ალიმენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალიმენტი (alimentum) კვება, რჩენა, კმაყოფა. ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით უხდის სარჩენად თავისი ოჯახის შრომისუნარმოკლებულ წევრებს (შვილებს, მშობლებს, მეუღლეებს, დას, ძმას და სხვ.); საალიმენტო ვალდებულების საფუძველს წარმოადგენს საოჯახო ურთიერთობები: ქორწინება, შვილად აყვანა და სხვ. ალიმენტის მიღების უფლება აქვთ პირველ რიგში არასრულწლოვან ბავშვებს, რიგ შემთხვევებში - ოჯახის მოზრდილ შრომისუუნარო წევრებსაც.

ისტორია

ძველ რომში გაღარიბებული ადამიანების გამოკვება სახელმწიფოს მიერ. ალიმენტის ინსტიტუტის დაარსება II პუნიკური ომის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, როდესაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. ავგუსტუსის ეპოქაში დაიწყო ზრუნვა მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც მოგვიანებით სამართლებრივად გაფორმდა:

1) ვალდებულება მატერიალური მხარდაჭერისა, რომელიც სისხლით ნათესაობას ემყარებოდა. 2) ვალდებულება პატრონისა იზრუნოს გათავისუფლებულზე (ლიბერტუსი) (extraordinaria cognito).

ალიმენტის რაოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელობა ჰქონდა იმ პიროვნების ქონების განსაზღვრას, რომელიც ვალდებული იყო ეზრუნა შვილზე, ნათესავსა თუ გათავისუფლებულზე (facultas alimenta). იმპერატორ ნერვას სახელს უკავშირდება მზრუნველობა თავისუფლად დაბადებულ ღარიბ ბავშვებზე (alimentarii pueri et puellae). სწორედ ამის გამო შეიქმნა იმპერატორის ქანდაკება წარწერით tutela Italiae (იტალიის ზრუნვა). ეს წამოწყება გააგრძელეს მისმა მემკვიდრეებმა.

ალიმენტარიები ეწოდებოდათ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ცოცხალი ჰყავდათ, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გამო გარკვეულ ასაკამდე (ადრიანეს დროს ეს ასაკი განისაზღვრა ბიჭებისათვის 18, ხოლო გოგოებისათვის 14 წლით) იღებდნენ ყოველთვიურ დახმარებას სახელმწიფოსაგან - ბიჭები 10 სესტერცს, გოგოები - 12 სესტერცს. სპეციალურად შექმნილი ფონდით ხდებოდა ამ თანხის უზრუნველყოფა. ცალკეულ თემში ბავშვთა რაოდენობის აღრიცხვით დაკავებულნი იყვნენ კვესტორები (quaestor alimentorum, questor pecuniae alimentariae), ხოლო მთელი ამ ინსტიტუტის მუშაობას განაგებდა პრეფექტი (praefectus alimentariae), რომელიც ძირითადად ინვესტიციების მოზიდვით იყო დაკავებული. მოგვიანებით ქვეყანა დაიყო ალიმენტირების მიხედვით რეგიონებად, რომელთაც მეთვალყურეობას კურატორები (curatores viarum) უწევდნენ ან სპეციალურად დანიშნული პროკურატორები (procuratores alimentorum).




წყარო

  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.
  • დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო(ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები