სა სე სი სო სტ
სილ სიმ სინ სიუ

სიმბოლიზმი

ლიტერატურული მიმდინარეობაა, რომელიც უარყოფს სინამდვილეს და გამოსახვის მთავარ საშუალებად სიმბოლოს იყენებს.

იგი ანტირეალისტური დეკადენტური მიმართულებაა ლიტერატურასა და ხელოვნებაში. საერთოდ სიმბოლიზმს, როგორც ლიტერატურულ მიმართულებას, შემდეგი ძირითადი თვისებები ახასიათებს:

1.სინამდვილის უარყოფა – სიმბოლისტებისათვის საგანს ან მოვლენას არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა. მათთვის ყოველგვარ საგანთან ან მოვლენასთან დაკავშირებულია სულ სხვა მნიშვნელობა. ისინი საგნის ან მოვლენის იქით იცქირებიან. შინაარსს ისინი თითქოს მოვლენის მიღმა ჭვრეტენ. ბუნება, სამყარო, მთელი ცხოვრება მათ ეჩვენებათ გამჭვირვალე საგნად, სიმბოლოდ, რომლის იქითაც თითქოს მოჩანს სხვა შინაარსი, რაღაც ფარული, იდუმალი, საოცნებო და ერთადერთი სინამდვილე. ყოველგვარი მოვლენა – წვიმა, ღამე, ცა, გამხმარი ფოთოლი, თვალები, სახის გამომეტყველება, სხეულის უბრალო მოძრაობა და თვით ტანსაცმლის ფერიც კი – მათთვის სინამდვილეში თავისთავად არსებული რამ კი არ არის, არამედ რაღაც სხვა მოვლენის ნიშანია, სიმბოლოა, იგი რაღაც სხვა მოვლენასთან არის შეერთებული. ეს სხვა რაღაც კი დაფარული და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია.

2. მისტიციზმი. („მისტერიონ” ბერძნულად ნიშნავს ფარულს, საიდუმლოს. მისტიციზმი რელიგიურფილოსოფიური მიმართულებაა, რომლის წარმომადგენლებსაც სწამთ რაღაც საიდუმლო–ზებუნებრივი ძალები და ცალკეული მოვლენები ზემოაღნიშნულის გამოხატულებად მიაჩნიათ) – სინამდვილის ნაცვლად სიმბოლისტები აღიარებენ რაღაც დაფარულის, საიდუმლოს არსებობას. სინამდვილის მოვლენები მათ სწორედ ამ რაღაც დაფარულის, „ზებუნებრივი” ძალების გამოვლინებად ან ნიშნებად ეჩვენებათ. მათ შესაძლოდ მიაჩნიათ ამ საიდუმლო ძალების გამოცნობა და მათთან დაკავშირება მხოლოდ თავდავიწყებით, შინაგანი ჭვრეტითა და სხვა საშუალებებით.

3. პესიმიზმი – სიმბოლიზმი დაცემულობის გამომხატველი ხელოვნება იყო. მის მიმდევარ მწერლებს არ სწამდათ არც აწმყო და არც მომავალი. ისინი მომავალში მათთვის მიუღებელ აწმყოზე კიდევ უფრო მეტ საშინელებას ჭვრეტდნენ. მათი პოეზია პესიმისტური, ანუ უცუდესი მომავლის შიშისა და მწუხარების გამომხატველი იყო.

4. აპოლიტიზმი – სიმბოლისტები გაურბოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. მათ არ აინტერესებდათ საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრება, მათ არ სწამდათ არც საზოგადოებრივი ბრძოლის მიზანშეწონილება და არც მისი მომავალი.

5. ინდივიდუალიზმი – სიმბოლისტები თავიანთ თავს „ზეკაცებად” თვლიდნენ. გაურბოდნენ რა საზოგადოებას, ისინი მიზნად ისახავდნენ განმარტოებას, საზოგადოებრივი ცხოვრების ასახვის ნაცვლად მხოლოდ გამოხატავდნენ საკუთარ „მეს”, ინდივიდუალურ განცდებს, რომელიც საზოგადოების განწყობისადმი იყო დაპირისპირებული.

5. ეროტიზმი (ეროსი ბერძნულ მითოლოგიაში ვნებათაღელვის ღვთაება იყო. ეროტიზმი – ავხორცობისაკენ მისწრაფება, ავხორცობის ქადაგება)– საზოგადოებრივი იდეალებისადმი სამსახურის ნაცვლად სიმბოლისტები ავხორცობას ქადაგებდნენ.

6. ფორმალიზმი – სიმბოლისტები უარყოფდნენ ლიტერატურის შემეცნებითსა და აღმზრდელობით მნიშვნელობას, უარყოფდნენ, საერთოდ, ლიტერატურის საზოგადოებრივ დანიშნულებას. ისინი უარყოფდნენ მხატვრული ნაწარმოების შინაარსის მნიშვნელობას და ხელოვანის მთავარ მიზნად პოეტური ფორმის უმაღლესი ნიმუშების შექმნას ისახავდნენ. როგორც ლიტერატურული მიმართულება, სიმბოლიზმი წარმოიშვა საფრანგეთში XIX საუკუნეში.

ამ საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისიდან იგი გავრცელდა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. რუსეთში ოთხმოცდაათიან წლებში გავრცელდა.

საქართველოში, სიმბოლიზმი, როგორც ლიტერატურული მიმართულება, ჩამოყალიბდა 1916 წელს (ამ წელს ქუთაისში გამოვიდა სიმბოლისტების ჟურნალი „ცისფერი ყანწები”). საფრანგეთში სიმბოლისტების მთავარი წარმომადგენლები იყვნენ: მელარმე, ბოდლერი, ვერლენი და სხვ;
გერმანიაში – ჰაუპტმანი;
რუსეთში – კ.ბალმონტი, ბ. ივანოვი, ა. ბელი, ვ. ბრიუსოვი, ა. ბლოკი და სხვ;
საქართველოში – პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, კ. ნადირაძე და სხვ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9