სპორტის ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპორტის ფსიქოლოგია საქართველოში - Psychology of Sport in Georgia - Психология спорта в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos მცოდნეობა, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში სპორტის ფსიქოლოგია. მას საფუძველი ჩაუყარა დიმიტრი უზნაძის ნაშრომმა „ადამიანის ქცევის ფორმები” (1941). მასში პირველად არის განხილული სპორტის, როგორც ქცევის დამოუკიდებელი ფორმის, აღმოცენებისა და ჩამოყალიბების ისტორიული პროცესი {ქცევის ფორმა}. ქცევის ამ ფორმის ფსიქოლოგიური არსი თვითაქტიურობის მოთხოვნილებაში, ანუ ფუნქციონალურ მოთხოვნილებაში უნდა ვეძებოთ (რითაც სპორტი თამაშს ჰგავს). უზნაძის ანალიზი უნიკალურია, რამდენადაც ქცევის ყველა ფორმა, მათ შორის სპორტი, ერთიან თეორიულ ცნებას ეფუძნება და მწყობრი სისტემის სახე აქვს.

ინტენსიური კვლევითი და პრაქტიკული მუშაობა ამ დარგში დაიწყო 1954 წლიდან, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის (შემდგომაში − სპორტის აკადემია) ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის კათედრაზე შეიქმნა სპორტის ფსიქოლოგიის სპეციალისტების ჯგუფი უზნაძის მოწაფის, ცნობილი ქართველი ფსიქოლოგის ვლადიმერ ნორაკიძის ხელმძღვანელობით. სხვადასხვა დროს მასში მუშაობდნენ მ. ამილახვარი, გივი დვალი, გივი სამოსნაძე, ამირან გრიგოლავა, გ. ჯაფარიძე, ლამარა უგულავა, ე. ხორბალაძე და სხვანი. კვლევის დიაპაზონი საკმაოდ ფართო იყო: სპორტული ქცევის თეორიულ-ფსიქოლოგიური საფუძვლები, სპორტსმენის ტექნიკური მომზადება {ჩვევისა და სენსომოტორული ფუნქციების ფსიქოლოგია}, სპორტული შეჯიბრების ფსიქოლოგია, სპორტსმენების ინდივიდუალურ-ტიპოლოგიური თავისებურებანი, სპორტის სახეობათა გენდერულ-ფსიქოლოგიური ასპექტები, სპორტსმენის პიროვნების კვლევის მეთოდები, სპორტული გუნდის სოციალურ-ფსიქოლოგიურ თავისებურებათა კვლევა, წვრთნის და შეჯიბრების პირობებში სპორტსმენების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ოპტიმიზაცია, სპორტული წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ფსიქიკური ფუნქციების შესწავლა, სპორტის ზოგიერთ სახეობათა გავლენა სპორტსმენის პიროვნების ჩამოყალიბებაზე, სპორტული მსაჯობის ფსიქოლოგიური ასპექტები და სხვა.

1971 წლიდან დაიწყო ორგანიზებული პრაქტიკული მუშაობა სპორტსმენების ფსიქოლოგიური მომზადების კუთხით. ქართველმა ფსიქოლოგებმა დიდი სამუშაო გასწიეს სამთო სახეობათა სსრკ-ს ნაკრების სპორტსმენების ფსიქოლოგიური დახასიათებისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებაში. ნაყოფიერი გამოდგა მათი მუშაობა თბილისის დინამოს საფეხბურთო გუნდში 1970-1980-იან წლებში, როცა ამ გუნდმა აღმავლობის ზენიტს მიაღწია. პრაქტიკული მუშაობა მიმდინარეობდა ტანმოვარჯიშეებთან, მოკრივეებთან, მოჭიდავეებთან, აკრობატებთან, ვოლომრბოლელებთან და სხვა. ამ სამუშაოს მნიშვნელობა ისიცაა, რომ მასში აქტიურად გამოიყენებოდა ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში შემუშავებული განწყობის დიაგნოსტიკური მეთოდოლოგია {განწყობის დიფერენციალური ფსიქოლოგია}. საგანგებოდ აღინიშნა ა. გრიგოლავას მუშაობა ქართველ სპორტსმენებთან მელბურნის ოლიმპიადაზე.

სერიოზული სამუშაო შესრულდა სახელმძღვანელოთა შექმნის მიმართულებით. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია ვლ. ნორაკიძის სახელმძღვანელო „სპორტის ზოგადი ფსიქოლოგია” (1959 და 1989), რომელშიც გახილულია სპორტის ფსიქოლოგიის მრავალი ძირეული საკითხი: სპორტული ქცევის რაობა, მისი კვლევის მეთოდები, დასწავლის, წარმოსახვის, ნებელობის, ნიჭიერების, ტემპერამენტის, ემოციებისა და ა.შ. როლი სპორტულ ქცევაში. 2005 წელს გამოქვეყნდა მამია ყოლბაიას „სპორტის ფსიქოლოგია”, რომელშიც მსოფლიო სპორტის ფსიქოლოგიის მიერ მოპოვებული მრავალი ახალი მონაცემია შესული, მათ შორის, სპორტის სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემატიკიდან.

1991 წელს დაფუძნდა საქართველოს სპორტის ფსიქოლოგთა ასოციაცია (პრეზიდენტი − ა. გრიგოლავა). 1996 წელს ის გაერთიანდა ევროპის სპორტის ფსიქოლოგთა გაერთიანებაში. ამჟამად ფსიქოლოგიის ამ დარგში შეწყვეტილია როგორც კვლევითი, ისე პრაქტიკული მუშაობა, რაც უარყოფითად აისახა ქართულ სპორტზე.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები