ანჟუის სილამაზე (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანჟუის სილამაზე

ანჟუის სილამაზე(Belle Angevine, Angora, Belle de Jersey diver, Schöne von Angevine)

მსხლის ჯიში ყირიმში ცნობილია ბელაჟონას სახელწოდებით. საქართველოში ცნობილია ვირგლას ანუ ვირგლა მსხლის სახელწოდებით. საქართველოში ანჟუის სილამაზე გვხვდება ცალკეულ ხეებად კოლმეურნეებისა და ბაღის მოყვარულთა კარმიდამოებზე. მთლიან ნარგავებად არსად არ არის გაშენებული. აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის რაიონებში მას თითქმის ყველგან შეხვდებით (ქართლსა, კახეთსა და ახალციხეში). ვირგლა მსხალს აშენებენ როგორც კარმიდამოს დამამშვენებელ ჯიშს, უცნაური, მეტისმეტად მსხვილი და მომხიბლავი სილამაზის ნაყოფის მქონე ჯიშს, დასავლეთ საქართველოში კი სრულებით არ გვხვდება არც როგორც პომოლოგიური ნიმუში.

ნაყოფი მეტად მსხვილია, წონით ხშირად 1000 გრამზე მეტი, ზომით 150–110 მმ, მეტად ცვალებადი ფორმისაა და ხშირად კი მოგრძო მსხლისებრი მოყვანილობის, ბოთლისებრი ან კონუსისებრი ბორცვიანი ზედაპირით.

ნაყოფის კანი სქელია, უხეში, პრიალა და ოდნავ ხაოიანი. ძირითადი შეფერვა სრული სიმწიფისას ოქროსფერ-ყვითელია, მზის მხარეზე კი ალი-ჭიაფერი-წითელი ლოყა ფარავს ნაყოფის ½–1/3 -ს.

კანზე უხვად გაფანტულია მუქი წითელი წინწკლები. ზოგჯერ ნაყოფის ყუნწთან ან ჯამთან, ხან კი ნაყოფის ზედაპირზედაც უჩნდება ჟანგაროს ხალებიანი ზოლები.

ყუნწი ძლიერ გრძელია, მსხვილი და მოხრილი და ზის ზევიდან ნაყოფის ხორცზე.

ჯამი დახურული ან ნახევრადდახურული აქვს, პატარა ჯამის ფოთლებით და ზის პატარა, არაღრმა, ოდნავ მონაოჭებულ ღრუში.

ნაყოფის ხორცი თეთრია, უხეში, სქელი, ძარღვიანი, მშრალი, მეტად მწკლარტე (ტანიდიანი), მახრჩობელა. უმად ჭამა თითქმის შეუძლებელია. მოკრეფის შემდეგ ინახება გვიან გაზაფხულამდე; საწყობში არ ლპება, ოღონდ ცომდება და არასასიამოვნო გემოს ღებულობს; აქვს მრავალი გრანულაცია ხორცის სიღრმეში; საერთოდ მეტად მდარე გემოსია, გამოსადეგია როგორც სამზარეულო ჯიში საკომპოტედ.

ხე ძლიერი ზრდისაა, ინვითარებს მაღალ, ვიწრო პირამიდულ, თხელ, ტოტებდაშვებულ ვარჯს. კარგად იზრდება ღრმა, საკმაოდ ტენიან, ნოყიერ ნიადაგში; მოითხოვს მზიან და მყუდრო უქარო ადგილებს; ცხვირგრძელა და ნაყოფჭამია ძლიერ აზიანებს ნაყოფს. იძლევა ბევრ ნაქარს, მისი გაშენება ნაგალა კულტურად არ ღირს, ისედაც მეტისმეტად მსხვილ ნაყოფს იძლევა. ანჟუის სილამაზე, როგორც სამრეწველო ჯიში, არაფერ ღირებულებას არ წარმოადგენს.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები