აჟდაღა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჟდაღა[ნ] / აჟდა (ლეზგ. Аждагьа[н] / Ажда) – დაღესტნური (ლეზგიური) პანდემონიუმის ანთროპოფორფული პერსონაჟი, მაქცია, ადამიანის ანტაგონისტი; წარმოდგენილი ჰყავთ შვიდი მეტრის სიმაღლის ყოვლისშემძლე მამაკაცის სახით. იმისათვის, რომ ადამიანი მოატყუოს შეუძლია, იქცეს მელიად, მგლად, დათვად, ცხენად, კურდღლად და სხვა ცხოველად. არცთუ იშვიათად, ხატავენ, როგორც უზარმაზარი ხახის მქონე ცეცხლისმფრქვეველ შვიდთავიან დემონს, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს წვავს; ცხოვრობს მღვიმეებში, მთის ველებზე, მდინარეთა და ტბათა სანაპიროებზე. აჟდაღა ლეზგიური ზღაპრებისა და ლეგენდების პოპულარული პერსონაჟია და ადამიანის მჭამელად ითვლება: მშიერი დემონი მდინარეს აგუბებს და ადამიანებს წყლით სარგებლობის საშუალებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს, თუ შესაჭმელად მზეთუნახავს მიუყვანენ.

ლეზგიური ზღაპრებისა და რწმენა-წარმოდგენების ურჩხული, როგორც წესი, მამრობითი სქესის ანთროპომორფული არსებაა (რუთულებში მისი სქესი უცნობია), რაც ლეზგიური აჟდაღასა და ძველირანული აჟი-დაჰაკას გვიანდელი სახის სიახლოვეზე მიუთითებს (ირანული მითოლოგიის განვითარების კვალდაკვალ ურჩხულმა თავისი ზოომორფული სახე თანდათან დაკარგა). არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ლეზგიურმა აჟდაღამ თავისი სახე ამ ხალხის საკუთარი წარმოდგენების შედეგად შეიძინა. დასაშვებია და, ალბათ, უფრო სარწმუნო ისაა, რომ დემონი ლეზგიურ რწმენა-წარმოდგენებში გვიან შევიდა, ანუ მაშინ, როცა მისი ანთროპომორფული სახე უკვე ჩამოყალიბებული იყო.


ლიტერატურა

  • Гаджиев Г. А. Мифические персонажи и их названия у лезгин // Отраслевая лексика дагестанских языков. Материалы и исследования. Махачкала, 1984;
  • Рамазанов Р. А. Мифические персонажи и их названия у рутульцев // Вестник Дагестанского научного центра. 2004, №17.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები