ასკეტიკურ-მისტიკური მწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასკეტიკურ-მისტიკური მწერლობა — სასულიერო მწერლობის დარგი, რომლის საგანია რელიგიური ცხოვრების შინაგანი მხარე, უშუალო მიმართება ღმერთთან (მისტიკა) და ქრისტიანთა ცხოვრებისეული ყოფა (ასკეტიკა). მისი წარმოშობა დაკავშირებულია სამონასტრო ცხოვრებასთან. VII ს-მდე ჩვენში ამ რიგის ლიტერატურა თარგმანებით ამოიწურებოდა. VII საუკუნემ შემოგვინახა ერთი ორიგინალური ძეგლი — მარტვირი საბაწმინდელის „სინანულისათვის და სიმდაბლისა“. თარგმნილ ავტორთაგან ზოგი მხოლოდ ქართული თარგმანითაა ცნობილი (სტეფანე მძოვარი, პიმენი, საჰაკ მონაზონი, აბრაჰამ მონაზონი). X საუკუნემდე უთარგმნიათ ცნობილ ასკეტთა და მისტიკოსთა თხზულებანი (ანტონ დიდის, ამბა ამონას, მარკოზ მონაზონის, არსენ ჰრომაელის, სვიმეონ მესვეტის, იოანე მოსხის, იოანე სინელის, მაკარი მეგვიპტელის, ეფრემ ასურის შრომები) და საგანგებო კრებულები, რომლებშიც თავმოყრილი იყო გამოჩენილ მოღვაწეთა (არაუგვიანეს V საუკუნისა) თხზულებანი, სენტენციები, ნაკვესები და აფორიზმები. ზოგიერთ, ასეთ კრებულებში შედიოდა ამა თუ იმ ასკეტის მოკლე მოძღვრება, მსჯელობა ამა თუ იმ ზნეობრივ თემაზე. ცნობილია ამგვარი კრებულის ის რედაქცია, რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში შეუდგენიათ ბერძნულად და VI საუკუნეში უთარგმნიათ ლათინურად. შემდეგ ამ კრებულს თანდათანობით ავსებდნენ. IX საუკუნეში ფოტი პატრიარქს ხელთ ჰქონია ეს კრებული. ნაშრომი ქართულად სამი სხვადასხვა რედაქციითაა თარგმნილი. ფიქრობენ, რომ პირველი რედაქცია შესრულებულია X საუკუნემდე გაცილებით ადრე. მეორე რედაქციის მთარგმნელი არის ექვთიმე ათონელი, ხოლო მესამე რედაქცია თეოფილე ხუცესმონაზონს ეკუთვნის. ამავე კრებულის თავისებურ რედაქციას წარმოადგენს ნაწარმოები, რომელიც მოთავსებულია ივერთა მონასტრის მეათე საუკუნის ხელნაწერში („გამოკრებულნი სადაითვე სიტყვანი წმიდათა მამათანი“). X საუკუნემდე უნდა ეთარგმნათ ერთი ასკეტური კრებული, რომელსაც ეწოდება „თხრობანი წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათანი“ - მოკლე მოთხრობანი საეკლესიო მოღვაწეთა შესახებ. ასკეტურ-მისტიკური ლიტერატურის თარგმნას დიდი ამაგი დასდო ექვთიმე ათონელმა. ნაყოფიერად უმუშავნიათ ამ დარგში სტეფანე ათონელსა და თეოფილე ხუცესმონაზონს. ქართულად არსებობს ბასილი კაპადოკიელის „ასკეტიკონის“ („სამოღვაწეო წიგნის“) თარგმანიც. XVIII საუკუნეში გაბრიელ მცირეს შეუდგენია შვიდი ასკეტიკურ-მისტიკური ხასიათის კრებული. იმავე საუკუნეში არჩილ მეფეს თუ მის ვაჟს ალექსანდრეს უთარგმნია რუსულიდან კრებული, რომელიც წმიდანთა ხსენებისა და მათი ბიოგრაფიების გარდა შეიცავს (ექსცერპტებს მამებისა და ასკეტების თხზულებებიდან.


ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960, გვ.- 544-550;
  • ე. ხინთიბიძე, ბასილი კაპადოკიელის „სამოძღვრო წიგნის“ ქართული რედაქციები, 1968


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები