ანტონ ჩიჯავაძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონი — (ჩიჯავაძე) (XVIII ს. I ნახ. – 16. 07. 1822), საეკლესიო მოღვაწე, მთავარეპისკოპოსი.

დაიბადა თავად ლომკაც ჩიჯავაძის ოჯახში. მომავალმა მღვდელმთავარმა თავადიშვილის შესაფერისი აღზრდა-განათლება მიიღო. საფუძვლიანად შეისწავლა ქართული მწერლობა, სამართალი, საქართველოს ისტორია, გრამატიკა და საღვთო სჯული. იოანე ბატონიშვილი წიგნში „მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის“ მის შესახებ წერდა: „მთავარეპისკოპოსი ჩიჯავაძე, კაცი ღმერთშემოსილი და სიწმიდითა სრული, რომელიც ყოველთვის ჰზრდიდა გლახაკთა ხონისა ქალაქსა შინა სხვა და სხვა სენთაგან შეპყრობილთა, ვიდრე ასისა სულისა უმეტეს“.

1771 წ. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის, იოსების (ბაგრატიონი), ხელდასხმით ეპისკოპოსად ეკურთხა და ხონის კათედრაზე დაინიშნა. მისი ენერგიული და მტკიცე მმართველობის წყალობით ეპარქიამ სწრაფად იწყო აღორძინება. ანტონმა დიდი მუშაობა გასწია ეპარქიის საშემოსავლო ნუსხების მოსაწესრიგებლად. გადააწერინა და აღადგინა ჟამთა ვითარებისაგან შერყვნილი და ფურცელნაკლული საბუთები, განაახლა წყალობის, შეწირულებისა და სხვა სიგელ-გუჯრები. თავადებსა და აზნაურებს ჩამოართვა მიტაცებული ყმა-მამული და ისევ ეკლესიას დაუმკვიდრა.

XVIII ს. ბოლო მეოთხედში ხონის საყდრის დეკანოზ ვასილ ქუთათელაძესთან ერთად ანტონმა ააგო იმ დროისათვის უზარმაზარი, ასადგილიანი საავადმყოფო, რ-საც ხონელები „სასაპყრეს“ ეძახდნენ. აქ ჩვეულებრივ, ათავსებდნენ ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებს, რომელთაც ეპარქიის ხარჯზე ზრდიდნენ და სამონასტრო სკოლაშიც ასწავლიდნენ.

წმ. მეფე სოლომონ II აფასებდა ანტონის ღვაწლს და ასე უწოდებდა მას: „კაცი ღვთისა პატიოსანი, ანგელოზთა ცხოვრებისა მობაძავი, მოსახელისა თვისისა კუალსა შედგომილი“.

ანტონმა აამოქმედა დიდი სამრევლო სკოლა, სადაც ასწავლიდნენ: „საღვთო სჯულს“, კატეხიზმოს, გალობას, ძველ ისტორიას, ვახტანგ VI-ის სამართალს, არითმეტიკას, გრამატიკას, ფილოსოფიას, ასტრონომიას, კალიგრაფიულ წერას.

ანტონის ხარჯებით გადაიწერა მრავალი საეკლესიო წიგნი. სამწიგნობრო საქმიანობაში მისი მარჯვენა ხელი იყო გადამწერ-კალიგრაფი მიტროფანე გრიგოლაშვილი.

1782 წ. ანტონს კონფლიქტი მოუვიდა იმერეთის მეფე სოლომონ I-თან, რის გამოც იგი დროებით თბილისში გადავიდა და ერეკლე II-ს შეაფარა თავი. აქ იგი დარჩა სოლომონის გარდაცვალებამდე. 1784 წ. ანტონი დაბრუნდა იმერეთში და კვლავ ხონის კათედრა დაიკავა. თბილისში ანტონი გასცნობია სიონის ტაძრის სწავლულ მოძღვრებს და შემდგომში მათთვის რამდენიმე შეკვეთაც მიუცია.

ანდერძის მიხედვით, ანტონი მთელ თავის ქონებას უტოვებს საქართველოს თითქმის ყველა მონასტერს, ასევე – სასულიერო პირებს, მათ შორის მოქმედ მღვდელმთავრებს.

ანტონმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 1819-1820 წწ. იმერეთის საეკლესიო ამბოხებაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. დაკითხვის ოქმში აღნიშნულია: „არქიეპისკოპოსი ანტონი – ის იყო პირველი მიზეზი ხალხის შეკრებისა ვაკის ოლქში. მან უარი თქვა, უკეთ რომ ვთქვათ, ხონიდან გააგდო ეპარქიის მმართველი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი, იმიტომ, რომ მან შეასრულა ეგზარქოსის მინდობილობა ხონის ეპარქიის აღწერის თაობაზე“.

რუსეთის წმ. სინოდმა იგი ეპარქიის მმართველობიდან გადააყენა და საეკლესიო საქმეებს ჩამოაშორა, ხოლო 1821 წ. ნოემბერში ხონის ეპარქია საერთოდ გააუქმა. დამცირებული და შეუარცხყოფილი მღვდელმთავარი 1822 წ. ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.
გ. მაჩურიშვილი

ლიტერატურა

  • სცსა, ფონდი 489, აღწერა 1, საქმე №1321.
  • იოანე ბატონიშვილი, წგ.: მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის XVI-XIX სს, თბ., 1982;
  • ფაილოძე ა., მატიანე ხონისა, ნაწ. 2. ბათ., 2003.


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები