აფხაზეთის საკათალიკოსოს გლეხების დიდი დავთარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზეთის საკათალიკოსოს გლეხების დიდი დავთარი − აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) საკათოლიკოსო „გამოსავალი მოსაკრებლობის დავთარი“, დასავლეთ საქართველოს რამდენიმე საეპისკოპოსო საყდრის ყმების გადასახადების დავთართა კრებულს (ნუსხას) წარმოადგენს. შედგენილია 1622 წ. აფხაზეთის კათოლიკოსის, ცაიშელ-ხონელ-ჯუმათელის, გურიელის ძის, მალაქიას ბრძანებით, მას შემდეგ, რაც ცაიშის ეკლესია მიწისძვრამ დაანგრია და ეკლესიის დავთრები დაზიანდა. დავთარში აღწერილია იმერეთის, გურიისა და ოდიშის ტერიტორიაზე კათოლიკოსის კუთვნილი ყმა მეკომურები და მათი ბეგარა-სამსახური. 1622 წ. კათოლიკოსი მალაქია ცაიშელ-ჯუმათელი და ხონელი ეპისკოპოსიც იყო, ამიტომ „აფხაზეთის საკათალიკოსოს გლეხების დიდი დავთარში“ შეუტანიათ ცალ-ცალკე ცაიშის, ხონისა და ჯუმათის საეპისკოპოსოების საყმო დავთრებიც. საჯუმათლოს დავთრიდან დღეს შემორჩენილია ცნობები საჯუმათლოს საყმო მიწა-წყალზე მცხოვრებ მხოლოდ მოლაშქრე მსახურ-აზნაურთა კომლობრივი რაოდენობის შესახებ.

„აფხაზეთის საკათალიკოსოს გლეხების დიდი დავთარიში“ თავდაპირველად აღნიშნულია გეოგრაფიული და საგადასახადო ერთეულის სახელი, შემდეგ მოცემულია ცნობები მათ შესახებ და სათითაოდ არის ჩამოთვლილი მეკომური და მასზე დაკისრებული გადასახადი. ბოლოს ყველა მეკომურის გადასახადის „ჯუმალი“, ანუ ჯამია მოყვანილი. ზოგჯერ დავთარში „ჯუმალი“ არასრულია, ან საერთოდ გამოტოვებულია. „ააფხაზეთის საკათალიკოსოს გლეხების დიდი დავთარს“ ვიწრო სამეურნეო-საგადასახადო დანიშნულება ჰქონდა. ის მნიშვნელოვანი წყაროა დასავლეთ საქართვწლოს ზოგიერთი საეპისკოპოსოს ყმა-მეკომურთა რაოდენობის, სოციალური შემადგენლობის, ეკონომიური მდგომარეობისა და საყმო გადასახადების რაოდენობის შესასწავლად.


ლიტერატურა

  • ლომინაძე ბ., ფეოდალური მეურნეობის ორგანიზაციის ისტორიიდან გვიანფეოდალურ საქართველოში, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1954, ნაკვ. 30;
  • მუსხელიშვილი ლ. დასავლეთ საქართველოს გლეხობის სოციალურ-ეკონომიური კატეგორიები XVI-XVII სს., „ენიმკის მოამბე“, 1940, ტ. 5-6;
  • ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიური ისტორია, წ.2, თბ., 1986 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.5).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები