ავანგარდიზმი მუსიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავანგარდიზმი მუსიკაში - (ფრ. avant-garde წინ მიმავალი) მე-20 ს. II ნახევრის სხვადასხვა მუსიკალურ-შემოქმედებითი მიმდინარეობის პირობითი სახელწოდება. ავანგარდიზმის მიმდევრები მკვეთრად უპირისპირდებიან მუსიკალური ხელოვნების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ნორმებს, ისწრაფვიან მისი საფუძვლების რადიკალური შეცვლისაკენ.

ავანგარდიზმი ისტორიულად მომზადებულია მე-20 ს-ის I ნახევრის ზოგიერთი მიმდინარეობით (ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი, აბსტრაქციონიზმი, სიურრეალიზმი). ვენის ახალი სკოლის კომპოზიტორებმა კავშირი გაწყვიტეს ტონალურ ლოგიკასთან და მისდევდნენ ა. შონბერგის მიერ შემუშავებულ კომპოზიციის სისტემას (სერიული ტექნიკა).

ავანგარდიზმის ამოსავალ პუნქტად 1950-იან წლებში გადაიქცა ამავე სისტემის ნაირსახეობა-პუანტილიზმი, რომელიც დაამკვიდრა ა. ვებერნმა. ამ გზას გაჰყვნენ ავანგარდიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლები: კ. შტოკჰაუზენი, პ. ბულეზი, ი. ქსენაკისი და სხვ. სერიულობის რეგლამენტიზებულობას უპირისპირდება შემთხვევითობის პრინციპი.

ავანგარდიზმის სხვა ნაირსახეობები მომდინარეობს ფუტურიზმიდან (ლ. რუსოლო, ფ. პრატელა). მის განვითარებას ხელი შეუწყო მაგნიტური ჩაწერის გამოგონებამ და ელექტრონიკის ახალმა შესაძლებლობებმა. ამ სახის ექსპერიმენტების მასალად იქცა გარემომცველი სინამდვილის ხელოვნურად დეფორმირებული ბგერები (შ. შეფერი, პ. ანრი.), ცნობილი საკრავების სპეციალურად შეცვლილი ბგერები (ჯ. კეიჯი), ელექტრონული სინთეზატორების შემწეობით შექმნილი ახალი ტემბრები და ტემბრული შეხამებები (კ. შტოკჰაუზენი, ჰ. ეიმერტი, ლ. ბერიო და სხვ). ავანგარდიზმის ერთ-ერთი უმთავრესი საერთო ტენდენციაა მუსიკის ინტონაციურ-აზრობრივი ბუნების შენაცვლება ცალკეულ ხმოვანებათა თვითკმარი ეფექტებით.

ავანგარდიზმი არაერთგვაროვანია როგორც ფორმალურ-ტექნოლოგიური, ისე იდეური თვალსაზრისით (მაგ. ლ. ნონო-იტალიური კომპარტიის წევრი-თავის შემთხვევაში გამოკვეთს თანამედროვეობის მძაფრ პოლიტიკურ პრობლემებს). მთელი თავისი უკიდურესობებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ავანგარდული ექსპერიმენტების პროცესში მოპოვებული ცალკეული ხერხები შევიდა თანამედროვე საკომპოზიტორო ტექნიკის არსენალში და განსხვავებულ კონტექსტში (მაგ. კინომუსიკაში) ჩართვისას მხატვრულად გამართლებულად შეიძლება მივიჩნიოთ.

ავანგარდიზმის გავლენა მეტ-ნაკლებად განიცადა თანამედროვეობის მრავალმა კომპოზიტორმა. თანმიმდევრულად ავანგარდულია ზემოხსენებული კომპოზიტორების გარდა, რუსი კომპოზიტორების ე. დენისოვისა და ს. გუბაიდულინას, ნაწილობრივ, ა. შნიტკეს შემოქმედება.

ქართულ მუსიკაში ავანგარდიზმის გავლენამ თავი იჩინა 70-იანი წლებიდან ნ. სვანიძისა და ნ. მამისაშვილის, ბოლო ყველაზე მკაფიოდ და თანმიმდევრულად თ. ბაკურაძისა და მ. შეღლიაშვილის, აგრეთვე, ნაწილობრივ, ახალგაზრდა კომპოზიტორების მ. ადამიას, ე. ჭაბაშვილის, მ. ვირსალაძის შემთხვევაში.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები