ოქტავიანე ავგუსტუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოქტავიანე ავგუსტუსი, ვატიკანის მუზეუმი, რომი, ქანდაკება

ავგუსტუსი გაიუს ოქტავიანე - (ძვ.წ. 63 – ახ.წ. 14), რომის პირველი იმპერატორი (ძვ.წ. 27-იდან), რომლის სრული სახელი იყო გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანე, რომის პირველი იმპერატორი, პრინციპატის დამფუძნებელი. იულიუს კეისრის დის შვილიშვილი.

ავგუსტუსი კეისარს ახლდა ესპანეთში ლაშქრობისას და თავი გამოიჩინა ბრძოლაში. კეისარმა ანდერძით თავის მემკვიდრედ დატოვა. ავგუსტუსმა დაიწყო ბრძოლა ანტონიუსის წინააღმდეგ, მაგრამ შემდგომში მასთან და ლეპიდუსთან ერთად შექმნა მეორე ტრიუმვირატი. პროსკრიპციების მეშვეობით სასტიკად გაუსწორდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს (მოკლულთა შორის ციცერონიც იყო). ტრიუმვირებმა ძვ. წ. 42 წ-ს გაიმარჯვეს კეისრის მკვლელებზე - ბრუტუსსა და კასიუსზე. იმპერიის გაყოფისას ბრუნდიზიუმის ზავის თანახმად, ავგუსტუსმა მიიღო სახელმწიფოს დასავლეთი ნაწილი, ანტონიუსმა - აღმოსავლეთი, ლეპიდუსმა კი - აფრიკული პროვინციები. ძვ. წ. 37 წ-ს ტრიუმვირატი ხუთი წლით გაგრძელდა. ლეპიდუსის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ ავგუსტუსმა დაიწყო ბრძოლა ანტონიუსის წინააღმდეგ. მას ჩამოართვა ყველა თანამდებობა და წოდება, ხოლო მის მოკავშირეს, ეგვიპტეს დედოფალ კლეოპატრას ომი გამოუცხადა. აკციუმთან საზღვაო ბრძოლის შემდეგ ერთპიროვნული მმართველი გახდა.

სენატმა ძვ. წ. 35 წ-ს ავგუსტუსს 10 წლით პროკონსულის უფლებამოსილება გადასცა ყველა პროვინციაში, რომლებსაც სამხედრო დაცვა ესაჭიროებოდა. პროვინციები დაყოფილი იყო სენატის და იმპერატორის პროვინციებად. რომის ძირითადი ჯარი იმპერატორის პროვინციებში იყო კონცენტრირებული. შესაბამისად, ოქტავიანუსმა მიიღო ჯარის მეექვსედის ხელმძღვანელობა. ძვ. წ. 27 წ-ს მას ავგუსტუსის საპატიო ტიტული მიენიჭა და კონსულის ძალაუფლება სიცოცხლის ბოლომდე გადაეცა. მისი პროკონსულის ძალაუფლება რომზეც გავრცელდა და მას დაექვემდებარნენ პროვინციის ნაცვლები. ამრიგად, პირველი პრინცეპსის და მისი ყველა მემკვიდრის სახელმწიფო-სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა. იმპერატორის ძალაუფლებას მისი ავტორიტეტი და მის მიერ შესრულებული საკრალური ფუნქცია ამყარებდა. როგორც „ღმერთად შერაცხული კეისრის ძე“ ავგუსტუსი ხალხში გაღმერთებული იყო, რამაც საბოლოოდ იმპერატორის კულტის წარმოშობა გამოიწვია. იგი ასევე იყო უმაღლესი ქურუმი და მამულის (სამშობლოს) მამა (Pater Patriae). საგარეო პოლიტიკაში ავგუსტუსმა რომის გასაძლიერებლად ახალ დაპყრობებზე უარი თქვა. რომმა ბევრი პროვინცია შემოიერთა. ბევრიც კლიენტად დაიქვემდებარა. შიდა პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სენატის შემადგენლობის განახლებას, ყოვლისმომცველ რეფორმებს (ორგანიზაცია სამსახურეობრივი აპარატის, რომელიც შედგებოდა სენატორების, მხედრებისა და აზატებისაგან). ამ რეფორმებმა იმპერიის ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესა, კეთილმყოფელი გავლენა მოახდინა რომში წესრიგის დამყარებაზე (მშენებლობა, სახანძრო სამსახური და პოლიცია, ხორბლით მომარაგება და სხვ.), შექმნა მუდმივანაზღაურებადი ჯარი.

ავგუსტუსმა კანონმდებლობასა და სამართალში მრავალი რეფორმა გაატარა (lex Iulia); თუმცა საეჭვოა, რომ ქორწინებისა და ფუფუნების შესახებ კანონებს ბევრი მომხრე ჰყოლოდა.

საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატებული გატარება შეუძლებელი იყო თავისი საქმის მცოდნე თანაშემწეებისა და ჭკვიანი მრჩევლების გარეშე, რომელთა შორის გამოიყოფოდა აგრიპა და მეცენატი. ხელოვნებისა და მეცნიერების აყვავება მეტწილად მათი დამსახურებაა. იმპერატორსა და მის დროს ადიდებდნენ ჰორაციუსი, პროპერციუსი და ვერგილიუსი. ლივიუსმა დაწერა რომის ისტორია, მეცნიერი ჰიგინუსი პალატინის ბორცვზე დაარსებულ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა. რომში აშენდა შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობები: იმპერატორის სასახლე და ფორუმი, მზის საათი, ავგუსტუსის ზავის საკურთხეველი, მავსოლეუმი მარსის მოედანზე, გზები, წყალგაყვანილობა, ტაძრები, ბიბლიოთეკები, შეკრებების სახლები, სკოლები და სხვ.; ახალი ქალაქები და მოქალაქეობის უფლებების გაფართოება ხელს უწყობდა რომის კულტურისა და ცივილიზაციის გავრცელებას.

ავგუსტუსი გარდაიცვალა ახ. წ. 14 წ-ს. მისი გარდაცვალების თვეს აგვისტო უწოდეს. მან მემკვიდრის პრობლემა გარდაცვალებამდე 10 წლით ადრე გადაჭრა. ახ. წ. 4 წ-ს იშვილა ტიბერიუს კლავდიუს ნერონი, მესამე ცოლის ვაჟი პირველი ქორწინებიდან.

ავგუსტუსს სიკვდილის შემდეგ დარჩა სტატისტიკური ნარკვევი რომაული იმპერიის და მისი მოღვაწეობის ჩამონათვალით: „ღვთაებრივი ავგუსტუსის საქმენი“ („Res gestae Divi Augusti“). ნაპოვნი იქნა ამ დოკუმენტის რამდენიმე ფრაგმენტი, მათ შორის „ანკირული ძეგლი“ („Monumentum Ancyranum“).




წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები