ დაიჟინა, ჩემი ცოლი მე უნდა მგავდესო. სანადიროდ დაჰყავდა, ხმალს აწვალებინებდა, აჯირითებდა და ერთხელ ხელში თავის ვეება თოფიც კი ჩასჩარა და გაასროლინა. კონდახმა შეგირდს ისე მაგრად დასცა ფაფუკ მხარში, რომ მარინე მიწაზე დაეცა და ნატკენი ალაგიც ძლივს დაიდუმა.

ქმარი ცოლის გაამორძლებას მაინც არ იშლიდა, მაგრამ ბოლოს ბუნება მასზე უფრო ძლიერი გამოდგა. მან არსენას ხელი ააღებინა მარინეს წვალებაზე და “საწყალი ქალი” თვითონვე დაიჩემა.

მარინეს და ბუნებას ურთიერთისთვის რაღაც იდუმალი თილისმა აქვთ. ერთმანეთს იზიდავენ, ხიბლავენ, ჩურჩულებენ, ერთიმეორეში იღვრებიან და ერთმანეთს მუდამ ფეხდაფეხ დასდევენ.

იქვე ახლოს ყაფარი კლდე აყუდებულა, იქ ნიადაგ არსენას მჭრელ-თვალა ებგურია ასვეტილი. ზემოთ კი ტყის ტალავარი თავდება და ისეთი საძოვრები იწყება, რომ ასფეროვან ყვავილებში მარინეს თავიც კი მოძრავი ყვავილივით მოსჩანს ხოლმე.

აგერ დაკლაკნილი დეკა. “ერეკლემ სთქვა: ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, რომ დეკაზე ნახუხი მწვადი აღარ მაჭამა და ზედ თოვლის ნაჟური არ დამალევინაო”.

არსენამ ეს თქმულება გაიხსენა და სცადა: დეკას ცეცხლზე არჩვის მწვადი შეხუხა, ტყის ძმებს აჭამა და ზედ თოვლის ნაჟური დააყოლებინა. და მას შემდეგ ტყის ძმები სხვანაირად შემწვარ მწვადს აღარ ეკარებოდნენ.

აქა-იქ არყი და ცირცელი გაბნეულა. დაბალი კეწერა მიწაზე გართხმულა. მთის მოცვი, ჟოლო, მაყვალი, უფრო ქვევით კი - პანტა, მაჟალო, კუნელი, ზღმარტლი, ისრიმი, თიმელი, შინდი, თხილა, წიფელი და კაკალი - ყველა თავის დროზე დამწიფდება, გამოდგება და იჭმევა, ახლა კი მარინეს ყოველ არდაგით მოაქვს ბეგქონდარა და ღანძილი, სოკო და კვერცხი, მოაქვს და ამბობს:

- აჰა, ძმებო, შეგერგოთ.

მწვანილ-ბალახეულის გარდა კალთაში სურნელოვანი ყვავილებიც უყრია: მთის შროშანი და დიყი, ქარცხვი და ასკილი, მთის კრაზანა და ზამბახი.

მის ქოხს მუდამ საამური სურნელი ასდის, ხოლო დიასახლისს თავსა და მხრებზე ყვავილების აკიდოები აქვს დაყრილი და თაიგულის ლანდალივით დაჰბორიალებს.

ტყის დას ზოგჯერ მყრალი დიდფოთოლა დუციც მოაქვს და ამ “მთიულების კიტრითაც” ჰკვებავს ხოლმე თავის ძმებს.

შხამაც გამოსადეგია: მის ბოლქვებს მოხარშავენ და ქეციან ცხენებს უწამლებენ.

არც მთის კრაზანაა დასაწუნი. მას დახალული ნიგვზის სუნი ასდის და ჩაის მაგივრობას გასწევს.

წართხალიც გამოდგება, ხურტკბილიც, შავი ხუნწიც და მრავალი სხვა ყვავილიც, ბოლქვიც და ნაყოფიც - ზოგი საჭმელად, ზოგი სამკურნალოდ და ზოგიც დედინაცვალ-ცხოვრების დასამშვენებლად.

სამხარი ან სადილობა რომ მოვა, მიწაზე მწვანე სუფრას გაჰშლიან - ვეება ფოთლებს დაჰყრიან - და გარშემო მოუსხდებიან. კარპიჩა ხმიადს მოარბენინებს, ლაშქარას გაცივებული ღვინო მოაქვს, მორიგე რაზმელი ყველს, მწვადებს და ზოგჯერ ხმელ თევზსა და ხილსაც გადმოჰყრის (მეგობარი მრავალი ჰყავთ და ძღვნად უგზავნიან) და იწყება სადღეგრძელო მათი გამარჯვებისა და მტრის გასრესისა, ბატონის დაქცევისა და გლეხის აშენებისა, ობლისა და ქვრივისა, ჩაგრულისა და საწყლისა, საქონლის ჯანღონისა და ისეთი მოსავალისა, რომ გლეხი იანვრამდე ჰკრეფავდეს და მაინც ვერ მოეკრიფოს.

ნასადილევს ოდნავ თვალის მოტყუება ოღონდაც რომ საჭიროა: ვინ იცის ბანაკს რა მოელის და რა სწერია ბედის კარაბადინში. იქნება ხვალამდე თვალიც ვეღარ მოხუჭონ ან სულაც ვეღარ გაახილონ.

საღამოს ჟამს ბანაკი ხელახლა ცოცხლდება. თამაშობენ ოთურმას და სალაობას, დამიკარას და ჩალიჩს, აგანგალას და ჩილიკაობას, თანაც ბალღებივით იცინიან, ოხუნჯობენ და ისევ ჭიდაობენ და მღერიან, მღერიან და ჭიდაობენ.

ღამე ფეხაკრეფით მოიპარება და ისე უცბად ატყდება იქაურობას, თითქო ქვეყანას სიბნელისგან მოქსოვილი და ვერცხლის თვალებისგან მოქარგული მანდილი გადააფარესო. ორიოდე ალაგას ქონის ფილთა და ნაძვის მკვარი ციმციმებს. მუხის ძირში ვინმე ზღაპარს ჰბურტყუნებს. ყველანი დაჭყეტილი თვალებით უსმენენ და ახალ-ახლებს იგონებენ.

მათი ზღაპარი მრავალფეროვანია, მაგრამ ყველა ერთ ღერძზეა შედგმული: ბოროტი მუდამ მარცხდება, კეთილი კი იმარჯვებს. ძლიერი იღუპება, საწყალი კი რჩება. ავი კაცი ადუღებულ კუპრში ვარდება, მართალი კი ბედნიერად ცხოვრობს.

დღე არ გავა, რომ ტყის ამბოკარებმა გული არ გაიღეღონ და ერთმანეთს მეათეჯერ არ გაახსენონ თავიანთი ვინაობა და თავგადასავალი, ტკბილი ბავშვობა და ყმაწვილობა, დიდი ვარამი და პაწია სიხარული.

მათი თვალის არე მხოლოდ სოფელია, მათი სიტყვა მხოლოდ მიწიდან მოდის, მათი აზროვნება მხოლოდ ბატონყმობაზე ტრიალებს და მათი გულიც მარტო გლეხებისთვის ჰფეთქავს.

ქალაქელს ხუთი გრძნობა აქვს, გლეხს კი ექვსი, და მეექვსე მიწის ალღოა. და ეს გრძნობა მათ საუბარსაც, ნატვრასაც და სიზმარსაც ოშხივარივით ასდის და ტყის სურნელი იღვრება. ტყის ხიზნები ისე პირს არ დააღებენ, რომ ხორბლის ნაკადივით არ გადმოუშვან დარი და მოსავალი, ბაღ-ვენახი და ხოდაბუნები, ნახირი და ტურა-მგელი, ცის თაღი და მიწის გული.

სოფლურ ამბებს თავისთავად მოსდევს გლეხური ნატვრაც: ნეტა ბატონყმობა გადავარდებოდეს და გლეხი თავის თავადად გადაიქცეოდეს. ნეტა მოხელეც წავიდოდეს და გლეხი თავის მსახურს თვითონვე აირჩევდეს. რა დიდებული გუბერნატორი იქნებოდა არსენა! ღვთისავარს სარდლად აირჩევდნენ, ლაცაბიძეს მდივანბეგად დანიშნავდნენ, როსტომი მსაჯულად გამოდგება, მეშთას ცხენოსანთა რაზმს ჩააბარებენ, კარპიჩა საუკეთესო მნე იქნება, ქავთარს ბოქაულობა დაჰშვენდება და ჭაბუკს ზურასაც იასაულობა მოუხდება.

მაგრამ ეს ხომ შორეული ამბავია! ახლა კი რა ბედნიერება იქნება, რომ ცოლიანები თავიანთ ცოლ-შვილს დაუბრუნდებოდნენ, უცოლონი კი საკუთარ ოჯახს აიშენებდნენ. რომ ქვეყანაზე სამუდამო მშვიდობა ჩამოვარდებოდეს და გლეხს თავის ნაოფლარის ნახევარი მაინც შერჩებოდეს. რომ გადასახადს აღარ გაიღებდეს და ძლიერი უღონოს აღარ დასჩაგრავდეს. რომ ნიადაგი მუდამ მაკე იქნებოდეს, საწველი საქონელი არ ბერწდებოდეს, არც ჭირი უჩნდებოდეს და ქურდი და მგელიც აღმოიფხვრებოდეს. რომ ცა და დედამიწა გასწორდებოდეს, გონჯი აღარ იბადებოდეს, ქვრივ-ობოლი აღარ იქნებოდეს, სიხარული ციდან ქვეით ჩამოვიდოდეს და სამუდამო ძმობა, ერთობა და თავისუფლება დამყარდებოდეს.

და განდეგილებს ნატვრის ჟამს შინ-დაბრუნების წყურვილი აწამებს. მაგრამ ხიდი სამუდამოდ ჩაუტყდათ და გაღმა გაბრუნებას ისევ ტყეში სიკვდილი ურჩევნიათ.

ასეთ დროს ტყე მწუხარებით ივსება. ბანაკს მძაფრი კაეშანი აწვება. ძმები ავად იღრინებიან და ისე დაჰბორიალებენ, თითქო ყოველ მათგანს ზურგზე ზირბითის კლდე აწევსო. ბოლოს მაინც ერთად იყრიან თავს და გაუძლებელ სევდას ისევ სევდიანი სიმღერებით იქარვებენ. ვიღაცამ მოიგონა და ამ ლექსს ნელ მაყრულის ხმაზე მღერიან:

სოფლიდან, შინიდან

გაგვთიშეს, გაგვაგდეს.

სიხარულ წაგვართვეს,

ამ ბუნაგს შეგვაგდეს.

ყველას პანაშვიდის იერი აწერია, თითქო შუაში ცხედარი უდევთ და ჰგლოვობენო. ზოგი მათგანი განზე გადგება ხოლმე და ქურდულად იხოცავს თვალებს. ყველანი ტირიან - ზოგი ცრემლით და ზოგიც უცრემლოდ, ტირიან და ბელადს ემალებიან, რადგან მას ჩამოშვებული ცხვირი და დარდიანი თვალები არ უყვარს.

ტყის ძმებს მაინც სხვებზე მეტად სწყურიათ ადამიანური ლაღობა, რადგან ბატონებმა ყოველივე ადამიანური აუკრძალეს და სიხარულის უფლებაც კი აართვეს. სწყურიათ და ხანდახან ამ წყურვილს, ცეცხლივით მწვავე წყურვილს, უღრან ბუნაგშიც კი იქრობენ ხოლმე.

ლაშქარა ქვეიდან რამდენიმე ტიკ ღვინოს, ნაზუქებსა და დედლებს ამოიტანს, როსტომი ზევიდან ჯიხვს, შველს ან ხარ-ირემს ჩამოიტანს და ბანაკი იმ ერთ ღამეს სიფხიზლესაც ჰკარგავს და სიფრთხილესაც ივიწყებს.

არსენას ნადიმი სუფრულით იწყება. შიგდაშიგ “შევსვათ წითელ-წითელი” და “მურმანო”, და “ცანგალა” მოსდევს. სიმღერას ზედ ერთვის დოლი და დუდუკი, ლეკური და დავლური, და ბოლოს, კარგად რომ შეღამდება, ცხრა მუხის ქვეშ ვეება კოცონს აანთებენ და მის გარშემო ქაჯურ ფერხულს ჩააბამენ.

ღვინო, ცეკვა და სიმღერა ჟინსა და წყურვილს ახურებს, სისხლსა და ხორცს ადუღებს და ბანაკის მძვინვარებაც ცეცხლმოდებული თივასავით მირბის, ედება, იზრდება და გიჟდება.

ფერხულს ორპირად მღერიან, კუდიანებივით დახტიან, ხაფი სმით ჰკივიან, ერთმანეთს აფიცხებენ და ურთიერთს პირიდან ლექსებს სტაცებენ:

შალვა ცხენს მოაგოგებდა, შავლეგო!

ვიწროსა და ავ ალაგსა, შავლეგო!

შალვას ცხენი წამოექცა, შავლეგო!

ვიწროსა და ავ ალაგსა, შავლეგო!

შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო!

კარპიჩას სმენა არა აქვს და უწყალოდ სტყუის.

- კარპიჩავ, გაჩუმდი! - უყვირიან ყოველ მხრივ, მაგრამ ამაოდ.

- გმერთმანი არ შემიზლიან გავჩუმდე. - უპასუხებს რუსი და მისი წვრილი ხმა მთელ გუნდს ჰფარავს.

ერთ გუნდს ჯერ არც კი გაუთავებია, რომ მეორე ართმევს სიტყვას და დგრიალით უჩქარის:

თავსა თურქი წამოადგა ვიწროსა და ავ ალაგსა.

- დამკარ, თურქო, რასა ჰშიშობ, თუ გული გაქვს მამაცისა?

დაჰკრა თურქმა, დასჭრა შალვა თეძოსა და ავ ალაგსა.

შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო!

შალვა, შენი ყაწიმები ლეკის წვივებზე ვნახეო,

შალვა, შენი თეთრი ჩოხა შავად შეგიხამებია.

შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო!

ერთი გუნდი მარცხნივ მიიწევს, მეორე კი გარს შემორტყმია მას და მარჯვნივ ტრიალებს. შემდეგ რიგს იცვლიან და ბოლოს ერთი მათგანი მეორეს სართულივით ადგება მხრებზე და ავი მხურვალებით შეპყრობილი ორივე გუნდი შლეგივით ჰბოდავს: “შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო! “

ჰბოდავენ და იმდენ ხანს უვლიან კოცონს, სანამ ქანცგამოლეულნი მუხების ფესვებში იმავე ფესვებივით არ ჩაეყრებიან და დაკლული ბუღებივით არ ახრიალდებიან.

იმ ღამეს მხოლოდ საწყალი მარინე ჰფხიზლობს: დილამდე დალასლასებს, ძმებს წყალს აწვდის, ნაბდებს ჰხურავს და ჰბურტყუნებს:

- ლოთებო! ყაჩაღებო! სალახანებო!

“სალახანები” მხოლოდ შუადღეს იღვიძებენ, იზლაზნებიან და თითო ხელადას კიდევ თხოულობენ. მაგრამ კმარა! გათავდა! ორიოდე კვირით მაინც გათავდა!

პირველ ხანებში ზოგ რაზმელს ძალიან უყვარდა ბნელ ღამეში გახსენება ალის და ქაჯისა, ეშმასი და კუდიანისა, მაგრამ არსენამ ავ სულებსაც შეუტია და მათს მონებსაც:

- ვისაც ქაჯი და ლანდი სჯერა, ვაჟკაცად ვერ გამოდგების. - განაცხადა მან და მოჩვენებათა განდევნას შეუდგა. შეუდგა და მალეც განდევნა: ავი სულების მოშიშარს ხშირად ჰგზავნიდა შუაღამეს ძველ სასაფლაოზე, მინგრეულ ციხე-კოშკებში, ან თავმინებებულ ეკლესია-მონასტრებში, რომელიც ირგვლივ ასობით იყო გაბნეული. ჰგზავნიდა და იქ ნიშნის დატოვებას აბარებდა.

მორწმუნე შიშით მიდიოდა და სიცილით ბრუნდებოდა. შემდეგ კი სიბნელეს დღესავით შეეჩვივნენ და ისევე სჯეროდათ კუდიანის და ალქაჯისა, როგორც მგელს - ჯოჯოხეთი და მეორედ მოსვლა.

კარგა რომ დაბნელდება, ბელადი ბანაკს ჩამოივლის, გუშაგებს გამოსცვლის, ყოველ წვრილმანს შეამოწმებს, უკანასკნელ ბრძანებას მისცემს და დაიძახებს:

- ღამე მშვიდობისა, ძმებო!

- ძილი ნებისა, არსენ!

და რაზმელები ნაბდებში გაეხვევიან და ხმელ მიწაზე ან ალერდზე კუნძებივით მიეყრებიან.

ტყე გრილი ნესტით სუნთქავს. ჰაერი სთვლემს. წყაროს ბურანი ერევა. სადღაც სირინოზი გალობს, სადღაც ალი ხითხითებს. ხევში როკაპი ჩიფჩიფებს. ხის ტოტებში მთვარე მოჰბობღავს. იქვე ტყის ნაპირიდან, საცა პიტალო კლდე იწყება, საქართველოს მორღვეული კარი - ბორჩალო და მარაბდის ველიც - ვეება ნისლოვანი ტბასავით მოსჩანს, ნამდვილი ტბა კი - კუმისი - მარცხნივ ვერცხლის მოლივით ლაპლაპებს და მისი ციაგი თრიალეთსაც კი სწვდება.

მოშავო და რბილი ცა ისე ახამხამებს უთვალავ თვალებს, თითქო ისინიც ტყის ძმების დარდით და სიხარულით ღელავდეს. შორს სადმე მგელი დაიყმუვლებს. ქვეით ხევში ერთი ტურა აქვითინდება, მეორე ჩაიცინებს და მესამეც აკვნესდება, და სადმე ზემოთ ვინმე ძმაც ატირდება:

აღზევანს წავალ მარილზე,

მარილს მოვიტან ბროლსაო,

ჯერ დედას გადავეხვევი,

მერმე შვილსა და ცოლსაო.

დროგამოშვებით ცხენი ჰფრუტუნებს. ყურშა ძილში ნადირს ეომება, ნაზმანებს დასდევს და ტყის ძმებიც ომობენ: სიზმარში უცნაურს ჰბოდავენ და ჰკივიან, ოხრავენ და უტევენ, მარცხდებიან და იმარჯვებენ.

ზოგი შვილს თუ უცინის, ზოგი ცოლს თუ ეალერსება. ერთი დანიშნულს ეჩურჩულება, მეორე კი ბატონს უღრენავს. ვინმე ხარ-კამეჩს ესაუბრება, ვინმე მკვდარს თუ დასტირის, ვინმე ურმულს ღიღინებს, ვინმეც სუფრულს გაიძახის და ზოგიც ბორკილის მსხვრევაშია.

ჭაბუკები ძილს ვერ ერევიან: ბნელ ჩრდილებსა და მთვარის ზოლებში ლანდებივით დაჰბორიალებენ და აღარ იციან, აღტაცებით იკივლონ თუ სიმწვავით იტირონ, ქვეით ბარში ჩაუცვივდნენ გოგოებს თუ გულმკერდი გაიფხრიწონ. თავი ქვას ახალონ თუ ხორცი დაიკაწრონ.

ზოგი გუშაგი მთვარეულივით მიიპარება, ზოგიც ქვის ძეგლივით ატუზულა.

შუაღამეზე ბელადი მოჩვენებასავით ჩაივლის და ისევ გაჰქრება.

ზოგჯერ მოულოდნელად ქარი დაჰქროლავს, ბანაკს ღრუბლის ნახირი მოასკდება და ირგვლივ ისე ჩაბნელდება, რომ რაზმელები ერთმანეთს ხელის ფათურითაც ვეღარ ჰპოულობენ.

მუხა ჰგმინავს, წიფელი ჰბურტყუნებს, თელა ჰკვნესის, იფანი შიშინებს, ხმელი ხე ჭრიჭინებს და ნედლი ოხრავს.

ტყე ჰქუხს და ტირის, სისინებს და ჰბღუის, შრიალებს და მოსთქვამს.

ბელადი კი მაინც მიიპარება. აყბედებულ რაზმელს გააჩუმებს, დარდიანს ანუგეშებს, გადახდილს დახურავს და ისევ გაიპარება.

ღრმა ძილშია და მაინც ჰფხიზლობს არსენას ბუნაგი.

* * *

იმ ღამეს, როცა არსენა გავარდა, მაიორმა თავის საკბილო საქმე იშოვა და თითისტარივით დატრიალდა, “ქარს მინდორში ვინ დაედევნებაო”, უთხრა დაფეთებულ ზაალს, მაგრამ თავის მხნეობის მოსაჩვენებლად არსენას მაინც მდევარი დაადევნა.

კუჭატნელზე უკეთეს მდევარსაც ვერ იშოვიდა. გიორგიმ თორმეტი ცხენოსანი დაარჩია, ლეკი გამზათიც გაიყოლა და ალგეთის ჭალებში თქარა-თქური ასტეხა. მაიორი კი თავდაპირველად გუშაგ როსტიას დაეტაკა და მისი მოტყუება რომ გაიგო, მაშინვე ფიქრიას შეუვარდა, ტანგახდილი გოგო საკუთარი ხელით წამოაგდო ლოგინიდან და როსტიას ჰკითხა:

- ეს იყო? ამან მოგხიბლა?

- ეგ იყო.

ორივენი მაშინვე დააპატიმრა და, რადგან ქართველებს აღარ ენდობოდა, დარაჯებად რუსები მიუყენა, თვითონ კი აწიოკებულ სოფელში გავარდა.

იქ უკვე ხშირი სროლა, კიჟინი, ქალების წივილი, ცეცხლის ტკაცუნი და ბალღების ღნავილი ისმოდა. შავი ლანდები ჭრაქებით და ჩირაღდნებით დაჰქროდნენ და გიგოლას მიერ ნაჩვენებ სახლებს ცეცხლს უკიდებდნენ. არლოვი ივანიჩას, ლომოვისა და მოზრდილი ამალის თანხლებით მირბოდა და მარცხნივ და მარჯვნივ სასიკვდილო ბრძანებას ისროდა:

- აჯანყება უნდა სათავეშივე ჩავაქროთ, თორემ მერმე გვიანღა იქნება.

და თანაც გაოცებული იყო, რომ აქამდის არ მოჰყავდათ შეიარაღებული ტყვეები, რომელნიც უკვე დასახვრეტად და ჩამოსახრჩობად ჰყავდა განწირული.

ხელქვეითები საწადელს მიუხვდნენ და დილამდე ერეკებოდნენ ბოსლებში ბებრუცანებს, დედაკაცებს, ჭაბუკებსაც და ორსულებსაც, ბრმასაც და ყრუ-მუნჯსაც. ყველაზე მეტ ერთგულებას მუდამივით გიგოლა იჩენდა. ივანიჩა მარდი აქლემივით დასდევდა. სალდათების თანხლებით რიგრიგად უვლიდნენ სახლებს და ყველას ბატებსავით მოერეკებოდნენ.

დათუნა, ღვთისავარი და ერეკლე საკაცეებით შეიტანეს საჯინიბოში და მელანოც იქ შეაგდეს. შემდეგ ისევ მღვდლის სახლს ეცნენ და ზურას მიერ დახოცილი სალდათები ფრთხილად გამოასვენეს.

მღვდელი აბრამი დიდხანს ანჯღრიეს და ტახტიდანაც ჩამოათრიეს, მაგრამ მაინც ვერ მოასულიერეს. ბოლოს გული გაუშინჯეს და სთქვეს:

- ჩაძაღლებულა. - და მაგდანას დაეტაკნენ. შებილწული ქვრივი თმებით გამოათრიეს გარეთ და მისივე თვალწინ მისი სახლი ჩალასავით ააპრიალეს, მერმე ის დედაკაცი კონდახებით გამოიგდეს წინ და იმავე გომურში შეაგდეს, საცა მამაკაცები იყვნენ დამწყვდეული.

სოფელი დღესავით განათდა, თონესავით გახურდა და სასაკლაოსავით აბღავდა.

ბოლოს ყოველმხრივ დაგზავნილმა მზვერავებმა ამბავი მოიტანეს ირგვლივ სიწყნარეა და მტერი არსად არ მოსჩანსო. მაიორი გაოცდა, რადგან ეგონა, მარაბდა უთვალავი ლაშქრით იქნება გარემოცულიო, და აღარ იცოდა, გახარებოდა თუ დაღონებულიყო. შემდეგ ნამდვილ საქმეს შეუდგა: ჯერ მაგდანას სახლში დახოცილი სალდათები იგლოვა, რომელთაც “ერთგულად შეასრულეს უწმინდესი ვალი და მოწამებრივ დასდეს თავი მეფისა და სამშობლოსათვის”. მერმე მოკლე პატაკები დასწერა, ჭორი, ტრაბახი და ბეზღი შეაზავა, ქალაქსა და ერევნისკენ შიკრიკები აფრინა, თავდადებულთა დამარხვის გრძელი წესრიგიც შეადგინა, ტყვეებით სავსე გომურები დაიარა, ძლევამოსილი ჯარიც შეათვალიერა და სწორედ იმ დროს დაბრუნდა ზაალის ეზოში, როცა ხელცარიელმა კუჭატნელმაც შემოალაჯა.

- დაეწიე? დაიჭირე?

- ხუთი სოფელი მოვირბინეთ, - მოახსენა გიორგიმ, - მაგრამ ჩემი ცხენები ლურჯას და თქვენს ცხენებს როგორ დაეწეოდა!

ის კი დაუმალა, რომ ზირბითის კლდესთან ერთმა უნიფხო ბიჭმა კუჭატნელს ხარის ბეჭი მიართვა, რომელზედაც ბატიფეხურად ეწერა: “თუ გული გერჯის, ამ სოფელს გამოსცდი. ჩვენ ოთხნი და თქვენ თოთხმეტი”.

კუჭატნელმა ბეჭი ხევში მოისროლა. გული ძალიან ერჩოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ზირბითის კლდეში თოთხმეტ მდევარს მარტო არსენაც ეყოფოდა, და ცხენს რომ ვეღარ დაეწია, უნაგირს დაეტაკა: დავლად მარინეს დედ-მამა და ნათესავები გამოირეკა და მაიორს მოჰგვარა.

- გომურში შერეკეთ! - ბრძანა მაიორმა და ზაალს გადარჩენა მიულოცა.

- რუსის მადლი აუწერელია, ვეჟო. - მიუგო უძილობით დათენთილმა ბატონმა და სოფელში გასასვლელად შეემზადა, თანაც დაურთო: - დარაგოი მაიორუ, უთქვენოდ ეს ტეტიები აღა მაჰმადზე უარეს დღეს დაგვაყრიდნენ.

იქვე სოფელ მუხათში ბარათაშვილს აზნაური ჯორაშვილი ჰყავდა, - უპატრონოდ გაზრდილი შვილი სახელოვანის ზაქარია ჯორაშვილისა, რომელმაც თავის დღენი ალექსანდრე ბატონიშვილს შეალია და “მიწის მგლის” სახელი მოიხვეჭა. მუხათელ მუქთახორას მეტსახელად “ცალყურას” უწოდებდნენ, რადგან...

რადგან ერთხელ, ხუთიოდე წლის წინათ, ამ ჯორაშვილმა ზაალს რაღაც აწყენინა. დიდმა ბატონმა ჯერ მრავალი იჭექა, მერმე უცბად დადუმდა და ფეხაკრეფით ჩავიდა ეზოში, სადაც მისი უკმეხი აზნაური მწვადებს სწვავდა მისთვის. ჯორაშვილი კვირაში სამ დღეს მაინც ატარებდა მარაბდაში, რადგან ზაალის მსახური იყო და მას ხელზე ემსახურებოდა, ყალიონს აწვდიდა, მოურავობდა და ლაცაბიძესაც კი ეჯიბრებოდა. შინააზნაური მწვადის შეწვას, კატლეტის მოხრაკვას და ჩიხირთმის მომზადებას არავის არ ანებებდა და მართლა საუცხოვოდაც აკეთებდა.

ეხლაც თავისი დაეჩემებინა და ბატონის განრისხების შემდეგ ეზოში ჩასულიყო და ცეცხლს მისჯდომოდა.

ზაალი ფეხაკრეფით ჩაჰყვა, მიეპარა, ხანჯალი ამოიღო, ჩაუქნია და ცალი ყური ცეცხლში ჩააგდებინა.

აკივლებული ჯორაშვილი სისხლის შესაყენებლად კნეინა ხორეშანთან ავარდა, ზაალმა კი ხანჯალი გაწმინდა, ქარქაშში ჩააგო და არხეინად წამოსთქვა:

- ჩავათალე ღორსავითა!

და როცა კნეინები გამოცვივდნენ და მოურავ-შინაყმებიც მოგროვდნენ, ზაალმა მტკიცედ განაცხადა:

- ვეჟო, ყმის ყურიც ბატონისაა და თავიც. მე მაგის თავი არ გავიმეტე და ყურიღა ჩავათალე, ამაზე მეტი რაღა გინდათ!

ჯორაშვილს მართლაც მეტი არა უნდოდარა: ბატონისგან ყურის მაგიერი უნაგირიანი ცხენი მიიღო და ერთგულებას მოუმატა.

ნამცეცობა-დღეს ავად იყო და ბატონის ნადიმს ვერ დაესწრო, მაგრამ როცა მარაბდაში ალი ავარდა, ცხენს მოაჯდა და ზაალს ეახლა, თანაც კეტებით და ხანჯლებით შეიარაღებული ყმები ჩამოუყვანა.

- ვეჟო, ბატონზე ყმის სამსახური არ დაიკარგება. - უთხრა გამხნევებულმა ზაალმა და ცალყურა აზნაური გვერდით ამოიყენა. მოიყენა და აკლებულ სოფელში გავიდა.

- ბატონო, ნუ გვღუპავ. ბატონო, რას გვერჩი. - ყოველმხრივ ისმოდა დამწვართა და შებილწულთა გოდება.

- ვეჟო, საიმისო რა მოხდა? - გაოცებით ეკითხებოდა ბატონი.

- საიმისო რა მოხდა, თქვენი დედა და მამა! - იმეორებდა ჯორაშვილიც და ყველაზე მათრახით მიიწევდა.

- ხემწიფეს ბეგარა მიეცით, ბატონისაც გადაიხადეთ და ყველაფერი გათავდება. - ურჩევდა ზაალი და ისევ გაოცებით კითხულობდა: - ამაზე მეტი რა გინდათ, ვეჟო?

- ამაზე მეტი რა გინდათ მეთქი, თქვენი დედა და მამა! - გაჰკიოდა ცალყურაც და ისევ მათრახს ატრიალებდა.

ასეთი რჩევა-დარიგებით ჩამოიარეს გადამწვარი სოფელი და შინ დაბრუნდნენ. ცალყურამ დაიმკლავა და მზარეულობას შეუდგა, ბატონმა კი ოდნავ თვალი მოატყუა, და, როცა წამოდგა, მაიორს სთხოვა:

- ვეჟო, დამწყვდეული შინაყმები არ წამართვა, ციხეში არ ჩაჰყარო, თორემ დამღუპავ და დამაქცევ, - და არლოვი ცხელ საუზმეზე მიიწვია, თანაც ეზოს გადასძახა: - ჯორაშვილო, სადა ხარ? მწვადი არ დასწვა!

- არხეინად ბრძანდებოდეთ, ბატონო.

გომურებიდან პატიმრები ზაალის საჯინიბოში გადმოიყვანეს, იქიდან ცხენები გამოიყვანეს, ჭრაქიც წაართვეს და ერთად-ერთი სანათურიც დაუბნელეს.

დიდი შენობა ისე გაიტენა ხალხით, რომ კარის შეღებაც კი გაძნელდა. შიგნით ქვესკნელისებური სიბნელე ჩამოწვა და საჯინიბო უზარმაზარ კუბოდ გადაიქცა, სადაც ასიოდე ცხენის ნაცვლად ხუთასამდე კაცი და ქალი ჩასჭედეს, ჰაერიც და სინათლეც დაუხშეს. აწივლებული ბავშვები პატიმრებმა ბაგებში ჩაჰყარეს, თვითონ კი ზეზე იდგნენ, ერთმანეთს ვერც კი სცნობდნენ, იწყევლებოდნენ, იმუქრებოდნენ, ურთიერთს უწმინდურებით სვრიდნენ და წყალსა და ჰაერს მოითხოვდნენ, მაგრამ პასუხად გარედან უშვერი გინება და მუქარაღა ესმოდათ.

ასე გავიდა რამოდენიმე საათი. ოხვრა კვნესად გადაიქცა, კვნესას ჩივილი დაერთო, ჩივილს ყაყანი მოჰყვა და ბოლოს ამ საერთო საფლავიდან გმინვამ და მუდარამ ამოხეთქა.

რათა კნეინები სასაკლაოს ბღავილით და ბალახის სიმყრალით არ შეწუხებულიყვნენ, ზაალმა თავის ჯალაბობა დილითვე ორბელიანებთან გაჰგზავნა კოდაში, კნეინა ხორეშანმა კი კარი ჩაიკეტა და მის სანახავად რამოდენიმეჯერ მოსული ზაალიც კი არ მიიღო.

ახლა აივანზე ოთხი დადიან ორ ჯგუფად. - ზაალი და დავითი, არლოვი და ლომოვი.

- შვილო, არ შეგვრჩება, გადაგვიხდიან, - ეჩურჩულებოდა ზაალი თავის შვილს.

- ფეხებსაც ვერ დაგვჭამენ, - და რუსის ჯარის მიერ ზურგმომაგრებული დავითი მარაბდელებს უარესსაც ჰპირდებოდა: - ისეთ დღეს დავაყრი, რომ ქალამანი და ჯინჭარიც კი ენატრებოდესთ.

- ბატონო მაიორ, - ჩუმადვე ეუბნება არლოვს კაპიტანი, - ჩვენი მიზანი გლეხების აკლება კი არ არის, არამედ ბეგარაზე გაყვანა და ხორბლის აკრეფა. ასე მიბრძანეს შტაბში.

- და თუ არც ბეგარაზე გადიან და არც პურს იძლევიან? - გესლიანად იკითხა მაიორმა.

- მაშინ, რასაკვირველია, ძალა უნდა ვიხმაროთ, მაგრამ... აბა ყური მიუგდეთ, მგონი მზათ არის.

და ყური მიუგდეს საჯინიბოს, საიდანაც გაურკვეველი ხმაურობა ისმოდა.

- ჩემს გამოცდილებას დაუჯერეთ მეთქი. ჯერ მზათ არ არის, - მიუგო არლოვმა.

ლომოვმა დაუჯერა და გაჩუმდა. ხმაურობა მატულობდა.

- მგონი მზათ არის. - დროგამოშვებით ამბობდა კაპიტანი.

- ეხლა კი მზათ არის, დავიწყოთ.

და დაიწყეს. საჯინიბოდან რამოდენიმე კაცი გამოჰყავდათ და თითო-თითოდ შეჰყავდათ მაიორთან, რომელიც აფიცრებით იყო გარშემორტყმული და ფაშასავით იჯდა გამოჭიმული. თითოზე თითო წუთი იყო გადადებული.

- ან ციმბირი, ან პური და ურემი. აირჩიე. - ეუბნებოდა გლეხს დავითის პირით მაიორი.

- მე, შენი ჭირი მე... წვრილი ცოლ-შვილი მყავს და არაფერი არ მაბადია, ამიტომა... - ლუღლუღებდა ცრემლ-მორეული გლეხი, მაგრამ სათქმელი ერთმაც ვერ დაასრულა:

- ხმა! კრინტი! - შეუტევდა ხოლმე დავითი. - ციმბირი თუ ღალა და ბეგარა მეთქი? ან ჰო, ან არა, სთქვი და გაათავე!

გლეხი ყოყმანობდა, ოხრავდა და ბუზღუნით ათავებდა:

- ციმბირს ისევ ბეგარა სჯობია. ცოლ-შვილს დავაგირავებ და პურსაც გიშოვით.

- თუნდ დააგირავე, თუნდ გაჰყიდე. ჩემი ღალები? - ჰკითხავდა დასასრულ ახალგაზრდა თავადი და გაროზგვის, აკლების და გაციმბირების მუქარით ჯერ დაპირებას ამოჰგლეჯავდა და მერმე გაუშვებდა. გადამწერი დაკითხულის ვინაობას ჩაიწერდა, გლეხი კი ქუდმოშვლეპილი გარბოდა, რათა თუნდ ცოლ-შვილიც დაეგირავებინა და პირობა კი შეესრულებინა, ან ცოლ-შვილიანად სადმე გადავარდნილიყო, ან კიდევ არსენა მოეძებნა, გვერდით ამოსდგომოდა და თავის დაღუპვის ანგარიში ბატონებისათვის როდისმე დაჟანგებულის ხანჯლის წვერზე მიერთმია.

ასე განახევრდა თანდათან საჯინიბო. მხოლოდ გაჯოხილები, მაგდანა, ფიქრია, დათუნა, ღვთისავარი, მელანო, ერეკლე და ოციოდე გაბედული და საეჭვო გლეხიღა დარჩა.

ეზოში სასწორი დადგეს და ჭირნახულის აწონას შეუდგნენ. გლეხები ორმოებს აცალიერებდნენ და უკანასკნელი სარჩო მოჰქონდათ. სახაზინო ხორბალს ცალკე ტომრებით აგროვებდნენ, ბატონისას კი დიდ ბეღელში ჰყრიდნენ. ვისაც საკუთარი ხორბალი არ მოეპოვებოდა, მას უკანასკნელი ძროხა, ხარ-კამეჩი ან ცხენი გაჰყავდა მახლობელ სოფელში და ჩალის ფასად ჰყიდდა, შემდეგ ოთხ მანეთად ყიდულობდა ხორბალს და მაიორს ექვს აბაზად აბარებდა.

მაგრამ ასეთი გლეხი ვაის რომ გაექცეოდა, მაშინვე, ვუის შეეყრებოდა. ხორბლის ვალს იხდიდა და უსაქონლოდ რჩებოდა, მაიორი კი ხვალ დილისთვის მის ურემსაც ელოდებოდა, რომელიც მოგროვებული ხორბლით და ათასნაირი საომარი მასალით უნდა დაეტვირთათ და ერევნისკენ გაეგზავნათ. გარდა ამისა ხვალ “კანონის” დღე იყო და მინდორში გუთანი უნდა გაეტანათ.

გუშინ მარაბდელები ანგარიშობდნენ, სამ გუთნეულზე მეტი არ დაგვრჩაო, ხვალ კი, როგორც სჩანს, ერთი გუთნეულიც აღარ დარჩებოდათ. გამძვინებული შიმშილი უკვე კარს უკაკუნებდა მათ. მაგრამ გლეხებს მისთვის აღარ ეცალათ და იმაზეღა ზრუნავდნენ, რომ შინ შემოჭრილი “ქერა ჭირი” როგორმე გარეთ გაეთრიათ და თვითონ კი ჭალებსა და მინდვრებში გასულიყვნენ საბალახოდ, სადაც დღეს ან ხვალ ყლორტიც უნდა ამოსულიყო და ბოლქვიც უნდა გაჩენილიყო.

როცა მაიორმა მარაბდა მოდრიკა, ჯერ პატარა რაზმებად დაჰყო და მახლობელ სოფლებსაც შეუსია. მარაბდელების აკლების ამბავი შორს გაფანტულიყო და გლეხობა უკვე გაეტეხა სულიერად, ამიტომ მეორე დღიდანვე იქიდანაც იწყო დენა ხორბალმაც და ურმებმაც. რაზმების მეთაურები მაინც ჩიოდნენ, უამრავი ხალხი გაიხიზნა და მდევარი დავადევნეთო. გლეხები დრაგუნებისა და ყაზახების მოახლოვებაზე ცოლ-შვილიანად გარბოდნენ ტყეში, ხოლო ბებრებს, საქონელს და წვრილმანით დატვირთულ ურმებს მდევარს უტოვებდნენ სადავლოდ და რადგან ასეთი ნადავლი ჯერ არსად არ იყო აღრიცხული, ამიტომ მდევარი მას იქვე სადმე ჰყიდდა და ამგვარი ვაჭრობით და ცარცვა-გლეჯით მიიწევდა წინ. აქა-იქ ზოგი თავმომწონე ახალგაზრდა მაინც წინ აღუდგა მოთარეშეს და ალგეთის ხეობა დროგამოშვებით დამბაჩების ბათქით და თოფის გრიალით ჰქუხდა, ცეცხლი კი მხოლოდ ხუთიოდე სოფელში ავარდა.

მაიორმა სული მოითქვა და სამართალს შეუდგა. ომიანობა იყო და როსტია-გუშაგი სამხედრო სასამართლოს გადასცა.

სამი აფიცერი შეგროვდა. მათ შორის დავითიც ერია. ზაალის სახლში დასხდნენ. მდივნად მაიორის “თვალი” ივანიჩა-აქლემი მოისვეს და ბრალდებული შემოიყვანეს.

როსტია მეტად მორცხვი ჭაბუკი იყო და ეხლაც, სცხვენოდა ეღიარებინა, თუ როგორ გააბრიყვა ის უცნობმა ქალმა. ბოლოს მაინც აღიარა და ისე გაიღიმა, თითქო ყველაფერი გათავებულიყოს. მეოთხე აფიცერი მას ბრალს სდებდა, მაიორი კი განზე იჯდა, წითურ წვერს იწიწკნიდა და ისე უბღვეროდა მოსამართლეებს, თითქო მათ როსტიაზე უარესი სიავკაცე ჩაედინოსთ.

შემდეგ მოსამართლენი მეორე ოთახში გავიდნენ და სამიოდე წუთის შემდეგ უკანვე გამოვიდნენ. როცა თავმჯდომარე განაჩენს კითხულობდა, ყველანი ფეხზე იდგნენ და როსტიაც კონდახის წაკვრით ააყენეს. დავითმა განაჩენი ბორძიკით გადაუთარგმნა:

- რადგან დიდი დანაშაული ჩაიდინე... საომარი წესების დროს... ვინაიდგან... ამიტომ... დახვრეტა გამოგიტანეთ.

როსტიამ ისევ წეღანდელივით გაიღიმა. ამგვარი ღიმილით მხოლოდ ის იღიმება ხოლმე, ვინც მტკიცედ იცის, რომ მას ატყუებენ, იცის და თვითონაც ხუმრობს და მატყუარასაც ატყუებს.

როცა გაჰყავდათ, ისევ იღიმებოდა. მარანში რომ ამწყვდევდნენ, მაინც იღიმებოდა, ერთი საათის შემდეგ ისევ გამოიყვანეს და ალგეთზე ჩაიყვანეს.

“მაშინებენ” - ჰფიქრობდა კახელი და კვლავ იღიმებოდა.

რაც მარაბდაში ღარი დარჩენილიყო, იქ მოეგროვებინათ. განწირული მილიციელი პანტის ხეზე მიაკრეს. ის კი მაინც იღიმებოდა, თითქოს ამბობდა ვერა, ძმაო, ვერ მომატყუებთო.

მის პირდაპირს მილიციელთა რაზმი იდგა. როსტიას ყველა იცნობდა. მწყობრს თვალი მოავლო და ამათაც ჩაუღიმა, მაგრამ ღიმილი არავინ არ დაუბრუნა. ყველა ისე მოღუშულიყო, თითქო საერთო ძმას მარხავდნენო.

- დედ-მამასთან ხომ არაფერს დამაბარებ? - ჰკითხა მას მისმა აფიცერმა და მეზობელმა ჯორჯაძემ.

- რა უნდა დაგაბარო? - გაოცებით უპასუხა როსტიამ და დაუმატა: - სააღდგომოთ ვნახავ და თვითონვე ვეტყვი.

ჯორჯაძემ გაოცებით შეხედა როსტიას და გატრიალდა.

როსტიამ უცებ თავის ძმას სულხანს მოჰკრა თვალი და იმასაც გაუცინა. სულხანიც მწყობრში იდგა და ისეთი ფერი ედო, თითქოს ეს-არის ალგეთიდან ამოიღესო, იდგა და ვითომ იმასაც თოფი უნდა ესროლა ძმისთვის! ეს კი მეტის-მეტი იყო.

“არც ასეთი ხუმრობა ვარგა. - გაიფიქრა როსტიამ. - თუმცა, სულ ერთია, ჰაერში გაისვრიან, გამომცდიან, როგორი ვაჟკაციაო, და მერმე ამის მიხედვით დამსჯიან”.

სულხანი ვერხვივით თრთოდა. უმცროს ძმას რაღაც ეჭვი შეეპარა და შემზარავი ხმით შესძახა უფროს ძმას:

- ბიჭო, სულხან, ეს რა ამბავია? მართალია თუ მატყუებენ?

პასუხი ბარაბანების რახუნმა ჩაჩქმალა. აფიცერმა როსტიას საჩქაროდ აუხვია თვალები. ჭრელ ხელსახოცს რაღაც საამური სუნი ასდიოდა.

- მითხარი მეთქი, კაცო, მართალია თუ მატყუებენ? - ერთხელ კიდევ შესძახა როსტიამ და თვითონაც კანკალი აუვარდა.

დოლების რახუნმა ხელახლა ჩაყლაპა მისი ხმა.

იმ აფიცერმა, ვინც ამ სისხლიან ამბავს განაგებდა, მათი ძმობა არ იცოდა და სულხანის თრთოლა და ყვირილი უბრალო აღელვება ეგონა. ამიტომ მას მკაცრად დაუბღვირა და რაღაც მიაძახა. შემდეგ ოდნავ განზე დადგა და ამოღებული ხმალი ჩაიქნია.

ათმა თოფმა ერთად იგრიალა. ქუხილის ანარეკლი ჭალაში გავარდა. როსტიამ ჩაიჩოქა და თავი მოჭრილივით ჩამოიგდო, ხელები კი უკან ხეზე დარჩა აკრული.

ამავე დროს სულხანი ისეთი ბღავილით გამოვარდა მწყობრიდან, თითქო ნასროლი იმასაც მოხვედროდა. გამოვარდა და საოცარი სისწრაფით შეუდგა თავის თოფის გატენას, თანაც დაჭრილი დათვივით ჰბურტყუნებდა:

- ოოჰ, ძაღლებო!.. მხეცებო!.. მე თქვენ გიჩვენებთ როგორ უნდა უბრალო კაცის მოკვლა!

ნამდვილი მკვლელები დაფაცურდნენ, მწყობრი კი გაუნძრევლად იდგა და წეღანდელზე უფრო მეტად ცახცახებდა. მხოლოდ ერთმა შესძახა:

- ძმა მოუკალით და მა რა ჰქნას!

- დაიჭირეთ! შეჰკარით. - დაფეთდა მაიორიც და დამბაჩა იძრო.

სულხანი დაიჭირეს და შეჰკრეს. ის კი, გავეშებული და ჩოხაშემოგლეჯილი გაცოფებული კამეჩის თვალებით ჰბურღავდა მაიორს, ძალზე მიიწევდა მასზე და გარშემოხვეულ მეგობრებს ეხვეწებოდა:

- ძმებო, მიმიშვით! ერთი წუთით მაინც მიმიშვით!

შებოჭილი სულხანი იმავე მარანში შეაგდეს, საცა წეღან როსტია იყო დამწყვდეული, და თოფი გაუშინჯეს. იგი დაცლილი აღმოჩნდა.

როცა დამშვიდდა, გამოჰკითხეს, მაგრამ ნამდვილი ვერავინ ვერ გაიგო.

- არ ვიცი. - ეუბნებოდა ყველას. - მიბრძანეს და მეც ვესროლე. ვინ იცის, მოვარტყი თუ არა... თვალები დახუჭული მქონდა და მიზანში არ ამომიღია, მაგრამ... - და სათქმელს აღარ ათავებდა.

მაგრამ შესაძლებელია ძმამ ძმის სისხლი დაჰღვარა და ამიტომ დანარჩენ სათქმელს გულშიღა ათავებდა. მაიორმა მისი გასამართლებაც მოისურვა, მაგრამ ძლივს დააჯერეს, გახელებულიაო, და ხელი ააღებინეს. მაინც თავისას გაიძახოდა:

- მერმე რა, რომ ძმა იყო? რაკი ბრძანება მიიღო, ძმა კი არა, თავისი ცოლ-შვილიც უნდა დაეხოცნა და დედ-მამაც.

ოქმი მაინც შეადგინეს და მეორე დღეს სულხანიც ქალაქში გაჰგზავნა.

გაროზგილი დათუნა, ღვთისავარი და ერეკლე ურმებზე დააწვინეს. ხელშეკრული სულხანი, მელანო, მაგდანა და ათიოდე ბრალიანი და უბრალო კი ფეხით გარეკეს ქალაქისაკენ.

როცა კუჭატნელის რაზმით გარშემორტყმული პატიმრები დაძვრას აპირებდნენ, მაიორი აივანზე გადმოდგა და გაიბადრა. ფიქრია მიხვდა, რომ არლოვი მისთვის დაიღრიჯა და თითქოს ეუბნებოდა, ეხლა სადღა წამიხვალო. მიჰხვდა და ჯერ ძუ ფოცხვერივით შეუბღვირა და მერმე ზურგი შეაქცია. მისი დედა იცრემლებოდა. ფიქრიამ მელანო შეანჯღრია და შეუტია:

- დედი, რა გემართება! მტერი თვალებში გიცქერის და ნუ გაახარე.

მელანომ ცრემლი შეიშრო, მაგდანამ კი ფიქრიას მაჯაში მოუჭირა ხელი და უთხრა:

- აგრე, გენაცვალოს მაგდო. გეტყობა, რომ შენც არსენას ჯიშისა ყოფილხარ. - და ორი ქალი ისე დაიძრა, თითქო სასეირნოდ მიდენილიყვნენ.

ზაალმა ძლივს გამოსთხოვა არლოვს თავის შინა-ყმები - მეშთა, ლაცაბიძე, კარპიჩა და ლაშქარა. გამოსთხოვა და მალე ინანა, რადგან სამიოდე კვირის შემდეგ, როცა მათ ჯოხის ნაკრავი მოიშუშეს, ერთ ღამეს ყველანი არსენასთან გაიპარნენ და სხვებიც “გააბრიყვეს”.

პატიმრები რომ გაისტუმრეს, მეორე დღეს მარაბდაც დაცალიერდა. გლეხთა ხორბალი მათივე ურმებზე დაუდეს, მათივე ხარკამეჩი შეაბმევინეს და მათივე ხელით შორს ერევნისაკენ გაჰგზავნეს.

ასი წლის მახარა დაზოგეს და გამოუშვეს. შინ მშიერი კატის გარდა ერთი სულიერიც აღარ დაუხვდა. ყურშაც კი გაქცეულიყო. ერთად-ერთი მაკე ძროხა იმ დილას სალდათებს დაეკლათ, ორი ხარი და ერთი კამეჩი კი ერევნისკენ გაერეკნათ.

პაპა დირეზე ჩამოჯდა. დიდ ხანს იჯდა გახევებული. მერმე თავის გუთნისდედობა გაახსენდა და სოფელში გალასლასდა. იქ სამი დავარდნილი ხარიღა იშოვა. შემდეგ სოფელს დაუძახა. დედაკაცები და ბებრებიც იმ ხარებივით შეაბა და ამას წინათ გამართული გუთანი მინდორში გაიტანა -

მაინც გაიტანა, რადგან მარტო სიკვდილს თუ შეეძლო გლეხისთვის ხვნა-თესვაზე ხელი აეღებინებინა.

* * *

არსენამ ქვეშის გზიდან რაზმელები ტყის ბანაკში გამოისტუმრა, თვითონ კი შარა გზას გადაუხვია, რომელიც ომის გამო სალდათებით იყო სავსე, და ხრამის წყალს გავიდა, ბოლნისი გადასჭრა და თეთრი ხიდისა და ოფრეთის გზით სოფელ წერაქვისკენ გამოსწია. ამას წინათ აქედან მოყვარე ანდრია ბურნაძისგან საჩივარი მოუვიდა, ბატონმა მეტის-მეტად შეგვაწუხა და გვიშველეო. ძველს ნასოფლარ გორულს რომ მიუახლოვდა, ტაფობზე მაღალი თეთრი კოშკი და ძველი ეკლესია აესვეტა. წვიმა მოდიოდა და არსენამ გაიფიქრა, თავს ამ კოშკს შევაფარებო. კოშკიდან ბოლის წვრილი ხვეული ამოდიოდა, ხოლო მის კარებში ვიღაც გამოჩნდა და ისევ სწრაფად მიიმალა.

“ალბათ მწყემსები იქნებიან”, - გაიფიქრა მარაბდელმა, და ლურჯა ჯაგზე მიაბა, თვითონ კი დაბალ კარებში შეალაჯა.

შეალაჯა და მაშინვე ინანა: მკერდზე ვეება ძაღლი აებობღა ღრენით და ყელთან გოჯის სიგრძე კბილები აუწკაპუნა. იმავე წამს თავის საფეთქელთან დამბაჩაც დაინახა და ბინდიდან მრისხანე ბრძანებაც მოესმა:

- ზმობილო, ჩქარა დაზექი, თორემ გათავდი!

არსენა მიჰხვდა, რომ ხაფანგში გაება. თითიც რომ გაენძრია, თათარი მაშინვე გაათავებდა. ტყვიაც რომ აეცილებინა, ეს საზარელი ძაღლი მაინც გაჰგლეჯავდა. კუთხეში ცეცხლთან ორი კაცი კიდევ მოსჩანს. საოცარია, რომ არცა დგანან და არცა სხედან, არამედ ისე წვანან პირქვე, თითქო დახოცილები ჰყრიანო.

- დაზექი მეთქი! - წვრილი ხმით შესძახა თათარმა.

არსენა ჩაჯდა და ძაღლის კბილები აიცილა, მან იცოდა, რომ იქაური ძაღლები ასე იყვნენ დაგეშილები: გაქცეულს გაჰგლეჯავდნენ, მდგომარეს კბილებს ჩასჭიდებდნენ, მჯდომარეს ზედ დაადგებოდნენ და მწოლარეს კი იქვე მიუწვებოდნენ და ხელის განძრევის ნებასაც კი აღარ მისცემდნენ.

თათარმა არსენას ისე მარდად აართვა ორივე დამბაჩა, თოფი, ხანჯალი და ხმალიც, რომ ოძელაშვილი გაოცდა. შემდეგ ქარქაშებიც ასეთივე სისწრაფით ჩამოხსნა, ჯიბეები დაუცალიერა, ხელები თოკით შეუკრა, ცეცხლთან მიიყვანა, პირქვე დააწვინა და ორ უცნობ მწოლარეს გადააბა, თვითონ კი დოინჯი შემოიყარა, ბინდში დიდრონი კბილები გააელვა, ჩაიცინა და სთქვა:

- ყოჩაღ, დალი ჰასან! ერთმა პატარა კასმა სამი ვაჟკასი იშოვა.

არსენამ ცალი თვალით ახედა და წეღანდელზე მეტად გაოცდა, მან ეხლაღა იცნო ეს კაცი. ათი წელიწადია ამ ჭინკას სახელი ესმოდა. დალი ჰასანი ძალიან დაბალი იყო, თითქმის ჯუჯა. კეტივით გამხმარი, ყორანივით შავი და შუა შუბლიდან ყურამდე ღრმა ჭრილობით დასერილი.

შარშან ალგეთელი ბიჭები ბოლნისის დღეობაში იყვნენ. დალი ყაჩაღიც თავის რაზმით დალიხაჩში43 მოსულიყო. მის ერთ რაზმელს როსტომ ჯორჯიაშვილთან ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი. თათარმა დრო იხელთა და ღამის - თევის დროს როსტომს შემოუტია. რაზმელს ბელადი ჰასანი გამოესარჩლა და როსტომის ხანჯალს წააწყდა. არსენა რომ არ მიჰშველებოდა, მის ცოლის ძმას ჯორჯიაშვილს ერთ წუთში აჰკუწავდნენ. ყველაფერი ისე სწრაფად გათავდა, რომ არსენამ თავგაჩეხილი დალი ჰასანის თვალის მოკვრაც ძლივს მოასწრო. თათრებმა ალგეთელებს თავი მიანებეს, უგონო ბელადი ცხენზე აიტაცეს და გაჰქრნენ. მაშინღა დაედევნენ ბოქაულები, ჩაფრები და ყაზახები, მაგრამ გვიანღა იყო: თათრები ან მიწამ ჩაჰყლაპა, ან ეშმაკმა აიტაცა ცაში.

მას აქეთ ამ ბრბოს მუქარა როსტომსაც და არსენასაც მუდმივ თან დასდევდა. ზოგი მათი მზვერავი რამდენჯერმე მარაბდისა და ენაგეთის მიდამოებშიც კი ენახათ, მაგრამ თათრებმა მაინც ვერ შემოუბედეს. ახლა კი არსენა ამ ყაჩაღს ასე უბრალოდ ჩაუვარდა ხელში.

დალი ჰასანი ჩაკუნტდა და არსენას დააშტერდა. მერმე ჰკითხა:

- სადაური ხარ, ზმობილო?

- მარაბდელი.

თათარი წამოხტა, კბილები და თვალები გააელვა, მერმე ისე ჩაკუნტდა ხელმეორედ, თითქო წაქცეულ იყო, და -

- იავაშ ყარდაშ! - მოისა ზმობილო! - რა გორისა ხარ?

- ქავთარ სულხანიშვილი, - მიუგო მარაბდელმა და წამოჯდა.

- არსენა ოზელაშვილს იცნობ?

- ძალიან კარგად.

- მაშ ისი რას გეტყვი? - ქოსა წვერი მოიწიწკნა და დაუმატა: - ის არსენა დამაჩერინე და გაგიშვებ.

- არსენა დაგაჭერინო? - და გულიანად ჩაიცინა.

- რას ისინი, ბიჭო?

- იმიტომ ვიცინი, რომ არსენა მე თვითონაც დამიჭერს და შენც შეგბოჭავს. გარდა ამისა, ის უკვე დაჭერილია და შეკრული ზის.

და ჭორი მოიგონა: გუშინწინ ბოლნისში მითხრესო. მაგრამ თათარს ამავე დროს მართალიც უთხრა, რადგან ახლა მართლა დაჭერილი იყო და შეკრული იჯდა.

თათარი თავს აქნევდა და რაღაცას ნანობდა.

- რა გენანება, ჰასან? - ჰკითხა ოძელაშვილმა.

- თურმე ზალიან ვაჟკაცია. მთელი დუნია აქებს. მახლას! მაშ არსენას დამჩერი ათ თუმანს მიიღებდა?

- ათი კი არა, ორმოცდაათი მიუღია. - წყენით მიუგო არსენამ, რადგან ათ თუმნად შეფასებულ კაცს ვაჟკაცადაც არა სთვლიდა. მართალია, თვითონაც ათად იყო შეფასებული, მაგრამ შემდეგ ფასი თანდათან აუწიეს და რამდენიმე თვეში ოცდაათად დააფასეს. და თუ ახლა მარაბდელი ამ თათარს თავს დააღწევს, თავის ფასს მალე ათას მანეთამდეც ააწევინებს.

- დალი ჰასან, მითხარი, - ჰკითხა ოძელაშვილმა, - არსენა რომ დაგეჭირა, შეგერგებოდა, სახელს მოგიმატებდა?

ყაჩაღმა ცოტა მოიფიქრა და მიუგო:

- ვალაჰ, არ შემერგებოდა. არსენას ვერვინ ვერ დაიჩერს პირისპირ.

- ეშმაკობით?

- ეშმაკობით რომ დავიჩირო, მაგ ზაღლის სახელიც კი აჯობებს ჩემ სახელს. - მიუგო თათარმა და გარეთ გავიდა, თანაც იფურთხებოდა და თათრულად აგინებდა იმას, ვინც მას არსენას დაჭერაში დაასწრო.

ძალიან დახურდავებულა სარაჩლოელი თათარი. ან ათი თუმანი ებევრება. ან არსენა ეცოტავება. ალექსანდრე ბატონიშვილის კაცად მოაქვს თავი და არსენას კი დასდევს, ხალხს ატყვევებს და ახალციხეში ჰყიდის.

არსენამ წამოიწია. ძაღლიც ღრენით წამოვარდა და კბილები ყელთან გაუელვა.

- დაჯექი, თორემ შეგჭამს. სულერთია, არა გამოვა-რა, - ურჩია ერთმა ტყვემ.

არსენამ ორივე ტყვე შეათვალიერა და სწრაფად გამოჰკითხა ვინაობა, ერთი მათგანი უკრაინელი აღმოჩნდა, სახელად ოსტაპი. ისიც კარპიჩასავით ნასალდათარი გამოდგა. სასოწარკვეთილი იჯდა და დაღლილი ირმის თვალები ცეცხლზე ჰქონდა მიბჯენილი. იმდენად განიერი კაცი იყო, რომ მის ნაჯდომზე ორიც ადვილად დაეტეოდა. მაჯის სისქე შავი ულვაშები დალალებივით ჩამოეყარა მკერდზე და მკლავის სისქე მაჯები მორგვის-ოდენა მუხლზე შემოეხვივნა.

მეორემ ეხლაღა გაახილა მიბნედილი თვალები და ჯერ გაოცდა, მერე კი უზომოდ გაუხარდა, მტკივნეული ღიმილით წამოიწია და ამოიკვნესა:

- არსენ, შენა ხარ?

- სუ, გაჩუმდი! არ გამცე თორემ დამღუპავ. სთქვი, სადაველი ხარ, ვინა ხარ?

- სუმბათაანთ ყმა ვარ, ქვიშხელი, სიმონა ცხოვრებაძე მქვიან. ამას წინათ მარაბდაში ვიყავი და იქა გნახე.

- მეც გამახსენდი. - ჩურჩულითვე მიუგო ოძელაშვილმა. - სუმბათოვს ახლდი. არა? მერე, რა დაგემართა?

- სუმბათოვს ვახლდი და იმ უღმერთომ ჩემი თავი იქვე მიჰყიდა ელიზბარ მაღალაშვილს.

არსენას ელიზბარზე უწინაც ჰქონდა გაგონილი, ჩუმ-ჩუმად გლეხებს იჭერს და ჰყიდისო. ისიც იცოდა, რომ საქართველოს უწინდელმა ხელისუფლებამ და ახლანდელმაც აკრძალეს ამგვარი სამარცხვინო საქმე, მაგრამ ზოგი თავადი და აზნაური მაინც არ იშლიდა და კვლავინდებურად წუნკალობდა.

ლეკებმა, ოსმალებმა და ქართველებმაც აღმოსავლეთის ბაზრები აქაურებით გაავსეს, ზოგი უშნო ჯიშიც გაალამაზეს და მუქთი ყმებიც გაიჩინეს. დათუნა ბარნაველი ეუბნებოდა არსენას, სულ უწინდელი გაყიდულ-მოტაცებულიც რომ ვიანგარიშოთ, იმდენი ათასი გამოვა, რომ მაგოდენა თმაც არ გექნებაო. რაღა შორს წავიდეთ, თვითონ არსენასაც მოსტაცეს ღვიძლი ძმა. მაშინ ხუთი წლისა ძლივს იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი გუშინდელივით ახსოვს. ლეკებმა თრიალეთს და ბორჩალოს შემოუტიეს. ალგეთელებმა ბირთვისის, კოჯრის, ფარცხისისა და სამშვილდეს ციხეს შეაფარეს თავი. მარაბდელებიც მიუვალ ბირთვისში შეიხიზნენ. ლეკებმა იქაურობა იავარჰყვეს და წავიდნენ.

როცა ხალხი ციხე-კოშკებიდან გამოიკრიფა, ოძელაშვილებიც გამოვიდნენ, მაგრამ ლეკების ჩამორჩენილ ასეულს წააწყდნენ. ღამე იყო და საზარელი ფორიაქი ატყდა. მდევარი მოეშველათ, მაგრამ დაგვიანდა. ლეკები გაიქცნენ და რამდენიმე კაცი გაიტაცეს, მათ შორის არსენას ძმა ედიშერიც მოხვდა, რომელიც მასზე სამი წლით იყო უფროსი. ღვთისავარი შვილის ძებნით დაიღალა და გაღარიბდა, მაგრამ ვეღარ იპოვა და ის შვილი სამუდამოდ დაივიწყა.

მაშ არსენასაც ედიშერის ბედი ეწვია? მაშ ასე წუწკად დასრულდა და ასეთი მოკლე გამოდგა მისი შარა გზა, რომელიც დღითი-დღე ფართოვდებოდა და მალე მთელ ქვეყანას უნდა მოსდებოდა? მაშ ამ წუნკალმა ყაჩაღმა უნდა ჩაუშალოს ის დიდი საქვეყნო საქმე, რომელიც რკინის უღელივით დაიკისრა? მაშ ეს იყო და მეტი არაფერი ვიღაც იდუმალის ნაჩურჩულევი, მისი შემაწუხებელი შთაგონება და მწვალებელი აღტაცება? მაშ ამისათვის გავარდა ოძელაშვილი და სხვებიც ამიტომ გაიტაცა? იმისთვის დაეთრევა ნადირივით ტყე-ღრეში და იმისთვის ცხოვრობს ძაღლურად, რომ ამოდენა ვაჟკაცი ასე უწმაწურად გაიტაცონ და სადმე სტამბოლში ქათამივით გაჰყიდონ?

არა, რა დასაჯერებელია! ეს ხომ უჟმურია, რაღაცა ავი სიზმარია და ახლავე გაიფანტება. ახა-ხა, რა ტუტუცი ყოფილა ბედი თუ არსენაც ტუტუცი ჰგონია! ასეთი ბედი მას ფეხებზე ჰკიდია. არც აქამდის ემორჩილებოდა მას და ახლა ხომ აინუნშიაც აღარ ჩააგდებს. ბედი მხოლოდ ბედოვლათს მიათრევს, ვაჟკაცი კი ბედს თვითონ მოაქანებს. აბა რის მაქნისია ის კაცი, ვინც ბედს დედაკაცივით დაუწვება და აწუწუნდება, ბედმა დამჩაგრაო. ფუჰ, ასეთ ცოხნიას!

ამ მოგონებამ და მსჯელობამ არსენას ერთ წუთში ჩაურბინა. შორეულს აღარ გაჰყვა, ფიქრებსაც თავი მიანება და ორივე დაჭრილს მიმართა:

- ამ ურჯულოს როგორღა ჩაუვარდით ხელში, ძმობილებო?

სულ უბრალოდ. ელიზბარს ეს ვიღაც ოსტაპი მეჯინიბედ დაექირავებინა და წერაქვში ამოეყვანა. ნაყიდი სიმონაც იქ მოიყვანა და წუხელის ორივენი ამ თათარს მიჰყიდა.

- ახლა რაღას აპირებთ?

- ხაი პომე ჩორტ! - მიუგო უკრაინელმა და ჰასანის კვალს მიაფურთხა.

ხელის განძრევას არა ჰფიქრობთ?

- დავაპირეთ, მაგრამ აბა, შეხედე. - და სიმონამ თავის ხელები და ფეხები აჩვენა.

არსენამ ახლაღა დაინახა, რომ ორივე ტყვე უწყალოდ იყო დაკბენილი და ნაცემი. დიდხანს აღარ უფიქრია და უკრაინელს მიმართა:

- ძმობილო, ამ ძაღლს ვერ მოერევი?

- ოღონდ ეს ხელები გამიხსენი და ამ ძაღლს კი არა, ლომსაც მოვერევი.

და მართლაც მოერევოდა.

სამივეს ხელები ზურგზე ჰქონდათ შეკრული. არსენა ზურგით მიუწვა უკრაინელს და უბრძანა:

- აბა, მაშ ეგ სამგლე კბილები გაანძრიე. სიმონავ, შენც მიუწექი, ჩქარა!

ოსტაპმაც ისე გაანძრია კბილება, რომ თითის სისქე მავთულსაც კი გადაღრღნიდა. ძაღლი იღრინებოდა, რადგან რაღაცას ჰგრძნობდა, მაგრამ არ ერჩოდა, რადგან მიწაზე ეყარნენ და ადგომას არ აპირებდნენ. ორიოდე წუთის შემდეგ სამივენი მორჩილად ისხდნენ, ხელები ისევ ზურგზე ჰქონდათ დაწყობილი და დალი ჰასანის დაბრუნებას ელოდებოდნენ, რომელიც თავის მხრივ ვიღაც თათარ-მუშტრის მოსვლას ელოდებოდა. ის თათარი უკვე შეპირებული ჰყავდა და ტყვეები ამ კოშკში უნდა ჩაებარებინა.

არსენამ ძლივს გაათავა ოსტაპის დარიგება, რომ ჰასანიც შემოვიდა, თან თათრულად იღრინებოდა იმის გამო, რომ მუშტარმა დაიგვიანა. კარგა ხანს ტრიალებდა მოშორებით, ხშირად იხედებოდა გარეთ, მაგრამ ტყვეებს ახლოს არ ეკარებოდა და ფეხზე შეყენებულ დამბაჩას ხელიდან არ უშვებდა.

მერე არსენას მოუბრუნდა და უთხრა:

- ზმობილო, შენ უბრალო კასი არა ხარ. შენისთანა სხენი გურჯისტანში არავის არ ეყოლება. რამდენს მომსემ, რომ გაგიშვა?

- ერთ აბაზსაც არ მოგცემ.

- ზმობილო, ჰასანმა ხუმრობა არ ისის. ვივაჩროთ.

- არც მე გეხუმრები. ჯერ ხელები გამიხსენი და მერე ვივაჭროთ.

- მე გიჟს მეზახიან, მაგრამ მართლა გიჟი ნუ გგონივარ. მართალი თქვი, ვინა ხარ, სადაველი ხარ მეთქი? დანარჩენი მე ვისი.

- მეც ვიცი: ჩემს ვინაობას გაიგებ, მერმე ჩემს ნათესავებთან წახვალ და თითისტარსაც აღარ შეარჩენ, განა!

- მაშ სესხლით გათქმევინებ! - და მუგუზლის ასაღებად დაიკუზა.

არსენამ ისე ისკუპა, თითქოს ხრახნილებზე მჯდარიყო. ჯუჯა თათარი მაშინვე ქვეშ ამოიდო. მაგრამ იმავე წამს ჰასანის დამბაჩამ იგრიალა და მარაბდელმა ზურგზე ძაღლის მძიმე ტორები და მწვავე კბილები იგრძნო.

დანარჩენიც ერთ წუთში გათავდა. ოსტაპმა ძაღლი კატასავით აიტაცა. უსასო სიმონაც ნაგაზს ფეხებში მისწვდა და იგი მაშინვე გაჰგუდეს. არსენამ კი დალი ყაჩაღი მისივე თოკით შეჰკრა, კუთხეში მიაგდო, ზედ დამხჩვალი ნაგაზი დააგდო და უთხრა:

- დალი ჰასან, მე თვითონ გახლავარ არსენა.

- ვალაჰ, მართალს უნდა ამბობდე, - ამოიკვნესა თათარმა.

- შენი ტყვია ამცდა.

- მტრის ტყვიაც აგცდენია. ასე სდომებია დიდ ალაჰს.

- წეღან გითხარი, არსენას ნუ დასდევ, თორემ თვითონვე დაგიჭერს მეთქი.

- ვალაჰ, ეგეს მართალი გითქომს.

- ისიც გითხარი, არსენა უკვე დაჭერილია და შეკრული ზის მეთქი.

- ვალაჰ, ეგეს მართალია. დაჩერილი მყავდი და აქვე იჯექი.

- ყურუმსაღო, ახლა ყური მიგდე. ათი წელიწადია, რაც ამ წუნკალს საქმეს სჩადიხარ.

- ვალაჰ, ეგეს მართალია. მე თვითონას მომსხინდა.

- მაშ ხელი აიღე.

- ალაჰს ვფიცავ, რომ ამიღია. მაგრამ სად სავიდე, ოსმალეთში? სპარსეთში? ვიყავი და უკანვე გამოვიქესი. უსხო ხალხია, არ მომსონს, არ შემიზლიან. გურჯისტანი ჩემი ქოყანაა და აქედან არსადას არ სავალ. შინას ვერ დავბრუნდები, დამიჩერენ და სამ დღეში ჩამომახჩობენ. შენი ვაჟკასობა რომ გავიგე, ვთქვი: დალი ჰასან, არსენასთან სადი მეთქი. მაგრამ ვიფიქრე, არსენა შენისთანა ყაჩაღს არ ენდობა მეთქი.

- ღმერთმანი სწორედ გიფიქრია.

- აგრეა. - განაგრძო ყაჩაღმა. - აბა ახლა რაღა გითხრა, რა ფისი მოგსე? ან რა დაეჯერება თოკით შეკრულ კასს? ხალხს იჩერს და ჰყიდის. ეხლა კი მას თავზე მკვდარი ზაღლიც დააგდეს. ვაი სირსხილო!

არსენამ ოსტაპს თვალი უყო, მან ძაღლი განზე გადაათრია, სიმონამ კი სთქვა:

- ძმაო არსენ, ავჩქარდეთ, თორემ საცაა ამის ამხანაგები მოვლენ და ისევ გაგვთოკავენ.

- მოვიდნენ, - უპასუხა ოძელაშვილმა, - ისინიც იმასვე წაიღებენ, რაც ამან წაიღო.

- მოვიდნენ. - დინჯად დაუმატა გამარჯვებით მოსულიერებულმა უკრაინელმაც, რომელსაც თათრის დამბაჩები, მოკლე თოფი და ხანჯალი უკვე ზედ აესხა სათამაშოსავით და ახლა იმას ლამობდა, რომ ერთი მტკაველი დაყირავებული ულვაშები როგორმე აეყირავებინა.

არსენამ ოსტაპი ღიმილით წააქეზა, წამომჯდარმა თათარმა კი გულწრფელად წამოიძახა:

- ვალაჰ. თუ თათრები მოვიდნენ, მეს ვესვრი თოფს. ზმაო არსენ, შენი ვარ და სამიყვანე.

- ჰასან, ყური მიგდე, - უთხრა არსენამ და მის წინ ჩაკუნტდა, - ყური მიგდე და დაიხსომე. მე ადვილად შემიძლიან შენი ამხანაგებიც ისე გავაბა მახეში, როგორც შენ გაგაბი, და ყველას რიგრიგად გამოვჭრა ყელი, ღმერთიც შემიწყალებდა და კაციც მაპატიებდა.

- ვალაჰ. მართალია!

- ან ისინიც და შენი თავიც შულავერში მივგვარო მდივანბეგს.

- ვალაჰ, სულ ადვილია.

- მაგრამ მე არც თქვენი დახოცვა მინდა და არც მდივანბეგის ნახვა, კისერიმც მოუტეხია! არსენას თავის სამართალი აქვს და მე ასე გადავჭერი: შენ აქ დარჩები და შენს ამხანაგებს ტყვეების ჭერაზე და გაყიდვაზე ხელს ააღებინებ.

- ყურან აჰკი, შევასრულებ!

- მერმე აქაურ ყაჩაღებს დაუვლი და ღარიბების ჩაგვრაზე იმათაც ხელს ააღებინებ.

- აგრე იყოს.

- ჩემი სახელიც გამოიყენე და გადაეცი მათ, რომ თუ კიდევ გავიგე საწყალი ხალხის ჩივილი, თრიალეთიდან ჩემს ქორ-ბიჭებს გამოვაფრენ და იმ წუნკლებს სულ თავიანთ გაჩენის დღეს ვაწყევლინებ.

- იავაშ ყარდაშ! რა საჩიროა ბიჩები! - და შებოჭილი თათარი ზეზე წამოიჭრა. - დალი ჰასანი აქ არ არის? შენი სიტყვა და ჩემი ხანჯალი!

არსენამ გაუღიმა, რადგან იცოდა, რომ ყაჩაღის ბრძანებას მაშინვე ხანჯალი მისდევდა ხოლმე. გაუღიმა და უთხრა:

- ეგ მერმე იყოს, ახლა კი მითხარი, ვინ მოგყიდა ეს ხალხი? - და ნატყვევარებზე მიუთითა.

- ელიზბარ მაღალაშვილმა.

- სხვა დროსაც გაუყიდნია?

- ზალიან სოტა. ოსდასხრა კასი მომყიდა.

- ოცდაცხრა ცოტაა? ახლა სად არის ის ურჯულო, წერაქვში თუ სადახლოში?

- დღეს დილით სერაქველები აიკლო და ისევ ომში სავიდა. ზოგი ჯოხით ასემინა, ზოგი დაიჩირა და შულავრის სიხეში გაგზავნა, და ზოგსაც საქონელი საართვა და გაუყიდა, რადგან ღალას არ მაზლევენო.

- მაშ კარგი. მე ბორჩალოში აღარ მოვიცდი და ჩემ გზას დავადგები. სიმონ, ჰასანას ხელ-ფეხი გაუხსენი, შენ კი, ჩემო ჰასან, წეღანდელის გარდა, აი რას გავალებ: ყველა აქაური გლეხები ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარი, მხნედ იყავით, თქვენი მოსარჩლე მე და არსენა ვართ და თავი არავის არ დააბრიყვებინოთთქო, მერმე ელიზბარის ჯალაბჯულაბს გადაეცი, ის გლეხები სამ დღეში გამოაშვებინეთ და წართმეულიც დაუბრუნეთთქო, თორემ...

- თორემ ვისი, დანარჩენი მე ვისი.

- ჯერ არ გამითავებია: ელიზბარს ტყვეების გაყიდვაზე ჩემი სახელით შენ უნდა ააღებინო ხელი, თორემ...

- თორემ ქიასარამ! - ყელს გამოვჭრი! - შესძახა თათარმა და ისე გააელვა მიმინოსებური თვალები, თითქოს ელიზბარი აქ მდგარიყო და მართლა იმის მოსაკლავად მიეწიოს.

- დაიცა, ჰასან. რამდენჯერმე გითხარი, ჩემი სახელით გადაეცი და გააკეთე მეთქი. შენ ყველას ყელის გამოჭრას უპირებ, მე კი ჯერ არავინ არ მომიკლავს და არც ვაპირებ მოვკლა.

- არ მოგიკლავს? - გაშრა გაოცებით დალი ჰასანი. - ჯერ არ მოგიკლავს? მაშ... როგორ გაიკეთე ეგ სახელი?

უსისხლო სახელი ბორჩალოელი ყაჩაღისათვის მართლა გაუგებარი რამ იყო. ჭკუას ძალას ატანდა და ლამობდა მშრალი წყალი ან ცივი ცეცხლი წარმოედგინა, მაგრამ ვერ დასძლია. არსენამ რომ ჰასანი არ მოჰკლა და არც კი დასაჯა, ეს გასაგებიც იყო და სამართლიანიც, ხოლო ყოვლად შეუსმენელიც იყო და უსამართლოც, რომ გავარდნილს არ ამოეხოცოს ყველა მტრები, არ გადაეწვას მათი სახლ-კარი და არ გაეტიტვლებინოს ყველა მგზავრიც, ვისაც კი შალვარი ან კაბა ეცვა.

- გაიგე რა გითხარი? - ჰკითხა მარაბდელმა.

- გავიგე. - იმ კატასავით ჩაიკნავლა ჰასანმა, რომელსაც ხორცის ჭამა აუკრძალეს.

- წეღან მთხოვდი, წამიყვანეო. საქმე მაჩვენე, ღირსი გახდი და წამოდი. აბა, ეხლა კი მშვიდობით იყავი.

- დაისა! იავაშ ყარდაშ! - და თათარი ოსტაპს ეცა. - ეს იარაღი მე დამიტოვეთ, თორემ ჩემს შესაფერს აქ ვეღარ ვიშოვი.

არსენამ უკრაინელს გადაჰხედა და კამეჩი გაახსენდა, რომელსაც ჯიბის დანა ეკიდა. გაიცინა და უთხრა:

- ოსტაპ, მიეცი და შენს შესაფერ იარაღს ხვალვე გიშოვი.

უკრაინელი აიმრიზა და ჯუჯა იარაღი ისევ ჯუჯა თათარს დაუბრუნა.

არსენამ ლურჯა სადავით წამოიყვანა და ქვეით დაეშვა. გვერდით ორი ახალი მეგობარი მოსდევდა, მესამე კი, მეტად დაოსებული ქვიშხელი სიმონა, ლურჯაზე იჯდა. დალი ჰასანმა არსენა შულავრის წყლამდე ჩამოაცილა, კინაღამ ატირდა და გაბრუნდა.

ზაალს ნატვრა მალე შეუსრულდა. იმპერატორი ნიკოლოზი უკადრისობდა, რომ მისი ამპარტავანი და სახელოვანი სარდალი ერმოლოვი ეხლა “წუნკალ” სპარსელებსაც ვეღარ იგერიებდა. მეფე მისგან მხნე შეტევას მოითხოვდა, მაგრამ ლომისა და მელიის ნაზავი “იარმულა” უკვე დაბერებულიყო და შემტევად აღარ ვარგოდა. აბუზღუნებული ნაგმირალი მარტის დამლევს პეტერბურგში გაიწვიეს და მისი თანაშემწე უკრაინელი პასკა ანუ პასკევიჩი, ზაალის “ფალავანი და მეგობარი”, მთავარმართებლად დანიშნეს.

ამ ამბავმა მარაბდის ბატონს ყმების დაქსაქსვის ჯავრი შეუნელა. ზაალი მაშინვე გაიქცა პასკევიჩთან, რათა მისთვის ხელი ჩამოერთმია და გაფანტული გლეხების დაბრუნება და არსენას დაჭერა ეთხოვნა, რომელიც მეტისმეტად გათამამებულიყო და მარაბდას ქორივით დასტრიალებდა.

- დაიჭირეთ! - მოკლედ მოსჭრა ერევნის ოცნებით გატენილმა პასკევიჩმა.

- დაიჭირეთ! - გადასცა ქვეით იმ მოხელემ, ვინც ეს ბრძანება მიიღო.

- დაიჭირეთ! - კიდევ უფრო ჩააქვეითა მაიორმაც, რომელმაც პასკევიჩის ხელის ჩამორთმევაში და თავის გმირულ საქმეთა გამოფენაში ზაალსაც დაასწრო და სხვებსაც.

- დაიჭირეთ! - გადაუგდეს თრიალეთის მდივანბეგსაც, რომელიც ქალაქში ცხოვრობდა. მან ბოქაულს მიუგდო, ბოქაულმა მამასახლისებს დაურიგა და ეს “დაიჭირეთ” იმდენ ხანს აბურთავეს, მანამ იგი ისევ გიორგი კუჭატნელს არ ჩაუვარდა ხელში.

არლოვს ეთქვა, არსენას მხოლოდ კუჭატნელი დაიჭერსო, და დამჭერი დაიბარა. ისიც მაშინვე შეუდგა საქმეს, მაგრამ ქართველ ჩაფრებს და მილიციელებს აღარ ენდო, რადგან გავარდნილ მარაბდელს ისინი უკვე მოხიბლული ჰყავსო, და მათს ნაცვლად მაიორს ათი ყაზახი მოსთხოვა. არსენას ბუნაგის ასაკლებად ბარემ ასიც არ ეყოფოდა, მაგრამ მან კარგად იცოდა, რომ ომის გამო მეტს არ მისცემდნენ და ამიტომ მაიორს ათიც ძლივს შეუბედა, თანაც ანგარიშობდა: არსენა ზოგჯერ მარტო დადის და, თუ მოვასწარი, ათი კაციც თავსაყრელიაო.

არლოვს მარაბდელი პატიმრები ქალაქში ჰყავდა დამწყვდეული. მათი საქმე ჯერ ვერ დაეძრა. მხოლოდ ერთხელ გამოიწვია ფიქრია და, როცა მშიშარა სოფლელის ნაცვლად კლდე-ქალს წააწყდა, ჟინის დაცხრომა მცირე ხნით გადასდო. საცაა შულავერში უნდა გადასულიყო და საქმესაც იქ დაასრულებდა.

პასკევიჩმა მთავარი ლაშქარი 1827 წელს მაისის დამდეგს დასძრა შულავრისა და მარნეულის მინდვრებიდან, მაიორი კი შულავერში გადასვლას ივლისშიც ძლივს ახერხებდა. მან კუჭატნელს ათი ყაზახი დაუთმო და ერთი საქმეც დაავალა: მარაბდელი პატიმრები შულავერში უნდა აეყვანა და იქიდან არსენას საძებნელად თრიალეთზე გადასულიყო.

- ადვილი საქმეა. - მიუგო გიორგიმ. - ქალაქშიც მე ჩამოვიყვანე და აქედანაც მე წავიყვან.

და წაიყვანა. პატიმრებს ყაზახები შემოარტყა და ზაფხულის მწვავე სიცხეში ორი დღის სავალზე ქალიც და მოხუციც ფეხით გამორეკა.

* * *

მზე დასავალს იყო, როცა გორულიდან წამოსული არსენა კოდას მოადგა.

- აი აქ გაიყარა ჩვენი გზები. - უთხრა მან ორ დაძონძილ კაცს, რომელნიც თან მოსდევდნენ, მე კი მარცხნივ უნდა ავუხვიო.

მარცხნივ აუხვევდა, კოჯრის ქვემოთ თაბორის ქედს გადმოლახავდა და ისიც საბაჟოსთან44 ჩავიდოდა. არსენა ამ ორ თვეში ქალაქში მეხუთეჯერ ჩადიოდა. ყოველ ჩასვლაზე მარაბდელი საპატიმროს დაჰსუნავდა, როგორც მგელი ფარეხს, და რაკი ნახავდა, რომ საპყრობილე მაგრად იყო ჩაკეტილი, მარაბდელი პატიმრებს რაიმე შვებას მისცემდა, ფულსა და საცვალს დაუტოვებდა და ისევ თრიალეთისკენ მობრუნდებოდა.

დაძონძილი სიმონა და ოსტაპი მეათეჯერ შეევედრნენ ოძელაშვილს:

- ძმაო არსენ, შენთან წაგვიყვანე და გვიპატრონე, თორემ ასეთ ძაღლურ ცხოვრებას, ისევ ოსმალების ტყვეობა გვირჩევნიან.

- არა, ძმებო, არ შეიძლების. - ისევ უარზე შედგა მარაბდელი. - სანამ ჩემ ერეკლესავით არ გაგიცნობთ, ვერ გენდობით. რომ კიდევაც წაგიყვანოთ, ტყის ძმები არ მიყაბულებენ. მაინც არხეინად იყავით. ჯერ თქვენს ვინაობას გავიგებ ქალაქში, მერმე მოგძებნით და რაიმე სახიფათო საქმეს დაგავალებთ, თქვენც პირნათლად შეასრულეთ და წაგიყვანთ. ახლა კი დუქანში შევიდეთ, ერთი ჩვენებური სუფრა გავშალოთ და ერთმანეთს გზა დავულოცოთ. - უთხრა და გზატკეცილს ასცდა, სახლებს მოუარა და ერთ დუქანს ეზოს მხრივ მიადგა.

დუქნიდან ვიღაც დაბალმა და მეტად სრულმა ახალგაზრდამ გამოიხედა. მედუქნე ლოპიანა გრიგოლ ორბელიანის ნაყმევი იყო და მისივე შენობაში ვაჭრობდა. სანამ ომი დაიწყებოდა, ეს მიკიტანი ღვინოს ხელადობით ჰყიდდა და სულს ლოქოსავით ჰღაფავდა, ახლა კი რუმბობით ასაღებდა და თვითონაც სავსე რუმბს დაემგვანა.

არსენას დანახვაზე ლოპიანა ერთ ხანს პირღია გახევდა, მერმე გარეთ გამოგორდა და მოკლე მკლავების ქნევით არსენას მარჯვნივ შესვლა ანიშნა, და როცა სამივე მგზავრი პაწია ფიცრულ ოთახში შეიყვანა, მაშინღა ამოიღო ღვინით და ხრინწით გაჟღენთილი ხმა:

- ვაა, არსენ, ასე აშკარა სიარული გაგონილა?!

- რაკი დავდივარ, მაშ კიდევაც გაგონილა. აბა, მოიტა ღვინო, მწვადები, მწვანილი, თევზი, მოთალი და ახალი ამბები. ჩქარა ამოალაგე!

მიკიტანი ისევ გაგორდა და მალე შემობრუნდა ფეხაკრეფით, სუფრა რომ გაშალეს და თითო ჯამიც დასცალეს, არსენამ შეშინებულ მედუქნეს ჰკითხა:

- როგორა გყავს საქონელი, ცოლ-შვილი და როგორ მიდის შენი დუქნის საქმე?

- ეჰ, ჩემო არსენ, ეს ომი რომ არ ყოფილიყო, დუქანს ისევ ხვნა-თესვა მერჩივნა. - მიუგო ლოპიანამ.

- შენი ბიძაშვილი ბაღო რასა იქს?

- რას უნდა იქმოდეს? სომეხია, მაგრამ დუქანი ჭირივით ეჯავრება. გამეყარა და ხვნა-თესვა დაიწყო. ღმერთს გეფიცები, ლამის ვიფიქრო, რომ ჩემს დეიდას ვინმე ქართველი მიეპარა და ბაღო გააჩენინა.

დეიდის უდიერ გახსენებაზე არსენამ შუბლი შეიკრა და საუბარი სხვა არხში გადააგდო:

- იქითა მხრიდან რა ისმის.

მიკიტანმა უცებ ისე დაუწია ხმას, რომ თვითონაც ძლივს ესმოდა:

- რუსებმა თურმე ნახჭევანი, აბას-აბადი და სარდარ-აბადი აიღეს, გაგიგია?

- გავიგე. - უპასუხა მარაბდელმა.

- საცაა ერევანსაც მიადგებიან, ესეც იცი?

- ვიცი. შენ აქაური ამბავი მითხარი.

- აქაური. რა გითხრა, არსენ-ჯან! შენი ბრძანება შევასრულე და პაპა-შენს ერთი თაღარი45 ხორბალი, ერთი გუდა ყველი, ერთი ქილა ერბო და ცოტა ღვინოც გავუგზავნე და არც “იქ” ვაკლებ. ამას-წინათ ქიტესას იმდენი ნუზლი გავატანე ქალაქში, რომ თქვენიანებს ერთ თვესაც ეყოფათ.

- ყველანი კარგად არიან?

- ყველანი, არსენ-ჯან: ღვთისავარიც, დედაც, დაც და ერეკლეც. შენ ისევ ქალაქში ხომ არ მიდიხარ?

- მივდივარ. შემატყობინეს, უნდა შულავერში გადმოიყვანონო. არ გაგიგია?

- არ გამიგია. ე მანდ გზაში არაფერი არ აუტეხო, თორემა... - და უცებ წამოიძახა: - ვაიმე! ჰარიქა, თავს უშველე!

არსენამაც გაიხედა სარკმელში და კინაღამ თვითონაც წამოიძახა “ვაიმე”. ეზოში კუჭატნელის მეთაურობით ათიოდე ცხენოსანი ყაზახი შემოვიდა და შუაში-ჩაყენებული პატიმრებიც შემოიყვანეს.

არსენას თვალები ფოცხვერსავით აენთო, რომელიც ცხვარს ეპარება. ერთ წუთს ასე იდგა, მემრე კარებისკენ გახტა, ხანჯალზე გაიკრა ხელი და მეგობრებს დაწოლა ანიშნა. ოსტაპი და სიმონა ქვებივით დაეცნენ იატაკზე.

- გადი და უთხარი, - ჩუმი ხმით უბრძანა არსენამ ლოპიანას, - უთხარი, ამ ოთახში ვიღაც დიდ კაცს სძინავსთქო და ამაზე მეტი კრინტიც აღარ დასძრა. მერმე შემოდი და მიამბე.

გაფითრებულმა მედუქნემ ფეხები ძლიეს დასძრა და კარი ჩუმად გაიხურა, არსენამ კი კედელში ჭუჭრუტანა იპოვა და ზედ მიაკვდა. აგერ მამა-მისი ღვთისავარი. როგორ გაჭაღარავებულა და რა გრძელი წვერი გაუშვია! მაინც ყოჩაღად ყოფილა. ხელები შეკრული აქვს, სიცხითაც დათენთილია, მაგრამ ცალ თვალს მაინც ბებერი ლომივით ატრიალებს!

გვერდით ერეკლე უდგას. თითქო კიდევაც დასრულებულა, მაგრამ ეს ხომ ხაშმის სისრულეა.

აჰა მელანოც. საწყალი დედა, რარიგ დაიტანჯებოდა! ყველას დარდი ამან უნდა გამოიტიროს და ყველას ვარამიც მანვე უნდა ზიდოს. აკი უზიდნია კიდევაც: სულ მოხრილა, ჩამჭკნარა, ჩაზიდულა.

აი ფიქრიაც. “ყოჩაღ, ქალო! ყველაფერში არსენობა გეტყობა”. წარბიც არ შეუხრია. თავის დედა მკლავით უჭირავს და ალბათ სიარულშიც ჰშველოდა.

არც მაგდანა დაუვარდება ფიქრიას. ისიც მხნედ გამოიყურება და კაპას დედა-არწივს დაჰგვანებია. ყველას არსენას მიერ უხვად მოწოდებული საჭმელი შერგებია.

მაგრამ რა ღმერთი გასწყრომია დათუნას! ახლაც გულმშვიდია დაყუდებულივით. გამხდარა, ჩაყვითლებულა და ნამდვილ “სულ ერთიად” გადაქცეულა. იმის მაგივრად, რომ ფიქრიას თვალწინ მაინც ვაჟკაცობდეს, თვითონვე მოსავლელი და სანუგეშებელი გამხდარა. “არა, ჩემო დათუნი, შენ თვითონვე გახდები ჩემი დის საპატრონებელი”. - გაიფიქრა არსენამ და შეკრთა, რადგან კუჭატნელმა ცხენი თავლისკენ წაიყვანა, იქ კი არსენას ლურჯა ება და მაშინვე იცნობდა.

მაგრამ - ყოჩაღ ლეკო! - გამზათმა ცხენი ჩამოართვა და თვითონ შეიყვანა. “მიკვირს, - თვითონაც გაოცდა არსენა, - მიკვირს, ამოდენა დევი მაშინ როგორ წავაქციე! ნეტა იარაღზე რომ მივიდეს საქმე... მივა, ალბათ როდისმე მივა”... - ჰფიქრობდა ოძელაშვილი და ხვალინდელ მოპირდაპირეს ახლავე ათვალიერებდა.

გიორგი შუა ეზოში იდგა და დაბალი ხმით იძლეოდა განკარგულებას. ყაზახებმა ცხენები გააგრილეს, წყალი დაალევინეს, თავლაში შეიყვანეს, პატიმრებიც შიგ შერეკეს, გარედან ერთი გუშაგი მიუყენეს და თამბაქო გააბოლეს.

ლოპიანა სწორედ ამ დროს მივიდა კუჭატნელთან და დუქანში შეიპატიჟა. გიორგიმ გამზათიც გაიყოლა და გაჰყვა.

კარგა ხანი გავიდა. არსენა ისევ კუთხეში იდგა და გამალებით იგრეხავდა ულვაშებს. წარბი აჩქარებით უხტოდა.

- კარგი დრო გაქვს, არსენ. - ჩურჩულით შემოგორდა მედუქნე. - ალბათ ყაზახები არ გიცნობენ. ცხენსაც ახლავე გამოიყვანს ბიჭი. აბა, გასწი!

- არა, არ მივდივარ. - დინჯად მიუგო მარაბდელმა.

- ხომ არ გაგიჟდი, ბიჭო!

- მე ჩემ ჭკუაზე ვარ.

- მაშ მე გამაგიჟებ.

- ნუ გეშინიან, შენც შენ ჭკუაზე დარჩები. ახლა წადი და, თუ მოხდეს რამე, ისე დაიჭირე საქმე, ვითომ სულაც არ მიცნობდე. გაიგე?

ლოპიანა ჯერ უარესად გაფითრდა, მერმე კი გაიგო და გავიდა, ის კი ადრევაც იცოდა, რომ არსენასთან შეკამათება არავის გამოადგებოდა. ოძელაშვილმა ცოტახანს კიდევ იწიწკნა ულვაშები და უცებ სიმონას ეცა:

- სიმონ, ტყუილის თქმა შეგიძლიან?

- შენთვის რა არ შემიძლიან, ძმაო!

- მაშ დუქანში გადი, დაჯექი, ღვინო მოითხოვე და იმ დიდ კაცს, ეხლა რომ ეზოში იდგა, ყველაფერი უამბე, რაც კი გორულში გადაგვხდა. ნურც ჩემ გვარს დამალავ, გაიგე?

- გავიგე.

- მერე პატარა ტყუილიც დააყოლე. კოდასთან რომ მოვედით, არსენამ ზევით აუხვია და კოჯრის გზით ქალაქში წავიდათქო, შეგიძლიან?

- მაგაზე ადვილი რა იქნება!

- მაშ ჩემი ბედი და ხუთიოდე კაცის ბედიც შენზე ჰკიდია. მაგრად იყავი. ტყუილი არ შეგატყონ. აბა, გასწი და ღმერთმა ხელი მოგიმართოს. - და კარი თვითონვე გაუღო და გაისტუმრა.

ოსტაპმა ვერაფერი გაიგო და ჯერ საჭირო არც იყო. კარგა ხანი გავიდა. უცებ დუქნიდან გამოვარდნილმა ლეკმა ათიოდე ნახტომით გადასერა ეზო და თავლაში შევარდა.

“გასჭრა” - კინაღამ წამოიძახა არსენამ და თვალი ჭუჭრუტანაში შეჰყო. გამზათს კუჭატნელი გამოჰყვა. სიმონაც თან მოჰყავდა და ეუბნებოდა:

- თუ მომატყუე, ხუთი შოლტის ტყავს გაგაძრობ.

- შე კაი კაცო, რა მაქვს მოსატყუებელი? - მიუგო ქვიშხელმა.

- გესმის? - დაუძახა ათისთავს კუჭატნელმა. - მე ისევ ქალაქში უნდა დავბრუნდე და სანამ არ ამოვიდოდე, ეს კაციც იმ პატიმრებთან შეინახე. აბა, დარიგება აღარ გჭირდება, ფრთხილად იყავი. თუ დილაზე ვერ ამოვედი, პატიმრები შულავერში აიყვანეთ და უკანვე გამობრუნდით. ეს კაციც თან წამოიყვანეთ, იქ არ დასტოვოთ. - და სიმონაზე მიუთითა.

ლეკმა ორი შეკაზმული ცხენი გამოიყვანა. კუჭატნელი და გამზათი ცხენებს მოასხდნენ და ქალაქისკენ გაუტიეს, არსენა კი გულში იცინოდა და ხელებს იფშვნეტავდა იმის გამო, რომ ეშმაკობით ორი მთავარი მტერი მოიშორა, რომელიც, იმის ანგარიშით, ათს დარჩენილსაც უდრიდა.

- გასჭრა, ოსტაპ, გასჭრა! - ჩასჩურჩულა მან უკრაინელს და გაუღიმა. - მართლა, მკლავი და გული როგორი გაქვს? კეტს ვერ დაატრიალებ? - და მკლავი გაუშინჯა. - ბიჭოს, შენ კეტს კი არა, ბოძსაც კი სახრესავით მოიქნევ. მაშ შენი იმედი მექნება.

ოსტაპმა ულვაშები ყურებზე გადაილაგა, მაგრამ ხელი რომ გაუშვა, ისევ სიმინდის ფოჩებივით დაყირავდნენ.

ლოპიანა დაფეთებული შემოგორდა:

- ვაა, ეს რა ამბავია! ბიჭო, არსენ, გულში რაღაც ჩაგიდვია და ხელი აიღე.

- ბევრს ნუ ლაპარაკობ. ეს ყაზახები ეხლავე შეიყვა დუქანში და მოტკბო ღვინო მიართვი. რუსები არიან და უყვართ. მაგრამ სული არ მოათქმევინო. შენც მიუჯექი, დაუსხი და დაალევინე. როცა შეხურდებიან, მეც მოგეშველები. ხმელი თევზის გარდა მეტი არაფერი მისცე, თორემ ღვინო აგრე მალე არ გასჭრის. აბა, გასწი!

- დამაცა, მათქმევინე....

- გასწი მეთქი, თორემ გავჯავრდები!

- მივდივარ რაღა! ოღონდ შენ ნუ გაჯავრდები და თუნდ ჩემს მარანსაც დავაცლევინებ.

გავიდა და ჩაფების დაცლას შეუდგა. ყაზახები უფასო ღვინოს ხარებივით სვამდნენ და მალე სიმღერაც დააყოლეს.

Нам ученье ничего,

Между прочим, тяжело.

Перевернешься - бьют,

Недовернешься - бьют.

გარეთ გუშაგიც აღიღინდა. ოსტაპმა ღობიდან სამ-ადლიანი მარგილი ამოაძრო და დაბრუნდა. დაბრუნდა და შეამჩნია, რომ მარაბდელს თვალები ნაკვერცხალივით უკრიალებდა და ცალი წარბი გამალებით უხტოდა. არსენამ ოსტაპი დაარიგა და, როცა დუქნიდან “ჩიკა-ჩიკაც” მოისმა, უთხრა:

- აბა, ახლა კი მომყე! - და ორივემ დუქანში შეალაჯა.

შეალაჯა, თავთ წაადგა ყაზახებს და შესძახა:

- “ზდრასტი რუსო, - გამარჯვება!”

- ზდრასტი გრუზო, - გაგიმარჯოს!

- “კუდა იდოშ, - საითკენა?”

“ერთი ბიჭი გამოგვექცა. სახელად ჰქვიან არსენა.

თუ ვინმეს გაგეგონოს, გვინდა იმის დაჭერა”.

- არსენ ვის არ გაუგია, მაგრამ ყველას წაუგია.

უგემნია აუგია, ვისაც მახე დაუგია.

- სამოც თუმანს დაგვპირდიან, ერთი კაცი სად წაგვივა!

მივესევით და შევბოჭავთ, თითო ლუკმა ძლივს მოგვივა.

- მაშ არსენა არ გცნობიათ, თქვენ ქარს დასდევთ

მინდორშია.

ცოლი, შვილი შეიბრალეთ, ნუ ჩადგებით ცოდოშია.

- ერთი ბიჭი ჩვენ რას გვიზამს, თორმეტი ვართ

მგლებივითა.

- გეუბნებით, გონზე მოდით, ყველას გიფრენთ

მშვლებივითა.

- ისე გვირჩევს ეს ვიღაცა, თითქოს იყოს თვით არსენა.

ეს რომ არსენამ გაიგო, ჩაიცინა ნელა-ნელა.

ნაბადი გვერდზე გადიგდო, თოფი ფეხზე შეაყენაა”. -

- “მე თვით გახლავარ არსენა”. -

დასჭყივლა უცებ მარაბდელმა და ორი დამბაჩა დაუმიზნა:

- ჩქარა დაწექით, თორემ გაგათავეთ!

ყაზახები წამოცვივდნენ, მაგრამ რადგან თოფები ზედ არა ჰქონდათ და მარტო ხმლით ვერ შეუბედეს, ამიტომ ისევ დასხდნენ და შემდეგ კიდევაც დაწვნენ.

სანამ დაფეთებული ყაზახები სკამების ქვეშ იხიზნებოდნენ, ოსტაპმა კუთხეში მიყუდებული მათი ცხრა თოფი ფიჩხივით ამოიჩარა იღლიაში, იქვე გარეთ გადაჰყარა და მარგილი დაატრიალა.

მხოლოდ ათისთავი და ორი ყაზახი გაკერპდა და ხმლები იშიშვლეს.

- ბიჭოს! - შესძახა არსენამ. - თქვენც ვაჟკაცები ყოფილხართ! მაშ განი! - დამბაჩები ოსტაპს მიაჩეჩა და: - მე სამიც მეყოფა, შენ კი, ოსტაპ, თუ ვინმემ წამოიწიოს, მაშინვე შუბლი გაუხვრიტე.

თვითონაც გორდა46 ააკამკამა, თითისტარივით აიბზრიალა თავზე, შუა დუქანში გავიდა და სამივენი გაიწვია:

- ყაზახებო, სამივე ერთად გამოდით, თორემ ცალ-ცალკე თითო ლუკმადაც არ მეყოფით.

დანარჩენი ყაზახები კედლის ძირში გაინაბნენ. ლოპიანა დახლის ქვეშ შეძვრა. ოსტაპი ქვედაყრილ ყაზახებს არსენას მიერ გადაცემულს ორთავ დამბაჩას უმიზნებდა და განძრევის ნებასაც არ აძლევდა.

ათისთავმა ორ თანაშემწეს თვალი უყო და სამივე ერთად გადმოხტა. არსენამ განზე ისკუპა და იმავე წამს ერთი მათგანის ხმალი ბზრიალით დაეტაკა დაბალ ჭერს და ოსტაპის წინ დაეცა, რომელმაც მაშინვე ფეხი დაადგა მას, იარაღაყრილი ყაზახიც მაშინვე კედელთან მიწვა.

მეორე ნახტომზე ოძელაშვილმა მეორეს ყუით აჰკრა ხმალი და კინაღამ მაჯა აუმსხვრია. ამ ყაზახის ხმალიც კვნესით გასხლტა დახლის ძირში. ათისთავმა მარაბდელს გაშმაგებით შემოუტია და ხმლის წვერი ორჯერ გაუზუზუნა თავთან. არსენამ ძლივს აიცდინა და აღტაცებით შესძახა:

- ბიჭოს!

ათისთავმა სამჯერ აუკრა ხმალი და ოძელაშვილი კინაღამ ხელცარიელი დასტოვა.

- ყოჩაღ! - შეჰყვირა მარაბდელმა და დაუმატა: - ახლა კი ჩემი ჯერია და გამაგრდი!

და ცხვირ-წინ, თავზე და მკერდის ირგვლივ ფოლადის რკალები დაუტრიალა. მისი ხმალი ხან კრაზანასავით ჰბზუოდა, ხან წკეპლასავით შხუოდა, ხანაც გველივით სისინებდა და ყოველ წამს მზად იყო ყაზახისათვის თავი მოეკვეთნა კიტრივით, ან შუაზე გაეპო ნესვივით, მაგრამ ცხადი იყო, რომ არსენა ათისთავს ინდობდა და სხვა რამეს უპირებდა.

ყაზახი დაიბნა, ხმალს აღარც კი უმიზნებდა და უილაჯოდღა იქნევდა. მერმე ხელიდან გაუშვა იგი, ჩაიჩოქა და უმწეო თავი უმწეო ხელებით დაიფარა.

არსენამ მახვილი აღმართა და ჰკითხა:

- ცოლი ესტ?

- ესტ, ესტ! - დაიძახა რამოდენიმე ყაზახმა.

- შვილებიც ესტ?

- ესტ, ესტ! - უპასუხეს სხვებმა.

- კიდევ ხოჩიშ არსენა დაიჭირო?

- ნეტ, ნეტ! - ახლა კი იკადრა ათისთავმა პასუხის მიცემა.

- მაშ ადექი.

თვითონ კი ხმალი ჩააგო, გულხელი დაიკრიფა, შიშნაჭამებს გადახედა და შესძახა:

- ნას კაკოი ბიჭი ვარ, ახლა ხომ ცანით არსენა!

რა თქმა უნდა, იცნეს, იცნეს და მაწონივით მოლბნენ.

ოსტაპმა ყველას ჩამოუარა, ხმალ-ხანჯალი აჰყარა, ისიც გარეთ გადაჰყარა, დაიმკლავა და არსენას ჰკითხა:

- არსენა, ახლა რა ვუყო ამ უნიფხოებს?

- რადგან შენც უნიფხო ხარ, ამიტომ ტანისამოსი და ჩექმები დაახდევინე. ჩვენს ბიჭებსაც გამოადგებათ და შენც მოგიხდება. მოშორებით იდექი და თუ ვინმე გაჯიუტდეს, შიგ შუბლში ჰკარი დამბაჩა. მეც ახლავე დავბრუნდები.

თოფს ხელი დაავლო და თავლისკენ გაიქცა.

გაფითრებული ლოპიანა დახლიდან ამოძვრა, არსენას დაედევნა, წინ გადაეღობა და -

- არა, გიჟი არა ვარ?! - ჰკითხა.

- ხუთი წელიწადია მაგას გეუბნები, მაგრამ არა გჯერა. - მიუგდო არსენამ და გუშაგს შეუტია, რომელიც თავლის კარებში იჯდა და ხელადას სცლიდა:

- აქ მოიტა ეგ თოფი!

გუშაგი წამოხტა, მაგრამ არსენას ელვისებურ სილას დაეტაკა და მიწაზე გაიშოტა. მარაბდელმა უცბად აართვა იარაღი და თავლაში შეიჭრა.

- მამა-ჩემო! დედილო! როგორა ხართ? ფიქრიავ, შენ კი გენაცვალე შენა! ძალო მაგდა, რასა იქ? დათუნი, შენ რა ღმერთი გიწყრება! ერეკლე, გაიზარდე პაპა-შენის ხნისა, ბიჭი ხარ მეთქი, ბიჭი! სიმონ, ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ და ტყეში წამომყე. - ყველანი გულში ჩაიკრა, დაჰკოცნა და დაასრულა: - აბა გამოდით და თავს უშველეთ!

პატიმრები გონს ვერ მოსულიყვნენ და ჰბურტყუნებდნენ:

- არსენა... ჩვენი არსენა... საიდან? როგორ? სად მიგყევართ, ბიჭო?

- სიმონ, განა არ შეატყობინე?

- მე რა ვიცოდი, არსენ, რომ შენიანები იყვნენ?

- აბა, ნუღარ აგვიანებთ, გამოდით და ცხენებიც გამოიყვანეთ.

და ისევ გარეთ გამოვარდა. ათი საცვლის-ამარა ყაზახი რომ დაინახა, გადიხარხარა და შესძახა:

- აბა, ძმებო, ახლა თითო ჯამი დავლიოთ. მართალია, დაგატიტვლეთ, მაგრამ მაინც ძმები ვართ. თქვენი ხელმწიფე მდიდარია და ხვალვე ახლებს ჩაგაცმევსთ. აბა, დაისხით, სიტიტვლისა ნუ გრცხვენიანთ. დანიშნულები ვერ დაგინახავენ. ოსტაპ, დამბაჩა დაუშვი. ამათ სმის მეტი აღარაფერი შეუძლიანთ და მგონი სმის თავიც აღარა აქვთ. არსენას დასაჭერად მოდიოდით? ვერ მოგართვით! გაჯობეთ და უკანვე გაგგზავნით. მეფის ტანისამოსი და ცხენ-უნაგირი კი, ახლა რომ დაგაყრევინეთ, ჩვენზე უფრო უპრიანია. ვინ იცის საიდან სად მოსულხართ და საწყალ ხალხს სჩაგრავთ, თითონ თქვენ კი ალბათ ჩვენზე მეტად იქნებით დაჩაგრული. ალბათ თქვენც გეყოლებათ ბატონები და მდივანბეგები, და თუ გული გერჩით და ხმალიც გიჭრით, თქვენი ვაჟკაცობა ისევ იმათზე გამოიჩინეთ, თუ არა და - ისევ ჩვენ ამოგვიდექით მხარში და გლეხური საქმე თუნდ აქედან დავიწყოთ. ჩემს დევნაზე კი ხელი აიღეთ და გლეხებსაც თავი დაანებეთ, თორემ... მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ, ღმერთი როგორ გამიწყრესა! და ვინც მე დამიჭიროს, ღმერთიც იმას გაუწყრესა. ძმებო, ჩვენ ისევ ჩვენ-ჩვენი გზით წავიდეთ და გირჩევთ ერთმანეთს არსად აღარ შევხვდეთ და სამტროდ ნუ დამიხვდებით, თორე-ე-ე...

დალია, დაალევინა და განაგრძო:

- რაც გითხარით, დაიხსომეთ და გუდა-ნაბადი აიკრიფეთ. ახლა კი თქვენებურ არსენას სადღეგრძელო დავლიოთ. ჯერ არა გყავთ არსენაი? მაშ მალე გეყოლებათ. უწინ კი ვიღაც პუგაჩოვი გყოლიათ. კარპიჩამ მიამბო, არ გაგიგონიათ პუგაჩოვის სახელი? ვაი თქვე უბედურებო! და თუ არსენა არა გყავთ, თქვენ თვითონ მაინც გაარსენდით. არც ეს შეგიძლიათ? მოინდომეთ და შესძლებთ. ჯარში რომ დაბრუნდებით, ჩემი ნათქომი უამბეთ და ყველანი მომიკითხეთ. მაშ თქვენი გამარჯვებისაც იყოს, თუ მართალ საქმეს შეუდექით, ღმერთმა ხელი მოგიმართოსთ, და თუ მრუდესა, ღღევანდელივით შეგარცხვინოსთ, ამინ! კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ძალიან მეჩქარება და მერმე შეგისრულებთ.

კიდევ დალია, დაალევინა და ლოპიანას გადასძახა:

- მედუქნევ, ამ საწყლებს ყველაფერი მოართვი. ღვინოც, მწვადებიც, ყველიც და თევზიც, ნაბდები და მაზარებიც უშოვე და ქალაქში გაისტუმრე. არაფერი აწყეინო, თორემ არსენასთან გექნება საქმე და ვაი შენი ბრალი. ახლა კი მშვიდობით იყავით, ყაზახებო!

ათისთავმა ხელი მაგრად ჩამოართვა და უთხრა:

- შენ კარგი ჭკუა გვასწავლე და ერთ დარიგებას მეც მოგცემ, ჯერ ახალგაზრდა ხარ და იარაღს ეთამაშები. მაგრამ გაფრთხილდი. თორემ ერთხელაც იქნება გიღალატებს, ვინც ხმალი ამოიღო, უნდა ყუა დაივიწყოს. რაკი იარაღი იშიშვლე, პირით დაჰკა, თორემ თამაშის დროს ან ვადაში გაგიტყდება, ან ხელიდან გაგივარდება, და მაშინ შენი აღსასრულის დღეც დადგება. ახლა კი შენც მშვიდობით იყავი. ჩვენ მოგერიდებით, მაგრამ ნურც შენ დაგვიწყებ ძებნას.

- მადლობელი ვარ დარიგებისთვის. სჯობია ისევ შენთვის შეინახო. ოსტაპ, წამოდი! - მიუგო მარაბდელმა და წამოვიდა.

ეზოში რომ გავიდა, ფიქრია და მაგდანა ძლივსღა იცნო. ყაზახური ჩოხები ჩაეცვათ, იარაღიც აესხათ და იღიმებოდნენ. სიმონასაც ძონძები დაეყარნა და ყაზახური ჩაეცვა. ოსტაპმა ორი ჩოხა გაარღვია და არც მესამე გამოადგა.

- რაზმის თავი არ უნდა გაგეშვა. - უსაყვედურა მან არსენას კუჭატნელის წასვლა. - იქნება იმის ჩოხაში მაინც ჩავტეულიყავი.

- ივაჟკაცე, გახადე და ჩაიცვი. შეგერგების. - ურჩია ოძელაშვილმა.

წართმეული იარაღი, ტანისამოსი და ნაბდები წართმეულ ცხენებს აჰკიდეს, თვითონაც მოასხდნენ, ორი ცხენიც სადავით დაიჭირეს და მარაბდისკენ გამოსწიეს.

- რას დაღონებულხარ, მამა-ჩემო? - ჰკითხა არსენამ სიჩუმის შემდეგ.

- ეეჰ, შვილო, ნეტავი შენა! - ამოიოხრა ცალთვალამ. - სისხლი მაჭარივით გიდუღს და შენი სახელი ქალაქშიც კი მეხივით გავარდნილა.

- შენ რაღა გიშავს, მამა-ჩემო?

- ის მიშავს, შვილო, რომ დღევანდელის პასუხსაც მარაბდელებს მოსთხოვენ და მძევლად ისევ ჩვენ ვეყოლებით.

- რატომ? განა არ გამომყვებით?

- სადა, ტყეში? მე და ეს დედაბერი? არა, შვილო, რაღა დროს ჩვენი ხეტიალია ტყეში!

- წამოდით მეთქი. ნუ გეშინიანთ, თავადებსავით მოგივლით. შესთავაზა შვილმა.

ღვთისავარმა ჩაიცინა, მელანომ ჩაიხითხითა, მერმე კი -

- იყუჩე, შვილო. - მტკიცედ უთხრა მამამ. - სხვა რომ არა იყოს-რა, გავთეთრდით და სირცხვილია.

- ერეკლე? - ჰკითხა არსენამ მამას დუმილის შემდეგ.

- არც ერეკლეს გაგატან. ჯერ დაგვკალი და მემრე წაიყვანე.

- ფიქრია?

- აქ ფიქრია ფათერაკს ვერ ასცდება. წაიყვანე და უპატრონე.

- ძალო მაგდან, შენ რაღას იტყვი?

- მეც მოვდივარ. - მოკლედ მოუჭრა ქვრივმა. - საცა ჩემი ზურა იქნება, მეც იქა ვარ, აქ კი კატაც აღარ გამაჩნია.

- დათუნავ, შენც გვითხარ რამე.

- სულ ერთია, დავრჩები. - მიუგო ყოყმანის შემდეგ “სულერთიამ”.

ფიქრიამ დათუნას გადაჰხედა და, რადგან უკვე ბნელოდა, მისი მწუხარება და თაკილიც ვერავინ შენიშნა, არსენამ კი მიუგო:

- შენი გულის ნადები მესმის, დათუნი. მაგრამ მოტყუვდები. რუსებმა სპარსელები დაიფრინეს და ალექსანდრე ბატონიშვილიც გაქცეულა. - და კინაღამ დაუმატა: “ტყეში კი ფიქრია გეყოლებაო”.

- მე ბატონიშვილებთან რა საქმე მაქვს? - უპასუხა დათუნამ და გაჩუმდა.

იაღლუჯის მთებიდან მთვარე ამოგორდა და მარაბდა გამოაჩინა. უცებ მიწიდან ორი ლანდი ამოძვრა და ერთმა დაიძახა:

- არსენ, შენი ხმა ვიცანი.

- როსტომ, შენა ხარ? მეორე ვიღაა, ზურა ხომ არ არის?

- ზურაა, ზურა. ძალიან დაიგვიანე და შენ საძებნელად გამოგვგზავნეს. ყველანი კარგად არიან. გამარჯვება, მძახლებო!

და სანამ როსტომი ღვთისავარს და მის ჯალაბობას მოიკითხავდა, მაგდანამ დუმილს ვეღარ გაუძლო და შესძახა:

- შვილო, ზურა, ვერ მიცანი?

შვილი შეყოყმანდა, რადგან დედის ხმა იცნო, მაგრამ ვერ შეუბედა, რადგან ჩოხიანი დედა ვერ წარმოედგინა. მერმე კი ცხენოსნებში შეერია და მაგდანა კინაღამ ცხენიდან გადმოიღო. შემდეგ გაახსენდა, რომ ტყეში გავარდნილ ვაჟკაცს დედა-შვილური გულჩვილობა არ შეჰშვენოდა და დედის ნაცვლად ერეკლე გადმოაგდო ცხენიდან.

არსენამ როსტომს ტყეში დარჩენილთა ამბავი გამოჰკითხა, ზოგი შესატყობარი შეიტყო და ცხენი დასძრა. როსტომი და ზურა წართმეულ ცხენებზე შესხდნენ და ბელადს აქით-იქიდან ამოუდგნენ.

- შინ დარჩები თუ არსენას გაჰყვები? - ჩუმი ხმით ჰკითხა დათუნამ ფიქრიას, რომელსაც გვერდით მოსდევდა.

- შინ რა მინდა? - მიუგო ქალმა. - მაიორი ხვალ ან ზეგ ისევ ამოვა და მომიტაცებს. - და სულ ჩუმად დაუმატა: - ერთხელ გადავურჩი და მეორეჯერ ვეღარ გადავურჩები. შენა?

- ვერა, ფიქრო, მე ვერ წამოვალ.

- რატომ? - დაღონდა არსენას დაი.

დათუნამ პირი დააღო, მაგრამ გაჩუმდა, რადგან ღვთისავარმა ფიქრიას მეორე მხრიდან ამოუყენა ცხენი.

როსტომმა საუბარი განაახლა. აკლებული ალგეთი უფრო ვეება სასაფლაოს ჰგავს, ვიდრე ცოცხალი ხალხით დასახლებულ სოფლებსო. დედებს შიშით და უჭმელობით ძუძუები დაუშრათ. ბალღები ხბოსავით სძოვენ ბალახს. მამაკაცები საფლავიდან ამოსულ ლანდებს დაემგვანენ. აქამდე ალგეთზე ხუთიოდე გიჟი იყო, ახლა კი ორმოციც იქნება. “ზეკუციის” შემდეგ ვინ იცის რამდენმა დედაკაცმა გაიფუჭა მუცელი და რამდენი გადაჰყვა თან. საბას ცოლმა სხვა რომ ვეღარა მოახერხა-რა, მუცელზე ხელსაფქვავი დაიტრიალა და წამებაში მოკვდა. ბერუას რძალი ადუღებულ ბალახ-ბულახში ჩაწვა და გაიფუფქა. პაპუნას გასათხოვარი ქალი ალგეთში გადავარდა. ნასყიდას ქეთომ თავი ჩამოიხრჩო, ედიშერის დანიშნული მელანო კი გაგიჟდა. თითქმის შიშველი დარბის მინდვრებში და ჩიტებს უსტვენს.

როსტომი გაჩუმდა. სხვებიც დამწუხრებული სდუმდნენ და ვარამს გულში იტრიალებდნენ, თანაც როსტომის ნაამბობი ავი რამ ნაზმანები ეგონათ.

მცირე რაზმი ოძელაანთ სახლის წინ შედგა. პაპა მახარამ დერეფნიდან გამოიხედა და კინაღამ ჩაიკეცა. ღვთისავარი, მელანო, ერეკლე და დათუნა ჩამოხტნენ, არსენამ კი დანარჩენებს მიუგო:

- თქვენ ნუ ჩამოხვალთ. დრო არ არის. გამარჯვება, პაპილო! აბა, ვინცა რჩებით, მშვიდობით იყავით. მალე გნახავთ... დედი, რა დროს ტირილია! - და კინაღამ თვითონაც ატირდა. ცხენიდან დაიხარა და ოთხივენი დაჰკოცნა. - ერეკლე, არ შემარცხვინო... მამაჩემო, ყოჩაღად იყავი, კისერი არ მოიდრიკო... დათუნი, ღმერთმა ხელი მოგიმართოს... დედი, კმარა, მარაბდა ცრემლის ზღვაში ნუ დაახრჩე, აბა, ახლა კი მომყევით. - და ლურჯას უმიზეზოდ გადაუჭირა მათრახი.

უკვე ბნელოდა, მაგრამ ჯერ გვიან არ იყო და ცხენების თქარუნმა მაიორ - ზაალის მიერ ნამუსრი სოფელი გარეთ გამოჰფინა.

- შვილო არსენ... ძმაო არსენ. - მოისმოდა ყოველ მხრივ, სად მიეჩქარები, ბიჭო?.. მოგვიკითხავდი მაინცა... შენ კი გენაცვლე, შენა... ორიოდე სიტყვა მაინც გვითხარი... შენი იმედით ვართ და არ მოგვატყუო.

- მხნედ იყავით... ჩემი იმედი გქონდეთ... ახლა კი არა მცალიან... მომიკითხეთ ყველანი. - ისროდა აქით-იქით მარაბდელი და ცხენს ზაალის სასახლისკენ მიაქანებდა, თანაც როსტომ ჯორჯიაშვილს რაღაცას ჩასჩურჩულებდა. მერმე რაზმელებს მიუბრუნდა და ჩუმი ხმით მიუგდო:

- დამბაჩები დაამზადეთ, მაგრამ სანამ არ გითხრათ, არ გაისროლოთ.

და შავი რაზმი ზაალის აივანს მიახალა, მიახალა და დამბაჩა დააქუხა. დააქუხა და თვითონაც დაიქუხა:

- ჰეი, ბარათაშვილო, გარეთ გამოდი! არსენა ვარ და შენი ნახვა მომწყურდა. - და სანამ ვინმე გამოვიდოდა, ჩუმი ხმით დაუმატა: - ფიქრიავ, მაგდანავ, დამბაჩები ან ქვევით დაუშვით, ან ზევით ასწიეთ, თორემ გაგივარდებათ და ფათერაკს წავეკიდებით. - და გრიალით მიაყოლა:

- თქვენ ჰეი, მოურავებო, გიგოლებო, გზირებო და დიაცებო! თაგვის სოროებიდან გამოძვერით და დამენახვეთ. რას მიმალულხართ სოროებში, რისა შეგეშინდათ!

არსით არავინაც არ გამოძვრა. პირიქით, უფრო ღრმადაც მიიმალნენ. ცალფეხშიშველა გიგოლა გაიქცა, წაიქცა და მესერში გაძვრა. ფირუზა მოურავი სათონეში შევარდა. ბოლოს აივანზე კნეინა ხორეშანი გამოფარფაშდა და ზევიდან გადმოსჩიფჩიფა ოძელაშვილს:

- შვილო, არსენა ხარ? რას გვერჩი, რა გინდა ჩვენგან?

- დიდ კნეინას ვახლავარ. მე დედაკაცებისთვის არც მირჩოლია და არც ახლა ვერჩი. ზაალი მინდა, ზაალი! ორიოდე სიტყვა მაქვს სათქმელი და გამოვიდეს.

- შვილო, თუ დაგიშავა რამე, მისი თავი მე მაპატიე.

- დიდო ქალბატონო, ჯერჯერობით მიპატიებია, მაგრამ სიტყვა მაქვს მეთქი სათქმელი და ე მაგ აივანზე გადმოდგეს.

- ხომ არას დაუშავებ, შვილო?

- არა, დედი, არაფერსაც არ დავუშავებ.

ხორეშანი გაბრუნდა და ერთი წუთის შემდეგ ზაალი გამოიყვანა.

- გამარჯვება, ბიჭო არსენ! - გაბზარული ქოთნის ხმით ჩამოსძახა ბატონმა.

- შენი გამარჯვება ღმერთმა ჩემ მტერსაც ნუ მისცეს, ზაალო! - შესძახა მარაბდელმა. - ახლა ყური მიგდე და შემისრულე, თორემ მალე აგიტირებ მაგ კნეინებსა. რაც მაიორის წყალობით მარაბდელებისთვის სარჩო წაგირთმევია, ერთ კვირაში უკლებლივ უნდა დაუბრუნო, სთქვი, უბრუნებ თუ არა?

- დავუბრუნებ, ჩემო არსენ, შენი ხათრით დავუბრუნებ.

- აგრე. ეს ერთი. - და “ხათრის” გამო გულში ჩაიცინა. - ამას იქით მარაბდელებს ბისტის ოდენა ღალასაც აღარ გამოართმევ, ყმებსაც გაანთავისუფლებ და სადავო მიწებზეც ხელს აიღებ. დღეის იქით შენვე მოხანი, შენვე დათესე და შენვე შეხეთქე. მითხარი აგიღია ხელი თუ არა?

- ამიღია, ჩემო არსენ, ამიღია, - კანკალით ჩამოაგდო ბატონმა.

- აგრე. ესეც ორი. რაც ხალხი დააჭერინე, ერთ კვირაში ყველა გამააშვებინე. დღეს ჩემიანები მე თვითონვე გამოვუშვი და ყური უგდე, რომ ხელახლა აღარ დაიჭირონ. სიტყვა გიჭრის და გამოიყენე, თორემ... პირობას მაძლევ თუ არა?

- გაძლევ, გაძლევ. - ჩამოიკნავლა ზაალმა.

- აგრე. ესეც სამი. რაც განჯინაში ოქრო-ვერცხლი მოგიგროვებია, სულ ჩვენი ნაოფლარია. ქვეყანაზე ათასი ქვრივ-ობოლია და იმათ უფრო შეერგების. საცა სამართალია, გლეხისა ისევ გლეხს უნდა დაუბრუნო. მაგრამ ახლა იმას პატრონი აღარ უჩანს და ისევ შენ შეხეთქე. ახლა კი მამა-ჩემის ნაპოვნი ხაზინა უნდა დამიბრუნო. სთქვი, იძლევი თუ არა?

ბატონს გული გაუსკდა. შარშან ღვთისავარმა ბირთვისის ციხეში ერთი კოჭობი ოქრო და თვალი პატიოსანი იპოვა, მაგრამ ზაალმა გაუგო და წაართვა, რადგან უძველეს კანონში ეწერა, ყოველივე ყმისა ბატონისა არისო.

ზაალი ყოყმანობდა. ხორეშანმა რაღაც ჩასჩურჩულა მას.

- იძლევი მეთქი თუ არა? - ისე ასძახა არსენამ, რომ ზაალი სულსაც კი მისცემდა, და ძლივსღა ჩამოახრიალა:

- ვიძლევი, ჩემო არსენ, ვიძლევი.

- აგრე. ესეც ოთხი. იმავე განჯინაში ძველი დროშა გიყუდია. თავადები დაბერდით, დაძაბუნდით და ვეღარ ატარებთ, ჩვენ კი ეს არის ახლა დავიბადენით, მკლავიც გვიჭრის, გულიც გვერჩის და თქვენზე უკეთაც მოუვლით. იძლევი თუ არა?

- ვიძლევი, ვიძლევი! - თითქმის სიხარულით ჩამოსძახა მეწინავე დროშის გუშაგმა.

- აგრე. გაამოს. ესეც ხუთი და უკანასკნელი. ახლა როსტომი ამოვა ხურჯინით და განჯინის კარი გაუღე, ის დროშა კი შენვე ჩამოიტანე და შენვე ჩამაბარე. მოდიხარ თუ არა?

- მოვდივარ, მოვდივარ! - ჩამოჰკვნესა ბატონმა და შინ შევარდა.

ხურჯინიანი როსტომი იმავე წამს ავარდა აივანზე და ფეხდაფეხ შეჰყვა ბარათაშვილს. ხუთიოდე წუთის შემდეგ დატვირთულმა ჯორჯიაშვილმა უკანვე ჩამოირბინა და ზაალიც ხვნეშით ჩამოჰყვა. ჩამოჰყვა და ხალთაში გახვეული დროშა არსენას მიაჩეჩა. მიაჩეჩა და თითქმის სირბილით გაბრუნდა.

- აგრე. - მადიანად განიმეორა არსენამ, დროშა მხარზე გაიდო, ლურჯა მოატრიალა და თავისიანებს მიაძახა, - მომყევით!

რაზმელები თავქვე დაეშვნენ და, ალგეთს რომ გავიდნენ, ოძელაშვილმა უკან მოიხედა და უწინდელივით ამოსძახა:

- ბარათაშვილო. პირობაზე მტკიცედ იყავი, თორემ დედას გიტირებ, დედასა! - და ცოტას რომ გასცდნენ, უწინდელივით დასძახეს ალგეთური:

კიდევაც დაიზრდებიან

ალგეთს ლეკვები მგლისანი;

ისე არ ამოსწყდებიან,

ჯავრი შესჭამონ მტრისანი.

როცა სიმღერა შეწყდა ჭალებში, გაღეღილმა და გაძარცულმა ბატონმა თამამად გამოალაჯა აივანზე და შესძახა:

- ფირუზ, გიგოლა, თედო! სადა ხართ, ხალხო?

- აქ გახლავართ, ბატონო, - და ისინიც თამამად გამოძვრნენ.

ზაალმა ხელები გაასავსავა და თითქმის ტირილით შესჩივლა:

- ვეჟო, ასეთი ამბავი გაგონილა? ბუნტია, მაშ რა ჯანდაბაა!

- ბუნტია, შენი ჭირიმე, ბუნტი. - დაუმოწმეს ყმებმაც და ცხვირები მიწას ჩააბჯინეს.

თავი მეშვიდე

ფიცი ეში

მოსარჩლე ხარ ქვრივ-ობლისა, კვალი შეგრჩა მირონისა,

სისხლი გიდუღს ღვთისავრისა, ბარათაანთ მედროშისა.

ხ ა ლ ხ უ რ ი

ორი ქალისა და ორი ახალი მამაკაცის ამოსვლამ ბანაკი ააფორიაქა. ფიქრიას დანახვაზე ჭაბუკები გაიბადრნენ, მაგდანას გამოჩენამ კი ხნიერებიც წამოშალა, გარდა კოჭლი კარპიჩასი და ლაშქარასი, რომელნიც აიმრიზნენ და აბუზღუნდნენ:

- კაცო, რად გვინდოდა დედაკაცი! - იძახოდა ხაბაზი. - კველანი მაგ კალებს აჰყვებიან და საკმეს ვიგა გააკეთებს?

- ძალიან მძიმე ხურჯინები მოგვემატა. - ბურტყუნებდა ლაშქარაც. - მონასტერი აგვერევა.

სულ უცნობმა სიმონამ და ოსტაპმა უფრო მეტი მითქმა-მოთქმა გამოიწვიეს არსენამ გორულში და კოდაში მომხდარი ამბები უამბო, ბანაკი დაამშვიდა და დაუმატა:

- სისხლი სიყვარულზე უფრო მცკიცე დუღაბია. ამ ორმა კაცმა კოდაზე სამუდამოდ გადაიკიდა მთავრობა, ხიდი საბოლოოდ ჩაუტყდათ და ჩვენს იქით გზა აღარ აქვთ.

- აგრეა... მართალია... გამოვცადოთ. - დაუდასტურა უმეტესობამ. მხოლოდ ლაცაბიძემ და კარპიჩამ მოითხოვეს უწინდელივით ორივენი დღესვე ავი თავადების დასახოცავად გავგზავნოთო. ყველამ არსენას შეჰხედა. ბელადი მოიღრუბლა. მის მაგიერ ლაცაბიძეს ისევ სხვები შეედავნენ და დაადგინეს: ახალმოსულთა ვინაობა საფუძვლიანად გამოერკვიათ და ხვალ ან ზეგ ახალ “საქმეზე” ჩაეყვანათ ბარში, ჯერ კი ორივენი თავთავიანთ ხელობაზე დააყენეს და იმ დღიდან ოსტაპი მეშთას მიეშველა და ცხენებს ისე სუფთად ინახავდა, როგორც ფიქრია თავის სხეულს, სიმონა კი ისეთ ლავაშებსა და ხმიადებს აცხობდა, რომ პურის ჭამამ ერთიორად იმატა და კარპიჩასაც შვება მიეცა.

ახალმოსული მამაკაცების უცხოობა მალე შენელდა, სამაგიეროდ ქალების მიერ ამოტანილი ცეცხლი ისე სწრაფად გაღვივდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ლამის მთელი ბანაკი გადაჰბუგა. ფიქრია და მაგდანა ისე ვერ გასცილდებოდნენ ბანაკს, რომ თითოს ხუთიოდე რაზმელი არ ასდევნებოდა. ზოგი ვითომ სოკოზე მიდიოდა, ზოგი თევზის დასაჭერად მირბოდა, ზოგსაც სწორედ იმ დროს უნდებოდა ფიჩხი და ყველა ეძებდა სოკოსაც, თევზსაც და ფიჩხსაც, საცა ფიქრია ან მაგდანა ეგულებოდათ.

- ნუ ამედევნე ჩრდილივითა! - შეუტევდა ხან ერთსა და ხან მეორეს ფიქრია, ან მაგდანა, მაგრამ მშიერ მგლებს არც მათი შეტევა აშინებდა და არც ქუშიანი შუბლი აჩერებდა. ერთი კვირა ძლივს გავიდა და ძმათა შორის ორი დედლის გამო მწვავე შუღლი ჩამოვარდა: მეშთა კბილებს აკრაჭუნებდა, ლაცაბიძემ ეშვები ვეღარ შეილაგა, კარპიჩა იღრინებოდა, ლაშქარა ბუზღუნებდა, ჭაბუკები თვალებს აბრიალებდნენ, ზურას მუდამ ხანჯალზე ეჭირა ხელი, ბოლოს ოსტაპმაც რისხვით გაივსო ხარის თვალები და სიმონაც ავად დაბნელდა. მხოლოდ ბელადი არ ამჩნევდა მაგდანას (“იმიტომ, რომ არ აკლია” - ამბობდნენ ტყის ძმები) და მუდამ მშვიდი როსტომი ახლაც უდარდელად იღიმებოდა (“იმიტომ, რომ ფიქრია არ ერგებოდა, მაგდანა კი არა სწყალობდა” - ანუგეშებდნენ ერთმანეთს რაზმელები). ბოლოს, როცა ერთ დილას ორმა რაზმელმა ერთმანეთზე მიიწია და დამბაჩებმაც იგრიალა, არსენამ სადილზე სიჩუმე ჩამოაგდო და განაცხადა:

- ძმებო, დღეს ჩვენს ოჯახში დიდი დღესასწაულია. როსტომ, შენ რას იტყვი?

მამლის ბიბილოსავით გაწითლებულმა როსტომმა თავი ჩაღუნა და ენა დაჰკარგა. ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ მაგდანა წამოდგა და შერცხვენილ ხოხობს დაემგვანა. მერმე არსენას მიერ ნაჩუქარი აბრეშუმის ჭრელი ხელსახოცი ამოიღო, როსტომს მიეპარა და ყელზე შემოახვია. მოახვია, გამოიქცა და თავის ალაგზე ჩაჯდა. მერმე როსტომიც წამოდგა, მაგდანას თეთრი ბაღდადი მოახვია თავზე და დაბრუნდა.

- როსტომმა მაგდანას ბელგა47 მისცა და დღეის იქით დანიშნულები არიან. - განაცხადა არსენამ. - რადგან ძალო მაგდანა მგლოვიარედ იმყოფება, ამიტომ ქორწილი მერმე იქნება. გაამოს!

და ტყის ძმებმაც იმ მამალივით შესძახეს “გაამოს”, რომელსაც ქორმა უკანასკნელი დედალი მოსტაცა.

- ჩემი დაჲ ფიქრიაც დანიშნულია. - დაუმატა არსენამ. - დათუნამ მარაბდაშივე დანიშნა და ბელგაც იქვე მისცა. ამასაც ვაცხადებ და ყველამ იცოდეს. გაუმარჯოს!

- გაუმარჯოს. - ამოიხრიალა ბანაკმა ცალი ყბით.

ლაშქარამ ღვინის ულუფას უმატა, მაგრამ იმ დღეს შეფიცულებსაც ისევე სწყუროდათ ღვინო, როგორც დამხრჩვალს წყალი. მაინც დალიეს და დაალევინეს, უმღერეს და იჭიდავეს, უჯირითეს და ფერხულიც ჩაუბეს, და როცა დაქანცეს, დაიქანცნენ და დაიშალნენ, ერთმანეთში ასეთი ჩურჩული გააბეს:

- მოგვატყუეს.

- გაგვაცრუეს.

- მოგვაღორეს.

და მაინც ისევ ძმებად გადაიქცნენ. აღარც ვინმე იბღვირებოდა, აღარც აღრენილი ეშვები მოსჩანდა და ზურამაც ხელი ჩამოიღო ხანჯლიდან. ფიქრია და მაგდანა კი ისევ ერთ ქოხში ცხოვრობდნენ და უხაროდათ, რომ არსენას ხერხმა ტყეში ისევ მშვიდობა დაამყარა.

იმავე ხანებში როსტომმა და ლაცაბიძემ არსენას განძი ქალაქში ჩაიტანეს, ოქროდ და საქონლად აქციეს, ზოგი გზადაგზა დაარიგეს და თოფის წამალთან, ნარმასთან და წვრილმანთან ერთად უამრავი ქვემოური ამბავიც ამოიტანეს.

ყველაზე მეტად მათი დაბრუნება მარინეს და კარპიჩას გაეხარდათ, რადგან არსენას ცოლს მწვანე ქოშები და ყინვა-შაქარი მოუტანეს, კარპიჩას კი იმდენი მზესუმზირა მიართვეს, რომ ერთ თვეშიც ვერ გაათავებდა. რუსი ცალ ფეხზე დახტოდა, უცნაურ ხილს აწკაპუნებდა და აღარ იცოდა როგორ გადაეხადნა მადლობა.

შემდეგ ყველანი არსენას მიუსხდნენ და ქალაქიდან დაბრუნებულებმა ამბები ამოალაგეს. თურმე ზოგან არსენას არშინი აღარ არშინობდა, აღარც მისი ჩანახი ჩანახობდა და არც გირვანქა გირვანქობდა. არსენამ თავის კანონი პირველად არმაზის48 მიდამოში გამოსცა და შემდეგ მცხეთას, საგურამოს, კოდას, საგარეჯოს, კასპსა და ხაშურშიც დაადასტურა: მეწვრილმანე ურიას, მედუქნეს და ყოველ ვაჭარს რკინის არშინს გამოართმევდა, აპეურსავით დაჰკეცავდა, შორს მოისროლიდა და იტყოდა:

- ფუჰ, გამჭედი გაგიწყრესა! ვინ ოხერმა მოგვაჩეჩა ეს არშინი! ჩვენ ქართული ალაბი49 გვქონდა და ისევ ის უნდა შემოიღოთ. თორე...

შინდის ჯოხს გამოსჭრიდა, ხუთ მტკაველს მოზომავდა, ბაზაზს ხელში ჩასჩრიდა და უბრძანებდა:

- ამას იქით არსენას არშინით გაჰყიდეთ, თორემ “ძალად გაჭმევთ ღორის ხორცსა, კეფაზედ დაგასხამთ წვენსა, თუ ამას არ დამჯერდებით, ქართულად დაგპარსავთ წვერსა”.

მერე ჩანახს მოითხოვდა, სიღრმე-სიგანეს ერთ ციდას მოუმატებდა, რომელიც სხვის ორსაც უდრიდა, და ხორბალ-ლობიოსაც ამ ჩანახით აყიდვინებდა.

გირვანქის ნაცვლად კიდევ ლოპიანას იმოდენა ლოდი დაუგდო სასწორზე, რომ კინაღამ ჩაუმტვრია. მაგრამ მერმე შეიბრალა და სამ გირვანქიანი ერთ გირვანქად გამოაცხადა.

სანამ არსენა იქვე სადმე ტრიალებდა, გლეხები დიდ-პატარამდე ქუდმოგლეჯილი მორბოდნენ სავაჭროდ და მედუქნეს ერთ საათში აკოტრებდნენ, მაგრამ როცა ჩარჩები მარაბდელებს შორს სადმე გაიგულებდნენ, იმის არშინ-ჩანახს სამმაგად ჰყიდდნენ და ზარალს ამგვარად ინაზღაურებდნენ. ამის შემდეგ სოფელში ისე არაფერი არ გაიყიდებოდა, რომ მას ამგვარი საუბარი და შეჯახება არ წასძღოლოდა:

- აბა, ხუთი არშინი ჩითი მომიჭერი. - იტყოდა მყიდველი.

- ვისი არშინი გინდა, დედაკაცო, - ჰკითხავდა ვაჭარი. - არსენასი თუ რუს ხელმწიფესი?

- რა ოხრად მინდა რუს ხელმწიფესი! ჩვენ არსენას არშინი გვაქვს და იმაზე უნდა ვიაროთ.

- არსენას არშინს სხვა ფასი აქვს. - ეტყოდა ჩარჩი და საქონელს ორჯერ უფრო ძვირად დაუფასებდა.

იგივე ამბავი დაემართა ჩანახსაც და გირვანქასაც.

- ვისი ჩანახი გინდა?.. ვისი გირვანქით აგიწონო?

და სადაც კინკლაობა არსენას არშინის გამარჯვებით თავდებოდა, იქ საქონელიც მაშინვე თავდებოდა: ქალაქელი ჩარჩი სოფელში აღარ მოდიოდა და სოფლელ ვაჭარსაც დუქანი უცალიერდებოდა. თურმე ასე შეტრიალებულიყო არსენას ზომა-წონის რეფორმა.

- მერმე, თქვენ რა ჰქენით? - ჰკითხა ბელადმა ქალაქიდან დაბრუნებულ როსტომსა და ლაცაბიძეს.

- ქე მივამტვრიეთ ათიოდე მედუქნეს კბილები და რაც საქონელი ჰქონდათ, იქვე დოურიგეთ გლეხებს, მარა... - და ლაცაბიძემ მოითხოვა, რომ ურჩი მედუქნე იმ ალაგებიდან სულ გაეძევებინათ.

- გლეხები ჩივიან, საქონელი აღარ მოაქვთო, - ჩაურთო როსტომმა, - და დანარჩენებიც რომ გავრეკოთ, სადღა ვივაჭროთო?

და მოულოდნელად იმ ბანაკში ისეთი თავსატეხი და რთული საქმე წამოიჭრა, რომ ალბათ მისი მსგავსი ჯერ არც ერთ ტყეში არ გადაჭრილიყო.

ზოგნი ლაცაბიძის მეთაურობით ვაჭრების განდევნას, დაჯარიმებას, კბილთა მტვრევას და ქონების ჩამორთმევას მოითხოვდნენ, სხვებმა კი სთქვეს, არსენას არშინიც, გირვანქაც და ჩანახიც ოდნავ მაინც შევამციროთო. თვითონ არსენა კი სდუმდა და, ჩვეულებისამებრ, როცა ძნელი რამ საფიქრებელი ჰქონდა, განიერ ნიკაპს ისრესავდა. მან ადრევაც იცოდა და ეხლა კი ნამეტანი სიცხადით მიხვდა, რომ მარჯვე მკლავი, ფოცხვერის ნახტომი და ლომის ბუხუნი ყველაფერს ვერ გადასჭრიდა. მიხვდა და ღრმად ჩაფიქრდა. ქალაქში რომ მჯდარიყო და მეფის ძალა ჰქონოდა, კიდევ რაღაცას მოიგონებდა, ჩაფარ-მსაჯულ-მოხელეს გამოიყენებდა და ბოლოს თავისას გაიტანდა, ტყეში გასულს კი აბა რა უნდა ექნა? ერთი მუჭა ხალხით ამოდენა ჯარი, მოხელე და ჯაშუში მოეგერებინა, თუ ქვეყნის ბედზედაც ეზრუნა? ასე ჰფიქრობდა ბელადი. მერმე ხმაც ამოიღო:

- მეც ვიფიქრებ, თქვენც მოიგონეთ რამე. მერმე, როსტომ, კიდევ რა გაიგე?

არსენას დამჭერს ბარათაშვილმა მაიორის სამოც თუმანს საკუთარი ოციც დაუმატა.

- ფასი მემატება. მომილოცეთ. - ღიმილით მოსჭრა ბელადმა. - მერმე?

- გლეხები ჩივიან, ომის გამო ფულს ფასი დაეკარგა, საქონელი გაძვირდა, ვაჭარმა სინდისი დაჰკარგა და ძალიან ვზარალობთო.

- ვაჭარს როდის ჰქონდა სინდისი, რომ ახლა დაჰკარგოდა? - იკითხა ოძელაშვილმა. - როცა საქონელი ძვირდება, სინდისი იაფდება. მოდი გლეხებს ვურჩიოთ, რომ ფული აღარ აიღონ და საქონელში საქონელი მოითხოვონ. კიდევ რა?

- კიდევ ისა, რომ ვიღაც ყაჩაღებს არსენას სახელი მიუთვისებიათ, ქვეყანას აწუხებენ და გლეხებსაც კი სძარცვავენ.

ეს ამბავი უკვე მოძველდა. არსენამ კარგა ხანია იცის, რომ ვიღაც წუწკები მის კაშკაშა სახელს წურბელასავით მიასხდნენ და ლაფში დაათრევენ. მუდამაც ასე ყოფილა: ვისაც საკუთარი ვაჟკაცობა არ შესწევს, სხვისას იპარავს. ამ ყაჩაღებისთვისაც მალე მოიცლის ოძელაშვილი და ხელს ააღებინებს.

- მაგრამ, - დაუმატა როსტომმა, - ხალხს არა სჯერა და ყველანი ამბობენ, რომ არსენა ასეთ სიწუწკეს არ ჩაიდენსო.

- ოღონდაც! რა თქმა უნდა! აგრეა! - დაუბეჭდეს აქეთ-იქიდან როსტომს, მან კი განაგრძო:

- ხმა დადის, ქართველი გლეხებიც სალდათად გაჰყავთ50, რადგან რუს ხელმწიფეს ომი გაუჭირდაო.

- კისერიც მოუტეხია! ვერ მივართვით! არ იქნების! - წამოიძახეს ტყის ძმებმა და ისე გაიკრეს ხელი ხანჯლებზე, თითქო რუსთ ხელმწიფე უკვე თავთ დასდგომოდა და სალდათს სთხოვდაო.

- გლეხებმა დაგვაბარეს, არსენა რას გვეტყვისო? - გადასცა როსტომმა დანაბარები.

- რა უნდა ვთქვა? რაც არ იქნების, არ იქნების. - დაჰბეჭდა ბელადმაც. - რუსის ხელმწიფე სპარსეთის შაჰს ეომება და ქართველ გლეხებთან ვის რა საქმე აქვს! არხეინად იყვნენ. არ იქნების მეთქი.

- მართალია! - წამოვარდა კარპიჩა. - ომი არც რუსის გლეხის საკმეა. თვითონ მეპეები გავიდნენ, იჩიდავონ და ერთმანეთს თავები დააჩრან! ვინც გადარჩვბა, გამარჩვებაც იმისია.

ძმების ხარხარმა ტყე შეაზანზარა, არსენამ კი ერთხელ კიდევ იკითხა:

- კიდევ რა?

კიდევ ისა, რომ გლეხები ჰგმინავენ, იარაღს მამასისხლად ყიდულობენ, ჩუმჩუმად იკრიბებიან, არსენას ელოდებიან და ეკითხებიან, როდის ჩამოხვალ, როდის გაგვიძღვები და როდემდის უნდა ვითმინოთო?

არსენა ჩაფიქრდა, ძალიან ჩაფიქრდა. მთელი ბანაკიც მას მიაშტერდა და ყურშამაც თვალში თვალი გაუშტერა. ბელადს გული კბილივით აუკვნესდა და ვიღაც თუ რაღაც უჩინარ ფრთებს ასხამდა მას და მუჯლუგუნს ჰკრავდა, მაგრამ მან თავის თავი დასძლია და ჩაიბუტპუტა:

- ადრეა. მოითმინონ. ომია და გაგვსრესავენ.

- რაღა ადრეა, შე კაცო? - წამოიძახა ლაცაბიძემ.

- ადრეა მეთქი. - მიუგო ბელადმა. - ხალხი მზად არის, მაგრამ ჯერ არ დაგვიჯერებს, და თუ დაგვიჯერა, ჯერ არ გამოგვყვება, და თუ გამოგვყვა, ბატონს და ხელმწიფეს თავს არ შეაკლავს. როცა საწყალი ხალხი ისე გახურდება და გამწარდება, რომ თავს ზარბაზნის ხახაშიაც კი შეჰყოფს, აი მაშინ უნდა დაუძახო და გაუძღვე. ჯერ კი არ წამოგვყვება მეთქი. აგრეა თუ არა, ძმებო?

- აგრეა! მართალია! - მიაძახეს არსენას ყოველ მხრივ.

- კუჭატნელმა თურმე სიმწარით ულვაშები დაიგლიჯა. - განაგრძო როსტომმა.

- ოღონდაც! - ჩაიჩურჩულა არსენამ და შეურცხვენელი ულვაშები აიგრიხა.

- ჰაი, ჰაი, რომ დაიგლეჯავდა. - დაუმოწმეს სხვებმაც.

- დაიგლიჯა და მას აქეთ მშიერი მგელივით დაძუნძულებს და დაგვეძებს. - განაგრძო ჯორჯიაშვილმა.

- გვეძებოს, მარა თუ გვიპოვა, მისი სოფელი უბისი და მისი დედაც ატირდებიან. - ეშვებში ჩაიბურტყუნა ლაცაბიძემ.

ეს ხომ ადრევაც იცოდნენ. გიორგი ნიადაგ თრიალეთის ქვემო კალთებს ჰსუნავდა და ზევით ამოსვლისთვის ასიოდე ყაზახს მოითხოვდა, მაგრამ ომი იყო და არ აძლევდნენ. ისიც ყველამ იცოდა, რომ კუჭატნელს ტყის ძმების დასაზვერავად გიგოლა და ივანიჩა ამოეგზავნა, რომელნიც მეცხვარეებში დაძვრებოდნენ და ხაფანგების დაგებას ლამობდნენ.

“აქლემმა და ჯორცხენამ უნდა დაგვიჭირონ?” - გაიცინა მაშინ როსტომმა, მაგრამ ხნიერები მაინც ჩაფიქრდნენ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ მეფის რუსეთის ოქრო ტყეშიც და ქალაქშიც თანაბრად სჭრიდა.

- გუშინწინ შუაღამეზე მაიორი შულავრიდან მარაბდაში ამოიჭრა. - გადმოალაგა როსტომმა. - გიგოლას თურმე ყალბი ცნობა მიუწოდებია, არსენა მარაბდაში უნდა ჩამოვიდესო. მაიორს უნდოდა ღვთისავარიც და ერეკლეც დაეჭირა, მაგრამ ზაალმა ააღებინა ხელი. უთხრა, ეს ხალხი არსენას დასაჭერი ხაფანგია და ისევ აქ იყოსო. მაიორი იმავე დღეს გაბრუნდა, ზაალი კი თავის მამულში ახპატახტალაში აპირებს წასვლას. ესეც გარსიამ მიამბო.

- ბატონს მარაბდაში დაგცხა და იქ გაგრილდები. - ჩაიცინა მეშთამ.

- წავიდეს. - ნება მისცა არსენამ: - სად წაგვივა?

- ვენაცვალე ბიჭიკოსა. - ჩაურთო ფიქრიამ გარსიას გახსენებაზე, რომელიც ზაალის სასახლეში არსენას უტყუარ თვალად და ყურად ჰყავდა. როსტომმა კი განაგრძო:

- მედუქნე ლოპიანა51 დაიჭირეს, უღვთოდ სცემეს და გაანიავეს. დუქანი დაუკეტეს, ყველაფერი ჩამოართვეს და ესეც არ აკმარეს: რაც ნათესავი ჰყავდა, ისინიც გაახეიბრეს და ციხეში ჩაჰყარეს. იმის ბიძაშვილს ბაღოსაც ის დღე დააყენეს. გამწარებულ ბაღოს ბოლოს ბოქაული შემოაკვდა და გავარდა.

არსენამ მიზეზი არც კი ჰკითხა. ისედაც ცხადი იყო: ლოპიანა არსენას ეხმარებოდა და ამიტომ გაანიავეს.

ბელადი დაღონდა, რადგან ვისაც აქამდე მიეკარა ან ხელი გაუწოდა, თითქო ჭირი გადასდოო: ყველას იჭერდნენ, ღუპავდნენ, სწვავდნენ და აციმბირებდნენ.

ამას წინათ გზაზე შიშველი ბოგანო შეჰხვდა. შეეცოდა, ჩოხა გაიხადა და ჩააცვა. სასაცილო რამ იყო ის საწყალი: ისე იჯდა იმ ჩოხაში, როგორც თაგვი ქურქში. ჩოხის კალთებს მიწაზე მიათრევდა და ფრთებ-მოტეხილი ქათამივით მიცუნცულებდა. მერმე თურმე სოფელში დაეკვეხა, არსენამ ჩოხა მაჩუქაო. “ძაღლებმა” კი გაიფიქრეს, ამან არსენას ალბათ ხელი შეუწყო და ჩოხა ამიტომ აჩუქაო. ის საბრალო დაიჭირეს და დაჰკარგეს.

ოძელაშვილი ვაშლოვანში ვინმე ბებერს მკაში მიეშველა. სამადლოში დედაბერს საფქვავი ჩამოართვა და წისქვილში წაუღო. დურნუკში ვიღაც ობოლ-ოხერს ერთად-ერთი კამეჩი უკვდებოდა. გზად მიმავალი არსენა განგებ დარჩა, კამეჩი მოურჩინა და მეორე დღესღა წამოვიდა. წამოვიდა და ყველგან ჭირი დასტოვა: ყველა მიშველებული დააჭირეს და ახლაც ციხეში ალპობენ.

- შულავერის გზაზე გორულის კოშკთან ერთი ვიღაც აფიცერი და ივანიჩა “აქლემი” მოუკლავთ. - ახლაღა სთქვა როსტომმა.

აქლემის მოკვლამ სიხარულის ჟრიამული გამოიწვია, არსენამ კი არც გაიღიმა, არც იწყინა და სთქვა:

- დალი ჰასანის საქმე იქნება. იმ ალაგებს ის დასტრიალებს. - მერმე იყუჩა და როსტომს ჩასჩურჩულა: - გიგოლასი ხომ არა გაიგერა?

- არაფერი. რომ მოვდიოდი, განგებ დავენახვე, მაგრამ თვალი ამარიდა. ენაგელ კაცთანაც მივედი. მითხრა, ორი თვეც იქნება რაც გრიგოლა აღარ მინახავს, აღარ მეკარებაო.

არსენა ჩაფიქრდა. ცხადია, გიგოლა ორგულობს და მარაბდელს ატყუებს, მაგრამ იმ “კახპას” ძვირად დაუჯდება ღალატი. ამას წინათ არსენამ გიგოლას უთვალთვალა და მარაბდის ჭალაში მოასწრო. ნაბუშარს მუხლი მოეჭრა და ენა მუცელში ჩაუვარდა.

“აქეთ წამო. - უთხრა ოძელაშვილმა. და ფოთლიანში შეიყვანა. - თუ ქრისტიანი ხარ, ილოცე”.

ჯაშუში მარაბდელს მუხლებზე მოეხვია და დასაკლავი თიკანივით აკიკინდა.

“ჩუ. კრინტი, თორემ ძაღლსავით მიგახრჩობ! ჩქარა სთქვი, გინდა სიცოცხლე გაჩუქო?”

“რაც გინდა მთხოვე, ოღონდ ნუ გამწირავ”. - შეეაჯა გიგოლა, რომელსაც ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლები.

“მაშ რაც იცი, მიამბე, და თუ არ იცრუებ, ისევ მაიორთან დარჩები და შენს ხელობას გაჰყვები. აბა, დაიწყე”.

გიგოლამ დაიწყო და ერთს საათში არსენას ჯაშუშად გადაიქცა. მაგრამ რა ფასი ჰქონდა გიგოლას დაპირებას, მომავალში შენი მონა-მორჩილი ვიქნებიო? ოძელაშვილმა ხერხი იხმარა: “ზაალის თესლს” ხეზე მიაბამს. იქვე წყაროსთან პატარა ბიჭს იპოვის, სოფელში აჰგზავნის, საწერ-კალამს და ქაღალდის ნაფლეთს მოატანინებს და გიგოლას არსენას სახელზე ასეთ წერილს დააწერინებს:

“ძმაო არსენ, აქამდისაც ხომ ყველაფერს გატყობინებდი, რაც ზაალის კარზე ხდებოდა და რაც მაიორს ჩაუდენია და გულშიც სდებია. ახლაც იცოდე, რომ”...

შემდეგ არსენამ გიგოლას მისივე ნაუბარი დააწერინა და კარნახი განაგრძო:

ახლა კიდევ დასწერე: “ზაალი ქვეყნის სულთამხუთავია, მისი ლეკვი დავითი გარყვნილია, ხარბი, ლოთი და წურბელა. მაიორზე რაღა გითხრა? ასეთი ასპიტი დედამიწაზე ჯერ არ გაჩენილა. მექრთამეა, ჯალათია, ხელმწიფესაც ღალატობს და ბატონსაც. რაღა სიტყვა გაგიგრძელო, თუ მართლა ვაჟკაცი ხარ, სამივენი ამოხოცე და ჩვენც შვება მოგვეცი. როცა ერთად იქნებიან, შეგატყობინებ და დანარჩენი შენ იცი. ტყის ძმებს უთხარი, ცოდო მაპატიონ. ახლა თქვენი ერთგული კაცი ვარ და მიმსახურეთ. სხვაფრივ კარგად იყავით. თქვენი უღირსი ძმა და უძღები შვილი გიგოლა”.

“ახლა წადი. - დაასრულა არსენამ და წერილი უბეში ჩაიდო. - წადი, მაგრამ იცოდე: თუნდაც ნატამალის ოდენა ღალატი რომ ჩაიდო გულში, ისეთ დღეს დაგაყრი, რომ სიკვდილს ნატრულობდე და მაინც ვერ კვდებოდე”.

გიგოლა მაჩვივით შევარდა ბუჩქნარში, ორჯერ წაიქცა, გაძვრა, გამოძვრა და მიიმალა.

მას აქეთ ზაალის ნაბიჭვარი ორივე ბანაკში სწირავდა და თან შიშისგან ხმებოდა. არსენას ერთ ენაგელ გლეხის პირით წვრილ ცნობებს აწვდიდა, მაგრამ მარაბდელი ჰგრძნობდა, რომ გიგოლა ხელიდან მიუდიოდა და ჯერჯერობით იმ გლეხის პირით მუქარა შეუთვალა. ვერც ამან გასჭრა.

შემდეგ როსტომმა არსენას მისი შენათვალის და წერილების შედეგი უამბო. თავადი თარხან-მოურავი მაშინვე მოლბობილიყო და გლეხების ზურჯზე მათრახს აღარ ატრიალებდა. ტუსიშვილსაც არსენას ხათრი შეენახა და გასაყიდად შემზადებული ყმა საცოლესთვის დაებრუნებინა. საერთოდ არსენას სიტყვა და წერილი წვრილფეხა აზნაურებზე და მეწვრილმანე ვაჭრებზე სამართებელივით სჭრიდა. შეძლებულებს ეშინოდათ, თავადები და დიდი მოხელენი კი თურმე იცინოდნენ და კიდევაც იმუქრებოდნენ. თადეოზ გურამიშვილი კეთილი ბატონია, მაგრამ მის უმცროს ძმას დაუკვეხია, მაგაზე უკეთესი ხუთი შემიბოჭავს და არსენა მეექვსე იქნებაო.

- მამა უცხონდა! დედას უტირებს! - წამოიძახეს ჭაბუკებმა, არსენამ კი ოდნავ ჩაიღიმა, ბაჯაღლო ულვაშები აიგრიხა და იკითხა:

- ვაგლახ ჩვენ, რამდენი მტერი გვყოლია! კიდევ ვინ იმუქრება?

- ბევრი იმუქრება. აი თუნდაც არჯევანიძე-მაკაროვი და სუმბათოვი?

- ქვიშხელი ალექსანდრე? ზაალის ნათესავი? დედაკაცებს ურემში რომ აბამს? ჩვენი სიმონა რომ გაჰყიდა?

- ჰო, ქვიშხელი, სწორედ ეგ არის.

- დედას ვუტირებ! - წამოიძახა მის მიერ გაყიდულმა სიმონამ და წამოიწია. - დედას ვუტირებ, დედასა.

- მე წავალ იმის სანახავად. - სთქვა ლაცაბიძემ და ისიც წამოდგა. - ჩემმა ძმამაც შემომითვალა ქვიშხეთიდან, მოდი და გვითხარი, ამ კაცს რავა მოუაროთო.

- მეც მოვდივარ... მეც წამიყვანე. - და კიდევ სამი კაცი წამოდგა.

- დასხედით და იყუჩეთ. - დაამშვიდა არსენამ, რადგან კარგად იცოდა, თუ “რავა მოუვლიდა” ლაცაბიძე იმ მძვინვარე თავადიშვილს. - იმის დროც მოვა.

- მოვა! მოვა! - გაისმა რამოდენიმე ხმა.

როსტომმა წვრილმანიც ამოალაგა და დაათავა:

- მაიორს დალი ჰასანისთვის სულხან ყოჩაშვილი მიუგზავნია...

- ვინ სულხანი? ძმა რომ დაუხვრიტეს, ის ხომ არ არის?

- ის არის. მიუგზავნია და შეუთვლია, თუ არსენას მოჰკლავ ან დაიჭერ, ყველაფერი გეპატიება და ჯილდოსაც მიიღებო. შალვა ბარათაშვილმა შემოგითვალა, ნამდვილი ამბავია და გაფრთხილდიო.

არსენამ თავის დას გადაჰხედა. როსტიას გახსენებაზე ფიქრია გაფითრდა, რადგან იმის ცოდვა ედო, მაგრამ არა სთქვა-რა და ნელი ნაბიჯით შეერია ტყეს.

- ჭკუაში არ მიჯდება. - წარმოსთქვა ჩუმი ხმით ოძელაშვილმა. - თუმცა სულხანი ჩემზე გამწარებულია, მაგრამ...

- მაგრამ თურმე შენც მოგიგზავნიან ვინმეს და შემოგითვლიან, დალი ჰასანი მოჰკალი ან დაგვაჭერინე და ყველაფერი გეპატიებაო.

ბელადმა ვეღარ შეიმაგრა თავი და ზე წამოიჭრა.

- ვინც მაგ სიტყვას მომიტანს, სამწვადესავით ავკუწავ!

- შალვა ბარათაშვილისთვის დაუვალებიათ, მაგრამ შორს დაუჭერია. - განაგრძო როსტომმა.

- პატიოსანი კაცია. - მიუგო არსენამ.

- მამა-შენსაც დააბარეს, მაგრამ ცხარე უარი უთხლეშია.

- ვენაცვალე ცალ თვალშია! - წამოიძახა ზურამ.

- ბაჯიაშვილიც დაიბარეს, მაგრამ იმასაც შორს დაუჭერია.

- ჭკვიანი კაცია დოსტაქარი. - დაამოწმა მაგდანამ.

მაგრამ არც მაიორი ყოფილა სულელი. თრიალეთსა და ბორჩალოში ორი კაცი უფრთხობს მას ძილს და ჰსურს ორივენი ხელის გაუნძრევლად მოიშოროს. “არსენა დამასწრებს”, - ალბათ გაიფიქრებს დალი ჰასანი და ოძელაშვილს დაუწყებს ძებნას. “დალი ჰასანი დამასწრებს”, გადასჭრის მარაბდელიც და თათარს აედევნება. ბოლოს სადმე შეჰხვდებიან, ერთ-ერთი მოკვდება, მეორე კი მაიორის სიტყვას მიენდობა და ან ციმბირის გზას გაუდგება ან ყულფში გაჰყოფს თავს და ყველაფერი გათავდება.

არსენამ ზეპირად იცის ეს ამბავი, მაგრამ დალი ჰასანმაც იცის.

და მარაბდელმა ძლივს მოასწრო დაჯდომა, რომ ისევ წამოვარდა და მრისხანედ წამოიძახა:

- ქავთარ, მორიგე ხარ და მიპასუხე, ვინ შემოუშვა ჩვენს ბანაკში დალი ჰასანი, ბაღო და სულხანი?!

ყველანი წამოცვივდნენ, იარაღი მოიმარჯვეს და თვალები ბელადის თვალებს გააყოლეს. და როცა ბუჩქნარიდან სამი კაცი გამოძვრა, ზოგმა მათ თოფი დაუმიზნა და ბელადის ბრძანებასღა ელოდებოდა.

- იავაშ, ყარდაშ! - დაიძახა თათარმა და ხელაწეული წამოვიდა. - დაისა, კასო, თოფი დაბლა დასციე, თორემ დუნიაზე ხუთასი დალი ჰასანი კი არ არის, ერთია, მარტო ერთი!

- ბაღოც ერთია, ბაღოცა! - დაიძახა კოდელი მედუქნის ბიძაშვილმა.

არსენამ ფიცხელი ბრძანება გასცა დაბალი ხმით:

- ქავთარ, ხუთიოდე ბიჭი გაიყოლე და დატრიალდით. გუშაგები ქვეით ჩაგზავნე და ბუჩქები მოაჩხრეკინე, ნახეთ, ამ ხალხს სხვებიც ხომ არ მოსდევენ. - და იმ რაზმელებს მიუბრუნდა, რომელნიც ახალმოსულებს მაშინვე რკინის სალტასავით მოეხვივნენ: გამოუშვით. მობრძანდით, მეგობრებო! სალამი და გამარჯვება ჩვენს სტუმრებს!

რაზმელები ახალმოსულებს ორმაგი რკალივით შემოერტყნენ. ჭაბუკებმა სტუმრებს თოფები და დამბაჩები ჩამოართვეს, მარინემ კი წყალი მოარბენინა და სამივეს ფეხი დაჰბანა.

- როგორა გყავთ საქონელი და ნათესავი? - ჰკითხა ბელადმა ახალმოსულებს და ურთერთის მოკითხვის შემდეგ მის ხმაში ყინული და ფოლადი მოისმა: - ახლა გვითხარით, რისთვინ მოსულხართ და გზა ვინ მოგასწავლათ?

ყველას მაგიერ თათარმა უპასუხა:

- პატარა ცხალი დიდ ცხალს ეზებს და ღელე ხევისკენ მირბის. ჩონ პატარა ყაჩაღები ვართ და არსენას დიდი კალთა მოვზებნეთ.

- გზა ვიღამ გასწავლათო? - გაახსენა სევასტიმ.

თათრის კბილებმა ტყეში თეთრი ელვასავით ჩაირბინა.

- სადაც თაგვი გაზვრება, იქ დალი ჰასანიც გაზვრება. - მიუგო ირიბულად და დაუმატა: - ახლა ჩონი კისერი და თქონი ხმალი.

- ვინ არ იცის, რომ დალი ჰასანი დიდი ყაჩაღია, - სთქვა ბელადმა, - მაგრამ ბაღოს და სულხანის ყაჩაღობა ჯერ არავის არ გაუგია.

- არ გაუგიათ და ახლა გაიგებენ. ბაღომ ბოქაული მოჰკლა. - ამაყად მიუგო ჰასანმა.

- ვიცით, ჩვენც გვაბია ყურები. - მოუჭრა არსენამ და სამივეს რიგრიგად დაუბურღა თვალები. მერმე უთხრა:

- თქვენ მოსვლაში მაიორის ხელსა ვხედავ.

- იავაშ, ყარდაშ! - წამოიძახა თათარმა. - ვალაჰ, შენს არცივის თოლს ერთი ქათამიც არ გამოეპარება. ზმაო სულხან, ჯერ შენ დაისხე.

სულხანმა დაიწყო: მიამიტი თვალები შეანათა არსენას და სთქვა:

- ჩემზე ჭორი დააგდეს და არ დაიჯეროთ. ჩამჩიჩინებენ, როსტიას სიკვდილი არსენას და ფიქრიას ბრალია და მათი სისხლი უნდა აიღოო. ეს ჭორი თითონ მაიორმა მოიგონა და დამიბარა. აბა რას ვეტყოდი? თავი მოვიკატუნე და ვუთხარი, არსენას ბრალია მეთქი. მერმე მითხრა, მაშ გადაუხადეო. აბა რას ვეტყოდი? კვალი მიჩვენე და გადვუხდი მეთქი. იმანაც დალი ჰასანას კვალი მიჩვენა. თურმე ამის ბინა სცოდნია. მაგრამ ხელიც არ ახლო. ალბათ ჰფიქრობდა, ჯერ არსენას მოვაკვლევინებ და მერმე მე ვიციო.

- დაისა, ყარდაშ, ახლა ჩემი რიგია. - შეაწყვეტინა ჰასანამ. - მე, სულხანი და სასხალი როსტია დოსტები ვიყავით. სულხანი მოვიდა, მაიორის სიტყვა მითხრა. მე ჯერ შორს დავიჩირე. სულხანს საყვედურიც კი ვუთხარი, ეგეთი მურდალი სიტყვა რად მაკადრე მეთქი. მერე ზმაო არსენ, შენი ნათქომი გამახსენდა, და ისიც გავიგე, რომ სულხანს აღარც სამსახური უნდა და აღარც შინ დაბრუნება, და ვთქვი: სულხან, ჩონ არსენასთან უნდა სავიდეთ. თორემ ზაღლებსავით დაგვხოსავენ მეთქი. სულხანმა თქვა: მეს მარტო მაგაზე ვფიქრობო. მერმე მე ასეთი საქმე გავაკეთე: მაიორს შეუთვალე, პირობის გასაკეთებლად ორი კასი გამოგზავნე მეთქი. იმან აქლემი და ერთი აფიცერი გამოგზავნა. მე ხელი გავისვარე და აქლემი მოვკალი.

- აკი ვთქვი, დალი ჰასანის საქმეა მეთქი. - ჩაილაპარაკა ოძელაშვილმა. თათარმა კი განაგრძო:

- როსტიას სიკვდილი თურმე იმ აფიცარმა გააკეთა სამართალში, ამიტომ სულხანმა არ დამანება და თითონ მოკლა. ვალაჰ, შეერგოს! ინშ ალაჰ!

- შეერგოს! - წამოიძახეს აქვთ - იქიდანაც და როსტომის წეღანდელი ნაამბობი გაიხსენეს: აი თურმე ვის გაუგმირავს ის არჯალი!

- შეერგოს! შეერგოს!

- ყარდაშ არსენ, - განაგრძო ჰასანამ, - შენ გორულის კოშკში მითხარი, როსა ჩემთან სამოხვალ, საბუთი სამოიღეო. იმ აფიცარს და აქლემს შევეხვესე, ერთი ბარათი დამისერეთ, რომ მე მოგკალით მეთქი, მაგრამ არ დასცერეს.

სიცილი რომ შეწყდა, თათარმა ჯიბიდან ორი მარჯვენა ყური ამოიღო და დაასრულა:

- საბუთი მაინს სამოვიღე. აი, ინებე. - და ბელადს მუხლზე დამჭკნარი ყურები დაუდო.

არსენამ ზიზღით დაჰხედა, მუხლი შეანძრია და ყურები მიწაზე ჩაჰყარა. ვიღაცამ სთქვა:

- ყურშას შევაჭამოთ.

- ძაღლი არ წამიმურტლო. მიწაში ჩაჰფალით. - სთქვა არსენამ და ბაღოს გადახედა.

- მე უყუროდ ამოვედი. - სინანულით ჩაილაპარაკა სომეხმა. - თუ გნებავს, ჩემს ყურებს დავიჭრი და მოგართმევ.

ამ ოხუნჯობამ ოდნავ გააქარვა ჰაერი. ერთმა რაზმელმა ის ყურები მაინც მიუგდო ყურშას. ძაღლმა დაჰსუნა, იმ რაზმელს შეჰღრინა და კუდი მიუშვირა. თათარმა კი განაგრძო:

- ყარდაშ არსენ. რაც მითხარი, შეგისრულე. შენა თქვი: ჰასან ყაჩაღობაზე ხელი აიღე და სასხალ ხალხს უპატრონეო. მეს ორ კვირაში ხუთი კაცი მოვკალი, გზაზე ორმოცი კასი გავატიტვლე და მათი დოვლათი სულ ღარიბებს დავურიგე.

- რა ცოტა დაუხოცია! - სთქვა ვიღაცამ და მისი ნათქვამი სხვათა ხარხარში შთაინთქა. არსენამ კი შუბლი შეიკრა და ჰკითხა:

- მე გითხარი დახოცე და გზებზე გაძარცვე მეთქი?

არა, არსენას არ უთქვამს დახოცეო, მაგრამ...

- მაგრამ ვის რა უნდა დაურიგო, თუ კაცი არ მოვკალი? - გაოცდა თათარი და განაგრძო: - შენა თქვი, შენმა ამხანაგებმა ხალხის დაჩერაზე და გაყიდვაზე ხელი უნდა აიღონო. ესეს გავაკეთე: ორი ჩემი ამხანაგიც მოვკალი.

- მერე, მერე? - ჰკითხეს აქეთ-იქიდან.

- მერე არსენამ მითხრა, ელიზბარს სერაქველი გლეხები დაუჩერია და გააშვებინეო. არ გაუშვეს. მე ელიზბარის ზნებს და თივას სოტა სესხლი მივესი. საბზელიც და ბეღელიც დაისვა. სერაქველები მეორე დღესვე გამოუშვეს და სართმეულიც დაუბრუნეს. მერე შენ თქვი, ელიზბარს ხალხის გაყიდვაზე ხელი ააღებინეო. ელიზბარი ომშია და როსა დაბრუნდება, ვალაჰ, ამასაც შევასრულებ. ახლა კი შენს იქით გზა აღარა მაქვს. გინდა - ზმად მიმიღე, - გინდა მომკალი, აქედან კი აღარ სავალ.

ჰასანამ გაათავა. მართლა გაათავა: ხანჯალი მოიხსნა, არსენას ფეხებში ჩაუგდო და იქვე ჩაკუნტდა.

არსენამ ნაძალადევად გაიღიმა, იარაღი ისევ ჰასანას გაუწოდა და ბაღოს მიუბრუნდა:

- ბაღო, თურმე შენც შემოგკვდომია ბოქაული. რა მოშუღარი შენა ხარ, რომ რუსის ხელმწიფეს ეომები?

- რა ჩემი ბრალია. - შეიშმუშნა მხრები კოდელმა. - მე დამბაჩა დავცალე. იმან კი თურმე შუბლი შეუშვირა ტყვიას და პაპა-ჩემის მოსაკითხავად წავიდა. იმდენი მოიკითხოს, სანამ მოსწყინდებოდეს.

- გზისას რაღას იტყვი, დალი ჰასან? - ერთხელ კიდევ ჰკითხა მარაბდელმა, - ვინ მოგასწავლათ ჩვენი ბანაკი? ეტიკად ვინა გყავდათ? ისე როგორ შემოიპარენით, რომ გუშაგმა ვერ გაიგო?

თათარმა სიამით ჩაიღიმა და ქოსა წვერი მოიალერსა.

- დალი ჰასანი თვითონაც ეტიკია და სხვა რად უნდა? ზემოთ მთებში მეცხორე დოსტი მყავს. უთხარი და მასცავლა.

- მაშ სხვებსაც ეცოდინებათ. ჩვენი აქ დარჩენა აღარ შეიძლების. - სთქვა არსენამ და რაზმელებს გადაჰხედა.

- აღარ შეიძლების. - დაუმოწმეს აქეთ-იქიდანაც.

- მაშ შეემზადენით. ახლავე მივდივართ. - გასცა ბელადმა განკარგულება და წამოდგა.

ტყის ძმებიც უმალვე გაიფანტნენ.

ჰასანი უცაბედად როსტომს წააწყდა, ელდანაკრავივით შედგა და წამოიძახა:

- შენც აქა ხარ?

- აქ გახლავარ. მაშ სად უნდა ვიყო? - ღიმილით მიუგო ჯორჯიაშვილმა.

- ეს გახსოვს? - ჰკითხა თათარმა და თავის ნაჭრილობევზე მიუთითა, რომელიც შუბლზე იწყებოდა და ყურის ძირამდე ჩამოსდიოდა.

- როგორ არ მახსოვს! ჩემი ნახელავია. შარშან დაგაჭდიე ბოლნისში. ახლა რა გინდა?

ჰასანამ არსენას გადაჰხედა, რომელიც მათს შეხვედრას თვალყურს ადევნებდა.

- დალი ჰასან, მე რას მეკითხები? - მიუგო ოძელაშვილმა - ან ახლავე გაბრუნდი უკან, ან კიდევ...

- ან შევურიგდე, განა! - გააწყვეტინა თათარმა და თავის მოსისხლე როსტომს მოეხვია, თანაც ლუღლუღებდა: - განა ამისთანა ვაჟკაცის სისხლი უნდა დავღვარო? მე თქონი სტუმარი ვარ, ახლა მე როსტომის ზმა ვარ და... ვალაჰ, ჩემი ზმა ხარ, ვალაჰ, მეც შენი ზმა ვარ. სამო, სავიდეთ.

და ორივენი ფოთლიანში მიიმალნენ, თანაც ერთმანეთს ძმათნაფიცებივით უღიმოდნენ და გულდინჯად საუბრობდნენ.

სულხანი კარგახანს აცქერდებოდა ფიქრიას. მერმე არსენას ჰკითხა:

- რა ვქნა, ეს ლამაზი ბიჭი ისე გგავს შენა, რომა... შენი ძმა ხომ არ არის?

- ეგ ლამაზი ბიჭი ჩემი დაჲ გახლავს, ძმაო სულხან.

ფიქრიაც თვალს არ აშორებდა როსტიას ძმას და ყოყმანობდა. მერმე უცნაურად გაუღიმა, უცებ მოეხვია, მკერდზე აკოცა და ჩუმი ხმით ატირდა, თანაც ლუღლუღებდა:

- საწყალი როსტია... გული მუდამ მეთანაღრება, რადგან ჩემი ბრალია... ის არ შემინდობს და შენ მაინც შემიბრალე... აღარ ვიცი, როგორ მოვიხადო ის ცოდო, ის საბრალო მტანჯავს და აღარ მშორდება.

- როსტიას ცოდო მეც მადევს და უნდა შემინდო, ძმაო სულხან. - უთხრა არსენამაც და ხელი მოჰხვია. - მე და ფიქრიას ის საწყალი მუდამ გვაგონდება. სანთელსაც ვუნთებთ, კოლიოც გავაკეთებინეთ, ბოლნისის ხატს კურატიც შევწირეთ და აღაპებშიც ჩავაწერინეთ, მაგრამ ცოდო მაინც ცოდოდ გვრჩება. მოტევება შენცა გთხოვე, ძმაო სულხან, მაგრამ არ შემინდე და აღარ ვიცი რა ვქნა.

ორიოდე თვის წინათ არსენამ მარნეულის გზაზე სუფრა გაშალა. სადახლოდან ნათლიდედისგან ღვინო, დედალი და შოთები მოჰქონდა, მედუქნეს კი მწვადი და მწვანილი მოატანინა, იქვე ბაღში დაჯდა და ქეიფს შეუდგა. რადგან მარაბდელი მარტო თვითონ პურსაც არ გასტეხავდა ხოლმე, ამიტომ რამდენიმე უცნობ გლეხს დაუძახა და ჭამაში გაიამხანაგა.

უცებ იმ დუქანს მილიციის აფიცერი მოადგა, რომელსაც სულხან ყოჩაშვილი ახლდა. აფიცერი დუქანში შევიდა, სულხანმა კი ცხენები დააბინავა და იქვე კუნძზე ჩამოჯდა.

არსენას გუნება გამოეცვალა, დადუმდა, სმასაც თავი მიანება და სულხანს თვალს აღარ აშორებდა. მერმე წამოდგა, ღობეს მიადგა და დაუძახა:

“სულხან, აქ მო, სიტყვა მაქვს სათქმელი”.

ყოჩაშვილი შეჰკრთა, წამოიჭრა, წამოვარდა, თითქმის გამოიქცა. ღობეზე გადმოხტა და, ხანჯალ-ამოწვდენილი, პირის-პირ მიადგა უწინდელ მეგობარსა და ახლანდელ მოსისხლეს, რომელმაც თავის დასთან ერთად ასე დაუნდობლივ დაუღუპა საყვარელი ძმა.

“შენი ბრალია და მიზღე!” - მიაძახა სულხანმა ოძელაშვილს და მიეტანა.

არსენა არც კი შეინძრა, არც იარაღზე გაიკრა ხელი.

“ჩემი ბრალია და სისხლი აიღე. აჰა ჩემი კისერი და შენი ხანჯალი.” - უთხრა ლმობიერად და თავი მოუხარა.

“ხანჯალი ამოიღე, შე ლაჩარო!” - შეუტია მილიციელმა.

“არსენა რომ ლაჩარი არ არის, ეს შენც მოგეხსენება, - მიუგო კისერგაწვდენილმა მარაბდელმა, - ხანჯალი კი არც აქამდე ამომიღია ბრალიან საქმეზე და ვერც ეხლა ამოვიღებ”.

კარგა ხანს იდგა თავმოდრეკილი. მერმე გასწორდა, სულხანს მომბალ თვალებში შეხედა და უთხრა:

“თუ სისხლი არ გინდა, სხვანაირად გიზღავ. ლურჯა ჩემს თავს მირჩევნიან და... წაიყვანე”.

სულხანი სდუმდა.

“ხანჯალი მაქვს, რომ ლურჯასაც მირჩევნიან. მარაბდის მიწაშია ნაპოვნი. აჰა, მიიღე. - მოიხსნა არსენამ და გაუწოდა, მაგრამ მარაბდელს ფოლადი ჰაერში შერჩა. მერმე დაუმატა: “მაშ ლურჯაც წაიყვანე, ეს ხანჯალიც წაიღე და რაც გინდოდეს, ისიც დამავალე”.

სულხანმა ერთი სიტყვაც აღარ დასძრა, გაბრუნდა და დუქანს მიეფარა.

ოძელაშვილი დიდხანს იდგა მდუმარე, მერმე ქამარ-ხანჯალი შემოირტყა და სულხანს გაჰყვა. ყოჩაშვილი პირქვე ეგდო თივაზე და ალბათ ტიროდა. არსენა მოტრიალდა, ლურჯას მოახტა და ისე წამოვიდა, თითქო ის დუქანი ზედ აიკიდაო, ხოლო ტიკი, ნაბადი და თითქმის ხელუხლებელი სუფრა განცვიფრებულ გლეხებს დაუტოვა.

- ჩემი ბრალია, ჩემი! - ახლაც იმეორებდა ოძელაშვილი.

- რა თქვენი ბრალია. - ლუღლუღებდა სულხანიც. - ვინც დამღუპა, იმან უნდა მიზღოს, ერთს უკვე ვაზღვევინე და სხვების ჯერიც მოვა.

- მოვა, ღმერთმანი მოვა! - ისე დაუბეჭდეს არსენამ და, ფიქრიამაც, რომ ის დრო თვითონ თუ არ მოვიდოდა, ესენი მოათრევდნენ მას.

სანამ ცხენებს ჰკაზმავდნენ და ხურჯინებს ალაგებდნენ, გუშაგმა მორიგე გაიწვია სტვენით და ლაშქარამ ვიღაც შეიარაღებული გლეხი მოიყვანა. მან არსენა მოიკითხა. მოუყვანეს.

- გამარჯვება, ძმობილო! - დაუხვდა ბელადი. - ვინა ხარ, სადაველი ხარ და ჩემთან რამ მოგიყვანა? ან როგორ მიპოვე?

- არ მინახვიხარ, - მიუგო გლეხმა. - მაგრამ იერზე გატყობ, რომ ნამდვილი არსენა უნდა იყო. მენა სამშვილდელი ვარ და ხალხმა გამომგზავნა: არსენასთან წადი, საცა იყოს იპოვე და გააფრთხილე მოგვერიდოსო. ეს ხეობა ჯარით გაივსო. ასი ყაზახი მორეკეს, სალდათებიც გაურიეს და ორასი გლეხიც გამოგვაყოლეს. თოფები დაგვირიგეს, წინ წაგვიგდეს და გაგვაფრთხილეს, თუ არ ესვრით ან გაიქცევით, უკნიდან დაგხოცავთო. ისე ალალ-გეზით მოდიან, რომ შენი ბინა ნიშანდობლივ უნდა იცოდნენ.

ამას ჯერ ლაპარაკიც არ გაეთავებინა, რომ ბანაკში მეორე გლეხიც შემოძვრა, მესამეც და მეექვსეც, - ბირთვისელიც და გომარელიც. ბოლოს მარაბდელი ფეიქარი ნასყიდაც გამოჩნდა და ოძელაშვილს გადაეხვია. ყველანი თავთავიანთი გუნდების დავალებით დაწინაურებულიყვნენ და ყველას იგივე ამბავი მოჰქონდა: მოვდივართ, მოგვდევენ და მოგვერიდეო, თანაც თვალებით სჭამდნენ მარაბდელს, ნაპოვნ ძმასავით ეხუტებოდნენ და ამხნევებდნენ:

- ღმერთმა ხელი მოგიმართოს და გამარჯვება მოგცეს, ძმაო არსენ.

- აბა, ძმაო, ქართველი გლეხობა მაგ ნათელ თვალებში შემოგცქერის და ვინძლო არ მოგვატყუო.

- ღმერთმა შენი თავი გვიცოცხლოს და ჩვენც შვება მოგვეცემა.

- გასწი, გაგვიძეღი და გვატარე. დედა შეერთოს ცოლადა, ვინც ჩამოგრჩეს.

- ჯერ ადრეა და როცა დრო მოვა, ჩვენც დაგიძახებთ და შენც დაგვიძახე, ახლა კი წადი და თავს უშველე. ესეც მიიღე: გამოგვატანეს, დასჭირდებათო. - ამბობდნენ შიკრიკები და რაზმელებს ხელში სჩრიდნენ თოფის წამალსა და ღილებს, დანებსა და ქალამნებს, ქამრებსა და პერანგებს, ყველსა და პურს, საჭიროსა და ზედმეტსაც. არსენა კი გულაჩუყებული იდგა. ცრემლს ძლივს იმაგრებდა და აღარც რამეს ჰხედავდა, აღარც ვინმესი ესმოდა გარდა უთვალავი გლეხობისა, რომელიც მონასავით შრომობდა და მაინც მშიერ-შიშველი იყო, ტყვესავით ჰგმინავდა და მშველელი არა ჰყავდა, მომაკვდავივით ჰბორგავდა და მხსნელი არსენაღა ეგულებოდა - აი ეს მარაბდელი ჯიქი, მარჯვე და ღონიერი, მხნე და ლამაზი, მარდი და გონიერი, გამტანი და სინდისიერი. ოძელაშვილი მაინც უძალო იყო ამ მცირე რაზმით, რომელიც ერთ დაყვირებაზე უზარმაზარ გველვეშაპად გადაიქცეოდა, მაგრამ ჯერ მას არც კლანჭი ექნებოდა საფხრეწად, არც ფრთები საფრენად და არც კბილები საგლეჯად. მარაბდელი აქაურ გლეხებს მხსნელ ძმასავით უყვარდათ, შორეულთა შორის კი მას მხოლოდ სახელი ჰქონდა გავარდნილი. არსენამ ისიც იცოდა, რომ გლეხებმა ბევრგან მისი მზეგრძელობის და გამარჯვების წირვაც კი შეუკვეთეს და ჩუმად აწირვინებდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი სიყვარული იყო და არა თავდადება. ვინ იცის, რა მოხდეს, როცა ოძელაშვილი საბედისწერო ზარს ჩამოჰკრავს? ზოგი დაფრთხება, ზოგი შუაგზიდან გაბრუნდება და ზოგიც ბატონისა და ხელმწიფის მხარეზე გადავა.

- აბა, ძმაო არსენ, შენი იმედით მივდივართ. - გამოაფხიზლეს გლეხებმა.

არსენამ თავი გააქნია, ეჭვის მთესავი ეშმაკები გაჰფანტა და გლეხებს რიგრიგად გადაეხვია, თანაც ყველას თავის მდუღარე რწმენა გაატანა:

- მშვიდობით, ძმებო. მალე დაგიძახებთ და არც შემარცხვინოთ. ყველას ჩვენი მადლობა და მოკითხვა გადაეცით. მხნედ იყავით, ყოჩაღად, ვაჟკაცურად!

გლეხები სხვადასხვა მხარეს გაიკრიფნენ და ხშირ ფოთლიანში მიიმალნენ. ბანაკიც აკრეფილიყო და არსენასღა ელოდებოდა. როსტომს მხარზე მეწინავე დროშა გაედო. წინ ჩამდგარიყო და ქალებიც იქვე ჩაეყენებინა. ლურჯა თავის პატრონს თავს ჰკრავდა, თითქო ეუბნებოდა, დროა წავიდეთო, და ყურშაც თვალებში შესცქეროდა. ბოლოს არსენა ლურჯას მოახტა, რაზმს თვალი მოავლო და როსტომს ხელი ჩაუქნია.

ცხენები დასძრეს, ქვეითებიც დაიძრნენ და დაბურულ ტყეში ვირთაგვების ხროვასავით გაიჭიმნენ, რომელიც ხანძრის გამო სახლიდან ბაღში გადადის ხოლმე.

ხიფათი უკნიდან მოელოდათ, ამიტომ არსენამ ოთხი რაზმელი ამოიყენა გვერდით და დიდ მანძილზე ჩამორჩა, რადგან თვითონვე იტყოდა ხოლმე: ვისაც პირველ მწვადს მიართმევენ, პირველი ტყვიაც იმან უნდა მიირთვასო, და ახლაც მზად იყო პირველიც მიერთვა და უკანასკნელიც მიეღო.

* * *

ომის გამო სოფელში ერთი ხეირიანი ცხენიც აღარ დარჩენილიყო, ამიტომ კოდის მამასახლისმა ორი ჯაგლაგი ძლივს იშოვა და ერთზე თავის ძონძებით შემოსილი ყაზახი შესვა და კუჭატნელს დაადევნა, მეორეს კი თვითონვე მოაჯდა და მდევრის დასაძახებლად იქვე მარნეულში გაიქცა, საცა სამხედრო ეტაპი იდგა. მდევარი მარნეულიდან მაშინვე მარაბდაში ამოიჭრა, მაგრამ დაგვიანებისა და ბნელი ღამის გამო არსენას დევნაზე ხელი აიღო და იქვე დაბინავდა.

კუჭატნელი ისე მიეჩქარებოდა ქალაქისკენ, რომ კინაღამ ცხენი დაუვარდა. საღამო ჟამს პირდაპირ მაიორის ბინას მიადგა, მტვერში მოსვრილი შეიჭრა, გაეჭიმა და მოახსენა:

- არსენა ქალაქში გახლავს ან საცაა შემოვა. პატიმრები კოდაში დავტოვე და მე კი უკანვე გამოვიქეცი.

- მართლა? - და ყველაფერი რომ მოისმინა, კუჭატნელს მოუწონა:

- ძალიან კარგად მოქცეულხარ, რომ უკანვე გამობრუნებულხარ, აბა, ჩქარა!

ცხენს მოაჯდა და სამხედრო გუბერნატორს გენერალს სიპიაგინს და პოლიცმეისტერს შეუვარდა:

- მართლა? - გაუხარდათ იმათაც და თვითონაც დაფაცურდნენ.

ერთი საათის შემდეგ კოჯრის გზა და თაბორის52 ბილიკები ყაზახებით და პოლიციელებით იყო შეკრული. მაიორმა იანგარიშა, არსენა კოჯრის გზით სოლოლაკში შემოსვლას ვერ გაჰბედავსო და კრწანის-სეიდაბადისკენ53 გამოსწია.

კუჭატნელმაც ასევე ივარაუდა და არლოვს გამოჰყვა, თანაც იმის ზრუნვაში იყო, რომ არსენას დაჭერა სავსებით დაეჩემებინა და მოზიარედ არავინ გაეჩინა.

- დავიჭერთ? - ეკითხებოდა გზადაგზა მაიორი კუჭატნელს.

- უთუოდ დავიჭერთ. - რწმენით ეუბნებოდა გიორგი.

საბაჟოსთან რომ ჩავიდნენ, არლოვმა მეშვიდეჯერ იკითხა:

- მაშ დავიჭერთ?

- სად წაგვივა! - ერთხელ კიდევ მიუგო კუჭატნელმა და თავის ცხენი კინაღამ ტყაპუჭიან ცხენოსანს დაატაკა, რომელმაც გზა გადაუჭრა მაიორს და მიახალა მას:

- Так что позвольте доложить, არსენა დავიჭირეთ, მაგრამ..

- რაო, არსენა დაიჭირეთ?!

- Так точно, დავიჭირეთ, მაგრამ...

- მაგრამ? - შიშით შესძახა მაიორმა.

- მაგრამ... так что утек окаянный. - ისევ წაგვივიდა ის წყეული.

- სად? როდის? კოდაზე? რამ გააგიჟა ეს ტეტია! ან ვინ არის ეს კაცი, ქართულად რომ გამოწყობილა და ასე სუფთად რომ ლაპარაკობს რუსულს? რაო, ყაზახია? რომელი ყაზახი? დღეს დილას კუჭატნელთან ერთად არსენას დასაჭერად გაგზავნილი?

მაიორი მას მარწუხით მისწვდა ენაში და ძლივს გაიგო გასაგებელი. გაიგო და სტაფილოსფერი პირსახე გაუჭარხლდა, ცხვირი დამჭკნარი მაჟალოსავით ჩაუვარდა ჩალიანში და თვითონაც შემწვარ ვაშლს დაემსგავსა.

- სთქვი, თქვენ დაიჭირეთ თუ თვითონ არსენამ დაგიჭირათ? - შეჰყვირა და ისეთი შვიდსართულიანი დააყოლა, რომ გინების ოსტატი ყაზახიც კი აფრთოვანდა. შემდეგ კუჭატნელს მიუბრუნდა და ისე გემრიელად მიაკერა “დუუურაკ”!, რომ ისიც აღტაცებას მოვიდა.

შემდეგ ასიოდე ჩაფარ ყაზახს გაუძღვა და კოდა-მარაბდისკენ გაუტია. თელეთის ბოლოს ცხრა კაცი შეჰხვდა, რომელნიც იმ დილას ყაზახები იყვნენ, ახლა კი მათხოვრებს დამსგავსებულიყვნენ. მათხოვრები არლოვს გზის პირზე დაუმწკრივდნენ და სამხედრო სალამი მისცეს. მაიორმა შეჰხედა და ესენიც ძლივს იცნო. იცნო და გლეხებს მათრახით დაერია. ყაზახები მგელდარეულ ფარასავით დაიფანტნენ, არლოვი კი მისდევდა, მათრახს უჟაპუნებდა და თელეთის ხრიოკს თავის დორბლით ავსებდა.

ბინდისას კოდაში შევარდა და, მამასახლისი რო ვერ იპოვა, ლოპიანა და გზირი ააჭრელა და ერთი საათის შემდეგ ზაალის კარ-მიდამოს მიასკდა.

- მოი მაიორუ, - გამოეგება ზაალი. - ბუნტია, ნამდვილი ბუნტია! გამძარცვეს, დამაქციეს. აკი გეუბნებოდით, ათიოდე სალდათი მაინც დამიტოვეთ მეთქი.

- საქართველოში იმისთვის კი არ ჩამოვედით, რომ თითო თავადს და თითო აზნაურს ათ-ათი სალდათი მივუყენოთ. - მოუჭრა მაიორმა და გამოძიებას შეუდგა. რა გაიგო, რომ ოთხი საათით მაინც დაიგვიანა და არსენამ ფიქრიაც თან წაიყვანა, რისხვა სევდად გადაექცა. აბა რად უნდა მას ცალთვალა გლეხი და მისი ხნიერი ცოლი! სულ ერთია, მძევლობამ ვერ გასჭრა! არსენა დედ-მამის ხელახლა დაჭერასაც არ მოერიდა და ეხლა უწინდელზე უარესად არსენობდა. მაიორს ღვთისავრისა და მელანოს შინ დარჩენა არ გაჰკვირვებია, მაგრამ ძალიან გაოცდა, რომ არსენას ერეკლე და დათუნაც არ გაჰყვნენ.

“მაშ უვნებელი ხალხი ყოფილა”. - გაიფიქრა და მაინც გადასჭრა ოთხივენი დაეპატიმრებინა, მაგრამ ზაალმა ხაფანგის დაგება ურჩია და მაიორმაც დაუჯერა: გიგოლა დაატრიალა, სამიოდე სხვა მოენეც იშოვა, დარიგება მისცა, მელანო, ღვთისავარი და ერეკლე დაიბარა და ერთი ხერხი სცადა:

- ან ციმბირში წადით, ან არსენა მომგვარეთ. აირჩიეთ. - უთხრა თითოს ცალცალკე.

ცალთვალა ვერ მიუხვდა, და როცა თარჯიმანმა გიგოლამ განუმარტა, რომ დედ-მამას შვილი და ძმას ძმა უნდა გაეცა, გაოცდა და ნაბუშარს სამჯერ ჰკითხა:

- იქნება ვერ გაიგე. ბიჭო? აბა ერთხელ კიდევ ათქმევინე და ხეირიანად გადმომითარგმნე. - და როცა სამჯერვე ერთიდაიგივე მოისმინა, იკითხა: - დავიჯერო სადმე მამა შვილს დასაკლავად იმეტებდეს?

და ცხარე შეჯახების შემდეგ სამივემ მტკიცედ აირჩია: ისევ ციმბირში გვირჩევნიან და თქვენი ნება შესრულდესო.

- ბებრებო, მენანებით და ვადას გაძლევთ, ერთხელ კიდევ მოიფიქრეთ. - ურჩია მაიორმა.

შემდეგ დათუნა დაიბარა და, როცა მხნე ვაჟკაცის ნაცვლად თოხლო-კაცს წააწყდა, გაიფიქრა: “უვნებელია, სჯობს მოვიცადო”, და იმასაც მეთვალყურე მიუჩინა. შემდეგ სავახშმოდ გავიდა. ჭანდრის ძირში დარო დაინახა და ძალიან გაოცდა.

ზაალის ახალგაზრდა ასული მას მაშინაც ენახა, როცა მარაბდაში როზგი დაატრიალა. მაგრამ მაშინ სხვა ქალებში არ გამოარჩია, რადგან დარო ელიზბარის საბედოდ ითვლებოდა და მაიორს არ ერგებოდა. ახლა კი, ფიქრიაც და მარინეც რომ დაჰკარგა, უცებ გადასჭრა, კიდეც მერგება და კიდეც შემერგებაო, და დაროს გვერდით მიუჯდა.

სუფრაზე მხოლოდ სამნი ისხდნენ. ხორეშანმა თავი აიტკივა, დავითი სალაშქროდ იყო წასული, ხოლო მისი ცოლი ტასოც თავის პაპის თიანეთის ნამოურავალის აბელ ჩოლოყაშვილის მამულში წასულიყო.

დაღვრემილი ზაალი ფიქრში იყო წასული, აზრით გუშინ მოტაცებულ განძეულს მისდევდა, დროგამოშვებით ხელებს ასავსავებდა და ალბათ გულში იძახოდა: “ვეჟო, ასეთი ამბავი გაგონილა?”

არც მაიორს ეცალა ზაალისთვის. ის დაროს უცინოდა, საჭმელს სთავაზობდა, სალდათურად ოხუნჯობდა და თავის ლოქო-თვალებს მის შავსა და დიდრონ თვალებს აღარ აშორებდა. მერმე უცებ მობრუნდა და ზაალს ჰკითხა:

- როგორა გგონიათ, კნიაზ, ყაჩაღებს ის დროშა რაღად უნდოდათ?

- აბა რა ვიცი, მოი დარაგოი. თქვენ დაბერდით და ჩვენ უნდა ვატაროთო. განა სასაცილო არ არის?

- სასაცილოა. - მიუგო მაიორმა და თავისი ნათქვამი თვითონაც არ დაიჯერა, რადგან კარგად იცოდა, რომ არსენა ყაჩაღი არ იყო, რომელიც ჭინჭარივით გამრავლდა, არამედ პატიოსანი გავარდნილი ვაჟკაცი და ყველა ჩაგრულის მოსარჩლე. მან ისიც იცოდა, რომ მარაბდელის სახიფათო სახელი დღითიდღე მატულობდა, რომ ომის ტვირთის გამო გლეხი დრტვინავდა, მოსარჩლეს ეძებდა, იარაღს იძენდა და მგელსავით ტყისკენ ეჭირა თვალი.

და არლოვმა იმ საღამოსაც დაინახა და გაიგო გლეხობის გმინვა და კბილთა კრაჭუნი.

მთვარიანი ღამე იყო და ნავახშმევს მაიორმა ზაალის ახალგაზრდა ასული მკლავ-გაყრილი გაიყვანა დიდ გზაზე ქალი ჯერ არ მისდევდა და ზაალიც აიმრიზა, რადგან ამის გამო გლეხები აყაყანდებოდნენ და არც შეუჩვეველი აზნაურები მოუწონებდნენ, მაგრამ - “наплевать!” - წამოიძახა მაიორმა და ქალი თითქმის ძალით გაიყვანა ეზოდან. სოფლის ბოლოს ოდნავ ასცდნენ გზას და ხის ჩრდილში ჩამოსხდნენ.

არლოვმა ქალს წელზე ხელი მოჰხვია და მიიზიდა. დარო დაიბნა, გაინაბა და ისე მოაფათურა იქაურობა თვალებით, რომ თაგვიც კი ვერ გამოეპარებოდა.

უცებ კოდის გზაზე ურმების ჭრიალი და ხშირი ყაყანი გაისმა. უკან გამობრუნება გვიანღა იყო. მაიორს საბეჭურები მოსასხამით ჰქონდა დაფარული და ქუდიც კალთის ქვეშ ამოედო. გლეხები გზაჯვარედინზე შედგნენ და ლაპარაკს მოუხშირეს. ხუთ ურემს ათ კაცზე მეტი მოსდევდა.

- მაშ აგრე, ხალხო, - ეუბნებოდნენ მარაბდელები ზემო სოფლელებს, - ახლა მაინც გამოვიჩინოთ კაცობა და პირი შევკრათ. აჰა, ორას უღელ ხარ-კამეჩიდან ცხრა უღელიღა დაგვრჩა.

- ყველამ ბოლნისის ხატზე დავიფიცოთ და ფიცი არ გავსტეხოთ, ბეგარაზე აღარ გავიდეთ. თორემ ღვთის რისხვაც თქვენი იქნება და ჩვენი ცოლ-შვილის ცოდოც.

- თუ არა და თოფები ავიღოთ და არსენასთან წავიდეთ.

- აგრე იყოს, აგრე! არსენასთან წავიდეთ. - სთქვეს გლეხებმა და კვლავ დააფიცეს ერთმანეთი ბოლნისზე და კაბენზე, თელეთზე და მცხეთის ხატზე, და თანაც იძახოდნენ:

- ვინც ფიცი გატეხოს, დედა შეერთოს ცოლადა!

ზემოურებმა მარჯვნივ აუხვიეს, მარაბდელები და გაღმელები კი მოურიდებელი ლაპარაკით შემოვიდნენ სოფელში. ორმა კაცმა მობუზულ ქალ-ვაჟს სულ ახლოს ჩაუარა.

- აბა, სეხნიავ, სიფრთხილე გმართებს და შენ იცი. - ეუბნებოდა ერთი მათგანი მეორეს. - სახლკარი გადაგიწვეს, მამაც მოგიკვდა, და მაგდანაც და დათუნაც ციხეში არიან. უნდა კარგად დაიმალო, თორემ დაგიჭერენ და ვირთაგვასავით ჩამოგკიდებენ.

- აგრეა, ჩემო სოლომონ. - მიუგო მეორემ. - ამაღამ ღვთისავართან გავათენებ და ხვალ ქალაქში წავალ. იქ უფრო ადვილად დავიმალები.

და როცა ყველანი მიიმალნენ, მაიორმა ქალს ხელში ხელი სტაცა და ჰკითხა:

- ვინ იყვნენ? რას ლაპარაკობდნენ?

დარომ სიტყვა-სიტყვით გადაუთარგმნა.

- ვინ არის ეს კაცი? - ჩააცივდა მაიორი სეხნიაზე. - რად იმალება?

- სეხნია არ გაგიგონიათ? - უპასუხა დარომ და განუმარტა: - მაგდანას და დათუნას მამაა. ჩვენი მღვდელია. სპარსეთში იყო გაქცეული და დაბრუნებულა.

ჰო, მართლა! მაიორმაც იცის, ჰაი, ჰაი, რომ იცის! ალექსანდრე ბატონიშვილის კაცია და საჯაშუშოდ ჩამოსულა. დიდებული შეხვედრაა! საუცხოვო საღამოა: მაიორმა ქალის გულიც დაიპყრო და ერთი ემიგრანტიც მოინადირა.

- აბა წავიდეთ, ჩემო ლამაზო, მაგრამ ისე გამატარე, რომ ეშმაკმაც კი არ დაგვინახოს.

გიგოლა მოუთმენლად მოელოდა მაიორს. დარო რომ მოშორდა, მაიორს ოთახში შეჰყვა და სეხნიას დაბრუნება მოახსენა.

- მალადეც, გიგოლ! - შეაქო ბატონმა და სამმანეთიანი მიაჩეჩა. - მე შენზე უფრო ადრე გავიგე, მაგრამ შენც დროზე გაგიგია. ჯერჯერობით ხელი არ ახლო. დილით ადრე ქალაქში მიდის და ვინმე დაადევნე, ხვალ მეც ჩავალ და იმ კაცმა იქ მომახსენოს, სად დაბინავდა და ვინ ინახულა. დანარჩენი მე ვიცი. შენ კი აქ დარჩები და არსენას გზაკვალს მოსძებნი. აბა, შენი იმედით ვიქნები. ახლა კი წადი.

ამავე დროს გლეხურად ჩაცმული სეხნია ოძელაანთ დარბაზში იჯდა, ათი წლის უნახავ შვილს დათუნას შეჰხაროდა, რომელიც მას კარგა ხანია მოელოდა, და მსმენელებს რუს-სპარსეთის ომის ამბავს უამბობდა.

მამის სიკვდილი, სახლის დაწვა, ზურას გავარდნა და შვილების პატიმრობა მას სომხეთშივე გაეგო, საცა ამას წინათ მარაბდელები იპოვა და შეუერთდა, ახლა კი, სოფელში რომ შემოვიდა, მაინც ვერ მოითმინა და თავდაპირველად თავის ნასახლარს მიადგა.

მთვარის შუქზე გარუჯული ნანგრევები აჩეხილი კამეჩებივით ეყარა. მხოლოდ ორი ბუხარი და საკვამლეღა გადარჩენილიყო, რომელიც ზღაპრული ურჩხულის მკლავებივით აღმართულიყო ცაში. ამ ნანგრევებში ეგდო სეხნიას მამის აბრამის დამწვარი ჩონჩხი. მაიორმა მაშინ ნება არ დართო, რომ ამოეღოთ და მამა-პაპის გვერდით დაესაფლავებინათ, რადგან იცოდა, რომ მიდამოებიდან ოციოდე სოფელს მორეკავდნენ და ერთი კაცის სიკვდილის გამო მთელ საქართველოს ერთ წელიწადს ალაპარაკებდნენ.

წეღან სეხნია ბორძიკით უვლიდა გარშემო საკუთარ აკვანს, რომელიც მამის სამარედ გადაიქცა, და ქვითინს ჩოხის კალთაში იხრჩობდა. შემდეგ ყაბალახი ჩამოიფხატა და ოძელაშვილის დერეფანში შეიპარა. მასპინძლები დასაძინებლად ემზადებოდნენ.

სეხნიამ რომ შვილი დაინახა, მასპინძლებზე უფრო მეტად გაოცდა. ოძელაანი და დათუნა საპატიმროში ეგონა, ნამდვილად კი ყველანი აქ დაუხვდნენ. ლტოლვილი ათი წლის უნახავ შვილს მოეხვია, ატირდა და დიდხანს აღარ უშვებდა. შემდეგ მასპინძლებიც გაახსენდა და სიყრმის მეგობარს ღვთისავარსაც ჩაეხუტა. როცა კოდაში მომხდარი გუშინდელი ამბავიც გაიგო, სიხარულისგან სახლისა და მამის დაწვაც დაავიწყდა, ხოლო მაგდანას და შვილისშვილს ზურას გავარდნაზე ხმამაღლა წამოიძახა:

- ნარიყალას55 ტყე კი არა, ჯოჯოხეთიც კი სჯობიან. - შემდეგ ამაყად დაუმატა: - მაგდანა ადრევეც მე მგავდა, ვენაცვალე ვაჟკაცურ გულში! - და რადგან არსენას ქუხილი სომხეთშიც ჰქონდა გაგონილი, საბოლოოდ გადასჭრა ალექსანდრეს ზრახვა და არსენას სახელი ერთმანეთზე გადაება და სიყრმის ოცნება საქმედ ექცია.

ურთიერთის მოკითხვისა და აქაური ამბების მოსმენის შემდეგ სეხნიამ საუბარი ომზე და პოლიტიკაზე გადაიტანა.

- რუსები ერევანზე დაიმტვრევენ კბილებს და მათი აღსასრულის დღეც იქ დადგება. - ამბობდა გარდახვეწილი. - სპარსელებმა არეზის56 გაღმა უთვალავი ჯარი მოიყვანეს. ქვეყანაზე აბას მირზას ტოლი სარდალი არ მოიპოვება და ჩვენი ალექსანდრეც ხომ თან ახლავს.

ალექსანდრეს ხსენებაზე ყველამ ყურები სცქვიტა. ეს სახელი ქართველებს თითქმის ორმოც წელიწადს აჟრჟოლებდა - ზოგს ბრაზითა და შიშით, ზოგს კი სიხარულით და იმედით. ალექსანდრემ 1783 წლის ხელშეკრულებას57 ყრმობიდანვე გამოუცხადა ომი და მას შემდეგ ამ ბატონიშვილის ირგვლივ განუწყვეტლივ გროვდებოდა ყველა სამეხო ღრუბელი. ბატონიშვილს ჭაბუკობიდანვე ერთი რამე ჰქონდა აკვიატებული: ის ხელშეკრულება ქაღალდის ნაფლეთად მიაჩნდა, მისი არა სჯეროდა და რუსეთისადმი ყველგან უნდობლობას და სიძულვილს სთესავდა: “ბავშვივით მოგვატყუებენ, დაგვიპყრობენ, გაგვთელავენ” - დაჟინებით იმეორებდნენ მისი მიმდევარნიც და ერეკლე მეფესაც შფოთს უმზადებდნენ.

ალექსანდრემ თავის მამას ერეკლეს სიბერის დღენი მოუწამლა. ბოლოს თბილისშიც კი აღარ ჩამოდიოდა და ნიადაგ თათრის ხანებთან, ბეგებთან, ლეკებთან, ოსმალებთან და სპარსელებთან ცხოვრობდა. და როცა დასაჭურისებულმა აღამაჰმადმა ერეკლეს დასჯა განიზრახა რუსეთთან კავშირის დადებისთვის და კიდევაც დასაჯა, განდგომილი შვილი მაინც განზე იდგა და ოთხმოცი წლის მამას არც კი მიეშველა. ერეკლე გაიქცა. ქალაქი ცეცხლში იხრუკებოდა: ქუჩებში ათასობით ეყარა დახოცილი ვაჟკაცი, ხნიერი დედაკაცი და ბავშვი, სოღანლუღის გზა სავსე იყო ტყვეებით, ხოლო ტყენი და ხეობანი - მომაკვდავი გახიზნულებით, ალექსანდრე კი მაშინაც ღვარძლიან ჯიბრით გაიძახოდა:

“აკი ვამბობდი რუსები მოგვატყუებენ მეთქი. სად არიან ახლა? რატომ არ გიშველეს? განგებ არ გვიშველეს. დავრდომილი საქართველო უფრო ადვილად ჩაგვივარდება ხელშიო. არც ახლა დამიჯერებენ ქართველები?”

მაინც არ დაუჯერეს. ერეკლე მეფემ ურჩი შვილი დასწყევლა და სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მის ტახტზე გიორგი უკანასკნელი ავიდა. რუსები დაგვიანებით ჩამოვიდნენ. ალექსანდრე ახალ საქართველოს საბოლოოდ გადაუდგა და მას შემდეგ ქორივით დასტრიალებდა დაკარგულ ბუდეს, სადაც ორბის ნაცვლად ორთავიანი არწივი ჩამჯდარიყო.

ალექსანდრე ერევნის ხანს შეეხიზნა და მტკიცე კავშირი დასდო ომარ ხან ავარელთან, იბრაიმ ხან ყარაბაღელთან, ჯავად ხან განჯელთან, ახალციხის ფაშასთან და რუსის ყველა მოსისხლესთან. შემდეგ სომხების მოსამხრობლად ერევნელი სომხის მელიქ საღაკ აღამალიანის ასული შეირთო, მაგრამ ერევნელებიც და ახალგაზრდა ცოლიც ისევე იშვიათად ჰხედავდნენ ბატონიშვილს, როგორც თვითონ ალექსანდრე ჰხედავდა თავის უთვალავ ძმებს, ძმისწულებს და ნათესავებს... ის დაჰქროდა ერევნიდან ხევსურეთში, ყარსიდან ჭარ-ბელაქანში, ახალციხიდან დაღისტანში, ნუხაგანჯიდან თავრიზში, და ყველგან, საცა კი ფეხს დასდგამდა, იქ მაშინვე ამოვარდებოდა კვამლი და ცეცხლი, იჭექებდა მეხი და ზარბაზანი, იღვრებოდა ცრემლი და სისხლი, რომელსაც ბოლო აღარ უჩანდა.

ზოგნი სთვლიდნენ და ვერ დაეთვალათ, ვისი სისხლი უფრო მეტი დაეღვარნა ალექსანდრეს, რუსების თუ თავის მოძმე ქართველებისა. ბევრნი ფიცულობდნენ, თუ ალექსანდრეს დასჯილ მომხრეებსაც ვიანგარიშებთ, ქართველების სისხლი გაცილებით უფრო მეტი გამოვაო.

ბატონიშვილმა თავისიანების სისხლი პირველად ნიახურას ბრძოლის დროს იგემა და აიმრიზა, იმ ბრძოლაში თვითონ ალექსანდრეც დასჭრეს და მისი სისხლიც იგემეს. საკუთარი სისხლი მწარე და მწვავე გამოდგა. ამ ბრძოლაში ომარ ხანს რამდენიმე საუკეთესო ბელადი მოუკლეს. ქართველებმა შვებით ამოისუნთქეს, ბატონიშვილი კი წყევლა-კრულვით გაიქცა. ომარი მალე მოკვდა დარდით და ლოთობით, ალექსანდრე კი ერთ საფიქრებელსღა ჰფიქრობდა: რატომ ერთხმად არ აჰყვა მას ქართველი ხალხი - თავადიც და მღვდელიც, ვაჭარიც და გლეხიც? ეს საზრუნავი ნიადაგ აწუხებდა მას და ეგონა, თითქოს ქართველ ხალხს ეროვნული გრძნობა დასჩლუნგებოდეს და მტერ-მოყვარის ცნობის ალღო წაშლოდეს. ასე ეგონა, მაგრამ მაინც ათობით ჰგზავნიდა ემისრებს, ასობით სწერდა მდუღარე მოწოდებას, თვითონაც გზადაკარგული ბოგანოსავით დაძრწოდა და რუსებს ყველგან გატენილ ყუმბარებს უწყობდა. დროგამოშვებით აქა-იქ მათი ქუხილი ისმოდა, ხოლო სამუსლიმანო მთაში დღესაც გაბმული ომის ცეცხლი ტრიალებდა და ბატონიშვილი სპარსელთა და ოსმალთა შემწეობით ნიადაგ იმის ზრუნვაში იყო, რომ ეს ცეცხლი ერთბაშად მოსდებოდა მთასაც და ბარსაც, დაღისტანსაც, გურჯისტანსაც, ბაქოსაც და დვაბზუსაც.

მაგრამ მთლიანი კოცონის ანთება არ ხერხდებოდა. როცა არაგვი წამოდგებოდა, განჯის სახანო სდუმდა. კახელები რომ აიშლებოდნენ, შირვანი ისვენებდა. იმერეთმა რომ იფეთქა, დანარჩენი საქართველო მის შესაბოჭავად გარბოდა. საერთოდ კი რუსები, ქართველები და სომხები ერთ ბანაკად იყვნენ შეკრული და მუსლიმანებს ებრძოდნენ. და ქრისტიანი ალექსანდრეც, მუსლიმანთა შორის ისკანდერ ხანად წოდებული, მეორე ბანაკში იდგა და კვლავ თავისიანების სისხლს ღვრიდა, რათა ორთავიანი არწივი გაედევნა, ბაგრატიონთა ტახტი აღედგინა და გამუსლიმანებულ შაჰნავაზისა და როსტომ მეფის დრო დაებრუნებინა.

მაგრამ მას ისტორიის განმეორებისა არა სჯეროდა, ის ამას არც კი უფიქრდებოდა და ისე იბრძოდა თავჩაღუნული და გავეშებული, როგორც ალმოდებული ალქაჯი. იბრძოდა და ყოველ შემოტევაზე სპარსეთიდან ისეთივე ლტოლვილი და განდევნილი მაძიებელნი მოჰყავდა, როგორც თვითონ იყო - ხანები, აღალარები, ბეგები, თავადები და პაწაწინა სულთნები. ხალიფები ერთი საათით ადიოდნენ ხალიჩებით მოფენილ ტახტზე და რუსის ხიშტის მიერ მეხუთეჯერ გადმოგდებულნი, ისევ ბაბა ხანთან, აბას მირზასთან, ან ყარსისა და ახალციხის ფაშებთან მირბოდნენ.

ალექსანდრე თანდათან დაიღალა. იმედი გაუტყდა. ბაბა ხანს ქურთები გაუდგნენ. მათი სამი ტომი - შექაქი, მელაქურთი და ჯელალი - მეასეჯერ აჯანყდა. ტახტის მემკვიდრემ აბას მირზამ მათი მორჯულება ისკანდერ ხანს მიანდო. ალექსანდრეს ათასამდე ლტოლვილი ქართველი თავადაზნაური ჰყავდა. აბას მირზასგან კიდევ რამდენიმე ათასი ლტოლვილი აზერბაიჯანელი თათარი მიიღო და ისეთი ცეცხლი და სისხლი დაატრიალა სომაი-რევანდუზ-ბარადოსტაში, რომ ისკანდერ ხანის სახელის გაგონებაზე ყოველი გადარჩენილი ქურთი ბოღმით იკლაკნებოდა და უნებურად ხანჯალზე იკრავდა ხოლმე ხელს.

იაფად შეაფასა მაშინ აბას მირზამ ალექსანდრეს სამსახური: ასურელთა სოფელ ხორსაბადში მცირე რამ მამული აჩუქა და ყარგუზრად დანიშნა - საგამგებლოდ სალმასტელი ერთი მუჭა ქრისტიანები მიუჩინა. და უწინდელი ლომი ახლა თავის-თავს მობერებულ ძაღლს ადარებდა, რომელიც პატრონმა მის მიერვე აკლებულ ქურთისტანს შიგ კარებში დაუბა.

როცა რუსეთ-სპარსეთის უკანასკნელი ომი ატყდა, ალექსანდრე სამოც წელიწადს უახლოვდებოდა. მან ერთხელ კიდევ დაიბერტყა ხნოვანება და წამოვიდა.

ალექსანდრემ უკანასკნელად ინახულა შვილი და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ თვითონაც დაბერებულიყო და იქაურობაც შეცვლილიყო. ორთავიან არწივს კავკასიონი ათასი კლანჭით ეჭირა და თითქმის გულმშვიდად მიიწევდა არეზისკენ. იმედდაკარგულმა ბატონიშვილმა ცოლ-შვილი ალყაშემორტყმულ ერევანში დასტოვა და თვითონ კი აბას მირზას შეუერთდა, მას არ ძალუძდა სრული სიმართლე მოეხსენებინა მემკვიდრისთვის, რომელსაც ისევ უხვად ჰკვებავდა იმედით და ისევ ემისრებს ჰგზავნიდა, რათა აქაური ამბავი გაეგო და სპარსეთის დამარცხებულ მთავარსარდლისთვის თავის არსებობა ამით მაინც გაეხსენებინა.

ბატონიშვილმა ძლივს გაიმეტა სეხნია ბარნაველი, რომელიც იმ ღამეს ოძელაანთ ოჯახს და თავის დათუნას მხნეობით და იმედით ავსებდა და არწმუნებდა, რომ შემოდგომაზე ალექსანდრე თავის შულავერის ზვარს საკუთარი ხელით მოჰკრეფავსო.

- ახლა რა გუნებაზე ბრძანდება ბატონიშვილი? - ჰკითხა შემდეგ პაპა მახარამ.

სეხნიას წეღანდელი ნათქვამი დაავიწყდა და სევდით უპასუხა:

- ძალიან მოტყდა საწყალი. ამბობს, ქართველები იმის ღირსნიც არ არიან, რომ მათთვის თუნდაც ერთი წვეთი სისხლი კიდევ დავღვაროო, და რაც დავღვარე, იმასაც ძალიან ვნანობო.

- შვილო, თუ ალექსანდრე მაგას ამბობს, შენ რაღა იმედი გაქვს? - მოუჭრა მახარამ. - რად შემოიპარე? ეგ თავი რისთვის გასწირე?

- დიდი ხანია განწირული ვარ და რაც მოსასვლელია, ბარემ მოვიდეს და გათავდეს. - ღიმილით მიუგო სეხნიამ.

- შვილო, შენი თავი შენ გეკუთვნის და რაც გინდა უყავი, მაგრამ სხვებს რაღას ერჩი? თითო შენისთანა კაცის ჩამოსვლა ოც კაცად მაინც გვიჯდება ხოლმე.

სეხნია შეშფოთდა. მახარამ მწვავე სიმართლეს დააჭირა. სეხნია სამჯერ შემოიპარა საქართველოში და სამჯერვე მშვიდობით გაიპარა, მაგრამ მერმეღა გაიგებდა ხოლმე, რომ თითო ჩამოსვლაზე ათიოდე კაცისთვის მაინც ჩამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენი. ზოგს ახრჩობდნენ, ზოგს ციხეში ალპობდნენ და ზოგსაც აციმბირებდნენ.

მას ჰსურდა მახარასთვის რაღაც ეთქვა, მაგრამ ღვთისავარმა სწორედ ამ დროს ანიშნა გაჩუმება და წამოიწია. ერთხანს ცალი თვალი და ცალი ყურიც კარებისკენ ეჭირა, მერმე ფეხაკრეფით მიიპარა, უცებ გამოაღო და გავიდა, ერეკლეც დაედევნა. ისევ მალე დაბრუნდნენ და დაეჭვებულმა ღვთისავარმა შვილს უთხრა:

- შვილო, უძაღლო გლეხი უფეხო ცხენსა ჰგავს. ხვალვე ერთი კარგი ნაგაზი იშოვე, თორემ... ახლაც გიგოლას სუნი მეცა.

შემდეგ დათუნა და სტუმარი სათივეზე დააძინა და როცა დარბაზში დაბრუნდა, მახარას ჩაუბურტყუნა:

- სტუმარი ღვთისაა, თორემ ვინ იცის სეხნიამ ახლაც რამდენი გააბრიყვოს და რამდენი დაღუპოს! ახლა ბევრი ქარაქუცა ხალხი ელის ნიშანს და მაშინვე აჰყვება.

სათივეზე მამაშვილის ჩურჩულმა მამლის ყივილამდე გასტანა. სეხნიას ათასი რამე ჰქონდა დავალებული და ტვირთის შესამსუბუქებლად შვილი მოიშველია. მერმე რიჟრაჟზე წამოდგა და კოჯრის გზით ქალაქისკენ გაემართა, მაგრამ ერთი ვინმე მასზე უფრო ადრე ადგა და ქალაქის ნაპირას დაუხვდა. დაუხვდა და ლანდივით აედევნა.

ორი კვირის შემდეგ მაიორმა ერთ ღამეში სეხნიაც დააპატიმრა, ათიოდე სხვაც მიაყოლა და იმავე ღამეს ყველანი შულავერში გაჰგზავნა. მეორე დილას თვითონაც იმავე გზას გაუდგა და რამდენიმე დღეში იმ ათიოდეს ასიოდე ბორჩალოელიც მიუმატა. ახლა მაიორს სამი დიდი საქმე ჰქონდა დაწყებული: სპარსელების მომხრეთა, დალი ჰასანისა და არსენა ოძელაშვილისა, რომელმაც მას სულ მოკლე ხანში ძილი დაუფრთხო და სიცოცხლე ჩაუმწარა.

არლოვს მრავალი ნაცადი ხერხი ჰქონდა და ერთი მათგანი ახლაც გამოსცადა: დალი ჰასანს ჯერ სულხანი მიუგზავნა და მერმე ივანიჩა და კაპიტანი კოტოვი გააყოლა. იმავე ღამეს ორივეს გვამი ურმებით დაუბრუნეს არლოვს.

მაიორი კინაღამ გაგიჟდა, ხან ბავშვივით სლუკუნებდა, ხან დაჭრილი დათვივით ჰბღუოდა, იმუქრებოდა, იხვეწებოდა, და როცა ამბავი მოუტანეს, რომ ქალაქიდან მომავალს ერთ შულავრელ სომეხს დალი ჰასანი მარნეულში უნახავსო, უცებ ისე გაუხარდა, თითქო ჰასანიც დაეჭიროს და მკვდრებიც გაეცოცხლებინოს. სიხარულის საბაბი სულ უბრალო რამ იყო: მაიორი მიჰხვდა, დალი ჰასანი არსენასთან წავიდაო, და რადგან იმავე დღეს გიგოლასგან რაღაც ცნობა მიეღო, უცებ გადასწყვიტა, და თვითონაც დაიჯერა, რომ არსენასაც და თათარსაც ერთად დაიჭერდა. და იმავე წუთიდან ისე ფიცხად შეუდგა საქმეს, რომ ორი ერთგული კაცის დამარხვასაც ძლივს დაესწრო. მერმე ერთ საღამოს ნადირივით გაინაბა. შუაღამეს შულავრიდან დაიძრა, ოციოდე ჩაფარ-ყაზახი წამოიყვანა, მარნეულში დაბანაკდა და თვითონაც რიჟრაჟზე მარაბდაში გაჩნდა. თითქმის იმავე დროს ქალაქიდანაც ამოვიდნენ ყაზახ-სალდათები და კოდაში შეისვენეს. მაიორმა საგმირო დრამაში კომიკური სურათიც ჩაურთო და მთავარი როლი თვითონვე შეასრულა: მარაბდაში საჯაროდ საშინელი კივილი და ფეხთა ბარტყუნი ასტეხა იმის გამო, ვითომ ხალხი მას ყალბ ცნობებს აწვდიდეს და ყაჩაღ არსენას ეხმარებოდეს.

- მე აქ მომსვლელი აღარა ვარ და თუნდა ერთმანეთიც დაგიჭამიათ. - განაცხადა მან და მტკიცე რწმენით გაბრუნდა, რომ ამ ამბავს მეორე დღესვე აუგზავნიდნენ არსენას, რომელიც იმ დღიდან არხეინად დაიძინებდა და მაიორს მწიფე ქლიავივით ჩაუვარდებოდა ხელში. გაბრუნდა და იმავე ღამეს წინდაწინვე მოწყობილი მანქანა აუშვა. ერთსა და იმავე დროს მარაბდიდან, სამშვილდეს მხრიდან და მანგლისიდანაც ორასი შეიარაღებული გლეხი, მამასახლისი, გზირი, ნაცვალი, ჩაფარი და თითქმის ამდენივე ყაზახ-სალდათი დაძრა. გლეხები ცხვრებივით გაირეკეს წინ, თითონ კი მგლებივით აედევნენ და მზად იყვნენ ეს ცხვრებიც გაეგლიჯათ, თუ გლეხები შედრკებოდნენ ან ორპირობას გამოიჩენდნენ.

გავარდნილთა ცოლ-შვილიც მოაგროვეს, წინ გაიძღოლეს და ფარივით გამოიყენეს. იმედი ჰქონდათ, რომ “ყაჩაღები” თავიანთ ცოლ-შვილს არ ესროდნენ და კნუტებივით დანებდებოდნენ. წინ-მიმავალი დედაკაცები ჩუმი ხმით ჰგოდებდნენ, ბალღები ტიროდნენ, მამაკაცები კბილებს აკრაჭუნებდნენ, ხოლო უკანმიმყოლი ჩაფრები მტირალ ბავშვებს მათრახით აჩუმებდნენ.

- რას იტყვი, დათუნა? - ეკითხებოდნენ მას გზადაგზა გლეხები.

- სულ ერთია. - უპასუხებდა თოხლო ვაჟკაცი. - სანამ მტრებს არ დავამარცხებთ, არაფერი არ გვეშველება.

- რა დღეს მოვესწარით, ღვთისავარ! - შესჩიოდნენ ცალთვალასაც.

ის კი თავის-ჩაქნევით ჰბურტყუნებდა:

- ვიცოდი და არ დამიჯერეს. ახლა რაღა შემიძლიან! მაინც თუ ხალხი ხალხობს, თავისას შეასრულებს.

ხალხმა იხალხა და შეასრულა. იმავე ღამეს ყოველი ჯგუფიდან თითო-ოროლა ჭაბუკი გამოითიშა, სიბნელეში შეძვრა, დაწინაურდა და მაიორის ლაშქარს რამდენიმე საათით ამოასწრო. ერეკლეც თავგამეტებით იწევდა, მაგრამ მამამ არ გაუშვა: “შენს წასვლას მაშინვე შეამჩნევენ და გაგაციმბირებენ, საქმე კი უშენოდაც გაკეთდებაო”.

სხვადასხვა მხრიდან წამოსულმა რაზმებმა არსენას ბანაკის ირგვლივ შეჰკრეს რკალი. მაიორი წყლის ნაპირას ჩამოხტა და იქ იცდიდა, სხვები კი დიდ აღმართს შეუდგნენ. გუშაგები, მზვერავები, მეწინავენი და მეთოფურები ფეხაკრეფით მოიწევდნენ და ყოველ წუთს სანიშნო თოფის სროლას და არსენას ყივილს ელოდნენ. გლეხები უკვე ცუღლუტად იღიმებოდნენ, რადგან არსენას რაზმი ამოდენა ჯარს თითებში გაუძვრინეს, და ძლივს იმაგრებდნენ ხარხარს იმის გამო, რომ ორასი დაჭიმული ჩაფარ-სალდათი ცალიერ ალაგს უმიზნებდა და შიშით ვერხვის ფოთოლივით თრთოდა.

ნაბანაკევში ყველაზე ადრე გავარდნილთა ცოლ-შვილი შევიდა, ისე თამამად შევიდა, როგორც საკუთარ სახლში შედიოდა ხოლმე. მათ უხაროდათ თავიანთი შვილებისა და ძმების ნაფეხარზე სიარული, ჯდომა და გორაობაც. ვიღაცამ ახალმოსულებს რაღაც წასჩურჩულა. ერთმა კოკას მოჰკრა თვალი და დარჩენილ ნაღვერდალს წყალი გადაასხა. მეორემ ახლად გამოხრული ძვლები აკრიფა და შორს ბუჩქებში გადაჰყარა. მესამემ და მეოთხემ ცხენების ახალი ფუნე გამოჰხვეტეს. დანარჩენებიც დაფაცურდნენ და გავარდნილთა ყოველი კვალი და ნატერფალიც ათ წუთში წაშალეს.

- ეძებოს ახლა მაიორმა ცაში არწივის კვალი. - შესძახა ერთმა და ყოველ მხრივ ოხუნჯობა და სიცილი მოაყარეს.

შემდეგ სიცილი ხარხარად გადაიქცა და უღრანი ტყე მხიარული კიჟინით გაიჟღინთა. ჩაფარ-სალდათები მოღერებული თოფებით შემოცვივდნენ და როცა გავარდნილთა ნაცვლად მხიარულ დედაკაცებს და ბალღებს წააწყდნენ, ჯერ ცხვირები ჩააბჯინეს ნაბანაკევში და შემდეგ ისეთი უშვერი გინებით დაერივნენ იქმყოფებს, რომ ყველანი წივილ-ჟივილით გაიფანტნენ და გაცრუებული მეომრები ხახამშრალი დასტოვეს.

ერთი საათის შემდეგ კუჭატნელმა წყლის პირზე მოსეირნე მაიორს ყველაფერი მოახსენა. არლოვს აქამდისაც უკვირდა, რატომ თოფის გრიალი არ მესმისო, და ჰფიქრობდა, ალბათ უბრძოლველად დაიჭირესო. ახლა კი ჯერ გაოცდა, მერმე გამწარდა და ქადაგად დაეცა:

- აკი ვამბობდი, ყველა ქართველი მეფის მოღალატე და ფიცის გამტეხია მეთქი. დაიჭირეთ! გააციმბირეთ!.. გაროზგეთ!.. ჩამოახჩეთ!

მერმე ბალახზე დაეცა, ბნედა დაემართა და სუფთა მოლი დუჟით და გესლით მორწყო.

გონს რომ მოვიდა, ბრაზის მაგიერ შიშმა მოიცვა. ახლა რაღას ეტყვის გუბერნატორს და პასკევიჩს? მას თითქმის მთელ ლაშქარს სთხოვდა დაჟინებით, მთავარსარდალმა კი ხუთი დღით ასი მეომარიც ძლივს ათხოვა. ახლა კი დაიღუპა არლოვი, უეჭველად დაიღუპა! მასხარად აიგდებენ, დააქვეითებენ, დათვების ბუნაგში გადაჰკარგავენ.

- მდევარი ხომ დაადევნე? - იკითხა ბოლოს მორღვეული ხმით.

- რის მაქნისია მდევარი! - მიუგო კუჭატნელმა. - ძველი ბანაკია. რამდენიმე დღის წინათ წასულან. ორმა გლეხმა მითხრა, სამი დღის წინათ მთაში ვნადირობდით, ამ ალაგას ჩამოვიარეთ და აქ არავინ აღარ გვინახავსო.

- შენც დაუჯერე, არა? - შხამივით შეასხა მაიორმა.

- ბანაკი ძველია მეთქი. მე თვითონვე გავშინჯე.

- არა მჯერა. ქართველები მოღალატენი არიან მეთქი.

- მაშ მეც მოღალატე ვყოფილვარ. - იწყინა გიორგიმ.

- შენ არა, “მოი გიორგი”. - მოლბა მაიორი. - შენ ერთად ერთი ერთგული ქართველი ხარ და ამიტომ ვაფასებ შენს სამსახურს. და თუ არსენას დამაჭერინებ, - და მის ხმაში მუდარა გაისმა, - თუ არსენას დამაჭერინებ, გეფიცები, ორდენსაც მიიღებ, ექვსას მანეთსაც და ხუთასსაც ჩემი მხრივ დაგიმატებ, ახლა კი მოღალატეთა დასჯაზე ვიზრუნოთ.

და მეორე დღეს მარაბდიდან ერთხელ კიდევ გავიდა პატიმართა დიდრონი გუნდი - გავარდნილთა დედები, მამები, დები და შვილები - ღვთისავარიც, მელანოც, ერეკლეც და დათუნაც.

* * *

ბანაკში დავა ჩამოვარდა, შემდეგშიც მოვერიდოთ მაიორის ლაშქარს თუ ვაჟკაცურად დავუხვდეთო. ეს დავა ძმათა შორის უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე რაზმი ალაგს მოინაცვლებდა. არსენა სდუმდა. არც როსტომი იღებდა ხმას. მხოლოდ ლაცაბიძე ბუზღუნებდა ჩუმჩუმად და კარპიჩა გაჰკიოდა ხმამაღლა:

- კაცო როდემდის უნდა ვიმალებოდეთ? რაკი მუდამ გავრბივართ, გავარდნაც არა ღირდა. სახელი გაგვიტყდა და ვეღარ გავამთელებთ. ბელადათ პუგაჩოვი გვინდა მეთქი, პუგაჩოვი!

მაგდანაც გაჩუმებული იყო, მაგრამ ძმისა და მამის დაპატიმრება რომ გაიგო, არსენას მოსთხოვა, ახლავე ჩაუხტეთ შულავერს და გავანთავისუფლოთო. და რადგან არსენამ შორს დაიჭირა და უთხრა, დრო უნდა ვიხელთოთო, ლაცაბიძემ და მაგდანამ ერთმანეთი მოსძებნეს და აჩურჩულდნენ.

არსენას ეს მითქმა-მოთქმა მოჰბეზრდა და იმ დღეს სამხრობის დროს ხმამაღლა ჰკითხა ლაცაბიძეს და კარპიჩას:

- ძმები ვართ და ორპირობა არ გამოგვადგების. სთქვით, იმ დღეს მაიორს რომ არ მოვრიდებოდით, რა დაგვემართებოდა?

- ყველას დაგვხოცავდნენ, - მიუგო ორივემ.

- გიშველათ ღმერთმა! მაშ საცა არა სჯობნებია, ისევ გაცლა სჯობნებია, და მეც ასე მოვიქეცი. ამაზე რას იტყვით?

- კი, მარა მარაბდაში ეკლესიაზე მამა-შენიც მაგას გვეუბნებოდა, - მოაგონა ლაცაბიძემ, - შენ კი ამბობდი, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო.

- მაგას თავი დავანებოთ, - ოდნავ შეცვლილი ხმით უპასუხა არსენამ, თუმცა უკანასკნელ დროს თვითონაც ჰგრძნობდა, რომ ზოგჯერ ღვთისავარის გზით დადიოდა. - სიკვდილის დროც დაგვიდგება. ახლა კი ეს მითხარით, ხომ სწორედ მოვიქეცი?

- სწორედ მოიქეცი.

- მაშ მორჩა და გათავდა, - გამოაცხადა ბელადმა და გაათავა.

მაგრამ დავა არც მორჩა და არც გათავდა. რამდენიმე დღის შემდეგ არსენამ ხალთიდან დროშა გამოიღო და ფეხმოკეცილ ბანაკს არწივივით მოავლო თვალი.

- ძმებო! - დაიწყო მან დაბალი ხმით, როცა ტყეში სრული სიჩუმე დამყარდა. - საცაა ზაფხული გავა და ზოგმა აქამდისაც არ იცის, ვინა ვართ და ამ ტყეში რა გვინდა. ერთი ალთას გაიძახის და მეორე ბალთას მიიწევს. ახლა იმისთვინ მოვიყარეთ თავი, რომ ყველამ თავის მუღამი გვითხრას, მაშ დავსხდეთ და სამართალი ვქნათ. თუ ყველას ერთი გზა გვაქვს სავლელი, ერთად ვიაროთ, თუ არა და - ყველამ თავის გზა მოძებნოს. ამის გამო საქმეს არა დაუშავდება - რა. აქნობამდისაც ძმები ვიყავით და ისევ ძმები ვიქნებით, აგრეა თუ არა?

- აგრეა, აგრე! - დაუდასტურეს ყოველ მხრივ, მან კი ერთხელ კიდევ გადაჰხედა ძმობილებს და მწიფე ხმას ოდნავ მეტი სიმტკიცე მისცა:

- ძმებო! ჩვენი ბანაკი შარა გზა ხომ არ არის, რომ ყველა ვიგინდარამ აქ მოიკეცოს? აქნობამდის რომ კარი გაგვეღო, საქართველოს ნახევარი მოგვაწყდებოდა და ხალხი ბაქოდან, ერევანიდან და ძაუგიდანაც კი მოვიდოდა. ჩვენ კი ერთი კაციც არ მიგვიღია გაუჩხრეკავი და უცნობი. მართალია, ყველანი მუდრეგები ვართ, მაგრამ დოსტები და ძმებიცა ვართ და ერთმანეთი მარაბდელ კამეჩებსავით გაგვაქვს. მაგრამ ზოგი ამას არა კმარობს და მოითხოვს, რომ ჩვენს ოჯახს ოთხივ მხრივ გაუღოთ კარი და ჩვენი ციხე დუღაბის ნაცვლად ტალახით ავაშენოთ.

- არ აშენდების. - ჩაილაპარაკა როსტომმა.

- ჰაი, ჰაი, რომ არ აშენდების. - ჩაურთეს აქეთ-იქიდანაც.

- არ აშენდების შლამითა ბირთვის-სამშვილდის ციხენი. - დაუდასტურა არსენამაც. - გარდა ამისა, ნუზლი ბევრი დაგვჭირდება და ვერ ვიშოვით. იმოდენა ხალხს ვერ გამოვკვებავთ და ისევ დავიქსაქსებით. ესეც რომ არ იყოს, მოღალატე შემოგვეპარება და ლეკვებსავით დაგვიჭერენ. მაშ რას იტყვით, კარი გავაღოთ თუ უარესად ჩავკეტოთ?

- ჩავკეტოთ! ჩავხერგოთ! - მოისმა ყოველ მხრიდან და ყველამ ლაცაბიძეს, ახალმოსულებს, დალი ჰასანს, კარპიჩას და მაგდანას გადაჰხედა.

- ახლა ვიკითხოთ. - განაგრძო მარაბდელმა, - ვინა ვართ, რა გვინდა და ამ ტყეში თავი რისთვინ მოგვიყრია. აბა ერთმანეთს გადაჰხედეთ, ზოგი რამე გაიხსენეთ და გაიგეთ. სევასტი იმერეთში მართალი საქმისთვინ იბრძოდა, მაგრამ დაამარცხეს და შინიდან ნადირივით გამოაგდეს. ბატონებს ავი კაცი ჰგონიათ, ნამდვილად კი, ფრთები რომ შეასხა, მტრედად გადაიქცევა.

- ბუხრიდან ამოვარდნილი მტრედია. - ჩაურთო ერთმა.

- ეშვიანი მტრედია. - დაუმატა მეორემ.

- მგლის ჯიშის მტრედია. - მიაწოდა მესამემაც და ირგვლივ სიცილი დატრიალდა.

თვითონ “მტრედმა” კი ათივე თითით ჩაიფოცხა ბაბახანური წვერი და ზედ ეშვები დაანათა. არსენამაც ჩაიღიმა და სათქმელი ისევ თავის გზაზე დააყენა:

- კარპიჩას დედ-მამა გაუციმბირეს, თვითონ კი, ცოლ-შვილიც არ აგემინეს, თავის სოფლის სახელიც კი დაავიწყებინეს, ბოლოს ზაალს მწევარში გაუცვალეს და ისე გააავეს, რომ დილით-დილამდე ამასღა გაიძახის: პუგაჩოვი მინდა! მოვკლათ! დავხოცოთ! დავწვათ და დავანგრიოთო! ნამდვილად კი ამ საწყალს ისეთი გული აქვს, რომ ბულბულსაც კი შეჰშურდება.

- გაროზგილი ბულბულია. - ჩაიხითხითა ვიღაცამ და ისევ სიცილმა ჩაირბინა.

“ბულბულმა” მზეუჭვრიტეს ლაწუნს თავი მიანება, ბალღივით გაიღიმა და ქურდულად მოიხოცა ცრემლი, არსენამ კი, რახან ორი დაახასიათა, სხვებსაც გადაჰხედა და თათარს დაადგა თვალი:

- დალი ჰასანმა სამი მოსისხლე მოჰკლა, სამად-სამი, და ამისთვის ციხეში ჩაგდება დაუპირეს. ასეთი უსამართლობა ვეღარ მოითმინა, გავარდა და სამს ორმოცდასამიც მიაყოლა. ვინც არ იცნობს, ტარტაროზი ეგონება, ნამდვილად კი ყანდის შაქარივით ტკბილი კაცია და სააღდგომო ბატკანივით უმანკოა.

- მაიორს ასეთი შაქარი!

- ეს ისეთი ბატკანია, რომელიც მარტო მგლის ხორცსა სჭამს და მეტს არაფერს. - დაუმატეს აქეთ-იქიდან.

“ტკბილმა კასმა” ქოსა წვერი მოიხოკა და მიწას ჩაუღიმა, არსენამ კი ახლა მაგდანას დაადგა თვალი და ღიმილი მოისხიპა:

- ძალო მაგდანას ქმარი გაუყიდეს, პაპას გული გაუხეთქეს, სახლი და ქონება გადუბუგეს, მამაც გაუდევნეს, დათუნაც ციხეში ჩაუგდეს და შვილს ზურასაც მოსაკლავად დასდევენ. თვრამეტი წელიწადია რაც ძალო მაგდანამ სამგლოვიარო კაბა ვეღარ გაიხადა და შავ ანგელოზს დაემგვანა.

ყველანი ქვრივს მიაჩერდნენ, რომელიც მართლა შავი ანგელოზივით იდგა ჩრდილში. მას არც წეღან გაუღიმია და არც ახლა შეიტოკა წარბი.

- სიმონა და ოსტაპი ქათმებივით გაჰყიდეს. - გაჰყვა ოძელაშვილი, - სულხანს ძმა სულ უბრალოზე დაუხვრიტეს, ბაღოც უბრალოდ გაახეიბრეს, მეშთა და ზურა სისხლს ეძებენ, ფიქრიამ მურდალ საქმეს დაახწია თავი და მეც რატომ წამოვედი, ესეც ხომ ყველას გეცოდინებათ. ეს დანარჩენი ხალხიც მეფის როზგსა და ბატონის მადას გამოექცა. ყველანი უბრალო ვართ და ბევრი არაფერი არ გვინდა: ხელმწიფემ სალდათად არ გაგვიყვანოს, ხარკი მოგვიფონოს, ბატონ-ყმობა მოსპოს, ყველანი გაგვათანასწოროს და მიწა მიწის მუშას დაურიგოს, თუ არა და...

- თუ არა და? - მიაწოდა სევასტიმ.

- თუ არა და - ჩამოართვა არსენამ - თუ არა და ამ საქმეს ჩვენვე შევუდგებით და კიდევაც გავაკეთებთ.

- როდისღა? - იკითხა კარპიჩამ.

- როცა დრო მოვა. - მიუგო მარაბდელმა. - ზოგი ახირებულა, ეხლავე დავიწყოთ და ვინც მოხელე და თავადი შეგვხვდება, ხელაღებით ვხოცოთ, ბრალიანიც და უბრალოცო.

- ბრალიანი მაინს დავხოსოთ. - წამოიძახა ჰასანამ.

- დალი ჰასან, - დაუბღვირა - ოძელაშვილმა, - თუ მაგ ხელით დაღვრილი სისხლი არა გყოფნის და გინდა ეს ბანაკიც ყაჩაღების ბუდედ გადააქციო, უმჯობესია ისევ გორულის კოშკში დაბრუნდე.

- ვალაჰ, გორულის კოშკი აღარ მინდა! - გულწრფელად წამოიძახა თათარმა.

- კეთილი და პატიოსანი. მაშ ისევ ჩვენს გზას დავადგეთ. იმასაც ამბობენ, მუშა-ფუტკარი მუქთახორა ფუტკარს ჰხოცავს და ჩვენც ყველა მუქთახორა ვაჭარი, ბატონი და მოხელე უნდა ამოვხოცოთო. ფუტკარი ღვთისგან არის ნაკურთხი, მაგრამ ადამიანი იმაზე უფრო გონიერია და ფუტკრისგან ჭკუა არ ესწავლების. ესეც რომ არ იყოს, რაღა ფუტკარს მივბაძოთ და არა ლომს, ან ჩიტებს? ყველას თავის ხასიათი აქვს და ყველანი თავიანთი გზით დადიან. ადამიანი კი ფუტკარიც არის და ლომიც, მერმე: ამ ქვეყნად უთვალავი მუქთი ხალხი დადის. ყველანი რომ დავხოცოთ, არც ძალა გვეყოფა, ხალხიც განახევრდება და არც შეგვერგების. ისიც იცოდეთ, რომ სისხლს თავის კანონი აქვს და დაგვჯაბნის. ერთი წვეთი უბრალო სისხლი წარღვნად გადაიქცევა და ქვეყანას წალეკავს. ნათქომია, არა კაცი ჰკლაო, მაგრამ ჩვენ უნდა ყველგან ამოვხოცოთ და ამოვწვათ უკაცური საქმე, აზნაურული ზანტობა, ქედმაღლობა, მფლანგველობა, გარყვნილება, გაუტანლობა და ყოველგვარი სიავე. მარტო სისხლით კი ვერას გავხდებით. საცა სიტყვა გასჭრის, სისხლი რა მოსატანია! და თუ ზოგჯერ ჩვენი სიტყვა არა სჭრის, ისევ ჩვენი ბრალია. ჩვენს სიტყვას თავდაპირველად ჩვენვე დავდოთ ფასი და სხვებიც დააფასებენ. ათისთვინ რომ მითქვამს, ცხრაზე გაუჭრია, მეათე კი უსისხლოდაც მომიდრეკია და კიდევაც მოვდრეკავ. იცოდეთ, ძმებო, რომ გამძლეობა და შეუპოვრობა ვაჟკაცობაზე უფრო ძნელი საქმეა. - არსენამ იყუჩა და მერმე თავჩაღუნულ ლაცაბიძეს მიუბრუნდა: - შენ რას იტყვი, სევასტი?

- აფერს. - მოკლედ მოუჭრა ლაცაბიძემ.

- მაშ ჯერ სისხლს მოვერიდოთ, ხალხი მოვამზადოთ და მერმე ჩაუქროლოთ. გადაჭრილია? - იკითხა ოძელაშვილმა.

- გადაჭრილია, გადაჭრილი! - დაიძახა უმეტესობამ.

მხოლოდ შვიდი რაზმელი სდუმდა: სევასტი, კარპიჩა, მაგდანა, დალი ჰასანი და სამი ახალმოსული.

- ძმებო, ახლა დროშის საქმეც გადავჭრათ. - და არსენამ უძველესი მეწინავე დროშა გაშალა. - ამ დროშის ამბავი ყველას ეცოდინება. ჩვენს წინაპრებს ეს დროშა იმდენი უთრევიათ და მის გულისთვინ იმდენი სისხლი დაუღვრიათ, რომ იმ სისხლში ქალაქიც კი დაიხრჩობოდა. მაგრამ თვითონ დროშაც დაძველდა და მისი მეთაური თავადობაც დაბერდა. ახლა ამ დროშას ჩვენ უნდა მოვუაროთ, ძველზე ახალი წავაწეროთ და პირნათლად ვატაროთ. შეთავსდების თუ არა ძველი და ახალი?

- ჰაი, ჰაი, რომ შეთავსდების. - იგრიალეს ტყის ძმებმა.

- ოღონდაც რომ შეთავსდების! - დაუბეჭდა ოძელაშვილმაც. - ძველისგან ვარგისს ვისესხებთ, უვარგისს მოვიშორებთ, ახალს დაუმატებთ და ასე ვივლით და ვატარებთ. ამ დროშაზე ასე სწერია: - და ფორხილით წაიკითხა: - “დაიცავი კარი ჩემი უფალო და ციხე ჩემი მარად ჰყავ”. მოდით, ძმებო, ახლა ასე დავაწეროთ: ძმობა, შრომა, მიწა, თავისუფლება, თანასწორობა და პატიოსნება. დაე გვენდოს ძველის დამწერი, რომ ჩვენი შრომა, ძმობა და პატიოსნება ჩვენს კარებს იმათ ხმალზე უფრო უკეთ დაიცავს. რას იტყვით, ძმებო, ივარგებს თუ არა?

- ივარგებს! კარგია! - მიაძახეს ყოველ მხრივ.

- შენ რას იტყვი, სევასტი? - ხელახლა ჰკითხა ბელადმა, დილას თათბირის დროს მან თავისი ჯგუფის სახელით ასეთი წარწერა მოითხოვა: “სიკვდილი ყველა წურბელას და გაუმარჯოს თავისუფლებას”. მაგრამ მხარი არ დაუჭირეს და ვერ გაიტანა.

- სევასტი, იტყვი რამეს თუ... - ხელმეორედ ჰკითხა არსენამ.

- აფერს, - ისევ მოსჭრა ლაცაბიძემ და წვერი ჩაიფარცხა.

- მაშ დასწერე, ზურა. - უთხრა ჭაბუკს ბელადმა და სანამ ზურა მიწაზე გაშლილ დროშას ბატის ფრთით აწვალებდა, არსენამ დაიძახა.

- ერთიცა და გათავდა. ძმებო, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ჩვენ ღვიძლ ძმებზე უფრო ერთგული ძმები ვართ, მაგრამ, ჯერ ძმობის ფიცი არ დაგვიდვია. დაგვიანებამ არავის არ ავნო რადგან ერთმანეთი უფრო კარგად გამოვცადეთ. ძმებო, დროა თუ არა ფიცი დავდოთ? ხართ თუ არა ზიარი?

- დროა, დრო! ზიარი ვართ, ზიარი! - და ყველანი წამოიშალნენ.

- მაშ შევუდგეთ! - სთქვა არსენამ და თავის ცოლს მიუბრუნდა: - მარინე, გენაცვალე, მგონი რძე გაქვს და ცოტაოდენი მოიწველე. ფიქრიავ, შენ აიაზმის წყალი და სეფისკვერი მოიტანე.

მარინემ ჯამი აიღო და ფოთლიანში მიიმალა. სანამ ზურა ანწლის მელნით ძველ აბრეშუმს სთხუპნიდა და არსენას ცოლი კი ბუჩქებში ღრძენს იწველიდა, ბელადმა ხელი დაიბანა, მერმე სეფისკვერი აიღო და აიაზმის წყალში ჩასჭრა. მარინემ თავის რძე-რძის მსგავსი სითხე - ფიქრიას მოაწოდა თასით, თვითონ კი პირი მიიბრუნა და გაწითლდა. არსენამ ღრძენი საერთო ჯამში ჩაასხა, ზედ ვერცხლი დაათალა, ცოტა მიწაც დააყოლა, ცვილის სანთელი აანთო, დროშა აღმართა, პირჯვარი გადაიწერა, თითი ასწია და ქუდმოხდილ ბანაკს საზეიმო ხმით მიჰმართა:

- ძმებო, მე ვიტყვი და თქვენცა სთქვით, - და შერწმენილი ხმით დაიწყო: - ღმერთო დიდებულო, რომელიცა ხარ ცათა შინა...

- რომელიცა ხარ ცათა შინა. - ჩაიგუგუნა ბანაკმაც.

- ბოლნისის, ახტალის, კაბენის, თელეთის, მცხეთისა და ალავერდის ანგელოზებო და ხატებო...

- ... ანგელოზებო და ხატებო. - მისდევდა მას რაზმის ხმაც.

- თქვენ აკურთხეთ ჩვენი წმინდა საქმე, დაგვეხმარენით და მოწმედ დაგვიდექით, რომ ძმებად ვიფიცებით და გულში ერთმანეთის სიყვარულის მეტი აღარაფერი არა გვაქვს.

- ...არაა გვაქვს. - დაუდასტურა კლდემ რაზმის გამოძახილი.

- ვფიცავ მაღლა ღმერთს და ძირს ჩემს პატიოსნებას, ცოლ-შვილს, დედ-მამას, ნამუსს... ყველა ხატსა და ნათელ მირონს, რომ ვისაც ახლა ვეფიცები, იმას ძმად გავიხდი... იმის ჭირს ჩემს ჭირად მივიჩნევ და იმის მტერს ჩემ მტრად ჩავთვლი... მეფესა და ბატონს ომს ვუცხადებ და სანამდის სული მიდგია, შეუპოვრად ვიომებ... სიმართლეს შევიყვარებ და უსამართლობას შევიძულებ... მდიდარს წავართმევ და ღარიბს დავურიგებ... გლახაკს შევიყვარებ, ქვრივს ვუშველი, საწყალს გამოვესარჩლები და ობოლს არავის არ დავაჩაგვრინებ... ვფიცავ და ვინც ფიცს უღალატოს, შხამად შეერგოს დედის რძე, დედა შეერთოს ცოლადა... იმის ოჯახს და საქონელს ჭირი შეეჩვიოს და აღარ გავიდეს... დაკუტდეს და ვეღარ გასწორდეს... აღარც მიწამ მიიღოს და არცა ზეცამ... დამუნჯდეს, დაყრუვდეს, დაბრმავდეს, პირშავად იაროს და შავი სული არასოდეს აღარ გასძვრეს... ყველა ხიდი ჩაუტყდეს, კლდე დაეცეს, მიწა გაუსკდეს... სწყუროდეს და ვეღარ დალიოს, ჰშიოდეს და ვეღარ სჭამოს... ნადირს შეჰხვდეს და მოდუნდეს, მტერი დაუხვდეს და ხმალი ვადაში გადაუტყდეს.

- ... გადაუტყდეს! - დაუბრუნა კლდემ გამოძახილი.

- ამინ!

- ამინ - იხუვლა ბანაკმაც, რომელმაც თავის ბელადისგან იმ დღესაც ძლიერი სულიერი საფუვარი მიიღო და მზად იყო თუნდ ახლავე მიეტანა იერიში ქალაქზე, ყველა ბატონზე და პეტერბურგსაც კი მიჰსეოდა.

ყველა რაზმელი რიგრიგად ემთხვია დროშას, მერმე ბელადი დაჰკოცნა, შემდეგ მოწიწებით შესჭამა აიაზმით გაჟღენთილი სეფისკვერი, ცერა თითი ანწლის მელანში შეითხუპნა და დროშას “მოაწერა - იგი თითით დაბეჭდა - და ბოლოს ყველა რაზმელს ტყვია გაუცვალა და ერთხელ კიდევ ჩაეხუტა.

სულხანმაც მიიღო სეფისკვერი, მაგრამ მერმე განზე გადგა და არც არსენას მოეხვია და არც ფიქრიას აკოცა. მისი განდეგილობა ვერავინ შეამჩნია გარდა ფიქრიასი, რომელიც რაღაცას მიუხვდა, გაწითლდა და ზურგი შეაქცია სულხანს.

მარინეს, მაგდანას და ფიქრიას ლოყები დაუწითლეს და კინაღამ გაუცვითეს, თანაც იცინოდნენ, თითონაც წითლდებოდნენ და ოხუნჯობდნენ:

- შენი კოცნა მირონია, ფიქრიავ!

- ნეტა დღეში სამჯერ მაინც დამაფიცებდნენ...

არსენა ყველას ისე იკრავდა მკერდზე, როგორც ვეფხვი კატის კნუტს, და რამოდენიმე სიტყვას მაინც ეუბნებოდა:

- ხომ არაფერი არ გაწყეინე, სევასტი?

- აფერი. - ჩუმად მიუგო “ეშვიანმა მტრედმა”.

არსენა არ დასჯერდა და ჩააცივდა:

- გულით სთქვი და თვალებში შემომხედე. რას ამრეზილხარ? - და იქამდე ანჯღრია და მანამდის არ მოეხვია, სანამ ლაცაბიძემ შავი წვერი თეთრი ეშვით არ გაიშუქა და გულწრფელად არ წამოიძახა:

- აფერი, შე კაცო, აფერი მეთქი.

- აგრე. - მერმე “გაროზგილ ბულბულს” მიუბრუნდა: - კარპიჩავ, აქნობამდისაც ძმები ვიყავით და ახლა ხომ სულთამხუთავიც ვერ გაგვყრის. აგრეა თუ არა?

კოჭლმა ნასალდათარმა ისე მისდო წითური თავი ოძელაშვილის მკერდზე, თითქოს ბალიშზე მიეძინაო. ხმა ვერ ამოიღო, ის ბალიში დაასველა და ბელადს ძლივსღა მოშორდა.

- ძალო მაგდან, მგონი მღალატობ, მაგრამ... ერთი გამაგებინეთ, ამ დედაკაცს რა ატირებს? დამარხვაზე ხომ არა ვართ? დათუნა მოგაგონდებოდა... ალბათ მამაც გაგახსენდა... კარგი, ძალო, გეყოფა, თორემ მეც ამატირებ... არ მეგონა, რომ შავი ანგელოზიც იტირებდა. დათუნას და სეხნიას თავს არ შევარჩენთ მაიორს... ფიქრიავ, როსტომ, მარინე, ჩვენ, ნათესავებს, რაღა კოცნა გვინდა!.. სიმონ, შენს ჯავრსაც ამოვიყრი. მზად იყავი, მალე სუმბათოვს ვეწვევით. დალი ჰასან, ვინც სისხლით გაძღა, ძილით ვეღარ გაძღება. კაცის მოკვლა ჩიტის მოკვლაზე უფრო ადვილია, მაგრამ შემდეგ შენს პირზე სიცილიც მოკვდება და ბავშვიც აღარ დაგიდგება ხელში. სისხლს გუმანით გაიგებს და გაგექცევა... ძმაო ოსტაპ, შავ ლომს მიგიგავს ეგ თავი. შენი გულიც გავხსენი. სევდას შეუჭამიხარ. ღამღამობით გულსაკლავად მღერი, ჰბოდავ და ვარსკვლავებს ესაუბრები. სთქვი, ვინ მიგელის შენს ქვეყანაში? არავინ? ვაი შე უბედურო! მაგრამ მხნედ იყავი, აი რამდენი და-ძმა გყოლია. შენ მათი გული დაიპყარი, ეგ ულვაშები კი ვერ დაგიმორჩილებია, ზეზე ვერ წამოგიყენებია... ბაღო, შენც ძალიან დამიდარდიანდი. გირჩევ ორიოდე დღით ცოლი ამოიყვანო, გამოცოცხლდები. რაც შენ ამოხვედი, თითქოს ლალა და გადია გაგვიჩნდაო. დროა ვარამი მოინელო, თორემ თვითონ ის მოგინელებს. აჰა ძმებო, ესეც გავათავეთ, მოდი ახლა დავსხდეთ და სანამ სუფრას გაგვიშლიდნენ, მანამ იმ გაბერილ სუმბათოვს ერთი მოკითხვის წერილი კიდევ მივწეროთ. ზურავ, ჩვენი მწერალი ხარ და მოემზადე.

შუაში ზურა ჩაისვეს, გარშემო მოუსხდნენ და დაიწყეს, სწერდნენ და თან იმ ტყეს ხარხარით აზანზარებდნენ და ერთმანეთს სიტყვას პირიდან სტაცებდნენ.

“ჩვენო საყვარელო ძმაო, გულითადო მეგობარო, კეთილზე უკეთილესო ბატონო და მამავ ალექსანდრე. ტყის ძმები თრიალეთიდან შვილებივით მოგიკითხავთ შენცა, შენს ბალიშ-კნეინასაც და შენს მუქთა-შვილებსაც. არც აქამდე გაკლდათ ქონი და ახლა ხომ გლეხის სისხლით ტიკებივით გაიბერებოდით.

მერე: ამბავი მოგვივიდა, მგელი მგლობას არ იშლისო. ყმებს თურმე ისევ ჰყიდი ახალციხეში. შენი გაყიდული სიმონა ცხოვრებაძე ახლა აქ არის, კარგად მოსუქდა და ხანჯალს ლესავს. ამბობს, მალე ვნახავ და ისეთი სიყვარულით მოვიკითხავ ცოლ-შვილითა, რომ თმას იგლეჯავდნენ და მათი წივილი ზევით მთაწმინდას სწვდებოდეს და ქვეით ხაშურს ესმოდესო. ასეთ ღვთისნიერ საქმეში ჩვენც მივეხმარებით და შეწევნითა ღვთისათა თქვენი მყრალი ბღავილი იქნება როგორმე გორშიც გავაგონოთ. შენი ლაცაბიძეც აქ არის და შამფურებს ამზადებს. ამბობს, ჩემი ნაბატონარი რუმბივით გაიბერა და უნდა დავცალოო.

მერე: თურმე გლეხებს კვლავ აწიოკებთ და დედაკაცებიც შეგიბამთ გუთანში. ავო ბატონო, ჯოჯოხეთის მაშხალავ და ურჯულოვ, ხელი აიღე, თორემ ისეთ დღეს დაგაყრით, რომ ისევ იქვე მიძვრებოდე, საიდანაც შენისთანა გველის წიწილა გამომძვრალა.

ეხლა: თურმე გლეხობას სხვა მხრივაც აწუხებ და არავის აღარ ინდობ, არც ქვრივსა და არცა ობოლსა. მღვდელი მანდა გყავს და გირჩევ ახლავე ეზიარო, თორემ დაგვიანდება და ჯოჯოხეთშიც კი აღარ შეგიშვებენ. ორ კვირას გაძლევთ ვადას და თუ მორჯულდი, ხომ კარგი, თუ არა და - შენი ცოდოც შენი იყოს, შენი ცოლ-შვილისაც და ჩვენიცა.

ეხლა: თურმე ჩვენი პირველი წერილი არ შეგიწყნარებია და კიდევაც გვემუქრები. სუმბათაშვილო, შენმა მუქარამ აქაური ქათმები, სულ სიცილით გაჟლიტა, არსენას პირიდან კი მუქარა ჯერ ძნელად ამოვა, და თუ ამოვიდა, თავის დროზე კიდევაც ისარივით მისწვდება. ახლა ჩვენ ჩვენი გითხარით და დანარჩენი შენ იცი და შენმა ცოლ-შვილმა. თუ შენი თავი არ გებრალება, ეგ საწყლები მაინც შეიბრალე. სხვაფრივ - თუ ჩვენს ამბავს იკითხავ, ძალიან კარგად ვართ და ნიადაგ შენს ხსენებაში გახლავართ.

ეხლა: ისე მშვიდობით იყავი, როგორც შენი პაპის-პაპის-პაპა არის და იმის თავიც მალე გაჩვენოს ღმერთმა, და თუ ღმერთმა არ გაჩვენა, ისევ ჩვენ დაგეხმარებით და უეჭველად შეგახვედრებთ.

ეხლა: აბა გამარჯვება როგორ გისურვოთ, ღმერთმა ნუ გაგამარჯვებინოს გლეხზედა, სხვაფრივ კი ნეტამც ბატონებს ერთმანეთი დაგიჭამიათ, აბა ვინძლო მორჯულდე და შენი ცოლ-შვილის ცოდო აგვაშორო. სიყვარულით მოგვიკითხე შენი ყმები, ნამეტან კი შენგან დატანჯული გიგიტაშვილები, რაზმაძეები, ღონღაძეები, ლაცაბიძეები და გადაეცი მათ, რომ კარგი თოფები და ხანჯლები შეიძინონ და ჩვენს ჩამოსვლას უცადონ.

ამ წერილს გწერს შენი მოყვარე

“არსენა მარაბდელი”.

ოძელაშვილმა წერილს ხელი მოაწერა, თავისი ბეჭედი დაარტყა, სიმონას გადასცა და დააბარა:

- ხვალ დილით გახვალ და ვინძლო მაზეგ ჩააბარო. თქვენიანები და გიგიტაშვილები მომიკითხე და ყველაფერი უამბე, მაგრამ დიდხანს არ დარჩე და მალე დაბრუნდი. აბა, ძმებო, ახლა კი სუფრას მოუსხდეთ. ლაშქარამ კახური ღვინო გვიშოვა, როსტომმა ირემი მოჰკლა, სევასტიმ შესწვა, ქალებმა ნაზუქი გამოგვიცხეს და ვინძლო არ ვაწყენინოთ.

- არ ვაწყენინებთ!.. ვასახელებთ! - შესძახეს ყველა მხრივ და არც სხვას აწყენინეს და არც თვითონ გაიტეხეს სახელი. სამ-სამი თასი რომ დასცალეს, შავტრუხა სულხანმა ჩაახველა, წამოდგა და სთქვა:

- ძმებო, სმენა იყოს და გაგონება. ეს ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი ბელადი არსენაი.

- ადღეგრძელოს! გაუმარჯოს! - იგრიალეს პასუხად და წამოიშალნენ.

- ძმებო, ორი სიტყვა მაქვს და მათქმევინეთ. - განაგრძო სულხანმა. - მე გული მერჩის და მინდა მოვიფონო. ძმებო, ჩვენ, გლეხებს, აქამდე ერთი დიდებული კაციც არა გვყოლია, ახლა კი ბედმა გაგვიღიმა და გვარგუნა. ვისაც ყურს მიუგდებ, ყველა არსენაზე ლაპარაკობს. საითაც გაიხედავ, ამ კაცზე ლოცულობენ. თქვენ რომ ამ მთებში ცხოვრობდით, მე ბარში ვტრიალებდი და თქვენზე უფრო მეტი გამიგონია. გლეხობას დიდი მიწისძვრა და მეორედ მოსვლაც კი ვერ გააღვიძებდა, არსენამ კი ყველანი პანტასავით დაარხია და თვალი აუხილა. ახლა ამასღა შემოსცქერიან და ამ ტყიდან მოელიან თავისუფლებას. თავადებიც კი ამბობენ, არსენა რომ თავადი ყოფილიყო, ჩვენს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფდაო. ნასწავლებისგან გამიგონია, ასეთი კაცი ათას წელიწადში ერთი თუ დაიბადებაო. ახლა ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და არსენას შევეჩვიეთ. ჩვენი ტოლი გვგონია და ზოგჯერ ურჩობასაც ვუწევთ ხოლმე. არ გამოგვადგების, ძმებო! ჭირი-მე ერთი თავისა და ასი ხელისაო. რაკი ეს კაცი ბელადად ავირჩიეთ, უნდა კიდევაც ბელადობდეს, ჩვენ კი ამის ხელქვეითი ვართ და მორჩილად უნდა ვიყოთ, თორემ ვინანებთ და გვიანღა იქნების. ახლა ესეც სათქმელია: არსენამ თავი გაგვიყადრა და ძმად შეგვეფიცა. თქვენი არ ვიცი და მე კი არსენას ძმობას ყველგან დავიკვეხებ. ისიც ვიცი, რომ შვილის-შვილიც და მეშვიდე თაობაც დაიკვეხებენ, არსენას ძმადნაფიცის ჩამონავალი ვარო. მე ამ კაცის მეგობარი ვიყავი. მერმე გადავემტერე, რადგან არსენა ჩემი ძმის სიკვდილის საბაბი გახდა. ახლა კი ვიტყვი, რომ ამაზე უკეთესი ძმა არცა მყოლია და არც მინდა მყავდეს. თქვენცა გყავდათ ძმები, მაგრამ ამაზე ერთგული და თავდადებული არ გეყოლებათ და ნურც ინდომებთ. მე მეომარი ვარ, ბევრი მინახავს და დამიჯერეთ. მაშ ჩვენს ბელადს თვალის ჩინსავით გაუფრთხილდეთ და დავიხსომოთ, რომ სანამ ეს კაცი გვეყოლება, სანამ ჩვენც ვიქნებით, მტერსაც შევაშინებთ, მოკეთესაც გავამხნევებთ, ჩვენს საქმესაც წინ წავწევთ და გავიმარჯვებთ, და თუ არ გვეყოლება, დავმარცხდებით და უმწყემსო ცხვარივით დავიფანტებით. მაშ გაუმარჯოს ჩვენს წინამძღოლს, ჩვენს უფროს ძმას, მეგობარსა და ბელადს! გაუმარჯოს არსენას!

- გაუმარჯოს! - სამჯერ იგრიალა ტყემ და მერმე კანტიკუნტადაც გაისმა რამდენიმე ენაზე:

- ხაი ჟივე არსენა! - ისე გუგუნებდა ოსტაპი, რომ მისი ხმა ქვეით ხევშიც გაისმა.

- კეცე არსენა! - იძახოდა ბაღო.

- იაშასუნ არსენ! - გაჰკიოდა დალი ჰასანი.

- ბირა ცარად არსენა! - გუგუნებდა მეშთა.

- და ზდრავსტვუეტ არსენ! - ჩხაოდა კარპიჩა.

შემდეგ არსენამაც დალია ძმების სადღეგრძელო და შუა-ლხინის დროს უცებ სიონის ზარივით დაჰკივლა:

- ზამთარია-ა-ა, როსტომ, არ ჩამორჩე, ქავთარ ორპირად ვთქვათ... ჰეე... ზამთარია... - და მწყობრმა სუფრულმა იმ ტევრ ტყეში მწყობრად ჩაიდუდუნა. ტყე გალხვა, ნადირი ჩასაფრდა, ფრინველი გაინაბა. მერმე კი, როცა შეჰყვნენ, შეიკეთეს და შეხურდნენ, “ცანგალა” დააქუხეს, ზურნა ააჭყვიტინეს, ტაში დაჰკრეს, დამბაჩები დააგრიალეს და თითის წვერებზე შესდგნენ.

- ტაშ-ტუშ! ჰეი-ჰეი! ჰაი-ჰუი! ტუშ-ტაშ! ჰაი-ჰუი! - გრიალებდა ბანაკი.

ღამე უცებ ჩამოწვა. ტყე აზღარბდა. ნადირი შეშინდა. ფრინველი აფხორდა. მდელოზე ვეება კოცონი ააპრიალეს, რკალივით შემოეხვივნენ, ძმური ფერხული ჩააბეს და შავლეგო შეუტიეს:

დაჰკრა თურქმა, დასჭრა შალვა თეძოსა და ავს ალაგსა.

დედას კაცი მოუვიდა, “შენი შალვა მოგიკლესა”.

შალვას დედა მოსტიროდა, მოიშლიდა გიშრის თმასა.

შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო!

ტყის ნაპირი სპილენძის ფერად იწვის. ალბათ ქვეით უკვე მამლები იყივლებდნენ, ხელ-ჩახვეული და-ძმები კი ისევ ფერხულს უვლიან, ალის შუქზე ლივლივებენ და გახელებულნი გაჰკივიან: “შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო!”

კოცონი ჰქრება. ფერხული თავდება. არსენა გუშაგების შესაცვლელად მიდის. ზოგი დაღლილ-ნასვამი შეფიცული ხეების ძირში დავარდნილა.

ლაცაბიძე “შავ ანგელოზს” ჩრდილივით დასდევს.

ფიქრია და სულხანი მთვარის შუქში დაჰბორიალებენ.

მთვრალი “ბულბული” კარპიჩა სადღაც “დუბინუშკას” ჰგმინავს.

როსტომი ვიღაცას ამშვიდებს.

დალი ჰასანი მთვარეს ბაიათს შეჰკვნესის.

ოსტაპიც გამარტოვებულა და “ოი ნე ხოდის”-ს ოხრავს.

სადღაც ბაღოს სიმღერაც ტირის.

ლაშქარა “თეთრო ბატოს” ღიღინებს და ისე დალასლასებს, თითქოს მართლა დაკარგულ ბატს ეძებსო.

არსენა დაბრუნდა და ბანაკში ჩაიარა. წინ ჩურჩული მოუძღოდა:

- არსენა მოდის. დროა ვიყუჩოთ, დავიძინოთ.

მალეც მიყუჩდნენ, აქა-იქ მიეყარნენ და მიიძინეს. სამაგიეროდ მათმა ბოდვამ, ტურებმა, მთვარემ და ვირთაგვებმა გაიღვიძეს, რომელნიც ბანაკს შემოჰხიზნებიან და ისე დასდევენ მას კვალდაკვალ, როგორც ყურშა - ოძელაშვილს.

მთვარე ცის უზარმაზარი თვალივით ჩამოკიდულა და ქვეყანას უთვალთვალებს. ხევხუვში ტურები ჩხავიან. ვირთაგვები ნასუფრალზე დარბიან. მუხის ცოცხალი ფესვები უცნაურ რამეს ჰბოდავენ: მარცხდებიან და იმარჯვებენ, ტირიან და იცინიან, ალერსობენ და ჰბუზღუნებენ, ღიღინებენ და ჰკვნესიან.

და მათთან ერთად არსენაც ჰკვნესის, რადგან ბედს ყველაზე მეტი საკვნესარი მისთვის მიუთვლია. მაგრამ ბელადი თავის ვარამს არასოდეს სხვას არ უზიარებს. მხოლოდ ძილში ამოიკვნესებს, თორემ ხმამაღლა ჭირის თქმა აბა რა ბედენაა! შეგიბრალებენ და გათავდება.

ხოლო შებრალებული კაცი ვაჟკაცად აღარ გამოდგება.

* * *

არსენამ ლურჯა ტაშის-კართან შეაგდო მტკვარში. სიმონას ცხენიც სადავით ეჭირა. ჰფიქრობდა: თუ ვინიცობაა სიმონას გაუჭირდა და მისი ცხენიც დიდ წყალს შეჩვეული არ არის, მე და ლურჯა ვუშველითო. მაგრამ სიმონა მტკვრის ნაპირზე იყო გაზრდილი და იხვივით ცურაობდა. ნაწვიმევი იყო. მდინარე მრისხანედ მოჰშხუოდა. სიმონას ცხენმა ჯერ სამჯერ წაიფორხილა, მერმე წყალს მისცა თავი და ლურჯაც დაითრია.

- იარაღი მომეცი, თორემ დაგამძიმებს, - მიაძახა არსენამ სიმონას და თოფი აართვა.

ცხოვრებაძემ დამბაჩები და ხანჯალი არსენას მიაწოდა. თვითონ კი წყალში ჩაეშვა, ცხენს ქვეითა მხრიდან მოექცა და ცალი ხელით მოუსვა.

იქვე გაღმა გზაზე ახალდაბიდან ქვიშხეთის ბატონი სუმბათაშვილი მოდიოდა. ბატონმა რომ თავზე ხელაღებული ცხენოსნები დაინახა, ცხენი შეაყენა და მოურავს ნემსაძეს უთხრა, რომელიც თან ახლდა:

- ასეთ წყალს სხვა ვერავინ შემოჰბედავდა. ან გივი ამილახვარი იქნება, ან კიდევ... - და ბატონის გაჩუმების გამო მისი ნააზრევი მოურავმა დაასრულა:

- ან კიდევ არსენა იქნება.

ორივენი ძეგლებივით გაქვავდნენ და ორი კაცის გაშმაგებულ ბრძოლას შესცქეროდნენ, თანაც ჰფიქრობდნენ: “თუ არსენაა, ღმერთო ნუ უშველი”. უცნობთა დახრჩობა რამდენჯერმე აუცილებლობად მოეჩვენათ, მაგრამ როცა ისინი ნაპირზე გამოვიდნენ, ბატონმა იცნო და წაიბურტყუნა:

- არსენა ყოფილა.

და ცხენს მათრახი გადაჰკრა.

არსენამაც იცნო სუმბათოვი და ლურჯა გზაზე ამოაგდო, თანაც სიმონას მიაძახა:

- დრო ვიხელთეთ და მომყე! - ბატონს კი ხმამაღლა დაადევნა: - სად წამიხვალ, სადა! - და მაშინვე გზა უყელა და შეუტია: - აჰა, ხომ შევხვდით ერთმანეთსა! აირჩიე, ქვეითად გინდა თუ ცხენდაცხენ?

და მარაბდის მიწაში ნაპოვნი სატევარი ტაშის - კარის მზეზე ააპრიალა.

ბატონმაც უნებურად იშიშვლა ხანჯალი და მოურავს გადაჰხედა, რომელმაც არც სატევარი ამოიღო და ხმაც დაჰკარგა.

- ქვეითად გინდა მეთქი თუ ცხენდაცხენ? - ერთხელ კიდევ მაძახა ოძელაშვილმა.

ბატონს არც ქვეითად უნდოდა და არც ცხენდაცხენ. ხანჯალი მაინც ამოიღო და მოურავს გადაჰხედა, რომელიც იარაღის ამოღებას არ აპირებდა. სუმბათოვი სხვა ვინმეს შეუბედავდა, ხოლო სახელოვან არსენას უნებურად შეეპუა, რადგან მეტად სრული და მოუხეშავი იყო და ხვნეშაც სჭირდა. მან მარაბდელს ავი თვალი გადაავლო. ხანჯალი უკანვე ჩააგო და წაიბურტყუნა:

- შენ ჩემი სწორი არა ხარ და ამიტომ ხმალში ვერ გამოგყვები.

არსენა ბოღმით გაწითლდა.

- მაშ ცხენიდან ჩამოდი და იარაღი დაჰყარე! - მიაძახა მან და გადასჭრა ქედმაღალი თავადის მოდრეკა. - აბა ჩქარა, არა მცალიან!

ზევით გორაკზე თავადის ციხე-კოშკები მოსჩანდა, ხოლო მტკვრისა და გორაკის შუა, დოღლაურის მინდორზე, ქვიშხელები მუშაობდნენ: მკიდნენ, ლეწავდნენ და ჰხნავდნენ, ბატონისა და არსენას შეხვედრას მათ შორიდან მოჰკრეს თვალი და სირბილით წამოვიდნენ, თანაც ერთმანეთს უძახოდნენ:

- არსენა მოვიდა! არსენა და ბატონი ჩხუბობენ. აჩქარდით! გამოიქეცით! - და ოთხ მოშუღარს მაშინვე გარშემოეხვივნენ, თანაც არსენას და სიმონას გულმოდგინედ ართმევდნენ ხელებს და აფრთოვანებული სიყვარულით ეკითხებოდნენ:

- როგორა ხარ, არსენ? რასა იქმ, სიმონ? სამართლის მოსაცემად ჩამოხვედით, განა! კარგი საქმე მოგიფიქრებიათ და ჩვენც მზადა ვართ.

- გაგიმარჯოსთ, ძმობილებო! აგრეა, სამართლის მოსაცემად მოვედით. თქვენ როგორღა გიკითხოთ? მაშ ბატონის უღლისგან კისრები გაქვთ დაქლეტილი? სულ რამდენი კაცი შეაბა? ათიოდე? ისიც მოხუცი და დედაკაცი? ჰაი ჰაი, რომ ვაჟკაცს ვერ შეუბედავდა, იმდენი გამბედაობა ვინ მისცა! თქვენს ბატონს ეს-არის ახლა გული გავუშინჯე და ხმალში გავიწვიე, მაგრამ უარზე დადგა, შენ ჩემი ტოლი არა ხარო. კეთილი და პატიოსანი, მაშ უარეს ამბავს დავმართავ და ცხვირში ამოვაკვრევინებ. - და თავის ნათლიმამას მოხუც გიგიტაშვილს მიაძახა: - გამარჯვება, ნათლიმამ! შენზე მითხრეს ბატონმა უღელში შეაბაო. მართალია თუ არა?

- ჰო... ერთხელ მოხდა. - ყოყმანით მიუგო გლეხმა.

- მაშ მეც ერთხელ გადაუხდი. აბა, თავადო და მოურავო, ცოტა ხნით აქეთ მობრძანდით. - და როცა გზიდან გადაიყვანა, გიგიტაშვილის გუთნეულთან შედგა და სთქვა: - აბა, ბიჭებო, წინა ხარები გამოუშვით და ბატონ-მოურავი შემიბით:

მინდორში მძიმე და ცივი სიჩუმე ჩამოწვა. ხალხი მიხვდა, რომ რაღაც საშინელი, არყოფილი და ადამიანის დამამცირებელი რამ უნდა მომხდარიყო.

- ჰა, დატრიალდით! რისა შეგეშინდათ? - შესძახა არსენამ. - აბა, ბატონ-მოურავო, ცხენიდან ჩამობრძანდით, სიმონ, უშველე.

სიმონამ ხანჯლით უშველა და ორივენი ჩამოახტუნა.

- არსენ, არ გეკადრება - გაუბედავად უთხრა მარაბდელს ქვიშხეთის ბატონმა. - ნუ შემარცხვენ.

- შენ კი გეკადრებოდა, ნასწავლო ნადირო? - და განრისხებული მარაბდელი აღმართული მათრახით მივარდა ბატონს. - ამ პატიოსან ხალხს კი ეკადრება, რომ ხარსავით უღელში აბამ და სახრეს უტყაპუნებ?! ნათლიმამ, შეაბი მეთქი!

გიგიტაშვილი ისევ ყოყმანობდა. მერმე დაბალი ხმით უთხრა:

- შვილო, შენ წახვალ და მე კი აქ დავრჩები.

- ეგეც მართალია. - მაშინვე დაეთანხმა არსენა, - აბა, სიმონ, მაშ შენ დატრიალდი.

სიმონა ისევ ეცა ბატონს, მაგრამ მან ხანჯალი იძრო და თავის ნაყმევს შეუტია. სიმონას ჭაბუკი გლეხები მიეშველნენ. ბატონი ხანჯალს იქნევდა და ყვიროდა:

- არ გაბედოთ, თორემ დაგხოცავთ.

მაგრამ გლეხებმა გაჰბედეს და ბატონის თავზე ნამგლები, ცელები და კეტები დაატრიალეს. თავადს წინ გიგიტაშვილი ჩაუდგა და ჭაბუკებს შესძახა:

- დაიცათ, გაჩერდით! - და არსენას მიუბრუნდა: - შვილო, აკი გითხარი, შენ წახვალ და ჩვენ კი დავრჩებით მეთქი.

- მართალი ხარ, ნათლიმამ, მართალი. - მიუგო მარაბდელმა და სუმბათოვს უბრძანა: - ხანჯალი მოიტა.

- შენ მოგცემ, მაგრამ იმ პირობით, რომ...

- იმ პირობით, რომ ცოცხალი დარჩები. - გააწყვეტინა არსენამ. - სხვანაირი პირობა არ იქნების. მოიტა მეთქი!

სუმბათოვი მოტყდა. სატევარი არსენას ჩააბარა და უთხრა:

- ახლა შენ იცი და შენმა კაცობამ.

- სიმონ, შეაბი!

სიმონა მხოლოდ ამას ელოდა. თავის ნაბატონევს ისევ ხანჯალი მიაბჯინა ყელში და უღელში შეაგდო, თანაც ბრაზით ხრიალებდა:

- ახლა კი გადაგიხდი, ფაშვიანო გველო! გახსოვს, ძაღლივით რომ გამყიდე? დედას გიტირებ, დედასა!

და მათს თავზე იფნის სახრე ააზუზუნა, მაღალი მოურავი ხნულში ჩააყენა, დაბალი ბატონი მოუხნავზე მიაგდო, ორივეს კისერი მოადრეკინა, ზედ უღელი დაადგა, ტაბიკებს აპეურები მოუჭირა, მერმე უღელზე ახტა, თითოს თითო სახრე გადაუჭირა და, როცა გუთნეული დაიძრა, თავის ორფეხა ყევარს შეუტია:

- ჰაამო, თქვე ტიელებო! გასწით! - და ისე დასძახა ურმული, რომ ზემოთ სოფელშიც კი გაიგეს:

ბატონო ქვიშხეთელი ხარ,

უღელი - გეცოდინება.

თუ გლეხს ტანჯვას არ აკმარებ,

უარესიც მოგელოდება.

- ჰაამო, შე ვერანავ, შენა!

და თითო კიდევ გადაუჭირა. პირმოღუშული არსენა ბატონ-მოურავს გვერდით მისდევდა და ხმას არ იღებდა. გლეხებიც კი სდუმდნენ და მწუხრის გუთანს შორიახლოს მისდევდნენ. მხოლოდ ჭაბუკები იღიმებოდნენ. მერმე კი იმათაც მოიშორეს ღიმილი.

კისერგაწვდენილი ბატონი და მოურავი ფორხილით და ხვნეშით ეწეოდნენ უღელს. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ. ბატონი წაიქცა და ძლივსღა წამოდგა. სიმონაც გაჩუმდა და ირგვლიც შემზარავი დუმილი ჩამოვარდა. მხოლოდ ღირღიტას კვნესა და კალიების ჭრიჭინიღა ისმოდა. სუმბათაშვილი მეოთხეჯერ წაიქცა და ვეღარ წამოდგა. გუთნის დედამ გიგიტაშვილმა ვეღარ გაუძლო, გუთანი კვალიდან ამოაგდო და არსენას გადაჰხედა:

- არ ეყოფათ?

- ეყოფათ. - მიუგო დაბალი ხმით არსენამ და დაუმატა: - გამოუშვით... ააყენეთ. წყალი მოიტათ და კისერი მოჰბანეთ.

სიმონამ ორივენი გამოუშვა და წაქცეულიც ააყენა. ბატონიც და მოურავიც ფეხზე ძლივსღა იდგნენ და ჩოხის კალთებით იხოცავდნენ ოფლს. ახლაღა შენიშნა ყველამ, რომ ორივეს კისრიდან სისხლი ჩამოსდიოდათ.

ერთმა ჭაბუკმა ოძელაშვილს თავის მამა მოუყვანა, რომელიც იქვე კალოზე მუშაობდა, კისერი გაუღეღა და სთქვა:

- აი, ძმაო, შენივე თვალით ნახე. ხარი ავად გამიხდა. მეც შინ არ ვიყავი. ბატონმა არ მაპატივა და მამა შემიბა. ერთ თვეს იწვა... კინაღამ მომიკვდა.

არსენამ გლეხის კისერს დაჰხედა. მას კისერიც და მხრებიც იარად გადაჰქცეოდა, აქა-იქ შარავი ჩამოსდიოდა.

- ვინ იცის, რამდენი ხალხი დააგონჯა ამრიგად. - უთხრა გლეხმა. - აბა შენს ნათლიმამასაც დაჰხედე.

არსენამ გუთნისდედას საყელო გაუხსნა და დაჰხედა. მერმე ორივენი ბატონთან მიიყვანა, კამეჩის კისერივით დაგლეჯილ-დაიარავებული მათი კისრები აჩვენა და მდუღარე ხმით უთხრა:

- საცა სამართალია, შენთვინ ათიოდე კვალი მაინც უნდა მომეხვნეინებინა და მერმე ეგ ღორის თავკისერი მომეჭრა. მაგრამ ისევ ამ გლეხებმა გაპატიეს და მეც მიპატიებია. რა ვქნა, ამ ტიელ მკერდში მეც ადამიანის გული მქონია, თორემა... ახლა კი წადი, მომშორდი და ამ ხალხის მადლობელი იყავი. მაგრამ იცოდე, ჩვენი ბიჭები ლომებივით მოიწევენ შენზედა და მე რომ არ დამეჭირა, აქამდე შენი სინსილაც აღარ იქნებოდა. თუ დღეის იქით ერთი საჩივარი კიდევ გავიგე, იმ ბიჭებს ავუშვებ და მერმე პასკევიჩის ჯარიც ვეღარ დაიჭერს. მე ჩემი გითხარი და სხვა შენ იცი. ახლა კი აგერ ის ბიჭები დაიჭი, თორემ სისხლს დავღვრი და შენ გაზღვევინებ.

სუმბათაშვილის ციხე-დარბაზიდან კნეინას ქმრის გასაჭირი დაენახა და მოსაშველებლად სამი შეიარაღებული შინაყმა გამოექცია. ისინი მოღერებული თოფებით და დამბაჩებით მორბოდნენ. მათი შეჩერება არც მოურავმა ისურვა და არც ბატონმა ამოიღო ხმა. შეიარაღებულ შინაყმებს ისევ გლეხები გადაეღობნენ და ჩუმი ხმით მიაყარეს:

- რას შვრებით, კაცო! არსენას უნდა ესროლოთ? არსენა უნდა გაიმეტოთ?

შინაყმები შედგნენ, თოფები დაუშვეს და დარცხვენით ჰბურტყუნებდნენ:

- მართლა არსენა არის? ვაი ჩვენი ბრალი! ვისზე აგვაღებინეს იარაღი! რა ცოდოს დავიდებდით!

- შენ ჰეი, ლაცაბიძის გვარისა ხომ არა ხარ? - ჰკითხა არსენამ ერთ მათგანს, შავწვერა და მხარბეჭა იმერელს.

- ლაცაბიძე გახლავარ, - მიუგო მან ღიმილით.

- ჰო და შენმა ძმამ სევასტიმ მოკითხვა შემოგითვალა და დაგავალა, მალე შენი ხანჯალი დაგვჭირდება და კარგად გალესეო.

გლეხები აყაყანდნენ.

- ახლა რაღას იტყვით? - მიუბრუნდა ბატონ-მოურავს მანამდე მდუმარე არსენა. - ხომ ხედავთ, რომ ერთგული ყმებიც კი გღალატობენ. მაშ ვისი იმედიღა დაგრჩათ? ღვთისა და ხელმწიფისა? ვერც ისინი გიშველიან. მაშ აგრე, ჩემო ბატონო: პირი ეშმაკისკენ ნუღარა გაქვს და ისევ ამ ხალხისკენ მოიბრუნე. ახლა კი წადით და არსად აღარ შემხვდეთ, თორემა...

ბატონი და მოურავი ლასლასით წავიდნენ. არსენამ გლეხები მოიკითხა, მრავალი დარიგება მისცა და შემდეგ მომკალებს უთხრა:

- ძმებო, მკა მომწყურდა და მამუშავეთ. ვისა აქვს ყველაზე დიდი ნამგალი? რომელია აქ ქვრივის ან საწყლის ყანა?

მას შემდეგ რაც არსენა ტყეში გააგდეს, შრომა პურივით მოჰშივდა. ოძელაშვილიც ყველა გლეხივით მხოლოდ იმისთვის ცხოვრობდა, რომ ეშრომნა, მაგრამ მას შრომის უფლებაც წართვეს და ამიტომ სადაც კი მოიხელთებდა, ისე ეწაფებოდა მკას, თესვას და ყოველგვარ მუშაობას, როგორც სიცხით დაღლილი კამეჩი ცივ წყაროს.

ახლა ყველას ჰსურდა არსენა მუშაობაში გამოეცადნა. მათ საკუთარ ყანებს თავი მიანებეს, ნამგლები მოიმარჯვეს და მარაბდელს მიუდგნენ. არსენამ ჩოხა-ახალუხი გაიხადა, მარცხენა ხელზე სათითური გაიკეთა, მარჯვენაში ცელის-ოდენა ნამგალი დაიჭირა, თავისთვის ორი კაცის ალაგი, ორი ღვარეული მოიზომა და დაიძახა:

- აბა, დავიწყოთ! - და ბასრი ნამგალი აასისინა.

ოციოდე თავახვეული და წაკუზული კაცი ისე დახტის ყანაში მარჯვნივ და მარცხნივ, თითქო რაღაცას ეძებდნენ და ყველა მათგანს ეშინოდა, პოვნაში სხვამ არ დამასწროსო. დალესილი ნამგალი ხივილ-ჟივილით პრიალებს, თითო მომკალს თითო მიმყოლი მისდევს, რომელნიც ხელეურებს აგროვებენ, ულოთი ჰკრავენ და ძნებს ისე მწკრივად აყენებენ, თითქო რუსის სალდათები სავარჯიშოდ გამოსულიყვნენ.

- ჰოპუნა ჰოპ! ჰოპუნა ჰოპ! - რითმიულად იძახის ოძელაშვილი და გაგიჟებული ფოცხვერივით დახტის ყანაში.

- ჰოპუნა ჰოპ! - ერთხმად იმეორებენ სხვებიც და მარაბდელს გვერდით მისდევენ.

- ჰერი ბიჭო, ჰერი! - გაჰკივის არსენა და სხვებიც ერთხმად ეუბნებიან:

- ჰერი არსენ, ჰერი!

მუშაობა შეჯიბრებად გადაიქცა. ქვიშხელებმა ოძელაშვილს ორი დარჩეული მომკალი ამოუყენეს და ორივეს არსენასავით ოროლი ღვარეული მიუზომეს, მაგრამ ორივენი მალე ჩამორჩნენ და ისევ თითო ღვარეულზე გადავიდნენ, მარაბდელი კი კვლავ ორმაგ სიგანეზე დაალაჯებდა, მაინც წინაურდებოდა და ისე ხალვათად მღეროდა, თითქო სუფრაზე მჯდარიყო:

შენ ღვინო დამალევინე, ყანაც მომკილი გეგონოს,

და თუ წყალს დამალევინებ, ნუღარც მომკილი გეგონოს.

მეორე გუნდი მაშინვე უბრუნებდა პასუხს:

ასე ჰგონია დუშმანსა, არცა ხვნენ არცა თესენო,

არცა უბიათ ხარები, არცა კალოსა ლეწვენო.

არსენაც კრიჭაში ედგა და ლექსს პირიდან ჰგლეჯდა:

ქვიშხელნი მკიან ყანასა, ნალიასა და ჩალასა,

სიცხესა დაუბნედია, ვეღარ ატანენ ძალასა.

- სირცხვილია, ბიჭებო! ერთმა კაცმა ორ ქვიშხელს აჯობა! - დაიძახა რაზმაძემ, თან გახელდა და სხვებიც გაახელა, მაგრამ ამაოდ. არსენა ზვავივით მიიწევდა და ორი მიმყოლიც აღარ ჰყოფნიდა. მწკრივში ჯერ მისი თავი დაწინაურდა, მერმე წელამდე გავიდა, შემდეგ სულ გავარდა და ყანის ბოლოში რომ გავიდა, დაჯაბნებულებს მოუბრუნდა, გულიანად გადიხარხარა და დაიძახა:

- ქვიშხელებო, გაჯობეთ და საცა თქვენი სთქვათ, იქ არც ჩემი დაივიწყოთ!

- გვაჯობე, ძმაო არსენ, გვაჯობე და როგორა! - გაუცინეს ქვიშხელებმაც. - ერთ კაცს ორიც ვერ მოგყვა.

- მუშა ყოფილხარ, ძმაო, და ქუდიც შენა გხურებია.

- ნეტა იმ მიწას, შენ რომ მოხნავ, დასთესავ და მომკი.

- ნეტა იმ ოჯახს, საცა შენისთანა ვაჟკაცი ტრიალებს.

- თქვენც სანაქებო მუშები ყოფილხართ და შეგერგოსთ. - ანუგეშა ოძელაშვილმა. - ჯიბრი გათავდა და ახლა დინჯად ვიმუშავოთ. - და ისე დინჯად იმუშავა და ამუშავა, რომ ორი დღის საქმე ნახევარ დღეში გაათავებინა, და მამითადის სუფრაც თავის ხარჯით გააშლევინა.

სანამ წეღან მუშაობას შეუდგებოდნენ, არსენამ ყანის პატრონს მარტოხელა ქვრივს ჩუმად ერთი ოქრო ჩაუდო ხელში და ჩასჩურჩულა:

- დედი, ორი ჭედილა დააკვლევინე და სამიოდე კოკა ღვინოც მოატანინე. რაც გადაგრჩეს, ღმერთმა შენვე მოგახმაროს.

გლეხები ვეება კაკლის ქვეშ მოუსხდნენ სუფრას და შესარგებელს შეუდგნენ. არსენას სანახავად მთელი სოფელი მოსულიყო. მარაბდელი უწინაც ენახათ, მაგრამ მისი შარავანდედი მაშინ ასე ძლიერ არ კაშკაშებდა და მისი სახელი დღევანდელივით არ იყო დამაყრუებელი. ახლა კი ეს გაძვალებული ყმები თავიანთ არსენას ფუტკარივით ეხვეოდნენ და ელოდებოდნენ, რომ ეს ზეკაცი მაშინვე და იქვე რაღაც სასწაულს მოახდენდა: საუკუნოებით შეჭედილ ხუნდებს დაუმსხვრევდა, მათი ოფლით გაჟღენთილ მიწას მათვე დაურიგებდა და ბატონ-ყმობის სახსენებელსაც მოსპობდა. მერმე გლეხები ამ გამოფიტულ მიწას სააღდგომო ბატკანივით გაასუქებენ და წალკოტებად აქცევენ. თვითონაც დასუქდებიან და ადამიანურად ჩაიცვამენ. დედაკაცებსაც ნაადრევად დამშრალი ძუძუები გაევსებათ და ბალღებსაც დურბელი, სურავანდი და ასნაირი ჭირი გაუქრებათ.

მაგრამ არსენა არ ახდენს სასწაულს. ის ჯერ გლეხურ სუფრაზე ზის, დევივით სვამს და ასმევს, იცინის და აცინებს. მერმე წამოდგება, ხის ტოტებამდე აისვეტება, გლეხებს სიტყვას ეტყვის, გაამხნევებს და წასასვლელად მოემზადება.

ამ დროს ორღობეში სუმბათაშვილის შინაყმა ლაცაბიძე გამოჩნდა, რომელიც წეღან ოძელაშვილს თოფით მიუვარდა. ახლა ის გლეხი ქურდივით გამოპარულიყო ბატონის სასახლიდან, რათა ოძელაშვილისთვის დამალვა ერჩივნა, რადგან ბატონს სურამში კაცი ეფრინა და ისპრავნიკი და ყაზახები დაებარებინა. მაგრამ იმ ყმამ წასასვლელად შემზადებული ოძელაშვილი რომ დაინახა, აღარა უთხრა-რა, რადგან მიხვდა, რომ თქმა საქმეს გააფუჭებდა: არსენა თავმომწონე კაცი იყო და, უკვე გზად მიმავალი, წასვლას იუკადრისებდა, დარჩებოდა და ფათერაკს შეეფეთებოდა. მარაბდელმა ბატონის ცხენს თვალი დაადგა და მხედარს ჰკითხა:

- ძმობილო ეგ ცხენი ვისია?

- ბატონისა, - მიუგეს აქეთ-იქიდან.

- აქ მოიყვა. მინდა ვნახო რა ცხენები ჰყავს ქვიშხელ ბატონს და გამოადგება თუ არა შენს ძმას სევასტის ეგ ფაშატი.

უბელო ცხენს მოახტა, ჯერ ყალხზე შეაყენა, მერმე მოსხლიტა და ბატონის ციხე-კოშკისკენ გააქანა. სუმბათაშვილი აივანზე იჯდა და სირცხვილს ოხვრით იქარვებდა. მარაბდელმა გვერდით ჩაუქროლა და მიაძახა:

- ბატონო, ჩემი ნათქვამი არ დაივიწყო, თორემ ინანებ, - და იქვე გაიმინდვრა.

ცხენი სწრაფად მირბოდა, მაგრამ მხედარი ჰგრძნობდა, რომ ცხენს ფეხები უნდილად მიჰქონდა. ერთგან გზაზე ნარუვალი დაინახა და გაიფიქრა: “ეს ტიელი აქ წაიქცევა” და მაშინვე გაუმართლდა ალღო: ცხენი წინა ფეხებით დაეცა და პირით გრძლად გაფხიკა მიწა.

არსენა შემზადებული იყო და არ ჩამოვარდა, ცხენს თავზე გადაევლო, გასწორდა და შესძახა:

- ფუჰ, პატრონი გაგიწყდესა!

და უკვე ამდგარ ცხენს კისერზე შხუილით დაუშვა აღმართული ხმალი. ცხენის თავი ლოდივით დაეცა მიწაზე, უთავო ცხენი კიდევ კარგა ხანს იდგა და ცახცახებდა. მერმე წატორტმანდა, საკუთარ თავს დაეცა და გაჭეჭყა.

ზემოთ გადმომდგარი ხალხი, ბატონი და მისი ცოლ-შვილი ამ სურათს სულგანაბული გადაჰყურებდნენ. უთავო ცხენი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ, მერმე ხალხმა იხუვლა და სოფელი ყაყანით აავსეს. არსენამ კი იარაღი რუის წყალში გაავლო, ჩოხის კალთით გაწმინდა, ქარქაშში ჩააგო, დინჯად მოაჯდა ლურჯას, რომელიც სიმონამ მოჰგვარა, და ისევე გაჰქრა ლანდივით, როგორც იმ დილას გამოჩნდა.

ნასიამოვნები ყმები და სირცხვილით გაავებული ბატონი კი ისევ პირისპირ შერჩნენ და ერომანეთს უწინდელზე უფრო გაშმაგებით დაეტაკნენ.

თავი მერვე

შავი ქვრივ

ჩავუხტეთ და ჩავუხტეთ ბარათაშვილსა ხალხური სიმღერა.

მაშინ არსენა მარაბდაში არ ყოფილა.

ხალხის რწმენა.

არსენა ქვიშხეთიდან მარტო წამოვიდა. სიმონა ცხოვრებაძე იქ დარჩა. მას ჰსურდა დედ-მამა ენახა და ბატონისთვისაც თვალყური ედევნა. ოძელაშვილი ჯერ სოფელ ჭალაში ჩავიდა, სადაც აბაშიძე მძვინვარებდა, და ეს ბატონიც მოარჯულა. მერმე მტკვარს დაჰყვა და ქალაქისკენ წამოვიდა. გზა-და-გზა მოყვრები ჰყავდა და ისე არ ჩაივლიდა, რომ არ მოეკითხა. ყველგან ერთსა-და-იმავეს ხედავდა, ერთი-და-იგივე ესმოდა: გლეხობა ძრწოდა იმის გამო, რომ მას სალდათად უპირებდნენ გაყვანას.

- თავს შევაკლავთ და არ წავალთ! - მტკიცედ ისმოდა ყოველ მხრივ.

იგი იმიტომაც დრტვინავდა, რომ მას აღარც ხარ-კამეჩი შეარჩინეს, აღარც ურემი, აღარც მუშა ხელი და აღარც სარჩო, მათ ყველა გზები დატკეპნეს, ყველას თავი მოაბეზრეს და აღარ იცოდნენ ქვისთვის ეხალათ თავი თუ ქვა ეხალათ თავში, კიდევ ეჩივლათ თუ მეათეჯერ აჯანყებულიყვნენ. ახლა ისინი არსენას შესჩიოდნენ, უკანასკნელ იმედსავით ეჭიდებოდნენ:

- გვეუბნებიან: ომია და მოიტაო, - ჩიოდნენ, - მაგრამ რაც მეფის რუსეთი მოვიდა, ომი აღარ თავდება, უწინ წელიწადში ერთხელ-ორჯელ გავიდოდით, ახლა კი ნიადაგ ომში ვყრივართ. ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ. მეფის მოხელეები გვეუბნებოდნენ, ჩვენ იმისთვის მოვედით, რომ ომი მოგაშოროთო, ნამდვილად კი ხან დაღესტანს ვეომებით, ხან ერევნის ხანს, ხან განჯისას, ხანაც ჯანდაბისას და ხანაც ყველას ერთად. ამ სისხლის ღვრას ბოლო აღარ უჩანს და გვიშველე!

ომს მართლა აღარ უჩანდა ბოლო. ეს ურჩხული უკვე ოცდაათ წელიწადს მძვინვარებდა და ოცდაათიც უნდა გასულიყო, სანამ კავკასიის დაპყრობა დასრულდებოდა. სალაშქროთ არავინ გაჰყავდათ იძულებით, მაგრამ ოჯახის განიავებას ისევ ქუდზე კაცის მიცემა სჯობდა. გლეხს ქონებრივი ხერხემალი გატეხილი ჰქონდა და წელში გაწყვეტილი ხვლიკივით იკლაკნებოდა. სამართალს ეძებდა და მსაჯულის ენა არ ესმოდა. ქალაქში საქმისთვის მიდიოდა და უცხო მოხელემ მისი ცხოვრებისა არა იცოდა-რა. ბატონთან მივიდოდა საჩივლელად და ისიც მოხელის მხარეზე იყო. მოხელეს მიადგებოდა და ისიც ბატონის ერთგული იყო. უწინ რაღაც იმედი ჰქონდათ რუსის მეფისა, მაგრამ მალე გაუცრუვდათ. რუსი მოხელეები დაჰპირდნენ, შვიდ წელიწადს არავითარ ხარკს არ გამოგართმევთო, მაგრამ მაშინვე გასტეხეს სიტყვა და წინდაწინვე ორი წლის ხარკი გადაახდევინეს. თავიანთ ქაღალდის ფულს თვითონაც არ იღებდნენ და ოქროსა და ვერცხლს მოითხოვდნენ.

ზოგან რომ მამაკაცი აღარ ეყოთ, ურმებში დედაკაცები შეაბეს. მოხელე აკრეფილ გადასახადს ჰფლანგავდა, მთავრობა კი ამ გადასახადს ხელმეორედ ახდევინებდა გლეხებს. ბატონიც გაავდა და გახარბდა, რადგან მეფის რუსეთის მოხელეს იმის მხარე ეჭირა. გლეხი განაპირებული იყო. ტაფაში იხრაკებოდა და აღარ იცოდა სად ეპოვნა სამართალი, ან იყო კი მისთვის სადმე სამართალი?

რადგან არსენას ჯერ ძალა არ შესწევდა, რათა რკინის მთებივით დამყარებული ადათი და კანონი გამოეცვალნა, ამიტომ თვითონაც მომჩივანივით ღონდებოდა. მაგრამ თუ რომელიმე თავად-აზნაურის ან მოხელის დიდ უსამართლობას მოჰკრავდა ყურს, არ დაიზარებდა და, შორსაც რომ ყოფილიყო, მაშინვე იქ გაჩნდებოდა.

ოძელაშვილმა ქარელი, გორი და კასპი ჩაიარა, მუხრანზე მოუხვია და ქსნის დაყოლებით დაეშვა მცხეთისკენ. შიო მღვიმესთან ბერების ბორნით გავიდა მტკვარს არმაზისკენ და ქვეით ჩაუხვია. დიდი გზა ტყე-ტყე მიდიოდა. უკვე ჯვრის-მონასტერი და სვეტიცხოველის გუმბათი გამოჩნდა.

ოძელაშვილი მხიარულად იყო, რადგან შიო-მღვიმის ბერებმა სამონასტრო ღვინო დაალევინეს და გემრიელი სადილიც მიართვეს. ლურჯა ნაბიჯით მიჰყავდა და ღიღინებდა.

უცებ ფოთლიანიდან ვიღაც ახალგაზრდა გამოვარდა, თოფი დაუმიზნა და მიაძახა:

- ჩქარა ცხენიდან ჩამოდი და იარაღი დაჰყარე, თორემ გაგათავე!

- ვინა ხარ, ბიჭო? - ჰკითხა გაოცებულმა მარაბდელმა და ლურჯა შეაყენა.

- ვინა ვარ და არსენა გახლავარ. განა ვერ მიცანი? - უპასუხა ყაჩაღმა.

- უკაცრავად გახლავარ, რომ არსენა ვერ ვიცანი, ღიმილით მიუგო ოძელაშვილმა და ჩამოხტა. - ამას იქით მეცოდინება და პატივსაც გაახლებ. ახლა რა გნებავს ოძელაშვილო?

- ახლა იარაღი დაჰყარე და გამომყე.

- შენ ჰეი, პირყვითელავ, - უცებ შეიცვალა ნირიც და კილოც არსენამ, - იცი რას გეტყვი? მე თვითონ გახლავარ არსენა და შენ თვითონვე დააგდე ეგ მურდალი თოფი თორე... - და ნელი ნაბიჯით გაალაჯა ყაჩაღისკენ.

- იარაღი დაჰყარე და ნუ მოდიხარ, თორემ გესვრი! - გამოცვლილი ხმით შეჰკივლა ჭაბუკმა.

- მე თავად გახლავარ მეთქი არსენა. გეუბნები ეგ თოფი დააგდე, თორემ სიმხდალით გაგივარდება და ინანებ. ანდე, ხელიც გიკანკალებს.

- ნუ მატყუებ! შენ არსენა არა ხარ! - და მისი ხმა გაბზარული ქვაბივით აჟღარუნდა. - შესდექი მეთქი, თორემ გესვრი!

არსენა ერთი წამით შედგა, მანძილი გაზომა. ყაჩაღი თრთოდა და იქნება მართლა დაეცალნა თოფი. მერმე თვალის დახამხამებაზე დაიღუნა, ფოცხვერივით ისკუპა და სწორედ იმ დროს აჰკრა ლულას თითები, როცა თოფმა გრიალი გაადინა. ლურჯამ მრისხანედ დაიჭიხვინა და მოვარდა. თოფის ქუხილი გაღმა კლდეებს მიასკდა და უკანვე დაბრუნდა.

არსენას ცალი ხელით ყაჩაღის საყელო ეჭირა, ბალღსავით აბორიალებდა უცნობს და ასე არიგებდა მას:

- იიჰ, შე წუნკალო, შენა! აკი გითხარი, სიმხდალით გაგივარდება მეთქი. შე ლაწირაკო, არც ახლა დაიჯერებ, რომ ნამდვილი არსენა ვარ?

- მჯერა, მჯერა! - ეხვეწებოდა ყაჩაღი. - წეღანვე დავიჯერე, მაგრამ უცაბედად გამივარდა, ცაში გავისროლე და მაპატიე.

- ეს არის ცაში გასროლა? - ჰკითხა ოძელაშვილმა და ტყვიით გახვრეტილი ქუდი და შავად შეტრუსული ქოჩორი აჩვენა. შე ცინგლიანო! შე მურდალო! შე წუპაკო, შენა!

ხელი გაუშვა და იგივე ხელი ისე გაჰკრა ყბაში, რომ ლაწუნი მტკვრის გაღმა გავარდა. ყაჩაღი წაიქცა და ისევ წამოდგა. არსენამ მეორე სილა ამოჰკრა და ისევ მარცხნივ გადმოხარა. მერმე კვლავ მარჯვენა დაუხვედრა და წელში გაასწორა.

- შე ყურუმსაღო, საკუთარი ვაჟკაცობა რომ აღარ გეყო, ჩემი სახელი ისესხე? ისესხე და ლაფში ათრევ, განა!

აქამდი თითქო ხუმრობით ულაწუნებდა, ახლა კი ერთი ისეთი მოახვედრა ყურის ძირში, რომ ყაჩაღი ბღავილით დაეცა და მუდარით მოეხვია მუხლზე. არსენამ ფეხი წაჰკრა და -

- ადე და შენი ნადავლი მაჩვენე! ჩქარა, შე ჯაბანო, შენა!

- არსენა, მე ჯაბანი არა ვარ.

- ჩქარა მეთქი, თორემ მაგ წუპაკ თავზე კორიანტელს დაგიტრიალებ.

ასიოდე ნაბიჯი გაიარეს ტყეში და მცირე მდელოზე გავიდნენ. იგი მდელო გაძარცული ხალხით, ცხენებით და ურმებით იყო სავსე. ამოდენა ხალხს, შიშველს და საცვლის-ამარა დატოვებულს ერთი კაციც ჰყოფნიდა: ის თოფ-მომარჯვებული უვლიდა გარშემო და დრომდე წასვლის ნებას არ აძლევდა.

- ლაყე ბიჭო, შენც აქა ხარ? - მიაძახა იმ ბიჭს არსენამ. - ხომ გეუბნებოდი, ძმად არ გამომადგები და საყაჩაღოდ წადი მეთქი. ფუჰ შენს კაცობას! აბა, ეგ თოფი დააგდე და აქ მოდი!

“ლაყე ბიჭმა” არც თოფი დააგდო და არც მივიდა. მაშინვე შევარდა ფოთლიანში და ლაწუნით გაიქცა.

- სად მირბიხარ, უნამუსოვ! დედალო! - მიაძახა არსენამ და სიცილი გააყოლა.

“ლაყე ბიჭი” ავ საქმეზე იყო გავარდნილი და რამდენიმე თვის წინათ მარაბდელს ხვეწნით მოაბეზრა თავი. ოძელაშვილმა ჯერ არ იძმო. მერმე მიიღო, გამოსცადა, “ლაყე ბიჭის” სახელი მიაკერა და ტყიდან კინწისკვრით და პანჩურით გამოაგდო.

გაძარცულთა გროვაში ყველა ჯურის ხალხი მოსჩანდა: - ქართველი და რუსი, ურია და ოსი, ხნიერი და ახალგაზრდა, მამაკაციც და დედაკაციც, ვაჭარიც და გლეხიც, აზნაურიც და მოხელეც, ზოგი ქალაქში მიმავალი და ზოგიც იქიდან მომავალი. არსენამ ამ გაჭირვებულ ბრბოს თვალი მოავლო და განრისხდა:

- რა ჩემი გამჩენი გაგიწყრათ, თქვე ტიელებო?! ორმა წიტიანმა ბიჭმა ამოდენა ხალხი როგორ დაგჯაბნათ?!

ტყვეებმა ყაყანი ასტეხეს. თავს იმართლებდნენ: ზოგს იარაღი არა ჰქონდა, ზოგმა ამოღება ვერ მოასწრო, ზოგი მარტო მოდიოდა და ზოგიც სისხლის დაღვრას მოერიდა.

მარტოდ-დარჩენილმა ყაჩაღმა ზიზღით ჩაიცინა და არსენას უთხრა:

- განა ეს ხალხი გამოსარჩლების ღირსია? ამას წინათ ჭოპორტის გზაზე ერთ აზნაურს წინ გადავუდექი, იარაღიც კი არ ამოიღო. მათრახით ამაჭრელა და გამიშვა. ესენი კი ცხვარივით მოვლალე. ერთს რომ დავჭყივლებ ხოლმე, ლამის სული გასძვრეთ. ზოგს გაუტენელი თოფი აქვს, ზოგს ფალია არ აქვს დაყრილი, ზოგისა ნესტიანია, ურიებს კი დამბაჩები ბოღჩის ძირში უწყვიათ. განა ეს ფარა ხალხად ჩაითვლება?

ურმის ქვეიდან ვიღაც შიშველი ბერი გამოძვრა და, როცა წელში გასწორდა, იმ ბრბოს კისრით-თავამდე ასცდა. ასცდა და ჯერ აუგის ოფლი წასკდა და მერმე კი შავი მთვარესავით გაიბადრა:

- ჩემი არსენა! - წამოიძახა მან და დარცხვენილი წამოვიდა. თანაც ხელებით ბანჯგვლიან მკერდს და სასირცხო ალაგს იფარავდა. - რა ფეხბედნიერი კაცი ყოფილხარ, ძმაო არსენ!

- ფილადო, შენც აქა ხარ? - გაოცდა ოძელაშვილი, მაგრამ ტყვე-ხალხი მასზე უფრო მეტად გაოცდა. არსენაო?! მაშ ეს ყოფილა ნამდვილი არსენა? მაშ ის წუპაკი ყველას სხვის სახელით აშინებდა? მაშ გამართლებულა იმ ხალხის ნათქვამი, ვისაც ყაჩაღის არსენობა და არსენას ყაჩაღობა არ სჯეროდა. და სანამ შეჭარხლებული ბერი და მარაბდელი ერთმანეთს მოიკითხავდნენ, ტყვე-ხალხს ნირი შეეცვალა. ერთი მხრივ ამაყობდნენ, რომ ისინი არსენამ გაანთავისუფლა და სახელოვანი ვაჟკაცი ნახეს, მეორე მხრივ კი ისიც სცხვენოდათ, რომ ნამდვილმა არსენამ კი არ დაძარცვა ისინი, არამედ აგერ იმ ცრუპენტელამ და კიდევ ვიღაც “ლაყე ბიჭმა”, რომელიც ეს-არის ახლა გაიქცა.

- შენ რაღა გინდოდა ამ გზაზე, ფილადო? - ჰკითხა ბერს არსენამ.

- მე შიო-მღვიმის მონასტერში გიახლები. შესაწირავი მიმქონდა, მაგრამ ამ მეკობარმა ყოველივე ამართვა, კრულ იყოს მისი სახელი აწ და მარადის და უკუნისამდე! - და ფილადელფოსმა ყაჩაღს დედაბერივით მიაყარა ქოქოლა.

- დავლა სად დამალე. ლაწირაკო? - ჰკითხა არსენამ ყაჩაღს.

იქვე ტყეში დაემალნა. წავიდნენ და ხის ძირში ნადავლის ვეება გროვა აღმოაჩინეს. ხარბ ყაჩაღს ყველაფერი წაერთმია: - იარაღი, ტანისამოსი, ფეხსაცმელი, ჩითეული და საკვები, ლოგინი და საცერი, ფარდაგიც და ლურსმანიც, ვარგისიც და უვარგისიც. ტყვეები თავდაპირველად ტანისამოსს ეცნენ და იქვე ჩაიცვეს. მერმე თავიანთ ნივთებს დასწვდნენ და მაშინვე გაინაწილეს.

ბერმაც თავისი შავი ანაფორა, კუნკული და წუღები იპოვა და გადაიცვა. მერმე კნეინა ხორეშანის მიერ ბისონით მოქარგული დაფარნა იპოვა და უბეში ჩაიჩარა. შემდეგ ასეთივე ოლარიც აღმოაჩინა და ისიც უბეში ჩაიტენა, თანაც დაუმატა:

- ღვთისნიერი დედაბერია ჩვენი კნეინა ხორეშანი. ამას წინათ მარაბდაში დამპატიჟა და შუამთისთვის მრავალი რამ გაიღო. ეს დაფარნა და ოლარი კი შიო-მღვიმეს შესწირა და ამიტომ მოვდიოდი. მაგრამ შენი ნახვაც ძალიან მინდოდა, შვილო არსენ.

ძალიან უნდოდა. დიდი ხანია დაეძებდა. რად დასჭირდა ბერს არსენა? აბა ახლა რა დროსია! ქალაქში ხომ არ მიდის ოძელაშვილი? დიაღ, ქალაქისკენ მიემგზავრება. მაშ კეთილი და პატიოსანი. ბერიც დღესვე დაბრუნდება და არსენას სტუმარი იქნება. ოძელაშვილს სუფრას უქებენ და ბერს სურს ერთხელ მაინც იგემოს. სად შეჰხვდებიან ერთმანეთს? ორთაჭალაში, “იმ მედუქნესთან”. იცნობს ბერი ლოპიანას? როგორ არ იცნობს! ორბელიანები, ბარათაშვილები და მრავალი სხვა თავადი მუდამ იმ მედუქნის მუშტრები არიან და რამდენჯერმე ბერიც წაიყვანეს. ასეთ ალაგებს ძალიან ერიდება, მაგრამ...

მაგრამ მეც კაცი ვარ და ეშმაკიც სხვაზე მეტად მე მეტანება, - გაიმართლა თავი ბერმა და ბალახში ჩაყრილ ნაყარ-ნუყარს მიეტანა.

არსენამ ბალახში რაღაც ქაღალდს მოჰკრა თვალი, აიღო და ჩაათვალიერა. ეს იყო “აქტი გონიერი” - წესდება შეთქმულთა, დაწერილი რელიგიურ-მისტიურ კილოზე, აღსავსე ლოცვებით, ფიცით და მასონური პრინციპებით და დარიგებით, თუ რა სიფრთხილით უნდა აერჩიათ ძმობის წევრები და რა სიმძაფრით უნდა შეენახათ მისი საიდუმლოებანი. გარდა ამისა “აქტში” ეწერა, რომ იესო ქრისტე შეთქმულთა შორის პირველი წევრია და რომ ამ ძმობაში მდაბიო არ უნდა ყოფილიყო არჩეული58.

მარაბდელი მაშინვე მიხვდა. აი თურმე რისთვის მიდიოდა ფილადელფოსი შიო-მღვიმეში!

არსენამ ფილადოს გადაჰხედა. ბერი შეშფოთებული იყო. მან მეხუთეჯერ მოიჩხრიკა ჯიბეები და ერთხელ კიდევ გადააქოთა მიწაზე დარჩენილი ნაყარ-ნუყარი. ოძელაშვილი მიუხვდა. ქაღალდი იმავე ალაგას დააგდო, განზე გადგა და ჰკითხა:

- რას ეძებ, ფილადო?

- მე? იმას... - დაიბნა ბერი. - ერთ ქაღალდს.

- აგერ ის ხომ არ არის? - და თვალით ანიშნა.

ბერი სიხარულით აენთო. ფიცხლავ მივარდა, აიღო, დაჰკეცა, ჯერ უბეში ჩაიდო, მერმე შალვრის ჯიბეში გადაიდო, იქიდან წუღის ყელში გადაიტანა და ბოლოს ისევ უბეში ჩაიჩარა, თან სიამით იღიმებოდა და ჰსურდა რაღაც ეთქვა, მაგრამ არა სთქვა და განზე გადგა.

- ხალხო, ამ კაცს რა ვუყოთ? - იკითხა ერთმა და ყაჩაღზე მიუთითა.

- ჩავაქვაოთ! - დაიძახა ერთმა.

- პოლიციას გადავცეთ! - შესძახა მეორემ.

- ჩავაქვაოთ! ჩავაქვაოთ! - დაიძახა უმრავლესობამ და უკვე ქვებს დასწვდნენ.

ყაჩაღი ფეხებში ჩაუვარდა არსენას და შეჰღაღადა. არსენამ ხალხს შეუტია:

- დაიკარგეთ აქედან, თქვენ ლაჩრებო, დიაცებო! ახლა გათამამდით?! - იარაღ აყრილ კაცზე იჩენთ ვაჟკაცობას? - და ყაჩაღს ჰკითხა: - რასა მპირდები?

- სვეტი-ცხოველს ვფიცავ, რომ აღარ ვიზამ. მაგრამ აღარც შინ მიმესვლება და ისევ შენ უნდა მიპატრონო. წამიყვანე და რაც გინდა მიყავი. ჭკუაცა მაქვს, მკლავიც მიჭრის და მუშაობაც შემიძლიან. წამიყვანე და მიპატრონე.

არსენა ჩაფიქრდა. მერმე უთხრა:

- ხვალ დილით ისნის ხიდზე გამოდი და იქ მომიცადე. ახლა კი წადი. შენი ვინაობა გამიგონია და მგონი მორჯულდე.

- არსენ, ყმად დაგიდგები.

- მე ყმები კი არა, ვაჟკაცები მინდა.

- თუ ვაჟკაცი არ ვიყო, ეს მარჯვენა მომჭერი.

- რა გქვიან?

- გიგუა.

- ხალხო, არსენას მადლობა გადავუხადოთ! - დაიძახა ერთმა.

- გადავუხადოთ! გადავუხადოთ!

და ყველანი ოძელაშვილს შემოეხვივნენ. ზოგი მკლავზე ჩამოეკიდა, ზოგი ხელს ართმევდა, ზოგი საკოცნელად იწევდა და ზოგიც ფულსა და სამკაულს სჩრიდა ხელში. ოძელაშვილმა საჩუქარი არ მიიღო და უთხრა:

- ხალხო, მე არც მადლობა მინდა და არც საჩუქარი. გული მერჩოდა და გიშველეთ, მორჩა და გათავდა. წადით, ყველას უთხარით, რომ არსენა ყაჩაღი არ არის თქო. გარდა ამისა, ვისაც რა შეგიძლიანთ, ქვრივ-ობოლს დაურიგეთ და გადაეცით, არსენამ მოგართვათ-თქო. ახლა კი მშვიდობით და გამარჯვებით იყავით.

გლეხები შემოეხვივნენ და მოინდომეს გამოჰყოლოდნენ, მაგრამ არსენამ არ ისურვა, ყველას გამოეთხოვა და ქალაქისკენ მოჰქუსლა. ახლა კი ჩქარობდა ოძელაშვილი, რადგან ეფიქრებოდა ამ ამბავმა არ ჩამისწროს და ხელჯოხოსნები სადმე ვერაზე ან გარეუბანში არ დამიხვდნენო. ბერი კი იქვე მტკვარზე მეტივეს გაურიგდა, შემდეგ ბორნით გავიდა გაღმა და შიო-მღვიმელ ძმებს კნეინა ხორეშანის შესაწირავი, თავის “აქტი გონიერი” და ძმური ხვევნა-მოკითხვა მიართვა.

* * *

ამასობაში სპარსეთ რუსეთის ომი თავის გზით მიდიოდა. პასკევიჩი მედგრად მიიწევდა არეზისკენ, მაგრამ მიუხედავად რუსების გამარჯვებისა ჯავადბულაღთან, აბას-აბადის ციხე მაინც კარს არ უღებდა. მაშინ მთავარსარდალს პასკევიჩს მისი ცოლის ნათესავი დიპლომატი და პოეტი გრიბოედოვი მიეშველა.

ციხის მთავარ ბურჯად ნახჭევანელი ექსან ხანი ითვლებოდა. ოდესღაც, ოცდათოთხმეტი წლის წინათ, მის მამას ქელბ-ალიხანს სპარსეთის წინანდელმა შახმა აღა მაჰმადმა თვალები დასთხარა. შვილმა შურისძიება ჩაინერგა და ვეღარ მოინელა. ბოლოს დრო იხელთა და აღა მაჰმადის ვალი ახლანდელ სპარსეთს გადაუხადა. როცა ჯარში მყოფმა გრიბოედოვმა ექსან ხანის ამბავი გაიგო, შუამავალი მიუგზავნა და მოლაპარაკება გააბა. გააბა და ექსან-ხანი ციხის თავს მიუსია. ექვს ივლისს ნახჭევანელებმა დანარჩენ მეციხოვნე ჯარს იარაღი აჰყარეს და მეორე დღეს ციხე რუსებს ჩააბარეს. იმავე ხანებში, ისევ გრიბოედოვის წყალობით, ყარაბაღის ხანი მეხტიკულიც გადაუდგა სპარსეთს.

მარცხით გულგატეხილმა აბას-მირზამ ზავი მოითხოვა. გრიბოედოვი ეწვია მას და ერევან-ნახჭევანის სახანოების დათმობა და საომარი ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა. ამავე დროს რუსებს უნახავი სიცხე დააწვათ მთელი ჯარი ნაპირზე გადმოგდებული თევზებივით ეყარა და უწყლობით იხრჩობოდა. აქა-იქ ხოლერამაც გაჰკრა. პასკევიჩს უწყლობის, სიცხისა და ხოლერისა უფრო მეტად შეეშინდა, ვიდრე სპარსეთის “უძლეველ” ხმლისა. და ჯარი ბუღითა და ხაშმით სავსე ბარიდან ყარაბაბას ქედის გრილ კალთებზე ამოიყვანა. აბას-მირზას ეგონა, რუსი გარბისო და გრიბოედოვი ხელცარიელი გამოისტუმრა.

ამავე დროს პასკევიჩს საალყო ზარბაზნები და მეფის მტკიცე ბრძანება მიუვიდა: თავრიზს თავი დაანებე და ჯერ ერევანი აიღეო, პასკევიჩიც მაშინვე სამზადისს შეუდგა.

მოხელეებმა და აფიცრებმა დრო იხელთეს და ტფილისისკენ გამოეშურნენ. ყველაზე მეტის ხალისით ქართველები მოდიოდნენ, რადგან აქ დედ-მამა, ცოლ-შვილი, დანიშნული, მეგობრები, ნაცადი გრილი ჰაერი და საკუთარი პურ-ღვინო მოელოდათ. გარდა ამისა, თავად-აზნაურთა მარშალი უნდა აერჩიათ და ესეც მოიმიზეზეს.

სომხეთის ოლქის მომავალმა მოურავმა ალექსანდრე ჭავჭავაძემაც დრო იხელთა და ერთი კვირით დაბრუნდა. ოჯახი წინანდალში ჰყავდა, მაგრამ უდროობის გამო კახეთში ასვლის მაგიერ ცოლ-შვილი ტფილისში დაიბარა. მისი სახლი გარეუბანში მარმარილოს წყაროს პირდაპირ საკომენდანტო ქუჩის კუთხეში იდგა59. ორსართულიანი შენობა კრამიტით იყო დახურული. მას თაღიანი ფანჯრები ჰქონდა და ირგვლივ თეთრად და ცისფრად შეღებილი განიერი აივანი ერტყა, რომელსაც ზემოთ ქართული ხარატის არშია ჰქონდა მოვლებული, სახლი ორი მხრივ ბაღში იდგა, მზე გადაწურული იყო და აივნის ერთ მხარეს უკვე ჩრდილი დასწოლოდა. ჭავჭავაძეს სტუმრები ჰყავს. ყველანი ცხენებით და ფაიტონებით მოსულან. ეტლებიც და ცხენებიც მარმარილოს წყაროსთან შეუგროვებიათ და აბანავებენ, წყალს ასმევენ, რეცხავენ. მხლებელნი და მეეტლენი რიგის გამო მეთულუხეებს60 და პატარა ბიჭებს ედავებიან. აივანი სტუმრებით არის შეკუნწლული. ხალიჩებით და ფარჩა-ხავერდის ბალიშ-მუთაქებით დაფენილ ტახტებზე ხნიერი და ახალგაზრდა კნეინები სხედან, ხოლო მათ წინაშე და მოშორებითაც ახალგაზრდა ვაჟები და რამდენიმე ხნიერი თავადი ზის, დგას, სეირნობს.

ორ მრგვალ მაგიდაზე, თოვლივით თეთრ სუფრაზე, ფაიფურის ჭურჭელი კრიალებს. იმგვარსავე მოზრდილ ლარნაკებში მასპინძლის ბაღებიდან მოტანილი ხილი ქათქათებს. ჯერ მარიამობა არ ყოფილა და ხილი ნაკურთხი არ არის, მაგრამ რა ბედენაა: ჭავჭავაძის ოჯახი რუსულ-ევროპულ წესს მისდევს და აქაური ადათისგან მცირე რამეღა შერჩენია. ზოგი სტუმარი ჩაის არა სვამს. მას ცივი თეთრი წინანდალი ურჩევნიან, ქალებმა კი ტკბილი მალაგა და პორტვეინი დაიჩემეს, რომელსაც მასპინძლის ფრანგი მეღვინე ამზადებს წინანდალში. კნეინები ამ ღვინოს ბროლის ჭიქებით სრუტავენ და დაბალი ხმით საუბრობენ.

სამხედრო ფორმით გამოწყობილი მასპინძელი ეკატერინე დიდის ნათლულია, ნაპაჟევი, ოდესღაც ვოლტერიანელი და აჯანყებული, მერმე - ყველაზე არისტოკრატულ ნიჟეგოროდის პოლკის ბრწყინვალე პოლკოვნიკი და ახლა კი ქართველ მოხალისე ლაშქრის მეთაური, პოეტი, დიდი მემამულე, შვილი 1783 წლის უკვე დაფხრეწილ ტრაქტატის ავტორისა და ერეკლე მეფის ელჩის გარსევანისა. ის შუა ტახტზე ჩამომჯდარა, ცივ წინანდალს სვამს, სტუმრებსაც ასმევს, შავსა და თხელ ულვაშებს იგრეხავს და ხნიერ ორბელიანებსა და თავის მომავალ სიძეს გრიბოედოვს დინჯ კილოზე ესაუბრება.

წვერ-ულვაშ გაპარსულ გრიბოედოვს ლურჯი ფრაკი აცვია, მკერდზე ერთი ორდენი ჰკიდია, კისერი მაღალ საყელოში აქვს ჩამძვრალი და მოსაუბრეს დიდრონი სათვალეებით უგდებს ყურს, ხოლო ცივი თვალები ოთხი ქალისკენ მიურბის და ვეღარ გადაუჭრია, ოთხში ვინ უფრო ლამაზია - მარიამ ორბელიანი, მანანა ორბელიანი, მასპინძელი სალომე ორბელიანი თუ მისი უფროსი ქალიშვილი ცამეტი წლის ნინო, რომელსაც გრიბოედოვმა მურილიოს მადონა დაარქვა და თვალიც დაადგა.

ქალებს ქართულად და ევროპულად აცვიათ. აივანი ორბელიანთა გვარეულობით არის სავსე და დიასახლისი კნეინა სალომეც დიდი სარდლის დავით ორბელიანის ჩამომავალია. აქ არიან გრიგოლი და მისი ძმა ზაქარია, ალექსანდრე, ვახტანგი, დიმიტრი, ყაფლანი, ლუარსაბიც და თეიმურაზიც, დავითის ცოლი ტასოც და მელიტონის ეფემიაც, ზაალის უფროსი ასული კატოც, ხვაშაგიც, ანაც და მაიკოც. უკლებლივ ყველა ახალგაზრდას სამხედრო მუნდირი ან ჩოხა აცვია: ხნიერებს კი ყურთმაჯიანი კაბა და ლამაზი ქულაჯა შეუნარჩუნებიათ.

ვაჟების ერთი ჯგუფი და სამი ლამაზი ქალი გრიგოლ ორბელიანს დაუტყვევებია, თვითონაც შუაში ჩამდგარა და ომის ამბებს უამბობს, თანაც ყველას და ყველაფერს ოდნავ ამასხარავებს. გრიგოლი ომში ქეიფს იყო მოწყურებული და დანაკლისი ერთბაშად აინაზღაურა: ერთი დღე-და-ღამე ლოპიანას ბაღში გაატარა და ორმოცი მეგობარი დაათრო. ალექსანდრე ჭავჭავაძემაც იკადრა და ეწვია. ალექსანდრე ადრე გამოიპარა, სხვებმა კი ჯერ საარი61 მოისმინეს და მერმე დილის მწვადი გრიგოლის საკუთარ ბაღში გაწიწკნეს. ახლა თითქმის ყველანი ნაბახურევი არიან და აქედან ყაფლან ორბელიანს გაჰყვებიან, რომელიც გრიგოლს მარმარილოს დუქანში გადაუხდის სამაგიეროს.

ელიზბარ მაღალაშვილი და ზაალის ქალი დარო მოშორებით დასეირნობენ. მარტო მაიორი არლოვი ვერ ჰპოულობს თავის ტოლს. ის ხან დაროს აედევნება, მაგრამ თითქო ეცოტავება და ორბელიანებში ერევა, მაგრამ აქაც თავის ადგილზე არ არის და გრიბოედოვს მიუჯდება. მაშინ ჭავჭავაძე ჩუმდება და მაიორი მეხუთეჯერ იცვლის ალაგს და ახალ ჯგუფს ეტმასნება. დავით ბარათაშვილი სუმბათაანთ ქალს ეარშიყება, ხოლო მისი სნეული ცოლი კუთხეში განაპირებულა და კატას ეალერსება.

ჭავჭავაძე კახელია და სტუმართა შორის იქაური თავადებიც მრავლად მოსჩანან. ჩოლოყაშვილები, ქვაბულაშვილები, ვაჩნაძეები, მაყაშვილები და ჯორჯაძეები ორბელიანებს ეჯიბრებიან და თუ მასპინძლის ასულს ნინოს სხვა ვინმე მოიტაცებს, ისინი ხელს ხმალზე გაიკრავენ და არას გზით არ დაანებებენ. მაგრამ არც ესენი არიან მარტონი. მათ აქ ათიოდე სხვა მოქიშპე მაინც ეყოლებათ.

უცებ ოთხი მათგანი ერთად ამოვიდა აივანზე - გრაფი ტორნაუ, სენიავინი, უკვე გადაყენებულ “ერმოლას” ნათესავი ერმოლოვი და პასკევიჩის შტაბის უფროსი მუდმივ პირქუში პოლკოვნიკი მურავიოვი62. ახალმოსულებმა ყველას ცალ-ცალკე მისცეს სალამი და ლამაზი ქალების ჯგუფს მიეკედლნენ. გრიგოლ ორბელიანმა მაშინვე შესცვალა ლაღი კილო და საუბარი იმამ ყაზი მოლაზე63, მურიდებზე და დაღისტანზე გადაიტანა, რომელიც ხელახლა ადუღებულიყო და საცაა უნდა აფეთქებულიყო. ბოლოს მან ერთი რამე აღნიშნა ხაზგასმით:

- ჩვენ კავკაზი დავიპყარით, ყარაჩავლებიც დავიმორჩილეთ, ოსებიც მოვათვინიერეთ, ჩაჩნები და ჩერქეზებიც შევმუსრეთ, ჭარ-ბელაქანიც დავამშვიდეთ და თითქო ყველგან გავიმარჯვეთ, მაგრამ ბრძოლის უნარი მაინც ვერავის მოუსპეთ. ოცდაათი წელიწადია, რაც უზარმაზარი რუსეთი ერთ მუჭა ხალხს ყოველ წლივ ამარცხებს, მაგრამ დამარცხებული კვლავ გაშმაგებით იბრძვის და მგონი ოცდაათ წელიწადს კიდევ იბრძოლებს.

საუბარი ამ გზას გაჰყვა. ჭავჭავაძის ჯგუფში “მკვდარ ლომზე” ერმოლოვზე უკვე თავისუფლად მსჯელობდნენ.

- როგორც ირკვევა, პასკევიჩი და თქვენ ერთსა და იმავე აზრს ადგეხართ. - ეუბნებოდა მასპინძელი გრიბოედოვს. - ერმოლოვის ხერხები მოძველდა. მეტისმეტად შურიანი, ამპარტავანი, უხეში და მკაცრი კაცი იყო. საცა საქმე ორი ტკბილი სიტყვით უნდა გაკეთებულიყო, იქ ერმოლოვი ზარბაზნებს აგრიალებდა, თქვენ კი ისევ სპარსელების ხელით დაიპყარით სპარსული ციხე და ყარაბაღიც ტკბილი ენის წყალობით მოიმხრეთ. აი ეს არის ჭკვიანი პოლიტიკა.

- ქართველებს ერთი ანდაზა გვაქვს. - ჩაერია მელიტონ ბარათაშვილი და გრიბოედოვს გადაუთარგმნა: - ხერხი სჯობია ღონესო, თუ კაცი მოიგონებსო.

დიპლომატი არ უნდა წითლდებოდეს, მაგრამ გრიბოედოვმა ქებას ვეღარ გაუძლო და ოდნავ აილანძა. მერმე უბის წიგნაკი ამოიღო და ახალი ანდაზა ჩაიწერა, თანაც დაშავებული მარცხენა ნეკი გამოაჩინა, რომელიც დუელის დროს დეკაბრისტმა იაკუბოვიჩმა დაუგონჯა.

ორ გადიას - ინგლისელს და ფრანგს - მასპინძლის ორი პატარა ქალიშვილი კატო და სოფიო გამოჰყავთ და სტუმრის მისალმებაში და უცხო ენებში ავარჯიშებენ. მათი უფროსი დაი ნინო თითქმის უკვე ნასწავლია და უმცროსებს ეშველება.

- ვეჟო, ასეთი ამბავი გაგონილა? - მოისმა ამ დროს დაგვიანებით მოსული ზაალის შეძახილი და აივანზე მარაბდის ბატონის გაშლილი მკლავები და ჩამოშვებული ვეება ყურთმაჯები გამოჩნდა.

- რა ამბავია? რა მოხდა? - გაისმა ყოველ მხრივ.

- გეკითხებით, ასეთი ამბავი გაგონილა მეთქი? ყმა ბატონს მიუვარდეს, უღელში შეაბას და ახვნეინოს? ბუნტია, მაშ რა ჯანდაბაა!

- ვინ? როდის? სად? - ისევ მიაყარეს აქეთ-იქიდან.

- ვიღა იქნებოდა არსენას გარდა? - თითქო გაოცდა ზაალი და მის მიერ გადმოგდებულმა სახელმა აივანი წამოშალა. წეღან სტუმარ-მასპინძელმა ყველანი გაიხსენეს. - აბას მირზაც, ბურბონებიც, ალექსანდრე ბატონიშვილიც, ბელადი ყაზი-მოლაც, პასკევიჩიც, ერმოლოვიც, არსენა კი დაივიწყეს.

- ვინ შეაბა არსენამ უღელში? სთქვი რაღა, შე დალოცვილო, რაღას აჭიანურებ!

ზაალი განგებ სჭიმავდა. ბოლოს ერთხელ კიდევ ამოიხვნეშა და საზეიმო კილოზე გადმოაგდო:

- ვინა და ქვიშხელი სუმბათოვი...

- ალექსანდრე? მუხრან ბატონის სიძე? - მართლა გაოცდნენ სტუმარ-მასპინძლები. - სად? როგორ? როდის?

- როგორ და, დღისით - მზისით შინ მიუვარდა და შეაბა. აგერ თვითონაც მოდის და ჰკითხეთ. - და წინ თავის მეგობარი გაუშვა, რომელმაც აივანზე ვეება ღიპი და სქლად შეხვეული კისერი გამოიტანა.

- თავადიშვილებს და კეთილშობილებს ვახლავარ. - მიესალმა ბაგრატიონების სიძე ყველას და შემდეგ ქალებს ხელები დაუკოცნა. შუაში ჩადგა, მასპინძელს მიუბრუნდა და თავის თავგადასავალი უამბო.

მაშ როგორ მოხდა ეს ამბავი? არსენას ქვიშხეთში მოკეთეები ჰყოლია. სუმბათოვს ამას წინათ ხარ-კამეჩი დასჭირდა. გლეხებმა მოუყვანეს, მაგრამ ზოგიერთმა თავიანთი საქონელი ტყეში გადამალეს და თვითონაც დაიმალნენ. ბატონი ამას ვერ მოითმენდა და ამიტომ თვითონ გლეხები და მათი გომბიო ქალები შეაბა.

- რა დიდი ამბავია, ვეჟო! ახლა ყველანი რუსის ზაკონით ვცხოვრობთ - по русски закону живем - წამოაყრანტალა ზაალმა - თვითონაც გაოცდა იმის გამო, რომ ყველამ მას გაოცებით გადმოხედა.

- უკაცრავად, თავადო. - წყენით გააწყვეტინა გრიბოედოვმა, - რუსულ კანონში ყმების შებმა არა სწერია.

- არა სწერია, მაგრამ აქ გვაჩვენეს და ჩვენც მივბაძეთ. ამაზე მეტი რა გინდა, ვეჟო! მელიტონ. გადაუთარგმნე, თორემ “მივბაძეთ” რუსულად არ მეხერხება.

ვეჟო, რად აიმრიზნენ ყველანი? ზაალს აზრადაც არ მოსვლია რუსების წყენა, მთელი ქვეყანა დაუმოწმებს, რომ ის ბავშვობიდანვე მათი ყურმოჭრილი ყმა იყო (“მელიტონ, გადაუთარგმნე!”) და მუდამ ამბობდა, რომ რუსული ბატონყმობა სჯობდა ქართულს (“მასპინძლებო, დამიმოწმეთ!”).

მასპინძელმა ღიმილით დაუმოწმა. შებმულმა ბატონმა განაგრძო: გლეხებმა ერთი აყალმაყალი ასტეხეს და არსენას შეატყობინეს. იმ “ყაჩაღმა” მას კადნიერი წერილი მოსწერა, მერმე თვითონაც მოჰყვა, მტკვრის ნაპირას “უიარაღო” ბატონს მოასწრო და იქვე გუთანში შეაბა. მერმე ცხენი მოუკლა და გაიქცა.

- მაშ რა მექნა? - დაასრულა სუმბათოვმა. - ყელზე ხანჯალი დამაჭირეს და მეც ხარივით შევები.

- ვეჟო, გაგონილა?! - აღშფოთებით შესძახა ზაალმა და ეგონა სხვებიც რისხვით იფეთქებდნენ, მაგრამ აივანმა წყრომის ნაცვლად სიცილით იფეთქა. პირველად დიასახლისმა ჩაიცინა, მერმე კნეინებმა ჩაიხითხითეს, შემდეგ ახალგაზრდები აჭიხვინდნენ და ბოლოს მასპინძელი და ხნიერებიც აჰყვნენ.

- რაც სასაცილოა, ის მომაკვდინებელია. - ფრანგულად ჩაულაპარაკა ქავჭავაძემ გრიბოედოვს.

- ნეტა შებმული ბატონი მენახა!.. ამაზე სასაცილოს რაღას ნახავდი!.. მუხრან ბატონის სიძე უღელში?.. დიდი მასხარა ვინმე ყოფილა ის ვიღაც არსენა. - აღარ აცდიდნენ ერთმანეთს ახალგაზრდები.

მელიტონის შვილმა პატარა ტატემ, რომელიც შემთხვევით დაესწრო ამ საუბარს, მაშინვე ხართან ერთად შებმული ბატონი დახატა, სურათი ნინოს მიაჩეჩა და თვითონ კი ისევ ბაღში ჩავარდა. საცა მას ტოლ-ამხანაგები დავით ჭავჭავაძე, ილიკო და ვახტანგ ორბელიანები, ლევან მელიქიშვილი, დიმიტრი ყიფიანი და ისაკა თუმანიშვილი უცდიდნენ. სურათი ხელით-ხელში გადადიოდა და სიცილის ახალ აფეთქებას იწვევდა. მომავალი სიძე-სიმამრი იღიმებოდნენ, მელიტონი მუჭაში იცინოდა, მაიორი ცხენივით ფრუტუნებდა, ზაალი და შებმული ბატონი კი წყენით შესცქეროდნენ ერთმანეთს და სიცილის დასრულებას უცდიდნენ.

- ვეჟო, - წამოიძახა ბოლოს ზაალმა, - რაკი ჩვენს თავს ჩვენვე დავცინით, სჩანს ჩვენი საქმე სულ გათავებულა!

სიცილი შეთხელდა, ზოგმა კი სულაც შესწყვიტა, ვინაიდან მარაბდელი ბატონის ნათქვამში სიმართლემ გამოხეთქა:

- კეთილშობილნო, - წამოიძახა კისერშეხვეულმა ბატონმაც, - ნუ იცინით, თორემ ინანებთ და გვიანღა იქნება. გლეხებიც იცინიან და თანაც ხანჯლებს ლესავენ. ხვალ თქვენი ჯერიც დადგება და მეც გავიცინებ. მთავრობას ჩვენი მოვლის თავი არა ჰქონია ჩემს თავს ისევ მე უნდა ვუპატრონო.

- მთელი ქვეყანა არსენაზე ლაპარაკობს და ვერ გამიგია, ვინ არის, რა კაცია და რამ მოუპოვა ამოდენა სახელი? - იკითხა ჭავჭავაძემ.

პასუხი ყოველ მხრივ მიაყარეს:

- ყოჩაღი ბიჭია.

- ნამდვილი ვაჟკაცია.

- უძლეველი. მოჭიდავეა...

- მოჯირითეა...

- ძალიან ლამაზია...

- მარდია და თამამი.

- საქართველო სავსეა ყოჩაღი ბიჭებით, მოჭიდავეებით და ლამაზებით, მაგრამ მათი სახელი არსენას სახელს ოდნავაც ვერ დაეტოლება. - სთქვა მასპინძელმა.

- ვეჟო, მოახლე მომტაცა და ყაჩაღად გავარდა. - მიეშველა ზაალიც.

ჭავჭავაძე არც ეხლა დაკმაყოფილდა:

- ჩვენს ქვეყანაში ყოველ წელს ათი-ათას ქალს მაინც იტაცებენ და თითო ტყეში ხუთი ყაჩაღი მაინცა ზის. მითხრეს. რაც წლეულს გლეხის ოჯახში ვაჟი დაბადებულა, თითქმის ყველას არსენა დაარქვესო. რახან ხევი ძლიერ ხმაურობს, სჩანს შიგ დიდი წყალიც ყოფილა.

- არსენების დროებაც დაგვიდგა? - მწარედ ჩაიცინა სუმბათაშვილმა.

- ვეჟო, - წამოიძახა ზაალმა. - მთელი თრიალეთი არსენას დღეგრძელობას ლოცულობს და ამაზე მეტი რა გინდათ!

- ქართლიც. - დაუმატა სუმბათაშვილმა.

- კახეთიც. - მიაწოდა ჯორჯაძემ.

- ვიცი, გამიგონია. - სთქვა მასპინძელმა. - მეც მაგიტომ მოგახსენებთ. არსენა მარტო ყოჩაღი ბიჭი არ გახლავს მეთქი. გლეხებს ლამაზი თვალებით ვერ მოხიბლავდა და ვერც ჭიდაობით ახდევინებდა პარაკლისებს. თქვენ რაღას გვიბრძანებთ, ბატონო მაიორო?

არლოვი თითქო ამასღა ელოდა. წინ წამოიჭრა და მოახსენა: ჭიდაობა, მოახლე და ლამაზი თვალ-ულვაში რა მოსატანია? არსენა გლეხების ბელადია. ბატონსაც ეურჩება და ხელმწიფესაც. აღარც ომი გვინდა, არც მთავრობა, არც კანონი და არც გადასახადიო. ბატონები უნდა გავჟლიტოთ, მათი მამული გავიყოთ და ბატონყმობის სახსენებელიც მოვსპოთო.

- ახლა კი მესმის. - სთქვა ჭავჭავაძემ და სხვებმაც დაუდასტურეს:

- აგრე იქნება, უეჭველად მართალია.

- ვეჟო, მეც მაგას გავიძახი და არ მიჯერებენ, - წამოიძახა ზაალმა.

- როცა დედიან-ბუდიანად ამოგვხოცავენ, მაშინღა დაიჯერებენ. - დაუმატა სუმბათაშვილმა.

ერთი წუთით აივანი შიშით და სისხლის ლანდით შეიღება, რომელიც მასპინძელმა გაჰფანტა:

- ნუ გვაშინებთ, კნიაზებო. ღმერთი მოწყალეა. ჩვენში ფრანციცული რევოლუცია არც ყოფილა და არც იქნება. ჩვენი გლეხი სხვანაირი მირონით არის ნაკურთხი, ხოლო ნიკოლოზ პირველი უბედურს და უნიათო ლუი მეთექვსმეტეს არა ჰგავს. - და სუსხიანად მიმართა არლოვს: - თქვენო კეთილშობილებავ, ის ერთი კაცი რა გახდა, რომ აქამდე ვერ დაგიჭერიათ? ჩვენი თავადაზნაურების ჩივილი, გუბრშიც კი მომდიოდა.

მაიორს თითქო კოჟიჟზე ფეხი დაადგესო - აიღმიჭა, აილანძა და პირი ააცმაცუნა, მაგრამ ჭავჭავაძემ აღარ დააცალა:

- მე იძულებული ვიქნები მათს მაღალ-აღმატებულებას მთავარმართებელს ვთხოვო, რათა მან ეს საქმე უფრო ბეჯით კაცს მიანდოს. - და არლოვს ზურგი შეაქცია.

უფრო ბეჯითს მიანდოს! დღეს თუ ხვალ მაიორი ბორჩალო-თრიალეთის სამხედრო უფროსად უნდა დანიშნონ (უკვე წარდგენილიც არის), ხოლო ეს ძალა-მოსილი თავადი, პასკევიჩის გავლენიანი მეგობარი, საქმეს უნგრევს და დაქვეითებას ჰპირდება!

ელიზბარ მაღალაშვილმა წინ წამოიწია, დავით ბარათაშვილიც წამოდგა და თითქმის ერთად ალაპარაკდნენ:

- შინაურისა შინაურმა უფრო იცის... ხემ სთქვა: ცული ვერას დამაკლებდა, შიგ რომ ჩემი ჯიშისა არ ერიოსო... ჩვენ მოგვანდონ და ერთ თვეში შებოჭილს ჩავაბარებთ.

ჭავჭავაძემ არა უპასუხა-რა, ხოლო აქამდე მდუმარე ალექსანდრე ორბელიანმა ჭმუნვით მიმართა სუმბათაშვილს:

- კნიაზო, მე თქვენზე უმცროსი გახლავართ და ჩემგან სიტყვის შებრუნება არ გეკადრებათ, მაგრამ ერთ რამეს მაინც მოგახსენებთ: ხარ-კამეჩი გაკლდათ და გლეხები შეგიბიათ. ბიძა ჩემი ზაალი ბრძანებს, რუსებს მივბაძეთო. მეც გამიგონია, რომ რუსების მოხელეებსაც დაჰკლებიათ ხარები და ჩვენი დედაკაცები შეუბიათ. იმათაც რამდენჯერმე ჩაუდენიათ და თქვენც ერთხელ თუ სამჯერ შეგიბიათ. მაგრამ საქმე ის არის, რომ ისტორია ამ ერთ შებმას წესად გადააქცევს და ჩვენი ჩამომავალნი იტყვიან, ჩვენი წინაპრები გლეხებს ურემში აბამდნენო. მაშინ ერთი მოსარჩლეც აღარ გამოგვიჩნდება და თავადის სახელწოდება ისე წაიმურტლება, რომ მისი გახსენებაც კი უკადრის საქმედ ჩაითვლება. მე მაზრის თავადაზნაურთა მარშალი გახლავართ და ვალად მაძევს ჩვენი წოდება სუფთად შევინახო და ეს სიტყვაც ამიტომ მოგახსენეთ, თორემ...

ამ ზრდილობიანმა საყვედურმა კამათი გამოიწვია. ყველამ იცოდა, რომ ეს ორბელიანი უწინდელ ბატონ-ყმობას აღმერთებდა, ახლანდელს კი ჰკილავდა და ჩუმ-ჩუმად ყველაფერს რუსებს აბრალებდა. ზაალმა თავის წეღანდელი უხეშობის გამოსწორება მოისურვა და ორბელიანს შეეკამათა.

საუბარს უსიამოვნო იერი დაეტყო. დიასახლისმა კნეინა სალომემ პატარა ტატეს მოჰკრა თვალი, რომელიც ეზოდან ამოსროლილი ბურთისთვის ამოსულიყო, და თითის ქნევით მოიხმო იგი. მას ჰსურდა კამათი მოესპო და ხმამაღლა მიმართა ყველას:

- კნიაზ ზაალ, ალექსანდრე. ბატონებო, გთხოვთ მშვენიერი ლექსი მოისმინოთ. ფრიად ნიჭიერი მგოსანი თავის ბიძის გრიგოლის “სადღეგრძელოს” წაიკითხავს.

ტატემ გაიწია, მაგრამ არ გაუშვეს, მოკამათენი გააჩუმეს და ყველანი სმენად გადაიქცნენ. დიასახლისმა გრიგოლი, მელიტონი და ეფემია მოიშველა, აწითლებულ ტატეს ყურში რაღაც დაპირება ჩასჩურჩულა და დაითანხმა ბალღმა ყოყმანით ახედა თავის ბიძას გრიგოლს. რომელიც ამ-ქვეყნიურ ღმერთად მიაჩნდა, და როცა მის სახეზე სადასტურო ღიმილი დაინახა, ოდნავ გაფითრდა, დიდრონი ალმოდებული თვალები ჭერ-კედელს მოავლო და შემკრთალი ხმით დაიწყო.

ავტორის დისწულს ეს პოემა თავისებურად ჰქონდა შემოკლებული. მას რჩეული ნაწყვეტები ამოერჩია, ოსტატურად გადაება და დიდრონი პოემიდან ხუთიოდე წუთის საკითხავი ლექსი გამოეჭრა:

გუნდი და გუნდი ვაჟკაცთა სჩანან მამულის მფარვვლნი,

ზოგნი აზატის დამმხობნი, ზოგნი თემურის მებრძოლნი.

მკითხველს ხმა გაუმაგრდა, გაუკაჟდა, აუფრთოვანდა და სახეც შეეცვალა. - გაფითრდა, ათრთოლდა, გულწასულს დაემგვანა. მხოლოდ თვალებმა მოუმატეს კრიალს და ხელებმაც მოუხშირეს კანკალს.

შემდეგ ერევნის დილა ჩაიკითხა და შთაგონებით დაასრულა:

ჩვენც აღვდგეთ, ძმანო, და ერთიც გამარჯვებისა დავლიოთ.

და დღეს ვინც ვეღარ დაბრუნდეს, ის ცრემლით მოვიხსენიოთ.

დასრულდა, გაჰქრა სიზმრები ესე ლხინიცა ღამისა.

წავიდეთ სადაც მიგვიწოდს ხმა საიდუმლო ხვედრისა.

დაასრულა, მოსხლტა და გაიქცა, თანაც ტაში და “ვაშა” გაიყოლა. სტუმრების ტაში და აღფრთოვანებული თვალები ახლა ამ ლექსის ავტორს მიუბრუნდა. გრიგოლ ორბელიანი თვითონაც ოდნავ ფერწასული იყო და ყველას თავდაჭერილ სალამს აძლევდა, თვალებით კი უკვე შემწიფებულ ნინოს ელამუნებოდა, რომელიც თითქოს სხვებზე მეტად იყო მოხიბლული და მის თვალებსა და ღიმილში მადლობა და აღტაცება თრთოდა.

ერთ ლექსს მეორე და მეხუთე მოჰყვა. გენერალ ახვერდოვის ქვრივმა თავის მოწაფეს ნინოს გრიბოედოვზე უყო თვალი და სათქმელს მიახვედრა. ამას წინათ რუსის პოეტმა მას თავის კომედიის რამდენიმე მონოლოგი გადაუწერა და აჩუქა.

ნინო ოდნავ გაწითლდა. მაგრამ თავი ვერ დააღწია. ყველანი მას მიაჩერდნენ და სიჩუმე ჩამოაგდეს. მან თავი ჩაღუნა და თითქო ჩაფიქრდა. შემდეგ ისევ ასწია, ხელი ხშირ დალალებზე გადაისვა, მუქწითლად ალანძული სახე კედელს მიაპყრო და მორცხვი ხმით ჩაცკის უკანასკნელი მონოლოგი დაიწყო:

Слепец! Я в ком искал награду

всех трудов?

Спешил! Летел! Дрожал! Вот счастье,

думал близко!

С кем был? Куда меня закинула судьба?

Все гонят! Все клянут! . . . . . . . . . . . . . . .

Вон из Москвы! Сюда я больше не ездок,

Бегу, не оглянусь, пойду искать по свету,

Где оскорбленному есть чувству уголок!

Карету мне, карету!

და ახალგაზრდა ქალი სწრაფად გავარდა აივნიდან, ავტორს მქუხარე ტაში და მილოცვა მიაყარეს. გრიბოედოვი მორცხვად იღიმებოდა და დიდ სათვალეებს თალათინის ნაჭრით ისუფთავებდა. მაიორის ტაში სარეკელას ჰგავდა და რიყეზე გავარდნილი ფურგონივით რახრახებდა.

- ამ ლექსს პუშკინიც კი არ დაიწუნებდა. - ხმამაღლა სთქვა ალექსანდრე ჭავჭავაძემ.

- ხოლო ბარატინსკი ორივე ხელს მოაწერდა. - დაუმატა გრიგოლმა.

ავტორიც მხოლოდ მათს აზრს ელოდებოდა. მის ლოყებზე სიამის სიწითლემ იმატა, მადლობის ნიშნად ორთავ პოეტს ოდნავ დაუკრა თავი და გაახსენდა, რომ ამას წინათ კიუხელბეკერმაც იგივე აზრი გამოსთქვა.

ახლა, მესამე პოეტის ჯერი იყო. კნეინა ეფემიამ თავის ძმას გრიგოლს აჰხედა და ალექსანდრე ჭავჭავაძეზე ანიშნა. გრიგოლმა აღარ დააყოვნა და მასპინძლის მუხამბაზი წაიკითხა, რომელიც ყველამ ზეპირად იცოდა.

ლოთებო, ნეტავი ჩვენა, ჰარიალალი,

დღეს მოგვეცა შვება-ლხენა, თარიარალი.

პოეტი პოეტის ლექსს ხელგაშლით და კინტოური იერით კითხულობდა და წეღანდელი ლექსების მაღალ კილოს დაგორებულ ლოდსავით აქვეითებდა.

ნოემ რომ ერთხელ ინება ყურძნის წვენისა გემება:

თვითონ ნუნუას მოუჯდა, წყალი პირუტყვს დაანება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა ომის ცეცხლი ასტყდება, ბრძენი სიფრთხილით წახდება,

მაგრამ ღლეული მაშინვე ან მოჰკლავს ან შეაკვდება.

დავეხსნათ ცოდნის ძებნასა, ღვინო სჯობს ყოველ ცნებასა:

ბრძენი სულ სიკვდილსა ჰფიქრობს და ლოთი გამარჯვებასა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაშ მოდით ისევ ღვინითა, დრო გავატაროთ ლხინითა:

ქეიფი მაინც მოგვივა, გოგრითა ვსვათ თუ ჩინითა.

ისევ ტაში ავარდა, მაგრამ ყველამ კილოს დამდაბლება იგრძნო და ეს გრძნობა ტაშსა და ღიმილშიც გამოჩნდა. მოღიმარე ავტორი თხელ ულვაშებს იგრეხავდა და ამ ლექსის არჩევისთვის გულში ემდურებოდა გრიგოლს. შემდეგ ნახევარ-პოეტს ალექსანდრე ორბელიანს მიუბრუნდა და ჩუმი ხმით უთხრა:

- სჯობდა ჩემი “გოგჩის ტბა” წაეკითხა.

- იმიტომ არ წაიკითხა, რომ იმ ტბიდან თვითონ მაგასაც ბლომად აქვს დალეული. - ანუგეშა ალექსანდრემ.

ჭავჭავაძემ ღიმილით ჰკითხა:

- ან მაგის “სადღეგრძელო” განა ჩემი “მუხამბაზის” გვერდით არ წოლილა?

- წოლილა, უეჭველად წოლილა, - ხმამაღლა გაიცინა ალექსანდრემ. - მაგის “სადღეგრძელო” ნამდვილად შენი “მუხამბაზის” შექმნილია, ნამდვილად!

შემდეგ ერთმა გუვერნანტმა ქალმა თერთმეტი წლის კატო გამოიყვანა და ინგლისურ ენაზე ბაირონის ლექსი წააკითხა, ხოლო მეორე გუვერნანტმა პატარა სალომეს ანდრე შენიეს “ნეერა” წააკითხა ფრანგულად.

სანამ ჭავჭავაძის ქალიშვილები უცხო ლექსებს ტიტინებდნენ, გრიბოედოვმა პოეზიას თავი მიანება და წეღან-შეწყვეტილი საქმიანი საუბარი აღადგინა. ის დიპლომატობას და პოეტობას აღარ სჯერდებოდა, საზოგადო მოღვაწედაც ითვლებოდა და ახლა ეკონომისტობაც დაიწყო. გრიბოედოვი “რუსეთ-ამიერკავკაზიის კამპანიას” აარსებდა, რომელსაც აქაური სახაზინო მიწებით და ბაღებით უნდა ესარგებლა (განდგომილ და ორგულ ბატონიშვილებს და თავად-აზნაურებს რომ ჩამოართვეს) და ამგვარად ადგილობრივი ვაჭრობა და მრეწველობა გაეცხოველებინა. ამავე ამხანაგობას უნდა ეკისრა რუსების გადმოსახლება, მტკვარზე მენავეობის აღდგენა, ბათომში ნავთსადგურის მოწყობა და საერთოდ ქვეყნის აყვავება და გაბედნიერება.

- ფული? - ჰკითხა ჭავჭავაძემ. - რამდენიმე მილიონი დაგჭირდებათ.

- რამდენიმე ასეული ათასიც გვეყოფა. - უპასუხა გრიბოედოვმა. - ზოგს სომხები შემოიტანენ და ზოგსაც ხაზინიდან გამოვიტანთ. უმთავრესი კი სხვა რამ არის.

- არ მოგვცემენ. - მტკიცედ მოუჭრა ჭავჭავაძემ. - მაინც ცდა ბედის მონახევრეა და უკან ნუ დაიხევთ. მეც მოგეშველებით.

გრიბოედოვსაც ჯერჯერობით მხოლოდ ეს უნდოდა. მისი პროექტი პასკევიჩმა გენერალ ბურცევს გადასცა და ჭავჭავაძეს მისთვის ორიოდე სიტყვა უნდა ეთქვა, რათა გენერალს ეს საქმე არ ჩაეშალნა.

- ბურცევი ჩემი მეგობარია და ვეტყვი. - დაჰპირდა პოეტს პოეტი.

სანამ პოეტები და ქალები ლექსებს კითხულობდნენ, ნაწყენი ბაყაყივით გაბერილი მაიორი აივნის მოაჯირს მიჰყუდებოდა და გზას გასცქეროდა. უცებ მას სიხარულის ელდა ეცა. შეკრთა, გაიბადრა და გაინაბა. წეღან ჭავჭავაძე გაუწყრა, მაგრამ ღმერთი მოწყალე ყოფილა. მან არსენა თავის ფეხით მოუყვანა მაიორს და აგერ იქ მარმარილოს წყაროსთან დაუყენა. რათა კარზე მომდგარი ნადირი არ დაეფრთხო, არლოვი მაშინვე მიბრუნდა და ცალი თვალი მაინც ქვეით ეჭირა. მერმე მრისხანე მასპინძელი მოიხელთა და მოწიწებით მოახსენა:

- თქვენო ბრწყინვალებავ, არსენა ქალაქშია და ამაღამ ან ხვალ დილით მოგგვრით.

- წინდაწინვე მომილოცია. - მიუგო ჭავჭავაძემ. - მაგრამ ფრთხილად იყავით, თვითონ არსენამ არ დაგიჭიროსთ. კოდაზე მომხდარი ამბავი არ დაივიწყოთ.

- არხეინად ბრძანდებოდეთ, არ შეგარცხვენთ. - მტკიცედ დაჰპირდა ოძელაშვილის მდევარი და კიბეზე ჩამოგორდა.

* * *

არსენა ვერის ბაღებს გამოსცდა. დიდი გზა მტკვრისკენ ჩადიოდა და ყაბახს ქვემოდან უვლიდა. ოძელაშვილი ამ გზას ასცდა და მეორე გზით წავიდა, რომელიც ახალი სასახლის წინ გადიოდა. მარმარილოს დუქანში ოძელაშვილს კარგად იცნობდნენ, მაგრამ შიგ არ შევიდა, ცხენი მცირე ხნით შეაჩერა, წყალი დაალევინა და მიიხედ-მოიხედა.

როგორ შესცვალეს რუსებმა ეს ალაგები! არსენას კარგად ახსოვდა ის დრო, როცა ეს მიდამოები - ქაშოეთიც, კალოუბანიც, გარეუბანიც და გაღმა მხარეც ხევხუვით, კალო-საბძლებით და ბაღებით იყო მოფენილი და შიგ მცირე საზაფხულო შენობები მოსჩანდა. ახლა კი ღელეებსაც და ხევებსაც ნელ-ნელა ავსებენ და ქვეით, სასახლის ახლო, ვეება სახლებს აშენებენ. “ერმოლამ” კალოუბნის ეკლესიის პირდაპირ ოციოდე წლის წინათ აშენებული სასახლე არ იკმარა და ისე გადააკეთა, რომ ძველის მნახველიც ვეღარ იცნობდა.

არსენას ჭავჭავაძის სახლში ადრევაც უვლია. ზაალმა ალექსანდრეს ოძელაშვილის ხელით რამდენჯერმე გაუგზავნა ძღვენი, შარშანწინ კი ცოცხალი შველიც მიართვა, რომელიც თვითონ არსენამ დაიჭირა ზირბითის მთებში. ეს შველი ახლაც ცოცხალი ყოფილა და აგერ იქ, ვაზის ხეივანსა და ყვავილნარში, დარბის და ვიღაც ბიჭები გამალებით დასდევენ მას.

“ეს ხომ ტატეა. - იცნო არსენამ მელიტონ ბარათაშვილის ძე და თავის მეგობარი. - ეს ხომ ილიკო ორბელიანია... ის კი ლევან მელიქიშვილია”. მერმე ზევით აიხედა და იქაც ნაცნობებს წააწყდა. განიერსა და გრძელ აივანზე რამდენიმე ქალ-ვაჟს მოჰკრა თვალი. ზოგნი მოაჯირთან ისხდნენ, ზოგნი კი დადიოდნენ. გრიგოლ ორბელიანი მოაჯირს მიჰყუდებოდა, ჭავჭავაძიანთ კატოს აცინებდა და თვითონაც იცინოდა. ელიზბარ მაღალაშვილი და ზაალის ქალიშვილი დარო მოშორებით დასეირნობდნენ. გრიგოლის დაჲ ეფემია კაპიტან ლომოვს ესაუბრებოდა. ზაალის შვილი დავითი ვიღაც ქალს ეარშიყებოდა, მისი სნეული ტასო კი მარტო იჯდა და კატას ეალერსებოდა.

უცებ მაიორის წვერულვაში ჩალის ხელეურივით გადმოეფინა მოაჯირზე, ხოლო მისმა ლობიო-თვალებმა არსენასკენ გამოიხედეს. ამ დროს ოძელაშვილი ჭრელი ხელსახოცით იხოცავდა ოფლს და ამ სურათს ცალ თვალს ადევნებდა. მერმე დინჯად მოატრიალა ლურჯა და ბილიკით ჩამოვიდა ძველ გზაზე, თანაც თავის თავს უწყრებოდა: “რა ვქნა, ხომ არ გავგიჟდი? რა კუდიანმა წამომიყვანა ამ გზით? ან რა ჯანდაბამ ამახედვინა ჭავჭავაძის აივანზე?”. დუქნის ბაღს რომ ჩასცდა, უკან მოიხედა და დამშვიდდა: მაიორი ზურგ-მოქცეული იდგა და არც სხვები დაძრულიყვნენ ადგილიდან. არსენა რომ ეცნოთ, მაშინვე აიშლებოდნენ და მდევარს დაუძახებდნენ.

ასპარეზზე - ყაბახზე - სალდათები ვარჯიშობდნენ. “ნეტა ათიათასი ჩვენებური გლეხი გამაწვრთნეინონ და მერმე დამიდგნენ წინ”. - ინატრა არსენამ და ვანქისა და ორბელიანთა უბანში შემოვიდა.

აგერ გრიგოლის და სხვა ორბელიანების სახლები, აგერ ანჩისხატიც. აი მელიტონის და ზაალ ბარათაშვილის სახლებიც. ზაფხულის ცხელი საღამოა და მთელი ქალაქი გარეთ გამოსულა. ხნიერები ხეივნებში დასეირნობენ, ან ჩრდილში ჩამომსხდარან, კეკლუცი ახალგაზრდები კი ბანებზე გადმოფენილან და თავიანთი ფარჩახავერდი, ოქრო-მარგალიტი, უშნო ფერუმარილი და ლამაზი თვალ-წარბი გამოუფენიათ. აქა-იქ ბანებზე უკვე დაირა, საზანდარი და დუდუკი მოისმის. ფარჩეული შრიალებს, ნატის ფეხები დახტის, ტაში ატლაშუნებს და ბანით-ბანზე მხიარული ჟრიამული დარბის.

არსენას თავის დები, ძმები და ბუნაგი გაახსენდა. აიმრიზა და გაიფიქრა: “იქ ხალხი ლამის ამოწყდეს, აქ კი გაუთავებელი ლხინი აქვთ”. ასეთ დროს არსენა აგერ იმ სასახლეში დასვით მცირე ხნით და ფარჩების ნაცვლად ძაძებს ჩაგაცმევსთ და მრავალჟამიერის მაგიერ სულთათანას გამღერებსთ. “იქ გლეხობა იჟლიტება, ომში სიკვდილი ტრიალებს, მუქთახორა ქალაქი კი მუდამ იპრანჭება და ქეიფობს”. არსენაზე უკეთესი მოქეიფე აქაც არ მოიძებნება, მაგრამ ყველაფერს თავის დრო, თავის ალაგი და ზომა უნდა ჰქონდეს, ეს კი ამ ქალაქს არ ეტყობა. ძალიან ჭრელი ქალაქია. როცა თათრების მოლა სამგლოვიარო სურებს ღაღადებს, მაშინ ქართული სიონი მხიარულად ჰგუგუნებს. სომხები რომ აღდგომას აყენებენ, ებრაელები ტირიან.

აგერ ბაზაზხანიდან შალვა ბარათაშვილი გამოვიდა, მათ ერთმანეთის ნახვა უნდოდათ და აკი შეხვდნენ კიდევაც. შალვამ არსენა დაინახა, ნაბიჯი შეანელა და ირგვლივ თვალი მოავლო. როცა ურთიერთს გაუთანასწორდნენ, ბარათაშვილმა ოდნავ თავი ჩაუქნია და თავისთვის ჩაიბურტყუნა:

“იქ ჩამოვალ”. - “მეც იქ მოგელოდები, ბატონო”. - ჩაიჩურჩულა არსენამაც და გზა განაგრძო.

ამასობაში სიონს გასცდა, აბანოების გორაზე გავიდა და მეტეხს შეჰხედა. კლდეზე დაყუდებული და წყლით შემოვლებული უძველესი ციხე ძლივსღა იცნო. ერმოლოვმა იგი მიანგრევინა, ქვემო სართულიღა დაატოვებინა და ზედ უზარმაზარი საპატიმრო დაადგმევინა. “რამდენ ხალხს დაალპობენ ამ ტიელში! - გაიფიქრა მარაბდელმა. - რაც აქ ცრემლი დაიღვრება, სამს ამოდენა ქალაქს დაახჩობს. მაგრამ დრო მოვა და შხამად ამოუვათ. უსამართლობა და სიმართლეც ნამივით იკარგება, მაგრამ ამავე დროს არც იკარგება და როდისმე და სადმე ისევ გამოჟონავს. ყურძნის თესლისგან ვაზი ამოვა, ლენცოფასგან კი ლენცოფა და ისევ დამთესავს მიეძღვნება.

- აგრეა. - დააყოლა ხმამაღლა და მარჯვნივ კლდის სერს აჰხედა. ზევით ნარიყალა აყუდებულა. ოდესღაც იგი ციხეც იყო და საპყრობილეც, ახლა კი მხოლოდ საპყრობილეა და თოფის წამლის საწყობიც. ამას წინათ არსენას დედ-მამა და ფიქრიაც აქ ისხდნენ, ახლა კი - “ახლა ჩემი ჯერია და ვაი თუ მეც იქ ჩამაგდონ”.

არსენამ ხარფუხი გადასერა, მერმე თავქვე დაეშვა, ორთაჭალაში გავიდა და ერთ დუქანს მიადგა. მედუქნე გარეთ გამოგორდა, მაგრამ დერეფანშივე შესდგა, ხელები გაასავსავა და გაოცდა:

- ისევ შენა ხარ? - დაბალი ხმით წამოიძახა მან. - მაშ გინდა სულ დამღუპო, რაღა! აქაც მომაგენი?

- შენმა ბიძაშვილმა ბაღომ მომასწავლა და მოგაგენი. - მიუგო არსენამ და ცხენის სადავე ბიჭს მიუგდო, თვითონ კი გაფითრებული ლოპიანა წინ გაიძღოლა და უკანა კარით გავიდა ბაღში. ლოპიანამ სტუმარი მტკვრის პირას ჩაიყვანა, მიყრუებულ ხეივანში შეიყვანა, მწვანეზე დასვა და თვითონ უკანვე გამოიქცა.

ხეივანი მწიფე მტევნებით არის დატვირთული. აქა-იქ კომში, მსხალი, ჭერამი, ვაშლი და ატამი ყვითელ ქარვასავით ჰქათქათებს. ქლიავი ფიქრიას თვალებივით ჩალურჯებულა, ლეღვი კი მაგდანას თვალებივით ჩაშავებულა. არსენას ჰშიან, მაგრამ ხილის ჭამა აზრადაც არ მოსვლია, რადგან ჯერ მარიამობა არ მოსულა, ხილი ნაკურთხი არ არის და ცოდვას არ დაიდებს. ასეა გაზრდილი მარაბდელი.

მიკიტანი ფეხაკრეფით დაბრუნდა და ბიჭიც ჩამოიყვანა. ლურჯა იქვე ბალახზე გაუშვეს და მწვანეზე ლურჯი სუფრა გაშალეს. ბიჭი რომ გაბრუნდა, ლოპიანა ჩაკუნტდა და ფეხმოკეცილ არსენას ჩურჩულით ჰკითხა:

- არამზადა ბაღო როგორ არის? რა დაგაბარა?

- არა უშავსა. ჯერ ოხუნჯობდა, ვითომც აინუნშიც არ ჩაიგდო, მაგრამ მერმე დადარდიანდა. ახლა ცოლი უნდა ავუგზავნო ენაგეთში და ისიც იქ ჩამოვა. მადლია, გაიხარებენ.

- ცოლი იმასა და ნაცარი ცხელი! მუდამ ვეუბნებოდი, ყაჩაღი გამოხვალ მეთქი და თურმე ენამ მიყივლა!

- ბაღო და ყაჩაღი? - ჩაიცინა არსენამ. - ბედმა გააგდო ტყეში, თორემ რა ეპისკოპოზიც შენ გამოხვალ, ბაღოც ის ყაჩაღი დადგება. მართლა, შენთან დამაბარა, თუ ქრთამი გასჭრის, მიშველოს და გადაუხდიო.

- ქრთამი რომ არა სჭრიდეს, ჩემისთანა საწყალი როგორ იცხოვრებდა? სამართებელზე უფრო მჭრელია, ვაცხონე იმის მომგონი. მეც მაგან არ გამომიყვანა ნარიყალიდან? მაიორი თურმე ზაალის სიძეობას აპირებს და ფული უჭირს.

- ზაალმა გაგიკეთა ეგ საქმე?

- მაშ ვინ გააკეთებდა? შენ დამღუპე და იმან მიშველა. გინდა შენც მოგიხერხო?...

არსენას დარდიც სწორედ ეს არის და ქალაქშიც ამან ჩამოიყვანა. დედ-მამა, ერეკლე, დათუნა და სხვებიც უნდა გამოაშვებინოს, თორემ შულავერში დალპებიან. მაგრამ ქრთამად ერთ შაურსაც არ მისცემს და არც ზაალს მიენდობა. ცხვარმა მგელს ისევ მგელთან უჩივლოს? და არსენამ პასუხის ნაცვლად ჰკითხა:

- შენი ბადე და დახლი რასა იქს?

- ეჰ, ძმაო, საწყალი კაცისთვის უდახლობაც ჭირია და დახლიც ღვთის რისხვაა. თუ ომი მალე არ გათავდა და ქალაქი ისევ მოქეიფე კნიაზებით არ გაივსო, მე საცაა ფეხებს გავფშეკავ. ისევ გრიგოლ ორბელიანი მიცოცხლოს ღმერთმა, წუხელის აქ ორმოცი თავადი აქეიფა.

- სხვა რამ ხელობა მოსძებნე. - ურჩია ოძელაშვილმა.

- მოვძებნე და კიდევაც ვიპოვე. დღისით ვთევზაობ, ვკრივობ და მამლებსა და ყოჩებს ვაჭიდავებ, საღამოობით კი დუქანში ვტრიალებ, მაგრამ რასაც ვშოულობ, სულ პოლიციას, ბაღის პატრონს, ზაალსა და ხაზინას მიაქვთ, მუშტარი კი ისევ მინისიავებს და აღარ იძლევა. წადი და სდიე.

- მოსთხოვე. - ურჩია არსენამ.

- არა, ძმაო, შენ სოფლელი კაცი ხარ და ვაჭრობისა არა გესმისრა. რომ მოვთხოვო, მუშტარი დამეფანტება და დუქანსაც დამიკეტავენ. ისევ თხოვნა სჯობია.

- საცა თხოვნა არა სჭრის, იქ ხმა უნდა ამოიღო. - ისევ ურჩია არსენამ. - მოითხოვე მეთქი.

- ისევ თავისას გაიძახის! გაიგე, ძმაო, მგლების ხროვა გვახვევია და არც გასაქცევი ალაგი გვაქვს და არც იარაღი. დროდა-დრო ერთი გოჭი ან ერთი გროში მიუგდე და გადარჩები. მაგრამ მეც ადამიანი ვარ და ზოგჯერ ისეთი ბრაზი მომივა ხოლმე, რომ ლამის სისხლი დავღვარო.

არსენამ გაიცინა:

- შენ და სისხლი?

- ნუ იცინი. ღმერთს გეფიცები, საცაა კაცი შემომაკვდება. კინაღამ გუშინ-წინაც შემომაკვდა. ხრამზე მებადურები მყავს და იქიდან მოვდივარ. თელეთში გზის ნაპირას ჩამოვხტი და კაკლის ქვეშ სუფრა გავშალე და წყაროში ღვინო გავაციე. ისე ცხელა, რომ მზეზე კვერცხი მოიხარშება. ერთიც ვნახოთ შულავრიდან მაიორი მოდის. ახლა იმასთან რაღა საქმე მაქვს? ის თრიალეთ-ბორჩალოს ნაჩალნიკია, მე კი ქალაქელი მედუქნე ვარ. მაინც არ მივიწყებს. ისე არ ჩამოვა ქალაქში, რომ ჩემს დუქანში არ იქეიფოს და ძველ ნისიას ახალი არ დაუმატოს. დამიჯერე, არსენ, ათ თუმანზე მეტი დანახარჯი აქვს და მე კი ჯერ მაგის ერთი ბისტიც არ მინახავს. დავინახე და დავპატიჟე. ქართული ადათი შევასრულე რაღა! ცხენიდან ჩამოხტა და სუფრა დამიცალიერა. მგელია ის ოხერი თუ კაცი? მეც ვზივარ, ვემსახურები, “პაჟალუსტას” ვეუბნები და ღვინოსაც ვუსხამ. ის კი ხმას არ იღებს. ორი ჩარექა რომ დალია, ისე შემომხედა, თითქო მაშინღა დამინახაო. შემომხედა, დამიბღვირა და უწმაწური სიტყვები მომახალა, ახტი გრუზო გოლოპიატიო. ფეხშიშველო ქართველოო, რაღა!

- მერმე, შენ რა უყავი? - ჰკითხა ბრაზმორეულმა არსენამ.

- სისხლი ყელში მომაწვა და თვალთ დამიბნელდა. სავსე ჩარექა ავიტაცე, დასარტყმელად გავაქან-გამოვაქანე და... ისევ დავუსხი. პაჟალუსტა მიირთვი მეთქი.

არსენას ხარხარი მტკვრის გაღმა გავარდა. ლოპიანა გაოცებით შესცქეროდა მარაბდელს და ჭკუას არიგებდა:

- ვა, რა გაცინებს, ბიჭო? ჭკუა ვქენი, რაღა! რომ დამერტყა, იქვე ხეზე ჩამომკიდებდნენ. რომ მეთქვა რამე, ნარიყალაში დამალპობდნენ. არა, ძმაო, ისევ მესამე ჩარექის დაცლა სჯობდა მეთქი. ისიც მოვიმადლიერე და მეც გადავრჩი.

- ეჰ, ლოპიანავ, აბა რა გითხრა! მე და შენ სხვა-და-სხვა ჯურის ხალხი ვართ და ერთი-მეორისას ვერას გავიგებთრა. - თითქოს მწუხარებით უთხრა არსენამ და სიცხით შელანძული თავი რამდენჯერმე ჩაიქნია.

ამ დროს ბაღში შალვა ბარათაშვილი შემოვიდა. წინ დუქნის ბიჭი მოუძღოდა. ცხენი ჩამოართვა და ლურჯას მახლობლად მიაბა, შალვა კი ხეივანს დაჰყვა და არსენასკენ გაემართა. ოძელაშვილი ფეხზე წამოდგა. მიეგება და საპატიო სალამი მისცა.

- როგორა ხარ, არსენ? - ჰკითხა თავადმა და ხელი ჩამოართვა.

- თქვენი წყალობით კარგად გახლავართ, ბატონო. თქვენ როგორ გიკითხოთ?

- ეჰ, - ჩაიქნია ხელი შალვამ და ფარდაგზე დაჯდა. - ახლა მარტო რუსეთუმები არიან კარგად, მე კი არც უწინ ვყოფილვარ მათი ყმა და არც ვიქნები.

- მართალი ბრძანებაა, შენი ჭირიმე. - და აქაური ყმებიც მოადგა ენაზე, მაგრამ სიტყვა უკანვე ჩაიბრუნა და სთქვა: - ჩვენებური ბატონები ქალაქში ბრძანებულან. მაიორსაც მოვკარი თვალი.

- დიაღ, აქა ბრძანდებიან. თავად-აზნაურებმა გუბერნიის მარშალი უნდა აირჩიონ და ამიტომ მოიყარეს თავი. ალექსანდრე ორბელიანს იმედი აქვს, ამირჩევენო, მაგრამ მოტყუვდება. ალბათ მელიქიშვილს ან კონსტანტინე მუხრან-ბატონს აირჩევენ. იცის არსენამ რა არის მარშალი და თავად-აზნაურთა საკრებულო?

- ვიცი, შენი კვნესა მე. რუს ხელმწიფეს და ბატონებს ჰშველიან.

შალვას გაოცებამ გადაჰკრა. პირი დააღო პასუხისთვის, მაგრამ სათქმელი აღარა სთქვა და სიტყვა არსენაზე გადაიტანა:

- შენი სათხოვარი მომივიდა, არსენ.

- მეც მაგისთვინ გეახელი, ბატონო.

- გუშინ მაიორი ვნახე და ველაპარაკე. ძალიან გაოცდა, არსენა კიდევაც დამავიწყდაო.

ოძელაშვილმა ჩაიცინა. “ჭამას უფრო ადვილად დაივიწყებს, ვინემ არსენას”. - გაიფიქრა მან. შალვა კი განაგრძობდა:

- დიდხანს მევაჭრა. სულ იმას მთხოვდა, არსენა ჩამოვიდეს, დამნებდეს და პატიმრებს მაშინ გავუშვებო.

- მამა უცხონდა! - წამოიძახა მარაბდელმა. - იცადოს, სანამ არსენა არსენობაზე ხელს აიღებს და იმ მგელს თავს პირში ჩაუდებდეს.

- მეც ვუთხარი, ეგ არ იქნება მეთქი. ხან იხვეწებოდა, ხან იმუქრებოდა. კინაღამ კიდევაც იტირა. ბოლოს ასე მოვრიგდით: მაიორი ყველას გამოუშვებს, შენ კი იმ დიდ გზაზე აღარ ითარეშებ.

- რომელ გზაზე?

- კოდისა და შულავერის გზაზე. ეს გზა ომის ერთ-ერთი ძარღვია და თუ აქაურობა არ დავამშვიდე, დავიღუპებიო. ისიც მართალია.

- სხვაგან?

- სხვაგან იაროს, მე კი მარაბდელებს მძევლად აღარ წავიყვანო. ამაზე რას იტყვი, არსენ?

არსენა რას იტყვის? ჯერ ღრმად ჩაფიქრდება: ქვეყანა ათასი გზით არის დასერილი და გლეხს მისი შველა ყველგან სჭირდება, - ხეობელსაც და ლიახველსაც, არაგველსაც და კახელსაც, ივრელსაც და თიანელსაც. არსენა ახლა სხვაგანაც დასთესავს, მაიორი კი ერთ გზას უჭრის და ათას სხვას უტოვებს. ან რა არგო არსენამ ალგეთ-თრიალელებს, მუდამ რომ არწივივით დასტრიალებს იმ ხეობას და დიდ გზას? საცა მივიდა, შვების ნაცვლად ჭირი მიუტანა: იქაურები აიკლეს, დაროზგეს და გადაასახლეს. ალბათ სხვებსაც ასეთივე დღე მოელისთ, მაგრამ რა არსენას ბრალია? ვინც ხმალი იშიშვლა, უნდა კიდეც მოიქნიოს.

- მაგდანას მამას სეხნიასაც გამოუშვებენ? - იკითხა მარაბდელმა.

- არასგზით. სეხნია არსენას საქმეზე არ არის დაჭერილი და იმის თავს ნუ მომთხოვსო. სხვა მხრივაც ვიცი, რომ სეხნიას მართლა არ დაგითმობენ.

არსენას ალექსანდრე ბატონიშვილის კაცებთან საერთო არა ჰქონდარა და ვერც წაესარჩლებოდა, მაგრამ მაგდანამ და ზურამ სთხოვეს და რაიმე ღონე უნდა ეღონა. “ვერ გავიტან, - გაიფიქრა, - სხვა დროს და სხვანაირად მოვუხერხებ რამეს”. - და შალვას აჰხედა და უთხრა:

- უთხარი, არსენა ყაბულს არისთქო. მაგრამ თუ მომატყუა და ჩემიანები არ გამოუშვა, ჩემმა მზემ იმ გზაზე ერთბაშად ათას კაცზე ნაკლები ვეღარ გაივლის, და თუ ზარბაზნებიც თან არ ათრიეს, ვეღარც ათასი გაივლისთქო, აგრე! ლოპიანავ, მოიტა მწვადი, ღვინო, ხრამული, თართი და რაც კი იშოვება. სუფრა დამილოცე ბატონო. ფილადო-ბერის ამბავსაც გიამბობ და საცაა თვითონაც გამოჩნდება.

და არმაზელი ყაჩაღის და ბერის ტყვეობის ამბავი უამბო, შალვამ ბევრი იცინა. ამასობაში ბინდი ჩამოწვა და ბიჭმა ფარანი მოიტანა. მტკვარი გამდნარი ფოლადის სარტყელივით გაშლილიყო, ოდნავ ბიბინებდა და დუდუნებდა. ზედ რამდენიმე ტივმა ჩაირბინა. ომისთვის ხეტყე სჭირდებოდათ და სოღანლუღში ახალი სატივე და სამხერხაო გაემართათ.

უცებ ბუჩქებიდან ერთი ტივიც გამოცურდა და არსენას სუფრას მოადგა. ზედ შავი ბერი იდგა დაყუდებულივით. მერმე მოსხლტა და სიცილით გადმოხტა ნაპირზე.

- ბერო, გვიამბე, როგორ გაგაშიშვლეს? - ჰკითხა შალვამ და სუფრაზე მოისვა.

სანამ ისინი ოხუნჯობდნენ, მანამ ლოპიანამ ღვინო, მწვანილი, მოთალი, ცოცხალი და მწვადი მოართვა.

როცა დანაყრდნენ და ოდნავ შეზარხოშდნენ, ბარათაშვილმა არსენას სადღეგრძელო წარმოსთქვა:

- ძმაო არსენ, ახლა საქართველოში შენზე მეტად სახელოვანი ვაჟკაცი აღარ არის. ალექსანდრე ბატონიშვილი დაბერდა და იმედს აღარ იძლევა. თავად-აზნაურობის უმეტესობას რუსეთის მეფის მხარე უჭირავს და ხალხს ვეღარ უძღვება. გლეხი უპატრონოდ დარჩა და ბელადს ეძებს, შენზე უკეთესი ბელადი კი არცა ჰყოლია და არც ეყოლება.

- ჭეშმარიტად, სიმართლეა! - ჩაურთო ბერმა.

- სანამ ტყეში გავარდებოდი, მანამდის ბევრი არავინ არ გიცნობდა. ამბობდნენ, სანაქებო მოჭიდავეა, განთქმული მოჯირითეა, კარგი მონადირე და გულმართალი ვაჟკაციო. ახლა საქართველოში კაცს ვერა ნახავ, რომ ჭკუასაც, პატიოსნებასაც და სინდისსაც არ გიქებდეს. სადაც გაიხედავ ყველა შენზე ლაპარაკობს, გლეხობას კი ამ ქვეყნად ჩამოსულ ღმერთად მიაჩნიხარ. ყველა ხატები დაივიწყეს და შენზეღა ლოცულობენ. ისიც კარგად იცი, რომ სხვა წოდებათა შორისაც ბევრი დამხმარე გაგიჩნდა. აზნაურობა და სამღვდელოებაც თითქმის, სულ შენს მხარეზეა და შენი ვაჟკაცობის დამფასებელი თავადებშიც იპოვება. რაღა შორს წავიდეთ, მეც შენი მეგობარი და მფარველი ვარ. მე ახლა გისურვებ შენი მოხვეჭილი სახელი საქართველოსთვის მიგეძღვნას და გლეხობის გარდა სხვებზედაც გეზრუნოს. მარტო გლეხები ვერას გახდებით.

- ვერას გახდებით. - განიმეორა ბერმა და გაცივებულ მწვადს დასწვდა.

- ჰაი, ჰაი, რომ ვერას გავხდებით. - დაუმოწმა სმენად-გადაქცეულმა მარაბდელმაც და ცოტა წინ მიიწია.

- ლელოს ვერც მარტო ჩვენ გავიტანთ. - განაგრძო შალვამ. - საერთო მტერს საერთო ძალით უნდა შეუტიოთ. ახლა რუსი სულ იმას ცდილობს, რომ თავადაზნაურთა და გლეხთა შორის შუღლი დასთესოს, ერთმანეთს გადაგვკიდოს და საერთო საქმე ჩაგვიფუშოს. ჩვენც დაგვჩაგრეს და გლეხებიც. მაგრამ თქვენ ნამეტანი წააგეთ. ასეთი ხარკი არასოდეს არ გიზიდნიათ. ხორბალს სულ უფასოდ აძლევთ და ურმის ბეგარამაც ხომ სულ გაგიჩანაგათ საქონელი. საფულო გადასახადი კიდევ სხვა არის. ახლა როზგი და გაციმბირებაც შემოიღეს.

- შაჰაბაზზე უარესი დღე დაგვაყენეს. - მდუღარედ ჩაურთო ბერმა.

- რაღა სიტყვა გაგიგრძელო, - განაგრძო თავადმა, - შენცა და მეც მოწინავე კაცები ვართ და ვალად გვადევს ჩვენს ბედკრულ ხალხს ვუშველოთ. ახლა მე შენს სადღეგრძელოს ვსვამ და გისურვებ, რათა გლეხებს, შენი მეთაურობით ახლაც ისევე პირნათლად შეგესრულებინოთ თქვენი საქმე, როგორც უწინ შეგისრულებიათ. ქართველი გლეხი მუდამ ბატონის მორჩილი იყო და იმედია არც ახლა გაგვიწევთ ურჩობას. იყავ დღეგრძელი, ჩემო არსენ!

- ამინ! - წამოიძახა ბერმა, არსენამ კი გაიღიმა და არა უპასუხარა.

სამთავ დალიეს. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. ღამე ჩამოწვა. მტკვრის გაღმა მთვარე ამოგორებულიყო და მიდამოს მკრთალად ანათებდა. წყალზე წითელ-ყვითელი ჭავლი ციმციმებდა, ბერი და შალვა არსენას საპასუხო სიტყვას უცდიდნენ, მაგრამ მარაბდელი სდუმდა, ულვაშებს იგრეხავდა და კიდევ რაღაცას ელოდა.

უცებ ბერი დაიხარა და არსენას ჩასჩურჩულა:

- არსენ, რუსები რომ გავყაროთ, რას იტყვი?

არსენამ გაიღიმა, კვლავ შუბლი მოიფხანა და ჩუმადვე მიუგო:

- არაფერს არ ვიტყვი, გაჰყარეთ. - და გაახსენდა ბერისა და თავადების ნართაული საუბარი შალვას სახლის აივანზე მარაბდაში და დღევანდელი “აქტი გონიერი”.

შეთქმულთათვის ცხადი გახდა, რომ გლეხი არსენა გლეხურად ცუღლუტობდა. “გავყაროთ” კი არა სთქვა, “გაჰყარეთო”, და იმათი მხრივ კიდევ მეტს სათქმელს ელოდებოდა. მაშინ შალვამ დახლართულ ბილიკებს გადმოუხვია და პირდაპირ ჰკითხა:

- გვიშველი თუ არა?

- თავიდანვე აგრე გეთქვათ, თქვე დალოცვილებო. - გაიღიმა არსენამ და თავადს თვალი თვალში გაუყარა. გაუყარა და თვითონაც პირდაპირ დაუბრუნა: - რისთვინ უნდა გიშველოთ?

- როგორ თუ რისთვინ?... აკი გითხარი... ალბათ ვერ გაიგე. - გაოცდნენ ორივენი.

- ძალიან კარგადაც გავიგე. ამბობთ, საქართველო გავანთავისუფლოთო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ რისთვინ და ვისთვინ? ჯერ ეს მითხარით. რას აპირებთ, უზურში რა გაქვთ და პასუხსაც მერმე მოგახსენებთ.

- რა უნდა გვქონდეს უზურში? საქართველოს თავისუფლება და ხალხის ბედნიერება მეთქი. - მიუგო თავადმა.

- ამაზე მეტი რა გინდა? - დაუმატა ბერმა.

- გიშველა ღმერთმა! - მიუბრუნდა არსენა ბერს. - მაგაზე მეტი არა მინდარა. შენვე სთქვი, რუსეთში მშვიდობაა და ქვეყანასა ზედა ურვაო. ჩვენშიც ზევით მშვიდობაა და ქვევით კი ურვა ტრიალებს. ჰო და ახლა მითხარით, როგორ უნდა შეანელოთ ეს ურვა?

- არ მესმის... ვერ გავიგე... გამაგებინე. - მიაყარა ორივემ და ახლა კი მარაბდელისთვის გახდა ცხადი, რომ ბერი და თავადიც ბერ-თავადურად ცუღლუტობდნენ.

- ვერ გაიგეთ და გაგაგებინებთ. - და პირდაპირ მიახალა: - ბატონ-ყმობაზე რას იტყვით? ისევ დარჩება?

ორივენი ჯერ არსენას დააშტერდა, მერმე ერთმანეთს გადაჰხედეს და როცა ორჯერ კიდევ მოესმათ ჟინიანი “დარჩება?”, აირივნენ და ალუღლუღდნენ:

- ბატონ-ყმობა?... მაშ უბატონოდ როგორ შეიძლება?... სად გაგონილა?

რაკი არ გაგონილა, მაშ ბატონმა ეგ ჩუმი საქმე თვითონვე გააკეთოს. ესეც ხომ ღალა არ არის, რომ რუსი დაიხმაროთ. უბატონოდ სად გაგონილაო! მაშ რისთვის შეეფიცნენ შარშანწინ ი ვიღაც დეკემბრელები? რისთვინ დაღვარა ზღვა სისხლი ნაპალევანმა? რად შეაზანზარა მთელი ქვეყანა ნაპალევანის სარდალმა და იმის ერთგულმა ჩემმა დეიდაშვილმა როსტომმა? მაშ ფრანგისტანში ისევ ბატონ-ყმობა დარჩა? - ეს მაგალითი ხელზე დაიხვია და რამდენჯერმე იკითხა დაჟინებით: - ისევ დარჩა მეთქი?

- დაიცა, არსენ, ნუ გააჭენე! იმისთვის კი არ დაგიბარეს ბერმა და თავადმა, რომ ამ ნასწავლ გვამებს ჭკუას ასწავლიდე. ყური უგდე და შენვე ისწავლე.

- მართალია, “ფრანციაში” და სხვაგანაც ბატონ-ყმობა აღარ არის, მაგრამ იქაური ხალხიც და ცხოვრებაც სულ სხვანაირია და მათი ყურისგდება ჩვენ არ გვარგებს.

- გვარგებს! - ისევ დაიჟინა ოძელაშვილმა. - ისე გვარგებს, რომ მზე მაღლა იყოს!

- გარდა ამისა, ფრანციაში ბატონ-ყმობა მოისპო, თორემ უმცროს-უფროსობა კი არ მოსპობილა. - მოუჭრა თავადმა.

- გიშველა ღმერთმა, მეც მანდა ვარ! - იხელთა არსენამ. - მთა და ბარი ვის გაუსწორებია? უმცროს-უფროსობა მუდამ იყო და კიდევაც დარჩეს. მე ნასწავლი არა ვარ, მაგრამ ეგენი მეც კარგად ვიცი. პირველობა ნასწავლისთვინ დამითმია, მე კი სულ უკან დავდგები. მაგრამ ბატონ-ყმობა სულ სხვა რამ არის და უმცროს-უფროსობა კიდევ სხვა არის. აგრეა თუ არა?

- აგრეა, მაგრამ...

მაგრამ უბატონოდ მაინც არა გამოვარა. არსენა ოდნავ ფიცხობდა და ხშირად იმეორებდა: “მე თქვენსავით ნასწავლი არა ვარ”, და უფრო მეტად ბრაზობდა იმის გამო, რომ მართლა ნასწავლი არ იყო, მაგრამ გულიც და სულიც გატენილი ჰქონდა მწვავე რწმენით, რომ თავდაპირველად ბატონყმობა უნდა მოსპობილიყო და თანასწორობა დამყარებულიყო.

- უამისოდ ჩვენი საქმე ვერ გარიგდების. - იმეორებდა დაჟინებით. - დამიჯერეთ, ვერ გარიგდების მეთქი - და აშვერილი თითი მცირე ხნით შერჩა ჰაერში. - დამიჯერეთ მეთქი!

არ დაუჯერეს. დაღონებულმა შალვამ ბერს გადაჰხედა და ღიმილით უთხრა:

- არსენამ ორმოციოდე წლით დაიგვიანა. ფრანციცული შფოთი სწორედ იმიტომ ატყდა, რომ ძმობა, ერთობა და თავისუფლება მოინდომეს.

- ვენაცვალე იმათ ღმერთსა! - წამოიძახა არსენამ. - მეც ეგ მიწერია დროშაზე. არც კი ვიცოდი და ისე დავაწერე. ჩემმა დეიდაშვილმა როსტომმაც ალბათ მაგისთვინ მოიხვეჭა სახელი. ისიც მარაბდელი ტლუ ბიჭი იყო, მაგრამ დახე სად გავარდა და რა გმირობა ჩაიდინა! - და სიჩუმის შემდეგ უცებ ჰკითხა: - შეესვლება თუ არა მდაბიოს თქვენს ძმობაში?

შალვა და ბერი დაფეთდნენ, შიშით გადაჰხედეს ერთმანეთს და არსენას ჰკითხეს:

- რის ძმობა? რა ძმობა? ვინ გითხრა?

- თქვენ მიბრძანეთ, მეფის რუსეთის ჯარი უნდა გავრეკოთო. ეს საქმე ვინმემ უნდა ითაოს და მოაწყოს. ამიტომ მეც ვიფიქრე ამ ხალხს თავი-კაცები ეყოლებათ მეთქი და ამიტომ გკითხეთ.

- არც ძმობა გვაქვს და არც თავი-კაცები გვყავს. - უარჰყვეს თავიანთი საიდუმლოება ბერმაც და შალვამაც.

- რახან არა გყოლიათ, მაშ მერმე გეყოლებათ, უამისოდ არ იქნების. - დაბეჯითებით მიუგო არსენამ, რომელიც მათმა ნაუბარმა და “აქტმა გონიერმა” მტკიცედ დააჯერეს, რომ უკვე რაღაც ძმობა უნდა არსებულიყო. - ამიტომ გეკითხებით, შეესვლება მეთქი თუ არა მდაბიოს თქვენს საქმეში?

- არ ვიცით... მოვიფიქრებთ... ჯერ არაფერი არ არის. - ლუღლუღით მიუგეს მათ და ეს პასუხიც შეთქმულების არსებობას ადასტურებდა. არსენა გაჩუმდა. შალვამ უკანასკნელად ჰკითხა:

- მაშ ვერ მოვრიგდებით?

არსენა გაჯიქდა:

- ვერა, შენი ჭირი მე, ვერ მოვრიგდებით. რაც არ იქნების, არ იქნების.

- მაინც, კიდევ მოიფიქრე - ურჩია შალვამ. - ნუ აჩქარდები.

- მოიფიქრე, ძმაო, მოიფიქრე. - ურჩია ბერმაც.

- მშვიდობით იყავი, არსენ.

- შენი წყალობა ნუ მომიშალოს ღმერთმა. - და ერთმანეთს დაშორდნენ.

- ლოპიანავ, - უთხრა არსენამ მედუქნეს, - დილით ადრე ისნის ხიდზე გახვალ. იქ ერთი ბიჭი მოგელოდება. სახელად გიგუა ჰქვიან. წამოიყვანე და სადმე საქმეში ჩააყენე. რაო, ლოგინიო? დიდი ხანია რაც გადავეჩვიე. ჩემთვის ნარ-ეკალი ლოგინზე უფრო რბილია. წადი, დაიძინე. ღამე მშვიდობისა.

ისევ ბაღში ჩავიდა, ლურჯა აუშვა და კრწანისისკენ გამოსწია, საცა მისი ქალაქელი მოკეთე ცხოვრობდა.

სწორედ იმ დროს, როცა არსენამ ზემოთ ამოუხვია, უკნიდან ხმაურობა მოესმა და მიიხედა. ლოპიანას დუქანსა და ბაღს ასიოდე მაშხალა შემოჰხვეოდა და კარის რახუნი და შეძახილი მოისმოდა.

“ძაღლმა წეღანვე დამინახა და თავი მოიკატუნა, თითქო ვერ მიცნოო. - ჩაილაპარაკა თავისთვის არსენამ. - ეხლა კი მეძებს. კიდევ კარგი, რომ შალვამ და ბერმა დროზე გაასწრეს”. - და ფოთლიანში მიიმალა.

მაიორი კი ცოფიანივით დარბოდა ბაღებში, ბრძანებლობდა, ჰკიოდა და მტკიცედ სჯეროდა, რომ შებოჭილ არსენას იმ ღამესვე მიუგდებდა ბატონებს.

დილითღა დარწმუნდა არლოვი, რომ აკვიატებული მარაბდელი ერთხელ კიდევ წაუვიდა. დარწმუნდა და, გაწბილებული, ბოსტნის კვალში დაეცა. დიდხანს ჰფართხალობდა და გაჰკიოდა:

- უშოლ! უდრაალ! ულეტეელ! წავიდა! გაიქცა! გამიფრინდა!

მეორე დილით ლოპიანამ იმ ალაგას ერთმანეთში არეული რამდენიმე ბღუჯი წითური თმა და ფესვიანად ამოგლეჯილი მწვანილი იპოვა და ხელგაშლილი ჩაიბურტყუნა:

- ვააა, ეს კაცი თვითონვე ყოფილა დასაბმელი, ის კი სხვებს იჭერს და აბამს! სამართალია?

* * *

არსენამ ბანაკი როსტომს ჩააბარა და იმედნეული წავიდა ქვიშხეთში. ლაცაბიძეც ღირსი იყო ბელადობისა, მაგრამ მარაბდელი არ ენდო, რადგან “ეშვიანი მტრედი” ფიცხლივ მიიწევდა ბარისკენ და რაზმს ფათერაკს წაჰკიდებდა.

როსტომი მეტად ხათრიანი ბელადი გამოდგა. ბრძანების მაგიერ მის ხმაში თხოვნა ისმოდა: “შენი ჭირი მე, სევასტი... გენაცვალე, კარპიჩ... მან ოლემ, ჰასან... ბაღოჯან, თავი აგტკივდა? ზურა, გინდა დაისვენო? და მხოლოდ თავის დისთვის და ფიქრიას დასატუქსავად იცლიდა ხოლმე, მაგრამ არც მარინეს და არც “ქერა ალქაჯს” მისი ბიძგი არა სჭირდებოდათ.

მუშაობამ და ვარჯიშობამ მეორე დღიდანვე დაიკლო. სამაგივროდ ღვინის სმამ, ხეტიალმა და ბარში ჩასვლამ იმატა, ნამეტნავ კი ჩურჩული და განაპირება გახშირდა. ლაცაბიძეს აღარ ასვენებდნენ და არც ის ასვენებდა ზოგიერთებს. დღეში ორჯერ მაინც გაიწვევდა ბუჩქნარში კარპიჩას, ან დალი ჰასანს, ზოგჯერ მეშთას და ზოგჯერ რომელიმე ახალმოსულს, ზოგჯერ კი ჩუმ თათბირსაც მართავდა და რაღაცას ამზადებდა.

უკანასკნელ დროს განდგომილებმა პირში წყალი ჩაიყენეს, თათბირის შემდეგ კი სულაც მუნჯდებოდნენ და დანარჩენ ძმებს თითქოს კიდეც ერიდებოდნენ. დროგამოშვებით რომელიმე მათგანი მოულოდნელად დაიკარგებოდა, სამიოდე დღის შემდეგ ხელახლა გამოჩნდებოდა და მაშინვე თათბირი იმართებოდა. ეს ბზარი არსენამაც შეამჩნია, მაგრამ საქმე გათიშვამდე არ მიიყვანა, რადგან არც თვითონ უმალავდა დაუმალავს და არც იმათ ამალვინებდა. ორი კაციც რომ განაპირებულიყო, ოძელაშვილიც იქ გაჩნდებოდა, თავის გულს გადაუშლიდა, იმათაც გადააშლევინებდა და ეჭვიანობის მწერს უპოვიდა, უპოვიდა და მანამდე ულამუნებდა და აჯერებდა, სანამ იმ ხინჯს არ გააქრობდა, ახლა კი მოლამუნედ არავინ გამოჩნდა და გამთიშავი წერტილი ჯერ ხარვეზად გადაიქცა, მერმე გაღრმავდა, გაგანიერდა და ბანაკს გასკდომას უქადდა.

- როსტომ, იღონე რამე, თორემ გვიანღა იქნება. - აფრთხილებდნენ ბელადის ნაცვალს ზოგიერთები, მაგრამ ჯორჯიაშვილი მხრებს იშმუშნიდა და ჰბუზღუნებდა:

- გადია ხომ არა ვარ რომ ყველას უკან ვდიო? თუ არსენასაც არ უნახავენ ხათრს, მე რაღას დამიჯერებენ! - და ისევ ტახზე, ჯიხვზე და ირემზე მიდიოდა.

ჯიბრის შენელება მის მაგიერ სულხანმა სცადა:

- იმერელო, - უთხრა ერთხელ სევასტის, - რაღაცას აპირებ და ხელი აიღე.

- კახელო, - მიახალა შავმა მტრედმა და თეთრი ეშვები გაუკრიალა, - მე მეტიჩარა კაცი არ მიყვარს.

ლაცაბიძე ამ ბანაკში შინაური კაცი იყო, სულხანი კი გარეული, ამიტომ გაჩუმდა ყოჩაშვილი და როსტომს ურჩია ტყვია-წამალი მიემალნა. ჯაბადარს დაუძახეს და თოფხანა გაუშინჯეს. ნახევარიც არ აღმოჩნდა. ცხადი იყო, რომ სევასტის მოესწრო და უკვე საკუთარი მარაგი გაეჩინა.

ერთხელ სევასტიმ არსენას ერთგულ მაგდანას უთხრა:

- შენ რაღა გალაპარაკებს, დედაკაცო? სახლი გქონდა და დაგიწვეს. პაპა გყავდა და დაგიწვეს. ქმარი გყავდა და გაგიყიდეს. ძმა გყავდა და ხელახლა დააპატიმრეს.

- რაო, დათუნა ისევ დაიჭირეს?

- კი, დაიჭირეს და კაის არაფერს დააყრიან. - და ერთი ლოდიც მიახალა: - მამა გყავდა და ჩამოხრჩობას უპირებენ.

- რამ გაგაგიჟა, სევასტი! - გაიცინა მაგდანამ. - მამა-ჩემი სეხნია ათი წელიწადია სპარსეთშია გადახვეწილი.

- კაი ნათესავები გყოლია. - ჩაიცინა სევასტიმაც. - ერთი თვეც იქნება რაც დაბრუნდა, მარა რამდენიმე დღეში დაიჭირეს. ვისაც გინდა ჰკითხე. შენს გარდა ყველამ იცოდა, მარა არსენამ ბრძანა და დაგიმალეს. რომ არ დაემალათ. აქამდე რაცხას ვიღონებდით, ახლა კი... ახლა შენ თვითონ იფიქრე.

მაგდანა უსიტყვოდ მოშორდა სევასტის და იმის წვერივით დაბნელდა. მართლა და რა დასამალავი იყო? ამას ვერ მიხვდა და არსენას ჰკითხა:

- მამისა და დათუნას დაჭერა რად დამიმალე?

- რაც დარდი გაქვს ეგეც გეყოფა. - მიუგო ბელადმა. აი ამიტომ დაგიმალე.

- ახლა რას აპირებ?

არსენაც ხშირად ჰფიქრობდა, მაგრამ ჯერ ვერაფერი ვერ მოუგონია. შულავერში კაცი ჰყავს და ის ყველაფერს ატყობინებს. მაგდანა უნდა დაწყნარდეს და ისევ არსენას მიენდოს. ის დროს იხელთებს და ორივეს უშველის, ორივეს და იმ ასიოდე უბედურსაც, ვინც ამ რაზმის გამო ლპება.

ამის შემდეგ მაგდანა თითქოს გაიბუტა. დილით რომ ტყის სიღრმეში შევიდოდა, სამხარზეღა დაბრუნდებოდა, და ხელმეორედ რომ მიიმალებოდა, საღამოზედაც ძლივს გამოჩნდებოდა. ჭირისუფლად მარინე და ფიქრია ჰყავდა. მაგრამ სევასტიმ ორივე დაჩრდილა. შულავერში მოენე გაიჩინა და პატიმრებთან საიდუმლო ძაფი გააბა. ამან შავი ქვრივი საბოლოოდ მოჰხიბლა და ლაცაბიძეს მიაბა. მას შემდეგ დღე აღარ გავიდოდა, რომ არ განაპირებულიყვნენ და ქვრივს ახალი ამბავი არ ეკითხა და სათხოვარი რამ არ ეთხოვნა, ხოლო როცა არსენა ქვიშხეთისკენ წამოვიდა, მაგდანა აშკარად მიემხრო განდგომილს, სხვებზე მეტად დაფაცურდა და ხშირად ეკითხებოდა შავწვერას:

- რაღას ვაგვიანებთ, სევასტი? როდისღა დავიძრებით?

ლაცაბიძე ამშვიდებდა: ზაალი ქალაქში წასულა და ჯერ კალოობაც არ გათავებულა. ლაცაბიძემ გლეხებს ბატონის მზამზარეული ჭირნახული უნდა დაურიგოს, თორემ ძნებს ხომ არ წააღებინებს? დავითიც ჩამოსულა სომხეთიდან და ჯერ არ გაბრუნებულა.

მაგრამ მაგდანას ზაალის დასჯა არ ეჩქარება. სულ ერთია, ვერსად წაუვათ. თუნდა ახლავე ჩაუხტებიან, თუნდაც სამი თვის შემდეგ. ზაალმა არსენას დანაპირები არ შეუსრულა და ისევ არსენას საქმეა, როდის და როგორ აზღვევინებს. აკი სთქვა კიდევაც ოძელაშვილმა, ზაალს სიტყვის გატეხას არ შევარჩენ და მალე მიუზღავო.

ბოლოს მზვერავმა სანატრელი სიტყვა მოიტანა: ზაალი თავის ჯალაბობით მარაბდაში მობრუნებულა, დავითიც იქ არის. მაიორი კი ქალაქში დარჩენილა, თრიალეთ-ბორჩალოს “ნაჩალნიკობა” მიუღია და ერთი კვირით შულავერში ამოვაო.

აბა ეხლა კი აჩქარდით! არსენას შერცხვენის დროც მოვიდა. სევასტის გეგმაც მზადა აქვს: ბარათაშვილს ჩაუხტებიან, დაარბევენ და წამოვლენ, ხოლო სევასტი, მაგდანა, ზურა და სამი სხვა ბიჭი ხრამის გაღმა გაიჭრებიან და შულავრის ბოლოს სეხნიას, დათუნას და სხვებსაც მოუცდიან. საპატიმროს დარაჯი მოსყიდულია. სეხნიას ის გამოუშვებს და თვითონაც გამოჰყვება. ოღონდ არსენას მომხრეები ნუ აყაყანდებიან და ხელს ნუ შეუშლიან, თორემ ამ დიდებული გეგმის ჩაშლა მათი ბრალი იქნება.

მაშ აგრე: ადრე დაწექით, გამოიძინეთ და მზად იყავით. თვითონ სევასტი გაგაღვიძებსთ და დანარჩენიც მერმე გამოჩნდება.

როცა ბანაკი ღრმა ძილში შევიდა, ზოგმა მუხის ფესვმა ქურდივით წამოიწია. ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ოსტაპმა მეშთას ცხენები არ დაანება.

- ხაი ტობე ბის! - დაიყვირა მან და მთელი ბანაკი წამოიშალა. - არ მოგცემ. როსტომს ჩემთვის არაფერი არ უთქვამს.

ვინც არაფერი იცოდა, განგაში ეგონა, იარაღი იშიშვლა და წინასწარ მიჩენილ საფარს ეცა. როსტომმა ბანაკის შუაგულში მაშხალა დაარჭო და. -

- სთქვით, უზურში რა გიდევთ და რას აპირებთ? - ჰკითხა მან წამოშლილებს.

- ვაჟკაცები ვართ და ზაალი უნდა დავარბიოთ. გვეყო ამდენი ჯდომა!

- შულავრიდან ჩვენები უნდა გამოვიყვანოთ... მოცდა აღარ შეიძლების!

შავი ანგელოზი შავ სატანად გადაქცეულიყო. შურისძიებით ანთებულიყო და ვაჟკაცური ხმით ბრძანებლობდა:

- ვისაც არ უნდა, ნუ წამოვა. აბა, საგზალი მოამზადეთ, ცხენები გამოიყვანეთ და წავიდეთ. ამდენი ლაპარაკი გვეყო! შენ კი, როსტომ, ჩემი კაბა ჩაიცვი, აქაურობა დაჰგავე, შეჭამანდიც მოგვიხარშე და საცვალიც გაგვირეცხე, ახა-ხა!

- და მისმა სიცილმა ღამის დუმილი შეარხია. ახლა არსენას ერთგულებმაც იგრიალეს:

- არსენას არა უთქვამსრა.

- ეგ ხომ აჯანყებაა!

- წესი არ არის, არა!

- ეგ სადაური ძმობაა!

- არსენას მოუცადოთ, არსენას! ლაცაბიძემ თითი ასწია, მაგრამ შავმა ქვრივმა დაასწრო, თოფის კონდახი დაჰკრა მიწას და შესძახა:

- არსენა მეფე ხომ არ არის, რომ ყველაფერი მარტო იმას ეკითხებოდეს? არსენა თავის საქმეზე დადის და ჩვენ არ გვეკითხება, მაშ ჩვენც ჩვენს საქმეს მოუვლით და არსენას აღარ მოვუცდით.

- არსენას რა ენაღვლება, პაპა-ჩემს კი დღეს ან ხვალ ჩამოახრჩობენ. - დაიძახა ზურამაც.

- აგრეა! მართალია! წავიდეთ! - დაიძახეს აქეთ-იქიდან და დაიძრნენ.

ბარგისთვის და დაჭრილებისთვის ოთხი ცხენი წაიყვანეს და დარჩენილ ძმად ნაფიცებს შორიდანაც უკიოდნენ:

- ვინც ვაჟკაცია წამოვიდეს!

- ვინც ჯაბანია დარჩეს!

არსენას მომხრენი ჯერ დაიბნენ, მერმე ფიქრიამ დაიძახა:

- სირცხვილია!

- აუგია! - დაუმოწმა ქავთარმაც.

- ძმები ვართ და უნდა მივყვეთ. - დაეთანხმა როსტომიც და მთელი ბანაკი დაიძრა.

“შინ” მხოლოდ მტირალი მარინე და ორი ავადმყოფი დასტოვეს.

- უდროშოდ წასულან. - სთქვა როსტომმა და ალამი მხარზე გაიდო.

როცა უკანანი წინმავლებს დაეწივნენ, სევასტის ჯგუფში სასიხარულო ჩურჩული გაისმა.

- მივდივართ, მაგრამ მოპასუხე თქვენ იქნებით - უთხრა როსტომმა ლაცაბიძეს და ქვრივს მიუბრუნდა: - შენ კი, ძალო მაგდან, შავი ანგელოზი კი არა, შავი ალქაჯი ყოფილხარ.

ქვრივმა სიბნელეში ბნელად ჩაიღიმა და წინ-მიმავალი ზურა გააფრთხილა:

- დროშა ქვეით დასწიე, თორემ ხის ტოტებში დაგეხევა.

როსტომმა ახლაღა შენიშნა, რომ რაზმს მეორე დროშაც მიუძღოდა.

- ეგ რა დროშაა? სადაურია - იკითხა გაოცებულმა და ცხენი შეაყენა.

სხვებიც შესდგნენ. შეჯგუფდნენ, და ახალი დავა ასტეხეს. ახლა მაგდანას ნაცვლად ლაცაბიძე ლაპარაკობდა:

- ჩვენი დროშაა. მაგდანას შევაკერინე.

- ზედ რა სწერია? რა ფერია?

- შავია და ზედ სწერია: “სიკვდილი ჯალათებს”.

- არ ივარგებს. ვერ მოვრიგდებით. - მტკიცედ განაცხადა როსტომმა. - ჩვენ ჩვენი დროშა გვაქვს. ჩვენვე ვაკურთხეთ და ზედ ერთმანეთს ძმობა შევფიცეთ. რაც ზედ სწერია, ისიც ყველამ დავადასტურეთ, თქვენ კი ჩუმად შავი ნაჭერი შეგიბლანდიათ და ყაჩაღური რამ წაგიწერიათ. აგეთი დროშა ვერც ფიცს განამტკიცებს და ვერც წინ წაგვიძღვების.

- ვერ გაგვიძღვების. - დაუბეჭდეს სხვებმაც.

- შავი დროშა ეშმაკისაა და არ გავყვებით. - გადაჭრით განაცხადა სულხანმა.

- გადააგდეთ! დაწვით! დამალეთ და წამოვალთ.

ლაცაბიძე მოტყდა. წეღან არსენელებმა დაუთმეს და გამოჰყვნენ, ახლაკი თვითონაც დასთმო, მაგრამ შავი ალამი არც დასწვა და არც დახია: ტყეში შეიტანა, ფუღუროში მიმალა და გამოვიდა. ზეგ ან მაზეგ ისევ ამ გზით დაბრუნდება და წამოიღებს. შავწვერას შავი დროშა კიდევ დასჭირდება.

მაგდანა აფორიაქებული იყო და ხმას აღარ იღებდა. ლაცაბიძის დაპირება არა სჯეროდა, ვითომ სეხნიას დარაჯი გამოიყვანდა, და მტკიცედ იყო დაჯერებული, რომ საპატიმროს კარი ძალით უხდა შეენგრიათ და ბედოვლათი დათუნაც პატარძალივით მოეტაცნათ. მაგრამ ვინ იცის, ჰყავს მართლა ლაცაბიძეს მშველელი? შულავერში არ უვლია და არ უნდა ჰყავდეს. არსენას კი ჰყავს. ნეტა ახლა აქ ყოფილიყო ოძელაშვილი! რა ეშმაკურად გააცურა მაშინ კოდაზე პოლიციელები! ახლაც რაღაცას მოიგონებდა.

“ციხე გავტეხოთ და ძალით გამოვიყვანოთ”, უთხრა ერთხელ ქვრივმა ოძელაშვილს. არსენამ თავი გააქნია და მტკიცე უარი უთხრა: “სხვანაირ გზას ვეძებ და დამაცალეო”, და ყველანი დაივიწყა.

- რამ დაგაღონა, ძალო? - ეკითხება ახლა როსტომი.

- შულავერში წამომყვები? - პასუხის ნაცვლად თვითონვე ჰკითხა ქვრივმა.

როსტომი მიუხვდა.

- არსენას მოუცადე. - მიუგო. - მაგ საქმეს არსენას გარდა ვერავინ ვერ მოახერხებს.

ლაცაბიძე გვერდით მოსდევდა და სდუმდა. ქვრივიც დადუმდა და ეჭვი უფრო გაუსივდა. იქნება მართლა სჯობნებიყო, რომ ისევ ოძელაშვილს მინდობოდა? მაგრამ გვიანღაა. არჩევანი აღარ არის. არსენა დღესაც სადღაც დაეხეტება, ესენი კი უკვე სალაშქროდ მიდიან და უკან დახევაზე კრინტის დაძვრაც აღარ შეიძლება. მაშ გასწით! ჩაუხტით! დაარბიეთ!

მოძრავი ჩრდილებივით გაჭიმული რაზმი მთვარიან ღამეში ფეხაკრეფით მიიპარება. რიჟრაჟზე საურმე გზას გადაუხვიეს. ბილიკებზე გადავიდნენ და კვამლიან ალაგებს შორს მოუარეს.

ენაგეთი როსტომის სოფელია. იქ რამდენიმე მოენე ჰყავთ. თუ ახალი რამ მოხდა, რაზმი ახლავე გაიგებს. გარდა ამისა, ბაღოს ცოლი ამოსულა აქ და როსტომის დედ-მამასთან უცდის. ერთმანეთს გადაეხვევიან, მოიკითხავენ, იტირებენ და ისევ დაშორდებიან. რაზმი ჭალაში იცდის. ბოლოს როსტომი და ბაღო დაბრუნდნენ სოფლიდან და უცნაური ამბავი მოიტანეს: გუშინ ქალაქიდან მაიორის ბრძანება მოვიდა შულავერში და ციხიდან ას კაცზე მეტი გაუშვესო. ყველანი ერთად წამოსულიყვნენ და წუხელის თავიანთ სახლებში მოსულიყვნენ.

- ახლა ღვთისავარიც, მელანოც, ერეკლეც და დათუნაც შინ ყოფილან. - ასე დაასრულა როსტომმა.

- პაპა-ჩემი? - აჩქარებული ხმით ჰკითხა ზურამ.

- სეხნია არ გაუშვიათ. - მიუგო როსტომმა და მაგდანას გადაჰხედა.

ქვრივმა წარბიც არ შეიხარა და არც არაფერი სთქვა.

- რად გაუშვეს? რა მოხდა? ვინ უშველა? - გაისმა აქეთ-იქიდან.

ლაცაბიძე, როსტომი და მაგდანა თითქო მიხვედრილი არიან. ერთხელ არსენამ გაკვრით უთხრა, მინდა იმ საცოდავებისთვის შალვა ბარათაშვილს ორიოდე სიტყვა შეუთვალოო. მაშინ ორთავ გაკვრითვე მიუგეს, ძალიან კარგი იქნებაო. ეს იყო და ეს. ვინ იცის იქნება არსენა ახლა ქალაქში ჩავიდა და ეს საქმე გაარიგა?

- სევასტი, დავბრუნდეთ. - ერთხელ კიდევ სცადა როსტომმა - დავბრუნდეთ, თორემ იქნება ჭკუა წავაგოთ.

- შენ, ძამიავ, შენი ჭკუა დიდი ხანია წააგე და წასაგები აღარა დაგრჩენიარა, - მიუგო ლაცაბიძემ და თავისიანებს მიმართა: - დროა, წავიდეთ!

ურჩი რაზმი ხელახლა წამოვიდა. როსტომმა კი სევასტის უდიერი პასუხის გამო ჯერ შუბლი მოიღუშა, მერმე მწარედ ჩაიღიმა და შორიახლო გამოჰყვა.

ყველამ იცოდა, რომ ზაალის დარბევას მაიორი ისეე გლეხებს გადაუხდიდა და საპატიმროს ისევ პირთამდე გაავსებდა. იცოდა, რომ ქალაქში რაღაც უნდა მომხდარიყო, თორემ ამოდენა ხალხს ერთბაშად არ გამოუშვებდნენ. მაგრამ ვერც ხმას იღებდნენ და ვეღარც თავს ილაგმავდნენ, რადგან მტკიცე ჯადოთი იყვნენ შედუღებული და მთის წვერიდან მოსხლეტილი ზვავივით მოჰგორავდნენ, რომელიც მაშინღა შესდგება ხოლმე, როცა სხვასაც მიანგრევს და თვითონაც დაიმსხვრევა.

* * *

ზაალს სამი კალო ება, ერთი რას ეყოფოდა! ფირუზა მოურავი განთიადით-საღამომდე მინდვრებში ტრიალებდა, ყმების ძნებს სთვლიდა და ღალას აზიდვინებდა, სხვა მოურავები და შინაყმები კი მოტანილს ითვლიდნენ, ვეება ზვინებად აწყობინებდნენ და იქვე ალეწვინებდნენ.

ბატონს ქართულ კაბა-წუღებზე რუსული თეთრი კარტუზი დაეხურნა, კალოდან-კალოზე დააბოტებდა და ყმებს შესჩიოდა:

- ვეჟო, ასეთი ამბავი გაგონილა? ლამის დაღამდეს და ჯერ ორმოცი ურემიც ვერ მოგიტანიათ?

და საცა ჩრდილს დაინახავდა, გარსიას მიაძახებდა:

- მატრაკვეცავ, დამასვენე!

მატრაკვეცა ჩრდილივით დასდევდა მას და ერთი ხელით ბატონის ჩიბუხი დაჰქონდა, მეორეთი კი დასაკეც სამფეხა სკამს დაათრევდა, რომელსაც “დამასვენეს” გაგონებაზე იქვე ჩრდილში გაუშლიდა ბატონს და პირში ვეება ჩიბუხს მიაჩეჩებდა. ბატონი ახლაც “დამასვენეზე” იჯდა, უნდილად აბოლებდა და მოკიჟულ თვალებს ადევნებდა ყმებს, რომელნიც გალეწილ მოსავალს არნადებით აგროვებდნენ და ფიწლებით ანიავებდნენ.

გუშინწინ განთავისუფლებულმა დათუნამ და ღვთისავარმა კალოზე ერთი საძნე ურემი მიაყენეს ზაალს და საღამო მშვიდობისა უსურვეს.

- ვეჟო, ეგ არის შენი ღალა? - ჰკითხა ბატონმა ღვთისავარს. - სხვა დროს თორმეტი ურემი მოგიტანია და ახლა ხეირიანად ორიც ვერ დაგიდვია.

- სხვა დროს სხვა დრო გახლდათ, შენი კვნესა მე. უწინ თორმეტი დღიურიც დამითესია, ახლა კი ორსაც ვეღარ მოვერიე. - მიუგო ცალთვალამ.

- რატომ ვერ მოერიე, ვეჟო? - იკითხა ბატონმა, თუმცა თვითონაც კარგად იცოდა და წარამარადაც წუწუნებდა იმის გამო, რომ მომხვნელი აღარა ჰყავდა და ღალაც გაუმეოთხედდა.

- ნეტარხსენებული დიდი ზაალი ხუთ კალოს აბამდა და ორ თვეს ლეწავდა, ახლა კი სამი კალო გიბიათ და ორ კვირაშიც გაათავებთ. მაშინ მშვიდობა იყო და გადასახადიც მცირე ყოფილა, ახლა კი ომიანობაა და ხარკიც ერთი-ოთხად მოგვემატა. გარდა ამისა, მაშინ სპარსეთ-ოსმალეთის მხრივ უთვალავი საქონელი მოდენილა და დიდი ალიშ-ველიში და იაფობა ყოფილა, ახლა კი რუსებმა ეს კარებიც ჩაგვიკეტეს და თვითონაც ვერაფერი ვერ მოაქვთ. ჩითი და მარილი რა არის, ესეც კი გამოილია და ლამის საქონელიც გაგვიწყდეს და ჩვენც სურავანდმა გადაგვიტანოს.

- ვეჟო რუსებს თავს აღარ დაანებებ? - წამოიძახა ბატონმა.

- მე კი დავანებებ, შენი კვნესა მე, მაგრამ თვითონ აღარ მანებებენ. - ჩაიღიმა ცალთვალამ. - ნახევარ-კაცად გადამაქციეს და შინ კატაც აღარ დამირჩინეს. - და დათუნაზე მიუთითა: - ამ კაცსაც სავსე ოჯახი ჰქონდა და კერაც აღარ შეარჩინეს.

- ასეთი უმადურობა გაგონილა?! - და ბატონმა ორივე ხელი დაირტყა მუხლებზე. - ახლა თქვენ ციმბირში უნდა ლპებოდეთ და კიდევაც წუწუნებთ? მაშ ჩემს ჯაფას ტყუილად ჩაუვლია. მაშ მაიორისთვის ტყუილად მითხოვნია თქვენი თავი!

- არა, შენი კვნესა მე, რა ბრძანებაა! გუშინწინ შინაც კი არ მივსულიყავით, რომ ყველანი ჯერ თქვენ გეახელით და მადლობა მოგახსენეთ. კვლავაც თქვენი მადლიერი ვიქნებით და რაც ყმას მოეთხოვება, სუყველას პირნათლად შეგისრულებთ.

- ვეჟო, ვინ გაგაჩანაგათ, რუსებმა და ბატონმა თუ შენმა გიჟმა არსენამა? - იკითხა მრისხანე ბატონმა.

- არსენამ, შენი კვნესა მე. - მოტეხილი ხმით მიუგო მამამ და ის კი აღარ დაუმატა, რომ ბატონი და ხელმწიფე იქაურობას უარსენოდაც აჩანაგებდნენ.

- ისევ არსენას ბრალია. - ჩაიჩურჩულა დათუნამაც, რადგან ბატონმა ჭროღა თვალები ეხლა მას მიაბჯინა.

- ჰო და, მაგაზე მეტი რა გინდათ! - უკვე ჩივილივით წამოიძახა მორბილებულმა ზაალმა. - ქალი მომტაცა, ყმები გადაიბირა, განძეულიც წამართვა, სახელიც გამისვარა და კიდევაც მემუქრება. ამაზე მეტი გაგონილა? ეხლა თქვენ გამომდგარხართ და მე მაბრალებთ.

ზაალი გულში თვითონ იბრალებდა, რადგან მართლა ბრალი ედო და ვერ მოეშორებინა. ისიც იცოდნენ, რომ მას თავის შებრალება უყვარდა, მაგრამ არ შეიბრალეს და გაჩუმდნენ. ბატონმა რამდენჯერმე გააბოლა, მერმე დათუნას აჰხედა და ნიშნის მოგებით ჰკითხა:

- ვეჟო ალექსანდრე დაგიმარცხდა?

- ალექსანდრე ბიძად ხომ არ მერგება, რომ ისიც მე ვიტირო? - აუკრა სიტყვა ბარნაველმა და თვალი მოარიდა.

- ვიცი, კარგად ვიცი. სატირალი სხვაც გეყოფა. პაპა გარდაგეცვალა, დაჲ გაგიყაჩაღდა, დისწულიც ტყეში გაგივარდა და მამაც ციხეში გილპება, იმაზედაც იტყვი, ალექსანდრეს კაცი არ არისო? - და პასუხი რომ არ მიიღო, ისევ ღვთისავარს შეუტია: - ვეჟო, არსენა აღარ მორჯულდება?

- აბა რა ვიცი, შენი კვნესა მე. ჩემთვის რომ დაეჯერა, არც გავარდებოდა.

- ციხიდან იმიტომ გამოგიშვეს, რომ მამა ხარ და უნდა დააჯერო, თორემ ისევ შენ მოგეკითხება. გირჩევ შეუთვალე, ზაალი აღარაფერს არ გერჩის და თავი დაანებეთქო.

სწორედ ამ დროს ლაცაბიძის რაზმი მგლის ხროვასავით ამოვარდა ჭალიდან და ზაალის სასახლეს ავი კიჟინით და მრისხანე შეძახილებით მიესია.

- ვეჟო, ეს რა ამბავია? - წამოიძახა ზაალმა და ჩიბუხი ჩალაში ჩაუვარდა. - ისევ ის წყეული არსენა იქნება. - და ბატივით გაიქცა საბძლისკენ.

- დაიჩი! არ გაუშვა! - მიაძახა კარპიჩამ და ისიც კოჭლი ბატივით დაედევნა. - სად მირბიხარ? სად დაგვემალები? - ბატონს კისერში მისწვდა და ტომარასავით დაითრია.

ეზო უცებ შეიკრა. სარკმელებში დაფეთებული თვალები გამოჩნდა და ისევ მიიმალა. შემდეგ შიგნიდან კნეინების კივილი გამოვარდა. დავითმა აივანზე გამოჰყო თავი და დაიძახა:

- ფირუზ! გიგოლი! ბიჭებო! - და ისიც მაშინვე მიიმალა.

ლაცაბიძე, დალი ჰასანი და მეშთა ფეხდაფეხ მიჰყვნენ მას და მიაძახეს:

- გველის წიწილო, იარაღი დაჰყარე, თორემ გაგათავებთ!

დავითი უკვე მოდუნებულიყო, რადგან რაზმი ერთი-სამად მოსჩვენებოდა. დამბაჩა და ხმალი ტახტზე მიჰყარა და, გულხელდაკრეფილი, შუა ოთახში გახევდა.

- ეზოში გამოდით! - დაჰკივლეს რაზმელებმა და ყველანი ქვეით შეაქუჩეს. გიგოლა გოდრიდან ამოეთრია ზურას და კინწის კვრით მოჰყავდა. სოფელში ორი ცხენოსანი დაჰქროდა და იძახოდა:

- ხალხო, გამოდით! ჭანდრის ქვეშ მოგროვდით!

მთელი სოფელი ბატონის ეზოში გროვდებოდა. ლაცაბიძე ზაალის “დამასვენეზე” ჩამომჯდარიყო, ბაბახანურ წვერს ათივე თითით ივარცხნიდა, ეშვებიც ჩამოეშვა და ძნელი გასაგები იყო, იღიმებოდა თუ იღრინებოდა. მაგრამ ცხადი იყო, რომ იმჟამად მისი ღრენა მის ღიმილზე უფრო ლმობიერი იქნებოდა. კნეინა ხორეშანმა წეღანვე ალაგმა უმცროსი კნეინები:

- ნუ წრიპინებთ, სირცხვილია! - შეუტია მათ და ისე ჩამოვიდა კიბეზე, თითქო სანადიმოდ გამოსულიყო. ახლაც წინა რიგში დგას და ყველას უკადრისად ათვალიერებს, ჩოხიან მაგდანას და ფიქრიას კი მედიდური ზიზღით უღიმის. ყოველივე ირგვლივ სამმსჯავრო კრებას ჰგავს და ყველა მის დასაწყისს ელოდება. ბოლოს შავმა მსაჯულმა სთქვა:

- ზაალ, გვითხარი, დაჰპირდი თუ არა არსენას, რომ მარაბდელებს ყველაფერს დაუბრუნებდი რაც მაშინ წაართვი, და თუ დაჰპირდი, შეასრულე თუ არა?

- ვეჟო, რაღა დამრჩა, რომ შემესრულებინა? - ხმის კანკალით და ხელების გაშლით მიუგო ზაალმა. - რაცა მქონდა, ხაზინამ წაიღო და ამაზე მეტი რა გინდათ?

- ხაზინამ იყიდა-თქვა. - გაუსწორა ლაცაბიძემ და განაგრძო: - შენ დაგვპირდი, ღალას აღარ წევიღებო, ყმებსაც გოვუშვებ და სადავო მიწებზედაც ხელს ევიღებო. სად არის აწი შენი სიტყვა?

- ვეჟო, სად შემიძლიან! - წამოიძახა ბატონმა და სხაპუნით დააყოლა: - სამაგივროდ არსენამ განძეული მთხოვა და მივეცი, ეგ დროშა მოინდომა და მივართვი, ხალხის გამოშვება მოინდომა და შევუსრულე. აი ყველანი აქ არიან და მეტი რა გინდათ, ვეჟო?

- დაისა, კასო! - წინ გამოვარდა თათარი და ზაალს კბილები გაუელვა. - იავაშ იოლდაშ! ის ოქრო-ვერცხლი და ეს ალამი შენ უფეშქაშე არსენას თუ თითონ მოგასემინა?

- მთხოვა და მივეცი, მეტი რა გინდა ვეჟო! - წყენით ჩაიბურტყუნა ზაალმა.

“მთხოვა და მივეციმ” მხიარული სიცილი გამოიწვია, ზაალმა კი წინ წამოიწია და ისეთი სიხარულით წამოიძახა, თითქოს წყალწაღებული თოკს მოეჭიდაო:

- ვეჟო, თქვენ რათ შეწუხებულხართ? მე ვიცი და არსენამა. ქალაქში მოვრიგდით: მე ამოდენა ხალხი გამოვაშვებინე, იმან კი თარეშზე ხელი აიღო.

ამ განცხადებამ ჩოჩქოლი გამოიწვია, ზაალმა კი მესამეჯერ წამოიძახა:

- მე ვიცი და არსენამა. მე ამოდენა ხალხი გამოვაშვებინე და ამაზე მეტი რა გინდათ! რაღას მერჩით, ვეჟო?

მსაჯული აირია და სხვებს გადმოჰხედა, სხვებიც დაიბნენ და მსაჯული შეათვალიერეს.

- მაშ სხვანაირად ყოფილა საქმე. - გაისმა აქეთ-იქიდან. - მაშ არსენას უნდა მოუცადოთ... ჯერ გავიგოთ... დავეკითხოთ.

ამ დროს შავი ქვრივი წამოდგა წინ და თვალები ორი შავი მახვილივით ააციმციმა.

- ძმებო, აქ იმისთვის კი არ ჩამოვსულვართ, რომ ჩვენივე დამღუპველ ბატონს ვკითხოთ, ბრალიანია ის თუ უბრალო.

მაგდანა დინჯად ლაპარაკობდა, მაგრამ მის ხმაში პანაშვიდური სიდინჯე და სამარისებური სიცივე ისმოდა.

- სამართალი ზემოთ მთებში ვქენით და ახლა შესასრულებლად ჩამოვედით. ან რა სამართალი უნდა ამ ბატონსა! შარშანდელიც და უწინდელიც რომ დავივიწყოთ, წლევანდელს სადღა წაუვა? ზაალო, ნამცეცობა დღეს სალდათები რომ მოიყვანე და ამოდენა ხალხი დააროზგინე, შენ არ იყავი? იმ ღამეს რომ არსენა გავარდა და სხვებიც გაიყოლა, შენი ბრალი არ იყო? მერმე რომ სხვებმაც თავზე ხელი აიღეს და ტყეში გაცვივდნენ, ესეც შენი წყალობით არ იყო?

- მართალია! მაგისია! - ამოიკივლა კარპიჩამ.

- სულ მაგის ბრალი ხარ, მაგისი! - დაუბეჭდა მეშთამაც.

- აგრეა! ჰაი, ჰაი, რომ მაგისია! - დაუმოწმეს სხვებმაც.

ქვრივმა კი იმავე კილოზე განაგრძო:

- იმ ღამეს რომ სოფელი გადაჰბუგეს, გაძარცვეს და ქალებსაც რომ მიესივნენ, იმ ბინძურ საქმეში შენი ხელიც არ ერია?

- ერია! ერია!

- მეორე დილას რომ იმოდენა ხალხი ცხვრის ფარასავით გაგვრეკეს - ბებერიც, ორსულიც და ბალღიც - მათი ცოდო შენც არ გადევს?! ზოგმა რომ ციხეს ვერ გაუძლო და ქვრივ-ობოლი დასტოვა, ამ საცოდაობაში შენი წილიც არ არის? ამ წუნკალმა გიგოლამ რომ მამა-ჩემი დააჭერინა, ესეც შენი ბრალია. შენი ნაბიჭვარია, შენ გააჩინე, შენ ინახავ და პასუხიც შენვე უნდა მოგვცე. ერთი თვის წინათ აი ამ ადგილას სიტყვა მოგვეცი და გასტეხე. ძმებო, რომელი ერთი ჩამოვთვალო?! ამ სიშორეზე ყბედობისთვის ხომ არ ჩამოვსულვართ! ახლა კი ეს ბატონი კიდევაც გვამადლის და თავსაც გვაბრალებს, ეს ხალხი მე გამოვაშვებინეო. სტყუის ეს ვაჟბატონი! არსენას ამისთვინ არაფერიც არ უთხოვნია, ან როგორ იკადრებდა რომ თავის მოსისხლესთვინ რაიმე ეთხოვნა? ეხლა ჩვენ იმისთვინ ჩამოვედით, რომ დანაპირები შევასრულებინოთ. ბარათაშვილო, ეხლავე დაურიგე ხალხს ყველაფერი რაც კი გაბადია - საქონელი, ჭირნახული, ჭურჭელი, სიგელები. ავეჯიც და ფულიც, და ღმერთს მადლობა გადაუხადე თუ ცოცხალი გადაგვირჩი.

ზაალმა გაიღიმა, თავის სამფლობელო ორივე ხელით შემოხაზა, და მორჩილად განაცხადა:

- ეს თქვენა და ესეც ჩემი დოვლათი. თქვენს ხელთა ვარ და აბა რა შემიძლიან?

- ხალხო, წავიდეთ, გავყოთ! - მოუწოდა ქვრივმა სოფელს და დაიძრა, მაგრამ ისევ შესდგა, რადგან რამდენიმე რაზმელის გარდა, არავინ არ გაჰყვა.

- რა მოხდა, ხალხო? - იკითხა მაგდანამ. - ბატონისა გენანებათ? მელანო, ედიშერ, ტასო, ღვთისავარ, ვისი შეგეშინდათ?

ყველა ღვთისავარს დააცქერდა. ზოგს ეგონა, ხელმწიფისა და ბატონის მიერ შერისხული ცალთვალა თავკაცად აღარ გამოდგებაო. მაგრამ არსენას ნაციხარი მამა ხალხის თვალში ერთი ორად ამაღლებულიყო. შულავრიდან რომ დაბრუნდა, მაშინვე მთელი სოფელი მოეხვია იმის სახლს და დაღამებამდე იქ ტრიალებდა.

ახლა არსენას მამამ გაპარსულ განიერ ნიკაპზე გადისვა ხელი და სთქვა:

- რაც არ მერგების, არ შემერგების.

- აგრეა! მართალია! - დაუმოწმეს ხნიერებმაც.

- ბატონისა ბატონსა, გლეხისა გლეხსაო.

- რაც ზაალმა უკანონოდ წაიღო, ის დაგვიბრუნოს, თორემ კანონიერს არ ვედავებით.

- თქვენ წახვალთ და ჩვენ დავრჩებით.

- ვეჟო, რაც მართალია, მართალია! - იმედიანად წამოიძახა ბატონმა. - თუ ზედმეტი რამე გადმოვაყოლე, მითხარით და ინებეთ.

მაგდანა ჰხედავდა, რომ ხალხი ხელიდან მისდიოდა, რომ გლეხებს ბატონისა და “აქ დარჩენისა” ეშინოდათ, და ერთი ხერხიც იხმარა:

- მეშთა, ზურა, კარპიჩავ, ეს ბატონები მოურავის ოთახში დაამწყვდიეთ.

და როცა ბატონები, მოურავები და გიგოლა ქვემო სართულში შეიყვანეს და კარებს დიდი ბოქლომი დაადეს, ქვრივმა დაიძახა:

- ახლა კი მომყეთ! წამოდით! ახლა ვიღას ერიდებით? - და კიბისკენ წავიდა.

ყველა მიხვდა, რომ იმ წამს შავმა ქვრივმა შავწვერა ლაცაბიძეს ბელადობა მოსტაცა.

ხალხი მაინც ყოყმანობდა და ერთმანეთს შეჰყურებდნენ. ზოგნი ურთიერთს მუჯლუგუნს ჰკრავდნენ და აქეზებდნენ, მაგრამ წინ წაწეულები ისევ უკან იწევდნენ და პირველობას ერთმანეთს უთმობდნენ. ბოლოს სამმა ღარიბმა გაჰბედა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ სხვები არ გაჰყვნენ, და ისინიც უკანვე გამობრუნდნენ.

- რა ვქნა, რას გაჩერებულხართ? - შეუტია ერთმა დედაბერმა რაზმელებს. - ძალით გაგვრეკეთ, რაღა!

- ძალით ჩადენილი ცოდო ადამიანს ცოდოში არ ჩაეთვლება. - დაუმატა ვიღაცამ. - ძალა დაგვატანეთ, ძალა!

სხვებიც ამას მოელოდნენ და როცა აქეთ-იქიდან რაზმელები მიაწვნენ, პირველად დედაკაცებმა იხუვლეს სიცილით და მაგდანასაც კი გაუსწრეს.

- წაიღეთ! გაიყავით! - გადმოსძახა შავმა ქვრივმა აივნიდან და თვითონაც შინ შევარდა.

- ღვთისავარ, - მიაძახა ლაცაბიძემ, - შენც წაიღე, ნუ ჩამორჩი!

- ხალხი რომ ხრამისკენ გაიქცევა, ისევე ჩამორჩენა სჯობია. - მიუგო ღვთისავარმა და ფიქრიას მოეხვია, რომელიც აქამდე განაპირებით იდგა და მომტირალ დედას ამშვიდებდა. - როგორა ხარ, შვილო?... არსენა რასა იქს?... აღარ დამიბრუნდებით? - და ცალი თვალიდან ორიოდე ცრემლი წამოსცვივდა.

ზაალის ქონებას რამდენიმე თავი-კაცისა და დედაბერის გარდა მთელი მარაბდა მოედო. ზოგი ბეღელს სცლიდა, ზოგი საკუჭნაოს ეცა, ზოგიც მარანს დაეტაკა და ზოგიც ოთახებს შეესია. დოქებით, ტომრებით, ქილებით, კოკებით და კასრებით მოათრევდნენ ღვინოს, ხორბალს (ნამეტნავ კი თავთუხს, ასლსა და მახობელას), ერბოს, ყველსა და ყოველგვარ სარჩოს. აივნიდან სირბილით ჩამოაქვთ ხალიჩები და იარაღი, ფარდები და სუფრები, ჭურჭელი და ბოხჩები და თანაც მოტაცებულს ხელმეორედ სტაცებენ ერთმანეთს და გაჰკივიან:

- ჩემია! ხელი გაუშვი. - მე უფრო მომიხდება!

ჩემზედაც უპრიანია! მეც შემერგება!

და ნასყიდამ პელოს სამოვარი გამოჰგლიჯა. მართამ თეკლეს ხორეშანის მიერ ბისონით მოქარგული ანაფორა მოსტაცა. ვიღაცამ დავითის მუნდირი გადაიცვა. მეორემ მისი ასთუმნიანი ბეწვით ამოკრული მოსასხამი წამოისხა. ორმა დედაკაცმა კნეინის საზამთრო ქათიბი შუაზე გაიყო: ერთს მათგანს ბეწვი ერგო, მეორემ კი ხავერდი დაიჩემა.

- ძმობა ეგ არის, განზე რომ გამდგარხართ? - გავლით უსაყვედურა ლაცაბიძემ არსენას ჯგუფს.

- სწორედ ეს არის. - ღიმილით უპასუხა როსტომმა. - ჩვენ იმისთვინ წამოვედით, რომ გასაჭირში გიშველოთ, თქვენ კი ჯერჯერობით ფათერაკი არ მოგელისთ.

- თქვენი შველა არც ჭირში გვინდა და არც ლხინში. - ბრაზით მიუგო სევასტიმ და მეშთას და კარპიჩას მიეშველა, რომელნიც ვარგის-უვარგისით ავსებდნენ ხურჯინებს და ცხენებს ჰკიდებდნენ. დათუნამ დრო იხელთა, ფიქრია გომურის უკან გაიყვანა და ჰკითხა:

- როგორა ხარ, ჩემო ფიქრო?

- მე რომ შენი ფიქრი ვყოფილიყავი, არ მომატყუებდი და ტყეში ამოხვიდოდი. - უსაყვედურა ქალმა.

- რა მექნა, გენაცვალე. ვერც საქმე დავასრულე და ვეღარც ციხეს დავაღწიე თავი. ახლა კი მამა-ჩემის საქმეც დამაწვა და სანამ არ გამოვაშვებინებ, მანამ აქაურობას ვერ მოვწყდები.

და საკოცნელად მიიწია, მაგრამ უკანვე დაიწია, რადგან ამ დროს კარპიჩამ კოჭლობით გაურბინა გვერდით, მერმე ისევ გამოძვრა და მეორე მხარეზე გაიქცა, ხელში რაღაც ეჭირა და მალავდა. დათუნა ხელმეორედ მიეტანა ფიქრიას. ქალმა მას პირზე ხელი დააფარა, განზე გაიწია და შეანელა:

- არა, არ შეიძლება ტყეში ამოდი და...

და აღარ დაასრულა რადგან ამ დროს ეზოში კივილი გაისმა:

- ცეცხლი! ცეცხლი!

ბოლი და ალი რამდენიმე ალაგას ავარდა. სასახლის ორივე სართული, ძნები, საბძელი, ბეღელი, გომური - ყველაფერი ბოლში შთაინთქა. ხალხი დაფრთხა. აწიოკდა, ძარცვას თავი მიანება და წყალს ეცა. დოქებით და კოკებით დარბოდნენ და ცეცხლის ზღვის ჩაქრობას ალგეთიდან ამოტანილი წვეთებით ლამობდნენ. ძველი სასახლე ფიჩხივით იყო გამხმარი და ზვინივით იწვოდა. ხის სვეტები ვეება კელაპტრებს ჰგავდა, ხოლო მოაჯირი ცეცხლის ქარგას ემსგავსებოდა. საიდგანაც ყრუ წივილ-ყვირილი ისმოდა. მაგრამ ყური არავინ არ ათხოვა, რადგან ირგვლივ იმგვარივე ჟრიამული და ყაყანი იდგა.

- თავს უშველეთ, თორემ ჩვენ დაგვაბრალებენ. - დაიძახა ვიღაცამ და მარაბდას შიშის ზარი დაეცა. ეხლა გლეხები ისე გარბოდნენ, თითქო მაიორი მისდევდაო. ზაალის ეზო მაშინვე დაცარიელდა. მხოლოდ რაზმელები დარჩნენ. ისინიც ჩოჩქოლში იყვნენ: ერთმანეთს ეძებდნენ, იბარგებოდნენ და ყვიროდნენ. ბოლოს კარპიჩა, დალი ჰასანი და მეშთაც მოცვივდნენ. ლაცაბიძე ისევ ბელადობდა:

- აჰკიდეთ! დაუძახეთ! შესხედით!

- ახლა საით? - ჰკითხა მაგდანამ შავწვერას.

- როგორ თუ საით? - გაოცდა სევასტი. - ტყისკენ!

- შულავერი? - და ლაცაბიძემ ძლივს მოიგონა დანაპირები.

- რა დროს შულავერია, დედაკაცო? ვერა ჰხედავ რა ამბავია? სეხნიას დარაჯი გამოუშვებს მეთქი, მეტი რა გინდა! დათუნამ გზა იცის და წამოიყვანს.

- ზაალის ჯალაბი იწვის. - გააწყვეტინა როსტომმა და ცხენიდან ჩამოხტა. - აბა, ბიჭებო, გამოუშვათ!

- არ გაჰბედოთ! რა თქვენი საქმეა! - გადასძახა რაზმელებს გააფთრებულმა ქვრივმა.

- მეტიჩარები ნუ ხართ! - დაუმატა სევასტიმ.

- არა გვცალიან! ავჩქარდეთ! წავიდეთ! - ააჩქარეს სხვებიც კარპიჩამ, ჰასანამ და მეშთამ.

როსტომს სულხანი, დათუნა, ბაღო და ქავთარი მიჰყვნენ, მაგრამ კართან მისვლა შეუძლებელი იყო. მათს წინაშე ქვემო აივანი იწვოდა და საცაა ზემოც უნდა ჩამონგრეულიყო. გარდა ამისა, კარს ვეება ბოქლომი ედო და გასაღები ვეღარ ეპოვათ. მაშინ რაზმელებმა სახლის კუთხეს შემოურბინეს და იმ ოთახს მეორე მხრიდან მიადგნენ. აქეთ მას ერთი მცირე სარკმელი ჰქონდა, რომელიც სამი თითის სისხო რკინით იყო შეხლართული. დამწყვდეულები ამ სარკმელს მოსდგომოდნენ, ლანძვებს ანჯღრევდნენ და ჰკიოდნენ:

- გვიშველეთ!

ვიღაცამ მუხის მარგილი მოარბენინა და გაუყარა. მიესივნენ და დააწვნენ, მაგრამ მარგილი გადაუტყდათ და ლანძვი მაინც ვერ გაღუნეს. მეორე მარგილიც რომ გადაამტვრიეს, იმედი გადაუწყდათ, შესდგნენ და ხელები მათრახებივით ჩამოუშვეს.

კალოზე ცეცხლის ენები ცას სწვდებოდა და სიმაღლით ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ბეღელი უკვე ჩაწვა. საქონელი ბღავილით დაიფანტა, ხოლო მათი გომური და საჯინიბო თითქმის ერთდროს ჩაინგრა. მხოლოდ სახლიღა იდგა ცალ ფეხზე, რადგან კრამიტი ალს შვებას არ აძლევდა და შიგნითვე ატრიალებდა. ნიავი მობრუნდა და ეზო სიცხით და ბოლით გასტენა, ძველი მუხის ტკაცუნი და ჭახუნი გაღმა ქოტისშიც კი ისმოდა.

- წავიდეთ! აჩქარდით! მივდივართ! - ერთხელ კიდევ მიაძახა იმედმიხდილ რაზმელებს ლაცაბიძის ჯგუფმა და ეზოდან დიდ გზაზე გავიდა. გავიდა და ერთ მხედარს წააწყდა, რომელიც ქაფში გავლებულ ლურჯას ჭენებით მოაქანებდა.

- არსენა მოდის! არსენა მოვიდა! - შესძახეს მათ უცბად და ისე დაუთმეს გზა და ისე დაფრთხნენ, თითქო მაიორის ზარბაზნებს წააწყდნენო.

- სევასტი, შენი ნახელავი შორიდანვე ვიცანი! - მიაძახა გაოცებულ მეგობარს ოძელაშვილმა და ცხენი ჭიშკარში შეაგდო. - როსტომ, შენც აქა ხარ? მალე სთქვი, რა მოხდა?

- ზაალის ჯალაბობა იწვის და ვერა ვშველით, - მიუგეს აქეთ-იქიდან და ხელები სასახლისკენ გაიშვირეს. - კარი დაკეტილია, გასაღები დაიკარგა და ვერც რკინის ფანჯარა შევამტვრიეთ.

- გვიშველე-ე-ე-ე-თ! - განუწყვეტლივ ისმოდა კივილი ალმოდებული ჯურღმულიდან.

- წყალი და ნაბადი! - დაიძახა ოძელაშვილმა და ცხენიდან ჩამოხტა. - ოსტაპ, მიშველე!

და საძნე ურემს ეცა. ორ წუთში დაშალეს, ვეება ხელნა მოაძრეს. გააქანეს, კარს დაატაკეს და ერთი წამით თვითონაც ბოლსა და ალში გაეხვივნენ. მერმე ისევ გააქანეს და მესამეჯერ რომ დააჯახეს, კარი ჩარჩოს მოსძვრა და შიგნით გადავარდა. არსენამ ნაბადი მოისხა, თავი და პირსახე ყაბალახით აიხვია, იქვე ჩაკუნტდა და -

- დამასხით! - მიაძახა.

სანამ ოძელაშვილი წყალში ლბებოდა, დავითმა კვამლი გამოარღვია, თავის ცოლი გამოიტაცა და უკანვე შევარდა. რაზმელებმა სნეული კნეინა ტასო ასწიეს და განზე მიაწვინეს.

დავითს ხელცარიელი მოურავი ფირუზა მოჰყვა, რომელმაც მხოლოდ თავის-თავს უშველა. მერმე კვამლში ზაალიც გამოჩნდა. “ვეჟო, მიშველეთ!” - დაიძახა და უკანვე შებრუნდა. ბატონს ნაბადში გახვეული არსენა მიჰყვა და თითქმის მაშინვე გამოვარდა, გამოვარდა და გულწასული კნეინა ხორეშანი გამოიტაცა.

- ეს კნეინა აქაურობას მოაშორეთ! - მიაძახა მან რაზმელებს და დედაბერი მიწაზე მიასვენა, შემდეგ თავი დაღუნა და ისევ ბოლში მიიმალა. განზე გამდგარი სევასტელები ისევ ეზოში შემობრუნდნენ და ერთმანეთს ისე შეჰყურებდნენ, თითქო რაღაცას ეკითხებოდენო.

- რას დაგიკრეფიათ გულზე ხელები - უცებ შეუტია თავისიანებს მაგდანამ და ხორეშანის მოსულიერებას შეუდგა.

თავდაღუნული მეშთა გაგიჟებული მოზვერივით დაეტაკა ბოლის ღრუბელს. როსტომმაც წყალი გადაივლო და ისე დინჯად შეალაჯა ალში, თითქო სტუმრად შედიოდაო. სულხანმა ფიქრიას გადაჰხედა და მის მოღრუბლულ თვალებს წააწყდა. მერმე ისიც მოსხლტა და კვამლში გაეხვია. ფიქრიამ დათუნას შეჰხედა და უსიტყვოდ ჰკითხა, შენ რაღას გაჩერებულხარ? ბარნაველმა ისე მოაშორა მას თვალები, თითქო ამბობდა. “სულ ერთიაო”.

სხვებზე ადრე კვამლიდან მეშთა გამოჩნდა. ხელებზე ვიღაც ესვენა და მძიმედ მოალაჯებდა. უცებ დაჰხედა, გიგოლა იცნო, უწმინდურივით დააგდო მიწაზე და აიღმიჯა:

- ეს ვინ ოხერი გადაგარჩინე?! - წამოიძახა და გულიანად გადააფურთხა.

მეშთას როსტომი მოჰყვა. უგონო დავითი სავსე ტომარასავით მოეკიდნა და ეხლაც ისე არხეინად მოალაჯებდა, როგორც წეღან შეალაჯა. სულხანიც ფეხდაფეხ მოჰყვა ჯორჯიაშვილს. მხოლოდ არსენა იგვიანებდა, რადგან მან ბოლით მიბნედილი პატიმრები თავის მეგობრებს გაუნაწილა, თავისთვის კი ყველაზე მძიმე და უვნებლად გადარჩენილი ბატონი დაიტოვა, რომელიც ბალღივით ღრიალებდა:

- თავს შემოგევლე, არსენ! ოღონდ მიშველე და თუ გინდ ყმად დამიყენე!

- შენ ნამდვილ ყმებს მოუფონე, თორემ მე შენი ყმობა რად მინდა! - მიუგო არსენამ. მერმე ნაბადი მოიხსნა, შიგ ზაალი გაახვია, კუნძივით აიგდო მხრებზე და გარეთ გამოიქცა. ბოლში რომ გაეხვია, თვალები დახუჭა და შუბლი ალმოდებულ სვეტს დაატაკა. დაატაკა, წაიქცა და ბატონიც გაუგორდა. არსენა მაშინვე წამოხტა. ზაალი ისევ შეახვია, მკერდზე მიიკრა და სამშვიდობოს გამოვარდა.

- უუჰ, მადლობა უფალსა! - შვებით ამოისუნთქეს რაზმელებმა და ორივეს შემოეხვივნენ.

არსენა მიწაზე იჯდა და დამწვარ ხელებს დამწვარ თავპირზე ისვამდა. წარბები და წამწამები სულ აღარ ჰქონდა, ბაჯაღლო ულვაშებიც გაუნახევრდა, სუფთა სახე შეეტრუსა და ქოჩორზედაც ბოლი ასდიოდა.

ნაბდიდან გამომძვრალმა ზაალმა თვალები მოიფშვნიტა და ისე შეათვალიერა ყველანი, თითქო ძილში მაჯლაჯუნა აწვა და ეს არის ეხლა გამოიღვიძაო. შემდეგ ხელები გაასავსავა და ტყის ძმებს მტირალი ხმით შესჩივლა:

- ვეჟო, ასეთი ამბავი გაგონილა?!

ლაცაბიძე ჩამოხჩობილივით იღიმება და ცოცხის-ოდენა წვერს ყველა თითებით ივარცხნის. შეტრუსულ მეგობრებსაც - სულხანს, მეშთას და როსტომს - თავიანთი ტკივილი დავიწყებიათ და რაღაც სასწაულით გამოჩენილ ბელადს გულჩვილად ეკითხებიან:

- არსენ, ძალიან გეწვის? ძლიერ დაიწვი?

მაგდანას და ფიქრიას რაღაც მალამო უშოვნიათ და დამწვრებს უსვამენ. ზურა თითქმის სტირის, ოსტაპი კი კარპიჩას ჩასცივებია:

- ხაი ტობე ბის! სულ შენი ბრალია! ცეცხლი შენ მოუკიდე და გამოტყდი!

- დზმებო, ეს კაცი გააჩუმეთ, რა ჩემი ბრალია? - იძახის ხაბაზი და ოსტაპს კოჭლობით ემალება.

ბაღო მეშთას აბრალებს და მეშთას დალი ჰასანზე გადააქვს.

სიმონა ქვიშხელი არსენას შორს სადღაც ჩამორჩა. ოფლად გაწურული ცხენი ახლაღა შემოაგდო ეზოში და გაშეშდა - ჩამოხტომაც კი დაავიწყდა.

- როგორა ხარ, შვილო? - ჰკითხა ღვთისავარმა არსენას.

- შვილო!... არსენ! - ატირდა მელანო და მოეხვია.

- ნუ სწუხხარ, დედი, არა მიშავსრა. - და ქალაქიდან დედის საკოცნელად წამოსულმა არსენამ აცრემლებული მელანო ბალიშისოდენა მკერდზე მიიხუტა.

სხვებზე ადრე გიგოლა მოსულიერდა. რაზმელები რომ დაინახა, ფითრივით გამწვანდა და ოთხით გაცოცდა ქურდივით. მერმე წამოხტა, ბარბაცით გაიქცა და მესერში გაძვრა. მას არავინ არ დაედევნა, რადგან მისთვის აღარ ეცალათ. დავითიც გონს მოსულიყო და მთვრალივით დაბორიალებდა. კნეინა ხორეშანი თითქო საფლავიდან წამომჯდარიყო, ჩონჩხის ხელები ზევით აეწია და ძლივს აცმაცუნებდა პირს. მერმე ხმა იპოვა და ხრინწით ამოიჩიფჩიფა.

- ბიჭო არსენ, დამიწყევლიხარ! ზევით ჯოჯოხეთმაც არ მიგიღოს და ქვეით ადამიანმა შეგაჩვენოს. ღმერთმა შენი გვარი ძირიანად ამოთხაროს და შენს დანახვაზე გველმაც კი გადააფურთხოს.

- ნუ იცკევლები, შე ჯოჯოხეთის მაშხალავ! - მიაძახა კარპიჩამ და იმ მოჩვენებისკენ გაალაჯა.

არსენამ ხელი სტაცა და უკანვე მოატრიალა. მთელი ეზო გაინაბა. მხოლოდ ცეცხლის გიზგიზი და დედაბრის შავი ჩიფჩიფი ისმოდა.

- ბიჭო არსენ, ყველა წმინდა გაგიწყრეს, ყველა ხატმა შეგრისხოს და შენი სახელი ძაღლისთვისაც კი სასაქმებლად გადაიქცეს. აგერიოს გზა-კვალი, როგორც შენ არიე აქაურობა. დღე დაგიბნელდეს და ღამეც არ გაგითენდეს. ფეხქვეშ მიწა გაგისკდეს, თავზე ცა ჩამოგენგრეს, ლუკმა ქვად მოგეჩვენოს და წყალი შხამად შეგერგოს, კვდებოდე და არ მოკვდე, ცოცხლობდე და არ იცოცხლო, სუნთქავდე და იხრჩობოდე, სჭამდე და გშიოდეს, სვამდე და გწყუროდეს, მუდამ ცოცხლობდე და მაინც მარად სიკვდილს ნატრობდე. ბიჭო არსენ, საითაც მიიხედო, მტერს წააწყდე, გასასროლი თოფი ხელში გაგისკდეს და მოქნეული ხმალი ვადაში გადაგიტყდეს. ოძელაშვილო, დამიწყევლიხარ! რაც გითხარი ყველაფერი შეგისრულდეს და აგრე ივლიდე უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

და სამჯერ ამოიჩხავლა ტკეპნით - “ამინ”.

- შენვე დაგიბრუნდეს, შენვე, ამინ! - ჩაილაპარაკეს აქეთ-იქით. შეჩვენებული არსენა კი დაღონებული იდგა და წყენით ეკითხებოდა თავის მშობლებს:

- ეს დედაბერი რას მერჩის? რა დაუშავე? აქაურობის აკლებასაც მე მაბრალებენ? ან იქნება ის დავაშავე, რომ გველთა სორო აქამდე არ გავანადგურე და მათი თავი ეს-არის ახლაც ცეცხლს გამოვტაცე? გამაგებინეთ, საიმისო რა დაუშავე, რომ ასე უღვთოდ დამწყევლა?

- ნუ შეშინდები, არსენ. - ანუგეშეს ტყის ძმებმა და მშობლებმა. - არ იცოდა, რომ ამ საქმეში არ ერიე. გაიგებს და მოგხსნის.

- დროა წავიდეთ, თორემ ფათერაკს წავეკიდებით.

- დროა, დრო. - ამბობდნენ რაზმელები და გულის ტკივილით შესცქეროდნენ თავიანთ ბელადს იმის გამო, რომ ის მხოლოდ თავის მშობლებს ელაპარაკებოდა და მათ კი ჯერ ერთი სიტყვაც არ უთხრა.

მართლა წასვლის დრო იყო. ცეცხლის ალს კოდაზე და მარნეულშიც კი შენიშნავდნენ და საცაა მოსაშველებლად ამოვიდოდნენ.

- სავიდეთ, კაცო! - მოაგონა არსენას კარპიჩამაც. - ცაგვიკვანე, რაგას უცდი?

ოძელაშვილმა კოჭლი ძმა შეათვალიერა, არც კი გაუღიმა და წყნარად უთხრა.

- წასვლას ვინ გიშლის? ვინც მოგიყვანათ, ისევ იმან წაგიყვანოსთ. - და თავის ძმას მიუბრუნდა: - ერეკლე, ჩქარა მუხათში აირბინე და რაც ბაჯიაშვილს დამწვრის წამალი ჰქონდეს, გამოართვი და ენაგეთში დაგვეწიე.

თავჩაღუნულმა ლაცაბიძემ უსიტყვოდ გასწია ჭიშკრისკენ. მისი ჯგუფიც უსიტყვოდ აედევნა. მხოლოდ არსენას ერთგულები არ იძროდნენ ადგილიდან და მათს შორის შავი ქვრივიც ერია. მარაბდელმა იყუჩა და მერმე იქ-დარჩენილებს შეუტია:

- თქვენ რაღას მომჩერებიხართ! თქვენც გასწით! - და როცა ისინიც ზანტი ბატებივით გაჩანჩალდნენ, არსენა დაღვრემილი ქვრივს მიუბრუნდა, რომელიც შავი ძეგლივით გახევებულიყო და მიწას მისჩერებოდა:

- შენ რაღა გინდა, ძალო?

მაგდანა მკლავზე მოეხვია, ჩუმი ხმით აქვითინდა და ჩოხის სახელო დაუსველა. არსენამ იმედმიხდილი ქვრივი მკერდზე მიიკრა. დამწვარი ხელებით მოუალერსა მხრებზე და უთხრა:

- მესმის. გავიგე. ვეღარ მოითმინე, განა! საქმე თქვენვე გააფუჭეთ და ვეღარ გამოსწორდების. აქაურობას ერთხელ კიდევ აიკლებენ. დათუნავ, შენც თავს უშველე. მამა, დედილო, თქვენც მოშორდით აქაურობას. ბევრი მოკეთე გყავთ და თავი შეაფარეთ.

- არა, შვილო, ჩვენი სამარე აქ არის და აქვე დავიხოცებით. - ცრემლნარევი ხმით მიუგო ღვთისავარმა და მელანომაც დაუმოწმა.

- სანამ მამა ციხეში მყავს, მანამ სად წამესვლების? - დაურთო დათუნამაც.

- თქვენი საქმე თქვენ უკეთ გეცოდინებათ. - მიუგო არსენამ. - ძალო მაგდან, შენც წადი და მეც დაგეწევი.

და უცებ შენიშნა, რომ მისი დროშა ჭანდრის ქვეშ დავიწყებოდათ. შენიშნა და მწარედ გაიღიმა.

შეფიცულთა რაზმი წეღან ალგეთის ჭალიდან გამარჯვებული კიჟინით ამოცვივდა, ეხლა კი დამარცხებულივით მიიზლაზნებოდა და ცალი თვალი უკანვე ეჭირა, რადგან უბელადოდ დარჩა: აღარც ახალი ბელადობდა და ძველიც განზე გამდგარიყო.

წისქვილთან რომ მივიდნენ, შესდგნენ. მობრუნდნენ და გზას თვალი ვეღარ მოაშორეს. არსენა ისევ თავისიანად ეგულებოდათ და მას ელოდებოდნენ.

მაგდანა რომ დაეწია მათ, თავით-ბოლომდე სასიხარულო ჩურჩული გავარდა:

- წამოვა... მოდის... წამოგვყვება.

არსენა და მისი ლურჯაც ისე მოდიოდნენ, თითქო მსუბუქი დროშის მაგიერ ზურგზე ზაალის დამწვარი სახლი ეკიდათო. მარაბდელს უწარბო შუბლი შეკრული ჰქონდა და ზედ ღარებივით ეყარა ჭმუნვა.

- რას გაჩერებულხართ! - ერთხელ კიდევ შესძახა შორიდან ოძელაშვილმა. - უჩემოდ ამოდენა გმირობა ჩაიდინეთ და გამარჯვებამ ისე როგორ დაგამძიმათ, რომ ალაგიდანაც ვეღარ დაძრულხართ? კნეინების ჩვრები მოგიტაცნიათ და დროშა კი დაგვიწყებიათ? ფუჰ თქვენს ვაჟკაცობას!

სირცხვილით ალანძული რაზმი უნდილად დაიძრა, არსენა კი ასიოდე ადლით ჩამორჩა და აღარ დაეწია, რადგან იმ დღიდან მარტო დარჩა და ჰსურდა ისევ მარტო დარჩენილიყო.

თავი მეცხრე

აშვებული ლომები

ალგეთს ნაბრძოლი ვაჟკაცი გეზელ-ქორივით ჰკიოდა,

თავი ხმლით ჰქონდა დაჭრილი, გულს სისხლი ჩამოსდიოდა.

გასჭერი ხმალო და მკლავო, გულო ნუ შემიშინდები.

სისხლისა ნაგუბარზედა ფეხო ნუ დამიცურდები...

ხ ა ლ ხ უ რ ი.

არლოვს ტვინი ყინულისა ჰქონდა, სისხლი კი ცეცხლისა და ამიტომ პირველივე მარცხის შემდეგ მას ბნედა ემართებოდა, ბნედას კი სულიერი მოდუნება და სასოწარკვეთილება მოსდევდა. იმ ღამესაც, როცა სანატრელი არსენა ორთაჭალის ბაღებშიც ბოლივით გაუსხლტა, მაიორმა ჯერ მარცხი გამოიტირა, მერმე მდევრები კუჭატნელს მიუგდო და თვითონ კი ალექსანდრე ორბელიანის სახლისკენ გასწია, რომელიც კალოუბნის ქუჩაზე ჰქონდა.

- ვერ მოვრიგდით. - ეუბნებოდა ამ დროს შალვა ბარათაშვილი ალექსანდრეს. - ახირებული კაცი ყოფილა. დაიჟინა, უნდა ბატონ-ყმობა გააუქმოთო.

- ბატონ-ყმობა? - გაოცდა მაზრის მარშალი და მიიხედ-მოიხედა. მერმე საწოლ ოთახში შეიხედა და სხვა ოთახებიც მოათვალიერა. მის დედას თეკლე ბატონიშვილს უკვე ეძინა. მისი მეუღლე ეკატერინე ქონის სანთლის შუქზე რაღაცას ჰქარგავდა, ხოლო ძმები ვახტანგი და დიმიტრი ყაფლან ორბელიანს გაჰყოლოდნენ საქეიფოდ. ყველაფერი თავის რიგზე იყო, მაგრამ თავად მაინც მონადირე კატასავით ფრთხილობდა და ამიტომ ბარათაშვილი ბნელ აივანზე გაიყვანა. გაიყვანა და ორივენი იმ ღამესავით აჩურჩულდნენ.

არსენა არ დათანხმდა? საოცარია! ბატონ-ყმობის გაუქმებას მოითხოვს? საკვირველია! აი როგორ გარყვნეს რუსებმა გლეხები!

- არ უთხარი, უბატონოდ როგორ შეიძლებათქო?

- როგორ არა. იმასაც კი შევპირდი, რომ საქართველოს განთავისუფლების შემდეგ გლეხებსაც გავანთავისუფლებთ მეთქი, მაგრამ ის მაინც თავისას გაიძახის, ჯერ ბატონ-ყმობა მოვშალოთ და სხვებზე მერმე ვიფიქროთო.

- აკი გეუბნებოდით, რუსები სულ იმას ლამობენ, რომ გლეხი ჩამოგვაშორონ მეთქი, - გამწარებით მიუგო ორბელიანმა. - გლეხი აღარ გვემორჩილება, ჩვენი ხელფეხი ჩვენს თავს აღარას უგონებს, ამიტომ ჩვენი საქმეც თავს ვერ მოვა.

- არსენა ვერ დავაჯერეთ.

- გიჟი ვინმე ყოფილა. - გადასჭრა ალექსანდრემ.

- გიჟი არ არის, მაგრამ გლეხების ბედი კვიატივით აქვს აჩენილი და ვერ მოვაშორეთ.

- არც ახლა დამიჯერებთ? - ნიშნის მოგებით ჩაისისინა ალექსანდრემ. - ხომ გეუბნებოდით, მდაბიოს ეს საქმე არ გაუზიაროთ მეთქი. როცა დრო მოვა, გლეხობას არც კი ვკითხავთ და ძველი წესით გამოვიყვანთ. დამიჯერე, პოლიტიკა მაგათი საქმე არ არის მეთქი.

- მართალი გიბრძანებია, ალექსანდრე. ეს ერთი ვცადეთ და მეტს აღარ ვიზამთ. ესეც ბერმა დაიჟინა, არსენას ისეთი სახელი აქვს, რომ გლეხობა სულ გაჰყვებაო, და მეც ამგვარად ვიანგარიშე, თორემ მდაბიო ჩვენ საქმეში მართლა რა შესაყვანია.

ამ დროს შორს კარის ზანზალაკმა დაიჟღარუნა.

- ჰარიქა, ვიღაც მოვიდა! - დაფრთხა ალექსანდრე და შალვა განათებულ სადარბაზო ოთახში შეიყვანა, და სხვა რომ ვეღარა მოიგონარა, ფსალმუნს სტაცა ხელი და კითხვას შეუდგნენ.

- მაიორი არლოვი გეახლათ. - მოახსენა ბიჭმა.

- მობრძანდეს. - მიუგო გაფითრებულმა ალექსანდრემ და სტუმარს მიეგება.

- წამივიდა! ისევ წამივიდა! - შესძახა უხეშად შემოვარდნილმა მაიორმა. - როცა მივედი, მწვადის ნარჩენი ჯერ არც კი გაცივებულიყო, თვითონ არსენა კი ხვლიკივით გამისხლტა ხელიდან. მაგრამ სამაგიეროდ იმ მედუქნე ლოპიანას ისე ავიკლებ ხელახლა, რომ ძაფიც კი ენატრებოდეს და ვეღარ შოულობდეს.

- მაშინ ორბელიანები აგიკლებენ, - გაუღიმა ალექსანდრემ და დასაჯდომად მიიპატიჟა, - მეტადრე კი გრიგოლი გამოიდებს თავს. ლოპიანა ჩვენი ერთგული კაცია და მაგისთანა მეთევზეს ვეღარ ვიშოვით. დაბრძანდით, ბატონო მაიორო.

არლოვი დაჯდა, ისევ წამოხტა და ხელმეორედ დაჯდა. არსენას დაჭერის ოცნებით დასნეულებული მაიორი ბოღმით იყო გაგუდული, ვეღარ ისვენებდა და თავის მარცხს თავადებს გლოვის ხმაზე მოუთხრობდა. ლოქო-თვალებზე მღვრიე ლიბრი ჰქონდა გადაკრული და აღმეჯილ სახეზე ჟანგის ფერი ედო. როცა ოდნავ დაწყნარდა, შალვამ უთხრა:

- ბატონო მაიორო, თქვენ სიტყვა მომეცით, რომ იმ დროს, როცა მე და არსენას ლაპარაკი გვექნებოდა, თქვენ ხელს არ ახლებდით მას, ნამდეილად კი...

- კჩორტუ სლოვო! - გააწყვეტინა არლოვმა. - რა დროს პირობაა!

შალვამ ისე გადაჰხედა ალექსანდრეს, თითქო ეუბნებოდა: მეც გიჟი ვარ, რომ ამ კაცს პირობაზე და პატიოსან სიტყვაზე ველაპარაკებიო, და შემდეგ ისევ არლოვს მიუბრუნდა და უთხრა:

- არსენა წაგივიდათ, სამაგივროდ ის საქმე გაგიკეთეთ, არსენა თრიალეთზე აღარ ივლის.

- მართლა? - წამოიძახა მაიორმა. - ეგეც ერთი ნუგეშია. თავიდან მაინც მოვიშორებ და მისი სახელით თვალებს აღარ დამთხრიან. - და ხელების ფშვნეტით გააბიჯა. - ამიერიდან საცა უნდა, იქ იაროს, და რაც უნდა, ის ჩაიდინოს. თუნდაც მთელი ქართლი აიკლოს, კახეთიც გაანიავოს და იმერეთიც მიაყოლოს, ოღონდ კი ჩემს საბრძანებელში აღარ გამოჩნდეს. დიდი მადლობელი ვარ, თავადო, ძალიან დიდი. - და ბარათაშვილს ისე დაუნჯღრია მკლავი, რომ კინაღამ მხარი ამოუგდო. მერმე ჩაფიქრდა და იკითხა: - თავმდები ვინ იქნება?

- არსენას თავმდები არ უნდა. - მიუგეს ორთავ. - არსენას სიტყვა ბაჯაღლოს სჯობია. - ხოლო შალვამ დაუმატა: - არსენამ მითხრა, რა დღესაც მაიორი პატიმრებს გამოუშვებს, იმ დღესვე ავიბარგებით თრიალეთიდანო.

- მართლა? დიდებულია! მშვენიერია! მაშ ამ დღეებშივე გამოუშვებ ყველას. - უცებ შუბლში დაირტყა ხელი და შესძახა: - ახლა კი მივხვდი! რა სულელი ვყოფილვარ! არსენა ამ ოთახში იჯდა, მე კი ლოპიანასთან ვეძებდი.

- არსენას აქ რა უნდოდა, ბატონო მაიორო? - იწყინა ალექსანდრემ. - რა მისი ტოლი მნახეთ?

- ქალაქში მზის დასავალს შემოვიდა. მაშინვე დავედევნე, მაგრამ ქალაქიც ჰარამზადებით ყოფილა სავსე. იმ ყაჩაღს აქაც კი აღმერთებენ და თავიანთ შვილსავით მალავენ. ვისაც ვკითხეთ, ყველამ გვიპასუხა: არსენას როგორ არ ვიცნობ, აგერ იქით გაიარაო და ზოგმა სოლოლაკისკენ გამგზავნა, ზოგმა კი ავლაბარში გამიტყუა. არსენა კი თურმე ორთაჭალაში ყოფილა და... - და თავად შალვას საჩვენებელი თითი დაატაკა მკერდზე: - თქვენც იქ იყავით. არა? მითხარით, თავადო, ხომ იყავით?

შალვამ მისი თითი მოიშორა და მკვახედ მიუგო:

- ბატონო მაიორო, მე იმ პირობით შეგისრულეთ თხოვნა, რომ არც კი მკითხავდით სად და როგორ მოველაპარაკებოდი არსენას.

მაიორი უსიამოვნოდ აიღმიჯა:

- ეეჰ, ნეტა მცოდნოდა.

ნეტა სცოდნოდა! ძალიან უნდოდა გაეგო და ამას წინათ შალვას მზვერავიც კი მიუჩინა, მაგრამ ის ჯაშუში ბედოვლათი გამოდგა. ნეტა წეღან არ დაჰპირებოდა ჭავჭავაძეს, დღეს ან ხვალ არსენას შებოჭილს მოგითრევო. თუმცა, ვინ იცის, რა არ მოხდეს: კუჭატნელი ყოჩაღი კაცია, იქნება მართლა მოჰგვაროს. მოჰგვრის, ნამდვილად მოჰგვრის და დიდ ჯილდოსაც მიიღებს. ამ ჯილდოს შუაზე გაიყოფენ, ან არლოვი კუჭატნელს მედალს მისცემს და თვითონ კი ფულის ჯილდოს დაიტოვებს.

- აბა, მშვიდობით ბრძანდებოდეთ, - წამოვარდა უცებ თავისივე ჭორით გამხნევებული არლოვი და ისე გავარდა გარეთ, თითქო თითო ჯიბეში უკვე თითო არსენა მაინც ჰყოლოდეს ჩაჭედილი.

იმ ღამეს არც კუჭატნელს ეძინა და არც ბოქაულ-პოლიციელებს მოუხუჭიათ თვალები. სამაგივროდ მაიორმა გამოიძინა და მეორე დილით დიდხანს უცადა შებოჭვილ არსენას, მაგრამ არ მიჰგვარეს. შემდეგ არლოვი ჩინ-ორდენებით მოირთო, ალექსანდრე ჭავჭავაძეს და გრიბოედოვს ეწვია და მოახსენა:

- გთხოვთ მათს მაღალაღმატებულებას გენერალ პასკევიჩს გადასცეთ, რომ მას ამიერიდან ჩემს საბრძანებელში ზურგი მშვიდობიანად ექნება. ის წყეული არსენა ამ ერთ კვირაში სხვაგან სადმე გადაიკარგება. მართალია, ეს საქმე ხაზინას ხუთასი თუმანი დაუჯდება, მაგრამ...

მაგრამ ომის დროს ხუთასი თუმანი რა საანგარიშოა! ჩვენ აზიაში ვცხოვრობთ, არსენაც აზიელია და ისიც მოგეხსენებათ, რომ იმ ყაჩაღს (და ყველა აზიელსაც) ფული სულსაც კი ურჩევნიან. გრიბოედოვმა მხრები აიყარა, ჭავჭავაძემ გაიღიმა. ერთი საათის შემდეგ არლოვმა მარაბდის ბატონიც გაახარა. ზაალმა ორივე ხელი დაირტყა ღიპზე და შესძახა:

- ვეჟო, მაგაზე მეტი რა გინდა! ორდენიც გერგება და ჩინიც. როცა პასკევიჩი დაბრუნდება, უეჭველად მოვახსენებ. არსენას სიტყვაც ბეჭედია და უეჭველად შეასრულებს. არხეინად იყავით.

და როცა მაიორის ბრძანება წავიდა შულავერში - არსენას საქმეზე დაპატიმრებულნი გაანთავისუფლეთო, ზაალმაც მარაბდისკენ იბრუნა პირი და ჯალაბ-ჯულაბიც წაიყვანა.

წაიყვანა და ლაცაბიძის შავ ჭანგებს წააწყდა.

* * *

შუაღამე გადასული იყო როცა არლოვის სახლს მტვრით გათხუპნული ჩოხოსანი მიადგა და მთელი სახლი ააფორიაქა.

- გეუბნები გააღვიძე მეთქი! - დაჟინებით ეუბნებოღა ის “დენშჩიკს” და, უარი რომ მიიღო, არლოვის საწოლისკენ გაიწია. უიარაღო სალდათი წინ გადაეღობა, მაგრამ მაშინვე ყვირილით გავარდა მეორე ოთახში, რადგან ჩოხიანმა “კავკასიურად” გაივლო ხელი ხანჯალზე და რუსული სამსართულიანიც მიაყოლა. დაფეთებული მაიორი საცვლის ამარა წამოხტა, ხელი დამბაჩას დასტაცა. კარებს აეყუდა და იკითხა:

- ვინა ხარ?

- მე ვარ, დავით ბარათაშვილი. ჩქარა გამიღეთ კარი!

ეს წყეული “ტუზემცები”, ნამეტან კი თავადები, და ისიც დრაგუნები, არსენაზედაც კი უფრო კადნიერები არიან.

- რა მოხდა, თავადო? მარაბდას აბას მირზა ხომ არ მოადგა? - გაანჩხლებით იკითხა მაიორმა.

- უარესიც მოხდა, ბატონო მაიორო. კარი გააღეთ მეთქი! - და დარახუნებაც კი გაუბედა. მაიორი გაჯავრდა. რაც უნდა მომხდარიყო, არლოვი უკვე ბორჩალო-თრიალეთის სამხედრო დისტანციის ნაჩალნიკი იყო და ჰსურდა ბარათაშვილი მკვახე დარიგებით გაესტუმრებინა, მაგრამ გაახსენდა, რომ დაროს შემწეობით ის დავითს უნდა დანათესავებოდა, რომ დავითი იმ დღეებში ისევ ომში უნდა წასულიყო, - რომ მას, დრაგუნსა და დიდ თავადს, სიტყვაც უჭრიდა პასკევიჩთან, რომ მაიორს ჯერ არსენაც მოცილებული არა ჰყავდა. ყოველივე ეს გაახსენდა, ხალათი გადაიცვა და კარი გაუღო.

- თავადო, ეგ რა გაცვიათ? რა დაგემართათ? - ნაძალადევი ღიმილით ჰკითხა მასპინძელმა და ჩამოჯდა.

დავითმა მათრახი საწერ მაგიდაზე დაუგდო და -

- ის დამემართა, რომ თქვენი წყალობით არსენამ მთელი დოვლათი გადაგვიწვა. - სხაპუნით მიაყარა მან და თანაც ცხვირწინ თითს უქნევდა. - რაც მოასწრეს წაიღეს, ტანისამოსიც კი აღარ შეგვარჩინეს. ჩვენც კინაღამ ცეცხლში ამოგვხრაკეს.

მაიორი ისე წამოიჭრა, თითქო ყუმბარა ესროლათ მისთვის:

- რას მეუბნებით, კნიაზო?!

- თქვენი წყალობით, მხოლოდ თქვენი წყალობით მეთქი, ბატონო მაიორო!

და ურთიერთს ნაცემი ძაღლებივით მიესივნენ, რომელნიც სხვის წკეპლის სიმწვავეს ერთმანეთს აბრალებენ ხოლმე.

- დიაღ, თქვენი წყალობით მეთქი! - ერთხელ კიდევ მიახალა დრაგუნმა. - თქვენ დაერიეთ მარაბდას შაჰ აბაზივით; თქვენ გაროზგეთ უდანაშაულო ხალხი; თქვენ არ მიგვაცემინეთ არსენასთვის მოახლე; თქვენ უპირებდით არსენას გაროზგვას; თქვენ ჩააყენეთ ეგზეკუცია; თქვენ აიკელით და დასწვით რამდენიმე სოფელი; თქვენი შიშით გავარდა არსენა და თქვენივე როზგის შიშით გაჰყვა მას ოციოდე გლეხიც. ახლაც თქვენ მოგვატყუეთ: არსენა ქვეით აღარ ჩამოვა და არხეინად დაბრუნდითო. სულ თქვენი ბრალია. თქვენი! სამ დღეში ერევნისკენ მივდივარ და ყველაფერს პასკევიჩს მოვახსენებ. დიაღ, ყველაფერს მოვახსენებ.

- მოითმინეთ, კნიაზო დავით, მომითმინეთ. - რამდენჯერმე გააწყვეტინა თავზარდაცემულმა მაიორმა და ბოლოს ისიც გაბრაზდა. - Надо и честь знать! ეგზეკუციის ამოყვანას მამათქეენი მეხვეწებოდა და არზაც კი მიართვა ერმოლოვს, მაგრამ რუსეთის ხელმწიფემ აქ იმისთვის კი არ გამოჰგზავნა ჯარი, იმისთვის კი არ დავღვარეთ აქ უამრავი რუსის სისხლი, რომ ნოქრად დაგდგომოდით... რომ საწყალი გლეხობა დაგვერბია... რომ...

- რაო? საწყალი გლეხობა? - წაილუღლუღა გაოცებულმა თავადმა.

- დიაღ, დიაღ. - დაუმოწმა არლოვმა, - რომ საწყალი გლეხობა დაგვერბია და თქვენი ხარბი და უსაქმური თავადების ბრბო გაგვეძღო. რუსის მუჟიკს არ შეუძლიან ამოდენა მუქთა-ხორა აზიატი შეინახოს. - და კაპასი ქალივით შეჰკივლა: - არ შეუძლიან მეთქი!

- რაო? ეგ რა სთქვით? - გამწარდა დავითიც, რომელმაც მათრახს დასტაცა ხელი, ცხვირწინ დაუტრიალა მაიორს და შეჰყვირა: - ჩვენა ვართ უსაქმური ბრბო? ეს ჩვენზე წამოროშეთ? მაიორო, მაგ სიტყვებს ხვალ დილითვე განანებთ. არსად არ წახვიდეთ და ჩემს სეკუნდანტებს ელოდებოდეთ. ათი თავადი გამოვალთ და ჯერში ჩაგიდგებით სულ ერთია, ვერ გადაგვირჩებით. თუ დაგვემალეთ, პასკევიჩი ხომ აქ არის. პასუხს იმას მოვათხოვნინებთ და მაგ სიტყვებს კი მაგ ბინძურ ყელშივე ჩაგჩრით!

მაიორს ფერი ეცვალა. ენა დაება. ეს წყეული ხასიათი ვერასგზით ვერ აილაგმა. რამდენს ეცადა და რამდენჯერ დაიფიცა, რომ “ამ აზიატების” წინაშე ენას დაიმოკლებდა. მაგრამ “ის ვიღაცა” მაინც ვერ დასძლია. ის ვიღაც მეორე “მაიორი” მოსისხლეზე უარესი იყო. თავის-თავად იჯდა არლოვის ძვალრბილში და დროგამოშვებით ისე დაიუფლებდა და ჩაჰკლავდა ხოლმე მაიორს, თითქო პირველი, თვითონ მაიორი, იმ ჟამად სულაც აღარ არსებულიყო. იგი ბოლივით იფანტებოდა, თითქოს კვდებოდა და, როცა სულს მოითქვამდა, მწარედ ნანობდა და თავის-თავს ლაფში ათრევდა. მაგრამ გვიანღა იყო თითზე კბენანი. ამგვარ უცნაური გარდაცვალების შემდეგ არლოვს ერთი ხნით უცნაურადვე ეცვლებოდა ხასიათიც. სულიერად მოდუნებული და თავმოძულებული, გაუთავებლივ იხდიდა ბოდიშს, თვალცრემლიანი ნანობდა, კარჩაკეტილი ლოთობდა და ერთი კვირის შემდეგ ისე გარდაიქმნებოდა ხელმეორედ, რომ თავისთავს თვითონაც ვეღარა სცნობდა. აი ახლაც ძველი სენი დაემართა. იმ ვიღაცამ მხოლოდ ერთი წუთით დაუბნელა გონება, ერთად-ერთი წუთით აუხსნა ენა და საშინელება წამოაროშვინა. მან ეს-არის ახლა იშოვა სანატრელი ნაჩალნიკობა და შესაძლებელი იყო ახლავე დაეკარგნა. ეს დრაგუნი კი ისევ ცხვირწინ უტრიალებდა მათრახს და მოჭიდავესავით აწვებოდა:

- როგორა სთქვი? ხარბი და უსაქმური ბრბო გავაძღოთო? ჩვენა ვართ უსაქმურები? თქვენ შველას დაგვპირდით, ნამდვილად კი უსინდისოდ მოგვატყუეთ და ყველაფერი წაგვართვით. - ჩვენი მთავრობაც, სახელმწიფოც, მართვა-გამგებლობაც, პატიოსნებაც და ახლა უსაქმურსაც გვიწოდებთ? როზგი თქვენ გვასწავლეთ, გაციმბირება თქვენ შემოიღეთ, გლეხთან ადამიანობაც კი აგვიკრძალეთ და ახლა კი იმავე “საწყალ” გლეხს ესარჩლებით? ვის ატყუებთ? ვინ არ იცის თქვენი ორპირობა? თქვენ მუდამ იმას ცდილობდით, რომ გლეხი და თავადი ერთმანეთს გადაგეკიდნათ, რომ ჩვენი გლეხი გაგესრისნათ, ჩვენზე აგემხედრებინათ და ახლა კი თავადებსაც გადმოსწვდით? კმარა ამდენი სიყალბე, ბატონო მაიორო!

წეღან მაიორი “იმ ვიღაცას” სწყევლიდა და მზად იყო თავის როყი სიტყვები ცრემლით დაევიწყებინა ამ თავადისთვის, ახლა კი შვებით გაუღიმა დავითს და მიაძახა:

- კნიაზო დავით, როცა ჩემს ნათქვამს მოახსენებთ პასკევიჩს, არც თქვენი სიტყვები დაივიწყოთ ახა-ხა!

მართლა სასაცილოა. თურმე ის “მეორე ვიღაც” ამ ჭაბუკსაც ჰყოლია. აქამდე თავს იკატუნებდა რუსი მეფის უერთგულესი მონა გახლავართო, ახლა კი უცებ ალექსანდრე ბატონიშვილის კაცი გამოხტა, რომელიც სანაქებო ოინბაზობით ატარებს რუსულ მუნდირს, - ისიც რომელს! - ნი-ჟე-გოროდის დრაგუნთა უმწიკვლო მუნდირს!

- ბრავო, კნიაზ. ბრავო! - შეაქო მაიორმა და მხარზე რამდენჯერმე დაჰკრა ხელი. - თქვენი გულწრფელობა ძალიან მომწონს, მაგრამ რაც პასკევიჩთან დაგაბარეთ, არასგზით არ დაივიწყოთ და სიტყვა-სიტყვით მოახსენეთ.

ახლა ბარათაშვილი გაფითრებულიყო. ხელები დუნედ ჩამოეშვა და თავისივე სიტყვების გამო შიშით და ბრაზით აკრაჭუნებდა კბილებს და თვითონაც არ იცოდა, რად განიმეორა ალექსანდრე და გრიგოლ ორბელიანების ნათქვამი, რომელსაც სხვაგან თვითონაც გააფთრებით ებრძოდა ხოლმე. მაგრამ სიტყვა გაფრენილ ჩიტზე უარესი ყოფილა: ჩიტს დაედევნები და ისევ დაიჭერ, ან მოჰკლავ, სიტყვა კი ბოლივით წაგივა, მერმე წამწამივით დაგაჯდება თვალზე და არასოდეს არ შეგრჩება.

ორი მტერ-მოყვარე პირისპირ იდგა. ერთმანეთს უღიმოდნენ და ერთსადაიმავე აზრს დასტრიალებდნენ: ბარი-ბარში, მოვრჩეთ და გავათავოთო. და მართლა გაათავეს:

- ორივე დავივიწყოთ. - უთხრა მაიორმა და ხელი გაუწოდა.

- დავივიწყოთ. - მიუგო დავითმა და ხელი ჩამოართვა.

- ახლა დაბრძანდით და დალაგებით მიამბეთ. - და როცა ყველაფერი მოისმინა, გაოცებით იკითხა: - გამაგებინეთ, ვინ არის ის არსენა, ყაჩაღია თუ გენიოსი?

- ყოჩაღი ბიჭია. - მიუგო არსენას ძუძუმტემ. - ყოჩაღი ყაჩაღია.

“სულელი ყოფილხარ” - საბოლოოდ დარწმუნდა მაიორი და ჰკითხა:

- მაშ თქვენი დის მზითევიც დაიწვა?

“სულელი და გაუზრდელი ყოფილხარ” - გაიფიქრა დავითმაც და უპასუხა:

- დაიწვა.

- ცხადზე უცხადესია, რომ არსენა იქ არ იქნებოდა. - მიაგნო სიმართლეს არლოვმა. ორი კვირაც არ იქნება რაც არსენა თრიალეთიდან წამოვიდა. მაშ ეს საქმე უიმისოდ ჩაუდენიათ. მაგრამ სულ ერთია, პასუხი ისევ არსენამ უნდა აგოს. ის რაზმი მისი ხანჯალია, რომელსაც აგერ ექვსი თვეა უწყალოდ გვიტრიალებს ტანში. ამას წინათ პირობა მომცა, იმ ხანჯალს ზურგიდან ამოგიღებთ და გულში ჩაგცემთო. მე ზურგი მაქვს მობარებული და გულისა არაფერი არ მეკითხება. ახლა კი პირობა დარღვეულია და მეც ხელფეხი გამეხსნა. მაშ ძრწოდე, თრიალეთელო გლეხობავ! ან შენს თავს გაიმეტებ სასიკვდილოდ, ან არსენას დამანებებ. - მუშტი მაგიდას დაჰკრა და შესძახა: - დამანებებ მეთქი!

შემდეგ დავითს ხაზინიდან რამდენიმე ათასი მანეთის გამოტანას შეჰპირდა და გაისტუმრა, თვითონ კი დაჯდა და გათენებამდე იმუშავა. დილით ყველაფერი მზად ჰქონდა. - ლაშქრობის გეგმა, დისპოზიცია, პატაკები, ბრძანებანი, გამარჯვების დაპირება და თავის მართლება იმის გამო, რომ მან ის ავი ყაჩაღი აქამდე ვერ დაიჭირა.

სამხედრო გუბერნატორი გენერალი სიპიაგინი არლოვის ნათესავი იყო და თრიალეთის ნაჩალნიკობაც იმან მოუხერხა. გუბერნატორი ის იყო იღვიძებდა, როცა მაიორი გენერალს საწოლ ოთახში შეუვარდა, თანაც მიაძახა:

- ვიღუპები, მიშველე!

გუბერნატორმა კარგად იცოდა მაიორის აფორიაქებული ხასიათი და ისე შემოუტია, რომ მისი დაფეთებული ნათესავი კუდამოძუებული გამოვიდა და იქამდე იცდიდა დარბაზში, სანამ გუბერნატორი ჩაიცვამდა და ჩაის დალევდა. შემდეგ მაიორს განგაშის მიზეზი გამოჰკითხა და როცა მოისმინა ფეხები აუბაკუნა, უკმეხად დატუქსა, ყველაფერზე უარი უთხრა და ბოლოს მაინც იმდენ ჩაფარ-ყაზახს დაჰპირდა, რამდენსაც არლოვი თხოულობდა, თანაც დაუმატა:

- ეს უკანასკნელია და თუ ახლაც ვერ დაიჭირე, ჩემი გუბერნიიდან გაგაგდებ. აბა, მარშ! - და კინაღამ პანღური ამოჰკრა.

ბრძოლის ველიდან ქალაქში ჩამოსული თავადები იმ დღეს უკანვე ბრუნდებოდნენ და დილით სიონის ტაძარში პარაკლისს იხდიდნენ, რათა უფალს რუსის მახვილისთვის გამარჯვება მიენიჭებინა, ერევანიც აეღებინებინა და მებრძოლნიც უვნებლად გადაერჩინა. სიონის ქუჩა შეკაზმული ცხენებით და ეტლებით იყო სავსე, ხოლო ტაძარში ორმოციოდეს ომში-მიმავალსა და ათჯერ უფრო მეტ ნათესავს მოეყარა თავი.

მაიორმა დროზე მოუსწრო, პარაკლისი გათავებულიყო და ჭავჭავაძე, გრიბოედოვი, მურავიოვი, ორბელიანები და სხვებიც უკვე ქუჩაში გამოსულიყვნენ და ნაცნობ-ნათესავებს ემშვიდობებოდნენ. მაიორი რომ დაინახეს, ერთმანეთს თვალი უყვეს და ჩაიღიმეს.

- მამა, გზაში არსენა არ დაგიხვდეს. - უთხრა უცებ ჭავჭავაძეს მისმა ქალიშვილმა კატომ.

- არა, შვილო, არსენა უკვე შებოჭილი ჰყავს აგერ ამ ძიას. - სიცილით მიუგო მამამ და არლოვზე მიუთითა.

- თქვენო ბრწყინვალებავ, დაპირება ვერ შეგისრულეთ. - ქაქანით და სხაპუნით მიაყარა ალანძულმა მაიორმა ჭავჭავაძეს და გრიბოედოვს. - იმ არამზადა არსენამ სიტყვა გასტეხა და წუხელის თავად ბარათაშვილს სახლკარი გადაუწვა. ჩემი ბრალი არ არის. რადგან მე... იმან... რომელიც რომ...

- ვიცი, ყველაფერი ვიცი. დავით ბარათაშვილმა გვიამბო. - გააწყვეტინა ჭავჭავაძემ და ზურგი შეაქცია. გრიბოედოვმა ჩაიღიმა. მხრები აიყარა და ისიც გატრიალდა.

მაიორმა ალექსანდრე ორბელიანს და შალვა ბარათაშვილს მოჰკრა თვალი, რომელნიც გუშინწინდელ არჩევნებზე ლაპარაკობდნენ.

- არა უშავსრა, შენი ჯერიც მოვა. - ანუგეშებდა ორბელიანს ბარათაშვილი. - მუხრან-ბატონი იმიტომ აირჩიეს მარშლად, რომ ხნიერია, ბაგრატიონია, შენ კი ჯერ ახალგაზრდა ხარ და ფასი ახლაღა გედება.

- მე არც ვედავებოდი. - მიუგო თანაშემწედ დარჩენილმა ორბელიანმა. - ეს თანამდებობა ზედმეტ მუშაობის მეტს არას იძლევა.

- თავადიშვილებო, ეს არის თქვენი პატიოსანი სიტყვა? - თითქმის ტირილით შეაწყვეტინა ორ მოსაუბრეს მაიორმა.

ორივემ მხრები აიჩეჩა. მერმე ბარათაშვილმა უთხრა:

- თქვენ თვითონაც გითქვამთ, იმ დროს არსენა მარაბდაში არ ყოფილაო.

- სულ ერთია, მოპასუხე მაინც არსენა უნდა იყოს. - მიუგო არლოვმა. - მე კი შუაში გამოვიჭყლიტე და... და რადგან ამ საქმის მონაწილე თქვენც ბრძანდებოდით, ამიტომ პატიოსნება მოითხოვს, რომ თქვენც ხმა ამოიღოთ.

- უეჭველად. - დაამშვიდა ორბელიანმა. - პასკევიჩსაც მოვახსენებ და ჭავჭავაძესაც ვათქმევინებ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბატონო მაიორო!

მგზავრები ნათესავებს ხვევნა-კოცნით გამოემშვიდობნენ, მერმე ცხენებზე შესხდნენ, დიდ მანძილზე გაიჭიმნენ და ქუჩაში თვალცრემლიანი ქალები და ზარდაცემული მაიორი დასტოვეს, რომელიც დაღვრემილი იდგა და ჰფიქრობდა: “მგონი ახლა გუბერნატორი სიპიაგინიც ვეღარ მიშველის. ამათი დაპირებაც სანდო არ არის. ახლა კი გათავდა, ვიღუპები”. მერმე შინისკენ წავიდა და ლაშქრობის სამზადისს შეუდგა.

* * *

- არსენა გაგვებუტა... არსენა გავაჯავრეთ. - ჰბუტბუტებდნენ უკანვე მიმავალი შეფიცულები. - ან ყველას გაგვრეკავს, ან თვითონვე ჩამოგვშორდება.

და თავჩაქინდრულმა რაზმმა გამარჯვებულთა რიხის მაგიერ შიში და სევდა აიტანა ბანაკში.

დამწვარი ოძელაშვილი გამარტოვდა და უკანა რიგში ჩადგა. ბელადობის აღვირი ხელიდან გაუშვა და ძმების სანახავადაც კი აღარ გამოდიოდა. ან ქოხში იჯდა, ან ტყეში დაეხეტებოდა. ხელშეხვეულსა და პირაკრულ ნაბელადევს რამდენჯერმე რაღაც ჰკითხეს და პასუხად ერთი და იგივე მოისმინეს:

- ჩემი საქმეა? ახალ ბელადს ჰკითხეთ, მე კი არამც-და-არამც აღარ შემაწუხოთ. - და ერთხელ გულისტკივილით დაუმატა:

- სჯობს ანთებულ ბუხარში ორი ყუბმარა შეინახო, ვინემ საქვეყნო საქმეს ორი ბელადი მიუჩინო.

- არსენ, ბელადი შენა ხარ. - უპასუხეს.

- ბელადი ის არის, ვისაც მარაბდაში გაჰყევით, მე კი სატენელა ხომ არა ვარ რომ ყველაფერში ჩემი თავი ჩასჩაროთ? - და საქმე რომ გაუჭირეს, კიდევაც შეუტია: - ყბა ნუ დამადგით, დამეკარგენით აქედან!

ძმადნაფიცებს ეშინოდათ, თვითონ არსენა არ დაგვეკარგოსო და ამიტომ თვითონვე იკარგებოდნენ.

ასე გავიდა რამდენიმე დღე. ბანაკი თითქო დაქვრივდა, დამუნჯდა: გუშაგობა მოდუნდა, ვარჯიშობა მოისპო, მუშაობა გაუქმდა და დროც მოიშალა: ყველა თავის ნებას აჰყვა და როცა მოისურვებდა, მაშინ წვებოდა, დგებოდა, სჭამდა, ბანაკიდანაც გადიოდა და შეგვიანებით ბრუნდებოდა. აღარ გაისმოდა ფერხული და ზღაპარი, სიმღერა და წიგნის კითხვა, თამაშის ჟრიამული და ხმა ქამანჩის, ჭიანურის, ფანდურისა, აღარც ომახიანი შეძახილი და აღარც ლაღი სიცილი.

საცაა მდევარი უნდა ამოსულიყო. ფათერაკს ყველა ჰგრძნობდა, მაგრამ არავინ არ იცოდა, როგორ მოებათ განდგომილი თავი უთავო ბანაკისთვის და როგორ შეებათ ხელმეორედ არსენა იმ უმძიმეს უღელში, რომელიც ზოგს სახარბიელოდაც მიაჩნდა.

სირცხვილით დამწვარი სევასტის ჯგუფი ისევ გამარტოვებული იყო: ცალკე სჭამდნენ, ცალკე ეძინათ, ცალკე დადიოდნენ და ცალკე თათბირობდნენ. მაგრამ მათ ერთი პირი აღარა ჰქონდათ და მიყრუებულ ფოთლიანიდან ხანგამოშვებით მათი ბუზღუნი, ღრინვა და ფიცხი შეჯახება მოისმოდა. ყველამ იცოდა, რომ ახალი ბელადები ერთმანეთს სჭამდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერც შეეჭამათ, ვეღარც ბელადობდნენ და არც ქედს იდრეკდნენ.

ერთხელ როსტომი და ლაცაბიძე ურთიერთს მძლავრად დაეტაკნენ. სევასტიმ მიწამდე ჩამოუშვა ეშვი, ავად აღრინდა და ადლიანი ხანჯალიც კი ამოსწია. როსტომმა ხმა არ გასცა, მაგრამ ფეხიც არ მოიცვალა. ორივე ხელი ხანჯალზე ედო და ანთებული თვალებით სჭამდა მოპირდაპირეს. ძმებმა დროზე გააშველეს, არსენამ კი თავის ცოლისძმა ძლიერ დასტუქსა და სევასტის წინაშე ათქმევინა, გემორჩილები და მიბრძანეო. ამის შემდეგ ლაცაბიძემ საბოლოოდ აიღო ხელი ბრძანებლობაზე და თავისიანებსაც კი გაეთიშა.

მაგდანაც მარტო დარჩა. თარეშის შემდეგ მან სავსებით ჩაიბურა ჩამწვარი გული და აღარც ლაცაბიძეს მიეკარა და არსენაც მოიმდურა. ამის გამო ქვრივს მოურევნელი დარდი ჰქეჯნიდა და გამქარვებელი კი აღარავინ არ შერჩა. ზურა მარტო მიიწევდა შულავრისკენ და მაგდანას ერთ დარდს მეორეც ზედ დაურთო. შავი ქვრივი აილესა. აღარც სჭამდა და აღარც ძილს იკარებდა. შვილს ხანჯალივით ჩამოეკიდა და ერთი წუთითაც აღარ შორდებოდა. “გამეპარება, სეხნიასაც ვერ უშველის და თვითონაც ფათერაკს წაეკიდება”. - ჰფიქრობდა ქვრივი და, ჩრდილად ქცეული, თავის ერთასაც ჩრდილივითვე დასდევდა.

- ძალო მაგდან, მოისვენე. - უთხრა ერთხელ არსენამ. - ზურა არსადაც არ წავა, სეხნიას კი... ცოტაც მოითმინე და იქნება ვუშველო რამე.

- გული ავს რასმეს მეუბნება, არსენ. - შესჩივლა მაგდანამ - საქმე მე თვითონვე გავაფუჭე.

- აგრეა, ძალო. სეხნიასაც გაუფუჭეთ და სხვებსაც.

ძმადნაფიცებმა დრო იხელთეს და ჩაერივნენ.

- ლაცაბიძეს რომ არ წავყოლოდით, შევრცხვებოდით. - ჩაურთო როსტომმა.

- ერთმანეთს გავეთიშებოდით. - სთქვა სულხანმა.

- ფიცს გავტეხავდით. - მიეშველა ქავთარიც.

- ფიცი იმათ გასტეხეს, თქვენ რა შუაში ხართ? - ხმა აიმაღლა ოძელაშვილმა. - ამოდენა ხალხი ხუთიოდე კაცს რად აჰყევით?

- იმიტომ, რომ....

- იმიტომ, რომ ისინი ყაჩაღები არიან, თქვენ კი ბედოვლათები. - მოუჭრა ნაბელადევმა. - აკი გეუბნებოდით, ყაჩაღობა უნდა დავახჩოთ, თორემ გაიზრდება და თვითონ დაგვახჩობს მეთქი. ეხლა ხომ გამართლდა ჩემი ნათქვამი?

უცებ ყველანი გაჩუმდნენ, რადგან მათკენ მომავალი ლაცაბიძე დაინახეს. უკან კარპიჩა, მეშთა, ჰასანა და რამდენიმე ახალგაზრდა მოსდევდნენ. ყველანი თავჩაღუნულები იყვნენ და თითქოს სახრჩობელაზე მოდიოდნენ. ამ ამბავს სხვებმაც მოჰკრეს თვალი და ბანაკის ყველა კუთხიდან დაიძრნენ.

- გამარჯვება, არსენ! - დუნედ მიუგდო სევასტიმ და არსენას პირდაპირ ჩამოჯდა.

ერთ ხანს ლაცაბიძე ნელ ცეცხლზე იხრაკებოდა, მაგრამ დიდი შინაგანი ძალა ჰქონდა და სიმდუღრეს მოხერხებით მალავდა. ეხლა კი სიცხემ თავი ვეღარ დამალა და ლაცაბიძის ხმაში აშკარად გამოჟონა.

- გაგიმარჯოს, სევასტი. - და რადგან ეშვიანი ბელადი სდუმდა, მარაბდელმა აღარ დააცალა და ჰკითხა: - რას იტყვი? რა გინდა?

- ის მინდა, რომე მაი აღარ შეიძლება.

- რა არ შეიძლება?

ლაცაბიძე კვლავ სდუმდა, არსენას და მის რისხვას კი ერთმანეთი რკინის მკლავებით ეჭირათ.

- რა არ შეიძლება მეთქი? - აუწია ხმას მარაბდელმა.

- ძმობა იშლება. - დაუწია ხმას სევასტიმ.

- რატომ იშლება? ვინა ჰშლის?

- შენც იცი, შე კაცო, და რაღაზე მალაპარაკებ? - ისევ აუწია ხმას შავწვერამაც და ეშვი ჩამოუშვა.

- სევასტი, გირჩევ ეგ ეშვი შეიკეცო. მე იმიტომ გალაპარაკებ, რომ სათქმელი უნდა ითქვას და ყველამ უნდა გაისუფთაოს გული. თუ ვინმეს ნემსის ოდენა ხინჯი დარჩება, იგი ისევ გაიზრდების, გაავდების, გასკდების და ყველას მოსწამლავს. ახლა მითხარი, რად ჩაუხტით ბარათაშვილსა?

- მიტომ ჩაუხტით, რომ პირობა არ შეგისრულა. - ისევ დაბალი ხმით მიუგო ლაცაბიძემ და გამშრალი ტუჩები მოილოკა.

- ზაალმა პირობა მე დამიდო და ამიტომ მე ვიცოდი და ბარათაშვილმა. სულ ერთია, არ შევარჩენდი. ყველაფერს თავის დრო აქვს და მოცდა სჭირდება...

- აგრეა! ოღონდაც! - ჩაურთეს აქეთ-იქიდან.

- პირობის დარღვევა საბაბად გამოიყენეთ, - დინჯი ხმით განაგრძო მარაბდელმა, - ნამდვილად კი იმ ფალას-ფულასსა და ქალების ჩვრებს დაჰხარბდით, დავლად რომ წამოიღეთ იქიდან. - და უცებ ხმაში ფოლადი ჩაისახა: - სთქვით, ვინ გადასწვა ზაალის დოვლათი? - და რადგან ყველა სდუმდა, კიდევ იკითხა: - ვინ მისცა მეთქი ცეცხლი ზაალის სახლკარს? კარპიჩავ, მიპასუხე!

- შე კაი კაცო... - წაიბურტყუნა კოჭლმა “იადონმა” და ოსტაპის მთა-ზურგს ამოეფარა.

- მეშთა, წინ წამოდექი! შენც წაუკიდე ცეცხლი, განა!

- მეც წაგიკიდე. - გამოტყდა მეშთა და იმ ლეკვის იერი დაიდო, რომელიც საცემრად დაიჭირეს, დაიდო და ისიც მიიმალა.

ძმათა შორის ფრუტუნი გაისმა, მაგრამ არსენას არ ეცინებოდა და კვლავ თავის გზით მიდიოდა.

- დალი ჰასან, რა თქმა უნდა, შენც ერიე.

- ბალი, ზმაო არსენ. - თათარი წინ წამოიჭრა. - მეს ვერიე. სევასტიმ მიბრზანა და შევასრულე.

- მეც სევასტიმ გიბრძანა და შეგისრულე. - უკნიდან წამოიძახა მეშთამ და კარპიჩამაც ამოიყვირა:

- მეც, მეცა.

- კეთილი და პატიოსანი. - მოიწონა ოძელაშვილმა და ლაცაბიძეს მიუბრუნდა: - ახლა თქვენი საქციელი გავზომოთ.

გაუზომა და დიდი ზარალი გამოუყვანა. დანაკარგი მართლა განუზომელი გამოდიოდა.

- ტურას პირდაპირ უნდა შეუტიო, - ამბობდა არსენა, - ლომი კი ჯერ უნდა გახლართო და მერმე დასცხო. რუსის მთავრობა ლომია და პირისპირ მისვლა ჩვენ კი არა, ხონთქარსა და შახინშახსაც არ არგებს. მე ფათერაკი მივაძინე, თქვენ კი ისევ გააღვიძეთ. ახლა ამ ხეობას აიკლებენ, ნაწამებ ხალხს წაგვკიდებენ და ჩვენც კუდით ქვას გვასროლინებენ. აქამდე მუდამ გამარჯვება მოგვდევდა, ახლა კი ნამდვილად დაგვამარცხებენ და სახელსაც გაგვიტეხავენ. გამაგებინეთ, რითვინაო? რათაო?

- აგრეა! მართალია! - ჩაიბუტბუტა ბანაკმა.

- სახელი უკვე გაგვიტყდა. - განაგრძო მარაბდელმა. - რა ვაჟკაცობაა დოვლათის და დიაცების დაწვა? სულ ერთია, ისევ საწყალ გლეხს აზღვეინებენ. ამას იქით ხალხი ჩვენზე გულს აიყრის და ყაჩაღებს დაგვიძახებს.

- ვალაჰ, აღარ ვისი ვინა ვარ. ყაჩაღი ვარ, მაშ რა დოზანა ვარ! - გაოცდა დალი ჰასანი და ზოგმა სხვამაც დააჭყიტა თვალები.

ოჰ, რა ძნელი ყოფილა ისე ნათლად გამოსთქვა აზრი, რომ ყველამ გაიგოს და კამეჩსავით აღარ გალოღნინოს. ამაზე არსენას ხშირად ჰქონია საუბარი, მაგრამ, როგორც ეტყობა, თავის ნათქვამი ზოგის თავში მაინც ვერ ჩაუდუღებიაყას ზოგი რაზმელის უგვანი ყოფაქცევაც გაახსენდა. უკანასკნელ დროს იშვიათად გავიდოდა კვირა, რომ რამდენიმე რაზმელი ორიოდე დღით არ დათხოვნილიყო. სამიოდე დღით არ დაეგვიანა და არსენას კაშკაშა სახელი არ დაებინდა. მარაბდელმა უწინაც ბევრი რამ იცოდა, ახლა კი უფრო მეტი და უფრო საშინელი ამბები გაიგო.

ერთხელ დალი ჰასანი “პასასა საქმისთვის” გაღმა ბორჩალოში წავიდა და გზადაგზა ლომის-გორასთან თურმე ვიღაც პირღია გლეხი დაიჭირა და სარაჩლოში გაჰყიდა.

როცა ოძელაშვილმა სიმონა ქვიშხეთში დასტოვა, მტკიცე დარიგება მისცა მას, მაგრამ არსენას მიერ განთავისუფლებულ მონას მართლა მონური სული აღმოაჩნდა: სუმბათოვს რომ პირისპირ ვერ შეჰკადრა, თურმე საფრიდან ესროლა ზურგში, მაგრამ ააცდინა. იმავე ღამეს მან ბატონს საწყალი საქონელი ამოუწვა გომურში და გამოიქცა.

არც ლაცაბიძეს დაუკლია. ერთხელ განაცხადა, ქალაქში მივდივარო, ნამდვილად კი ქვეშის მიდამოში ენახათ. მეორე დილით საგინაშვილი ყელგამოჭრილი იპოვეს. ეს აზნაური ავი ბატონი იყო და სევასტი ხშირად მიიწევდა მის დასასჯელად, მაგრამ არსენა არ უშვებდა. იქვე ახლო გამოასალმეს წუთისოფელს ხოჯორნელი თავადი მელიქიშვილი და დმანისელი აზნაური ჩაჩიკაშვილიც. იმ ხანებში ლაცაბიძე ბანაკში არ ყოფილა. როცა არსენამ იქიდან დაბრუნებულ სევასტის სისხლ-ნასვამ თვალებში ჩაჰხედა, გულმა ჩქამი უყო და დაიჯერა, რომ ის სისხლი შავწვერას ხელით იყო დაღვრილი. ამის შემდეგ ისედაც გულჩათხრობილი იმერელი სულ დამუნჯდა და რამდენიმე დღით განაპირდა. მაგრამ მარაბდელს თავის ძაღლზე უფრო მეტად მჭრელი გუმანი ჰქონდა და სისხლიან ამბავს ჰაერთან ერთად ისუნთქავდა ხოლმე.

მეშთაზე როგორღა იფიქრებდა! თურმე მეჯინიბე მხოლოდ პირში ეფიცებოდა ერთგულებას, ზურგის უკან კი ჩუმჩუმა და გულფუჭი გამოდგა. თურმე სადმე გზაში ჩასაფრთებოდა, მგზავრს დაუხვდებოდა და მიაძახებდა: “მე არსენა ხარ და ჯიბეები გადმოგიბრუნე, თორე ტყვია მოხვედი!” რა ტუტუცი ყოფილა! ნეტა სუფთა ქართული მაინც სცოდნოდა! აბა ვინ დაუჯერებდა არსენობას?

სხვებს არც კარპიჩა დაუვარდა. შორს არსად წავიდოდა. ვინმე რაზმელს აჰყვებოდა, იქვე რომელიმე სოფელში ხელს მოითბობდა და წვრილმანსაც კმარობდა. არც სხვები იყვნენ ანგელოზები: სამადლოელი ბედასლი “თხუპნია”, მანგლელი “ორბი”, გომარელი “მაჩვი”, ბირთვისელი “ციყვი”, არგველი “ლაყე ბიჭი”, რომელიც ახლაც არსენას სახელით ყაჩაღობდა, და კიდევ სამიოდე ახალგაზდა - ყველა იტაცებდა, იპარავდა, ჰგლეჯდა, გლეხებსაც კი აშიშვლებდა და უხვად შოულობდა ალაფს.

პირველ ხანს რაზმელებს ბევრი რამ აკლდათ და ითმენდნენ, ახლა კი ბარში ხეტიალი გაიგემრიელეს, ყველაფერი გაიჩინეს და ზედმეტიც მოიმარაგეს. სათარეშოდ გასულ რაზმელს მრავლად მოჰქონდა ყინვა-შაქარი და ნუღლი, ხმელი ხილი და რაჰათ-ლუხუმი, ძვირფასი მოვი და დიბა, ბაბთი და ყაითანი, ფარჩა და შეიდიში, შალი და შევერცხლილი იარაღი. მოჰქონდათ და ერთმანეთს ურიგებდნენ. არსენას ჯერ ვერ ჰკადრებდნენ, შემდეგ კი შეუბედეს და შეაძლიეს. ოძელაშვილმა იხამუშა, დასტუქსა და კიდევაც დაემუქრა, მაგრამ მაინც ვერ მოარჯულა. ძარცვა-გლეჯა ოდნავ შენელდა, მაგრამ არ მოისპო, სამაგივროდ ხრამი ბელადსა და ყაჩაღებს შორის უფრო გაღრმავდა და უარესად გაავდა.

თუ შენი ამხანაგი კუზიანია, შენც მოიკუზე, თორემ ეწყინება, - ასე უნდა მოქცეულიყო მარაბდელი, მაგრამ მას საამისო ბიწი არ შესწევდა. მისი სული არასოდეს არ ჩადიოდა ბნელ ჯურღმულში და მუდამ იმას ლამობდა, რომ იქ ჩავარდნილი მოძმე ზევით მწვერვალზე ამოეყვანა. მძარცველებს კი ისევ წყვდიადი ერჩივნათ და მარაბდელს წილში ჩარევას ვეღარ უბედავდნენ, სამაგივროდ ფიქრიას, მარინეს და მაგდანას მრავლად მოსდიოდათ მათი “ფეშქაში”.

- ნუ გამიხდით ხათუმები! - რამდენჯერმე შეუტია მათ არსენამ და ქალები მხოლოდ მას შემდეგ ირთვებოდნენ ქალურად, როცა არსენას სადმე გაიგულებდნენ ხოლმე.

ტკბილეულსა და შეიდიშს მაგდანაც იღებდა, რადგან ისიც დედაკაცი იყო და უყვარდა, მაგრამ როცა საჩუქრის საბადლოდ “ჩემო ყველას” ჩურჩული, მის ტანზე ხელის ფათური და მის ლოყებზე ულვაშების ღიტინი მოჰყვებოდა ხოლმე, შავი ქვრივი ნაჩუქარს ისევ მომტანს მიუყრიდა და როსტომს შესჩივლებდა:

- რა ვქნა, განა დაგავიწყდა, რომ ჩვენ დანიშნულები ვართ? გამოესარჩლე, ბიჭო, თორე აღარ მასვენებენ.

მათი დანიშვნა როსტომსაც დაავიწყდა და ბანაკსაც, ამიტომ იერიში თანდათან ხშირდებოდა. ხელნაკრავი რაზმელი მახლობელ სოფელში გარბოდა, ვინმე ქვრივთან გრილდებოდა, რამდენიმე დღით წყნარდებოდა და დიდი ხიფათი მოჰქონდა: ბანაკის ალაგს გაიგებდნენ და აიკლებდნენ.

ქვრივის დევნის გამო კინაღამ სისხლიც დაიღვარა. ერთხელ როსტომმა გაიხსენა, რომ მაგდანა მისი დანიშნული იყო და ლაცაბიძეს გადაეღობა:

- სევასტი, მაგდანაზე ხელი აიღე, თორე...

- ავი ძაღლი არც თვითონა სჭამს და არც სხვას აჭმევს. - ჩაიბუზღუნა სევასტიმ.

- რაო? ძაღლიო? - გაოცდა როსტომი, - მე დამიძახე ძაღლი? - და გაფითრებული ჯორჯიაშვილი ძმადნაფიცს ზედ შავ წვერზე მიადგა.

ორი ხანჯალი თავის თავად გაშიშვლდა და ტყეში ფოლადის ჟღარუნი გაისმა. ძმები გასაშველებლად მისცვივდნენ, მაგრამ ვერ მიუდგნენ. ისევ ქვრივმა ივაჟკაცა: მოშუღარებს მანდილი ჩაუგდო შუაში და შეუტია:

- სირცხვილია! თუ ზედმეტი სისხლი გაწუხებსთ, მაიორისთვის შეინახეთ.

ამ ამბების გამო არსენას საგოდისიც მოემატა და საზრუნავიც. მას მწვავედ ეთანაღრებოდა გული და ნამეტნავ კი ის ამწარებდა, რომ ლოთი და ავაზაკი რაზმელები გლეხებსაც არბევდნენ და არსენას სახელს ლაფში აგორავებდნენ. მარაბდელს ხშირად უკითხავს თავის თავისთვის: “ამ ხალხის წყალობით უნდა მოვიგო გლეხობის გული? ამათ უნდა შემუსრონ ბატონყმობა? კიდევაც რომ გავიმარჯვოთ, ეს ყაჩაღები შემდეგ ისე დაგვიბრიყვებენ და ისეთ ახალ უღელს დაგვადგამენ, რომ დღევანდელ ბატონებსაც კი მოგვანატრებენ”.

რაზმელების ხეტიალი ბანაკს დიდ ხიფათს უმზადებდა. არსენას მრავალი საჩუმარი საქმე ჰქონდა, ყბედებს კი უნებურად ჩაჰქონდათ სოფელში. შემდეგ ეს ნაენავი წყალივით ჟონავდა კარით-კარში და გიგოლების ხვრელებით მაიორის ყურში ჩადიოდა. ამის წყალობით არლოვი არსენას ხაფანგებს უგებდა, მის ერთგულებს იჭერდა და საცაა თვითონ არსენასაც მიაგნებდა.

ზოგჯერ იმედდაკარგულ ბელადს ფიქრად მოსდიოდა რამდენიმე კაცი წაეყვანა და ამ ყაჩაღებს შორს სადმე გასცლოდა, მაგრამ ძმადნაფიცობის გატეხვას უკადრისობდა და ისევ მოთმინება და მათი მოთვინიერება ამჯობინა. რამდენიმე რაზმელი კიდევაც მოათვინიერა: ზოგი უკბილოდ დასტოვა და პანღურით გააგდო, ზოგიც თითო კვირით მიაბა ხეზე და მშიერს ინახავდა. აი გუშინაც გააბრაზეს. ბანაკში დიღმელ თანდილას წააწყდა და მიაძახა:

- გამოტყდი, რომ წავკისელ გლეხს შენ მოჰპარე ძროხა.

- მერე შენ რა! ბელადი ხომ აღარა ხარ. - ბრიყვულად მიუგო ქურდმა და არსენამაც მაშინვე მიუგო: რადგან ხელები დამწვარ-შეხვეული ჰქონდა, ფეხი მოიხმარა და ისე ძლიერ ჰკრა მუცელში, რომ თავხედი რაზმელი უგონოდ დაეცა და დილამდე ებრძოდა სიკვდილს. არსენა მას თვითონვე უვლიდა, სწუხდა და ამბობდა:

- ჯერ კაცი არ მომიკლავს და ძმობილი უნდა შემომაკვდეს?

როცა გონ-წასული ქურდი მოსულიერდა, მარაბდელმა ის ხეზე მიაბმეინა და ასასად თავის ძაღლი მიუჩინა. ეშინოდა, გაიპარება და გვიღალატებსო, თანაც ჰფიქრობდა, რამდენიმე დღის შემდეგ ბანაკს ადგილს გამოვუცვლი და მაშინ გავუშვებო. ის ქურდი აგერ ახლაც იქვე ჰგდია და ავი თვალით გამოიყურება.

ახლა არსენამ ძმადნაფიცებს ყველაფერი გადმოულაგა, სამხილებელი ამხილა და ჰკითხა:

- ჩაიდინეთ თუ არა ეს საძაგლობა? აღიარებთ სიმართლეს თუ არა?

პასუხად ყველანი ერთხმად და გულწრფელად აყაყანდნენ:

- ვაღიარებთ... ვძარცვავდით... ვქურდობდით... ვხოცავდით... დაგვსაჯე, შეგვირიგე.

სანამ ძმობილები თავიანთ ცოდვებს იღეღავდნენ, არსენას ვიღაც უხილავი ჩასჩურჩულებდა:

“ამ ავაზაკებთან რომ დარჩე, რაზმი უნდა გაანახევრო, და ნარჩენებისთვისაც ტუსაღური წესრიგი უნდა შემოიღო და მუდამ მუშტი და ჯოხი ატრიალო. აბა რა საკადრისია! ერთხელაც იქნება ვინმე ნაცემ-ნაწყენი გიღალატებს და მაიორის ხელში ჩაგაგდებს. ან რა უნდა გაგიკეთოს იმ ხალხმა, ვისაც ყაჩაღობა და არსენობა ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევია! ისევ სჯობია თავი დაანებო. კმარა! გათავდა!”

ახლა საბაბიც კარგი აქვს. მარინე ფეხმძიმედ ჰყავს და უნდა მოალოგინებინოს. ახალციხეში გადაიყვანს, თან რამდენიმე ძმადნაფიცს - სულხანს, ოსტაპს, ბაღოს, როსტომს, ქავთარს, ფიქრიას, ზურას და მაგდანას წაიყვანს და იქ მოიცდის, დანარჩენებმა კი თავიანთ-თავს თვითონ უპატრონონ და რამდენიც უნდათ იყაჩაღონ.

ოძელაშვილი დიდხანს სდუმდა და ჩუსტის წვერით აწვალებდა ქვას. სხვებიც გაჩუმებულიყვნენ და არსენას საბოლოო სიტყვას ელოდებოდნენ. ბოლოს სევასტიმ შეარხია სიჩუმე. ეშვით გაუღიმა მარაბდელს და უთხრა:

- შე კაცო, შენი ხასიათი რომ ვიცი, აქამდე მოსისხლეს დეივიწყებდი და ჩვენი დანაშოული რეიზა ვერ დეივიწყე?.

“დანაშოული” - ამ სიტყვამ, ლაცაბიძის პირით ნათქვამმა, არსენა შეაკრთო და გასაქცევი გზა მოუჭრა.

- აწი ყოლიფერი დეივიწყე და ამას იქით ისთე დაგემორჩილებით, რავაც სალდათი ემორჩილება აფიცერს. - ასე მისცა სევასტიმ მეორე წინდიც და მესამეც დაუმატა: - თურმე გწყენია, რომე ჩვენ ახალი დროშა გევიჩინეთ. ა, შენი ჭირის სანაცვლო იყოს. - უბიდან შავი ქსოვილი ამოიღო, ის სიკვდილის ალამი ნაკუწებად დაფხრიწა და ოძელაშვილს ფეხებში მიუყარა, თანაც დაუმატა: - აწი შენ იცი და შენმა კაცობამ.

იმერელმა არსენას იარაღი აჰყარა. ყველანი გაიბადრნენ და სამხიარულო კიჟინით მიესივნენ მას:

- გათავდა! შერიგდნენ! - ეშმაკმა შეგვაცდინა და აღარ ვიზამთ.

- არსენ, დაგივიწყე და გათავდი! - მიაძახა მეშთამაც. - ვალაჰ, შეითანის ბრალია! - შესძახა თათარმაც.

- კაცო, ერთი ალილო გვდელსაც შესცდებაო. - იძახოდა კარპიჩაც - მამა გმერთიც შესცდა, როცა მე გამაჩინა. ეხლა მეც შევცდი და მაპატიე, რაღა! - და ხაბაზი ოძელაშვილს ბავშვივით ჩაუვარდა დამწვარ მკლავებში.

სხვებიც მიესივნენ და შეტრუსულ სახეს უკოცნიდნენ, თანაც თითქმის სტიროდნენ და ბალღებივით ეფიცებოდნენ მორჩილებას. უხელო არსენას კი აქეთ-იქით უმწეოდ მიჰქონდა არტაშანით შეხვეული თავი და ლუღლუღებდა:

- ავი თავადებისთვინ გლეხის წამებაც კი მიპატიებია და თქვენ როგორ არ გაპატიოთ, თქვე ყაჩაღებო! ჰარამზადებო! სალახანებო! ავარებო! მაგრამ მიფრთხალდით, დღეში მაგ გოგრებზე ორ ჯოხს დაგამტვრევთ... ყაჩაღებო... სალახანებო!

- აგრე იყოს! - იძახოდნენ. - გვტყიპე! გვცემე! ახია ჩვენზე ყაჩაღები ვართ და ნუ დაგვინდობ, მაგრამ შეგვიბრალე და დაგვარიგე.

- დათუნა მოდის! - დაიძახა ამ დროს გუშაგმა.

- გამოუშვი! - გასძახა არსენამ და რიტორის მოსვლა არ გაუკვირდა, რადგან დღეს დილიდანვე ელოდებოდა მას. ბარნაველმა გუშინ დილითვე შემოუთვალა, შენი ნახვა მინდა და შენ კაცს გუდარეხის ციხესთან მოუცდიო. არსენამ ეტიკად მისივე დისწული ზურა გაუგზავნა და დაარიგა, ორასი თვალი გამოიბი, თორემ კვალდაკვალ გამოგყვებიან და მოგვაგნებენო, და ეს ამბავი მხოლოდ მაგდანას შეატყობინა. ქვრივი მას აქეთ აბურძვნილი დადიოდა და ძმას და შვილს გულის ფანცქალით ელოდა.

ბანაკი სწრაფად წამოიშალა და ახალმოსულს სიხარულით მიეგება. არსენამ ბარნაველი გვერდით მოისვა და მოიკითხა, თანაც დაუმატა, ძმადნაფიცები ერთმანეთს არაფერს არ ვუმალავთ და ყველაფერი აქვე გვითხარიო. მერმე ჰკითხა:

- საიდან მოდიხარ, დათუნა?

- შულავრიდან. მაიორმა გამომგზავნა.

მაიორის ხსენებაზე ბანაკი აიზღარბა.

- რა დაგაბარა?

დათუნამ თავი ჩაჰქინდრა. სიტყვებს ეძებდა და ვეღარ ჰპოულობდა. მერმე ლუღლუღით დაიწყო:

- დამაბარა, არსენა გამოცხადდეს, თორემ...

და რიტორმა სათქმელი ვეღარ დაასრულა.

- ეგ რა სთქვი, დათუნა? - გააწყვეტინა მაგდანამ.

- დამიდგა თვალები! როგორ გაჰბედე? - მოეშველა ფიქრიაც და სხვებიც შეფორიაქდნენ.

- დააცადეთ! - შეუტია არსენამ და წყნარად მიუბრუნდა ბარნაველს: - თორემ რაო?

- თორემ სეხნიას და არსენას დედ-მამას ჩამოვახჩობ და თრიალეთს უდაბნოდ გადავაქცევო.

ტყეში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ ღრმა ხევიდან წყაროს ჩურჩულიც კი მოისმა. რაზმელები ერთმანეთის თვალებში ეძებდნენ პასუხს და მერმე ის თვალები არსენას ჩააბჯინეს. ოძელაშვილი კი დათუნას დახრილ თავს ჩააშტერდა და სდუმდა. მერმე თავისთვის ჩაიდუდუნა:

- მაშ თრიალეთს უდაბნოდ გადავაქცევო? და პასუხიც დაუმატა: - გადააქცევს და...

და აღარ დაასრულა. მისი აზრი სხვებმა დაასრულეს: “და დედ-მამასაც ჩამოგიხრჩობსო”.

ფიქრიას და მაგდანას ფერი ეცვალათ. ზურა შიშველი ხანჯალივით ერჭო.

- ჯარი უკვე შემოგვესია, - თითქო მიწას უთხრა დათუნამ. - უთვალავი ხალხი დაიჭირეს, არავის ინდობენ და ცხვრის ფარასავით მიერეკებიან. მოსავალიც სულ წაართვეს, უამრავი ხალხი გადასწვეს და ბაღ-ვენახებსაც უწყალოდ ჰკაფავენ.

ბანაკს ჟრუანტელმა ჩაურბინა. ლაცაბიძემ ეშვი ჩაარჭო მიწაში, რადგან იგრძნო, რომ ცეცხლის ახალი წარღვნა მისი ნათესის მოსავალი იყო, რომელსაც მის მაგიერ მისი მრევლი იმკიდა - ცრემლით, გოდებით და სისხლით იმკიდა. ოძელაშვილმა სევასტის და მის ჯგუფს გადაჰხედა, მაგრამ ვერც ერთის თვალი ვერ დაიჭირა და ორი სიტყვაღა გაღმოაგდო:

- სთქვით რამე. - და ხანგრძლივი დუმილის შემდეგ სამიც დაუმატა: - მაშ წავალ... დავნებდები.

ბანაკი ახლაღა გამოფხიზლდა:

- სად მიხვალ? ეგ რა გვითხარი? ჩვენ აღარ გვეკითხები? - დაუშინეს სეტყვასავით და იარაღზე გაიკრეს ხელი.

- ჩაუხტეთ! - წამოიძახა სულხანმა.

- მივეშველოთ! - დაიკივლა შავმა ქვრივმაც და ყველანი მას მიეშველნენ:

- ჩავერიოთ! ჩავიდეთ! თავი შევაკლათ!

ლაცაბიძე უკვე შავი სვეტივით იდგა და ნიჩბის-ოდენა წვერს გულმოდგინედ ფოცხავდა.

- ადე, გაგვიძეხ - ბრძანების კილოზე უთხრა მან არსენას და ასაყენებლად დასწვდა მხარში.

ბელადი წამოდგა, კისრით და თავით ასცდა შეფიცულებს და ორბის თვალები ნელინელ მოავლო ერთ მუჭა ლაშქარს. ყველას ცალცალკე აცქერდებოდა და მის თვალებში ბრძოლის უნარს, ვაჟკაცობას, ერთგულებას ზომავდა და თანაც მათს ისედაც აბობოქრებულ სულში თავის მედგარ საბრძოლველ ნიშატს უღვრიდა. დამწვარი ხელები ხანჯალზე ეწყო და ცალ წარბს მებრძოლი მამლის ბიბილოსავით ატოკებდა. თვალანთებული რაზმი კი ფოლადის ზამბარასავით შეკუმშულიყო და ბელადის ერთად-ერთ სიტყვასღა ელოდებოდა რათა ყუმბარასავით ჩავარდნილიყო იქ, ქვეით, საცა მათი გულისთვის მათს შვილებს, დედ-მამას, ძმებსა და დებს სისხლისა და ცრემლის ზღვაში აბანავებდნენ, ჩავარდნილიყო და ან იმ წითურ ტარტაროზს შესკდომოდა ზედ, ან გაემარჯვა და მის მიერ ანთებული ცეხლი ჩაექრო.

ამ დროს გორაკიდნ გუშაგი ჩამოგორდა და დაიძახა:

- ხეობა ბოლით ივსება! ყველგან ცეცხლი მოსჩანს!

არსენა შორეულ მთის წვერს დააშტერდა და ახლა კი ცხადად გაარჩია, რასაც დილას და გუშინაც ეძებდა. შეთხელებულ ნისლში ბოლის წვრილი ნაკადები ლივლივებდა. მარაბდელმა ამ მთაზე თავიდანვე დაგროვებინა ფიჩხის ზვინი, ხოლო ქვეით ერთგული მეგობრები დაარიგა: თუ საფრთხე წამოვიდოდა, იმ ფიჩხისთვის ცეცხლი უნდა მოეკიდებინათ და ბანაკისთვის საგანგაშო ნიშანი მიეცათ. ახლა ნაწვიმარი იყო და ბოლის მოლურჯო ძაფები წვალებით გამოდიოდა ნისლიდან.

- ჩაუხტეთ! ვუშველოთ! შევასკდეთ!

- ძმებო! ნუ აჩქარდით. მონადირე და ნადირი ერთმანეთს ეძებენ და საცაა იპოვნიან. - მიუგო არსენამ.

- მაშ გაგვიძეხი! გვიბელადე! ჩაგვასაფრე!

ზურა ერთხელ კიდევ გამოვარდა მოლზე და აღტაცებით დაიძახა:

- ძია ღვთისავარი მოდის! ერეკლეც მოიყვანა!

შეფიცულებმა იხუვლეს და იქით გაიქცნენ, საცა არსენას ძმა და მამა ეგულებოდათ, თანაც სიხარულით ყვიროდნენ:

- ცალთვალა მოვიდა! ერეკლეც მოიყვანა! გაუმარჯოს!

ფოთლების ტალავარიდან ცალმა თვალმა გამოანათა. უკან უმცროსი შვილი მოსდევდა.

ცალთვალა დევი იარაღში იყო ჩამჯდარი და მხნედ მოალაჯებდა.

- გამარჯვება, შვილო! - ისეთი ხმით მოაძახა ღვთისავარმა, თითქო ჩახმახი დააჩხაკუნესო. - როგორა ხარ, სევასტი? რასა იქ, როსტომ? თქვენც გაგიმარჯოსთ, კარპიჩ, ლაშქარ, ქავთარ, სულხან! ეს ვიღაც არის, დალი ჰასანია? ბაღო, ტყეს როგორ უძლებ? შვილო ფიქრო, მარინე, მაგდან... ერთი შეჰხედეთ, დედაკაცებს შიბაქის ნაცვლად ხელში დამბაჩები უჭირავთ და ჩვრების მაგიერ წელზე ხანჯლები ჩამოუკიდიათ. რა დროს მოვესწარი!

- რა მოგვიტანე, ღვთისავარ, ომის საფუვარი თუ ბრძნული მორჩილება? - ჰკითხა ერთმა.

- დაბრძანდით, ღვთისავარ, და გვითხარი რამე. - უთხრა მეორემ.

სხვა დროს ის თავი-კაცი მეტიჩარას დარიგებას მისცემდა: უფროსმა თვითონვე იცის როდის ჩამოჯდეს და რა თქვასო, მაგრამ ახლა საამისო დრო არ იყო, ამიტომ ცალთვალა დიდ ნამორზე ჩამოჯდა, ოფლი მოიხოცა, ხშირი ჭაღარა ულვაშები აიგრიხა, განიერი ნიკაპი მოისრისა, არსენას შეხვეულ ხელებს დაჰხედა და თავისქნევით უთხრა:

- ვაი დედასა! ეგ ხელები რა დროს დაგეწვა!

სათქმელი უკვე ითქვა. აქამდე ეგონათ, ცალთვალამ მამაშვილური დარიგება და ბრძნული ანდაზები ამოგვიტანაო, ახლა კი ყველაფერს მიუხვდნენ და ისე გაიბადრნენ, თითქო სააკაძის ლაშქარი მოეშველათო.

პასუხად არსენამ ხანჯალი ამოიღო და ნამორს დაჰკრა. მახვილი ბზრიალით ჩაუვარდა ბალახებში, თვითონ კი დამწვარ ხელებში ჩაიგდო თავი და ამოიკვნესა:

- ვაი დედასა! მართლა რა დროს დამეწვა!

- არა გიშავსრა, არსენ! ჩვენც ვეყოფით! - ანუგეშეს ძმადნაფიცებმა. - გვერდით ამოგიდგებით... ოღონდ შენ გაგვიძეხი და გვიბრძანე.

- ახია შენზე! - ჩაიბურტყუნა სევასტიმ. - მტერი ცეცხლში ჩაგივარდეს და მიეშველო? .

- მიეშველო და შენვე დაიწვა? სადაური ჭკუა ხარ? - წამოიძახა მეშთამაც.

არსენამ გაოცებით გადაჰხედა ორთავეს და მორცხვად აღიარა:

- მაშ რა მექნა? მეც ადამიანი ვარ და ვერ გავიმეტე. - გულში კი გაიფიქრა: “ესენი მაინც ვერ მოვარჯულე, მაინც ვერ გავაგებინე”.

- ახლა ყური მიგდეთ, შვილებო. - დაიწყო ცალთვალამ. - დრო მიდის და ნუღარ დავაყოვნებთ. მოთმინება კარგი საქონელია, მაგრამ განა მუდმივაო. ჩემი საქმეც ასეა. ის წითური აღა-მაჰმადი, მაიორია თუ დოზანა, მეტის-მეტად თავს გავიდა. თრიალეთს შემოესია და ქვას ქვაზე აღარა სტოვებს. ეს ხეობა ყიზილბაშებზე უარესად აიკლო. მამა შვილზე აამხედრა: ან ერთმანეთი დასჭამეთ ან მე დაგჭამთ ყველასაო. ჩვენც მოვიფიქრეთ და ვთქვით, რადგან მართალს და მტყუანს აღარ არჩევენ, ამიტომ... მართლა ერთხელ სჯობნებია სიკვდილი ნიადაგ შეღონებასა.

- ეგ ხომ ჩემი ანდაზაა, მამა-ჩემო! - ღიმილით გააწყვეტინა არსენამ. - იმ დღესაც გითხარი, როცა მარაბდაში ხალხი გაროზგეს.

- აგრეა, შვილო. სიმართლე შენს მხარეზე იყო. საცა არა სჯობს გაცლა სჯობს. მაგრამ ნიადაგ გაცლას კამეჩიც არ იკადრებს და ბოლოს იტყვის: სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო. იტყვის და მტარვალს რქებზე აიგდებს. აგრეა, შვილო. მაშინ ძაან აჩქარდი, ახლა კი დიაციც აღარ დააყოვნებს. მაიორი სამი მხრით მოდის. - შეფიცულებს ცალი თვალი მოავლო და დაბალი ხმით დაუმატა: - მეოთხე თავისუფალია და თუ გაცლა გინდათ, წადით გაეცალეთ.

- არ გვინდა! მაგას რას ამბობ, ღვთისავარ? - მიაყარეს ყოველ მხრივ.

- ისიც გვეყოფა, ერთხელ რომ მოვერიდეთ.

- ჩვენი გულისთვინ ხალხი აიკლონ და ჩვენ კი დიაცურად გავიპარნეთ?

- არ გვინდა! არ იქნების!

- აგრე! - დაუბეჭდა ღვთისავარმაც და ერთხელ კიდევ მოისვა ნიკაპზე ხელი. - ახლა მეც თქვენთანა ვარ, შვილებო, და იქ, ხეობაში, ოციოდე სხვაცა მყავს. მაიორმა ჯერ ჭკუა ვერ ისწავლა. იარაღი დაგვირიგა და მოგვერეკება, თანაც ჩვენს ცოლ-შვილს აპატიმრებს, უკანასკნელ სარჩოს გვართმევს, სახლკარს გვიწვავს, ბაღ-ვენახებს გვიკაფავს. იმედი აქვს, ხალხი გამწარდება და გავარდნილებს მიესევაო. აქა-იქ კიდევაც გაიტანა: ზოგმა ვარამს ვეღარ გაუძლო, მიემხრო და თავი გადაირჩინა. მეც მივემხრე და რაც მებადა მივეცი, ჩემი დედაკაცი სხვაგან გავისტუმრე, მე კი მარაბდელებს გამოუძეხი და აი ახლა აქ ამოვედი. მაიორმა გამომგზავნა, შვილი მომგვარე და თარეშზე ხელს ავიღებო. თუ მე ნადირი ან ტუტუცი ვგონივარ, სჩანს თვითონ ის ყოფილა ნადირიც და გიჟიც.

- მაიორს გზა ვინ ასწავლა, მამა-ჩემო? - ჰკითხა არსენამ.

- ადრევაც იცოდა, რომ თქვენ ამ ხეობაში იმალებოდით, ამ ალაგს კი გიგოლამ მოაგნო.

- გიგოლამ? - შეშფოთებით ჰკითხა არსენამ.

მამამაც ცალი თვალით გაუღიმა შვილს და უთხრა:

- გველი გიგოლაზე უფრო სანდოა, შვილო. რა ფასი აქვს იმის სიტყვას ან წერილს?

“ამ ცალთვალას არაფერი არ დაემალება”. - გაიფიქრა არსენამ, ღვთისავარმა კი განაგრძო:

- გიგოლამ წინ დათუნა გამოუშვა და უკან ხუთიოდე გელიქაში დაადევნა.

- მაშ მე... მაშ ჩემი ბრალია? - ზე წამოიჭრა ბარნაველი.

- შვილო, იქვე გაგაფრთხილე. - ლმობიერად მიუგო ღვთისავარმა. - მაგრამ უცნაური კაცი ხარ და მოგატყუეს. შენ სიარულის დროს ცას შესცქერი, წინაც კი არ იხედები და ზურგს უკან როგორღა დაინახავდი? მაგრამ ეს არაფერია. სულ ერთია, თვითონ მაიორს რომ არ მოეგნო, თქვენვე ჩაუხტებოდით მას.

- ქვეყანას სწვავს და როგორ შევარჩენდით? - ჩაურთო სულხანმა.

- აგრეა, შვილო, - დაუმოწმა ღვთისავარმა. - კიდევაც სჯობია თვითონვე რომ მოიწევენ. ეს ისეთი ალაგია, რომ ერთი დამხდური ოც მომხდურსაც მოერევა.

- აგრეა! მართალია! დედას უტირებთ, დედასა! - მიაძახეს რაზმელებმა, მაგრამ ყოველ მათგანს დათუნასადმი მაინც ავი თესლი ჩაუვარდა გულში.

ნებსით თუ უნებურად მაიორი დათუნამ ამოიყვანა, ამიტომ გაფითრებულ ბარნაველს მუქარით და ზიზღით შესცქეროდნენ და ერთმანეთს ჩასჩურჩულებდნენ:

- ავყია! დოყლაპია! ქვეყანა იღუპება, ეგ კი თავის მამის გულისთვის ზრუნავს და გლეხისთვინ კი ყურსაც არ იბერტყავს.

ლაცაბიძემ ისე ჩაუღიმა მაგდანას, თითქო ეუბნებოდა, კაი დაგემართოს. კაი ძმა შენა გყოლიაო.

ჭაბუკებმა შუბლშეკრული ფიქრია ჩაათვალიერეს და მათს ღიმილზედაც ეწერა: “რა დანიშნული გყოლია!” ქალმა თავის საბედოს წყრომის თვალით გადაჰხედა და შემდეგ სულხანის მწვავე თვალებს წააწყდა. კარგა ხანს უმზერდა და უნებურად ადარებდა ორივეს, თანაც თვალნათლივ ჰგრძნობდა, რომ უწინდელი ხიბლი ბოლივით ეფანტებოდა. მერმე ისე გააქნია ოქროს ბულული, თითქოს რაიმე აბეზარ აზრს იშორებდაო, და დათუნას ხუთიოდე ნაბიჯით დაშორდა.

- მამა-ჩემო, ახლა იმ კლდეზე ავიდეთ. - სთქვა არსენამ და წამოდგა. - მიდამო შევათვალიეროთ და ომის თადარიგი დავიჭიროთ.

- წავიდეთ, შვილო.

და ბელადებმა კლდის წვერისკენ გასწიეს. კლდეზე ფოფხვით ავიდნენ და საბრძოლველ თათბირს შეუდგნენ.

* * *

მაიორმა რომ დათუნა გამოისტუმრა, მესამე დღეს თვითონაც დაიძრა და მარაბდაში ამოიჭრა, თანაც შულავერსა და მარნეულში მოკრებილი მილიციელები და ყაზახები ამოიყვანა. ამავე დროს ორი მცირე რაზმი ქალაქიდანაც დაიძრა. ერთი მათგანი თრიალეთის ქედს გაჰყვა კოჯრის გზით, მეორემ კი მანგლისის გზას გადაუხვია.

- ვეჟო, შენ დამღუპე და შენვე უნდა ამაშენო. - ასე გამოეგება მაიორს ზაალი ქოტისში, სადაც მას, ალგეთის მეორე ნაპირზე, დამწვარი სასახლის პირდაპირ, საზაფხულო სახლი და ბაღ-ვენახი ჰქონდა და იქ გადასულიყო.

- კნიაზო, თქვენც დავითის ზღაპარს იმეორებთ? - მიახალა არლოვმა და ცხენი მხლებელს მიუგდო. - რაც დაგემართათ, ისევ თქვენი ბრალია.

- ვეჟო, ისევ მე ვარ მინავათი? - გაოცდა ბატონი.

- თავი დავანებოთ “ვინოვატ” - ის ძებნას და საქმეს შეუდგეთ. კნიაჟნა დარო, ნუ თუ თქვენა ბრძანდებით? - შესძახა არლოვმა ბაღიდან გამოსულ ზაალის ასულს, რომელსაც გლეხურად ეცვა და ატმითა და ყურძნით სავსე გიდელი მოჰქონდა.

- დიაღ, მე გახლავართ. აღარ მოგწონვართ, განა! - გაუცინა ქალმა.

- რა ბრძანებაა! გლეხური კაბა კი არა, სულაც რომ არაფერი არ გეცვასთ, მაინც მომეწონებით, ათასწილ უფრო მეტადაც მომეწონებით. - მიახალა მაიორმა ეპოქალურ - სალდათური ქათინაური და თავის ცხენივით დაიჭიხვინა: “ოხო-ხო!

ზაალს თითქო სადგისი უჩხვლიტესო. ძველი კაცი იყო და ბრიყვული ლაზღანდარობა ეჯავრებოდა. მაგრამ გადამწვარ დოვლათს აღდგენა ეჭირვებოდა და ამიტომ თვითონაც აჰყვა მაიორს: ორთავ ხელი ღიპზე დაიტყაპუნა, ნაძალადევად ჩაიხითხითა და წამოიძახა:

- ზამეჩატელნა შუტკა! - დიდებული ხუმრობაა!

გაშტერებული, ალანძული დარო ერთხანს მამას შესცქეროდა, ხოლო მისი ხითხითის შემდეგ ქურციკივით დაფრთხა და შინ მიიმალა. დავითი მეორე ოთახში იყო და იცვამდა. მაიორის ოხუნჯობა იმანაც გაიგო და კბილები გააკრაჭუნა, მაგრამ იმანაც ხაზინის დახმარება გაიხსენა და უნებურად მოლბა.

ათიოდე წუთის შემდეგ სამივენი ყურძნით შეკუნწლულ ხეივანში ისხდნენ, ცივ რქა-წითელს სვამდნენ, ზედ ქარვის-ფერ ატამს ატანდნენ და საუბრობდნენ.

- მაშ კომისიამ თქვენი ზარალი ოთხმოც ათასად შეაფასა? - იკითხა მაიორმა.

- მე ას-ოც-ათასად ვიანგარიშე, - მიუგო ზაალმა, - მაგრამ ძალიან ბევრი დამიკლეს და აღარ ვიცი რა ვუყო.

- მათს შეფასებას აღარაფერი ეშველება. - განაგრძო მაიორმა. - ოთხმოცი ათასის აღებასაც ჩემს მეტი ვერავინ ვერ მოახერხებს.

- აგრეა. მართალია. - მიუგეს მამა-შვილმა.

- ზარალი შუაზე უნდა გავყოთ. - ანგარიშობდა ბარათაანთ ჭირისუფალი. - ნახევარს აქაურ გლეხებს გადავახდევინებ და ნახევარსაც ხაზინიდან გამოვიტანთ.

- გლეხებს ერთ შაურსაც აღარ შევარჩენ. - ბრაზით წამოიძახა დავითმა. - მაშ რა ეგონათ, იმდენა ქონება რომ დაიტაცეს?

- იმ ქონებას დღესვე დავაბრუნებინებ. - დაამშვიდა მაიორმა. - წლევანდელი ღალის აკრეფა და შეწერილი ზარალის ანაზღაურება კი უფრო მეტად გაძნელდება, მაგრამ... და ერთხელ კიდევ დაუმატა თითების თამაშით: - მაგრამ. - მერმე ზევით აიხედა, დაკიდებულ მტევნებს დააშტერდა და ლოქოს თვალები გაიყინა.

დავითმა და ზაალმა ერთმანეთს თვალი უყვეს.

რამდენიმე წუთის შემდეგ მორიგება მოხდა: არლოვი დაეხმარება მათ და თავის წილს მიიღებს. შემდეგ მაიორი ზეზე წამოიჭრა, მამა-შვილს უსიტყვოდ ჩამოართვა ხელი და მხლებლებს უბრძანა:

- მამასახლისებს დამიძახეთ.

მამასახლისები და თავი-კაცები ადრევე იყვნენ დაბარებული და დილიდანვე წისქვილთან უცდიდნენ.

მაიორს მელანი და კალამი დასჭირდა. გიგოლას იგი თან დაჰქონდა და მაშინვე მიართვა. არლოვს ახლა სკამი და მაგიდა დასჭირდა და ესეც უმალვე იშოვა.

- დაიჩოქე! - უბრძანა მან ერთ გლეხს.

გლეხმა იუკადრისა.

- დააჩოქეთ! გლეხი ხიშტებმა დააჩოქეს და ოთხზე დააყენეს. მეორე გლეხიც ასევე დააკუზეს მის გვერდით. მაიორი ერთ მათგანს დააჯდა, მეორე მათგანი მაგიდად გამოიყენა და მის ზურგზე დიდხანს რაღაცას სწერდა და ასწორებდა.

ცოცხალმა სკამმა და მაგიდამ ლანძღვა და წამოწევა სცადეს, მაგრამ ცხვირპირთან ხიშტები დაუხვდათ და მიყუჩდნენ. გიგოლა და სალდათები იღმიჭებოდნენ, გლეხები კი ბოღმით ივსებოდნენ. მაგრამ არც ამათ ჰქონდათ ძალა და პირქუშად უცდიდნენ დასასრულს. ბოლოს მაიორმა წერა დაასრულა, წამოდგა.

- თრიალეთი ყაჩაღებით გაივსო და თქვენც ყაჩაღები ყოფილხართ, რადგან იმ არამზადებს ინახავთ. - ასე დაიწყო მაიორმა დავითის თარჯიმანობით. - მე არა მცალიან და მოკლედ მოგიჭრით. - და მოუჭრა: - პირველი: რაც მარაბდელებმა ბატონის სასახლიდან გაიტაცეს, მზის ჩასვლამდე უნდა დაუბრუნოთ უკლებლივ. მეორე: თქვენს ბატონს ოთხმოცი ათასი მანეთის ზარალი მიაყენეთ და ნახევარი თქვენ უნდა აანაზღაუროთ.

- ბატონო, გენაცვალეთ, - გააწყვეტინა ფარცხისის მამასახლისმა, - ცეცხლი ყაჩაღებმა წაუკიდეს და ჩვენ რა შუაში ვართ?

- მოლჩა-ა-ატ! - ისე დაიღრიალა ნაჩალნიკმა, რომ ხეივანში ფოთლებიც კი შეირხა. მაიორი შეჭარხალდა, აკანკალდა და სიტყვას ვეღარ ჰპოულობდა. მერმე იპოვა და ბღავილით დაუმატა: - თქვენ რუსის ხელმწიფისა და ჩემი მადლიერი უნდა იყოთ, რომ ას-ოც-ათას მანეთს არ გახდევინებთ. - და თუმცა კრინტიც აღარავინ დასძრა, იქაურობა მაინც კიდევ დააყრუა: - მოლჩა-ა-ა-ატ! ფული არა გაქვთ? ხორბალი მოიტანეთ, საქონელი მორეკეთ, ქვევრებიდან ღვინო ამოიღეთ, თუნდაც თავი ქვას ახალეთ და მოიტანეთ, დავაი! ვსიო დავაი!

პასკევიჩმა ერევანს ალყა შემოარტყა და არლოვს ჯიბეში ბრძანება ედო, ჩქარა ხორბალი და ურმები მომაშველეო. წეღან გადაწყვეტილი ჰქონდა, ბარემ მეფისა და ბატონისას ერთად ავიღებო, მაგრამ როცა ზაალმა ამ საქმეში თვითონ მაიორიც ჩაურია, წითური მოხელე უცებ მიხვდა და იანგარიშა: მეფისა და ბატონისა ერთად რომ მოვთხოვოთ, ვერ გამოიღებენ, და რასაც გამოიღებენ, ჯერ ხაზინა წაიღებს და ჩვენ კი ხელცარიელები დავრჩებით, ამიტომ ჯერ ბატონისას ავკრეფავ, ჩემს წილსაც გავინაღდებ და პასკევიჩმა კი ცოტა მოითმინოსო.

ეს ეშმაკობა ისე მოეწონა მას, რომ გულში ჩაიცინა, გლეხობას სახაზინო ბეგარა იმ დღეს აღარ მოსთხოვა და განაგრძო:

- მესამე: ან არსენას ჩამაბარებთ და შეღავათს მიიღებთ, ან არა და ახლავე გამოიტირეთ თქვენი თავიც და თქვენი ცოლ-შვილიც. ქუდზე კაცს გამოიყვანთ. ვინც სანდოა, თოფს მივცემ, დანარჩენები კი კეტებით და ხანჯლებით წამოვიდნენ. რაო? მოლჩა-ა-ა-ატ! ხვალ დილით აქედან დავიძვრები და ვაი იმას, ვინც მეფის სამსახურს მოერიდება. - და უცებ ღვთისავარს მიუბრუნდა: - შენ რას იტყვი, ბებერო მელავ?

- აბა რა მეთქმის! - მიუგო ცალთვალამ. - ყველაზე მეტი მე დავაშავე რადგან არსენა გავაჩინე, და ამიტომ მეც, ჩემი უმცროსი ერეკლეც და ჩემი დოვლათიც ხელმწიფისა და ბატონის ჭირის სანაცვლო იყოს. მიბრძანეთ და შეგისრულებთ.

მაიორი დიდხანს უბურღავდა ცალ თვალს და ჰფიქრობდა, ახლავე დაეპატიმრებინა თუ გადაედო. ბოლოს გადასდო და დაიძახა:

- აბა, სია მიიღეთ, ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს, აგრეთვე ჭირნახულის ნიხრიც ჩაიბარეთ. ახლა კი მარშ!

ბატონის და ხელმწიფის მოხარკე გლეხები ისე წამოვიდნენ თითქო საკუთარ პანაშვიდზე ყოფილიყვნენ, და ოციოდე სოფელს სასიკვდილო სიები წაუღეს, თანაც ანგარიშობდნენ: ხორბლეულის მეოთხედი ბატონმა წაიღო, მეორე მეოთხედი მამასახლისმა, გზირმა, იასაულმა, დალაქმა, ჭონმა, მღვდელმა, მჭედელმა და ფეიქარმა. ნახევარიც რომ ახლა გამოვიტანოთ, სწორედ თავნზე გამოვალთ. ვეღარც ხელმწიფისას გადავიხდით და ჩვენც მშივრები დავიხოცებითო.

- რას იტყვი, ღვთისავარ? - ჰკითხეს ოძელაშვილს თავ-კაცებმა.

- აბა რა მეთქმის? ყველამ თავის-თავს უპატრონოს. - ისე მიუგო ცალთვალამ, თითქო მას თავის ბედი უკვე გადაჭრილი ჰქონოდეს, და მიუმატა: - ნამცეცობა დღეს რომ მარაბდა აიკლეს, ოცდაცამეტი კომლი გაიქცა. ახლა ხუთი იმდენი დააკლდება, დანარჩენი კი აქვე დაიხოცება მშიერი.

- მაშ სჯობს ახლავე გადავიკარგნეთ, არა?

- მე ვთქვი, ყველამ თავის-თავს უპატრონოს მეთქი.

ეს პასუხი რჩევას უდრიდა და ყველას ჭკუაში დაუჯდა.

ცალთვალა დაფაცურდა და თავისიანებიც დააფაცურა: ერთი ურემი დატვირთა და მელანოს უთხრა:

- დედაკაცო, ქალაქში ჩახვალ და სანამ არ მოგიკითხავდე, ნათლიდედასთან იცხოვრებ. - და მახარას მიუბრუნდა: - მამა, იქნება შენც გაჰყვე?

- არა, შვილო.

- ავი დღე მოგველის.

- ათჯერ უარესიც მინახავს.

- ეგების შორიდან ვერ გიპატრონო და მშიერი მოკვდები.

- ღვთის ნებაა, შვილო. მეზობლები დამმარხავენ და მეც ამაზე მეტი არა მინდარა.

ღვთისავარმა იცოდა, რომ კამეჩის რქას უფრო ადვილად მოდრეკავდა, ვიდრე პაპა მახარას, და თავი მიანება.

- ერეკლე, - უთხრა უმცროს შვილს, - დედაშენს ქალაქში დააბინავებდე, ურემს და ხარებსაც იქ დაუტოვებდე და ხვალ საღამოს ენაგეთში მიპოვიდე. აბა, დედაკაცო, ღმერთი იყოს შენი შემწე, მე კი...

და აღარ დაასრულა, რადგან დასასრული უსიტყვოდ ცხადი იყო: მე კი იქნება ვეღარც კი მნახოთო.

როცა ურემი საბძელს მიეფარა, ცალთვალა ნადევარი დირეზე ჩამოჯდა და გაქვავდა. ახლა კი ყველაფერი თავდებოდა და არსენას მამას ისღა დარჩენოდა, რომ პატიოსნად ნათრევი სიცოცხლე სამარეშიც პატიოსნად ჩაეთრია.

ცივმა ჟრჟოლამ ერთხელ კიდევ ჩაურბინა მარაბდას, სოფელი ჭიანჭველების აშლილი ბუდესავით აიფურთნა და ბატონის სახლისკენ დაიძრა. ამას წინათ ვითომ დაძალებით წამოღებულს ზაალის ქონებას ახლა მართლა ძალით მიათრევდნენ უკანვე. გლეხები ზაალის მოურავს რიგში ჩაუდგნენ და ჭურჭელი და ვარცლები, ჩვრები და თეთრეული, სკამები და ქვაბები ბატონის ფარეშებს ჩააბარეს. მერმე შინ დაბრუნდნენ და შავი მომავალის გლოვას შეუდგნენ. მათ კარგად იცოდნენ, რომ ბატონის აკლებაში, რომელიც ახლა გლეხების დარბევით თავდებოდა, არსენას არავითარი ბრალი არ მიუძღოდა, მაგრამ ის რაზმი მაინც მას ეკუთვნოდა და ამიტომ მხოლოდ მას სწყევლიდნენ და ჰქოლავდნენ. მაიორს ჯერ არ ჩაეჭირა ჭანგი და სოფელი კი ახლავე დრტვინავდა, და ეს მოთქმა იმ პატიმრის ურვას ჰგავდა, რომელიც ხვალ დილაზე ჩამოხჩობას ელოდებოდა.

მაიორმა უკანასკნელი განკარგულებანი გასცა და განიერ აივანზე გააბოტა. ნათელი ღამე იდგა და ხეობიდან თრიალეთის გრილი ნიავი ჰქროდა. არლოვმა ის დღე კარგად დალია და მოლხენით იყო. მაგრამ მაინც რაღაც აკლდა და მოუსვენრობა ეტყობოდა. ქოტისის სახლი ბაღის თავში იდგა, ხოლო თვითონ ბაღ-ვენახი ალგეთის უღრან ჭალაზე იყო მიბმული და მდინარეს ვიწრო და გრძელ ზოლად ეკვროდა. კნეინა ხორეშანს ბარათაანთ საგვარეულო მონასტერს ახტალაში შესაწირავი წაეღო, თავის სნეული რძალი ტასოც თან წაეყვანა და დარო ზაალისა და მოახლეთა ანაბარად დაეტოვებინა. არლოვს ახალგაზრდა ქალი უკვე თავისად მიაჩნდა, უკვე მწვავე წყურვილივით ჰყავდა შემჯდარი და ახლაც ის აწუხებდა.

ბინდი რომ წვებოდა, არლოვს მკლავით მიჰყავდა ზაალის ასული და ეხვეწებოდა:

- ვენახის ბოლომდე ჩავიდეთ. - და როცა ჩავიდნენ, ცოტაოდენიც მოითხოვა: - ახლა სერზე გავიდეთ... აქ ბუჩქებია და კისერს მოვიტეხავთ... წეღანდელი ხუმრობისთვის ხომ არ მიწყრებით?... მაშ მაპატიეთ? ელიზბარ მაღალაშვილი ყელში გამეხირა და იმან გამამწარა.

დარომ უკან მოიხედა, შეკრთა და შედგა. ბაღიც და სახლიც ძლივსღა მოსჩანდა. თვითონაც არ იცოდა, ღამით ამ სიშორეზე რად გამოჰყვა ამ უცხო კაცს. შეკრთა, უკანვე გამოიწია, მაგრამ მაიორმა აღარ დააცადა: ხმელ ბალახზე მოსასხამი დააგდო, დარო ძალით დასვა ზედ და თვითონაც მიუჯდა. შემდეგ იმ უდაბურ ალაგას ქალის შიშნარევი ჩურჩული და მაიორის ჟინიანი ბურტყუნი გაისმა, რომელსაც ურიგო ბღლარძუნი, მიჩქმალული კრუსუნი და კივილის ნაწყვეტიც დაერთო. მერმე ყველაფერი მინელდა და მისწყდა. შემდეგ ორივენი წამოდგნენ და ისე დაბრუნდნენ შინ, თითქო ერთმანეთს ებუტებოდნენო.

- ნუ ნაღვლობ. ჩვენ თითქმის ცოლ-ქმარი ვართ და გვეპატიება. - ისე უთხრა ბოლოს მაიორმა თითქო თავის დენშჩიკს ელაპარაკებოდა, და საკოცნელადაც მიიწია. დარომ ერთი ხელი პირზე მიაფარა, მეორე კი ქვითინის შესამაგრებლად თვითონვე აიფარა, გაიწია, გაუსხლტა და მიიმალა.

- ვოტ დუროჩკა! - რა ტუტუცია. - გაოცდა მაიორი და ნახევარი საათის შემდეგ ისე ახვრინდა, რომ ზაალიც კი გააღვიძა.

დარო კი დილამდე ჰბოდავდა, ფეხაკრეფით დადიოდა, ზოგჯერ აივანზე გამოდიოდა, ისევ ოთახში ბრუნდებოდა, წვებოდა და შიშით იხერხებოდა.

ალგეთის დილაც დაროსავით უძილო, მოღუშული, ცრემლიანი და შფოთიანი გათენდა. როცა ირიჟრაჟა, იმ ხეობაში აღარავინ არ დარჩენილიყო ლოგინში. ყველა ჰგრძნობდა, რომ მას იმ დღიდან სიკვდილი მისწვდა ყანყრატოში - ნელი, დინჯი, დაუზოგავი.

- ნუ მივცემთ! ბარემ დაგვხოცონ! ვუჩივლოთ! - სასოწარკვეთით გაიძახოდნენ ზოგიერთები და ამ ხერხისა თვითონაც არა სჯეროდათ, რადგან იცოდნენ, რომ მაიორი იმ კუთხის სრული ბატონი იყო და ქალაქიდანაც შეუკვეცელი უფლება ჰქონდა მოტანილი.

- არსენამ დაგვღუპა და სანამ არ გავცემთ, არა გვეშველებარა. - გაჰკიოდნენ სულმოკლენი და ეგონათ, ვითომ ოძელაშვილის დაჭერის შემდეგ ყველაფერს დაუბრუნებდნენ და ჯილდოსაც მიართმევდნენ.

მარაბდაში ახალი ხარკი ყველაზე ადრე ღვთისავარმა ჩააბარა. ათი თაღარი შეაწერეს, ოთხიღა ჰქონდა. ოთხი თაღარიც მევახშისგან ისესხა და სანამ ბატონები გაიღვიძებდნენ, მათს მოურავს და კუჭატნელს მიურწყო.

- ვინც არ მოიტანა, მათი სია მომეცით. - ლოგინშივე მოითხოვა მაიორმა.

ჯერ ნახევარსაც არა ჰქონდა გადახდილი. ხელჯოხოსნები და ყაზახები სოფელში დარბოდნენ და საპურე ორმოებს მათრახის ჟაპა-ჟუპით ათხრეინებდნენ.

- ცეცხლი და წალდი! - გასცა არლოვმა ახალი ბრძანება. - სანამ ავდგებოდე, გადასახადი უკლებლივ შეგროვდეს. - მერმე მეორე გვერდზე გადაბრუნდა და ერთ საათს კიდევ ხვრინავდა.

კუჭატნელს ცეცხლისა და წალდის ძალა სხვაგანაც ჰქონდა ნაცადი. ამ შხამის მიცემა მას ნაადრევად მიაჩნდა, მაგრამ მაიორი ისე ჩქარობდა, თითქო თრიალეთზე საგენერლო საბეჭურები და დანიშნული ელოდებოდნენ, და გიორგიც მაშინვე შეუდგა ბრძანების შესრულებას.

ფირუზა-მოურავმა ათიოდე შინაყმას წალდები, ნამგლები და ცულები დაურიგა და ყაზახების ზედამდეგობით თავდაპირველად ლაშქარი გოჩაშვილის ვენახს შეუსია.

მწიფე ვენახში ჩახუნი ასტყდა. ყმები მწკრივად მიდიოდნენ და ვაზს ყანასავით მკიდნენ. მტევნებით დატვირთული ვაზი ფეხმოჭრილი მაკე ცხვარივით წვებოდა. უკან გოგო-ბიჭები მისდევდნენ, ყურძენს კალათებში ჰყრიდნენ და ბატონის საწნახელში მიჰქონდათ. სოფელი გორაკზე გადმომდგარიყო და ჰსურდა გაეგო, მაიორი მხოლოდ იმუქრებოდა თუ მართლა გაიმეტებდა. ამავე სოფელში სამ ალაგას ამოვარდა ალი და გორაკზედაც გმინვა და წყევლა ამოსკდა:

- წაიღეთ! გაძლევთ! ჩახეთქეთ და გასკდით. გაგისკდეთ ეგ მიწა და მუცელი! მაგ ვაზის მადლი გაგიწყრეთ და ოჯახში ჭირი არ გამოგელიოთ!

კუჭატნელმა წამოსაღები წამოიღო, ბატონს და მაიორს კი არც მიწა გაუსკდათ, არც ჭირი გაუჩნდათ და არც იმ ყურძენმა აწყინა.

როცა დაინახეს, რომ არც მათმა ხვეწნამ გასჭრა და არც წყევლამ, დედაკაცები და ბავშვები სალდათების ხიშტებს კივილით მიასკდნენ.

- ბარემ დაგვხოცეთ! აღარ გვინდა ძაღლური სიცოცხლე! ნუ დაგვინდობთ! მხეცებო! ნადირებო! სულთამხუთავებო!

სალდათებმა დედაკაცები კონდახებით დაფანტეს.

ლაშქარას ცოლმა შეწერილი მისაცემელი მისცა, ვენახი კი მაინც ვერ გადაარჩინა. მისი ქმარი არსენას რაზმში იყო და მისი ექვსი წვრილ-შვილი შიმშილით უნდა ამომწყდარიყო. ლაშქარას რომ შვილებივით მოვლილი ვაზები დაუხოცეს, ნასყიდას ბაღს შეესივნენ და ოციოდე გულაბისა და თურაშაულის ხე ძირს დასცეს და თან მკუხე მსხალიც მოჰკრიფეს.

- წაიღეთ! ჩახეთქეთ! გასკდით - ისევ გაისმა ზევიდან დედაბრის კივილი.

სიკვდილის მთესავი წალდი ახლა პაპუნას ვენახში შეიჭრა.

- წაიღეთ! შეხეთქეთ! შხამად შეგერგოთ! - ხელახლა დაიკივლა ვიღაცამ და ამგვარი ტირილი ზევიდან იქამდე ისმოდა და ცულებიც მანამდე თარეშობდნენ გლეხების პაწია ბაღ-ვენახებში, სანამ კუჭატნელმა არ შესძახა:

- გათავდა! სულ მოიტანეს!

შემდეგ მან არსენას დასაჭერად მოგროვილი მარაბდელები სამი გზით გაჰგზავნა ხეობაში და თან ანგარიშობდა: გზადაგზა ამ ამბავს ყველა სოფლებს მოსდებენ და წინდაწინვე დააშინებენო. მერმე მაიორს მოახსენა ლოგინში:

- ბატონო მაიორო, მზად გახლავთ. შევასრულე.

- მალადეც, გიორგი! - შეაქო მაიორმა და წამოიწია.

- რად სტარატსა ვაშე სტვო! - მიაძახა გიორგიმ და გაიჭიმა.

- კაპიტანი ლომოვი გეახლათ. - მოახსენა ამ დროს მაიორს მისმა მხლებელმა.

- ვოტ ტე ნააა! - გაოცდა არლოვი, რადგან თავის ახალ თანაშემწეს აქ არ მოელოდა.

მან დეკაბრისტის დანიშვნა ქალაქშივე გაიგო და აიმრიზა. მაიორს სხვა კანდიდატი ჰყავდა, მაგრამ ვერ გაიტანა, რადგან ახლად დანიშნული სამხედრო მინისტრი ჩერნიშევი “მეფის მოღალატის” ლომოვის ნათესავი აღმოჩნდა და არლოვიც უნებურად მოიდრიკა. ათიოდე წუთის შემდეგ პირმოღუშულმა ლომოვმა სალამის შემდეგ უთხრა არლოვს:

- დღეს რიჟრაჟზე ტფილისიდან ორი რაზმი დაიძრა თქვენს დასახმარებლად. მე შულავერში მივდიოდი, აქეთ ცეცხლი დავინახე და გზას გადმოუხვიე. თურმე ისევ მარაბდას ეომებით, ბატონო მაიორო.

- დიაღ, დიაღ. საშინელი ხალხია: უდიერი, მოღალატე, მოუდრეკელი. ყაჩაღებს ინახავენ და ალექსანდრეს ჯაშუშებსაც ეხმარებიან. ახლა კი ბასტა. დავოლნო! ახლა აქაურობა თითზე დავიხვიე და მათს საყვარელ არსენას მათვე დავაჭერინებ.

- გამარჯვებას გისურვებთ, ბატონო მაიორო, მაგრამ კანონს თქვენთვის ცეცხლისა და ცულის ხმარება არ მოუნდვია, ამიტომ შესაძლებელია...

- ვიცი, ბატონო ჩემო, ვიცი. - ცივად გააწყვეტინა უფროსმა - გენერალ-გუბერნატორმა ნება მიბოძა, შტაბმაც მიბრძანა, სამოქალაქო გუბერნატორმა ხოვენმაც იცის და იქაც მითხრეს в экспедиции суда и расправы: იქაურობა შემუსრეთ, ოღონდ არსენა დაიჭირეთო.

- უეჭველია წერილობითს ბრძანებასაც მიიღებდით.

- რა საჭიროა? Вот еще! დაიხსომეთ, ჩემო კეთილო, რომ კავკასიაში ერთ ცხვარს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე რუსეთის იმპერიის კანონთა კრებულს.

- სამწუხაროდ ასეთ მაზანდას ჩვენვე ვაწესებთ. - უკბინა კაპიტანმა და დაუმატა: - მე მგონია, რომ ხორბალი ჯერ ჯარისთვის უნდა შეკრებილიყო და მერმე ბატონისთვის.

- რა თქმა უნდა! - დაეთანხმა მაიორი და გაწითლდა: - აგრეა, მაგრამ ინტენდანტები არ მოვიდნენ და... მოვასწრებთ, ჯარისთვისაც შევაგროვებთ.

- ვითომ? - ჰკითხა კაპიტანმა და მის კილოში “მესმის, გავიგე” გაისმა. მერმე დაუმატა: - აღარ დაგაყოვნებთ, ბატონო მაიორო, და გეახლებით. ინტენდანტს კი ხვალვე გამოვგზავნი. მშვიდობით ბრძანდებოდეთ.

- მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბატონო კაპიტანო. ჩემს სახლში არ გახლავართ და ამიტომ არ გპატიჟობთ, - გულში კი მიაყოლა: “ჰარამზადავ, ახლავე დარიგებას მიბედავ? მე შენ გაჩვენებ კანონებს, დამაცა! ისე მოგღუნო როგორც რკალი”.

შემდეგ მოხრაკული დედალი გაათავა, ერთი ბოთლი კახურიც დასცალა, მასპინძლებს გუშინდელი პირობა გაახსენა, დაროს მოკითხვა შეუთვალა და დავითის თანხლებით ალგეთის ხეობას აჰყვა. წინ კუჭატნელი მიუძღოდა და ცეცხლი და წალდი მიჰქონდა. აქა-იქ ბოლის ღრუბელი მოსჩანდა. დაშინებულ ხალხს ზემო სოფლებში უკვე პირი მოეხსნა ჭირნახულისთვის. გზადაგზა მაიორს ერთმანეთზე გადაბმული დატვირთული ურმები, ოთხფეხი საქონლის ჯოგი და ფარა ჰხვდებოდა. ამ დოვლათს ზაალი ჩაიბარებს და შემდეგ მაიორსაც წილს მიუზღავს.

რაზმს წინ კრულვა მიუძღვის და უკან ცრემლი მისდევს. მაიორს თვალის ჩინიც აკლია და ყურთა სმენაც. ის მხოლოდ ითვლის, მოკლე ბრძანებას ისვრის და ნიადაგ წინ მიიწევს.

ბარათაშვილს აქამდისაც ბლომად გაეფანტა ყმები და ახლაც ორი იმდენი გაექცევა. დარჩენილთა ნახევარი მუდამ ჯარის ბეგარაზე დადის. მაიორსაც ასიოდე კაცი ჰყავს დაპატიმრებული. ამის გამო ბატონსაც დიდი ზარალი მოსდის: ღალაც დააკლდა და აღარც მუშა ხელი ჰყოფნის.

დავითმა დრო იხელთა და მაიორს უთხრა:

- აქაური დედაკაცები თხოულობენ, ქმრები დაგვიბრუნეთო.

- სულელები ყოფილან. - მიუგო მაიორმა და თავის ჯარზე მიუთითა: - ახლებს ვაძლევ და მეტი რა უნდათ! აგერ რამდენი ულაყი მისდით.

და მაიორმა ისე გადიხარხარა, თითქო ინგლისური დოგი ჰყეფდაო.

არლოვი მართლა ბარბაროსი როდია. ის “ტუზემცების” ცრემლს არა ჰხედავს, თორემ ირგვლივ გაბნეულს ხელოვნების უამრავ ძეგლს ხარბად სჭამს თვალებით. მას “ამ ველურების” კვნესა არ ესმის, თორემ მათ მიერ შექმნილ ნაშთების სული ჩექმის ქუსლამდე სწვდება. აი თუნდაც ის ქედმაღალი აზეულა ანუ კოჯრის ციხე, კლდის თხემზე რომ აწეულა მედიდურად. მან რომ ენა ამოიდგას, თავის სათქმელს სამ თვეშიც ვერ გაათავებს. მარტო ის რადა ღირს, რომ იგი თოფის წამლის ნათლულია, რადგან საქართველოში პირველი თოფი აქ გავარდა და პირველი ტყვია მის კედელს მოჰხვდა.

აგერ კაბენის ნამონასტრალიც, მთებში რომ გაბუტული გვრიტივით შეხიზნულა. მაიორი მორწმუნე რაინდია, ამიტომ ციხისა და ეკლესიის ნანგრევთა წინაშე აღტაცების ჟრუანტელი უვლის. აჰა ფარცხისის ნაციხარი “ბირთვისის ფარი”, იქვე ძველი ეკლესიაა და უფრო ზევით კი განთქმული ორბეთია. ქვის ცხვრები, ქვის ლომები, ქვის ქარგა, ქვაზე ამოჭრილი გუთნები, იარაღი, ათასნაირი ჩუქურთმა და ისეთი სასაფლაო ქვები, რომ მაიორი სიამით აიკიდებდა და ტამბოვში წაიღებდა.

- კნიაზო დავით, თქვენ მგონი არ გესმით ამის მშვენება. - უსაყვვდურა არლოვმა.

- ხუთ მანეთად გითმობთ ყველა ციხეებსა და ეკლესიებს. - სიცილით უპასუხა დრაგუნის აფიცერმა.

ისევ ნაციხარი “გმირთ-ნაკვეთი” და დიდებული წყარო. ზევით საოცარი ციკლოპური წმინდა გიორგი, აქეთ - გუდარეხი, იქით - რკინის ციხე სამშვილდე, სულ ზევით - მანგლისი და კიდევ უფრო ზევით - სახელოვანი დიდგორი, სადაც დავით აღმაშენებელმა მთელი კავკასიის ისტორია მოატრიალა, არაბები საბოლოოდ დაამარცხა და გარეკა. აგერ ყოვლად შეუვალი სახელოვანი ბირთვისის ციხეც, რომელმაც მაიორი აღტაცებით გააშეშა. ამ საოცარ ციხეზე არლოვს ორბელიან-ბარათაშვილებისგან ათასი სადევგმირო ამბავი გაუგონია. მარტო აბდულა-ბეგის ალყაზე დიდი ზღაპრული ტომი დაიწერება. ახლა კი მას ერთი სასაცილო ამბავი აგონდება. თემურ ლენგმა ამ ციხეს დიდხანს უტრიალა, მაგრამ ძვრა ვერ უყო. მერმე ვიღაც ჯანიბეგი გამოჩნდა. ჯამბაზი იყო და კლდეზე თოკით ავიდა, თან თხა აიტანა, შიგ დაჰკლა და სისხლი ციხის კედლებს წასცხო. ქართველობას თავზარი დაეცა. მეორე დღესაც დრო იხელთა, აცოცდა და ციხის კარი შიგნიდან გააღო. მონღოლებმა ციხე აიღეს.

- მართალია თუ არა ეს ამბავი? - ეკითხება მაიორი დავითს.

- არ ვიცი. არც კი გამიგია. - ამბობს ბარათაშვილი, რომელსაც თავის ქვეყნისა თითქმის არა გაუგია - რა, რადგან რუსულ სკოლაშია აღზრდილი და იქ კი ქართულს მხოლოდ წერაკითხვას ასწავლიან.

- მამა თქვენი ამბობს, ამ ციხისთვის მარტო ბარათაშვილები და ორბელიანები ასობით გაწყდნენო, მართალია თუ არა? - ეკითხება თანამებრძოლს მაიორი.

- მეც აგრე გამიგონია. - უნდილად უპასუხებს დავითი და ურმების ქარავანს სთვლის, რომელსაც მარაბდაში ხარკი მიაქვს, და შემდეგ უფრო ცოცხალი ხმით უმატებს: - მე და არსენა ამ ციხეში გავიზარდენით.

- რას მეუბნებით! - შეკრთა არლოვი. - ბირთვისში? დიდებულ აკვანში გაზრდილხართ. არსენაც აქ გაიზარდა?

- არსენა ჩემი ძუძუმტეა. ერთი ძუძუ გვიწოვია. ქართული წესით თითქმის ძმად მერგება.

- რა საშინელი ადათი გქონიათ! სად გაგონილა თავადისა და ყაჩაღის ძმობა! - და დაბალი ხმით ჰკითხა: - ახლა რომ შეგხვდესთ?

- ერთხელ სიკვდილს გადამარჩინა. ამას წინათაც ყველანი ცეცხლიდან გამოგვიყვანა, მაგრამ ოცი თავი რომ ჰპქონდეს, ოცივეს მოვჭრიდი. - ისეთი ბრაზით სთქვა დავითმა, რომ მაიორს შეეშინდა, მეოცდაერთე ჩემიც არ მიაყოლოსო.

არლოვი მოერიდა სოფელში ღამის-თევას, რადგან ხაფანგისა ეშინოდა. კლდოვანი ბილიკებით ავიდნენ იმ ციხეში და ღამე ძველ ნასახლარში გაატარეს. მეორე დილით მთებიდან ჩამოსული გიგოლა წაიმძღვარეს და არსენას ბუნაგისკენ გასწიეს.

- ახლა კი ვეღარ წაგვივა - დაბეჯითებით სთქვა მაიორმა.

- ვეღარ წაგვივა. - დაუმოწმა დავითმა.

- ღმერთო, გვიშველე! - შეევედრა უფალს სარდალი და წინამავალ გლეხებს დაეწია, ხოლო საღამო ჟამს, როცა დაბურულ ხევხუვებში შეფიცულთა სუნი დატრიალდა, ისევ ბოლოში მოექცა.

* * *

- სევასტი, შენ ხუთ კაცს წაიყვან. - ბრძანებლობს ოძელაშვილი, - ბიბილო-სერზე გადახვალ და აგერ იმ ღელეში ჩასაფრდები, თადარიგი დაიჭირე, რომ არ დაგინახონ, და იქ მომიცდი.

- აგრე! - უპასუხებს გრძელწვერა. - აბა, კარპიჩ, მეშთა, ჰასან, ფხანია და ედიშერ, გამოდით და გამომყევით.

- როსტომ, შენ რვა კაცს წაიყვან, ჩოფურა მთაზე გადახვალ, ხევ-ხევ დაჰყვები და წისქვილთან მოიცდი. როცა დაღამდება, გაღმა გამოხვალთ და გზის პირზე კლდეში ჩასხდებით. თოფის ხმას რომ გაიგებთ, თქვენც დაუშენთ და ისეთ კიჟინას ასტეხავთ, რომ იმათ ასი კაცი მაინც ეგონოსთ, მანამდე ბაღლინჯოსავით დაიმალებით.

- აგრე! მაშ ქავთარ, სულხან, საბა, ოსტაპ, ბაღო, აბა მომყევით!

- სულხანი და ოსტაპი მე დამითმე. - სთხოვა როსტომს არსენამ. - ლაშქარ, დინჯი კაცი ხარ და ქალები შენთვის მომიბარებია. აზიზები არიან და უნდა დავზოგოთ. თქვენ აქ არ დაგედგომების. ახლავე გაუდექით გზას. მთვარე მალე ამოვა და კარგად ივლით. ჩემი ნათლიმამის ფარსადანის ბინებში ახვალთ და იქ მომიცდით.

- არ მინდა! არ წავალ! - იფეთქა ფიქრიამ.

- არც მე წავალ. - მტკიცედ განაცხადა მაგდანამ.

- საცა შენ, მეც იქა. - ნელი ხმით უთხრა არსენას მარინემაც.

- ახლა კი დავიღუპენით. - მხიარულად წამოიძახა მარაბდელმა.

- შენ ალბათ იმისთვინ წამოიყვანე მარინე, რომ შენი ცოლია, - შეუტია მას ქვრივმა, - მაგრამ მე და ფიქრია ცოლობის გასაწევად კი არ ამოგყევით. ჩვენც ამ დღისთვის ამოვედით და ახლა უნდა დაგვმალო?

- აგრეა, მართალია. - გამოესარჩლნენ ქალებს აქეთ-იქიდან.

არსენას შერცხვა. მართლა და რისთვის ჰყავდა აქამდის ეს ორი ქალი ბანაკში? ამათ რომ დაუთმოს, ფეხმძიმე მარინეს რაღა უყოს? ცოტა მოიფიქრა და დაუთმო. - მაშ კარგი. ფიქრიავ, შენ მე წამომყვები. როსტომ, შენ მაგდანას უპატრონებ. შენი დანიშნულია, ხომ არ დაგავიწყდა ბიჭო? - რაზმმა გადაიხარხარა, არსენამ კი განაგრძო:

- ძალოს ზურაც გვერდით ეყოლება. თვალის ჩინივით გაუფრთხილდით, თორემ დედაკაცის სისხლი ხუთი ვაჟკაცის სისხლზე უფრო მეტია. - მერმე გაჩუმდა, წარბი აათამაშა, ღიმილი ჩამოირეცხა, ხმასაც დაუმდაბლა და განაგრძო:

- აბა, ძმებო, ცოტა კიდევ დამიგდეთ ყური. ჩვენ აქნობამდე ამ ტყეში ამ დღისთვინ ვცხოვრობდით. ამოდენა ტანჯვაც იმისთვის მოვითმინეთ და ოჩხუმადაც იმიტომ გავიფიცენით, რომ ერთმანეთისთვინ თავი შეგვეკლა და არც ეს დროშა შეგვერცხვინა. ვინც შედრკეს, აღარ მოგვეკაროს. ვინც გაიქცეს, თავლაფი დაესხას. ვინც ძმა არ გაიტანოს, იყოს წყეული უკუნითი უკუნისამდე!

- ამინ! - შესძახეს რაზმელებმა.

- ვინც დღეს ვაჟკაცად ივარგებს, საუკუნოდ დარჩება მისი სახელი. იმაზე ლექსებს იტყვიან, დღეობაში იმღერებენ, სუფრაზე გაიხსენებენ. სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. ძველ წიგნებში მარტო თავადების გმირობა სწერია, ახლა კი ჩვენზედაც დასწერენ და კეთილად მოგვიხსენებენ. გლეხებიც წაიკითხავენ და იტყვიან: ბარაქალა გლეხო, ჩვენც კაცები ვყოფილვართ, ქუდიც გვიტარებია და პატიოსანი სახელიც მოგვიხვეჭია. ვინ იცის, იქნება დღეს დავიხოცნოთ, მაგრამ რა ბედენაა! მაშ ამ ტყეში საქეიფოდ ხომ არ ამოვსულვართ. ზოგნი დარჩებიან, დავარდნილ დროშას აიტაცებენ, გლეხური სისხლით დაალბობენ, პირნათლად ატარებენ, იმრავლებენ და როცა იქნება მაინც თავისას გაიტანენ. მაშ, ძმებო, სახსნილო საგზალს ნუ წავიღებთ, მარხვა შევინახოთ, დროშას ვემთხვიოთ, ერთმანეთს ცოდვა შეუნდოთ და საომრად სუფთა გულით წავიდეთ.

ბელადმა დროშა გაშალა, ქუდი მოიხადა, მოწიწებით ემთხვია. და სხვებიც მიუშვა. შემდეგ ერთმანეთს გადაეხვივნენ, გულის ჭუჭყი მოიბანეს, ასაკიდი აიკიდეს და წასასვლელად შეემზადნენ. არსენა კი უკანასკნელ განკარგულებას იძლეოდა:

- ლაშქარ, მარინე წაიყვანე და ღამე დევის კლდეში გაათენეთ. თქვენ კი, თედო და მიხა, აქ დარჩებით. იმ დაბმულ ბიჭს გაუფრთხილდით, არ გაიქცეს. ცხენებსაც მოუარეთ და მერმე თქვენს ალაგებზე ჩასაფრდით. თუ მტერი ზევიდანაც გამოჩნდეს, ფიჩხს ცეცხლი მიეცით და ჩვენსკენ დაეშვით. მაშ მხნედ იყავით. ვინძლო არ შემიშინდეთ, სირცხვილი არა სჭამოთ. ყველას მუხათის წმინდა გიორგი გიძღოდეთ წინ და ბოლნისის მთავარანგელოზი გფარვიდეთ. აბა, ახლა კი მივდივართ. ფიქრიავ, სადა ხარ? მარინე, ნუ სტირი! გულმშვიდად იყავი და დილაზე მომელოდე. ოსტაპ, სულხან, მომყევით!

ყველანი თრითინებივით გასხლტნენ ბანაკებიდან და თავთავიანთ გზით წავიდნენ, სიბნელეში ისე მიდიოდნენ ხევხუვებით, უგზოდ და საცალფეხო კლდოვან ბილიკებით, თითქო წინ ვიღაც იდუმალი ეტიკი მიუძღოდათ.

დათუნა განზე დარჩა. არსენამ არც კი შენიშნა, არც მისი სახელი ახსენა. ბელადის დუმილი თითქოს ამბობდა გზა ხსნილი გაქვს და საითაც გინდოდეს წადიო.

ბანაკში დარჩენილმა თედომ და მიხამ ნამორზე ჩამომჯდარს და ღრმად ჩაფიქრებულ უცხო კაცს ცერად გადაჰხედეს. არც კი იცნობდნენ, მაგრამ მისი წეღანდელი ნაუბარი ახსოვდათ და გაბრაზებული იყვნენ იმის გამო, რომ “მაიორის კაცმა” მათს ბელადს დანებება ურჩია და გიგოლას ბანაკის კვალი ააღებინა.

- არსენას დაავიწყდა ყე, - უთხრა მეორეს ქიზიყელმა თედომ, - თორემ ამ კაცს შეუკრავს არ დაარჩენდა.

- უნდა შევკრათ. - სთქვა არაგველმა მიხამ.

- შევკრათ. - დაეთანხმა ქიზიყელი და ბარნაველს მიადგა: აბა ერთი ეგ ხანჯალი მაჩვენე... ეს დამბაჩა სადღა იშოვე? - და როცა იარაღი აართვა, დაუმატა: - აქეთ წამო, რაღაც უნდა გაჩვენოთ.

დათუნა ხეზე მიბმულ თანდილასთან მიიყვანეს, უცებ ეცნენ და მკლავებზე საბელი გადაუჭირეს, თანაც ეუბნებოდნენ:

- აქ მოითმინე... მაიორის კაცი ყოფილხარ და გვიღალატებ. ხვალამდე იჯექი და მერმე ჩვენვე გაგიშვებთ, ან მაიორი მოგეშველება.

დათუნა უნდილად შეებრძოლა. ეფიცებოდა, არსენას მეგობარი ვარ და სანდო რომ არ ვყოფილიყავი, თვითონვე დამაბამდაო.

- სანდო რომ ყოფილიყავი, თან წაგიყვანდა. - მიუგო ქიზიყელმა და ხეზე მიაბა.

ბარნაველმა სახეზე “სულ ერთია” აისახა და თანდილას გვერდით ჩამოჯდა.

* * *

მზე დასავალს იყო და არსენამაც თავის გეგმა ამაზე ააშენა. წეღან რომ მაღლა კლდეზე ავიდნენ, არსენამ და ღვთისავარმა ასეთი საუბარი გამართეს:

- მაშ ქალაქიდან გუშინ დილით გამოვიდნენ? - ჰკითხა შვილმა.

- გუშინ გამოვიდნენ.

- მაიორი კი ბირთვისიდან დღეს დილით დაიძრა? - ნამდვილად იცი?

- ნამდვილად, შვილო.

- მაიორს გზები არა სცოდნია და ვერც მანძილი გაუზომია. თვითონვე მოგვადგა კარზე, სხვები კი ხვალ დილითაც ძლივს ამოვლენ, ამიტომ...

- მიმიხვდი. აგრეა.

- ამიტომ ჯერ მაიორს უნდა შევუტიოთ. აქაური ალაგებისა არა იცისრა და საცა დაუღამდება, ხელფეხიც იქ შეეკვრება.

და ბოლოს გეგმა ყველას ხელის-გულივით გადაუშალა. არსენამ რომ დააყოვნოს, ხვალ სამივე რაზმი რკალივით შემოევლება ბანაკს და გასრესენ. მაშ სჯობია ისეთ დროს დაჰკრან მარტო მაიორს, როცა ის ღამეს ეყოლება შებოჭილი, მერმე კი - მერმე რაც მოხდება, მოხდეს!

ბანაკი ცალიერდება. თრიალეთის ცა სისხლის ფერად იღებება. შემდეგ ხეობას სულშემხუთავი ღამე აწვება - ღამე მუქი, ჩუმი და იდუმალი შფოთით აღსავსე. ძველი მინგრეული ციხე-კოშკები ბნელ ცაში მლოცველი ბერებივით აღმართულან და თითქო ზეცას რაღაცას ემუდარებიან. იმ კოშკებიდან საუკუნეთა დუმილი ისმის და სევდიანი ნაკადულები იღვრება.

- გაფრთხილდით! ჩუმად იარეთ!

კუნძი კაცად მოსჩანს, ხოლო კაცი კუნძსა ჰგავს და მაღალი ბალახით ჩასაფრებულ ჯარს ემსგავსება, ჯაგნარი კი თითქო იერიშით წამოსული რაზმიაო.

- ჩუმად! ფრთხილად!

სადმე ტურა დაიჩხავლებს - თითქო ბალღს ახრჩობენო. ხევში დათვი ჰბურტყუნებს - თითქოს დაჭრილიაო. ნადირი ნადირს გამოუდგება - თითქო ვიღაცას ტყვე გაექცაო.

- ჩუმად! ფრთხილად!

ხევში წყალი ჩხრიალებს - შეთქმულნი თუ ჩურჩულებენ. სადღაც ჭოტი გაჰკივის - ალბათ ბელადმა “მიდი” დასძახა; რაღაც ნადირმა ციყვი დაიჭირა - ალბათ არსენებმა ჩახმახები შეაყენეს: მთიდან ჩანჩქერი მოშხუის - მგონი ხანჯლებს ლესავენ.

- ნელა! ფრთხილად! ჩუმად!

ჯერ მთვარე არ ამოსულა - არსენასაც ეს უნდოდა, და როცა ცამ სისხლიანი თვალი გაახილა და თრიალეთს წითელი კაკაჩი დაანათა, მარაბდელს ყველაფერი მზად დაუხვდა: სამ ალაგს შექუჩულს მაიორის რაზმს ღრმა ძილით ეძინა. წყლის გაღმა-გამოღმა ოციოდე კოცონი ძლივსღა ბჟუტავდა; გუშაგები სთვლემდნენ და ფალიაც ნესტით გაჟღენთილიყო.

წისქვილის მახლობლად კლდის პირზე ცხრა რაზმელი ცხრა ლოდივით ჩაწოლილიყო. მაყვლიან ხევში რვა კაცი კუნძივით ჩავარდნილიყო.

უფრო ქვეით, საბძლის ძირში, ოცი გლეხი გაქვავებულიყო და მეოცდაპირველს ერთად-ერთი თვალი ცალთვალა ბუსავით დაეჭყიტნა.

ხელშეხვეული ბელადი ვეება წიფლის ქვეშ იჯდა და მზვერავის დაბრუნებას ელოდებოდა. ცალ გვერდით ფიქრია ჰყავდა, მეორე გვერდით კი ოსტაპი ედგა, რომელიც მოუთმენლად იღრინებოდა.

- ნელა! ჩუმად! ხმა გაკმინდეთ!

მიწიდან სულხანი ამოძვრა და სათხრობელი ჩურჩულით მოახსენა არსენას:

- მაიორს, დავითს და კუჭატნელს საბძელში სძინავთ. დანარჩენი აფიცრები და ბოქაულები თავ-თავიანთ მწყობრებთან არიან. გუშაგებიც დავზვერე. ბანაკში თუნდ ათას კაცს შევაპარებ. ჩვენი მილიციელებიც ისე მოიქცევიან, როგორც დამაბარე, ოღონდ მათ არაფერი არ უნდა დავუშავოთ.

- დროა მივეშვნეთ. - მოსჭრა ოძელაშვილმა, წამოდგა და ოთხი მონადირე მგელი ღრმა ხევში ჩაძვრა.

როგორ მოხდა, ან როგორ ხდება ასეთ დროს და ასეთ ადგილებში მიხდომა და დახდომა, დანამდვილებით არც არავინ იცის და ვერც ვინმე გაიგებს. როგორ, ვინ და სად დაიწყო, ვინ რა ჩაიდინა, ვინ საით გაიქცა, თუ გახევდა, მტერს ეკვეთა თუ ბაჭიასავით შეძვრა ბუჩქებში, ვინ ვის მიეშველა, უმუხთლა, ვინ გამოიჩინა გმირობა თუ დიაცობა - ზედმიწევნით ეს მხოლოდ დამარცხებულმა ბელადმა იცის, როცა ათთაბახიან პატაკს სწერს და თავის ბედნავსობას ასნაირი ხრიკით ამართლებს ხოლმე.

ღრმა დუმილში სადღაც თოფი ქვემეხივით გავარდა. მისი ქუხილი გაღმა კლდეს მიასკდა, მერმე გამოღმა გამოვარდა, ისევ გაღმა ეცა და ვიწრო ხეობაში ბურღივით დაიკლაკნა. პირველ ჭექას მეორე და მეხუთე მოჰყვა. გამოღმელებს მაშინვე გაღმელებმა უპასუხეს, ზემოურებს ქვემოურები აჰყვნენ და მთელი ხეობა ელვა-ჭექით გაიტენა.

- თავს უშველეთ! - დაიძახა გუშაგმა და მილიციელთა წამოშლილმა ბანაკმაც მაშინვე სროლით და ყვირილით დაუდასტურა.

- თავს უშველეთ! არსენა მოდის!

- არსენა მოდის! - ჩაიბუხუნა ხევის გაღმა ღვთისავარმაც და ოცმა გლეხმაც ყაზახ - რუსებს ქოთი მოსდო დამბაჩების გრიალით.

ხევში ბარაბანი კაკანებს. ქვეით ბუკი ჭყვიტინებს, გაღმა-გამოღმა კი აშვებული ლომები ბუხუნებენ:

- მივეშვნეთ ოლოლო, ოლოლო! ოლოლო, ოლოლო!

- არსენა მოდის! - კვლავ იხუვლა გლეხობამ.

- Арсен идет! Спасайся ребята! - გამოეხმაურა სალდათების რაზმიც, ზეცა ტყვიით დაცხრილა და იქვე ჩასაფრებული ლაცაბიძის ჯგუფიც ჭექა-ქუხილით დააყრუა.

- პროსნის, დავით, არსენ ნალეტელ! - დაიძახა მაიორმაც და გველნაკბენივით წამოხტა.

- ვსტავაიტე, მაიორ, არსენ ნაპალსა! - იმავე დროს დაიბღავლა კუჭატნელმაც და თავი საბძლის კარს მიახეთქა.

გარეთ მკრთალ შუქზე ლანდები დახტიან, გარბიან, მისდევენ, ყვირიან, ისვრიან და ვერავის ვერ გაუგია, ვინ ვის მისდევს, ვის ესვრიან, ვინ რასა ჰყვირის, რადა ჰკივის, ან საიდან მოდის არსენა და სად არის გასაქცევი გზა.

- პლი! ბეი! ესროლეთ! დაჰკარით! - თავგანწირული ხმით იძახის ვიღაცა და რაზმს მარცხნივ მიაქანებს.

- პლი! ვ შტიკი! ხიშტზე გადით! - იძახიან იქითაც და თოფის დაცლის შემდგომ ხიშტებზე გადმოდიან.

- სტოი! სვოი! სვოი! დაიცათ შინაურები ვართ, - გაჰკივიან ერთხმად ყველანი მას შემდეგ როცა ათიოდე თავისიანი მიაწვინეს.

- აა, ჩორტ! დიავოლ! სუდა! აქეთ მოდით! - ისმის გამწარებული ბრძანება და რაზმის ნარჩენი ახლა მარჯვნივ ასკდება.

მაგრამ კლდის სერიც გაარსენებულა. აი თურმე საიდან მოდის ტყვიის სეტყვა! და როცა ყაზახები კლდის ძირს შეასკდნენ, ზევიდან ქვის ნიაღვარი დაეშვა და შემდეგ ლაცაბიძის ბუხუნიც მოისმა:

- მიდი! დაჰკა! მივეშვნეთ!

- ოლოლო, ოლოლო!

და ლოდებთან ერთად ვიწრო გზაზე ცოცხალი ლოდებიც ჩამოგორდნენ და დარეტიანებულ ყაზახებს ეკვეთნენ.

ყურშა ორ ვაჟკაცს მაინც უდრის. მშვიდობის დროს ჭიაღუასაც კი ისე უყეფდა, რომ მისი ძაღლური ხმა მთის წვერსაც კი სწვდებოდა, ახლა კი კაპასური ღრენით და ფრუტუნით დაჰქრის და ვისაც დაეტაკება, უმალვე ბრძოლის უნარს ართმევს.

- ყურშავ! მიდი! აგრე, გენაცვალოს ჩემი თავი! - ესმის მას არსენასი და სხვების ხმა და ისიც ორკეცი გესლით იბრძვის და სიბნელეში უჩინარი ისარივით დაჰქრის.

სევასტიმ ბარათაშვილი იცნო და მიაძახა:

- მევიდა შენი განკითხვის დღე, ზაალის წიწილო! - და სატევარი იშიშვლა, მაგრამ სევასტის ვიღაც მაღალმა ბიჭმა დაასწრო და დავითის ხმალს ხანჯალი შეაჯახა. ფოლადის ჟღარუნს მოკლე ჩახუნი დაერთო და თავგაპობილი ვიღაც მაღალი მიწაზე გაიშოტა.

იმავე წამს ბარათაშვილს თვალებში თეთრმა ეშვმა შეანათა და მკერდში ორპირმა ფოლადმა ჩაუსრიალა.

- დათუნა, ჩემი დათუნა! - გაისმა ამავე დროს ქვრივის კივილი და მაგდანა მომაკვდავ ძმას მივარდა.

დათუნა კვდებოდა. ბანაკში ხეზე მიბმული ბარნაველი წეღან უცებ გამოფხიზლდა. ყველანი სიკვდილის დასახვედრად წასულიყვნენ - მისი დაჲ მაგდანა, მისი დისწული ზურა, მისი გამწყრალი მეგობარი არსენაც, მისი საბედო ფიქრიაც, თათარიც, ოსიც, სომეხიც, რუსიც, ქართველებიც, მას კი ღალატი დააბრალეს, შეარცხვინეს და ბოლოს ხეზედაც მიაბეს. უცებ გაიწია და აყვირდა:

- ამიშვით! რას მიშვრებით!

ორ ბიჭს ცხენები წაესხათ წყალზე და მისი კივილი ვერ გაიგეს.

მართალია, ბარნაველს მუდამ სხვა რამ აწვალებდა, მაგრამ ვარსკვლავს მარტო ხომ ვერ დაიჭერდა, ან იმ თავადებს ხომ ვერ გაჰყვებოდა, ვინც გულით თითქო მასთან იყო და საქმით კი ამჟამადაც ალექსანდრეს დასდევდა მოსაკლავად და მისი სისხლით ეძებდა წარჩინებას.

რა უხეშად შესცდა ბარნაველი! აი თურმე ვის უნდა გაჰყოლოდა და ვის გვერდით უნდა ებრძოლნა, მან კი, ნებსით ან უნებურად, მაიორს მეკვლეობა გაუწია!

- ამიშვით მეთქი! მოღალატე არა ვარ! ღმერთსა და ხატს გეფიცებით!

არსენას ჯარი გააფთრებული წავიდა და საცაა დათუნას მოსისხლე მაიორებს დააფრინდება, მან კი, თავლაფდასხმულმა, პირშავად უნდა იაროს ქვეყანაზე?

- ძმობილო, - შეეხვეწა მეორე პატიმარს, - ოღონდ ამიშვი - და მეც აგიშვებ. თანდილამ კბილებით გაუხსნა საბელი და იარაღის საწყობი ქოხიც მიასწავლა. დათუნამაც გაანთავისუფლა თანდილა, მერმე იმ ქოხიდან ერთი ხანჯალი მოიტაცა და ისე დაეშვა თავდაღმა, თითქო სიკვდილი წინ კი არ მიუძღოდა, არამედ უკან მისდევდაო. და როცა წისქვილს მიაღწია, სიკვდილი უცებ მობრუნდა, დათუნას ყელში მისწვდა, შიგ ჩაეღვარა და თვითონაც მასთან ერთად გახევდა.

- ოლოლო, ოლოლო! მიდი! დაჰკა! გარბიან! - იჭექა მიწიდან ამომძვრალმა არსენამ და თავისიანებს ახალი რიხი ჩაუღვარა.

- მიდი! დაჰკა! გარბიან! - იხუვლეს რაზმელებმაც და მომხდურებს შიშის ფახი დასცეს.

ტყის ძმებმა გაქცეულებს გზა მოუჭრეს. თოფის გრიალი აღარ ისმის, მის გასატენად ვიღას სცალია! ხმალი, ხანჯალი და ხიშტიღა მუშაობს.

გაღმელი რაზმი გამოღმა გამოიქცა და გზა-მოჭრილი გამოღმელი გაღმა გაეშურა. ერთმანეთს ფოთლიან ღელეში შეხვდნენ და უკანასკნელად დასცალეს თოფ-დამბაჩები. მერმე კი ხელჩართულზე გადავიდნენ და ურთ-ერთი ძლივსღა იცნეს.

- სტოი! სვოი! - თქვენიანები ვართ, თქვენი! - და ისევ გამოღმა გამოცვივდნენ, რადგან აქეთ ხელსაყრელი გასაქცევი გზა იყო და ეს ადგილი უნდა გაერღვიათ.

- სვოი, ბრატცი, სვოი! - სუფთა რუსულით იძახოდა კარპიჩა და ყაზახ-პლანსტუნებში ერეოდა. შემდეგ ერთ-ორს გაიმარტოვებდა და ხიშტით ჰხოცავდა, რომელიც მან ვიღაც მოკლულს აართვა.

- სვოი, გეორგი, სვოი! - მიაძახა კუჭატნელსაც და ზედ მივარდა, მაგრამ ხიდი ჩაუტყდა. კუჭატნელს კატის თვალები ჰქონდა, კარპიჩას კი რუსული გამოთქმა, ამიტომ მან მაშინვე იცნო ხაბაზი, იცნო და მოღერებულ ხიშტს ხმალი აუკრა და თვითონაც დაჰკრა. კარპიჩამ დაიგმინა, წატორტმანდა და მოკლე ცხვირი ცივ მიწაში წაჰყო.

მცირე ფორზე არსენა გამოვარდა.

კუჭატნელი იმავე ალაგას იდგა და გაჰკიოდა:

- სუდა! აქეთ მოდით, აქეთა!

- აქა ვარ, გიორგი აქა! - უპასუხა ვიღაცამ.

გიორგიმ მაშინვე იცნო მარაბდელი და წაიბურტყუნა:

- დაგწყევლოს ჩემმა გამჩენმა! არსენა ხარ?

- მე ვარ, გიორგი, მე! მოვდივარ და გამაგრდი!

და შიშველი ხმლით ისე დინჯად წამოვიდა, როგორც ნარგიზების ფორზე მიდიოდა მის დასახვედრად.

სამაგივროდ არსენას მოშუღარი მაშინდელივით არ გამოიქცა და ფეხიც არ შეიცვალა, მან მაშინვე იძრო დამბაჩა და არსენას დაუმიზნა.

მარაბდელი შედგა და მიაძახა:

- მესროლე, მაიორის ლეკვო, მაგრამ არ დამაცდინო, თორემა...

და იმავე წამს ქუხილი და ტყვიის ზუზუნი მოისმა.

- გადავრჩი! - შესძახა მარაბდელმა და ხმალს ორთავ დამწვარი ხელი მოსჭიდა, რადგან ერთის იმედი არა ჰქონდა. მოსჭიდა და ისე დაუშვა კუჭატნელის თავზე, რომ წელამდე უნდა გაეჩეხნა. მაგრამ ოძელაშვილის ფოლადს მოპირდაპირის თავის ნაცვლად ფოლადივე დაუხვდა, რომელიც საბრალოდ შეჟღარუნდა და განზე დაეცა.

არსენა ტკივილით აიღმიჭა. მაინც იმდენი ძალა კიდევ შერჩა, რომ იარაღაყრილ მოშუღარისთვის თავი გაეპო, მაგრამ არ იკადრა და -

- ხმალი აიღე, კუჭატნელო! - მიაძახა.

კუჭატნელს თავი დაეღუნა, ორივე ხელი ზედ წაეფარებინა და სიკვდილსღა ელოდებოდა. არსენას ხმა რომ გაიგო, არც კი შეინძრა და ამოიკვნესა:

- თუ მკლავ, მომკალი და გამათავე.

- მე ხელცარიელი კაცის მკვლელი არა ვარ. - მიაძახა მარაბდელმა. - ან ხმალი აიღე მეთქი, ან არა და დამნებდი! - და მაშინვე გაიფიქრა: “ისევ სიბრალულმა ჩამკიდა ხელი. უნდა მომეკლა. ვაგლახ ჩემს ვაჟკაცობას!”

- არსენ, ეგ რა ჰქენი? - დაუძახა ამ დროს უკანიდან სულხანმა, - რად გაუშვი? დაიცა, სად მიხვალ, დედალო! - და კუჭატნელს დაედევნა, რომელმაც უცებ მოიტაცა თავის ხმალი და ჯაგებში შევარდა.

- ჯაბანო! დედალო! - მიაძახა მარაბდელმა. - სად მირბიხარ, სად.

მეორე მხრიდანაც ვიღაც გამოიქცა, სულხანს გაუსწრო და ისიც ფოთლიანში შეერია.

- ფიქრო, შესდექი! - მიაძახა ოძელაშვილმა და ისიც იქით გაიქცა. გაიქცა, მაგრამ დაიგვიანა. იქ უკვე ბრძოლის ჟღარუნი ისმოდა. უცებ ვიღაცა ლაწუნით დაეცა ჩირგვებში და მეორე ვიღაცამ ფხაჭანით მოჰკურცხლა. ყურშა მიწის მგელივით ამოძვრა, იმ ვიღაცას ანჩხლად მისწვდა და ორივენი ხევში ჩასრიალდნენ. იმავე წამს ფიქრიას დამბაჩამაც დაიჭექა და არსენაც მოვარდა.

- არსენ, მიშველე! სულხანმა მე გადამარჩინა, მაგრამ თვითონ შეაკლა თავი. - ცრემლიანი ხმით დაუხვედრა ფიქრიამ.

- სულხანის წახდენა ჩემი ბრალია, ფიქრო, მაგრამ მე არ მცალიან. - მიუგდო არსენამ და მალე მეორე მხარეზე დაჰკივლა: - მიდი! დაჰკა! ვიფრინეთ!

- ნუ დაგვხოცავთ! გნებდებით! - იძახიან დაფრენილები და იქვე ჰყრიან იარაღს.

- რა ოხრად მინდიხართ! აგერ იქით გაიქეცით! ჩქარა, მოჰკურცხლეთ! - უყვირის მათ მარაბდელი და იარაღაყრილ მაიორელებს ფარასავით მიელალება. შემსუბუქებული ყაზახ-მილიციელებიც ფეხმარდად გარბოდნენ, შეფიცულებიც კიდევ კარგა ხანს მისდევდნენ და ღამის დუმილს კიდევ დიდხანს არღვევდნენ:

- დაჰკა! მიდი! ოლოლო!

არსენა ერთ ბორცვზე ავარდა და ისე დაიყვირა, რომ ყველაზე წინ წასულმა მაიორმაც კი გაიგო:

- ძმებო, აქ მოგროვდით, აქააა! სევასტი! კარპიჩავ! აქა ვარ, აქაა!

მაიორის ჯარი უკვე შორს გარბის და ყველა მათგანს თავის ამხანაგიც ისევ ტყის ძმად ეჩვენება. კუნძიც კაცად მოსჩანს, ღობე-ყორეც ჩასაფრებულ შეფიცულებს ჰგავს, ყოველ ბუჩქში თითო არსენა მაინცა ზის და კოშკის ნანგრევიც კი მარაბდელივით აყუდებულა.

- ჩუმად! კრინტი! ჩქარა!

წინ გაქცეულს ისევ თავისიანი მისდევს - ნეტა მდევარი ხომ არ მორბის?

ჩამორჩენილს წინ ვიღაც მიუძღვის - ნეტა გზა ხომ არ უყელეს?

ხევში წყალი ჩხრიალებს - ტყის ძმები ხომ არ ჩურჩულებენ?

- ფრთხილად! გასწით! ჩქარა!

გლეხის კარი ჭრიალებს - ჩახმახი ხომ არ შეაყენეს? სადმე ძაღლი დაიყეფებს - ლომები თუ აუშვეს? ორი ეჯი გაირბინეს - ნეტა მარაბდა სად არის?

- ჩუმად! ჩქარა! გზა მომეცი!

სადღაც ზევით კი ისევ არსენას ომახიანი ხმა ისმის:

- სევასტი! როსტომ! აქ მოგროვდით, აქააა! ჰეი, მაიორო, დავაი შენი თავი! სადა ხარ, მხდალო? იდი სუდი, გამოჩნდი! ომში ბელადი ჯარს წინ მიუძღვის, გაქცევისას კი - უკან უნდა მისდევდეს, შენ კი პირუკუღმა იქცევი. კუჭატნელო, შენ სადღა ხარ, დედალო! მხდალო! წუპაკო!

- არსენას ხმა ვიცანი. - ჩასჩურჩულებს მაიორი გიგოლას, რომელიც საბძლიდან გამოვარდნის შემდეგ ბირკივით აიკრა და აღარ უშვებდა. - გადამითარგმნე, რას იძახის? - და თარგმანი რომ მოისმინა, კბილების კრაჭუნით ჩაისისინა: - У-у-у Сатана! Поймаю же я тебя! ოდესმე დაგიჭერ სატანავ!

და დიდი გზიდან ისევ ბუჩქნარში შეუხვია.

- ჰეი, ჰეი!.. აქეთ მოდით, აქეთა! - ხმას აწვდიდნენ აქეთ - იქიდან ერთმანეთს ტყის ძმებიც და ბორცვისკენ მიიწევდნენ.

ყველაზე ადრე იმ ბექობზე ყურშა ამოცოცდა და წელი ძლივს ამოათრია.

- ყურშავ, დაჭრილი ხომ არა ხარ?

ძაღლი წმუტუნით მიუწვა არსენას და ლოკვა დაუწყო.

მარაბდელმა არტაშანი ამოიღო და კისერი შეუხვია, თანაც ისევ გაჰკიოდა:

- აქეთ მოდით, აქეთაა!

არსენა დიდ ლოდზე იჯდა და ყოველ ახალმოსულს ეკითხებოდა.

- დალი ჰასან, ხოშ გელდი, როგორ იბრძოლე? სიმონ, შენც დაგჭრეს? რაკი დადიხარ, მაშ მსუბუქად დაუკრავთ. ოსტაპ, სად დამეკარგე? როსტომს მიეშველე? მაშ როსტომიც დამიჭრეს? მეშთა, თავი შეგიხვევია, მაშ შენც დაუჭრიხართ. სევასტი, გამარჯვება! ამბობენ, ლომივით ჰქუხდაო. ბაღო რა იქნა? ქავთარი სად არის? რატომ ზურა არ მოსჩანს? კარპიჩა სადღაა?

- ბაღო და ქავთარი მოჰკლეს. - ჩაიჩურჩულა სევასტიმ. - კარპიჩა ძალიან მძიმედ დასჭრეს, ზურა კი დაიკარგა.

- მოჰკლეს? - თითქო გაოცდა ბელადი და ელდანაკრავი თავი დამწვარ ხელებში ჩაიგდო.

დედაკაცს ცრემლი თვალებზე მოსდის, ვაჟკაცს კი გულში ეღვრება.

ბორცვზე ღამის დუმილი და მწვავე სევდა ამოცოცდა. ქვეიდან წყლის შხუილიღა ისმოდა. თავჩაღუნული ძმები მოწოლილ დარდსა და ცრემლს ებრძოდნენ. მერმე არსენამ ამოიკვნესა:

- ვაი დედასა!

- რა ძვირად დაგვიჯდა! - ამოიოხრა სევასტიმაც და დუმილის შემდეგ დაუმატა: - მგონი დათუნაც მოჰკლეს. ბანაკიდან გამოქცეულიყო და დავითს შეუტია. მეც იქვე ვიყავი და...

- და რაჰქენი? - გააწყვეტინა არსენამ.

- ქე მოვკალი.

- ღმერთმა გიკურთხოს მარჯვენა. - მიუგო ბელადმა. - მაგრამ ახლა რა პასუხი გავცე მაგდანას, ლოპიანასა და ქავთარის დედას? - და პასუხი რომ ვერ მიიღო, იკითხა:

- ედიშერი სადღაა?

- მოჰკლეს.

- საბა დალაქი?

- მოჰკლეს.

- ნასყიდა?

- ისიც მოჰკლეს.

- ორბი? სანდრო? მაჩვი? ტურა? პავლე? მგელი? ილო?

- მოჰკლეს... მოჰკლეს... მოჰკლეს... - გაუთავებლივ ესმოდა ყოველ მხრივ.

ვაჟკაცი მხოლოდ გულით სტირის, დედაკაცი კი თვალებით.

- ვაი დედასა! - ერთხელ კიდევ ამოიკვნესა არსენამ და წამოიწია.

წამოიწია და ახლაღა იგრძნო სისველე და თავის ტკივილი. კისერზე ხელი მოისვა და სთქვა:

- მგონი მეც დაუჭრივართ. ახია ჩემზე.

მისი სინანული ვერავინ გაიგო. ახია მარაბდელზე, რადგან კუჭატნელი შეიბრალა და რაინდობა გამოიჩინა, იმან კი კინაღამ თავი გაუხვრიტა და სულხანიც შეიწირა. “ახია ჩემზე!”.

ამ დროს ბორცვზე ღვთისავარის ცალმა თვალმა ამოანათა და ერეკლეც ამობობღდა.

- გამარჯვება, ბიჭებო! ყოჩაღ თქვენს ვაჟკაცობას! რასა იქთ? ვინ დაგაკლდათ? და როცა ყველანი ჩამოუთვალეს, ქუდი მოიხადა, პირჯვარი გადაიწერა და სთქვა:

- ზოგ გამარჯვებას ისევ დამარცხება სჯობია. - იყუჩა და დაუმატა: - ერთხელ ბოლნისთან მტერმა შემოგვიტია. ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ სამასი კაცი ვიყავით და სამოციღა დავრჩით. თქვენც ისე მოგსვლიათ. ასეთ გამარჯვებას ზოგი დამარცხება სჯობია. - და არსენასავით ამოიოხრა: - ვაი დედასა! - მერმე იყუჩა, ლომისებური თავი შეიბერტყა და რაზმის ნარჩენი გამოაფხიზლა: - ნუ მოდუნდით, ბიჭებო! დაჭრილებს ვუშველოთ და ამ ალაგს თავი გავარიდოთ, თორემ ქალაქიდან წამოსული ჯარი მოგვისწრობს და დანარჩენსაც გაგვჟლეტავს. შენ რაღა გატირებს, შვილო? - მიუბრუნდა ერეკლეს. - ზურა მოგიკლეს? ნუ ჩქარობ, იქნება დაჭრილია. მტერს მაგიერს გადაუხდი, მორჩა და გათავდა! შენ რაღა დაგემართა, არსენ? შენც დაჭრილი ხარ? აბა, წყალი და მალამო! მომყევით! ხევში ჩავიდეთ.

და იმ წუთიდან ბელადობა ცალთვალა დევს ჩაუვარდა ხელში.

ორი საათის შემდეგ დაჭრილებს ჭრილობებზე პურის გული და აბლაბუდა დაადვეს, საერთო სამარე ხანჯლებით გათხარეს და შიგ თორმეტი ძმა ჩააწვინეს.

ზურა ვეღარ იპოვეს. ხევხუვები და ბუჩქნარი მოჩხრიკეს, ხეობა კივილით აავსეს, მაგრამ ზურას კვალსაც კი ვერ მიაგნეს.

- აი, აქ წაიქცა. - ამბობდა ერთი მათგანი და მეათეჯერ უვლიდა ირგვლივ იმ ალაგს.

- მეც დავინახე. - ადასტურებდა მეორე. - ისე დაჰკრეს თავში, რომ კამეჩი ვერ გაუძლებდა.

ეს ორი უბედურება ქვრივს ქვით გატენილი ტომარასავით დაეცა თავზე.

- ზურაა! შვილო ზურააა! - სასოწარკვეთილი ხმით ჰგმინავდა დედა და ისე დაჰქროდა ტყეში და ხევხუვში, რომ ვეღარც ვინმეს სცნობდა და აღარც მათი სიტყვა ესმოდა.

და შავი ანგელოზი გაგიჟებულ ალქაჯად გადაიქცა.

რიჟრაჟი მოდიოდა და ხიფათიც მატულობდა. ქვრივი დაიჭირეს და წამოსვლას ეხვეწებოდნენ, მაგრამ თმაგაშლილი და გამძვინებული დედა დაჭრილ ვეფხივით იბრძოდა.

- შეჰკარით! - ბრძანა ბოლოს ცალთვალამ.

ხმაწასული და სასომიხდილი დედაკაცი შეჰკრეს და ძალით წაიღეს, ღვთისავარმა კი ახალი ბრძანება გასცა:

- ერეკლე, ზურა შენი მეგობარია და შენ უნდა იზრუნო. აქ დარჩები, აქაურ გლეხებს მოიშველიებ, ზურას იპოვი, მოარჩენ და ქვიშხეთში ან ახალდაბაში ამოიყვან. იქ ვიქნები. - და ჩუმად დაუმატა: - და თუ ვინცობაა მკვდარია, დამარხავ და მარტო წამოხვალ.

შემდეგ ღვთისავარმა და ერთმა ბებერმა გლეხმა თითქო ყნოსვით იპოვეს ერთმანეთი და აჩურჩულდნენ.

- აბა, ძმობილო. ძმა ძმისთვინა და ამ დღისთვინაო. ხომ გახსოვს, რომ ერთხელ შენი თავი დათვს გამოვგლიჯე პირიდან. ახლა ჩემს შვილს გაბარებ და შენი იმედით ვიქნები. მეგობარი დაჰკარგა და იმისთვინ რჩება. იპოვე და, თუ დაჭრილია, მოარჩინე, დათუნა ბარნაველი და ზაალის შვილი დავითიც მძიმედ არიან დაჭრილი, მათაც უპატრონე და აშენდები. აბა, მშვიდობით იყავი.

შემდეგ არსენას რაზმი იმ ხეობის აღმართებს ათგან დაჭრილი ლომივით შეუდგა, რომელიც ფოფხვით მიიზლაზნება ბუნაგისკენ და თან სისხლით დაცლილ ბოკვერებს მიათრევს. ძმადნაფიცებმა გაწყვეტილი წელი თრიალეთის ქედზე სამ დღეღამეს ათრიეს და ჯავახეთის საზღვარზე ორად გაიყვნენ:

- მშვიდობით, ძმებო!

- გზა მშვიდობისა, ძმებო!

თავხელშეხვეულმა არსენამ ახალციხისკენ გასწია და თან ფეხმძიმე ცოლი, ჩაშავებული ქვრივი, ნახევარ-ქვრივი ფიქრია, თითქმის უგონო სულხანი, დალი ჰასანი და ოსტაპი წაიყვანა, ცალთვალა კი დანარჩენებს გაუძღვა და ტაშისკარისკენ დაეშვა. იქ, ქვიშხეთში და ახალდაბაში, მოკეთე გიგიტაშვილი ეგულებოდა. დაუხვდებიან, შეინახავენ, მოარჩენენ.

- მშვიდობით, მამა!

- მშვიდობით, შვილო!

დედაკაცის ცრემლი თვალებში ჟონავს, ვაჟკაცისა კი გულში იქცევა და დუღაბდება.

თქვენც მშვიდად იყავით, დახოცილო ძმებო!

ნაწილი მესამე

თავი მეათე

კრაზანას ბუდე

შაქრისაგან უფრო ტკბილო, სანთელივით ჩამოსხმულო!

ცხენზე ზიხარ ლურჯაზედა, უნაგირზე ამოსულო!

ხ ა ლ ხ უ რ ი

მძიმედ დაჭრილი როსტომი და სულხანი ძმადნაფიცებს საკაცეებით მიჰქონდათ. როცა რაზმი ორად გაიყო, ცოცხალი ტვირთის საზიდავად არსენას ორი ჯანსაღი კაციღა შერჩა - მჩატე დალი ჰასანი და ბუმბერაზი ოსტაპი. მარინე ფეხმძიმედ იყო, მაგდანა მკვდარს ჰგავდა და ფიქრია მათს მოვლასაც ძლივს ასდიოდა. ტაშისკარისკენ მიმავალ რაზმელებს დაჟინებით ჰსურდათ არსენასთვის სამიოდე კაცი მაინც მიეშველებინათ, მაგრამ მარაბდელმა არ მოინდომა, რადგან შემდეგში თვითონ მშველელიც საშველებელი გაუხდებოდა.

ჯავახეთის ყველა გზები და ნოყიერი მთა-ძუძუები ცხვრის თეთრი ფარებით იყო შეკუნწლული და არსენაც მათის იმედით გაუდგა გზას. თავის წამოსვლის ამბავი ოძელაშვილს ყველგან წინ მიუძღოდა. უჩინარ შიკრიკებს და ნაცნობ-უცნობ მწყემსებს ბინით-ბინაში გადაჰქონდათ, არსენა მოდისო, და ყველა სარქალი რამდენიმე მწყემსითურთ მხურვალე გულით და ათასი მოკითხვით უხვდებოდა მას თავის საძოვრის საზღვარზე, ხოლო მეორე ბინის საზღვარზე ისეთი მოწიწებით აბარებდა სხვა სარქალს, თითქო საკუთარ შვილებს ისტუმრებდაო. ოსმალეთში რომ გადავიდნენ, თაფარავანის ტბასთან არსენას ნათლიმამა ფარსადან მირზაშვილი დაუხვდა.

- შვილო, არსენ, ეს რა ამბავია! - შესძახა მან და თავში ხელი წაიშინა. - შენც დაჭრილი ყოფილხარ და რაღა მეშველება!

არსენა მას შორიდანვე ჩამოუხტა ცხენიდან და განგებას მადლობა შესწირა იმის გამო, რომ ნათლიმამას საზღვარს აქეთ არ შეჰხვდა. მან კარგად იცოდა, რომ ლაწირაკმა გიგოლამ და ფარსადანმა წლეულს მურდალი ჩურჩული გამართეს და მას რამდენიმე ავი ხაფანგი დაუწნეს. მაშინ მარაბდელმა იგი ადვილად დაუგლიჯა. ახლა კი არც კი აგრძნობინა, რომ ის შავი საქმენი არსენამ დროზე გაუგო და მოუშალა. ახლა ორივენი ხონთქრის მიწაზე იყვნენ და ამიტომ ნათლიმამა არსენას ვეღარაფერს ავნებდა.

- ფიქრია მაჩვენე, არსენ! - გაიძახის ბოდბისხეველი და ფიქრია ცხენიდან ჩამოჰყავს. - გოგო, რამოდენა გაზრდილხარ! რა გშვენის ეგ ჩოხა და იარაღი! ღმერთსა ვფიცავ, ნათესავი რომ არ იყო, ჩემი ძმისთვინ გითხოვდი. - და მწყემსებს მიუბრუნდა:

- აბა, ბიჭებო, მიშველეთ! - მისმა მწყემსებმა სხვა მწყემსებს ორივე საკაცე ჩამოართვეს, ფარსადანმა კი ოძელაანი მოიკითხა:

- არსენ, როგორა გყავს საქონელი და დედ-მამა?

- ძაან კარგად, ნათლიმამ. შენი ცხვარი, ჯალაბ-ჯულაბი და ჩემი ნათლულები როგორღა არიან?

- ნუღა მკითხავ, ძმაო. ღვთისავარი და მელანო სად არიან?

- შინ არიან. - იტყუა მარაბდელმა.

- თქვენთან ძაან პირშავად გამოვედი. - აწუწუნდა ფარსადანი, - მაგრამ ღვთის ნება იყო და რა ჩემი ბრალია! ავდარმა და ნადირმა თქვენი ცხვარიც გაანახევრა და ჩემიც.

- არა უშავსრა, ნათლიმამ. - ანუგეშა არსენამ და გულში ჩაიცინა. - ღმერთმა მომცა, ღმერთმა წამართვა და ისევ ღმერთი დამიბრუნებს.

ერთი საათის შემდეგ ფარსადანის ბინა და ფარა გამოჩნდა. განიერ სერზე ხუთი ათასი ცხვარი უზარმაზარი თეთრი სუფრასავით გაშლილიყო. ოძელაშვილმა ერთხელ კიდევ ჩაიცინა, რადგან ფარსადანის ფარა ავდარს და ნადირს ორ წელიწადში ერთიორად მოემრავლებინა, ოძელაანთ ერთი მუჭა ცხვარი კი დაედნო და გაენახევრებინა. ფარსადანის ფარაში ღვთისავარის ცხვარს მწყემსებიც ვერ გამოარჩევდნენ, დარმა და ნადირმა კი გამოცდილი მცნობივით დაარჩია და შემუსრა.

“თურმე ადამიანიც, დარიც და მგელიც მე მერჩის. ალბათ ამ თაღლითს ტუტუცი თუ ვგონივარ”. - გაიფიქრა არსენამ და ბინაში არც კი შეიხედა. ფარსადანს ეწყინა.

- არა მცალიან, ნათლიმამ. - მიუგო ოძელაშვილმა. - დღესვე ახალქალაქში უნდა ჩავიდე, თორემ გზაში დამიღამდება. - და ისევ გზას გაუდგა.

* * *

ერთხელ სულხანმა თვალები გაახილა და ფიქრიას დააშტერდა, რომელიც თავთ ედგა და მაჯას უშინჯავდა.

- სადა ვარ, ფიქრო? - ჰკითხა მან მილეული ხმით.

- ახალციხეში, - მიუგო ქალმა და მაჯას ხელი გაუშვა.

- ნუ, ნუ გამიშვი. გამითბე, გენაცვალოს ჩემი თავი, გამითბე. - შეეხვეწა სულხანი თბილი ხმით და მიმქრალი თვალებით.

ფიქრიამ ისევ ჩამოართვა მაჯა და დიდხანს ეჭირა, თვალწინ კი “სულერთია” დათუნა ედგა, რომელიც ახლა იქ, ალგეთის ხეობაში, ალბათ შავ მიწაში იწვა.

- რა გატირებს, ქალო? - ჰკითხა სულხანმა: - ისევ “ის” გაგახსენდა, განა!

- არა, არა მეთქი! - სხაპუნით მიუგო არსენას დამ. - იყუჩე. რა დროს “ის” არის! - და სწრაფად დაუმატა: - შენ დაგცქერი და იმიტომ ვტირი.

- განა ახლავე სატირალი ვარ?

- არა, მაგრამ... ისე ვთქვი.

სულხანმა თვალები მილულა და ვერ გაეგო, ვის დასტიროდა ფიქრია, დათუნას თუ მას, სულხან ყოჩაშვილს.

იმავე განიერ ტახტზე როსტომი იწვა. ჩაკირულმა ჯორჯიაშვილმა ახალქალაქიდან ახალციხემდე ცხენით იარა, მაგრამ ძნელმა გზამ და ძლიერმა სიცხემ ისიც მოდრიკეს და სულხანის გვერდით დააწვინეს. მაგდანა და მარინე თვითონაც მოსავლელები იყვნენ. არსენას, ჰასანს და ოსტაპს უხეში ხელი ჰქონდათ და ავადმყოფის მოვლისა არა გაეგებოდათ-რა, ამიტომ საოჯახო საქმეც და ლალობაც მარტო ფიქრიას დააწვა.

არსენას დაჲ ისედაც ნაწამები იყო: მისი სიყრმის მეგობარი ზურა და საბედო დათუნა ან მკვდრები არიან, ან სიკვდილს ებრძვიან. იქნება მისი ძმა ერეკლეც დაიღუპა? დედ-მამაც გაეფანტა, თვითონაც გზაში დაიტანჯა და ორი საუკეთესო ვაჟკაცი ახლაც სიკვდილის პირზე ჰყავდა. მართალია, დღეს ორივენი მოსულიერდნენ, სიცხეც შეუნელდათ და გონსაც მოვიდნენ, მაგრამ ვინ იცის კიდევ რა მოხდეს! ამ წუთში ფიქრიას დარდს ძლიერი სიხარული დაერთო და ცრემლიც ამან გამოაჟონინა, სულხანს კი ჰგონია, ვითომ... აბა რა დროს ეგ არის! განა არსენას დას ამისთვის სცალიან?

ოთახში არსენამ შემოალაჯა. მას ვიღაც მაღალი, “ფრანციცულად” ჩაცმული და თხელწვერა კაცი შემოჰყვა. დალი ჰასანმა და ოსტაპმაც შემოიხედეს.

- სულხან, გონს მოხვედი? - ჰკითხა გახარებულმა მარაბდელმა.

ახალმოსული იმავე სახლის პატრონი ექიმი ანტონ თამარაშვილი გამოდგა. მასპინძელი დაბალი ხმით ლაპარაკობდა და სახეზე ღიმილს არ იშორებდა.

- როსტომსაც გაუნელდა სიცხე. - ყველანი გაახარა ფიქრიამ.

თამარაშვილმა ორივეს გაუშინჯა შუბლი, სიამით გაიბადრა და ყველანი ფეხაკრეფით გაიყვანა ოთახიდან.

ოქტომბრის დამდეგს ახალციხელები გაოცებით უმზერდნენ ქალაქში შემოსულ უცხო რაზმს. წინ ჯუჯა თათარი ჰასანი მოუძღოდა. ალამდარი ის იყო, დროშა მაღლა ეჭირა და ისე მედიდურად მოჰყავდა ცხენი, თითქო ის ქალაქი დაეპყროს და საზეიმოდ შედიოდაო. შემდეგ სულხანი მოჰქონდათ. მერმე თავშეხვეული არსენა მოსდევდა. მისი ლურჯა ოდნავ სტოკავდა და აქეთ-იქით მედიდურად სალამს ჰფანტავდა.

ბოლოს რაზმელები მოდიოდნენ და მათ შორის ორმოცამდე ახალი თავზეხელაღებული კავკასიელი ერია, რომელნიც მარაბდელს გზადაგზა შეუერთდნენ. ახალმა ლტოლვილებმა შუა ქალაქში მადლობა გადაუხადეს არსენას და მუსილმანთა უბანში შეუხვიეს.

დალი ჰასანი იმ ქალაქში ნავალი იყო და ისიც იცოდა, რომ შეფიცულები ქრისტიანების უბანში უნდა მიეყვანა, ამიტომ გეზი პირდაპირ კათოლიკეთა ეკლესიაზე აიღო, თამარაშვილების სახლის წინ შესდგა და გარეთ-გამოსულ ანტონს ჰკითხა:

- ექიმბაშო, სტუმარი ხომ არ გნებავს?

- სტუმარი ღვთისაა, მობრძანდით. ვინა ბრძანდებით?

- ასრენა ოზელაშვილია, მარაბდელი. მე კი დალი ჰასანს მეზახიან, ხომ არ გაგიგიათ?

- არსენა? - გაოცდა თამარაშვილი. - ბარათაშვილის ნაყმევი?

- მე გახლავარ. - მიუგო მარაბდელმა და გაოცდა იმის გამო, რომ მისი სახელი ახალციხეშიც კი ამოსულიყო. - მე გახლავარ. უსამართლობას გამოვექეცი და თუ ჩემზე ავი არაფერი გაგიგონია, ან აქ მიბოძე ბინა, ან სხვაგან მიმასწავლე.

- სიკეთის მეტი შენზე არა გამიგონიარა. - მიუგო ანტონმა და არსენას უზანგს და ლაგამს მისწვდა. - შენისთანა სტუმარი ყველას მოენატრება. მობრძანდი და მოისვენე.

ახალციხელ ქართველ კათოლიკეთა შორის თამარაანთ გვარი ყველაზე განათლებული და შეძლებული იყო. იმ ოჯახს სამი ძმა სამი დედაბოძივით ედგა: უფროსი მიხეილი - მღვდელი და მასწავლებელი იყო, შუათანა სოლომონი - სოვდაგარი, ხოლო უმცროსი ანტონი - ექიმი. ორსართულიანი სახლი ეკლესიის ვეება ეზოში ედგათ, თითო ძმას ორ-ორი ოთახი ეჭირა და ორიც თავისუფალი აღმოჩნდა. ამ ოთახებში პატრს პატარა სკოლა ჰქონდა, მაგრამ ზაფხულში ეკლესიის მეორე მხარეს ახალი შენობა აეშენებინა, სკოლა იქ გადაეტანა და ძველი გაენთავისუფლებინა.

ერთ ოთახში მარინე, ფიქრია და ყვითელი სევდით დაოსებული მაგდანა ჩაასახლეს, მეორეში კი მამაკაცები ჩადგნენ.

დალი ჰასანმა მუსლიმანთა უბანში იმავე დღეს იპოვა დოსტები და იქ მოიკეცა, მაგრამ უარსენობას ვეღარ უძლებდა, დღეში სამჯერ მორბოდა, იქიდან ახალი “ხაბარი” მოჰქონდა და აქედან ქებას მიარბეინებდა, თანაც ოძელაშვილს ეხვეწებოდა, რომ ერთხელ მაინც გაჰყოლოდა ბაზარში, რათა ახალციხელთათვის თავის “ყარდაშ-იოლდაში” ეჩვენებინა და არსენას დიდებაში გაბანებულიყო, მაგრამ არსენა უარზე იდგა და ავადმყოფებს ერთი საათითაც ვერ ანებებდა თავს.

ერთ დღეს დალი ჰასანმა ასიოდე ლტოლვილი ქართველი გლეხი მოაგროვა და ოძელაშვილს ზედ კარზე მიაყენა. არსენა სიხარულით გაეგება:

- გამარჯვება, ძმებო!

- არსენას გაუმარჯოს! - მიაძახეს გლეხებმა და გარშემოეხვივნენ, თანაც ხარბად ათვალიერებდნენ და სცდილობდნენ სულ ახლო მისულიყვნენ და ყველაფერი დაწვრილებით მოეჩხრიკათ - მისი სახეც და ტანიც, იარაღიც და მკლავიც, ხმაც და თვალებიც. მარაბდელმა რამდენიმე წინამდგომს ჩამოართვა ხელი და ჰკითხა:

- რასა იქთ? როგორა ხართ? როგორ გყავთ საქონელი და ცოლ-შვილი?

- ვინ მოგვცა, ძმაო, ცოლ-შვილი და საქონელი? - ოხვრით უპასუხა ერთმა.

- გვყავდა და აღარა გვყავს. - მიუგო მეორემ.

- იქ დაგვატოვებინეს... წაგვართვეს... დაგვაქვრივეს. - მიაყარეს ყოველ მხრივ.

ოძელაშვილი მაშინვე მიუხვდა ყველაფერს. ეს მისი მომავალი ლაშქარი იყო, მისებრ გავარდნილი, განდევნილი და მიუსაფარი. ზოგი მთვარობას გამოჰქცეოდა, ზოგი - ბატონს, უმრავლესობა კი - ერთსაც და მეორესაც. ისინი ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდნენ ტყეებში, შემდეგ მესხეთში გადმოდიოდნენ, აქაურ ქართველ ბეგებს ეხიზნებოდნენ და ისე ინაბებოდნენ, როგორც ჭრიჭინა ბუხარში. ვისაც ხელობა ჰქონდა, ახალციხესა და ახალქალაქში რჩებოდა; უმეტესობა კი სოფლებში იყო გაფანტული და მებაღეობით, მეველეობით და მოჯამაგირეობით ცხოვრობდა. ყველანი დაძონძილები იყვნენ და ყველას სახეზე ბეჩარა ხალხის იერი ედო.

- რას გვეტყვი, ძმაო არსენ? - ჰკითხა ბოლოს ერთმა მას შემდეგ, როცა მარაბდელმა მათი გამოკითხვა დაასრულა.

არსენა იმათაც იმასვე ეტყვის, რაც სხვა გლეხებისთვის უთქვამს: ბატონყმობის სიკვდილი და გლეხების გახარება, მიწა და თავისუფლება, შრომა და პატიოსნება. ამას კი გლეხობის ერთობა, ბრძოლა და ძმობა მოიტანს. ახლა მარაბდელიც და ისინიც “ცხო” ქვეყანაში არიან და ცოტა კიდევ უნდა მოითმინონ, შეემზადნენ და რკინასავით შედუღდნენ. და ოძელაშვილმა ორიოდე საათში ეს გუნდიც საბრძოლველი საფუვარით გაავსო, თვითონაც შეუდუღდა, ისინიც შეიდუღა და ქეციანი ფარასავით მოსული ტეტიები გატენილი ყუმბარებივით გაისტუმრა.

შემდეგ მან თრიალეთზე დახოცილი ძმების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და ისევ ავადმყოფებს მიუჯდა.

ორიოდე კვირის შემდეგ საიქიოს მიმავალი ორივე ავადმყოფი მობრუნდა. არსენამ ახლა კი დაუთმო დალი ჰასანს და მუსლიმანთა უბანში გავიდა, გვერდით დალი ჰასანი და ოსტაპი მისდევდნენ.

სამოც-ათასიანი ახალციხე დიდ ქალაქად მოეჩვენათ. ქუჩები სავსე იყო ხალხით, აქლემებით, ურმებით და ცხენებით. ყველა ხმაურობდა, ჰყიდდა, ჰყიდულობდა, მირბოდა და მორბოდა. არსენა იქაურთა სადაურობას თვალის ერთი გადავლებით სცნობდა ხოლმე.

ყველაზე დინჯად ოსმალები დადიან, სხედან, საუბრობენ. მათ ხალვათად აცვიათ, თავზე ფესი ჰხურავთ და პირში ყალიონი აჩრიათ.

ქართველი მუსლიმანებიც ოსმალებს ჰბაძავენ და საკუთარი მხოლოდ ნარევი ენა და ამპარტავნებაღა შერჩენიათ: თავზე - ყაბალახი, ტანზე - ვიწრო ჯუბა, გავაზე მეტად განიერი და ქვეით კი ზედ გამოწკეპილი შალვარი აცვიათ.

აგერ დიდქუდა ყაზახ-ბორჩალოელი თათრები, აი ლეკების ბაცაცა თვალები, აჰა კოპწია ჩერქეზები, სხარტი ჩეჩნები, დინჯი სომხები, თუშურ-ქუდიანი ქართველები, გრძელ-კავა ურიები, ყიზილბაშები, თურქმენები, აფხაზები, სპარსელები და ქურთები - თითქო ხალხთა გამოფენა გაუმართავთო.

ამას წინათ რუსის ახალი გამარჯვება მეხივით გავარდა ბაზარში. “ბასკუვიჩმა” ერევანი აიღო და თავრიზს მიადგაო. ამ ამბავმა დიდი მიგზითის65 გუმბათზე ნამგალ-მთვარეც კი შეაზანზარა. ახალციხემ სულის მობრუნება ძლივს მოასწრო, რომ დღეს დილით ვიღაცამ ბაზარში მეორე მეხი დააქუხა: გურჯი ფაშამ ქსნის ერისთავმა თავრიზიც აიღოო.

არსენა დინჯად მიაბიჯებდა ქუჩაში და ყველაფერს აკვირდებოდა. შემდეგ ერთ ჯგუფთან შესდგა და ყური მიუგდო. ხალხი ისე წამოშლილიყო, თითქო სპარსეთის შემდეგ ოსმალეთის ჯერი მოსულიყო. ასეც იყო: ახალციხელების დაგეშილ ალღოს ახლაც უტყუარი გეზი აეღო და მესხეთი წინდაწინვე ღელავდა.

ბრბო ჯგუფ-ჯგუფად იდგა, “ხაბარლარს” - ახალ ამბავს ეძებდა და ათას წვრილმანზე დავობდა. მაგრამ ყველგან და ყველასთვის ერთი რამ იყო უდავო: ბასკუვიჩი დათვურ კბილებს სწორედ ახალციხეზე დაიმტვრევსო.

- ჯანუმ, გუდოვიჩი ხომ დავიფრინეთ? - გაიძახიან ყოველმხრივ. - ტორმასოვიც ხომ დავიფრინეთ? - და ხალისით უდასტურებენ ერთმანეთს:

- დავიფრინეთ.

ესეც კმარა. მაშ პასკევიჩსაც დაიფრენენ. მაგრამ ამავე დროს ხალხში წყალივით ჟონავს ეჭვიანი ჩურჩული:

- ამბობენ, ბასკუვიჩი დიდ ისკანდერ მაკედონელზე უკეთესი სარდალიაო.

- რა თქმა უნდა, უკეთესია.

თქმა არ უნდა, პასკევიჩი ალექსანდრე მაკედონელზე უფრო დიდი სარდალია, მაგრამ ისიც უეჭველია, რომ აზრუმის სარასკირი სამთუღიანი66 ქოსა-ფაშა და ახალციხის ორთუღიანი ახმედ ფაშა ხიმშიაშვილი ბასკუვიჩზე უფრო დიდი სარდლები არიან, და ამიტომ ყოველ ჯგუფსა და კუთხეში ისევ აკვიატებულ საბუთს ეჭიდებიან:

- ჯანუმ, გუდოვიჩი და ტორმასოვი ხომ დავიფრინეთ?

- დავიფრინეთ.

- მაშ ბასკუვიჩსაც დავიფრენთ.

უეჭველად დაიფრენენ.

- ხომ დავიფრენთ, არსენ? - ეკითხება მარაბდელს დალი ჰასანიც.

- ალბათ დავიფრენთ. - ღიმილით ეუბნება არსენა და მეორე ჯგუფში გადადის.

მისი გამოჩენა ლტოლვილ ქართველ გლეხებსაც გაეგოთ, სოროებიდან ამომძვრალიყვნენ და თავიანთ იმედს ოძელაშვილს მოსდევდნენ, რომელიც ხან მათ ესაუბრებოდა და ხან ახალციხელთა გუნდებს უგდებდა ყურს.

- ჯანუმ, თურმე დამარცხებული აბას მირზა ფეხშიშველი გაქცეულა ქურთისტანის მთებში. - ისმის მეორე ჯგუფში. - გაქცეულა და აღარ ბრუნდება. სცხვენიან თავის მამას ბაბახანს და თავის ხალხს დაენახვოს.

ამ ხმას წინ მეორე ნაკადი უხვდება:

- ჯანუმ, ეგ რა სათქმელია! ხომ გაგიგონიათ, სპარსეთის შაჰინშას ერთი უძველესი ხმალი აქვს და როცა მას ამოიღებს, მაშინ...

- ვიცით, ვიცით. მაშინ მთელი ქვეყანა დაიღუპებაო. - დაამთავრა ვიღაცამ.

- და ეს ხმალი იმიტომ არ იშიშვლა აქამდე, რომ კაცობრიობა ენანება. - ჩაურთო მეორემ.

და როცა სიცილის შადრევანი ჩაქრა, ერთმა სპარსეთის მომხრემ სთქვა:

- ეფენდი, მთელი დუნია არ დაიღუპება, მაგრამ მტერს კი თავი მოეჭრება. შაჰინშას უთვალავი ჯარი მოუგროვებია და მოდის, ხმლის ამოღება კი იმის ნიშანია, რომ ისლამს ხიფათი მოელის. მუსლიმანებო, ხმალი უკვე ამოღებულია და მაჰმადი ქუდზე კაცს მოელის.

ამ მოწოდებას აფრთოვანების ნაცვლად გაბრაზებული კივილი დაუხვდა:

- ვინ ეკითხება ყიზილბაშებს ისლამის საქმეს?

- რა შიების საქმეა ქითაბის დაცვა?

- რას მეტიჩრობს შენი შაჰინშა!

და ისე გაშმაგებით მიესივნენ ერთმანეთს, რომ ასე მკაცრად მტერსაც არ გაიმეტებდნენ. ამ ქვეყნად მაჰმადის ნაცვალი სპარსეთის შაჰი კი არ არის, არამედ ოსმალეთის ქალიფაა და ღაზავათსაც67 ის აცხადებს ხოლმე. არა, ახალციხელები კატას68 არ გაჰყვებიან. თუ ყიზილბაშები მართლა ზრუნავენ ისლამზე, უნდა სულთან მაჰმუდის წანაშე მოიხარონ ქედი. მხოლოდ ის გადარეკავს მოწინააღმდეგეს იმ ალაგამდე, საცა არც მზე ანათებს და არც ბალახი ამოდის. ყიზილბაშები კი ნაცვლად სულთანის წინაშე მორჩილებისა მუდამ ურუმს69 ებრძოდნენ და ურჯულოთა სისხლის ნაცვლად მართლმორწმუნეთა სისხლს სვამდნენ. და აქა-იქ ბრაზი და დაცინვა ისმის:

- როცა გაუჭირდათ, მაშინღა გავახსენდით?.. ახლაც უჩვენოდ იომონ!.. არაბისტანამდე ირბინონ!... ახია მაგათზე!

არსენა იღიმებოდა. იმასაც გაგონილი ჰქონდა და დაკვირვებითაც იცოდა, რომ უფრო ადვილი იყო მაჰმადის და ქრისტეს მორიგება, ვიდრე სუნების და შიების70 გაერთიანება, თუნდაც საერთო მტრის დასახვედრად. მას დათუნას ნათქვამიც გაახსენდა: ხონთქარმა და შაჰ-აბასმა ხელწერილი დასდეს, რადგან ქართველები რუსებზე ხელს არ იღებენ, დედიან-ბუდიანად ამოვჟლიტოთო, მაგრამ უფრო ადრე თვითონვე წაიკიდნენ და ერთმანეთის სისხლი დალიესო.

ვიღაც მოხუცმა ხალხს წკეპლის კონა გაახსენა, რომელიც ვერავინ გატეხა, მაგრამ დაშალეს და თითო-თითოდ დაამტვრიესო, და ეს არაკი ასე დაასრულა:

- ჩვენც ასე დაგვემართება.

მაგრამ არაკიც ვერა სჭრის. ახალციხეში სპარსეთის ელჩი ზის და იქაურების სულს ოქროზე ყიდულობს. ფაშები, ხოჯები და ბეგები ხარბად ჰგლეჯენ ამ ოქროს და სამაგიეროდ ყველაფერს ჰპირდებიან, ხოლო რუსეთის ჯარი უკვე ერევანსა და თავრიზში ჩაჯდა და ახლა თეირანსაც ემუქრება. ოსმალები მათ ისევ ჰპირდებიან შველას, მაგრამ ჯერჯერობით თავიანთ ტახტებზე სხედან, ყალიონს აბოლებენ და იმ დროს ელიან, როცა შაჰინშაჰ ხონთქარს სრულ მორჩილებას გამოუცხადებდეს.

ჯგუფებს ზოგი შორდება და ზოგი ემატება. წარამარად ისმის “სალამ ალეიქუმ” და ახალი “ხაბარლარ”. მაგრამ მართლმორწმუნე “სალამ ალეიქუმ” მხოლოდ თავისიანებისთვის იმეტებს, კაფირისთვის71 კი “ალაჰ სახლასინ”, “საბახტან ხეირ ოლსუნ” ან “ხოშ გელდი” აქვს შენახული.

არსენა ბევრმა იცნო და ზოგი მათგანი არსენასაც გაახსენდა. ყველანი თავაზიან სალამს აძლევენ მას და ეკითხებიან, როგორ ებრძოლა ჩაფრებს, რამდენი მებრძოლი ჰყავდა, მოურჩა თუ არა ჭრილობა, შემოუტევს თუ არა ბასკუვიჩი ახალციხეს, და თუ შემოუტევს, რამდენ ათას ქართველს გამოიყვანს ეფენდი ოძელოღლი? ის კი თავისთავადაც ცხადია, რომ ამ ომში არსენაც ჩაერევა, რადგან მას და მეფის რუს მოხელეებს ხიდი ჩაუტყდათ, და კიდევ იმიტომ, რომ მან კრაზანას ბუდეს შეაფარა თავი, რომელიც მზად არის იძმოს იგი და ყველაფერში ხელი შეუწყოს. კავკასიელი თათრები და მთიელები მუდამ მზად არიან: რამდენიმე ათასი კრაზანა თუნდ ხვალ დილითაც მოიყრის თავს. ოძელ-ოღლის გაჰყვება და...

და ერთმანეთს აღარ აცლიან:

- და გურჯისტანში შევიჭრებით... არწივივით ჩავფრინდებით... ბასკუვიჩს გზას გადავუჭრით... ტყვეებს ფარასავით დავირეკავთ.

ფარასავით დაირეკავენ. და ახლაც იქვე მახლობლად ახალ ნათარეშევს - ქართველ ტყვეთა ფარას ჰყიდიან.

არსენა სტუმარი იყო და გულუხვ მასპინძლებს თავაზიან პასუხს აძლევდა:

- მოვიფიქრებ... ჯერ ადრეა... მერმე გამოჩნდება.

და იმავე დროს ჰსურდა დაეყვირა: “ტუტუცებო! ყაჩაღებო! ქართველ გლეხებს ასობით იჭერთ, ცხვარსავით ჰყიდით და მაგ ბინძურ საქმეში ხელის შეწყობას ისევ არსენა ოძელაშვილისგან მოელით?!”

ოსმალები ოძელაშვილს შორიდან ათვალიერებენ, კავკასიელები კი დედა ფუტკარსავით ეხვევიან და თავიანთ უიმედო საქმეში ითრევენ. არსენა ჰგრძნობს, თითქმის ცხადლივ იცის, რომ ეს ხალხიც და მათი გმირული საქმეც სათავეშივე დამარცხებულია, მაგრამ ვინც ამის თქმას გაჰბედავს, ისიც სასტიკად დამარცხდება. იცის და ბრბოს შორდება.

დალი ჰასანი ჰბუზღუნებს, რადგან არსენამ იმედი არ გაუმართლა. მან, ჰასანმა, მთელი ბაზარი შეუყარა და მისი სახელი დააქუხა, ხოლო მარაბდელი არც კი დაჰპირდა მათ, რომ ის ქართველებს აშლიდა, ბასკუვიჩს გზას მოუჭრიდა და მადლობის ნიშნად ახალციხელებს ათას ქართველ ტყვეს მაინც მოჰგვრიდა.

“არსენა უმადური კასი ყოფილა”.

* * *

- ბატონო მაიორო, - უთხრა ერთმა აფიცერმა, - მგონი აღარავინ არ მოგვდევს. შევდგეთ და ჯარიც შევასვენოთ.

- თქვენ არსენას არ იცნობთ. - მიუგო არლოვმა. - მოკლე ბილიკებით მოგვდევს და საცაა გზას მოგვიჭრის. - Вперед! Бегом! - გასწით, სირბილით!

და ქვეითი წინ უსწრებს ცხენოსანს, ჩაფარი-ყაზახს, ყაზახი კი გლეხებს, რომელნიც დინჯი ნაბიჯით და სიცილით მოალაჯებენ შინისკენ.

- ბატონო მაიორო, დამიჯერეთ, აღარავინ მოგვდევს მეთქი.

- გზას მოგვიჭრის მეთქი! Вперед!

და ბირთვისის ციხემდე ირბინეს. იქ მაიორმა ყველანი ციხეში შერეკა, გუშაგები დააყენა, აქა-იქ მისავალი გზაც ჩახერგა და არსენას დასახვედრად შეემზადა. მაგრამ მარაბდელი არსად არ ჩანდა. მის მაგიერ ხევებიდან და ტყიდან ჩამორჩენილები მოცოცავდნენ და ისინიც განაბულ ციხეში ძვრებოდნენ. წეღან მაიორს შიში მოერეკებოდა, ახლა კი ისიც დაუჩლუნგდა და ბრაზიც კი გაუქრა. აღარც გაჰკიოდა, აღარც ბნედა ემართებოდა. ის კოშკის ჯურღმულში შეძვრა, პირქვე დაეცა ნაბადზე და იმ ნაბადივით მოეშვა. გიგოლამ ბუხარში ჩინჩხვარი აუპრიალა და პატრონი ანუგეშა, მაგრამ პასუხი არ მიიღო და, თვითონაც დადუმდა. კარგა ხნის შემდეგ მაიორი ოდნავ მოსულიერდა: ხშირად იცვლიდა თეძოს, ოხრავდა, ჰკვნესოდა და “ბოჟე მოი”-ს იძახოდა. მერმე უცებ წამოჯდა და შიშით იკითხა:

- კნიაზი დავითი არ გამოჩნდა?

- არ მოჩანს. - მიუგო გიგოლამ და თვითონაც შიშით გაიტენა.

- კუჭატნელი?

- არც ის მოჩანს.

- აფიცრები?

- გარეთ არიან. თქვენ გელოდებიან.

მაიორი გავიდა და ორი მზვერავი გაჰგზავნა. მერმე ისევ დაბრუნდა და ისევ “ბოჟე მოის” შეუდგა.

ცის ტატნობს უკვე ფოლადმა გადაჰკრა. ერთი მზვერავი დაბრუნდა და ამბავი მოიტანა, უკან არავინ მოჩანსო. როცა მზე ამოვიდა და მეორე მზვერავიც მოვიდა, ჯაროსანმა მაიორმა თამამად გამოალაჯა იმ ციხიდან, უკანვე გაბრუნდა და საღამო ჟამს ბრძოლის ცალიერი ველი დაიუფლა. ქალაქიდან მომავალი ორი რაზმი ახლაღა ამოსულიყო.

გზადაგზა დაჭრილებს აგროვებდნენ და მკვდრებსაც მრავლად წააწყდნენ. ნადავლს ხარბად დაეძებდნენ, მაგრამ ტყის ძმების საერთო საფლავის, რამდენიმე თოფ-ხანჯლისა და მაგდანას მანდილის მეტი ვერა იპოვესრა.

მაიორი მახლობელ სოფელში ჩაიყვანეს. იქაურ გლეხებს ათიოდე მძიმედ დაჭრილი ყაზახ-სალდათი მოეგროვებინათ და მაიორისთვის შიკრიკი გამოეგზავნათ.

- ბოჟე მოი! ბოჟე მოი! - უარესად აკვნესდა არლოვი, როცა თითქმის მომაკვდავი დავითი დაინახა.

საცა სისხლის სუნი ტრიალებდა, ბაჯიაშვილიც მუდამ იქა ჩნდებოდა. რაზმის წამოსვლის შემდეგ ზაალს ავი გუმანი აეშალა და შვილს მუხათელი დოსტაქარი დაადევნა.

ტყის ძმების საფლავი ხელახლა გათხარეს, გვამები მაიორს ჩაუტანეს და მათი ვინაობაც მოახსენეს.

მაიორს ოცდაშვიდი კაცი მოუკლეს, მაგრამ მან ეს აღარ იანგარიშა და მზად იყო თითო რაზმელში კიდევ ჩვიდმეტი სალდათი მიეცა სართად.

ფარცხსის ციხესთან უკან მომავალ მაიორს ზემოთ მიმავალი ზაალი შეხვდა და -

- ვეჟო, ეს რა მიყავით, რაზე დამღუპეთ! - სჩიოდა მარაბდის ბატონი.

- ბოჟე მოი, ბოჟე მოი! - ჰკვნესოდა მისი მეგობარი.

არლოვმა ყველაფერი უამბო მას: სად ეძინათ იმ ღამეს, როგორ გამოცვივდნენ საბძლიდან, როგორ დაჰკარგეს ერთმანეთი, ვინ საით წავიდა, ვინ ვის წააწყდა და ვინ როგორ გაიქცა. მაგრამ ზაალს ისტორიისთვის არ ეცალა. ზევით მისი ერთადერთი მემკვიდრე კვდებოდა და მის სანახავად გარბოდა.

არც მაიორს ეცალა. იმავე საღამოს ზაალის საზაფხულო სახლში იჯდა, ვახშამს მიირთმევდა და შეშინებულ კნეინებს ანუგეშებდა. მან ჯერ არ იცოდა, გადარჩებოდა თუ არა დავითი. მაგრამ საჭირო იყო ტყუილის თქმა და ისიც გულმოდგინედ სტყუოდა.

- დათიკოს არავითარი ხიფათი არ მოელის. - აჯერებდა მაიორი კნეინებს. - ოდნავ გაუკაწრეს მკერდი და ერთი მუჭა სისხლი გამოადინეს. სამაგივროდ გმირთა-გმირობა გამოიჩინა და იქაურობა დახოცილი ყაჩაღებით გაავსო. ეს ამბავი ხელმწიფეს მიუვა და ნიკოლოზ პირველი უეჭველად სისხლის ჯვარს გამოუგზავნის. აქამდე დავითი მღეროდა სხვებზე-გამოთქმულ ლექსებს, ახლა კი სხვები შეაქებენ დავითის გმირობას.

კნეინებმა სიმღერისა არ დაუჯერეს, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ხალხი დავითისთვის წყევლის მეტს არაფერს არ გაიმეტებდა, იმპერატორის გახსენებამ კი მათ სიამაყის ტალღა ჩაუღვარა გულში: დავითის გმირობას თვითონ იმპერატორი წაიკითხავს და სისხლის ჯვარს გამოუგზავნის. ეს ჯვარი ალექსანდრე ჭავჭავაძესაც კი არა აქვს, მაშ დავითი გაუსწრებს ალექსანდრეს და მისი მედიდური მეუღლე სალომეც მათს წინაშე ქედს მოიდრეკს. გარდა ამისა სისხლის ჯვარს მსუქანი “პენცია” მოჰყვება და ბარათაანი უფრო მეტად აშენდებიან.

- ვინ შეუბედა ხელი ჩემს დათიკოს? - ჰკითხა მაიორს დაროს პირით კნეინა ხორეშანმა, რომელმაც ახლა კი ჰკადრა მას თავის პირსახის ჩვენებაც და ხმის გაგონებაც.

- მგონი იმან... თქვენმა მზარეულმა.

- მზარეულმა? - გაოცდა დავითის ცოლი. - იმ ტარტაროზმა სევასტი ლაცაბიძემ?

- სევასტი ლაცაბიძე? - გაუკვირდა მაიორსაც. - განა თქვენს მზარეულს სევასტი ლაცაბიძე ჰქვიან?

მაიორს გაახსენდა, რომ ქალაქში ორიოდე კვირის წინათ ქვიშხელმა სუმბათოვმა შესჩივლა მას: ერთი ყმა სევასტი ლაცაბიძე მყავდა. რამდენიმე წლის წინათ გამივარდა. ახლა არსენას მიუდგა და მოკვლას მითვლისო. მაშინ არლოვმა გამოიძია და ძლივს მიაგნო, რომ სუმბათოვის ნაყმევი ის ლაცაბიძე იყო, რომელიც რვა წლის წინათ იმერეთიდან გამოექცა მას. ეს რომ გაიგო, სიმწრისაგან კინაღამ წვერი დაიგლიჯა და არც ახლა დაიკლო:

- კაკ ტაკ! როგორ! - ჰკიოდა და მაგიდას მჯიღს ურახუნებდა. - კაკ ტაკ! იმ შავწვერა ავაზაკს ექვს წელიწადს ინახავდით და აქამდე არ შემატყობინეთ? Какой позор! ექვსიოდე თვის წინათ მისი გრძელი წვერი ამ ხელებში მეჭირა, ვუალერსებდი და მაინც ცოცხალი გავუშვი?!

კნეინებს თავზარი დაეცათ: მათ მეფის ორგული შეინახეს, გაზარდეს და ბოლოს იმ უმადურმა თავის ბატონზედაც კი აღმართა ის შავი ხელი?! არლოვი კი ისევ იჭაჭებოდა:

- კაკ ტაკ! მეფის ორგული მიიღეთ? ბუნტოვჩიკი შეინახეთ? აკი ვამბობდი, ყველა ქართველი მოღალატეა მეთქი. ოღონდ ყმა იშოვოს და თუნდაც მეფის მკვლელიც იყოს! მე ამ ამბავს ვერ დავმალავ, სუმბათოვისა და ზაალის მოზიარედ ვერ გავხდები. არასოდეს! Никогда! Боже мой! Еще не давно я держал его за бороду! Какой стыд! Какой позор!

მაშ სისხლის ჯვარიც და პენციაც დაღუპულა. მაშ ტყუილ უბრალოდ დაუღვრია დავითს თავის სისხლიც და სხვისიც, რა მეტიჩარა რამ არის ტასო! ვინ ეკითხებოდა, რომ სევასტის სახელი და გვარი წამოაყრანტალა?

- მეც მომხვდება, - შეშინდა მაიორი. - იმის ხელით გაკეთებულ საჭმელს ვჭამდი, მუდამ თვალწინ მიტრიალებდა და ერთხელაც არ ვიკითხე მისი ვინაობა. რას იტყვის პასკევიჩი? რას იფიქრებს ხელმწიფე? Нечего сказать, хороший служалка! Тьфу, чорт!

ბოლოს ძლივს დამშვიდდა და კნეინებს ასე მოურიგდა: ისინი ხმასაც არ ამოიღებენ, რომ მაიორს ნანახი ჰყავდა ლაცაბიძე, და თუ ამოიღეს, არლოვიც მოღალატის შენახვას გაამჟღავნებს და ბარათაშვილებს სამართალში მისცემს. გაიგეს? გაიგეს. მაშ ორივენი გაჩუმდებიან, ბარი ბარში! მორჩა და გათავდა!

და ის ღამეც მაიორის დაცხრომით გათავდა: ყველამ რომ დაიძინა, დარო ფეხაკრეფით შემოსხლტა. მას უკვე დაეჯერებინა თავისთავი, რომ სხვა გზა აღარა ჰქონდა და ამაზე უკეთესს არც მოელოდა: ის ახლა არლოვის დანიშნული იყო და უნდა ცდილიყო უფრო მაგრა დაება საქმრო, რომელიც სამიოდე დღის წინათ იქვე გორაზე ქმრად გადაექცა მას.

შუაღამე რომ გადავიდა, ზაალის ასული თრთოლვით და იმედით შევიდა მაიორთან და ორი საათის შემდეგ გულის კუნჭულში რაღაც უცნაური შიში და თვალზე-მომდგარი ცრემლი გამოიტანა. მაიორის ლექსიკონში არც ერთი თბილი სიტყვა არ აღმოჩნდა და არც მომავალზე დასძრა კრინტი. “Ну, ты не болтай как сорока... там увидим” კაჭკაჭივით ნუ ყბედობ - მერე ვნახავთ. - ეს იყო და ეს. მეტი არაფერი.

მეორე დილით კუჭატნელი გლახასავით შეიპარა მაიორის ოთახი. პირსახე ძონძებით ჰქონდა შეხვეული და მხოლოდ სისხლნასვამი თვალებიღა უჩანდა.

- მოი ხრაბრი გიორგი! - წამოიძახა არლოვმა და ზეზე წამოვარდა. - რა მოხდა? რა დაგემართა?

კუჭატნელმა სცადა პასუხი გაეცა, მაგრამ ძონძებიდან სიტყვების ნაცვლად ბღუილის დომხალმა გამოჟონა:

- ახო-უ-ინოიო.

- რაო? ვეღარ ლაპარაკობ? პირში დაგჭრეს?

- იოუიოოი. - ისევ ჩაიღმუვლა გიორგიმ და თავი ჩაუქნია.

- ვინ დაგჭრა? რით? როგორ?

კუჭატნელს რომ ლაპარაკი შესძლებოდა, არც მაშინ იტყოდა სიმართლეს. არ იტყოდა, რომ ის არსენას გაექცა, რომ მას არსენას ძაღლი დაედევნა, რომ ნაქები ვაჟკაცი იმ ძაღლს შეება და დასჭრა, მაგრამ ყურშამ სამაგიეროდ ცხვირპირი მოაჭამა მას და დააგონჯა. ისე დააგონჯა, რომ კუჭატნელს თავის-თავი თვითონაც შეეზარა.

მაიორმა შეაქო, ჯილდოს შეჰპირდა და საექიმოდ გაისტუმრა, თვითონ კი დაჯდა და პატაკი დასწერა:

“ტფილისიდან წამოსული ორი რაზმი დროზე არ მოვიდა, ამიტომ მე იქვე ხეობაში დავბანაკდი და რაზმების ამოსვლას ვუცდიდი. ყაჩაღების ბრბო ორას კაცს აღწევდა. მეტის-მეტად გაკადნიერდნენ და შუაღამეს თავთ დაგვესხნენ. მე განგებ დავიწიე უკან და დაბლობში ჩავიტყუე, მერმე კი მრისხანედ შევუტიე და გავფანტე. ჩვენ ორმოციოდე ყაჩაღი მოვკალით, რომელნიც იქვე დავმარხეთ. საუბედუროდ დანარჩენები დროზე გაიქცნენ და არსენა ვერ დავიჭირე, მაგრამ მდევარი დავადევნე და იმედია ვერ წამივა. დამატებითს პატაკს დაუყოვნებლივ მოგართმევთ, ახლა კი შულავრისკენ მივეჩქარები, რათა არსენას მოზიარენი დავსაჯო და დაეჭვიანებულ ხალხს ჩვენი სიმტკიცე ვაჩვენო”.

პატაკი ირიბულად მოჰკიბა, დასამალავი დამალა, მოჭორილი გაჰბერა და შიკრიკის ხელით შტაბს და გუბერნატორს მიართვა, თვითონ კი შულავერში ავიდა და სახჩობელა შეამოწმა.

მაიორი ცხენს ვერ მისწვდა და ისევ უნაგირს ეცა. მას ჰსურდა ხალხისთვის მთავრობის ძალა და სიმტკიცე ეჩვენებინა, მაგრამ ხელიდან მხოლოდ სიმკაცრე და უსამართლობა გამოსდიოდა. არლოვი ერმოლოვის ნაშეგირდალი იყო და თითქმის მუდამ სასიკვდილო განაჩენს მოითხოვდა იმ “ტუზემცებისათვისაც” კი, ვისაც ოდნავი ჩრდილი მაინც ედებოდა უწესოების და უკმაყოფილებისა. მან სამხედრო გუბერნატორს სიპიაგინს ოცდათექვსმეტი კაცის თავი მოსთხოვა, მაგრამ ულუფად მხოლოდ ცხრა თავი მიიღო, მათ შორის ალექსანდრეს ემისრის სეხნია ბარნაველისა. მაიორი დიდხანს ბუზღუნებდა იმის გამო, რომ სიპიაგინი “სუსტი” კაცი აღმოჩნდა, და რომ ერმოლოვის წასვლის შემდეგ რუსის მეფის მთავრობის სახელი დაქვეითდაო. მაგრამ თავი ასე ინუგეშა: არც ერთს ისევ ცხრა კაცის ჩამოხჩობა სჯობიაო. მის მიერ აღმართულ სახჩობელაზე სამზე მეტი არ ეტეოდა. მაგრამ არა უშავდარა: სამჯერ სამი ცხრა უნდა გამოსულიყო, და მართლა ცხრა გამოვიდა.

მაიორმა მათი დასჯა ლომოვს მიანდო. მან ალიაქოთი ასტეხა. ამტკიცებდა, რომ ბარნაველის და ერთი თათრის გარდა დანარჩენებისთვის ჩამოხჩობა კი არა, გაციმბირებაც მეტიაო, და საჩქაროდ წავიდა ქალაქში.

“ეს ბალღი ამ ცხრა კაცსაც გამომტაცებს ხელიდან”. - გაიფიქრა მაიორმა და გადასჭრა თვითონვე შეესრულებინა განაჩენი, მაგრამ კაპიტანმა იმედი გაუცრუა. ლომოვი ქალაქიდან მეორე დღესვე შუაღამეს დაბრუნდა და შვიდი კაცისთვის სიცოცხლის შენდობა ჩამოიტანა. მაიორი წიწაკასავით გამწარდა: ლომოვმა მას შვიდი კაცის თავი მოუგო, რომელნიც უკვე გამზადებული ჰყავდა ყულფისთვის.

ერთი კვირის შემდეგ მაიორი ქალაქისკენ მიდიოდა და თან ბრაზი და შიში მიჰქონდა. მისი თანაშემწე ლომოვი მეტად აბეზარი და მეტიჩარა გამოდგა. სანამ არლოვი არსენას დასდევდა და ალექსანდრეს კაცებს ახჩობდა, ამ მოუსვენარმა დეკემბრელმა ყველა გეგმები ჩაუშალა: რაც ზაალმა ჯარის ხელით მოგროვილი ხორბალი და დოვლათი დაითვალა, ლომოვმა ხელახლა გადმოითვალა და პასკევიჩს გაუგზავნა, რადგან ხარკი ჯერ ჯარისთვის უნდა შეგროვდეს და მერმე ბატონისთვისო. ეს კიდევ არაფერი. ვიღაც ჯაშუშის მეოხებით მან არლოვის პატაკის პირი წაიკითხა, ნამდვილი ამბავიც გაიგო, გაიცინა და ქალაქში წავიდა.

“ალბათ დამაბეზღებს”. - გაიფიქრა მაიორმა და დაედევნა. გზაში ლომოვის ნათქვამიც გაახსენდა: ცულისა და ცეცხლის ხმარების ნება არა გაქვთო. გაახსენდა და გამწარდა. ამ კაცთან მორიგება შეუძლებელი ყოფილა. მერმე რაო, რომ სამხედრო მინისტრი ჩერნიშევი მისი ნათესავია! ვინ ეკითხება არლოვის თანაშემწეს, რომ “ტუზემცებს” ესარჩლება! ის ჯერ არ იცნობს აზიელებს და კანონების ძალაც სჯერა. ის კი არ იცის, რომ ამ ქვეყანაში სჯობია ადიდებულ წყალს მიენდო, ვიდრე კანონს დაეყრდნო.

“Молокосос! Выскочка!.. ძუძუმწოვარა! მეტიჩარა!

ნიკოლოზ მეფე მეტისმეტად ლმობიერი ყოფილა: ეს მეტიჩარა ბალღები - ლომოვი, გრიბოედოვი და იაკუბოვიჩი - აქ კი არ უნდა გადმოესახლებინა, არამედ რილეევ-პესტელ-ბესტუჟევისთვის72 უნდა გაეყოლებინა. თითოს თითო ტყვია ან ორი არშინი თოკი და - მორჩა და გათავდა! ნამდვილად კი თოკის მაგიერ წარჩინებაც კი მიართვეს...

არლოვმა გზას აუხვია და სადილად ზაალის სუფრას მიუჯდა. დავითი გუშინ ჩამოეყვანათ. ფერწასული იყო, განიერ ტახტზე იწვა და ახალ სისხლს იგროვებდა.

ავადმყოფი დრაგუნი მაიორს გულცივად დაუხვდა და სარდლობა დაუწუნა. არლოვს რომ დავითისთვის დაეჯერებინა, ეს უბედურება არ მოხდებოდა. აკი ეუბნებოდა ბარათაშვილი, იმ სოროში ნუ შევალთ, ქვეით სადმე გავათენოთ, იმ ორ რაზმსაც მოვუცადოთ და ხვალ შევუტიოთო.

- დათუნა იქ დარჩა. უცაბედად დაუჭრია ვიღაცას. თურმე უბრალო ყოფილა. - უთხრა დავითმა.

- მეც ვიცი, უბრალოა. - მიუგო არლოვმა და დაუმატა: - მე გავგზავნე მოციქულად!

- ჰო, მართლა, ერეკლე და ზურაც იქ არიან. - მოაგონდა დავითს.

მაიორი გაოცდა:

- სად? ვისთან?

- იმ საბძელში არიან, საცა მე და თქვენ ვიწექით იმ ღამეს.

- ჩქარა გიგოლა მომგვარეთ! - დაიძახა არლოვმა და ნახევარი საათის შემდეგ ნაბუშარი ზევით ხეობაში გაისტუმრა, თანაც რამდენიმე ერთგული გააყოლა და დააბარა:

- თუ ახლაც ხელცარიელი დაბრუნდი, თვალით აღარ დამენახო. Довольно дармоедничать. კმარა მუქთახორობა!

შემდეგ ზაალს შეუტია:

- ლომოვს ხორბალი რად დაანებეთ?

- ვეჟო, რა ჯარი მე მყავდა, ან რომელი ბუნტოვჩიკი მნახეთ, რომ ხელმწიფის კაცს შევდავებოდი? ზაჩემ ტაკოი სლოვა ღავარიშ!

არლოვმა პირობა გაახსენა, მაგრამ მარაბდის ბატონმაც გაახსენა: ზარალის ნახევრის აკრეფაში ზაალს მაიორი უნდა დაჰხმარებოდა და მეორე ნახევარიც მასვე უნდა მოეგროვებინა, ზაალს კი მაიორის ხელით ჯერ ერთი მანეთიც არ მიუღია, ამიტომ -

- ამიტომ ჯერ ჩემი გამინაღდე და მერმე შენი მიიღე, პანიმაიშ? გესმის?

ესმის, ძალიან კარგად ესმის, მაგრამ ზაალმაც უნდა შეიგნოს. რომ მაიორს ხიფათი მოელის და მისი აცდენა ოქროსღა შეუძლიან.

- Поняли, князь? თავადო, გაიგეთ?

ზაალმაც გაიგო და დაღონდა. მაიორი რომ გადაიყვანონ აქედან, ბარათაშვილიც დაიღუპება. ვინ იცის ვის დანიშნავენ, თუ ლომოვი დანიშნეს, ზაალს მარჯვენა მოეჭრება. გაიგო და წამოდგა:

- მაშ წავიდეთ.

და ორივენი ქალაქის გზას დაადგნენ.

ერთი კვირის შემდეგ უკანვე დაბრუნდნენ და ერთმანეთს ერთხელ კიდევ მიულოცეს.

- Ишь молокосос! - ამბობდა მაიორი ლომოვზე, რომელსაც შვიდი კაცის წართმევისთვის სამაგიერო გადაუხადა - ახლაც დაიკვეხოს! კიდევ შემეჯიბროს!

- მამა უცხონდა! - დაუბეჭდა ზაალმაც და ჩაიხითხითა. - ახლა წავიდეს და “მოი პასკევიჩთან” გვიჩივლოს.

- ან დაჯდეს და კანონები დაიზეპიროს. Сопляк!

- ცინგლიანი! - მაშინვე გადათარგმნა ბატონმა და ჯორაშვილს გადასძახა: - ვეჟო, ეგ მწვადები ვეღარ შესწვი? ფირუზ, გიგოლი, არუთინ, მშიერი ნუ დაგვხოცეთ!

- მართლა, - გაახსენდა მაიორს თავის აგენტი და წამოვარდა. ჩქარა გიგოლა მომგვარეთ! Тащи его сюда!

ნაბუშარი არ მოდიოდა. ვერც ერეკლე იპოვა და ვერც ზურას მიაგნო. მან ხიფათი იგრძნო და თავი მოიავადმყოფა, მაგრამ შინაყმებმა ძალით მოათრიეს. მაიორმა ჩაღუნული თავი მუშტით აუწია, თვალი თვალში გაუყარა და გულში ყინული ჩაუღვარა:

- ცინგლიანო, გინდა მე თვითონვე გითხრა რად დაბრუნდი? - პასუხი აღარ დააცადა, პირსახეში რაღაც ქაღალდი მიახალა და ისე დაიჭექა, რომ ზაალიც კი შეხტა: - მოღალატევ, წაიკითხე!

რაღა წაკითხვა უნდა! ფერმიხდილი ჯაშუში ისედაც მიხვდა, რომ ნათხლეში ქაღალდი ის წერილი იყო, რომელიც ამას წინათ არსენამ დააწერინა.

- დასტკბით, კნიაზო. - მიმართა მაიორმა ზაალს და თითი წერილისკენ გაუშვირა: - წაიკითხეთ. ეს ჰარამზადა თურმე არსენას ჯაშუშიც ყოფილა. თქვენ მომაჩეჩეთ ის და ხელმწიფესაც თქვენ გაეცით პასუხი.

მარაბდის ბატონი ხმამაღლა კითხულობდა წერილს, თანაც ხან ფითრდებოდა, ხან წითლდებოდა და თვითონვე აწყვეტინებდა თავის თავს:

- “ზაალი ქვეყნის სულთამხუთავია”.. ვეჟო, ღალატია, მაშ რა ჯანდაბაა!...”მისი ლეკვი დავითი გარყვნილია, ხარბი, ლოთი და წურბელა”.. გიგოლი, შე გველის წიწილო!.. “მაიორისთანა ასპიტი არ გაჩენილა. მექრთამეა, ჯალათია”... ჰმ, მოი დარაგოი მაიორუ, ეტო ზამეჩატელნა!.. “სამივენი ამოხოცე”. ჰმ? რაო? ამოხოცეო? დერჟი ნემუ! ბეი ნემუ! დაიჭი, დაჰკა!

და მუხლებში ჩავარდნილ ნაბიჭვარს ჩიბუხის ტარი დაუშინა და თანაც ხვნეშით აყოლებდა:

- ნაბიჭვარო! სალახანავ! მურდალო! ნაბუშარო!

როცა ჩიბუხი გაუტყდა, გულშეწუხებული ბატონი სკამზე დაეცა და თითით უთითებდა აბღავლებულ გიგოლაზე და მიმხჩვალი ხმით ლუღლუღებდა:

- დერჟი!... დერჟი და...

და რუსული სიტყვა რომ ვერ იპოვა, ორი თითით წაიჭირა ყანყრატოში და მაიორი მიახვედრა, ჩამოახჩეო.

- არხეინად იყავით. ჭირიან კატასავით ჩამოვკიდებ. - დაამშვიდა არლოვმა თავის მომავალი სიმამრი. - შენ კი, მოღალატევ, გირჩევ ერთი სიტყვაც არ დამიმალო, თორემ... აბა, დაიწყე!

ნაბუშარმა სლუკუნით დაიწყო, ყველაფერი უამბო და თანაც ჰფიცულობდა, ორიოდე წვრილმანის გარდა, არსენასთვის არაფრით არ შემიწყვია ხელიო.

- რატომ დროზე არ მითხარი? - ჰკითხა მაიორმა.

- იმიტომ, რომ მეშინოდა.

- ახლა კი არ გეშინიან? Молчать! Арестовать! დააპატიმრეთ!

გიგოლას ხელები შეუკრეს და შულავრისკენ გაიგდეს. მარაბდელები სიამით აფურთხებდნენ მას და გზას ულოცავდნენ:

- წინ წყალი და უკან მეწყერი! შენი წასვლა და აღარ მოსვლა! ჩვენი ცოდო დაგეწია და აღარ მოგშორდეს! ჯანდაბას შენი გზა და დოზანას შენი თავი!

ოდნავ დამშვიდებულ ზაალთან ჯორაშვილი შემოვიდა და მოახსენა:

- მზად გახლავთ, ბატონო, მობრძანდით და მიირთვით.

- პაჟალსტა, მოი მაიორუ, კუშიტე, ხაროში შაშლიკუ.

- მოლოკოსოს! - ლომოვზე თუ გიგოლაზე ანჩხლობს მაიორი.

- დუუურაკ! - კვერს უკრავს ზაალი, თუმცა არ იცის ვის უმიზნებს მისი მეგობარი.

- სოპლიაკ!

- ცინგლიანი!

* * *

იმ ღამეს ბრძოლის დროს კარპიჩა და როსტომი ერთ კალოზე გაცვივდნენ და ხანჯლებისა და ხიშტების პრიალს წააწყდნენ. საბა დალაქი ერთ ხიშტს იგერიებდა, რომელიც მედგრად აწვებოდა მას, ზურა კი გაშმაგებით უტევდა ორ ხმალს, ჩახუნი, ჟრიალი და ჩუმი ხვნეშა ისმოდა. ძმადნაფიცებმა ვერც კი მოასწრეს კალოს გადასერა, რომ ზურა ორი ხმლის შუა მოექცა.

- ზურა, გაფრთხილდი! - მიაძახა როსტომმა და თვითონაც მიეტანა.

მიეტანა, მაგრამ ვეღარ მიუსწრო. ზურას მიერ განგმირული ერთი ყაზახი მოჭრილი ბოძივით დაეცა. მაგდანას შვილი მაშინვე მეორეს მიუბრუნდა და შუბლი სხივილით წამოსულ ხმალს მიუშვირა. ზურამ უხმოდ ჩაიჩოქა, დამკვრელმა კი მაშინვე ზურგი მიაქცია როსტომს და გაიქცა.

- სად წამიხვალ! - მიაძახა როსტომმა და ხანჯალი დაადევნა.

მახვილი ჰაერში სამჯერ შეტრიალდა ბზინვით და გაქცეულის ზურგში ჩაიფლო.

საბა და კარპიჩაც მოცვივდნენ.

- საბა, ამ ჭაბუკს მოუარე, შენ კი მე წამომყე, კარპიჩავ! უთხრა როსტომმა და კოჭლი რუსი მოიტაცა.

საბამ საბძელში შეიხედა და გაოცდა. შიგ ჭრაქი ენთო და ორი მშვენიერი ნაბადი ეგდო - დავითის და კუჭატნელისა. მაშინვე მიხვდა, რომ მცირე ხნის წინათ აქ ვიღაცა ბინადრობდა. საფიქრებლად აღარ ეცალა და მძიმედ დაჭრილი ჭაბუკი ერთ-ერთ ნაბადზე მიაწვინა. მერმე ჭრაქი მოიტანა და გაშინჯა. ღრმა ჭრილობა ცერად ჩამოსდიოდა შუბლზე, წარბსაც სერავდა და საფეთქელთან თავდებოდა.

იქვე კოკა იდგა. დალაქმა იარა მოჰბანა, სალბუნი წასცხო, არტაშანით შეუხვია, ზედ მეორე ნაბადი წაახურა და ოდნავ თივაც მიაყარა, რადგან ეფიქრებოდა, იქნება მტერმა შემოიხედოს და დაჭრილს კიდევ ავნოს რამეო. მერე ჭრაქი ჩააქრო, გარეთ გამოვიდა და ქვევით გამოიქცა, საცა მას ბუჩქებში-ჩასაფრებული სიკვდილი ელოდებოდა.

ორიოდე საათის შემდეგ კარპიჩა და როსტომი იმ კალოზე ტრიალებდნენ და ბურტყუნებდნენ:

- აქ წაიქცა. აი მისი ხელით მოკლული ყაზახიც. აგერ მეორეც... მესამეც.

მკვარი აანთეს და საბძელშიც შეიხედეს, მაგრამ თივასა და ბზის გარდა ვერა იპოვეს რა. ვიღაცამ სთქვა:

- ალბათ გონს მოვიდა და წამოვიდა, მაგრამ გზაში ისევ გული შეუღონდებოდა და სადმე ბუჩქებში წაიქცეოდა.

ამ მოსაზრებამ ყველანი ხევხუვებში გაჰფანტა საძებნელად და ზურას სამყოფელ საბძელს ააცილა. როცა რიჟრაჟმა მოატანა და რაზმიც წავიდა, მეგობრის საძებნელად დარჩენილმა ერეკლემ გულდინჯად მოიარა იქაურობა და ისევ საბძელს მიატანა. დილის სინათლეზე საბძელი მოათვალიერა და ოდნავ წაყრილ თივას ქალამნის წვერი გაჰკრა. ფეხი მაგარ რამეს მოჰხვდა. ერეკლე დაიხარა, თივა გადაქექა და შემკრთალი თვალები სისხლით მოსვრილ მეგობარს ჩააბჯინა. მერმე ხანჯალი ამოიღო, ზურას ტუჩებზე დაადო და გაშინჯა. კრიალა ფოლადზე ნაორთქლი დაინახა და ბერუასკენ გაიქცა, რომელიც ხევხუვში ეძებდა ზურას.

- შვილო, იპოვე? - შორიდანვე ჰკითხა მოხუცმა.

- ვიპოვე, ძია.

ორ გლეხს დაუძახეს, ნაბადზე მწოლარე ზურა ასწიეს და ზევით აიღეს, ტყით შემოსილ მთაზე ადიოდნენ. დიდხანს იარეს. რამდენჯერმე შეისვენეს და ახოს ნაპირას ერთ მინგრეულ ქოხში შევიდნენ.

- ახლა აქ ძე ღვთისაც არ შემოიხედავს. - უთხრა ერეკლეს მოხუცმა. - ყველაფერს ამოგიგზავნი. ექიმსაც მოგიყვან. ნურც მოიწყენ და ნურც შეშინდები.

გლეხები თავდაღმა დაეშვნენ. დიდი ხანი გავიდა. მზე უკვე შუბის ტარზე იდგა. ზურა ისევ გულწასული იყო.

ბერუა ერთხელ კიდევ ამოვიდა და წყალი და საჭმელი ამოუტანა. საღამოს ჟამზე ქოხის კარი ზაქრო ბაჯიაშვილმა დააბნელა.

- ყაჩაღებო, აქა ხართ? - იკითხა და ფრთხილად შემოალაჯა.

ბერუაც შემოჰყვა.

ზაქრო ჭრილობის შინჯვას და გასუფთავებას შეუდგა, თანაც წუხანდელ ამბებს ისმენდა ერეკლესგან და ჰბურტყუნებდა:

- მაშ საბაც მოჰკლეს? ნასყიდაც? ვაი იმ უბედურებს!.. ამ ბიჭს ტახის თავი ჰქონია. გადარჩება... მაშ ცოლ-შვილიც მშივრები დაეხოცებათ, რადგან მაიორმა ყველაფერი წაართვა და ბაღ-ვენახიც გაუჩეხა. მაიორს კუდით ქვა ასროლინეთ? თქვენ კი გენაცვალეთ მარჯვენაში. აკი ვამბობდი, ის ყურუმსაღები ეშმაკებსაც დაიფრენენ მეთქი. - ჭრილობას სალბუნი წაუსვა, შეუხვია, ზოგი რამ დარიგებაც მისცა და დაასრულა: - მე აქედან მანამდე არ წავალ, სანამ დათუნას და დავითს არ მოვასულიერებ. საღამოობით თქვენც დაგხედავთ ხოლმე. აბა, ყოჩაღად იყავით.

ჭაბუკები მართლა ყოჩაღად იყვნენ. ზურა სწრაფად კეთდებოდა და ბაჯიაშვილს თავის ბიძის დათუნას ამბავს ეკითხებოდა.

ზაქრო ჯერ ეუბნებოდა:

- ცოცხალია. - მერმე: - ჯანზე მოდის. - და ბოლოს: - მოკეთდა. მოგიკითხათ... მარაბდაში წაიყვანეს.

რამდენიმე დღე კიდევ გავიდა და ერთხელ ბერუამ ქოხის მდგმურებს უთხრა:

ბაჯიაშვილმა ეს წამალი გამოგიგზავნათ და შემოგითვალათ ფრთხილად იყავითო. ახლა ის წუპაკი გიგოლა ისევ აქ ამოსულა და მართლა უნდა გაფრთხილდეთ.

- ახლა სად არის? - ჰკითხა ერეკლემ და წამოდგა.

ზურასაც თვალები აენთო და იმანაც წამოიწია.

- შენი რა საქმეა! დაწექი! - შეუტია მას ერეკლემ და ძალით მიაწვინა.

- არც შენი საქმეა, შვილო. - შეუტია ბერუამაც ერეკლეს. - შენთვის გიგოლას დევნა კი არ დაუბარებიათ, აი ამ ვაჟის მოვლა მოუნდვიათ. ჭკუით იყავი!

ერეკლეს შერცხვა. იმ დღიდან ქოხში ორ საათსაც აღარ ატარებდა, დღეში შიგ ხუთიოდეჯერ შეირბენდა, ზურას საჭირო რამეს მიაწოდებდა, ისევ საფარში გარბოდა და კლდის ნაპრალიდან იქაურობას დედა ორბივით ათვალიერებდა. მიდამოს თუ ვინიცობაა ხიფათი რამ მიეპარებოდა, დაბალ-გორიდან ნიშანს მისცემდნენ და არსენას ძმაც არსენასავით იომებდა: ან ზედ შეაკვდებოდა, ან ზურას გადაარჩენდა. მაგრამ მეძებარმა ნადირს ვერ მიაგნო და ისევ მარაბდაში დაბრუნდა.

ზურას და ერეკლეს იმ დღიდან არხეინად ეძინათ.

მაგდანას ბიჭი ფერზე მოდიოდა, ივსებოდა და ლასლასით დადიოდა. ერეკლე თავის მეგობარს ახლა კარგა ხნით სტოვებდა მარტოს, თვითონ კი ყოველ დღე ნადირობდა და ნანადირევის ნახევარს ბერუას აძლევდა.

მთას უცბად დააწვა სიცივე და ზურაც იმდენად მომჯობინდა, რომ ნელ სიარულს შესძლებდა. მომჯობინდა, მაგრამ შუბლზე, კვინიხზე და საფეთქელზე ღრმა ნაჭრილობევი დარჩა. ქვეიდან ბერუას რამდენიმე გლეხი ამოჰყვა. მგზავრებს საგზალი და დარიგება მოუტანეს, დიდ მანძილზე გამოაცილეს და დააბარეს:

- ღვთისავარს უთხარი, რომ მალე დაბრუნდეს და გვიპატრონოს, არსენამ კი კარგად შეინახოს თავი და ნუ აჩქარდება. იმის დროც მოვა, და როცა მოვა, ჩვენვე შევატყობინებთ. თქვენც ერიდეთ ფათერაკს და მშვიდობით იყავით.

* * *

ერეკლემ ზურა ახალდაბაში ჩაიყვანა.

ჭაბუკები ტაშირის ხეობაში ნავალი არ იყვნენ და გიგიტაშვილის გზაკვალი ერთ მებორნეს გამოჰკითხეს. მან ეჭვით შეათვალიერა უცხო ბიჭები და დაწვრილებით გამოიძია - ვინ არიან, საიდან მოდიან, გიგიტაშვილთან რა საქმე აქვთ და სად უჭირავთ გეზი. ზურა მოხერხებით სტყუოდა. მებორნემ არ დაუჯერა და უცებ მიახალა:

- მაშ მე თვითონ გეტყვით ვინცა ხართ. არსენას ბიჭები იქნებით.

ჭაბუკები უარზე შედგნენ: ვინ არსენა, რის არსენა! ან არსენას ბიჭებს ამ ხეობაში რა ენდომებათ! მებორნემ ჭაბუკებს ოდნავი არევდარევა შეატყო და ფანდი შეინაცვლა.

- ეჰ, ნეტა არსენა ერთხელ კიდევ ჩამოუქროლებდეს სუმბათაშვილს, თორემ ავმა ბატონმა საწყალი გლეხები სულ გაანიავა. რა ბიჭია ის სოსოი, ვენაცვალე მარჯვენაში იმ გორდასა73, თუ ღმერთმა იმის ნახვის ღირსი არ გამხადა, ნეტა იმის მნახველი მაინც მაჩვენა.

ახლა ჭაბუკებმა არ დაუჯერეს და წასვლა დააპირეს. მებორნემ უთხრა:

- გიგიტაშვილი ქვიშხელია და აქ სამუშაოდ ამოდის ხოლმე. ტივებზე მუშაობს და ზემოთ პატარა ქოხი უდგია. ამ ბილიკს აჰყევით და ზედ მიადგებით. თუ შინ არ იყოს, მაშინ ქვევით სატივეზე იქნება.

გიგიტაშვილი, მეშთა, ლაშქარა და კარპიჩა მართლა სატივეზე იპოვეს. ყველანი წყალში იდგნენ და ტივს ჰკრავდნენ. კარპიჩა ჯერ სავსებით არ განკურნებულიყო, ამიტომ დახმარების მაგიერ ყველას ხელს უშლიდა.

- ბიჩო, ზურა! ერეკლე! - შესძახა კარპიჩამ.

- სუ, იყუჩე! - მიაძახეს აქეთ-იქიდან კოჭლს და ახალმოსულებს ისე მოექცნენ, თითქო არც კი სცნობოდათ.

მტკვარი მეტივეებით იყო სავსე და გავარდნილები აქ უფრო მეტად ფრთხილობდნენ, ვიდრე თრიალეთზე.

კარპიჩა წყლიდან ამოვიდა, საჩქაროდ ჩაიცვა და ჭაბუკებს ტყეში შეუძღვა, თანაც გზადაგზა იქაურ ამბებს ეკითხებოდა და აქაურსაც უამბობდა. აგერ იმ გორის უკან ღრმა ხევში ძველი ნაგომურევია და გამოქცეულები იქ ჩასახლებულან. ქალაქიდან მელანო ამოსულიყო და დიასახლისობდა. ლაცაბიძე ისევ ქვაბებს დასტრიალებდა, ან ტყეში მუშაობდა და მტკვარზე ჩამოსვლას ერიდებოდა, რადგან იქ ბევრი მცნობი ჰყავდა და ეშინოდა. ზოგნი ტივებზე მუშაობდნენ და ზოგნიც ტყესა სჭრიდნენ, გიგიტაშვილი კი ყველას ჰპატრონობდა, ჰკვებავდა და სახარჯოსაც აძლევდა.

- მარტო კალები გვაკლია. - გაიცინა კოჭლმა. - იკ ბარში ჩავიდოდით და კველაპერს ვშოულობდით, აკ კი არსად არ გვიშვებენ. გვტისავარი არსენაზე უარესი გამოდგა.

ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ კოჭლი რუსი თავის საყვარელ მზეუჭვრიტეს ვეღარ შოულობდა, რომელიც “კალსაც” ერჩივნა და დედასაც.

ერთი საათის შემდეგ მელანო შვილის მკერდზე სტიროდა და ზურასაც ეხვეოდა. მალე სხვებიც მოვიდნენ - თოკებით, ცულებით, ნაჯახებით და წალდებით. ერეკლეს მოსვლა არ გაჰკვირვებიათ, ზურას დანახვაზე კი ისე გაოცდნენ, თითქო საიქიოდან დაბრუნებულიყო. ბოლოს ნაგომურალში ღვთისავარის ცალმა თვალმაც შემოანათა და იმ თვალში მამობრივი სიამაყე და სიხარული აციმციმდა. შვილს და ზურას გამარჯვება უთხრა, ცეცხლს მოუჯდა, ორივენი გვერდით მოისვა, შეათვალიერა და უბრძანა:

- აბა, დაიწყეთ.

ჭაბუკებმაც დაიწყეს, ყველაფერი უამბეს და თრიალელი გლეხების დანაბარებიც გადასცეს. ღვთისავარმა იყუჩა და სთქვა:

- მაშ დაბრუნდეს და გვიპატრონოსო? ასე დაგაბარეს? არა, შვილებო, ჩემი დროება წავიდა. მე მარაბდაში აღარ წამესვლება. მაიორიც შემჭამს და ზაალიც. მაინც ვიფიქრებ. იქნება მოხერხდეს რამე.

მელანომ სუფრა გაშალა და ჭაჭის არაყი გაიმეტა, რომელსაც მხოლოდ დილით სვამდნენ ხოლმე. ღვთისავარმა დაისხა და სთქვა:

- აბა, შვილებო, ჩვენი ერეკლე და ზურა დღეის იქით ვაჟკაცებად უნდა ჩავთვალოთ.

“ვაჟკაცებმა” ზემო ტუჩზე მოისვეს ხელი და ულვაშების ნაცვლად გინგლი აიგრიხეს, სხვებმა კი თავი-კაცის ნათქვამი მოიწონეს:

- ჰაი ჰაი, რომ უნდა ჩავთვალოთ! გაუმარჯოს!

- მაშ ორთავ მზეგრძელობისა იყოს და ორთავ არსენობა გამოეჩინოსთ.

ყველამ დალია. ლაცაბიძემ ზურას ნაჭრილობევზე გადაუსვა ხელი და უთხრა:

- ბიჭო, ეს ნიშანი ქე გიხდება.

ესეც დაადასტურეს, კარპიჩას კი თითქო კიდევაც შეჰშურდა:

- მე შვიდ ალაგას ვარ დაჩრილი და პირსახეზე კი არც ერთი ნიშანი არა მაქვს.

“რუსული ბულბული” ახლა მხარში იყო დაჭრილი, მკლავი ახვეული ჰქონდა და მის ცალფეხობას ცალხელობაც დაერთო. ისედაც გამხდარ ლაშქარას პირსახეზე თითქო ცვილი ჰქონდა აკრული. მეშთას ჭრილობისა აღარა ეტყობოდარა და სიმონაც მომჯობინებულიყო.

ნავახშმევს არსენა და ახალციხეში გადასულები გაიხსენეს. მელანოს რამდენიმე ქურდული კურცხალი გადმოსცვივდა, ღვთისავარმა კი ზურას გადახედა და ჰკითხა:

- შენ ალბათ დედისკენ მიგიწევს გული, არა, ბიჭო?

ზურამ ისე გაიღიმა, როგორც მისი ნაჭრილობევი იღიმებოდა, და არაფერი არ უპასუხა. სევასტიმ ეშვი დაანათა სუფრას და ღვთისავარს უთხრა:

- შე კაცო, რეიზა გავყარეთ დედა-შვილი? მე მუხლის გაშლა მინდა და ან მაგდანას ჩამევიყვან აქ, ან ზურას წევიყვან იქ.

ყველა მიუხვდა: ლაცაბიძე ორივე შემთხვევაში მოგებული იქნებოდა. მაგდანას ნახავდა და დაიჩემებდა. ზურას ეწყინა. ეს-არის ახლა მიულოცეს დავაჟკაცება და ქალსავით გაცილებას უპირებენ?

- ახალციხის გზას მე თვითონაც ვიპოვი. ბალღი ხომ აღარა ვარ, რომ წამიყვანო!

ცალთვალამ განაჩენი გამოიტანა:

- დედის საქმეა. თუ უნდა, ჩამოვა, თუ არა და ზურას დაიბარებს. მე კაცს ვიპოვი და შევუთვლი.

- როგორ გაეხარდება!.. დედაა და!.. შვილი ტკბილია! - ჩაურთეს აქეთ-იქიდან.

მეორე დილიდან ზურა და ერეკლეც მუშაობას შეუდგნენ. ხან ხის მოჭრაში ჰშველოდნენ, ხან ვეება ძელები გადმოჰქონდათ ხარ-კამეჩით, ზოგჯერ მტკვარში ჭყუმპალობდნენ და ტივების შეკვრაში ეხმარებოდნენ.

გიგიტაშვილმა ორი ტივი შეჰკრა, ქალაქისკენ მოუსვა და ღვთისავარიც თან გაიყოლა. მესამე ტივი მეტივის შვილის თაოსნობით ერთ კვირაში უნდა შეემზადებინათ, მაგრამ ხელმძღვანელი ავად გახდა და მისი საქმე სიმონამ იკისრა, რომელიც ამ საქმის ოსტატად ითვლებოდა.

ითვლებოდა, მაგრამ მხოლოდ ტყეში მუშაობდა და სულ აღარ გადიოდა მტკვარზე, რადგან იმ-ხეობელი იყო და ეშინოდა: მიცნობენ, სუმბათაშვილს მოახსენებენ, დამიჭერენ და ერთხელ კიდევ გამყიდიანო.

ბოლოს მაინც გაჰბედა: იქვე ტყეში დავიმალები, ორთაყვირებს დავთვლი, ზოგჯერ შორიდან დავხედავ ტივს, ვასწავლი და ისევ დავიმალებიო. წავიდა და კარპიჩა, ზურა, მეშთა და ერეკლეც გაიყოლა.

პირველი დღე მშვიდობით დაღამდა. მეორე თავდებოდა. სიმონა ტყეში ორთაყვირს სთლიდა. უცებ უკნიდან რამდენიმე კაცი მიადგა. თოფი თითქმის ზედ სიმონაზე ჰქონდათ მიბჯენილი. მოურავს ნემსაძეს დამბაჩა ეჭირა.

- ხმა, კრინტი, თორემ გაგათავე! - დაბალთ ხმით გააფრთხილა მოურავმა და ყმებს ანიშნა.

ერთი წუთის შემდეგ შებოჭვილი სიმონა მიწაზე ეგდო. პირი ხავსით ჰქონდა გატენილი. ნემსაძე ყმებს გაუძღვა და ორიოდე წუთის შემდეგ მტკვარზე მკაცრი შეძახილი, თოფის ქუხილი, ხრიალი და უშვერი რუსულ-ოსურ-ქართული გინება გაისმა. შემდეგ ტყეში სამი ხელ-ფეხშეკრული და პირდაცობილი კაცი შემოიტანეს და სიმონას გვერდით მიუყარეს. თვითონაც აქა-იქ ჩამოსხდნენ და ტყვეები მასხარად აიგდეს.

- სიმონავ, ხვალ გოგიას ციხეს გაჩვენებ და დედა-შენსაც გავახარებ. - უთხრა ნემსაძემ.

- ჰიმმმა - დაიგმინა სიმონამ.

- ჰიმა შენა და ნაცარი ცხელი! გვეტყვი თუ არა, ეგ სამი კაცი ვიღა არის?

- ის ერთი რომ გაიქცა, ოსი უნდა იყოს, - სთქვა ერთმა ყმამ, - რადგან ოსურად ილანძღებოდა. ეს კოჭლი რუსი იქნება, რადგან რუსულად იგინებოდა, ეს ორი კი ქართველი უნდა იყოს.

- ფასიც მაგათ აქვთ. ახალციხელ თათრებს ჭაბუკები უყვართ. - ჩაიცინა მეორემ და ტყეში ხეპრული რახრახი და ბრიყვული ლაზღანდარობა გაისმა.

ერეკლემ მიიხედ-მოიხედა, თორმეტი შეიარაღებული დათვალა და ის მებორნე იცნო, რომელსაც მან ორი კვირის წინათ გიგიტაშვილის გზა-კვალი გამოჰკითხა.

- მიცანი, განა! - შემოუტია მებორნემ - აკი მაშინვე გითხარით, არსენას ბიჭები იქნებით მეთქი. ახლა ახალციხეში წადით და არსენაც მომიკითხეთ.

ერეკლემ თავი ჩაუქნია, გიცანიო, მაგრამ მის თვალებსა და თავისქნევაში სხვა რამეც ეწერა - დედას გიტირებო!

მერმე წამოიშალნენ, ტყვეებს ფეხები გაუხსნეს, ერთმანეთს გადააბეს, საბელები ხელში დაიჭირეს და ნადავლი გაირეკეს. შემდეგ ბორნით გაიყვანეს და გაღმა ბნელ გომურში შერეკეს. ზურამ და ერეკლემ თაგვებივით დასუნეს იქაურობა, მაგრამ თითის ოდენა ხვრელიც კი ვერ აღმოაჩინეს.

მალე ჭრაქი შემოიტანეს და გომურში სუმბათაშვილიც შემობაჯბაჯდა.

- შვილო სიმონ, როგორა ხარ? - დაცინვით ჰკითხა ბატონმა თავის ყმას და თავზე ხელიც კი გადაუსვა, - დიდი ხანია ერთმანეთი აღარ გვინახავს.

- მამა-ჩემო, - დაცინვითვე მიუგო “შვილმა” ორი თვეც არ იქნება რაც მე და არსენამ ქვიშხეთში გნახეთ და... - და აღარ დაასრულა.

- მაშინ მე მათამაშეთ, ახლა კი შენ ითამაშე! - მიაძახა გავეშებულმა “მამამ” და “შვილის” თავპირზე მათრახი შეათამაშა. ხელშეკრული სიმონაც თამაშობდა - ცეკვავდა, ხტოდა, იგრიხებოდა, დარბოდა, მაგრამ მათრახის წვერი ბუზანკალივით მისდევდა და ცხარე შანთივით ჰკბენდა. ბოლოს მოურავმა ჩასჩურჩულა ბატონს:

- ეყოფა, თორემ ვეღარ ივლის.

სუმბათოვი შესდგა. სულს ძლივსღა იბრუნებდა.

- ახლა წადი და შენი ვაჟკაცობა სტამბოლში დაიკვეხე. - ამოიხრიალა მან და გავიდა.

მალე ოთხივე ტყვე გამოიყვანეს და იმ ავბედს ლომთა-თავის ქედს შეუყენეს, რომელსაც ორ უკანასკნელ საუკუნეში ახალციხისკენ მიმავალი ამგვარი ტყვე ათასობით ენახა, აქეთ მომავალი კი - არც ერთი. წინ მეტად ძნელი აღმართი ედოთ. გზა ღრმა ხევებით, ბნელი ტყით და შავი კლდით იყო დასერილი. მთვარე ხშირად იმალებოდა.

ტყეში მალი-მალ ისვენებდნენ, ნემსაძე კონდახებით აყენებდა. ერთ ალაგას ხევში ჩაგორდნენ, მაგრამ თოკის წყალობით ჯაგებში გაიხლართნენ და გზა ვეღარ გაარღვიეს. ასასებმა მათრახებით ამოიყვანეს, თავპირი აუჭრელეს და ისევ გაირეკეს. შემდეგ ტყეში შეცვივდნენ და კარგა ხანს ირბინეს, მაგრამ ისევ ჯაგებში გაიხირნენ და, დაბეჟილებმა და სისხლით მოსვრილებმა, ისევ გზა განაგრძეს.

მეორე დღეს გოგიას ციხეს მიადგნენ. მარცხნივ ქვეით ღრმა ხევში ბორჯომი იწვა, მის თავზე ბაკურიანის მთიანეთი აღმართულიყო, მარჯვნივ ქედი და ქვაბები მოსჩანდა, ახალდაბა კი სადღაც უკან დარჩენილიყო.

გაქცეული მეშთა ალბათ მათ ამბავს მიიტანდა. მელანო ახლა ცხარე ცრემლით უნდა სტიროდეს. ლაცაბიძე და სხვებიც ალბათ მგლებივით მოსდევენ, მაგრამ დაიგვიანეს.

აჰა ცრემლით და სისხლით შედუღებული გოგიას ციხეც. აჰა გალავანშიც შევიდნენ. ტყვეები ბნელ კოშკში შეიყვანეს და კარი გადაურაზეს. ეს ციხე არც რუსის ხელმწიფისაა და არც ხონთქარისა. იგი ოდესღაც გოგია ავალიშვილმა ააშენა, მაგრამ ვერ მოუარეს და დაჰკარგეს, დაკარგული ციხე კი უხეირო მეციხოვნეთა საპატიმროდ გადაიქცევა ხოლმე. ახლა ეს უპატრონო მონასტერი ეშმაკებმა დაიჩემეს და ტყვეების ბაზრად გახადეს.

“თვრამეტი წლის წინათ ალბათ მამა-ჩემიც ამ კოშკში იჯდა” - გაიფიქრა ზურამ და ცრემლი მოიწმინდა, თანაც გაეხარდა, რომ კოშკში ისე ბნელოდა, როგორც საფლავში, თორემ ახალგაზრდა ვაჟკაცი შერცხვენას ვერ გადაურჩებოდა.

ტყვეები ეზოში გაიყვანეს და დააშიშვლეს. ოსმალები ისე გულმოდგინედ შინჯავდნენ მათ, როგორც ოსი - ცხენებს. შემდეგ ისევ ჩააცმეინეს და ვაჭრობას შეუდგნენ. ყველაზე იაფად გონჯი კარპიჩა შეაფასეს, შემდეგ სიმონა მოჰყვა, ერეკლე და ზურა კი თანაბრად დაფასდა. ვაჭრობა ძლივს გაათავეს. ოსმალებმა ოთხივე იყიდეს, ხელახლა შეჰკრეს და ახალციხისკენ გაირეკეს. ტყვეებმა ერთხელ კიდევ სცადეს ბედი და ღრმა ხევში ჩაგორდნენ, მაგრამ ერთ გაშვერილ ტოტზე ხურჯინივით ჩამოეკიდნენ და კინაღამ გაიგუდნენ. ოსმალებმა ძლივს ჩამოხსნეს და არა სცემეს, რადგან ძვირად დამჯდარი გურჯები ისედაც დაბეგვილ-მიბნედილები იყვნენ და მათი განკურნება დამატებითს ხარჯს მოითხოვდა.

* * *

ლაცაბიძე, ლაშქარა და მეშთა ლოდებივით ჩამოგორდნენ მთიდან, მაგრამ გვიანღა იყო. მათი ოთხი ძმადნაფიცი გაღმა გაეყვანათ და იმ ღამეს აღარც ბორანი გამოსულა გამოღმა. დილამდე მოიცადეს და, ბორანი რომ გამოვიდა, მებორნე ხანჯლის წვერით აალაპარაკეს. და როცა გაიგეს, რომ ტყვეები უკვე საზღვარს უნდა ყოფილიყვნენ გადაცილებული და ვერასგზით ვეღარ დაეწეოდნენ, მებორნე ადიდებულ წყალში გადააგდეს და თათბირს შეუდგნენ.

მებორნემ მტკვარი იხვივით გასცურა და მთელი სოფელი წამოშალა. ახლა თვითონ მდევარიც ჩავარდა ხიფათში. გაღმელები მათ ლანძღვასა და მუქარას უთვლიდნენ. რამდენიმე მოცურავემ ტანთ გაიხადა. აქეთა ნაპირიდან ლაცაბიძე ღრენით აძლევდა პასუხს, მერმე უცებ ბორნის ჭაპანს ეცა და ხანჯლით ჩასჭრა იგი. ბორანი ნელ-ნელა დაიძრა, მერმე მოუჩქარა, შუა წყალში გავიდა, მოსახვევში გაქანებული დაეჯახა კლდეს და ჩალურივით დაიშალა. შავწვერას გაღმელებმა რამდენჯერმე ესროლეს თოფი. მან ბუჩქებს შეაფარა თავი, მოცურავეებს თვითონაც სროლა აუტეხა და უკანვე გააბრუნა.

ხალხი გამოღმაც ცხოვრობდა და ბორნის დაღუპვას არც ესენი მოიწონებდნენ, ამიტომ შეფიცულებმა მალე თავს უშველეს და ტყეში მიიმალნენ. ლაცაბიძემ ერთ დედაბერს ორი წერილი დააწერინა. ღვთისავარს სწერდა: ჩქარა ტყვეების დასახსნელად ფული მომაშველეო, არსენას კი აფრთხილებდა: მოტაცებულნი მოსძებნე და, თუ ვერ გამოისყიდო, მოაცდევინე და ფულს ორიოდე კვირაში მოგაშველებო.

არსენასადმი მინაწერი წერილი ვიღაცა სომეხ ჩარჩს გაატანა, რომელიც იმ მგზავრობის დროს თავის წვრილმანთან ერთად აწყურში დაკარგულიყო, მეორე წერილი კი მეშთამ ჩაიდო უბეში, იმავე დღეს ტივით გამოექანა ქალაქისკენ და ღვთისავარი ლოპიანას სახლში იპოვა.

ცალთვალა მაშინვე გაექანა შირაქისკენ და ფარსადანის ბინას მიადგა. შემოდგომის ან გაზაფხულის პირი რომ ყოფილიყო, ღვთისავარი ჯავახეთიდან მომავალ სარქალს ალგეთზე დაუხვდებოდა და ბატკანსავით ჩაიგდებდა ხელში, ახლა კი თვითონ მიადგა მგლის ბუნაგს და თვითონვე გადაიქცა ბატკნად.

ქიზიყელი სარქალი თრიალეთზე მატყლივით ლბებოდა ხოლმე, შირაქში კი თავის კომბალივით გახეპრევდა. მეცხვარემ ღვთისავარს გამარჯვებაც ძლივს აკადრა და დიდხანს არ იღებდა ხმას, მერმე უცებ აქვითინდა და სლუკუნით უთხრა, რომ მას დიდი უბედურება დაატყდა. ამას წინათ შირაქს ლეკებმა შემოუტიეს და უამრავი ცხვარი და ოციოდე ქალ-ვაჟი მოიტაცეს, მათ შორის ფარსადანის თოთხმეტი წლის ვაჟი და თორმეტი წლის ქალიც მოჰყვნენ. მდევარმა ცხვარი დააყრევინა, გატაცებულ ხალხს კი ვეღარ უშველა. ამბობდნენ, ლეკებმა ტყვეები თათრებს გადასცესო. მას აქეთ ფარსადანი მკვდარია. შვილებს ეძებს და ვეღარ უპოვია. ღვთისავარმა იგრძნო, რომ ძალიან უდროოდ მივიდა.

- მეც შენს დღეში ვარ, ნათლიმამ. - უპასუხა ცალთვალამ და თავის უბედურება უამბო.

ფარსადანი მოლბა და ანგარიშის გასწორებას შეუდგა. მან ათივე თითი მოიშველია და ჩამოთვალა: თურმე ღვთისავარის ნაოფლარის სამუსრავად ყველას პირი შეეკრა: ბორიოს, მგელს, ქურდსაც, ხრამსაც, ჭირსაც და ავდარსაც ზეცასაც და მიწასაც, ღმერთსაც და ეშმაკსაც.

- ნათლიმამ, მე მაგისთვინ არა მცალია. - მოუჭრა ცალთვალამ. - თუ იძლევი, მომეცი. თუ არა და ან მე დაგიხვდები ალგეთზე ან არსენას გამოგიგზავნი.

ქიზიყელისთვის ორივე ღვთის რისხვა იყო - ალგეთიც და არსენაც. მაინც ივაჭრა. იწუწუნა და თავნის ნახევარიც ძლივს გაიმეტა.

“ყვავს კაკალი გააგდებინე, ისიც კარგიაო”. - გაიფიქრა ცალთვალამ და ორასი ცხვარი გამოირეკა. ქალაქში რომ ჩამოვიდა, ცალთვალამ ცალი თვალიდან ცალი კურცხალი ჩამოუშვა, ფული და ნავაჭრი მეშთას გაატანა და თვითონ კი მარაბდის ნათელავ გზას დაადგა, რადგან სხვის სასახლეს ისევ თავის შეკვამლული ნაბუდარი ერჩივნა და ჰსურდა ისევ შიგ ჩასახლებულიყო. გლეხი რომ დაბერდება, მისი დაქვრივებული მუნჯი მიწაც სწორედ მაშინ აყაყანდება და მანამდე არ გაჩუმდება, სანამ ისევ პატრონის ოფლით არ გაძღება.

შუამავლად ღვთისავარმაც შალვა ბარათაშვილი აირჩია. პასუხს მოუთმენლად ელოდებოდა. ვინ იცის, იცოდნენ თუ არა ბატონებმა, რომ იმ სისხლიან ღამეს მამაც თავის არსენასთან იყო და უმცროსი შვილიც თანა ჰყავდა? თუ იცოდნენ, ღვთისავარიც არსენასავით გადაიკარგებოდა და მისი მიწაც სამუდამოდ დაქვრივდებოდა. ვეღარ შეისმენდა მაშინ ჭაღარა მედროშე მარაბდის ყამირების გლოვას და ვეღარც დააურვებდა მას თავის ცხელი ოფლითა და უდრეკი მარჯვენით.

ის ნაღამევი ბევრმა ალგეთელმა გლეხმა იცოდა, ცალთვალამ კი ისიც იცოდა, რომ ნაჩუმარი საქმე ადრე თუ გვიან წყალივით გამოჟონავდა და ან მელიასავით მიეპარებოდა მას, ან ბრმა კამეჩივით დაუხვდებოდა სადმე. მაგრამ მისი სიფრთხილე ნაადრევი გამოდგა: ის გლეხებიც დამუნჯებულიყვნენ და ბატონიც მოდრეკილიყო.

* * *

ან როგორ არ მოდრეკილიყო ზაალ ბარათოვი! უკანასკნელ დროს ბედმა მძლავრად ჩასწიხლა და მის გადამწვარ კარებს წარუშლელი ბიწიც კი წასცხო. საუკეთესო ყმების უმეტესობა გაექცა და ნაყარნუყარიღა შერჩა - კოჭლი და ცალთვალა, ყრუ და სნეული, ქვრივი და ობოლი, უძალო და ბებერი.

ხელმწიფემ და ბატონმა პირი შეჰკრეს და ერთგულად მიაწვნენ გლეხებს. მათ აზრადაც არა ჰქონიათ მეწველი ძროხის დაკვლა, მაგრამ გადააჭარბეს, სისხლით დასცალეს და ზაალს მკვებავი გამოაცალეს. ჯერ იყო და ლაცაბიძემ ყველაფერი გადაუწვა. მერმე ის დეკაბრისტი ლომოვი გამოტყვრა და არლოვის მიერ მონაგროვი დოვლათი პასკევიჩის ჯარს შეახეთქა. შემდეგ მაიორსაც ფეხი წაუსხლტა და ამიტომ ზაალმა ხაზინას შეპირებული თანხის მეათედიც ძლივს გამოგლიჯა. მარაბდის ბატონი ამასაც როგორმე მოინელებდა, მაგრამ დავითმა მოხუც მამას უწინდელზე უარესი ლოდი დასთხლიშა და მიწასთან გაასწორა.

სხვისი შვილები ომში ფულსაც და სახელსაც შოულობდნენ, მისმა ბედოვლათმა კი სწორედ ახლა მოუხშირა ქეიფსაც, არშიყობასაც და ყომარის თამაშობასაც. ზაალს არა ერთხელ მოსვლია შვილისგან გულგასახეთქი წერილი - ან ფული მომაშველე, ან თავს მოვიკლავო. მამაც ქუდმოშვლეპილი დარბოდა, იაფად ჰყიდდა, ძვირად სესხულობდა, ოჯახის სახელსა და განძეულს აგირავებდა, მეასეჯერ უჯერებდა შვილის ფიცს და თვითონაც ცხარედ აჯერებდა ყველას, რომ დავითმა თამაშზედაც და ლოთობაზედაც ხელი აიღოო.

- ვეჟო, ერთხელაც მიშველეთ და გათავდა. ამაზე მეტი რა გინდათ!

თავაგლეჯილ შვილს კი მამისგან უფრო მეტი უნდოდა და ბოლოს საფლავის ქვაც დაადო: ერთ დილას (დასწყევლოს უფალმა ის დღეც და მისი ხსენებაც!) დავითი უძილო დაბრუნდა შინ, მამას მუხლებში ჩაუვარდა, ატირდა და ძლივს გააგებინა, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძემ, მურავიოვმა და ორბელიანებმა მას ექვსი ათასი მანეთი მოუგეს და ეს ვალი სამ დღეში უნდა გადაეხადნა, თორემ...

დანარჩენი უსიტყვოდაც ცხადი იყო: თორემ დავითი თავს მოიკლავდა და ნიჟეგოროდის დრაგუნთა სახელოვანი პოლკის მუნდირსაც წამურტლავდა და ბარათაანთ განთქმულ გვარსაც შეარცხვენდა. ზაალს ენა დაება. ეს ფული ვინმე ივან ივანიჩს რომ მოეგო, ზაალი ვადას მოსთხოვდა და როგორმე გამოძვრებოდა, ახლა კი მას სიკვდილ-სიცოცხლის საქმე აეტუზა თვალწინ. დიდი გარსევანის შვილი ალექსანდრე, პასკევიჩის შტაბის გამგე ძლევამოსილი მურავიოვი და ბარათაანთ მოქიშპე ორბელიანები - არა, ამ ხალხთან თავის შერცხვენას ისევ თავის მოჭრა სჯობდა.

ზაალმა ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ კნეინა ხორეშანმა დრო შეურჩია და მეორე ქვა დასცა. ასი წლის ფრთამოტეხილი ყორანივით შემოვიდა, დინჯად დაეშვა ტახტზე და დინჯადვე დასჩხავლა:

- ზაალ, არ დამიჯერე და ახლა შენ იცი. დარო ფეხმძიმედ არის.

- მოვკლავ! - წამოიძახა დავითმა და დაროს მოსაკლავად გაიქცა.

ხორეშანი არც კი შეინძრა, რადგან დარო სხვაგან ჰყავდა გადამალული, ზაალმა კი თმებში ხელები იტაცა და ჩუმად ატირდა, თანაც ბალღივით სლუკუნებდა:

- ჩემი ბრალია, ჩემი!.. ჩემი!

დავითმა გაიგო, რომ დარო თავის ნათესავის კატოს სახლში იყო დამალული და უკანვე შემობრუნდა.

- ან მოვკლავ მაიორს, ან შევრთავ. - მტკიცედ განაცხადა მან და ტანისამოსის გამოცვლას შეუდგა.

ნახევარი საათის შემდეგ მამა ფულის საშოვნელად წავიდა. შვილი კი მაიორის მოსაკლავად გაიქცა. დავითი მალე დაბრუნდა. წეღან ფულის წაგების გამო ჯერ მჭმუნვარედ იყო, შემდეგ გაშეშდა, ახლა კი დაჭრილი ნადირივით ჰბორგავდა და მამასავით სტიროდა, რადგან არლოვი ვერ იპოვა და ვერც იპოვიდა.

მაიორი უკანასკნელ ხანს ქალაქში სცხოვრობდა. მან ფეხი ამოიკვეთა ზაალის ოჯახიდან და მის წევრებს გარეთაც კი ერიდებოდა. ზაალიც და მაიორიც სიონის უბანში სცხოვრობდნენ და გზაც ერთი ჰქონდათ, მაგრამ მაიორი ამ გზას ჭირიანსავით შორს უვლიდა.

უკანასკნელ დროს დარო გაიცრიცა, დამუნჯდა და განაპირდა. ამ ცვლილებას დავითი და მამა ვერ ამჩნევდნენ. ახალგაზრდა ქალს დედის მაგივრობას დიდედა ხორეშანი უწევდა, დისას კი - მისი რძალი ტასო. მათ კარგად იცოდნენ, რომ დაროსა და მაიორის შორის სასიყვარულო ძაფები იყო გაბმული, მაგრამ ქალის ნამუსის დაკარგვა აზრადაც არ მოსდიოდათ. როდის მოხდა, სად, როგორ? ზაფხულში მხოლოდ სამჯერ განაპირდნენ და დაუჯერებელი იყო, რომ მაშინ რამე მომხდარიყო, ხოლო მას შემდეგ ქალაქში ერთმანეთი ერთხელაც არ ენახათ. გვიანღა იყო ძიებანი. ხორეშანი მაინც ჯალათივით ჩააცივდა ქალს და სიმართლე დამპალი კბილივით ამოჰგლიჯა.

დავითი ნამეტან იმან გაამწარა, რომ არლოვს წარმატება მიეღო და გუშინ დილით რამდენიმე თვით სომხეთსა და ნახჭევანში წასულიყო. მაშ როდემდე უნდა სდიოს და უცადოს ბარათაშვილმა ოჯახის წამბილწველს.

- იცის თუ არა მაიორმა, რომ დარო ფეხმძიმედ არის? - ჰკითხა მან ხორეშანს.

- იცის.

რა თქმა უნდა ეცოდინებოდა. დარო ეტყოდა, ან მისწერდა. იცის და იმალება. ცხადია, რომ ახლა დამბაჩასღა შეუძლიან გაახსენოს არლოვს ნამუსი და მოვალეობა, თორემ მას, დიდი ზაალის ჩამონავალს, სამხედრო მუნდირს გაჰხდიან, ტოლ-ამხანაგებიც ზურგს შეაქცევენ და თავიანთ ოჯახის კარსაც დაუკეტავენ. მაშ გადაჭრილია: დავითი მაიორს დაედევნება და ჯოჯოხეთშიც კი იპოვის.

ზაალი გვიან დაბრუნდა და სანუგეშო ამბავი მოიტანა. პასკევიჩმა სომხეთის ოლქი დააარსა და მოურავად ალექსანდრე ჭავჭავაძე დანიშნა, რომელიც ზეგ დილით გაუდგება გზას. მაშასადამე ყველაზე ადრე დავითმა მისი ვალი უნდა გაისტუმროს. ზაალი თავის სიძეს ალექსანდრე ორბელიანს ეწვია და ფულის საქმე მოაგვარა. მარაბდის ბატონი გამჭრიახი კაცი იყო. სახლ-კარი რომ გადაუბუგეს, მაშინვე თადარიგი დაიჭირა და თავის ტყიდან უამრავი მასალა ჩამოაზიდვინა. ორბელიანებიც ახალ სახლს იშენებდნენ, მაგრამ ტყე ძალიან შორსა ჰქონდათ და ძვირად უჯდებოდათ, ამიტომ ზაალი ადვილად მოურიგდა ალექსანდრეს და პირობის ბარათიც ჩამოართვა.

მაშ ქაღალდის ვალის საქმე გათავებულია. მართალია, წლეულს სახლს ვეღარ ააშენებენ, მაგრამ რა ბედენაა! ოღონდ დავითი გადაარჩინოს, ოღონდ დაროსაც ჩამორეცხოს სირცხვილი და ზაალი ყველაფერს ანაცვალებს - სახლ-კარსაც, მარაბდასაც, ქალაქის მამულსაც და თავის-თავსაც. მაგრამ დიდი ბატონი ამას ხმამაღლა ვერ იტყვის. პირიქით, როცა ყველაფერს გაათავებს, შვილს კიდევაც დასტუქსავს და რკინის ლაგამს ამოსდებს. ახლა კი მამა-შვილი დაროს ბედზე ზრუნავენ და ცხარედ საუბრობენ ჩუმი ხმით:

- ვეჟო, სად უნდა სდიო იმ უნამუსო მაიორს? - უთხრა მამამ. - ერთი ბინა არა აქვს და იქნება სამ თვეშიც ვერ დაეწიო. როცა იქნება შეგხვდება და ხმალში გაიწვევ. ახლა კი ისღა დაგვრჩენია რომ იმ უბედურ ქალს ახალი საქმრო ვუშოვოთ.

- ვინ უნდა ვუშოვოთ?

- ეგ საქმეც მე მომანდე, შენ კი წადი სადმე და გაერთე, დამშვიდდი.

დავითსაც გართობის მეტი არა უნდოდა. მან უცებ გამოიცვალა გუნება. ქოჩორი შეივარცხნა, მაზარა ჩაიცვა და დეზების ჟღარუნით და გალობის სტვენით წამოვიდა.

ზაალი შინა-აივანზე გავიდა და ეზო შეათვალიერა. ლოპიანას მსუქანი ჭანრები მოეტანა და ჯორაშვილს ესაუბრებოდა, რომელიც მეთევზის ვეება ყოჩს ეთამაშებოდა. თვალებგადმოყრილი ცხვარი შორს უკან დაიწევდა, მერმე გამოექანებოდა და უზარმაზარ რქებს ზაალის შინააზნაურს დაატაკებდა. ჯორაშვილი ორივე ხელს უხვედრებდა და ყოველ დატაკებაზე რამდენიმე ნაბიჯით უკან წატორტმანდებოდა. ჯორაშვილი ჩაკუნტდა, ორივე ხელი მიუშვირა, მაგრამ დაჯახებას ვეღარ გაუძლო და გულაღმა გადავარდა. ზაალმა გაიცინა, ყოჩი კი განზე დადგა და ბრძოლას აღარ აპირებდა, რადგან მოპირდაპირე უკვე დამარცხებული ჰყავდა.

ლოპიანა მიბრუნდა და ჩალურჯებული თვალი გამოაჩინა, რომელიც გუშინ კრივის დროს დაუზიანეს. მას შემდეგ რაც ეს მედუქნე ქალაქში გადმოსახლდა, რამდენიმე თვეში მან კიდევ რამდენიმე ხელობა გაიჩინა და ყველაფერში ძალა და უნარი გამოიჩინა. მის ფარღალალა დუქანსა და საქეიფო ბაღს მხოლოდ ზაფხულობით ჰყავდა მუშტარი, სხვა დროს კი მისი ერთადერთი ბიჭი გიგუაც კი, რომელიც არსენამ დაუყენა მას, უსაქმოდ იჯდა დახლში. ლოპიანა კი თევზაობდა, კრივობდა, ჭიდაობდა, თაბახი დაჰქონდა, მამლებსა და ყოჩებს სწვრთნიდა, საჯაროდ აჭიდავებდა, ჰყიდდა, ყიდულობდა, ნემსის ყუნწში ძვრებოდა და “ალალი გულით” სცხოვრობდა. მან მალე მოიხვეჭა “მამალი ყარაჩოხელის” სახელი და ორბელიანებს, ერისთავებს, ამილახორებს და ყველა მოზრდილ თავადებს შეელაზღანდარა და გაუშინაურდა. დავითი რომ შინ ყოფილიყო, ლოპიანას უეჭველად შინ შეიწვევდა, დაალევინებდა, საოხუნჯო რამეს ათქმევინებდა და ხელცარიელს არ გაუშვებდა.

“რა ბედნიერი კაცია! - შეშურდა ზაალს ლოპიანას ბედი. - არც ორსული ქალიშვილი ჰყავს და არც მფლანგველი ვაჟი”.

მას უდარდელად აცხოვრებენ ყოჩები, მამლები, მტკვარი, განიერი მკერდი, ვეება მუშტები და ლაზღანდარული ყბედობა, ზაალი კი ყველაზე უბედური ვინმეა. მას ყველა იბრიყვებს, ატყუებს და ამცირებს. აღარც გასართობი, აღარც სიყვარული, აღარც პატივი - ყველაფერი მორჩა, წავიდა, დასრულდა!

- ვეჟო, ამო, ნარდი მეთამაშე. - ჩასძახა სევდიანმა ბატონმა ჯორაშვილს, როცა ლოპიანა წავიდა.

ჯორაშვილი ბატონს წინდაწინვე მისცემდა დუშაშსაც, დორთ ჩარსაც და იაგანსაც, მაგრამ თავს იკატუნებდა და მუდამ აგებდა. ზაალმა ეხლაც მოუგო, მერმე კამათელი დაჰყარა, ჯორაშვილს შერჩენილი ყური აუწია და ჰკითხა:

- ვეჟო, რატომ ცოლს არ ირთავ?

- ზოგი მე არ მინდა და ზოგს მე არ ვუნდივარ. - ღიმილით მიუგო მან და ბატონს თვალი თვალში გაუყარა.

ერთ ხანს ურთიერთს აშტერდებოდნენ და ლამობდნენ ერთმანეთის აზრი გაეგოთ. მერმე ზაალმა ჰკითხა:

- ვის არ უნდიხარ? ვინ დაგიწუნა? ან ვისზე ნაკლები შენა ხარ?

- ვისზე ნაკლები უნდა ვიყო! არც ჭკუით დავუვარდები ვინმეს და არც ვაჟკაცობით. მამა-ჩემის სახელი კი მთელ დუნიას აკერია პირზე.

- ვეჟო, რით ვერ დაივიწყე მამა-შენი! ალექსანდრეს მარჯვენა ხელია და მაგას იკვეხი?

- ისე ვთქვი, თორემ მამა-ჩემმა არ დამღუპა? იმის საბაბით რუსის მეფის კანონმა მამულის სამი წილი ჩამომართვა და ის ერთი წილიც მარტო თქვენი წყალობით დამიტოვა.

“მადლიერი კაცია”. - გაიფიქრა ზაალმა და უცებ ერთი აზრი მოუვიდა:

- ვეჟო, ალექსანდრე საბოლოოდ დამარცხდა და რუსისთვის მამა-შენიც უვნებელი გახდა. რა თქმა უნდა, არც რუსეთის მეფის კანონი შემოუშვებს იმას და არც თვითონ მოიხრის კისერსა, მაგრამ შენ რომ მამულის დაბრუნება ითხოვო, უარს არ გეტყვიან. სხვებიც დაგეხმარებით და გამოვიტანთ. ხომ იცი, პასკევიჩი ჩემი მეგობარია და დამითმობს, ოღონდ შენც უნდა გაისარჯო. ვეჟო, რას მომკვრიხარ ბირკივითა! ომმა ასი ათასი სომეხი და ქართველი გააკეთა და შენ კი ნაცარქექიასავით დაეხეტები. რატომ მილიციაში არ ჩაეწერები?

- იმიტომ, რომა... მცხვენიან. მამა იქით ომობდეს და შვილი აქეთა? ერთიც ვნახოთ მამა-ჩემს შევხვდი. მაშინ რა ვქნა? მოვკლა? დავიჭირო და პოლიციას მოვგვარო? რომ არც შემხვდეს, მაინც გამაუბედურებენ. დამავალებენ, სპარსელების მხარეზე გადადი, ალექსანდრე მოჰკალი და დიდ ჯილდოს მოგცემთო.

- რას ამბობ, ვეჟო!

- მე იმას მოგახსენებ რაც მოხდა. მაიორი ჩემი ბატონი აღარ არის და ახლა კი ვიტყვი. ოღონდ არსად არ წამოგცდეს, ბატონო, თორემ გამაციმბირებენ. ერთხელ მაიორმა დამიბარა და მითხრა: შენ სპარსეთში სულ ადვილად გადახვალ, რადგან ჯორაშვილის ძე ხარ, იმათი ენაც იცი და ნავალი ხარო. წადი და ალექსანდრე მოჰკალი ან სხვას მოაკვლევინე და მამულსაც დაგიბრუნებთ, სამ იმდენს კიდევ მოგიჭრით, ათას ოქროსაც ჩაგითვლით და ჯვარსაც და ეპალეტებსაც მოგცემთო.

- მერე, შენ რა უთხარი? - ჰკითხა გაოცებულმა ბატონმა.

- მე შორს დავიჭირე. მკვახე სიტყვაც მივარტყი და წამოვედი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ მამა-ჩემისა და ალექსანდრეს მოსაკლავად წლეულსაც რამდენიმე კაცი გაჰგზავნეს.

“მამაცი და პატიოსანი კაცი ყოფილა”. - გაიფიქრა ზაალმა, ხმამაღლა კი სთქვა:

- ვეჟო, გაიგე მეთქი: მამა-შენი და ალექსანდრე საბოლოოდ დამარცხდნენ. ყიზილბაშმა ომი წააგო და გათავდა. ახლა პასკევიჩი ოსმალებს შეუტევს და შენ მამა-შენთან აღარ გექნება საქმე. ამიტომ გეუბნები, ახლავე ჯარში ჩაეწერე, ორიოდეჯერ დასცალე თოფი, ხმალიც მოიქნიე და დანარჩენი მე მომანდე. იმ მამულსაც გამოგიტან და ისეთ მზეთუნახავ თავადიშვილის... ან აზნაურის ქალს შეგრთავ, რომ სიზმარშიც არ გენახოს.

ჯორაშვილი ერთხელ კიდევ დააშტერდა ბატონს, თანაც იღიმებოდა, ყოყმანობდა და ამ სიტყვების გადაღმა რაღაც სასიხარულო დაპირებას კითხულობდა, მერმე სთქვა:

- ხვალვე ჩავეწერები.

- ვეჟო ამაზე მეტი რა გინდა! - გაეხარდა ზაალს. - ოღონდ პირობა მომეცი, რომ უჩემოდ არავის არ შეირთავ და ერთ თვეში დაგნიშნავ, ჯვარს კი როცა გინდა მაშინ დაიწერ.

- პირობას გაძლევთ და კიდევაც შეგისრულებთ.

როცა მოხიბლული ჯორაშვილი გავიდა, ზაალი კნეინა ხორეშანთან შევიდა და უთხრა:

- დედი, დარო უნდა გავათხოვო - და თავის გეგმა გადაუშალა.

ხორეშანს დიდხანს არ უფიქრია. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ დაროს აუგი, თუ კიდევ მოიცდიდნენ, უეჭველად გამჟღავნდებოდა და იმ უბედურს ჯორაშვილიც კი აღარ იკადრებდა.

- ცეცხლი და სამარცხვინო საქმე სათავეშივე უნდა ჩავაქროთ.

- აგრე იყოს. - ამოიღო ხმა ხორეშანმა. - მე ჩემსას გავაკეთებ და შენც შენი ჰქენი.

ზაალი თითქოს გახარებული გამოვიდა, რადგან ეს საქმეც გათავებულად მიაჩნდა. აივანზე ღვთისავარს შეეფეთა და შესძახა:

- გამარჯვება შენი, ღვთისავარ!

- გამარჯვება და დღეგრძელობა, ბატონო! დაგიბარებივარ და გეახელი.

- ვეჟო, ასეთი უბედურება გაგონილა?! სადა ხართ? რად გამექეცით? შემოდი, ჩემო ღვთისავარ, შემოდი. - შინ შეიყვანა და გაიმეორა: - სად დაიფანტენით მეთქი, ვეჟო?

- კეთილ ცხოვრებას ვინ გიჟი გაექცევა, ბატონო? სახლ-კარს თავი მიანებეს და ბუნაგში დასახლდნენ. ამ ზამთარს ყველას შიმშილი და სიკვდილი მოელისთ და მაინც არ აპირებენ დაბრუნებას.

- მერე, ვისი ბრალია, ვეჟო?

უთხრას სიმართლე ღვთისავარმა? არა, ჯერ არ გაგიჟებულა. სიმართლის მდევარი ან უძლეველი ვინმე უნდა იყოს, ან არსენასავით გავარდნილი.

- რა ყმის საქმეა ბრალიანის ძებნა, შენი კვნესა მე! ხალხი კი ყველაფერს მაიორს აბრალებს - მიუგო მან და ბატონს ცალი თვალით გადაჰხედა.

- ხმა ღვთისა და ხმა ერისაო! - გაუხარდა ბატონს და თავის მართლებას შეუდგა.

რა შუაშია ზაალი! ის მუდამ ყმების მფარველი იყო, მაგრამ მაიორი ვერ დააჯერა და ავ საქმეზე ხელი ვერ ააღებინა. არსენამაც ძალიან დააშავა. ისიც იცის ზაალმა, რომ მისი სახლ-კარი არსენას არ გადაუწვავს, ამიტომ იმ ბიჭს ამიერიდან სულ აღარ ერჩის. ბატონს მისთვის ყველაფერი უპატიებია, მაგრამ მთავრობა არ აპატიებს. რაკი ღვთისავარის შვილი ზაალს აღარ ერჩის, ამიტომ არსენა აღარც მარაბდის ბატონს ესაქმება. ამ ჟამად კი ზაალს სხვა საქმე აწუხებს:

- ვეჟო, თავი-კაცი ხარ და გაქცეული ყმები უნდა დამიბრუნო.

- არ დამიჯერებენ, შენი ჭირი მე. ყველას ეშინიან. აღარ გვენდობიან. ვინ იცის ვინ ვის შეეხიზნა და ვინ სად გაიდგა ფესვები. სად ვიპოვო, სადა ვდიო?

- გიცნობ, ღვთისავარ. თუ მოინდომე, ერთიც არ დაგრჩება უპოვნელი. ნდობისას და შიშისას კი აი რას მოგახსენებ: მოდი პირობა დავდოთ და ხელწერილიც დავწეროთ.

ღვთისავარსაც ეს უნდოდა. დასხდნენ და პირობები თითებზე ჩამოთვალეს. დამწვარმა გლეხობამ უნდა სახლ - კარი აიშენოს და ამიტომ ბატონი უფასოდ მისცემს მათ ხე-ტყეს.

- თანახმა ვარ.

ხალხი წელში გაწყდა და სული უნდა მოითქვას, ამიტომ ბატონი სამი წლით გააუქმებს შემდეგს კულუხს და გამოსაღებს: სასაფლავოს, გასამყრელოს, საქვრივოს, საჩექმეს, საქორწილოს, პირისთავს, სანადიროს, საღორეს, საფუტკრეს, სანახიროს, სააღდგომოსა და საახალწლოს.

ზაალი ჩაფიქრდა. რამოდენიც ღვთისავარმა ჩამოთვალა, ბატონს იმდენი ნაოჭი დააჯდა შუბლზე და ბოლოს იფიქრა: სჯობია წვრილმანი დავუთმო და მსხვილმანი შევინარჩუნო, და თავი ჩაუქნია:

- თანახმა ვარ... ოღონდ აღდგომა დღეს თითო კომლმა თითო წითელი კვერცხი უნდა მომიტანოს, ნახევარი თითონ შეჭამოს და ნახევარი მე მომართვას.

ცალთვალამ ცალი თვალით ჩაიღიმა. ეს ადათი ადრევაც ყოფილა. ბატონი რომ თავის ყმას ზოგ რამეს აპატიებდა, გლეხი სამაგიეროდ სულ მცირე რამეს მიართმევდა იმის ნიშნად, რომ მისი ხარკი სამუდამოდ კი არ იშლებოდა, არამედ მას, საწყალ გლეხს, ბატონის წყალობა მხოლოდ დროებით ეძლეოდა.

- თანახმა გახლავარ. - მიუგო ღვთისავარმა და მსხვილმანზე გადავიდა.

ახლა კი ბატონმა და ყმამა კილოსაც აუწიეს და მადასაც. ორივენი ბეგარას და ღალას მოეჭიდნენ და ერთმანეთს გაღმა ედავებოდნენ, რათა გამოღმა შერჩენოდათ.

- სად შემიძლიან, ვეჟო? დავიღუპები! ვერ გავუძლებ! - ანჩხლობდა ბატონი.

- დაიკელი, მოითმინე და გაუძლებ. - დინჯად და მტკიცედ ურჩევდა მედროშე.

- ვერ მოვრიგდებით, ღვთისავარ! წადი, მომშორდი! - რამდენჯერმე შეუტია ზაალმა.

ღვთისავარიც რამდენჯერმე მიადგა კარებს და კარგად ყოფნა უსურვა.

- ვეჟო, სად მირბიხარ - აბრუნებდა ბატონი. - რა კირკიტა ვინმე ყოფილხარ! მოდი ერთხელაც ვცადოთ და იქნება მოვრიგდეთ.

ბატონი რომ თითო ადლს უთმობდა, ცალთვალა თითო გოჯსაც ვერ იმეტებდა. ბოლოს ყმამ მაინც მოდრიკა ბატონი და ხელზე დაიხვია.

დიდხანს აწამეს ერთმანეთიც და ქაღალდიც. ღვთისავარს ცალი თვალი სტრიქონებში ჰქონდა ჩარჭობილი და ბატონს წამდაუწუმ აწყვეტინებდა:

- არა, შენი კვნესა მე, აგრე არ შეიძლების... წაშალე... გადააკეთე... ეგ არ გვითქვამს... ხელს ვერ მოვაწერ.

- ვეჟო, ამაზე მეტი აღარ შემიძლიან!. სული ნუ ამომართვი! - ჰკვნესოდა და ჰკიოდა ზაალი. - ნუ გაგიჟდი! სად მირბიხარ! აჰა, ამასაც შენებურად დავწერ, გაგიწყრეს ჩემი გამჩენი!

და მართლა ისე დაწერა, როგორც ყმამ უკარნახა. ბატონმა დანარჩენი სამჯერ გადაწერა, ბეჭედი დაჰკრა, ხელი მოაწერა და ამოიხვნეშა:

- უუჰ, დაგტანჯოს ჩემმა გამჩენმა, როგორც შენ დამტანჯე! კაცი კი არა, რკინა ყოფილხარ, რკინა!

ახლა ღვთისავარი საგზალს მიიღებს, ყველა გაქცეულს დაუვლის. დააბრუნებს და ამ პირობაზე ყველა თავ-კაცსაც მოაწერინებს ხელს.

- ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, ბატონო.

- ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ღვთისავარ. შენი იმედით ვარ და ვინძლო არ მომატყუო.

როცა მედროშემ კარი გაიხურა, ბატონმა პირსახე მოიღუშა, ხელები გაასავსავა და ბრაზით წამოიძახა:

- დასწყევლოს ღმერთმა! თუ ეს პირობა მართლა შევასრულე, სულ გავჩანაგდები. სად გაგონილა ასეთი ამბავი ვეჟო!

ღვთისავარმა კი იმავე დღეს ახალდაბისკენ გაუტია.

* * *

ერთხელ არსენა ბაზარში გავიდა. ოსტაპი და დალი ჰასანიც გაჰყვნენ. იქვე პატარა ფორზე საქართველოდან მორეკილ ქართველებს, ბერძნებს, ოსებს და სომხებს ჰყიდდნენ. მათ რომ ოძელაშვილის თუშური ქუდი დაინახეს, გარს შემოეხვივნენ და ატირდნენ:

- ძმაო, გვიშველე... ჩვენი თავი იყიდე და თუ გინდა მონად დაგიდგებით.

ტყვეებს ძონძები ეცვათ და მრავალგან უჩანდათ შიშველი, რომელიც ჭუჭყით და წყლულით ჰქონდათ შეჭმული. შიმშილისაგან, სიარულისაგან და ცემისაგან ძლივსღა იდგნენ ფეხზე, ხოლო ზოგიერთი პირქვე ან გულაღმა ეგდო და ადგომის თავიც აღარ ჰქონდა.

ოძელაშვილი აიმღვრა, თან თავის-თავიც იმ ტყვეებთან ერთად გაყიდული მოელანდა. მას ხშირად ეკითხებოდნენ, უშველი თუ არა ომის დროს ახალციხელებსო. არსენა ყოყმანობდა, ახლა კი უცებ გაენასკვა აზრი: კრაზანას ბუდე უნდა დაინგრეს და ამ საქმეში პასკევიჩს მეც ერთ ლოდს მივაშველობო. მას მწვავე წყურვილი მოედო ეს უბედურები გამოესყიდა და ისევ შინ დაებრუნებინა, მაგრამ ჯიბე თხლად ჰქონდა და, რაც ჰქონდა, იმ ორი ბავშვის დასახსნელადაც ძლივს ეყოფოდა, რომელნიც მუხლებზე ეხვეოდნენ მას, ხელებს უკოცნიდნენ, კალთებს აგლეჯდნენ და ეაჯებოდნენ:

- ძია, გვიშველე! დაგვიხსენი!

გულაჩვილებული ოძელაშვილი თვითონაც ეხვეოდა ტყვეებს, ამშვიდებდა და კინაღამ თვითონაც სტიროდა იმის გამო, რომ ძალა არ შესწეედა დაეხსნა ეს განწირულები, რომელნიც დასაკლავ საქონელს ჰგვანდნენ და სალახის მოსვლასღა ელოდნენ.

- ძია, გვიშველე... პატარები ვართ და ჩვენი მადლი სიკვდილამდე გეყოფა.

ვაჟი თოთხმეტი წლის იქნებოდა, ქალი კი - თორმეტისა. არსენამ ორივე დაჰკოცნა და ჰკითხა:

- ვისი ხარ, ბალღო?

- მე ქიზიყელი ვარ, ძია, ფარსადან მირზაშვილის შვილი გახლავარ, ეს ქალი კი ჩემი დაა. - მიუგო ყრმამ.

- ფარსადანისა? - გაოცდა ოძელაშვილი. - ჩემი ნათლიმამისა? მაშ ჩემი ნათლულები ყოფილხართ?! დიდება შენდა, უფალო! აქ როგორ გაჩნდით, თქვე უბედურებო? შვიდი წელია რაც აღარ მინახივხართ და მიტომ ვეღარ გიცანით.

ბალღმა სხაპუნით უამბო როგორ მოიტაცეს ისინი ლეკებმა, როგორ გაჰყიდეს ნუხაში, ხოლო იქაურმა თათრებმა როგორ გადმოიყვანეს ახალციხეში.

მარაბდელმა ბავშვები დაამშვიდა, მათი დახსნა გადასჭრა და ტყვეების პატრონ ოსმალოსკენ გაემართა, რომელიც მოშორებით იდგა და ამ სურათს თვალს არ აშორებდა. ოძელაშვილმა იქვე მოშორებით ოთხს გულაღმა მწოლარე ტყვეს შემოუარა და გაკვრით დაჰხედა. დაჰხედა და ხელნაკრავივით შედგა. შედგა, თვალები მოიფშვნიტა, დაფეთებული ხმით შესძახა და ისინიც დააფეთა:

- ძმებო, მართლა თქვენა ხართ თუ მელანდება?

ერეკლე, ზურა, კარპიჩა და სიმონა ისე წამოცვივდნენ ზეზე, თითქო მდუღარე წყალი გადაასხესო. წამოცვივდნენ და სასიხარულო ბღავილი ამოუშვეს:

- ძმაო არსენ! ჩვენა ვართ, ჩვენა! ოსტაპ! ჰასან! გვიშველეთ! გვიხსენით!

და რადგან ნამეტან დაოსებულნი იყვნენ, ამიტომ მოულოდნელ მეხის ძალას ვერ გაუძლეს, ფარსადანის ბალღებივით ატირდნენ და ჩაიკეცნენ.

- სთქვით. მიამბეთ, რა მოხდა? - მიაყარა არსენამ.

ნაპოვნი ძმადნაფიცები მეტისმეტად იყვნენ აღელვებული და გაუგებარს რამეს ლუღლუღებდნენ. ტყვეების პატრონი გახარებული იყო და იფიქრა, ესენი ნათესავები ყოფილან და ერთი-ორად მომცემენო.

- სთქვი, თათარო, რამდენს აფასებ? - და სამმაგი ფასი რომ უთხრეს, უხეშად მიახალა: - შენა ხარ გიჟი თუ მე გგონივარ?

- რას მიჰქარავ? - შეუტია დალი ჰასანმაც. - საცაა ომი დაიწყება და ან ჩვენ დავატყვევებთ ბასკუვიჩის ლაშქარს, ან ისინი წაგვიყვანენ და ტყვე ჩალასავით გაიაფდება.

ჩარჩმა არ დაუჯერა და დადებულ ფასს ფეხი დააჭირა. არსენამ იმდენი შეაძლია, რამდენიც ჰქონდა, მაგრამ თათარმა გაიცინა და უთხრა:

- სადით, ზმაო, სადით.

ვიღაც ურიამ არსენა განზე გაიწვია და რაღაც ჩასჩურჩულა. მარაბდელმაც რაღაც ჩასჩურჩულა კარპიჩას და იმ ურიას გაჰყვა, თან ოსტაპი და დალი ჰასანიც გაიყოლა. ყველანი ერთ დუქანში შევიდნენ და თამარაშვილს წააწყდნენ.

- მე იმიტომ დაგიბარეთ - უთხრა ექიმმა არსენას, - რომ ტყვეების ვაჭრობა თქვენი საქმე არ ყოფილა და მე უნდა მომანდოთ. მეც იქვე ვტრიალებდი და ყველაფერი გავიგე.

თამარაშვილები ამ საქმეში გამოცდილები იყვნენ. ტყვეთათვის ფულის შესაგროვებლად შინ ცალკე კოჭობი - ჰქონდათ, ხოლო პატრი მიხეილი წირვის დროს ყულაბით აგროვებდა და დროგამოშვებით ორიოდე ტყვეს ყიდულობდნენ და ანთავისუფლებდნენ, ან რომის ეკლესიას სწირავდნენ: კათოლიკურ წესზე ნათლავდნენ და იქვე სტოვებდნენ, ზოგჯერ კი მისიონერად სწვრთნიდნენ და პაპის მრევლის მოსამრავლებლად საქართველოში ჰგზავნიდნენ.

ექიმმა თამარაშვილმა დასაზვერავად ურია გაჰგზავნა და, ნამდვილი ფასი რომ გაიგო, თვითონაც გავიდა და ერთი საათის შემდეგ ოთხივე ნატყვევარი და ფარსადანის შვილებიც შემოიყვანა. ძმადნაფიცები ერთხელ კიდევ გადაეხვივნენ ერთმანეთს და იმ უბნიდან თითქმის სირბილით წამოვიდნენ.

- სიმონ, შე ყურუმსაღო, ჩემი დღენი შენს დევნა-განთავისუფლებაში უნდა დავაღამო?! - გაიცინა არსენამ. - ბედოვლათი ყოფილხარ და სადმე სტამბოლში მოკვდები. - და უცებ გაახსენდა: - მართლა, ძალო მაგდანა ნელნელა უნდა შევამზადოთ, თორემ ზურას უცაბედ დანახვაზე ემანდ არა დაემართოსრა. დალი ჰასან, გაიქე და მოამზადე.

დალი ჰასანი წინ გაიქცა, სხვებმა კი ნაბიჯს მოუკლეს. ეკლესიას რომ მიუახლოვდნენ, არსენას ბინიდან თმაგაწეწილი შავი ალქაჯი გამოვარდა და მისმა კივილმა მთელი უბანი შესძრა:

- ზურა! შვილო, ზურაა!

შავ ალქაჯს ქერა ლანდალი მოჰყვა:

- ერეკლე! ზურა!

მარინე ფეხმძიმედ იყო და ეზოს არ გამოსცილებია.

შავი ქვრივი თითქმის ხელით შეიტანეს შინ, ფიქრია კი ღიმილით მოსდევდა ერეკლეს და დედ-მამის ამბავს ეკითხებოდა.

ნახევარი საათის შემდეგ, როცა მაგდანა გონს მოვიდა, არსენამ ყველანი შემოისხა ირგვლივ და სთქვა:

- აბა, ერეკლე, ყველაფერი რიგზე გვიამბე.

და როცა ყველაფერი მოისმინა, იყუჩა და სთქვა:

- ამას იქით სუმბათაშვილს ლაცაბიძე მოელაპარაკება.

და ყველანი მიხვდნენ, რომ სევასტი შუამავლად მხოლოდ ხანჯალს ირჩევდა.

რამდენიმე დღის შემდეგ სადილის დროს ოთახში ღვთისავარის ცალმა თვალმა შემოიხედა და, სუმბათაშვილის ტყვეები რომ დაინახა, იმ თვალში სასიხარულო ჭავლი აუციმციმდა. მედროშემ თამამად გადმოალაჯა დირეს და ღიმილით შესძახა:

- გამარჯვება, შვილებო!

ყველანი წამოიშალნენ, სიხარულით მიეგებნენ და სუფრაზე თავი-ალაგი დაუთმეს. ღვთისავარი ჩამოჯდა, ის თვალი თავის ნათლულებს მიაბჯინა და გაოცებით შესძახა:

- რა ვქნა, ეს ჩვენი ნათლულებია, თუ, მელანდება? აბა, ბალღებო, აქ მოდით.

ბავშვები დაჰკოცნა, მათი ამბავი მოისმინა და განაცხადა, ამ საქმეში წმინდა გიორგის ხელი ურევიაო, და აქვე აღთქმა დასდო, რომ ათ გიორგობისთვეს წმინდა გიორგის (“შეგეწიოთ მისი მადლი!”) ორი წლის კურატს დაუკლავდა.

იმ დღეს ექვსი ხელადა დასცალეს, ურთიერთს თავიანთი თავგადასავალი უამბეს და მომავალიც ასწონ-გაზომეს. არც ერთ ძმადნაფიცს არა ჰსურდა დედინაცვალ სამშობლოში დაბრუნებულიყო. მესხეთი გაუტკბათ. აქ თავისუფლად და შვებით სცხოვრობდნენ. ზამთარს ახალციხეში გაატარებენ და გაზაფხულზე ისევ თრიალეთში დაბრუნდებიან, რათა დაწყებული საქმე გამარჯვებით დაამთავრონ.

ღვთისავარის მიერ მოტანილი ფული ნამდვილი მისწრება იყო. არსენამ თამარაანთ ვალი გადაიხადა და ნაშთი შავი დღისთვის შეინახა.

ცალთვალამ ახალციხეში სამ დღეს დაჰყო და უკანვე გამობრუნდა, თანაც არსენას ნათლულები წამოიყვანა, რათა შემდეგ შირაქში ჩაეყვანა და ფარსადანისათვის ჩაებარებინა.

* * *

როსტომი მალე განიკურნა, სულხანი კი იგვიანებდა. მისმა ჭრილობამ ავზნეობა გამოიჩინა და მას დოსტაქარის ნესტარი დასჭირდა. ყველანი შეშინდნენ, ქალები მკითხავთან გაიქცნენ. მან უპასუხა, ზარზმის ხატი გიწყრებათ, რადგან ამდენი ხანია აქა ხართ, აქამდე სალოცავად არ ასულხართ და უნდა საღვთო შესწიროთო. არსენამ ერთი ერკემალი იყიდა და შესწირა. ხატმა ავადმყოფს არა უშველარა. ბოლოს ექიმმა ჰკითხა სულხანს:

- იარა უნდა გაგიჭრა და რას იტყვი?

- შენი საქმეა და ჩემზე უკეთ გეცოდინება. - მიუგო სულხანმა.

- ძალიან კი გეტკინება და უნდა მოითმინო. - გააფრთხილა ექიმმა.

- ჩემისთანა კაცისთვის ღმერთს მოთმინების მეტი რა მოუცია! - მიუგო ავადმყოფმა და ფიქრიას გადაჰხედა.

- მაშ მოემზადე. - სთქვა ექიმმა და ხელსაწყოს მოსატანად წავიდა.

სულხანი მუდამ მზად იყო. მხოლოდ თავის გრძელი ჩიბუხი მოითხოვა და არც კი მოუკიდა. ფიქრია და მაგდანა წყალს და არტაშანებს ამზადებდნენ.

- შენც აქ იქნები? - ჰკითხა ფიქრიას სულხანმა.

- აქ ვიქნები. - მიუგო მან და დათუნა გაახსენდა, რომელმაც ერთ დროს არ მოისურვა ფიქრიასთვის ნაცემი ალაგი ეჩვენებინა.

სულხანი თავსა და კოჭის ძირში იყო დაჭრილი და ქალისა არა სცხვენოდა. არც ფიქრია იყო მორცხვი ან მშიშარა. კნეინა ხორეშანმა სისხლს და იარას შეაჩვია, მაგრამ ახლა გაუგებარი მიზეზის გამო ფერწასული იყო და ხელებიც უთრთოდა. და როცა სულხანის სისხლი დაინახა და მისი ჩუმი კვნესაც გაიგო, მას ზამბახის ფერი დაედო და კინაღამ გულიც წაუვიდა.

- გარეთ გადი. - უთხრა ექიმმა სუსტ თანაშემწეს და ფიქრიაც ბარბაცით გავიდა.

ექიმი სჭრიდა, ჰფხეკავდა, ჰბანდა და ჰკერავდა. ფერმიხდილი სულხანი კი ჩიბუხის ტარს ჰღრღნიდა, მხოლოდ ჩუმი ხმით ჰკვნესოდა, ოხრავდა და ოხვრა-კვნესაც კი სამარცხვინოდ მიაჩნდა. როცა მაიორი ცხრა მარაბდელს სჯოხავდა, სულხანიც მწყობრში იდგა და დაინახა, რომ ღვთისავარმა კბილით დაღრღნა სახრე და არ დაიყვირა. შესაძლებელია როზგი ნესტარზე უფრო მწვავეც იყო. იგი ხუთიოდე წუთს გაგრძელდა, ექიმი კი აგერ ერთი საათია რაც ავადმყოფობით მისუსტებულ კახელს აწამებდა და ერთხელაც ვერ დააყვირა.

სულხანი სიმტკიცით ცალთვალას შეეჯიბრა და არ ჩაიჭრა.

გაოცებულმა თამარაშვილმა ჭრა-კერვა დაასრულა და მერეღა ჰკითხა შესუდრულ კახელს, რომელსაც პირი თამბაქოს ნიკოტინით შეეთხუპნა:

- შენი ჭირიმე, გამაგებინე, ქვა ხარ თუ ადამიანი?

- დღეს ყველა ადამიანი უნდა გაქვავდეს, თორემ ამ ცხოვრებას როგორ გაუძლებს! - მიუგო კახელმა და ისევ ფიქრიას შეჰხედა, რომელსაც ახლაღა გაებედნა შემოსვლა.

ამის შემდეგ სულხანი სწრაფად ივსებოდა სისხლით და ნიშატით, და როცა არსენას ოჯახს ოთხი ძმადნაფიციც დაუბრუნდა, ქვადქცეული კახელიც მათ ყავარჯენით და ნელი ღიმილით დაუხვდა.

- ისევ ცოცხლები ხართ? - დინჯადვე ჰკითხა როსტომმაც და არსენას ჰკითხა: - ეს ბიჭები სად იპოვე?

ნაპოვნი ძმები კი ვერა სცხრებოდნენ და დიდხანს იმუქრებოდნენ.

- პუგაჩოვი უნდა მეთქი სუმბათოვს, პუგაჩოვი! - გაჰკიოდა კარპიჩა და ცალად შერჩენილ ხელს ქვიშხეთისკენ აზანზარებდა.

- დედას ვუტირებ, დედასა! - ჰბურტყუნებდა სიმონაც და ორივენი ქვიშხეთისკენ იწევდნენ.

- იყუჩეთ, კმარა! - უთხრა ერთხელ არსენამ. - ჯერჯერობით იმან გიტირათ დედა და ორივეს კრაზანას ბუდეში გიკრათ თავი. ან შენ, ორჯელ გაყიდულს, რაღა ვაჟკაცობა დაგეჯერება! ჯობს ქვიშხეთელი ბატონი ისევ შავწვერას დაანებოთ. ის მოურიგდება.

ნაცემი ნატყვევარებიც ისვენებდნენ და იარებს იშუშებდნენ. როცა მომჯობინდნენ და უსაქმურობით გასივდნენ, ერთ დღეს არსენამ დაუძახა:

- ზანტობა გვეყო! დროა საქმეს შევუდგეთ!

და მეორე დღიდანვე შეუდგნენ.

თამარაშვილებს ორი დიდი ბაღი ჰქონდათ, არსენამ ერთი მათგანი გამოართვა, დაიმკლავა, ძმებსაც დაამკლავებინა და ეს გუნდი იმ ბაღს ბუღებივით დაატაკა. ყველა მოწყურებული იყო შრომას და კიდევაც უკვირდათ, რომ აქამდე გაუძლეს უქმობას და ობი არ მოიკიდეს. ქალაქიდან ყველაზე ადრე არსენას მშრომელი რაზმი გადიოდა და სხვებზე გვიან ბრუნდებოდა. ფიქრია სამხარს უზიდავდა და არა სჯეროდა, რომ იმოდენა ალაგი ექვსი კაცის მიერ იყო დაბარული, გასხლული და მოღობილი.

- ძმებო, ნუ მატყუებთ. ალბათ ღამღამობით თორმეტ კაცს კიდევ ამუშავებთ და გვიმალავთ. - ეუბნებოდა ტყის ძმებს მათი დობილი და სანოვაგეს დღითი დღე უმატებდა, რადგან მუშებს შრომის წყურვილიც და ჭამის მადაც უფუვდებოდათ.

ექვს მუშას მალე როსტომიც მიემატა და ერთხელ ფიქრიას სულხანიც გაჰყვა ბაღში. კახელი ჯერჯერობით მძიმე საქმეს ვერ იტანდა, მაგრამ გამოცდილი მებაღე იყო და გუნდს ზედამდეგად და მასწავლებლად დაუდგა.

- ეს ალაგი ღრმად დამიბარეთ... იქ კვალი გაავლე... ამ ვაზებს ნეკი ოთხ კვირტზე დააჭერი... ეს ატმის ხე სამ კვირტზე გასხალი... იქ მოთოხნე... აქ გააფხვიერე... შენ სარი გამიჩეკე... შენ ჯაგი მიაწოდე. - არიგებდა მარცხნივ და მარჯვნივ სულხანი და თვითონაც ცოდვილობდა.

ცოდვილობდა, მაგრამ ფიქრი მუდამ სხვაგან სადმე ჰქონდა. ზოგჯერ სხვისი ნათქვამი სულაც არ ესმოდა, ზოგჯერ არეულ პასუხს აძლევდა, ხან გახევდებოდა და, გარინდულ-გაყუჩებული, მიწას ჩასცქეროდა, ან მიწაზე გაწვებოდა და ცას აშტერდებოდა. რამდენჯერმე უდროოდ წამოვიდა შინისკენ და შუა გზიდან უკანვე გაბრუნდა.

- ავად ხომ არა ხარ, სულხან? - ეკითხებოდნენ მეგობრები, მაგრამ სულხანი უარჰყოფდა. ვერც ექიმი ჰპოულობდა მიზეზს.

მებაღეთუხუცესმა კარგა ხანია ორივე ყავარჯენიც გადააგდო და მუშაობაშიც აღარავის არ უვარდებოდა, მაგრამ დუმილსა და გაღმა-ფრენას მაინც ვერ გადაეჩვია.

- კაცო, აგარ იტკვი არ დაგემართა? - ჩააცივდა ერთხელ კარპიჩა.

კახელმა არა უპასუხარა, ზოგმა კი გაიღიმა და გაიფიქრა: “ბრმა ყოფილხარ, რუსო, გულის-ყური გკლებია”.

არსენა დროგამოშვებით რამდენიმე დღით იკარგებოდა, მახლობელ სოფლებში დადიოდა, გადმოხვეწილ ქართველებს აჯგუფებდა, გუნდებად ჰკრავდა, ესარჩლებოდა, და მომავლისთვის ამზადებდა, ზოგჯერ კი როსტომსაც ჰგზავნიდა და გაფანტულ ძაფებს თავის ხელში აგროვებდა. ლტოლვილები ხანგამოშვებით თვითონვე ჩამოდიოდნენ ბაღში და ხანგრძლივი ბაასის შემდეგ იმედით სავსე გული და ბრძოლის წყურვილით აფორიაქებული სული მიჰქონდათ.

პატრი თამარაშვილი ამღვრეული იყო და მისი ძმაც აიმრიზა: მათ ახლაღა გაიგეს, რომ თავიანთ სახლში ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმარი შეუშვეს. მარინემ ცოტაოდენიც კი იტირა, მაგდანამ კი არსენას შეუტია.

- ხომ არ გაგიჟდი! უკანონო შვილი უნდა გააჩინო?

- ვაი დედასა! - ჩაიბუზღუნა სულხანმაც. - არსენას შვილმა ოძელაანთ გვარი ვერ უნდა დაირქვას?

- ძმაო არსენ, მოდი ერთი ქორწილი გვაჭამე - მიესივნენ ძმადნაფიცებიც. - ყელი გაგვიშრა... ჟანგი მოგვედო... პირში ხავსი მოგვეკიდა.

- მეც იმიტომ დავაგვიანე ქორწილი, - დაამშვიდა არსენამ, - რომ საქორწილო ხარჯს ვერ გავუძლებ. ფული გამოგველია.

- ფული? მეტი არაფერი? - მიაძახეს აქეთ-იქიდან და ზოგი ჯიბეს ეცა, ზოგმა კალთიდან ამოიღო ოქრო, ზოგმა წინდიდან ამოაძვრინა ვერცხლი და ზოგმაც ბეჭედი წაიძრო. მაგდანამ ოქროს ქინძისთავი გამოიღო, მარინემ საყურეები მოიხსნა და ზურამაც კი მოიგლიჯა ვერცხლის აბზინდა. მხოლოდ კარპიჩას არ აღმოაჩნდა არაფერი - არც ვერცხლის მარცვალი და არც ბისტის ოდენა რკინა. რუსი რაღაცას ყოყმანობდა. მერმე გარეთ გავარდა და ოქრო-ვერცხლით შეჭედილი დამბაჩა შემოიტანა.

- ესეც ჩემი ცილი იკოს. - სთქვა და დამბაჩა არიფანას მიუმატა.

- კარპიჩავ, სად იშოვე ეგ დამბაჩა? - სუსხიანად ჰკითხა არსენამ.

- სუმბათოვისთვინ ვიშოვე, - წაილუღლუღა რუსმა და გაწითლდა.

- სად იშოვე მეთქი? - ხელახლა ჰკითხა ოძელაშვილმა.

- კაცო, შენ ხილი ჩამე, მებაგეს რად კითხულობ? - გაურბოდა პასუხს კოჭლი ძმა.

არსენა ჩააცივდა და პასუხი მარწუხით ამოართვა: ეს დამბაჩა კარპიჩამ ერთ თათარ მედუქნეს მოჰპარა, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ თავის სიმდიდრე მოემრავლებინა, არამედ -

- გაიგეთ, კაცო, გაიგეთ მეთქი, სუმბათოვის მოსაკლავად მოვიპარე.

- როცა დაგჭირდება, მე გიშოვი ახალს, ეგ კი ახლავე დაუბრუნე პატრონს. - უთხრა არსენამ და თამარაანთ სანახავად გავიდა.

კარპიჩა ბუზღუნით წავიდა. არსენა მალე დაბრუნდა, ყველას უკანვე დაუბრუნა შემოწირულება და განაცხადა, რომ ფული თამარაშვილებისგან ისესხა და ერთ კვირაში ქორწილსაც გადავიხდიო. ყველას ახლავე მოუვიდა საქორწილო მადა. კარპიჩა მხიარული დაბრუნდა, რადგან უბე-კალთებში ერთი კვირის საკმარისი მზეუმჭვრიტე ეყარა, რომელიც რაღაც მანქანებით ეშოვნა. ჯიბეშიც ათიოდე სპილენძის ფულს აჩხაკუნებდა, რომელიც დამბაჩის გაოცებულ პატრონს ეჩუქებინა.

რადგან ოსმალებს ქართულ ეკლესია-მონასტრებით სავსე მესხეთში არც ერთი მართლმადიდებელი მღვდელი აღარ დაეტოვებინათ, ამიტომ არსენამ ჯვარი კათოლიკეთა ეკლესიაში დაიწერა და საქორწილო ნადიმი სამ დღე-ღამეს გააგრძელა. ძმადნაფიცებმა ხავსი და ჟანგი ჩაირეცხეს და გაუთავებელი სიმღერის გამო ხმებიც თან გააყოლეს. მარაბდელმა არავის არ აწყენინა და ყველანი მეჯვარეებად გაიხადა, გარდა როსტომისა და ერეკლესი, რომელნიც მისი ნათესავები იყვნენ, სულხანმა კი დანათესავებაზე უარი განაცხადა.

- კაცო, - ვერ გაიგო მიზეზი კარპიჩამ, - კაცო, არსენას ნათესაობა არ გინდა?

ალანძული ფიქრია გარეთ გავარდა, სხვებმა კი გაიცინეს და ძლივს მიახვედრეს კოჭლი, რომ სულხანს ჰსურდა სხვა მხრივ დანათესავებოდა ოძელაშვილს.

ზამთარი მოვიდა და ბაღ-ვენახებში მუშაობა შესწყდა. მაგრამ მარაბდელმა გუნდს ახალი საქმე გაუჩინა. ახალციხის ფაშა “ბასკუვიჩს” ელოდებოდა და დილით-დილამდე ციხის გამაგრებას უნდებოდა, მუშა და ხელოსანი ათასობით სჭირდებოდა და ქრისტიანები ძალითაც კი გაჰყავდა, ამიტომ არსენას გუნდმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და სამუშაოდ გავიდა. მხოლოდ როსტომმა იკითხა:

- ურჯულოს უნდა ვუშველოთ?

- კაცო, რა დროს რჯულიანი და ურჯულოა! - წამოიძახა კოჭლმა. - განა აქაური პაშა მაიორს არა სჯობია? მე რომ მკითხოთ, ისევ სულთანი და თეთრი ხემციპე უნდა დავჩიდოთ.

- სულ ერთია, თუ არ წავალთ, წაგვიყვანენ. - სთქვა არსენამ და გაუძღვა.

ოღონდაც რომ სულ ერთია! რუსი თათარს ეომება და რა ენაღვლებათ არსენებს! სადღაც შორს, მათი ტვინის სიღრმეში, აზრი რამ ფუჩუნებდა: მაინც ვისი გამარჯვება ურჩევნიათ, რუსისა თუ თათრისა? მაგრამ ჯერ ომიც არ დაწყებულიყო და ამიტომ ამ კითხვას პასუხსაც არ აძლევდნენ.

რადგან კარპიჩა კოჭლი და ცალხელა იყო და ყველას ხელს უშლიდა, ამიტომ ორ დღეს ამუშავეს და მესამეზე გამოაგდეს. ჩაუშმა74 კიდევაც დააპატიმრა და ფაშასთან უპირებდა წაყვანას, რადგან რუსია და “ბასკუვიჩის” ჯაშუში იქნებაო. შეშინებული რუსი ერთმა ოქრომ გამოჰგლიჯა ჩაუშს. მას აქეთ კარპიჩა და ოსტაპიც თავიანთ გვარ-ტომობას მალავდნენ და ქართველებზე უფრო მეტად ქართველობდნენ.

პატრ მიხეილს ეგონა, რადგან არსენამ ჯვარი ჩემს ეკლესიაში დაიწერა, იქნება ჩვენებურათაც მოინათლოს, თავის და-ძმებიც გადმოიბიროს და რომის პაპს ათიოდე კრავი მიემატოსო. ჯერ ქალების შემზადებას შეუდგა და მერე არსენასაც მიადგა. ოძელაშვილმა მოსასმენი მოისმინა და ჰკითხა:

- მამაო, თქვენი რჯული ბატონზე და ხელმწიფეზე რას ამბობს?

- მიეცი კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსაო. - მიუგო პატრმა.

- გიშველათ ღმერთმა! ეგ ხომ მეც ვიცოდი. ბატონ-ყმობაზე რაღა სწერია?

- რაც წეღან გითხარი: ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.

- მე აქაც ვერ დამიმკვიდრებია ერთი ადლი სასაფლაო ალაგი და ზევით ვინ რას მომცემს, მამაო! - ოდნავ აუწია ხმას მარაბდელმა და შემდეგ ისევ დაუწია: - ღმერთმაც იცის და კაცმაც, რომ არსენა ოძელაშვილი ბატონ-ყმობას ეომება და, სანამ ზედ არ შეასკდება, ომზე ხელს ვერ აიღებს.

- უნდა აიღო, შვილო, თორემ არა ცხონდები.

- მამაო, მე მინდა ჯერ აქა ვცხონდე და მერმე მაღლა ზეცაში.

- იფიქრე, შვილო, მარტო სულის ცხონებაზე იფიქრე და მოვრიგდებით.

ვერ მორიგდნენ.

ერთხელ არსენა ანტონ თამარაშვილს მიუჯდა და ჩუმად ჰკითხა:

- ფრანგების ხელმწიფეს ნაპალავანს ერთი მეგობარი ჰყავდა. როსტომი ერქვა. ხომ არ გაგიგიათ?

- როგორ არა, ისიც ვიცი, რომ ტომით ქართველია და ახლა ანგლიაში ცხოვრობს.

- მართლა? - გაეხარდა მარაბდელს. - ჩემი დეიდაშვილია.

- მართლა? - გაუკვირდა ექიმსაც. - დიდებულ ნათესავი გყოლია. ამბობენ, ბალღობაში ლეკებმა მოიტაცეს, ახალციხეში ამოიყვანეს და ოსმალებს მიჰყიდესო.

- ვიცი. - სთქვა არსენამ. - ბიძა-ჩემი და როსტომი ერთად მოიტაცეს ბირთვისის ციხიდან. ის ბიძა დამეკარგა, როსტომმა კი გზა გაიკვლია და დიდ კაცად გადაიქცა. ჩემმა მეგობარმა დათუნამ გამოიძია და მიამბო: თურმე როსტომი მამელუკად ჩარიცხეს. იმ დროს მისრითში ქართველი ფაშა მჯდარა და როსტომი თავის მხლებლად აუყვანია. მერმე იმ ფაშას ნაპალავანისთვის საჩუქრად არაბული ცხენები გაუგზავნია და როსტომისთვინ გაუტანებია. ნაპალავანს კი ი ბიჭი ისე მოსწონებია, რომ აღარ გამოუშვია, მხლებლად აუყვანია და ძალიან დიდი ნდობა მიუცია. თურმე ნიადაგ იმ მეფის ოთახის დირეზე ეძინა. საჭმელსაც ჯერ თვითონ იგემებდა და მერმე ნაპალავანს მიართმევდა. შემდეგ ნაპალავანს ფეხი წაუსხლტა და გაფუჭდა, როსტომი კი გადარჩენილა და ახლა დიდ კაცად ითვლებაო75.

- ძალა აღარა აქვს, მაგრამ ძალიან მდიდარია და ისევ დიდკაცებში ურევია. ასე გამიგონია. - უთხრა ექიმმა.

- მეც მაგრე გამიგონია. ახლა მითხარი, ერთი წერილი რომ მივწერო, მიუვა თუ არა? - ჰკითხა მარაბდელმა.

ანტონმა მოიფიქრა და უთხრა:

- კათოლიკეთა წმინდა ეკლესიას ყველგან უთვალავი მრევლი ჰყავს. ახლა როსტომი ანუ რუსტამი ლონდონში სცხოვრობს და ჩვენი იქაური მამები სულ ადვილად იპოვიან მას. დასწერე და მომეცი.

არსენა ისე იყო გახარებული, თითქო დაკარგული დეიდაშვილი ხვალ ან ზეგ უნდა ენახა, და ყველანი რომ დაწვნენ, დაჯდა და დასწერა:

- ჩემგან უნახაო, ჩვენთვინ დაკარგულო და ყველასთვინ ძვირფასო ძმაო როსტომ.

ამ წერილს შენი დეიდაშვილი არსენა ოძელაშვილი გწერს.

შენ რომ ბირთვისიდან მოგიტაცეს, მე დაბადებულიც არ ვიყავი და ამიტომ ერთმანეთი არ გვეხსომება. შენს გარდა მაშინ ბევრი სხვაც გაიტაცეს და ჩემი ბიძაც მოჰყვა. მას აქეთ ვეძებთ და ვერ გვიპოვნია. თუ ის უბედური გაგახსენდეს და ცოცხალი ან მკვდარი იყოს, ვინძლო ხმა მოგვაწოდო.

ახლა შენზედაც მოგახსენებ. შენი სახელი მთელ დუნიას მოსდებია. ისეთი გმირობა გამოგიჩენია, რომ რაც ჩემი თავი მახსომს, ჩვენებურები სულ შენზე ლაპარაკობენ. რაკი ნაპალავანმა მიგიკარა და გენდო, სჩანს ვაჟკაციც ყოფილხარ.

მერმე: როცა შენი ბატონი წაუხდენიათ, თურმე შენც გაფუჭებულხარ. ჩვენი მტრები ჭორაობენ, მითომ როსტომი ნაპალავანს გადაუდგაო. ლხინში იმასთან ყოფილხარ და ჭირში კი ვერ გაგიტანია. შენს ნათესავებს და აქაურ გლეხებს ეს ამბავი არა გვჯერა და ვინძლო ნირი შეგვანახვინო და მართალი მოგვწერო.

- მერე და - შე კაი კაცო, ბედი რომ გეწვია, განა მაგრე უნდა გამედიდურდე. შენც მარაბდელი ხარ და ერთ დროს ჩვენი ბიჭებივით უნიფხოდ დარბოდი. ვინ იცის პაპა-ჩემის ოჯახში რამდენჯერ გიჭამია პური და ჩემს დიდედასაც რამდენჯერ ურწევიხარ და მიუტყეპიხარ. ისიც უთქომთ, მოთარეშეს მდევარი დავადევნეთ, მაგრამ ხუთი კაცი მოგვიკლეს და ი ბალღები მაინც ვერ დავაყრეინეთო. შენი ბიძა ოთარიც მაშინ მოუკლამთ. მას აქეთ მისი წვრილშვილი ნიადაგ მშიერია და მუდამ შენი დაბრუნების მოლოდინი აქვთ. დედაშენი ხომ სულ გაუბედურდა. დაბრმავდა, დაყრუვდა და კარიკარ დაეხეტება. ხან ჩვენ ვაძლევთ ლუკმასა და ხან ვინა. საწყალს სიზმარშიაც და ცხადლივაც სულ შენ ელანდები, ნიადაგ შენი სახელი აკერია პირზე და გზაზე ცქერით გული მიელია და თვალებიც ამიტომ ჩაექცა. ჰო და, თუ სხვებზე გული აიყარე, მშობელი დედა როგორღა დაივიწყე? შენზე ამბობენ, ოც მარაბდას იყიდისო. მჯერა, მაგრამ მიკვირს, ერთი დედაბერი მაინც რატომ არ შეინახე.

ახლა: გამიგონია, ფრანციის შფოთში, როსტომსაც წილი უდევსო. მანდაური ბატონები მოგისპიათ და საწყალ გლეხობისთვინ მიწა და შვება მიგიციათ. აქაური ბატონები ჭორიკნობენ, მანდ ისევ ძველი წეს-ადათი დაბრუნდაო, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რადგან ლომს უფრო ადვილად გააგდებინებ ბატკანს, ვინემ გლეხს მიწას.

ახლა: ერთი ნაპალავანი ჩვენც გვინდა და ვერ გვიშოვნია. მოდი და შენ ინაპალავნე. ნასწავლი კაცი ხარ, სახელიც დიდი გაქვს, კლავიც გერჩის და გამოდგები. ხალხიც მზად არის და ჩრდილივით გამოგყვება. ჩვენმა ბატონებმა და რუს-ხელმწიფემ ისე შეგვაწუხეს რომ დათვის ბუნაგიც კი მოგვანატრეს. გლეხებს ერთი პირი გვაქვს, ხანჯლებიც დაგვილესია, თოფის წამალიც მშრალია და მარტო შენისთანა ბელადიღა გვაკლია. საცაა რუსი და ოსმალო წაიჩხუბებიან და ძალიან ხელსაყრელი დროება გვიდგება. მეც ოციოდე ლომი მყავს და ერთი რომ დავაძახო, ათასი კიდევ გამოჩნდება. ოცივე გადავარდნილი ვართ. კარგა ვიომეთ, კიდევაც ვაჯობეთ, მაგრამ მერმე თავი მოვარიდეთ და ახლა ზოგი ტაში-კარშია და ზოგიც ახალციხეში. მეც ერთი ტლუ ბიჭი ვარ, ცოტაოდენი სახელიცა მაქვს და გამოგადგები. მაგრამ სწავლა არა მაქვს, ქვეყნის ტრიალისა ბევრი არა მესმისრა და ბელადად არ ვივარგებ. მაშ ასე, ჩემო დეიდაშვილო, უსაქმობა იმყოფინე, გაგვიძეხი და გაგვიყოლიე.

ყველანი ჩვენიანი გულითად მოკითხვას გითვლის, ჩემსავით მოგელით და რაც მოგწერე, ისინიც თანახმა არიან. უწინაც ბევრჯელ მოუწერიათ შენთვინა, მაგრამ პასუხი არ მოსვლიათ. ალბათ ის წერილები იკარგებოდა, თორემ უპასუხოდ დარჩენას აბა როგორ აკადრებდი. ვინძლო ეს წერილი მიიღო და შენი კაცური სიტყვა ანტონ თამარაშვილის სახელზე შეგვატყობინო, რომელიცა რომა ახალციხეში სცხოვრობს და კარგი ექიმია. მე ცოლი შევირთე და საცაა შვილიც მეყოლება. ახლა მოგიკითხამ დიდი სიყვარულითა და ძმურ კოცნასაც გიგზავნი. აბა, როსტომ, შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამა. არ დაგავიწყდეს, რომ ერთი სისხლისანი ვართ, თორემ არც ღმერთი გიყაბულებს და არც ადამიანი.

გწერს შენი დეიდაშვილი არსენა ოძელაშვილი”.

ეს წერილი სუფთა ფურცელში გაახვია, თავის ბეჭედი დარტყა და წააწერა: “ეს წერილი მიერთოს ანგლიაში ნაპალავანის ერთგულ კაცს სახელოვან როსტომს საკუთარ ხელში. გიგზავნის შენი დეიდაშვილი არსენა ოძელაშვილი ახალციხიდამ”.

ანტონ თამარაშვილმა მისამართი წაიკითხა, გაიღიმა, წერილი ახალნაირად შეახვია, ახლნაირად წააწერა და დაიმედებული არსენა დასაძინებლად გამოისტუმრა.

მაგრამ ოძელაშვილს ძილი აღარ მიეკარა. მამლებმა მეორედ იყივლეს, მარაბდელი კი ისევ იმ წერილს დასტრიალებდა, დიდებით დაბრუნებულ როსტომს ესაუბრებოდა, ჯარს უგროვებდა, აბრძოლებდა, იმარჯვებდა და ახალ ცხოვრებას ჰქმნიდა - ლაღს, თავისუფალს, მაძღარსა და სამართლიანს.

ერთ დღეს ფიქრიამ ძმადნაფიცებს სამხარი აღარ ჩაუტანა.

- აქ რაღაც ამბავია. - სთქვა არსენამ და შინისკენ გაუტია. ერთი საათი გავიდა და მას მეორეც მიჰყვა.

- იქ რაღაც ამბავია. - სთქვა ზურამაც და ისიც შინისკენ გაიქცა. შემდეგ გორაკზე გადმოდგა და დაიძახა:

- მარინეს ბიჭი გაუჩნდა, ბიჭი!

ძმადნაფიცებმა მუშაობას თავი მიანებეს და სირბილით წავიდნენ, რათა არსენასთვის მიელოცნათ და, თუ საჭირო იქნებოდა, რაიმე დახმარება აღმოეჩინათ. მაგრამ დასახმარებელი არავინ არ აღმოჩნდა. ბავშვი ღონიერი იყო, ფუნთუშა, მჩხავანა და არსენას მინამგვანი.

ძმადნაფიცები ხმამაღლა გამოსთქვამდნენ სიხარულს და ნათლობის გამართვას მოითხოვდნენ. არსენამ სურვილი შეუსრულა და რამდენიმე დღის შემდეგ სულხანი ნათლიად მოიწვია. მას მოჰბეზრდა სულხანის და ფიქრიას დაღონება და უზურში ჩაედო ეს საქმე გამოერკვია. სულხანი მიუხვდა: დღეს რომ ნათლიად გაჰყოლოდა ოძელაშვილს, ხვალ სიძედ ვეღარ გაუხდებოდა.

- ყაბული ხარ? - გაკვრით ჰკითხა მას ფიქრიამ და გული აუტოკდა.

- ეს საქმე შენზე ჰკიდია. გადასჭერი. - მიუგო სულხანმა და ფერი წაუვიდა.

- არ შეიძლების, არა. “იმას” სიტყვა მივეცი და ვერ გადავალ. - ამოიკვნესა ფიქრიამ. - ვაი მე უბედურს! - პირსახეზე ხელები აიფარა და გაიქცა.

ბავშვის მოსანათლავად საღამოზე ყველაფერი მზად იყო, გარდა ნათლიასი. სულხანი უარზე იდგა და მიზეზს არ ასახელებდა. ოთახი ძმადნაფიცებით და ჩუმი მოლოდინით იყო სავსე. უცებ შავებით შემოსილი მაგდანა შემოვიდა, ტახტზე ჩამოჯდა, ოდნავ იყუჩა და მერმე ისეთი ხმით უთხრა არსენას, თითქო ყველას უცხადებდა, ნამეტნავ კი ერთ მათგანს:

- არსენ, ეს-არის ახლა დათუნასგან წერილი მომივიდა. - კიდევ იყუჩა და ცრემლიან კილოზე დაუმატა: - ბერად შემდგარა.

სიტყვაც არავინ არ დასძრა. არსენამ ფიქრია მოსძებნა, თვალი თვალში გაუყარა და იმ თვალებში სიამის ნაპერწკლები იპოვა. არავინ იცოდა რა უფრო უხაროდა მას, დათუნას გადარჩენა თუ მისი ბერად შედგომა. ყველანი მას მისჩერებოდნენ.

ფიქრია გაწითლდა, აირია, უცებ მოსხლტა და ბნელ ეზოში გავარდა. ახლა ყველანი ისე დააშტერდნენ სულხანს, თითქო მას დიდი ცოდვა ჩაედინოს და ძმადნაფიცები მონანიებას სთხოვდნენო. არსენას მომავალ ნათლიას თუ სიძეს თვალები იატაკზე დაებჯინა და მტკიცედ სდუმდა. როცა სულხანს თვალები მოაშორეს, მან ნელა დაიხია უკან, კარებში გასხლტა და ისიც სიბნელეში მიიმალა. არსენამ გაიღიმა და კარპიჩას მიუბრუნდა:

- რუსო, სულხანი ავად გახდა და იქნებ შენ მომინათლო ბიჭი.

კარპიჩა არ მოელოდა, დაიბნა და წაილუღლუღა:

- კეთილი, მაგრამ... სულხანი ეს არის ახლა აქ იყო და... არ ვიცი, რატომ არ უნდა შენისთანა კაცს დაუნათესავდეს?

- უნდა, როგორ არ უნდა! მაგრამ სხვა მხრივ დაუნათესავდება - ცრემლიანი ღიმილით განუმარტა მას შავმა ანგელოზმა და ამ განმარტებამ და კოჭლი რუსის მიამიტობამ მხიარული სიცილი გამოიწვია.

ნახევარი საათის შემდეგ ნათლობა გათავდა და ვახშამი დაიწყო. არსენამ თავის პირმშოს დათუნა დაარქვა.

რამდენიმე დღის შემდეგ მაგდანამ თავის მამის სეხნიას სიკვდილი გაიგო. სწერდნენ, მაიორმა ჩამოახრჩოო.

ქვრივმა ერთი სიტყვაც არ დასძრა. ქალების ოთახში ჩაიკეტა და მხოლოდ ორმოცი დღის შემდეგ გამოვიდა.

გამოვიდა და თან ყვითელი კაეშანი გამოიტანა.

თავი მეთერთმეტე

ჩამოგდებული ნამგალა მთვარე

ციდან უფრო ადვილია მთვარის ჩამოღება,

ვიდრე ახალციხის მისგითიდან.

ა ხ ა ლ ც ი ხ უ რ ი

მარაბდაში ხარ გაზრდილი,

წვერი გიხდება ხმლისაო.

სუყველას საყვარელი ხარ,

ბატონისა და ყმისაო.

ხ ა ლ ხ უ რ ი

ძველი მესხეთი და მისი შუაგული სამცხე76 ოდესღაც გურჯების ბუდედ ითვლებოდა. აქ გამოიგონეს მოსოკებმა და თუბალებმა რკინა და ბრინჯაო. აქედან წამოვიდა საქართველოც და განათლების პირველი უმძლავრესი ნაკადიც. აქაურმა მიწა-წყალმა გამოჰკვება დიდი ხუროები და მხედრები, წმიდანები და პოეტები, უკვდავი შოთა და მერჩული, ხანძთელი და გოდერძი, ჩორჩანელები და ზარზმელები, თორნიკე ერისთავი და სარგის თმოგველი, ჯაყელები და თორელები77. აქვე იდო ქართლის ყელზე მობჯენილი ბიზანტიის დროშა, მახვილი, სახარება და მძიმე ხელი მსახვრელი.

თითქმის ხუთასი წლის წინათ მომაკვდავმა ბიზანტიამ და სპარსეთმაც თავიანთი დამსხვრეული მახვილი აიღეს, დროშებიც დაჰკეცეს და წამოვიდნენ. ქართველებმაც დაჰკეცეს და წამოვიდნენ. მათ ალაგას კი ოსმალების ნამგალა მთვარე გაიბადრა და ადრევე ათაბაგად ქცეულმა ჯაყელებმა ფაშობა მიიღეს და საკუთრივ იხილეს ოსმანთა მიერ ახალი ვილაეტის დაარსება, სადაც ეს ქედმაღალი მფლობელნი ოდესღაც ჩასაფრებული ჯიქებივით ისხდნენ და ყველას მწვავედ ჰკბენდნენ - დედა-ქართლსაც და ბერძნებსაც, შახინ-შაჰხსაც და ხონთქარსაც. შემდეგ ისინიც ქვაბლიანის ხევში გავიდნენ და მათ მაგიერ არტაანელი და აჭარელი ხიმშიაშვილები მოვიდნენ - სხვის ხიშტებით, ორი თუღით, ორი გულით, ორი სულით და ერთი პირობით - რომ ისინი ოსმალებზე უფრო მკაცრ ოსმალობას გამოიჩენდნენ და ქართულ ბუდისას ნავლსაც კი არ დასტოვებდნენ.

ოსმალებმა მახვილს ცეცხლი და ოქრო მიაშველეს. რჯულშეცვლილს ყველაფერიო - ბაჯაღლო, უფლება, წყალობა, მიწა და განდიდება, კრაზანა გურჯებს კი - ხარკი, საქაჯავი, ტყვეობა, ხუნდი და ძაღლის ბედი. მათ ესეც ეყოფათ! მათთვის ესეც ბევრია!

რამდენიმე საუკუნემ, შეგუების კანონმა და “სიცოცხლე ტკბილია”-ს ჩურჩულმა მესხეთ ტაო-კლარჯელებს ძველი სული გამოაცალეს და ჰაერიღა დაუტოვეს. “ოღონდ მაჰმადის სული ჩავბეროთ და სამოსელი ისევ თავიანთი ეცვათო” - ამბობდნენ ფაშა ხოჯები და ძველ ღვინოში ახალ შხამს ურევდნენ. მერმე სამოსელიც კი გამოაცვლევინეს.

როცა “აშვებული ლომი” ერეკლე-მეფე დაბერდა და რუსეთს მოეჭიდა, სულთანმა მას უკვე მოწამლული მესხეთი შეაძლია. უწინ ერეკლეს უფრო ხმალი უჭრიდა, ვიდრე ჭკუა, სიბერეში კი ხმალი დაუჩლუნგდა და ჭკუა გაუმახვილდა. როცა იმერლებმა მას იმერეთი შეაძლიეს, ომში უშიშარ მეფეს მუხლებში ჟრჟოლამ ჩაურბინა და სთქვა: ჩვენ ქართლ-კახეთისთვისაც ვერ მოგვივლია და იმერეთი როგორღა შევინახოთო: ასე განაცხადა საჯაროდ, ნამდვილად კი უარის მიზეზი ის იყო, რომ გაერთიანებას ეკატერინე მეფე აღუდგა წინ, ვინაიდან ის ერთობილ საქართველოს მხოლოდ ორკეცად დაჰკეცავდა, მას კი ჰსურდა ოთხჯერ მაინც დაეკეცნა. ათიოდე წლის შემდეგ სულთანმა ერეკლეს შესთავაზა, ოღონდ ურუსს ნუ მიუდგები და მესხეთი მიირთვიო. მაგრამ მას მოწამლული ღვინოსი შეეშინდა და 1783 წელს ისევ რუსეთს გაუხსნა დარიალნი. გაუხსნა და ფუჭი პირობა ჩამოართვა: თუ რუსეთმა გურია-იმერეთი, სამეგრელო, მესხეთი და ტაო-კლარჯეთი დაიპყრო, ბაგრატიონებს მიერთვასო.

კარგა ხანია რუსეთმა თოვლიან ქედს გადმოალაჯა, ერთი ფეხი შავ ზღვას დააბიჯა, მეორე - ბაქოს დაადგა, ახლა კი არეზსა და ნოეს კიდობანს78 ეჭიდება და ჯავახეთის ზეგანზედაც მიბობღავს, რათა თავისი ვალი შეასრულოს: მთელი მესხეთი წამოიღოს და ოქროს ხონჩით ბაგრატიონებს მიართვას, რომელნიც მოსკოვსა და პეტერბურგში გადაასახლა, რადგან მათ ქართული ჰავა სწყენდათ და მოსწყინდათ. ახლა პასკევიჩიც გულმოდგინედ იმეორებს თავის წინამორბედ მთავარმართებელთა და ოსმალთა მიზანს: ოღონდ ამ ხალხს რუსული სული ჩავბეროთ და სხეული კი ისევ თავიანთი შერჩესო. საქმით ამას იმეორებს, ხოლო პროკლამაციებში აცხადებს: ჩვენ იმიტომ მოვედით, ჩვენ იმისთვის ვიბრძვით და თქვენც იმისთვის უნდა დაგვეხმაროთ, ქართველებო და სომხებო, რომ ურჯულოთა მიერ გაგლეჯილი საქართველო და სომხეთი აღვადგინოთო.

დამხმარეს მართლა ათასობით შოულობდნენ: ზოგს შიმშილი მიერეკებოდა ომში, ზოგს წარმატების წყურვილი და ზოგსაც ბალღური რწმენა, რომ ერმოლოვ-პასკევიჩები მართლა შეუსრულებდნენ დანაპირებს.

რუსეთის ჯარის დევურმა ბაჯბაჯმა გზაზე უამრავი ბუდე გაჰქელა. ყუბანის, თერგის, რიონისა და მტკვრის ველებიდან წამოშლილი ჩერქეზები და ყაბარდოელები, ქისტები და ჩაჩნები, ლეკები და შირვანელები, განჯელები და ქართველები, აფხაზებიც და ქურთებიც ათასობით შეეხიზნენ ახალციხეს, იქ კრაზანას ვეება ბუდე დააარსეს და ისედაც ურჩი მესხეთი შფოთისა და თავისუფლების ციხედ გადააქციეს.

დიდი ხანია რაც იქაურმა ქართველებმა მაჰმადის დროშას შეაფარეს გოროზი თავი, მაგრამ იგი მაინც ვერ მოიდრიკეს საბოლოოდ. ხიმშიაშვილებსაც ათაბეგების ფიცხი სისხლი უდუღდათ და უკვე დაკარგულ ხელისუფლებას ისინიც კბილებით და ჭანგებით ეჭიდებოდნენ. როცა ახალციხეში ოსმალო ფაშა იჯდა, ათაბეგი-ხიმშიაშვილი ციხის გალავანში მხოლოდ ათასი მხედრის თანხლებით და საკუთარი დროშის ფრიალით შედიოდა. ამგვარი სტუმრობა უფრო მტრის შემოჭრას ჰგავდა, ვიდრე ხელქვეითის ხლებას, და ამიტომ ოსმალები ზარბაზნებს სტენავდნენ, ციხის კარებებს ჰკეტავდნენ და სანგრებს ამზადებდნენ. ოსმალო ფაშა ამ დროს შიდა-ციხეში იჯდა ჩაკეტილი და მოითხოვდა რომ ათაბაგი ან ხიმშიაშვილი მარტო ჰხლებოდა მას. მაგრამ როცა სტუმარ ბეგს კარს შეუღებდნენ, მას ძალით ოციოდე მხლებელი შეჰყვებოდა, და ფაშას სასაუბრო კილოს შეაცვლეინებდა ხოლმე. ოსმალოს ჯარი აზღარბებული იდგა და მეზარბაზნენიც ნიშანსღა ელოდებოდნენ, რათა ქედმაღალი გურჯი ბეგები სამუდამოდ მოედრიკათ, მაგრამ თვითონაც შიში ჰქონდათ და ვერ უბედავდნენ.

ერთხელ მაინც შეუბედეს: ხუთმეტიოდე წლის წინათ ტრაპიზონის სარასკირი შერიფი და აჭარელი სელიმ ხიმშიაშვილი - ერთმანეთს მიუსიეს და ურთიერთი შეაჭმეინეს. ჯერ სელიმ ფაშამ გააგდო შერიფი და ახალციხეში დაჯდა. აზრუმის სარასკირი ფეხლევანი გაწყრა და სელიმ ფაშას შემოუტია. მაგრამ მესხებიც გაჯავრდნენ და ისე შეუმუსრეს ოცდახუთი ათასი მეომარი, რომ სელიმს ამბავის წამღებიც კი არ დაუტოვეს. ფეხლევანი ხელმეორედ წამოვიდა, სელიმი ხიხას-ციხეში შეამწყვდია, მისი კარი ოქროთი გააღებინა და ურჩი გურჯის თავი ხონთქარს გაუგზავნა. გახარებული შერიფ ფაშა მესხეთის დასაბრუნებლად ეახლა ფეხლევანს, მაგრამ მან მისი თავიც სელიმის თავს დაადევნა. ასე დაისაჯა ორივე ფაშა, რადგან მათ ჩურჩული გაებათ რუსებთან.

სელიმს სამი ვაჟი დარჩა, რომელნიც თავიანთ ნათესავს მთავარს მამია გურიელს შეეხიზნენ. სულთანმა მათი თავი უკანვე მოითხოვა და რუსის ხელმწიფემაც მიუგდო. სამივენი სტამბოლში წაიყვანეს, სამხედრო განათლება მისცეს და ათი წლის შემდეგ უფროს ძმას ახმედს სამუსლიმანო საქართველოს ფაშობა უბოძეს. შვილი მამის ალაგას იჯდა და მუდამ მამის უკანასკნელი სიტყვა ახსოვდა, რომელიც მან თავის-მოჭრის წინ მოახსენა ფეხლევანს: “ფაშავ, გადაეცი სულთანს, რომ ჩვენ მუსლიმანები ვართ, მაგრამ გურჯებიცა ვართ და ოდესმე ჩვენს ძმებს ქრისტიანებს შევუერთდებით. საცაა ეს დროც მოვა და თქვენი აღსასრულის დღეც დადგება”.

მისი შვილი ახმედ ფაშა ხშირად იმეორებდა ქართულ ანდაზას “არ გათეთრდება ყორანი რაც გინდა ხეხო ქვიშითა”, და არც თეთრდებოდა. მამის მოჭრილი თავი მას ნიადაგ თვალწინ ედგა, მისი უკანასკნელი სიტყვებიც წმინდა ანდერძად მიაჩნდა და მუდამ ბეწვის ხიდზე დადიოდა. დაჯდა თუ არა ახმედი მამის ალაგას, იმანაც მაშინვე გაუბა ძაფი ერმოლოვს და შეუთვალა: ჩვენი სურვილია რუსული კანონი, ქართული ენა და მუსლიმანური რჯულიო. ერმოლოვმა შუამავლად ბებუთოვი აირჩია, რომელსაც რუსული საბეჭურები, ქართული თავადობა და სომხური სისხლი ჰქონდა, ხოლო ზურგის უკან კათალიკოსი ნერსესი და ეპისკოპოსი კარაპეტი ედგა. დრო მოვიდა და მათ თავიანთი ნაჩუმარი ზრახვები რუსის სალდათისა და მესხების სისხლით შეისრულეს.

როცა 1826 წელს სულთანმა ახმედ მესამემ ორმოცათასამდე ენგიჩარი შემუსრა, ქართველ ენგიჩართა ნაწილმა ახალციხეს მიაშურა და საჩვენებლადღა გადარჩა. ახმედ ფაშას მათი თავები მოსთხოვეს და მაშინ მისი თავიც შეტორტმანდა, ვინაიდან მან ფადიშახის ბრძანებას გზა მოუჭრა და არც ერთი ენგიჩარი არ დაანება.

საქართველოში რუსს ჯერ ფეხიც არ შემოედგა, რომ სულთანებმა ახალციხე კრაზანებით, გველებით, მორიელებით და ყოველი ქვემძრომით გაავსეს და ეს ლაშქარი წელმოტეხილ გურჯისტანს მიუსიეს. ველური მხნეობით სავსე მთიელები მშიერი მგლებივით დაძრწოდნენ დაღისტნით-ახალციხემდე და მოტაცებულ ქრისტიანებს ცხვრის ფარასავით მიერეკებოდნენ. მათ ხელთ იგდეს ჯვარედინი გზები, მიუვალი ციხეები, ყველა დიდი ძარღვები და დედა-ქალაქს ტფილისს რკინის სალტა შემოარტყეს და ბაგრატიონები მოხარკედაც კი გაიხადეს. ერთხელ ქალაქშიც კი შემოიჭრნენ, ერთი საწყობიდან ლილა მოიტაცეს და მთებში გაიქცნენ, თანაც ეგონათ უფასო განძეული მოგვაქვსო.

იქვე ქალაქიდან ზედაზნის ქედზე ასი ლეკი იჯდა. გიორგი მეფემ უკანასკნელმა ძლივს შეუბედა, მაგრამ ვერ დასძრა და სასიკვდილო სარეცელზე ესღა ჩაიკვნესა: “აი რა დარჩა თამარის სამეფოსაგან! ამას იქითაც მეტყვიან რუსებს ნუ მოიყვანო?!”.

და მოიყვანა: რუსეთს კარი გაუღო.

ფადიშახის მახმუდ მეორის სამფლობელოს საზღვარი არა აქვს. დუნაის ნაპირიდან ახალციხემდე ულეველი მანძილია, ამიტომ იქაური მარცხის ამბავი ან არასოდეს არ მოდის მესხეთამდე, ან ამ გზას ხუთიოდე თვე უნდება, გამარჯვება კი ხუთ დღეშიც ამოფრინდება ხოლმე. ალბათ ამ მანძილის ბრალია, რომ შარშან 1827 წელს 8 ოქტომბერს ნავარინში79 ჩამოვარდნილი მეხი ახალციხელებმა მეორე წლის გაზაფხულზედაც ძლივს გაიგეს. იმავე მანძილის წყალობით ის დამაყრუებელი ქუხილი აქ ჩქამადაც ძლივს მოისმა. სამაგივროდ სწორედ ორი თვის შემდეგ 8 დეკემბერს სულთანის მიერ დაქუხებული “გათი შერიფი”80 ომის გამოცხადების გამო ელვასავით მოედო ყველა მართლმორწმუნეს და მესხეთიც “სიხარულით შეჟრჟოლდა”:

- ინშ ალაჰ! - მადლობა უფალსა! ახლა კი სამუდამოდ შემუსრავენ ურუსსაც, ფირანგსაც და ენგლიზსაც (თუ, რა თქმა უნდა ალაჰის ნებაც იქნება) და “გაზის” სახელს სამუდამოდ მიაკერებენ მახმუდ მეორეს, რომელიც ალბათ იმიტომ ეპოტინებოდა სიტყვა “უძლეველს”, რომ მას ჯერჯერობით ვერავინ დაეძლია.

შარშან შეიხულისლამი81 და ხოჯები მოტყუვდნენ: ცის ეტლი ვერ წაიკითხეს, ალაჰის განაჩენი ვერ გაარჩიეს და ავი ნიშნებიც არ იგდეს ყურად: საქონელი ნიადაგ შფოთავდა, გზები მგლებმა დაიჩემეს, ყვავყორანმა ცა დააბნელა, ხევხუვში ილბისი და ალქაჯი გამრავლდა, დარვიშები და სეიდები დახდნენ82, ტყვეთა ვაჭრობამ - “ალიშველიშმა” - დაიკლო და სამაგივროდ ჭირმა და შფოთმა მოიმატა. წლეულს კი - ინშ ალაჰ! - ირგვლივ გამარჯვების ნიშნებიც მოსჩანს და განგების ეტიკიც უკვე ჰკივის.

- ჯანუმ, გუდოვიჩი და ტორმასოვი ხომ დავიფრინეთ? - დღეში ოცჯერ იმეორებენ ახალციხის გამგებელნი და ხოჯები.

- დავიფრინეთ.

- მაშ ბასკუვიჩსაც დავიფრენთ.

და ხალხში რუსებისადმი უკვდავი მძულვარების დასათესავად ყოველმხრივ გაიძახიან: -

- რუსის ქალები შიშვლები დადიან!

- რუსები მუსლიმან ქალებსაც აშიშვლებენ და საჯაროდ როზგს სცემენ!

- მუსლიმანებს ძალით აჭმევენ ღორის ხორცს!

- ყველა ჯამიეს83 ანგრევენ და ყურანს სწვავენ!

- ძალით მოგვნათლავენ!

- “ბასკუვიჩი ისკანდერზე უფრო ძლიერი სარდალია - გულმოდგინედ ჰბერავენ ოსმალები ტომით უკრაინელ პასკას-პასკევიჩს, რათა თავიანთი მომავალი გამარჯვება ცამდე ასწიონ და უცაბედი დამარცხების საბაბიც შეიმზადონ. მათ ღრმად სჯერათ, რომ ახალციხის მისგითიდან ოქროს ნამგალას ჩამოგდება გაცილებით უფრო ძნელია, ვინემ ციდან მთვარის ჩამოგდება. მაგრამ ციხე შიგნიდან ტყდებაო:

- ბასკუვიჩი ციდანაც კი ჩამოიღებს მთვარეს, თორემ თქვენს ნამგალას ერთი შებერვითაც ჩამოაგდებს. - სისინებენ ურჯულო ურიები, სომხები და ქრისტიანი ქართველები.

- ქიასარახ! - ამოვჟლიტოთ! გავრეკოთ! დავარბიოთ! - ხმამაღლა გაჰკივიან მართლმორწმუნენი და აშკარად მიიწევენ ქრისტიანების უბანზე, რომელიც თანდათან იბუზება და ცალიერდება. ღამღამობით ქალაქიდან გრძელ ქარავანს უშვებენ. ქრისტიანები და ებრაელები ციხის დაცვას მუსლიმანებს ანებებენ და თვითონ კი ზეკარის ქედით ქუთაისსა და ბაღდადისკენ მიიპარებიან.

- თქვენ რაღას აპირებთ, არსენ? - ჰკითხეს ერთხელ თამარაშვილებმა ოძელაშვილს.

უკვე კარგა ხანია არსენას ბანაკმა ითათბირა და კიდევაც გადასჭრა: ჩვენ ვერსად ვერ წავალთ, რადგან ყველა გზები მოჭრილი გვაქვსო. მარაბდელს ჰსურდა დროებით მარტო დარჩენილიყო ახალციხეში და ერთი ან ორი ძმადნაფიციც დაეტოვებინა, სხვები კი ისევ საქრისტიანოში დაებრუნებინა. მაგრამ ზრახვა ვერ გაუვიდა. ეს აზრი რომ გაუგეს, ისე მტკიცედ მიესივნენ მას, თითქო პირი შეეკრათო:

- საცა შენ იქნები, ჩვენც იქა ვართ არ წავალთ! არ მოგშორდებით.

- კაცო, სად უნდა ცავიდეთ? - სხვებზე მეტად ცხარობდა კარპიჩა. - მაიორი იქ კველას ჩამოგვახრჩობს. აქ კი ლუკმა პურს მაინც გვაძლევენ. ამაზე კარგ კვეკანას სადღა ვიშოვით! აკ არც ბატონკმობაა, არც შპიცრუტენია და არც მაიორი.

- იავაშ ყარდაშ! - წამოხტა თათარი. - მეს სულ მაგას ვამბობდი, ურუსს ისევ ოსმანი სჯობია მეთქი.

და ახალციხეში დარჩენის გადაწყვეტილება მან თავისებურად გადააკეთა: ყოველ მოედანზე და ქუჩაში ის ბეჯითად აჯერებდა ყველას. არსენა “ჩვენს” მხარეზე იომებს და ათას გურჯს მაინც გამოიყვანსო.

* * *

1828 წელს 14 აპრილს პასკევიჩმა თავის ჯარი გუმრიდან გაიყვანა, არფაჩაი გადალახა, ყარსს მიადგა და ეს მიუვალი ციხე, მცირე აზიის ნამდვილი კარი, სწორედ ათ კვირაში შეანგრია.

ახმედ ფაშა ხიმშიაშვილმა თავიდანვე ივარაუდა: პასკევიჩი ყარსიდან არტაანზე ან ჯავახეთზე წამოვაო, და ეს ამოცანა ისე გადააჭრეინა თავის მოპირდაპირეს, როგორც თვითონ გადასჭრიდა, მის ალაგას რომ ყოფილიყო: პასკევიჩს ჯარის სავლელი გზა ისედაც გაუგრძელდა და არტაანზე რომ წამოსულიყო, იგი მეტისმეტად გაეჭიმებოდა. გარდა ამისა ეს გზა ყარსიდან ახალციხემდე მტრის მიწაწყალზე გადიოდა, ამიტომ მას დიდი ხიფათი მოელოდა აზრუმის სარასკირის ქოსა ფაშასაგან, რომელსაც ახალციხელთა საშველად ოსმალეთიდან ოცი ათასი ასკერი მოჰყავდა, ხოლო მუსტაფა ფაშას - შვიდი ათასი. მათ ადვილად შეეძლოთ ეს გზა მოეჭრათ და მისი ლაშქარი სულ გაენადგურებინათ. ეს ხიფათი ერთი-ორად მოიმატებდა, თუ ოსმალები გაჰბედავდნენ და რუსებს ქართლის გზას აწყურის მხრივაც მოუჭრიდნენ. ჯავახეთის გზა ყოვლად უვარგისი, მაგრამ უფრო მოკლე და საიმედო იყო, ამიტომ პასკევიჩიც ისე მოიქცა, როგორც ახალციხის ფაშა მოიქცეოდა, და ყარსიდან ჩალდირ-ჯავახეთის მხრივ წამოვიდა. ახმედ ფაშამაც სწორი გუმანი აუღო და ისიც ისე მოიქცა, როგორც პასკევიჩი მოიქცეოდა: მან ზამთარშივე დაიჭირა თადარიგი და ხერთვისი და ახალქალაქი გაამაგრა და ეს ორი ციხე თავის ძმას ფერხად ბეგს ჩააბარა.

ახმედ ფაშა ყველაფრისთვის ვერ იცლიდა და ციხეების გამაგრება თავის ხელქვეით ინჟენერ ფაშას მიანდო, რომელიც ოქროს უფრო ხშირად ითვლიდა, ვიდრე თოფსა და ზარბაზანს, და თანაც ხშირ-ხშირად ჰბურტყუნებდა:

- ჯანუმ, ტორმასოვი ხომ დავიფრინეთ?

დაიფრინეს, ამიტომ პასკევიჩიც ისე მოჰკურცხლავს, რომ ღრუბელსაც კი გაუსწრებს.

მას შემდეგ რაც გენერალი ერისთავი თავრიზის შემდეგ მიანეშიც შევიდა და თეირანის გზას დაადგა, შაჰინშას ტახტი შეტორტმანდა და ბაბა ხანმა ზავი მოითხოვა. პასკევიჩმა იგი გრიბოედოვის ხელით უბოძა თურქმანჩაიში, მისივე ხელით გამოართვა დიდძალი ხარკი და ეს მახვილიც ოსმალეთს მიაბჯინა. შემოდგომა და ზამთარი მან სამზადისს მოანდომა, ხოლო ყარსის აღების შემდეგ ეს ციხე გენერალ ბერგმანს დაუტოვა და თვითონ კი მთავარ ლაშქარს ახალქალაქისკენ გამოუძღვა. გზაზე რამდენიმე ათასი ყარაფაფახი დაუხვდა. მათ თითებით სცადეს ზვავის შეჩერება და ინანეს. იგი ჯავახეთის ზეგანზე ამოგორდა და ახალქალაქს მიადგა.

“დამნებდით!” - შეუთვალა პასკევიჩმა ციხის თავს ფერხად ბეგ ხიმშიაშვილს.

“მე სელიმ ფაშას შვილი ვარ და მაგგვარი სიტყვა არ უნდა გეკადრებინა ჩემთვის. გარდა ამისა ჩვენ ერევნელები და ყარსელები ნუ გგონივართ. - შეუბრუნა ქედმაღალმა აჭარელმა. - ჩვენ ძარღვებში მაჰმადის მიერ ნაკურთხი გურჯის სისხლი სდუღს და თითო მესხი ათ ერევნელს მაინც უდრის. არც ცოლ-შვილი გვყავს და არც ქონება მოგვეპოვება. ჩვენ ერთი ათასიც ძლივს ვიქნებით, თქვენ კი ორმოც-ათასზე მეტი ხართ და მობრძანდით”.

პასკევიჩმა აღარ დააყოვნა და მიბრძანდა.

მესხეთს იმგვარი გრგვინვა არასოდეს არ გაეგო. არც ახალქალაქის გალავანს უგრძვნია ისეთი მეხი და ზარბაზანი. ეს ციხე ნადირ შაჰის ან ერეკლე მეფის დასახვედრად იყო აშენებული. ბასკუვიჩმა კი მეცხრამეტე საუკუნე მოიტანა და ისეთი ქვემეხი და ზარბაზანი დააყეფა, რომ მათი ქუხილი ახალციხეშიც კი ისმოდა. გალავანში ჩაყოლებული კოშკები სათამაშოსავით ჩამოინგრა, თვითონ გალავანი კი აქა-იქ ქაღალდივით შეიფხრიწა და ნახევარ საათში ციხე აშლილ ღობე-ყორეს დაემგვანა.

“თქვენმა რაინდობამ გამაოცა, - ერთხელ კიდევ შეუთვალა პასკევიჩმა, - მაგრამ ამაოდ იხოცებით და გირჩევთ დამნებდეთ”.

“ჩვენ ერევნელები ნუ გგონივართ. ჩვენ გურჯები ვართ. მე კი სელიმის შვილი გახლავარ. მოდი და გაგვათავე”. - მიუგო ფერხად ბეგმა და შიდა ციხეში გადავიდა.

პასკევიჩმა აღარ დააყოვნა და ერთხელ კიდევ მივიდა.

ახალქალაქის მტკვარი ჯავახეთის ზეგანს უღრმეს ჭრილობასავით სჭრიდა. ამ დარიალის ხევით ფერხად ბეგის მოსაშველებლად ათას ხუთასი რჩეული ჭანი მიისწრაფვის. ჭანები სულთანის ჯარში საუკეთესო ქვეით მებრძოლებად ითვლებიან. რუსები კი ისე დასცქერიან მათ კლდის წვერებიდან, როგორც ქორი ქათმებს. ზარბაზნის ქუხილი ლაზებსაც ესმოდათ და ისე ჩქარობდნენ, თითქო მაყრიონი მიდენილიყო, და ის კი არ იცოდნენ, რომ გაუვალ ხვრელში მოექცნენ და უბრძოლველად უნდა დახოცილიყვნენ. ხელის ყუმბარა ხიშტზე და ზარბაზანზე უარესი გამოდგა. მაყრიონის ამაო ვაჟკაცობამ მტკვარი გააწითლა და ათასამდე მუნჯი მთხრობელი ახალციხის მახლობლად ჩაატივტივა და პასკევიჩის გამარჯვება ქართლს, ქალაქსა და აზერბაიჯანსაც აუწყა. ამ მთხრობელთა შორის არც ერთი რუსი, არც აქაური ქართველი ან სომეხი არ აღმოჩნდა.

“დამნებდით! - უკანასკნელად შეუთვალა ფერხადს რუსის სარდალმა, - თორემ ღმერთიც ვეღარ გიშველისთ”.

“ვიცი, - მიუგო ფერხადმა, - მაგრამ ჩვენ გურჯები ვართ და მე სელიმის შვილი გახლავართ. მოდი და გაათავე”.

პასკევიჩიც მივიდა და გაათავა. ათასი მეციხოვნე იყო და ექვსასი დამარხეს. ფერხად ბეგი ხიშტებით იყო დაცხრილული. არტაანის გზით მომავალმა ქოსა ფაშამ შემოუთვალა მას, ან მოკვდი ან მანამდე შეაჩერე რუსი, მანამ მას ახალციხეში შესვლას დავასწრებდეო. ციხის თავმა ბრძანების ორივე ნახევარი შეუსრულა და პასკევიჩი მხოლოდ ერთი დღით შეაგვიანა. აზრუმის სარაკირსაც ამაზე მეტი არც უნდოდა. ოსმალთა მაშველი ლაშქარი უფრო შორს იყო ვიდრე რუსების. სამაგივროდ მათ გატკეპნილი გზა ჰქონდათ, პასკევიჩი კი ბაკურიან-ციხისჯვრის ხევხუვზე და უღრან ტყეზე წამოვიდა. ბარგსა და ზარბაზნებს ხელით მოათრევდნენ, ჯარი გზას წერაქვებით, ცულებით და ბირდაბირებით იკაფავდა.

ხერთვისის ციხეს ორბი თუ მისწვდებოდა, თორემ რუსის ფეხი იქ როგორ ავიდოდა. ჯარს იქ ასვლა უფრო უჭირდა, ვიდრე მისი აღება. ახალქალაქის მინგრევამ მართლა დააჯერა ხერთვისელები, რომ ბასკუვიჩთან ისკანდერი სახსენებელიც არ იყო და ოსმალები იქიდან ღამის ქურდებივით გაიპარნენ. დარჩა მხოლოდ ციხისთავი, ხუთმეტი ოსმალო, ორასი მესხი და თორმეტი ზარბაზანი, რომელნიც ერთხელაც არ დააყეფეს.

ამავე ხანებში ახალციხე ახალახალი მებრძოლით ივსებოდა. მესხეთის ბატონს ყოველ დღე მოსდიოდა მესხების შეიარაღებული რაზმები და ყველა ლტოლვილიც მასვე ემორჩილებოდა - ყარაფაფახი, თარაქამა, ლეკი, ჩაჩანი, ჩერქეზი, აფხაზი და ქურთიც. ბეგმა აბაშიძემ მას ორი ათასამდე აჭარელი მოუყვანა. ამ რაზმს ენგიჩართა უკანასკნელი ასეული მოუძღოდა და მათ შორის არც ერთი ოსმალო არ ერია, ხოლო შუაში ასამდე შეიარაღებული და პირმობურული ცხენოსანი ქალი მოდიოდა.

ამ ლაშქარს მთელი ქალაქი გაეგება. მეციხოვნე ჯარი გაშლილი დროშებით დაუხვდა. ზარბაზანი ჰქუხდა. მუეძინი საღვთო სურებს84 მღეროდა. ახალციხელი ქალები შურით და საბრძოლველი ჟინით აღივსნენ. მათ სტუმარი ქალები დაიტაცეს, თვითონაც იარაღი აისხეს და ვაჟკაცობაში თავიანთ ძმებსა და ქმრებს ეჯიბრებოდნენ.

როცა ქრისტიანი ქართველების რაზმებიც გამოჩნდა, ახალციხელების სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. აჭარლებს გურულების, იმერლებისა და მეგრელთა რაზმები მოსდევდნენ.

მესხეთსა და ჭანეთში კიდევ მრავლად დარჩენილიყვნენ იმერეთის ლტოლვილი მეფის სოლომონის მხლებლები. მათ ცალკე რაზმი შეედგინათ.

გურიის მთავრის მეუღლეს სოფიო გურიელს ახმედ ფაშასთან ჩუმი მითქმა-მოთქმა ჰქონდა და, ომი რომ დაიწყო, აჭარაში გადავიდა და თან დიდი ამალა გადაიყვანა. ისინიც ცალკე გუნდად შეკრულიყვნენ და იმერლებთან ერთად მოდიოდნენ.

ქართველების ორ რაზმში ხუთასი კაციც არ იქნებოდა, მაგრამ ახალციხელებისთვის ზნეობრივად ხუთი ათასსაც უდრიდნენ და ამიტომ ამ რაზმებს მხურვალე აღფრთოვანებით დაუხვდნენ და იმას კი აღარ ანგარიშობდნენ, რომ სამაგივროდ კრაზანას ბუდის დასანგრევად დედა-გურჯისტანს შვიდი ათასი მეომარი გამოეგზავნა.

ქოსა ფაშა იმიტომ მორბოდა, რომ ახალციხეში შესვლა მოესწრო, იქაურები მოეშველებინა და რუსები მათთან ერთად შეემუსრა. რუსებიც იმიტომ მორბოდნენ, რომ ოსმალები ციხეში არ შეეშვათ და ცალ-ცალკე დაემარცხებინათ. ამ დოღში პასკევიჩმა ოდნავ დაიგვიანა. ქოსა ფაშა მათს თვალწინ მიადგა ახალციხეს. მეციხოვნე ჯარი კიჟინით გამოეგება სარასკირს, ხოლო ციხის 150 ზარბაზანი ისეთი სიხარულით აჰყეფდა, რომ ირგვლივ ერთი დღის სავალზე ყველა ფრინველი და ნადირი დაფრთხა და გაიფანტა.

შემდეგ ორივე მხარე ბრძოლის სამზადისს შეუდგა. ქოსა ფაშა ფოცხოვის წყალზე დაბინავდა. მეორე დღეს რუსებმა საფარას მონასტერთან გადმოლახეს მტკვარი, დაბლობში ჩამოსული მტერი ზარბაზნებით გამორეკეს და ტაუშანის სერზე გამოვიდნენ. ქოსა ფაშას ჯერ არა ჰსურდა ძლიერ ბრძოლაში ჩაბმულიყო, რადგან საცაა ათიათასი მშველელი ლაზი უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ქოსას მაგიერ “სეკურსი”85 პასკევიჩს მოუვიდა და ომის განგებაც აჩქარდა.

ახალციხელები ხელჩართულზე მოიწევდნენ. მათი რჩეული დელიბაშები წინ გამოდიოდნენ. რუსებს უშვერი ლანძღვით აღიზიანებდნენ და ხმალში იწვევდნენ. მაგრამ რუსები რაინდულ წესებს გაურბოდნენ და თავხედ დელიბაშებს86 ტყვიით და ყუმბარით ჰფანტავდნენ.

სამთუღიანმა კიოს-ქოსა ფაშამ აღარ დააყოვნა და საომარი ბედის-წიგნი თვითონვე გადაშალა. ბრძოლა დილით ადრე დაიწყო. შინ დარჩენილი ახალციხელები მისგითებში წავიდნენ და სულთანის მახვილის გამარჯვებისთვის ილოცეს. შემდეგ ბანებზე ავიდნენ და საღამომდე იქ იდგნენ. არც სჭამდნენ, არც სვამდნენ, არც ლაპარაკობდნენ არამედ უთვალავი ბოძებივით იდგნენ და უხმოდ გასცქეროდნენ შორს გადაშლილ მინდვრებს, საცა თოფ-ზარბაზნის მიყრუებული ქუხილი ისმოდა, სადაც გამსკდარი ყუმბარების ქულები ათასობით იფანტებოდა და სადაც მათი საკუთარი ნამუსის, კერის, შვილების, ძმებისა და მშობელთა სიკვდილ-სიცოცხლე სწყდებოდა.

ქოსა ფაშა ოთხჯერ მიასკდა გიაურებს, მაგრამ რუსებმა ოთხჯერვე უკუაგდეს და, როცა მოპირდაპირეს მეოთხედი გაუწყვიტეს და დანარჩენსაც ძალა გამოსწურეს, მერმე თვითონვე მოესივნენ, და ზურგი აჩვენებინეს. მან ბრძოლის ველზე ოთხი ათასი დახოცილ-დაკოდილი დასტოვა და ფრთამოტეხილი ქორივით შევარდა ციხეში.

ციხეში ჩაკეტილი ჯარი სათავეშივე დამარცხებულია. ამას არც ერთი ახალციხელი არ იტყოდა, მაგრამ იმ ღამეს ყველამ იგრძნო, რომ ახალციხეს გამარჯვების სული გაუფრინდა და გამოშიგნული ამპარტავანი ქადილიღა შერჩა.

ლაზების რაზმი მუშის ორთუღიან ფაშას მეთაურობით ახლაღა გამოჩნდა, მხოლოდ იმისთვის, რომ გზაშივე ძლეულიყო და უკანვე გაქცეულიყო.

ახალციხეს ხუთადლიანი ძელების გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომელსაც საალყო ზარბაზანიც ვერ გააპობდა. მეციხოვნე ჯარიც საიმედოდ იყო ჩასაფრებული. ქალაქი ღრმა ღელეებით იყო დასერილი და შიგ-მყოფ რაზმებს მხოლოდ შემთხვევით ჩამოვარდნილი ყუმბარა თუ დააზიანებდა. მრავალი ზარბაზანი, ღრმა ხევხუვი, მსხვილი ძელი და ნაქები ვაჟკაცობა - ამის იმედიღა შერჩათ ახალციხელებს.

იმ ღამეს სარასკირმა და ახმედ ფაშამ გვიანობამდე ითათბირეს. ბოლოს ქოსა-კიოსმა უთხრა ახმედს.

- ჯანუმ, ტორმასოვი და გუდოვიჩი ხომ დავიფრინეთ?

- დავიფრინეთ.

- მაშ ბასკუვიჩსაც დავიფრენთ. არხეინად დაიძინეთ.

ვერ დაიძინეს. ფაშებს ვიღაც თუ რაღაც უფრთხობდა ძილს და ჩასჩურჩულებდა, რომ ისტორია მუდამ არ მეორდება და ეს შაითანი ბასკუვიჩიც უფრო ისკანდერ მაკედონელს ჰგავს, ვიდრე უნიათო ტორმასოვს ან გუდოვიჩსო.

* * *

ძმადნაფიცები ეზოში იდგნენ და დალი ჰასანს ახალ “ხაბარს” უსმენდნენ. უცებ რაღაც ზუზუნმა გაფხრიწა ჰაერი და იმავე წუთს იქვე ეზოში საზარლად დაიჭექა. ალმა ელვასავით მოლოკა იქაურობა და მაშინვე ჩაჰქრა. კვამლი რომ გაიფანტა, შეფიცულებიც გამოჩნდნენ. ყველანი მიწაზე ეყარნენ და ნაპირზე გამოყრილი ლოქოებივით ფართხალობდნენ. ყველაზე ადრე არსენა წამოხტა და თავის ლურჯასავით დაიჭიხვინა:

- ოხო-ხო! ეს პასკევიჩის სალამი ყოფილა და მეტი არაფერი, აბა, ბიჭებო, წამოდექით! ხომ არაფერი დაგიშავდათ?

არაფერიც არ დაჰშავებიათ. მხოლოდ თავრეტი დაესხათ და მოულოდნელობით გაბრუვდნენ.

- მოგვნათლეს! - წამოიძახა კარპიჩამ და ისიც წამოდგა.

- ე ტიელი რა ყოფილა!... ამ ოხერს რა ძალა ჰქონია! - დინჯად ჰბურტყუნებდნენ როსტომი და სულხანი და ერთმანეთს ადგომაში ჰშველოდნენ.

ოსტაპმა ერეკლე და ზურა ბალღებივით აიტაცა. მხოლოდ დალი ჰასანი იჯდა ფეხმოკეცილი და გაშტერებული შესცქეროდა ყველას. ქალები და თამარაშვილებიც გამოცვივდნენ და ძმადნაფიცებს ათვალიერებდნენ, ჯანმრთელობას ეკითხებოდნენ და გადარჩენას ულოცავდნენ. ეს პირველი ყუმბარა იყო რუსების მიერ ქალაქში ნასროლი, პირველი და უვნებელი. მას მეორე და მესამე უნდა მოჰყოლოდა. თამარაშვილების სახლი მკვიდრად იყო ნაშენები, მაგრამ მაინც არ ენდვნენ და ათიოდე წუთში ყველანი ღრმა სარდაფებში ჩასახლდნენ.

რუსებს ციხის აღებამდე ჯერ ქრისტიანების და ებრაელების უბნები უნდა აეღოთ, რომელიც ზღუდის გარეთ მდებარეობდა. პასკევიჩმა თავდაპირველად ქრისტიანების ჩრდილოეთ უბანს დაუმიზნა, რადგან იგი უმაღლეს ბორცვზე იყო გაშენებული და ამ უბანში ყველაზე მაღალ შენობად კათოლიკეთა ეკლესია მოსჩანდა.

ალყა დაიწყო. ქრისტიანების და ურიების უბანში ახალციხელთა ჯარი შემოვიდა და თან ზარბაზნები, ნამაზი87, საბრძოლველი ფახი და ასნაირი საომარი მასალა შემოიტანეს. თამარაშვილების ეზოც ზარბაზნებით გაავსეს, ხოლო სკოლა და ეკლესია თავიანთ სადგომად გადააქციეს, სარდაფებშიც შემოიხედეს და მისი დაცლა მოითხოვეს, მაგრამ ანტონმა ხელი ააღებინა. უთხრა, თქვენს დაჭრილებს აქ ჭრილობას შევუხვევ და აქ-მყოფნიც მომეხმარებიანო. ოსმალებს ეს აზრი მოეწონათ და თავი მიანებეს.

ეს უბანი იმ დღიდან ჯოჯოხეთად გადაიქცა და სარდაფი მის შუაგულში მოექცა. ამ კუთხეს პასკევიჩმა ორმოცდა ექვსი ზარბაზანი მიუჩინა, რომელნიც მას დღე-ღამეში რამდენიმე ათას ყუმბარას უგზავნიდნენ. ოსმალების მხრივაც იმდენივე მიდიოდა. ქუხილი დილიდანვე იწყებოდა და ზეცა საათის ოთხამდე იფხრიწებოდა. ის უბანი ზანზარებდა და სარდაფიც დანგრევას ლამობდა.

იქ-მყოფ შეფიცულებს მრავალჯერ მოეჩვენათ, თითქო თაღები დამსკდარიყო და მძიმე ჭერი თავზე უნდა დასწოლოდათ. მოეჩვენათ და გაქცევა დააპირეს, მაგრამ პატიმრებივით იყვნენ და თავს ვერსად შეაფარებდნენ: არც ციხის კარს გაუღებდნენ, არც მუსულმანურ უბანში შეუშვებდნენ და არც საალყო მიჯნას გადაატარებდნენ.

დაჭრილები დილიდანვე შემოჰყავდათ. მძიმედ დაჭრილს თამარაშვილი ჰპატრონობდა, რომელსაც ძმადნაფიცები ჰშველოდნენ, უფრო ადვილებს კი მაგდანას, ფიქრიას და მარინეს უთმობდა.

მტრებს თითქო პირობა დაედოთ: დილაადრიან დაწყებულ სროლას ორთავ მხრივ სწორედ ოთხ საათზე ათავებდნენ. დაღლილი სალდათები და მოსანგრე მუშები ამ დროს უკანვე მიჰყავდათ და მათი შემნაცვლელი მოჰყავდათ. საღამომდე ყველანი ისვენებდნენ. ისვენებდნენ არსენას ძმობილ-დობილებიც.

თითის-ოდენა დათუნა თვალდაჭყეტილი იწვა კუთხეში და განუწყვეტელი გრგვინვით იყო გაშტერებული, ზოგჯერ კი ისე სჩხაოდა, რომ მისი ხმა ზემო სართულშიც კი ისმოდა.

- დეე იტიროს. ჩემი ჯიშისა ყოფილა. მეც მჩხავანა ვიყავი. - ამბობდა მამა. - ფილტვები გაებერება და ჩემი მკერდი დასჩემდება.

მაგრამ არსენას არავინ უჯერებდა და ჩხავილის გაგონებაზე იმ აკვანს ზოგჯერ ექვსი ვაჟკაცი ესეოდა. პატარა ოძელაშვილს დედასაც კი აღარ ანებებდნენ, მაშინვე აკვნიდან ამოჰგლეჯავდნენ, სარდაფში არბენინებდნენ, ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ, ფუნჩულა ტუჩებსა და ყელში ქონიან თათებს სჩრიდნენ და ორი წლის ბალღებივით ტიტინებდნენ:

- ღიტი ღიტი დათუნასა! ნანი ნანა ბიჭიკოსა!

როცა რკინის სეტყვა გადაიღებდა და სარდაფიდან დაჭრილებსაც გაიტანდნენ ხოლმე, შეფიცულები განიერ კარებს გააღებდნენ, სუფთა ჰაერს დალევდნენ, ძლივს დანაყრდებოდნენ, კარის წინ მიეყრებოდნენ და ყელგამოჭრილი მოზვრებივით ახვრინდებოდნენ. კარგა რომ დაღამდებოდა, ისევ ჭექა-ქუხილი ატყდებოდა და მძინარე სარდაფიც იღვიძებდა.

ეზოში ასვლა აკრძალული ჰქონდათ, მაგრამ ზოგჯერ ღია კარიდან იხედებოდნენ და ბრძოლის მცირე კუთხეს ათვალიერებდნენ. განიერ ეზოში ექვსი დიდი ზარბაზანი იდგა. ოსმალებს ეს საომარი ძარღვი მხოლოდ თვითონ ეჭირათ და საარტილერიო საქმეს უერთგულეს მესხებსაც კი არ ასწავლიდნენ, ამიტომ იმ ეზოში უმთავრესად წითელი ფესვები მოჩანდა.

ოფლში გაწურული გულგაღეღილი ასკერები88 ყუმბარებს მოარბეინებდნენ, ზარბაზნებს სტენავდნენ და რიგრიგად აქუხებდნენ. სასაფლაოდან, მეზობელ ეზოებიდან და ქუჩებიდანაც მოისმოდა გრიალი. დროგამოშვებით იმ ეზოს “ბასკუვიჩის ნობათებიც” აყრუებდა და ხუთიოდე წუთის შემდეგ სანიტარებს სარდაფში ახალი დაჭრილები ჩამოჰქონდათ. მაგრამ ზოგჯერ სანიტარები იგვიანებდნენ. მაშინ სარდაფში ჩაუში ან ასკერი ჩამოდიოდა და დაჭრილების საზიდავად შეფიცულები მიჰყავდა.

ერთხელ არსენაც გავიდა და იქაურობას თვალი მოავლო, ეკლესიაც, სკოლაც და თამარაშვილის სახლიც მრავალგან იყო შენგრეული. ჩაუშმა საკაცეებით მიმავალი შეფიცულები ეკლესიის მეორე მხარეზე გაიყვანა. სანამ დაჭრილებს საკაცეებზე დაასვენებდნენ, მარაბდელმა რუსების მხარეს გაიხედა. შორს ღელეებში თეთრი კარვები წყალზე მიმავალი ბატებივით ჩამწკრივებულიყვნენ. უფრო ახლო რამდენიმე ალაგას ზედიზედ კვამლის ქულებმა იფეთქა და ჰაერი ალის ენებმა მოლოკა. რამდენიმე წამის შემდეგ ყრუ გუგუნი მოისმა და ამავე დროს ეკლესიის უკან რამდენიმე მეხი ჩამოვარდა.

არსენამ ბექობის ჩაყოლებაზე ჩაიხედა და უამრავი სანგარი დაინახა. თხრილები ალბათ მუშებით იყო სავსე, რადგან უთვალავ ალაგას თხუნელებივით ისროდნენ მიწას. შემდეგ იმ თხრილებიდან ტყვიის ზუზუნიც მოისმა. აქედანაც თოფის სროლით უპასუხეს. ალბათ სამას-ოთხასი კაცი ისროდა. არსენა ჯერ ვერა ჰხედავდა მსროლელებს, მაგრამ კვამლის ქულებმა მიახვედრეს. აქეთა მხარეც თხრილებით იყო დასერილი. შიგ მესხები ისხდნენ და გამალებით ისროდნენ.

ოძელაშვილი ომში ნავალი არ იყო, მაგრამ ნანახი უმალვე შეჰკვანძა და გაიფიქრა: “რაკი მტრები ერთმანეთს პირდაპირ მისდგომიან, სჩანს საქმეს დღეს ან ხვალ ხიშტი და ხანჯალი გადასჭრის”. მერმე საკაცეს დასწვდა და დაჭრილი მესხი წამოიღო. ეზო ცალიერი დაუხვდა. აქა-იქ ოციოდე მკვდარი და დაჭრილი ეგდო. ორი ზარბაზანი ყირაზე ამდგარიყო, მესამეს ტუჩი მიწაში ჩაეყო. გაფანტული მეზარბაზნენი ნელნელა იკრიბებოდნენ. ათიოდე მათგანი სარდაფიდან ამოძვრა და მცირე ხნის შემდეგ ის პატარა კუთხე ქუხილით, ცეცხლით, კვამლით და სისხლით გამოცოცხლდა. მერმე კამეჩებით სამი ახალი ზარბაზანი მოათრიეს და ცეცხლი ერთიორად გააღვივეს.

- ბიჭებო, ძალიან მალე ამ ეზოში სისხლის წვიმა წამოვა და თავს უნდა ვუშველოთ. - სთქვა იმ საღამოს არსენამ და დააყოლა: - რუსები ამ უბანში შემოიჭრებიან, აქაც ჩამოიხედავენ და...

დანარჩენი ისედაც ცხადი იყო. მაგრამ სად წასულიყვნენ? ვისთვის შეეფარებინათ თავი? ბაღში ჩასვლა უგუნურება იქნებოდა. ორივე მხრივ დაუშენდნენ. დალი ჰასანიც გაჰქრა, ექიმმა ანტონმა შუბლი მოიფხანა და უთხრა:

- მეტი გზა არა გაქვთ. როცა რუსები შემოუტევენ, ალიაქოთის დროს გაძვერ - გამოძვერით და თავს უშველეთ, თორემ ყველას მოღალატეებად ჩაგთვლიან და ხის ტოტებზე ჩამოგკიდებენ. ქალები და ბავშვი კი აქვე დარჩნენ. მეც აქ ვიქნები და იმედია გადავარჩენ.

დაუჯერეს და ბედის მოლოდინს შეუდგნენ.

რუსებს ყოველ ღამ ორი იერიში მაინც მოჰქონდათ. ჭანები და აჭარელები თხრილებში უხვდებოდნენ. იერიშს ისეთი სროლა უძღოდა წინ, რომ სარდაფში ჩაკეტილებს მიწისძვრა და ხშირი სეტყვა ეგონათ, შემდეგ რამდენიმე წუთით ყველაფერი ყუჩდებოდა.

უცებ შორიდან შიშნაჭამი ბღავილით წამოვიდოდა:

- ურააა!

მას ეკლესიის მახლობლად ამგვარივე კივილი უხვდებოდა:

- ალააა!

და სიბნელეში ყრუდ გაისმოდა დამბაჩების ფეთქვა, ფოლადის ჟღარუნი, დაჭრილთა გმინვა და მებრძოლთა ანჩხლი შეძახილი.

ახალციხელებიც ლამობდნენ თაოსნობა შეენარჩუნებინათ. ბნელ ღამეში ათასობით აწვებოდნენ რუსულ რკალს და ცდილობდნენ იგი ხანჯლით და სისხლით დაედნოთ. მაგრამ სალტა არა დნებოდა, მხოლოდ იღუნებოდა და მილეულ ზვირთებს უკანვე ერეკებოდა. ღამეს დღე მისდევდა და რკალიც იკუმშებოდა, ციხეს ყელში უჭერდა და სუნთქვას უჭირვებდა. ყველანი გაინაბნენ და დღე-დღეობით უკანასკნელ ნახტომსღა ელოდებოდნენ.

კოშკი კაია დაგი, რომელიც სიმაღლით მისგითს და კათოლიკეთა ეკლესიას უდრიდა, ყუმბარებით იყო დაცხრილული და უკვე დადუმებულიყო. ქრისტიანები რაღაც ხვრელებით იპარებოდნენ რუსებთან და ამბები მიჰქონდათ, ამიტომ ახალციხელებმა ერთ ღამეს ყველა ქრისტიანებს იარაღი აჰყარეს და სხვების დასაშინებლად რამდენიმე მათგანი კიდეც ჩამოახჩვეს.

იმ დილას ფაშამ ანტონ თამარაშვილი დაიბარა. ქრისტიანების უბანს უწინდელზე ხშირად სცვიოდა რუსული სეტყვა, ოსმალები კი ყუმბარებს იზოგავდნენ და პასუხს აღარ აძლევდნენ.

- როცა მოჭიდავეს მუხლებში ქარს ჩაუყენებენ, მაშინ ღონის გამოზოგება რაღა ბედენაა. - სთქვა არსენამ და დაუმატა: - ხვალ ან ზეგ ის ნამგალა ჩამოვარდება. - და თითი შიდა-ციხისკენ გაიშვირა.

ანტონი გვიან დაბრუნდა, თავი გააქნია და სთქვა:

- მორიგება არ მოხერხდა, კიდევ ბევრი სისხლი დაიღვრება.

ქოსა ფაშამ ახალციხელი მუფთი89, პატრი მიხეილი, ანტონი და რამდენიმე პატივცემული კათოლიკე მღვდელ-მთავრის შაჰყულიანის მთაურობით პასკევიჩს მიუგზავნა და ორი კვირით დაზავება სთხოვა.

- არასგზით! - მიუგო პასკევიჩმა და თავის პირობა მოუჭრა: - სამ დღეში დამიცალონ ციხე. მეციხოვნე ჯარს ნებას ვაძლევ შიარაღებული წავიდეს. - და პასუხის მოსატანად დელეგატებს თავის პოლკოვნიკი გამოაყოლა.

- არასგზით! - გაბზარული სიმტკიცით უპასუხეს დაჭრილმა ქოსა ფაშამ და ახმედმა, რომელმაც დაუმატა:

- ამიერიდან ჩვენს შორის მოციქულად მარტო ხმალი იქნება და დეე მხოლოდ მან ილაპარაკოს. მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბატონო პოლკოვნიკო.

- მშვიდობით იყავით, ბატონებო.

ქოსა ფაშამ წინდაწინვე იცოდა ამ მოციქულობის დასასრული, მაგრამ მან სხვანაირი პასუხი ვერ გაუბედა, რადგან თვითონაც და მის მიერ მოყვანილი ჯარიც ორმაგ ტყვეობაში იმყოფებოდნენ: ჯერ ერთი - პასკევიჩისა, და მეორეც - ახალციხის ნამდვილი ბატონის ხიმშიაშვილისა. ახმედ ფაშა, მისი სანჯაკბეგები90, აჭარელი აბაშიძენი, მესხები, მთიელები, იმერლები, გურულები, ჭანები და ენგიჩარები არავის კრინტსაც არ აძვრევინებდნენ მორიგებაზე. მათ კარგად იცოდნენ რა პირობით მორიგდებოდნენ რუსები და ოსმალები და კბილთა ღრჭენით ეუბნებოდნენ ოსმალებს:

- თქვენ აქ სტუმრები ხართ, ჩვენ კი მასპინძლები. თქვენ ხელცარიელი მოსულხართ და ისევ ხელცარიელი გაბრუნდებით, ჩვენ კი გიაურებს უნდა დაუტოვოთ ჩვენი სახლკარიც, ბაღებიც, მამულიც, წინაპართა საფლავებიც და თქვენ უნდა წამოგყვეთ. ოსმალეთი ჩვენთვის უცხო ქვეყანაა და არავინ გვიპატრონებს. ცოლ-შვილიც მშიერი დაგვეხოცება და ჩვენც ჩვენი წინაპრებივით სადმე ერაყს, მაღრიბს ან მისრითში91 გვიკრავენ თავს. ამიტომ ჩვენ ბედს მარტო ეს ხმალი გადასჭრის.

და ოსმალებსაც იმავე ხმლით ემუქრებოდნენ. ახმედმა კი მოურიდებლად განუცხადა სამივე ოსმალო ფაშას:

- თუ დანებებას აპირებთ, შეგბოჭავთ. ყველა სულმოკლეს ჩამოვახრჩობთ და სანამდე ვიბრძოლებთ, მანამ ერთი მესხი მაინც დარჩებოდეს ცოცხალი.

და ისიც გააგებინა ირიბულად, რომ ბასკუვიჩი საიდუმლო მოციქულებს უგზავნიდა მას და, თუ გარემოება მოითხოვდა, ხიმშიაშვილი პასკევიჩთან შეჰკრავდა კავშირს, ოსმალებს მიუბრუნდებოდა და ტრაპიზონ-ბითლისის იქით გადაჰრეკდა.

ახლა კი მიხვდნენ ფაშები, რომ ხიმშიაშვილი მათი ხელქვეითი კი არა, უდავო ბატონი იყო და მის გადაკიდებას ისევ შაითანის გადაკიდება ერჩივნათ. მათ გაახსენდათ ბედი ფეხლევან ფაშასი, რომელსაც ამ ახმედის მამამ სელიმმა ოცდახუთი ათასი მხედარი შეუმუსრა. ისიც გაახსენდათ, რომ ორი წლის წინათ ფადიშახმა ყველა ენგიჩარი გაჟლიტა, მაგრამ აქ-მყოფ ენგიჩარებს ვერაფერიც ვერ შეუბედა. გარდა ამისა ამ გულჩახვეულ ფაშას ალბათ თავისი მამის სელიმის მოჭრილი თავი აწუხებდა, და თუ ბასკუვიჩსაც შეუთანხმდებოდა, მაშინ რუსები სულ ადვილად წაიღებდნენ ვანსაც, აზრუმსაც და ტრაპიზონსაც, ხოლო ფაშების თავებს ხურჯინში ჩაალაგებდნენ და სელიმ ფაშას თავს დაადევნებდნენ.

ფაშებმა ამ სურათით ერთმანეთი დააფეთეს, ხიმშიაშვილი ერთგულების ფიცით დაამშვიდეს და იმ დღიდან ისე ეპყრობოდნენ, როგორც ნამდვილ მთავარსარდალს შეჰშვენოდა. კათოლიკენიც მისი თანხმობით გაჰგზავნეს მოციქულად და ბასკუვიჩის პოლკოვნიკიც მისი თანდასწრებით გაისტუმრეს ხელცარიელი.

* * *

- ამიერიდან ჩვენს შორის მარტო ხმალი იქნება მოციქულიო. - მოიტანა პასუხი პოლკოვნიკმა.

- აგრე იყოს. - გამოუცხადა პასკევიჩმა თავის სარდლებს და შემდეგ ქართველ აფიცრებს მიუბრუნდა: - უწინ ეს მიწა-წყალი თქვენი ყოფილა და გეცოდინებათ, რამდენი წელიწადია რაც ამ ციხეზე სულთანის დროშა ჰფრიალებს?

პასკევიჩს ეგონა, მოლაპარაკება გაგრძელდება და ქოსა ფაშა გამოჩენილ დელეგატებს მომიგზავნისო, ამიტომ მათ ბრწყინვალე ამალა შეუმზადა. მათს შორის მრავლად იყვნენ ორბელიანები და ერისთავები, ანდრონიკაშვილები და ჩოლოყაანი, ამილახვრები და ჭავჭავაძენი, ბაგრატიონები და ბარათაანი. პასკევიჩის კითხვაზე მარშალმა კონსტანტინე ბაგრატიონ მუხრან-ბატონმა უპასუხა:

- ორას-ორმოცდაათი წელიწადი იქნება.

- სამ დღეზე მეტ ვადას აღარ ვაძლევ. - გამოაცხადა პასკევიჩმა და დაუმატა: - მგონი აგერ იმ ნამგალაზე ამბობენ ახალციხელები, ჯერ ციდან უნდა ჩამოიღო მთვარე და მერმე ჩვენი მისგითიდანო.

- აგრე ამბობენ. - დაუდასტურეს აქეთ-იქიდან. - მაგრამ...

- მაგრამ ჩვენ ამ ნამგალას ჩამოვიღებთ, ცის მთვარეს კი ქოსაკიოს ფაშას მივანდობთ. Nest ce pas? - აგრეა თუ არა?

- აგრეა, აგრე! - სიცილით შესძახეს ყოველ მხრივ.

- ქართველები არც აქამდე ჩამორჩენილხართ რუსებს. - განაგრძო პასკევიჩმა, - ახლა კი ნამეტანი მხნეობა და ვაჟკაცობა გმართებთ, nest ce pas? თქვენ ძველადაც შეჩვეულები ხართ და ახლაც წესად დაიდეთ, რომ ციხის გალავანზე ასვლის პირველობა არავის არ უნდა დაუთმოთ. - თვითონაც გაიღიმა, სხვებიც გააღიმა და დაასრულა: Et bien, monsieurs les nobles - მაშ ასე კეთილშობილნო. - მე ღრმად მრწამს, რომ პირველობას არც ახლა დაგვითმობთ. თუმცა ახლავე გაფრთხილებთ, რომ - და რუსებს გადაჰხედა - რომ ჩვენც შევეჩვიეთ პირველობას და ნებაყოფლობით არც დღეს ჩამოგრჩებით. ბატონებო, სამხედრო ისტორიაში წამიკითხავს, რომ ნადირ შახმა დიდი საჩუქარი დაუნიშნა იმ სამხედრო ნაწილს, ვინც პირველი ავარდებოდა გერათის და ყანდაარის გალავანზე. და როცა ათი თვის ალყის შემდეგ ციხეს მიესივნენ, პირველობისთვის ყველანი გააფთრებით იბრძოდნენ - ქართველები, თათრები, სპარსელები, ლურები, ბახტიარები, კაშკაველები და კიდევ სხვანი მრავალნი. მაგრამ ჩოლოყაშვილის სახელოვანმა ათასეულმა გერათშიაც და ყანდაარშიც ყველას აასწრო და პირველობა დაიჩემა. მე მრწამს, ქართველებო, რომ დღეს თქვენ წინაპრებს არ ჩამორჩებით და პირველად თქვენ შეცვივდებით “თქვენს” ახალციხეში.

პასკევიჩი ქართველებს უწყალოდ უქონავდა თავს და ისინიც მზად იყვნენ თუნდაც ზარბაზანში შემძვრალიყვნენ გასასროლად, ოღონდ კი ერთი ჯვარი კიდევ მიეღოთ და მათი გვარი პასკევიჩს თავის “რელაციაში” ჩაეწერნა, რომელსაც “ჩვენს სათაყვანებელ მეფეს” უგზავნიდა ხოლმე.

შემდეგ პასკევიჩმა მათ მეფე და სამშობლო გაახსენა, უკვე გაცემული საიერიშო გეგმა გაუმეორა და ზედ დარიგება დაუმატა. მერმე ყველანი გაისტუმრა და მოსასვენებლად მიწვა, რადგან მისი დიდების ან შერცხვენის ჟამი მოდიოდა და ჰსურდა მხნედ ყოფილიყო. კარვიდან რომ გამოვიდნენ, სარდალმა მელიქსედეკ ანდრონიკაშვილმა გრიგოლ ორბელიანს მისგითისკენ გაუშვირა თითი და უთხრა:

- გრიგოლ ის ნამგალა შენი კერძია და სცადე.

ორბელიანმა პასუხი არ გასცა და ნამგალას ჩაციებით დააშტერდა.

* * *

ეს ყორნები ალაჰმა თუ დასწყევლა: ათასობით დასტრიალებენ შიდა-ციხეს და შავი ღრუბლებივით აბნელებენ დროშასაც, მისგითსაც და მის ოქროს ნამგალასაც, რომელიც ისე გადმოხრილა, თითქო ჩამოხტომას და გაქცევას აპირებსო.

მუეძინს მეტად მხნე სურები შეურჩევია, მაგრამ მისი კილო მაინც პანაშვიდს ჰგავს და ახალციხელებს გლოვის გუნებაზე აყენებს.

ალაჰმა დასწყევლოს ეს ყორნები! ასე გულმოდგინედ და სევდიანად არასოდეს უჩხავლიათ. ეს შავი თანამგზავრები და წინამორბედნი სიკვდილისა ცას იპყრობენ, აშავებენ, თითქო განგებ ეჯიბრებიან მუეძინს და სულ იმას ცდილობენ, რომ იმის საამური მოწოდება თავიანთი ჩხავილით დააყრუონ.

ახალციხევ, სანამ დრო გაქვს, იძინე! შენ კი - იგალობე მუეძინო, იკრიალე ნამგალავ, და შენც ჩასთვლიმე, სულთანის ალამო! - თქვენ ჯერ არ იცით, ან საიდან გეცოდინებათ, რომ უკვე დათვლილია თქვენი დღენიც და საათებიც. დღეს და ხვალ მრავალი ათასი თქვენთაგანი სამუდამოდ დაიძინებს. მუეძინი დამუნჯდება. ნამგალა ჩამოვარდება და სულთანის დროშაც შორეულ პეტერბურგის გზას გაუდგება.

სულთნებისა და ათაბაგების ახალციხევ, შენი უკანასკნელი დღეა და სიზმრებს მაგრად მოეჭიდე!

მეხუთე საათი იწყება. რუსებს და თათრებს დაღლილი ჯარი მიჰყავთ და გამოძინებული მოჰყავთ. ყოველ დღე ასე ხდებოდა და დღესაც იგივე მეორდება. მაგრამ ამავე დროს თითქო რაღაცა იცვლება და დღევანდელი გუშინდელს აღარა ჰგავს: ოსმალ-მესხების სიღნაღებში92 არაფერი არ შეცვლილა, რუსების თხრილებში კი რაღაც უცნაური ფუსფუსი მოსჩანს. იქ ერთი სალდათი ათმა მაინც შესცვალა.

გუშინ ღამით რუსებს ორი ფელდფებელი გაექცათ. ქოსა ფაშასთან მივიდნენ და გააფრთხილეს, მაგრამ არ დაუჯერეს: საიდან ეცოდინებათ სალდათებს რუსებმა იერიში სად და როდის უნდა დაიწყონო? დეზერტირები რუსულ ღმერთს ჰფიცულობდნენ, მაგრამ მაინც არ დაუჯერეს. მაშინ მათ მომავალი სიკვდილი იგრძნეს და ატირდნენ. ფაშამ ისევ თავი გააქნია და მოღალატე რუსები ჯურღმულში ჩაჰყარა.

არც დღეს სჯეროდათ და გულმშვიდად ეძინათ.

ეკლესიის ბანზე შესკუპებული ოსმალო აფიცერი რუსების მოძრაობას ჭოგრით ადევნებს თვალყურს და გულში ეჭვის ჭია უფართხალებს. ის უკვე შეეჩვია რუსის პოლკის გარჩევას. აგერ პიონერები, ეგერები. აი ქართული და ერევნის გრენადერებიც. შირვანელები წინ წამოწეულან. მათ ნარევი გუნდი მოუძღვით წინ.

დასწყევლოს შაითანმა! რა ღრმა თხრილებია! შეუძლებელია გაარჩიოს, ასი კაცი მოდის თუ ათასი. ერთი გუნდი მღერის:

Ой во поле липанька стояла.

მორე მხარეს მეორე გუნდი ჰგუგუნებს:

Не будите меня молоду...

აქ რაღაც ამბავია, რადგან რუსებს ასეთი რიხით ჯერ არასოდეს არ უმღერიათ.

გრიგოლ ორბელიანი დიდხანს უმიზნებს ზარბაზანს დიდი მისგითის გუმბათს. მას არავისთვის არ უთქვამს თუ რა ამოიღო მიზანში. ერიდებოდა აცდენას, ღიმილს, დაცინვას. ნამგალას ჩამოსაგდებად ოციოდე ყუმბარა იყო საჭირო, ბატარეის უფროსმა კი მხოლოდ სამი მისცა. აფიცრებმა მაინც გაიგეს მისი განზრახვა და მრავლად მოგროვდნენ. ეს ნამგალა გრიგოლზე უფრო უპრიანია, ვიდრე სხვა ვინმეზე, რადგან - ჯერ ერთი - ორბელიანი ორბელიანია და მეორეც - ახალგაზრდა არტილერისტია, სახელოვანი პოეტია, მეფის ჩამონავალია და, რაც ოციოდე ქართველმა მეფემ ვერ მოახერხა, იქნება ამან მაინც დასძლიოს და ის მაჯლაჯუნა ნამგალა ჩამოიღოს.

ზარბაზანს დიდხანს აწვალებდა. გარშემო ოციოდე ქართველი თავადი ეხვია და ყრუ სიჩუმე იწვა. რუსები შორიახლოს გამდგარიყვნენ და ღიმილით ელოდებოდნენ. ბოლოს ორბელიანი განზე გადგა და ჩუმი ხმით გადმოაგდო: “ცეცხლი!”

ზარბაზანმა დაიქუხა, ცეცხლი და კვამლი გამოაფურთხა და ისე დაიწია უკან, თითქო ჰსურდა თავის ნასროლის შედეგი თვითონაც დაენახაო. რამდენიმე ასეული თვალი ამაყად ასვეტილ მისგითს მიებჯინა. უცებ მის გუმბათზე ოქროს ნამგალა ისე გაჰქრა, თითქო ვიღაც ჯადოქარს მოეტაცნა.

- ბრავო! ვაშა - შესძახეს ყოველ მხრივ და მომღიმარე ორბელიანს ოციოდე ხელი მისწვდა მისალოცავად. როცა პასკვეიჩმა გაიღვიძა, იმანაც მიულოცა და ბრძანა საერთო იერიში დაეწყოთ.

ნამგალას გაქრობამ ციხეს თავზარი დასცა. მაგრამ რუსების იერიში მაინც არავინ დაიჯერა, რადგან უკვე დაკანონდა, რომ ამ დროს რუსებსაც უნდა სძინებოდათ და ახალციხელებიც მოესვენებინათ.

“შაითან ბასკუვიჩ!”

უცებ რუსების თხრილებიდან თეთრი ხალათები ამოცვივდა - ათი, სამოცი, ორასი, ათასი!

ოსმალო ებგურმა განგაში ასტეხა. რუსები მორბიან. ისმის სამხედრო მუსიკის მარში და მძლავრი გრგვინვა.

- ურააა!

ოსმალთა ორმოცმა ზარბაზანმა ერთად დაიქუხა და მთელი ახალციხე შეაზანზარა. ეს მათი უკანასკნელი ყეფა იყო.

რუსების მოწინავე რიგები ცელით მომკილი ლერწამივით დაწვნენ, სხვები შეყოყმანდნენ და აირივნენ, მაგრამ უცებ ხელახლა დაიძრნენ და “ურას” ბღავილით წამოვიდნენ. ყველაზე წინ მედოლე, ორი რუსი და ორი ვაჩნაძე მორბოდა. ვაჩნაძე “ნომერი მეორე” წაიქცა, სხვები კი დაფეთებულნი შეცვივდნენ მტრის წინა სანგარში და ხელის ყუმბარები დააქუხეს.

- დაიწყო! - დაიძახა არსენამ და სარდაფიდან განიერ კიბეზე ამოვარდა. სხვებიც მოჰყვნენ და იმ კიბეზე შექუჩდნენ. ვეება ეზო, ეკლესიის მიდამოები და სასაფლაოც მესხებით და ოსმალებით გაივსო. წყობა და რიგი აღარავის არ ახსოვდა. ოსმალი ასკერები მაინც ცალკე იყვნენ შეჯგუფებული და ახალციხელების რაზმებიც ცალკე იდგნენ. ბეგები და აფიცრები რაღაცას ყვიროდნენ, მაგრამ მათი ბრძანება არავის აღარ ესმოდა. მებრძოლთა ორი ტალღა ერთმანეთს ჯერ ეკლესიის უკან შეეჯახა, შემდეგ კი ეზოსა და სასაფლაოზე შემოიჭრა.

- Урааа! За мной! Вперед! С нами бог!

- ურააა! მომყევით, მივეშვნეთ! ღმერთი ჩვენთან არს!

- ვუუურ! დაჰკა! მიდი! ალა-ა-ააჰ!

ძმადნაფიცებს ახლა ხელის გულივით გადაეშალათ ბრძოლის სურათი. რუსების თეთრი ზვირთი გაშმაგებით მოიწევდა. ეზოში შექუჩებულმა მესხებმა ხმლები და ხანჯლები იშიშვლეს და იმ ზვირთს თვითონაც ზვირთივით შეასკდნენ, ოსმალთა ხიშტმოღერებული რაზმები კი სასაფლაოზე ამოსულ გრენადერებს დაუხვდნენ.

ირგვლივ მზის შუქზე ელვასავით კრიალებდა მოქნეული ხმალი, ხანჯალი, ხიშტი და ერთმანეთში ირეოდა ჩახუნი და კვნესა, ჟღარუნი და გმინვა, ბღავილი და ხრიალი.

ალაგ-ალაგ მებრძოლნი ერთმანეთს ასობით შეეხლართნენ, ჩაექსოვნენ და ამ კვანძებს დანებით და ხანჯლებით ჰკაფავდნენ.

მახვილით და სისხლით შეთხელებულ ჯგუფებს ახალი მებრძოლები ემატებოდნენ და ცოცხალი ხლართებიც ხელახლა სივდებოდა ისევ სისხლით იცლებოდა.

ხალხი დარხეულ პანტასავით ცვიოდა, მებრძოლნი წაქცეულებს სთელავდნენ, დაჭრილები ლამობდნენ ფოფხვით გამოსულიყვნენ, მაგრამ კვლავ ითელებოდნენ, ფართხალებდნენ, იგინებოდნენ, ემუდარებოდნენ, იწყევლებოდნენ და ირგვლივ ისე იღვრებოდა სისხლი, თითქო წითელი ღვინით სავსე რუმბები გამოფაშვესო.

არსენა უძრავად იდგა კიბის თავზე. მისიანებიც კიბეზე გახევებულიყვნენ. მარაბდელი ფერწასული იყო. ერთი წარბი მძლავრად უხტოდა და თვითონაც შეუმჩნევლივ თრთოდა. მისი ხელი უნებურად აწვალებდა ხანჯალს და ვიღაც უჩინარი ეზოსკენ ეწეოდა, რამდენჯერმე ფეხიც შეინაცვლა, მაგრამ თავი შეილაგმა და ალაგიდან არ დაიძრა. “ვის მივემხრო? რად? რისთვის? - ჰფიქრობდა თავისთვის. - აქეთ ოსმალები და მუსულმანი ქართველები არიან, იქეთ კი რუსები და ქრისტიანი ქართველები. ჩვენ რაღა შუაში ვართ? ესენი ერბოზე გვხრაკავენ, ისინი კი ზეთზე. ორთავ შავ ჭირს წაუღია. ეს ქართველები კი - ქრისტიანებიც და მუსულმანებიც - ან ღმერთმა გაატუტუცა, ან რუსები და თათრები ძალით აჟლეტინებენ ერთმანეთს”.

მაშ აი რა ყოფილა ომი! რამდენი ოჯახი დაინგრევა! რამდენი დაქვრივდება და დაობლდება! რამდენი ვაჟკაცი იღუპება! რამდენი პოულობს სხვისი სისხლით სახელსა და დიდებას! არსენას კი ჯერ ერთი წვეთიც არ დაუღვრია და უსისხლო სახელი კი დაიმკვიდრა. ნუთუ ისევ უსისხლოდ გადარჩება? “არა მგონია. თუ მე თვითონ არ დავღვარე, სხვები დაღვრიან ჩემს სისხლს”.

- ჩამოდით... შინ შემოდით! - დროგამოშვებით ისმოდა უკნიდან მაგდანას, ფიქრიას და მარინეს ხმა, მაგრამ მამაკაცები ისევ უძრავად იდგნენ და იღრინებოდნენ:

- თავი დაგვანებეთ! რას ჩაგვაცივდით! შინ შებრუნდით და კარი მოიხურეთ!

ოსმალ-მესხების ტალღა უკან-უკან წამოვიდა. რუსები გამხნევდნენ, მოაწვნენ და გამორეკეს. მაგრამ უცებ თვითონაც დაფრთხნენ და შეყოყმანდნენ. ეკლესიაში ექვსასი მესხი ჩასაფრებულიყო. როცა დრო იხელთეს, გარეთ გამოცვივდნენ და წინ-წამოსულ რუსებს ზურგში მისცეს მახვილი. ათიოდე წუთში ეზო ისე მოიფინა თეთრხალათიანი გვამებით, როგორც მოლი გვირილით. მაგრამ ბრძოლის სასწორი მალე უკანვე გადაიხარა. მესხები ისევ ეკლესიაში შეცვივდნენ. შიშმა შერეკა თუ ფანდმა, ვერავინ ვერ გაიგო, რადგან იქიდან ამბავის მთქმელიც არავინ გამოსულა.

- ქართველები მოდიან! - დაიძახა კიბეზე ვიღაცამ ცოტა ხნის შემდეგ და ეკლესიის ეზოზე და სასაფლაოზე შავჩოხა მილიციელების ტალღა ამობობღდა.

- ენგიჩარებიც მოდიან! - ისევ დაიძახეს კიბეზე და მეორე მხრივ ენგიჩარ ქართველთა უკანასკნელი რაზმი წამოვიდა.

წინ ახოვანი ბელადი მოუძღოდათ, ორმოცდა ხუთი წლისა იქნებოდა. ძალიან მაღალი არ იყო, მაგრამ ისეთი მხარბეჭი და მკერდი მოჰქონდა, რომ არსენასაც კი შეჰშურდა. ლაცაბიძე რომ იქ ყოფილიყო, ამ ენგიჩარის წვერულვაშს ისიც კი ინატრებდა. ერთ ხელში დროშა ეჭირა, მეორეში კი უგრძესი დაკლაკნილი იათაგანი. თვითონაც ისე გაიარა ის ეზო და რაზმიც ისე მიაბჯინა სიკვდილს, თითქო სულთანის სელამლიკზე93 ყოფილიყოს.

- ქალებიც მოდიან! - მოისმა იმავე კიბეზე და ყველანი ზევით ამოცვივდნენ. ენგიჩარებს ასიოდე პირმობურული ქალი მოსდევდა, ხოლო მათ აჭარლები მოჰყვებოდნენ. ყოველ ქალს გვერდით ძმა, ქმარი ან მამა ედგა. მათ შორის პირშიშველნი ჭაბუკებიც მრავლად მოსჩანდნენ. ენგიჩარები, ბეგები და რაზმისთავები ხმალამოწვდენილი მოეშურებოდნენ, ქალებს და დანარჩენებს კი ხელში შიშველი ხანჯლები უპრიალებდათ. ქალების რაზმს ხმელ-ხმელი მოხუცი ბეგი მოუძღოდა. გვერდით ჭაბუკი ედგა. შუაში ვინმე მაღალი ქალი ჩაეყენებინათ, რომელიც მაღლა მოაფრიალებდა აჭარელი ბეგების ამაყ დროშას.

მოხუცი მიტრიალდა და თავის რაზმს მიაძახა:

- მოიხსენით!

ქალებმა პირსაბურავები მოიგლიჯეს. მათ ჰსურდათ პირსუფთად და ღიმილით შეჰხვედროდნენ სიკვდილს, რომელიც უკვე ბრმა ურჩხულივით მოაბიჯებდა მათკენ.

არსენამ ქალ-ვაჟთა გუნდს გადაავლო თვალი და გაოცდა. მესხები აქამდისაც ენახა, მაგრამ ახლაღა ეცა თვალში, რომ მათ ქრისტიან ქართველებზე უფრო უკეთ ჰქონდათ შენახული ქართული სახეც, მიმოხვრაც და საერთო იერიც. გასაოცარი კი ის იყო, რომ ყველას ღიმილი უკრთოდა პირსახეზე.

არსენა თითის წვერებზე შედგა, რათა მოწინავეთა შეჯახება დაენახა.

ქართველები მოსისხლე მოზვრებივით შეეჯახნენ ერთმანეთს და ეზო სასაკლაოდ გადააქციეს. ისევ ცოცხალთა და მომაკვდავთა კვანძები, ისევ შლეგთა კიჟინი და ხრიალი, ისევ ფოლადის ჩახუნი და სისხლი, ყველგან სისხლი, მხოლოდ სისხლი და სიკვდილი.

უცებ ოძელაშვილმა უცხვირო და პირმოჭმულ კუჭატნელს მოჰკრა თვალი, რომელსაც ძაღლის ნაკბენში სისხლის ჯვარი მიეღო ჯილდოდ. გიორგი გაშმაგებით იქნევდა ხმალს და თავის ხელქვეით მილიციელებს რაღაცას უყვიროდა. უკან გამზათ ლეკი ედგა და ქურდივით აცეცებდა თვალებს.

ენგიჩართა დიდწვერა ბელადმა კუჭატნელი აირჩია და მიიწია. გიორგიმ დროზე შენიშნა, ხმალი მარცხენა ხელში გადაიგდო, დამბაჩა იძრო და სამ ნაბიჯზე დაახალა. ენგიჩარი შეტორტმანდა, ისევ გასწორდა, წინ გადახტა და მსროლელს ხმლის წვერიღა მიაწვდინა შუბლში. ორივენი ერთმანეთის გვერდით წაიქცნენ.

- აგრე! - მიაძახა ენგიჩარს მარაბდელმა. - მარჯვენაში გენაცვალოს არსენაი! და მარაბდელს თრიალეთის ტყე გაახსენდა, სადაც მას კუჭატნელის მოკვლა შეეძლო და არ მოჰკლა. “ვაი რა სულელი ვიყავი! მაშინ რომ მომეკლა, ამდენ სისხლს ვეღარ დაღვრიდა. მაშ ამ მოხუცის მოკვლაც ჩემი ბრალი ყოფილა. დოყლაპიავ! ბედოვლათო!”

აგერ გახელებული ცალყურა ჯორაშვილიც. აი ელიზბარ მაღალაშვილიც, ჩაჩიკაშვილი, ამირეჯიბი, ვაჩნაძენიც, გაბაშვილებიც, ჯორჯაძენიც და კიდევ ათას ნაცნობ-უცნობი თავადი და აზნაური.

“ღმერთო ჩემო, ყველა ჩვენი თავად-აზნაურები აქ მოსულან და აქაურობას შესჭამენ”!

ენგიჩარების დროშას თითქო გრიგალი დაეტაკაო: ირხეოდა, ფორხილობდა და ხან წაქცევას ლამობდა, ხან ისევ ზევით მიჰქროდა. სამჯერ კიდევაც დავარდა, მაგრამ ისევ აიტაცეს. მეოთხეჯერაც წაიქცა და კარგა ხანს ვეღარ წამოდგა. ბოლოს ისევ წაიქცა და ვეღარ წამოიწია, რადგან მას ათიოდე მოკლული დააწვა.

ენგიჩარები სამკვდრო ფიცით იყვნენ შეკრული, რომ უკან არ დაიხევდნენ, და მართლაც არ იხევდნენ. თოვლივით დნებოდნენ და ათიოდე წუთში უკვე ორი მესამედი გამქრალიყო. წეღან მათი რაზმი კედელივით იფარავდა ქალებს, ახლა კი ეს კედელი მილიციელებმა გამოარღვიეს და მანდილოსნების გუნდს შემოურბინეს, ქალები რომ დაინახეს, შტერებივით შეჩერდნენ, ქალებს გაუღიმეს და ერთმანეთს გადასძახეს:

- ბიჭოს ეს რა ამბავია! ქალებს უნდა ვეომოთ?!

- რას გაჩერებულხართ, მხდალებო! - მიაძახა მათ ქალების რაზმის მეთაურმა მოხუცმა და თავისიანებს მიუბრუნდა: - მიდი დაჰკა! ალაააჰ!

მერმე ჭაბუკივით ისკუპა და მილიციელთა ასისთავს გაშტერებულს თელაველ აბაშიძეს ზედმეტი ნუჟრივით მოაშორა თავი.

ორიოდე წუთის შემდეგ ქალთა რაზმის ბელადი ჯორაშვილმა ასჩეხა. მხოლოდ მერმეღა გამოირკვა, რომ თვითონ მოხუციც აჭარელი აბაშიძე ყოფილიყო - ძმადნაფიცი - “მიწის მგლის” ჯორაშვილისა. მისი უყურო მემკვიდრე მაინც ვერ ასცდა განგების ეტიკს და უნებურად აიშენა უცნობი მოყვრის სისხლით თავის მომავალი.

მამაკაცთა ომახიან შეძახილს ქალების წვრილი ხმა ჩაეხლართა:

- ალაააჰ!

ძვირად დაუჯდათ მოწინავე მილიციელებს ღიმილი და გაოცება. ქალებმა პირველი ასეული გასხიპეს და მეორეს მიასკდნენ, მაგრამ აგერ ვიღაც ახმახმა ერთი ქალი წამოაგო ხიშტზე, მეორე შუბლ-გაჩეხილი დაეცა, აგერ მესამეს ძუძუ გაუხვრიტეს. წაიქცა მეოთხეც, მერვეც, მეათეც. გავეშებული მილიციელები თავიანთ დებს, დედებს და საბედოებს უღვთოდ სჩეხავენ, ჰკაფავენ, ხვრეტენ.

არსენას თავში აუვარდა სისხლი.

- ვაიმე დედავ! - ამოიხრიალა მან და ორივე ხელი თვალებზე აიფარა.

- ღმერთო დიდებულო! - დაიკვნესეს ძმადნაფიცებმა. - ეს რა ამბავია! ამას რას ვხედავთ! ქალებს ჰხოცავენ, ქალებსა!

არსენას სული ეხუთებოდა. რამდენიმე ნაბიჯი წასდგა და ხელი ხმალზე დაიდო. ჰსურდა ეშიშვლნა და ქალების დასახსნელად ჩარეულიყო, მაგრამ როსტომი და ოსტაპი მკლავებზე ჩამოეკიდნენ და დააბრუნეს. მარაბდელი ვეღარ ცხრებოდა და იძახოდა:

- ეს რა მხეცური საქმე ხდება! ღმერთო, ეს რა მაჩვენე!

მარაბდელი მიტრიალდა. მას აღარ ძალუძდა ქალებისა და ყრმების სასაკლაოსთვის ემზირა. მიტრიალდა და ლოყებზე რამდენიმე კურცხალი ჩამოუცურდა. ძმადნაფიცებისა სცხვენოდა, თორემ ხმამაღლა ატირდებოდა. მერმე საჩქაროდ მოიწმინდა ცრემლი და გაიფიქრა:

“აი რა ყოფილია ომი! ისიც რა ომი, ჯვრისა და ნამგალასი, რჯულისა და ხატისათვის! მე თაგვებსაც ვერ გავიმეტებდი, როგორც ესენი ყრმებსა და ქალებს იმეტებენ”.

მერმე ერთხელ კიდევ გაიხედა ეზოში და ერთი ცოცხალი ქალიც ვეღარ დაინახა. ჯერი აჭარლებზე, გურულებზე და იმერლებზე მიმდგარიყო, რომელნიც თავიანთსავე მკვდრებს სთელავდნენ და წინ მაინც ვერ მიიწევდნენ, რადგან ერთზე ხუთი მოპირდაპირე მაინც მოდიოდა, და არც უკან იხევდნენ, რადგან დები დაუხოცეს და შური უნდა ეძიათ. და როცა იძიეს და თვითონაც განახევრდნენ, ბრძანება მიიღეს და უკან დაიხიეს. ბრძანება კი იმიტომ მისცეს, რომ სასაფლაოზე ამოსული რუსები აჭარლებს უკანიდან უვლიდნენ.

სასაფლაოც, ეზოც და მახლობელი ქუჩებიც ხუთ წუთში დაიცალა. დარჩა მხოლოდ განრთხმული ორი ათასი თეთრი ხალათი, შავი ჩოხა, ყავის-ფერი ჩაქურა და ოსმალური მუნდირი. გადარჩენილმა ახალციხელებმა ზარბაზნები გააფუჭეს და ციხის გალავანს შეაფარეს თავი. რუსებმა თავიანთი ზარბაზნები ამოათრიეს და იმ გალავანს ნაჯახებით, თოფის წამლის და ხელის ყუმბარებით დაეტაკნენ.

კარგა ხანია რაც ერთი რაზმი ეკლესიას დასტრიალებდა, საცა ექვსასი მესხი იყო ჩაკეტილი. მათ შიგნიდან მიეყუდებინათ კიბეები და რუსებს სარკმელებიდან ესროდნენ. რუსებმა კარიბჭის შენგრევა სცადეს, მაგრამ ამაო გამოდგა. მაშინ მათ თვითონაც მოიტანეს კიბე, ეკლესიის ბანზე ავიდნენ, თაღი ჩათხარეს და ჩასძახეს:

- დაგვნებდით, თორემ ყუმბარებით ამოგხოცავთ!

- ერევნელები ნუ გგონივართ! - ამოსძახეს შიგნიდან. - დაგვხოცეთ!

რუსებმა სამი ყუმბარა ჩააგდეს. ეკლესია შეზანზარდა.

- დაგვნებდით მეთქი! - ჩასძახეს ხელახლა.

- კიდევ ჩამოჰყარეთ! - ამოსძახეს ხელმეორედ. სამჯერ კიდევ შეანძრიეს ტაძარი და უკანასკნელად ურჩიეს:

- კარი გააღეთ! დაგვნებდით!

- დროს ნუ ჰკარგავთ! კიდევ ჩამოჰყარეთ!

მესხების უჯიათობამ რუსები გაამწარა. თაღი ექვს ალაგას იყო ჩათხრილი და თითო ხვრელში ათ-ათი მეხი ჩააგდეს. ეკლესია ჰგუგუნებდა, იფხრიწებოდა, და ჩამონგრევას ლამობდა.

- დაგვნებდით!

პასუხი აღარ მოისმა. რუსებმა სარკმელში სალდათი ჩაუშვეს. მან შიგნიდან გააღო კარი, გიჟივით გამოვარდა და შესძახა:

- არც ერთი არ გადარჩენილა, არც ერთი!

ეკლესიაში იგი თეთრად ჩაცმული ჩავიდა და იქიდან წითლად შეღებილი გამოვიდა. კარიბჭიდან სისხლის ღვარმა გადმოჰხეთქა.

რუსების გუნდს ეკლესიის ბანზე სამთო ზარბაზანი აჰქონდა. დახოცილთა გვამებით მოფენილ ეზოში თითქმის არავინ იყო: ყველანი ციხის გალავანს ეცნენ და იქ იბრძოდნენ.

როსტომმა დრო იხელთა და შუა ეზოში გავარდა. დაჭრილ-დახოცილებზე მიაბიჯებდა და ვიღაცას ეძებდა. ბოლოს დაიხარა და ქალთა რაზმის მეთაური გაშინჯა. “მკვდარია”. მის გვერდით ჭაბუკი ეგდო. “ესეც მკვდარია”. მამაშვილის ქვეშ მედროშე ქალი ჰგდია. “ცოცხალია!” ჯორჯიაშვილმა ის ქალი მკლავებზე აიტაცა, გამოიქცა, საექიმო მაგიდაზე დაასვენა და თამარაშვილს მიუბრუნდა:

- ძმაო ანტონ, ეს ერთი ქალი გადამირჩინე ცოდოა.

ფიქრიამ და მარინემ თვრამეტი წლის მეომარი ქალიშვილი წელამდე გააშიშვლეს, მაგდანამ კი მამაკაცებს შეუტია:

- რას მოსჩერებიხართ! დაიკარგენით აქედანა!

ყველანი მოტრიალდნენ. მარტო როსტომიღა დარჩა. გაშტერებული იდგა და უგონო ქალს მოხიბლულივით დასცქეროდა. მას ჯერ არც ერთი ქალის შიშველი მკერდი არ ენახა. ახლა კი დაინახა და თავრეტი დაესხა. მერმე ძლივს მოვიდა გონს და ბარბაცით გამობრუნდა.

არსენამ კიბესთან მოიკრიბა ძმადნაფიცები და სანამ თამარაშვილი და ქალები დაჭრილ ქალს უვლიდნენ, ასეთი საუბარი გაუბა:

- ძმებო, აქ აღარ დაგვედგომების და თავს ვუშველოთ. ორ ჯგუფად დავიყვეთ და ერთმანეთს თვალი ვადევნოთ. თუ ერთ-ერთი ფათერაკს წაეკიდა, მას მეორე მიეხმაროს. გარდა ამისა დალი ჰასანი ჩვენი ძმადნაფიცია და უნდა მოვძებნოთ. აგრეა თუ არა?

აგრე იყოს, მაგრამ ქალებს აქედან არ გაესვლების ამიტომ ქალები და რამდენიმე კაცი დარჩეს, ჩვენ კი სხვაგან წავიდეთ. სთქვა სიმონამ.

- მე დედა-ჩემს არ მოვშორდები. - სთქვა ზურამ.

- არც მე მოვშორდები ფიქრიას. - განაცხადა ერეკლემაც.

სულხანმა და როსტომმაც მოისურვეს დარჩენა. მაშ ქალაქში ოთხნი წავლენ.

- აგრე იყოს. თქვენ დარჩით. - სთქვა არსენამ და წასასვლელად გაბრუნდა.

ამ დროს კარებში ჩრდილი რამ ჩამოწვა. ყველამ ზევით აიხედა. კიბეზე სისხლით მოსვრილი ენგიჩარების ბელადი იდგა. იგი ტორტმანობდა და კედელს ეჭიდებოდა.

- ძმებო, ქართველები ყოფილხართ და მიშველეთ. - სუფთა ქართულით ამოიხრიალა ენგიჩარმა.

ზურა და ოსტაპი მაშინვე შეუსხდნენ მხრებში და ქვეით ჩამოიყვანეს. მაგიდასთან რომ მიიყვანეს, მაგდანამ დაჭრილ ენგიჩარს შეჰხედა, გაფითრდა, ხელიდან არტაშანი გაუშვა, წატორტმანდა და მოსხეპილივით დაეცა.

იმავე წამს ენგიჩარსაც მუხლი მოეჭრა.

- ნუ შეშინდებით - სთქვა ექიმმა. - მაგდანა მეტის ჯაფით და უძილობით დაიღალა და ახლავე მოსულიერდება. მარინე, შენ მაგდანას უშველე, ეს კაცი კი სისხლით იცლება და ამიტომ მისდის გული.

გულწასული ენგიჩარი მიწაზე მიასვენეს. ფიქრიამ ზურას გადაჰხედა. ჭაბუკსაც სანთლის ფერი ედო. ის გახევებული იდგა და გულაღმა მწოლარე ენგიჩარს ეჭვის თვალით დასცქეროდა.

არსენას დაკვირვებისათვის აღარ ეცალა, თორემ რაღაცას მიჰხვდებოდა. მან რამდენიმე სიტყვა მიუგდო მარინეს, პაწია დათუნას თათი დაუკოცნა და კიბეზე ავარდა. სიმონა, ოსტაპი და კარპიჩა ფეხდაფეხ მიჰყვნენ მას. მეშვიდე საათი დაიწყო.

* * *

ოთხი გამოქცეული ვაის გაეყარა და ვუის შეეყარა. მათ უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდათ, წინ კი რუსების და ქართველების დიდ ტალღებს შეეფეთნენ, რომელიც ზარბაზნებით, კიბეებით, თოკებით, ცეცხლით და ხელის ყუმბარებით ანგრევდა ვეება ძალებით შეკრულს ციხის გალავანს. არსენამ სწრაფად მოათვალიერა იქაურობა და დაიძახა:

- აქეთ! - და ოთხივენი ცალიერ მიწურში შეცვივდნენ. ერთი საათის შემდეგ რუსებმა გალავანი ვეება ჭიშკარივით შეანგრიეს და მათი ტალღა მორღვეული გუბესავით შეიჭრა შიგნით.

- ახლა აქაც აღარ დაგვედგომება. - სთქვა მარაბდელმა. - შიგ შუაგულ მორევში ვართ და ნაპირზე უნდა გავიდეთ, თორემ საცაა რუსები აქაც მოვლენ. - და ოთხივენი იმ ტალღას ქალაქში შეჰყვნენ. შეჰყვნენ და მარცხნივ ჩაირბინეს.

ზემო ქუჩებში გააფთრებით იბრძოდნენ. რუსებს უკვე ზარბაზნები გაეტენათ იქ და პირისპირ ესროდნენ ახალციხელებს, რომელნიც მათზე ბრმა მოზვრებივით მიიწევდნენ. ქუჩებში ასობით ეყარა მოკლული და დაჭრილი. მესხები მალე დაიფანტნენ და ახლომახლო სახლებში ჩახერგილ ხვრელებად, კოშკებად და სიღნაღებად გადააქციეს.

ოთხი ძმადნაფიცი კარგახანს დაძრწოდა მიყრუებულ ქუჩებში, სადაც ყოველი სახლი მცირე ციხედ იყო გადაკეთებული. აქა-იქ სადმე ხვრელიდან შემკრთალი თავი იხედებოდა და მაშინვე მიიმალებოდა ხოლმე. არსენას ადვილად შეეძლო სადმე სოროში, ბაღში ან ღელეში დამალულიყო, მაგრამ მას ჰსურდა ჯერ ჰასანა მოეძებნა და ერთხელ კიდევ ეცადნა, დაეჯერებინა ეს ძმადნაფიცი, რომ ის სხვის საქმეში არ ჩარეულიყო და თავი არ გაეწირა.

- იავაშ ყარდაშ! - მოისმა უცებ კივილი და ერთ სარკმელში ჯუჯა თათრის თავი გამოძვრა. - ზმაო, არსენ, აქეთ მოდი, აქეთა!

ოთხივენი იქით გაიქცნენ, სამსართულიან მჩატე სახლში შევცვივდნენ და გაოცებულნი შედგნენ. მთელი სახლი ქართველი მეომრებით იყო სავსე. წეღან გადარჩენილ გურულებს, ქართველებს, კახელებს და იმერლებს ამ უბანში მოეკიდათ ფეხი, ხუთი სახლი ჯიხურებივით ჩაეხერგათ, შიგ ჯიქებივით ჩასაფრებულიყვნენ და თავიანთ ჯერს უცდიდნენ, რათა სისხლი დაეღვარნათ იმათთვის, ვინც ისინი შეიხიზნა და ვინც ამჟამად თავის სისხლით იცავდა საკუთარ კერასაც და ხიზანსაც.

არსენას დალი ჰასანი ჩამოეგება.

- ცამო, ზმაო, ცამო, - უთხრა მან არსენას. - ჩონი ხარ და ყისმათმა ისევ ჩონთან მოგიყვანა. - და ძმადნაფიცები ერთ ოთახში შეიყვანა, სადაც მას შეიარაღებული ნაცნობი ლტოლვილი გლეხები მიეგებნენ და მიაყარეს:

- არსენას გაუმარჯოს!.. შენც ვერ გაუძელი განზე დგომას, განა!.. ხომ მოგვძებნე.. აბა, შენც გადმოიღე ეგ სიათა და გვერდით ამოგვიდექი. ისე ვიბრძოლებთ როგორც ქაჯები.

მერმე მეორე ოთახში შეიყვანეს და რაზმის მეთაურებს წარუდგინეს:

- აი ჩვენი არსენაი. ოთხნი მოვიდნენ, მაგრამ ოთხმოცსაც აჯობებენ.

მეთაურებში მხოლოდ თავადები და აზნაურები მოჩანდნენ. უმრავლესობას ყაბალახი ჰქონდა წაკრული. არსენა მიხვდა, რომ ესენი გურულები და იმერლები იყვნენ. მეთაურებმა ოძელაშვილი შეათვალიერეს და ერთმა მათგანმა, სულ გათეთრებულმა მოხუცმა, მოკლედ ჰკითხა:

- რას შობი, შვილო, შენც ომობ?

ეს ხუთი სიტყვა მარაბდელს ცხელი წვეთებივით დაეცა. თამარაშვილის და არსენას ცივი ანგარიში უცებ გაიბნა ბურუსივით და მის ნაცვლად ადამიანური ალღო გაშიშვლდა - არსენასავით პირდაპირი, გულმართალი და უმანკო.

ახალციხელებიც სხვა ხალხივით ცხოვრობენ - შრომობენ, იტანჯებიან, თავიანთ ოჯახს იცავენ და ზოგჯერ მეზობლებსაც სძარცვავენ. ახლა მათ უცხო ტომი მოუვარდა და ამ ოჯახს ანგრევს, სწვავს და უწყალოდ ჰხოცავს ყველას - ქალებსაც, ბავშვებსაც, გარდა ამისა მესხეთი “იმ” საქართველოზე უფრო თავისუფალია. აქაურებმა უთვალავი დევნილი შეიკედლეს და საცხოვრებელიც გაუჩინეს.

არსენას ძმადნაფიცებიც მათ შორის არიან. ისინი უმადურობის გზას დაადგნენ, რადგან თამარაშვილებს დაუჯერეს, რომელნიც ერთმანეთისგან მხოლოდ ორ ფერს არჩევდნენ - თეთრსა და შავს, და მთელი კაცობრიობაც ორ ბანაკად ჰყავდათ დაყოფილი - მუსულმანებად და ქრისტიანებად. მარაბდელმა იცოდა რისთვის ომობდნენ თავად-აზნაურები და მაშინვე მიუხვდა იქ თავმოყრილ გლეხობასაც: ისინი იბრძოდნენ თავიანთი თავისუფლებისთვის და ახალი სამშობლოსთვის. იგი მუსულმანური იყო, სამაგიეროდ ისინი იქ უფრო ლაღად სცხოვრობდნენ და მათ ეს ახალი სამშობლოც რომ დაჰკარგოდათ, მაშინ უკლებლივ ყველაფერი დაეკარგებოდათ და მათთან ერთად არსენაც დაჰკარგავდა ყველაფერს - ძმადნაფიცებსაც, ცოლ-შვილსაც, თავისუფლებასაც და იმ დიდ საქმესაც, რომელმაც მარაბდიდან მოიტაცა ის და მხეცივით თუ ჭირიანივით შეაგდო ტყეში. აქაც შემოალაჯებენ მაიორები და ზაალები, გიგოლები და კუჭატნელები. შემოიჭრებიან და თან შემოათრევენ იქაურ უღელსა და მათრახს, ბატონყმობას და მონობას.

ოძელაშვილს ამ აზრებმა ელვასავით ჩაურბინა. მას არც კი უფიქრია: ამ სიმართლეს გლეხური გუმანით მარწუხივით ჩაჰკიდა ხელი და მის სულში უცებ ყველაფერი შეტრიალდა. თამარაშვილი აქ აღარ არის. ირგვლივ მრავლად დგანან ნაცნობი გლეხები, რომელნიც გულის ფანცქალით შესცქერიან არსენას და მის გადაჭრილ პასუხს ელოდებიან.

- რას ჰფიქრობ, შვილო? - ჰკითხა ოძელაშვილს იმავე მოხუცმა და გლეხებმაც მიაყარეს:

- გაგვაგებინე... გვითხარი რამე... რას გაჩუმებულხარ? ვიომოთ თუ...

“თუ რა სათქმელია!”

- უნდა ვიომოთ, მაშა!

- სხვები სადღა არიან, ზმაო არსენ? - ჰკითხა ჰასანმა.

არსენას არ უნდოდა ამ ხალხის საბრძოლველი ცეცხლი გაენელებინა და უცოდველი ტყუილი გადმოაგდო:

- სხვები იქ იბრძვიან. - და ჩრდილოეთისკენ გაიშვირა ხელი, თანაც გაიფიქრა: “ალბათ იბრძვიან, უეჭველად იბრძვიან. ვაი დედასა, რად დავშორდით ერთმანეთსა!”

- აბა, შვილებო, მტერი უკვე ჩვენს ქუჩაში შემოიჭრა და დალაგდით. - სთქვა მოხუცმა და ყველანი თავთავიანთ ალაგებს ეცნენ.

არსენას, კარპიჩას, სიმონას და ოსტაპს ერთი ფანჯარა მიუჩინეს. ის ოთახი ქართველი გლეხებით იყო სავსე, რომელნიც არსენას მისჩერებოდნენ და იგი უსიტყვოდ აერჩიათ ბელადად.

ბრძოლის ქუხილი იმ ვიწროებშიც მთიდან მოვარდნილი ნიაღვარივით შემოიჭრა. რუსებმა იმ უბანშიც შემოათრიეს ზარბაზანი და იქაურობის დამცველები მორღვეული ხრეშივით გაჰფანტეს. მომხვდურების მხრივ ყველაზე წინ საპიორები და ნიჟეგოროდელები მოიპარებოდნენ. საპიორები ჩახერგილ ალაგებს ანგრევდნენ და სარკმელებსა და ბუხრებში ხელის ყუმბარებს ჰყრიდნენ, დრაგუნებს კი თივა და ფიჩხი დაჰქონდათ და კრაზანას ბუდეებს ცეცხლით და ბოლით იმორჩილებდნენ.

ის ქუჩა, სადაც არსენა იყო ჩასაფრებული, სიგრძით ორასი ნაბიჯიც ძლივს იქნებოდა. გამოჰყოფდნენ თუ არა რუსები ქუჩის ბოლოში თავს, ყოველ მხრივ იმ ალაგას ტყვიის სეტყვა ასკდებოდა.

- ტყვია გამოიზოგეთ, შვილებო, - ამბობდა მოხუცი თავადი და ყველა ოთახებში დადიოდა. - ერთ კაცზე ას ტყვიას ნუ ხარჯავთ, თვარა არ გვეყოფა და მარცხი მოგვივა.

ასეთ კანტიკუნტ სროლაში რამოდენიმე საათი გავიდა. რუსების ტალღამ სხვა უბანში გადაუხვია. მათ უკვე ხელთ ჰქონდათ ქუჩები და ამიტომ, სადაც კი საჭირო იყო, ყველგან დიდ ჯარს აყრიდნენ, დამხდურები კი დაიქსაქსნენ და ყველგან მცირე გუნდებად იბრძოდნენ. არსენამ მაშინვე იგრძნო ეს ხიფათი და გაიფიქრა. “დავმარცხდებით”, მაგრამ გვიანღა იყო ბედთან ჭიდილი და იმასღა ჰფიქრობდა, რომ თავის სახელი არ შეერცხვინა და სიცოცხლეც ძვირად გაეცა. ქართველები ფაშასგან რაღაც ბრძანებას ელოდნენ, მაგრამ იგი არ მოდიოდა.

შუაღამე გადავიდა. ბრძოლის ხმაური ხელახლა მოახლოვდა და ბნელი ქუჩაც დღესავით განათდა. მარაბდელმა გარეთ გაიხედა და მაშინვე გამოფხიზლდა. ქუჩის ბოლოში რამოდენიმე სახლი იწვოდა. უცებ ალი მეორე ბოლოშიც ამოვარდა და იმავე დროს ყოველ მხრივ თოფის სროლა და ყუმბარების ქუხილი ატყდა. მომხდურნი ამ ქუჩასაც თოკებით, კიბეებით, ზარბაზნებით და ხმელი ფიჩხით მოესივნენ. მტერი ლანდივით მოიპარებოდა, ბინებზე მოცოცავდა, კედლებში ხვრელებს ანგრევდა, სოროებს ბოლით ავსებდა და დროგამოშვებით გამარჯვებული ზავთით და ლოთური კიჟინით ჰქუხდა.

არსენა და მისი ორი მეგობარი ჩუმად სცლიდნენ თოფებს, რომელსაც უთოფონი უტენავდნენ. ცეცხლიც და რუსიც ორივე მხრივ ახლო მოვიდა და შუაში რამდენიმე სახლიღა დარჩა უვნებელი. ქალები, ბავშვები, ხნიერები და მებრძოლი მამაკაცებიც ისე გამოცვივდნენ ბოლიდან და ალიდან, როგორც ვირთაგვები ცეცხლმოდებული გემიდან, გამოცვივდნენ და გადარჩენილი შენობების სოროში მიიმალნენ. მიიმალნენ და სხვების ბედი გაიზიარეს.

სარკმელებში მეთოფურენი გამოჩნდნენ და კარგა ხანს ისროდნენ. შემდეგ ამ შენობებსაც მიეპარა ალი. კვამლში დროგამოშვებით მებრძოლის თავი და თოფის ლულა მოსჩანდა. შემდეგ ყველანი ბანებზე აცვივდნენ და მომაკვდავი ნადირივით შეფართხალდნენ, რომელიც არსაით აღარავითარ ხსნას აღარ მოელის. ასზე მეტი იქნებოდა. მამაკაცები ბანების ნაპირებში ჩაწვნენ და იქიდან ისროდნენ. თოფის გრიალს ბავშვების წივილი და ქალების კივილი ახშობდა და მათი საერთო ბღავილი მწუხრის ღამეს კაეშნით ავსებდა.

ეს საზარელი ვალალი და გოდება არსენას გულს ცხელი ხანჯლივით ერჭობოდა. თოფს ზედიზედ სცლიდა და ნანობდა, რომ ორის მაგიერ ასი თოფი არ ეჭირა.

- ჩქარა! მოიტა! გასტენე! - ყვიროდა მარაბდელი და არც ერთ ტყვიას არ აცდენდა. რა ეკითხებოდა მას, თუ რამდენი დახოცა მან, ან ვინ იყვნენ მისი ხელით დახოცილები! აქამდე ოძელაშვილს სისხლის ერთი წვეთიც კი არ ჰქონდა დაღვრილი, ახლა კი ნიაღვარი მოუშვა და ყოველი სალდათის წაქცევაზე სინანულის ნაცვლად სიხარულით იხჩობოდა. წინათ კი ეგონა, სისხლი დამტანჯავს და ცვილსავით დამადნობსო.

- მოიტა! გასტენე! აჩქარდი!

- ვალაჰ, ელიზბარია! - ჩაიბურტყუნა ჰასანმა და თოფი მოიმარჯვა.

არსენამ ცალი თვალით გაიხედა ქუჩაში და ალის შუქზე ელიზბარ მაღალაშვილი იცნო, რომელიც მილიციელთა მცირე გუნდის თანხლებით ქურდულად მოიპარებოდა.

- შენი კერძია, ჰასან. ეძებდი და თვითონვე მოვიდა. არ დააცდინო. - ჩაულაპარაკა მან ჯუჯა თათარს, რომელიც ჩაცუცქებულიყო და მოკიჟული თვალით უმიზნებდა.

- ალაჰ, მიშველე!

უშველა. თოფმა სწორედ იმ დროს იგრიალა, როცა ელიზბარი კუთხეს მოსწყდა და გამოიქცა. სადახლოელი ბატონი დაბორიალდა და პირქვე დაემხო, მილიციელები კი უკანვე გაიქცნენ.

- შეგერგოს! ჰალალია შენზე! - წამოიძახა არსენამ.

მომხდურნი შეუპოვრად მოიწევდნენ, გავეშებული არსენა კი მალიმალ ისროდა და სხვებსაც აჩქარებდა:

- მოიტა! გატენე! აჩქარდი! ყურშავ, გაჩუმდი!

ყურშა ერთი წუთით ჩუმდებოდა, მაგრამ ისევ ავად ჰყეფდა. ტორებით ჰფხაჭნიდა იატაკს და დროგამოშვებით სევდიანად ჰყმუოდა.

ბოლიდან ქუჩაში ათიოდე მებრძოლი გამოვარდა და მოშორებით ჩასაფრებულ რუსებს შეუტია. ათივე ერთ წუთში გაჟლიტეს. მათ ხუთი ქალი გამოჰყვა. სამს მათგანს ჩვილი ბავშვი ეჭირა. საფრებიდან სალდათები გამოცვივდნენ და დედაკაცებს მიეტანენ. სამი ქალი ცეცხლში გადავარდა და ბავშვებიც თან ჩაიყოლეს, უშვილოებმა კი ხანჯლები იშიშვლეს და ხიშტებზე აეგნენ.

სალდათებმა კიბეები მოიტანეს და ლამობდნენ ბანებზე ასულიყვნენ. ბანებიც უკვე იწვოდა და საცაა უნდა ჩანგრეულიყო. სალდათები გამწარებით უყვიროდნენ მესხებს:

- დაგვნებდით, თორემ დაიწვებით!

მაგრამ მესხები გამძვინებით იბრძოდნენ, კიბეებს სჩეხავდნენ და თითქმის ზევით ამოსულ სალდათებს ყირამალა ჰყრიდნენ. უცებ ბანის ნახევარი ჩაინგრა, ოციოდე ლანდი ჩაიყოლა და ცაში ცეცხლის ვეება ენები და ნაპერწკლების ღრუბლები ამოჰყარა.

- დაგვნებდით, თორემ დაიწვებით!

გადარჩენილები ბანის მეორე ნახევარს მიაწყდნენ და გახევდნენ. ზოგი მათგანი ქუჩაში გამოვარდა. ბანზე რამდენიმე სალდათის თავი ამოცოცდა.

უცებ ერთმა მოხუცებულმა მამაკაცმა ხელი წაჰკრა თავის ცოლს, ცეცხლში ჩააგდო და დაიკივლა:

- მომყეთ! ალაააჰ! - და თვითონაც გადაჰყვა.

მას სხვებიც მიჰყვნენ - ხუთი, ათი, ოცი, ერთმანეთს მუჯლუგუნს ჰკრავდნენ, დედაკაცებს ხელიდან სტაცებდნენ ბავშვებს, კუნძებსავით ჰყრიდნენ ცეცხლში, თვითონაც ცვიოდნენ და გულსაკლავად ჰბღაოდნენ:

- ალა-ა-აჰ, შეგვიწყალე!

დედები ისე ხელგაშლით მისდევდნენ ცეცხლში ჩაყრილ თავიანთ შვილებს, თითქო ჰსურდათ ის ბალღები ჰაერშივე დაეჭირათ და მათთან ერთად გაფრენილიყვნენ.

ცეცხლის ორმოდან მოხრაკული ხორცის სუნი, მოზრდილთა ყრუ გმინვა და ბავშვების ჩახლეჩილი წივილი ამოვარდა, რომელმაც ირგვლივ ყველანი გაჰყინა და შეაჟრჟოლა. ერთ წამით სროლა შესწყდა და ბანზე ამოწეული სალდათების თავებიც მიიმალნენ.

როცა მამაკაცებმა დედაკაცები და ბალღები მოიშორეს, თვითონ კატებივით ჩამოცოცდნენ ქუჩაში და რამდენიმე წუთში ყველანი დახოცილნი ეყარნენ.

იმ სახლში, სადაც არსენა იბრძოდა, უკვე მრავალი დახოცეს და დაჰკოდეს. დაკოდილებს ჭრილობებს უხვევდნენ და ბაღში გაჰყავდათ.

- სახლი იწვის! თავს უშველეთ! - დაუძახეს უცებ არსენას და ყველანი ქვემო სართულში ჩაცვივდნენ.

- აბა, შვილებო, - მიმართა მოხუცმა რაზმელებს, - ალყა უნდა გავარღვიოთ, თვარა ვირთხებივით ამოგვწვავენ. მომყევით! ციხისკენ! - და პირველი თვითონ გავარდა, არსენა და ოსტაპი ბოლოს გაცვივდნენ.

იმ რიგში, სადაც ქართველები ჩასაფრებულიყვნენ, დრაგუნებს ხუთიოდე შენობისთვის მიეცათ ცეცხლი, და ხუთივე სახლიდან, ეზოებიდან, კარებიდან და სარკმელებიდან ყველა ერთ დროს გამოცვივდნენ. რუსები ამოდენა ხალხს არ მოელოდნენ, შეკრთნენ და ქართველების ხმლებსა და ხანჯლებს ხიშტებით იგერიებდნენ. შემდეგ გზა დაუთმეს და გაიფანტნენ, ქართველები კი ორ ნაკადად გაიყვნენ და შიდა-ციხეს მიაშურეს.

- ჰასან! სიმონ! კარპიჩ! ოსტაპ! აქეთ მოდით, აქეთა! - ჰკიოდა არსენა და ძმადნაფიცებს ეძებდა. მას არ უნდოდა ციხეს შეფარებოდა, რომელიც აუცილებლივ ხაფანგად უნდა გადაქცეულიყო. მარაბდელი უკვე გამოფხიზლდა. მას გაახსენდა თამარაანთ სარდაფში დარჩენილი ძმადნაფიცები და ცოლ-შვილი. მათ უდიდესი ხიფათი მოელოდათ და მარაბდელმა იგრძნო, რომ ის მოვალე იყო თავდაპირველად ისინი გადაერჩინა.

- ჰასან! სიმონ! სადა ხართ, ბიჭებო?

მარტო ოსტაპი მოვარდა.

- სხვები სად არიან, ოსტაპ? ჰასან! სიმონ! კარპიჩ!

არავინ არ უპასუხა: სამივენი ქართველების ნიაღვარმა გაიტაცა.

- აბა, ოსტაპ, შენ ზევით გაიქეცი, მე კი აქეთ გაუხვევ. მერმე ერთმანეთს ქვეით ბროწეულის ბაღთან შევხვდეთ. - სხაპუნით მიახალა მარაბდელმა და მარცხნივ გაიქცა, თანაც მაღალი ხმით იძახოდა:

- ჰასან! კარპიჩ! სიმოონ!

პასუხი მაინც არ ისმოდა და მისი ხმა თოფის გრიალში იკარგებოდა, რომელიც ახლა ყოველ მხრივ წამოვიდა.

არსენამ დიდხანს ირბინა, უკანვე გამობრუნდა, ქვევით ბაღისაკენ ჩაუხვია, სადაც ოსტაპი უნდა მოსულიყო და სხვებიც უნდა მოეყვანა. სინათლეზე რომ გავიდა, ვიღაც ლანდებს მოჰკრა თვალი, რომელნიც გამალებით გაიქცნენ და კუთხეს მიეფარნენ. “გიგოლას ჰგავს. - გაიფიქრა არსენამ და თვითონვე გაეცინა. - რამ გამატუტუცა! სად გიგოლა და სად ახალციხე, ისიც ამ ღამეში და ამ ჯურღმულში!”

ქუჩის მეორე მხარეს მაღალი ალი მოსჩანდა, რომელიც იქაურობას დღესავით ანათებდა. იქიდან თოფის ხმა არ ისმოდა და ამიტომ “იქ არც სალდათები იქნებიან”. არსენას მოეჩვენა, თითქო კუთხიდან ვიღაცას თავი გამოეყო და ისევ მიმალულიყო.

“მერმე რაო? ვინ იცის რამდენი ვიგინდარა დაეთრევა ახლა! მთელი ქალაქი ქუჩაშია გამოსული”. - გადასჭრა მარაბდელმა და კუთხეში გავიდა. მაგრამ უცებ ხიშტების რკალში ჩავარდა და უმალვე გახევდა.

- არსენას გაუმარჯოს! - ღრეჭით მიაძახა მას განზე მდგომმა გიგოლამ და დამბაჩა დაუმიზნა. - ხომ გაგაბი ხაფანგში? აბა, წამოდი! მაიორი დიდი ხნის უნახავ შვილსავით გელის. აბა, აჩქარდი!

- ყური მიგდე, გიგოლი...

- წამო მეთქი! რა დროს ლაპარაკია! რაღას უცდით, წამოათრიეთ!

ზურგში კონდახი წაჰკრეს და წაიყვანეს. არსენა ნელა მიდიოდა და აქეთ-იქით იხედებოდა, მაგრამ სალდათებს ჩახმახები აყენებული ჰქონდათ და ათიოდე ხიშტიც თითქმის ზედ მიებჯინათ მისთვის. გიგოლა უკან მისდევდა და დუჟნარევი ბლუკუნით ეუბნებოდა:

- ესეც შენი დიდება, ოძელაშვილო! გახსოვს ალგეთზე, რომ წერილი დამაწერინე? რა უყავი? მაიორს გაუგზავნე, განა! მერე რაო? სიმართლემ მაინც გზაკვალი გაიგნო. მე ერთ თვეს დამამწყვდიეს და ისევ პატიოსნად გამომიშვეს, შენ კი... მორჩი, გათავდი! საცაა მაიორი გასწავლის როგორ უნდა აუტეხო ბუნტი მეფესა და ბატონსა.

- ბიჭო გიგოლ, შენ ლაპარაკობ სიმართლეზე? შე უბედურო, ბრმა უფრო უკეთ ხედავს ძაფსა, ვიდრე შენ სიმართლეს. გაჩუმდი და იარე.

გიგოლამ პასუხის მიცემა ვერ მოასწრო, ბაღის პირდაპირ ალმოდებული სახლის წინ, სალდათების აფორიაქებული ყაყანი და ყვირილი გაისმა:

- დეზერტირია! მოღალატეა! ცეცხლში ჩააგდეთ, ცეცხლში!

მათ შორის ვიღაც მაღალმა კაცმა ხელფეხი შეიბერტყა და ზედ ჩამოკიდებული სალდათები გაჰფანტა. მაგრამ ლანდები ისევ ჩამოეკიდნენ და უარესად აბღავდნენ:

- ცეცხლში ჩააგდეთ, ცეცხლში!

და ძალით რომ ვერ დასძრეს, ხიშტები მიაბჯინეს და ზედ ალზე მიაგდეს. უცნობი შეიტრუსა და ისევ წინ გამოვარდა, მაგრამ წვეტიანმა ხიშტებმა ერთხელ კიდევ შეაგდეს ცეცხლში.

- Напирай, Братцы, напирай! მიაწექით ძმებო, მიაწექით.

უცებ ცხოველურმა ბღავილმა გაჰკვეთა ჰაერი:

- ო მატი მოია! - ვაიმე, დედა!

არსენა წაბარბაცდა, თითქო თავში რაღაც დაჰკრესო, და ალაგიდან მოსხლტა:

- ოსტაპ! ოსტაპ!

მაგრამ მკერდში წვეტიანი ფოლადი იგრძნო, შესდგა და თვალი დახუჭა, და როცა გაახილა, ოსტაპი იქ აღარ იყო. სალდათები ცეცხლს მოშორებოდნენ.

იქვე ახლოს სამი-ოთხი კაცი იდგა. გიგოლამ იქით მიაშურა, და თან შორიდან იძახოდა:

- ვაშე როდიე, არსენა დავიჭირე! Я поймался Арсена! Арсена поймался!

- გალუბჩიკ მოი! არსენჩიკ მოი! შენი ჩირი მე, არსენჯან! — სიხარულით შეწკმუტუნდა არლოვი და მის დასახვედრად გამოიქცა. - ძლივს არ დაგინახე?! როგორ ხარ, დრუჟოჩეკ მოი?

მარაბდელი არლოვს შესცქეროდა, მაგრამ თვალწინ მხოლოდ ძმადნაფიცი ოსტაპი და მისი საზარელი დასასრული ედგა. მას ესმოდა მაიორის საალერსო შემოძახილი, ის ჰხედავდა მის გამძვინებულ პრანჭიობას და იმასღა ელოდებოდა, რაც უმალვე მოხდა.

მაიორმა უცებ შეიცვალა იერი, ქვის ძეგლს დაემგვანა, სალდათებს დამბაჩა აუქნია და დაუყვირა:

- სტარანის! - განი!

მარაბდელი პირისპირ შერჩა თავის მოსისხლეს, რომელიც ნელ-ნელა უშვებდა ზევით აღმართულ ლულას და მკერდში უმიზნებდა ოძელაშვილს.

- На дьявол, получи! ესეც შენა, სატანავ! - გადმოაგდო მან ბრაზით და მის ხელიდან ელვა და ქუხილი გამოვარდა.

არსენა მარაბდელი მოჭრილი ძელივით გაიშოტა.

* * *

გავეშებულმა ბრძოლამ მთელ ღამეს გასტანა. ოსმალები ჭანებს ეჯიბრებოდნენ, მესხები ლტოლვილ ქართველებს სჯობნიდნენ, დედაკაცები გაგიჟებულ ქაჯებს ჰგავდნენ, ხოლო მთიელები ახურებული ავაზივით ანჩხლობდნენ. მაგრამ ყველაფერმა უქმად ჩაიარა: პასკევიჩმა გუდოვიჩის და ტორმასოვის ჯავრი იყარა და ქედმაღალი მესხეთი ხერხემალში გადატეხა.

15 აგვისტოს საღამოს ახალციხეში ოსმანთა ხონთქარის მზე ჩაესვენა და 16-ს დილით რუსეთის იმპერატორის მზე ამოვიდა. ოქროს ნამგალა მტვერში ეგდო, ხოლო მის ნაცვლად ჯვარი მოჰქონდათ და ამ ჯვარზე ქრისტეს მაგიერ ყაბალახიანი მესხი იყო გაკრული.

შიდა-ციხეში სულთანის დროშა ჩამოუშვეს, რომელიც ამაყად ფრიალებდა ორნახევარ საუკუნეს, და მის ნაცვლად წმინდა გიორგის დროშა აუშვეს, რომელიც მასზე უწინ თორმეტ საუკუნეს ეკიდა იქვე. ისტორია ხელახლა იწყებოდა. ყოველივე თავის რიგზე მიდიოდა. მხოლოდ ერთი რამ იყო გაუგებარი: ოსმალებზე უფრო მწარედ “განთავისუფლებული” მუსლიმანი ქართველები სტიროდნენ და რუსებზე უფრო მეტად ქრისტიან ქართველებს უხაროდათ. ან რატომ არ უნდა გახარებოდათ! მათ დაკარგული ძმა იპოვეს, მესხეთი “გაანთავისუფლეს” და ერთობილი საქართველო თითქმის სულ აღადგინეს.

იარაღ-აყრილ შიდა-ციხეში რუსებზე ადრე ქართული პოლკი შეუშვეს. ორბელიან-ბაგრატიონებმა ჯერ არ იცოდნენ, ან საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ პასკევიჩები გაქცეულ ოსმალებს ასი-ათას მესხს გააყოლებდნენ, მათ ნაცვლად იქიდან ამდენივე სომეხს დაიბარებდნენ და გარეკილთა მიწაწყალზე დაასახლებდნენ. მიზეზიც საპატიო ჰქონდათ: მესხები მუსლიმანები იყვნენ და თავისუფლებისათვის იბრძოდნენ. სომხები კი - ქრისტიანი - და მორჩილი ხალხი იყო.

ბრწყინვალე ამალით გარემოცული პასკევიჩი შიდა-ციხის კარიბჭესთან იდგა და იქიდან გამომავალ მეციხოვნე ჯარს ათვალიერებდა. ეს რაზმები ყელამდე შეიარაღებული შემოვიდნენ ახალციხეში და ახლა კი ერთი ხანჯალი ან ერთი დამბაჩაც ვერ მიჰქონდათ.

ყველაზე წინ დაჭრილი სარასკირი მოჰყავდათ. მას გუშინ ოთხასი არტილერისტი ჰყავდა, ახლა ორმოცდაათიღა მისდევდა. დანარჩენი დაუხოცეს.

შემდეგ ჭანები მიდიოდნენ. ორი ათასი შემოვიდა და ხუთასი ძლივს გავიდა.

მერმე სანჯაყ-ბეგებით გარშემორტყმული ახმედ ფაშა ხიმშიაშვილი მიდიოდა. ისინი თავიანთ ცოლ-შვილს და მიწაწყალს პასკევიჩს უტოვებდნენ, თვითონ კი ყუმბარებით გატენილი ხურჯინივით აეკიდნენ ქოსა მახმუდ ფაშას, რომელიც ერთი წლის შემდეგ ამ ყუმბარებს ისევ რუსებს დაუშენდა. მათ კარგად იციან, რომ ხვალ თუ ზეგ ისევ დასჭირდებიან სულთანს და მიტომ ისეთი რიხით მიდიან, თითქო მათ გამარჯვება მიჰქონდეთ და დამარცხებას კი რუსებს უტოვებდნენ.

ბოლოს ყველანი გავიდნენ - აჭარლებიც, ყარაფაფხებიც, ლეკებიც, მთიელებიც და ქურთებიც. მათ შორის არც ერთი ენგიჩარი და არც ერთი ქალი არ მოსჩანდა, რადგან ყველანი ახალციხის ვიწრო ქუჩებსა და ნაღვერდალში ეყარენ, გარდა ერთი ქალის და ერთი მამაკაცისა, რომელნიც თამარაანთ სარდაფში იწვნენ და ჯერაც ვერ მოსულიერებულიყვნენ.

ქრისტიან ქართველთაგან მხოლოდ გურულები გაუშვეს ახალციხიდან, რადგან იმათაც ჩაქურა ეცვათ და მესხებისგან ვერ გაარჩიეს. მოტყუებით გავიდა აგრეთვე ასიოდე იმერელი და ქართლელი, დანარჩენი კი პასკევიჩმა დაიტოვა დასასჯელად, რადგან ისინი ქრისტიანები იყვნენ და ამიტომ მოღალატეებად ჩათვალეს, ხოლო მთიელი კავკასიელები თავისუფლად გაატარეს, რადგან ისინი მუსლიმანები იყვნენ და მეორე ბანაკში იდგნენ.

როცა ახალციხიდან უკანასკნელი ასკერიც გაჩანჩალდა, პასკევიჩი ახმედ ფაშას ტახტზე ჩამოჯდა, ორთავიანი არწივი ააფრიალა და ახალი კანონების დამყარებას შეუდგა. თავდაპირველად ციხის ოთხივე კარი ჩაჰკეტეს და ყველა გადარჩენილი სამტკიცე საცერში გაატარეს. მაიორ არლოვის მეძებრები მარდად დაძვრებოდნენ და სოროებიდან მოღალატე რუსები და ქართველები ამოჰყავდათ. დეზერტირ რუსებს იქვე ცეცხლში ჰყრიდნენ, ქართველებს კი მეტის პატივით ჰხოცავდნენ: მათთვის სამადლიან საბელს იმეტებდნენ და ხის ტოტებზე ჰკიდებდნენ.

ქალაქის ფორზე ღარიბებს შავ ფულს, ძონძებსა და “სუხარს” ურიგებდნენ. იქ-დარჩენილი ქრისტიანები ამ წყალობას კალიასავით ესეოდნენ და რამდენიმეჯერ მიჰქონდათ. მესხები კი ახლოსაც არ ეკარებოდნენ, ვინაიდან მოწინააღმდეგეს ქარისა არც მოტანილი ჰსურდათ და არც გატანილი. არც ეცალათ: ისინი ჯგუფ-ჯგუფად დაძრწოდნენ და თავიანთ მკვდრებს ეძებდნენ. ქუჩებში ათასობით ეყარა მკვდარი და დაკოდილი. ცეცხლი მრავალგან მძვინვარებდა და ჰაერი აუტანელი სიცხით, მწვავე ბოლით და ადამიანის დახრაკული ხორცის სუნით იყო გაჟღენთილი.

რუსებმა ჯერ თავიანთი მკვდრები და დაჭრილები აკრიფეს, მერე ახალციხელები გამორეკეს და მათთან ერთად ცეცხლის ჩაქრობას და ჩახერგილი ქუჩების გაწმენდას შეუდგნენ. მესხები უკვე უცხოეთში იყვნენ და ამიტომ უკან დგებოდნენ, რუსები კი უკვე შინ იყვნენ და ამიტომ ურჩ ახალციხელებს კონდახებით ერეკებოდნენ და მკვდრების გამოტირებასაც აღარ აცლიდნენ. მაგრამ დარდი და სიხარული ქვესკნელშიც კი გამოჟონავს: ქვრივ-ობოლ მესხებსაც ქუჩაში გამოჰქონდათ ცრემლი და მას თავიანთი დაკარგული ქმრების, ძმებისა და შვილების მაგიერ მეზობელთა მკვდრებს აპკურებდნენ.

ქალაქის განაპირას ორ ალაგას უზარმაზარი საფლავი გათხარეს: რუსებმა და ქართველებმა ორი-ათასისთვის, მესხებმა კი - ექვსი-ათასისთვის. გათხარეს და იმავე საღამოს გვამებით ამოავსეს.

ღამეც მალე ჩამოწვა. მაღლა ცაში იგი გუშინდელს ჰგავდა, მიწაზე კი სულ ახალნაირი მოჩანდა. ყურანს გვერდით სახარება ამოუდგა, და როცა მინარეთის თავზე “ლა ალაჰ ილალაჰ” ტიროდა, იქვე შიდა-ციხეში სალდათები და აფიცრები ერთად ჰგუგუნებდნენ სიხარულით: ,,Спаси господи люди твоя и благослови достояние твое». და ამ გუგუნს დიაკვნისა და არლოვის ბღავილი ჰფარავდა.

მერმე ქალაქს ღამის გუშაგების გუნდები მოედვნენ. გარეთ ერთი სულიერიც აღარ დასტოვეს და ახალციხელებს მათი ცრემლი და ურვა სოროებში შეათრევინეს. შემდეგ მთვარე ამოვიდა - ისიც სისხლის-ფერი და მრგვალი. ირგვლივ გაფანტულ ბარაკებში რუსული “ჩიკა-ჩიკა” და ქართული დავლური ისმოდა და სადღაც გულმოდგინედ ჰქარგავდნენ სიმღერას:

“Ой между гор Ахалцих стоит...”

შემდეგ ყველაფერი მიწყდა. მთვარეც ჩავიდა და ირგვლივ გაჭყლეტილი ქალაქის დუმილი ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ყმუილი არღვევდა - ყმუილი გაბმული, სასომიხდილი და შემაძრწუნებელი.

* * *

არსენამ თვალები გაახილა და პირმოშვებული რუმბივით ამოიფშვინა. ირგვლივ ბნელა. ჭრაქი ოდნავ ჰბჟუტავს. სადღაც წყვდიადში რამდენიმე კაცი ჰხვრინავს. არსენას გვერდით განიერ ტახტზე სამი ვიღაცა ჰგდია და მათი სუნთქვაც კი არ ისმის.

ოძელაშვილმა ორივე ფეხი დააჭირა თავის ხსოვნას და ლამობდა გაეგო, სად იყო და რა დაემართა. “მარაბდაში? - არა ჰგავს - თრიალეთზე? - ტყე არ მოსჩანს. - ახალციხეში? - ჰო მართლა, ნამდვილად ახალციხეში ვარ”.

და უცებ ყველაფერი გაახსენდა: სისხლი, ცეცხლი, ქალების ჟლეტა, ბავშვების დაწვა, ბრძოლის ჟღარუნი, ოსტაპის ბღავილი და -

და მარაბდელსაც მოაწვა ბღავილი, მაგრამ ყელში გაეხირა და ჩაიხჩო. მერმე მაიორის აღმეჯილი პირსახეც დაინახა და მის ხელიდან გამოვარდნილი მეხიც გაახსენდა. შემდეგ მარაბდელს ხსოვნის კოლოფი ჩაეკეტა, მაგრამ შიგ მაიორის ტყვიაზე უარესი რაღაც დარჩა. ოძელაშვილი ლამობდა ეს კოლოფი გაეხსნა და შიგ ჩაეხედნა. ბოლოს ძლივს გახსნა, ჩაიხედა და შეზანზარდა.

წეღანაც გონს მოვიდა ოძელაშვილი (ის კი არ იცის მან, როდის იყო ეს “წეღან” - დილას, საღამოს, გუშინ თუ გუშინწინ), მოვიდა და გულზე საზარელი მაჯლაჯუნა იგრძნო. მთელ სხეულზე უმძიმესი რაღაც აწვა... ჰსურდა ხელ-ფეხი გაენძრია, მაგრამ ვერ დასძრა; მოინდომა თვალი გაეხილა, მაგრამ ვერ მოახერხა. მოისურვა პირი დაეღო, მაგრამ იგი ცხრაკლიტულით ჰქონდა დაკეტილი. უნდოდა ხმა ამოეღო, ჰაერი შეესუნთქა, მაგრამ სულშეგუბებული ეგდო და იგუდებოდა. მერმე უცებ მიხვდა, რომ საფლავში იწვა და ზედ მიწა ეყარა და ყველაფერი მიწით ჰქონდა გატენილი: ყურებიც და ნესტოებიც, პირიც და თვალებიც, მკერდიც და ლაჯებიც. მიხდა თავით-ფეხებამდე ყინვამ ჩაურბინა.

ჰაი დედასა, რა ბინძურად კვდება მარაბდელი! ნეტა იმ ტიელ მაიორს გულში მაინც მოერტყა ის ტყვია! ახლა ვინ იცის რამდენ ხანს უნდა ეწვალოს, მანამ სულს ამოუშვებდეს. მერმე ძალ-ღონე მოიკრიბა და სცადა წამოეწია, მაგრამ ერთი კუნთიც ვეღარ დასძრა. მაშ მორჩა და გათავდა? ჰაი დედასა, მარაბდელო!

ომი იყო და მკვდრებს ოდნავ მარხავდნენ. ერთ გრძელ ორმოში იმდენ გვამს ჰყრიდნენ, რამდენიც დაეტევოდა, ოდნავ მიაყრიდნენ მიწას და მიანებებდნენ. არსენაც სხვებთან ერთად ჩააგდეს, მიწის თხელი ზოლი დააფარეს და წავიდნენ.

გონმოსულ მარაბდელს უცბად ზემოდან ბრაზიანი ბღუილი და ფხაჭუნი მოესმა. მოესმა და გაინაბა, თან ლამობდა გაეგო, ვინ და რა უნდა ყოფილიყო. ბღუილს გაბმული ყმუილი მოჰყვა - შორეული და შემზარავი.

“ან მგელი იქნება, ან აფთარი” - გაიფიქრა არსენამ და თავისთავი თვითონვე შეებრალა, ვინაიდან ამაზე უფრო მურდალი და შემზარავი სიკვდილი ვერც კი წარმოედგინა. მიწის ამოხაპვა დაუცხრომლივ გრძელდებოდა და ხმაურობაც თანდათან უფრო ახლო და მკაფიოდ მოისმოდა. ბოლოს არსენას ნადირის ტორი მოჰხვდა შუბლზე. მას გაახსენდა, რომ აფთარი თავის მსხვერპლს თავდაპირველად თავპირს მოსჭამსო.

მარაბდელმა უკანასკნელი ძალღონე მოიკრიბა, ცალი ხელი მიწას ამოჰგლიჯა და ნადირს პირში სტაცა, მაგრამ ნადირმა იმის მაგიერ, რომ ის ხელი მოეჭამნა, ლოკვა დაუწყო და მხიარულ წმუტუნსა და ყეფას მოჰყვა:

“ჰავ-ჰავ! ჰავ-ჰავ!?.

“ყურშა! ჩემი ყურშა!” - ჰსურდა დაეძახა ოძელაშვილს, მაგრამ მიწიდან ყრუ ბღუილიღა აღმოხდა:

“უაააუ!”

ვაი დედასა, როგორ დაავიწყდა ერთგული ყურშა! მარაბდელმა მეორე ხელიც ძლივს ამოათრია მიწიდან, ძაღლი კი სიხარულით გაგიჟდა და წინა ტორები გაშმაგებით აამუშავა, თანაც პატრონს პირსახეს ჰკაწრავდა. მარაბდელი არც კი ჰგრძნობდა ტკივილს. მან ჰაერი იშოვა და ჯერჯერობით ამაზე მეტიც არა უნდოდარა. ოძელაშვილმა პირსახე მოიწმინდა. თვალები გაახილა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაინახა. დაინახა და სიხარულით ატირდა. მერე ისევ გულს შემოეყარა და ახლაც ვერ გაეგო როდის და საიდან გაჩნდა ამ ტახტზე.

* * *

ბრძოლის ტალღა თამარაშვილის სახლს თავზე გადაევლო და ციხეში შევარდა. არსენა რომ წამოვიდა, ძმადნაფიცები მაშინღა დაფრთხნენ და საგონებელში ჩაცვივდნენ, მაგრამ მოლოდინის მეტი აღარა დარჩენოდათრა და უძილო ღამე გაატარეს. დილით ადრე ყურშა მოვარდა და ფორიაქი ასტეხა: ყველას თვალებში შესცქეროდა, მოუსვენრად წმუტუნებდა და ნიადაგ ციხის კარისკენ მიიწევდა, მაგრამ ვერ მიუხვდნენ და არ გაჰყვნენ. ბოლოს რაღაც მოისაზრეს, ეზოში გავიდნენ, რამდენიმე მოკლულ მილიციელს საბეჭურები ააგლიჯეს და მხრებზე დაიკერეს. ამის შემდეგ ორ ჯგუფად დაიყვნენ და არსენას საძებნელად წამოვიდნენ.

ერეკლემ და როსტომმა მარჯვნივ აუხვიეს, ზურა და სულხანი კი ყურშას გაჰყვნენ და მარცხნივ დაეშვნენ. ოთხივეს დიდი ხიფათი მოელოდა, ნამეტან კი სულხანს, რადგან მას ათასი მილიციელი იცნობდა. ძაღლმა კარგა ხანს ატარა და იმ ალაგას მიიყვანა, სადაც წუხელის არსენა გაიშოტა, მაგრამ გაოცებული შედგა, რადგან იქ აღარავინ არ დაუხვდა.

ზურა და სულხანი ისევ გზას გაუდგნენ, ყურშა კი არსენას ძებნას შეუდგა. დიდხანს ირბინა ხევხუვებში და ბაღებში, კვლავ ქუჩებს დაუბრუნდა და საღამო ჟამს ისევ გარეუბნებს ეცა.

ამ დროს სარდაფში კაეშანი იწვა. საძებნელად წასული ძმადნაფიცები ხელცალიერი დაბრუნდნენ, შემდეგ ხელახლა გავიდნენ და ბინდისას სევდა და ჩუმი ცრემლი მოიტანეს. მათს თვალწინ უთვალავი მოკლული გაატარეს და შესაძლებელი იყო არსენაც ერია, ან სადმე ცეცხლში მოჰყვა და დაიწვა, ან მაიორებს ჩაუვარდა ხელში და სადმე ხეზე ჩამოჰკიდეს. ტყუილად კი არ მოჰკრეს თვალი არლოვის ერთ-ერთ ხელს და თვალს ნაბიჭვარ გიგოლას. ალბათ ოსტაპს, დალი ჰასანს, სიმონას და კარპიჩასაც უბედურება შეემთხვათ, თორემ აქამდე გამოჩნდებოდნენ და რამე ამბავს მოიტანდნენ.

მაგდანასაც რაღაც დაემართა: დაკოდილ ენგიჩარს ერთი წუთით აღარ ჰშორდებოდა და ნიადაგ დახუჭულ თვალებში აშტერდებოდა. მარინე დაჭრილივით ჰბორგავდა და მხოლოდ ფიქრია მხნეობდა. მან მუსლიმანივით მანდილი მოიბურა და მთელი ქალაქი მოირბინა. შემდეგ ისიც მოტყდა და ატირდა. სარდაფში ბნელი დუმილი იდგა. ორი დღე-ღამის უძინარი ძმადნაფიცები თავჩაქინდრული ისხდნენ და თითქო სთვლემდნენ, ნამდვილად კი მწვავე ვარამს იხარშავდნენ და შავ სევდას ებრძოდნენ.

სწორედ ამ დროს შემოვარდა ყურშა და იქაურობა მხიარული ყეფით გამოაფხიზლა, ძმადნაფიცებმა ერთმანეთს გადაჰხედეს, წამოიშალნენ და კარებისკენ წამოვიდნენ, იმიტომ წამოვიდნენ, რომ ყურშას ყეფაღა იყო მათი უკანასკნელი იმედი. ძაღლი ისარივით ამოვარდა კიბეზე და გამოიქცა. მაშინ ისინიც გამოიქცნენ. ორი საათის შემდეგ გახარებული დაბრუნდნენ და გულწასული დაკოდილი ბელადი მოიტანეს. თამარაშვილმა არსენა გაშინჯა, მერმე მისიანებს გადაჰხედა და მათი სიხარულისა უფრო მეტად შეეშინდა, ვიდრე მარაბდელის ჭრილობისა, ვინაიდან დიდი ბედნიერების მონელება უფრო ძნელია, ვიდრე დარდისა.

ორი საათის შემდეგ იმ სარდაფში ზირბითის კლდესავით მძიმე და მარაბდული პურივით უმანკო ძილი ჩასახლდა. ტყის ძმები მომაკვდავი ზაქებივით ხვრინავდნენ. ჭრაქი ოდნავ ციმციმებდა, ხოლო მოსულიერებული მარაბდელი გულდასმით ათვალიერებდა იქაურობას და უკვე მიხვედრილიყო, რომ ის ყურშამ და ძმებმა გადაარჩინეს და ამ ქვეყანას დაუბრუნეს.

დააბრუნეს, მაგრამ ახლაც უნდა უშველონ, თორემ უწყლობით დაიწვება. წყურვილი ღველფივით ეყარა მის ყელსა და შიგნეულობაში. არსენა პირს აღებდა, მაგრამ ხმა ვეღარ ეპოვნა და გულშიღა ჰკიოდა:

“ძმებო, წყალი, თორემ დავიწვი!”.

უცებ ტახტზე ვიღაც შეინძრა, წამოიწია და მეორე მწოლარეს დაეყუდა. ოძელაშვილმა მაგდანა იცნო. მერმე მეზობლის გრძელი წვერი დაინახა და გუშინდელი ენგიჩარი გაახსენდა, რომელიც პირაღმა იწვა თვალგახელილი და ჭრაქს მისჩერებოდა.

ალბათ ძალო მორიგე იქნება და ამ თათარს უვლის. ნეტა მეც მომხედავდეს. - ინატრა არსენამ და ორივეს დააშტერდა.

მაგდანაც თვალებში ჩააშტერდა ენგიჩარს და გაინაბა. შემდეგ შუბლზე ხელი გადაუსვა და მთრთოლვარე ხმით ჩასჩურჩულა:

- ხოსიტა, ვერ მიცანი?

ხოსიტას ხსენებაზე არსენა შეკრთა.

- გიცანი, მაგდა, გუშინვე გიცანი. - ამოიხრიალა ენგიჩარმა და თავის ნაცოლარის პირსახე შავ წვერებში ჩაიმალა. ორივენი ტიროდნენ - კანკალით, უხმოდ და უსიტყვოდ ტიროდნენ.

არსენას წყალი დაავიწყდა. პირს მაინც აცმაცუნებდა და ჰსურდა დაეყვირა: “გამარჯვება, ხოსიტა! მომილოცნია, ძალო მაგდან!” მაგრამ ხმა დაკარგული ჰქონდა და მის მაგიერ ცრემლიღა იპოვა, რომელიც წვეთ-წვეთად ჩამოსდიოდა ლოყებზე.

ნაქვრივალი ნაპოვნ ქმარს ჩუმად უკოცნიდა ვეება ხელებს, განიერ მკერდს, შავ წვერულვაშს, ღრმა თვალებს და თანაც ცახცახით ეუბნებოდა:

- მაშ შენა ხარ? მართლა ხოსიტა ხარ? არ დაგავიწყდი? თვრამეტი წელიწადი გავიდა, ხოსიტავ, თვრამეტი!

- ჩვენი შვილი სად არის, მაგდო? - უცებ ჰკითხა ოდესღაც დაკარგულმა მამამ.

- შვილი? მართლა, შვილი! ჩვენი ზურა! შენი ზურა! - და აფორიაქებულმა დედამ იქვე იატაკზე მწოლარე შვილი გააღვიძა:

- ზურა! შვილო ზურა!

ჭაბუკი დაფეთებულივით წამოვარდა. მაგდანამ ნამძინარევი შვილი სინათლეზე გამოათრია, თითი მწოლარე ენგიჩარისკენ გაიშვირა და ჩურჩულით უთხრა:

- შვილო, აი მამა-შენი. მიდი, ნუ გეშინიან... ეგ არის, ნამდვილად ეგ არის. ღმერთმა დაგვიბრუნა, ღმერთმა.

ზურამ არტაშანებით შეკრულ მამაკაცს გაოცებით გადაჰხედა და მერმე დედას დააშტერდა, თანაც ჰფიქრობდა, ხომ არ გაგიჟდაო შავი ქვრივი კი დაჟინებით იმეორებდა:

- მიდი მეთქი! უცხო ნუ გგონია. მამა-შენია, გუშინვე ვიცანი, მაგრამ არ გითხარი, რადგან მეგონა მოკვდება მეთქი და შენი შეშინება არ მინდოდა.

ენგიჩარმა წამოწევა სცადა. მაგრამ ისევ ბალიშზე მიწვა და ესღა ამოიკვნესა:

- მოდი, შვილო... მამა-შენი ვარ.

ზურა ტახტზე ავარდა და ნაპოვნ მამას მოეხვია.

ამ დროს არსენამაც იპოვა დაკარგული ხმა და მძლავრად წამოიძახა:

- წყალი! წყალი, თორემ დავიწვი! ძმებო, წამოდექით! ძალო მაგდანამ ქმარი იპოვა, ოსტაპი კი ცეცხლში ჩააგდეს. ძმებო, უშველეთ და მეც მიშველეთ, თორემ, მეც იმასავით ვიწვი!

ყველანი დაფეთებული წამოცვივდნენ, არსენას კი ხელახლა წაუვიდა გული და ისეთი ბოდვა ამოუშვა, თითქო მართლა ცეცხლი ეკიდებოდა. მარაბდელი ჰბორგავდა, მღეროდა, იბრძოდა, ბრძანებლობდა და დავობდა:

- მამა-ჩემო, დამიჯერე, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!.. ასწიე ღონესა ჰქვიან, დასწიე უღონობასა.

დიდხანს ეკამათა ღვთისავარს და მერმე სალაშქრო შემოსძახა:

- კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!

შემდეგ ბრძოლის ამბები გაახსენდა და ომახიანად შეუტია:

- სევასტი, დაჰკა! როსტომ, მიდი! მივეშვნეთ! ოლოლო, ოლოლო! დროშა გაშალეთ, დროშა! ძალო მაგდან, გაფრთხილდი! ერეკლე ზურას უშველე! სულხან, ფიქრიას მოუარე!

სადმე დოღი თუ გაიმართა. არსენაც ჩაერია და დასძახა:

- ჰერი, ლურჯავ, ჰერი.

მერმე ურმული ჩაიღიღინა და აღზევანისკენ გასწია:

- აღზევანს წავალ მარილზე, მარილს მოვიტან ბროლსაო...

გუშინწინდელიც მოაგონდა და შეშფოთდა:

- ვაი მე, დედა, ამას რას მოვესწარი! ქალებს ჰხოცავენ, ქალებსა!.. დედები ბავშვებს ცეცხლში ჰყრიან და თვითონაც ცვივიან! თოფი გამიტენეთ! ესროლეთ! ოსტაპ, ნუ მირბიხარ, თორემ ცეცხლში ჩაგაგდებენ! ვაი მე, დედავ, იწვის!. დაიწვა! უშველეთ! მეც ვიწვი!

აი მარაბდელი გიგოლას და მაიორს შეეფეთა:

- ვაი დედასა, რა უბრალოდ ვიღუპები!

ოძელაშვილი სამარეში ჰგდია. ზედ მიწა აყრია. ჰაერი არა ჰყოფნის და ლაპარაკის მაგიერ იხჩობა, იგუდება, ხრიალებს და ღმუის.

მერმე ისევ მოსულიერდა, წეღანდელი გაახსენდა და ენგიჩარს მიესალმა:

- გამარჯვება, ხოსიტავ! ვენაცვალე მაგდანას, ზურასაც, რა ცოლი და შვილი გყოლია! შენი ჭირი მე, მარინევ!.. შვილო დათუნი! - და მეათეჯერ დაიძახა: - ძმებო, წყალი, თორემ დავიწვი, ცოდო ვარ და მიშველეთ!

თავი მეთორმეტე

უსისხლო სახელი

არ აშენდების შლამისგან

ბირთვის-სამშვილდის ციხენი.

ეგ ენები დაიმოკლეთ,

ეგ ხანჯლები დაიგრძელეთ.

ამ რომანის ავტორისა

არსენამ მეორეჯერ გაახილა თვალები და გაოცდა: მას ისევ გაახსენდა ყველაფერი, მაგრამ თავის ახალი სამყოფელი ვერ იცნო. ბნელი სარდაფის მაგიერ ახლა სუფთა ოთახში იწვა და თავთ მოღიმარე მაგდანა ედგა.

- სადა ვარ, ძალო? - დაბალი ხმით ჰკითხა მარაბდელმა.

- ახალციხის მახლობლად, სოფელ უდეში, ბარიკალაშვილის სახლში. - მიუგო ნაქვრივალმა, - ახალციხეს ფათერაკი მოგველოდა. გიგოლამ რაღაც გაიგო, მაგრამ თამარაშვილმა დროზე აგვაცდინა ხიფათი და აქ გადმოგვიყვანა.

- ხოსიტა სადღაა?

- აგერ შენს გვერდით.

არსენამ მიიხედა და ენგიჩარის მოღიმარე წვერულვაშს წააწყდა.

- გამარჯვება, არსენ! - მხნედ გადმოსძახა ხოსიტამ.

- გაგიმარჯოს, ხოსიტავ! - მიუგო მარაბდელმა.

- სუ, იყუჩეთ! - ჩაერია მაგდანა. - ექიმმა ლაპარაკის ყადაღა დაგადოთ.

- თუ გინდ დავმუნჯდები, ძალო, მაგრამ ჯერ გამაგებინე, სხვები სადღა არიან?

- ყველანი აქა ვართ. სუყველანი კარგად არიან. მარტო კარპიჩა, სიმონა და ჰასანა გვაკლია. თათრის ჯარს გაჰყოლიან და სათათრეთში გადასულან.

- მაშ გადარჩენილან. დიდება შენდა, უფალო! ახლა ფიქრია, მარინე და ჩემი დათუნა მაჩვენეთ.

- არ იქნების. იყუჩე მეთქი, თვალებიც დახუჭე.

არსენამ მორჩილებით გაკმინდა ხმა და თვალებიც მილულა.

ამ დღიდან მარაბდელი და ხოსიტა გურგენიძე სწრაფად უბრუნდებოდნენ ამ ქვეყანას. ექიმი ანტონი დროგამოშვებით ამოდიოდა, ჭრილობებს უხვევდა, ახალციხიდან ახალი ამბები ამოჰქონდა, ყველას ამხნევებდა და უკანვე ბრუნდებოდა.

ერთ საღამოს ექიმი თამარაშვილი სამარიდან ამოსულ არსენას ეუბნებოდა:

- ენგლიზიდან შენი წერილის პასუხი მოვიდა. იქაურ კათოლიკეთა ერთ-ერთ მოძღვარს რუსტამი მოუძებნია და შენი წერილი ჩაუბარებია, ორიოდე კვირის შემდეგ ხელახლა მისულა და ასეთი პასუხი მიუღია: მთელი ლონდონი გადავაბრუნე და ქართულის მცოდნე ვერ ვიპოვნე, მე კი ერთი სიტყვაც აღარ მახსოვსო.

- რას ამბობ, ანტონ! აბა რა დასაჯერებელია, რომ იმ ქვეყანაში ქართული არ იცოდნენ?

- აგრეა, ჩემო არსენ. - ღიმილით მიუგო ანტონმა. - მე ადრევე ვიცოდი, რომ ქართულის მცოდნეს ვერ იპოვნიდნენ და ამიტომ ის შენი წერილი ლათინურად ვთარგმნე და გავუგზავნე. იმ მოძღვარს ის თარგმანი მაშინღა ჩაუბარებია, როცა ხელმეორედ მისულა. რუსტამმა წააკითხვინა, ბევრი იცინა და იკითხა: ნუ თუ რუსებმა საქართველოში აქამდე ერთი საგიჟეთიც ვერ ააშენესო?

- რაო? საგიჟეთი?! ამოიხრიალა მარაბდელმა. - მაშ მე გიჟი ვგონივარ?

- ნუ აღელდი. რუსტამს უხუმრია. შენი წერილი მეც ხუმრობა მეგონა. - მიუგო ექიმმა და გავიდა. არსენამ კი თვალიდან ბრაზის ერთი კურცხალი მოიხოცა და ზირბითის კლდესავით ჩაფიქრდა.

ვაგლახ არსენა მარაბდელო! ნაპოლეონის ნამეგობრალს გიჟი გონიხარ, ანტონ თამარაშვილს კი მასხარა. ორივე დიდი კაცია, ორივე განათლებულია, ნასწავლი, ნავალი და ჭკვიანი. შენ შენი გლეხური ნააზრევი წრფელი გულით გადაუშალე მათ და თავდაბალი დარიგება სთხოვე, ისე სთხოვე როგორც მორცხვი შეგირდი სთხოვს ხოლმე დიდ ოსტატს, ხოლო მათ შენი გულისნადებს ალმაცერად გადმოჰხედეს და უკმეხად ჩაიცინეს. შენ შენი საკუთარი თავი დაიწუნე და ახალი მეთაურის პოვნა მოისურვე, ხოლო ამიერიდან გეცოდინება, რომ უდროოდ დაწყებულ საქმეს შენ თვითონ უნდა გამოება თავადაც და მკლავადაც.

ამას იქით ეცოდინება, მაგრამ როსტომის და ანტონის სიცილი გულნატკენ მარაბდელს მაინც შხამივით ჩაეწვეთა, თვითდამჯერობა მოუდუნა. რწმენა შეურყია. იქნება მარაბდელი მართლა სასაცილო ლანდს დაედევნა? იქნება მართლა “არსაქნელი არ იქნების”? - იქნება ოძელაშვილი მართლა ლამობდეს ეს ცხოვრება ყირამალა დააყენოს, მკლავის მაგივრობა თავს გააწევინოს და ტვინისა კი მკლავს დააკისროს?

“თუ აგრეა, მართლა სასაცილო ვინმე ვყოფილვარ. ჰოლოლო მაშინ ჩემ საქმესა! მაგრამ თუ ამ საქმემ სხვა ქვეყანაში იხეირა, რატომ ჩვენში არ უნდა იხეიროს? თუმცა რა დასაჯერებელია, რომ ცხო ხალხმა ბატონყმობა მოსპოს და ჩვენში კი იგი უკვდავად დარჩეს? რა თქმა უნდა დაუჯერებელია! არ შეიძლების, არ იქნების!”

დღე დღეს მისდევდა და კვირას კვირა. მაიორი ახალციხეში იჯდა და მესხეთს სცლიდა. მან ათასი ჭანგი და ამდენივე თვალყური გამოიბა და ლამობდა ყოველ სოფელსა და ყოველ ოჯახში ჩაეხედა, ყოველი საეჭვო მესხი გაეჩხრიკა, დაეჭირა და მოეშთო ან ოსმალეთში გაეძევებინა. კრაზანას ბუდე უკვე იშლებოდა. ლტოლვილი ქართველები, მთიელები და თათრები ათასობით გადადიოდნენ ხონთქრის სამფლობელოში, ხოლო იქიდან სომხები მოდიოდნენ და მათს ნაბუდარში სხდებოდნენ.

ძმადნაფიცებმა უდეშიც იშოვეს საქმე და ლუკმა პური, მაგრამ ხიფათი იქაც აცოცდა, ძმადნაფიცებს ჩაუსახლდა და არსენა საფიქრებელს მისცა, უკვე შემოდგომა მოდიოდა და მთელი რაზმის თავმოყრა და ისევ ტყეში გასვლა ძნელიც იყო და დაგვიანებულიც. ამიტომ ოძელაშვილს ერჩივნა რაზმი დაექუცმაცებინა და გაზაფხულამდე მოეცადნა. ხოსიტამ აზრი მოუწონა და ურჩია ძმადნაფიცები მალე დაეფანტა.

ერთ ბნელ ღამეს ყველამ არსენას ოთახში მოიყარა თავი. ბელადი ტახტზე იწვა და ძმადნაფიცებს ესაუბრებოდა. უცებ გარეთ ძაღლის ყეფა მოისმა და მცირე ხნის შემდეგ როსტომმა ოთახში სამი დაკარგული ძმა შემოაპარა.

- ჰასან! კარპიჩ! სიმონავ! - წამოიძახეს ძმადნაფიცებმა და წამოიშალნენ.

- იაშასუნ, ყარდაშლარ! - დაიძახა ჰასანმაც, მწოლარე მარაბდელს მოეხვია და მის განიერ მკერდზე კატასავით გამოჩნდა, რომელიც ლომს უალერსებდა.

- კაცო, ეგ რა მოგსვლია? - მიაძახა კარპიჩამაც და კოჭლობით მივარდა ბელადს.

სიმონა ფეხებთან ჩამოუჯდა მას. ახალმოსულებმა უკვე ყველაფერი იცოდნენ - არსენას დაჭრაც, ხოსიტას პოვნაც და ოსტაპის შემაზრზენი სიკვდილიც. მათ ახალციხეზე გამოევლოთ, ანტონ თამარაშვილი ენახათ და მისგან შეეტყოთ ეს ამბებიც და რაზმელთა ბინაც. შემდეგ მათ თავიანთი თავგადასავალიც უამბეს.

იმ სისხლიან ღამეს, როცა არსენა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, რუსებმა მათ გზა მოუჭრეს და სხვებთან ერთად შიდა ციხეში შერეკეს. მეორე დილას ციხის კარი უნდა გაეღოთ. რა თქმა უნდა მაიორი ქართველებს და მათთან ერთად ჰასანსაც და კარპიჩასაც ჩამოახჩობდა.

- ჩვენ ვიპიკრეთ, თათრულად ჩავიცვით და ასე გავიპარენით: - ჩამოართვა სიტყვა დალი ჰასანას კარპიჩამ.

- ვალაჰ, იქ ვერ გავზელით და ისევ თქონთან გამოვიპარენით. ცყალი ცყლისკენ მიდის და ზმობილი ზმობილს ეზებს. - დაასრულა ამბავი ჯუჯა თათარმა. - ყოლგან კარგია, მაგრამ დუნიაზე ჩონ გურჯისტანს არც ერთი ქოყანა არა სჯობიან.

ერთმანეთის მოკითხვა და ამბების თხრობა რომ გაათავეს, ოძელაშვილმა დაბალი ხმით სთქვა:

- მშვიდობაში თქვენი გადარჩენაც და დაბრუნებაც, ძმებო. იცოდეთ, ფათერაკი გვეპარება და დღესვე უნდა ვიღონოთ რამე, თორე გვიანღა იქნება. - თავის გეგმა მოკლედ გადმოუშალა და დაასრულა: - სთქვით, ძმებო, დავრჩეთ თუ დავიშალნეთ?

ძმადნაფიცებმა ხანგრძლივ იყუჩეს, შემდეგ ჰასანმა ამოიოხრა და სთქვა:

- ვალაჰ, ზალიან მინდა მუდამ შენთან ვიყო, მაგრამ ჩკვიანი სიტყვა თქვი და სჯობიან სავიდ-სამოვიდეთ.

- როცა წამოვდგები, მე ჩემი ცოლ-შვილით ისევ ჩემს მინგრეულ ქოხს დავუბრუნდები ქვიშხეთში. - სთქვა ხოსიტამ და მაგდანას და ზურას გადაჰხედა.

- მე ისევ ახალდაბაში დავბრუნდები. - ავი ღიმილით დაუმატა სიმონამ. - სუმბათაშვილი უნდა მოვიკითხო. სევასტი და მეშთაც მარტო დარჩნენ და მეცოდებიან.

- შენ სადღა წახვალ, რუსო? - ჰკითხა მარაბდელმა კარპიჩას.

- მე შენს იკით გზა არა მაკს. მე უცხოეთში ვარ და ამიტომ...

- მაშ დარჩი. - ჩაუქნია თავი ოძელაშვილმა. - სულხანიც და ფიქრიაც აქ დარჩებიან, მე მომივლიან და მარინესაც უშველიან. მერე სადმე სხვაგან გადავალთ და თქვენც შეგატყობინებთ. ერეკლე კი ისევ მარაბდაში დაბრუნდება. ღვთისავარი იბარებს. შენ რაღას აპირებ როსტომ?

- მენა? მეც ჯერ აქ დავრჩები. - მიუგო მან და გაწითლდა.

ყველა მიუხვდა. ჯორჯიაშვილი იმიტომ რჩებოდა, რომ აგერ იქ, მეორე ოთახში, აჭარელი ქალი იწვა, როსტომმა რომ გადაარჩინა ახალციხეში. მას აქეთ როსტომს ის ქალი ერთხელაც აღარ ენახა. იმ ოთახს მაინც ნიადაგ გარშემო უვლიდა და თავის ჟამს უცდიდა. როსტომმა არ იცოდა, უცდიდა თუ არა მას ის ქალიც. მაგრამ არა უშავსრა. როსტომი ჯორჯიანთ “გორისაა” და ბირთვისის ციხესავით მომთმენია. არა, როსტომი არსად არ წავა და თავის დასთან, სიძესთან და ნაპოვარ საბედოსთან დარჩება და ეტყვის მას, უკვე განკურნებულ ნაზიმეს: “შენ დახოცილებში ეგდე და სისხლით იცლებოდი. ყოველ მხრივ ტყვია ზუზუნებდა. მე იმ ეზოში გავვარდი, აი ამ მკლავებზე აგიგდე და ექიმს ჩაგაბარე”. როსტომი ამაზე მეტს არაფერს არ ეტყვის, თუმცა - ამასაც არ ეტყვის, რადგან ფიქრიამ და მაგდანამ ალბათ უკვე უთხრეს მას ყველაფერი. მერმე კი რაც მოხდება, მოხდეს!

- მაშ დარჩი. - ჩუმი ხმით მიუგო არსენამ. იმანაც იცოდა მისი გულის ტკივილი. - ჰასან, შენ რაღას იტყვი?

- მე ისევ გორულის კოშკში სავალ, - თეთრად გაუღიმა თათარმა. - გურჯისტანში ბორჩალოზე უკეთესი ქოყანა არ არის.

- მაშ აგრე, - დაუდასტურა მარაბდელმა. - ხვალ დილითვე გაუდექით გზას და ღმერთმა კეთილი მგზავრობა მოგცეთ, ჩემზე კი ნუ იდარდებთ. მეც მალე წამოვდგები და ჩამოვალ.

ყველას სწორედ იმ ღამეს გაახსენდა თავის სათქმელი. ყველამ პირი მოუშვა და მაშინღა გაჩუმდნენ, როცა მამალმა მეორეჯერ იყივლა. მაგდანამ რიჟრაჟზე გააღვიძა. პირში თითო ლუკმა ჩაიდეს, თითო არაყი გადაჰკრეს, გუდა-ნაბადი აიკიდეს. დარჩენილ ძმადნაფიცებს გამოეთხოვნენ და დასჯილი ბალღებივით წამოვიდნენ. ენანებოდათ ურთერთის გაყრა, დარჩენილი ბელადი, დობილები და რაზმის დროებითი დაშლა.

ორიოდე კვირის შემდეგ არსენას ბანაკს რამდენიმე აჭარელი და ათიოდე მესხი მიადგა. არსენა და ხოსიტა აივანზე ისხდნენ. სტუმრებს როსტომი მიეგება და აივანზე მიიპატიჟა. პირველი სალამის და სიტყვა-პასუხის შემდეგ ერთმა მათგანმა სთქვა:

- ეფენდ არსენ, ჩონი ქალი ნაზიმე აქ ყოფილა და უნდა წავიყვანოთ.

არსენამ როსტომს აჰხედა. ჯორჯიაშვილი კედელს მიეყუდა და იმავე კედელივით გაფითრდა. მარაბდელმა შუბლი შეიკრა, იყუჩა და ახალმოსულების თავ-კაცს როსტომზე მიუთითა:

- ის ქალი აი ამან გადაარჩინა.

- ვიცი. - მიუგო მან. - ახალციხელმა აქიმბაშმა მითხრა. ჩონ უმადური ხალხი არა ვართ.

- ვინა ბრძანდებით თქვენ? - ჩაურთო ხოსიტამ.

- ნაზიმეს ბიძა გახლავართ. ეს ოთხი ვაჟი კი ჩემი შვილები არიან.

- კეთილი იყოს თქვენი გაცნობა, მაგრამ... - არსენამ ერთხელ კიდევ აჰხედა როსტომს და განაგრძო: - მაგრამ ის ქალი ამ ვაჟს ეკუთვნის და... და ამას უნდა მიათხოვოთ, ყალიმსაც ბლომად მოგცემთ, ფულსაც და საქონელსაც.

ნაზიმეს ბიძა ზეზე აიჭრა და მისი მხლებლებიც წამოცვივდნენ.

- მუსულმანი ქალი ქრისტიანს მივცე? არ ყოფილა, არც იქნება! - მტკიცე ხმით განაცხადა მან და დაუმატა: - ჩონი ნაზიმე მაჩვენეთ.

მაგდანა ნაზიმეს ბიძას ქალების ოთახში შეუძღვა. მოხუცი მალე გამოვიდა და მცირე ხნის შემდეგ იმ ოთახიდან შავებში შესუდრული ქალიც ლასლასით გამოჰყვა. მას ფიქრია, მარინე და მაგდანა მოსდევდნენ, ახალმოსულები გამხიარულდნენ, ალაპარაკდნენ და ათას მადლობას უძღვნიდნენ სამ ქალს, არსენას და როსტომს. ჯორჯიაშვილი ჭირისუფალივით იდგა, რომელმაც ეს-არის ახლა ჩაუშვა სამარეში თავის პირველი სიყვარული. ყველას რომ გამოეთხოვნენ, ნაზიმე ჯერ არსენას დაეკონა ხელებზე და მერმე ხოსიტას დააკვდა. უკანასკნელმა ენგიჩარმა თვალიდან კურცხალი მოიხოცა და უკანასკნელ მებრძოლ ქალს მამაშვილურად მოუალერსა.

უცებ ნაზიმემ როსტომისკენ გაიწია, მაგრამ მოხუცმა ბიძამ ხელი სტაცა, უკანვე გააბრუნა და თითქმის ძალით ჩაიყვანა კიბეზე. ნაზიმე შავ საბურავში ქვითინებდა, ქალებიც ტირილით მისდევდნენ.

აბაშიძის ქალი ცხენზე შესვეს და წაიყვანეს, ისე წაიყვანეს, რომ ერთხელაც არ მოახედვინეს.

როსტომი კი ისევ კედელზე იყო მიყუდებული. ქვემო ტუჩი უთრთოდა და თვალები ხის წვერზე ჰქონდა მიბჯენილი. მან ახლაღა შეამჩნია, რომ ხელში ნაზიმეს ბიძის მიერ ჩანადები მძიმე რაღაც ეჭირა და გაოცდა. შემდეგ ნაზიმეს ბიძის ოქროთი გატენილი ქისა შორს მოისროლა, დინჯად დაეშვა კიბეზე და ფოთლიანში მიიმალა.

არსენამ ხოსიტას გადაჰხედა და დაბალი ხმით უთხრა:

- ცოდოა.

- ცოდოა. - ჩაიბუტბუტა ხოსიტამაც და ღრმად ამოიოხრა.

* * *

ზამთარმა ოდნავ შეანელა ომი, მაგრამ ვერ შესწყვიტა. რუსებმა ხელთ იგდეს ფოთი, ჯავახეთი, ახალციხე და ყარსი. სანამ პასკევიჩი მესხეთში იბრძოდა, სომხეთის გამგებელმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ ბაიაზეთის საფაშო დაიპყრო, ხოლო გრიბოედოვმა მისი ქალიშვილი ნინო დანიშნა, შემდეგ ახალციხის მიდამოში დარიგება მიიღო პასკევიჩისგან და სპარსეთს წავიდა. ჩრდილოეთით რუსებმა საბოლოოდ მიანგრიეს ანაპა - მთავარი მოწინავე ციხე ხონთქრისა, მთავარი ბუდე ისლამის მოქადაგეთა და მთავარი ფორი ქალ-ვაჟების ბაზრობისა.

გაზაფხულზე ოსმალებმა ასი ათასი ჯარის-კაცი მოაგროვეს და მოშორებით დააყენეს, ხოლო უჯარო და იარაღაყრილი მესხეთი ერთხელ კიდევ მისცეს პირში ყელამდე ზარბაზნებში ჩამჯდარ მურავიოვს და ვასო ბებუთოვს, რომელსაც ხელმარჯვე ოინბაზსავით სამძირიანი ქუდი ეხურა - სამნაირი გვარი ჰქონდა - ბებუთოვი, ბებუთიანცი, ბებუთიშვილი, და წარჩინებულ ქართველ თავადად ითვლებოდა. მას ისე მიჰყავდა საქმე, თითქო მესხების დამშვიდება კი არა ჰქონოდეს აზრად, არამედ მათი მოთმინების ამოშრეტა და აჯანყების გამოწვევა. ბოლოს ახმედ ფაშა თითქო მიუხვდა, რომ ერმოლოვის მიერ დანიშნულ მოციქულს სულ სხვა ზრახვა ედო გულში, მიუხვდა და... და საწადელი შეუსრულა: მესხეთი აუჯანყა.

ოცი ათასი ამბოხებული მესხი შარშანდელზე უფრო თავგამოდებით იბრძოდა. მათ ერთი მოქნევით მოიგლიჯეს პასკევიჩის მძიმე უღელი და რამდენიმე დღეში ხელთ იგდეს დაკარგული სამშობლო, გარდა ახალციხის შუაგულისა. ქალაქი ერთხელ კიდევ გაეხვია ალსა და ბოლში, ერთხელ კიდევ შეიღება სისხლით და ერთხელ კიდევ მოიფინა გვამებით და ჩამოხჩობილთა ხეივნებით. სასაფლაო ორჯერ მაინც გაფართოვდა, სამაგიეროდ ქალაქის ორი მესამედი დადნა და 60 ათასი სულის ნაცვლად 20 ათასიღა დარჩა. მაშინ დაიწყო ორმაგი “გამოსვლა”. არტაანის გზები მთელ ზაფხულს იქით მიმავალი მესხებით და აქეთ მომავალი სომხებით იყო გაჭედილი, ხოლო მისი ნაპირები სნეულებმა და მომაკვდავებმა გაავსეს, რომელნიც ახლაღა ეხმარებოდნენ ერთმანეთს წამლობასა, სიკვდილსა და დამარხვაში.

ახმედ ფაშამ ახალი შუამავალი მიუგზავნა პასკევიჩს და ერთხელ კიდევ შეეხვეწა: კანონი რუსული, ენა ქართული და რჯული მუსლიმანურიო. კავკასიის მთავარმართებელს საკუთარი ფორმულა ჰქონდა: რჯული მუსლიმანური, ენა და კანონი კი რუსულიო. პასკევიჩი მაშინაც არ უთმობდა ხიმშიაშვილს, როცა ორთავიანი არწივი ბორჯომს ვერ გასცილებოდა, და ახლა რაღად დაუთმობდა, როცა მესხეთ-ჯავახეთში ნახევარზე ნაკლები ქართველი დარჩა და იქაურობაც უკვე ხელთ ეჭირა? რაღად დაუთმობდა იარაღაყრილსა და განახევრებულ მესხებს, რომელნიც რუსეთის იმპერატორს ყოველგვარ უფლების დათმობას სთავაზობდნენ, ხოლო თავიანთთვის კი თავისუფლების მცირე ნაწილსღა იტოვებდნენ - იტოვებდნენ უფლებას დედაენაზე ელაპარაკათ, დედაენაზე ეძიათ სამართალი და დედაენაზე ემართნათ მცირე სოფლურ-კუთხური საქმენი.

გენერალმა ოსტენ საკენმა არ მოიცადა სანამ პასკევიჩი პასუხს გაცემდა ხიმშიაშვილს და მის სამშობლო აჭარას შეესია, შემუსრა, დასწვა, ახმედ ფაშას სამყოფელი ხულოც მიწასთან გაასწორა, მისი სასახლეც ცეცხლს მისცა. მერმე დაგვიანებით დაბრუნებულ პატრონს წააწყდა და უკანვე გამობრუნდა. აჭარლებმა გზები მოუჭრეს, გენერალი უღრანი ტყით შემოსილს აჭარის მთებში შეაგდეს და ძალა გაუნახევრეს. გენერალმა ძლივს გადმოლახა აჭარის ქედი, დაბეგვილ-დამსხვრეული ჩამოგორდა გურიაში და უნაგირს ეცა - გურულები დაარბია და ქობულეთში შეიჭრა. იქ განდგომილი სოფიო გურიელისა და მისი ვაჟი ეგულებოდა. მაგრამ აქაც დამარცხდა: მთავრის მეუღლე ნავში ჩაჯდა, თითებს შუა გაუსხლტა და მეორე დღეს უკვე ტრაპიზონის ვალის სტუმრად ითვლებოდა.

ქალაქში გზირები და იასაულები ქუჩა-ქუჩა დადიან, ხალხს აგროვებენ და პასკევიჩის ახალ ბრძანებას უკითხავენ: ვინაიდგან ოსმალეთის სულთანი გვეომება... რამეთუ ჩვენს სათაყვანებელ იმპერატორს თქვენი ერთგულება უკვე ნაცადი აქვს... რადგან რჩეულმა თავადაზნაურებმა და მღვდელმთავრებმა, მოწიწებით სთხოვეთ მათს იმპერატორობის უდიდებულესობას, რათა მან საშუალება მისცეს ქართველ ხალხს სისხლით დაუმტკიცოს მას თავის ერთგულება, ამიტომ მე, კავკასიის მთავარმართებელი, ვასრულებ ხალხის უწმინდეს საწადელს და ვბრძანებ: გაწვეული იქნეს სალაშქროდ ხუთ მამაკაცზე ერთი მოხალისე.

ჯგუფ-ჯგუფად თავმოყრილი ხალხი გაოცებით და აღშფოთებით ისმენდა ამ ბრძანებას და კითხულობდა:

- ეს ხომ სალდათობაა?! რუსული სალდათობა?!

დიაღ, აგრე გახლდათ, ხალხის გეშმა უმალვე მიაგნო სიმართლეს. ეს მოწოდება ბრძანებას უდრიდა და რუსული სალდათობის შემოღება მოხერხებულად იყო მიმალული.

სიტყვა “სალდათობა” მუდამ ბრაზიან ჟრჟოლას იწვევდა საქართველოში, მთავრობა დროდადრო თვითონვე ავრცელებდა საიდუმლოდ ამ სიტყვას, რათა გაეგო, მომწიფდა თუ არა გლეხობა და მზად იყო თუ არა იგი ოცდახუთ წელიწადს ემსახურნა საიმპერატორო დროშის ქვეშ და იქვე დაბერებულიყო, ან სადმე ცხრა მთის იქით ჩაძაღლებულიყო. გლეხობას კი არ ჰსურდა დამწიფებულიყო და “სალდათობის” გაგონებზე მაშინათვე თოფ-იარაღში ჯდებოდა, ავად იღრინებოდა და რამდენჯერმე სისხლიც კი დაჰღვარა. მაგრამ ამ სიტყვებს ორივე პირი გალესილი ჰქონდა და შფოთის მთესავნი მეორე პირს ისევ მთავრობას უბრუნებდნენ და ახლაც შეუბრუნეს, შეუბრუნეს რუსის მთავრობასაც და ზოგ ქართველ თავად-აზნაურსაც, რომელიც მას სალდათობის შემოღებაში ეხმარებოდა. ზოგი ეხმარებოდა, უმრავლესობა კი გლეხებივით ებრძოდა სალდათობის შემოღებას, ვინაიდან ყმა ძვირად ფასობდა და მუქთად არ უთმობდნენ.

- სალდათობა შემოიღეს. - ხმას აუწიეს მათ და მთელ ქალაქს მოედვნენ.

- ხალხო, თვალი გაახილეთ, სალდათობა შემოიღეს!

- ხალხო, ხმა ამოიღეთ! ქუდზე კაცი გამოდით!

და ხალხმაც ისეთი ხმა ამოიღო, რომ პასკევიჩის სასახლემ და “რუსეთუმე” თავადების ციხე-კოშკებმა ზანზარი დაიწყეს.

რამდენიმე ხნის წინათ ქართველი თავადაზნაურები, ოსმალების გაძლიერებით დაშინებულნი, საზეიმო სხდომაზე შეიკრიბნენ და პასკევიჩს დელეგატები მიუგზავნეს, რათა მას თავადაზნაურთა ხარჯით შეიარაღებული შვიდი-ათასი ქართველი გლეხი მიეღო.

პასკევიჩმა და შტაბის გამგემ მურავიოვმა დელეგატებთან ერთად საიდუმლო სხდომა გამართეს და საბოლოო პასუხი მოსთხოვეს თავადებს: დაგვეხმარებით თუ არა სალდათობა რომ შემოვიღოთო!

მრისხანე ჟამი იდგა. პასკევიჩს ორმოცდაორი ათასი სალდათი ჰყავდა, ოსმალოებს კი ასი-ათასი, და აქაური მუსლიმანების აჯანყების იმედიც ჰქონდათ. მათ ადვილად შეეძლოთ საქართველოში შემოჭრილიყვნენ, აზერბაიჯანიც ხელთ ეგდოთ, მთელი კავკასია აეშალნათ, სპარსეთიც მიემხროთ და აზოვის, ყირიმის, ასტრახანის და თურქესტანის დასაბრუნებლად დაძრულიყვნენ. საქართველოს შემუსრავდნენ, საბოლოოდ მოსპობდნენ. მუსლიმანობა მასზე ამოიყრიდა მწვავე ჯავრს იმის გამო, რომ მან დარიალი გაუხსნა რუსეთს, რომ ოსმალებმა მისი წყალობით დაჰკარგეს საქართველოს ნახევარი, სომხეთის ნაწილი და ჩრდილოეთი კავკასია, სპარსელებმა კი - საქართველოს მეორე ნახევარი, მათი კუთვნილი ნაწილი სომხეთისა, აზერბაიჯანი და დაღისტანი.

ეს ანგარიში სრული არ არის. - აშინებდა დელეგატებს მურავიოვი. - ახლა ჩვენი იმპერატორი სპარსეთსა და ოსმალეთსაც სრულ მოსპობას უქადის. თუ მათ გაიმარჯვეს, საზარელ შურს იძიებენ თქვენზე, ქართველ ერს ბოლოს მოუღებენ და მის ხსენებასაც კი გააქრობენ. კეთილშობილნო, ჟამი მოვიდა და მტკიცე და პირდაპირი პასუხი უნდა მოგვცეთ: გვაძლევთ თუ არა სალდათებს?

თავადებსაც სჯეროდათ, რომ ადვილი შესაძლებელი იყო ქართველ ერს მართლა ბოლო მოღებოდა და ამიტომ მათი პასუხიც მტკიცე და პირდაპირი იყო: დიაღ, ისინი ხალისით მისცემენ სალდათს, მაგრამ მთავრობამ თავადაზნაურობა ხალხის რისხვისაგან უნდა დაიფაროს.

- არ შეიძლება ყველაფერი ერთბაშად გაკეთდეს... შეუძლებელია აშკარად შემოვიღოთ რუსული სალდათობა... თანდათან... ნელნელა... ჩუმჩუმად... საიდუმლოდ.

- რა თქმა უნდა! რასაკვირველია! - ამშვიდებდნენ მათ პასკევიჩი და მურავიოვი. - თანდათან... ნელნელა... ჩუმჩუმად.

და ხალხის ბელადებიც გულმოდგინედ ცდილობდნენ ჩუმჩუმად ეცხონებინათ ხალხი და ჩუმჩუმადვე შოულობდნენ ახალ-ახალ მიწებს, ორდენებს და ჩუმადვე მიიწევდნენ ცხოვრების კიბის საფეხურებზე.

იმავე დღეს საღამო ჟამს იმავე დარბაზში სომეხი ეპისკოპოსები, ვაჭრები და თავი-კაცებიც ასე ჩურჩულებდნენ:

- თანდათან... ნელნელა... ჩუმჩუმად... კამაც-კამაც!

პასკევიჩი და მურავიოვიც წეღანდელივით ამშვიდებდნენ მათ:

- რა თქმა უნდა! ჩუმჩუმად... ნელნელა... თანდათან.

და სომხებიც ჩუმჩუმად და აშკარადაც შოულობდნენ იჯარას, სახლებსა და “პაჩოტნი ღრაჟდანინის” სახელს.

საქმე ჩუმჩუმად კეთდებოდა, დიდი ბაზარი და ახლომახლო ქუჩები კი აშკარად გაიჭედა. ხალხი მატულობდა, დრტვინავდა და ჰკიოდა.

- არ გვინდა! არ გავალთ! სისხლი უნდა დავღვაროთ!

ისმოდა იარაღის ჟღარუნი, უშვერი ლანძღვა და მუქარა. რამდენიმე თავადაზნაური, მღვდელი და მოქალაქე ხალხის დაშოშმინებას ლამობდა, მაგრამ მათ ყოველმხრივ ემუქრებოდნენ:

- თქვენც რუსის მხარე გიჭირავთ? მაშ თქვენც თან გაგაყოლებთ!

მალე გამოაშკარავდა, რომ ისინი მართლა პასკევიჩების მხარეზე იყვნენ და სალდათობის შემოღებაში ეხმარებოდნენ. ხალხი კი გაითიშა და თავის გუშინდელ წინამძღოლებს დაუპირდაპირდა. ბოლოს ქალაქის მარშალი ალექსანდრე ორბელიანი და მომავალი გუბერნატორი “უჭკვიანესი” ნიკო ფალავანდიშვილი გამოჩნდნენ. მათ სხვებზე უფრო მეტი წონა ჰქონდათ და ამიტომ ხალხი მიყუჩდა და ყური მიუგდო.

- ხალხო და ჯამაათნო! - დაიძახა სამფეხაზე შემდგარმა ალექსანდრემ. - თათარი ნამეტან გაძლიერდა და საქრისტიანოს წალეკვას უქადის. თქვენ კი გამომდგარხართ და ლამის მტერი გაახაროთ და საქართველო დაღუპოთ. ახლა სხვანაირი დრო დაგვიდგა და ამიტომ ვინძლო უფალ მთავარსარდლის ბრძანებას ურჩობა არ გავუწიოთ და სალდათი მივცეთ, ვინაიდან...

- არ გვინდა! არ მივცემთ! თავს შევაკლავთ! - იგრიალა ხალხმა.

ალექსანდრემ კვლავ სცადა ელაპარაკნა, მაგრამ ზღვა ხალხი ვერ დაიმორჩილა და სკამიდან ჩამოვიდა. რახან მას ვერ გაუვიდა სიტყვა, დიდ მოხელეს ფალავანდიშვილს ხომ ხმასაც არ ამოაღებინებდნენ.

ხალხი ჯგუფ-ჯგუფად შეიკრა და გამწარებით ყაყანებდა. აქა-იქ უცნობი კაცები დაძვრებოდნენ და მინელებულ ცეცხლს ნავთს ასხამდნენ. ალექსანდრე ორბელიანი ჯგუფით-ჯგუფში გადადიოდა და ხალხს მუდარით ამშვიდებდა.

არსენა ოძელაშვილი ერთ დუქანში იჯდა და შფოთის ძაფებს ჰხლართავდა. მასთან ხშირხშირად მორბოდნენ კარპიჩა, სულხანი, როსტომი, ლოპიანა, გიგუა და სხვა მრავალი. ის ჩუმი ხმით აძლევდა განკარგულებას.

მის გარდა სხვებიც იძლეოდნენ ბრძანებას. ეს მეორე ტალღა ორბელიანთა უბნიდან მოდიოდა. ფილადელფოს ბერი, შალვა ბარათაშვილი და ლუარსაბ, იაკობ, ასლან, ვახტანგ, ქაიხოსრო და მამუკა ორბელიანები თავიანთ მსახურ აზნაურების, მღვდლებისა და მოურავ-ფარეშების პირით საიდუმლოდ ჰბერავდნენ შფოთს, უკვე ახალი მთავრობის სიას ადგენდნენ და ამის გამო წინდაწინვე ჩხუბობდნენ.

არსენამ ჯერ არ იცოდა ვინ ვის ჰშველოდა, ის თავადებს თუ თავადები მას.

აზვირთებული ხალხი კი ნიადაგ ჰგუგუნებდა:

- ბელადი გვინდა, ბელადი!

ხოლო ბელადი არსად სჩანდა. კარჩაკეტილში თავმოყრილი ორბელიანები არც თვითონ იყვნენ შემზადებულნი და ვერცა ჰბედავენ, არსენა კი მზადაც იყო და კიდეც გაჰბედავდა, მაგრამ ქალაქელები არ გაჰყვებოდნენ და, გარდა ამისა, ოძელაშვილი “მკვდარი იყო”. წესის მიხედვით ის ახალციხის მიწაში უნდა წოლილიყო და მისი გაცოცხლება არევდარევის მეტს ვერაფერს სახეიროს ვერ გამოიწვევდა.

ზოგჯერ ხალხის განაპირას გრიგოლ ორბელიანის მჩატე სხეულიც მოსჩანდა და ვერავის გაეგო საით ეჭირა მას გეზი, ან ჰქონდა რაიმე გეზი თუ არა.

- მუხრან ბატონი მობრძანდება! გზა მიეცით! - დაიძახეს აქა-იქ და ხალხი მიწყნარდა.

მოედანზე ცხენოსანთა მოზრდილი რაზმი გამოჩნდა. მას თეთრი ცხენით დიდი მარშალი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრან-ბატონი მოუძღოდა. ერთ გვერდზე თავრიზის ამღები გენერალი გიორგი ქსნის ერისთავი ჰყავდა. მეორე გვერდზე ქართული მილიციის სარდალი ალექსანდრე ჭავჭავაძე ედგა, უკან კი ბრწყინვალე ამალა მოსდევდა. ზოგი ოქრომკედით ნაკერ მუნდირებით იყვნენ გამოწყობილი, ზოგს კი მოკრძალებული ჩოხა ეცვა, რიგს უამრავი ჯვარ-ორდენი ეკიდა, რიგს კი თითო-ოროლაც ძლივს ეშოვნა.

რაზმი ნელი ნაბიჯით შევიდა ხალხის შუაგულში და შედგა. ჭავჭავაძე იღიმებოდა, ერისთავი იბღვირებოდა, ბაგრატიონი სწუხდა. მცირე დუმილის შემდეგ მუხრან-ბატონმა ხალხს შიშნარევი თვალები მოავლო, ხელი ასწია და შესძახა:

- ხალხო, ამას რას მოვესწარი?! ქართველი ხალხი მუდამ ემორჩილებოდა თავის მეფეს და ბატონს, ახლა კი აშლილხართ და ეურჩებით. სად გაგონილა! როდის ყოფილა! რა ჩაგიდვიათ გულში?

- მეფეს არ ვეურჩებით, მაგრამ სალდათს არ მივცემთ! - დაიძახა ვიღაცამ და ხალხმაც იხუვლა.

- არ მივცემთ! არ გავალთ! სისხლი დაიღვრება!

მუხრან ბატონი დინჯი ხმით აჯერებდა ხალხს, რომ საქართველოს “ურჯულოსგან” სასიკვდილო ხიფათი მოელოდა, რომ მათი მამა-პაპები მუდამ პირნათლად იბრძოდნენ თავიანთ სამშობლოს და ცოლ-შვილის დასაცავად და ვერც ახლანდელი თაობა უღალატებს თავის მეფეს, ქრისტეს, განთქმულ ვაჟკაცობას და საკუთარ ოჯახს. ხალხი გულდასმით უგდებდა ყურს. მერმე წინამდგომმა ერთმა ჭაღარა ხელოსანმა შეჰკადრა:

- დიდო ბატონო, ახლა ჩვენც მოგვისმინე, შენი კვნესა მე. ჩვენ გულში არა გვქონია მეფის ღალატი. ვიცით რა დღეც დაგვადგება თუ თათარმა გვაჯობა. შენი პატივიც ვიცით. უწინაც გვიმსახურნია შენს კარზე და კვლავაც გვიმსახურე, მაგრამ... მაგრამ სალდათს მაინც ვერ მოგცემთ. ისევ შენ დაგვიძახე, შენი კვნესა მე, ყველანი გეახლებით, უწინდელივით ვიომებთ და მერე შინ დავბრუნდებით. სალდათს კი ვერ მივცემთ, ოცდახუთ წელიწადს ვერ გავწირავთ. ხალხო, მართალს ვამბობ თუ არა?

- მართალია! ჰაი, ჰაი, რომ აგრეა! - ერთხმად იგრიალა ხალხმა და კიდევ დადხანს გუგუნებდა: - არ მოგცემთ! არ გვინდა! სისხლი დაიღვრება!

მუხრან ბატონმა ალექსანდრე ორბელიანს რაღაც ჩასჩურჩულა და ცხენი გაატრიალა. დიდკაცები პასკევიჩთან წავიდნენ სათათბიროდ, ორბელიანი და ზოგი თავადი კი დარჩა და ხალხში გაიფანტა, რათა აფეთქება ერთი საათით მაინც შეეგვიანებინათ.

იქ კი, სასახლეში, ბაგრატიონის მოხსენება მოისმინეს, სწრაფად დაიხიეს და გეზიც შეატრიალეს. დაადგინეს ახალი ბრძანება არ შეესრულებინათ და ყველაფერი გაუგებრობისთვის მიეწერნათ.

ბაგრატიონის წასვლის შემდეგ ბაზარში ცხენოსანთა თქარუნი გაისმა და ახლად დანიშნულმა სამხედრო გუბერნატორმა სტრეკალოვმა ხალხს ყაზახების რაზმი მიაგდო, მიაგდო და სამხედრო რიხით შესძახა:

- რაზოიდიიის! დაიშალენით, თორემ სისხლი დაიღვრება!

გაოცებული ხალხი ჯერ გატვრინდა, მერე ბრაზით აყაყანდა:

- სისხლი დაიღვრება? დაიღვრება და დაიღვაროს! აბა სცადეთ და ნახავთ ვისი სისხლიც დაიღვრება. - და ყველაფერი მოიმარჯვეს, რასაც კი ხელი მიაწვდინეს - თოფი, დამბაჩა, ხანჯალი, კეტი, ქვა და ხელოსანთა იარაღი, თანაც ყაზახები მოიმწყვდიეს და ზედ მიადგნენ.

გენერალი სტრეკალოვი დაიბნა. არსენას ცალი ხელით მისი ცხენის სადავე ეჭირა, მეორე კი ხანჯალზე ედო, რომელიც საცაა ქარქაშიდან უნდა ამოშიშვლებულიყო. გვერდით სამი ძმადნაფიცი ედგა და ზედმიმდგარი ზღვა ხალხიც მათებრ იყო აზღარბებული.

ოძელაშვილი გენერალს ადუღებული თვალებით სწვავდა და რკინის ნაჭრებივით ახლიდა პირში:

- საიდანაც მოთრეულხარ, ისევ იქით წაეთრიე! ვიგინდარავ! სალახანავ! საწყალი ხალხის მტანჯველო! ავო ძაღლო! გვეყო ამდენი წამება! ხალხო, არ დაუთმოთ! გავრეკოთ! მოაწექით! - და გენერლის დამფრთხალ ცხენს ისე მოუგრიხა კისერი, რომ კინაღამ დააჩოქა.

უცებ მარაბდელი მაიორის თვალებს წააწყდა, რომელიც გენერლის უკან მობუზულიყო. არლოვმა ისე მოიფშვნიტა თვალები, თითქო მოჩვენებას ებრძოდაო, და ჩაიბურტყუნა:

- Не может быть! - შეუძლებელია!

რა თქმა უნდა, დაუჯერებელია! არსენა ახალციხის მიწაში ლპება და აქ რა უნდა? ეს ვიღაცა კი მხოლოდ მისი აჩრდილია, ან მისი ორადი. ამას წინათ გიგოლამ და სხვებმაც ჭორი ჩაუწვეთეს მას - არსენა ცოცხალიაო. მან კი მხოლოდ სთქვა: “ის ყაჩაღი აი ამ ხელით დავხვრიტე და მისი გვამიც მე თვითონ გავათრევინე სასაფლაოზე. არსენა ამჟამად ჯოჯოხეთში იხრაკება, ამ ჭორს კი ჩემი მტრები და ხელმწიფის მოღალატენი ავრცელებენ”.

ახლა კი მარაბდელი ჯოჯოხეთიდან გამოქცეულიყო და ისევ არლოვს ეომებოდა. ის ახლაც თვალწინ უდგას მას და კადნიერად უღიმის. ეს ლანდი რომ მართლა არსენა იყოს, მაიორი სამუდამოდ დაიღუპება. მან არსენას მოკვლისათვის უკვე მედალიც გაიკრა და ხუთი ათასი მანეთიც ჩაიჯიბა, ახლა კი... არა, მაიორი ხმასაც ვერ ამოიღებს. რომ კიდევაც შეეძლოს მისი დაპატიმრება, თითსაც არ ახლებს. პირიქით, კიდევაც დამალავს, გააპარებს, გადაჰკარგავს.

ოძელაშვილმა მაიორის უკან კიდევ ერთ ვინმეს მოჰკრა თვალი და მაშინვე გაახსენდა ის ყაზახი ათისთავი, რომელსაც შარშანწინ კოდის დუქანში იარაღი დააყრევინა. მაშინ იმ ყაზახმა პირობა მისცა არსენას, არსად აღარ გადაგეღობებიო, ახლა კი დააშტერდა მას, იცნო, მერმე გვერდით ამოუდგა მაიორს და ჩააცივდა:

- ვაშე როდიე! აგერ ის კაცი... რომელმაც კოდაში...

არლოვი სათქმელს მიუხვდა და შეუტია:

- პაშოლ ვონ! მოლჩატ! გაეთრიე, გაჩუმდი.

ფალავანდიშვილი და ორბელიანი სტრეკალოვს და არსენას შუაში ჩაუდგნენ და გენერალს გაბრუნებას ურჩევდნენ. ოძელაშვილმა ხელი გაუშვა სადავეს. გენერალი თავის რაზმითურთ გატრიალდა და გამარჯვებულის იერით გაჰქუსლა.

ჟამი გავიდა. ხალხში უამრავი ახალი თავადი, მოხელე და მღვდელი გაერია. უცებ მათს ლაპარაკს ახალი გეზი დაეტყო. სასახლიდან ახალი ბრძანება მოვიდა. იმათაც უმალვე გამოიცვალეს ელფერი და დაბეჭდილი ბრძანების შინაარსიც შეატრიალეს. მათს თვალებსა და ხმასაც წეღანდელი შიში აღარ ეტყობოდა. წარჩინებულნი თამამად ჰფიცულობდნენ ცოლ-შვილს, ხატსა და წინაპართა საფლავებს, რომ იმ ბრძანების დამწერი მოხელე შესცდა, რომ პასკევიჩს აზრადაც არ მოსვლია სალდათობის შემოღება და ხალხს მხოლოდ იმას ურჩევდა, რომ უწინდელივით მოხალისედ ჩაწერილიყვნენ მილიციაში და რუსებთან ერთად მოეგერიებინათ საერთო მტერი, ხოლო კედლებზე გაკრული ქაღალდი ბრძანება კი არ იყო, არამედ მამაშვილური დარიგება და უფროსი კაცის მოწოდება.

ამაზე არავის არა ეთქმოდარა. რისხვა თოვლივით დნებოდა და დაჯერებული ხალხი ხმამაღლა გაიძახოდა:

- ჩვენც ეგ გვინდა!

- მილიციაში ყველანიც ჩავეწერებით, მაგრამ სალდათად არ გავალთ!

- მაშ ჩაგვწერეთ! იარაღი დაგვირიგეთ!

მაგრამ ურწმუნონი და შფოთის მთესავნი მაინც არა სთმობდნენ.

- არა გვჯერა! ტყუილია! ფიცი დასდეთ, ფიცი!

- ხალხო, თუ მოგატყუოთ, ცოლ-შვილიანად დაგვხოცეთ, ჩაგვაქვავეთ! - ყვიროდა ორბელიანი და მისი მომხრენიც კვერს უკრავდნენ:

- დაგვხოცეთ! ჩაგვაქვავეთ!

- ფიცი! ფიცი!

მცირე ხნის შემდეგ შემოსილი მღვდელი გაჩნდა და წარჩინებულნი ანჩის ხატის ჯვარზე და სახარებაზე დააფიცა. ხალხი ნელნელა იშლებოდა.

არსენამ გულიანად გადააფურთხა და ხმამაღლა დაიძახა:

- ფუჰ გამჩენი გაგიწყრესა! ე ქალაქელი ხალხი სულ წამხდარი ყოფილა. ამათ ბატონყმობა სულ არ ენაღვლებათ და ისევ თვითონ გლეხმა უნდა უშველოს თავის თავს, თორე თქვენი ხელიდან ხეირი არც ყოფილა და არც იქნება.

და ისნისკენ94 გაუტია, სადაც უკანასკნელ ზამთარს ბინადრობდა.

დამარცხებული მარაბდელი მეორე დღეს რიჟრაჟზე ლურჯას მოახტა და გარეკახეთისკენ გაუტია, ხოლო როსტომ ჯორჯიაშვილი არაგვისკენ გაეშურა.

ოთხიოდე დღის შემდეგ რამდენიმე ათასი შეიარაღებული გარეკახელი მოაწყდა ქალაქს და ისნის უბანი ამბოხში გაჰხვია. მათს ლაშქარს ერთი ხელი, ერთი პირი და ერთი წესი ეტყობოდა. მაგრამ ერთობა ჩამოსვლისთანავე გაიბზარა და ნელნელა დაირღვა. რასაც ერთი მხრივ ოძელაშვილი და მისი ძმადნაფიცები, ხოლო მეორე მხრივ ლუარსაბ ორბელიანის ჯგუფი აშენებდნენ, მას მესამე მხრივ დიდი თავადები, მოხელენი და ვაჭრები ანგრევდნენ.

ქალაქიდან ერთი დღეღამით ყველანი გადასახლდნენ ისანში: მარშალი მუხრან ბატონი, მისი ძმა თეიმურაზი, გიორგი ქსნის ერისთავი, ივანე აფხაზი, ნიკო არღუთაშვილი, ნიკო ფალავანდიშვილი, ორბელიანები, ბარათაშვილები ზაალ, მელიტონი, ციციშვილები, ამილახვრები, ერისთავები, დიდგვაროვანი და უაზნონი, ცნობილნი და უცნობარნი.

დიდი სარდლის ყაფლანიანთ დავითის შვილის ლუარსაბის95 მეთაურობით ორბელიანებიც აქ მოგროვილიყვნენ და მათი ჯარიც გამრავლებულიყო. ზურაბ ჭავჭავაძე, ზაქარია და ივანე ჩოლოყაშვილები, ერისთავები ივანე, იესე, დიმიტრი, იაგორი, ელიზბარი, გიორგი გლუხარიჩი96, შალვა ბარათაშვილი, ია ფალავანდიშვილი და კიდევ ბევრი ერთგული, ორჭოფი და ორგული - ყველას აქ მოეყარა თავი, ყველანი მეამბოხეებს მიჰკედლებოდნენ და ჩუმჩუმად აღიზიანებდნენ.

დუქნები და ბინები გაჭედილი იყო და ქუჩებშიც გზას ძლივსღა იკვლევდნენ. იმ ღამეს არავის არ ეძინა. ქუჩა-მოედნებზე ასობით ენთო ცეცხლი. ყოველ მხრივ მოისმოდა საკლავის ბღავილი, ხალხის ყაყანი, ცხენების ჭიხვინი, დუდუკის დუდუნი და ზურნის ჭყვიტინი. უცხო ვინმეს ეგონებოდა, რომ ისანში ამბოხება კი არა, უზარმაზარი ქორწილიაო. ორი საქართველო კვლავ პირისპირ შეხვედროდა ურთერთს, ხოლო მესამე მხარე სადღაც ჯურღმულში მიმალულიყო და თავის ხელით ანთებულ კოცონს თავადაზნაურთა ხელით აქრობდა.

ბაგრატიონ მუხრან ბატონი დარეჯან დედოფლის ნასახლარში დაბანაკებულიყო და ყოველ ნახევარ საათში შიკრიკების ხელით ახალახალ ამბებს უგზავნიდა პასკევიჩს.

დაქანცული და ორი დღის უძილო და უჭმელ-უსმელი არსენა ერთი ჯგუფიდან მეორეში გადიოდა და სადაც კი მივიდოდა, იქ მაშინვე შფოთის ახალი შადრევანი ამოვარდებოდა ხოლმე.

- ბატონყმობაც აღარ გვინდა! მოვსპოთ! გადავაგდოთ!

ეს კივილი თავადაზნაურთა ორივე ბანაკს ლომის ბუხუნივით აფრთხობდა, და რაც უფრო მედგრად და ხშირად გაისმოდა იგი, იმდენად უფრო ღრმავდებოდა ის ხრამი, რომელიც მათ შუა იყო გათხრილი.

- სულ ბატონების ბრალია! არ დაუჯეროთ! გავრეკოთ! - უკეთებდა ცეცხლს ოძელაშვილი, მაგრამ მოპირდაპირენი მაშინვე ადვილად აქრობდნენ მას.

- ხალხო, ურჯულომ ლამის კარი შემოგვინგრიოს და ბატონყმობაზე ახლა მოგინდათ ლაპარაკი?

- ომი გავათავოთ და მაგაზე მერმე ვილაპარაკოთ.

გლეხებიც ჩუმდებოდნენ და ისევ სალდათობაზე გაჰკიოდნენ.

- სალდათს არ მოგცემთ! თავს დავიხოცავთ და არ გავალთ!

- ხალხო, გაიგეთ და შეიგნეთ, რომ სალდათს არავინ არა გთხოვს. - მეათასეჯერ ყვიროდნენ მუხრან ბატონისა და პასკევიჩის კაცები. - როგორც კვლავ გიომნიათ, ახლაც ისევე იომებთ და მერმე შინ დაბრუნდებით, და თუ მოგატყუოთ, სად წაგივალთ? ძირიან-ბუდიანად ამოგვხოცეთ! დაგვწვით! ჩაგვაქვავეთ!

- მაშ დაიფიცეთ! ფიცი მოგვეცით!

დამშოშმინებელნი დარიის მონასტერში ფიცულობდნენ და გლეხებს ჯგუფჯგუფად ისტუმრებდნენ შინისკენ.

მოედან-ქუჩებში კი უფრო გაბედვით და მალიმალ გაისმოდა:

- ვინც ჭორსა სთესავს, ის თათრის მხარეზე ყოფილა.

- ვინც ურჯულოს ხელს უწყობს, ის მოღალატეა და უნდა ჩავაქვაოთ. მოვიშოროთ თათრის ჯაშუშები! დავიჭიროთ! შევკრათ! პასკევიჩს მივგვაროთ!

შეთქმული თავადების ხმა სულ აღარ ისმოდა. მათ უკვე დაეკეცნათ უხილავი დროშა და დუქნებში დაფანტულიყვნენ.

სულხანმა და კარპიჩამ ძალით წაიყვანეს ოძელაშვილი:

- ცოტა მაინც დანაყრდი, თორემ ფერი აღარ გადევს.

ერთ მიყრუებულ დუქანში შევიდნენ და ბნელ კუთხეში ჩამოსხდნენ. არსენამ ფილადელფოს ბერს და შალვა ბარათაშვილს მოჰკრა თვალი, რომელნიც ოციოდე თავადში გარეულიყვნენ, ერთად ვახშმობდნენ და ჩურჩულით ლაპარაკობდნენ.

ფილადელფოსის გვერდით მეორე ბერი იჯდა, შავი ანაფორით და კუნკულით გამოწყობილი, გამხდარი, სევდიანი და მდუმარე. არსენამ დათუნა ბარნაველი იცნო და გული შეეკუმშა. “ვაი როგორ გაიყარა ჩვენი გზა! საწყალი დათუნა!” - გაიფიქრა მარაბდელმა, ზურგი შეაქცია მათ და გაინაბა.

დუქანში გრიგოლ ორბელიანი შემოვიდა, რომელიც იქვე ისნის უბანში ცხოვრობდა, და სუფრას მოუჯდა. მას ერისთავი “გლუხარიჩი” მოჰყვა. მოვახშმეთა ჩურჩული კანტიკუნტად ისმოდა:

- არ გაგვივა... ხელსაყრელი დრო არ არის, ომია... ბევრი გლეხი უკანვე დაბრუნებულა. ხომ გაიგეთ რას ყვიროდნენ დღეს გლეხები? ბატონყმობაც გადავაგდოთო.

ფილადელფოსის მეორე გვერდით ერთი ცილინდრიანი, ბეჭგანიერი, მოკუზული და წვერულვაშ-გაპარსული კაცი იჯდა. მას მოკლე ბაკენბარდები, განიერი სახე, მოგრძო ცხვირი, განივრად ჩასმული თვალები, მოკლე ნიკაპი და უშნო სახე ჰქონდა, მაგრამ ამ სახეზე ცხადი ჭკუა, დიდი ნებისყოფა და იდუმალი რამ სევდა ეწერა.

- მიირთვი, ძმაო სოლომონ. - შესთავაზა მას საჭმელი მისმა მეგობარმა ფილადელფოსმა.

არსენამ ცალი თვალით გაიხედა და სოლომონ დოდაშვილი იცნო. მარაბდელი ადრევაც ნავალი იყო ქიზიყში და მღვდლის შვილი რამდენჯერმე ენახა. სოლომონს რუსეთში დაესრულებინა უმაღლესი სწავლა, ახლახანს დაბრუნებულიყო და კეთილშობილთა სკოლაში ქართულ ენას და გეოგრაფიას ასწავლიდა. აქაურ წარჩინებულ საზოგადოებაში მას დიდი პატივი და სახელი ჰქონდა, რადგან ჯერ ერთი, სხვებზე ადრე მას დაეწერა რუსულ ენაზე ლოღიკის სახელმძღვანელო, და კიდევ იმიტომ, რომ პეტერბურგში ნიადაგ იქაურ ქართველ ბატონიშვილებში ტრიალებდა (რომელთაც ბაგრატიონის ნაცვლად გრუზინსკის გვარი მიაკერეს და სასტიკად აუკრძალეს ბატონიშვილობა). აქაურ გაზეთებშიც სწერდა და ბერძნულ-ლათინურად კითხულობდა პლუტარხის, ჰეროდოტის, ჰომიროსის, ციცერონის, ვირგილიუსისა და სენეკას ნაწერებს.

მან მორიდებით და დაბალი ხმით უპასუხა. არსენამ რამდენიმე სიტყვას მოჰკრა ყური და ესეც საკმარისი იყო:

- საზარელი დროა. რუსეთის დამარცხებას ჩვენი გასრესა მოჰყვება. თათარი რუსების შემოსევას არ დაივიწყებს... გლეხები იყაყანებენ და წავლ-წამოვლენ... კიდევაც მიდიან... დროება შეიცვალა - Mutantur tempora. იგი მალე ხელახლა შეიცვლება და მაშინ, რომაელებისა არ იყოს, Unitis viribus, ესე იგი შეერთებულის ძალღონით... ჩვენი წმინდა საქმე... შეწევნითა ღვთისათა...

არსენა სწრაფად წამოდგა, დახლიდარს მანეთიანი მიუგდო და გამოვიდა, თანაც გამწარებული ეუბნებოდა ძმადნაფიცებს.

- გაიგეთ ამ ბერების და თავადების ნათქომი? შარშან მე მეხვეწებოდნენ, რუსები უნდა გავყაროთო და გლეხობა მოგვაშველეო. ამას წინათ ბაზარში და დღესაც შუადღემდე ისინი თავიანთი გზით მიდიოდნენ და უნებურად გვშველოდნენ, ახლა კი, ხალხმა რომ დაიძახა, გლეხს თავისუფლება მიეცითო, უცებ დაფრთხნენ, მტრის ბანაკში გადავიდნენ, თვითონაც წახდნენ, ჩვენც წაგვახდინეს და დედაბერივით ჩიფჩიფებენ: “საზარელი დროა... უნდა მოვიცადოთ... თათარი გაგვანადგურებსო”. განა ეს ხალხია? ხალხი კი არა, მოღალატენი, ქრისტეს გამყიდველნი და ფარისეველნი ყოფილან.

ოძელაშვილი მეორეჯერაც დამარცხდა, მაგრამ უჯიათი და მოუდრეკელი კაცი იყო და არ შეეძლო ასე მალე გამოტეხილიყო და ასე ადვილად დაეყარა ფარხმალი. იქვე ერთ ჯგუფში გიგუა და სხვებიც იპოვა და უთხრა:

- აბა, ბიჭებო, აი ახლა გვმართებს სიმარჯვე და მხნეობა. ყველა ჩვენი მომხრე იპოვეთ და უთხარით, რომ ეს ხალხი ორი ან სამი დღით დააბანდონ და არ გაუშვან. უთხარით, არსენას დიღმის მხრივ ხუთი ათასი გლეხი მოჰყავს და ვინძლო პირი არ გასტეხოთ და ერთმანეთს არ უღალატოთთქო. აბა, თქვენის იმედით მივდივარ, მხნედ იყავით!

და დაუდეგარი მარაბდელი შუაღამისას წავკისს, შინდისს, ტაბახმელასა და ზემოურ სოფლებში ჰკიოდა:

- ჰეი, გლეხებო, გარეთ გამოდით! ქუდზე კაცს დაუძახეთ! თქვენი აღსასრულის დღე მოდის! იარაღი აისხით და დიღომში მოიყარეთ თავი! წამოდექით! გაიღვიძეთ!

გლეხებს ისედაც არ ეძინათ. იარაღი აესხათ, ქალაქში ჩასვლას აპირებდნენ და რამდენიმე დღეს ბელადის ხმასღა ელოდებოდნენ. შემდეგ ოძელაშვილმა ხუთიოდე სოფელი კიდევ მოირბინა, შიკრიკიც მრავლად დაჰგზავნა და მესამე დღეს დიღომში ხუთიოდე ათასი მებრძოლი მოაგროვა. როსტომი და არაგველებიც იქ უცდიდნენ.

ეს ლაშქარი ახლა კი არსენა მარაბდელს ეკუთვნოდა. იგი სუფთა იყო და ხალასი გლეხებისგან შესდგებოდა. რამდენიმე თავგამოდებულ წვრილფეხა აზნაურისა და ღატაკი მღვდლის გარდა სხვა აღარავინ ერია - არც მუხრან ბატონები, არც ერისთავები და აღარც ორბელიანები.

ღვთისავარი ერთხელ კიდევ ამოძვრა მიწიდან, ერთხელ კიდევ მიაბჯინა მარაბდელს ცალი თვალი, ერთხელ კიდევ გაუღიმა იმ თვალით, ისევ მოიფხანა განიერი ნიკაპი და ისევ ჩაუდუდუნა ბოხი ხმით:

- გამარჯვება, შვილო!

- საიდან გაჩნდი, მამა-ჩემო?

- მგლის ჩვეულება მაქვს და ვერ მოვიშალე. საცა სისხლის სუნი ტრიალებს და საცა ჩემი ლეკვია, მეც იქ უნდა დავერჭო ხოლმე.

- ახლა რაღას მეტყვი, მამა-ჩემო?

ღვთისავარი სდუმდა და ეს დუმილი მის რისხვაზე უფრო უარესი იყო.

- სთქვი რაღა, სული ნუ ამომართვი!

- რა გითხრა, შვილო? ყველაფერი გასწავლე, მაგრამ ვერ იქნა და ბრძენის სიდინჯე ვერ შეგასწავლე. სიფიცხეც კარგია, მაგრამ განა მუდამაო. რაღა სიტყვა გაგიგრძელო, ქალაქიდან მოვდივარ. იქაურობა დავსუნე, ყველაფერი გავზომე და აი რას გეტყვი: ახლა რომ გაიმარჯვოთ, საქართველოს დიდი უბედურება დაატყდება, შვილო, ეგ საქმე სათავეშივე წაგებულია. ამ საქმეში სიმართლე თავადების მხარეზეა, ახლა გლეხობას მარტო ისღა უნდა, რომ სალდათობას თავი დააღწიოს, და თუ ვერ დააღწია, რუსებსა და ბატონებს ზედ შეაკვდება, მაგრამ ბატონყმობის დასამხობად ახლა ერთი ბეწო სისხლსაც არ დაღვრის. თათარი მოდის და მარტო ჩვენ ვერ მოვერევით.

მაგის საქადაგებლად ამოხვედი?

- რუსებს დიდუბეში 24 ზარბაზანი დაუდგამთ.

- ვიცი. მაგისთვინ ამოხვედი მეთქი?

- ვერაზე დიდძალი ჯარი დაუგროვებიათ.

- ეგეც ვიცი. გეკითხები, მაგისთვინ ამოხვედი მეთქი?

- საბურთალოს გორაკებზედაც გამოუტანიათ ზარბაზნები და თქვენ გელიან.

- ვინ მომიყვანე ალგეთიდან?

- თვითონვე წამოვიდნენ, მე კი არავინ მომიყვანია. რა ბედენაა ხალხი მოვიყვანო, ტყუილ-უბრალოდ ვაყვირო და ხელცალიერი დავაბრუნო?

- მაშ ეგრეა საქმე?

- სულხანი და კარპიჩა ვნახე. ქალაქში დარჩნენ. იქაურებს აგროვებენ და ცეცხლს უკიდებენ. დამაბარეს, თუ არსენა იმ ხალხს ვერამდე ჩამოიყვანს, აქაურობას ჩვენ ავაფეთქებთო.

- ერეკლე სადღაა, მამა-ჩემო?

- ერეკლე შინ დავტოვე. - მორცხვად მიუგო მამამ და სასოწარკვეთილ კილოზე შესძახა: - ერეკლეს თავი დაანებე! ეს ერთიღა შემრჩა და მაპატიე!

- მიპატივებია. კარგად შეინახე. არ გაგიცივდეს, არც დაგიმჟავდეს. - მწარე ღიმილით მიუგო შვილმა და ასისთავებსა და უფროსებს გასძახა: - ჰეი, ბიჭებო! ბუკი დაჰკარით! რიგი დააწყეთ! მივდივართ!

გულდაფლეთილი ღვთისავარი გატრიალდა და უბრალო ჯარისკაცივით ალგეთელ გლეხების მწყობრში ჩადგა, არსენამ კი თრიალეთის ტყეში გადაკეთებული ძველი დროშა გაშალა, იგი ღვთისავარის მაგიერ როსტომს ჩააბარა და აჯანყებულებს გამოუძღვა.

* * *

მეორე დილას გარეკახელებმა უკანვე იწყეს დენა, ხოლო საღამოზე ერთიც აღარ დარჩენილიყო ქალაქში. გლეხები გაწვრთნილი ლაშქარივით შემოვიდნენ ისანში და გაფანტული ბრბოსავით გაბრუნდნენ. მათ გაიმარჯვეს: სალდათად აღარ გაიყვანენ და ჯერჯერობით ესეც ხომ საკმარისია.

დიდი თავადები და პასკევიჩი ერთმანეთს ულოცავდნენ. თავიანთი თავი იმათაც გამარჯვებული ეგონათ, ვინაიდან უდიდეს ხიფათს დააღწიეს თავი. ნამეტან კი პასკევიჩი იყო გახარებული, რადგან ის ბრძანება არ გააუქმა, “შეცდომა” ისედაც საეჭვო ვიცე-გუბერნატორს ზავილეისკის გადააბრალა და ამბოხება თავადაზნაურების ხელით ჩააქრო. მარშლები უკვე სწერდნენ ახალ მოხალისე მილიციელთა სიებს და მათი რიცხვი უკვე ათასებს უდრიდა. ხალხი მაინც ვერ დაშოშმინებულიყო და ახალი ამბავი უჩინარი წყალივით ჟონავდა: თრიალეთი და არაგვიც აშლილან და მოდიანო.

იმავე დილით ყოველი კუთხიდან მოცვივდნენ შიკრიკები და ამბავი მოიტანეს, რომ ამბოხება მთელ ამერეთს მოსდებოდა. აჯანყებული გლეხები ათასობით მისდგომოდნენ სიღნაღს, თელავს, თიანეთს, დუშეთს, გორს, ცხინვალს, სურამს და ბატონები და ხელისუფალნი ხანჯლებით დაეფიცებინათ, რომ პასკევიჩის ბრძანებას არ შეასრულებდნენ, და თუ შეასრულებდნენ, გლეხები ფიცის გატეხისთვის ცოლშვილიანად ამოჰხოცავდნენ, ხოლო ფიცის გამტეხის მკვლელი, მათის რწმენით, არც ღვთის წინაშე აგებდა პასუხს და არც ადამიანისა.

ღალატის ამბავი ხელისუფლებამ ნაღალატევი ქმარსავით სხვებზე გვიან გაიგო.

ქალაქელი დიდებულნი ყველაზე მეტად დიღომში ჩამოსულმა ლაშქარმა დააფრთხო.

- დიდებულნო, ნუ შესწუხდებით. - ამშვიდებდნენ თავისიანებს მარშალი მუხრან-ბატონი და გენერალი ერისთავი. - არაგვი და ქსანი ჩვენი სამფლობელოა, იქაური გლეხები გვიჯერებენ და არ გვიღალატებენ, არ გაგვწირავენ.

და მარშალს ისე სწამდა თავისი ძალა და სახელი, რომ თვითონ არც კი იკადრა ქალაქიდან წასვლა და აშლილი გლეხების დასაშოშმინებლად თავის ძმა თეიმურაზი და თავის თანაშემწე ორბელიანი გაჰგზავნა.

თეიმურაზმა და ალექსანდრემ ოთხი მხლებელი გაიყოლიეს და დილაადრიან დილიბოზებით97 დიღმის გზას გაუდგნენ.

- დიდ ფათერაკს გადავრჩით, დიდო ბატონო. - ეუბნებოდა მარშალი ბაგრატიონს.

- ვითომ გადავრჩით? გათავდა? - ჰკითხა დაეჭვებულმა თეიმურაზმა.

- გათავებულია. დიღომშიც რამდენიმე სიტყვას დავხარჯავთ და დავშლით.

ჩქარის ჩორთით მიდიოდნენ. დიღმის მინდორზე რომ გავიდნენ, ნაქულბაქევის მთის ძირში ჩამოხტნენ, მდელოზე დასხდნენ და ცხენები გაზაფხულის ბალახზე მიუშვეს.

- არავინ არ მოსჩანს და იქნება ტყუილია? - სთქვა თეიმურაზმა.

- შესაძლოა მართლა მოგვატყუეს, თორემ ხალხი აქამდე გამოჩნდებოდა. - დაეჭვიანდა ალექსანდრეც და დაუმატა: - ცოტა ხანიც მოვიცადოთ და დავბრუნდეთ.

სანამ თავადები თავს ინუგეშებდნენ, დევის ნამუხლის ვიწროებიდან ერთი პირი დიდი ხალხი გამოჩნდა და ქვეით წამოვიდა. იქვე მეორე ღელედან მეორე რიგი გამოვიდა და შავი ტბასავით გაიშალა, რომელიც ხმაურობდა, ცოცხლობდა და ბიწიერებისა და სიავის ბუდისკენ მიიწევდა. წინ მეთოფურები მოდიოდნენ, მათ ცელიანები, ნამგლიანები და ხანჯლოსანნი მოსდევდნენ, ხოლო სულ ბოლოს კეტ-კომბლიანები მოჩანდნენ. ბევრ მათგანს კეტის თავზე ძაღლის ან ცხენის თავი მიემაგრებინა, ზოგს კი ჟანგიანი შუბი მოეძებნა და ხიშტისა და ზარბაზნის გაბნევას ამ ძველძვულით აპირებდნენ.

ბაგრატიონი და ორბელიანი მაშინვე მოასხდნენ ცხენებს, მაგრამ მისვლა არ იკადრეს და მხლებელნი გაუგზავნეს. გლეხებმა რომ მუხრან-ბატონის და ქალაქის მარშლის იქ ყოფნა გაიგეს, პირი იბრუნეს, იმ ორ თავადს შემოეხვივნენ და მისალმების შემდეგ ყური მიუგდეს.

- ხალხო, საით მიდიხართ? რას სჩადიხართ? - დაიწყო ალექსანდრემ და უკვე გაზეპირებული სიტყვა ერთხელ კიდევ განიმეორა: სალდათობა ჭორია, მილიციას ვაგროვებთ. ურჯულო კარზე მოგვადგა. ვიღაც მოხელეს ბრძანება შეეშალა. ქალაქები უკვე დაწყნარდნენ, გარეკახელებიც წავიდნენ, და თუ გატყუებდეთ, ჩვენც დაგვხოცეთ და ჩვენი ცოლ-შვილიც ამოჟლიტეთო.

- არა გვჯერა! ტყუილია! არ გვინდა! - დაიქუხა ხალხმა.

ალექსანდრეს თეიმურაზი მიეშველა. მას უფრო უკეთ იცნობდნენ და მის სიტყვასაც უფრო მეტი ნდობა ჰქონდა. ის იყო მფლობელი იქაური ალაგების და აჯანყებულთა ლაშქრისაც, რომელიც უკვე შეყოყმანდა. როცა მუხრან-ბატონმა დაიძახა, ვფიცავ სვეტი ცხოველსა და ჩემი პაპის ერეკლე მეფის სულსაო. გლეხობა გაინაბა, გალხვა, მიყუჩდა და მიენდო. მორჩილების ჩურჩულმა ნიავივით ჩაირბინა. უკანა რიგები გატრიალდნენ, მოწინავენიც დაიძრნენ და წეღან მრისხანე მეწყერივით ჩამოსული ლაშქარი ახლა დასიცხული თოვლივით დნებოდა.

უცებ მცირე ფორზე თეთრჩოხიანი არსენა გამოვარდა, თოფი გადმოიგდო, ჩახმახი შეაყენა, მოოქროვილი თავი მაღლა აიღო და მგრგვინავი ხმით დაიძახა:

- ხალხო, შესდექით, სად მიხვალთ, ლაჩრებო! ამ ჩემს თოფს შიგ გულში ვკრავ ვინც უკან გაბრუნდება. თავადისა არც ხატია დასაჯერებელი და არც ღვთის ფიცი. ათასჯერ მოუტყუებივართ და ერთხელ კიდევ გვატყუებენ.

- მართალია! აგრეა! გვატყუებენ! - იგრიალა ხალხმა და თავადებს ზურგი შეაქცია.

- სუყველაფერი მაგათი ბრალია. ეგენი გვყიდიან, ეგენი გვღალატობენ და ანგარიშს ქალაქში გავუსწორებთ. ჩვენებურ თავადებს და რუს ხელმწიფეს ერთი პირი აქვთ და ჩვენც ერთმანეთი ვაჟკაცურად გავიტანოთ! აბა მომყეთ! - დაასრულა მარაბდელმა, ლურჯაზე აისვეტა და ძველებური ლაშქრული შემოსძახა:

ისევაც დაიზრდებიან

ალგეთს ლეკვები მგლისანი!

ისე არ ამოსწყდებიან,

ჯავრი შესჭამონ მტრისანი!

ხალხმა პირი იბრუნა და უკლებლივ გაჰყვა ოძელაშვილს.

- ვიღუპებით. - ჩაილაპარაკა ორბელიანმა.

- ვიღუპებით. - ამოიოხრა თეიმურაზმაც.

- თუ ამ თოფ-იარაღიანმა ხალხმა ქალაქში შეგვასწრო, მთელ ქალაქს აშლიან, იმათთან მთელი საქართველოც აიშლება, მთების ხალხიც წამოდგება, თათრობაც ამათ მიჰყვება, ალექსანდრე ბატონიშვილიც დაიძვრება, სპარსეთიც ისევ თავს წამოჰყოფს და ბოლო დროს კარგი არა იქნება რა. - სთქვა რუსების გასარეკად შეთქმულმა ალექსანდრემ და დაუმატა: - დიდო ბატონო, თქვენ ამ ხალხს გამოჰყევით, ლაპარაკი გაუბით და შეაგვიანეთ, მე კი ცხენს გავქუსლავ, ქალაქში ჩაგისწრობთ და კიდევ ვიღონებ რასმეს.

- აგრე ჰქენი. აბა ჩქარა!

ალექსანდრემ დილიბოზს მათრახი ჰკრა და ქარივით წამოვიდა. თეიმურაზი კი გლეხებს დაეწია, შიგ გაერია, შინაურულად გაუბა საუბარი, ოხუნჯობით შეუნელა მრისხანებაც, ნაბიჯიც და ნახევარი საათით მაინც შეაგვიანა.

ალექსანდრეს მიერ ჩამოტანილმა ამბავმა ქალაქს თავზარი დასცა და ისეთი აურზაური და სირბილი ასტყდა, რომ უცხოს ეგონებოდა, აღა მაჰმადის დრო დაბრუნდაო. ვინც ამას წინათ შუა ბაზარსა და ისანში შფოთავდა, მან ხელახლა ამოიდგა ენა და იარაღიც მოიმარჯვა. მაგრამ ახლა მათი დამწყნარებელი აღარავინ არ იყო, რადგან დიდკაცები მუხრან-ბატონის სასახლეს მიაწყდნენ, რომელიც ანჩისხატის უბანში იდგა. იქ სწრაფი თათბირი გამართეს. ათიოდე წუთის შემდეგ ოთხმოცმა ცხენოსანმა თავადმა ჭავჭავაძის, დიდი მარშალისა და ქსნის ერისთავის მეთაურობით ქალაქი და ვერა კორიანტელივით გადაჰსერა და საბურთალოს იქით დიღმის ხევის მახლობლად არსენას ლაშქარს წააწყდა. ახალგაზრდა თავადებმა წინ გაუსწრეს მარშალს და გლეხების რაზმს მიაძახეს:

- ხალხო, შესდექით! დიდ მუხრან-ბატონს და ქსნის ერისთავს ლაპარაკი უნდათ და აგერ იმ მინდორზე გავიდეთ.

ისევ წეღანდელი ამბავი განმეორდა. ახლა ორბელიანის მაგიერ ქსნის დიდი ერისთავი ლაპარაკობდა, ხოლო თეიმურაზის ნაცვლად მისი ძმა დიდი მუხრან-ბატონი ამოსულიყო. ამათაც დაზეპირებული ჰქონდათ სათქმელი და მათი სიტყვა ოსმალების შემოსევის და ქართველების გათათრების ირგვლივ ტრიალებდა.

- შვილებო, ალბათ თქვენც გაიგებდით, - ამბობდა უზანგზე შემდგარი ბაგრატიონი, - რომ მესხებიც და აჭარლებიც ოდესმე ჩვენისთანა ქრისტიანი ქართველები ყოფილან. მაგრამ თათრებმა დაიმორჩილეს და თავიანთ რჯულზე დააყენეს. ახლა თქვენც იმათი ბედი მოგელისთ. ეკლესიები მისგითად უნდა გადაგვიკეთონ და სახარების ნაცვლად ყურანზე უნდა გვალოცონ. ამისთვის აიშალენით? მისთვის მიდიხართ ქალაქში?

ამაზე უმწვავეს და შემზარავ საბუთს ეშმაკიც ვერ მოიგონებდა, და როცა მუხრან-ბატონმა შფოთის მთესავნი ოსმალების მოციქულებად და ქართველი ხალხის მოღალატეებად გამოაცხადა, ხალხი წეღანდელივით მოიღუნა და მხოლოდ ზოგნიღა ჰბურტყუნებდნენ:

- ჩვენა, შენი ჭირი მე, უსწავლელი ხალხი ვართ... არც ღალატი გვიფიქრია და არც არაფერი, მაგრამ სალდათს მაინც ვერ მოგართმევთ.

დიდი ზვავი დახურდავდა, სალდათის არმიცემამდე დაქვეითდა და ნახევარ საათში ჩაიშალა. თავადები ჰფიცულობდნენ. გლეხები კი მოითხოვდნენ, სიმართლე თავის პირით თვითონ პასკევიჩმა გვითხრასო. თავადები დათანხმდნენ და მოითხოვეს, რომ გლეხებს ასიოდე თავ-კაცი აერჩიათ.

ყველაფერი გათავდა: არსენა მესამეჯერ დამარცხდა, მაგრამ მაინც არ დანებდა და, უზანგებზე შემდგარმა, ერთხელ კიდევ დაიჭექა:

- ხალხო, როდემდე უნდა გატყუებდნენ? როდის გაახელთ თვალებს და როდის შეიგნებთ, რომ თავადები მუდამ გვატყუებენ?

- სტყუი, შე ჰარამზადავ! გააჩუმეთ! დაიჭირეთ! შეჰბოჭეთ! - გაისმა თავადების ყვირილი.

მათ რამდენიმე გლეხიც აჰყვა:

- კარგი, გეყოფა... აგიჩემებია თავადები და მეტს ვერაფერს ახერხებ.

- რას ჩაგვაცივდი, შვილოსან! ჩვენც ხალხი ვართ და ჩვენც გვესმის ამ ქვეყნის ავ-კარგი.

არსენა უფრო მეტად შეკრთა ვინემ დამიზნებული თოფი შეაკრთობდა. არ მოელოდა, რომ მოქნეულ ხმალს სწორედ გლეხები აუკრავდნენ და ამგვარი სიტყვებით მოუდუნებდნენ სულსაც და მაჯასაც. მარაბდელი ჰგრძნობდა, რომ ყრმობიდანვე აჩემებულ საქმეს ახლა ხელიდან სტაცებდნენ, და თავგანწირვით შესძახა:

- ხალხო, ინანებთ! თვალი გაახილეო! რამ დაგაბრმავათ! რამ დაგაყრუათ! სად მიხვალთ, ხალხო, რას სჩადიხართ. ძმებო! ჩვენი განკითხვის დღე დადგა. ერთხელაც გეტყვით და დამიჯერეთ: ეგ ენები დაიმოკლეთ, ეგ ხანჯლები დაიგრძელეთ. ჩვენი თავადები კი პირუკუღმა მოქცეულან: ხანჯლები დაუმალიათ და ენები კი ღალატს უგვიან გზას. ძმებო, დროა გავათავოთ! ვინც დედალია, დარჩეს, ვინც ვაჟკაცია, მომყვეს!

ოციოდე ვაჟკაცის გარდა დანარჩენები მართლა გადედლებულიყვნენ. ამათაც ხანჯლები დაიმოკლეს, ენები გადმოჰყარეს და წეღანდელზე უფრო აყაყანდნენ:

- არსენ, გეყოფა! ნუ გააჭირე საქმე! ჩვენც კაცნი ვართ და ქუდი გვხურავს. რა დროს ბატონობაა! რა დროს შფოთია! მოსიხლე მტერი კარზე მოგვადგა და ჩვენ კი ბატონებს უნდა გავუსწოროთ ანგარიში? არ გვინდა! დრო არ არის!

ოძელაშვილი წელმოწყვეტილივით ჩაჯდა უნაგირზე. ლურჯამ ყურები სცქვიტა, რადგან მას ესოდენ მოშვებული პატრონი არასოდეს არ ეტარებინა და ახლა გაიფიქრა, მთვრალი მედუქნე ან ვინმე მეღორე ხომ არ შემაჯდაო.

- ვინ არსენაა? სადაურია? - შეშფოთებით გამოჰკითხეს გლეხებს თავადებმა.

- არ ვიცით. არ ვიცნობთ. დღევანდლამდე არც კი გვინახია. - კვალი აურიეს გლეხებმა.

- არსენა ოძელაშვილი ხომ არ არის? - გაისმა აქა-იქ გაუბედავი ჩურჩული.

ზოგმა არსენას გვარი არ იცოდა, მისი მეტი სახელი “გორდა” გაეგონა და გლეხებს ეკითხებოდნენ:

- ეს კაცი მარაბდელი გორდა ხომ არ არის?

- რას ამბობ, კაცო?.. აბა რა სათქმელია?.. გორდას სულაც არა ჰგავს.

- არსენა მკვდარია... არსენა ახალციხის მიწაშია. - ამბობდნენ გლეხებიც და თავადებიც.

გლეხები მარაბდელს იცნობდნენ და მალავდნენ, თავადები კი არ იცნობდნენ და გლეხებს უჯერებდნენ. რამდენიმე მათგანმა მაინც იცნო გორდა ოძელაშვილი. ეს ამბავი ქალაქში ჩაიტანა და “ჭორი” გააძლიერა: არსენა ცოცხალი ყოფილა და აჯანყებულთა მეთაური ჩვენივე თვალით ვნახეთო.

ამასობაში პასკევიჩთან მისაგზავნი ასიოდე თავი-კაცი აირჩიეს და ღვთისავარიც ჩაურიეს, მაგრამ მან გადაჭრით გააქნია თავი და ჯაგნარისკენ გაემართა, სადაც წეღან მისი არსენა მიიმალა.

თავი-კაცები ცხენოსანი თავადების რიგებში ჩადგნენ და ტკბილი საუბრით გაჰყვნენ ქალაქისკენ.

აჯანყება დასრულდა.

კარგა ხანს იწვა ჯაგნარში მარაბდელი. პირქვე ეგდო. მარტო იყო და თავის შერცხვენას და გლეხების უმწეობას ჰგლოვობდა, შემდეგ თავი ასწია და ნადევარის ცალ თვალს და როსტომის სევდიან პირსახეს წააწყდა. ორივენი ჩუმად ისხდნენ და არსენას თითქო არც კი ამჩნევდნენ. არსენამ სცადა თავის მამის პირსახეზე ღიმილი, ქირდვა ან რისხვა ამოეკითხა, მაგრამ ვერა შეამჩნია რა. უდროშოდ დარჩენილი მედროშე ქვის მატურივით იჯდა, შორს სადმე გასცქეროდა და ოდნავ ისრესდა ნიკაპს.

არსენას ისე შერცხვა, თითქო რაიმე უკადრის საქციელზე მიასწრესო. მერმე უცბად წამოხტა, ლურჯას მოაჯდა და გაფანტულ ხალხისკენ გაუტია. გლეხები გუნდგუნდად მიდიოდნენ - ზოგი ზევით მთებისკენ და ზოგიც პირდაპირ არაგვისკენ. მარაბდელს ჰსურდა უკანასკნელი სათქმელი ეთქვა მათთვის და ყელში გახირული ბოღმა ამოეღო.

- ხალხო, შესდექით! სათქმელი მაქვს და მოისმინეთ.

რამდენიმე გუნდი შესდგა. ოძელაშვილი ერთ ჯგუფში შეიჭრა და ხრიალით მიაყარა:

- თქვენ ხალხი კი არა, ცხვრის ფარა ყოფილხართ. რა თქვენი საქმეა ვაჟკაცობა და თავისუფლება! დიაცებო! მონებო! მხდალებო! - და ახლო მდგომ გლეხს მათრახი გადაუჭირა. - ფიცის გამტეხნო - და მეორესაც გადაჰკრა. - პირშავებო! - მესამესაც მიუზღო. - მოღალატენო!

გლეხები ხარხარით გარბოდნენ, არსენა კი გამალებით მისდევდა, უწყალოდ უჟაპუნებდა მათრახს და, გავეშებული, ფორიაქით ურთავდა:

- ჩანჩურებო! ბედოვლათებო! ნაცარქექიებო! წადით და თქვენს დედაკაცებს შეუძვერით კაბის ქვეშ! ისევ ბატონობის უღელში შეებით! ცინგლიანებო! წუპაკებო!

გლეხებმა მისი რისხვა ხუმრობაში ჩაატარეს. ამან ოძელაშვილი სულ მოადუნა. სჯობდა მათ ორიოდე სახრე ედრუზათ მისთვის, ვინემ ხითხითით გაფანტულიყვნენ, მის თანამებრძოლთა გაქცევამ და სიცილმა მარაბდელს ბრაზი ჩაუქრო და წეღანდელზე უფრო მწვავე კაეშანი და უიმედობა აუშალა. გულნატკენმა ცხენი შეაყენა და წყალივით გაფანტულ გლეხებს სევდით სავსე თვალები გააყოლა. გააყოლა და იგრძნო, რომ გული ავად აუტოკდა, სული გადაუტყდა. რაღაც უჩინარი ფრინველი გაუფრინდა, დაცალიერდა და ამ ქვეყნად მარტოდ-მარტო დარჩა.

“ამ ხალხისთვის ვიბრძოდი? ამათ უნდა ამიშენონ გლეხური სიონი? - ჰფიქრობდა სულიერად მოდუნებული მარაბდელი. - ეს ხალხი კი არა, ლაფი ყოფილა, ქვიშა, ჭაობი, მათ კირი არა ჰქონიათ. არ აშენდების შლამისაგან ბირთვის-სამშვილდის ციხენი. ვაი დაკარგულო ჯაფავ! ვაი ტყუილუბრალოდ დაღუპულო ძმადნაფიცებო! ვაი შენც, ბედოვლათო ოძელაშვილო!”

დიდხანს იდგა შუა მინდორში მხედრის ძეგლივით აყუდებული, ყვითელი ბოღმით გავსებული და სამასი წლის მკვდარივით მივიწყებული.

მერმე ლურჯა მოატრიალა და ნელი ნაბიჯით გამოსწია ქალაქისკენ.

როსტომი და ღვთისავარიც შორიახლოს გამოჰყვნენ.

ომი რომ დასრულდა, პასკევიჩმა ეს “ბუნტი” გაიხსენა, უამრავი სახლკარი დასწვა, საპატიმრონი გაავსო, მრავალი გაროზგა და მრავალიც გააციმბირა.

* * *

ხოსიტა გურგენიძე ახალციხიდან ქვიშხეთში დაბრუნდა, ზურა და მაგდანაც წამოიყვანა და თავის მინგრეულ ნასახლარში დასახლდა, სადაც მარტოხელა დედაბერი თავის დაკარგულ შვილს თვრამეტ წელიწადს უცდიდა.

- დაბრუნებას მოგილოცავ, ხოსიტავ! - უთხრა მას რამდენიმე დღის შემდეგ სუმბათაშვილმა. - მობერებულხარ. რატომ აქამდე არა მნახე?

- ვერ მოვიცალე და არა გნახე. - მოუგო ნატყვევარმა.

- მაშ კიდევ დაისვენე და მერმე მოვილაპარაკოთ.

- რაზე უნდა მოვილაპარაკოთ, ბატონო? - ჰკითხა გურგენიძემ.

- რაზე და იმაზედა. განა დაგავიწყდა, ვისი ყმა იყავი?

- ეგ როგორ დამავიწყდება, ბატონო? თვრამეტ წელიწადს ჯვარზე ვიყავი გაკრული “იქ” და მუდამ შენს წყალობაზე ვფიქრობდი, დღემდისაც ვფიქრობ, როგორ გადაგიხადო მადლობა. - მიუგო ნაყმევმა და შავად გავარვარებული თვალები თავის ნაბატონევს შემკრთალ თვალებში შეუნათა.

- შენ რაღაც ირიბულად ჰქსოვ და ვერ გამიგია. - ხრინწით ჩაიბურტყუნა სუმბათაშვილმა. - მაშ ჩემი ყმობა აღარ გინდა?

- ძალიანაც მინდა, - წვერში ჩაიღიმა ნადიაკვნარმა. - ცხადლივ და სიზმარშიც მარტო მაგასღა ვნატრობ. მაგრამ ერეკლე მეფის კანონში ნათქომია, თუ ბატონმა ტყვეობაში მყოფი ყმა სამ წლამდე არ დაიხსნა, ყმა აზატად ჩაითვლებაო. აგრე გახლავთ, ჩემო ბატონო.

- ხოსიტავ, გირჩევ ქართული კანონები დაივიწყო. ახლა ჩვენ რუსული კანონები გვაქვს და მაგგვარი რამ არაფერი სწერია.

- რა მაქვს და რასა მთხოვ, ბატონო? - აუწია ხმას ხოსიტამ - დანგრეული ქოხი, დარდისაგან მიხრწნილი დედა, ერთი მტკაველი გავერანებული ბაღი და ცხრა მტკივნეული ჭრილობა, აი ჩემი ავლადიდება. წაიღე და მოიხმარე!

- ჭაბუკი შვილი გყავს და შენც ყველას აჯობებ მუშაობაში.

- ზურას შენი მიწისა ერთი მარცვალიც არა უჭამიარა. ის მარაბდის მიწაწყალზეა გაზრდილი, მე კი... - და ნაყმევი ისე დადუმდა, რომ მისი ჭექა-ქუხილი ასეთ დუმილზე უფრო ლმობიერი იქნებოდა.

- მაშ კარგი. მერმე დაგიბარებ და ვნახოთ. - მუქარით უთხრა ბატონმა და გატრიალდა.

სუმბათაშვილმა რამდენჯერმე დაიბარა გურგენიძე, მაგრამ ხოსიტა მტკიცედ იდგა და არ მიდიოდა. მან კარგად იცოდა, რომ დღეს ან ხვალ ბატონი თავის მოურავებით და შინაყმებით მიუვარდებოდა კარზე და მის დამორჩილებას მოინდომებდა. იცოდა და მუდამ მზად იყო თვითონაც, მისი ზურაც, მათი მეზობელი ღამბაშიძეც, სიმონაც, სევასტიც და მეშთაც, რომელნიც ისე გათამამებულიყვნენ, რომ იქვე ტაშისკარში ჩამოსახლებულიყვნენ. მაგრამ ბატონმაც იცოდა, რომ ის ნიშანში ჰყავდათ ამოღებული და ციყვივით ფრთხილობდა.

ერთ ღამეს ხოსიტას ფრთხილად დაუკაკუნეს კარი.

- რომელი ხარ?

- გარეთ გამოდი. შინაურები ვართ.

ხოსიტამ სიმონას ხმა იცნო და გავიდა. დერეფანში სევასტი, მეშთა, სიმონა და ღამბაშიძე უცდიდნენ.

- ამაზე მეტი აღარ შემიძლიან! - მაღალი ჩურჩულით წამოიძახა ღამბაშიძემ და ქუდი მიწაზე დაანარცხა: - ან მე და ან ის ჯარბი, ასპიტი! თუ თქვენ არ მიშველით, მარტო წავალ და რაც მოხდება, მოხდეს!

იმ დღეს ბატონმა ისე აცემინა მისი მამა, რომ მოხუცი სულს ჰღაფავდა, და ღამბაშიძეც ამის გამო გამძვინებულიყო.

- აღარც მე შემიძლიან. - დაუმატა სიმონა ცხოვრებაძემ. - ტყის ნადირად გადავიქეცით და დროა გავათავოთ.

- აღარც მე შეგიძლიან. დროა გავათავოთ. - ამოიხრიალა მეშთამაც.

ჩურჩულმა დიდხანს გასტანა.

- მაშ გათავებულია?

- გადაჭრილია.

- ვინც უკან დაიხიოს, დედა შეერთოს ცოლადა.

- აგრე იყოს.

პირობა დასდეს და უკვე დაშლას აპირებდნენ. ამ დროს შინიდან მანდილ - მოხვეული მაგდანა გამოვარდა, ხოსიტას მკლავში ეცა და დანარჩენებს მიაძახა:

- არ გავუშვებ! გრცხვენოდეთ!

- დედაკაცო! - დაბალი ხმით შეუტია ხოსიტამ და ხელი გამოსტაცა.

- არ გავუშვებ მეთქი! შეგირცხვეთ ეგ ვაჟკაცობა! ნუ თუ ერთ კაცს ოთხიც არ ეყოფით?

ოთხ ვაჟკაცს შერცხვა. აირივნენ და ალუღლუღდნენ:

- თუ არ უნდა... ძალას არ ვატანთ... ჩვენა, რომელიცა რომა... ხოსიტასაც ბატონის ჯავრი სჭირს და იმიტომ მოვედით, თორემ...

- დედაკაცო, მამაკაცის საქმეში ნუ ერევი! მოგვშორდი! - ამბობდა დროგამოშვებით ხოსიტა და უნაყოფოდ ლამობდა თავის ცოლი შინ შეეგზავნა. მერმე ზურაც გამოვარდა და განაცხადა:

- ეგ რა მამა-ჩემის საქმეა? მე მოვდივარ!

ხოსიტა შეკრთა, მაგდანა კი ქმარ-შვილს მოეჭიდა და მოლბა, მოდუნდა.

საწყალი დედაკაცი თვრამეტი წლის ნაქვრივალია. მან უამრავი ტანჯვა განიცადა. პაპა ცეცხლში დაეწვა, მამა ჩამოუხჩეს, ქმარი გადაუკარგეს. ძმა მონასტერში შეუგდეს, სახლკარიც გადაუწვეს და ნადირივით გარეთ გააგდეს. ახლა ძლივს გაუღიმა ბედმა და ქმარი დაუბრუნა. ხოსიტა ავადმყოფია, ზურა ჯერ ჭაბუკია და ნუ თუ მათ უფლება არა აქვთ ცოტახანს მაინც შეისვენონ და გავერანებული ოჯახი ცალ ფეხზე მაინც წამოაყენონ?

- ამას ღმერთიც გვიყაბულებს და ადამიანიცა, თქვენ კი დახმარების მაგიერ უკანასკნელი თავშესაფარი უნდა დამინგრიოთ და ისევ ტყეში უნდა გამაგდოთ! გრცხვენოდესთ! - ამოისლუკუნა ნაქვრივალმა და ცრემლი, საყვედური და მუდარა ერთმანეთში აურია: - სირცხვილია... გეხვეწებით... შემიბრალეთ.

სანამ ზურა დედას ამშვიდებდა, ხოსიტამ სტუმრები გააცილა და უთხრა:

- დედაკაცს ყურს ნუ უგდებთ, ან მოუსმინეთ, მაგრამ პირუკუღმა მოიქეცით და არ შესცდებით. - გაიხსენა ენგიჩარმა ოსმალური ანდაზა. - ახლა კი წადით და როცა მზად იქნებით, მეც დამიძახეთ და წამოვალ.

გურგენიძე რომ გამობრუნდა, მეშთამ დანარჩენებს უთხრა:

- ღმერთმანი, მაგდანამ ჩვენ მართალი გვითხრა.

- მართალი სთქვა. - დაუმოწმა ღამბაშიძემ. - ჩვენც ვეყოფით.

- მეტიც მოვალთ. - დაუდასტურა სევასტიმ. - თუ დაგვჭირდა, თუნდ ათ სხვასაც ვიშოვით. რაზმაძეს ველაპარაკე და სთქვა, მეც წამოვალო. ღონღაძეც გამოგვყვება.

- მაშ ხოსიტას თავი დავანებოთ. - დაუმატა სიმონამ და ოთხივენი ბნელ ორღობეში შევიდნენ.

* * *

ბნელი და მშვიდი ღამეა. ქვეიდან მტკვრის დუდუნი ისმის. საცაა თრიალეთზე მთვარე შემოჯდება. დღეს ქვიშხეთში ნაადრევად შესახლდა დუმილი. ყველამ ადრე ჩაიკეტა კარი და ისე გაინაბა, თითქო შემოპარულ მტერს ემალებოდა. დედები ბალღების ღნავილს სისინით აღჩობენ, დახველებასაც კი ერიდებიან, რაღაც საზარელ ამბავს ელოდებიან და ეშინიანთ თავიანთ თავს მაინც გამოუტყდნენ, რომ მათ რაღაც იციან. ძაღლებსაც შესჩენიათ ავი რამ წინაგრძნობა, რომელიც მათ აწვალებს და ვეღარ დაუმალიათ. ბორცვებზე ჩასკუპებულან და ისე გულსაკლავად ჰღმუიან, თითქო წინდაწინვე ჰგლოვობდნენ ვიღაცას.

სუმბათაანთ გორაკი ტყით არის შემოსილი და იმ ტყეში ცხრა შავი ლანდი მიიპარება. ცხრანივე თხემზე ავიდნენ და გალავანს მიადგნენ, ბატონის სახლში სამი ფანჯარაა განათებული და შეთქმულთაც სწორედ ეს უნდათ: მაშ ბატონები ვახშამს მიირთმევენ და ერთ ოთახში იქნებიან შექუჩებული.

ლაცაბიძემ ერთი გლეხი ფანჯრის ძირში დააყენა და ნიავივით ჩასჩურჩულა:

- აქ იდექი და თუ ვინმე გადმოხტეს, ცოცხალი არ გაუშვა.

დანარჩენებმა მარცხნივ მიუხვიეს და რკინით შეჭედილ ჭიშკარს მიადგნენ. ამ დროს იგი მაგრად უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი, მაგრამ ლაცაბიძის ძმას, სუმბათაშვილის შინაყმას, სევასტის დავალება პირნათლად შეესრულებინა. არც სხვებს გამოუდვიათ თავი, ეზო დაუცალიერებიათ და ავი ძაღლებიც მიუმალიათ.

ორი კაცი ჭიშკრის უკან აიტუზა, ექვსი კი ისე აცოცდა აივანზე, რომ ხის კიბეს ერთხელაც არ დაუკვნესია. სუმბათაანი ვახშამს შეექცევიან. სამი მათგანი შეთქმულთა პირისპირ ზის: დიდი ბატონი ალექსანდრე, ჭალელი აბაშიძე, რომელმაც სუმბათაშვილთან ერთად ხოსიტა გურგენიძე და მრავალი სხვა ტყვე გაჰყიდა, და დიასახლისი სოფიო. მათ პირდაპირ სამი სხვა ქალი ზის, შუაში კი ბატონის ოთხი წლის ვაჟი ჩამჯდარა.

კეთილი და პატიოსანი. მაშ ყველანი შინ ყოფილან, გარდა ბატონის ორი ვაჟისა - დავითის და ვასილისა, რომელნიც ქალაქში სწავლობენ და ორ კვირაზე ადრე ვერ ამოვლენ. “ვაი დედი-თქვენის ღმერთსა ბედი გწყალობთ და გადარჩებით”.

სამმა ჩახმახმა ჩუმი ხმით დაიჩხაკუნა და ლაცაბიძემ, ღამბაშიძემ და ცხოვრებაძემ ორ ფანჯარას სამი ლულა მიუშვირეს. უცებ სახლი შეინძრა: ორმა თოფმა ერთად დაიჭექა და არც მესამე ჩამორჩა.

სოფლის ძაღლებმა გამძვინებით შეჰყმუვლეს და მას შემდეგ მათი გაბმული გლოვა ერთი წამითაც აღარ შეწყვეტილა.

ექვსი გაავებული მამაკაცი სასადილო ოთახში შევარდა და სანთლების შუქზე ექვსი ხანჯალი ექვსი მოკლე ელვასავით დატრიალდა.

სამთავ მიზანში ამოღებულს თითო ტყვია მოჰხვედროდა.

ალექსანდრე სკამიდან გადავარდნილიყო, ფრჩხილებით ჰბრდღვნიდა მუხის იატაკს და წამოწევას ლამობდა, კნეინა სოფიოს ორივე ხელი მკერდზე მიედო და ძლივსღა ჰყლაპავდა ჰაერს. ჭალელ აბაშიძეს თავი მაგიდაზე დაეგდო და გახევებულიყო.

- დაჰკა! აჰკუწე!

და კრიალა ფოლადები ერთ წუთში მუქი სისხლით დაიბინდა.

- არ დაინდო! ასჩეხე! არ გაუშვა!

სამი გაღადრულ-გამოფაშული ქალიც სასოწარკვეთილი კივილით და განწირულთა უიმედო ბღავილით დაეცა იატაკზე. ოთხი წლის გაფითრებული ბალღი კედელს აჰკროდა და ცახცახით ჰბუტბუტებდა:

- ძია, მე პატარა ვარ და ნუ მომკლავ... შემიბრალეთ.

სევასტიმ თვალი მოჰკრა მას და სიმონას მიაძახა:

- არ დაინდო! გაიზრდება და ჩვენს ცოლ-შვილს გადაუხდის.

თვალამღვრეული და ხანჯალ-ამოღებული სიმონა ბალღისკენ გაემართა. ბავშვი თვითონვე გამოიქცა მისკენ, მუხლებზე მოეხვია და ერთხელ კიდევ წამოიძახა:

- მე პატარა ვარ, და ნუ... ნუ!

და ვეღარ დაამთავრა. მამაკაცის გავეშებული ხელი ყანყრატოში სწვდა და მოუჭირა. ბავშვმა თვალები გადმოჰყარა და ენა გადმოაგდო.

სიმონამ კი ერთხელ კიდევ აღმართა სატევარი...

შინ-შეჭრილნი უფრო სწრაფად გამოვარდნენ გარეთ, ვიდრე წეღან შეცვივდნენ. აივანზე და კიბეზე მუქი ნაფეხარი დასტოვეს და წყვდიადში მიიმალნენ.

ძაღლები უარესად აყმუვდნენ. მთვარე სარმანაშვილის მთაზე დამჯდარიყო და შავ ღრუბელში შეხიზნულიყო. სოფელი წეღანდელზე უფრო მეტად განაბულიყო.

ცხრა ვაჟკაცი ისე მირბის მთაწმინდის აღმართზე, თითქო ფეხდაფეხ მდევარი მისდევდეს. ყველა სდუმს და ეს დუმილი კივილზე უფრო მწვავეა. მხოლოდ სიმონა სთესავს მათ შორის ძრწოლას და გაოცებას: დროგამოშვებით შესდგება და დაიძახებს:

- ძმებო, ენა!

სხვებიც შესდგებიან და ეკითხებიან:

- რა ენა? რის ენა?

ცხოვრებაძე ხმას აღარ იღებს და ქშენით მირბის. მერმე ისევ შესდგება და შემკრთალი ხმით დაიძახებს:

- ძმებო, ენა!

- რა გემართება, სიმონ? რა ენა? ვისი ენა?

სიმონა მაინც არ უპასუხებს და ქაქანით მიდის, მირბის, მიჰქრის. განთიადი შორს იყო. მთაწმინდა აირბინეს, ბალხოკერას მთას მიადგნენ, უდაბურ ტყეს შეერივნენ, ცეცხლი დაანთეს და მუნჯებივით მიუსხდნენ. ზოგი მათგანი მიწვა. მეშთა და ლაცაბიძე დაკლულებივით ხრიალებენ. სხვები კი მოუსვენრად ტრიალებენ, ოხრავენ, ლანდებივით ბორიალობენ, ისევ ცეცხლის პირას სხდებიან, წვებიან და ხანდახან ისეთი ჩურჩულით ისვრიან თითო-ოროლა სიტყვას, თითქოს ბუჩქებისა ეშინოდესთ. სიმონა კი ისევ შფოთავს:

- ძმებო, ენა! ენა! - დროგამოშვებით შესძახებს, ცახცახით წამოვარდება და გაქცევას აპირებს.

ცხოვრებაძეს იჭერენ, ამშვიდებენ და ცდილობენ აკვიატებული შენაძახი გამოიცნონ, მაგრამ ის ცხრაკლიტულს იდებს პირზე და ისევ მუნჯდება.

სევასტიც წამომჯდარა და დამუნჯებულა. ზოგიერთს კი უცებ აუქავდა ენა და ვეღარ ისვენებს. იგონებენ წეღანდელ სისხლიან ნახელავს და ზედმიწევნით ახსოვთ ყოველი წვრილმანი - მომაკვდავთა პირსახის მეტყველება, თვალების ბრიალი, ტუჩების ცმაცუნი, სიცოცხლის გადასარჩენი სხლეტა და მომაკვდავთა გმინვა და შენაძახი.

- კაი, გაჩუმდით! - რა სალაპარაკოა! - იღრინება ლაცაბიძე და ყველანი ჩუმდებიან. რამდენიმე წუთის შემდეგ მოგონებანი ხელახლა ცოცხლდება.

რიჟრაჟზე სიმონა ერთხელ კიდევ წამოვარდა და ყველანი წამოშალა:

- ძმებო, ი ბალღი მომაშორეთ, თორემ გავგიჟდები! სულ თან დამდევს, ენას მიყოფს და აღარ მშორდება. - წამოიძახა მან და ხანჯალ-ამოწვდილი ეცა ფოთლიანს, ეცა და გავეშებული ჰკაფავდა ყლორტებს, ჰაერს და თან ჰკიოდა:

- დაიჭი! არ გაუშვა! ესეც შენ! ესეცა! არც ახლა მომშორდები? - და ის ბალღი ერთხელ კიდევ ასჩეხა და მის ენას ღრმა ხევში დაემალა.

ისევ დაიჭირეს, შეჰკრეს, წყალი მიასხეს და პირქვე დააგდეს. მაგრამ ბავშვი მიწაში ჩაწოლილიყო და თავის მკვლელს იქიდანაც აწვალებდა.

- ძმებო, ავი სიზმარი ვნახე. - სთქვა სევასტიმ. - ჯიანჭველები მეხვეოდნენ და ვერ მოვიშორე. აქაურობას უნდა მოვშორდეთ.

რა თქმა უნდა მოშორდებიან, მაგრამ საით წავიდნენ? ვის შეაფარონ თავი? ახალციხე თავშესაფარებლად აღარ ვარგოდა, ამიტომ ზოგი აჭარისკენ მიიწევდა, ზოგს იმერეთი უჯობდა. თათბირმა დიდხანს გასტანა.

ანაზდად ფოთლის შრიალი მოისმა და ბუჩქებიდან სუმბათაანთ მოურავის ძმა ნიკო ნემსაძე გამოვიდა. გამოვიდა და ხელნაკრავივით შესდგა. ცხრა კაცში ექვს კაცს ხელები სისხლში ჰქონდა მოსვრილი, ზოგს კი სიბნელეში პირსახეზე მოესვა სველი ხელი და აქა-იქ სისხლის დაღი დასჩენოდა.

- გამარჯვება, ბიჭებო! - მიაძახა ნემსაძემ და გაიფიქრა: “ალბათ სუმბათაანი დაუხოციათ”.

- გაგიმარჯოს, ბატონო! - უპასუხეს მათ და გაიფიქრეს: “თუ ეს კაცი ცოცხალი გავუშვით, უეჭველად დაგვაბეზღებს”.

ნემსაძე ხარაგოულში სცხოვრობდა და ამ ალაგებში ხშირად ნადირობდა. ახლაც სანადიროდ წამოსულიყო და ანაზდად ავ ბუნაგში მოექცა. მიიხედ-მოიხედა. გასხლეტა გვიანღა იყო. მას ცხრა სისხლნასვამი კაცი შემორტყმოდა და ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ. ნემსაძემ აღარ დააყოვნა და მათი ზრახვა თვითონვე გააშიშვლა:

- ძმებო, - უთხრა მან, - რაღაც ცოდვა ჩაგიდენიათ და ღმერთი იყოს თქვენი გამკითხავი, მე კი ნურაფერს ნუ მერჩით და ისევ ჩემი გზით გამიშვით.

- გაგვცემს! გვიღალატებს! მოვკლათ!

- ნუ, ძმებო, ჩემი ცოლ-შვილის ცოდვასაც ნუ მიიმატებთ. ღვთის ფიცს გაძლევთ, რომ ხმასაც არ ამოვიღებ.

და მონადირემ ყველაფერი დაიფიცა, რაც კი სწამდა. ლაცაბიძეს შავ წვერში ეშვები ჩამოეყარნა და ხანჯალი ვეღარ ჩაეგო, “ბუხრის მტრედი” დაჟინებით მიიწევდა აზნაურზე და ჰბუტბუტებდა:

- მაგის ფიცი არა მჯერა, მიმიშვით! ჩამოჰშორდით!

სამაგივროდ ღამბაშიძემ დაუჯერა. ისიც ხარაგოულელი იყო, ნემსაძისა რაღაც მადლი ახსოვდა და ვერ გასწირა.

- ეგეც წავიდეს და ჩვენც წავიდეთ. - ამბობდა ის. - სულ ერთია, მაინც აქეთ უნდა გვეძებონ და ამ კაცის სისხლი რაღად დავიდოთ.

დაუჯერეს და გაუშვეს. ნემსაძე ხაფანგიდან გაშვებული ვირთაგვსავით შევარდა ფოთლიანში და ისეთი ფხაკუნი ასტეხა, თითქო ათი კაცი მირბოდაო.

შიში მძაფრ შიმშილს იწვევს და ამიტომ ცხრა კაცს ისე მოჰშივდა, თითქო სამი დღის უჭმელები ყოფილიყვნენ. მაგრამ სანამ ჭამაზე იზრუნავდნენ, იმ სახიფათო ალაგს მოჰშორდნენ და ერთი საათის შემდეგ უფრო უღრან ტყეში შეეხიზნენ.

სამი კაცი სანადიროდ გაჰგზავნეს.

ლაცაბიძემ ითმინა და ვეღარ მოითმინა:

- ძმებო, ვინც ხარაგოულისკენ მოდის, ახლავე წავიდეთ.

იფიქრეს, ითათბირეს და ორ ჯგუფად გაიყვნენ: ლაცაბიძემ, ღამბაშიძემ, მეშთამ და უკვე მოსულიერებულმა ცხოვრებაძემ ნებოძირის ტყე ამჯობინეს, ხოლო დანარჩენებმა უფრო მოშორებული აჭარა აირჩიეს.

- მშვიდობით იყავით ძმებო!

- თქვენც მშვიდობით იყავით ძმებო! იქნება ერთმანეთი აჭარაში ვნახოთ.

ერთმანეთს გადაეხვივნენ, მამაკაცურად იტირეს და ოთხი კაცი ცრემლის წმენდით მიიმალა ტყეში.

სანამ ნადირს მოიტანდნენ და შესწვავდნენ, შუადღე გადავიდა.

ნიკო ნემსაძე მდევარს შუა გზაზე შეხვდა. მათ ყველაფერი უამბეს და გამოჰკითხეს. ნემსაძემ ფიცი გასტეხა. სურამის მდივანბეგმა ნემსაძე წინ წამოიძღოლა და ორმოციოდე კაცით უკან გამოჰყვა. ორიოდე საათის შემდეგ ნემსაძე წეღანდელ მოლზე გამოვიდა და წინამავალ იასაულებს უთხრა:

- აი აქ იყვნენ.

მოლი ჩაფრებით და შეიარაღებული გლეხებით გაივსო. იქაურობა მოჩხრიკეს, კვალი ადვილად იპოვეს და ისევ გზას გაუდგნენ.

ექვსი კაცი ხარბად დასცქეროდა სარის-ოდენა შამფურზე აგებულ ნანადირევს, როცა აქეთ-იქიდან ორმოციოდე კაცი გამოვარდა ჭყივილით:

- არ გაინძრეთ! დაგხოცავთ! დაგვნებდით!

ექვსმა კაცმა წამოწევაც ვერ მოასწრო, და ვინც წამოიწია, მომხდურებმა კონდახებით წააქციეს, სისხლში ამოსვარეს, წნელებით შეუკრეს ხელები, შუაში ჩაიყენეს და უშვერი ლანძღვა-კრულვით ისევ ქვიშხეთისკენ მოაბრუნეს. იქ რამდენიმე სხვაც მიუმატეს და ჯოხებით აალაპარაკეს. მეორე დღეს დამკითხავმა ათი კაცი დათვალა. ორი აკლდა. მათ ჯოხების ქვეშ დაელიათ სული.

მეორე დილით სუმბათაანთ ეზოში ექვსი კაცი ჩამოჰკიდეს, ხოლო ოთხს ცალი ულვაში, ცალი წვერი და ნახევარი თავი მოჰპარსეს და ციმბირის ულეველ გზას გაუყენეს.

* * *

ოთხმა ძმადნაფიცმა ნებოძირის ტყეში მხოლოდ ოთხ დღეს დაჰყო. მეოთხე დღეს საღამოს ჟამს ძილის დროს მდევარმა ამათაც დაჰკივლა:

- არ გაინძრეთ, თორემ დაგხოცავთ! - ლაცაბიძეს და სიმონას ოციოდე კაცი მიასკდა.

მათ თოფის გასროლა ან ხანჯლის ამოღებაც კი ვერ მოასწრეს და მხოლოდ კბილებით, წიხლებით და მკლავითღა იბრძოდნენ. სევასტიმ ერთს საფეთქელი გაუხეთქა, მეორეს კბილებით გაუვსო პირი და მესამეც და მეხუთეც ააბღავლა, მაგრამ რამდენიმე კონდახი ჰკრეს, წააქციეს და უკვე შებოჭილ სიმონას გვერდით მოუწვინეს.

სიფრთხილისთვის ღამბაშიძე და მეშთა ხევის გაღმა “ცხოვრობდნენ”. ყვირილი რომ გაიგეს, მაშინვე წამოცვივდნენ, ვეება ლოდებს ამოეფარნენ და სროლა ასტეხეს. სამი მომხდური წაიქცა. დანარჩენებმა მსროლელთა ადგილი აღმოაჩინეს და სროლითვე უპასუხეს:

- მეშთა, მიშველე! - დაიძახა უცებ ღამბაშიძემ. - ფეხში დამჭრეს.

მეშთა დაჭრილს მხარში შეუჯდა და ორივენი გაიქცნენ. ტყე ისევ ჰქუხდა. ჩაფარ-იასაულებს ის ორი კაცი ისევ იმავე კლდეში ეგულებოდათ და ცალიერ ალაგს გულმოდგინედ ხვრეტავდნენ ტყვიით. მერმე მიხვდნენ, დაედევნენ და მათი დილანდელი აღმამიმავალი კვალი აიღეს, მეშთა კი დაჭრილ ამხანაგს დაღმა წყალწყალ მიაქანებდა. ღამბაშიძემ თანდათან უმატა კოჭლობას და ბოლოს თქვა:

- ძმაო მეშთა, თავს უშველე, მე კი სიარული აღარ შემიძლიან და აქ დავრჩები.

მეშთამ დაკოდილი ამხანაგი მხარზე მოიგდო, დიდხანს ირბინა და ისეთ შამბიანში შეათრია, რომ იქ შესვლა ნადირსაც გაუძნელდებოდა. ამასობაში დაბნელდა და მდევრის ხმაურობაც მისწყდა.

სიბნელეში მგლის თვალმა გაიკრიალა და შემდეგ მისი ჩახლეჩილი ყმუილიც გაისმა.

ქვეით ხარაგოულში კი ის საქმე მესამე დღეს დილაადრიან დაიწყეს. ხელ-ფეხ შეკრული სევასტი და სიმონა ხიშტების რკალში იდგნენ და წვრილი ნაბიჯით მიდიოდნენ. თან მცირე იმედი და სიცოცხლის განუზომელი წყურვილი მიჰქონდათ. ხარაგოული გაატარეს და სახრჩობელას ძირში დააყენეს, რომელიც მიწიდან ამოშვერილს სულთამხუთავის მოღუნულ მკლავს ჰგავდა. მთელი ფორი მდუმარე ხალხს შეეკრა და ყველა ბანი, ხის ტოტი და კორდიც ხალხითვე იყო შეკუნწლული.

ხელისუფალთა გარდა ყველამ ქუდი მოიხადა. ბარაბანი აკაკანდა. როცა მისი ხმა შეწყდა, ორ განწირულს ვიღაც მოხელე მიადგა და რუსულად დაწერილი განაჩენი წაუკითხა. სხვა ვიღაც ხელჯოხოსანმა ქართულად გადაუთარგმნა და განუმარტა, რომ სამხედრო სასამართლოს დადგენილებას ვერავინ ვეღარ შესცვლიდა.

სევასტის თავის მიჩლუნგებული ეშვები მოთელილ წვერ-ულვაშზე დაეწყო, გულგრილად ათვალიერებდა ხალხს და ნიადაგ სდუმდა. სიმონა თავჩაქინდრული იდგა და დროგამოშვებით ნაწყენი ბავშვივით კვნესოდა.

- ენა, სევასტი! ენა მომაშორე, შე კაი კაცო!

ლაცაბიძემ ფეხებთან დავარდნილი პურის ნაჭერი დაინახა, სწრაფად წაიჩოქა, კბილებით დასწვდა, ისევ წამოდგა და გააფთრებით დაღრღნა. მას ძალიან ხშირად ჰშიებია, მაგრამ ასეთ მწვავე შიმშილს პირველად ჰგრძნობდა. გაუგებარი იყო: ლაცაბიძემ წინა საღამოს პირთამდე გაივსო სტომაქი, ახლა კი ხუთ პურს და ერთ ბატკანსაც მოინელებდა.

უცებ ლაცაბიძემ უცხვირპირო კუჭატნელს მოჰკრა თვალი. იქვე შორიახლო იდგა და ორ განწირულს მკაცრი თვალით შეჰყურებდა.

“საიდან გაჩნდა ეს ტიელი? - გაუკვირდა სევასტის. - ნუ თუ ასე მალე დამედევნა და აქ ამოსვლაც მოასწრო”?

არა, სეფისკვერაძე სულ სხვა ვინმეს დაედევნა. მარინეს შერთვის იმედი რომ გადაუწყდა, საცოლეს ძებნას შეუდგა და კიდევაც მიაგნო. ხარაგოულში ვინმე ბუაჩიძე ცხოვრობდა და მას ერთი გასათხოვარი ქალი ჰყავდა. გიორგის დედამ სოფელ უბისიდან გაურიგა ეს ქალი და შვილიც დაიბარა. ქალმა და იმის მამამ ცხვირ მოჭმული კუჭატნელი გადაჭრით დაიწუნეს.

იქაურმა ისპრავნიკმა უცხვირო გიორგი არ დაიწუნა და ლაცაბიძის დასაჭერად წაიყვანა. სევასტიმ და სიმონამ ტყეში ბრძოლის დროს იმიტომ ვერ დაინახეს სეფისკვერაძე, რომ ის მეშთას და ღამბაშიძეს დაედევნა.

ლაცაბიძემ ისე გადაჰხედა და ისე ჩაუქნია თავი გიორგის, თითქო ეუბნებოდა: “აჰა, ხომ მოესწარი, კუჭატნელო! მაგრამ ჩემ მაგიერ სხვა ვინმე გიტირებს დედასო”.

მოხელემ განაჩენის კითხვა დაასრულა და საზეიმო ნაბიჯით დაბრუნდა.

ვიღაცა ნელი ხმით იძლეოდა ბრძანებას.

უცებ ბარაბანი აბაგუნდა.

ჯალათმა ორივე ხელი დაიმკლავა და, თავჩაღუნული, ბრმა მოზვერივით წამოვიდა.

დაიცა ჯალათო! ნუ ჩქარობ! განწირულებს ასეთი საზღაპრო დილა ჯერ არ უნახავთ. არც ესოდენ ტკბილი და თავბრუდამხვევი ჰაერი უყნოსიათ.

იქვე ბაღში უცხო რამ ფრინველთა გუნდი გალობს. გრილი ნიავი ფოთლიანს არხევს.

მოიცა მეთქი, ჯალათო! დააცადე!

დილის ნამი მარგალიტია. ღამის ნესტი მათრობელია. მოიცა, ეს ჟივილი მოასმენინე. ამის მსგავსი მათ ჯერ არა გაუგიათრა და ვერც ვერასოდეს გაიგებენ, ვერასოდეს! არასოდეს!

რა გაჩქარებს, ჯალათო? ხუთიოდე წუთი მაინც აპატიე, რათა აგერ ის ხნიერი ხალხი მოათვალიერონ. იქნება ლაცაბიძის დედ-მამა ამოვიდა ზესტაფონიდან? შესაძლებელია ქვიშხეთიდან სიმონას დედაც გადმოჩანჩალდა? მათი უღირსი შვილები ერთხელ კიდევ გადაჰხედავენ მშობლებს და საფლავში მათს დავიწყებულ სახეებს მაინც ჩაიტანენ.

ჯალათო, მოიცა მეთქი!

ხუთიოდე წუთი მაინც აჩუქე. იმიტომ ხომ არ დაბრუნდა სევასტი ცხრა წლის შემდეგ მშობელ სოფელში, რომ სამი ადლი თოკი და სამი ალაბი მიწა ეშოვნა!

მაგრამ ჯალათს მათი შინაგანი მუდარა არ ესმის და ორივენი სამფეხა სკამისკენ მიჰყავს.

რა ზღაპრული მზე ამოდის! რა მათრობელია ეს ჰაერი! რა ტკბილია ეს სურნელი! რა საამურია სირთა ჟივილი და ყვავ-ყორანთა ჩხავილიც!

აგერ იქ დიდწვერა მოხუცი იცრემლება - ნეტა სევასტის მამა ხომ არ არის?

აი აქ დიდაბერი ტირის - სიმონას ბებრუცუნა ხომ არ არის?

მაშ დააცადეთ, ჯერ გაიგონ, მშობლებს გაუღიმონ და მერმე ჰქენით თქვენი საქმნელი.

მაშ არ აცდით? თუ აგრეა, ბუხრის მტრედი ლაცაბიძე ასე ადვილად არ დაგნებდებათ. ცხვარი ხომ არ არის, რომ დანის დანახვაზე თვითონვე წამოწვეს?

და სევასტიმ უცებ უკან დაიწია და ჯალათს მუცელში ისე ძლიერ დაატაკა თავი, რომ იგი ტომარასავით დაეცა. მას კუჭატნელი, დამხმარენი და ხელქვეითები მოეშველნენ და გაცოფებული სევასტი ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ სამფეხა სკამზე აათრიეს.

დაიცადეთ! შესდექით! ხუთიოდე წუთი აპატიეთ... ოთხი... სამი... ერთი, ერთად-ერთი მაინც აჩუქეთ!

არ აჩუქეს.

და ლაცაბიძის შემდეგ მისმა ძმადნაფიცმა სიმონამაც ისე გადმოაგდო ენა, როგორც მის მიერ დატანჯულმა და მისმა მტანჯველმა სუმბათაანთ ბალღმა.

ორი კვირის შემდეგ გაძვალტყავებულმა და ჩამობღლერძილმა მეშთამ ოძელაშვილი თაფარავანის ტბის პირას იპოვა. არსენას საზაფხულოდ იქ აერეკა ცხვარი და ჯავახეთის მსუქან თეძოებზე აძოვებდა.

- მეშთას გაუმარჯოს! რასა იქ, ბიჭო? საიდან მოდიხარ?

- იმერეთიდან მოდიხარ. - წაილუღლუღა მეშთამ.

- იმერეთში რა გინდოდა? რა გატირებს ბიჭო, რა მოხდა? როგორ არიან ხოსიტა, ზურა, მაგდანა? სად არიან სევასტი და სიმონა?

ორივენი ქვაზე ჩამოსხდნენ. მეშთამ ყველაფერი უამბო. არსენა სდუმდა და თანდათან სევდით იღრუბლებოდა.

- მე და ღამბაშიძე ძალიან კარგ ალაგას დაიმალენით, - განაგრძო გადარჩენილმა, - მაგრამ ღამით მგლებმა გიპოვნეს.

- კარგ ალაგას დამალულხართ, კარგი შენ დაგემართოს, მერმე?

- დიდხანს ვიომეთ, მაგრამ მგლებმა გაჯობეს და მე ხეზე ახვედი.

- ღამბაშიძე?

- საწყალი ღამბაშიძე ვერ აიყვანე და მგლებმა შეგჭამეს.

- ვაი რა მურდლად წამხდარა! მერმე, მერმე?

- მერმე მე ხარაგოულში ჩახვედი. სოფლის ბოლოს სახჩობელა იდგა. გორაკზე იდექი და შორიდან უყურებდი.

- მერმე? სთქვი, რაღა! ნუ თუ...

- მერმე სიმონა და სევასტი მოიყვანეს და... და ორივე ჩამოახჩვეს.

- ჩამოახჩვეს?! სიმონა და სევასტი ჩამოახჩვეს?! ღმერთო დიდებულო! - წამოიძახა მარაბდელმა და ზე წამოიჭრა. ცოტა ხანს იყუჩა და მთრთოლვარე ხმით დაუმატა: - ვაი შენ ჩემის ცოდვით სავსე სევასტი! ვაი შე საწყალო სიმონავ! აბა რა ვაჟკაცობაა, რომ დედაკაცები და ბავშვები დაგიხოცნიათ! რა მალე დაგწევიათ მათი ცოდო! თქვე უბედურებო, განა არ იცოდით, რომ ბავშვებისა და დედაკაცის სისხლი არასოდეს არ იკარგება? ღმერთო დიდებულო, სევასტი და სიმონა ჩამოახჩვეს!

და რათა თვალზე-მომდგარი ცრემლი დაემალნა, მარაბდელი გატრიალდა და ნელი ნაბიჯით წავიდა ბინისკენ.

გაოცებული ყურშა ფეხაკრეფით გაჰყვა მგლოვიარე პატრონს.

თავი მეცამეტე

განკვეთილი კვანძები

როსტომ სთქვა, ჩემი პასუხი

ალგეთის ქვაზე სწერია.

ვისთვისაც ხმალსა ვიქნევდი,

ის გახდა ჩემი მტერია.

ხ ა ლ ხ უ რ ი

მარმარილოს ქვა გათალეს,

დაადეს და დასწერესა:

“აქაც კარგი კაცი იყავ,

იქ ნათელი დაგადგესა”.

მ ე ს ტ ვ ი რ უ ლ ი

გაუწყრა მაღალი ღმერთი ფარსადან ბოდბისხეველსა!...

“ - არსენავ, გეთაყვანები, რატომ არ მოდიხარ ჩვენსა?

“ - მიღალატებ, ნათლიმამავ, მიტომ არ მოვდივარ თქვენსა”.

“ - არსენ, როგორ გიღალატებ სამი შვილის მომნათვლელსა,

- ჩემის მირონის მომღებსა!”

მაშინა სთქვა არსენამა: “მირონს როგორ დამიქცევსა!”

როსტომ სიფრთხილეს ურჩევსა, სულხანს უნდა თან გაჰყვესა:

- ნუ ენდობი, მარაბდელო, ფარსადან მახეს გიგებსა.

არ დაგინდობს ეგ ბოდბელი, გულში რამ ცუდი უდევსა.

არსენ არ დაუჯერებსა და ჯიქივით ახირდესა:

- თუ ღალატი უნდოდესა, აქ მომგვრიდა ყაზახებსა.

ორი შვილი მოვუნათლე, ორი ხატი გაუწყრესა,

ახალციხეს დავიხსენი, გაუგზავნე ბოდბისხევსა.

- აქ ყაზახებს რად მოგიყვანს, ჯილდო თვითონ უნდოდესა!

შეჯდა ლურჯას მარაბდელი, სტუმრად შორსა წავიდესა.

ფარსადანმა რო გაიგო, შუა გზაზე დაუხვდესა.

უღიმის და ეფინება: “ნირი არა წამიხდესა.

ამისთანა ვაჟკაცთანა ათი კაცი რას გახდესა.

- არსენავ, გენაცვალები, სიზმარი არ ამიხდესა.

ლურჯას ნელა ატარებდე, არაფერი წაუხდესა.

როცა ბინას მიაღწევსა, ცხენიდანა ჩამოხტესა.

იარაღი აიყარა, ნათლიდედას აბარებსა.

“ხვალ თუ მშვიდობით გათენდა, ადრიანად დამჭირდესა”.

ნათლულებს და ნათლიდედას საჩუქარსა მიართმევსა.

- “მშვიდობაში ატარებდეთ”. ერთ ოქროსაც დაურთებსა.

“შემწვარი და მოხრაკული წინ ტაბაკით მიართვესა”.

სამი ხელადა დასცალა. ღვინით რომ ვერ დაათვრესა,

ის ვერაგი ფარსადანი ჯიხვში ბანგსა ჩაურევსა.

“დამთვრალსა და თავნატკენსა ტკბილი ძილი მოუნდესა.

“ნაბადი და ბალიშები საჩქაროზე მიართვესა,

“ზედ ტყავები წააფარეს: “არსენას არ შესცივდესა”.

“ამ წამხდარსა ფარსადანსა გუნებაში რა უძევსა?

“შუაღამე რომ შეიქნა თავის ამქარში გასწევსა”.

გიგოლაც იქვე უცდიდა, ოძელაშვილს მიადგესა.

“ათი-თორმეტი მეცხვარე თავს მძინარეს დააწვესა.

“ეს ოხერი და ტიელი, რა ბუზები მასხედს ესა?

“ათს ადვილად წამოუდგა, ყველას მუშტით ამტვრევს ყბებსა”.

თოფ-დამბაჩა გაახსენდა, ხმალ-ხანჯალსა სძებნიდესა.

ვაი რა დროს მიასწარით! არსენს ბრძოლა უმძიმდესა.

“მეთერთმეტე, მეთორმეტე არსენას უკრავდეს ხელსა.

“ისე მაგრა გაუჭირეს, ფრჩხილებში სისხლი გასწვეთსა”.

- ვაჰ სადა ხართ როსტომ, სულხან, ერთი ამათ დასჭყივლეთა!

თქვენი რჩევა არ ვიჯერე, ახი იყოს ჩემზედ ესა!

“ნათლიმამავ, ნუ მღალატობ, ნუ ჩამაგდებ მტრების ხელსა!

“მე მღალატობ, ნათლიმამავ, იქ რას ეტყვი მაღალ ღმერთსა?

“ჩემს მაგიერ სამართალსა ღვთისმშობელი გაგიჩენსა.

“ნუ მღალატობ, ფარსადანო, ნუ ჩამაგდებ მტრების ხელსა.

“ორას თუმანს აქ გაჩუქებ, სამას თუმანს გომარეთსა”.

“ფარსადანს ასე ეგონა, ჩინს მომცემენ, ტემლაკებსა”.

ხუთას თუმანს იქ გავიკრავ, ჩემს წვრილს ცოლ-შვილს ხომ არგებსა.

მისი ლურჯა, მისი ცხვარი, თოფხანჯალიც მე დამრჩესა.

დიდი ვინმე ყაჩაღია, სხვა ვერავინ დაიჭერსა.

ფარსადან ბოდბისხეველსა სახელიც გაუვარდესა.

“ეს არსენა ცხენზე შესვეს, ძირს ფეხები გაუკრესა:

“ბიჭი მარდია არსენა, გზაზედ არსად გადმოხტესა”.

მოჰყავთ არსენ თრიალეთზე, იარეს და ატარესა.

ფარსადანი შორით მოსდევს, ემალება მარაბდელსა.

თვალში თვალსა ვერ უსწორებს, ვერც ხმას იღებს იმ მურდალსა.

მარაბდელი ვიწროებში ფიცის გამტეხს იხელთებსა.

“მოუბრუნდება ფარსადანს, კამეჩივით შეუბღვერსა:

- “რას მიპირობ ნათლიმამავ, თუ წაუველ იმათ ხელსა?

“თრიალეთში ცხვარს გაგიწყობ, ბარში დავწვავ შენსა ძნებსა.

“მირონსაც აღარ დავეძებ, ღორივით გამოგჭრი ყელსა”.

ის გიგოლა ნაბუშარიც იწირპლება შორიშორსა.

არლოვს მიჰგვრის ოძელაშვილს, კვლავ მისცემენ დიდ ჯილდოსა.

როსტომ, სულხან გამორბიან: “დავეხმაროთ ძმადნაფიცსა”.

ვერ მოუსწრეს, სიმწარისგან ორივ ხელი თავს იცესა.

“ჩამოიყვანეს ქალაქში, თვალებიდან ღვრიდა ცრემლსა”.

“მთელი ქალაქის ბიჭები მტრედის გუნდივით დასდევსა”.

სირაჯები, კინტოები, ხელოსნები შემოკრბესა:

- გამო, საქულ, ერთი ნახე, მარაბდელი ემე ქნესა!

- ვაჰ რა ჯიქი შეუბოჭავთ! დამჭერს ღმერთი გაუწყრესა!

არსენ ისე იღიმება, თითქო ციხე დაეპყროსა.

“იმერლები იძახიან: “კი-კი-კი-კისა და ქვესა!”

“სომხები გაიძახიან: “ლავე ბიჭი არის ესა!”

“ოსები კი იძახიან: “ხორზუ, ხორზუ არის ესა!”

“რუსები - “ოჩენ ხაროში, ეი ბოღუ მალადეცა!”

ერთიც ვნახოთ მოედანზე ლოპიანა გამოჩნდესა.

თან გიგუაც აედევნა, ორივ უკან გამოჰყვესა.

თუ ამ კაცსა ვერ ვუშველით, თავი რაღად გვინდოდესა!

- ლოპიანავ, გამარჯვება! ხედავ როგორ შემბოჭესა?

ყურშა მომდევს, შემინახე, ვინ იცის სად დამჭირდესა?

სიონი რომ გაატარეს, არლოვს კარზე მიჰგვარესა.

არლოვი გამობრძანდება, ბალკონიდან გადმოსცქერსა.

ელდა ეცა და გაფითრდა, ლამის ქვეით ჩავარდესა.

გრიგოლა რომ დაინახა, უცებ ეზოს ჩაგორდესა.

ორივეს გაუჯავრდესა, თავსა და პირს დაამტვრევსა.

ორივენი იძახიან: “ვერ გავიგეთ, რათა გვცემსა?”

არაფერი არ აჩუქეს ფარსადანს - იმის დამჭერსა.

ორივეს ასე ეგონათ: “ჯამაგირსაც გაგვიჩენსა”.

“იმდენი მამა უცხონდათ, რამდენიც იმათ მისცესა”.

“ერთი ოთხიოდ პანღური ამოჰკრეს და გააგდესა”,

არსენა კი წაიყვანეს და ბნელ საკანს ჩააგდესა”.

ამაზე ადვილი რაღა იქნებოდა! თავდაპირველი საქმე კი ჯერ გადაუჭრელი დარჩა: რა ჰქნას ახლა არლოვმა? როგორ დაჰფაროს თავის სამარცხვინო საქციელი? თაღლითობას დააბრალებენ, საქვეყნოდ თავს მოსჭრიან, სამუდამოდ დაღუპავენ.

რა მეტიჩარა ყოფილა ის ვიღაც ფარსადანი! ვთქვათ იმან არა იცოდარა, მაგრამ ამ გიგოლას რაღა ღმერთი გაუწყრა! ხომ იცოდა იმ სალახანამ, რომ არსენა უკვე მკვდარია და მის მოკვლისთვის თვითონაც მიიღო ჯილდო! ხელახლა მოუნდა საჩუქარი? მაშ კარგი, ინებოს: არლოვი ისე “დაასაჩუქრებს” იმ ჰარამზადას, რომ...

დაასაჩუქრებს, მაგრამ არსენას რა უყოს, არსენას?!

და ბრაზმორეული მაიორი გალიაში მომწყვდეული მგელივით ჰბორგავდა ოთახში. სწორედ ამ დროს შემოუსწრო კუჭატნელმა. მას უკვე გაეგო არსენას დაჭერა და აღარ იცოდა, მოელოცნა მაიორისთვის თუ სამძიმარი ეთქვა.

- გაიგე, გიორგი რა გასაჭირში ჩავვარდი? - შესჩივლა მაიორმა. - თავი მომეჭრა! ვიღუპები! მეტი გზა აღარა მაქვს: მთავრობას უნდა პატაკი მივართვა და ჯილდოც დავუბრუნო.

- ვის უნდა დაუბრუნოთ, ვის უნდა მისცენ ის ჯილდო, გიგოლას თუ ფარსადანსა? - ჯუჯღუნით ჰკითხა უცხვირპირო სეფისკვერაძემ.

- უუჰ მაგათი დედა და მამა! - გულიანად შეუკურთხა მაიორმა. - გაიქეცი, გიორგი და არსენა ამოიყვანე. იმას მაინც გავიგებ, როგორ გაცოცხლდა ეგ ყაჩაღი.

რამდენიმე წუთის შემდეგ არსენამ შემოალაჯა და იმ ოთახში სინათლე და უდარდელი ღიმილი შემოიტანა. მარაბდელმა ხალვათი სალამი მისცა მაიორს, შუა ოთახში აისვეტა და ცერა თითები, ხანჯლის ტარს შეჩვეული, ქამარში ჩაიწყო.

- გამარჯვება, ყაჩაღო! - მხიარულადვე მიესალმა მაიორი. - ვერ იქნა და მე და შენ ვერასგზით ვერ გავიყარენით, უკვდავი ვინმე ყოფილხარ. გიორგი, გადაუთარგმნე!

- ასე მოახსენე მაგ ბატონს: უკვდავი მაშინ ვიქნები, თუ ახლაც გადავრჩითქო. - მიუგო მარაბდელმა.

- ვერ მოგართვი! გათავდა! ბასტა! გადაუთარგმნე გიორგი! მაღალი ღმერთიც ვეღარ გიშველის. აი შენი დასასრული. - და მაიორმა სამი თითი მოიჭირა ყელზე. - აბა ახლა გვიამბე, ვინ გიშველა, როგორ გაცოცხლდი?

არსენამ დალაგებით უამბო.

- მაშ იმ ძაღლს დავუღუპივარ? - წამოიძახა არლოვმა.

ოძელაშვილმა სეფისკვერაძის ცხვირპირს გადაჰხედა და უნებურად გაიღიმა. არსენას თვალს არლოვმაც გააყოლა თვალი და იმანაც ჩაიღიმა. დალახვროს ეშმაკმა ის ჭირიანი! იმ მურდალს ჯადო ხომ არა აქვს? მაიორს ჯილდო დააკარგვინა, კუჭატნელს კი მედალი აშოვნინა, და სამაგივროდ უცხვირპიროდ დასტოვა.

- ის ძაღლი ახლა სად არის? - ჯავრის ამოსაყრელად თუ იკითხა მაიორმა. გიორგიც კბილებით ჩაეჭიდა ყურშას.

კუჭატნელი: გეკითხება, ძაღლი სად არისო?

არსენა: შენი მოსისხლე ძაღლი? აკი გითხარი, მთაში დარჩა მეთქი.

კუჭატნელი: იარაღი და ლურჯა?

არსენა: ფარსადანს შერჩა. მაგრამ თუ ხელიდან წაგიველით, ვაი იმის დედის ღმერთსა!

კუჭატნელი: ნუ მიჰქარავ! მაიორი შარშანვე დამპირდა. თუ არსენა დავიჭირეთ, მისი იარაღი შენთვინ მიჩუქებია და ლურჯაცაო. ხელი აიღე, დაივიწყე. შენი ცხენი ბევრჯერ ვნახე სიზმარში და მისი ზურგი ჩემს ლაჯებს ვერ ასცდება.

არსენა: ცოცხალი თავით არ დაგანებებდი და ახლა კი... შენ რომ ვაჟკაცი ყოფილიყავი, ჩემს ლურჯასაც და იმ იარაღსაც თრიალეთში იშოვიდი. გახსოვს ის ღამე, კურდღელივით რომ გამექეცი?

მაიორი: გიორგი, ერთი ჰკითხე მაგ ყაჩაღს, ახალციხეში ვისთან იმალებოდითქო?

არსენა: ჯვარს რომ მაცვან, მაინც არ გეტყვით.

მაიორი: არც საჭიროა. მეც ვიცი. თამარაშვილის სახლში იმალებოდნენ. მაგრამ იქიდან სად გადავიდნენ და ვინ იყო მეორე დაჭრილი, არსენასთან ერთად რომ წაიყვანეს?

არსენა: არ ვიცი. არ მინახავს. მე უგონოდ ვიყავი.

მაიორი: არც იმას იტყვის, სად არიან მაგის ცოლ-შვილი, ფიქრია, კოჭლი რუსი, ლაცაბიძე, ის ალქაჯი ქვრივი და დანარჩენები?

არსენა: ყველანი გაიფანტნენ, ჩემი ცოლ-შვილი და ფიქრია კი სათათრეთში გავგზავნე.

ამ დროს კარებში გიგოლას წირპლიანმა თვალებმა შემოიხედეს. მაიორმა თითი დაუქნია. გახარებული ნაბუშარი ფეხაკრეფით შემოვარდა და გაიჭიმა. არლოვმა მას უწმინდურსავით ორი თითი წაავლო კისერში, მოატრიალა და ისეთი პანღური ამოჰკრა, რომ ჯაშუში კარებს მიახეთქა და თანაც ერთადერთი სიტყვა მიაყოლა - მსუქნად, მადიანად და სისინით:

- ბა-ა-ალვან!!! - ბეყეჩავ!

არსენამ ძლივს შეიმაგრა ხარხარი, არლოვი კი ბოლთის ცემას შეუდგა და კარგა ხანს სდუმდა. მერმე დაჯდა, ოქმი შეადგინა, არსენას ხელი მოაწერინა და ოძელაშვილი ნარიყალას ციხეში გაგზავნა, თვითონ კი სამხედრო გუბერნატორის სახელზე პატაკი დასწერა და გაუგზავნა, მერმე წითურ თმაში იტაცა ხელი და ტახტზე მიესვენა.

ახლა კი ნამდვილად იღუპება მაიორი!

* * *

ნარიყალას სერის წვერზე ორიოდე ათასი წლის ციხეა გაშენებული. უწინ აქ მეციხოვნე ჯარი იდგა და ციხისთავები ცხოვრობდნენ, ხოლო ახლა ციხეს საომარი კბილები დააძვრეს, საპყრობილედ გადააკეთეს და თოფხანაც გააფართოვეს.

პიტალო კლდის ძირში დაბახანას ხევის გაღმა განჯის კარი იდგა და იგი ვეება ბოქლომივით ედო სამხრეთ ქალაქს. სპარსელების დროს ციხისთავები ხშირად უთვლიდნენ ურჩსა და მორჩილს, ერთგულსა და ორგულ თავადებსა და ბატონიშვილებს: შაჰინშა გიბარებს და მიბრძანდითო.

დაბარებულნი გულის ფანცქალით მიადგებოდნენ ხოლმე განჯის კარს და მათი ბედის წიგნიც აქ იხსნებოდა: ციხისთავი შემწყრალს იქვე მოჰკვეთავდა თავს და მტკვარში გადააგდებდა, ხოლო შეწყალებულს ხალათს აჩუქებდა და გამოაბრუნებდა, ან გზას გაუხსნიდა და დაბარებული თავის წიგნის წასაკითხავად შორეულ თეირანს ან უფრო შორეულ ისპაანს მიემგზავრებოდა.

შემდეგ დრონი იცვალნენ და ციციანოვ-ციციშვილებმა ეს კარი მოშალეს და ჩრდილოეთის მხრივ მოაბეს.

დროების შეცვლას პატიმართა სიმრავლე მოჰყვა. მტკვარში უთავოდ ცურაობას ისევ დილეგში ჯდომა სჯობდა. მაგრამ ნარიყალაში ორმოცი პატიმარიც ძლივს ეტეოდა და ამიტომ ამ ნაციხარს გაღმიდან მეორე ნაციხარი მიეშველა: ერმოლოვმა მეტეხიც საპყრობილედ გადააკეთა, პასკევიჩმა დაასრულა და ორმოცის ნაცვლად ოთხას ტუსაღს გაუჩინა სადგომი. კვლავ ხანი გაივლის, მეტეხი თანდათან გაიბერება და სამჯერ ოთხასსაც დაიტევს.

ზის ოძელაშვილი ბნელ დილეგში და ბედის განაჩენს ელოდება. პურის ნატეხი, წყალი და სალაფავი - აი მისი ულუფა.

დღეში ერთხელ კალთის ოდენა ეზოში გაიყვანენ და სუფთა ჰაერს ჩააყლაპინებენ. მარაბდელი ქვაზე სადმე ჩამოჯდება ან ვიწრო თხემზე დაბორიალებს და თავის ფეხთა ქვეშ გადაშლილს ნახევარ ქალაქს და თვალუწვდენელ მთა-მინდვრებს გადასცქერის.

აჰა ღრმა დაბახანა, აბანოები, თათრების სასაფლაო, კოჯრის მთები, თაბორის ქედი და შავნაბადას კალთები.

რამდენჯერ გადაუვლია ოძელაშვილს ეს მთა-გორები! იქიდან ხელისგულივით მოსჩანს კუმისის მოკამკამე ტბა, მარაბდის ველი და სამი მდინარის ტრამალი. - ღარიბი ალგეთი, ძველი ქცია ანუ ხრამი, და მის მსგავსად სახელ-შეცვლილი ბერდუჯი ანუ დებედა. იქ, მარაბდაში, ცალთვალა ნადევარი ცხოვრობს, გვერდით თავმდაბალი ერეკლე უდგას და სიბერის ჟამს ლამობს მინგრეული მამულ-დედული ერთხელ კიდევ აღადგინოს.

ნარიყალას ძირში ერევნის გზა აბანოების შუა ამოდის, განჯის ნაკარევში გაივლის, აქედან კრწანისის გვერდით ჩაუხვევს და საბაჟოსაკენ დაეშვება. იქ სპარსული სეიდაბადი და ქართული ორთაჭალა გაჭიმულა. უთავბოლო ბაღ-ვენახებში მტკვარი ვერცხლის დაკლაკნული ზოლივით ჩაწოლილა. წყლის გაღმა სამგორის ვეება ველი გაჭიმულა, სადაც არსენა შარშან ზამთარში თავის და სხვის ცხვარს აძოვებდა. შორს მინდორში, ნავთიანის იქით, ბარბალეს გუმბათი ლაპლაპებს. მეტეხის უკან ისანი გაწოლილა და არსენას გულიც მუდამ იქით მიიწევს.

აგერ იქ, გოგილოს აბანოს გვერდით, ერთი მიყრუებული სახლი სდგას და არსენას სულიც ცისმარე დღეს იმ სახლს დასტრიალებს. იქ იდგა მისი ოჯახი, იქ სცხოვრობდნენ მისი მარინე, ფიქრია და პაწია დათუნა, ხოლო მამაკაცები გაზაფხულამდე სამგორის ბინებში იმალებოდნენ და ხანგამოშვებით თითო თითოდ მორიგე ქურდივით მოდიოდნენ ისანში და ალიონზე ისევ ქურდულად იპარებოდნენ სამგორში.

ნეტა ვინმე გააგებინებდეს ოძელაშვილს, ისევ ჯავახეთში დარჩნენ მისი ძმადნაფიცები და ცოლ-შვილი თუ ნაადრევად გამორეკეს ცხვარი და ისევ ისან-სამგორში დაბრუნდნენ? მარაბდელმა ჯერ არ იცის, - ან საიდან გაიგებდა, - რომ მაიორის მიერ გატყეპილმა ფარსადანმა და გიგოლამ ისევ არსენაზე ამოიყარეს ჯავრიც და დაკარგული ჯილდოც: ქალაქისკენ წამოსულ სულხანსა და როსტომს გვერდი აუქციეს, ისევ თაფარავანის მიდამოებში აცვივდნენ, ორი ქალის და კოჭლი რუსის ანაბარად დარჩენილ ბინას მიუხტნენ და მთელი ფარა გამოირეკეს, ხოლო კარპიჩა, ავადმყოფი მეშთა და დედაკაცები მარტო იმიტომ არ მოჰგვარეს მაიორს, რომ მისი პანღურისა და რისხვისა ეშინოდათ. ნაბუშარმა საერთო ნაალაფევის თავისი ნახევარიც ფარსადანის ფარას შეუერთა და გამარჯვებული დაბრუნდა ქალაქში.

განჯის კართან მრავალი ხალხი, სახედარი, აქლემი და ურემი ირევა. ზოგჯერ იქვე განზე სამიოდ-ხუთიოდე ქალი და მამაკაცი გამდგარა და არსენასკენ იცქირებიან. ერთი მათგანი რაღაცას უკივის - ნეტა სულხანი ხომ არ არის? მეორე ვინმე ხელსახოცს უქნევს - როსტომი ან კარპიჩა თუ იქნება? ის დაბალი დედაკაცი, ხელში რომ ბალღი უჭირავს, მარინე ხომ არ არის? ის მაღალი ვიღაც ქალი ალბათ ფიქრია იქნება.

და არსენაც ხელს უქნევს და სალამს უთვლის მათ. მაგრამ ვინ იცის ვინ არიან და ვის უძღვნის ოძელაშვილი ცხარე სევდას და სიხარულს?

ზოგჯერ იქვე ცხენიანი ვინმე გაჩერდება და ნარიყალას დააშტერდება - ნეტა ცალთვალა ხომ არ ჩამოვიდა? კვირაში ორჯერ განჯის კართან მცირე მოლზე სუფრას გაშლიან. დუდუკი ბუტბუტებს, ვიღაცა ცეკვავს, ჭრელი ხელსახოცი ფრიალებს, რაღაც ყვირილი ისმის - ნეტავ ლოპიანა ხომ არ ქეიფობს? ნეტა გიგუას ხომ არაფერი განუზრახავს?

ძმადნაფიცებს, გიგუას და ლოპიანასაც ბარემ ჰქონდათ კეთილი ზრახვა, და ის ციხეც ყოველმხრივ დაჰსუნეს და გაზომეს, მაგრამ იგი მიუვალი აღმოჩნდა და ახლა მასღა ლამობდნენ, რომ არსენასთვის როგორმე ხმა მიეწვდინათ ან ორიოდე სიტყვა მიეღოთ მისგან და მერმეღა გაებათ რაიმე ქსელი და ხრიკი რამ გამოეძებნათ.

ბოლოს ორიოდე სახრიკო სიტყვა ისევ არსენამ მიაწოდა. ერთ დილას მოდარაჯე სალდათს ქაღალდის ნაგლეჯი გამოსთხოვა, ლურსმანზე გაიკაწრა ხელი და თავისივე სისხლით დასწერა: “ძმებო ვიღუპები და მიშველეთ. იქნება აბანოში წამიყვანონ და იქ სადმე დამიხვდით”. შემდეგ ახალუხის კალთა მოიხია, შიგ წერილი და კენჭი გაახვია და როცა კლდის თხემიდან გუმანით მიგნებულ თავისიანებს მოჰკრა თვალი, ის კენჭი ისე ძლიერ გასტყორცნა, რომ იგი ხევის გაღმა დაეცა. ვიღაც უცნობმა ხელსახოცის ფრიალი შესწყვიტა, ხევში ჩამოგორდა, წერილი იპოვა და გიჟური ხტუნვა და კივილი ასტეხა.

“კოჭლობს! მაშ კარპიჩა ყოფილა!” - გაიფიქრა მარაბდელმა და თვითონაც შეფიცხდა: თვითონაც ხელსახოცი დაუქნია და ომახიანად ჩასძახა:

- რუსო, გამარჯვებააა!

- ტი ჩავოო? - შემოუტია მარაბდელს სალდათმა.

- ნიჩავო, ძმაო, ნიჩავო. - მხიარულად მიუგო არსენამ და ცისკენ გაიშვირა თითი. - აგერ, შეჰხედე, ზევით მზე ანათებს და მიხარიან.

და იმავ საღამოს დაჟინებით მოსთხოვა ციხისთავს, აბანოში წამიყვანეთო. მეორე დილით მარაბდელი ქალაქში ჩაიყვანეს და მაიორს მიჰგვარეს. არლოვმა ორი საათი მაინც აწვალა ოძელაშვილი: სთქვი, ვინ-და-ვინ იყვნენ შეფიცულებიო?

- აღარ მახსოვს... დამავიწყდა... არ გეტყვი!

თურმე არსენას დაუხოცია ჩაჩიკაშვილი, საგინაშვილი, ხუთიოდე სხვაც და მასვე გაუძარცვავს უამრავი გლეხი, მოხელე, თავადი და აზნაური.

- ტყუილია! არც არავინ მომიკლავს, არც არავინ გამიძარცვია! - ცხარედ და გულწრფელად იმეორებდა ოძელაშვილი.

ხომ არსენამ და მისმა ძმადნაფიცებმა დაუხოცეს მაიორს ალგეთის ხეობაში ჩაფრები და სალდათები?

- რაც მართალია, მართალია! - მოკლედ მოსჭრა მარაბდელმა.

არსენამ დასწვა ბარათაშვილის სახლკარი.

- ტყუილია! ბოლოს მივედი. არც კი ვიცოდი, თვითონ ბარათაშვილს ჰკითხეთ.

არსენამ აჰყარა ყაზახებს თოფ-იარაღი.

- სად? კოდის დუქანში? აბა რა დასამალავია! მე, საწყალი ოსტაპი და საწყალი სიმონა ვიყავით.

მართალია თუ არა, თითქო მარაბდელი ახალციხეში თათრების მხარეზე ყოფილიყო და რუსებისა და ქართველების სისხლი დაეღვაროს?

- აგრე გახლდათ. საცა სიმართლეა, მეც იქა ვარ ხოლმე.

რად მოაგროვა ოძელაშვილმა ტყის ძმები? ვის ებრძოდა ან რა ჰქონდათ უზურში?

- ჩვენ ბატონებს ვებრძოდით და უზურში მიწის დაჩემება, თავისუფლება, ძმობა, ერთობა და პატიოსანი შრომა გვქონდა.

რუსის ხელმწიფეზე და ჯარზე რაღას იტყვის არსენა?

- თუ ისინიც ბატონების მხარეზე იქნებიან, იმათაც ზედ მივაყოლებთ.

კეთილი და პატიოსანი. ამასაც სიტყვასიტყვით ჩასწერენ. ახლა ესეცა სთქვას ოძელაშვილმა, რატომ გააჟლეტინა მან სუმბათაანი? რა დააშავეს ბავშვებმა და ქალებმა?

- რაო?! - და ახლა კი ზე წამოიჭრა მარაბდელი. - მე გავაჟლეტინე?! ვინ მოიგონა, ვინ მოსჭორა?! ან თქვენ როგორ დაიჯერეთ!

აგრე იყოს. ვთქვათ არსენა ამ საქმეში არ ერია. ახლა მან ერთადერთი სიმართლეცა სთქვას და მაიორი ახლავე აუხსნის ბორკილს და სულ გაანთავისუფლებს. აბა, მარაბდელო, მოახსენე მაიორს, სად იმალებიან შენი ცოლ-შვილი და სულხანი, კარპიჩა, როსტომი?

- თარჯიმანო, ერთი ჰკითხე ამ ბატონს, ეგ გაგიჟდა თუ მე ვგონივარ გიჟი?

მაიორს გაახსენდა, რომ მან რამდენიმე წლის წინათ ღვთისავარისგანაც ასეთივე პასუხი მიიღო. გაახსენდა და გაჩუმდა. შემდეგ თვითონ მარაბდელი შეუჩნდა არლოვს: ნება მიეცით მას თავის დედ-მამას გამოეთხოვოს და ერთხელ მაინც წავიდეს აბანოში.

- მაგაზე ადვილი რაღა იქნება! აბანოში ხვალვე წაგიყვანენ და ვისაც გნებავს გამოეთხოვე. - მაშინვე დაუთმო მაიორმა. - ყველანი დაიბარე და ინახულე - დედ-მამაც, ცოლიც, ფიქრიაც და ძმადნაფიცებიც.

არსენამ ჩაიღიმა, ოქმს ხელი მოაწერა და გაიფიქრა: “რაკი ასე ადვილად დამითმო, სჩანს ჩემი საქმე ძაან ცუდად ყოფილა. ამბობენ, ვისაც სიკვდილი მოელის, იმას ბევრ სათხოვარს უსრულებენო”. გაიფიქრა და სევასტი ლაცაბიძე გაახსენდა. გაახსენდა და კუჭატნელს ცეცხლი შეაყარა და მდუღარე წყალივით შეასხა:

- შენზე ამბობენ, სევასტის და სიმონას ჩამოხრჩობაში წილი მიიღო და დიდი უნარიც გამოიჩინაო. მართალია თუ არა, გიორგი?

- შენზედაც გამოვიჩენ. - ძაღლურად შეუღრინა კუჭატნელმა და მოჭმული პირსახითაც აღრენილ ძაღლს დაემგვანა.

- ერთხელ შენი ხელით ჩამოხჩობას მირჩევნიან რომ სხვა ვინმემ თხუთმეტჯერ ჩამომახჩოს. - მიუგო მარაბდელმა, - ღმერთი დიდია და იქნება შენი ხელი ამაცდინოს. მაგრამ თუ სულ ამაცდინა, მაშინ... მაშინ მიფრთხილდი, კუჭატნელო! ვაი დედასა! - და ოძელაშვილმა ისე ჩაიბაგუნა მკერდზე მუშტი, რომ წერაში გართული მაიორი შეკრთა და გასწორდა.

მეორე დღეს ოძელაშვილს ოთხი სალდათი მიუყენეს და აბანოში წაიყვანეს. არსენა მხიარულად მიაჩხარუნებდა ბორკილებს და აქეთ-იქით იხედებოდა. აგერ ლოპიანამ და გიგუამ ჩაუკრეს თვალი და შორი-ახლოს აედევნენ. სიონის წინ როსტომი ქვის ბოძივით დარჭობილა. სულხანი წინ მიუძღვის არსენას. კარპიჩა გვერდით მისდევს სალდათებს, მზესუმზირას აწკაპუნებს. “ზემლაკებს” ემცნაურება, უცინის, მერმე კუთხეში შეაჩერებს და ჩუმჩუმად ჯიბიდან ამოღებული არყით უმასპინძლდება. ეს ერთი... ესეც ორი... თითო კიდევ გადავკრათ - “ზა ნაშუ მატუშკუ რასიუ!”

იქვე დუქნიდან ლოპიანა გამოგორდება და დაიძახებს:

- ვაა, რაზვე მოჟნა ბეზ ზაკუსკა?! უცხო ქვეყანაში გადმოუკარგიხართ და მგონი მშივრებს გხოცავენ. ზახოდი, რაღა! შემობრძანდით!

კარპიჩაც მიაწვა და სალდათები და მათი პატიმარიც დუქანში შერეკა.

- სვით და სჩამეთ! დახლიდარო, მოიტა! ჩემი ზემლაკები არიან და ისე უნდა გამიზღო, რომ ერთ კვირას ეკოს.

და მართლა იმდენი სვეს, რომ ერთმანეთს ძლივსა სცნობდნენ. მაგრამ არსენას მაინც არ ივიწყებდნენ და ერთი ნაბიჯითაც არ შორდებოდნენ. მერმე ისევ შუაში ჩაიყენეს და ბარბაცით მიიყვანეს აბანოში.

არსენას როსტომი და კარპიჩა შეჰყვნენ, სხვები კი გარეთ შექუჩდნენ და ჩურჩული გააბეს. უცბად “დროშკით” მომავალი მაიორი დაინახეს და ბეღურებივით გაიფანტნენ. რაღა მაიორსაც ახლა მოუნდა ამ აბანოში მოსვლა? იქნება გაიგო რამე? იქნება უკან ყაზახებიც მოსდევენ? გიგუამ თავი გამოიდო და თამამად შეჰყვა არლოვს, რომელიც მას სულაც არ იცნობდა. არლოვმა კეთილშობილთა მხარეს შეუხვია, არსენა კი მდაბიოთა საბანებელში შესულიყო. აქ კარის წინ ოთხი სალდათი სთვლემდა. გიგუამაც მაშინვე გაიძრო ტანსაცმელი, შიგნით შევარდა, იმ აუზში ჩახტა, საცა როსტომი და სულხანი გაცხარებით ჰქლიბავდნენ არსენას ბორკილებს, ჩახტა და ჩაუბუტბუტა:

- ბიჭებო, მაიორიც ამ აბანოშია და დააჩქარეთ.

- მაიორიც აქ არის? - გაუკვირდა არსენას და ჩაფიქრდა. მერმე ჩაიღიმა და სთქვა: - ბიჭებო, იცით რას გეტყვით? ჩემი ტანისამოსით იმ სალდათებს ვერ გავეპარები და სხვა რამე უნდა ვიღონოთ.

- გავიგე. ახლავე დავბრუნდები. - ჩამოართვა სიტყვა გიგუამ და ისევ გამოვარდა.

სამიოდე წუთის შემდეგ რაღაცამ დაიჩახუნა და როსტომმა წაიბურტყუნა:

- გავათავე.

იმავე წამს ერთხელ კიდევ მოისმა ჩახუნი და სულხანმაც წაიბუტბუტა:

- მეც გავათავე.

გადაქლიბული და გადატეხილი ბორკილები აუზის კუთხეში ეყარა, უკანვე დაბრუნებული გიგუა კი დაბალი ხმით ეუბნებოდა ოძელაშვილს:

- ჩქარა გამოდი. ყველაფერი მზად არის.

მობანავენი აქამდისაც ეჭვის თვალით გასცქეროდნენ ამ ოთხ კაცს და სწრაფი ნაბიჯით გასულ ძმადნაფიცებს. ახლაც გაოცებული თვალები გააყოლეს. გასახდელ ოთახში ათიოდე კაცი იხდიდა და იცვამდა. მოღიმარე არსენა უმალვე ჩაჯდა მაიორის მუნდირში, რომელიც ვერასგზით ვერ შეიკრა. სამაგიეროდ საბეჭურებით მორთულმა წამოსასხამმა, დეზიანმა ჩექმებმა და სააფიცრო შავ-წითელა ქუდმა უშველეს. მხარგაშლილმა და გაჭიმულმა მარაბდელმა თამამად გადმოაბიჯა დირეს და პირდაპირ გასასვლელისკენ წამოვიდა.

მთვლემარე სალდათები დაფეთდნენ, გაეჭიმნენ და ნაგვიანევი “ჩესტი” მისცეს.

გამოვიდა თუ არა ოძელაშვილი ქუჩაში, მაშინვე თვალი მოჰკრა გადაცმულ კარპიჩას, რომელმაც ახალგაზრდა “მაიორს” მაშინვე მიუგდო საუკეთესო დროშკა და თითქმის მაშინვე შეუტია ცხენებსაც:

- Эй, вы, родимые, пошли! აბა გასწით, გენაცვალეთ!

ყაზახურად გადაცმულმა როსტომმა ძლივს მოასწრო ეტლზე ახტომა და შეხვეული იარაღის და პატარა ხურჯინის აგდება, სადაც არსენას ტანისამოსი, ტიკჭორა და საგზალი ელაგა.

ოძელაშვილმა ერთი წამით მიიხედა:

ლოპიანა ხარხარებდა, გიგუა ხითხითებდა, სულხანი იღიმებოდა.

მარაბდელმაც ჩაიცინა და კარპიჩას მიაძახა:

- გასწი, რუსო! ახლა გვდიოს ტიტველა მაიორმა!

- იმის დედაც და მამაც! - გადმოსძახა კარპიჩამ და ნასუქი ცხენები დააოთხა.

* * *

არსენა ერთხანს კოჯრის ციხესა და მიდამოებში იმალებოდა. ნაბუშარმა გიგოლამ თაფარავანს წართმეული იარაღი ლოპიანას მიართვა და შეეხვეწა, როგორმე არსენას დაუბრუნე, თორემ მე ვერ ვიხმარე და არც მინდა გავყიდო, თვითონ კი ისეთ ჯურღმულში შეძვრა, რომ ერთხანს მაიორი და კუჭატნელიც ვეღარ პოულობდნენ.

შემდეგ ოძელაშვილი ქიზიყში გადაფრინდა და ფარსადან მირზაშვილს მიუხტა ბოდბისხევში. მარაბდელმა თავდაპირველად თავის ლურჯას მოჰკრა თვალი. ფარსადანის ვაჟი, არსენამ რომ დაიხსნა ახალციხეში, არსენას ცხენზე შემჯდარიყო და გაქანებული ჩორთით მოაქანებდა. ლურჯამ რომ თავის გამზრდელი და მეგობარი დაინახა, გიჟივით დაიჭიხვინა და მოსხლტა, ბიჭმაც დროზე შეამჩნია თავისი ნათლია და ცხენს თავი მოუგრიხა. მას ჰსურდა გაბრუნებულიყო და თავის მამა გაეფრთხილებინა. მაგრამ ლურჯამ აღვირი აიგლიჯა, ატორტმანდა. მერმე წელი აიქნია და პატარა მხედარს ბოყინი გაადენინა მიწაზე, თვითონ კი მხიარული ჭიხვინით მივარდა ოძელაშვილს და მის ახალ ცხენს შეებობღა. არსენას ნათლული ვენახებს შეერია და მოღალატე მამა გააფრთხილა. მაგრამ გვიანღა იყო: მარაბდელმა გორდამ კარებში მიუსწრო ნათლიმამას და უკანვე შეაგდო.

დიდხანს მიიწევდა ოძელაშვილი მირონის დამქცევ ფარსადანზე და მთელ სოფელს ესმოდა მისი ხაფი შენაძახი:

- გამიშვით! დამანახვეთ! ფარსადანო, გამოდი! შე წუპაკო. სიკეთის მეტი რა მიქნია შენთვინა? შვილები დაგინათლე. ოჯახი საჩუქრებით გაგივსე და შენი ქალ-ვაჟიც ტყვეობიდან დავიხსენი. შენ კი მადლობის მაგივრად ჯერ ცხვარი დამტაცე და მერმე მაიორის ხელშიც ჩამაგდე?! უმადურო! ვერაგო! მუხანათო! გამიშვით მეთქი!

ფარსადანის ცოლ-შვილი, მისი ოთხი ძმა და მათი ჯალაბი ჟრიამულით მიჰსეოდნენ მარაბდელს, ლეკვებივით ეკონწიალებოდნენ, ფეხქვეშ ეგებოდნენ, მუხლებზე ეხვეოდნენ და ცრემლით ევედრებოდნენ:

- ნათლიავ, აპატიე! არსენ, ჩვენ შეგვინდე! ჩვენ შეგვიბრალე! ნუ დაგვაობლებ!

მთელმა სოფელმა იქ მოიყარა თავი, მაგრამ ყველანი განზე გამდგარიყვნენ და სდუმდნენ. წმინდა გიორგი ურჩხულის დასასჯელად მისულიყო და გლეხებს ვერაგობის გამოსარჩლება დიდ ცოდვადაც მიაჩნდათ.

გორდა ბუხუნს დაუკლებსა, კაცი არის და მოლბესა.

ხვეწნას რომ ვერ გაუძლებსა, მაშინ პირჯვარს დაიწერსა:

“ამდენ ხანს ვარ გავარდნილი, კაცის ცოდვა არა მძევსა.

ეხლა მოვკლა ნათლიმამა, ბოლოს სული წამიწყდესა?

გამობრძანდეს ფარსადანი, არას ვერჩი არაფერსა.

ვაპატიებ ნათლიმამას ჯერ მირონს და მერე ღმერთსა”.

ფარსადანი ჩოჩვით “გამობრძანდა”. ოთხით მოღოღავდა, მუხლის თავებს იქლეტავდა და ჰბღაოდა:

- ნათლი, ღორივით დამკალი! ახია ჩემზე! აჰა მოვდივარ და ნუ დამინდობ!

მიუცოცდა, მუხლებზე მოეხვია და ფეხები ცრემლით დაუსველა. მაშინ დაინახა მთელმა სოფელმა, რომ “თეთრი გიორგის ძმადნაფიცს” არსენას შენდობა უფრო ეხერხებოდა, ვიდრე დასჯა და დარბევა.

მარაბდელმა ხანჯალი ჩააგო. იმ-სიშორიდან მოვარდნილი შურისმაძიებელი ახლა ძლივსღა იმაგრებდა ცრემლს და ხელაპყრობილ ფარსადანს ერთ ხანს თავზე ხელს უსვამდა. მერე ფეხზე წამოაყენა და მოდუნებული ხმით უთხრა:

- იცი რა, შე ჩემი ცოდვით სავსევ, შენა! მინდოდა ღორივით დამეკალი, მაგრამ... ვაი, შენ, ჩემო თავო! ახლა შენი თავი ჩემი ნათლულებისთვინ და აქაური ქვრივ-ობლებისთვინ მიპატიებია. ჰო და ისა... რაც რომ შარშან მამა-ჩემს ცხვარი დააკელი და რაც ახალციხეში შენი შვილების დასახსნელი მიმიცია, აქაურ ღარიბებსა და ობლებს დაურიგებდე და ჩემ სახელსაც ავად აღარ ახსენებდე. ჰო და ახლა შენ იცი და შენმა კაცობამა.

- ნათლიმამ, შენ კაცი კი არა, წმინდანი ყოფილხარ, წმინდანი! - შესძახა ფარსადანმა და საკოცნელად მიიწია. მაგრამ არსენამ ფრთხილად მოიშორა და ხალხში შეერია.

ფარსადანი ერთ ხანს გახევებული იდგა, შემდეგ გატრიალდა და თავისიანებს დაერია:

- აბა, გიგუცავ, ახლავე ცხენზე შეჯე, ჩვენს ბინაში გაიქე, ის ცხვარი გამოარჩიე. თაფარავანს რომ ღმერთი გაგვიწყრა და მოვიტაცეთ, და სამგორის ბინებში მიჰგვარე ნათლიმამას. ორასი ცხვარიც დაარჩიე, ღვთისავარს რომ დავაკელი, და აქ გამოჰგზავნე ჩქარა, ნუ იზლაზნები! ფიდუავ, შენ ექვსიოდე ცხვარი დაჰკალი, სოფელს და ნათლიას უნდა ვაჭამოთ! სანდრო, რაც თავი-ღვინო გვაქვს, სარქველი მოჰხადე! დედაკაცო, რას შემომცქერი! ჩქარა ცომი მოზილე! ბიჭებო, თორნე გაახურეთ! დატრიალდით! ღმერთო მწყალობელო, შენც შემინდე და ჩემგან ერთი კურატი შეიწირე! - მერმე შინ შევარდა, ცოტა ხნის შემდეგ ისევ გამოვარდა, ქართული თეთრი ფულით და რუსული აბაზიანებით სავსე ქუდი გამოიტანა და ხალხში შეერია. თან იმ ფულს ქვრივ-ობლებს და ღარიბებს ურიგებდა და ჰბურტყუნებდა:

- აჰა, წაიღეთ! შეგერგოსთ! არსენას მზეგრძელობა ილოცეთ!.. ესეც შენ!.. აი კიდევა!.. ნუ მერიდებით, აიღეთ!

ამ დროს ეზოში მღვდელი დოდაშვილი შემოვიდა - ძმა ქალაქში მყოფის მასწავლებლის სოლომონისა, იმასავით “კარგი პიიტიკოსი, ზრდილობასა შინა მოსაწონი, კაცი სწავლული, ქართულსა შინა ისტორიასა გამოცდილი”, და თავის ძმასავით მაღალი, ჯმუხი და მოუხეშავი.

ფარსადანი ახლა მას ეცა:

- მამაო, ღვთის ფიცი გავტეხე, მირონი დავაქციე და უნდა მიშველო. - ხელში ფული მიაჩეჩა და დაუმატა: - ჯერ ეს საწირავი მიიღე და შეევედრე უფალსა, რომ შემინდოს შეცოდებანი ჩემნი! ერთ კურატსაც დავკლავ და კიდევ დამაკისრე, რაც გენებოს, ოღონდ ეს ცოდო მომხადე.

* * *

ბაჯბაჯით და ზლაზვნით გავიდა სამი წელიწადი. მარაბდელმა დალი ჰასანი მოსძებნა, ყაზახში წაიყვანა და ერთ ხანს ზულგადარ ბეგს ემსახურებოდა. მაგრამ დიდხანს ვერ გასძლო, ისევ ქალაქში დაბრუნდა და ჰასანიც წამოიყვანა. მაგრამ ჯუჯა თათარმაც ვერ გაუძლო ქალაქს და ისევ ბორჩალოს ტრამალს და ლორის მთებს მიაშურა.

მარაბდელმა როსტომის და სულხანის გარდა ხუთიოდე სხვა მოზიარე იშოვა, ფარა მოიმრავლა და სარქლობა იკისრა. ბეჯითი და მცოდნე სარქალი გამოდგა ოძელაშვილი, ამიტომ ბევრი გლეხი აბარებდა მას თავის უკანასკნელ სარჩოს და თვითონაც მწყემსად მოსდევდა.

საზამთრო ბინა ისევ სამგორში ჰქონდა, ზაფხულობით კი ოსმალეთში გადადიოდა და არტაანის იალაღებზე აძოვებდა. კარპიჩა, მეშთა, სულხანი და როსტომი ოძელაშვილს აღარ ჰშორდებოდნენ და არც ოძელაშვილი იშორებდა მათ. ისინიც ნიადაგ ცხვარში სტრიალებდნენ და ისევ რიგრიგად და ქურდულად მოდიოდნენ ისანში, სადაც არსენას და სულხანის ჯალაბობა ისევ გოგილოს აბანოს მახლობლად იდგა.

ოძელაშვილის ვინაობა და ბინაც ძალიან ბევრმა იცოდა, მაგრამ ხალხს ჯერ შერჩენილი ჰქონდა პირის წყალი და არავინ არ მიდიოდა მაიორთან “ჩვენი არსენას” გასაყიდავად და ჯაშუშის სახელის საშოვნელად.

მარინემ და ფიქრიამ ახალციხეში თამარაანთ ჯალაბისგან ხელსაქმე ისწავლეს და აქაც გამოიყენეს. მშვენივრად ჰკერავდნენ, ჰქსოვდნენ, ჰქარგავდნენ და რამდენიმე მოწაფესაც ასწავლიდნენ. მაგრამ მესხეთში მათ ამაზე უკეთესი რამ ისწავლეს და არც ქალაქში ჩამორჩნენ: მარინემ უკვე სამი ვაჟი აჩუქა არსენას, ფიქრიამ კი ორი თმახუჭუჭა ქალ-ვაჟი გააჩინა და მესამესაც ამწიფებდა. ახლა დედაკაცები კარპიჩას, მეშთას და როსტომს შეუჩნდნენ და ცოლის შერთვას ურჩევდნენ.

- მოვესწრობი, რა მეჩქარება! - მორცხვად ამბობდა ჯორჯიაშვილი.

- ყაჩაღს ცოლი რად გინდა? დღეს ან ხვალ ჩამოგახჩობენ და ქვრივ-ობოლი უნდა დაგტოვო? - ამბობდა მეშთა.

- რა ჩემი საკმეა, კალი! ცოლ-შვილს შენახვა არ უნდა? - ურჩობდა კოჭლიც. - რუსეთში ერთი მკავს და ისიც მეკოფა. სანამ მე სალდათად ვიკავი, ჩემმა ცოლმა ხუთი შვილი გააჩინა და ისიც ეკოფა.

ერთხელ ამ ნასალდათარს გაახსენდა, რომ ოდესღაც ერთმა ბერმა ხატების დახატვა ასწავლა, გაახსენდა და საღებავი, ფუნჯი, სუფთა ხის ფირფიტები იყიდა და გულმოდგინედ შეუდგა საქმეს. დღეში ზედიზედ ღვთისმშობლის და ქრისტეს ხუთიოდე ხატს მაინც ჰხატავდა და არყისა და მზეუჭვრიტის ფასად ჰყიდდა. მის ნახელავს მხოლოდ სალდათები და გადმოსახლებული რუსის მუჟიკები ყიდულობდნენ, ქართველები კი ახლოსაც არ ეკარებოდნენ, რადგან შინ ხატის დასვენება ჯერ კიდევ დიდ ცოდვად მიაჩნდათ. ბევრს ეცადა კარპიჩა თავის მხატვრობის ფასი აეწია და მოხელეთა ოჯახებშიც გაესაღებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, ვინაიდან მის მიერ დახატული ძე ღვთისა ზედგამოჭრილი მრისხანე პუგაჩოვი იყო, ხოლო მარიამი უფრო მთვრალ “ბაბას” ჰგავდა, ვიდრე სათნოიან ღვთისმშობელს.

არსენას გამოულეველი სტუმარი ჰყავდა. ღვთისავარი, მელანო, პაპა მახარა და ერეკლე რიგრიგად მოდიოდნენ. ზოგჯერ ქვიშხეთიდან ხოსიტა, მაგდანა და ზურაც ჩამოდიოდნენ და კარგა ხანს რჩებოდნენ.

დათუნამ მორჩილების ყავლი გაათავა და ბერად შესდგა შუამთაში, სადაც მისი მოძღვარი ფილადელფოსი მოღვაწეობდა. დათუნა დროგამოშვებით ჩამოდიოდა არსენას ოჯახში. დილით-დილამდე ათიოდე სიტყვასაც ძლივს იმეტებდა, მორცხვად იღიმებოდა და ფიქრიას თვალს არიდებდა.

გადარჩენილი ძმადნაფიცები დარიის მონასტრის ეზოში წელიწადში ერთხელ სამღთოს ჰკლავდნენ და ამ დღისთვის ხოსიტას, ღვთისავარს და მათს ჯალაბსაც იბარებდნენ. პანაშვიდს დათუნა ბერი სწირავდა, აღაპების კითხვის დროს სასოებით იხსენიებდა სევასტის, სიმონას, ოსტაპს, პაპუნას, ნასყიდას, საბას და “ყოველთა ძმათა მათთა, რომელთაც კეთილი საქმისათვის დასდეს თავნი თვისნი უმწიკვლონი”.

ძმადნაფიცებს ცრემლი ჩამოსდიოდათ. ქელეხის ჭამის დროს “უმწიკვლოთა” სულის საცხონებელს სვამდნენ, პურზე ღვინოს აწვეთებდნენ და შინისკენ თითქმის ფხიზლები ბრუნდებოდნენ.

ერთხელ ახალგაზრდა ბერმა გაკვრით ჰკითხა არსენას:

- გახსოვს გლეხები რომ აიშალნენ და ძლივს დავამშვიდეთ?

- მე არ დამიმშვიდებია. - გაააწყვეტინა მარაბდელმა.

- ვიცი. ყველაზე მეტად შენ ააფორიაქე. მე სხვა რამეს გეკითხები. მაშინ რომ აგყოლოდა ხალხი და იარაღი რომ გეხმარნათ, საქართველოს ეშველებოდა რამე თუ დაიღუპებოდა?

არსენა გუმანით ჰგრძნობდა, რომ მაშინ მისი საქმე უდროულობამ ჩაშალა და ხალხი იმიტომ არ გაჰყვა ბოლომდე, რომ გლეხობასაც გალესილი გუმანი ჰქონდა და ამიტომ ჯანდაბას დოზანა ამჯობინა.

- ვინ იცის, იქნება მართლა გადავრჩით. - ბუნდოვნად მიუგო მარაბდელმა.

- მაშინ დროება არ გვწყალობდა, ახლა კი ომი აღარ არის და... - და ბერმა სიტყვა აღარ დაასრულა.

- ვიცი რაც გიძევს გულში, დათუნავ. ერთხელ შალვამ და ფილადომაც მითხრეს, მაგრამ არ ავყევი და არც ახლა ავყვები. მე ჩემი გზა მაქვს, თქვენ კი თქვენი. ვერ მოვრიგდებით. შენც გირჩევ ხელი აიღო, თორე სულ უბრალოდ დაიღუპები.

ამით გათავდა მათი საუბარი. დათუნა წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

* * *

იმ სამ წელიწადში კიდევ მრავალი რამ მოხდა.

ხოსიტამ ერთხელაც ივაჟკაცა, მაგდანამაც იდედაკაცა და ზურას პაწია ძმა მიუძღვნეს.

- ვეჟო, სული ნუ ამომართვი! - დროგამოშვებით უღრინავდა მარაბდის ბატონი თავის ნამედროშალს და ლამობდა ის პირობა დაერღვივნა, რომელიც ღვთისავარმა გაჭირვების ჟამს გამოჰგლიჯა.

- არ შეიძლების, ბატონო, შენი თხოვნით დავაბრუნე ეს გლეხები, შენ მაგიერ დავიფიცე და ფიცის გატეხვას თავის გატეხვა მირჩევნიან. თუ არა და...

თუ არა ცხადი იყო, რომ ცალთვალა თვითონაც აიყრებოდა, იმ გლეხებსაც აჰყრიდა და ისევ სადმე დაჰკარგავდა.

- დაგტანჯოს ჩემმა გამჩენმა, როგორც შენ დამტანჯე, ღვთისავარ! წადი, დამეკარგე!

ღვთისავარიც სანამდე იკარგებოდა, მანამ მოურავების ახალ შარს არ გაიგებდა და ისევ ზაალის სულის ამოსართმევად არ წავიდოდა.

პასკევიჩმაც ამოართვა სული სპარსეთსაც და ოსმალეთსაც. სულთანმა ზავი მოითხოვა და მიიღო, სპარსელებმა კი რუსის ჯავრი გრიბოედოვზე იყარეს: თეირანში მთელი საელჩო ამოჟლიტეს, გრიბოედოვი მოკლეს და ჩვიდმეტი წლის ნინო ნაადრევად დააქვრივეს.

სანამ ალექსანდრე ჭავჭავაძის სიძე ცოცხალი იყო, მანამ თვითონ სიმამრიც მაგრად იდგა, ხოლო მფარველი რომ მოუკვდა, პატრიოტებმა ერთხელ კიდევ წამოსწიეს და ეკატერინეს ნათლული ხელმეორედ დააქვეითეს. ქედმაღალმა თავადმა და პოეტმა მაშინვე მიანება თავი სამსახურს და თავის ხალვათი გული ისევ პოეზიას, სტუმარ-მასპინძლობას, ლხინსა და ნადირობას მისცა.

იმავე ხანს ტფილისში რუსის დიდი პოეტი პუშკინი ჩამოვიდა და მალე ბრძოლის ველისკენ გაეშურა. ერთი პოეტი საბრძოლველად მირბოდა, მეორე კი - უკვე ნაბრძოლი გრიბოედოვი - თეირანიდან მოჰქონდათ. ცხედარი და ცოცხალი ერთმანეთს ბეზობდალის ქედზე შეჰხვდნენ. პუშკინმა იქვე გამოიტირა თანამოკალმე და აზრუმის გზას გაუდგა.

გრიბოედოვის სიკვდილის და ომის დამთავრების შემდეგ პასკევიჩმა სწრაფად შეიცვალა გეზი და მარჯვნივ გადაუხვია. გენერალი პანკრატიევი გააფთრებით ებრძოდა პასკევიჩის კარზე გრიბოედოვის გავლენას და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიმარჯვა, ომის დასასრულს პასკევიჩმა ისეთი ძალა მოიპოვა, რომ მოურიდებლად დაითხოვა სამსახურიდან თავის შტაბის გამგებელი მურავიოვი, ოსტენ საკენი, მრავალი დიდი მოხელე, გენერალი, და იმპერატორის მარჯვენას გრაფ ბენკენდორფსაც არ შეეპუა და მისი ძმაც მოიშორა.

მაგრამ ყველაზე უფრო მკაცრად ტფილისის ვიცე-გუბერნატორს ზავილეისკის მოექცნენ, რადგან მან ქალაქელებს კრივის განახლების უფლება მისცა და განგებ ხელი შეუწყო გლეხთა აჯანყებასო. ზავილეისკი დააპატიმრეს და ეტაპით გაჰგზავნეს პეტერბურგს, სადაც მან მრისხანე სენატის წინაშე ძლივს იმართლა თავი.

ომის დასრულების გამო გლეხობას სამხედრო ბეგარა მოუფონეს. სალდათობაზე ჩამუნიც აღარ ისმოდა. ოთხფეხის გაჟლეტაც შენელდა. რუსეთიდან და აღმოსავლეთიდან უწინდელზე მეტი საქონელი შემოვიდა და ფულსაც ფასი დაედო.

1831 წელს პასკევიჩი სასწრაფოდ წავიდა პოლონეთის აჯანყების ჩასაქრობად, ჩაახშო იგი და “ერევნის” გრაფი “ვარშავის” თავადად და პოლონეთის ნამესტნიკად გადაიქცა.

პასკევიჩის ნაცვლად ბარონი როზენი ჩამოვიდა და მაშინვე დაეტაკა ყუბანსა და დაღისტანს. მან დაიმორჩილა გალგაველნი, იჩქერი და გიმრი, “მაგრამ ამ გამარჯვებამ თითქმის არავითარი ნაყოფი არ გამოიღო”.

გიმრში იმამი ყაზი მულა მოჰკლეს და მის მაგიერ იმამობა გამზათ ბეგმა მიიღო, რომელსაც კვალდაკვალ მოსდევდა შამილი.

დავით ბარათაშვილმა დისა და გვარის შერცხვენისთვის დიდხანს სდია მაიორს, რომელიც სანამდე იმალებოდა ახალციხეს, ნახჭევანსა და ნუხა-ორდუბათებში, მანამ ბარათაანი არ დამშვიდდებოდნენ. მათი სული ისევ მათმა მსახურმა ჯორაშვილმა დააშოშმინა. მან პირნათლად შეასრულა ზაალის დარიგება და ახალციხიდან კრიალა საბეჭურები და სისხლის ჯვარი ჩამოიტანა. ზაალმაც შეუსრულა პირობა: ცალყურა ჯორაშვილს ხაზინის მიერ ჩამორთმეული მამულები დაუბრუნებინა და მზითვად თავის პატივაყრილი დარო გააყოლა.

კაპიტანი ლომოვი თრიალეთ-ბორჩალოს სამხედრო დისტანციის გამგედ დანიშნეს, არლოვი კი დაროს გათხოვების შემდეგ ტფილისში გადმოიყვანეს და კარგადაც დააწინაურეს. არსენას მოკვლამ, გაცოცხლებამ და გაქცევამ დიდხანს აცინა ქალაქი და მაიორის წარჩინებაც შეაფერხა, მაგრამ ის მალე გასწორდა წელში და კიდევ ორიოდე ნაბიჯით დაწინაურდა.

არც უცხვირპირო კუჭატნელი ჩამორჩა. სოფელ კუჭატანში ერთი გლეხის ოჯახში ზედ სიძედ შევიდა, საბოლოოდ ჩასახლდა იმ სოფელში, რამდენჯერმე ივაჟკაცა ლეკებთან და ალაზნის პირას პატარა სამხედრო საგუშაგოს მეთაურობაც კი მიიღო. მაგრამ არლოვმა უიმისობას ვერ გაუძლო და ისევ გვერდით ამოიყენა.

გრიგოლ ორბელიანი სამსახურმა რუსეთში წაიყვანა. ბედი-მდევარი ფეხდაფეხ დასდევდა ერეკლე მეფის შვილიშვილს: ნინო ჭავჭავაძე გრიბოედოვმა მოსტაცა, ხოლო მისი მომდევნო კატო სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა წაიყვანა.

ოთხ ორბელიანს - ლუარსაბს, იაკობს, ასლანსა და ქაიხოსროს ბრალი დასდეს, სალდათობის გამო აჯანყებულებს ცეცხლი თქვენ შეუკეთეთო, და კინაღამ ყინულეთი აჩვენეს.

ალექსანდრე ორბელიანმა მარშლობა დიმიტრი ორბელიანს დაუთმო.

მელიტონ ბარათაშვილი თარჯიმანობას ვერ გასცდა და ხელგაშლილი ცხოვრების გამო დღითიდღე ღატაკდებოდა. სამაგივროდ მისი შვილი ტატე მწიფდებოდა და დიდი პოეტობისთვის ემზადებოდა.

გიგოლა ისევ გიგოლობდა. ფირუზა მოურავობდა. ბაჯიაშვილი დოსტაქრობდა. გარსიაც იზრდებოდა და იქვე მახლობლად უწინდელზე მეტად ჰქუხდა დალი ჰასანის მრისხანე სახელი.

მესხეთი მარტო მეფის რუსეთმა დაიჩემა და ქართველ საზოგადოებას იმედის ფერფლიც კი გაუფანტა. ამიტომ და კიდევ მრავალი მოლოდინის გაცრუების გამო ამ საზოგადოებამ გულისთქმა გაილესა, ძველი ბოღმა გაიღვიძა და ომის დროს მივიწყებული ძველი ანგარიშებიც გაიხსენა.

უცხოეთის ამბები დაგვიანებით და დამახინჯებით მოდიოდა, მაგრამ მაინც მოდიოდა. აქაც ყრუდ მოისმოდა დასავლეთის შორეული გუგუნი, აქაც მოსჩანდა იქაური ელვის ანარეკლი.

რუსეთმა, ინგლისმა და საფრანგეთმა ოსმალეთზე იმძლავრეს და საბერძნეთი გამოჰგლიჯეს. ჰომიროსის, პლატონისა და მრავალთა მათთა ტოლთა სამშობლოს განთავისუფლებამ ბევრგან გააფუვა მიმქრალი იმედი და ნიკოლოზ მეფის იმპერიის ერთ პაწია კუთხეშიც გააღვივა შეკუმშული სული, რომელიც - ასე ანგარიშობდნენ სადღაც - უკვე მიმხჩვალი უნდა ყოფილიყო.

შფოთის მჭედლებმა ფრანგებმა შარლი მეათე გააძევეს და ლუი ფილიპე ორლეანელი მოიწვიეს. ამ შენაცვლებამაც ბევრი ქართველი წამოშალა. ისინი ნაპოლეონ პირველის დიდი ლაშქრობის განმეორებას ელოდნენ, მაგრამ მალე ჩამოირეცხეს ბედნიერი ღიმილი და ისევ უწინდელი კაეშანი აისახეს. მცირე ხნის შემდეგ ეს გუშინდელობაც წაიშალა და ისევ მხიარულმა ხვალინდელობამ გაიღვიძა: შებოჭილმა პოლონეთმა უცებ წამოიწია, მცირე ხნით დაჰგლიჯა საბელხუნდები და სულიერად აქაურებიც წამოსწია. მაგრამ ვარშავას ერთხელ კიდევ მოსტეხეს ხერხემალი და ქართველ ორგულებს საბუთად სამი ათასი დაუდეგარი ტყვე პოლონელი გამოუგზავნეს. აქაურთა გუნება ისევ თავდაღმა დაგორდა, მაგრამ მალე კვლავ აღმართს შეუდგა და ერთი წლის შემდეგ ხელისუფლებას მოულოდნელი საოცრება მიართვა: ერთ დღეს უამრავ თავადაზნაურს, წარჩინებულს, განათლებულსა და გაუნათლებელსაც ერთგულების საზეიმო სამოსელი ჩამოსცვივდათ და გულმოდგინედ დანამალი ღალატი ხანჯალივით გაუშიშვლდათ.

ხელისუფლება შეკრთა და გაკვირდა.

შეთქმულებიც დაფითრდნენ და გაოცდნენ.

ქვეყანამაც ერთი წუთით მოიხედა და მხრები შეიშმუშნა.

იქ არაფერიც არ შეიცვალა, მაგრამ აქ, ერთ მტკაველ მიწაზე, ვიღაცას სული გადაუტყდა. ძველი რამ დასრულდა და ახალი რამ დაიწყო.

* * *

- დროა დავიწყოთ, თორემ დიდი ხიფათი მოგველის და დაგვიანება დაგვღუპავს. - შემკრთალი ხმით განაცხადა ალექსანდრე ორბელიანმა.

ალექსანდრე მართალს ამბობდა: ან ახლავე უნდა გაერეკათ რუსის მთავრობა და ჯარი, ან ეს მთავრობა შემუსრავდა შეთქმულებს. ორბელიანმა საბოლოო ბრძანების მისაცემად ყაზახ-ბორჩალოს თათრების წინამძღოლი მოლა ზამანი და ზოგი აღალარი დაიბარა. მათ საზარელი ამბავი ჩამოუტანეს: თითქმის ყველა თათარმა იცის, რომ შენ ბალა მაჰშადის, მოლა ზამანისა და თეიმურაზ ლორთქიფანიძის პირით მოლაპარაკება გაქვს ბიძა-შენს ალექსანდრე ბატონიშვილთანო.

რახან ამ ამბავმა ყაზახ-ბორჩალოში გამოჟონა, მაშ საცაა მთავრობის ყურშიც ჩაჟონავს და შეთქმულნი ისე დაიღუპებიან, რომ თითის განძრევასაც ვერ მოასწრებენ. აი ამისთვის დაუძახა ალექსანდრემ სამს დანარჩენ მეთაურს - ელიზბარ ერისთავს, სოლომონ დოდაშვილსა და იასე ანუ ია ფალავანდიშვილს.

მეთაურთა ნამდვილ მეთაურად პეტერბურგში ნამსახური არტილერისტი ქსნის ერისთავი ელიზბარი მოსჩანდა.

ამ ერისთავების სახელმა ადრევე დაიწყო ქუხილი. დაუდეგარი დიდი შანშე მეთვრამეტე საუკუნეშივე გადაუდგა ყველას - საქართველოს, ოსმალეთს, რუსეთსაც და სპარსეთსაც. ზოგი ჭირი მარგებელიაო: მან თორმეტი ათასი ლეკი მოიწვია და დედიან-ბუდიანად ამოსწვა ანანაურის ეკლესიაში თავის მოსისხლე მტრები ნუგზარისა და ზურაბის ჩამონავალი არაგვის ერისთავები და საქართველოს ამ მხრით შვებით ამოასუნთქვინა. მაგრამ შემდეგ თვითონ ქსნელები უწინდელზე უარესად გაგოროზდნენ და სწორედ მაშინ, როცა ერეკლეს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ჰქონდა დაღისტანთან, ერისთავები ოსმალებს და ლეკებს მიუდგნენ და ამის გამო კინაღამ თავიანთ ყმებსაც კი დააღვრეინეს თავიანთი სისხლი. ერეკლემ მცირე და დიდი დარბაზი შეჰკრიბა, რომელმაც მოისმინა ეს “საქმე და ორგულობა” და დაადგინა: “სრულიად უკუნითი უკუნისამდე მოეღოთ მათ საერისთავო და იყავნ კრული თვით მეფეცა, რომელმანცა გახსნას შეკრულება ესე და ჰსცვალოს განჩინება”.

“შეკრულება ესე” ალექსანდრე პირველმა გახსნა. ან რატომ არ უნდა შეეცვალნა მას განჩინება უერთგულეს ერისთავებისთვის! მათზე მეტად თავდადებული ხალხი მას აქ არა ჰყავდა. ათასი სამსახური გაუწიეს ერისთავებმა “კურთხეულ” იმპერატორს და ბოლოს 1804 წელს შანშე უმცროსმა, მიხეილმა და თორნიკემ ურჩი მემკვიდრე იულონი დააჭერინეს და მთის აჯანყებაც ჩაუქრეს. აი ამ შანშეს შვილი იყო ელიზბარი.

ერთხელ შეთქმულებმა კიდევაც გაახსენეს მას ხუმრობით:

- შენ იმ ერისთავების ჩამონავალი არა ხარ, ვინც საქართველო შეჰბოჭა და რუს ხელმწიფეს მიუგდო?

- დიაღ, მათი ჩამონავალი გახლავარ. საქართველო ჩვენ შევბოჭეთ და ჩვენვე დავიხსნით. - უპასუხა მან და ისეთი თვალით გადაჰხედა ყველას, რომ მაშინვე მიყუჩდნენ და მისი ბელადობაც ირწმუნეს, რადგან იცოდნენ, რომ ელიზბარი თითქმის ყველა ერისთავს და რამდენიმე ათას მეომარს გამოიყვანდა.

რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ელიზბარი გამალებით მუშაობდა; დადიოდა, აჯერებდა, წევრებს შოულობდა. ჰკრებდა, აღელვებდა. არიგებდა. მან დააარსა დოდაშვილის სახელით “საქართველოს უწყებანი”. მანვე შეიმუშავა გეგმა აჯანყების დასაწყისისა და დროებითი მთავრობის შედგენისა.

- უნდა დავაჩქაროთ. - მოკლედ მოსჭრა ახლა ელიზბარმაც და დოდაშვილს ჰკითხა: - რას იტყვი, სოლომონ?

სოლომონ დოდაშვილი ჩუმად უგდებდა ყურს. ამ ხუთ წელიწადში მისი სახელი და გავლენა ძალიან გაზრდილიყო. მღვდლის შვილი ყველაფერს ასწრებდა: მასწავლებლობდა, სახელმძღვანელოებს ადგენდა, გაზეთს რედაქტორობდა, პროკლამაციებს, ლექსებსა და წერილებს სწერდა და დიდი მიწერმოწერა და მისვლა-მოსვლა ჰქონდა ბატონიშვილებთან და გლეხებთანაც.

- მარტო მე ავშლი მთელ კახეთს. - განაცხადა მან ერთხელ და ყველამ დაუჯერა, რადგან მისი სიტყვაც ისევე ნაღდი იყო, როგორც “ქართული თეთრი”.

ერისთავი შეთქმულთა ხელი და ნებისყოფა იყო, დოდაშვილი კი - მათი ტვინი და სინდისი.

ამგვარი საქმე არც უორბელიანოდ გაკეთდებოდა, ვინაიდან ალექსანდრე ორბელიანი იყო ალექსანდრე ბატონიშვილის დისწულიც და საგარეო საქმეთა “მცოდნეც”.

მაგრამ არავინ არ იცოდა, ვინ იყო, რა იყო და რად გაჩნდა სათავეში ია ფალავანდიშვილი? მხოლოდ ერთი რამე იცოდნენ: იყო ოდესღაც ვინმე იესე მიქაძე - “კარგი პიიტიკოსი, ზრდილობასა შინა მოსაწონი, სწავლული კაცი და ქართულსა შინა ისტორიასა გამოცდილი”, მისმა შვილებმა ბარათაანთ და ფალავანდიანთ ქალები შეირთეს, ზედსიძედ შევიდნენ და თავადობაც დაიმკვიდრეს ერეკლე მეფისგან, რომელიც დაშრეტილი სისხლის განახლებას უწყობდა ხოლმე ხელს. ამ ფალავანდიშვილს ორი შვილი ჰყვანდა - ნიკო და ია. ნიკო “უჭკვიანეს ქართველად” ითვლებოდა და გუბერნატორობასაც კი მიაღწია, ია კი მხოლოდ მისი ძმა იყო და მხოლოდ უსამსახურო “კოლეჟსკი სოვეტნიკობას” მიაღწია. სამაგივროდ სხვებზე უფრო მეტად იყო გაანჩხლებული და თავის ძმის მოკვლაც კი იკისრა.

შეშფოთებული მეთაურები კარგა ხანს ჩურჩულებდნენ და არკვევდნენ, მზად ჰქონდათ ყველაფერი თუ კიდევ უნდა გადაედოთ. ბოლოს დაადგინეს, რომ ყველანიც მზად არიან და ყველაფერიც გამორკვეულია: რუსის ჯარს რომ განდევნიან დროებითს მთავრობას შეადგენენ. სამხედრო მინისტრად ალექსანდრე ჭავჭავაძეს დანიშნავენ. ფინანსებისას - ნიკო ფალავანდიშვილს, შინაგან საქმეებისთვის კონსტანტინე მუხრან-ბატონი გამოდგება, ხოლო განათლების მინისტრობა იაგორა ჭილაშვილზეა ზედ-გამოჭრილი.

შემდეგ ბაგრატიონთა ტახტს აღადგენენ და ზედ მეფეს დასვამენ. მართალია, ტახტი რუსებმა წაიღეს, მაგრამ არა უშავსრა, ჯერჯერობით მდიდრულად მორთული სითაკანიც გამოდგება. მაგრამ რომელ ერთს დასვამენ ამ ტახტზე? ვის მოიწვევენ? მსურველი ბევრია: ბაგრატი, თამარი, ფარნაოზი, თეიმურაზი, მიხეილი, დიმიტრი, ოქროპირი, სოლომონ მეფის ჩამონავალნი: ვახტანგი, ტარიელი და კიდევ რამდენიმე კანონიერი და უკანონო მემკვიდრე ერეკლესი, გიორგისა და სოლომონისა.

ცხადი იყო, რომ რუსების განდევნის შემდეგ იმპერატორი ნიკოლოზი არც ერთ მათგანს არ გამოუშვებდა. მაშ ისიც ცხადი იქნებოდა, რომ იმ ტახტზე ალექსანდრე ბატონიშვილი უნდა ასულიყო და ყველაზე უკეთ ეს აუცილებლობა მისმა დისწულმა ალექსანდრე ორბელიანმა იცოდა. პირადად მას დროებითს მთავრობაში ერთი სკამიც არ დარჩა, მაგრამ ეს არაფერია: “საქმეს” სხვები აკეთებენ. ხოლო მომავალმა მინისტრებმა ისიც ძლივს იციან (გარდა ნიკო ფალავანდიშვილისა), რომ ორბელიანები, ერისთავები, ჩოლოყაშვილები, ჯავახიშვილები, მაჩაბლები, დოდაშვილი, რაზმაძე და კიდევ უამრავი შეთქმული მათთვის სამინისტრო კვერთხებს სჭედავდნენ, რომელიც მათ მჭედლებს შემდეგ ხუნდებად გადაექცეოდათ.

შეთქმულთა მეთაურები თავმდაბალნი არიან, რადგან მათ ისიც იციან, რომ ხვალინდელი ალექსანდრე მეფე პირუთვნელად განსჯის ყოველივეს და ყველა მათგანს ღირსეულ ალაგს მიუჩენს.

მართალია, ოქროპირსა და დიმიტრი ბატონიშვილებს რესპუბლიკისკენ ეჭირათ თვალი, რადგან ამათაც შეჰპაროდათ “ვოლტერიანობის ჭირი” და, უფრო კი იმიტომ, რომ ტახტის უდავო მემკვიდრე არ მოჩანდა, და ამიტომ ეშინოდათ ხელახლა არ შეეჭამათ ერთმანეთიც და საქართველოც. მაგრამ მათი ხმა შორეულ რუსეთიდან მეტად სუსტად მოისმოდა და შეთქმულებს ოდნავ ღიმილსაც კი ჰგვრიდა ხოლმე.

მაშ ესე: რესპუბლიკა საქართველოსთვის ნაადრევი ხილია და ძველებური მეფობაც უკვე დრომოჭმულია, ამიტომ ინგლისს მიჰბაძავენ და ორნაირ დარბაზს დააარსებენ. ზემო დარბაზის თავმჯდომარედ მეფე იქნება, ქვემო დარბაზი კი თვითონვე აირჩევს მეთაურს. თითო მაზრას თითო წარმომადგენელი ეყოლება, რომელსაც მხოლოდ თავადაზნაურობა, სამღვდელოება და მოქალაქენი აირჩევენ, ყმები კი კათაკმეველნი არიან და ისევ ყმებად დარჩებიან. მაზრას მეფის მიერ დანიშნული მდივანი განაგებს, რომელსაც რამდენიმე შემწე ეყოლება - თავადი, აზნაური, მღვდელი და მოქალაქე, გლეხი კი -

გლეხი მუდამ ითმენდა და ახლაც კამეჩივით მოითმენს.

ჯარის სარდლებს თვითონ ჯარი აირჩევს. ესეც დიდებული ხერხია.

მაშ შინაგანი საქმენი უკვე მოგვარებულია და დადასტურებული.

- ახლა გარეთ გავიხედოთ. - სთქვა საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა ალექსანდრემ და ერთხელ კიდევ გაიხედა.

გარეთ კი ძალთა გადაჯგუფება ხდებოდა. რამდენიმე წლის წინათ რუსებმა, ინგლისელებმა და ფრანგებმა ოსმალები დააჩოქეს, -

- ახლა კი ეგვიპტის ფაშა მაჰმად ალი ოსმალეთს ეომება და მისი შვილი იბრაჰიმი უკვე აზრუმში შევიდა. - მისცა თავის მეგობრებს “უტყუარი ცნობა” ალექსანდრემ. - მართალია, ნიკოლოზი მხარს უჭერს ხონთქარს და ჯარსაც კი უგზავნის დასახმარებლად, მაგრამ შიგნით თითსაც ვეღარ გაანძრევს, რადგან მას აღარც ფული აქვს, ჯარიც მოეშალა, ვერც პოლონეთი დაამარცხა საბოლოოდ, ვერც მთა დაიმორჩილა და, გარდა ამისა, ახალ დეკემბერსაც უმზადებენ. ეს კიდევ არაფერი. ჩვენი ერთგული სოლომონ რაზმაძე ასეთ ამბავს მატყობინებს თავრიზიდან: ანგლიის და ფრანციის კონსულები დანამდვილებით ამბობენ, თუ რუსეთმა და ოსმალეთმა ხელი ხელს მისცეს, ჩვენც ჩავერევით და რუსეთს ოსმალეთზე უარეს დღეს დავაყრითო. თურმე ამასვე იმეორებს რაზმაძის ქვისლი ელჩი გრაფი სიმონიჩიც. ესეც არაფერი. უფრო უკეთესს მოგახსენებთ: - და “ნამდვილის” მთხრობელმა ისე დაუწია ისედაც დაბალ ხმას, რომ თავის ნაუბარი თვითონაც ძლივს ესმოდა. - ეს კიდევ არაფერი. ფრანცია და ანგლია გვითვლიან, თუ კავკასიიდან რუსები გაჰყარეთ, მერმე ჩვენც ჩავერევით და უკან დაბრუნების ნებას აღარ მივცემთო, მაშა!

ნებას აღარ მისცემდნენ, მაშა! ეს იყო საქმის თავიც, ბოლოც და საძირკველიც. აღარ მისცემდნენ! ეს ხომ ცხადია, უდავოა, უეჭველია! შეთქმულნი ამაზე შედგნენ და ისე მოეჭიდნენ, რომ ამ ჭორს, ამ უსინდისო დაპირებას ზარბაზანიც ვეღარ გაჰფანტავდა.

ასეთსავე დარიგებას აძლევდა მათ საფრანგეთის აქაური კონსული სემინო თავის მდივნის ლეტელიეს პირით და დაჟინებით ურჩევდა იმამ ყაზი მოლას მორიგებოდნენ და რუსის ჯარისთვის მხარი აღარ მიეცათ.

შურისძიების ალღო კი მაინც თავის გზით მიდიოდა და შეთქმულნი და არა შეთქმულნიც რუსებთან ერთად გააფთრებით ებრძოდენ დაღისტანს. შეთქმულთა მეთაურებს კი ვითომ სჯეროდათ, რომ რუსების განდევნის შემდეგ ოსმალეთი და სპარსეთი აღარ შემოალაჯებდნენ საქართველოში, რადგან მათთვისაც ხელსაყრელი იყო რუსეთსა და თავიანთ შორის ძლიერი კავკასია ჩაეყენებინათ.

მაშ ეს საქმეც მოგვარებულია. დარჩა მხოლოდ “უმცირესი რამ” - როგორ განდევნონ რუსის ჯარი. სხვა რამეს ნუ მოსთხოვთ ქართველ თავადაზნაურებს, თორემ ისინი და ომი ერთმანეთისთვის არიან გაჩენილი. ზოგი ჭირიც მარგებელიაო: რუსები მათ გულმოდგინედ ასწავლიდნენ სამხედრო საქმეს და აბა ახლა მოიმკონ რაც აქამდე უთესნიათ. ქართველებს ათასი აფიცერი მაინც ეყოლებათ, შეთქმულთა უმრავლესობაც სამხედრო ხალხია, გვარდიის აფიცერიც მრავალი ურევიათ, გადმოსახლებული პოლონელიც სამი ათასამდე ეყოლებათ და საომარი გეგმაც ისე ზუსტად არის მოჭრილი, რომ პატარა კახიც კი ვერ დაიწუნებდა.

და ელიზბარ ერისთავმა ერთხელ კიდევ გადაუშალა მეგობრებს:

ნოემბრის დამლევი კარგად არის შერჩეული: თავადაზნაურთა ყრილობაა მოწვეული და ყველა მათი თავი-კაცი ქალაქში იქნება.

ამავე დროს ყოველგან ხმა გავარდება, - რუსები ისევ სალდათს გვთხოვენო და ხალხი ერთი კაცივით წამოდგება.

- ისევ წამოდგება! - უეჭველად წამოდგება!

- ვაჰ რა დრო გაუშვით მაშინ, პასკევიჩის დროს რომ წამოიწიეს!

სწორედ იმავე ღამეს შეთქმულნი თავადაზნაურობის სახელით დიდ ნადიმს გამართავენ, რუს-ქართველ სარდლებსა და დიდებულებს მიიწვევენ და ერთბაშად დააპატიმრებენ. ესე იგი რუსის ჯარს თავს მოსჭრიან, და თუ ვინმემ შეუბედა რამე, იქვე დაჰხოცავენ, ქონებას ჩამოართმევენ და ქართულ ხაზინას გადასცემენ.

- აგრე! ძალიან კარგია!

- არ დავინდობთ! დავხოცავთ!

- ვინც მოსისხლე მტერს დაინდობს, თვითონ ის არ არის დასანდობი!

ნადიმს ლუარსაბ ორბელიანის სახლში გამართავენ, რადგან იგი ძალიან დიდია და მოედანზე სდგას.

ყველა შეთქმული ქართულ ტანისამოსს ჩაიცვამს, ხმალს ჩამოიკიდებს და ორ-ორ დამბაჩას წამოიღებს. ღამის პირველ საათზე მოედანზე შუშხუნა ავარდება და მაშინვე სისხლის ღვარი წამოვა (თუმცა შეწევნითა ღვთისათა, იქნება სულაც არ დაიღვაროს).

- გიჟები ხომ არა ვართ, რომ ტყუილუბრალოდ დავღვაროთ?

- რა თქმა უნდა... მერმე. ელიზბარ, მერმე?

მერმე მეთაურები თათრის მოედანზე მოიყრიან თავს და ზურგიც იქ ექნებათ. იქ გავლენ ალექსანდრე, ლუარსაბი, მარშალი დიმიტრი, მამუკა, ასლან ორბელიანები და კიდევ ოციოდე მათი გვარის წევრი. სხვა შერჩეული თავადაზნაურებიც და პოლონელებიც. ბელადი ელიზბარ ერისთავიც იქ იქნება და იქ გამოისყიდის თავის მამისა და წინაპართა ცოდვას.

შეთქმულნი სიონის ზარებს დააგუგუნებენ, სიონისა და სომხურ ფეთხაინის ხატებს გამოიტანენ, შემოსილს ქართველ-სომეხ-თათარ სამღვდელოებას გაიძღოლებენ, მთელ ქალაქს შეჰყრიან, სკვითს გააგდებენ და -

- და რამდენიმე დღეში ყველაფერი გათავდება.

რა თქმა უნდა გათავდება!

- ამ საქმეში მარტო ქართველები არა ვართ. - ამბობს ორბელიანი.

მარტონი არ არიან: შეთქმულებაში ურევიან ელიზბარ ერისთავის სიძე პოლიცმეისტერი მელნიკოვი, რომელიც საქალაქო პოლიციას გადმოიბირებს, ან გზაკვალს აურევს. დუშეთის ისპრავნიკი პაუშენკო. ჩოლოყაშვილები და ქსნის ერისთავები არაგვსა და მთას აშლიან. ზავილეისკის უთვალავი რუსი მოხელე გამოჰყვება, რადგან ნავიცეგუბერნატორალია და დიდი გავლენა შერჩა.

- სამი წლის წინათ გაციმბირებას უპირებდნენ, რადგან ქართველი გლეხი სალდათობის უღელში ვერ შეაბა და საქმე აჯანყებამდე მიიყვანეო, ახლა კი მართლა ააჯანყებს და დაე სდიოს მერმე ნიკოლოზმა. - სამიათასი პოლონელი ერთი კაცივით წამოდგება.

- ორიოდე ათასი თათარი ქალაქს მოადგება და გენერალი ვასო ბებუთაშვილიც აქაურ სომხებს წამოშლის.

- სომხებიც წამოდგებიან, რადგან ისინიც მოატყუეს და დასტანჯეს. უწინაც აშლილან რუსებზე. 1812 წელს აჯანყებული კახელები რომ თელავს მიადგნენ, იქაურმა სომხებმაც წამოიწიეს და ციხე აგვაღებინეს. მაშ არც ახლა დაგვივარდებიან.

არ დაუვარდებიან. სიმონ მაჩაბელი ოსებს ააზვავებს. თეიმურაზ ლორთქიფანიძე იმერეთს, ალექსანდრე შერვაშიძე აფხაზეთს, ახმედ ხიმშიაშვილი მესხეთს, და აზერბაიჯანიც თოფის წამალივით იფეთქებს. იმამი ყაზი მოლაც შეპირებულია. მაშინვე დაიძვრება და ქალაქს მოაწვება. მობერებული არწივი ალექსანდრე ერთ კვირაში ჩამოფრინდება ქალაქში. მართალია, ორბელიანებს შემოუთვალა, თქვენი მამებისგან ღალატის მეტი არა მახსოვსრა, თქვენ როგორღა გენდოთო. მაგრამ ბოლოს მათი საქმე მაინც დალოცა და გამოფრენის ნიშანსღა ელოდება.

ქალაქს ორიოდე საათში დაიმორჩილებენ.

გიორგი და ლევან ერისთავებო, თქვენ ორმოც კაცს წაიყვანთ და მეტეხის ციხეს აიღებთ.

ჩოლოყაშვილო და ორბელიანო დიმიტრი, თქვენ ყაზარმებს მიესევით და რუსის ჯარს იარაღს დააყრეინებთ. მხნედ იყავით და ორი ზარბაზანი და ორასი კაციც გეყოფათ.

გიორგი ერისთავო მეორევ და ვახტანგ ორბელიანო, თქვენ არსენალის აღება გევალებათ.

შენ, ბეჟან ამილახვარო, საკომენდანტოში შეიჭრები.

გიორგი თუმანიშვილო, შენ ხაზინას დაეპატრონები.

ივანე ერისთავი ორდენანს ჰაუზს ჩაიბარებს, ბიძინა და იესე ერისთავები - ნავთიანს. ზოგი ნუზლის საწყობს მიესევა, ზოგიც სასახლეს და ყველაფერი გათავდება!

მაგრამ სანამ ეს გათავდებოდა, უცებ ერთი ისეთი რამე მოხდა და გათავდა, რაც არავის არ ეგონა - არც თვითონ შეთქმულებს და არც ნამეტან იმ ხელისუფლებას, ვისაც ასე ადვილად უპირებდნენ გათავებას.

* * *

ალექსანდრე ჭავჭავაძეს დაუდეგარი ხევსურული სისხლი უჩქეფდა, რომელმაც პირველად მთიულეთის აჯანყების დროს ამოხეთქა. თექვსმეტი წლის ჭაბუკი ჩუმად გაიპარა და ფარნაოზ ბატონიშვილს ეახლა, მაგრამ ვერ იბრძოლეს, დაიგვიანეს და უკანვე დაბრუნდნენ. სპარსეთისკენ მიმავალი ფარნაოზი ქალაქის ქვემოთ მტკვრის ნაპირას დააპატიმრეს, ალექსანდრე კი პავლე ციციანოვის რისხვას ძლივს გადაარჩინეს.

რვა წლის შემდეგ კახეთის ამბოხების დროს ეკატერინეს ნათლულს უკვე აფიცრის მუნდირი ეცვა, გამოღმელთა რიგებში იდგა და ჭრილობა და ჯილდოც მიიღო. მას შემდეგ მისი ორგულობა აღარ გამოჩენილა. პირიქით, თავგამეტებითაც იბრძოდა ქართულ-რუსული საქმისთვის, მაგრამ არ დაუფასეს, უკან დასწიეს და თავის მამულსა და ოჯახში შეაგდეს. მას კი არ ძალუძდა მუდმივი ლხინი და მამულის პატრონობა, რადგან ასეთი იყო გვარი მისი: ან რუსებთან მხარ-და-მხარ უნდა ელაშქრა სპარსეთ-ოსმალეთზე და ნიადაგ წინ წაწეულიყო, ან სხვისთვის უნდა მიეცა ხელი და რუსები გაედევნა.

თუ ვინმე შეთქმული შეუბედავდა და ირიბულად გადაჰკრავდა ორიოდე სიტყვას, გარსევანის შვილი მუდამ ერთნაირ პასუხს აძლევდა:

- ხელი აიღეთ. შესაძლებელია რუსები გავრეკოთ, მაგრამ ვერ შევიმაგრებთ და ისევ შემოვლენ, ისევ ჩვენს თავადებს მოისყიდიან, ჩვენსავე მამულებს დაურიგებენ და ჩვენივე ხელით დაგვიმორჩილებენ. ეს აჯანყება უკანასკნელი გაფრთხილება იქნება ჩამოხჩობილი ხალხისა.

მაგრამ მხოლოდ მეთაურებმა იცოდნენ, რომ პოეტი და მეომარი ჩუმჩუმად აღვივებდა ამბოხებას და მეთაურებთან შუამავლად თავის ცოლის ძმა ლუარსაბ ორბელიანი ჰყავდა, რომელიც სამი წლის წინათ გლეხთა აფორიაქების დროს ძლივს გადაურჩა პასკევიჩს.

ჭავჭავაძემ ძლივს დაასრულა რთველი წინანდალში, რომ მეთაურებმა სასწრაფოდ დაიბარეს ქალაქში და ახალახალი ამბები უამბეს. მანქანა უკვე მიშვებული იყო, თანდათან სირბილს უმატებდა, საცაა რუსულ კლდეს დაეჯახებოდა და ან გაანგრევდა, ან თვითონვე დაიმსხვრეოდა.

მაგრამ რაც უფრო მატულობდა მისი სისწრაფე, უფრო მეტად მატულობდა შეთქმულთა სულიერი რყევაც და გულის მჭამელი ეჭვიც. მართლა ადვილად დადნება ფოლადივით ნაჭედი რუსის ჯარი? და რომ კიდევაც დაადნონ და განდევნონ, ვინ გაუძლებს უკანვე მობრუნებულ ზარბაზნებსა და დივიზიებს? რომ კიდეც გაუძლონ, რა ძალა დაიჭერს ოსმალებსა და სპარსელებს? ეგვიპტის ფაშას მიერ არეზის გადმოლახვა მტკნარი ჭორი გამოდგა და შესაძლებელია ასეთივე ჭორი გამოდგეს ინგლისელებისა და ფრანგების დახმარებაც. გამოდგეს კი არა, ესეც ნამდვილი ჭორია, უეჭველი სიყალბეა, უსირცხვილო ტყუილია, რომელიც ზღვა სისხლს შეიწირავს და კვამლივით გაჰქრება. წადი და სდიე შემდეგ სემინოს, ლეტელიეს, ყველა წამქეზებელსა და მათს ნაბოდვარს!

ეს ჭია ყველას უზის გულში და ნებისყოფას უნგრევს, რწმენას უღრღნის და სადღაც ჯურღმულში უხილავი ვინმე ჰკვნესის - დავმარცხდებითო, მაგრამ ვინ არის ვაჟკაცი, რომ ვიღაცას ხმამაღლა ათქმევინოს სათქმელი, რათა სიმართლე გაამჟღავნოს და უიმედო სისხლი აღკვეთოს, აკრძალოს, ალაგმოს! ყოველი შეთქმულთაგანი მრავალჯერ შესცქეროდა პირისპირ სიკვდილს და არ შეშინებულა, ახლა კი უფრო ადვილად აეგებოდა ხანჯლის წვერზე, ვინემ თავის ნაჩუმარ ჭიას გაამჟღავნებდა.

ვერც გაამჟღავნეს. პირველი ვადა - ოცი ნოემბერი - მშვიდობით მოვიდა და მშვიდობითვე წავიდა. მას მოჰყვა და მიჰყვა მეორე ვადაც - ოცდახუთი ნოემბერი. თავადაზნაურთა ყრილობა გაჭიანურდა და აფეთქების დღეც დეკემბრისთვის გადასდეს. ეს დღე კი ულმობლად მოალაჯებდა, ბრმა დევივით მოიწევდა, ჰაერი ნატისუნით იჟღინთებოდა, შეთქმულთა სულიც დღითი-დღე ჰბერავდა ხუფს და საცაა ააგლეჯდა მას და ვიღაცას დალეწავდა.

მეთაურები შიშმა შეიპყრო: ორი ალექსანდრეს მიწერმოწერის ამბავი ბორჩალოდან ქალაქში ჩამოჟონავს და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დავაპატიმროთ როზენი, თვითონ ის დაგვაპატიმრებსო. გარდა ამისა იმ ცნობას გუბერნატორის ხელში უნდა გაევლო და საჭირო იყო მიეჩქმალათ იგი და დროზე გაეშიშვლებინათ მახვილი. ფალავანდიშვილს შესაძლოა “იმ ღამეს” წინააღმდეგობა გაეწია მათთვის და თავის ძმას იესეს ან სხვა ვინმეს შემოჰკდომოდა - შემოჰკდომოდათ მომავალი ფინანსების თავიანთივე მომავალი მინისტრი! ამისა და კიდევ რამდენიმე მოსაზრების გამო ალექსანდრე ჭავჭავაძეს დაავალეს - და იმანაც იკისრა - ნიკო ფალავანდიშვილი გაეფრთხილებინა და მოზიარედ გაეხადა.

გუბერნატორის ფალავანდიშვილის სახლი ქაშოეთის გასწვრივ იდგა კუთხეში98. ცხრა დეკემბერს საღამოს ჟამს ამ სახლიდან ნიკოლოზისებურ99 ქურქ-მოსხმული ჭავჭავაძე გამოვიდა და ერთი წუთით შესდგა თავის ეტლის გვერდით. პირსახეზე მჭმუნვარე რამ აზრი ან სინანული ეწერა და თითქო არ იცოდა საით წასულიყო. რა გაახსენდა მერმე, რომ შინ შუამავალი ლუარსაბი უცდიდა, სწრაფად ავიდა ეტლში და შინისკენ გასწია.

გუბერნატორი და მისი სიყრმის მეგობარი ნიკო ქვემო კარამდე გამოჰყვა მას და სტუმარი რომ გავიდა, ისიც შესდგა, შუბლი შეიკრა, შემდეგ მალი ნაბიჯით ავიდა ზემოთ და კიბის ბაქანზე მდგომ მსახურს მიუგდო:

- წადი იას დამიძახე. ჩქარა!

მისი ძმა იესე იქვე ფლიგელში სცხოვრობდა და ხუთიოდე წუთის შემდეგ ამოვიდა. ზედ ტყავი ეცვა და ყალმუხის ქუდი ეხურა. გუბერნატორს კი სერთუკი ეცვა, ბრაზიანი ნაბიჯით დადიოდა ოთახში და ხან იატაკს დასცქეროდა და ხან ჭერს აშტერდებოდა.

ია შესდგა და შეკრთა, მან კარგად იცოდა ძმის ხასიათი. შეკრთა იმიტომ, რომ ალექსანდრე ეს არის ახლა გავიდა აქედან და ესეც უკვე იცოდა. ნიკო კი ისევ დადიოდა, თითქმის დარბოდა და თავის ძმას არც კი ამჩნევდა, შემდეგ გაჯავრებით ჩაჰკეტა კარი, ძმას ზედ მიასკდა, მაჯაში სტაცა ხელი, თვალი თვალში გაუყარა და ჩააშტერდა.

- რა იყო... რა დაგემართა? - შიშნარევი ხმით ჰკითხა იესემ.

- შენ... შენ უნდა მომკლა? შენ უნდა გაჰყარო აქედან რუსის ჯარი? შენ უნდა დაამარცხო ქვეყნის მძლე იმპერატორი? - მიაყარა გუბერნატორმა. - სთქვი! რას გაჩუმებულხარ! სთქვი მეთქი!

- მე... მე და შენი მკვლელი? - მკვდარივით გაიღიმა იესემ. - აბა რა... რა დასაჯერებელია! ხუმრობით თუ ვიტყოდი.

- თქვენ ცეცხლსა და სისხლს ეხუმრებით! მეტი საქმე არა გაქვთ და ტახტს მიადექით? - ნიკომ ძმის მაჯას ხელი გაუშვა, ორივე ხელით მისწვდა მხრებში, შეანჯღრია და მიმხჩვალი ხრინწით ჩაუსისინა: - ბედოვლათებო! ნაცარქექიებო! ტუტუცებო! რამ გაგაგიჟათ! ვინ გამოგილაყათ ეგ უბადრუკი თავები! რუსის ჯარს თქვენ კი არა, ხუთი ხელმწიფეც ვერას დააკლებს. ნუ თუ აქამდე ვერაფერი დაინახეთ და ვერა გაიგეთრა? რუსებმა ოსმალეთი თქვენს თვალწინ შემუსრეს, სპარსეთი დააჩოქეს, პოლონეთი შეჰბოჭეს, ნაპოლეონიც კი დაიფრინეს და თქვენ... ახა-ხა! რა მასხრები ყოფილხართ!. ღმერთო ჩემო... არა, მოდი და ნუ გაიცინებ.

- ნუ იცინი. - წაილუღლუღა იესემ და მუხლმოჭრილი ჩაჯდა სკამზე. - ნუ იცინი მეთქი. შენ საქართველოს დასცინი, შენ...

- ვიცი, ახლავე ვიცი რასაც იტყვი. შენზე მეტი მე მინახავს, წამიკითხია, გამიგონია და თქვენზე მეტადაც მიყვარს სამშობლო. მაგრამ...

იესემ ღიმილი აიგრიხა და მხრები აიყარა. ნიკომ მხარზე ხელი დაადო, დაიხარა და ცხარედ განაგრძო:

- გაჩუმდი და ყური მიგდე. ზოგი ექიმი ავადმყოფს ნამეტანი სიყვარულით და ყბედობით მოჰკლავს, ზოგი კი ხმაგაკმენდილი მოუვლის მას და ფეხზე დააყენებს. თქვენ კი გინდათ ჩვენი ხალხი სისხლით დასცალოთ და მერმე თავი იმართლოთ, მისი განკურნება გვინდოდაო? ამგვარ ექიმს ჩამოხჩობის მეტი ვერა არგებსრა. - მაგიდას ხელი დაჰკრა და ისეთი ხმით წამოიძახა, რომ მის მსმენელს, ისედაც გაფითრებულსა და მთრთოლვარეს, ყინულმა ჩაურბინა სისხლში: - დიაღ, თქვენ ჩამოხჩობის ღირსი ხართ და კიდევაც ჩამოგახჩობენ! ჩამოგახჩობთ მეთქი!

ორჯერ-სამჯერ ჩაირბინა ოთახი, შემდეგ შესდგა, სანთლებს მოუკიდა, თავჩაქინდრულ ძმას დაჰხედა, წინ ჩამოუჯდა, ლმობიერად ჩამოართვა ხელი და ლმობიერივე ხმით უთხრა:

- ჩხუბი არაფერს გვარგებს. მე და შენ ერთი მუცლისანი ვართ და ერთგულად უნდა გავიტანოთ ერთმანეთი. ძმა ძმისთვისაო, ამ დღისთვისაო. დავივიწყოთ რაც აქამდე უსიამოვნება გვქონია და ერთმანეთს ვუშველოთ, თორემ ვინმე მშველელი ჩვენ არავინ გვყავს. ეს-არის ახლა თქვენგნით მოგზავნილი კნიაზი ალექსანდრე იყო ამ ოთახში. ორ საათს მესაუბრა და ყველაფერი მითხრა. მაგრამ ძალიან აღელვებული იყო და დალაგებით ვერ მიამბო. ახლა შენ გამაგებინე, ეს საქმე ვინ დაიწყო, როდის დაიწყო, რა გააკეთეთ და როგორ აპირებთ ამ საქმის მოგვარებას.

იესე ოდნავ მოცოცხლდა. თავჩაღუნულმა დაიწყო და თავაწეულმა განაგრძო. მაგრამ ხმა ვეღარ იპოვა და ისევ მოდუნებით ლუღლუღებდა. ნიკომ თავის თვალები ბოლომდე არ ამოიღო მის გულიდან და დროგამოშვებით ჰშველოდა:

- მაშ მელნიკოვიც ურევია? პაუშენკოც ჩაითრიეთ? კონსულებმა მაგრე შემოგითვალეს? კიდევ რა დააბარა მოლა ზამანს ალექსანდრე ბატონიშვილმა? აგრე... მესმის... ხომ არაფერი დაგავიწყდა?

და როცა თავის ძმა დაპირქვავებული კოკასავით დააცალიერა, მუხლზე ხელი დაიდო და უთხრა:

- ახლა მეც გეტყვი ერთ საიდუმლოებას. არლოვს ხომ იცნობ?

- მაიორს? როგორ არა, ვიცნობ.

- მაიორი აღარ არის, პოლკოვნიკობა მიიღო. იმას ასიოდე მოენე ჰყავს ბორჩალოში. ზოგი მათგანი ჩემი დოსტიც არის და აქედანაც იღებენ ჯამაგირს. დღეს საღამოს ჟამს ერთ-ერთ მათგანს შევხვდი და მითხრა, მთელმა ბორჩალომ იცის, რომ რამდენიმე დღეში აჯანყებამ უნდა იფეთქოსო.

იესე შეკრთა და ფერი წეღანდელზე უარესად ეცვალა.

- დაიცა, მათქმევინე. მე ვკითხე, არლოვმაც იცის მეთქი? იმან მიპასუხა: ჯერ არა, პირველად თქვენ მოგახსენეთ და იმას დღეს საღამოს ვეახლებიო. ახლა ხომ გესმის? გაიგე რა მახეში გაებით?

იესეს აღარა ესმოდარა. ტვინი აუდუღდა, სისხლი აერია და ცივი კანკალი აუვარდა.

- მე მივხვდი, რომ ამ საქმეში შენი ხელიც უნდა რეულიყო და მინდოდა მაშინვე დამეძახებინე, მაგრამ კნიაზი ჭავჭავაძე შემოვიდა და დრო წამართვა, - ძმას თმაზე ხელი გადაუსვა და ისევ ჰკითხა: - გესმის მეთქი რა მახეში გაებით?

- მესმის. - ჩაიკნავლა შეთქმულმა, რომელსაც იმ წამს ერთი სახჩობელას მაგიერ ასი თუ ათასი უტრიალებდა თვალწინ. - მესმის, მაგრამ...

მაგრამ ცხადზე-უცხადესი იყო, რომ მას აღარც რაიმე ესმოდა და არც ნებისყოფის ნატამალი შერჩენოდა. მოშვებული, პირდაღებული და თვალგაყინული მიჰშტერებოდა ძმას და უსიტყვოდ ეკითხებოდა: რას მირჩევ? რა ვუყო? როგორ მოვიქცეო?

“უჭკვიანესი ქართველიც” ამასღა ელოდებოდა.

- მეტი გზა არა გაქვს, უნდა დაასწრო. - ჩაუღვარა მან პირველი წვეთი.

- რაო? დავასწრო? ვის დავასწრო?

- იმას, მოენეს, არლოვს.

- ჰო, მართლა, უნდა დავასწრო. - ისე ამოიხვნეშა იესემ, თითქო ფილტვებიც ამოატანაო, და წამოდგა. - აგრეა... მეტი გზა არ არის... მე თვითონ უნდა დავასწრო, თორემ...

- თორემ ის დაგასწრებთ და... და ათასი საუკეთესო ქართველი დაიღუპება.

- რა თქმა უნდა... დაიღუპება... უეჭველად დაიღუპებიან.

- ია, ნუ გეშინიან. მე მომენდე. ყველას ავუხსნი და დავაჯერებ, რომ შენ უბრალო ხარ.

- უბრალო ვარ! ღმერთი, რჯული, უბრალო ვარ და ავად ნუ მომიხსენებენ. - ცრემლნარევი ხმით სთქვა იესემ.

- ნუ შეშინდები მეთქი.

- ვაი მე დედავ! - ამოიკვნესა შეთქმულმა და დარეტიანებულივით აბორიალდა იმ ოთახში. - რა უბრალოდ ვიღუპები! რამდენს პატიოსან ქართველს გამოეჭრება ყელი!

- ნუ, ია, მაგას ნუ ამბობ. - მიაშველა ზნეობრივი ყავარჯენი გუბერნატორმა და ხელი-ხელს გაუყარა. - მაგას ნუ ამბობ მეთქი. შენ შენს თავსაც გადაარჩენ და იმ ხალხსაც უშველი. თუ დაასწარი და მოინანიე. იმ ხალხსაც მისცემ შეღავათს და შენც გადარჩები.

- გადავრჩები? რა ოხრად მინდა გადარჩენა! ნეტა ჩამომახჩობდნენ და მეტი არა მინდარა.

- ნუ მიჰქარავ მეთქი! - ძმურად მოულბო ხმას ნიკომ. - არაფერიც არ იქნება, გადაგასახლებენ, იქ სამსახურს მოგცემენ, ხუთიოდე წლის შემდეგ დაგაბრუნებენ და ისეთ წარჩინებაში შეხვალთ, რომ ეს ამბავი სიზმრადაც ძლივს მოგეჩვენებათ. ჩემი სიტყვა დაიხსომე და, თუ არ გამართლდეს, საქვეყნოდ შემარცხვინე. ოღონდ... ოღონდ გონიერება უნდა მოიკრიბო და არლოვს დაასწრო, თორემ... - და ისევ თვალებში ჩააშტერდა.

- ვის... ვისთან უნდა მივიდე? - მომაკვდავივით ამოისუნთქა იესემ.

- გენერალ ვოლხოვსკისთან მიხვალ. ზრდილობიანი კაცია და ყველაფერს ადვილად გაიგებს. წერილსაც მიგიწერ. თუმცა, - და ერთ წუთს ჩაფიქრდა, - თუმცა სჯობს მე თვითონვე გამოგყვე. მაშ ნუ შეშინდები. აბა, წავიდეთ... ოღონდ ნუ შეშინდები მეთქი... მე მომენდე და არ ინანებ... არც ისინი ინანებენ.

რუხი ქურქი მოისხა და ფეხარეული ძმა კიბეზე ჩამოიყვანა. ბიჭი ფარნით დაედევნა, მაგრამ ნიკომ გააბრუნა და ძმას უთხრა:

- შენ წინ წადი. მე ნელნელა მოგყვები. ბინდში იარე... არ დაგვინახონ... გული გაიმაგრე.

ათიოდე წუთის შემდეგ იესე ქურდივით შეიპარა მთავარ შტაბში. ნიკოც მაშინვე შევიდა და გენერალი იკითხა. შტაბის გამგე ვოლხოვსკი კაბინეტში იჯდა და მუშაობდა.

- ძალიან სასწრაფო და საჭირო საქმისთვის გეახელით და გთხოვთ მოახსენოთ. - უთხრა ნიკომ ადიუტანტს და იესეს მოუბრუნდა: - იცოდე, ხმა-კრინტი არ დასძრა სხვასთან, რომ მე გნახე და მე მოგიყვანე, თორემ... ჩემი იმედი გქონდეს... დაგეხმარები... გიშველი!

- მობრძანდით.

- თქვენო მაღალაღმატებულებავ, - ეუბნებოდა ქლესა ხმით შტაბის გამგეს მისალმებისა და დაბრძანების შემდეგ გუბერნატორი, - მე და ჩემს ძმას იმპერატორისადმი ერთგულებამ და სამშობლოსადმი სიყვარულმა გაგვაბედვინა თქვენი უდროო მეწუხება. ჩემს ძმას უდიდესი და უპატიებელი ცოდვა ჩაუდენია და ჰსურს წრფელი გულით მოინანიოს იგი. მეც დავეხმარე, შევაგნებინე და მოგიყვანეთ. დანარჩენს ის მოგახსენებთ. ახლა ნება მიბოძეთ გეახლოთ. ჩემი აქ ყოფნა საჭირო აღარ არის. ოღონდ ერთი სათხოვარი უნდა გკადროთ და იმედია შემისრულებთ: საჭირო არ არის გაიგოს ვინმემ გარდა უზენაესი მთავრობისა, რომ ჩემი ძმა მე თვითონვე მოგიყვანეთ. დანარჩენს თვითონ ჩემი ძმა მოგახსენებთ, რომელიც... ღმერთმა დამსაჯა და ძმად მარგუნა... გარეთ იცდის და ახლავე გეახლებათ.

ცრემლი მოიხოცა, გენერალს გამოესალმა, ოთახიდან გამოვიდა და კედელზე ატუზულ ძმას უთხრა:

- ყველაფერი მზად არის... გენერალი გიცდის და შედი.

იესე გასაქცევად მოსხლტა:

- არ შემიძლიან! ვერ შევალ!

ნიკომ ხელი სტაცა და მიატრიალა.

- რამ გაგაგიჟა? შედი მეთქი! - თან ხელს ჰკრავდა კარებისკენ და გაბრაზებით ეუბნებოდა: - შედი მეთქი! ხომ არ შეგჭამს! სირცხვილია! რას იტყვიან! შედი, შედი მეთქი!

- ნიკო, რას მიშვრები? ძმა ხარ და შემიბრალე.

სალახმა არ შეიბრალა და ღვიძლი ძმა დასაკლავი ხარივით შეუგდო გენერალს, შეუგდო და რომის იმ სენატორივით გამოვიდა გარეთ, ვინც ეს არის ახლა უმძიმესი და უზენაესი ვალი მოიხადა ცეზარისა და სამშობლოს წინაშე.

გამოვიდა და ერთი წუთით რომაული ტოგას მაგივრად ოქრომკედით მოქარგული რუსული სენატორის მუნდირი მოელანდა.

იქ კი, შიგნით, გენერლის წინაშე მისი ღვიძლი ძმა შეტორტმანდა, გულწასულივით დაეშვა სკამზე და კაეშნით სავსე თვალები იატაკს ჩააბჯინა.

- აბა, დავიწყოთ. - ინება ბოლოს გენერალმა.

და შეთქმულთა მეთაურმაც დაიწყო - ხრინწით, სლოკინით, ბორძიკით და კნავილით დაიწყო.

ერთი საათის შემდეგ მანამდე მიყუჩებულმა შტაბმაც დაიწყო გამოცოცხლება, ხოლო შუაღამისას ისე აიბურძგნა, თითქო ომი დაწყებულიყო. ბნელ ქუჩებში ცხენოსანი ყაზახები დაჰქროდნენ, ნამძინარევი აფიცრები შტაბისკენ გამორბოდნენ, ბრძანებას ისმენდნენ, აქედან სალდათებისა და ჟანდარმების მცირე გუნდები მიჰყავდათ და იქიდან დაპატიმრებული ორბელიანები, ერისთავები, ყველა მეთაურები და მათი მოზიარენიც მოჰყავდათ.

იმ დღიდან ქალაქსა და სოფელსაც ციება შეუჩნდათ და სისხლში შემზარავი ჟრუანტელი უვლიდათ. ბნელ ქუჩებში ღამღამობით ფარნების ციმციმი მოსჩანდა და ყრუდ გაისმოდა მძიმე ჩექმების ფლატუნი და ზოგჯერ კი ხმამაღალი ტირილი და ყრუ კივილი: “მიშველეთ!”

მოვიდა ჟამი განკითხვისა და მშველელი კი არსად იყო - არც მაჰმად ფაშა ეგვიპტელი, არც ალექსანდრე სპარსელი და არცა ხომალდები ფრანგული და ინგლისური.

შეთქმულება ყაზარმობად გადაიქცა და იმ ყაზარმის ზემო სართულში ის ორთავიანი არწივი იჯდა, რომელმაც თავის შემმართებელ მიმინოს ფრთები მოსტეხა, ჭანგები დააჭრა და იქვე ბნელ სარდაფში ჩაამწყვდია.

სოლომონ რაზმაძე100 თავრიზიდან ამოიყვანეს. გრიგოლ ორბელიანი რუსეთიდან ჩამოიყვანეს, ხოლო ფილადელფოს ბერის შესაბოჭავად თვითონ ეგზარქოსი მოსე ბოგდანოვ-პლატონოვი გაიქცა შუამთაში და თან პოლკოვნიკი არლოვი და ჟანდარმები წაიყვანა.

ბერს ლოცვა შეაწყვეტინეს და ჩხრეკას შეუდგნენ. ორჯერ გადააქოთეს მონასტერი, მესამეჯერაც მოჩხრიკეს და სადღაც ჭერში ფიცრებსა და აგურის შუა აქტი გონიერი, პროკლამაციები და კრიპტოგრაფიული წერილები იპოვეს. აღშფოთებულმა ყოვლად უსამღვდელოესობამ ფილადელფოსს კუნკული მოჰგლიჯა, ანაფორაში მისწვდა და მათ შორის ნამდვილი ჭიდილი გაიმართა.

- გაიხადე, სატანავ! - ჰკიოდა მოსე და ანაფორას აგლეჯდა.

- ხელი გაუშვი, მოთრეულო! ეს ჩოხა ანტონ კათალიკოსმა მიკურთხა და შენ ვინა ჰგდიხარ?!

არლოვი მხიარულად იფშვნეტავდა ხელებს და ბერის დაპატიმრებით აპირებდა თავის მარცხის ანაზღაურებას. მარცხი კი აშკარაზე აშკარა იყო: ასეთი დიდი შეთქმულება არლოვმა კი არ აღმოაჩინა, იგი თავისთავად გასკდა და მას, წესიერების გუშაგს, მანამდე მოსალოდნელი საგენერლო საბეჭურების ნაცვლად ახალი დაქვეითება მოუტანა.

- ანაფორა გაიხადე მეთქი!

- შენ ვინა ჰგდიხარ! აქედან გაეთრიე!

მცირე ხნის შემდეგ თვითონ ბერი ეგდო შებოჭილი იქაურ ურემში და თვითონ მას მოათრევდნენ ქალაქისკენ. ფილადელფოსი პირქვე იწვა, ჩუმად სტიროდა და ჰფიქრობდა დაემტკიცებინა ქალაქში, რომ ეგზარქოსებს, არლოვებსა და ბარონ როზენებს უფლება არა ჰქონდათ ანტონ კათალოსის მიერ ნაკურთხი ჩოხა გაეხადნათ მისთვის.

ვერ დაუმტკიცა.

* * *

დათუნა ქალქში იყო, როცა მისი მოძღვარი ფილადელფოსი ჩამოიყვანეს, ბარნაველი აღარ დაბრუნდა შუამთაში, დარიის მონასტერში შედგა და მას შემდეგ მხოლოდ იმაზეღა ზრუნავდა, რომ თავის მასწავლებელი გამოეკვებნა და რამე შვება მიეცა. მისი ცხოვრება სამკუთხედში ჩაიჭედა: მონასტერი, ყაზარმა და არსენას ოჯახი. დღე არ გავიდოდა, რომ ოძელაშვილის სახლში არ შეეხედა. აივანზე ან პაწია ბაღში ჩამოჯდებოდა, ხმის ამოუღებლივ გაატარებდა ორიოდე საათს და შემდეგ ცხვრის ხორცით, მაწვნით და კარაქით დატვირთული, თავჩაღუნული მიდიოდა ყაზარმისკენ.

კვირაში ერთხელ სამგორიდან არსენა ჩამოვიდოდა და მხოლოდ ის ამოაღებინებდა რამდენიმე სიტყვას. მთელი საქართველო მხოლოდ ყაზარმობაზე ლაპარაკობდა და ეს ორი მეგობარიც ამას დასტრიალებდა ხოლმე.

- დამიჯერე, დათუნი, ეს საქმე უჩვენოდ არ გაკეთდებოდა მეთქი. - ეტყოდა მარაბდელი.

- აგრეა. - ნაგვიანევად ეთანხმებოდა ბარნაველი. - ახლა სხვებიც მაგასვე ამბობენ.

- ურემი რომ გადაბრუნდება, გზაც მაშინ გამოჩნდებაო. ადრევე რომ აეღოთ ჩემი გეზი და გლეხისთვინ შვება რამ მიეცათ, ერთ კვირაში ოცი-ათას კაცს მოვაყრიდით ქალაქს და ამ ყაზარმას და იმ სასახლესაც სულ კორიანტელს ავადენდით. რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსო. სიხარბით მოუვიდათ, მე არ დამიჯერეს და ახლა გვიანღაა სინანული.

არ დაუჯერეს. მარაბდელს კი ღრმად სჯეროდა, რომ მათი მორიგებაც და გამარჯვებაც მხოლოდ აღდგენილი ხიდის შუაგულზე იყო შესაძლებელი. მაგრამ არ დაუჯერეს. ამიტომ ის ხიდი ისევ ჩატეხილი ეგდო, ხოლო ბატონები ხრამის გაღმა ეყარნენ რკინის გალიაში, ყმები კი ისევ ბორკილებს დაათრევდნენ გამოღმა და გაღმელთა გოდებას გულმშვიდად უსმენდნენ, ან სულაც არ უსმენდნენ.

1833 წელიწადმა შავი ჭირი, მოუსავლობა, ვარსკვლავთა წვიმა და შიმშილი მოიტანა და უამრავი ხალხი წაიყვანა.

დადგა 1834 წელიწადი. ოძელაშვილმა გადასწყვიტა იმ ზაფხულს ლოქის მთაში აერეკა ცხვარი და საძოვრის დასაბევებლად თავად მელიქიშვილთან წავიდა სადახლოში. გზადაგზა ჩუმად აუხვია მარინეს სოფელ ენაგეთში, თავის დედ-მამა და ერეკლე დაიბარა, ნახა და ისევ გზას გაუდგა.

სადახლოს და ლოქის ბატონი შინ არ დაუხვდა. არსენას ერთი კვირაც იქ მოაგვიანდა და როცა უკანვე გამობრუნდა, თათრული სოფლის აშაღა სარალის ორღობეში მოულოდნელად მოესმა გახარებული შენაძახი.

- იავაშ, ყარდაშ!

- ძმაო ჰასან, როგორ მიპოვნე?!

- სამო ზმაო, სამოდი, მე მარტო ისლამის კვალი ვერ მიპოვნია, თორე ჩემ ზმას სიმბირშიც ვიპოვი.

მარაბდელი მეორე დილით უნდა წამოსულიყო, მაგრამ ჩაწვა და ორი კვირის შემდეგაც ძლივს წამოდგა. წყეული იქაური ციება შარშან ზაფხულშივე შეეპარა და ძლივს გაუნელდა, ახლა კი, ჰავა რომ შეინაცვლა, ისევ ეძგერა და ისე დასჯაბნა, რომ ბრგე მარაბდელი ცვილივით გააყვითლა. ოძელაშვილმა ძლივსღა წამოიწია, დალი ჰასანს რაღაც ჭმუნვა ეტყობოდა. არსენამ შეამჩნია და ჰკითხა:

- ჰასან, რამ დაგაღონა?

- არსენ, ვაჟკასი ხარ და... ვალაჰ, სუდი საქმე მოხდა.

- სთქვი, ჰასან, ვინ მომიკლეს? ვინ დაიჭირეს?

- არა, ზმაო, არავინ არ მოუკლავთ, მაგრამ... ბევრი დაიჩირეს.

- სთქვი და გაათავე.

- არლოვმა და გიგოლამ თქონი სხვარი სულ საიღო.

- ცხვარი შხამად შეერგოსთ. შენ ჩვენებისა მითხარი.

- ვაი რა სუდი ამბავი უნდა გითხრა, ზმაო! - და თათარმა მკერდში ხელი დაირტყა და ღრმად ამოიოხრა. როსტომი დაიჩირეს, კარპიჩაც... დათუნაც.

- როსტომიც და კარპიჩაც! ღმერთო დიდებულო!

- შენი დედ-მამაც.

- ჩემი დედ-მამაც? - თითქო გაოცდა მარაბდელი.

- ერეკლე და მეშთა გაქსეულან. სულხანს ფიქრია და შენი სოლ-შვილი მაგდანასთან საუყვანია ქვიშხეთში.

- ჩქარა, ჰასან, ლურჯა შემიკაზმე!

- დაისა, ზმაო, ჯერ ჯანზე მოდი.

- ჩქარა მეთქი!

მარაბდელმა ის ღამე გზაში გაატარა. დილით მარაბდის ჭალაში იჯდა და უკვე დავაჟკაცებულ გარსიას ეკითხებოდა, რომელიც მალვით ჩამოსულიყო სოფლიდან:

- მაშ ორ კვირაზე მეტია რაც წაიყვანეს?

- მეტია. ათიოდე სხვაც დაიჭირეს. კუჭატნელი და გიგოლა ჩამოვიდნენ და იმათ დაიჭირეს. გიგოლას უთქომს, ზაალმა და დავითმა საჩივარი შეიტანეს, ღვთისავარი და რამდენიმე თავი-კაცი ყმებს გვიჯანყებენ და მოგვაშორეთო. ის ნაბუშარი ისევ დაბრუნდა ქალაქიდან და სთქვა, კიდეც გაჰგზავნესო.

- სად გაჰგზავნეს? - ვერ მიუხვდა ოძელაშვილი. მერმე მიაგნო და ზე წამოიჭრა: - რას ამბობ, ბიჭო! ციმბირში ხომ არ გარეკეს? ვაი შენ ჩემო თავო!

გარსიამ ხელი სტაცა მარაბდელს და ჩასჩურჩულა:

- სუ, იყუჩე. აგერ იქ, ბუჩქებში... მგონი გიგოლა ამედევნა.

ფოთლიანში ჯერ ფაჩუნი გაისმა, მერმე ლაწუნი ასტყდა. არსენამ რამდენიმე ნახტომით მოუჭრა გზა და ნადირი აზვირთებულ ალგეთის ნაპირზე მიაგდო. ჯაშუშმა კურდღელივით ამოიჩხავლა, როცა მას მწევარი მისწვდება ხოლმე და ზედ მიმდგარს გავეშებულ არსენას მუხლებში ჩაუვარდა.

- შენ გენაცვალე, არსენ...

- ადე, ასპიტო! ადექი და სთქვი, სად არიან ჩემი დედ-მამა, როსტომი, კარპიჩა?

აცახცახებული ნაბუშარი წამოდგა, დუჟი ჩამოუშვა და კბილების კაწკაწით წაილუღლუღა:

- ყველანი ძაუგისკენ გაჰგზავნეს. არლოვიც გაჰყვა. მე კი... აბა რა ჩემი ბრალია? მიბრძანეს და შევასრულე. მე არა ვარ...

და ვეღარ დაასრულა, რადგან დანარჩენი არსენას ფეხმა შეასრულა. ის თავისთავად ახტა ჰაერში, ნაბუშარის მუცელს ეცა და მეფისა და ბატონის თვალყური ადიდებულ წყალში გადააგდო. ტალღებმა მაშინვე მოიტაცეს, ქვებს მიახეთქეს, ისევ ამოატივტივეს და ისე მიახალეს ნაპირს, თითქო მისი ამოსაქმება უნდოდათო, მაგრამ იმავე წუთს ხელახლა ჩაისრუტეს და ვინ იცის ის უწმინდური სად და როდის ამოანთხიეს.

- გარსი, გაიქე და ვითომ აქ არც კი ყოფილხარ. - მიუგდო მარაბდელმა თავის ერთგულს და ლურჯა ხევხევ გამორეკა. მოდიოდა და ჰფიქრობდა: “ჯერ კაცი არ მომიკლავს და რაღა ეს წუნკალი შემომაკვდა? სამარცხვინო საქმე მომივიდა და უნდა დავმალო, თორემ იმ ლირწკაცის მოკვლას არავინ მომიწონებს. იმაზედაც მეტყვიან, კაცი მოჰკალიო?! ფუჰ, გაუწყრეს ჩემი გამჩენი!”

* * *

ფილადელფოსი ავად გამხდარიყო. სამკურნალოდ დარიის მონასტერში გადმოიყვანეს და სადარაჯოდ სალდათები მიუჩინეს. მისი მოწაფე დათუნა დღე-ღამეს ასწორებდა და მასწავლებელი თითქო კიდეც გამოსტაცა სიკვდილს, მაგრამ ბერმა ისევ სამარისკენ იბრუნა პირი და მოულოდნელად განუტევა სული. დათუნა ცხედრის წინ იდგა გლოვაზე. სწორედ ამ დროს შემოვიდნენ ბერის გარდაცვალების შესამოწმებლად ექიმები და არლოვი, რომელსაც დიდი ხნის საწადელისთვის მიეღწია: ჟანდარმის მუნდირი ჩაეცვა და ექსელბანტები ჩამოეკიდნა. მან გაოცებით გადაჰხედა დათუნას და მაშინვე აინაზღაურა დანაკლისი: ორი სალდათი მკვდარ ბერს ჩამოაშორა, ცოცხალ ბერს მიუყენა და წაიყვანა.

- რად მაპატიმრებთ? - ჰკითხა გაოცებულმა დათუნამ.

- ჩვენი მტრის მეგობარიც ჩვენი მტერი იქნება და ამიტომ გაპატიმრებ. - მიუგო პოლკოვნიკმა და მოშორდა.

ამ მოსაზრებით არლოვს ასიოდე მდაბიო, ხელოსანი და გლეხი შეებოჭა. “ყოვლად დაუჯერებელია, რომ შეთქმულ თავადებს დამხმარედ ხელქვეითი გლეხები არა ჰყოლოდათ”. - ამბობდა ის და გულმოდგინედ სჩხრეკდა ქალაქსა და მიდამოებს. ვისაც ბრალი დაუმტკიცდებოდა, ის სამხედრო კომისიის ხელში გადავიდოდა, ვისაც არა და - არლოვის კერძი ხდებოდა.

ორიოდე კვირის შემდეგ დათუნა რიჟრაჟზე ააყენეს და ეზოში გაიყვანეს.

იქ ასიოდე კაცისთვის მოეყარათ თავი და ირგვლივ დარაჯები შემოერტყათ.

- დათუნი, შენც აქა ხარ?

- გამარჯობა, ღვთისავარ!

ბარნაველს მაშინვე შემოეხვივნენ ცალთვალა, მელანო, როსტომი, კარპიჩა და რამდენიმე სხვა ნაცნობი.

- სად მივყევართ, შვილო? - ჰკითხა მას მელანომ.

- არ ვიცი, დედი.

უცხვირპირო კუჭატნელი განზე იდგა და მბრძანებლობდა.

- საით მიგვერეკებით, გიორგი? - ჰკითხა მას როსტომმა.

კუჭატნელმა ხმა არ გასცა და მიტრიალდა.

ცალთვალამ და კარპიჩამ ისე ჩაჰხედეს ერთმანეთს თვალებში და ისე ჩაიქნიეს თავი, თითქო ამბობდნენ: ვიცით, მივხვდით, ყინულეთისკენ მივყევართო.

შემდეგ ყველა პატიმრები ერთმანეთს გადააბეს, დასძრეს და ვერისკენ წამოიყვანეს. ქალაქი იღვიძებდა. ქუჩები თითქმის ცალიერი იყო და ერთმანეთზე გადაბმულ ხალხს მხოლოდ რამდენიმე წყვილი შეშინებული თვალი აცილებდა.

ერთ ალაგას ვიღაც ჭაბუკი შეხვდათ. მან ქუდი მოიხადა და სევდით სავსე თვალები გააყოლა მათ. დათუნას და ღვთისავარს მოეჩვენათ, თითქო მას ეცნოს ისინი და მწარე ღიმილი გადმოეგდოს მათთვის. იმათაც იცნეს დაკოჭლებული ჭაბუკი ნიკო ბარათაშვილი, ღიმილი დაუბრუნეს, თავი ჩაუქნიეს და თავიანთ გზას გაჰყვნენ, ხოლო პოეტი მანამდე იდგა გახევებული და მანამდე ადევნებდა მათ თვალყურს, სანამ შენობის უკან არ მიიმალნენ.

სამხედრო გზაზე რომ გამოვიდნენ, პატიმრებმა დრტვინვა დაიწყეს, ხოლო ქალაქს რომ გასცდნენ და პირი რომ მყინვარისკენ შეუბრუნეს, შესდგნენ და ყვირილი ასტეხეს:

- გაგვაგებინეთ, სად მიგყევართ?

- ციმბირში! - დაიძახა ხმამაღლა კარპიჩამ.

ერთი წამით სამკვდრო დუმილი ჩამოწვა და შემდეგ გუნდს ვალალი და გმინვა აღმოხდა:

- არ გვინდა! არ წავალთ! გვიშველეთ!

არც მშველელი მოსჩანდა და არც გაქცევა შეეძლოთ. პატიმრები მიწაზე დაწვნენ, იგი ცრემლით დაასველეს და სასოწარკვეთით ჩაჰქვითინეს:

- მშვიდობით! გვიშველეთ! დაგვხოცეთ! არ წავალთ!

თავი-კაცი ახლაც თავისთავად გამოჩნდა.

- დედაკაცო, წამოდექი! - და ცალთვალამ მელანო ბალღივით წამოაყენა. - კუჭატნელო, ეგ მათრახი დააყენე! კარპიჩავ, როსტომ, დათუნი, მიშველეთ ეს ხალხი გონს მოვიყვანოთ. სირცხვილია! ვაჟკაცები ვართ და ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსა. აბა წამოიწიეთ! გონს მოდით! აი კოჭლი რუსი რას ამბობს: ციმბირში მიცხოვრია, ძალიან კარგი ჰავაა, მოსავალიც დიდია და იქაც ჩვენისთანა ქრისტიანი ხალხი სცხოვრობსო.

- მართალია! - წამოიძახა კარპიჩამ. ღვთისავარს რამდენიმე კაცი მიეშველა, - სირცხვილია! გამაგრდით. ადექით! წავიდეთ!

- ხალხო, ჩათრევას ჩაყოლა სჯობია!

აქაური მიწა, აქაური ცა, აქაური ჰაერი, ნათესავები და საფლავები გამოიტირეს და ისევ გზას გაუდგნენ. მიდიოდნენ, ფეხებს ძლივს მიათრევდნენ და დროდადრო ოხვრით, ხვნეშით და ურვით ჰკიოდნენ:

- არ წავალთ! აქვე დაგვხოცეთ!

მაინც მიდიოდნენ და თან თითო მუჭა აქაური მიწა მიჰქონდათ, რათა იგი მკერდზე ეტარებინათ და იქ, ყინულეთში, თან ჩაეტანათ საფლავში.

მელანომ ვეღარ იარა და ურემზე დასვეს. გვერდით კარპიჩა მისდევდა.

- როდის ჩავალთ, შვილო?

- ათიოდე თვეში ჩავალთ, დედილო.

- შვილო, მართლა იქაც ქრისტიანები სცხოვრობენ?

- მართლა, მაშა!

- როგორ სცხოვრობენ, შვილო?

- ჩვენებურად სცხოვრობენ, დედი. სვამენ, სჩამენ, მუშაობენ, იბადებიან და იხოცებიან, მაშა! ზროხაცა ჰყავთ, ხარიც, ცხენიც და ცხვარიც. ნუ გეშინიან, დედი, გენერალივიტ ვიცხოვრებთ.

- შვილო, არსენა ხომ არ მოსჩანს!

- არა, დედილო, ჯერ არ მოსჩანს!

და კარპიჩას გარდა სხვებიც აშტერდებოდნენ ღელე-გორაკებს და გულის ფანცქალით მოელოდნენ მარაბდელის ომახიან კიჟინს, მოელოდნენ და არ იცოდნენ, რომ იმ დროს ის თათრების სოფელში იწვა და ციების თეთრ ქულებს ებრძოდა.

არსენას მაგიერ სხვა ვინმე გამოჩნდა. მუხათ-გვერდასკენ რომ შეუხვიეს, მარცხნივ კლდის წვერზე ძეგლივით აყუდებული კაცი შეამჩნიეს და ერეკლე იცნეს. პატიმრებს მგელივით ასდევნებოდა და ბილიკებით მოსდევდა.

- ნეტა არ გაბრიყვდეს და ფათერაკს არ წაეკიდოს. - ჩაიბურტყუნა ცალთვალამ და თავისიანებს თვალი უყო მელანოსკენ, არ გააგებინოთო.

- შვილო, არსენა ხომ არ გამოჩნდა? - ჰკრუსუნებდა დროგამოშვებით დედაბერი.

- არა, დედილო, ჯერ არ მოსჩანს, მაგრამ გამოჩნდება, ნამდვილად გამოჩნდება და გვიშველის. - ანუგეშებდა მელანოს და სხვებსაც კარპიჩა.

არ გამოჩნდა. იმედი თანდათან დნებოდა და მასთან ერთად მათი სიმტკიცეც ილეოდა. მაინც მიდიოდნენ, მიეთრევოდნენ და მხნეობის ნარჩენს წვეთწვეთად ღვრიდნენ. ხოლო როდესაც დარიალას გასცილდნენ და გაივაკეს, უკანასკნელი წვეთიც დააქციეს: ერთხელ კიდევ დაემხნენ მიწაზე და ნახირივით აბღავლდნენ:

- მშვიდობით! გვიშველეთ! დაგვხოცეთ! არ წავალთ!

მაინც წავიდნენ. ძალამ წაიყვანა.

* * *

დარდით და ბოღმით გამძვინებული მარაბდელი არაგვისკენ მოეშურებოდა. ეგონა, იქნება იმ უბედურებს სადმე დავეწიო და ვიღონო რამეო. ჯერ თვითონაც არ იცოდა რა უნდა ეღონა. მხოლოდ ბუნდოვანი აზრი ჰქონდა: გლეხებს დავუძახებ, თავს დავესხმი და გავანთავისუფლებო.

მიჰქროდა გორდა მარაბდელი და ლურჯას აღარ ინდობდა. ისიც ჰგრძნობდა პატრონის გაშმაგებას და ხარბად სჭამდა ვაკეს, ხევხუვს, ოღროჩოღროს.

გაზაფხული იდგა. დიდი ხუთშაბათი იყო და ზემოური გლეხები ასობით მოეშურებოდნენ ქალაქისკენ, რათა თავიანთი ნაოფლარი გაეყიდნათ და ცოლ-შვილისთვის რამდენიმე არშინი ჩითი ეყიდნათ - რუსული არშინი და არა არსენასი, რომელიც ერთ დროს ლანდივით მოეჩვენათ და ვერ შეინარჩუნეს.

- გორდას გაუმარჯოს, არსენ, გამარჯვება! - ესროდნენ აქეთ-იქიდან გლეხები სწრაფი ჩორთით მიმავალ მარაბდელს და ეტყობოდათ, რომ ჰსურდათ გაეჩერებინათ, გამოეკითხათ, თავიანთიც ეთქვათ და ისიც გაეგოთ - დრო ხომ არ მოვიდა გავიჩეჩნეთ და უღელი გადმოვიგდოთო. მაგრამ მათს გორდას საამისოდ აღარ ეცალა და ისარივით მოდიოდა ზევით, დუშეთისკენ, მლეთისკენ, დარიალისაკენ.

მუხათგვერდზე დუქანი იდგა. არლოვმა რომ მოინდომა თავის დაქვეითებული ნირი აღედგინა, ლოპიანაც გაახსენდა და შარი მოსდო, შეთქმული თავადები შენს დუქანში ქეიფობდნენო, და ორმოცი თუმანი იკმარა, რათა მისთვის ყინულეთი არ ეჩვენებინა და მხოლოდ ქალაქიდან გაეძევებინა. ლოპიანაც აიბარგა და ამ დუქანში გადმოვიდა.

უკვე ბინდი წვებოდა, როცა ციებით და ბოღმით შეხუთულმა არსენამ ლოპიანას მიუგდო სადავე და ჰკითხა:

- მითხარი, როდის აატარეს ჩვენები?

- ათი დღე იქნება. - დამწუხრებით მიუგო მედუქნემ.

- ათი დღე? - და კინაღამ წაიქცა. - მაშ ახლა ძაუგში იქნებიან.

- ჰაი ჰაი რომ იქნებიან. აქ თითქმის არ შეასვენეს. მაინც მოვასწარი და რამერუმე გავატანე. ღვთისავარს ორი ოქრო მივეცი. მოგიკითხეს, ნამდვილი ქრისტეს ტირილი იყო. მეც კი ამატირეს.

ლოპიანამ არსენას თვალებზე ცრემლი დაინახა და გაოცდა.

- ერეკლეც ვნახე. შორიახლო მისდევდა. მითხრა, იქნება ვუშველოო. ვერ დავიჭირე და გიგუა გავაყოლე. რას გახდებიან? ესენი ორნი არიან და ისინი კი ორმოცი, არლოვმა ადრე გაიარა, ტუსაღები კი კუჭატნელს მიჰყავდა.

- ის უღმერთო კუჭატნელი აქაც გაერია?

- უიმისოდ არაფერი კეთდება. მესამე დღეს უკანვე ჩამოიარა. ალბათ დუშეთამდე გააცილებდა. არლოვს კი ჯერ არ ჩამოუვლია. მხლებლად ის ყაზახი მისდევდა, შენ რომ ხმალში გაიწვიე კოდაში. მან მითხრა, ძაუგში ავალთ და დავბრუნდებითო. რა მოგდის, არსენ, ხომ არ გაციებს?

- მაციებს. ჩქარა დამაწვინე და რაცა გაქვს, ზედ დამახურე. არაყში წიწაკა, მიხაკი და დარიჩინი აურიე და დამალევინე. ლურჯასაც კარგად მოუარე. ძალიან დავღალე და ცოდოა.

მეორე დილით გალახულ-გაყვითლებული წამოდგა, ოდნავ დანაყრდა და ხურჯინში ცოტა ღვინო, ორი შოთი და ერთი დოში ჩაილაგა.

- საით მიდიხარ, არსენ? - ჰკითხა ლოპიანამ.

- პატარა საქმე მაქვს და იქნება არც კი დავბრუნდე. მეშთა დავიბარე და, თუ ამოვიდა, აქ მომიცადოს.

ლურჯას მოაჯდა, მცხეთას გასცდა, ღართის კარში შევიდა, იქ ჩამოხტა და ცხენი ბალახზე მიუშვა, თვითონ კი მცირე კორდზე ჩამოჯდა და თვალები გზას დააბჯინა.

ორიოდე საათის შემდეგ მოსახვევში ორი კაცი გამოჩნდა. არსენამ შორიდანვე იცნო და, როცა მოახლოვდნენ, ჩასძახა:

- ერეკლევ! გიგუავ!

ძმები ათი წლის უნახავებივით გადაეხვივნენ ერთმანეთს და ჩუმი ცრემლით ჰგლოვობდნენ დაკარგულ დედ-მამას, დათუნას, კარპიჩას და როსტომს. ერეკლე თავს იმართლებდა: სტეფანწმინდამდე მივყევით, გლეხებს დავუძახეთ, ფულიც შევაძლიეთ და შენი სახელიც გამოვიყენეთ, მაგრამ ვერ გავაბედვინეთო. ამბობდნენ, არ გიცნობთ და თვითონ არსენა რომ ამოსულიყო, გავყვებოდითო.

- მაციებდა. ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი და ამან დაგვღუპა.

დიდხანს იყუჩეს. შემდეგ არსენამ ჰკითხა ერეკლეს:

- ახლა რას აპირობ? საით მიდიხარ?

- აბა რა ვიცი. შინ აღარ მიმესვლება. შენთან მოვდიოდი.

- აგრეა. შინ აღარ მიგესვლება. ორი ოჯახი გვქონდა და ორივე დაგვინგრიეს. - კიდევ იყუჩა და შემდეგ ისეთ კილოზე ალაპარაკდა, თითქო ანდერძს უკარნახებდა: - ერეკლევ, ყური მათხოვე და რაც გითხრა, ზუსტად შემისრულე. შენ და გიგუა ზევით გაბრუნდებით, კასპამდე ივლით და გაღმა კლდეში ერთ პატარა ნიშს იპოვნით.

- ვიცი, ვყოფილვარ. - სთქვა გიგუამ. -

- ჰო და იმ ნიშის კუთხეში, იქვე კარის მარცხნივ, მცირე რამ განძი მაქვს ჩაფლული და ამოიღებთ... ამოიღებთ და ფულად აქცევთ.

- ჩვენვე ვაქციოთ? შენ არ ჩამოგიტანოთ?

- მე ჩამომიტანეთ, მაგრამ თუ... - და უნდოდა ეთქვა, თუ ცოცხალი აღარ დაგიხვდითო, მაგრამ სხვა სიტყვა იპოვნა და განაგრძო: - მაგრამ თუ ავად ვიყო და არ ვივარგო, თქვენვე აქციეთ ფულად და ასე დახარჯეთ: ზოგი იმ უბედურებს გაუგზავნეთ ციმბირში... ვინძლო არ დამიმშიოთ. მარინეს მოზრდილი წილი მიეცით და უთხარით შვილები გამიზარდოს, არავის დააჩაგვრინოს და ობლობა არ შეამჩნევინოს.

- რა მომაკვდავივით ლაპარაკობ, არსენ! - შემკრთალი ხმით წამოიძახა ერეკლემ.

- ყური მიგდე მეთქი. კაცნი ვართ და ვინ იცის რა მოგველის. ცოტაოდენი ფიქრიას მიაწოდეთ. წვრილშვილის პატრონია და ერგების. სულხანს უთხარით, რომ ჩემს ქვრივ-ობოლსაც ისე მოუვლიდეს, როგორც თავის საკუთარს უვლის. მაგდანას ერთი ძროხა უყიდეთ, მადლია. სიმონას დედას ლუკმაც ენატრება და იმასაც მიეცით. ქვრივ-ობოლი და საწყალი ხალხიც არ დაივიწყოთ. თქვენ კი... აბა რა გითხრათ! როდემდე უნდა იხეტიალოთ კარდაკარ და ხევხუვში? არა გამოვარა. ხვალ ან ზეგ დაგიჭერენ და თქვენც ჩამოგახჩობენ, ან გაგაციმბირებენ. ამიტომ გირჩევთ აქაურობას მოშორდეთ და სათათრეში გადახვიდეთ. ქართველები იქაც ყოფილან და შეგიხიზნებენ. კიდევ ერთ რამეს დაგიტოვებთ ანდერძად და შემისრულეთ: ზედ ჩვენი დროშა მაქვს და ვინც ღირსი იყოს, იმას გადაეცით.

- არსენ, რა მოგელანდა? რას მელაპარაკები?

- მე ისე გითხარი, თუ ვინიცობაა რაიმე მოხდეს მეთქი. ახლა კი წადით და დანაბარევი შემისრულეთ.

- წავალთ და იმ ხაზინას შენ ჩამოგიტანთ.

“ვნახე წუხელი სიზმარში, სისხლში ვიღებავდი წვერსა. ვერ დავესწრები აღდგომას, ვერ დავიჭერ წითელ კვერცხსა. თუ ძალად არავინ მომკლა, ნებით გამოვიჭრი ყელსა”.

- არსენ, გაჩუმდი!

- წადით და აგრე მოიქეცით.

- შენ სადღა მიდიხარ?

- მე საგურამოში ავალ და ისევ ლოპიანას დუქანში დავბრუნდები.

- მაშ მშვიდობით იყავი.

- მშვიდობით, ძმაო! - და ისე გადაეხვია ერეკლეს, თითქო უკანასკნელად ჰხედავდაო.

მარაბდელი არსად არ წასულა. ისევ კორდზე იჯდა და გულდასმით უთვალთვალებდა დიდ გზას, სადაც მრავლად მოსჩანდა ქვეითი, ცხენოსანი, ტარანტასი და ურემი. ბოლოს შემკრთალივით წამოიჭრა, ქვეით ჩამოცოცდა და გზის ნაპირას ჩასაფრდა. ზევიდან ტარანტასი მოჰქროდა და შიგ არლოვი იჯდა, რომელიც უფრო იმისთვის ასულიყო ძაუგს, რომ შეთქმულთა გადასახლების საქმე მოეწყო, რომელნიც თითოთითოდ უნდა გადაეგზავნათ რუსეთში. მას ადრევე გაეგო ნიკოლოზ მეფის განაჩენი და ახლავე შესდგომოდა თავდარიგს.

- შესდექი! - დასჭყივლა მარაბდელმა მეეტლეს და გზა გადაუღობა. გადაუღობა და დამბაჩა დაუმიზნა.

მეეტლემ ისე მოსწია სადავეები, რომ კინაღამ ჩააჩოქა ცხენები. მის გვერდით ყაზახი უნდა მჯდარიყო, მაგრამ გზაში ავად გამხდარიყო და დუშეთში დარჩენილიყო.

არსენამ დამბაჩა არლოვზე გადაიტანა და მეეტლეს უთხრა:

- შენ ჰეი, ქართული გეცოდინება და რაც გითხრა მოახსენე. უთხარი ჩამოვიდეს.

მეეტლემ სხაპუნით მიაყარა მაიორს:

- სლეზაი, სლეზაი, სლეზაი!

- ახლა ჰკითხე, როგორ ატარა და როგორ დააბინავა ის ხალხი?

- ძალიან კარგად უვლიათ და კარგადაც დაბინავებულან.

- ახლა ჰკითხე, რა დაუშავეს ჩემმა მოხუცებულმა დედ-მამამ?

არლოვი ისე ალუღლუღდა, რომ მეეტლე მალაკანმაც ვერა გაუგორა, გარდა იმისა, რომ ის ცას და დედამიწას ფიცულობდა, ყველას ერთ თვეში უკანვე დავაბრუნებ, ოღონდ არსენა დამშვიდდესო.

- ეგ ნაკმაზი თავის ქათმებს დაუყაროს. ახლა ჰკითხე, რა ურჩევნია, ხმალი თუ დამბაჩა?

არლოვს არც ხმალი ერჩივნა და არც დამბაჩა. ზაფრანის ფერი ედო, ძლიერ თრთოდა და ლამობდა მძაფრი შიში ნაძალადევ ღიმილში ჩაეხჩო.

- ბატონი პოლკოვნიკი ამბობს, ხუმრობა გეყოფაო, ან ყველაფერი წაიღე და თავი დამანებეო.

- მასხარა ვგონივარ თუ ყაჩაღი?! - ბრაზით შესძახა მარაბდელმა და დააყოლა: - ჯაბანი ყოფილხარ და ძაღლური სიკვდილი გერგების. ამოიღე მეთქი იარაღი!

არლოვმა ფეხიც არ დასძრა, არც თითი გაანძრია. იდგა, იღიმებოდა და გაუგებარს რამეს ჩიფჩიფებდა. მარაბდელს ალმა აჰკრა და ტვინი შეუტრუსა. მაშ ამ ვიგინდარამ ხმალში გასვლა არ აკადრა?! ამოდენა უბედურებაც არ აკმარა და ახლა ჰსურს საქვეყნოდაც შეარცხვინოს? რაკი აგრეა, ღმერთო, შეუნდე არსენას თუ უწესო კაცს უწესოდ მოექცევა.

- მაშ ჩემი ბრალი ნუ იქნება.

ნუ იქნება. დამბაჩა ასწია, ნელინელ დაუშვა და ჩახმახის დაცემინებას აგვიანებდა. მცირე იმედი ჰქონდა, განწირული გონს მოვა და სიცოცხლეს ასე უბრალოდ არ გასწირავსო.

არლოვს ენა მოეშალა, კრუხივით აკაკანდა და ცალი ხელისგული დამბაჩას მიუშვირა.

ქუხილი ბებრის ციხეს მიასკდა და უკანვე მოვარდა.

არლოვმა მკერდზე ხელი იტაცა, თვალებში სიკვდილი ჩაისახლა. გაფითრდა, წატორტმანდა და გულაღმა დაეცა.

- გადაათრიე! - მიუბრუნდა მარაბდელი აცახცახებულ მეეტლეს.

მალაკანი მკვდრის ფეხებში შეება, დაითრია და ცხედარი ხევში ჩაუშვა, არსენა ლურჯაზე შეჯდა და დამუნჯებულ მეეტლეს უთხრა:

- ახლა ქალაქისკენ გასწი, მაგრამ იცოდე, რომ მე ფეხდაფეხ მოგყვები და თუ კრინტი დაგიძრავს, იქვე გაგათავებ.

ეტლი ჩორთით დაიძრა. მარაბდელი ხან გვერდით მისდევდა და ხან წინ უსწრებდა. ერთ საათამდე იარეს და ერთმანეთს ერთი სიტყვაც არ უთხრეს. ლოპიანას დუქანს რომ მიაღწიეს, არსენამ ეტლი შეაჩერებინა, ცხენები გამოაშვებინა, სადავეები გამოართვა და თვითონ შეინახა, მეეტლე კი თავლაში დასტოვა და გარეთ გამოსვლა აუკრძალა. შემდეგ დუქნის დერეფანში ჩამოჯდა და ლოპიანას უთხრა:

- ღვინო მოიტა, მწვადიც, დედალიც.

გაუნძრევლად იჯდა, ხარბად სვამდა, სდუმდა და შტერივით გასცქეროდა გზატკეცილს.

- არსენ, ხომ არაფერი შეგემთხვა? - ძლივს გაუბედა მედუქნემ.

არსენამ ისე აჰხედა ლოპიანას, თითქო ვერ იცნოო, და ისევ მოაშორა მღვრიე თვალები.

- მეშთა ამოვიდა, ცხენები წყალზე წაასხა და ახლავე დაბრუნდება.

არსენამ არც ახლა უპასუხა. მედუქნე გაბრუნდა და მიიმალა.

“წუნკალ გიგოლას მე არ ვაკადრე იარაღი, არლოვმა კი მე არ მაკადრა. - ჰფიქრობდა მარაბდელი. - არ მაკადრა თუ შეშინდა? ვთქვათ შეშინდა. მაშ ასე: ორი კაცი შემომაკვდა. გუშინ ერთი მოვკალი და დღეს მეორე. არც ის ჩამეთვლება ვაჟკაცობაში და არც ესა. ღვთისავარმა მასწავლა: კაცს მანამდე არ დაჰკრა, სანამ ერთხელ მაინც არ მოგიქნევდესო. არლოვმა კი არც მომიქნია და არც ამოიღო. მაშ როდემდე მეცადნა? ფუჰ, გაუწყრეს გამჩენი! ეჰ, რაც იყო, იყო! ახლა რაღა ვქნა?

აზრი მქონდა და ჩამეფუშა. მინდოდა გლეხისთვინ შვება მიმეცა და არ გამომყვა. დედ-მამა მყავდა და გადამიკარგეს. ნათესავები მომაშორეს. მიწა და სახლკარი წამართვეს. ძმა ტყეში გამიგდეს, ოჯახი გავიჩინე და დამინგრიეს. ძმადნაფიცები მყავდა და ზოგი დამიხოცეს და ზოგიც გააციმბირეს. რაღაა ახლა ჩემი სიცოცხლე? “მე ან ნაადრევად დავბადებულვარ, ან ძალიან დამიგვიანია”.

არაფერი, აღარაფერი. ისევ ტყეღრეში იხეტიალოს? დაიღალა. ისევ რაზმი შეადგინოს? არა გამოვარა. კარიკარ იწანწალოს? სირცხვილია. გვარი გამოიცვალოს და ვინმე თავადს შეეხიზნოს? ყველგან იცნობენ, დაიჭერენ და უბრძოლველად დაიღუპება.

უკანასკნელ დროს ერთი აზრი აეკვიატა ბუზივით: წადი, მოშორდი აქაურობასო. მარაბდელი არ ნებდებოდა მას, ახლა კი ღრმად შეუშვა თავში და კიდევაც მოიწონა. “ერეკლეს, ფიქრიას, სულხანს, მარინეს და მეშთას წავიყვან და აჭარაში გადავალ. იქნება გიგუაც და დალი ჰასანიც გამომყვნენ”.

მაგრამ ისე როგორ წავა, რომ კუჭატნელსაც არ გადაუხადოს უმძიმესი ვალი! ის არის რაც არის! ნარგიზების ფორზე რომ შეხვდა გორდას, იმ დღიდან სულთამხუთავივით აედევნა და მუდამ და ყველგან წინ ეღობება. არა, ისე არ წავა ოძელაშვილი, რომ ერთი მათგანი არ ჩაწვეს შავ მიწაში. “ვაი დედასა! რა სულელი ვიყავი, რომ თრიალეთის ტყეში დავინდე! ნუგეშად ისღა შემრჩა, რომ დედალივით გამექცა”.

- ბიჭოს?! - უცებ წამოიძახა გაოცებით. - ძაღლი ახსენე და ჯოხი მოიმარჯვეო.

ქალაქიდან სამი ცხენოსანი მოდიოდა: კუჭატნელი, მისი ძმისწული ზალიკა და მხლებელი გამზათი. გიორგი სეფისკვერაძე ორი კვირით დათხოვნილიყო და სააღდგომოდ თავის სოფელ უბისში მიდიოდა.

“ძაღლი ახსენეო, მაგრამ იქნება ამ ძაღლის ტყავში ჩემი ავი ბედი შემძვრალა და საბოლოო ანგარიშის გასასწორებლად წამოსულა?”.

არსენა ამაზე აღარ ჩაფიქრებულა. ის უკვე შუა გზაზე იდგა, ხელადა და ჯამი ეჭირა და გიორგის უცდიდა, რომელიც ზედ მოადგა ცხენდაცხენ და გაოცებული შესდგა.

- გამარჯვება, გიორგი!

- გაგიმარჯოს, არსენ!

- გეძებდი და კიდეც შეგხვდი,

- გერიდებოდი და მაინც შეგხვდი. ახლა რა გინდა?

- ახლა ის მინდა, რომ ცხენიდან ჩამოხვიდე და სუფრა დამილოცო.

- რა სუფრა! რომელი სუფრა! - გესლიანად ჩაიღიმა სეფისკვერაძემ. - მარტო დამჯდარხარ, მარტო სვამ და სუფრა გგონია?

ოძელაშვილს შერცხვა. მართლა უწესოდ მოქცეულიყო და თვითონაც ვერ შეამჩნია.

- მაშ ცხენი დაასვენე და ეს ერთი ჯამი მაინც დალიე.

- ყაჩაღი იყავი და ყაჩაღურად იქცევი. თათრულად მონათლულხარ. შენც გაგიტეხია წითელი პარასკევი და გინდა მეც წამწყმიდო? გზა მომეცი!

ცხენს მათრახი გადაუჭირა, არსენა კინაღამ გაიტანა და ისე წავიდა, რომ უკან არც კი მოხედა. ლეკი და ზალიკაც გაჰყვნენ. გამზათმა მოიხედა, გახევებულ მარაბდელს შხამიანი ღიმილი შემოასხა და მათრახი დაუქნია.

ბოღმით და სირცხვილით შებოჭვილი არსენა ერთხანს გაშტერებული იდგა. კუჭატნელის უკმეხი პასუხი თითქო სამართლიანი იყო. წითელი პარასკევი იდგა და იმ დღეს ოძელაშვილს ღვინო არ დაელევოდა, მაგრამ მარაბდელი კაეშანს ჰყავდა შეპყრობილი და ესეც დაავიწყდა. ეს “ყაჩაღი და თათარი” ხომ მისი გალანძღვა და აბუჩად აგდებაა?!

- ვაი დედი-ჩემის ღმერთსა, კუჭატნელო! - და ჯამი მიწაზე დაანარცხა, - მეშთა, ცხენები შეჰკაზმე! აბა, ჩქარა!

თვითონაც უნაგირს ეცა და ხუთიოდე წუთის შემდეგ ბილიკებით მიჰქროდა მცხეთისკენ. უკან მეშთა მისდევდა ცხენით და სადავით მეორე მარქაფა ცხენი მიჰყავდა.

მცხეთას რომ გაუსწორდა, საცა მოსახვევი იწყებოდა, მარაბდელმა ლურჯა თავქვე დააქანა, გიორგის გზა უყელა, ცხენი ზედ მიაგდო და მიაძახა:

- კუჭატნელო, გამაგრდი! რაკი ყაჩაღი ვყოფილვარ, მაშ ყაჩაღურად მოგექცევი.

- გონს მოდი, ოძელაშვილო!

- დამიხვდი მეთქი!

მომხდურს დამხდური უნდოდა და კუჭატნელიც დაუხვდა.

მარაბდელმა გორდამ გორდა იშიშვლა და ელვასავით გაიფიქრა: “ეს კი ნამდვილად დამიხვდება. მაგრამ სანამ ერთხელ მაინც არ მოიქნევდეს, არ დაჰკრა”.

კუჭატნელი ვეება სატევარს ეწეოდა და ვერ ამოეწივნა. არსენამ ვეღარ მოითმინა, ხმლის წვერით ბაკმი მოავლო კუჭატნელის თავს, შემდეგ ყუით დაჰკრა იმის უნაგირის კეხს და დააყოლა:

- ჰა, გიორგი, ამოიღე!

და იმავე წამს ხელი შეუმსუბუქდა და ჟრუანტელმა ჩაურბინა: ვადაში გადატეხილმა ხმლის პირმა ჟღარუნი გაიღო მიწაზე.

ყოველივე დანარჩენი ელვასავით დატრიალდა.

“ხმალი გადაგიტყდეს ვადაში” - უცებ გაახსენდა მარაბდელს ხორეშანის წყევლა და კოდაში ყაზახის მიერ ნათქვამიც მოაგონდა: “გაფრთხილდი, გიღალატებს!”

ტყეში, რომ ფიცი დადეს, მოღალატე დაწყევლეს, - ხმალი ვადაში გადაუტყდესო - ესეც გაახსენდა. და გაიფიქრა ვის რაში უღალატეო.

გაახსენდა და იმავე დროს კუჭატნელის სატევარმაც იელვა.

უიარაღო არსენამ მოშუღარს თვალი თვალში გაუყარა, გაუღიმა და გაიფიქრა “თრიალეთზე მე დავინდე, ახლა კი ეს დამინდობს. არ დამკრავს. შერცხვება”.

გულმართალი მარაბდელი ახლაც მოტყუვდა.

კუჭატნელმა არც დაინდო და არც სირცხვილი შეინახა: დაჰკრა და მარჯვენა ჩამოათალა.

ლურჯა განზე გახტა. უძილომ, დაქანცულმა, ნაციებმა, ნასვამმა და უხელო არსენამ თავი ვეღარ შეიმაგრა და გადმოვარდა. გადმოვარდა, მაგრამ მაშინვე წამოიწია, მარცხენა ხელით მარაბდის მიწაში ნაპოვნი ხანჯალი ამოიღო, გადაუშვა და წვერიღა მიაწვდინა. მიაწვდინა და უცხვირპირო კუჭატნელს ყურიც ჩამოაჭრა და ბარძაყიც დაუსერა.

გიორგიმ კიდევ მოუქნია. ოძელაშვილმა აუკრა. აიცდინა, ხანჯალი გააგდებინა და ერთხელ კიდევ მიეტანა, მაგრამ ამ დროს - სწორედ ამ დროს ლეკმა გამზათ ედინმა უკნიდან დამბაჩა დაახალა და ზურგზე ბოლი აადინა.

მარაბდელი მოტრიალდა, ლეკს გაოცებული თვალები შეანათა, სადაც უკვე სიკვდილიც ჩაღვრილიყო, წაბარბაცდა და ისღა დაინახა, რომ მეშთას ორივე ცხენი მიეტრიალებინა და ზევით მიარბეინებდა.

“ზურგზე ბოლი აგივა”. გაახსენდა მარაბდელს, მაგრამ ის კი ვეღარ მოიგონა ვინ და სად უთხრა ეს სამი სიტყვა.

გაახსენდა. მოჭრილი მუხის ძელივით გაიშოტა. პირიდან სისხლი წვრილი ზორტივით გადმოსდიოდა. ხელები განივრად დაეყარნა. თვალები დაეხუჭნა და მხოლოდ ცალი წარბიღა უხტოდა გამალებით, უხტოდა და აზიდული ალამივით იძლეოდა იმის ნიშანს, რომ სასიცოცხლო ნიშატი ჯერ არ იყო ჩამქრალი.

ლურჯამ პატრონს დაჰსუნა, მრისხანედ დაიჭიხვინა და წინა ტორებით ბრდღვინვა ასტეხა.

ლეკი, ზალიკა და კუჭატნელიც განზე გამდგარიყვნენ, წარბის ცახცახს უთვალთვალებდნენ და ჯერ ვერა ჰბედავდნენ ახლო მისულიყვნენ, რადგან ეგონათ, არსენა ისევ წამოიწევს და ფათერაკს შეგვამთხვევსო.

არსენამ მართლა წამოიწია, ისე წამოიწია, რომ უწინდელზე უფრო მაღალი გამოჩნდა. მარაბდელის ლანდი და სიკვდილი ერთმანეთში ჩაიხლართნენ და ურთერთი კუჭატნელისკენ გაათრიეს. ხოლო სისხლით მოსვრილი სეფისკვერაძე უტუჩო კბილებით თითქო იღიმებოდა და უკანუკან იხევდა. ოძელაშვილს ცალი ხელი მათრახივით ეკიდა და სისხლი თქრიალით ჩამოსდიოდა. მარცხენა ხელში კი სატევარი ეჭირა და აჩრდილივით მისტორტმანებდა. ლურჯა გვერდით მისდევდა. არსენა თითქო მიჰხვდა, რომ ვერ დაეწეოდა. ის ხელი ლურჯას მოჰხვია კისერზე, მოეხვია და სამარიდან მოდენილი ხმით ამოისუნთქა:

- გიორგი, მაჯობე... ვკვდები. ორჯერ დაგინდე და ახია ჩემზე,.. ვინც იარაღი ამოიღო, კიდეც უნდა დაჰკრას... მე კი მეგონა, მტერს მანამდე არ დაჰკრა, სანამ ერთხელ მაინც არ მოგიქნევდეს... ჭკუა წავაგე და... მაგრამ არ შეგრჩების, კუჭატნელო! მწარედ გადაგიხდიან... ახლა კი წადი და ჯილდო მიიღე არლოვისგან... ღართისკარში ჰგდია და იქ იპოვნი. ვაი დედი-შენის ღმერთსა, გორდა ოძელაშვილო!.. რა უბრალოდ გაგაფუჭეს... ვკვდები, კუჭატნელო...

ნელინელ ჩაიწია, ჩაიჩოქა და სამუდამოდ გაიჭიმა.

* * *

არსენას სიკვდილმა ელვასავით ჩაურბინა ყველას და აღდგომის მეორე დღეს მცხეთა გლეხური ჩოხებით და თუშური ქუდებით გაიჭედა. ალგეთი, თრიალეთი, გარეკახეთი, საგურამო, არაგვი და ქსანი აქ ჩამოსულიყო და ქალაქის დიდი ნაწილიც დაძრულიყო.

მცხეთელებმა არსენას გვამი საკაცეზე დადეს, ბორანზე დაასვენეს, გაღმა გაიტანეს, გაჰბანეს, შესუდრეს და სვეტი-ცხოველში დაასვენეს, სადაც მეფეებსა და კათალიკოსებს დაასვენებდნენ ხოლმე.

ბაგრატიონებმა იჩივლეს, ჩვენს საგვარეულო ტაძარში ყაჩაღი დაასვენეს და გვიშველეთო. მთავრობამ ბოქაულები და ჩაფარ-იასაულები გამოგზავნა, მაგრამ მათ მორიდება არჩიეს და მიიმალნენ.

მკვდარი ოძელაშვილიც ისევე არ ეტეოდა თავის ახალ ქერქში - უგრძეს კუბოში, - როგორც ცოცხალი ვერ ეტეოდა ამ ქვეყნად. პირსახე დასდნობოდა, სანთლის ფერი დასდებოდა, თვალები ღრმად ჩასცვივნოდა, ტუჩები ღრმად ჩაჰკეცოდა და ნიადაგ მოუსვენარი წარბიც სამუდამოდ დასცხრომოდა.

ირგვლივ ტევა აღარ იყო. ყველა ლამობდა თვალი მაინც გადაევლო მისთვის, ღრმად ამოეოხრა, რამდენიმე სიტყვა ჩაებურტყუნა და სხვისთვის დაეთმო ალაგი. ზოგი გლეხი გაოცებით აშტერდებოდა, უნდობლად იქნევდა თავს და შემდეგ ვინმეს სხვას შესჩიოდა:

- მოგვატყუეს. გეუბნები, არსენა არ არის მეთქი. სულ მთავრობის ოინებია. რაღაცას გვიპირებენ და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

- მეც მაგას ვამბობ. სულაც არა ჰგავს გორდას.

- არსენა სათათრეში გადასულა და თავის დროზე დაბრუნდება.

- აგრეა! მართალია!

და იმ დღიდან არსენას წასვლისა და დაბრუნების მოლოდინი სწრაფად მოედო ქართველ გლეხობას და შემდეგ ლეგენდად გადაიქცა, რომელიც ვეღარც საბუთმა წაშალა და ვერც დრომ ამოფხიკა101.

ოძელაშვილს ანდერძი აუგეს, მერმე ასწიეს, რამდენიმე ათას თავზე გადაატარეს და საფლავის პირას დაასვენეს, რომელიც მცხეთის ბოლოს მტკვრის პირას გაუთხარეს, სწორედ იქ გაუთხარეს, საცა მან რვა წლის წინათ ოქროს თასი მოსტაცა ამილახვარს.

კუბოს არსენას მახლობელნი შემოუსხდნენ და მოთქმით იტირეს: ხოსიტა, მაგდანა, ზურა, მარინე, ფიქრია და სულხანი ტივით ჩამოსულიყვნენ. ერეკლე და გიგუა შუა გზიდან დაბრუნებულიყვნენ.

მეშთა ტყიდან გამოსულიყო და დალი ჰასანიც ბორჩალოდან მოვარდნილიყო.

გლოვა ხოსიტამ დაიწყო და სხვებმა რიგრიგად განაგრძეს.

ხოსიტა: არსენას ომში სიკვდილი თავი მძინარე ჰგონია.

მაგდანა: სისხლისა ღვარი ნადენი სალხინო ოფლი ჰგონია.

ზურა: გაკრობა საკაცეზედა ლურჯაზე ჯდომა ჰგონია.

ფიქრია: წინ რომ მღვდელი გაუძღვება, თავის შათირი ჰგონია.

ერეკლე: ჩადება ბნელ სამარეში ლოგინში წოლა ჰგონია.

მარინე: თავქვეშ ქვას რომ დაუდებენ, ჩემი ბალიში ჰგონია.

გიგუა: ზედ დაყრა შავი მიწისა საბნის დახურვა ჰგონია.

სულხანი: ბაყაყ-ჯინჭველის დასევა წვრილი ცოლ-შვილი ჰგონია.

მარინე: ყელზედა გველის მოხვევა ჩემი მკლავები ჰგონია.

შემდეგ ქვითინით გაიხსენეს ყინულეთს გადაკარგული ღვთისავარი, მელანო, როსტომი, კარპიჩა. მოიგონეს ლაცაბიძე, სიმონა, ოსტაპი. თრიალეთზე დახოცილი ძმადნაფიცები. მოთქმითვე შეუკმიეს არსენას საქმეთა საგმიროთა, იტირეს, ატირეს, საფლავსა თითო მუჭა მიწა მიაყარეს, ქელეხიც გადაიხადეს და ნელნელა დაიშალნენ.

ხალხი ჯგუფჯგუფად მიდიოდა შინისკენ და ბურტყუნებდა:

- დედას ვუტირებთ! გადავუხდით! ჯავრს ამოვიყრით! არ შევარჩენთ!

ჭირისუფლებმა ითათბირეს და არსენას ტანზე ნაპოვნი დროშა სულხან ყოჩაშვილს ჩააბარეს. შემდეგ ისინიც დაიშალნენ და მცხეთაში მხოლოდ ერეკლე, ჰასანი და გიგუა დასტოვეს.

დიდხანს მოუნდათ მათ ლოდინი და საფარში ჯდომა. დილით ადრე გავიდნენ ღართის-კარში, თან საგზალს წაიღებდნენ, საღამომდე ისხდნენ იმ ალაგზე, სადაც ამას წინათ არსენა იჯდა, და იმავე გზას გასცქეროდნენ, რომელიც არლოვმა განვლო უკანასკნელად.

კუჭატნელი იგვიანებდა. უბისში ყურსა და ბარძაყს ირჩენდა. ბოლოს მაინც გამოჩნდა, რადგან აუცილებლივ უნდა გამოჩენილიყო.

- მოდიან! - დაიძახა ერთ საღამოს ერეკლემ და მძინარე ჰასანი და გიგუა გააღვიძა.

მათი ანგარიში არ გამართლდა: სამ კაცს მოელოდნენ და ორი მკვლელი გამოჩნდა - გიორგი კუჭატნელი და ლეკი გამზათ ედინი. გიორგი არსენას ლურჯაზე იჯდა, რომელიც ტანდაყრილი იყო და უნდილად მოდიოდა.

არსენას ნარაშალი და იარაღი კუჭატნელმა დაიჩემა. მრავალჯერ სცადა ლურჯაზე შემჯდარიყო, მაგრამ ცხენი ახლოსაც არ იკარებდა. თვალებიდან ცეცხლსა ჰყრიდა, ავად უბღვერდა, ანჩხლად ჭიხვინებდა, ყალხზე დგებოდა და კუჭატნელზე ტორებით და კბილებით მიიწევდა. ერთხელ კიდევაც ჩაიგდო ფეხქვეშ და ისე მისჩეჩქვა, რომ სეფისკვერაძეს კიდევ მრავალი არტაშანი დასჭირდა.

გაკაპასებულმა ურიადნიკმა იმ დღიდან ლურჯას ქერი მოუსპო, და წყალიც და თივაც გაუნახევრა. ლურჯა დნებოდა. მკვრივი ტანი დაჰყარა, ამაყი თავი ჩაჰქინდრა, თვალებში ცეცხლი ჩაიქრო, ნელინელ მოთვინიერდა და იქამდე დაცხრა, რომ მის ფეხქვეშ პატარა ბავშვებიც კი თამაშობდნენ.

ასე მოჰხნა შიმშილმა აღმართი და მხოლოდ ასეთი სასტიკი ხერხის მეოხებით შეჯდა კუჭატნელი ლურჯაზე.

- მოდიან! - და სამივენი ბექობიდან გზის ნაპირზე ხვლიკებივით ჩაცურდნენ.

- არ აგერიოთ. - ჩასჩურჩულა ერეკლემ. - კუჭატნელი ჩემია, ის ლეკი თქვენია.

ასე იყვნენ მორიგებული: სეფისკვერაძე არსენას ძმას უნდა რგებოდა, გამზათი - ჰასანს, ხოლო ზალიკა - გიგუას. მაგრამ კუჭატნელის ძმისწული უბისში დარჩენილიყო და შეთქმულებს ოდნავ აერიათ ანგარიში.

სამმა ჩახმახმა დაიჩხაკუნა და სამი ძმადნაფიცი გაინაბა. მცირე ხანი გავიდა.

ლურჯამ თითქო რაღაც იგრძნო: ატოკდა, ბუკივით აჭიხვინდა, თავი აიგრიხა და ნავარდით წამოვიდა.

- ჰა, შე ტიალო, რა გემართება! - შეუტია მხედარმა.

- ჰეი, კუჭატნელო, გავსწორდეთ! - და შუა გზაზე სამი თოფმოღერებული კაცი თითქო მიწიდან აისვეტა.

ერეკლემაც იცოდა, რომ სანამდე არ უნდა დაეკრა, მანამ მტერი ერთხელ მაინც არ მოიქნევდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ კუჭატნელმა ეს არ იცოდა და ამიტომ უცხვირპირო და უყურო კაცი მაშინვე ამოიღო მიზანში. ლურჯამ კინაღამ დაჰღუპა ერეკლე: ჭიხვინით გამოექანა და ხანჯალ-ამოწვდილი ახალი პატრონი ზედ ერეკლეს თოფზე მიაგდო.

ხეობამ სამჯერ დაიქუხა და, სანამ გამოძახილი ბებრის ციხიდან უკანვე დაბრუნდებოდა, გიორგი კუჭატნელი იმავე ალაგას ეგდო, სადაც სამი კვირის წინათ მისი ნაპატრონევი არლოვი გაიჭიმა.

გამზათ ედინი ოდნავ ჩამორჩა და ცოტა მოშორებით გაწოლილიყო.

ლურჯამ ერთხელ კიდევ დაიჭიხვინა, თავის მომთვინიერებლის გვამი დასუნა, ცალი ფეხი ჩაჰკრა, მერმე ერეკლეს მივარდა და ზურგი მიუშვირა.

ეპილოგი

ყოველი ისტორიული მასალა

მწერლისთვის სახიფათოა, უმადლო.

გოეთე

სულ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება

სახელი, თუ იქ დიდი ომი მოხდება.

ვიქტორ ჰიუგო

... და მაშინაც გაუვარდება სახელი, თუ

იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადება.

ავტორი

ზამთარმა და ზაფხულმა თორმეტჯერ შეინაცვლეს ალაგი. გადასახლებული შეთქმულნი თანდათან ბრუნდებოდნენ ჩრდილოეთიდან, თან ჩინ-ორდენები მოჰქონდათ, აქაც სწრაფად მიიწევდნენ წინ, ღიმილით იგონებდნენ ყაზარმობას და ომში და ლექსებში ახშობდნენ ბოღმის ნალექს.

ბევრი დაბრუნდა, ბევრმა კი ერთხელაც ვეღარ შეჰხედა ლაჟვარდ ცას და თეთრად შესუდრულ მყინვარს. ზოგი უკვე მომკვდარიყო, ზოგი დასნეულებულიყო და ზოგი ახლაც უზენაეს წყალობას ელოდებოდა, ახლაც ელოდებოდა, განგებას კი მათს ბედის წიგნში ვეება თეთრი ალაგი დაეტოვებინა, რათა შემდეგ ვინმე მოცლილს ამოევსო იგი, მაგრამ ვის შეეძლო აღედგინა მათი ცხოვრება და ვინაობა?!

ყველაზე ადრე ალექსანდრე ჭავჭავაძე ჩამოსულიყო. მისი მუდამ გაშლილი სუფრა და ღია გული მრავალ ზემოურს დაჰხსომებოდა. გაიხსენეს იმის ხელით დაპყრობილი ბაიაზეთი, მისი ნათლია ეკატერინე დედოფალი, მისი საქმენი სამადლიერონი, გაიხსენეს და მალე მიეშველნენ, ჩამოიყვანეს, მიაწვნენ და სხვებსაც გზა გაუხსნეს.

ისევ გაიღო დიდი ხნით მიკეტილი კარი საკომენდანტო ქუჩაზე, ისევ ხშირხშირად იშლებოდა სუფრა წინანდალში, კვლავ იხოცებოდა ნადირი, ეხდებოდა სარქველი ქვევრებს და უხვად იხარჯებოდა ფული, ოფლი, სიმღერა და ლაღი ცხოვრება “წყეული”.

ჭავჭავაძეს ხევსურული სისხლი და დაუშრეტელი მხნეობა ჰქონდა. მას შეეძლო ზედიზედ ერთი დღე-ღამე ეარშიყნა, ამდენივე ხანს ებრძოლნა, კიდევ ამდენივე ხანს ესვა-ემღერნა და, თუ დასჭირდებოდა, ერთი დღედაღამეც დაემატებინა. ამის გამო ეს კაჟი-ადამიანი ერთდროულად სვამდა სამი კაცის წყაროდან და ყველაფერს ასწრებდა - მოლხენას, სამსახურს, წინანდალში სირბილს, კითხვას, წერას, ჩინ-ორდენების ხვეტას, სტუმარ-მასპინძლობას და მხოლოდ ორ რამეს ვეღარ ასწრებდა - ძილსა და მოსვენებას.

ახლაც ორი ღამე გაეთენებინა ზედიზედ და მესამის გასატეხად შემზადებულიყო. სტუმრები ჯგუფჯგუფად და ცალ-ცალკე შემოდიოდნენ და ორ ოთახში ლაგდებოდნენ - დიდ სასტუმრო ოთახში ახალგაზრდები და ქალები გროვდებოდნენ, მასპინძლის კაბინეტში კი ხნიერი მამაკაცები.

ბინა მდიდრულად და შერეულად იყო მოწყობილი: ფარჩის შპალერი, სპარსული ხალიჩები, ფრანგული რბილი ავეჯი, ქართული ბალიშ-მუთაქა, ჭერამდე აზიდული სარკეები, ფერადი სურათები, ბროლის ჭაღები, ბრინჯაო, ხავერდი და აბრეშუმი - ყველაფერი ადასტურებდა, რომ ის ბინა დედოფლის ნათლულს, სამეფო გენერალს და წინანდლის პატრონს ეკუთვნოდა.

იანვრის თოთხმეტს ნინოს დღეობა იყო. გრიბოედოვის ქვრივს სულაც აღარ ჰსურდა თავის-თავი გაეხსენებინა ამ სოფლისთვის, მაგრამ მამამ მისი დღეობა გაახსენა და განდეგილ შვილს დიდი ნადიმი გაუმართა. შავი ხავერდის კაბით გამოწყობილი ქვრივი აპრიალებულ ბუხართან იჯდა და მორცხვად აძლევდა სალამს ყველა ახალმოსულს, რომელნიც მას დღეობას ულოცავდნენ და ათასნაირ სიკეთეს სთავაზობდნენ. შემდეგ შორდებოდნენ და ქალ-ვაჟთა უფრო დიდ ჯგუფს უერთდებოდნენ.

ამ ჯგუფში მედიდურად ბრწყინავდა ნინოს მომდევნო დაი ეკატერინე, რომელიც ამ დღისთვის და თავის სამთავროს საქმეების გამო ჩამოსულიყო ქალაქში! მას ისეთივე კაბა-სამკაული აესხა სრულ ტანზე და იგივე მოურიდებელი სილამაზე გამოეფინა, რომელთაც ყოვლის მნახველი პეტერბურგიც კი მოჰხიბლეს.

მას, სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მეუღლეს, დიდი საქმეები ჰქონდა ვარანცოვთან და ახლაც მას ელოდებოდა. მან იცოდა, რომ ვახშამზე მის გვერდით უნდა მჯდარიყო. ისიც იცოდა, რომ მეფისნაცვალი მეორე გვერდით თავის სატრფიალოს, აგერ იმ “ქართველ მადამ რეკამიეს”, უკვე ხნიერ მანანა ორბელიანს მოისვამდა, რომელიც სილამაზით ახლაც კი ეჯიბრებოდა ყველა ახალგაზრდა ლამაზს, და ჰსურდა ეს დაუმჭკნარი კნეინა დაეჩრდილა, რათა უკეთ მოეგვარებინა თავის საკუთარი და სამთავროს საქმენი, რომელსაც ვერც თვითონ და ვერც სხვა ვინმე არჩევდა ერთმანეთში.

ეკატერინეს ამ ჯგუფის შუაგული დაეპყრო და ყველა ახალგაზრდა მიეზიდა: ლევან მელიქიშვილი102, ნიკო ჭავჭავაძე103, დიმიტრი ყიფიანი104, გიორგი ერისთავი “გლუხარიჩი”, მიხეილ ჭილაშვილი105 ისაკა თუმანიშვილი106, ივანე ანდრონიკაშვილი 107, გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები, საგინაშვილი108, თავის ძმა დავითიც და კიდევ სხვა ერისთავები, ამილახორები, ორბელიანები, ჩოლოყაანი, ორდენ-მუნდირიანები და უმუნდირონიც.

შამილი დიდ ძალაში შესულიყო და სანადირო მხეცად გადაქცეულიყო. მისი დაჭერა ისეთივე გმირობად იყო მიჩნეული, როგორც ერთ დროს ნაპოლეონის განდევნა იყო მოსკოვიდან, ამიტომ ყველა მას დასდევდა, გაზაფხულზე დაღისტანში გარბოდა და ზამთრის პირას ხელცარიელი მორბოდა. წარჩინება და ფული მაინც მოჰქონდათ და გაუთავებლივ მოელოდნენ ახალ გაზაფხულს, რათა ხელახლა ენადირათ, ახალ-ახალი სოფლები დაეწვათ, ისევ უამრავი სისხლი დაენთხიათ, ქვრივ-ობოლი მოემრავლებინათ, ცრემლის გუბეები დაეყენებინათ და თან ისევ წყევლა-კრულვა, ისევ ორდენები და ისევ ფული წამოეღოთ.

სისხლი სისხლის ნთხევას იწვევდა, მგზავრობა ორგულობას მოერეკებოდა, ღალატი ვერაგობას ჰშობდა და დამონებული ყოველნაირად იძიებდა შურს.

აქ თავმოყრილი თავადების უმეტესობაც ნადირობიდან იყო დაბრუნებული. ზამთარში ისვენებდნენ, სუქდებოდნენ, ახალ ლაშქრობისთვის ემზადებოდნენ და ახლა ეკატერინე დადიანზე უფრო მწვავე მოუთმენლობით ელოდებოდნენ ვარანცოვის მოსვლას, თვალის მოკვრას, მის ღიმილსა და ორიოდე სიტყვას, ჯერჯერობით კი ხალვათად ოხუნჯობდნენ და მაღალი სიცილით აყრუებდნენ ბუხრის წინ თავმოყრილ მეორე ჯგუფს, სადაც ნინოს ირგვლივ მისი უმცროსი დაჲ სალომე ბარონ ნიკოლაისა, მისი დედა სალომე, მანანა და მარიამ109 ორბელიანები და კიდევ რამდენიმე ხანში შესული და მოხუცებული კნეინა თბებოდა.

მეორე ოთახში უფრო ხნიერები და მოხუცებულნი შეკრებილიყვნენ და დაბალი ხმით საუბრობდნენ. აქ იყვნენ თვითონ მასპინძელი, ზაალი და შალვა ბარათაშვილები, ალექსანდრე, ლუარსაბი, ყაფლანი და კიდევ რამდენიმე ორბელიანი, სარდალი მოსე არღუთაშვილი110, გარეგნობით მახინჯი ფილოსოფოსი პლატონ იოსელიანი, მასპინძლის სიძე ბარონ ნიკოლაი, სარდალი ვასილ ბებუთოვი, მასპინძლის მეორე სიძე სამეგრელოს მთავარი დავით დადიანი, კიდევ ათიოდე დიდგვაროვანი და ახლად დაბრუნებული ელიზბარ ერისთავი, რომელიც მათ ფინეთის ამბებს უამბობდა, სადაც მან, როგორც გადასახლებულმა, თორმეტი წელიწადი გაატარა.

მცირე ხნის შემდეგ ამავე ოთახში გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები, ლევან მელიქიშვილი, ნიკო ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გიორგი ერისთავი, ივანე ანდრონიკაშვილი, კიდევ რამდენიმე ერისთავი და ორბელიანი შემოვიდნენ. უწინდელ საზოგადოებას ბევრი ვინმე აკლდა. აკლდა მელიტონ ბარათაშვილიც, რომელმაც სამი თვის წინათ თავის ერთადერთი ვაჟი ნიკო დამარხა განჯაში და მას აქეთ დარდისგან დნებოდა შინ.

უცებ წუთიერი სიჩუმე ჩამოწვა. ზაალმა წამოიწია, ხელები გაჰშალა და წამოიძახა:

- ამაზე მეტი რა გინდათ, ვეჟო! ერთი დაჰხედეთ რამდენ შეთქმულს მოუყრია თავი. ყველანი ჩამოსახჩობი იყავით. თქვენ კი ჩინ-ორდენები მიგიღიათ და საცაა ნიკოლოზის ნაცვლად დიდ ვარანცოვს მოუსხდებით გვერდით.

ზაალის კილო და სიტყვები როყიო სიცილივით გაისმა ცხედრის თავზე. ყველა ნაშეთქმულევს თითქო რაღაც უჩხვლიტეს და სამარცხვინო ხვაშიადი გაახსენეს. ხმა არავინ დასძრა, ზაალმა კი მათს ჭრილობას ერთხელ კიდევ ჩაუტრიალა თითი:

- ცამეტ კაცს სიკვდილი გადაგიჭრეს და სხვებიც ციმბირში უნდა დამპალიყავით, მაგრამ ჩვენმა ლმობიერმა მეფემ წყალობა მოიღო თქვენზედა და ყველას გაპატივათ და ყველანი დაგაბრუნათ, თქვენ კი კვლავ ემდურით იმპერატორსა?

არავინაც აღარ ემდუროდა. ხმამაღლა მაინც არ ამბობდნენ. არც ის იყო მართალი, თითქო ყველასთვის ეპატიებინოს. მრავალი ნაწევრალი აკლდა ამ კრებულს და ყველას თავდაპირველად სამი მეთაურთაგანი გაახსენდა: იესე ფალავანდიშვილი არხანგელსკში მომკვდარიყო (არავის დაენანა), სოლომონ დოდაშვილი ჭლექისგან დამდნარიყო ვიატკაში და რვა წლის წინათ გარდაცვლილიყო (ყველას შერცხვა, რადგან ქიზიყელი რიტორი ბრწყინვალე წოდებას არ ეკუთვნოდა და ამიტომ არც არავინ გამოესარჩლა), ხოლო სოლომონ რაზმაძე სადღაც ყინულეთში იყინებოდა და ვერც იმისთვის ეშველნათ.

- ყველა-ყველაო, - განაგრძო ზაალმა, - მაგრამ იმ საწყალმა რაზმაძემ რაღა დააშავა? ამბობდნენ, თავის აზნაურობა ვერ დაამტკიცა და იმიტომ არ აპატივესო. ვეჟო, თუ აზნაური არ იყო, ლიცეუმი რაღად დაამთავრებინეს და გრაფი სიმონიჩი რად დაიმოყვრებდა, ან ამილახორი რად მიათხოვებდა თავის ქალს, ან იმოდენა ალაგს რად მისცემდნენ საელჩოში?

ისევ არავინ არ უპასუხა. ზაალს კი სწყუროდა მათი გული გაეღეღნა და ჯურღმულებში ჩაფლული აზრები გაეშიშვლებინა.

- ვეჟო, ახლა ვარანცოვმა სულ შესცვალა ძველი გეზი. შვილებსავით გვივლის და აშკარად ამბობს, ჩემი საზრუნავი ის არის, რომ აქაური ხალხი და რუსი ერთმანეთში ავრიოო, ამაზე მეტი რა გინდათ!

ახლა კი გაიღიმეს, ზოგმა კი ჩუმი სიცილიც ამოუშვა. არავის სურდა განემარტებინა მარაბდის ბატონისთვის თუ რა სარჩული ედო ხალხთა არევას, არც ძველი ამბების გახსენება უნდოდათ, მაგრამ ვეღარ მოითმინეს და ასეთი საუბარი გამართეს:

- ბიძა-ჩემო, - სთქვა ალექსანდრე ორბელიანმა, - ჩვენ არც მეფეს ვემდურით და არც ვარანცოვსა. პირიქითაც ვიქცევით: მუდამ იმპერატორის მზეს ვლოცულობთ და ახალახალ წყალობას ველოდებით. მაგრამ ჩვენი საქმე პირუკუღმა შეტრიალდა და ჩვენც მარტო ამას ვჩივით.

- რასა სჩივით, ალექსანდრე? - ჩაერია სასადილო ოთახიდან დაბრუნებული მასპინძელი. - ჩივილი არ გვეყო?

- არ გვეყო. უწინ ჩვენი მთავრობა გვყოლია. ერთმანეთისა ენაც ვიცოდით, ხასიათიც და ადათიც, ახლა კი უცხო მთავრობა შემოგვესია და ურთიერთისა არც ენა ვიცით, არც კანონი და არც ხასიათი. მათი კანონი ჩვენ არ გვიდგება და არც იმათ იციან ჩვენი ავანჩავანი.

- ვიცით... გაგვიგონია.. უკვე მოძველდა. - მოისმა რამდენიმე ხმა, ხოლო ჭავჭავაძემ მიუგო:

- სწორედ მაგიტომ აჯანყდა მრავალჯერ ხალხი, მაგრამ არა გამოვიდარა და არც შემდეგ გამოვა რამე.

- ღმერთმა ნუ ინებოს, რომ გამოვიდეს რამე. - ჩაურთო პლატონ იოსელიანმა.

- აგრეა. - დაუდასტურა მასპინძელმა. - სიჭაბუკეში ჩვენც ვიფეთქეთ, ახლა კი დავდინჯდით და ჩვენი საქმე მარტო ჩვენს გონებას უნდა ვკითხოთ და მარტო ანგარიშს უნდა გავყვეთ. ზოგი ვინმე ერეკლე მეფეს უდიერად იხსენიებს, რუსი მოიყვანაო. მე კი მოგახსენებთ, ერეკლე და გიორგიც სწორედ იმიტომ ცხონდნენ, რომ პატრონი გვიშოვეს, თორემ ახლა ყველა ქართველი ყიზილბაში იქნებოდა.

- აგრეა, ვიცით. - ჩამოართვა ალექსანდრე ორბელიანმა, - და ისიც ვიცით რა პირობით მისცა ერეკლემ ჩვენი ქვეყანა და რა გამოვიდა. პირობა თავზე გადაგვახიეს, ჩვენი მამა-პაპები სიონში შეამწყვდიეს და ხიშტებით დააფიცეს. ვინ მოსთვლის რამდენი უბედურება მოჰყვა ამას, რამდენი შეთქმულება, აჯანყება, სისხლი, გადასახლება, გარდახვეწა, ცეცხლი, შხამი, მახვილი...

- მოითმინეთ, ყმაწვილო. - გააწყვეტინა იოსელიანმა. - ზოგი ეშმაკისკენ იყოს, ზოგიც ღვთისკენო, რუსმა ლეკი და თათარი მოგვაშორა, რჯული შეგვანახვინა, იმერეთ-ამერეთი გააერთიანა, ევროპული განათლება მოგვიტანა და კანონი დაადგინა. ახლა ბრძანეთ, რა უფრო მეტია, წაგება თუ მოგება? .

ორბელიანი შეყოყმანდა და დაბალი ხმით ჩაილაპარაკა:

- ამ მხრით დიდ მოგებაში ვართ, მაგრამ...

სიტყვა ბებუთაშვილმა ჩამოართვა:

- საქართველო რუსეთისთვის ფეხის დასაბჯენი ალაგია და მეტი არაფერი. ეს დევი სპარსეთ-ოსმალეთისკენ მიიწევს და ჩვენ გზა კი არ უნდა გადავუჭრათ მას, მხოლოდ კუდში უნდა მივყვეთ და ნასუფრალი ავკრიფოთ.

- ვეჟო, ღმერთმანი ჭკვიანი კაცი ხარ და მარშლად უნდა დაგაყენოთ. - მოუწონა ბებუთოვს ზაალმა.

- ქართველი ხალხი ღარიბია. - სთქვა გენერალმა ანდრონიკაშვილმა - და რეგულ ჯარს ვერ შეინახავს. ხოლო ვისაც ჯარი არა ჰყავს, იმას ლომი რად უნდა, ტურებიც კი შესჭამენ. ყოველ ხალხს თავისუფლება უდევს გულში, მაგრამ ამასაც მომზადება უნდა. ქართველი კი მზად არ არის და სანამ შემზადდებოდეს, იქნება მანამ ათმა თაობამაც ჩაიაროს. ამიტომ ყველა თაობას ის ერთადერთი ვალი ედება: იშრომოს, ისწავლოს, დღეღამე გაასწოროს, იმრავლოს და მოღონიერდეს.

- აგრეა. მართალია. - დაუდასტურა მრავალმა.

აქ რომ წააგო, ორბელიანმა საუბარი მეორე კვალში გადააგდო და სთქვა:

- უწინ ქართველი თავადი თავის მამულში სარდალიც იყო, მნეც, გამგებელიც, მსაჯულიც და ამიტომ ძალაც ჰქონდა, პატივიც და საქმეც. გლეხმაც იცოდა რისთვის ემსახურებოდა ბატონს და ამიტომ შიშიც ჰქონდა მისი და პატივსაც აძლევდა. ახლა კი რუს მეფემ ყველაფერი ჩამოგვართვა, გლეხი და თავადი ერთმანეთს გადაჰკიდა და ბატონი მეტხორცად გადააქცია.

- ეგ იმიტომ მოხდა, კნიაზო ალექსანდრე, - მიუგო მასპინძელმა ჭავჭავაძემ, - იმიტომ მოხდა, რომ რუსეთმა თავის ქვეყანაში ადრევე შემოიღო ევროპული წესი, ჩვენში კი ძველი ფეოდალური ადათი დარჩა. ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით, ახლაღა გაგვათანასწორეს და უნდა დავეწიოთ.

- კარგი დაწევაა, შენ ნუ მომიკვდები! - ჩაიცინა ორბელიანმა. - რუსი ცხენით მისდევს ევროპას, ჩვენ კი თოკით მიგვათრევს და გვეუბნება, არ ჩამოვრჩეთო. ჩვენც დასისხლიანებული მივრბივართ და გვგონია, რუსი სიკეთეს გვიშვრებაო.

საერთო სიცილმა იფეთქა და, როცა დაცხრა, ორბელიანმა განაგრძო:

- წეღან გათანასწორება ახსენეთ. მე კი მგონია, რომ გათანასწორების გამო ჩვენ თითქმის მუდამ წაგებაში ვრჩებით. ბატონყმობაც გაათანასწორეს და ჩვენმა გლეხმაც წააგო და ბატონმაც.

შეკრებილთა აზრი ახლა კი შუაზე გაიყო, ორბელიანი ამბობდა:

- ძალიან დააშავა ვინც ხელმწიფეს სთხოვა და ჩვენშიაც რუსული ბატონყმობა შემოაღებინა. უწინ ჩვენში როზგი, გასალდათება და გაციმბირება არ ყოფილა, ახლა კი შემოიღეს. ჩვენებური ბატონყმობა უფრო ქრისტიანული იყო. ერთმანეთში ნათელმირონობა გვქონდა. ბატონი ყმის ოჯახში იზრდებოდა. ჩვენი მეფენი და ბატონიშვილებიც ასობით ნათლავდნენ გლეხის შვილებს და სამართალსაც თვითონ აძლევდნენ. ამის გამო ჩვენში უფრო მეტი სათნოება იყო, ვინემ რუსეთში. უწინ სიყვარული იყო და სიტკბოება, ახლა კი ყველა ყველას მტერია. უწინ ტყუილს არ იტყოდნენ, ქურდობა არ ყოფილა, არც - შური, არც ჭამასმისა და არც სამოსელის გაჭირვება სცოდნიათ. უწინ შპიონობა არ იყო, ახლა კი ყველა წაგვახდინეს. ოცზე ერთი რიგიანიც აღარ არის.

- ზოგი მეც მათქმევინეთ. - ჩაერია დიმიტრი ყიფიანი. - მე ყველაზე უმცროსი ვარ და სიტყვის ჩამორთმევას უზრდელობაში ნუ ჩამითვლით.

- ბრძანეთ, ყმაწვილო... სთქვით. ნუ გვერიდებით.

- რუსული ბატონყმობა ჩვენებურზე უფრო მკაცრია, მაგრამ ვინ გვიბრძანა, გინდა თუ არ გინდა ყმას როზგიც დაჰკარით, სალდათად მიეცით და ციმბირშიც გაჰგზავნეთო? ადათი კანონზე უფრო მტკიცეა, ხოლო რუსული კანონი ძალას კი არ გვატანს, არამედ უფლებას გვაძლევს და ვისაც უნდა, იმან ისარგებლოს, ჩვენ ამ უფლებით არ ვსარგებლობთ და ძალიან კარგადაც ვიქცევით. კნიაზმა ალექსანდრემ ბრძანა, უწინ ტყუილს არ იტყოდნენ, არც ქურდობა ყოფილა, არც შური და არც გაჭირვებაო. ყველაფერი გახლდათ, პატიოსანნო თავადნო. ათჯერ უარესიც ყოფილა. ისტორიაში ჩაიხედეთ და დაინახავთ.

- მართალია, აგრეა. - დაუდასტურა იოსელიანმა.

- ჩვენნი წინაპარნი ათასობით იჭერდნენ ერთმანეთს და სათათრეთში ჰყიდდნენ. ადამიანი გარეთ ვეღარ გადიოდა. შიმშილს ზოგჯერ ხალხი გაუნახევრებია. ხალხი ტყეში დარბოდა და ნადირი სოფელში იჩენდა ბუნაგს. ლეკი რა არის და იმასაც კი ვეღარ გავუძალიანდით. ხარკს ვაძლევდით. წიწილებივით გვიჭერდნენ და ბაზარში გავყავდით. შპიონობა არ ყოფილაო. კახთა ერთი ნაწილი ლეკის მოენე და მეგზე იყო და ახლაც ბევრი მოეპოებათ.

- აგრეა, მართალია. - მტკიცედ წამოიძახა ყველამ, ვინც ახლა სამაგივროს რუსის ხიშტით უხდიდა დაღისტანს.

ყიფიანმა და სხვებმაც იმდენი საბუთი მიაყარეს ორბელიანს, რომ მან ძლივსღა წაილუღლუღა:

- თქვენც მართალი ბრძანდებით... ადრევაც ყოფილა... უარესიც ყოფილა. ხალხი რომ დამარცხდება, ყველა ყელში ეცემა ყველას და ურთერთს დაუწყებენ ჭამას. მტერსაც ეს უნდა. ბატონს ბატონზე მიუსევს, გლეხს თავადზე წააქეზებს, კახეთს ქართლს გადაჰკიდებს და ერთმანეთს ჩვენივე ხელით დაგვახჩობინებს.

ახლა კი იპოვეს თანხმობა და ყოველ მხრივ მიაწოდეს:

- აგრეა... მართალია... ძველის ძველი ამბავია: Diyide et impera - დააქუცმაცე და იბატონე... დამარცხებული მუდამ ბრალიანია.

- იყო, არის, იქნება. ასე მოუხსენებია ოდესღაც ვიღაც ბერს და შემდეგ დონ-კიხოტის მთქმელს სერვანტესსაც გაუმეორებია. - სთქვა მწერლობასა შინა განსწავლულმა ჭავჭავაძემ და ვახშმის დასახედავად გავიდა.

საუბარი გაგრძელდა. მასპინძელი დაბრუნდა, ყური მიუგდო და ალექსანდრე ორბელიანს მიუბრუნდა:

- კნიაზო ალექსანდრე, თავი მოუყარეთ საბოლოოდ ჩვენს საუბარს, ავიც და კარგიც სათვალავში ჩააგდეთ და გვიბრძანეთ, რუსის მოსვლამ გვარგო თუ გვავნო?

ორბელიანმა პირი დააღო, დაიბნა და ჭირის ოფლი მოიხოცა. ჩიხში შეგდებული ბატონი მასპინძელის შინაყმამ იხსნა, რომელმაც წინდაწინვე დაზეპირებული სათქმელი დაიძახა:

- მათი ბრწყინვალება მეფის-ნაცვალი თავადი ვარანცოვი მობრძანდა!

ყველანი წამოიშალნენ, წამოცვივდნენ და უმფროს-უმცროსობის მიხედვით დალაგდნენ.

ხოლო მასპინძელი და დიასახლისი კიბისკენ გაეშურნენ, სადაც ბრწყინვალე ჩექმების ბაკუნი მოისმოდა.

* * *

იმავე წელს სამიოდე თვის შემდეგ ორმა მამაკაცმა თაბორის ქედი გადალახა და მარაბდისკენ დაეშვა. ორივეს დაგლეჯილი რუსული ტულუპები და დახეული მძიმე ჩექმები ეცვა. გაქონილი ქუდები, გრძელი წვერულვაში, კოჟრიანი ჯოხები და ზურგზე მოგდებული სელის ბოხჩები მათხოვარი ბერების იერს აძლევდა მათ.

სოფელ მუხათზე ჩამოიარეს და თვალი გადაავლეს აზნაურის სახლს, რომელიც პირუტყვის მიერ აკლებულ ბაღში იდგა. აივანზე ზაალის სიძე უყურო ჯორაშვილი გაშლართულიყო და დილის ჩაის მიირთმევდა. მისი დაროც იქვე სტრიალებდა.

- ვერ გვიცნეს. - სთქვა ერთმა მგზავრმა.

- მადლობა უფალსა. - მიუგო მეორემ.

მცირე ხნის შემდეგ პირველმა ნიდაყვი წაჰკრა მეორეს და უთხრა:

- აგერ ჩვენი ზაქრო ბაჯიაშვილიც. თავის საქმეზე მიდის სადმე.

- ეგ მუდამ დაეხეტება. მადლიანი ხელი აქვს. რა რიგ დაბერებულა!

მხოლოდ მარაბდის ეკლესიას არ დასტყობოდა სიბერე. იგივე შეხავსებული შავი ქვა, იგივე ცხრა ძმის საფლავები და იგივე დაჟანგებული ზარი, რომელმაც ოციოდე წლის წინათ რკინასავით შეადუღა არსენას ძმადნაფიცები.

არსენას ძმადნაფიცები! ნეტა სად არიან. ვიღა გადარჩა და ვიღას შერჩა სიმტკიცე და ვაჟკაცობა? მცხეთა რომ გამოიარეს, მგზავრებმა არსენას საფლავზე იტირეს და მისი დედ-მამის უკანასკნელი ამონაბერი ჩასძახეს. მერმე ისევ წამოვიდნენ და, აჰა, საბოლოო მიჯნასაც მიადგნენ. რვა თვეს იარეს და რვა წუთიღა დარჩათ.

აი სოფელშიც შევიდნენ. გოგო-ბიჭები დარბიან, მგზავრებს აცქერდებიან, მოზრდილებიც ათვალიერებენ, მაგრამ ვერავინ ვეღარა სცნობს მათ და მეფურგუნე მალაკნები ან გზაარეული რუსები ჰგონიათ.

ლაშქარას შვილი ედიშერი ურმის თვალსა სთლის. ნასყიდას ბიჭი ილიკო ნალოს მოათრევს. საბა დალაქის შვილს თავის მამის ხელობა შეურჩენია. აგერ ის ვაჟი მგონია ბერუას ვაჟი უნდა იყოს, მათი მამები კი აგერ იმ მთების კალთებზე წვანან, ცხრამეტი წლის წინათ ჩაწვნენ და მას შემდეგ ეს ორი მგზავრიც ამ სოფელში აღარ ყოფილა.

ღმერთო დიდებულო, რამდენი დრო გასულა და ეს ხალხიც რა რიგ შეგიცვლია! სულ ახალი თაობა წამოსულა. ვინ იცის ვინ არიან, გულში რა უდევთ, რისთვის ცხოვრობენ და რისთვის იბრძვიან, ან იბრძვიან თუ მხოლოდ ცხოვრობენ? სოფელი კი თითქმის არ შეცვლილა. რაც იყო, ისევ ის დარჩენილა: უბადრუკი მიწურები, მორღვეული ღობეები, ცალიერი ეზოები, თითო-ოროლა მობუზული ქათმები, გაძვალტყავებული ბოჩოლა, შიმშილით გაავებული ღორი, ქანცმილეული ძაღლი, მუდამ გატეხილი ურემი, სურავანდიანი ბალღი და უილაჯო დედაბერი - იყო, არის, იქნება, სანამ ზაალი, დავითი და ფირუზა-მოურავიც იქნებიან.

მგზავრებმა იმ ალაგას გაიარეს, სადაც არსენას დარბაზი იდგა. გაიარეს და ხელნაკრავავით შესდგნენ: დერეფანში ორი შავგვრემანი ქვრივი, ერთი ქერა დედაკაცი, ერთი ხანში შესული მამაკაცი და ორი შუახნის ბრგე ვაჟკაცი იდგა. რვა სულმა ერთმანეთს გადაჰხედა და ყველამ წამოიძახა - დედაკაცებმა დაიკივლეს, მამაკაცებმა კი დაიყვირეს:

- დათუნა! როსტომ! ღმერთო გვიშველე!

- მაგდო! მარინე! ფიქრიავ! - და ვეღარ მოასწრო სულხანის, ზურასი და ერეკლეს სახელის გახსენება. ყველანი ხელების ქნევით და გაუგებარი ძახილით გაიქცნენ ერთმანეთისკენ. გაიქცნენ, აირივნენ და ისე მიესივნენ ორ დედაკაცს თითქო მათ ცეცხლი წაჰკიდებოდათ. იმიტომ მიეშველნენ, რომ მარინემ ჩაიკეცა, მაგდანამ ხელები გაასავსავა და მოჭრილივით წაიქცა. მწვავე ელდას მხოლოდ ფიქრიამ გაუძლო.

სოფელი მორბოდა. სახლიც და ეზოც ხალხით გაივსო. ორ ქვრივს ასულიერებდნენ და ორ ახალმოსულს ტყის ნადირსავით შინჯავდნენ.

როცა სოფელი გაიფანტა და ორი დედაკაციც მოსულიერდა, ყველანი დასხდნენ და ერთმანეთი შეათვალიერეს. რვა მოზრდილს ზურასი და ერეკლეს ცოლები მიმატებოდნენ. მათ თვრამეტი ქალ-ვაჟი შემოჰხვევოდათ - სამი მარინესი, სამი მაგდანასი, სამ-სამი ზურასი, ერეკლესი და ექვსიც ფიქრიასი.

ყველაზე უფროსი არსენას პირმშო დათუნა იყო. ის სწორედ იმ ხნისა იქნებოდა, რა ხნისაც იყვნენ ერეკლე და ზურა მაშინ, როცა ცხონებულ არსენას გაჰყვნენ თრიალეთის მთებში. ხოლო ყველაზე უმცროსი, წვრილფეხობისა და ფეხაუდგმელთა გარდა, ფიქრიას უკანასკნელი ვაჟი იყო. მას არსენა ერქვა და ახლავე არსენობდა: სამი წლის ოქროსთმიანი ბალღი არსენას უფროსი შვილის ლაჯებში გახლართულიყო, ეჭიდებოდა, ეჯაჯგურებოდა და ლამობდა ზევით აცოცებულიყო.

დათუნამ და როსტომმა თვალი ააყოლეს იმ ჭაბუკს და გაოცებული გაქვავდნენ. მათს თვალწინ თვრამეტი წლის ცოცხალი არსენა იდგა - იგივე ახოვანი, განიერი, მუქი, ოქროსთმიანი, შავთვალა და ქალივით ლამაზი. ზემო ტუჩზე გინგლი ეყარა და ცალი წარბი ოდნავ უცახცახებდა. გალაჯული იდგა გორდა მარაბდელის ვაჟი და ღიმილით დასცქეროდა თავის მამიდაშვილს, რომელიც დაჟინებით ებობღებოდა მას, მერმე დასწვდა, მხარზე აიტაცა და სამჯერ შემოურბინა დედაბოძს - სწორედ ისე, როგორც ერთ დროს ნარგიზების ფორზე მარაბდელმა პატარა ტატე ზაალის დიდ კარავს შემოარბენინა.

როსტომმა დანარჩენ ბალღებსაც გადაჰხედა და იგრძნო, რომ არსენები და მომავალი ძმადნაფიცები კიდევ გაჩენილიყვნენ, იზრდებოდნენ, მოდიოდნენ და ოდესმე ისინიც ისევ დაიქუხებდნენ, როგორც ოდესღაც მათი წინაპარი გორდა და მისი შეფიცული ძმები ჰქუხდნენ. იგრძნო და ცრემლნარევი ღიმილით გაიღიმა. გაიღიმა და ესღა წაილუღლუღა:

- საწყალი ღვთისავარი, მელანო, არსენა და ხოსიტა ცოცხალი რომ ყოფილიყვნენ და ამდენი ბარტყი რომ ენახათ...

და იმ დარბაზში ერთხელ კიდევ გაისმა ქალების მოთქმა და მამაკაცების ჩუმი ქვითინი და სლუკუნი.

ერთი კვირის შემდეგ არსენას სიკვდილის თორმეტი წლის თავი დადგა. მთელი სოფელი ეკლესიის ეზოში შეიყარა. მღვდელს არასოდეს არ წაეკითხა ესოდენ გრძელი აღაპები. ყველანი ჩააწერინეს და გაიხსენეს - ოძელაანიც და კარპიჩა, პაპა მახარა და ოსტაპიც, ლაცაბიძეც და ნასყიდაც, ლაშქარაც და მეშთაც, სეხნიაც და ხოსიტაც, საბა დალაქიც და ბერუაც, ბაღოც და სიმონაც, ყველა მოიხსენიეს და კინაღამ დალი ჰასანიც მიაყოლეს, რომელიც მესამეჯერ გადახვეწილიყო სათათრეთში.

ორი მოზვერი დაეკლათ და ოძელაანთ ეზოში მოსახსენებელი სუფრა გაეშალნათ. ამ სუფრაზე აღარ მოსჩანდნენ ზაალები და ფირუზები. მხოლოდ ციმბირიდან ახლახანს დაბრუნებულმა შალვა ბარათაშვილმა გაიარა ლანდივით და წავიდა. სუფრა სამპირად უხვევდა და არსენას გზასავით გაჭიმულიყო. ღობეში ორ მარგილზე ყურშას და ლურჯას თავები იყო ჩამოცმული.

თავი-კაცები დასხდნენ და სხვებიც დალაგდნენ, მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი დალიეს, მიცვალებულთა შესანდობლად შოთებს წითელი ღვინო აპკურეს, წითელი კვერცხები დაამტვრიეს, თითო ჯამი წვნიანი დასცალეს და შემდეგ მწვადებს შეუდგნენ.

სულხანი წამოდგა, ოდნავ შეფერფლილი წვერი მოითელა და მკერდიდან ამონავალი ხმით დაიწყო, რომელსაც იდუმალი რამ იერი მოსდევდა:

- ჩემო ერთგულო ძმებო და ჩვენო მომდევნო თაობავ! მე, ზურა, ერეკლე და ჩვენი ჯალაბობა შარშან დავბრუნდით მარაბდაში და არსენას ქელეხი თქვენთან ერთად არ გვიჭამია. ახლა ორი ძმაც დაგვიბრუნდა. დათუნა და როსტომი ჩამოვიდნენ. ორივენი მკვდარი გვეგონა, მაგრამ გაუძლიათ, რვა თვე უვლიათ და დღეიდან ჭირშიც ჩვენთან იქნებიან და ლხინშიც. იძმეთ და მიიღეთ.

- მიგვიღია! გვიძმია! - ერთხმად შესძახეს მარაბდელებმა.

- ჩამოვიდნენ და ავი ამბავი ჩამოგვიტანეს. აღარა გვყავს ჩვენი ცალთვალა თავი-კაცი, აღარც დედა-ჩვენი მელანო და არც ჩვენი საყვარელი ძმა კოჭლი კარპიჩა. თანდათან წავიდნენ, ერთმანეთს მიჰყვნენ და ანდერძად დაგვიტოვეს: არსენას დროშას ატარებდეთ, პირნათლად შეინახავდეთ და სანამდე გადასცემდეთ თაობით-თაობამდე, სანამ გორდა მარაბდელის წმინდა საქმეს ბოლომდე არ მიიყვანდეთო. მისი სახელი უკვდავია. ძმისწული იყო როსტომისა, ნაპალავნის მეგობრისა: სისხლი უდუღდა ღვთისავრისა ბარათაანთ მედროშისა. ახლა, ძმებო, ის დროშა მე მაქვს. მე მარაბდაში ახალი კაცი ვარ და ჯერ კარგად არ მიცნობთ...

- გიცნობთ! გიცნობთ! ძმად მიგიღეთ! - მიაყარეს ყოველ მხრივ.

- რაკი მიძმეთ, მაშ მეც ერთგულ ძმად გეგულებოდეთ. დრო მოვა და დაგიმტკიცებთ. მეც გაგიცანით და ვხედავ, რომ აქაური ახალგაზრდები და ნეტარხსენებული არსენა ერთმანეთის ღირსი ყოფილხართ. იმან დაიწყო და თქვენ გასწევთ.

- გავწევთ! - მიაძახა გორდას ვაჟმა და ყველა ჭაბუკებმაც მიაყოლეს: - გავწევთ!

- იმან მოგცათ გეზი და თქვენც ივლით.

- ვივლით.

- იმან ასწია დროშა და თქვენც ატარებთ.

- ვატარებთ!

- ჩვენი საქმისთვინ თავის სისხლი დაღვარა და თქვენც დაღვრით.

- დავღვრით!

- კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი. - დაიძახა მოღიმარე სულხანმა.

- ისე არ ამოსწყდებიან, ჯავრი შესჭამონ მტრისანი! - მიაძახა არსენას ვაჟმა, თან წარბი შეათამაშა და თავის რაზმს გადაჰხედა.

- შევჭამთ! გადავუხდით! დავლეწავთ! - ხმა მისცეს მეგობრებმა და მათი ომახიანი შენაძახი ზაალის მიმჭკნარ ყურსაც კი მისწვდა.

იმავე ღამეს არსენას ვაჟი სულხანს მიადგა:

- მამა-ჩემის დროშა შენა გაქვს და მომეცი.

სულხანმა გაუღიმა და უპასუხა:

- კვიცი გვარზე ხტისო. ძალიან ადრე შეგჯდომია ომის ჟინი. ზოგი ბიძა-შენს ერეკლეს, როსტომსა და ზურასაც ჰკითხე და ესეც იცოდე, რომ არც მე დავბერებულვარ. ჩვენი დრო კიდევ დადგება. პაპა-შენი ღვთისავარი სამოცი წლისა იყო, მაგრამ ყველას გვჯობნიდა და ალგეთის ხეობაში პირველ კაცად ითვლებოდა. ჯერ არ გამშრალხარ და ახლავე გინდა გაგვისწრო? წადი, დაიძინე.

ჭაბუკ არსენას მისმა ბიძებმა და როსტომმაც გაუცინეს და ხანგრძლივი მოცდა ურჩიეს.

- მაშ მოვიცდი. - მოკლედ მოსჭრა გორდას ვაჟმა და დირესთან მიწვა.

ერთი საათის შემდეგ ოცდარვა სულმა მშვიდი ფშვინვა ამოუშვა.

ოთხ-ბუხრიან დარბაზში ისევ ცალთვალა დევისა და არსენას სული ტრიალებდა.

პაპა ციმბირის ცივ მიწაში იწვა, შვილი - მცხეთაში, ხოლო მათი ჩამონავალი მარაბდის ბებერ მიწაზე ეყარა.

მეწინავე დროშა - საქართველო ხუთ სადროშოდ (სამხედრო ოლქად) იყო დაყოფილი და ქვემო ქართლს მეწინავე სადროშო ერქვა.

უმაღლესი მთავრობა - დაარსდა საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების შემდეგ 1801 წ. მცირე ხნით. იგი ხუთი კაცისგან შესდგებოდა. ერთი წევრთაგანი დიდი ზაალ ბარათაშვილიც იყო.

იმპერატორი პავლე - ეკატერინე დედოფლის შვილი. 4 წელიწადს იმეფა, დესპოტი და ჭირვეული იყო. ამის გამო შეთქმულებმა დაახრჩვეს (1801 წ.).

ალექსანდრე ორბელიანი - იყო შვილი ერეკლე მეფის ასულის თეკლესი დაიბადა 1802 წ. სხვათა შორის, იმერეთის აჯანყების დაწყნარებაში იღებდა მონაწილეობას. გრიგოლ ორბელიანი კი ერეკლეს ბადიში (შვილის-შვილის-შვილი) იყო.

ასპინძის ბრძოლა - 1770 წელს ერეკლე მეფემ და გენ. ტოტლებენმა ერთად გაილაშქრეს ახალციხეზე. ბრძოლის წინა დღეს ტოტლებენმა თავი მიანება მოკავშირეს და უკანვე გამობრუნდა. ერეკლე მარტო შეებრძოლა ოსმალეთს და სასტიკად დაამარცხა.

ლიპარიტ ორბელიანი - ერთი მეთაურთაგანი იყო შეთქმულთა, რომელთაც თავი მოიყარეს ტახტის მემკვიდრის დემნას ირგვლივ და 1177 წელს გიორგი მესამეს აუჯანყდნენ. მეფემ დაამარცხა აჯანყებული ფეოდალები, სასტიკად დასაჯა და ამის შემდეგ ვეზირებად დიდგვარიან ორგულ მოხელეთა მაგიერ ერთგულნი დანიშნა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ივანე ორბელიანის ადგილას ამირ-სპასალარად სრულებით უგვარო ნაყივჩაყარი ყუბასარი დააყენა.

დავით სარდალი (1737 - 1796) - მთავარსარდალი. ერეკლე მეფის სიძე, სახელოვანი მეომარი, რომელსაც ბესიკმა რამდენიმე ოდა უძღვნა.

ქსნის ერისთავი გიორგი - ერეკლე მეფის სიძე - გადაუდგა მას 1777 წელს. მოლაპარაკებამ ნაყოფი ვერ გამოიღო. ამის შემდეგ ჯარი შეუსიეს ქსანს, გიორგი ერისთავი დააპატიმრეს და საერისთაო გააუქმეს.

ალავერდის და ახტალის ქარხნები - 1776 წელს დააარსა ერეკლე მეფემ, მან საგანგებოდ გამოიყვანა ანატოლიიდან ხელოსანი ბერძნები, მრავალი შეღავათი მისცა და სპილენძისა და ვერცხლის დამუშავება დააწყებინა.

აღა მაჰმად ხანი - ყაჯარის ტომის ბელადი. ქერიმ ხანის სიკვდილის შემდეგ სპარსეთში ხანგრძლივი აღრევა დაიწყო. თეიმურაზმა და ერეკლემ დრო იხელთეს და მეფობა აღადგინეს. XVIII ს-ნის მიწურულს აღა მაჰმადმა ყველა მეტოქეს სძლია, გააერთიანა სპარსეთი და ერეკლე მეფეს მორჩილება მოსთხოვა, ერთი ნაწილი სოლომონ ლეონიძის და ალექსანდრე ბატონიშვილის მეთაურობით სპარსეთს ემხრობოდა, ხოლო ერეკლე მეფემ და სხვებმა რუსეთი ამჯობინეს და აღა მაჰმადის მხრივ შურისძიება გამოიწვიეს.

ომარ ხანი, ჰაჯი ჩალაბი, აზატ ხანი - ომარ ხანი გამოჩენილი ბელადი იყო ავარელი და ჭარ-ბელაქნელი ლეკებისა. დაუდეგარი მტერი იყო ერეკლე და გიორგი მეფეებისა. მრავალჯერ აიკლო კახეთი და მრავალჯერ დამარცხდა. ბოლოს ნიახურას ბრძოლის წაგების შემდეგ დარდით და ლოთობით მოკვდა.

აზატ ხანი - ავღანელთა წინამძღოლი იყო. მათ დაიპყრეს სპარსეთის აზერბაიჯანი და შემდეგ ალყა შემოარტყეს ერევანს. რადგან ერევნის ხანი საქართველოს მოხარკე იყო, ამიტომ ერეკლე მიეშველა მას და აზატ ხანი მეორეჯერ დაამარცხა და განდევნა. რადგან აზატ ხანი მთელ ამიერკავკასიას ემუქრებოდა, ამიტომ მისმა განდევნამ ყველა მეზობელთა შორის დიდი სიხარული გამოიწვია. მაგრამ იგი მალე გაიბნა, რადგან საქართველოს გაძლიერებამ შიში, შური და კოალიციის შედგენა გამოიწვია.

ამ კავშირს სათავეში ჰაჯი ჩალაბი ჩაუდგა. პირველი დიდი ბრძოლა განჯაში მოხდა. ქართველები დამარცხდნენ. 1752 წ. ერეკლემ ჩალაბი სასტიკად დაამარცხა ყაზახში. ამას კოალიციის ჩაშლა მოჰყვა. ჰაჯი ჩალაბი გამუსლიმანებული სომეხია. მხნე და დიდად ნიჭიერი სარდალი იყო.

ყორღანაშვილი ოსეფა - დარეჯან დედოფლის სახლთუხუცესი, ერთი ამრევთაგანი ერეკლეს სახლისა.

ბერიკაობა და ყეენობა - ქართული ხალხური კარნავალი. იმართებოდა ყოველ ქალაქსა და სოფელში. ბოლო დრომდე შერჩა სოფელს.

არიფანა - ფსონით ქეიფი. იმართებოდა სხვადასხვა ჰამქრის, ძმობის ან ჯგუფის მიერ ამათუიმ საბაბის გამო. ნამცეცობისა და ამაღლება დღეს ყოველი სოფელი მართავდა. ერთად ჰკრეფდნენ ყვავილებს, ერთად მოილხენდნენ და ერთად სადილობდნენ.

გიორგი მჭედელი - XIX საუკუნის პირველ მეოთხედში სცხოვრობდა. საუკეთესო მოჭიდავე, განთქმული ხელოსანი და დიდად მართალი კაცი იყო.

დავით რექტორი - თელავის სემინარიის რექტორი. კალიგრაფი, მთარგმნელი, მწიგნობარი, გვარად ალექსი მესხიშვილი, გარდ. 1824 წ.

იოანე ნათლის მცემლის უდაბნო - ყარაიაში, ქართულ თებაიდად წოდებული. განდეგილთა, დაყუდებულთა და ბერთა უმთავრესი სავანე. 1616 წელს აღდგომა ღამეს შაჰაბასმა იქ 6000 ბერი გააჟლეტინა. მონასტრები თანდათან დაინგრა. დარჩა მხოლოდ დავით გარეჯის მონასტერი.

აბაშიძეების გზა - სოფ. ქვიშხეთიდან ქედიქედ გადადიოდა და ბორჯომის თავზე გოგიას ციხეში თავდებოდა. უწინ იტყოდნენ ხოლმე, აბაშიძის გზით წაიყვანესო, ე. ი. ტყვეობაში გაჰგზავნესო.

მარაბდის ბრძოლა - 1624 წელს აგვისტოში მოხდა. ეს იყო უდიდესი ბრძოლა სპარსეთ-საქართველოს ხანგრძლივი და გააფთრებული ომისა. ჯერ ქართველებმა გაიმარჯვეს და სპარსელები შორს, მტკვრისკენ გარეკეს, მაგრამ ერევნის ბეგლარბეგის დიდმა ცხენოსანთა რაზმმა მოუსწრო, ქართველებს ზურგში მოექცა და სასტიკად დაამარცხა. სპარსელებს მოუკლეს 18 ათასი მეომარი, ქართველებს 12 ათასი. ომი ორ წელიწადს კიდევ გაგრძელდა და მას შემდეგ დასრულდა, როცა გიორგი სააკაძე ოსმალეთში გარდაიხვეწა. იმიერიდან საქართველოში გამაჰმადიანებული ბაგრატიონები გამეფდნენ.

კრწანისის ბრძოლა - 1795 წელს მოხდა. აღა მაჰმადს 70 ათასი მებრძოლი ჰყავდა. ერეკლე მეფის ვარაუდით მას უნდა ჰყოლოდა 55 - 60 ათასი, მაგრამ 7 ათასიც ძლივს შეჰკრიბა. ბრძოლის დასაწყისს 5 ათასიღა დარჩა - 2000 ამერელი და 3000 იმერელი. ქართველები დამარცხდნენ და ქალაქი დასთმეს, რომელიც სპარსელებმა საშინლად აიკლეს, გადასწვეს, დაანგრიეს და მრავალი ათასი ხალხი ამოხოცეს. აღა მაჰმადმა მთელი სამეფო და კერძო ქონება ხელთ იგდო, დაანგრევინა სასახლეები, აბანოები, თოფხანა, ზარაფხანა, სტამბა და სხვა. მცირე ხნის შემდეგ 30 ათასი ტყვე წაიყვანა და წავიდა. მან ვერ მიაღწია პოლიტიკურ მიზანს, ვერ გადაიბირა საქართველო და 1796 წელს ხელახლა წამოვიდა საქართველოზე, მაგრამ მუღანლოს ველზე ჰპოვა სიკვდილი. ორმა მისმა ფარეშმა - ორმა ნატყვევარმა - ანდრია მცხეთელმა (სადიხამ) და ლეკმა საფარამ მოჰკლეს. ზეპირი გარდმოცემა ამბობს, აღა მაჰმადი ერეკლე მეფემ მოაკვლევინაო.

ბირთვისის ციხე - სამშვილდესთან და ლორის ციხესთან ერთად უძლიერესი ციხე იყო ქვემო ქართლში.

ნიახურას ბრძოლა - 1800 წ. ივრის ნაპირებზე მოხდა. ომარ ხანს და ალექსანდრე ბატონიშვილს 25000 მეომარი ჰყავდათ, რუს-ქართველებს კი 5000 (3000 ქარ. და 2000 რუსი). ქართველ ლაშქრის სარდალი იყო ივანე ბატონიშვილი, რუსისა კი გულიაკოვი და ლაზარევი. ლეკები და ჭარ-ბელაქნელები სასტიკად დამარცხდნენ.

ყმის დამალვის ვადა - ვახტანგ რჯულმდებლის კანონით თუ ვინიცობაა ყმა შვიდ წელიწადს დაიმალებოდა, მისი უწინდელი ბატონი ვეღარ დაისაკუთრებდა მას და ყმა ან თავისუფალი ხდებოდა, ან ახალ ბატონს მიეკუთვნებოდა. მაგრამ იმდროინდელი პირობების გამო ყმას თითქმის მუდამ ერჩივნა ყმად დარჩენა და მხოლოდ ბატონს იცვლიდა.

იმერეთის აჯანყება - მრავალ ჩაგვრას და სისასტიკეს დაერთო აქაური ეკლესიის მოსპობაც (1811 წელს). საეკლესიო საქმეებს რუსი მიტროპოლიტი ფეოფილაქტე განაგებდა, რომელმაც მეტის მეტი სიმკაცრით აჯანყება გამოიწვია იმერეთში. ფეოფილაქტე ტფილისში გამოიქცა. აჯანყებულნი ჯერ იმარჯვებდნენ, მაგრამ შემდეგ ერთმა მომაკვდავმა მეამბოხემ შტაბის ალაგი გასცა და ბელადებიც დაასახელა. მეთაურები მოულოდნელად დააპატიმრეს და ათი მათგანი ჩამოახჩვეს. ამის შემდეგ აჯანყება ულმობელი ზომებით იქნა ჩახშობილი.

პირის წყალი - სინდისი, ნამუსი, “უაუგო ქცევა” (ს. ს. ორბელ-ნი).

აბას მირზა - შვილი ფეტალი შახის, ტახტის მემკვიდრე, სპარსეთის აზერბაიჯანის გამგებელი და მთავარსარდალი. კარგი განათლება ჰქონდა. ევროპელების შემწეობით რეფორმები მოახდინა ჯარსა და ადმინისტრაციაში. სამი დიდი ომი მოიხადა, ორი რუსებთან და ერთი ოსმალებთან. სამივე წააგო.

რატევნელი გერმანელები - დაასახლა ერმოლოვმა ქართულ ნასოფლარს რატევანში (1818 წელს), რომელსაც ეკატერინენფელდი დაარქვეს (ახლანდელი ლუქსემბურგი).

ტატო ბარათაშვილი - რუსოფობი, გავარდნილი პარტიზანი. დიდი ზაალ ბარათაშვილის მოკვლას (1810 წელს) ზოგნი ახპატელ გლეხებს აბრალებენ, ზოგნი კი ტატო ბარათაშვილს მიაწერენ, რომელიც ამის შემდეგ ოსმალეთში გადავარდა.

მიხეილ, ესტატე და ქაიხოსრო ჯავახიშვილები - 1832 წლის შეთქმულების მონაწილენი იყვნენ. გადარჩნენ. დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ არ დაუსჯიათ.

ბოგვი - სოფელია მარაბდის მახლობლად. იქაური იყო გენ. გრიაზნოვის მკვლელი არსენა ჯორჯიაშვილი.

ბაჯიაშვილები - განთქმული დოსტაქრები. ამ საგვარეულო ხელობამ, შვილით-შვილზე გადმოსულმა, ჩვენს დრომდე მოაღწია.

სიქსტინის მადონა - რაფაელის განთქმული სურათია. დრეზდენის გალერეაში ინახება.

აღსაჰკალი - ნიშნავს თეთრწვერას, საპატიო კაცს, თავ-კაცს. მათ ერთგვარი ზნეობრივ-ადმინისტრატიული უფასო თანამდებობა და დიდი გავლენა ჰქონდათ.

კანონი - უწინ ამ სიტყვას მეორენაირი მნიშვნელობაც ჰქონდა. იგი ნიშნავდა პირველ საგაზაფხულო ხვნას. კანონის დღე - როცა პირველად გაიტანდნენ გუთანს მინდორში. ეს სიტყვა ამნაირი მნიშვნელობით დღესაც ცოცხლობს მესხეთში.

იონა ხელაშვილი - ერეკლე და გიორგი მეფის კარზე აღიზარდა. აღიკვეთა ბერად ქვაბთახევის მონასტერში. მოგზაურობდა საქ-ოს სხვადასხვა კუთხეში პრაქტიკული და მეცნიერული მიზნით. გაჰყვა რუსეთს იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებს. 1809 წ. ალექსანდრე ნეველის სასულიერო აკადემიაში შევიდა, სწავლობდა ფილოსოფიას და ღვთისმეტყველებას. გამოჩენილი მოღვაწეა სასულიერო მწერლობის ასპარეზზე. სხვათა შორის გამზრდელია სოლომონ დოდამვილისა.

აქტი გონიერი - ასე ერქვა ფილადელფოს ბერის მიერ შედგენილს 1832 წლის შეთქმულთა წესდებას. ამ წესდებაში სხვათა შორის ნათქვამია: “ამ აქტისა პირველი წევრი და ავტორი ღმერთი იესო ქრისტე არს”... “ჯერ არს რათა მეგობარმან მეგობრისთვის სული თვისი დასდვას”... ყოველ წევრს “უნდა აქვნდეს სიფრთხილე, არ შემოეპაროს კაცი ვნებული, ზნემოშლილი, დადედლებული და დახლილი”, და სხვ. და სხვ.

ლოქის მელიქი - სადახლოს, ახტალის და ლოქის მთის მფლობელი, გვარად მელიქიშვილი.

ბაბა ხანი - ეს სახელი შერჩა ფეტალი შახს, რომელიც განთქმული იყო სილამაზით და ნამეტან კი თავის წვერულვაშით. იმავე ხანს არსებობდა ბაბა ფაშაც. აზრუმის სარასკირი, რომელმაც ერთგვარი როლი შეასრულა ანატოლიასა და ამიერკავკასიაში.

ფურაჟირი - საქონლის საკვების მნე, დამმზადებელი.

ხაბარდა - ე. ი. მოშორდი, გზა მომეცი. ხაბარდა ერქვა აგრეთვე კრინოლინს, მეტად განიერ კაბას, რომელიც მავთულებზე იყო აცმული.

ერეკლე თაფა - ერეკლეს სერი, გორა. ასე ერქვა ერევნის ერთ-ერთ გორას, სადაც ამ ციხე-ქალაქის აღების დროს დაბანაკებული იყო ერეკლე მეფე.

43 დალი ხაჩი - გიჟი ხატი. თათრები დღესაც ასე უწოდებენ ბოლნისის სიონს.

44 საბაჟო - ახალნდელ 300 არაგველის ხიდის მახლობლად მდებარეობდა, სადაც უწინდელი დიდი გზა თავქვე ეშვებოდა მტკვრისკენ. ეს გზა ადიოდა აბანოებთან, გაივლიდა განჯის კარს, ხარფუხს და შემდეგ დაეშვებოდა ქვეით. ახლანდელი სწორი გზა ვარანცოვმა გააყვანინა და რევოლუციამდე მისივე სახელი ერქვა.

45 თაღარი - სხვადასხვა წონა ჰქონდა. ქვემო ქართლში 9 ფუთს იწონიდა.

46 გორდა - განთქმული ხელოსანი იყო იარაღისა. მის მიერ ნაკეთები ხმალი ძალიან დიდ ფასში იყიდებოდა.

47 ბელგა - ქალის დანიშვნის ნიშანი. ვაჟი მიუტანდა ქალს ბეჭედსა და თეთრი აბრეშუმის ბაღდადს (თავსახვევს). ამის შემდეგ ქალი იმ ვაჟის დანიშნულად ითვლებოდა.

48 არმაზი - მთაა მცხეთის მახლობლად, მტკვრის აყოლებაზე, მის მარჯვენა ნაპირზე. ამ მთაზე იდგა უწინდელი ქართველების კერპი, შემდეგ კი ქრისტიანული ნიში, რომელიც დღესაც შენახულია. “არსენას ლექსის” ყველა ვარიანტში დაბეჭდილია: “ალმასის წყალზე ურიებს აწყევლინა ბედისწერა”, შეცდომაა. ალმასის წყალი არ არსებობს. უნდა იყოს არმაზის წყალი. არსენა და მისი ძმადნაფიცები ერთ დროს არმაზის ტყეში ბინადრობდნენ და ოძელაშვილმა ალბათ აქ გამოუჭრა მეწვრილმანეებს “არსენას არშინი”.

49 ადლი, ალაბი - ქართული ზომაა და უდრის საშუალო ტანის ადამიანის მთელი მკლავისა და მკერდის სიგრძეს, თითის წვერიდან მეორე მხარემდე, ე. ი. ერთ მეტრს.

50 სალდათად გაყვანა - რუსეთის მეფის მთავრობა საქართველოში შემოსვლის პირველივე წლიდან სცდილობდა სალდათად გაეყვანა აქაური ქრისტიანები, მაგრამ ეს საქმე პირველად მხოლოდ 1886 წელს მოხერხდა.

51 ლოპიანა - გრიგოლ ორბელიანის ცნობილი ლექსის “მუხამბაზი”-ს პერსონაჟი.

52 თაბორი - ბოტანიკური ბაღის გაღმა მდებარე სერი. ერთ დროს აქ სპარსელებს ძლიერი ციხე ჰქონდათ, რომელიც ერეკლე მეფემ აიღო და დაანგრია.

53 სეიდაბადი - ორთაჭალის აქეთა უბანს ერქვა.

55 ნარიყალა - ნარიყალა, ნაციხარია ტფილისში. ამ სიტყვას სხვადასხვანაირად ხსნიან. უფრო სწორე უნდა იყოს ნარინ ყალა ე. ი. ნარინის ციხე, ნარინ-ყალა დარუბანდშიც არსებობს და ორივე ციხე ერთიდაიმავე პირის მიერ უნდა იყოს აშენებული.

56 არეზი - რახსი, არაქსი.

57 1783 წლის ხელშეკრულება - დასდეს ეკატერინე II და ერეკლე მეფის რწმუნებულებმა ქ. გიორგიევსკში (ჩრდილო კავაკასიაში).

58 აქტი გონიერი - მე-9 მუხლში ნათქვამია: “არა ჯერ არს განცხადება ლიტონთა და მდაბიოთა გვამთადმი. ყოველმან წევრმან უნდა უწყოდეს მოთმინება წყენათა, რათა არ განაცხადოს სხვაგან საიდუმლო რწმუნებული წევრთაგან”.

59 მარმარილოს წყარო - ახლანდელ საოპერო თეატრის წინ ამოდიოდა, ხოლო ოპერის ალაგას დუქანი და ბაღი იდგა. ვერის დიდი გზა ეხლანდელ მთავარი ტელეგრაფის შენობის წინ ჩადიოდა, ხოლო მარმარილოს წყაროსთან მეორე გზა იწყებოდა და ამ დიდ გზას უერთდებოდა.

60 მეთულუხენი - თულუხი, ტყავის გუდა. მეთულუხეებს კარიკარ ამგვარი გუდებით დაჰქონდათ წყალი. წყლის ზიდვის ეს წესი საბოლოოდ მხოლოდ ამ საუკუნის დასაწყისს მოისპო.

61 საარი - საარ. ნიშნავს ადრიან დილას. ერთგვარი კილოა (ყაიდა), რომელსაც ზურნაზე ან დუდუკზე უკრავენ დილით ადრე.

62 მურავიოვი . . - პასკევიჩს გაჰყვა აჯანყებული პოლონეთის დასაწყნარებლად. 1833 წელს ერთი კორპუსი წაიყვანა სტამბოლს სულთანის დასახმარებლად, რომელსაც ეგვიპტის ფაშა მეჰმედ ალი ემუქრებოდა. 1854 წელს ნამესტნიკად დაინიშნა კავკასიაში. 1855 წ. ყარსი აიღო. რომანში მოხსენებული გრაფი ტორნაუ, სენიავინი და ერმოლოვი იმდროინდელი გამოჩენილი აფიცრები იყვნენ.

63 ყაზი მოლა - კავკასიაში მურიდიზმის დამაარსებლის მაჰომედის რჩეული მოწაფე, 1832 წ. მოჰკლეს.

65 მიგზითი, მისგითი - მეჩითი, ჯამიე, მუსლიმანთა სამლოცველო.

66 სერასკირი. სარასკირი - გენერალ-გუბერნატორი. თუღი - ფაშების ძალაუფლების ნიშანი. არსებობდა ერთთუღიანი, ორთუღიანი და, ყველაზე უფროსი - სამთუღიანი ფაშა.

67 ჰაზავათი - მაჰმადიანთა საღვთო ომი სარწმუნოებისათვის, უმთავრესად ქრისტიანთა წინააღმდეგ.

68 კატა - სპარსეთის ღერბზე ლომია გამოსახული, რომელსაც დაცინვით კატას უწოდებდნენ.

69 .ურუმი - ოსმალო, თურქი.

70 სუნიტი და შიიტი - სუნა და ში. მაჰმადიანთა ორი სექტა. სუნიტები არიან ოსმალები, არაბები და სხვა, შიიტები კი - განსაკუთრებით სპარსელები.

71 კიაფირი, გიაური - ღვთის უარმყოფელი, ურჯულო, ქრისტიანი ან საერთოდ არა მუსლიმანი.

72 რილეევი, პესტელი, ბესტუჟევი - დეკაბრისების მეთაურნი. სამივე ჩამოახჩვეს.

73 სოსო, იოსები - ნათლობის სახელია ოძელაშვილის, არსენა კი შემდეგ დაარქვეს, აგრეთვე გორდაც.

74 ჩაუში - ოსმალო სალდათების (ასკერების) ზემდეგი, უნტერაფიცერი.

75 როსტომი - კუმისის ტბას მახლობლად დაიბადა, ე. ი. მარაბდაში ან მის მიდამოებში. ცნობები ამოკრეფილია ფრანგული ლექსიკონიდან (grand larousse-იდან) და როსტომის ავტობიოგრაფიიდან.

76 სამცხე-საათაბაგო - სამციხე (ოსმალურად აღსიხა, ე. ი. ძლიერი ციხე) - ძველი მესხეთი.

77 გიორგი მერჩული - IX ს. გამოჩენილი მოღვაწე. ხანძთის მონასტრის წინამძღვარი. დასწერა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება.

ხანძთელი - (759 - 861) ტაოკლარჯეთის ქართულ ბერმონოზვნობისა და სამონასტრო ცხოვრების ფუძის ჩამგდები, ხანძთის სავანის ამშენებელი. აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე.

გოდერძი - საშუალო საუკუნოების ლეგენდარული პოეტი. ნამდვილი ცნობები მისი მოღვაწეობისა და ვინაობისა არ დარჩენილა. ჰფიქრობენ, რომ მისი ხსოვნის აღსანიშნავად დაერქვა გოდერძის ქედი იმ მთებს, რომელიც გადის აჭარისა და ახალციხის შუა.

ჩორჩანელები - სოფელ ჩორჩნის (ზარზმის მახლობლად) ძველად ოქრო-ციხის პატრონები. უშვილო გიორგი ჩორჩნელმა თავის სამკვიდრებელი და ჩორჩნელობა თავის დისწულებს ხურსიძეებს გადასცა. ამ გვარისა ყოფილა ათონის ივერიის მონასტრის დამაარსებელი ცნობილი მოღვაწე იოანე - ექვთიმე ათონელის მამა (X ს.)

ზარზმელები - მოღვაწეები ზარზმის მონასტრიდან.

თორნიკე ერისთავი - ბერობაში იოანე, ჩორჩნელთა გვარისა, იოანე ათონელის ძმა, ერისკაცობაში ვარზვაჩი. იმავე დროს დიდი სარდალი. 979 წელს აჯანყებული ბიზანტიელი მხედართმთავარი ბარდა სკლიროსი დაამარცხა.

სარგის თმოგველი - დილარიანის ავტორი (XII ს.). თმოგველობა დაწესდა 1190 - 91 წ., როდესაც ვარამ მხარგრძელის შვილს სარგისს უბოძეს თმოგვი. მეორე სარგის თმოგველი (რიტორი და ფილოსოფოსი) პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა.

ჯაყელები - ჯაყის ხევის მპყრობელნი (მესხეთ - აჭარის საზღვარზე), შემდეგ სამცხის ბატონებად გადაიქცნენ.

თორელები - თორის ხეობის (სადგერ-გუჯარეთის) მპყრობელნი.

78 ნოეს კიდობანი - არარათის მთა, მასისი. თანახმად ბიბლიური ლეგენდისა ნოეს კიდობანი მსოფლიო წარღვნის დროს ამ მთაზე გაჩერდა.

79 ნავარინის ბრძოლა - 8 ოქტომბ. 1827 წელს რუსეთ-ინგლის-საფრანგეთის გაერთიანებული ესკადრა (ჰქონდათ 26 ხომალდი და 1300 ზარბაზანი) თავს დაესხა ოსმალეთის ესკადრას (65 ხომალდი და 2100 ზარბაზანი) და ძლიერ დაამარცხა იგი. ოსმალებს 60 ხომალდი ჩაუძირეს.

80 გათი შერიფი - სულთანის მანიფესტი.

81 შეიხ-ულ ისლამი - ქალიფას შემდეგ პირველი სასულიერო პირი იყო ძველ ოსმალეთში, ყურანის განმმარტებელი. თუმცა მათ თვითონ სულთანი ნიშნავდა, მაგრამ ისეთი ძალაუფლება ჰქონდათ, რომ თვითონ სულთანიც კი ჩამოუგდიათ ტახტიდან (მაგ-ად აბდულ აზიზი და მურად V).

82 ილბისი - ეშმა, კუდიანი.

დარვიში - სპარ. (მათხოვარი, საწყალი). მათხოვართა ორდენის წევრის სახელწოდება მაჰმადიანებში.

სეიდი - მაჰმადის შთამომავალთა საპატიო ტიტული.

83 ჯამიე - მიგზითი, მეჩითი.

84 სურა - ყურანის თავი, მუხლი.

85 სეკურსი - დახმარება, მშველელი ჯარი.

86 დელიბაში - დალი ბაშ. გიჟი თავი, გიჟმაჟი, თავზე ხელაღებული, სულთანის მცველი.

87 ნამაზი - მუსლიმანის ლოცვა.

88 ასკერი - სალდათი, ჯარისკაცი.

89 მუფთი - (“მეტყველი”) ღვთის მეტყველი, ყურანის მცოდნე. სასულიერო თანამდებობა და დაახლოებით მართლმადიდებელთა არქიმანდრიტს უდრის.

90 სანჯაყბეგი - სანჯაყი ადმინ. ოლქია, დაახლოებით აქაურ მაზრას უდრის. სანჯაყბეგი - მაზრის თავი, მაზრის მოურავი.

91 ერაყი - ირაქი, მესოპოტამია. მაღრიბი - მაროკო. მისრითი - ეგვიპტე.

92 სიღნაღი - საფარი, თხრილი, სანგარი.

93 სელამლიკი - ოსმალეთის სულთანის საზეიმო გამოსვლა სასახლიდან, როცა იგი მეჩითში მიდიოდა სალოცავად

94 ისანი - ქალაქის ერთ-ერთი უბანთაგანია, რომელსაც შემდეგ ავლაბარი დაერქვა.

95 ყაფლანიანი - ყაფლანიშვილი, ორბელიანთა გვარის ერთ-ერთი შტო. დავით ორბელიანი - ყაფლანიშვილის ქალიშვილი სალომე ალ. ჭავჭავაძეს ჰყავდა ცოლად, ხოლო ლუარსაბი სალომეს ძმა იყო.

96 გლუხარიჩი - გიორგი ერისთავის (დრამატურგის) ზედმეტი სახელი.

97 დი ბოზი - დელი ბოზი, გიჟი ლამაზი. მცირე აზიაში “ბოზი” საერთოდ ლამაზს ნიშნავს და ფერეიდანელი ქართველები დღესაც ამ აზრით ხმარობენ ამ სიტყვას.

98 ეს სახლი - (ქვემო კუთხე კეცხოველისა და ჯორჯაძის ქ.) შემდეგ ეკუთვნოდა ბაგრატიონს. უკანა ფლიგელში ია ფალავ-ლი ბინადრობდა და იქ ხშირად იყრიდნენ თავს შეთქმულები.

99 ნიკოლოზისებური ქურქი - მეტად ძვირფასი მოსასხამი იყო, რომელსაც წელამდე მეორე მოსასხამი ეკერა. სახელოები არა ჰქონდა. იმდროინდელი თავადაზნაურებისა და მოხელეთათვის ამგვარი ქურქის შეძენა ოცნებად იყო ქცეული.

100 სოლომონ რაზმაძე - ძლიერ საინტერესო პიროვნება იყო შეთქმულთა შორის. დაიბადა 1797 წ. ტფილისში. 1810 წ. თეიმურაზ ბატონიშვილმა წაიყვანა პეტერბურგს და ლიცეუმში მიაბარა. აზნაურობას ეძებდა, მაგრამ ვერ დაამტკიცა და ისევ გლეხად დარჩა. იცოდა უცხო ენები. ლექსებს სწერდა. მას ეკუთვნის არაკი “დათვი და თხა”, რომელმაც მისი მოსამართლენი გააშმაგა. თავრიზში კავშირი ჰქონდა ინგლისისა და საფრანგეთის კონსულებთან. იქ დააპატიმრეს და ტფილისში ჩამოიყვანეს. სიკვდილი მიუსაჯეს, რომელიც შემდეგ სამუდამო გადასახლებაზე შეუცვალეს.

101 არსენას სიკვდილის გამო მაშინვე გავარდა ლეგენდა თითქო არსენა ოსმალეთს გადასულიყო, ხოლო მცხეთის გამოღმა ცრუ არსენა მოეკლათ, რომელიც არსენას სახელით ხალხს აწუხებდაო. აზრუმში დღესაც ცხოვრობენ ოძელ ოღლები, მაგრამ შესაძლოა იქ სხვა ოძელაშვილი გადასულიყო, ან ვინმე სხვა ემიგრანტს დაერქმია ეს გვარი. არსენას წასვლა ლამაზი ლეგენდაა, რომელიც ავტორსაც გაუგია ყრმობის დროს. ხალხმა თავის საყვარელი გმირი სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა და აქაურობას მოაშორა, თანაც იმ იმედით იყო, რომ საცაა არსენა ან მისი ჩამონავალი დაბრუნდება და გაგვანთავისუფლებსო. სინამდვილეში კი არსენას სიკვდილი სწორედ იმგვარი იყო, როგორც აგვიწერს “არსენას ლექსის” უცნობი ავტორი, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, ვინმე ქებაძე (იგივე შოშიაშვილი, ბარბალოელი) უნდა იყოს. არსენას ამგვარ სიკვდილს ადასტურებს აგრეთვე გიორგი კუჭატნელის ძმისწული, უბისელი ზალიკა სეფისკვერაძეც, რომლის ნაამბობითაც ხარაგაულელი მასწავლებლის ნიკო სახვაძის დახმარებით ისარგებლა ამ რომანის ავტორმა. გარდა ამისა, ავტორს ყოვლად შეუძლებლად მიაჩნია მისტიფიკაცია არსენას მოკვლისა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მცხეთელები ძალიან კარგად იცნობდნენ ოძელაშვილს და დაუჯერებელია, რომ სიყალბე მაშინ მაინც არ გამომჟღავნებულიყო, როცა დ. კეზელმა იმავე მცხეთელების თანდასწრებით არსენას პანაშვიდი გადაუხადა და საფლავის ქვა დაადო.

102 ლევან მელიქიშვილი - ერთ დროს დაღისტნის მმართველი, შემდეგ - ნამესტნიკის თანაშემწე.

103 ნიკო ჭავჭავაძე - გამოჩენილი მხედართმთავარი.

104 დიმიტრი ყიფიანი - ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ქართული გრამატიკის ავტორი, თავადაზნაურთა მარშალი. ეროვნული საკითხის გამო ურჩობა დაუწყო მთავრობას, რომელმაც იგი სტავროპოლში გადაასახლა. იქ ვიღაც ავაზაკმა მოჰკლა იგი.

105 მიხეილ ჭილაშვილი - დიმიტრი ყიფიანის ცოლის ძმა, იმ დროისთვის კარგად განათლებული.

106 ისაკა თუმანიშვილი - XIX ს. მეორე მეოთხედის მოღვაწე, მახლობელი მეგობარი ნიკო ბარათაშვილის, გრ. და ვახ. ორბელიანების, დიმ. ყიფიანისა და სხვათა.

107 ივანე მალხაზის-ძე ანდრონიკაშვილი - გამოჩენილი სარდალი. თავი გამოიჩინა ოსეთს, მთიულეთს, ახალციხესთან (1853) და ჩოლოქზე (1854), შემდეგ ტფილისის სამხედრო გუბერნატორად დანიშნეს.

108 საგინაშვილი - ომობდა მთიელების წინააღმდეგ. ცოლად ჰყავდა ილია ჭავჭავაძის დაჲ ელისაბედი. მის სახლში ერთ დროს “ივერიის” რედაქცია იყო.

109 მარიამ ორბელიანი - იმ დროს ყველაზე ჭკვიან ქალად იყო მიჩნეული ტფილისში, შემდეგ სიდედრი ნამესტნიკის ბარიატინსკისა.

110 მოსე არღუთაშვილი - ქართ. ბატალიონების I ბრიგადის უფროსი, შემდეგ - სარდალი სამხრეთ დაღისტანში. გერგებილის აღებისთვის გენერალ-ადიუტანტობა მისცეს.

1