ამინონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამინონ-ი (ოს. Аминон)საიქიოს კარების მრისხანე მცველი, ნართული ეპოსისა და „სულის ცხენის“ დამკურთხებლის („ბახფალდისაგი“) ლოცვა-დარიგებათა ტექსტის პერსონაჟი, რომელიც საიქიოს მბრძანებლის – ბარასთირის მითითებით კეტავს და აღებს შავეთის რკინის კარებს.

ზოგიერთი ცნობით, ამინონი მდედრობითი სქესის არსებაა (რასაც ვ. მილერი სამართლიანად უარყოფს), რომელიც საიქიოს ხიდთან ახლოს ზის და განვლილი ცხოვრების წესის შესაბამისად მიცვალებულებს ჯოჯოხეთისა და სამოთხის გზებს უთითებს. სხვა მასალით, ამინონი არის მსაჯული, რომელიც ტყუილის შემთხვევაში მიცვალებულს სისხლით მოთხვრილ ცოცხს ტუჩებში ურტყამს (ამას თვით ბარასთირიც არ აკეთებს). ზოგჯერ იგი მაცნეს – ზერვათიქს (მერცხალს) თხოვნით აგზავნის მზისა და მთვარის ვაჟებთან, რათა მთაზე წუთით მზე ამოვიდეს და მიცვალებულმა შეძლოს საიქიოში შემოსვლა (ოსების რწმენით, მიცვალებული მკვდართა საუფლოში მზის ჩასვლამდე უნდა შესულიყო; ამიტომ მკვდრის დამარხვა დაბინდებამდე იცოდნენ). ამინონის თხოვნა სრულდება. ვ. წორაევისა და ა. შიფნერის მასალებიც მიუთითებენ, რომ ამინონისა და ბარასთირის ფუნქციები (მიცვალებულთა განკითხვა და მათი განაწილება სამოთხეს თუ ჯოჯოხეთში) ხშირად იდენტურია. უფრო მეტიც, ზოგჯერ ბარასთირის ძალაუფლებას ამინონის ძალმოსილება ჭარბობს. არ არის გამორიცხული, წარსულში ამინონი თავად ყოფილიყო საიქიოს დარაჯიც და განმგებელიც და ამ უკანასკნელი ფუნქციის შესრულებაში მოგვიანებით ბარასთირი ჩაენაცვლა, თუმცა მთლიანად ვერ წაართვა ძველი უფლებები. ვგონებ, აღნიშნული თვალსაზრისის სასარგებლოდ მეტყველებს, ერთი მხრივ, კავკასიური წარმომავლობის, ე. ი. ოსთა მიერ გვიან ნასესხები ტერმინის – „ბარ-ასთირის“ („ბარასთირი“), ხოლო, მეორე მხრივ, ოსური „ამინონის“ ეტიმოლოგიები. ამ უკანასკნელს ა. შეგრენი თარგმნის როგორც „მაჩვენებელი“, „მიმანიშნებელი“, ე. ი. იგი ნაწარმოებია ზმნისაგან амонын – „ჩვენება“, „მითითება“, „მინიშნება“, თუმცა აღნიშნული ზმნისგან ვ. მილერის მართებული აზრით, უნდა მიგვეღო არა „аминон“, არამედ „амонæг“. ტერმინ „аминон“-ის მატერიალური და სემანტიკური ბაზა გვაფიქრებინებს, რომ ა. შეგრენის აზრი სრულიად უსაფუძვლო არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კანონზომიერებათა რღვევის ლინგვისტურ უნივერსალიასთან.



ლიტერატურა

  • Шегрен А. М. Осетинская грамматика с кратким словарем осетинско-русским и российско-осетинским. СПб., 1844;
  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Влвдикавказ, 1992;
  • Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994;
  • Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები