ანისის ქართული ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანისი. ქართული ეკლესიის ნანგრევები

ანისის ქართული ეკლესია - ქართული ეკლესიის ნანგრევები თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ქალაქ ანისში.

ქართულ სიძველეთაგან გამორჩეულია „ქართველთა ეკლესია“, რომელსაც თურქებიც „Gurcu Kilise-ს“ (ქართულ ეკლესიას) უწოდებენ. ტაძარი დგას ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, ე.წ. „ლომების კარიბჭესთან“. ეს არის მომცრო ზომის დარბაზული ტიპის ნაგებობა, რომელიც აგებული იყო კარგად გათლილი წითელი ტუფით დუღაბზე. სამხრეთით ჰქონდა მინაშენი და ქვედა სართულზე – კრიპტა. ამჯერად დარჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთის კედელი და კრიპტის ნაწილი. ეკლესია უკვე დანგრეული ყოფილა 1893 წლისათვის, როცა ის ბრიტანელმა მოგზაურმა ჰენრი ლინჩმა აღწერა. გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები ეკლესიას ჩაუტარდა 1910 წ. და 1912 წ. ნ. მარის ხელმძღვანელობით. ეკლესიის ინტერიერი შემკულია რელიეფით, ჩრდილოეთ კედელზე, თაღნარის ქვეშ, ნიშებში შემორჩენილია ორი კომპოზიცია მოჩარჩოების გარეშე. ორივე რელიეფს აქვს ქართულენოვანი განმარტებითი წარწერები, შესრულებული თეთრი საღებავით. ცენტრალურ თაღში გამოსახულია ხარება შესაბამისი წარწერით – „ხ(ა)რ(ე)ბ(ა)ჲ“ – და მარჯვნივ, აფსიდისწინა თაღქვეშა ნიშში – ყოვლადწმინდა მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა, მინაწერით ღვთისმშობლის გასწვრივ — „წ(მიდა)ჲ ღ(მრ)თ(ის) მშ“.

ეკლესიის გაწმენდის დროს ნ. მარმა აღმოაჩინა რამდენიმე ქართ. ლაპიდარული წარწერა, რომელიც დღეს დაკარგულია და მხოლოდ ფოტოებითა და ნ. მარის გამოცემებით არის ცნობილი:

1. ქართლის კათალიკოზ ეტიფანეს წარწერა ამოჭრილი იყო ეკლესიის სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში 20 სტრიქონად . თარიღდება 1218 წლით.
2. 1288 წლით თარიღდება ასევე სამხრეთ კედელზე ამოკვეთილი პარონ სამადინის 23-სტრიქონიანი წარწერა-საბუთი.
3. აგრეთვე საბუთს წარმოადგენდა 1287 წლით დათარიღებული მრავალ ქვაზე ამოკვეთილი წარწერა.

დამკვიდრებული მოსაზრებით, ეკლესიის შენებაც უძველესი წარწერის თარიღით განისაზღვრებოდა, თუმცა ფაქტია, რომ არც ერთი წარწერა არაა საამშენებლო და წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტებს, რომელთა „გამოკვრა“ ეკლესიის ფასადებზე ხდებოდა. ეკლესიის დასათარიღებლად ისტ. ვითარება გვეხმარება. ამ ეკლესიის აგება უნდა უკავშირდებოდეს არა XIII ს. მოვლენებს, არამედ ქართველთა დამკვიდრების ადრეულ ეტაპს, რამაც ეს ეკლესია მოგვიანებით ქართველთა ლეგალიზაციის სიმბოლოდ აქცია. კერძოდ, იმ ეპოქას, როდესაც ანისი მოკლე ვადით, მაგრამ პირველად სომხებმა ქართველ ბაგრატიონებს გადასცეს გამგებლობაში, ეს 1044 წ. მოხდა. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, „ანისის ციხენი გადაეცა დედოფალს“; მარიამ არწრუნს, სომეხ მეფეთა ღირსეულ შთამომავალსა და ქართველ მეფეთა ღირსეულ წინაპარს, რსთვისაც ანისი დედულეთს წარმოადგენდა და რომლის ვაჟსაც, მეფე ბაგრატ IV-ს, ეპყრა ანისის ციხის კარნი.

ქართული ეკლესია ანისის ქართ.ული ტაძრებიდან უძველესი უნდა იყოს, რომელიც შესაძლოა, მარიამის პირად კაპელასაც და სამარხსაც წარმოადგენდა. მისი შენება და შემკობა იმ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს, სანამ ანისში კედლის მხატვრობის სკოლა ფეხს მოიკიდებდა. ასე შეიძლება აიხსნას ფრესკის ნაცვლად მართლმადიდებლური ტაძრის ინტერიერში ქანდაკების მოთავსება, რომელსაც ანალოგი არც სომხურ და არც ქართულ არქიტექტურაში არ გააჩნია. სტილისტური თვალსაზრისით ანისის რელიეფები პარალელს სწორედ XI ს. ქართულ კედლის მხატვრობასთან პოულობს, ვიდრე იმავე ან მომდევნო ხანის კავკასიურ სკულპტურასთან. არქიტექტურული სტილით ის აბუღამრენცის (X ს.) ნამუშევრებს უფრო უახლოვდება, ვიდრე ტიგრან ჰონენცის (XIII ს.) სხვა ნაგებობებს. საფიქრებელია, რომ ქართველთა ეკლესიის შენება ანისში ქართველთა გამოჩენის თანადროულია და ის მარიამ დედოფლის მოღვაწეობის პერიოდს (XI ს. II ნახ.) უნდა განეკუთვნებოდეს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები