გრიგოლავა ამირან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ამირან გრიგოლავა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამირან გრიგოლავა

გრიგოლავა ამირან - Grigolava Amiran, Григолава Амиран 1947-2001

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელი. უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, აქვე დაამთავრა ასპირანტურა პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრაზე. გაიარა სტაჟირება ლენინგრადის ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც საფუძვლიანად დაეუფლა ფსიქოდიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდებს და შემდგომში ამ დარგის წამყვან სპეციალისტად ჩამოყალიბდა. უმაღლესი განათლების მიღების მერე ა. გრიგოლავამ მუშაობა დაიწყო დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პიროვნების კვლევის განყოფილებაში, პროფ. ვ. ნორაკიძის ხელმძღვანელობით. შემდგომში იგი თავად ჩაუდგა სათავეში სამედიცინო ფსიქოლოგიის განყოფილებას, იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ა. გრიგოლავა იყო ინიციატორი და ერთერთი დამფუძნებელი ფსიქოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტუტუტის შექმნისა (1992 წ.). ეს იყო პირველი არასახელმწიფოებრივი სასწავლებელი საქართველოში, რომელშიც პროფესიონალი ფსიქოლოგები მზადდებოდნენ. დიდია ა. გრიგილავას წვლილი მეცნიერი და პრაქტიკოსი ფსიქოლოგის სწავლების პროგრამის ჩამოყალიბებაში. მისმა პედაგოგიურმა საქმიანობამ დამსახურებული პოპულარულობა მოუტანა სასწავლო ინსტიტუტს და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში ფსიქოლოგის მომზადების თანამედროვე სტანდარტის დანერგვაში.

ა. გრიგოლავამ 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „განწყობის ტიპოლოგიური თავისებურებების როლი ადამიანის სენსომოტორულ აქტივობაში”. ნაშრომი ეხებოდა ჩვევის შემუშავებასა და გადანაცვლებაში ინდივიდუალურ განსხვავებათა საკითხს. ექსპერიმენტულად გამოვლინდა, რომ სენსომოტორული ჩვევის შემუშავების სისწრაფე და ერთი სენსომოტორული მოდალობიდან მეორეზე გადანაცვლების ინდივიდუალური განსხვავებულობა განწყობის ინდივიდუალურ-ტიპოლოგიური თავისებურებებითაა განპირობებული. ეს ნაშრომი კიდევ ერთი დასაბუთება იყო განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის იმ ძირითადი დებულებისა, რომ ადამიანის ყოველგვარი აქტივობა მთლიანპიროვნებისეული განწყობის ინდივიდუალურ-ტიპოლოგიური თავისებურებებითაა გაპირობებული. ეს ნაშრომი 1971 წელს გამოიცა მონოგრაფიის სახით. შემდგომშიც ა. გრიგოლავამ არაერთი კვლევა მიუძღვნა განწყობისეული ტიპოლოგიის თემას. საყურადღებოა მის მიერ ჩატარებული ლონგიტუდური კვლევა, რომლითაც დასაბუთდა, რომ ფიქსირებული განწყობის დინამიკის ტიპი ადამიანის მეტ-ნაკლებად მყარი მახასიათებელია.

აღსანიშნავია ა. გრიგოლავას მრავალწლიანი მეცნიერული კვლევები ფსიქოსომატიკის დარგში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონკოლოგიური, დიაბეტის, კუჭის წყლულისა და გულ-სისხლძარღვთა სნეულების გამომწვევი ფსიქოლოგიური ფაქტორებისა და ამ ქრონიკულ დაავადებათა ქარაქტეროლოგიურ თავისებურებათა გარკვევას {განწყობის ფსიქოპათოლოგია}. თავის თანამშრომლებთან ერთად ა. გრიგოლავამ გამოავლინა ამ დაავადებათა სპეციფიკური „განწყობისეული პროფილი” {კონტრასტული ილუზიის სიდიდე}. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ონკოლოგიურ ავადმყოფებზე ჩატარებული მრავალწლიანი კვლევის შედეგები აისახა წიგნში „ფსიქოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში” (1985 წ).

დიდია ა. გრიგოლავას წვლილი საქართველოში სპორტის ფსიქოლოგიის და ზოგადად სპორტის მეცნიერების განვითარებაში. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით 1991 წელს დაფუძნდა საქართველოს სპორტის ფსიქოლოგთა ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც თავად იყო გარდაცვალებამდე. სპორტის ფსიქოლოგიაშიც ა. გრიგოლავას კვლევის ძირითად ინტერესს შეადგენდა განსხვავებული კვალიფიკაციის სპორტსმენთა განწყობის ფორმალურ-სტრუქტურულ და ტიპოლოგიურ თავისებურებათა როლის განსაზღვრა სპორტულ შესაძლებლობათა განხორციელებაში. ამ მიმართულებითაც ა. გრიგოლავა წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობას. 1997 წელს მთავრობის დავალებით და ა. გრიგოლავას ხელმძღვანელობით შემუშავდა სპორტის ფსიქოლოგიის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში ა. გრიგოლავა თან ახლდა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს სიდნეის ზაფხულის ოლიმპიადაზე (2000 წ.) და თავისი მუშაობით შესამჩნევი წვლილი შეიტანა მის წარმატებაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია ა. გრიგოლავას საქმიანობა პრაქტიკული ფსიქოკორექციისა და ფსიქოთერაპიის მიმართულებით. იგი იყო ერთერთი პირველი, ვინც საქართველოში ამ მიმართულებით გზა გაკვალა.

მთავარი ნაშრომები

  • განწყობის ტიპოლოგიური თავისებურებების როლი ადამიანის სენსომოტორულ აქტივობაში. თბილისი: „მეცნიერება”, 1979;
  • პიროვნების სტრუქტურის კვლევის კლინიკურ-ბიოგრაფიული მეთოდი (ვლ. ნორაკიძესთან ერთად). თბილისი: „მეცნიერება”, 1984;
  • ფსიქოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში (რ. ფხაკაძის და ნ. ხოშტარიას თანაავტორობით). თბილისი: „მეცნიერება”, 1985;
  • განწყობის მემკვიდრული განსაზღვულობის პრობლემა: ლონგიტუდური გამოკვლევა / თანამედროვე ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები, 2001;
  • თვითაქტუალიზაციის პრობლემა ქართველებთან (თანაავტორებთან) / თანამედროვე ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები, 2001.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები